ვირჯინია ვულფი - სიმებიანი კვარტეტი

ჰოდა, აი, ჩვენ შევიკრიბეთ და თუ ოთახს თვალს გადაავლებთ, მაშინვე დარწმუნდებით, რომ მეტრომ, ტრამვაიმ, ომნიბუსმა, არცთუ ცოტა საკუთარმა ეკიპაჟმა, გავბედავ და ვიტყვი, ცხენშებმულმა ლანდოებმა, ამისთვის ლონდონი ერთი ბოლოდან მეორემდე გადაჭრეს. და მაინც, რაღაც ეჭვი მიჩნდება...

თუკი მართალია, რომ, როგორც ამბობენ, რიდჯენს-სტრიტზე გასასვლელი დაკეტილია და საზავო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, და რომ წლის ამ დროისთვის არც ისე სიცივეა, და ამ ფასად ბინასაც კი ვერ იქირავებ, და გრიპში ყველაზე საშიში ისაა, რომ შეიძლება გართულებები მოჰყვეს, თუ გამახსენდება, რომ დამავიწყდა დამეწერა საკუჭნაოში წყლის ჩამოსვლის თაობაზე, და ხელთათმანი მატარებელში დამრჩა, თუკი ნათესაური კავშირები მოითხოვენ ჩემგან წინ გადავიხარო და გულითადად ჩამოვართვა ხელი, რომელიც შესაძლოა ყოყმანის შემდეგ გამომიწოდეს...

- შვიდი წელია ერთმანეთი არ გვინახავს!

- ვენეციაში შეხვედრის შემდეგ.

- და ახლა სად ცხოვრობთ?

- ჰო, საღამო ყველაზე მისაღები დროა ჩემთვის, თუ ეს მეტისმეტი სითამამე არ იქნება ჩემი მხრიდან...

- მაშინვე გიცანით. ოდნავაც არ შეცვლილხართ!

- რაც გინდა თქვი და ომი მაინც ომია...

თუ გონებას ასეთ პატარა ისრებს დააყრიან, და საზოგადოების თანაცხოვრების კანონების თანახმად, ერთი გამოშვებულიც კი არაა, რომ მეორე უკვე მზადაა, თუკი ამის გამო წამოგახურებს და თანაც ელექტროშუქიც ბრიალებს, თუკი ლამის ყოველი ნათქვამი სიტყვა იწვევს გაუმჯობესების და გადასინჯვის მოთხოვნილებას, შეაჯანჯღარებს გრძნობებს, სურვილებს და ამბიციებს - თუ ეს ყველაფერი ასეა-მეთქი ვამბობ და შლიაპები და ბეწვის ბოა, ჯენტლმენების მერცხლისკუდიანი პალტოები და მარგალიტიანი ჰალსტუხები, ზედაპირზე მიცურავს - განა წარმოუდგენელი არ არის?

მაინც რაა? ყოველწუთიერად უფრო ძნელი ხდება იმის თქმა, თუ რატომ ვზივარ აქ მიუხედავად ყველაფრისა და იმის გახსენებაც კი არ შემიძლია, კერძოდ რა და როდის იქნა განცდილი ჩემ მიერ.

- პროცესია დაინახეთ?

- ისე ჩანდა მეფეს სციოდა.

- არა, არა და არა. მაგრამ რა იყო ეს?

- მან სახლი იყიდა მემზბერიში.

- მისალოცი საქმეა.

მე კი პირიქით, ვფიქრობ, რომ მას, ვინც არ უნდა იყოს ის, ჯანდაბამდის გზა ჰქონია, მთელი თავისი ბინებით, შლაპებით, თოლიებით და, ალბათ, ასევე ფიქრობს ასამდე აქ მჯდარი კარგად ჩაცმული, ბეწვითა და მარგალიტებით დაცული, უზრუნველყოფილი ადამიანი. ის კი არა, რომ ვტრაბახობდე - მეც ხომ ასევე პასიურად ვზივარ მოოქროვილ სავარძელში და დამარხულ წარსულში ვიჩხრიკები, როგორც ყველა, რადგან არის რაღაც ნიშნები იმისა, რომ არ ვცდები, ჩვენ ყველანი რაღაცას ვიხსენებთ, რაღაცას მალულად ვეძებთ. და, რატომ ეს ფაციფუცი? შფოთვა, კოსტიუმი როგორ გადგას? ხელთათმანები - შევიკრა თუ არა? შემდეგ უყურო ამ ხანში შესული ადამიანის სახეს სურათის შავ ფონზე. სულ რაღაც ერთი წუთის წინ თავაზიანს, გამოცოცხლებულს, ახლა მწუხარედ, უსიცოცხლოდ რომ გამოიყურება, თითქოს ჩრდილში მოექცაო. ვესტიბიულში ვიოლინოს აწყობენ - ასეა? ოთხი შავი ფიგურა გამოდის, ინსტრუმენტებით, თეთრ კვადრატებთან სხდებიან, სინათლის ნაკადის ქვეშ, ვიოლინოს ხემის წვერს პიუპიტრზე ჩამოდებენ, ერთდროული მოძრაობით ზემოთ სწევენ, მსუბუქად შეარხევენ ბალანსირებისთვის და უყურებს რა მის წინ მყოფ მუსიკოსს, პირველი ვიოლინო ითვლის - ერთი, ორი სამი ...

ყვავილობა, გაღივება, გაშლა, გასკდომა. მსხლის ხე მთის წვერში. შადრევანი ჩქეფს, წვეთები იფრქვევა, რონას ტალღები კი ღრმად, სწრაფად მიედინება, ხიდის ქვეშ მიქრის, წყალმცენარეები მიაქვს, ჩრდილში ავლებს ვერცხლისფერ თევზს, ფსკერისკენ რომ მიაქანებს ჩქარი წყალი, ჩათრეული - ეს ძნელი ადგილია - მორევით შეწოვილი. დგაფუნი, შხეფები, წყალს ბასრი ფარფლები ჭრიან, ნაკადი ქაფდება და ისე დუღს, რომ ყვითელ კენჭებს აისვრის, ატრიალებს, ატრიალებს. აი, გაუშვა, ეცემა, ეცემა, ძირს, ძირს, მაგრამ არა, ისევ ზემოთ ამოიტყორცნება სპირალურად ტრიალებს ჰაერში თვითმფრინავის ქვეშიდან გამოტყორცნილი ბოლქვებივით, მაღლა და მაღლა, ...რა სიკეთეა მათში, მხიარულად, ღიმილით რომ დააბიჯებენ დედამიწაზე! და კიდევ, მეთევზეების მხიარულ, მოხუც ცოლებში, თაღებქვეშ რომ ჩაცუცქულან, ოჰ, მოხუცი ქალები, რა საოცრად ხორხოცებენ და ანცობენ, როგორ მიირწევიან სიარულისას იქით, აქეთ, ააჰ, ჰმ, გჰაა!

- ადრეული მოცარტია, რა თქმა უნდა.

- ჰო, მაგრამ, მელოდია, როგორც საერთოდ მისი მელოდიები, სასოწარკვეთილებაში გაგდებს, იმის თქმა მინდა, რომ იმედს გისახავს. ჰო, რას ვგულისხმობდი? ეს არის ყველაზე უარესი ამ მუსიკაში. განდომებს ცეკვას, სიცილს, ჭამას, ნამცხვარს, ნაყინს, მშრალ, მწკლარტე ღვინოს. ერთი უხამსი ანეკდოტი ახლა... ძალიან ვისიამოვნებდი. რაც ხანში შედიხარ, უხამსობა უფრო მოგწონს. ჰა, ჰა, აი, ვიცინი. რაზე? თქვენ ხომ ისეთი არაფერი გითქვამთ, და არც იმ მოხუც ჯენტლმენს ჩვენ პირდაპირ... მაგრამ დავუშვათ... დავუშვათ... ჩჩუუ.

სევდიან მდინარეს მივყავართ და მივყავართ. ტირიფის ჩამოშვებულ ტოტებს ქვემოთ მთვარემ ჩამოიხედა. და მე ვხედავ შენს სახეს, მესმის შენი ხმა და ჩიტის გალობა, როცა წნორების ქვეშ მივდივართ. რას ჩურჩულებ? სევდა, სევდა. სიხარული, სიხარული. ერთმანეთში ჩაწნული, როგორც ლერწმები მთვარის შუქზე. ერთმანეთში ჩაწნული, ჩახლართული, განუყოფლად თანშეზრდილი, ტკივილით შეკრული და სევდით შემოჭერილი - ბრახ!

ნავი იძირება. ტონები გაიმართნენ, ზემოთ იტყორცნებიან, თხელდებიან, მღვრიე მოჩვენებად იქცევიან და მოჩვენება ცეცხლოვანი მახვილით გლეჯს ჩემი გულიდან გაორმაგებულ ვნებას. ის ჩემთვის მღერის, ლუქს ხსნის ჩემს სევდას, ალხობს სიბრალულს, სიყვარულით ავსებს უმზეო სამყაროს, არც წყვეტს, არც ანელებს სინაზეს, არამედ მარჯვედ, ფაქიზად წნავს ხვეულებს, წნავს სანამ ორად გაყოფილი, არ შეირწყმება. ზემოთ ატყორცნა, ქვითინი და - სიმშვიდე, სევდა და სიხარული.

მაშ, რაღაა სადარდო? და თანაც კიდევ კითხვა - რა? უკმაყოფილო რჩები? ყველაფერი ხომ მოგვარებულია და გაყუჩებული ვარდის ფურცლების ქვეშ, ფურცლების ქვეშ, რომლებიც ცვივიან, ცვივიან. უკვე აღარ, შეწყდა. ერთი ფურცელი, უზარმაზარი სიმაღლიდან წამოსული დაეკიდა, როგორც პატარა პარაშუტი, უჩინარი აეროსტატის ქვეშ და ტრიალებს, თრთის. ის ჩვენამდე ვერ მოაღწევს.

- არა, არა, მე ვერაფერი შევამჩნიე. ყველაზე უარესი ამ მუსიკაში - სულელური ოცნებებია. თქვენ ამბობთ, რომ მეორე ვიოლინო ჩამორჩა?

ეს მოხუცი მისის მაიროუ მიიწევს გასასვლელისა-კენ. ყოველ წელს უუარესდება მხედველობა. საწყალი ქალი. იატაკი კი ისე სრიალებს.

უთვალო მოხუცებულობა, ნაცრისფერთავიანი სფინქსი... ახლა ტროტუარზე დგას, წითელ ავტობუსს იხმობს მკაცრად.

- რა სასიამოვნოა! რა დიდებულად უკრავენ! როგორ... როგორ... როგორ!

უძვლო ენა. თვით უბრალოების განსახიერება. ბუმბული ჩემ გვერდით ქუდზე პრიალაა და სასიამოვნო, როგორც ბავშვის საჩხარუნო. ფარდის ჭრილში მწვანედ კრთება ჭადრის ფოთოლი. ძალიან უცნაური, ძალიან ამაღელვებელი.

- როგორ... როგორ... როგორ! შშშ!

ორი შეყვარებული ბალახზე.

- მადამ, თუ ხელს გამომიწვდიდით...

- მე თქვენ გულსაც კი მოგანდობდით. უფრო მეტიც, ჩვენ სხეულები საბანკეტო დარბაზში დავტოვეთ. ეს კი, კორდზე, მხოლოდ ჩრდილებია ჩვენი სულებისა.

- ესე იგი, ჩვენი სულები ეხვევიან ერთმანეთს.

ლიმონები თავს აქნევენ, გედი ნაპირიდან აფრთხიალდება და ჩქერობში მიცურავს ძილმღვიძარე.

- და რა? მან კორიდორში გამაცილა და, როცა კუთხეში ვუხვევდით, მაქმანის ფურჩალზე დამაბიჯა ფეხი. რა დამრჩენოდა, ვიყვირე, „აჰ“, შევჩერდი, დავიხარე. ამაზე დაშნა იშიშვლა, ისე გამოხტა, თითქოს სურს ვიღაცას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოსო, წამოიძახა „სიგიჟე, სიგიჟე, სიგიჟე“ და მე ავწივლდი, პრინცი კი, რომელიც რაღაცას წერდა პერგამენტზე დახურული აივნის ფანჯარასთან, ხავერდის ქუდით და ბეწვიანი ფლოსტებით გამოვიდა, კედლიდან რაპირა ჩამოიღო - ესპანეთის მეფის ნაჩუქარი - და ამ დროს მე გავიქეცი, ეს ლაბადა მოვისხი, რომ ჩემი გახეული ქვედაწელი არ გამოჩენილიყო და გავიქეცი. მაგრამ ჩუმად! სანადირო რქა!

ჯენტლმენი ისე სწრაფად პასუხობს ქალბატონს და ის ისე სწრაფად არბის კიბეზე და ისე გონებამახვილურად უცვლიან ერთმანეთს კომპლიმენტებს, რომ მათი სიტყვები ვნებიან ოხვრაში გადადის, სიტყვები იკარგება, თუმცა აზრი საკმაოდ ნათელი რჩება - სიყვარული, სიცილი, გაქცევა, დევნა, ციური ნეტარება და ყველაფერ ამას მხიარულ ტალღებად ევლება გარს ნაზი ალერსი, სანამ ვერცხლის რქების ხმა, ჯერ ძალიან შორეული, თანდათან უფრო და უფრო მკვეთრად გაისმის, თითქოსდა მსახურთუფროსები განთიადის დადგომას მიესალმებიან, თუ შეყვარებულთა გაქცევის შესახებ ავისმომასწავებლად იუწყებიანო ...მწვანე ბაღი, მზის შუქში გახვეული გუბე, ლიმონები, შეყვარებულები და თევზები, ყველაფერი დაბინდულ ცაში გაითქვიფა, სადაც ვალტორნები, რომელთაც საყვირები უერთდება და კლარნეტები ამაგრებს, თეთრ კამარებს აღმართავენ, მარმარილოს საყრდენში მჭიდროდ დგამენ. გამარჯვების ჭექა-ქუხილი. წკრიალი და ჟღრიალი. მტკიცე მდგომარეობა. მყარი საფუძვლები. მილიონების მარში. შფოთი და ქაოსი. გაცამტვერებული. მაგრამ ქალაქი, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ, არც ქვისაა და არც მარმარილოსი. ჰკიდია შეურხევლად, დგას მყარად. არც სახე, არც დროშა მიესალმება. დაე, გაქარწყლდეს თქვენი იმედი. ჩემი სიხარული უდაბნოში დაჭკნება. ღია თავდასხმა, შიშველი ბოძები, არავისთვის მარგი, ჩრდილს არ ჰფენენ. კაშკაშებენ, ბნელდებიან და მე უკან ვიხევ. უკვე აღარაფერი მინდა. მხოლოდ იმაზე ვოცნებობ წავიდე, საკუთარი ქუჩა ვნახო, სახლებს შევავლო თვალი, ვაშლის გამყიდველ ქალს მივესალმო. ვუთხრა მოახლე ქალს, როცა კარს გააღებს: როგორი ვარსკვლავებიანი ღამეა.

- ღამე მშვიდობის, ღამე მშვიდობის. თქვენ - აქეთ?

- არა, სამწუხაროდ, მე - იქით.

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 7

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოსმოსური (არა კვანტური) დაბნეულობა

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აპრილი 6, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ისე მყისიერად შედგა, თითქოს რაღაც უხილავ დაბრკოლებას გადააწყდაო.... არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, სიზმარს თუ ჯადოქრობას ჰგავდა, საკუთარ (თუ საოცრად მსგავს ) ქუჩაზე ამოეყო თავი.

      დაერჭო შუა ტროტუარზე... კარგა დიდი ადგილი მონიშნა ჩამრგვალებულ- ჩაპუტკუნებული სხეულით. ირგვლივ ისე ევლებოდა მოსიარულე ხალხის ნაკადები, როგორც ჭორომს ევლება მდინარის ტალღები. მუჯლუგუნებსაც ბლომად ღებულობდა ყოველი მხრიდან, მაგრამ თითქოს ვერც კი აღიქვამდა…

გაგრძელება

სახლიდან ლოცვა, კორონა და განათლება, ინსტრუქციები და ავტობუსები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 6, 2020.
საათი: 10:24pm 0 კომენტარი

      კორონავირუსის რიცხვები საქართველოსა და მსოფლიოსთვიტს. ამ დროისთვის, საქართველოში აღრირცხული კორონავირუსიანების საერთო რაოდენობაა - 188, აქედან 39 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. იგივე სტატისტიკა მთელი მსოფლიოსთვის - 1323641 ინფიცირებული, აქედან ~277 გამოჯანმრთელებული და ~ 74k გარდაცვლილი. მკურნალობის რეჟიმში რჩება ~ 973K მსოფლიო მოქალაქე. სინოპტიკოსები ცუდ ამინდს გვპირდებიან, ხოლო ვალუტის ჯიხურები 1 დოლარს, 3.1740 ლარად…

გაგრძელება

პურის ცხობა ხელოვნების სახელით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 5, 2020.
საათი: 10:55pm 2 კომენტარი

      ცხელი პური გემრიელია, პური და ყველი გემრიელია, პური არსობისა, კიდევ უფრო გემრიელია, მაგრამ არსებობენ ხაბაზები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პური უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ „ყველაფარზე მისაყოლებელი“ პროდუქტი. ეს საცხობი, ვისზეც ახლა უნდა დავწერო, „ქერი და ხორბალა“ (Blondie + Rye), ოკეანის გაღმიდან, ოკეანის გამოღმა აოცებს დამთვალიერებელს, ხოლო თავის ქალაქში - დამგემოვნებლებს. როცა გემო ასეთი წარმატებული გამოვიდა, შეფუთვაზე ფიქრი…

გაგრძელება

სამი ანგელოზის ამბავი

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: აპრილი 5, 2020.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

The three angels were not pleased about that, but nevertheless gave her a opportunity to return to the Garden of Eden. She denied, but  Diablo Gold struck a bargain she'd spare any human infant she came across that bore among the three angels' symbols. The angels were OK with this, but God still ordered that 100 of her children would die everyday. When she couldn't kill a human kid lilith mad, would occasionally kill her offspring.

Going back into the Nephalem from Diablo lore, the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters