აბელ სანჩესი

      ხოაკინ მონეგროს გარდაცვალების შემდეგ, მის ქაღალდებში წააწყდნენ მემუარების მსგავს ჩანაწერებს იდუმალი ვნების შესახებ, რაც თურმე მთელი ცხოვრება ტანჯავდა მას. წინამდებარე ამბავში, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ და რომელიც ავტორს "აღსარებად" დაუსათაურებია, ჩართულია ნაწყვეტები ამ ჩანაწერებიდან. ბრჭყალებში მოქცეული ნაწყვეტები ერთგვარი კომენტარების სახით მოგვყავს მისი სენის ასახსნელად. ხოაკინს "აღსარება" თავისი ქალიშვილისადმი მიუძღვნია

I

      აბელ სანჩესსა და ხოაკინ მონეგროს აღარც კი ახსოვდათ, როდის გაიცნეს ერთმანეთი. გაიცნეს კი ლამის აკვანში, სულ ჩვილები რომ იყვნენ, მათი ძიძები რომ შეიყრებოდნენ, მასლაათს გააბამდნენ, მათ კი ჯერ ენაც არ ამოედგათ და გვერდიგვერდ იწვნენ გატრუნულები. მერე კი, თანდათან ერთმანეთის ცნობაც ისწავლეს და საკუთარი თავისაც; აი ასე, ლამის დაბადებიდანვე ერთად იზრდებოდნენ და ძუძუმტეებივით შეეთვისნენ ერთმანეთს. გასეირნება იყო, თამაში თუ სხვა რამ გართობა, იფიქრებდით, წამომწყები და მოთავე ნამდვილად უფრო მტკიცე ხასიათის ხოაკინი იქნებაო, მაგრამ ბოლოს ყველაფერი აბელის ნებაზე ხდებოდა. ასე კი იმიტომ გამოდიოდა, რომ აბელს მორჩილებაზე უფრო მბრძანებლობა ეძნელებოდა. ისინი თითქმის არასოდეს ჩხუბობდნენ. "ჩემთვის სულერთია, როგორც შენ გინდა!.." ეტყოდა ხოლმე აბელი ხოაკინს და ამ "როგორც შენ გინდას" თუმცა სიშმაგემდე მიჰყავდა მეგობარი, ჩხუბის საბაბს კი არ აძლევდა.

  - ერთხელ მაინც წამოგცდეს რამეზე უარი! - წამოიძახებდა ხოლმე ხოაკინი.

  - რატომ უნდა წამომცდეს? - გამოეპასუხებოდა აბელი.

  - ძალიან კარგია, მაგრამ ამას რომ ტყეში წამოსვლა არ უნდა?! - თქვა ერთხელ ხოაკინმა, როცა ამხანაგებმა სასეირნოდ წასვლა დააპირეს.

  - მე? როგორ არ მინდა! - შესძახა აბელმა. - როგორ არ მინდა, თუკი შენ გინდა, წავიდეთ!

  - არა, მე რომ მინდა, იმიტომ ნუ წამოხვალ! ერთხელ მაინც თქვი, არ მინდაო, აღარ გამაგონო ეგ შენი "სულერთია..." თქვი, არ მინდა-თქო და მორჩა!

  - რატომაც არ მინდა, სულაც...

  - მაშ, თუ ასეა, მე აღარ მინდა...

  - ახლა აღარც მე მინდა...

  - ასე არ გამოვა, - შეჰყვირ ხოაკინმა, - აბა, თქვით, ვინ არის მაგის მხარეზე და ვინ ჩემს მხარეზე!

      და ისე გამოვიდა, რომ ყველა აბელს გაჰყვა, ხოაკინი მარტო დარჩა.

      ბავშვობაში მომხდარი ამ ამბის თაობაზე ხოაკინს თავის "აღსარებაში" ასე ჩაუწერია: "სწორედ იმ დროიდან, არ ვიცი, რატომ და რისთვის, მაგრამ ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ის იყო სანდომიანიც და საყვარელიც, მე კი არასანდომიანი და საძაგელი; და ასე, სულ მარტოობაში ვიზრდებოდი, ამხანაგები მუდამ გამირბოდნენ..."

      ინსტიტუტში, მოსამზადებელ კურსებზე, სადაც ისინი ერთად დადიოდნენ და ბაკალავრის წოდების მოსაპოვებელი გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდნენ, ხოაკინი მეტისმეტი სიბეჯითით, ჯილდოებისა და ქებისადმი დიდი სწრაფვით გამოირჩეოდა, ერთი სიტყვით, აუდიტორიაში პირველი იყო. სამაგიეროდ აუდიტორიის გარეთ - ინსტიტუტის მოედანზე, ქუჩაში, მინდორში, ხარების ბრძოლაზე, ამხანაგების წრეში აბელი პირველობდა, ენამოსწრებული იყო და ამხანაგებს აცინებდა ხოლმე, განსაკუთრებით მოსწონდათ მისი კარიკატურები პედაგოგებზე. "ხოაკინი უფრო ბეჯითია, აბელი კი გაცილებით ნიჭიერი... ცოტა რომ არ ზარმაცობდეს..." - ამხანაგების აზრი ხოაკინსაც კარგად მოეხსენებოდა და ბოღმით ევსებოდა გული; ზოგჯერ ისიც უფიქრია, აღარც მე გადავყვები ამ სწავლას, გავეჯიბრები და აბა ვნახოთ, თუ რამეში ჩამოვრჩებიო. მაგრამ მერე ისევ გადაწყვეტდა: "ეეჰ, მაგათ რა ესმით!"... - და კვლავ თავის ბუნებას დაჰყვებოდა. თუმცა კი ცდილობდა მეტოქე გამომგონებლობით, მახვილგონიერებით თუ მხიარულებით დაეჯაბნა, მაინც არაფერი გამოსდიოდა. მის ხუმრობაზე არავის ეცინებოდა და საერთოდ, პირქუში კაცის სახელი დაიგდო. "შენი ხუმრობა სამგლოვიარო ხუმრობაა, - ეტყოდა ხოლმე ფედერიკო კუადრადო, - სულ სიკვდილმისჯილის ხუმრობასა ჰგავს". ბაკალავრის გამოცდები რომ ჩააბარეს, მათი გზებიც გაიყარა. აბელმა გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო, ფერწერა შეესწავლა, ხოაკინმა კი სამედიცინო ფაკულტეტი აირჩია. ადრინდებულად მაინც ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და თავ-თავიანთ წარმატებებზე საუბრობდნენ. ხოაკინი ზოგჯერ ცდილობდა აბელისთვის შეეგონებინა, მედიცინაც ასევე ხელოვნებაა, ნამდვილი ნატიფი ხელოვნება და ასევე თხოულობს პოეტურ შთაგონებასო; ზოგჯერ კი მოდგებოდა ხელოვნებას და მიწასთან გაასწორებდა, გონებას აჩლუნგებსო, ცამდე აჰყავდა მეცნიერება, ადამიანის სულს ამაღლებს, აკეთილშობილებს და ჭეშმარიტებებით ამდიდრებსო.

  - მაგრამ მედიცინაც რომ საალბათო მეცნიერებაა, - შეედავებოდა მაშინ აბელი, - ისიც ხომ შეიძლება ხელოვნებად მივიჩნიოთ, მეცნიერული დასკვნების პრაქტიკაში გამოყენების ხელოვნებად.

  - მე სულაც არ დამისახავს მიზნად ავადმყოფებს ვუმკურნალო, - შეეპასუხებოდა ხოაკინი.

  - რატომ, ესეც კეთილშობილური და სასარგებლო საქმეა! - დასძენდა აბელი.

  - არა, ჩემთვის არა. გააჩნია, ვისთვის არის კეთილშობილური და ვისთვის სასარგებლო. მე კი კეთილშობილებაც და სარგებლობაც მძულს. ზოგიერთისათვის პულსისა და ენის გასინჯვა, რეცეპტების გამოწერა თუ სხვა ამისთანები ფულის შოვნის საუკეთესო გზაცაა, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა...

  - მეტი?

  - დიახ, მეტი; იმედი მაქვს, ამ დარგში ახალ გზებს გავკვალავ. მეცნიერულ კვლევა-ძიებას უნდა გავყვე, აკი ჭეშმარიტ აღიარებას მედიცინაში ის ჰპოვებს, ვინც ამა თუ იმ ავადმყოფობის საიდუმლოებას აღმოაჩენს და არა ის, ვინც ამას მეტ-ნაკლები წარმატებით პრაქტიკაში ნერგავს.

  - მომწონს შენი ოცნებები.

  - აბა რა გგონია, მარტო თქვენ, ხელოვანნი, ფერმწერები ოცნებობთ დიდებაზე?

  - რას ამბობ? განა მე ოდესმე ამის მსგავსი რამ წამომცდენია?

  - წამოგცდენია? მაშ, რატომ აირჩიე მაინცდამაინც ფერწერა?

  - იმიტომ, რომ ამ პროფესიას თუ კარგად დავეუფლები, ის მომცემს...

  - რას მოგცემს?

  - რას და, საკმაო ფულს.

  - იცი, რას გეტყვი, აბელ, ეგ საკენკი სხვას დაუყარე, ვითომ არ გიცნობდე; მშვენივრად გიცნობ და თანაც დაბადებიდან გიცნობ, შენ მე მომატყუებ? კარგად გიცნობ.

  - მერე, განა არ იცი, ტყუილი რომ არასოდეს მითქვამს?

  - ვიცი, მაგრამ, ხომ შეიძლება შენდა უნებურად ტყუოდე. თავი ისე გიჭირავს, თითქოს შენთვის არაფერს არა ჰქონდეს მნიშვნელობა, ცხოვრება მარტო გართობა იყოს, ყველაფერი დანარჩენი ჩალის ფასად გიღირდეს, სინამდვილეში კი საკმაოდ პატივმოყვარე ბრძანდები.

  - მე და პატივმოყვარე?

  - დიახ, შენ; პატივმოყვარე ხარ, აბა, რა! სულ დიდებაზე, სახელსა და ქებაზე გიჭირავს თვალი... დაბადებიდანვე ასეთი იყავი... მაგრამ თვალთმაქცობდი და...

  - მოიცა, ხოაკინ, მართალი თქვი, განა ოდესმე პირველობაში შეგცილებივარ? სულ შენ არ იყავი კლასში მისაბაძი? შენ არ იყავი სამაგალითო?

  - კი, მაგრამ მაინც შენ უფრო მოგქონდა თავი, თან ყველა შენ გელოლიავებოდა, შენ...

  - მერე, რა ჩემი ბრალია?

  - ახლა იქნებ დამარწმუნო, სახელის მოხვეჭა ფიქრადაც არ მომსვლიაო!

  - თუ ასეა, შენ უფრო მეტს ცდილობდი...

  - მე? მე? ყველასი და ყველაფრის მოძულე?

  - კმარა, კმარა, მოვეშვათ ამ სისულელეებზე ლაპარაკს და სხვა ვთქვათ. ისა სჯობია, შენი საცოლის ამბები მომიყვე.

  - საცოლის?

  - ჰო, შენს ბიძაშვილზე გეუბნები, აკი გინდა შენი საცოლე გახდეს?

      ხოაკინი მართლაც ცდილობდა თავისი ბიძაშვილის, ელენას გულს დაუფლებოდა და ამ ცდაში დებდა თავისი მიზანდასახული და ეჭვიანი სულის მთელ გზნებას. ბუნებრივია, გულის გახსნა უნდოდა და ვისთან უნდა გაეხსნა, თუ არა თავის მეგობართან.

      მერედა, რარიგად აწამებდა ელენა!

  - რაც დრო გადის, მით უფრო მიჭირს მისი გაგება, - შესჩივლა მან აბელს, - ეს ქალი ჩემს თვალში ნამდვილი სფინქსია...

  - მერე, არ იცი, რას ამბობს ამაზე ოსკარ უაილდი? ყველა ქალი სფინქსია, ოღონდ იდუმალების გარეშეო.

  - მაგრამ ელენას მაინც აქვს რაღაც იდუმალება. ასე მგონია, სხვა უყვარს; თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სხვა უყვარს.

  - რატომ გგონია?

  - აბა, სხვანაირად როგორ ავხსნა მისი ჩემდამი დამოკიდებულება?

  - მაშასადამე, შენი აზრით, რაკი არ უყვარხარ, ანუ არ უყვარხარ როგორც საქმრო, თორემ, როგორც ბიძაშვილი, ალბათ, ეყვარები...

  - რა ხუმრობაა!

  - ჰო, კარგი, მაშასადამე, რაკი არ სურს შეგიყვაროს როგორც საქმრო, უფრო სწორად, როგორც ქმარი, ამიტომ გგონია, რომ მაინცდამაინც სხვა უნდა უყვარდეს? დიდებული ლოგიკაა!

  - კარგად გიცნობ!

  - მეც კარგად გიცნობ!

  - შენ?

  - დიახ, თუკი შენ თავს დებ იმაზე, რომ ყველაზე კარგად მიცნობ, მაშ რატომღა გიკვირს, მეც ასევე მეგონოს, რომ გიცნობ? ვფიქრობ, კარგა ხანია ერთმანეთს ვიცნობთ.

  - გეუბნები, ეს ქალი გამაგიჟებს, მოთმინებას დამაკარგვინებს-მეთქი; მისი სათამაშო ხომ არა ვარ. სულ თავიდან რომ ეთქვა უარი, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ასე გაურკვეველ მდგომარეობაში რომ მამყოფებს - ჯერ ვნახოთ, ჯერ ვიფიქროთო... რა ბევრი ფიქრი ამას უნდა... პრანჭიაა და მეტი არაფერი!

  - იქნებ, უნდა რომ შეგისწავლოს.

  - შემისწავლოს? იმან? რა მაქვს შესასწავლი? მაინც რანაირად უნდა შემისწავლოს?

  - ხოაკინ, ხოაკინ, ან იმას რატომ ამცირებ და ან შენ თავს!

      რატომ გგონია, რომ საკმარისია შემოგხედოს, შენს სიყვარულში დარწმუნდეს და მაშინვე თანხმობა გამოგიცხადოს?

  - ვიცი, გულზე დიდად არ ვეხატები...

  - ჰო, კარგი, ასე ნუ ლაპარაკობ...

  - ეს ქალი, უბრალოდ მეთამაშება! ჩემისთანა კაცთან თამაში კი არცთუ დიდი კეთილშობილებაა. გულწრფელი ვარ, პატიოსანი, ალალი... მაგრამ ნეტავ იცოდე, რა ლამაზია! რაც უფრო ცივად და მედიდურად უჭირავს თავი, მით უფრო ლამაზი მეჩვენება! ზოგჯერ იმასაც ვერ ვხვდები, მიყვარს, თუ მძულს... არ გინდა გაგაცნო?...

  - რატომაც არ მინდა, თუკი...

  - მაშ კარგი, გაგაცნობ.

  - და თუ უნდა...

  - რა?

  - მის პორტრეტსაც დავხატავ.

  - რატომაც არა!

      და კიდევ ერთი ღამე გაუტყდა ხოაკინს. ახლა იმაზე ფიქრობდა, როგორ დახატავდა ასეთი მომხიბვლელი, ყველასგან განებივრებული და სათაყვანო აბელ სანჩესი ელენას პორტრეტს.

      მაგრამ რითი დამთავრდება ეს სეანსები? ვაითუ ელენამაც სხვა მრავალი ნაცნობ-მეგობრებივით აბელი ამჯობინოს! ისიც კი იფიქრა, იქნებ სულაც აღარ გავაცნო ერთმანეთსო, მაგრამ რაკი დაპირდა...

II

  - მოგეწონა ჩემი ბიძაშვილი? - ჰკითხა ხოაკინმა აბელს მეორე დღესვე, როცა ისინი ერთმანეთს გააცნო და აბელმა მისი პორტრეტის დახატვის სურვილი გამოთქვა, რაზედაც სიამოვნებისგან სახეშეფაკლულმა ქალმა თანხმობა განუცხადა.

  - გინდა, სიმართლე გითხრა?

  - მხოლოდ სიმართლე, აბელ. ჩვენ რომ ყოველთვის სიმართლეს ვამბობდეთ, სიმართლეს, ნამდვილად სამოთხეში ვიგრძნობდით თავს.

  - და მით უმეტეს, საკუთარ თავთან რომ ვამბობდეთ სიმართლეს...

  - აბა, მაშ თქვი, ეგ შენი სიმართლე!

  - იცი რა, ის შენი ბიძაშვილი თუ საცოლე, ანდა შეიძლება მომავალი ცოლიც კი, ელენა, ნამდვილი სამეფო ფარშავანგია... ნამდვილი ფარშავანგი.. ხომ მიმიხვდი...

  - ჰო, მიგიხვდი.

  - ამის სიტყვებით გამოხატვა მიჭირს, ჩემთვის უფრო ადვილია ფუნჯით...

  - შენც ადგები და ფარშავანგს დახატავ, ნამდვილ ფარშავანგს დაამგვანებ, კუდგაშლილსა და ციცქნათავიან ფარშავანგს, არა?

  - დიდებული მოდელია! დიდებული! რა თვალები აქვს, რა ტუჩები! ვნებიანი და თან მაგრად მოკუმული... თვალები თითქოს გიყურებენ, მაგრამ ვერ გხედავენ... რა თავ-კისერი! ანდა ბრინჯაოსფერი კანი თქვი! თუ არ გეწყინება...

  - რა უნდა მეწყინოს?

  - თითქოს ინდიელის სისხლი უჩქეფს ძარღვებში, უფრო სწორად, რაღაც აქვს ველურის, მხეცის, ავაზასი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, და თან რა ცივია!...

  - მერედა, რა ცივი!

  - ასეა თუ ისე, იმედი მაქვს, კარგ პორტრეტს დაგიხატავ!

  - მე რატომ დამიხატავ, იმას დაუხატე!

  - არა, დახატვით იმას დავხატავ, სურათი კი შენი იქნება.

  - არა, ასე არ მინდა, პორტრეტი მას უნდა ეკუთვნოდეს!

  - კეთილი, ორივესი იყოს, ვინ იცის... იქნებ სწორედ ამ პორტრეტმა დაგაკავშიროთ კიდეც.

  - კარგი, კარგი, ეგებ ხატვის მაგივრად...

  - ნამდვილად, ხოაკინ, არც მაჭანკლობაზე ვიტყვი უარს, ოღონდაც შენ არ იტანჯებოდე. გული მტკივა, ასეთ ყოფაში რომ გხედავ.

      დაიწყო სეანსები და ამ სეანსებმა სამივე ერთად შეჰყარა. ელენა სავარძელში დაბრძანდა, დიდებულსა და მედიდურ სახეზე ზიზღი ეხატა, ვითარცა ბედისწერის წინაშე თავმოდრეკილ ქალღმერთს. "ლაპარაკის ნებას ხომ არ მომცემდით"? პირველივე სეანსზე ჰკითხა მან აბელს და იმანაც მიუგო: "დიახ, როგორ არა, ილაპარაკეთ და იმოძრავეთ კიდეც; ასე მირჩევნია, უფრო გამოცოცხლდებით... მე ხომ ფოტოგრაფი არა ვარ, პირდაპირ გეტყვით, სულაც არ მინდა ქანდაკება დავხატო..." და ელენამ დაიწყო ლაპარაკი; ლაპარაკობდა შეუსვენებლივ, თუმცა მოძრაობით ბევრს არ მოძრაობდა, ეშინოდა პოზა არ დავკარგოო. რაზე ლაპარაკობდა? მეგობრებს ამის თქმა გაუჭირდებოდათ. ისინი ლამის თვალებით ნთქავდნენ ქალს, სიტყვები სულაც არ ესმოდათ.

      ელენაც ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, ალბათ, ეგონა, დუმილი უბირობაში ჩამომერთმევაო, მაგრამ ამავე დროს შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა, ხოაკინისთვის ბრჭყალი არ გაეკრა.

  - ბიძაშვილო, პაციენტების საქმე ხომ კარგად მიდის? - ეკითხებოდა იგი.

  - მერედა, ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?...

  - რატომაც არა აქვს? წარმოიდგინე, რომ...

  - ვერა, ვერ წარმოვიდგენ.

  - თუ შენ გაინტერესებს ჩემი ამბები, რატომ არ შეიძლება მეც დამაინტერესოს შენმა? ესეც არ იყოს, ვინ იცის...

  - რა?

  - კარგი გეყოფათ, - გააწყვეტინა აბელმა, - მორჩით ამ კინკლაობას.

  - რა მოხდა, ნათესავებს შორის დავა რა გასაკვირია... - მიუგო ელენამ, - თანაც ნათქვამია, ასე იწყება...

  - რა იწყებაო? - ჰკითხა ხოაკინმა.

  - შენ დაიწყე და ესეც შენვე უნდა იცოდე, ჩემო ბიძაშვილო!

  - ვიცი კიდეც, დაწყებაც ვიცი და დამთავრებაც...

  - მაგრამ დამთავრების ბევრი საშუალება არსებობს.

  - და დაწყებისაც...

  - უდავოდ, აბელ, ჩვენი სიტყვიერი ფარიკაობა მუშაობაში ხელს ხომ არ გიშლით?

  - არა, არა, პირიქით, ეს, როგორც ბრძანეთ, სიტყვიერი ფარიკაობა თქვენს გამომეტყველებასა და მიხრა-მოხრას უფრო მეტ სიცოცხლეს სძენს.

      ორი დღის შემდეგ ელენა და აბელი უკვე "შენობით" მიმართავდნენ ერთმანეთს, ასე მოისურვა ხოაკინმა, რომელიც მესამე სეანსზე სულაც აღარ მოსულა.

  - აბა ვნახოთ, როგორ მიდის პორტრეტის საქმე, - თქვა ელენამ და მოლბერტს მიუახლოვდა.

  - მოგწონს?

  - რა ვიცი, მე თვითონ როგორ ვთქვა, მგავს თუ არა!

  - როგორ, სარკეში არ იყურები განა?

  - კი, მაგრამ...

  - მაგრამ, რა?

  - არ ვიცი...

  - მერედა, არ გეჩვენება, რომ ამ სარკეში საკმაოდ ლამაზი ჩანხარ?

  - ეს უკვე პირფერობაა!

  - მაშ ხოაკინს ვკითხოთ.

  - იმას ნუ მიხსენებ, გთხოვ, რა აუტანელია!

  - მე კი სწორედ იმაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი.

  - თუ ასეა, მაშინ წავალ..

  - არა, მოიცადე და ყური დამიგდე. ასე რატომ აწამებ იმ საწყალს?

  - აჰ, კიდეც ექომაგები? იქნებ ეს პორტრეტიც საბაბი იყო?

  - ელენა, დამიჯერე, მასთან თამაში არ გამოგადგება! ეგებ რაღაც კი აქვს ისეთი...

  - აუტანელი!

  - არა, უბრალოდ, ძალზე გულჩათხრობილია. იქნებ ცოტა ქედმაღალიც თუ უკმეხი, თავის განცდებში ჩაფლული, მაგრამ ძალიან კეთილია, საოცრად პატიოსანი, ნიჭიერი, ბრწყინვალე მომავალი აქვს, შენც გაგიჟებით უყვარხარ...

  - და თუ მე მაინც არ მიყვარს!...

  - მაშინ არც იმედი უნდა მისცე!

  - მაინც რა იმედი მივეცი? მომბეზრდა ჩიჩინი, დიდებული ყმაწვილი ხარ-მეთქი! იქნებ სწორედ ამისთვისაც არ მომწონს. თავისთავად კარგი ყმაწვილიცაა და კარგი ბიძაშვილიც, ოღონდ საქმროდ...,

  - მაგრამ ის ამბობს...

  - თუ რამე სხვას ამბობს, მაშასადამე ტყუის, აბელ, ბიძაშვილს ჩემთან ლაპარაკს ხომ ვერ ავუკრძალავ. ბიძაშვილი! დიდი ღვთის წყალობა კია!

  - ნუ დასცინი!

  - სხვანაირად არ შემიძლია.

  - ხოაკინს ეჭვი აქვს, ეჭვი კი არა, თითქმის დარწმუნებულია, რომ შენ სხვა გიყვარს, რაკი მას არ თანაუგრძნობ...

  - თვითონ გითხრა?

  - ჰო, თვითონ მითხრა...

      ელენამ ბრაზით მოკუმა პირი, თითქოს შეკრთა და ერთი წამით კიდეც გაჩუმდა.

  - ჰო, თვითონ მითხრა, - გაიმეორა აბელმა, მარჯვენა ხელი ტილოდან არ აუღია და თან ისე დაჟინებით შეაცქერდა, თითქოს სურდა მისი იდუმალი ფიქრები ამოეცნო.

  - რაკი ასეა დარწმუნებული, მაშინ...

  - მაშინ, რა?

  - ის, რომ ვეცდები, გავამართლო მისი ეჭვი...

      და იმ საღამოს აბელი აღარ ხატავდა ელენას პორტრეტს. სახლიდან რომ გამოვიდნენ, უკვე დანიშნულები იყვნენ.

III

      აბელის სურათის წარმატება უსაზღვრო იყო; გამოფენაზე ელენას პორტრეტის წინ ხალხი არ ილეოდა. "ერთი დიდი მხატვარი კიდევ შეგვემატა!" - ამბობდნენ ისინი და ელენაც შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა, საგამოფენო დარბაზის წინ ჩაევლო და ხალხის აზრი არ მოესმინა; ისე დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში, იფიქრებდით, სულჩადგმული ნახატიაო, ხელოვნების ეს უკვდავი ქმნილება რაღაც სასწაულის ძალით გაცოცხლებულა და სასეირნოდ გამოსულაო. და განა მართლაც ამისთვის არ იყო გაჩენილი?

      ხოაკინს მოსვენება დაეკარგა.

  - არ მახსოვს, ოდესმე ასე საშინლად მომქცეოდეს, - შესჩიოდა იგი აბელს, - როგორც უნდა, ისე მათამაშებს, ნამდვილად სიცოცხლეს მომისწრაფებს!

  - რა გასაკვირია, ახლა უკვე პროფესიულ ლამაზმანად მიაჩნია თავი.

  - მით უმეტეს, რომ შენ მას უკვდავება მიანიჭე! მეორე ჯოკონდა!

  - შენც ადექი და შენი ექიმობით ნამდვილი სიცოცხლე გაუგრძელე...

  - თუ მოვუსწრაფო!...

  - ასე ტრაგიკულად რატომ ლაპარაკობ!

  - რა ვქნა, აბელ, რა ვქნა?

  - მოითმინე...

  - სხვათა შორის, მისი სიტყვებიდან ისე გავიგე, თითქოს შენ გითქვამს, ხოაკინს ეჭვი აქვს, ელენას სხვა უყვარსო...

  - ვიფიქრე, რაღაცნაირად დაგეხმარებოდი და...

  - დამეხმარებოდი? ეეჰ, აბელ, აბელ, შენც მაგის მხარეზე ხარ, ორივენი მატყუებთ...

  - გატყუებთ? რატომ უნდა მოგატყუოთ! განა ელენა რამეს შეგპირდა?

  - შენ შეგპირდა?

  - თუ ელენა შენი საცოლეა!...

  - ეგებ შენი გახდა!...

      აბელს ფერი ეცვალა და ხმა ვეღარ ამოიღო.

  - აი, ხომ ხედავ! - ხმის კანკალით წამოიძახა ხოაკინმა, - აი, ხომ ხედავ!

  - რას ვხედავ?

  - ახლა როგორღა გაიმართლებ თავს? რა სინდისით შემომხედავ თვალებში!

  - კარგი, ხოაკინ, მოდი, გულახდილად ვილაპარაკოთ, ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ და ლამის ძმებიც...

  - მერედა, ძმას პირველმა უნდა ჩასცე ხანჯალი?

  - ნუ ცხარობ, ხოაკინ, მოითმინე...

  - მოითმინეო? განა მთელი ჩემი ცხოვრება ერთი გაუთავებელი მოთმინება და გაუთავებელი ტანჯვა არ არის? აი, შენ ყველას უყვარხარ, ყველა გელოლიავება, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიხარ, მხატვარი ხარ და... მე კი...

      ცრემლი ყელში მოებჯინა, სიტყვა ვეღარ დაასრულა.

  - რა უნდა მექნა, ხოაკინ! შენი აზრით, როგორ უნდა მოვქცეულიყავი?

  - რა და, არ უნდა გეცადა მისი მოხიბვლა, რაკი ჩემი გრძნობების ამბავი იცოდი!...

  - მე არაფერ შუაში ვარ, ხოაკინ, დამიჯერე, მან თვითონ...

  - ცხადია, შენ მხატვარი ხარ, თანაც იღბლიანი, ბედის ნებიერი, რომელი ქალი არ ეცდება შენი გულის მონადირებას; ერთი სიტყვით, შენ მისი გული დაიპყარი...

  - არა, დამიჯერე, მე კი არა, მან თვითონ...

  - ჰო, მან, აბა რა, ფარშავანგმა, პროფესიულმა ლამაზმანმა, ჯოკონდამ... შენ მისი პირადი მხატვარი გახდები... ყოველნაირ ვითარებაში დახატავ, ყოველნაირი განათების დროს, ყველა პოზაში, შიშველსაც და ჩაცმულსაც...

  - ხოაკინ!

  - და ასე უკვდავყოფ მას! ისიც იმდენ ხანსვე იცოცხლებს, რამდენსაც შენი ტილოები, უფრო სწორად, კი არ იცხოვრებს, ელენა ხომ არც ცხოვრობს, არამედ იარსებებს, თავადაც ხომ მარმარილოსაგანაა შექმნილი, ქვისაა, ქვასავით ცივი და სასტიკი; შენც მასავით ცივი ხარ და მასავით სასტიკი. ის... უსულო ხორცის ნაჭერია!

  - ასე ნუ ცხარობ, გამიგონე!

  - კიდევაც რომ მამშვიდებ! ეს ხომ მუხანათობაა, უსინდისობა!

      ხოაკინმა იგრძნო, რომ ძალა ერთიანად გამოელია და დადუმდა, გეგონებოდათ, ვნებამ, ასერიგად რომ უღრღნიდა მთელ გულ-გვამს, ლაპარაკის უნარიც წაართვაო.

  - მოდი აქ, ადამიანო, მომისმინე, - ტკბილად მიმართა აბელმა და ამან კიდევ უფრო გაამწარა იგი, - მომისმინე და თავად განსაჯე. აბა, როგორ უნდა შემეყვარებინა ძალით შენი თავი მისთვის, თუკი არ უყვარდი? თუკი საქმროდ ვერ წარმოედგინე!...

  - ვიცი, ყველას ვძულვარ, ასეთი დაწყევლილი დავიბადე!

  - გეფიცები, ხოაკინ...

  - ნუ დაიფიცებ!

  - გეფიცები, ეს რომ მარტო ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული, ელენა დღესვე შენი საცოლე გახდებოდა, ხვალ კი შეიძლება ცოლიც, მე რომ შემძლებოდა მისთვის შემეგონებინა...

  - ერთ ულუფა ოსპის შეჭამანდზეც გაცვლიდი!..

  - არა, ხოაკინ, კი არ გავცვლიდი, სულაც უსასყიდლოდ დაგითმობდი და თქვენი ბედნიერების ცქერითაც კმაყოფილი ვიქნებოდი, მაგრამ თუკი...

  - მას მე ვუყვარვარო, შენ არაო, ეს გინდოდა გეთქვა, არა?

  - ჰო, ეს...

  - ელენამ ხელი მკრა მე. მე, ასე რომ ვცდილობდი მისი გულის მონადირებას. ამ დროს კი, თურმე ის იკლავს თავს შენი გულის დასაპყრობად და შენ კი ხელს კრავ...

  - ასეა! ტყუილად არ გჯერა ჩემი. მან მაცდუნა...

  - ხედავ, რა წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე! პირდაპირ საზიზღრობაა!...

  - წარმოდგენა?

  - დიახ, დიახ! წარმოდგენა! ... საწყალი, შეაცდინეს! ამას არ ჯობდა, შენ შეგეცდინა იგი. საბრალო მსხვერპლი! შენი გულისთვის ქალები აკი ერთმანეთს ხოცავენ!

  - მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ, ხოაკინ!...

  - შენ? მოთმინებას ნუ დამაკარგვინებო? მუხანათი ყოფილხარ, უსინდისო, ასეთი ვერაგობა... ჩვენს შორის სამუდამოდ დამთავრდა ყველაფერი! - მაგრამ უეცრად ხმა გაებზარა და ცრემლმორეულმა ესღა წაილუღლუღა, - შემიბრალე აბელ, შემიბრალე! ხომ ხედავ, ყველა ალმაცერად მიყურებს, მტრულად; ყველა ზურგს მაქცევს... შენ ახალგაზრდა ხარ, ბედისგან გალაღებული, განებივრებული, ქალებიც გაღმერთებენ... დამითმე ელენა... გაიგე, სხვაზე გული არასოდეს შემივარდება... დამითმე ელენა...

  - კიდეც რომ დაგითმო...

  - შენ მარტო ის მოახერხე, რომ მომისმინოს, უკეთესად გამიცნოს, უთხარი, შენი გულისთვის კვდება-თქო, უშენოდ სიცოცხლე არ შეუძლია-თქო.

  - მაშ შენ ელენა არ გცნობია...

  - ორივეს კარგად გიცნობთ! ღმერთის წინაშე დაიფიცე, რომ ცოლად არ შეირთავ...

  - როდისა ვთქვი, ცოლად ვირთავ-მეთქი?

  - ააჰ, მაშ ეს ყველაფერი მარტო იმისთვის მოაწყვეთ, რომ მაეჭვიანოთ? თუ მართლა ასეა, ნამდვილი პრანჭია ყოფილა... პრანჭიაზე უარესიც და უბრალოდ...

  - გეყოფა! - შეუტია აბელმა.

      ისეთი ხმა ჰქონდა, რომ ხოაკინი უნებურად გაჩუმდა და გაოცებული შეაცქერდა მეგობარს.

  - ასე არ შეიძლება, ხოაკინ, შენთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა, აუტანელი გახდი!

      და აბელი წავიდა.

      "ის ღამე ჯოჯოხეთად მექცა, - ჩაუწერია ხოაკინს "აღსარებაში", - ვერა და ვერ მოვისვენე. ვწრიალებდი, ბალიშს კბილებით ვგლეჯდი, წყურვილი მახრჩობდა, დოქი გვერდით მოვიდგი და წამდაუწუმ ვსვამდი, ციებცხელებიანივით მაკანკალებდა. დროდადრო ჩავთვლემდი ხოლმე და რაღაც შემზარავი სიზმრები წამიღებდა. ავდგები და ორივეს დავხოცავ-მეთქი, ვფიქრობდი და ამ მკვლელობის გეგმას დრამისა თუ რომანის სქემასავით ვაგებდი, ათას წვრილმანს ვიგონებდი ამ საშინელი, სისხლიანი შურისგებით შეპყრობილი და თან ჩემს მსხვერპლებთან დიალოგებს ვთხზავდი. დროდადრო გონებაში ისიც კი გამიელვებდა, იქნებ ელენას ჩემი გამწარება უნდოდა და აბელს იმიტომ დაახვია თავბრუ, რომ მასხრად ავეგდე, სინამდვილეში ხომ მას სიყვარულის უნარიც არ გააჩნია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ უსულგულო, თავის თავზე შეყვარებული ხორცის ნაჭერია-მეთქი; და ახლა უფრო მეტს ვფიქრობდი მასზე, უფრო მეძალებოდა ვნება, სიშმაგე. ერთხელ ისიც კი მეზმანა, ვითომ ელენას დავეუფლე, იქვე, გვერდით კი აბელის უსულო გვამი ეგდო. ის ღამე სისხლიანი შურისგების უსასრულო ქარიშხლად, უძალო რისხვად, ჭუჭყიან სურვილებად გადამექცა. გათენებისას ამ ზმანებებით გატანჯულმა დავიწყე განსჯა და თუმცა მივხვდი, არავითარი უფლება არა მქონდა ელენა ჩემად ჩამეთვალა, აბელი მაინც მთელი არსებით შევიძულე; გადავწყვიტე, ამ სიძულვილს გულის სიღრმეში შევინახავ, თვალის ჩინივით მოვუვლი, გავუფრთხილდები-მეთქი; სიძულვილს? მაშინ ჯერ კიდევ არ მინდოდა ამ გრძნობისთვის სახელი მეწოდებინა, არ მინდოდა იმის აღიარება, რომ ეს გრძნობა ჩემთან ერთად იშვა და წინასწარ იყო განსაზღვრული. იმ ღამეს იშვა ჯოჯოხეთიც ჩემს ცხოვრებაში..."

IV

  - ელენა, - უთხრა აბელმა, - ხოაკინზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევს!

  - რატომ, რა მოხდა?

  - როცა შევატყობინებ, დაქორწინებას ვაპირებ-მეთქი, ვინ იცის, რას ჩაიდენს. თუმცა ცოტა დაწყნარდა და ჩვენ ამბავსაც თითქოს შეეგუა, მაგრამ...

  - კარგია, რომ შეეგუა!

  - მაგრამ სიმართლე რომ ვაღიაროთ, მაინც ხომ ვტყუივართ მასთან?

  - რაო? შენც ამას ამბობ? იქნებ გინდათ ქალები პირუტყვად გვაქციოთ, როცა გინდათ, მოგვიყვანოთ, როცა გინდათ, გაგვაგდოთ, გაგვაქირავოთ და გაგვყიდოთ კიდეც?

  - რა სათქმელია, მაგრამ...

  - მაგრამ, რა?

  - ჩვენ ხომ ხოაკინმა გაგვაცნო ერთმანეთი, რათა შენი პორტრეტი დამეხატა. ახლა კი ისე გამოვიდა, რომ მე ვისარგებლე...

  - ძალიან კარგადაც გამოვიდა! განა რამეს დავპირდი? თუნდაც ასე ყოფილიყო, ყველა თავისას ცდილობს...

  - კარგი, მაგრამ...

  - რაო! ეგებ ნანობ კიდეც! მომისმინე, ახლავე რომ მიმატოვო, დღესვე, როცა ყველამ გაიგო ჩვენი ამბავი და დანიშნულებად გვთვლიან, ხოაკინს მაინც არ გავყვები ცოლად, არაფრის გულისთვის არ გავყვები! ასე არასოდეს მძულებია! თაყვანისმცემლებს რა გამომილევს, ორივე ხელის თითები არ მეყოფა, რომ დავთვალო, იმდენია, - და მან თავისი დიდრონი მკლავები ზემოთ შემართა, გრძელი, ლამაზი, ბუდეშურივით თითები, ესოდენ სიყვარულით რომ ხატავდა აბელი, თვალწინ შეუთამაშა.

      აბელმა მაშინვე დაუჭირა ხელები და დაუკოცნა, მერე ტუჩებშიც აკოცა.

  - დამშვიდდი, აბელ!

  - მართალი ხარ, ელენა, რატომ უნდა ჩავიმწაროთ ბედნიერება იმაზე ფიქრით, რას განიცდის და როგორ იტანჯება საბრალო ხოაკინი...

  - საბრალო! საბრალო კი არა, შურიანია და მეტი არაფერი!

  - შურსაც გააჩნია, ელენა...

  - არაფერი უჭირს, ცოტა იდარდოს! - ერთი წუთის ავი დუმილის შემდეგ კი დასძინა: - ჩვენც იმით ვანუგეშოთ, რომ ქორწილში დავპატიჟოთ...

  - ელენა!

  - მერე რა მოხდა? ის ხომ ჩემი ბიძაშვილია, შენი კი უახლოესი, ბავშვობის მეგობარი; ერთმანეთიც მისი წყალობით გავიცანით. თუ შენ ვერ ეტყვი, მე დავპატიჟებ; არ მოვა - ძალიან კარგი, მოვა და, მით უკეთესი...

V

      აბელმა ქორწინების ამბავი რომ შეატყობინა ხოაკინს, მან თქვა:

  - ასეც უნდა მომხდარიყო; სხვას არც ველოდი...

  - ალბათ, გამიგებ...

  - რა თქმა უნდა, გაგიგებ, რა გიჟი და გადარეული მე მნახე! ყველაფერი კარგად მესმის და გაბედნიერებასაც მოგილოცავთ. მე კი, ალბათ, ვეღარ ვეღირსები ბედნიერებას!...

  - თუ ღმერთი გწამს, ხოაკინ, აღარაფერი მითხრა...

  - კარგი, ასე იყოს. გააბედნიერე ელენა და დაე, მან გაგაბედნიეროს შენ. ორივეს გაპატიეთ უკვე...

  - მართალს ამბობ?

  - მართალს ვამბობ, მინდა, რომ გაპატიოთ. მეც, ალბათ, რაღაცას ვეწევი ცხოვრებაში.

  - თუ ცუდად არ ჩამომართმევ, ქორწილში მინდა დაგპატიჟო ჩემი...

  - და მისი სახელითაც, არა?

  - ჰო, მისი სახელითაც...

  - გასაგებია, მოვალ, თუ თქვენს ბედნიერებას, ამით რამეს შევმატებ, აუცილებლად მოვალ.

      ქორწილის დღეს ხოაკინმა აბელს ორი მშვენიერი ოქროს ვარაყიანი დამბაჩა გაუგზავნა. გაუგზავნა იმიტომ, რომ იგი მხატვარი იყო.

  - დამბაჩა იმიტომ გამოგიგზავნა, რომ თუ მოგბეზრდები, მომკლა, - უთხრა ელენამ თავის მომავალ მეუღლეს.

  - ეს რა სათქმელია!

  - განა ხოაკინს ასე ადვილად მიუხვდები... მთელი ცხოვრება სული რაღაცას ხლართავს.

      "ქორწილის ამბავი რომ მაცნობა, - წერდა თავის "აღსარებაში" ხოაკინი, - იმ დღეებში ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სული ყინულად მექცა, გულიც ყინულმა შემისუდრა; ყინული ცეცხლივით მდაღავდა. სულს ვერ ვითქვამდი. ელენასადმი და, განსაკუთრებით, აბელისადმი სიძულვილმა, ამ ყინულივით ცივმა სიძულვილმა, რომლის ფესვები ღვარძლივით შემოეგრაგნა ჩემს სულს და შებორკა, მთლად გამაქვავა. მაგრამ არა, ეს არც ღვარძლი იყო, რაღაც ცივი, დიდი აისბერგის მსგავსი რამ ამოიზარდა ჩემს სულში, უფრო სწორად, ჩემი სული შეეყინა ამ სიძულვილის აისბერგს. იმდენად გამჭვირვალე აისბერგს, რომ მის მიღმა ყველაფერს ცხადად ვხედავდი. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ჩემს წინაშე დანაშაული მართლაც არ მიუძღოდათ, ყოველ შემთხვევაში, იმ მნიშვნელობით, როგორც ყველა ადამიანს ესმის თავისი სიმართლე თუ დანაშაული; კარგად ვიცოდი, რომ ელენასთან სადავო არაფერი მქონდა, ან რა ძალით უნდა შემეყვარებინა მისთვის თავი; თუკი ერთმანეთი უყვარდათ, კიდეც უნდა შეუღლებულიყვნენ, მაგრამ თან ვგრძნობდი, რომ მე თვითონ ვუბიძგე მათ ერთმანეთისკენ, ვუბიძგე არა მარტო იმით, რომ ერთმანეთს გავაცანი, სიყვარულისკენაც მე ვუბიძგე; სწორედ ჩემდამი სიძულვილმა დააკავშირა ისინი ერთმანეთთან. ელენას გადაწყვეტილებას ბევრად შეუწყო ხელი სურვილმა, რომ მე გავეშმაგებინე, დავეტანჯე და ჩემს სულში შური აღეძრა, გავეთანაბრებინე აბელთან, მის საშინელ ეგოიზმთან, რაც ყოველთვის ეღობებოდა წინ სხვისი ტანჯვა გაეგო და თანაგრძნობა აღძვროდა სხვისადმი; ასევე სრულიად უნებურად, დაუფიქრებლად არ აძლევდა თავს ანგარიშს და ვერც ამჩნევდა, რომ სხვა ადამიანებიც არსებობდნენ, უკეთეს შემთხვევაში, ჩვენ, ყველას, მხოლოდ თავისი სურათების მოდელებად მიგვიჩნევდა და მარტო ამდენად ვარსებობდით მისთვის. სიძულვილის უნარიც კი არ გააჩნდა, ისე იყო თავისი არსებით სავსე.

      ჯვრისწერის დღეს სიძულვილი ერთიანად მომედო და მწვავდა. გული ყინულის ნატეხად გადამექცა და მომაკვდინებელმა შიშმა შემიპყრო მოლოდინში, როცა მათ "ჰოს" გავიგებდი; ვაითუ ეს ყინული მთლად დაიმსხვრეს, გული გამეპოს და უსულოდ დავეცე მიწაზე, ანდა სულაც ჭკუაზე შევცდე-მეთქი. ქორწილზე სიკვდილმისჯილივით მივდიოდი, მაგრამ რაც მე იქ დამემართა, სიკვდილზე უარესი იყო; ნამდვილად სიკვდილი მერჩივნა, ნეტავ მართლა მოვმკვდარიყავი! ელენას სილამაზემ თვალი მომჭრა. როცა მომესალმა, მეგონა, გულ-გვამში ყინულივით ცივი ხანჯალი დამიტრიალეს-მეთქი, არა, ყინულზე უფრო ცივი, რადგან თვით გული ყინულზე უფრო გაყინული მქონდა. ეს ხანჯალი მისი ღიმილი იყო, ზიზღნარევი თანაგრძნობის ღიმილი. "მადლობელი ვარ", - მითხრა მან და ეს სიტყვები ისე მომესმა, თითქოს ეთქვას: "საბრალო ხოაკინ!" რაც შეეხება აბელს, არ ვიცი შემამჩნია თუ არა. "დიდად ვაფასებ ამ მსხვერპლს", - განაგრძო ელენამ, რადგან უნდოდა კიდევ რაიმე ეთქვა. "მსხვერპლი რა სათქმელია, - მივუგე მე, - რაკი დაგპირდით მოვალ-მეთქი, კიდეც უნდა მოვსულიყავი, აკი საღად მოაზროვნე კაცად მიცნობენ, უარი როგორ უნდა მეთქვა მეგობრისათვის, ძმისთვის!" ეტყობა, ჩემი ეს ახალი და ვაი, რომ არცთუ სახარბიელო პოზიცია, სასაცილოდაც არ ეჩვენა. ახლა მე ნამდვილად ქვის სტუმარს ვგავდი.

      ახლოვდებოდა საბედისწერო წუთი და მეც წამებს ვითვლიდი. "ცოტაც და ყველაფერი დამთავრდება!" მეჩვენებოდა, გული საცაა გამეპარება-მეთქი, გარკვევით გავიგონე მკაფიოდ ნათქვამი "ჰო", ერთისაც და მეორისაც. "ჰოს" რომ ამბობდა, ელენამ მე შემომხედა, ვიგრძენი, როგორ მომიჭირა ყინულმა მარწუხები, მაგრამ არ შევმკრთალვარ, კრინტი არ დამიძრავს, ვითომ მე სულაც არაფერი მეხებოდა. ამან მთელი ჩემი არსება ჯოჯოხეთური შიშით აავსო. თავი შემზარავ ურჩხულად წარმოვიდგინე, თითქოს აღარც ვარსებობდი და საბოლოოდ ვიქეცი ყინულის ნამტვრევად. მაშინ ტანზე მოვისვი ხელი და კიდეც ვიჩქმიტე, მაჯაც გავისინჯე. "მაინც ცოცხალი ვარ!" - ვარწმუნებდი თავს. არ მინდა ყველაფერი გავიხსენო, რაც იმ დღეს მოხდა. ისინი დამემშვიდობნენ და საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ თაფლობის თვის გასატარებლად. მე წიგნებში ჩავეფალი, ცდებმა გამიტაცა, თან იმ დროისთვის საკმაო პაციენტებიც გამომიჩნდა. ჩემმა გონებრივმა თავისუფლებამ, ასეთი გამოუსწორებელი დარტყმა რომ მომაყენა, კიდეც მიმახვედრა, თურმე სულაც არ მქონია სული, მიბიძგა მეცნიერულ კვლევებში მეძებნა არა ნუგეში, ნუგეში არც მჭირდებოდა და არც მინდოდა, უბრალოდ, ჩემს უზომო პატივმოყვარულ ჩანაფიქრთა განხორციელების გზაზე დამაყენა. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ისეთი სახელი და დიდება მომეპოვებინა, რომ აბელის მზარდი დიდება დამეჩრდილა; მეცნიერული აღმოჩენებით, მედიცინის ხელოვნების, პოეზიის ნამდვილი შედევრებით აბელის ტილოები გამეხუნებინა. ერთ დღესაც იქნება და ელენაც მიხვდება, რომ მხატვარს კი არა, სწორედ მე, ექიმს, თუნდაც არასანდომიან კაცს, შემეძლო ჭეშმარიტი დიდების შარავანდედი დამედგა მისთვის. ისე ჩავეფალი მეცნიერებაში, რომ ზოგჯერ მეჩვენებოდა, ისინი სულაც დამავიწყდნენ-მეთქი. მოვინდომე მეცნიერებისაგან შემექმნა გამაბრუებელი და ძალის მომცემი საშუალებაც!"

VI

      მცირე ხანს არ გაუვლია, რაც ისინი საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, რომ აბელი რაღაც გამოუცნობმა, მძიმე სენმა შეიპყრო; მაშინ დაუძახეს ხოაკინს, რომ გაესინჯა და ემკურნალა მისთვის.

  - ძალიან მეშინია, ხოაკინ, - უთხრა ელენამ, - მთელი ღამე ბოდავდა და სულ შენ გიხმობდა.

      ხოაკინმა დიდის გულისყურით გასინჯა მეგობარი, მერე თვალებში შეხედა ბიძაშვილს და უთხრა:

  - ძალზე მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ იმედი მაქვს გადავარჩენ. აი, საკუთარი თავის გადარჩენის იმედი კი აღარა მაქვს...

  - გადაარჩინე! - შესძახა ელენამ, - რომ იცოდე...

  - ყველაფერი ვიცი! - უპასუხა ხოაკინმა და წავიდა.

      ელენა ქმრის საწოლთან მივიდა და სიცხისაგან გახურებულ შუბლზე ხელი დაადო, თავადაც თითქოს ციებ-ცხელებას შეეპყრო, "ხოაკინ, ხოაკინ! - ბოდავდა აბელი, - გვაპატიე, მაპატიე!"

  - დამშვიდდი, - ყურში ჩასჩურჩულა ელენამ, - დამშვიდდი, ის შენს სანახავად მოვიდა და დამაიმედა, მოვარჩენო, ისიც თქვა, წყნარად იყოსო.

  - მოვარჩენო?...

  - უნებურად იკითხა ავადმყოფმა.

      ხოაკინი შინ დაბრუნდა, თითქოს მასაც ციებ-ცხელება შეჰყროდა, მაგრამ ეს იყო რაღაცნაირი გამყინავი ცხელება. "რა იქნება, რომ მოკვდეს?" - ფიქრობდა იგი. საწოლზე გაუხდელად დაეცა და მის წარმოდგენაში გაიელვა, რა ამბავი დატრიალდებოდა აბელის სიკვდილის მერე: მგლოვიარე ელენა, მერე უკვე ქვრივთან შეხვედრა, ელენას სინდისის ქენჯნა და ერთ მშვენიერ დღეს, მოულოდნელი აღმოჩენა იმისა, თუ რა გვიან მიხვდა, ვინ ყოფილა ხოაკინი, რა განუკურნებელ სასოწარკვეთას შეუპყრია, როგორ სჭირდებოდა დაკარგული ბედნიერების დაბრუნება, როგორ სჭირდებოდა თურმე ელენა; და მერე, როგორ ჩაუვარდება ელენა მკლავებში და აღიარებს ის, მეორე მხოლოდ შემთხვევითი ღალატი, წუთიერი გატაცება, პრანჭია ქალის წამიერი ახირება, ავი სიზმარი იყოო, რომ სინამდვილეში მას ყოველთვის უყვარდა ხოაკინი, მხოლოდ იგი და სხვა არავინ. "მაგრამ ის არ მოკვდება! - თქვა ხოაკინმა, - ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ არ მოკვდეს, არ მოვკლავ, რადგან სასწორზე ძევს ჩემი პატიოსნება და ესეც არ იყოს... ჩემთვის აუცილებელია, რომ მან იცოცხლოს!..."

      ამ სიტყვებით "ჩემთვის აუცილებელია, რომ მან იცოცხლოს!" - ხოაკინის სული ისე ათრთოლდა, მუხის ფოთოლს რომ აათრთოლებს ქარიშხალი. "საშინელი დღეები დამიდგა: - წერდა თავის "აღსარებაში" ხოაკინი, - აბელის ავადმყოფობის დღეები აღსავსე იყო გამოუთქმელი ტანჯვით. მისი სიცოცხლე ჩემს ხელში იყო, შემეძლო მიმეშვა და მოკვდებოდა, შემეძლო დამეჩქარებინა კიდეც მისი სიკვდილი, თანაც ვერც ერთი სულიერი ჩემზე ეჭვსაც ვერ აიღებდა, არც მე დავტოვებდი რაიმე კვალს, ბრალი რომ დაედოთ. სამედიცინო პრაქტიკაში მეტად უცნაური, საეჭვო სიკვდილის უამრავი მაგალითი მოიპოვებოდა, რასაც შემდეგ ტრაგიკულ შუქს ჰფენდა მომდევნო მოვლენები - მაგალითად, ქვრივის ნაჩქარევი ქორწინება და სხვა მსგავსი ფაქტები. დავიწყე ბრძოლა, ასე არასოდეს შევბმივარ საკუთარ თავს - ამ შხამიან გველეშაპს, ასე რომ მიწამლავდა და მიბნელებდა წუთისოფელს. აქ საქმე ეხებოდა ჩემს, ადამიანურ პატიოსნებას, ექიმის პატიოსნებას, ჩემს გონებრივ სიჯანსაღეს, ჩემს ტვინს. ვხვდებოდი, როგორ მკაწრავდა შემპარავი სიგიჟის ბრჭყალები; ლამის ვგრძნობდი კიდეც, როგორ მესობოდა მისი ნესტარი გულში. მაგრამ გავიმარჯვე, აბელი სიკვდილს გამოვგლიჯე! ასეთი ბედნიერი და სულიერად დამშვიდებული ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარ. ჩემი უბედურება ჩემსავე სასიკეთოდ შემობრუნდა. ამ გამარჯვებამ უბედური უბედნიერეს კაცად მაქცია".

  - შენს ქმარს უკვე აღარავითარი საშიშროება აღარ ელის, - გამოუცხადა ერთ მშვენიერ დღეს ხოაკინმა ელენას.

  - მადლობელი ვარ, ხოაკინ, დიდი მადლობელი, - და მან ხელი ხელში წაავლო, ხოაკინი გაყუჩდა, - შენ არ იცი, რა სიკეთე ქენი.

  - არც თქვენ იცით, თავად რა სიკეთე გამოიჩინეთ...

  - ღვთის გულისათვის, ამას ნუ ამბობ, ხოაკინ... ახლა, როცა ასეთი მადლი მოისხი, წარსულს ნუღარ მივუბრუნდებით...

  - არც ვუბრუნდები, უბრალოდ, მართლა დიდი სიკეთე გამოიჩინეთ ჩემს მიმართ. აბელის ავადმყოფობამ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი.

  - აჰა, ეს ავადმყოფობა განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევად მიგაჩნია?

  - სულაც არა, ელენა, იმდენად საინტერესოდ, რამდენადაც მე შემემთხვა... პირადად...

  - არაფერი მესმის!

  - თავადაც არ მესმის. მარტო ის მინდოდა მეთქვა, რომ ამ დღეებში შენი ქმრის გადასარჩენად რომ ვიბრძოდი...

  - პირდაპირ თქვი, აბელის-თქო!

  - კარგი, ასე იყოს, მაშასადამე, მის ავადმყოფობას რომ ვებრძოდი, ამავე დროს ჩემსასაც ვსწავლობდი და თქვენი ბედნიერების შემხედვარემ, გადავწყვიტე... ცოლი შევირთო.

  - აჰა! საცოლე გყავს?

  - არა. ჯერ არა მყავს, მაგრამ მოვძებნი. საკუთარი კერა მინდა და ამიტომ ცოლი უნდა შევირთო, ვაითუ გგონია, ვერ შევხვდები ქალს, ვინც შემიყვარებს!

  - რატომაც ვერ შეხვდები, რა თქმა უნდა, შეხვდები!...

  - მე ვგულისხმობ ქალს, ვინც მე შემიყვარებს.

  - გასაგებია, ქალს, ვისაც ეყვარები...

  - კაცმა რომ თქვას, როგორც საქმრო...

  - ჰო, რასაკვირველია, ბრწყინვალე საქმროდ ითვლები... ახალგაზრდა ხარ, საკმაოდ შეძლებული, კარგი მომავალი გაქვს, მალე სახელსაც მოიხვეჭ, კეთილიც ხარ...

  - კეთილი, მაგრამ არასანდომიანი, არა, ელენა?

  - არა, ხოაკინ, არა, არასანდომიანი სულაც არა ხარ.

  - აჰ, ელენა, ელენა, სად შევხვდები ამისთანა ქალს?

  - ვინც შეგიყვარდება?

  - არა, თუნდაც ისეთს, ვინც არ მომატყუებდა, ყოველთვის სიმართლეს მეტყოდა, არ დამცინებდა, ელენა, არ დამცინებდა!... ვინც მე ცოლად გამომყვებოდა სასოწარკვეთილების გამო, ვისაც ეცოდინებოდა, რომ ჩემს იქით გზა არა აქვს და ამას თავადვე აღიარებდა...

  - შენ მართლა ავად ხარ, ხოაკინ, შეირთე ცოლი!

  - ნამდვილად კი გჯერა, ელენა, რომ მოიძებნება ადამიანი, რომელიც მე შემიყვარებდა?

  - შეუძლებელი არაფერია, როცა ძალიან მოინდომებ, კიდეც მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეუყვარდები!

  - მერე, მე კი მეყვარება ჩემი ცოლი? შევძლებ კი მის შეყვარებას? მითხარი...

  - აბა, რას ამბობ...

  - იცი რა, ელენა, როცა შენ არ უყვარხარ ან არ შეგიძლია სხვას თავი შეაყვარო, ეს ყველაზე დიდი საშინელება მაინც არ არის, ამაზე უარესი ისაა, როცა სიყვარულის უნარი არ გაგაჩნია.

  - დონ მატეო, ჩვენი მრევლის მღვდელიც ამასვე ამბობს, სიყვარული მარტო სატანას არ შეუძლიაო...

  - სატანა კი სულ აქ, ამ ჩვენს დედამიწაზე დაძრწის, ელენა!

  - გაჩუმდი, ასე ნუ ლაპარაკობ!

  - განა ამაზე უარესი არ არის, რომ დღენიადაგ ამას უჩიჩინებ თავს?

  - ნუღარაფერს იტყვი!

VII

      ხოაკინმა გადაწყვიტა საცოლე მოეძებნა და ამ მტანჯველი ვნებისაგან თავი როგორმე დაეხსნა, ეგებ ცოლის ნაზ ალერსს, დედობრივ ზრუნვას გადაერჩინა როგორმე სულში აბობოქრებული სიძულვილისაგან, შეშინებული ბავშვივით ჩაერგო თავი მის მკერდში და არ დაენახა იმ ჯოჯოხეთური ურჩხულის შემზარავი თვალები.

      და აი, საბრალო ანტონიაც დროზე გამოჩნდა!

      ანტონია სწორედ რომ დედობისათვის იყო დაბადებული - სითბოსი და თანაგრძნობის ნამდვილი განსახიერება; გულთმისანივით, საოცარი გუმანით ამოიცნო, რა ჯოჯოხეთიც ტრიალებდა ხოაკინის სულში, მიხვდა, რა სულიერი ხეიბარი იყო, წერას ატანილი და, აი, ამ მწარე ხვედრისთვის შეიყვარა იგი ანგარიშმიუცემლად; რაღაც იდუმალი ძალით იზიდავდა ამ ექიმის ცივი, უკმეხი სიტყვები, კაცისა, ვისაც ადამიანური სიკეთისა არაფერი სწამდა.

      ანტონია ერთადერთი შვილი იყო ქვრივისა, რომელსაც ხოაკინი მკურნალობდა.

  - გგონიათ, მომჯობინდება? - ეკითხებოდა ხოლმე იგი ხოაკინს.

  - ძნელია ამის თქმა, ძალიან ძნელი, საბრალო მეტისმეტად დაუძლურებულია, დასუსტებული, ეტყობა, ბევრი გადაუტანია... გულიც ძალზე სუსტი აქვს...

  - უშველეთ რამე, დონ ხოაკინ, უშველეთ, ღვთის გულისათვის! რომ შეიძლებოდეს, საკუთარ სიცოცხლეს არ დავიშურებდი!

  - ვაი, რომ შეუძლებელია! ესეც არ იყოს, ვინ იცის, იქნებ თქვენი სიცოცხლე სხვას უფრო მეტად სჭირდება ანტონია...

  - ჩემი სიცოცხლე? ვის სჭირდება? რისთვის?

  - ვინ იცის...

      საბრალო ავადმყოფი მალე მიიცვალა.

  - მოსახდენი მოხდა, ანტონია, - უთხრა ხოაკინმა, - აქ მეცნიერება უძლურია!

  - ჰო, ალბათ, ასე ინება უფალმა!

  - უფალმა?

  - ააჰ, - ანტონიამ ცრემლით სავსე თვალებით შეხედა ხოაკინს მშრალსა და მკაცრ თვალებში, - ნუთუ ღმერთი არა გწამთ?

  - მე? ... რა ვიცი!...

      უეცრად ისეთი თანაგრძნობით განიმსჭვალა ეს ღვთისმოსავი ქალი ექიმის მიმართ, რომ წამით დედის სიკვდილიც გადაავიწყდა.

  - რა მეშველებოდა ახლა, ღმერთი რომ არ მწამდეს?

  - სიცოცხლე ყოვლისშემძლეა, ანტონია.

  - მე კი მგონია, სიკვდილია სწორედ ყოვლისშემძლე! აი ახლა.... სულ მარტო... ლამის უთვისტომო...

  - კარგად მესმის შენი, ანტონია, მარტოობა ძალიან ძნელია, მაგრამ შენ დედაშენის წმინდა მოგონება მაინც დაგრჩა, შეგიძლია, ღმერთს შეავედრო... მაგრამ ხომ არსებობს სხვანაირი მარტოობა, გაცილებით უფრო საშინელი მარტოობა!

  - როგორი?

  - ისეთი მარტოობა, როცა კაცი ყველას სძულს, როდესაც მას ყველა დასცინის... მარტოობა კაცისა, ვისაც არასოდეს არავინ ეუბნება მართალ სიტყვას...

  - მერედა, როგორი მართალი სიტყვის გაგონებას ისურვებდით?

  - აი, შენ, მაგალითად, შეგიძლია სიმართლე მითხრა, აქვე, დედაშენის ჯერ კიდევ თბილი ცხედრის გვერდით დაიფიცო, რომ სიმართლეს მეტყვი?

  - რასაკვირველია, გეტყვით.

  - ძალიან კარგი. მაშ მითხარი, განა მე არასანდომიანი კაცი არ ვარ?

  - არა, არა ხართ!

  - ვარ, ანტონია!

  - არა, ტყუილია!...

  - მაშინ როგორი ვარ?

  - როგორი? უბედური კაცი ხართ, ტანჯული...

      ხოაკინის გულში ყინული გალღვა, თვალზე ცრემლი მოადგა, სულიც თითქოს შეუქანდა, აუთრთოლდა.

      სულ მალე ხოაკინმა და ობოლმა ანტონიამ გადაწყვიტეს თავიანთი ურთიერთობა დაეკანონებინათ და როგორც კი გლოვის ვადა გავიდოდა, ჯვარი დაეწერათ.

      "საბრალო ჩემი ცოლი, - წერდა მრავალი წლის შემდეგ ხოაკინი თავის "აღსარებაში", - იძულებული იყო არათუ ვყვარებოდი, და ჩემს განკურნებაზე ეზრუნა, არამედ, კიდეც შებრძოლებოდა ზიზღს, რასაც, ეჭვგარეშეა, ვუნერგავდი. მაგრამ არასოდეს არც დაუჩივლია და არც უგრძნობინებია ეს ჩემთვის. განა შეიძლებოდა მე მასში არ აღმეძრა ზიზღი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი სულის კეთრი, ჩემი სიძულვილის იარა დავანახე! დარწმუნებული ვარ, ისე გამომყვა ცოლად, როგორც მიჰყვებიან ხოლმე კეთროვანს, მხოლოდ ღვთის მომადლებული სიკეთის, ქრისტიანული მსხვერპლშეწირვის თუ თვითგვემის კარნახით, გამომყვა, რათა ჩემი სული გადაერჩინა და ამით, წმინდანობის გმირული გზით - საკუთარიც. და წმინდანიც იყო ჭეშმარიტად! თუმცა კი მაინც ვერ განმკურნა, ვერც ელენასაგან და ვერც აბელისაგან ვერ განმკურნა. უმალ პირიქით, უარესი დამმართა, მისი სიწმინდე სინდისის ქენჯნის ახალ საბაბად და ახალ, სამუდამო საყვედურად მექცა.

      მისი თვინიერება მაშმაგებდა, ზოგჯერ, ღმერთო მაპატიე და, კიდეც მერჩივნა, გაბოროტებული მენახა, ის კი არა, სიძულვილით აღსავსეც კი!"

VIII

      ამასობაში აბელის სახელი მთელმა ქვეყანამ გაიგო, ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად აღიარეს და მისი დიდება საზღვრებსაც კი გასცდა. ამ ქება-დიდებას ხოაკინის სული მწვავე ტკივილით ეხმაურებოდა. "როგორ არა, აბელი მეტად გონიერი მხატვარია, ბრწყინვალედ ფლობს ტექნიკას, ძალზე განათლებულია, თავისი საქმის ოსტატი", - ჩაისისინებდა ხოლმე იგი და ისე შეაქებდა, ლამის ლანძღვას უდრიდა. ხოაკინს მიაჩნდა, რომ თავადაც ხელოვანი იყო, მედიცინაში ნამდვილი პოეტი, გენიალური კლინიცისტი, შემოქმედი, იშვიათი მიხვედრილობის კაცი და ამიტომ, ფიქრობდა, პაციენტებს შევეშვები და მხოლოდ წმინდა მეცნიერებას - თეორიულ პათოლოგიასა და კვლევა-ძიებას შევალევ ჩემს სიცოცხლესო. მაგრამ აკი პაციენტები აძლევდნენ შემოსავალს.

      "და მაინც, მეცნიერული კვლევის გზაზე მართლა შემოსავალზე ფიქრი როდი მეღობებოდა, - ნათქვამია "აღსარებაში", - მეცნიერებისკენ ჩემი ლტოლვა მხოლოდ დიდებისა და პატივის მოხვეჭის, დიდ მეცნიერად ჩემი აღიარების სურვილი იყო, ოღონდ კი ამ გზით დამეჩრდილა აბელის მხატვრობა; სინამდვილეში მარტო შურისგების გრძნობა მამოძრავებდა; შური მინდოდა მეძია მათზე, ორივეზე, დამესაჯა ელენა და სხვებიც; ასე შეიკრა ჩემი შმაგი ოცნებების კვანძი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს უწმინდური ვნება, ბოროტებისა და სიძულვილის მოზღვავება სულის სიმშვიდეს მირღვევდა. არა, ჩემი სული მზად არ იყო მეცნიერული შრომისთვის, რადგან ასეთი შრომა სწორედ რომ სულის სიმშვიდესა და სიწმინდეს მოითხოვდა. ასე იყო თუ ისე, პაციენტებს გულს მაინც ვაყოლებდი. როგორ არა, პაციენტებს გულს ვაყოლებდი, მაგრამ ზოგჯერ შიში ამიტანდა ხოლმე, ისე მაფორიაქებდა და ისე მიფანტავდა გულისყურს ეს ჩემი ვნება, რომ მეშინოდა, ამ საცოდავებს არა ვავნო რა-მეთქი. ერთხელაც ისეთი რამ შემემთხვა, რომ ერთბაშად მთელი სული გადამიტრიალდა. ერთ ქალბატონს ვმკურნალობდი, საკმაოდ მძიმე ავადმყოფი კი იყო, მაგრამ სასიკვდილო ნამდვილად არაფერი სჭირდა. თანაც ამ ამბავს ისიც დაემატა, რომ თურმე აბელს ამ ქალის პორტრეტი დაეხატა, დიდებული პორტრეტი იყო, მის ნახატებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო; როგორც კი ამ ქალის სახლში ფეხი შევდგი, პირველად სწორედ ეს პორტრეტი მომხვდა თვალში; სურათზე გაცილებით ცოცხალი გეჩვენებოდათ, ვიდრე სინამდვილეში იყო, მით უმეტეს, მწოლიარე, ავადმყოფობისგან გატანჯული. პორტრეტი თითქოს მეუბნებოდა: "შემომხედე, მან მე საუკუნო სიცოცხლე მომანიჭა, აბა ახლა ვნახოთ, შენ რაღას იზამ, შესძლებ თუ არა ჩემი ორეულის სიცოცხლე გაახანგრძლივო?" და როცა ავადმყოფის გვერდით ვიჯექი, ვსინჯავდი, მაჯისცემას ვუთვლიდი და ვუსმენდი, მხოლოდ ის, მეორე, სურათზე გამოსახული ქალი მედგა თვალწინ, სულ ერთიანად დავყრუვდი და დავბრმავდი. ავადმყოფი, მალე მიიცვალა; მე მას სიკვდილის საშუალება მივეცი, ამის მიზეზი ჩემი სიბრმავე იყო, ჩემი დანაშაულებრივი უგულისყურობა. შიშმა ამიტანა, საკუთარი თავი შემზიზღდა ასეთი უსუსურობისთვის. ამ ქალის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე დღეს არ გაუვლია და კვლავ იმავე სახლში მიმიწვიეს უკვე სხვა ავადმყოფის სანახავად. იქ რომ მივდიოდი, წინასწარ გადავწყვიტე, პორტრეტს სულაც არ შევხედავ-მეთქი. მაგრამ ამაოდ, პორტრეტი თვითონ მიყურებდა და თვალს მტაცებდა. წასვლა რომ დავაპირე, სახლის პატრონმა კარამდე მიმაცილა, დამშვიდობებისას პორტრეტთან შევყოვნდი და რაღაც საბედისწერო ძალამ წამომაძახებინა:

  - დიდებული პორტრეტია! აბელის ნახატებში, ალბათ, საუკეთესო!

  - დიახ, - მიპასუხა ქვრივმა, - ეს პორტრეტიღა დამრჩა სანუგეშოდ, საათობით ვზივარ ხოლმე და შევცქერი; ზოგჯერ მეჩვენება, ეს-ესაა დამელაპარაკება-მეთქი.

  - დიახ, დიახ, - დავძინე მე, - აბელი, მართლაც, საოცარი მხატვარია!

      სახლიდან რომ გამოვედი, ჩემს თავს ვუთხარი: "მე მოვკალი ეს ქალი, აბელმა კი მკვდრეთით აღადგინა!"

      ხოაკინი ყოველთვის მძიმედ განიცდიდა თავისი ავადმყოფების სიკვდილს, განსაკუთრებით კი ბავშვებისას, მაგრამ სხვისი ავადმყოფების სიკვდილი დიდად არ ტკენდა გულს: "მაინც რატომ უნდა ეცოცხლა?.. - იტყოდა ხოლმე ასეთ შემთხვევაში, - მისთვის სიკვდილი ნამდვილად ღვთის წყალობა იყო..." საკუთარმა სულიერმა მდგომარეობამ ისე დაძაბა და გაამახვილა მისი ფსიქოლოგიური დაკვირვების ნიჭი, რომ ერთი შეხედვითაც კი შეეძლო გამოეცნო თუნდაც ყველაზე უფრო ძნელად ამოსაცნობი ზნეობრივი სენი. გარეგნული წესიერების ნიღაბს მიღმა ადვილად ხვდებოდა, როცა ქმრები მაინცდამაინც თავს არ იკლავდნენ ცოლების დაკარგვისათვის, პირიქით, უხაროდათ, კიდეც; ცოლებსაც ერთი სული ჰქონდათ, სანამ ქმრებისაგან განთავისუფლდებოდნენ, ოღონდ კი სასწრაფოდ ჩაეგდოთ ხელში უკვე წინასწარ შეთვალიერებული გულის რჩეული. როცა გაიგო, მისი პაციენტის, ალვარესის ქვრივი ერთი წლის შემდეგ გარდაცვლილის უახლოეს მეგობარს, მენენდესს ცოლად გაჰყვაო, ხოაკინმა თავისთვის თქვა: "რაღაც მეტისმეტად უცნაურად კი მეჩვენება მისი სიკვდილი; ახლა ნათელია... ამქვეყნად ადამიანზე უფრო ბილწი ცხოველი არ მოიპოვება! მაგალითისათვის ეს სათნო ქალბატონიც კმარა! მერედა, რა კეთილშობილი ქალია!..."

  - ექიმო, - მიმართა მას ერთხელ ავადმყოფმა, - ღვთის გულისათვის, მომკალით, მეტის გაძლება აღარ შემიძლია... დამალევინეთ რაიმე ისეთი, რომ სამუდამოდ დამაძინოს...

      "კაცმა რომ თქვას, რატომ არ შეიძლება მართლაც შევუსრულო თხოვნა ამ უბედურს, - ფიქრობდა ხოაკინი, - ასეთი ტანჯვით სიცოცხლეს რა ფასი აქვს? მებრალება! მაინც რა ცოდვით სავსეა ეს ქვეყანა!"

      რამდენჯერ ყოფილა, რომ ავადმყოფის ბედში საკუთარი უცვნია.

      ერთხელ, მასთან მეზობელი მივიდა, ერთი საწყალი ქალი, დროისა და ჯაფისაგან გატეხილი; თურმე ქმარს მიეტოვებინა, ოცდახუთი წლის ერთად ცხოვრების შემდეგ ვიღაც ქარაფშუტას გადაჰყროდა. მიტოვებული ცოლი კი მასთან მივიდა თავისი დარდის გასაზიარებლად.

  - ვაი ჩემს დღეს, დონ ხოაკინ! - აწუწუნდა იგი, - თქვენზე ამბობენ, ყველაფრის მცოდნეაო. იქნებ რამე ისეთი წამალი იცოდეთ, ჩემი საცოდავი ქმარი გადავარჩინო, იმ თვალთმაქცმა ნამდვილად რაღაც ჯადო გაუკეთა.

  - რა ჯადოზე მელაპარაკები, თუ ღმერთი გწამს?

  - აბა, მაშ რა უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება, ოცდახუთი წელიწადი ერთად გავატარეთ და რაღა ახლა მოუნდა სხვასთან გაქცევა. ჯადოა, მაშ რა!...

  - მე რომ მკითხო, გასაოცარი ის იქნებოდა, დაქორწინებისთანავე რომ მიეტოვებინე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და თანაც...

  - აჰ, არა ბატონო ექიმო, არა! იმან უეჭველად რაღაც საწამლავი დაალევინა და გადარია, თორემ ამას არ იზამდა... ეს არ მოხდებოდა...

  - ჯადო... ჯადო... - წაიბურტყუნა ხოაკინმა.

  - ჰო, სწორედ ჯადო, დონ ხოაკინ, ნამდვილად რაღაც დაალევინა... ამდენი რამ იცით, ექიმო და იქნებ ისიც იცოდეთ, როგორ ვიხსნა...

  - ეეჰ, ჩემო კარგო, მთელი თავისი დღე და მოსწრება ჩვენი წინაპრებიც სულ რაღაც მაცოცხლებელ წყალს ეძებდნენ, ახალგაზრდობა რომ დაებუნებინათ...

      და როცა დარდისაგან განადგურებული ქალი წავიდა, ხოაკინმა თქვა: "ნუთუ ამ ბეჩავს სარკეში მაინც არ ჩაუხედავს? მაშინ ხომ დაინახავდა რას დაამგვანა განვლილმა წლებმა და მძიმე ჯაფამ! მდაბიო ხალხი ყველაფერს ჯადოს, ავ თვალსა და შურს აბრალებს... სამუშაოს ვერ მოძებნიან, შურია მიზეზი... უბედურება რამ შეემთხვევათ, ისევ შური! ხელი მოეცარებათ რამეში და შური! ყველაფერს სხვას აბრალებენ და თავად კი არიან შურიანები! ანდა განა ჩვენ, ყველანი, შურიანები არა ვართ? რაღა შორს მივდივარ, მე თვითონაც ჯადოთი არა ვარ შეკრული?"

      კიდევ მრავალი დღე ფიქრობდა იგი ამ ჯადოზე და ბოლოს დაასკვნა:

      "ეს არის კიდეც პირველცოდვა!"

IX

      ხოაკინმა ანტონია იმ იმედით შეირთო, მყუდრო სავანეს მაინც ვპოვებო და საბრალო ქალმაც უმალ დაინახა თავისი ადგილიცა და დანიშნულებაც ქმრის გულში;’ რა უნდა ექნა, რაკი ასეთი ავადმყოფი და უიმედო სულიერი ხეიბარი არგუნა ბედმა, მისი ქომაგიცა და ნუგეშიც უნდა გამხდარიყო, ასეთი ყოფილა მისი ხვედრი - ძიძობა უნდა გაეწია ქმრისთვის და უდრტვინველად შეურიგდა ამ ხვედრს; აკი თანაგრძნობამ და კეთილმოწყალე სიყვარულმა უბიძგა იმ კაცისკენ, ვინც ისურვა თავისი ცხოვრება მასთან დაეკავშირებინა. ანტონია კარგად გრძნობდა, რომ მას და ხოაკინს შორის რაღაც უხილავი, გამჭვირვალე ყინულის კედელი აღმართულიყო. განა ასეთი კაცი შეიძლება ცოლს ეკუთვნოდეს, ეს შლეგი და წერასატანილი ადამიანი ხომ თავისთავსაც არ ეკუთვნოდა! ცოლქმრული ურთიერთობის ყველაზე უფრო ინტიმურ წუთებშიც კი რაღაც უხილავი ჩრდილი ჩამოწვებოდა ხოლმე მათ შორის და ქალი გრძნობდა, რომ ძალით, ქურდულად სტაცებდა ქმარს კოცნას. ხოაკინი ყოველთვის თავს არიდებდა ცოლთან ელენას ხსენებას, მაგრამ ანტონია მიუხვდა და თითქოს განგებ, როგორც კი სუფრასთან დროს მოიხელთებდა, მაინც ჩამოუგდებდა ხოლმე მასზე სიტყვას. მაგრამ ეს მხოლოდ პირველ ხანებში ხდებოდა, მერე თავადაც ერიდებოდა ელენას ხსენებას. ერთხელ ხოაკინი აბელთან სახლში მიიწვიეს, ელენას დასჭირვებოდა ექიმი. გასინჯა ხოაკინმა და მიხვდა, იგი ფეხმძიმედ იყო. როცა წარმოიდგინა, საკუთარი ცოლი ჯერ ისევ უშვილო იყო, სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თავი დამცირებულად იგრძნო და სირცხვილისაგან ფერი ეცვალა, მით უფრო, რომ სატანამაც არ დააყოვნა და იმწამშივე წასჩურჩულა: "აი, ხედავ, შენ მას მამაკაცობაშიც ვერ გაუტოლდები! კაცი, ვისაც შეუძლია თავისი ხელოვნებით მკვდრეთით აღადგინოს შენი დანაშაულებრივი სიყეყეჩით სასიკვდილოდ განწირულნი, მალე მამა გახდება, ვაჟიშვილი ეყოლება, ამ ქვეყანას ერთ ცოცხალ არსებას შეჰმატებს და იგი იქნება ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი მისი, შენ კი... იქნებ არც ამისი უნარი გაგაჩნია... მამაკაცობაშიც ვერ უტოლდები!..." დაღვრემილი და დასევდიანებული დაბრუნდა ხოაკინი თავის მყუდრო სავანეში, თავის კერაზე.

  - აბელთან იყავი? - ჰკითხა ცოლმა.

  - ჰო, როგორ მიხვდი?

  - სახეზე გაწერია. ის სახლი ნამდვილად შენი სატანჯველია, არ უნდა წასულიყავი...

  - აბა, რა უნდა მექნა?

  - რა და, მოგებოდიშებინა და უარი გეთქვა, ვერ გაიგე, რომ შენთვის მთავარია ჯანმრთელობა და სიმშვიდე...

  - შენ უბრალოდ გეჩვენება...

  - არა, ხოაკინ, რატომ მიმალავ... - ცრემლი ყელში მოებჯინა და სიტყვა ვერ დაასრულა.

      საბრალო ანტონია სკამზე დაეშვა. ქვითინისაგან მთელი ტანი უცახცახებდა.

  - რა დაგემართა, ანტონია, რა მოხდა?...

  - შენ თვითონ თქვი, რა გემართება, ხოაკინ, გამიხსენი გული, მიამბე...

  - მე ბრალი არაფერში მიმიძღვის!...

  - განა ასეა, ხოაკინ, გამოტყდი, სიმართლე მითხარი!

      ხოაკინი ერთხანს ყოყმანობდა, გეგონებოდათ, უჩინარ მტერს, ზურგს უკან ამოფარებულ ეშმას ებრძვისო, მერე კი სასომიხდილმა ძლივს ამოღერღა, ხმა უწყდებოდა, ალაგ კიდეც წამოიყვირებდა:

  - ჰო, გეტყვი სიმართლეს, სრულ სიმართლეს გეტყვი!

  - შენ ისევ გიყვარს ელენა, ისევ ისე გიყვარს!

  - არა, არ მიყვარს, სულაც არ მიყვარს! უწინ მიყვარდა, ახლა კი არ მიყვარს, არა!

  - მაშ რა გემართება?

  - რა?

  - ჰო, გეკითხები?

  - რა?

  - ჰო, გეკითხები, რა არის-მეთქი შენი ტანჯვის მიზეზი? განა ვერ ხედავ, რა დღეში გაგდებს ის სახლი, ელენას სახლი; ის ოჯახი მოსვენებას არ გაძლევს, მაშასადამე, ელენა...

  - არა, ელენა არა! აბელი!

  - აბელზე ეჭვიანობ განა?

  - ჰო, აბელზე, მე იგი მძულს, მძულს, - გამოსცრა ხოაკინმა და მუშტები შემართა.

  - აბელზე თუ ეჭვიანობ... მაშასადამე, ელენა გიყვარს...

  - არა, არა, ელენა არ მიყვარს. ის რომ სხვას გაჰყოლოდა, სულაც არ ვიეჭვიანებდი, არა, ელენა სულაც არ მიყვარს, კიდეც მძულს, ის სამეფო ფარშავანგი, პროფესიული ლამაზმანი, მოდური მხატვრის მოდელი, აბელის ხარჭა...

  - თუ ღმერთი გწამს, ხოაკინ, თუ ღმერთი გწამს!...

  - ჰო, ჰო, ხარჭა... მერე რა მოხდა, რომ კანონიერი ცოლია, შენ გგონია, მღვდლის კურთხევა ქორწინების არსში რამეს ცვლის?

  - ხოაკინ, დაფიქრდი, რას ამბობ, აკი ჩვენც მათსავით ვიქორწინეთ...

  - არა, მათსავით არა, ანტონია, მათსავით არა! ისინი მარტო იმიტომ შეუღლდნენ, რომ მე დავემარცხებინე, თავს ლაფი დაესხათ, სახეში შეეფურთხებინათ, თავი მოეჭრათ, მასხრად ავეგდე.... ერთი სიტყვით, მარტო ჩემს ჯიბრზე შეუღლდნენ...

      და საბრალო ხოაკინს ქვითინი წასკდა, სული ყელში მოებჯინა, ხმა ჩაუწყდა, მოეჩვენა, აღსასრული დამიდგაო.

  - ანტონია... ანტონია... - ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა ბოლოს.

  - ჩემო საბრალო ბავშვო! - შესძახა ანტონიამ და გულში ჩაიკრა.

      ქალმა ავადმყოფი ბავშვივით გულში ჩაიკრა იგი და თან უნანავებდა: - დაწყნარდი, ხოაკინ, დაწყნარდი, ჩემო ხოაკინ... მე აქა ვარ, შენი ცოლი, მუდამ შენი და მარტო შენი. ახლა, როცა შენი საიდუმლო გავიგე, უფრო მეტად ვიქნები შენი, ვიდრე აქამდე, უფრო ძლიერად მეყვარები... დაივიწყე ისინი... ყურადღებას ნუ მიაქცევ, განა ღირსნი არიან, რომ... განა უფრო უარესი არ იქნებოდა, იმისთანა ქალს შეჰყვარებოდი...

  - მაგრამ მთავარი ხომ მაინც აბელია და არა ის, ანტონია...

  - ისიც დაივიწყე!

  - ასე იოლად ვერ დავივიწყებ... სულ თან დამყვება... მისი დიდება, მისი სახელი მოსვენებას არ მაძლევს...

  - იმუშავე და შენც მიაღწევ სახელსა და დიდებას, რითი ხარ მასზე ნაკლები! შეეშვი პაციენტებს, ისინი შენ არც კი გჭირდება, წავიდეთ რენადაში, ჩემი მშობლების სახლში დავსახლდეთ და იქ მშვიდად აკეთე შენი საყვარელი საქმე. შენი მეცნიერული აღმოჩენები ხალხს შენზედაც აალაპარაკებს... თუკი რაიმე შემიძლია, მეც დაგეხმარები, ყოველნაირად ხელს შეგიწყობ... და არც შენ იქნები მასზე ნაკლებად ცნობილი...

  - არ შემიძლია, ანტონია, არ შემიძლია. მისი წარმატება ძილშიაც არ მასვენებს და მშვიდი მუშაობის საშუალებას როგორღა მომცემს... მისი საოცარი ტილოები თვალიდან არ მშორდება, ლანდივით ჩადგება ჩემს თვალებსა და მიკროსკოპს შორის და ვეღარც იმას დავინახავ, რაც ჩემამდე არავის დაუნახავს... არ შემიძლია, არ შემიძლია...

      ხოაკინს ხმა გაებზარა და დამცირებისაგან რეტდასხმულმა და დანთქმულმა, ბავშვივით, საიდუმლოს რომ გაანდობს ვინმეს თითქმის ჩურჩულით, სლუკუნით ძლივს წაილუღლუღა:

  - მათ ბავშვი ეყოლებათ, ანტონია...

  - მერე რა მოხდა, ჩვენც გვეყოლება, - ჩასჩურჩულა მან ყურში და თავისი სიტყვები კოცნით დაამოწმა, - ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი არც ჩვენ მოგვაკლებს წყალობას, აკი ყოველ ცისმარე დღეს ამას ვევედრები.. თან ლურდის წმინდა წყალიც...

  - ნუთუ შენცა გწამს ჯადოები და წმინდა წყლები, ანტონია.

  - მე ღმერთი მწამს!

      "ღმერთი მწამს!" - გაიმეორა ხოაკინმა მარტო რომ დარჩა, მარტო თავის თავთან, თავის "მესთან", - რას ნიშნავს ღმერთი მწამს? სად არის ღმერთი? ეგებ, მეც ვეძიო იგი?

X

      "როცა აბელს ვაჟიშვილი შეეძინა, - წერდა თავის "აღსარებაში" ხოაკინი, - ვიგრძენი, სიძულვილმა ერთიანად დამრია ხელი. აბელმა მთხოვა, ელენას მშობიარობისას თავზე დავდგომოდი, მაგრამ მოვუბოდიშე, უარი ვუთხარი, მშობიარე არასოდეს მყოლია, რაც სხვათაშორის, სიმართლეს შეეფერებოდა, და ამიტომ გამიჭირდებოდა გულგრილობა გამომეჩინა, - ჩემი გაყინული გულის გულგრილობა-მეთქი, ჯობდა მეთქვა, - როცა საკუთარ ბიძაშვილს ასეთ განსაცდელში დავინახავდი. და მაინც ეშმა, ჩემი მუდმივი მეგზური, მაცდური ხმით ჩამჩურჩულებდა, წადი და ჩვილი შენი ხელით მოახრჩვეო. მაგრამ ეს შემაძრწუნებელი აზრი მაშინვე ჩავახშე".

      "ესეც აბელის ახალი გამარჯვება, მხატვრისა კი არა, ამჯერად უკვე მამაკაცისა, - ბავშვი ულამაზესი იყო, სიცოცხლით და ჯან-ღონით სავსე, პირდაპირ ხელოვნების ნიმუში, "ნამდვილი ანგელოზი", - ყველა ასე ამბობდა და ამან უფრო მეტად მიმაჯაჭვა ანტონიასთან, ვისგანაც ველოდი საკუთარ პირმშოს. მთელი არსებით ვნატრობდი, ამ ბრმა სიძულვილის მსხვერპლი, - და იგი ჭეშმარიტად იყო მსხვერპლი, - ჩემი მეუღლე, ჩემი ბავშვის დედა გამხდარიყო, ვინც იქნებოდა ხორცი ხორცთაგანი ჩემი, ეშმა რომ შესჯდომოდა და ასე აწამებდა. ანტონია ჩემი შვილების დედა უნდა გამხდარიყო და ამდენად ყველა სხვა ბავშვის დედაზეც მაღლა უნდა მდგარიყო; აკი საბრალომ თვითონვე ამირჩია, ესოდენ არასანდომიანი, ყველასაგან მოძულებული, განკიცხული; აკი მიიღო ის, ვინც იმ მეორემ ზიზღით და დაცინვით უარყო, ავადაც რომ არასოდეს უხსენებია ისინი!

      აბელის შვილი, აბელინი, - მამის სახელი დაარქვეს საგანგებოდ, მამის გვარი და დიდება რომ გაეგრძელებინა, - დიახ, აბელის შვილი, ვინც დროთა განმავლობაში ჩემი შურისგების იარაღი უნდა გამხდარიყო, მართლაც საოცარი ბავშვი იყო, მეც სწორედ ასეთი ბავშვი მინდოდა და კიდევ უფრო უკეთესიც!"

XI

  - ახლა რაღას გვიმზადებ? - ჰკითხა ერთხელ ხოაკინმა აბელს, როცა ბავშვის სანახავად მივიდა და სახელოსნოში მამა შემოხვდა.

  - მინდა ისტორიულ სიუჟეტზე დავხატო რამე, უფრო სწორად, ძველი აღთქმის სიუჟეტზე და უკვე მასალებს ვაგროვებ...

  - რას? იმ ეპოქის შესაფერ მოდელებს ხომ არ ეძებ?

  - არა, უბრალოდ ბიბლიას ვკითხულობ და მასზე დართულ კომენტარებს.

  - მაშ სწორად მითქვამს, ნამდვილი მეცნიერი მხატვარი ხარ-მეთქი...

  - შენ კი ექიმი-მხატვარი, არა?

  - არა, მეცნიერი მხატვარი კი არა, უფრო უარესი, ლიტერატორი! ფრთხილად, ერთ მშვენიერ დღეს მაგ შენი ფუნჯის მაგივრად კალამი არ შეგრჩეს ხელში!

  - მადლობას მოგახსენებ გაფრთხილებისათვის!

  - მერედა, ასეთი რა სიუჟეტი შეარჩიე იმ შენი სურათისათვის?

  - აბელის სიკვდილისა, პირველი ძმისმკვლელის, კაინის ხელით.

      ხოაკინი გაფითრდა, დაჟინებით შეაცქერდა თავის საუკეთესო მეგობარს და მერე ხმადაბლა ჰკითხა:

  - ეს რაღამ გაფიქრებინა?

  - სულ უბრალო რამემ, - მიუგო აბელმა და არც კი შეუმჩნევია მისი აღელვება, - სახელთა დამთხვევამ, მეც ხომ აბელი მქვია... აი, შიშველი ნატურის ორი ესკიზიც...

  - ჰოო, გაშიშვლებული სხეული?...

  - არა, გაშიშვლებული სული...

  - რაო, მათი სულის დახატვაც ხომ არ მოგინდომებია?

  - ცხადია, კაინის სული - შური და აბელის სული...

  - რა?!

  - ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობდი. აბელის სული ჯერ ვერ ამოვიცანი. ვფიქრობ, მომაკვდავი დავხატო, ღვიძლი ძმის ხელით მიწაზე წაქცეული. აი, სწორედ აქა მაქვს "დაბადება" და ლორდ ბაირონის "კაინი", ხომ არ წაგიკითხავს?

  - არა, ლორდ ბაირონის "კაინი" არ წამიკითხავს. ბიბლიას რაღა გამოსცინცლე?

  - ძალიან ცოტა რამ... თავად განსაჯე, - მაგიდიდან წიგნი აიღო და წაიკითხა:

      "ხოლო ადამ იცნა, ევაი ცოლი თვისი და მიდგომილმან შვა კაინ და თქუა, მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ და შესძინა შობად ძმაი მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა, და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. და აბელ მოართუა მანცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა, ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა..."

  - მერე ასე რატომ მოხდა? - შეაწყვეტინა ხოაკინმა, - რატომ გადმოხედა მოწონების თვალით უფალმა ღმერთმა აბელის მსხვერპლს, კაინისას კი ზიზღით?

  - აქ ეს არაა ახსნილი...

  - მერე, რატომ შენ თავს არა ჰკითხე, თუკი ამ სურათის დახატვა გადაწყვიტე?

  - რატომღაც არ... შეიძლება იმიტომ, რომ უფალმა ღმერთმა უმალ ამოიცნო კაინში მომავალი ძმისმკვლელი... მოშურნე...

  - ისე გამოდის, თვითონ მას შეუქმნია იგი მოშურნედ... ეტყობა, მანვე შეასვა ეს შხამიც. აბა, განაგრძე.

  - "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე, ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ, შენდამი მიქცევაი მისი და შენ ჰმთავრობდი მას..."

  - და ცოდვამ გაიმარჯვა, - გააწყვეტინა ხოაკინმა, - რადგან ღმერთმა თვითონ შეუწყო ხელი ამას, განაგრძე!

  - "და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თვისისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თვისისა, და მოკლა იგი და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ..."

  - გეყოფა! მეტს ნუღარ წაიკითხავ! უკვე აღარ მაინტერესებს, რა უთხრა უფალმა კაინს მას შემდეგ, რაც მოსახდენი მოხდა.

      ხოაკინი მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, თავზე ხელები შემოიჭდო და თავისი გაყინული, გამჭოლი მზერა მიაპყრო რატომღაც შემკრთალ აბელს, მერე კი ჰკითხა:

  - არ გაგიგონია ერთი საგანგებო ხუმრობა, სკოლაში რომაა გავრცელებული? მოსწავლეებს, რომლებიც საღვთო წერილს ზუთხავენ, ასეთ კითხვას დაუსვამენ ხოლმე: "ვინ მოკლა კაინი?"

  - არ გამიგონია!

  - მომისმინე, ამ კითხვაზე ბავშვები სხარტად პასუხობენ: "მისმა ძმამ აბელმა".

  - არ ვიცოდი!

  - ახლა ხომ იცი. აბა, შენ მიპასუხე, რაკი ამ ბიბლიური სცენის დახატვა განგიზრახავს... ბიბლიური! ფიქრად მაინც არასოდეს მოგსვლია, კაინს რომ არ მოეკლა აბელი, სავსებით მოსალოდნელი იყო, აბელს მოეკლა თავისი ძმა?

  - ეს რამ გაფიქრებინა?

  - აბელის კრავები ხომ ეამებოდა უფალს და მას, ცხოვართა მწყემსს, მოწყალე თვალითაც უყურებდა უზენაესი; ხოლო კაინის, ქუეყანასა მშრომელისა მიერ მირთმეული ნაყოფთაგანი მიწისა არ ეამებოდა და კაინმაც დაკარგა უფლის წყალობის იმედი. აბელი იყო უფალი ღმერთისგან გალაღებული და განებივრებული... კაინი მისგან მოძულებული...

  - მერე ეს რა აბელის ბრალია?

  - აჰა, შენ გჯერა, რომ ბედის ნებიერთ, გალაღებულთ და ნაფერებთ სულ არ მიუძღვით ბრალი, არა? ისიც ხომ დანაშაულია, რომ ამ უპირატესობას, დაუმსახურებელ წარმატებას არ მალავენ, თუმცა კი ამის ხმამაღლა გამოცხადებაც სირცხვილია და, პირიქით, ამით თავიც მოაქვთ, ქვეყანას ამცნობენ, ასეთ და ასეთ პატივში ვართო; მე პირადად ეჭვიც კი არ მეპარება, რომ აბელი თვალშიც კი ეჩხირებოდა კაინს, თავს იწონებდა მის წინაშე, უფალი მწყალობსო და აღიზიანებდა ხოლმე თავის კოცონებით, როცა მსხვერპლს სწირავდა ღმერთს. ისინი, ვინც თავიანთ თავს სათნოებისა და სამართლიანობის ნიმუშად ასაღებენ, სინამდვილეში ქედმაღლები აღმოჩნდებიან ხოლმე და ამ თავისი მოჩვენებითი სათნოებითა თუ სამართლიანობით სხვებს თვალებს უხვევენ და არცხვენენ. ვიღაცას უთქვამს, ეგრეთ წოდებულ საპატივცემულო კაცზე უფრო დიდი მამაძაღლი ამ ქვეყანაზე არ მეგულებაო...

  - შენ რა იცი, - ჰკითხა ამ საუბრის სერიოზულობით გატაცებულმა აბელმა, - რომ აბელი ამ თავისი უპირატესობით თავს იწონებდა?

  - ეჭვიც არ მეპარება, რომ სულ პატარა პატივისცემაც კი არ გამოუმჟღავნებია თავისი უფროსი ძმის მიმართ და არც უფლისათვის უთხოვია, მასზედაც მოიღე მოწყალებაო. უფრო მეტიც, სწორედ ამ პატარა აბელიტოებმა გამოიგონეს ჯოჯოხეთიც პატარა კაინებისათვის, თორემ მაშინ მათ დიდებას რა ფასი ექნებოდა. მათი, ამ ტანჯვისაგან თავისუფალთა ნამდვილი სიხარული ხომ სხვათა ტანჯვის ჭვრეტაშია, მხოლოდ...

  - ეეჰ, ხოაკინ, მაინც რა დაუნდობელი კაცი ხარ!

  - ჰო, თავის თავის ექიმი ჯერ არავინ ყოფილა, ახლა კი მომეცი ლორდ ბაირონის "კაინი", მინდა წავიკითხო.

  - წაიღე!

  - ერთი ეს მითხარი, შენი ცოლი არაფერს შთაგაგონებს ამ სურათისათვის? რაიმე აზრს არ გკარნახობს?

  - ჩემი ცოლი? ამ ტრაგედიაში ხომ ქალი არც მონაწილეობს!

  - იგი ყოველ ტრაგედიაში მონაწილეობს, აბელ!

  - იქნებ ევაც...

  - სწორედ ევა... მან ხომ ერთი ძუძუ აწოვა ორივეს... ერთი სამსალა..

XII

      ხოაკინმა რომ ლორდ ბაირონის "კაინი" წაიკითხა, "აღსარებაში" მოგვიანებით ჩაწერა: "ამ წიგნისგან მიღებული შთაბეჭდილება შემზარავი იყო. მაშინვე ვიგრძენი, რაოდენ მჭირდებოდა, ვინმესთვის გადამეშალა გული და მაშინ ჩავწერე კიდეც ზოგიერთი რამ, რაც დღემდე შემოვინახე და აი, ესეც. მაგრამ განა მხოლოდ გულის გადაშლა იყო ეს? არა. მგონი უფრო იმ მიზნით შემოვინახე, რომ ერთ მშვენიერ დღეს რაიმე გენიალური ნაწარმოებისათვის გამომეყენებინა. ჩვენ ყველას პატივმოყვარეობის ჭია გვღრღნის, მზად ვართ, ყველაზე იდუმალი და სამარცხვინო სენიც კი ქვეყანას დავანახოთ. მჯერა, სულ არ გაგვიჭირდება ისეთი კაცის მონახვა, რომელიც შავ ჭირსაც კი არ დამალავდა, ოღონდ კი სხვათა ყურადღება მიეპყრო, განა თვით ეს "აღსარება" უფრო მეტი არ არის, ვიდრე, გულის გადაშლა? ზოგჯერ ისიც მიფიქრია, ამ "აღსარებას" დავხევ და ამით კიდეც გავთავისუფლდები-მეთქი. მაგრამ განა ეს გამათავისუფლებდა? არა! ამ ტანჯვას არ მერჩივნა, ერთი კარგი სპექტაკლი მომეწყო ჩემივე თავისთვის? განა ბოლოს და ბოლოს ჩვენი ცხოვრებაც სპექტაკლი არ არის? ლორდ ბაირონის "კაინი" პირდაპირ გულში მომხვდა. რა სამართლიანად სდებს ბრალს კაინი თავის მშობლებს იმის გამო, რომ მათ იგემეს ნაყოფი ხისაგან ცნობადისა იმის ნაცვლად, რომ ეგემათ ნაყოფი ხისაგან ცხოვრებისა. რაც შემეხება მე, მეცნიერებამ უფრო მეტად გამიმწვავა ჭრილობა. "ვაი, რომ მერჩივნა სულაც არ მოვსულიყავი ამქვეყნად! - კაინთან ერთად ვიმეორებდი მეც, რატომ გავჩნდი? რად მინდა ეს სიცოცხლე? ვერაფრით ვერ ამიხსნია, როგორ არ მოიკლა კაინმა თავი! განა ამაზე კეთილშობილური დასაბამი ექნებოდა კაცობრიობის ისტორიას? ანდა რატომ არ მოიკლა თავი ადამმა და ევამ ცოდვით დაცემის შემდეგ? მაშინ ხომ აღარც შვილები ეყოლებოდათ! თუმცა იაჰვე მათივე მსგავს სხვა კაინს და სხვა აბელს მაინც შექმნიდა! ნუთუ ეს ტრაგედია სხვა სამყაროში, ვარსკვლავთა სისტემის სხვა პლანეტაზე არ გამეორებულა? ანდა იქნებ, ამ ტრაგედიას სხვა დადგმებიც აქვს, მიწიერისგან განსხვავებული? ნეტავ თუ მართლა დადგმა იყო ეს? როცა ის ადგილი წავიკითხე, სადაც ლიუციფერი კაინს განუცხადებს, უკვდავი ხარო, შეძრწუნებულმა გავიფიქრე, რა მეშველებოდა, მეც რომ უკვდავი ვიყო, მაშინ ხომ ჩემთან ერთად ჩემი სიძულვილიც უკვდავი იქნებოდა-მეთქი. "ნუთუ სული მაქვს? - ვეკითხებოდი თავს, - და ნუთუ ეს სულია სწორედ ჩემი სიძულვილიც? "და მე ვიფიქრე, უეჭველად ასე იქნება, რადგან ასეთი სიძულვილი არ შეიძლება მარტო სხეულის უბრალო ფუნქცია იყოს-მეთქი. ის, რისი აღმოჩენაც სხვებში სკალპელის მეშვეობითაც კი ვერ შევძელი, ახლა სულ უბრალოდ აღმოვაჩინე ჩემს საკუთარ არსებაში. ხრწნად სხეულს ასეთი სიძულვილის უნარი არ შეიძლება გააჩნდეს. ლიუციფერს ღმერთის დამხობა და მისი ადგილის დაჭერა უნდოდა, მე კი პატარაობიდანვე იმის ცდაში ვიყავი, ჩემს ტოლებში პირველობა მომეპოვებინა. და მაინც, თუ შემოქმედის, ყოველი უბედურების შემქმნელის ნება არ იყო, ასეთი უბედური როგორ დავიბადე! რამდენადაც იმ აბელს ეადვილებოდა თავისი ცხვრების მწყემსვა, იმდენადვე ეადვილებოდა ამ აბელს თავისი სურათების ხატვა. მაგრამ ახლა ჩემიცა ვთქვათ, განა მეც ასე იოლად ამოვიცნობდი ხოლმე ჩემი პაციენტების სენს? კაინი ჩიოდა, რომ ადას, მისი გულის სწორს, ცოლს მისას და დას მისას არ ესმოდა მისი სულის ბორგვა. მაგრამ ჩემს ადას, ჩემს საბრალო ადას ხომ კარგად ესმოდა ჩემი ტანჯვა. ესმოდა, რამეთუ ქრისტიანი იყო, თუმცა კაინის მსგავსად, ვერც მე ვპოულობდი ცოლის გულში თანაგრძნობას...

      ამდენი სულთმობრძავის მნახველს, ამდენი სიკვდილის მომსწრეს, სანამ ბაირონის "კაინი" არ წავიკითხე, აზრადაც არ მომსვლია, სიკვდილზე დავფიქრებულიყავი და რამენაირად მეცადნა მისი ახსნა. ახლა კი ვფიქრობდი, ნუთუ ჩემთან ერთად მოკვდება ჩემი სიძულვილიც ანდა იქნებ სულაც მე ამომიჭამოს-მეთქი. ნუთუ მართლა შეიძლება სიძულვილმა მისი პატრონი ამოიჭამოს? ნუთუ ამ სიძულვილში არის რაიმე ისეთი სუბსტანციური, რაც შეიძლება შთამომავლობასაც გადაეცეს, ანდა იქნებ სწორედ ეს არის სულიც და თვით არსი სულისაც? და მე ლამის ვირწმუნე ჯოჯოხეთიც და ისიც, რომ სიკვდილი არის რაღაც არსება, არის დემონი, განსახიერებული სიძულვილი, სულის ღმერთი! თუ რამ მეცნიერებამ ვერ მასწავლა, ამ უდიდესი მოძულის, ლორდ ბაირონის შემაძრწუნებელმა პოემამ გამაგებინა. და აკი ჩემი ადაც ასევე მორიდებით მისაყვედურებდა ხოლმე, როცა არ ვმუშაობდი, როცა არ შემეძლო მუშაობა, მაგრამ ლიუციფერი მაინც ჩვენს შორის იდგა, მე და ჩემს ადას შორის: "ნუ, ნუ აჰყვები იმ სულს!" - მეუბნებოდა ჩემი ადაც, საბრალო ანტონია! როგორ მევედრებოდა, ამ სულისაგან დამიცავიო! საბრალო ჩემმა ადამ ჩემსავით მაინც ვერ შეიძულა ისინი, მაგრამ მე კი შევიყვარე ნამდვილად ანტონია? აჰ, ამის უნარი რომ მქონოდა, მაშინ ხომ კიდეც გადავრჩებოდი! მაგრამ მე მხოლოდ და მხოლოდ შურისძიების იარაღად მესახებოდა და თუ მიყვარდა, მარტო იმიტომ, რომ მასში ვჭვრეტდი მომავალ დედას, ჩემი ვაჟიშვილისას თუ ქალიშვილისას, ვისაც ჩემი ჯავრი უნდა ამოეყარა. აკი მე უგუნურს იმედი მქონდა, მამობა სიძულვილისგან განმკრუნავს-მეთქი. ეგებ ცოლიც იმიტომ შევირთე, რომ ჩემივე მსგავს მოძულეთა მამა გავმხდარიყავი, მათთვის გადამეცა ჩემი სიძულვილი და ასე უკვდავმეყო იგი? კაინსა და ლიუციფერს შორის მომხდარი სცენა სივრცის უფსკრულში, გულზე ცეცხლად მომედო; როცა ჩემს მეცნიერებას უეცრად ჩემი ცოდვის თვალსაზრისით შევხედე, მაშინღა მივხვდი, რომ ამაო იყო საწამებლად და დასაღუპად უკვე განწირულთა სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. მივხვდი იმასაც, რომ ეს უკვდავი სიძულვილი იყო სწორედ ჩემი სულიც, ისიც დავიჯერე, რომ ეს სიძულვილი ჩემს გაჩენას უძღოდა წინ და ჩემი სიკვდილის შემდეგაც დარჩებოდა ფიქრი მარადიულ სიცოცხლეზე, რომლის მუდმივი თანამგზავრი იქნებოდა სიძულვილი, ნამდვილ ჯოჯოხეთად წარმომიდგა, მე კი მისი არსებობა სასაცილოდაც არ მყოფნიდა. აი, რა იყო ჯოჯოხეთი! როცა ის ადგილი წავიკითხე, სადაც ადა და კაინი თავიანთ შვილზე ენოქზე ლაპარაკობენ, ჩემს მომავალ შვილზე დავფიქრდი, სულ ერთია, ვინც იქნებოდა, ვაჟი თუ ქალი, შენზე დავფიქრდი, ჩემო გოგონავ, ჩემი ცოდვების გამოსყიდვავ და ჩემო ნუგეშო; წარმოვიდგინე, როგორ მოევლინები ამქვეყანას ერთ მშვენიერ დღეს ჩემს გადასარჩენად. ვკითხულობდი, როგორ ელაპარაკებოდა კაინი თავის მძინარე უცოდველ ყრმას, თავისი სიშიშვლისაც რომ არა ესმოდა რა და ვფიქრობდი, განა დანაშაული არ ჩავიდინე, შენ რომ ჩაგსახე, ჩემო საბრალო შვილო! განა ამას ოდესმე მაპატიებ? ადას კაინთან საუბარმა გამახსენა ნეტარი წლები, როცა ჯერ კიდევ არ ვილტვოდი ჯილდოებისაკენ და არ ვიბრძოდი პირველობისათვის ჩემს ტოლებს შორის. არა, ჩემო შვილო, არა, ჩემი მეცნიერული კვლევები სუფთა გულით არ მიმიძღვნია უზენაესისთვის; არასოდეს მიძებნია სიმართლე და ცოდნა, მე მხოლოდ ჯილდოსა და დიდებას ვეძებდი და მის დაჯაბნაზე ვოცნებობდი.

      მას კი, აბელს, ჭეშმარიტად უყვარდა თავისი ხელოვნება და ეთაყვანებოდა, მას მხოლოდ წმინდა ზრახვები ამოძრავებდა და თავისი ხელოვნებით ჩემი დამდაბლება აზრადაც არასდროს მოსვლია, არა! მას არ წაურთმევია ჩემთვის დიდება, არა! მე კი, უგუნური, მისი საკურთხევლის შერყევაზე ვოცნებობდი! თურმე რარიგად ვცდებოდი! ვცდებოდი იმიტომ, რომ არასოდეს არავიზე მიფიქრია, საკუთარი თავის გარდა!.

      ამ შემაძრწუნებელი, დემონური პოეტის მიერ აბელის სიკვდილის ეპიზოდის აღწერამ სულ ერთიანად ამირია ჭკუა-გონება, ეს რომ წავიკითხე, ვიგრძენი, როგორ გადაბრუნდა ჩემს არსებაში ყველაფერი და ამ დღიდან, ამ უღმერთო ბაირონის წყალობით, ჩამესახა რწმენა".

XIII

      ანტონიამ ხოაკინს ქალიშვილი გაუჩინა; "ქალიშვილი! - თქვა მან თავისთვის, - მას კი ვაჟიშვილი ჰყავს!" მაგრამ მაშინვე სცადა თავიდან მოეშორებინა ბნელი აზრები, ავი სული რომ ჩასჩიჩინებდა. ხოაკინმა თავისი ვნებიანი სულის მთელი ძალით შეიყვარა შვილი და მასთან ერთად დედამისიც. "ის იძიებს ჩემს მაგივრად შურს!" - გადაწყვიტა მან, თუმცა კი არ ესმოდა მაინც ვისზე უნდა ეძია შური, მერე გადაიფიქრა, "არა, მე იგი დამეხმარება, სულიერად განვიწმინდო!"

      "მერე დავიწყე ყველაფერი ამის ჩაწერა, - ნათქვამია "აღსარებაში", - ჩემი ქალიშვილისათვის, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ მაინც გაეგო სიმართლე უბედური მამამისის შესახებ და სიბრალული და სიყვარული აღძვროდა. აკვანში მძინარეს რომ დავყურებდი, ასეთ უბიწოსა და უცოდველს, ვფიქრობდი, უზადო და სპეტაკი უნდა აღვზარდო-მეთქი, მაგრამ ამისათვის ჯერ მე უნდა განვწმენდილიყავი და განმეკურნა კეთროვანი სული. მინდოდა ყველა ჰყვარებოდა და მით უმეტეს, ისინი. და აქ, მის უმანკო აკვანთან დავიფიცე, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ ჯოჯოხეთურ ბორკილებს თავს დავაღწევ-მეთქი. უპირველეს ყოვლისა, აბელის დიდებაზე უნდა მექადაგა".

      აბელ სანჩესმა დაამთავრა თუ არა სურათი, მაშინვე გამოფენაზე წაიღო და ამ შედევრმა უმალ საერთო აღიარება მოიპოვა, ყველას აღტაცება გამოიწვია. აბელი საპატიო მედლით დააჯილდოვეს.

      ხოაკინიც დადიოდა გამოფენაზე, საათობით იდგა ხოლმე სურათის წინ და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს სარკეში იყურებოდა, თან მნახველებსაც აკვირდებოდა და სულ იმას ცდილობდა, მათი გამომცდელი მზერა დაეჭირა, რადგან ეჩვენებოდა, ისინი ღვარძლიანად შესცქეროდნენ და სურათზე გამოსახულ კაინსა და ხოაკინს შორის მსგავსებას ეძებდნენ.

      "ეჭვი მღრღნიდა, - წერდა იგი თავის "აღსარებაში", - რომ აბელ სანჩესი კაინის ხატვის დროს ჩემზე ფიქრობდა, იხსენებდა ჩვენი საუბრის წვრილმანებს, როცა მის სახელოსნოში ვისხედით და ამ სურათის დახატვის სურვილი გამიმჟღავნა, მერე "დაბადებიდან" ნაწყვეტებიც წამიკითხა; მაშინ ისე ვიყავი საკუთარ თავში ჩაფლული, სულ დამავიწყდა ბიბლიური კაინი და მის წინაშე ერთიანად გავაშიშვლე ჩემი ავადმყოფი სული. მაგრამ არა! აბელის კაინი ერთი ბეწოთიც არ მგავდა! მისი ხატვის დროს სულ არ უფიქრია ჩემზე და მაშასადამე, არც ჩემდამი სიძულვილი ჰქონდა, არც სიძულვილით დაუხატავს და არც ელენას ვუხსენებივარ მასთან. მათ ისიც ჰყოფნიდათ, რომ წინასწარ ტკბებოდნენ გამარჯვებით; ჩემზე საფიქრებლად და სალაპარაკოდ სად მოიცლიდნენ!

      მაგრამ ის უფრო მეტ ტანჯვას მგვრიდა, რომ მათ არამცთუ არ უფიქრიათ ჩემზე, არამედ, სიძულვილითაც კი არ ვძულებივარ. მერჩივნა, აბელსაც ისევე ვძულებოდი, როგორც მე მძულდა იგი. ეს უკვე რაღაც სხვა იქნებოდა და ეს "რაღაც სხვა" ეგებ ჩემი გადარჩენის საწინდარიც გამხდარიყო".

      ბოლოს ეს მტანჯველი ფიქრები ერთმა აზრმა გაუნათა, იფიქრა, აბელის გამარჯვება უნდა აღინიშნოს და საგანგებო ნადიმი გაიმართოსო. განაცხადა, რაკი აბელის ყველაზე ძველი და ახლო მეგობარი მე ვარ, ნადიმის მოწყობის ყველა საზრუნავს ჩემს თავზე ავიღებო.

      ხოაკინს კარგი მჭერმეტყველის სახელი ჰქონდა დავარდნილი. სამეცნიერო და სამედიცინო აკადემიაში ტოლს ვერავინ დაუდებდა ლაპარაკში. მისი ბასრი, გონიერი, ზუსტი და, როგორც წესი, სარკასტული სიტყვა, ცნობილი იყო. მისი გამოსვლები ენთუზიასტ დამწყებთ ცივი შხაპივით აფხიზლებდა და პესიმისტური სკეპტიციზმის დაუვიწყარ გაკვეთილად რჩებოდა. იგი ავითარებდა აზრს, რომ მედიცინაში ზუსტი არაფერი არსებობს, რომ ყველაფერი დაფუძნებულია ჰიპოთეზებზე, მეტ-ნაკლებად გამჭრიახ მიხვედრილობაზე და ერთადერთი სწორი მიდგომა მხოლოდ ვარაუდიაო. ამიტომ როცა ხმა გავარდა, ხოაკინი ნადიმს მართავსო, უმეტესობა ელოდა, რომ მოისმენდა გესლიან, ორაზროვან სიტყვას, მშრალი, გონებისმიერი ფერწერის სარკასტულ ხოტბას და წინასწარ ტკბებოდნენ, რა დაუნდობელი, თუმცა პირმოთნეობის სამოსელში გამოწყობილი ანატომირება ელოდა აბელის ფერწერას. ვისაც ერთხელ მაინც მოესმინა ხოაკინის აზრი აბელის მხატვრობაზე, სულ იქედნურად ეცინებოდა. მოსალოდნელი საშიშროების თაობაზე აბელსაც ჩასჩურჩულეს.

  - ცდებით, - უპასუხა აბელმა, - ხოაკინს კარგად ვიცნობ და ვერც დავიჯერებ, რომ ასეთ რამეს ჩაიდენს. მისი ახირებული ხასიათიც მომეხსენება, მაგრამ მხატვრული ალღო ჭეშმარიტად აქვს და თუ იტყვის, ისეთს იტყვის, რომ მოსასმენად ღირდეს. სხვათა შორის, მისი პორტრეტის დახატვა მინდა.

  - პორტრეტის?

  - ჰო, ჩემსავით ხომ მას არავინ იცნობს. ხოაკინს ნამდვილად ცეცხლოვანი და მეამბოხე სული აქვს.

  - მაგაზე ცივი კაცი!...

  - არა, ასე მხოლოდ შორიდან ჩანს. ეს სიცივე საფარველია, შიგნიდან კი ისეთი ცეცხლი უგიზგიზებს, მთლად გადაგბუგავს...

      აბელის ასეთმა მსჯელობამ ხოაკინის ყურამდეც მიაღწია და უფრო ააბორგა მისი სული, უფრო გააღვივა მისი ეჭვი და მერყეობა. "ნეტავ სინამდვილეში რას ფიქრობს ჩემზე? - თქვა მან. - ნუთუ მართლა ჰგონია, რომ ცეცხლოვანი და მეამბოხე სული მაქვს? იქნებ უბრალოდ მიაჩნია, რომ ბედის ახირების მსხვერპლი ვარ და მეტი არაფერი?"

      ერთხელ ისეთი რამ ჩაიდინა, რომ მერე სულ სირცხვილით იწვოდა. ისე მოხდა, რომ ხოაკინის სახლში მოახლედ აიყვანეს ქალი, რომელიც ადრე აბელთან მსახურობდა. ხოაკინი ძალზე შინაურულად ექცეოდა, თან ცდილობდა თავისი რეპუტაციისათვის ჩრდილი არ მიეყენებინა; გადაკრულ და ორაზროვან სიტყვებსაც კი არ ერიდებოდა, ოღონდ კი როგორმე დაეცდევინებინა, რას ლაპარაკობდნენ მასზე აბელის სახლში.

  - აბა, ერთი მითხარი, რას ლაპარაკობდნენ ხოლმე ისინი ჩემზე?

  - სულ არაფერი გამიგინოა სენიორიტო, სულ არაფერი.

  - დავიჯერო, არც ერთხელ არ ვუხსენებივართ?

  - არა, ხსენებით კი გახსენებდნენ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ.

  - სულ არაფერი?

  - არ ვიცი, მე კი არაფერი გამიგონია; სუფრასთან, როცა კი შევსწრებივარ, ძალიან ცოტას ლაპარაკობდნენ; ისიც ჩვეულებრივ ამბებზე და კიდევ მის სურათებზე...

  - გასაგებია, მაშასადამე, ჩემზე არასოდეს არაფერი გაგიგონია?

  - არა, არაფერი არ მახსენდება.

      მოახლეს რომ განშორდა, ხოაკინმა საკუთარი თავისადმი ზიზღი იგრძნო: "ნამდვილი იდიოტივით მოვიქეცი, - თქვა მან, - რას იფიქრებდა ჩემზე ის გომბიო?" ისე შეაწუხა ამ აზრმა, რომ პირველივე მიზეზი დაიხვია ხელზე და სახლიდან დაითხოვა. "ვაითუ ისევ აბელთან დაბრუნდეს, - მერე მოეგო გონს ხოაკინი, - და ყველაფერი უამბოს?" იგი მზად იყო ცოლისთვის ეთხოვა, მოახლე უკანვე დააბრუნეო, მაგრამ რატომღაც ვერ გაბედა, ქუჩაში გასვლისაც ეშინოდა, სადმე არ გადავეყაროო.

*გაგრძელება*

ნახვა: 3785

გამოხმაურებები!

უნამუნოც ზრაპრებს ყვება მგონი :( 

მე მომწონს უნამუნო ^_^ შეიძლება ზოგ რამეში არ დაეთანხმო, მაგრამ მაინც...

salome უნამუნოსაც მოეწონებოდი, უბრალოდ არ კითხულობს შენს პოსტებს :( :@ ამპარტავანი ეგ! 

salome_მ თქვა:

მე მომწონს უნამუნო ^_^ შეიძლება ზოგ რამეში არ დაეთანხმო, მაგრამ მაინც...

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters