ლიტერატურა, ქველი, Qwelly, literatura, goderdzi chokheli

← დასაწყისი

საქმე №13. გუთანი

      (საიდუმლო ინფორმაცია მსხლის ხეზე, რომელიც შემდეგ...) ყოველმან ხემან, რომელმან ნაყოფი არ გამოიღოს, მახვილით მოიჭრას. ხე, ნაყოფის გამომღები, სარგოა როგორც კაცთათვის, ასევე ფრინველთათვის და ცხოველთათვის. არც ყოველი ხე უნდა მოიჭრას, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს, რათა არ წახდეს და არ გამოიფიტოს ჰაერი, მაგრამ ნაყოფის გამომღებ ხეს დიდი ვალდებულება აქვს ღვთის წინაშე. ძველთაგანვე აკრძალული იყო ნაყოფის მომცემი ხის მოჭრა.და იყო ერთხელ ომი ქართველებსა და შემოსეულ მტერს შორის.

      ქართველების ციხე მიუვალ კლდეზე იდგა. მტერი გარს ერტყა ციხეს. ციხის ძირში გვირაბი გადიოდა და გვირაბით აჰქონდათ იქიდან ქართველებს წყალი. ციხის გარშემო უფსკრული იყო, ამიტომ მრავალრიცხოვანი მტერი პირდაპირ შეტევაზე ვერ გადადიოდა. უფსკრულის ქვებით და მიწაყრილებით ამოვსება ბრძანა მტრის მთავარსარდალმა. დაიწყეს უფსკრულის ამოვსება. ციხის ზემოთ ცაში აშოლტილი მსხლის ხე იდგა. გაზაფხული იყო და ისე ლამაზად ჰყვაოდა მსხლის ხე, უმთვარო ღამეშიც კი მთვარესავით ანათებდა მისი თეთრად გადაპენტილი ყვავილები. ამ მსხლის ნათელში უთვალთვალებდნენ ერთიმეორეს მტერი და მოყვარე. თანდათან ივსებოდა მიწაყრილით ქართველების ციხის გარშემო უფსკრული, და

      უცებ, ცაზე მეხის გავარდნის ხმასავით გაისმა ჭახანი.

      ამ ხმაზე კარვიდან გამოვარდა მტრის მთავარსარდალი. იმან თვალი მოჰკრა, როგორ მოწყვეტით დაეცა მიწაყრილის მხარეს მოჭრილი მსხლის ხე, რომელსაც აფეთქებული ყვავილები სცვიოდა და ჰაერში თეთრი ყვავილების კორიანტელი და სურნელი იდგა.

      სახე მოეღუშა მტრის მთავარსარდალს. ათასისთავი იხმო და მკაცრად იკითხა: – ვისი ბრძანებით მოიჭრა ეს მსხლის ხე?

  -ჩემი ბრძანებით, დიდო მბრძანებელო.

      ჯალათს უხმო მთავარსარდალმა და უბრძანა: – როგორც ის ნაყოფისგამომღები მსხლის ხე დაეცა მიწაზე, ისე დაეცეს ამავე წუთში ამისი ტანი!

      ჯალათის ხმალმა ჰაერში გაიშხუილა და ათასისთავის სხეული მთავარსარდლის ფეხებთან დავარდა, ხოლო თავი მიგორავდა და ბოლოს ჯერ კიდევ ამოუვსებ უფსკრულში ჩაეხეთქა.

  -ცხენი! – ბრძანა მტრის მთავარსარდალმა.

      იმისთანა ცხენი მოჰგვარეს, გასაფრენად გამზადებულ ანგელოსს ჰგავდა.

  -გახსოვდეთ, როცა გეწინააღმდეგებათ მტერი, საკუთარი სიკვიდილიც არ უნდა დაიშუროთ მის შესამუსრად, ხოლო როცა სიცოცხლეს უსწრაფებთ ნაყოფის გამომღებ ხეს, რომელსაც ერთნაირად მოაქვს სურნელი და ნაყოფი თქვენთვის და თქვენი მოწინააღმდეგისათვის, ღირსი არა ხართ მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისა. ასეთია ღმერთის სამართალი და ვინც ამას დაარღვევს, ისევე ჩაგორდება უფსკრულში იმისი თავი, როგორც ათასისთავი ჩაგორდა დღეს.

      მოხსენით ალყა!

  -მოხსენით ალყა! – ათასისთავებმა გასძახეს ერთ-ურთს.

      მხოლოდ წასვლისას დააკარა მტრის მთავარსარდლის მერანმა მიწას ფეხი, მერე გაფრინდა და გაჰყვა ციხესშემოწყობილი ლაშქარი.

      ქართველებმა იმ წაქცეული მსხლის ხისაგან გუთანი გამოთალეს, თავიანთ ხმალ-ხანჯლები გადაადნეს და მჭედელს იმ გუთნისთვის სახნისი და საკვეთელი გამოაჭედინეს. იმ გუთნით კი საუკუნეების მანძილზე მარტო იმ ციხის შემოგარენს ხნავდნენ, იქ მოჰყავდათ ქერი, რომლის მარცვლებსაც სალოცავ ხატში აფორებდნენ, იმისაგან ლუდსა და არაყს ხდიდნენ და იმათ შესანდობარს სვამდნენ, ვინც მამულისათვის ბრძოლაში დაეცა. ამავე ეკლესიაში ინახებოდა თასი, რომლითაც იმ მტრის მთავარსარდლის შესანდობარს სვამდნენ, რომელმაც ღვთის წინაშე სამართლიანად დაიცვა ნაყოფის გამომღები ხე.

      ძვირფასო, მელია!

      აი, ყველაფერი ის, რისი შეტყობაც შევიტყვე ამ ჩვენს მუზეუმში მიყუდებული გუთნის შესახებ. მომიტევეთ, მაგრამ არა მგონია ამ გუთანმა საჩვენოდ გაიმეტოს მომავალ არჩევნებში ხმა.

      მარად თქვენი ერთგული და სადაც მიბრძანებთ

      იქ შემრჭობი – სადგისი!

საქმე №14. ზარფუში

      (საიდუმლო ინფორმაცია ზარფუშზე) ბატონო პრეზიდენტო!

      მე დიდი გულისყურით ვათვალიერებ სამუზეუმო საგნებს, რომელთაც შემდეგ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ასეთი სახელწოდებით უნდა მიიღონ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა: მემუზეუმელთა კავშირი. ამ კავშირს დიდი გამოცდილებაცა აქვს და ბევრი მტერიცა ჰყავს დანარჩენ სამუზეუმო ექსპონატებში, რომლებიც ყოველმხრივ შეეცდებიან სახელი გაუტეხონ მემუზეუმეთა კავშირს და ეს რომ არ მოხდეს, ისევ და ისევ თქვენი დავალებით შერჩეული მყავს ისეთი სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც არჩევნების დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ უნდა დავნიშნოთ.ეს ექსპონატი არის ზარფუში. მე არ ვიცი ზარფუში ქართული სიტყვაა თუ სხვა ენიდან შემოპარული ქართულში და ამის გამო შეიძლება ზარფუშის კანდიდატურამ წინააღმდეგობა გამოიწვიოს ჩვენს მოწინააღმდეგე პარტიებში, დაგვაბრალებენ არაეროვნულობას, რომ მუზეუმი სავსეა ისეთი ექსპონატებით, რაც აშკარად არაქართულია და რომ ეროვნული საგნები კიდობანში გვყავს გამოკეტილი (სხვათაშორის მაგ კიდობნის შესახებ მალე შევადგენ საქმეს და მოგაწვდით ინფორმაციას) ერთი სიტყვით, ზარფუში, ჩემი აზრით, შეუცვლელი კანდიდატურაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დასანიშნად. მოგახსენებთ: ზარფუში არის ის საგანი, რომელიც ეხურება საარაყე ქვაბს და იქ დატრიალებული ორთქლი ზარფუშის მილიდან გამოდის. იმ მილს ცივ წყალს ასხამენ და მილის ბოლოს პატრუქია დატანებული, საიდანაც არაყი ჩამოდის. ბევრ შეშას შეუკეთებ საარაყე ქვაბს, შიგნით მეტი ორთქლი დატრიალდება და მილიდანაც მეტი არაყი გამოიხდება. თუ უფრო მეტ შეშას შეუკეთებ, ქვაბში უფრო წამოდუღდება საარაყე მასალა და შეიძლება ისე მოხდეს რომ არაყის მაგიერ მთხლე გამოვიდეს მილიდან. მოკლედ, ზარფუშზეა დამოკიდებული ორთქლის გამოშვება. რამდენსაც გვინდა იმდენ ორთქლს გამოვაშვებინებთ მილიდან და არაყსაც იმდენს გამოვხდით, რამდენიც საჭიროა. უნთოს მერე ოპოზიციამ საარაყე ქვაბს ცეცხლი და ადინოს ზარფუშის მილიდან მთხლე და ალაო. მთავარია ჩვენ გამოვადინოთ წინწანაქარი.

      რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ზარფუში უნდა ავირჩიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ.

      მარად თქვენი წვერწამახული – სადგისი!

      ბრძანება!

      დაევალოს სამუზეუმო ექსპონატების კავშირს, უახლოეს სხდომაზე მომავალი სამუზეუმო არჩევნების ცენტრალური სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიოს ზარფუში.

      გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი – მელია.

  -მამავ, მამავ! – კარი შემოაღო შუღლიანთ სებაის ნაბოლარა ბიჭმა.

  -რა იყო მამა გენაცვალოს?

  -მე მგონი მდინარემ სხვა მხარეს გაჭრა თხრილი და ჩვენ სახლს ვეღარ მოგვტაცებს. აი, კიდევ ცივი წყალი მოგიტანე და დედიკომ დაგიბარა, ხინკალს ვაკეთებ და ცოტა ხანში სახლში გადმოდიო. გადმოხვალ ხო, მამავ?

  -გადმოვალ, მამა გენაცვალოს.

  -მანამდე ჩემი დის ამბავი მომიყევი, კარგი მამავ?

  -მოგიყვები, – ნაღვლიანად თქვა შუღლინთ სებამ.

  -რატომ წაიყვანეს ღმერთთან ბატონებმა?

  -რა ვიცი, მამა გენაცვალოს, ალბათ ღმერსაც ლამაზები უყვარს. შენი და, ნინო, კი მართლა ისეთი ლამაზი იყო, ყვავილებში რომ გაივლიდა, მინდორში მოსიარულე ველის შროშანი გეგონებოდა. ყაყაჩოები უყვარდა ყველაზე მეტად. ერთხელ იმ გორაზე წავიყვანე, სადაც ყაყაჩოები იზრდება და გადაირია სიხარულით. იმდენი ყაყაჩო ერთად არასოდეს ენახა. რამდენიმე ცალი მოწყვიტა და გახარებული ყვირილით გამოიქცა

      ჩემსკენ.

  -მამიკო, მამიკო, ნახე რა ლამაზი ყაყაჩოები მაქვს!

      რომ მირბოდა, ქარმა ყაყაჩოების სუსტი ფოთლები გააყრევინა და ცარიელი ღეროები შერჩა ნინოს ხელში.

      დაჯდა და ტირილი დაიწყო.

      მე დაწყნარება დავუწყე: რა გატირებს, ხომ ხედავ გარშემო რამდენი ყაყაჩოებია-მეთქი.

  -არა, არა, ეტყობა მე არ ვუყვარვარ ყაყაჩოებს, თორემ ფოთლებს არ ჩამოიყრევინებდნენო! – უფრო მოუმატა ტირილს.

      მერე ბატონები შეხვდა და ღმერთთან წაიყვანეს.

  -ღმერთთან ახლა ალბათ ყაყაჩოების ბაღში დასეირნობს ჩემი დაიკო, ხო მამავ?

  -ხო, შვილო, მამა გენაცვალოს!

  -დედამ თქვა დღეს შენი დის დაბადების დღეა და მთელი ოჯახი ერთად შევხვდებითო. ხინკალსაც იმიტომ ხარშავს, შენდობა უნდა ვუთხრათ ჩემ დაიკოს. წავიდეთ მამავ?

  -წამო შვილო, წამო, შენი მამა გენაცვალოს შენ!

      ხელი მოხვია შუღლიანთ სებამ და თავისი უკვე გაღარიბებული მუზეუმიდან გარეთ გავიდა.

საქმე №15. კერია

      (ანუ საიდუმლო ინფორმაცია კერიაზე დაგდებულ თავმომწვარ ხეზე) კერა სახლის საფუძველია.

      კერა სახლის საძირკველია.

      კერა სახლის სალოცავია.

      კერაზე ენთება ცეცხლი.

      კერაზე ცხვება ხატში შესაწირი ქადა.

      კერაზე ხდება სანთლის ჩამოქნა.

      კერაზე ჰკიდია საკიდელი, რომლის გარშემოც შემოატარებდნენ ხოლმე ნეფე-პატარძალს და მათ მაყრიონს. მაყრები საკიდელს ხანჯლებს სცემდნენ და თან იძახდნენ: ღმერთმა გაგვიმრავლოს ჩვენი ნეფე-დედოფალი.

      კერასთან წყდებოდა ოჯახის საქმეები.

      კერასთან უყვებოდნენ უფროსები ბალღებს საგმირო ზღაპრებს.

      კერასთან საპატიო ადგილზე სვამდნენ სტუმარს.

      კერასთან მღეროდნენ ზამთრის გრძელ ღამეებში ფანდურზე საგმირო ლექსებს.

      კერის პირას უწმინდური ქალი ვერ დაჯდებოდა.

      კერაში ღამ-ღამობით ახვევდნენ ღადარს, რომ დილით გაეღვივებინათ და ამაში იყო რაღაც დროის უწყვეტობა, რაც პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს ჩამოუტანა მიწაზე, ადამიანი კი დღესაც გულმოდგინედ ახვევს ღადარს, რომ ხვალ კიდევ გააღვივოს ცეცხლი.

      კერაზე ხვდებოდნენ ახალწელს.

      აი, იმ გრძელ მორზე, რომელიც გუდამაყრის კერიის მუზეუმში ახლაც დევს, ოდესღაც, ახალი წლის ღამეს, მთელი ოჯახი გადასხდებოდა ამ მორზე, რომელსაც თავში ცეცხლი ეკიდა, ოჯახის უფროსი იმ ცეცხლს აბურჯღლებდა ჯოხის ცემით და თან იძახდა: – ბებერაი მიბრძანდება! – ურტყამდა ჯოხს და აბურჯღლებდა ცეცხლწაკიდებულ მორს, ამით ძველ წელს მიაცილებდნენ და ბებერაიც მას ერქვა.

      მერე საზეიმოდ დაიძახებდა: – ახალი წელი მობრძანდება!

  -რასა ბრძანებს? – ეკითხებოდნენ ოჯახის წევრები.

  -ბედსა, ბედნიერობასა, პურსა, პურიანობასა, ვაჟსა, ვაჟიანობასა, წულსა, წულიანობასა, ოჯახის ბარაქიანობასა!

      მერე ოჯახის უფროსი გარეთ გავიდოდა და სპეციალურად ამ დღისათვის გამომცხვარ ბედისკვერს შემოაგორებდა სახლში. თუ ბედისკვერი წაღმა დაეცემოდა, დიდი სიხარულის მომტანი იყო ეს წელი, თუ გულაღმა დაეცემოდა ავის ნიშანი იყო, ვიღაცა გულაღმა გავიდოდა იმ წელიწადს ამ ოჯახიდან.

      ქართველისათვის ყველაზე დიდი წყევლა იყო, შენ გაგიცივდეს კერაო.

  -ხო ახდა? – ნიშნისმოგებით იკითხა მელიამ.

  -რა? – უცებ ვერ მიუხვდა სადგისი.

  -კერის გაცივება. ეს მორი აქედან უნდა გავათრევინოთ, თორემ ეს შუღლიანთ სება ისეთი ჯიუტი ჩანს, შეიძლება საახალწლოდ კერაც გაგვიღვივოს აქ და თუ ამათ კერიების გაჩაღება დაიწყეს, ჩაგვეშლება ის დიდი საქმე, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

      ამაღამვე მივუსევ გაწვრთნილ ჩრჩილებს მაგ საახალწლო ხეს და პირობას გაძლევ ერთ კვირაში ნამცეცს არ დატოვებენ.

  -რაც შეიძლება ეცადე ბევრი ჩრჩილები გაწვრთნა სხვადასხვა საქმეებისთვის – დაარიგა მელიამ სადგისი და კუდი თავქვეშ ამოიდო.

* * *

      ის ღამე თავის ცოლ-შვილთან გაათენა შუღლიანთ სებამ. დილით რომ მუზეუმში დაბრუნდა ელდა ეცა – იმ ადგილზე სადაც ფარდაგზე ვახტანგ მეფის ანდერძი იყო ამოქარგული ჩრჩილებს ისეთნაირათ ამოეჭამათ ანდერძი რომ ზოგი სიტყვა მთლიანად გამქრალი იყო ანდერძიდან და სულ სხვა მნიშვნელობას იძენდა ამის გამო ეს დიდებული ანდერძი. ახლა ასე გამოდიოდა ამ ანდერძის შინაარსი: ანდერძი

      (ამის წინ ამოჭმული იყო სიტყვა ვახტანგის) (მტკიცედა) ამოჭმული იყო და დარჩენილი იყო შემდეგი: სდექით სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდეთ სიკვდილსა

      ამოჭმული იყო სიტყვა ქრისტესათვის და საერთოდ აღარ იყო სიტყვები: რათა მარადიული დიდება მოიგოთ!

  -ვაი, ჩემს თვალებს, ეს რა უქნიათ ჩრჩილებს! – აღმოხდა შუღლიანთ სებას.

  -რა უქნიათ და ისეთი სიტყვები ამოუჭამიათ, რითიც ის ანდერძი იყო სასიქადულო.

  -მაინც რა სიტყვა არის ისეთი შეჭმული, რომ ეგრე დაგწყდა გული? – ჰკითხა მელიამ.

  -აქ იყო, რომ ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა, ეხლა კი ქრისტესათვის ამოჭმულია და გამოდის რომ ისე უნდა ვეძიებდეთ სიკვდილს, ურწმუნოდ, არაფრისათვის.

  -მაგაზე ზედმეტ ალიაქოთს ნუ ატეხავ, ანდერძებს ქვეყნის მბრძანებლები წერენ და თუ ამ მუზეუმში ვინმეს რამე ეკითხება, მე მგონი მომავალ არჩევნებამდე სამუზეუმო საგნებს ჩემი სჯერათ და რახან ეს ფარდაგიც სამუზეუმო ექსპონატია, ვიფიქრებთ და შემდეგი არჩევნებისთვის უკეთეს ანდერძს ამოვაქარგვინებთ ზედ. ისე, ჩემი აზრით ვიწრო გუდამაყრულ ჩარჩოებში არ უნდა ჩავიკეტოთ და ყველა რელიგიას თავის გასაქანი უნდა მივცეთ, თუ გვინდა რომ საერთაშორისო დემოკრატიულმა მუზეუმებმა თავის ოჯახში მიგვიღონ. ჩვენ ამ მუზეუმის ექსპონატებს არ უნდა მოვახვიოთ თავს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობა, ჩვენ უპირველესად დემოკრატიული მუზეუმი ვართ და ვერავის ვერ ავუკრძალავთ იწამოს ის, რაც მას სურს. აი, მაგალითად ზარფუშს, შეიძლება სულაც არ უნდა ქრისტიანობის სახელით გამოუშვას ის ორთქლი, რაც საარაყე ქვაბში დაგროვდა. ჩვენ უფრო სხვა მასშტაბებით უნდა შევხედოთ სინამდვილეს, დღევანდელი მუზეუმები სხვა პრინციპებს ემყარებიან და ჩვენ ცალკე ვერ ვიქნებით. თოფები და ხმლები, და ათასხუთასი წლის წინანდელი ანდერძი რომ გვიკიდია მუზეუმში ეს უპირველესად ჩრდილს აყენებს ჩვენს მუზეუმს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ აზროვნებას, სხვანაირად დემოკრატიულ ფერხულში ვერ ჩავდგებით. ეროვნულობის ყვირილმა რაც მოგვიტანა, კარგად მოგეხსენება. დღეს მსოფლიო მუზეუმები დემოკრატიის, ახალი აზროვნების პრინციპებით ერთიანდებიან და სირცხვილია იმაზე ტირილი, საქართველოს რუკაზე ათასხუთასი წლის წინათ დაწერილ ასოს თუ ამოსჭამს ჩრჩილი.

  -ეს მუზეუმი იმისათვის შევქმენი რომ მამა-პაპათა აზროვნება და რწმენა შემენახა მომავალი თაობებისათვის, თუკი ყველაფერს კიდობანში გამოვკეტავთ და ანდერძსაც ჩრჩილებს შევაჭმევინებთ, უარს ვიტყვით იმ სარწმუნოებაზე, რომლის ძალითაც დღემდე მოვედით, რაღას ჰქვია ახალი აზროვნება?

  -ახალი აზროვნება იმასა ჰქვია რაც წინა არჩევნების მერე, ჩვენი მუზეუმის უდიდესმა მოაზროვნე ნაწილმა, სამუზეუმო ექსპონატთა კავშირმა რომ წამოიწყო და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენ შუა გზაზე საქმის მიტოვება არა გვჩვევია და ზოგიერთებს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ბრძოლის ყველა ხერხს გამოვიყენებთ ჩვენი დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად.

  -ეს მუზეუმი სულ სხვა მისიით გავხსენი ბატონო მელია, სოფელ-სოფელ ვაგროვებდი ძველებურ ნივთებს, რაც ჩვენ წინაპრებს უტარებიათ, რითიც დღემდე მოვედით და მეჩვენება, რომ ის ნივთები ერთმანეთს წაეკიდნენ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ხალხი მეკითხება, რა მუზეუმია, ხმალი შენ არ გიკიდია შიგნით და ხანჯალიო, მაპატიეთ და მარტო თქვენი ფიტულის გამოსაჩენად არ გამიხსნია ეს მუზეუმი. თავიდან არც კი გაგვხსენებიხართ, არაფერი ხეირი არ გვახსოვდა თქვენგან და რამოდენიმე ექსპონატის მოთხოვნით მოგიყვანეთ რუსული ბასტიონიდან აქ. ვიფიქრეთ, მტრის ბუჩქში სად რომელი კურდღელი იმალება ის ეცოდინება და იმის მაგივრად რომ ეს გვითხრათ, მარჩიელობთ, ყველაფერზე იმას იძახით, მომატყუეს თორემ მე დანამდვილებით ვიცოდი რომელ ბუჩქში რომელი კურდღელი იჯდაო. სიმართლე გითხრათ მეშინია, როცა ერდოებიდან შემოსულ აჩრდილებს საიდუმლოდ ელაპარაკებით. არასოდეს ასეთ ლაპარაკს ჩვენი მუზეუმისთვის სასიკეთო არაფერი არ მოჰყოლია, პირიქით, ხან თოფები ჩამაკეტინეთ კიდობანში ამის მერე, ხან ხმლები და ხან ფარები. ყველაფერს სხვას აბრალებთ და ისე დადიხართ ამ მუზეუმში, ერთი ფეხის დანადგამ ნაკვალევს არ ტოვებთ თქვენსას, მიითრევთ კუდს და შლით თქვენს ნაკვალევს. მე მთელი ცხოვრება ამ მუზეუმის შექმნას შევალიე, ლამის არის ცოლ-შვილი შიმშილით გამიწყდეს და ღმერთმა ნუ ქნას, თუ კიდევ ძოღანდელივით ადიდდა მდინარე, სახლსაც გამტაცებს.

  -ამაზე არჩევნების მერე ვილაპარაკოთ, ეხლა კი დიდი სურვილი მაქვს გავარკვიო, რა კიდობანია და რა წარსული აქვს იმ კიდობანს, სადაც ის შენი სანაქებო ეროვნული ხმალ-ხანჯლებია ჩაკეტილი. იქნება შეთქმულებაც კი მზადდება არჩევნების წინ მაგ კიდობანის შიგნით.

      მომახსენეთ!

  -ამ წუთას, კიდობნის საქმეს დაგიდებთ, ჩემო ბატონო! – მელიის წინ გამოგორდა ავადწვერწამახული სადგისი.

საქმე №16. ქალამნები

      ბატონო მელია! მანამ ცოდვის კიდობანზე, რომელიც თურმე ასეთ სახელს ატარებდა სოფელში, სრულ ინფორმაციას შევაგროვებდე, ნება მომეცით წვრილ-წვრილი საქმეებით დავაკავო თქვენი ყურადღება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ქალამნებს, რომლებიც მუზეუმის ჩრდილოეთ კედელზე ჰკიდია სხვა ტანსაცმელთან ერთად. ჩემი აზრით ზუსტად ეს ქალამნები გამოგვადგება ჩვენ არჩევნებში, იმიტომ რომ როგორც შევიტყვე მაგ ქალამნების წყალობით სასამართლოში საქმე მოიგო იმ კაცმა, ვისაც ეგ ქალამნები ეცვა. ორი გლეხი ედავებოდა ერთ-ურთს მამულს. ადრე რომ მამულები პაპიდან შვილიშვილზე გადაეცემოდა და ერთი გოჯი მიწა რომ მოეხნა სხვის მამულში ვინმეს, აუცილებლად სისხლი დაიღვრებოდა.

      ამ ქალამნების პატრონმა მთლიანად მოხნა სხვისი მამული. პატრონი უწყინარი კაცი იყო და რა თქმა უნდა მიწის გულისთვის არც ხმალი უშიშვლია და არც ხანჯალი. წავიდა და თემის კაცებს შესჩივლა თავისი გასაჭირი.

      მაშინ რუსები კი იყვნენ უკვე შემოსული, მაგრამ სოფლის თავკაცების სამართალი მაინცა სჭრიდა.

      მამულის პატრონი ამტკიცებს ჩემია მიწაო.

      ქალამნების პატრონი იძახის ჩემი მამა–პაპის დანატოვარიაო.

      ვერ შველდებიან.

      ბოლოს დაინიშნა სასამართლო.

      დაისწრეს რუსი ბოქაული.

      სოფლის მღვდელმა ბიბლია მოიტანა.

      ქალამნების პატრონმა ღამით თავისი კუთვნილი მამულის მიწა ჩაიყარა ქალამნებში და როცა ბიბლიას ხელი დაადო, ასე დაიფიცა: – მაღალი ღმერთის ძალი და ამ წმინდა ბიბლიის მადლი გამიწყრეს, თუ რაიმე მოვიტყუო, ის მიწა რომელზედაც ახლა ფეხისგულები მიდგა ჩემს მამა- პაპას ეკუთვნოდა და ასევე მეკუთვნის მეც.

      მისი სიტყვა და ფიცი ისეთი დამაჯერებელი იყო, ხმა ვეღარავინ გასცა, ნამდვილმა პატრონმაც კი ვეღარ თქვა ვეღარაფერი და ხალხი ამტყუვნებდა კიდეც, ამდენ ხანს სხვისი მამული უხნია, როგორც იქნა სამართალმა იზეიმა და მიწა ნამდვილ პატრონს დაუბრუნდაო.

      აი, ეს ქალამნები ჰკიდია ჩვენს მუზეუმში და თუკი ვინმეს მომხრობა გვინდა, ზარფუშთან ერთად, მე მგონი, ეგ ქალამნებიც დიდ საქმეს გაგვიწევენ.

      მარად თქვენი ერთგული და სადაც მიბრძანებთ

      დაუყოვნებლივ იქ შემრჭობი – სადგისი!

საქმე №17. საფლავის ქვა

      დიდო მელია, საფლავის ქვას რა უნდა მუზეუმში?

      შუღლიანთ სებას რომ ვკითხე, მითხრა, ეგ საფლავის ქვა მდინარის პირას ვიპოვე, არ ვიცოდი ხატიდან წამოიღო წყალმა, ან ვის საფლავს ეკუთვნოდა და მუზეუმში იმიტომ მოვიტანეო.

  -რას გვიშლის მერე საფლავის ქვა, იყოს, ვინ იცის როგორ გამოგვადგება საარჩევნოდ.

  -ჩვენ რომ არ მოგვცეს ხმა?

  -რატომ ფიქრობ?

  -ზედ უცნაური წარწერა აწერია.

  -რა აწერია?

  -სოფლისა თავსა მჯდომარე

      სოფლისა ბოლოს ესვენა, „ცრუ არის ესე სოფელი“

      საფლავის ქვაზე ეწერა.

  -მშვენიერი წარწერა არის, – თქვა მელიამ.

  -ის რომ წერია, სოფლისა თავსა მჯდომარე, სოფლისა ბოლოს ესვენაო, ცუდად ხომ არ გენიშნებათ ეს.

  -ჰო, ეს ვერ დაუწერიათ მთლად კარგად, მე თუ მკითხავენ, ყოველი სოფლისა თავსა მჯდომარე, სიკვდილის მერეც სოფლის თავს უნდა ესვენოს, მაგრამ გვყვანან მუზეუმის თავში დასაჯდომად გამზადებული საგნები და სწორედ იმათ დავადებთ ზემოდან მაგ ქვას.

  -დიდებული აზრია.

  -მანამდე შენ მაგ საფლავის ქვასთან იმუშავე და იქნებ წამოაცდენინო, საიდან წამოიღო წყალმა, ვის საფლავს ეკუთვნის და ჩააწვეთე, რომ მე დიდად ვაფასებ მაგ ქვის ჩვენ მუზეუმში არსებობას.

  -ყველაფერს შევიტყობ და საჩვენო აზრზე დავაყენებ, – ჩაუჩურჩულა მელიის ფიტულს სადგისმა და მუზეუმის კუთხეში დაგდებულ საფლავის ქვისაკენ გაგორდა.

      მდუმარე ლაშქარი

  -მამავ, მამავ, რა კარგი იყო გუშინ ღამით ყველას ერთად რომ გვეძინა სახლში, იქნებ ამაღამაც სახლში წამოხვიდე დასაძინებლად, – სთხოვა შუღლიანთ სებას ნაბოლარა შვილმა.

  -ვერა შვილო, მამა გენაცვალოს, ვერ წამოვალ.

  -რატომ მამავ, დედა ხომ კარგად გექცევა და აღარა გსაყვედურობს, სახლისთვის არაფერს აკეთებო.

  -ხო შვილო, მაგრამ მუზეუმს ვეღარ დავტოვებ უმეთვალყურეოდ, აქ ისეთი ამბები ხდება...

  -არაფერიც არ ხდება მამავ, თავისთვის არიან საგნები, ამათ რა ყარაულობა უნდა, თუ გინდა გარედან დავკეტოთ ბოქლომით კარი, რომ ღამით ქურდებმა რამე არ მოიპარონ.

  -არა შვილო, მამა გენაცვალოს, ჩრჩილები შესევიან საქართველოს ფარდაგს, ვახტანგ მეფის ნახევარი ანდერძი უკვე შეუჭამიათ, რაღაცა უნდა ვიღონო, რომ მოვსპო ეგ ჩრჩილები, თორემ მთელ ფარდაგს ნაფლეთებად აქცევენ.

  -მეც მოგეხმარები მამავ, მაგათ კვერცხები ექნებათ ფარდაგში დადებული და, მოდი მზეზე გავიტანოთ, დედაჩემი მზეზე ფენს ხოლმე როცა რამეს ჩრჩილები გაუჩნდება.

      მამამ და შვილმა ფარდაგზე ჩამოკიდებული საგნები ჩამოხსნეს, ტახტზე დაალაგეს, მერე ფარდაგი გარეთ გაიტანეს, მზეზე გაფინეს და ტანსაცმლის ჯაგრისით გაასუფთავეს, მტვრისა და ჩრჩილების კვერცხებისაგან.

      საღამოს, მზე რომ ჩაიწვერა, ისევ მუზეუმში შეიტანეს ფარდაგი, ჩამოკიდეს აღმოსავლეთ კედელზე და ტახტზე დაწყობილი ნივთები ჩამოაკონწიალეს ზედ.

  -ეხლა ხომ დაიძინებ ჩვენთან მამავ?

  -ვერა შვილო, მამა გენაცვალოს, მაინც სჯობია აქაურობას ვუყარაულო.

  -წავალ, წყაროს წყალს მაინც მოგიტან, – დოქს წამოავლო ბიჭმა ხელი და წყაროსაკენ მოკურცხლა.

  -შენ გენაცვალოს შენი მამა, შენა, აი! – კი არ უთქვია, ისე გაივლო ეს სიტყვები გულში სებამ და კიდობანში ჩაიხედა, სადაც თოფები და ხმალ-ხანჯლები ჰქონდა ჩაწყობილი.

  -დაახურე თავსახური და დაკეტე თუ არ გინდა რომ ისე შეგერჭო, სული გაგაფრთხობინო, – მოესმა სადგისის ხმა სებას.

      დაახურა კიდობანს თავსახური და კლიტით ჩაკეტა.

  -მოიტა ეგ გასაღები და ჩამაბარე, – უბრძანა მელიამ.

      შუღლიანთ სებამ ყელზე ჩამოჰკიდა მელიის ფიტულს კიდობნის გასაღები.

      ბიჭმა წყაროს წყალი მოარბენინა დოქით.

  -გინდა მამავ, მეც შენთან ერთად დავიძინებ ამაღამ მუზეუმში, – თქვა ბიჭმა.

  -დედა რომ გაგიბრაზდეს?

  -დედას უკვე ვუთხარი.

  -კარგი ჩემო ბიჭო, ამ ერთ ღამეს დაიძინე, აი, რა კარგი ტახტი გვაქვს, ისეთი ბედნიერი ოჯახის ნაქონი ტახტი ყოფილა ეს, ამაზე ძილს რა სჯობია.

  -ჩემი დის ამბავს და ზღაპრებსაც ხომ მომიყვები მამავ.

  -მოგიყვები, მამა გენაცვალოს, მოგიყვები.

      ბიჭი გულაღმა წამოწვა ტახტზე და მუთაქა ამოიდო თავქვეშ. მამა გვერდით მიუწვა.

  -ერთ სოფელში, – დაიწყო ზღაპრის მოყოლა სებამ, – შაბათ დილით წირვაზე წასულა მთელი სოფელი. შევიდნენ ეკლესიაში და დაიწყო მღვდელმა წირვა. ამ დროს საიდანღაც მოცურდა უშველებელი გველეშაპი და ეკლესიას შემოეხვია გარშემო, ისე რომ კუდი და თავი შესასვლელთან დადო და ისე ჩაკეტა, ვეღარავინ ბედავდა გარეთ გამოსვლას. ფანჯრებს დიდი რკინის გისოსები ჰქონდა დატანებული, მაგრამ ისე იყო ხალხი შეშინებული, გისოსებიც რომ არ ყოფილიყო, მაინც ვერ გაბედავდნენ გარეთ გამოსვლას.

      გველეშაპი ეკლესიაში ვერ შედიოდა წმინდა გიორგის შიშით, ხალხი გველეშაპის შიშით ვერ გამოდიოდა გარეთ და იყვნენ ასე.

      გავიდა ერთი დღე. ორი. სამი. ლოცულობდა ხალხი რომ მოეშორებინა იქაურობისათვის გველეშაპი, მაგრამ იმდენი ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი, არ შეისმინა ღმერთმა მათი ლოცვა.

  -არც მღვდლისა, მამავ?

  -ხო, არც მღვდლისა შვილო, ეტყობა იმასაც ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. გველეშაპი კი იყო ეკლესიის გარშემო შემოწოლილი და ელოდებოდა როდის გამოვიდოდნენ რომ ყველა ჩაეყლაპა. არა და ხალხს მოშივდა, წყალიც მოსწყურდათ, ღმერთი კი არ ისმენდა მათ ლოცვას.

  -მერე მამავ?

  -იმ ხალხში ერია ერთი შენხელა ბიჭი, რომელსაც ძალიან სწამდა ღმერთი და რასაცა სთხოვდა, ღმერთიც უსრულებდა, მაგრამ ისე უყვარდა ამ ბიჭს ღმერთი, არ აწუხებდა თხოვნით.

  -რას აკეთებდა ხოლმე ღმერთის შეწევნით ის ბიჭი მამავ?

  -ერთხელ შუა ზაფხულში, ძალიან დაცხა, ლამის ქვეყანა გადახმა, იმ ბიჭმა ღმერთს სთხოვა და თოვლი მოიყვანა.

  -კიდევ მამავ?

  -ერთხელ, შუა ზამთარში პატარა და გაუხდა ავად, ისე ავად რომ გადარჩენის პირი აღარ ჰქონდა. სიკვდილის წინ დამ ძმას სთხოვა, ვაშლი მინდაო. მოირბინეს მთელი სოფელი, მაგრამ არავის არ აღმოაჩნდა ვაშლი. მაშინ ბიჭმა ღმერთს სთხოვა, ღმერთმა ვაშლის ხე ააყვავა, იმავე დღეს გამოისხა ნაყოფი და დამწიფდა კიდეც.

      ბიჭმა დიდი გობით მიართვა თავის დაიკოს თურაშაული ვაშლები.

  -და გველეშაპი რომ მოეშორებინა ეკლესიისათვის, ის არ სთხოვა ღმერთს იმ ბიჭმა, მამავ?

  -სთხოვა, მამა გენაცვალოს და ისე უყვარდა ღმერთს ის ბიჭი შეუსრულა თხოვნა.

  -მოკლა გველეშაპი?

  -არა, მთელი ეკლესია, თავის ხალხიანად ცაში აფრინდა და ღმერთის საუფლოში დაეფუძნა. დარჩა წითელი გველეშაპი პირდაღებული დედამიწაზე.

  -რა კარგია მამავ, ნეტავ მეც ეგრე ვუყვარდე ღმერთს, თხოვნით არც მე შევაწუხებდი, უბრალოდ ვთხოვდი მდინარე რომ ადიდდება დიდი წვიმების დროს, არ მოგვტაცოს ჩვენი სახლი და კიდევ ვთხოვდი, რომ არ გეჩხუბოს დედიკომ და ღამ-ღამობით მთელმა ოჯახმა ერთად დავიძინოთ ხოლმე. კიდევ ვთხოვდი, რომ ერთი დღით გამიცოცხლოს ჩემი დაიკო, მაჩვენოს როგორია და მერე ისევ თავისთან წაიყვანოს ყაყაჩოების ბაღში.  მთვარე ამოვიდა და ერდოებიდან შემოიჭრა მისი მკრთალი სხივები. ყურდაცქვეტილი მელიას ფიტული რაღაცას გაჰყურებდა ერდოდან. მთვარის შუქზე კარგად ჩანდა მთაზე გაჭრილი გორგასლის ნაგზევი, რომელზეც უცნაური სანახაობა ხდებოდა ამ დროს – ძველ ნაგზევზე მოდიოდა მდუმარე ლაშქარი, რომელსაც წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა მეფე მოუძღვებოდა. მეფეს მოჰყვებოდნენ მხლებლები და რაინდები მოასვენებდნენ ვახტანგ მეფის მასწავლებელს. მეფე იყო დაღვრემილი. მთვარის შუქზე ელვარებდა ჯვრიანი ქართული დროშები.

      შეშინებული ბიჭი მამას ეკვროდა და ძველ ნაგზევზე მიმავალ მდუმარე ლაშქარს გაჰყურებდა.

      უთვალავ ლაშაქარს ბოლო არ უჩანდა.

      მთვარე ღრუბლებში მიიმალა და ლაშქარიც გაქრა.

  -ეს რა იყო მამავ?! – ჰკითხა ჯერ კიდევ შიშით აკანკალებულმა ბიჭმა მამას.

  -ნუ გეშინია ჩემო ბიჭო, ღმერთს უყვარხარ კეთილი რომ ხარ და იმიტომ დაგანახვა ამ გზაზე ათასხუთასი წლის წინათ მიმავალი ვახტანგ მეფის ლაშქარი. თუ უფრო მეტი გულით შეიყვარებ ღმერთს და უფრო კეთილი იქნები, მე რომ მოგიყევი, იმ ბიჭივით ყველაფერს შეგისრულებს.

      ბიჭი მამას გულში ჩაეხუტა.

      ცოტა ხანში ჩაეძინათ კიდეც.

      მელიამ სადგისს უხმო და წაუჩურჩულა: დილით უბრძანე, ეგ ერდოები ამოქოლოს რომ მეტად აღარ გამოჩნდეს ძველი ნაგზევი.

  -არ ამოქოლავს და ისე შევერჭობი რო?! – დაამშვიდა მელია სადგისმა.

      ტკბილად ეძინა მამა-შვილს ბედნიერი ოჯახის ნაქონ ტახტზე.

      დილით მზის სხივი შემოიჭრა ერდოდან და უცნაურად გაანათა კიდობანი, რომელსაც ეჭვის თვალით უყურებდა მელიას ფიტული. ყელზე სამკაულივით ეკიდა იმ კიდობნის ბოქლომის გასაღები.

საქმე №18. ცოდვის კიდობანი 

      (საიდუმლო ინფორმაცია კიდობანზე, რომელიც ახლა გუდამაყრის მუზეუმში დგას, შიგ თოფ- იარაღი, ვეფხისტყაოსანი და კიდევ სხვა ნივთები აწყვია, რომელთაც შეიძლება ხელი შეუშალონ ახალ აზროვნებას, რომელი აზროვნებაც წარმართავს ცივილიზებული მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებს) როგორც მითხრეს არსებობს მშვიდი, ღვთითკურთხეული სიკვდილი. ასეთი სიკვდილით მიიცვალა !)!. წლის შემოდგომაზე ათონის ივერთა მონასტრის ბერი ბენიამინი. მწუხარებამ მოიცვა ქართველი ბერები. ტაძარში დაასვენეს ბენიამინის ცხედარი და უთენებენ ღამეს. ათონის მთაზე არც ისე იშვიათად მომხდარა სასწაულები, რის მოწმენიც ეს ბერებიც გამხდარან ღვთის განგებით, მაგრამ რაც იმ ღამეს მოხდა, ეს ნამდვილად ენით აუწერელი სასწაული იყო. ჯერ მიცვალებულის სახე განათდა უცნაური ღვთიური შუქით. ბერებს ეგონათ, რომ მიცვალებული ცოცხლდებოდა და ხმამაღალი ლოცვით შეჰღაღადეს ღმერთს. მიცვალებულის სახეზე დაფენილი ღვთიური შუქი თანდათან ძლიერდებოდა და ბოლოს ისე გაძლიერდა, რომ მთელი ტაძარი განათდა ამ შუქით. აღმოსავლეთის კედელზე კი უცნაური სანახაობა წარმოჩინდა: როგორც კინოეკრანზე, ისე გამოჩნდა ბენიამინის ბავშვობა, ყრმობა, ყოველი საქმე რაც ბენიამინს სიცოცხლეში უკეთებია. ბერები ბენიამინის საქმეების ამსახველ ნათებაში ხედავდნენ თავის თავს. იმათ შორის იყო ბერი ზოსიმეც, რომელიც გუდამაყრის ხეობიდან წამოიყვანა გზადმიმავალმა ბენიამინმა და მას მერე შვილივით ზრდიდა. მანვე მოიყვანა ათონის წმინდა მთაზე და აი, ახლა, ტირილით ეთხოვება თადეოზი თავის სულიერ მამას. ბოლოს აღმოსავლეთის კედელი თვალისმომჭრელი შუქით განათდა, იმ სინათლიდან გამოვიდა მაცხოვარი, ბენიამინი გულზე მიიყრდნო და უთხრა: – წამო შვილო, წამო!  სინათლე უფრო გაძლიერდა და მაცხოვართან ერთად გაქრა ბენიამინის გამოსახულება ტაძრის კედელზე. მიცვალებულის სახეზე ნათება ჩაქრა. ისე იყვნენ ნანახი სასწაულით აღფრთოვანებული ბერები, ვეღარცკი აღიქვამდნენ ბენიამინის ცხედარს მიცვალებულად. მათ ხომ ეს-ეს არის თავის თვალით ნახეს, როგორ შეიყვანა მაცხოვარმა მათი წინამძღვარი დიდ საუფლოში.

      ათონის მთაზე, შემაღლებულ ადგილზე არის საძვალე, სადაც ყველა ქართველი ბერის თავის ქალაა მოთავსებული. ეს საძვალე უფრო ტაძარია, ვიდრე საძვალე. პირველ სართულზე მიცვალებულთა ძვლებია თავისი აღმნიშვნელი ნომრებით, თუ ვის კუთვნილებას წარმოადგენს ესა თუ ის თავის ქალა, ხოლო მეორე სართულზე ტაძარია.

      სამ წელიწადს მიწაში მარხავენ მიცვალებულს, შემდეგ საფლავს თხრიან და საძვალეში გადააქვთ მისი თავის ქალა.

      ბენიამინის ცხედარიც, მესამე დღეზე მიწას მიაბარეს ქართველმა ბერებმა. თადეოზი აირჩიეს წინამძღვრად, რადგან იგი სიწმინდითაც იყო განთქმული და ბენიამინის უსაყვარლესი მოწაფეც იყო. მწუხარე იყო თადეოზის გული. თუმცა თავისი თვალით იხილა, როგორ შეიყვანა დიდ საუფლოში მაცხოვარმა მისი გამზრდელი და მოძღვარი, მაგრამ სიხარულთან ერთად სევდის მძიმე ლოდი ეწვა გულზე. ამ ლოდს, ადამიანთა ენაზე, ამ ქვეყანაზე ობლად დარჩენის ლოდი ჰქვია. პირველად ადრეულ ბავშვობაში განიცადა ობლობა თადეოზმა. ახლაც ცხადად ახსოვს ის დღე, როცა რუსის ჯარისაგან დაბეგრილი სოფელი ერთ საწყალ მაჩვზე იყრიდა მთელი რუსეთის ჯავრს. როგორც გითხარით, ისე ჰყავდა შევიწროვებული რუსის ჯარს მთელი გუდამაყრის ხეობა, სახლიდან „სტრაჟნიკის“ დაუკითხავად არცკი შეეძლოთ სოფლიდან შორს წასვლა – რა იცი როდის გზის გასაწმენდად დაგიძახებდნენ და როდის კიდევ სხვა სამუშაოზე. ქალებს ტვირთებით თივას აზიდვინებდნენ ცხენებისათვის. როცა უნდოდათ მაშინ შედიოდნენ „ სტრაჟნიკები“ გუდამაყრელთა სახლებში და თუკი რაიმე სანოვაგეს ნახავდნენ, უბოდიშოდ და მადიანად შეექცეოდნენ. ყოველ გუდამაყრელს ისინი დაცინვით „კაცოს“ ეძახოდნენ. ახლაც ყურში უწივის „სტრაჟნიკების“ მიერ ნათქვამი ეს კაცო თადეოზს. მწირია გუდამაყარი და ერთადერთი კარტოფილი ხარობს, იმით გაჰქონდათ ზამთრობით თავი. კარტოფილით და ქერის პურით, თუმცა ქერის პური დიდი სიამოვნება იყო, ქერში სვილსაც ურევდნენ და ამას ქერ-სვილაის პურს ეძახდნენ.

      მაჩვი შეეჩვია კარტოფილებს. ღამ-ღამობით უსაფრდებოდნენ, მაგრამ ვერა და ვერ მოიგდეს ხელში. ვიღაცამ ხაფანგი დაუგო. მაჩვი ხაფანგში გაება და როგორც ჩანს იმდენი იწვალა, ხაფანგის სამაგრი მოგლიჯა და თან წაითრია ხაფანგი. სისხლის კვალს გაჰყვნენ სოფლელები და ამით მიაგნეს მაჩვის სოროს, რომელიც ლოდებით გამაგრებულ ადგილას იყო ღრმად ჩათხრილი. უფროსებმა სოფელში გააგზავნეს ბალღები და ბარები და ქარჩები მოატანინეს სოროს გამოსათხრელად. გამოთხარეს და რას ხედვენ, მაჩვს გულში თავისი ლეკვი ჰყავს ჩაკრული და ქშუტუნით ცდილობს თავდაცვას, ეტყობა ჰგონია ამით ხალხს შეაშინებს, მაგრამ ხალხს შურისძიება სწყურია, ისინი ისე არიან „სტრაჟნიკების“ თავხედობით შეწუხებული, თვითონაც სურვილი აქვთ ვიღაცაზე იყარონ ჯავრი. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს რუსებისაგან ჩამორთმეული აქვს თოფები, რომ ბუნტი არ მოაწყონ, მაგრამ ჩუმ-ჩუმად ხანჯლები აქვთ ჩოხის კალთებს შიგნით გადამალული. ამ შურისძიებამოწყურებულ ხალხის წინ დგას ლეგაფერის სქელბეწვიანი მაჩვი, რომელსაც შუბლისა და ცხვირის გაყოლებაზე თეთრი ზოლი ჩამოსდევს. შეშინებულ მაჩვს ჯაგარი ეკლებივითა აქვს წამოშლილი. ვიღაცამ კეტი მოუქნია და სწორედ იქ დაარტყა, სადაც თეთრი ზოლი ჩამოსდევდა ტუჩცხვირის გასწვრივ. სისხლმა შეღება ეს თეთრი ზოლი. მერე მეორემ დაარტყა კეტი. მაჩვი ქშუტუნებდა და ლეკვს უფრო მაგრად იკრავდა გულში. ვიღაცამ ხანჯალი იშიშვლა და ტუჩი წააჭრა. მაჩვს ლეკვი გაუვარდა, გამწარებულმა საშინლად ამოიქშუტუნა. ვიღაცამ ხაფანგის ჯაჭვს ჩაავლო ხელი და სოფლისაკენ წამოათრიეს მაჩვი, რომ იქ სხვებისვთისაც ეჩვენებინათ როგორ უნდა მათი ბარაქის გამნიავებლის წვალება. ორი-სამი კაცი ძლივს მოათრევდა, შვილისაკენ იწევდა, არ უნდოდა მისი მიტოვება, ბასრი ბრჭყალებით ფორჩხნიდა ღორღიან მიწას. ძალით მოათრევდნენ და ლეკვიც თან მოჰყვებოდა, ის როგორღაც ახერხებდა, ლეკვის მხარეს წაფორთხდებოდა და გულში იკრავდა. ხალხი ჯოხებით აშორებდა შვილს და მაჩვი ამ დროს საშინლად ღმუოდა. დასცხეს კეტები და მდინარეში გადააგდეს. არც იქ დაიხრჩო, ნაპირზე გამოცურა და ისევ გულში ჩაიკრა თავისი შვილი. ახლა კი გამეტებით დასცხეს კეტები და ექსტაზმიცემულმა ხალხმა ქვასა და ღორღში აურიეს მაჩვი და მისი ასევე შუბლსაღარა ლეკვი. სწორედ ამ დროს თოფების სროლა გაისმა და სოფლის მოედანზე „სტრაჟნიკები“ შემოცვივდნენ ცხენებით.

  -რა ამბავია, რაშია საქმე?! – დაიყვირა უფროსმა, რომელსაც როგორც ჩანს საშინლად არ მოეწონა კეტებით შეიარაღებული ერთადშეყრილი ხალხი.

  -მაჩვი მოვკალით უფროსო, ამისაგან მოსვენება აღარა გვქონდა, გაგვინადგურა მოსავალი – ქუდის მოხდით მოიბოდიშა სოფლის მამასახლისმა.

  -ვი შტო, ეტა ბუნტ?! – უფრო დაიყვირა „სტრაჟნიკების“ უფროსმა და მრისხანედ გადახედა ხალხს, რომლებიც ისე შეშინდნენ, კეტები და ქარჩები შორს მოისროლეს.

  -მაჩვისაგან კი არა, ამათგან არა გვაქვს მოსვენება! – დაიძახა თადეოზის მამამ და სტრაჟნიკებზე მიუშვირა ხალხს ხელი.

  -შტო, შტო?! – აენთო უფროსი.

  -რას ამბობ, კაცო, გაგიჟდი?! – წამოაძახეს აქეთ-იქიდან თანასოფლელებმა თადეოზის მამას.

  -დასცხეთ კონდახები მაგ მამაძაღლს! – ბრძანა უფროსმა და „სტრაჟნიკებსაც“ მეტი რა უნდოდათ, თოფის კონდახებით ჩაჩეხეს თადეოზის მამა. თანასოფლელებიდან არავინ გამოჰქომაგებია, ნიშნსაც კი უგებდნენ და ერთ-ურთს ეჩურჩულებოდნენ: – ახია, ახი! ჩვენი წაქეზებაც უნდოდა, არ იცოდა რომ რუსებს ვერ მოვერევით.

  -ეგდოს აქ, სანამ სული არ ამოსძვრება, არავინ გაბედოთ მიხმარება, თორემ ვაი თქვენი ბრალი! – დაემუქრა დამტვრეული ქართულით უფროსი და ხალხს უბრძანა გზის გასაწმენდად გაჰყოლოდნენ ბეგარაზე.  თადეოზის მამა ცოცხალ-მკვდარი ეგდო მოედანზე. სახლიდან ტირილით გამოვარდა მოხუცი დედამისი. თადეოზის დედა არ იყო ამ დროს სახლში, დღე-დღეზე უნდა ემშობიარა და რაკი სოფლის წესი ჰკრძალავდა „მირეული“ ქალის სოფელში ყოფნას, მდინარის გადაღმა ჰქონდა სოფელს სამშობიარო სოფელი და მშობიარობიდან მხოლოდ ორმოცი დღის მერე შეეძლო მელოგინე ქალს სოფელში დაბრუნება. სალოცავის მოედნად და წმინდა ადგილად ითვლებოდა ეს სოფელი და წესს ვერავინ დაარღვევდა. ამიტომ იყო თადეოზის დედა ამ დროს მდინარის გადაღმა აშენებულ სამშობიარო ბოსელში. თადეოზმა და მისმა ბებიამ ძლივს წაათრიეს კონდახებით ჩამსხვრეული თადეოზის მამა სახლში, მარტო ორი მოხუცი ქალი მიეხმარა სოფლიდან, დანარჩენები ისე იყვნენ „სტრაჟნიკებისაგან“ შეშინებულნი, სახლებში შეიკეტნენ.

      ახლა ახსენდება თადეოზს, როგორ ესვენა სახლის შუაგულში მდგარ ტახტზე მომაკვდავი მამა და სულის გაყრას ებრძოდა. მამამისსაც რაღაც უცნაური შუქით ჰქონდა სახე განათებული. ბიჭმა ისიც შეამჩნია, რომ სახლში ადამიანები შემოვიდნენ, შემოვიდნენ და მომაკვდავის აქა- იქა დადგნენ. ჯერ თანასოფლელები ეგონა მოსულები ბიჭს, მაგრამ მერე მიხვდა რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ.

  -ბებო, ბებო, ვინ არიან ეს კაცები? – ჩუმად ჩაუჩურჩულა თადეოზმა მტირალ ბებიას.

  -ეგენი სულეთის კაცები არიან, ჩემო ბიჭო, ჩემი საწყალი შვილის წასაყვანად არიან მოსულნი.

  -სად უნდა წაიყვანონ?

  -სულეთის ქვეყანაში! – ამოიქვითინა მოხუცმა.

      მომაკვდავმა თვალები გაახილა და ჯერ სულეთის კაცებს შეხედა, მერე თადეოზს, მერე დედის ხელი აიღო და გულზე დაიდო.

      ბიჭმა დაინახა, რომ სულეთის კაცებს დაენანათ დედა-შვილის ასეთი ყოფა და მზერა აარიდა.

ჩანართი

      (ანუ სულ-ხორცის გაყრა და დედის დალოცვა სულეთის ქვეყანაში მიმავალი შვილისა) მოხუცმა ცრემლები მოიწმინდა. კარადიდან თაფლის სანთელი ამოიღო და აანთო.

      შვილმა დედას შეხედა. დედამ კი ასე დაითხოვა შვილი: – დამითხოვიხარ, ნუღა შემომტირი, გამშორდი დედაშვილობით (ქალი სულეთის კაცებს მიუბრუნდა: წაიყვანეთ, ნუ დაგენანებათ, ოღონდ მშვიდობის გზებით ატარეთ). წადი, დედაო, გაჰყევი, ნურცარა შეგაშინებს, ნუმც დამიღონდები, მალედამც შაეყრები შენ სწორთ. უდედობით ნუ იტირებ. გაჰყევი შვილო , მაინც არ გწირავენ; მე დამითხოვიხარ, ჩამიბარებიხარ სულეთის კაცთათვის. გიყვარდა ყველაი, მაგრამ ეხლა უნდა გასწირო . თუ რამეში შესცდი: ხელით, ენით, თვალით სუ ყველაფერიმც გეპატიოს, ცოდვად ნუ გადაგხდების. წადი, ჯვარი გეწეროს. ალალიმც არის შენზე ჩემი ამაგი. მე დამითხოვიხარ, უნდა გავიყაროთ დედა-შვილობით; სულეთის ღმერთიმც ჩაგიბარებს, ისიმც დაგაყენებს ნათელს. მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ნათელშიმც იქნები! ქალმა სანთელი დაამაგრა საკაცის თავთან. სულეთის კაცებმა თვალები დაუხუჭეს თადეოზის მამას და მერე მის სულთან ერთად გავიდნენ კარიდან.

      საღამო ხანი იყო. ტირილით გავარდა დედისაკენ თადეოზი. მდინარეზე ხის ერთი მორი იყო გადებული და ზედ ადიდებული მდინარე გადადიოდა ჩქერად.

  -დედაა, დედაა, მამიკო მოჰკლეს! – გაჰყვიროდა დედას თადეოზი.

      ქალი ბოსლიდან გარეთ გამოვიდა. ხელში ჩვრებში გამოხვეული პატარა ეჭირა.

  -მამიკო მოჰკლეს, დედაა! - გასძახა თადეოზმა და ხიდზე გასვლა დააპირა.

  -ხიდზე არ შემოდგე, გადავარდები! – დაუძახა ქალმა, პატარა ბოსელში დატოვა და თადეოზისაკენ გამოიქცა, რომ ხიდზე არ შემდგარიყო.

  -მამიკო მოჰკლეს, დედაა! – ტიროდა ხიდისყურთან თადეოზი. ქალი ხის მორზე შემოდგა, მაგრამ შუამდე რომ მოვიდა, ხიდზე გადამავალმა მდინარის ჩქერმა დაჰკრა და მორიდან გადააგდო.

  -დედაა! დედაა!– გაედევნა ტირილით მდინარის ნაპირს თადეოზი.

      შავად მიქანავებდა მდინარე. ერთი-ორჯერ ამოატივტივა ქალის სხეული და მერე შიგ ჩაიხვია, წავიდა და წაშავდა, ჩამოწოლილმა ღამემაც ხელი შეუწყო სიშავეში.

      თადეოზის ბებია გადასახლდა პატარას გასაზრდელად იმ სამშობიარო ბოსელში. სანამ ორმოცი დღე არ გახდებოდა, სახლში ვერ მოიყვანდა პატარას. ერთი თხა ჰყავდათ, ის წაიყვანა და იმის ძუძუთი ზრდიდა უდედოდ დარჩენილ ბიჭს. მაგრამ კაცს რომ ერთხელ დაატყდება უბედურება, თურმე ეგრე ადვილად აღარ ანებებს თავს. იმ სამშობიარო სახლშიც ის ავადსახსენებელი „სტრაჟნიკები“ მივიდნენ და მიუხედავად მოხუცის ხვეწნისა, მაინც დაკლეს ბიჭის დედისმაგიერი თხა, კოცონიც დაანთეს და მწვადებიც შეწვეს.

      თოფის კონდახიც ჩაარტყეს ქალს თავში და როცა მოხუცი გრძნობაზე მოვიდა, აღარც „სტრაჟნიკები“ იყვნენ იქ და პატარაც ტირილით გაგუდულიყო.

      შავად დაბრუნდა შავი ბებერი სახლში.

      შავად ჩამოჯდა შავი კერიის პირას.

  -ბებო, პატარა ბიჭიც სულეთის კაცებმა წაიყვანეს?– ჰკითხა თადეოზმა.

  -ჰო, შვილო, სულეთის ქვეყანაში წაიყვანეს.

  -დედა რომ სხვაგან წაიღო მდინარემ, ვაი თუ სხვაგან წასულმა ვერ ნახოს მამაჩემი და ჩემი ძმა! – შეშინებული თვალები შეანათა შავ ბებერს ბიჭმა.

  -ნუ გეშინია, შვილო, სულეთის ქვეყანა ერთია, ნახავენ, აუცილებლად ნახავენ ერთ-ურთს.

  -სად არის სულეთის ქვეყანა ბებო?

  -ხმელეთი რომ გათავდება, ცის ნაპირი რომ გათავდება, იქ არის სულეთი. ცის ნაპირის იქით ხორციელი ვერ მიდის, თორემ რამდენი წავიდოდა თავისიანების სანახავად.

  -ჯერ არავის გაუცურნია ცის ნაპირამდე ბებო?

  -რა ვიცი შვილო, ამბობენ წმინდა ნოეს გაუცურნია კიდობნით დიდი წარღვნის დროს და მერე ისევ დაბრუნებულა.

  -კიდობნით?

  -ასე გამიგონია შვილო – შავად ამოიოხრა შავმა ბებერმა.

      იმ ღამეს ქუხდა და ელავდა. გათენების პირზე ჩაეძინა დაღლილ ბებერს.

      მზის ამოსვლისას გამოეღვიძა. თადეოზს დაუწყო ძებნა. მთელი სოფელი შემოიარა, მაგრამ ვერსად ვერ იპოვა. ბოლოს საფლავებთან მიაგნო . მარტოკა სთხრიდა ბიჭი მამის საფლავს. „ სტრაჟნიკების“ შიშით არავინ არ ეხმარებოდა. ასევე მარტოკამ შეაბა ხარები მარხილში, ბებიის დახმარებით მამა მარხილზე დაასვენა, საფლავთან აიტანა და რაკი ქალის მისვლაც არ შეიძლებოდა აქაური წესით საფლავთან, მარტოკამ მიაყარა თადეოზმა მამას მიწა. პატარა ბიჭი, რაკი ჯერ ორმოცი დღისა არ იყო, სასაფლაოზე არ დაამარხვინეს და იქვე, მდინარის გაღმა, სამშობიარო სოფელთან გაუთხარა პატარა საფლავი თავის პატარა ძმას, სამ დღეში დაკაცებულმა თადეოზმა. ამის მერე შავი მოხუცი იშვიათადღა იღებდა ხმას. ერთ დილით კი მისმა ტირილმა გააღვიძა სოფელი: – თადეოზ, შვილო, თადეოზ,სადა ხარ?– მწარედ გაჰკიოდა მოხუცი. ვერსად ვერ იპოვეს თადეოზი. სამი დღე ეძებდნენ, მაგრამ მნახველიც კი ვერავინ ნახეს. ბოლოს ვიღაცამ იმათი სახლის კალოში დადგმულ კიდობანს ახადა სახურავი და იქ ნახეს გულაღმა მწოლიარე თადეოზი. ამ კიდობანში პურის მარცვალს ინახავდნენ და იმ მარცვლებზე იწვა ბიჭი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. კიდობნიდან ამოასვენეს და სახლის დერეფანში დაასვენეს ტახტზე. მკვდარი იყო, მაგრამ არც მკვდარი ეთქმოდა, სახეზე სულ ბედნიერების ალმური გადასდიოდა. სამი დღე ესვენა ასე, არც სუნთქავდა, არც რაიმე სხვა სიცოცხლის ნიშანი ეტყობოდა, მარტო სახე ჰქონდა ჩვეულებრივი მკვდრისაგან განსხვავებით ბედნიერად განათებული, იმდენად ბედნიერად, რომ ჯერ სიცოცხლეში არავის ენახა ასეთი ბედნიერი გამომეტყველების მქონე ადამიანი. ამ სოფელში სამი დღის მერე წესად ჰქონდათ მიცვალებულის დამარხვა და გადაწყვიტეს კიდეც საფლავის გაჭრა, რომ უცებ მიცვალებულის თავს ზემოთ მტრედის ფართქალის მაგვარი ხმა გაისმა და ამის მერე ბიჭიც შეტოკდა, სულეთის ქვეყანაში წასული სული მოფრინდა და ჩაიბუდა მის სულში.

  -ბებო , ბებო, რა გახარო ბებო! – ეხვეოდა ბიჭი ბებიას. მართლა გასცურა ცის ნაპირამდე ჩვენმა კიდობანმა, ღმერთს ვთხოვე, რომ სულეთის ქვეყანა ეჩვენებინა და იმიტომ ჩავწექი კიდობანში, ჩავწექი და გავცურე კიდეც.

      იცი რა ლამაზია სულეთის ქვეყანა, იცი რა კარგად არიან ჩვენები, დედაც ვნახე, მამაც, ჩემი პატარა ძმაც, პაპაჩემიც; აღარ მინდოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ ბოლოს თასით წყალი მოიტანეს, ჩემ წინ დაღვარეს და მიბრძანეს: წადი და სანამ შენი აქ მოსვლის ჟამი არ მოვა, ქვეყანას ემსახურეო. ნეტავ გენახა რა დიდებულია სულეთის ქვეყანა და რა ბედნიერები არიან ყველანი, ასე ხომ აღარ იტირებდი ბებო.

  -კარგი, ოღონდ შენ ნუ დამიღონდები და აღარ ვიტირებ ჩემო ბიჭო, აღარა, – ჩამომჭკნარი ხელით ცრემლები მოიწმინდა მოხუცმა.

      გაზაფხული იყო და ხალხი მამულებს ხნავდა. თადეოზს მოწნული ჯინით ნაკელი გაჰქონდა თავის მამულში რომ გაენოყიერებინა. გზად სხვის მამულზე უნდა გაევლო. იმ მამულის პატრონს მგელიკა ერქვა. მართლა მგელივით დაუნდობელი და ავადმზირალი კაცი იყო.

      გაატარა ერთხელ თავის მამულისკენ თადეოზმა ხარები და ჯინი, დაუხვდა მგელიკა წინ, გადმოუბრუნდა ჯინი და თავის მამულში გაშალა ნაკელი.

  -რას შვრები ძია მგელიკავ, სხვა გზა საით მაქვს, დღემდე ესე დაგვქონდა სასუქი და ახლა რა დაგიშავე რო გზას არ მაძლევ - შემცბარმა ჰკითხა თადეოზმა მგელიკას.

      თადეოზმა ხმა არ გასცა, მამულის ხვნა გააგრძელა. წამოვიდა თადეოზი, ისევ გაივსო სასუქით ჯინი და წაიღო თავის მამულისაკენ. ისევ დაუხვდა წინ მგელიკა და თავის მამულში წამოუქცია ჯინი.

      სახლში ატირებული მივიდა თადეოზი.

  -ხმა არ გასცე, ბებო გენაცვალოს, თორემ ეგ ისეთი გულქვაა, ვაი თუ რამე დაგიშაოს. უსასუქოდ მოვხნათ მამული.

  -უსასუქოდ რა ყანა უნდა მოგვივიდეს, ბებო?

  -ხო იცი მამასახლისია და რუსები მაგის მხარეს დაიჭერენ, დავალებული აქვს ალბათ იმათგან ჩვენი გამწარება.

      თადეოზმა კიდევ გაავსო ჯინი სასუქით და თავისი მამულისაკენ გაუძღვა ჯინში შებმულ მხარეს.

  -რამდენჯერ უნდა გამაიარო ამ გზაზე შე მკვდარციციანო, შენა! – შემოუქნია მგელიკამ შოლტი და ნახნავ მიწაზე დააგდო თადეოზი. მერე მართლა მგელივით მიეჭრა და ნახნავ მიწაში ცოცხლად დაუწყო ჩამარხვა. ბელტს ბელტზე ადებდა და თან ლანძღავდა: – შე მკვდარციციანო! შე ბუნტავშიკის შვილო! რუსეთი არ გინდათ და ხარები კი გინდა ატარო ჩემ მამულზე არა! ჩამარხა ცოცხლად. თადეოზის ბებია მიეჭრა და შვილს დაუწყო თხრა.

  -არ ამოსთხარო, თორე! – დაიღრიალა მგელიკამ და ქარჩით თავი გაუხეთქა მოხუცს.

      გაღმა მამულში აპარეკაი ხნავდა მამულს. ჯერ ყველაფერს უყურებდა და როგორღაც ითმენდა. როცა მგელიკამ ბალღი ცოცხლად ჩამარხა ნახნავ ბელტებში და მოხუცს სული გააფრთხობინა, მიატოვა ხარ-გუთანი, ჩოხის კალთის შიგნით ჩამალული ხანჯალი იშიშვლა და შიგ გულში გაუყარა მგელიკას. ამოთხარა ბიჭი ბელტებიდან და მომაკვდავ მგელიკას მიაძახა: – დალიე ეხლა ეგ ძაღლური სული, შე მართლა მკვდარციციანო შენა!

      საიდანღაც გამოცვივდნენ „სტრაჟნიკები“, მაგრამ აპარეკამ მოასწრო გორის გადავლა და ტყეს შეერია.

      დარჩა თადეოზი მიწისა და ცის ამარა, მაგრამ მიწასა და ზეცას ჰყავს თავისი გამრიგე და არ დატოვა არსთაგამრიგემ უპატრონოდ თადეოზი, რომელმაც ერთხელ უკვე ნახა სულეთის ქვეყანა და იქიდან ამ სიტყვებით გამოუშვეს უკან: წადი, ემსახურე ქვეყანას და სანამ შენი დრო არ მოვა, აქ აღარ მოხვიდე. ამიტომ აღარ ჩაწვა თადეოზი იმ კიდობანში, რომლითაც ერთხელ უკვე გასცურა სულეთის ქვეყნამდე. დაასაფლავა ბებია და მართალია უკვე იცოდა, რომ სულეთის ქვეყანაში ბედნიერად იქნებოდა ბებიამისი და ერთხელ სთხოვა კიდევაც, სულეთის ქვეყნის მკვიდრთ ბედზე არ ეტირა, თვითონ მაინც იტირა, როცა ბებიას ბღუჯით მიწა მიაყარა. რაკი გუდამაყარზე იყო ძველად გზა, აქ ჩამოიარა წმინდა ბერმა ბენიამინმა და თან წაიყვანა თადეოზი. ახლა სწორედ სამი წელი სრულდებოდა მას მერე, რაც ბენიამინი ათონის მთის მიწას მიაბარეს ქართველმა ბერებმა და წესის მიხედვით მონასტრის საძვალეში უნდა გადაესვენებინათ მისი ძვლები.

      აღასრულეს წესი.

      ბენიამინის თავის ქალას ნომერი დაუსვეს.

      გადაიხადეს პარაკლისი იმ ეკლესიაში, სადაც თავის დროზე ექვთიმე ათონელი ლოცულობდა. ეს არის მოგრძო ეკლესია და სწორედ ამ ეკლესიაში იყვნენ ბოლო ქართველი ბერები ათონის მთაზე, რომელიც ოდესღაც ქართველთა სიმრავლით და მათ მიერ ჩადენილი სასწაულებით იყო განთქმული. მაგრამ როგორც ილეოდა ძველი დიდება, ოდესღაც ზღვიდან – ზღვამდე განფენილი და ჟამთასიავის გამო მრავალმტერმორეული საქართველოსი, ასევე ილეოდა ბერ-მონაზონთა რიცხვი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს წმინდა ადგილებზე და მათ შორის ათონის მთაზეც, სადაც ბოლო დროს ძალიან შევიწროებას განიცდიდნენ ქართველი ბერები და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მათი წმინდა მთაზე ყოფნა-არყოფნის ჟამი დადგა. ათონის მთაზე, ივერიის მთავარ ტაძარში, აღსავლის კარის წინ ჰკიდია ქართველი დიდებულების მიერ შეწირული კანდელი, რომელიც ჟამით-ჟამს იწყებს ხოლმე რხევებს, წრიულს, ან ჰორიზონტალურს. დროთაგანმავლობაში აკვირდებოდნენ ბერები ამ რხევებს და აღმოაჩინეს, რომ თუ კანდელი წრიულად ირხევა, ეს სასიხარულო ამბის ნიშანია, ხოლო თუ მარჯვნიდან მარცხნივ ირხევა ჰორიზონტალურად, ეს სამწუხარო ამბის მაუწყებელია. ეს მონასტერი დააარსეს იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელებმა, რომელთა წმინდა ძვლებიც განისვენებენ იმ საძვალეში, სადაც სულ ახლახან ბენიამინის წმინდა ძვლები გადაასვენეს სამარხიდან უკანასკნელმა ქართველმა ბერებმა. უკანასკნელმა იმიტომ, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ წაუჭერს ყელში ლახვარს სატანა, კიდევ მორიგე მტრის უღელს დაადგამენ საკუთარი შვილები და ივერონის აღსავლის კართან დაკიდებული კანდელიც სამწუხაროდ რხევებს დაიწყებს. ამას მოჰყვება ქართველი ბერების იძულებით წამოსვლა საქართველოში, სადაც რუსეთს უკვე შემოტანილი აქვს წითელი უღელი. ბერები ეთხოვებიან ათონის მთას და იქ ტოვებენ ერთადერთ ბერს, იმ იმედით რომ მალე დაბრუნდებიან საქართველოდან და თავიანთ მამა-პაპათა ნაშენებ ტაძრებში ისევ შეასრულებენ ქართულ წირვა-ლოცვას.

      მწუხარე არის ეს დღე.

      საძვალიდან წინაპართა ძვლების წმინდა ნაწილებს იღებენ და საქართველოში მოაქვთ.

      ყველაზე მეტად უჭირს მამებთან განშორება იქ დარჩენილ ერთადერთ ბერს.

      ივერონის მონასტრის კართან ისევ სამწუხაროდ ირხევა კანდელი.

      მოდიან ბერები. გზა არის შორი და დამღლელი. იმათ ჯერ კიდევ არ იციან როგორი საქართველო ელოდებათ. არ იციან რომ სათითაოდ ყველას დახოცავენ. ერთ ბერს არმაზში აკუწავენ და გვიანღა ნახავს ხალხი. მეორე ბერს შიო მღვიმში მოკლავენ. ერთი ბერი რევოლუციონერმა ქართველებმა ხიშტზე წამოაგეს, გამორჩათ, მაგრამ მაინც მოკლეს ბეთანიაში.

      მანამ ეს მოხდებოდა, ასე შეეგება წითელუღელდადგმული ბედნიერი საქართველო სამშობლო მონატრებულ ბერებს.

      ისინი ბაზარში შევიდნენ და ასეთ სურათს წააწყდნენ. შუა ბაზარში დიდი დათვის ტყავი იყო გაშლილი. ზედ ორი პატარა ბელი იჯდა და ხალხისაგან დამფრთხალები ერთ-ურთს ეკვროდნენ. ტყავის გარშემო ამაყად დაალაჯუნებდა უზარმაზარი მთიული და ხალხს სთავაზობდა: – იყიდეთ, იყიდეთ, მთიულური დათვის ტყავი, თავისივე ბელებით. ასე შეეგება ათონის მთიდან იძულებით წამოსულ ბერებს მშობლიური საქართველო. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ რა ელოდათ წინ.

      არც თადეოზმა იცოდა.

      იგი მატარებელს მიჰყვებოდა. მატარებელი გორთან გააჩერეს და თადეოზმა დაინახა, რომ ქვედა საწოლიდან ვიღაც გაათრიეს. იმას სხვა ვაგონიდანაც მიაყოლეს მეორე. თადეოზი ჩუმად ჩამოვიდა მატარებლიდან და დაღმართს დაუყვა, მტკვრის პირას დაიმალა. ჩამალულმა ბინდ-ბუნდში, გაარჩია როგორ მოჰყავდათ ჩეკისტებს ხალხი, როგორ გაათხრევინეს სამარე, მერე იმ სამარის პირას ჩაამწკრიეს და თოფები მიუშვირეს.

  -რას შვრებით, ღმერთი აღარა გწამთ? – სამალავიდან წამოხტა ხმამაღალი ყვირილით თადეოზი. ეცნენ და ისიც სხვებთან ერთად დააყენეს სამარის პირას.

      ერთდროულად იჭექა რამდენიმე თოფმა და ფერდის არეში იგრძნო თადეოზმა ტკივილი, როცა სხვებთან ერთად ჩაეხეთქა გათხრილ სამარეში.

      ზემოდან თხლად მიაყარეს მიწა. ეტყობა ხვალაც აპირებდნენ აქ ხალხის მოყვანას. განთიადისას მოახერხა სამარიდან ამოძრომა თადეოზმა.

  -ეე, მღვდელი გაიქცა სამარიდან, მღვდელი! – იყვირა ვიღაცამ. ეტყობა იმ ადგილას ყარაულად ჰყავდათ დაყენებული.

      ისევ მტკვრის პირას ჩაიმალა თადეოზი და დაღამებას დაელოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა როგორმე გუდამაყარში წასულიყო და იმ კიდობანში ჩაწოლილიყო, რომლითაც ერთხელ უკვე იმგზავრა სულეთის ქვეყანაში. ჭრილობა ანაფორის ნახევებით შეიხვია მჭიდროდ. ტყე- ტყე მიდიოდა ღამღამობით. როგორც იქნა მიაღწია თავის სოფელს, მივიდა თავის სახლთან, დააკაკუნა, ბიძაშვილმა გაუღო კარები. თავიდან ვერ იცნო.

  -თადეოზი ვარ, თადეოზი! – გადაეხვია ბიძაშვილს თადეოზი, რომელსაც აშკარა უკმაყოფილება შეეტყო სახეზე.

      დასხდნენ. გამართეს საუბარი. თადეოზმა თავს გადახდილი მოუყვა. ბიძაშვილმა თავისი უამბო.

  -კიდობანი ისევა დგას კალოში? – ჰკითხა თადეოზმა.

  -კი, ისევ იქ არის.

  -იქ მინდა ამაღამ ჩაწოლა.

  -რატომ, მდევრებისა გეშინია?

  -არა, იმ კიდობანში ჩაწოლა მომენატრა.

  -სირცხვილი არ არის, დაჭრილი კაცი კიდობანში როგორ ჩაგაწვინო, შენი სახლია და დროებით ვცხოვრობ აქ, აბა სხვას ხომ არ შემოვუშვებდი, მე მგონი არ გწყენია, თორემ კიდობანში დაძინება რა საკადრისია.

  -არა, ნუ გეწყინება, იმ კიდობანში მინდა ჩაწოლა.

  -ნება შენია, – თქვა ბიძაშვილმა და კალოსკენ წაუძღვა თადეოზს.

      კიდობანში აღარ ეყარა ხორბალი. ნაბადი ჩაუფინა ბიძაშვილმა და ისე ჩაწვა თადეოზი.

  -სოფელში რომ შემოხვედი, ხომ არავის დაუნახიხარ? – ჰკითხა ბიძაშვილმა.

  -ძეხორციელი არ შემხვედრია.

  -ძალიან კარგი, თორემ ხო იცი, რა დროა.

  -ზემოდან სახურავი დამახურე – უთხრა თადეოზმა.

      ბიძაშვილმა ზემოდან კიდობანს სახურავი დაახურა და დიდხანს ფიქრობდა ერთ ადგილას დაყუდებული. მერე სადღაც წავიდა.

      მზისამოსვლისას ახადეს კიდობანს სახურავი ჩეკისტებმა. თადეოზს ხმაურზე არ გაუღვიძნია, რაღაცნაირად ბედნიერი სახე ჰქონდა, ისეთი, ბავშვობისას რომ ამოიყვანეს კიდობანიდან.

  -სძინავს? – იკითხა ჩეკისტმა.

  -ეტყობა – თქვა თადეოზის ბიძაშვილმა.

      რამდენიმე მაუზერმა ერთდროულად იქუხა კიდობნის შიგნით. რომ ამოიღეს, ისევ ისეთი ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა თადეოზს სახეზე, როგორც ჩვეულებრივ მკვდარს არა აქვს ხოლმე და ცოცხლებსაც კი იშვიათად შეამჩნევ ასეთ ბედნიერების ნიშანს.

      მამამისის გვერდით დამარხეს თადეოზი.

      ის კიდობანი კი მანამდე იდგა იმ კალოში, მანამ შუღლიანთ სებამ გუდამაყრის მუზეუმი არ ააშენა და ერთი ძროხა არ მისცა კიდობნის ახალ პატრონს იმის შესყიდვაში. როცა კიდობანს სისხლისაგან ასუფთავებდა, მაშინ იპოვა სებამ ანაფორის ნახევში გამოკრული ათონელი ბერების ძვლების ნაწილები. კიდობნის კუთხეში შეენახა თადეოზს. ძვლები ისევ იმ კიდობანში დატოვა სებამ. ხალხმა კი ამ კიდობანს „ცოდვის კიდობანი“ შეარქვა და საყვედურობდნენ კიდეც, რაღა მაინცდამაინც ცოდვიანი კიდობანი შემოიტანე კიდობანშიო.

      ბატონო მელია!

      თუ მიბრძანებთ იმ ბერების ძვლებსაც მივუჩენ ჩრჩილებს. კიდობანზე არ ვიცი რა მოგახსენოთ, მაგისი გასაღები თქვენს ხელთაა და არა მგონია საარჩევნოდ ჩვენს წინააღმდეგ გაბედოს რამე. კიდობანის იქით რომ ჩოხა ჰკიდია, ისიც თადეოზის ნაქონი ჩოხაა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ მოგვცემს ხმას. სებას უნდა კიდობანს სულეთის კიდობანი შეარქვას, მაგრამ რაკი ერთხელ უწოდა ცოდვის კიდობანი, არა მგონია სებას რამე გამოუვიდეს. თუ სულეთის კიდობანს შეარქმევენ, მაშინ შიგ გამომწყ ვდეულ ნივთებსაც ფასი და ხმა მოემატებათ. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ კიდობანს „ცოდვის კიდობანი“ ერქვას. ასეთი სახელით უფრო იოლად დადგება ჩვენს მხარეზე.

      მაპატიე, დიდო მბრძანებელო, შეიძლება ცოტა გრძელი ინფორმაცია გამომივიდა ამ კიდობანის შესახებ, ან იქნებ რაიმე ისეთი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, რაც თქვენს ბრწყინვალებას უფრო საჭიროდ მიაჩნია, მაგრამ ერთი წუთით არ დავიშურებ ცდას და დამატებითი ამბების მოგროვებას.

      როგორც ყოველთვის, ახლაც თქვენი ბრძანებით ყველგან შემრჭობი – სადგისი!

      კიდობანს ეჭვით უყურებდა მელია და ყელზე შებმულ გასაღებს მარცხენა თათით აქეთ-იქით ათამაშებდა.

  -ჩრჩილებს ნუ მიუსევ მაგ ბერების ძვლებს, მოვა დრო და მე თვითონ დამჭირდება გამოსახრელად და ისევე გამოვხრავ, როგორც ერთ დროს ქრისტეს მიმდევართა ძვლებს ვხრავდი და ვაკნატუნებდი – გააფრთხილა მელიამ სადგისი და ისევ მარცხენა თათით

      გააქან-გამოაქანა აქეთ-იქით ყელზე ჩამოკიდებული კიდობანის ბოქლომის გასაღები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

      ხანდახან ისე საშინლად დაიქუხებს ხოლმე გუდამაყარში, რომ შეუჩვეველ კაცს ეგონება, ეხლა ეს მაღალი ცა მთებს შორის ჩამოიმსხვრევა და ერთიანად ჩაიტანს არაგვის ვიწრო ხეობას. მაღალ მთებს შორის მოქცეული ხეობა კი მართლაც ვიწროა და რაკი აქ გამუდმებით შავი არაგვი მოედინება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სადღაც ამ მთებშია ჯოჯოხეთის შესასვლელი კარი და ეს კუპრივით შავი მდინარეც იქიდან მოდის. საკმარისია წვიმა წამოვიდეს რომ გახელდება, გადაირევა მდინარე, ერთი მთიდან მეორეს აწყდება, ტალღებს იქოჩრავს, ლოდებს მოაგორებს და რაღაცაზე გულამღვრეული მიიჩქარის ხეობის სიღრმისაკენ, თითქოს მართლა ჯოჯოხეთის გულში დგომით შეწუხებული იყოს და ახლა იქედან იმიტომ მიეჩქარება, რომ სამზეო მოიაროს, ქვეყანა მოისამოთხოს. მორბის და მოარბევს ისედაც ჩამორღვეულ მთების ნაპირებს. მეოთხედიც აღარ დატოვა პირიმზის სალოცავი მინდორი და ახლა აშკარად ისმის მუზეუმის ერდოებიდან შემოჭრილი მისი აღელვებული ხმა.

  -მამავ, მამავ, შენ გენაცვალე მამავ, გვიშველე, ისევ წაიღო არაგვმა ჩვენი ბროლია, სახლშიც მოგვიხტა, ყველანი იქ არიან, ჯებირს ამაგრებენ, შენც წამოდი, გევედრები მამავ, შენც წამოდი – ტირილით შემოვარდა მუზეუმში შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭი და სებაც თან გაჰყვა შეშინებულ ბიჭს. თქეშად მოდიოდა წვიმა. მდინარეს ნახევარ მინდორზე მეტი უკვე ჩაუქცია, თან წაეღო, სახლების კედლებს არღვევდნენ, რასაც ერეოდა შავი ტალღებით მიითრევდა და არავითარ ჯებირს აღარ ერიდებოდა. როგორც ჩანს გადაწყვეტილი ჰქონდა თან წაეღო მთელი პირიმზის მინდორი. ჩაარღვია და ჩააქცია ძველი რუსული ბასტიონის კედელი, მიუხტა გუდამაყარის მუზეუმს და მოარღვია კედლები. შუღლიანთ სებაი მუზეუმისკენ გაიქცა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთი უძლური აღმოჩნდა აბობოქრებულ მდინარესთან, როგორც ჭიანჭველა ბეჰემოტთან. მდინარის ტალღებში საცოდავად მიტივტივებდნენ ცხოველების ფიტულები. კიდობანი აღელვებულ კალთებზე ქანაობდა და ქვემოთ მიჰყვებოდა მდინარის დინებას. კიდობანზე შემოსკუპებულიყო მელიის ფიტული და ისე ცდილობდა ადევებული მდინარიდან თავის დაღწევას. სებამ მდინარის ტალღებში მოლივლივე საქართველოს ფარდაგს მოჰკრა თვალი და მის გადასარჩენად შევარდა წყალში.

  -რას შვრები მამავ, ნუ მიდიხარ შიგნით, წაგიღებს წყალი! – ტირილით დაედევნა სებას ნაბოლარა ბიჭი. სებას არავისი ხმა აღარ ესმოდა, მდინარეში ყვინთავდა და ცდილობდა როგორმე ფარდაგი დაეჭირა.

  -მაგას თავი ანებე და მე გადამარჩინე! - მოესმა კიდობანზე ატორტმანებულ მელიას განწირული ხმა.

  -შენ ადრევ წასაღები იყავი! - მიაძახა სებამ.

  -მაინც დავბრუნდები, ნახე თუ არ დავბრუნდე! – ნიშნისმოგებით გამოსძახა მელიამ და სწორედ ამ დროს ამოატრიალა კიდობანი აბობოქრებულმა მდინარის ტალღამ. მელია შავ ტალღებში ჩაინქთა, მაგრამ სებას მოეჩვენა, რომ რომელიღაც ტალღიდან თავი ამოყო და დაიძახა: – მაინც დავბრუნდები და ვაი, თქვენ დღეს მერე!

      არა, ეს სებას მოეჩვენა, მელია აღარ ჩანდა კუპრივით შავ მდინარეში. შუღლიანთ სება ფარდაგის კალთას მისწვდა და ნაპირისაკენ დაითრია. მდინარე ფეხქვეშ უცლიდა მიწას და უჭირდა ფარდაგის გამოთრევა. ბიჭმა გაბედა, წყალში შევარდა და მამას მიეხმარა ფარდაგის გამოთრევაში. არ ცხრებოდა მდინარე. მიდი-მოდიოდა პირიმზის სალოცავის მინდორზე და ერთიანად მიჰქონდა ყველაფერი; წაიღო რუსული ბასტიონი, წაიღო კვარცხლბეკი, სადაც ერთ დროს ხან ნიკოლოზის ძეგლი იდგა, ხან სტალინის და ხან ლენინის. სხვათა შორის, ისე მიტივტივებდა მდინარის ტალღებში ლენინის ბიუსტი, თითქოს დიდი ხანია ელოდა ამ დღეს და ასეც უნდა ყოფილიყო. მარცხენა, თუ მარჯვენა ხელი ტალღებიდან ზემოთ ჰქონდა ამოშვერილი და ისე მიაქანავებდა მდინარეში, კაცი იფიქრებდა, მდინარის პირას გამოფენილ ხალხს ემშვიდობებაო. წყალმა წარეცხა ყოველივე პირიმზის სალოცავის მოედანზე. მამა-შვილი სალოცავისკენ მიათრევდა აღმა წყლით გაჟღენთილ ძველებურ ფარდაგს, რომელზეც უხსოვარი დროის იქით, ვიღაცას საქართველოს დროშა ამოექარგა. უცებ, მდინარის ტალღებისაგან მოტივტივე საფლავის ქვას მოჰკრა სებამ თვალი და დააკვირდა წარწერას.

  -რა აწერია, მამავ? - ჰკითხა შვილმა.

  -რისთვის ბადებ უბედურსა, რისთვის შაჰყრი მთვარე-მზესა, - წაუკითხა მამამ.

  -ვისია, მამავ?

  -არ ვიცი, შვილო, ალბათ ვიღაც უბედურის, თავის სიცოცხლეში ვერაფერი სასიხარულო რომ ვერ ნახა ამ მზისა და მთვარის ქვეშ, წავიდა და მიწას ამოეფარა.

  -ჩვენც უბედურები ვართ მამავ?

  -რატო შვილო?

  -ყველაფერი გაგვტაცა მდინარემ, სახლიც და საქონელიც. ბროლიაც, შენი მუზეუმიც.

  -ნუ გეშინია შვილო, მთავარია რომ ეს ფარდაგი არ გავატანეთ მდინარეს. სახლსაც ავაშენებთ, მუზეუმსაც უფრო საიმედო ადგილას და ძველებურ ნივთებსაც კიდევ შევაგროვებთ.

  -კიდობანი ზღვაში წაიღო მამა?

  -სულეთის ზღვაში წაიღო, მამა გენაცვალოს.

  -მერედა სად არის სულეთის ზღვა.

  -ხმელეთი რომ გათავდება, ცის ნაპირი რომ გათავდება, აი იქ არის სულეთის ზღვა.

  -მერე კიდობანი როგორ მივა იქ?

  -მივა შვილო, მივა, ღვთის ნებით მივა, მოდი მომეხმარე ფარდაგი ბალახებზე გავფინოთ, რომ შლამი წვიმამ გარეცხოს.

      მამა-შვილმა ფართოდ გაშალეს პირიმზის სალოცავის გვერდზე მობიბინე მოლზე ფარდაგი.

      გადაიქუხა, გადაიქუხა და ცოტა ხანში მზემაც ამოანათა. მზის სხივებში აელვარდა პირიმზის ეკლესია, რომლის თავზეც ცისარტყელა გამოისახა, რომელიც მთლიან რკალად წვდებოდა გუდამაყრის ვიწრო ხეობას, შუა რკალი ცის მოკრიალებულ გუმბათზე ჰქონდა მიბჯენილი, შვიდფერი სვეტის ერთი ბოლო აღმოსავლეთის მთაზე ჰქონდა დაბჯენილი, მეორეთი დასავლეთის მთას ეყრდნობოდა და პირიმზის ეკლესიის ეზოში დაფენილი წვიმით გარეცხილი ხალიჩა, რომელზეც საქართველო იყო ამოქარგული, ცისარტყელიდან ჩამომდგარი შუქით, უცნაურად გაბრწყინებულიყო. ხალიჩასთან დაჩოქილი მამა-შვილი თვალებში ჩამდგარი სევდიანი იმედით შეჰყურებდნენ ცისარტყელას. ხეობის ბოლოს, მდინარის შავ ტალღებზე, სულეთის ქვეყნისკენ მიტივტივებდა კიდობანი.

გოდერძი ჩოხელი

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, რომანი, ქველი, ჩოხელი

ნახვა: 1290

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters