ერიკ ემანუელ შმიტი - დაუპატიჟებელი სტუმარი

ამჯერად ნამდვილად მკაფიოდ დაინახა. უცნობმა ქალმა მისაღებ ოთახში გაიარა და, სანამ სამზარეულოს სიბნელეში გაუჩინარდებოდა, გაკვირვებული მზერა მიაპყრო.

ოდილი შეყოყმანდა: უცნობს ფეხდაფეხ გამოდევნებოდა თუ სასწრაფოდ თავად მოეკურცხლა ბინიდან?

ვინ იყო ეს შემოხიზნული ქალი? ყოველ შემთხვევაში ეს, აგერ უკვე მესამე ვიზიტი გახლდათ. წინა შემოჭრები იმდენად ხანმოკლე იყო, რომ ოდილმა ერთი კვალობა ისიც კი გაიფიქრა, ყველაფერი მომეჩვენა და რაც დავინახე, მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყოო. ამჯერად მათ ერთმანეთის სწრაფი შეთვალიერებაც კი მოასწრეს. ოდილს ისიც კი მოეჩვენა, დაუპატიჟებელმა სტუმარმა მოულოდნელობისა და გაკვირვებისაგან ყვირილი ძლივს შეიკავა და შიშისგან დაბრეცილი სახით მოქუსლა.

ოდილმა ფიქრი შეწყვიტა და უცნობს ყვირილით გამოედევნა: - შეჩერდით! მე თქვენ დაგინახეთ. დამალვას აზრი არ აქვს! აქედან გასასვლელს ვერ იპოვით.

ოდილი ხან ერთ ოთახში შევარდა შურდულივით, ხან მეორეში. ყველაფერი გადააქოთა. სამზარეულო, ტუალეტი და სააბაზანო ოთახიც კი. არსად უცნობის ჭაჭანება არ იყო.

შესამოწმებელი მხოლოდ ტანსაცმლის გარდერობი დარჩა დერეფნის ბოლოში.

- ახლავე გამოდით, თორემ პოლიციას გამოვიძახებ.

ოდილის მუქარას შედეგი არ მოჰყოლია.

- მითხარით, რას აკეთებთ ჩემს სახლში? აქ როგორ შემოძვერით?

ყრუ სიჩუმე.

- კეთილი! მე გაგაფრთხილეთ.

უეცრად ოდილის მთელი არსება პანიკამ მოიცვა: რა სურდა უცნობ ქალს? აცახცახებულმა შემოსასვლელისკენ დაიხია; იქ ტელეფონის ყურმილს ჩააფრინდა, ერთი-ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, პოლიციის ნომერი სწორად აკრიფა. „ჩქარა, რა! ჩქარა, რა, აიღეთ ყურმილი, თორემ გამოვარდება კარადიდან და იერიშს პირდაპირ ჩემზე მოიტანს.“ ელექტრო-კომუტატორის ათასგვარი ჯურის მისალმებასა და განცხადებას საჯარო მოსამსახურის მოხელის კარგად დაყენებული ხავერდოვანი ხმა მოჰყვა: - მეთექვსმეტე უბანი. პარიზის პოლიცია გისმენთ.

- სასწრაფოდ გამოცხადდით. ჩემს ბინაში უცნობი ქალი შემოიჭრა. დერეფნის გარდერობშია დამალული და ცოცხალი თავით არ გამოდის. სწრაფად! სწრაფად! გემუდარებით! ვინ იცის, იქნებ გიჟია ან მკვლელი? იჩქარეთ! შიშისგან ლამის ჩემი დამემართოს.

პოლიციის თანამშრომელმა ჯერ ოდილის სახელი, გვარი და მისამართი ჩაინიშნა, შემდეგ კი დაარწმუნა, რომ პატრული გამოძახების ადგილზე ხუთ წუთში გაჩნდებოდა.

- ალო, ალო, ისევ ხაზზე ხართ?

- ე ე ე ე ...

- როგორ გრძნობთ თავს, ქალბატონო?

-...

- ყურმილი არავითარ შემთხვევაში არ დაკიდოთ. ამგვარად გექნებათ შესაძლებლობა, თუ რამე ხდება, სასწრაფოდ შემატყობინოთ. ახლა კი ხმამაღლა გაიმეორეთ, რაც ეს-ეს არის, მითხარით, რათა იმ ადამიანმა კარგად გაიგოს, რომ თქვენ დაუცველი არ ხართ. მიდით, გააკეთეთ რასაც გეუბნებით.

- დიახ, თქვენ სავსებით მართალი ბრძანდებით. რა თქმა უნდა, ყურმილს არ დავკიდებ. თუ იმ ადამიანმა რამე მოიმოქმედა, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას შეიტყობს.

ოდილი ისე კიოდა ყურმილში, რომ ლამის ყურთასმენა დაკარგა. ნეტავ გამოკვეთილად და გასაგებად წარმოვთქვი? მთავარია დისტანციის, კარისა და პალტოების მიუხედავად მესიჯს ადრესატამდე მიეღწია და მისთვის არაადეკვატური ქმედების სურვილი წაერთმია.

ბინის ყველა კუთხე-კუნჭულში სრულ სიჩუმესა და უმოძრაობას დაესადგურებინა. ოღონდ ეს სიწყნარე ოდილისთვის ნებისმიერ ხმაურზე გაუსაძლისი აღმოჩნდა.

ოდილმა პოლიციელს თავი ჩურჩულით შეახსენა: - ისევ აქ ხართ?

- დიახ, ქალბატონო, მე თქვენ არ გტოვებთ.

- მე... მე... ცოტა მეშინია...

- გაქვთ რამე, იერიშის შემთხვევაში თავი რომ დაიცვათ?

- არა, არაფერი. აბა, საიდან?

- მონახეთ რამე საგანი, თავდაცვის საშუალებას რომ მოგცემთ? იმასაც შეაშინებთ, თუ ვინიცობაა, ღმერთი გაუწყრება და აგრესიას გამოავლენს.

- არა.

- ყავარჯენი? ჩაქუჩი? ან რამე ქანდაკება? მიმოიხედეთ გარშემო.

- აჰ, დავინახე. ბრინჯაოს პატარა ქანდაკება.

- მშვენიერია, აიღეთ ახლა ეს ქანდაკება და თავი მოიკატუნეთ, რომ ხელში იარაღი გიჭირავთ.

- უკაცრავად, ვერ გავიგე.

- ხმამაღლა გამოაცხადეთ, რომ ხელში მეუღლის პისტოლეტი გიჭირავთ და არაფრის არ გეშინიათ. მიდით, ოღონდ ხმამაღლა!

ოდილმა ღრმად ჩაისუნთქა და შიშნარევი ხმით იღრიალა: - არა, ბატონო კომისარო, რისი უნდა მეშინოდეს. ჩემი ქმრის პისტოლეტი მიჭირავს ხელში.

ოდილმა ხმაურით ამოიხვნეშა. ისეთი დაზაფრული იყო, თავს ძლივს იკავებდა, იქვე რომ არ ჩაეფსა.

ყურმილში ისევ გაისმა მამაკაცის ხმა: - აბა, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- არანაირი!

- მშვენიერია. შეშინებულია და იმიტომ. დამშვიდდით. სანამ ჩვენი თანამშრომლები მოვლენ, ადგილიდან არ გაინძრეთ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ოდილი უკვე პოლიციელებს პასუხობდა ინტერფონზე. სანამ მათ ლიფტი მეათე სართულამდე ამოიყვანდა, კარის გაღება იჩქარა და კიბის ბაქანზე გავიდა. კაბინიდან სამი ბეხლეწი გამოვარდა.

- აი, იქ, - მიუთითა ოდილმა, - ტანსაცმლის გარდერობში იმალება.

ოდილი თრთოლამ აიტანა, როცა ახმახმა პოლიციელებმა იარაღი დააძვრეს და დერეფანს გაუყვნენ. იმისათვის, რომ არ დასწრებოდა სცენას, რომელსაც მისი ნერვები უეჭველად ვერ გაუძლებდა, ოდილმა ამჯობინა, თავი მისაღებისთვის შეეფარებინა. აქედან მის სმენამდე ბუნდოვნად აღწევდა სამართალდამცველთა მუქარა და ბრძანებები.

ოდილმა სიგარეტს გაუაზრებლად მოუკიდა და ფანჯარას მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ივლისის დასაწყისი იყო, გაზონებს უკვე შეჰპარვოდათ სიყვითლე. ხეებიდან წითელი ფოთლები ცვიოდა. ზაფხულის პაპანაქებას ცხადია, ტროკადეროს მოედანიც არ დაენდო. მთელ საფრანგეთში სულთამხუთავი სიცხე ჩამოწოლილიყო და მხურვალება ყოველდღე ხვეწდა თავის მომაკვდინებელ ხელოვნებას. ტელევიზიით ყოველ საინფორმაციო გამოშვებაში მისი ახალი მსხვერპლის შესახებ იუწყებოდნენ. გარდაცვლილ უსახლკაროებსა და მაწანწალებს გავარვარებულ ასფალტზე პოულობდნენ, მოხუცთა თავშესაფრებში ხანდაზმულები ბუზებივით იხოცებოდნენ, ჩვილი ბავშვები წყლის ჭარბ გამოყოფას ვერ უძლებდნენ და იღუპებოდნენ. განადგურებულ ცხოველებს, ყვავილებს, ბოსტნეულსა და ხეებს ხომ ვერ მოთვლიდით...

ოდილმა მგონი ქვემოთ, სკვერში მიწაზე დაგდებულ შაშვს მოჰკრა თვალი. საბრალო ფრინველი შორიდან მელნით შესრულებულ ნახატს წააგავდა. რა სამწუხაროა, შაშვები ხომ ისე ტკბილად და გემრიელად გალობენ...

უეცრად ოდილს უსაფრთხოების ზომები გაახსენდა, დიდი ჭიქა წყლით პირამდე აავსო და სულმოუთქმელად დაცალა. იმ დროს, როდესაც ირგვლივ გაუსაძლისი სიცხისგან ადამიანები პანტაპუნტით იხოცებოდნენ, საკუთარ თავზე მსგავსი ზრუნვა ეგოიზმის ტიპიურ გამოვლინებად ეჩვენა. მაგრამ იყო კი შესაძლებელი განსხვავებულად მოქცეულიყო?

- ქალბატონო... ქალბატონო! გვაპატიეთ...

სალონის შესასვლელთან პოლიციელებს პაპანაქების მიერ დატრიალებულ უბედურებაზე ფიქრით დამძიმებული ოდილის რეალობისკენ მობრუნება ცოტა გაუჭირდათ. მოგვიანებით ის, როგორც იქნა, მოტრიალდა და დაინტერესდა: - აბა, ვინ აღმოჩნდა გარდერობში?

- არავინ, ქალბატონო.

- როგორ თუ არავინ?

- წამობრძანდით, თავად ნახეთ.

ოდილი სამ პოლიციელს ფეხდაფეხ მიჰყვა. გარდერობი სამოსითა და ფეხსაცმლის კოლოფებით იყო გამოტენილი და იქ შეხიზნული ქალბატონის ნაკვალევიც კი არსად ჩანდა.

- კი მაგრამ, სად არის?

- თუ გნებავთ, ერთად მოვძებნოთ.

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.

ას ოც კვადრატულმეტრიანი ბინის ყოველი კუთხე-კუნჭული პოლიციელებმა საგულდაგულოდ გადაამოწმეს. შემოჭრილი ქალი არსად ჩანდა.

- ბოლოს და ბოლოს დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს ერთობ უცნაურია, - გამოაცხადა ოდილმა პროტესტის ნიშნად და სიგარეტს მოუკიდა, - გეუბნებით, რომ დერეფანი გამოიარა და შემთხვევით მე გადამაწყდა. შეშინებული სამზარეულოსკენ გავარდა... საიდან შეიძლებოდა, რომ გასულიყო?

- სათადარიგო კარიდან.

- ის ყოველთვის გასაღებითაა ჩაკეტილი.

- მოდი, შევამოწმოთ.

ოთხივენი სამზარეულოში გადაბარგდნენ. კარი, რომელიც სათადარიგო კიბეზე გადიოდა, მართლაც ჩაკეტილი აღმოჩნდა.

- ხომ ნახეთ? - დაასკვნა ოდილმა, - აქედან გასვლას ვერანაირად ვერ მოახერხებდა.

- თუ მეორე გასაღები ჰქონდა, მშვენივრად მოახერხებდა. აბა, როგორ აღმოჩნდა აქ?

ოდილი შებარბაცდა. პოლიციელებმა ხელი შეაშველეს. მშვენივრად ჰქონდა შეგნებული, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები მართალს ამბობდნენ: თუ ვინმეს აქ შემოჭრა მართლა გადაეწყვიტა, აუცილებლად დასჭირდებოდა გასაღები, როგორც შემოსასვლელად, ასევე გასასვლელადაც.

- საშინელებაა...

- შეგიძლიათ ის ქალბატონი აღგვიწეროთ?

- ბებერი.

- უკაცრავად?

- დიახ, ბებერი ქალი ჭაღარა თმით.

- რა ეცვა?

- კი აღარ მახსოვს უკვე. როგორ გითხრათ... ჩვეულებრივად, როგორც ბევრს.

- კაბა ეცვა თუ შარვალი?

- მგონი, კაბა.

- რასაც ბრძანებთ სრულიად არ შეეფერება ქურდებისა თუ ყაჩაღების პორტრეტს. დარწმუნებული ხართ, რომ ის ადამიანი თქვენს ნაცნობთა წრეს ნამდვილად არ განეკუთვნება, რომელიც თქვენ, უბრალოდ, ვერ ამოიცანით?

ოდილმა პოლიციელებს ერთგვარი ზიზღნარევი მზერა ესროლა: - თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, შენიშვნა სრულიად ლოგიკურია, მაგრამ აქვე შევნიშნავ, რომ ჯერ მხოლოდ 35 წლის გახლავართ და, აქედან გამომდინარე, არც ბებერი მგონია თავი და არც გამოშტერებული. ფაქტია, რომ თქვენზე მეტი დიპლომის მფლობელი ვარ. ვმუშაობ, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ასევე გახლავართ ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური საკითხების სპეციალისტი, ვიცი ექვსი უცხო ენა და მიუხედავად ამ პაპანაქებისა, გადასარევ ფორმაში ვარ. მადლიერი დაგრჩებით, თუ დამიჯერებთ, რომ ნამდვილად არ მავიწყდება, ვის ვანდე ჩემი ბინის გასაღები.

გაკვირვებულმა და მასპინძლის შესაძლო გაცოფებით ცოტა არ იყოს შეშინებულმა პოლიციელებმა პატივისცემის ნიშნად თავები დახარეს.

- მოგვიტევეთ, ქალბატონო, ჩვენ ყველა შესაძლო ჰიპოთეზა უნდა განვიხილოთ. ხშირად გვიწევს სუსტი ნებისყოფისა და ნერვების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც...

- მესმის. ამას წინათ მეც მიღალატა ნებისყოფამ.

- ბინაში მარტო ცხოვრობთ?

- არა, გათხოვილი ვარ.

- სად არის თქვენი მეუღლე?

ოდილმა პოლიციელს გაოცებული მზერა შეავლო. მიხვდა, რომ ეს სრულიად მარტივი და ბანალური შეკითხვა „სად არის თქვენი მეუღლე“, დიდი ხანია, მისთვის არავის დაუსვამს.

- ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს. ჟურნალისტია და რეპორტაჟებს ამზადებს.

პოლიციელებმა ჩარლის პროფესიისადმი პატივისცემა და მოწიწება პირის დაფჩენითა და თვალების გადმოკარკვლით გამოხატეს და ენა ჩაიგდეს. მათ შორის ყველაზე ასაკოვანი კი ჯიუტად განაგრძობდა დაკითხვას: - იქნებ თქვენმა ქმარმა გასაღებების აცმა ათხოვა ისეთ ადამიანს, რომელსაც...

- ღმერთმა იცის, ახლა რა წარმოიდგინეთ. თქვენ როგორ გგონიათ, ასე რომც ყოფილიყო, არ გამაფრთხილებდა?

- ვერ გეტყვით.

- უეჭველად გამაფრთხილებდა.

- შეგიძლიათ დაურეკოთ, რომ ამაში ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნებული ვიყოთ?

ოდილმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

- არ უყვარს, ვინმე რომ უკავშირდება, როცა ქვეყნის დასალიერში იმყოფება.

- პირველად ხდება მსგავსი რამ?

- რა მსგავსი რამ? ბებრუხანას გულისხმობთ? არა, რა თქმა უნდა. თუ არ ვცდები, მესამედ მსტუმრობს.

- აგვიხსენით.

- წინა შემოჭრების დროს ჩემს თავს ჩავაგონე, კარგად ვერ გავარჩიე და მომეჩვენა-მეთქი. ზუსტად ისევე ვფიქრობდი, როგორც ახლა თქვენ. ახლა რაც ვნახე, ნამდვილად არ მომჩვენებია და არც დამსიზმრებია. ისე შემაშინა! მაგრამ არც მე დავაკელი, კაი გვარიანად დავზაფრე.

- მე ერთადერთი რჩევა შემიძლია მოგცეთ, ქალბატონო ორსინი. სასწრაფოდ გამოცვალეთ გასაღებები და საკეტი. ამგვარად მშვიდად დაძინებას შეძლებთ. ერთ დღესაც თქვენი მეუღლე დაბრუნდება და იქნებ უცნობი ქალის ამბავიც გაირკვეს. მანამდე კი თქვენს მშვიდ ძილს არაფერი დაემუქრება.

ოდილი დაეთანხმა პოლიციელებს, მადლობა გადაუხადა და კარამდე მიაცილა. მერე სიგარეტის ახალი კოლოფი მექანიკურად გახსნა, ტელევიზორი ჩართო და არჩევანი საყვარელ, უწყვეტი საინფორმაციო არხზე შეაჩერა. ეჭვები არ ასვენებდა. პრობლემის რამდენიმე კუთხიდან განხილვის მიზნით, ფიქრებში გადაეშვა.

ერთი საათის შემდეგ მიხვდა, რომ ვერც ერთი მისი ჰიპოთეზა ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებდა.

ოდილმა ყურმილი აიღო და სპეციალისტს მეორე დღისათვის საკეტის გამოცვლაზე მოელაპარაკა.

- გარდაიცვალა 2200 ადამიანი, - აცხადებდა ჟურნალისტი ტელევიზორში, - ეს ზაფხული ნამდვილად მომაკვდინებელია.

ოდილმა გასაღები კაბის ჯიბეში ჩაიდო. თავს დამშვიდებულად გრძნობდა, ვინაიდან ახალ საკეტს საკუთარი უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევდა.

ოდილს გვალვის მიერ დატრიალებულ საშინელებათა ცქერა და მოსმენა ლამის გარყვნილ ფიზიკურ ტკბობას განაცდევინებდა: დამშრალი მდინარეები, სილაში გაჩხერილი პირდაფჩენილი თევზები, სიცხისაგან გათანგული ჯოგები, გაცოფებული ფერმერები, წყლისა და დენის გრაფიკით მიწოდება, გადატვირთული საავადმყოფოები, ექიმებად შერაცხული ახალბედა პრაქტიკანტები... კიდევ რა? დამკრძალავი ბიუროები დაკვეთებს ვერ აუდიოდნენ. მესაფლავეებს პლაჟზე განცხრომის შეწყვეტა და სამსახურში დაბრუნება მოუწიათ. გაცხარებული „მწვანეები“ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ღონისძიებათა გატარების აუცილებლობაზე აყვირდნენ.

ოდილი ყოველ საინფორმაციო გამოშვებას ისეთი გაფაციცებით უყურებდა, როგორც ჩამთრევი ტელესერიალის ბოლო გამოშვებას... ახალ პერიპეტიებსა და კატასტროფებს მოწყურებული, თუ მდგომარეობა სტაბილურობისკენ იხრებოდა, ლამის იმედგაცრუების განცდა ეუფლებოდა. ხშირად არც ჰქონდა შეგნებული, თუ რა ვნებითა და სიამით ითვლიდა დაღუპულთა რაოდენობას. პაპანაქება ის სპექტაკლი იყო, რომელიც მას არანაირად არ ეხებოდა, სამაგიეროდ, მის ყურადღებას იქცევდა და ართობდა, ზაფხულის სევდასა და ნაღველს უქარწყლებდა.

  *

სამუშაო მაგიდაზე ტანჯვით დაწერილი, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი რამდენიმე სტატია და მომავალი წიგნის ხელნაწერი იდო. ოდილი საკუთარ თავში ძალას ვერ პოულობდა მათ დასასრულებლად, სანამ მთავარი რედაქტორები და გამომცემლები ტელეფონზე არ აიკლებდნენ და დაგვიანებისათვის კარგად არ გამოთათხავდნენ... ისე, საინტერესოა, რატომ ჩაუვარდათ ხმა? რატომ ჩაიგუბა ყველამ პირში წყალი? იქნებ სიცხემ მათაც გამოაცალა არაქათი ან სულაც სული გააფრთხობინა?

როცა ცოტა თავისუფალ დროს მოიხელთებს ან სურვილი არ მისცემს გასაქანს, ოდილი მათ აუცილებლად დაურეკავს და თავად შახსენებს თავს.

ოდილმა ტელევიზორი ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე არაბულ არხზე გადართო. შეურაცხყოფილად იგრძნო თავი იმის გამო, რომ ისინი სრულ დაუინტერესებლობას იჩენდნენ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებისადმი. თუმცა, მათ ხომ პაპანაქებით ნამდვილად ვერ გააკვირვებ...

სინდისის დასამშვიდებლად ოდილმა გადაწყვიტა, ერთი ჭიქა წყალი დაელია. სამზარეულოსკენ მიმავალს ისევ დაეუფლა უცნაური განცდა. დაუპატიჟებელი სტუმარი ისევ აქ იყო.

რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ოთახს სწრაფი მზერა მიმოავლო. არაფერი. მიუხედავად ყველაფრისა, მოეჩვენა, რომ... წამის მეოთხედი დროის განმავლობაში მოასწრო, მოხუცის სახე მკაფიოდ დაენახა. როგორც ჩანს, ეს მისი ანარეკლი იყო სარკეში, ლამპის შუშაზე ან კომოდის პრიალა, გალაქულ ზედაპირზე. გამოსახულება ოდილის გონებაში ჩაიბეჭდა.

მომდევნო საათი ოდილმა მთელი ბინის გადაქოთებას შესწირა. შეუთვალიერებელი და გადაუმოწმებელი ერთი კუნჭულიც არ დატოვა და შემდეგ ერთი ათჯერ მაინც დაირწმუნა თავი, რომ უცნობი ძველ გასაღებებს ვერანაირად ვერ მოარგებდა ახალ საკეტს. დამშვიდებულმა დაასკვნა, რომ მხცოვანი ქალი უბრალოდ მოეჩვენა.

ოდილი სალონს დაუბრუნდა და ტელევიზორი ჩართო. იმ დროს, როდესაც სავარძლისკენ მიემართებოდა, მოხუცი დერეფანში ცხადად დაინახა,ზუსტად ისე, როგორც ბოლო ჯერზე. უცხო ქალი წამიერად გაშეშდა, გვარიანად დაფრთხა და მოქუსლა. ოდილი დივანზე გაიშხლართა და ტელეფონის ყურმილს ეძგერა. პოლიცია სწრაფ ჩარევაზე დაითანხმა.

ამჯერად პოლიციის მოლოდინში წინა დღისაგან სრულიად განსხვავებულმა გრძნობებმა შეიპყრო. ადრე შიშს ერთგვარი კონკრეტულობა ახასიათებდა და გარდერობში დამალული უცნობი ქალითა და ამ უკანასკნელის ბოროტი ზრახვებით იყო განპირობებული. ამჯერად შიშს თავზარდაცემა, ტერორი ჩაენაცვლა. ოდილი ლამის ამოუხსნელი, ბურუსით მოცული საიდუმლოს პირისპირ აღმოჩნდა: რა ეშმაკის მანქანით მოახერხა უცნობმა ქალმა უკან მობრუნება, როცა ჩამკეტი სისტემა მთლიანად შეიცვალა?!

პოლიციელებმა დააფიქსირეს, რომ ოდილი ისტერიკაში ჩავარდნილიყო. წინა დღის გამოცდილება გაითვალისწინეს და აღარც უკითხავთ, რა ან ვინ უნდა ეძებნათ. ოდილს გაკვირვებისგან წარბიც არ შეუხრია, როცა პოლიციელები ჩხრეკის შემდეგ სალონში დაბრუნდნენ და მოახსენეს, მათი გარჯა ფუჭი რომ გამოდგა.

- ეს საშინელებაა, - ეცადა ოდილი ახსნა-განმარტებას, - ამ დილით კარზე ახალი საკეტი დავაყენეთ, რომლის გასაღები, გამორიცხულია, რომ ჩემ გარდა ვინმეს ჰქონდეს. იმ ქალბატონმა კი შემოძრომა მაინც მოახერხა.

პოლიციელები ოდილის წინ მოეწყვნენ და მისი ჩვენების ჩაწერას შეუდგნენ.

- ქალბატონო, გთხოვთ მოგვიტევოთ დაჟინება და სიჯიუტე. დარწმუნებული ხართ, ის მოხუცი ქალი ხელმეორედ რომ იხილეთ?

- ვიცოდი, რომ ამ შეკითხვას უეჭველად დამისვამდით... თქვენ ჩემი არ გჯერათ... მეც არ დავუჯერებდი ალბათ საკუთარ თავს, ყველაფერი თავად რომ არ გადამეტანა. ვერ გისაყვედურებთ იმის გამო, რომ მე ჭკუიდან გადამდგარი გგონივართ... ძალიან კარგად მესმის თქვენი... მეტისმეტად კარგადაც კი... უეჭველად მირჩევთ, რომ დახმარებისთვის ფსიქიატრს მივმართო. არა, საწინააღმდეგოს თქმას ნუ ეცდებით. თქვენს ადგილას მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი.

- არა ქალბატონო, ჩვენ მხოლოდ ფაქტები გვალაპარაკებს. დღევანდელი მოხუცი ქალი ნამდვილად ის იყო, გუშინ რომ იხილეთ?

- განსხვავებულად იყო ჩაცმული.

- ვინმეს ხომ არ გაგონებთ?

ოდილის ეჭვები დადასტურდა. პოლიციელებმა მისი შემთხვევა ფსიქიატრიის სფეროში გაამწესეს. შეეძლო კი ოდილს ამის გამო მათთვის საყვედური გამოეცხადებინა? ცხადია, არა.

- თქვენთვის მისი აღწერა რომ გვეთხოვა, ვის მიამსგავსებდით?

ოდილმა გაიფიქრა: ახლა მათ რომ ვუთხრა, სადღაც ბუნდოვნად დედაჩემს მაგონებს-მეთქი, უეჭველად გიჟად გამომაცხადებენ.

- არავის. მე მას არ ვიცნობ.

- რა უნდა, თქვენი აზრით?

- წარმოდგენა არ მაქვს. გიმეორებთ, მე მას არ ვიცნობ!

- რა საფრთხე გელით მისი მხრიდან?

- ყური მიდგეთ, ძვირფასო პოლიციელო. ახლა, იმ ველურ ფსიქოანალიზის მეთოდს მაინც და მაინც ჩემზე ნუ მოსინჯავთ. თქვენ არ ხართ ექიმი-თერაპევტი და არც მე - თქვენი პაციენტი. ის ადამიანი, გარწმუნებთ, ნამდვილად არ არის ჩემი ქვეცნობიერის პროექცირება. ერთი დაუპატიჟებელი სტუმარია, რომელიც აქ შემოღწევას ჩემთვის დაუდგენელი გზით ახერხებს.

ოდილის გაცხარებაზე პოლიციელებმა მოსაბოდიშებელი სიტყვები ჩაილუღლუღეს. მას სწორედ ამ დროს გაუნათდა გონება: - ჩემი ბეჭდები! რა იქნა ჩემი ბეჭდები?

ის ტელევიზორის გვერდით მოთავსებული კომოდისკენ გაქანდა და უჯრიდან მომცრო ზომის ცარიელი ზარდახშა დააძრო.

- ხედავთ? ცარიელია. არადა, აქ მეწყო ბეჭდები.

პოლიციელებს დამოკიდებულება მყისიერად შეეცვალათ. ოდილს უკვე სულიერ ავადმყოფად აღარ მიიჩნევდნენ. შემთხვევა საგამომძიებლო რუტინისთვის დამახასიათებელ რაციონალურ ხასიათს იძენდა.

ოდილმა სათითაოდ ჩამოთვალა ბეჭდები. არ დაიზარა მათი დეტალური აღწერა და შეფასება. ისიც კი გაიხსენა, როდის და რა გარემოებებში ერგო თითოეული მათგანი ქმრისგან საჩუქრად. მონათხრობი კი ხელმოწერით დაადასტურა.

- როდის ბრუნდება თქვენი მეუღლე?

- ვერ გეტყვით, არ მაფრთხილებს ხოლმე.

- უნდა დაგტოვოთ.

- არაუშავს, დარდი ნუ გექნებათ, როგორმე გავუძლებ.

როგორც კი პოლიციელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ყველაფერმა ისევ ყოველდღიური უინტერესო სახე შეიძინა. დაუპატიჟებელი სტუმარი არც მეტი არც ნაკლები ერთი ჩვეულებრივი ქურდბაცაცა აღმოჩნდა. ოღონდ სხვებისგან განსხვავებით გასაშეშებელი სისწრაფითა და თავდაჭერილობით მოქმედებდა. ბანალურობამ ოდილის ნერვებს ძირი გამოუთხარა. ოდილი გულამოსკვნით ატირდა.

  *

გაუსაძლისი სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 2700-ს მიაღწია. გამოითქვა აზრი, რომ მთავრობა ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს მოსახლეობას უმალავდა.

ოდილიც ამ შეხედულებას იზიარებდა. მისი გათვლების თანახმად, მსხვერპლის რაოდენობა ბევრად უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. ამ დილით ეზოში წყალსადენ მილთან ორი მკვდარი ბეღურა განა საკუთარი თვალით არ იხილა?

შემოსასვლელ კართან ვიღაცამ ზარი დარეკა.

რახან გარეთა ინტერფონს არ მიმართეს, ეს ან ერთ-ერთი მეზობელი ან მოგზაურობიდან დაბრუნებული მეუღლე უნდა ყოფილიყო. ამ უკანასკნელს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გასაღები ჰქონდა, მივლინებიდან დაბრუნებისას კარზე ზარის ერთხელ ჩამოკვრა სჩვეოდა, ოდილისთვის მოულოდნელი გამოცხადებით გული რომ არ გაეხეთქა.

- ღმერთო ჩემო, ნეტავი შარლი იყოს.

ოდილმა კარი გააღო. ბედნიერებისაგან მთვრალი ლამის წაბარბაცდა.

- ჩემო ძვირფასო, როგორ მიხარია, რომ ისევ გხედავ! დასაბრუნებლად უკეთეს დროს კაცი ვერც მოიფიქრებდა.

ოდილი მეუღლეს ჩაეხუტა და ტუჩებზე კოცნა დაუპირა. შარლმა მის განზრახვას გულში მხურვალედ ჩახუტებით უპასუხა. არა, გაწევა არ უცდია. „რა თქმა უნდა, მართალია, მე ვარ გიჟი. კი მაგრამ რამ აღმაგზნო ასე?“

- როგორა ხარ? როგორ ჩაიარა მოგზაურობამ? გამახსენე, სად იყავი?

შარლი დინჯად და უემოციოდ პასუხობდა ყველა შეკითხას. ოდილს კი უჭირდა მოსმენა. საინტერესო კითხვებსაც ვერ მოაბა თავი და ამის გამო დაიტანჯა. ორ-სამ შავბნელ მზერასა და ხმაურიან ხანგრძლივ ამოხვნეშაზე მიხვდა, რომ შარლს, რბილად რომ ვთქვათ, აღიზიანებდა.

სულ აემღვრა გონება. დაიბნა. მისი ქმარი ისეთი სიმპათიური იყო! შესაძლოა ასე უბრალოდ ხანგრძლივი განშორების გამო ემართებოდა. რაც უფრო აკვირდებოდა, მით უფრო სასურველი და მიმზიდველი ეჩვენებოდა.

ოცდაათი წლის შავგვრემან მამაკაცს, გარუჯული კრიალა კანით, თავზე ერთ ჭაღარა თმასაც ვერ უპოვიდით. ლამაზი ხელები ჰქონდა გრძელი თითებით, ჯანიანი ზურგი და ვიწრო წელი... ოო, დიახ, ამ მხრივ ოდილს ნამდვილად გაუმართლა.

ოდილმა ცუდი ამბისგან სასწრაფოდ გათავისუფლება გადაწყვიტა: - იცი, გაგვქურდეს.

- რაა?

- გაგვქურდეს, ჩემი ბეჭდები წაიღეს.

ოდილმა გუდას თავი მოხსნა და მთელი პრეისტორია სხაპასხუპით ჩამოარაკრაკა. ქმარი მოთმინებით უსმენდა, არც ერთი კითხვა არ დაუსვამს, არც რამე დაუყენებია ეჭვქვეშ. შარლსა და პოლიციელებს მონათხრობისადმი რადიკალურად განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ და ამის გამო ოდილს უკმაყოფილების განცდა დაეუფლა: „მას სჯერა ჩემი“.

როგორც კი ცოლი მოყოლას მორჩა, ქმარი უსიტყვოდ გაეშურა საძინებელი ოთახისკენ.

- არ გინდა, წყალი გადაივლო? - იკითხა ოდილმა.

შარლი უმალ მობრუნდა უკან. ხელში პატარა ზარდახშა ეჭირა.

- აი, შენი სამკაულები.

- არ მჯერა!!!!!!!!!

- გადავამოწმე სამი თუ ოთხი ადგილი, სადაც გჩვევია ხოლმე შენახვა. შენ, რა, არ გიძებნია?

- მომეჩვენა, რომ... დარწმუნებული ვიყავი, რომ... ბოლო ჯერზე მისაღები ოთახის კომოდში გადავმალე... ტელევიზორის გვერდით... როგორ დამავიწყდა!

- კარგი, კარგი, ნუ გაუბრაზდები საკუთარ თავს. ყველას რაღაცა გვავიწყდება, - ქმარი მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა. ოდილი ფრიად გაკვირვებული ჩანდა. ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ასეთი შტერი აღმოჩნდა. მეორეც იმის გამო, მის სისულელეს ქმრის მსგავსი თავაზიანობა და დელიკატურობა რომ მოჰყვა შედეგად.

ოდილი სამზარეულოში გავარდა, რომ შარლისთვის რამე დასალევი დაესხა. ცოტა ხანში ლანგრით ხელში სალონში დაბრუნდა. გზად შეამჩნია, რომ ქმარს ჰოლში არანაირი ჩანთა არ დატოვებინა.

- კი მაგრამ, ბარგი სად არის?

- და რატომ უნდა მქონოდა ბარგი?

- შენ ხომ მოგზაურობიდან დაბრუნდი?

- მე აქ უკვე აღარ ვცხოვრობ.

- ვერ გავიგე...

- დიდი ხანია, აქ აღარ ვცხოვრობ. შენ ვერ შეამჩნიე?

ოდილმა ლანგარი ძირს დადგა და კედელს მიეყრდნო. ეცადა, გონს მოსულიყო. რატომაა შარლი მის მიმართ ასეთი დაუნდობელი, ასეთი მკაცრი? არა, ფაქტია, რომ ბოლო დროს იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ იძლეოდა იმის საბაბს, ეფიქრა, ერთად უკვე აღარ ვცხოვრობთო. კი მაგრამ...

ოდილი ნელ-ნელა ძირს დაეშვა და გულამოსკვნით აქვითინდა. შარლი მიუახლოვდა. ჩაიხუტა და ისევ თავაზიანი და ყურადღებიანი გახდა.

- ნუ ტირი, საყვარელო. ცრემლებით ვერაფერს გააწყობ. და საერთოდ, არ მსიამოვნებს, რომ მსგავს მდგომარეობაში გხედავ.

- მითხარი, რა ჩავიდინე? კი მაგრამ, რა ჩავიდინე ასეთი გამოუსწორებელი? რატომ აღარ გიყვარვარ?

- მორჩი სისულელეებს. არც არაფერი ჩაგიდენია და გეუბნები, რომ ძალიანაც მიყვარხარ.

- მართლა?

- მართლა, მართლა.

- ისევე, როგორც უწინ?

შარლმა პასუხი შეაყოვნა. თვალები ცრემლებით დაენამა. ოდილს თმებზე მიეფერა.

- შესაძლოა უფრო ძლიერ...

დამშვიდებული ოდილი შარლის ძლიერ მკერდს მიეკრა.

- მოდი, ახლა წავალ, კარგი? - თქვა კაცმა და ოდილს წამოდგომაში წაეშველა.

- როდის დაბრუნდები?

- ხვალ... შეიძლება ორი დღის შემდეგ. ძალიან გთხოვ, ნურაფერზე ნუ იდარდებ.

- არა, არაფერზე არ ვიდარდებ.

შარლი წავიდა. ოდილს განცდისაგან გული შეეკუმშა: ნეტა სად წავიდა? რატომ ჰქონდა სევდიანი ადამიანის ნიღაბი მორგებული?

ოდილი სალონში დაბრუნდა. ზარდახშას დაავლო ხელი და გადაწყვიტა, ამჯერად მისთვის ადგილი საძინებელი ოთახის კომოდში მიეჩინა. არა, ამჯერად ნამდვილად არ დაავიწყდებოდა საგანძურის ადგილსამყოფელი.

  *

- ზაფხულის პაპანაქებამ უკვე ოთხი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

არა, ზაფხული ოდილისთვის საუცხოო თავშესაქცევი გამოდგა. ჟურნალისტურ სერიალს საკუთარი ბინიდან გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს, სადაც მუდმივად იყო ჩართული კონდიციონერი. აღარც ახსოვს, როდის დააყენებინა ის შარლმა. ინფორმაციის მორევში ჩათრეული სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.

ოდილი დიდი ხანია კონსიერჟს მოელაპარაკა და, - რა თქმა უნდა, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, - სურსათ-სანოვაგით მომარაგებაზე დაითანხმა. რამდენიმე ბანკნოტის წამატებით კი - დროდადრო სადილის მომზადებაზეც. ოდილი გადასარევი მზარეული არც არასდროს ყოფილა. შეიძლება შარლი სწორედ ამ მიზეზით დაშორდა? რა სისულელეა...

ოდილი ცხოვრებაში პირველად დაისაჯა აგრერიგად. შარლი პარიზში კი დაბრუნდა, მაგრამ მასთან დარჩენა არ ისურვა. ბევრი იჭყლიტა ტვინი. გონებაში უახლოესი წარსული გადაქექ-გადმოქექა. მიზეზს, შარლის ქცევას რომ გაამართლებდა, ვერა და ვერ მიაკვლია.

ეს არ გახლდათ ოდილის ერთადერთი სადარდებელი: მოხუცი ქალი ისევ გამოჩნდა, თანაც რამდენჯერმე. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მეორდებოდა: დაუპატიჟებელი სტუმრის მოულოდნელი გამოცხადება და მყისიერი გაუჩინარება ერთი იყო.

სამკაულებთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო ოდილს პოლიციაში დარეკვა უკვე ვეღარ გაებედა: მაშინ უნდა ეღიარებინა, რომ ზარდახშის შიგთავსი ხელუხლებელი იყო. ცხადია, მას შეეძლო პოლიცია გამოეძახებინა. რომც შემცდარიყო, ის არავის გამოძალვას არ აპირებდა. შარლის დაბრუნების შემდეგ სადაზღვევო კომპანიისთვის გამზადებული განცხადება გაქურდვის თაობაზე ნაგვის ყუთში ჩაუძახა...

და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ოდილი გრძნობდა, რომ პოლიციელები მას უკვე აღარ დაუჯერებდნენ.

ამას გარდა ოდილმა ბოლოს და ბოლოს დაადგინა უცხო ქალის ხშირი სტუმრობის მიზეზი, რის დაჯერებაც პოლიციელებს ასევე გაუჭირდებოდათ. შემოხიზნული ქალი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა, არც ქურდი იყო და არც ბოროტმოქმედი, მაგრამ იმდენად უხშირა ვიზიტებს, რომ ოდილისთვის მისი სტრატეგია უკვე აღარ იყო საიდუმლო: დაუპატიჟებელ სტუმარს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა - ნივთების უნებართვო, თვითნებური გადაადგილება.

დიახ, დიახ, რამდენადაც უცნაური უნდა მოგეჩვენოთ ეს, მისი შემოჭრის ერთადერთი მიზეზი ნივთების გადაადგილების სურვილი გახლდათ. ბეჭდებს, რომლებსაც ოდილი თავიდან სამუდამოდ დაკარგულად მიიჩნევდა, რამდენიმე საათის შემდეგ სხვა ოთახში მიაგნებდა ხოლმე. მოხუცი სტუმარი მათ გადასამალად სულ უფრო და უფრო წარმოუდგენელ ადგილებს ირჩევდა. აი, მაგალითად, ბოლო ჯერზე მაცივრის საყინულე ამოიღო მიზანში. „ბრილიანტები საყინულეში?! ნეტავი ერთი მაგის თავში ჩამახედა!“

ოდილმა ერთი რამ დაასკვნა: „დაუპატიჟებელი სტუმარი კრიმინალი თუ არა, ბოროტი უდავოდაა, ან დასაბმელი გიჟი! გაგიგია მსგავს რისკზე წასვლა ასეთი უკბილო ხუმრობის გულისთვის? ერთხელაც კუთხეში მოვიმწყვდევ და ყველაფერს ნათელი მოეფინება.“

კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა.

- შარლი!

ოდილმა კარი გააღო. კიბის ბაქანზე მართლაც შარლი იდგა.

- რა ბედნიერებაა, რომ დაბრუნდი! როგორც იქნა!

- გთხოვ, მაპატიო. ისე ადრე დაბრუნება ვერ მოვახერხე, როგორც შეგპირდი.

- არა უშავს, არა უშავს.

შარლის ზურგს უკან მოულოდნელად უცნობი ქალი აღმოცენდა.

- იცანი აისმინი?

ოდილმა ვერ გაბედა უარით შარლის განაწყენება; ამ აშოლტილ შავტუხა ლამაზმანს ის საერთოდ ვერ იხსენებდა.

„შეიძლება ადამიანს მეხსიერებიდან ყველაფერი ასე უკვალოდ ამოგეშალოს? FFFმით უმეტეს, ადამიანების სახეები? დაწყნარდი, ოდილ, დამშვიდდიიიი, ნუ ხარ პანიკაში. ცოტა ხანში გაგახსენდება,“ - გაიფიქრა თავისთვის.

- რა თქმა უნდა, მახსოვს. შემობრძანდით!

იასმინი ოდილისკენ გაემართა და ორივე ლოყაზე აკოცა. გადახვევისას ოდილმა სტუმრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, მაგრამ ერთ რამეს აშკარად მიხვდა: სძულდა იასმინი.

ყველანი მისაღებ ოთახში შევიდნენ და სამასლაათო თემად ზაფხულის პაპანაქება აირჩიეს. ოდილი ყოჩაღად იღებდა საუბარში მონაწილეობას, თუმცა ფიქრები დროდადრო სადღაც გადაისროდნენ ხოლმე. „არა, ეს ნამდვილი აბსურდია. მოგვირგია ეს ბომონდური ტონი და უცხო ქალბატონის თანდასწრებით ამინდზე ვყბედობთ! არადა, მე და შარლს იმდენი რამ გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი.“ უეცრად მან საუბარი გაწყვიტა და შარლს დაჟინებით მიაშტერდა: - მითხარი, იქნებ ბავშვები გაკლია?

- რა?

- დიახ, ამასწინათ ვფიქრობდი, რა მიზეზით აირია ჩვენ შორის ურთიერთობა. ვიფიქრე, უშვილობას ხომ არ განიცდის-მეთქი. ჩვეულებისამებრ, მამაკაცები ნაკლებად ადვილად ეგუებიან მსგავს მდგომარეობას, ქალები კი პირიქით... გინდა ბავშვები?

- უკვე მყავს.

ოდილს მოეჩვენა, რომ მოესმა.

- რა თქვი?

- მყავს ბავშვები, თანაც ორი - ჟერომი და ჰიუგო.

- რამდენის არიან?

- ორის და ოთხის.

- ვისგან გყავს?

- იასმინისგან.

ოდილი იასმინისკენ შეტრიალდა. ამ უკანასკნელმა ფართო ღიმილი მიაგება.

„ოდილ, გაიღვიძე, შენ ახლა ნამდვილად კოშმარი გესიზმრება. გაიღვიძე, გაიღვიძე! დაუბრუნდი რეალობას.“

- თქვენ... თქვენ ორივეს ერთად ორი ბავშვი შეგეძინათ?

- დიახ, - დაუდასტურა ინტრიგანმა და ფეხი ფეხზე ელეგანტურად გადაიდო, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

- და თქვენ ასე უსირცხვილოდ ჩემთან მობრძანდით, რათა გაბადრული სახით ეს ამბავი ჩემთვის გეუწყებინათ? არა, თქვენ ნამდვილი ურჩხულები ხართ!

რაც ამ სცენას მოჰყვა, ოდილს ბუნდოვნად ახსოვდა. დარდმა მთლიანად შეძრა. ხან ხმამაღლა გაჰკიოდა, ხანაც ცრემლებად იღვრებოდა; არაფერი ესმოდა, რას ეუბნებოდნენ. რამდენჯერმე შარლი ეცადა, გადახვეოდა, მაგრამ მის ყოველ მცდელობას ოდილი შეუწყნარებელი აგრესიით პასუხობდა.

- მოღალატევ! მოღალატევ! ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა! დასრულდა! გესმის? წადი აქედან, რაღას ელოდები, წადი!

ამაოდ ცდილობდა ოდილი მეუღლის მოცილებას, შარლი ჯიუტად ებღაუჭებოდა.

საჭირო გახდა ექიმის გამოძახება. ოდილი ლოგინში ჩააწვინეს და ერთი სედატიური ნემსი გაუკეთეს.

- პაპანაქებით გამოწვეულ მსხვერპლთა რაოდენობამ თორმეტი ათასს მიაღწია.

- ასეც მოუხდებათ! ახია მაგათზე, - ზეიმობდა ტელევიზორის წინ სავარძელში კომფორტულად ჩაფლობილი ოდილი.

გავიდა რამდენიმე დღე. მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა: შარლმა, როგორც კი გამოავლინა თავისი ხასიათის სრული სიმახინჯე, ოდილს ბინიდან სასწრაფოდ გადაბარგება მოსთხოვა.

- ვერ ეღირსები! - უპასუხა ტელეფონზე ოდილმა, - აქ შენს კახპასთან ერთად ვერასოდეს იცხოვრებ. ტყუილად გაქვს ამის იმედი. კანონის თანახმად, ეს კედლები მე მეკუთვნის. არ გაბედო აქ მოსვლა! ჯერ ერთი, კარს არ გაგიღებ, მეორეც - შენი გასაღებით აქ ცხვირს ვერ შემოყოფ, საკეტი გამოვცვალე.

ის დაუპატიჟებელი სტუმარი ოდილს ერთ რამეში მაინც წაადგა. ეტყობა, ბებრუხანა ნამდვილად განგებამ მოუვლინა.

შარლი რამდენჯერმე მოადგა კარს, ბევრი რეკა, მოლაპარაკების წარმოება სცადა. ოდილმა ყურიც არ შეიბერტყა, საერთოდ არ ისურვა ყოფილი ქმრის მოსმენა. სამაგიეროდ ჯიუტმა შარლმა მკურნალი ექიმი გამოუგზავნა.

- ოდილ, თქვენ გადაქანცული ხართ, - განუცხადა ექიმმა მალანდიემ, -ნუთუ არ გიფიქრიათ, რომ დასასვენებელი სახლი ერთობ დაგამშვიდებდათ? ამას გარდა, იქ გაცილებით უკეთესად მოგივლიდნენ.

- მადლობა, ჯერჯერობით როგორღაც ვახერხებ, საკუთარ თავზე თავად ვიზრუნო. ფაქტია, ამ პრობლემების გამო სტატიებს ვერა და ვერ მოვაბი თავი და მათი გადაგზავნა ძალიან დამიგვიანდა, მაგრამ მე ვიცი ჩემი ხასიათი. თუ თავი უკეთესად ვიგრძენი, თუ ოდნავ მაინც მოვმჯობინდი, ყველაფერს ერთბაშად მოვრჩები.

- მეც ამას მოგახსენებდით. თავი უკეთ რომ იგრძნოთ, ვფიქრობ დასასვენებელი სახლი თქვენთვის...

- დღესდღეობით, ექიმო, დასასვენებელ სახლებში ადამიანები ბუზებივით იხოცებიან. იქ კონდიციონერები სანატრელი გაუხდათ. აქ გრილა მაინც... თქვენ ეტყობა, საინფორმაციო გამოშვებებს თვალყურს არ ადევნებთ. ენით აღუწერელი პაპანაქებაა... უფრო დამანგრეველი, ვიდრე ნებისმიერი ციკლონი. დასასვენებელი სახლი? ალბათ უფრო ტანჯვა-წამების, მე ვიტყოდი, სიკვდილის ან მკვდრების სახლი. იმან გამოგაგზავნათ, არა, ჩემ მოსაკლავად?

- კარგი, რა, ოდილ. წარმოუდგენელ აბდაუბდას ბრძანებთ. კონდიცირებული დასასვენებელი სახლისთვის რომ მიგვეკვლია, მაშინ...

- გინდათ წამლებით გამჭყიპოთ, ნარკომანად მაქციოთ და არარაობას დამამსგავსოთ? ჩემი ქმარი, ცხადია, ასე უფრო ადვილად ამწაპნის ბინას, რათა აქ თავის ძუკნასთან ერთად ლაღად იცხოვროს. ამას ვერ მოესწრებით! არაბი კახპა თავის ნაშიერებთან ერთად? ვერ მოგართვით! თქვენ ხომ მშვენივრად იცოდით, რომ ჩემს ბედოვლათ ქმარს ორი ბავშვი გაუჩინა?

- ოდილ, თქვენი ფიზიკური რესურსები თითქმის ამოწურულია. დადგება დღე, როცა თქვენი მოსაზრებით არავინ დაინტერესდება, ძალით წაგიყვანენ აქედან.

- კეთილი, შესანიშნავად მიმიხვდით სათქმელს. მე ჩემი ნებით აქედან წამსვლელი არ ვარ. ახლა კი წაბრძანდით აქედან და თვალით აღარ დამენახოთ. დღეიდან მე სხვა ექიმი მყავს.

იმ საღამოს უკიდურესად გაღიზიანებულმა და წყობიდან გამოსულმა ოდილმა რაღაც მომენტში თავის მოკვლაზეც კი იფიქრა, მაგრამ იმის გააზრებამ, რომ მისი ამქვეყნიდან წასვლა მხოლოდ შარლისა და იასმინის წისქვილზე დაასხამდა წყალს, ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა.

„არა, ოდილ, აიყვანე თავი ხელში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ... რამდენის ხარ? ოცდათორმეტის თუ ოცდაცამეტის, მეტის კი არა... ყოველთვის გავიწყდება, რომ ცხოვრება ჯერ კიდევ წინაა. შენ უთუოდ შეხვდები სხვა მამაკაცს. შექმნი ოჯახს და გეყოლება ბავშვები... ის შარლი შენი ღირსი ნამდვილად არ იყო, ამას აქამდე უნდა მიმხვდარიყავი. წარმოიდგინე, ჯიუტად რომ ჩაბღაუჭებოდი წარსულს, უთუოდ ნევროზს აიკიდებდი...“

უცბად ოდილს ფანისთან, თავის საუკეთესო მეგობართან მოუნდა ქაქანი. საინტერესოა, რამდენი ხანია, რაც მას არ შეხმიანებია. ამ გაუსაძლისი სიცხისგან ხომ საერთოდ დაკარგა დროის შეგრძნება.

მიუხედავად თავისი ბინის სიგრილისა, ზაფხულის პაპანაქებისა და გათანგულობისაგან უფრო მეტად იტანჯებოდა, ვიდრე ვარაუდობდა? ოდილმა ბლოკნოტს დაავლო ხელი და მყისვე შორს მოისროლა.

„არ მჭირდება გადამოწმება, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფანის ნომერი მაინც მახსოვს ზეპირად.“

ოდილმა ნომერი აკრიფა. ყურმილში მძინარე ხმა გაისმა.

- დიახ. გისმენთ...

- ბოდიშს ვიხდი შეწუხებისთვის, ფანისთან მსურდა დალაპარაკება.

- ფანისთან?

- დიახ, ფანი დეპრესთან. სხვაგან მოვხვდი?

- ფანი გარდაიცვალა, ქალბატონო.

- ფანიიი! როდის?

- ათი დღის წინ. გაუწყლოებისგან.

პაპანაქება! სანამ ტელევიზორის წინ მოკალათებული ოდილი სულელურად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენას ცდილობდა, ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ მისი მეგობარიც მათ რიცხვში უნდა მოეაზრებინა. ყურმილი დაკიდა. ვერც რამის თქმა და ვერც რაიმე დეტალით დაინტერესება ვერ მოახერხა.

ტკბილი და საყვარელი ფანი, სკოლის მეგობარი, რომელსაც, სხვათა შორის, უკვე ჰყავდა ორი ბავშვი... ორი ჩვილი... ღმერთო, ეს რა ტრაგედია დატრიალებულა! თანაც ისეთი ახალგაზრდა იყო. ისინი ხომ ერთსა და იმავე წელს დაიბადნენ. გამოდის, რომ ამ მხურვალებას მარტო ბებრები და ძუძუმწოვარა ბავშვები კი არ ეწირებოდნენ, არამედ უკვე ზრდასრული, მოწიფული ადამიანებიც... კი მაგრამ ვინ უპასუხა ტელეფონზე ფანის მაგივრად. ეს ხრინწიანი ხმა არ ეცნო... უეჭველად ერთ-ერთი მხცოვანი ბიძა იქნებოდა.

შეძრულმა ოდილმა წყლით სავსე მთელი ბოთლი დაცალა, შემდეგ კი საძინებელს მიაშურა, რათა ტირილით გული ეჯერებინა.

- თხუთმეტი ათასი გარდაცვლილი, - წარბშეუხრელად აცხადებდა დიქტორი, სახე კვადრატული ფორმის რკინის კარს რომ მიუგავდა.

- მალე ეს ციფრი თხუთმეტი ათას ერთს მიაღწევს,- თქვა ოდილმა და სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა, - ჯერჯერობით ვერ გამირკვევია ღირს კი ცხოვრების გაგრძელება ამ მახინჯ და საძაგელ სამყაროში?

- სინოპტიკოსები უახლოეს მომავალში ტემპერატურის დაცემას არ ვარაუდობენ. არც წვიმაა მოსალოდნელი, ჰორიზონტზე ღრუბლის ნაფლეთიც კი არ დაფიქსირებულა, - აზუსტებდა ჟურნალისტი.

მიწა დასკდა და დაიბზარა ტკივილებისგან.

ჯერჯერობით არც ოდილისთვის უჩანდა გამოსავალს პირი. დაუპატიჟებელი სტუმარი ახლა უკვე დღეში ორჯერ ჩნდებოდა. ისე აურია ნივთები ერთმანეთში, რომ ოდილი უკვე ვეღარაფერს აგნებდა.

კონსიერჟის შვებულებით პორტუგალიაში გამგზავრების შემდეგ პროდუქტები და მზა კერძები ოდილისთვის მის დისშვილს ამოჰქონდა - ერთ თავხედ გომბიოს, ბინას ცეცხლი რომ მოკიდებოდა, ნაბიჯს რომ არ აუჩქარებდა; საღეჭ რეზინას პირიდან რომ ვერ გააგდებინებდი. ჯინსებს დღეში ათჯერ უცვლიდა ქამარს. ნამდვილი ბატი იყო, ორ დალაგებულ ფრაზას ვერ მოაბამდა თავს.

შარლიც არ გამოჩენილა. უფრო სწორად, ოდილს ტელეფონზე ურეკავდა და საუბრის დასასრულს ყოველ ჯერზე მისგან ამოჩემებულ „არას“ ისმენდა. სხვათა შორის, ოდილი შარლიზე უკვე აღარ ფიქრობდა. ყოველ შემთხვევაში, მასზე ნაკლებად ფიქრობდა. შარლმა წარსულში გადაინაცვლა. უფრო სწორად, თითქოს არც არასდროს არსებობდა. ოდილის ერთადერთი საზრუნავი ამჟამად უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლისათვის ჩაწერის განახლება იყო. ზაფხულის პერიოდში დაქირავებული დროებითი მოსამსახურე პერსონალის გამო ვერა და ვერ უკავშირდებოდა მისთვის სასურველ ადამიანს და ამის გამო საშინლად ღიზიანდებოდა.

ოდილი სწავლის განახლების დიდმა სურვილმა შეიპყრო. როცა უწყვეტი საინფორმაციო არხი თავს მოაბეზრებდა, საათობით მეცადინეობდა. უამრავი წიგნი გადაიკითხა ახლო აღმოსავლეთის შესახებ. ხვეწდა ენებს. სერიოზულად ფიქრობდა დისერტაციის დასრულებაზე, რომლის შესავალი უკვე დაწერილი ჰქონდა.

თემის ხელმძღვანელთან დაკავშირება კი ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, კლიმატურ კატაკლიზმებს ქვეყნის სრული პარალიზება მოჰყვა შედეგად. გამართულად არაფერი ფუნქციონირებდა. არც მშობლები პასუხობდნენ ტელეფონის ზარებს. ფაქტია, სიგრილის ძებნაში ზოგი სად გაიქცა და ზოგი - სად.

„ვისარგებლოთ არსებული მდგომარეობით და საკუთარი თავი მთლიანად ჩვენთვის მნიშვნელოვან საქმეებს მივუძღვნათ,“ - ფიქრობდა ოდილი და საათობით ხვეწდა პარაგრაფების სტრუქტურას, ზრუნავდა ფრაზების გამართულობაზე. კიდევ ერთ კვირას ვაძლევ საკუთარ თავს და შესავალს მაგიდაზე ვდებ.“

მუშაობამ და მეცადინეობამ ოდილი ისე გაიტაცა, რომ ხშირად სითხის აუცილებელი რაოდენობის მიღებაც ავიწყდებოდა. ამას გარდა, ბოლო დროს კონდიციონერმაც აურია: ოცდაორ გრადუსზე დაყენებული რამდენიმე საათიანი წვალებისა და ტანჯვის შემდეგ ხან ოცდაათ გრადუსამდე ავარდებოდა, ხანაც ოცდათორმეტამდე. ერთხელ კი სრულიად საწინააღმდეგო დაიმართა - თხუთმეტ გრადუსამდე ჩამოვარდა. ოდილმა ყველაფერი გადააქოთა და როგორც იქნა, გამოყენების წესებსა და საგარანტიო ფურცელს მიაგნო, დაურეკა წარმომადგენლობას და ხელოსანი გამოიძახა; ამ უკანასკნელმა კონდენციონერს მთელი ნახევარი დღე უჩხიკინა და ბოლოს გამოაცხადა, გაუმართაობის მიზეზს მაინც ვერ მივაგენიო, შეიძლება ყველაფრის თავი და თავი მოკლე ჩართვა იყოო. ყოველ შემთხვევაში, დეტალურად შემოწმებული აპარატი გონს მოეგო და იმ საათიდან ჩინებულად ამუშავდა. თუმცა, მეორე დღიდან ყოველი ოთახის გადამცემი სრულიად განსხვავებულ და ხშირად ტემპერატურის დაუჯერებელ ცვალებადობას აფიქსირებდა.

ოდილს ხელოსნის ხელმეორედ გამოძახება აღარ უფიქრია. მშვენივრად ჩაწვდა გაუმართაობის მიზეზს: დაუპატიჟებელი სტუმარი! ცხადია, ბებრუხანამ ინსტრუქციაში მოყვანილი მონაცემების გადაკეთება საყვარელ გართობად გაიხადა.

ოდილი გრძნობდა, რომ არაქათი გამოეცალა და ამის არაერთი მიზეზი ჰქონდა: სამუშაო, სულთამხუთავი სიცხე, წყლის არასაკმარისი რაოდენობის მიღების გამო (დალევა უბრალოდ ავიწყდებოდა) ორგანიზმის გამოფიტვა. გადაწყვიტა, დაუპატიჟებელ სტუმარს დადარაჯებოდა, დანაშაულის ადგილზე წაესწრო და მასთან ერთხელ და სამუდამოდ ანგარიში გაესწორებინა.

როცა ბინაში თავი მარტო დაიგულა, ცოცხების შესანახ კარადაში შერგო თავი, შუქი ჩააქრო და სულმოუთქმელად დაელოდა.

რამდენი ხანი იყო მოიერიშის პოზიციაზე გამაგრებული, ნამდვილად ვერ გეტყოდათ. როგორც ჩანს, ის გადაღძუებული მიხვდა, რომ ჩაუსაფრდნენ...

რამდენიმე საათის მიწურულს წყურვილისგან ყელგამომშრალი და გათანგული ოდილი კარადიდან გამოძვრა და მისაღები ოთახისკენ გაეშურა. იქ კი, მხოლოდ ღმერთმა თუ უწყის, რატომ, უეცრად მოუნდა, პასტისი გადაეკრა. გააღო ბარი, ჭიქა პირამდე გაივსო და ერთი ყლუპი სწრაფად მოსვა. ამ დროს მისი ყურადღება ერთმა ფრიად უცნაურმა რამემ მიიპყრო.

ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი წიგნის გარეკანზე მისი სახელი და გვარი ეწერა: ოდილ ორსინი. გადმოიღო და მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა. გარეკანზე დატანილი წარწერა მისი სადისერტაციო თემის იდენტური აღმოჩნდა - თემა, რომლის გამო ახლა ამდენს ირჯებოდა. ოთხასგვერდიანი დასრულებული ნაშრომი ერთ-ერთ პრესტიჟულ გამომცემლობას დაებეჭდა. არა, მსგავს სასწაულზე ოდილი მხოლოდ თუ იოცნებებდა.

კი მაგრამ, ვინ მოუწყო მას ეს ოინი?

ოდილმა პირველ გვერდებს გადაავლო თვალი. გაფითრდა. ადამიანის ფერი დაკარგა: ეს ხომ შესავალია, რომელზეც აგერ უკვე მერამდენე დღეა ოფლს ღვრის და ვერა და ვერ მოაბა თავი? ეს კიდევ დასრულებული ჩანდა, ბევრად უკეთესად გამართული. იგრძნობოდა, რომ ავტორი კარგად იყო საკითხში გათვითცნობიერებული.

რა ხდება?

ოდილმა როგორც კი თვალი მოსწყვიტა გამოცემას, დაუპატიჟებელი სტუმარი დაინახა. მხცოვანი ქალბატონი მას მშვიდად და აუღელვებლად ათვალიერებდა.

არა, ეს უკვე ნამეტანია! ნამეტანი!

ოდილი სანგრისკენ თავქუდმოგლეჯილი გავარდა და იქიდან გოლფის ჯოხით შეიარაღებული უცხო ქალთან საქმის გასარჩევად ისევ მისაღებში დაბრუნდა.

  *

იასმინი ფანჯარასთან იდგა და ტროკადეროს ბაღებს გადაჰყურებდა. წვიმას, როგორც ჩანს, ცა და დედამიწა შეერიგებინა და სიკვდილის ტრიუმფული სვლისთვის წერტილი დაესვა.

მის უკან, ბინაში თითქმის არაფერი შეცვლილა. წიგნებისგან ტევა არ იყო. ახლო აღმოსავლეთით დაინტერესებული აქ, სულო და გულო, ნამდვილად გაახარებდა თავის ჭიას. ვერც იასმინმა და ვერც მისმა მეუღლემ ინტერიერის გადასახალისებლად და ავეჯის გამოსაცვლელად ვერა და ვერ მოიცალეს. რემონტი საჩქარო არ არის, მოიცდისო, ფიქრობდნენ. სამაგიეროდ, ქალაქის განაპირას მდებარე პაწაწინა ბინის დატოვებასა და აქ გადმობარგებაზე ერთი წამით არ უფიქრიათ. იქ შეყუჟულებს ორ ბავშვთან ერთად ხომ სუნთქვაც კი უჭირდათ.

იასმინის ზურგს უკან სატელიტური ტელევიზიის აღმოჩენით გახარებული ჟერომი და ჰიუგო არხიდან არხზე გადახტომით იქცევდნენ თავს.

- გენიალურია, დედი, არაბული არხებიცაა!

ბავშვებს რომელიმე კონკრეტულ პროგრამაზე შეჩერებისა და ცქერის სურვილი კი არ ჰქონდათ, უფრო პროგრამების შთამბეჭდავი სიუხვე ხიბლავდათ.

სახლში დაბრუნებული შარლი იასმინს შეუმჩნევლად მიუახლოვდა და კისერზე აკოცა. იასმინი შემოტრიალდა და მკერდით შარლს მიეკრო. ერთმანეთს მიეტმასნენ.

- იცი, თქვენი საოჯახო ალბომი დავათვალიერე. გასაგიჟებლად ჰგავხარ მამაშენს, გაჭრილი ვაშლივით.

- ნუ ამბობ ამას.

- რატომ? ჰო, ვიცი, მამის ხსენება გასევდიანებს, იმიტომ, რომ ის ეგვიპტეში გარდაიცვალა, როცა შენ მხოლოდ ექვსის იყავი.

- არა, ვითრგუნები, იმიტომ, რომ დედაჩემს მახსენებს. ხშირად მამაჩემში ვეშლებოდი... შარლსაც კი მეძახდა.

- ნუღა იფიქრებ ამაზე. მხოლოდ ის დრო გაიხსენე, როდესაც დედაშენი საღსალამათი იყო, ბრწყინვალე ინტელექტუალი, მახვილგონიერი, სხარტი და ენაკვიმატი. ასეთი ოდილი მე ყოველთვის მხიბლავდა. დაივიწყე ბოლო ორი წელიწადი.

- მართალი ხარ. იმ საშინელი ალცჰაიმერის ავადმყოფობის გამო საწყალი უკვე საკუთარ თავსაც ვეღარ ცნობდა. მახსოვრობას თანდათანობით კარგავდა, ვეღარაფერს იხსენებდა, თავი ახალგაზრდა ეგონა... სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას ბინაში უნებართვოდ შემოჭრილ მოხუც ქალად აღიქვამდა. როგორ ეგდო ძირს გოლფის ჯოხით დამსხვრეული სარკის წინ... ალბათ დაუპატიჟებელ სტუმარს ემუქრებოდა, მისი დაშინება სურდა... თავს იცავდა... ალბათ ეგონა, რომ უცნობი ბებერი ქალი საპასუხო დარტყმას მიაყენებდა.

- კვირას აუცილებლად მოვინახულებთ ოდილს.

იასმინი ფრანსუას ლოყაზე მიეფერა, მის ტუჩებს მიუახლოვდა და ჩურჩულით დასძინა: - ის ახლა ნაკლებად იტანჯება. გონებაში იმ ეპოქაში ცხოვრობს, როცა მამაშენს ჯერ კიდევ არ იცნობდა. ახლა უკვე აღარ ერევით ერთმანეთში. რა თქვა, რამდენის ვარო?

ფრანსუამ თავი იასმინს მხარზე დაადო.

- ზოგჯერ ოცნებას მივეცემი ხოლმე და ვნატრობ: ნეტა მალე დადგეს ის დღე, როდესაც დედაჩემი ჩვილ ბავშვად გადაიქცევა. ო, როგორ ჩავიკრავდი გულში და ბოლოს და ბოლოს ვეტყოდი, თუ როგორ ძლიერ მიყვარს. ვაკოცებდი... ეს ბოლო კოცნა იქნებოდა ჩემთვის, მისთვის კი პირველი.

ტეგები: Qwelly, ნოველები, შმიტი

ნახვა: 7

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კვლევა - შრომის უსაფრთხოება (კონტენტ ანალიზი)

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

შრომის უსაფრთხოება

კურსის დასახელება: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

კურსის ხელმძღვანელი: მაია არავიაშვილი

კვლევის ავტორები : ანანო გაბისონია, ქეთევან პოპიაშვილი, ნინო მიმინოშვილი, საბა კობერიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების…

გაგრძელება

ოქროს მაღაზია

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

Gold Plating Types and Programs

Gold's resistance to rust, tarnish and rust offers lent it an aura of immortality. Its durability, and seemingly eternal splendour, make it a popular choice with regard to romantic jewelry and interior decoration.  

Aside from decorative applications, rare metal has functional uses because well, particularly in electronics applications. Unfortunately, due to be able to its high demand…

გაგრძელება

ეკონომიკის ფრონტი კორონას ერაში, გადადებული აღდგომა და რეკომენდაციები საქართველოში, ახალი ინფიცირებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2020.
საათი: 10:48pm 0 კომენტარი

      დავიწყოთ ტრადიციულად სტატიტიკური მონაცემებით, რომლებიც კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამ დროისთვის გვაქვს საქართველოსა და მსოფლიოში - 155 დადასტურებული, აღრიცხული შემთხვევა და აქედან 27 განკურნებული. საღამოს შფოთის მიზეზი იყო, სამედიცინო დახმარების ექიმის დავირუსება. კორონას გამოძახილი მსოფლიოში - 1 080 376, აქედან ~ 228K გამოჯანმრთელებული, ~58K გარდაცვლილი და ~795K აქტიური პაციენტი. ამ ღამით ძლიერ წვიმას…

გაგრძელება

კოვიდ 19-ის მილიონიანი პოპულაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 2, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში…

გაგრძელება

Qwelly World

free counters