ვირჯინია ვულფი - სამეფო ბაღი

ოვალური ფორმის ყვავილნარიდან ასიოდე ღერო იყო ამომართული, რომელიც გულის თუ ენის ფორმით ვრცელდებოდა მიწასთან ძალიან ახლოს და წითელ, ლურჯ, ყვითელ ფურცლებად იშლებოდა ხშირი, ფერადი ლაქებით მოფენილ ჭალის მწვერვალზე. ჭალის ძირის წითელი, ლურჯი, ყვითელი ბინდ-ბუნდიდან ამოიმართებოდა მაგარი, სწორი ნაზარდი, ოქროსფერი მტვრით დახორკლილი და ბოლოში ცოტა მომრგვალებული. ფურცლები საკმაოდ დიდი იყო საიმისოდ, რომ ზაფხულის ნიავი ეგრძნოთ და როცა ირხეოდნენ, წითელი, ლურჯი და ყვითელი ალები ერთმანეთს ეხლებოდნენ, ყავისფერ მიწას არნახულ ათინათებს სტყორცნიდნენ. ფერები ეფინებოდა ხან ჭკების გლუვ, ნაცრისფერ ზურგებს, ხან ყავისფერ, მრგვალვენებიან ლოკოკინის ნიჟარებს. ან როცა უცებ წვიმის წვეთში მოხვდებოდნენ, წითელი, ლურჯი და ყვითელი ისეთი ინტენსივობით ფართოვდებოდა, რომ გეგონებოდა თხელი კედლები საცაა გასკდება და გაუჩინარდებაო. მაგრამ, ამის ნაცვლად, წვეთები მყისვე მოვერცხლისფრო ნაცრისფრად იქცეოდნენ, ფერები კი უკვე ფოთოლზე დაკრთოდნენ, ღრმად ჩამალულ ძარღვების ძაფებს აშიშვლებდნენ და კვლავ მიფრინავდნენ და სინათლეს აფრქვევდნენ ვეებერთელა მწვანე სივრცეს გულისა და ენის ფორმის ყვავილების გუმბათის ქვეშ. შემდეგ ქარი ბევრად უფრო მაგრად დაბერავდა და ზემოთ ატყორცნილი ფერადი ალები თვალებში სცემდა ივლისში სამეფო ბოტანიკურ ბაღში მოსეირნე კაცებსა და ქალებს.

ამ კაცების და ქალების ფიგურები ყვავილნარის გვერდით მოძრაობდნენ, უცნაურად, არათანაბრად, ლამის თეთრ-ლურჯი პეპლების მსგავსად, რომლებიც ზიგზაგისებურად დაფრენდნენ ტბორიდან ტბორისკენ. კაცი ცოტათი წინ მიდიოდა, დაუდევარი, მოშვებული მანერით, ქალი უფრო მიზანმიმართულად მიაბიჯებდა და მხოლოდ დროდადრო თუ მოაბრუნებდა თავს იმისთვის, რომ დაენახა ბავშვები ძალიან ხომ არ ჩამორჩნენო. კაცი ქალს განგებ მიჰყვებოდა შორიახლო, თუმცა შესაძლოა გაუცნობიერებლად, რადგან სურდა ფიქრში ხელი არ შეშლოდა.

„თხუთმეტი წლის წინ მე აქ ლილი მოვიყვანე, - ფიქრობდა ის, - სადღაც აქ დავსხედით, ტბასთან და მე დიდხანს, დიდხანს ვთხოვდი ცოლად გამომყოლოდა. იმ ცხელ შუადღეს. ჭრიჭინა დაგვფრენდა თავზე განუწყვეტლივ. ცხადად მახსოვს ეს ჭრიჭინა და ლილის ფეხსაცმელები წვერზე ვერცხლის კვადრატული ბალთით. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მე ვლაპარაკობდი, ვხედავდი მის ფეხსაცმელს და, როცა ის მოუთმენლად ირხეოდა, თავაუწევლადაც ვიცოდი ლილი რას მიპასუხებდა. თითქოს მთელი მისი არსება მის ფეხსაცმელში იყო განივთებული, ჩემი სიყვარული, ჩემი ვნება კი - ჭრიჭინაში. რატომღაც ვფიქრობდი, რომ თუკი იქ დაჯდებოდა, იმ ფოთოლზე, ფართო ფოთოლზე შუაში რომ წითელი ყვავილი აქვს, თუკი ჭრიჭინა სწორედ იმ ფოთოლზე დაჯდებოდა, ლილი მაშინვე „ჰო“-ს მიპასუხებდა. მაგრამ ჭრიჭინა წრიულად დაგვფრენდა და დაგვფრენდა თავზე და არსად არ დაჯდა - რა თქმა უნდა, საბედნიეროდ არა, თორემ ახლა ელინორთან და ბავშვებთან ერთად აქ ვერ ვისეირნებდი.

- მითხარი, ელინორ, წარსულზე თუ ფიქრობ ოდესმე?

- რატომ მეკითხები, საიმონ?

- იმიტომ, რომ ახლა წარსულზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი ლილიზე, ქალზე, რომელიც შეიძლებოდა ცოლად შემერთო... რატომ არაფერს მეუბნები? არ მოგწონს, რომ წარსულზე ვფიქრობ?

- რატომ არ უნდა მომწონდეს, საიმონ? განა ყველა წარსულზე არ ფიქრობს ბაღში, სადაც ხეებქვეშ კაცები და ქალები წვანან? განა ისინი ჩვენი წარსული არ არიან? ყველაფერი რაც მათგან დარჩა, ამ კაცებისა და ქალებისგან, - ხეებქვეშ მწოლიარე აჩრდილები... ჩვენი ბედნიერება, ჩვენი ცხოვრება არ არის?

- ჩემთვის ფეხსაცმელი ვერცხლის კვადრატული ბალთით და ჭრიჭინა...

- ჩემთვის კი - კოცნა. წარმოიდგინე, ექვსი პატარა გოგონა მოლბერტის წინ ზის ოცი წლის წინ, ტბის ნაპირთან და წყლის შროშანებს ხატავს. სწორედ მაშინ იყო პირველად რომ ვნახე წითელი წყლის შროშანები. და უცებ, კოცნა, აი აქ, კისერში, უკან. შემდეგ მთელი დღე ხელი მიკანკალებდა, ხატვაც აღარ შემეძლო. საათი ამოვიღე და დავინიშნე დრო, რა ხნის განმავლობაშიც თავს ნებას ვაძლევდი კოცნაზე მეფიქრა, მხოლოდ ხუთი წუთი - ეს ისეთი ძვირფასი რამ იყო - კოცნა ჭაღარათმიანი მოხუცი ქალისა, ცხვირზე მეჭეჭი რომ ჰქონდა. ყველაზე მთავარი კოცნა მთელს ჩემს ცხოვრებაში. სწრაფად, კეროლაინ, სწრაფად, ჰიუბერტ...

ყვავილნარს ჩაუარეს და გზა განაგრძეს, ახლა ოთხივე გვერდიგვერდ მიდიოდა და მალე დაპატარავდნენ და ნახევრად გამჭვირვალე გახდნენ ხეებს შერეულნი დიდ, მოცახცახე მზის შუქსა და ჩრდილების მონაცვლეობაში, მათ ზურგებს რომ აუჩქარებლად დასთამაშებდათ.

ოვალურ ყვავილნარში ლოკოკინა, რომლის ნიჟარა ორი წუთის განმავლობაში წითელ, ლურჯ და ყვითელ ფერებად იყო აჭრელებული, ახლა ოდნავ შეინძრა თავის ნიჟარაში და შემდეგ რის ვაივაგლახით დაიწყო ღოღვა მიწის ფხვიერ კოშტებზე, რომლებიც მისი გადავლის შემდეგ ტყდებოდა და ქვემოთ გორდებოდა. ეტყობოდა განსაზღვრული მიზანი ჰქონდა, რაც მას განასხვავებდა უცნაური, დიდი და კუთხოვანი მწვანე მწერისგან, ჯერ წინ წასვლას რომ შეეცადა, შემდეგ წამიერად გაირინდა მოცახცახე ცეცებით, თითქოს ჩაფიქრდაო, და შემდეგ, ასევე სწრაფად და უცნაურად, საწინააღმდეგო მიმართულებით მიაწყდა. ყავისფერი ფრიალო კლდეები მწვანე ტბების ღრმა ღრმულებს ზემოთ, ბრტყელი, სამართებლის მსგავსი ხეები ძირიდან წვერამდე რომ ირხეოდნენ, მრგვალი, ნაცრისფერი რიყის ქვები, უზარმაზარი, დაჭმუჭნილი ზედაპირები თხელი, ტკაცუნა ქსოვილებისა - ეს ყველაფერი წინ ედო ლოკოკინას გზად ერთი ღეროდან მეორემდე სანუკვარი მიზნისაკენ. სანამ გადაწყვეტდა კარავივით მორკალული მშრალი ფოთლისთვის შემოევლო თუ ჯიქურ დაძრულიყო მისკენ, ყვავილნარის ახლოს კვლავ ადამიანების ფეხის ხმა გაისმა.

ამჯერად, ორივე მამაკაცი იყო. მათგან უფრო ახალგაზრდამ, ცოტა არ იყოს არაბუნებრივად წყნარი გამომეტყველება რომ ჰქონდა, თავი ასწია და მზერა თავის წინ ჰქონდა გაშტერებული, სანამ მისი თანამგზავრი ლაპარაკობდა, მაგრამ, როგორც კი თანამგზავრმა ლაპარაკი შეწყვიტა, ისევ ძირს დაიხედა და ხანდახან გამოეპასუხებოდა ხოლმე ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ, ხან კი საერთოდ არ პასუხობდა. უფროსს მკვეთრი და არათანაბარი სიარულის მანერა ჰქონდა, წინ წაიღებდა ხელს და თავს უცებ ზემოთ აიქნევდა, სწორედ ისე, როგორც ეკიპაჟში შებმული მოუთმენელი ცხენი, სადარბაზოსთან ცდა რომ მობეზრებია, მაგრამ მისი ჟესტები როგორღაც გაუბედავი და უაზრო იყო. განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, თავის თავს გაუღიმებდა და ისევ ლაპარაკს იწყებდა, თითქოსდა გაღიმება პასუხიაო. სულებზე ლაპარაკობდა, გარდაცვლილთა სულებზე, რომლებიც, მისი თქმით, ახლაც კი, უყვებოდნენ მას სამოთხეში იდუმალებით მოცული ცხოვრების შესახებ.

- ძველები სამოთხედ ფესალიას მიიჩნევდნენ, უილიამ, ახლა კი, ომის შემდეგ, სული მეხივით დაქრის მთებს შორის - შეჩერდა და რაღაცას მიაყურადა, გაიცინა, თავი ზემოთ აიქნია და განაგრძო: იღებ პატარა ელექტრულ ბატარეას და ცოტაოდენ რეზინს მავთულის იზოლაციისათვის. - იზოლაციისთვის? - განცალკევებისთვის? კარგი, ეს წვრილმანებია, გამოვტოვოთ ეს წვრილმანები, რა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს, მაინც ვერავინ გაიგებს, - მოკლედ, ამ პატარა მექანიზმს საწოლის თავთან დგამ, რაც შეიძლება მოხერხებულად - ვთქვათ, კოხტა, გალაქულ ტუმბოზე. მუშები ჩემი მითითების მიხედვით ყველაფერს ისე დგამენ, როგორც საჭიროა და მაშინ, ქვრივი ყურს მიაპყრობს და მინიშნებით სულს გამოიხმობს, როგორც დათქმული იყო. ქალები! ქვრივები! შავებიანი ქალები...

აქ, როგორც ჩანს, ქალის კაბას მოჰკრა თვალი შორ მანძილზე, რომელიც ჩრდილში მუქი იისფერი ჩანდა. ქუდი მოიხადა, გულზე ხელი დაიდო და მისკენ გაექანა. რაღაცას ბურტყუნებდა და ხელებს გამალებით იქნევდა. მაგრამ უილიამმა სახელოში წაავლო ხელი და ხელჯოხის წვერით ყვავილზე მიანიშნა, რათა მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. მოხუცი ყვავილს ცოტა ხანს დაბნეული მისჩერებოდა, შემდეგ ყური მიადო, შემდეგ კი, თითქოსდა იმის პასუხად, რაც გაიგონაო, დაიწყო მოყოლა ურუგვაის ტყეებზე, სადაც ასობით წლის წინ ემოგზაურა ევროპის უმშვენიერეს ქალთან ერთად. კიდევ დიდხანს ისმოდა მისი ბუტბუტი ტროპიკული ვარდების ცვილივით რბილი ფურცლებით მოფენილ ურუგვაის ტყეებზე, ბულბულებზე, ზღვის სანაპიროებზე, სირინოზებზე, წყალში დამხრჩვალ ქალებზე, და, რის ვაივაგლახით აგრძელებდა გზას უილიამის დახმარებით, რომლის სახეზეც მოთმინება და სევდა სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთებოდა.

თითქმის, იმავდროულად, მათ კვალდაკვალ, - სულ ახლოს, ისე ახლოს, რომ მოხუცის ჟესტიკულაციები უცნაურად კი მოეჩვენებოდათ, ორი ხანში შესული ქალი გამოჩნდა. მდიდრები არ ჩანდნენ, ერთი, მსუქანი და ნელი იყო, მეორე, ლოყებღაჟღაჟა და ცქვიტი. შერეკილობის ნიშნები, გონების არეულ-დარეულობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით შეძლებულ ადამიანებში, მათთვის, ისევე, როგორც მათი მდგომარეობის ადამიანთა უმრავლესობისათვის, მართლა ხიბლავდათ. მაგრამ საკმაოდ შორს იყვნენ საიმისოდ, რომ ჟესტიკულაციების მიხედვით გაერკვიათ, მოხუცი უბრალოდ შერეკილია, თუ მართლა გიჟი. იმის შემდეგ, რაც ყურადღებითა და უჩუმრად შეისწავლეს მისი ზურგი და ერთმანეთს უცნაურად, მზაკვრულად გადახედეს, გაუგებარი სიტყვებისგან ხელახლა დაიწყეს თავიანთი, ძალიან ჩახლაფორთე-ბული, საუბრის შეკოწიწება.

- ნელლ, ბერთ, ლოთ, სესს, ფილ, მამა, ამბობს ის, მე ვამბობ, ის ამბობს, მე ვამბობ, მე ვამბობ, მე ვამბობ, მე...

- ჩემი ბერტა, სისი, ბილი, ბაბუა, მოხუცი კაცი, შაქარი, შაქარი, ფქვილი, ქაშაყი, მწვანილი, შაქარი, შაქარი, შაქარი.

მსუქანი ქალი სიტყვების ნაკადს მიღმა უყურებდა მიწაზე ცივად, მტკიცედ, გამართულად მდგარ ყვავილებს და სახეზე გაოცება ჰქონდა აღბეჭდილი. მათ ისე აღიქვამდა, როგორც მძიმე ძილიდან ეს-ეს არის გამოფხიზლებული ადამიანი აღიქვამს სპილენძის შანდალს, რომელიც სინათლეს ახლებურად, უჩვეულოდ აირეკლავს - თვალებს ხუჭავს და ახელს და ისევ სპილენძის შანდალს უყურებს და მაშინ უკვე მთლიანად ფხიზლდება და შანდალზე უშტერდება მზერა, მთელი არსებით ინთქმება მასში. ზონზროხა ქალიც შეჩერდა ოვალური ფორმის ყვავილნართან და უკვე აღარც ცდილობდა ეჩვენებინა, თითქოს თავის თანამგზავრს უსმენდა. სიტყვები განზე მიფრინავდნენ, ის კი იდგა, სხეულის ზემო ნაწილით წინ და უკან ირწეოდა და ყვავილებს უცქერდა. შემდეგ თქვა, კარგი იქნებოდა სადმე ადგილი მოგვენახა და ჩაი დაგველიაო.

ლოკოკინამ უკვე ყველა შესაძლო გზაზე იფიქრა, რომლითაც მიზნის მიღწევა შეიძლებოდა - მშრალ ფოთოლზე არც შემოუვლია და არც ზედ გადამძვრალა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, როგორი ძალისხმევა დასჭირდებოდა ფოთოლზე აძრომას, ძალიან ეეჭვებოდა, რომ ფაქიზი ქსოვილი, რომელიც ასე შემაშფოთებლად ვიბრირებდა და ტკაცუნობდა მისი რქების წვერის ოდნავ შეხებაზეც კი, მის წონას გაუძლებდა. ამ მოსაზრებამ ბოლოს გადააწყვეტინა ფოთლის ქვეშ გაცოცებულიყო, ვინაიდან ერთ ადგილზე ფოთოლი საკმაოდ დიდზე იყო მოხრილი საიმისოდ და მიწიდან დაშორებული, რომ მის ქვეშ გასვლა შესაძლებელი ყოფილიყო. მან ის-ის იყო თავი შეჰყო შიგნით და დაკვირვებით ათვალიერებდა მაღალ, ყავისფერ ჭერს, თანდათან ეჩვეოდა რა გრილ, ყავისფერ ბინდს, როცა გარეთ, ბალახზე, კიდევ ორმა ადამიანმა ჩაიარა. ამჯერად ორივენი ახალგაზრდები იყვნენ - ახალგაზრდა კაცი და ქალი. ახალგაზრდობის გაფურჩქვნის ასაკში იყვნენ, ან უფრო იმ ასაკშიც კი, გაფურჩქვნას რომ უსწრებს წინ, როცა ვარდის ნაზ კვირტს ჯერ კიდევ არ გამოუღწევია წებოვანი გარსიდან, როცა პეპელას ფრთები ბოლომდე გაეზარდა, მაგრამ უძრავად კაშკაშებს მზეზე.

- კარგია, რომ დღეს პარასკევი არ არის, - შენიშნა კაცმა.

- რატომ? შენ რა, ცრუმორწმუნე ხარ?

- პარასკეობით ექვს პენსს გახდევინებენ.

- მერე ექვსი პენსი რა არის? ეს ექვსი პენსი აღარ ღირს?

- რა „ეს“ - რას ნიშნავს „ეს“?

- ოჰ, ყველაფერი - მე ვგულისხმობ - შენ იცი, რასაც ვგულისხმობ.

თითოეულ ამ ფრაზას ხანგრძლივი პაუზა მოჰყვებოდა. სიტყვები გულგრილად, მონოტონური ხმით იყო წარმოთქმული. ორივე ჯერ კიდევ ყვავილნარის კიდეში იდგა და ერთად აწვებოდა ქალის ქოლგას, რომელიც წვერით ღრმად იყო რბილ მიწაში ჩასული. მათი ეს ქმედება და ის ფაქტი, რომ კაცს ქალის ხელზე ედო ხელი, უცნაურად გამოხატავდა მათსავე გრძნობებს და ეს მოკლე, უმნიშვნელო სიტყვებიც ასევე რაღაცას გამოხატავდნენ - სიტყვები, რომლებსაც მოკლე ფრთები აქვთ და მნიშვნელობის მძიმე ტვირთს შორს ვერ წაიღებენ და ამიტომ უხერხულად ეშვებიან გარსშემოჯარულ ჩვეულ საგნებზე, მაგრამ როგორი მასიური ჩანან ისინი პირველი, გამოუცდელი შეხებისას! თუმცა, ვინ იცის, (ფიქრობდნენ და კიდევ უფრო ღრმად უშვებდნენ ქოლგას მიწაში) რა უფსკრულები შეიძლება იმალებოდეს მათ უკან, ან როგორი ყინულოვანი ფერდობები ელვარებენ მზეზე, იქ, მეორე მხარეს? ვინ იცის? ვინმეს უნახავს ოდესმე? მაშინაც კი, როცა ქალი დაინტერესდა სამეფო ბაღებში როგორი ჩაით გიმასპინძლდებიანო, კაცმა იგრძნო, რომ ამ სიტყვებს უკან რაღაც ბუნდოვანი მოხაზულობაა, უზარმაზარი და იდუმალებით მოცული და ის ძალიან ნელა გაიფანტა და წინ გადაიშალა - ოჰ, ღმერთო, რა ფორმები იყო ეს? - პატარა თეთრი მაგიდები და ოფიციანტი ქალები, რომლებმაც ჯერ ქალს შეხედეს, შემდეგ კაცს და ანგარიში, რომლის მიხედვითაც კაცი გადაიხდის ნამდვილი ორშილინგიანი მონეტით, და ეს ნამდვილია, მართლა ნამდვილი, უმტკიცებდა კაცი საკუთარ თავს და ჯიბეში მონეტას თითებს შორის ათამაშებდა, ნამდვილი ყველასათვის, თვითონ მისი და ქალის გარდა. შემდეგ კი...არა, მეტად აღარ შეიძლებოდა ასე დგომა და ფიქრი, და მან მკვეთრი მოძრაობით ქოლგა მიწიდან ამოაძრო და მოთმინება აღარ ჰყოფნიდა ისე სურდა მოეძებნა ადგილი, სადაც ჩაის დალევდა სხვებთან ერთად, სხვა ადამიანების მსგავსად.

- წავედით, ტრისი, დროა ჩაი დავლიოთ.

- მაგრამ სად სვამენ აქ ჩაის? - იკითხა ქალმა მღელვარებისგან აკანკალებული ხმით, იქაურობას გაფანტული მზერა მოავლო და მწვანე ხეივანს გაუყვა, ქოლგას მიათრევდა, რომელიც წვერით მიწას ეხებოდა, თავს ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ აბრუნებდა, ჩაი უკვე აღარც ახსოვდა, ხან აქეთ სურდა წასვლა, ხან იქით, ორქიდეები და წეროები ახსენდებოდა ველურ ყვავილებს შორის, და ჩინური პაგოდა და მეწამულბიბილოიანი ჩიტი, მაგრამ ქალი წინ მიჰყავდა.

და ასე, წყვილები ერთიმეორის მიყოლებით ერთნაირად უთავბოლო და უმიზნო მოძრაობებით უვლიდნენ გვერდს ყვავილნარს და მწვანე-ცისფერი ნისლის ბურუსში ინთქმებოდნენ, რომელშიც მათი სხეულები თავიდან მატერიალური და მკვეთრი ფერის იყვნენ, მაგრამ შემდეგ მატერიალურობაცა და ფერიც მწვანე-ცისფერ ატმოსფეროში ითქვიფებოდა. როგორ ცხელოდა! ისე ცხელოდა, რომ შაშვიც კი ყვავილების ჩრდილში ხტოდა, მექანიკური მოსამართი ჩიტივით - გადახტომებს შორის გაირინდებოდა და გრძელ პაუზებს აკეთებდა. თეთრი პეპლები ყვავილებზე კი არ დაფარფატებდნენ, არამედ ადგილზე ცეკვავდნენ ერთმანეთის თავზე, ასე, რომ დიდი ყვავილებიდან ზემოთ მარმარილოს დამსხვრეული თაღის ფორმის მოცეკვავე თეთრი ნაკადი ამოიმართებოდა. ორანჟერიის მინის სახურავი ისე კაშკაშებდა, თითქოს უამრავი ხასხასა მწვანე ქოლგა გაშლილა მზეზეო. თავსზემოთ თვითმფრინავის გუგუნი კი თითქოს ზაფხულის მძვინვარე თვით ცის სულიდან მოდიოდა. ყვითლები და შავები, ვარდისფრები და თოვლივით ქათქათა - კაცების, ქალების და ბავშვების ფიგურები წამიერად გაიელვებდნენ ჰორიზონტზე, შემდეგ კი, როცა თვალებში ყვავილებზე გადაღვრილი ყვითელი შუქი ეცემოდათ, კრთებოდნენ და ხის ჩრდილებში იმალებოდნენ, წყლის წვეთებივით ორთქლდებოდნენ ყვითელ-მწვანე ატმოსფეროში და მას წითელი და ლურჯი ფერებით აზავებდნენ. გეგონებოდა ყველაფერი, რაც მასიური და მძიმეა, მიწაზე იყო განრთხმული და უძრავად იწვა სიცხეში, მაგრამ მათგან ხმები ამოდიოდა ზიგზაგისებურად ისე, როგორც ცეცხლის ენები ციმციმებენ სქელი სანთლების თავზე. ხმები. ჰო, ხმები. უსიტყვო ხმები, სიჩუმეს რომ არღვევდნენ მოულოდნელად ისეთი ტკბილი ნეტარებით, ისეთი მწველი ვნებით, ან, თუ ეს ბავშვების ხმები იყო, ისეთი ხალასი გაკვირვებით... სიჩუმეს არღვევდნენ? მაგრამ სიჩუმე ხომ არ იყო - მთელი ამ დროის განმავლობაში ბრუნავდნენ ბორბლები, გადაირთვებოდა სიჩქარეები წითელ ავტობუსებში ისე, როგორც ვეებერთელა ჩინურ სათამაშოში გაჭედილი ფოლადის ბურთულები ბრუნავენ განუწყვეტლივ ერთმანეთში, გუგუნებს და ბუტბუტებს დიდი ქალაქი, ამ გუგუნს ზემოთ კი ხმები ხმამაღლა გაჰყვირიან და უამრავი ყვავილის ფურცელი ცეცხლოვან ფერებს აელვებს ჰაერში.

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 6

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კვლევა - შრომის უსაფრთხოება (კონტენტ ანალიზი)

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

შრომის უსაფრთხოება

კურსის დასახელება: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

კურსის ხელმძღვანელი: მაია არავიაშვილი

კვლევის ავტორები : ანანო გაბისონია, ქეთევან პოპიაშვილი, ნინო მიმინოშვილი, საბა კობერიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების…

გაგრძელება

ოქროს მაღაზია

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

Gold Plating Types and Programs

Gold's resistance to rust, tarnish and rust offers lent it an aura of immortality. Its durability, and seemingly eternal splendour, make it a popular choice with regard to romantic jewelry and interior decoration.  

Aside from decorative applications, rare metal has functional uses because well, particularly in electronics applications. Unfortunately, due to be able to its high demand…

გაგრძელება

ეკონომიკის ფრონტი კორონას ერაში, გადადებული აღდგომა და რეკომენდაციები საქართველოში, ახალი ინფიცირებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2020.
საათი: 10:48pm 0 კომენტარი

      დავიწყოთ ტრადიციულად სტატიტიკური მონაცემებით, რომლებიც კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამ დროისთვის გვაქვს საქართველოსა და მსოფლიოში - 155 დადასტურებული, აღრიცხული შემთხვევა და აქედან 27 განკურნებული. საღამოს შფოთის მიზეზი იყო, სამედიცინო დახმარების ექიმის დავირუსება. კორონას გამოძახილი მსოფლიოში - 1 080 376, აქედან ~ 228K გამოჯანმრთელებული, ~58K გარდაცვლილი და ~795K აქტიური პაციენტი. ამ ღამით ძლიერ წვიმას…

გაგრძელება

კოვიდ 19-ის მილიონიანი პოპულაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 2, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში…

გაგრძელება

Qwelly World

free counters