რობინსონის საქმე

ფრანც კაფკა - ამერიკა


     უცებ ვიღაცამ მხარზე დაარტყა ხელი. კარლმა, რა თქმა უნდა, მაშინვე იფიქრა, რომ ეს სტუმარი იქნებოდა, ვაშლი ჯიბეში ჩაიდო და კაცს
თვალი შეავლო თუ არა, ლიფტისაკენ გაემართა.
– საღამო მშვიდობისა, ბატონო როსმან, – უთხრა კაცმა, – ეს მე ვარ,
რობინსონი.
– როგორ შეცვლილხართ! – წამოიძახა კარლმა და თავი გადააქნია.
– დიახ, საქმეები კარგად მიმდის, – უპასუხა რობინსონმა და თავისი
ტანსაცმელი აათვალიერ-ჩაათვალიერა, რომელსაც, მართალია, საკმაოდ დახვეწილი აქსესუარები ამშვენებდა, მაგრამ ისე უგემოვნოდ იყო

შეხამებული, უბადრუკად გამოიყურებოდა. თვალში გეცემოდათ აშკარად ახალთახალი თეთრი ჟილეტი ოთხი პატარა, შავად შემოგვირისტებული ჯიბით, რომელთა გამოსაჩენად რობინსონი საგანგებოდ იჯგიმებოდა.
– ძვირფასი ტანსაცმელი გაცვიათ, – უთხრა კარლმა და უცებ გაახსენდა თავისი დახვეწილი, სადა კოსტიუმი, რომლითაც რენელსაც კი თამამად ამოუდგებოდა გვერდით, ამ ორმა არამზადამ კი გაუყიდა.
– დიახ, – მიუგო რობინსონმა, – თითქმის ყოველდღე ვყიდულობ
ჩემთვის რაღაც ახალ ნივთს. ჟილეტი როგორ მოგწონთ?
– მშვენიერია, – უპასუხა კარლმა.
– მაგრამ ეს ნამდვილი ჯიბეები არ არის, ისეა გაკეთებული, – და რობინსონმა კარლს ხელი ჩაავლო, რომ თავად დაერწმუნებინა. მაგრამ
კარლმა უკან დაიხია, რადგან რობინსონს პირიდან არყის აუტანელი სუნი ამოსდიოდა.
– თქვენ ძველებურად ბევრს სვამთ, – და ისევ მოაჯირთან დაბრუნდა.
– არა, – უპასუხა რობინსონმა, – ბევრს არა, – და თავისი თვითკმაყოფილების საპირისპიროდ დასძინა: – აბა, რაღა დაგვრჩენია ამქვეყნად?
– მათი საუბარი ლიფტის რეისმა შეწყვიტა, ხოლო როგორც კი კარლი
ისევ ჩამოვიდა, ტელეფონმა დარეკა. ახლა კარლს სასტუმროს ექიმის
მოსაყვანად მოუხდა წასვლა, რადგან ერთ ქალს მეშვიდე სართულზე
გონება დაუკარგავს. იმედოვნებდა, რომ რობინსონი ამასობაში წავიდოდა, რადგან არ უნდოდა, ვინმეს მასთან ერთად დაენახა, და ტერეზეს
გაფრთხილების თანახმად, არც დელამარშზე სურდა რაიმეს გაგონება.
მაგრამ რობინსონი ისევ ელოდებოდა ნასვამისათვის დამახასიათებელი სიჯიუტით; სწორედ ამ დროს სასტუმროს მაღალი ჩინის შავსერთუკიანმა და ცილინდრიანმა მოსამსახურემ ჩაიარა, მაგრამ, საბედნიეროდ, რობინსონი არ შეუნიშნავს.
– ნუთუ არ გინდათ, როსმან, ერთხელ მაინც შემოიაროთ ჩვენთან?
ჩვენ ახლა მშვენივრად ვცხოვრობთ, – და კარლს მაცდურად შეხედა.

– თქვენ მეპატიჟებით თუ დელამარში? – ჰკითხა კარლმა.
– მე და დელამარში. ჩვენ ამ საკითხში ერთსულოვანნი ვართ, – უპასუხა რობინსონმა.
– მაშინ მოგახსენებთ და გთხოვთ, დელამარშსაც გადასცეთ იგივე:
ჩვენი განშორება, თუ მაშინ კარგად ვერ გაიგეთ, საბოლოო იყო. თქვენ
მე ისე მაწყენინეთ, როგორც არავის არ უწყენინებია ჩემთვის. იქნებ არც
მომავალში აპირებთ, თავი დამანებოთ?
– ჩვენ ხომ თქვენი ამხანაგები ვართ, – რობინსონს სიმთვრალის საზიზღარი ცრემლები მოადგა თვალებზე, – დელამარშმა შემოგითვალათ, რომ ყველაფერს აგინაზღაურებთ რაც კი უსიამოვნება მოუყენებია
თქვენთვის. ჩვენ ახლა შესანიშნავ მომღერალთან, ბრუნელდასთან ერთად ვცხოვრობთ, – ეს რომ თქვა, სიმღერა წამოიწყო მაღალ ხმაზე, მაგრამ კარლმა დროულად შეაწყვეტინა: – ახლავე გაჩუმდით, დაგავიწყდათ, სად ხართ?
– როსმან, – შეშინებულმა რობინსონმა სიმღერა შეწყვიტა, – მე ხომ
თქვენი ამხანაგი ვარ. მითხარით, რაც გინდათ. ახლა აქ შესანიშნავი ადგილი გაქვთ, ცოტა ფულს ხომ ვერ მასესხებდით?
– რომ ისევ სასმელში დახარჯოთ? – უთხრა კარლმა, – თქვენს ჯიბეში არყის ბოთლსაც კი ვხედავ, რომლიდანაც, გეტყობათ, ჩემს აქ არყოფნაში კარგად მოგისვამთ, რადგან თავიდან, ასე თუ ისე, გონზე იყავით.
– ეს ისე, შესამაგრებლად, როცა სადმე მივდივარ, – მობოდიშებით
უპასუხა რობინსონმა.
– თქვენს გამოზრდას აღარ ვაპირებ, – უთხრა კარლმა.
– მაგრამ ფული? – წამოიძახა რობინსონმა და თვალები დააჭყიტა.
– ჩანს, დელამარშმა დაგავალათ, რომ ფული მიუტანოთ. კეთილი,
მოგცემთ ფულს, ოღონდ ერთი პირობით: რომ ახლავე წახვალთ აქედან
და აღარასოდეს შემაწუხებთ. თუ ჩემთვის რაიმეს შეტყობინება მოგინდებათ, მომწერეთ: კარლ როსმანს, ლიფტიორს, სასტუმრო «ოქსიდენტალი». მისამართად საკმარისია. მაგრამ, გიმეორებთ, აქ აღარ უნდა

მოხვიდეთ. ეს ჩემი სამსახურია და ვიზიტების დრო არ მაქვს. მაშ, თანახმა ხართ, ამ პირობით მოგცეთ ფული? – და კარლმა ხელი ჟილეტის
ჯიბეში ჩაიყო. გადაწყვიტა, ამღამინდელი გასამრჯელო გაეწირა. რობინსონმა პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და მძიმედ ამოისუნთქა. კარლმა ეს არასწორად გაიგო და კიდევ ერთხელ ჰკითხა: – ჰო თუ არა?
რობინსონმა ხელით თავისკენ მიიხმო და ჩურჩულით უთხრა, თან
ყოველ სიტყვაზე იხრჩობოდა, რაც აშკარად ცუდის ნიშანი იყო: – როსმან, ძალიან ცუდად ვარ.
– ეშმაკმა დალახვროს, – აღმოხდა კარლს და ორივე ხელით მოაჯირთან მიათრია. რობინსონმა პირდაპირ შახტის სიღრმეში გადაარწყია.
შუალედებში, გულისრევის შეტევებს შორის, კარლს უმწეოდ ებღაუჭებოდა.
– თქვენ ნამდვილად კარგი ყმაწვილი ხართ, – ლუღლუღებდა თან,
ან: – მორჩა, უკვე გამიარა, – მაგრამ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა.
– არამზადები, რა საზიზღრობით გამჭყიპეს! – კარლმა აღშფოთებისა და ზიზღის გამო მის გვერდით ვეღარ გაძლო და ბაქანზე წინ და უკან
სიარულს მოჰყვა. აქ, კუთხეში, ლიფტის გვერდით, რობინსონი ასე თუ
ისე მოფარებულია, მაგრამ, ვაითუ ვინმემ მაინც შეამჩნიოს, ერთ-ერთმა
ამ ჭირვეული, მდიდარი სტუმრებიდან, რომლებიც ყოველ წუთში მზად
არიან, საჩივრით მიმართონ სასტუმროს მოხელეს, რის გამოც ის, განრისხებული, მთელ პერსონალს, მართალსა თუ მტყუანს, სასტიკად გაუსწორდება; ან სასტუმროს ერთ-ერთმა დეტექტივმა გამოიაროს, გამუდმებით რომ იცვლებიან და არავინ იცნობს დირექციის გარდა, და
ყველა, ვინც კი გამვლელ-გამომვლელს დაჟინებით აკვირდება, შესაძლოა სულაც ახლომხედველობის გამო, დეტექტივი ჰგონიათ. ქვემოთ კი,
საკმარისია, ვინმეს საკუჭნაოში შესვლა დასჭირდეს, – რესტორანში ხომ
მუშაობა მთელი ღამე არ წყდება, – სინათლის შახტაში ამ საზიზღრობის
დანახვით გაოცებული, მაშინვე კარლს შეეკითხება ტელეფონით, რა
ხდება, ღვთის გულისათვის, იქ, ზემოთ. შეძლებს მაშინ კარლი რობინსონის უარყოფას? და თუ ასე მოიქცევა, ხომ არ მიათითებს რობინსონი

თავისი სიბრიყვისა და სასოწარკვეთილების გამო კარლზე, ნაცვლად
იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს? და ხომ არ გაათავისუფლებენ აქედან
მაშინვე, რადგან გაუგონარი რამ მოხდა: ლიფტიორმა, სასტუმროს პერსონალის უზარმაზარი იერარქიის ამ ყველაზე დაბალმა და ადვილად
გასამეტებელმა მსახურმა, თავისი მეგობრის აქ მიღებით დააბინძურა
სასტუმრო და შეაშინა სტუმრები, ან მათი აქედან წასვლის მიზეზადაც
იქცა? და განა შეიძლება ითმინონ ლიფტიორი, თუ მას ასეთი მეგობრები ჰყავს და თან სამუშაო საათებში მისი მონახულების უფლებასაც აძლევს? ხომ არ აღძრავს ყოველივე ეს ეჭვს, რომ ასეთი ლიფტიორი თავადაც ლოთი ან უარესიცაა, რადგან სავსებით შესაძლებელია, ის იმდენ
ხანს კვებავს თავის დამქაშებს სასტუმროს მარაგიდან, ვიდრე ისინი ამ
საგანგებოდ მოვლილი სასტუმროს ნებისმიერ ადგილზე ისეთ უმსგავსობას არ ჩაიდენენ, როგორიც ახლა ჩაიდინა რობინსონმა? და რატომ
შემოიფარგლება ასეთი ყმაწვილი მხოლოდ სურსათის ქურდობით, როცა სტუმრებისათვის საყოველთაოდ დამახასიათებელი დაუდევრობის
წყალობით მართლაც უთვალავი შესაძლებლობაა ბაცაცობისთვის –
კარმოღებული კარადები, მაგიდებზე დაყრილი ძვირფასეულობა, თავღია ზარდახშები და დაუფიქრებლად დაგდებული გასაღებები?
ამ დროს კარლმა დაინახა სტუმრები, რომლებიც სარდაფის რესტორნიდან ამოდიოდნენ, სადაც ეს-ესაა დამთავრდა ვარიეტეს წარმოდგენა. იგი თავის ლიფტთან დადგა და ვერ გაებედა რობინსონისაკენ გახედვა იმის შიშით, რაც იქ შეიძლებოდა დაენახა. ცოტათი დაამშვიდა
იმან, რომ იქიდან არავითარი ხმა, ხვნეშაც
კი არ მოისმოდა. თავის სტუმრებს ემსახურებოდა, მათთან ერთად
ადი-ჩამოდიოდა, მაგრამ დაბნეულობას ვერ მალავდა, და ყოველ ჩამოსვლაზე გულის ფანცქალით ელოდა, რომ იქ რაღაც უსიამოვნო სიურპრიზს წააწყდებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, მოიცალა, რომ რობინსონისაკენ გაეხედა,
რომელიც თავის კუთხეში მიყუჟულიყო და თავი მუხლებში ჩაერგო.
მრგვალი, მაგარი ქუდი შუბლიდან კეფაზე აჩოჩებულიყო.

– ახლა კი წადით, – წყნარად და გადაჭრით უთხრა კარლმა, – აი, ფული. თუ იჩქარებთ, უმოკლეს გზას მიგასწავლით.
– მე წასვლას ვერ შევძლებ, – რობინსონმა პაწაწინა ცხვირსახოცით
შუბლი მოიწმინდა, – აქ მოვკვდები. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ცუდად
ვარ. დელამარში ფეშენებელურ რესტორნებში დამათრევს, მე კი ყოველდღე ვუჩიჩინებ, რომ ამ გადაპრანჭულ ადგილებს ვერ ვიტან.
– თქვენი აქ დარჩენა აღარ შეიძლება, – უთხრა კარლმა, – გაიხსენეთ,
სად ხართ. აქ თუ გიპოვიან, დაგაჯარიმებენ, მე კი ჩემს ადგილს დავკარგავ. ეს გინდათ?
– ვერ წავალ, – უპასუხა რობინსონმა, – მირჩევნია ჩავხტე იქ, ქვემოთ,
– და მოაჯირის გისოსებს შორის სინათლის შახტაზე მიუთითა, – ვიდრე
აქ ასე ვზივარ, კიდევ ასატანია, მაგრამ წამოდგომას ვერ შევძლებ, უკვე
ვცადე, თქვენ აქ არყოფნაში.
– მაშინ ავტომობილს გამოვიძახებ და საავადმყოფოში წაგიყვანენ,
– უთხრა კარლმა და ფეხებზე მოქაჩა, რადგან რობინსონი სულ უფრო
და უფრო შეურაცხადი ხდებოდა. მაგრამ სიტყვა საავადმყოფოს გაგონებაზე, რომელმაც, როგორც ჩანს, საშინელი მოგონებები აღუძრა, რობინსონმა ღრიალი ამოუშვა და ორივე ხელი კარლისაკენ ისე გაიშვირა,
თითქოს შეწყალებას ევედრებაო.
– წყნარად, – შემოჰკრა კარლმა და ხელები ძირს დააშვებინა, მიირბინა იმ ლიფტიორთან, რომელსაც იმ ღამეს ცვლიდა, სთხოვა, ახლა ცოტა ხნით შენ შემცვალეო, მერე რობინსონთან მიბრუნდა, რომელიც ისევ
ზლუქუნებდა, მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რომ ფეხზე წამოეყენებინა,
და ჩასჩურჩულა: – რობინსონ, თუ არ გინდათ, თქვენზე ხელი ავიღო, თავი ხელში აიყვანეთ, – სულ მცირე მანძილი გამართულმა უნდა გაიაროთ.
ჩემს საწოლამდე მიგიყვანთ, სადაც შეგიძლიათ იქამდე დარჩეთ, ვიდრე
უკეთესად არ გახდებით. გაგიკვირდებათ კიდეც, რა მალე გამოფხიზლდებით. ოღონდ ახლა წესიერად უნდა მოიქცეთ, დერეფნებში ყველგან ხალხია და ჩემი საწოლიც საერთო საძინებელშია. თუ ცოტათი მაინც

მიიქცევთ ვინმეს ყურადღებას, ვერაფრით ვეღარ დაგეხმარებით. და
თვალები გაახილეთ, მომაკვდავივით ხომ ვერ წაგიყვანთ.
– ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით, მაგრამ მარტო ვერ წამიყვანთ. რენელს ხომ ვერ დაუძახებდით?
– რენელი აქ არ არის, – უპასუხა კარლმა.
– ჰო, მართლა, რენელი დელამარშთან ერთად არის. მათ ხომ თქვენთან გამომგზავნეს. უკვე ყველაფერი ამერ-დამერია, – კარლმა ისარგებლა რობინსონის ამ და კიდევ სხვა გაუგებარი მონოლოგებით, რათა ხელის კვრით წინ წაეგდო, და ასე მშვიდობიანად მიაღწიეს კუთხემდე, საიდანაც სუსტად განათებული დერეფანი ლიფტიორების საძინებლისაკენ მიდიოდა. სწორედ ამ დროს ერთმა ლიფტიორმა ჩაურბინა გვერდით. ისე, აქამდე მხოლოდ რამდენიმე ნაკლებად სახიფათო შეხვედრა
ჰქონდათ; ოთხიდან ხუთ საათამდე ყველაზე წყნარი დრო იყო, და კარლმა კარგად იცოდა, თუ ამ დროში ვერ მოახერხებდა რობინსონის საძინებელში შეყვანას, გამთენიისას, როცა სასტუმროში ახალი დღე იწყება,
ამაზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნებოდა.
საძინებელი დარბაზის ბოლოში სწორედ დიდი შეხლა-შემოხლა თუ
რაღაც ამდაგვარი სანახაობა გაეჩაღებინათ, ისმოდა ხელების რიტმული ტყაპუნი, ფეხების აღგზნებული ბაკუნი და სპორტული შეძახილები.
დარბაზის იმ ნახევარში, რომელიც კართან იყო ახლოს, მხოლოდ რამდენიმე გამოუსწორებელი ძილისგუდა მიგდებულიყო, უმეტესობა კი
ზურგზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა, ზოგიერთი – ჩაცმული თუ გახდილი – დროდადრო წამოხტებოდა საწოლიდან, რათა გაერკვია, რა ხდებოდა დარბაზის მეორე ბოლოში. ამრიგად, რობინსონი, რომელიც ამასობაში სიარულს მიეჩვია, კარლმა, თითქმის შეუმჩნევლად მიიყვანა
რენელის საწოლამდე, რადგან ის კართან ახლოს იდგა და საბედნიეროდ, თავისუფალი იყო, მის საწოლში კი, როგორც შორიდან დაინახა,
მშვიდად ეძინა ერთ ყმაწვილს, რომელსაც კარლი საერთოდ არ იცნობდა. როგორც კი რობინსონმა თავი საწოლში დაიგულა, მაშინვე, ცალფეხგადმოკიდებულს, ღრმად ჩაეძინა. კარლმა საბანი თავზე წააფარა

და გადაწყვიტა, რომ ერთხანს მაინც შეეძლო მშვიდად ყოფილიყო, –
რობინსონი ექვსზე ადრე ნამდვილად არ გაიღვიძებს, იქამდე კი დაბრუნდება და მაშინ რენელთან ერთად რაიმე ხერხს გამონახავს, რომ
რობინსონი აქედან გაიყვანონ. საძინებლის შემოწმება რომელიმე მაღალი ინსტანციის მხრიდან მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში თუა მოსალოდნელი, დილის ამგვარი შემოწმების გაუქმებას კი ლიფტიორებმა
მრავალი წლის წინათ მიაღწიეს, ასე რომ, არც ამ მხრივ ემუქრება რაიმე
საფრთხე.
როცა კარლი თავის პოსტზე დაბრუნდა, დაინახა, რომ როგორც მისი,
ასევე მეზობლის ლიფტი ზემოთ ადიოდა. მოუსვენრად ელოდა, რომ გაეგო, რაში იყო საქმე. მისი ლიფტი უფრო ადრე ჩამოვიდა და იქიდან
სწორედ ის ლიფტიორი გამოვიდა, ცოტა ხნის წინ დერეფანში რომ ჩაუქროლა გვერდით.
– სად დაიკარგე, როსმან? – ჰკითხა მან, – რატომ წახვედი? რატომ
არავის შეატყობინე?
– კი მაგრამ, მე ხომ ვთხოვე, ცოტა ხნით შევეცვალე, – უპასუხა კარლმა და მეზობელ ლიფტიორზე მიუთითა, რომელიც სწორედ ამ დროს
მოუახლოვდა, – მე ხომ მას მთელი ორი საათი ვცვლიდი, როცა გაცხოველებული მოძრაობა იყო.
– ეს ყველაფერი ძალიან კარგია, – მიუგო ახალმოსულმა, – მაგრამ
არასაკმარისი. განა არ იცი, რომ სამსახურის დროს სულ ცოტა ხნით წასვლის შემთხვევაშიც კი მსახურთუხუცესს უნდა აცნობო? სწორედ ამისთვის გაქვს აქ ტელეფონი. მე კი სიამოვნებით შეგცვლიდი, მაგრამ ხომ
იცი, ეს არც ისე ადვილია. ორივე ლიფტის წინ სწორედ ხუთის ნახევრიანი ექსპრესით ჩამოსული კლიენტები იცდიდნენ. ჯერ შენს მგზავრებს
ხომ ვერ ავიყვანდი და ჩემებს ხომ ვერ ვალოდინებდი; ასე რომ, ჯერ ჩემი ლიფტით ავედი!
– მერე? – ჰკითხა კარლმა და დაძაბული ელოდა პასუხს, რადგან
ორივე დუმდა.

– მერე, – უპასუხა მეზობელმა ლიფტიორმა, – გამოიარა მსახურთუხუცესმა, დაინახა შენი ლიფტის წინ მომლოდინე კლიენტები, რომლებსაც არავინ ემსახურებოდა, სიბრაზისაგან გამწვანდა, მეკითხება შენზე,
რადგან სწორედ იმ დროს ჩამოვედი ლიფტით, სად არისო, მე კი ამაზე
წარმოდგენა არ მაქვს, შენ ხომ არ გითქვამს, სად წახვედი, და მაშინვე
დარეკა საძინებელში, რომ სხვა ლიფტიორი მოსულიყო.
– მე ხომ შეგხვდი დერეფანში, – უთხრა კარლს შემცვლელმა. კარლმა
თავი დაუქნია.
– რა თქმა უნდა, – ირწმუნებოდა მეორე ლიფტიორი, – მე მაშინვე
ვუთხარი, რომ შეცვლა მთხოვე, მაგრამ ვის აინტერესებს ამგვარი ახსნაგანმარტებები? გეტყობა, ჯერ მათ კარგად არ იცნობ. და დაგვავალეს
გადმოგცეთ, რომ ახლავე კანტორაში გამოცხადდე. ასე რომ, უმჯობესია,
თუ აღარ დააყოვნებ და ახლავე გაიქცევი. იქნებ გაპატიოს, შენ ხომ მართლაც მხოლოდ ორიოდე წუთით დატოვე პოსტი. მხოლოდ ის აუხსენი,
რომ მე მთხოვე შეცვლა, იმაზე კი, რომ შენ მე შემცვალე, უმჯობესია არაფერი თქვა, ამას დაჟინებით გირჩევ, მე არაფერს დამიშავებენ, რადგან
ნებართვა მქონდა, მაგრამ არ არის საჭირო ამაზე ლაპარაკი, მით უმეტეს, ამ შემთხვევასთან დაკავშირება, რომელთანაც მას საერთო არაფერი აქვს.
– ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ პოსტი დავტოვე, – თქვა კარლმა.
– ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ ამისი არავის სჯერა, – და თავისი ლიფტისაკენ გაიქცა, რადგან კლიენტები მიუახლოვდნენ.
კარლის შემცვლელმა, თოთხმეტიოდე წლის ყმაწვილმა, რომელიც
კარლს აშკარად თანაუგრძნობდა, ურჩია: – ბევრი მსგავსი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ უპატიებიათ. ჩვეულებრივ, რაიმე სხვა სამუშაოზე გადაჰყავთ ხოლმე. გათავისუფლებით, რამდენადაც ვიცი, მსგავსი მიზეზით
მხოლოდ ერთი გაათავისუფლეს. შენ რაიმე ჭკვიანური მიზეზი უნდა მოიფიქრო თავის გასამართლებლად. არავითარ შემთხვევაში არ თქვა,
რომ უცებ ცუდად გახდი, ეს სასაცილოდაც არ ეყოფათ. ყველაფერს აჯობებს, თქვა, რომ ერთმა სტუმარმა მეორესთან რაღაც დაგაბარა, მაგრამ

აღარ გახსოვს, ვინ დაგაბარა და ვერც ის იპოვე, ვისთვისაც დანაბარები
უნდა გადაგეცა.
– არა უშავს, – თქვა კარლმა, – ყველაფერი მოგვარდება, – თუმცა
იმის შემდეგ, რაც აქ მოისმინა, კეთილი დასასრულის იმედი აღარ ჰქონდა. თუნდაც პოსტის დატოვება აპატიონ, იქ, საძინებელში, ხომ რობინსონი წევს, დანაშაულის ცოცხალი მტკიცებულება, კირკიტა მსახურთუხუცესი კი ზედაპირული გამოძიებით არ დაკმაყოფილდება და ბოლოს
და ბოლოს, აღმოაჩენს რობინსონს. რაიმე კატეგორიული აკრძალვა უცხო ადამიანის საერთო საძინებელში შეყვანის თაობაზე, მართალია, არ
არსებობს, მაგრამ არ არსებობს იმის გამო, რომ ასეთი რამის დაშვება,
უბრალოდ, წარმოუდგენელია.
როცა კარლი მსახურთუხუცესის კაბინეტში შევიდა, ის სწორედ დილის ყავას შეექცეოდა, ერთ ყლუპს მოსვამდა და სიაში იხედებოდა, რომელიც, როგორც ჩანს, სასტუმროს უფროსმა პორტიემ შემოუტანა, იქვე
რომ იჯდა. ეს იყო ზორბა კაცი, ჩინებული, მდიდრულად გაწყობილი
მუნდირი – მხრებსა და სახელოებსაც ოქრომკედით ამოქარგული კლაკნილები ამშვენებდა – კიდევ უფრო მხარბეჭიანად წარმოაჩენდა, ვიდრე
სინამდვილეში იყო. მისი სხივიანი შავი ულვაშები, გადაგრეხილი ბოლოებით, როგორსაც უნგრელები ატარებენ, თავის მკვეთრ მოძრაობაზეც კი არ ირხეოდა. საერთოდ, მძიმე სამოსის გამო, პორტიეს მოძრაობა
უჭირდა და ფეხები ფართოდ ჰქონდა გაშლილი, რათა წონასწორობა
დაეცვა.
კარლი თავისუფლად და სწრაფად შევიდა ოთახში, როგორც ამას
სასტუმროში შეეჩვია, რადგან სიდინჯე და სიფრთხილე, რაც კერძო ადამიანებში, ჩვეულებრივ, ზრდილობის ნიშანია, ლიფტიორებს სიზარმაცედ ეთვლებათ. გარდა ამისა, შესვლისთანავე არ უნდა შეიმჩნიოს, რომ
თავს დამნაშავედ გრძნობს. მსახურთუხუცესმა ცალი თვალით კი გაიხედა კარისაკენ, მაგრამ მაშინვე თავის ყავასა და სიას მიუბრუნდა, კარლისათვის ყურადღებაც არ მიუქცევია. პორტიეს, როგორც ჩანს, კარლის შემოსვლით ხელი შეეშალა, შესაძლოა, რაიმე საიდუმლო ამბავი ან სათ-

ხოვარი ჰქონდა უფროსისათვის გადასაცემი, ყოველ შემთხვევაში, მალიმალ დაბღვერილი გახედავდა ხოლმე კარლს, შემდეგ კი, თვალებით
რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, თავისი გეგმების შესაბამისად, კვლავ
მსახურთუხუცესისაკენ მიბრუნდებოდა. კარლი ფიქრობდა, არ ივარგებს, თუ ახლავე, უფროსის ბრძანების გარეშე დავტოვებ აქაურობასო.
მაგრამ ის სიას ჩაჰკირკიტებდა და თან ნამცხვარს შეექცეოდა, რომელსაც დროდადრო, კითხვის შეუწყვეტლად, შაქარს აშორებდა. როცა სიის
ერთი ფურცელი იატაკზე დავარდა, პორტიეს მისი აღება არც კი უცდია,
რადგან იცოდა, რომ ვერ მოახერხებდა, თან ეს არც იყო საჭირო, კარლი
ხომ იქვე იყო – აიღო და უფროსს გაუწოდა, რომელმაც ისე ჩამოართვა,
თითქოს ფურცელი თავისთავად აფრინდა იატაკიდან. ასე რომ, ეს პატარა სამსახური არაფერში ჩაეთვალა, რადგან პორტიე ისევ დაბღვერილი
იყურებოდა მისკენ.
მიუხედავად ამისა, კარლი უფრო მხნედ გრძნობდა თავს, ვიდრე ადრე. მსახურთუხუცესს რომ მისი საქმე ასე უმნიშვნელოდ მიაჩნია, უკვე
კარგის მომასწავებელი უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, ეს გასაგებიცაა.
ლიფტიორი, რა თქმა უნდა, არაფერს წარმოადგენს და ამიტომ ვერც
მისცემს თავს ვერაფრის უფლებას, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არაფერს წარმოადგენს, ვერაფერს ისეთს ვერ ჩაიდენს, რაც წარმოუდგენელია. ბოლოს და ბოლოს, მსახურთუხუცესი ახალგაზრდობაში თავადაც
ლიფტიორი იყო – რითაც ლიფტიორების ახლანდელი თაობა ამაყობს
კიდეც – სწორედ ის იყო, რომელმაც ლიფტიორების პირველი ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, და ბუნებრივია, მასაც დაუტოვებია ნებართვის გარეშე თავისი
პოსტი, თუმცა ამის გახსენებას დღეს ვერავინ აიძულებს, და ცხადია,
არ შეიძლება არ გაითვალისწინო, რომ ის, როგორც ყოფილი ლიფტიორი, თავის მოვალეობად მიიჩნევს, დროდადრო მაინც, შეუვალი სიმკაცრით დაიცვას წესრიგი ამ ფენაში. კარლი ახლა იმის იმედადღა იყო,
რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობდა: კანტორის საათის მიხედვით
ექვსის თხუთმეტი წუთია, რენელი წუთი-წუთზე დაბრუნდება, შესაძ-

ლოა, უკვე აქაც იყოს, რადგან, ალბათ შეამჩნევდა, რომ რობინსონს შეაგვიანდა; კარლმა ახლა ისიც გაიფიქრა, რომ რობინსონი და დელამარში სადღაც სასტუმრო «ოქსიდენტალის» ახლომახლო უნდა ყოფილიყვნენ, რადგან სხვა შემთხვევაში რობინსონი ასეთ შესაბრალის მდგომარეობაში აქამდე ვერ მოაღწევდა. თუ რენელს რობინსონი თავის საწოლში დახვდება, რაც გარდუვალია, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. რადგან რენელი საკმაოდ პრაქტიკული ყმაწვილია, განსაკუთრებით, როცა
საქმე მის ინტერესებს ეხება, და ყველანაირად შეეცდება, როგორმე გაარიდოს რობინსონი სასტუმროდან, რაც ახლა არც თუ ისე რთული იქნება, რადგან რობინსონი ამასობაში ალბათ უკვე ასე თუ ისე გამოფხიზლდებოდა და დელამარშიც ალბათ ელოდება სასტუმროს წინ, რომ მეგობარი ჩაიბაროს. თუკი რობინსონი უვნებელყოფილია, მაშინ კარლს
შეუძლია, უფრო თავდაჯერებულად შეეპასუხოს მსახურთუხუცესს და
ამჯერად იქნებ, უბრალოდ, სასტიკი საყვედურით გადარჩეს. შემდეგ ტერეზეს დაეთათბირება, უთხრას თუ არა შეფმზარეულს სიმართლე –
კარლი, თავის მხრივ, ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ხედავს – და ეს საქმეც შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ დამთავრდება.
ის იყო კარლმა ამგვარი განსჯით თავი დაიმშვიდა და იმ ღამით მიღებული გასამრჯელოს შეუმჩნევლად თვლას შეუდგა – რადგან, როგორც გრძნობდა, ის განსაკუთრებით უხვი უნდა ყოფილიყო – რომ მსახურთუხუცესმა სიტყვებით: – ერთი წუთით კიდევ მოიცადეთ, თუ შეიძლება, ფიოდორ – სია მაგიდაზე დადო, სხარტად წამოხტა და კარლს ისე
დაჰყვირა, რომ ის შიშისაგან ფართოდ გაღებულ შავ ხახაში მიაჩერდა.
– შენ უნებართვოდ დატოვე პოსტი. იცი, რას ნიშნავს ეს? ეს გათავისუფლებას ნიშნავს. არავითარი თავის მართლების მოსმენა არ მსურს,
შენი მოგონილი მიზეზები შეგიძლია შენთვის შეინახო, ჩემთვის სრულიად საკმარისია ის ფაქტი, რომ ადგილზე არ იყავი. მე თუ ამას მოვითმენ და გაპატიებ, ორმოცივე ლიფტიორი სამუშაო საათებში აქეთ-იქით
დაიწყებს სირბილს და მე მარტო მომიწევს ხუთი ათასი სტუმრის ხელით აყვანა კიბეზე.

კარლი დუმდა. პორტიე მიუახლოვდა და მისი ქურთუკის დაჭმუჭნილი კალთა გამოსწია, რათა მსახურთუხუცესის ყურადღება კარლის კოსტიუმის ამ უწესრიგობაზე გაემახვილებინა.
– იქნებ უცებ ცუდად გახდი? – დამცინავად ჰკითხა მსახურთუხუცესმა.
კარლმა გამომცდელად შეხედა და უპასუხა: – არა.
– მაშ ცუდადაც კი არ გამხდარხარ? – კიდევ უფრო ხმამაღლა დაიღრიალა მსახურთუხუცესმა, –
მაშასადამე, რაღაც წარმოუდგენელი ტყუილი გექნება მოგონილი.
რითი იმართლებ თავს? აბა, გისმენ!
– მე არ ვიცოდი, რომ ტელეფონით უნდა მეთხოვა ნებართვა, – უპასუხა კარლმა.
– შესანიშნავია, – მსახურთუხუცესი ქურთუკის საყელოში სწვდა
კარლს და თითქმის მიიტანა ლიფტის მომსახურების წესდებასთან, რომელიც კედელზე ეკიდა. პორტიეც მათ მიჰყვა და კედელთან დადგა, – აი,
წაიკითხე! – და მსახურთუხუცესმა ერთ-ერთ პარაგრაფზე მიუთითა.
კარლს ეგონა, თავისთვის უნდა წაეკითხა. მაგრამ უფროსმა უბრძანა: –
ხმამაღლა!
ნაცვლად ხმამაღლა წაკითხვისა, კარლმა, იმის იმედით, რომ უფროსს დაამშვიდებდა, უპასუხა: – მე ვიცნობ ამ პარაგრაფს, მომსახურების წესები მეც მივიღე და გულდასმით გავეცანი. მაგრამ ის მუხლები,
რომლებსაც არ იყენებ, გავიწყდება. უკვე ორი თვეა ვმუშაობ და არასოდეს მიმიტოვებია პოსტი.
– სამაგიეროდ, ახლა დატოვებ, – უთხრა მსახურთუხუცესმა, მაგიდასთან მივიდა, სია ისევ ხელში აიღო, თითქოს კითხვა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ ქაღალდის უსარგებლო ნაგლეჯივით მაგიდაზე დააგდო, და სახეწამოჭარხლებული, ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, – ამ ლაწირაკის გამო ასეთი რამ უნდა მოითმინო! ასეთი არეულობა ღამის
ცვლაში! – წამოიძახა რამდენჯერმე, – იცით, ვინ უნდა ასულიყო სწორედ
ზემოთ, როცა ამ ყმაწვილმა ლიფტი მიატოვა? – მიუბრუნდა პორტიეს.

და დაასახელა გვარი, რომლის გაგონებაზე პორტიე, რომელიც, რა თქმა
უნდა, ყველა სტუმარს იცნობდა და მათი ფასიც იცოდა, ისე შეძრწუნდა,
რომ სწრაფად გახედა კარლს, როგორც ნივთიერ დასტურს იმისა, რომ
ამ სახელისა და გვარის პატრონს ამაოდ მოუწია რამდენიმე ხანს ლიფტთან ცდა, რადგან ლიფტიორს პოსტი მიუტოვებია.
– რა საშინელებაა! – თქვა პორტიემ, კარლისაკენ მიბრუნდა და უსაზღვროდ შეშფოთებულმა თავი ნელა გადააქნია, ის კი დაღონებული შესცქეროდა და ფიქრობდა, რომ ამ კაცის გონებაჩლუნგობაც ძვირად დაუჯდებოდა.
– სხვათა შორის, მეც კარგა ხანია, გიცნობ, – თქვა პორტიემ და თავისი მსხვილი, გრძელი, გაშეშებული საჩვენებელი თითი კარლისაკენ გაიშვირა, – შენ ერთადერთი ლიფტიორი ხარ, რომელიც პრინციპულად
არ მესალმება. ვინ გგონია თავი? ყველა, ვინც პორტიეს კუთხეს ჩაუვლის, ვალდებულია მომესალმოს. სხვა პორტიეებთან შეგიძლია როგორც გინდა, ისე მოიქცე, მაგრამ მე მოვითხოვ, მომესალმო. მე ზოგჯერ
არ ვიმჩნევ, მაგრამ დარწმუნებული იყავი, ზუსტად ვიცი, ვინ მესალმება
და ვინ – არა, შე რეგვენო! – კარლს ზურგი შეაქცია და გაჯგიმული მსახურთუხუცესისაკენ მიბრუნდა. მან კი, პორტიესადმი თანაგრძნობის გამოხატვის ნაცვლად, საუზმე გააგრძელა და თან გაზეთს ათვალიერებდა, რომელიც სწორედ მსახურმა შემოიტანა ოთახში.
– ბატონო უფროსო პორტიე, – კარლმა გადაწყვიტა, მსახურთუხუცესის უყურადღებობით ესარგებლა და პორტიესთან გაერკვია ურთიერთობა, რადგან კარგად ესმოდა, რომ პორტიეს მტრული დამოკიდებულება
უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე მისი საყვედურები, – მე ნამდვილად გესალმებით. დიდი ხანი არ არის, რაც ამერიკაში ვარ, წარმოშობით ევროპელი გახლავართ. იქ კი, როგორც მოგეხსენებათ, საჭიროზე ხშირადაც კი ესალმებიან ერთმანეთს. ცხადია, ამას მთლიანად ვერ
გადავეჩვეოდი, და ჯერ კიდევ ორი თვის წინათ, ნიუ-იორკში, სადაც ბედის წყალობით საკმაოდ მაღალ საზოგადოებაში ვტრიალებდი, ყოველ

ფეხის ნაბიჯზე მახსენებდნენ, რომ არ არის საჭირო ასეთი გადაჭარბებული თავაზიანობა. და მაინცდამაინც თქვენ არ მოგესალმებოდით?
დღეში რამდენჯერმეც კი გესალმებით ხოლმე. მაგრამ, ცხადია, არა ყოველ დანახვაზე, რადგან დღეში ხომ ასჯერ მაინც ჩაგივლით გვერდით.
– შენ ვალდებული ხარ, ყოველთვის მომესალმო, ყოველ ჯერზე, გამონაკლისის გარეშე, და ვიდრე მელაპარაკები, ქუდი ხელში გეჭიროს;
ყოველთვის «ბატონო უფროსო პორტიეთი» უნდა მომმართო, და არა
უბრალოდ თქვენობით. და ასე ყოველთვის, ყოველ ჯერზე.
– ყოველ ჯერზე? – ხმადაბლა გაიმეორა კარლმა შეკითხვა, და ახლაღა გაახსენდა, რა მკაცრად და საყვედურით უყურებდა მას სწორედ ეს
პორტიე მთელი ამ დროის განმავლობაში. რაც აქ არის, იმ პირველი დილიდან მოყოლებული, როცა მსახურის მდგომარეობას ჯერ კიდევ შეუჩვეველი, საკმაოდ თამამად, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე, დაჟინებით ეკითხებოდა, ხომ არ მოუკითხავს ის ორ მამაკაცს და ხომ არ დაუტოვებიათ მისთვის ფოტოგრაფია.
– ახლა ხომ ხედავ, სადამდე მიგიყვანა ასეთმა საქციელმა, – პორტიე
კვლავ მიუახლოვდა კარლს და მსახურთუხუცესზე მიუთითა, რომელიც
ჯერ ისევ კითხულობდა, თითქოს ის მისი შურიძიების იარაღი ყოფილიყოს, – შენს ახალ სამსახურში მაინც ისწავლი, რომ პორტიეს უნდა მიესალმო, თუნდაც ეს მხოლოდ უბადრუკი სამიკიტნო იყოს.
კარლს ესმოდა, რომ ადგილი უკვე დაკარგა, რადგან მსახურთუხუცესმა თქვა და პორტიემაც დაადასტურა, ლიფტიორის გასათავისუფლებლად კი სასტუმროს დირექციის თანხმობა ალბათ არც არის აუცილებელი. ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე წარმოედგინა. ბოლოს და ბოლოს, ორი თვე იმუშავა, ისე პატიოსნად, როგორც შეეძლო,
და ნამდვილად უკეთესად, ვიდრე სხვა ლიფტიორები მუშაობენ. მაგრამ,
როგორც ჩანს, გადამწყვეტ მომენტში ამას არც ერთ კონტინენტზე არ აქცევენ ყურადღებას – არც ევროპაში და არც ამერიკაში, არამედ განაჩენი
წუთიერი მრისხანების გავლენით გამოაქვთ. ახლა ალბათ ყველაფერს
აჯობებს, თუ დაუყოვნებლივ დაემშვიდობება და გაეცლება აქაურობას.

შეფმზარეულსა და ტერეზეს ალბათ ჯერ კიდევ სძინავთ; მისი საქციელით გამოწვეულ იმედგაცრუებასა და მწუხარებას აარიდებს. ყოველ
შემთხვევაში, პირადად გამომშვიდობებას, უმჯობესია, მათ წერილობით დაემშვიდობოს, ჩაალაგოს ჩემოდანი და ჩუმად წავიდეს. კიდევ ერთი დღითაც რომ დარჩეს, რაც გამოსაძინებლად ზედმეტი არ იქნებოდა,
ამას სხვა არაფერი მოჰყვება, თუ არა მისი საქმის სკანდალად ქცევა, საყვედურები ყოველი მხრიდან, ტერეზეს ცრემლები, და შესაძლოა, შეფმზარეულისაც, რისი დანახვაც მისთვის აუტანელია, და უკიდურეს შემთხვევაში ალბათ სასჯელიც კი. მეორე მხრივ, შემაშფოთებელია ის, რომ
აქ ორი მტრის პირისპირ აღმოჩნდა და მისგან ნათქვამ ყოველ სიტყვას
თუ ერთი არა, მეორე მაინც გადაასხვაფერებს და
არასწორად გაიგებს. ამიტომ ჯერ დუმდა და ოთახში ჩამოვარდნილი სიჩუმით ითქვამდა სულს, რადგან მსახურთუხუცესი უწინდებურად
გაზეთს კითხულობდა, უფროსი პორტიე კი მაგიდაზე მიმოფანტული სიის ფურცლებს ნომრების მიხედვით ალაგებდა, რაც ახლომხედველობის
გამო დიდ სირთულეებს უქმნიდა.
ბოლოს მსახურთუხუცესმა დაამთქნარა და გაზეთი მაგიდაზე დადო,
კარლისაკენ გაიხედა, დარწმუნდა, რომ ისევ აქ არის, და მაგიდის ტელეფონის სახელური გადაატრიალა. რამდენჯერმე ჩასძახა «ალო», მაგრამ
არავინ გამოხმაურებია, – არ პასუხობენ, – უთხრა უფროს პორტიეს. ამან
კი, რომელიც, როგორც კარლს მოეჩვენა, განსაკუთრებული ინტერესით
ადევნებდა თვალს დარეკვის პროცესს, უპასუხა: – უკვე ექვსს თხუთმეტი
წუთი აკლია, ახლა უთუოდ ფეხზე იქნება. უფრო დიდხანს რეკეთ, – იმწამსვე, ხელახალი დარეკვის გარეშე, ზარი გაისმა, – მსახურთუხუცესი
ისბერი, – უპასუხა, – დილა მშვიდობისა, ქალბატონო შეფმზარეულო.
ხომ არ გაგაღვიძეთ? ძალიან ვწუხვარ. დიახ, დიახ, უკვე ექვსს თხუთმეტი წუთი აკლია. გულწრფელად ვწუხვარ, რომ შეგაწუხეთ. ძილის დროს
ტელეფონი უნდა გამოთიშოთ ხოლმე. არა, არა, ნამდვილად არ მეპატიება, მით უფრო, რომ საქმე, რაზეც უნდა დაგელაპარაკოთ, სრულიად უმ-

ნიშვნელოა. რა თქმა უნდა, დრო მაქვს, დაგელოდებით ტელეფონთან,
თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
– ეტყობა, საღამურით მოირბინა ტელეფონთან, – ღიმილით უთხრა
უფროს პორტიეს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში სახის დაძაბული გამომეტყველებით ტელეფონისაკენ იყო დახრილი, – ნამდვილად გავაღვიძე, ჩვეულებრივ, პატარა გოგონა აღვიძებს ხოლმე, რომელიც მასთან მბეჭდავად მუშაობს, და დღეს, ეტყობა, დაავიწყდა. ვწუხვარ, რომ შევაშფოთე, ისედაც ძალზე ნერვიულია.
– რატომ არ აგრძელებს ლაპარაკს?
– გოგონას დასახედად წავიდა, რამე ხომ არ მოუვიდა, – უპასუხა მსახურთუხუცესმა და იმ წამსვე ყურმილი ისევ ყურთან მიიტანა, რადგან
ტელეფონმა ისევ დარეკა, – გამოჩნდება, – გააგრძელა ლაპარაკი, –
თქვენ ასე ახლოს არ უნდა მიიტანოთ გულთან ყველაფერი. ნამდვილად
საფუძვლიანი დასვენება გესაჭიროებათ. მაშ, პატარა საქმესთან დაკავშირებით მოგახსენებთ. აქ, ჩემთან, ერთი ლიფტიორია, სახელად – კარლისაკენ მიბრუნდა, რომელიც ყურადღებით უსმენდა და მაშინვე მიაშველა თავისი სახელი და გვარი – სახელად კარლ როსმანი. თუ არ ვცდები, თქვენ მფარველობთ; სამწუხაროდ, მან ჯეროვნად ვერ დააფასა
თქვენი კეთილგანწყობა და უნებართვოდ მიატოვა პოსტი, რითაც დიდი
უსიამოვნება მომაყენა, და რისი შედეგებიც ჯერ კიდევ უცნობია; ამიტომ, ეს-ესაა გავათავისუფლე. იმედია, თქვენ ამას ტრაგიკულად არ მიიღებთ. რა ბრძანეთ? გავათავისუფლე, დიახ, გავათავისუფლე. მაგრამ,
ხომ გითხარით, რომ პოსტი მიატოვა. არა, ამ შემთხვევაში ნამდვილად
ვერაფრით დაგეხმარებით, ძვირფასო ქალბატონო შეფმზარეულო. საქმე ეხება ჩემს ავტორიტეტს. ბევრი რამ დევს სასწორზე, ერთი ასეთი
ყმაწვილი მთელ ბანდას გამიფუჭებს. სწორედ ლიფტიორების შემთხვევაში სასტიკი ყურადღება გვმართებს. არა, არა, ამჯერად ვერაფრით ვერ
გაგიწევთ სამსახურს, რაც უნდა ძლიერ მინდოდეს. მიუხედავად ყოველივე ამისა, კიდევაც რომ დავტოვო აქ, მხოლოდ ჩემი ღვარძლიანობის
გავარჯიშების მიზნით. თქვენ გამო,

ქალბატონო შეფმზარეულო, სწორედ თქვენ გამო ის არ უნდა დარჩეს აქ. თქვენ მას გულშემატკივრობთ. ის კი ამას სრულებით არ იმსახურებს, და რადგან მე ვიცნობ არა მარტო მას, არამედ თქვენც, დანამდვილებით ვიცი, რომ ეს თქვენთვის უდიდესი იმედგაცრუების მომტანი იქნება, რაც ნებისმიერ ფასად უნდა აგარიდოთ. მე სრულიად გულახდილად გელაპარაკებით, თუმცა ეს უტიფარი ყმაწვილი ჩემგან რამდენიმე
ნაბიჯში დგას. მას გავათავისუფლებთ, არა, არა, ქალბატონო შეფმზარეულო, საბოლოოდ გავათავისუფლებთ, არა, არა, არავითარი სხვა სამუშაოზე გადაყვანა, ის სრულიად გამოუსადეგარია. სხვათა შორის, მასზე სხვა საჩივრებიც არის შემოსული. მაგალითად, უფროსი პორტიე, დიახ ფიოდორი, ჩივის, რომ ეს ყმაწვილი უზრდელი და თავხედია. როგორ,
განა ეს არ კმარა? დიახ, ქალბატონო შეფმზარეულო, ამ ყმაწვილის გამო
თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებით. არა, თქვენ არ გაქვთ უფლება,
ასეთი ზეწოლა მოახდინოთ ჩემზე.
ამ დროს უფროსი პორტიე მსახურთუხუცესის ყურთან დაიხარა და
რაღაც ჩასჩურჩულა. მსახურთუხუცესმა ჯერ გაკვირვებით შეხედა, მერე
კი ისე სწრაფად ალაპარაკდა, რომ კარლმა თავიდან ვერაფერი გაიგო
და ფეხის წვერებზე შემდგარი, ორი ნაბიჯით მიუახლოვდა.
– ძვირფასო ქალბატონო შეფმზარეულო, – ეუბნებოდა ის, – მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ ასე ცუდად იცნობდით ადამიანებს. ეს-ესაა
ისეთი რამ გავიგე მაგ თქვენს უცოდველ ყმაწვილზე, რაც თქვენს შეხედულებას საფუძვლიანად შეგიცვლით, და ვწუხვარ, რომ სწორედ მე უნდა გითხრათ ეს. მაშ ასე, ეს სიმპათიური ყმაწვილი, რომელიც თქვენ კეთილშობილების განსახიერებად მიგაჩნიათ, სამუშაოდან თავისუფალ
არც ერთ ღამეს არ უშვებს ისე, რომ ქალაქში არ გავარდეს, საიდანაც
მხოლოდ გამთენიისას ბრუნდება. დიახ, დიახ, ქალბატონო შეფმზარეულო, ამას მოწმეებიც ადასტურებენ, დიახ, პირუთვნელი მოწმეები. ხომ
ვერ მეტყვით, საიდან შოულობს ფულს ასეთი გასართობებისათვის? და
რაღა ყურადღება უნდა დარჩეს სამუშაოსათვის? იქნებ გსურთ, ისიც აღგიწეროთ, რას ჩადის ქალაქში? რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოვიშო-

რო თავიდან ეს ბიჭი. თქვენ კი ეს გაფრთხილებად მიიღეთ ჩემგან, რომ
მომავალში მაინც ფრთხილად იყოთ ასეთ უთვისტომო ყმაწვილებთან.
– კი მაგრამ, ბატონო მსახურთუხუცესო, – შვებით წამოიძახა კარლმა,
რომელმაც დაასკვნა, რომ აქ რაღაც შეცდომაა, და თუ მას გამოასწორებს, საქმე ნამდვილად სასიკეთოდ შემოტრიალდება, – აქ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ბატონმა უფროსმა პორტიემ გითხრათ, რომ მე ყოველ ღამე მივდივარ სასტუმროდან. მაგრამ ეს არ არის
სწორი, პირიქით, ყოველ ღამე საძინებელში ვარ, ამას ყველა ლიფტიორი დაგიდასტურებთ. როცა არ მძინავს, კომერციულ მიმოწერას ვსწავლობ, მაგრამ საძინებლიდან ფეხს არ ვიცვლი. ამის დამტკიცება სულ
ადვილია. ბატონ უფროს პორტიეს აშკარად ვიღაცაში ვეშლები, და ახლა
გასაგებია, რატომაც ჰგონია, რომ მე არ ვესალმები.
– ახლავე გაჩუმდი! – დაუყვირა უფროსმა პორტიემ და მუშტი მოუღერა, თუმცა სხვა ასეთ შემთხვევაში მხოლოდ თითს დაუქნევდა, – მე შენ
ვიღაცაში მეშლები! მაშინ მე პორტიე არ ვყოფილვარ, თუ ადამიანები
ერთმანეთში მეშლება. გესმით, ბატონო ისბარი? მაშინ რაღა უფროსი
პორტიე ვარ, თუ ადამიანები
მეშლება?! ჩემი მუშაობის ოცდაათი წლის განმავლობაში არავინ ერთმანეთში არ ამრევია, რასაც ასობით მსახურთუხუცესი დაგიდასტურებთ, რომლებსაც ამ ხნის განმავლობაში აქ უმუშავიათ, და შენ, უბადრუკო ყმაწვილო, მაინცდამაინც შენ შემეშალე სხვაში? შენ, შენი თვალშისაცემი ფლიდი სიფათით! რა შუაშია აქ არევა? შეგიძლია ყოველ ღამე
გაიპარო ქალაქში ჩემს ზურგს უკან, მაგრამ სახეზე გაწერია, რომ გაქნილი არამზადა ხარ.
– საკმარისია, ფიოდორ! – უთხრა მსახურთუხუცესმა, რომელმაც,
როგორც ჩანს, უეცრად შეწყვიტა შეფმზარეულთან საუბარი. – ყველაფერი ნათელია. მისი ღამის გასართობები სულაც არ არის მთავარი. ალბათ უნდა, წასვლამდე დიდი გამოძიება ჩავატაროთ მის ღამეულ საქმიანობაზე. წარმომიდგენია, როგორ მოეწონება ეს. ორმოცივე ლიფტიორს
აქ გამოიძახებენ და დაკითხავენ, როგორც მოწმეებს, მათ კი ყველას, რა

თქმა უნდა, ის ისევ ვიღაც სხვაში აერევათ, ასე რომ, თანდათან მთელი
მომსახურე პერსონალის მოწმეებად გამოძახება მოგვიწევს; სასტუმროში მუშაობა, ცხადია, გაურკვეველი დროით შეწყდება, და თუ, ბოლოს და
ბოლოს, მაინც მოისვრიან აქედან, თავის ჭიას ხომ გაახარებს. ასე რომ,
უმჯობესია, ეს არ გავაკეთოთ. შეფმზარეული, ეს ღვთისნიერი ქალი, უკვე გააბრიყვა და ეს საკმარისია. არაფრის გაგონება აღარ მსურს; ამ წუთიდან შენ გათავისუფლებული ხარ სამსახურის გაცდენის გამო. აი, მიმართვა სალაროს, რომ დღევანდლამდე გადაგიხადონ ხელფასი. შენი
საქციელის შემთხვევაში, ეს, ჩვენში რომ ვთქვათ, უბრალოდ საჩუქარია,
რასაც მხოლოდ ქალბატონი შეფმზარეულის პატივისცემით ვაკეთებ.
სატელეფონო ზარმა მსახურთუხუცესს ხელი შეუშალა, მაშინვე მოეწერა ხელი მიმართვისათვის, – ამ ლიფტიორების გამო დღეს მოსვენება არ მაქვს! – წამოიძახა პირველი სიტყვების მოსმენისთანავე, – ეს ხომ
გაუგონარია! – წამოიყვირა ცოტა ხნის შემდეგ. ტელეფონს მოშორდა და
პორტიეს მიმართა: – ფიოდორ, გეთაყვა, ცოტა ხნით შეაჩერე ეს ყმაწვილი, კიდევ გვაქვს მასთან სალაპარაკო, – ტელეფონით კი ბრძანება გასცა: – ახლავე ამოდი აქ.
ახლა კი უფროს პორტიეს მიეცა ჯავრის ამოყრის საშუალება, რაც
ლაპარაკისას ვერ მოახერხა. კარლს მხარში ჩაავლო ხელი, მაგრამ არა
მშვიდად, რაც ასე თუ ისე ასატანი იქნებოდა, არამედ დროდადრო ოდნავ შეუშვებდა ხელს, რათა ცოტა ხნის შემდეგ უფრო და უფრო მეტი ძალით მოეჭირა, ეს კი, თუ მის ფიზიკურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, თითქოს უსასრულოდ გრძელდებოდა, ისე რომ კარლს თვალთ
დაუბნელდა. მაგრამ მას არა მარტო ეჭირა კარლი, არამედ, თითქოს
იმავ დროს მისი სიგრძეში გაჭიმვის ბრძანებაც მიიღოო, დროდადრო ჰაერში ასწევდა, ანჯღრევდა, თან მსახურთუხუცესს გახედავდა ხოლმე და
ეკითხებოდა: – ახლა კი აღარ შემეშლება, ნამდვილად აღარ შემეშლება.
ამ ტანჯვისაგან კარლი უფროსი ლიფტიორის გამოჩენამ იხსნა. ეს
იყო ვინმე ბესი, ბუზღუნა, სქელი ჭაბუკი. უფროსმა პორტიემ ახლა მასზე
გადაიტანა ყურადღება. კარლი ისე იყო ქანცგამოცლილი, ძლივს მი-

ესალმა, და თავისდა გასაკვირად დაინახა, როგორ შემოჰყვა მას ტერეზე, საშინლად გაფითრებული, დაუდევრად ჩაცმული, სახელდახელოდ
დამაგრებული თმით. იმწამსვე კარლთან გაჩნდა და უჩურჩულა: – იცის
ეს უკვე შეფმზარეულმა?
– მსახურთუხუცესი ტელეფონით დაელაპარაკა, – უპასუხა კარლმა.
– ეს კარგია, ეს უკვე კარგია, – თქვა სწრაფად და თვალები გამოუცოცხლდა.
– არა, – მიუგო კარლმა, – შენ ხომ არ იცი, რაში მდებენ ბრალს. უნდა
წავიდე, შეფმზარეული უკვე დაარწმუნეს. ნუ გაჩერდები აქ, ადი ზემოთ,
მერე ამოვალ და დაგემშვიდობები.
– კი მაგრამ, როსმან, ეს რა მოიგონე, შენ იმდენ ხანს დარჩები აქ,
რამდენ ხანსაც მოისურვებ. მსახურთუხუცესი ყველაფერს გააკეთებს,
რასაც შეფმზარეული ეტყვის, მას ხომ ის უყვარს, სულ ცოტა ხნის წინ გავიგე. ასე რომ, შეგიძლია მშვიდად იყო.
– გთხოვ ტერეზე, წადი. შენ თუ აქ იქნები, თავის დაცვა გამიჭირდება.
მე კი აუცილებლად უნდა დავიცვა თავი, რადგან ცრუ ბრალდებებს მიყენებენ. და რაც უფრო ყურადღებით ვიქნები და უკეთესად დავიცავ
თავს, მით მეტი შანსი მექნება, აქ დავრჩე. ასე რომ, ტერეზე – ტკივილის
უეცარ შემოტევას ვეღარ გაუძლო და ჩურჩულით დასძინა: – ოღონდ კი
ამ პორტიემ გამიშვას ხელი! წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ჩემი მტერი
იყო. როგორა აქვს ხელი ჩავლებული და როგორ მიჭერს! – თან გაიფიქრა: «რატომ ვამბობ ამას! ქალებს ხომ არ შეუძლიათ ასეთი რამის მშვიდად მოსმენა». და მართლაც, ტერეზე უფროს პორტიეს მიუბრუნდა,
კარლმა კი თავისუფალი ხელით მისი შეჩერება ვერ შეძლო: – ბატონო
უფროსო პორტიე, თუ შეიძლება, ახლავე გაუშვით როსმანს ხელი, თქვენ
ხომ ტკივილს აყენებთ მას. ქალბატონი შეფმზარეული ახლავე პირადად გეახლებათ და მაშინ ნახავთ, რა უსამართლოდ ექცევით მას. გაუშვით ხელი; განა რა სიამოვნებას განიჭებთ მისი ტანჯვა! – და უფროს
პორტიეს ხელშიც კი სწვდა, – ნაბრძანები მაქვს, გოგონი, ნაბრძანები, –
უპასუხა უფროსმა პორტიემ და თავისუფალი ხელით ტერეზე თავისკენ

მიიზიდა, მეორე ხელი კი ისეთი ძალით ჩააჭირა კარლს, თითქოს მისთვის არა მარტო ტკივილის მიყენება სურდა, არამედ ჯერ ვერ მიეღწია
იმ რაღაც განსაკუთრებული მიზნისათვის, რომელიც მის განკარგულებაში მყოფ ხელს უკავშირდებოდა.
ტერეზეს რამდენიმე წუთი დასჭირდა უფროსი პორტიეს მკლავებიდან გასათავისუფლებლად და ის იყო აპირებდა, კარლის დასაცავად მიემართა მსახურთუხუცესისათვის, რომელიც ჯერ კიდევ ბესის დაწვრილებით ჩვენებას ისმენდა, რომ ოთახში შეფმზარეული შემოიჭრა სწრაფი ნაბიჯით.
– მადლობა ღმერთს! – აღმოხდა ტერეზეს და ერთი წამით ოთახი ამ
ხმამაღალმა სიტყვებმა მოიცვა. იმავ წამს მსახურთუხუცესი წამოხტა და
ბესი განზე გასწია.
– მაშ, თქვენ თავად მობრძანდით, ქალბატონო შეფმზარეულო? ამ
უმნიშვნელო ამბის გამო? ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ კი უნდა
მქონოდა ამის მოლოდინი, მაგრამ მაინც არ მჯეროდა. თქვენი პროტეჟეს საქმე კი უფრო და უფრო მძიმდება. ვშიშობ, მისი უბრალოდ გათავისუფლება კი არა, ციხეში ჩასმა მომიწევს. თავად მოისმინეთ, – და ბესი
ხელით მოიხმო.
– ჯერ მინდა როსმანს ვუთხრა რამდენიმე სიტყვა, – და შეფმზარეული სავარძელში ჩაჯდა, რომელიც მსახურთუხუცესმა მიართვა.
– კარლ, მომიახლოვდი, თუ შეიძლება, – კარლმა ნაბიჯი გადადგა,
უფრო სწორად, უფროსმა პორტიემ მიათრია შეფმზარეულთან. – გაუშვით ხელი, – უთხრა გაბრაზებულმა შეფმზარეულმა, – ყაჩაღი ხომ არ
არის! – პორტიემ შეუშვა ხელი, მაგრამ იქამდე კიდევ ერთხელ ისე ძლიერად მოუჭირა, რომ ძალდატანებისგან თავად მოადგა თვალებზე ცრემლი.
– კარლ, – მიმართა შეფმზარეულმა, ხელები მშვიდად დაიწყო მუხლებზე და თავდახრილმა შეხედა. ეს სრულებით არ ჰგავდა დაკითხვას,
– უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრა, რომ ძველებურად გენდობი. ბატონი მსახურთუხუცესიც სამართლიანი ადამიანია, ამაზე თავს დავდებ.

პრინციპში, ორივეს გვინდა, აქ დაგტოვოთ – თან მსახურთუხუცესს გახედა, თითქოს სთხოვდა, ნუ შემაწყვეტინებო. მსახურთუხუცესს არც შეუწყვეტინებია, – მაშ, დაივიწყე ყველაფერი, რაც აქ ალბათ აქამდე გითხრეს. ნურც იმას მიიტან გულთან ახლოს, რაც ალბათ უფროსმა პორტიემ გითხრა. მას ფიცხი ხასიათი აქვს, მისი სამსახურის გათვალისწინებით ეს გასაკვირი არ არის; მაგრამ მასაც ჰყავს ცოლ-შვილი და იცის, რომ
ტყუილად არ უნდა დატანჯოს ახალგაზრდა კაცი, რომელიც საკუთარი
თავის ამარაა დარჩენილი ცხოვრებაში და გარშემომყოფთაგან ისედაც
ბევრის ატანა უწევს.
ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. უფროსმა პორტიემ ახსნა-განმარტების მოლოდინში მსახურთუხუცესს გადახედა, ის კი, თავის მხრივ,
შეფმზარეულისაკენ იყურებოდა და თავს აქნევდა. უფროსი ლიფტიორი
ბესი უაზროდ იღრიჭებოდა მსახურთუხუცესის ზურგს უკან, ტერეზე კი
ჩუმად სლუკუნებდა სიხარულისა თუ დარდისაგან და მთელი არსებით
ცდილობდა, ეს არავისთვის შეემჩნევინებინა.
კარლი კი, თუმცა შეიძლებოდა ეს ცუდ ნიშნად მიეღოთ, შეფმზარეულს არ უყურებდა, რომელიც, ცხადია, ელოდა მის მზერას, არამედ იატაკს ჩაშტერებოდა. მკლავში ტკივილები ყველა მიმართულებით
ვრცელდებოდა, პერანგი დალურჯებულ ადგილებს ეკვროდა, საშინლად უნდოდა, გაეხადა ქურთუკი და ენახა, რა ხდებოდა მის შიგნით. რასაც შეფმზარეული ლაპარაკობდა, ცხადია, მხოლოდ კეთილი ზრახვებით იყო ნაკარნახევი, მაგრამ, საუბედუროდ, კარლს ეჩვენებოდა, რომ
სწორედ შეფმზარეულის ასეთი საქციელით შეიქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის არ იმსახურებდა ამ კეთილგანწყობას, რომ ამ ორი თვის
განმავლობაში დაუმსახურებლად სარგებლობდა მისი გულკეთილობით, და სხვას არაფერს იმსახურებს, გარდა უფროსი პორტიეს მარწუხებში მოხვედრისა.
– ამას იმიტომ გეუბნები, – განაგრძო შეფმზარეულმა, –რომ სიმართლე გვიპასუხო, რასაც ალბათ ისედაც გააკეთებდი, რამდენადაც გიცნობ.

– მაპატიეთ, შეიძლება ამასობაში ექიმი მოვიყვანო, თორემ შესაძლოა ადამიანი სისხლისაგან დაიცალოს, – ძალზე თავაზიანად, მაგრამ
უდროო დროს ჩაერია უცებ ლიფტიორი ბესი.
– წადი, – უთხრა მსახურთუხუცესმა და ისიც მაშინვე გაიქცა. შემდეგ
კი შეფმზარეულს მიმართა: – უფროსმა პორტიემ ტყუილად როდი დააკავა ეს ყმაწვილი. საქმე ისაა, რომ ქვემოთ, ლიფტიორების საძინებელში, ერთ-ერთ საწოლში, საბანში საგულდაგულოდ გახვეული, გალეშილი, სრულიად უცხო მამაკაცი აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, გააღვიძეს და
უნდოდათ გაეგდოთ. მან კი საშინელი აურზაური ატეხა, ყვიროდა, საძინებელი კარლ როსმანს ეკუთვნის, მე მისი სტუმარი ვარ, მან მომიყვანა
აქ და ყველას სასტიკად გაუსწორდება, ვინც კი ხელს დამაკარებსო. გარდა ამისა, იმიტომაც უნდა დაველოდო როსმანს, რომ ის ფულს დამპირდა და სწორედ მის მოსატანად წავიდაო. ყურადღება მიაქციეთ ამას,
ქალბატონო შეფმზარეულო, ფულს დაჰპირდა და მის მოსატანად წავიდა. შენც კარგი ყურით გაიგონე, როსმან, – სხვათა შორის მიმართა მსახურთუხუცესმა კარლს, რომელიც სწორედ ტერეზესაკენ მიბრუნდა, ის
კი გაოგნებული შესცქეროდა მსახურთუხუცესს და მალიმალ შუბლზე ჩამოყრილ თმას ისწორებდა, თუ ხელის ამ მოძრაობით თავის დამშვიდებას ცდილობდა, – იქნებ შენი ზოგიერთი მოვალეობა შეგახსენო: იმ კაცმა, გარდა ამისა, თქვა, რომ შენი დაბრუნების შემდეგ ორივე ერთ ქალიშვილს უნდა ეწვიოთ, რომლის სახელი, სამწუხაროდ, ვერავინ გაარჩია,
რადგან ის კაცი ამ სახელს მხოლოდ სიმღერ-სიმღერით წარმოთქვამდა.
აქ მსახურთუხუცესმა ლაპარაკი შეწყვიტა, რადგან საშინლად გაფითრებული შეფმზარეული წამოდგა და სავარძელი უკან დახია.
– დანარჩენი დეტალებით აღარ დაგღლით, – თქვა მსახურთუხუცესმა.
– არა, არა, – ხელში სწვდა შეფმზარეული, – განაგრძეთ, ყველაფერი
უნდა მოვისმინო, სწორედ ამისთვის ვარ აქ.
უფროსი პორტიე, რომელიც წინ წამოდგა და გულში მჯიღს ირტყამდა იმის ნიშნად, რომ ყველაფერი წინასწარ განჭვრიტა, მსახურთუხუ-

ცესმა სიტყვებით: – დიახ, თქვენ სავსებით სწორი იყავით, ფიოდორ, –
დააშოშმინა და თან ხმა ჩააწყვეტინა.
– სულ ცოტაღა დარჩა მოსაყოლი, – განაგრძო მსახურთუხუცესმა, –
როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ, ჯერ სასაცილოდ აიგდეს, შემდეგ
ჩხუბი ატეხეს, და რადგან მათ შორის ყოველთვის მოიძებნება კარგი
მოკრივეები, გვარიანად მიბეგვეს. მე ვერც კი გავბედე იმის კითხვა, თუ
რამდენი ჭრილობა მიაყენეს, ან რა ადგილებში, ეს ყმაწვილები ხომ საშინელი მოჩხუბრები არიან და მით უმეტეს, მთვრალ კაცთან გასწორება
არაფრად უღირთ!
– მაშ ასე, – შეფმზარეული სავარძლის ზურგს ჩაეჭიდა და იმ ადგილს
დააცქერდა, რომელიც ეს-ესაა გაათავისუფლა, – თქვი რამე, ერთი სიტყვა მაინც თქვი, როსმან! – ტერეზემ შეფმზარეულთან მიირბინა და ხელი გამოსდო, რაც კარლს აქამდე არასოდეს ენახა. მსახურთუხუცესი
შეფმზარეულის ზურგს უკან იდგა და ფრთხილად ასწორებდა ხელით
მის სადა მაქმანიან საყელოს, რომელიც ოდნავ დაჭმუჭნულიყო.
უფროსმა პორტიემ კი, კარლის გვერდით რომ იდგა, იკითხა: – მაშ,
ახლა? – რითაც მხოლოდ მუჯლუგუნის დაფარვა უნდოდა, რომელიც
კარლს უთავაზა.
– ეს სიმართლეა, – პორტიეს მუჯლუგუნის გამო უფრო გაუბედავად
გამოუვიდა კარლს, ვიდრე აპირებდა, – რომ მე ის კაცი საძინებელში შევიყვანე.
– მეტის ცოდნა არც არის საჭირო, – თქვა პორტიემ ყველას სახელით.
შეფმზარეულმა ჯერ მსახუთუხუცესს შეხედა უსიტყვოდ და მერე – ტერეზეს.
– სხვა გზა არ მქონდა, – განაგრძო კარლმა, – ეს კაცი ოდესღაც ჩემი
ამხანაგი იყო, ორი თვე არ გვენახა ერთმანეთი და დღეს ჩემ სანახავად
მოვიდა, მაგრამ ისეთი მთვრალი იყო, მარტო წასვლა ვეღარ შეძლო.
მსახურთუხუცესმა მის გვერდით მდგომ შეფმზარეულს ხმადაბლა
გადაულაპარაკა: – მის სანახავად მოვიდა და შემდეგ ისე დათვრა, რომ
წასვლა ვეღარ შეძლო, – შეფმზარეულმა თავი მისკენ მიაბრუნა და რა-

ღაც უჩურჩულა, მსახურთუხუცესი კი ღიმილით თითქოს შეეპასუხა, მაგრამ ეს ალბათ საქმეს არ ეხებოდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ
ტერეზეს – კარლი მხოლოდ მას აკვირდებოდა – სახე შეფმზარეულის
ზურგში ჩაერგო და არაფრის დანახვა აღარ უნდოდა. ერთადერთი, ვინც
კარლის პასუხით სავსებით კმაყოფილი დარჩა, უფროსი პორტიე იყო,
რომელმაც რამდენჯერმე გაიმეორა: – სრული სიმართლეა, თანამეინახეს ხომ უნდა დაეხმარო, – და გამოხედვითა თუ ხელის მოძრაობით შეეცადა, ეს ჭეშმარიტება ყველა იქ მყოფისათვის ჩაებეჭდა თავში.
– მხოლოდ იმაში ვარ დამნაშავე, – თქვა კარლმა და ცოტა ხანს შეიცადა, თითქოს თავისი მსაჯულებისაგან კეთილ სიტყვას ელოდა, რომელიც სიმხნევეს შემატებდა, რომ თავის დაცვა გაეგრძელებინა, მაგრამ
ასეთი სიტყვა არავის დასცდენია, – ჩემი დანაშაული მხოლოდ ისაა,
რომ ის კაცი – მას რობინსონი ჰქვია, ირლანდიელია – საძინებელში შევიყვანე. ყველაფერი დანარჩენი, რაც მან თქვა, სიმთვრალის ბრალია
და სიმართლეს არ შეესაბამება.
– მაშ ფულს არ დაჰპირებიხარ? – ჰკითხა მსახურთუხუცესმა.
– დიახ, – უპასუხა კარლმა და შეწუხდა, რომ ეს დაავიწყდა, დაბნეულობისა თუ დაუფიქრებლობის გამო მეტისმეტად კატეგორიული გამონათქვამებით იმართლებდა თავს, – ფულს დავპირდი, რადგან მთხოვა.
მაგრამ ფულის მოსატანად არ წავსულვარ, მინდოდა იმ გასამრჯელოდან მიმეცა, რაც ამ ღამით გამოვიმუშავე. – და დასამტკიცებლად ჯიბიდან რამდენიმე მონეტა ამოიღო და ხელისგულზე დაიყარა.
– შენ სულ უფრო და უფრო იხლართები, – უთხრა მსახურთუხუცესმა,
– კაცმა რომ დაგიჯეროს, ჯერ ის უნდა დაივიწყოს, რაც იქამდე გაქვს
ნათქვამი. მაშასადამე, ჯერ ის კაცი – მე ისიც კი არ მჯერა, რომ გვარად
რობინსონია – მას აქეთ, რაც ირლანდია არსებობს, არც ერთ ირლანდიელს ასეთი გვარი არ ჰქონია. მაშასადამე, ჯერ მხოლოდ საძინებელში შეიყვანე, რაც, სხვათა შორის, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ
სამსახურიდან კინწისკვრით გაგაგდონ. ფულს კი, ჯერ თქვი, რომ არ შეჰპირებიხარ, მაგრამ მერე, როცა იგივე შეკითხვა მოულოდნელად დაგის-

ვეს, აღიარე, რომ შეჰპირდი. ჩვენ აქ კითხვა-პასუხობანას როდი ვთამაშობთ, არამედ გვინდა, თავის მართლება მოვისმინოთ შენგან. ჯერ ფულის მოსატანად არ წასულხარ, არამედ, გინდოდა, დღევანდელი გასამრჯელო მიგეცა მისთვის, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ფული თან გაქვს,
ესე იგი, კიდევ სხვა ფული უნდა მოგეტანა, რისთვისაც დიდი დრო დაგჭირდა. ბოლოს და ბოლოს, არც არაფერია განსაკუთრებული ამაში, თუ
ფული შენი ჩემოდნიდან უნდა ამოგეღო, მაგრამ უცნაური ისაა, რომ
მთელი მონდომებით უარყოფ ამას. ისევე, როგორც არც იმის გამხელა
გინდა, რომ ის კაცი აქ, სასტუმროში დაათვრე, რაც ეჭვგარეშეა, რადგან
თავად აღიარე, რომ ის კაცი მარტო მოვიდა, მაგრამ მარტო წასვლა ვეღარ შეძლო, და საძინებელშიც ხომ გაჰყვიროდა, რომ შენი სტუმარია.
ახლა მხოლოდ ორი რამ დარჩა საკითხავი, რასაც, თუ საქმის კიდევ მეტად გართულება არ გსურს, თავად შეგიძლია უპასუხო, თუ არა და შენი
დახმარების გარეშეც შევძლებთ დადგენას: ჯერ ერთი, როგორ მოიპოვე
საკუჭნაოებში შეღწევის უფლება, და მეორეც, როგორ შეაგროვე გასაცემი ფული?
«შეუძლებელია თავის დაცვა, როცა საამისოდ არავითარი კეთილი
ნება არ არსებობს», გაიფიქრა კარლმა და მსახურთუხუცესს აღარ უპასუხა, რითაც ალბათ ძალზე გაანაწყენა ტერეზე. იცოდა, ყველაფერს, რაც
არ უნდა ეთქვა, სხვაგვარად გაიგებდნენ; მხოლოდ განმსჯელზეა დამოკიდებული, დასჯიან მას თუ შეიწყალებენ.
– არ პასუხობს, – თქვა შეფმზარეულმა.
– ეს ყველაზე ჭკვიანურია, რაც მის მდგომარეობაში შეიძლება გააკეთოს კაცმა, – გამოეხმაურა მსახურთუხუცესი.
– კიდევ მოიგონებს რაღაცას, – ჩაერთო უფროსი პორტიე და ხელი,
რომელიც იქამდე ასეთი სასტიკი იყო, ფრთხილად დაისვა წვერზე.
– გაჩუმდი, – მიმართა შეფმზარეულმა გვერდით მდგომ ტერეზეს,
რომელმაც ზლუქუნი დაიწყო, – ხომ ხედავ, არ პასუხობს, როგორ უნდა
დავეხმარო? ბოლოს და ბოლოს, მსახურთუხუცესის თვალში მე არ გამოვდივარ მართალი. მითხარი, ტერეზე, განა ყველაფერი არ გავაკეთე

მისთვის? – საიდან უნდა სცოდნოდა ეს ტერეზეს, ან რაში არგებს, რომ
პატარა გოგონასათვის ამ ორი ბატონის წინაშე საჯაროდ დასმული ამ
შეკითხვით შეფმზარეული ბევრ რამეს დებს სასწორზე?
– ქალბატონო შეფმზარეულო, – კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალები
კარლმა, ოღონდ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ტერეზესათვის პასუხი აეცილებინა, – მე არ ვფიქრობ, რომ რაიმეთი შეგარცხვინეთ, და საქმის ზედმიწევნით გამოძიების შემდეგ ყველა დარწმუნდება ამაში.

– ყველა, – გაიმეორა უფროსმა პორტიემ და მსახურთუხუცესზე მიათითა, – ეს გამოხდომა თქვენ წინააღმდეგაა მიმართული, ბატონო ისბერი. – მაშ ასე, ქალბატონო შეფმზარეულო, – თქვა მან, – უკვე შვიდის ნახევარია, ვფიქრობ, დროა, თუ ნებას მომცემთ, დავასრულოთ ეს საქმე, რომელსაც ისედაც ძალზე ლმობიერად მივუდექით. შემოვიდა პატარა ჯაკომო, კარლთან მისვლა დააპირა, მაგრამ საყოველთაოდ გამეფებული სიჩუმით შეშინებულმა უკან დაიხია და შეიცადა. შეფმზარეულს კარლის უკანასკნელი სიტყვების შემდეგ მისთვის თვალი არ მოუცილებია და არც ეტყობოდა, გაიგონა თუ არა მსახურთუხუცესის შენიშვნა. მისი მზერა მთლიანად კარლზე იყო მიმართული – დიდი, ცისფერი თვალების მზერა, ასაკთან ერთად სხივი ოდნავ რომ ჩაჰქრობოდა. იდგა, სავარძელს აქანავებდა, და ყოველივე ეს აღძრავდა მოლოდინს, თითქოს საცაა უნდა თქვასო: «მაშ, კარლ, ვფიქრობ, საქმე ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული და როგორც შენ მართებულად აღნიშნე, ზედმიწევნით გამოძიებას საჭიროებს. და ჩვენ ახლა ამას შევუდგებით, იმისდა მიუხედავად, უნდა ეს ვინმეს თუ არა, რადგან სამართალმა უნდა იზეიმოს». მაგრამ მცირე პაუზის შემდეგ, რომლის დარღვევა ვერავინ გაბედა – მხოლოდ საათმა დარეკა მსახურთუხუცესის სიტყვების დასტურად შვიდის ნახევარი, და მას, ჩვეულებრივ, სასტუმროს ყველა საათი აჰყვა, რაც დიდი მოუთმენლობის ჟრუანტელივით ჟღერდა, – შეფმზარეულმა თქვა: – არა, კარლ, არა, არა! ამაში ვერ დაგვაჯერებ. სამართლიან საქმეს ეს მაშინვე ეტყობა, შენი საქმე კი, უნდა ვაღიარო, სხვაგვარად გამოიყურება. მე შემიძლია ვთქვა ეს და მოვალეც ვარ, ვთქვა, რადგან აქ შენდამი უდიდესი კეთილგანწყობით მოვედი. შენ ხედავ, რომ ტერეზეც კი დუმს. (მაგრამ ის არ დუმდა, ტიროდა.) შეფმზარეული წამით შეჩერდა, თითქოს რაღაც უეცარი გადაწყვეტილება მიიღოო, და განაგრძო: – მოდი აქ, კარლ, – და როგორც კი კარლი მასთან მივიდა (მსახურთუხუცესმა და უფროსმა პორტიემ მის ზურგს უკან მაშინვე გაცხოველებული საუბარი გამართეს), მარცხენა ხელი მოხვია და მასთან და ტერეზესთან ერთად, რომელიც თავისი სურვილის წინააღმდეგ მიჰყვა მათ, ოთახის სიღრმისაკენ გაემართა, მათთან ერთად რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა და თქვა: – შესაძლოა, კარლ, და შენც ალბათ ამისი იმედი გაქვს, სხვა შემთხვევაში მე საერთოდ ვერ გაგიგებდი, – გამოძიებამ ცალკეულ დეტალებში გაგამართლოს. რატომაც არა? შენ ალბათ მართლაც ესალმებოდი უფროს პორტიეს. მე ეს დანამდვილებით მჯერა, მე ხომ ვიცი, ის რა ადამიანია; როგორც ხედავ, მე ახლაც კი სავსებით გულახდილი ვარ შენთან. მაგრამ ეს პატარ-პატარა გამართლებები ვერ გიშველის. მსახურთუხუცესი – მრავალი წლის განმავლობაში მე ვისწავლე იმის დაფასება, თუ რა კარგად ერკვევა ის ადამიანებში, – ყველაზე საიმედო ადამიანია მათ შორის, ვისაც მე ვიცნობ, მან კი სრულიად ნათლად ჩამოაყალიბა შენი დანაშაული, და ეს მეც უდავოდ მეჩვენება. შესაძლოა, შენ დაუფიქრებლად მოიქეცი, შესაძლოა, ის არ ხარ, ვინც მე მეგონე. და მაინც, – თითქოს თავის თავს შეაწყვეტინა და ორივე ბატონისაკენ გააპარა თვალი, – მე ვერ შევიცვლი იმ აზრს, რომ პრინციპში შენ წესიერი ყმაწვილი ხარ. – ქალბატონო შეფმზარეულო, ქალბატონო შეფმზარეულო! – თავი შეახსენა მსახურთუხუცესმა, რომელმაც მისი მზერა დაიჭირა. – ახლავე დავამთავრებთ, – გაეპასუხა შეფმზარეული და უფრო სწრაფად დაიწყო ლაპარაკი: – მომისმინე, კარლ, შენს საქმეს რომ გადავხედე, მოხარულიც ვარ, რომ მსახურთუხუცესმა არ მოინდომა გამოძიების ჩატარება; კიდევაც რომ დაეწყო, მე ამას, ისევ შენი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს შევუშლიდი. არ არის საჭირო, ვინმემ იცოდეს, როგორ და რითი გაუმასპინძლდი შენ იმ კაცს, რომელიც, შესაძლოა, არც არის შენი ერთ-ერთი ყოფილი ამხანაგი, როგორც შენ ირწმუნები; მათთან ხომ ბოლოს სერიოზული უთანხმოება მოგივიდა, ისე რომ, ახლა რომელიმე მათგანს არ გაუმასპინძლდებოდი. ეს ალბათ, ერთ-ერთი ნაცნობია, რომელსაც დაუფიქრებლად დაუძმაკაცდი ღამით ქალაქის რომელიღაც დუქანში. როგორ შეგეძლო, კარლ, დაგემალა ჩემთვის ასეთი რამეები? თუ შენთვის საერთო საძინებელი ასეთი აუტანელი იყო და ამ უწყინარი მიზეზით დაიწყე ღამის თავგადასავლების ძებნა, რატომ ერთი სიტყვაც არ გითქვამს ჩემთვის ამაზე? მე ხომ ვცდილობდი, ცალკე ოთახი მომეხერხებინა შენთვის და მხოლოდ შენი დაჟინებული თხოვნით ვთქვი ამაზე უარი. გამოდის, იმის გამო არჩიე საერთო საძინებელი, რომ იქ უფრო თავისუფლად გეგრძნო თავი. და შენი ფული ხომ ჩემს სალაროში შეინახე, გასამრჯელოც ყოველ კვირაში მოგქონდა; მაშ, საიდან, ღვთის გულისათვის, საიდან შოულობდი ფულს გასართობად და საიდან უნდა მიგეტანა ფული შენი მეგობრისათვის? ეს, ცხადია, ისეთი გარემოებებია, რომლებზეც მე, ყოველ შემთხვევაში ახლა, არაფრით არ უნდა გავამახვილებინო ყურადღება მსახურთუხუცესს, რადგან მაშინ გამოძიება ალბათ გარდუვალი იქნება. ასე რომ, შენ აუცილებლად უნდა წახვიდე სასტუმროდან, და რაც შეიძლება, ჩქარა. წადი პირდაპირ ბრენერის პანსიონატში – იქ ხომ არაერთხელ ყოფილხარ ტერეზესთან ერთად – იქ ამ რეკომენდაციით მაშინვე მიგიღებენ – და სავიზიტო ბარათზე რამდენიმე სტრიქონი დაწერა ოქროსფერი ფანქრით, რომელიც გულის ჯიბიდან ამოიღო, თან ლაპარაკს აგრძელებდა, – შენს ჩემოდანს მალევე მოგაწვდი. ტერეზე, გაიქეცი ლიფტიორების გარდერობში და მისი ჩემოდანი ჩაალაგე! – (მაგრამ ტერეზე ადგილიდან არ იძვროდა, სურდა, გადატანილი სატანჯველის შემდეგ, ახლა ბოლომდე განეცადა სიხარული იმ სასიკეთო შემობრუნების გამო, რაც საქმეში შეფმზარეულის ჩარევის წყალობით მოხდა). ვიღაცამ კარი შემოაღო, მაგრამ მაშინვე მიხურა ისე, რომ არ გამოჩენილა. ეს ალბათ ჯაკომოს ეხებოდა, რადგან ის კარლთან მივიდა და უთხრა: – როსმან, რაღაცა მაქვს შენთვის სათქმელი. – ახლავე, – შეაწყვეტინა შეფმზარეულმა და კარლს, რომელიც თავდახრილი უსმენდა, ჯიბეში სავიზიტო ბარათი ჩაუდო, – შენი ფული ჯერჯერობით ჩემთან იქნება, შენ იცი, რომ შეგიძლია მენდო. დღეს პანსიონატში დარჩი და შენს საქმეზე დაფიქრდი; ხვალ – დღეს აღარ მაქვს დრო, ისედაც დიდხანს შევყოვნდი აქ – მოვალ ბრენერთან და მოვიფიქრებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ შენთვის. მინდა ახლავე იცოდე, რომ არ მიგატოვებ. მომავალზე ფიქრი ჯერ ადრეა, უმჯობესია, ახლო წარსულზე იფიქრო, – ამ სიტყვებით მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი და მსახურთუხუცესისაკენ გაემართა. კარლმა თავი ასწია და თვალი გააყოლა ზორბა, წარმოსადეგ ქალს, რომელიც მას მშვიდი და თავდაჯერებული ნაბიჯით გაშორდა. – ნუთუ სულ არ გიხარია, – უთხრა ტერეზემ, რომელიც მის გვერდით დარჩა, – რომ ყველაფერი ასე კარგად გამოვიდა? – ჰო, როგორ არა, – გაუღიმა კარლმა, მაგრამ ვერ გაეგო, რატომ უნდა გახარებოდა, როცა ქურდივით აგდებდნენ აქედან. ტერეზეს თვალები გულწრფელ სიხარულს ასხივებდნენ, თითქოს მისთვის სულერთი იყო, დააშავა თუ არა კარლმა რაიმე, სამართლიანად მოექცნენ თუ არა მას, ან როგორ უშვებენ – პატივით თუ სამარცხვინოდ. და ასე იქცევა სწორედ ტერეზე, რომელიც საკუთარ საქმეებში იმდენად ეჭვიანია, რომ შეფმზარეულის ოდნავ ორაზროვანი სიტყვა კვირების განმავლობაში უტრიალებს თავში და მოსვენებას არ აძლევს. კარლმა განგებ ჰკითხა: – ახლავე ჩაალაგებ ჩემს ჩემოდანს და გააგზავნი? – გაკვირვებისაგან კარლმა უნებურად თავი გადააქნია, ისე სწრაფად ჩასწვდა ტერეზე მისი შეკითხვის ქვეტექსტს, და დარწმუნებულმა, რომ ჩემოდანში არის ნივთები, რომლებიც სხვისგან საიდუმლოდ უნდა შეინახოს, ვერც შეხედვა გაუბედა კარლს, ვერც ხელის გაწოდება, მხოლოდ წაიჩურჩულა: – რა თქმა უნდა, კარლ, ახლავე, ახლავე ჩავალაგებ ჩემოდანს, – და მაშინვე გაიქცა. ჯაკომომ ვეღარ მოითმინა და ხანგრძლივი ლოდინით აღელვებულმა ხმამაღლა დაიძახა: – როსმან, ის კაცი დერეფანში იატაკზე გდია და ვერ მიჰყავთ აქედან. უნდოდათ, საავადმყოფოში წაეყვანათ, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგია და გაიძახის, რომ შენ არ დაუშვებ, ის საავადმყოფოში მოხვდეს. ამიტომ ავტომობილი უნდა დაიქირავონ და სახლში გააგზავნონ, ფული კი შენ უნდა გადაიხადო. თანახმა ხარ? – ხედავ, ის კაცი როგორ გენდობა? – შენიშნა მსახურთუხუცესმა. კარლმა მხრები აიჩეჩა და ჯაკომოს ფული ხელში ჩაუთვალა. – მეტი არ მაქვს, – დასძინა თან. – კიდევ დამაბარეს გკითხო, წაჰყვები თუ არა, – ჰკითხა ჯაკომომ, თან ხელში მონეტებს ათამაშებდა. – ის არ წაჰყვება, – თქვა შეფმზარეულმა. – მაშ, როსმან, – ჯაკომოს გასვლას აღარ დაელოდა მსახურთუხუცესი, – შენ გათავისუფლებული ხარ. უფროსმა პორტიემ რამდენჯერმე დააქნია თავი, თითქოს ეს მისი სიტყვები ყოფილიყოს, რომლებიც მსახურთუხუცესმა მხოლოდ მის შემდეგ გაიმეორა. – შენი გათავისუფლების მიზეზებს აქ ვერ გავახმიანებ, თორემ შენი ციხეში ჩასმა მომიწევდა. უფროსმა პორტიემ განსაკუთრებული სიმკაცრით გადახედა შეფმზარეულს, რადგან მიხვდა, რომ სწორედ ის იყო ამ ლმობიერი განაჩენის მიზეზი. – ახლა წადი ბესთან, გადაიცვი, ჩააბარე შენი ლივრეა და ახლავე, ახლავე დატოვე სასტუმრო. შეფმზარეულმა თვალები დახუჭა. ამით უნდოდა, კარლი დაემშვიდებინა. როცა კარლმა გამომშვიდობების ნიშნად თავი მდაბლად დაუკრა, თვალი მოჰკრა, როგორ მოჰკიდა მსახურთუხუცესმა შეფმზარეულს ხელზე ხელი და ფარულად მიეფერა. უფროსმა პორტიემ მძიმე ნაბიჯით მიაცილა კარლი კარამდე, რომლის დახურვის უფლება არ მისცა და სა- განგებოდ ღია დატოვა, რათა მიეძახებინა: – თხუთმეტ წამში მთავარ გასასვლელთან უნდა ჩამიარო! დაიმახსოვრე! კარლი ჩქარობდა, რათა მთავარ გასასვლელთან პორტიეს შემოტევა თავიდან აეცილებინა, მაგრამ ყველაფერი თითქოს განგებ გაცილებით ნელა გამოსდიოდა. ჯერ იყო და ბესი კარგა ხანს ვერ იპოვა, რადგან ახლა, საუზმის დროს, ყველგან უამრავი ხალხი ირეოდა; მერე აღმოჩნდა, რომ ვიღაცას კარლის ძველი შარვალი უნათხოვრებია და კარლს ყველა საკიდის გადაქექვა მოუხდა, ვიდრე თავის შარვალს იპოვიდა. ასე რომ, ალბათ ხუთი წუთიც კი გავიდა, სანამ მთავარ გასასვლელამდე მიაღწევდა. ზუსტად მის წინ ერთი მანდილოსანი მიდიოდა ოთხი მამაკაცის თანხლებით. გარეთ ერთი დიდი ავტომობილი ელოდა, რომლის კარი ერთ-ერთ მსახურს უკვე გამოეღო, თან თავისუფალი მარცხენა ხელი თითქოს საზეიმოდ განზე ჰქონდა გაშვერილი. მაგრამ კარლის იმედი, რომ ამ კეთილშობილ საზოგადოებასთან ერთად შეუმჩნევლად გავიდოდა, ამაო აღმოჩნდა. უფროსი პორტიე მკლავში სწვდა, ორ მამაკაცს შორის გამოათრია, რომლებსაც ბოდიში მოუხადა, და თავისკენ მოქაჩა. – ეს არის თხუთმეტი წამი? – და კარლს გვერდიდან ისე შეხედა, თითქოს გაფუჭებულ საათს აკვირდებაო, – შემოდი, – უთხრა მერე და დიდ მოსაცდელში შეიყვანა, რომლის დათვალიერება კარლს დიდი ხანია სურდა, მაგრამ ახლა, როცა პორტიეს ძალად მიჰყავდა, ყოყმანით შევიდა. კარში რომ შედიოდნენ, კარლი შემოტრიალდა, სცადა პორტიე გვერდზე გაეწია და წასულიყო. – არა, არა, შესასვლელი აქეთაა, – უთხრა და კარლი შემოატრიალა. – მე ხომ უკვე გათავისუფლებული ვარ, – შეეპასუხა კარლი და ამით აგრძნობინა, რომ სასტუმროში მას ვერავინ ვეღარაფერს უბრძანებდა. – ვიდრე ჩემს ხელში ხარ, არ ხარ თავისუფალი, – უპასუხა პორტიემ და ეს მართლაც ასე იყო. ბოლოს და ბოლოს, კარლმაც გადაწყვიტა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ან რაღა უნდა მოუვიდეს აწი? გარდა ამისა, პორტიეს ოთახის კედლები მთლიანად მინისაა და ისე გარკვევით ხედავს ფოიეში სტუმრების ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრავ ნაკადს, თითქოს ისიც მათ შორისაა. დიახ, ერთ კუთხესაც ვერ იპოვი აქ, სადაც ადამიანის თვალს დაემალები. მიუხედავად იმისა, რომ იქ, გარეთ, როგორც ჩანს, საშინლად ჩქარობენ, წინ გაშვერილი ხელებითა და ზემოთ აწეული ბარგით მიიკვლევენ გზას, წარბშეკრულები იყურებიან აქეთ-იქეთ, მაინც, ყველა ასწრებს, გაიხედოს პორტიეს ოთახის მინის ტიხრებისაკენ, სადაც ყოველთვის რაიმე განცხადება თუ ინფორმაციაა გამოკრული, მნიშვნელოვანი როგორც სტუმრებისათვის, ასევე მომსახურე პერსონალისთვისაც. გარდა ამისა, პორტიეს ოთახი უშუალოდ უკავშირდება ფოიეს, რადგან ორ განიერ გასაწევ ფანჯარასთან ორი უმცროსი პორტიე ზის, რომლებიც განუწყვეტლივ პასუხობენ სტუმრების შეკითხვებს. ორივე გადატვირთულია და კარლი თავს დადებს, რომ უფროსი პორტიე, რამდენადაც მას იცნობს, თავის კარიერულ წინსვლაში ასეთ თანამდებობას მოხერხებულად აუვლიდა გვერდს. ამ ორი ინფორმატორის წინ – გარედან ამის წარმოდგენა შეუძლებელია – ფანჯარასთან მუდამ, სულ ცოტა, ათი შემკითხველი მაინც დგას. ამ ათ შემკითხველს შორის, რომლებიც განუწყვეტლივ იცვლებიან, ხშირად ენათა ისეთი აღრევა ხდება, თითქოს ყოველი მათგანი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულაო. ზოგი ერთდროულად ეკითხება, ზოგი ერთმანეთს ელაპარაკება. უმეტესობას რაღაცა აქვს წასაღები პორტიეს ოთახიდან, ან ჩასაბარებელი, და ამ ბრბოს თავზე მუდამ ჩანს მოუთმენლად მაღლა აწვდილი ხელები. აი, ვიღაცას რაღაც გაზეთი დასჭირდა, რომელიც უეცრად ჰაერში გაიშალა და წამით შემკითხველებს სახეებზე გადაეფარა. და ეს ორი უმცროსი პორტიე მთელ ამ შემოტევას უნდა გაუმკლავდეს. ჩვეულებრივი მეტყველება მათი სამუშაოსათვის არ კმარა, მომართულებივით ლაპარაკობენ. მათ შორის გამოირჩევა ერთი პირქუში კაცი, რომელსაც მთელ სახეს წვერი უფარავს, – პირმოუკუმავად პასუხობს შეკითხვებს. ის არც მაგიდის ზედაპირზე იყურება, საიდანაც სულ რაღაცას იღებს, არც შემკითხველებს უყურებს: თვალი სივრცისთვის გაუშტერებია, ალბათ ძალების დასაზოგავად და მოსაკრებად. მისი მეტ- ყველების გაგებას ალბათ წვერიც უშლის ხელს. როცა კარლმა რამდენიმე წამი დაყო მის გვერდით, ცოტა რამ თუ გაიგო მისი ნათქვამიდან, თუმცა, შესაძლოა, ის უცხო ენებზე ლაპარაკობდა, ოღონდ ინგლისური აქცენტით. გარდა ამისა, დამაბნეველია ისიც, რომ ერთ ინფორმაციას ისე მოსდევს მეორე, შემკითხველი, რომელიც დაძაბული სახით უსმენს და ჰგონია, ისევ თავის პასუხს ისმენს, მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ხვდება, რომ მისი საკითხი უკვე ამოწურულია. შემკითხველი იმასაც უნდა შეეჩვიოს, რომ უმცროსი პორტიე არასოდეს არ ითხოვს შეკითხვის გამეორებას. მაშინაც კი, როცა შეკითხვის საერთო აზრი გასაგებია, მაგრამ ფორმულირება არაზუსტი – ის თავის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით ანიშნებს შემკითხველს, რომ არ აპირებს პასუხის გაცემას, და შემკითხველმა თავად უნდა გააცნობიეროს თავისი შეცდომა და უკეთესად ჩამოაყალიბოს შეკითხვა. ამიტომ ბევრ კლიენტს დიდხანს უწევს ფანჯარასთან ლოდინი. ყოველ უმცროს პორტიეზე მიმაგრებულია დამხმარე ბიჭი, რომელიც აქეთ-იქით აწყდება და წიგნის თაროდან თუ სხვადასხვა უჯრიდან აწვდის უმცროს პორტიეს ყველაფერს, რაც კი მას სწორედ იმ წუთში სჭირდება. ეს არის სასტუმროს პატარა ბიჭებისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი, თუმცა ამავე დროს ყველაზე დამქანცველი მოვალეობა. გარკვეული თვალსაზრისით, მათი შრომა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე უმცროსი პორტიეებისა – ამ უკანასკნელთ მხოლოდ ფიქრი და ლაპარაკი უწევთ, დამხმარე ბიჭებს კი, აქეთ-იქით სირბილის გარდა, აზროვნებაც სჭირდებათ. თუ ისინი არასწორად მიაწოდებენ მასალას უმცროს პორტიეს, მას, ცხადია, არ სცალია მათთვის ჭკუის სასწავლებლად, არამედ უბრალოდ მოისვრიან ხოლმე მაგიდიდან ასეთ ინფორმაციას. ძალზე საინტერესოა უმცროსი პორტიეების შეცვლის პროცესი, რაც სწორედ კარლის იქ შესვლიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ასეთი შეცვლა, ცხადია, დღის განმავლობაში მრავალჯერ ხდება, რადგან ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც საათზე მეტ ხანს გაძლებდა ამ ფანჯარასთან. შეცვლის დროს გაისმის ზარი, და გვერდითი კარიდან ერთდროულად, თავ-თავისი დამხმარე ბიჭით შემოდის ორი უმცროსი პორტიე, რომელთაც ახლა უნდა იმუშაონ. თავდაპირველად ისინი უმოქმედოდ დგანან ფანჯარასთან და ერთხანს აკვირდებიან ხალხს, რათა დაადგინონ, რა სტადიაშია კითხვა-პასუხის პროცესი. როგორც კი ისინი შესაფერის მომენტს დაიჭერენ, როცა მათი ჩარევაა საჭირო, შესაცვლელ უმცროს პორტიეს მხარზე ხელით შეეხებიან და ისიც, თუმცა იქამდე წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება მის ზურგს უკან, მაშინვე ერკვევა საქმის ვითარებაში და ადგილს ათავისუფლებს. ყოველივე ეს ისეთი სისწრაფით ხდება, რომ გარეთ მომლოდინე ადამიანები გონზე მოსვლას ვერ ასწრებენ, და მათ წინ ახალი სახის უეცარი გამოჩენით შემკრთალები, უკან იხევენ. ორი შეცვლილი პორტიე იზმორება და გახურებულ თავებს ორ პირსაბანზე იგრილებს, რომლებიც მათ განკარგულებაშია. შეცვლილ დამხმარე ბიჭებს კი გაზმორების უფლება არ აქვთ, ვიდრე მათი მუშაობის დროს იატაკზე დაყრილ ნივთებს არ აალაგებენ და ადგილს არ მიუჩენენ. ყოველივე ამაში კარლი ყურადღების უკიდურესი დაძაბვით სულ რამდენიმე წამში გაერკვა და თავის მსუბუქი ტკივილით ჩუმად გაჰყვა უკან უფროს პორტიეს. უთუოდ მანაც შენიშნა, რა შთაბეჭდილება მოახდინა კარლზე ინფორმაციის ამგვარი ხერხით გაცემამ, უეცრად მოქაჩა მკლავზე და უთხრა: – ხედავ, როგორ მუშაობენ აქ? – მართალია, სასტუმროში კარლს არ უზარმაცია, მაგრამ ასეთ მუშაობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, და თითქოს სულ გადაავიწყდა, რომ პორტიე მისი უდიდესი მტერი იყო, თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დაუქნია თავი. მაგრამ უფროსმა პორტიემ ეს ისევ და ისევ უმცროსი პორტიეს გადაჭარბებით შეფასებად და საკუთარი პერსონისადმი უპატივცემულობად მიიღო, რადგან, თითქოს კარლი სასაცილოდ აიგდოო, ისე დაჰყვირა, არც დაფიქრებულა, რომ სხვაც გაიგონებდა: – რა თქმა უნდა, ეს ყველაზე სულელური სამუშაოა მთელ სასტუმროში; საკმარისია, ერთი საათი უსმინო, რომ ყველა შეკითხვა, რომლებსაც მათ უსვამენ, ზეპირად გეცოდინება, დანარჩენზე კი პასუხის გაცემაც არ ღირს. შენ რომ თავხედი და უზრდელი არ ყოფილიყავი, მატყუარა, თაღლითი, ლოთი და ქურდბაცაცა, ამ ფან- ჯარასთან დაგსვამდი, რადგან აქ სწორედ შენნაირი ხისთავიანები მჭირდება. თავისი მისამართით გამოთქმული ლანძღვა კარლმა მთლიანად ყურს იქით გაუშვა, იმდენად აღაშფოთა უფროსი პორტიეს დამცინავმა დამოკიდებულებამ უმცროსი პორტიეს რთული და პატიოსანი შრომის მიმართ, რაც მხოლოდ აღიარებას იმსახურებს, და დასცინის ის კაცი, რომელიც ერთი საათით თუ გაბედავს ამ ფანჯარასთან დაჯდომას, რამდენიმე წუთში იძულებული გახდება, შემკითხველთა სიცილ-ხარხარში დატოვოს ეს ადგილი. – გამიშვით, – უთხრა კარლმა, რომელმაც თავისი ცნობისმოყვარეობა პორტიეს რეზიდენციის მიმართ საკმარისზე მეტად დაიკმაყოფილა, – აღარ მინდა რაიმე საერთო მქონდეს თქვენთან. – ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ წახვიდე, – განუცხადა უფროსმა პორტიემ. მკლავებზე ისე მოუჭირა ხელები, რომ კარლი ვეღარ ინძრეოდა, და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ოთახის მეორე ბოლოში გადაიტანა. ნუთუ გარედან ვერავინ ხედავს უფროსი პორტიეს ამგვარ ძალადობას? ან, თუ ვინმე ხედავს, როგორ აფასებს ამას? – არავინ შეჩერებულა, არავის მიუკაკუნებია მინაზე, რათა ენიშნებინა უფროსი პორტიესათვის, რომ მას აკვირდებიან და არ აქვს უფლება, ასე თვითნებურად მოექცეს კარლს. მაგრამ მალე კარლმა ყოველგვარი იმედი დაკარგა, რომ ვესტიბიულიდან ვინმე დაეხმარებოდა, რადგან უფროსმა პორტიემ ზონარი ჩამოქაჩა და წამში მინების მთელ სიმაღლეზე შავი ფარდები ჩამოეშვა. აქაც იყვნენ ადამიანები, მაგრამ მათი თვალი და ყური დახშული იყო ყველაფრის მიმართ, რაც მათ სამუშაოს არ უკავშირდებოდა. გარდა ამისა, ყოველი მათგანი დამოკიდებული იყო უფროს პორტიეზე და არათუ დაეხმარებოდნენ კარლს, არამედ უფროს პორტიეს შეუწყობდნენ ხელს და ყველაფერს დაფარავდნენ, რაც არ უნდა მოემოქმედებინა მას. მაგალითად, აქ ექვს ტელეფონთან ექვსი უმცროსი პორტიე ზის. დადგენილების თანახმად, როგორც ერთი შეხედვითაც ჩანს, ზარებს მხოლოდ ერთი პა- სუხობს, მისი მეზობელი კი პირველისაგან მიღებული მონაცემების მიხედვით დანარჩენებს შესაბამის დავალებებს გადასცემს. ამ უახლესი სატელეფონო აპარატებისათვის ცალკე ჯიხურები არ არის საჭირო, რადგან ზარის ხმა ჭრიჭინას ჭრიჭინს არ აღემატება, ხოლო ელექტრონული გამაძლიერებლების წყალობით ჩურჩულით ნათქვამი ხაზის მეორე ბოლოში ხმამაღლა აღწევს. ამიტომ ტელეფონზე სამი მოლაპარაკის ხმა თითქმის არ ისმოდა, თითქოს ისინი ბუტბუტით ადევნებდნენ თვალს ტელეფონის მიკროფონში მიმდინარე პროცესებს, მეორე სამეული კი, თითქოს იმ ხმაურით გაყრუებულნი, რომელიც გარშემომყოფთ არ ესმით, ქაღალდზე თავდახრილები იწერდნენ მიღებულ ინფორმაციას. ამ სამ მოლაპარაკესაც დამხმარე ბიჭები ედგათ გვერდით; მათ ევალებოდათ გაფაციცებით ესმინათ თავიანთი უფროსებისათვის და შემდეგ, თითქოს ბზიკმა უკბინათო, უზარმაზარ ყვითელ ცნობარებს მისცვივდებოდნენ, – რომელთა ფურცლების შრიალი ტელეფონის საყვირს ახშობდა, – რათა იქ საჭირო ნომერი მოეძებნათ. კარლი ყურადღებით ადევნებდა ყოველივე ამას თვალს, თუმცა უფროს პორტიეს, რომელმაც ამასობაში სავარძელში მოიკალათა, უწინდებურად მარწუხებში ჰყავდა მოქცეული. – ჩემი მოვალეობაა, – თქვა უფროსმა პორტიემ და კარლი ისე შეანჯღრია, თითქოს მხოლოდ ის უნდოდა, რომ კარლს მისკენ მიებრუნებინა სახე, – ის, რაც მსახურთუხუცესს მიზეზთა და მიზეზთა გამო მხედველობიდან გამორჩა, სასტუმროს დირექციის სახელით აღვასრულო. აქ ყოველთვის ერთი მეორეს ცვლის. უამისოდ ამხელა დაწესებულება ვერ იმუშავებდა. შენ ალბათ იტყვი, რომ მე შენი უშუალო უფროსი არ ვარ; მერე რა, უფრო დიდ დამსახურებად ჩამეთვლება, რომ ამ შუა გზაზე მიტოვებულ საქმეს მოვკიდე ხელი. სხვათა შორის, როგორც უფროსი პორტიე, მე გარკვეული თვალსაზრისით ყველაზე მაღლა ვდგავარ, რადგან სასტუმროს ყველა კარიბჭე მექვემდებარება: ეს მთავარი შემოსასვლელი, სამი შუა და ათი გვერდითი კარი, რომ აღარაფერი ვთქვათ უთვალავ პატარა კარსა თუ უკარო ღიობებზე. ცხადია, მთელი მათი მომსახუ- რე პერსონალი მოვალეა, მე დამემორჩილოს. ამ საპატიო მისიის ძალით მე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ სასტუმროს დირექციის წინაშე, არავინ გავუშვა აქედან, ვინც მცირედ ეჭვს მაინც იწვევს. შენ კი, რადგან მე ასე მსურს, ძალიანაც საეჭვოდ მეჩვენები, – და ამით გახარებულმა, ხელები ჯერ მაღლა ასწია და მერე ისევ ისეთი ძალით დაუშვა, რომ ტკივილისაგან კარლს თვალთ დაუბნელდა, – შეიძლებოდა, – დასძინა მეფური გამომეტყველებით, – სხვა გასასვლელიდან შეუმჩნევლად გაპარულიყავი, რადგან იმად არ მიღირხარ, რომ შენი გულისთვის საგანგებო განკარგულება გამეცა. მაგრამ რაკი აქ ხარ, ამ სიამოვნებას ხელიდან არ გავუშვებ. ისე, ეჭვიც არ შემპარვია, რომ გამოცხადდებოდი ამ პაემანზე, რომელიც მთავარ შემოსასვლელთან დაგინიშნე; რადგან, როგორც წესი, თავხედი და ურჩი სწორედ იქ და მაშინ ამთავრებს თავის ცოდვებს, სადაც შესცოდა. ამაში კიდევ არაერთხელ დარწმუნდები. – არ გეგონოთ, – თქვა კარლმა და ჩაისუნთქა ის თავისებური შმორის სუნი, რომელიც უფროსი პორტიედან მოდიოდა და მხოლოდ აქ, მასთან ხანგრძლივი სიახლოვისას იგრძნო, – არ გეგონოთ, რომ მე მთლიანად თქვენს ხელში ვარ. ხომ შემიძლია, ვიყვირო. – მე კი პირს მოგიკუმავ, – ისევე მშვიდად და სწრაფად უპასუხა უფროსმა პორტიემ, როგორც აღასრულებდა კიდეც ამას საჭიროების შემთხვევაში, – და ნუთუ მართლა ფიქრობ, კიდევაც რომ შემოვიდეს ვინმე, მოიძებნება ისეთი, ვინც შენ დაგიჭერს მხარს ჩემ, უფროსი პორტიეს წინააღმდეგ? ალბათ ხვდები, რამდენად ფუჭია შენი იმედები. იცი, ვიდრე ფორმა გეცვა, ნამდვილად ასე თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურებოდი, მაგრამ ასეთი ჩაცმულობა მხოლოდ ევროპაში თუ გამოდგება! – და რამდენიმე ადგილზე გამოქაჩა კოსტიუმი, რომელიც ხუთი თვის წინ სულ ახალი იყო, ახლა კი გაქექილი, დაჭმუჭნილი, რაც მთავარია, დალაქავებული, რაც ძირითადად იმ ყმაწვილი ლიფტიორების დაუდევრობის ბრალი იყო, რომლებსაც ბრძანების თანახმად საძინებელში სისუფთავის დაცვა ევალებოდათ, მაგრამ, რადგან წესიერად დალაგება ეზარებოდათ, ყოველდღე იატაკზე რაღაც ზეთოვან სითხეს ასხურებდნენ, რო- მელიც ამავე დროს საკიდებლებზე დაკიდებულ ტანსაცმელსაც ეშხეფებოდა. სადაც არ უნდა შეგენახა ტანსაცმელი, მაინც გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც თავის ტანსაცმელს ვერ აგნებდა, სამაგიეროდ, იოლად პოულობდა სხვისას და მოურიდებლად ხმარობდა. და თუ ის ვიღაც სწორედ ის იყო, ვისაც იმ დღეს საძინებელი უნდა დაესუფთავებინა, არა მარტო დაწუწავდა სამოსს ზეთით, არამედ მთლიანად, თავიდან ფეხებამდე ამ სისაძაგლეში ამოავლებდა. მხოლოდ რენელი ინახავდა თავის ძვირფას სამოსს ისეთ საიდუმლო ადგილზე, საიდანაც მას ვერავინ გამოათრევდა, მით უმეტეს, რომ სხვის ტანსაცმელს არავინ ნათხოვრობდა ჯიბრზე ან სიხარბის გამო, არამედ სიჩქარეში ბრმად გამოათრევდნენ ხოლმე იმას, რაც ხელში მოჰყვებოდათ. მაგრამ რენელის პიჯაკსაც კი ზურგზე მრგვალი, მოწითალო ზეთის ლაქა აჩნდა, რომლის მიხედვით ქალაქში საქმეში ჩახედული კაცი ადვილად ამოიცნობდა ამ ელეგანტურ ყმაწვილში ლიფტიორს. და ამ მოგონებებში ჩაძირულმა კარლმა გაიფიქრა, რომ ყველა ტანჯვა-წამებამ, რაც ლიფტიორობაში გადაიტანა, ამაოდ ჩაუარა; ლიფტიორის სამსახური, როგორც იმედოვნებდა, არ აღმოჩნდა პირველი საფეხური უკეთესი თანამდებობებისაკენ მიმავალ გზაზე, არამედ პირიქით – უფრო დაბლა დაეშვა და კინაღამ ციხეშიც კი ამოყო თავი. და ახლა, ყველაფერთან ერთად, უფროს პორტიეს ჰყავს ჩაჭერილი, რომელიც ალბათ იმაზე ფიქრობს, როგორ შეარცხვინოს კარლი უფრო მეტად. და რადგან სრულიად დაავიწყდა, რომ უფროსი პორტიე არ ეკუთვნოდა ადვილად დასარწმუნებელ ადამიანთა რიცხვს, კარლმა თავისუფალი ხელი რამდენჯერმე შემოიკრა შუბლზე და წამოიძახა: – ვთქვათ, მართლაც არ გესალმებოდით, როგორ შეიძლება, რომ ზრდასრული ადამიანი ასე შეიპყროს შურისძიების სურვილმა მიუსალმებლობის გამო? – ეს შურისძიება არ არის, – მიუგო უფროსმა პორტიემ, – მე მხოლოდ შენი ჯიბეები მინდა გავჩხრიკო. დარწმუნებული ვარ, ვერაფერს ვიპოვი, ალბათ, ფრთხილად მოქმედებდი და შენს ძმაკაცს ნელ-ნელა ატანდი ყოველდღე რაღაცას. მაგრამ მაინც უნდა გაგჩხრიკო, – და მაშინვე შარვლის ჯიბეში ისეთი ძალით ჩაუყო ხელი, რომ გვერდის ნაკერები გაირღვა, – აქ არაფერია, – ჯიბე ამოქექა და ნივთები გადაათვალიერა: სასტუმროს სარეკლამო კალენდარი, ფურცელი, რომელზეც კომერციული მიმოწერის დავალება იყო, პიჯაკისა და შარვლის რამდენიმე ღილი, შეფმზარეულის სავიზიტო ბარათი, ფრჩხილების ქლიბი, ჩემოდნის ჩალაგებისას რომ გადაუგდო ერთმა სტუმარმა, ძველი ჯიბის სარკე, რენელმა რომ აჩუქა ერთხელ მადლობის ნიშნად პოსტზე ალბათ ათჯერ შეცვლისათვის, და კიდევ რამდენიმე წვრილმანი, – ესე იგი, აქ არაფერია, – გაიმეორა უფროსმა პორტიემ და ყველაფერი სკამის ქვეშ შეყარა, თითქოს კარლის ნივთების ადგილი, რამდენადაც ისინი ნაპარავი არ აღმოჩნდა, სწორედ სკამის ქვეშ იყო. «ახლა კი საკმარისია», გაიფიქრა კარლმა, სახეზე ალმური მოედო, და როცა უფროსმა პორტიემ, რომელსაც ჯიბრმა სიფრთხილე დაავიწყა, მეორე ჯიბის ქექვაც დაიწყო, კარლი ერთი გაბრძოლებით სახელოებიდან გათავისუფლდა. პირველი, ჯერ გაუთვლელი ნახტომით ერთ-ერთი უმცროსი პორტიე ტელეფონს მიაჯახა, სირბილით გადაჭრა დახუთული ოთახი, თუმცა უფრო ნელა, ვიდრე აპირებდა, და სანამ უფროსი პორტიე თავისი მძიმე მუნდირით ფეხზე წამოდგებოდა, გარეთ გავარდა. დაცვა მაინცდამაინც სანიმუშოდ არ იყო ორგანიზებული, რამდენიმე მხრიდან კი გაისმა განგაშის ზარი, მაგრამ ღმერთმა იცის, რა მიზნით! სასტუმროს მოსამსახურეები კი დარბოდნენ კართან აქეთ-იქით, თითქოს აპირებდნენ, შეუმჩნევლად გადაეკეტათ გასასვლელი, – სხვა აზრი ამ უთავბოლო წინ და უკან სირბილში არ ჩანდა; ყოველ შემთხვევაში, კარლი მალე აღმოჩნდა გარეთ, მაგრამ ჯერ კიდევ სასტუმროს გასწვრივ, ტროტუარზე უწევდა სიარული, ქუჩაზე გადასვლა შეუძლებელი იყო, რადგან ავტომობილები უწყვეტ ნაკადად მიედინებოდნენ სასტუმროს მთავარი შესასვლელის წინ. ეს ავტომობილები თითქმის ეჯახებოდნენ ერთმანეთს, რადგან ყველა თავის უფროსთან მიიჩქაროდა; ფეხით მოსიარულეები, რომლებიც განსაკუთრებით ჩქარობდნენ ქუჩის მეორე მხარეს გადას- ვლას, ხან აქ, ხან იქ გაძვრებოდნენ ავტომობილებს შორის, თითქოს ეს საზოგადო გადასასვლელი ყოფილიყოს, და სულაც არ იწუხებდნენ თავს იმაზე ფიქრით, მხოლოდ მძღოლი და მსახური ისხდნენ მანქანაში, თუ კეთილშობილი ბატონები. მაგრამ კარლს ასეთი საქციელი გადაჭარბებულად მოეჩვენა – საკმარისად თავდაჯერებული უნდა იყო, ასეთი რამ რომ გაბედო. ადვილი შესაძლებელია, ავტომობილს დაეჯახოს, რომლის აღშფოთებული მგზავრები მთელ აურზაურს ატეხენ, მისთვის კი, სასტუმროდან პერანგისამარა გამოქცეული, საეჭვო მოსამსახურისათვის, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. ბოლოს და ბოლოს, ოდესღაც სადღაც ხომ გაწყდება ავტომობილების ეს ჯაჭვი, თან, ვიდრე სასტუმროს სიახლოვესაა, ნაკლებად მოხვდება ვინმეს თვალში; და მართლაც, ბოლოს და ბოლოს, კარლმა ისეთი ადგილი შეამჩნია, სადაც ავტომობილების ნაკადი, მართალია, არ წყდებოდა, მაგრამ შარაგზისაკენ უხვევდა და შედარებით თავისუფალი იყო. დააპირა თუ არა შესვლა ტრანსპორტის ნაკადში, სადაც ერთი შეხედვით მასზე ბევრად საეჭვო ადამიანები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ, უცებ იქვე ახლოს ვიღაცამ სახელით დაუძახა. მოტრიალდა და დაინახა, რომ მისთვის კარგად ნაცნობ ორ ლიფტიორს დაბალი, პატარა კარიდან, აკლდამაში შესასვლელს რომ ჰგავდა, გაჭირვებით გამოჰქონდა საკაცე, რომელზეც, როგორც ახლა გაარჩია კარლმა, ნამდვილად რობინსონი იწვა; თავი, სახე, მკლავები დოლბანდით ჰქონდა შეხვეული; საშინელი დასანახავი იყო, როგორ ცდილობდა, თვალებთან მიეტანა ხელი და სახვევით მოეწმინდა ცრემლები, რომლებიც ტკივილითა თუ სხვა გასაჭირით, თუ კარლის დანახვით იყო გამოწვეული. – როსმან, – დაუძახა საყვედურით, – რატომ მაცდევინებ ამდენ ხანს! ერთი საათია, ამათ ვიგერიებ, რომ შენ მოსვლამდე საავადმყოფოში არ გადავეყვანე. ეს ყმაწვილები – და ერთ-ერთ ლიფტიორს თავში ხელი წამოარტყა, თითქოს სახვევები საპასუხო დარტყმისაგან დაიცავდა, – ნამდვილი ეშმაკები არიან. ო, როსმან, შენი მონახულება ძვირად დამიჯდა. – რა დაგემართა? – ჰკითხა კარლმა და საკაცეს მიუახლოვდა, რომელიც ლიფტიორმა ბიჭებმა შესასვენებლად სიცილით ძირს დაუშვეს. – მეკითხები კიდევაც? – ამოიხვნეშა რობინსონმა, – ხომ ხედავ, რას ვგავარ. ისე მცემეს, ალბათ მთელი სიცოცხლე ხეიბარი დავრჩები. საშინელი ტკივილები მაქვს აქედან აქამდე – და ჯერ თავზე მიანიშნა, მერე კი – ფეხის თითებზე, – ძალიან მინდოდა, გენახა, როგორ მომდიოდა ცხვირიდან სისხლი. ჟილეტი არაფრად აღარ ვარგა, იქვე დავტოვე, შარვალი ნაფლეთებად იქცა, საცვლების ამარა ვარ, – და საბანი ოდნავ ზემოთ ასწია, რომ კარლს შეეხედა, – ახლა რა მეშველება! სულ ცოტა, რამდენიმე თვე ლოგინში მომიწევს წოლა, და ახლავე უნდა გითხრა, კარლ, შენ მეტი ვერავინ მომივლის. დელამარში ძალიან მოუთმენელია. როსმან, ჩემო როსმან! – და ხელები კარლისაკენ გაიშვირა, რათა თავი შეეცოდებინა, კარლმა კი უკან დაიხია, – ნეტავი რატომ მოვედი შენთან! – გაიმეორა რამდენჯერმე, რათა კარლისათვის შეეხსენებინა, რომ სწორედ ის იყო დამნაშავე მის ყველა უბედურებაში, – ახლა კი კარლი ერთბაშად მიხვდა, რომ რობინსონი ჭრილობების გამო კი არ წუწუნებდა, არამედ, ნაბახუსევი, საშინელ მდგომარეობაში იყო – ჯერ იყო და, გალეშილმა დაძინება ვერ მოასწრო, რომ მაშინვე გააღვიძეს, მერე, გაოგნებული, გვარიანად მიბეგვეს, და ახლა გონზე ვეღარ მოსულიყო. ჭრილობები რომ სრულიად უმნიშვნელო იყო, ამაზე უფორმო, ძველი ნაფლეთებისაგან შეკოწიწებული სახვევებიც მეტყველებდა, რომლებშიც ლიფტიორ ბიჭებს რობინსონი სასეიროდ თავიდან ფეხებამდე შეეხვიათ. საკაცის თავსა და ბოლოში მდგომი ორივე ლიფტიორი შიგა და შიგ ფხუკუნებდა. მაგრამ აქ არ იყო საიმისო ადგილი, რომ რობინსონი გონზე მოეყვანა, რადგან გამვლელები ელვისებური სისწრაფით მიქროდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ საკაცესთან მდგომ ჯგუფს; ბევრი, ნამდვილი გიმნასტივით, რობინსონს გადაახტებოდა და ისე აგრძელებდა გზას, კარლის ფულით დაქირავებული მძღოლი კი გაიძახოდა: – «წინ, წინ!» – ლიფტიორებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და საკაცე ზემოთ ასწიეს. რობინსონმა კარლს ხელი ჩაავლო და მიელაქუცა: – მაშ წამოდი, წა- მოდი. – მართლაც, სად დაიმალებოდა კარლი ამ მდგომარეობაში უკეთესად, ვიდრე ჩაბნელებულ ავტომობილში? და გვერდით მიუჯდა რობინსონს, რომელმაც მაშინვე თავი მხარზე დაადო. დარჩენილმა ლიფტიორებმა გულითადად ჩამოართვეს ხელი კარლს, როგორც ყოფილ კოლეგას, და ავტომობილი მკვეთრად მიბრუნდა გზისკენ; თითქოს უბედური შემთხვევა გარდაუვალი იყო, მაგრამ ტრანსპორტის ყოვლისმომცველმა ნაკადმა ამ ავტომობილის ლარივით სწორი გზაც მშვიდად შეიწოვა.

 

ტეგები: Qwelly, kafka, ამერიკა, კაფკა, ლიტერატურა

ნახვა: 14

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:25pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

პრემიერის ანონსები და დარიგებული ფულები, ბაჩალიაშვილის საქმე და არჩევნობანა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6…

გაგრძელება

აქტივისტი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

   როცა ტემპი დამოუკიდებელია შენგან( ანუ ვექტორზე დადექი, რომელიც მხოლოდ წინ მიდის ისეთი სიჩქარით რომ შენი გონება ვერ ოპერირებს და ვერ ეწევა ტემპს, ასეთი მდგომარეობა ან დაგღუპავს ან ხელმოცარული დარჩები, ის გკარნახობს ნაბიჯებს და ასე უსასრულოდ, შენ კი შეგიძლია მხოლოდ იჯდე და რომანტიზმის ფოტოები ათვალიერო, (როცა უკვე ჩამორჩი) მყუდრო კოტეჯებზე, ზღვაზე დასვენებაზე, მოგზაურობაზე და ასე შემდეგ. ადამიანი შემგუებელი არსებაა, ის ეგუება და ყოველ ჯერზე მეტ "დოზას" ითხოვს…

გაგრძელება

ჟურნალისტური სტანდარტები შეყვარებულს, ბეირუთის აფეთქება და პირველი ტურისტები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…

გაგრძელება

Qwelly World

free counters