წიგნიდან: "შუანები", ონორე დე ბალზაკი

Honoré de Balzac, Les_Chouans, Qwelly, literature, ლიტერატურა, ონორე დე ბალზაკი, ონორე დე ბალზაკი, საფარი, ქველი, შუანები

იხილეთ კარი I

კარი II

      მეთაურის მიერ უსწრაფესად მიღებული ზომები, რაც ასე აუცილებელია მსგავს შემთხვევებში, ჯარისკაცებს გადასცემდა მის რწმენას და უხმოდ დაიძრნენ შუანებისკენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა მოწინააღმდეგენი პირისპირ აღმოჩნდნენ, გაისმა ზალპი და სიკვდილმა მრავალი ჯარისკაცი გამოსტაცა ორივე მხარეს. ამ დროს რესპუბლიკელთა ორივე ფრთამ, რომელთაც შუანები ვერაფერს უპირისპირებდნენ, ორივე მხრიდან მოუარა და საარტილერიო ცეცხლისგან სიკვდილმა და ძრწოლამ დაისადგურა მტრის ბანაკში. ამ მანევრმა თითქმის აღადგინა რაოდენობრივი წონასწორობა ორივე მხარეს. მაგრამ შუანები გულადობასა და უდრეკობას ყველა განსაცდელში ინარჩუნებდნენ. არ შემდრკალან, არ შემკრთალან, შემჭიდროვდნენ და შეეცადნენ, შემოხვეოდნენ ლურჯების პატარა, შავ, მწყობრ რიგებად მდგომ რაზმს, რომელსაც ისეთი პატარა ადგილი ეჭირა, გეგონებოდათ ფუტკრის გუნდია დედა ფუტკრის ირგვლივო. ისეთი გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდა, ხელჩართული ბრძოლა, როცა მუშკეტის იშვიათ გასროლას ცივი იარაღის წკრიალი ცვლის, როცა ბრძოლა ერთი ერთზე მიდის და, ერთნაირი შეუპოვრობის შემთხვევაში, გამარჯვება უფრო მრავალრიცხოვანს რჩება.

      შუანები თავიდანვე მოიპოვებდნენ გამარჯვებას, რომ არა მერლისა და ჟერარის ხელქვეით რესპუბლიკელთა რაზმის ფრთების ჯვარედინი ცეცხლი, რომელმაც მტრის არიერგარდი დაამარცხა. ლურჯების ფლანგებს პოზიცია უნდა შეენარჩუნებინა და ზუსტი სროლით მარჯვედ გაენადგურებინა მოწინააღმდეგე, მაგრამ საფრთხემ, რომელიც ნათლად ჩანდა, გმირულ ბატალიონს, გარშემორტყმულს მეფის ეგერებით, ძალა შეჰმატა. ხიშტმომარჯვებულები გაშმაგებულები გამოცვივდნენ გზაზე და, რამდენიმე წამით, ძალები თითქოს გათანაბრდა. ორივე რაზმი გაშმაგებული იბრძოდა, სისასტიკე გაამძაფრა პოლიტიკური ბრძოლის სიმძაფრემ, რამაც ამ ომს განსაკუთრებული ხასიათი შესძინა. ყველა უჩუმრად იბრძოდა, გათანგული რეალური საფრთხით. ბრძოლა პირქუში და სიკვდილივით ცივი იყო. ამ სიჩუმეში, რომელსაც იარაღის ჩხაკუნი და ფეხქვეშ ქვიშის ღრაჭაღრუჭი არღვევდა მხოლოდ, ყრუ და სასოწარკვეთილი შეძახილები ისმოდა მძიმედ დაჭრილებისა თუ მომაკვდავებისა, მიწაზე რომ ეცემოდნენ.

      რესპუბლიკელების რაზმის თორმეტი ახალწვეული ისეთი გააფთრებით იცავდა სარდალს, რომელიც ყველაფერს აკვირდებოდა და ბრძანებებს იძლეოდა, რომ ორმა-სამმა ჯარისკაცმა არაერთხელ შესძახა: - ბრავო, რეკრუტებო!

      იულომ, რომელიც სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ყველაფერს აკვირდებოდა, შეამჩნია რჩეულ შუანებს შორის ჩამდგარი კაცი, როგორც ჩანს, მათი მეთაური. აუცილებლად მიიჩნია, კარგად დაენახა სახე ამ ოფიცრისა და რამდენჯერმე ეცადა კიდევაც, მაგრამ შუანების წინამძღოლს ჩაჩები და ფართოფარფლებიანი ქუდები ეფარებოდა. იულო მკაფიოდ ხედავდა მხოლოდ იარე-მიწაზეს, რომელიც თავისი გენერლის გვერდით იდგა, ხრინწიანი ხმით იმეორებდა მის ბრძანებებს და მისი კარაბინიც არ გაჩერებულა. იულო გააღიზიანა ამ წინააღმდეგობამ, იშიშვლა ხმალი, შეუძახა თავის ახალწვეულებს და ისე გაშმაგებით ეკვეთა მტერს და შევარდა ცენტრში, რომ გაარღვია შუანები და წამით დაინახა მათი წინამძღოლი, მაგრამ, საუბედუროდ, თეთრკოკარდიანი ქუდი ეფარებოდა. ასეთმა თავხედურმა შეტევამ გააოცა უცნობი, უკან დაიხია, ქუდი გადაიწია და მაშინ იულომ შეძლო, დაენახა ეს პიროვნება. ასე, ოცდახუთი წლისა იქნებოდა, მწვანე მაუდის სანადირო ქურთუკი ეცვა, თეთრ ქამარში პისტოლეტები ჰქონდა გარჭობილი, ფეხზე უხეში, ნალებიანი ფეხსაცმელი ეცვა, როგორიც ყველა შუანს. უხეში, მტკიცე ნაჭრის მოკლე შარვალზე მიმაგრებული მუხლამდე გეტრები ასრულებდა მის საშუალო სიმაღლის, კარგი აღნაგობის სხეულზე მორგებულ კოსტიუმს. როცა დაინახა, რომ ლურჯებმა მასთან მიახლოება შეძლეს, გაშმაგდა, ჩამოიფხატა ქუდი და გაექანა მათკენ. მაგრამ იმწამსვე შემოეხვივნენ იარე-მიწაზე და რამდენიმე შეშფოთებული სხვა შუანი. ამ ახალგაზრდის ირგვლივ შეყრილ ხალხთა თავებს შორის, იულოს მოეჩვენა, რომ შეამჩნია წითელი, განიერი ლენტი გაღეღილ ქურთუკზე. მეთაურს ყურადღება გაექცა ჯერ მეფის ამ ორდენისკენ, უკვე მივიწყებული რომ იყო, მერე მზერა გადაიტანა უცნობის სახეზე, რომელიც მალე თვალს მიეფარა. ძლივს შეამჩნია ქერა თმა და ნატიფი ნაკვთები, მოელვარე თვალები, მაგრამ თვალის ფერი ვერ დაინახა. იგი გააოცა შიშველი ყელის ქათქათა კანმა, რომელსაც კიდევ უფრო მკვეთრად უსვამდა ხაზს შავი, დაუდევრად შეკრული რბილი ყელსახვევი.

      პოზა ამ ახალგაზრდა, ბობოქარი, აღფრთოვანებით აღსავსე კაცისა, საბრძოლო იყო, იმ ხალხივით, რომელიც ბრძოლაში ერთგვარ პოეზიას ეძებს. კარგად მორგებული ხელთათმანიანი ხელით მზეზე მოელვარე ხმალს იქნევდა. მოძრაობებში ელეგანტურობა და ძალა იგრძნობოდა. გულწრფელი ეგზალტაცია, ახალგაზრდობის ხიბლი, დახვეწილი მანერები ამ ემიგრანტისა, მას ფრანგ კეთილშობილთა მშვენიერ წარმომადგენლად აქცევდა.

      იქვე, ოთხ ნაბიჯში მდგომი იულო სრულიად საპირისპირო იყო - ბებერი ჯარისკაცი, თითქოს ცოცხალი სიმბოლო იყო ენერგიული რესპუბლიკისა, რომელსაც იცავდა: მკაცრი სახე, შელახული, წითელლაცკანებიანი ლურჯი ფორმა, ჩაშავებული, ზურგისკენ გადაქანებული ეპოლეტები აშკარად უჩვენებდა მის შეჭირვებულ ყოფასა და ხასიათს.

      ახალგაზრდის მოხდენილობა და გამომეტყველება არ გამოჰპარ-ვია იულოს თვალს. თან მიახლოებას ცდილობდა და თან მიაძახა: - ეი, შენ, ოპერის მოცეკვავევ, გამოდი, გაგანადგურებ!

      როიალისტების წინამძღოლი, ასეთი მიმართვით გამძვინვარებული, გაგულისებული გაექანა იულოსკენ, მაგრამ, როგორც კი მისმა ხალხმა დაინახა, თავს საფრთხეში იგდებსო, ეტაკნენ ლურჯებს. უცებ ბრძოლის ყიჟინა და ღრიანცელი მშვიდმა და მჟღერმა ხმამ დაფარა: - აქ წმინდა ლესკიური მოკვდა. ნუთუ შურს არ ძიებთ მისთვის?

      ამ ჯადოსნურ სიტყვებზე შუანებმა აიწყვიტეს და რესპუბლიკის ჯარისკაცებს ძალიან გაუჭირდათ მათი შეჩერება ისე, რომ თავიანთი პატარა რაზმის საბრძოლო წყობა არ დაერღვიათ.

      "ეს კაცი უფრო ხნიერი რომ იყოს, - გაიფიქრა იულომ და თან ნაბიჯ-ნაბიჯ უკან იხევდა, - თავს არ დაგვესხმებოდნენ. როდის ყოფილა, შუანებს ბრძოლა გაეჩაღებინოთ? მით უკეთესი! გზის პირებში ძაღლებივით არ დაგვხოცავენ."

      მერე ხმას აუწია და ისე, რომ გამოძახილმა ტყეს გადაურბინა: - აბა, ყოჩაღად, ჩემო ლომგულებო! ყაჩაღებს თავს ხომ არ დავაჩაგვრინებთ!

      ზმნა, რომელიც მეთაურის ნათქვამში "ყოჩაღით" შევცვალეთ, ცხადია, უფერული ანარეკლია, მაგრამ ბრძოლებში გამოჯეკილები ადვილად შეძლებენ ჯარისკაცური მაღალი სტილის მეტყველებიდან შესაბამისი სიტყვის პოვნას.

      - ჟერარ, მერლ! - გასძახა მეთაურმა, - მოაგროვეთ თქვენი ხალხი, დაალაგეთ ბატალიონებად. უკანიდან მოუარეთ, ესროლეთ ამ ძაღლებს და მოვრჩეთ!

      იულოს ბრძანება გაჭირვებით შეასრულეს, რადგან შუანების ახალგაზრდა მეთაურმა მოწინააღმდეგის ხმის გაგონებაზე შესძახა: - წმინდა ანა ორეელის სახელით, ერთი არ გაუშვათ! აბა, ყოჩაღად, ჩემო მამაცებო!

      როცა მერლისა და ჟერარის ორივე ფრთა გამოეყო გორგალს, გამოაღწია ხელჩართული ბრძოლიდან, პატარა რაზმებს ურიცხვი შეუპოვარი მტერი გამოეკიდა, თხისტყავიანები მერლისა და ჟერარის ჯარისკაცებს ავბედითი ღრიალით შემოეხვივნენ.

      - ბატონებო, გაჩუმდით რა! თორემ ისე მოგკლავენ, ვერ გაი-გებთ! - იფრინდას ამ ხუმრობამ ლურჯები გაახალისა. რესპუბლიკელები ახლა ერთგან კი არ იბრძოდნენ, პელერინის პლატოზე სამ ადგილას უხდებოდათ თავის დაცვა და ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ასეთი მშვიდი ველები თოფების ბათქა-ბუთქმა გამოაღვიძა. გამარჯვება საათების მანძილზე არც ერთ მხარეს იყო და არც მეორეს და ბრძოლა შეიძლება თავისთავად დამთავრებულიყო, როცა მებრძოლები აღარ დარჩებოდნენ. ლურჯები და შუანები ერთნაირი თავგანწირვით იბრძოდნენ. ორივე რაზმში მძვინვარება მატულობდა, როცა უცებ დოლის ყრუ ბაგუნი მოისმა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ სამხედრო დანაყოფი, რომელსაც ის ახლდა, კუენონის ველს კვეთდა.

      - ეს ფუჟერის ნაციონალური გვარდიაა! - წამოიძახა გიუდენმა, - როგორც ჩანს, ვანიე შეხვდა მათ.

      ამ შეძახილზე, ეტყობა შუანების ახალგაზრდა ბელადისა და მისი მძვინვარე ადიუტანტის ყურამდეც რომ მიაღწია, როიალისტებმა უკან დაიხიეს, მაგრამ იარე-მიწაზეს მხეცურმა ღრიალმა შეაჩერა. მეთაურის ჩუმად ნათქვამი ორი-სამი ბრძანება იარე-მიწაზემ ქვემობრეტონულ კილოზე გაუმეორა შუანებს და მათაც ძალიან მარჯვედ დაიხიეს, რითაც რესპუბლიკელი ჯარისკაცები და მათი მეთაურიც კი საგონებელში ჩააგდეს. პირველივე ბრძანებაზე ყველაზე მაგარი შუანები გამწკრივდნენ, მათ უკან დადგნენ დაჭრილი და დანარჩენი შუანები, რომ მათთვის თოფები დაეტენათ, მერე მოულოდნელი სიმკვირცხლით, რისი მაგალითიც ცოტა ხნის წინ თავად იარე-მიწაზე იყო, დაჭრილები, მერე კი შუანების ნახევარი რაზმი გზის მარჯვნივ გორაკზე აცოცდა, ზემოთ დაიმალნენ და ლურჯები მათ ენერგიულ სახეებსღა ხედავდნენ. შუანები ხეებს ამოეფარნენ და რესპუბლიკელთა დაცვის დაბლა დარჩენილ ნაწილს, რომელიც იულოს ბრძანებით სასწრაფოდ გამწკრივდა გზაზე, ვითომ შუანებისთვის თანაბარი, შესაბამისი ფრონტის დასაპირისპირებლად, თოფები დაუმიზნეს. შუანები თავიანთი პოზიციიდან სროლით ნელ-ნელა იხევდნენ უკან იმგვარად, რომ საარტილერიო საფარველს იყვნენ ამოფარებულნი. გზისპირა თხრილს რომ მიაღწიეს, ფერდობზე დაიწყეს ასვლა, სადაც უკვე თანამოძმეები ელოდნენ და მათ შეუერთდნენ კიდეც, მიუხედავად დაუცდენლად მსროლელი რესპუბლიკელების მეცადინეობისა, რომლებმაც თხრილი გვამებით მოფინეს.

      შუანები არანაკლები სიმარჯვით ისროდნენ ფერდობიდან, ამ დროს ფუჟერის ნაციონალურმა გვარდიამაც მოაღწია და მათმა გამოჩენამ ბრძოლა შეწყვიტა. რამდენიმე გაცხარებული ჯარისკაცი და გვარდიელი უკვე გადაახტა თხრილს და ტყეში შევარდნას აპირებდა, მეთაურმა რომ დასჭექა: - თქვენ რა, გინდათ, მანდ ამოგხოცონ?

      მაშინ უკან დაბრუნდნენ, მიუხედავად დიდი დანაკარგისა, რესპუბლიკელების რაზმისკენ, ბრძოლის ველი რომ დარჩათ. ჯარისკაცებმა ხიშტებით ასწიეს თავიანთი სამკუთხა ქუდები, აიშვირეს თოფები და ორჯერ ერთხმად დასცხეს: "გაუმარჯოს რესპუბლიკას!" გზის პირებში მსხდარი დაჭრილებიც კი შეუერთდნენ საერთო სიხარულს, იულომ კი ჟერარს ხელზე ხელი მოუჭირა და თქვა: - ჰა? აი, თავზეხელაღებულები! აი, ვაჟკაცები!

      მერლს გზისპირა ხევში მკვდრების დამარხვა დაევალა. სხვა ჯარისკაცებს დაჭრილები გადაჰყავდათ, მეზობელ ფერმებში ცხენებისა და ფორნების რეკვიზიციის შემდეგ ფორნებში ჩაფენილ მოკლული ჯარისკაცების ტანსაცმელზე საჩქაროდ დააწვინეს დაჭრილები. წასვლამდე ფუჟერის ნაციონალურმა გვარდიამ იულოს გადასცა მძიმედ დაჭრილი შუანი, ციცაბო ფერდობის ძირას რომ იპოვეს, სადაც ეს საცოდავი ძალაგამოლეული ჩაგორდა.

      - მადლობა, რომ ხელი შემაშველეთ, მოქალაქენო, - თქვა მეთაურმა, - ეშმაკმა დალახვროს! უთქვენოდ შავი დღე დაგვადგებოდა. თქვენ ფრთხილად იყავით. ომი დაიწყო. მშვიდობით, ჩემო მამაცებო!

      მერე ტყვეს მიუბრუნდა: - შენს მეთაურს რა ჰქვია?

      - ვაჟკაცი.

      - ეგ ვინ? იარე-მიწაზე?

      - არა, ვაჟკაცი.

      - საიდან გაჩნდა ეგ ვაჟკაცი?

      ამ კითხვაზე მეფის ეგერმა, დაღვრემილი და მრისხანე სახე რომ დაეღრიჯა ტკივილისაგან, არაფერი უპასუხა, აიღო კრი-ალოსანი და ლოცვა დაიწყო.

      - ვაჟკაცი ალბათ ის შავყელსახვევიანი არისტოკრატია, არა? ტირანმა და მისმა დამქაშებმა, პიტმა და კობურგმა გამოაგზავნეს?..

      ამ სიტყვებზე შუანმა, რომელიც ეტყობა, პოლიტიკაში მთლად კარგად ვერ ერკვეოდა, ამაყად ასწია თავი: - ღმერთმა და მეფემ გამოაგზავნეს. ეს სიტყვები ისე ენერგიულად წარმოთქვა, რომ ძალა გამოელია. მეთაურმა დაინახა, რომ ძნელი იყო მომაკვდავი კაცის დაკითხვა, რომლის ქცევაც ბნელ ფანატიზმს ამჟღავნებდა. მან თავი მიაბრუნა და წარბები შეჭმუხნა. ორმა ჯარისკაცმა, იმ ორის მეგობრებმა, იარე-მიწაზემ ასე მხეცურად რომ დახოცა მათრახის ერთი დარტყმით, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და დაუმიზნა შუანს, რომელმაც დამიზნებულ ორ თოფს თვალი არ აარიდა. ორივემ მიჯრით ესროლა და ისიც დაეცა, მაგრამ როცა ჯარისკაცები მიცვალებულის ტანსაცმლის წასაღებად მიუახლოვდნენ, მან ჯერ ისევ მჟღერი ხმით, ძლიერად იყვირა: - გაუმარჯოს მეფეს!

      - კარგი, კარგი, გაიძვერავ! - მიმართა გულთამხილავმა, - წადი, კვერებზე დაეწვიე შენს კეთილ ღვთისმშობელს!.. ტირანს გაუმარჯოსო, არ შემოგვძახა, როცა გვეგონა რომ მაგისი საქმე მორჩენილია?!

      - დახეთ, მეთაურო, - დაიძახა იფრინდამ, - მაგ ყაჩაღის საბუთი.

      - ოჰ, ოჰ, - თქვა გულთამხილველმა, - ერთი ამ ღვთის ქვეით ჯარისკაცს დამიხედეთ, რა ახატია ღიპზე. იულო და რამდენიმე ჯარისკაცი შემოეხვივნენ შუანის შიშველ სხეულს და მკერდზე მოლურჯო სვირინგი შენიშნეს, - აგიზგიზებული გული. ეს იყო საკრე-კერის საძმოს წევრის პირობითი ნიშანი. გამოსახულების ქვემოთ იულომ სიტყვები გაარჩია: "მარი ლამბრეკენი" - როგორც ჩანს, შუანის სახელი.

      - აბა, გულთამხილველო, ნახე? - ისევ იფრინდა იყო, - ასი დეკადაც რომ იფიქრო, ვერ მიხვდები, რისთვისაა ეს სპეცაღჭურვილობა.

      - აბა, პაპის მუნდირებისა მე რა გამეგება! - უპასუხა გულთამხილველმა.

      - საცოდავო სალდათო, ვერასოდეს ვერაფერს ისწავლი! - გააგრძელა იფრინდამ, - როგორ ვერ ხვდები, ამ ბატს დაჰპირდნენ, რომ მკვდრეთით აღდგება და ამ ყეყეჩმაც ჩიჩახვი მოიხატა, რომ იცნონ.

      ამ ხუმრობაზე, რომელიც საფუძველს მოკლებული არ იყო, იულოსაც კი გაეღიმა; საყოველთაო მხიარულებაში ჩაება. ამასობაში მერლმა დაამარხვინა მიცვალებულები და დაჭრილებიც ძლივს მოათავსეს ორ ფორანში. ჯარისკაცები თავისი ნებით გამწკრივდნენ ორ კოლონად ამ იმპროვიზებული სანიტარული საზიდრების გასწვრივ და რაზმი დაეშვა დაღმართზე, მენისკენ, საიდანაც კარგად ჩანს პელერინის ლამაზი ველი, კუენონის ველს რომ ექიშპება. იულო თავისი მეგობრების, მერლისა და ჟერარის თანხლებით, ნელა მისდევდა ჯარისკაცებს და ერთადერთი დარდი ჰქონდა, რამენაირად უფათერაკოდ მიეღწიათ ერნემდე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დაჭრილების დახმარება. ამ ბრძოლას, რომელიც თითქმის უცნობი დარჩა იმ დიდი მოვლენების გვერდით, მაშინ რომ მწიფდებოდა საფრანგეთში, იმ ადგილის მიხედვით დაერქვა სახელი, სადაც მოხდა. თუმცა მას ყურადღება დასავლეთ საფრანგეთში მიაქციეს, შუანების ახალი ამბოხებით შეშფოთებულმა მოსახლეობამ შეამჩნია ცვლილებები მის სამხედრო ტაქტიკაში: წინათ ეს ხალხი ვერ გაბედავდა ასეთ მნიშვნელოვან რაზმზე თავდასხმას. იულო ვარაუდობდა, რომ ის ახალგაზრდა როიალისტი, მან რომ შენიშნა, უნდა ყოფილიყო ვაჟკაცი, შუანების ახალი წინამძღოლი, უფლისწულებმა საფრანგეთში რომ გამოგზავნეს და რომელიც, როიალისტებს როგორც სჩვეოდათ, სახელსა და ტიტულს საბრძოლო მეტსახელით ნიღბავდა.

      სევდიანი გამარჯვების შემდეგ, რაღაც გარემოებამ ნახევარბრიგადის მეთაური ისევე შეაშფოთა, როგორც მაშინ, როცა გზაზე ჩასაფრება იეჭვა. რამდენჯერმე შეტრიალდა, გადახედა პელერინის პლატოს, უკან რომ რჩებოდა, საიდანაც ჯერ კიდევ შუალედებით მოისმოდა მოგუდული ბაგუნი ნაციონალური გვარდიის დოლებისა, გვარდიისა, კუენონის ხეობისკენ რომ ეშვებოდა.

      - რომელიმეს შეგიძლიათ შუანების თავდასხმის მოტივის გა-მოცნობა? - უთხრა უცებ თავის ორ მეგობარს, - მათთვის თოფის სროლა კომერციაა და ჯერ არ ვიცი, ამით რა მოიგეს. ალბათ, სულ ცოტა, ასი კაცი დაკარგეს, ჩვენ - სამოცზე ნაკლები, - და ღიმილის გამოსახატავად ტუჩის მარჯვენა კუთხე აზიდა და მარ-ჯვენა თვალი მოჭუტა, - ეშმაკმა დამლახვროს! ასეთი გარიგებისა არაფერი გამეგება. სულელები! რაში სჭირდებოდათ ჩვენი თავდასხმა? შეუმჩნევლად გავივლიდით, როგორც წერილები ფოსტაში, არ მესმის რაში დასჭირდათ ჩვენი ხალხის დაცხრილვა. და ნაღვლიანი ჟესტით დაჭრილებიან ფორნებზე მიუთითა.

      - იქნებ მხოლოდ მოსალმება უნდოდათ, - დაუმატა მან.

      - კი მაგრამ, სარდალო, ასორმოცდაათი ჩვენი ყეყეჩი მოიგეს, - უპასუხა მერლმა.

      - ახალწვეულები ბაყაყებივით რომ შემხტარიყვნენ ტყეში, ხომ არ დავიწყებდით მათ დევნას, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ზალპით გაგვიმასპინძლდნენ, - შეეპასუხა იულო, - არა, არა. მე მგონი აქ რაღაცაშია საქმე!.. კიდევ ერთხელ მიტრიალდა და პელერინს გახედა.

      - სდექ! - იყვირა უცებ, - ხედავთ?

      თუმცა სამივე ოფიცერი ფატალური ფლატოდან კარგა შორს იყო, გაწაფული თვალით შეამჩნიეს იარე-მიწაზე და რამდენიმე შუანი.

      - ფეხს აუჩქარეთ! - გასძახა იულომ თავის რაზმს, - ჩქარა გადაადგით ფეხი და ცხენებიც ააჩქარეთ. ფეხები ხომ არ მიგეყინათ? ეს ჯაგლაგებიც პიტისა და კობურგისა ხომ არ არიან? - ამ სიტყვებმა პატარა რაზმი გამოაცოცხლა.

      - ჰო, რაც შეეხება საიდუმლოს, რომლის წყვდიადსაც მგონი, ვერ გავფანტავ, ღმერთმა ინებოს, მეგობრებო, ერნეში ისევ თოფებით არ დაგვჭირდეს ამოხსნა, - უთხრა იულომ თავის ოფიცრებს, - ძალიან მეშინია, მაიენის გზა ისევ მეფის ხალხმა არ გადაგვიჭრას.

      სტრატეგიული ამოცანა, რომელმაც ბალანი აუშალა, ულვაშები აუბურძგნა მეთაურ იულოს, ამ დროს არანაკლებ აფიქრებდა ხალხს, პელერინის წვერზე რომ შენიშნა. როგორც კი შეწყდა ფუჟერის ნაციონალური გვარდიის დოლის ბრახუნი და იარე-მიწაზემ შეამჩნია, რომ ლურჯები უკვე ჩამოდიოდნენ დამრეც ფერდობზე, მხიარულად გამოსცა ბუს ხმა და შუანები ისევ გამოჩნდნენ, ოღონდ ნაკლები რაოდენობით. ბევრი მათგანი ალბათ იმით იყო დაკავებული, რომ დაჭრილებს აბინავებდა პელერინის სოფელში, მთის ფერდობზე, რომელიც კუენონის ხეობას გადაჰყურებს. მეფის ეგერების ორი-სამი მეთაური მიუახლოვდა იარე-მიწაზეს. იქვე ახლოს გრანიტის კლდეზე იჯდა ახალგაზრდა მეთაური და, ეტყობა, იმ სიძნელეებზე ფიქრობდა, რასაც მისმა საბრძოლო საქმიანობამ შეაჯახა. იარე-მიწაზემ ხელი აფრასავით მიიდო შუბლზე, თვალები მოიჩრდილა და ნაღვლიანად გახედა გზას, რომლითაც რესპუბლიკელები კვეთდნენ პელერინის ველს. პატარა, შავი, გამჭრიახი თვალებით ცდილობდა, დაენახა, რა ხდებოდა მეორე მხარეს, ხეობის ჰორიზონტზე.

      - ლურჯები ფოსტას ჩაიგდებენ ხელში, - კუშტად თქვა ერთ-ერთმა მოთავემ, ყველაზე ახლოს რომ იდგა იარე-მიწაზესთან.

      - წმინდა ანა ორეელს გაფიცებ, თქვი, რატომ გვაომე შენი ტყავის გადასარჩენად?

      შემკითხველს იარე-მიწაზემ შხამიანი მზერა ესროლა და თავისი მძიმე კარაბინი მიწას დასცხო.

      - მეთაური მე ვარ? - მერე ცოტა ხანს იყუჩა და დაუმატა, - ყველას ჩემსავით რომ გებრძოლათ, ვერცერთი ლურჯი ვერ გადაგირჩებოდათ, - და იულოს ასეულის ნარჩენებზე მიუთითა, - მაშინ შეიძლება დილიჟანსი აქამდეც მოსულიყო.

      - შენ გგონია, - ჩაერთო მესამე, - ისინი დილიჟანსს გააჩერებდნენ და გააცილებდნენ წასვლის ნება რომ მიგვეცა? უბრალოდ, შენი საზიზღარი ტყავის გადარჩენა გინდოდა. ამ დინგიანის გამო შენ ხომ არ იცოდი, ლურჯები რომ გზაზე მოდიოდნენ, - გააგრძელა ორატორმა და სხვებს მიუბრუნდა, სისხლი დავღვარეთ და კიდევ ოცი ათას ფრანკს დავკარგავთ სუფთა ოქროთი...

      - შენ თვითონ ხარ ტახი! - იფეთქა იარე-მიწაზემ, სამი ნა-ბიჯით დაიხია და მწყენინებელს დაუმიზნა. ლურჯები კი არ გძულს, ოქრო გიყვარს. აღსარებასაც ვერ იტყვი, ისე უზიარებელი მოკვდები, წყეულო ცოდვილო, წელს ზიარებაც არ მიგიღია.

      ამ შეურაცხყოფამ გააცეცხლა შუანი, გაფითრდა და გულიდან ამომავალი ყრუ ბრდღვინვით მიზანში ამოიღო იარე-მიწაზე. ახალგაზრდა წინამძღოლი შუაში ჩაუვარდა, მერე თავისი კარაბინის ლულის დარტყმით თოფები დააყრევინა და მოითხოვა, ჩხუბის მიზეზი აეხსნათ, რადგან მისთვის უცნობ ქვემო ბრეტონულ კილოზე ლაპარაკობდნენ.

      - ბატონო მარკიზო, - თქვა იარე-მიწაზემ, - მით უარესი მათთვის, ჩემზე რომ ბრაზობენ, იქ მოიტაცე-დიდი-კვერი დავტოვე, იქნებ მოახერხოს, ავაზაკებს გამოსტაცოს კლანჭებიდან დილიჟანსი, - და ხელით ლურჯებზე მიუთითა: ეკლესიისა და მეფის ტახტის ერთგულთათვის ლურჯები ლუი XVI-ს მკვლელები და ყაჩაღები იყვნენ.

      - როგორ? - წამოიძახა განრისხებულმა ახალგაზრდა კაცმა, - თქვენ აქ დილიჟანსის შესაჩერებლად გაჩერდით? მხდალებო, ჩემს პირველ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვეთ! თუმცა, ასეთი განზრახვის მქონე ხალხთან რა გამარჯვების იმედი უნდა გქონდეს! მაშ, ღმერთისა და მეფის დამცველები მძარცველები არიან? ანა ორეელს გეფიცებით, ჩვენი საქმე რესპუბლიკასთან ბრძოლაა და არა დილიჟანსებთან! ამიერიდან, ვინც ასეთ სამარცხვინო რბევაში მიიღებს მონაწილეობას, ვერც ცოდვების მონანიებას ეღირსება და ვერც მეფის ერთგული მსახურებისთვის განკუთვნილი წყალობით ისარგებლებს.

      ხალხში ყრუ დრტვინვა გაისმა. ნათელი იყო ავტორიტეტი, ასე ძნელად რომ მოიპოვა ახალმა მეთაურმა ამ უდისციპლინო ურდოში, საცაა დაეცემოდა. ეს ბუზღუნი შეუმჩნეველი არ დარჩენია ახალგაზრდა კაცს. ის უკვე თავისი, როგორც წინამძღოლის ღირსების გადარჩენის გზას ეძებდა, როცა უცებ ჩამოვარდნილ სიჩუმეში ცხენის თქარათქური გაისმა. ყველამ იქით გაიხედა, საიდანაც ხმაური ისმოდა. პატარა ბრეტონულ ცხენზე ვაჟურად ამხედრებული ახალგაზრდა ქალი იყო. მან შუანების ჯგუფთან მიაჭენა ცხენი.

      - რა დაგემართათ? - რიგრიგობით შეხედა ქალმა შუანებს და მათ ბელადს.

      - წარმოგიდგენიათ, მადამ, ესენი მაიენიდან ფუჟერში მიმავალ საფოსტო დილიჟანსს სდარაჯობენ გასაძარცვად. ჩვენ კი, ეს-ეს არის, ჩვენი ფუჟერელი ვაჟკაცების გასათავისუფლებლად შეტაკება მოგვიხდა, რამაც ბევრი ხალხი დაგვაკარგვინა, ლურჯების დამარცხება კი ვერ შევძელით.

      - მერედა რა არის ამაში ცუდი? - იკითხა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც უტყუარი ალღოთი ამოხსნა სცენის საიდუმლო, - თქვენ ჯარისკაცები დაკარგეთ, მაგრამ ხალხი არასოდეს შემოგვაკლდება. ფოსტას მოაქვს ფული, რომელიც ყოველთვის გვჭირდება. დავმარხავთ ჩვენს კაცებს, რომლებიც ცაში მოხვდებიან, ავიღებთ ფულს, რომელიც ამ ყოჩაღი ხალხის ჯიბეებში მოხვდება. რა გაწუხებთ! შუანები ღიმილით ერთხმად დაეთანხმნენ ამ გამოსვლას.

      - ნუთუ აქ ისეთი არაფერია, რომ გაგაწითლოთ? - ჩუმად ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა, - ფული ისე გჭირდებათ, რომ შარაგზაზე უნდა იშოვოთ?

      - ისე ვარ ფულზე დახარბებული, მარკიზო, რომ ჩემს გულს მივცემდი გირაოდ, ერთ ვინმეს რომ არ მოეტაცა ჩემთვის! - კეკლუცად შეჰღიმა, - კი მაგრამ, საიდან ჩამოვარდით, რომ გგონიათ, შუანებს გამოიყენებთ ისე, რომ ზოგჯერ ლურჯების ძარცვის ნებას არ მისცემთ? არ გაგიგონიათ ანდაზა "ბუსავით ქურდბაცაცა"? შუანი კი ვინ არის? თანაც, - ხმას აუწია, - ეს ხომ სამართლიანი საქმეა? განა ლურჯებმა არ მიიტაცეს ეკლესიისა და ჩვენი ავლა-დიდება?

      ეს სიტყვები კმაყოფილ გუგუნში ჩაიკარგა, რომელიც სულაც არ ჰგავდა იმ ბრდღვინვას, მარკიზს რომ შეაგებეს შუანებმა. ახალგაზრდა კაცს სახე მოექუფრა. ქალბატონი განზე გაიყვანა და აშკარად უკმაყოფილომ კარგად აღზრდილი კაცის ტონით უთხრა: - ეს ბატონები დანიშნულ დღეს ჩამოვლენ ვივეტიერში?

      - დიახ, - უპასუხა ქალმა, - ყველანი ჩამოვლენ: მოპასუხეც, დიდი-ჟაკიც და შეიძლება ფერდინანდიც.

      - ნება მომეცით, იქ დავბრუნდე, არ შემიძლია ასეთი ყაჩაღობა დავუშვა. დიახ, ქალბატონო, ყაჩაღობა ვთქვი. ქურდობის მსხვერ-პლი რომ გახდე, არის ამაში რაღაც კეთილშობილური, კი, მაგრამ...

      - კეთილი, - შეაწყვეტინა ქალმა, - თქვენს წილს მე ავიღებ, გმადლობთ, რომ დამითმეთ... ჩემს ნადავლს ესეც დაემატება და ძალიან გამომადგება. დედას იმდენი ხანია, ფული არ გამოუგზავნია, რომ სასოწარკვეთილი ვარ...

      - მშვიდობით! - წამოიძახა მარკიზმა და საჩქაროდ გაერიდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალი სწრაფად დაეწია.

      - რატომ არ გინდათ ჩემთან დარჩეთ? - ნახევრად მბრძანე-ბლური და ნახევრად ალერსიანი თვალებით შეხედა, ისეთი მზერით, მამაკაცების პატივისცემას რომ იმსახურებენ, ქალებმა სურვილების გამოსახატავად ოსტატურად გამოყენება რომ იციან.

      - დილიჟანსის გაძარცვას ხომ აპირებთ?

      - გაძარცვას? - შეესიტყვა ქალი, - რა უცნაური სიტყვაა! ნება მომეცით, აგიხსნათ...

      - არ არის საჭირო, - თქვა ახალგაზრდა კაცმა, აიღო მისი ხელები და კურტიზანის გულგრილი თავაზიანობით დაუკოცნა, - მომისმინეთ, - განაგრძო მცირე პაუზის შემდეგ, - თუ აქ ვიქნები დილიჟანსის ხელში ჩაგდების დროს, ჩვენი ხალხი მომკლავს, რადგან...

      - თქვენ მათ არ დახოცავთ, - ცოცხლად შეაწყვეტინა, - რადგან ხელებს გაგიკრავენ, მიუხედავად თქვენდამი დიდი პატივისცემისა. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებისგან აიღებენ აღჭურვილობას არსებობისთვის, დენთის საყიდლად საჭირო კონტრიბუციას, ამის მერე ბრმად დაგემორჩილებიან.

      - და თქვენ გინდათ, აქ მე ვიუფროსო? თუ ჩემი სიცოცხლე სჭირდება იმ საქმეს, რასაც ვემსახურები, იმის ნება მაინც მიბოძეთ, ღირსება შევინარჩუნო. აქედან თუ წავალ, ამ სიმდაბლეზე შეიძლება არც არაფერი ვიცოდე. მოგვიანებით მოვალ და გაგაცილებთ.

      და სწრაფად გაეცალა იქურობას. ახალგაზრდა ქალბატონმა აშკარად ნაღვლიანად მიუგდო ყური ფეხის ხმას. ხმელი ფოთლების შარიშური თანდათან მიჩუმდა. ერთხანს თითქოს საგონებელში ჩავარდა, მერე შუანებისკენ გაეშურა. უცებ ირონიულ-დამცინავი ჟესტი გააკეთა და იარე-მიწაზეს, ცხენიდან ჩამოხდომაში რომ დაეხმარა, უთხრა: - ამ ახალგაზრდას რესპუბლიკასთან ომი წესისა და რიგის მიხედვით უნდა!.. არა უშავს, კიდევ რამდენიმე დღე და აზრს შეიცვლის!... როგორ მომექცა! - ჩაილაპარაკა თავისთვის.

      ქალი კლდეზე ჩამოჯდა, მანამდე ახალგაზრდა კაცი რომ იჯდა და ჩუმად დაელოდა დილიჟანსის მოსვლას. ეპოქის საკმაოდ საგულისხმო ფენომენი იყო ეს ახალგაზრდა არისტოკრატი ქალი, რომელიც მძაფრმა ვნებებმა მონარქიების დროის წინააღმდეგ ომში ჩააბა, მგზნებარე გრძნობებმა კი სავალალო ქცევებისკენ უბიძგეს, თუმცა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თანამოაზრე არ ყოფილა. ამ თვალსაზრისით, ის იმ ქალებს ჰგავდა, რომლებიც, ეგზალტაციით ატაცებულნი, არცთუ იშვიათად საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ. მის მსგავსად, მოვლენების მორევში ჩათრეულმა ბევრმა ქალმა ითამაშა საგმირო თუ საძრახისი როლი. როიალისტებს არ ჰყავდათ უფრო ერთგული, უფრო აქტიური ემისრები, ვიდრე ეს ქალები, მაგრამ არცერთს არ მოუწია ერთგულების, შეცდომებისა და იმ დამღუპველი მდგომარეობის საფასურის გადახდა, რაც ქალთა სქესისთვის აკრძალულია, ისეთი სასოწარკვეთილებით გამოსყიდვა, რაც ამ ქალბატონმა განიცადა, როცა გზის პირას გრანიტის ლოდზე იჯდა და უნებურად აღფრთოვანებული იყო შუანების ახალგაზრდა ბელადის კეთილშობილური არადჩაგდებითა და პატიოსნებით. ნელ-ნელა ღრმა ფიქრებში ჩაიძირა. მწარე მოგონებებმა მოანატრეს სიყმაწვილის უბიწოება, გულუბრყვილობა და გული დასწყდა, რომ არ გახდა მსხვერპლი რევოლუციისა, რომლის მაშინდელი ძლევამოსილი მსვლელობაც ასეთმა სუსტმა ხელებმა ვერ შეაჩერეს.

      დილიჟანსი, შუანების თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი რომ იყო, ორი რაზმის შეტაკებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოვიდა პატარა ქალაქ ერნედან. ნებისმიერ ქვეყანას ყველაზე კარგად მისი მატერიალური ყოფა აღწერს. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული დილიჟანსი განსაკუთრებულ მოხსენიებას იმსახურებს. თვითონ რევოლუციას ძალა არ ეყო, მოესპო იგი: დღესაც დაგრიალებს. როცა ტიურგომ გამოისყიდა ერთი კომპანიის, ჯერ კიდევ ლუი XIV-ის დროს მიღებული პრივილეგია, მონოპოლიური უფლება მოეპოვებინა მგზავრების ექსკლუზიური გადაყვანისა მთელს სამეფოში, მან დააარსა საწარმოები, ტიურგოტინები რომ დაარქვა, ხოლო ბატონების, ვუჟის, შანტეკლერის და ლაკომბის ქვრივის ძველი მდიდრული კარეტები განდევნეს პროვინციაში. ერთ-ერთი ასეთი დიდი სამგზავრო ეტლი აკავშირებდა მაიენსა და ფუჟერს. ზოგიერთმა ჯიუტმა მას დაცინვით ტიურგოტინი შეარქვა, პარიზის გამოჯავრებით თუ იმ მინისტრის სიძულვილის გამო, სიახლეებისკენ რომ ისწრაფვოდა. ტიურგოტინი საძაგელი, ორ უზარმაზარბორბლიანი კაბრიოლეტი იყო, რომელშიც ორი ცოტა მსუქანი ადამიანი გაჭირვებით მოთავსდებოდა. ამ დანჯღრეული ეკიპაჟის სივიწროვე ბევრ ბარგს გამორიცხავდა; სკივრი, რომე-ლიც იგივე დასაჯდომი იყო, მხოლოდ ფოსტისთვის იყო განკუთვნილი. მგზავრს თუ ბარგი ჰქონდა, ფეხებს შუა უნდა ჩაედგა ისედაც ძალიან ვიწრო, სამჭედლოს საბერველის მსგავს ძარაში ჩაჭედილს. თავიდან რა ფერის იყო კარეტა ან ბორბლები, მგზა-ვრებისთვის ამოუხსნელი გამოცანა იყო. ტყავის ორ ფარდას, მიუხედავად სიძველისა, ძლივს რომ იდრიკებოდა, წამებული მგზავრები სიცივისა და წვიმისაგან უნდა დაეცვა. მეეტლე მაღალ, ყველაზე უხეირო პარიზული ძველებური ორთვალას კოფოს მსგავს მაღალ სკამზე იჯდა და უნებურად მონაწილეობდა ლაპარაკში, რადგან თავის ორფეხა და ოთხფეხა მსხვერპლებს შორის იჯდა. ეს ეკიპაჟი ფანტასტიურად ჰგავდა გადაბეხრეკებულ ბებრებს, უამრავი კატარი, აპოპლექსური დამბლა რომ გადაუტანიათ, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილან; გზაში ოხრავდა, კვნესოდა, დროდადრო თითქოს წამოიყვირებდა ხოლმე. ძილმორეული მგზავრივით, ხან წინ გადაიხრებოდა, ხან უკან, თითქოს უძალიანდებოდა პატარა, ბრეტონული ცხენების თავგანწირულ მცდელობას, ოღროჩოღრო გზაზე რომ მიათრევს. სხვა საუკუნის ამ ძეგლში სამი მგზავრი იყო. ერნედან გამოსვლის შემდეგ, სადაც ცხენები გამოუცვალეს, ისინი საფოსტო სადგურამდე დაწყებულ მასლაათს აგრძელებდნენ მეეტლესთან.

      - რატომ გგონიათ, რომ აქ შუანები გამოჩნდებიან? - იკითხა მეეტლემ, - ერნეში ხალხმა მითხრა, მეთაური იულო ფუჟერიდან არ წასულაო.

      - ეჰ, მეგობარო, - შეეხმიანა ერთ-ერთი სხვებზე ახალგაზრდა მგზავრი, - შენ მარტო შენს ტყავს უფრთხილდები, აი, ჩემსავით, თან სამასი ეკიუ რომ გქონდეს და თანაც პატიოსან პატრიოტად გიცნობდნენ, ვერ იქნებოდი მშვიდად.

      - ცოტა არ იყოს, ყბედი ბრძანდებით, - მეეტლემ თავი გადააქნია.

      - დათვლილი ცხვარი მგლის ნადავლია, - შეეხმიანა მეორე მგზავრი.

      ეს, ასე ორმოცდაათი წლის შავად ჩაცმული კაცი, ალბათ ახლომახლო რექტორი იყო. სქელი ღაბაბი და ღაჟღაჟა ლოყები აშკარად მოწმობდნენ, რომ სასულიერო წოდებას ეკუთვნოდა. ტანმორჩილი და ჩასკვნილი ცქვიტად ჩამოდიოდა ეტლიდან და ასევე მკვირცხლად ადიოდა.

      - თქვენ ვინ ხართ, შუანები? - წამოიძახა სამასი ეკიუს პატრონმა, ჩაცმულობით შეძლებულმა გლეხმა, თხის საუცხოო ტყავი რომ უფარავდა ფარსაგი მაუდის შარვალს და ძალიან სუფთა ქურთუკიც ეცვა, - ვფიცავ წმინდა რობესპიერის სულს, შავი დღე დაგადგებათ, თუ... - მერე თვალი შეავლო მეეტლეს, მერე მგზავრს და ქამარში გარჭობილი ორი პისტოლეტი უჩვენა.

      - ბრეტონელებს მაგით ვერ შეაშინებთ, - მედიდურად თქვა რექტორმა, - და მერე რა შეგვატყვეთ, რომ თქვენი ფული გვაინტერესებს?

      სიტყვა "ფულის" ხსენებაზე მეეტლე ჩუმდებოდა, რექტორი კი საკმაოდ ჭკვიანი იყო, რათა ეჭვი გასჩენოდა, რომ პატრიოტს ოქროს ეკიუები ჰქონდა და მეეტლეს მიჰქონდა ფული.

      - დღეს ტვირთით ხარ, კუპიო? - იკითხა აბატმა.

      - ეს, ბატონო გიუდენ, ჩათვალეთ რომ არაფერია, - უპასუხა მეეტლემ.

      აბატმა გიუდენმა გამომცდელად შეხედა კუპიოს და პატრიოტს, მაგრამ ორივეს დარბაისლური, მშვიდი სახე ჰქონდა.

      - მით უკეთესი შენთვის, შეეხმიანა პატრიოტი, თუ დამჭირდა, შევძლებ ჩემი ქონების დაცვას.

      დიქტატურის ასეთმა დესპოტურმა ხელყოფამ აღაშფოთა კუპიო და უხეშად შეეპასუხა: - ჩემი ეკიპაჟის პატრონი მე ვარ და თუ კი მიმყავხართ...

      - ვინ ხარ? პატრიოტი თუ შუანი? - გაცხარებულმა გააწყვეტინა სიტყვა მოწინააღმდეგემ.

      - არც ერთი, არც მეორე, - უპასუხა კუპიომ, - მეეტლე ვარ და, რაც მთავარია, ბრეტონელი, მაშასადამე, არც ლურჯების მეშინია და არც დიდებულების.

      - შენ ალბათ დიდწამგლეჯები გინდოდა გეთქვა, - შეაწყვეტინა პატრიოტმა ირონიულად.

      - მათ მხოლოდ უკან მიაქვთ ის, რაც წაგლიჯეს, - თქვა გაგულისებულმა რექტორმა.

      ორივე მგზავრი თვალებით ჭამდა ერთმანეთს, თუ დასაშვებია სალაპარაკო ენის ამ გამოთქმის ხმარება. ეტლის სიღრმეში მესამე მგზავრიც იჯდა, მთელი ამ ხნის მანძილზე ხმა რომ არ ამოუღია. მეეტლე, პატრიოტი და გიუდენიც კი არაფრად აგდებდნენ ამ უდრტვინველ მგზავრს. მართლაც, ეს იყო უხერხული და უკარება მგზავრი, იმ უტყვ ხბოს მოგაგონებდათ, ფეხებგაკრული რომ მიჰყავთ უახლოეს ბაზარზე. ჯერ საკუთარ ადგილზე თავისუფლად მოეწყობიან და მერე ამთავრებენ იმით, რომ ჩაძინებულები უცერემონიოდ ჩამოადებენ თავს მხარზე მეზობელს. პატრიოტმა, გიუდენმა და მეეტლემ თავი მიანებეს, რაკი მძინარედ ჩათვალეს და თანაც უსარგებლოდ მიიჩნიეს, ლაპარაკი გაებათ გაქვავებულსახიან კაცთან, რომელსაც მთელი ცხოვრება წყრთობით ტილოს აზომვა-გაყიდვაში გაუტარებია, ტვინი კი იმით ჰქონდა დაკავებული, უბრალოდ, მეტი წაეგლიჯა, ვიდრე ღირდა. ეს ჯმუხი პატარა კაცი, კუთხეში გორგალივით მოკუნტული, დროდადრო ახელდა პატარა, ცისფერ თვალებს, მთელი ამ საუბრის განმავლობაში რიგ-რიგობით უყურებდა მოსაუბრეებს შიშით, ეჭვით და უნდობლობლად, მაგრამ ისე, რომ გეგონებოდათ, თავისი თანამგზავრების ეშინია და არა შუანებისო. ამ დროს პელერინის მწვერვალზე სროლა ატყდა. კუპიომ შემკრთალმა შეაჩერა ეტლი.

      - ოჰ! ოჰ! - შესძახა მღვდელმა, რომელიც ვითარებაში კარგად ერკვეოდა, - სერიოზული შეტაკებაა, ბევრი ხალხია.

      - ჰო, ბატონო გიუდენ, მძიმე მდგომარეობაა, ნეტავი გაგვაგებინა, ვინ მოიგებს? - წამოიძახა კუპიომ.

      ამჯერად სახეზე ყველას შეშფოთება ეწერა.

      - შევიყვანოთ ეტლი ამ სამიკიტნოს ეზოში და ჩვენც იქ დავიმალოთ, სანამ ბრძოლის შედეგს გავიგებთ.

      რჩევა ისეთი ბრძნული ეჩვენა, რომ კუპიომ დაუჯერა. პატრიოტმა მეეტლეს უშველა, ეკიპაჟი თვალისთვის მოეფარებინათ ფიჩხის გროვის უკან. გაწითლებულმა რექტორმა დრო შეარჩია და კუპიოს ჰკითხა: - მაგას მართლა აქვს ფული?

      - ეეჰ, ბატონო გიუდენ, რაც მაგას აქვს, თუ თქვენი უწმინდე-სობის ჯიბეებში მოხვდება, არ დაგამძიმებთ.

      რესპუბლიკელები, ერნეში რომ ეჩქარებოდათ, გასცდნენ დუქანს. მათი ბრაგაბრუგის გაგონებაზე გიუდენი და პატრიოტი ჭიშკრიდან გზაზე გავიდნენ დაინტერესებულები. უცებ სქელმა რექტორმა მიირბინა ჯარისკაცთან, კოლონიის ბოლოში რომ მიჩანჩალებდა: - გიუდენ, რა ხდება! ჯიუტო, მაშ, არ იშლი და ლურჯებთან მიდიხარ? შვილო ჩემო, კარგად დაფიქრდი?

      - კი, ბიძაჩემო, - უპასუხა კაპრალმა, - დავიფიცე, რომ საფრანგეთს დავიცავ.

      - ეჰ, შე უბედურო! სულს წაიწყმედ! - წამოიძახა აბატმა, ეგონა, ძმისწულის გულში რელიგიურ გრძნობას გააღვიძებდა, რაც ასე ძლიერია ბრეტონელებში.

      - ბიძაჩემო, მეფე რომ ჩაუდგებოდეს სათავეში თავის არმიას, იმას კი არ ვამბობ, რომ...

      - უჰ, შე ბრიყვო! მეფეზე ვინ გელაპარაკება? შენი რესპუბლიკა, რა, სააბატოებს არგებს? ყველაფერი აურია. რას მიაღწევ? დარჩი ჩვენთან, ადრე თუ გვიან გავიმარჯვებთ და სადმე პარლამენტის მრჩეველი გახდები.

      - პარლამენტის? - დამცინავად ჩაეკითხა ახალგაზრდა გიუდენი, - მშვიდობით, ბიძაჩემო!

      - ჩემგან სამ ლუიდორსაც ვერ მიიღებ! - გაცეცხლდა ბიძა, - მემკვიდრეობას ვერ ეღირსები, ჩამოგართმევ!

      - მადლობელი ვარ! - უპასუხა რესპუბლიკელმა.

      და წავიდ-წამოვიდნენ. სანამ ლურჯების პატარა დანაყოფი ჩაივლიდა, სიდრის ოხშივარმა, პატრიოტმა რომ დაალევინა კუპიოს, მეეტლეს გონება დაუბინდა. მაგრამ მაშინვე გამოფხიზლდა და გამხიარულდა, როცა მეფუნდუკემ გაიკითხ-გამოიკითხა შეტაკების შედეგები და ამცნო, რომ ლურჯების მხარეს იყო გამარჯვება. კუპიო ისევ გავიდა დიდ გზაზე და მალე მისი ეტლი პელერინის ველზეც გამოჩნდა, სადაც მისი დანახვა მენის პლატოდანაც და ბრეტონის მხრიდანაც შეიძლებოდა, იტყოდი, ქარიშხალს გადარჩენილი გემის ნაწილია, ტალღებს რომ მიაქვსო.

      როგორც კი ბორცვის წვერზე ავიდა, სადაც ლურჯები ადიოდნენ და საიდანაც შორს პელერინს დაინახავდით, იულო შემოტრიალდა, შუანები ისევ იქ არიან თუ არაო. მათი თოფების მზეზე მოელვარე ლულები ბრჭყვიალა წერტილებივით ჩანდა. კიდევ ერთხელ გადახედა ველს, საიდანაც, ეს-ეს არის, გამოვიდა, ერნეს ხეობას რომ დასდგომოდა. მოეჩვენა, რომ შარაგზაზე კუპიოს ეტლი დაინახა.

      - ეს მაიენის დილიჟანსი არ არის? - ჰკითხა თავის ორ მეგობარს.

      ოფიცრები დააკვირდნენ და იცნეს.

      - ეჰე! როგორ არ შეგვხვდნენ?

      უსიტყვოდ გადახედეს ერთმანეთს.

      - აი, კიდევ ერთი გამოცანა! - წამოიძახა მეთაურმა, - მგონი უკვე ვხვდები.

      ამ მომენტში იარე-მიწაზემ იცნო ტიურგოტონი და თავისიანებს შეატყობინა. საყოველთაო სიხარულმა ახალგაზრდა ქალი ფიქრებიდან გამოიყვანა, მიუახლოვდა შუანებს და დილიჟანსი დაინახა, რომელიც პელერინის აღმართისკენ მიისწრაფოდა. მალე ბედნავსი ტიურგოტინი პლატოზე ავიდა. შუანები, რომლებიც ისევ მიიმალ-მოიმალნენ, დამშეული მხეცის სისწრაფით დააცხრნენ. უტყვი მგზავრი ჩაცურდა, მოიკუნტა და ბარდანასავით მიიყუჟა.

      - ეჰე! - შეჰყვირა კუპიომ კოფოდან და გლეხებზე მიუთითა, - იყნოსეთ? იგრძენით, რომ ამ პატრიოტს მთელი ტომარა ფული აქვს!

      ამ სიტყვებს შუანების თავაწყვეტილი ხარხარი მოჰყვა და ყვირილი გაისმა: მოიტაცე-დიდი-კვერი! მოიტაცე-დიდი-კვერი!

      ამ სიცილ-ხარხარში, ექოსავით რომ აჰყვა თვითონ მოიტაცე-დიდი-კვერი, შემცბარი კუპიო კოფოდან ჩამოვიდა. როცა ყბადაღებულმა სიბომ, იგივე მოიტაცე-დიდი-კვერმა ხელი შეაშველა თა-ვის მეზობელს ეტლიდან გადმოსვლისას, მოწიწებულმა ჩურჩულმა გადაირბინა.

      - ეს ხომ აბატი გიუდენია! - წამოიძახეს აქეთ-იქით.

      ამ პატივცემული სახელის გაგონებაზე შუანებმა ქუდები მოიშვლიპეს, მუხლებზე დაეცნენ მღვდლის წინაშე და კურთხევა სთხოვეს. აბატმა დიდი ამბით დალოცა.

      - ეს წმინდა პეტრესაც კი გააცურებდა და სამოთხის გასაღებს აწაპნიდა, - თქვა რექტორმა და მხარზე ხელი დაუტყაპუნა მოიტაცე-დიდ-კვერს, - ეს რომ არა, ლურჯები ჩაგვიგდებდნენ ხელში.

      ახალგაზრდა ქალბატონის დანახვაზე აბატი გიუდენი მისკენ გაეშურა. იარე-მიწაზემ მარჯვედ გახსნა დილიჟანსის სკივრი, გიჟური სიხარულით აჩვენა ყველას ტომარა, აშკარად რომ ეტყობოდა, მონეტების რულონებით იყო სავსე. ნადავლის გაყოფაც აღარ დაუხანებია. ყოველმა შუანმა თავისი წილი მიიღო და ისე სამართლიანად და ზუსტად განაწილდა, რომ კინკლაობაც კი არ გამოუწვევია. მერე მიუახლოვდა ახალგაზრდა ქალბატონს და მღვდელს და ექვსი ათასამდე ფრანკი გაუწოდა.

      - სუფთა სინდისით შემიძლია ავიღო, ბატონო გიუდენ? - იკითხა ქალმა, რადგან გრძნობდა ნებართვის აუცილებლობას.

      - აბა, როგორ ქალბატონო? ოდესღაც ეკლესია არ იყო პროტესტანტების ქონების კონფისკაციაზე თანხმობა რომ მისცა? მითუმეტეს, ნებადართულია რევოლუციონერებთან, ღმერთის უარმყოფელებთან, ტაძრების დამანგრეველებთან და რელიგიის მდევნელებთან დაკავშირებით.

      ეს ქადაგება აბატმა საკუთარი მაგალითით დაადასტურა - ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მიიღო ახალი ყაიდის დესეტინა, იარე-მიწაზემ რომ მიუტანა.

      - თანაც ახლა ყველაფერი, რაც გამაჩნია, შემიძლია შევწირო ღმერთს და მეფეს: ჩემი ძმისწული ლურჯებთან წავიდა!

      კუპიო მოთქვამდა, დავიღუპეო.

      - მოდი ჩვენთან, - უთხრა იარე-მიწაზემ და შენი წილი გექნება.

      - მაგრამ თუ თავდასხმის კვალი არ იქნება, ეგონებათ, ძალით გავაძარცვინე.

      - სულ ეგ არის?.. - იარე-მიწაზემ ანიშნა და ზალპით დაცხრილეს ტიურგოტინი. ამ უცაბედი ბათქაბუთქისგან ძველი ეტლი ისე აჭრიალდა, რომ ბუნებით ცრუმორწმუნე შუანებმა უკან დაი-ხიეს. იარე-მიწაზემ კი შენიშნა ძარის კუთხეში როგორ გამოჩნდა და იქვე გაუჩინარდა უჩუმარი მგზავრის გაფითრებული სახე.

      - შენს საქათმეში კიდევ ერთი ფრინველი გყოლია, - ჩაულაპარაკა იარე-მიწაზემ კუპიოს.

      მოიტაცე-დიდი-კვერი მიხვდა შეკითხვას და მრავალმნიშვნე-ლოვნად ჩაუკრა თვალი.

      - ჰო, - უპასუხა მეეტლემ, - მაგრამ თუ ჩემი გადაბირება გინდათ, ნება მომეცით, ეს პატიოსანი კაცი საღსალამათი ჩავიყვანო ფუჟერში. წმინდა ანა ორეელს შევფიცე.

      - ეგ ვინღაა? - იკითხა მოიტაცე-დიდი-კვერმა.

      - მაგას ვერ გეტყვით, - უპასუხა კუპიომ.

      - გაუშვი, წაიყვანოს, - იარე-მიწაზემ მუჯლუგუნი წაჰკრა მოიტაცე-დიდ-კვერს, - რაკი წმინდა ანა ორეელს შეჰფიცა, სიტყვა სიტყვაა.

      - ოღონდ იცი, რა, - შუანმა კუპიოს მიმართა, - ძალიან სწრაფად ნუ დაეშვებით დაღმართზე, დაგეწევით. ასეა საჭირო. შენი მგზავრის სიფათი მინდა ვნახო და მერე მივცემთ საშვს.

      ამ დროს ცხენის თქარათქური გაისმა, მთას უახლოვდებოდა. მალე ახალგაზრდა მეთაურიც გამოჩნდა. ქალმა საჩქაროდ დამალა ზურგსუკან პარკი, ხელში რომ ეჭირა.

      - შეგიძლიათ, მშვიდად აიღოთ ეგ ფული, - უთხრა ახალგაზრდა კაცმა და ხელი გამოაწევინა, - აი, წერილი, ჩემს წერილებში რომ ვიპოვე ფოსტაში, ვივეტიერში რომ მელოდა, ქალბატონ დედათქვენის წერილი, - სათითაოდ შეხედა ყველა შუანს, ტყეს რომ აფარებდნენ თავს და ეტლს, კუენონის ველისკენ რომ ჩადიოდა და დაუმატა: - როგორ ვჩქარობდი, მაგრამ ვერ მოვუსწარი. ნეტავ ჩემი ეჭვები არ გამართლდეს!

      - ეს საბრალო დედაჩემის ფულია, - შეჰყვირა ახალგაზრდა ქალბატონმა, წერილი რომ გახსნა და პირველი სტრიქონები წაიკითხა.

      - ტყიდან მოგუდული სიცილი გაისმა. ახალგაზრდა მეთაურმაც, ქალის შემხედვარემ, ღიმილი ვერ შეიკავა. ჯერ კიდევ ხელში ეჭირა საკუთარი ფულის ნაძარცვის თავისი წილი. მანაც სიცილი დაიწყო.

      - დიდება შენდა, ღმერთო! მარკიზო, ამჯერად მშრალად გამოვედი.

      - რა არასერიოზული ხართ ყველაფერში, სინდისის ქენჯნაშიც კი... - უთხრა ახალგაზრდა კაცმა. ქალი გაწითლდა და მარკიზს ისე გულწრფელად დარცხვენილმა შეხედა, რომ განაიარაღა იგი. აბატმა თავაზიანად, მაგრამ ორჭოფული სახით დაუბრუნა თავისი ახლახან მიღებული დესეტინა და გაეშურა შემოსავლელი გზის-კენ, რითიც მოვიდა. სანამ მათ შეუერთდებოდა, ქალმა იარე-მიწაზეს ანიშნა. ისიც მიუახლოვდა.

      - ახლა მორტანთან ჩაუსაფრდით, - უთხრა ჩუმად, - გავიგე, რომ ლურჯები დღეს-ხვალ გააგზავნიან ალანსონში ომისთვის მოსამზადებლად დიდძალ ფულს, ნაღდ ფულს. შენს ამხანაგებს დღევანდელ ნადავლს დავუტოვებ იმ პირობით, რომ ზარალს ამინაზღაურებენ. ოღონდ გაფრთხილდი, ვაჟკაცმა არ გაიგოს, რისთვის მიდიხართ იქ: შეიძლება წინააღმდეგობა გაგიწიოთ. მაგრამ თუ ასეთი რამე მოხდა, დავაწყნარებ.

      - ქალბატონო, - უთხრა მარკიზმა ქალს, უკან რომ შემოისვა, რაკი მან თავისი ცხენი აბატს დაუტოვა, - ჩემი პარიზელი მეგობრები მწერენ, ფხიზლად ვიყო, რესპუბლიკა აპირებს ეშმაკობით და ღალატით გვებრძოლოს.

      - არა უშავს, - უპასუხა ქალმა, - საკმაოდ კარგი აზრები ჰქონია მაგ ხალხს. შემიძლია მონაწილეობა მივიღო ომში და მოწინააღმდეგეებიც ვიპოვო.

      - რა თქმა უნდა, - შესძახა მარკიზმა, - პეშეგრიუ მირჩევს, ზედმიწევნით ფრთხილად შევარჩიო მეგობრები.

      - რესპუბლიკა დიდ ნდობას მიცხადებს, როცა თვლის, რომ ყველა ერთად აღებულ ვანდეელზე საშიში ვარ. ცდილობს, ჩემი სისუსტეებით ისარგებლოს ხელში ჩასაგდებად.

      - ნუთუ მეც არ მენდობით და მომერიდებით? - ჰკითხა ქალმა და, ჩაბღაუჭებულმა, მსუბუქად დაუტყაპუნა ხელი გულზე.

      - ეგ როგორ გაიფიქრეთ, ქალბატონო? - შეესიტყვა და თავი მიაბრუნა. ქალმა შუბლზე აკოცა.

      - მაშ, - წამოიწყო აბატმა, - ფუშეს პოლიცია ჩვენთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე კონტრ-შუანები და მობილური ბატალიონები?

      - მართალს ბრძანებთ, თქვენო უწმინდესობავ.

      - ახ, ასეა? - წამოიძახა ქალბატონმა, - მაშ, ფუშე ქალების მოგზავნას აპირებს თქვენთან?! - და მცირე პაუზის შემდეგ ღუღუნა ხმით დაუმატა, - დაველოდები.

      ეს მოქმედება ვითარდებოდა დაცარიელებული პლატოდან სამ-ოთხ გასროლაზე, რაც არცთუ იშვიათი იყო იმხანად შარაგზაზე. პელერინის პატარა სოფლის სიბაკართან მოიტაცე-დიდი-კვერმა და იარე-მიწაზემ ისევ გააჩერეს დილიჟანსი პატარა ხევში. კუპიო უმნიშვნელო გაძალიანების შემდეგ ჩამოვიდა ეტლის კოფოდან. უტყვი მგზავრი, რომელიც ორმა შუანმა ეტლის კუთხიდან ამოაძვრინა, კურდღლისცოცხას ბუჩქნარში მუხლებზე დაჩოქილი აღმოჩნდა.

      - ვინ ხარ? - ავისმომასწავებელი ხმით ჰკითხა იარე-მიწაზემ.

      მგზავრი ხმას არ იღებდა. მაშინ მოიტაცე-დიდი-კვერმა თოფის კონდახი ჩასცხო და კითხვა გაუმეორა.

      - ჟაკ პინო ვარ, ტილოთი მოვაჭრე საწყალი კაცი, - უპასუხა და კუპიოს შეხედა.

      კუპიომ არაო, თავი გადააქნია, ეგონა, ამით არ არღვევდა მიცემულ სიტყვას. ამ ნიშანმა მოიტაცე-დიდ-კვერს სახე გაუნათა, მგზავრს თოფი მიუშვირა, იარე-მიწაზემ კი მრისხანედ და კატეგორიულად გამოუცხადა: - მეტისმეტად სქელი ხარ საწყალი კაცის კვალობაზე. თუ კიდევ ერთხელ გვაკითხინებ შენს ნამდვილ სახელს, აი, ჩემი მეგობარი მოიტაცე-დიდი-კვერი ერთი გასროლით მოიპოვებს შენი მემკვიდრეების პატივისცემასა და მადლიერებას. ვინ ხარ? - დაუმატა პაუზის მერე.

      - დ’ორჟემონი ვარ ფუჟერიდან.

      - ოჰო! - შესძახა ორივე შუანმა.

      - მე არ მითქვამს თქვენი სახელი, მუსიე დ’ორჟემონ, - ხმა ამოიღო კუპიომ, - წმინდა ღვთისმშობელია მოწმე, პატიოსნად გიცავდით.

      - აბა, რაკი დ’ორჟემონი ყოფილხართ ფუჟერიდან, - მოწიწებული ირონიული ხმით უთხრა იარე-მიწაზემ, - თავს დაგანებებთ. მაგრამ რაკი არც კაი ბიჭი შუანი ხართ და არც ნამდვილი ლურჯი, თუმცა ჟიუვინიის სააბატოს მიწები იყიდეთ, მაინც გადაგვიხდით გამოსასყიდს, - დაუმატა შუანმა და თითქოს თითებზე გადაითვალა თავისი ამხანაგები, - გადაგვიხდით ექვსფრანკიან სამას ეკიუს. ნეიტრალიტეტი ნამდვილად ღირს ამად.

      - სამასი ექვსფრანკიანი ეკიუ! - ერთბაშად აღმოხდა სამივეს: საცოდავ ბანკირს, მოიტანე-დიდ-კვერს და კუპიოს, მაგრამ ყველას სხვადასხვანაირად.

      - ვაგლახ, ჩემო ძვირფასო ბატონო, - განაგრძო დ’ორჟემონმა, - გაკოტრებული ვარ. ამ ოხერმა რესპუბლიკამ გამოაცხადა ასი მილიონი ფრანკის იძულებითი სესხი; უზარმაზარი გადასახადი შემაწერა და მშრალზე დავრჩი.

      - რამდენი მოგთხოვა შენმა რესპუბლიკამ?

      - ათასი ეკიუ, ჩემო ძვირფასო ბატონო, - უპასუხა საცოდავი სახით ბანკირმა იმ იმედით, რომ ცოტას დაუკლებდნენ.

      - შენი რესპუბლიკა თუ იძულებით სესხში ამოდენა ფულს გართმევს, ხომ ხედავ, ჩვენთან უფრო ხელსაყრელია: ჩვენი მთავრობა უფრო იაფია. სამასი ეკიუ შენი ტყავისთვის განა ბევრია?

      - საიდან მოვიტანო?

      - შენი სკივრიდან, - უთხრა მოიტაცე-დიდი-კვერმა, - და თან მიაქციე ყურადღება, ეკიუ სრული წონისა იყოს, თორემ კოცონზე შენ დაგიკლებთ წონას.

      - სად უნდა გადაგიხადოთ?

      - შენი სააგარაკო სახლი ფუჟერში ახლოს არის ჟიბარის ფერმასთან, სადაც ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს, დაასხი-კუტალი, იგივე დიდი სიბო, ფული მას გადაეცი, - უთხრა მოიტაცე-დიდი-კვერმა.

      - ეს რა წესია, - წამოიწყო დ’ორჟემონმა.

      - რა ჩვენი საქმეა! - უპასუხა იარე-მიწაზემ, - გახსოვდეს, თუ ორ კვირაში არ მიუტან ფულს დაასხი -კუტალს, შემოგივლით ცოტახნით და მოგირჩენთ პოდაგრას.

      - შენ კი კუპიო, - მიმართა მეეტლეს, - დღეიდან გერქმევა წაიღე-დოვლათი.

      ამ სიტყვების შემდეგ ორივე შუანი წავიდა. მგზავრი ისევ ჩაჯდა ეტლში, მეეტლის მათრახმა ფუჟერისკენ რომ გააქანა.

      - იარაღი რომ გქონოდათ, - უთხრა კუპიომ, - ცოტა უკეთესად დავიცავდით თავს.

      - ტუტუცო, აი, აქ ათი ათასი ფრანკი მაქვს, - დ’ორჟემონმა თავისი უხეში ფეხსაცმელები აჩვენა, - განა შეიძლება თავის დაცვა, როცა ასეთი თანხა გაქვს თან!

      წაიღე-დოვლათმა ყური მოიფხანა და უკან მოიხედა, მაგრამ მისი ახალი ამხანაგები უკვე გამქრალიყვნენ.

      იულოს რაზმი ცოტა ხანს ერნეში შეჩერდა, ავადმყოფების ლაზარეთში დასატოვებლად. მერე ისევ გააგრძელეს გზა და უფათერაკოდ ჩავიდნენ მაიენში. იქ მეორე დღეს მეთაურმა შეძლო, დაეზუსტებინა საფოსტო დილიჟანსის მარშუტი, რადგან მოსახლეობამ დილიჟანსის გაქურდვის შესახებ მეორე დღეს გაიგო. რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფლებამ მაიენში ბლომად ახალწვეული პატრიოტი გააგზავნა, იულოს თავისი ნახევარბრიგადა რომ შეევსო. მალე ნაკლებად დამამშვიდებელი ხმები გავრცელდა: ამბოხებამ ისევ მოიცვა ყველა ის ადგილი, რომელიც ბოლო ხანებში შუანებმა და ვანდეელებმა ხანძრის ძირითად კერებად აქციეს. ბრეტანში როიალისტები დაეპატრონნენ პონტორსონს, ზღვისკენ გასასვლელი რომ ჰქონოდათ. პონტორსონსა და ფუჟერს შორის, ხელში ჩაიგდეს პატარა ქალაქი სენ-ჯემსიც და, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დროებით თავიანთ პლაცდარმად ექციათ, საწყობების ცენტრად და სამხედრო ოპერაციების შუაგულად. იქიდან უსაფრთხოდ შეეძლოთ დაკავშირება ნორმანდიასთან და მორბიანთან. მეორეხარისხოვანი უფროსობა ამ სამ პროვინციას უვლიდა გარს, ცდილობდნენ, აეჯანყებინათ მონარქიის მომხრეები. ეს ხრიკები ვანდეიდან მიღებულ ცნობებს ემთხვეოდა, იქაც მსგავსი ინტრიგები ამღვრევდა მთელ მხარეს, ხელმძღვანელი იყო ოთხი ცნობილი როიალისტი ბატონი: აბატი ვერნალი, გრაფი დე ფონტენი, დე შატილიონი და სიუზანე. ამბობდნენ, თითქოს შევალიე დე ვალუა, მარკიზი დ’ეგრინიონი და ტრუავილები გამხდარიყვნენ მათი მოკავშირეები ორნის დეპარტამენტში. შეფი ოპერაციების ფართო პლანისა, რომელიც ნელა, მაგრამ ძლიერად ვითარდებოდა, მართლაც ვაჟკაცი იყო, ასეთი მეტსახელი შეარქვეს შუანებმა მარკიზ დე მონტორანს, როგორც კი გემიდან საფრანგეთის მიწას დაადგა ფეხი. იულოს მიერ მინისტრებისთვის მიწოდებული ცნობები უტყუარი იყო, უცხოეთიდან გამოგზავნილი წინამძღოლის ავტორიტეტი აღიარეს. მარკიზმა დიდი ძალაუფლება მოიპოვა შუანებზე, ცდილობდა, ჩაეგონებინა, რომ მათი სისასტიკე არცხვენდა კეთილშობილურ საქმეს, რომელიც მათ წამოიწყეს. სიმამაცე, ვაჟკაცობა, ცივი გონება, ნიჭი ამ ახალგაზრდა სენიორისა რესპუბლიკის მტრების იმედს აღვიძებდა და ისე გააღვივა პირქუში ეგზალტაცია ამ ოლქებში, რომ ახლა ყველაზე ნაკლებად თავგამოდებულებიც კი ხელს უწყობდნენ იმ მოვლენათა მომზადებას, რომლებსაც დამხობილი მონარქიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. პარიზიდან იულოს თავის უამრავ შეკითხვაზე არავითარი პასუხი არ მიუღია. ეს უცნაური სიჩუმე, ცხადია, რევოლუციის კრიზისის მაუწყებელი იყო.

      - იქნებ მათთან იქ, მთავრობაში, ისევე, როგორც ხაზინაში, სიცარიელეა და ყველა ჩვენი შუამდგომლობა ამაოა, - ეუბნებოდა ნახევარბრიგადის მოხუცი მეთაური თავის მეგობრებს.

      მაგრამ მალე გავრცელდა ცნობები გენერალ ბონაპარტის მოულოდნელი დაბრუნებისა და 18 ბრიუმერის მოვლენებზე. მაშინ დასავლეთ საფრანგეთის მეთაურებისთვის მინისტრების მდუმარება გასაგები გახდა. ამან მხოლოდ გაამძაფრა ოფიცერთა მოუთმენელი სურვილი, გათავისუფლებულიყვნენ მათთვის სამძიმო პასუხისმგებლობისგან და ინტერესით ელოდნენ, რა ზომებს მიიღებდა ახალი მთავრობა.

      როცა გაიგეს, რომ ბონაპარტი დაინიშნა რესპუბლიკის პირველ კონსულად, სამხედროებმა დიდად გაიხარეს! ისინი პირველად ხედავდნენ ერთ-ერთ თავისიანს სახელმწიფო საქმეების მესაჭედ. საფრანგეთი იმედმა შეაზანზარა, ახალგაზრდა გენერალი კერპად გაიხადა, ნაციას ენერგია გაუორმაგდა. პირქუში თავდაჭერით დაღლილი დედაქალაქი ზეიმებსა და სიამოვნებაში გადაეშვა, რაც ასე დიდხანს აკლდა. კონსულის პირველმა ღონისძიებებმა ვერც იმედი შეზღუდა და სულაც ვერ შეაშინა თავისუფლება. პირველმა კონსულმა განცხადებით მიმართა დასავლეთ საფრანგეთის მოსახლეობას. ამ ენაწყლიანმა პროკლამაციამ მასებისადმი, რომელიც, ასე ვთქვათ, ბონაპარტის გამოგონება იყო, პატრიოტიზმისა და სასწაულების იმ პერიოდში გასაოცარი ზეგავლენა იქონია. მისი ხმა წინასწარმეტყველის ხმასავით გაისმა მსოფლიოში, რადგან ყველა მისი მოწოდება დასტურდებოდა გამარჯვებით.

      "მკვიდრნო, მკრეხელურმა, ბიწიერმა ომმა მეორედ მოიცვა დასავლეთის დეპარტამენტები.

      ავტორები ამ ამბოხისა მოღალატეები არიან, სული რომ მიჰყიდეს ინგლისელებს ან ყაჩაღები, სამოქალაქო განხეთქილებას გამორჩენისა და თავიანთი ავკაცობის დაუსჯელობისთვის რომ იყენებენ. ასეთი ხალხის არც შებრალება ევალება მთავრობას და არც მათთვის თავისი პრინციპების განმარტება.

      მაგრამ არიან მოქალაქენი, სამშობლოსთვის ძვირფასნი, რომლებიც მეამბოხეებმა ხრიკებით შეაცდინეს. ასეთი მოქალაქეები უნდა გავანათლოთ და ჭეშმარიტებაზე თვალი უნდა ავუხილოთ. გამოიცა და განხორციელდა უსამართლო კანონები. მოქალაქენი შეაშფოთა დესპოტურმა, ტირანულმა ქმედებებმა, მათი უსაფრთხოებისა და სინდისის თავისუფლებას რომ დაემუქრა. მრავალ მოქალაქეს მიაყენეს დარტყმა ემიგრანტთა სიაში შეყვანით, მოკლედ, დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგის დიადი საფუძვლები.

      კონსულები აცხადებენ, რომ კონსტიტუციით, აღმსარებლობის თავისუფლების გარანტს რომ იძლევა, შესრულდება III წლის 11 პრერიალის კანონი, რაც მოსახლეობას უფლებას მისცემს, გამოიყენოს საკულტო-რელიგიური დანიშნულების ნაგებობები.

      მთავრობა აპატიებს და შეიწყალებს მონანიეთ. შეწყალება იქნება სრული და უპირობო, მაგრამ დაისჯება ყოველი, ვინც ამ დეკლარაციის შემდეგ გაბედავს ნაციის უმაღლეს ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიოს."

      - აბა, - ამბობდა იულო, როცა საჯაროდ წაიკითხეს კონსულის მოწოდება, - განა მამაშვილური არ არის? აი, ნახავთ, ვერცერთი ყაჩაღი როიალისტი თავის შეხედულებებს ვერ შეიცვლის.

      მეთაური მართალი იყო. პროკლამაციის შედეგი ის იყო, რომ ყველას განუმტკიცდა თავისი შეხედულება. რამდენიმე დღის შემდეგ იულომ და მისმა კოლეგებმა მაშველი ჯარი მიიღეს. ახალმა სამხედრო მინისტრმა აცნობა, რომ მათთან ჩავიდოდა დასავლეთ საფრანგეთის ჯარების მეთაურად დანიშნული გენერალი ბრიუნი. თავისი გამოცდილებით ცნობილმა იულომ მიიღო დროებითი სარდლობა ორნისა და მაიენის დეპარტამენტებში. მალე უჩვეულო აქტივობამ გამოაცოცხლა მთავრობის ყველა უწყება. სამხედრო მინისტრისა და პოლიციის მინისტრის ცირკულარი ამცნობდა, რომ ამბოხების ჩასახშობად საფუძველშივე ენერგიულ ზომებს მიიღებდნენ და მათი განხორციელება დაევალებოდა ჯარის მეთაურობას. მაგრამ შუანებმა და ვანდეელებმა ისარგებლეს რესპუბლიკის უმოქმედობით, აამხედრეს სოფლები და სრულიად დაეპატრონნენ მათ, ამიტომ გამოქვეყნდა კონსულთა მეორე მოწოდება. ამჯერად ბონაპარტი მიმართავდა ჯარებს: "ჯარისკაცებო!

      საფრანგეთის დასავლეთში დარჩნენ მხოლოდ ყაჩაღები, ემიგრანტები და ინგლისის დაქირავებული ჯარისკაცები.

      ჩვენს არმიაში სამოცი ათასზე მეტი გულადი ადამიანია, მოკლე ხანში ველოდები შეტყობინებას, რომ ამბოხების მეთაურები ცოცხლები აღარ არიან. დიდება მძიმე შრომის საფასურია. რომ შეიძლებოდეს მისი მოპოვება შტაბში, დიდ ქალაქებში, ვის არ მოუნდებოდა?

      ჯარისკაცებო, არმიის რომელ რანგსაც უნდა მიეკუთვნებოდეთ, ნაციის მადლიერება გელით, მისი ღირსნი რომ იყოთ, არაფრად უნდა ჩააგდოთ უამინდობა, ყინვა, თოვლი, ღამეული სასტიკი სიცივეები, გათენებისას თავს უნდა დაადგეთ მტერს და ამოწყვიტოთ "ფრანგის" სახელის შემარცხვენელი არამზადები.

      კამპანია აწარმოეთ სწრაფად და გაბედულად. შეურიგებელი იყავით ყაჩაღების მიმართ, მაგრამ დაიცავით მკაცრი დისციპლინა.

      ნაციონალური გვარდიის წევრებო, თქვენი ძალისხმევა შეუ-ერთეთ რეგულარულ ჯარებს.

      თუ თქვენ ირგვლივ ყაჩაღების მომხრეები გეგულებათ, და-აპატიმრეთ! რომ ვერსად დაემალონ მდევარ ჯარისკაცებს და თუ აღმოჩნდებიან მოღალატეები, რომლებიც მათ შეიფარებენ და დაეხმარებიან, დაე, ისინიც ამბოხებულებთან ერთად დაიღუპონ!"

      - რა გამჭრიახია! - აღმოხდა იულოს, - ზუსტად ისეა, როგორც იტალიის არმიაში: თვითონ სწირავს და ზარებსაც თვითონ არისხებს. მერე, როგორ ლაპარაკობს!

      - ჰო, მაგრამ თვითონ ლაპარაკობს და მარტო თავისი სახელით, - შენიშნა ჟერარმა, რომელსაც უკვე აშინებდა თვრამეტი ბრიუმერის შედეგები.

      - ეჰ, გულუბრყვილო! დიდი ამბავი! ის ხომ სამხედროა! - წამოიძახა მერლმა.

      ოფიცრებისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით კედელზე გაკრულ მოწოდებასთან ჯარისკაცები შეკრებილიყვნენ, მაგრამ რაკი კითხვა არც ერთმა არ იცოდა, მხოლოდ მიშტერებოდნენ განცხადებას, ზოგი უზრუნველად, ზოგი - ინტერესით. ორნი თუ სამნი გამვლელებს აკვირდებოდნენ, იქნებ ვინმე წიგნიერი ეპოვათ.

      - აბა, გულთამხილავო, ერთი შეხედე, ეგ რა ქაღალდი გაუკრავთ მანდ, - დამცინავი ღიმილით უთხრა იფრინდამ თავის ამხანაგს.

      - რა ძნელი მისახვედრია, - უპასუხა გულთამხილავმა, ყველამ ამ ორ მეგობარს შეხედა, ყოველთვის მზად რომ იყვნენ სამასხარაოდ.

      - აჰა, ხედავ? - განაგრძო გულთამხილავმა და უჩვენა უშნო ვინიეტი განცხადების სათაურთან, სადაც, დიდი ხანი არ იყო, ფარგალმა[3] შეცვალა 1793 წლის ნიველირი - ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ძმა ჯარისკაცს ბევრი აქვს სასიარულო. ხედავ? ფარგალი გაშლილია. ამას "ემბლემა" ჰქვია.

      - ჩემო ბიჭო, არ გიხდება სწავლულის განსახიერება, ამას "პრობლემა" ჰქვია. მე ჯერ არტილერიაში ვმსახურობდი, - ჩაერია იფრინდა, - ასე რომ, პრობლემა რა ხილია, ჩვენმა ოფიცრებმა კარგად იციან.

      - ემბლემაა.

      - არა, პრობლემაა.

      - დავნაძლევდეთ.

      - რაზე?

      - შენს გერმანულ ჩიბუხზე.

      - დაჰკა ხელი.

      - უკაცრავად, რომ გაწუხებთ, მოქალაქე მაიორო, ხომ მართალია, რომ ეს ემბლემაა და არა პრობლემა? - ჰკითხა გულთამხილავმა ჟერარს, რომელიც დაფიქრებული მიჰყვებოდა იულოს და მერლს.

      - ისიც და ისიც, - სერიოზულად უპასუხა ჟერარმა.

      - მაიორმა დაგვცინა, - განაგრძო იფრინდამ, - ეს ქაღალდი ნიშნავს, რომ ჩვენი გენერალი, იტალიაში ჯარის სარდალი რომ იყო, ახლა კონსული გახდა, ძალიან დიდი ჩინია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაზრებიც გვექნება და ფეხსაცმელიც.

ონორე დე ბალზაკი

ფრანგულიდან თარგმნა ლიანა დარაშვილმა

ტეგები: Qwelly, ბალზაკი, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, რომანი

ნახვა: 881

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters