მიგელ დე უნამუნო - ესპანური შური


   ერთხელ კიდევ მინდა მივუბრუნდე ბოლივიელი მწერლის ალსიდეს არგედასის მართლაც დამაფიქრებელ წიგნს „ეროვნული სენი“, რამეთუ ეს სენი, რომელსაც ზედმიწევნით აგვიწერს არგედასი, - მგონი, ადრეც ვთქვი ამის თაობაზე, - მარტო ბოლივიაში როდია გავრცელებული; მწერალს ბოლივიელები უბრალოდ, მაგალითად მოჰყავს, თორემ ამ სენით გაცილებით მეტი ხალხია შეპყრობილი.
   არგედასი ცოცხლად და შთამბეჭდავად გვიხატავს ქვეყნის ცხოვრების სურათებს, ხალხის ყოველდღიურ ყოფას, პატარა ქალაქებისა თუ სოფლების კარჩაკეტილ, გარე სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილ, სხვა ხალხებთან, ქალაქებთან და მით უმეტეს, ქვეყნებთან ყოველგვარ ურთიერთობას მოკლებულ, მონურად ჩამკვდარ, ერთფეროვან, უღიმღამო, მართლაც პროვინციულ არსებობას, მაგრამ ამ სურათებშიც კი ცხადად ჩანს, როგორ ღვივის იქ ბოღმა და შური.
   „ამ ქალაქებსა და სოფლებში, - წერს არგედასი, - ადამიანის მთელი ცხოვრება, - მათი ისედაც შეზღუდულ-შემოფარგლული ფიზიკური თუ ზნეობრივი მოთხოვნილებები, - მდორედ და უსიხარულოდ მიედინება. აქ ბატონობს ერთფეროვანი ყოფა-ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენებული მორალური დოგმები; ამ გონებაშეზღუდულთა ურთიერთობებიც ასევე მათი აზროვნების ერთგვაროვნობაზეა აგებული. ასეთი ცხოვრების მატერიალური პირობებიც უცვლელია, კონტრასტები - შეუმჩნეველი; ხალხი ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესითა და რიგით ცხოვრობს; თითოეული დღე მკაცრად აქვთ დაგეგმილი, სტუმრობა-გართობის თარიღები და საათებიც კი სულ კალენდრის მიხედვით გამოთვლილი. ამისთანა ყოფა ბოლოს და ბოლოს ადამიანს მთლად ჩაუკლავს წარმოსახვის უნარს და ერთიანად გამოუფიტავს გონებას. პატარა ქალაქებში თავისებური და თვალშეუვლები სულიერი კლიმატიც ყალიბდება. ყველაფერი მითქმა-მოთქმის საგანი ხდება, ნებისმიერი მოვლენა სალაპარაკო თემად იქცევა, კერძო ცხოვრებას ყველა გაფაციცებით ადევნებს თვალს, ყველა ყველას საქმეში ერევა, ყველა თავისი მეზობლის მოწმეც არის და მსაჯულიც. ერთმანეთთან ქიშპის საუკეთესო იარაღი კი ჭორი და ცილისწამებაა... ხოლო ჟინი, როგორმე ისე დათრგუნონ პიროვნება და აიძულონ ცხოვრების ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ წესს დაემორჩილოს, მეტ-ნაკლებად შეიმჩნევა ბოლივიის თითქმის ყველა ქალაქსა თუ სოფელში...“
   „ბოლივიის ყველა ქალაქშიო?!“ - მერედა, მარტო ბოლივიისა? არგედასის ამ სურათებს რომ ჩავცქერი, თვალწინ წარმომიდგება ყველა ის პროვინციული ქალაქი, რომელიც კი ოდესმე მინახავს და სადაც ადამიანის ბუნება ვერანაირ მაღალ იდეალს ვერ დაუოკებია, თუ ასეთ იდეალად გამდიდრებაზე ოცნებას არ მივიჩნევთ. ადამიანის დათრგუნვის ეს ტენდენცია კი ყოველი კონსერვატული, დახავსებული საზოგადოებისა და აგრეთვე, მომხვეჭელობისა და სიხარბის ჭაობში ჩაფლულთა პირველი ნიშანია.
პიროვნების პატივისცემა, ანუ იმის გააზრება, თუ რას წარმოადგენს ადამიანი - ინდივიდი, ასეთი საზოგადოებისთვის სრულიად უცხოა; იგი სწორედ იმ ადამიანს მიაკრავს ხოლმე გიჟის იარლიყს, ვინც მართლა ღირსია ეწოდოს ადამიანი, თუმცა კი, ბოლოს, - მაგრამ ეს „ბოლო“ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დგება, - ამ „გიჟს“ მაინც მიაგებენ ჯეროვან პატივს, თანაც საკმაოდ დიდ პატივსაც, - თავად გენიოსმა ლამის მუშტის ძალით რომ მოიპოვა, - და მაინც, ამ პატივის მიუხედავად, სულერთია, ისევ გიჟად მოიხსენიებენ.
რამდენი ვიცი ასეთ საზოგადოებაში, - განსაკუთრებით პროვინციულ ქალაქებში, სადაც ყველა ყველას იცნობს, - ისეთი გონებაშეზღუდული და მით უფრო ბოლოხანებში გამდიდრებული, არასგზით რომ არ აღიარებს სხვის უპირატესობას, რაგინდ ნიჭიერი უნდა იყოს, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს კაცი მათ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა; „ერთი მიბრძანეთ, თუკი ამისთანა ნიჭიერი ბრძანდება, რით ვეღარ დააღწია თავი სიღარიბეს?“ - აღშფოთება ვეღარ დამალა ერთმა ასეთმა ახალგამოჩეკილმა ბობოლამ. თუკი ერთი წამოგცდათ ვისმეზე „ჭკვიანი კაციაო“, მაშინვე სეტყვასავით დაგაყრიან კითხვებს: „მაინც რა ასეთი დოვლათის პატრონია?“ - და ამ კითხვებით ერთი კი არა, მთელი ლაშქარი შემოგიტევთ.
   ამ თხზულების მეოთხე თავში, სადაც არგედასი ბოლივიელთა ეროვნულ თავისებურებებზე მსჯელობს, იმასაც აღნიშნავს, რომ მის ქვეყანაში იმდენად მოსახლეობის ეთნიკური სიჭრელე, ანდა მათი გათიშულობა არ გაგაკვირვებთ, - ცხადია, ამ თვალუწვდენელ ტერიტორიაზე ისედაც თითო-ოროლა ქალაქი თუ სოფელი როგორ იქნება მიმოფანტული, - რამდენადაც შეუწყნარებლობის სული, რაღაცნაირი ბოღმის გრძნობა და უმალ სწორედ ეს გეცემათ თვალში. არგედასის წიგნის წინასიტყვაობის ავტორმა რამირო დე მაესტუმ უკვე არაერთგზის გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ბოღმა, ჩვენი, ესპანური პროვინციული ცხოვრების ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა. ჩვენში ხომ ისედაც ვერ ვიტანთ ერთმანეთს, მაგრამ, წარმოიდგინეთ, ვერც საკუთარ თავს ვიტანთ! ამიტომაა ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ გვესმის და ლამის მოარულიც კი გახდა გამოთქმა „ამ კაცს ვერ ვიტან!“ - თანაც ისეთი კილოთი იტყვიან ხოლმე და ისე ლაზათიანად შეამკობენ, რომ გამეორებისაც მრცხვენია. ჩვენში სწორედ იმ კაცს ვერ იტანენ, - მართლა ნამდვილ კაცს, - ვისაც საკუთარი სახე აქვს და ეს თითქმის წესად იქცა. ერთი სიტყვით, რაც ხდება ბოლივიაში, იგივე ხდება ჩვენში.
„საკმარისია ვინმემ რომელიმე დარგში თავი გამოიჩინოს, - წერს არგედასი, - რომ მაშინვე შმაგი სიძულვილით ხომ შეიძულებენ, მაგრამ არც თავს შეიწუხებენ, შური მაინც დამალონ. უთუოდ ამის გამოა, ყველას ერთი საზომით რომ ზომავენ და ვაი იმას, ვინც თუნდაც ერთი გოჯით ასცდება ამ ერთნაირად გადაკრეჭილ ფარას, მას აღარც კეთილ სალამს აღირსებენ და აღარც გაბოროტებულ მზერას მოაკლებენ“.
   შური! აი, ჩვენი ქვეყნების დაუნდობელი ჭირი და რისხვა, ესპანური სულის ჩუმი განგრენა. განა ესპანელი არ იყო კევედო და მას არ ეკუთვნის უსასტიკესი სიტყვები, - მარად მშიერი, ამდენს ჭამს და ნთქავს, მუცელი კი მაინც ვერ ამოიყორაო. მამა-პაპისგან მემკვიდრეობით ნაანდერძევი ეს წყლული, ჩვენი განთქმული მცონარობის ღვიძლი ნათესავი, ჩვენმა წინაპრებმა ესპანური ამერიკის ხალხებსაც გადაულოცა, ხოლო იქ, კიდევ უფრო ნოყიერი ნიადაგი ნახა, უფრო ამაზრზენად აყვავდა და გაიფურჩქნა. ისიც კარგადაა ცნობილი ლასტარია რომ წერდა, ვინ იცის, ჩემს დროს რამდენჯერ ჩააგდო შურმა ჩილელი ხალხი სავალალო დღეშიო.
შური კაენის დამღაა, აი, საიდან მოგვდევს ჩვენც ეს ბუნება, მუდამ და ყველაფრით უკმაყოფილება, წუწუნი და ბუზღუნი, სულ რომ შფოთსა და დავაზე, ჩხუბსა და ომზე გვიჭირავს თვალი. დიახ, სწორედ რომ კაენის დამღაა შური! განა შემთხვევითია, მაინცდამაინც ლათინური ამერიკის შვილმა, ურუგვაელმა რეილესმა რომ შექმნა შურის ტრაგიკული ეპოპეა, რომანი „კაენის მოდგმა“, რომელშიც მართლაც უძლიერეს, ლამის სისხლით დაწერილ ურიცხვ ფურცელს წაიკითხავთ.
   ჩვენ, ესპანელები ხომ ყველა, უკლებლივ, შურიანები ვართ, ყველა, განურჩევლად, ატლანტიის გადაღმაც და გადმოღმაც.
„ცბიერები, ეჭვიანები, უნდობლები, თავკერძები, ძუნწები, ვერაგები, - განაგრძობს არგედასი, - გვერდი-გვერდ ვცხოვრობთ და ერთმანეთის მტრობაში კი ამოგვდის სული, ყველას გზას ვუღობავთ, ვინც ეცდება ერთი საფეხურით აიწიოს, გარდა, რასაკვირველია, უნიჭო, ვაიპოლიტიკოსებისა, მაგრამ თუკი ვინმე, თავისდა სავალალოდ, მაინც ერთი საფეხურით მაღლა ავა და მდაბალი ვნებების მიკრობებით სავსე გუბეში არ ამოიგანგლება, მაშინ, იმ თავისი, ბრძოლით მოპოვებულ სიმაღლეზე სულ მარტო აღმოჩნდება, ყველასაგან მიტოვებული და მივიწყებული; იქ კი ერთადერთი გრძნობა დაეუფლება, უკიდეგანო სევდა, ისეთი სევდა, მხოლოდ ინდიელთა სოფელში რომ შეიპყრობს კაცს, - მთელს ამ ტრიალ ქვეყანაზე თურმე ერთი სულიერიც არ არსებულა, ჩემიანად რომ მეგულებოდესო...“
   შური ის ავთვისებიანი სიმსივნეა, რეაქციის სახით მეორე დაავადებას რომ წარმოშობს - დევნის მანიას, ხოლო ეს ავადმყოფობა იმ ადამიანებს ემართებათ, ვისაც თავი სხვადასხვა მზაკვრობის მსხვერპლად წარმოუდგენია. მაგრამ თუ კაცი ეჭვიანია, უდავოდ რაღაც სენი უნდა ღრღნიდეს; როცა ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანთა დიდ ჯგუფს ეჩვენება, რომ რაღაცის განზრახ მიჩუმათებას შეეწირა, ანდა შევიწროებას განიცდის, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სწორედ იქ და მაშინ მძვინვარებს შური, თუნდაც ცალკე მომჩივანს არც ჰქონდეს ჩივილის საბაბი...
   კარგად მომეხსენება, რომ ყველა, ვითომ გენიოსი, ვისაც აღიარება არ ჰღირსებია და ჰგონია კი, ვითომ მტრულად განწყობილი გარემოცვის, თუ მეტოქეების ინტრიგების მსხვერპლია, ერთი ბეჩავი, ჭკუაგადაბრუნებული ბედოვლათი გახლავთ და მეტი არაფერი; მაგრამ ეგაა, ეს სენი ისეთ შეგრძნებას გიჩენთ, თითქოს მართლა გდევნიდნენ და ამას ჰქვია კიდეც დევნის მანია. ასეთი მოვლენები უმეტესწილად გარკვეული საზოგადოებრივი წყობის დროს უფრო იჩენს ხოლმე თავს.
   ოჰ, ნეტავ კი შემეძლოს, ყველა ის წერილი გამოვაქვეყნო, რაც ამ ახალგამოჩეკილი პოეტებისგან მიმიღია, სწორედ იმათგან, თავი რომ მოაქვთ და დარწმუნებულებიც ბრძანდებიან, თითქოს მათივე მოყვასებმა ამოიღეს მიზანში. ხოლო ზოგიერთი სხვა ავტორის წერილების გამომზეურებაც რომ შემეძლოს, ვინც ერთ ყიჟინას დასცემს ხოლმე სიხარულით, თუკი მათი მეტოქე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავატარე...
   ტკბილ-მწარის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, ჯერ ლაფს რომ დაგასხამენ, მერე კი შაქარივით დაგიდნებიან, - ჩვენი, ესპანური კრიტიკის ამ უპირველესმა თვისებამ ყველაზე ლაღად ლათინურ ამერიკაში გაშალა ფრთები, - ერთის მხრიდან რომ დითირამბებს გიმღერიან, მეორეს მხრიდან კი ლანძღვა-გინებას გასმენინებენ. რასაკვირველია, ასეთ დროს ნებისმიერი მწერალი დაიბნევა, მაგრამ როგორც ქებას, ისე ძრახვას სათავე ერთი აქვს - შური! დიახ, შური და უმეცრება!  ბოლივიელ მეტისებზე რომ მსჯელობს, არგედასი აღნიშნავს: „დაბალი კულტურის გამო, მათ ბევრი რამ არ ესმით და ამიტომ აღტაცების გამოხატვაც არ ძალუძთ; ან კი როგორ უნდა გამოხატონ აღტაცება, თუ ვერაფერს მიხვდებიან!“ მაგრამ განა ეს მარტო მეტისებს ეხება და მარტო მათ ახასიათებთ? აბა, ახლა ჩვენიცა ვთქვათ და მერე, ატლანტიის გადაღმა თქვენიც! თუ თავიდანვე და ერთბაშად არ აღფრთოვანდი, მერე რაღა გაჟივჟივებს? მაგრამ ჯერ ხომ უნდა გაიგო, რომ აღფრთოვანდე!
ერთი ვენესუელელი ვაჟბატონის ორი წერილი მაქვს შემონახული, ერთში ისე მაქებს და მადიდებს, ნებისმიერი კაცი გაწითლდებოდა, სიყალბისა და პირფერობის ჩემისთანა გამოცდილება რომ არა ჰქონდეს; მეორე წერილში კი მლანძღავს და რას მლანძღავს! „ესეც თქვენი ესპანური სული! ხომ უნდა მცოდნოდა, საიდანაც არ ელი, სწორედ იქიდან გამოძვრება შუმი ესპანელიო!“ და აი, რისთვის და რატომ; პირველ წერილსა და მეორეს შორის ერთი პატარა გამოხმაურება დავბეჭდე ვინმე ახალბედა ვენესუელელის წიგნზე და თურმე, ნუ იტყვით, აკი ეს გამხდარა მისი გაცეცხლების მიზეზი. მაგრამ არ გეგონოთ, მასში რაიმე საწყენი იყო, არა, უბრალოდ, ის პატარა გამოხმაურება სიტყვაძუნწობაში ჩამომართვა და თავიც ამიტომ იგრძნო შეურაცხყოფილად.
მერედა, როგორი შენიღბვა სცოდნია იმ ბოღმას, იმ შურს, რაც არგედასმა ბოლივიაში იხილა, ჩვენ კი, ყველა ჩვენსავე საკუთარ ქვეყნებში მშვენივრად ვხედავთ, რამეთუ სულიერების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნები ღვიძლი ძმებივით ჰგვანან ერთმანეთს. „ჩვენი გულითადობა მარტო თვალთმაქცობაა და სხვა არაფერი, - წერს ბოლივიელი მწერალი, - ჩვენი თავაზიანობა და დათაფლულ-დაშაქრული სიტყვები სულ შურით, გულგრილობით და ღვარძლითაა გაჟღენთილი, ჩვენი სასაუბრო ენა ხომ ერთიანად თავაზიანობის ნიმუშებითაა სავსე, მაგრამ დაუფიქრებლად რომ ვლაპარაკობთ, აზრს არ ვატანთ და ვაუხამსებთ. ჩვენში ხომ არავინ და არავის მიმართ აღფრთოვანებას გულწრფელად არ გამოხატავს. დათაფლული თავაზიანობა ხომ მუდამ შიშითაა ნაკარნახევი, ჩინისა და თანამდებობის წინაშე ქედის მოხრაა, თუ არადა, ანგარება და ფარისევლობა წაგვაქეზებს, ჩვენ, სამხრეთელებს მაინც, დიდი მიდრეკილება გვაქვს და სულ იმას ვცდილობთ შთაბეჭდილება მოვახდინოთ, მაგრამ თან უსულგულობა რომ ახლავს! კეთილშობილება, რაინდობა, სიწრფელე ჩვენთვის მარტო ცარიელი სიტყვებია, თუნდაც მაღალ ზნეობრივ ცნებებზე მიანიშნებდეს, სულერთია, აზრს მაინც მოკლებულია!
   გადაიკითხეთ თავიდან „ეროვნული სენის“ ავტორის ჩემს მიერ ციტირებული სიტყვები, რა უბრალო და რა შემაძრწუნებელია, რაოდენი ტკივილი იგრძნობა მათში, ასეთი ტკივილი შეიძლება მხოლოდ ცხადზე ცხადმა ჭეშმარიტებამ განგაცდევინოთ. პირდაპირ და, ნათლად, მიკიბულ-მოკიბულობის, ყოველგვარი რიტორიკის გარეშეა ნათქვამი მთელი სიმართლე და ეს მწარე გამოცდილების შედეგია მხოლოდ და მხოლოდ. „ჩვენი თავაზიანობა მარტო მოჩვენებითიაო“, ხშირად რომ ვერაგობაცაა და კატისებრი მუხანათობაც! ვითომ მოწიწებულ, დაშაქრულ სიტყვებს შურის წვეთები სცვივა, უფრო მეტიც, სწორედ შურია ყველაზე მეტად გაწაფული ხოტბასა და მლიქვნელობაში. ნუთუ არც ერთხელ არა გსმენიათ შურის ბაგეთაგან გადმონთხეული ვერაგული და ორაზროვანი ხოტბა!
აი, შურის კიდევ ერთი მუხანათური ხრიკი: საქებარსა და საძრახისს თანაბრად გაუნაწილებენ ხოტბა-დიდებას და სწორედ ამით გაუტოლებენ ერთმანეთს. იმ ხალხს, ვისაც შური ღრღნის, ქებაც არ დაეჯერება! აკი სულ ამას გავიძახი, თუ ჩვენში გაიგონებთ - მავანი და მავანი ქებით ცაში აჰყავთო, მაშინვე თქვენს თავს ჰკითხეთ, ვის წინააღმდეგაა ეს ქება მიმართული. ისეც ხდება, რომ თვითონ საქებარს უმიზნებენ, მაგრამ შეიძლება - ვინმე სხვასაც! ნეტავი, საიდანა გვაქვს შურის ეს ამაზრზენი განგრენა? ჩემის აზრით, გონებრივი უქნარობისგან, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ ეს უქნარობა - თუნდ გონებრივი და თუნდაც სულიერი, - იმ ადამიანებსაც სჭირთ, ვინც პრაქტიკულ ცხოვრებაში საკმაოდ გამჭრიახია და კიდევ იმათაც და უფრო იმათაც, განათლებულ ადამიანებად რომ ნათლავენ; ისიც უნდა ითქვას, რომ უმეტესწილად შურიანებად განსწავლული ხალხია მიჩნეული, მაგრამ ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ მათი გონებრივი მოღვაწეობა მხოლოდ ცუდად შენიღბული უქნარობაა.
   ერთხელ ერთ ფრიად პატივსაცემ კაცს რომ ვესაუბრებოდი, - ისეთ კაცს, ვინც მუდამ გამოირჩეოდა თავისი დაძაბული სულიერი ცხოვრებით, ვუთხარი: „პირადად მე, თქვენს ყველაზე დასაფასებელ თვისებად ის მიმაჩნია, რომ შურიანობის იოტისოდენა კვალსაც ვერ შეგნიშნავენ-მეთქი“, - „შურისთვის სადა მცალია, - მიპასუხა ჩემმა თანამოსაუბრემ, - იმდენად ვარ ჩაფლული ჩემს ფიქრში, იმდენად მაწვალებს კითხვა, ნეტავ, სად მიმიყვანს ჩემი არჩეული გზა, რომ იმის დრო აღარა მრჩება აქეთ-იქით ვიყურო, სხვის გზას ვუთვალთვალო და სულ იმის შიშში ვიყო, ვაითუ, ის, ვიღაც სხვა ჩემზე ჩქარა მიდის-მეთქი“.
   შურს ზერელე გონება და ღრმა შინაგანი ცხოვრების სიმწირე ბადებს.
შური იმ ადამიანებს შორის გალაღდება ხოლმე, ვისაც კარგა ხანია დაჟანგებია ის ზამბარა, რწმენის ღრმა და ჭეშმარიტ მოთხოვნილებებს რომ წარმართავს, ხოლო შემოქმედებითი რელიგიური გრძნობა პარაზიტივით ღივდება დოგმატების ხარჯზე და რაკი შური მაინც გონებრივი უქნარობის ნაყოფია, ამიტომაც მიჰყვება კიდეც მხარდამხარ დოგმატიზმს. ტყუილად კი არ მოიკიდა ფეხი გამოთქმამ Odium theologicum; ყველას კარგად მოეხსენება, რომ შური, ისევე როგორც ნაყროვანება, შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათა შორის, ყველაზე უფრო სასულიერო პირთა ნიშანდობლივი მანკია; შური წმინდა მონასტრების ფარული კეთრია და კვლავ სულიერი უქნარობიდან მომდინარეობს. შური თითქმის გარდუვალია მშვიდობიანი ცხოვრებისა და დემოკრატიული წყობილების პირობებში. შურის საწინააღმდეგოდ უებარი საშუალებაა ომი, მაგრამ ერთი პირობით, ყველაზე სასტიკი ომი საკუთარ თავს უნდა გამოვუცხადოთ და თუ ბრძოლაა, ისევ საკუთარი ყოფიერებისა და საკუთარი ბედის გამოცანისთვის ვიბრძოლოთ. ხოლო რაც შეეხება დემოკრატიას, განა ამქვეყნად ათენელებზე უფრო შურიანი ყოფილა ვინმე? განა მათ არ გამოიგონეს ოსტრაკიზმი! ძველი ელადის ღმერთებს ბედნიერი მოკვდავებისაც კი შურდათ. ასეც არ იყოს, ძველბერძნული სიტყვით phthonos-ის, ანუ შურის შესატყვისს ძნელად მონახავთ სხვა ენებში სრულად და ზუსტად რომ გამოხატავდეს მის სიღრმისეულ აზრს.
   დემოკრატია თავადვეა შურიანი. სწორედ შურმა წააქეზა დემოკრატიული რესპუბლიკები, ტიტულები, საპატიო წოდებები და ორდენები რომ გააუქმეს და ამით კიდეც ამაყობდნენ; თუმცა გრაფებისა და მარკიზების ადგილი გენერლებმა და მეცნიერებათა დოქტორებმა დაიკავეს. „ჩინელი მანდარინებისა არ იყოს, - ამბობს არგედასი თავისი ქვეყნის ხელისუფლებაზე, - მათთვის მთავარია პომპეზური ეკიპირება და ძალაუფლების აღმნიშვნელი სხვა ატრიბუტები...“ მალგარესო მეწამული მოსასხამის გარეშე ხალხში არ გამოჩნდებოდა, სანტა კრუსი კი სულ მედლებით დახუნძლული დადიოდა, ხოლო როცა იმ თავის დეკრეტებს კითხულობდა, მუდამ ასე იწყებდა: „მე ანდრეს სანტა კრუსი, წარჩინებული მოქალაქე, ვინც აღორძინების გზაზე დააყენა ბოლივია, მისი პრეზიდენტი და მთავარსარდალი, გენერალი, ვინც ჩამოაგდო ზავი პერუს რესპუბლიკაში“ და ა.შ. და ა.შ...

   ასეთი გონებრივი წყობის ადამიანებისთვის, ერთი შეხედვით თითქოს წვრილმანი, მაგრამ მეტად ნიშანდობლივია კიდევ, აი, რა: საკმარისია კაცმა ფეხი შედგას იერარქიული კიბის ნებისმიერ საფეხურზე, რომ უმალ იწყებს ზრუნვას საკუთარ პორტრეტზე, რომელზედაც სურს მთელი თავისი დიდებული მდგომარეობითა და თანამდებობის აღმნიშვნელი ყველა ნიშნებით წარმოგვიდგეს; პრეზიდენტს ეამება, რომ მხარზე გადასალტული სამფეროვანი ბაფთით იხილონ, გენერალს - მუნდირში გამოჭიმული, მინისტრებს - კვერთხებით, პრეფექტებს - მაღალი სამკუთხა პლუმაჟებიანი ქუდებით, ელჩებს, საქმეთა მმართველებსა და ატაშეებს და ა.შ., ა.შ. - ოქრომკერდით ნაქარგ მუნდირებში, სამინისტროს ჩინოსნებს - თავიანთი საწერ-კალმებითა და ქაღალდებით, გენერლებს - საომრად შემართული, გაშიშვლებული ხმლებით, დეპუტატებს - ფრაკებში და თეთრ ხელთათმანებში გამოწყობილები და ასე უსასრულოდ.
   და ეს მყვირალა პატივმოყვარეობა ყველაფერში ჩანს და ყველაფერში ვლინდება, ამას დაერთვის ფუფუნებისადმი დაუოკებელი ლტოლვაც, რითიც განსაკუთრებით გამოირჩევიან ახალგამდიდრებულები; მოდი და ნუ იტყვი, ფუფუნება და შური უერთმანეთოდ ვერ ძლებენო... ამას წინათ ერთი კარგად განათლებული, გონიერი და დაფიქრებული ახალგაზრდა ჩილელი კაცი მიამბობდა იმ ენით აუწერელი ფუფუნების შესახებ, სანტიაგოში რომ იხილა და რამაც ერთიანად გააოგნა; იგი ახალი დაბრუნებული იყო პარიზიდან და აღშფოთებას ვერ მალავდა - პარიზის საქვეყნოდ განთქმულ თეატრებშიც კი არ მინახავს ისეთი ჩაცმულ-დახურული საზოგადოება, რომელიც ჩილელი ოლიგარქიის წარმომადგენლებს გაუტოლდებოდაო. კარგად მახსოვს არაერთგზის მიუბრუნდა ფუფუნებაზე საუბარს საბრალო როსაც, მართლაც რომ დიდი გულისა და გონების ადამიანი, - ამის დამტკიცება არ გამიჭირდება, - კარგად მახსოვს, ვალპარაისის მიწისძვრაზე რომ ჩამოვარდა სიტყვა, გასაოცარი რამ თქვა, ამას რა დამავიწყებს, - ეგებ ამ უბედურებამ მაინც მოიყვანოს ჭკუაზე ეს ხალხი, სიკეთისკენ შემოაბრუნოს და ფუფუნებისადმი ასეთ ლტოლვას, მათს წრეგადასულ თავხედობას ბოლო მოუღოსო. რაც მაშინ როსასგან მოვისმინე და მერე მისი ცოლისძმის ნათქვამიც დაემატა, ჩილელი ბობოლების სამარცხვინო ფუფუნების შესახებ, ლასტარიას ნათქვამიც გამახსენდა და უკვე აშკარად დავინახე შურსა და ფუფუნებისადმი სწრაფვას, ამ ორ ჩვენს უბედურებას შორის კავშირი და მივხვდი, რომ ერთიცა და მეორეც იმ ადამიანთა სულიერი უქნარობის შედეგი იყო, რომელთა უზენაესი რწმენა ან გაქვავებულა ან საერთოდ არ არსებულა და რომელთა უპირველეს მიზანს წარმოადგენს გამდიდრება და საზოგადოებაში წარმატების მოპოვება.
   ხმამაღლა, ყველას გასაგონად უნდა ითქვას, რომ მდაბიო მაინც მდაბიოდ დარჩება, რაც უნდა ეცადოს და გარეგნულ სინატიფესა და ბრწყინვალებას მიაღწიოს, გინდაც პარიზული უკანასკნელი მოდის მიხედვით მოირთოს და მოიკაზმოს, მდაბიო მაინც მდაბიოდ დარჩება, სანამ მისთვის ცხოვრების უმაღლესი მიზანი პარიზული მოდა იქნება. ზოგიერთ ქვეყანაში ცალკეული საზოგადოებრივი ფენისთვის გარკვეული სახის სამოსელი უბრალოდ აუცილებლობაა და შესაძლოა მონურ მორჩილებასაც კი უტოლდება, მაგალითად, ეპისკოპოსი ვალდებულია განსაზღვრულ დღეებში ხალხის წინაშე თავისი წოდების შესაფერისი შესამოსელით წარსდგეს, ხოლო სამხედრო გუბერნატორი - საზეიმო მუნდირში გამოწყობილი. სხვა შემთხვევებში საზეიმო ტანსაცმელი ეგებ ჩვენში მორჩილების მინიშნებაც კი იყოს; მაგრამ არის კიდევ თანამდებობები და საზოგადოებრივი მოვალეობები საზეიმო რიტუალებთან რომაა დაკავშირებული და მისი ზედმიწევნითი დაცვა შეიძლება სულაც თავმდაბლობის დასტური იყოს. მაგრამ არის კიდევ სხვა სახის ფუფუნება და რაგინდ დახვეწილი იყოს, „კარგი გემოვნების ყველა განაწესს“ იცავდეს და მისაბაძიც კი გახდეს, ასეთი ფუფუნება მხოლოდ და მხოლოდ მდაბიურია. ეს მე მაგონებს იმ შემთხვევებს, რომელსაც ესპანეთში ვხედავთ და არცთუ იშვიათად; ზოგიერთ სოფელში გლეხის გოგოები მთელ თავის ქონებას საყურეებში, თვლებით მოოჭვილ ოქროს გულქანდებში, მედალიონებში ხარჯავენ და საქვეყნოდ გამოამზეურებენ ხოლმე თავიანთ მზითევს; ისე რომ მარტო ერთი აბრაღა აკლიათ მიიკრან და ზედ წააწერონ „ეს გახლავთ მთელი ჩემი ავლა-დიდებაო“.
მაგრამ ეს უკვე იმდენად ამაზრზენია, რომ სურვილიც აღარა მაქვს ამაზე სიტყვა გავაგრძელო.

ნახვა: 790

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters