ნიკოლაი გოგოლი - რევიზორი



კომედია



მოქმედნი პირნი

ანტონ ანტონოვიჩ სკვოზნიკ-დმუხანოვსკი - გოროდნიჩი.

ანა ანდრეევნა - მისი ცოლი.

მარია ანტონოვნა - მათი ქალი.

ლუკა ლუკიჩ ხლოპოვი - სასწავლებელთა ზედამხედველი.

ცოლი მისი.

ამოს ფედოროვიჩ ლიაპკინ-ტიაპკინი - მოსამართლე.

არტემი ფილიპოვიჩ ზემლიანიკა - საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი.

ივან კუზმიჩ შპეკინი - ფოსტმეისტერი.

პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი - ქალაქის მემამულენი.

ივან ალექსანდროვიჩ ხლესტაკოვი - პეტერბურგელი ჩინოვნიკი.

ოსიპი - მისი მსახური.

ხრისტიან ივანოვიჩ გიბნერი - მაზრის მკურნალი.

ფედორ ანდრეევიჩ ლულუკოვი

ივან ლაზარევიჩ რასტაკოვსკი

სტეფან ივანოვიჩ კორობკინი - სამსახურიდან გადამდგარი მოხელენი, ქალაქის საპატიო პირნი.

სტეფან ილიჩ უხოვერტოვი - უბნის ბოქაული.

სვისტუნოვი

პუგოვიცინი

დერჟიმორდა - პოლიციელნი.

აბდულინი - ვაჭარი.

ფევრონია პეტროვნა პოშლეპკინა - ზეინკლის ცოლი.

უნტერ-ოფიცრის ქვრივი.

მიშკა - გოროდნიჩის მსახური.

ტრაქტირის მსახურნი.

სტუმარი ქალები და კაცები, ვაჭრები, მდაბიო მოქალაქეები, მთხოვნელები.

ხასიათები და ტანსაცმელი.



შენიშვნები ბატონ მსახიობთათვის

გოროდნიჩი - სამსახურში დაბერებული და თავისებურად საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია. თუმცა მექრთამეა. თავი მეტად დარბაისლურად უჭირავს: საკმაოდ სერიოზულია, რამდენადმე რეზონერიც. ლაპარაკობს არც ხმამაღლა, არც ხმადაბლა, არც ბევრს და არც ცოტას. ყოველი მისი სიტყვა მნიშვნელოვანია.

მისი სახის ნაკვთები ტლანქი და უხეშია, როგორც ყოველი ადამიანისა, რომელმაც სამსახური დაბალი ჩინიდან დაიწყო. შიშიდან სიხარულზე და სიმდაბლიდან მედიდურებაზე გადასვლა სწრაფად იცის, როგორც ადამიანმა, რომლის სულის მიდრეკილებანი უხეშად არის განვითარებული. აცვია ჩვეულებისამებრ ფორმის მუნდირი და მაღალყელიანი დეზებიანი ჩექმები. ჭაღარაშერეული თმა მოკრეჭილი აქვს.

ანა ანდრეევნა - გოროდნიჩის მეუღლე. პროვინციელი კეკელა ქალი, ჯერ არც ისე ხნიერი. ნახევრად რომანების კითხვასა და ალბომებზე, ნახევრად კი საკუჭნაოსა და სამოახლოს საქმიანობაზეა აღზრდილი.

ძლიერ ცნობისმოყვარეა და, თუ შემთხვევა მიეცა, პატივმოყვარეობას იჩენს. ზოგჯერ ქმარზე ბატონობს, ისიც იმიტომ, რომ ქმარს ვერ მოუსაზრია, რა უპასუხოს. მაგრამ ეს ბატონობა მხოლოდ წვრილმანებზე ვრცელდება და ქმრის დატუქსვასა და აბუჩად აგდებაში გამოიხატება. იგი ოთხჯერ იცვლის ტანსაცმელს პიესის სვლის დროს.

ხლესტაკოვი - ახალგაზრდა კაცი, 23 წლისა, გამხდარი და წვრილი. ცოტათი მოისულელებს. როგორც იტყვიან ხოლმე, თავში ქარი უქრის.

ერთი იმგვართაგანია, რომელთაც კანცელარიაში ქარაფშუტებს ეძახიან. სრულიად დაუფიქრებლად ლაპარაკობს და მოქმედებს. არ შეუძლია ყურადღება ერთ რასმეზე შეაჩეროს. ლაპარაკობს ნაწყვეტ-ნაწყვეტად, სიტყვებს სრულიად მოულოდნელად ისვრის. რაც უფრო მეტ გულწრფელობასა და გულუბრყვილობას გამოიჩენს ამ როლის შემსრულებელი, მით უფრო მოიგებს. ჩაცმულია მოდაზე.

ოსიპი - მსახური.

ისეთია, როგორც ჩვეულებრივ არიან ხოლმე უკვე ხანში შესული მსახურნი. ლაპარაკობს დინჯად, ოდნავ თავდახრით. რეზონერია, მარტო მყოფს უყვარს ბატონისათვის განკუთვნილი დარიგებების ხმამაღლა წარმოთქმა. მისი ხმა თითქმის ყოველთვის ერთნაირად ჟღერს, ბატონთან საუბრისას კი მკაცრად და ზოგჯერ უხეშადაც. თავის ბატონზე უფრო ჭკვიანია და უფრო მალე მიმხვედრი, მაგრამ არ უყვარს ზედმეტი ლაპარაკი. ჩუმი გაიძვერაა. აცვია რუხი ან ლურჯი ნახმარი სერთუკი.

ბობჩინსკი და დობჩინსკი - ორივე დაბალი, ძალზე ცნობისმოყვარე, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს აქვს პატარა ღიპი, ორივე სხაპასხუპით ლაპარაკობს, წამდაუწუმ ხელებს იშველიებენ. დობჩინსკი უფრო მაღალია და უფრო დინჯი, ბობჩინსკი უფრო თამამი და ცოცხალი.

ლიაპკინ-ტიაპკინი - მოსამართლე, კაცი, რომელსაც წაკითხული აქვს ხუთი თუ ექვსი წიგნი და ამიტომ რამდენადმე თავისუფლად აზროვნებს. თავს იდებს მიხვედრაზე, ამიტომ ყოველ თავის სიტყვას აფასებს. ამ როლის შემსრულებელს სახეზე მუდამ ღრმააზროვანი გამომეტყველება უნდა ჰქონდეს. ლაპარაკობს ბოხი ხმით, გაჭიანურებით, ხვნეშით, ხრინწით, ძველებური საათის მსგავსად, რომელიც ჯერ ახრიალდება და მერე რეკავს.

ზემლიანიკა - საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი, ძალიან სქელი და მოუხეშავი, ამასთან, ქვეშქვეშა და გაიძვერა ადამიანი. მეტად უყვარს სხვისთვის სამსახურის გაწევა, ფუსფუსა კაცია.

ფოსტმეისტერი - გულუბრყვილო და უაღრესად მიამიტი კაცია.

დანარჩენი როლები არ საჭიროებს განმარტებას: მათი ორიგინალები თითქმის ყოველ წამს თვალწინ გვიდგას.

ბატონმა მსახიობებმა მთავარი ყურადღება უნდა მიაქციონ უკანასკნელ სცენას. სულ ბოლოს წარმოთქმულმა სიტყვამ ყველაზე ერთბაშად უნდა მოახდინოს საშინელი შთაბეჭდილება, თითქოს დენმა დაჰკრათო. მთელმა ჯგუფმა თვალის დახამხამებაში უნდა იცვალოს მდგომარეობა.

განცვიფრების ხმა უნდა აღმოხდეს ყველა ქალს ერთბაშად, თითქოს ერთი გულიდან. ამ შენიშვნების შეუსრულებლობამ შეიძლება ერთიანად გააქარწყლოს ეფექტი.



პირველი მოქმედება

ოთახი გოროდნიჩის სახლში



გამოსვლა I

გოროდნიჩი, საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი, სასწავლებელთა ზედამხედველი, მოსამართლე, უბნის ბოქაული, მკურნალი და უბნის ორი პოლიციელი.

გოროდნიჩი.

ბატონებო, თქვენ იმისთვის მოგიწვიეთ, რომ გაუწყოთ მეტისმეტად არასასიამოვნო ამბავი: ჩვენთან რევიზორი ჩამოდის.

ამოს ფედოროვიჩი.

როგორ თუ რევიზორი?

არტემი ფილიპოვიჩი.

როგორ თუ რევიზორი?

გოროდნიჩი.

რევიზორი პეტერბურგიდან, ინკოგნიტოდ, თანაც საიდუმლო მინდობილობით!

ამოს ფედოროვიჩი.

ერიჰაა!

არტემი ფილიპოვიჩი.

ესღა გვაკლდა სწორედ!

ლუკა ლუკიჩ.

ღმერთო ძლიერო! თანაც საიდუმლო მინდობილობით!

გოროდნიჩი.

თითქოს წინასწარ ვგრძნობდი: წუხელ მთელი ღამე რაღაც ორი არაჩვეულებრივი ვირთაგვა მესიზმრებოდა, სწორე გითხრათ, მსგავსი არასოდეს არ მინახავს: შავები, საოცრად დიდები! მოვიდნენ, დამსუნეს და გამშორდნენ. აი აგერ წაგიკითხავთ ბარათს, რომელიც მომივიდა ანდრეი ივანოვიჩ ჩმიხოვისაგან.

თქვენ ხომ იცნობთ, არტემი ფილიპოვიჩ. აი რას იწერება: „საყვარელო მეგობარო, ნათლიავ და კეთილისმყოფელო“ (დუდუნებს დაბალი ხმით, სწრაფად თვალს ავლებს ნაწერს)...

„და გაუწყო შენ“. აი ესეც: „ვესწრაფი, სხვათა შორის, გაუწყო, რომ ჩამოვიდა ჩინოვნიკი დავალებით - დაათვალიეროს მთელი გუბერნია და განსაკუთრებით ჩვენი მაზრა. (მრავლისმეტყველად სწევს თითს ზევით). ეს ამბავი გავიგე ყველაზე სანდო პირებისაგან, თუმცა თავის თავს კერძო პირად ასაღებს. რადგან ვიცი, რომ შენც, როგორც ყველას, ცოდვები გაქვს, ვინაიდან ჭკვიანი ხარ და არ გიყვარს იმის გაშვება, რაც თავისთავად ხელთ გივარდება...“ (შეჩერდება) ჰო.

აქ ყველა შინაურები ვართ. „ამიტომ გირჩევ გაფრთხილდე: ყოველ წუთს მოსალოდნელია მისი ჩამოსვლა, თუკი ჯერ არ ჩამოსულა და სადმე არ ცხოვრობს ინკოგნიტოდ... გუშინ მე...“ აქ კი ოჯახურ ამბებზეა: „ჩემი და ანა კირილოვნა გვესტუმრა ქმრიანად, ივან კირილოვიჩი ძლიერ დასრულებულა და სკრიპკაზე უკრავს“... და სხვადასხვა, აი რა ამბებია!

ამოს ფედოროვიჩი.

დიახ, ეს უჩვეულო ამბებია, სწორედ უჩვეულო, ალბათ არც უმიზეზოდ...

ლუკა ლუკიჩი.

რათა, ანტონ ანტონოვიჩ, რისთვის? რად მოდის ჩვენთან რევიზორი?

გოროდნიჩი.

რისთვის? ჩანს, ბედმა ინება ასე! (ამოიხვნეშებს). აქამდე, ღვთის მადლით სხვა ქალაქებს უჩუჩხურებდნენ, ახლა ჩვენი ჯერიც დადგა.

ამოს ფედოროვიჩი.

მე ვფიქრობ, ანტონ ანტონოვიჩ, რომ აქ რაღაც სხვა მიზეზია, უფრო კი პოლიტიკური... აი ეს რას ნიშნავს: რუსეთს... დიახ... რუსეთს უნდა ომი დაიწყოს, ჰოდა სამინისტრომ ჩინოვნიკი გამოგზავნა იმის გასარკვევად, ღალატი ხომ არსად არისო.

გოროდნიჩი.

ეე, სად გაუტიეთ! ჭკვიან კაცს კი გეძახიან! სამაზრო ქალაქში ღალატი! განა ჩვენი ქალაქი სასაზღვრო ქალაქია? აქედან თუგინდ სამი წელიწადი სულ ჭენებით იარო, ვერა სახელმწიფომდის ვერ მიაღწევ.

ამოს ფედოროვიჩი.

არა, ბატონო, უნდა მოგახსენოთ, თქვენ ვერ გამიგეთ... მთავრობას თავისი მოსაზრებანი აქვს: მართალია, შორს არის, მაგრამ მაინც ვარაუდს იჭერს.

გოროდნიჩი.

იჭერს თუ არ იჭერს, მე, ბატონებო, გაგაფრთხილეთ.

ჩემი მხრივ უკვე გავეცი ზოგიერთი განკარგულება... თქვენც ამას გირჩევთ. განსაკუთრებით თქვენ, არტემი ფილიპოვიჩ! უეჭველია, ჩამოსული ჩინოვნიკი, უწინარეს ყოვლისა, მოინდომებს თქვენს ხელქვეით მყოფ დაწესებულებათა დათვალიერებას. ამიტომ ისე მოაგვარეთ საქმე, ყოველივე რიგზე გქონდეთ: ჩაჩები სუფთა იყოს და ავადმყოფებიც არა ჰგვანდნენ მჭედლებს, როგორც ჩვეულებრივ დადიან ხოლმე.

არტემი ფილიპოვიჩი.

ეჰ, ეგ არაფერია, შეიძლება სუფთა ჩაჩებიც დავახუროთ.

გოროდნიჩი.

დიახ, და კიდევ: ყოველი საწოლის თავზე ლათინურად ან რომელიმე სხვა ენაზე... ეგ კი უკვე თქვენი საქმეა, ხრისტიან ივანოვიჩ, - უნდა დაწეროთ, ვინ როდის გახდა ავად, რომელ დღესა და რიცხვში. ვერ არის კარგი, რომ თქვენი ავადმყოფები ისე მაგარ თამბაქოს ეწევიან, როცა დერეფანში შეხვალ, უსათუოდ ცხვირს დაგაცემინებს! უკეთესი იქნებოდა, რომ ავადმყოფთა რიცხვი ნაკლები იყოს, თორემ იმწამსვე მიაწერენ უხეირო ზედამხედველობას ან მკურნალის უვარგისობას.

არტემი ფილიპოვიჩი.

ო, მკურნალობის მხრივ ჩვენ ხრისტიან ივანოვიჩთან ერთად მივიღეთ ზომები. რაც ახლოა ბუნებრიობასთან, მით უმჯობესია - ძვირფას წამლებს სრულებით არ ვხმარობთ. ადამიანი ასეთია: თუ სასიკვდილოა - ისედაც მოკვდება, თუ მოსარჩენია - ისედაც მორჩება.

ესეც არ იყოს, ხრისტიან ივანოვიჩს გაუძნელდება ავადმყოფებთან საუბარი: რუსულად ერთი სიტყვაც არ იცის.

ხრისტიან ივანოვიჩს აღმოხდება ხმა, რომელიც ნაწილობრივ ის წააგავს, ნაწილობრივ კი ე-ს.

გოროდნიჩი.

თქვენც გირჩევთ, ამას ფედოროვიჩ, მიაქციოთ ყურადღება სამსჯავრო დაწესებულებას. იმ დერეფანში, სადაც ჩვეულებრივ მთხოვნელები შემოდიან, დარაჯებს მოუშენებიათ ბატები და ჭუკები - სულ ფეხებში ებლანდებიან ადამიანს, რა თქმა უნდა, ოჯახის სიკეთეზე ზრუნვა ყველასათვის საქებარია და დარაჯმა რატომაც არ უნდა იზრუნოს? მაგრამ, იცით, ასეთ ადგილას უხერხულია... მე წინათაც ვაპირებდი ეს შემენიშნა თქვენთვის, მაგრამ როგორღაც სულ მავიწყდებოდა...

ამოს ფედოროვიჩი.

დღესვე ვუბრძანებ სუყველას სამზარეულოში უკრან თავი. გნებავთ, სადილად მეწვიეთ.

გოროდნიჩი.

ისიც ურიგო გახლავთ, თვით დაწესებულებაში რომაა გაფენილი გასაშრობად ყოველგვარი სიბინძურე, იმ კარადის თავზე კი, სადაც საბუთები და საქმეები ინახება, სანადირო მათრახია ჩამოკიდებული. ვიცი, რომ ნადირობა გიყვართ, მაგრამ დროებით სჯობია მოაშოროთ. შემდეგ კი, როცა რევიზორი წავა, შეგიძლიათ ხელახლა ჩამოჰკიდოთ. აი, თქვენი მსაჯულიც... ის, ცხადია, მცოდნე კაცია, მაგრამ ისეთი სუნი ამოსდის, კაცს ეგონება, ეს არის ახლა გამოვიდა არყისსახდელ ქარხნიდანაო... ესეც არ ვარგა. დიდი ხანია ამის თქმას ვაპირებდი თქვენთვის, მაგრამ არ მახსოვს, რამ გადამავიწყა. ამ სუნის საწინააღმდეგო საშუალებაც არის, თუ ის, როგორც თვითონ ამბობს, მართლა თანდაყოლილი სუნია: შეიძლება ვურჩიოთ ჭამოს ხახვი ან ნიორი, ან კიდევ სხვა რამე...ამ შემთხვევაში მედიკამენტებით ხრისტიან ივანოვიჩიც დაეხმარება.

ხრისტიან ივანოვიჩი ისევ წინანდებურად წაიზმუვლებს.

ამოს ფედოროვიჩი.

არა, ამ სუნს ვერ მოიშორებს. ასე ამბობს, ბავშვობაში ძიძამ რაღაც მატკინა და იმ დღიდან არყის სუნი ამდისო.

გოროდნიჩი.

მე მხოლოდ ისე შეგნიშნეთ. რაც შეეხება შინაგან განკარგულებას და იმას, რასაც ცოდვებს უწოდებს ანდრეი ივანოვიჩი თავის წერილში, ამაზე აბა რა გითხრათ. გასაკვირიც იქნება, კაცმა რომ ამაზე რაიმე თქვას: ადამიანი არაა, ცოდვა არ ჰქონდეს. თვითონ ღვთისაგან არის ასე დაწესებული და ვოლტერიანელები ტყუილად ლაპარაკობენ ამის წინააღმდეგ.

ამოს ფედოროვიჩი.

რას უწოდებთ, ანტონ ანტონოვიჩ, ცოდვებს? ცოდვაცაა და ცოდვაც. მე ყველას აშკარად ვეუბნები, ქრთამს ვღებულობ-მეთქი, მაგრამ როგორ ქრთამს? მწევრის ლეკვებს. ეს სულ სხვა საქმეა!

გოროდნიჩი.

ლეკვებია თუ სხვა რამ საგანი, სულ ერთია, ქრთამი ქრთამია.

ამოს ფედოროვიჩი.

არა, ანტონ ანტონოვიჩ. აი, მაგალითად, თუ ვისმე ხუთასმანეთიანი ქურქი აცვია და მის ცოლს კიდევ შალი...

გოროდნიჩი.

მერე რა, რომ ქრთამში მწევრის ლეკვებს იღებთ? სამაგიეროდ, ღმერთი არა გწამთ, ეკლესიაში არ დადიხართ. მე კი, რაც უნდა იყოს, ღვთის მორწმუნე ვარ და ყოველ კვირადღე საყდარში ვარ. თქვენ კი... მე თქვენ კარგად გიცნობთ, ქვეყნის გაჩენაზე რომ საუბარს დაიწყებთ, ადამიანს თმა ყალყზე დაუდგება.

ამოს ფედოროვიჩი.

საკუთარი ჭკუით მივედი ამ დასკვნამდის, საკუთარით.

გოროდნიჩი.

ზოგ შემთხვევაში ჭარბი ჭკუა უფრო უარესია, ვიდრე სულ უჭკუობა. სხვათა შორის, მე მხოლოდ ისე ვახსენე სამაზრო სასამართლო, თორემ, მართალი თუ გნებავთ, ძლიერ საეჭვოა ოდესმე იქ ვინმემ შეიხედოს: ეგ ისეთი დალოცვილი ადგილია, თვითონ ღმერთი მფარველობს.

აი თქვენ კი, ლუკა ლუკიჩ, როგორც სასწავლებელთა ზედამხედველმა, მართლაც უნდა იზრუნოთ მასწავლებლებზე. მასწავლებლები, რა თქმა უნდა, მცოდნე ხალხია და სხვადასხვა კოლეგიებში უსწავლიათ, მაგრამ რაღაც ახირებული საქციელი კი სჩვევიათ, თუმცა განსწავლულებს ასე მოსდგამთ ხოლმე. მაგალითად, აი ის, გატყაპული სახე რომ აქვს... ვერანაირად ვერ მოვიგონე მისი გვარი, - როცა კათედრაზე ავა, არ შეიძლება უცნაურად არ დაიმანჭოს, აი ასე (იმანჭება), მერე კი შეჰყოფს ხელს ყელსახვევის ქვეშ და აბურძგნულ წვერს იუთოებს.

რასაკვირველია, არაფერია, თუ ასე უცნაურად დაემანჭება თავის მოწაფეს; იქნებ იქ ასეც იყოს საჭირო, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, აბა წარმოიდგინეთ, მასწავლებელი რომ ასე დაემანჭოს სკოლაში შემოსულ უცხო კაცს, ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს: ბატონმა რევიზორმა ან სხვა ვინმემ ხომ შეიძლება თავის თავზე მიიღოს. ეშმაკმა იცის, რა უსიამოვნება შეიძლება დატრიალდეს აქედან.

ლუკა ლუკიჩი.

ღმერთმანი, აღარ ვიცი, რა გავაწყო. უკვე არა ერთხელ მითქვამს მისთვის. აი სწორედ რამდენიმე დღის წინათ, როცა კლასში შემოვიდა ჩვენი მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, ისე დამანჭა სახე, იმის მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. იმან ეს კეთილი განზრახვით ქნა, მე კი საყვედური მივიღე: რატომ უნერგავთ ყმაწვილებს თავისუფალ აზრებსო.

გოროდნიჩი.

ასევე უნდა გითხრათ ისტორიის მასწავლებელზეც. ჩანს, ნასწავლი კაცია, ცოდნაც უამრავი შეუძენია, მაგრამ ისეთი გატაცებით ხსნის, აღარაფერი არ ახსოვს. ერთხელ მეც მოვუსმინე: სანამ ასურელებსა და ბაბილონელებზე ლაპარაკობდა, კიდევ ჰო, მაგრამ როცა ალექსანდრე მაკედონელზე გადავიდა, ვერ აგიწერთ, რა დაემართა. ღმერთმანი, ასე მეგონა, ხანძარია-მეთქი. გადმოხტა კათედრიდან და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, დაახეთქა სკამი იატაკზე. ალექსანდრე მაკედონელი გმირია, მაგრამ რა საჭიროა სკამების მტვრევა? ამით ხომ ხაზინას ზარალი მოსდის.

ლუკა ლუკიჩი.

დიახ, ძლიერ ფიცხია,. ეს უკვე რამდენჯერმე შემინიშნავს მისთვის... „როგორც გენებოთ, მე კი მეცნიერებისათვის სიცოცხლესაც არ დავზოგავო“.

გოროდნიჩი.

დიახ, ასეთია განგების აუხსნელი კანონი: ჭკვიანი კაცი ან ლოთია, ან ისე დამანჭავს სახეს, პირჯვარი უნდა გადაისახო კაცმა.

ლუკა ლუკიჩი.

ღმერთმა გაშოროთ სამეცნიერო დარგში სამსახური! ყველაფრის გეშინია, ყველა გეჩხირება საქმეში, ყველას სურს გიჩვენოს, მეც ჭკვიანი კაცი ვარო.

გოროდნიჩი.

ეგ კიდევ არაფერი, უბედურება წყეული ინკოგნიტოა! უეცრივ შემოჰყოფს თავს: „აჰა, აქა ბრძანდებით, ჩემო კარგებო? აბა, - იტყვის, - ვინ არის აქ მოსამართლე?“ - „ლიაპკინ-ტიაპკინი“. „აბა, მომგვარეთ აქ ლიაპკინ-ტიაპკინი! აბა ვინაა საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი?“ - „ზემლიანიკა“. „აბა მომგვარეთ აქ ზემლიანიკა!“ აი რა გახლავთ უბედურება!



გამოსვლა II

იგინივე და ფოსტმეისტერი

ფოსტმეისტერი.

ამიხსენით, ბატონებო, რა მოხდა, რომელი ჩინოვნიკი მოდის?

გოროდნიჩი.

განა თქვენ კი არ გაგიგიათ?

ფოსტმეისტერი.

ეს წუთია პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკიმ მითხრა, ჩემთან იყო ფოსტის კანტორაში.

გოროდნიჩი.

მერე, რას ფიქრობთ ამაზე?

ფოსტმეისტერი.

რას ვფიქრობ? ნაღდად ომი იქნება ოსმალებთან!

ამოს ფედოროვიჩი.

სიტყვა სიტყვით არ გაიმეორა! მეც სწორედ აგრე ვფიქრობდი!

გოროდნიჩი.

დიახ, ორივეს გამოცანა გერგებათ, აი!

ფოსტმეისტერი.

უეჭველია, ოსმალებთან იქნება ომი. სულ კი ფრანგი გვირევს საქმეს.

გოროდნიჩი.

რა ომი, რომელი ომი ოსმალებთან! ჩვენ დაგვადგება ცხელი დღე, ოსმალებს კი არა. ეს უკვე ცხადია: მე ბარათიც მივიღე!

ფოსტმეისტერი.

თუ აგრეა, მაშ არ იქნება ომი ოსმალებთან.

გოროდნიჩი.

აბა, თქვენ რას ფიქრობთ, ივან კუზმიჩ?

ფოსტმეისტერი.

ეჰ, მე რას ვფიქრობ... თვითონ რას ფიქრობთ, ანტონ ანტონოვიჩ?

გოროდნიჩი.

მე რა? შიშით კი არ მეშინია, ოღონდაც ცოტა... ვაჭრები და მოქალაქეები მაფიქრებენ. ამბობენ, თითქოსდა ძალიან ძვირად ვუჯდები. მე კი, ღმერთს გეფიცებით, თუკი ამიღია ვისგანმე, განა სიბოროტით. მე იმასაც ვფიქრობ (ხელს გაუყრის და განზე გაიყვანს), მე იმასაც კი ვფიქრობ, ხომ არ დამაბეზღეს-მეთქი? მართლაცდა რა უნდა ჩვენთან რევიზორს? გამიგონეთ, ივან კუზმიჩ, განა არ შეიძლება, ჩვენ ყველას სასიკეთოდ, ყოველი ბარათი, რომელიც მოდის ხოლმე საფოსტო კანტორაში, გახსნათ და გადაიკითხოთ - ხომ არ არის შიგ დაბეზღება ან კიდევ სხვა რამ მიწერ-მოწერა. თუ არაფერი არ არის, შეიძლება ხელმეორედ დაბეჭდოთ, არადა ისევე მისცეთ გახსნილი.

ფოსტმეისტერი.

ვიცი, ვიცი... ნუ მასწავლით, ამას მე ისეც ჩავდივარ, თუმცა არა სიფრთხილით, არამედ უფრო ცნობისმოყვარეობით: საშინლად მიყვარს შევიტყო, რა არის ახალი ამ ქვეყნად, უნდა მოგახსენოთ, ეს ძალიან საინტერესო საკითხავია. ზოგიერთ წერილს სიამოვნებით კითხულობ, ისეა აღწერილი ზოგიერთი პასაჟი... მერე რა ჭკუის სასწავლი... უკეთესი, ვიდრე „მოსკოვსკიე ვედომოსტი“!

გოროდნიჩი.

ერთი მითხარით, ხომ არაფერი ამოგიკითხავთ რომელიმე პეტერბურგელ ჩინოვნიკზე?

ფოსტმეისტერი.

არა, პეტერბურგელზე არა, კოსტრომელ და სარატოველებზე კი ბევრი წერია. დიახ, სამწუხაროა, თქვენ რომ არ კითხულობთ წერილებს: საუცხოო ადგილებს შეხვდებით იქა. აი, ამას წინათ ერთი პორუჩიკი სწერდა თავის მეგობარს... ისე ცოცხლად აღწერდა მეჯლისს... ძლიერ, ძლიერ კარგად: „ჩემი ცხოვრება, ძვირფასო, ემპირიებში მიმდინარეობს, ქალიშვილი ბევრია, მუსიკა უკრავს, შტანდარტი დანავარდობსო“. დიდი, დიდი გრძნობით აღწერდა.

მე განგებ დავიტოვე. თუ გნებავთ, წაგიკითხავთ.

გოროდნიჩი.

არა, ახლა მაგისთვის არა მცალია. მაშ ასე, ივან კუზმიჩ, ჰქენით სიკეთე, თუ, ვინიცობაა, საჩივარი ან დაბეზღება მოგხვდეთ ხელში, ულაპარაკოდ დააკავეთ.

ფოსტმეისტერი.

დიდი სიამოვნებით.

ამოს ფედოროვიჩი.

იცოდეთ, ოდესმე ამისთვის მოგხვდებათ.

ფოსტმეისტერი.

ერთი თქვენც!

გოროდნიჩი.

არაფერია, არაფერი. სხვაა, ეს რომ საჯაროდ გაგეხადათ, თორემ შინაურულად არა უშავს.

ამოს ფედოროვიჩი.

დიახ, ცუდი საქმე დატრიალდა. მე კი, გამოგიტყდებით, ანტონ ანტონოვიჩ, თქვენთან იმ განზრახვით მოვდიოდი, ლეკვი მეთავაზებინა; ღვიძლი დაა იმ ხვადისა, რომელსაც თქვენ იცნობთ. უეჭველია, გაგონილი გექნებათ, რომ ჩეპტოვიჩმა და ვარხოვინსკიმ დავა დაიწყეს. მე კი ბედმა გამიღიმა: კურდღელზე ხან ერთსა და ხან მეორის მამულში ვნადირობ.

გოროდნიჩი.

ჩემო კარგო, ახლა მე თქვენი კურდღელი არ მადარდებს: ის წყეული ინკოგნიტო მიზის თავში. ყოველ წუთს ველი, საცაა გაიღება კარი და მეხივით თავზე დაგვეცემა-მეთქი...



გამოსვლა III

იგინივე, ბობჩინსკი და დობჩინსკი, რომლებიც ქოშინით შემოდიან.

ბობჩინსკი.

საკვირველი შემთხვევაა!

დობჩინსკი.

მოულოდნელი ამბავი!

ყველანი.

რა იყო, რა ამბავია?

დობჩინსკი.

წარმოუდგენელი საქმე: შევდივარ სასტუმროში...

ბობჩინსკი.

(სიტყვას ართმევს). შევდივართ პეტრ ივანოვიჩთან ერთად სასტუმროში...

დობჩინსკი.

(სიტყვას ართმევს). არა, ნება მომეცით, პეტრ ივანოვიჩ, მე ვუამბო...

ბობჩინსკი.

არა, ნება მომეცით მე... დამაცადეთ, დამაცადეთ... თქვენ ისე ვერც მოყვებით.

დობჩინსკი.

თქვენ კი აგერევათ და ყველაფერს ვერ მოიგონებთ.

ბობჩინსკი.

მოვიგონებ, ღმერთმანი, მოვიგონებ, ოღონდაც ნუ მიშლით. ბატონებო, კეთილინებეთ, უთხარით პეტრ ივანოვიჩს, ხელი არ შემიშალოს.

გოროდნიჩი.

ღვთის გულისათვის, თქვით, რა მოხდა? გული საგულეს არა მაქვს. დასხედით ბატონებო! აიღეთ სკამები! პეტრ ივანოვიჩ, აი თქვენ სკამი (ყველანი ჩამოსხდებიან ორივე პეტრ ივანოვიჩის ირგვლივ). აბა, რა იყო, რა მოხდა?

ბობჩინსკი.

მოითმინეთ, მოითმინეთ, ყველაფერს წესრიგზე მოგახსენებთ. მას შემდეგ, რაც მე მქონდა ბედნიერება გავსულიყავ თქვენი სახლიდან, როცა ასე შეგაშფოთათ მიღებულმა ბარათმა, დიახ, მაშინვე შევირბინე... გეთაყვა, პეტრ ივანოვიჩ, ნუ შემაწყვეტინებთ, მე უკვე ყველაფერი, ყველაფერი ვიცი, დიახ, ყველაფერი.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, შევირბინე კორობკინთან. რაკი კორობკინი შინ ვერ შევისწარი, რასტაკოვსკისთან შევუხვიე, რაკი რასტაკოვსკიც შინ არ დამიხვდა, აგერ ივან კუზმიჩთან შევიარე, რომ მეთქვა მისთვის ის ახალი ამბავი, რაზედაც თქვენ მიიღეთ ცნობა. იქიდან რომ ვბრუნდებოდი, შევხვდი პეტრ ივანოვიჩს...

დობჩინსკი.

(სიტყვას აწყვეტინებს). ფარდულთან, სადაც ქადები იყიდება.

ბობჩინსკი.

ფარდულთან, სადაც ქადები იყიდება. ჰოდა, რომ შევხვდი პეტრ ივანოვიჩს, ვეუბნები: „გაიგეთ თუ არა ახალი ამბავი, რომელიც ანტონ ანტონოვიჩს აცნობეს-მეთქი. სარწმუნო წერილით?“ პეტრ ივანოვიჩს უკვე გაეგო ეს ამბავი თქვენი მეკუჭნავე ავდოტიასაგან, რომელიც რაღაცაზე ყოფილიყო გაგზავნილი ფილიპ ანტონოვიჩ პოჩეჩუევთან.

დობჩინსკი.

(აწყვეტინებს). პატარა კასრის სათხოვნელად ფრანგული არყისათვის.

ბობჩინსკი.

(განზე გაუწევს დობჩინსკის ხელებს). პატარა კასრის სათხოვნელად ფრანგული არყისათვის. ჰოდა, მე და პეტრ ივანოვიჩი წავედით პოჩეჩუევთან... პეტრ ივანოვიჩ, ნუ შემაწყვეტინებთ, გეთაყვა, ნუ შემაწყვეტინებთ. გავსწიეთ პოჩეჩუევთან. გზაში კი პეტრ ივანოვიჩი მეუბნება: შევიაროთ ტრაქტირში... კუჭი ისეთ დღეში მაქვს... დილიდან არაფერი ჩამსვლია პირში, ჩემს კუჭში მთელი ალიაქოთიაო... დიახ, პეტრ ივანოვიჩის კუჭში... ტრაქტირში ეს-ესაა ახალი გოჯი მოიტანეს, ვისაუზმოთო. შევყავით თუ არა თავი სასტუმროში, უეცრივ ახალგაზრდა კაცი...

დობჩინსკი.

(აწყვეტინებს). სანდომიანი სახის პატრონი, პარტიკულარულ ტანისამოსში...

ბობჩინსკი.

სანდომიანი სახის პატრონი, პარტიკულარულ ტანისამოსში, დადის ოთახში და სახეზე ერთგვარი ფიქრი ეტყობა... ფიზიონომია... ქცევა... და აქაც (ატრიალებს ხელს შუბლთან) ბლომადაა ყველაფერი, ბლომად. თითქოს გულმა მიგრძნოო, ვეუბნები პეტრ ივანოვიჩს: „აქ რაღაც ამბავია-მეთქი“...

დიახ. პეტრ ივანოვიჩმა კი უკვე თითით მოიხმო მეტრაქტირე ვლასი. მისი ცოლი ამ სამი კვირის წინათ მოლოგინდა, ბიჭია ისეთი ცოცხალი, ალბათ მამასავით მეტრაქტირე იქნება. რომ მოიხმო მეტრაქტირე ვლასი, პეტრ ივანოვიჩმა ჩუმად ჰკითხა: ვინ არის ეს ახლგაზრდა კაციო? ვლასმა კი უპასუხა: „ეგაო, - ნუ მაწყვეტინებთ პეტრ ივანოვიჩ, გეთაყვა, ნუ მაწყვეტინებთ, თქვენ ვერ უამბობთ, ღმერთმანი, ვერ უამბობთ: ცოტათი ჩიფჩიფებთ; მე ვიცი, თქვენ პირში ერთი კბილი გისტვენთ... - ეგაო, - ამბობს, - ახალგაზრდა კაციო, ჩინოვნიკიაო, დიახ, პეტერბურგიდან მოდისო, მისი გვარი ივან ალექსანდროვიჩ ხლესტაკოვიაო, დიახ, სარატოვის გუბერნიაში მიემგზავრება და მეტად უცნაურად იქცევაო: აგერ მეორე კვირაა ცხოვრობს, ტრაქტირიდან არ გადის, ყველაფერს ნისიად თხოულობს და გროშ-კაპიკს არ იხდისო...“ როგორც კი მითხრა ეს, მაშინვე დამკრა თავში. „ერიჰაა“, - ვუთხარი პეტრ ივანოვიჩს.

დობჩინსკი.

არა, პეტრ ივანოვიჩ, ეგ მე ვთქვი: „ერიჰაა-მეთქი!“

ბობჩინსკი.

ჯერ თქვენა თქვით, მერე მეც ვთქვი. „ერიჰა! - ვთქვით მე და პეტრ ივანოვიჩმა, - რად უნდა იჯდეს აქ, როცა სარატოვის გუბერნიაშია-თქო წასასვლელი?“ დიახ. სწორედ ეს გახლავთ ის ჩინოვნიკი.

გოროდნიჩი.

ვინა? რომელი ჩინოვნიკი?

ბობჩინსკი.

ის ჩინოვნიკი, ვისზეც ცნობა მიიღეთ, რევიზორიაო.

გოროდნიჩი.

(თავზარდაცემული). რას ამბობთ, რასა! ღმერთმა გვაშოროს! ეგ ის არ არის!

დობჩინსკი.

ის არის! არც ფულს იხდის და არც მიდის. მაშ ვინ უნდა იყოს? საგზურზეც სარატოვია აღნიშნული.

ბობჩინსკი.

ის არის, ის, ღმერთმანი, ის არის. ისეთი დაკვირვებულია, ყველაფერი დაათვალიერა. დაინახა, რომ ჩვენ თევზს შევექცეოდით - უფრო იმიტომ, რომ პეტრ ივანოვიჩს კუჭი ჰქონდა ამ დღეში - ჰოდა, ჩვენს თეფშებსაც დახედა. მე შიშით თავზარი დამეცა.

გოროდნიჩი.

ღმერთო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი! მერედა სად ცხოვრობს იქ?

დობჩინსკი.

მეხუთე ნომერში, კიბის ქვეშ.

ბობჩინსკი.

სწორედ იმ ოთახში, სადაც შარშან ორმა ჩამოსულმა ოფიცერმა ჩხუბი ატეხა.

გოროდნიჩი.

დიდი ხანია იქ არის?

დობჩინსკი.

უკვე ორი კვირაა. ვასილი ეგვიპტელის დღეს ჩამოსულა!

გოროდნიჩი.

ორი კვირა! (განზე). ღმერთო ძლიერო! ყველა წმინდანნო, გვფარვიდეთ ჩვენ! ამ ორ კვირაში გაიწკეპლა უნტერ-ოფიცრის ცოლი! ტუსაღებს სანოვაგე არ ეძლეოდათ, ქუჩებში ორომტრიალი და სიბინძურეა! ვაი სირცხვილო, ვაი თავის მოჭრავ! (თავზე ხელს წაივლებს).

არტემი ფილიპოვიჩი.

რა ვქნათ, ანტონ ანტონოვიჩ? უნდა დავეწყოთ და მივადგეთ სასტუმროში.

ამოს ფედოროვიჩი.

არა, არა! ჯერ უნდა ეახლონ ქალაქის თავი, სამღვდელოება, ვაჭრები; აი იმ წიგნშიაც „საქმენი იოანე მასონისა“...

გოროდნიჩი.

არა, არა, ნება მომეცით, მე თვითონ მოვაგვარო. ცხოვრებაში ბევრი გასაჭირი დამდგომია, მაგრამ უხიფათოდ ჩაუვლია და ზოგჯერ მადლობაც მიმიღია. იქნებ ღმერთმა ახლაც მიხსნას. (ბობჩინსკის.) თქვენ ამბობთ, ახალგაზრდა კაციაო?

ბობჩინსკი.

ახალგაზრდაა, ასე ოცდასამისა თუ ოთხისა ან ცოტა მეტიც.

გოროდნიჩი.

მით უკეთესი: ახალგაზრდას უფრო სწრაფად აუღებ ალღოს. უბედურებაა, როცა ძველი გაიძვერაა; ახალგაზრდას კი სახეზე აწერია, რაცაა.

თქვენ, ბატონებო, თქვენ-თქვენს საქმეს მიხედეთ, მე კი თვითონ წავალ ან თუნდ პეტრ ივანოვიჩთან ერთად გავისეირნებ. იმასაც გავიგებ, რაიმე უსიამოვნებას ხომ არ აყენებენ. ჰეი, სვისტუნოვ!

სვიტუნოვი.

რას მიბრძანებთ?

გოროდნიჩი.

ახლავე გასწი უბნის ბოქაულთან; თუმცა არა, შენ მჭირდები. უთხარი იქ ვინმეს, დაუყოვნებლივ მომგვარონ უბნის ბოქაული და ისევ აქ მოდი.

პოლიციელი აჩქარებით გარბის.

არტემი ფილიპოვიჩი.

წავიდეთ, წავიდეთ, ამოს ფედოროვიჩ! ვინ იცის, რა უბედურება დატრიალდეს.

ამოს ფედოროვიჩი.

თქვენ კი რისა გეშინიათ? დაახურეთ სუფთა ჩაჩები ავადმყოფებს, მორჩა და გათავდა.

არტემი ფილიპოვიჩი.

რის ჩაჩები! ნაბრძანებია, ავადმყოფები გაბერწვენით ვკვებოთ, ჩვენი საავადმყოფოს დერეფნებში კი კომბოსტოს ისეთი სუნი ტრიალებს, ცხვირზე იტაცებ ხელს.

ამოს ფედოროვიჩი.

მაგ მხრივ მე დამშვიდებული ვარ. მართლაცდა ვინ შემოიხედავს სამაზრო სასამართლოში? ხოლო თუ ჩახედავს რომელიმე საბუთს, თავბედს დაიწყევლის...

მე აგერ თხუთმეტი წელიწადია ვზივარ მოსამართლის სკამზე და ჩავიხედავ თუ არა მოხსენებით ბარათში - უჰ! ხელს ჩავიქნევ, თვით სოლომონ ბრძენიც ვერ გამოარკვევს, რა არის იქ მართალი და რა ტყუილი.

(მოსამართლე, საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი, სასწავლებლების ზედამხედველი და ფოსტმეისტერი გადიან. კარებში შეეჯახებიან დაბრუნებულ პოლიციელს.)



გამოსვლა IV

გოროდნიჩი, დობჩინსკი, ბობჩინსკი და პოლიციელი.

გოროდნიჩი.

(პოლიციელს) დროშკა იქა დგას?

პოლიციელი.

დგას

გოროდნიჩი.

წადი ქუჩაში... თუმცა არა, მოიცა! წადი, მომიტანე... სხვები სად არიან? ნუთუ მარტო შენა ხარ? ხომ ვბრძანე, პროხოროვიც აქ ყოფილიყო. სად არის პროხოროვი?

პოლიციელი.

პროხოროვი უბნის შენობაშია, ოღონდაც საქმისათვის ვერ ივარგებს.

გოროდნიჩი.

რატომ?

პოლიციელი.

იმიტომ, რომ დილით მოათრიეს გალეშილი. უკვე ორი გოვზაკი წყალი გადაასხეს, მაგრამ აქამდის ვერ გამოფხიზლდა.

გოროდნიჩი.

(თავზე იტაცებს ხელს). ოჰ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! გასწი საჩქაროდ ქუჩაში, თუმცა არა, ჯერ ოთახში შეირბინე, გესმის, დაშნა და ახალი ქუდი მომიტანე. აბა, პეტრ ივანოვიჩ, გავსწიოთ!

ბობჩინსკი.

მეც... მეც... ნება მიბოძეთ მეც, ანტონ ანტონოვიჩ!

გოროდნიჩი.

არა, არა, პეტრ ივანოვიჩ, არ შეიძლება, არ შეიძლება, უხერხულია, დროშკაშიაც ვერ ჩავეტევით!

ბობჩინსკი.

არაფერია, არაფერია, მე ისე, ძუნძულით, ძუნძულით გამოვედევნები დროშკას, ჭუჭრუტანაში მაინც შევიჭვრიტო, კარიდან მაინც დავინახო, თუ როგორი ქცევა აქვს...

გოროდნიჩი.

(დაშნას გამოართმევს, მიმართავს პოლიციელს), ახლავე გასწი სირბილით; წაიყვანე დესიატნიკები, თითოეულმა... ვაჰ, როგორ დაკაწრულა დაშნა! წყეული ვაჭრუკა აბდულინი! ხედავს, რომ გოროდნიჩის დაშნა დაუძველდა, მაგრამ განა ახალს გამოაგზავნის! ჰოი, რა მზაკვარი ხალხია! ვინძლო, მაგ არამზადებს უკვე მალულად მზადა აქვთ საჩივრები... თითოეულმა ხელში აიღოს ქუჩა... დალახვროს ღმერთმა, რას ვამბობ...თითოეულმა ხელში აიღოს ცოცხი და დაგავოს ის ქუჩა, ტრაქტირისკენ რომ მიდის, სუფთად დაგავონ, გესმის?! შენც ჭკუით იყავი! გიცნობ, რა შვილიც ბრძანდები! შენ იქ ვიღაც-ვიღაცეებს უნათლიმამდები, თანაც მოპარულ ვერცხლის კოვზებს ბოტფორტებში იდებ. მიფრთხილდი, მე ვერაფერს გამომაპარებ! რა უყავ ვაჭარ ჩერნიაევს, ჰა? იმან სამუნდირედ ორი არშინი მაუდი მოგცა, შენ კი მთელი თოფი აწაპნე! ჭკუით-მეთქი! შენ, ძმაო, იმაზე მეტს იღებ, ვინემ ჩინით გეკუთვნის!... გასწი!



გამოსვლა V

იგინივე და უბნის ბოქაული

გოროდნიჩი.

ოჰ, სტეფან ილიჩ! ერთი მითხარით, ღვთის გულისათვის, სად დაიკარგეთ? აბა რასა ჰგავს?

ბოქაული.

მე აქვე ვიყავი, ჭიშკრის გადაღმა.

გოროდნიჩი.

გამიგონეთ, სტეფან ილიჩ! ჩინოვნიკი პეტერბურგიდან უკვე ჩამოსულა... რა მოაწესრიგეთ იქ?

ბოქაული.

ისე, როგორც მიბრძანეთ. უბნის პოლიციელი პუგოვიცინი დესიატნიკებთან ერთად ქვაფენილის დასახვეტად გავგზავნე.

გოროდნიჩი.

დერჟიმორდა სადღაა?

ბოქაული.

დერჟიმორდა სახანძრო კასრს გაჰყვა.

გოროდნიჩი.

პროხოროვი მთვრალია?

ბოქაული.

მთვრალია.

გოროდნიჩი.

მერე, როგორ მოგივიდათ ეს?

ბოქაული.

ეშმაკმა იცის იმისი თავი. გუშინ ჩხუბი ატყდა ქალაქგარეთ - იქ წავიდა წესიერების დასამყარებლად, გალეშილი კი დაბრუნდა.

გოროდნიჩი.

გამიგონეთ, აი რა უნდა ქნათ: უბნის პოლიციელი პუგოვიცინი... იგი მაღალია, წესრიგისათვის ხიდზე დააყენეთ. საჩქაროდ დააშლევინეთ ძველი ღობე, მეჩექმის მახლობლად რომ არის, და იქ ჩალის სარყე დაარჭვეთ, კაცმა რომ შეხედოს და იფიქროს: აქ რაღაცა აქვთ დაგეგმილიო. რაც უფრო მეტი რამაა დანგრეული, მით უფრო მეტ საქმიანობას ნიშნავს ქალაქის მმართველისას. ოჰ, ღმერთო ჩემო, სულ დამავიწყდა, რომ სწორედ იმ ღობესთან ორმოც ურემზე მეტი ნაგავია დაყრილი. ეს რა ოხერი ქალაქია! თუ სადმე რამე ძეგლი ან თუნდაც უბრალო ღობე დადგი, ეშმაკმა იცის, რა ნაგვით არ აავსებენ იქაურობას! (ამოიოხრებს). თუ ჩამოსული ჩინოვნიკი სამსახურის თაობაზე ჰკითხავთ - კმაყოფილნი ხართ თუ არაო, უპასუხონ: ყველაფრით კმაყოფილნი ვართ-თქო, თქვენო მაღალკეთილშობილებავ. ხოლო ვინც უკმაყოფილო იქნება, იმას მერე ისეთ უკმაყოფილებას მივცემ... ოჰ! ოჰ! ოჰ! ღმერთო, შემინდე მე ცოდვილი! (ქუდის ნაცვლად იღებს კოლოფს.) ღმერთო, ოღონდ კი მალე და კარგად ჩაიაროს ამან და ისეთ სანთელს აგინთებ, რომლის მსგავსი არავის ენახოს: ყოველ გაიძვერა ვაჭარს სამ-სამ ფუთ სანთელს შევაწერ. ოჰ, ღმერთო ჩემო! აბა გავსწიოთ, პეტრ ივანოვიჩ! (ქუდის მაგიერ აპირებს დაიხუროს ქაღალდის კოლოფი.)

ბოქაული.

ანტონ ანტონოვიჩ, ეგ კოლოფია და არა ქუდი.

გოროდნიჩი.

(გადააგდებს კოლოფს). კოლოფია და კოლოფი იყოს, ჯანდაბას! თუ იკითხონ, რატომ არ არის აგებული ეკლესია საღვთო-სამადლო დაწესებულებასთანო, რომლისთვისაც ხუთიოდე წლის წინათ გაღებული იყო თანხაო, არ დაგავიწყდეთ უპასუხოთ: შენობა დაიწყეს, მაგრამ დაიწვა-თქო.

ამის თაობაზე მე პატაკიც კი წარვუდგინე მთავრობას. თორემ შესაძლოა ვინმემ წამოროშოს, შენობა არც კი იყო დაწყებულიო. დერჟიმორდას უთხარით, მუშტებს მეტისმეტად ნუ იქნევს, აქაოდა წესრიგს ვამყარებო, ყველას ულილავებს თვალებს, ბრალიანსაც და უბრალოსაც. წავიდეთ, წავიდეთ, პეტრ ივანოვიჩ! (მიდის და მობრუნდება). ჰო, აღარ გამოუშვან ქუჩაში ჩაუცმელი ჯარისკაცები: ეგ ოხრები პერანგზე გადაიცვამენ მუნდირებს, ქვემოთ კი ტიტლიკანები არიან. (ყველანი გადიან)



გამოსვლა VI

სცენაზე შემორბიან ანა ანდრეევნა და მარია ანტონოვნა.

ანა ანდრეევნა.

სად არიან, სად არიან ისინი? ჰო, ღმერთო ჩემო! (კარს გააღებს) მეუღლევ! ანტოშა! ანტონ! (ჩქარა ლაპარაკობს) სულ კი შენი ბრალია, ყველაფერი შენი გამოისობითაა. დაიწყო ქექვა: ეს ქინძისთავიო, ეს თავსაფარიო! (მიირბენს ფანჯარასთან, ყვირის) ანტონ! საით, საით? რაო, ჩამოვიდა? რევიზორი! ულვაშებიანი? რანაირი ულვაშები აქვს?

გოროდნიჩის ხმა.

მერე, მერე, გეთაყვა!

ანა ანდრეევნა.

მერე? ესეც ახალი ამბავი! - მერე! მერე რად მინდა... ოღონდაც მარტო ის მითხარი, პოლკოვნიკია? (ზიზღით) წავიდა, დამაცა, გაგახსენებ ამას! სულ კი შენი ბრალია: „დედიკო, დედიკო, დამაცადეთ, ახლავე თავსაფარს უკან დავიმაგრებ!“ ესეც შენი ახლავე! ვერაფერიც ვერ შევიტყვეთ! სულ კი წყეული პრანჭიაობის ბრალია: ყური მოჰკრა, ფოსტმეისტერი აქააო და მოჰყვა სარკის წინ მანჭვა-გრეხას! ასე ჰგონია, ფოსტმეისტერი მეარშიყებაო, ის კი, მიბრუნდები თუ არა, იღრიჯება და დაგცინის.

მარია ანტონოვნა.

ახლა რა გაეწყობა, დედიკო. სულ ერთია, ორი საათის შემდეგ შევიტყობთ.

ანა ანდრეევნა.

ორი საათის შემდეგ! დიდად გმადლობთ, არ დამამშვიდა! მიკვირს, რატომ არა თქვი, ერთი თვის შემდეგ ყველაფერს კიდევ უკეთ შევიტყობთო! (გადაეყუდება ფანჯრიდან.) ჰეი, ავდოტია! ჰა? რაო? ავდოტია, რა გაიგე, ვიღაცა ჩამოსულა? არ გაგიგია? რა სულელი ხარ! ხელი აგიქნია? მერე და აქნიოს, შენ მაინც უნდა გამოგეკითხა. ესეც კი ვერ შევიტყვე: აბა არა, თავი სისულელეებით გაქვს გამოტენილი, სულ საქმროები გელანდება. რაო? მალე წავიდნენ? მერე და ვერ გამოედევნე დროშკას? წადი, წადი! ახლავე წადი! გესმის, გაიქე, გამოიკითხე, სად წავიდნენ. კარგად გამოიკითხე, რა კაცია ახლად ჩამოსული, როგორია, - გესმის? ჭუჭრუტანაში შეიჭვრიტე და ყველაფერი შეიტყვე, თვალები როგორი აქვს - შავი თუ არა, და იმწამსვე დაბრუნდი... გესმის? აბა, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა! (ყვირის მანამ, სანამ ფარდა არ დაეშვება და ორივეს არ დაფარავს.)



მეორე მოქმედება

პატარა ოთახი სასტუმროში. ლოგინი, მაგიდა, ჩემოდანი, ცარიელი ბოთლი, ჩექმები, ტანსაცმელი, ჯაგრისი და სხვა.



გამოსვლა I

ოსიპი.

(ბატონის სარეცელზე წევს). დასწყევლოს ღმერთმა, ისე მომშივდა და მუცელსაც ისეთი ბრახაბრუხი გააქვს, თითქოს შიგ მთელი პოლკი ბუკ-ნაღარას უკრავსო. ვერ იქნა და ვეღარ მივაღწიეთ შინამდის. აბა რა უნდა ვქნა? მეორე თვეა, რაც პეტერბურგიდან წამოვედით. გზაში მიაფშვნა ამ ჩემმა თვალისჩინმა ფულები, ახლა კი ზის კუდამოძუებული და აღარ ცხარობს.

საგზაო ფული განა არ გვეყოფოდა, მაგრამ არა, - ყოველ ქალაქში მომინდომა თავის გამოჩენა! (აჯავრებს) „ჰეი, ოსიპ, წადი და ნახე საუკეთესო ოთახი, სადილიც საგანგებო შეუკვეთე; ხომ იცი, უბრალოზე ვერ გადავალ, საუკეთესო სადილს ვარ დაჩვეულიო“. კაი შენ, მართლაც და დიდი ვინმე იყოს, თორემ სულ უბრალო ელისტრატორია. მგზავრებს ეცნობა, მერე ბანქოს თამაშს მოჰყვება და აი, კიდეც ერთიანად გაიფხიკა... ეჰ, მომბეზრდა ასეთი ცხოვრება! მე და ჩემმა ღმერთმა, სოფლად ყოფნა ბევრად სჯობია! მართალია იქ მაგდენი სანახავ-გასართობი არ არის, სამაგიეროდ დარდი და საზრუნავი ნაკლებია, ითხოვე დედაკაცი და მთელი სიცოცხლე იკოტრიალე მერე შენთვის ტახტზე, ჭამე ხაბიზგინები. არა, ვინ დაობს, კაცი მართალს თუ იტყვი, პიტერში ყოფნა უკეთესია, ოღონდ ფულები იყოს, თორემ იქ ცხოვრებას რა სჯობია: იქ თრიატებიო, აქ ძაღლები ცეკვავენო, ერთი სიტყვით, ყველაფერია, რაც კი გნებავს, ყველა ისე დელიკატურად ლაპარაკობს, თავადაზნაურობას არ ჩამოუვარდებიან. გახვალ შჩუკინის ბაზარზე - ვაჭრები გეძახიან: „აქეთ, პატივცემულო!“ ნავში ჩაჯდები გაღმა გადასასვლელად - გვერდში ჩინოვნიკი გიზის. კამპანია მოგინდება - შეიარე დუქანში: იქ კავალერი გიამბობს სამხედრო ბანაკებზე, გაგაგებინებს, ცაზე ყოველ ვარსკვლავს რა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერს ხელისგულივით დაგანახვებს. ზოგჯერ ოფიცრის მოხუცი ცოლი შემოივლის, ზოგჯერ კი იმისთანა მოახლე გოგო შემოვა, პა, პა, პა! (ჩაიცინებს და თავს აქნევს.) ეშმაკმა წაიღოს, დიდი გალანტერული მოქცევა აქვთ. უზრდელ სიტყვას ვერ გაიგონებ: ყოველი კაცი თქვენობით გესაუბრება. მოგწყინდა ფეხით სიარული - დაუძახე ეტლს, გამოიჭიმე შიგ ბატონივით. არ გინდა ფულის გადახდა, ნუ მისცემ. ყოველ სახლს ორ-ორი გასასვლელი აქვს, ისე გაძვრები, ეშმაკიც ვერ იპოვნის შენს გზას და კვალს. ერთია მხოლოდ ცუდი: ზოგჯერ დიდებულად გამოძღები, ზოგჯერ კი შიმშლისაგან ლამის სული გაგძვრეს, როგორც, მაგალითად, ახლა. სულ კი მისი ბრალია. რა უნდა მოვუხერხო მაგას? მამა გამოუგზავნის ფულებს, ეგ კი იმის მაგიერ ხელმოჭერით იყოს, შენც არ მომიკვდე, საქეიფოდ დაბრძანდება, ეტლით დაქრიალებს, ყოველდღე თრიატში ბილეთი უნდა ვუყიდო... ერთი კვირის შემდეგ კი ბაზარზე მგზავნის ახალი ფრაკის გასაყიდად. ზოგჯერ უკანასკნელ პერანგსაც კი მიაყიდის. ისე რომ მარტო სერთუკითა და შინელით დადის. ღმერთმანი, მართლა! მერე რანაირი მაუდი - ინგლიცურია! მარტო ფრაკი უჯდება არანაკლებ თხუთმეტი თუმნისა, ბაზარზე კი ორ თუმნად ყიდის. შარვლებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. სულ მუქთად აძლევს! მერედა რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ საქმეს არ ადგას! იმის მაგიერ სამსახურში დადიოდეს, პროშპექტზე დაყიალობს და ქაღალდს თამაშობს. ეჰ, ეს რომ მოხუცმა ბატონმა გაიგოს, იმას არ მიხედავს, რომ ჩინოვნიკი ბრძანდები, აგიწევს პერანგს და იმდენს მოგცხებს, ოთხი დღე იფხანო. თუ მსახურობ, რიგზე იმსახურე. აი ახლა მეტრაქტირემ გვითხრა, სასმელ-საჭმელს არ მოგცემთ, სანამ ძველ ვალს არ გადაიხდითო; მერედა რომ არ გადავიხადოთ? (ოხვრით.) ეჰ, ღმერთო ჩემო, ნეტავ შჩი მაინც მაჭამა! ისე მშია, მგონია, მთელ ქვეყანას შევჭამდი. აკაკუნებს უეჭველია, ის არის. (საჩქაროდ გადმოხტება სარეცელიდან.)



გამოსვლა II

ოსიპი და ხლესტაკოვი

ხლესტაკოვი.

ჰა, გამომართვი! (აძლევს ქუდსა და ტროსტს) რაო, კიდევ გორავდი ლოგინზე?

ოსიპი.

ვითომ რად უნდა ვგორავდე? ლოგინი არ მინახავს თუ?

ხლესტაკოვი.

მიჰქარავ, გორავდი, ხომ ხედავ, სულ აწეწილია!

ოსიპი.

რად მჭირდება თქვენი ლოგინი? განა არ ვიცი, რა არის ლოგინი? ფეხები იმიტომ მაბია, რომ ზეზე ვიდგე. რად მჭირდება ეგ თქვენი ლოგინი?

ხლესტაკოვი.

(დადის ოთახში). აბა კარტუზში ნახე, თამბაქო ხომ არ არის?

ოსიპი.

თამბაქოს რა უნდა იქ! რაც იყო, ამ ოთხი დღის წინ მოსწიეთ.

ხლესტაკოვი.

(დადის ოთახში და ტუჩებს კუმავს, ბოლოს ხმამაღლა მტკიცედ ამბობს). გამიგონე ოსიპ!

ოსიპი.

რას მიბრძანებთ?

ხლესტაკოვი.

(ხმამაღლა, თუმცა არც ისე მტკიცედ). ჩადი იქ.

ოსიპი.

სად იქ?

ხლესტაკოვი.

(ისეთი ხმით, რომელიც ბრძანებას კი არა, უფრო თხოვნას ჰგავს). ქვემოთ, ბუფეტში... უთხარი, სადილი მომიტანონ.

ოსიპი.

არა, წასვლაც არ მსურს.

ხლესტაკოვი.

როგორ მიბედავ, შე ბრიყვო!

ოსიპი.

როგორ და ისე; სულ ერთია, რომ წავიდე, მაინც არაფერი გამოვა... პატრონმა თქვა, სადილს აღარ მოგცემთო!

ხლესტაკოვი.

როგორ გაბედავს, რომ არ მომცეს? რას სულელობს!

ოსიპი.

ესეც კი თქვა, გოროდნიჩისთან წავალო. აგერ მესამე კვირაა შენი ბატონი ფულს არ იხდისო... შენა და შენი ბატონიო, თქვა, თაღლითები ხართო, შენი ბატონი გაიძვერააო... ჩვენაო, თქვა, თქვენისთანა მაწანწალები და სალახანები ბევრი გვინახავსო.

ხლესტაკოვი.

შენ კი, მხეცო, გიხარია, მაშინვე ჩამიკაკლო ყოველივე.

ოსიპი.

მითხრა: ეგრე ხომ ყველა ჩამოგვისახლდება, ჩაანისიავებს და მერე ვეღარც გააგდებო. მითხრა: მე ხუმრობა არ მიყვარს, წავალ და ვიჩივლებ, პირდაპირ საპატიმროში ამოაყოფინონ თავიო.

ხლესტაკოვი.

კარგი, კარგი, სულელო, გეყოფა! წადი, წადი-მეთქი და უთხარი. რა პირუტყვია!

ოსიპი.

ისევ ისა სჯობია, თვითონ პატრონი მოგიყვანოთ!

ხლესტაკოვი.

რა საჭიროა პატრონი? წადი და თვითონ უთხარი.

ოსიპი.

დამიჯერეთ, ბატონო, ასე სჯობია.

ხლესტაკოვი.

კარგი, წადი, ჯანდაბას შენი თავი! დაუძახე პატრონს. (ოსიპი გადის).



გამოსვლა III

ხლესტაკოვი.

(მარტო). საშინლად მომშივდა! ცოტა გავიარე, ვიფიქრე, იქნებ მადა დამეკარგოს-მეთქი, მაგრამ, დალახვროს ღმერთმა, მადა არ დამეკარგა. დიახ, პენზაში რომ არ წამექეიფა, მეყოფოდა ფული შინ ჩასასვლელად. ქვეითი ჯარის კაპიტანმა საშინლად გამწურა; საოცრად მოსდიოდა მაგ ოხერს ქაღალდი. სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთს იჯდა და ერთიანად გამატყავა. ოჰ, როგორ მინდოდა ერთხელ კიდევ გვეთამაშა, მაგრამ შემთხვევა არ მომეცა.

რა საძაგელი ყოფილა ეს პატარა ქალაქი! დუქნებში ნისიად არაფერს იძლევიან... ამაზე მეტი უსინდისობა გინახავთ? (უსტვენს ჯერ „რობერტიდან“, მერე „ნუ მიკერავ, დედილო“. ბოლოს კი ვერც გაარკვევ, რას უსტვენს.) არავინ არ მოდის.

გამოსვლა IV

ხლესტაკოვი, ოსიპი და ტრაქტირის მსახური.

მსახური.

პატრონმა მიბრძანა გკითხოთ, რა გნებავთო!

ხლესტაკოვი.

გამარჯობა ძმობილო! სხვა, როგორა ხარ, ხომ ჯანმრთელად ხარ?

მსახური.

ღვთის წყალობით, რა მიჭირს.

ხლესტაკოვი.

სხვა, რა ამბავია თქვენს სასტუმროში საქმე ხომ კარგად მიდის?

მსახური.

მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის.

ხლესტაკოვი.

მგზავრები ბლომად გყავთ?

მსახური.

დიახ, საკმარისად.

ხლესტაკოვი.

გამიგონე, ჩემო კეთილო, აქამდის ჩემთვის სადილი არ მოუტანიათ. გეთაყვა, დააჩქარებინე, რომ დროით მომართვან. საქმე მაქვს და ნასადილევს მაშინვე იმას უნდა შევუდგე.

მსახური.

პატრონმა მითხრა, სადილს მეტს აღარ გავუგზავნიო. დღეს აპირებს, მგონი, გოროდნიჩისთან საჩივლელად წასვლას.

ხლესტაკოვი.

რა საჭიროა ჩივილი? აბა თვითონ განსაჯე, ჩემო კარგო, განა აგრე იქნება? მე ხომ ჭამა მინდა. ასე ხომ სრულებით ჩამოვხმი. მე ძლიერ მშია, ამას ხუმრობით კი არ გეუბნები.

მსახური.

დიახ. ტრაქტირის პატრონმა თქვა, სადილს არ მივცემ, სანამ ძველ ვალს არ გამისწორებსო. ასეთი იყო მისი პასუხი.

ხლესტაკოვი.

შენ კიდევ ჩააგონე, დაიყოლიე.

მსახური.

აბა რა ვუთხრა ისეთი?

ხლესტაკოვი.

რა და სერიოზულად აუხსენი, რომ მე ჭამა მინდა. ფული იქით იყოს... იმას ჰგონია, როგორც მისთანა გლეხუჭასათვის არაფერია, თუ ერთ დღეს არ ჭამს, სხვებსაც ასე შეუძლიათ! კარგი ამბავია, თქვენმა მზემ!

მსახური.

კი, ბატონო, ვეტყვი (მსახური და ოსიპი გადიან.).



გამოსვლა V

ხლესტაკოვი.

(მარტო). სწორედ საძაგლობა იქნება, თუ მართლა მშიერი დამტოვა. ჭამა კი ისე მინდა, როგორც არასდროს არ მდომია. მოდი ტანსაცმლიდან რომ გამოვიყენო რამ და შარვალი გავყიდო? არა, ისევ შიმშილი სჯობია, შინ კი პეტერბურგში შეკერილი კოსტუმით ჩავიდე, აფსუს, იოხიმმა რომ არ მომაქირავა კარეტა. კარგი კი იქნებოდა, დალახვროს ღმერთმა, სოფელში კარეტით ჩავგრიალებულიყავი, რომელიმე მეზობელი მემამულის პარმაღთან კოხტად მიმეგდო ფარნებიანი კარეტა, ოსიპი კი უკან იდგებოდა ლივრეიაში გამოჭიმული. წარმოდგენილი მაქვს, რა ალიაქოთი ატყდებოდა: „ვინ არის? რა კაცია?“ ლაქია კი შევიდოდა (ლაქიასავით გამოიჭიმება): „ივან ალექსანდროვიჩ ხლესტაკოვი გახლავთ პეტერბურგიდან, ინებებთ მიღებას?“ იმ ყეყეჩებს კი არც ესმით, რას ნიშნავს „ინებებთ მიღებასო?“ მათთან თუ სტუმრად ჩამოვა ვინმე ბოთე მემამულე, პირდაპირ სასტუმრო ოთახში შეალაჯუნებს დათვივით. რომელიმე ლამაზ ქალიშვილთან მიხვალ: „ქალბატონო, რომ იცოდეთ, თუ რა...“ (ხელებს იფშვნეტს და ფეხი ფეხს შემოჰკრავს.) ფუ! (აფურთხებს.) ისე მშია, გულიც კი მერევა.



გამოსვლა VI

ხლესტაკოვი, ოსიპი და მსახური

ხლესტაკოვი.

აბა რას იტყვი?

ოსიპი.

სადილი მოაქვთ.

ხლესტაკოვი.

(ტაშს უკრავს და სკამზე ოდნავ შეხტება). მოაქვთ, მოაქვთ, მოაქვთ!

მსახური.

(თეფშებითა და ხელსახოცით). ტრაქტირის პატრონმა თქვა, ეს უკანასკნელად არისო.

ხლესტაკოვი.

ჰმ, პატრონმა, პატრონმა... ფეხებზე მკიდია შენი პატრონი! მანდ რა გაქვს?

მსახური.

წვნიანი და შემწვარი.

ხლესტაკოვი.

როგორ, მხოლოდ ორი თავი?

მსახური.

მხოლოდ.

ხლესტაკოვი.

რა სისულლელეა! არ მივიღებ მაგას! უთხარი შენს პატრონს: მართლაცდა რას ჰგავს ეს? ცოტაა!

მსახური.

არა, პატრონი ამბობს, ეგეც ბევრიაო.

ხლესტაკოვი.

საწებელი რატომ არ არის?

მსახური.

საწებელი არ გახლავთ.

ხლესტაკოვი.

მერე რატომ არ არის? მე თვითონ დავინახე, სამზარეულოსთან რომ გამოვიარე, ბლომად მზადდებოდა! სასადილოშიაც დღეს დილით დავინახე, ვიღაცა ორი მოკლე კაცი თევზს მიირთმევდა და კიდევ ბევრ სხვა რამეს.

მსახური.

არის, შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ არ არის.

ხლესტაკოვი.

როგორ თუ არ არის?

მსახური.

ისე, რომ არ არის.

ხლესტაკოვი.

გოჯი, თევზი, კატლეტები?

მსახური.

ეგ ყველაფერი იმათთვისაა, ვისაც უფრო შეეფერება.

ხლესტაკოვი.

აი, შე სულელო.

მსახური.

დიახ.

ხლესტაკოვი.

შე საძაგელო გოჭო, ისინი რომ ჭამენ, მე ვერ შევჭამ თუ? რატომ მეც არ შემიძლია, დალახვროს ღმერთმა! განა ისინიც ჩემისთანა მგზავრები არ არიან!

მსახური.

ცხადია, რომ არა.

ხლესტაკოვი.

აბა რანაირები?

მსახური.

იმნაირები, რომ ჭამა-სმაში ფულს იხდიან.

ხლესტაკოვი.

შენისთანა ბრიყვთან ლაპარაკიც არ მსურს. (დაისხამს წვნიანს და ჭამს.) რა წვნიანია ეს? ჯამში წყალი ჩაგისხამს: გემო ამას არა აქვს და არაფერი, მხოლოდ ჰყარს. არ მინდა ეს წვნიანი, სხვა მოიტანე!

მსახური.

კეთილი, დავიბრუნებთ. პატრონმა თქვა, თუ არ ნებავთ, არცაა საჭიროო.

ხლესტაკოვი.

(ხელს აფარებს საჭმელს). აბა, აბა, აბა...ხელი არ ახლო, ბრიყვო! გეტყობა, სხვებთან ხარ დაჩვეული თავხედობას, მე კი, ჩემო ძმაო, სხვანაირი ვარ. ჩემთან ეგეთებს არ გირჩევ... (ჭამს.) ღმერთო ჩემო, რა წვნიანია! (განაგრძობს ჭამას.) ჯერ არც ერთ ადამიანს მთელ დუნიაზე ამგვარი წვნიანი არ უგემია. ერბოს მაგიერ რაღაც ბუმბულები დაცურავს. (ჭრის ქათამს.) უჰ, უჰ, უჰ, რა ქათამია ეს! მოიტა შემწვარი! იქ წვნიანი კიდევ დარჩა, ოსიპ, შენ ჭამე. (ჭრის შემწვარს.) ეს რანაირი შემწვარია? განა ეს შემწვარია?

მსახური.

მაშ რა არის?

ხლესტაკოვი.

ეშმაკმა იცის, რა არის, ოღონდაც შემწვარი კი არ არის. ეს ნაჯახია, საქონლის ხორცის მაგიერ შემწვარი! (ჭამს.) არამზადები, გაიძვერები! რას აჭმევენ ხალხს, ყბები აგტკივდება, ერთი ასეთი ლუკმა რომ შეჭამო! (კბილებს იჩიჩქნის.) გათახსირებულები! პირდაპირ ხეფსებია - ვერას გზით ვერ ამოიძრობ. აბა, არ გაგიშავებს კბილებს ამისთანა საჭმელი?! არამზადები! (მოიწმენდს პირს ხელსახოცით.) მეტი არაფერია?

მსახური.

არაფერი.

ხლესტაკოვი.

არამზადები, გათახსირებულები! რაიმე საწებელი მაინც ყოფილიყო ან ნამცხვარი. უქნარები! ტყავს აძრობენ მგზავრებს! (მსახური აალაგებს თეფშებს და იმასა და ოსიპს გააქვთ.)



გამოსვლა VII

ხლესტაკოვი, მერე ოსიპი.

ხლესტაკოვი.

თითქოს არც კი მეჭამოს რამე; მხოლოდ მადა გამიღიზიანა. ხურდა ფული რომ მქონდეს, ბაზარში გავგზავნიდი და მადაურს მაინც მოვატანინებდი.

ოსიპი.

(შემოდის). იქ გოროდნიჩი მობრძანდა ეტლით, თქვენს ამბავს კითხულობს.

ხლესტაკოვი.

(შეშინდება.) ერიჰაა! რა არამზადა ყოფილა მეტრაქტირე, ჩივილიც მოუსწრია! კარგი ამბავი არ იქნება, მართლაც რომ საპყრობილეში წამათრიოს?! თუმცა, კეთილშობილურად თუ მომექცევიან, ჯანი გავარდეს... არა, არა, არ მინდა! ქალაქში ოფიცრებია, ხალხი დადის. თან თავი მოვიწონე და ერთი სოვდაგრის ქალსაც თვალი ჩავუკარი... არა, არ მინდა... მერე და ვინ მიგდია? როგორ მიბედავს? ვინმე ვაჭარი ან ხელოსანი ხომ არ ვგონივარ! (მხნევდება და წელში იმართება.) მე იმას პირშიც ვეტყვი: „როგორ მიბედავთ! თქვენ რა...“ (კარის სახელური ტრიალებს, ხლესტაკოვი ფითრდება და მოიკუნტება.)



გამოსვლა VIII

ხლესტაკოვი, გოროდნიჩი და დობჩინსკი.

გოროდნიჩი შემოსვლისთანავე შეჩერდება. ის და ხლესტაკოვი თვალებდაჭყეტილნი შეჰყურებენ ერთმანეთს რამდენიმე წუთის განმავლობაში.

გოროდნიჩი.

(ოდნავ გონს მოვა, ორივე ხელს ძირს დაუშვებს და გამოიჭიმება). გისურვებთ დღეგრძელობას!

ხლესტაკოვი.

(თავს უკრავს). გამარჯობათ!

გოროდნიჩი.

უკაცრავად...

ხლესტაკოვი.

არა უშავს...

გოროდნიჩი.

ჩემი მოვალეობაა, ვითარცა აქაური ქალაქის თავისა, ვიზრუნო, რომ მგზავრები და ყველა კეთილშობილი პირი არავინ შეაწუხოს და...

ხლესტაკოვი.

(დასაწყისში ცოტათი ებმის ენა, მაგრამ დასასრულ გათამამდება და ხმამაღლა ლაპარაკობს). რა ვუყოთ, ჩემი ბრალი არ არის... მერწმუნეთ გადავიხდი... სოფლიდან გამომიგზავნიან (ბობჩინსკი კარიდან იჭვრიტება.) თვითონ უფრო დამნაშავეა: ქვასავით საქონლის ხორცს იძლევა, წვნიანის მაგიერ კი, ეშმაკმა იცის, რა ჩაუსხამს, ფანჯრიდან უნდა გადამესროლა. მთელი დღეები შიმშილითა მკლავს, ჩაიც ისეთი უცნაურია, თევზის სუნით ჰყარს. მერე რისთვის... კარგია, კარგია შენმა მზემ!

გოროდნიჩი.

(შემკრთალი). უკაცრავად, ღმერთმანი, ჩემი ბრალი არ არის, ბაზარში ყოველთვის კარგი საქონლის ხორცი გვაქვს, ხოლმოგორელ ვაჭრებს ჩამოაქვთ, - ყოველმხრივ წესიერი ხალხია...მე არ ვიცი, სად შოულობს ასეთ ხორცს. თუ რაიმე წესიერად არ არის... ნება მიბოძეთ სხვა ბინაზე გადაგიყვანოთ.

ხლესტაკოვი.

არა, არ მინდა. მე ვიცი ეგ სხვა ბინა რას ნიშნავს: ე. ი. სატუსაღო. მერედა რა უფლება გაქვთ? როგორ მიბედავთ! აი მე... მე პეტერბურგში ვმსახურობ. (ცდილობს ყოჩაღად დაიჭიროს თავი.) მე, მე, მე...

გოროდნიჩი.

(განზე). ღმერთო ჩემო, რა ბრაზიანი ყოფილა! ყველაფერი გაუგია, ყველაფერი უამბიათ წყეულ ვაჭრებს!

ხლესტაკოვი.

(თამამდება). თუნდაც მთელი რაზმი დამახვიოთ, არ წამოვალ. მე პირდაპირ მინისტრს მივმართავ! (მუშტებს ურტყამს მაგიდას.) ერთი ამათ დამიხედეთ!

გოროდნიჩი.

(გამოიჭიმება, მთელი ტანით ცახცახებს). შემიწყალეთ, ნუ დამღუპავთ... ცოლი მყავს, შვილები... ნუ გამაუბედურებთ!

ხლესტაკოვი.

არ მინდა, არა! ბიჭოს! რა ჩემი საქმეა?! თქვენ რომ ცოლ-შვილი გყავთ, ამიტომ მე სატუსაღოში უნდა გეახლოთ? კარგი ამბავია სწორედ! (ბობჩინსკი იჭყიტება კარიდან და შეშინებული ისევ იმალება.)

გოროდნიჩი.

(კანკალებს). გამოუცდელობით, ღმერთმანი, გამოუცდელობით მომივიდა. ხელმოკლეობის ბრალია... თვითონ განსაჯეთ: ჯამაგირი ჩაი-შაქარშიაც არ მყოფნის. თუ ქრთამი ამიღია, სულ მცირე და უმნიშვნელო: რაღაც ხორაგეული ან ორიოდე არშინი ფართალი... რაც შეეხება უნტერ-ოფიცრის ქვრივს, რომელიც ვაჭრობს და რომელიც მე ვითომც გამეწკეპლოს, ეგ ცილისწამებაა, ღმერთმანი, ცილისწამებაა. სულ ჩემი მტრების მონაჭორია. ეგ ისეთი ხალხია, ჩემს მოსაკლავადაც მზად არიან.

ხლესტაკოვი.

რაო? მერე რა საქმე მაქვს მათთან! (ჩაფიქრდება.) მაინც არ მესმის, რა შუაშია აქ თქვენი მტრები თუ ვიღაც უნტერ-ოფიცრის ქვრივი... უნტერ-ოფიცრის ქვრივის ამბავი სხვაა, გაწკეპვლას კი ვერ გაბედავთ, ამას ვერ ეღირსებით. კარგი ამბავია! უყურე ერთი ამას! გადავიხდი ფულს, გადავიხდი, ოღონდაც ახლა არა მაქვს. აქ იმიტომ ვზივარ, რომ კაპიკი არ გამაჩნია.

გოროდნიჩი.

(განზე). ჰო-ჰო, რა ეშმაკი რამ არის! სად გადმოკრა, საიდან მოუარა! მოდი და გაერკვიე! არც კი ვიცი, საიდან მივუდგე... მოდი, ვცდი, რაც იქნება, იქნება, - ცდა ბედის მონახევრეაო (ხმამაღლა.) თუ მართლა გიჭირთ ფული ან სხვა რამ, მზად ვარ ამწამსვე გაგიწიოთ სამსახური. ჩემი მოვალეობაა მგზავრებს დავეხმარო.

ხლესტაკოვი.

მასესხეთ, მასესხეთ! ახლავე გავუსწორდები მეტრაქტირეს, ორასი მანეთი მეყოფა, თუნდაც ნაკლები იყოს.

გოროდნიჩი.

(მიაწოდებს ქაღალდის ფულს). სწორედ ორასი მანეთია, დათვლით თავს ნუ შეიწუხებთ.

ხლესტაკოვი.

(გამოართმევს ფულს). უმორჩილესად გმადლობთ, დაუყოვნებლივ გამოგიგზავნით სოფლიდან... მე უცებ... გატყობთ, რომ კეთილშობილი კაცი ბრძანდებით... ახლა კი სხვა საქმეა.

გოროდნიჩი.

(თავისთვის). მადლობა ღმერთს! ფული აიღო. საქმე ახლა, მგონი, კარგად წავა. თანაც ორასი მანეთის მაგიერ ოთხასი შევაპარე.

ხლესტაკოვი.

ჰეი, ოსიპ! (ოსიპი შემოდის). დაუძახე ტრაქტირის მსახურს! (გოროდნიჩისა და დობჩინსკის.) რასა დგახართ? გთხოვთ დაბრძანდეთ! (დობჩინსკის.) დაბრძანდით, გთხოვთ.

გოროდნიჩი.

არა უშავს, ჩვენ ფეხზედაც დავდგებით!

ხლესტაკოვი.

გთხოვთ, დაბრძანდეთ. ახლა კი ვხედავ, რომ გულღია და გულთბილი ხალხი ყოფილხართ, გამოგიტყდებით, ასე მეგონა, იმიტომ მოხველით, მე რომ... (დობჩინსკის.) დაბრძანდით.

(გოროდნიჩი და დობჩინსკი დასხდებიან. ბობჩინსკი კარიდან იჭყიტება და ყურს უგდებს).

გოროდნიჩი.

(განზე.) მეტი სითამამე სჯობია. ამას უნდა ინკოგნიტოდ ჩავთვალოთ. კეთილი და პატიოსანი, ჩვენც ავყვეთ: თავი მოვიკატუნოთ, ვითომც არც კი ვიცით, ვინა ბრძანდება. (ხმამაღლა.) ჩვენ, მე და პეტრ ივანოვიჩ დობჩინსკი, აქაური მემამულე გახლავთ, სამსახურის საქმეებზე დავდიოდით, ჰოდა, განზრახ შემოვუხვიეთ სასტუმროშიაც იმის გასაგებად, აბა როგორ ინახავენ-თქო მგზავრებს.

მე ისეთი არა ვარ, როგორც ზოგიერთი გოროდნიჩია, არაფერი რომ არ ედარდებათ. მე, გარდა იმისა, რომ თანამდებობა მავალებს, ქრისტიანული კაცთმოყვარეობითაც ვარ გამსჭვალული და მინდა ყოველ მოკვდავს კარგად ხვდებოდნენ. ჰოდა, აი, თითქოს ჯილდოდ, შემთხვევა მომეცა ასეთ სასიამოვნო ვისმე გავცნობოდი.

ხლესტაკოვი.

მეც ძალზე მოხარული ვარ. უთქვენოდ, უნდა გამოგიტყდეთ, დიდხანს მომიხდებოდა აქ ჯდომა: აღარ ვიცოდი, როგორ გამესტუმრებინა ვალი.

გოროდნიჩი.

(განზე.) მაშ, მაშ, იჭუკჭუკე! არ იცოდა, ვალი როგორ გაესტუმრებინა! (ხმამაღლა.) გავკადნიერდები და გკითხავთ: სად და რომელ მხარეში აპირებთ გამგზავრებას?

ხლესტაკოვი.

სარატოვის გუბერნიაში მივემგზავრები, საკუთარ სოფელში.

გოროდნიჩი.

(განზე, სახეზე ირონიული გამომეტყველება აქვს.) სარატოვის გუბერნიაში? რომ არც კი წითლდება! ოჰ, მაგასთან ყურმახვილად უნდა იყოს კაცი! (ხმამაღლა.) დიდებული საქმე გინებებიათ. აი, თუნდაც გზა ავიღოთ: ამბობენ, ერთი მხრით, უსიამოვნო რამაა, ცხენებზე გაგიჭირებენ საქმესო, მაგრამ, მეორე მხრით, ჭკუა-გონებისათვის დიდი გასართობია... თქვენ ხომ უეჭველია, უფრო პირადი სიამოვნებისათვის მოგზაურობთ?

ხლესტაკოვი.

არა, მამა მიბარებს. გაჯავრდა მოხუცი, აქამდე პეტერბურგში რატომ ვერ დაწინაურდიო. იმას ჰგონია, რაწამს კი პეტერბურგში ჩახვალ, მაშინვე მკერდზე ვლადიმერის ორდენს ჩამოგკიდებენ. ერთი თვითონ სინჯოს კანცელარიაში წანწალი.

გოროდნიჩი.

(განზე.) ერთი დამიხედეთ, როგორ მირევს გზა-კვალს. მოხუცი მამაც კი მიატმასნა! (ხმამაღლა.) დიდი ხნით მიბრძანდებით?

ხლესტაკოვი.

მაგისი კი რა მოგახსენოთ. მამაჩემი დიდი უჯიათი ბებერია. მე იმას პირდაპირ ვეტყვი: როგორც გენებოთ, მაგრამ უპეტერბურგოდ სიცოცხლე არ შემიძლია-მეთქი. არა, მართლაცდა რისთვის უნდა ჩავღუპო ჩემი სიცოცხლე ტეტიებში? ახლა სულ სხვა დროა, ჩემს სულს განათლება სწყურია.

გოროდნიჩი.

(განზე). რა კარგად ჩააგვირისტა! ტყუის, ტყუის და არსად კი არ წაიბორძიკებს. კაცს მაინც ჰგავდეს ეს ჭიაყელა: ასე მგონია, ფრჩხილით გავჭყლეტდი. მაგრამ დამაცა! წამოგაცდენინებ! გაიძულებ უფრო მეტი მიამბო! (ხმამაღლა) მართლაცდა მართებულად შენიშნეთ: რის გაკეთება შეიძლება მიყრუებულ ადგილას? აი, თუნდაც აქა: ღამეც არ გძინავს, მამულისათვის იღვწი, არაფერს არ ზოგავ, ჯილდო კი, ვინ უწყის, როდის იქნება. (ოთახს თვალს მოავლებს) მგონი, ეს ოთახი ცოტა ნესტიანია?

ხლესტაკოვი.

საძაგელი ოთახია, და ასეთი ბაღლინჯოებიც არსად მინახავს: ავი ძაღლივით იკბინებიან.

გოროდნიჩი.

რასა ბრძანებთ! ასეთი განათლებული სტუმარი და ასე იტანჯება, მერე ვისგან? - ყოვლად საზიზღარი ბაღლინჯოებისაგან, რომელნიც ქვეყნად არც კი უნდა გაჩენილიყვნენ! აქ, მგონი, უნდა ბნელოდეს კიდეც?

ხლესტაკოვი.

დიახ, ძალიან ბნელა! სასტუმროს პატრონს წესად შემოუღია სანთლები არ აძლიოს მდგმურებს. ხანდახან რისამე გაკეთება მინდა - ან წაკითხვა, ან ფანტაზია მომივლის დავწერო რამე - არ შემიძლია: ბნელა, უკუნეთია.

გოროდნიჩი.

გავკადნიერდები და გთხოვთ... მაგრამ არა, ღირსი არა ვარ.

ხლესტაკოვი.

მაინც რა?

გოროდნიჩი.

კადნიერებაში თუ არ ჩამომართმევთ... სახლში მაქვს თქვენთვის მშვენიერი ოთახი, ნათელი მყუდრო... მაგრამ არა, თვითონაც ვგრძნობ, ჩემთვის მეტისმეტი პატივი იქნება... ნუ შემრისხავთ - ღმერთმანი ალალი გულით შემოგთავაზეთ.

ხლესტაკოვი.

პირიქით, სიამოვნებით... ჩემთვის გაცილებით უფრო სასიამოვნოა კერძო სახლში ცხოვრება, ვიდრე ამ დუქანში.

გოროდნიჩი.

მე კი უაღრესად მოხარული ვიქნები! ჩემს ცოლსაც რარიგ გაუხარდება! ასეთი ხასიათი მაქვს: ბავშვობიდანვე სტუმართმოყვარე ვარ, მეტადრე თუ სტუმარი განათლებული კაცია. ნუ იფიქრებთ, თითქოს პირმოთნეობით მოგახსენებდეთ; ამ ცოდვას ვერავინ შემწამებს, სულითა და გულით მოგახსენებთ!

ხლესტაკოვი.

დიდად გმადლობთ. არც მე მიყვარს ორპირი ხალხი. ძლიერ მომწონს თქვენი გულახდილობა და გულთბილობა. გამოგიტყდებით, ამაზე მეტს არაფერს მოვთხოვდი კაცს, ოღონდაც ერთგულებით და პატივით მომეპყრას, პატივით და ერთგულებით.

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, gogoli, გოგოლი, ნოველები

ნახვა: 53

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters