მიგელ დე უნამუნო - დონ კიხოტეს სამარე

   ჩემო კეთილო მეგობარო, მეკითხები, ეგებ იცოდე რა უნდა იღონოს კაცმა, რომ ამ ბეჩავ, უშფოთველ, წესისა და ადათის მიმდევარ ადამიანებს, რომლებიც იბადებიან, ჭამენ, სვამენ, იძინებენ, შთამომავლობას ტოვებენ და იხოცებიან, - ან სიგიჟემ დარიოს ხელი, ან ბოდვამ, ანდა სიშმაგემ შეიპყროსო, ეგებ იცოდე რაიმე საშუალებაო, მეუბნები, რომ მათაც ფლაგელანტებისა და კონვულსიონერების მსგავსად რაღაც ეპიდემიისმაგვარი რამ მაინც შევყაროთ და მერე ათასწლეულებზე მესაუბრები.
შენსავით მეც ხშირად შევუპყრივარ ნოსტალგიას და შუასაუკუნეები მომნატრებია, შენსავით მეც ხშირად მიოცნებია, რა იქნებოდა, იმ დროს მეცხოვრა, როცა ის ათასწლეულები კრუნჩხვებში იბადებოდა-მეთქი. ის მაინც რომ შეგვძლებოდა, ხალხი დაგვერწმუნებინა, ვითომ ერთ დღესაც, ვთქვათ, თუნდაც 1908 წლის 2 მაისს - ესპანეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველი მოწოდებების ასი წლისთავზე, - ესპანეთი დაიღუპება და ჩვენც ყველას ცხვრებივით ოთხში ამოგვიღებენო, მაშინ, დარწმუნებული ვარ, 1908 წლის 3 მაისს ჩვენი ისტორიის უდიდეს დღედ და ჩვენი ახალი ცხოვრების გარიჟრაჟად აღიარებდნენ.ეს უბედურებაა, ნამდვილი უბედურება. არავის არაფერი ადარდებს, მაგრამ საკმარისია გამოჩნდეს ვინმე და რაიმე პრობლემა წამოჭრას, რაიმე საკითხი დასვას, რომ მაშინვე მიესევიან და რას არ დააბრალებენ - ესაო და ანგარება ალაპარაკებსო, თავის გამოჩენა მოუნდომებიაო, განსაკუთრებულობის ჟინს აუტანიაო, და ვინ იცის, კიდევ რას.

   ამ ხალხს ისიც კი ვერ გაუგია, რომ კაცი შეიძლება მართლაც შეცდეს ჭკუაზე, ხოლო ჭკუაზეშემცდარ კაცზე ისე ფიქრობენ და ლაპარაკობენ, გეგონებათ, ამ უბედურს გონება განზრახ, რაღაც ანგარიშით, ან სულაც გონების კარნახით ამღვრეოდეს. გონების კარნახით კი გონების ამღვრევა ამ უბირთა და არარაობათა თვალში სადავოც არ არის. ჩვენი ქველი რაინდი დონ კიხოტე რომ მკვდრეთით აღმდგარიყო და ამ ჩვენს დღევანდელ ესპანეთში მობრუნებულიყო, უწინ იმის კვლევა-ძიებას მოჰყვებოდნენ, თუ რა ქვენა ზრახვებით შეიძლებოდა ყოფილიყო შთაგონებული მისი ჭეშმარიტად კეთილშობილური სიგიჟე, ანდა, ვთქვათ, და, გამოჩნდა მავანი და ბოროტების მხილება სცადა, ანდა უსამართლობის წინააღმდეგ აღიმაღლა ხმა, ან კიდევ უმეცრება გაკიცხა, მაშინ ეს მონები იკითხავენ: „ნეტავი რას ეძებს? რას ელოდება?“; ზოგჯერ ფიქრითაც ფიქრობენ და თქმითაც ამბობენ: „ეტყობა, იმედი აქვს, პირს ოქროთი ამომილესავენო“; სხვები კი ამასაც დასძენენ: „მდაბალ ზრახვებსა თუ შურს ან შურისგების ჟინს აუტანიაო“; ანდა კიდევ იტყვიან: „პატივმოყვარეობის ჭია შესჯდომია და ხალხის ასალაპარაკებლად განზრახ ქოთქოთებსო“; ესეც კი უთქვამთ, თითქოსდა, ასეთი კაციცა და სხვა ყველა მისი მსგავსიც, უსაქმურობისგან რომ აღარ იციან, რითი შეიქციონ თავი, უბრალოდ ერთობიან, როგორც რამ სპორტითაო. რაოდენ სამწუხაროა, რომ ასე მცირედნი მოიძებნებიან ამგვარი სპორტით გართობის მსურველნი!

   შეხედე და დაუკვირდი, რაოდენი კეთილშობილება, რაოდენი ქველობისა თუ სიგიჟის გამოვლინებასაც უნდა წააწყდნენ ეს ჩვენი გონებაჩლუნგი ბაკალავრები, მღვდლები და დალაქები, სულ ერთია, მათ თავში ერთი კითხვის მეტი მაინც არაფერი დაიბადება: „ნეტავი, ასე რა რჯით?“ - და თუ მაინც მოეჩვენებათ, რომ ამ საქციელს უთუოდ რაღაც გონივრული საფუძველი უდევს, იმის მიუხედავად, ისეა, როგორც ისინი ფიქრობენ, თუ არაა ისე, თავისთვის ხომ იტყვიან: „აჰა! აი, თურმე რატომ და რისთვის გარჯილაო“. ყველაფერი, რასაც კი შეიძლება გონივრული ახსნა მოეძებნოს, რაც უნდა ნათლად განუმარტო, მათ თვალში მაინც ფასს კარგავს. აი, როგორ იყენებენ ისინი ამ საზიზღარ ლოგიკას.
ნათქვამია, გაგება მიტევებას ნიშნავსო, მაგრამ ამ ბეჩავებს გაგება მარტო ისა ჰგონიათ, თუ მიუტევებენ ყველას, ვისაც კი მათი დამცირება არ ეზარება; ყველას, ვინც კი სიტყვითა თუ საქმით მოურიდებლად მიახლის პირში მათი უბადრუკობის ამბავს. ისინი იმ ზომამდე გამოთაყვანდნენ, რომ ასეთი კითხვაც კი მოსდით თავში: რაისთვის შექმნა უფალმა ეს სამყაროო და თვითონვე უპასუხებენ - თავისივე თავის სადიდებლადო! - და ეს პასუხი ისეთ ნეტარებასა და თვითკმაყოფილებას ჰგვრით, გეგონებათ, ისეთი სიმაღლეებისთვის მიეღწიოთ, საიდანაც ღმერთის დიდებაზე სჯა-ბაასიც კი შეეძლოთ გაემართათ. ჯერ იყო ნივთი და მერე გავიგეთ მისი დანიშნულება; უწინ რაღაც აზრი უნდა შევიქმნა რომელიმე ახალ ნივთზე და მერე თვითონვე მიმანიშნებს რისთვისაა გამოსადეგი. ზოგჯერ რაიმე გეგმაზე რომ ვსაუბრობ, ანდა რაიმე ისეთზე, რაც ჩემი აზრით, უთუოდ უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, მუდამ გამოჩნდება ხოლმე ვინმე და მკითხავს: „და მერე?“ - ასეთ კითხვას - „და მერე“, - კითხვითვე უნდა მიუგო: „და მანამდე?“
მომავალი არ არსებობს, არც არასდროს არსებულა; ის, რაც მომავალი ჰგონიათ, ერთი დიდი სიცრუის მეტი არაფერია. ჭეშმარიტი მომავალი დღევანდელი დღეა. რა გვეწევა ხვალ? არავითარი „ხვალ“ არ არსებობს და მაინც რა არის ეს ჩვენი დღევანდელი დღე, ახლა? საკითხავიც სწორედ ეს არის.

   რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მაშინ ჯერ ისა ვთქვათ, რომ ეს ბეჩავნი მართლაც ძალზე კმაყოფილები ბრძანდებიან, რაკიღა დღეს, ახლა არსებობენ და რაკი არსებობენ, მეტი არც არაფერი უნდათ. არსებობა, ოდენ ეს ცარიელი არსებობა, - მთელი მათი სულიერი მოთხოვნილებაც ეს არის და ეს. არც კი ესმით, რომ არის კიდევ რაღაც უფრო მეტი, ვიდრე არსებობაა!
მაგრამ არსებობით კი არსებობენ? არსებობენ კი სინამდვილეში? მე მგონია, არა! ისინი რომ არსებობდნენ, ჭეშმარიტად რომ არსებობდნენ, მაშინ მათ ტანჯვას განაცდევინებდა ეს არსებობა და მარტო ამას აღარც დასჯერდებოდნენ. ისინი რომ სინამდვილეში არსებობდნენ და ჭეშმარიტადაც არსებობდნენ დროსა და სივრცეში, მაშინ მათ ტანჯვას განაცდევინებდა ისიც, რომ მათი ხვედრი არ ყოფილა მარადიული და უსასრულო ყოფიერება და აკი ასეთი ტანჯვა, ესოდენ მგზნებარე ლტოლვა მარადიულისა და უსასრულობისადმი არის კიდეც ღვთისმაძიებლობის გრძნობა ჩვენში; ღვთისა, ჩვენში რომ იტანჯება, რამეთუ სწორედ ჩვენში გრძნობს თავს ტყვედ, ჩვენს სასრულო ბუნებასა და ჩვენს დღემოკლეობაში; ეს ღვთიური ტანჯვა უცხო რომ არ ყოფილიყო მათთვის, მაშინ, ალბათ, გაგლეჯდნენ კიდეც იმ თავიანთი ლოგიკური ჯაჭვის რგოლებს, რითიც ერთმანეთთან აკავშირებენ საკუთარ საწყალობელ მოგონებებსა და ასევე საწყალობელ იმედებს, წარსულის ილუზიებსა და მომავლის ილუზიებსაც.
„ამას რატომ სჩადის?“ - განა სანჩოს კი არ დაუსვამს ეს კითხვა, რატომ სჩადის დონ კიხოტე იმას, რასაც სჩადისო?
ისევ თავიდან მოვყვეთ და იმ კითხვას დავუბრუნდეთ, შენ რომ ასე გაწვალებს; ნუთუ არ შეიძლება, ამ ბეჩავ ხალხს რაღაც სიგიჟე შევყაროთ, რაიმე ისეთი შევუშხაპუნოთ, ბოდვა რომ დააწყებინოსო?
აკი თავადვე მიაგენი ამ კითხვის პასუხს ერთ შენს წერილში, სადაც კითხვების მთელი ბუქი დააყენე; სწორედ იმ წერილში მეუბნებოდი, როგორ გგონია, რა მოხდება, ერთი ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა რომ მოგვეწყოო!
კეთილი და პატიოსანი! ასე იყოს; მეც ამასვე ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კიდეც, რატომაც არა, მოვაწყოთ ერთი წმინდა ჯვაროსნული ლაშქრობა და წავიდეთ დონ კიხოტეს საფლავის გამოსახსნელად, თორემ ბაკალავრები, მღვდლები, დალაქები, ჰერცოგები და კანონიკოსები მთლად დაეპატრონენ მას. დიახ, მჯერა, რომ შევძლებთ წმინდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას და კიდეც გამოვიხსნით სიგიჟეთა რაინდის საფლავს საღი აზრის იდალგოთა მძლავრობისაგან.

   ბუნებრივია, ისინიც თავისას ეცდებიან და იოლად არ დათმობენ იმ თავიანთ მონაპოვარს, ყოველ ღონეს იხმარენ, კარგად გაზეპირებულ საღ აზრსაც მოიშველიებენ, რომ დაგიმტკიცონ, სწორედ ჩვენა გვაქვს საფლავის დაცვისა და მოვლის უფლებაო. აკი ესოდენ გულმოდგინედ იმიტომაც დარაჯობენ, რომ ეშინიათ, ვაითუ, რაინდი მკვდრეთით აღდგესო.
ამ საღი აზრის მათეულ დასკვნებს მხოლოდ ლანძღვა-გინებით უნდა უპასუხო, ქვებიც დაუშინო, დაუღრიალო, შუბი მოუღერო, მაგრამ არამც და არამც არ სცადო, რაიმე შეაგონო, თორემ საღი აზრის ისეთ ქარბუქში გაგახვევენ, მთლად დაიღუპები. მაგრამ თუ ჩვეულებისამებრ დაგიწყებენ გამოკითხვას, შენ თვითონ რა საფუძველზე აცხადებ საფლავზე უფლებებსო, პასუხის ღირსადაც არ ჩააგდო, მერე თვითონვე დაინახავენ, რის საფუძველზედაც. მერე ეგებ მაშინ, როცა აღარც შენ იქნები და აღარც ისინი, ყოველ შემთხვევაში, ამ მოჩვენებით სამყაროში არ იარსებებო.
ჩვენი წმინდა ჯვაროსნული ლაშქრობა სრულიად არ ემგვანება იმ ძველ ჯვაროსნულ ლაშქრობას, როდესაც ახალი ცხოვრების განთიადი ამობრწყინდა ამ ძველთაძველ სამყაროში, ემგვანება კი არა, უპირატესობაც კი ექნება მასთან შედარებით; გარდასულ დროთა წმინდა შთაგონებით ანთებულმა ჯვაროსნებმა გადმოცემებით მაინც იცოდნენ, სად იყო უფლის წმინდა საფლავი, მაშინ, როცა ჩვენი ლაშქრის ჯვაროსნებმა არც კი უწყიან, სად ეძებონ დონ კიხოტეს სამარე და ოდენ ბრძოლით უნდა გაიკვლიონ მისკენ გზა, ბრძოლით უნდა მოიპოვონ იგი.

   დონ კოხოტური სიგიჟით შეპყრობილს აკი არაერთხელ გითქვამს ახალი რელიგიის „კიხოტიზმის“ შესახებ. აი, რა შემიძლია ამაზე გიპასუხო; თუ ეგ შენი იდეა ხალხმა მიიღო და ნელ-ნელა კიდეც გავრცელდა, მაშინ მას ორი უიშვიათესი უპირატესობა ექნება: ჯერ ერთი, ის, რომ ჩვენ სულაც არა ვართ დარწმუნებული, არსებობდა თუ არა სინამდვილეში მისი მამამთავარი და მოციქული დონ კიხოტე და არა, რასაკვირველია, სერვანტესი, ანუ იყო თუ არა იგი სისხლისა და ხორცისგან ქმნილი არსება, ის კი არადა, ჩვენ კიდეც ვეჭვობთ, რომ იგი ერთიანად გამოგონილი სახე გახლდათ; მეორე უპირატესობა კი ისაა, რომ ეს ჩვენი მოციქული კომიკური არსებაა, ხალხის თავშესაქცევად და სასეიროდ შექმნილი მასხარა.
და ჩვენც ყველაზე მეტად და ყველაზე უწინ ეს თვისება გვაკლია, სულ გვეშინია, კომიკურ, სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთო. ამიტომაა ადვილი ჩვენი დაშინებაც; საკმარისია ერთი წამოსცდეს ვინმეს, სასაცილო ხარო, და მეტიც არ გვინდა; აი, სწორედ ამას იყენებენ კიდეც თავიანთ იარაღად ის საზიზღარი ბაკალავრებიც, მღვდლებიც, დალაქებიც, კანონიკოსები და ჰერცოგებიც, ასე გულდაგულ რომ გვიმალავენ სიგიჟეთა რაინდის საფლავს; იმ რაინდისას, ვისზედაც მთელი ქვეყანა იცინოდა, თავად მას კი ერთი სახუმარო სიტყვაც არ დასცდენია. იგი მეტისმეტად მაღალი სულის პატრონი გახლდათ, რომ ხუმრობისთვის დაწვრილმანებულიყო. სიცილს იგი თავისი სერიოზულობით იწვევდა.
მაშ, შეუდექი საქმეს, ჩემო მეგობარო, იტვირთე პეტრე მეუდაბნოეს ხვედრი, მოუწოდე ხალხს შემოგიერთდნენ, შემოგვიერთდნენ და ყველა ერთად დავადგეთ გზას, რათა მოვიპოვოთ რაინდის საფლავი, თუმცა კი არ ვიცით, სად არის იგი. ჯვაროსნული ლაშქრობა თავისთავად მიგვიყვანს იმ წმინდა ადგილამდე.

   და როგორც კი წმინდა ლაშქარი გზას დაადგება, იმავ წუთს დავინახავთ, როგორ აინთება ცაზე ახალი ვარსკვლავი, ოდენ ჯვაროსნებისთვის ხილული, მოკიაფე და მჟღერი, წაგვიძღვება იგი გრძელ ღამეში და ჩვენთვის ახალ სიმღერას შეთხზავს; და ვარსკვლავი იგი ცას გაჰყვება, როგორც კი ჯვაროსანთა ლაშქარი გზას დაადგება და როცა ლაშქრობა დასრულდება გამარჯვებით ან თუ ყველა ჯვაროსანი დაიღუპება (ეგებ სიკვდილი იყოს კიდეც ჭეშმარიტი გამარჯვების გზა), მაშინ კი მოსწყდება იგი ცას და, სადაც დაეცემა, იქ იქნება დონ კიხოტეს საფლავიც.
და სადაც არის საფლავი, იქავ არის აკვანი, იქავ არის დასაბამი დასაბამთა და იქიდანვე ამაღლდება ცად იგი ვარსკვლავი, მჟღერი და კაშკაშა.
და ნუღარ მკითხავ, ძვირფასო მეგობარო, როცა შენ ასე მიწვევ ხოლმე სასაუბროდ, მით უფრო ასეთ თემებზე, მაშინ იმგვარი გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩემი სულის სიღრმიდან, ამდენი უკეთურობისგან განაწამები ჩემი სულის სიღრმიდან, ყოველი მხრიდან შემოჯარული უკეთურობისა და სიცრუისაგან განაწამები, სიცრუისა, რომელშიც ვჭყუმპალაობთ და სხვასაც ვაშხეფებთ ამ ტალახს, დიახ, განაწამები ათასგვარი სიბილწისაგან, უზომო ტკივილს რომ გვაყენებს, გვტანჯავს და სულს გვიხუთავს, აი, ასეთი გატანჯული სულის ფსკერიდან წამოიშლებიან ხოლმე შენი წყალობით გამოღვიძებული უგუნური სახეები, ალოგიკური იდეები, ენით აუწერელი აზრები და ფიქრები, მე კი არათუ მესმის მათი მნიშვნელობა, არამედ სურვილიც არა მაქვს, გავერკვე მათში.
ამით რა გინდა, თქვაო? - რამდენჯერ გიკითხავს ჩემთვის. მე კი გიპასუხებ: განა მე თვითონ ვიცი? არა, ჩემო კარგო მეგობარო, არა! ხშირად არც მე ვიცი, რა მინდა ვთქვა, როცა კი რაიმე აზრი გამიელვებს თავში, - ფანტაზია ხომ თავისას შვრება, - და მაშინვე შენ გიზიარებ ხოლმე, მართლაც არ ვიცი... თითქოს ჩემში ვიღაც სხვა ზის და ის მკარნახობს, რაღაც აზრებს ჩამჩიჩინებს, მეც დავყვები, მაგრამ არც მისი სახის დანახვა მინდა და არც მისი სახელის გაგონება, თუმცა ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, მე რომ მას სახეში შევხედო, ანდა მისი სახელი გავიგონო, ალბათ, მოვკვდები, ოღონდ მან იცოცხლოს ჩემ მაგივრად. სინდისი მქენჯნის, რომ ამდენ გამოგონილ არსებებს ვქმნიდი, ამდენ ნოველისტურ პერსონაჟებს, მაგრამ ვქმნიდი იმიტომ, რომ ჩემი სათქმელი მათთვის მეთქმევინებინა, ისინი კი თითქოს ხუმრობით ლაპარაკობენ იმას, რასაც მე მეტისმეტად სერიოზულად ვეკიდები და სერიოზულზე მეტადაც.

   შენ ხომ მაინც მიცნობ, სხვებმა რაც უნდა ილაპარაკონ, შენ ხომ კარგად იცი, რომ ის ნაცოდვილარი პარადოქსები, ექსტრავაგანტულობა და განსაკუთრებულობის დაჩემება ჩემგან ძალიან შორსაა. შენ და მე, ჩემო კეთილო მეგობარო, ჩემო ერთადერთო და ნამდვილო მეგობარო, ჩვენ ხომ არაერთხელ გვიმსჯელია, ჩვენთვის განმარტოებულებს, იმაზე, თუ რა არის სიგიჟე, არაერთხელ გაგვირჩევია იბსენის „ბრანდი“, კირკეგორის ეს სულიერი შვილი, გვილაპარაკია მისი სიგიჟის, მარტოობის თაობაზე, დაბოლოს, ერთად გამოგვიტანია დასკვნა, რომ ნებისმიერი სიგიჟე აღარ შეიძლება უკვე სიგიჟედ მივიჩნიოთ მას შემდეგ, რაც იგი კოლექტიურ სახეს მიიღებს, რაც მთელ ხალხს მოედება და შესაძლოა, მთელ კაცობრიობასაც; თუ ჰალუცინაცია კოლექტიურად ვრცელდება, ერთიანად მოედება ხალხს, სოციალურ ორგანიზმს, ეს ჰალუცინაცია კი არა, უკვე რეალობაა და ერთი შეხედვითაც გაარჩევ. შენც და მეც ჩვენ ორივე იმ დასკვნამდე მივედით, რომ დადგა ჟამი, როცა აუცილებელიც კია, შთავაგონოთ მასებს, ხალხს, შთავაგონოთ ჩვენს ესპანელ ხალხს რაიმე გიჟური იდეა, ხოლო ეს იდეა უნდა დავესესხოთ მისსავე შვილს, ვინც იყო გიჟი, ვინც იყო ჭეშმარიტად გიჟი და არა ხუმრობით, დიახ, გიჟი კი იყო, მაგრამ სულელი - არამც და არამც.
შენც და მეც, ჩემო კარგო მეგობარო, ჩვენ, ორივეს, მუდამ აღგვაშფოთებდა ის, რასაც აქ ფანატიზმს უწოდებენ და რაც ჩვენდა სავალალოდ, სულაც არ არის ფანატიზმი, არა, არ შეიძლება ფანატიზმად მივიჩნიოთ ის, რაც შეიძლება იყოს რეგლამენტირებული, მოზომილი, რაც შეიძლება ჩარჩოშიც მოთავსდეს და მერე როგორც უნდათ, ისე მართონ ბაკალავრებმა, მღვდლებმა, დალაქებმა, კანონიკოსებმა და ჰერცოგებმა, როგორ შეიძლება ფანატიზმი გამოდიოდეს ლოგიკური ფორმულების დევიზით, ჰქონდეს პროგრამა, აწყობდეს გეგმებს ხვალინდელი დღისთვის და მერე რომელიმე ორატორი მთელი მეთოდურობით განმარტავდეს.
ერთხელ, თუ გახსოვს, ასე, ათიოდე ყმაწვილი ვნახეთ, გარს რომ შემოხვეოდნენ ერთ თავიანთ ამხანაგს, რომელიც გაჰყვიროდა: „წავიდეთ და შავი დღე დავაყენოთო!“ და ყველანი გაჰყვნენ. ჩვენც ხომ სწორედ ამას ვნატრობდით, რა იქნება, ბლომად ხალხი შეგროვდეს და შეძახილით: „წავიდეთ და ჩვენც შავი დღე დავაყენოთო!“ - გასდგომოდნენ გზას და თუ რომელიმე ბაკალავრი, დალაქი, მღვდელი, კანონიკოსი თუ ჰერცოგი ეცდებოდა მათ შეჩერებას და ეტყოდა: „შვილნო ჩემნო! დიდებულია, ვხედავ, რომ აღვსილნი ხართ გმირული სულით, წმინდა რისხვას აუტანიხართ, მეც თქვენთანა ვარ, მაგრამ სანამ ჩვენ, ყველა ერთად და მეც თქვენთან ერთად „დავაყენებდეთ“, ეგებ დამეთანხმოთ, რომ ჯერ გვერჩივნა, მოგველაპარაკა, მაინც რას ვაპირებთ და რა ასეთი დღე უნდა დავაყენოთ!“ და თუ რომელიმე ამ გაიძვერათაგანი ეცდებოდა ეს ხალხი შეეჩერებინა ასეთი სიტყვებით, მაშინვე მიწაზე უნდა დაგვენარცხებინა, რომ ყველას ზედ გადაევლო და გადაეთელა; სწორედ აქედან დაიწყებოდა კიდეც ჩვენი გმირული შემართებაც - „ერთი შავი დღე დავაყენოთო!“

   განა ჩვენ არ გვიფიქრია, ჩემო მეგობარო, რომ ჩვენ შორისაც საკმაოდ ბევრი ისეთი მარტოსული მოიძებნება, რომელსაც გულიც ერჩის და ერთი სული აქვს, „დააყენოს“ ისეთი რამ მოიმოქმედოს, რისთვისაც მართლაც ღირს სიკვდილი? მაშინ მიიხედ-მოიხედე და მოაგროვე ასეთი მარტოსულები, მერე კი ყველა ერთად წავიდეთ ლაშქრად, მეც შენთან ერთად წამოვალ, მათთან ერთად დავადგები გზას დონ კიხოტეს საფლავის გამოსახსნელად, რომელიც ღვთის წყალობით, არ ვიცით, სად არის, მაგრამ მოკიაფე და მჟღერი ვარსკვლავი გაგვინათებს გზას.

   ხომ შეიძლება ისე მოხდესო, - მეკითხები ხოლმე იმ დროს, როცა მხნეობა გღალატობს და საკუთარ თავს ვეღარ ენდობი, - ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ გგონია წინ მივიწევთ, გაშლილ მინდორში რომ მივაბიჯებთ და სინამდვილეში ერთ ადგილზე ვტრიალებდეთო! მაგრამ მაშინ ხომ ჩვენი გზის მანათობელი ვარსკვლავიც გაჩერდებოდა და დადუმდებოდა ჩვენს თავს ზემოთ და საფლავიც ჩვენშივე აღმოჩნდებოდა; ვარსკვლავი კი ცას მოსწყდებოდა, მიწაზე დაეცემოდა, რათა ჩვენს სულში ჩაგვემარხა; ჩვენი სული ერთიანად განათდებოდა, შეერწყმოდა შუქურა მჟღერ ვარსკვლავს, გადაიქცეოდა მზედ, მარადიულ ჰარმონიად და კიდევ უფრო გაბრწყინდებოდა ჩვენი გადარჩენილი სამშობლოს ცაზე.
მაშ, გავწიოთ წინ! ოღონდ თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს, რომ ჯვაროსანთა წმინდა ლაშქარს არ მიეტმასნონ ბაკალავრები, დალაქები, მღვდლები, კანონიკოსები და ჰერცოგები, რომლებიც შეიძლება სულაც სანჩოდ გადაცმულები გამოგვეცხადონ. ყურადღება არ მიაქციო, როცა კუნძულების თხოვნას დაგიწყებენ, მაგრამ კინწისკვრით კი გარეკე, თუ შეეცდებიან მარშრუტი გამოგტყუონ, ან შეგიჩნდებიან, რომ შემდგომი მოქმედებების გეგმები წამოგაცდენინონ, ეშმაკურად დაგიწყებენ ჩურჩულს, გამოკითხვას, მაინც საით გეგულებათ დონ კიხოტეს საფლავიო, შენ ვარსკვლავს მიჰყევი და ისა ქმენი, რასაც იქმოდა თავად რაინდი: გაასწორე ყოველი მრუდი, რაც წინ შემოგხვდება; დღეს დღეისა ქმენი და აქ კი აქაურისა. მაშ, ვიაროთ წინ! მაგრამ საით? საითაც ვარსკვლავი წაგვიყვანს: საფლავისკენ! მაგრამ გზაში რაღა ვაკეთოთ? რა? რა და, ვიბრძოლოთ! ვიბრძოლოთ, მაგრამ როგორ? როგორ და, შემოგვეყრება ცრუპენტელა? მიახალე პირში: მატყუარა! - და განაგრძე გზა. შემოგხვდება ქურდი? დაუყვირე: ქურდო! - და განაგრძე გზა. შემოგეყრება ვინმე მოლაყბე, ვისაც ხალხი პირდაღებული უსმენს, შესძახე: ყეყეჩო-თქო! - და განაგრძე გზა! და იარე მუდამ წინ!

   მაგრამ განა ამ გზით შევძლებთ კი ამქვეყნად აღვკვეთოთ სიცრუე, ქურდობა, სიბრიყვე, მივაღწევთ რასმე? - მეკითხება ჩვენი საერთო ნაცნობი, რომელსაც ერთი სული აქვს შემოგვიერთდეს ჩვენ, ჯვაროსნებს. მაგრამ ვინა თქვა, არაფერი გამოვაო? ყველაზე უფრო დიდი სისაძაგლე ყოველგვარ სისაძაგლეთა შორის, ყველაზე უფრო უხამსი და საძრახისი ფანდი სილაჩრისა სწორედ ისაა, როცა ამბობენ, ქურდს თუ ამხელ, ამით ვერაფერს გახდები, რადგან სხვები მაინც არ მოიშლიან ქურდობასო, თუ ყეყეჩს პირში მიახლი ყეყეჩოო, ამით არაფერი გამოვა, რადგან ამქვეყანაზე ყეყეჩები მაინც არ დაილევიანო. იქნება ერთხელ და ორჯერ რომ ამხელ, მართლაც ვერაფერს გახდე და ათასჯერაც მოგიწიოს მათი მხილება, მაგრამ თუ პირველივე მხილებისას ერთი კაცი მაინც მოეგო ჭკუას, ნელ-ნელა ეგებ კიდეც მოისპოს სიცრუე. მაშ, გავწიოთ წინ! ოღონდ წმინდა ლაშქარში არ გააჭაჭანო არავინ, ვინც თავისი ნაბიჯის სისწრაფესა და რიტმს ზომავს; დიახ, გააძევე ყველა, ვისაც მარტო ერთი ეს რიტმი აკერია პირზე, თორემ ასეთები შენს ლაშქარს საბალეტო დასად გადააქცევენ, მთელ ლაშქარს ცეკვას დააწყებინებენ. გააძევე ასეთები! მოშორდნენ თავიდან, სადაც უნდათ, იქ წავიდნენ და მარტო იმ თავიანთ ხორციელს უმღერონ. ისინი, ვისაც საბალეტო დასი ურჩევნია ლაშქარს, თავიანთ თავსაც და ერთმანეთსაც პოეტებს უწოდებენ, მართლა პოეტები ხომ არ არიან; იქნება რაღაც სხვა, მაგრამ პოეტები - არა! მათ ხომ საფლავისკენ მარტო ერთი, ცნობისმოყვარეობა მიაქანებს, მოდი ვნახოთ, რა იქნებაო, ანდა რაღაც სხვა, მძაფრ განცდებს ეძებენ, ანდა ჰგონიათ, გზაში კარგად გავერთობითო. შორს ყველა ასეთი!

   სწორედ მაგათი ბოჰემური შემწყნარებლობის წყალობითაა, ასე რომ მოიკიდა ფეხი მდაბალმა სილაჩრემ, სიცრუემ თუ სხვა ათასგვარმა უკეთურობამ და ასე წაგვიჭირა ყელში, როდესაც ისინი ამდენს ქადაგებენ თავისუფლებაზე, თავში მხოლოდ ერთადერთი თავისუფლება უტრიალებთ - როგორმე თავისი მოყვასის ცოლი ჩაიგდონ ხელში. მათთვის ხომ თავი და თავი მგრძნობელობაა, იდეებიც კი, მაღალი იდეებიც კი, თუ უყვართ მგრძნობიარე სიყვარულით უყვართ. მაგრამ დიადსა და წმინდა იდეასთან შეუღლება არ ძალუძთ, იდეებთან მხოლოდ შემთხვევითი კავშირი შეუძლიათ დაამყარონ, მარტო საყვარლად თუ დაისვამენ, ან უფრო უარესად, ერთი ღამის მეძავი ქალივით მოიშორებენ. მოიწყვიტე თავიდან ასეთები!
თუ გზად ვინმეს თვალი გაექცევა ფერდობიდან მომღიმარე ყვავილისკენ და მისი მოწყვეტა მოუნდება, დაე, მოწყვიტოს, მაგრამ ნუ შეყოვნდება, ლაშქარს ნუ ჩამორჩება, ოღონდ ამ დროს მეწინავე მედროშეს თვალი ფხიზლად უნდა ეჭიროს, რომ მოკიაფე - მომღერალი ვარსკვლავის გეზს არ გადასცდეს. მაგრამ თუ ვინმე მარტო ღილკილოს დასამშვენებლად მოწყვეტს ყვავილს, თავის მოსაწონებლად და არა საკუთარი სიამოვნებისთვის, ისიც გააგდე, დაე, იმ თავისი ღილკილოში გარჭობილი ყვავილიანად მოშორდეს, სადაც უნდა იქ წავიდეს და ცეკვით შეიქციოს თავი. ასე და ამგვარად, ჩემო მეგობარო, თუ გინდა პირნათლად შეასრულო შენი ვალი და ერთგულად ემსახურო შენს სამშობლოს, ნუ დაინდობ იმ მგრძნობიარე ყმაწვილებს, რომლებიც ამ ცხოვრებას ოდენ თავიანთი სატრფოს თვალებით უყურებენ, ანდა ვინმე სხვა უარესისა. დაე, შენმა სიტყვებმა მათ ყური მოსჭრას, სმენა მოჰკვეთოს.
შესვენებით მხოლოდ ღამღამობით უნდა შეისვენოს ლაშქარმა, ტყის პირას ან მთის ძირას გაშალონ კარვები; იქ ჯვაროსნები ფეხს დაიბანენ, ცოლის მომზადებულ ვახშამს მიუსხდებიან, მერე კიდეც მიუწვებიან მეორე ნახევარს, დააორსულებენ, აკოცებენ და მერე ღრმა ძილს მიეცემიან, რომ დილაადრიან დაადგნენ შორეულ გზას. თუ ამასობაში ვინმე მოუკვდებათ, იქვე, გზის პირას დაასვენებენ და მისივ აბგარ-აბჯარი იქნება მისი სუდარაცა და საბურავიც, დანარჩენზე კი ყვავ-ყორანი იზრუნებს. „აცადენ მკვდარნი დაფლვად თვისთა მკვდართა“. თუ გზად ვინმე მოინდომებს და კიდეც დაუკრავს სტვირს, ფლეიტას, გიტარას ანდა სხვა რამ საკრავს, წაართვი და დაუმტვრიე, რაკი არც თავად მიაპყრობდა ყურს მჟღერ ვარსკვლავსა და სხვებსაც ხელს შეუშლიდა. ხოლო ვისი ყურთასმენაც დახშულია ციური ხმებისთვის, არცა ჰმართებს რაინდის საფლავის საძებნელად წასვლა.

   ეს მოცეკვავეები პოეზიაზეც კი გაგიბამენ საუბარს; ყურიც არ ათხოვო; ვინც სტვირსა თუ რაღაც სასტვენს უკრავს და ზეციური ხმა ვერ სწვდება მის სმენას, არც თვითონაა ღირსი, სხვამ მოუსმინოს. მისთვის გაუგებარია ფანატიზმის პოეზიის სიღრმეები, გამოცარიელებულ ტაძართა დიდებული პოეზია, სადაც ვერ ნახავთ ვერც გაჩახჩახებულ სასანთლეებს, ვერც ოქრო-ვარაყს, ვერც ხატებსა და გერბებს და ვერაფერს, რასაც თუნდაც ხელოვნებას უწოდებენ. ოთხი შიშველი კედელი და ფიცრის ჭერი, რაღაც ფარღალალა რამ. გააძევე ლაშქრის რიგებიდან ყველა ეს მესტვირე და მოცეკვავე; გააძევე, სანამ თვითონ გაიქცეოდნენ ერთი თეფში ლობიოს გულისთვის. ისინი ხომ ცინიზმის ფილოსოფოსები ბრძანდებიან, მიმტევებლები, ვითომ კარგი ბიჭები, ყველაფრის გამგებნი და ყველაფრის მპატიებლები. მაგრამ აკი მას, ვისაც ყველაფერი ესმის, არც არაფერი ესმის და ვითომ ყველაფრის მიმტევებელი რომაა, არც არაფერს მიუტევებს. ისინი უბრალოდ ამით ვაჭრობენ და არც რცხვენიათ. და რაკი ორ სამყაროში ცხოვრობენ, თავს ნებას აძლევენ, ერთში თავისუფლება იქადაგონ, მეორეში კი მონობას შეეგუონ; ერთი და იმავე დროს გუნდრუკი უკმიონ პერესებსაც, ლოპესებსაც და როდრიგოებსაც. წინათ იტყოდნენ ადამიანის ცხოვრებას ორი რამ წარმართავსო, შიმშილი და სიყვარულიო. მდაბალ ადამიანთა და მიწიერ ცხოვრებას კი, როგორ არა, მოცეკვავეები ნამდვილად შიმშილისა და სიყვარულისთვის ცეკვავენ, ხორციელი შიმშილისა და ხორციელი სიყვარულის გულისთვის. გააძევე ისინი შენი ლაშქრიდან და რამდენიც უნდათ, იცეკვონ და დაუკრან ის თავიანთი სალამური თუ რაღაც სასტვენი; რამდენიც უნდათ, უმღერონ ერთ თეფშ ლობიოსა და იმ თავიანთ ერთი ღამის მეძავებს; რამდენიც უნდათ, იმდენი ახალ-ახალი პირუეტები და რიგოდოები შეთხზან. თუ ვინმე გამოგეცხადება და გეტყვის, ხიდების შენება შემიძლია და ეგებ ეს ჩემი ხელობა მდინარეზე ხალხის გადასაყვანად მაინც გამოგადგესო, მოიშორე თავიდან, ყველა ინჟინერი - შორს! მდინარეზე ფონითა და ცურვითაც გადავლენ ჯვაროსნები, თუნდაც ნახევარი დაიხრჩოს. ინჟინრები კი იქ წავიდნენ, სადაც შენება სჭირდებათ. მათთვის კი, ვინც საფლავის საძებნელად მიეშურება, მარტო ერთი ხიდიც კმარა - რწმენა.

*

   თუ შენ, ჩემო კეთილო მეგობარო, გინდა მიჰყვე შენს მოწოდებას, აღასრულო შენი მიზანი, ნუ ენდობი ხელოვნებას, ნუ ენდობი მეცნიერებას, ყოველ შემთხვევაში, იმასაც, რასაც ხელოვნებასა და მეცნიერებას უწოდებენ და სინამდვილეში კი საცოდავი მინამგვანია ჭეშმარიტი ხელოვნებისა და მეცნიერებისა. შენ შენი რწმენა იკმარე, შენი რწმენა იქნება შენი ხელოვნებაც და შენი მეცნიერებაც. შენს წერილებში ისეთი წინდახედულება და სიფრთხილე იგრძნობოდა, ეჭვიც კი დამებადა, ნეტავ თუ შეძლებს თავისი შთანაფიქრის განხორციელებას-მეთქი. თითქმის ყველა შენი წერილი ერთიანად გადაჭრელებულია ჩანართებით, დაზუსტებებით, მინიშნებებით, შესწორებებით, ამიტომ ნიაღვარივით როდი მოსჩქეფს, ნაპირებს რომ გადმოხეთქავს; შენს წერილებში ხშირად შემინიშნავს სიტყვაღვლარჭნილობა, მდარე ლიტერატურის იერი რომ დაჰკრავს, ხოლო ეს მართლაცდა უნიათო ლიტერატურა ბუნებრივად ემიჯნება ყოველგვარ მონურსა და უხამსს; დამმონებელმა კი მშვენივრად უწყის, რომ სანამ მონა თავისუფლებას უმღერის, თავის მონურ მდგომარეობასაც კარგად ეგუება და აზრადაც არ მოუვა, გაგლიჯოს თავისი ბორკილები. მაგრამ ხანდახან კვლავ დამიბრუნდება ხოლმე შენდამი რწმენა და იმედი, მით უმეტეს, როცა დაუდევარ, მოუფიქრებელ და ლამის კაკოფონიურ სიტყვებს მიღმა აშკარად ვგრძნობ შენი ხმის ციებცხელებიანივით აგზნებულ თრთოლვას. ზოგჯერ მაინც კაცი ვერ მიხვდება, რა ენაზე ლაპარაკობ; დაე, ყველამ თავის ენაზე თარგმნოს... მაშ იცხოვრე ამ დაუდგრომელ და უსასრულო გზნებათა ქარბუქში და დაჰყევი ამ ერთადერთ გზნებას. მხოლოდ ბობოქარ, დაუცხრომელ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაღაც ჭეშმარიტად დღეგრძელი და ნაყოფიერი. თუ შენს გასაგონად ვინმემ მავანზე თქვა, „უმწიკვლოაო“, - ამ სულელური სიტყვის ნებისმიერი მნიშვნელობით, - გაერიდე მას, მით უმეტეს, როცა ის ხელოვანია. როგორც უფრო სულელი კაცი არც იტყვის და არც გააკეთებს სისულელეს თავის ცხოვრებაში, ასევე ხელოვანიც, ყველაზე ნაკლებად რომაა პოეტი და ანტიპოეტიც კია - ხელოვანთა შორის კი ბუნებით ანტიპოეტები ჭარბობენ, - სწორედ ის ხელოვანი აღმოჩნდება ხოლმე ასეთი „უმწიკვლო“, სწორედ მას შეამკობენ ხოლმე დაფნის გვირგვინით ეს მესტვირე მოცეკვავეები, მას აჯილდოებენ პრემიებით, დიპლომებით და მას აცხადებენ „უმწიკვლოდაც“.

   ჩემო საბრალო მეგობარო, შენ გაძაბუნებს გაუნელებელი ციებ-ცხელება, წყურვილი უძირო და უნაპირო ოკეანეებისა, შიმშილი სამყაროთა და სევდა მარადიულობისა, იტანჯები შენივე გონებისაგან და არ იცი, რა გინდა. ახლა, ახლა აიკვიატე სიგიჟეთა რაინდის საფლავის საძებნელად წასვლა, რომ ცრემლად დაიღვარო, მოიშთო ოკეანეთა წყურვილით, სამყაროთა შიმშილით, მარადიულობის სევდით.
გაუდექი გზას მარტო. ყველა მარტოსული გამოგყვება, შენს გვერდით კი ივლიან ისინი, მაგრამ შენ მათ ვერ დაინახავ; ყოველ მათგანს ასევე ეგონება, რომ მარტო მიდის, თუმცა კი ყველა ერთად შეადგენთ ერთ დიდ წმინდა ლაშქარს, წმინდა უსასრულო ჯვაროსნულ ლაშქარს.
შენ, ალბათ არ იცი, ჩემო კარგო მეგობარო, რომ ის მარტოსულები, ერთმანეთსაც რომ არ იცნობენ, ერთიმეორის სახესაც რომ ვერ ხედავენ, და არც სახელი იციან ერთიმეორისა, მაინც ხელს უწვდიან ერთმანეთს და სიკეთეს უსურვებენ, სხვები კი ამ დროს მითქმა-მოთქმას უნდებიან, ჩურჩულ-კურკურსა და ლანძღვა-გინებას არ აკლებენ ერთმანეთს, მერე ყველა თავ-თავის გზას გაჰყვება და ყველა, რაც შეიძლება შორს გარბის საფლავიდან.
შენ ხომ შარახვეტიათა ბრბოს არ მიჰყვები, შენ თავისუფალ ჯვაროსანთა ლაშქარში ხარ. მაშ, რატომღა უსმენ და უყურებ მაგათ ლაყბობას?
არა, მეგობარო, არა! ამ უბირთა ბრბოს რომ ჩაუვლი, ყურებზე ხელები აიფარე, ერთი სიტყვა გადაუგდე და შენი გზა განაგრძე, გზა საფლავისკენ, მაგრამ იმ სიტყვაში უნდა ისმოდეს მთელი შენი წყურვილი, მთელი შენი შიმშილი, მთელი შენი სევდა და სიყვარული. მაგრამ თუ გინდა შენც მათი ცხოვრებით იცხოვრო, მაშინ იცხოვრე მათთვის, ოღონდ იცოდე, ჩემო საბრალო მეგობარო, დასაღუპავად გაგიწირავს თავი და ეგ არის.
მახსენდება ის ტკივილით სავსე წერილი, რომელიც მაშინ მომწერე, როცა ლამის უკვე გატყდი, ფარ-ხმალი დაყარე და კინაღამ მიეკედლე კიდეც მათ; და მე მივხვდი, რარიგად გიმძიმდა მარტოობა, მარტოობა, რომელსაც შენთვის ნუგეში და მხნეობა უნდა მოეტანა. მაშინ იყო, რომ ყველაზე უფრო საშინელი სასოწარკვეთილების ზღვარს მიუახლოვდი, ლამის უფსკრულს მიადექი, რომელიც შთანთქმას გიქადდა; იმ ზღვრამდე მიხვედი, რომ შენ საკუთარ მარტოობაშიც კი დაეჭვდი, წარმოიდგინე, ვითომ გარს ხალხიც კი გეხვია. „ეგებ ტყუილად ვიმტვრევ თავსო, - მეუბნებოდი, - მე რომ მგონია, მარტო ვარ-მეთქი, ეგებ ჩემივე გამონაგონია, ჩემი ეჭვების ნაყოფია, პატივმოყვარეობისა და ვინ იცის, სიგიჟისაც კი. მაშ, რატომ არის, რომ მშვიდ მდგომარეობაში თითქოს ჩემს ირგვლივ ადამიანებს ვხედავ, რომლებიც ხელს მართმევენ, მამხნევებენ, მათი გულითადი სიტყვებიც კი მესმის და, საერთოდ, ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ მე მარტო არა ვარ“. და სულ ასე და ამგვარად. მივხვდი, რომ თავს იტყუებდი, ლამის იღუპებოდი, და ვხედავდი, რომ გაურბოდი საფლავს.
არა, ნუ მოიტყუებ თავს, ნუ, რანაირი ციებ-ცხელების შეტევაც უნდა გქონდეს, რანაირი წყურვილიც უნდა გახრჩობდეს, რა შიმშილიც უნდა გტანჯავდეს, შენ მარტო ხარ, სრულიად მარტო. კბენა ხომ მუდამ კბენა არ არის, ზოგჯერ კოცნასაც ჰგავს. ისინი, ვინც ტაშს გიკრავენ, სინამდვილეში გისტვენენ, ვინც გიკიჟინებს - „წინო!“ - სინამდვილეში უნდათ შეგაჩერონ, ოღონდ კი საფლავისკენ არ წახვიდე. დაიხშე ყურთასმენა და უწინ უფრთხილდი ყველაზე უფრო საშიშ ცდუნებას, აბეზარი ბუზივით რომ აგედევნება; უფრთხილდი, არ აგიყოლიოს მაცდურმა წუხილმა - ნეტავ, როგორი ვჩანვარ სხვის თვალშიო. შენ მარტო იმაზე იზრუნე, როგორი ჩანხარ უფლის თვალში, იმაზე იფიქრე, როგორი წარსდგები უფლის თვალთა წინაშე.
შენ მარტო ხარ, გაცილებით უფრო მარტო, ვიდრე გგონია, მაგრამ ჯერ მხოლოდ დგახარ აბსოლუტური, სრული, ჭეშმარიტი მარტოობის გზაზე. აბსოლუტური, სრული, ჭეშმარიტი მარტოობა მაშინ დგება, როცა კარგავ შენს უკანასკნელ მეგობარს - საკუთარ თავს და ჭეშმარიტად, აბსოლუტურად, სრულიად მარტო მაინც არ იქნები მანამდე, სანამ არ განთავისუფლდები ყოველივე იმისგან, რაც ხარ შენ თვითონ - სამარის პირას. წმინდა მარტოობა!

   აი, ეს ყველაფერი მოვახსენე ჩემს მეგობარს და მან პასუხად მომწერა მწარე ნაღვლით აღსავსე ერთი გრძელი წერილი.
კეთილი, რაც შენ მითხარი, ყველაფერი ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგია, ურიგო მართლაც არ არის, მაგრამ ნუთუ იმაზე არ გიფიქრია, იქნებ გერჩივნა, სანამ დონ კიხოტეს საფლავის საძებნელად წავიდოდით და გამოვიხსნიდით ბაკალავრების, მღვდლების, დალაქების, კანონიკოსებისა და ჰერცოგებისგან, ჯერ უფლის საფლავი მოგვეძებნა და გაგვეთავისუფლებინა მორწმუნეთაგან და ურწმუნოთაგან, ათეისტებისაგან და დეისტებისგან, ასე რომ დაეპატრონნენ მას და იქ, სადაც გაისმის უნუგეშო სასოწარკვეთილებისა და გულსაკლავი ტირილის ხმები, დიახ, იქ დავლოდებოდით, როცა უფალი ჩვენი აღსდგებოდა მკვდრეთით და გადაგვარჩენდა არარასაგან!

ნახვა: 300

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters