*პირველი ნაწილი*

      ალბათ ვინმე იფიქრებს რომ ერთმანეთზე რქებით გადაჭდობილ ირმებს მგელი შესჭამდა. უკიდურეს შემთხვევაში ტურა, ან მელია მაინც. მაგრამ ძალიან გთხოვთ დამიჯეროთ ბიძაჩემის მონათხრობი, იგი ხომ განთქმული იყო მთელ გუდამაყრის ხეობაში...ჰოდა, მიყვებოდა ბიძაჩემი, კაცი დავბერდი და ეგეთი ამბის შამსწრე არა ვარ, ძმისწულო. აღარც კი მეგონა თუ ჩვენ ტყეებში კიდევ ბუდობდნენ ირმები. ეტყობა ირმის ჭალებს ამოუყვნენ და მერე ანანურის ჭალებიდან გადმოვიდნენ ჩვენსკენ. მყვირალობისას ერთ-ურთს დასჭიდებიან და ვეღარ დასცილებიან. ან ნადირს როგორ გადაურჩნენ, ანდა შიმშილით როგორ გაჰქონდათ თავი.ნადირისაგან შეწუხებულებს მოუხერხებიათ და ერთ მაღალ კლდის შვერილზე შემდგარა აი, ეგრე ვიპოვე ჩემო ძმისწულო, შუბლი-შუბლს ჰქონდათ მიბჯენილი, რქა-რქაზე ჰქონდათ გადაჭდობილი და ერთსაც მარცხენა მუხლი ჰქონდა წინ ჩახრილი, მეორესაც, თითქოს ამით თავის მარადიულ სიყვარულს უხრიდნენ მუხლს. სადღაც, ტყის სიღრმეში კი ისევ ბუდობდა ქორბუდა ირემი და ისევ უხმობდა გულისსწორს. ეს რქები იმათ სახსოვრად წამოვიღე, იყოს ამ მუზეუმში, იქნება ვინმე ამათაც დააფიქრონ სიყვარულზე.

პატივცემულო, მელია!

იქნებ არ გვჭირდება სიყვარული?!

პატივისცემით და მოწიწებით – სადგისი.

საქმე №6. მფრინავი ბერები

      (საიდუმლო ინფორმაცია კალათზე, რომლითაც მთის წვერიდან მორაკრაკე წყაროს ცივი წყალი ჩამოჰქონდათ მთიდან ბერებს) გუდამაყარში სოფელი ჩოხი წმინდა ადგილად ითვლება. ეტყობა სწორედ ამიტომაც უცხოვრიათ ბერებს აქ. ახლაც შეხვდებით უშველებელი ლოდებით ნაშენებ შენობებს, რომელთაც აქაურები საბერლოებს ეძახიან. არის კიდევ უძველესი ნაშთები მათი აქ ცხოვრებისა. უპირველესად ქვის ჯვარი, რომელიც როგორც ჩანს მოგრძო ეკლესიის თავში იდგა და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ნიშან-წყალი ოდნავღა ეტყობა მიწას, ეს ქვის ჯვარი ამაყადა დგას, ხოლო მის გვერდით წამომართულა კაცის ხელით გამოთლილი ურთხმელის ხე, რომელზედაც უამრავი დიდი და პატარა ზარი ჰკიდია მლოცველთაგან შეწირული. ეს ზარის ხე დგას შემაღლებულ გორაზე და ნიავის ყოველ წამოქროლაზე ჟღრიალებს, სალოცავის წმინდა გორაზე შეყრილებს თავს ახსენებს და ისინიც ქედმოხრილნი ილოცებიან: – დიდება შენდა!

– დიდება შენდა!

      და მართლაც დიდებულია მთელი ეს სალოცავი გორა, რომელზედაც ოთხივე კუთხით გაისმის ღმერთის სადიდებელი ლოცვა. ვინ არიან ახლა ეს მლოცველები, თავიდან რომ მოწიწებით წარმოსთქვამენ ღმერთის სადიდებელს, მერე თანდათან თვრებიან და ლოცვის ხმა ყიჟინაში იზრდება.ესენი არიან იმ მფრინავი ბერების უკანასკნელი მოდგმა, იმ მფრინავი ბერების მოდგმა, ოდესღაც მათი წინაპრები თავიანთი სიწმინდით მთელ ქვეყანას რომ აკვირვებდნენ.ყველაზე წმინდა ბერები ჩოხის მთის წვერზე ცხოვრობდნენ და იქ ისეთი წყარო მორაკრაკებდა, ბარში მცხოვრებთ სიცხეში თხილის კალათებით უგზავნიდნენ ბერები იმ წყალს. საკვირველი ის იყო, რომ კალათს ერთი წვეთი წყალი არ აკლდებოდა. ამას ღვთის შეწევნით და თავისი წმინდა ცხოვრებით აღწევდნენ ბერები...და, უფალო ღმერთო, შენ უკეთ იცი, როგორ ეტანება სიწმინდეს სატანა, როგორ ცდილობს წაბილწოს ის, რაშიც სიწმინდე დგას. ყველაზე წმინდა ჭურჭელი ამ ქვეყანაზე ადამიანია; რაკი ღმერთმა ინება და შიგ თავისი სული ჩაბერა, ამიტომაც ყველაზე მეტად ამ თიხის ჭურჭლის წაბილწვას ცდილობს სატანა და რაკი ამ ჭურჭელს საკუთარი ქმედების ნებაცა აქვს ნაბოძები, იმდენ ავ ქარსა და სიოს შეუშვებს თავის შიგნეულში, ძნელია მერე ამ ავი ქარისა და ავი სულებისაგან განწმენდა.მთის წვერზე მცხოვრები ბერები წელიწადში ერთხელ ჩამოფრინდებოდნენ ბარად სადღესასწაულოდ, რომელიც ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესიის მოედანზე იმართებოდა. ეს იყო ენითაუწერელი, არაჩვეულებრივი სანახაობა.ჯერ სანთლების ალი გამოჩნდებოდა ხოლმე ბერების მთაზე. ეს ხელის სიმსხო თაფლის სანთლების ალი იყო. მერე წამოუბერავდა ბერების მთიდან ნელი სიო, სათიბ-ფერდობებს ჩამოეფინებოდა სანთლების სურნელი, ამ დროს ტყეებიდან ველად გამოიშლებოდნენ: შვლები, ირმები, კურდღლები და გუდამაყრის ტყეში არსებული ყველა ნადირი, დრუნჩებს მაღლა სწევდნენ და ისუნთქავდნენ სადედაბროს მთიდან ჩამოდენილ საკმევლისა და თაფლის სანთლის სურნელს.სანთლისა და საკმევლის სურნელთან ერთად ზარების ჟღარუნით სოფლისაკენ გამოფრინდებოდნენ წმინდა ბერები. ისინი ამ დროს ჰგავდნენ უზარმაზარ ფრინველებს, რომლებიც ფრთებს კი არ იქნევენ, არამედ თითქოს არც ირხევიან ჰაერში, ისე მიაფრენთ რაღაცა მადლი.სოფელში ჩაფრენილებს, წმინდა გიორგის მოედანზე ელოდება მუხლმოდრეკილი ხალხი, ანთებული სანთლებითა და ხავიწისაგან (ერბოს გული აქვს) გამომცხვარი კვერებით. ამ წმინდა კვერში ხდება წმინდა ნაწილის კვეთა...შემდეგ ტარდება რიტუალი, რომელიც, თუ ღმერთმა მაცოცხლა, ისეთივე სიყვარულით მინდა დავწერო, როგორც ბევრი სხვა მოთხრობა რაც საჩოხლო ხატის წმინდა გორაზე ჩატარებულ დღეობას შეეხება...ახლა კი, მინდა გითხრათ, რომ მფრინავ ბერებს სულ ცოტა დრო აქვს საჩოხლო გორზე გასაჩერებლად. ახლა ისინი რიტუალისთვის არიან ჩამოსულნი: ყოველ წელიწადს ჩოხელების გვარი შესაწირ ყმაწვილს უზრდის ბერების წმინდა მთას. ყოველ წელიწადს ჩამოდიან წმინდა ბერები და იქ, სადაც მათ გარდა კაციშვილი ფეხს ვერ დააკარებს, იმ ადგილას უტარებენ ხვთისგან რჩეულ ყმაწვილს სარიტუალო ლოცვებს, აზიარებენ ფრენის წესებს და ყოველივე იმას, რაც შემდეგში გამოადგება მფრინავ ბერს. მთავარი მაინც ის არის, რომ ყოველგვარი ამქვეყნიური დაივიწყოს ბერად რჩეულმა.

– ახსენებ დედასა? –ეკითხებიან რჩეულს.

– არა! – იძახის პატარა და თვალები დედისკენ გაურბის.

– ახსენებ მამასა?

– არა!

– ახსენებ რაიმე ამსოფლიურ სიყვარულსა?

– არა! – იძახის პატარა.

– აი, კალათი, რომელიც ბერების მთაზე ნაჟური წმინდა წყლით არის სავსე და წვეთი კი არ გასდის. ყოველი წვეთი, რომელიც შენ რწმენას მოაკლდება და როცა გავფრინდებით, ამა სოფლისაკენ მოგახედებს უკან, იცოდე, რომ ბერების საძმოს და ბერების რწმენას მოაკლდება. ამიტომ დავკარგავთ იმას, რაც ბერების მთის მცხოვრებთ დღემდე მოგვიტანეს.მომავლის გარეშე წარსული არ არსებობს, გენდობით შვილო! უკან არ მოიხედო მანამ მთაზე არ ავალთ.

ბერებმა პატარა ბიჭი წინ დაიყენეს, პირჯვარი გადაისახეს და აფრინდნენ.

– დედააა! დედაა! – გაისმა უცებ ბიჭის განწირული ყვირილი.

ბიჭი უკან იხედებოდა და დედისაკენ იწევდა.

მოცელილებივით დაეცნენ ბერები მიწაზე.

ისხდნენ.

ფრთებდამტვრეული არწივები რომ გინახიათ, ისე ცდილობდნენ წამოდგომას...

ბატონო, მელია!

იყო დრო, როცა ბერების წამოდგომას ვეღარავინ იფიქრებდა, მაგრამ რომ ცდილობენ?! მე რომ იმ ბერებზე მოგახსენეთ, მაგ ამბავს სხვანაირი დაბოლოებაცა აქვს და ღმერთი გამიწყრეს რომ რამე დაგიმალოთ. ალბათ ბევრჯერ წასწყდომიხართ იმ წყაროს წყალს და ეგ თქვენი მხურვალე გულიც გაგიგრილებიათ იმით . მე ერთი საცოდავი სადგისი ვარ და აბა რა ვიცი, სად წყაროს წყალი მოსჩქეფს და სად მდინარე. მოიტანს ჩემი პატრონი კოკით წყალს ჩაასხამს გეჯაში, დაატრიალებს ჩალხს, გამიმწვეტებს წვერს და აბა, შენ იცი სადგისოო, და ხან სად შემარჭობენ და ხან სად.მაპატიე, მაპატიე, ჩემო მწყალობელო, აი ეხლაც იქ შევერჭვე, სადაც არაფერი მესაქმებოდა და სადაც არ უნდა შევრჭობილიყავი. მაგრამ ხომ გაგიგონია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, სადაც კაცი დაგიმიზნებს, იქ თუ არ შეერჭვე ერთი ლაზათიანად შემოგიკურთხებს – შენ სადგისი კი არა, სათხრისი ხარ, წადი შენი პატრონის დედაც ვატირეო და მოგისვრის.იმ ამბის დაბოლოებას გიყვებოდით, ბატონო მელია, მფრინავ ბერებს რომ შეემთხვათ და ლამის ის ბალღი ცემაში მოკლეს.ხომ გითხარით ბერებს კალათით ცივი წყალი როგორ ჩამოჰქონდათ ხოლმე სოფელში. წვეთი წყალი არ გავარდებოდა იმ კალათს და ვერცხლის პატარა ბარძიმებით ასმევდნენ ყველას ვინც იმ დღესასწაულს ესწრებოდა.იმ პატარა ბიჭმაც დალია, ბერების მთაზე რომ უნდა გაფრენილიყო იმ დღეს სამუდამო სამყოფელში. მხოლოდ წელიწადში ერთხელ ჩამოფრინდებოდა სხვა ბერებთან ერთად და მაშინაც არ ჰქონდა ხმის ამოღების უფლება. არ შეეძლო მეტად ამ სიტყვების თქმა: დედა! მამა! დაიკო! პაპა! ბებო! – წმინდა ბერებს აკრძალული ჰქონდათ ჩვეულებრივ მოკვდავთა მსგავსად საუბარი.ვეღარ გაუძლო პატარა ბიჭის გულმა იმ აზრს, რომ დღეის მერე ვეღარ იტყოდა დედას და ამიტომაც ხმამაღლა იყვირა: – დედაა! დედაა!ავტორის შენიშვნა: – ნუთუ ვინმეს, ამ ცის ქვეშეთში, ვისაც დედა გყავთ და ისეთ პირობას დაგიდებენ, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე დედა არა სთქვათ, შეასრულებთ კი ამ პირობას, თუნდაც ფრენის სანაცვლოდ იყოს ეს. განა ღმერთს იმაზე მეტად არ ვუყვარვართ , ვიდრე ჩვენ გვგონია, რომ ორ ფეხზე დგომა და სიარული დაგვიწესა დედამიწაზე. ერთი პატარა ბუზის, ან პეპელას აფრენა რომ შეეძლო, ჩვენი აფრენა რაშიღა გაუჭირდებოდა იმ დალოცვილს; მაგრამ სხვა რამ მიზეზია, რასაც არც კი გვინდა რომ ჩავუფიქრდეთ.

– პეპელაზე დიდი მიზეზი?

– ხო, პეპელაზე დიდი მიზეზი.

– მაინც რა მიზეზი გვაქვს ეგეთი?

– ზედმეტად ცოდვილები ვართ და ისა. ღმერთმა რომ წმინდა ბერებს ფრენის უნარი მიანიჭა და მადლი მოიღო, რომ ხალხთა შორისაც გაზრდილიყვნენ წმინდანები, რომელთაც ღვთის რჩეულ ბერებივით შეეძლებოდათ ფრენა, აი, სწორედ იქ იჩინა ადამიანის მცირედმორწმუნეობამ თავი.

– კი მაგრამ, ის ხომ მხოლოდ პატარა ბიჭი იყო, რომელსაც დედასთან განშორება გაუჭირდა.

– და მხოლოდ მაგიტომ არ დაუკარგავთ იმ დღეს ცაში ფრენის უნარი.

– ?!!!

– ერია იმ ბერებში ახალგაზრდა ბერი, რომელსაც გულში ჩაუვარდა ის სოფლელი გოგო და როცა ბერები გაფრინდნენ, იმ ახალგაზრდა ბერმა მაცდური თვალით გამოხედა გოგოს გულ-მკერდს.

მოწყალეო, ხელმწიფევ!

გუდამაყრის მუზეუმის ბრწყინვალე პრეზიდენტო!

დიდად პატივცემულო მელია!

ვიცი თქვენი გულისწყრომა, როცა ჩემს მიერ შეგროვილ საიდუმლო მასალებს ჩემს შენიშვნებს დავურთავ ხოლმე, მაგრამ დამერწმუნეთ, თუმცა შარიანი საქმე მოხდა, მაგრამ იმ გოგოს, ბერმა რომ გაფრენის წინ მოხედა ჰაერში აწეულმა, ისეთი ათქვირებული ძუძუ-მკერდი ჰქონდა, თანაც საკინძე სამ ღილზე მაინც ჰქონდა ჩახსნილი. მე ჩემი მოკლე ჭკუა რასაც მკარნახობს, იმას ვიძახი: ხანდახან ეგეთი მკერდის გულისთვის ნამდვილად ღირს ფრენის დაკარგვა!რაც შეეხება იმ სასწაულმოქმედ კალათას, ახლა რომ ჩვენ მუზეუმში ჰკიდია, ეგ ის არის, რითიც ცივ წყალს ზიდავდნენ.

პატივისცემით თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი.

საქმე №7. ბოძალი

(საიდუმლო ინფორმაცია მშვილდ-ისარზე, რომელიც გუდამაყრის მუზეუმში ჰკიდია) ბოძალი ხისგან არის გამოთლილი. ზოგან მას არბოლეტს ეძახიან, ზოგან ბოძალდს, გუდამაყარში კი ბოძალი ჰქვია. ბოძალი თოფს წააგავს: აქვს კონდახი, სასხლეტი, რომელიც ბორბალს იჭერს და თვითონ ბორბალი, რომელზედაც შვილდის ლარია დამაგრებული. შვილდი (მშვილდს შვილდი ჰქვია გუდამაყრულად და რაკი გუდამაყრის მუზეუმში დაცულ ნივთებზე ვწერთ, სადგისი ავტორს სთხოვს არ დაამახინჯოს გუდამაყრული კილოკავი) ბოძლის წინა მხარეს არის დამაგრებული და იმისი მოჭიმვის დროს შვილდის ლარი ბოძალის სასხლეტ ბორბალზე მაგრდება. ბორბალი ამ დროს სასხლეტით იკეტება. ბოძალს ზემოთა მხარეს, მთელ სიგრძეზე სწორი ლარი აქვს დაჭდეული. ამ ღარში იდება ისარი, ისე რომ წინა მხარე ოდნავ მოჭარბებული აქვს ბოძალის ღარს, ხოლო უკანა ბოლო ისეა, მოსხლეტავ თუ არა სასხლეტს, ბორბალი შემოტრიალდება, მასზე დამაგრებული ლარი ისრის ბოლოს ურტყამს და ღარში, სადაც ისარია ჩადებული, მთელი სისწრაფით ვარდება ისარი.ადრინდელ დროში, როცა ხანდახან ერთი ტყვია ერთი ძროხაც კი ღირდა, ბოძალებით უფრო ნადირობდნენ მონადირეები. თანაც ბოძალს, მართალია, თოფის სასროლ მანძილზე ვერ ისროდა, მაგრამ ერთი სიკეთე სჭირდა, უხმაურო იყო და ნადირს ისე არ აფრთხობდა, როგორც თოფის ხმა. მონადირეები ხომ პატივსა სცემდნენ ადრე ერთი-მეორეს – იქნება სადმე ახლო-მახლო კიდევ სხვა მონადირე უმიზნებდა ბოძალს ნადირს, შენ კი სწორედ ამ დროს თოფს აქუხებ და ფრთხება პირველის მიზანში ამოღებული ნადირი.კიდევ ერთი ჩვევა ჰქონდათ მონადირეებს. ამ ჩვევაში მჟღავნდებოდა უფროს-უმცროსობა. ორი მონადირე თუ ერთდროულად შეამჩნევდა ჯიხვს, პირველს აუცილებლად უფროსს უნდა ესროლა. აქაც მჟღავნდებოდა უფროს-უმცროსობის წესი, რაც საუკუნეების მანძილზე მოჰყვება მთის მაცხოვრებელთ. მაგრამ იყო განსაკუთრებული ნადირობის ჟამი, როცა უფროსებს განგებ მიჰყავდათ ახალწვერულვაშწამოღინღლული მონადირეები და დაინახავდნენ თუ არა კლდეზე გადმომდგარ ჯიხვებს, პირველობას ყმაწვილებს უთმობდნენ.

კანკალებდა ხელი.

კანკალებდა ბოძალი.

კანკალებდა ბოძალიდან გამომსხლტარი ისარი; მთლიანად კანკალებდა ახალბედა მონადირე

და, თრთოდა, კანკალებდა კლდის ნაჟურით ჩარეცხილ ლოდებს შორის ჩაჩეხილი ხარლაღი, რომელსაც თავი კისერსა და ხავსიან ლოდებს შორის მოღრეცოდა და ამაოდ ცდილობდა წამოდგომას.

– გწყალობდეს! გწყალობდეს! დაგელოცოს, ბერდიავ, მარჯვენა! შორეული ხმები ესმოდა ჯიხვს და თუმცა ვერ ხვდებოდა მათ მნიშვნელობას, გრძნობდა, მთელი ტანით გრძნობდა, რაღაც მისთვის საბედისწერო გრძნობა ერია ამ სიტყვებში.როგორც იქნა კლდის ნაშალში გახლართული რქები გაითავისუფლა და მოღრეცილი კისერიც გაისწორა და ამან ცოტა შვება აგრძნობინა ჯიხვს.რაღაცა მწარედ სჩხვლეტდა ფერდში. იმ ადგილას სისხლი თქრიალით მოსდიოდა და ისარს წაეტანა ამოსაძრობად. ამან ისეთი ტკივილი აგრძნობინა, კინაღამ გული წაუვიდა.უცებ მისკენ ამომავალ მგელს მოჰკრა თვალი, რომელიც პირველად იმ მონადირეების ძაღლი ეგონა, რომლებმაც სულ ახლახანს ისარი გაარტყეს, მაგრამ სულ მალე იგრძნო მგლის სუნი და ღონე მოიკრიბა, ჩანჩქერისაგან მოლიპულ აღმართს შეუყვა აღმა.

– ხედავ, ცოცხალი გადარჩენილა! – ბოძალი შეაყენა ბერდიამ.

– მაიცა ბერდიავ, აბა კარგად გახედე! – ხელით ანიშნა ძმას გაგიმ.

სწორედ ამ დროს მგელმა ჯიხვს გზა მოუჭრა და ისეთ ქარაფში მიიმწყვდია, საითაც გასასვლელი ბილიკი აღარ ჰქონდა ჯიხვს.გამოექანება მგელი ზემოდან მთელი სისწრაფით, დაეტაკება ჯიხვს და ცდილობს ქარაფში გადააგდოს. ჯიხვს წყლისგან მოლიპულ კლდეზე ფეხები უსხლტება, მაგრამ მაინც იმაგრებს თავს.ბერდიას, გაგის უფროს ძმას, ერთმანეთს წაკიდებული ნადირებისათვის ბოძალი აქვს მიშვერილი და აშკარაა, ეს-ესაა რომელიღაცას ესვრის.

„ალბათ ჯიხვს ესვრის, – ფიქრობს გაგი, – სოფელშიც მეტ სახელად ჩაეთვლება და თუ იმ დროს ესროლა, როცა მგელი ზემოდან დაეტაკება ჯიხვს, ისიც ხომ თავს ვეღარ შეიკავებს, ისიც ქარაფზე გადმოვარდება. მაგრამ რატომ ხვდება ჯიხვი ეგე ერთგულად ქარაფის პირას და გადავარდნის საშუალებას არ აძლევს მგელს. ეხლა ახსენდება (თუმცა ეს გახსენება წამიერია, ისეთი როგორც სიზმარში, ყველაფერი უცებ ხდება და ყველაფრის აღქმას ასწრებ), როგორ აჩვენა მამამ გამთენიისას ორი ჯიხვის ჩხუბი. ერთი პირდაპირ ქარაფის თავზე იდგა, მეორე ზემოდან ეტანებოდა. ზემოთას იმედი ჰქონდა, რომ ქვემოთა არ უღალატებდა, ქვემოთას კი ეტყობა ის აძლევდა გამძლეობას, რომ ზემოთა ენდობოდა ერთგულებაში.

– ქვემოთას რომ ესროლო, რა იქნება მამავ? ხო ზემოთაც გადმოვარდება და ორივე ჩვენი იქნება.

– საიქიოს შესასვლელ კარში აღარ შემიშვებენ შვილო. ხო ხედავ მაგათ დანდობილობას. იქნებ ეხლა ეგენი სიყვარულისთვის ჩხუბობენ. ნდობაზე დიდი კი არც სიყვარული არ არის შვილო...აი, ამ წარმოსახვამ წამით გაიელვა გაგის მეხსიერებაში და შეშფოთებულმა გახედა მგლისა და ჯიხვის ჩხუბს. ეტყობა ჯიხვს სისხლი ეცლებოდა, სისხლი ელეოდა და დროდადრო ჩაიჩოქებდა ხოლმე წინა მუხლებზე.მგელმა გამარჯვების მოახლოება იგრძნო, ჩვეულებრივზე უფრო მეტად დაიხია უკან, წინა თათები წინ გამოსწია (გამოღმიდან არ ჩანდა, მაგრამ როგორც ჩანს მთელი ტანი აებურძგლა, ეშვები უფრო საზარლად გამოაჩინა და ნახტომისათვის მოემზადა).

– აჰა, ეგეც ბოლო ნახტომი, – გაიფიქრა გაგიმ და ისევ იმ ჯიხვების ჩხუბი წარმოუდგა,

მამამ რომ აჩვენა გამთენიისას.

„ნუთუ ჩემი ძმა ჯიხვს ესვრის ახლა?“

„ნუთუ სოფელში მიტანილი სახელი ურჩევნია იმას რაც ახლა ვნახეთ?“

„ნუთუ ჩემი ძმა ბუნებით მგლის მხარესაა?!!!“

„ღმერთო, თუ ასეა, მაპატიე, აღარასოდეს გამარჯვებას აღარ ვეტყვი ჩემ ძმას“.

და, ამ დროს წინა ფეხებზე დაჩოქილი ჯიხვისაკენ გადმოხტა მგელი.

შხუილი გაიღო ბერდიას ნატყორცნმა ისარმა.

– ვის, ვის მოხვდება? – წამიერად ფიქრობს გაგი.

და, ჯიხვის წინ მოწყვეტით დაეცა მგელი!

და, სწორედ ამ დროს გაგის გულში მონადირის მფარველმა ანგელოზმა შეიფრთხიალა.

. . .

მტერი დაეცა ძმების სოფელს. იმ დროს დაეცნენ, როცა სოფელში იარაღის ხელში ამღები არ იყო. ეს ამბავი მშვენივრად იცოდა გადამთიელმა მტერმა შინაური „მოყვრის“ წყალობით და შუაღამისას იხელთეს დრო. ვისაც ძველებური მთის სოფლები არ გინახავთ, იმათ, გინდათ გითხრათ რას წარმოადგენდა კალობნიანი მთის სოფელი: ერთი დიდი დარბაზი, რომლის შუაგულშიც გულთაბოძი (დედაბოძსაც ეძახიან) დგას. იმ გულთაბოძზე დიდი მუხის თავიხეა გადებული, რომელიც ბოლოებით სახლის აქა- იქა კედლებს ეყრდნობა. ამ თავიხეზე გაწყობილია წვრილი მუხის მორები, რომლებზედაც ჩამოწყობილია უფრო წვრილი ხეები და ამ ხეებზე აწყვია დიდი სიპები. სიპებზე აყრია თიხა მიწა, რომელსაც ხის საზეპლებით ზეპავენ წვიმის დროს.დარბაზის ზემო თვალი საქონლის შესანახი ადგილია, რომელიც ისევეა გადახურული, როგორც დარბაზი, ოღონდ მისი მეორე სართული გადმოხურულია და შიგნით ძნასა და მარცვლეულს ინახავენ გოდრებით. სახლის ამ თვალს კალო ჰქვია და წვიმიან ამინდში იქ ლეწავენ ყანას. მერე გალეწილ ძნებსაც ამ კალოძნებზე აგებენ და ისეთი ლამაზი შესახედავია შემოდგომაზე მთის ეს სოფლები, თვალს ვერ მოაშორებ. აქა-იქ კოშკებიც არის ამომართული სოფელში და ან გარდასულ სისხლისმღვრელ დღეებზე მეტყველებენ, ანდა ახლაც აქვთ სოფლის დაცვის იმედი. ის კი როდი იციან, რომ მტერმა კაცობა დაკარგა და სხვა ხერხს მიმართავს.იმ ღამესაც ისე იყო. გაიგულეს თუ არა სხვა სოფელში მამაკაცები, მაშინ შემოვარდა არხოტში ქისტის ლაშქარი. მტერმა კალობნებზე ამოშენებულ ძნებს ცეცხლი წაუკიდა. მთელი სოფელი ისე აბრიალდა ღამე, დღის შუქს დაემსგავსა.

მეზობელ სოფელსაც მისწვდა ცეცხლის ნათება.

– ავი ამბავია ჩვენს თავს! – იყვირეს ხევსურებმა და უბელო ცხენებს მოახტნენ.

იწვოდა არხვატი.

იწოდა ისე დაუნანებლად, როგორც ბიბლიური სოდომი და გომორი.

და მოხდა სასწაული!

სახლის მაღალ ბანზე გადმოდგა თმებგაწეწილი ხევსური დიაცი და იმისი ხმა ზარივით გაისმა მთელ არხოტში: – გამაგრდით არხოტიონნო, გატეხით რა იქნებისა, ერთს თუ მაგვიკლვენ, დავმარხავთ, სხვა კიდევ გაიზრდებისა!ქალი და ბალღი იარაღს ეცა. ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, ვეღარ გაიგებდი, ცეცხლის შუქი უფრო მეტად ანათებდა, თუ ხმალ-ხანჯლების ლაპლაპი.მაინც იმძლავრა მტერმა. ტყვეები და საქონელი წინ გაიყარეს და სანამ მთვარე გორისფხას მიეფარებოდა, იჩქარეს.მთვარის შუქზე სდიეს მომხვდურებს არხოტიონებმა, მაგრამ მერე თანდათან გაჭირდა დევნა. ღილღოვლებმა ყოველი ადგილი ხელისგულივით იცოდნენ და ნაბიჯს არ ადგმევინებდნენ წინ არხოტიონებს. ერთ მხარეს გაცოფებული მდინარე ჩამოდიოდა, მეორე მხარეს ფრიალო კლდე იყო წამოყუდებული, კლდესა და მდინარეს შუა უზარმაზარი ხავსიანი ლოდები ეყარა, რომელთა შორისაც იყვნენ ჩასაფრებული ღილღოვლები. აქა-იქ ცეცხლებიც ენთოთ, მაგრამ ქვებს შორის, მხოლოდ ალი რომ მოჩანდა ტყვიის, სროლას აზრი არ ჰქონდა. როგორც ჩანდა, ტყვეები და ნადავლი უკვე გაეხიზნათ და ეს დამცველი რაზმი იყო აქ ჩასაფრებული. არხოტიონები ისხდნენ ერთ ადგილას მოწყენით. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.

– საით შაგვასწრეს ამ რჯულძაღლებმა! – თამბაქო გადააპურჭყა ბებერმა ბათარეკამ.

– გათენებამდე თუ არაფერი ვიღონეთ, სოფელსაც მიაღწევენ და ტყვეებსაც შავ დღეში ჩაჰყრიან, – თქვა მგელიკამ.

– ვცადოთ მდინარით გასვლა და ვინც გავალთ, გავალთ.

– აბა, რას უბნობ, კაცი კი არა, თევზი ვერ გავა გაღმა ნაპირას, ემაგით ან ტყვეებს რას ვარგებთ ან მტერს რაისთვის გავუხადოთ თავი საცინლად.

– აბა, მაშ რაი, რაი ვქნათ, ვისხდეთა ესე და ჭორიკანა დიაცებივით ვილაყბოთ?! – ფეხზე წამოენთო ერთ-ერთი ხევსური.

– მე გირჩევთ რაიც უნდა ვქნათ, – თქვა ჯარჯიმ.

– რაი? რაი? – წამოიშალნენ ხევსურები.

– მე და გაგი ამ ფრიალო კლდეს გადავყვებით და მტრის ზურგში გავალთ. თქვენ ზოგი აქ ჩასაფრდით, დანარჩენებმა კი მაშხალები აანთეთ და არხოტისაკენ წადით, რომ მტერმა იფიქროს ჩვენი დამარცხება.

– რას ამბობ, დიაცებ ხო არ ვართ?!–იწყინა მგელიკამ.

– დიაცები მაშინ ვიქნებით მგელიკავ, თუ ჩვენი ცოლ-შვილი სოფელში მიიყვანეს, გასასვლელი გზა ხომ ხედავ არ არის.

– მაშ საით აპირებთ გასვლას.

– გავალთ!

– ჩვენ რაისთვის ვერ გავალთ?

– თქვენ აქ ხართ საჭირო. მტერს რომ აქეთ გამოვაფრთხობთ, თქვენ ამ ვიწროებში უნდა ამოხოცოთ. იქით მხარეს ხომ იცით გაშლილი ადგილებია და თანაც ჩვენზე უკეთ იციან გასასვლელი ბილიკები, ისე გაგვეფანტებიან ერთსაც ვერ მავკლავთ.

დაფიქრდნენ ხევსურნი.

ჭკუაში დაუჯდათ ჯარჯის თათბირი.

მაგრამ?

მაგრამ როგორ უნდა გადავიდნენ ჯარჯი და გაგი ამ ფრიალო კლდეზე?

ქალამნები გაიძრო ჯარჯიმ.

ქალამნები გაიძრო გაგიმაც.

მერე წინდები გაიძრეს.

ხანჯალი ამოიძრო ჯარჯიმ.

ხანჯალი ამოიძრო გაგიმ.

ფეხისგულები გადაისერა ჯარჯიმ.

– რას შვრები ჯარჯი?! – აღმოხდა ხევსურებს.

– რას სჩადი გაგი? – ისევ აღმოხდა ხევსურებს.

ახლა მუხლები და ხელისგულები დაისერეს ძმებმა.

გადაიკიდეს თოფები, თითოს მაგიერ სამ-სამი.

– აბა, ჩვენ რომ იმათი ზურგის მხრიდან ავტეხავთ სროლას, აქედან უცებ არ გახსნათ ცეცხლი, შემოუშვით მტერი, რომ ამ ვიწროში მოვიმწყვდიოთ, – თქვა ჯარჯიმ და ხელ-ფეხდასისხლიანებული ფრიალო კლდეს შეუყვა. იმას მიჰყვა გაგიც. მთვარე ოდნავ კრთებოდა ღრუბლებს შორის და ძმებს სავალ გზებს უნათებდა. სისხლიანი ფეხები წებოსავით ეწებებოდა ფრიალო კლდეს.გადააღწიეს ძმებმა მტრის ზურგში. ღონე აღარ ჰყოფნიდათ ისე იყვნენ სისხლდაცლილნი. ექვს ადგილას დაიკავეს სანგარი და ჯერ ის ადგილი დაჰკვლივეს კარგად, სადაც ცეცხლის პირას ქისტთა ბელადებს ჰქონდათ სუფრა გაშლილი.პირველი ორი თოფი სწორედ იმ მიმართულებით გავარდა. შემდეგ ძმებმა ადგილები შეიცვალეს და წინა ორ გასროლას კიდევ ორი მიაყოლეს სასწრაფოდ. შემდეგ კიდევ შეიცვალეს ადგილი და კიდევ ორი გასროლა, მერე კანტიკუნტად ისროდნენ თითქმის მტრის ზურგის ყოველი კუთხიდან. მტერი დაფრთხა.მიხვდნენ, რომ უკანგასასვლელი გზა მოჭრილი ჰქონდათ. წინ გაიხედეს და დაინახეს როგორ „ გარბოდა“ არხოტისაკენ ლამპრებიანი მდევარი. ქისტებმა იფიქრეს, ეტყობა ჩვენი შეეშინდათო და დაედევნენ...

ძვირფასო, მელია!

თქვენზე კარგად ვის მოეხსენება რას ჰქვია – ხაფანგში გაბმა, თუმცა თქვენ ისეთი შორსმჭვრეტელი ბრძანდებით, ხაფანგი სიზმარშიც რომ მოგელანდოთ, დღისით იმ ადგილას ქვას-ქვაზე არ დასტოვებთ და თუ ვინმემ იკითხა: რატომ? რისთვის? რა კანონის საფუძველზე, იმათთვის ჩვენს მუზეუმში მშვენიერი კიდობანი არსებობს. სიტყვამ მოიტანა და თქვენი ნებართვით ცოტა გადახვევას გავაკეთებ: ეს ჩვენი მუზეუმის ამშენებელი შუღლიანთ სება, ცოტა არ იყოს და უკმაყოფილოა. ჩუმ- ჩუმად მუზეუმის ექსპონატებს ეჩურჩულება: რა ვქნა ბატონო, ხომ ხედავთ სადამდე მივიდა საქმე: ჩვენი მუზეუმის პრეზიდენტის ექსპონატები აშკარად მოითხოვენ, გუდამაყრის მუზეუმს სიტყვა მუზეუმი ჩამოვაშოროთ და მუზეუმი დავტოვოთ, თორემ ამ ჩვენს მუზეუმში იმდენი უცხო წარმოშობის ნივთია, ერთ მშვენიერ დღეს ადგებიან და წავლენო.

– მაპატიეთ! მაპატიეთ! – ბრძანების კილოთი თქვა მელიამ.

– იგეთი არც გუდამაყრის მუზეუმი გვჭირდება და არც საქართველო, ვისაც ძალად შევეხვეწებით, არიქა, შენი ჭირიმე, ოღონდ არ წახვიდე და ყოველდღე მკლავის სიმსხო სანთლებს დაგინთებთ ეკლესიაშიო, – ამას მე ვამბობ, ამათი კამათის გამგონე, გოდერძი ჩოხელი.

– მაგრამ სულ რომ წავიდნენ?

– ვინ?

– ყველანი, ქართველები და არაქართველები, ყველანი დედა-ბუდიანად.

– წავლენ და წავიდნენ. მოვა მერე დედა ღვთიშობელი, სიჩუმეში მოიდრეკს მუხლს და რომ ვერ ნახავს თავის საყვარელ ქართველებს, ატირდება.

ცრემლები დაუსველებს კაბის კალთას.

ჩამოივლის ქრისტე ღმერთი. გაიგონებს დედის ტირილს.

– დედი! დედი! – მხარზე ხელს დაადებს შვილი დედას.

დედა თვალცრემლიანი შეხედავს შვილს.

– რატომ ტირი, დედი?! – შეეკითხება ღმერთი.

– შენ იცი შვილო რატომაც ვტირი.

– რატომ უარმყვეს და რატომ გაიფანტნენ სხვა ქვეყნებში? – იკითხავს მაცხოვარი.

– სატანა მოევლინა შვილო მწყემსად და იმან გაანიავა შენი სამწყსო. სატანამ გამოხრა შენი სამწყემსოს გარდასულების ძვლები, სატანამ გამოხრა აკვანში მწოლიარეთა ძვლები და ჯერ რომ გუდამაყრის მუზეუმში ნივთი არ ჩამოუკიდნიათ, იმ ნივთების წარსულს სწავლობს.

– სატანა! სატანა! სატანა! სატანა! – სატანას ეღირსება ის, რისი ღირსიც არის, ხოლო შენ დედაჩემო, მეტად აღარ გიხილო თვალცრემლიანი და მე გპირდები, რომ საქართველო ერთხელ კიდევ გამოივლის წარღვნას და იმ წარღვნის მერე სწორედ საქართველო იქნება ის აყვავებული ზეთის ხილის რტო, რომლითაც მტრედმა უნდა ახაროს ახალი ცა და ახალი დედამიწა ქვეყნის მეუფეს, რომლის საბრძანისშიც არც მზე არის და არც მთვარე და თვითონ მეუფეა მანათობელი და არ არის შური და მტრობა, არამედ არის კაცთა შორის მშვიდობა და სათნოება.აი, ამისათვის გიხაროდეს, დედაჩემო, რომ იქ ღმერთის ნათელით გაბრწყინებულთ იხილავ შენს სამწყსოს.

– და ვინც შენ ნათელში ვერ მოხვდება, შვილო, იმათთვის ვტირივარ.

– სიკვდილის ჟამამდე, ყველასა აქვს დედა ნათელში შესვლის უფლება: თუნდაც ერთი ღვთის წინაშე მართლად ნათქვამი სიტყვით, თუნდაც ოხვრით, თავისი ჩადენილი ცოდვებისათვის, რომელსაც ისე ჩაატარებს თავის გულ-ღვიძლში, როგორც ღრუბლებიდან ნასროლი მეხი გულმძლავრ მუხაში. გინახია, როგორ ამოდის ნამეხარი მუხის გულიდან შავი კვამლი. აი, ეგრე ამოვა სატანა კაცის გულ-გონებიდან. თუნდაც მღვდლის წინაშე გადმოგორებული ცრემლით, თავისი ჩანადინარი ცოდვების სათქმელად სიტყვა რომ ვერ მოუბრუნდა და სინანულის ცრემლი კი ჩამოჰგორდა. აი, იმ ცრემლში ვხედავ სამყაროს. სამყარო ჩემთვის ერთი დიდი ცრემლის კურცხალია და ყველას იმ ცრემლში ვხედავ. სიკვდილის წინ იმასაც ბევრი რამ ეპატიება, პატარა ნაკადულს რომ ჭიანჭველა მიაქვს, უნდა როგორმე ნაპირზე გამოცურდეს, მაგრამ იმ ღელეს სხვა ღელე ერთვის და ვინ არის ჭიანჭველის მშველელი. იშვიათად, მაგრამ მაინც იბადებიან ამ ქვეყანაზე ისეთი ადამიანები, რომლებსაც ასეთი ჭიანჭველა ნაპირზე გამოჰყავთ. შეიძლება ასეთ კაცთა შორის კაცისმკვლელიც იყოს.

გულდარდიანი ნუ ხარ, დედა.

– ძალიან გეტკინა, შვილო?

– რა, დედა?

– ის, რაც წამების დროს გადაიტანე.

– დედა, ის სასმისი მხოლოდ შარბათია იმასთან, რაც უნდა შევსვა. ნურასოდეს გულს ნუ დაიღონებ, მამაჩემი არასოდეს არ შემასმევს იმ სასმისს, რისი შესმაც მე არ ძალმიძს. ჩემ გამო მეტად ნუ იტირებ, იტირე საქართველოს გამო და იცოდე, მალე აღესრულება სატანის მეფობის ჟამი.

– ილოცე, ილოცე, ჩემო საყვარელო დედა, საქართველოსთვის!

– მე თუმცა ღმერთი ვარ , მაგრამ როცა ღმერთებს შენნაირი საყვარელი დედები ჰყავთ, რა თქმა უნდა იმათაც სჭირდებათ ლოცვა. ილოცე ჩემო დედა, რომ სრულიად საქართველომ რაც შეიძლება მალე შეიმოსოს ჩემი კვართი.

ბატონო, პრეზიდენტო!

უმორჩილესად გთხოვთ მაპატიოთ ეს გადახვევა. ხედავ, რა ხალხია ეს მწერლები. არა, მაინც სად ჩამომიხტა. კიდევ კარგი სადგისი ვარ და ზრდილობიანი ვარ, თორემ... აბა სხვა ვინმეს გაუბედოს; ხმალს გაუბედავს? ხო ვერ გაუბედავს? თოფს გაუბედავს? ხო ვერ გაუბედავს? დამბაჩას? ბოძალს? კაცისმკვლელი ქარჩი რომ ჰკიდია ჩვენს მუზეუმში, იმას ამბები აქვს ნაქნარი, მოდგეს, აბა, ეს ჩვენი მწერალი და იმას ჩაერთოს ლაპარაკში, ისეთი სდრუზოს რომ სანატრელი გაუხდება ეს მზე და ეს მთვარე. მანამ უმზეო და უმთვარო ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება და ისიც საკითხავია თუ ეპატიება აქაური ცოდვები. მუზეუმში შესულს ქარჩი რომ ჩასცხებს თავში, მეტი არ არის ჩემი მტერი მონანიების სათქმელად მღვდელს დაუძახოს. ეგ ერთი და ის მეორე, რომ გლახად გადაიკიდა სადგისი.

– დედაჩემის სული ნუ წამიწყდება, სადაც მართალი იქნება და სადაც მითუმეტეს მტყუანი იქნება, ყველგან უნდა წავჩხვირო! ისე უნდა წავჩხვიროო, ისეთი საქმეები უნდა დავაბრალოო, ისე უნდა მოვთხარო მაგისი ფილმები და მოთხრობებიიიი.... უი, დადადადაა! მე იმას ვცდილობ, ბატონო მელია, რა გასიამოვნოთ, რომელ სამუზეუმო ექსპონატზე რა საქმე შევადგინო, რომ მერე თქვენმა მაღალუდიდებულესობამ სკივრში გამოამწყვდიოს ჩვენი „გუდამაყრის მუზეუმისთვის“ შეუფერებელი ნივთები. მითუმეტეს სადაცაა არჩევნები მოგვადგება კარს და რაც შეიძლება მეტი სამუზეუმო ექსპონატი უნდა იქნეს სკივრებში და კიდობნებში გამომწყვდეული. უვარგისი, მე ვფიქრობ, არც ის იქნებოდა თუ ამოდენა საზღვარგარეთ გაქცეულ ქართველებთან ერთად ჩვენი ერის საგანძურსაც თან მივაყოლებდით; ამას ქაღალდზე ვერ დაგიწერთ და თუ არ მიწყენთ ყურში გიჩურჩულებთ ჩემს აზრს.მელია დაფიქრდა, ყურები დაცქვიტა, მუზეუმში მიიხედ-მოიხედა, ფუმფულა კუდი ერთ ალაგას ამოიდო და სადგისს უბრძანა: – მოდი, მიჩურჩულე!

სადგისი დაეჭვდა, მიიხედ-მოიხედა.

– მოდი, რაღას უდგეხარ?! – ცოტა ხმას აუწია მელიამ.

– ბოდიში, ამ კითხვაზე, ჩემო ბატონო, მაგრამ თუ მეტყვი რამდენი დღეა კვირაში.

მელიამ ჩაიცინა.

– დამცინით ხომ, ჩემო ბატონო, ასეც ვიცოდი და ამდენი ხანი სწორედ ამიტომ ვერ შემოგკადრე ეს კითხვა.

– რამდენია და შვიდი.

– ოჰ! კიდევ დამცინით ხომ ბატონო?

– აბა, თუ ჩემი პასუხი არ მოგწონს, შენ მითხარი რამდენი დღეც არის იმ შენს კვირაში.

– ჩემი ისევეა მთელი კვირა, როგორც შენი, მელია ბატონო.

– ჰო, კარგი, კარგი, იყვეს ორივესი, მაგრამ თუ სადგისი ხარ, ამიხსენი, რაღა ჩემთვის არის შვიდი დღე და შენთვის ექვსი.

– საიდან დავიწყო?

– საიდანაც გინდა იქედან დაიწყე, ოღონდ ამიხსენი.

– კვირა ხოა დღე?

– დღეა! – დაუდასტურა მელიამ.

– ორშაბათი?

– ეგეც დღეა!

– ოთხშაბათი?

– რაღა თქმა უნდა, ოთხშაბათიც დღეა!

– ხუთშაბათი?

– ხუთშაბათიც!

– შაბათი?

– შაბათი ხო დღეა და დღეა?

– აბა, მაშ რამდენი დღე ყოფილა კვირაში ბატონო მელია?

– შენ რაც დააშავე ექვსი, მაგრამ პარასკევმა რა დააშავა?

– ის დააშავა ბატონო მელია, რომ იქ სადაც მე ოცი წელი ვმუშაობდი თერძთან არ მახსოვს ვინმეს იმ სოფელში ერთი მეორისთვის გადაბრუნებული სიტყვა ეთქვას. მოვიდოდა მუშტარი, მისცემდა ჩემს ბატონს შეკვეთას და იკითხავდა: – როდის გამოვიარო?

– დღეს რა დღეა?

– სამშაბათი.

– მოდი ხუთშაბათს და მზად იქნება.

მუშტარი მოვიდოდა ხუთშაბათს და კოხტად, ლამაზად გახვეულ შეკვეთას ამოიდებდა იღლიაში, ერთი ორი ტკბილი სიტყვით დაგვემშვიდობებოდა და მიდიოდა.

ასე იყო, მანამ ისეთ შარს არ გადავეყარეთ, დღესაც აღარა მჯერა რო კვირაში შვიდი დღეა.ზამთრის ამბავი ხო იცი. თანაც ისეთ ადგილზეა ჩვენი სოფელი, თვიდან, თვემდე სარებს არჭობენ ჩვენი სოფლელები რო თვეები ერთმანეთში არ აერიოთ და თებერვალი იანვრისაგან გამოარჩიონ. დღეების გარჩევას ვიღა დაგიდევს და გადის ეგე ზამთარი, მაგრამ იმ წელიწადს რაღაც უბედურება მოხდა სოფლის თავს.გამოვიდა ერთ დილით საფიხვნოში ბერდიათ აპარეკი, დაჯდა მზის გულზე, ყალიონი გამართა და თქვა: – ავი ამბავია, ძალიან ავი ამბავი, ან ომი მახდების დედამიწაზე და ცამესკვლევთ ერთი მესკვლევი დააკლდების, ანდა ხალხის გაჟუჟვა მახდება დედამიწაზე.

აპარეკი სოფელში კიხთული კაცი იყო და ყველამ შიშით მიიღო მისი ნათქვამი.

– რაი ამბავია აპარეკო, ხატის ლიშანი ხო არცრაით რა გეცნო? – ჰკითხა ბაღათერამ.

– სალოცავებს დიდება ჰქონდეთ და თქვენ დღეგრძელობა, მაგრამ სათვალავი კი დააკლდა წუხელ შვიდეულს.

– როგორ? რანაირად?

– გამოვედი და ვითვლი მესკვლევებს, ერთი მაკლია სათვალავში.

ღმერთო ჩემო, ვითვლი და პარასკევი მაკლია.

მოიცა, მოიცა, შენ შეიძლება სათვალავი აგერია, ამბობს ჯღუნაი და ითვლის: – კვირა იყო?

– იყო!

– ორშაბათი იყო?

– ორშაბათი? ჰო, ჰო იყო, ორშაბათს არ ჩამოვზიდეთ თივა.

– სამშაბათი?

– იყო.

– ოთხშაბათი?

– იყო.

– ხუთშაბათი?

– იყო.

– პარასკევი?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სიჩუმე.

– ხალხო, პარასკევი იყო, თუ არ იყო?

– მე არ მახსოვს – ამბობს აპარეკი.

– არც მე – უდასტურებს მგელიკა.

– არც მწარიას ახსოვს, არც ხეჩოს, არც გამიხარდას.

– ქალებო, თქვენ მაინც არ გახსოვთ? – ეკითხებიან ცოლებს.

– რაი ვიცით, ვითომ იყო, ვითომ არ იყო, მთელი კვირა ისე გადაუღებლად თოვს, სად გაარჩევ რომელია პარასკევი და რომელი სამშაბათი, ხუთშაბათს და ორშაბათს კიდევ როგორმე გამოარჩევს კაცი.

– კაცებო, ესე უსაქმოდ და უგულისყუროდ ყოფნა არ გამოდგების. ღმერთმა შვიდი დღე ჩაგვაბარა და ერთი უგზო-უკვლოდ დავკარგეთ, – თავისას არ იშლის აპარეკი.

– აბა, ამ თოვლში საით გამაჩნდება, შაბათი რო იყოს ან ხუთშაბათი კიდევ მიაგნებდა კაცი, ანდა იქნება წესიერად ვერ ვითვლით, საცა აქამდე არ გამაჰკლებია დიდ შვიდეულს, ეხლა რაისთვის გამააკლდებოდა.

– გამოკლებულია და ეგ არის, აიღეთ თოფები და ვინც პარასკევს ჩვენს სოფელში რაიმე აწყენინეთ ილოცეთ, ეხვეწეთ, რომ ისევ დაგვიბრუნდეს.

თოფ-იარაღში ჩამჯდარი ვანისკრელები მთის ფერდობებზე შეუყვნენ აღმართს. ქიდაქის იქეთ იყო ბაკურხევი, სადაც ხევსურეთში განთქმული ალდია ფიცხელაური დაუხვდა სტუმრებს.

გაიმართა ლხინი.

ხის ხონჩებზე დაყრილ ხინკალს ორთქლი აუვიდა. ხისავე ქაფქირით ერთი ცალი ხინკალი მოატარა წაღმა ხონჩაზე დაყრილ ხინკლებს მასპინძელმა და დაილოცა: – ღმერთო, ნათელში ამყოფე ჩვენგან წასულების სულები. ვისაც ხინკალი უყვარდა და დღეს სამზეოზე აღარ არიან, იმათ წინაშემც იდგმება ეს სუფრა.

– ამინ! ამინ! – წამოაძახეს აქეთ იქიდან.

იმ ღამეს გვიანობამდე გაგრძელდა ქეიფი და დილით რომ გაიღვიძა, ერდოში ხელისტოლა ფრტენებს მოჰკრა თვალი აპარეკამ.

– ბათირავ! – შეეხმიანა აპარეკაი ძმადნაფიცს.

– იმ შენ მამაპაპათ სალოცავებს გაფიცებ, კვირაში რამდენი დღეა?

– იმდენი, რამდენიც იმ დალოცვილმა ღმერთმა დაგვიწესა.

– შვიდი?

– შვიდი.

– ერთი ხო ორშაბათია?

– დიახ.

– სამშაბათი?

– დიახ.

ოთხშაბათი?

– დიახ.

დინჯად პასუხობდა აპარეკას ბათირა. კაცს რომ მათთვის მოესმინა, იფიქრებდა ღმერთმა ეს-ესაა შექმნა სამყარო და რაკი შვიდი დღე დააწესა ამ აპარეკასი და ბათირას მეტი ვეღარავინ ნახა და ამათ მიანდო დღეებისთვის სახელების შერქმევაო.

– ბათირავ, ვიცი რომ ხვალ ხუთშაბათია, ზეგ შაბათი, – როგორღაც იმედის ძაფს ჩაეჭიდა აპარეკი.

– პარასკევი? რაო, პარასკევი ღმერთის შექმნილი არ არის თუ შიგ რომ შაბათი არ ურევია, იმიტომ გამოსტოვე, ჰა? – ცხენივით ჩაიხვიხვინა ბათარეკმა.

– მაშ, პარასკევი არ დაკარგულა?! – ბალღივით წამოხტა აპარეკი.

– რაი ვიცი, ჩვენ სოფელში ვიღაცები მაეხეტნენ, ერთი კვირა იქ დარჩნენ და გვიმტკიცებდნენ, რო პარასკევი მოიკვეთა ქრისტე ღმერთმა თავის დღეებიდანო. იმის მერე დავდევთ და ვეძებთ პარასკევს, – თქვა ბათირამ.

– ჰოდა, ზეგ ნახავთ როგორ პარასკევსაც ვიზეიმებთ მაღალი ღმერთის სადიდებლად! – ჩაიროხროხა აპარეკამ და როხროხს ცხენივით ჭიხვინი მოაყოლა.

. . .

ირიჟრაჟა.

ხევისბერმა ზარები დარეკა.

სალოცავად მისულმა ხალხმა ქუდები მოიხადა.

ხევისბერმა ლოცვა წამოიწყო : – დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება კვირესა, კვირე ძლიერსა, ღვთის კარის მაშვენებელ მთავარანგელოზსა! თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: იყო ნათელი! და იქმნა ნათელი. დაინახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო და გაჰყარა ნათელი და ბნელი.

– დიდება ღმერთის ძალასა! – ჯიხვის ყანწით შესვა ღმერთის სადიდებელი ბათარეკმა.

– დიდება! დიდება! – აჰყვნენ სხვებიც და ისეთი არყის სმა გაჩაღდა, სულ მალე ერთ-ურთს ვეღარა სცნობდნენ.

– პარასკევი არ გინახიათ? – წარამარა კითხულობდა ბათარეკი.

– ვინა, ვინა?!

– პარასკევი.

– ვნახავ და კარგ ხეირსაც შაეყრება, ავკაფავ ხვთის მადლმა.

– რაისთვი აჰკაფავ?! – იწყინა ბათარეკმა.

– ეგრე მწადის და იმადა!

– თითსაც ვერ დააკარებ, მე აქ ვირების საწველად კი არა ვარ მოსული, რით ვერ გაიგე რო პარასკევს ვეძებ.

– გიპოვავ შენი პარასკევი და ეგ არის! – მთელი ძალღონით გადაჰკრა ბათარეკს ხირჩლამ გველისპირული.

სისხლზე წინ-წინ ტვინმა იჩქეფა.

– აეგაც შენი პარასკევი! – ნიშნისმოგებით მიაძახა წაქცეულ ბათარეკს ხირჩლამ. იმან არ იცოდა, რომ მართლაც დაჰკარგა ბათარეკამ პარასკევი და ხირჩლამ ჩვეულებისამებრ ჩხუბში გამოსაწვევად მიიღო მისი შეკითხვა.

. . .

ადრე ეგეთი წესი იყო: სამ დღეზე მეტს არ აჩერებდნენ სამზეოზე მიცვალებულს.

პარასკევს მოკლეს ბათარეკი.

შაბათმა ხარჯის სამზადისში ჩაიარა.

კვირამ, მანამდე ცაზეგადახრილი მთის ნაგრილები დაიძრებოდა მთებსა და მთებს შორის, მანამდე მიიბარა ბათარეკი.

. . .

ათასჯერა თოვს იმ სოფელში და ხანდახან დღეები კი არა, თვეები აგერევა კაცს ერთმანეთში.

ათასჯერ ცა იღუშება და სეტყვა მოდის.

ათასჯერ ქარი და წვიმა ერევა ერთ-ურთს.პარასკევი კი იმ დღის მერე აღარავის აღარ ავიწყდება და რაიმე ამბის გახსენება რომ უნდათ, ასე ამბობენ: შვიდი წელი არც კი გასულა სრულად იმ დღის მერე, რაც ის სულგანათლებული ბათარეკი მოკლეს პარასკევ დღეს. ბათარეკის საფლავსაც ორად-ორი სიტყვა აწერია მხოლოდ: ბათარეკი – პარასკევი!

. . .

პატივჭემულო მელია!

მინდა მოგახსენოთ, რომ პარასკევი არც დაკარგულა და არც დამალულა. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ფანდია. კიდევ კარგი ბათარეკის სიკვდილით დროზე გამოაშკარავდა, თორემ ვინ იცის რას გიპირებდნენ.

თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი!

მინაწერი სადგისის საიდუმლო ინფორმაციაზე ბათარეკისა და პარასკევის შესახებ: მე დიდად ვაფასებ თქვენს მცდელობას, რათა თვალთა ხედვიდან არ გამოგრჩეთ არც ერთი საგნის წარსული, რომლებიც ჩვენს მუზეუმში ინახებიან და უყურადღებოდ არ ტოვებთ არც იმათ , ვინც მუზეუმის გარეთ არიან. ავიღოთ თუნდაც სულგანათლებული ბათარეკი, რომელმაც თქვენი თქმით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაკარგა პარასკევი, რომ შემდეგში ჩვენთვის თავგზა აებნია

არჩევნებში.

თუ ასეა, წინათგრძნობას რა პასუხი გავცეთ მერე?

განა პარასკევ დღეს არ გარდაიცვალა აპარეკი?

თქვენ რა, ეჭვი გაქვთ რომ არჩევნებს მოვიგებთ?!!!

სადგისო!!!ბათარეკის ამბები რომ გამოიკვლიე, ის რატომ დაგავიწყდა დიდთოვლობისას რომ გადამარჩინა ბათარეკმა.პარასკევი განგებ დაავიწყდაო, რომ ამბობ, განა დაიარება ქვეყანაზე რომელიმე კაცი, რომელსაც თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც არ დაავიწყდება წელიწადის თვე, რიცხვი და თუნდაც ის შენი სანაქებო პარასკევი. რა ქნას კაცმა, ისეთ მთებში ვცხოვრობთ, ხანდახან ისე თოვს, დღეს და ღამეს ვერ გაარჩევ ერთ- ურთისაგან.ერთხელ მთელი ათი დღე გამომკეტა სოროში თოვლმა. იმდენი ეთოვა, ძლივს გამოვიგნე სოროდან გამოსასვლელი. მივდივარ, მივლასლასებ, საით მე თვითონაც არ ვიცი. უაზრობაა ამხელა თოვლში თაგვის სოროების თხრა. ისევ სოფელს უნდა მივატანო როგორმე. ძაღლების ყეფას მივაყურადე და იქეთ წავლასლასდი.

თოვს.

წინ ძლივს მივიკვლევ სავალ ბილიკს. ძაღლების ყეფაზე ვგრძნობ, რომ სოფლისკენ მივდივარ. მერე სინათლეებიც აკიაფდა. როგორც ჩანს ამ ღამით ამ სოფლის სტუმარი ვიქნები, ამას ძაღლების ყეფაზე ვატყობ; ერთ წუთს რომ სოფლის თავს ყეფენ, მეორე წუთში სოფლის ბოლოსაკენ გარბიან. მე ისე ვარ შიმშილით დასუსტებული, ძაღლმა კი არა, კურდღელმა რომ ჩამიქროლოს, ფეხზე ვერ დავდგები. არა და მართლა ჩამიქროლა გვერდზე კურდღელმა, რომელსაც დიდი ბომბორა ძაღლი მისდევდა. მე ჩემთვის გავიფიქრე, ეგ ძაღლი მაგ კურდღლის დამჭერი არ არის, მოდი ამ თივაში შევიმალები და გათენებისას ისე როგორ გამწირავს გამჩენი, ერთი ბეღურა მაინც არ მოვინადირო . წინა თათებით ღრმად გამოვღრუნტე თივის ზვინი და შიგ ჩავწექი. ცოტა ხანს კიდევ ყურს ვუგდებდი ძაღლებისა და მელკურდღლების გნიასს, მერე ძილმა წამართვა თავი და ღრმად ჩამეძინა.დილით კაცის ხმამ გამომაღვიძა. შევხედე, ბათარეკი დგას ჩემს წინ. გაქცევა დავაპირე, მაგრამ სად გაიქცევი, ისედაც ცარიელი ძვალი და ტყავი ვარ.

– ბალღოო, წითელი დედალი რო გვყავს, ის ჩამაიყვა! –გასძახა შვილს ბათარეკმა.

იმისმა ბიჭმა სახელდახელოდ მოარბენინა წითელი დედალი.

– თოკიც ჩამაიტა! – ისევ გაგზავნა ბალღი ბათარეკმა.

გარშემო სოფლის ძაღლები მოგროვდნენ და ავი ღრენით მეტანებოდნენ.ბათარეკმა ღობის მარგილი მოგლიჯა და ძაღლებს დაერია გინებით: – ვერა ხედავთ, თქვე შობელძაღლებო, რო სტუმარია შემოხიზნებული. საქურდნელად რო იყოს მოსული, განა ამ თივის ზვინში დაიძინებდა, ან ეგრე ადვილად დაგვეჭერინებოდა. ნადირია და თავისებური ნდობა მაგასაცა აქვს ჩვენს მიმართ. ვეცნეთ და გავგლიჯოთ? ა, ბეჩავ ბიჭებო? ა, ბეჩავ ძაღლებო! აბა რატო იმათ ვერ იჭერთ დღედაღამე სოფლის გარშემო რო დარბიან.ბალღებო მააშორეთ აქედან ძაღლები! – ბრძანა ბათარეკმა და ძაღლებს აღარც დასჭირვებიათ გაჯავრდომა, კუდამოძუებულები მოსცილდნენ იქაურობას.ერთ ხელში მე ამიყვანა ბათარეკმა, მეორეში წითელი დედალი, თოკი ჯიბეში ჩაიდო და იმ გზას დაადგა, რომელიც იმ ღამით მე გავკვალე და რომელიც ოდნავღა ეტყობოდა წუხანდელი ნათოვის მერე.გადავიარეთ მდინარე და როცა ტყის პირს მივუახლოვდით, ბათარეკმა თოკის ერთი ბოლო იმ წითელ დედალს გამოაბა, მეორე ბოლო მე შემაბა წინა ფეხზე და გამიშვა.იმდენი ძალაც აღარ მქონდა, რომ სოროსაკენ წამეთრია ქათამი, რომელიც თოვლში პტკნიალებდა და მშველელს ეძახდა. ბოლოს გამოჩნდა ეს მშველელიც, ჩემი მოსისხლე გელა.არ ვიცი საიდან მოვიკრიბე იმ დროს ძალა. გავექანე ჩემს მტერს და ძირს მოვიქციე.ბათარეკი, უკვე შორს იყო წასული და რაღა თქმა უნდა ვერ დაინახა როგორ მოვკალი იმ დღეს ჩემი მოსისხლე.მე არ ვიცი რა დღე იყო იმ დღეს: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, თუ კვირა.ერთს კი ვნატრობ, ნეტავ ცოტა ხნით გააცოცხლა ბათარეკი რომ ვთხოვო – რის ჩამოკიდებას ისურვებდა მისი ნაქონი ნივთებიდან გუდამაყრის მუზეუმში ჩამოსაკიდებლად, მანამდე კი რაკი ყველანი რაღაცას ვკარგავთ და რაღაცას ვპოულობთ, მოდი ბათარეკის საპატივსაცემოდ კედელზე დავაწეროთ – ვიპოვეთ, პარასკევი ვიპოვეთ ხალხნო!

საქმე №8. საქართველოს ხალიჩა

(საიდუმლო ინფორმაცია გუდამაყრის მუზეუმის აღმოსავლეთ კედელზე ჩამოკიდებულ ხალიჩაზე, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს) თქვენო, აღმატებულებავ!თქვენცა ხართ მოწმე და მეც არა ერთხელ მომიხსენებია, რომ ამ ბოლო დროს იმდენმა სამუზეუმო ექსპონატმა დაიკავა საქართველოს ხალიჩაზე ჩუმ-ჩუმად ადგილი, თუ ესე გაგრძელდა, ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ გაუძლებენ სამაგრები და ყველანი ერთ-ურთში ავირევით.ამასთანავე უნდა მოგახსენოთ , რომ მუზეუმს გარედან შემოდის ინფორმაციები, რომ შავი არაგვი საფრთხეს უქმნის არა მარტო რუსების მიერ აშენებულ ბასტიონს, თანდათან ძირს უთხრის პირიმზის სალოცავ მოედანს და ჩვენს მუზეუმსაც.

ბრძანება

გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი ვბრძანებ: 1. გამაგრდეს ჯებირი, რომელიც საფრთხეს უქმნის მუზეუმს.

2. დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას კედლებიდან: ხმლები, ხანჯლები, თოფები, მშვილდ-ისრები, ბოძლები და კიდევ ის იარაღები, რაც საშიშროებას უქმნიან გუდამაყრის მუზეუმში თავმოყრილ დემოკრატიულ იარაღებს.

3. მომზადდეს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისათვის. ჩვენი დევიზია: ჩვენ დავიწყეთ და ჩვენ დავამთავრებთ. ხოლო ამ გზაზე გამოვიყენებთ ბრძოლის ყველა ხერხს.

4. გუდამაყრის მუზეუმში ინახება ლუდის სახდელი მოწყობილობა და მე მინდა, მავანი და მავანი გავაფრთხილო, რომ ლუდი ეროვნული სასმელია, რითიც ჩვენი მამა-პაპანი ამაყობდნენ და დარჩება კიდეც საამაყოდ, თუ ზოგიერთები გონს მოეგებიან.

5. თვითეული ბუჩქის უკან ვინ ზის და თვითეულ „ბუტკას“ ვინ მფარველობს, ყველაფერი ვიცი. დადგება დრო და ყველას ყველაფერი მოეკითხება

6. არჩევნები ბათილად ჩაეთვლებათ მათ, ვინც საარჩევნო კანონს დაარღვევს. თქვენ

კარგად იცით ვისაც ვგულისხმობ ამათში.

გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი – მელია.

ბატონო მელია!

არის კიდევ რამდენიმე საკამათო ნივთი ჩვენს მუზეუმში, რაც არეულობას ქმნის და თქვენი ნებართვის გარეშე არ გადაწყდება მათი ან მუზეუმიდან გატანა, ან სკივრში, თუნდაც კიდობანში ჩაკეტვა. ამ ნივთების შესახებაც მაქვს საქმეები შედგენილი და თუ თქვენი ბრწყინვალება ინებებს, მოგართმევთ.

საქმე №9. ლენინი

(საიდუმლო ინფორმაცია ისევ ლენინის ტანზე, თუ სტალინის წელსზემოთამხარეზე) როგორც მოგეხსენებათ ეს ორი ბიუსტი სადავო გახდა. თავდაპირველად როგორც მოგახსენეთ და როგორც ანალიზებიც ადასტურებენ; ბასტიონის ეზოში ჯერ ნიკოლოზის ძეგლი დაუდგამთ რუსებს; მერე როცა ნიკოლოზი გადააგდეს, საძირკველი დატოვეს და ზედ ლენინის ძეგლი წამოჭიმეს, მაგრამ ლენინის გარდაცვალების მერე ხელახლა აიღეს ძეგლი და ნიკოლოზისდროინდელ ბრინჯაოს საძირკველზე ისევ სტალინის ძეგლი წამოჭიმეს აღმოსავლეთისაკენ ხელგაშვერილი. მაგრამ ხომ გითხარით რომ აღმოსავლეთის მთაზე პირიმზის სალოცავის ეკლესია დგას და ვეღარც დაანგრიეს კომუნისტებმა ეს ლამაზი ეკლესია, არა და ისე გამოდიოდა, თითქოს აღმოსავლეთისაკენ ხელგაშვერილი სტალინი ეკლესიას ესალმებოდა. ეეხ, რამდენი რამე იცვლება მზის ქვეშეთში და სტალინის ძეგლსაც მოუწია ჩამობრძანება, ოღონდ ამჟამად საქმე გააიოლეს და მკერდთან გადახერხეს სტალინის ძეგლი, ასევე მკერდთანგადახერხილი ლენინის ძეგლი მოიტანეს საიდანღაც და ისე ლამაზად დააწებეს, კრუპსკაიას მეტი ვერავინ მიხვდებოდა წელს ქვემოთ ლენინი იყო თუ არა. ერთი ის იყო ლენინსა და სტალინს შორის განსხვავება, სტალინს აღმოსავლეთისკენ ჰქონდა ხელი გაშვერილი, ამას ხან დასავლეთისკენ და ხან სამხრეთისკენ. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენი ბალღი დავეკიდებოდით გაშვერილ ხელზე და საით მხარეს გაიხსნებოდა წებო. აკი მოგიყევით კიდეც და ისე მომწონს ეს ისტორია, ძალიან გთხოვთ კიდევ მოგიყვებით. ძირს თოვლია, ბალღები ლენინის ხელზე ვკიდივართ, როგორც ტურნიკზე (აბა იმ მიყრუებულ მთის სოფელში სხვა ტურნიკს ჩვენ ვინ გვაღირსებდა) ვკიდივართ და ვქანაობთ. უცებ სტალინის ძეგლზე გადაწებებული ლენინი ქანაობას იწყებს, გადმოქანდება იმ მხარეზე საითაც ხელი აქვს გაშვერილი, ჩვენ თოვლში ვეფლობით და ჩვენი ძია ლენინი ზემოდან გვეცემა.შემდეგ არის ასეთი სურათი: ჩვენ და ლენინი თოვლში ვართ ჩაფლული. ლენინს დიდი ამბით ეხმარებიან უფროსები და გაშვერილ ხელზე ეძაგრებიან რომ წამოაყენონ. ჩვენ კი ყარაული მოგვდგომია (ეხლა ვფიქრობ, ლენინს რად უნდოდა ყარაული, მე შენ გეტყვი გაიქცეოდა სადმე, ისედაც სოსოს ფეხებზე იდგა და იდგა). ეხლა ვფიქრობ ამას თორემ, აბა მაშინ გენახათ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა ჩემ გულს. გვირტყამს ყარაული ჩექმიან წიხლებს და გვაგინებს: მამათქვენი ხომ არა გგონიათ რომ ხელებზე ეკიდებით მე თქვენი ასე და ისეო.

მერე, ლენინი რომ გადააგდეს, მივადექით იმ ყარაულს, მოვიხადეთ ქუდები და ვუსამძიმრებთ.

მიტკლის ფერი დაედო კაცსა, ძლივს ამოღერღა: რა იყო ხალხო, რა ამბავია ჩემ თავსა?!

– მამის სული გაგინათლოს ღმერთმა.

– რას ამბობთ, ხალხო, ორმოცი წელია მიწას არის ამოფარებული მამაჩემი! – უფრო შეიცხადა ყარაულმა.

– მაშინ მამინაცვლის სული გაგინათლოს.

– ნუ გადამრიეთ კაცო, ხალხი არა ხართ, ობლობითა ვარ ამოზრდილი, სადა მყოლია მამინაცვალი, ვის გინახიათ, სად გინახიათ?

– სუყველას, ვინც აქა ვდგევართ.

– ვინა კაცო, სადა?!

– სადა და აი აქა, თავგამოდებით რომ იცავდი და ერთი ნეკნი აღარ შეგვარჩინე მთელი.

– მაშინ, ხალხო, მთავრობის დავალება მქონდა, დრო იყო ეგეთი, – შიშით აკანკალდა ყარაული.

– ეხლა რომ გითხრათ, მუზეუმიდან გამოიტანე და გადააგდე მდინარეშიო, გადააგდებ?

– მე ნუ, მე ნუ, მე ნუ გადამაგდებინებთ ხალხო, რა ვიცი რა დრო მოვიდეს, მარტო ჩემ ხსოვნას სამი ძეგლი იდგა ამ კვარცხლბეკზე. იყოს იმ მუზეუმში და ეგდოს თავისთვის კუთხეში, ოღონდ მე ნუ გამომატანინებთ, შვილიშვილების პატრონი ვარ. გეხვეწებით, გემუდარებით!

არ გაისვარეს საბრალო ყარაულის სისხლით გუდამაყრელებმა ხელები.

– წადი, მოშორდი აქაურობას, ეგ ბიუსტი კი მაგავ კუთხეში ეგდოს სადაც გდია, – უთხრა შუღლიანთ სებამ.

ყარაული ქუდმოხდილი გავიდა მუზეუმიდან.

– ამის მეტად უდროო დროს ნუღარაფერი მოგვესამძიმრებინოს შენთვის, – მიაძახა ხალხმა ყარაულს.

საქმე №10. ვეფხისტყაოსანი

(საიდუმლო ინფორმაცია მზექალზე, რომელიც სიკვდილის მერე უცნაურად დაიტირეს) რა არის ადამიანი?

ხანი, მანძილი, დრო დაბადებასა და გარდაცვალებას შორის.ამას ჩვენ ვფიქრობთ, აქაური დროის საზომით , მაგრამ ადამიანი უპირველესად ღმერთის ქმნილებაა, რომელსაც უდგას ღმერთის სული, დადის და სუნთქავს.უპირველესად ადამიანი არის ღმერთის სული, ხანდახან კი, ეშმაკი ცდილობს ადამიანიდან განდევნოს ღვთის სული და თვითონ ჩასახლდეს იქ.იმისათვის რომ ადამიანებმა ატარონ ჭეშმარიტად ღმერთის სული, ჩვენ მაღალმა შემოქმედმა მოგვცა ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა გვასწავლის, სული როგორ უნდა გადავირჩინოთ ამ ქვეყანაზე, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ეშმაკს, რომელიც ცდილობს ჩვენგან განდევნოს ღმერთის სული და თვითოთ ჩაიბუდოს, თვითონ იფშვინვიეროს ჩვენში.

გუდამაყარში ცხოვრობდა ულამაზესი გოგო, რომელსაც მზექალს ეძახდნენ.

ავი სული აწვალებდა მზექალს. ბალღობის დროს ცდილობდა მის არსებაში ჩასახლებას. ხანდახან დამუნჯდებოდა და თვეობით ხმას არ იღებდა. მშობლებს დაჰყავდათ მკითხავებთან, ადგენდნენ ხატების მიზეზებს და ხოცდნენ შესაწირ საკლავებს. მზექალს არაფერ არ შველოდა.ხანდახან უამბობდნენ ზღაპრებს, რომლებიც ძალიან მოსწონდა. ერთხელაც მათსოფელში მოიყვანეს პატარძალი, რომელმაც წერა-კითხვა იცოდა და მზითევში ვეფხისტყაოსანი მოჰყვა.პატარძალმა მზექალს ვეფხისტყაოსანი წაუკითხა და ამ ამბავმა ისე იმოქმედა მზექალზე, დღედაღამე მოსვენება დაუკარგა პატარძალს.

– აცადე, ქმართან ალერსი მაინც აცადე, – დასცინოდნენ მეზობლები მზექალს, რომელიც ნაირ-ნაირ სამკაულებს ჩუქნიდა პატარძალს, რომ კიდევ და კიდევ წაეკითხა მისთვის ვეფხისტყაოსანი.ერთ თვეში მთელი ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცოდა მზექალმა. ახლა ის უყვებოდა თავის თანატოლებს ამ საოცარ პოემას და ცდილობდა მათაც ზეპირად ესწავლათ ეს საოცარი ამბავი.

გათხოვდა მზექალი.

ასე ეგონა ტარიელს ან ავთანდილს მისთხოვდა და ერთი სული ჰქონდა წაეკითხა ქმრისთვის ეს პოემა.

– იცი, უნდა გაგახარო?

– რითი? – ეკითხება ქმარი.

– ვეფხისტყაოსანი უნდა მოგიყვე.

– ვეფხისტყაოსანი კი არა, სამკალს მიხედე თორემ ტყავს გაგაძრობ,– მკვახედ მიუგო ქმარმა.

ერთ ადგილზე გაშრა მზექალი.

– არ გესმის რას გეუბნები?! – დაუღრიალა ქმარმა, – ააგე მზორეში ძნები?

მზექალს უნდა სიტყვის თქმა, მაგრამ როგორც ბავშვობაში, ისევ ისე ჩაუვარდა ენა.

– სიტყვის თქმის ღირსადაც აღარა მთვლი? – სახეში მაგრად გაულაწუნა ქმარმა.თავიხეზე ჩამოკიდებული ნახეს მზექალი. გულში ის ვეფხისტყაოსანი ჰქონდა ჩახუტებული, რომელიც პატარძლისაგან სამ ფარდაგად შეიძინა. იმ ფარდაგებზე ეხატა: ტარიელი, ნესტანი, ავთანდილი, თინათინი, ფრიდონი, თამარ მეფე, შოთა რუსთაველი და კიდევ ქართული ლაშქარი, რომელნიც ხმალდახმალ ეომებოდნენ ქაჯებს. რა თქმა უნდა, ეს ფარდაგები მზექალის მოქსოვილი იყო იმის საფასურად, რომ ვეფხისტყაოსანი შეეძინა პატარძლისაგან.

მთაში ლექსად ტირიან.

ლექსად დაიტირეს მზექალის სიკვდილი.

ამ ლექსად დატირებაში იყო ერთი უდიდესი თხოვნა, რომელსაც მზექალს აბარებდნენ საიქიოში.

სად მიხვალ მთვარის საყურევ

ცის ოქროს ღილის სადარო, ღმერთსა ვთქოვთ, ეგ შენი წიგნი

საიქიოშიც ატარო...

და მერე იყო თხოვნა, რომ მათ უდროოდ წასულ შვილებსაც ასწავლოს საიქიოში ვეფხისტყაოსანი.არ ჩაატანეს სამარეში მზექალს ის წიგნი.რახან თავის მკვლელად ჩათვალეს, მღვდელმა ნება არ დართო ღმერთისა და სიყვარულისათვის სადიდებელი წიგნი თავისმკვლელისათვის ჩაეტანებინა.ახლა ეს წიგნი ჩვენ მუზეუმში ინახება. მისი ამბავი ერთი აქაური გლეხისაგან მაქვს მოსმენილი და თქვენ როგორც ახალი დროის შემოქმედს, როგორ მიგაჩნიათ ასეთი წიგნი ინახებოდეს იქ, სადაც თქვენნაირი დიდი პიროვნება განაგებს მუზეუმის საქმეს.მოწიწებით და პატივისცემით მარად თქვენი – სადგისი.

P.S. მე შემიძლია თქვენი თანხმობის შემთხვევაში ვუბრძანო მუზეუმის ჩრჩილებს და ერთ თვეში ავთანდილი და ტარიელი კი არა, ქაჯებიც აღარ დარჩებიან მაგ წიგნიდან.

. . .

– მამავ, მამავ! – გვერდით მიუჯდა შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭი, რომელმაც ყველი, გამხმარი პური და დოქით წყაროს წყალი შემოუტანა.

ეს ბიჭი სიბერეში შეეძინა სებას და მამა-შვილს განსაკუთრებით უყვარდათ ერთ-ურთი. ცოლი და უფროსი ორი ბიჭი აღარც კი ელაპარაკებოდნენ სებას. ოჯახის მოღალატედ თვლიდნენ.

– გიჟი ხარ, შენი ადგილი საგიჟეშია. ქვეყანა იმას ცდილობს რა შეიტანოს სახლში, რა ჩააცვას და დაახუროს ცოლ-შვილს, შენ კი დამდგარხარ და დათვებისა და მელიების ფიტულებს ებაასები. განა ტყუილად იძახის მთელი სოფელი შუღლიანთ სებაი გაგიჟებულაო. ეგღა გვაკლდა არა, რომ გიჟის შვილები ეძახონ შენ შვილებს. ვინ გამოატანს ამათ ქალებს. არა, არა, მეტს ვეღარ მოვითმენ, საგიჟეში უნდა წავაყვანინო შენი თავი!

– ხმა ჩაიკმინდე, ქალო! – ისეთი მტკიცე ხმით უთხრა სებამ ცოლს, ქალმა იმ წუთას ხმა გაკმინდა და მუზეუმიდან გავიდა.

– მამავ, მამავ! – ისევ ჩაილაპარაკა ჩუმად სებაის ნაბოლარა ბიჭმა.

– რა იყო, მამა გენაცვალოს! – (მთის ხალხი ძუნწია როცა შვილებს ეფერებიან, მაგრამ სებაი ყოველთვის ისეთ უზომო სითბოსა და სიყვარულს გრძნობდა ამ ბიჭის მიმართ, სხვა სიტყვებს ვერ პოულობდა მის მოსაფერებლად).

– მამავ, მართლა ხომ არ გაგიჟდები?

– არა შვილო, რაისთვის უნდა გავგიჟდე?

– რა ვიცი, ყველა ასე ამბობს, ქვეყანა თავზე გვენგრევა, სადაცაა მდინარე სოფელს ჩააგდებს და წაიღებს და ეგ კიდევ მუზეუმს ვერ ელევაო. წვიმების დროს ისე ანგრევს მდინარე მინდორს, სადაცაა ჩვენ სახლსაცა და მუზეუმსაც მოადგება. ღამე სულ შიშით ვიძინებთ, რომ მდინარემ სახლი არ წაიღოს. სოფელი ჯებირებს აშენებს, მაგრამ არაფერი არ შველის. ხალხი ამბობს, ეტყობა ღვთის რისხვაა, პირიმზის სალოცავის მოედანზე ჯერ რუსებმა რომ ააშენეს ბასტიონები, მერე კომუნისტები მოვიდნენ და საქონლის ფერმა ააშენეს, ეხლა კიდევ ამ სებამ მუზეუმი ააშენა და შიგ ათასი ცოდვიანი იარაღი და უწმინდური ცხოველის ფიტული გამოფინაო.

– შენ გულს ნუ დაიღონებ ჩემო ბიჭო, მე არც გიჟი ვარ და არც გავგიჟდები. მუზეუმი იმისათვის არის საჭირო, რომ ერს თავისი წარსული, აწმყო და მომავალი ახსოვდეს. ჩვენ სხვანაირად ვერ გადავრჩებით ჩემო ბიჭო, მამა გენაცვალოს, აბა გახედე იმ გზას, კლდეებში რომ არის გაჭრილი, ეგ ჩვენი დიდი მეფის, ვახტანგ გორგასალის ნაგზევია. მოდი, რა წაგაკითხო. სებამ ბიჭი იმ ფარდაგთან მიიყვანა, სადაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული და ზედ ვახტანგ მეფის ანდერძი ეწერა: ვახტანგის ანდერძი!მტკიცედა სდექით სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა, რათა მარადიული დიდება მოიგოთ.აი, შვილო, აი, ამ ფარდაგს ეს ანდერძი აწერია, ხოლო საკუთარი ავი ზრახვებისათვის მაძიებელნი უფრო მეტნი ეტანებიან ამ ფარდაგზე ყოფნას ვიდრე ისინი, ვინც ჭეშმარიტად მტკიცედ დგას სარწმუნოებასა ზედა და ქრისტესათვის სიკვდილს ეძიებს. მთავარი ამანდერძის და ამ ფარდაგის გადარჩენაა და თუ მე ვერ შევძელ, შენ უნდა შეძლო.

ბიჭმა მამას მადლიერი თვალებით შეხედა.

შუღლიანთ სებამ შვილის მოტანილი წყაროს წყლით გული გაიგრილა.

– მე მგონი კიდევ წვიმას აპირებს, მამავ.

ერდოში გამკრთალ ელვას შეხედა ბიჭმა.

– ნუ გეშინია, მამა გენაცვალოს, ნუ გეშინია, მაღალი ღმერთი და ვახტანგის ანდერძი, ყოველთვის დაგვიფარავს ქართველებს, – დააიმედა მამამ მოსალოდნელი წვიმისაგან შეშინებული ბიჭი.

– სახლი რომ გაგვტაცოს მდინარემ, მერე რა ვქნათ, მერე სად ვიცხოვროთ? – უფრო შეშინდა ბიჭი.იგი ერთიანად კანკალებდა და თან მამისაგან ელოდა პასუხს, ხანაც გარეთ იხედებოდა. მუზეუმში დატანებულ ერდოებში ელვა კრთებოდა, მელიისა და დათვის ფიტულებს ანათებდა და ეტყობა მან უფრო შეაშინა ბიჭი, ხალათი წამოიფარა თავზე და თავსხმაში გავარდა გარეთ.ღონემიხდილი ჩამოჯდა შუღლიანთ სება ტახტზე. ელვა თანდათან კრთებოდა და ელექტრონის შუქივით იყო განათებული მთელი მუზეუმი.მხოლოდ ერთი მხარე იყო დახუნძლული, ის მხარე, სადაც ფარდაგი ეკიდა. დანარჩენ სამ კედელზე ზოგან ფიწალი ეკიდა, ზოგან შრომაში გაცვეთილი გუთანი იყო კუთხეში მიყუდებული, ზოგან ათასი საკერებლით დაკემსილი ქალისა და კაცის სამოსი. მუზეუმის შუაგულში მინავლებული კერია იყო, თავიხეზე ჯაჭვი იყო ჩამობმული და ზედ შემურული ქვაბი ეკიდა.უცებ შუღლიანთ სებამ თვალი მოჰკრა, რომ ელვით განათებულ ერდოში რუსი ჯარისკაცის აჩრდილი შემოვიდა, მელიასთან მივიდა და ჩაუჩურჩულა: – დარეკეს.

– ძალიან კარგი, – მოუწონა მელიამ.

– ეს მუზეუმი დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს საქმეს. ეს თუ არ მოისპო, ძველ ბასტიონს ვერაფრით ვერ ავაშენებთ.

– დრო და მოთმინებაა საჭირო, დრო და მოთმინება. ამათ საჩვენო საქმე თუ ისე არ შევუმზადეთ, რომ თვითონვე არ დაშალეს მუზეუმი, ისე არაფერი არ გამოვა.

– მაინც როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო დასჭირდება ამას?

– ხუთი წელი მაინც კიდევ უნდა დავრჩე პრეზიდენტად, რომ ყოველგვარი სურვილი ჩავუკლა, რომ მუზეუმი ააშენონ, თორემ ამათი ამბავი რომ ვიცი, აიმ ერდოდან რომ ვახტანგ გორგასალის ნაგზევი ჩანს, იმ ნაგზევს მისტირიან და ის აძლევს ძალას. აი, ამ ფარდაგზე რომ ანდერძია ამოქარგული, ათასხუთასი წლის წინათ არის ნაანდერძევი და მაინც ეგ აძლევს ძალას. ამათ თუ ეროვნულობისა და წინაპართავე ყურების საფუძველი არ გამოაცალე, სხვანაირად მუზეუმების მშენებლობას არ მოიშლიან. მუზეუმი კი ამათთვის იგივეა, რაც სალოცავი. თოფები და ხმლები ხომ ჩავაკეტინე სკივრებში და კიდობნებში, ეხლა კიდევ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მომავალ სამუზეუმო არჩევნებში, რომ ბარმაც ჩვენ მოგვცეს ხმა, ქარჩმაც და ნიჩაბმაც. დამიჯერეთ, დროა საჭირო, დრო.

– კარგით ბატონო მელია, წავედი.

– კი ბატონო.

ლანდი ის იყო ელვითგანათებულ ერდოში უნდა გასულიყო, რომ მელიამ მიაძახა: – მოდი ერთი წუთით.

ლანდი მელიასთან მივიდა.

– რომელი მხრიდან დარეკეს?

– ჩრდილოეთიდან.

– ესე იგი... დაფიქრდა მელია, – ესე იგი თქვენთვის დასავლეთიდან არ დაურეკიათ?

– როგორც კი დარეკავენ, იმ წუთას მოგახსენებთ, ჩემო ბატონო!

– თავისუფალი ხართ! – უბრძანა მელიამ და კუდით მიიხმო სადგისი.

– რა თქვით, მუზეუმში ჩრჩილები მყავსო?

– რამდენიც გნებავთ დიდო ბატონო!

– მე რა მნებავს, ჩრჩილი რა ჯანდაბად მინდა, იცოდე ჩრჩილი არ დავინახო ჩემ ფიტულში შემომძვრალი თორემ, კიდობანში ამოგაყოფინებ თავს.

– უწინ მე მოვიტეხ წვერს, მანამ თქვენ ჩრჩილს მოგაკარებთ.

– რამდენიმე გაწვრთნილი ჩრჩილი თუ გყავს?

– მყავს სხვადასხვა დარგში მომუშავეები, მაგრამ თქვენ მაინც რომელი გაინტერესებთ?

– ჩემ ზემოთ რომ ანდერძი წერია, იმას ხედავ?

– როგორ არ ვხედავ.

– ასო-ასო რომ ამოჭამონ, აისეთი ჩრჩილები მჭირდება.

– ეხლავე შევუდგები მაგ საქმეს! – ფარდაგზე ყოჩაღად გაგორდა სადგისი.

მელიამ კუდი თავქვეშ ამოიდო და ტკბილად ჩაიძინა.

არ ეძინათ ჩრჩილებს.

არც სადგისს ეძინა, მორიგ საქმეებზე მუშაობდა.

და რაც მთავარია არ ეძინა შუღლიანთ სებას.

გარეთ ქუხდა. ელავდა, წვიმა აშხაპუნებდა და როგორც ჩანს არ ეძინა შუღლიანთ სებაის ნაბოლარა ბიჭს იმის შიშით, რომ მდინარეს იმათი სახლი არ წაეღო და ვინ იყო მშველელი, აღარ იცოდა. იმან ბევრი ვერ გაიგო იმ დღეს მამის საუბრიდან და რაც მთავარია ვერ გაიგო რატომ იყო ძველებურ ფარდაგზე ამოქარგული რამდენიმე სიტყვა, რომელსაც მამამისი ვახტანგის ანდერძს ეძახდა და რომელიც საკუთარ სახლზეც ძვირფასად მიაჩნდა. ბიჭს კი მთელი არსებით უყვარდა თავისი სახლი და ეშინოდა აბობოქრებულ მდინარეს არ წაერთვა მისთვის ეს სახლი.პატარა ბიჭებს ხშირად ორი რამე ეიმედებათ – მამა და საკუთარი სახლი.და როცა მამები ვერ ეხმარებიან და სახლს კი მდინარე უპირებს წაღებას, მათი გული თრთის და კანკალებს, როგორც ვარსკვლავი შუაღამის ნეტარებაში.

საქმე №11. ფანდური, ანუ კაი ყმის სიმღერა

(საიდუმლო ინფორმაცია ფანდურზე) მთაში კარგ კაცზე იტყვიან, ლექსივით აწყობილი კაციაო. მთაში ლექსი ლოცვის მაგიერია. ტირილითაც კი ლექსად ტირიან. უმეტესობა მოლექსეებისა ყაჩაღად იყვნენ გავარდნილი, ოღონდ ყაჩაღად არა იმ გაგებით, როგორცდღეს ხმარობენ ყაჩაღს. ყაჩაღი იმდროინდელი მთავრობის მოწინააღმდეგე იყო. ეს იყო ლექსივით აწყობილი კაცი, რომელიც ვერ ეგუებოდა რუსების კანონებს.ერთ-ერთი ასეთი ლექსივით აწყობილი კაცი, აი იმ ფანდურის პატრონი იყო, გულთაბოძზე რომ ჰკიდია სალამურის გვერდით. დაჯდებოდა ეს ყაჩაღად გავარდნილი კაცი და ფანდურის ხმაზე დაამღერებდა თავის გულის სათქმელს, აი, თუნდაც ასეთს: რა ვქნისა ციხე ავაგე

ჯავრი შავაბი კარადა, საიქიოდან მოვიდნენ

იმ ციხის სანახავადა.

ბევრი უარეს გარშემო

კარ ვერ გატეხეს ძალადა, მემრე თქვეს, ჟამი მოვალის

კარ გაიხსნების თავადა.

აი, სწორედ მაგ ფანდურზეა ეგ ლექსი ნამღერი და როგორ მოვიქცეთ, ისეთი ფანდური, რომლის პატრონიც ეგეთ ლექსს მღეროდა, მოგვცემს კი არჩევნებში ჩვენ ხმას? თუ გინდა მიბრძანე და ისეთ ადგილას გავხვრეტავ, მთელი ცხოვრება ხმას ვეღარ ამოიღებს, თუ არა და კიდობანში ჩავაკეტინოთ.

მარად თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი!

საქმე №12.ორაგულის ცხოვრება

(ანუ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მელიას ვიღაც კაცმა მოუყვა იმ ღამეს ძალიან რომ წვიმდა) ესიზმრა მელიას: ზის ტახტზე და შემოიყვანეს მასთან მრჩეველი, პატარა, გაქუცული კაცი, წელში მოხრილი და არ ვიცი მელიას შიშით, არ ვიცი სიბერით, არ ვიცი მლიქვნელობით, ყოველ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს ვერ გაუგებ პრეზიდენტების წინაშე რატომ კანკალებენ.

– თქვენ ახალი მრჩეველი ხართ, ხომ? – ეკითხება სიზმარში მელია.

– დიახ, ბატონო მელია.

– რა საკითხებში ერკვევით?

– ძირითადად ფილოსოფიაში.

– და რა არის ფილოსოფია? – გულწრფელად დაინტერესდა მელია.

– ფილოსოფია, ჩემო ბატონო, ყველაფერია, ის რაც ღმერთმა შექმნა და კიდევ ის რაც კაცმა უნდა შექმნას საქმით, ან სიტყვით, უფრო სიტყვით.

– და როგორ ფიქრობთ, მელია არ არის ფილოსოფოსი?

– როგორ არა, როგორ არა, მელია ყველაზე დიდი ფილოსოფოსია ამ ქვეყანაზე.

– რატომ და რა ღირსებით?

– პირველ რიგში იმით, რომ ბრძენია, რაც გულში აქვს იმას მალავს და რაც სხვების გულშია იმას ყველაზე მეტად მელია ხვდება.

– კიდევ?

– კიდევ ის, რომ ტყუილის უდიდესი ნიჭი აქვს.

ადამიანებს კი ხშირად სიმართლეზე მეტად ტყუილი უყვართ. ტყუილი ისეთი პურია რის სიგემრიელესაც მასები ადვილად იჯერებენ და თანაც რატომღაც ჰგონიათ რომ ეს პური დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დატკბება, ხვალ თუ არა ზეგ დატკბება და მელიასაც მეტი რა უნდა, იქნევს აქეთ-იქით თავის გრძელ კუდს და ხალხს თავს აწონებს თავისი სიბრძნით.

– კიდევ? კიდევ რითია მელია დიდი ფილოსოფოსი?

– მოთმინებით, ბოღმის გულში ჩადებით და სხვისი ხელით მტრის განადგურებით. იგი არასოდეს არა სტოვებს თავის უკან კვალს, ნაფეხურებს, გრძელ კუდს მიითრევს და შლის ამ კვალს. ძაღლი მელიაზე გაცილებით ნაკლები ფილოსოფოსია ამ შემთხვევაში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პირდაპირ გიყეფს, მეორე კიდევ იმიტომ, რომ კუდი მაღლა აქვს აპრეხილი და თავის გავლილ კვალს ვერ შლის. დათვი ყველაზე ნაკლები ფილოსოფოსია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავისი დიდი ტორებით ყველგან დიდ კვალს ტოვებს და კაცი რომ ამ კვალზე გაივლის, აუცილებლად წააწყდება დათვის სკორეს. ის კიდევ თავის კვალზე სკორის მეტს არაფერს ტოვებს, რა ფილოსოფოსი უნდა იყოს.

– ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ მელია ყველაზე დიდი ფილოსოფოსია ცხოველთა შორის?

– სრული ჭეშმარიტებაა.

– და რა არის ჭეშმარიტება?

– ის, რომ მელია ყველაზე დიდი ფილოსოფოსია ცხოველთა შორის და ამიტომაც არის ღირსი მუზეუმში ეჭიროს პრეზიდენტის თანამდებობა.

– და კაცთა შორის ვინ არის ყველაზე დიდი ფილოსოფოსი, რომ მასაც ღირსეულად ეკუთვნოდეს არჩევნებში გამარჯვება თავისი დიდი ფილოსოფიური მჭერმეტყველებით და ამის მიხედვით პრეზიდენტის სავარძელი.

– როგორ გითხრათ, ადამიანებს უამრავი ფილოსოფოსი ჰყავს, მაგრამ რატომღაც ადამიანებს არ უყვართ ფილოსოფია. ისინი თვითონ წარმოადგენენ იმ ფილოსოფიის ნაწილს, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ.

ცხოვრებაში არსებობდნენ ისეთი დიდი ფილოსოფოსები, როგორიც კანტია, ჰეგელია, პლატონია, არისტოტელეა, ფროიდია და კიდევ ისეთი ადამიანია, რომელსაც ნიცშე ჰქვია.

– ააა, ნიცშეე, ნიცშე! – მრავლისმეტყელად ჩაილაპარაკა მელიამ.

– გიკვირთ არა ღმერთის სიკვდილი ბატონო მელია, მეც მიკვირს.

– როგორ, უკვე მოკვდა? – წამოხტა სახეგაბადრული მელია.

– არა, ეს ნიცშეს მოძღვრებაში, მაგრამ მთელი ნიცშეს ფილოსოფია, ის კი არ არის, რომ ადამიანებს აჩვენოს მკვდარი ღმერთი, ნიცშეს ფილოსოფია ღმერთისადმი დიდი სიყვარულია და იმის ცდაა რომ თავისი პროტესტით ღმერთისადმი, ადამიანებს დაუმტკიცოს, როგორ ტყუილად ჰგონიათ რომ ღმერთი მოკვდა. სხვა შემთხვევაში ნიცშე დაემსგავსებოდა იმ მეთევზეს, რომელმაც იცის რომ არ არსებობს მდინარე, იმ არარსებულ მდინარეში არ არსებობს თევზი და არ არსებობს მდინარის ნაპირი, სადაც შეიძლება იდგეს თვით ნიცშე, თავისი შემართული ანკესით, რომელსაც სხვა თუ არაფერი, სატყუარა ჭიაყელა მაინც უნდა ებას. და სწორედ ეს სატყუარა ჭიაყელაა, რითიც ფილოსოფოსები ისევე ატყუებენ ადამიანებს, როგორ თევზებს.

და ნიცშემ იცის ყველაზე კარგად ეს ყველაფერი.

– როგორ, ჩემზე კარგადაც?

– არა, ადამიანებზე გეუბნებით.

– და ვინ არის ადამიანებში ისეთი ფილოსოფოსი, რომელიც მდინარის პირასაც დგას, მომართული ანკესიც უჭირავს და მშვენივრადაც ისვრის წყალში, ისვრის და თევზიც

მოებმება მის ნასროლ ანკესს.

– აგერ, კედელზე რომ კაცის სურათი ჰკიდია, ის არის, ჩემო ბატონო.

– და რა ჰქვია მაგ კაცს?

– ვაჟა-ფშაველა. კაცი, რომელსაც შეეძლო მდინარეში ესროლა ანკესი, დაეჭირა ორაგული, გამოეხსნა ანკესიდან, გულზე ეკოცნა მისთვის და ისევ მდინარეში გაეშვა.

– შუღლიანთ სებავ! შუღლიანთ სებავ! – იყვირა ნახევრად მძინარე მელიამ.

სება მელიასთან მიიჭრა.

– აიმ კაცის სურათს ხედავ? – კუდით ანიშნა სურათზე, რომელიც ერდოდან შემოჭრილმა ელვამ ისე გაანათა, როგორც წმინდანის ხატი ეკლესიაში.

– ვხედავ, როგორ არ ვხედავ, მე კი არა ძილშიც კი ხედავს მაგის ხატებას მთელი ქვეყანა.

– ხოდა სასწრაფოდ უნდა გადამალო კიდობანში, ცუდი სიზმარი ვნახე, ცუდი არაფერი მოუწიონ მაგ კაცს, თორემ ქვეყნის წინაშე კი არა, ორაგულის წინაშეც კი შევრცვხებით.

– რომელი ორაგულის? – დაიბნა შუღლიანთ სება.

– გადამალე, გადამალე, არჩევნების წინ ორაგულების მოყვარული კაცები ჩვენ არ გვჭირდება.

– ამ კაცს ორგული კაცები არ უყვარდა ჩემო ბატონო, – სცადა ვაჟა-ფშაველას დაცვა შუღლიანთ სებამ.

– ბუნტს მიწყობ? დავრეკო იქ სადაც საჭიროა და ერთ წუთში მოვასპობინო ეს მუზეუმი, თუ წესით და რიგით ჩავატაროთ არჩევნები და როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, ვაჟა-ფშაველაც ჩამოვკიდოთ ამ ფარდაგზე, თოფებიც და ხმლებიც. ეხლა რაც არის საჭირო, ის გააკეთე, გადამალე სკივრში ეგ კაცი.

შუღლიანთ სებამ ხელის კანკალით ჩამოხსნა სურათი, თავის ნაქონ ხალათში შეახვია და კიდობანში ჩადო.

გარეთ ქუხდა.

ელავდა.

კარზე ბრახა-ბრუხი ატყდა.

– მამავ, მამავ! – მოისმა შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭის განწირული ძახილი.

სებამ კარი გააღო.

ბიჭი ტირილით შემოვარდა.

– წაიღო მამავ, წაიღო!

– რა წაიღო შვილო, მამა გენაცვალოს, დაწყნარდი და ისე მითხარი.

– ჩვენი ბროლია წაიღო მდინარემ მამავ, აშვება ვეღარ მოვასწარი, მარგილი მოთხარა და ბროლიაც თან წაიღო!

– დაწყნარდი შვილო, მამა გენაცვალოს, ბროლია მაგარია, ეგრე ადვილად არ დაეხრჩობინება მდინარეს.

– სახლსაც წაგვართმევს მდინარე მამავ, თუ ჯებირი არ გავამაგრეთ, წამო მოგვხედე, გაანებე ამ მუზეუმს თავი, ხომ ხედავ ფიტულების მეტი არაფერია აქ.

– დაწყნარდი, მამა გენაცვალოს, დაწყნარდი, მოდი ტახტზე წამოწექი და შეგამშრალებ.

– რა დროს ტახტზე წამოწოლაა მამავ, ჯებირი თუ არ გავამაგრეთ, სახლს წაიღებს მდინარე.

შუღლიანთ სებამ შვილის მუდარას ვეღარ გაუძლო და ჯებირის გასამაგრებლად გაცვივდნენ გარეთ.

სებაის დიდი ბიჭები უკვე ამაგრებდნენ ჯებირს.

სებაის ცოლიც კაცივით ეხმარებოდა შვილებს.

კლდის გაყოლებით ფიჩხს ალაგებდნენ და ზედ დიდ ლოდებს აწყობდნენ. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა შუღლიანთ სებას, როგორმე მიმართულება შეეცვლევინებინა მდინარისათვის და გარიჟრაჟისას, როგორც იქნა მოახერხეს ეს.

მდინარემ ეგრე იცის, რაკი ერთხელ მიმართულებას შეიცვლის, მერე თვითონ ცდილობს იქით მხარეს გაჭრას თხრილი და ეხლაც გულდაგულ შეუდგა მოპირდაპირე მხრისკენ დინებას.

– მამავ, მამავ! – იყვირა ნაბოლარა ბიჭმა.

– ხედავ, გზაზე ჩვენი ბროლია მოდის, მამავ!

– ხომ გითხარი, მამა გენაცვალოს, მთავარია გწამდეს და გჯეროდეს და ყველაფერი კარგად იქნება.

მთლად სველი და დაღლილი შუღლიანთ სება გუდამაყრის მუზეუმში შევიდა.

კარებში შესულმა ისევ იმ ფარაჯიანს მოჰკრა თვალი, ერდოდან რომ შემოდიოდა ხოლმე და რაღაცაზე საიდუმლოდ ეჩურჩულებოდა მელიას.

– ესე იგი დასავლეთიდან დარეკეს არა? – ჰკითხა მელიამ.

– ჩრდილოეთის პასუხი არ იცი?

– ჩრდილოეთი მომხრეა რაც შეიძლება მალე გაუქმდეს ეს მუზეუმი.

– ხომ გითხარით დრო უნდა-მეთქი, აგერ ყველაფერი რაც საშიშია სკივრებში და კიდობნებში გამოვაკეტვინე.

– რომ განთავისუფლდნენ?

– ისეთ დროს გავათავისუფლებ, არაფრის ძალა რომ აღარ ექნებათ.

– და მაინც რომ არიან ამ მუზეუმში საეჭვო და თავისუფალი იარაღები?

– ესეც საჭიროა.

– მაგრამ ჩრდილოეთმა შეიძლება უცებ მიიღოს ამ მუზეუმის სწრაფად განადგურების გადაწყვეტილება.

– გადაეცი, რომ საარჩევნო დროა საჭირო, როგორმე დასავლეთი თუ არ მოვატყუეთ, პირველები ისინი იმოქმედებენ.

– მე საით დავრეკო?

– იქაც და იქაც! – უბრძანა მელიამ.

დაღლილი შუღლიანთ სება ტახტზე იჯდა და საცოდავად შეჰყურებდა გაპარტახებულ მუზეუმს.

ფარდაგზე წამოსკუპებულ მელიასთან სადგისი მიგორებულიყო და რაღაცას ეჩურჩულებოდა.

– მამავ, მამავ, აი, ცივი წყალი მოგიტანე! – მუზეუმში შემოვიდა შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭი და წყლით სავსე დოქი მიაწოდა მამას.

– დედამ თქვა, ცოტა ხანში საჭმელად გადმოვიდესო, – თქვა ბიჭმა და გავიდა.

სებამ დოქი მოიყუდა და კარგა ხანს იგრილებდა გახურებულ გულს წყაროს წყლით, რომელიც თიხის დოქიდან საამოდ მორაკრაკებდა. რატომღაც ამ დროს კუთხეში მიყუდებულ გუთანს გახედა სებამ და დოქის ყელიდან წამოსულ რაკრაკთან ერთად, ვინ იცის, როდის გარდაცვლილი გუთნისდედის ღიღინი მოესმა: გადი-გამოდი გუთანოო, ღირღიტავ ბანი უთხაროო... სევდიანი და გულის ამაჩუყებელი იყო ეს სიმღერა. თანაც რაღაც ავისმაუწყებლად უყურებდნენ მელია და სადგისი გუთანს, რომელიც უწყინრად იყო მიყუდებული მუზეუმის კუთხეში და ვინ იცის რომელ მეხრეზე ფიქრობდა, რომელი ხარები ელანდებოდა, თუ გაზაფხულზე ახლადმობრუნებული მიწის სუნი ესმოდა, ხედავდა როგორ მისდევდ- ნენ ბალღები და ნახნავში ამოყრილ ფხოლას ჭამდნენ. ფრინველებიც უკან მიყვებოდნენ ამ დროს გუთანს და ბელტებსშორის ამოყრილ თეთრ მსუქან ჭიებს უნისკარტებდნენ. გუთანი მიიწევდა წინ ლაღად, მიჰყვებოდა გუთნისდედის ნება-სურვილს და შუადღისას ისიც მეგუთნეებთან ისვენებდა დიდი კაკლის ძირში. მაშინ ყველანი დიდი სიყვარულით შეჰყურებდნენ გუთანს, როგორც ერთადერთ გადამრჩენელს და დამრჩომს ხართან ერთად. ეხლა კი... შუღლიანთ სებამ შენიშნა, რომ მელია და სადგისი ავი მზერით უყურებდნენ მუზეუმის კუთხეში მშვიდად მიწოლილ გალეულ გუთანს.

*გაგრძელება*

ნახვა: 1149

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters