ვირჯინია ვულფი - ქალი სარკეში

ანარეკლი არ უნდა დატოვო სარკე კედელზე ჩამოკიდებული, ისევე, როგორც გადაშლილი ჩეკის წიგნაკი არ უნდა დატოვო უმეთვალყუროდ ან წერილები - საშინელი დანაშაულის ჩადენის აღიარების შესახებ. ზაფხულის იმ დღეს - მზერა, უნებურად, ჰოლში დაკიდებული მაღალი სარკისკენ გარბოდა. შემთხვევამ განაგო ასე. სადარბაზო ოთახში დივნის სიღრმიდან კარგად ჩანდა არა მხოლოდ იტალიურ სარკეში არეკლილი მარმარილოს მაგიდა მოპირდაპირე მხარეს, არამედ ბაღის ნაწილიც. ჩანდა გრძელი, მწვანე ბალახების ზოლი, მაღალი ყვავილებით არშიაშემოვლებული, რომელიც სადღაც მისი ცერად გამკვეთი მოოქროვილი ჩარჩოს მიღმა მიდიოდა.

სახლი ცარიელი იყო და იმის შეგრძნება, რომ სადარბაზოში შენს გარდა არავინაა, ნატურალისტებისთვის ნაცნობ შეგრძნებას გიჩენდა, ალბათ ნატურალისტებისთვის ნაცნობ შეგრძნებას, როცა ისინი თავს ბალახებითა და ფოთლებით დაიფარავენ, უჩინარნი ხდებიან და ყველაზე მხდალ ცხოველებსა და ფრინველებს აკვირდებიან - მაჩვებს, წავებს, ალკუნებს - თავისუფლად რომ დარბიან და ჰგონიათ არავინ უყურებთ. იმ დღეს ოთახი სავსე იყო ასეთი მხდალი არსებებით, ჩრდილისა და სინათლის თამაშით. ფარდები იბერებოდა, ფოთლები ცვიოდა, გეგონება ასეთი რამეები მაშინ ხდება, როცა ვერავინ ხედავსო. წყნარი ოთახი, ძველ სოფლურ სახლში, ოთახი ნოხებითა და ქვის ბუხრებით, ჩაშენებული წიგნის თაროებითა და წითელ-ოქროსფერი გალაქული კარადებით, ასეთი არსებებით იყო სავსე. ისინი მსუბუქი სირბილით გადარბოდნენ ერთი კუთხიდან მეორეში, გრაციოზულად დააბიჯებდნენ თათებაწეულები და კუდგაბზეკილები - თითქოს რაღაცას კორტნიდნენ, - როგორც წეროები თუ ელეგანტური ფლამინგოების გუნდები, რომელთაც ვარდისფერი გაჰხუნებიათ, ან ფარშავანგები - კუდებით გამჭვირვალე, ვერცხლისფერ შალითებში. და უცებ რაღაც ბუნდოვანდებოდა და ბნელდებოდა, თითქოსდა მელანთევზმა ჰაერი მოულოდნელად იისფერით აავსოო. და ოთახი, როგორც ცოცხალი ადამიანი, შეპყრობილი იყო ვნებებითა და მრისხანებით, შურითა და მწუხარებით. და ყოველწამიერად მასში რაღაც იცვლებოდა.

კარს მიღმა კი სარკე აირეკლავდა მარმარილოს მაგიდას, მზესუმზირებს, ბაღის ბილიკს, ისე მკაფიოდ და უძრავად, რომ იფიქრებდი, მათი რეალობა დაურღვეველიაო. უცნაური კონტრასტი იყო: აქ ყველაფერი განუწყვეტლივ იცვლება, იქ კი ყველაფერი გარინდულა. მზერა უნებურად აქეთ-იქით აწყდებოდა. ვინაიდან სიცხის გამო სახლის ყველა კარი და ფანჯარა ღია იყო, გამუდმებით ოხვრის ხმა ისმოდა, თითქოს წუთიერისა და წარმავალის ხმა მოდიოდა და მიდიოდა ადამიანის სუნთქვასავით, მაშინ როცა, სარკეში ყველაფერს სული გაენაბა და გარინდებულიყო უკვდავების ნეტარებაში.

ნახევარი საათის წინ სახლის დიასახლისმა იზაბელა ტაისონმა, თხელ, საზაფხულო კაბაში გამოწყობილმა, კალათით ხელში მწვანე ბილიკი გაიარა და გაუჩინარდა სარკის მოოქროვილი ჩარჩოდან მოკვეთილი. ალბათ ქვედა ბაღში მიდიოდა ყვავილების საკრეფად, ან კიდევ, რაც უფრო ბუნებრივია იფიქრო, რაღაც მსუბუქის, ფანტასტიკურის, ფოთლოვანის, კატაბარდას თუ ხვართქლას ნატიფი ყლორტების მსგავსის საკრეფად, უხეშ, მრგვალ კედლებს რომ ეწვნიან და აქეთ-იქით თეთრად და იისფრად იფურჩქნებიან. მას რაღაც თავისებური ესადაგებოდა, უფრო მთრთოლვარე მაჩიტა, ვიდრე ხესავით სწორი ასტრა ან გაპრანჭული კვირისტავი, ან თუნდაც ვარდები მისივე საყვარელი შპალერის მარგილებზე მოგიზგიზე ფანრებით. ეს შედარება აჩვენებდა თუ რა ცოტა ვიცოდით იზაბელას შესახებ ამდენი წლის შემდეგ, რადგან, შეუძლებელია რომელიმე ხორცშესხმული ქალი, ორმოცდათხუთმეტი თუ სამოცდახუთი წლის ასაკში მწვანე ყლორტი ან პწკალი იყოს. ასეთი შედარებები არა მხოლოდ არაფრის მთქმელი და ზედაპირულია, არამედ სასტიკიც, რადგან სიმართლეს მალავენ, ხვართქლასავით თრთიან რა თვალებსა და სიმართლეს შორის. სიმართლე კი აუცილებელია ისევე, როგორც აუცილებელია კედელი. და მაინც უცნაურია, რომ მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც იზაბელას ვიცნობდი, შეუძლებელი იყო გეთქვა, რა არის მის შესახებ სიმართლე და რა ფანტაზია. ჩვენ, ჯერ კიდევ, ხვართქლასა და კატაბარდას თაობაზე ამის მსგავსი ფრაზებით შემოვიფარგლებოდით. რაც შეეხება ფაქტებს, ფაქტი ის იყო, რომ შინაბერაა, მდიდარია და ეს სახლი თვითონ იყიდა, დაუხმარებლად. ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე დედამიწის ყველაზე მიყრუებულ ადგილებში, სადაც რისკავდა, რომ რომელიმე აღმოსავლური სენი შეეყრებოდა ან შხამიანი ნესტარი დაგესლავდა - და, მან საკუთარი ხელით შეაგროვა ეს ნოხები, სკამები, კარადები, რომლებიც ახლა ჩვენს თვალწინ აჩრდილისებურ არსებობას განაგრძობდნენ. ხანდახან ისე ჩანდა, რომ მათ მეტი იცოდნენ იზაბელას შესახებ, ვიდრე ჩვენ დაგვრთეს ნება გვცოდნოდა, თუმცა ჩვენ მათზე ვისხედით, მათზე ვწერდით და მათზე ფრთხილად დავაბიჯებდით. თითოეულ კარადას ბევრი პატარა უჯრა ჰქონდა და უჯრებში, ალბათ, წერილები ინახებოდა, ლენტებით შეკრული წერილები, ლავანდითა თუ ვარდის ფურცლებით ნაპკურები, რადგან ეს იყო კიდევ ერთი ფაქტი, თუკი ფაქტები იყო საჭირო, რომ წარსულში იზაბელა ბევრ ხალხს იცნობდა, ბევრი მეგობარი ჰყავდა. და ის, ვისაც ეყოფოდა თავხედობა უჯრიდან მისი წერილები გამოეღო და წაეკითხა, იქ მრავალი ვნებათაღელვის ნაკვალევს წააწყდებოდა: დანიშნულ პაემნებს, დრტვინვას არშემდგარი შეხვედრის გამო, გრძელ ინტიმურ წერილებს ნაზი გრძნობებით, მკვეთრ წერილებს, ეჭვითა და საყვედურებით სავსეს, საბოლოო განშორების საშინელ სიტყვებს - ამ შეხვედრებმა და გრძნობების გადაშლამ ხომ არაფერი მოიტანა, ის ვერ გათხოვდა, და მაინც, თუ მისი სახის ნიღაბივით გულგრილი გამომეტყველებით ვიმსჯელებდით, იცოდა რა არის გამოცდილება და ვნება გაცილებით უკეთ, ვიდრე იმ ქალებმა, ვისი სიყვარულიც ყველას სალაპარაკო თემა გამხდარა. ამ აზრების გავლენით იზაბელას ოთახი ჩრდილებით დაიბინდა და სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა: კუთხეები უფრო ბნელი ჩანდა, მაგიდის ფეხები - უფრო თხელი და იეროგლიფისებური.

უცებ ეს ფიქრები მკვეთრად, თუმცა უხმაუროდ იქნა შეწყვეტილი. სარკეში ვიღაც შავმა და დიდმა ჩაიხედა, დაფარა რა ყველაფერი ირგვლივ, მაგიდაზე მარმარილოს ვარდისფერ და ნაცრისფერძარღვიანი ფირფიტები დაყარა და გაქრა. თუმცა ამან მთელი სურათი შეცვალა. წამიერად ის ძნელად საცნობი, ირაციონალური, ფოკუსს მიღმა ჩანდა. ამ ფირფიტებს რაიმე ადამიანურ განაზრახს ვერ დაუკავშირებდი. შემდეგ რაღაც ლოგიკურმა პროცესმა დაიწყო მათი შეწოვა, განკარგვა და გამოცდილების საერთო ჯამთან მისადაგება. და ბოლოს, საცნაური გახდა, რომ ესენი მხოლოდ წერილებია. ლაქია მოვიდა და ფოსტა მოიტანა.

ისინი მარმარილოს მაგიდაზე ეწყო, საიდანაც ჯერ სინათლე და ფერები ჟონავდა ისე, რომ არაფერს ერწყმოდა, შემდეგ კი უცნაური სანახავი იყო, როგორ შემჭიდროვდნენ, განლაგდნენ და საერთო სურათის ნაწილი გახდნენ - მიიღეს რა თავისი წილი იმ უძრაობისა და უკვდავებისა, რომელსაც სარკე უძღვნიდათ. ახლა მათ თითქოს ახალი რეალობა და მნიშვნელობა შეიძინეს, თანაც დამძიმდნენ, თითქოს მხოლოდ საჭრეთლით შეიძლებოდა მათი განშორება მაგიდისგან. და თუნდაც ეს ფანტაზია ყოფილიყო, გეჩვენებოდა, რომ ისინი ერთი შეკვრა ჩვეულებრივი წერილებიდან სჯულის ფიცრად იქცნენ, რომელზეც მარადიული ჭეშმარიტება იყო ამოკვეთილი, რომ, წაიკითხავდი მათ და ყველაფერს გაიგებდი იზაბელას შესახებ, ყველაფერს, რისი გაგებაც ღირდა და არა მხოლოდ მის შესახებ, არამედ ცხოვრების შესახებაც. ამ მარმარილოს მსგავსი კონვერტების შიგნით ფურცლები სავსე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რამეებით. იზაბელა შემოვა, აიღებს მათ, თითო-თითოდ, ძალიან ნელა, გახსნის და წაიკითხავს, ყურადღებით, სიტყვასიტყვით, და შემდეგ ღრმა, ყოვლისჩამწვდომი ღრმა ამოოხვრით, თითქოსდა ცნობიერების ფსკერამდე ჩააღწიაო, კონვერტს ნაკუწებად აქცევს, წერილებს კი შეკრავს და ერთ-ერთი კარადის უჯრაში ჩაკეტავს და მტკიცედ გადაწყვეტს დამალოს ის, რაც როგორც თვლის, სხვას არ უნდა გაუზიაროს.

ეს აზრი თითქოს გამოწვევად იქცა. იზაბელა არ თვლიდა საჭიროდ თავის თავზე ეამბნა, მაგრამ ამას უკვე ვეღარ მოახერხებდა. ეს იყო აბსურდი, ეს იყო საშინელება. თუკი ამდენს მალავს, ამდენი იცის, მაშინ ის უნდა გახსნას პირველივე ხელში მოხვედრილი ინსტრუმენტით - წარმოსახვით. საჭიროა მთელი აზრების დაუყოვნებლივ მასზე კონცენტრირება. გასხლტომის საშუალება არ უნდა მიეცეს - შემთხვევით წვრილმანებს არ უნდა შეაქცევინო თავი ძველებურად - სადილებს, ვიზიტებს, სალონურ საუბრებს. მის ადგილას უნდა დააყენო თავი. ადვილად შეგიძლია წარმოიდგინო როგორ დგას ახლა ქვედა ბაღში. ვიწრო, გრძელი, მოდური ფეხსაცმელები აცვია ძალიან რბილი და ელასტიური. უზადო, როგორც ყველაფერი, რასაც იცვამს, დგას ქვედა ბაღის მაღალ მესერთან, წელზე მიბმული მაკრატელი ხელში შემართული უჭირავს, რომ დამჭკნარი ყვავილები თუ ზედმეტად გამოშვერილი შტო შეაჭრას. სინათლე სახეზე ანათებს, თვალებში სცემს, მაგრამ არა, უკანასკნელ წამს ღრუბლის ქულებმა მზე დაფარეს და მისი თვალების გამომეტყველება გაუგებარი გახდა - დამცინავი თუ ალერსიანი, მბრწყინავი, თუ უღიმღამო? ჩანს მხოლოდ მქრქალი კონტური მისი უკვე შემჭკნარი, მშვენიერი, ცისკენ აპყრობილი სახისა. შეიძლება იმაზე ფიქრობს, რომ ახალი ბადე უნდა შეუკვეთოს მარწყვისათვის, ჯონსონის ქვრივს ყვავილები გაუგზავნოს, რომ დროა ჰიპესლებს ეწვიოს ახალმოსახლეობის მისალოცად. ასეთ რამეებზე ლაპარაკობს ხოლმე სადილის შემდეგ. მაგრამ რაზეც სადილის შემდეგ ლაპარაკობს, მოსაწყენია. საჭიროა იმ მდგომარეობის მოხელთება და სათანადო სიტყვებით გამოხატვა, რაც მისი სულისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის სუნთქვა, რასაც ბედნიერებას ან უბედურებას არქმევენ. ამ სიტყვების ხსენებაზე ნათელი გახდა, რომ ის, რა თქმა უნდა, ბედნიერია. მდიდარია, თავის წრეში ცნობილი, ბევრი მეგობარი ჰყავს, მოგზაურობს, თურქეთში ნოხებს ყიდულობს, სპარსეთში - ლურჯ ვაზებს. სიამოვნების გზები იშლება ყოველი მიმართულებით იმ ადგილიდან, სადაც დგას, მაკრატელშემართული, რომ მოცახცახე შტოები მოჭრას, ღრუბლის არშიები კი ამ დროს მის სახეს მკრთალ ჩრდილს ჰფენენ.

ამ დროს, სწრაფი მოძრაობით გადაჭრა კატაბარდას ღერო და ის მიწაზე დავარდა. ღეროს დავარდნის შემდეგ, რა თქმა უნდა, სინათლემ მოიმატა და, რაღა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდა იზაბელას არსებაში უფრო ღრმად ჩაწვდომა. მისი სული ახლა სინაზითა და სინანულითაა სავსე... გამოშვერილი შტოს მოჭრამ დაასევდიანა, მას ხომ ერთი სიცოცხლე ჰქონდა, სიცოცხლე კი - ყველაფერზე ძვირფასია. და ამავე დროს შტოს დაცემამ შეახსენა, რომ ისიც მოკვდება, რომ ყველაფერი ამქვეყნად ამაოებაა და წარმავალია. მაშინვე, სწრაფად მოიშორა რა ეს ფიქრი, მისთვის დამახასიათებელმა ჯანსაღმა აზრმა სძლია და დაასკვნა, რომ ცხოვრება კეთილად მოეპყრო, თუმცა სიკვდილი გარდაუვალია, ერთი სიამოვნება იქნება მიწაზე წოლა და იების ფესვებს შერწყმა. იზაბელა დგას და ფიქრობს, სიტყვიერად ვერც გამოხატავ - რაზე, რადგან იმ თავშეკავებულ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ამჯობინებენ თავიანთი ფიქრები მდუმარების ღრუბლებში ჰქონდეთ გახვეული. აზრებითაა სავსე. მისი გონება მისივე ოთახის მსგავსია, რომელშიც ჩრდილები მსუბუქად ცეკვავენ, აქეთ-იქით აწყდებიან, გრაციოზულად მოძრაობენ, კუდებს იქნევენ, რაღაცას უნისკარტებენ და მთელი მისი არსებაც, კვლავ ისე, როგორც ოთახი, ღრმა ცოდნის, გამოუთქმელი სინანულის ნისლში იძირება, და თვით ის წერილებით გაჭედილ დაკეტილ უჯრას ჰგავს. თქმა იმისა, რომ „გააღო ის“ თითქოს ხამანწკა იყოს, ცოდვა და აბსურდია. აქ მხოლოდ ყველაზე დახვეწილი, ბასრი და მოქნილი იარაღი თუ გამოდგება. წარმოდგენაც კი საკმარისია... აი, ის იქ არის, სარკეში და შიშის ჟრჟოლა დაგივლის.

თავიდან ქალი ისე შორს იყო, რომ წესიერად ვერც დაინახავდი. ნაბიჯს შეანელებდა, ხან ვარდს შეასწორებდა, ხან აიღებდა და მიხაკს დაყნოსავდა, მაგრამ შეუჩერებლად მოდიოდა და სარკეში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსებოდა იმ პიროვნებას, რომლის სულში შეღწევაც ძალიან მოგინდებოდა. ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა შემოწმება - მასში აღმოჩენილი თვისებების მორგება მის ახლანდელ ხილულ გარეგნობასთან. აი, მისი ნაცრისფერ-მწვანე კაბა, და ვიწრო ფეხსაცმელები, და კალათა, და რაღაც მკერდზე რომ უბრწყინავს. ისე თანდათანობით ახლოვდებოდა, რომ გეგონებოდა სარკეში არეკლილ სურათს კი არ ცვლის, არამედ მასში რაღაც ახალი ელემენტი შეაქვს, რომელიც შეუმჩნევლად ცვლის სხვა საგნებსაც, თითქოსდა სთხოვს ადგილი დამითმეთო. და წერილები მაგიდაზე, ბილიკი ბალახში და მზესუმზირები, სარკეში მისი მომლოდინენი, თითქოს დაშორიშორდნენ, გაიხსნენ, რომ ქალი თავიანთ საზოგადოებაში მიეღოთ. ბოლოს და ბოლოს ის აქ იყო - სადარბაზოში. შეჩერდა. მაგიდასთან იდგა. სრულიად გაუნძრევლად. სარკემ მაშინვე სინათლის გადმოღვრა დაიწყო მასზე, რომელმაც თითქოს ის ადგილზე მიაჯაჭვა, რომელიც თითქოს მჟავას მსგავსად ყველაფერ არაარსებითსა და ზედმეტს ჭამდა, შეუხებლად ტოვებდა მხოლოდ სიმართლეს. ეს მომაჯადოებელი სანახაობა იყო. მას ყველაფერი შორდებოდა - ღრუბელი, კაბა, კალათა, ბრილიანტი - ყველაფერი, რაც ხვართქლად და კატაბარდად იწოდება. აი, მაგარი კედელიც ქვევით. თვით ქალიც აქაა. შიშვლად მდგარი უმოწყალო სინათლეში. და არაფერი დარჩა. იზაბელა სრულიად დაცარიელებული. ფიქრების გარეშე. მეგობრების გარეშე. არავინ უყვარს. წერილები? ისინი ხომ მხოლოდ ანგარიშების ქაღალდებია. აი, ის დგას - მოხუცი, მჭლე, დაძარღვული, კეხიანი ცხვირით და დანაოჭებული კისრით - იმითაც კი არ იწუხებს თავს, რომ ქაღალდები გახსნას.

არ უნდა დატოვო სარკე კედელზე ჩამოკიდებული.

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 21

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 1 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters