თავი პირველი. ღრეობა

      ეს მოხდა კართაგენის გარეუბან მეგარას, ჰამილკარის ბაღებში.

      ჯარისკაცებმა, რომელთაც იგი სიცილიაში სარდლობდა, დიდი ღრეობა მოაწყეს ერიქსის ბრძოლის წლისთავის სადღესასწაულოდ და, რადგანაც პატრონი აქ არ იყო, მხოლოდ ისინი მრავლად იყვნენ, ნებისამებრ ჭამდნენ და სვამდნენ.ბრინჯაოს კოთურნებით ფეხშემოსილი მეთაურები შუა გასასვლელში მოთავსდნენ ოქროსფოჩებიან ძოწეულ ჩარდახქვეშ, რომელიც თავლის კედლიდან სასახლის პირველ ტერასამდე იყო გადაჭიმული. ჯარისკაცთა კრებული ხეთაქვეშ განლაგდა. აქედან ჩანდა ბანიან შენობათა სიმრავლე: საწნახლები, მარნები, ბეღლები, სახაბაზოები, ზარადხანები, აგრეთვე სპილოების ქართა, ორმოები მძვინვარე მხეცებისათვის და მონათა დილეგი. სამზარეულოებს ერტყა ლეღვის ხეები, ნეკერჩხლის ტყე გადაჭიმულიყო მწვანე ჭალაკამდე, სადაც ბამბის თეთრ ქულებს შორის ელვარებდნენ ბროწეულები. მტევნებით დახუნძლული ვაზის ლერწები ფიჭვთა ტოტებში გახლართულიყო, ჭადრებს ქვეშ ვარდები ყვაოდნენ, მოლზე ალაგ-ალაგ შროშანები ყელყელაობდნენ; ბილიკებზე ეფინა დანაყილ მარჯანში არეული შავი სილა, ხოლო შუაში ერთი ბოლოდან მეორემდე მწვანე ობელისკების ორკეც კოლონადასავით გადაჭიმულიყო კვიპაროზების ხეივანი.

      ყვითელფორეჯებიანი ნუმიდიური მარმარილოთი ნაგები ჰამილკარის სასახლე აღმართულიყო შორს, ქვით ამოშენებულ ფართო საძირკველზე თავისი ოთახი, ერთიმეორეზე განლაგებული სართულით. დიდი, სწორი, ეკალმუხისაგან გამოთლილი კიბე, რომლის ყოველი საფეხურის კუთხეში ნალაფარი ხომალდების წინამხარი იყო დამაგრებული, შავი ჯვრებით მოხატული წითელი კარები თითბრის მავთულის ზღურბლით მორიელებისაგან თავდასაცავად, ოქროს მსუბუქი ხარიხები სარკმლებს რომ ეფარა ზემოდან - ეს უკარებელი სიმდიდრე ისევე მკაცრი და განუჭვრეტელი ეჩვენებოდათ ჯარისკაცებს, როგორც სახე ჰამილკარისა.

      საბჭომ ამოურჩია მათ ჰამილკარის სახლი ამ ღრეობის მოსაწყობად. მოკეთებული ჯარისკაცები, რომელნიც ეშმუნის ტაძარში ათევდნენ ღამეს, ცისკრიდანვე წამოხანხალდნენ ყავარჯნებზე დაყრდნობილნი. ყოველ წამს მოდიოდნენ სხვებიც. ყოველის გზით მოემართებოდნენ განუწყვეტლივ, როგორც ნაკადები ტბისკენ რომ ისწრაფვიან. ხეთა შორის დარბოდნენ სამზარეულოს მონები, შეშფოთებულნი და ნახევრად შიშველნი. ველობზე კიკინით გარბოდნენ ქურციკნი. მზე ჩადიოდა და ლიმონის ხეთა სურნელი კიდევ უფრო ამძიმებდა ამ ოფლიანი ბრბოს ამონასუნთქს.

      აქ ნახავდით ყოველი ეროვნების კაცს - ლიგურიელთ, ლუზიტანიელთ, ბალეარელთ, ზანგებს და რომიდან ლტოლვილთ. დორიული მძიმე კილოს გვერდით ისმოდა საბრძოლო ეტლებივით გრუხუნა კელტური სიტყვები. იონიური დაბოლოებანი ტურის მჭახე კივილის დარ უდაბნოს თანხმოვნებს ეჯახებოდნენ. ბერძნებს იცნობდით თხელი აღნაგობით, ეგვიპტელს - აწოწილი მხრებით, კანტაბრიელს - მსხვილი კანჭებით. კარიელნი ამაყად არხევდნენ მუზარადებზე მიმაგრებულ ფრთებს, კაპადუკიელ მშვილდოსნებს ბალახთა წვენით დიდრონი ყვავილები დაეხატათ სხეულზე, ხოლო რამდენიმე საყურეებიანი ლიდიელი ქალის კაბაში გამოწყობილი და ფოსტლებით ფეხშემოსილი შეექცეოდა ტაბლას. სხვანი საზეიმოდ სინგურით მოთითხნილიყვნენ და მარჯნის ქანდაკებებს ჰგავდნენ.

      ისინი ბალიშებზე გაშხლართულიყვნენ, ჩაცუცქულიყვნენ უზარმაზარი ლანგრების გარშემო და ჭამდნენ, ანდა თავდაღმა გაწოლილნი ითრევდნენ ხორცის ნაჭრებს და იდაყვებზე დაყრდნობილნი ძღებოდნენ მსხვერპლის მშვიდად მჯიჯგნავი ლომებივით. გვიან მოსულნი ხეებს მიყრდნობოდნენ, შესციცინებდნენ დაბალ, ალისფერი სუფრით სანახევროდ დაფარულ მაგიდებს და თავიანთ რიგს ელოდნენ.

      ჰამილკარის სამზარეულოები აღარ გასწვდათ და საბჭომ მონები, ჭურჭლეული და საგები გამოუგზავნა მათ. შუა ბაღში, ბრძოლის ველზე რომ დახოცილთ წვავენ, ისე ბრიალებდა ცეცხლი და წვავდნენ ხარებს. ანისწაყრილ პურებს ბადროზე მძიმე ყველის თავები მოსდევდა; ღვინით სავსე თასები და წყლის ბადიები ყვავილებიანი, ოქროწნული კალათების გვერდით ეწყო. ყველას თვალები გაფართოებოდა სიხარულისაგან, რომ, ბოლოს და ბოლოს, შეეძლოთ პირთამდე ამოეყორათ მუცელი. აქა-იქ სიმღერა წამოიწყეს.

      პირველად წითელი თიხის შავად მოხატული თეფშებით მწვანე საწებელგადასხმული ფრინველები მოართვეს. მერმე - ყოველგვარი ზუმილი, კართაგენის სანაპიროებზე რომ აგროვებენ, და კორკოტი ხორბლისა, ცერცვისა და ქერისა, აგრეთვე ლოფორთქინები ქარვის ლამბაქებზე.

      შემდეგ სუფრა აივსო ხორცეულით: რქებიანად შემწვარი ანტილოპებით, ფრთებიანი ფარშევანგებით, ტკბილს ღვინოში მოხარშული ცხვრებით, აქლემისა და კამეჩის ბარკლებით, თევზის შიგნეულით შეზავებული ზღარბებით, მოხრაკული კალიებითა და დამუჟუჟებული ციყვებით. ტამრაპანულ ხის გობებზე ზაფრანის წვენში ტივტივებდა ქონის მსხვილი ნაჭრები. ყველაფერს წათხი ესხა, ქამა-სოკოთი და ასაფეტიდათი იყო შეკაზმული. ხილეულის პირამიდები ეყრებოდა თაფლის კვერებს; არ დაევიწყებინათ არც ის პატარა, მსხვილმუცლიანი და ვარდისფერბალნიანი, ზეთისხილის ჩენჩოთი გასუქებული ძაღლები - კართაგენული საჭმელი, რომელიც სხვა ხალხებს გულს ურევს. ახალ-ახალი საჭმელები ღორმუცელობას უღვივებდათ. გალები, რომელთაც გრძელი თმა კეფაზე გამოესკვნათ, ერთმანეთს ხელიდან ჰგლეჯდნენ საზამთროებსა და ლიმონებს და ქერქიანად თქვლეფდნენ. ზანგებს ზღვის კიბოები არასოდეს ენახათ თურმე და მათი წითელი ეკლებით დაეკაწრათ ცხვირ-პირი. მარმარილოზე მეტად თეთრი, პირგაპარსული ბერძნები ზურგს უკან ისროდნენ ნამუსრევს, ხოლო მგლის ტყავებით შემოსილი ბრუტიუმელი მწყემსები უჩუმრად სანსლავდნენ კერძს თეფშებში ცხვირჩარგულნი.

      ღამე ჩამოწვა ჩამოასხეს კვიპაროზების ხეივანზე გადაჭიმული დიდი ჩარდახი და ჩირაღდნები მოიტანეს.

      ნავთობის მოფარფატე ალმა, მეწამული ქვის ლარნაკებში რომ ენთო, კედრების კენწეროებზე დააფრთხო მთვარეს შეწირული მაიმუნები. მათმა წიკვინმა გაამხიარულა მხედარნი.

      სპილენძის აბჯრებზე ციმციმებდა სინათლის ანარეკლი. ძვირფასი თვლებით მოჭედილი ჭურჭელი ათასფრად ციალებდა. ამოზნექილი სარკეების არშიით შემკული თასები ამრავლებდნენ საგნების გადიდებულ გამოსახულებას. ჯარისკაცნი მოჯარულიყვნენ ირგვლივ, განცვიფრებით იყურებოდნენ, იმანჭებოდნენ და სიცილით იჭაჭებოდნენ. მაგიდის ზემოთ ერთმანეთს ტყორცნიდნენ სპილოს ძვლის დაბალ სკამებს და ოქროს ჩქიფებს. ხარბად სვამდნენ ტიკებში ჩასხმულ ბერძნულ ღვინოებს, ამფორებში მოთავსებულ კამპანიის ღვინოს და კასრებით მოტანილ კანტაბრიულ ღვინოებს, უნაბის, დარიჩინისა და ლოდოსის სასმელებს. მიწაზე ღვინის წუმპე დადგა და ფეხი უსხლტებოდათ. მოხარშული ხორცის ორთქლი ნასუნთქთან ერთად ადიოდა ხეთა ვარჯებამდე. ერთსა და იმავე დროს ისმოდა ყბების კაპუნი, ყაყანი, სიმღერა, ხმა კამპანიური ლარნაკების მსხვრევისა, რომელნიც ათას ნამცეცად იფანტებოდნენ, და ვერცხლის დიდი ლანგრების წმინდა წკრიალი.

      რაც უფრო ეკიდებოდათ ღვინო, უფრო და უფრო აგონდებოდათ კართაგენის უსამართლობა. ომისგან ქანცმილეულმა რესპუბლიკამ ხელი არ შეუშალა უკან დაბრუნებული ბანდების ქალაქში თავმოყრას. მათ სარდალს გისკონს კეთილგონიერება გამოეჩინა და ნაწილ-ნაწილ უშვებდა ჯარისკაცებს, რათა გაეადვილებინა ჯამაგირის გადახდა, საბჭოს ეგონა - ისინი ბოლოს და ბოლოს თანხის შემცირებაზე დათანხმდებიანო. ეს ვალი, ხალხის აზრით, უთანაბრდებოდა იმ სამი ათას ორას ევბეურ ტალანტს, რომელსაც ლუტაციუსი ითხოვდა და კართაგენი დაქირავებულ მეომრებს ისევე თვლიდა მტრად, როგორც რომაელებს. ჯარისკაცებმა იცოდნენ ეს და აღშფოთებას მუქარითა და მრისხანებით გამოხატავდნენ.

      ბოლოს ნებართვა მოითხოვეს, რომ შეკრებილიყვნენ და გამარჯვების წლისთავი ედღესასწაულათ. მშვიდობის პარტია დათანხმდა ჰამილკარის ჯავრის ამოსაყრელად, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ომს. მისი ცდის მიუხედავად, ომი დასრულებულიყო და იმედგაცრუებულს როქის სპის სარდლობა გისკონისათვის გადაეცა. ჯარისკაცების მისაღებად მისი სასახლის არჩევით საბჭოს უნდოდა ჰამილკარსაც ხვდომოდა წილი იმ მძულვარებისა, რომელსაც როქის სპანი გრძნობდნენ, ამასთანავე ღრეობას ძალიან დიდი ხარჯი სჭირდებოდა და თითქმის მთლიანად ჰამილკარს უნდა ეზღო.

      რესპუბლიკის მოდრეკით გაამაყებული ჯარისკაცები ფიქრობდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს დაბრუნდებოდნენ სამშობლოში და თან წაიღებდნენ წამოსასხამზე მიკერებულ ყაბალახებში გამოკრულ საზღაურს დაღვრილი სისხლისას. მაგრამ სიმთვრალის ბურუსში თავიანთი ღვაწლი სასწაულებრივად, აუნაზღაურებლად ეჩვენებოდათ. ერთმანეთს ჭრილობებს უჩვენებდნენ, უამბობდნენ გარდახდილი ბრძოლებისა და მოგზაურობათა ამბებს: ლაპარაკობდნენ, თუ როგორი ნადირობა იცოდნენ სამშობლო მხარეში; ბაძავდნენ ველური მხეცების ძახილს და ნავარდს. შემდეგ დაიწყო ამაზრზენი სანაძლეოები: ამფორაში ყოფდნენ თავს და მოწყურებული ღურკანი აქლემებივით სვამდნენ თავაუღებლად. ერთ უზარმაზარ ლუზიტანიელს ორი კაცი აეყვანა მარჯვენითა და მარცხენით და მაგიდებს უვლიდა ასე, ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ლაკედემონიელნი, რომელთაც აბჯარი არ შემოეხსნათ, მძიმედ ხტუნავდნენ. ზოგი ქალივით დაგოგმანობდა და უხამსად იგრიხებოდა. სხვანი ტანთ იხდიდნენ, რათა გლადიატორებივით შებრძოლებოდნენ ერთმანეთს აქვე, სასმისთა შორის. რამდენიმე ბერძენი ცეკვავდა ნიმფების გამოსახულებით შემკული ვაზის ირგვლივ, ხოლო ერთი ზანგი თითბრის ფარზე აბრახუნებდა ხარის ძვალს.

      უეცრად გულისმომწყლველი სიმღერა შემოესმათ, ხმიერი და ტკბილი, დაკოდილი ფრინველის ფრთებით რხევასავით რომ ადიოდა ჰაერში და ისევ ეშვებოდა.ეს - მონები მღეროდნენ დილეგში. ჯარისკაცები წამოცვივდნენ და გაეშურნენ მათ გასათავისუფლებლად.

      ისინი ყვირილით დაბრუნდნენ, თან მტვერში მოლალავდნენ ოციოდე კაცს, რომელნიც სახის სიფერმკრთალით გამოირჩეოდნენ. შავი თექის პატარა, წოწოლა ქუდები ეხურათ გადახოტრილ თავზე. ყველას ხის სანდალი ეცვა. ბორკილები მიმავალი ეტლივით ჟღარუნობდა.

      მონები კვიპაროზების ხეივნამდე მოვიდნენ და ბრბოში გაიფანტნენ. მათ გამოკითხვა დაუწყეს. ერთი მათგანი განზე გადგა. დაფხრეწილ ტუნიკაში ნაიარევით დასერილი ბეჭები მოუჩანდა, თავდახრილი უნდოდ იმზირებოდა ირგვლივ, ჩირაღდნების სინათლე თვალსა სჭრიდა და ქუთუთოები მოეჭუტა; მაგრამ, როცა შეატყო, რომ ეს შეიარაღებული ხალხი არა ერჩოდა, ხმამაღლა ოხვრა აღმოხდა მკერდიდან. ბურტყუნებდა, ქირქილებდა და სიხარულის ცრემლები სდიოდა სახეზე; შემდეგ ხელები სტაცა სავსე სასმისს, ზეაღაპყრო. ბორკილები მაჯებზე ჩამოეკიდა, ზეცისკენ თავაწეულმა და ხელებგაშვერილმა წარმოთქვა: - პირველ ყოვლისა, დიდება შენდა ბაალ -ეშმუნო, მხსნელო, ჩემს სამშობლოში ესკულაპეს რომ გიწოდებენ! დიდება თქვენდა, წყაროთა, სინათლისა და ტყვეთა სულნო! დიდება თქვენდა, მთებისა და მიწის წიაღში მიმალულო ღმერთებო! სალამი თქვენდა, ელვარე საჭურვლით შემოსილო ძალოვანო ვაჟკაცებო, რომელთაც მიხსენით მე!

      შემდეგ გადააგდო თასი და მოჰყვა თავის ამბავს. სპენდიუსი რქმევია. კართაგენელებს ეგინას ბრძოლაში დაუტყვევებიათ. ბერძნულ, ლიგურიულ და პუნიკურ ენებზე უძღვნა მადლი ჯარისკაცებს; ხელები დაუკოცნა ახლომდგომთ, ბოლოს მიულოცა დღესასწაული და გაიკვირვა - წმიდა ლეგიონის თასებს რატომ ვერ ვხედავო ნადიმზე? ამ თასების ექვსსავე ოქროს წახნაგზე ზურმუხტით ვაზის ლერწები იყო გამოყვანილი. თასები ეკუთვნოდა დამცველ რაზმს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ტანის ახალგაზრდა პატრიციებისგან შედგებოდა და თასის მფლობელობა დიდი წარჩინება, თითქმის სამღვდელო პატივი იყო; რესპუბლიკის საუნჯეთაგან არაფერი ისე არ ეწადა როქის სპას, როგორც ეს სასმისები. ამის გამო ეჯავრებოდათ ლეგიონი; ზოგი სიცოცხლესაც სწირავდა ასეთი თასიდან ღვინის შესმის მიუწვდომელ სიამოვნებას.

      მაშინვე გაგზავნეს მონები თასების მოსატანად. თასები ინახებოდა სისიტებთან - მოვაჭრეთა თაბუნებში, რომელნიც ერთად ტრაპეზობდნენ. მონები ხელცარიელნი დაბრუნდნენ, სისიტთა თაბუნის ყველა წევრს ეძინა ამ დროს.გააღვიძეთ! - ბრძანეს ჯარისკაცებმა.

      მეორედ გაგზავნილებმა პასუხი მოიტანეს - ტაძარშიაო ჩაკეტილი.

      გააღონ! - შესძახეს მხედრებმა

      და როდესაც აკანკალებული მონები გამოტყდნენ - თასები სარდალ გისკონის ხელთააო, შეჰყვირეს: მოიტანოს!

      მალე ბაღის სიღრმეში გისკონიც გამოჩნდა წმიდა ლეგიონის რაზმის თანხლებით, თავსდარქმულ ოქროს მიტრაზე მიმაგრებული ფართო, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი შავი მოსასხამი მთლიანად ფარავდა მას და ცხენის ფლოქვებამდე ეშვებოდა მისი თეთრი წვერი, თავმორთულობის ბრწყინვალება და ბრტყელი, ლურჯი ქვების სამმაგი ფარღული, რომელიც მკერდზე ერხეოდა.

      როდესაც შემოვიდა, ჯარისკაცებმა ერთი ყოფით შეჰყვირეს: თასები, თასები!..მან დაიწყო იმით, რომ - სიმამაცით დაიმსახურეთო ეს პატივი, ბრბო სიხარულით აღრიალდა და ტაში დაუკრა.

      მე ეს კარგად ვიცი, მე გსარდლობდით და უკანასკნელ კოჰორტასთან ერთად დავბრუნდიო უკანასკნელი გალერით!

      მართალია! მართალია! - დაუმოწმეს მას.

      ამასთანავე, განაგრძო გისკონმა, რესპუბლიკა პატივს სცემს თქვენს ჩვეულებებსა და რწმენას, ეროვნებებისდა მიხედვით დაგანაწილეთ, სავსებით თავისუფალნი ხართ კართაგენში! რაც შეეხება წმიდა ლეგიონის თასებს, კერძო პირთა საკუთრებააო.

      უეცრად სპენდიუსის წინ ერთი გალი გადაევლო მაგიდებს და გისკონს მივარდა. ემუქრებოდა, ორ გაშიშვლებულ მახვილს უღერებდა.

      სარდალმა სიტყვის შეუწყვეტლად ჩაარტყა თავში თავისი მძიმე, სპილოს ძვლის კვერთხი. ბარბაროსი დაეცა. გალებმა დაიღრიალეს, მათი სიშმაგე სხვათაც გადაედო და ბრაზით აღანთო ლეგიონერები. გისკონმა მხრები აიჩეჩა მათი გაფითრებული სახეების დანახვაზე. გაიფიქრა, რომ მისი სიმამაცე ამაო იქნებოდა ამ გაუთლელი, გაშმაგებული მხეცების წინააღმდეგ. შემდგომ ამოიყრის ჯავრს რაიმე ვერაგული ხრიკით: ამიტომ თავის მხედრებს ანიშნა და ნელი ნაბიჯით განშორდა ბრბოს, ჭიშკართან როქის სპისკენ მიიბრუნა პირი და დაუყვირა - განანებთო.

      ღრეობა განახლდა. მაგრამ გისკონს ხომ შეეძლო დაბრუნებულიყო, გარს შემორტყმოდა ბოლო სიმაგრეებამდე გადაჭიმულ გარეუბანს და ქალაქის კედლებზე მიეჭყლიტა ისინი. ობლად იგრძნეს თავი, თუმცა მრავალნი იყვნენ და დიდმა ქალაქმა, რომელსაც მათ წინაშე, დაბლა, სიბნელეში ეძინა, ანაზდად შეაშინა ისინი თავისი ერთიმეორეზე დახორხლილი კიბეებით, მაღალი შავი სახლებითა და თვისი გაურკვეველი ღმერთებით. ეს ღმერთები კიდევ უფრო მძვინვარენი იყვნენ, ვიდრე ხალხი. შორით, ნავთსაყუდელში, რამდენიმე სანიშნო ნათურა ცორიალებდა, ქამონის ტაძარშიც მოჩანდა ცეცხლი. ჰამილკარი მოაგონდათ. სად იყო ახლა? რატომ მიატოვა ისინი დაზავების შემდგომ? მისი განხეთქილება საბჭოსთან უეჭველად ხრიკი იყო მხოლოდ, მათ დასაღუპავად მოგონილი ახლა მისდამი იგრძნეს დაუცხრომელი სიძულვილი; სწყევლიდნენ მას და ერთიმეორის სიშმაგეს აღვივებდნენ. ამ დროს ჭადრების ქვეშ შეიყარა ბრბო. უმზერდნენ ერთ ზანგს, რომელიც მიწას ეხეთქებოდა თვალგაშტერებული, კისერმოღრეცილი, დუჟმორეული. ვიღაცამ დაიძახა - მოწამლულიაო. ყველამ მოწამლულად იგრძნო თავი. მონებს ეძგერენ. საზარელი ყვირილი ატყდა, მსხვრევის გრიალმა გადაუარა გალეშილ ჯარს. ეცნენ, რაც წინ დახვდათ, ამსხვრევდნენ, კლავდნენ. ზოგი ხის ფოთლებში ისროდა ჩირაღდანს, სხვანი ლომების ბაკის მოაჯირზე გადაეკიდნენ და ისრებით მუსრს ავლებდნენ ცხოველებს. უფრო მამაცნი სპილოებს მივარდნენ - ხორთუმების მოჭრა და ეშვების დახვრა უნდოდათ. ამასობაში ბალეარელი მეშურდულენი, რომელთაც სასახლის კუთხისათვის შემოევლოთ, რათა უფრო ადვილად აეკლოთ, ინდური ბამბუკის მაღალმა ღობემ შეაჩერა. ხანჯლებით დაჭრეს საგდულის ღვედები და კართაგენისაკენ მიქცეული სასახლის ფასადის წინაშე აღმოჩნდნენ, მეორე ბაღში, სადაც გასხლული მცენარეები იდგა, თეთრი ყვავილების კვლები ერთმანეთს მისდევდნენ და ლაჟვარდით მოფენილ მიწაზე წერდნენ ვარსკვალვთა ხვიჭის მსგავს გრძელ მრუდებს. მრუმით დაფარულ ბუჩქებს თბილი, მსუყე სურნელი ასდიოდა. ზოგი ხის ტანი სინგურით შეეღებათ და სისხლით მოთხვრილ სვეტებს ჰგვანდნენ. შუა ბაღში სპილენძის თორმეტ კვარცხლბეკზე ელაგა მინის დიდი ბირთვები. რომელთა შიგნით მოწითალო სინათლე კრთოდა, თითქოს უზარმაზარი გუგები იყვნენ და ჯერ კიდევ სიცოცხლით ფეთქავდნენ. ჯარისკაცები ჩირაღდნებით ინათებდნენ გზას; ფეხი უბორძიკებდათ დამრეც, ღრმად დაბარულ ფერდობზე.

      მათ დაინახეს პატარა ტბა, რამდენიმე აუზად დაყოფილი ლურჯი ქვის ჯებირებით. წყალი ისე გამჭვირვალე იყო, რომ ჩირაღდანთა ალის ანარეკლი ციმციმებდა თეთრი კენჭებითა და ოქროს ფხვნილით მოფენილ ფსკერზე. წყალი აბუყბუყდა, ელვარე ლანდებმა დასერეს მსხვილი თევზები, რომელთაც ხახა თვალ-მარგალიტით ჰქონდათ მოჭედილი, ამოცურდნენ ზედაპირზე. ჯარისკაცებმა სიცილ-ხარხარით გაუყარეს თითები ლაყუჩებში და სუფრაზე წაიღეს. ეს ბარკას საგვარეულოს თევზები იყო, შთამომავალნი პირველყოფილი ღლავებისა, რომელთაც შექმნეს მისტიკური კვერცხი, შიგ რომ ქალღმერთი ბუდობდა. იმ აზრმა, რომ მკრეხელობას ჩადიოდნენ, სიხარბე გაუცხოველა მეომრებს. სასწრაფოდ გააჩაღეს ცეცხლი, შემოდგეს სპილენძის კარდლები და ცნობისმოყვარეობით უმზერდნენ, როგორ ფართხალებდნენ ლამაზი, ცოცხალი თევზები მდუღარე წყალში. მოჯარული მეომრები იჯგვლიმებოდნენ. შიშს გაევლო, ისევ დაიწყეს სმა. ნელსაცხებელი სდიოდათ შუბლზე, მოწვეთავდა და უსველებდათ დაფლეთილ ტუნიკებს. მუშტები დაეყრდნოთ მაგიდებზე, რომელნიც, ასე ეგონათ, საზღვაო გემებივით ტორტმანებდნენ. ხარებივით აბრიალებდნენ ჩასისხლიანებულ თვალებს, რათა მზერით მაინც შთაენთქათ ის, რისი შეჭმაც აღარ შეეძლოთ უკვე. სხვანი პირდაპირ ძოწეული სუფრით დაფენილ მაგიდებზე დაალაჯებდნენ და ამტვრევდნენ სპილოს ძვლის სკამებს და ტვიროსული ჭიქის ფიალებს. ერთვოდა სიმღერის ხმა სასმისთა ნამტვრევებში დაყრილი მონების ხიხინს. ჯარისკაცები მოითხოვდნენ ღვინოს, ხორცს, ოქროს; ყვიროდნენ - ქალები მოგვიყვანეთო. ათას ენაზე ბოდავდნენ. ზოგიერთს აბანოში ეგონა თავი, ირგვლივ ამდგარ ოხშივარს რომ ხედავდა; ზოგს, ხეების შემყურეს, ნადირობა წარმოედგინა და თანამეინახეებს ესხმოდა, როგორც ველურ ცხოველებს. ხანძარი ერთი ხიდან მეორეზე გადადიოდა და მაღალი ხეების ფოთლოვანი ვარჯი, საიდანაც ბოლი გრძელ, თეთრ ხვეულებად გამოდიოდა, ამოქმედებულ ვულკანებს ჰგავდა. გოდება გაორკეცდა. დაჭრილი ლომები ბდღვინავდნენ სიბნელეში.

      უეცრად განათდა სასახლის უმაღლესი ტერასა. კარი გაიღო და ქალი, თავად ჰამილკარის ქალი გამოჩნდა ზღურბლზე, შავით მოსილი. ის ჩამოვიდა პირველ კიბეზე, რომელიც დამრეცად გასდევდა ზედა სართულს, შემდეგ მეორე, მესამე კიბე ჩამოათავა და უკანასკნელ ტერასაზე შედგა, ხომალდების ჩინამხრებიანი კიბის თავზე. უძრავი და თავდახრილი შეჰყურებდა იგი მეომრებს. მის უკან, ორივ მხრივ ორ მწკრივად იდგნენ ფერმკრთალი, უწვერული, უთმო, უწარბო კაცები, რომელთაც თეთრი ფეხებამდე დაშვებული წითელფოჩიანი კაბები ეცვათ. მოელვარე ბეჭდებით შემკული ხელებით უზარმაზარი ქნარები ეჭირათ და წვრილი ხმით მღეროდნენ კართაგენის ქალღმერთის საგალობელს. ესენი იყვნენ ტანიტის ტაძრის საჭურისი ქურუმები, რომელთაც სალამბო ხშირად იწვევდა სასახლეში.

      ბოლოს ხომალდების კიბეც ჩამოათავა ქალმა. ქურუმები უკან მოჰყვებოდნენ. სალამბო კვიპაროზების ხეივნისკენ გაემართა და წყნარად მიაბიჯებდა მეთაურთა მაგიდებს შორის. ჯარის მოთავენი გზას უთმობდნენ, ოდნავ იხევდნენ უკან.

      სალამბოს თმა იისფერი ფხვნილით დაფერილი ქანაანელი ქალწულების ჩვეულებისდა მიხედვით კოშკის დარად იყო დახვეული და ამის გამო უფრო მაღალი ჩანდა ქალი. მარგალიტის გრეხილი საფეთქლებთან ემაგრა და ეშვებოდა სანახევროდ გახლეჩილი ბროწეულივით ვარდისფერ ტუჩებამდე. მკერდზე ეკიდა მოციმციმე თვლების აცმულა, რომელიც სიჭრელით გველთევზის ქერეჭს ემსგავსებოდა. ალმასებით შემკული მკლავები შიშველი ჰქონდა წითელი ყვავილებით მოხატული შავი ქსოვილისაგან შეკერილ უსახელო ტუნიკაში. კოჭები ოქროს ძეწკვით ჰქონდა გადაბმული, რათა თანაბარი ნაბიჯებით ერონინა. დიდი, იშვიათი ქსოვილის მუქი ძოწისფერი მოსასხამი უკან მოსთრევდა მის ყოველ ნაბიჯზე ფართო ტალღასავით იშლებოდა. ჟამითი ჟამად ქურუმები ჩამოჰკრავდნენ თითებს ქნარს და დახშულ აკორდებს აჟღერებდნენ, ხოლო შუალედებში ისმოდა ძეწკვის წკრიალი და პაპირუსის სანდლების თანაზომიერი ტყაპატყუპი.

      აქამომდე არავინ იცნობდა სალამბოს. იცოდნენ მხოლოდ, რომ განდეგილად ცხოვრობდა და ღვთისმოსაობაში ატარებდა დროს. ჯარისკაცებს დაენახათ ღამღამობით, სასახლის ბანზე ვარსკვლავების წინაშე მულხმოდრეკილი აბოლებულ საცეცხლურთა შორის; მთვარეს გაეფერმკრთალებინა მისი სახე და მსუბუქი ნისლივით შემოხვეოდა ღმერთების სუნთქვა. მისი გუგები შორს, მიწიერი სივრცეების მიღმა იმზირებოდნენ თითქოს. თავდახრილი მოაბიჯებდა, მარჯვენა ხელში შავი ხის პატარა ქნარი ეჭირა.

      ჯარს შეესმა მისი ჩურჩული: მოუკლავხართ, მოუკლავხართ ყველანი! აღარასდროს მოცურდებით ამიერიდან ჩემი ხმის მორჩილნი, როგორც უწინ, ტბის პირას რომ ჩამოვჯდებოდი და საზამთროს მარცვლებს გიყრიდით პირში! ტანიტის იდუმალება ბუდობდა თქვენს თვალებში, რომლებიც უფრო ანკარა იყო, ვიდრე წყლის წვეთები მდინარის ზედაპირზე, - და სათითაოდ მოუხმობდა, თვეების სახელებით ეძახდა თევზებს: სივ! სივან! თამუზ, ელულ, თიშრი, შებარ! ჰე, შემიწყალე მე, ქალღმერთი!

      ჯარისკაცები სალამბოს ირგვლივ მოგროვდნენ, თუმცა არ ესმოდათ, რას ამბობდა ის. ანცვიფრებდათ მისი მორთულობა. შიშნეული, ხანდაზმული მზერა გაშალა და რამდენჯერმე გაიმეორა: რა ქენით, რა ქენით! მოსალხენად გქონდათ პურიც, ხორციც, ზეთიც, ყოველგვარი ნუგბარი საკუჭნაოებიდან. მე მოვარეკინე ხარები ჰეკატომბილიდან, მონადირენი დავგზავნე უდაბნოში! - ქალმა ხმა აიმაღლა, ღაწვები შეეფაკლა და განაგრძო: - არ გესმით, სადა ხართ? დაპყრობილ ქალაქში თუ ბატონის სასახლეში? და მერე რომელი ბატონის? სუფეტ ჰამილკარის, მამაჩემის, ბაალთ მსახურის! მონების სისხლით შეღებილი თქვენი იარაღის გადაცემაზე მან უარი უთხრა ლუტაციუსს! იცნობთ კი ვინმეს თქვენს ქვეყნებში, რომ მისი დარი სარდალი იყოს? შეხედეთ! ჩვენი სასახლის საფეხურები ავსებულია ნაალაფარით! განაგრძეთ! დაწვით სასახლე! მე წავიყვან სახლის ანგელოზს, ჩემ შავ გველს. რომელსაც ლოტოსის ფოთლებზე სძინავს მაღლა! მე დავუსტვენ და წამომყვება. გემში რომ ჩავჯდები, ჩემი ხომალდის კვალს, აქაფებულ ტალღებს გამოყვება ცურვით... თხელი ნესტოები უთრთოდა. მკერდზე დაბნეულ ძვირფას თვლებზე იმსხვრევდა ფრჩხილებს. თვალები დაებნიდა. განაგრძო: ეჰა, საბრალო კართაგენო! საცოდავო ქალაქო! აწ აღარ გყვანან მფარველებად ძალოვანი ვაჟკაცები გარდასულ დროთა, ოკეანეებს რომ გადასცურავდნენ ხოლმე და სანაპიროებზე აგებდნენ ტაძრებს. ირგვლივ მდებარე ყველა ქვეყანა შენ გემსახურებოდა და შენი ხოფებით გადაფარცხული ზღვის ტრამალები ატორტმანებდნენ შენს ნალეწს.

      შემდეგ მელქარტის, სიდონელთა ღმერთებისა და თავისი ოჯახის წინაპრის, საგმირო საქმეთა შესახებ დაიწყო გალობა.

      მოუთხრობდა ერისიფონის მთად ამაღლებაზე, ტარტესის მოგზაურობასა და მაზიზაბალის ბრძოლაზე გველთა დედოფლის შურის საგებლად: იგი მისდევდა ჭალაკში დედალ ურჩხულს, რომლის კუდი ვერცხლის ნაკადულივით მიიკლაკნებოდა დაცვენილ ფოთლებში; და მიაღწია ველს, სადაც დრაკონისთავიანი დედაკაცები მოჯარულიყვნენ ბრიალა კოცონის ირგვლივ და თავიანთი კუდების წვერებზე წამოსკუპულიყვნენ, სისხლისფერი მთვარე ელვარებდა მკრთალ შარავანდში და მეწამულ მეთევზეთა მარცახივით გაპობილ გრძელ ენებს ასარსალებდნენ ცეცხლის პირამდე...

      მერმე სალამბომ იმღერა, მაზიზაბალის დამარცხების შემდგომ მელქარტმა თუ როგორ მიაჭედა მისი მოკვეთილი თავი თავისი ხომალდის წინამხარს: - ტალღების ყოველ შეთრთოლებაზე ქაფში იმალებოდა იგი; მზე მურავდა და ოქროზე მეტად გამაგრდა, მაგრამ თვალები მაინც ტიროდნენ და ცრემლები განუწყვეტლივ წვეთავდა ზღვაში.

      სალამბო მღეროდა ქანაანელთა ძველ ენაზე, რომელიც ბარბაროსებს ჯერ არ გაეგონათ. ისინი თავს ეკითხებოდნენ - რას გვეუბნებაო ამ მრისხანე ხელისქნევით, რასაც ქალი სიმღერას აყოლებდა, - და მის ირგვლივ მაგიდებზე, საგებზე, ნეკერჩხლის ტოტებზე გასულნი, პირდაღებულნი და კისერწაგრძელებულნი ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ ამ ბუნდოვან მოთხრობას, რომელიც მათს წარმოსახვას აჩრდილებად ესახებოდა.

      მხოლოდ უწვერულვაშო ქურუმებს გაეგებოდათ სალამბოს სიმღერა. უთრთოდათ დანაოჭებული ხელები, ქნართა სიმებზე რომ ეწყოთ. დროდადრო ქუშ აკორდებს აუკრავდნენ. ბებერ დიაცებზე მეტად გულსუსტნი იყვნენ ისინი და ერთსა და იმავე დროს მისტიკური აღფრთოვანებითა და შიშით თრთოდნენ - ვაითუ ჯარისკაცებმა სიავე გვიყონო. ბარბაროსები ყურადღებას არ აქცევდნენ მათ, მომღერალ ქალწულს უსმენდნენ. არავინ ისე დაშტერებით არ უყურებდა, როგორც ნუმიდიელთა ახალგაზრდა ბელადი, რომელიც მეთაურთა მაგიდასთან იჯდა თვისტომ მხედართა შორის. ქამარში იმდენი ისარი გაერჭო, რომ კუზიანივით ჰქონდა გამობერილი ტყავის თასმით საფეთქელთან მიმაგრებული მოსასხამი. მხრებზე გაფარფაშებული მოსასხამი ჩრდილს ჰფენდა სახეზე და მხოლოდ ორი ანთებული, ერთ წერტილზე მიშტერებული თვალი უჩანდა. იგი შემთხვევით მოხვედრილიყო ღრეობაზე: მამამისს ბარკას ოჯახისათვის მიებარებინა მეფეთა ჩვეულებისამებრ, რომელნიც შვილებს დიდ ოჯახებში გზავნიდნენ მეგობრობისა და კავშირის დასამყარებლად. ნარჰავასი ექვსი თვეა აქ ცხოვრობდა, მაგრამ ჯერ არ ეხილა სალამბო და ახლა დაკუნცხული, თავის ისრებზე წვერებდახრილი უჭვრეტდა ქალს და ნესტოები ებერებოდა ლერწმებში ჩასაფრებულ ავაზასავით.

      მაგიდის იქეთა მხარეს იჯდა ერთი უზარმაზარი ლიბიელი, შავ და ხუჭუჭთმიანი. მხოლოდ სამხედრო ქურთუკი ეცვა და თითბრის ფირფიტებს დაეფხრიწა საგების ძოწი. ვერცხლის ნახევარმთვარეების შიბი დახლართულიყო მის ფაჩვნიერ მკერდზე. სისხლის შხეფებს დაეწინწკლა მისი სახე; მარცხენა იდაყვს დაყრდნობოდა და ფართოდ გახსნილი ტუჩებით იღიმებოდა. სალამბომ შეწყვიტა წმიდა საგალობელი. ბარბაროსთა ყველა ენაზე ალაპარაკდა და ქალური გულისხმიერებით ცდილობდა დაეყუჩებინა მათი სიშმაგე. ბერძნებს ბერძნულად ესაუბრებოდა, შემდეგ ლიგურიელთა, კამპანიის მკვიდრთ, ზანგებს მიუბრუნდა და ყოველი მათგანი სამშობლო ქვეყნის სიტკბოებას პოულობდა მის ხმაში. კართაგენის წარსულით გატაცებული სალამბო ახლა რომის წინააღმდეგ გარდახდილ ომებზე ამღერდა, ჯარისკაცებმა ტაში დაუკრეს. ქალი გაშიშვლებული მახვილების ბრწყინვამ აღაგზნო, ხელებგაშლილი გასძახოდა. ქნარი დაუვარდა, გაჩუმდა: - ორივე ხელი გულზე დაიკრიფა და რამდენსამე წამს იდგა ასე თვალებდახუჭული, ტკბებოდა მთელი ჯარის მღელვარებით.

      ლიბიელი მათო გადმოიხარა მისკენ. სალამბო უნებლიეთ მიუახლოვდა და მისი ნიშნად აღფრთოვანებით გულგალხობილმა ჯართან შერიგების ნიშნად დაუსხა ღვინო ოქროს სასმისში.

      დალიე! - უთხრა სალამბომ.

      მათომ გამოართვა სასმისი და ტუჩებთან მიიტანა. მაშინ იმ გალმა, წეღან რომ გისკონმა დაჭრა, მხარზე დაჰკრა ხელი და მხიარული იერით იხუმრა რაღაც თავის მშობლიურ ენაზე. სპენდიუსიც აქვე იყო და შესთავაზა - გადაგითარგმნიო.

      თქვი! - უთხრა მათომ.

      ღმერთები გფარავდნენ, გამდიდრდები, როდისაა ქორწილი?

      ვისი ქორწილი? შენი! ჩვენში თუ ქალი ღვინოს დაუსხამს მეომარს თავის სარეცელსა სთავაზობს ამით, - უპასუხა გალმა.

      დამთავრებული არა ჰქონდა, რომ ნარჰავასი წამოხტა, ქამრიდან ამოიძრო ხელშუბი, მარჯვენა ფეხი მაგიდის კიდეს მიაბჯინა და სტყორცნა მათოს.

      შუბმა გაისისინა სასმისთა შორის, ხელი გაუხვრიტა ლიბიელს და ისე მაგრად ჩაესო მაგიდაში, რომ ტარი აცახცახდა ჰაერში.

      მათომ სასწრაფოდ ამოიგლიჯა შუბი, მაგრამ იარაღი არ ესხა ნახევრად შიშველს. მან ორივე ხელში ასწია გაწყობილი მაგიდა და ნარჰავასს გაუქანა მათ გასაშველებლად მოვარდნილ შუა ბრბოში. ჯარისკაცნი და ნუმიდიელნი ერთმანეთს მიჭყლეტოდნენ და მახვილის ამოღება არ შეეძლოთ. მათომ თავურით გაარღვია ბრბო და როდესაც ასწია თავი ნარჰავასი გამქრალიყო. თვალებით დაუწყო ძებნა. სალამბოც წასულიყო.

      მაშინ სასახლისაკენ გაიხედა და დაინახა, როგორ დაიხურა სულ ზევით წითელი, შავი ჯვრით მოხატული კარი და იქით გაიქცა.

      დაინახეს, როგორ არბოდა იგი ხომალდების წინამხართა შორის, შემდეგ სამივე კიბის სიგრძეზე წითელ კარებამდე, როგორ ეძგერა კარს მთელი სხეულით; აქოშინებული კედელს მიეყრდნო, რომ არ დაცემულიყო.

      ვიღაც მოსდევდა. ბინდბუნდში ღრეობის სანთურებს სასახლის ძგიდე ეფარებოდა. სპენდიუსი იცნო.

      - მომშორდი! - უბრძანა ლიბიელმა.

      მონამ პასუხის გაუცემლად კბილებით დაფხრიწა თავისი ტუნიკა. შემდეგ მუხლი მოიყარა მათოს წინ, ფრთხილად აიღო მისი ხელი და მოუთათუნა, ჭრილობას ეძებდა. მთვარე ღრუბლებიდან გამოცურდა და მის სინათლეზე სპენდიუსმა დაინახა პირდაღებული იარა. ქსოვილის ნაჭერი შემოახვია, მაგრამ მათო ბრაზით ეუბნებოდა: - თავი დამანებე! დამანებე თავი!

      - ო, არა! - მიუგო მონამ, - შენ გამათავისულე ჯურღმულიდან. მე შენ გეკუთვნი! შენა ხარ ჩემი ბატონი! მიბრძანე!

      მათომ კედლებზე ხელის ცეცებით შემოუარა ტერასას. ყოველ ნაბიჯზე აყურადებდა და მოოქროვილი ლერწმის ხარიხებიდან იყურებოდა შიგნით, დადუმებულ სახლში. ბოლოს სასოწარკვეთილი შედგა.

      - ყური დამიგდე! - უთხრა მონამ, - ო, ნუ შემიძაგებ ჩემი სისუსტისათვის! მე სასახლეში ვარ ნაცხოვრები. შემიძლია ძლოკვივით გავძვრე კედლებში. წამო! წინაპრების ოთახში ყოველი ფილის ქვეშ ოქროს ზოდია დაფლული, მიწისქვეშა ხვრელია გაყვანილი საფლავებამდე.

      - ეჰ , რაღად მინდა! - წარმოსთქვა მათომ.

      სპენდიუსი დადუმდა. ისინი ტერასაზე იდგნენ. მათ წინ ფუთფუთებდა წყვდიადი და ის თითქოს შავად გაქვავებული ოკეანის გიგანტური ტალღების მსგავსი რაღაც ზოდებით იყო სავსე. მაგრამ ნათლის ზოლი ადგა აღმოსავლეთის მხრიდან. მარცხნივ, აქვე, მეგარის დაკლაკნილმა არხებმა დაიწყეს თეთრად კრთომა მწვანე ბაღჩათა შორის. შვიდწახნაგოვანი ტაძრების აწოწილი სახურავები, კიბეები, ტერასები, სიმაგრეები ნელ-ნელა გამოინაკვთნენ გარიჟრაჟის მკრთალ სინათლეზე: მთელი კართაგენის ნახევარკუნძულის ირგვლივ ირწეოდა თეთრი ქაფის სარტყელი, ხოლო ზურმუხტისფერი ზღვა განთიადის სიდიადეში შედედებულსა ჰგავდა. რაც უფრო ფართოვთებოდა ატმისყვავილისფერი ზეცა, უფრო და უფრო ჩნდებოდნენ ფერდობზე მიჯრილი მაღალი სახლები, როგორც მთიდან ჩამომავალი შავი თხების არვე. უკაცრიელი ქუჩები გადაჭიმულიყვნენ ერთი ბოლოდან მეორემდე. აქა-იქ კედლებზე ამაღლებული პალმები არ ირხეოდნენ; პირთამდე სავსე წყალსაცავები ეზოებში დაყრილ ვერცხლის ფარებსა ჰგვანდნენ; ჰერმეუმის კონცხის შუქურა გამკრთალდა. აკროპოლის ზეთავზე, კვიპაროზების ჭალაკში, ეშმუნის რაშებმა გათენება იგრძნეს, მარმარილოს მოაჯირს ადგამდნენ წინა ფეხებს და მზის მხრისაკენ გასჭიხვინებდნენ.

      მზეც ამოვიდა. სპენდიუსმა ხელები აღაპყრო და შეჰღაღადებდა.

      ყველაფერი შეიძრა გადმოღვრილ სიწითლეში. ღმერთი თითქოს იგლეჯდა სხეულს და უხვი სხივებით ასხურებდა კართაგენს ოქროს წვიმას თავისი ძარღვებიდან. ხომალდების ქიმები ელვარებდნენ, ქამონის ტაძრის სახურავი ცეცხლმოკიდებულს ჰგავდა სავსებით. ახალგაღებულ ტაძრებში ცეცხლი აკიაფდა. სოფლებიდან ჩამოსული ფორნების თვლები არახრახდა ქუჩების ფილაქანზე. დატვირთული ღურკანი აქლემები ჩამოდიოდნენ ფერდობებზე. ზარაფები მებოძირზე მდგარი თავიანთი დუქნების დარაბებს აღებდნენ. მიფრინავდნენ ყარყატები. თრთოდნენ თეთრი აფრები. ტანიტის ჭალაში დოლს უკრავდნენ წმიდა მეძავნი, ხოლო მაპალებში აბოლდნენ თიხის კუბოთა გამოსაწვავი ღუმელები. სპენდიუსი გადაიხარა მოაჯირზე. კბილები აუკაწკაწდა, იმეორებდა: - აჰ! ჰო... ჰო... პატრონო! მესმის, რად იუკადრისე ახლახან სასახლის გაძარცვა.

      მათო თითქოს მისი ხმის სისინმა გამოაფხიზლა, თითქოს არა ესმოდა რა. სპენდიუსმა განაგრძო: - აჰ! რა სიმდიდრეა! ხოლო რომელთაც ის ეკუთვნის, იარაღიც არა აქვთ მის დასაცავად!

      მარჯვენა ხელი გაიშვირა და დაანახა რამდენიმე ბოგანო, რომელნიც ჯებირს გადაღმა სილაში დაღოღავდნენ, ოქროს ფხვნილის ძიებით გართულნი.

      - აი! - უთხრა, - რესპუბლიკა ამ გლახაკებს ჰგავს: ოკეანეებზე გადაფოფრილი ყველა სანაპიროს უფათურებს ხარბ ხელებს და ტალღათა ხმაური ისე უჭედავს ყურებს, რომ აღარ ზურგს უკან მომდგარი მბრძანებლის ფეხის ხმა! ტერასის სანაპირო მხარეზე წაიყვანა მათო და დაანახა ბაღი, სადაც ხის ტოტებში ჩამოკიდებული ჯარისკაცთა კალდიმები თინათინებდა მზეზე. აქ არიან ვაჟკაცნი, უდიდესი მძულვარებით აღვსილნი! მათ არაფერი აკავშირებთ კართაგენთან, არც ოჯახი, არც ფიცი, არც ღმერთი!

      მათო იდგა წინანდებურად კედელს მიყრდნობილი. სპენდიუსი მიუახლოვდა და ხმადაბლა განაგრძო: გესმის ჩემი, მეომარო? სატრაპებივით ძოწეულში გამოწყობილნი ვივლით, ნელსაცხებელში გვაბანავებენ; მეც მეყოლება მონები! არ მოგბეზრდება მაგარ მიწაზე ძილი, ბანაკებში მოჭმახებული ღვინის სმა და გამუდმებული საყვირის ხმა? იმისი იმედი ხომ არა გაქვს, რომ შემდგომ დაისვენებ, როდესაც ჯავშანს აგაგლეჯენ, ხოლო შენს ლეშს სვავებს გადაუგდებენ? თუ მაშინ, როცა დაბრმავებული, დაკოჭლებული, დაძაბუნებული კარდაკარ იწანწალებ ყავარჯნით და ბალღებსა და წათხის გამყიდველებს უამბობ შენი სიჭაბუკის ამბებს? მოიგონე შენი უფროსების უსამართლობა, თოვლში დაბანაკება, მცხუნვარე მზეში სიარული, სასტიკი დისციპლინა და ჯვარცმის გამუდმებული მუქარა! ამდენი ტანჯვა-წვალების შემდეგ საპატიო ფარღული მოგიგდეს, ასე ვირს აბამენ ეჟვნების ასხმულას, რომ დარეტიანდეს დაღლა არ იგრძნოს; და ეს შენ გიყვეს, პიროსზე მამაცს! მაგრამ რომ ინდომებდე! აჰ! რა ბედნიერი იქნები, უზარმაზარ, გრილ დარბაზებში ქნარის წკრიალზე რომ მიეცემი განცხრომას ვარდების სარეცელზე წამოწოლილი, მასხარებითა და ქალებით გარშემორტყმული! ნუ მეტყვი, რომ ეს განუხორციელებელია! განა როქის სპამ არ დაიპყრო რეგიუმი და სხვა სიმაგრეები იტალიაში? ვინ აღგიდგება? ჰამილკარი აქ არაა. ხალხს სძულს მდიდრები; გისკონი რას უზამს ირგვლივ თავმოყრილ ლაჩრებს? შენ მამაცი ხარ! დაგმორჩილდებიან. წარუძეღ სპას! კართაგენი ჩვენია, შევესიოთ!

      - არა! - უთხრა მათომ, - მოლოქის წყევლა მაწევს. მე ეს მის თვალებში ვიგრძენ. ამას წინათ კიდევ შავი ერკემალი ვნახე ტაძარში, უკუღმა მიდიოდა! - შემდეგ ირგვლივ მიმოიხედა და იკითხა: - სადაა ის?

      სპენდიუსი მიხვდა, რომ უდიდეს მღელვარებას შეეპყრო მათო და გაგრძელება ვეღარ გაბედა. მათ უკან ისევ ბოლავდა ხეები. გაშავებული ტოტებიდან ჟამდაჟამ მაიმუნების სანახევროდ დამწვარი ჩონჩხები ცვიოდა გაშლილ სუფრებზე. პირდაფჩენილი ჯარისკაცები ხვრინავდნენ მკვდრების გვერდით, ხოლო ვისაც არ ეძინა, თავი ჩაექინდრა დღის სინათლით თვალდაბრმავებულებს. გათქერილ მიწაზე სისხლის ღვარი იდგა. სპილოები გასისხლიანებულ ხორთუმებს აქნევდნენ შემოღობილის ხიმინჯებს შორის. ღია ბეღლებში ჩანდა ტომრებიდან გადმობნეული ხორბალი, ჭიშკართან - ბარბაროსთაგან მიყრილი ეტლების რიგი; კედრის ტოტებზე ჩამომსხდარი ფარშევანგები კუდებსა შლიდნენ და ყივყივებდნენ.

      მათოს უძრაობა აკვირვებდა სპენდიუსს. იგი უფრო გაფითრებული იყო, ვიდრე ახლახან და ერთი წერტილისათვის მიეშტერებინა თვალები, ცის დასალიერს გაჰყურებდა ტერასის მოაჯირზე ორივე მჯიღით დაყრდნობილი. სპენდიუსი გადაიხარა და მიხვდა, რას უჭვრეტდა მათო. შორს, უტიკის მტვრიან გზაზე, ოქროს წერტილი ბრუნავდა. ეს იყოს ორჯორშებმული ეტლის ღერძის თავი. ხელნის წინ მონა გარბოდა და აღვირი ეჭირა, ეტლში ორი ქალი იჯდა. ჯორებს ფაფარი სპარსულ ყაიდაზე ჰქონდათ გადმოშლილი ყურებს შორის და ცისფერი მარგალიტივით მოქსელილი. სპენდიუსმა იცნო და ყვირილი შეიკავა.

      ფართო რიდეს აფრიალებდა ქარი.

თავი მეორე. სიკაში

      ორი დღის შემდეგ როქის სპა კართაგენიდან გავიდა.

      ყოველ ჯარისკაცს თითო ოქრო მისცეს იმ პირობით, რომ სიკაში დასაბანაკებლად წასულიყვნენ, და ლიქნით უთხრეს: - თქვენა ხართ კართაგენის მხსნელი! მაგრამ, თუ აქ დარჩით, ქალაქი დაიმშევა, ვალის გადახდას ვეღარ შეძლებს. წადით! რესპუბლიკა დაგიმადლებთ შემდეგ ამ დათმობას. დაუყონებლივ ავკრებთ გადასახადებს. ჯამაგირსაც სრულად გადაგიხდით და გალერებსაც აღვჭურავთ თქვენთვის, სამშობლოში წასაყვანად. მეომრებმა არ იცოდნენ, რა ეპასუხათ ამაზე. ომს დაჩვეული ვაჟკაცები მოწყენილნი ისხდნენ ქალაქში. მათი დარწმუნება არ გასჭირვებიათ და ხალხი გალავანს მოეფინა, რათა დაენახათ, როგორ გადიოდნენ ისინი.

      მათ მწყობრად გაიარეს ქამონის ქუჩა და სირტას კარი მშვილდოსნები და ჰოპლიტები, მეთაურები და მხედრები, ლუზიტანიელნი და ბერძნები ერთმანეთში იყვნენ არეულნი ლაღად მიაბიჯებდნენ, მძიმე კოთურნებს აჟღრიალებდნენ ფილაქანზე. მათი საჭურველი ფილაკვანს დაებრიცა, სახე ბრძოლებში გაშავებოდათ; ხრინწიანი ყვირილი ამოსდიოდათ გაბანჯგვლული წვერებიდან; გაგლეჯილი თორნი მახვილის ბუნიკზე ჩხარუნობდა და დახვრეტილ აბჯარში მოჩანდა ჯარისკაცთა შიშველი ტანი, საშინელი, როგორც საომარი მანქანა. შუბები, ნაჯახები, ნაბდის ქუდები და ბრინჯაოს მუზარადები - ყველაფერი ერთად, თანაზომიერად ირხეოდა. ჯარს აევსო ქუჩა და გეგონებოდათ, კედლებს დახეთქავსო შეჭურვილი მეომრების ეს გრძელი ნიაღვარი, რომელიც მაღალ, ექვსსართულიან, კუპრით შეგლესილ სახლთა შორის დიოდა. რკინისა და ლერწმის ხარიხების მიღმა ჩადრიანი ქალები იდგნენ და უჩუმრად უმზერდნენ, როგორ მიდიოდნენ ბარბაროსები. ტერასები, სიმაგრეები, კედლები ფარავდა ბრბოს თვალთაგან შავმოსიან კართაგენელებს. მეზღვაურთა ტუნიკები სისხლის ლაქებივით მოჩანდნენ ამ მუქ ფონზე; ნახევრად შიშველი ბავშვები, კანი რომ უბზინავდათ, სპილენძის სალტეებს შორის, მწვანით შემოსილი სვეტებიდან და პალმების შტოებიდან უქნევდნენ ხელს მიმავალთ. ზოგი უხუცესიც გამოსულიყო კოშკთა თავანზე. ერთი გრძელწვერიანი კაცი გამოჩნდებოდა ხან აქ და ხან იქ, იდგა ღრმად ჩაფიქრებული. არავინ უწყოდა რატომ იქცეოდა ასე; შორს, ზეცის ფონზე ბუნდოვნად, აჩრდილივით ინაკვთებოდა და ქვასავით უძრავად იდგა.

      ყველა ღელავდა. ეშინოდათ - ვაითუ ბარბაროსებმა იგრძნონ თავიანთი ძალა და დარჩენის სურვილმა მოუაროთო. მაგრამ მეომრები ისე დანდობილნი სტოვებდნენ ქალაქს, რომ კართაგენელთ გული მოეცათ და ჯარს შეერივნენ. ფიცითა და ხვევნით შეუწუხეს სული, ზოგი გადაჭარბებული გაიძვერობითა თავხედური ლიქნით აქეზებდა - ქალაქიდან ნუ გახვალთო. ნელსურნელებას, ყვავილებს და ვერცხლის ხურდას აყრიდნენ მიმავალთ; სნეულების საწინააღმდეგო ავგაროზებით ასაჩუქრებდნენ, ოღონდ წინასწარ სამგზის აფურთხებდნენ ზედ, რათა სიკვდილი მიეზიდათ, ანდა ტურის ბალანს აკერებდნენ, რომ თილისმის პატრონს სიმხდალე შეჰპარვოდა გულში. მელქარტის წყალობას მოუხმობდნენ ხმამაღლა მათთვის, ხოლო ჩურჩულით - შეჩვენებას.

      შემდეგ ბარგმა, სააღალე საქონელმა და ჩამორჩენილებმა გაიარეს. ცალკუზიან აქლემებზე ამხედრებული ავადმყოფები ვიშვიშებდნენ; დაკოჭლებულთ გადატეხილი შუბები დაებიჯგებინათ. ლოთებს ტიკები მოჰქონდათ, ხოლო ღორმუცელებს - ხორცი, ღვეზელები, ხილი, ლეღვის ფოთლებში გახვეული ერბო და ტილოს ტომრებში ჩაჩუთული თოვლი. ზოგს საჩრდილობელი ეჭირა ხელში და თუთიყუში უჯდა მხარზე. მიჰყავდათ ძაღლები, ქურციკები და ავაზები. ვირებზე შემსხდარი ლიბიელი დედაკაცები თათხავდნენ ზანგის ქალებს. რომელთაც მალქის საროსკიპოები დაეტოვებინათ და ჯარისკაცებს ასდევნებოდნენ; ზოგი ძუძუს აწოვებდა მკერდზე ტყავის თასმებით ჩამოკიდებულ ბალღს. კარვებით დატვირთული ჯორები წელში იზნიქებოდნენ საპალნის სიმძიმისაგან და მარეკნი მახვილების ჩხვლეტით მიერეკებოდნენ. აქვე მოლასლასებდა უამრავი მსახური და დაჩაჩანაკებული, ციებისგან გაყვითლებული და დამღიერებული თულუხჩი; ესენი იყვნენ ნაძირალები კართაგენელ მდაბიოთაგან, რომელნიც ბარბაროსებს მიჰკედლებოდნენ.

      როცა ამათაც ჩაიარეს, ქალაქის კარიბჭე მიხურეს, ხალხი მაინც არ ჩამოდიოდა კედლებიდან. ლაშქარი მალე ნახევარკუნძულის ყელის მთელ სიფართეზე გაიშალა. ჯარი უთანაბრო ნაწილებად დაიყო. შუბები ბალახის მაღალ ღერებს დაემსგავსნენ სიშორეში, შემდეგ სავსებით დაიკარგნენ მტვრის ბუღში; ჯარისკაცები კართაგენისკენ მიხედვისას ვერაფერს ხედავდნენ, გარდა გრძელი კედლებისა, რომელნიც უკაცრიელი ქონგურებით ინაკვთებოდნენ ცისკიდურზე. მაშინ ბარბაროსებს ყვირილის შემოესმათ. იფიქრეს - ნაწილი ალბათ ქალაში დარჩა და რომელიმე ტაძრის ძარცვით იქცევს თავსო. (მათ არ უწყოდნენ ზუსტად რამდენი იყვნენ). ბევრი იცინეს ამის გამო. შემდეგ ისევ განაგრძეს გზა. უხაროდათ, რომ წინანდებურად ერთად მიაბიჯებდნენ მინდვრებზე; ბერძნები მამერტინების ძველებურ სიმღერას გასძახოდნენ.

      ჩემი შუბითა და მახვილით ვხნავ და ვიმკი მე. მე ვარ მამა სახლისა! აბჯარაყრილი მტერი ჩემს ფერხთით განრთხმის მიწას და უფალს და მეფეს მიწოდებს. ყვიროდნენ, ხტოდნენ, გულმხიარულნი ჰყვებოდნენ არაკებს; დასრულდა ჟამი ჭირთა თმენისა. ტუნისს რომ მიაღწიეს, ზოგიერთმა შეამჩნია, რომ ბალეარელ მეშურდულეთა რაზმი აკლდათ, მაგრამ - შორს არ იქნებიანო და მეტი აღარ უფიქრიათ ამაზე.

      ნაწილი სახლებში დაბინავდა, სხვანი - გალავნის ძირას. მოქალაქენი მოდიოდნენ ჯარისკაცებთან სასაუბროდ.

      მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლი გიზგიზებდა ცისკიდურზე. კართაგენის მხარეს. ხანძრის გამონაკრთომი გიგანტური ჩირაღდნებივით ალანძულიყო გაქვავებული ტბის იქეთა ნაპირს. არც ერთმა მეომარმა არ უწყოდა, რას დღესასწაულობდნენ იქ.

      მეორე დღეს ბარბაროსებმა ნათესებით დაფარული სოფელი გადაიარეს. გზის გასწვრივ პატრიციების მამულები იყო ჩარიგებული. პალმის ჭალაკებში რუები მოწანწკარებდა; ზეთისხილის ხეები გრძელ მწვანე მწკრივებად დაერგოთ. გორაკთა შორის ვარდის ბურუსი იდგა. შორს ლურჯი მთები აღმართულიყვნენ. რბილი ქარი ქროდა. კაქტუსების ფართო ფოთლებზე ქამელეონები დახოხავდნენ.

      ბარბაროსებმა ნაბიჯი შეანელეს. განკერძოებულ რაზმებად მიდიოდნენ, ანდა ცალ-ცალკე შორიშორს მიჰყვებოდნენ ერთმანეთს. ვენახებში გადიოდნენ და ყურძენს მირთმევდნენ. ბალახში კოტრიალობდნენ და განცვიფრებით შესცქეროდნენ ხარების ხელოვნურად დაგრეხილ გრძელ რქებს, ნერბ ცხვრებს, რომელთაც ტყავი ჰქონდათ ჩამოცმული საწმისის დასაფარავად, ჯვარედინად რომბებივით დახნულ ორნატებს, გემის ღუზების მაგვარ სახნისებს გუთნისას და ბროწეულის ხეებს, რომლებსაც სილფიუმით რწყავდნენ. ხიბლავდათ მიწის ბარაქა და ადამიანის ბრძნული გამოგონებანი.

      საღამოს გაუშლელ კარვებზე დაწვნენ და ვარსკვლავებისკენ პირმიქცეულნი, რულმორეულნი ნანობდნენ, რომ ჰამილკარის ღრეობა დასრულებულიყო.

      მეორე დღეს, ნაშუადღევს, ერთი მდინარის ნაპირას დადგნენ, ოლანდრების ბუჩქნარში. სასწრაფოდ დაყარეს შუბები, ფარები, შეიხსნეს ქამრები; ყიჟინით იბანდნენ თავპირს, მუზარადებით იღებდნენ წყალს, ზოგი მუცელზე გაწოლილიყო და სვამდა ტვირთჩამოხსნილ საქონელთან ერთად.

      ჰამილკარის ბაღში მოპარულ ღურკან აქლემზე ამხედრებულმა სპენდიუსმა შორით თვალი ჰკიდა მათოს, რომელსაც დაჭრილი ხელი მკერდზე ჩამოეკიდებინა, უქუდოს თავი ჩაეღუნა, წყალს ასმევდა თავის ჯორს და ლივლივა ჭავლებს დასცქეროდა. სპენდიუსი მისკენ გაექანა, ბრბოს მიარღვევდა და ეძახდა: - პატრონო! პატრონო!

      მათომ ცალყბად უთხრა მადლობა დალოცვისათვის. სპენდიუსმა ყურადღება არ მიაქცია ამას და უკან აედევნა. დროდადრო შეშფოთებით მოიხედავდა ხოლმე კართაგენის მხარეს.

      იგი ბერძენი რიტორისა და კამპანიელი მეძავის ბუში იყო. თავდაპირველად ქალების ვაჭრობით გამდიდრებულიყო, შემდგომ გემის დაღუპვას გაეღატაკებინა; სამნიუმელ მწყემსებთან ერთად ეომა რომაელთა წინააღმდეგ. დაეტყვევებინათ, გაქცეულიყო, მაგრამ ისევ დაეჭირათ, ქვისსატეხებში ემუშავებინათ, ცხელ საქვაბოებში მრავალგზის დახუთვოდა სული, ყელი ამოხაფვროდა წამების დროს ყვირილით, მრავალი პატრონის ხელში გამოევლო და ყოველი მათგანის სისასტიკე ეწვნია. ბოლოს, ერთ დღეს, სასოწარკვეთილი ზღვაში გადამხტარიყო ტრირემიდან, რომელზედაც მენიჩბედ ჰყოლოდათ. ჰამილკარის მეზღვაურებს შეეფარებინათ მომაკვდავი და კართაგენში ჩამოეყვანათ, სადაც ერგასტულში, მონების დილეგში ჩაემწყვდიათ. კართაგენს რომიდან გამოქცეული რომაელებისთვის უნდა გადაეცა. შეშინებულ სპენდიუსს ესარგებლა არეულობით და თავისთვის ეშველა, როქის სპას მიჰკედლებოდა.

      მთელ გზაზე მათოს არ მოსცილებია, მიართმევდა საჭმელს, ეხმარებოდა ჩამოხდომისას, საღამოობით ნოხს უგებდა სასთუმლად. მისმა მზრუნველობამ გული მოულბო მათოს და თანდათან გაუხსნა კრიჭა.

      მათო სირტას ყურეში იყო დაბადებული. მამას ამონის ტაძარში დაჰყავდა თურმე სალოცავად. მერმე სპილოებზეც უნადირია გარამანტების ტყეებში. ბოლოს კართაგენის სამსახურში შევიდა. დრეპანუმის აღების შემდეგ ტეტრარქის წოდება მიანიჭეს. რესპუბლიკას ოთხი ცხენი, ოცდასამი მედიმნი ხორბალი და მთელი ზამთრის ჯამაგირი ემართა მისი. მას ეშინოდა ღმერთებისა და სურდა თავის მამულში მომკვდარიყო.

      სპენდიუსი უამბობდა თავის მოგზაურობათა, იმ ტომთა და ტაძართა შესახებ, რომელთაც ქვეყნის ზურგზე ხეტიალისას გადასწყდომოდა. ბევრი რამ შეესწავლა: იცოდა სანდლების კერვა და შუბის გათლა, ბადეთა ქსოვა, გარეული ცხოველების მოშინაურება და თევზის მოხარშვა. ზოგჯერ შეწყვეტდა ხოლმე ლაპარაკს და ყრუ, ხორხისმიერ ძახილს ამოუშვებდა, მატოს ჯორი ფეხს აუჩქარებდა, სხვა ცხოველებიც აჩქარდებოდნენ. შემდეგ სპენდიუსი ისევ განაგრძობდა საუბარს. მუდამ შეშფოთებული იყო. მხოლოდ მეოთხე საღამოს დამშვიდდა.

      ისინი მხარდამხარ მიაბიჯებდნენ წყების გვერდით, ერთი გორაკის ფერდობზე. ქვევით ველი იყო გადაშლილი და დასალიერი ღამის ბურუსში იკარგებოდა. ჯარისკაცთა მწკრივები, რომლებიც მათ ქვევით მიაბიჯებდნენ, ტალღებივით ირხეოდნენ ბინდბუნდში. დროდადრო მთვარით გაშუქებულ მაღლობს გადაუვლიდნენ. მაშინ შუბის წვერი ვარსკვლავივით ციალებდა, მუზარადები წამით გაბრწყინდებოდნენ, მერმე გაქრებოდნენ და ახლა სხვები გამოჩნდებოდნენ მის ადგილას. შორს ბღაოდა გამოღვიძებული ნახირი და უსაზმნო სიმშვიდე ეფინებოდა თითქოს დედამიწის პირას.

      თავგადაწეული, სანახევროდ თვალებდახუჭული სპენდიუსი ღრმად ისუნთქავდა გრილ ნიავს, ხელებს შლიდა და თითებს კვარჯღავდა, რათა უკეთ შეეგრძნო სიტკბოება. ტანში რომ ეღვრებოდა. შურისძიების დაუცხრომელმა წყურვილმა წამოუარა. ტუჩებზე ხელი მიიჭირა, რომ ქვითინი შეეკავებინა და ვნების სიმთვრალით ცნობამიხდილმა ხელი გაუშვა ავშარას თავისი აქლემისას, რომელიც გრძელი, თანაბარი ნაბიჯით მიირწეოდა. მათო ნაღველს მისცემოდა, ფეხები მიწამდე ჩამოეშვა და ბალახი რომელიც კოთურნებს სწვდებოდა, განუწყვეტლივ შრიალებდა. გზა ისე გაგრძელდა, თითქოს არასდროს გათავდებოდა. ხეობათა ბოლოს მრგვალი ველობები ხვდებოდათ, შემდეგ ისევ მინდორზე გადიოდნენ და მთები, რომლებიც კრავდნენ ჰორიზონტს, თითქოს შორს იწევდნენ, რაც უფრო უახლოვდებოდა გორაკებს იქით. ზოგჯერ გვერდს აუვლიდნენ უზარმაზარ პიტალოს, გემის წინამხარს ან რომელიღაც ბუმბერაზის კვარცხლბეკს რომ წააგავდა. გზაზე ერთიმეორისგან თანაბარი მანძილის დაშორებით ხვდებოდათ პატარა, ოთხკუთხა ტაძრები რომელთაც სიკაში მიმავალი მლოცველები თავშესაფრად იყენებდნენ. ეკლესიები აკლდამებივით იყვნენ დაგმანული. ლიბიელები გამეტებით უბრახუნებდნენ კარებზე - გააღეთო. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. დამუშავებული მინდვრები გაიშვიათდა. ჯარი შევიდა სილიან უდაბნოში, სადაც აქა-იქ ამოშვერილიყო მეჩხერი ეკლნარი. ცხვრის ფარები კორტნიდნენ ქვებს შუა ამოწვერილ ბალახს. ცისფრად შეღებილი საწმისებით წელგაკრული ქალები მწყემსავდნენ ფარებს, კლდეთა შორის შუბოსან მეომრებს მოჰკრავდნენ თუ არა თვალს, კივილ-კივილით გარბოდნენ და იკარგებოდნენ.

      მოწითალო ბორცვებს შუა დერეფანივით გაჭიმულ გრძელ ხეობას მიჰყვებოდნენ მოლაშქრენი. უეცრად გულისამრევი სუნი ეცათ და უცნაური სანახავი იხილეს: ერთი ხის ფოთლებში, საკმაოდ მაღლა, ლომის თავი მოჩანდა.მიირბინეს. ლომი ოთხივე კიდურით გაეკრათ ჯვარზე ბოროტმოქმედივით. უზარმაზარი დრუნჩი მკერდში ჩაერგო მხეცს, ხოლო წინა თათები ფაფრით ჰქონდა სანახევროდ დაფარული და ფრინველის ფრთებივით გაშლილი. გადაჭიმული კანის ქვეშ ნეკნები ამობურცვოდა. ოდნავ აწეული უკანა ფეხები ერთიმეორეზე მიელურსმათ. შავი სისხლი მოღვენთავდა ბალანზე და ჯვრის გასწვრივ ჩამოპორწიალებული კუდის წვერზე სტალაქტიტებივით შედედებულიყო. ჯარისკაცები გაამხიარულა ამ სანახაობამ; კონსულსა და რომის მოქალაქეს ეძახდნენ ჯვარცმულ ლომს და კენჭებს ესროდნენ თვალებზე მისეული მუმლის ასაქშევად.

      ასი ნაბიჯის დაშორებით კიდევ ორი ლომი იყო ჯვარცმული, შემდეგ უეცრად გამოჩნდა გრძელი მწკრივი ჯვრებისა, რომლებზედაც ლომები იყვნენ გაკრული. ზოგი დიდი ხნის მკვდარი იყო და ხეზე ჩონჩხის ნარჩენებიღა შერჩენილიყო. სხვანი სანახევროდ დახრულნი იყვნენ, საშინლად დაჯღანოდათ ცხვირ-პირი; ზოგიერთი უზარმაზარი იყო. ჯვრების ძელი იზნიქებოდა მათი სიმძიმით, ქარი აქანავებდა მათ და შავი ყორნები გუნდ-გუნდად დასტრიალებდნენ თავს განუწყვეტლივ. ასე იყრიდნენ ჯავრს კართაგენელი გლეხები, როდესაც ველურ მხეცს შეიპყრობდნენ, ამით სურდათ დაეშინებინათ ნადირები. ბარბაროსებს სიცილი პირზე შეახმათ და დიდხანს იდგნენ გაოგნებულნი. „ ეს რა ხალხია, - ფიქრობდნენ ისინი, - რომ ლომების ჯვარცმით იქცევს თავს!“

      განსაკუთრებით აღელდნენ და შეძრწუნდნენ ჩრდილოეთის მკვიდრნი, სნეულება დაერიათ; ალოს ეკლებზე დაეკაწრათ ხელები, უზარმაზარი კოღოები ჩაბზუოდნენ ყურებში; ფაღარათი მოედო ჯარს. წუხდნენ, რომ ამდენ ხანს ვერ მიაღწიეს სიკას. შეეშინდათ - ვაითუ გზა დაგვებნეს და უდაბნოში ამოვყოთ თავი, ამ ქვიშისა და საშინელებათა ქვეყანაშიო. ბევრმა გზის გაგრძელება არ ისურვა და კართაგენისაკენ გაბრუნდა.

      ბოლოს, მეშვიდე დღეს, ქედის ძირის გაყოლებით კარგი ხნის სიარულის შემდგომ, გზამ მარჯვნისკენ მიუხვია და მათ დაინახეს თეთრ კლდეებზე წამომართული ზღუდეთა ხაზი. მერმე თვალწინ გადაეშალათ მთელი ქალაქი. ლურჯი, ყვითელი, და თეთრი რიდეები ფრიალებდა ქონგურებზე მეწამული დაისი სინათლეში. ეს ტანიტის ქურუმი ქალები მოცვენილიყვნენ მამაკაცთა შესახვედრად, სიმაგრეთა გასწვრივ გამწკრივებულიყვნენ და დაირებს აჯაჯგურებდნენ, ჩანგებს აჟღერებდნენ. წინწილებს არხევდნენ. მათ ზურგს უკან, ნუმიდიის მთებს გადაღმა, ჩამავალი მზის სხივები ატანდა ქნართა სიმებს შორის, რომლებსაც შიშველი ხელებით უკრავდნენ. ჟამდაჟამ საკრავთა ხმა მიწყდებოდა ერთბაშად და გულისგამგმირავი კივილი ატყდებოდა, მძაფრი, მძვინვარე, ჟამიერი, მსგავსი ყეფისა, რასაც ტუჩების ორსავ კუთხეზე ენის ცემით გამოსცემდნენ. ზოგნი იდაყვებს დაყრდნობოდნენ, ნიკაპი მუჭში მოექციათ და სფინქსებივით უძრავი თავიანთი დიდი, შავი თვალები მიეშტერებინათ ამომავალი ჯარისთვის.

      თუმცა წმიდა ქალაქი იყო სიკა, მაინც ვერ დაიტევდა ამოდენა სპას; მარტო ტაძარს მინაშენებითურთ ნახევარი ქალაქის სივრცე ეკავა. ამიტომ ბარბაროსები მინდორზე განლაგდნენ გუნებისამებრ. დისციპლინირებული ნაწილები - რაზმებად, სხვანი ეროვნებისდა მიხედვით, ანდა როგორც მოეპრიანათ.

      ბერძნებმა ერთიმეორის გასწვრივ ჩაამწკრივეს ტყავის კარვები, იბერიელებმა ტილოს ტალავრები წრიულად გამართეს, გალებმა ფიცრის ალაჩუხები შეკრეს, ლიბიელებმა ქვით აახოხოლეს ყორეები, ხოლო ზანგებმა ფრჩხილებით ამოთხარეს სილაში საძილე ორმოები. ბევრმა არ იცოდა, სად დაბინავებულიყო და საბარგულებთან დაწრიალებდა, ღამით კი მიწაზე იძინებდა დაფხრეწილ ლაბადაში გახვეული.

      მათ ირგვლივ გადაშლილიყო მთებით გარშემორტყმული ვაკე, აქა-იქ, ქვიშის ბორცვებზე, პალმები გადმოხრილიყვნენ. ნაძვები და მუხები მუქ ლაქებად აჩნდნენ ხევისპირებს. ზოგან ხანდახან გრძელი ყაბიწივით დაეშვებოდა ზეციდან წვიმა, მაშინ როდესაც სხვაგან ველ-მინდვრებს კვლავინდებურად ლაჟვარდი და მცხუნვარება ადგა თავს; მერმე თბილი ქარი მტვრის კორიანტელს დააყენებდა; ნაკადული მიჩქრიალებდა სიკას კლდეებზე, სადაც ქვეყნის მეუფის - კართაგენის ვენერას ოქროსსახურავიანი, ბრინჯაოსსვეტებიანი ტაძარი წამომართულიყო. ყოველივე მისი სულით იყო გამსჭვალული თითქოს. ეს ბორცვიანი რელიეფი, სითბოსა და სიცივის მონაცვლეობა და სინათლის თამაში აცხადებდა მის გონმიუწვდომელ ძლიერებას და მისი მარადიული ღიმილის სიმშვენიერეს. მთების მწვერვალები ნამგალა მთვარის კიდურებს ჰგავდა, ზოგი ქალის კერტებდაბერილ ძუძუებს ემსგავსებოდა და დაღლილი ბარბაროსები რაღაცნაირ საამო მოთენთილობას გრძნობდნენ.

      სპენდიუსმა თავისი აქლემი გაყიდა და ამ ფულით მონა შეიძინა. მთელი დღეების განმავლობაში ეძინა მათოს კარვის წინ გაშოტილს. ზოგჯერ ელდით ეღვიძებოდა - სიზმრად მათრახის სისინი ეზმანებოდა. გამოფხიზლებული ღიმილით გადაისვამდა ხელს ნაიარევით დასერილ ფეხებზე, იმ ადგილას, სადაც დიდხანს ეკიდა ბორკილები, და შემდეგ ისევ ძილად მიეგდებოდა.

      მათო ითმენდა მის სიახლოვეს. როცა სადმე წავიდოდა, მხარიღლივ მახვილგადაკიდებული სპენდიუსი ხელარგნოსანივით დასდევდა ყველგან. მათო დაუდევრად ეყრდნობოდა ხელით მხარზე: სპენდიუსი დაბალი იყო.

      ერთ საღამოს ბანაკის შუკაში მიაბიჯებდნენ და თეთრმოსასხამიანი ხალხი შენიშნეს. მათ შორის ნარჰავასიც ერია, ნუმიდიელთა ბატონიშვილი. მათო აცახცახდა. მოიტა ხმალი! - წამოიძახა მან, - უნდა მოვკლა!

      დაიცა! - შეაჩერა სპენდიუსმა. ნარჰავასი მათკენ მოდიოდა.

      მან ორივე ცერი დაიკოცნა შერიგების ნიშნად და თავისი ფიცხი საქციელი ღრეობაზე სიმთვრალეს გადააბრალა. შემდეგ დიდხანს აგინებდა კართაგენს, თუმცა არ უთქვამს, თუ რატომ შეერთებოდა ბარბაროსთა სპას.

      „ჯარს ღალატობს თუ რესპუბლიკას?“ - თავს ეკითხებოდა სპენდიუსი და რადგანაც ყოველგვარი არეულობიდან თავისთვის სარგებელს გამოელოდა, მადლიერი იყო ნარჰავასისა იმ მომავალ მუხანათობათა გამო, რასაც უეჭველად ჩაიდენდა ნუმიდიელთა ბელადი.

      ნარჰავასი დარჩა როქის სპასთან. ეტყობოდა, მათოსთან დაახლოება სურდა. მსუქან-მსუქან თხებს, ოქროს ქვიშას და სირაქლემას ფრთებს უგზავნიდა. მისი ლაქუცით განცვიფრებული ლიბიელი ყოყმანობდა, არ იცოდა - ასევე მოქცეულიყო, თუ რისხვა მიეგო. სპენდიუსი აწყნარებდა და მათოც ემორჩილებოდა მონას - იგი ჯერაც ვერ გამორკვეულიყო და უნიათობისგან ვერ დაეღწია თავი იმ კაცივით, საწამლავი რომ შეუსვამს და აუცილებლად უნდა მოკვდეს. ერთ დღეს სამივენი ლომებზე სანადიროდ წავიდნენ, ნარჰავასმა ხანჯალი დამალა მოსასხამის კალთაში. სპენდიუსი არ მოშორებია, სულ უკან დასდევდა და შინ ისე მობრუნდნენ, რომ ნარჰავასს ხანჯალი არ ამოუღია.

      მეორეჯერ ნუმიდიელმა ძალზე შორს გაიტყუა ისინი, თავისი სამეფოს საზღვრამდე მიიყვანა, ერთ ვიწრო ხეობაში მოხვდნენ. ნარჰავასმა ღიმილით განაცხადა - გზა აღარ ვიციო. სპენდიუსმა გაიგნო გზა.

      უფრო ხშირად წინასწარმეტყველივით დამწუხრებული მათო მზის ამოსვლისთანავე მიდიოდა ველ-მინდვრებზე, სახეტიალოდ. სილაზე დაწვებოდა სადმე და საღამომდე უძრავად ეგდო.

      ჯარის ყველა მისანს ეთათბირა, იმათაც, ვინც გველის ხოხვაზე მკითხაობდა და ვინც ვარსკვლავებზე კითხულობდა ბედს, აგრეთვე ვინც მკვდრების ფერფლს უბერავდა სულს და ისე მისნობდა. ყლაპავდა კევს, მთის კამას და ჭრელი უნასების გულისგამყინავ შხამს; ზანგის ქალები მთვარის სინათლეზე უგალობდნენ ბარბაროსულ შელოცვებს და ოქროს ბებუთებით უკაწრავდნენ შუბლის კანს. ფარღულებითა და ავგაროზებით დაიტვირთა. რიგრიგობით ევედრებოდა ბაალ-ქამონს, მოლოქს შვიდ ქაბირს, ტანიტსა და ბერძენთა აფროდიტეს. სპილენძის ფირფიტაზე ამოკვეთა ერთი სახელი და თავისი კარვის შესასვლელთან ჩაფლა სილაში. სპენდიუსს ესმოდა, როგორ ოხრავდა და ბოდავდა იგი.

      ერთ ღამეს შევიდა შიგნით.

      ცხედარივით გაშიშვლებული მათო ლომის ტყავზე გართხმულიყო გულაღმა და სახე ხელებით დაეფარა; დაკიდული სანთურა აშუქებდა მის თავთან, კარვის დედაბოძზე ჩამოკიდებულ იარაღს.

      იტანჯები? - ჰკითხა მონამ. - რა გინდა? მითხარი! - და მხარზე მოავლო ხელი, შეაჯანჯღარა, რამდენჯერმე ჩასძახა: - პატრონო! პატრონო!

      ბოლოს მათომ აღაპყრო ფართო, ამღვრეული თვალები და ახედა.

      მისმინე! - უთხრა ხმადაბლა და თითი მიიდო ტუჩებზე, - ღმერთები გამირისხდნენ! ჰამილკარის ქალის სახე არა მცილდება! მეშინია მისი, სპენდიუს! - მოჩვენებებისაგან შეშინებული ბავშვივით მიეკრა მონას მკერდზე, შემდეგ განაგრძო: - მითხარი რამე! ავადა ვარ! განკურნება მინდა! ყველაფერი ვცადე! იქნებ, შენ იცოდე უებარი შელოცვა, ან უფრო ძლიერ ღმერთებს იცნობ, იქნება?

      რად გინა? - ჰკითხა სპენდიუსმა.

      მათომ თავში მუშტები წაიშინა და უპასუხო: ეგების მოვიშორო!

      შემდეგ თავის თავს დაუწყო ლაპარაკი, ხამუშ-ხამუშ ისროდა სიტყვებს: მე ის მსხვერპლი ვარ უეჭველად, მას რომ აღუთქვამს ღმერთებისათვის!... უჩინარი ჯაჭვით შემკრა, შემბოჭა, რომ დავდივარ, მე კი არა, ის დადის, რომ ვჩერდები - იგი ისვენებს მაშინ! მისი თვალები მწვავენ, მისი ხმა მესმის. იგი გარს მერტყმის, მსჭვალავს. მგონია ჩემს სულად იქცა! და მაინც უნაპირო ოკეანის უჩინარი ტალღებია ჩვენს შუა თითქოს! შორეული და მიუწვდომელი იგი! მშვენიერების ბრწყინვალება ნათლის ღრუბელივით მოსავს; და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არასოდეს მინახავს... რომ არც არსებობს... რომ ყოველივე სიზმარია!..

      ასე გოდებდა მათო ბნელში. ბარბაროსთა ბანაკს ეძინა. მის შემყურე სპენდიუსს მოაგონდა ის ჭაბუკები, ოქროს თასები რომ ეპყრათ ხელთ და ევედრებოდნენ მას ოდესღაც, როდესაც ქალაქებში დაატარებდა თავის მეძავ ქალებს; მონას შეებრალა მათო და უთხრა: გამაგრდი, ჩემო პატრონო! გამაგრდი, ღმერთებს ნუ ევედრები, ადამიანის ვედრებას ყურადღებას არ აქცევენ ისინი! გულდედალივით რად სტირი! არა გრცხვენია, ქალისთვის მაგრე რომ იტანჯავ თავს?

      განა ბავშვი ვარ! - უთხრა მათომ, - ხომ არ გგონია, ქალის სახე ან სიმღერა მხიბლავდეს კიდევ? დრეპანუმში თავლებს ვაგვევინებდი დიაცებს, მყოლია ქალი იერიშის დროსაც კი, მაშინაც კი, ჭერი რომ გვენგრეოდა თავზე და ფილაკვნებს ჯერ არ შეეწყვიტათ სროლა!.. მაგრამ ეს ქალი, სპენდიუს, ეს ქალი!.. მონამ შეაწყვეტინა: ჰამილკარის ასული რომ არ იყოს...

      არა! - წამოიძახა მათომ - იგი კაციშვილს არა ჰგავს! დაგინახავს მისი ხშირი წარბების ქვეშ ფართოდ გახელილი თვალები, საზეიმო თაღებში გამობრწყინებულ მზეებს რომ ჰგვანან? გაიხსენე: როცა გამოჩნდა, ჩირაღდნების ალი შიშველი კანი მისი მკერდისა პატიოსან თვალებზე უფრო ელვარე იყო; უკან ისეთ სურნელს სტოვებდა, ტაძარში რომ დგას და მთელ მის სხეულში რაღაც ღვინოზე მეტად ტკბილი და სიკვდილზე უფრო საზარელი გამოსჭვიოდა. ჯერ მოდიოდა, შემდეგ შედგა...

      გაოგნებული გაჩუმდა, თავი დახარა, თვალები გაუშტერდა.

      მწყურია ის! მინდა! ვკვდები მისი სურვილით! ოცნება - თითქოს ჩემს მკლავებში მყავდეს ჩახვეული, გიჟური სიხარულით მათრობს, მაგრამ მაინც მძულს, იგი სპენდიუს! მინდა ვგვემო! რა ვქნა? თავს მონათა ბაზარზე გავიყიდდი ოღონდ მისი ყმა გავმხდარიყავი. შენ ხომ იყავი იმისი მონა! შეგეძლო გემზირა მისთვის. მელაპარაკე მასზე. ხომ ყოველ ღამით გამოდიოდა თავისი სასახლის უმაღლეს ტერასაზე? აჰ! ქვებს უნდა ეცახცახათ მისი სანდლების ქვეშ და ვარსკვლავები ძირს უნდა ჩამოსულიყვნენ მის სანახავად! გაშმაგებული მათო დაეცა და დაკოდილი ხარივით ახრიალდა.

      შემდეგ სიმღერა დაიწყო: იგი მისდევდა ჭალაკში დედალ ურჩხულს, რომლის კუდი ვერცხლის ნაკადულივით მიიკლაკნებოდა დაცვენილ ფოთლებში.

      მათო ბაძავდა სალამბოს ხმას და წინ გაშვერილ ხელებს ისე ამოძრავებდა თითქოს სალამბოს ნაზი თითები ეხებოდნენ ქნარის სიმებს.

      სპენდიუსი ანუგეშებდა, მაგრამ მათო იმას იმეორებდა, რაც თქვა, და ღამეები გადიოდა ასე ოხვრა-კვნესასა და შეგონებებში.

      მათო ცდილობდა მწუხარება ღვინოში ჩაეხშო. გამოფხიზლებულს კიდევ უფრო იპყრობდა დარდი. ცდილობდა კამათელზე გადაეყოლებინა გული და ერთიმეორის მიყოლებით თავისი ოქროს ფარდულის ყველა თვალი წააგო. ქალღმერთის მხევლებთან დაჰყვებოდა სხვებს, მაგრამ გორაკიდან ქვითინით ჩამოდიოდა, თითქოს დაკრძალვიდან ბრუნდებოდა.

      სპენდიუსი კი, პირიქით უფრო გათავხედდა და გამხიარულდა. ხშირად ნახულობდნენ თალარქვეშ გამართულ დუქნებში ჯარისკაცებთან ბაასით გართულს. აახლებდა ძველ აბჯარს, აპრიალებდა ხანჯლებს; მინდვრად სამკურნალო ბალახებს კრეფდა ავადმყოფთათვის, ხუმრობდა, ოხუნჯობდა, ენამზეობდა; ბარბაროსები დაეჩვივნენ მის სამსახურს. ყველას შეაყვარა თავი. როქის სპა ელოდა კართაგენის ელჩს, რომელსაც ოქროთი გავსებული ბათმანებით დატვირთული ჯორები უნდა მოეყვანა. ისევ და ისევ ანგარიშობდნენ და სილაზე თითებით წერდნენ ციფრებს, მომავლის გეგმებს აწყობდნენ; მხევლები და მონები გვეყოლება, მიწა გვექნებაო, - ფიქრობდნენ. ზოგს სურდა მიწაში ჩაეფლა განძი, ზოგსაც უნდოდა თან წაეღო და ხომალდს ნდობოდა. უსაქმურობამ ხასიათი გაუფუჭათ. გამუდმებული აყალმაყალი იყო მხედრებსა და ქვეითებს, ბარბაროსებსა და ბერძნებს შორის; განუწყვეტლივ გაისმოდა ქალების ყურისწამღები კაპასი.

      ყოველდღე ემატებოდათ ხალხი, რომელთაც მზისგან თავის დასაფარავად ბალახბულახის კონები ჩამოეფხატათ ქუდებზე. ესენი იყვნენ მდიდარ კართაგენელთა მოვალენი, რომელთაც იძულებით ამუშავებდნენ მინდვრებში და ახლა გამოქცეულიყვნენ თავდასახსნელად. მათ უერთდებოდათ უამრავი ლიბიელი, გადასახადებისაგან გაღატაკებული გლეხობა, დევნილები, ბოროტმოქმედნი; ჯარს ეკედლებოდა მოვაჭრეთა ურდო, ღვინის და ზეთის გამყიდველნი, რომელნიც იმას გაეშმაგებინა, რომ არ მიეზღოთ, რაც ერგებოდათ და რესპუბლიკის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი ამის გამო. სპენდიუსი ყელს იგლეჯდა კართაგენის გინებით. მალე სურსათ-სანოვაგეც შემოაკლდათ. ლაპარაკი დაიწყეს: ერთობლივად შევესიოთ კართაგენს, ანდა რომაელებს მოვუწოდოთო.

      ერთ საღამოს ვახშმობის ხანს, შემოესმათ ყრუ ჟღრიალი, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა. შორით, უსწორმასწორო გზაზე, რაღაც წითელი საგანი გამოჩნდა.

      ეს იყო სირაქლემას ნაკრტენით ძგიდეებშემკული დიდი, ძოწისფერი ტახტრევანი. ბროლის შუბები და მარგალიტის ასხმული ეხათქუნებოდნენ დახშულ მოფარდაგულს. ტახტრევანს აქლემები მოჰყვებოდნენ მკერდზე ჩამოკიდებული ეჟვნების ჟღარუნით. აქლემებს წვივებიდან მხრებამდე ოქროს ქერეჭოვანი აბჯრებით შეჭურვილი მხედრების რაზმი ერტყა გარს.

      ისინი ბანაკიდან სამასი ნაბიჯის მოშორებით დადგნენ, რათა უნაგირს უკან მიკრული ბუდეებიდან მრგვალი ფარები, პირფართო მახვილები და ბეოტიური მუზარადები ამოეღოთ. მხედართა ნაწილი აქლემებთან დარჩა. დანარჩენებმა გზა განაგრძეს. ბოლოს გამოჩნდა რესპუბლიკის ემბლემებიც - ხის ლურჯი ლატნები, რომლებსაც ცხენის თავი ან ნაძვის გირჩები ეკეთა წვერზე. ბარბაროსები ფეხზე დადგნენ და ტაშის ცემა ატეხეს; ქალები ლეგიონერებს მისცვივდნენ და ფეხებს უკოცნიდნენ მხედართ.

      ტახტრევანი თორმეტ ზანგს მოჰქონდა მხრებით. ისინი შეწყობილად, მოკლე ნაბიჯებით და სწრაფად მოდიოდნენ; მარცხნივ და მარჯვნივ ეხლებოდნენ, კარვების თოკები ებლანდებოდათ ფეხებში, მოყიალე პირუტყვი, ზედადგარები და სამფეხები უხერგავდა გზას. მოფარდაგულიდან ზოგჯერ ვიღაც ჰყოფდა მსუქან, ბეჭდებით ახორხლილ ხელს და იგინებოდა ხრინწიანი ხმით; მაშინ ზანგები ჩერდებოდნენ და სხვა გზას ადგებოდნენ.

      ტახტრევანს ძოწეული ფარდები გადახადეს და გამოჩნდა ფართო ბალიშზე მისვენებული უგრძნობელი და გაბღენძილი თავი; წარბები შავი ხის ორ თაღს უგავდა, ბოლოებით შეერთებულს. ოქროს ქვიშა ბრწყინავდა მის ხუჭუჭ თმაში, ხოლო სახე ისე გაფერმკრთალებოდა, თითქოს მარმარილოს ფხვნილი წაეყარაო. ტანზე ეფინა ცხვრის საწმისები, რომლებითაც ავსილი იყო ტახტრევანი. ჯარისკაცებმა იცნეს წამოწოლილი კაცი - სუფეტი ჰანონი, ის ჰანონი, რომელმაც თავისი სიზარმაცის წყალობით წააგო ბრძოლა ეგატის კუნძულებთან; ჰეკატომპილთან რომ გაიმარჯვა და ლმობიერად მოეპყრო დამარცხებულ ლიბიელებს, ეს სიხარბით მოუვიდაო, ფიქრობდნენ ბარბაროსები, რადგანაც მან ყველა ტყვე სარფიანად გაყიდა, ხოლო საბჭოს განუცხადა - მოვაკვდინეო. ჰანონი რამდენსამე წუთს ეძებდა მოხერხებულად ადგილს, რომ იქიდან სიტყვით მიემართა ჯარისკაცებისათვის. ბოლოს ანიშნა ზანგებს და ტახტრევანი გააჩერეს. სუფეტს ორი მონა ამოუდგა მხრებში და მან ბარბაცით ჩამოდგა ფეხები მიწაზე. შავი თექის ხამლი ეცვა მას, ვერცხლის ნახევარმთვარეებით მოჩითული. ფეხები მუმიასავით თასმებით ჰქონდა გაკრული და ზოგან ხორცი მოუჩანდა გადაჯვარადინებულ სახვევებს შორის; მუცელი გადმოვარდნოდა ალისფერი ქურთუკიდან, რომელიც თეძოებს უფარავდა. ღაბაბი მკერდამდე ჩამოჰფენოდა ხარივით, ყვავილებით მოხატული ვიწრო ტუნიკა იღლიებში ასკდებოდა, რიდე ეხვია, ქამარი ერტყა და შავი, ყურთმაჯებიანი, ზონრით შეკრული მოსასხამი ეხურა. ტანისამოსის სიმრავლე, ლურჯი ქვების უზარმაზარი ყელსაბამი, ოქროს საკინძეები და მძიმე საყურეები კიდევ უფრო საზიზღარს ხდიდა მის სიმახინჯეს. მოუხეშავ კერპსა ჰგავდა, ლოდისგან გამოჩორკნილს; მკრთალი ჭორფლი, რომელიც მთელ სხეულზე მოჰფენოდა, უსიცოცხლო საგანს ამსგავსებდა, მხოლოდ ქორის ნისკარტივით მოკაუჭებული ცხვირის ნესტოები ებერებოდა ძალუმად შესუნთქვისას და შეწებებული წამწამებით შემორგული ვიწრო თვალები ფოლადივით მკაცრად უელვარებდა. ხელში ალოს ჩქიფი ეჭირა კანის მოსაფხანად.

      ბოლოს ორმა შიკრიკმა ჩაჰბერა ვერცხლის საყვირებს; ჩოჩქოლი მიწყდა, ჰანონმა ლაპარაკი დაიწყო. პირველად ღმერთებს აღუვლინა ხოტბა და რესპუბლიკა ადიადა; ბარბაროსებს უნდა უხაროდეთ, რომ მათ ემსახურებოდნენო - თქვა. მაგრამ მეტი კეთილგონიერება უნდა გამოიჩინონ, მძიმე დროება დაგვიდგაო: - თუ პატრონს სამი ზეთისხილი აქვს მხოლოდ, განა სამართალი იქნება, თავისთვის ორი არ დაიტოვოსო?

      ასე ანდაზებით და იგავებით ლაპარაკობდა ბებერი სუფეტი, თავს აკანტურებდა, რათა მსმენელთა გული მოეგო.

      იგი პუნიკურ ენაზე მეტყველებდა, ხოლო მის ირგვლივ კამპანიელნი, გალები და ბერძნები იდგნენ (ყველაზე მარდებმა უიარაღოდ მოირბინეს) და არც ერთ მათგანს არ ესმოდა, რას ამბობდა სუფეტი. ჰანონმა შეამჩნია ეს და დადუმდა, ჩაფიქრებული მძიმედ ინაცვლებდა ფეხს და ტორტმანებდა.

      ბოლოს იფიქრა, სჯობს მეთაურებს მოვუხმოო, და მისმა შიკრიკებმა ხმამაღალი ძახილით ამცნეს ჯარს ეს ბერძნულად - იმ ენაზე, რომელზედაც ქსანტიპეს დროიდან ბრძანებები გაიცემოდა კართაგენის სპაში.

      მხედრებმა მათრახის ცემით დაახევინეს უკან ჯარისკაცთა ბრბოს. ბოლოს გამოცხადდნენ სპარტულ ყაიდაზე დაწყობილი ფალანგებისა და ბარბაროსთა კოჰორტების მეთაურები, რომელთაც ხარისხის შესაფერისი ნიშნები ეკეთათ და ეროვნული საჭურველი ესხათ. ღამე ჩამოწვა. მინდორზე დიდი აურზაური იდგა; აქა-იქ ცეცხლი აბრიალდა. ერთ ადგილას ვერავინ ჩერდებოდა, ყველა წრიალებდა და კითხულობდა: რა მოხდა, სუფეტი ფულს რატომ არ არიგებსო? სუფეტი მეთაურებს მოახსენებდა რესპუბლიკის გაჭირვების ამბავს: - ხაზინა ცარიელია, ხარკი, რომელსაც რომაელებს ვუხდით, ტყავს გვაძრობს, აღარ ვიცით, რა ვქნათ!.. რესპუბლიკა სავალალო დღეშიაო დროდადრო ალოს ჩქიფით იფხანდა სხეულს, სიტყვას წყვეტდა, რათა ძმარში მოდუღებული, სინდიოფალას ფერფლისა და სატაცურის ლაბა შეესვა ვერცხლის თასიდან, რომელსაც მონა აწოდებდა. მერმე ალისფერი ხელსახოცით იწმენდდა ტუჩებს და განაგრძობდა: რაც წინათ ერთი სიკლი ვერცხლი ღირდა, ახალი ოქროს სამი სიკლი ღირს. ომის დროს მიტოვებული სახნავ-სათესი აღარაფერს იძლევა! ძოწეულის სარეწი თითქმის აღარც არსებობს, ხოლო მარგალიტის ფასმა წარმოუდგენლად აიწია; ძლივსღა ვშოულობთ საკმარის ნელსულნელებას ღვთისმსახურებისათვის! სურსათ-სანოვაგეს ნუღარ იკითხავთ, - უბედურებაა! გალერები არ გვყოფნის და სანელებლები ვეღარ შემოგვაქვს, სილფიუმის შემოზიდვაც გაჭირდა კირენის საზღვარზე ამტყდარი ამბოხის გამო. სიცილია, საიდანაც წინათ უამრავი მონა შემოგვყავდა, ახლა ჩაკეტილია ჩვენთვის! გუშინ იყო სწორედ - ერთ მექისესა და ოთხ მზარეულში უფრო მეტი გადამახდევინეს, ვიდრე წინათ წყვილ სპილოში ვაძლევდი! პაპირუსის გრძელი გრაგნილი გაშალა და არც ერთი რიცხვი არ გამოუტოვებია, ისე წაიკითხა მთავრობის ყველა გასავლის ნუსხა: რამდენი დაეხარჯათ ტაძრების მომსახურებისათვის, ქუჩების მოსაკირწყლავად, ხომალდების ასაგებად, მარჯნის მოსარეწად, სისიტთა თაბუნების გაფართოებისათვის და კანტაბრიის მაღაროებში ოწინარების მოსაწყობად. მაგრამ ჯარისკაცებზე უკეთ არც მეთაურებს ესმოდათ პუნიკური ენა, თუმცა ამ ენაზე ესალმებოდნენ ერთმანეთს. ჩვეულებრივ ბარბაროსთა სპაში რამდენიმე კართაგენელ ასისთავს განაწესებდნენ ხოლმე თარჯიმნის მოვალეობის შესასრულებლად; ომის დამთავრების შემდეგ ისინი სადღაც გადაკარგულიყვნენ - შური არ იძიონო. ჰანონს არც მოჰფიქრებია თარჯიმნის წამოყვანა, თანაც ქარს მიჰქონდა მისი დახშული ხმა.

      რკინისქამრებიანი ბერძნები ყურთასმენას ძაბავდნენ, ცდილობდნენ ჩასწვდომოდნენ ჰანონის სიტყვების აზრს, ხოლო დათვებივით ბეწვეულში გამოხვეული მთიელები უნდოდ შეჰყურებდნენ და ამთქნარებდნენ, თითბრის სამსჭვლებიან კომბლებზე დაყრდნობილნი. გალები ყურადღებას აქ აქცევდნენ სუფეტს, მასხრად იგდებდნენ და სიცილით არხევდნენ გრუზა ქოჩრებს, უდაბნოს ქვეყნელნი უძრავად იდგნენ და ისე უსმენდნენ, ნაცრისფერი შალის სამოსი მჭიდროდ შემოეხვიათ ტანზე. უკნიდან თანდათან ემატებოდათ მსმენელნი, ჰანონის მხედრები, რომელთაც ბრბო ავიწროებდა, ირყეოდნენ ცხენებზე. ზანგებს ნაძვის ანთებული კვარები ეჭირათ, ხოლო ღიპიანი კართაგენელი ბალახით შემოსილ ბორცვებზე შემდგარიყო და გულისგამაწყალებლად ქაქანებდა.

      ბარბაროსებს მოთმინების ფიალა აევსოთ, ბუზღუნი იწყეს, უკმეხად აწყვეტინებდნენ სიტყვას. ჰანონი თავის ჩქიფს აქნევდა; ბარბაროსთაგან ზოგი ცდილობდა ხმამაღალი შეყვირებით დაეჩუმებინა სხვები და ეს უფრო აძლიერებდა ხმაურს.

      უეცრად ერთი ჩია კაცი მიიჭრა ჰანონთან, გამოჰგლიჯა საყვირი შიკრიკს და ჩაჰბერა. ამით სპენდიუსმა (ეს სპენდიუსი იყო) ამცნო ხალხს, რომ ფრიად მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი. მან სწრაფად განაცხადა ეს ხუთ სხვადასხვა ენაზე, ბერძნულად, ლათინურად, გალურად, ლიბიურად და ბალეარულად. ოდნავ განცვიფრებულმა მეთაურებმა ღიმილით შესძახეს „ თქვი! თქვი!“

      სპენდიუსი შეყოყმანდა. ცახცახებდა. მერმე, რადგანაც ბრბოს უმეტესობას ლიბიელნი შეადგენდნენ, მათ მიმართ: ყველამ გაიგონეთ ამ კაცის საშინელი მუქარა? ჰანონი არ აღშფოთებულა, მაშ არა სცოდნია ლიბიური; სპენდიუსმა ცდა განაგრძო და სხვა ბარბაროსულ ენებზედაც გაიმეორა იგივე ფრაზა.

      მსმენელნი განცვიფრდნენ, შემდგომ ყველა, თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენო, ან თუ ეგონათ - გავიგეთო, თანხმობის ნიშნად დახარა თავი.

      მაშინ სპენდიუსმა მღელვარე ხმით განაგრძო: ამან პირველად თქვა, რომ სხვა ტომთა ღმერთები აჩრდილნიღა არიან კართაგენის ღმერთთა წინაშე! მხდლები, ქურდები, მატყუარები, ძაღლები და ძაღლისშვილები ხართო, გითხრათ! თქვენ რომ არ ყოფილიყავით, რესპუბლიკა იძულებული არ გახდებოდა რომაელებისთვის ხარკი ეხადაო, ასე თქვა! თქვენი შემოსევის გამოისობით გამოგველია ნელსაცხებელი, მონები და სილფიუმი, კირენის საზღვარზე მოსახლე მომთაბარეებთან შეჰკარითო პირი და იმიტომ! მაგრამ დამნაშავენი დაისჯებიანო! წაგიკითხავთ სასჯელთა ნუსხა - ქუჩებს მოგაკირწყვლინებთ, ხომალდებს შეგაჭურვინებთ, სისიტთა სახლებს დაგალაგებინებთ, სხვებს კანტაბრის მაღაროებში გავგზავნითო მიწის სათხრელად. სპენდიუსმა გაუმეორა იგივე გალებს, ბერძნებს, კამპანიელებს, ბალეარელთ მეომრებს ეცნაურათ ზოგიერთი სიტყვა, რომელიც ყურში ჩარჩენოდათ და დარწმუნდნენ, რომ სპენდიუსი ზუსტად გადმოსცემდა სუფეტის ნალაპარაკევს. რამდენიმემ დაუძახა: „ტყუიო“, მაგრამ მათი ხმა საყოველთაო ალიაქოთმა და ჩოჩქოლმა ჩაახშო. სპენდიუსმა დაუმატა: ხომ დაინახეთ, რომ ბანაკს გარეთ დატოვა თავისი მხედრების ნაწილი? საკმარისია ნიშანი მისცეს, რომ მოგვცვიდნენ და ყელი გამოგვღადრონ ყველას! ბარბაროსები იმ მხრისკენ მიბრუნდნენ, და, როდესაც ბრბო გაიშალა, დაინახეს წელში მოკაკული, გაძვალტყავებული, სავსებით შიშველი და აბურძგნილი, ჭუჭყიანი, ხმელი ფოთლებითა და ნამჯით ავსებული თმით წელამდე დაფარული ადამიანის მსგავსი არსება, რომელიც ძლივსღა მოლასლასებდა, აჩრდილივით. წელზე და მუხლებზე ბზეში აზელილი თიხა შემოეგლისა და ტილოს ნაფლეთები ეხვია; დანაოჭებული და ჭუჭყისფერი კანი ისე ეკიდა გამხდარ მკლავებზე, როგორ კონკები ხმელ ტოტებზე, ხელები განუწყვეტლივ უცახცახებდა, ძლივსღა მოკელანობდა, ზეთისხილის ჯოხს დაყრდნობილი.

      იგი მიუახლოვდა ზანგებს, რომელთაც ხელში ჩირაღდნები ეჭირათ მერმე სულელივით გაიღრიჯა და მკრთალი ღრძილები გამოაჩინა. ფართოდ დაჭყეტილი, შეშინებული თვალებით შესცქეროდა ირგვლივ შემოჯარულ ბარბაროსთა ბრბოს.

      უეცრად ძრწოლით შეჰყვირა და უკანვე გაიქცა, ბარბაროსთა ზურგს ამოეფარა, ენადაბრკმობით აბუტბუტდა: „აი, ისინი! ისინი! „ და უთითებდა სუფეტის მხედრებზე, რომელნიც უძრავად იდგნენ და აბჯარი უბრჭყვიალებდათ. ჩირაღდნები ტკაცატკუცით ბრიალებდნენ სიბნელეში, ცხენებს სინათლე თვალსა სჭრიდათ და ყალყზე დგებოდნენ. ლანდად ქცეული კაცი მკერდზე ხელს იბრაგუნებდა და ღმუოდა: ამათ მოკლეს ისინი!

      ამ სიტყვებზე, რომელსაც იგი ბალეარულად გაიძახოდა, ბალეარელნი მოცვივდნენ და იცნეს. ის კი პასუხს არ აძლევდა თვისტომთ და იმეორებდა: დიახ, ყველა მოკლეს, ყველა! ყურძნის კუმპლებივით დაჭყლიტეს, რა მშვენიერი ჭაბუკები იყვნენ! მეშურდულენი! ჩემი და თქვენი ამხანაგები!

      საცოდავს ცოტა ღვინო დაალევინეს და ტირილი დაიწყო; შემდეგ სულმოუთქმელად ალაპარაკდა.

      სპენდიუსი ძლივს იკავებდა სიხარულს - ბერძნებსა და ლიგურიელთ უთარგმნიდა ზარქსასის საზარელ ნაამბობს; დაუჯერებლადაც კი ეჩვენებოდა, ისე დაემთხვა ეს მის ნათქვამს. ბალეარელთ ფერი დაეკარგათ, როცა გაიგეს, თუ როგორ ამოეჟლიტათ მათი ამხანაგები.

      ეს ყოფილა ის რაზმი, რომელშიაც სამასი მეშურდულე შედიოდა და გამოსვლის წინა დღეს ჩამოვიდა ზღვით. დაღლილებს დილით გვიან გაღვიძებიათ. ქამონის მოედანზე რომ მოსულან, როქის ჯარი წასული დახვედრიათ. თავდაცვაც კი აღარ შეეძლოთ - მათი თიხის სატყორცნები აქლემებზე აეკიდებინათ დანარჩენ ბარგთან ერთად და სპას გაჰყოლოდა; საბრალონი სათების ქუჩაზე გაუტარებიათ კართაგენელებს და თითბრით შეჭედილ მუხის კარიბჭემდე მიუშვიათ; იქ კი მთელი ხალხი დახვევია ერთობლივ. დახოცილ ბალეარელთა ცხედრები ქამონის ტაძრის კედლის გასწვრივ მდგარი პატეკი ღმერთების მკლავებზე დაუწყვიათ კართაგენელთ; მათთვის დაუბრალებიათ დაქირავებული ლაშქრის ყველა დანაშაული: გაუმაძღრობა, ქურდობა, ურწმუნოება, უკადრისობა და თევზთა ამოჟლეტა სალამბოს მტილოვანში. მკვდრები სამარცხვინოდ დაუსახიჩრებიათ; ქურუმები თმებს უხუკავდნენ თურმე, რათა დატანჯულიყო მათი სულიც; ყასბებს ჩანგლებზე ჩამოუკიდებიათ ასო-ასო აქნილი გვამები, ზოგიერთი კბილებითაც ღეჭავდა თურმე; გზაჯვარედინზე კოცონები აუნთიათ, რათა მათი სიმსილაც გაექროთ. ეს ის ცეცხლი იყო, ტბის იქითა კიდეზე რომ გიზგიზებდა იმ ღამით. ცეცხლი ზოგიერთ სახლსაც მოსდებია და ამიტომ დანარჩენი ცხედრებიცა და მომაკვდავებიც სასწრაფოდ გადმოუყრიათ ქალაქის კედლებიდან; ზარქსასი მეორე დღემდე ლელიანში დამალულა ტბის პირას. მერმე მინდვრებში უხეტიალია, მტვრიან გზებზე უძებნია ლაშქრის ნაკვალევი. დილდილობით გამოქვაბულებს აფარებდა თავს, შებინდებისას ისევ დაადგებოდა გზას, იარებიდან სისხლი სდიოდა, შიმშილით კუჭი უხმებოდა თურმე. ბოლოს ერთ დღეს ჰოროლებისთვის მოუკრავს თვალი ცისკიდურზე და უკან გამოჰყოლია, შიშისა და გაჭირვებისგან ჭკუიდან აბორგდნენ, უნდოდათ ამოეჟლიტათ კართაგენელი მხედრები და ჰანონიც ზედ მიეყოლებინათ. ზოგიერთნი წინ გადაუდგნენ - ჯერ გავიგოთ, ჯამაგირს გადაგვიხდიან თუ არაო.

      - ჩვენი ფული! ჩვენი ფული! - აყვირდა ყველა

      ჰანონმა უპასუხა, მოგიტანეთო.

      მაშინ ბარბაროსები წინა სიმაგრეებისკენ გაიქცნენ და სუფეტის საბარგული კარვებთან მოიტანეს; მონებს აღარ დაუცადეს, სასწრაფოდ გახსნეს კალათები. ფირუზისფერი კაბები, ღრუბელი, საფხეკები, ჯაგრისები, ნელსაცხებლები, თვალების მოსახატავი სურმის ჩხირებიღა შერჩათ ხელთ. ყოველივე ეს ფუფუნებას დაჩვეულ მდიდარ მხედრებს ეკუთვნოდა. ბრინჯაოს უზარმაზარი როფიც კი აეკიდებინათ აქლემისათვის. სუფეტს წამოეღო, რათა გზაში ებანავა. იგი ყოველნაირად უფრთხილდებოდა თავს - ჰეკატომპილის სინდიოფალებიც კი წამოეყვანა გალიებით რომელთაც ცოცხლად წვავდნენ სამკურნალო შესამზადებლად.

      ისეთი სენი სჭირდა, რომ ვერაფრით იყორავდა მუცელს და წამოეღო უამრავი სანოვაგე და ღვინო, წათხებსა და თაფლში ჩაწყობილი ხორცი და თევზი, გადამდნარი ბატის ქონით ავსებული კომაგენური ქოთნები, რომელსაც დაკეპილ თივაში არეული თოვლი ეყარა ზემოდან. ბატის ქონი ბლომად მოემარაგებინა სუფეტს - ყოველ ძარში პოულობდნენ კომაგენურ ქოთნებს და ყოველი მხრიდან შემოჯარული ბარბაროსების ხარხარი ტალღებივით ეფინებოდა არეს.

      ხოლო როქის სპის ჯამაგირი თხილის შტოებისგან მოწნულ ორ ძარსაც არ ავსებდა პირთამდე. ერთ მათგანში ტყავის რგოლებიც კი ეყარა. რასაც რესპუბლიკა ლითონის ფულის სანაცვლოდ ხმარობდა ოქრო- ვერცხლის დასაზოგავად. განცვიფრებულ ჯარისკაცებს ჰანონმა განუცხადა, თქვენი ჯამაგირი ძნელი საანგარიშებელია, უხუცესებმა ვერ მოიცალეს და ჯერჯერობით ესღა გამომატანესო.

      მაშინ ყველაფერი დაამხეს და გადაჯეგეს ბარბაროსებმა - ჯორები, მსახურნი, ტახტრევანი, სანოვაგე, ბარგი. პეშვებით იღებდნენ ფულს კალათებიდან და ჰანონს აყრიდნენ ცხვირ-პირში. სუფეტი ძლივს შეაბობღდა ვირს, კისერზე ჩაებღაუჭა და გარეკა; ღმუილითა და ტირილით ირხეოდა სულდაღებული და წყევლიდა და კრულავდა ბარბაროსებს. მკერდზე ჩამოკიდებული ფარღული ყურებამდე უხტოდა, გრძელი მოსასხამი, რომელიც უკან მისთრევდა, კბილებით ეჭირა. ბარბაროსები შორიდან მისძახოდნენ: - წაეთრიე, ლაჩარო! ღორო! მოლოქის ღარღანავ! წაეთრიე შენი ოქროიან-ჭირიანად უფრო სწრაფად მოუსვი, უფრო სწრაფად!

      თავგზააბნეული მხედრები ჭენებით გაჰყვნენ სუფეტს.

      მაგრამ გამძვინვარებული ბარბაროსები არ დამშვიდებულან. მოაგონდათ, რომ ზოგი მათგანი კართაგენს წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, მოაკვდინეს უეჭველად. ამოდენმა უსამართლობამ გააშმაგა სპა. კარვების ბოძკინტებს მისცვივდნენ, თხრიდნენ, მოსასხამებს ახვევდნენ, ცხენებს კაზმავდნენ; მუზარადებსა და ხმლებს დაავლეს ხელი და ერთ წუთში გაემზადნენ სალაშქროდ, ვისიც იარაღი არ აღმოჩნდა, ჭალაში გავარდა კეტების მოსაჭრელად. თენდებოდა. სიკას მოსახლეობას გაღვიძებოდა და ქუჩებში დაძრწოდა. კართაგენზე ილაშქრებენო, - გავარდა ხმა და მთელ მხარეს მოედო. ყოველის მხრიდან მოდიოდა ხალხი, ღრანტეებზე დაკლაკნილი ბილიკებით მოემართებოდნენ, მწყემსები ჩამორბოდნენ გორაკებიდან. როცა ბარბაროსები წავიდნენ, პუნიკურ ულაყზე ამხედრებულმა სპენდიუსმა დაიარა მინდორი, თან მონა ახლდა, რომელსაც მარქაფად მესამე ცხენი მიჰყავდა.

      ერთადერთი კარავი დარჩენილიყო აუშლელი. სპენდიუსი შიგ შევიდა.

      - ადექი, პატრონო! ადექი! გავდივართ!

      - საით? - ჰკითხა მათომ.

      - კართაგენისკენ! - უპასუხა სპენდიუსმა

      მათო მოახტა ცხენს, რომელიც მონამ დაახვედრა შესასვლელთან.

თავი მესამე. სალამბო

      მთვარე ამოვიდა ზღვის ტალღების დონეზე და ჯერ ისევ წყვდიადით დათქმულ ქალაქში აცრიატდა ნათლის თეთრი ლაქები; სადღაც ეზოში დაგდებული გუთნის რვილი, თოკზე გაკიდებული ტილოს კონკები, კედლის კუთხე, ოქროს ფარღული კერპის მკერდზე. აქა-იქ ტაძრის სახურავებზე ალმასებივით აბრჭყვიალდა მინის ბირთვები. მკრთალად გამოკვეთილი ნანგრევები, შავი მიწის ნაყარი და ბაღები ქუფრად ჩაბნელებულიყო, ხოლო მალქის ქვემო მხარეს, სახლებს შუა, გაკიდებული სათევზაო სათხევლო უზარმაზარ ფრთაგაშლილ ღამურებს ემსგავსებოდნენ. მიმწყდარიყო წყალსაქაჩი თვლების ჭრიალი, რომელთა მეშვეობითაც სასახლეების ზედა სართულებზე აჰყავდათ წყალი. ტერასებზე სირაქლემებსავით მუცელზე გაწოლილიყვნენ აქლემები და ისვენებდნენ; მეკარეებს ზღურბლებთან ეძინათ ქუჩებში, უკაცრიელ მოედნებზე კერპების ჩრდილი გაწოლილიყო. ხანდახან შორს ბრინჯაოს კრამიტებიდან ჯერაც მღვივანი სამსხვერპლოს კვამლი ამოიბოლქვებოდა, ხოლო ნელ ნიავს სურნელთან ერთად ზღვის ბალახების სუნი მზეზე გახურებული კედლების ანაორთქლი მოჰქონდა. კართაგენის ირგვლივ გაქვავებული წყლის ზედაპირი ელვარებდა - მთვარე ერთსა და იმავ დროს გორაკებით გარშემორტყმულ ყურესაც აფენდა შუქს და ტუნისის ტბასაც. სადაც დასილულ თავთხელებზე ვარდისფერი ფლამინგოები გამწკრივებულიყვნენ, გრძლად, ხოლო უფრო შორს, კატაკომბებთან, ვრცელი მარილოვანი ყურე ციმციმებდა ვერცხლის ფირფიტასავით. ლურჯი ცის თაღი, ერთის მხრივ, დაბლობზე ამდგარ მტვრის ბუღს ერთვოდა დასალიერზე, მეორე მხარეს - ზღვაზე დამდგარ ნისლს; აკროპოლის ზეთავზე ეშმუნის ტაძრის ირგვლივ აწოწილი კვიპაროზები ირწეოდნენ და შრიალებდნენ, როგორც ზვირთები, ზანტად რომ ესხმოდნენ ჯებირს მიწაყრილის ძირას.

      სალამბო თავისი სასახლის ტერასაზე ავიდა. მხევალი შველოდა, გაღვივებული ნაკვერცხლები მოჰქონდა რკინის ლანგრით.

      შუა ტერასაზე სპილოს ძვლის პატარა სარეცელი იდგა, ჯიქის ტყავგადაფარებული. ზედ ელაგა თუთიყუშის, ღვთაებათადმი შეწირული გულთმისანი ფრინველის, ბუმბულისაგან გაკეთებული ბალიშები. სარეცლის ოთხსავე კუთხეში ნელსურნელებით, საკმევლით, დარიჩინითა და ნარდით ავსებული მაღალი მუჯამრები იყო აღმართული. მხევალმა ცეცხლი შეუგზნო ნელსაკმეველს. სალამბომ ჩრდილოეთის ვარსკვლავს მიაპყრო მზერა, თაყვანი სცა ნელიად ცის ოთხსავე კიდეს და დაიჩოქა იატაკზე, რომელიც ცის კამარის მიმსგავსებით ოქროს ხვიჭაარეული ცისფერი ფხვნილით იყო მოფენილი. შემდეგ იდაყვები ფერდებზე მიიკრა, ხელები წინ გაიშვირა და თითები გაშალა, თავი უკან გადააგდო - პირსახე მთვარის შუქს მიუშვირა და საწყალობელი ხმით წარმოთქვა, თითქოს ვიღაცას უხმობდა: ო, რაბეთნა!.. ბაალეთ!.. ტანიტ!.. ანაიტის!.. ასტარტე! დერკეტო! ასტორეთ! მილიტა! ათარა! ელისა! ტირათა!.. ფარული ნიშნებით, მჟღერი სისტრებით, მიწის ორნატებით, მარადიული დუმილით და მარადიული ნაყოფიერებით გესალმები, ბნელი ზღვისა და ლაჟვარდოვანი სანაპიროების მეუფევ, წყლის დედოფალო!

      ორჯერ თუ სამჯერ შეირხა მთელი ტანით, შემდეგ ხელები გაშალა და ჩაემხო მტვერში.

      მხევალმა მარდად წამოაყენა, რადგან, ღვთისმსახურების წესის თანახმად, ვინმე სხვას უნდა აეყენებინა მიწაზე გართხმული მლოცველი იმის ნიშნად, რომ ღმერთებმა შეისმინეს მისი მუდარა. სალამბოს გამდელი გულმოდგინედ ასრულებდა ყოველთვის ამ ღვთის სათნო ვალს. სავსებით ბალღი ყოფილა იგი, როცა დარიტიის გეტულიელ ვაჭრებს ჩამოუყვანიათ კართაგენში. გააზატების შემდგომაც არ ინდომა თავისი გაზრდილის მიტოვება. ეს იმაზედაც ეტყობოდა, რომ მარჯვენა ყურის ბიბილო გაეხვრიტა. თეძოებზე შემოჭერილი, ფერად ზოლებიანი, კოჭებამდე ჩამოშვებული ქვედაკაბა ეცვა, ფეხებზე კალის რგოლები ეკეთა, უგერგილო სახეც ყვითელი ჰქონდა თავის ტუნიკასავით; უკან გრძელი ქინძისთავები ჩაემაგრებინა თმებში მარაოს დარად, ცალ ნესტოში მარჯნის ჩხირი გაერჭო და ჰერმასავით უძრავად იდგა თვალებდახრილი. სალამბო ტერასის კიდეს მიუახლოვდა. თვალი მოავლო ცის დასალიერს, შემდეგ მიძინებულ ქალაქს გადახედა და ღრმად ამოიოხრა, მკერდი შეერხა და აუფრიალდა გრძელი თეთრი სიმარა, რომელიც ისე ებურა, უსაკინძოდ და უსარტყელოდ, ჭვინტიანი სანდლები მთლიანად ზურმუხტით ჰქონდა მოკენჭილი, გაშლილი თმები ძოწეული მაქმანით აეკრა. ისევ ზეაიღო თავი მთვარის საჭვრეტად და ჩურჩულით დაიწყო, შიგადაშიგ საგალობელთა ნაწყვეტებს ურთავდა: რა მსუბუქად დაცურავ იგავმიუწვდომელი ეთერის ტალღებში, შენს ირგვლივ რომ კამკამებს! შენა ხარ ქართა და ცვართა გამრიგე. შენს კლებასა და გავსებასთან ერთად ვიწროვდება და ფართოვდება კატის თვალები და ავაზას რუხი ლაქები. შობის ტკივილებით გათანგული მშობიარენი გაჰკივიან შენს სახელს! შენ ზრდი ნიჟარებს! ადუღებ მაჭარს! ხრწნი ცხედრებს! ქმნი მარგალიტის ზღვათა სიღრმეში!

      და ყოველი ჩანასახი შენს ნოტიო და ბნელ წიაღში ღვივდება ქალღმერთო!

      როდესაც მოგვევლინები, სიმშვიდე ეფინება დედამიწას; ყვავილები იხუჭებიან, ზვირთები ცხრებიან, დამაშვრალი ადამიანები გულაღმა იძინებენ შენკენ მკერდმოშვერილნი და მთელი ქვეყანა, თვისი ოკეანეებით და მთებით, იყურება შენს სახეში, როგორც სარკეში. თეთრი ხარ, ნაზი, სხივნათებული, უბიწო, მშველი, განმწმედელი და წყნარი!...

      ნამგალა მთვარე ცხელი წყაროების გორაკს გასწორებოდა და უნაგირას შუა მოჩანდა ყურის მეორე მხარეს. მის ქვემოთ პატარა ვარსკვლავი ბრჭყვიალებდა, მკრთალ შარავანდში, რომელიც ირგვლივ ეფინა მნათობს. სალამბომ განაგრძო: საშინელიც ხარ, მეუფეო!.. ურჩხულებს, შემზარავ ლანდებს და მატყუარა სიზმრებსა ბადებ. შენი თვალები ჭამენ ნაგებობათა ქვებს და მაიმუნებს ასნეულებ შენი ყოველი განახლებისას. მაინც სად მიხვალ? რატომ იცვლი მარადდღე სახეს? ხან გაწლობილი და მოდრეკილი მიცურავ სივრცეში უიალქნო გალერასავით, ხანაც მწყემსს ჰგავხარ, ვარსკვლავთა შორის, მწყემსავ ფარას. ბრწყინვალე და მრგვალი ეტლის თვალივით დაგორავ მწვერვალებზე.

      ო, ტანიტ! ხომ გიყვარვარ? აუ, რამდენი მიჭვრეტია შენთვის! მაგრამ, არა! შენ ლაჟვარდებში დანავარდობ, მე კი ისევ ამ უძრავ მიწაზე მტოვებ.

      ტაანაქ, ნებალი აიღე და დაუკარ ჩუმად ვერცხლის სიმზე, გული დამიმწუხრე. მხევალმა ასწია ეკალმუხისაგან გამოთლილი საკრავი, რომელიც ქნარს ჩამოჰგავდა, მაგრამ უფრო მაღალი და სამკუთხა იყო, ააწყო და ორივე ხელი ჩამოჰკრა ძალებს.

      ყრუ ბგერები სწრაფად მოსდევდნენ ერთიმეორეს, ფუტკრებივით ბზუოდნენ, ხმოვანები ემატებოდათ და ტალღების ჩივილთან და აკროპოლის დიდი ხეების შრიალთან ერთად მიფრინავდნენ წყვდიადში.

      გაჩერდი! - შესძახა სალამბომ.

      რა მოგივიდა, ქალბატონო? ნიავის წამოქროლება თუ ღრუბლის გადავლა, ყველაფერი შენ გაშფოთებს და გაწუხებს!

      აბა, რა ვიცი! - უთხრა სალამბომ.

      ხანგრძლივი ლოცვით იქანცავ თავს! ოჰ! ტაანაქ, ყვავილი რომ დნება ღვინოში, ისე მინდა ლოცვაში გავქრე!

      იქნებ საკმევლის კვამლი გვნებს? არა! - მიუგო სალამბომ, - ღმერთთა სული ბუდობს სურნელში. მაშინ მამის შესახებ გაუბა საუბარი მხევალმა. ფიქრობდნენ, რომ ის მელქარტის სვეტს გადაღმა იყო წასული, ქარვის ქვეყანაში. თუ ვეღარ დაბრუნდა, - ეუბნებოდა მხევალი - უხუცესთა ვაჟებს შორის უნდა აირჩიო საქმრო, ასე დაიბარა, და შენი სევდა განქარდება მამაკაცის მკლავებში. როგორ? - იკითხა ქალწულმა. ყველა მამაკაცი, ვინც კი აქამომდე ენახა, ძრწოლასა ჰგვრიდა მხეცური, ცხოველური ღრეჭითა და უხეში სხეულით. ხანდახან, ტაანაქ, ჩემი არსების სიღრმიდან რაღაც ცხელი, ვულკანის ბოლოზე მძიმე ბურუსი მომაწვებოდა, სხვა ხმები მესმის, ცეცხლის ბირთვი მიტრიალებს მკერდში, მახრჩობს. სიკვდილის პირამდე მივყავარ. მერმე რაღაცნაირი სიტკბოება თავთ ფეხებამდე დამივლის ტანში... რაღაც შემომეხვევა ალერსით და გულზე მაწვება; თითქოს ღმერთი გარდმოსულიყოს ჩემზე. ოჰ! როგორ მინდა ღამეულ ნისლს შევერიო, ნაკადულთა ჩქერს, ხეების წვენს შევენივთო, განვიძარცვო სხეულისაგან და მხოლოდ სუნთქვა ვიყო, მხოლოდ სხივი და ავფრიალდე, შენამდე ავმაღლდე, დედაო!

      ხელები ზეაღაპყრო, აღიმართა. მთვარესავით მკრთალი და მსუბუქი ჩანდა თავის გრძელ სამოსელში. შემდეგ სულშეხუთული ქალი სპილოს ძვლის სარეცელზე დაემხო ისევ. ტაანაქმა შიშის გასაქარვებლად ქარვისა და დელფინის ღოჯების ფარღული შეაბა კისერზე, სალამბომ ძლივს გასაგონი ხმით უთხრა: წადი, შაჰაბარიმს მიხმე!

      ჰამილკარს არ უნდოდა, რომ სალამბო ქურუმ ქალთა თაბუნში შესულიყო, ან თუნდაც ის სცოდნოდა, თუ როგორ წარმოედგინა ხალხს ტანიტი. უნდოდა ისე გაეთხოვებინა, რომ ქალიშვილის ქორწინება თავის პოლიტიკაში გამოსდგომოდა. და ამიტომ იყო, სალამბო მარტოდმარტო ცხოვრობდა სასახლეში, დედამისი დიდი ხანია აღარ იყო ცოცხალთა შორის.

      თვითგვემის, მარხულობისა და სულისმარგებელი ლოცვის ატმოსფეროში გაიზარდა ქალწული, მუდამ მშვენიერი და დიდებული ნივთები ერტყა ირგვლივ, სხეული ნელსურნელებით ჰქონდა გაჟღენთილი, სული - ლოცვებით. არასოდეს მოესვა ღვინო, არც ხორცი ეჭამა, არც ბილწ ცხოველს მიჰკარებოდა და არც რომელიმე გარდაცვლილის ოჯახში შეუდგამს ფეხი ოდესმე. უხამსი ხატი რა იყო, არ იცოდა; ყოველი ღმერთი ხომ განსხვავებული სახით ევლინება ქვეყანას, ხოლო ერთსა და იმავ ღვთაებრივ არსს წინაუკმოდ, სხვადასხვაგვარად ეთაყვანებიან. სალამბო ტანიტის ციურ ხატებას ეთაყვანებოდა, და მთვარეც თავის ძალას სცდიდა ქალწულზე: როდესაც დამცხრალი იყო, სალამბოც მისუსტდებოდა; მთელ დღეს მოთენთილი ქალი საღამოობითღა ხალისდებოდა. მთვარის ერთ-ერთი დაბნელების ჟამს კინაღამ მოკვდა. ეჭვიანი რაბეთი შურს იძიებდა იმისათვის, რომ სალამბოს სიქალწულე მას არ შესწირეს და აწამებდა ასულს მწველი ვნებით. სალამბოს გაურკვეველ სურვილებს რწმენა ერთვოდა და კიდევ უფრო აცხოველებდა მის ვნებებს.

      ჰამილკარის ასული გამუდმებით ფიქრობდა ტანიტისათვის. გაეცნო მის თავგადასავალსა და მოგზაურობათა ამბავს, შეისწავლა მისი ყველა სახელი და განუწყვეტლივ იმეორებდა; არ კი უწყოდა, რომ ყოველ მათგანს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ქალწულს სურდა ტანიტის ტაძრის იდუმალ საგანძურში შეეღწია როგორმე და ბრწყინვალე მოსასხამით შებურული მთვარის ძველისძველი კერპი ეხილა - ამ მოსასხამზე იყო დამოკიდებული კართაგენის ბედი. ღვთაება და მისი გამოსახულება ერთმანეთისაგან გარკვევით არ განიყოფოდნენ ქალის წარმოდგენაში და ხატის ხილვა ან მისთვის ხელის შევლება ღვთის ძლიერების ნაწილს მომანიჭებსო, ქალღმერთი ერთგვარად დამმორჩილდებაო, ეგონა.

      სალამბო შემობრუნდა. ეუცნაურა ოქროს ეჟვნების წკრიალი, რომლებიც შაჰაბარიმს ეკიდა სამოსლის ქობაზე.

      შაჰაბარიმი კიბეზე ამოვიდა, ტერასის ზღურბლთან შედგა მკლავებდაჭდობილი. ღრმად ჩაცვენილი თვალები ეკვდერის ლამპარებივით უელვარებდა; მაღალი, ხმელი ტანი ჩაჰკარგოდა სელის კაბაში, რომელიც წვივებამდე ეშვებოდა და ქობაზე ჩამორიგებული ეჟვნებითა და ზურმუხტის თვლებით იყო დამძიმებული. სხეული - დაძაბუნებული, კეფა - მრუდე და ნიკაპი გამხმარი ჰქონდა. კანი გასციებოდა, ჩაყვითლებული სახე თითქოს გამუდმებულ წადილსა და მწუხარებას დაეღარა ღრმა ნაოჭებით.

      ტანიტის ქურუმთუხუცესი და სალამბოს მოძღვარი იყო იგი.

      თქვი! - უთხრა მან ქალწულს, - რა მოგსურვებია?

      ვიმედოვნებდი... შენ ხომ თითქმის დამპირდი... - სალამბოს ენა ებმოდა მღელვარებისგან, შემდეგ მტკიცედ უთხრა: - რად გძულვარ? ხომ არაფერი დამვიწყებია ღვთისმსახურებისას? ჩემი მოძღვარი ხარ და მრავალგზის გითქვამს, რომ ჩემსავით არავინ ჩასწვდომია ტანიტის სჯულს. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც არ გსურს გამიმხილო, ხომ მართალს ვამბობ მამაო? შაჰაბარიმს მოაგონდა ჰამილკარის დანაბარები და მიუგო: არა, მეტი არაფერია სათქმელი!

      რომელიღაც სული შთამაგონებს მის სიყვარულს. - განაგრძო ქალმა, - ცდომილთა და სულთა ღვთაების ეშმუნის კიბეზედაც ავფორთხებულვარ, ტვიროსის ახალშენების მეუფის, მელქარტის, ოქროს ზეთისხილის ხის ძირასაც მძინებია, სინათლისა და ნაყოფიერების ღმერთის ბაალ-ქამონის ბჭეებსაც მივახლებივარ, ტყეების, ქართა, ყვავილებისა და მთების ღმერთების - ქვესკნელის ქაბირებისათვისაც შემიწირავს მსხვერპლი, მაგრამ ყველა ესენი ძალზე შორეულნი, მაღალნი და შეუცნობელნი არიან, გესმის? ხოლო ტანიტი და ჩემი სიცოცხლე განუყოფელია. მისით ამვსებია სული და შინაგანი სწრაფვა მათრთოლებს, თითქოს იგი ფეთქავს ჩემს სულში, უნდა თავი აიშვას. მგონია თითქოს ეს-ესაა შემომესმება მისი ხმა, ვიხილავ მის სახეს; ელვარება მჭრის თვალს, შემდეგ ისევ მეხვევა წყვდიადი.

      შაჰაბარიმი დუმდა. სალამბომ ყვედრებით მიაპყრო თვალი.

      ბოლოს ქურუმმა ანიშნა ქალწულს - დაეთხოვა მოახლე. რომელიც არ ეკუთვნოდა ქანაანელთა ტომს. ტანააქი გაქრა. შაჰაბარიმმა ხელი ცისკენ აღაპყრო და დაიწყო: სანამ ღმერთები მოევლინებოდნენ სამყაროს, წყვდიადი იყო მხოლოდ და სუნთქვა ქროდა, მძინარე კაცის შეგნებასავით მძიმე და ბუნდოვანი. შემდგომ წყვდიადი შედედდა, წადილი და ღრუბელი წარმოიქმნა, ხოლო წადილისა და ღრუბლისაგან გამოვიდა პირველყოფილი მყარი. ეს იყო შავი ყინულივით ცივი, ღრმა და ჭუჭყიანი წყალი, რომელიც იმ უგრძნობელ ნაწილებს შეიცავდა, ტაძრების კედლებზე რომაა გამოსახული.

      მერმე მყარი შენივთდა და კვერცხად იქცა. კვერცხი გატყდა, ერთი ნახევრისაგან მიწა წარმოიქმნა, მეორისგან - ცარგვალი. მზე, მთვარე, ქარი და ღრუბლები გაჩნდა; მეხის გრუხუნზე გონიერმა არსებებმა გამოიღვიძეს. მაშინ ვარსკვლავების სფეროზე ეშმუნი გაიფოფრა; მზეზე ქამონი გამობრწყინდა, მელაქარტმა თვისი მკლავებით გადააგორა იგი გადესს იქით, ქაბირებმა ვულკანებში ჩაიბუდეს და რაბეთნა გადიასავით გადმოიხარა სამყაროსაკენ, რძესავით გადმოაღვარა სინათლე და მოსასხამივით შემოახვია ღამე.

გაგრძელება →

გუსტავ ფლობერი

ნახვა: 1581

გამოხმაურებები!

ვის ნათარგმნია? არ მაქვს წაკიტხული და სუ ესაა თუ აქმხოლოდ ნაწილია?

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters