წიგნიდან: "შუანები", ონორე დე ბალზაკი

Honoré de Balzac, Les_Chouans, Qwelly, literature, ლიტერატურა, ონორე დე ბალზაკი, ონორე დე ბალზაკი, საფარი, ქველი, შუანები

კარი I

      VIII წლის პირველ დღეებში, ვანდემიერის დამდეგს, ან ჩვეულებრივი კალენდრით 1799 წლის სექტემბრის ბოლოს, ასიოდე გლეხი და უამრავი ქალაქელი დილით ფუჟერიდან გამოვიდა, მაიენისკენ გაეშურა და ფუჟერიდან ერნემდე, შუა გზაზე, სადაც, ჩვეულებრივ, მგზავრები ისვენებდნენ ხოლმე, პელერინის მთის ფერდობს აუყვა.

      სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფებად დაყოფილი ეს რაზმი იმდენნაირი საოცარი სამოსის, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლის, სხვადასხვა ხელობის ადამიანის ისეთ ჯგროს წარმოადგენდა, რომ ზედმეტი არ იქნება, აღვნიშნოთ სხვადასხვა ნიშანი, რათა ჩვენს თხრობას შევძინოთ ის სიკაშკაშე ფერებისა, ახლა ასე რომ ფასობს, თუმცა, ამა თუ იმ კრიტიკოსის აზრით, გრძნობათა აღწერას ვნებს კიდევაც. ზოგიერთი გლეხი, და უმრავლესობა ასეთი იყო, ფეხშიშველი მიაბოტებდა. მათი ერთადერთი სამოსი თხის ტყავი იყო, კისრიდან მუხლამდე რომ უფარავდათ სხეულს და შარვალი, ცუდად დაძახული თეთრი ხამი ტილოსი, იმ მხარეში რეწვის ჩამორჩენილობაზე რომ ღაღადებდა. გრძელი, გაფშეკილი ბუწუწები ისე ჰქონდათ გახლართული თხის ტყავის მატყლში და ისე უფარავდათ მიწისკენ წახრილ სახეებს, იფიქრებდით, ტყავი თხისა კი არა, მათიაო და, ერთი შეხედვით, ეს საცოდავები ის ცხოველები გეგონებოდათ, ვისი ტყავიც მათ სხეულს ფარავდა. მაგრამ თუ დააკვირდებოდით, თმის ბღუჯებს შორის, სქელ სიმწვანეში მობრჭყვიალე ცვარივით თვალებს დაინახავდით, რომელთა გამოხედვა, მართალია, ადამიანის გონიერებას ამჟღავნებდა, მაგრამ უფრო გაფრთხობდათ, ვიდრე გიზიდავდათ. თავზე ყველას წითელი შალის ჭუჭყიანი ქუდები ეფხატა, რაღაცით რესპუბლიკის მიერ იმხანად თავისუფლების ემბლემად შერჩეულ ფრიგიულ ჩაჩს რომ წააგავდა, მხარზე ყველას ნუჟრიანი კომბალი გაედო, რომელზეც ტილოს გძელი, თითქმის ცარიელი აბგა კონწიალობდა. ზოგიერთს ჩაჩზე ნაბდის ფართოფარფლებიანი, შალის ფერადი ძაფის ყაითანმოვლებული ქუდი ეხურა. ყველაფერი ხამისა ეცვათ, მათი თანამგზავრების შარვლებისა და აბგების მსგავსი და ახალ ცივილიზაციასთან შეხების მხოლოდ შეუმჩნეველ კვალს თუ დაინახავდით. მომრგვალებულკალთებიან, გვერდებზე კვადრატულ ჯიბეებიან ძლივს თეძოებამდე რომ სწვდებოდათ, ქურთუკების საყელოს გრძელი თმა ეფინა. ასეთი სამოსი დასავლეთის გლეხებისთვის იყო დამახასიათებელი. გულზე გადაღეღილი ქურთუკების ქვეშ იმავე ტილოს, დიდღილებიანი ჟილეტები მოუჩანდათ. ზოგიერთ მათგანს ფეხზე საბოები ეცვა, ზოგს კი, რომ არ გაჰფუჭებოდა, ხელში ეჭირა ტყავის ფეხსაცმელი. დიდი ხნის ხმარებისგან გაჭუჭყიანებული, ოფლისა და მტვრისაგან გაშავებული ეს კოსტიუმი ზემოთ აღწერილზე ნაკლებორიგინალური იყო, მაგრამ საკუთარი ისტორიული ღირებულება ჰქონდა, გარდამავალი საფეხურივით იყო ბრბოში აქა-იქ გაფანტული და ყვავილებივით მოელვარე რამდენიმე კაცის თითქმის მდიდრული სამოსისკენ. მართლაც, მა-თი ლურჯი შარვლები, წითელი ან ყვითელი ჟილეტები, სპილენძის ორ რიგად ჩამწკრივებული ღილებით კვადრატულ ფარს რომ მოგაგონებდათ, პურის ყანაში გაფანტული ღიღილოებისა და ყაყაჩოების მსგავსად ხვდებოდა თვალს, თეთრ და ბეწვის ტანსაცმელს შორის. ზოგიერთს ფეხზე თვითნაკეთი საბოები ეცვა, ბრეტანელი გლეხები თვითონ რომ ჩორკნიან, მაგრამ უმრავლესობა უხეშ, ნალებდაკრულ ფეხსაცმელს და ძველ ყაიდაზე შეკერილ, ასეთი სასოებით რომ შემოინახეს ჩვენმა გლეხებმა, უხეში მაუდის ხიფთანივით სამოსს ატარებდა. პერანგის საყელო გულის ან ღუზის ფორმის ვერცხლის საკინძით იკვრებოდა. აბგებშიც მეტი რამ ელაგათ, ვიდრე მათ თანამგზავრებს. ამას გარდა, ბევრის სამგზავრო აღჭურვილობაში კისერზე კანაფით ჩამოკიდებული, ალბათ არყით სავსე მათარაც შედიოდა. რამდენიმე ქალაქელი ამ ნახევრად ველურებში უკანასკნელი მოდის ამა თუ იმ ნიშნით გამოირჩეოდა. ეხურათ ქვაბქუდა, დასაკეცი ქუდი-ცილინდრი ან კეპი. ეცვათ გადაკეცილი ჩექმა ან ფეხსაცმელი და გეტრები, მათაც, გლეხებისა არ იყოს, დიდად განსხვავებულად ეცვათ. მათ შორის ასე ათ კაცს ეცვა კარმანიოლის სახელით ცნობილი რესპუბლიკელთა ქურთუკი. სხვებს, უეჭველად მდიდარ ხელოსნებს, თავიდან ფეხებამდე ერთი ფერის მაუდის ტანსაცმელი ემოსათ. ყველაზე დახვეწილები გამოირჩეოდნენ მეტ-ნაკლებად გაქუცული, ლურჯი ან მწვანე მაუდის ფრაკებითა და რედინგოტებით. ეს უკანასკნელნი, სხვადასხვა ფორმის ჩექმებიანი, გამორჩეული პიროვნებები, სქელი ხელჯოხების ქნევით, ბედს შეგუებულებივით მიაბიჯებდნენ. ზოგნი, საგულდაგულოდ დაპუდრული თავებითა და გულმოდგინედ დაწნული ნაწნავით, ერთგვარ დახვეწილობასაც კი ამჟღავნებდნენ, რასაც ახალგამდიდრებულები ან განათლების გზას დამდგარნი იძენენ ხოლმე.

      ყველანი, თითქოს გაკვირვებულები იმით, რომ შემთხვევით ასე ერთად აღმოჩნდნენ, შეიძლებოდა საკუთარი კერებიდან ხანძარს გამორიდებულებად ჩაგეთვალათ. მაგრამ დრო და ასეთი თავყრილობის ადგილი სულ სხვა მნიშვნელობას ანიჭებდა ამ დუნდგოს. რაზმი თითქმის მთლიანად იმ ხალხისაგან შედგებოდა, ოთხი წლის წინ რესპუბლიკას რომ ებრძოდა და იმხანად საფრანგეთს რომ აღელვებდა, იმ სამოქალაქო დავებში გარკვეული დამკვირვებელი მაშინვე ამოიცნობდა მოქალაქეთა პატარა ჯგუფს, რომლის ერთგულების იმედიც შეიძლებოდა ქვეყანას ჰქონოდა. საკმაოდ შესამჩნევი უკანასკნელი ნიშანი ააშკარავებდა იმას, რომ ამ ერთად შეყრილ ხალხს განსხვავებული მრწამსი ჰქონდა. მხოლოდ რესპუბლიკელები მიაბიჯებდნენ ხალისიანად. დანარჩენები, თუმცა სამოსით დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, გამომეტყველებასა და მოძრაობაში საერთო რაღაცას ინარჩუნებდნენ, რაც, უთუოდ, უბედურების კვალი იყო. ქალაქელებიცა და გლეხებიც, ყველა ერთნაირად მოეცვა ჭმუნვას. მათ მდუმარებაში შეურიგებლობა სჭვიოდა და თითქოს ერთი საფიქრალის სიმძიმეს გაეწყვიტა ყველა წელში, უეჭველად საშინელს, მაგრამ საგულდაგულოდ დამალულს, რადგან გულჩათხრობილი ადამიანების სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდით. მხოლოდ უჩვეულოდ ნელი სვლა გასცემდა მათ დაფარულ ზრახვებს. დროდადრო რამდენიმე მათგანი, გამორჩეული იმით, რომ ყელზე კრიალოსანი ეკიდათ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა უფრო გაუქმებული და ჩახშობილი, ვიდრე განადგურებული სარწმუნოების ამ სიმბოლოს ტარება, გაიქნევდა თავს, თმას გადაიყრიდა, ფრთხილად გაიხედავდა, მალულად ათვალიერებდა ტყეს, ბილიკებს, გზის მომიჯნავე კლდეებს, მონადირე ძაღლივით, რომელმაც მსხვერპლი იყნოსა. მერე, რაკი თავიანთი მდუმარე თანამგზავრების მონოტონური ფეხის ხმის მეტი არაფერი ისმოდა, ისევ ჩაქინდრავდნენ თავს და სახეზე ისეთი უსაშველო გარინდება ეფინებოდათ, იტყოდით, სწორედ ის დამნაშავეები არიან, კატორღაში რომ მიერეკებიან, სადაც სიკვდილამდე უნდა იცხოვრონო.

      მაიენისკენ ამ კოლონის სვლა, მისი ჭრელი შემადგენლობა, ამ ხალხის განსხვავებული განწყობა სრულიად გასაგები და ბუნებრივი ხდებოდა სხვა რაზმის არსებობით, რომელიც კოლონას სათავეში ედგა. რაზმს წინ მიუძღოდა, დაახლოებით, ას ორმოცდაათი ჯარისკაცი, იარაღითა და აღჭურვილობით, პოლკის უფროსის, ნახევარბრიგადის მეთაურის ხელმძღვანელობით. მათთვის, ვინც რევოლუციის დრამატულ მოვლენებს არ შესწრებია, ზედმეტი და ინტერესმოკლებული არ იქნება იმის თქმა, რომ ამ სახელით შეიცვალა პოლკოვნიკის ჩინი, რომელიც პატრიოტებმა გააუქმეს, როგორც მეტისმეტად არისტოკრატული. ჯარისკაცები მიეკუთვნებოდნენ მაიენში დაბანაკებულ ქვეით ნახევარბრიგადას. ამბოხებებისა და განხეთქილებების პერიოდში, დასავლეთ საფრანგეთის მოსახლეობამ რესპუბლიკის ჯარისკაცებს ლურჯები შეარქვეს. ეს მეტსახელი შემორჩა იმ პირველი ლურჯი და წითელი უნიფორმების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ და მათი აღწერა უსარგებლოა. მაშასადამე, ლურჯების ქვედანაყოფი ესკორტად ახლდა ხალხის ამ თავყრილობას, სადაც თითქმის ყველა უკმაყოფილო იყო იმით, რომ მიემართებოდნენ მაიენში, სადაც სამხედრო დისციპლინას ერთი სულისკვეთება, ერთნაირი მხედრული გამართულობა უნდა ჩამოეყალიბებინათ მათთვის, რაც სრუ-ლებით არ გააჩნდათ და ერთნაირად უნდა გამოეწყოთ.

      ამ კოლონისთვის ფუჟერის ოლქში ძლივს მოაგროვეს რიცხვობრივი შემადგენლობა, საფრანგეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი დირექტორის მიერ 10 მერიდორს მიღებული საყოველთაო გაწვევის შესახებ კანონის საფუძველზე.

      მთავრობამ მოითხოვა ასი მილიონი ფულად და ასი ათასი ჯარისკაცი საფრანგეთის არმიის მისაშველებლად, რომელიც იმხანად ავსტრიელებმა იტალიაში დაამარცხეს, პრუსიელებმა - გერმანიაში. ამ არმიას შვეიცარიაში რუსები ემუქრებოდნენ, სუვოროვი ირწმუნებოდა, საფრანგეთს დავამარცხებთო. ვანდეის სახელით ცნობილმა დასავლეთის დეპარტამენტებმა, ბრეტანმა და ქვემო ნორმანდიის ნაწილმა, რომლებშიც ოთხწლიანი ომის შემდეგ, გენერალ ოშის დიდი მონდომებით, წესრიგი დამყარდა, ეტყობა, დრო იხელთეს და ბრძოლა განაახლეს. ამდენი მტრის პირისპირ რესპუბლიკამ თავდაპირველი ენერგია აღიდგინა. პირველ რიგში, ზომები მიიღო იმ დეპარტამენტების დასაცავად, რომლებსაც უფრო ესხმოდნენ თავს და, მერიდორის კანონის ერთ-ერთი მუხლით, ადგილობრივ მცხოვრებლებს გადააბარა ამაზე ზრუნვა. მართლაც, მთავრობამ, რომელსაც შინაურ მტრებთან საბრძოლველად არც ფული გააჩნდა და არც ჯარი, გაჭირვებიდან თავი გასკონური ეშმაკობით დაიძვრინა, ამბოხებულ დეპარტამენტებს ვეღარაფერი მიაშველა, სამაგიეროდ, ნდობა გამოუცხადა, იქნებ იმის იმედიც ჰქონდა, რომ ამ ღონისძიებით მოქალაქეთა ერთ ნაწილს მეორეს წაჰკიდებდა და ამით ამბოხებას ჩანასახშივე ჩაახშობდა. კანონის ეს მუხლი, სისხლიანი დაპირისპირების სათავე, შემდეგნაირად იყო შედგენილი: დასავლეთის დეპარტამენტებში შეიქმნას თავისუფალ მებრძოლთა რაზმები, რომლებიც რეგულარულ არმიაში არ ირიცხებიან. ეს არადიპლომატიური ღონისძიება საფრანგეთის დასავლეთში ისე მტრულად მიიღეს, რომ დირექტორიას მაშინვე გაუქრა გამარჯვების იმედი და რამდენიმე დღის შემდეგ საკა-ნონმდებლო ორგანოებს სთხოვა, განსაკუთრებული ზომები მიეღოთ იმ პატარა კონტიგენტების მიმართ, რომლებიც "თავისუფალ მებრძოლთა რაზმების" ნებადამრთველი კანონის თანახმად უნდა მოეგროვებინათ. ზემოთ აღწერილი ამბების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა ახალი კანონი, მიღებული VII წლის მესამე დამატებით დღეს, რომლის თანახმადაც, ეს პატარ-პატარა რაზმები ლეგიონებად უნდა გაეერთიანებინათ. ლეგიონებს უნდა რქმეოდათ სარტის, ორნის, მაიენის, ილ-ე-ვილენის, მორბიანის, ქვემო ლუარის და მენ-ე-ლუარის დეპარტამენტების სახელები. ეს ლეგიონები, ნათქვამი იყო კანონში, განკუთვნილია მხოლოდ შუანების წინააღმდეგ საბრძოლველად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ საფრანგეთის საზღვრებს. ამ მოსაბეზრებელი, ბევრისთვის უცნობი დეტალებით აიხსნება დირექტორიის სისუსტე და, ლურჯების თანხლებით, ამ ბრბოს ლაშქრობის მიზეზი. ალბათ ზედმეტი არ იქნება იმის დამატებაც, რომ დირექტორიის მშვენიერი და პატრიოტული დადგენილებები არასოდეს განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით, რომ ქვეყნდებოდა "კანონთა ბიულეტენში." რესპუბლიკის დეკრეტები უკვე აღარ ეყრდნობოდა დიდი მორალური ძალის მქონე იდეებს, პატრიოტიზმს ან ტეროინს, რომლებიც ოდესღაც მათ შესრულებას სავალდებულოს ხდიდნენ; ქაღალდზე იწერებოდა მილიონობით ფრანკი და ჯარისკაცი, მაგრამ არც ფული აღწევდა ხაზინამდე და არც ჯარისკაცები ხვდებოდნენ არმიაში. უმაქნის ხელში რევოლუციის ზამბარა მოდუნდა. კანონები კი, ნაცვლად იმისა, რომ გარემოებანი დაექვემდებარებინათ, პირიქით, თვითონ ეგუებოდნენ პირობებს.

      მაიენისა და ილ-ე-ვილენის დეპარტამენტებს მართავდა ძველი ოფიცერი, რომელმაც ადგილზე გადაწყვიტა, რა ღონისძიებები უნდა განეხორციელებინა. გადაწყვიტა, გამოეგლიჯა რეკრუტები ბრეტანისთვის და, განსაკუთრებით, ფუჟერისთვის, რომელიც შუანების ამბოხების ყველაზე საშიში კერა იყო. იმედი ჰქონდა, რომ ასე დაასუსტებდა ოლქებს, რომლებიც რესპუბლიკისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ერთგულმა მეომარმა ისარგებლა კანონის ილუზორული წინდახედულობით და გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოფდა მათ აღჭურვილობას, მოახერხებდა მობილიზებულ ჯარისკაცთა ეკიპირებას და ამ განსაკუთრებულ სამხედრო დანაყოფებს მთავრობის დანაპირებ ერთი თვის ხელფასსაც მისცემდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრეტანი უარს ამბობდა ყოველგვარ სამხედრო სამსახურზე, ამ დაპირებების წყალობით, გაწვევა ძალიან წარმატებულად და ისე სწრაფად განხორციელდა, რომ ოფიცერი შეშფოთდა. მაგრამ ნაცად მეომარს ვერ გააცურებ. როგორც კი დაინახა, რომ გაწვეული ჯარისკაცების ნაწილი ოლქს მოაწყდა, რაღაც საიდუმლო მიზეზი იგუმანა და სწორადაც გამო-იცნო, ალბათ იარაღის ხელში ჩაგდება უნდათო. დაგვიანებულებისთვის აღარ დაუცდია და გადაწყვიტა, ალანსონისკენ დაეხია, მორჩილი ოლქებისკენ, რომელიც აჯანყების გამო სულ უფრო ფართოვდებოდა იმ მხარეში. ამ გეგმის წარმატება ძალიან სათუო გახდა. ეს ოფიცერი, ინსტრუქციის თანახმად, საიდუმლოდ ინახავდა საფრანგეთის არმიის წარუმატებლობასა და არცთუ დამამშვიდებელ ამბებს ვანდეიდან და იმ დილას, ჩვენი ამბავი რომ იწყება, ფორსირებული მარშით სცადა მაიენამდე მისვლა, სადაც კანონის თავისებურად გამოყენებას აპირებდა: ბრეტანელი ახალწვეულებით შეევსო ნახევარბრიგადის შემადგენლობა. სიტყვა "ახალწვეულმა" კანონების ტექსტში პირველად შეცვალა "რეკრუტი", რესპუბლიკის ჯარისკაცების ადრინდელი სახელი. ფუჟერიდან გასვლამდე, ნახევარბრიგადის წინამძღოლმა ბრძანა, ჩუმად აეღოთ მთელი რაზმისთვის სამყოფი ვაზნები და პური. ამით ახალწვეულებს დაუმალავდა, რომ წინ დიდი გზა ედოთ. ისიც გადაწყვიტა, არ შეჩერებულიყვნენ ერნეს საეტაპო პუნქტზე, სადაც გონს მოსული გაწვეულები შეიძლებოდა დაჰკავშირებოდნენ შუანებს, რომლებიც ქალაქის მიდამოებში ნამდვილად იქნებოდნენ გაფანტულნი. ძველი რესპუბლიკელის ოინი და მთაში ასეთი ნელი გადაადგილება პირქუშად მდუმარი ჯარისკაცების დიდ ეჭვსა და უნდობლობას იწვევდა ნახევარბრიგადის მეთაურის, გვარად იულოს მიმართ. ყველაზე თვალშისაცემი დეტალი ჩვენი ზემოთ მოყვანილი აღწერისა, მის ცხოველ ინტერესს იწვევდა და ამიტომაც უბრად მიდიოდა ხუთი ახალგაზრდა ოფიცრით გარშემორტყმული, რომელიც დიდ მოწიწებას გამოხატავდა შეფიქრიანებული შეფის მიმართ. როგორც კი პელერინის მწვერვალს დაადგა ფეხი, იულომ თითქოს ინსტინქტურად მიაბრუნა თავი მობილიზებულთა შეშფოთებული სახეების დასანახად და თვითონ დაარღვია სიჩუმე. ბრეტანელები ფეხს ითრევდნენ და ისე ჩამორჩნენ, რომ მცველთა რაზმს, დაახლოებით, ორასი ნაბიჯით დასცილდნენ. იულო დაიჯღანა, როგორც იცოდა ხოლმე და დასჭყივლა: - რა ჯანდაბა სჭირთ მაგ კოხტაპრუწებს! ფეხის გადადგმა უჭირთ?

      ამის გაგონებაზე თანხმლები ოფიცრები დიდი ხმაურით უცებ გაღვიძებულებივით შეტრიალდნენ. სერჟანტებმა და კაპრალებმაც მათ მიბაძეს და ასეული სასურველი სიტყვის -"სდექ!"- გაგონებამდე შედგა. ოფიცრებმა ჯერ გადახედეს რაზმს, გრძელი კუს მსგავსად ნელა რომ მობობღავდა პელერინის მთაზე, მერე კი, ეს ახალგაზრდები, რომლებიც სამშობლოს დაცვის მოვალეობამ, სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, მოსწყვიტა ამაღლებულ საქმიანობას და რომლებშიც ომს ჯერ კიდევ არ ჩაეხშო მშვენიერების გრძნობა, გააოცა მათ თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ და ყური წაუყრუეს იულოს შენიშვნას, არ ესმოდათ, რამდენად საგულისხმო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფუჟერელები იყვნენ, საიდანაც იგივე სურათი იშლება, რაც აქ, ოღონდ იმ სხვაობით, რომ პერსპექტივაა სხვა, მაინც ვერ თქვეს უარი, უკანასკნელად დამტკბარიყვნენ, დილეტანტთა მსგავსად, რომლებიც, რაც უფრო დეტალურად იცნობენ, მით მეტ სიამოვნებას იღებენ მუსიკისგან. პელერინის მთის წვეროდან მგზავრებს თვალწინ გადაეშალათ კუენონის ველი, ყველაზე მაღალი წერტილი ჰორიზონტზე კი ქალაქი ფუჟერი იყო. მისი კლდის წვერზე აგებული ციხესიმაგრე სამ თუ ოთხ მნიშვნელოვან გზას დასცქერის, ამ პოზიციის გამო ბრეტანის ფორპოსტადაც თვლიდნენ. აქედან ოფიცრებმა მთელი სიგრძე-სიგანით დაინახეს ეს აუზი, შესანიშნავი, როგორც თავისი ნაყოფიერი მიწებით, ისე ნაირფერობით. ყველა მხრიდან ამფითეატრივით შემოსჯარვოდა ფიქლით ნაგები მთები. მათი მოწითალო ფერდობები მუხნარით, აქა-იქ ჩამალული, სიგრილეჩაბუდებული პატარა ხეობებით დაბურულა, კლდეები მომრგვალებული გალავანივით აღმართულან და შუაში მოუქცევიათ, იტყვი, ინგლისური ბაღიაო, მოლივლივე, უზარმაზარი მდელო. ცოცხალღობეშემოვლებული დიდ-პატარა, მამაპაპისეული ხეებიანი მამულები ამ მწვანე ხალიჩას საფრანგეთის პეიზაჟისთვის უჩვეულო ელფერს ანიჭებენ და მისი ხიბლის საიდუმლო იმ უამრავ კონტრასტშია, რომელიც ყველაზე გულგრილ ადამიანებსაც კი აჯადოებს. ამ მომენტში მხარის მთელი პანორამა სულჩადგმული იყო იმ მოუხელთებელი ელვარებით, ბუნება ხანდახან რომ ამახვილებს ხოლმე ყურადღებას თავის სამარადისო ქმნილებებზე. სანამ რაზმი ველზე მიაბიჯებდა, ამომავალმა მზემ ნელ-ნელა გაფანტა თეთრი, მსუბუქი ნისლი, რომელიც სექტემბრის დილით დალივლივებს ხოლმე მდელოს თავზე. იმ დროს, როცა ოფიცრები შემობრუნდნენ, თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა ჩამოაცალა ბუნებას გამჭვირვალე დოლბანდი, როგორც ძვირფას სამკაულზე დაგდებული რიდე, რომელიც უფრო ამძაფრებს ცნობისმოყვარეობას. სადამდეც ოფიცრებს თვალი მიუწვდებოდათ, ჰორიზონტამდე ერთი ღრუბელიც კი არ იყო, რომელიც კაცს აფიქრებინებდა, რომ ეს უზარმაზარი ცისფერი გუმბათი მართლაც ცის თაღი იყო. უფრო სხვადასხვა სიმაღლის მთებზე დაყრდნობილი აბრეშუმის ჩარდახი გეგონებოდათ, დიდებული მინდვრების, მდელოების, ნაკადულებისა და ჭალების დასაცავად. ოფიცრები თვალს ვერ აცილებდნენ ამ სივრცეს, უცებ ამდენი სილამაზე რომ გადაშალა. ზოგი ყოყმანობდა, არ იცოდა, რომელ ჭალაკზე შეეჩერებინა მზერა, რადგან ყოველი მათგანი აოცებდა შეფერილობის მრავალფეროვნებით, უფრო მდიდრული რომ ჩანდა ხმელი ფოთლების ბრინჯაოსფერით, უთანაბროდ მოთიბული ზურმუხტისფერი მდელოების ფონზე, ზოგს მოწითალო მინდვრები უფრო იზიდავდა, სადაც მომკილი წიწიბურის ძნები კონუსებად იდგა, ჯარისკაცები იარაღს რომ დაახვავებენ ხოლმე დასასვენებლად დაცემულ ბანაკში, პირამიდისებურად, ისე, და თვალს სტაცებდა კონტრასტულად, ანეულად დატოვებული მიწის ოქროსფერი ნაკვეთები ჭვავის მომკის მერე.

      აქა-იქ შიფრის მუქი სახურავი მოჩანდა, საიდანაც თეთრი ბოლი ამოდიოდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაცდუნებელი ოპტიკური თამაშით თვალს იტაცებდნენ და რატომღაც სულში ბუნდოვან ოცნებებს აღძრავდნენ კუენონის დაკლაკნილი, ვერცხლისფერი, ცოცხალი შენაკადები. შემოდგომის ნიავის სურნელოვანი სიგრილე, ტყის მძაფრი სურნელი, საკმევლით გაჟღენთილი ღრუბელივით ნარნარად რომ მიმოჰქროდა და ათრობდა ამ მშვენიერი მიდამოთი დამტკბარ მაყურებლებს, აღფრთოვანებულები რომ შეჰყურებდნენ უცნობ ყვავილებს, თამამ მცენარეულს და ხასხასა სიმწვანეს, რითაც ბრეტანი ექიშპება ბრიტანეთს, თავის სეხნია ქვეყანას. პატარ-პატარა ნახირი აცოცხლებდა სცენას, ასეთ შთამბეჭდავს. გალობდნენ ჩიტები და ველზე ჰაერში თრთოდა ნაზი მუსიკა. თუ მკითხველი მოისურვებს, დამხმარედ მოიხმოს წარმოსახვის უნარი, რომელიც მას წარმოუდგენს შუქისა და ჩრდილის საუცხოო თამაშს, მთათა ნისლიან ჰორიზონტებს, ფანტასტიურ პერსპექტივებს, იქიდან რომ იშლებოდა, სადაც ხეები არ ეფარებოდა და სადაც წყლის ნატბორი მოჩანდა, ან ჩუხჩუხა ნაკადულები მიხტოდნენ მკვირცხლად, თუ მოგონებები შეაფერადებენ, ასე ვთქვათ, ამ სურათს, ისეთსავე მსწრაფლწარმავალს, როგორიც ის წამი იყო, როცა დაინახეს, ხალხი, ვისთვისაც ასეთი სანახაობა სიმშვენიერეს მოკლებული არ არის, ვერ მიიღებს სრულ წარმოდგენას ჯადოსნურ სანახაობაზე, ოფიცრები რომ მონუსხა და ბოლომდე შეძრა მათი მგრძნობიარე, ახალგაზრდა სულები, როცა გაიფიქრეს, რომ საბრალო ახალწვეულებს უჭირთ მშობლიური მხარისა და შესისხლხორცებული ადათ-წესების მიტოვება. იქნებ იმის გამო, რომ უცხო მიწა-წყალზე დაიხოცნენ, აპატიეს უნებური სიზანტე, მაგრამ ჯარისკაცის ჩვეული დიდსულოვნებით არ გაამჟღავნეს შემწყნარებლური თანაგრძნობა და თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს ამ მშვენიერი კუთხის სამხედრო პოზიციების შესწავლა უნდოდათ. მაგრამ იულო, უკეთესია, "სარდალი" ვუწოდოთ, ვიდრე ნაკლებჰარმონიული ნახევარბრიგადის უფროსი, იმ ჯარისკაცთაგანი იყო, რომლებიც საფრთხის წინაშე პეიზაჟს თავს არ მოახიბლვინებენ, თუნდაც მიწიერი სამოთხე იყოს. მან უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და შეჭმუხნა შავი წარბები, მის ფიზიონომიას მკაცრ გამომეტყველებას რომ ანიჭებდნენ.

      - სად ეშმაკებში არიან? რატომ არ მოდიან? - ომებში ჩახლეჩილი ხმით მეორედ იკითხა, - თუ სოფელში შეხვდათ ვინმე კეთილი ღვთისმშობელი და ხელის ჩამოსართმევად შეჩერდნენ?

      - შენ კითხულობ? რატომ? - გაისმა ხმა.

      ამ ხმის გაგონებაზე, იმ ბუკის ხმას რომ ჰგავდა, რომლითაც ბრეტანის ველებზე გლეხები საქონელს აგროვებენ ხოლმე, სარდალი ელდანაკრავივით შებრუნდა, თითქოს ხმლის წვერით შეეხო ვინმე და ორ ნაბიჯში კიდევ უფრო უცნაური პიროვნება დაინახა, ვიდრე წვევამდელები, რომლებიც მაიენში მიჰყავდათ რესპუბლიკის სამსახურში მწყობრში ჩასაყენებლად. ამ ჯმუხ, ბეჭებგანიერ უცნობს თავი ხარისას მიუგავდა, და არამხოლოდ ზომით; სქელი, ხორციანი ნესტოების გამო ცხვირი უფრო მოკლე უჩანდა, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა; სქელი ტუჩები ვერ უფარავდა თოვლივით თეთრ კბილებს, მუქარის გამომხატველ წარბებქვეშ მრგვალი, დიდი შავი თვალები, პარტყუნა ყურები და ჟღალი თმა ამკობდა. ამ ყველაფრით უფრო ნაკლებად შეესაბამებოდა ჩვენს მშვენიერ კავკასიურ რასას, ვიდრე ბალახისმჭამელთა სახეობას. დაბოლოს, ნატამალი არ გააჩნდა იმ ნიშნებისა, რომელიც ადამიანს, როგორც საზოგადოებრივ არსებას გამოარჩევს, რაც ამ თავს უფრო გამორჩეულს ხდიდა. მზისგან ბრინჯაოსფრად გარუჯული სახე, რომლის უხეში ნაკვთებიც მოგაგონებდათ გრანიტს, ბრეტანის ნიადაგს რომ შეადგენდა, ამ უცნაური არსების სხეულის ერთადერთი ხილული ნაწილი იყო. ყელამდე იყო გახვეული რაღაც ბალახონში, კიდევ უფრო უხეში, გამოუთეთრებელი ხამი ტილოსგან რომ იყო შეკერილი, ვიდრე ყველაზე ღარიბი წვევამდელის შარვალი. ბალახონი, რომელშიც ანტიკვარი ძველი გალების სეის(საგა) ან "სეიონს" შეიცნობდა, წელამდე სწვდებოდა და თხის ტყავის ქვედატანივით სამოსზე ხისგან უხეშად გამოჩორკნილი ნაჭრებით იყო მიბმული, ზოგიერთზე ხის ქერქიც რომ შერჩენოდა. თხისავე ტყავი ჰქონდა შემოხვეული თეძოებზე და წვივებზე ისე, რომ ადამიანის სხეულის ფორმას ვერ მიხვდებოდით. უზარმაზარი საბოები უფარავდა ტერფებს. გრძელი, მბზინვარე თმა, ასე რომ ჰგავდა მის თხის ტყავის ბეწვს, სახის ორივე მხარეს ჰქონდა ჩამოშვებული, შუაზე გაყოფილი, რითაც შუასაუკუნეებისდროინდელ იმ ქანდაკებათა თმას ემსგავსებოდა, ახლაც რომ შეხვდებით ზოგიერთ ტაძარში. დაკოჟრილი კომბლის ნაცვლად, წვევამდელებს რომ ჰქონდათ მხარზე გადებული, მას თოფივით მკერდზე მიკრული, ტყავის თასმებისგან ოსტატურად დაწნული მათრახი ეჭირა, რომელიც ჩვეულებრივზე ალბათ ორჯერ გრძელი იყო. ამ უცნაური არსების გამოჩენა ადვილი ასახსნელი ჩანდა. მის დანახვაზე ზოგიერთმა ოფიცერმა იფიქრა, რომ უცნობი მობილიზებული ან ახალწვეული იყო (მაშინ ჯერ კიდევ ხმარობდნენ ამ სიტყვებს ერთმანეთის ნაცვლად) და შეფერხებულ კოლონას ელოდებოდა. სხვათაშორის, მისმა გამოჩენამ მეტად გააოცა სარდალი, შეშინებულს არ ჰგავდა, მაგრამ სახეზე შეშფოთებამ გადაურბინა, უცნობს ახედ-დახედა და მექანიკურად, უნებლიეთ, თითქოს მძიმე ფიქრებს თავს ვერ აღწევსო, გაიმეორა: - ჰო, რატომ არ მოდიან? შენ რა, იცი?

      - იმიტომ რომ, - უპასუხა მოქურუხებულმა თანამოსაუბრემ აქცენტით, რომელიც მოწმობდა, რომ ძალიან უჭირდა ფრანგულად ლაპარაკი, - იმიტომ რომ იქ, - და გაიშვირა ძლიერი, განიერი ხელი ერნესკენ, - მაიენი იწყება და ბრეტანი მთავრდება, - და სარდლის ფეხებთან ძლიერად დასცხო მიწას თავისი უზარმაზარი მათრახი. ამ სცენის შემსწრე მაყურებლებზე უცნობის ლაკონურმა და საზეიმო სიტყვამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორიც, დავუშვათ, ტამტამის უადგილო გრუხუნს ექნებოდა მელოდიურ მუსიკაში. ეს მკვახე ნათქვამი ვერ გადმოსცემს იმ სიძულვილს, შურისძიების წყურვილს, რაც მისმა მედიდურმა ჟესტმა, მოკლე სიტყვამ და თავის დაჭერის მანერამ გამოხატა, რომელშიც შეურიგებელი, მძვინვარე და ცივი ენერგია სჭვიოდა. თითქოსდა, ცულით გამოთლილი ამ კაცის სიტლანქე, დაძარღვული იერი, მის სახეზე აღბეჭდილი უვიცობა უცნობს ბარბაროსთა რომელიღაც ნახევარღმერთს ამსგავსებდა. წინასწარმეტყველის პოზას ინარჩუნებდა და სამწლიანი ძილის შემდეგ გამოღვიძებული ბრეტანის სულივით გამოცხადდა ომის გასაახლებლად, სადაც ყოველ გამარჯვებას ორმხრივი ძაძა მოსდევდა.

      - რა მაიმახია! - ჩაილაპარაკა იულომ, - იმ ხალხის გამოგზავნილს ჰგავს, ჩვენთან მოლაპარაკებას თოფით რომ აპირებენ. ეს სიტყვები სარდალმა კბილებში გამოსცრა და ამ კაციდან მზერა პეიზაჟზე გადაიტანა, პეიზაჟიდან რაზმზე, რაზმიდან ზემოთ, ბრეტანის კურდღლისცოცხათი დაფარულ გზისპირა ციცაბო ფერდობებზე. უცებ უცნობს შეხედა, მერე თითქოს უჩუმარი დაკითხვა მოუწყო, მკვეთრად ჰკითხა: - საიდან მოდიხარ? - და ცნობისმოყვარე, გამჭოლი მზერა მიაპყრო. ცდილობდა, გამოეცნო საიდუმლო ამ გაქვავებული სახისა, რომელსაც მოესწრო და აეკრა ბრიყვი, უტყვი გამომეტყველება, გლეხი რომ იღებს ხოლმე დასვენებისას.

      - ვაჟკაცების ქვეყნიდან, - უპასუხა კაცმა ძალიან მშვიდად.

      - შენი სახელი?

      - იარე-მიწაზე.

      - რატომ გაქვს შუანების მეტსახელი? კანონი ამას კრძალავს.

      იარე-მიწაზემ, რაკი ასე გაეცნო, სარდალს ისეთი უსაზღვრო სიბრიყვით შეხედა, რომ სამხედრომ იფიქრა, ვერ გაიგოო.

      - ფუჟერელი მობილიზებული ხარ?

      ამ კითხვაზე იარე-მიწაზემ ისეთი უიმედო "არ ვიცი" უთხრა, რომლის მერეც ყოველგვარი საუბრის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მშვიდად ჩამოჯდა გზის პირას, უბიდან წიწიბურას კვერის რამდენიმე თხელი, შავი ნატეხი ამოიღო,- ნაციონალური საჭმელი, რომლის უბადრუკი სიამოვნება ბრეტონელების გარდა არავინ იცის და გამოთაყვანებული გულგრილობით დაიწყო ღრღნა. იმდენად დამაჯერებელი იყო მისი სრული უტვინობა, რომ ზოგ ოფიცერს საქონელი გაახსენა, ხეობის მსუყე იალაღებზე რომ სძოვდა, ზოგს - ამერიკელი ველური და ზოგს კი კეთილი იმედის კონცხის მკვიდრნი. მისი გარეგნობით გაბრიყვებულმა სარდალმა შემაშინებელი თითქოს ვერაფერი დაინახა და დამშვიდდა, მაგრამ მაინც ფრთხილად იყო. ერთხელაც შეხედა ამ ადამიანს, იეჭვა, ხოცვა-ჟლეტის მაუწყებელი არ იყოსო და თმაში, ბალახონზე, თხის ტყავებზე ეკლები, ფოთლების ნაგლეჯები, ჩინჩხვარი შეამჩნია, თითქოს ჯაგნარში დიდხანს ევლო. მაშინ იულომ მრავლისმთქმელად შეხედა თავის ადიუტანტს, ჟერარს, გვერდით რომ ედგა, ხელზე ხელი მოუჭირა და გადაულაპარაკა: - მატყლისთვის მივდიოდით და გაკრეჭილები დავბრუნდებით.

      გაკვირვებულმა ოფიცრებმა ერთმანეთს ჩუმად გადახედეს.

      აქ ცოტა უნდა გადავუხვიოთ, იულოს შფოთვა გასაგები რომ გახდეს ზოგიერთი შინაყუდასთვის, ყველაფერში რომ ეჭვი ეპარებათ, რადგან ვერაფერს ხედავენ და შეუძლიათ, იარე-მიწაზეს და დასავლეთ საფრანგეთის გლეხების არსებობაც კი, რომელთა ქცევა მაშინ საოცრად ამაღლებული იყო, საკამათო გახადონ. სიტყვა gars, ĝა (გა)კელტური ენის ნარჩენია. ქვემობრეტონულიდან გადავიდა ფრანგულში და ჩვენს ახლანდელ ენაში ის სიტყვაა, ყველაზე მეტი უძველესი მოგონება რომ შემოინახა. gais გაელების, ანუ გალების ძირითადი იარაღი იყო; gaiside შეიარაღებულს ნიშნავდა, gais - სიმამაცეს, gas - ძალას. ეს შეპირისპირება ამტკიცებს gars სიტყვის ნათესაობას ჩვენი წინაპრების ენაში არსებულ გამოთქმებთან. ამ სიტყვას ანალოგიაც აქვს ლათინურ სიტყვა vir-თან - "ქმარი" "კაცი", virtus-ის ფუძესთან - "ძალა, სიმამაცე". ამსიგრძე მსჯელობის გამართლება ნაციონალური გრძნობაა და იქნებ მოვახერხოთ კიდევაც ზოგიერთის თავში მოვახდინოთ შემდეგი სიტყვების რეაბილიტაცია: gars, garçon, garçonette, grace, gracette, რატომღაც ამოგდებული რომ არის ჩვენი მეტყველებიდან, როგორც ხეპრული, დაუხვეწელი, თუმცა წარმომავლობა მეომრულია, მებრძოლი და აქა-იქ ჩნდება ჩვენს ისტორიაშიც. - "С'est une fameuse grace!” - "ყოჩაღი დედაკაცი!" ზოგიერთისთვის გაუგებარი საქებარი სიტყვა, მადამ დე სტალმა რომ მიიღო ვანდომელებისაგან პატარა კანტონში, სადაც გაძევებულმა რამდენიმე დღე გაატარა. ბრეტანი მთელ საფრანგეთში ის მხარეა, სადაც გალების ზნე-ჩვეულებებმა ყველაზე ძლიერი კვალი დატოვეს. ამ პროვინციის იმ ნაწილს, სადაც დღემდე აშკარადაა შემონახული ჩვენი გაუთლელი წინაპრების ცხოვრება და ცრუმორწმუნეობა, "le pays des gars" ჰქვია - "ვაჟკაცების მხარე". თუ რომელიმე კანტონში მრავლად ცხოვრობს იმის მსგავსი ველური, ჩვენს სცენაში რომ აღვწერეთ, ადგილობრივები ამბობენ: "ამა და ამ მრევლის ვაჟკაცი". და ეს ფესვგადგმული სახელი ჯილდოდ ითვლება ენის ტრადიციებისა და გალური ადათ-წესების ერთგულებისთვის. მათმა ცხოვრებამ ძველი დროიდან შეინარჩუნა რწმენისა და ცრურწმენების ღრმა კვალი. იქ ფეოდალურ ჩვეულებებს ისევ იცავენ. სიძველის მოყვარულები ისევ შეხვდებიან დრუიდების საღსალამათ ძეგლებს. იქ თანამედროვე ცივილიზაციის გენიას ეშინია პირველყოფილ, უღრან ტყეებში შეღწევის. წარმოუდგენელი სისასტიკე, ბრიყვული სიჯიუტე, ფიცის ერთგულება, ჩვენი კანონების, წესების, ტანსაცმლის, ფულის, ენის სრული უგულებელყოფა და, ამასთან, პატრიარქალური სისადავე და გმირობა - ეს ყველაფერი იმას უწყობს ხელს, რომ აქაური მაცხოვრებლები ნაკლებად ინტელექტუალურები არიან, ვიდრე მოჰიკანები ან ჩრდილო-ამერიკის წითელკანიანები, მაგრამ მათსავით სულით გაუტეხლები, ცბიერები, მოხერხებულები და ამტანები. ბრეტანის მდებარეობა ევროპის ცენტრში, დამკვირვებლებისთვის მას უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე კანადაა, თუმცა ცივილიზაციის შარავანდედი აკრავს, მაგრამ მისი კეთილისმყოფელი სითბო იქამდე არ აღწევს, ამიტომ ეს მხარე გაყინულ ნახშირს დაემგვანა, მოგიზგიზე კერაში ჩამქრალი და შავი რომ რჩება. ყველა მცდელობა ზოგიერთი დიდი მოაზროვნისა, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კეთილდღეობას საფრანგეთის ამ გამოუკვლეველ-ამოუცნობ, საგანძურით მდიდარ მშვენიერ კუთხეში შეეღწია, მთავრობის ძალისხმევაც კი შუბლით ეჯახება მოსახლეობის ჩამორჩენილობას, რომელიც პროგრესის ხელის შემშლელი, დამამუხრუჭებელი, მომაკვდინებელი, უძველესი დროის ტრადიციების ერთგული რჩება. ამ უბედურებას ადვილად ხსნის ადგილობრივი მიწა-წყლის ბუნება, ხრამებით, ნიაღვრებით, ტბებითა და ჭაობებით დაღარული, ცოცხალი ღობეებით შემოჯარული ერთგვარი მიწის ბასტიონები, ყოველ მინდორს სიმაგრედ რომ აქცევს, არც გზებია და არც არხები, თანაც არ უნდა დავივიწყოთ უმეცარი ხალხის სული, მისი ფესვგამდგარი და სახიფათო ცრურწმენები, ჩვენს ისტორიაშიც რომ დავინახავთ და ამ ყველაფერს ემატება მიწის დამუშავების თანამედროვე საშუალებების მიუღებლობა.

      თვალწარმტაცი მდებარეობა ამ მხარისა, მოსახლეობის ცრუმორწმუნეობა გამორიცხავს ხალხმრავალ დასახლებებს და, აქედან გამომდინარე, ურთიერთობისა და იდეათა გაცვლა-გამოცვლის კეთილისმყოფელ ზემოქმედებას. იქ არც სოფლებია. არამკვიდრი ნაგებობები, ბინას რომ უწოდებენ, თითო-თითოდ მიმოფანტულა. ყოველი ოჯახი, უდაბნოსავით, მხოლოდ თავის ეზოში ცხოვრობს. ერთადერთი, აქ ცნობილი ხანმოკლე თავყრილობა კვირაობით ან რელიგიურ დღესასწაულებზე მრევლის შეკრებებია. ეს უხმაურო კრებები, რექტორი, ბნელი ხალხის ერთადერთი მბრძანებელი რომ მართავს, ხანდახან რამდენიმე საათს გრძელდება. ამ მღვდლის მრისხანე ხმის მოსმენის შემდეგ გლეხი ერთი კვირით ისევ შეიკეტება ხოლმე ჯანმრთელობისთვის მავნე თავის სახლში, საიდანაც სამუშაოდ გამოდიან და დასაძინებლად შედიან. ვინმე თუ სტუმრობს, - ისევ მხოლოდ რექტორი[1] - იმ მხარის სული და გული. არც გასაკვირია, რომ მღვდლის მოწოდებით, ათასობით ადამიანი მოაწყდა რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლველად და ხუთი წლით ადრე იმ დრომდე, ჩვენი ამბავი რომ ხდება, ბრეტანის ამ ნაწილმა უამრავი ჯარისკაცი გამოიყვანა შუანების პირველი ამბოხებისას. ძმები კოტროები, მამაცი კონტრაბანდისტები, ამ ომს საკუთარი სახელი რომ მისცეს, სახიფათო ხელობას ეწეოდნენ ლავალიდან ფუჟერამდე. მაგრამ ამ სოფლების აჯანყებებში კეთილშობილური არაფერი ყოფილა და შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ თუ ვანდეამ ყაჩაღობა ომად აქცია, ბრეტანმა, პირიქით, ომი აქცია ავაზაკობად. სამეფო ოჯახის განდევნა და რელიგიის განადგურება შუანებისთვის ძარცვა-გლეჯის საბაბად იქცა. ამ შიდა ომის მოვლენები საშინელი სისასტიკით გამოირჩეოდა, რაც იმ მხარის ზნე-ჩვეულებებმა წარმოშვა. როცა მონარქიის ნამდვილი დამცველები ბრეტანში უბირი, მეომარი ჯარისკაცების მობილიზაციისთვის გამოცხადდნენ, ამაოდ ცდილობდნენ, თეთრი ბაირაღის გამოყენებით, სიდიადე, კეთილშობილება მიენიჭებინათ მეამბოხეთა ქმედებისთვის, რომლებმაც შუანობა სისაძაგლედ აქციეს და შუანები დარჩნენ ჭკუისსასწავლებელ მაგალითად იმისა, რამდენად სახიფათოა ქვეყნის ნაკლებად ცივილიზებული მასების აზავთება. მგზავრის თვალწინ გადაშლილი ბრეტანის ველი, ახალწვეულთა რიგებში შემავალი ხალხის აღწერა, პელერინის წვერზე გამოცხადებული ჯეელის პორტრეტი მოკლედ იძლევა პროვინციისა და მისი მცხოვრებლების ზუსტ სურათს. ამ დეტალების მიხედვით, გავარჯიშებულ წარმოსახვას არ გაუჭირდება, აღადგინოს თეატრი და საომარი ინსტრუმენტები - ყველა ელემენტი იყო წარმოდგენილი. ულამაზეს ხეობებსა და ყვავილებით დაფარულ ცოცხალ ღობეებს შეჰფარვოდნენ უხილავი, თავდასასხმელად გამზადებული მტრები. ყოველი ველი ციხე-სიმაგრე იყო, ყოველი ხე დაგაფიქრებდათ მზაკვრობასა და ხრიკზე, ყოველი ბებერი ძეწნის ფუღურო ეშმაკობას მალავდა. ყველგან ბრძოლის ველი იყო. გზის მოსახვევში შუანები უსაფრთებოდნენ ლურჯებს, მომღიმარი გოგონები რომ იტყუებდნენ და სულაც არ თვლიდნენ თავიანთ ქცევას ვერაგობად. მამებთან და ძმებთან ერთად წმინდა ადგილებში დადიოდნენ ხის ჭიანაჭამი ღვთისმშობლისთვის ახალი ეშმაკობების ნიჭის სათხოვნელად და ცოდვების მოსანანიებ-ლად. რელიგია, ან, უფრო სწორად, ფეტიშიზმი ამ უვიცი არსებისა, მკვლელს სინდისის ქენჯნის გრძნობას უკარგავდა. ამიტომაც, ასეთი ომის დაწყებისთანავე, ამ მხარეში ყველაფერი სახიფათო გახდა: ხმაური და სიჩუმე, წყალობა და ტერორი, ოჯახური კერა და შარაგზა, დამაჯერებლობითა და მრწამსით მართლდებოდა აქ ღალატი. ეს ველურები ღმერთსა და მეფეს ისევე ემსახურებოდნენ, როგორც მოჰიკანები ომობენ, მაგრამ ამ ბრძოლის სურათი ყოველმხრივ ზუსტი და ნამდვილი რომ იყოს, ისტორიკოსმა უნდა დაუმატოს, რომ როგორც კი ოშის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მთელ მხარეში მხიარულებამ და მეგობრობამ დაისადგურა. ოჯახები, გუშინ რომ მზად იყვნენ, გაეგლიჯათ ერთმანეთი, დღეს ერთ ჭერქვეშ მშვიდობიანად ვახშმობდნენ.

      როგორც კი იულომ გამოიცნო იარე-მიწაზეს თხის ტყავებში დამალული ვერაგობა, დარწმუნდა, რომ ოშის წყალობით მიღწეული კეთილისმყოფელი მშვიდობა დაირღვა და მისი შენარჩუნება შეუძლებელი იყო. ასე რომ, მთავრობის სამი წლის უმოქმედობის შედეგად, ომი, უფრო მძვინვარე, ვიდრე ადრე, განახლდა. 9 თერმიდორის მერე ჩაყუჩებული რევოლუცია ალბათ ტერორისტულ ხასიათს შეიძენდა, რაც საძულველს ხდიდა მას კეთილგანმზრახველი ხალხისთვის. როგორც ყოველთვის, საფრანგეთის განხეთქილებებს ინგლისის ოქრო უდგამდა სულს. რაც რესპუბლიკა მიატოვა მისმა მფარველმა ანგელოზმა, ახალგაზრდა ბონაპარტმა, ეტყობა, ვეღარ უმკლავდებოდა ამდენ მტერს, რომელთაგან ყველაზე სასტიკი უკანასკნელი ჩანდა. უამრავი წვრილ-წვრილი ამბოხებით ნასაზრდოები სამოქალაქო ომი ახალ, უჩვეულოდ სერიოზულ ხასიათს იღებდა, რაკი შუანებმა გადაწყვიტეს, ასეთ ძლიერ დაცვას დასხმოდნენ თავს. აი, ასეთი აზრები, ოღონდ ნაწყვეტ-ნაწყვეტად მოსდიოდა თავში იულოს, როცა მოეჩვენა, რომ იარე-მიწაზეს გამოჩენა მარჯვედ მომზადებული ჩასაფრების ნიშანი იყო. ჯერჯერობით, მარტო მან იგრძნო საშიშროების საიდუმლო.

      სარდლის მიერ ჟერარისთვის ნათქვამმა წინასწარმეტყველურმა ფრაზამ, რომლითაც წინა სცენა დასრულდა, იულოს სიმშვიდე დაუბრუნა. ბებერი ჯარისკაცი კინაღამ დაიბნა. ვერ იშორებდა თავსმოხვეულ ფიქრებს იმაზე, რომ უკვე მის წინაშე იყო საშინელებები ომისა, რომლის სისასტიკე ალბათ კანიბალებსაც კი შეაცბუნებდა. კაპიტან მერლსა[2] და მაიორ ჟერარს, მის ორ მეგობარს, ვერ აეხსნა შიში, მათთვის უჩვეულო შეშფოთება შეფის სახეზე და თვალს არ აცილებდნენ იარე-მიწაზეს, გზის პირას თავის ხმიადს რომ ღრღნიდა, რადგან კავშირს ვერ პოულობდნენ ამ მხეცსა და მათი მამაცი სარდლის ძრწოლას შორის. მაგრამ მალე იულოს სახეზე ნათელი მოეფინა. რესპუბლიკის გასაჭირით ელდანაცემს, უხაროდა მისთვის ბრძოლა და თავის თავს ომახიანად მისცა პირობა, შუანებისთვის თავი არ გაებრიყვებინა, ამოეცნო განზრახვა პირქუში ეშმაკი კაცისა, პატივი რომ დასდეს და მიუგზავნეს. სანამ რამეს გადაწყვეტდა, დაიწყო ფიქრი იმ პოზიციაზე, სად შეიძლებოდა მტერი მოულოდნელად დასხმოდა თავს. როცა დაინახა, რომ გზას ხეობის გასწვრივ მიუყვებოდნენ, რომელიც თუმცა ღრმა არ იყო, მაგრამ ტყე ეკრა და რამდენიმე ბილიკი მიიკლაკნებოდა ღრანტესკენ, შავი, ხშირი წარბები მაგრად შეჭმუხნა, ყრუ და ძალიან აღელვებული ხმით ჩუმად უთხრა მეგობრებს: - კრაზანის ბუდეში აღმოვჩნდით.

      - მერე და, რისი გეშინიათ? - ჰკითხა ჟერარმა.

      - მეშინია?... ჰო, მეშინია. ყოველთვის მეშინოდა მოსახვევში ტყიდან არავის მოვეკალი ძაღლივით ისე, რომ თქვენთვის დაყვირება ვერ მომესწრო: "ფრთხილად!"

      მერლს გაეცინა.

      - ფრთხილად? ეს უკვე მეტისმეტია.

      - მართლა საფრთხეში ვართ? - ჰკითხა ჟერარმა, რომელიც ისევე გააკვირვა იულოს გულგრილობამ, როგორც ცოტახნის წინ მისმა შეკრთომამ.

      - ჩუ! - თქვა სარდალმა, - მგლის ხახაში ვართ. ისე ბნელა, როგორც ღუმელში, სანთელი უნდა ავანთოთ. კიდევ კარგი, მთის წვერზე ამოვედით, - მთას მაგარი ეპითეტი მიაყოლა და დასძინა, აუცილებლად გავარკვევ რაშია საქმეო. მეთაურმა მოიხმო ორივე მეგობარი და სამი კაცი თავს დაადგა იარე-მიწაზეს. შუანი წა-მოხტა, თითქოს ეშინოდა, ხელი არ შეეშალა მათთვის.

      - მანდ დაეტიე, უსაქმურო, - მიაძახა იულომ, უბიძგა და ისევ იმ ქანობზე დააგდო, საიდანაც წამოდგა. ამ წამიდან, ნახევარბრიგადის მეთაურს თვალი არ მოუშორებია უზრუნველი ბრეტანელისთვის.

      - მეგობრებო, - ჩუმად მიმართა მან ორ ოფიცერს, - დრო დადგა, გითხრათ, რომ პარიზული დუქანი დაარბიეს. ნაციონალურ ასამბლეებში შეხლა-შემოხლის შემდეგ, დირექტორიამ ისევ გაცხრილა ჩვენი რიგები. ამ დოყლაპიებმა, თუ მარიონეტებმა - უფრო ფრანგულია, ეს-ეს არის, დაკარგეს კარგი ჯარისკაცი: ბერნადოტს მაგათთან საქმის დაჭერა აღარ უნდა.

      - ვინ შეცვალა? - ცოცხლად იკითხა ჟერარმა.

      - მილე-მიურომ, ძველი ყაიდის კაცია. ახლა ასეთი ყეყეჩების დრო არ არის. ჩვენს სანაპიროზე უკვე ინგლისურ რაკეტებს უშვებენ. ყველა ქარაფშუტა ვანდეელმა და შუანებმა თავი წამოყო და ვინც ამ მარიონეტებს მართავს, კარგად შეარჩია დრო, ჩვენმა გემმა ჩაძირვა დაიწყო.

      - როგორ! - წამოიძახა მერლმა.

      - ჩვენი ჯარები ყველგან გაანადგურეს, - განაგრძო იულომ და კიდევ უფრო დაუწია ხმას. შუანებმა უკვე ორჯერ დაიჭირეს კურიერი. ბოლო დეპეშები და დეკრეტები ბერნადოტმა სამინისტროდან წასვლამდე საგანგებო შიკრიკის ხელით გამომიგზავნა. საბედნიეროდ, მეგობრებმა საიდუმლოდ მაცნობეს ამ დარბევის შესახებ. ფუშემ აღმოაჩინა, ტირანი, ლუი XVIII გაუფრთხილებიათ პარიზელ მოღალატეებს, რომ მოთავე უნდა გაეგზავნა საფრანგეთში თავისი დამქაშებისთვის. ვარაუდობენ, რომ ბარასი ღალატობს რესპუბლიკას. მოკლედ, პიტმა და უფლისწულებმა აქ გამოაგზავნეს ერთი "ყოფილი", თავის გამტანი, ნიჭიერი კაცი, რომელსაც უნდა ვანდეელებისა და შუანების გაერთიანება, რომ რესპუბლიკის ფრიგიული ჩაჩი ჩამოაგდონ. ის გაიძვერა უკვე გადმოსვეს მორბიანში. მე პირველმა გავიგე და შევატყობინე პარიზელ ჭკუის კოლოფებს. Garsk დაირქვა სახელად, "ვაჟკაცი, კარგი ბიჭი", ყველა ეს საქონელი, - თქვა იულომ და იარე-მიწაზეზე მიუთითა, - ისეთ მეტსახელებს ირქმევს, რომლისგანაც წესიერ პატრიოტს ჭვალი დაადგებოდა, ასეთი სახელი რომ ამოერჩია. მაშ ასე, "ვაჟკაცი" ჩვენს ოლქშია. ამ მოგზავნილი შუანის გამოჩენა, - და ისევ იარე-მიწაზეზე მიუთითა, - აშკარად მოწმობს, რომ მას დასდევენ, მაგრამ ბებერ მაიმუნს მანჭვას არ ასწავლიან, თქვენ კი მომეხმარებით ჩემი ჭვინტების გალიაში ჩასმაში. თავი სადღა გამოვყო, დოყლა-პიასავით ეშმაკობაში მაჯობოს ამ ვიღაც ყოფილმა, რომელიც ლონდონიდან ჩამოდის, ქუდიდან მტვერი უნდა ჩამოგიბერტყოთო, ამ საბაბით!

      როცა გაიგეს ეს საიდუმლო ამბები კრიტიკული მდგომარეობის შესახებ და რაკი იცოდნენ, რომ მათი მეთაური უმიზეზოდ არასოდეს შფოთავდა, ორივე ოფიცერი დასერიოზულდა, როგორც ჯარისკაცებს საფრთხის დროს ეგების, თუკი კარგი წრთობა აქვთ გამოვლილი და ადამიანთა საქმეებშიც კარგად ერკვევიან. ჟერარს, რომელიც თავისი ჩინით, მოგვიანებით რომ გააუქმეს, ყველაზე ახლოს იყო მეთაურთან, უნდოდა, ეკითხა იმ პოლიტიკურ ამბებზე, რომლებზეც იულომ განგებ არაფერი თქვა, მაგრამ სარდალმა ანიშნა, გაჩუმებულიყო და სამივემ იარე-მიწაზეს შეხედა. ამ შუანს მღელვარება არაფრით გამოუხატავს, თუმცა ხედავდა, რომ ეს კაცები, როგორც ჭკუით, ისე ფიზიკური ძალით მისთვის საშიშნი იყვნენ. ორივე ოფიცრისთვის ასეთი ომი უჩვეულო იყო, ძალიან ააფორიაქა ასეთ საქმეში ჩაბმამ, რომელიც თითქმის რომანტიკულ ინტერესს აღუძრავდა. ხუმრობის ხასიათზეც კი დადგნენ, მაგრამ პირველივე ხუმრობაზე, რომელიც წამოსცდათ, იულომ მკაცრად შეხედა მეგობრებს და უთხრა: - დამლახვროს ეშმაკმა! დენთიან კასრზე არ ეწევიან, მოქალა-ქეებო. უდროო დროს გულადობა ცხრილით წყლის ზიდვას ჰგავს.

      - ჟერარ, - თავისი ზემდეგისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა, - მაიორო, შეუმჩნევლად მიუახლოვდით ამ ყაჩაღს და მზად იყავით, ოდნავ საეჭვო მოძრაობაც რომ შენიშნოთ, ხმალზე წამოაგეთ. მე კი ზომებს მივიღებ, თუ ჩვენი უცნობები დალაპარაკებას მოინდომებენ, საუბარს გავუბამ.

      ჟერარმა მორჩილების ნიშნად ოდნავ დახარა თავი და დაიწყო შესწავლა გარემოსი, რომლისთვისაც უკვე თვალი ჰქონდა მიჩვეული, ეტყობა, კარგად უნდოდა, შეეთვალიერებინა და მიმოდიოდა, ყოველგვარი აფექტაციის გარეშე, თუმცა, ცხადია, ყველაზე ნაკლებად პეიზაჟი აინტერესებდა. თავის მხრივ, იარე-მიწაზე არაფრით ამჟღავნებდა, რომ ოფიცრის მანევრი მისთვის სახიფათო იყო. თავისი მათრახით თამაშობდა, თითქოს გზისპირა რუში თევზს იჭერდა.

      სანამ ჟერარი ცდილობდა, შუანის მახლობლად დაეკავებინა პოზიცია, მეთაურმა ჩუმად გადაულაპარაკა მერლს: - რომელიმე სერჟანტს ათიოდე რჩეული ჯარისკაცი მიეცით და პირადად თქვენ დააყენეთ პოსტზე ჩვენ ზემოთ, ფერდობის ბოლოში, იქ, სადაც გზა ფართოვდება და პატარა პლატოს ქმნის, საიდანაც კარგად დაინახავთ ერნეს გზის დიდ მონაკვეთს. იპოვეთ ისეთი ადგილი, სადაც გზასთან ტყე არ იქნება, სერჟანტი მიდამოს რომ ხედავდეს. დაუძახეთ გულთამხილველს, ჭკვიანია, სახუმარო საქმე არ არის. ჩვენს ტყავში ათ სანტიმსაც არ მივცემ, თუ ფხიზლად არ ვიქნებით.

      სანამ მერლი დიდი მონდომებით ასრულებდა ბრძანებას, რადგან მშვენივრად ესმოდა, რა დიდი საქმე იყო, მეთაურმა გაიქნია მარჯვენა ხელი, სრული სიჩუმე მოითხოვა მის ირგვლივ მდგომი ჯარისკაცებისა, მხიარულად რომ ლაყბობდნენ და მეორე ჟესტით ბრძანა, იარაღი აეღოთ. როცა სიჩუმე ჩამოვარდა, იულომ გახედა გზას აქეთ-იქით, შეშფოთებულ-შეფიქრიანებულმა, თითქოს უნდოდა, დაეჭირა ყრუ ხმაური, იარაღის ჟღარუნი ან ფეხის ხმა, მოსალოდნელი ბრძოლის მაუწყებელი. მისი შავი და ფხიზელი თვალი თითქოს უღრან ტყეშიც აღწევდა, მაგრამ, როცა საეჭვო ვერაფერი შენიშნა, პირველყოფილების მსგავსად, გზაზე ქვიშის დაკვირვება დაიწყო, ცდილობდა უხილავი მტრის ნაფეხურები შეემჩნია, მტრისა, რომლის შეუპოვრობაშიც ეჭვი არ ეპარებოდა. იმედი რომ გადაეწურა და თავისი შიშის დამადასტურებელი ვერაფერი აღმოაჩინა, გზის პირას გავიდა და აბობღდა ბორცვის მწვერვალზე, ნელა გაიარ-გამოიარა და უცებ იგრძნო, რომ მისი გამოცდილება აუცილებელი იყო რაზმის გადასარჩენად და ჩავიდა. სახე კიდევ უფრო მოეღუშა, რადგან იმ ხანებში მეთაურები სინანულს გრძნობდნენ ხოლმე, რომ არ შეეძლოთ, ყველაზე სახიფათო ამოცანა თვითონ შეესრულებინათ. ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა რომ შენიშნეს ჭმუნვა მეთაურისა, ასე რომ უყვარდათ ხასიათის გამო და გულადობასაც უფასებდნენ, მიხვდნენ, რომ მისი ურვა საშიშროების მაუწყებელი იყო. მაგრამ რაკი ვერ ხვდებოდნენ, რამდენად სერი-ოზული იყო საფრთხე, სუნთქვაშეკრულნი იყვნენ, გარინდებულები, მეძებარი ძაღლებივით, რომლებიც ცდილობენ, მარჯვე მონადირის სურვილი გამოიცნონ, თუმცა ბრძანება გაუგებარია და ზუსტად ემორჩილებიან. ეს ჯარისკაცებიც ხან კუენონის ველს გაჰყურებდნენ, ხან გზისპირა ტყეებს, ხან კი მეთაურის მკაცრ სახეს, ცდილობდნენ, თავიანთი ბედი ამოეკითხათ. თვალებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ხანდახან ღიმილი გადაურბენდათ ხოლმე სახეზე.

      როცა იულოს ჩვეულებრივი გრიმასა შენიშნეს, ახალგაზრდა სერჟანტმა იფრინდამ, ასეულის ენაფხიანმა ხუმარამ ჩაილაპარაკა: - ეტყობა, ცუდ რამეში გავიხლართეთ, ამ ბებერ ჯარისკაცს ასე რომ ჩამოსტირის ცხვირ-პირი! გეგონება, სამხედრო საბჭოზე ვიყოთ!

      იულომ მკაცრად შეხედა მაცნეს და მაშინვე სიჩუმე ჩამოვარ-და. ამ საზეიმო სიჩუმეში დაგვიანებული წვევამდელების ფეხის ხმა, მათ ფეხქვეშ ქვიშის ყრუ ხრაშუნი, რაღაცნაირ შეუცნობად მღელვარებას ჰმატებდა საერთო მოუსვენრობას. აუხსნელ მდგომარეობას მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც მაწამებელი, უბედურების მომლოდინე ღამის სიჩუმეში უგრძვნია, როგორ აჩქარებულ გულისცემას იწვევს რაიმე ბგერის მონოტონური გამეორება და როგორ იტანს ნელ-ნელა შიში. ისევ გზის შუაგულზე გასულმა მეთაურმა გაიფიქრა, "ხომ არ ვცდები?" თვალებიდან ლამის ცეცხლებს ყრიდა განრისხებული, როცა დაინახა მშვიდი და გამოშტერებული იარე-მიწაზე, მაგრამ შუანის ჩამქრალ მზერაში გაელვებულმა მრისხანე ირონიამ აფიქრებინა, თავის გადარჩენაზე ზრუნვა ჯერ არ არის ზედმეტიო. ამ დროს კაპიტანი მერლიც დაბრუნდა, იულოს ბრძანებები შეესრულებინა. ამ სცენის უტყვი მონაწილენი, მსგავსად მრავალი სხვა სცენისა, ეს ომი ყველაზე დრამატულად რომ აქციეს, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი, მოთმინებით ელოდნენ ახალ შთაბეჭდილებებს და იმედი ჰქონდათ, რომ მეთაურის სხვა მანევრები ნათელს მოჰფენდნენ გაუგებარ სამხედრო ვითარებას.

      - სწორად მოვიქეცით, კაპიტანო, - უთხრა იულომ, - რომ რაზმის ბოლოს ის პატრიოტები ჩავაყენეთ, ახალწვეულებში რომ ერივნენ. აიყვანეთ ათიოდე მკვირცხლი, ყოჩაღი ბიჭი ლეიტენანტ ლებრენის მეთაურობით და საჩქაროდ გადაიყვანეთ რაზმის ბოლოში, პატრიოტებს გაამაგრებენ და აიძულებენ, ცოცხლად გადაადგილდეს ეგ ბატების გუნდი, რომ რაც შეიძლება ჩქარა მოვაგროვოთ აი, იქ, სადაც ჩვენი ამხანაგები დგანან. გელოდებით.

      კაპიტანი რაზმს შეერია. მეთაურმა რიგრიგობით გამოარჩია ოთხი შეუპოვარი ჯარისკაცი, რომელთა სიმარჯვე და სიმკვირცხლე შემჩნეული ჰქონდა და უჩუმრად, მეგობრული ჟესტით, თი-თით მოიხმო. ჯარისკაცები მიუახლოვდნენ.

      - თქვენ ჩემთან ერთად მსახურობდით ოშთან, როცა ის გაიძვერები მოვიყვანეთ ჭკუაზე, თავს მეფის ეგერებს რომ ეძახდნენ. მშვენივრად გახსოვთ, როგორ იმალებოდნენ და სამალავიდან ესროდნენ ლურჯებს.

      მათი სიჩაუქის შექებით კმაყოფილებმა ოთხივემ მრავლისმეტყველი გრიმასით დაუკრა თავი: მათი გმირული საბრძოლო სულისკვეთების გამომხატველი სახეები თითქოს უზრუნველი მორჩილებით ამბობდნენ, რომ რაც ომი გაჩაღდა საფრანგეთსა და ევროპას შორის, მათი ფიქრები არ გასცილებია უკან პატრონტაშს და წინ ხიშტს. ტუჩები ისე ჰქონდათ მოპრუწული, იტყოდი, კანაფით შეკრული ქისააო. ყურადღებით და ცნობისწადილით შეჰყურებდნენ თავიანთ მეთაურს.

      - მაშ ასე, თქვა იულომ, - ასე კარგად რომ იცოდა ჯარისკაცის ხატოვანი ენა,- თქვენნაირი არწივები შუანებს სისაძაგლის საშუალებას არ მისცემენ. შუანები კი, იულო არ ვიყო, თუ ვიტყუებოდე, აქ არიან. თქვენ, ოთხივე, გზის ორივე მხარეს დაზვერავთ. რაზმი მალე დაიძვრება, აბა, ფხიზლად იყავით. ეცადეთ, მიზანში არ ამოგიღონ და გამაგებინეთ, რა ხდება. ცოცხლად!

      მერე ჯარისკაცებს გზისპირა სახიფათო სიმაღლეები აჩვენა.

      ოთხივე, ნდობისთვის მადლობის ნიშნად, ხელით შეეხო თავის ძველ, სამკუთხა ქუდს. ერთ-ერთმა, ლაროზი რომ ერქვა, იულოს ნაცნობმა კაპრალმა, თოფი დააჩხაკუნა და შესძახა, ამ სალამურზე დაკრულს მოვასმენინებთ, მეთაუროო! და ორი მარჯვნივ წავიდა, ორი მარცხნივ. ასეულმა ფარული მღელვარებით გააყოლა თვალი გზის აქეთ-იქით გაუჩინარებულებს. მოუსვენრობა იულოსაც ეტყობოდა, დარწმუნებული იყო, მზვერავები ნაღდად სასიკვდილოდ გაუშვა. მათი ქუდის წვერებიც რომ გაუჩინარდა, უნებურად გააჟრჟოლა. ღრმად ჩაბუდებული და ამიტომ უფრო მტანჯველი დარდით გათანგული ოფიცრები და ჯარისკაცები ყურს უგდებდნენ, როგორ სუსტდებოდა ფეხის ხმა ხმელ ფოთლებში. ომში ასეც ხდება ხოლმე, ოთხი კაცის თავგანწირვა უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე ათასობით დაცემულისა. მაშინ სახის გამომეტყველება ჯარისკაცებისა იმდენად სხვადასხვანაირია და მსწრაფლცვალებადი, რომ მხატვარს უხდება შეტაკებათა მონაწილეების მოგონებების გამოხმობა, მშვიდობიან მოაზროვნეებს კი - თვითონ წარმოიდგინონ ეს დრამატული სახეები, რადგან ომის ქარიშხლები, სადაც ამდენი დეტალია, შეიძლება დაუსრულებლად იყოს შესწავლის საგანი.

      იმ მომენტში, როცა ოთხი ჯარისკაცის ხიშტები გაუჩინარდა, კაპიტანი მერლი დაბრუნდა, ელვის უსწრაფესად რომ შეესრულებინა მეთაურის ბრძანება. მაშინ იულომ ორი-სამი განკარგულებით გზაზე მწყობრში ჩააყენა ასეულის ნარჩენი, მერე უბრძანა, ასულიყვნენ პელერინის წვერზე, სადაც მათი მცირე ავანგარდი იდგა. თვითონ კი უკანასკნელი მიაბიჯებდა, რაზმისკენ ზურგით, რომ თვალი ედევნებინა უმცირესი წვრილმანისთვისაც კი, სცენაზე, რომელიც ბუნებას ასეთი მშვენიერი შეექმნა, ადამიანს კი ასეთი საშინელი გაეხადა. რაზმი იქამდე მივიდა, სადაც ჟერარი იარე-მიწაზეს ყარაულობდა. უცებ შუანმა, რომელიც თითქოს გულგრილად უთვალთვალებდა მეთაურის მანევრებს, სინამდვილეში კი არაჩვეულებრივად აზრიანი თვალებით უყურებდა ორ ჯარისკაცს, გზის მარჯვნივ რომ შევიდნენ ტყეში, ორჯერ თუ სამჯერ დაუსტვინა, იკივლა ჭოტის მჟღერი, წკრიალა, გამკივანი ხმის მსგავსად. სამი ცნობილი კონტრაბანდისტი, რომელთა სახელები უკვე მოვიხსენიეთ, ღამე სხვადასხვა ინტონაციით ატყობინებდნენ ერთმანეთს ჩასაფრების, საფრთხის, ყველაფრის შესახებ, რაც აინტერესებდათ. აქედან იყო მათი მეტსახელიც Chiun, რაც ადგილობრივ კილოზე ბუკიოტს, ბუს ნიშნავს. დამახინჯებული გამოთქმით შეცვლილმა ამ სიტყვამ დასაბამი მისცა პირველი ამბოხების მონაწილეების სახელს, რომლებიც მიმოხვრითა და სიგნალებით სამ ძმას ბაძავდნენ. როგორც კი საეჭვო სტვენა მოესმა, მეთაური მაშინვე შეჩერდა და დაჟინებით შეხედა იარე-მიწაზეს. თავი მოისულელა, ვითომ შუანის სიბრიყვე სჯეროდა და ბარომეტრივით დაიტოვა მტრის მოძრაობის მიმართულების გამოსაცნობად. ამიტომ ხელი სტაცა ჟერარს, რომელმაც კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა შუანი. მერე ჯაშუშს ორი ჯარისკაცი მიუჩინა, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დააყენა და ხმამაღლა, მკაფიოდ უბრძანა, მის მიერ მიცემულ პირველივე საეჭვო ნიშანზე მაშინვე დაეხვრიტათ. მიუხედავად აშკარა საფრთხისა, იარე-მიწაზეს არავითარი ემოცია არ გაუმჟღავნებია, რაც მეთაურმა, რომელიც თვალს არ აშორებდა, კარგად შენიშნა.

      - ყეყეჩმა გადაამლაშა, - გადაულაპარაკა ჟერარს, - ჰო, ჰო, შუანის სახეზე რამის ამოკითხვა არ არის ადვილი, მაგრამ ამან თავი იმით გასცა, რომ თავისი უშიშრობის ჩვენება მოისურვა. ხედავ, ჟერარ, შიში რომ გაეთამაშებინა, ბრიყვად ჩავთვლიდი და "ფერი ფერსა" ვიქნებოდით, მაგრამ არც კი ვიცოდი, რა მეფიქრა. ახლა თავს დაგვესხმებიან, მაგრამ ერთი გაბედონ! ახლა უკვე მზად ვარ.

      ძველმა ჯარისკაცმა ეს სიტყვები ძალიან ჩუმად თქვა და გამარჯვებულივით მოიფშვნიტა ხელები, დამცინავად გადახედა იარე-მიწაზეს, მერე გულხელი დაიკრიფა, შუა გზაზე გაჩერდა თავის საყვარელ ოფიცრებს შორის და მიღებული ზომების შედეგებს დაელოდა. დარწმუნებული იყო, ბრძოლა ატყდებოდა და მშვიდად ათვალიერებდა თავის ჯარისკაცებს.

      - ოო! შავი დღე დაგვადგება, მეთაური ხელებს იფშვნეტს,- ჩაილაპარაკა იფრინდამ.

      იულო და მისი ასეული კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა სიცოცხლე მართლა საფრთხეშია და როცა ადამიანები ღირსების საქმედ მიიჩნევენ თავდაჭერილობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას. ასეთ წუთებში ადამიანებს მათი საქმეებით აფასებენ და საბოლოო განაჩენიც გამოაქვთ. ამიტომ იულოსთვის, რომელმაც თავის ოფიცრებზე უკეთ იცოდა, რა საფრთხე ელოდათ, თავმოყვარეობის საკითხიც კი იყო, ყველაზე მშვიდად ყოფილიყო. რიგრიგობით უყურებდა ხან იარე-მიწაზეს, ხან გზას, ტყეს და შეშფოთებული ელოდა, როდის გაისმებოდა შუშხუნების ზალპი, რომლებიც, როგორც ეგონა, ტყის სულებივით ირგვლივ იყვნენ ჩასაფრებულები. სახე ვნებადამცხრალი, აუღელვებელი ჰქონდა, რაკი იცოდა, რომ ჯარისკაცები თვალს არ აშორებდნენ. შეჭმუხნა შავგრემანი, ჩოფურა სახე, ტუჩის მარჯვენა კუთხე აჭიმა და თვალები მოჭუტა. მისი ეს გრიმასა ჯარისკაცებს ყოველთვის ღიმილი ეგონათ. მერე ჟერარს მხარზე ხელი დაჰკრა და თქვა: - ახალ უკვე მშვიდად ვართ. რა გინდოდათ გეკითხათ?

      - რა ახალ ხიფათში გავეხვიეთ, მეთაურო?

      - ახალი არაფერია, - უპასუხა ჩუმად, მთელი ევროპა ჩვენი წინააღმდეგია, ამჯერად არ გაუჭირდება. სანამ დირექტორიის წევრები ისე ებრძვიან ერთმანეთს, როგორც ცხენები თავლაში, სადაც შვრია გათავდა, მათი მთავრობა იშლება, არმიას არავინ ეხმარება. იტალიაში გაგვანადგურეს. დიახ, მეგობრებო, მანტუიდან წამოვედით ტრებიაში დამარცხების შემდეგ, ჟუბერმა კი ახლახან წააგო ბრძოლა ნოვიში. იმედი მაქვს, მასენა დაიბრუნებს შვეიცარიაში სუვოროვის მიერ ხელში ჩაგდებულ ვიწრო გასასვლელებს. რეინზე გვაჯობეს. დირექტორიამ იქ მორო გააგზავნა. მოახერხებს კი ეს გაბედული კაცი დაიცვას საზღვრები?.. დავუშვათ!

      მაგრამ ბოლოს და ბოლოს კოალიცია გაგვსრესს და, საუბედუროდ, ერთადერთი გენერალი, ვისაც ჩვენი შველა შეუძლია, გადაკარგულშია, ჯანდაბაში, ეგვიპტეში! და მერე როგორ დაბრუნდება? ზღვაზე ინგლისი ბატონობს.

      - ბონაპარტის არყოფნა არ მაწუხებს, სარდალო, - უპასუხა ახალგაზრდა მაიორმა ჟერარმა, განათლებულმა და ძალიან ჭკვიანმა, - ჩვენს რევოლუციას ეგ ვერ შეაჩერებს. არა. ჩვენ მხოლოდ საფრანგეთის მიწა კი არ უნდა დავიცვათ, ჩვენ ორმაგი მისია გვაკისრია. ვალდებული ვართ, შევინარჩუნოთ ქვეყნის სული. თავისუფლების კეთილშობილური პრინციპები, დამოუკიდებლობა და ადამიანის გონება, ჩვენმა ნაციონალურმა ასამბლეებმა რომ გამოაღვიძა, იმედი მაქვს, სულ უფრო განივრცობა. საფრანგეთი მოგზაურივით არის, რომელსაც ლამპარი ჩააბარეს: ერთი ხელით უჭირავს, მეორეთი - იცავს; თუ თქვენი ცნობები უტყუარია, მაშინ ბოლო ათი წლის მანძილზე ამდენი მტერი არ დაგვხვევია, რომელსაც ამ ლამპრის ჩაქრობა უნდა. დოქტრინები და ქვეყანა - ყველაფერი დაღუპვის პირასაა.

      - ვაგლახ, რომ ასეა! - ამოიოხრა იულომ, - ამ დირექტორიის მასხარებმა მოახერხეს ყველასთან წაკიდება, ვისაც კი ჭკვიანურად მართვა შეეძლო. ბერნადოტი, კარინო, მოქალაქე ტალეირანმაც კი მიგვატოვა. მოკლედ, ერთადერთი წესიერი პატრიოტი დაგვრჩა - ფუშე, რომელმაც თავისი პოლიციის დახმარებით, ყველაფერი ხელში აიღო. აი, მესმის თავი! სწორედ მან გამაფრთხილა დროულად ამ აჯანყების შესახებ. და მაინც, დარწმუნებული ვარ, ხაფანგში მოვექეცით.

      - ჰო, არმია თუ არ ჩაერევა მთავრობის საქმეებში, - განაგრძო ჟერარმა, - ადვოკატები იმდენს იზამენ, რომ ყველაფერი უარესად იქნება, ვიდრე რევოლუციამდე იყო. ამ ცბიერმა ადამიანებმა მართვისა რა იციან!

      - სულ იმის მეშინია, - განაგრძო იულომ, - ბურბონებს არ შეეკრან, ეშმაკმა დალახვროს! ისინი თუ შეთანხმდებიან, რა დღეში აღმოვჩნდებით?

      - არა, არა, მეთაურო, იქამდე არ მივა, - შეეხმიანა ჟერარი, - არმია, როგორც ამბობთ, ხმას აიმაღლებს, ოღონდ პიშეგრიუს ლექსიკონით არ ისარგებლოს და აი, მაშინ, იმედი მაქვს, დავინახავთ, რომ ათი წელი იმისთვის არ გვჩეხეს, რომ ჩვენი დათესილი ბოლოს და ბოლოს სხვამ მოიმკას.

      - ჰო, ასეა, - შესძახა მეთაურმა, - ძვირად დაგვიჯდა.

      - მაშ, ასე, - თქვა კაპიტანმა მერლმა, - ძველებურად ვიმოქმედოთ, ნამდვილი პატრიოტებივით და ვეცადოთ, შუანებს საშუალება არ მივცეთ, დაუკავშირდნენ ვანდეას, რადგან, თუ შეიკრნენ და თან ინგლისიც ჩაეჩხირა, პასუხს ვეღარ ვაგებ მთლიანი და განუყოფელი საფრანგეთის ფრიგიულ ჩაჩზე.

      აქ საუბარი ბუს კივილმა შეაწყვეტინა, საკმაოდ შორიდან რომ გაისმა. მეთაური დაფრთხა, მაშინვე იარე-მიწაზეს შეხედა, მაგრამ მის უშფოთველ სახეს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. რეკრუტები, ოფიცერმა რომ მოაგროვა, საბრძოლველად მწყობრში მდგომი ასეულისგან ას ნაბიჯზე საქონლის ფარასავით შეჯგუფებულიყვნენ შუა გზაზე. მათ უკან, ათი ნაბიჯის დაშორებით იდგნენ ლეიტენანტ ლებრენის ჯარისკაცები და პატრიოტები. მეთაურმა თვალი მოავლო საბრძოლო შემადგენლობას და უკანასკნელად გადახედა გზაზე განლაგებულ პიკეტს. დისპოზიციით კმაყოფილი შემოტრიალდა და ის იყო, ადგილიდან დაძვრა უნდა ებრძანებინა, ტყის დაზვერვიდან მობრუნებული ორი ჯარისკაცის სამფეროვანი კოკარდა დაინახა გზის მარცხენა მხარეს. მეთაურს, რაკი მარჯვენა მხრის მზვერავები ჯერ არ ჩანდნენ, უნდოდა, მათთვის დაეცადა.

      - იქნებ სწორედ იქიდან გამოვარდეს ყუმბარა, - უთხრა თავის ორ ოფიცერს და იქით მიახედა, სადაც ტყემ ორი შვილი ჩაუყლაპა.

      სანამ მობრუნებული ქვეითი მსროლელები პატაკს აბარებდნენ, იულოს მხედველობის არედან გამორჩა იარე-მიწაზე. მაშინ შუანმა მაგრად დაუსტვინა, ისე ხმამაღლა, თითქოს ძალიან შორს უნდა გააგონოსო და სანამ მიჩენილი ყარაულები დამიზნებას მოასწრებდნენ, მათრახის დაკვრით ორივე მიყარ-მოყარა ვიწრო ბილიკზე, მიწაყრილსა და ორმოს შორის. იმ წამსვე რესპუბლიკელები გააყრუა ყვირილმა, უფრო სწორად, ველურმა ღრიანცელმა. სადაც შუანი იჯდა, იმ მიწაყრილს ზემოთ, ტყიდან ზალპი გაისმა და შვიდი-რვა ჯარისკაცი გააგორა. ხუთმა-ექვსმა ჯარისკაცმა ესროლა, მაგრამ ყველა ააცდინა იარე-მიწაზეს, რომელიც ველური კატის სისწრაფით აცოცდა ფერდობზე და ტყეს შეეფარა. საბოები გასძვრა ფეხიდან, თხრილში ჩაცვივდა და გამოუჩნდა ნალებდაკრული უხეში ფეხსაცმელი, როგორსაც მეფის ეგერები ატარებენ. შუანების პირველსავე ჭყივილზე ახალწვეულები მარჯვნივ, ტყეში შეცვივდნენ, იტყოდით, გამვლელმა ჩიტების გუნდი დააფრთხოო.

      - ცეცხლი! ესროლეთ მაგ არამზადებს! - იყვირა მეთაურმა.

      რაზმმა ისროლა, მაგრამ ახალწვეულები ტყვიებს დაემალნენ, ხეებს ამოეფარნენ და სანამ ჯარისკაცებმა ხელახლა დატენეს თოფები, თვალს მოეფარნენ.

      - აბა! როგორ გინდა დეპარტამენტების ლეგიონების ჩამოყალიბების დეკრეტი შეასრულო, ჰა? - შესჩივლა იულომ ჟერარს, - ისეთი ყეყეჩი უნდა იყო, როგორც დირექტორიაა, რომ ამ მხარეში მობილიზაციის იმედი გქონდეს. უკეთესი იქნებოდა, ასამბლეები რომ კენჭს არ უყრიდნენ, რამდენი ტანისამოსი, რამდენი ფული თუ საომარი აღჭურვილობა უნდა გაიცეს... ჯობდა, მართლა მოეცათ.

      - ეტყობა, მაგ გომბეშოებს კვერები ურჩევნიათ ჯარისკაცის ულუფის ხმიადებს, - ჩაერია იფრინდა, ასეულის ლაზღანდარა.

      დეზერტირებს რესპუბლიკელების ყიჟინა და ხარხარი მიჰყვა, მაგრამ უცებ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ჯარისკაცებმა დაინახეს ფერდობზე გაჭირვებით მომავალი ორი მსროლელი, მეთაურმა გზის მარჯვენა მხარეს რომ გააგზავნა დასაზვერად. ერთ-ერთს, მსუბუქად დაჭრილს, ამხანაგი მოჰყავდა, მიწას სისხლით რომ რწყავდა. საწყლებს ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი, უცებ იარე-მიწაზეს საზიზღარი სახე რომ გამოჩნდა. ისე კარგად დაუმიზნა მზვერავებს, რომ ერთი გასროლით ორივეს მოუღო ბოლო და მძიმედ ჩააგორა თხრილში. მისი დიდი თავის გამოჩენისთანავე, ოცდაათმა ლულამ ამოიღო მიზანში, მაგრამ, ფანტასმაგორიული მოჩვენებასავით გაქრა კურდღლისცოცხას მუხანათურ ბუჩქებში. ეს ყველაფერი, აღწერას ამდენი სიტყვა რომ დასჭირდა, თვალის დახამხამებაში მოხდა და ერთ წამში პატრიოტები და არიერგარდის ჯარისკაცები მცველთა რაზმის დანარჩენ ნაწილს შეუერთდნენ.

      - წინ! - დასჭყივლა იულომ.

      ასეული გაიჭრა წინ, მაღლობზე ღია ადგილისკენ, სადაც პიკეტი იყო განლაგებული. იულომ საომარ პოზიციაში ჩააყენა ჯარისკაცები, მაგრამ, რაკი შუანების მხრიდან მტრული ვერაფერი შენიშნა, გადაწყვიტა, რომ ჩასაფრების ერთადერთი მიზანი ახალწვეულთა გათავისუფლება იყო.

      - მათი ყვირილით თუ ვიმსჯელებთ, - უთხრა თავის ორ მეგობარს, - ბევრნი არ უნდა იყვნენ. სწრაფად ვიაროთ, იქნებ ერნემდე ჩავაღწიოთ, სანამ წამოგვეწევიან.

      ეს სიტყვები გაიგონა ერთმა პატრიოტმა ახალწვეულმა, მწკრივიდან გამოვიდა და იულოს დაუდგა წინ.

      - ჩემო გენერალო, მე მიმიღია მონაწილეობა შუანების წინააღმდეგ ომში. შეიძლება, ორი სიტყვა გითხრათ?

      - ეტყობა, ვექილია, - წასჩურჩულა იულომ მერლს, - მაგისნაირებს თავი ყოველთვის სასამართლო დარბაზში ჰგონიათ, აბა, სიტყვა შენია, დაიცავი საქმე, - უპასუხა ახალგაზრდა ფუჟერელს.

      - მეთაურო, შუანებმა ნამდვილად გადაიბირეს ეს ხალხი და მათთვის იარაღი მოიტანეს. ფეხს თუ გავადგამთ, ერნეში ჩასვლამდე ყოველი ხის უკნიდან გვესვრიან და ყველას დაგვხოცავენ, საქმე უნდა დავიცვათ, როგორც თქვი, ოღონდ სიტყვით კი არა, ტყვიით. შეტაკებისას, რომელიც უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე გგონია, ერთ-ერთი ჩემი ამხანაგი წავა ფუჟერში და ნაციონალურ გვარდიას და თავისუფალ მებრძოლებს ჩამოიყვანს. მართალია, წვევამდელები ვართ, მაგრამ ნახავ, რომ ყვავების ჯიშისანი არა ვართ.

      - მაშ, ფიქრობ, რომ შუანები ძალიან ბევრნი არიან?

      - აბა, შენ თვითონ განსაჯე, მოქალაქე მეთაურო!

      მან წაიყვანა იულო პლატოზე, იმ ადგილას, სადაც ფეხით იყო გადათხრილი. უჩვენა და ბილიკით კარგა მანძილი გაიარეს, სადაც მრავალი ადამიანის ნაფეხურები ჩანდა. ფოთლები ფეხით მიწაში იყო ჩატკეპნილი.

      - აქ ვიტრეს ბიჭებმა გაიარეს, - თქვა ფუჟერელმა, - ქვემო-ნორმანდიელ შუანებთან შესაერთებლად წავიდნენ.

      - რა გვარი ხარ, მოქალაქევ? - ჰკითხა იულომ.

      - გიუდენი, მეთაურო.

      - მაშ ასე, გიუდენ, შენი თანამოქალაქეების კაპრალად გნიშნავ. საიმედო კაცად მეჩვენები. გავალებ, აირჩიე შენს ამხანაგებს შორის ის, ვისაც ფუჟერში გავგზავნით. შენ ჩემთან დარჩები. მაგრამ ჯერ წაიყვანე შენი მოლაშქრეები და წამოიღეთ თოფები, სავაზნეები და ტანსაცმელი საბრალო ჩვენი ამხანაგებისა, ყაჩაღმა შუანებმა გზაზე რომ მიაწვინეს. მაშინ არ მოგიხდებათ მტრის ტყვიების უპასუხოდ დატოვება.

      გულადი ფუჟერელები გაემართნენ დახოცილების აღჭურვილობისთვის. მთელი რაზმი ცეცხლით იცავდა მათ და ისე მოახერხეს, წამოეღოთ მიცვალებულების ტანსაცმელი და იარაღი, რომ ერთი კაციც არ დაუკარგავთ.

      - ეს ბრეტონელები, - უთხრა იულომ ადიუტანტს, - კარგი ქვეითები დადგებიან, თუ ჯარისკაცის კარდალას შეეჩვევიან.

      გიუდენის შიკრიკი გზის მარცხენა მხარეს ტყის უმოკლეს ბილიკს სირბილით დაადგა. ჯარისკაცებმა შეიმოწმეს იარაღი და საბრძოლველად მოემზადნენ. მეთაურმა ჩამოუარა, გაუღიმა, მათ წინ გაჩერდა და თავის საყვარელ ოფიცრებს შორის ჩამდგარი მტკიცედ ელოდა შუანების შეტევას. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ხანმოკლე: სამასი შუანი, წვევამდელებივით რომ ეცვათ, გამოვარდა საშინელი ღრიანცელით, უწესრიგოდ, გზის მარჯვენა მხრიდან და წინ გადაუდგა ლურჯების მცირერიცხოვან რაზმს. მეთაურმა ორ ტოლ კოლონად გაყო ჯარისკაცები, მწკრივში ათ-ათ კაცად. ამ რაზმებს შორის ჩააყენა თორმეტი სახელდახელოდ შეიარაღებული წვევამდელი და თვითონ ჩაუდგა მათ სათავეში. გზის ორივე მხარეს მის პატარა არმიას იცავდა ორი ფრთა, ოცდახუთ-ოცდახუთი კაცი თითოში, ჟერარისა და მერლის მეთაურობით. ორივე ოფიცერს ევალებოდა, შეერჩია მომენტი, შეეტია ფლანგებიდან და არ მიეცა შუანებისთვის გაფანტვის საშუალება. ეს სიტყვა ადგილობრივ კილოზე ნიშნავს მთელ ბრძოლის ველზე გადანაწილებას ისე, რომ თითოეული შესძლებდა თავისი პოზიციიდან, თვითონ რომ უსაფრთხოდ ყოფილიყო, ესროლა ლურჯებისთვის. ასეთი მანევრის დროს რესპუბლიკელებმა აღარ იცოდნენ, სად ეძებნათ მტერი.

ონორე დე ბალზაკი

ფრანგულიდან თარგმნა ლიანა დარაშვილმა

გაგრძელება ►

ტეგები: Qwelly, ბალზაკი, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, რომანი

ნახვა: 952

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters