ფრანსუაზ საგანი - სალამი სევდავ (გაგრძელება)

      ← დასაწყისი

თავი მეორე

      ორი დღეც გავიდა: საწოლზე ფეხმორთხმული ვიჯექი. ღონემიხდილი ვიყავი. ერთი აზრი ამკვიატებოდა და თავიდან ვერ მომეშორებინა: ანა მთელ სიცოცხლეს გამიმწარებს-მეთქი. სირილის ნახვას არ ვცდილობდი, თორემ იგი ალბათ დამამშვიდებდა, რაღაც სიხარულს მაგრძნობინებდა, ეს კი მე სულაც არ მსურდა. გადაუწყვეტელ საკითხებზე ფიქრი, წარსულ დღეთა მოგონება, მომავლის შიში ერთგვარ სიამოვნებასაც კი მგვრიდა. ძალიან ცხელოდა. ოთახში თითქმის ბნელოდა, დარაბები დახურული იყო, მაინც არაფერი მშველოდა. მძიმე, ნესტიანმა ჰაერმა აუტანლად მომთენთა. ლოგინზე გავწექი და თავი უკან გადავაგდე, თვალები ჭერს მივაპყარი, დროდადრო ოდნავ შევინძრეოდი, ზეწარზე გრილ ადგილს ვეძებდი. არ მეძინა და მაინც გამოსაფხიზლებლად რადიომიმღებზე ფირფიტებს ვდებდი საწოლის ფეხთან. ნელი, უმელოდიო, მონოტონური მუსიკა ისმოდა ოთახში. უსასრულოდ ვაბოლებდი. დეკადენტად წარმომედგინა თავი და ეს მომწონდა. თავის მოსატყუებლად ვერც ამ თამაშმა მიშველა: ნაღვლიანი, გზააბნეული გამოვიყურებოდი ალბათ.

      ერთ ნაშუადღევს მოახლემ კარზე მომიკაკუნა და იდუმალი სახით მაცნობა, ქვემოთ ვიღაც გიცდითო. მაშინვე ვიფიქრე, სირილია-მეთქი. ჩავედი. არა, სირილი არ იყო, ელზა მოსულიყო. გულთბილად ჩამომართვა ხელი. შევხედე და სახტად დავრჩი: ძალიან გალამაზებულიყო. როგორც იქნა, მზე მოჰკიდებოდა, ნამზეური ზომიერად, ლამაზად დასდებოდა და ამ სუფთა, ახალგაზრდა ქალის ნახვა ნამდვილად გესიამოვნებოდათ.

  - ჩემოდნების წასაღებად მოვედი, – მითხრა მან, – ჟუანმა ამ დღეებში რამდენიმე კაბა მიყიდა, მაგრამ არ მყოფნის.

      ერთი კი გავიფიქრე, ნეტა ჟუანი ვინ არის-მეთქი, მაგრამ დიდხანს არ მიმტვრევია თავი. ელზას ნახვა ძალიან გამიხარდა: თან მოიტანა ლუდხანის თავშესაქცევი საღამოების სურნელი და ბედნიერი დღეები მომაგონა. გამოვუტყდი, ძალიან მესიამოვნა-მეთქი თქვენი ნახვა. მიპასუხა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ჩვენ მუდამ გვესმოდა ერთმანეთის და საერთო აზრები გვქონდაო. ვცდილობდი, შინაგანი ცახცახი არ გამომემჟღავნებინა, და შევთავაზე, ჩემს ოთახში ამოსულიყო, მამაჩემთან და ანასთან შეხვედრას აიცდენდა თავიდან. მამაჩემის ხსენებაზე ვერ შეიკავა და ისე გადააქნია თავი, მივხვდი, კვლავ უყვარდა... მიუხედავად ჟუანისა და მისი კაბებისა. ამასთანავე, ისიც გავიფიქრე, ამ თავის გადაქნევას სამი კვირის წინ ალბათ ვერც კი შევამჩნევდი-მეთქი. ელზამ ოთახში შესვლისთანავე ხმამაღლა დაიწყო მოყოლა, ზღვის ნაპირას რა თავბრუდამხვევად ატარებდა დროს მაღალ საზოგადოებაში. ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა მერეოდა ცნობისმოყვარეობა. ნაწილობრივ, ალბათ ელზას ახალი იერი იწვევდა ამას. მაგრამ, ეტყობა, მალე იგრძნო ჩემი გარინდება, ლაპარაკი შეწყვიტა, ოთახში გაიარა და ბოლოს ისე მკითხა, ჩემკენ თავი არ გამოუბრუნებია: – რაიმონდი ბედნიერი მაინც არის?

      ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ერთი ქულა მომეგოს. მაშინვე მივხვდი, რატომ. ერთბაშად უამრავი გეგმა, ათასნაირი გადაწყვეტილება ამერია თავში და ვიგრძენი, რომ მათ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი. ამიტომ სწრაფად მივხვდი, რა უნდა მეპასუხა: – ბედნიერიო! ამის თქმა მეტისმეტი იქნებოდა. ანა საშუალებას არ აძლევს, სხვა რამ იფიქროს. იგი ძალიან მარჯვე ქალია.

  - ძალიან! – ამოიოხრა ელზამ.

  - ვერც კი წარმოიდგენთ, რა გადაწყვეტილება მიაღებინა... ცოლად ირთავს!..

      ელზა შეძრწუნებული სახით შემობრუნდა ჩემკენ: – ცოლად ირთავს? რაიმონდი ცოლის შერთვას აპირებს? რაიმონდი?

  - დიახ, რაიმონდი ცოლს ირთავს!

      ხარხარს ძლივს ვიკავებდი. ხელები მიკანკალებდა. ელზა ისეთი გაოგნებული იდგა, თითქოს კომბალი ჩამერტყას თავში. დაფიქრების საშუალება არ უნდა მიმეცა, იმ დასკვნამდე არ უნდა მისულიყო, თითქოს მამაჩემი ისეთ ასაკში იყო, ცოლის შერთვის მეტი არაფერი დარჩენოდა: ბოლოს და ბოლოს, მთელ თავის სიცოცხლეს დემიმონდენებთან ხომ ვერ გაატარებდა?!

      მე წინ გადავიხარე და ხმას დავუწიე, რათა უფრო მეტი შთაბეჭდილება მომეხდინა: – ელზა, ეს არ უნდა მოხდეს. მამა უკვე იტანჯება. თქვენ კარგად გესმით, რომ ეს შეუძლებელია!

  - მართალი ხართ, – თქვა მან.

      ელზა მონუსხულივით იდგა. სიცილი მომინდა. ხელების კანკალმა მიმატა.

  - მე თქვენ გელოდით, – განვაგრძე, – მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეებრძოლოთ ანას, მხოლოდ თქვენ გაქვთ ბუნებრივი სიკოხტავე.

      ეტყობა, დამიჯერა, მაგრამ მაინც შემეკამათა: – კი მაგრამ, რაკი ირთავს, ალბათ, უყვარს კიდეც!

  - არა, მას თქვენ უყვარხართ, ელზა! – მშვიდად ვუთხარი. – ნუ შეეცდებით დამარწმუნოთ, თითქოს არ იცოდეთ.

      ელზამ წამწამები დაახამხამა, რომ კმაყოფილება და იმედი დაემალა. თავი მიაბრუნა. არც კი ვფიქრობდი, რას ჩავდიოდი, თავბრუდახვეულივით ვმოქმედებდი, გუმანით ვგრძნობდი, რაც უნდა მეთქვა.

  - ხომ გესმით? ანამ იმდენი ილაპარაკა ოჯახურ იდილიაზე, სინდისზე, რომ გააბრუა და ხელში ჩაიჭირა.

      ჩემი სიტყვები მე თვითონ მზარავდა – მე ხომ ჩემს პირად გრძნობებს გამოვთქვამდი და ისიც, რა თქმა უნდა, მარტივად და ტლანქად. სამაგიეროდ, ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავდა ჩემს ფიქრებს.

  - ეს ქორწინება თუ მოხდა, სამივეს გაგვიმწარდება სიცოცხლე, ელზა. მამა უნდა დავიცვათ, იგი ხომ დიდი ბავშვია... ჰო, დიდი ბავშვი!

      ენერგიულად ვიმეორებდი, "დიდი ბავშვია-მეთქი", ვგრძნობდი, რომ ყოველივე ეს მელოდრამას წააგავდა, მაგრამ ელზას ლამაზი, მწვანე თვალები უკვე დაინისლა სიბრალულით. ბოლოს ისე დავასრულე, როგორც ჰიმნებშია ხოლმე: – დამეხმარეთ, ელზა, ამას თქვენი და მამას ინტერესები მალაპარაკებს, ამას თქვენი სიყვარულის გულისთვის გთხოვთ.

  - კი, მაგრამ მე რა შემიძლია? – მკითხა ელზამ. – ჩემი აზრით, ვერაფერს გავხდებით.

  - თუკი ეს ამბავი შეუძლებლად მიგაჩნიათ, მაშინ ახლავე თქვით უარი, – განვაცხადე ისეთი ხმით, ჩამწყდარს რომ უწოდებენ.

  - ერთი ამ კახპას დამიხედეთ! – წაიბუტბუტა ელზამ.

  - ზედგამოჭრილი სახელია, – ვუთხარი და ახლა მე ავარიდე თვალი.

      ელზა თვალის დახამხამებაში გამოცოცხლდა. დასცინეს, არა? არა უშავს, იმ ინტრიგანს მალე აჩვენებს, ელზა მაკენბურგს რა ძალუძს. რაიმონდს რომ ისევ უყვარდა, ეს მან იცოდა. თვითონაც წინანდებურად მოსწონდა, რაიმონდის მომხიბვლელობა ჟუანმაც ვერ დაავიწყა. რასაკვირველია ოჯახის შექმნაზე არასდროს ულაპარაკია მასთან, ყოველ შემთხვევაში, თავი არ მოუბეზრებია, არც კი ცდილა!

  - ელზა, – შევაწყვეტინე მსჯელობა, რადგან მისი ატანა უკვე აღარ შემეძლო, – თქვენ ახლავე მიხვალთ სირილთან ჩემი სახელით და თავშესაფარს სთხოვთ. იგი როგორმე დაითანხმებს დედამისს. უთხარით, რომ ხვალ დილით მეც მოვალ მის სანახავად და სამივემ მოვილაპარაკოთ.

      კართან რომ მივედით, გავეხუმრე: – იცოდეთ, საკუთარი ბედისთვის იბრძვით, ელზა!

      დინჯად დამიქნია თავი, თითქოს მარჩენალი მამაკაცებივით ბედსაც ხელთათმანებივით არ იცვლიდა!.. ტანის რხევით მიაბიჯებდა მზეზე. მე კი ვიდექი და ვუყურებდი. იმ წუთს სანაძლეო შემეძლო დამედო, რომ ერთი კვირის შემდეგ მამაჩემი კვლავ მოისურვებდა ელზასთან თავშექცევას.

      ოთხის ნახევარი იყო. მამას ახლა, ალბათ, ანას მკლავებში ეძინა. ანაც სახეგაბადრული, ბედნიერებისა და სიცხისგან მოთენთილი, ძილს ვერ ართმევდა თავს... ათასგვარი გეგმა ელვის სისწრაფით მესახებოდა, მაგრამ საკუთარ თავზე ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ. შეუსვენებლივ დავდიოდი წინ და უკან, მივიდოდი ფანჯარასთან, სწრაფად გადავავლებდი თვალს წყნარ ზღვას, სილიან ნაპირზე რომ გართხმულიყო, ვბრუნდებოდი კართან და კვლავ ფანჯრისკენ მივეშურებოდი, ათას რამეს ვანგარიშობდი, ვვარაუდობდი, ყოველგვარ დაბრკოლებასაც ვანადგურებდი თანდათან; თუ რა მოჰყვებოდა ამ ჩემს ხრიკებს, არაფრად ვაგდებდი; საშიშ, მარჯვე ქალად მიმაჩნდა თავი, ხოლო იმ ზიზღს, ჩემდა უნებურად ელზასთან ლაპარაკის დროს რომ ვგრძნობდი, თავმოყვარეობის, შინაგანი წაქეზებისა და სიმარტოვის გრძნობაც დაემატა.

      მაგრამ მთელი გეგმა – ღირს კი ამის თქმა? – ბანაობის დროს ჩაიფუშა. ანას წინაშე სინდისის ქენჯნისგან ვცახცახებდი, თავს ვეღარ ვიმორჩილებდი; მისი ჩანთა მე მიმქონდა. როგორც კი წყლიდან ამოვიდა, სწრაფად მივაშურე და პენუარი მოვაწოდე, ყურადღებას, ალერსიან სიტყვებს არ ვაკლებდი. ის, რომ უკანასკნელ დღეებში სულ ჩუმად ვიყავი, ახლა კი ასე სწრაფად შევიცვალე, რა თქმა უნდა აკვირვებდა და კიდეც სიამოვნებდა. მამა აღტაცებული იყო. ანა ღიმილით მიხდიდა მადლობას, მხიარულად მპასუხობდა კითხვებზე, მე კი ყურებში მიწიოდა: "ერთი ამ კახპას დამიხედეთ!" – "სწორედ ზედ გამოჭრილი სახელია!" არა, ეს როგორ ვთქვი, ჰა? ელზას წამოროშილს კვერი როგორ დავუკარი? ხვალვე ვურჩევ, თავიდან მომწყდეს, გამოვუტყდები, შევცდი-მეთქი. ჩვენ შორის კვლავაც აღდგება წინანდელი დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა, გამოცდებს ჩავაბარებ! ბაკალავრის ხარისხი ნამდვილად მჭირდება! ხომ ასეა?

  - ბაკალავრის ხარისხი ნამდვილად მჭირდება! ხომ ასეა? – ვკითხე მართლაც ანას.

      ანამ შემომხედა და სიცილი წასკდა. მეც გადავიხარხარე. ბედნიერი ვიყავი, რომ გამხიარულებულს ვხედავდი.

  - ვერაფერს გაგიგებთ კაცი!

      მართალს ამბობდა, მართლაც ვერაფერს გამიგებდა კაცი. ხოლო რომ სცოდნოდა, რის ჩადენას ვაპირებდი!.. ვკვდებოდი, ისე მინდოდა მისთვის მეამბნა ყველაფერი, რომ მართლა დაენახა, რა ძნელი იყო ჩემი გაგება. მინდოდა მეთქვა: "წარმოიდგინეთ, ერთი კომედიის გასათამაშებლად ელზა შევაგულიანე: იგი თავს მოგვაჩვენებს, ვითომ სირილი უყვარს, იცხოვრებს მის სახლში, ჩვენს დასანახად ნავით ისეირნებენ, შეგვხვდებიან ტყეში, ზღვის სანაპიროზე. ელზა კვლავ გალამაზდა. ო, რასაკვირველია, თქვენსავით მშვენიერი როდია, მაგრამ თავისებურად მომხიბვლელია მაინც და მამაკაცთა ყურადღებას იპყრობს, მამა კი დიდხანს ვერ აიტანს მის ღალატს: მუდამ აღიზიანებს, თუ რომელიმე მისმა ყოფილმა ლამაზმა სწრაფად იპოვა შემცვლელი და თითქმის მის თვალწინ ერთობა, მით უმეტეს, თუ ეს მამაკაცი მასზე ახალგაზრდაა! ხომ გესმით, ანა? მას სულ მალე აღეძვრება სურვილი, ხელახლა ჩაიგდოს ხელში ელზა, თუმცა თქვენ უყვარხართ. მაგრამ, ალბათ, თავის დასამშვიდებლად მოიქცევა ასე. იგი ან მეტისმეტად პატივმოყვარეა, ანდა თავის თავში არაა დარწმუნებული, როგორც გსურთ, ისე იფიქრეთ. ელზა კი, რასაც ვეტყვი, იმას ჩაიდენს. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს მამა გიღალატებთ. ამას კი თქვენ ვერ აიტანთ, ხომ ასეა? თქვენ არ ეკუთვნით იმ ქალთა რიცხვს, სიყვარულის სხვასთან გაყოფა რომ შეუძლია. ჰოდა, რაკი მამაჩემი ამ გრძნობას სხვას გაუნაწილებს, თქვენ წახვალთ. მეც სწორედ ეს მინდა. დიახ, ეს სისულელეა, მაგრამ მე ხომ თქვენზე გაბრაზებული ვარ ბერგსონის გამო, სიცხის გამო?! მე წარმომედგინა, რომ... ამის თქმას ვერც კი ვბედავ, იმდენად აბსტრაქტული და სასაცილოა! ბაკალავრის ხარისხის გულისთვის მე შემეძლო განხეთქილება ჩამომეგდო ჩვენ შორის, წაგჩხუბებოდით თქვენ, დედაჩემის მეგობარს, თუმცაღა ბაკალავრის ხარისხის მიღება მართლაც საჭირო საქმეა, არა?"

  - ხომ ასეა?

  - რა არის ასე? – მკითხა ანამ. – ბაკალავრის ხარისხი მართლაც საჭიროა თუ არა?

  - ჰო.

      არა, ჯობს, არაფერი ვუთხრა, სულერთია, მაინც ვერ გამიგებს. არის ზოგი რამ, რაც ანას არ ესმის. მე წყალში გადავხტი და მამას დავეწიე; ვეღლაბუცებოდი, კვლავ ძველებურად მსიამოვნებდა წყალში ყოფნა, თამაში, გულწრფელი ურთიერთობა. ხვალ ოთახს შევიცვლი, სხვენზე მოვიკალათებ საკლასო წიგნებით, მაგრამ ბერგსონს მაინც არ ავიტან; გადაჭარბება რა საჭიროა? ორი საათი მუყაითი შრომა, მარტო ყოფნა, ჩუმი სიბეჯითე, მელნისა და ქაღალდის სუნი საკმარისია იმისთვის, რომ ოქტომბერში წარმატებას მივაღწიო, მამაჩემის გაოცებული სიცილი მოვისმინო, ანას მოწონება დავიმსახურო, ლიცენციატის ხარისხი მივიღო. დავჭკვიანდები, განათლებული ქალი გავხდები, ოღონდ ანასავით ოდნავ გულგრილი... ჭკუა და უნარი უეჭველად მაქვს... განა ხუთ წუთში არ შევადგინე ერთი მეტად ლოგიკური გეგმა? რა თქმა უნდა, საძაგელი, მაგრამ მაინც ლოგიკური?! ანდა ელზას ამბავი აიღეთ! მე ხომ მის პატივმოყვარეობაზე, მის მგრძნობიარე ხასიათზე ვითამაშე! მე ხომ რამდენიმე წამში გადავაწყვეტინე ახალი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა იგი მხოლოდ ჩემოდნის წასაღებად მოვიდა?!

      სხვათა შორის, ძალიან სასაცილო ამბავი გამოვიდა: როგორც კი ელზა ნიშანში ამოვიღე, მიზანში მოხვედრა ისე მოვახერხე, სიტყვის დაძვრა არც კი ვაცალე. ჩემს სიცოცხლეში პირველად განვიცადე ეს უჩვეულო გრძნობა:Øუჩხვლიტო ვისმე, აამოძრაო, დღის სინათლეზე გამოიყვანო და მერე ხელი სტაცო. როგორც ზამბარისკენ ფრთხილად წაიღებენ თითს, ასევე ვცდილობდი მეც მომეძებნა ვინმე მსხვერპლი. და მართლაც, მაშინვე წამოეგნენ ჩემს ანკესს! მაშინვე! წინათ ეს გრძნობა ჩემთვის უცნობი იყო, მე კი მუდამ გრძნობების ამყოლი გახლდით! თუკი ვინმეს შევხებივარ, მხოლოდ შეცდომით! ადამიანური რეფლექსების ასეთ სასწაულებრივ მექანიზმს, სიტყვების ასეთ ძალას ერთბაშად ავუღე ალღო... რა სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს მოტყუების გზით მოხდა! როცა იქნება, ვინმეს ხომ შევიყვარებ მთელი გრძნობით?! ჰოდა, მასთან მისასვლელ გზას ასევე ფრთხილად, ნაზად, აკანკალებული ხელით მოვძებნი, ალბათ...

თავი მესამე

      მეორე დღეს, როცა სირილის აგარაკისკენ მივდიოდი, ვეღარ ვიგრძენი ის სულიერი სიმტკიცე, წინადღეს რომ მქონდა. ჩემი განკურნების აღსანიშნავად ბევრი დავლიე სადილზე და გადაჭარბებული სიმხიარულე გამოვამჟღავნე. მამაჩემს ვეუბნებოდი, ძალიან მინდა ფილოლოგიის ლიცენციატი გავხდე, მინდა განათლებული ხალხის წრეში ვიტრიალო, მინდა სახელოვანი, დინჯი ქალი ვიყო; ამისათვის კი საჭიროა, რეკლამა და ყველანაირი სკანდალური ამბავი მარჯვედ გამოვიყენო-მეთქი. ერთმანეთს ვუზიარებდით სულელურ აზრებს და გიჟებივით ვხარხარებდით. ანაც იცინოდა, ოღონდ თავშეკავებით, ოდნავ შემწყნარებლურად; ზოგჯერ სიცილს შეწყვეტდა, რადგან ჩემი აზრები აშკარად სცილდებოდა ლიტერატურის ჩარჩოებსა და ზრდილობის უბრალო წესებს. მაგრამ მამაჩემს აშკარად ეტყობოდა, რომ ჩვენი ადრინდელი დამოკიდებულების აღდგენითა და ამ სულელური ხუმრობით ბედნიერი იყო. ამიტომ ანაც არაფერს ამბობდა. ბოლოს, როგორ იქნა, ლოგინში ჩამაწვინეს, მომეფერნენ. მე მხურვალე მადლობას ვუხდიდი ორივეს და წამდაუწუმ ვიმეორებდი, თქვენ რომ არ მყავდეთ, რა მეშველებოდა-მეთქი. მამამ მართლაც არ იცოდა რა მეშველებოდა, ხოლო ანას ეტყობა, თავისი მოსაზრება ჰქონდა ამაზე; მაგრამ სწორედ მაშინ, როცა შევეხვეწე, გულწრფელად მიპასუხეთ-მეთქი და როცა ისიც დაიხარა სათქმელად, ძილმა მომწყვიტა კისერი. შუაღამეს გამომეღვიძა. მივხვდი, ცუდად ვიყავი. ასეთი მძიმე შეგრძნება არასდროს მქონია. ამიტომ ფიქრებაშლილი, გულაძგერებული მივაბიჯებდი ახლა ფიჭვნარში და ვერც დილის ზღვის სიმშვენიერეს ვამჩნევდი და ვერც აღელვებულ თოლიებს.

      სირილი ბაღის შესასვლელთან დამხვდა. მაშინვე ჩემკენ გამოეშურა, მკლავები მომხვია, მაგრად მიმიხუტა და თან რაღაც გაურკვეველ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა: – საყვარელო, ისე ვწუხდი... რამდენი ხანია... არც კი ვიცოდი, რას აკეთებდი, არ ვიცოდი, ის ქალი თუ ასე გაწვალებდა... არც ის ვიცოდი, ამდენად უბედური თუ ვიქნებოდი მე თვითონ... ყოველ ნაშუადღევს ყურეს ჩავუვლიდი ხოლმე რამდენჯერმე... არც კი წარმომედგინა, ასე ძალიან თუ მიყვარდი...

  - არც მე, – მივუგე.

      სინამდვილეში კი მისმა საქციელმა ძალიან გამაოცა და კიდეც ამაღელვა. ვწუხდი, გული მერეოდა და საკუთარი გრძნობების გამოხატვა არ შემეძლო.

  - რა ფერმკრთალი ხარ, – მითხრა სირილმა. – ახლა მე ვიზრუნებ შენზე. არავის მივცემ ნებას, კვლავ ასე ცუდად მოგექცეს!

      მივხვდი, ელზას ფანტაზიას აჰყოლოდა. სირილს ვკითხე, დედა რას ამბობს-მეთქი ელზაზე.

  - ელზა ჩემს ობოლ მეგობრად გავაცანი. სხვათა შორის, ელზა ძალიან კეთილია. ყველაფერი მიამბო იმ ქალზე. მართლაც საოცარია, ასეთმა დახვეწილმა, კეთილშობილმა ქალმა როგორ იკადრა ასეთი ხრიკები!

  - ელზას მეტისმეტად გადაუჭარბებია, – წავიკნავლე მე, – სწორედ ამიტომ მოვედი. მინდოდა მისთვის მეთქვა რომ...

  - მეც მაქვს სათქმელი, – შემაწყვეტინა სირილმა, – სესილ, ცოლად მინდა შეგირთო.

      დავიბენი. რაღაც უნდა მეღონა, რაღაც პასუხი უნდა მიმეცა, მაგრამ რა მეთქვა, როცა ასე საშინლად მერეოდა გული...

  - მიყვარხარ! – თქვა სირილმა და ჩემს თმას ტუჩებით შეეხო. – იურიდიულ ფაკულტეტს თავს დავანებებ, კარგ სამსახურს მთავაზობენ... ბიძაჩემიც... მე ოცდაექვსი წლისა ვარ, პატარა ბიჭი არ გეგონო. მართლა გეუბნები. რა იტყვი?

      ამაოდ ვცდილობდი გამომეძებნა რამე ორაზროვანი, მაგრამ საამო პასუხი. არავითარი სურვილი არ მქონდა, ცოლად გავყოლოდი სირილს. საერთოდ არავინ არ მინდოდა ქმრად. დავიღალე.

  - შეუძლებელია! – წავიბუტბუტე ბოლოს. – მამაჩემი...

  - მამაშენს მე დაველაპარაკები, – მითხრა სირილმა.

  - ანა არ იზამს. მიაჩნია, რომ სრულწლოვანი არ ვარ. რაკი უარს იტყვის, მამაც აღარ დათანხმდება. რომ იცოდე, როგორ დავიღალე, სირილ! ამდენი ღელვისაგან მუხლები მეკეცება, დავსხდეთ... აგერ, ელზაც!

      ელზას საშინაო ხალათი ეცვა. გაბრწყინებული, ახალგაზრდული იერით ჩამოდიოდა კიბეზე. მის გვერდით მე უფერული, დალეული ვჩანდი. ორივეს ჯანსაღი, აგზნებული, გრძნობამორეული იერი ჰქონდა. ამან კიდე უფრო მომშალა. ელზამ ისეთი მზრუნველობით დამსვა, თითქოს ციხიდან ახალგამოსული პატიმარი ვყოფილიყავი.

  - რაიმონდი როგორაა? – მკითხა. – თქვენთან რომ ვიყავი, იცის?

      ელზას იმ ადამიანის ნეტარი ღიმილი ეფინა სახეზე, რომელმაც აპატია და ახლა იმედიც ჩასახვია გულში. მე არ შემეძლო მისთვის მეთქვა, რომ მამაჩემს უკვე გადავიწყებული ჰყავდა. ვერც სირილისთვის გამემჟღავნებინა, რომ არავითარი სურვილი არ მქონდა ცოლად გავყოლოდი. თვალები დავხუჭე. სირილი ყავის მოსატანად გაიქცა, ელზა კი ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა გაუთავებლად; აშკარა იყო, მარჯვე ადამიანად მთვლიდა და მენდობოდა. ყავა მაგარი იყო, სურნელოვანი. მზემაც ძალა შემმატა.

  - ბევრი ვიფიქრე, მაგრამ გამოსავლი მაინც ვერ ვიპოვე, – თქვა ელზამ.

  - გამოსავალი არ არსებობს! – განაცხადა სირილმა. – ის ისეა გატაცებული, ისეა ანას გავლენის ქვეშ მოქცეული, რომ ვერაფერს გავხდებით.

  - როგორ თუ არ არის გამოსავალი! – წამოვიყვირე მე. – არის! უბრალოდ ისეთია, თქვენ რომ ვერც წარმოიდგენთ!

      საშინლად ვამაყობდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ორივე მთელი გულისყურით მისმენდა:Øისინი ათი წლით უფროსები იყვნენ ჩემზე, მაგრამ ტვინის განძრევა არ შეეძლოთ.

  - ფსიქოლოგიური ამბავი მაქვს მხედველობაში! – მოურიდებლად განვაცხადე მე.

      დიდხანს ვლაპარაკობდი, ჩემს გეგმას ვაცნობდი. ელზამ და სირილმა ჩემს ჩანაფიქრს იგივე სიძნელეები აღმოუჩინეს, რომლებმაც მე თვითონაც დამაფიქრა წინადღეს, მაგრამ, რადგან ამ დაბრკოლებების გადალახვის საშუალებებიც მოვახსენე, დიდი სიამოვნება ვიგრძენი. მართალია, ჩემი არგუმენტები საფუძველს მოკლებული იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა მათი დარწმუნება, საკუთარმა ფანტაზიებმა თვითონვე გამიტაცა. მე მათ დავუმტკიცე, ჩემი გეგმის განხორციელება სავსებით შესაძლებელია-მეთქი. ახლა ისღა დამრჩენოდა, ორივე დამერწმუნებინა, რომ განზრახულის განხორციელება საჭირო აღარ იყო, მაგრამ ლოგიკური საბუთების პოვნა ვაღარ მოვახერხე.

  - მსგავსი კომბინაციები არ მომწონს, – თქვა სირილმა, – მაგრამ თუკი შენთან დასაქორწინებლად ერთადერთი საშუალება ესაა, ამაზეც თანახმა ვარ.

  - ეს სულ მთლად ანაზე არ არის დამოკიდებული! – ვთქვი მე.

  - კარგად იცით, თუ იგი აქ დარჩა, მხოლოდ მას გაჰყვებით ცოლად, ვისაც ის შეგირჩევთ, – თქვა ელზამ.

      იქნებ, სიმართლეს ამბობდა. ერთბაშად წარმოვიდგინე: როგორც კი ოცი წელი შემისრულდებოდა, ანა მაშინვე გამაცნობდა ვინმე ყმაწვილს, ალბათ ლიცენციატს, ბრწყინვალე მომავლის მქონეს, ჭკვიანს, თავდაჭერილს და, რა თქმა უნდა, ერთგულს. ერთი სიტყვით, სირილის მსგავს ახალგაზრდას. სიცილი წამსკდა.

  - გეხვეწები, ნუ იცინი! – წამოიძახა სირილმა. – მითხარი, ხომ იეჭვიანებ, მე და ელზა რომ არშიყობის სცენას გავითამაშებთ? ასეთი რამ მაინც როგორ მოიფიქრე? ნუთუ არ გიყვარვარ?

      ხმადაბლა ლაპარაკობდა. ელზამ ქალური ალღო გამოიჩინა და მოშორებით დადგა. შევყურებდი სირილის მზემოკიდებულ, დაძაბულ სახეს, სევდიან თვალებს. ვუყვარდი. ეს კი უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. მე შევყურებდი მის სავსე ტუჩებს, ასე ახლოს რომ იყო ჩემთან... გონება მიბნელდებოდა. სახე უფრო მომიახლოვა, ბაგეებით შევეხეთ ერთმანეთს. თვალგახელილი ვიჯექი და ჩემს ტუჩებზე მის მკვრივ, მწველ ტუჩებს ვგრძნობდი. მსუბუქმა თრთოლამ გადაურბინა ბაგეზე და კიდევ უფრო მომეკრა, თითქოს უნდოდა, ეს თრთოლა დაეფარა. ერთხანს თითქოს ჩემს ბაგეს დააკვდა, მერე კი გაცოცხლდა და კოცნად იქცა, დაჟინებულ, თავაწყვეტილ კოცნად... ერთბაშად მივხვდი, რომ ლიცენციატის ხარისხზე მეტად მზის გულზე ბიჭის მხურვალე კოცნა მიზიდავდა. სუნთქვაშეკრულმა მსუბუქად ვკარი ხელი სირილს.

  - სესილ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. კეთილი, მე გავითამაშებ ამ კომედიას.

      ახლა უკვე იმაზე ვფიქრობდი, სწორი იყო თუ არა ჩემი ჩანაფიქრი. ამ კომედიის სულის ჩამდგმელი და რეჟისორი მე გახლდით, ჰოდა, მისი ჩაშლაც ჩემს ხელთ იყო.

  - მუდამ უცნაური აზრები მოგდის თავში, – განაგრძობდა სირილი, მისთვის ჩვეული გულუბრყვილო ღიმილით. ასე როცა იღიმებოდა, ზედა ტუჩი ოდნავ აეწეოდა ხოლმე და ყაჩაღს, ლამაზ ყაჩაღს ემსგავსებოდა.

  - მაკოცე, – წავჩურჩულე, – ჩქარა მაკოცე!

      ასე დაიწყო კომედიის გათამაშება: ჩემდა უნებურად, უდარდელად, მარტოოდენ ცნობისმოყვარეობით! ზოგჯერ მგონია, სჯობდა ეს ამბავი შეგნებულად წამომეწყო, სიძულვილითა და გაბოროტებით... ყოველ შემთხვევაში, მაშინ საკუთარ თავს დავაბრალებდი და არა სიზარმაცეს, მზეს და სირილის კოცნას.

      ერთი საათის შემდეგ საკმაოდ გულამრეზილმა მივატოვე შეთქმულები. თავის დასამშვიდებლად მრავალი საბუთი მრჩებოდა: ადვილი შესაძლებელია, ჩემი გეგმა ცუდი გამოდგეს-მეთქი; იქნებ, მამაჩემს იმდენად შეუყვარდეს ანა, მისი ერთგული დარჩეს-მეთქი. ამას გარდა, ვერც სირილი, ვერც ელზა უჩემოდ ვერაფერს გახდებოდნენ. მე კი რაიმე საბაბს გამოვძებნიდი და თამაშს შევწყვეტდი, თუკი, რასაკვირველია, მამაჩემი ანკესზე წამოეგებოდა. მაგრამ თავშესაქცევად ცდა მაინც ღირდა. მინდოდა მენახა, ჩემი ფსიქოლოგიური ვარაუდები სწორი იყო თუ არა.

      მით უმეტეს, რომ სირილს იმდენად ვუყვარდი, ჩემი შერთვაც კი უნდოდა. ეს აზრი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ნეტარად მეგრძნო თავი. თუ იგი ერთ-ორ წელიწადს მოითმენდა, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ალბათ, თანხმობასაც მივცემდი. უკვე კიდეც წარმოვიდგინე სირილთან ერთად ცხოვრება, მის გვერდით ძილი, მუდამ მასთან ყოფნა. ყოველ კვირას მამას და ანას მყუდრო ოჯახში ვივლიდით საუზმეზე. იქნებ, სირილის დედაც მოსულიყო, რაც ოჯახურ იდილიას საბოლოოდ დააგვირგვინებდა.

      ანა ტერასაზე დამხვდა, ზღვაზე აპირებდა ჩასვლას, იქ მამაჩემი ეგულებოდა. მან ისეთი ირონიული ღიმილით შემომხედა, როგორც წინადღით ნაქეიფარ ხალხს ხვდებიან ხოლმე. ვკითხე წუხელ, სანამ ჩამეძინებოდა, რაღაც გინდოდათ გეთქვათ-მეთქი. სიცილით მიპასუხა, არა, ვერ გეტყვით, გაბრაზდებითო. მამა წყლიდან ამოვიდა, მხარგანიერი და კუნთმაგარი... დიდებული სანახავი იყო! მე და ანამ გავცურეთ, იგი წყნარად მიცურავდა, თმა რომ არ დასველებოდა, ზევით სწევდა თავს. შემდეგ სამივე ერთმანეთის გვერდით გავწექით პირაღმა. შუაში მე გავიშოტე. ისინი მშვიდად გარინდულიყვნენ.

      სწორედ ამ დროს ნავი გამოჩნდა ყურის ყელთან, აფრააშვებული ნავი. მამამ პირველმა შეამჩნია.

  - ჩვენი სირილი მეტს ვეღარ ითმენს, – სიცილით თქვა მან. – ანა, ვაპატიოთ? მართალი გითხრათ, მშვენიერი ყმაწვილია.

      თავი ავწიე, საფრთხე ვიგრძენი.

  - კი მაგრამ, რას აკეთებს? – იკითხა მამამ. – დახეთ, ყურეს უვლის... ოო, მარტო არ ყოფილა!..

      ანამაც ასწია თავი. ნავმა წინ ჩაგვიარა და მოუხვია. სირილის სახე გავარჩიე. გულის სიღრმეში ვედრება აღმომხდა, მინდოდა მეყვირა, აქედან წადით-მეთქი.

      მამაჩემის წამოძახილმა შემაკრთო, თუმცა უკვე ორი წუთია ველოდი ამას.

  - კი მაგრამ... ეს ხომ ელზაა? აქ რას აკეთებს? – იგი ანას მიუბრუნდა: – რა უცნაური გოგოა! ეტყობა, საბრალო ბიჭი ჩაიგდო ხელში და იმ მოხუცი მანდილოსნის გულიც მოინადირა!

      ანა ყურს არ უგდებდა, მე მიყურებდა. როგორც კი მისი მზერა დავიჭირე, შემრცხვა და თავი სილაში ჩავრგე. ანამ კისერზე მომითათუნა ხელი.

  - შემომხედეთ, მიწყრებით?

      თვალები გავახილე: წუხილით, თითქმის ვედრებით შემომცქეროდა. პირველად შემომხედა ისე, როგორც მგრძნობიარე, ჩაფიქრებულ არსებებს უყურებენ ხოლმე, და ისიც დღეს, როცა... კვნესა აღმომხდა და ერთბაშად თავი გავწიე მამასკენ, რათა ანას ხელი მომეშორებინა. მამა თვალს არ აშორებდა ნავს.

  - ჩემო საბრალო გოგო, – ხმადაბლა წამოიწყო ანამ, – ჩემო პატარა სესილ, ამ ამბავში ცოტა მეცა ვარ დამნაშავე, ასეთი მოურიდებელი იქნებ არ უნდა ვყოფილიყავი... მაგრამ მერწმუნეთ, აზრად არ მქონია გული მეტკინა თქვენთვის...

      იგი ნაზად მისვამდა ხელს თმაზე, კეფაზე. არ ვინძრეოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტალღის მიქცევაა და სილა ფეხქვეშ მეცლება-მეთქი... არავითარ სხვა გრძნობას, არც სიბრაზეს, არც რაიმე ლტოლვას არასოდეს ჩავუთრევივარ ასე! მინდოდა თავი დამენებებინა ამ კომედიისათვის, ჩემი ცხოვრება ანასთვის მიმენდო, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ის ყოფილიყო ჩემი პატრონი. ასეთი სისუსტე არასოდეს მიგრძნია. თვალები დავხუჭე. ასე მეგონა, გული აღარ მიძგერს-მეთქი.

თავი მეოთხე

      როცა მამაჩემმა ელზას მოსვლა გაიგო, მხოლოდ გაკვირვება გამოხატა. მოახლემ შეატყობინა, ჩემოდნის წასაღებად მოვიდა და მაშინვე გაბრუნდაო. არ ვიცი, ჩვენი შეხვედრა რატომ დაუმალა. ეს ქალი იქაური იყო, მეტად რომანტიკული პიროვნება გახლდათ და ჩვენი ამბები, უეჭველია, საკმაოდ მიმზიდველად ეჩვენებოდა. განსაკუთრებით ალბათ ოთახების შეცვლა ართობდა, მით უმეტეს, რომ თვითონ უწევდა ნივთების გადატან-გადმოტანა.

      მამასა და ანას სინდისი ქენჯნიდათ, ყურადღებით და ალერსიანად მექცეოდნენ, რაც პირველ ხანებში აუტანელი იყო ჩემთვის, მაგრამ შემდეგ კიდეც მომეწონა. ერთი სიტყვით, ჩემი ბრალიც რომ არ ყოფილიყო, სირილისა და ელზას ყოველდღიური ნახვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ხელიხელგაყრილებს, აშკარად ვატყობდი, რომ ჩემს ნიშანს ელოდნენ. ნავით სეირნობა აღარ შემეძლო, სამაგიეროდ, თმაგაწეწილ ელზას ყოველ წამს ვხედავდი. აკი, მეც ასე მიწეწდა ქარი თმას! მათთან შეხვედრისას არ მიძნელდებოდა გულჩათხრობილი, მჭმუნვარე იერი მიმეღო, მით უმეტეს, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდნენ: ფიჭვნარში, სოფელში, შარაგზაზე. ანა გადმომხედავდა, საუბრის თემას შეცვლიდა და გასამხნევებლად მხარზე მადებდა ხელს. არ ვიცი, გითხარით თუ არა, რომ ანა კეთილი ქალი იყო. არც ის ვიცი, ეს გულკეთილობა მისი გონივრულობის კეთილშობილური გამოხატულება გახლდათ თუ უბრალოდ გულგრილობა, მაგრამ მას მუდამ მზად ჰქონდა საჭირო სიტყვა და, მართლა რაიმე ტანჯვა რომ მქონოდა გადასატანი, მძიმე წუთებში უკეთეს მხარდამჭერს ვერც ვიპოვიდი.

      ამიტომაც განვაგრძობდი თამაშს მშვიდად, მით უფრო, რომ, როგორც ვთქვი, მამაჩემი სრულიად არ ეჭვიანობდა. ამით მიმტკიცებდა, რომ ანა უყვარდა. ამიტომაც, ცოტა არ იყოს, გუნება მემღვრეოდა, რადგან მისი საქციელი ჩემი გეგმების უაზრობაში მარწმუნებდა. ერთ დღეს მე და მამა საფოსტო განყოფილებიდან ვბრუნდებოდით. მოულოდნელად ელზა შემოგვხვდა; ისე ჩაგვიარა, თითქოს ვერ შეგვამჩნია. მამამ თვალი გააყოლა, თითქოს უცნობ ქალს უყურებსო, და წაიჩურჩულა: – ერთი შეხედე, ელზა როგორ გალამაზდა!

  - შეყვარება უხდება! – მივუგე მე.

      მამამ გაკვირვებით შემომხედა.

  - შენ ფიქრობ, რომ ისინი...

  - რას იზამ? თანატოლები არიან... ბედს კი ვერსად გაექცევი...

  - ოო, ანა რომ არა, ბედი არაფერ შუაში იქნებოდა...

      გაანჩხლებული ჩანდა.

  - ხომ არ გგონია, რომ არ მნდომოდა, ვიღაც ლაწირაკი ქალს წამართმევდა?

  - ასაკს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს! – ვუპასუხე დინჯად.

      მხრები აიჩეჩა. შევამჩნიე, სახე მოეღრუბლა. გულში ალბათ დამეთანხმა, ელზა და სირილი მართლაც ახალგაზრდები არიანო. თვითონ კი, რაკი თავის ტოლ ქალს ირთავდა ცოლად, ამით უკვე გამოაკლდებოდა იმ მამაკაცთა რიცხვს, ვისთვისაც დაბადების წელს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. უნებურად ვიგრძენი, რომ გამარჯვება მე დამრჩა. როცა ანას სახეზე წვრილ ნაოჭებს ვამჩნევდი თვალის კუთხეში ან ბაგესთან, ჩემს თავზე ბრაზი მომდიოდა; მაგრამ ჩემთვის ხომ ისე ადვილი იყო ავყოლოდი საკუთარ გრძნობებს, ხოლო მერე სინანული მეგრძნო!..

      ასე გავიდა ერთი კვირა. სირილმა და ელზამ არაფერი იცოდნენ ჩვენი საქმის თაობაზე და ყოველდღე მელოდნენ. მე კი ფეხს ვითრევდი, მათთან მისვლა ვერ გადამეწყვიტა. უკვე ყველაფერი მომბეზრდა და მეშინოდა, ახალ-ახალ აზრებს დამტყუებენ-მეთქი. ამას გარდა, ნაშუადღევს ოთახში ავდიოდი, ვითომდა სამეცადინოდ. სინამდვილეში კი არაფერს ვაკეთებდი. ერთხელ იოგების წიგნი ჩამივარდა ხელში და გატაცებით შევუდექი კითხვას. ხანდახან საშინელი, გიჟური ხარხარი ამიტყდებოდა, მაგრამ ჩუმად ვიცინოდი, მეშინოდა, ანას არ გაეგონა: ვეუბნებოდი, წელში ვწყდები, იმდენს ვმუშაობ-მეთქი. როცა მასთან ვიყავი, იმ მოტყუებული მიჯნურის როლს ვთამაშობდი, ვისი ერთადერთი ნუგეშიც ლიცენციატად გახდომაა. ჩემი აზრით, ამის გამო ანა უკვე პატივსაც კი მცემდა. სამაგიეროდ, მამაჩემი ჩანდა აშკარად სასოწარკვეთილი, რადგან სადილობისას კანტის ციტატების კორიანტელს ვაყენებდი.

      ერთ ნაშუადღევს აბაზანის პირსახოცებში გავეხვიე, მინდოდა ინდოელს დავმსგავსებოდი. მარჯვენა ფეხი მარცხენა ბარძაყზე შემოვიდე და სარკეს მივაშტერდი, ოღონდ საკუთარი თავით კი არ ვტკბებოდი, იოგის ნამდვილი პოზა მინდოდა მიმეღო. ამ დროს კარზე დააკაკუნეს. ვიფიქრე, მოახლეა-მეთქი და, რაკი არაფერს აქცევდა ყურადღებას, დავუძახე, შემოდით-მეთქი.

      ანა შემოვიდა, ერთხანს მონუსხულივით იდგა და იღიმებოდა.

  - რას თამაშობდით?

  - იოგას! – მივუგე. – მაგრამ ეს თამაში კი არა, ინდური ფილოსოფიაა.

      იგი მაგიდას მიუახლოვდა და წიგნი ხელში აიღო. გულმა რეჩხი მიყო. წიგნი მეასე გვერდზე იყო გადაშლილი და მთლიანად აჭრელებული მქონდა მინაწერებით: "განუხორციელებელია!" ან "დამქანცველია!"

  - ფრიად კეთილსინდისიერი ბრძანდებით! – თქვა ანამ, – კი მაგრამ, ის დისერტაცია სადღაა პასკალზე, ყურები რომ გამოგვიჭედეთ?

      მართლაც, სადილობის დროს თავს ვიწონებდი პასკალის რომელიმე ფრაზაზე მსჯელობით. მინდოდა მეჩვენებინა, ამ საკითხზე რამდენი ვიფიქრე და ვიმუშავე. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არასოდეს ერთი სიტყვაც არ დამიწერია. ახლა გაშეშებული ვიდექი. ანა დამაშტერდა და ყველაფერს მიხვდა.

  - თუ არ მუშაობთ და სარკის წინ პრანჭიობას უნდებით, ეს თქვენი საქმეა! – თქვა მან ბოლოს. – მაგრამ მამათქვენსა და მე რომ გვატყუებთ, ეს უკვე სამწუხაროა. სხვათა შორის, თქვენი უეცარი ინტელექტუალური აქტიურობა მუდამ ძალიან მაოცებდა...

      თქვა და ოთახიდან გავიდა. თავზარდაცემულივით ვიდექი პირსახოცებში გახვეული. ვერ წარმომედგინა, ყოველივე ამას "მოტყუებას" თუ დაუძახებდა. დისერტაციაზე იმიტომ ვლაპარაკობდი, რომ მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა. მან კი ასე ხელაღებით გამწირა. ბოლო ხანებში ის სულ სხვანაირად მეპყრობოდა და ახლა მისი ეს დამამცირებელი ზიზღი სიბრაზისგან მახრჩობდა. სწრაფად მოვიშორე ჩემი უცნაური სამოსი, ჩავიცვი შარვალი, ძველი ბლუზა და სირბილით გავვარდი სახლიდან. თაკარა სიცხე იყო, მაგრამ რას დაგიდევდით? კისრისტეხით, გაშმაგებული მივრბოდი, იმდენად გაშმაგებული, რომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, სირცხვილიც არ შემაწუხებდა. სირილის სახლთან გავჩნდი. აქოშინებული შევჩერდი ჭიშკართან. ნაშუადღევის ამ პაპანაქებაში სახლებს თითქოს ღრმად ეძინათ, გარინდებულიყვნენ, საკუთარ საიდუმლოებებში ჩაფლულიყვნენ. სირილის ოთახს მივუახლოვდი. ერთხელ, დედამისის სანახავად მისულს, თვითონ მაჩვენა ეს ოთახი. კარი გავაღე: საწოლზე გარდიგარდმო გაშხლართულიყო, თავი მკლავზე დაედო და ეძინა. ერთი წუთით დავაცქერდი: პირველად ვხედავდი ასე მოდუნებულს, გულისამაჩუყებელს. ხმადაბლა დავუძახე; თვალები გაახილა და, როგორც კი შემამჩნია, მაშინვე წამოხტა.

  - შენა? აქ როგორ გაჩნდი?

      ვანიშნე, ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ-მეთქი. დედამისი რომ შემოსულიყო და მისი ვაჟის ოთახში ვენახე, იქნებ ეფიქრა... თუმცა ვინ არ იფიქრებდა?.. ერთბაშად ავფორიაქდი და კარს მივაშურე.

  - სად მიდიხარ? – დაიყვირა სირილმა. – დაბრუნდი, სესილ...

      სიცილით წამავლო ხელი და შემაჩერა. მისკენ მივბრუნდი, შევაცქერდი. მასაც ისევე დაედო მკვდრის ფერი, როგორც ვგრძნობდი, მე ვიყავი გაფითრებული. ხელი გამიშვა, მერე ხელახლა მომხვია მკლავები და მიმიზიდა. ანგარიშმიუცემლად ვიმეორებდი გულში: ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ასეც უნდა მომხდარიყო-მეთქი! შემდეგ დაიწყო სიყვარულის სიგიჟე: შიში და სურვილი, ალერსი და გაშმაგება, შემდეგ კი გაუსაძლისი ტკივილი, ყოვლისმომცველი სიამოვნება რომ სდევს თან. ბედმა გამიღიმა. სირილს აღმოაჩნდა საჭირო სიფაქიზე და... ეს სიამოვნება იმ დღიდანვე შევიგრძენი.

      ერთი საათი დავრჩი მასთან, გაოგნებული და გაოცებული. სიყვარულზე მუდამ მესმოდა, მეტად ადვილი საქმეაო. მეც ასე აგდებით, ჩემი ასაკისათვის დამახასიათებელი უმეცრებით მილაპარაკია მასზე. ახლა კი მეგონა, სიყვარულს ასე ხელაღებით და უხეშად ვეღარასოდეს მოვიხსენიებ-მეთქი. სირილი ჩემ გვერდით იწვა და მეუბნებოდა, აუცილებლად შეგირთავ ცოლად, ჩემს სიცოცხლეში გვერდიდან არ მოგიშორებო. ჩემი გარინდება, ჩანდა, აშინებდა. წამოვდექი, შევხედე და ვუთხარი, შენ ახლა ჩემი საყვარელი ხარ-მეთქი. დაიხარა. მის მკერდზე ათრთოლებულ ძარღვს ტუჩებით შევეხე და რამდენჯერმე გავუმეორე: "ჩემო ძვირფასო სირილ, ჩემო ძვირფასო!" არ ვიცი, იმ წუთში მართლა მიყვარდა თუ არა. მე მუდამ მერყევი ბუნება მქონდა, მაგრამ ახლა კი საკუთარ თავზე მეტად სირილი მიყვარდა, მისთვის სიცოცხლეს გავწირავდი. შინ წამოსვლისას მკითხა, ხომ არ ბრაზობ ჩემზეო. გამეცინა. როგორ უნდა გავბრაზებულიყავი, როცა ასეთი ბედნიერება მომანიჭა?!

      ნელი, მოქანცული ნაბიჯით დავბრუნდი ფიჭვნარში. სირილს ვთხოვე, არ გამაცილო-მეთქი, სახიფათო იყო. მეშინოდა, ჩემს სახეზე, მიბნედილ თვალებში, დასივებულ ტუჩებზე, ათრთოლებულ სხეულზე კმაყოფილების აშკარა ნიშნები არ ამოეკითხათ.

      ანა სახლის წინ, შეზლონგზე იწვა და წიგნს კითხულობდა. სახლიდან გასვლის მიზეზის ასახსნელად ტყუილი მზად მქონდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. შეკითხვები საერთოდ არ უყვარდა. ახლოს ჩამოვუჯექი, ოღონდ კრინტი არ დამიძრავს. მახსოვდა, რომ გაბუტულები ვიყავით. ვიჯექი ასე გარინდებული, ნახევრად მოჭუტული თვალებით და მთელი ჩემი ყურადღება საკუთარ სუნთქვას, თითების ცახცახს მიეპყრო. დროდადრო, როცა სირილის სხეულს ან ზოგიერთ მომენტს გავიხსენებდი, გულიდან სისხლი მეწრიტებოდა.

      მაგიდიდან სიგარეტი ავიღე, ასანთს გავკარი. ჩაქრა. მეორედ გავკარი ფრთხილად. ქარი არ ქროდა, მაგრამ ხელი მიკანკალებდა. როგორც კი სიგარეტთან მივიტანე, მაშინვე ჩაქრა. რაღაც ჩავიბუზღუნე და მესამედ გავკარი. თვითონ არ ვიცი, რატომ და ასანთის ამ მესამე ღერმა ერთბაშად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის. ალბათ, იმიტომ, რომ ანა ანაზდად გამოერკვა და დინჯად, დაკვირვებით შემომხედა. იმ წუთში ყველაფერი გაქრა ჩემთვის – დროც, ადგილიც. მხოლოდ ასანთის ეს ღერი, ჩემი თითები, ნაცრისფერი კოლოფი და ანას მზერა არსებობდა. გული კინაღამ ამომივარდა საგულედან, გაშმაგებით ამიძგერდა, რაც ძალი და ღონე მქონდა, თითები ასანთის ღერს ჩავჭიდე და გავკარი. აინთო, მაგრამ ვიდრე სახეს მივუშვერდი ალს, სიგარეტი შეეხო და ჩააქრო. კოლოფი გადავისროლე, თვალები დავხუჭე. ანას მკაცრი, ინკვიზიტორული მზერა ლოდად მაწვა. გულში ვედრება აღმომხდა. მინდოდა, ამ ლოდინს ბოლო მოღებოდა. ანამ ნიკაპზე წამავლო ხელი და თავი ამიწია. ქუთუთოებს მაგრად დავაჭირე თითები, არ მინდოდა თვალებში შემოეხედა ჩემთვის, ვგრძნობდი, დაღლილობით, სირცხვილით, სიამოვნებით გამოწვეული ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა თვალთაგან. და აი, მაშინ, თითქოს უარი თქვა დაკითხვაზეო, ანამ მშვიდად ჩამომისვა ხელი სახეზე და მომეშვა. შემდეგ ანთებული სიგარეტი პირში ჩამჩარა და წიგნის კითხვა განაგრძო.

      ანას ხელის მოძრაობას სიმბოლური მნიშვნელობა მივანიჭე, ყოველ შემთხვევაში, ვცადე მიმენიჭებინა. მაგრამ დღეს, როცა ხელში ასანთი მიჭირავს, მუდამ განვიცდი იმ უცნაურ წამს, ანას მძიმე შემოხედვას და ირგვლივ დაძაბულ სიცარიელეს ვგრძნობ...

თავი მეხუთე

      ეს ამბავი, რაზეც ეს-ეს არის გელაპარაკეთ, ცხადია, უშედეგოდ ვერ ჩაივლიდა. როგორც თავშეკავებულსა და საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს სჩვევიათ, ანასაც არ უყვარდა კომპრომისები. ჰოდა, ხელებით ნაზი მოალერსება ჩემს სახეზე, დიახაც, კომპრომისი გახლდათ მისთვის. რაღაცას მიხვდა, შეეძლო კიდეც გამოვეტეხე, მაგრამ ბოლო წუთს სიბრალულმა თუ გულგრილობამ სძლია, ალბათ. ჩემზე ზრუნვა, ჩემი გაწვრთნა ისევე ეძნელებოდა, როგორც ჩემს შეცოდებებთან შეგუება. ანას ხომ მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის გრძნობა აიძულებდა, ეკისრა მეურვის, აღმზრდელის როლი. რაკი გადაწყვიტა, მამაჩემს ცოლად გაჰყოლოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემზე მზრუნველობაც ევალდებულა. მე კი მერჩივნა ამ მუდმივ კილვას, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, გაღიზიანება ან რომელიმე სხვა ზერელე გრძნობა გამოეწვია: მას ჩვეულება სწრაფად დათრგუნავდა. სხვის ნაკლს ადვილად ეჩვევიან, როცა მისი გამოსწორება მოვალეობად არ ეთვლებათ. ექვს თვეში ანას დაღლიდა ჩემი "გამოსწორების" ცდა, შესაძლებელია, ამ დაღლილობას მისთვის შვებაც კი მოეტანა. მეც სწორედ ეს მჭირდებოდა; მაგრამ ეს გრძნობა ვერ გაუჩნდებოდა, რაკი, მისი აზრით, ჩემს საქციელზე თვითონ იქნებოდა პასუხისმგებელი; ერთი მხრივ, მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან მე ჯერ კიდევ დამჯერი ვიყავი, დამჯერი და... ჯიუტი. ერთი სიტყვით, ანა გაბრაზდა და კიდეც მაგრძნობინა. რამდენიმე დღის შემდეგ სადილზე კვლავ ატყდა კამათი. მიზეზი ის აუტანელი დავალებები იყო, არდადეგების დროს რომ უნდა შემესრულებინა. მე ისე უტიფრად ვლაპარაკობდი, უხერხულობისგან მამაც კი იშმუშნებოდა, ხოლო ანას, მართალია, ხმა არ აუმაღლებია, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოუთმენია და გასაღებით ჩავუკეტივარ. მე ეს არც კი შემიმჩნევია, მაგრამ როცა მომწყურდა და კარს მივადექი, კარი არ გაიღო. როგორ იქნა მივხვდი, რომ გარედან ჩაეკეტათ. ჩემს სიცოცხლეში არავის არასოდეს ჩავუკეტივარ ოთახში. ავფორიაქდი, ნამდვილმა პანიკამ შემიპყრო, ფანჯარას მივვარდი, იქიდან ვერ გადავიდოდი. გაგიჟებულივით გამოვბრუნდი, მერე კვლავ კარს ვეტაკე და მხარი ვიტკინე. ყვირილი და მოახლეების მოხმობა არ მინდოდა. კრიჭაშეკრულმა, კლიტის გატეხა მოვინდომე. ფრჩხილების ქლიბი გასაღების ჭუჭრუტანაში გადამიტყდა. ერთხანს მკლავებდაშვებული ვიდექი შუა ოთახში, გაშეშებული. ეს კია, ფიქრების თავმოყრასთან ერთად რაღაც სიმშვიდე მიპყრობდა. ეს იყო ჩემი პირველი შეტაკება სისასტიკესთან: ვგრძნობდი, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, უფრო ვიხლართებოდი მის კვანძებში. ლოგინზე გავიშოტე და სამოქმედო გეგმა გულდასმით შევიმუშავე. ჩემი გაშმაგება იმდენად აჭარბებდა მის გამომწვევ საბაბს, რომ მთელი იმ ნაშუადღევის განმავლობაში ორჯერ თუ სამჯერ წამოვვარდი საწოლიდან, ოთახიდან დავაპირე გასვლა, და გამიკვირდა, კარი რატომაა დაკეტილი-მეთქი!

      ექვს საათზე მამაჩემი მოვიდა და კარი გამიღო. ოთახში რომ შემოვიდა, ჩემდა უნებურად წამოვდექი ფეხზე. უსიტყვოდ შემომხედა და მეც გავუღიმე.

  - გინდა ვისაუბროთ? – მკითხა მან.

  - რაზე? მსგავსი ახსნა-განმარტებები, ჩემი არ იყოს, შენც გეჯავრება. მას ხომ არავითარი აზრი არა აქვს!..

  - მართალია, – ისე თქვა, თითქოს ლოდი მოიშორაო გულიდან, – ანას უფრო გულთბილად უნდა მოექცე, უნდა მოუთმონო!

      ამ სიტყვამ გამაოცა: მე მოვუთმინო ანას?!

      მამაჩემს ყველაფერი უკუღმა წარმოედგინა. გულის სიღრმეში ისე ეგონა, თითქოს ანას ძალით ახვევდა თავზე საკუთარ შვილს. სინამდვილეში კი პირიქით იყო. მაგრამ ფიქრს ვის აუკრძალავ!

  - ცუდად მოვიქეცი. ანას ახლავე მოვუხდი ბოდიშს.

  - შენ მაინც თუ ხარ... ჰმ... შენ თუ ხარ ბედ... ბედნიერი?

  - რა თქმა უნდა, – ლაღად მივუგე, – გარდა ამისა, თუკი მე და ანა ზედმეტად ავუწეწავთ ერთმანეთს ნერვებს, ცოტა ადრე გავთხოვდები და ეს იქნება!

      კარგად ვიცოდი, რომ ასეთი გადაწყვეტა საქმისა აუცილებლად დატანჯავდა.

  - ამაზე ფიქრიც ზედმეტია... შენ ხომ დედოფალა არა ხარ!..

      "ნუთუ ასე მალე დამთმობ და მიმატოვებ?! ჩვენ ხომ მხოლოდ ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად?!"

      ეს აზრი ისევე აუტანელი იყო ჩემთვის, როგორც მისთვის. წარმოვიდგინე, როგორ მივიდოდი მასთან, მკერდზე დავადებდი თავს, ვიტირებდი და დაკარგულ ბედნიერებასა და მოჭარბებულ გრძნობებზე ველაპარაკებოდი! მაგრამ მამაჩემი ვეღარ იქნებოდა ჩემი თანამოაზრე.

  - შენც კარგად იცი, მუდამ ვაჭარბებ. ბოლოს და ბოლოს, ანას და მე კარგად გვესმის ერთმანეთის. თუ დავუთმობთ ერთმანეთს...

  - ჰო, რასაკვირველია! – თქვა მან.

      ალბათ, ისიც ჩემსავით ფიქრობდა, რომ ორივე მხარე არ დათმობდა. დათმობა იქნებოდა მხოლოდ ჩემი მხრიდან.

  - ხომ გესმის? მე შესანიშნავად ვიცი, რომ ანა მუდამ მართალია. ჩვენზე უკეთ მოაწყო თავისი ცხოვრება... მის არსებობას უფრო მეტი აზრი აქვს...

      უარყოფის ნიშნად ხელი გაიქნია, მაგრამ მე განვაგრძე: – ერთი ან ორი თვის შემდეგ სავსებით შევეგუები ანას აზრებს, სულელურ კამათს აღარ ავტეხთ, ოღონდ ცოტა მოთმინებაა საჭირო.

      მამამ შემომხედა. აშკარად ეტყობოდა, რომ დაიბნა და თან შეეშინდა: მომავალი ანცობის თანამონაწილეს კარგავდა, ამით კი წარსულის პატარა ნაწილიც ეკარგებოდა.

  - გადაჭარბება რა საჭიროა! – წაილუღლუღა მან. – კი, იქნებ ისეთ ცხოვრებაში ჩაგითრიე, რაც არც შენი ასაკისათვის იყო შესაფერისი, არც... ჰმ... ჰმ... ჩემი, მაგრამ ის ცხოვრება არცთუ მთლად უგუნური და არცთუ უბედური იყო... არა! სინამდვილეში, ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ არც ისე... ჰმ... ჰმ... მოწყენილი... არა, გზასაცდენილი ვყოფილვართ. ასე ხელაღებით ყველაფრის უარყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ ანას ჩვენგან განსხვავებული აზრები აქვს, არ შეიძლება.

  - უარყოფა მართლაც არ არის საჭირო, სამაგიეროდ თავის დანებება კი აუცილებელია! – დარწმუნებით ვუთხარი.

  - რასაკვირველია! – წაიბუტბუტა საცოდავმა.

      ქვემოთ ჩავედით.

      მე ძალდაუტანებლად მოვუხადე ბოდიში ანას. პასუხად მითხრა, ბოდიში რა საჭიროა, ეტყობა, მთელი ამ კინკლაობის მიზეზი პაპანაქება სიცხეაო. მაშინვე გულგრილად შევხედე ყველაფერს და გავმხიარულდი.

      როგორც შევთანხმდით, სირილი ფიჭვნარში დამხვდა. ვუთხარი, რა უნდა გაეკეთებინა. შიშითა და აღფრთოვანებით მომისმინა. შემდეგ ხელები მომხვია, მაგრამ გვიანი იყო და შინ უნდა დავბრუნებულიყავი. მასთან განშორება ისე გამიჭირდა, თვითონვე გამიკვირდა. ძალიან რომ ჩამციებოდა, ალბათ, დავრჩებოდი. ჩემი სხეული მას ეძებდა, მისკენ მიილტვოდა. გატაცებით ვაკოცე, მინდოდა რაღაც ტკივილი მიმეყენებინა, რაღაც დაღი დამესვა, რათა მთელი საღამოს მანძილზე ერთი წუთითაც არ დავვიწყებოდი, ხოლო ღამით სიზმარში ვენახე. ღამე ხომ უსასრულოდ გაგრძელდებოდა უიმისოდ, მისი ანაზდეული გახელების, მისი ხანგრძლივი ალერსის გარეშე!

თავი მეექვსე

      მეორე დილით სასეირნოდ წავედი და მამაჩემი თან გავიყოლე. შარაგზაზე მივდიოდით და მხიარულად ვმასლაათობდით. ზუსტად თერთმეტის ნახევარი იყო. დანიშნულ ადგილას დროზე ვიქნებოდი. მამაჩემი წინ გამიძღვა, რადგან გზა მეტად ვიწრო და დაბარდული იყო; ეკლებს რომ არ დავეკაწრე, მაყვლის ბუჩქებს განზე მიწევდა... შეჩერდა თუ არა, მაშინვე მივხვდი, ისინი შეამჩნია-მეთქი. მივუახლოვდი. სირილი და ელზა ფიჭვის გირჩებზე გაწოლილიყვნენ და ტკბილად ეძინათ. სოფლური იდილიით მიღებული ბედნიერება ეფინათ სახეზე. რა თქმა უნდა, მითითება ჩემგან მიიღეს, მაგრამ როცა ეს სურათი დავინახე, გულში მაინც რაღაც ჩამწყდა. მართალია, ელზას მამაჩემი უყვარდა, ხოლო სირილს – მე, მაგრამ რა შეუშლიდა ხელს ამ ლამაზ, ახალგაზრდა წყვილს, ერთმანეთს დაახლოებოდნენ?! მამას გადავხედე. გაშეშებული იდგა, სახეზე მკვდრისფერი ედო, თვალი მიეშტერებინა ორივესთვის. მკლავში წავავლე ხელი.

  - ნუ გავაღვიძებთ, წავიდეთ აქედან! – ჩავილაპარაკე.

      უკანასკნელად შეავლო თვალი ელზას. ის პირაღმა იწვა – წითური თმა, ოქროსფრად მოელვარე სხეული, ბაგეზე აკიაფებული მკრთალი ღიმილი ნიმფას ამსგავსებდა, გაქცევა რომ დააპირა და იმწუთას ხელი სტაცეს. მართლაც, დიდებული სანახავი იყო! მამა შემობრუნდა და ფართო ნაბიჯით წავიდა წინ.

  - კა... – წაიბუტბუტა მან. – კახპა!

  - ასე რატომ ლაპარაკობ? ის ხომ თავისუფალი ქალია?

  - საქმე ეს როდია! განა გესიამოვნა, სირილი რომ მის მკლავებში დაინახე?

  - მე იგი აღარ მიყვარს, – ვთქვი მე.

  - არც მე მიყვარს ელზა, – გაანჩხლებით დაიყვირა მან, – მაგრამ მაინც მეტკინა გული. ნუთუ მასთან... ჰმ... ჰმ... ვცხოვრობდი! ეს უარესია ვიდრე...

      მეც ვიცოდი, რომ მართლაც უარესი იყო! მას, ალბათ, ისეთივე სურვილი ჰქონდა, როგორიც მე: მივარდნოდა, გაეთიშა ისინი და თავისი საგანძური, ის, რაც მას ეკუთვნოდა, მოეტაცა!

  - ანა რომ გისმენდეს!..

  - რა? ანა რომ მისმენდეს? რა თქმა უნდა, იგი ვერ გამიგებდა, ან შეურაცხყოფილი დარჩებოდა. ეს ბუნებრივიცაა! მაგრამ შენ? შენ ხომ ჩემი შვილი ხარ? ნუთუ აღარც შენ გესმის ჩემი? შენც შეურაცხყოფილი არა ხარ?

      ეჰ, რა ადვილი იყო ჩემთვის ისე წარმემართა მისი ფიქრები, როგორც მინდოდა. ცოტა არ იყოს, კიდეც მეშინოდა, ასე კარგად რომ ვიცნობდი მის ბუნებას!

  - შეურაცხყოფილი არა ვარ, მაგრამ სიმართლეს პირისპირ უნდა შევხედოთ: ელზას ინდაურის ტვინი აქვს, სირილი მოსწონს, იცის, რომ შენთვის იგი აღარ არსებობს. მით უმეტეს, ისე მოექეცი, ასეთი რამის პატიება შეუძლებელია...

  - რომ მინდოდეს... – წამოიწყო მან, მაგრამ შეშინებულს ერთბაშად გაუწყდა სიტყვა.

  - ვერაფერს გახდებოდი! – ისე მტკიცედ ვუთხარი, თითქოს ელზას დაბრუნების შესაძლებლობაზე კამათი ბუნებრივი რამ ყოფილიყო.

  - ამაზე აღარც ვფიქრობ! – თქვა მან. უკვე საღად მსჯელობდა.

  - რა თქმა უნდა! – მხრების აჩეჩით ვუპასუხე.

      მხრების აჩეჩა კი ნიშნავდა: "შეუძლებელია, ჩემო კარგო! შენ უკვე ჩამოწერილი ხარ!"

      სახლამდე კრინტი არ დაუძრავს. შინ დაბრუნებულმა მკლავი მოხვია ანას, მკერდზე მიიკრა და კარგა ხანს იდგა ასე, თვალდახუჭული. ანა გაკვირვებული იღიმებოდა. მე ოთახიდან გავედი და ტიხარს მივეყრდენი დერეფანში. სირცხვილისგან ვიწვოდი.

      ორ საათზე სირილის ჩუმი სტვენა შემომესმა და ნაპირზე ჩავედი. მან მაშინვე ჩამსვა ნავში და ზღვისკენ გაცურა. ზღვაზე არავინ იყო. ასეთ პაპანაქებაში ვის ექნებოდა ცურვის თავი! შუა ზღვაში გასვლისთანავე ჩამოუშვა აფრა და ჩემკენ შემობრუნდა. აქამდე თითქმის არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს.

  - ამ დილით... – დაწყო მან.

  - გაჩუმდი, გეხვეწები გაჩუმდი! – წამოვიძახე.

      მან ფრთხილად დამაწვინა ბრეზენტზე. ორივენი სველი, ოფლით გაწებილები ვიყავით, მოუხერხებელნი და სულსწრაფნი. ჩვენ ქვეშ ნავი ოდნავ ქანაობდა. მზე პირდაპირ თვალებში მაჭყეტდა. ანაზდად სირილის ნაზი ჩურჩული ჩამესმა და მზე თითქოს მოსწყდა ზესკნელს, აბდღვრიალდა, თავზე დამეცა... სად ვიყავი? ზღვის სიღრმეში, დროის სიღრმეში, სიამოვნების სიღრმეში... ხმამაღლა ვუხმობდი სირილს. არ მიპასუხა. ან კი რატომ უნდა ეპასუხა?!

      შემდეგ მარილიან წყალში გავგრილდით. მზის სხივები გვჭრიდა თვალს. მოთენთილები, ერთმანეთის მადლიერნი ვიცინოდით. ჩვენთან იყო მზე და ზღვა, სიცილი და სიყვარული... შევძლებთ კი ოდესმე განვიცადოთ ეს ყველაფერი ისეთივე სიმძაფრითა და სიძლიერით? იმ ზაფხულს ხომ ამ გრძნობებს ჩვენი შიში და სინდისის ქენჯნა აძლიერებდა.

      სიყვარული არა მხოლოდ უცხადეს ფიზიკურ სიამოვნებას მანიჭებდა. როცა მასზე ვფიქრობდი, ერთგვარ ინტელექტუალურ კმაყოფილებასაც განვიცდიდი. "გრძნობას აჰყვაო", – ეს სიტყვები მეტად მომხიბვლელად ისმის, თუკი პირდაპირ მნიშვნელობას ჩამოვაცილებთ. ეს მატერიალური და პოზიტიური ტერმინი "აჰყვაო", შეერთებული განყენებულ "გრძნობასთან", აღტაცებას მგვრიდა. წინათ ამაზე ყოველგვარი დარცხვენის, უხერხულობის გარეშე ვლაპარაკობდი, რადგან მისი გემო ჯერ არ ვიცოდი. ახლა კი აშკარად დავიმორცხვე. საკმარისი იყო მამაჩემს მზერა შეეჩერებინა ანას სახეზე, რომ მაშინვე თვალებს ვხრიდი, ანდა როცა ანას ორაზროვანი, ჩუმი სიცილი მოგვესმოდა, მე და მამა ვფითრდებოდით, ფანჯარაში ვიხედებოდით. იქნებ, კიდეც უნდა გვეთქვა ანასთვის, შენი სიცილით გვაგრძნობინებ, ჩვენი არ გჯერაო?! მამაჩემს იგი ექცეოდა, როგორც მეგობარს, ნაზ მეგობარს და არა – როგორც საყვარელს. სამაგიეროდ, ღამით, ალბათ... ამაზე ფიქრს ჩემს თავს ვუკრძალავდი; სულის ამაფორიაქებელი სურათების წარმოდგენა არ მიყვარდა. ასე გადიოდა დღეები. ნელ-ნელა მავიწყდებოდნენ ანაც, მამაც, ელზაც. სიყვარულიღა მასულდგმულებდა მთვარის შუქზე თვალგახელილს, მოსიყვარულესა და დამშვიდებულს. ერთხელ სირილმა მკითხა, არ გეშინია, ბავშვი რომ აგყვესო? მშვიდად ვუპასუხე, შენს იმედზე ვარ-მეთქი. ჩანს, ჩემი პასუხი ბუნებრივად ჩათვალა; ალბათ, სწორედ ამიტომ დავნებდი ასე ადვილად: პასუხისმგებლობას არაფერში მაკისრებდა და, თუ ბავშვი ამყვებოდა, მისი ბრალი იქნებოდა. რასაც მე ვერ ვიკისრებდი, იგი იღებდა თავის თავზე. ამას გარდა, ისეთი გამხდარი და მილეული სხეული მქონდა, ფეხმძიმობისას, ალბათ, საშინელი სანახავი ვიქნებოდი. ამიტომ, პირველად ჩემს სიცოცხლეში, კმაყოფილი ვიყავი, ბავშვის აღნაგობა რომ მქონდა!

      მაგრამ ელზა მოთმინებას კარგავდა. წამდაუწუმ მიწუხებდა სულს შეკითხვებით. მე კი ერთთავად მეშინოდა, ელზასთან ან სირილთან არავინ მნახოს-მეთქი. ელზა ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მამაჩემს ხშირად წასწყდომოდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვედროდა. უხაროდა, ეჩვენებოდა, რომ გაიმარჯვა, რომ მამა მის დანახვაზე აღტაცებას ვერ მალავდა. მიკვირდა, მამაკაცთა წამიერი სიამოვნებისათვის გაჩენილი ეს ქალი, თავისი ხელობით ფულის მოყვარული, ერთბაშად ასეთი რომანტიკული როგორ გახდა, ყოველ გამოხედვას, ყოველ მოძრაობას ასეთ დიდ მნიშვნელობას როგორ აწერს-მეთქი! მართალია, გამჭრიახი ქალის როლს არ იყო შეჩვეული, მაგრამ ის, რაც გაითამაშა, ეტყობა, ფსიქოლოგიის მწვერვალად მიაჩნდა.

      იქნებ, მამაჩემს დღითი დღე მართლაც უფრო და უფრო იპყრობდა ელზაზე ფიქრი, მაგრამ ამას ანა ვერ გრძნობდა. მამაჩემი არასოდეს ყოფილა მის მიმართ ასეთი ნაზი, ასეთი გულთბილი; მე კი სწორედ ეს მაშინებდა, რადგან მის საქციელს შეუგნებელ სინდისის ქენჯნას ვაწერდი. მთავარი ის იყო, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში არაფერი მომხდარიყო. მალე პარიზში დავბრუნდებოდით, ელზაც პარიზს წავიდოდა; თუ კვალავ თანახმანი იქნებოდნენ, მამა და ანა დაქორწინდებოდნენ; სირილიც პარიზში იქნებოდა. თუ ანამ .აქ ვერ შემიშალა ხელი, პარიზში მით უფრო ვერ დამიშლიდა მასთან შეხვედრას, პარიზში სირილის ოთახი ჰქონდა დედისეულ ბინასთან მოშორებით. უკვე წარმომედგინა, ვიწრო საწოლზე წამოწოლილები ღია ფანჯრიდან როგორ დავტკბებოდით პარიზის უჩვეულო ლურჯი და ვარდისფერი ცით, გისოსებზე ჩამომსხდარი მტრედების ღუღუნით...

თავი მეშვიდე

      რამდენიმე დღის შემდეგ, მამაჩემმა წერილი მიიღო ერთ-ერთი ჩვენი მეგობრისგან, სენ-რაფაელის ბარში პაემანს უნიშნავდა აპერიტივის დასალევად. მამამ მაშინვე გვაცნობა ეს ახალი ამბავი. აღტაცებული იყო, რომ ცოტა ხნით მაინც დააღწევდა თავს ამ განმარტოებულ ცხოვრებას, ჩვენი ნება-სურვილით რომ შევიქმენით, მაგრამ უკვე გვიძნელდებოდა. მეც, რა თქმა უნდა, მაშინვე შევატყობინე ელზასა და სირილს, რომ შვიდ საათზე "მზეში" ვიქნებოდით და, თუ წამოსვლას დააპირებდნენ, შეეძლოთ იქ ვენახეთ. საუბედუროდ, ელზა იცნობდა მამაჩემის მეგობარს და წამოსვლის სურვილი მით უფრო გაუცხოველდა. მაშინვე მივხვდი, რა გართულება მოჰყვებოდა მის იქ ყოფნას, შევეცადე გადამეფიქრებინა, მაგრამ ამაოდ.

  - შარლ ვები მაღმერთებს! – ბავშვური გულუბრყვილობით წამოიძახა მან. – როგორც კი დამინახავს, რაიმონდს მაშინვე აიძულებს, დამიბრუნდეს.

      სირილისთვის სულერთი იყო, წავიდოდით თუ არა სენ-რაფაელში. მისთვის მთავარი გახლდათ, იქ ყოფილიყო, სადაც მე ვეგულებოდი. ეს მის თვალებში ამოვიკითხე და, მართალი გითხრათ, გული სიამაყით ამევსო.

      და აი, ნაშუადღევის ექვს საათზე კიდეც წავედით. ანამ თავისი მანქანით წაგვიყვანა. მისი მანქანა ძალიან მომწონდა: ამერიკული ღია მანქანა იყო, მძიმე; ყიდვისას, ეტყობა, უფრო რეკლამას ენდო, ვიდრე საკუთარ გემოვნებას. ასეთი მანქანა ჩემს გემოვნებას უფრო შეეფერებოდა: უამრავი პრიალა ნაწილი ჰქონდა, მოსახვევებში ისე უხმოდ მისრიალებდა, თითქოს საცაა მოსწყდება გზას და დაქანდებაო. გარდა ამისა, სამივენი წინ ვისხედით. მე კი, უნდა გამოგიტყდეთ, არსად ისე მეგობრულად არ ვარ განწყობილი ვინმეს მიმართ, როგორ მანქანაში. დიახ, სამივენი წინ ვისხედით, ერთმანეთს ვეკვროდით, სისწრაფეს, ქარსა და, ვინ იცის, იქნებ ერთნაირ სიკვდილს მოწყურებულნი! მანქანას ანა მართავდა. ჰოდა, იტყოდით, სიმბოლური ნიშანია იმ ოჯახისა, ახლო მომავალში რომ უნდა შეიქმნასო. კანში იმ საღამოს მომხდარი ამბის შემდეგ მის მანქანაში არც ჩავმჯდარვარ. ამიტომ დიდი ხანია ვოცნებობდი ამაზე.

      "მზეში" შარლ ვები და მისი მეუღლე დაგვხვდნენ. ვების საქმე თეატრალური რეკლამები იყო, მისი ცოლისა კი ქმრის ნაშოვნი ფულის ფლანგვა. სანამ ქალი თვალის დახამხამებაში ფლანგავდა ფულებს ახალგაზრდა მამაკაცებზე, ქმარი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თვიდან თვემდე როგორ გაეტანა თავი და სულ ერთთავად ფულს ეძებდა. ამიტომ იყო მუდამ შეშფოთებული, აფუსფუსებული. დიდი ხნის განმავლობაში იგი ელზას საყვარელი ყოფილა; მიუხედავად თავისი სილამაზისა, ელზა ხარბი არ იყო. ჰოდა, ეტყობა, ვებსაც სწორედ იმიტომ მოსწონდა, ფულის მიმართ დაუდევრობას რომ იჩენდა.

      ვების ცოლი ბოროტი ქალი იყო. ანა მას არ იცნობდა. შევამჩნიე, ლამაზ სახეზე მაშინვე აღებეჭდა ის ამრეზილი და დამცინავი გამომეტყველება, ჩვეულებრივ რომ არ შორდებოდა ხოლმე მაღალ საზოგადოებაში ყოფნისას. შარლ ვები, როგორც ყოველთვის, ბევრს ლაპარაკობდა და თან თვალს არ აშორებდა ანას. აშკარად ეტყობოდა, ძალიან აინტერესებდა, რა კავშირი უნდა ჰქონოდა ანას ქალების მუსუს რაიმონდთან და მის ქალიშვილთან. როცა თავში გამიელვა, რა ახალი ამბავი უნდა გაეგო ვებს, ჩემს კმაყოფილებას საზღვარი არ ჰქონდა. მამა მისკენ დაიხარა და ერთი ამოსუნთქვით, სწრაფად განუცხადა: – ახალი ამბავი უნდა შეგატყობინო, ძმობილო! ხუთ ოქტომბერს ანა და მე ჯვარს ვიწერთ!

      ვები გაოგნებით უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს. მე გულში მიხაროდა. მისი ცოლი დაიბნა, მას მუდამ მოსწონდა მამაჩემი.

  - მომილოცავს! – ომახიანად დაიყვირა ბოლოს ვებმა. – ეს რა შესანიშნავი აზრი მოგსვლიათ! ძვირფასო ქალბატონო, რაკი ასეთი უქნარას გამოსწორება გიკისრიათ, დიდებული ქალი ბრძანდებით!.. მსახურო!.. ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ!

      ანა ძალდაუტანებლად და მშვიდად იღიმებოდა. უცებ ვებს სახე გაებადრა. თავი არც კი მიმიბრუნებია, მივხვდი.

  - ელზა! ღმერთი ჩემო, ნუთუ ელზა მაკენბურგია? ვერ შემამჩნია. რაიმონდ, ერთი შეხედე, ეს გოგო როგორ დამშვენებულა!

  - შენც შენიშნე, არა? – ბედნიერი მესაკუთრესავით ჰკითხა მამამ. მერე გონს მოვიდა და სახე შეეცვალა.

      შეუძლებელია, ანას არ შეემჩნია მისი ხმის კილო. სწრაფად მოაშორა მზერა მამას და ჩემკენ მოაბრუნა სახე. როგორ კი რაღაცის თქმა დააპირა, დავინახე და ვუთხარი: – ანა, თქვენ ისეთი მშვენიერი ხართ, ყველანი შურით სკდებიან! აი, იქ, ერთი კაცი ზის და თვალს არ გაშორებთ.

      ეს სიტყვები ვითომ საიდუმლოდ ვუთხარი, ე. ი. საკმაოდ ხმამაღლა. მინდოდა მამაჩემს გაეგონა. ანა მაშინვე მიბრუნდა და იმ კაცს შეხედა.

  - ასეთი რამ არ მიყვარს, – თქვა მამამ და ანას ხელი მოჰკიდა.

  - რა კარგები არიან! – ირონიულად ჩაიქირქილა ქალბატონმა ვებმა. – შარლ, ეს შეყვარებული წყვილი არ უნდა შეგეწუხებინა. საკმარისი იყო პატარა სესილი დაგეპატიჟა.

  - პატარა სესილი არ მოვიდოდა! – უბოდიშოდ მივახალე.

  - კი მაგრამ, რატომ? მიჯნური ხომ არ გაგიჩენიათ მეთევზეებში?

      ამ ქალმა ერთხელ ავტობუსში მნახა, სკამზე ვიჯექი და კონდუქტორს ვებაასებოდი. იმ დღიდან დეკლასირებულ არსებად მივაჩნდი და ასეც მექცეოდა – როგორც "დეკლასირებულს".

  - დიახ! – ნაძალადევი სიცილით ვუპასუხე.

  - ბევრს თევზაობთ მაინც?

  - სკუმბრიებში არა ვარ დახელოვნებული, მაგრამ მაინც ვთევზაობ!

      სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს ანას დინჯი ხმა გაისმა: – რაიმონდ, თუ შეიძლება მსახურს სთხოვეთ, საწრუპავი ჩხირები მოგვიტანოს. ფორთოხლის წვენის დასალევად ჩხირები აუცილებელია.

      შარლ ვებმა მაშინვე გამაგრილებელ წყლებზე ჩამოაგდო სიტყვა. ჩემს პასუხზე მამამ სიცილი ვერ შეიკავა და ცხვირი ჭიქაში ჩარგო. ანამ ვედრებით შემომხედა. ყველამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მერე კი გადაწყვიტეს ერთად ესადილათ, თუმცაღა ის-ის იყო კინაღამ წაიჩხუბნენ.

      სადილზე ბევრი დავლიე. ვცდილობდი დამევიწყბინა ანას შეშინებული სახე, როცა მამას უყურებდა, და მადლიერი იერი, როცა მე შემომხედავდა. ვების ცოლს გაბადრული ღიმილით შევციცინებდი, როგორც კი ჩემს გაკენწვლას დააპირებდა, ამ ხერხმა იგი დააბნია, აგრესიული გახადა. ანა მანიშნებდა, ყურადღებას ნუ მიაქცევო. აყალმაყალი ეჯავრებოდა, გრძნობდა კი, რომ ქალბატონი ვები საჩხუბრად ემზადებოდა. პირადად მე ასეთ ამბებს მიჩვეული გახლდით, ჩვენს წრეში ხშირად ხდებოდა. ამიტომ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, მშვიდად ვუსმენდი მის ლაყბობას.

      ნასადილევს სენ-რაფაელის კაბარეში წავედით. ცოტა ხნის შემდეგ ელზა და სირილიც გამოჩნდნენ. ელზა კარის ზღურბლთან შედგა, მეგარდერობეს ხმამაღლა გამოელაპარაკა და დარბაზში შემოვიდა. საცოდავი სირილი უკან მოსდევდა. იმწამსვე გავიფიქრე, რომ ელზა მეძავივით უფრო იქცეოდა, ვიდრე შეყვარებულივით, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, შეეძლო ამის უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის.

  - ეს კოხტაპრუწა ვინღაა? – იკითხა შარლ ვებმა. – ძალიან ახალგაზრდა ჩანს.

  - სიყვარულო, ძალსა შენსა... ხომ გაგიგონიათ? – წაიბუტბუტა მისმა ცოლმა, – ალერსი მოხდენია...

  - აბა, სწორედ! – უხეშად წამოიყვირა მამაჩემმა. – წამიერი გატაცებაა და მეტი არაფერი.

      ანას შევხედე. ისევე მშვიდად, გულგრილად უყურებდა ელზას, როგორც თავისი კოლექციების მანეკენებს ან ძალიან ახალგაზრდა ქალებს ათვალიერებდა ხოლმე, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე. აღტაცებული ვიყავი ამ ქალით, რომლისთვისაც ეჭვი და წვრილმანი გრძნობები უცხო გახლდათ. თუმცა გასაოცარი ის იქნებოდა, ელზაზე რომ დაეწყო ეჭვიანობა, იგი მასზე ასჯერ უფრო ლამაზი და ნატიფი იყო. მთვრალი ვიყავი და ანას კიდეც მოვახსენე ჩემი აზრი. გაკვირვებით შემომხედა.

  - ელზაზე ლამაზი ვარ? ასე ფიქრობთ?

  - რა თქმა უნდა!

  - მაინც სასიამოვნოა. მაგრამ თქვენ ბევრს სვამთ, ძალიან ბევრს სვამთ. აქ მომეცით თქვენი ჭიქა! განა არ გწყინთ, სირილი რომ იქ არის? სხვათა შორის, ისიც დარდიანი ჩანს.

  - სირილი ჩემი საყვარელია! – ლაღად ვუთხარი.

  - მართლა დამთვრალხართ. კიდევ კარგი, შინ დაბრუნების დროა.

      ვები მივატოვეთ და შვებით ამოვისუნთქეთ. ქალბატონ ვებს "ძვირფასო ქალბატონო"-მეთქი, ვეძახდი, ვითომ გულწრფელად. საჭესთან მამაჩემი დაჯდა. მე თავი ანას დავადე მხარზე.

      გულში ვიმეორებდი, ანა ვებებსაც სჯობს და ყველა ჩვენს ნაცნობს, მათზე უკეთესიცაა, უფრო კეთილშობილიც, უფრო ჭკვიანიც. მამა ცოტას ლაპარაკობდა. ალბათ, კარებში ელზას გამოცხადებაზე ფიქრობდა ისევ.

  - სძინავს? – ჰკითხა ანას.

  - პატარა გოგოსავით ჩაეძინა. კიდევ კარგად ეჭირა თავი, თუ სკუმბრიებზე ნართაულს არ ჩავთვლით, რაც მე მგონი...

      მამას გაეცინა. შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ისევ მამას ხმა მომესმა: – ანა, მე თქვენ მიყვარხართ, მხოლოდ თქვენ, ხომ გჯერათ?

  - ასე ხშირად ნუ მიმეორებთ... მეშინია...

  - ხელი მომეცით.

      კინაღამ წამოვდექი და დავიყვირე: "არა, მოსახვევში არ შეიძლება!" მაგრამ თითქმის მთვრალი ვიყავი, თანაც ანას სურნელებამ გამაბრუა. ზღვიდან მოდენილი სიოც თმას მიწეწდა. ჰოდა, ყოველივე ეს საბაბს მაძლევდა ბედნიერად მეგრძნო თავი და გავჩუმებულიყავი. ვთვლემდი. ამ დროს ელზა და სირილი ალბათ ცხვირჩამოშვებულები მიდიოდნენ მოტოციკლეტით, დედამ დაბადების დღეს რომ აჩუქა სირილს. თვითონ არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამის გაფიქრებამ ისე ამაღელვა, თვალებზე ცრემლი მომადგა. ეს მანქანა – რბილი, მოხერხებული – თითქოს საგანგებოდ ძილისთვის იყო განკუთვნილი. ალბათ, ქალბატონ ვებსაც კი გაუტყდა ძილი. მისი ხნისა რომ ვიქნები, მეც ფულით მოვხიბლავ ახალგაზრდებს, ოღონდაც კი შემიყვარონ, რადგან სიყვარული ყველაზე ტკბილი, ყველაზე ცხოველმყოფელი და ყველაზე გონივრული გრძნობაა. ფულს რა ფასი აქვს! მთავარია, ანჩხლი და ეჭვიანი არ გახდე, ისეთი შურიანი არ იყო, როგორიც ეს ქალია ელზასა და ანას მიმართ. ხმადაბლა გამეცინა. ანამ უფრო დაბლა დაუშვა მხარი. დაიძინეო, მიბრძანა. მეც ჩამეძინა.

თავი მერვე

      მეორე დილით სრულიად ჯანსაღად გამომეღვიძა, მოთენთილობას ოდნავ თუ ვგრძნობდი, ოღონდ თავი მქონდა დამძიმებული. როგორც ყოველ დილით, მზის სხივები დღესაც კაშკაშებდა ჩემს საწოლზე. საბნიდან სწრაფად გამოვძვერი, პიჟამის ზედატანი გავიხადე და ტიტველი ზურგი მზეს მივუშვირე; შემდეგ მკლავი მოვხარე, ზედ თავი დავაყრდენი და ხან ზეწრის ტილოს მსხვილ ნაქსოვს ვათვალიერებდი, ხან ბუზის ფუსფუსს ვადევნებდი თვალს იატაკზე. მზე ისეთი ნაზი და თბილი იყო, მეგონა, მისი მცხუნვარება ძვლამდე მატანს და კიდეც მათბობს-მეთქი. გადავწყვიტე, მთელი დილა ასე გარინდული ვყოფილიყავი.

      ნელ-ნელა წუხანდელი საღამოც აღვიდგინე მეხსიერებაში. მომაგონდა, ანას რომ ვუთხარი, სირილი ჩემი საყვარელია-მეთქი; სიცილი ამიტყდა. აკი, ამბობენ, ფხიზელს გულში ჰქონდაო, მთვრალმა წამოროშაო! მაგრამ არავის რომ არ სჯერა! ქალბატონი ვები და მასთან კინკლაობაც გავიხსენე. ამისთანა ქალებს შეჩვეული ვიყავი: ამ წრესა და ამ ასაკში უმოქმედობის, სიცოცხლის მოჭარბებული წყურვილის გამო საძაგლები ხდებიან. ანას სიმშვიდემ ჩვეულებრივზე მეტად დამარწმუნა, რაოდენ უჭკუო და მოსაბეზრებელი იყო ის დედაკაცი...

      თუმცა ეს მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო; მამაჩემის ნაცნობებში არავინ მეგულებოდა ისეთი, ვინც ანას შეედრებოდა. თუ გსურთ, მისთანა ხალხთან ერთი საღამო მაინც გაატაროთ სიამოვნებით, ან მთვრალი უნდა იყოთ და გაუთავებლად ეკამათოთ, ან არა, და ცოლის ან ქმრის საყვარელი გახდეთ. რაც შეეხება მამაჩემს, იგი არაფრად აგდებდა მთელ ამ ამბავს: თვითონაც და შარლ ვებიც ქალების მუსუსნი იყვნენ. "გამოიცანი, დღეს ვინ ისადილებს და ვინ გაათევს ჩემთან ღამეს! პატარა მარსი, სორელის კინო-ვარსკვალავი! დიუპუისგან ვბრუნდებოდი და"... მამა იცინოდა და მხარზე უტყაპუნებდა ხოლმე ხელს: "ბედნიერი კაცი ხარ! თითქმის ელზასავით ლამაზია!" გიმნაზიელებივით ანგლობდნენ. მათ საუბარში იმდენი აღგზნება, იმდენი ცეცხლი იგრძნობოდა, რომ მომწონდა. ლომბარის ნაღვლიანი აღასარებაც მახსოვს; კაფეების ტერასაზე იჯდა და მთელი საღამოების განმავლობაში წუწუნებდ: "რაიმონდ, იმ ქალის მეტი არავინ მყვარებია! გახსოვს, ის გაზაფხული? სანამ მიმატოვებდა... რა თქმა უნდა, სისულელეა, მამაკაცი მთელი სიცოცხლე ერთ ქალს მისტიროდეს!".. როცა ორი მამაკაცი თითო ჭიქა სასმელს უზის და ერთმანეთს გულს უხსნის, ამაზე უცნაური, დამამცირებელი, მაგრამ მაინც თბილი გრძნობა წარმოუდგენელია!

      ანას მეგობარი მამაკაცები, ალბათ, არასდროს ლაპარაკობდნენ თავის თავზე. ასეთი თავგადასავლები, რასაკვირველია, უცხოა მათთვის, მაგრამ თუ ღმერთი გაუწყრათ და გაბედეს, მაშინ მორცხვად, ხუმრობის კილოთი მოჰყვებიან ამ ამბავს. ვგრძნობდი, მზად ვიყავი, გამეზიარებინა ის შემწყნარებლობა, რომელიც ანას ჩვენი ნაცნობების მიმართ ჰქონდა.... ეს ფაქიზი და გადამდები შემწყნარებლობა... თუმცა კი, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ოცდაათი წლის ასაკში ჩვენს მეგობრებს უფრო დავემსგავსებოდი, ვიდრე ანას. მისი მდუმარება, გულგრილობა, თავშეკავება სულს შემიხუთავდა. ასე რომ, თხუთმეტიოდე წლის შემდეგ, ოდნავ გულმოყირჭებული, დავიხრებოდი ალბათ რომელიმე მომხიბვლელი, მაგრამ უკვე მოქანცული მამაკაცისაკენ და ვეტყოდი: – ჩემს პირველ საყვარელს სირილი ერქვა... მაშინ თვრამეტი წლისაც არ ვიყავი... ზღვაზე ცხელოდა...

      იმ კაცის სახეს რომ წარმოვიდგენდი, მიხაროდა. როგორც მამას, მასაც წვრილ-წვრილი ნაოჭები ექნებოდა. კარზე დამიკაკუნეს: სასწრაფოდ გადავიცვი პიჟამა და დავიყვირე, შემოდით-მეთქი. ანა იყო. ხელში ფინჯანი ეჭირა და ფრთხილად მოჰქონდა.

  - ვიფიქრე, ყავა გესიამოვნებათ... ძალიან ცუდად ხომ არა ხართ?

  - პირიქით, ძალიან კარგად ვარ. გუშინ, მგონი, ცოტა გადავამლაშე, არა?

  - როგორც ყოველთვის, როცა უფროს თაობას აჰყვებით... – გაიცინა მან, – მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან კი შემაქცევინეთ თავი... მეტად მოსაწყენი და გრძელი საღამო იყო...

      ახლა არც მზეს ვაქცევდი ყურადღებას, არც ყავის გემოს. როცა ანას ვესაუბრებოდი, მუდამ გამოთიშული ვიყავი ხოლმე, ასე მეგონა ფიზიკურადაც არ ვარსებობ-მეთქი. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ის მინერგავდა საკუთარი თავისადმი უნდობლობას, მხოლოდ იგი მაიძულებდა, კრიტიკულად შემეხედა ჩემი საქციელისათვის. თუკი მძიმე, დაძაბულ წუთებს განვიცდიდი, ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო.

  - სესილ, ერთი მითხარით, ნუთუ გსიამოვნებთ ვებებთან და დიუპუებთან ყოფნა?

  - ჩემი აზრით, უმეტესწილად აუტანლად იქცევიან. სამაგიეროდ, სასაცილოები არიან.

      ანაც ბუზს დააცქერდა, იატაკზე რომ ფრთხიალებდა. რატომღაც გავიფიქრე, ეს ბუზი ხეიბარი უნდა იყოს-მეთქი. ანას მოგრძო, მძიმე ქუთუთოები ჰქონდა. მას არ გაუძნელდებოდა, ლმობიერი ყოფილიყო ყველას მიმართ.

  - ვერ წარმოიდგენთ, რა ერთფეროვანი... როგორ ვთქვა?.. რა უშინაარსოა მათი საუბარი. ნუთუ არ მოგბეზრდათ კონტრაქტებზე, ქალებზე, დროის ტარებაზე გაუთავებლად ლაპარაკი?

  - იცით რა, მე ათი წელი დავყავი მონასტერში. ამ ხალხთან ყოფნა იმიტომ მაინტერესებს, რომ არავითარი კანონები არ გააჩნიათ.

      ვერ გავბედე და ვერ დავუმატე, ეს კიდეც მომწონს-მეთქი.

  - კი მაგრამ, მთელი ორი წელი? – იკითხა მან. – სხვათა შორის, ეს არც გონებისა და არც ზნეობის საკითხი არ არის, უბრალოდ, მგრძნობელობის ამბავია, მეექვსე გრძნობისა.

      ეტყობა, ეს მეექვსე გრძნობა მე არ გამაჩნდა. აშკარად ვგრძნობდი, ამ მხრივ მართლაც მაკლდა რაღაც.

  - ანა, – ერთბაშად ვკითხე, – როგორ ფიქრობთ, ჭკვიანი ვარ?

      შეკითხვა ისე პირდაპირ დავუსვი, გაოცებულს სიცილი აუტყდა.

  - რასაკვირველია! რატომ მეკითხებით?

  - იდიოტიც რომ ვიყო, ასევე მიპასუხებდით! – ამოვიოხრე. – ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემზე ჭკვიანი ხართ, ჩემზე მეტი იცით...

  - ასაკის ბრალია! – თქვა მან. – სავალალო ის იქნებოდა, თქვენზე ჭკვიანი და ჩემს თავში დარწმუნებული არ ვიყო! მაშინ ხომ თქვენ მოახდენდით გავლენას ჩემზე?

      ანამ გადაიხარხარა, ნაწყენი დავრჩი.

  - რა თქმა უნდა, დიდი უბედურება არ იქნებოდა.

  - მართლა უბედურება იქნებოდა! – თქვა მან, მერე მსუბუქი კილო სწრაფად შეცვალა და ღრმად ჩამხედა თვალებში. თავი უხერხულად ვიგრძენი. შევიშმუშნე. დღესაც ვერ შევგუებივარ ზოგი ადამიანის ამ ჩვევას, ლაპარაკის დროს თვალებში გიყურონ ან სულ ახლოს დაგიდგნენ, რათა დარწმუნდნენ, ყურს უგდებთ თუ არა. სულ ტყუილად კი ირჯებიან, რადგან ასეთ შემთხვევაში მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, მოსაუბრეს როგორ დავუსხლტე, "დიახ, დიახ!" -მეთქი, ვეუბნები, შემდეგ კი ყოველ ღონეს ვხმარობ, იქაურობას მოვშორდე და ოთახის მეორე ბოლოს შევაფარო თავი. ასეთი ჩაცივება, მოურიდებლობა, ცალმხრივობა მუდამ მაცოფებს. საბედნიეროდ, ანას აზრადაც არ მოსდის, ასე ჩამაცივდეს, მაგრამ თვალს მაინც არ მაშორებს და ამიტომ, როცა ვესაუბრები, მსუბუქი, უდარდელი კილოს შენარჩუნება ძალიან მიჭირს.

  - იცით, რა ბოლო ელის ვებისთანა ხალხს?

      გულში დავუმატე: "და მამაჩემისთანა ხალხსაც!"

  - ღობის ძირას ამოხდებათ სული! – სიცილით მივუგე მე.

  - მოვა ასაკი, როცა ისინი ვერც ვერავის მოხიბლავენ, როგორც ამბობენ ხოლმე, აღარც საამისო თავი ექნებათ და აღარც სმა შეეძლებათ, მაგრამ ქალებზე ფიქრს მაინც არ მოეშვებიან. ამიტომაც ფულს უხდიან საყვარლებს, ათასნაირ დათმობაზე მიდიან, ოღონდ კი მარტოობას დააღწიონ თავი; და მაინც გაბრიყვებულნი, უბედურნი რჩებიან. სწორედ მაშინ ხდებიან სანტიმენტალურნი, მომთხოვნი... ბევრი ასეთი ადამიანი მინახავს, ზღვის ღელვისაგან გადმოსროლილ ნაფოტს რომ დამსგავსებიან...

  - საბრალო ვები! – ვთქვი.

      თავგზა ამებნა. მამაჩემსაც ხომ ასეთი ბოლო ელოდა! ყოველ შემთხვევაში, ასეთი ბოლო ექნებოდა, ანას რომ მასზე მზრუნველობა არ ეკისრა!

  - თქვენ ამაზე არც კი დაფიქრებულხართ, – თქვა ანამ და თანაგრძნობით გამიღიმა, – საერთოდ, ცოტას ფიქრობთ მომავალზე, ხომ ასეა? ახალგაზრდების უპირატესობა სწორედ ესაა.

  - გევედრებით, ჩემს ახალგაზრდობას დანაშაულად ნუ მითვლით. პირადად მე რაც შეიძლება ნაკლებად ვსარგებლობ ამ უპირატესობით. არა მგონია, რაიმე უპირატესობისა თუ პატიების უფლებას მაძლევდეს. ახალგაზრდობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

  - მაშ რას ანიჭებთ მნიშვნელობას? თქვენს სიმშვიდეს? დამოუკიდებლობას?

      საუბრის ეს თემა მუდამ მაშინებდა, განსაკუთრებით ანასთან.

  - არაფერს! – ვუთხარი. – კარგად მოგეხსენებათ, რომ.

  - თქვენ და მამათქვენი, ცოტა არ იყოს, მაბრაზებთ კიდეც... "საერთოდ არ ვფიქრობ... არაფერში გამოვდგები... არაფერი ვიცი"... ნუთუ თავი მოგწონთ ამ სიტყვებით?

  - თავი არ მომწონს. მე არც კი მიყვარს ჩემი თავი... არც ვცდილობ, რომ შევიყვარო... მაგრამ ზოგჯერ რომ მაიძულებთ ცხოვრება გავირთულო, მაშინ თითქმის ვბრაზდები კიდეც თქვენზე!

      ანა ჩაფიქრდა და ღიღინს მოჰყვა. მელოდია მეცნაურა, მაგრამ ვერ მოვიგონე.

  - ეს რა სიმღერაა, ანა? მაღიზიანებს...

  - არ ვიცი, – ოდნავ სასოწარკვეთით გაეღიმა. – იწექით, დაისვენეთ! მე კი წავალ და ისევ ოჯახის ინტელექტზე ანკეტას შევავსებ.

      "რა თქმა უნდა, – გავიფიქრე, – მამაჩემზე არ გაუჭირდება!" მე თითქოს კიდეც მესმოდა მისი ხმა: "არაფერზე ვფიქრობ, იმიტომ, რომ თქვენ მიყვარხართ, ანა". როგორი ჭკვიანიც უნდა იყოს ანა, შეუძლებელია ეს საბუთი სარწმუნოდ არ ჩათვალოს.

      გულიანად გავიზმორე და თავი ბალიშში ჩავრგე. ძალიან ბევრს ვფიქრობდი საერთოდ, თუმცა ანასთან სულ საწინააღმდეგო ვთქვი. იგი, რასაკვირველია, მუქ ფერებში ხატავდა ყველაფერს. თხუთმეტიოდე წლის შემდეგ მამაჩემი სამოცი წლის სასიამოვნო, ჭაღარაშერეული მამაკაცი იქნება, თუმცაღა ვისკისა და მოგონებებისაგან – ცოტა არ იყოს, მოტეხილი. ჩვენ ერთად ვივლით. მე ჩემი ონავრობის ამბებს ვუამბობ, ის კი რჩევებს მომცემს. ისიც მენიშნა, რომ ასეთ მომავალზე ფიქრის დროს ანა ჩვენ გვერდით არ იყო. არ შემეძლო, ვერასგზით ვერ მოვახერხე, ვერ მივაღწიე იმას, რომ მისთვისაც მიმეჩინა ადგილი. ჩვენს არეულ-დარეულ ოჯახში, სადაც ხან ნაღველი ისადგურებდა, ხან ყვავილების მოძალება იყო, სადაც ისმოდა უცხოური კილო, იდგა აყალმაყალი, თავდაყირა ეყარა ავეჯი, ვერ წარმომედგინა ის სიჩუმე და ჰარმონია, რომელსაც ანა მუდამ ძვირფასი სამკაულივით დაატარებდა. მოწყენილობისა ძალიან მეშინოდა. რა თქმა უნდა, იმის შემდეგ, რაც სირილი ფიზიკურად შემიყვარდა, ეს შიში ისე ძლიერი აღარ იყო. მან სხვა მრავალი შიშისგან მიხსნა, მაგრამ ყველაზე უფრო მაინც მოწყენილობა და სიმშვიდე მაკრთობდა. შინაგანი უშფოთველობისათვის მე და მამაჩემს გარეგანი მღელვარება გვჭირდებოდა. ამას კი ანა ვერასოდეს შეეგუებოდა.

თავი მეცხრე

      ჩემი აზრით, ანასა და საკუთარ თავზე ბვერს ვლაპარაკობ, ხოლო მამაჩემზე – ცოტას. იმიტომ კი არა, რომ ამ ამბავში პატარა ადგილი ეკავა ანდა ნაკლები ინტერესით ვეკიდებოდე, არა! მამაზე მეტად არასოდეს არავინ მყვარებია. ყველა იმ გრძნობას შორის, იმ ხანებში რომ მაღელვებდა, ყველაზე უფრო ღრმა, სანუკვარი გრძნობა მისადმი მქონდა. მაგრამ მე მას მეტისმეტად კარგად ვიცნობ იმისათვის, რომ იოლად ვილაპარაკო მასზე, თანაც ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, სხვაზე მეტად სწორედ მამაჩემის ბუნება უნდა დავახასიათო უფრო დაწვრილებით, რათა ავხსნა და გავამართლო მისი საქციელი. იგი არც პატივმოყვარე გახლდათ და არც თავკერძა. სამაგიეროდ, თავქარიანი იყო, გამოუსწორებლად თავქარიანი. ვერც იმას ვიტყვი, თითქოს ღრმა გრძნობები არ გააჩნდა ან პასუხისმგებლობის გრძნობა იყო უცხო მისთვის. მე ისე ვუყვარდი, შეუძლებელია, ეს სიყვარული თავქარიანობას მივაწეროთ ან უბრალოდ მამაშვილური დამოკიდებულებით ავხსნათ. ჩემგან უფრო მეტს ითმენდა, ვიდრე სხვისგან. იმ დღესაც ხომ სწორედ იმან ამაფორიაქა ყველაზე მეტად, რომ საწყალი მამაჩემი საოცრად განწირული სახით იდგა და თვალს ვერ მისწორებდა?! თავისი სიამოვნების გამო არასდროს დავუჩაგრივარ. ზოგჯერ ღამით, იმისათვის, რომ შინ მივეცილებინე, ვების სიტყვებით რომ ვთქვათ, "ძალიან კარგი შემთხვევებიც გაუშვია ხელიდან". მაგრამ ცალკეულ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, უნდა გამოვტყდე, რომ იგი სიამოვნებას, მსუბუქ დროს ტარებას არ იკლებდა. მერყევი ბუნებისა იყო, ბევრი ფიქრით თავს არ იწუხებდა. ცდილობდა ყველაფერი ფიზიოლოგიური მოვლენებით აეხსნა, რადგან, მისი აზრით, მხოლოდ ეს იყო გონივრული: "გეჯავრება შენი თავი? მეტი იძინე და ნაკლები დალიე!" თუკი ზოგჯერ რომელიმე ქალი ცხოველ ჟინს აღუძრავდა, ამ სურვილის დაოკება ან უფრო ღრმა გრძნობად გადაქცევა აზრად არ მოსდიოდა. იგი მატერიალისტი გახლდათ, ოღონდ ფაქიზი, ალღოიანი და, რაც მთავარია, ძალიან კეთილი.

      ელზასადმი ლტოლვა ბევრ უსიამოვნებას აყენებდა, მაგრამ ამას თავისებურად აღიქვამდა; თავის თავს იმას კი არ უმტკიცებდა, რაკი ანას ვატყუებ, ეს იმას ნიშნავს, ნაკლებად მყვარებიაო, არამედ: რა საწყენია, ასეთი ლტოლვა რომ გამიჩნდა ელზასადმი! რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამიაროს ამ გრძნობამ, თორემ ანასთან გამირთულებს საქმესო. მიუხედავად ამისა, ანა მართლა უყვარდა, აღმერთებდა, ანას წყალობით ჩამოშორდებოდა იმ ქარაფშუტა და ჭკუამოკლე ქალებს, ბოლო წლებში რომ ხვდებოდა. ანა პატივმოყვარეობასაც უკმაყოფილებდა, ვნებასაც და მგრძნობიარობასაც, რადგან ანას კარგად ესმოდა მისი, ჭკუასა და გამოცდილებას სთავაზობდა, რათა მამაჩემს თავისი შეხედულებებისა და ჩვევებისათვის შეედარებინა ისინი. ახლა, როცა მამა მიხვდა, რაოდენ ღრმა გრძნობა ჰქონდა ანას მისადმი, მე უკვე შევეჭვდი! მამას მიაჩნდა, რომ ანა იდეალური საყვარელი იქნებოდა მისთვის, იდეალური დედა – ჩემთვის, მაგრამ საკითხავია, "იდეალურ მეუღლედ" თუ ეგულებოდა? არა მგონია. დარწმუნებული ვარ, გრძნობების მიხედვით, სირილისა და ანას თვალში მამა ჩემსავით არანორმალური იყო. ეს მამას ხელს არ უშლიდა, დრო ეტარებინა და მთელი ძალა ამაზე დაეხარჯა, რადგან ცხოვრებას იგი ფრიად უფერულად თვლიდა. როცა ჩვენი ცხოვრებიდან ანას გაძევება მინდოდა, მამაჩემზე არ მიფიქრია. ვიცოდი, ისევე სწრაფად დამშვიდდებოდა, როგორც საერთოდ სჩვეოდა: განშორება უფრო იაფად უღირდა, ვიდრე წესიერი ცხოვრება; ჩემი არ იყოს, მასაც მხოლოდ ჩვეულება და განაჩენის დასაბუთება აფორიაქებდა და ანადგურებდა. მე და მამა ერთი რასის წარმომადგენლები გახლდით. ზოგჯერ ვფიქრობდი, ესაა მომთაბარეთა დიდებული, წმინდა რასა-მეთქი. ზოგჯერ კი დარდიმანდთა გამოფიტულ და სისხლგაწყალებულ რასად მიმაჩნდა.

      იმ დღეებში მამა იტანჯებოდა, ყოველ შემთხვევაში, სასოწარკვეთილი იყო. ელზა წარსული ცხოვრების, ახალგაზრდობის, განსაკუთრებით კი მისი ახალგაზრდობის სიმბოლოდ იქცა. ვგრძნობდი, ერთი სული ჰქონდა, ანასთვის ეთქვა: "ჩემო ძვირფასო, ერთი დღე მაჩუქეთ! იმ გოგოსთან აუცილებლად უნდა მივიდე და დავუმტკიცო, რომ ბეხრეკი არა ვარ. ისე ვერ დავმშვიდდები, თუ მისი ვნებით მოთენთილი სხეული არ ვიგრძენი". მაგრამ ამის თქმა არ შეეძლო; იმიტომ კი არა, ანა ეჭვიანი იყო თუ არა, ან თუნდაც ამ საკითხში ვერ მოურიგდებოდა ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ იგი შემდეგი პირობით დათანხმდა მამაჩემთან ყოფნას: მსუბუქი ცხოვრების ხანა დამთავრებოდა, ამიერიდან მოიქცეოდა არა როგორც გიმნაზიელი, არამედ როგორც მამაკაცი, რომელსაც იგი თავის ბედს ანდობდა. ამიტომ მტკიცე ნებისყოფა უნდა გამოეჩინა და უნიათო კაცივით საკუთარი ჟინის მონა არ გამხდარიყო. ანას ვერავინ ვერაფერს უსაყვედურებდა, რადგან მისი მოსაზრებები სავსებით ნორმალური და ჯანსაღი გახლდათ. მიუხედავად ამისა, მამას ელზასადმი ლტოლვა მაინც არ ასვენებდა. ამ ქალს არასოდეს ასე არ აუღელვებია. ისეთი ჟინი კლავდა, აკრძალული ხილის მიმართ რომ აქვთ ხოლმე. ჰოდა, ასეთ დროს, ცხადია, საქმის მოგვარება გამიადვილდებოდა. საკმარისი იყო ელზასათვის მეთქვა, დროა დაუთმო-მეთქი მამაჩემს, ამასობაში კი ანა რაიმე საბაბით ნიცაში ან სადმე სხვაგან წამეყვანა ნახევარი დღით. დაბრუნებისას მამა უკვე დამშვიდებული დაგვხვდებოდა, კანონიერი სიყვარულით ანთებული, ანდა, ყოველ შემთხვევაში, დაბრუნებისთანავე აენთებოდა. ანა კი ვერ აიტანდა ერთ ამბავს: თვითონაც ისეთივე საყვარელი ყოფილიყო მამაჩემისა, როგორიც სხვები, ანუ დროებითი. რომ იცოდეთ, როგორ გვიშხამავდა სიცოცხლეს მისი კეთილშობილება, საკუთარი თავისადმი პატივისცემა!..

      მაგრამ არც ელზასათვის მითქვამს, დანებდი-მეთქი მამას, და არც ანასთვის მითხოვია, ნიცაში გამომყოლოდა. ჩემი მიზანი იყო, სურვილის ცეცხლი ისე წაჰკიდებოდა მამაჩემს, რომ დანაშაული თავისი ნებით ჩაედინა. ჩემთვის აუტანელი ხდებოდა ის ზიზღი, რა ზიზღითაც ანა ჩვენს წარსულ ცხოვრებას უყურებდა, იმის ათვალწუნება, მამაჩემისა და ჩემთვის ბედნიერებას რომ წარმოადგენდა. მისი დამცირება არც მიფიქრია, მინდოდა მხოლოდ მასაც ისეთივე შეხედულება ჰქონოდა ცხოვრებაზე, როგორიც – ჩვენ. მას უნდა სცოდნოდა, რომ მამაჩემმა, მართალია, უღალატა, მაგრამ ამ ღალატისათვის ობიექტური მნიშვნელობა უნდა მიეცა მხოლოდ, იგი უნდა ჩაეთვალა ფიზიკურ, წუთიერ გატაცებად და არა პირადი ღირსების შელახვად, მისი კეთილშობილების ხელყოფად. თუ სურდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, მის მხარეზე ყოფილიყო სიმართლე, ჩვენთვის უნდა მოეცა საშუალება, დავრწმუნებულიყავით, რომ ვცდებოდით.

      მე ისე მეჭირა თავი, თითქოს მამაჩემის აფორიაქების მიზეზს ვერ ვხვდებოდი. მთავარი იყო, ჩემთვის არ გაენდო საიდუმლოება, შეთქმულების მონაწილე არ გავეხადე, არ ეთხოვა მოვლაპარაკებოდი ელზას და ანა სადმე გამეტყუებინა.

      მე უნდა მომეკატუნებინა თავი, თითქოს მის სიყვარულს ანასადმი ისევე წმინდად ვთვლიდი, როგორც თვით ანას. უნდა გამოგიტყდეთ, იმის გაფიქრება, რომ მამა ანას უღალატებდა და შეურაცხყოფდა, კიდეც მაძრწუნებდა და კიდეც გაურკვეველი აღფრთოვანებით მავსებდა.

      ჯერჯერობით კი სიამტკბილობაში ვატარებდით დღეებს. ვცდილობდი, ელზასთვის ხშირად მიმეცა შემთხვევვა მამაჩემის გასაღიზიანებლად. ანას სახე სინდისის ქენჯნას აღარ იწვევდა ჩემში. ზოგჯერ კიდეც წარმოვიდგენდი, ანა თავის ხვედრს შეურიგდება და სულ მალე ცხოვრების ჩვენებულ ადათ-წესს თავის გემოვნებას ჩვენსავით მიუსადაგებს-მეთქი. ამას გარდა, სირილსაც ხშირად ვხვდებოდი და მალულად ვეალერსებოდით ერთმანეთს. ფიჭვის სუნი, ზღვის ხმაური, სირილის სხეულის შეხება... სირილს სინდისი ტანჯავდა, როლი, რომლის გათამაშებასაც ვაიძულებდი, სძაგდა და, თუ თანხმდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვარწმუნებდი, ეს აუცილებელია-მეთქი ჩვენი სიყვარულისთვის.

      ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა ჩემი გაორება, შინაგანი დუმილი, სამაგიეროდ – ნაკლები დაძაბულობა და ტყუილები! როგორც გითხარით, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი მაიძულებს მსჯავრი გამოვუტანო საკუთარ თავს.

      ამ პერიოდზე დიდხანს არ შევჩერდები. მეშინია, ძებნა-ძებნაში არ ჩამითრიოს მოგონებებმა, ისედაც მძიმედ რომ მაწევს გულზე. ისიც კმარა, ანას სიცილს, ჩემდამი კეთილგანწყობას რომ გავიხსენებ, მაშინვე გული მეკუმშება, რაღაც მახრჩობს, სულს მიხუთავს და საკუთარ თავს მაძულებს. ლამისაა ჩემი თავი უსინდისოდ მოვნათლო. ამიტომაც იძულებული ვარ, ვიმოძრაო: ასანთი ავანთო, ფირფიტა დავუკრა, რომელიმე მეგობარს დავურეკო. ნელ-ნელა სხვა რამეებზეც ვფიქრობ. მაგრამ ასეთი რამ არ მიყვარს: რა საჭიროა ფარად გამოვიყენო ჩემი მეხსიერების სიჩლუნგე, თავქარიანობა? განა არა სჯობს, იქით შევებრძოლო და მოვდრიკო?! მე მათი აღიარებაც კი არ მიყვარს, მაშინაც კი, როცა შემიძლია ამით ბედნიერად ვიგრძნო თავი!

თავი მეათე

      პირდაპირ სასაცილოა, როგორ უყვარს ბედისწერას, თავის მაცნედ და მაუწყებლად უღირსი ხალხის შერჩევა! იმ ზაფხულს მან ელზა აირჩია. თუმცაღა მშვენიერი ან, უკეთ, მიმზიდველი ქალი იყო! სიცილიც უჩვეულო იცოდა, გადამდები და გულიანი, სწორედ ისეთი, მოტუტუცო ხალხს რომ სჩვეია ხოლმე.

      ამ სიცილის ხიბლი მალე შევამჩნიე მამაჩემს, ამიტომაც ვეუბნებოდი: "როგორც კი მე და მამაჩემს დაგვინახავთ, ხმა არ ამოიღოთ, ოღონდ გაიცინეთ". მართლაც, ამ გულიანი სიცილის გაგონებისთანავე მამაჩემს სახე ეცვლებოდა, სიშმაგის ელდა დაჰკრავდა. მე კვლავ გატაცებული ვიყავი ჩემი როლით, რეჟისორის როლით. დადგმა ერთხელაც არ ჩამვარდნია, რადგან როგორც კი სირილსა და ელზას ერთად დავინახავდით, მე და მამა ვფითრდებოდით, ორივეს სისხლი გვეწრიტებოდა სახეზე, მიზეზი კი ვნების აღძვრა უფრო იყო, ვიდრე ეჭიანობით გამოწვეული გულისტკივილი. ოჰ, როცა სირილს მოვკრავდი თვალს, ელზასკენ დახრილ სირილს!.. ეს ხილვა გულს მიღრღნიდა. მის შავგვრემან, ლამაზ კეფას და ელზას გაბადრულ სახეს რომ თვალს შევასწრებდი, რას არ მივცემდი, ოღონდ ეს ცხადში არ მენახა! იმ წუთში კიდეც მავიწყდებოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი სურვილით მოეწყო.

      ამ ამბების გარდა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას გვივსებდა, იყო კიდევ ანას ნდობა, სიფაქიზე, გული მტკივა, როცა ამ სიტყვას ვხმარობ, ბედნიერება. და მართლაც, ის არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ბედნიერებასთან. იგი გვენდობოდა ჩვენ, თავკერძა ხალხს. ჩვენი უხეში სურვილები და ჩემი სულმდაბლური ხრიკები მისგან შორს იყო. სწორედ ამის იმედი მქონდა: ანას გულგრილობა, ანას პატივმოყვარეობა უნებურად შეუშლიდა ხელს, რომ ქალურ ცდუნებას აჰყოლოდა მამაჩემის მოსახიბლავად. მისთვის მართლაც უცხო იყო ყველანაირი კეკლუცობა, თუ არ ჩავთვლით სურვილს, ყოფილიყო მუდამ ლამაზი, ჭკვიანი და ალერსიანი. მისი საქციელი ნელ-ნელა გულს მიჩუყებდა. გულის აჩუყება კი სამხედრო მუსიკასავით სასიამოვნო და მიმზიდველი გრძნობაა; ამის გამო ვერავინ გამამტყუნებს.

      ერთ მშვენიერ დღეს მოახლე სახეალეწილი შემოვიდა და ელზას ბარათი გადმომცა: "ყოველივე მოგვარდა, მოდით!" ეს სიტყვები კატასტროფის მაუწყებლად მივიჩნიე: კვანძის გახსნა და დასასრული კი მუდამ მეჯავრებოდა. ერთი სიტყვით, ელზა ნაპირზე დამხვდა.

  - ეს-ეს არის მამათქვენი ვნახე! – გამარჯვებული სახით მითხრა. – დაახლოებით ერთი საათის წინ.

  - რა გითხრათ?

  - მითხრა, ძალიან ვნანობ, რაც ჩვენ შორის მოხდა, ნამდვილ ხეპრესავით მოგექეცითო. მართლაც ასე იყო, არა?

      მეტი რა გზა მქონდა, უნდა დავთანხმებულიყავი.

  - შემდეგ ისეთი ქათინაურებით ამავსო, როგორიც მხოლოდ მას შეუძლია... იცით, ამ დროს ოდნავ დაბნეული კილო აქვს, ხმადაბალი, თითქოს იტანჯებაო... ო, ეს კილო!

      იდეალურ ნეტარებას სწრაფად მოვწყვიტე: – რაზე შეთანხმდით?

  - არაფერზე... თუმცა როგორ არა... ჩაიზე მიმიპატიჟა სოფელში... იმის დასამტკიცებლად, რომ გულღვარძლიანი არ ვარ და პროგრესული იდეები მაქვს, მეც დავთანხმდი.

      ერთბაშად გამახსენდა მამაჩემის ნათქვამი წითური ქალების აზროვნების ევოლუციაზე და სიცილი წამსკდა.

  - რა გაცინებთ? წავყვე თუ არა იმ სოფელში?

      კინაღამ ვუთხარი, რა ჩემი საქმეა, რაც გინდა, ის ქენი-მეთქი. მაგრამ მომაგონდა, რომ თავის მოქმედებათა წარმატების პასუხისმგებლად მე მთვლიდა; არ ვიცი, სამართლიანად თუ უმართებულოდ, მაგრამ ამან უცებ გააღიზიანა. ვიგრძენი, ვიღუპებოდი...

  - არ ვიცი, ელზა, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ნუღარ მეკითხებით, როგორ მოვიქცეო. ვინმეს ეგონება, თითქოს მე გიბიძგებდეთ...

  - რასაკვირველია, თქვენ... მაშ, ვინ?.. განა თქვენი წყალობით არ...

      მისმა აღფრთოვანებულმა კილომ თავზარი დამცა.

  - თუ გინდათ, წადით, ოღონდ, თუ ხათრი გაქვთ, მეტს ნუღარაფერს მეტყვით ამაზე...

  - კი მაგრამ, ხომ უნდა ჩამოვიშოროთ ის ქალი... სესილ?!

      გავიქეცი. რაც უნდა ის გააკეთოს მამაჩემმა, როგორც უნდა, ისე დააღწიოს თავი ანამ ამ ამბავს! თანაც სირილთან პაემანი მქონდა. ასე მეგონა, მხოლოდ სიყვარული მიხსნიდა იმ შეძრწუნებული გრძნობებისგან, ხელ-ფეხს რომ მიბორკავდა!..

      სირილმა უსიტყვოდ მომხვია ხელი და წამიყვანა. მასთან ყველაფერი ადვილად, სასიამოვნოდ მეჩვენებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ოქროსფერი, ოფლით დანამული სხეულის გვერდით ვიწექი, გათანგული, კატასტროფის დროს გამორიყული ნაფოტივით. სირილს ვუთხარი, ჩემი თავი მეზიზღება-მეთქი. ღიმილით ვთქვი, რადგან მართლა ასე ვფიქრობდი, არა გულისტკივილით, არამედ ბედს შეგუებული ადამიანის კმაყოფილებით.

      ჩემი ნათქვამი სირილს სიმართლედ არ მიუღია.

  - არა უშავს რა, მე იმდენად მიყვარხარ, ჩემს აზრს ძალით მოგახვევ თავს. რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, როგორ მიყვარხარ!..

      საუზმეზე სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში: "როგორ მიყვარხარ, როგორ მიყვარხარ!".. ალბათ ამიტომ არის, რომ, თუმცა ამდენს ვცდილობ, იმდღევანდელი საუზმობა კარგად ვერ მომიგონებია.

      ანას სოსანისფერი კაბა ეცვა, ზუსტად მისი თვალის უპეების, მისი თვალების ფერი! მამა იცინოდა, აშკარად ეტყობოდა, მხიარულ გუნებაზე იყო: რა ენაღვლებოდა, საქმე მოაგვარა! დესერტს შევექცეოდით, როცა გამოგვიცხადა, ნაშუადღევს სოფელში უნდა წავიდეო. გულში გამეცინა. დაღლილი ვიყავი, ბედისწერას აყოლილი. ერთადერთი სურვილი მქონდა, ზღვაში მებანავა.

      ოთხ საათზე ნაპირზე ჩავედი. მამაჩემი სახლის ტერასაზე დამხვდა, სოფელში წასასვლელად ემზადებოდა. არაფერი მითქვამს, არც ის მირჩევია, ფრთხილად იყავი-მეთქი.

      წყალი თბილი და წყნარი იყო. ანა არ მოსულა; იგი კოლექციებით იყო გართული, ოთახში იჯდა და ხატავდა. მამაჩემი კი ამ დროს ელზას ეკურკურებოდა. ორი საათის შემდეგ, რაკი მზე აღარ მაცხუნებდა, ტერასაზე ავედი, სავარძელში ჩავჯექი და გაზეთი გავშალე.

      სწორედ ამ დროს გამოჩნდა ანა; ტყიდან მოდიოდა, არა, მორბოდა, ოღონდ მოუხერხებლად, იდაყვები ფერდებზე მიეკრო და ისე მორბოდა. ერთბაშად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვიღაც ბებერი ქალი მორბოდა და საცაა დაეცემოდა. გავშეშდი: ანა სახლის უკან მიიმალა, გარაჟისკენ გაიქცა. უცბად მივხვდი და მეც გავედევნე. მინდოდა შემეჩერებინა.

      მანქანაში იჯდა უკვე, ძრავაც ჩაერთო. მივირბინე და კარს მივაწყდი.

  - ანა, ნუ წახვალთ, აქ რაღაც გაუგებრობაა... ჩემი ბრალია... ახლავე აგიხსნით ყველაფერს...

      ყურს არ მიგდებდა, წინ გადახრილიყო, მუხრუჭი მოეშვა.

  - ანა, თქვენ ჩვენ გვჭირდებით!

      წელში გასწორდა, სახე შეცვლილი ჰქონდა. ტიროდა. ახლაღა მივხვდი, რომ ცოცხალ, მგრძნობიარე არსებას დავესხი თავს და არა რაიმე ცნებას. ისიც ხომ იყო ოდესღაც პატარა გოგო, ოდნავ გულჩათხრობილი, მერე მოზარდი, შემდეგ ქალი! ახლა, ორმოცი წლისას, მარტოხელას, უყვარდა მამაკაცი და იმედი ჰქონდა, ათი, იქნებ ოცი წლის განმავლობაში მაინც ბედნიერი იქნებოდა. მე კი... ოო, ეს სახე, ეს სახე ჩემი ხრიკების წყალობა გახლდათ! თავზარდაცემული ვიდექი მანქანის კართან და მთელი სხეულით ვკანკალებდი.

  - თქვენ არავინ გჭირდებათ, – წაიჩურჩულა მან, – არც თქვენ, არც მას.

      ძრავა თუხთუხებდა. სასოწარკვეთილი ვიყავი, ასე როგორ გამეშვა?

  - მაპატიეთ, გევედრებით...

  - თქვენ რა უნდა გაპატიოთ?

      ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა, მაგრამ, ეტყობა, ვერ გრძნობდა. სახე გაქვავებული ჰქონდა.

  - ჩემო პატარა გოგო!

      წამით ხელი ლოყაზე მომისვა და წავიდა.

      დავინახე, როგორ მოეფარა მანქანა სახლს. თავგზა ამებნა, ცოცხალმკვდარი ვიდექი... ყველაფერი ისე უცებ მოხდა! ოო, რა სახე ჰქონდა, რა სახე!..

      ზურგს უკან ფეხის ხმა მომესმა: მამა იყო. სახიდან უკვე მოეშორებინა ელზას პომადა, კოსტიუმიდან კი – ფიჭვის გირჩები. მივბრუნდი, მივვარდი და დავუყვირე: – არამზადავ! არამზადავ!

      ქვითინი წამსკდა.

  - კი მაგრამ, რა მოხდა? ნუთუ ანამ?.. სესილ, მითხარი, სესილ...

თავი მეთერთმეტე

      მხოლოდ სადილზე შევხვდით ერთმანეთს. ორივე შეშინებულები ვიყავით, ასე ერთბაშად რომ დაგვიბრუნდა მარტოობა. არც მე, არც მას ლუკმა არ გადაგვდიოდა ყელში. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ანას დაბრუნება აუცილებელი იყო ჩვენთვის. პირადად მე დიდხანს ვერ გავუძლებდი მისი აფორიაქებული სახის მოგონებას, არც მის მწუხარებასა და ჩემს პასუხისმგებლობაზე შემეძლო ფიქრი. ჩემი შემპარავი ხერხები და ბრწყინვალედ შესრულებული გეგმები სულ დამავიწყდა. ახლა სულ ამოვვარდი კალაპოტიდან, უსუსური ვიყავი. რაც მთავარია, მამაჩემსაც ასეთივე უსუსურობა ეხატა სახეზე.

  - როგორ ფიქრობ, – მკითხა მან, – დიდი ხნით მიგვატოვა?

  - ნამდვილად პარიზში წავიდოდა.

  - პარიზში... – წაიბუტბუტა ფიქრში წასულმა.

  - ალბათ, ვერასოდეს ვნახავთ...

      უმწეოდ შემომხედა და ხელი გამომიწოდა.

  - შენ, ალბათ, ძალიან მიბრაზდები. თვითონაც არ ვიცი, რა წერამ ამიტანა. ელზასთან ერთად ტყით ვბრუნდებოდი. იგი... ერთი სიტყვით, მოვეხვიე. ეტყობა, ანამ სწორედ ამ დროს გამოირა და...

      ყურს არ ვუგდებდი. ელვის სისწრაფით დამიდგა თვალწინ ორი სხეული, ელზასი და მამაჩემისა, და უმალ გაქრა. იმდღევანდელი ერთადერთი ხორცშესხმული, უწყალოდ ხორცშესხმული ხილვა ანა იყო, მწუხარებითა და ღალატით დადაღული მისი სახე. მამას სათუთუნედან სიგარეტი ავიღე და მოვუკიდე. ამასაც ვერ იტანდა ანა, სადილობის დროს პაპიროსის მოწევა არ უყვარდა. მამას გავუღიმე.

  - კარგად მესმის: სულ მთლად შენი ბრალი არ არის... როგორც იტყვიან ხოლმე, ერთი გიჟური წამის ბრალია ყველაფერი... მაგრამ ანამ უნდა გვაპატიოს, შენ უნდა გაპატიოს.

  - რა ვქნათ? – მკითხა მან.

      მამა საბრალოდ გამოიყურებოდა. შემეცოდა. ჩემი თავიც შემეცოდა. რად მიგვატოვა ანამ? რატომ დაგვტანჯა ასე? ეს ხომ ერთი უბრალო ხუმრობა იყო. განა არავითარ მოვალებას აღარ გრძნობდა ჩვენდამი?

  - წერილი მივწეროთ, – ვუთხარი მე, – პატიება ვთხოვოთ.

  - დიდებული აზრია! – დაიყვირა მამაჩემმა, გახარებულმა, რომ რაღაც საქმე მიეცა და გულხელდაკრეფილი აღარ იჯდებოდა. სამი საათი სინდისის ქენჯნამ მართლა დატანჯა.

      ჭამა არც კი დაგვისრულებია. სუფრა და ჭურჭელი მივწიეთ, მამა ლამპის, კალმების, საფოსტო ქარალდების მოსატანად წავიდა, მერე ერთმანეთის პირისპირ დავსხდით. ამ მიზანსცენის წყალობით, ანას დაბრუნება იმდენად სარწმუნოდ მივიჩნიეთ, კიდეც გავუღიმეთ ერთმანეთს. ოთახში ღამურა შემოფრინდა და ფანჯრის წინ წრე შემოხაზა. მამამ თავი დახარა, წერას შეუდგა.

      თუ არა მწარე დაცინვით, თუ არა რაღაც სასტიკი გრძნობით, ისე ვერ გავიხსენებ იმ მრავლისმთქმელ, ალერსიან წერილებს, იმ საღამოს ანას რომ მივწერეთ. ბეჯითი, მაგრამ უგერგილო მოწაფეებივით ვისხედით და ლამპის შუქზე, უსიტყვოდ ვცდილობდით, შეგვესრულებინა შეუსრულებელი ამოცანა: დავაბრუნოთ ანა! მიუხედავად ამისა, ორი შედევრი შევქმენით, ტკბილი სიტყვებით, ბოდიშებითა და მონანიებით სავსე ორი შედევრი. როცა დავასრულეთ, პირადად მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ანა წინააღმდეგობას ვეღარ გაგვიწევდა, რომ შერიგება გარდაუვალი იყო. თვალწინ მედგა კიდეც პატიების სცენა, მოკრძალებით სავსე და ცოტა სასაცილოც. პარიზში ჩვენს სასტუმრო ოთახში ანა შემოვიდოდა და...

      ტელეფონის ზარი აწკრიალდა. ათი საათი იყო. გაოცებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ, შემდეგ იმედის ნაპერწკალი აგვიციალდა თვალებში! ანა გვირეკავს, გვატყობინებს, რომ გვაპატია და... დაბრუნდება. მამა აპარატს მივარდა და მხიარულად ჩასძახა "ალო".

      მერე ჩაჩუმდა, აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ჩამწყდარი ხმით ბუტბუტებდა: "დიახ, დიახ... სად?.. დიახ!" მე ავდექი. შიშმა ამიტანა. ვუყურებდი მამას და მის ხელს, სახეზე რომ ისვამდა ანგარიშმიუცემლად. ბოლოს ყურმილი ფრთხილად დაკიდა და მომიბრუნდა: – დაიღუპა... ესტერელის გზაზე. დიდხანს ვერ იპოვეს თურმე მისამართი. პარიზში დაურეკავთ და აქაური ტელეფონის ნომერი მიუციათ.

      ანგარიშმიუცემლად ლაპარაკობდა და მეც ვეღარ გავბედე, შემეწყვეტინებინა.

  - ყველაზე სახიფათო გზაზე მომხდარა ავარია. ეტყობა, იმ ადგილებში ხშირია უბედური შემთხვევები. მანქანა ორმოცდაათ მეტრზეა გადავარდნილი. სასწაული იქნებოდა, რომ გადარჩენილიყო...

      ის ღამე კოშმარივით მახსოვს: ფარებით განათებული გზა, მამაჩემის გაქვავებული სახე, კლინიკის კარი... მამამ ანას ნახვის უფლება არ მომცა. მოსაცდელ ოთახში ვიჯექი გრძელ სკამზე და ლითოგრაფიულ სურათს ვუმზერდი. ვენეციის ხედი იყო. არაფერზე არ ვფიქრობდი. სანიტარმა ქალმა მიამბო, ამ ზაფხულს მეექვსე უბედური შემთხვევაა იმ ადგილასო. მამა იგვიანებდა.

      ჰოდა, აი, მაშინ ვიფიქრე: თავისი სიკვდილით ანამ ერთხელ კიდევ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენგან განსხვავდებოდა. ჩვენ რომ თავის მოკვლა გადაგვეწყვიტა, – საამისო ვაჟკაცობა რომ გვყოფნოდა, – ალბათ, მეც და მამაც ტყვიას დავიხლიდით თავში, ბარათსაც დავტოვებდით და ამით სამუდამოდ დავუფრთხობდით ძილსა და მოსვენებას იმ ხალხს, ვისაც ჩვენს სიკვდილზე პასუხისმგებლად მივიჩნევდით! ანამ კი დაგვიტოვა გულუხვი უკანასკნელი საჩუქარი: საშუალება იმისა, რომ გვეფიქრა, თითქოს უბედური შემთხვევა მოხდა; სახიფათო გზა, მანქანის სუსტი მუხრუჭი! და ჩვენ, ჩვენი უსუსურობის გამო, მივიღებდით ამ საჩუქარს. სხვათა შორის, დღეს რომ თავის მოკვლაზე ჩამოვაგდე სიტყვა, ჩემი მხრივ ეს დიდი რომანტიკულობა გახლავთ. განა შეიძლება ადამიანმა თავი მოიკლას ისეთებისთვის, როგორებიც მე და მამაჩემი ვართ, ისეთი ხალხის გულისთვის, ვისაც არავინ სჭირდება, არც მკვდრები და არც ცოცხლები. და მართლაც, გამოგიტყდებით, მე და მამა ანას სიკვდილს ყოველთვის მხოლოდ უბედურ შემთხვევას მივაწერდით.

      მეორე დღეს ნაშუადღევის სამ საათზე დავბრუნდით შინ. ელზა და სირილი კიბის საფეხურზე ჩამომსხდარიყვნენ და გველოდნენ. ჩვენს დანახვაზე ყველასგან მივიწყებული ადამიანებივით წამოიჭრნენ ფეხზე: არც ერთი და არც მეორე არ იცნობდა ანას, არც ერთსა და არც მეორეს არ უყვარდა იგი, ორივეს გულში თავისი პატარა ბოღმა ჩაემარხა. სირილმა ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი და მხარზე მომხვია ხელი. შევხედე: მე იგი არასდროს მყვარებია. მიმაჩნდა, რომ კეთილი და მიმზიდველი ყმაწვილია, მიყვარდა ის სიამოვნება, რომელსაც იგი მანიჭებდა, მაგრამ ის მე არ მჭირდებოდა. სულ მალე იქაურობას გავეცლებოდი, მოვშორდებოდი ამ სახლს, ამ ყმაწვილს, ამ ზაფხულს. მამაჩემი გვერდით მედგა. მერე მკლავზე მომკიდა ხელი და ორივენი სახლში შევედით.

      სახლში ანას ხალათი, მისი ყვავილები, მისი ოთახი, მისი სურნელება დაგვხვდა. მამამ დარაბები მიხურა, მაცივრიდან ბოთლი გამოიღო და მაგიდაზე ორი ჭიქა დადგა. ეს წამალიღა გვქონდა ხელთ. ბოდიშებით სავსე ჩვენი წერილები მაგიდაზე ეყარა. ხელი გავკარი. იატაკზე გადაფრიალდნენ. მამა სავსე ჭიქით მომიახლოვდა, შეყოყმანდა, მერე გვერდი აუარა ფურცლებს, რომ ფეხი არ დაედგა. ეს ამბავი სიმბოლურად მივიჩნიე. ცუდ გემოვნებას მივაწერე. ჭიქა ხელში ავიღე და სულმოუთქმელად გამოვცალე. ოთახში ნახევრად ბნელოდა. ფანჯრის წინ მამაჩემის ჩრდილს ვხედავდი. ზღვა ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირს.

თავი მეთორმეტე

      დაკრძალვის დღეს მზიანი ამინდი იდგა პარიზში. იყო ძაძები, იყო ცნობისმოყვარე ხალხი. მე და მამამ ანას მოხუც ნათესავებს მივუსამძიმრეთ. ცნობისმოყვარედ ვაკვირდებოდი საცოდავებს: ანა რომ ჩვენთან დარჩენილიყო, ალბათ, წელიწადში ერთხელ ჩვენთან ჩაის დასალევად მოვიდოდნენ. ხალხი თანაგრძნობით უყურებდა მამაჩემს: ეტყობა, ვებს ბევრისთვის მოეყოლა მათი ქორწინების ამბავი. სირილს მოვკარი თვალი, გაფაციცებით მეძებდა გასასვლელთან. თვალი ავარიდე. ჩემი ბოღმა და ბრაზი მისდამი ყოვლად გაუმართლებელი იყო, მაგრამ ვერაფერი მომეხერხებინა... ჩვენ ირგვლივ ხალხი სინანულს გამოთქვამდა ამ ბრმა, ამ საშინელი უბედური შემთხვევის გამო და მეც სიამოვნებით ვუსმენდი მათ, რადგან გულის სიღრმეში ჯერჯერობით კიდევ მქონდა ეჭვი, იყო თუ არა ეს მართლაც უბედური შემთხვევა.

      შინ დაბრუნებისას მანქანაში მამამ ხელი მომკიდა და მაგრად მომიჭირა. გავიფიქრე: "ჩემ გარდა შენ არავინ გყავს. მეც შენ გარდა არავინ მყავს. ორივენი მარტონი და უბედურნი ვართ!" და პირველად ავტირდი. სასიამოვნო იყო ეს ცრემლები, არ წააგავდა იმ სიცარიელეს, იმ აუტანელ სიცარიელეს, კლინიკაში რომ ვიგრძენი ლითოგრაფიული სურათის წინ. უსიტყვოდ, გაწამებული სახით მომაწოდა მამამ ცხვირსახოცი.

      ერთად ვსადილობდით, ერთად ვსაუზმობდით, შინიდან არ გავდიოდით. ზოგჯერ ანაზეც ვსაუბრობდით: "გახსოვს იმ დღეს, როცა"... მის სახელს ფრთხილად ვახსენებდით, გვეშინოდა, გული არ გვეტკინა ერთმანეთისათვის, რომელიმე ჩვენგანს არ დაგვცდენოდა ისეთი რამ, რაც საყვედურს გამოიწვევდა. ამ გაფრთხილებას ერთმანეთისას, ამ გულთბილობას თავისი ანაზღაურებაც ჰქონდა. სულ მალე ჩვეულებრივი კილოთი შევძელით ანას ხსენება, ვლაპარაკობდით, როგორც საყვარელ არსებაზე, ვისთანაც ბედნიერნი ვიქნებოდით, მაგრამ ღმერთმა წაგვართვა. ღმერთს ბედისწერის ნაცვლად ვწერ, რადგან ჩვენ ღმერთი არ გვწამს. კიდევ კარგი, რომ მსგავს ვითარებაში ბედისწერისა მაინც გვჯერა!

      შემდეგ, ერთ დღეს, ჩემი მეგობრის ოჯახში მისი ბიძაშვილი გავიცანი, მომეწონა და მასაც მოვეწონე. ერთი კვირის განმავლობაში ისე ხშირად, ისე თავისუფლად დავდიოდი მასთან, როგორც ეს სიყვარულის დასაწყისისას ხდება ხოლმე; მამაც – მარტოობისათვის არც ის იყო გაჩენილი – ასევე მოიქცა; ერთი საკმაოდ ამპარტავანი ახალგაზრდა ქალი გაიცნო. როგორც მოსალოდნელი იყო, ცხოვრება წინანდებურად აეწყო. როცა მე და მამა ერთმანეთს ვხვდებით, ვიცინით, პირად გამარჯვებებს ვუყვებით ერთმანეთს; ალბათ, ეჭვი არ ეპარება, რომ ფილიპთან ჩემი ურთიერთობა პლატონური არ არის, და მეც კარგად ვგრძნობ, რომ ახალი მეგობარი ქალი ძალიან ძვირად უჯდება. სამაგიეროდ, ორივე ბედნიერები ვართ. ზამთარი იწურება. იმავე აგარაკს აღარ დავიქირავებთ, მაგრამ, ჟუან-ლე პენთან ახლოს რამეს მოვნახავთ.

      ოღონდ ესაა, ხანდახან, როცა გარიჟრაჟზე ჯერ ისევ ვწევარ, ხოლო პარიზის სიმშვიდეს მხოლოდ მანქანების ხმაური არღვევს, მეხსიერება შემახსენებს ხოლმე თავს: ზაფხული მოდის, მოდის და მოაქვს მოგონებებიც! ანა! ანა! ძალიან ჩუმად, ძალიან დიდხანს ვიმეორებ ამ სახელს სიბნელეში და, აი, მაშინ რაღაც ლოდივით დამაწვება ხოლმე გულზე და მეც, თვალდახუჭული, ამ სიტყვებით ვეგებები მას: ს ა ლ ა მ ი, ს ე ვ დ ავ!

ნახვა: 1680

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაერთიანების მატერიალიზაცია

გამოაქვეყნა Shelby Kolarek_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2022.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Complete disclosure, this piece is made up of been inside my mind for a tiny although at this time and even prior to Rob Gronkowski declared his retirement. At present the concept is even even further crystal clear.The Bucs really should not be accomplished incorporating sections in direction of the personnel and at this time they could possibly comprise towards incorporate added than a single participant in the direction of the merge. With Gronk not returning, instantly limited close gets a…

გაგრძელება

მოქნილი ტელევიზია

გამოაქვეყნა Shelby Kolarek_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2022.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

The Pittsburgh Steelers are coming residence for their instant activity at Acrisure Stadium for the 2022 month to month time. Right after getting rid of their previous 2 video games, the Steelers appearance in direction of get hold of again upon keep track of. However the Fresh York Jets will consist of everything in direction of say in excess of it as they are seeking make improvements to upon their 1-2 towards start out their period as quarterback Zach Wilson is fastened towards create his…

გაგრძელება

SharePoint თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის - 7 პასუხი კითხვაზე - რატომ?

გამოაქვეყნა Ambika Gupta_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2022.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

When building your business website, web application development solutions have many options of what to use as the platform to build on top of. You can go with the popular WordPress, or try something completely different like Drupal, but here are 7 reasons why SharePoint should be considered as your platform of choice, whether it’s for an initial launch or even if you already have your website up and running on another platform.

SharePoint Is Highly Customizable

SharePoint is a…

გაგრძელება

HTML5-ის 10 გასაოცარი მახასიათებელი

გამოაქვეყნა quickwayinfosystems_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2022.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

Even though HTML5 has been out for about 4 years now, not all web developers have embraced the new version of the language. Many feel that HTML5 isn’t really worth using yet and that we should wait until it becomes more stable before developing with it or adding to our existing sites. However, there are numerous reasons why we should be using this new version of the language right now instead of waiting to see how things develop in the coming years. Let’s take a look at 10 of them right…

გაგრძელება

Qwelly World

free counters