literature, novel, Qwelly, აკა მორჩილაძე, გიორგი ახვლედიანი, ბაირონი, გამომძიებელი, ვარდი, თანამედროვე ავტორი, ლიტერატურა, მორჩილაძე, ნოტარიუსი, პროზა, დონ ჟუანი, ქართული უბანი, შავი, ცნობილი ავტორი

სხვა ხიფათის წამი! თუმც სიამაყე, ტკივილი, დარდი, ისე იცავდნენ, ვით მახვილი: ამოიოხრა...
ბაირონი, "დონ ჟუანი"

გამომძიებელი

      ღამით სასაფლაოზე შეიპარნენ ორნი, ქალი და კაცი. დარაჯს თავის ფარდულში ეძინა. ღამე იყო მთვარიანი, უქარო, ციცინათელებიც გაიელვებდნენ ხოლმე. კაცი ორმოცისა იქნებოდა, ან ცოტა მეტისა: რუხ კოსტუმსა და მოხდენილ შავ შლაპაში. ხელში ათამაშებდა მონიკელებულ სანთებელას, რომელსაც მალიმალ ჩამოჰკრავდა ხოლმე გზის გასაკვლევად მაშინ, როცა მთვარის შუქი ვერ აღწევდა ტოტებს შორის. ხელიხელჩაკიდებულნი მიდიოდნენ, უფრო კი ქალს მიჰყავდა კაცი. ქალი ოცდათვრამეტი წლისა იყო და მთვარის შუქზე კრთებოდა მისი ტანის სავსე და მადიანი მოხაზულობა. ქალს თმა დაევარცხნა ისე, როგორც პაემანზე მიმავალი ესპანელი ქალები ივარცხნიან ხოლმე. ისინი რესტორნიდან მოდიოდნენ, სადაც მშვენივრად ევახშმათ და საკმაოდაც ეთქვათ ერთმანეთისთვის. კაცს თითქოს გაუკვირდა, როდესაც ქალმა უთხრა, ნავახშმევს სასაფლაოზე გავისეირნოთო. რომელ ქალს მოუნდება შუაღამის პირზე სასაფლაოზე გასეირნება! მაგრამ კაცი იცნობდა ქალს და თითქოს მიხვდა კიდეც, რომ ქალს მისი გამოცდა, გათამაშება სურდა. მერე ტაქსში ჩასხდნენ და სასაფლაოსაკენ გასწიეს. ვერ ხედავდნენ მძღოლის შემცბარ თვალებს სარკეში, რადგან კაცმა ხელი გადაუსვა ქალს რესტორანში ნასვამი წითელი იტალიური ღვინით გაცხელებულ ფეხზე. ბარძაყისკენ შეასრიალა თითები და სცადა წინდებს შიგნით ჩაეღწია. ქალმა ბარძაყი მიაკრა ბარძაყს, თითქოს კარი გადაკეტაო და კაციც აღარ მისძალებია, მხოლოდ მეორე ხელი მოხვია მხრებზე და სცადა ეკოცნა, ესეც საკმაო მორიდებით. ქალმა კოცნაც აირიდა, ფანჯრისაკენ მიაბრუნა თავი. ასე ისხდნენ მთელი გზა. კაცს რომელიმე საფლავის ქვაზე უნდა დაეგო თავისი რუხი პიჯაკი, ზედ გადაეწვინა ქალი და ნელ-ნელა გაეხსნა მისთვის ღილები გულისპირზე. უნდა გაეგონა მისი კვნესა და კრუტუნი სასაფლაოს სიჩუმეში. უნდოდა, ქალს ის მოვლილი ვარცხნილობა გასწეწოდა და ფერუმარილი გადღაბნოდა ტუჩებზე. ხელში ღონივრად უნდა სჭეროდა მისი წვივები და თვალის კიდით დაენახა მისი თეთრი ფეხსაცმლის წვეტიანი ქუსლი. კაცს უნდოდა ეგრძნო, როგორ მოძრაობს ქალის სხეული მისთვის. სასტუმროს ოთახში ან სადმე სხვაგან, ამ სურვილებს ვერ აისრულებდა, რადგან ერთია ძველი საფლავის ქვა, მეორე კი – ზამბარებიანი ჭრიალა საწოლი. ერთია, როცა ნიავი აგრილებს გახურებულ სხეულებს, მეორე – როცა ტაშტში უნდა დაიბანო, ის კი, ვინც წამის წინ კვალს ტოვებდა შენს სხეულზე, ტოლჩიდან გისხამდეს წყალს ამ კვალის წასაშლელად. და მაინც, კაცმა არ იცოდა, რა უნდოდა ქალს, რას შესთავაზებდა ქალი. ტაქსის მძღოლმა ერთი ჰკიდა თვალი ქალს და შეცბა. იფიქრა, აზრი არა აქვს ასეთი ქალის სასაფლაოზე წაყვანასო. არა იმიტომ, რომ ეს მიღებული არ არის, არამედ იმიტომ, რომ არ იცი, რას უნდა მოელოდე ასეთი ქალისგან. რას გაუგებ ღამის ტაქსისტებს, მათ ხომ იმდენი რამ უნახავთ სიბნელეში, სხვას რომ არც დაესიზმრება. ქალმა წინადღით ნახა კაცი, რომელიც კაფეში იჯდა ვიტრინასთან. მაგიდაზე ალუბალჩარჩენილი მარტინის ჭიქა ედგა. მხარბეჭიანი კაცი იყო, ალესილი ნიკაპითა და ხშირი წარბებით, შავი თმა უკან გადაეყარა და სიგარას ეწეოდა. ქალს თითქოს ადრევე გადაეწყვიტა. კაფეში შევიდა და, თითქოს თავისუფალი მაგიდის ძებნა დაეზარაო, ისე ჰკითხა: შეიძლება? მეც მიყვარს ვიტრინასთან ჯდომა. შეხვედრა მეორე საღამოსთვის დათქვეს იქვე, მოედანზე, ჰერცოგის ძეგლის წინ. მაშინ იმ ძეგლთან ჯერ კიდევ არ იკრიბებოდნენ ჰაშიშის გამყიდველები და მოკოცნავე გოგო-ბიჭები, რომლებსაც ქვაფენილზე ფეხმორთხმით ჯდომა და ერთმანეთისთვის თვალებში ყურება უყვართ. კაცი ყვავილების გარეშე მივიდა, რაც ქალს აშკარად მოეწონა. სად უნდა ეთრია ყვავილები? მართლა შეცვლილხარო, უთხრა კაცმა. უკეთესობისკენ? გაიცინა ქალმა. მსუბუქი საჭმელი დაუკვეთეს, ქალი კი საკმაოდ მალე შეთვრა, თუმცა, მალევე იფხიზლა. კაცმა შეამჩნია, როგორ მოერია ქალი თავს, რათა მისი ნდომა სავახშმო სუფრასთანვე არ გადაზრდილიყო მღვრიე მოქმედებაში. შემთვრალი ქალი ხომ მუხლით ცდილობდა მის მუხლებს შორის შეღწევას. კაცი კუნძულის შესახებ უამბობდა, რაღაცას ყვებოდა ზანგურ მუსიკაზე, აქებდა იქაურ თევზს და ოკეანის მოტანილ მარილიანი წყლის სურნელს. როცა თავს მოერია, ქალმა მოუთხრო როგორ ცხოვრობდა. ისე არა, როგორც ჩვეულებრივ უამბობდა ხოლმე. კმაყოფილი ჩანდა თავისი ცხოვრებით, მაგრამ კაცი მიხვდა, რომ ეს კმაყოფილება დიდხანს არ გასტანდა, რადგან ქალი რაღაცას დაეძებდა. სხვაგვარად რატომ მოუჯდებოდა გვერდით იმ კაფეში? კაცს ეგონა, რომ თავგადასავლების სურვილი აღარ არსებობს და მხოლოდ თვითონღაა ასეთი, მოხეტიალე და მოგზაური, რომელსაც სურს, რომ ჩვეულებრივი პაემანი დაუვიწყარ ღამედ გადააქციოს. სასაფლაოზე ისეთი სიჩუმე იყო, როგორიც არის ხოლმე ღამის სიჩუმე ათასობით მკვდარს შორის. განა რა არის სასიამოვნო ღამის სასაფლაოზე? კაცი ფიქრობდა, რომ ქალი ღვინომ გაათამამა და ამიტომაც უშიშრად მოაბიჯებს საფლავებს შორის. ბილიკზე მიმავალს თავადვე დაქაჩა სახელოზე, შეაჩერა, შემოაბრუნა და კოცნა დაუწყო. დილით სასაფლაოს დარაჯი იგონებდა, რომ თითქოს მოესმა რაღაც ხმაური სასაფლაოს სიღრმიდან, ფარანიც აიღო, ჯოხიც და ძაღლიც წამოაგდო, ახლომახლო ადგილები ძახილით მიიარ-მოიარა კიდეც, მაგრამ ხმაური აღარ გამეორებულა და მშვიდად დაბრუნდა თავის ჯიხურში. გამოსაძინებლად შინ მიმავალმა ღამის ტაქსისტმა ბისტროში ახალ ამბავს მოჰკრა ყური, თითქოს ამ დილით სასაფლაოზე მოკლული კაცი ეპოვოთ. ტაქსისტმა ერბოკვერცხი და შემწვარი ძეხვი ძლივს შეჭამა, ყავა აღარც დაულევია, ისე ჩაჯდა თავის მანქანაში და საპოლიციო დეპარტამენტის რუხი შენობისკენ გასწია. მან უამბო გამომძიებელს, რომ წინაღამით იტალიური რესტორნის სადარბაზო კართან აიყვანა წყვილი, რომელმაც სასაფლაოს მთავარი შესასვლელის შორიახლოს გააჩერებინა მანქანა. მან თქვა, რომ ქალი და კაცი მთელი გზა დუმდნენ და მხოლოდ ამოოხვრა და გახშირებული სუნთქვა თუ შემოესმებოდა ხოლმე, რაც გამომძიებლისთვის გასაგები უნდა იყოს. ამის შემდეგ გამომძიებელი და მისი ორი თანაშემწე პროზექტურისკენ გაუძღვნენ მძღოლს, სადაც თუთიის მაგიდაზე გვამი ესვენა. დაჯერებით ვერ ვიტყვი, თქვა მძღოლმა: ღამე იყო, იმ კაცს შავი შლაპა ეხურა.

      იერით კი ჰგავს. თითქოს ნიკაპი ასეთი ჰქონდა. რუხი კოსტუმი ეცვა, ეს მაშინ დავინახე, როცა რესტორნიდან გამოვიდნენ. ერთხანს ლამპიონთან იდგნენ, ახლო-ახლოს, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს თუ რა იყო, არ ვიცი. გამომძიებელმა კმაყოფილებით გადაისვა თავზე ხელი და ქალის შესახებ ჰკითხა. ზედმეტ სითამამედ ნუ ჩამომართმევთ და იმ ქალის ტანი არ დამავიწყდება. მომხიბვლელი ქალი იყო. ქალს რომ უწოდებენ, სწორედ ისეთი. მანქანის სალონში ბნელა, ამიტომ მისი თეძოები უფრო მახსოვს, ვიდრე იერი, უპასუხა ტაქსისტმა: მკერდიც ზღაპრულად ედგა. თითქოს ყველაფერი საგანგებოდ ვიწრო ეცვა და მზად იყო. ამ დროისთვის გამომძიებელმა უკვე იცოდა მოკლულის ვინაობა. მისი პიჯაკის გულის ჯიბიდან ამოღებული საბუთებით დაედგინა მისივე ბოლო, მერიის არქივში აღნიშნული მისამართი და მისი ცოლის ვინაობა. ცოლს ტელეფონით შეატყობინეს მომხდარის შესახებ. მან კი ოდნავ სევდიანი, მშვიდი ხმით უპასუხა, რომ შვიდ წელიწადზე მეტია არ უნახავს თავისი ქმარი, რომელთანაც კანონით გაყრილი არ არის, რადგან ერთ მშვენიერ დღეს შინ დაბრუნებულს, ქმრის ნაცვლად, გამოთხოვების წერილი დაუხვდა და ახლა სულაც არ აპირებს მისი დაკრძალვის ხარჯების გაღებას. გამომძიებელმა შეახსენა, რომ მოკლული საკმაოდ შეძლებული კაცი იყო, რასაც მისი საბანკო ანგარიშების შესწავლა ადასტურებს, რადგან მისი რამდენიმე წიგნი მშვენივრად იყიდებოდა მთელ ევროპაში და ბანკში ინახება მისი ანდერძი, რომელიც მოწმეებისა და ნოტარიუსის თანდასწრებით უნდა გაიხსნას და მას, როგორც მოკლულის მეუღლეს, შეუძლია დაესწროს ამ აქტს. ქალმა კიდევ უფრო მეტი სევდით მიუგო, რომ არ აინტერესებს ქმრის ანდერძი და წუხს, რომ იგი ასეთ ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა, თუმცა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელი იყო. გამომძიებელმა სთხოვა ქვრივს, მეორე დღეს საპოლიციო დეპარტამენტში სწვეოდა ადვოკატთან ერთად, რადგან მასთან გასაუბრება მაინც აუცილებელი იყო. სავარაუდოდ თქვენი ქმარი ქალმა მოკლა, უთხრა ცოლს. ესეც არ არის მოულოდნელი, გაეპასუხა ქვრივი და ყურმილი დაკიდა. გამომძიებელი კი იტალიური რესტორნისკენ გაეშურა, სადაც მიმტანებთან გასაუბრებას აპირებდა. სწორედ ამ დროს გაწვიმდა და გამომძიებელმა იფიქრა, კარგი იქნებოდა, დილით ლაბადა წამომეღოო. გაზაფხული ხომ ასეთი ცვალებადი და შემპარავია ამ განედებზე. რახან ლაბადა არ ჰქონდა, გამომძიებელმა კეპი ჩამოიფხატა მელოტ თავზე, პიჯაკის საყელო წამოიწია და ტრამვაის გაჩერებისკენ გაიქცა. მყუდრო და უბრალო რესტორანი იყო. მაგიდებზე შინდისფერი სუფრები ეფინა და, კლიენტების სიმრავლის მიუხედავად, ხმაური არ იყო. გამომძიებელი სამზარეულოსაკენ წავიდა და მენეჯერი იკითხა. მენეჯერი იტალიელი გამოდგა, მხიარული კაცი, რომელიც ხელების ქნევით ლაპარაკობდა. მიმტანებთან გასაუბრება კი გაჭირდა. არა იმიტომ, რომ ყველანი იტალიელები გამოდგნენ, არამედ იმიტომ, რომ მოუცლელნი აღმოჩნდნენ. სწრაფად დაალივლივებდნენ მბზინავ ლანგრებს მაგიდებს შორის. ყველაფერი სანელებლების სურნელით იყო გაჯერებული. გაჭყლეტილი ზეთისხილი ეწყო ღრმა ლამბაქებში და გარშემო ყველა კმაყოფილი ჩანდა, რადგან გაზაფხულის წვიმიანი საღამო იყო და იტალიური ვახშამი და ღვინო ხომ მისწრებაა ასეთ დროს. გამომძიებელი დარბაზის სიღრმეში იჯდა ორადგილიან მაგიდასთან და მიმტანებს მოკლული კაცის ფოტოს უჩვენებდა. მიმტანები სულ შვიდნი იყვნენ და მოიცლიდნენ თუ არა, მოდიოდნენ ამ მაგიდასთან. მეოთხემ გაიხსენა, რომ წინა საღამოს ემსახურებოდა ამ კაცს და მასთან ერთად მოსულ ქალს. მიმტანი პატარა კაცი იყო, ორმოცდაათს მიტანებული, მოუსვენრად დაურბოდა თვალები და უნდოდა ბევრი მოეთხრო, თუმცა, იმდენიც არაფერი იცოდა. გაიხსენა, რამდენი აჩუქეს ჩაისთვის, რა შეუკვეთეს და როგორ იქცეოდნენ. ეშხიანი ქალი იყო, თუმცა, ქალი რომ ვყოფილიყავი, კაცისკენაც გამექცეოდა თვალიო. ძალიან შინაურულად ლაპარაკობდნენ და ასეთ წყვილებს მაშინ თუ მიაქცევ ყურადღებას, როცა ქალი მომხიბვლელიაო, თქვა. ისიც გაიხსენა, რომ ქალს მრგვალი, დაბალი მუქი შინდისფერი ქუდი ეხურა, და მეტად ნატიფი თითები ჰქონდა, რასაც ალისფერი მანიკური ამშვენებდაო. ახლა რომ ნახოთ, იცნობთ იმ ქალს? ჰკითხა გამომძიებელმა. ვიცნობ, როგორ არა. შეიძლება ასეთივე იერის ქალში ამერიოს, მაგრამ სხვათაგან ნამდვილად გამოვარჩევ. ეშხიანი ქალი იყო, მკერდი ჰქონდა, რომ შეივსებიან და ძალიან რომ უხდებათ კორსეტი, მიუგო მიმტანმა. გამომძიებელმა მეორე დღის თორმეტი საათისთვის დაიბარა მიმტანი. რაც იცით, ქაღალდზე უნდა გადავიტანოთ და თანაც, ეგებ ახალი რამ მოხდესო. ერთხანს ორჭოფობდა, აქვე ხომ არ ვივახშმოო, მაგრამ წამოდგა და დაუმშვიდობებლად გამოვიდა გარეთ. დაუმშვიდობებლად წამოსვლა მისი ერთ-ერთი უცნაური ჩვევა იყო და დეპარტამენტში ამიტომაც ეძახდნენ ინგლისელს. თუმცა, ინგლისელს არაფერი უგავდა ამ ჩვევის გარდა, არც მოქანცული კაცის შავი თვალები და არც მოკლე, მონდომებით ნაკრეჭი შავი ულვაში. გარეთ ცრიდა, ტროტუარი ირეკლავდა ლამპიონების სინათლეს. გამომძიებელმა დაინახა, როგორ გადმოვიდა სველი მანქანიდან ნაცნობი ტაქსისტი და ხელი დაუქნია. აჰ, თქვენა? ჰო, მე აქ ვდგავარ ხოლმე, უთხრა მძღოლმა: ხედავთ როგორ წვიმს? ალბათ იმ საქმეზე მოხვედით, არა? დიახ, თქვენ მართალი იყავით. აქ ყოფილა ვიღაც ქალთან ერთად. მოხდენილი ქალი იყო, გაიხსენა ტაქსისტმა: სადმე მოშორებით ხომ არ მიბრძანდებით? წაგიყვანთ. არა, ფეხით გავივლი... ქუდი შეისწორა გამომძიებელმა: მაინც უნდა დამერეკა თქვენთვის. ხვალ თორმეტი საათისთვის დეპარტამენტში გელოდებით. აჰ, შეიცხადა მძღოლმა: გამოძინებას ვერ მოვასწრებ. ცოტა გვიან არ მოხერხდება? არა, მეტად საჭირო საქმეა, მიუგო გამომძიებელმა და გამოეთხოვა, ქუჩა გადაჭრა და მოედნისკენ წავიდა. მოედნის სამხრეთით, იმ ქუჩაზე, სადაც ახლა ნიდერლანდული ყვავილების მაღაზიებია, მაშინ კი მხოლოდ ერთი საყვავილე იყო, გამომძიებლის საყვარელი ცხოვრობდა მეორე სართულზე, პატარა ბინაში. ისინი კვირაში ორჯერ მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს და გამომძიებელს უყვარდა მასთან ერთად ყოფნა. მარტოხელა, თავის მომვლელი ქალი იყო, რომელსაც ქმარი არასოდეს ჰყოლოდა და სამაკლერო კანტორაში მუშაობდა. ისეთი ქალი გახლდათ, რომ დიდად არაფერზე აიტკიებდა თავს, მასთან ყველაფერი იოლი იყო და მათი შეხვედრაც წარსულ ზაფხულს როგორღაც იოლად მოხდა. გამომძიებელი იმ კანტორაში მივიდა, რადგან მოხუცი დეიდისგან მემკვიდრეობით დატოვებული ბინის გაყიდვა გადაეწყვიტა. ხომ არ გვევახშმა? ჰკითხა ქალს მესამე ვიზიტისას. როდის? თუნდაც დღეს, შესთავაზა გამომძიებელმა. ძალიან კეთილი შემოთავაზებაა თქვენგან, მაგრამ დღეს არ მცალია, უპასუხა ქალმა: არც ხვალ. გნებავთ, ზეგ ვივახშმოთ ერთად, თქვენ როგორი სამზარეულო მოგწონთ? მე კაცი ვარ, გაეცინა გამომძიებელს: ის სამზარეულო მომწონს, რომელიც იმ ქალს მოეწონება, მე რომ მომეწონა და ვახშმად დავპატიჟე. მგონი, გავუგებთ ერთმანეთს, გაეცინა ქალსაც. ახლა გამომძიებელი ფიქრობდა, რომ ზაფხულში შვებულებას აიღებდა და სადმე სამხრეთისაკენ წაიყვანდა ქალს, ზღვისკენ. წინა საღამოსაც შეხვდნენ ერთმანეთს. საერთოდ, ჩვეულებად არ ჰქონდათ, რომ ზედიზედ დაეთქვათ პაემნები. გამომძიებელს არც კი დაურეკავს მისთვის, იტალიურ რესტორანში ყოფნამ თუ გადააწყვეტინა მასთან მოსვლა. იქაური სამზარეულოს სურნელმა გამოაფხიზლა და წამოიყვანა აქეთ, სადაც ქალი ეგულებოდა. ასეთია ამ ქალაქების სული. ის მართავს ადამიანებს, წვიმაშიც კი. საყვავილე ჯერ კიდევ ღია იყო. გამომძიებელმა ყვითელი ყვავილების პატარა თაიგული იყიდა და ისე შევიდა სადარბაზოში. ამ ყვავილების სახელი არ იცოდა, მაგრამ ყოველთვის მოსწონდა ისინი. კარს იქიდან ხმადაბალი მუსიკის ხმა მოისმოდა. რადიო "შავ ვარდს" უკრავდა. გამომძიებელმა ჩვეული რიტმით დააკაკუნა და მოაჯირს ჩამოეყრდნო. კარი არ გაუღეს. გამომძიებელმა კვლავ დააკაკუნა, ამჯერად უფრო მოურიდებლად, მაგრამ კვლავ არავინ ჩანდა. ეტყობა, სადმე წავიდა და რადიოსაც ამიტომ აუწია, გაიფიქრა კაცმა. მერე თაიგული კარის სახელურში გაუყარა და კიბეს ჩაუყვა. მოწყენილი წამოვიდა მოედნისაკენ. იქ ერთ კაფეში ძლივს იპოვა თავისუფალი სკამი. ალბათ წვიმის ბრალი თუ იყო, კაფეში რომ ამდენი ხალხი ირეოდა. დახლთან ვერ გაივლიდი, საპირფარეშომდე მისვლაც კი ჭირდა. დაორთქლილ ვიტრინებს მიღმა არაფერი ჩანდა, უკვე ისედაც ჩამობნელებულიყო. გამომძიებელმა ორმაგი ესპრესო შეუკვეთა და სიგარეტი ამოიღო. ნელა ეწეოდა, თითქმის არ სვამდა ყავას. კარგი იქნებოდა, საღამოს გაზეთი მეყიდა, დოღის წინასწარ ფსონებს მაინც ჩავხედავდი, გაიფიქრა გამომძიებელმა და სცადა კაფეში ახმიანებული რადიოსთვის მიეგდო ყური. სიგარეტი რომ ჩაამთავრა, წამოდგა და ჩახუთული კაფედან გამოვიდა, იქვე იყიდა საღამოს გაზეთი და საყვარლის სახლისაკენ გაეშურა. აჰ, მოსულა, გაიფიქრა გამომძიებელმა, როცა დაინახა, რომ კარის სახელურში თაიგული აღარ იყო და ხალისიანად დააკაკუნა. რადიოს ხმა აღარ მოისმოდა, მაგრამ კარიც არავის გაუღია. ეი, დააბრახუნა გამომძიებელმა, მე ვარ... რა ამბავში ხარ? კიბეზე ქალი ამოდიოდა, უკვე დაკეცილი სველი ქოლგა ეჭირა. სად ხარ? შეუბღვირა გამომძიებელმა: უკვე მეორედ მოვედი. სულაც არ გელოდი. შენთან რომ მოვსულიყავი ასე, დამხვდებოდი? ზერელედ აკოცა ქალმა და კლიტეს გასაღები მოარგო. ჩემი თაიგული სად არის? წაიბურდღუნა კაცმა: წეღან მოვედი და კარში თაიგული დაგიტოვე. თაიგული? ჰო, თაიგული. ვიღაცამ მოიპარა ჩემი თაიგული? გაიცინა ქალმა: რა სისულელეა. თაიგული დავტოვე. რადიო კი "შავ ვარდს" გადმოსცემდა. რადიო გამორთულია, თქვა ქალმა და ქოლგა მიაყუდა საკიდთან: რა გჭირს? უცნაურია, თქვა გამომძიებელმა და ჰოლში გაჩერდა. მოიხადე ეგ ქუდი და დამშვიდდი, დიდი ამბავი, ვიღაცამ ბოროტად იხუმრა და თაიგული მოიპარა. ბოროტების მეტი რა არის ამ ქალაქში? და "შავი ვარდი"? დაიჟინა კაცმა: არ ვიცი, აღარ ვიცი, ეგებ სულ სხვა მხრიდან მოდიოდა ეგ ხმა. ეგ შენი პროფესია გაგაგიჟებს, თქვა ქალმა: გაიხადე. არა, წამო წავიდეთ სადმე. აჰ, მე უკვე ვივახშმე. თან, სად წავიდეთ ამ წვიმაში? თუნდაც, ოპერეტაში, ან თეატრში სადმე, ანდა კინოში. არა, არა, გაიხადე-მეთქი, უთხრა ქალმა: მე გავახშმებ. მაქვს რაღაცეები, ვთქვათ, სალმონი. ახლავე შევწვავ ღვინოში. გამომძიებელმა ქუდი მოიხადა და თქვა: რაღაცით ოჯახს ვგავართ. რაღაცით. ოჯახის რა გაგეგება? სამზარეულოდან გამოსძახა ქალმა: რა იცი ოჯახის? მახსოვს, როგორ მოდიოდა მამაჩემი შებნელებულზე, თქვა გამომძიებელმა და სავარძელში ჩაჯდა: საღამოს გაზეთი მაქვს. ზეგინდელი დოღის ფსონებს შევათვალიერებ. აი, ზეგ წავიდეთ დოéზე, გამოსძახა ქალმა. მწერალი მოკლეს, თქვა უცებ გამომძიებელმა: სასაფლაოზე იპოვეს, ერთი ტყვია ესროლეს მიბჯენით, ხმაც კი არ გაუგონია არავის. მწერალი? ჰო, მწერალი ყოფილა, მე არც ვიცოდი. მის ცოლს ველაპარაკე დღეს. დიდი აბურდული ამბავია. გეხვეწები, არ მითხრა, როგორი ქალია მწერლის ცოლი. გამომძიებელს გაეცინა. სულ იმას ყვები, როგორი იყო ვიღაცის ცოლი, ჩაიხითხითა ქალმა. სამხრეთული სისხლის ბრალია. აი, თმაც იმიტომ გამცვივდა, რომ სამხრეთელი ვარ. "შავ ვარდს" გადმოსცემდნენ ამ შენს რადიოში. ფირფიტაც მაქვს, უთხრა ქალმა. ფირფიტაც? "ჩვენმა ჯარებმა გარკვეული წარმატება მოიპოვეს ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე ბრძოლებში. მეხუთე განსაკუთრებული დივიზია და ალისფერლენტიანთა პოლკი ერთობლივ შეტევაზე გადავიდა ალ-ჰალეჯის მიდამოებში და აიღო მოწინააღმდეეგის ფორტიფიკაციები. უმნიშვნელო მსხვერპლის ფასად, ალისფერლენტიანთა პოლკმა დაიკავა გამაგრებული ადგილი ალ-მოჰაბი. მთავარმა შტაბმა სიმამაცის ჯილდოზე წარადგინა რვა ოფიცერი და თორმეტი ჯარისკაცი", მოისმოდა რადიოდან.

      რას ნიშნავს უმნიშვნელო მსხვერპლი? გაბრაზდა გამომძიებელი. ბონაპარტი რომ ცოცხალი იყოს, კარგად აგიხსნიდა, უთხრა ქალმა. რა შუაშია აქ ბონაპარტი? არ ვიცი. რაღაც წიგნი ვიყიდე. აი, ნახე, მანდ აგდია, "წმინდა ელენე, იმპერატორის უკანასკნელი სამეფო". გამომძიებელი წამოდგა და ტორშერთან მიგდებულ წიგნს დასწვდა. აი, თქვა ყრუდ: სწორედ ეს კაცი მოკლეს გუშინ, ვინც ეს დაწერა. სასაფლაოზე. მოგზაურობდა და იმ ადგილების შესახებ წერდა, რომლებიც მოინახულა. კარგია, არა? ცუდია, როცა ასე მოგკლავენ. არ უნდა დაიმსახურო ასეთი სიკვდილი. წავიკითხავ ამ წიგნს. მოდი, ჯერ ივახშმე, სალმონი მზადაა. მერე ვნახოთ, რასაც წაიკითხავ, გაუცინა ქალმა: აი, ნახე, რა კარგი ლიმონები ვიყიდე. დილით მზემ გამოანათა. გამომძიებელმა ჯიბეში ჩაიტენა ქუდი და ისე შეახტა საპოლიციო დეპარტამენტისკენ მიმავალ ტრამვაის. თერთმეტ საათზე მოკლულის ქვრივი მოვიდა. წითლად თმაშეღებილი, სათვალიანი ქალი. კრემისფერი საზაფხულო შლაპა ეხურა და ფართხუნა, ვარდისფერი ბლუზა ეცვა. საერთოდ, ყველაფერი აჩაჩულ-დაჩაჩულად ედგა ტანზე, მეორე სათვალე ძეწკვით ჩამოეკონწიალებინა გულზე. დიდი ნაქსოვი ჩანთა ჰქონდა, იქიდან კი ახალი გაზეთების კიდეები მოჩანდა. რწევა-რწევით შემოვიდა დეპარტამენტში და გამომძიებელი მიხვდა, რომ ამ ახირებულ ქალთან ლაპარაკი დროის გაცდენის მეტი არაფერი იქნებოდა. ამის მიუხედავად, დასაკითხ ოთახში შეუძღვა და თანაშემწეს დაუბარა, რომ როცა მიმტანი და ტაქსის მძღოლი მოვიდოდნენ, მისთვის ეცნობებინა, ქალს კი ყავა შესთავაზა. ასეთ ადგილას, ყავა? გაუკვირდა ქვრივს: კარგი, ეს გემოც მეცოდინება. მათ კარგა ხანს ისაუბრეს და გამომძიებელმა ვერაფერი შეიტყო იმის მეტი, რომ ქალს განსვენებულის დანახვაც კი არ შეეძლო. ამის მიუხედავად, გამომძიებელმა გვამის ამოცნობა და მისი ვინაობის დადასტურება სთხოვა და ისიც შეახსენა, რომ მასზე უკეთ მიცვალებულის ვინაობას ვერავინ დაადასტურებდა. ამ ქალისა და კაცის თავგადასავალი საკმაოდ ჩვეულებრივი გამოდგა. ჩვეულებრივი ტკივილებით სავსე. ქალი მიტოვებული და შეურაცხყოფილი იყო და ეს შეურაცხყოფა არც კი განელებოდა, ძალიან ცუდი გულისა იყო თავის ყოფილ ქმარზე, რომელიც საბუთებით კვლავაც მის ქმრად ითვლებოდა. ერთმანეთი ათი წლის წინათ გაეცნოთ აფრიკაში. უცნაური იყო, რომ ქალს არასოდეს ეცხოვრა ამ ქალაქში და აქ ქმრის ხათრით გადმობარგებულიყო. ცხოვრებითაც კვლავინდებურად თავიანთ ძველ ბინაში, მდინარის ნაპირას ცხოვრობდა. ქმარი მწერალი იყო და რაც დაქორწინდნენ, ერთად მოგზაურობდნენ. წელიწადში ორ-სამ თვეს თუ ატარებდნენ შინ. კაცი ლაპარაკისა და განსჯების ოსტატი იყო, მახვილი თვალი ჰქონდა და ქალს მოსწონდა მისი ნაფიქრიც და ნაწერიც. ოღონდ კაცი ზომაზე მეტად მგრძნობიარე იყო და სასიყვარულო თავგადასავლები იზიდავდა. ქალი, რა თქმა უნდა, ამჩნევდა და მის გატაცებებსაც უპირისპირდებოდა, მაგრამ ყოველთვის ეგონა, რომ ეს გატაცებები მოგზაურობის, ახალ გარემოში ყოფნის გამო იბადებოდნენ. საერთოდ, ძალიან ეფლობოდა გარემოში, მისი ტყვე ხდებოდაო, ამბობდა ქვრივი და ყოფილი ქმრის პასპორტს ატრიალებდა ხელში. ჭკვიანი, მაგრამ მოცეცებული ქალი ჩანდა, მღელვარე და სულსწრაფი. თქვა, რომ არასოდეს უმუშავია და არც აპირებს, რადგან მშვენივრად ცხოვრობს თავისი რენტით, მეტი კი არ სჭირდება. თავიდან სიძულვილით კი დაიწყო, მაგრამ თანდათან არცთუ ავ რამეებს ამბობდა მოღალატე ქმარზე, საკმაოდ ფერადოვნად უამბობდა გამომძიებელს მის შესახებ. ამბავს ომახიანად, მშფოთვარედ იწყებდა და სევდაგარეული ჩურჩულით ასრულებდა, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნისო. პატარა ჯიბის საფერფლე ედგა მაგიდაზე და იქ ღონივრად და სწრაფად აქრობდა სიგარეტებს. ყველაზე მეტად იმიტომ იყო ნაწყენი, რომ ქმარი წერილით გამოეთხოვა. წერილი იმწამსვე ექცია ნაკუწებად და შვიდ წელიწადს არაფერი გაეგო მისი. ისეთი ურთიერთობა არ გვქონდა, რომ რაიმეს მორიდებოდა. არ უნდა მომქცეოდა ასე, ამბობდა ქალი: ამ შვიდ წელიწადში საბოლოოდ ამოვიღე გულიდან. ამიტომ არ დავესწრები მის დაკრძალვას. ეგებ რაღაც იყო? ვიღაც ქალი? ეგებ პირისპირ ვერ გაგიბედათ თქმა? ჰკითხა გამომძიებელმა. არა მგონია, ქალი ყოფილიყო. ის ძალიან გაწონასწორებული იყო ამ საქმეში. თუ თავგადასავალი არ აურევდა ტვინს, ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა. მაშინ წიგნს წერდა. ინდიელებთან ვცხოვრობდით სამი თვე, ჩამოვედით და წერა დაიწყო. საბეჭდი მანქანა და ყველა მისი ქაღალდი გადავყარე. არ შემეძლო მათი ყურება. ქალი კი არა, რაღაც უფრო სერიოზული იყო, რაღაცამ მოუარა თავში. მგონი შევძულდი და ამიტომ გაიქცა. რატომ უნდა შეძულებოდით? გაუკვირდა გამომძიებელს. რას გაუგებ კაცებს. ეგებ რაღაც არ მოეწონა, რაღაც სისულელე და ამაზე მთელი თეორია ააგო. ასე იცოდა. მისი საყვარელი გამოთქმა იყო: მე მწერალი ვარ, ვისი რა საქმეა, რას ვაკეთებ? ნუ მთხოვ, რომ თეატრში წამოვიდე, იმიტომ რომ მე წიგნებს ვწერ. უცნაური აზრია. არც ისე, თქვა ქალმა: გახსოვთ ერთი ნათქვამი? დედა, იტირე, შენ მწერალი გაგიჩნდა. და ის წიგნი თუ გამოვიდა, ინდიელებზე რომ წერდა? ჰკითხა გამომძიებელმა. ეგ მისი მესამე წიგნი იყო. იმის შემდეგ კიდევ ხუთი გამოსცა. მაღაზიაში ვხედავდი, მაგრამ არც ერთი არ მიყიდია. იმ წიგნში სულ ჩემზე უწერია რაღაცეები, გადავფურცლე და რამდენჯერმე მომხვდა თვალში ჩემი სახელი. გესმით? თითქოს არაფერი მომხდარაო. თანაშემწემ შემოიხედა და გამომძიებელი მობოდიშებით გავიდა დასაკითხი ოთახიდან. კაბინეტში თვალებდასიებული ტაქსისტი და მიმტანი ელოდნენ. გამომძიებელმა დასაკითხი ოთახის მეორე მხარეს, ბნელ სარკმელთან მიიყვანა ისინი და ჯიქურ ჰკითხა: გინახავთ ოდესმე ეს ქალი, ბატონებო? რა თქმა უნდა, არ ენახათ. მაშინ გამომძიებელმა კიდევ უფრო ჯიქურ ჰკითხა: რაიმეთი ხომ არ ჰგავს ეს იმ ქალს, გუშინწინ რომ ნახეთ მოკლულთან ერთად? რასა ბრძანებთ, თქვა მიმტანმა, რასა ბრძანებთ... არა, არა, ეს ვიღაც პეპლების დამჭერი ქალია, ის კი ნამდვილი საყვარელი იყო, იუარა მძღოლმა და მსუქანი, წამოწითლებული სახე მოისრისა. გამომძიებელი სხვას არც არაფერს ელოდა, ამიტომ არ დააშორა ერთმანეთს მოწმეები და მათთან ლაპარაკზე დრო აღარ დაკარგა. ნაჩქარევად გამოემშვიდობა მათ და კვლავ ქალთან შებრუნდა. დღეს ოთხ საათზე ბანკში ნოტარიუსი მოვა და ჩემი და ორი გარეშეს თანდასწრებით თქვენი მეუღლის ანდერძს გახსნის. ეს ანდერძი მას სამი წლის წინათ შეუდგენია, თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ამ საქმეს, გამოუცხადა ქალს. მე არ მაინტერესებს მისი ანდერძი. ეგებ უარიც ვთქვა, თუკი რაიმე დამიტოვა, უთხრა ქვრივმა. შეგეხმიანებით, ოღონდ ახლა გთხოვთ, დაბლა ჩამობრძანდეთ და მიცვალებული ნახოთ, უთხრა გამომძიებელმა. ქალი არ შემცბარა და აღარც უუარია, უთქმელად ჩაჰყვა გამომძიებელს პირველ სართულზე, პროზექტურაში. ხეირიანად არც დაუხედავსო, იხსენებდა მერე გამომძიებელი, თვალი შეავლო გვამს, ის არისო, თქვა ხმამაღლა და სწრაფად გამოვიდა ოთახიდან, თითქოს გაქცევა უნდოდაო. გამომძიებელმა მოუბოდიშა ამ მძიმე წუთისათვის და კიდევ ერთხელ შეახსენა ანდერძის ამბავი. ქალმა კვლავ იუარა და ასე დასცილდნენ ერთმანეთს. გამომძიებელი თავის ოთახში აბრუნდა, სადაც თანაშემწე ელოდა. თანაშემწეს უბრალო ჩიბუხი გაებოლებინა, ღია ფანჯარაზე ჩამომჯდარი ეფიცხებოდა მზეს. ტანხმელი, მაღალი კაცი იყო, გრძელი, წვეტიანი ცხვირით. უკვე დაედგინა რომელ სასტუმროში ცხოვრობდა მოკლული და გაკვირვებულიც იყო, თუ ეს კაცი მწერალი იყო და ფულიც ბლომად მოუდიოდა, იმ სასტუმროში რა უნდოდაო. მწერლებს ვერაფერს გაუგებ, უთხრა გამომძიებელმა: ახირებულად იქცევიან ხოლმე. ვინ იცის, ეგებ იმიტომაც მოეწყო ეგეთ უბრალო სასტუმროში, რომ რაღაცას აკვირდებოდა, ანდა აინტერესებდა, გახუნებულ êედლებში ცხოვრება როგორიაო. თანაშემწემ უამბო, როგორ მივიდა ამ სასტუმროში და როგორ დაალუქვინა მოკლულის ოთახი. სასტუმროს პატრონიც მოვიკითხე, მაგრამ იქ არ დამიხვდა და პორტიემ მითხრა, ნაშუადღევს დაბრუნდებაო. შენ ქაღალდებს მიხედე, მე სასტუმროში წავალ და ოთახს დავათვალიერებ, მერე კი ბანკში უნდა წავიდე, სადაც ჩვენივე მოთხოვნით, ანდერძი უნდა გაიხსნას. სასტუმრო პარკის მეორე მხარეს, ძველ ქუჩაზე იყო. ამ ქუჩას უცხოელებში სახელი გავარდნოდა, როგორც ქალაქის ყველაზე ბოჰემურ ადგილს, სადაც ძველი და იაფი კაფეები მისდევდა ერთმანეთს და ყოველ ამათგანში შებნელებიდანვე მუსიკას უკრავდნენ. იქ ყველაფერს მიმზიდველი სიღარიბის იერი ედო და სასტუმროებიც ორ-სამსართულიან ძველ სახლებში გაემართათ. ამ სასტუმროების ნომრებში არ იყო სააბაზანო ოთახები და საპირფარეშოებიც მხოლოდ თითო გაემართათ თითო სართულზე. ჩვეულებრივ, აქ ხანგრძლივად მცხოვრები კლიენტები არ იდგნენ. წყვილები ერთი ღამით დაიჭერდნენ ხოლმე ოთახებს, რათა უცაბედი სასიყვარულო ღამეები გაეტარებინათ იაფ საწოლებზე. პარკის კიდეზე იდგა ძველისძველი, ხით ნაგები ცირკის შენობა, სადაც მოგზაური მეორეხარისხოვანი დასები მართავდნენ ხოლმე წარმოდგენებს. ხანგრძლივ კლიენტებს სასტუმროებისათვის სწორედ მოხეტიალე დასთა წევრები წარმოადგენდნენ და კიდევ, თურმე ეს მწერალი, რომელსაც მისი მშობლიური ქალაქის საუკეთესო სასტუმროში შეეძლო ცხოვრება. ზოგიერთ სასტუმროში ოთახები მეძავებსაც ეჭირათ. ვინაიდან ქალაქში ბორდელები აკრძალული იყო, მეძავები იაფი სასტუმროების პატრონებს მოურიგდებოდნენ, ისედაც ცარიელი ოთახები უფასოდ ეჭირათ და თავიანთი შემოსავლიდან უხდიდნენ მათ. იმ სასტუმროს "თეთრი საყელო" ერქვა და მისი პატრონი ერთი ყვითელპალტოიანი ამერიკელი ყოფილიყო. უფრო სწორედ ეს ამერიკელი და მისი ცოლი, რომელიც წინაღამით მომკვდარიყო კიბოთი გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილებისგან. ალბათ სასტუმროს პატრონსაც ამიტომ შემოეცვა ყვითელი პალტო შიშველ და ბანჯგვლიან, თვალში საცემად ღონიერ ტანზე. გამომძიებელი, ცოტა არ იყოს, დააბნია ამგვარმა ვითარებამ: თურმე სასტუმროს სასაუზმო ოთახში მიცვალებული ესვენა. გამომძიებელმა შეწუხებისთვის მოუბოდიშა სასტუმროს პატრონს და მეორე სართულზე ავიდა, სადაც ოთახს ლუქი ახსნა. ერთი ბეწო ოთახი იყო. ფანჯარა ყრუ კედელს უცქეროდა. მინის საფერფლიდან ნამწვების ბორცვი ამოზრდილიყო. აბურდულ ლოგინზე სამოგზაურო ჟურნალები და გაყვითლებული საღამოს გაზეთები ეყარა. პატარა საწერ მაგიდაზე კი ყავის გაურეცხავი ფინჯნები და ვისკის ცარიელი ბოთლები იდგა. საკიდზე რუხი კოსტუმი ეკიდა, უჯრებში თეთრეული ჩანდა და იატაკზე პირქვე გაშლილი ყვითელი წიგნაკი ეგდო. გამომძიებელმა წიგნაკი აიღო. სულ გადაჭრელებული იყო ფანქრით ნაწერით. სხვა დროს, მოკლული მწერალი რომ არ ყოფილიყო, გამომძიებელი ყურადღებით ჩაუჯდებოდა ამ წიგნაკს, მაგრამ ახლა უაზროდ გადაფურცლა და უბეში ჩაიდო, რადგან გაეგონა, რომ მწერლები უამრავ ამბავს იწერენ წიგნაკებში და მერე ამ ამბებს თავიანთი წიგნებისთვის იყენებენ. სწორედ ეს წუთი იყო, რომ გამომძიებელს სასტუმროს პატრონი წამოადგა თავს, ოდესღაც ïლბïთ ლამაზი, ახლა კი თმაგაჩეჩილი და სახეარეული კაცი. მიაკვლიეთ მკვლელს? ჰკითხა უინტერესოდ. გამომძიებელი აირია, არ ეგონა, თუ ეს კაცი თავის მწუხარებას სხვა რამეს გაურევდა. ჯერ ვიძიებთ, მიუგო ხმადაბლა: ჯერ ვემზადებით. ეს მზადება სახლის ჩხრეკას გულისხმობს, არა? ჰკითხა იმავე განწყობით. ცხადია, უამისოდ არაფერი გამოვა. ცხადია, ცხადია, ჩაიცინა სასტუმროს პატრონმა: თუ მიაკვლიეთ რამეს? მაგალითად კუბოკრულ საღამურ ხალათს. სადღაც აქ უნდა იყოს, და კარადის კარი გამოაღო. აჰა, აქ არის. ხალათი გამოგლიჯა კარადიდან და ფეხებთან დაუგდო გამომძიებელს. ეს ხალათი ჩემმა განსვენებულმა მეუღლემ უსახსოვრა. დიდხანს ცხოვრობდა თქვენსას? ხალათს დასწვდა გამომძიებელი. შემოჩვეული ძაღლივით იყო. ზუსტად ასეთი ხალათი მეც მაქვს. ჩემს მეუღლეს მოსწონდა, რომ ქმარს და საყვარელს ერთნაირი ხალათები ეცვათ. რას ნიშნავდა ეს მისთვის, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ასე კი იყო. მას მოსწონდა, ასე რომ იყო. ვფიქრობ, ეს ამბავი რაღაცით მის ავადმყოფობასთანაა დაკავშირებული. გამომძიებელმა ისღა მოახერხა, რომ სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ქვემოდან ცერი ამოჰკრა, რათა ღერი მოხდენილად ამოვარდნილიყო. დიახ, ასე იყო, თქვა სასტუმროს პატრონმა: თქვენ უხერხულობას გრძნობთ? სულ ტყუილად. საუხერხულო არაფერია. ჩვენი ცხოვრება ხომ ასეთი ბინძურია. მეთანხმებით? სიბინძურის წილი უზარმაზარია. არ მითხრათ, რომ ებრძვით სიბინძურეს, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. შეიძლება თქვენი მეუღლის ფოტო ვნახო? სასტუმროს პატრონს გაეცინა. თქვენ შეგიძლიათ ჩემი მეუღლე ნახოთ, ჰოლში ჩამობრძანდით და განახებთ ჩემს მეუღლეს. მგონია, რომ მკვდარიც კი ნდომას აღგიძრავთ. სასაუზმო ოთახში მისი აფიშაც ჰკიდია, ოდესღაც ის კაბარეში ცეკვავდა. მაგრამ სულ ტყუილად იფიქრეთ, რომ ჩემი მეუღლე სასაფლაოზე გაჰყვა მას და იქ მოუსწრაფა სიცოცხლე. მათ ეს არაფერში სჭირდებოდათ. ესეც არ იყოს, გუშინწინ ჩემი ცოლი ტკივილებს ებრძოდა, მე კი მთელი ღამე შპრიცით ვადექი თავს, რათა მორფიუმით მეშველა მისთვის. ის კი ამ დროს ქალს მიათრევდა სასაფლაოზე. თავადაც მიხვდებით, როგორი კაცი იყო. გამომძიებელმა რაღაც ჩაიფრუტუნა და უყურადღებოდ მოავლო თვალი ოთახს. რაც შეეხება მაგ წიგნაკს, უბეში რომ ჩაიდეთ, ჩემია, ჩაიქირქილა მასპინძელმა: მანდ გაზეთებიდან ამოკითხული უბედური შემთხვევებია ჩამოწერილი. რას იზამ, ყველას თავისი ჰობი აქვს. გამომძიებელმა წიგნაკი ამოიღო უბიდან და კიდევ ერთხელ გადაფურცლა. მართლაც, თქვა ხმადაბლა: მაგრამ მის ოთახში საიდან მოხვდა? მე ხშირად შემოვდიოდი აქ. გუშინ, ჩემი ცოლი რომ გარდაიცვალა, აქ მეძინა. პირველად გავატარე ღამე იქ, სადაც ისინი ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. მშვენიერი განცდა იყო, ორივე მკვდარია. ერთგვარად ნამდვილი სიყვარულის ამბავიც კი იყო. იაპონურ თხზულებებში რომაა ხოლმე, ისეთი. უერთმანეთოდ ვერ იცოცხლეს. თუმცა ჩემს მეუღლეს არც გაუგია მისი სიკვდილი. მაპატიეთ, წიგნაკი გაუწოდა გამომძიებელმა: მე მეგონა, რომ ეს მწერლის წიგნაკი იყო. მათ ხომ ასე უყვართ რაღაცეების ჩანიშვნა. ვიფიქრე, ეგებ გამოძიებას რამეში დაეხმაროს-მეთქი. ვიცი, რომ ისინი თავიანთი წიგნებისთვის იწერენ ამბებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოსადეგია. სისულელეა. წერისა არაფერი გაეგებოდა, თქვა სასტუმროს პატრონმა. გინდათ თქვათ, რომ უვარგისი მწერალი იყო? მწერალი საერთოდ არ ყოფილა. საიდან მოიტანეთ, რომ მწერალი იყო? ოდესღაც რაღაცეებს ცდილობდა, როცა პირველად მოეხეტა აქ, ამბობდა, ფილოსოფოსის დიპლომი მაქვსო, რაც სიცრუე იყო. კარგი, თქვა გამომძიებელმა: კარგი, ბოდიში, რომ შეგაწუხეთ. შეგიძლიათ ოთახის დალაგება. უბიდან მოკლულის პასპორტი ამოიღო: თქვენ ამ კაცზე მელაპარაკებოდით, არა? ჰმ, არც ვიცოდი, თუ პასპორტი ჰქონდა. ნახეთ, როგორ გადაუყვია თმა! გამომძიებელი წამოვიდა, ჰოლში თვალი ჰკიდა განსვენებული ქალის პლაკატს და გარეთ გამოვიდა. ერთხანს სასტუმროს ზღურბლზე იდგა. რა ჯანდაბაა? ფიქრობდა, რა ვქნა? ამ სასტუმროს რეგისტრაციის დავთარიც არ ექნება და რომც ჰქონდეს, მოკლული ისეთ შინაურ კაცად ჩანს, რომ მას დავთარში არავინ ჩაწერდა. რაღაც ხომ არ აერია თანაშემწეს? თუმცა, სახელიც ემთხვევა, გვარიც და პასპორტის ფოტოსაც ყველა ცნობს. სასტუმროს პატრონი კი ალბათ გიჟია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. თუ მწერალი ამდენ ხანს ცხოვრობდა ქალაქში, რაღა აქაურობა აირჩია? ადრეც იცნობდა ამ ცოლ-ქმარს და იმიტომ? სისულელეა. ვინ იყო ის ქალი, სასაფლაოზე რომ წაიყვანა ღამით? სასტუმროს პატრონის ცოლი? პლაკატზე მართლაც ჰგავს იმ ქალს, ტაქსისტმა და მიმტანმა რომ აღწერეს, მაგრამ, კიბოთი დატანჯული, მომაკვდავი ქალი ამდენს მოახერხებდა? ეს პატარა რევოლვერიც არ უნდა იყოს მაინცდამაინც ამათი.

      თუ მოკლული მწერალი არ არის, აბა ვინ არის? ვინ ცხოვრობდა ამ სასტუმროში? გამომძიებელმა ქუჩა გადაირბინა და ერთ გადახუნებულ, უბრალო კაფეში შევიდა. ორმაგი ესპრესო მოითხოვა და ახალი სიგარეტი ამოიღო. დილის გაზეთი რომ მქონდეს, დოღის ფსონებს ვნახავდი, გაიფიქრა. ეი, ქაჩალო, არ დამპატიჟებ ყავაზე? ვიტრინასთან ჯდომა მეც მიყვარს. თავს ქალი წამოსდგომოდა, ალბათ მეძავი. ყოველ შემთხვევაში, მეძავს ჰგავდა. თან, სწორედ ის საათი იდგა, ღამენათევი მეძავები რომ იღვიძებენ და ყავის დასალევად შედიან კაფეებში. დაჯექი. რატომაც არა? გაუცინა გამომძიებელმა: გიხდება ეგ ფერფლისფერი პარიკი. შენ უპარიკოდ უნდა მნახო. ხელი აიქნია ქალმა: ეს დიდი მოულოდნელობაა. ხდება ხოლმე, რომ ვინმე თმებში ჩაგავლებს ხელს. კაცებს ხომ თავის შეკავება უჭირთ. ანდა რატომ უნდა შეიკავონ თავი, როცა თავშეუკავებლობაში იხდიან ფულს. ჰოდა, მოგავლებენ თმებში ხელს, ვითომ თვითონ არიან ამ საქმის უფროსები და პარიკი კი შერჩებათ. მე შავი თმა მაქვს, კაცი კი ძალიან დახვეწილი უნდა იყოს, შავთმიანი მეძავი რომ აირჩიოს. ასე არ არის? ალბათ, თქვა გამომძიებელმა. რატომ ალბათ? ჰკითხა ქალმა: მეძავი არ აგირჩევია? აქეთ იშვიათად დავდივარ, აღიარა გამომძიებელმა: ერთი კაცის ასავალ-დასავალი მინდა შევიტყო და ბევრი ვერაფერი დავადგინე. აი, იმ სასტუმროში ცხოვრობდა, მწერალი იყო. კარგად შესახედი კაცი, არა? ჩაეკითხა მეძავი: აქ იჯდა ხოლმე. ზოგჯერ დილიდან საღამომდე იჯდა. სქელ, ტრინიდადულ სიგარას ახრჩოლებდა და რაღაცეებს წერდა. თითები სულ გაყვითლებული ჰქონდა. ლაპარაკი უყვარდა. გოგოები ამბობდნენ, იმპოტენტი უნდა იყოსო. თავისთან არასდროს მიჰყავდა ვინმე. თვითონ მიჰყვებოდა და ფულსაც უხდიდა, მაგრამ არც მიეკარებოდა. ელაპარაკებოდა და ელაპარაკებოდა. მერე კი წამოვიდოდა. მაგრამ ეგ კაცი ხომ მოკვდა, მოკლული უპოვიათ სასაფლაოზე. ვიცი, მიუგო გამომძიებელმა. პოლიციელი ყოფილხარ, თქვა მეძავმა. ასეა, კვლავ გაეცინა გამომძიებელს. მე არ გაგთქვამ, გაეცინა ქალსაც: ბოლოს და ბოლოს ყავაზე დამპატიჟე. ვინ მოკლა ეგ მწერალი? არ ვიცი, გამომძიებელმა პასპორტი ამოიღო უბიდან და ქალს ფოტო დაანახვა: ამ კაცზე მელაპარაკები, არა? კი, ეგ არის, თავი დაუქნია ქალმა. სასტუმროს პატრონმა მითხრა, არავითარი მწერალი არ ყოფილაო. რა გითხრა? ხელი აიქნია ქალმა: ამ ქუჩაზე წიგნებს არ კითხულობენ. ისე კი წერდა რაღაცეებს, ყვითელფურცლებიანი წიგნაკი ჰქონდა. ზედ ხან ყავა გადაესხმებოდა, ხან რა. სასტუმროს პატრონი კი ბოროტი კაცია. თვითონ არის მწერალი და ეტყობა, შურდა. თვითონ არის მწერალი? ყოველ შემთხვევაში იყო. ლამაზი ცოლი ჰყავს. მოკვდა. მოკვდა? გაუკვირდა ქალს: როდის? წუხელ. საბრალო. ავადმყოფობდაო. გარეთ აღარც გამოდიოდა. დიდი ამაგი ჰქონდა ქმარზე. ეს სასტუმროც მისი იყო. ქმარი კიდევ იმპოტენტია. გამომძიებელს გულიანად გაეცინა: შენ რომ გკითხოს კაცმა, მაგ სასტუმროში ყველა იმპოტენტია. ეგ ცნობილი ამბავია. მაგ ამერიკელს მწერლობა უნდოდა და ოცი წლის წინ ომში წავიდა. იქ რაღაც მოახვედრეს საჭირო ადგილას, ისე რომ, აღარაფერი შეუძლია. ეს ქალი კი მაინც გაჰყვა ცოლად. ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს ძალიან ბოროტი კაცია. ერთხელ გადამიხადა და ცოლის ოთახში შემიყვანა. ქალიც იქვე იჯდა, სავარძელში. გამოუცხადა, აი, ახლა ეს გასწავლის, მამაკაცს როგორ უნდა დაეხმაროო. მერე? რა მერე?ქალმა განზე გაიხედა, ჭიქა ეჭირა ხელში, ალბათ სვამდა. აბა, ისე როგორ გაუძლებ, შენს ქმარს რომ ვიღაც უნდა დაეხმაროს? საერთოდ, ქალი გალოთებული იყო. ყველგან ბოთლები ყრია მაგათ სასტუმროში. მერე, დაეხმარე? არა. ფული მაგიდაზე დავდე და წამოვედი. რა წესია? ორი-სამი წლის წინ იყო ეგ ამბავი. მე კი მითხრეს, ეგ ქალი ამ მოკლული მწერლის საყვარელი იყოო. მაგასაც ეგ საზიზღარი კაცი გეტყოდათ. სულ ამგვარ რამეებს ამბობდა. ერთხელ საცვლების მაღაზიასთან იდგა და ჰყვებოდა, როგორ უნდა იყო აკრობატ ქალთან. ამბობდა, თითქოს ცირკის ვიღაცასთან ჰქონდა რომანი და მისი სხეულის მოქნილობას იყენებდა. ვიღაც სულელები პირდაღებულები უსმენდნენ. ასეთი კაცია, საზიზღარი. ერთი მწერალი იყო, ახლა ორი გახდა, თავი გააქნია გამომძიებელმა: თან ორივე იმპოტენტი. შენ რომ გისმინო, ყველაფერი სულ სხვა რამეზეა დამოკიდებული. შენ არა ხარ იმპოტენტი, ჩაიხითხითა ქალმა. რა იცი? თვალებში სამხრეთული ნაპერწკალი გაქვს, ამიტომაც გამელოტდი ადრე. სამხრეთელები ადრიდანვე დასდევენ ქალებს. ვიცი, მეც სამხრეთელი ვარ. სამხრეთელები ბევრნი ვართ, ჩაიცინა გამომძიებელმა: ტელეფონი არის აქ? არის, აი ეგერ, დახლს იქით. გამომძიებელმა საყვარელს დაურეკა. სამსახურში ხარ? როგორ ფიქრობ? მოესმა შორიდან. დღეს ვერ გამოგივლი, გავიჭედე ამ მკვლელობის გამო. ბანკში ანდერძის გახსნას უნდა დავესწრო. ხვალ კი მოედანზე შევხვდეთ, ათ საათზე, დოღზე ხომ უნდა წავიდეთ? რა თქმა უნდა, უპასუხა იქიდან ქალმა: მშვენიერი ფსონი მოვიფიქრე. "უდაბნოს უფლისწული" მოიგებს. სამწლიანებში ახლა უკეთესი ცხენი არ არსებობს. ოო, დიდი სპეციალისტი ხარ, გამოეთხოვა გამომძიებელი: დიდი სპეციალისტი. ეჭვი გეპარება? კარგი, კარგი. გამომძიებელი კვლავ მეძავს მიუჯდა გვერდით. აბა, კიდევ რას მეტყვი? ბოშა კი არა ვარ, მეტი რა უნდა გითხრა, გაეცინა ქალს: რამე უფრო სერიოზული ხომ არ დაგველია? გამომძიებელმა საათს დახედა. ნახევარ საათში უნდა წავიდე. პერნო, პერნო დავლიოთ. საზიზღრობაა. წითელი ღვინო დავლიოთ, უთხრა მეძავმა. ახლა კი მჯერა, რომ სამხრეთელი ხარ, თქვა გამომძიებელმა: კლიენტურის საქმე როგორ არის? იცი რა? მე ვამაყობ, რომ ამ საქმეს ვემსახურები, თქვა უცებ მეძავმა: ყველას არ შეუძლია ამის კეთება. მართლაც, ძნელი საქმეა. მაგრამ არ მგონია, რომ სასიამოვნო იყოს. შენ გსიამოვნებს, რომ დაწანწალებ და მკვლელს ეძებ? ეგ სხვაა, ღვინო მოსვა გამომძიებელმა: მე სულ სხვა რამეს ვემსახურები. და დადიხარ ვარდისფერი პერანგით და მელოტი თავით, არა? ჩაეკითხა ქალი: მერე შინ მიხვალ და ცოლი თევზს შეგიწვავს. უცოლო ვარ. ცოლი არ მყოლია. ხომ ვამბობდი, იმპოტენტი არა ხარ-მეთქი, გაიცინა მეძავმა. მე შეიძლება შეღამებულზე გამოვიარო. სად გნახო? აჰ, უკვე ასეა საქმე? არა. მგონია, რომ შეღამებულზე აქ სხვა ამბებიც ხდება, გარდა ყავის სმისა. ასეა, მიუგო ქალმა: აქ ბევრი რამ ხდება. არ იფიქრო, რომ თანამშრომლობას გთავაზობდე, უბრალოდ, მაინტერესებს. მკვლელი უნდა ვიპოვო. ალბათ, ქალი, არა? ჰკითხა უცებ მეძავმა. რა ვიცი, მოიღრუბლა გამომძიებელი. მისმინე, ამოიოხრა ქალმა: აქ, შორიახლოს, ერთი ლოგინად ჩავარდნილი ბიჭი ცხოვრობდა დედასთან ერთად. დედამისი ძალიან კარგი ქალი იყო. ეშხიანი და მოხდენილი. ახლა ორმოცს იქნება გადაცილებული, მაგრამ სწორედაც რომ ქალია. კაფე აქვს. ერთხელ, მის კაფეში რომ შევედი, გამიხმო და მთხოვა, მის ვაჟს დავხმარებოდი. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მივდიოდი ხოლმე მათთან და ბიჭი რომ კვდებოდა, მხოლოდ მე მახსენებდა. ექიმებს ეგონათ, რომ დედამისს ეძახდა. შენ გაგიკეთებია რამე ამგვარი? მერე ფულსაც აღარ ვართმევდი. რა დააშავა იმ ბიჭმა, სულ ფანჯარასთან რომ იჯდა საბანში გამოხვეული? ამას რატომ მეუბნები? ჰკითხა გამომძიებელმა. ბევრი რამის გამო. ერთი, რომ იცოდე, მეძავის ცხოვრებაც ცხოვრებაა. მეორეც ის, რომ მე ვალდებული არა ვარ რაღაცეები გიამბო და მესამეც, ის შენი მწერალი მაგ ქალის კაფეში არ დადიოდა, მაგრამ სამი დღის წინათ, აი, აქ, ამ ვიტრინასთან იჯდა და ის ქალი შემოვიდა და მიუჯდა, ზუსტად ისე, როგორც მე მოგიჯექი შენ. უცნაურია, თქვა გამომძიებელმა. რა არის უცნაური? სად შეიძლება იმ ქალის მონახვა? უბრალოდ, რომ შევხედო, მეტი არაფერი. კაფეში. კაფე "იმელდა". თქვა მეძავმა: ეგ ქალი იჭყიტებოდა ხოლმე, როცა მის ვაჟთან მივდიოდი. რატომ იქცეოდა ასე? რაღაც ხდება ხოლმე ასეთ დროს. ბიჭთან რომ მოვრჩებოდი, კაფეში ყავაზე ჩამომიპატიჟებდა ხოლმე. სულ ერთსა და იმავეს მეკითხებოდა, რა იყო, როგორ იყო, როგორ შეუძლია მის შვილს. არანორმალურად აინტერესებდა. მე კი არ მიყვარს ამგვარი ლაპარაკები. რა სალაპარაკოა? ესე იგი, ლამაზი ქალია. რას ნიშნავს ლამაზი? იცი, როგორი ქალია? რომ შეხედავ, იფიქრებ, თუნდაც ერთი დღით ჯოჯოხეთში გავყვებიო. შავი ვარდივითაა. კი მაგრამ, ასეთი ქალია და მარტოა? ვის უნდა ქალი, რომელიც სულ ავადმყოფ შვილს ახსენებს? ვის უნდა ქალი, ამგვარი მზითევი რომ მოჰყვება? გამომძიებელი სწრაფად წამოდგა. ჩემი წასვლის დროა, თქვა უცებ: მგონია, რომ კიდევ შევხვდებით. მე არ მგონია, გაუცინა ქალმა. კარგი, გეგონოს ასე, მაგიდაზე ფული დატოვა კაცმა: აიღე კიდევ რამე შენთვის. შენ არავინ გამოგყვება ჯოჯოხეთში? მე, არა. იმიტომ, რომ მე არ მივდივარ ჯოჯოხეთში. შემომხედე, ვგავარ ჯოჯოხეთში მიმავალს? გამომძიებელი ჩქარი ნაბიჯით გამოსცდა ამ ქუჩას, ცირკთან გამოიარა და პარკის კიდე გადაჭრა. უკვე დაძრულ ტრამვაის შეახტა და ახლაღა გაახსენდა, რომ დილის გაზეთის ყიდვა უნდოდა. ბანკში უკვე თავი მოეყარათ.

      ნოტარიუსმა, რომელსაც საგულდაგულოდ გაკრეჭილი შავი წვერი ამშვენებდა, ქვაბურა შლაპის მოუხდელად წაიკითხა კანონის ის მუხლები, რომელთა საფუძველზეც დაბეჭდილი ანდერძი უნდა გაეხსნათ. გამომძიებელმა დააპირა ეთქვა, რომ ანდერძის გახსნა ნაადრევია, რადგან მოკლული მწერალი შესაძლოა სულაც არ იყოს ის მწერალი, რომლის ანდერძსაც ახლა ხსნიან. ძალიან აერია თავში ფიქრები და აღარაფერი თქვა. ეგებ ასე სჯობდეს, გაიფიქრა და ბანკის პრეზიდენტს გადახედა. ჩვენი ძველი კლიენტი იყოო, უამბობდა პრეზიდენტი უკვე დერეფანში: კარგი იქნება, თუ მემკვიდრე სხვაგან არ გადაიტანს მის დანაზოგებს. ჩვენ თაობებთან ვთანამშრომლობთ. ნოტარიუსი კი ძალიან ჰგავდა რაბინს. თითქოს, რომელიღაც ლექსს გალობსო, ისე კითხულობდა ანდერძს, რომელიც იუწყებოდა, რომ ამ ბანკში შენახული მთელი თანხა და ამ ქალაქში არსებული უძრავი ქონება ეკუთვნოდა მის ქვრივს. გამომძიებელმა ბანკიდანვე დაურეკა მწერლის ქვრივს და სთხოვა, ანდერძი ჩაიბარეთ, ხოლო რას გადაწყვეტთ მიღებულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, თქვენი საქმეაო. ქალმა, თავის მხრივ, უთხრა, რომ დაკრძალვას არ დაესწრება, თუმცა უკვე შეატყობინა ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროს და მოკლულის დაკრძალვას სწორედ ეს ბიურო უხელმძღვანელებს. ერთსაც გკითხავთ, თუ შეიძლება, სთხოვა გამომძიებელმა: შესაძლებელია, რომ თქვენს ქმარს მთელი წელიწადი ეცხოვრა ამ ქალაქში, პარკს იქითა უბანში და თქვენ არაფერი გცოდნოდათ? შესაძლებელია, მიუგო ქალმა: თუ რაღაცის დაწერას გადაწყვეტდა, ჯოჯოხეთშიაც იცხოვრებდა. ის საზიზღარ, იაფ სასტუმროში ცხოვრობდა. იცხოვრებდა. და მეძავებით სავსე ჭუჭყიან კაფეში იკვებებოდა. შესაძლებელია. მეძავებთანაც არ მოიწყენდა. მაგრამ, ქალბატონო, იქ ხეირიანად არც იცოდნენ, რომ ის მწერალი იყო, თანაც ძალიან ცნობილი. ვინ ცნობს მწერლებს სახეზე? მაინც მინდა გკითხოთ, როდესაც გვამი ნახეთ, დარწმუნდით, რომ ის თქვენი ქმრის გვამია? მე მინდა გკითხოთ, ეგებ მოკლული სულაც არ იყო თქვენი ქმარი? იცით რა? ამოიოხრა ქალმა: შეიძლება მიცვალებული აგერიოს, მაგრამ შენი ქმარი არ აგერევა. მე ხეირიანად ვერ შევხედე, იმიტომ, რომ არ შემიძლია მკვდრების თვალიერება, მაგრამ პასპორტში, ფოტოზე ჩემი ქმარია და ისიც, თქვენთან რომ ესვენა, ძალიან ჰგავდა მას. სხვას ვერაფერს გეტყვით. ხომ არ მოგატყუებთ? გმადლობთ. გამომძიებელს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ყურმილი ჩამოკიდა და გარეთ გავიდა. შემდეგ საპოლიციო დეპარტამენტში წავიდა, იქაურ ბუფეტში ორი სოკოს ღვეზელი შეჭამა და თავის ოთახში ავიდა. იქ დიდხანს არ გაჩერებულა, თანაშემწეს სთხოვა, სასაფლაოზე წასულიყო და კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინა იქაურობა, თვითონ კი უჯრიდან პისტოლეტი ამოიღო და პერანგის ქვეშ გაირჭო ქამარში. ტრამვაიში მიხვდა, რომ წელიწადის ამ თვეს ძალიან ნელა და გვიან ღამდება და პარკსიქეთა უბანში დაბრუნებას ჯერ აზრი არა ჰქონდა. ამიტომ, პირველსავე გაჩერებაზე ჩამოხტა და მოედნისაკენ აიღო გეზი. იქ უკვე აფრიალებდნენ საღამოს გაზეთებს. გუშინ ამ დროს წვიმდა, გაიფიქრა გამომძიებელმა და გაზეთი იყიდა. ჩამოვჯდები სადმე და წავიკითხავ. მაგრამ კაფეში ჩამოჯდომას მაინც საყვარელთან შევლა არჩია. ამას ადრეც ფიქრობდა, როცა დაურეკა, მაშინ. ქუჩას დაუყვა და საყვავილეში ისევ ის ყვითელი თაიგული იყიდა, წინა საღამოს რომ დატოვა მისი სახლის კარში. კიბეზე დინჯად ავიდა და შემოესმა "შავი ვარდის" ჰანგები. ზუსტად ისე, როგორც წინა საღამოს, გაიფიქრა გამომძიებელმა და დააკაკუნა. კარი არავინ გაუღო. გამომძიებელმა ახლა უფრო მკვეთრად დასცხო კარს მუშტი, მერე კი დიდხანს აღარ უფიქრია, თაიგული კარის სახელურში ჩატოვა და წამოვიდა. ჩემი ბრალია, დავურეკე და ხვალინდელზე შევუთანხმდი, ეს "შავი ვარდი" რაღა ჯანდაბაა? კაცმა პარკსიქითა უბნისკენ გასწია.

გაგრძელება ►

ნახვა: 2054

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters