literatura, luiji, motxroba, pirandelo, qwelly, sicocxle, ამერიკა, ლიტერატურა, ლუიჯი, მოთხრობა, პირანდელო, სინიორა, სიცოცხლე, შიშველი, ლუიჯი პირანდელო

      ...ჩემო კარგო, მართალია, მიცვალებული მიცვალებულია, მაგრამ მასაც სურს, რომ თავისი სახლი ჰქონდეს. თუ განსვენებული შეძლებული კაცი იყო, იმ ქვეყნადაც ლამაზი საცხოვრებელი სჭირდება. მართალიცაა! უფრო ესიამოვნება, თუ მარმარილოსგან გამოკვეთილ და მდიდრულად მორთულ სამყოფელშია: თავს უფრო მყუდროდ გრძნობს. ხოლო თუ ჩვენს მიცვალებულს ნებისმიერი სხვა ხარჯის გაწევაც შეუძლია, ამით პრეტენზიას აცხადებს კიდევ რაღაც ღრმააზროვან... – როგორ ამბობენ ხოლმე? – ალეგორიაზე. დიახ, მას ღრმააზროვანი ალეგორია სჭირდება, რომელიც სწორედ ჩემნაირი ცნობილი მოქანდაკის მიერ უნდა შეიქმნას. სასაფლაოს ბრწყინვალე ლათინურით წააწერენ Hic jacet1 რომელიც იყო, რომელიც არ იყო... თან ლამაზ ბაღსაც მოაშენებენ, ყვავილებით მორთულს და სხვა ამგვარს. ამასთან ერთად, გამძლე ღობეც უნდა ჰქონდეს, რომ დაცული იყოს ძაღლებისა და...

 – მორჩი რა, თავი მომაბეზრე, – იყვირა აღშფოთებულმა კოსტანტინო პოლინიამ და მეგობარს გაოფლილი სახით მიაჩერდა.

      ჩირო კოლიმ თავი ასწია; წვეტიანი წვერი, რომელსაც გამუდმებით იქექავდა, ახლა კაუჭივით დაგრეხოდა; ყურადღებით შეათვალიერა მეგობარი წარბებზე ჩამოფხატული ქუდის ქვემოდან, რომელიც შაქრის ლერწმის თავს წააგავდა, მერე კი უდარდელი სიმშვიდით მიაძახა: – ვირო!

 – ოჰო!

      ჩირო კოლი სავარძელზე ნახევრად მიწოლილიყო, გრძელი ფეხები გაეშალა და გაეჩაჩხა; პირდაპირ გადააბიჯა ხალიჩას, რომელიც მანამდე პოლიანიმ გულდაგულ დაბერტყა და იატაკზე სათუთად დააგო.

      პოლიანი მოთმინებას კარგავდა, როცა ხედავდა, მისი მეგობარი როგორი გაბრექილი იჯდა, არადა თვითონ დაღლილობისგან სული სძვრებოდა, მაგრამ სტუდიას მაინც ალაგებდა: თაბაშირის ფიგურები ერთ ჯგუფად დააწყო. დამტვრეული და გაყვითლებული ეტიუდები, რომლებიც კონკურსიდან უსახელოდ დაბრუნდნენ, განზე გადაყარა. შუა ოთახში მაგიდები გამოზიდა, რომლებზეც ახალი ნიმუშები ელაგა, ზედ სველი ტილო გადაეფარებინა, თან ბუზღუნებდა.

 – ერთი სიტყვით, წახვალ თუ არა?

 – არა.

 – მაშინ დივანზე მაინც ნუ ზიხარ. უკვე დავალაგე. ღმერთო ჩემო! ხომ გითხარი, რომ ქალბატონებს ველოდები.

 – არ მჯერა.

 – აი, წერილი, შეხედე! გუშინ კომენდატორე სერალისგან მივიღე: "ღრმად პატივცემულო მეგობარო, გაცნობებთ, რომ ხვალ დილით, დაახლოებით თერთმეტი საათისთვის..."

 – არის უკვე თერთმეტი?

 – მეტია!

 – არ მჯერა. განაგრძე!

 – "...თქვენთან ჩემი რეკომენდაციით მოვლენ სინიორა კონ..." რა წერია აქ!

 – ალბათ, კონფუციო.

 – კონტ... თუ კონსალვი, ვერ გავარჩიე, "...და მისი ქალიშვილი, რომელთაც თქვენთან საქმე აქვთ. ეჭვი არ მეპარება, რომ..." და ა.შ., და ა.შ.

 – შენ თვითონ ხომ არ დაწერე ეგ წერილი? – ჰკითხა ჩირო კოლიმ და ისევ დახარა თავი.

 – ბრიყვო! – ლამის ამოიკვნესა პოლიანიმ; სიბრაზისგან აღარ იცოდა, ეტირა თუ ეცინა.

      კოლიმ მუქარით ასწია თითი და თავი გააქნია.

 – ასე ნუ ლაპარაკობ, მაწყენინებ. მითხარი, თუ ღმერთი გწამს, ნუთუ იცნობ ისეთ ქალბატონს, რომლის გულისთვისაც მე ბრიყვულად მოვიქცევი? ამ ჯიშის ხალხი მხოლოდ მებრალება. გაპრანჭულები, ლაქის ჩექმებში გამოწყობილები, ლამაზი ჰალსტუხებით შემკულნი, ეს ჰელიოპროო... ეს ჰელიოკროო... თუ რა ჰქვია? ღილკილოში ჰელიოტროპი გაუყრიათ და შენსავით ხავერდის ჟილეტში გამოწყობილან... ოჰ, როგორ დამამშვენებდა ასეთი ხავერდის ჟილეტი! ძალიან უბედური ვარ, რომ არ შემიძლია შევიცვალო! მისმინე, ეს შენ გამოგადგება: თუ მართალია, რომ სინიორ კონფუციოები უნდა მოვიდნენ, სტუდია ისევ ისე ავურიოთ, როგორც მანამდე იყო, თორემ რა იცი, რას არ იფიქრებენ შენზე. უკეთესი იქნება, მუშაობის დროს ენახე, რომ იტყვიან, ოფლის ღვრის დროს... ერთი სიტყვით, მაშინ, როცა საარსებო ფულისთვის ოფლს ღვრი...

      აიღე თიხის ერთი მოზრდილი ნაჭერი, დაზგაზე მიაკარი და ბევრს ნუღარ ფიქრობ, ჩემი გამოძერწვა დაიწყე ისე, როგორც მხედავ, აი, ამ გათხლეშილ პოზაში. შენს ქმნილებას დაარქვი "ბრძოლაში", და ეროვნული გალერეისთვის დაუყოვნებლივ გამოგართმევენ. აი, ნახავ თუ არა. მართალია, არც ისე ახალი ფეხსაცმელი მაცვია, მაგრამ თუ მოინდომებ, შეგიძლია მანდ ახლებად გამოიყვანო. შენ ხომ, როგორც მოქანდაკე, ქათინაურების გარეშე გეტყვი, ნამდვილი მეძველმანე ხარ...

      კონსტანტინო პოლიანი ამასობაში თავის ნახატებს კედლებზე კიდებდა და ყურადღებას აღარ აქცევდა მეგობრის ბჟუტურს. მის თვალში კოლი ცხოვრებისგან გარიყული ბედუკუღმართი ვინმე იყო, წარსული ეპოქის ნაგლეჯი, მხატვრების მიერ უკვე უარყოფილი მოდის ნაწილი: უგერგილო, დაუდევარი, მოშვებული კაცი, რომლისთვისაც უსაქმურობა ჩვეულებად იქცა. სიმართლე რომ ითქვას, მართლაც იყო სიბრალულის ღირსი, რადგან მუშაობის ხასიათზე თუ დადგებოდა, საუკეთესო მოქანდაკესაც კი ასჯერ გაუსწრებდა. სხვამ თუ არა, პოლიანიმ ხომ ნამდვილად იცოდა ეს. რამდენჯერ უნახავს აქ, ამ სტუდიაში, თავისი დიდი თითების რამდენიმე ზერელე, თუმცაღა დამაჯერებელი შეხებით როგორ დაუმთავრებია კოლის ის სკულპტურული ეტიუდი, რომელზეც პოლიანის მწარე ოფლი უღვრია. მაგრამ კოლის ხელოვნების ისტორია ცოტათი მაინც უნდა შეესწავლა და საკუთარი ცხოვრება მოეგვარებინა; ცოტა გარეგნობისთვისაც უნდა მიეხედა, თორემ თავისი დაძონძილი ტანსაცმლით, გამუდმებით მელანქოლიურ გამომეტყველებით არც ისე საამურ შთაბეჭდილებას ახდენდა. თვითონ მან, პოლიანიმ... უნივერსიტეტის ორი კურსი დაამთავრა და მას მერე, მას მერე... ბატონებო, უკვე მშვენივრად აკეთებს ფულს... თავის გარეგნობასაც აქცევს ყურადღებას...

      ყრუ დარტყმის ხმა გაისმა და პოლიანი სკამიდან ჩამოხტა, რომელზეც სურათების ჩამოსაკიდებლად ასულიყო.

 – ისინი არიან! რა ვქნათ ახლა? – მიუბრუნდა კოლის შეშფოთებული სახით.

 – როგორც კი შემოვლენ, წავალ, – უპასუხა მან და არც კი განძრეულა. – კაცი იფიქრებს, რომის პაპს ელოდები, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ სულაც შეგიძლია, ეგ ხალხი მეც გამაცნო, შე ეგოისტო!

      კოსტანტინო პოლიანი კარის გასაღებად გაემართა, თან შუბლზე დაფენილ ქერა, ლამაზ ქოჩორს ისწორებდა.

      ჯერ სინიორა კონსალვი შემოვიდა. მას მისი ქალიშვილი მოჰყვა; სინიორინა თალხებში იყო გამოწყობილი. სახეზე სქელი, შავი პირბადე ჩამოეფარებინა, ხელში მილისებრ დახვეული ქაღალდის ფურცელი ეჭირა. დედამისს ღია ნაცრისფერი მოხდენილი კაბა ეცვა, რომელიც საოცრად შეეფერებოდა მის ლამაზ სახეს, ფერფლისფერი თმა იებით მორთული კოპწია ქუდიდან მიმზიდველად გამოუკრთოდა.

      სინიორა კონსალვის მთელი გარეგნობა იმაზე მიანიშნებდა, რომ ასაკის მიუხედავად, თავს ახალგაზრდად და ლამაზად მიიჩნევდა. ქალიშვილმაც აიწია პირბადე; არც ის იყო დედაზე ნაკლებად ლამაზი, თუმცა ფერმკრთალ სახეზე მორჩილება და ნაღველი ეწერა.

      პირველი სავალდებულო მისალმების შემდეგ პოლიანი იძულებული გახდა ქალებისთვის კოლი წარედგინა. რომელიც ისევ დივანზე იჯდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ჩამქრალი სიგარეტი კბილებში გაეჩარა, ქუდი ჩამოეფხატა და ჩანდა, წასვლას სულაც არ ფიქრობდა.

 – მოქანდაკე ბრძანდებით? – ჰკითხა სინიორინა კონსალვიმ და სიმორცხვისგან უნებურად სახე შეუფაკლდა – კოლი... ჩირო?

 – დიახ, კოდიჩილო1 – გაეპასუხა ისიც, გაიჯგიმა, ქუდი მოიხადა და ხშირი, გადაბმული წარბები, ახლო-ახლო ჩამსხდარი თვალები გამოაჩინა. – მოქანდაკე? რატომაც არა! მეც მოქანდაკე გახლავართ.

 – მაგრამ მე მითხრეს, – მოუთმენლად განაგრძო გაღიზიანებულმა სინიორინა კონსალვიმ, – რომში არ არისო...

 – საქმე ის არის, რომ... მე... ასე ვთქვათ, ცა და ქვეყანა მოვიარე, სინიორინა, – მიუგო კოლიმ. – უწინ მთელ თავისუფალ დროს რომში ვატარებდი, რადგან ეს ზღაპრული ქვეყანა დავიმორჩილე... მერე კი...

      სინიორინა კონსალვიმ დედას გადახედა, მან კი გაიცინა და თქვა: – ახლა რა ვქნათ?

 – ზედმეტი ხომ არ ვარ, წავიდე? – იკითხა კოლიმ.

 – არა, არა, პირიქით, – ნაჩქარევად უპასუხა სინიორინამ.

 – პირიქით, გთხოვთ, დარჩით, იმიტომ, რომ...

 – შარო საიდან მოდიხარო, ამას ჰქვია! – წამოსცდა დედას, მერე პოლიანის მიუბრუნდა და ჩაილაპარაკა, – თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება... თქვენ ხომ მეგობრები ხართ?

 – დიახ, ძალიან ახლო მეგობრები, – უპასუხა პოლიანიმ.

      კოლიმ კი დასძინა: – არ დაიჯერებთ, მაგრამ თქვენ მოსვლამდე ერთი წუთით ადრე ჩემი სახლიდან გაგდება უნდოდა!

 – აღარ გაჩუმდები? – გამოსცრა კბილებში პოლიანიმ, – გთხოვთ, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში. რით შემიძლია გემსახუროთ?

 – საქმე ის არის, – დაიწყო სინიორა კონსალვიმ და სკამზე ჩამოჯდა. – ჩემს საბრალო ქალიშვილს მოულოდნელად უბედურება დაატყდა თავს, საქმრო დაეღუპა.

 – აი, თურმე რა მომხდარა!

 – დიახ, ასეა!

 – საშინელებაა! წარმოიდგინეთ, სწორედ ქორწილის წინა დღეს მოხდა ეს ტრაგედია! ნადირობის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შეიძლება წაიკითხეთ კიდეც გაზეთში ჯულიო სორინის ამბავი.

 – ოჰ, სორინი, როგორ არა! – წამოიყვირა პოლიანიმ. – ხელში რომ აუფეთქდა თოფი, არა?

 – გასული თვის პირველ რიცხვებში... თუმცა, არა... იმის წინა თვეს იყო... ერთი სიტყვით, უკვე სამი თვეა გასული მას მერე. საცოდავი შორეულ ნათესავად გვერგებოდა: ერთ-ერთი ჩემი დეიდაშვილის ვაჟიშვილი გახლდათ, მამამისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ამერიკაში წავიდა. ასე რომ, ჯულიეტა (ჩემს ქალიშვილს ჰქვია ჯულია, ორივეს თითქმის ერთნაირი სახელები ჰქონდათ)...

      პოლიანი წელში მოიხარა და თავი დაუკრა.

 – ჯულიეტამ, – განაგრძობდა დედა, – გადაწყვიტა, ძეგლი დაუდგას საფლავზე თავის საქმროს, რომლის ნეშტი ვერონაში, საგვარეულო აკლდამაში განისვენებს. ამ ძეგლთან დაკავშირებით მას გარკვეული ჩანაფიქრები აქვს... ჩემი ქალიშვილი ფერწერისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას ყოველთვის იჩენდა...

 – არა... არა... – მორცხვად შეაწყვეტინა მგლოვიარემ და თვალები დახარა. – მე მხოლოდ ისე, დროის მოსაკლავად...

 – მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ საწყალ ჯულიოს ხომ იმის სურვილიც ჰქონდა, რომ სპეციალურად გემეცადინა...

 – დედა, გთხოვ... – შეევედრა სინიორინა. – სინიორ, ერთ-ერთ ილუსტრირებულ ჟურნალში საფლავის ძეგლის პროექტი ვნახე... აქ მყოფი სინიორ კოლის პროექტი... ძალიან მომეწონა და...

 – დიახ, დიახ, – დაეთანხმა დედა და ამ ჩარევით დარცხვენილ ქალიშვილს სიტყვა შეაშველა.

 – და მაშინ, – განაგრძო ქალიშვილმა, – ვიფიქრე, რომ მცირე შესწორებით...

 – მაპატიეთ, რომელ ძეგლზე ლაპარაკობთ? – იკითხა კოლიმ. – მე ხომ მრავალი ესკიზი მაქვს გაკეთებული იმ იმედით. იქნებ რამე შეკვეთა მეღირსოს მიცვალებულისგან მაინც, რაკი ცოცხლები...

 – გთხოვთ მომიტევოთ, სინიორინა, – ჩაერია ლაპარაკში პოლიანი, გარკვეულწილად შეურაცხყოფილი იმით, რომ ჩრდილში აღმოჩნდა, – თქვენ ჩემი მეგობრის რომელიმე ესკიზის მიხედვით გსურთ ძეგლის დადგმა?

 – არა, მთლად ისეთის არა, მაგრამ... საქმე ის არის, – სწრაფად უპასუხა სინიორინამ, – თუ არა ვცდები, სინიორ კოლის ესკიზი გამოხატავს სიკვდილს, რომელსაც თან მიაქვს სიცოცხლე...

 – ჰო, გამახსენდა! – წამოიძახა კოლიმ. – სუდარაში გახვეული ჩონჩხი, არა? მისი ძვლებადქცეული კონტური ოდნავ თუ ამოიცნობა ნაოჭებში. ეს ჩონჩხი სიცოცხლეს ჩაჰფრენია – ჯანმრთელ ქალიშვილს, რომლისთვისაც სრულიად მოულოდნელია ეს... დიახ, დიახ... შესანიშნავია! მშვენიერია! გამახსენდა.

      სინიორა კონსალვიმ სიცილისგან თავი ვერ შეიკავა, ამ უცნაური სუბიექტის თავდაჯერებულმა იშვიათმა სითამამემ გააოცა.

 – თავმდაბალია, არა? – მიუბრუნდა მას პოლიანი. – მეტისმეტად ახირებული კაცია.

 – აი, რას გეტყვი, ჯულია, – ისევ ჩაერია საუბარში სინიორა კონსალვი და წამოდგა, – ხომ არ ჯობია, პირდაპირ აჩვენო შენი ნახატი?

 – მოიცადე, დედა, – სთხოვა სინიორინამ. – მე მგონია, უპირველეს ყოვლისა, გულახდილად უნდა ვუთხრათ ყველაფერი სინიორ პოლიანის. როცა ამ ძეგლის დადგმის აზრი დამებადა, გამოგიტყდებით, მაშინვე გამახსენდა სინიორ კოლი. დიახ, დიახ. მხატვრობა ხომ მას ეკუთვნის. მაგრამ, ვიმეორებ, მითხრეს, რომში არ არისო. მაშინ ვეცადე, როგორც მესმოდა, ჩემებურად, ჩემი გემოვნებით გადამეკეთებინა მისი ნახატი, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მასში გამომეხატა საკუთარი აზრები და გრძნობები. ხომ გესმით ჩემი?

 – გადასარევად! – უპასუხა პოლიანიმ.

 – მე ორივე სახე დავტოვე, – განაგრძო სინიორინა კონსალვიმ, – სიცოცხლის და სიკვდილის, მაგრამ მოვხსენი გატაცების თემა. ახლა სიკვდილი აღარ ექაჩება თავისკენ სიცოცხლეს: პირიქით, სიცოცხლე თავად, საკუთარი სურვილით ემორჩილება ბედისწერას და სიკვდილზე ქორწინდება.

 – ქორწინდებაო? – დაბნეულად წაიბუტბუტა პოლიანიმ.

 – სიკვდილზე! – აღტაცებით წამოიყვირა კოლიმ. – ხელს ნუ გვიშლი!

 – სიკვდილზე. დიახ. – გაიმეორა მორიდებული ღიმილით სინიორინამ. – მე სწორედ ქორწინების ჩვენება მინდოდა. ჩონჩხი გაშეშებული დგას, როგორც სინიორ კოლის ესკიზზე, მაგრამ სუდარის ნაოჭებიდან გამოწვდილ ხელში ქორწინების ბეჭედი უჭირავს. მის გვერდით მორჩილად დგას სიცოცხლე. ჩონჩხისკენ მიიწევს, რომ ბეჭედი გამოართვას.

 – შესანიშნავია! მშვენიერია! მე ამას მკაფიოდ ვხედავ! – შესძახა კოლიმ. – ეს სულ სხვა აზრია! საოცარია! ეს სულ არ არის ჩემი ჩანაფიქრი, მშვენიერია! ბეჭედი... თითი... დიდებულია!

 – დიახ, – განაგრძო სინიორინამ და ისევ წამოწითლდა ამდენი შექებისგან. – მეც მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად განსხვავდება თქვენი ჩანაფიქრისგან. მაგრამ ისიც ეჭვგარეშეა, რომ საფუძვლად თქვენი ნახატი გამოვიყენე, და...

 – არ არის საჭირო ცერემონიები! – წამოიძახა კოლიმ. – თქვენი ჩანაფიქრი ჩემსას გაცილებით სჯობს, და ის – თქვენ გეკუთვნით! გარდა ამისა, ჩემსაზე ვინ იტყვის, ნამდვილად ვის ეკუთვნის!

      სინიორა კონსალვიმ მხრები აიჩეჩა და თვალები გაუფართოვდა.

 – მართალი გითხრათ, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დედამისმა. – მე არანაირად არ ვეწინააღმდეგები ჩემს შვილს, მაგრამ ვაღიარებ, ეს იდეა არ მომწონს!

 – გთხოვთ, დედა... – შეევედრა ქალიშვილი. შემდეგ პოლიანის მიუბრუნდა და განაგრძო: – ჰოდა, რჩევისთვის კომენდატორე სერალის მივმართე, ჩვენს ახლო მეგობარს...

 – რომელიც მოწმე უნდა ყოფილიყო საქორწინო კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს, – ამოიოხრა დედამ.

 – და რადგან მან თქვენ დაგასახელათ, – განაგრძო ქალიშვილმა, – ჩვენც მოვედით, რომ...

 – არა, არა, მაპატიეთ, სინიორინა, – შეედავა პოლიანი. – მაგრა რაკი აქ ჩემი მეგობარი დაგხვდათ...

 – ღვთის გულისათვის, თავი დამანებე! – აღშფოთდა კოლი და გაბრაზებული დერეფნისკენ გაემართა.

      პოლოიანი ხელში ჩააფრინდა და ძალით შეაჩერა.

 – მოიცადე, ხომ ხედავ... სინიორინამ ხომ ასე თქვა... ნუთუ ვერ გაიგონე? მან მე მხოლოდ იმიტომ მომმართა, რომ ეგონა, შენ აქ არ იმყოფებოდი...

 – კი, მაგრამ, თვითონ ხომ ყველაფერი შეცვალა! – წამოიძახა კოლიმ და ხელი გაითავისუფლა. – გამიშვი! მე აქ რა მესაქმება! ისინი შენთან მოვიდნენ! მომიტევეთ, სინიორინა, ბოდიში, სინიორა, ნება მეომეცით, დაგემშვიდობოთ.

 – დაიხსომე, – მტკიცედ უთხრა პოლიანიმ, თან მეგობრისთვის ხელი არ გაუშვია, – ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებ, და თუ შენ უარს იტყვი, მაშინ არც ერთი ჩვენგანი მას არ გააკეთებს...

 – მაპატიეთ, მაგრამ... იქნებ ერთად? – ყოყმანით შესთავაზა სინიორა კონსალვიმ. – ნუთუ ერთად არ შეიძლება?

 – ძალიან საწყენია, რომ ჩემდა უნებურად გაგაღიზიანეთ... – დაიწყო სინიორინამ.

 – არა, როგორ გეკადრებათ! – ერთხმად შესძახეს კოლიმ და პოლიანიმ.

      შემდეგ კოლიმ დასძინა: – მე ვერაინაირად ვერ მოვკიდებ ხელს, სინიორინა! საქმე ის გახლავთ, რომ ახლა სტუდიაც კი არ მაქვს, იმის მეტი აღარაფერი შემიძლია, რომ ყოველ შემხვედრს სისულელე და სიბრიყვე მივაძახო... ჯობს სცადოთ და ეს ტუტუცი დაითანხმოთ...

 – იცოდე, ამაოდ ლაპარაკობ, – დაიჟინა პოლიანიმ. – ან ერთად ვიმუშავებთ, როგორც სინიორამ შემოგვთავაზა, ან საერთოდ უარს ვამბობ.

 – შეიძლება, სინიორინა? – წამოიწყო უცებ კოლიმ და ხელი გაიწოდა მილივით დახვეული ქაღალდისკენ, რომელიც ქალიშვილს გვერდით ედო. – ძლივს ვითმენ, ისე მინდა თქვენი ნახატის ნახვა. როცა ვნახავ...

 – ო, ღვთის გულისათვის, ნუ წარმოიდგენთ, რომ რამე არაჩვეულებრივი იყოს! – სინიორინა კონსალვიმ აცახცახებული ხელებით გაშალა ნახატი. – მე ფანქარიც კი ძლივს მიჭირავს ხელში... ეს მხოლოდ მონახაზია, სულ რამდენიმე შტრიხი, ისიც იმიტომ, რომ იდეა გადმომეცა... აი...

 – ჩაცმულია?! – უცებ შეჰყვირა კოლიმ, თითქოს სურათის თვალიერების დროს თავში ურო ჩასცეს.

 – ო... როგორ თუ ჩაცმული! – აღელვებულმა ჰკითხა სინიორინამ.

 – არა, ბოდიში! – მგზნებარედ განაგრძობდა კოლი. – თქვენ სიცოცხლე პერანგიანი დახატეთ... დავუშვათ, თუნდაც ტუნიკი ეცვას! არა და არა! ის შიშველი უნდა იყოს, შიშველი, სიცოცხლე აუცილებლად შიშველი უნდა იყოს, ძვირფასო ქალბატონო, აუცილებლად!

 – მაპატიეთ, – წაიჩურჩულა სინიორინა კონსალვიმ და თვალები დახარა. – გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით.

 – დიახ, ვხედავ, ვხედავ, – უპასუხა კიდევ მეტად აღელვებულმა კოლიმ. – აქ ალბათ გინდოდათ საკუთარი თავი დაგეხატათ, ავტოპორტრეტი გამოგესახათ, მაგრამ, ნება მიბოძეთ, ვიფიქრო, რომ თქვენ გაცილებით მშვენიერი ხართ. ეს მარტო სასაფლაოს ძეგლი კი არ იქნება, არამედ ხელოვნების ნიმუში. ამ სხეულმა, თქვენის ნებართვით, უნდა გამოხატოს სიცოცხლე, რომელიც ჯვარს იწერს სიკვდილზე. რაკი ჩონჩხი ჩაცმულია, სიცოცხლე შიშველი უნდა იყოს, ნუთუ ეს გაუგებარია? დიახ, სრულიად შიშველი და მშვენიერი, კეთილო სინიორინა, რომ მეტი კონტრასტი შექმნას ამ შესუდრულ იმქვეყნიურ ჩონჩხთან! შიშველი! პოლიანი, განა არ მეთანხმები? შიშველი, არა, სინიორინა? აბსოლუტურად შიშველი! დამიჯერეთ, უკიდურეს შემთხვევაში, ეს ლაზარეთის სცენას დაემსგავსება: ზეწარში გახვეული მამაკაცი და ხალათიანი ქალი... ჩვენ ხომ ქანდაკება უნდა შევქმნათ, ამიტომ ამოსავალი წერტილიც ეს უნდა იყოს!

 – არა, არა, მომიტევეთ, – ჩაილაპარაკა სინიორინა კონსალვიმ და დედასთან ერთად ისიც წამოდგა. – ხელოვნების თვალსაზრისით თქვენი მოსაზრება ალბათ სავსებით დამაჯერებელია, ვერც შეგედავებით, მაგრამ ის, რაც მე მინდა, შეიძლება ისე გამოიხატოს, როგორც ჩავიფიქრე. და თუ დამაძალებთ, იძულებული გავხდები, უარი ვთქვა...

 – კი მაგრამ, რატომ? მაპატიეთ, მაგრამ მარტო თქვენ თავს რატომ წარმოიდგენთ და რატომ აღიქვამთ ასე სიმბოლურად, მითხარით, თუ შეიძლება! ეს ქალიშვილი ლამაზია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ... მაპატიეთ...

      სინიორინამ უპასუხა: – სულაც არ არის ლამაზი. ვიცი, მაგრამ მე მინდა ეს სიმბოლური კი არ იყოს, არამედ მე თვითონ ვიყო, ჩემი ბედი, ჩემი გრძნობები. სხვაგვარად არ შემიძლია. ამას გარდა, იფიქრეთ ისიც, რა ადგილას უნდა იდგეს ეს ძეგლი... ერთი სიტყვით, მე ვერ დაგთანხმდებით.

      კოლიმ ხელები მოიფშვნიტა და თავი მხრებში ჩარგო: – ეს ხომ ცრურწმენაა!

 – ანდა, უფრო სწორად, პატივისცემის ღირსი გრძნობა, – შეუსწორა სინიორინამ მშვიდი, სევდიანი ღიმილით.

      გადაწყვიტეს, რომ ორივე მეგობარი დანარჩენ დეტალებზე კომენდატორე სერალის შეუთანხმდებოდა. შემდეგ სინიორა კონსალვი და მგლოვიარე სინიორინა ახალგაზრდა კაცებს დაემშვიდობნენ.

      როცა ისინი წავიდნენ, ჩირო კოლი ქუსლებზე შემოტრიალდა და ხელების ფშვნეტით წაიმღერა: "ტრა-ლა-რა-ლე-რო, ტრა-ლა-რა-ლერა!"

      ერთი კვირის შემდეგ კონსტანტინო პოლიანი სინიორინა კონსალვისთან გაეშურა და სტუდიაში მიიწვია, რომ მისი თავის მონახაზი გაეკეთებინა.

      კომენდატორე სერალისგან, სინიორინა კონსალვის უახლოესი მეგობრისგან, გაიგო, რომ სორინიმ, რომელმაც ნადირობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ კიდევ სამი დღე იცოცხლა, საცოლეს მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მთელი თავისი ქონება დაუტოვა. აი, რატომ გადაეწყვიტათ ძეგლი დაედგათ მისთვის და ნაკლებად დარდობდნენ იმაზე, რა დაჯდებოდა ეს ყველაფერი.

      სინიორ სერალიმ დაიჩივლა, ყველა იმ საზრუნავის, გულისტკივილისა და უსიამოვნებისგან, რაც თავს დამატყდა ამ უბედური შემთხვევის გამო, მთლად ძალაგამოცლილი ვარ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სინიორინა კონსალვი ბუნებით ერთგვარად გრძნობებს აყოლილია, უფრო აზვიადებს თავის გულისტკივილს, საზრუნავსა თუ უსიამოვნებებს. საბრალო, ნამდვილად იმსახურებს თანაგრძნობას, მაგრამ, ღმერთო შემიწყალე, ზოგჯერ შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ მოსწონს კიდეც თავისი განცდების გადაჭარბება. ოჰ, არავინ ედავება, ეს მართლაც საშინელი ლახვარია, მართლაც მოწმენდილ ცაზე მეხის გაელვებას ჰგავს! თან როგორი კარგი კაცი იყო, საბრალო სორინი! რა ლამაზი! ან რა შეყვარებული!.. რა თქმა უნდა, ბედნიერებას მოუტანდა ამ ქალიშვილს. ვინ იცის, იქნებ იმიტომაც იყო ასეთი დღემოკლე.

      ისე გამოდიოდა, რომ სორინი კარგი კაცი იყო და უდროოდაც განგებ გარდაიცვალა, რომ კომენდატორე სერალი გაენაწყენებინა.

      აბა, მარტო ის რად ღირდა, რომ სინიორინა კონსალვიმ არ ისურვა წასულიყო იმ სახლიდან, რომელიც მისმა საქმრომ მზრუნველობით მოუწყო, წვრილმანიც კი არ გამორჩენია: მშვენიერი ბუდე გაუკეთა უნ ჯოლი რევე დე ლუხე ეტ დე ბიენ-ეტრე.1 ქალმა განკარგულება გასცა, იქ გადაეტანათ მისი მდიდარი მზითვი და იქვე ატარებდა დღის უმეტეს ნაწილს. არ ტიროდა. ო, არა! იმ ცხოვრებაზე ოცნებით იტანჯავდა თავს, რომელიც ესოდენ უბედურად შეწყდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაიწყებოდა.

      მართლაც, პოლიანის შინ არ დახვდა სინიორინა კონსალვი. მოახლემ მისი ახალი საცხოვრებლის მისამართი მისცა ვია პორტა პინჩანაზე. გზად კონსტანტინო პოლიანი იმ მტანჯველ და მწარე სიამოვნებაზე ფიქრობდა, რომელიც საბრალო საპატარძლომ ქორწინებამდე იგემა. რა დღეში იქნებოდა გათხოვებამდე დაქვრივებული, ალბათ დარდს შეაჭმევინებდა თავს, შეუმდგარი ბედნიერების გამო! იმ ცხოვრებაზე ოცნებას გადაჰყვებოდა, რომელიც წინ ელოდა.

      ახალი ავეჯი, სასიძო-საპატარძლოს მიერ მზრუნველობით, ყურადღებით შერჩეული და სიყვარულთთ დაწყობილი იმ სახლში, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ თავისი პატრონებისთვის უნდა ემასპინძლა, რამდენ სიხარულს ჰპირდებოდა მათ!

      აბა, ერთ წამს თქვენი ოცნება კოპწია ზანდუკში ჩაკეტეთ, მერე გახსენით და უდავოდ შეცბებით, მაგრამ აქ არაფერი ასეთი არ მომხდარა: ყველა საგანი ტკბილ ოცნებებთან ერთად ინახავდა იმედებსაც, დანაპირებსაც და, ალბათ, როგორი სასტიკი ეჩვენებოდა უბედურ საპატარძლოს მის გარშემო დალაგებული ნივთების ეს მდუმარე გამოწვევა.

 – თანაც ასეთ დღეს, როგორიც დღევანდელია! – ამოიხვნეშა კონსტანტინო პოლიანიმ.

      ჰაერში უკვე იგრძნობოდა მოახლოებული გაზაფხულის სუნთქვა; მზის პირველი სითბო გულს ეამებოდა.

      ნეტავ რა ტანჯავდა, რაზე ფიქრობდა თავის ახალ სახლში საბრალო სინიორინა კონსალვი, რომელსაც ფანჯრები გამოეხსნა გაზაფხულის მზის სხივების შესაგებებლად, ვინ იცის!

      კონსტანტინე პოლიანის სინიორინა მოლბერტთან მჯდომი დაუხვდა: თავის საქმროს ხატავდა. გაუბედავად, თუმცა დიდი მონდომებით პატარა ფოტოსურათიდან დიდ ასლს აკეთებდა, დედამისი კი დროის მოსაკლავად კომენდატორე სერალის ბიბლიოთეკიდან რომელიღაც ფრანგულ რომანს კითხულობდა.

      სიმართლე რომ ითქვას, სინიორინა კონსალვის ნამდვილად ერჩივნა, მარტო ყოფილიყო თავის განმარტოებულ ბუდეში. დედა აშკარად ხელს უშლიდა იქ ყოფნით, მაგრამ სინიორა კონსალვი შიშობდა, რომანტიკულმა ეგზალტაციამ ჩემს ქალიშვილს რაიმე სისულელისკენ არ უბიძგოს და არ ჩაადენინოსო. ამიტომაც სახლიდან ფეხს არ დგამდა, გამუდმებით მის გვერდით იყო. თუმცა კი ჩუმად იჯდა და არც კი ოხრავდა, არადა, შვილის სიკერპე და ახირება ნამდვილად არ მოსწონდა.

      სინიორა კონსალვი ადრე დაქვრივდა და პატარა გოგონათი უსახსროდ დარჩა. მაგრამ ცხოვრებას ზურგი ვერ შეაქცია და დარდიც კართან გუშაგივით არ გაუჩერებია, როგორც ახლა, ჩანს, მისი ქალიშვილი იქცეოდა.

      სულაც არ ფიქრობდა, რომ ჯულიეტას არ უნდა ეგლოვა თავისი მწარე ხვედრი, მაგრამ თავის უახლოეს მეგობარ კომენდატორე სერალივით მასაც მიაჩნდა, რომ მისი ქალიშვილი გადაჭარბებულად დარდობდა: საწყალი სორინის შემდეგ დარჩენილი დიდი სიმდიდრის წყალობით ჯულიეტამ თავს ნება მისცა, მწუხარებასთან ერთად განმარტოებულიყო და ამ ფუფუნებით ესარგებლა. დედამისმა კი კარგად იცოდა ცხოვრების მკაცრი და ვერაგი კანონები, ჯერ კიდევ არ მოშუშებოდა ტკივილები, რომელიც ბევრმა დამცირებამ და არსებობისთვის ბრძოლამ არგუნა. ამიტომაც იყო, რომ ქალიშვილის უმოწყალო ბედი გაცილებით უფრო იოლი გადასატანი ეჩვენებოდა; საკუთარი მძიმე გამოცდილების შემდეგ ჯულიეტას საქციელი სავსებით საპატიებელ სისუსტედ ჩათვალა, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ეს ძალიანაც არ გახანგრძლივდებოდა... – ვაილა.1 როგორც ჩვეულებრივ იტყოდა ხოლმე კომენდატორე სერალი.

      გონიერმა ქალმა, რომელსაც ბევრი განეცადა და ბევრის მნახველიც იყო, არაერთხელ სცადა ქალიშვილის გამოფხიზლება, – მაგრამ ამაოდ! მისი მეოცნებე და ფანტაზიორი ჯულიეტა იმდენად არ წუხდა, რამდენადაც საკუთარ თავს უნერგავდა, უნდა ვიდარდოო. სწორედ ეს იყო უბედურება! – გრძნობა, დროთა განმავლობაში, აუცილებლად სუსტდება, გონება კი – პირიქით, უფრო ძლიერდება. ამან გაუჩინა ის სულელური აზრიც, რომ სასაფლაოზე ძეგლი დაედგა, რომელსაც სიცოცხლისა და სიკვდილის ჯვარისწერა უნდა აესახა (ეს რაღა ქორწინებაა!). ამაზე არანაკლები სიგიჟე იყო ჯულიეტას მეორე ახირება – ხელუხლებლად შეენახა თავისი საქმროს სამყოფელი, რომ იქ ეოცნება იმ ცხოვრებაზე, რომლის დაგემოვნებაც არ ეწერა.

      ამიტომაც იყო, რომ იყო სინიორა კონსალვის უზომოდ გაუხდა პოლიანის მოსვლა.

      ყველა ფანჯარა ღია იყო და მზის სხივები ოთახს ავსებდა. თვალისმომჭრელ სხივებში ჩაძირული ვილი ბორგეზეს მშვენიერი ფიჭვების ტყე მწვანე მინდვრებს უერთდებოდა, ხეებს კენწეროები ცისკენ აეწვდინათ.

      სინიორინა კონსალვი წამოდგა და სცადა სწრაფად დაემალა ნახატი, მაგრამ პოლიანიმ დაიჟინა: – რატომ? არ გინდათ ნება დამრთოთ, რომ თვალი მაინც შევავლო?

 – ეს მხოლოდ მონახაზია...

 – მაგრამ შესანიშნავი! – წამოიძახა პოლიანიმ, როცა ნახატს შეხედა. – დიახ, შესანიშნავია... ეს ის არის, სორინი, არა? დიახ, დიახ, ფოტოსურათს რომ შევხედე, მგონი, ნამდვილად ჰგავს. ასეა, ასე... მე ხომ მას ვიცნობდი... მაგრამ ის ხომ წვერს ატარებდა?

 – არა, – ნაჩქარევად უპასუხა სინიორინამ, – სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოიპარსა.

 – დიახ, მეც ასე მგონია... რა ლამაზი ყმაწვილი იყო, პირდაპირ კალმით ნახატს ჰგავდა...

 – არ ვიცი, რა ვქნა, – ისევ თქვა სინიორინამ, – საქმე ის გახლავთ, რომ ეს ფოტო სულაც არ ჰგავს ჩემს გონებაში ჩაბეჭდილ წარმოდგენას.

 – ო, დიახ, – მაშინვე დაეთანხმა პოლიანი. – ის გაცილებით უკეთესი იყო, გაცილებით... გაცილებით ხატოვანი სახე ჰქონდა, უფრო ცოცხალი... მე ვიტყოდი...

 – ეს ფოტო ამერიკაშია გადაღებული, – შენიშნა დედამ, – ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დაინიშნებოდნენ...

 – მეტი არც მაქვს! – ამოიოხრა სინიორინამ. – თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ზუსტად ისეთი წარმომიდგება, როგორიც ბოლო დღეებში იყო, მაგრამ როგორც კი ფანქარს ვიღებ ხელში, სულ იფანტება მისი სახე; სწორედ მაშინ მივაშტერდები ხოლმე ფოტოსურათს და თანდათან მეჩვენება, რომ კვლავ ჩემ წინაშე დგას, ხორცშესხმული. ისევ ვცდილობ პორტრეტის გაგრძელებას და ისევ ვეღარ ვცნობ ამ ხაზებში. სასოწარკვეთილებამდე ვარ მისული!

 – ერთი შეხედე, ჯულია, – შენიშნა უცებ დედამ, რომელიც პოლიანის შეჰყურებდა, – ნუთუ ვერ ამჩნევ, ნიკაპის მოყვანილობა, წვერი რომ არ ჰქონდეს... ვერ ამჩნევ, სინიორ პოლიანის ნიკაპი...

      პოლიანი გაწითლდა და გაიღიმა. უნებურად ნიკაპი წინ წამოსწია, თითქოს სინიორინა აპირებდა ორი თითით აეღო ეს ნიკაპი და სორინის პორტრეტზე გადაეტანა.

      სინიორინამ შეფიქრიანებულმა ახედა ჭერს, მერე კი მორცხვად შეხედა მოქანდაკეს, – რა არის, რომ დედამისი სრულიად არ ითვალისწინებს მის გლოვას!

 – ულვაშებიც ისეთი აქვს, შეხედე, – დაიჟინა სინიორინა კონსალვიმ, – საბრალო სორინი ხომ ბოლო დროს ულვაშს ატარებდა, ასე არ არის?

 – რად მინდა ულვაშები, – წყენით უპასუხა სინიორინამ. – სულაც არ ვაპირებ ულვაშების დახატვას.

      კონსტანტინო პოლიანიმ უნებურად ხელი წაავლო თავის ულვაშს, ისევ გაიღიმა და დაეთანხმა: – არც არის საჭირო მათი დახატვა...

      მერე მოლბერტს მიუახლოვდა და თქვა: – აი, შეხედეთ, თუ ნებას მომცემთ... მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, სინიორინა... აი ასე, აქ ორი შტრიხით... ღვთის გულისათვის, ნუ შეწუხდებით! აქ, ეს ადგილი (ნახატი წაშალა)... რამდენადაც მახსოვს, საბრალო სორინი...

      დაჯდა და ფოტოსურათს დააცქერდა. მერე სორინის თავის ხატვა დაიწყო. სინიორინა კონსალვი ჟრჟოლით ადევნებდა თვალს მისი ხელის სწრაფ მოძრაობას. ყოველი ახალი შტრიხის მოსმისას ნახევრად ღია ბაგეებიდან აღტაცების შეძახილები სწყდებოდა: "დიახ... დიახ... დიახ...", რაც მოქანდაკეს კიდევ მეტ შთამაგონებას სძენდა და, შეიძლება ითქვას, მის ფანქარსაც კი მიმართულებას აძლევდა. როცა დაამთავრა, ქალმა აღფრთოვანება ვეღარ დაფარა.

 – დიახ, დიახ! შეხედე, დედა... ეს ის არის... ნამდვილი სორინია... ო, ნება მომეცით... გმადლობთ... რაოდენი წყალობაა, შეგეძლოს აი, ასე... ეს ხომ სრულყოფილებაა... სრულყოფილება...

 – პატარა პრაქტიკას გაივლით და... – თავმდაბლად უთხრა პოლიანიმ და წამოდგა, თუმცა აღტაცებული ქებისგან აშკარად ნასიამოვნები იყო: – გარდა ამისა, მე ხომ უკვე გითხარით, მშვენივრად მახსოვს უბედური სორინი-მეთქი...

      სინიორინა კონსალვი ისევ ხარბად მისჩერებოდა ნახატს.

 – ნიკაპიც კი... ისეთი აქვს, როგორც მას... ზუსტად ისეთი... გმადლობთ, გმადლობთ.

      უცებ სორინის ფოტოსურათი, ორიგინალის მაგივრად რომ შემოედოთ მოლბერტზე, დაცურდა. სინიორინა კონსალვი პოლიანის ნახატის ცქერით ისე იყო გატაცებული, არც კი დახრილა ასაღებად.

      პატარა, ოდნავ შელახული ფოტოსურათი იატაკზე ეგდო. სორინის სახე დასევდიანებოდა, თითქოს მართლა ესმოდა, რომ მისთვის უკვე ყველაფერი დამთავრდა, აღარაფერი არსებობდა.

      მაგრამ პოლიანი რაინდულად დაიხარა და ფოტოსურათი აიღო.

 – გმადლობთ, – უთხრა სინიორინამ. – მაგრამ, იცოდეთ, ამიერიდან თქვენი ნახატის მიხედვით ვიხელმძღვანელებ. აღარც შევხედავ ამ უბადრუკ ფოტოს.

      ზემოთ აიხედა. უცებ მოეჩვენა, რომ ოთახი მეტად განათდა. აღტაცებამ მთლად გაახალისა, თითქოს სულ მიავიწყდა დარდი, შვებითაც კი ამოისუნთქა; თითქოს დათვრა ღია ფანჯრებიდან შემოჭრილი გაზაფხულის ხალისიანი, კაშკაშა, მომაჯადოებელი ზღაპრული სანახაობით.

      განუმეორებელი წუთი! სინიორინა კონსალვიმ ვერ გაიგო, რა მოხდა მის სულში. ყველა ახალ, თუმცაღა ჩვეულ საგნებს თვალი მოავლო და უნებურად ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ახლა დაიბადა. თავისუფლად იგრძნო თავი, თითქოს გათავისუფლდა კოშმარისგან, რომელიც ბოლო წუთამდე გულს უკუმშავდა. რაღაც უხილავმა ძალამ შეაკრთო, ფანჯრიდან შემოიჭრა და გრძნობები გაუღვიძა, გული აუფორიაქა: თითქოს, უძლეველმა ძალამ შთაბერა სიცოცხლე იმ საგნებს, რომელთაც ჯულიეტა უმტკიცებდა, ცხოვრება აღარ ღირსო და აქ ასე ხელუხლებლად დატოვა, რათა მათთან ერთად მისცემოდა სასიკვდილო ძილს.

      აყურადებდა სასიამოვნო ხმას, ესმოდა ახალგაზრდა, კარგი აღნაგობის მოქანდაკე როგორ აქებდა ლამაზ პეიზაჟს და მშვენივრად მოწყობილ სახლს, როგორ ესაუბრებოდა დედამისს, რომელიც სხვა ოთახების დასათვალიერებლად ეპატიჟებოდა და საოცრად აღელვებული ადევნებდა თვალს ორივეს, თითქოს ეს უცხო ჭაბუკი მართლა იმიტომ შემოიჭრა აქ, რომ საღათას ძილისგან გამოეფხიზლებინა და კვლავ ცხოვრებისთვის დაებრუნებინა იგი.

      ისეთი ძლიერი აღმოჩნდა ეს ახალი გრძნობა, რომ გოგონამ საძინებლის ზღურბლზე გადაბიჯება ვერ გაბედა, ხოლო როცა დაინახა, ახალგაზრდა კაცმა და დედამისმა ერთმანეთს როგორ მრავალმნიშვნელოვნად, თუმცაღა ოდნავი სევდით გადახედეს, თავი ვეღარ შეიკავა და აქვითინდა.

      იმასვე დასტიროდა, რისთვისაც ამდენ ხანს ღვრიდა ცრემლებს, მაგრამ – ჯერაც გაუაზრებლად, – მაინც ესმოდა, რომ ეს ცრემლები სულ სხვაგვარი იყო, რადგან ტირილი ახლა მის სულში ძველ დარდს აღარ აღვიძებდა, არ ესახებოდა ის აკვიატებული სახე, რომელიც ადრე სულ თვალწინ ედგა. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს მაშინ იგრძნო, როცა დედამისმა მოირბინა და ისევ დაუწყო დამშვიდება, როგორც ბევრჯერ ამშვიდებდა იმავე სიტყვებით, იმავე დარიგებებით. ჯულიეტამ ვეღარ გაუძლო ამას, თავს ძალა დაატანა და ქვითინი შეწყვიტა. მადლიერი დარჩა ჭაბუკის, რომელმაც თითქოსდა მის გასართობად და ყურადღების გადასატანად, სთხოვა იქვე, თაროზე დადებული ნახატებიანი საქაღალდე ეჩვენებინა.

      ესმოდა ქება, ზომიერი, თუმცა გულწრფელი, შიგადაშიგ შენიშვნებიც, რჩევები, შეკითხვები, რაც აიძულებდა ქალს, განმარტებები მიეცა. ბოლოს კი მგზნებარედ სთხოვდა, მეტი ესწავლა, ხელოვნებისადმი მიდრეკილება არ მიეტოვებინა – გაეღრმავებინა ესა უდავო ნიჭი! თუ ასე არ მოიქცევა, ცოდვას ჩაიდენს, ნამდვილად ცოდვას ჩაიდენს! საღებავებით ხატვა არასოდეს უცდია? არც ერთხელ? კი მაგრამ, რატომ? ო, არა, ეს სულაც არ არის ძნელი ასეთი მონაცემების, ასეთი ემოციური ბუნების მქონე ადამიანისთვის.

      კონსტანტინო პოლიანიმ შესთავაზა, ჯერჯერობით მე დაგეხმარებითო. სინიორინა კონსალვი დათანხმდა და გაკვეთილები მეორე დღესვე დაიწყეს, იმავე ახალ, ლამაზად მოწყობილ სახლში.

      ორი თვის შემდეგ პოლიანის სტუდიაში, სადაც უკვე მთლად დასრულებული საფლავის უზარმაზარი ძეგლი იდგა, გრძელ ხალათში გამოწყობილი ჩირო კოლი დივანზე გაშოტილიყო და თან ყალიონს აბოლებდა; მის წინ შავ სადგამზე იდგა ნაცნობი ექიმისგან ნათხოვარი ჩონჩხი, რომელიც მოდელის მაგივრობას უწევდა. მოქანდაკე მას საკმაოდ უცნაურად ებაასებოდა.

      კოლიმ ოდნავ გვერდულად წამოაცვა თავისი ქაღალდის ქუდი, ჩონჩხიც, თითქოს ფეხოსანი ჯარისკაციაო, გაჭიმული იდგა და ყურადღებით უსმენდა დარიგებებს, რომელსაც ჩირო კოლი, მოქანდაკე კაპრალი აძლევდა და თან აბოლებდა: – ნეტავ ვიცოდე, რა ჯანდაბამ წაგიყვანა სანადიროდ? ხედავ, როგორ მიგატოვეს, ჩემო კარგო? ახლა რაღა გინდა... ფეხები ჯოხებს მიგიგავს... მთლად ჩამოხმი... გულწრფელად რომ ვილაპარაკოთ, ნუთუ ფიქრობ, რომ თქვენი ქორწინება შედგებოდა? არა, ერთი თვალი შეავლე ცხოვრებას, ჩემო კარგო... ეს რა კარგი გოგონა გამოძერწა ჩემმა ხელებმა, ნაკლს ვერ უპოვის კაცი, ნუთუ მართლა გაქვს იმედი, რომ შენთან ქორწინებას მოინდომებს? აი, აქვე დგას, შენ გვერდით, მორიდებული და გაყურსული, ცრემლები სდის თვალებიდან... მაგრამ რაც შეეხება საქორწინო ბეჭედს... მაგაზე ფიქრი თავიდან ამოიგდე! ფული კი – ფული ბლომად არის!.. შენ ხომ მთელი ქონება დაუმტკიცე? ახლა ჩემგან რაღა გინდა? მაინცდამაინც უნდა გითხრა, რომ ამ ქორწინების არ მჯეროდა-მეთქი? საცოდავი სულელები იქნებიან ისინი, ვინც ამას ირწმუნებენ! ის ახლა ფერწერას სწავლობს და მერე იცი, ვინ არის მისი მასწავლებელი? კონსტანტინო პოლიანი. აი, ნამდვილი ოინი. შენ ადგილზე ნამდვილად დუელში გამოვიწვევდი. ამ დილით ვერ გაიგონე? პირდაპირ მიბრძანა. მას არ უნდა, მიკრძალავს, რომ შიშველი გამოვსახო ჯულიეტა. არადა, ეგ ვირი ხომ მაინც მოქანდაკეა და შესანიშნავად იცის – იმისთვის, რომ ტანზე ჩავაცვა, ჯერ შიშველი უნდა გამოვძერწო... მე შენ ყველაფერს ისე გეუბნები, როგორც არის: ბიჭს არ უნდა, რომ ამ შიშველ სხეულს მისი სინიორინას მშვენიერი სახე ჰქონდეს... რომ გაბრაზდა, პირდაპირ მივარდა – ხედავ? ჯოხის ორი დარტყმით ბრახ-ბრუხ! – სულ გამიფუჭა ნამუშევარი... იქნებ შენ ამიხსნა, რატომ მოიქცა ასე, ჩემო ერთგულო ჯარისკაცო? მე ვუყვიროდი: "თავი დაანებე! ერთ წუთში შევმოსავ, ჩავაცმევ-მეთქი!" მაგრამ ჩაცმისთვის სადღა სცალიათ! ახლა უნდათ, რომ... სიცოცხლე გაშიშვლებული დაინახონ, გაშიშვლებული, გაშიშვლებული და არა გალამაზებული, როგორც ნამდვილად არის, ჩემო კარგო! ისინი ისევ ჩემს პირველ ესკიზს დაუბრუნდნენ, სიმბოლურს. ჯანდაბას პორტრეტი! შენ, ჩემო კარგო, სიცოცხლეს ეჭიდები, რომლისთვისაც უკვე უსარგებლო ხარ... ან რამ წაგიყვანა სანადიროდ? მითხარი, ღვთის გულისათვის!

ლუიჯი პირანდელო

ნახვა: 415

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters