ედგარ ალან პო - მოთხრობები

   18... წლის შემოდგომით, საფრანგეთის უკიდურესი სამხრეთის პროვინციებში მგზავრობისას, უნდა ჩამევლო გზიდან რამდენიმე მილით დაცილებულ Maison de Sante-ს, ანუ სულით ავადმყოფთა კერძო თავშესაფრის ახლოს. ამ ადგილის შესახებ პარიზში ჩემთვის ბევრი რამ უამბნიათ მეგობარ ექიმებს. ამდაგვარი დაწესებულება არასდროს მენახა და რაკიღა ასეთი მარჯვე შემთხვევა მომეცა, მოდი და ბარემ ვნახავ-მეთქი. ასეც ვუთხარი ჩემს თანამგზავრს (რამდენიმე დღის წინ შემთხვევით გაცნობილ კაცს), ერთი თუ ორი საათით შარაგზიდან გადავუხვიოთ და დავათვალიეროთ ეს სახლი-მეთქი. იუარა, რაღაც საქმეზე მეჩქარებაო, ჯერ ერთი, მერე კი, ჩვეულებრივ, გიჟების შეხედვა გულს მიმღვრევსო. მაგრამ მაშინვე დასძინა, შენი ცნობისწადილის დაკმაყოფილებას მე რად უნდა შევუშალო ხელი, ცხენს ნელა წაიყვან, ასე რომ, იმ დღესვე თუ არა, მეორე დილით მაინც უსათუოდ წამომეწევიო. დაბოლოს, კარგად იყავიო, მითხრა. ახლაღა მომივიდა აზრად, ვაითუ გაჭირდეს იმ სახლში შესვლა-მეთქი, და სანამ წავიდოდა, კიდევაც ვუთხარი ეს ამბავი. მართლაც, ასე მიპასუხა, რახან პირადად არ იცნობ მესიე მაიარს, თავშესაფრის მთავარ ექიმს, სარეკომენდაციო წერილიც არა გაქვს და რადგან ასეთ კერძო საავადმყოფოებში ნაკლებად უშვებენ ხალხს, ვიდრე სახაზინოში, იქნებ, ვერც შეხვიდეო იქ. მაიარს რამდენიმე წელია ვიცნობ, მითხრა მან, კარამდე მიგაცილებ და გაგაცნობ იმ კაცს, თავად გიჟების შეხედვა მზარავს და იქ ვერ შემოგყვებიო.

მადლობა მოვახსენე, შარას რომ გადავუხვიეთ, ერთ ბალახმორეულ ბილიკს დავადექით და ოციოდე წუთის შემდეგ ხშირ ტყეში მთის ძირას ძლივსღა მივიკვლევდით გზას. სულ რაღაც ორიოდე მილი გავიარეთ ნესტიან, ბინდგადაკრულ კორომში, რომ გამოჩნდა Maison de Sante. ფანტასტიკური იყო chateau, თითქმის ნახევრად დანგრეული დრო-ჟამისა და მოუვლელობისგან. ვინღა იცხოვრებსო იქ, ასე გაიფიქრებდა კაცი. მეტად შევძრწუნდი ასეთი შენობის მნახველი, ცხენი შევაჩერე და ისე წავედი, რომ კინაღამ უკან გავბრუნდი. მაგრამ შემრცხვა ამ წამიერი უღონობისა და გზიდან აღარ გადამიხვევია.

   ცხენდაცხენ გალავანს მივადექით და დავინახე, კარიბჭე ოდნავ გამოეღოთ და ეზოდან ვიღაცა იყურებოდა. მალევე გამოგვეგება ის კაცი, სახელი დაუძახა ჩემს თანამგზავრს, ხელი გულიანად ჩამოართვა, ჩამობრძანდიო, სთხოვა. თავად მესიე მაიარი გახლდათ. წარმოსადეგი, მშვენიერი შესახედავი ძველი დარბაისელი, სალუქი მიხრა-მოხრის კაცი; მის სახეს ის აუმღვრევლობა, ღირსება, თავდაჯერებულობა დასტყობოდა, ასერიგად რომ ხიბლავს ხალხს.

   თანამგზავრმა გამაცნო დამხვდური და უთხრა, თქვენი დაწესებულების დათვალიერება მოსურვებიაო. მესიე მაიარმა სიტყვა მისცა, რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებო. ჩემი ნაცნობი თავის გზას გაუდგა და მერე აღარც არასდროს მინახავს.

   მთავარი ექიმი პატარა, გაკრიალებულ წინაოთახში შემიძღვა, სუყველაფერი და მათ შორის მრავალი წიგნი, ნახატი, ყვავილებიანი ქოთანი და მუსიკალური ინსტრუმენტი მოწმობდა ნატიფ გემოვნებას. ბუხარში მხიარულად გიზგიზებდა ცეცხლი. პიანინოს უჯდა უმშვენიერესი ყმაწვილი ქალი, ბელინის რომელიღაც არიას მღეროდა და სიმღერა ჩემი შესვლისთანავე შეწყვიტა, მომესალმა გრაციოზული თავაზიანობით. დაბალი ხმა ჰქონდა, მთელი სხეულით როგორღაც მოშვებულიყო. ესეც გავიფიქრე, რაღაც სევდა დასტყობია სახეზე-მეთქი. თუმცა ჩემთვის რომ გეკითხათ, არცთუ უსიამოვნოდ ფერმილეული იყო. სულ ძაძები ემოსა. გულში ერთ გრძნობად გადამექცა მისდამი მოკრძალება, ინტერესი და აღფრთოვანება.

   პარიზში ხმა დადიოდა, მესიე მაიარის დაწესებულების ექიმები იმ წესით ხელმძღვანელობენ, რომლისთვისაც ხალხს თურმე „შავგულიანების სისტემა“ დაურქმევია. ამ სისტემის თანახმად, აკრძალულია ყოველგვარი დასჯა, იშვიათადაც ამწყვდევდნენ. ფარულ მეთვალყურეობაში მყოფი პაციენტები მთლად თავისუფლად არიან და უმეტესობას შეუძლია ჩვეულებრივი ტანსაცმლით ყიალი სახლსა და ეზოში.

   ვიცოდი ეს და ახალგაზრდა მანდილოსანთან საუბრისას ვფრთხილობდი, ვაითუ სრულ ჭკუაზე არაა ეს ქალი-მეთქი, მართლაც, თვალები უბრწყინავდა და თითქმის დავრწმუნდი ამ ვარაუდში, ამიტომაც საუბრისთვის შევარჩიე მხოლოდ ისეთი თემები, რომლებსაც, ჩემი აზრით, არ შეეძლო აეღელვებინა და გაებრაზებინა თუნდაც გიჟი. სულ გონივრულად მპასუხობდა. ამ ქალის მსჯელობა მოწმობდა სულიერ ჯანმრთელობას: მაგრამ რაკიღა დიდი ხანია ვიცნობდი mania-ს თეორიას, ეჭვით ვეკიდებოდი ასეთ საცხადო სიმრთელეს და როგორც დავიწყე, ახლაც იმდაგვარად ვფრთხილობდი.

   უეცრად ლივრეიენმა მსახურმა სინით შემოიტანა ღვინო, ხილი და სასმე-საჭმელი. გეახელით. ცოტა ხნის შემდეგ ქალი გავიდა და მაშინვე კითხვის თვალით შევხედე მასპინძელს.

- არა, - ასე თქვა, - ოჰ, არა. ნათესავია. ფრიად განათლებული ქალია ჩემი ძმისშვილი.

- ჰოი, უკაცრავად, - მივუგე მესიე მაიარს, - მაგრამ აქ შემოსულს კი მიეტევება შეცდომა. თქვენ რომ ბრწყინვალედ უძღვებით საქმეს, პარიზში კარგადაა ცნობილი და ვიფიქრე, იქნებ-მეთქი...

- რას ბრძანებთ, ნუ წუხდებით. მადლობა კი მე უნდა გითხრათ. თქვენისთანა წინდახედულ ახალგაზრდას კაცი იშვიათად ნახავს. ერთხელ იყო თუ ორჯერ contretemps მოხდა ჩვენი სტუმრების წინდაუხედაობით იმ დროს, როცა პირვანდელი სისტემა მოქმედებდა და თავისუფლად დადიოდნენ პაციენტები, მაგრამ მნახველთა გაუფრთხილებლობით ხშირად საშიშად გაშმაგდებოდნენ ხოლმე. ჩემი ბრძანებით ბევრი რამე შეიზღუდა ამის შემდეგ და ვინმეს კეთილგონიერება თუ მეეჭვება, აქ ვერც შემოვა.

- პირვანდელი სისტემა რომ მოქმედებდაო! - გავიმეორე მისი ნათქვამი, - მაშ, უკვე შეცვალეთ ასე განთქმული „შეგულიანების სისტემა?“

- დიახ, - მიპასუხა მასპინძელმა, - უკვე რამდენიმე კვირა იქნება.

- რას ბრძანებთ!

- ბოლოს მივხვდით, ჩემო ბატონო, - ამოიოხრა მესიე მაიარმა, - ძველის აღგდენის აუცილებლობას. შეგულიანების სიტემის საშიშროება ყოველთვის აშკარა იყო. მისი უპირატესობაც საკმაოდ გაეზვიადებინათ. თუკი სადმე კარგად გამოიცადა ზემოაღნიშნული მეთოდი, ჩემო ბატონო, ეს აქ მოხდა. გონიერი ჰუმანიზმის კვალობაზე ყველაფერი ვიღონეთ. ჩვენთან უფრო ადრე რომ შემოგევლოთ, საკუთარი თვალით დაინახავდით ამას. მგონი, თქვენ კარგად იცნობთ შეგულიანების პრაქტიკას.

- არც ისე. ყველაფერი მესამე თუ მეოთხე პირის ნათქვამით ვიცი.

- სისტემის არსი, ძირითადად, პაციენტების menages და შეწევნაა - გიჟის ხუშტურს არავითარი წინააღმდეგობა ჩვენც ასე ვიქცეოდით, კი არ ვუძალიანდებოდით, პირიქით, კიდევაც წავაქეზებდით ხოლმე. მკურნალობის ასეთი წესით ბევრი სრულიად განიკურნა. ვერაფრით ისე ვერ დაუმტკიცებ რამეს გიჟის შესუსტებულ გონებას, როგორც reduction ad absurdum-ით. მაგალითად, ხალხი გვყავდა, წიწილები ვართო, იძახდნენ. მათი მკურნალობაც ასეთივე იყო, ვეუბნებოდით, მართალი ბრძანდებითო და მხოლოდ მაშინ გავკიცხავდით, თუ კარგად ვერ გაითამაშებდნენ ამ სისულელეს. მთელი კვირა არაფერი ეძლეოდათ საკენკის მეტი. ასე და ამგვარად, სასწაულს იქმოდა წიწილას სამყოფი მცირე ბალახ-ბულახი და კენჭები.

   მაგრამ ყველა ხომ ვერ გაუძლებდა ასეთ მკურნალობას?

- რაღა თქმა უნდა. ჩვეულებრივი გასართობიც გვშველოდა მნიშვნელოვანწილად: მუსიკა, ცეკვა, ყოველგვარი ტანვარჯიში, კარტი, ზოგი წიგნი და ასე შემდეგ. თითოეულის მკურნალობაც ასეთი იყო - თითქოს ჩვეულებრივ ფიზიკურ ავადობას ვებრძოდით, სიტყვა „შექანებული“ არავის წამოსცდებოდა. ამ დროს დიდმნიშვნელოვანია, ყოველი ავადმყოფი ხედავდეს სხვის საქციელს. მოდით, მიენდეთ, გაუგეთ, ნუ შებოჭავთ გიჟს და თქვენი იქნება სულით ხორცამდე. ამგვარად შევძელით ძვირადღირებულ მომვლელ-მზრუნველთა ჯგუფის დათხოვნა.

- აღარც რამე სასჯელი დაგიწესებიათ?

- არა.

- და არც არასდროს დაგიმწყვდევიათ პაციენტი?

- ათასში ერთხელ. ხანდახან, ვინმეს თუ შეაბრუნებდა, ანუ უცებ ცოფი მოერეოდა, საიდუმლო საკანში გამოვაკეტინებდი, ვაითუ, სხვებმაც ატეხონ აყალმაყალი-მეთქი. ვიდრე მეგობრები წაიყვანდნენ, სულ დამწყვდეული გვყავდა. შმაგებს არ ვაჩერებთ. ჩვეულებისამებრ ისინი სახაზინო თავშესაფარში გადაჰყავთ ხოლმე.

- ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. რას იტყვით, მართლაც ასე სჯობს?

- ნამდვილად. შეგულიანების სისტემა, ძირითადად, უშედეგოა და საშიშიც, და აწ, საბედნიეროდ, აღიკვეთა საფრანგეთის ყველა Maison de Sante-ში.

- რას ბრძანებთ, - მივუგე მესიე მაიარს, - დარწმუნებული ვიყავი, სულიერი ავადობის მკურნალობის სხვა მეთოდი ამჟამად ქვეყანაში არცაა გავრცელებული-მეთქი.

- ყმაწვილი ხარ ჯერ კიდევ, ჩემო კარგო, - მიპასუხა მასპინძელმა, - დრო მოვა და მიეჩვევი ამ ქვეყნის ამბების თავად განსჯას, სხვათა ნაბოდვარის დაუჯერებლად; გაგონილს საერთოდ ნუ მიენდობი და იმისი მხოლოდ ნახევარი ირწმუნე, რასაც დაინახავ; ჩვენი Maison de Sante-ს გამოც ვიღაც უვიცმა რომ შეგაცდინათ, კია ცხადი. ნამგზავრი ბრძანდებით, ნასადილევს რომ მოისვენებთ, სიამოვნებით გაჩვენებთ სახლს, გაგაცნობ იმ სისტემას, რომელსაც, ჩემი და ყველას აზრით, ბადალი არ მოეპოვება.

- თქვენია, - შევეკითხე, - თქვენ შეიმუშავეთ ეგ სისტემა?

- ამით ვამაყობ კიდეც, - მითხრა ამ კაცმა, - ჩემი შექმნილი რომაა, ყოველ შემთხვევაში, რამდენადმე მაინც.

ერთი თუ ორი საათი ამგვარად ვესაუბრებოდი მესიე მაიარს. ამასობაში ბაღი და ორანჟერეა დამათვალიერებინა.

- ჩემს პაციენტებს ჯერ ვერ განახვებთ, - ასე თქვა, - ცოტა შევიცადოთ. მგრძნობიარე კაცი, ასე თუ ისე, განიცდის ამ სანახაობას, სადილის წინ მადას ხომ ვერ წაგიხდენთ. სადილი კი მალე იქნება. ხბოს ხორცი a la sainte Menehold, veloute ყვავილოვანი კომბოსტოს საწებელითურთ, ჭიქა Clos Vougeot-ს რომ დააყოლებთ, ნერვები საკმაოდ მოგიმაგრდებათ.

   სადილად ექვსზე დაგვიძახეს. მასპინძელი შემიძღვა ვეებერთელა salle a manger-ში, სადაც თავი მოეყარა მრავალრიცხოვან საზოგადოებას, ოცდახუთნი იქნებოდნენ კაციან-ქალიანად. მაღალი წარმომავლობის ხალხი ჩანდა და, რაღა თქმა უნდა, დიდად განათლებული, თუმცა, ჩემი აზრით, მორთულიყვნენ მდიდრულად და საკმაოდ გამომწვევადაც. ასე რომ, კაცი იფიქრებდა, Vieille cour-ზე მოვხვდიო. სტუმართაგან თითქმის ორი მესამედი ქალი იყო. მართლაცდა, ისე გამოწყობილიყო ზოგიერთი, რომ კარგ გემოვნებად ვერ ჩაუთვლიდა დღევანდელი პარიზელი. ბევრი მანდილოსანი, არანაკლებ სამოცდაათი წლისა რომ გახლდათ, მთლად ახუნძლულიყო ძვირფასეულობით - ბეჭდებით, სამაჯურებით, საყურეებით ურცხვად მოეშიშვლებინათ მკლავები და მკერდი. ესეც შევნიშნე ერთს თუ ორს ექნებოდა კაბა კარგად მორგებული ან, ყოველ შემთხვევაში, ვარგოდა ჩასაცმელად. თვალი მოვავლე, იქ მყოფთ და ის კარგი გოგონა დავინახე, სასტუმრო ოთახში რომ გამაცნო მესიე მაიარმა; სახტად დავრჩი. ახლა კრინოლინი ეცვა, მაღალ ქუსლებზე შემდგარიყო, თავზე ეხურა მწვირიანი, ბრიუსელური მაქმანით გაწყობილი იმოდენა ჩაჩი, რომ სასაცილოდ, მუჭისოდენად მოუჩანდა სახე. მაშინ, წინაოთახში, მთლად სამგლოვიარო სამოსი შვენოდა. რაღა გავაგრძელო და გამაოცა კი მათმა ჩაცმულობამ, საერთოდ ამ ხალხმა. „შეგულიანების სისტემა“ მომაგონდა და გავიფიქრე, გიჟებს შორის საქეიფოდ მოხვედრილ კაცს უხერხულად რომ არ მეგრძნო თავი, ჯერხანად მატყუებს-მეთქი მესიე მაიარი. თუმცა პარიზში გაგონილი ამბავი გამახსენდა: მეტად ექსცენტრული ხალხი ცხოვრობსო სამხრეთის პროვინციებში და ბევრ ადათს მისდევენო აქაურები: შემდეგ კი, ჩემ გვერდით რამდენიმეს რომ გავესაუბრე, ცუდი წინათგრძნობა სწრაფად და სრულიად შემეცვალა.

   თავად სასადილო ოთახი გაეწყოთ საკმაოდ მოხერხებული, დიდ-დიდი ავეჯ-სამკაულებით. თუმცა აქ არაფერი იყო ნატიფი ნახელავი, ხალიჩითაც არ მოეფინათ იატაკი; ეს კია, საფრანგეთში იშვიათად შეხვდებით ნოხებით მორთულ სახლს. სარკმლებს ფარდები არ ჰქონდა, გარდიგარდმო დასაყენებელი რკინის საკეტებით მაგრად იყო მიკეტილი, დარაბები. ამგვარად, ჩვეულებრივ, დუქნებს კეტავენ ჩვენში. პარალელოგრამის ფორმის სასადილო დარბაზი chateau-ს ერთ-ერთ განტოტებაში მდებარეობდა, ფანჯრები სამმხრივ დაეტანებინათ, ხოლო მეოთხეში - კარი. ფანჯარა სულ ათი იყო.

   სუფრამ თვალი მომჭრა. სინებს ვერ დათვლიდი, ტევა არ იყო. დელიკატესებისა საჭმელ-სასმელი ბარბაროსული უშურველობით დაეყარათ. ანაკის ძეთა ნადიმს ეყოფოდა ამდენი ხორცი. აქამომდე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი ხელგაშლილობის მნახველი. ოღონდ ეს იყო, მეტად დაბალი გემოვნება ეტყობოდა აქაურობას. მკრთალ შუქს შეჩვეული თვალი მატკინა ვერცხლის შანდლებში ჩადგმული უამრავი ცვილის სანთლის ბრდღვიალმა. სანთლები მაგიდაზე და ყველგან დაედგათ, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ. ცოცხლად გვემსახურებოდა რამდენიმე მსახური; დარბაზის შორეულ კუთხეში დიდ მაგიდას უსხდა ვიოლინოების, ფლეიტების, ტრომბონებისა და დოლის დამკვრელი შვიდი თუ რვა კაცი. სადილობისას მრავალფერი, ნაირნაირი ხმებით ყური წაიღო ამ ხალხმა, მუსიკას ეძახოდნენ ამ ხმაურს და ჩემ გარდა აქ მშვენივრად ერთობოდა ყველა.

   ასე ვფიქრობდი, რასაც ვხედავ, ყოველივე ამაში ბევრია dizarre-მეთქი. მაგრამ ქვეყნიერებაზე რანაირ, რაგინდარა შეხედულებისა და ჩვევის ხალხს არ შეხვდები. ბევრი მიმგზავრია და სრულიად ვიყავი ნაზიარები ამ წესს: nil admirari.[ გულდამშვიდებით დავუჯექი მასპინძელს ხელმარჯვნივ. კარგი მადის პატრონს თავპატიჟი არ გამიდვია.

   ცოტა ხანიც და გაივრცო და გამოცოცხლდა საუბარი. წესისამებრ აქ ქალები პირველობდნენ. დამსწრეთაგან თითქმის ყველა დიდად განათლებული ჩანდა; ჩემი მასპინძელი კი ენად გაკრეფილიყო, სალაღობო ანეკდოტებს გვიამბობდა და, როგორც ჩანს, ძლიერ უხაროდა მოეთხრო თავისი Maison de Sante-ს მთავარი ექიმის ამბავი. მართლაც, ჩემდა გასაოცრად, სულიერი ავადობის თემა სასურველი გამოდგა ყველა აქ მყოფისთვის. ბევრი თავშესაქცევი რამ გავიგე პაციენტების ხუშტურის შესახებ.

- აქ ერთმა, - თქვა ერთმა მარჯვნივ მჯდარმა ქონმოკიდებულმა ჩია ტანის ჯენტლმენმა, - ჩაიდანი ვარო, ასე წარმოიდგინა: სხვათა შორის საოცარია და სწორედ ეს აეკვიატებათ ხოლმე გიჟებს, არა? საფრანგეთში ერთ საავადმყოფოსაც ვერ ნახავ, თავისი კაცი-ჩაიდანი რომ არ ჰყავდეს. ბრიტანული ჩაიდანი გახლდათ ჩვენი ჯენტლმენი, საგულდაგულოდ იპრიალებდა თავს დილ-დილაობით ირმის ტყავითა და ცარცით.

- და კიდევ, - განაცხადა ჩემ პირდაპირ მაგიდაზე წამოყუდებულმა მაღალმა კაცმა. - არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ერთმა აიკვიატა, ვირი ვარო, რაც, იგივურად თუ ვიტყვით, სრული ჭეშმარიტება იყო. ძალიან გვიჭირდა ამ მოუსვენარი პაციენტის მოთოკვა. ნარშავის ღერების გარდა დიდხანს არაფერს ჭამდა; მაგრამ ეს იდეა მალე ამოიგდო თავიდან, რაკიღა ვაძალებდით, მეტი აღარაფერი ჭამოო. სულ ტლინკებს ჰყრიდა, აი ასე.. ასე..

- ბ-ნო დე კოკ! თუ შეიძლება თავი შეიკავეთ! - გააწყვეტინა მის გვერდით მჯდარმა მხცოვანმა მანდილოსანმა, - ფეხები დააყენეთ! ფარჩა სულ დამისვარეთ! და მაინც რა აუცილებელია, ჩემო ბატონო, ამის ასე ცხადლივ ჩვენება? ჩვენი მეგობარი ისედაც კარგად გაიგებს ყველაფერს, ღმერთმანი, ისეთივე დიდი ვირი ბრძანდებით, როგორც იმ საცოდავს წარმოედგინა თავი. თქვენ ხომ ასე ბუნებრივად გვიჩვენეთ, მე არ მოვკვდე!

- Mille perdons! Ma’mselle - უპასუხა მესიე დე კოკმა ამ შემოტევას, - მაპატიეთ, მაპატიეთ! თქვენი შეწუხება მე არ მინდოდა. მადმუაზელ ლაპლას, თქვენ სადღეგრძელოს სვამს მესიე დე კოკი!

მესიე დე კოკმა თავაზიანად დაუკრა თავი, დიდის ამბით ხელის თითების წვერები დაიკოცნა და მადმუაზელ ლაპლასთან ერთად ღვინო დალია.

- თქვენი ნებართვით, mon ami, - მომიბრუნდა ახლა მესიე მაიარი, - გასინჯეთ ხბოს ხორცი a la ST. Mene hold - კარგი რამაა.

   თქვა ეს და იმწუთას სამი ტანბრგე მსახური შემოვიდა და ფრთხილად, ვაივაგლახით ძლივს შემოდგეს მაგიდაზე ვეება სინი, ანუ ტაბლა. ზედ, ჯერ აგრე გავიფიქრე, იყო monstrum, horrendum, informe, ingens, eui lumen ademptum. ხოლო უფრო ახლოდან გამოჩნდა მრგვლად შემწვარი მცირე ზომის ხბო, ჩაჩოქილი, პირში ვაშლგაჩრილი. ინგლისელები ასე რთავენ კურდღელს.

- არა, ბატონო, გმადლობთ, - მივუგე მესიე მაიარს, - კაცმა რომ თქვას, არც ისე მიყვარს ხბო a la St…რა ჰქვია? ხანდახან შემწვარზე გული არ მიმდის. თეფშს გამოვიცვლი, და ცოტაოდენ კურდღელს გავსინჯავ.

სუფრაზე იყო რამდენიმე მომცრო სინი, რომლითაც შემოეტანათ, ასე ვფიქრობდი, ფრანგულად შემზადებული კურდღელი - მადის მომგვრელი morceau იქნება-მეთქი ნამდვილად.

- პიერ, - დაიძახა მასპინძელმა, - თეფში გამოუცვალე ჯენტლმენს და მოართვი კურდღელი au chat. 

- რა ბრძანეთ?!

- კურდღელი au chat-მეთქი.

- ო, გმადლობთ! აი, ჯობს.. ჰო, ამ შაშხს გადავიღებ.

ვინ იცის, რას ჭამენ ეს პროვინციელები, გავიფიქრე, არ მინდა ამათი კურდღელი au chat, ყოველ შემთხვევაში, არც ამათი კატა კურდღლისებურად-მეთქი.

- კიდევ, - თქვა ერთმა მაგიდის ბოლოში, ზაფრანისფერი რომ დასდებოდა და საუბარი აღარ შეწყვეტილა, - კიდევ, სხვათა შორის, ამ რამდენიმე ხნის წინ გვყავდა პაციენტი; სულ ამას გაიძახოდა, კორდოვული ყველი ვარო, დანით ხელში ეხვეწებოდა მეგობრებს, ყველას სთხოვდა, მადლი მოესხათ და მცირეოდენი ნაჭერი გაესინჯათ მისი ფეხის რბილისა.

- დიდი სულელი გახლდათ, უეჭველად - ჩაურთო მეორემ, - მაგრამ ერთი იყო, რომელსაც ამ უცხო ჯენტლმენის გარდა ყველანი ვიცნობდით. შამპანურის ბოთლად წარმოედგინა თავი ამ კაცს. და აი, საცობს რომ ამოტყორცნიდა, ასე შიშინებდა. აი ასე...

   თქვა ეს და აქ, ჩემი აზრით, ძალზე ბრიყვულად პირში ჩაიდო მარჯვენა სალოკი თითი, მერმე ამოაგდო ხმაურით და კარგად მიამსგავსა ამორტყორცნილი საცობის ხმას. შემდეგ კბილებზე ენის მარჯვე მოსმით სტვენდა და შიშინებდა, და რამდენიმე წუთს აღარ მოათავა შამპანურის ჩქაფუნის მსგავსი ხმაურობა. ძალიან არ მოეწონა ეს მესიე მაიარს, ნათლად ვხედავდი. მაგრამ აღარაფერი თქვა. მერე საუბარი განაგრძო დიდპარკიანმა, პატარა ტანის გაძვალტყავებულმა კაცმა.

- კიდევ იყო ერთი გამოთაყვანებული, - ასე თქვა, - რომელმაც ბაყაყობა დაიჩემა; სხვათა შორის ბაყაყს სულაც არ ჰგავდა. ნეტავ გენახათ, ჩემო ბატონო, - და აქ მე მომიბრუნდა, - დატკბებოდით მისი ბუნებრივი თამაშით. ნამდვილად, ჩემო ბატონო, სამწუხაროა, ბაყაყი რომ არ იყო ის კაცი. ასე ყიყინებდა: ყუუო, ყუუო! ამქვეყნად უმშვენიერესი ნოტი - სი ბე მოლი; და როცა მაგიდაზე იდაყვებს ჩამოდებდა - ასე... ერთ ან ორ ჭიქა ღვინოს გადაკრავდა და ასე დააღებდა პირს.. და ასე ამოატრიალებდა თვალს, მალიად, მალიად დააფახურებდა.. წყალი არ გაუვა, ჩემო ბატონო, ამ კაცის გენიოსობით აღფრთოვანებული გონს დაკარგავდით.

- მართალს უნდა ბრძნებდეთ, ბატონო, - მივუგე მას.

- და კიდევ, - თქვა ერთმა ჩვენმა თანამესუფრემ, - იყო კაცი, ასე იძახოდა, ბურნუთის მწკივი ვარო, და რაკი თავისი თავის ორი თითით აყვანა არ შეეძლო, ცუდად ხდებოდა.

- და კიდევ ერთი, ვინმე ჟულ დეზულიერი, მთლად გასაოცარი გენიოსი გახლდათ, ნესვობა დაეჩემებინა და ამ იდეას სულ გაეგიჟებინა. მზარეული აიკლო, გინდა თუ არა ნამცხვრად შემაცხვეო, ყელში ამოუყვანა საწყალ კაცს. ჩემი აზრით, არა მგონია კარგი გემო ჰქონდეს ასე შეკაზმულ ნესვს a la Desoulieres მართლაც!

- რას ბრძანებთ! - ვთქვი და ეჭვის თვალით შევხედე მესიე მაიარს.

- ხა! ხა! ხა! - სიცილი აუვარდა ამ ჯენტლმენს, - ხი! ხი! ხი!..ხი! ხო! ხო! ხო!.. ეს არის რაც არის! ნუ გიკვირთ, mon ami; ჩვენი მეგობარი რა ხუმარა კაცია, - a drole, მთლად პირდაპირ ნუ გაიგებთ მის ნათქვამს.

- და კიდევ, - გაისმა მაგიდის მეორე ბოლოში, - კიდევ გვყავდა Bouffon le Grand, თავის მხრივ მართლაცდა უჩვეულო კაცი. ჭკუა დააკარგვინა სიყვარულმა და ორთავიანობა აიკვიატა. ერთი სულ ციცერონისააო, მეორე კი, კინკრიხოდან პირამდე, წარმოედგინა დემოსთენეს სახის ნაწილად, ქვემოთ კი, ნიკაპამდე, ლორდ ბრუმისა არისო, იძახოდა. შეიძლება ცდებოდა, მაგრამ დიდი მჭერმეტყველი რომ იყო, დაგაჯერებდათ. თაყვანს სცემდა ორატორულ ხელოვნებას და ვეღარ მოეთოკა ორატორობანას თამაშის სურვილი, ასე შედგებოდა ხოლმე სასადილო მაგიდაზე, ასე და...და...

აქ უცებ ამ კაცმა შეწყვიტა სიტყვა, რაკიღა მის გვერდით მჯდომარემ მხარზე ხელი დაადო და რაღაც წასჩურჩულა.

- და კიდევ, - თქვა ახლა ამ კაცის მრჩეველმა, - გვყავდა ვინმე ბულარი - ჩიკორი. სისულელე კი დაიჩემა, თუმცა ჭკუას არ იყო მოკლებული ასეთი ახირება - ჩიკორობა. ერთი შეგეხედათ, სიცილისაგან ფერდები ჩაგასკდებოდათ. ერთ საათს შეეძლო ქუსლზე ტრიალი, აი ამდაგვარად... ასე...

მაგრამ იმ კაცმა, ცოტა ხნის წინ ყურად რომ იღო მისი რჩევა, ახლა სწორედ ასევე მოუმართა ხელი.

- და ის, მთელი ხმით დაიკივლა ხნიერმა მანდილოსანმა, - თქვენი მესიე ბულარი იყო გიჟი, და ძალიან ბოთე გიჟი, რადგან ვის, თქვენ გეუბნებით, ვის გაუგია კაცის ჩიკორობა? აბდაუბდაა. ქალბატონი ჟუაესი უფრო ჭკვიანი იყო, ხომ იცით. მეტად საღი ფანტაზია მოუვიდა, ყველა თაყვანს სცემდა ამ ქალს, დიდი ფიქრის შემდეგ ნახა, თურმე რაღაც შემთხვევამ მამლუჩად აქცია; და კიდევაც გულში მოგხვდებოდათ, ისე შემოკრავდა ფრთა-ფრთას!.. ასე... ასე... ასე... და რა მშვენივრად ჰყიოდა!.. ყიყლიყო.. ყიყლიყო!.. ყიყლიყოო...ყოოო... ყო-ო-ო-ო-ო-ო!...

- ქალბატონო ჟუაეზ, როგორც წესი, და რიგია, ისე მიქეცით, - შეაწყვეტინა რისხვით წამონათებულმა მასპინძელმა, - როგორც მანდილოსანს შეეფერება, ან ახლავე წადით აქედან! აირჩიეთ!

   მანდილოსანი (გამიკვირდა კი, ეს სახელი რომ დაუძახეს მას შემდეგ, რაც ქალბატონ ჟუაესის შესახებ გვიამბო) მთლად წამოწითლდა და, როგორც ჩანს, შეჩქვიფებული გახლდათ. თავი ჩაქინდრა, ხმა აღარ გაუღია პასუხად. სხვა, უფრო ახალგაზრდა ქალმა განაგრძო. პატარა წინაოთახში დამხვდური მშვენიერი გოგონა ვიცანი.

- ჰოი, ქალბატონი ჟუაეზი კი იყო სულელი! - გამოგვიცხადა ყველას, - ნამდვილად ნათელი გონება ეჟენი სალსაფეტის, უმშვენიერესისა და თითქმის ავადმყოფურად მოკრძალებული ყმაწვილი ლედის მსჯელობაში ჩანდა. ასე ამბობდა, ჩაცმა-დახურვა უმსგავსობააო და მეტი არაფერი. დაბოლოს გადაწყვიტა, ყოფილიყო სამოსლის გარეთ და არა იმის შიგნით. ბოლოს და ბოლოს, ამაზე ადვილი რა არის. ამას რა უნდა, აი მხოლოდ ეს უნდა..ასე.. და ასე.. ასე, ..და კიდევ ასე...ასე.. და კიდევ ასე...

- Mon dieu მადმუაზელ სალსაფეტ! - ერთხმად შეჰყვირა რამდენიმემ, - რას შვრებით?.. შეჩერდით!.. კმარა!.. ვხედავთ და ვიცით, როგორც უნდა! შეაჩერეთ! შეაჩერეთ! - და სამი თუ ოთხი მათგანი უკვე ფეხზე იდგა, მადმუაზელ სალსაფეტს ვენერა მედიციელობა არ დავანებოთო. ეს ამბავი ეფექტურად და უცებ გაასრულა chateau-ს დარბაზებიდან გამოღწეულმა ყვირილმა თუ ღრიალმა.

   მთლად შევჩქვიფდი ამ ხმის გამგონე, ხოლო ესენი კი ნამდვილად შემებრალა. ცხოვრებაში არ მინახავს ასე ზაფრა სცემოდეს სრულ ჭკუაზე მყოფ ხალხს. მკვდრისფერი დაედოთ, თავიანთ ადგილებზე მიიკუნტნენ, შიშით კანკალი ავარდნოდათ და გაურკვევლად ბუტბუტებდნენ, ცუდად გამხდარიყვნენ, ვაითუ ეს ხმა კიდევ გამეორდესო. კვლავ გაისმა უფრო ხმამაღალი ყვირილი და, როგორც ჩანს, უფრო ახლოდან მოდიოდა; მესამედ გაისმა, კიდევ უფრო ხმამაღლა და მეოთხეჯერაც, ოღონდ ამჟამად მნიშვნელოვანწილად შესუსტებულიყო ხმაური. მიხვდნენ ამას და შვებით მოითქვეს სული, გამოცოცხლდნენ, ისევ დაიწყეს ანეკდოტების მოყოლა, მეც ახლაღა გავბედე მეკითხა მიზეზი ამ შეშფოთებისა.

- ნამდვილი bagatelle, - თქვა მესიე მაიარმა, - შეჩვეული ვართ ამგვარ რაღაცეებს და თითქმის აღარ ვაქცევთ ყურადღებას. ხანდახან გიჟები ყმუილის კონცერტს გამართავენ; ღამეული ძაღლების ხროვის მსგავსად ერთი დაიწყებს, მეორე აიტაცებს. მაგრამ ეს კია, ყმუილის concerto[ მოჰყვება ხოლმე განთავისუფლების მცდელობას და, რაღა თქმა უნდა, ამ დროს ცოტა საშიშია.

- ახლა რამდენი ავადმყოფი გყავთ?

- ამჟამად ათზე მეტი არ იქნება.

- ქალები არიან ძირითადად, არა?

- ო, არა - ყველა მამაკაცია, თანაც ყველა ჩასკვნილი, ხომ გესმით.

- რას ბრძანებთ! მე კი ვფიქრობდი, გიჟების უმეტესობა მშვენიერი სქესისაა-მეთქი.

- კი, საერთოდ ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. ამ რამდენიმე ხნის წინ აქ იყო დაახლოებით ოცდაშვიდი პაციენტი, აქედან, ასე, თვრამეტი - ქალი. შემდეგ კი, როგორც თქვენ ხედავთ, მდგომარეობა მთლად შეიცვალა.

- დიახ, როგორც თქვენ ხედავთ, მდგომარეობა მთლიანად შეიცვალა, - შეაწყვეტინა ჯენტლმენმა, რომელმაც წეღან კინაღამ წვივი ჩაუმტვრია მადმუაზელ ლაპლასს.

- დიახ, როგორც თქვენ ხედავთ, მდგომარეობა მთლად შეიცვალა! - დასჭექა უცებ მთელმა სუფრამ.

- ყველამ ენას კბილი დააჭირეთ! - თქვა დიდად განრისხებულმა ჩემმა მასპინძელმა. წუთით ბუზის გაფრენას გაიგონებდა კაცი. პირდაპირ გაიგო მესიე მაიარის ნათქვამი ერთმა მანდილოსანმა. გამოჰყო ენა, რომელიც ძალზე გრძელი გამოდგა, და მართლაც დააჭირა კბილი. საუბრის დამთავრებამდე ასე იყო გაჩერებული ეს ქალი.

- და ეს ქალბატონი, - ყურში ჩავჩურჩულე მესიე მაიარს, - ეს მანდილოსანი, სწორედ ახლახან რომ გვიამბო რაღაც-რაღაცეები და ყიყლიყოო... ხომ უვნებია, სრულიად უვნები, არა?

- უვნებიაო! - წამოიძახა გულწრფელად გაოცებულმა მასპინძელმა, - რას.. რას ბრძანებთ, როგორ უნდა გავიგო თქვენი ნათქვამი?

- ცოტას, სულ ცოტას ხომ არ... ცოტას-მეთქი? - ვთქვი მე და ოდნავ გადავაქნიე თავი, - ხომ არ ვცდები, არც ისე.. არც ისე საშიშია, არა?

- Mon-Dieu რას ბრძანებთ? ჩემო კარგო, ძველი მეგობარია ეს ქალი - ქალბატონი ჟუაეზი. ჩემსავით მთლად ჯანსაღი. ექსცენტრული ცოტათი კია, თქვენც იცით.. ყველა დედაბერი..ყველა ღრმად მოხუცებული დედაკაცი ასე თუ ისე ექცენტრულია!

- რაღა თქმა უნდა, - მივუგე მესიე მაიარს, - რაღა თქმა უნდა..სხვები, ეს ქალბატონები და ბატონები?..

- ყველა ჩემი მეგობარი და თანაშემწეა, - შემაწყვეტინა მესიე მაიარმა, hauteur წელში გამართულმა, - ყველა ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და თანამშრომელი გახლავთ.

- რას ბრძანებთ! ყველა? - ასე ვკითხე, - ქალებიც?

- დიახ, მითხრა მასპინძელმა, - უქალოდ ვერაფერს გავხდებით; ვერსად ნახავ მათზე უკეთეს გიჟების მომვლელს, საკუთარი ხერხები იციან, ხომ გესმით. გასაოცრად რომ უბრწყინავთ თვალი, ხომ გესმით, კი არიან რაღაც მომნუსხველნი, გველისნაირად.

- რაღა თქმა უნდა, - მივუგე ამ კაცს, - რაღა თქმა უნდა! ცოტა უცნაურები კი არიან, არა?.. ცოტა რაღაც არა? თქვენ რას იტყვით?

- უცნაურიო!.. რაღაცო!... თქვენ ამას გულით ამბობთ? ჩვენ აქ, სამხრეთში, არ გვიყვარს მანჭვა-გრეხა.. და იმას ვაკეთებთ, რაც გვსიამოვნებს - დროსტარება და სხვა ამდაგვარი, ხომ იცით...

- რაღა თქმა უნდა, - ვუთხარი,- რაღა თქმა უნდა.

- და კიდევ, შესაძლოა, Clos de Vougeot ცოტა შეაზარხოშებს ხოლმე, ხომ იცით...ცოტა მაგრად შეაზარხოშებს ხოლმე და რას იზამ, არა?

- რაღა თქმა უნდა, - მივუგე მესიე მაიარს, - რაღა თქმა უნდა. მართლა, მესიე, თქვენ რაღაც მითხარით ამის შესახებ - შეგულიანების სახელგანთქმული სისტემის ნაცვლად ახალი შეუდარებლად მკაცრია, არა?

- არასგზით. საჭიროებისამებრ არის ჩვენი ახალი სისტემა სასტიკი; მაგრამ მოვლა-პატრონობა.. მხედველობაში მაქვს მკურნალობა, სხვებთან შედარებით ჩვენი უფრო შედეგიანია.

- და თქვენია ეს ახალი სისტემა?

- მთლად არა. სისტემის შექმნაში გარკვეული წვლილი აქვს პროფესორ კუპროს, რომლის სახელი უთუოდ გექნებათ გაგონილი; და კიდევ, სიამოვნებით უნდა გაცნობოთ, ჩვენი სისტემის სრულყოფაში ღვაწლი მიუძღვის ბრწყინვალე ბდღვერს, ვინაც, თუ არ ვცდები, პატივი გქონდათ პირადად გენახათ.

- თავი მომეჭრა და ესაა, უნდა ვაღიარო, - ვუპასუხე, - აქამდე არასოდეს გამიგონია ამ ხალხის სახელი.

- ღმერთო ჩემო! - შეჰყვირა ჩემმა მასპინძელმა, უცებ მისწია სავარძელი, აღაპყრო ხელი, - მომეყურა ალბათ! რას ბრძანებთ? თქვენ ასე მეუბნებით, არასოდეს გამიგია და შემისწავლიაო სასიქადულო დოქტორ კუპროსა და ბრწყინვალე პროფესორ ბდღვერის გამოკვლევები?!

- ვაღიარებ ჩემს უვიცობას, - მივუგე მასპინძელს, - მაგრამ სიმართლე უპირველეს ყოვლისა. ასეა თუ ისე, მთლად არარაობა ვყოფილვარ, რაკი არ ვიცნობ ამ მართლაც არაჩვეულებრივ ადამიანების ნამუშევრებს. დაუყოვნებლივ მოვძებნი მათ შრომებს და გულდასმით წავიკითხავ, მესიე მაიარ, ნამდვილად - ვაღიარებ - თქვენ მე ნამდვილად შემარცხვინეთ!

სწორედ ასე იყო.

- არაფერია, ჩემო კარგო! - დამიყვავა მან და ხელი ხელზე მომიჭირა, - მოდით და ჭიქა სოტერნი გადავკრათ.

დავლიეთ. ყველამ მოგვბაძა, არავის გამოუტოვებია და აღარც დაუკლია მერე. მუსაიფობდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, რა არ იგიჟმაჟეს. წრიპინებდნენ ვიოლინოები, ბუხუნებდა დოლი, ფალარისის ბრინჯაოს ხარისამებრ ბღაოდნენ ტრომბონები და თანდათანობით, უფრო და უფრო, ღვინომ თავისი ქნა. მალე აქაურობა დაემსგავსა სოდომ-გომორს in petto . ამ დროს რამდენიმე ბოთლ სოტერნსა დაკლოს დე ვუჟოს ვსვამდით. მესიე მაიარი და მე, მთელი ხმით ვსაუბრობდით, რადგან ჩვეულებრივი ხმით წარმოთქმულ სიტყვას ისევე გაიგონებდა კაცი, როგორც ნიაგარის ჩანჩქერის ფსკერზე თევზის წრიპინს.

- ჩემო ბატონო, - ჩავძახე ყურში, - სადილობამდე რაღაც საშიშროება ახსენეთ, ძველ, შეგულიანების სისტემას თან რომ ახლავს, რაა აქ საშიში?

- დიახ, - მიპასუხა მესიე მაიარმა, - მართლაცდა კი იყო მეტად საშიში ხანდახან. გიჟის ყოველ ახირებას რას განჭვრეტ; ჩემი და ასევე დოქტორ კუპროსა და პროფესორ ბდღვერის აზრით, სრული თავისუფლება არასოდეს უნდა მივცეთ გიჟს. რაღაც დროით კი შეიძლება მისი ეგრეთ წოდებული „შეგულიანება“, მაგრამ მაინც აყალმაყალის ასატეხად უჭირავს თვალი. მისი ეშმაკობა, აგრეთვე, დიდია და საარაკოდ ქცეული. თუ გულში რამე ჩაიდო, გასაოცარი გონიერებით მალავს თავის სურვილს; ჯანმრთელი კაცის წასაბაძად გამოჩენილი მისი საზრიანობა ადამიანის გონების შემსწავლელ ფილოსოფოსთათვის ერთი უსაკვირველესი პრობლემათაგანია; მთლად საღი თუ ჩანს შერეკილი, სწორედ მაშინ უნდა გადააცვა გიჟის პერანგი.

- მაგრამ საშიშროება ჩემო ბატონო, რომლის გამოც უკვე გვიამბეთ.. ამ სახლს კარგა ხანია ხელმძღვანელობთ, ხომ არ შეგემთხვათ ისეთი, რამაც გაფიქრებინათ, სახიფათოაო გიჟების თავისუფლად სიარული?

- აქ? ჩვენთან?.. იყო, დიახ. მაგალითად, სწორედ ამ სახლში მოხდა უჩვეულო ამბავი არცთუ ისე დიდი ხნის წინ. მაშინ, თქვენც იცით, მოქმედებდა „შეგულიანების სისტემა“ და ხალვათად იყვნენ პაციენტები. გასაოცრად კარგად იქცეოდნენ, განსაკუთრებით კარგად. ყველა თავის ჭკუაზე მყოფი კაცი მიხვდებოდა რაღაც ეშმასეული გეგმის მზადებას სწორედ იმიტომ, რომ ეს ხალხი იქცეოდა საოცრად კარგად. ერთ მშვენიერ დილას მომვლელები შეკრეს და საკანში ჩაყარეს - თითქოს ესენი იყვნენ გიჟები, ხოლო გიჟებმა ითავეს მათი მეურვეობა.

- რას ბრძანებთ! ჯერ არასოდეს გამიგია ასეთი დომხალი!

- ფაქტია. ყველაფერი ეს მოხდა ერთი გამოთაყვანებული გიჟის გამო, მან დაიჩემა, მართვის საუკეთესო სისტემა შემიქმნიაო, მხედველობაში მაქვს გიჟების მართვა. საუკეთესო იმათ შორის, რაც კი ყოფილა აქამდე. და ვფიქრობ, საქმითაც სურდა თავისი აღმოჩენის გამოცდა. დანარჩენი პაციენტები რომ შეაგულიანა, შეითქვნენ და კანონიერი ხელისუფლების დამხობა დაადგინეს.

- და ეს კიდევაც მოახერხეს?

- დიახ, ჩემო ბატონო, მალე ადგილების გადანაცვლება მოხდა მომვლელებსა და ამათ საზრუნავ ხალხს შორის. და უფრო მეტიც, გიჟები ახლა თავისუფლად დადიოდნენ, ხოლო მათი მეურვეები საკანში იყვნენ გამოკეტილი და სამწუხაროდ, ძალზე უცერემონიოდაც ექცეოდნენ.

- მაგრამ ვფიქრობ, კონტრგადატრიალებამ აღარ დააგვიანა, არა? ხომ არ შეიძლება ასე დიდხანს გაგრძელებულიყო - ხალხი ნახავდა მეზობელი სოფლიდან. სახლის დამთვალიერებლებიც ხომ მოვიდოდნენ და გაიგებდნენ ყველაფერს. ერთი ამბავი ატყდებოდა.

- აი, აქ სცდებით, ფრიად ეშმაკი იყო ბუნტისთავი, ფეხი აღუკვეთა მომსვლელებს. მხოლოდ ერთი შემოუშვა, თითქმის ბავშვი, ვინმე ტვინფრატუნა ყმაწვილი ჯენტლმენი, რომლის შიში არ უნდა ჰქონოდა კაცს, უნდოდათ გაეპამპულებინათ, დრო გაეტარებინათ. და გული რომ მოიჯერეს ამ გასართობით, თავის გზას გაუყენეს.

- და ასე რამდენ ხანს გაგრძელდა?

- ო, ძალიან დიდხანს, დაახლოებით თვე, ზუსტად ვერ გეტყვით. ამ დროს სამოთხის კარი გაეღოთ გიჟებს, ლაღად ცხოვრობდნენ. ხო, აი ასე იყო, თავიანთი კონკები გაიძრეს და აქაურ ტანსაცმელსა და ძვირფასეულობას დაეპატრონნენ. Chateu-ს სარდაფებში ღვინო ულეველი ჰქონდათ. თანაც პირწავარდნილი ქაჯები არიან, კარგად სვამენ. ერთი სიტყვით, ბედნიერი დღე გაუთენდათ.

- მკურნალობა კი.. როგორ მკურნალობდა შფოთისთავი?

- აუცილებელი არაა სულელი იყოს გიჟი, როგორც ერთხელ უკვე გითხარით; ჩემი ღრმა რწმენით ეს მკურნალობა იყო ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალობა, ყველას მჯობი, მართლაცდა ჩინებული სისტემა - უბრალო, ნათელი და მთლად უდავიდარაბო. დიახ, მეტად.. წარმატებული.

აქ ჩემს მასპინძელს სიტყვა გაუშრა პირში, იმდაგვარივე ღრიალი მოისმა, ამ ცოტა ხნის წინ თავზარი რომ დასცა ხალხს და ახლა ჩანდა, სწრაფად გვიახლოვდებოდა ხმაურობა.

- ღმერთო ჩემო! - შევყვირე გულგახეთქილმა, - ეჭვი არაა, კედელი გამოანგრიეს გიჟებმა.

- ვაიმე, მგონი მართლაც ასეა, - თქვა ფერწასულმა მაიარმა და იმავე წამს სარკმლიდან მოგვესმა ყვირილი და წყევლა-კრულვა; ვიღაცები მოაწყდნენ, დარბაზში შემოჭრა უნდოდათ, როგორც ჩანს, უროს ურტყამდნენ კარს, დიდად გააფთრებულები გლეჯდნენ და ამსხვრევდნენ დარაბებს.

   ერთი ამბავი ატყდა, მესიე მაიარი, თვაი მატყუებს-მეთქი, ბუფეტის უკან შეიძურწა. ამ კაცისგან უფრო მეტ გაბედულებას მოველოდი. მუსიკოსები, ეს ბოლო წუთი მთლად გამომთვრალნი რომ ჩანდნენ, ახლა ერთად წამოცვივდნენ თავიანთ სავარძლებიდან, თავიანთ მაგიდაზე ამობობღდნენ და ერთხმად დაუკრეს „იანკიდუდლ“. კარგი დაწყობილი ვერ იყო მუსიკა, ოღონდაც შთამაგონებლად გაისმა ამ ხმაურში.

   ამ დროს სასადილო მაგიდაზე, შიგ ბოთლებსა და ჭიქებში ჩახტა ჯენტლმენი, ვისაც ცოტა ხნის წინ ძლივს გადააფიქრებინეს ეს ნახტომი. და როგორც კი მოეწყო მოხერხებულად, დაიწყო სიტყვა, რაც მართლაც ბრწყინვალე იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო ამ ორომტრიალში მისი მოსმენა, იმწამსვე ჩიკორობის დამჩემებელი კაცი ლარივით სწორად ხელებგაწვდილი მთელი ძალით დაბზრიალდა დარბაზში, ნამდვილ ჩიკორს დამსგავსებულმა რასაც გადააწყდა - ყველაფერი გადმოამზღვრია. იმწუთას გავიგონე ძლიერი ტკაცანი და შიშინი - ბოთლის გახსნის ხმა. დაბოლოს დავინახე კიდევაც ის, ვინც სადილობის ჟამს ბოთლობანას თამაშობდა; კაცი-ბაყაყი აყიყინდა, ისე, თითქოს მისი სულის ცხონება ყოველ წარმოთქმულ ბგერაზე იყო დამოკიდებული. ვირის გაბმულმა ყროყინმა გააყრუა აქაურობა. ჩემი ძველი ნაცნობი - ქალბატონი ჟუაეზი, მართლაც შემეცოდა ეს საბრალო მანდილოსანი, მთლად გულგახეთქილი ჩანდა. მეტი რაღა შეეძლო - მთელი ხმით გაუთავებლად ჰყიოდა ბუხრის კუთხეში მიმდგარი: „ყიყლიყოოოო!“.

   თავის მწვერვალს მოატანა ამბავმა - გასრულებაზე იყო დრამა. ყვირილის, ღმუილის და ყივილის მეტი არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ მომხდურებისთვის. ერთბაშად, თითქმის ერთდროულად ათივე სარკმელი შემოიმტვრა და ვიღაცეები შემოცვივდნენ ჩვენს შორის pele mele[227]. ღმუოდა, იბრძოდა, ფეხებს აბრახუნებდა და იფხოჭნებოდა - ასე ვფიქრობდი - შიმპანზეების თუ ორანგუტანგების ან კეთილი იმედის კონცხის დიდი შავი ბაბუინების მთელი ჯარი.

   საშინელმა დარტყმამ ტახსტის ქვეშ შემაგდო და აქ გავიტრუნე. თხუთმეტიოდე წუთი ვიწექი და ყველაფერი მესმოდა, ყველაფერს ვხედავდი. კმაყოფილი შევხვდი ამ ტრაგედიის denouement-ს. მესიე მაიარი აჯანყების მოთავე გიჟის ამბავს რომ მიამბობდა, თავისი საკუთარი გმირობა მომიყვა თურმე. მართლაც ყოფილა ეს ჯენტლმენი ორი თუ სამი წლის წინ ამ დაწესებულების მთავარი ექიმი, მაგრამ შექანდა და თავად გახდა პაციენტი. ჩემმა თანამგზავრმა, რომელმაც ეს კაცი გამაცნო, ამ ამბისა არაფერი იცოდა. მომვლელები, სულ ათი მამაკაცი, უეცრად დაიჭირეს, ჯერ კუპრით კარგად მოსვარეს, მერე ბდღვერი მოაყარეს და შემდეგ მიწისქვეშა საკანში ჩაყარეს. თვეზე მეტი ასე იყვნენ გამომწყვდეულნი და ამ ხნის განმავლობაში მესიე მაიარი უხვად უგზავნიდა მათ არა მარტო კუპრსა და ბდღვერს (თავისი „სისტემის“ მიხედვით), კიდევ ცოტაოდენ პურს და ბლომად წყალს - უტუმბავდნენ ყოველდღე. დაბოლოს ერთი გაიქცა, წყალსადენის მილს გამოჰყვა და დანარჩენებიც გაათავისუფლა.

   „შეგულიანების სისტემას“ ისევ იყენებდნენ chauteau-ში. ოღონდ მნიშვნელოვანი სახეცვლილებით; და მაინც, მეც ვეთანხმები მესიე მაიარს, მისი საკუთარი მკურნალობის მეთოდი მართლაც დიდებული იყო და, როგორც ჩვეულებრივ ამბობდა ხოლმე, „უბრალო, ნათელი და მთლად უდავიდარაბო“.

   დასასრულ, თუმცა ევროპის ყველა ბიბლიოთეკა მოვჩხრიკე, მაგრამ ამაოდ დავშვერ - დღემდე ვერ მიპოვია დოქტორ კუპროსა და პროფესორ ბდღვერის შრომების ერთი წიგნიც.

ნახვა: 107

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters