ნიკოლაი გოგოლი - რევიზორი

← დასაწყისი

გამოსვლა IX

იგინივე და ტრაქტირის მსახური, რომელსაც ოსიპი მოჰყვება.

ბობჩინსკი კარიდან იჭყიტება.

მსახური.

თქვენ გიბრძანებიათ მოსვლა?

ხლესტაკოვი.

დიახ, მოიტა ანგარიში.

მსახური.

წეღან მოგართვით მეორე ანგარიში.

ხლესტაკოვი.

მე არ მახსოვს შენი სულელური ანგარიშები. თქვი, რამდენი გერგებათ?

მსახური.

პირველ დღეს მოითხოვეთ სადილი. მეორე დღეს ისაუზმეთ გოჯით. შემდეგ კი სულ ნისიად მიირთმევდით.

ხლესტაკოვი.

ბრიყვო! დამიწყე აქ ანგარიში. სულ რამდენი გერგება?

გოროდნიჩი.

თქვენ რადა სწუხდებით, მოიცდის. (მსახურს.) წადი, გამოგიგზავნიან.

ხლესტაკოვი.

მართლაც და სწორი ბრძანდებით. (ფულს ჯიბეში ჩაიდებს. მსახური გადის. კარებში ბობჩინსკი იჭყიტება.)



გამოსვლა X

გოროდნიჩი, ხლესტაკოვი, დობჩინსკი.

გოროდნიჩი.

ხომ არ ისურვებდით ახლა დაგეთვალიერებინათ ჩვენი ქალაქის ზოგიერთი დაწესებულება, მაგალითად, საღვთო-სამადლო დაწესებულებანი თუ სხვა?

ხლესტაკოვი.

მერე იქ რა არის?

გოროდნიჩი.

ნახავთ, როგორაა ჩვენთან საქმეები, რა წესრიგი სუფევს...

ხლესტაკოვი.

დიდი სიამოვნებით, მე მზადა ვარ... (ბობჩინსკი თავს შემოყოფს კარებში.)

გოროდნიჩი.

თუ თქვენი ნებაც იქნება, იქიდან სამაზრო სასწავლებელს ვეწვიოთ, რათა გაეცნოთ, როგორ ასწავლიან ჩვენში მეცნიერებას.

ხლესტაკოვი.

ინებეთ, ინებეთ.

გოროდნიჩი.

მერე, თუ ინებებთ, დაათვალიერეთ ციხე და ქალაქის სატუსაღოები, ნახავთ, როგორ ვინახავთ ჩვენში პატიმართ.

ხლესტაკოვი.

რა საჭიროა სატუსაღოების ნახვა? სჯობია საღვთო-სამადლო დაწესებულებები დავათვალიეროთ.

გოროდნიჩი.

როგორც გენებოთ... საკუთარ ეტლს ინებებთ თუ მე წამომყვებით დროშკით?

ხლესტაკოვი.

ჰო, სჯობს თქვენ წამოგყვეთ დროშკით.

გოროდნიჩი.

(დობჩინსკის). პეტრ ივანოვიჩ, ახლა თქვენთვის ადგილი აღარ მექნება.

დობჩინსკი.

რა მიშავს, ისე წამოვალ.

გოროდნიჩი.

(ჩუმად დობჩინსკის). გამიგონეთ. გასწით, გაფრინდით ახლავე და ეს ბარათები წაუღეთ ერთი საღვთო-სამადლო დაწესებულებაში ზემლიანიკას, მეორე კი ჩემს მეუღლეს. (ხლესტაკოვს). ნებას ხომ დამრთავთ, ჩემს მეუღლეს მივწერო თქვენი თანდასწრებით ერთი სტრიქონი, რათა მოემზადოს დიდად პატივცემული სტუმრის მისაღებად.

ხლესტაკოვი.

რა საჭიროა?.. თუმცა მელანი აქაა, ქაღალდის კი რა მოგხსენოთ... იქნებ ამ ანგარიშზე...

გოროდნიჩი.

მე ამაზე დავწერ. (წერს და იმავე დროს თავისთვის ლაპარაკობს.) აბა ვნახოთ, როგორ ამღერდები საუზმისა და ერთი ღიპიანი ბოთლის შემდეგ. ჩვენებური მადერაც გვაქვს. შესახედად დიდი არაფერია, მაგრამ სპილოსაც წააქცევს. ოღონდ კი გავიგო, რა ჯურის კაცი ხარ და რამდენად საშიში. (დაწერს და გადასცემს დობჩინსკის. რომელიც კარისკენ მიდის. მაგრამ კარი ჩამოვარდება და ყურმოდებულ ბობჩინსკისთან ერთად სცენაზე დაეცემა. ყველა შეჰყვირებს. ბობჩინსკი წამოდგება.)

ხლესტაკოვი.

ხომ არაფერი დაიშავეთ?

ბობჩინსკი.

არაფერია, დიახ, არაფერია, არავითარი ფათერაკი. მხოლოდ ცხვირი გამეფხაჭნა ოდნავ. შევირბენ ხრისტიან ივანოვიჩთან: რაღაც სალბუნი აქვს, დამადებს და გამივლის.

გოროდნიჩი.

(ბობჩინსკის საყვედურით ანიშნებს). ეგ არაფერია! უმორჩილესად გთხოვთ - მობრძანდით! თქვენს მსახურს კი ვეტყვი, თქვენი ჩემოდანი წამოიღოს (ოსიპს). ჩემო კარგო, ყველაფერი ჩემთან გადაიტანე, გოროდნიჩისთან - სახლს ყველა მიგასწავლის. მობრძანდით, უმორჩილესად გთხოვთ! (წინ გაუშვებს ხლესტაკოვს და თვითონ უკან მისდევს, მერე მოტრიალდება და საყვედურით ეუბნება ბობჩინსკის.) თქვენცა ხართ რაღა! სხვა ადგილი ვერ იპოვეთ წასაქცევად?! გაიშხლართეთ, როგორც... ეშმაკმაც წაგიღოთ! (გადის. მას მისდევს ბობჩინსკი.)

ფარდა ეშვება



მესამე მოქმედება

პირველი მოქმედების ოთახი



გამოსვლა I

ანა ანდრეევნა, მარია ანტონოვნა (ფანჯარასთან დგანან იმავე მდგომარეობაში).

ანა ანდრეევნა.

აგერ უკვე ერთი საათია ველოდებით, სულ კი შენი სულელური მანჭვა-გრეხის ბრალია. ხომ ჩაცმულ-მოკაზმული იყავი, მაგრამ არა, კიდევ უნდა ქექო და ძებნო რაღაცა... ნეტავ სულ არ დამეგდო შენთვის ყური. რა უბედურებაა! თითქოს განგებ, არავინ არ ჭაჭანებს. გეგონება, ყველანი ამოწყდნენო.

მარია ანტონოვნა.

დამიჯერეთ, დედიკო, ორი წუთის შემდეგ ყველაფერს შევიტყობთ. საცაა ავდოტია უნდა მოვიდეს. (მიაჩერდება ფანჯარას და შეჰკივლებს.) უი, დედიკო, დედიკო, ვიღაცა მოდის, აი იმ ქუჩის ბოლოში!

ანა ანდრეევნა.

სად მოდის? მუდამ რაღაცას იგონებ ხოლმე... კი, კი, მოდის. ნეტა ვინ მოდის? ტანმორჩილია... ფრაკი აცვია. ნეტავი ვინაა? ჰა? მოდი და გული ნუ გაგისკდება! ნეტა ვინ უნდა იყოს?

მარია ანტონოვნა.

ეგ დობჩინსკია, დედიკო!

ანა ანდრეევნა.

რის დობჩინსკი! შენ ხომ ყოველთვის უცნაური რამ მოგელანდება... სრულებითაც დობჩინსკი არ არის. (იქნევს ცხვირსახოცს.) ჰეი, თქვენ, აქეთ მოდით! ჩქარა!

მარია ანტონოვნა.

დედიკო, მერწმუნეთ, დობჩინსკია.

ანა ანდრეევნა.

დახეთ, ჯიბრზე ამბობს, ოღონდაც შემეკამათოს. მე გეუბნები, დობჩინსკი არ არის-მეთქი!

მარია ანტონოვნა.

ახლა, ახლა, დედიკო? ხომ ხედავთ, რომ დობჩინსკია?

ანა ანდრეევნა.

კი, დობჩინსკია. ახლა მეც ვხედავ, მერედა რაღას მედავები? (ფანჯრიდან უყვირის.) ჩქარა, ჩქარა, რა ნელა მოდიხართ! აბა რას იტყვით? სად არიან? ჰა? მანდედანვე თქვით, სულ ერთია. რაო? ძალიან სასტიკია? ჰა? ქმარმა, ქმარმა რაო? (ფანჯარას ცოტათი მოშორდება გაბრაზებული.) რა სულელია, სანამ ოთახში არ შემოვა, არაფერს არ იტყვის!



გამოსვლა II

იგინივე და დობჩინსკი.

ანა ანდრეევნა.

არა, ერთი მიბრძანეთ, გეთაყვა, როგორ არა გრცხვენიათ? მე მხოლოდ თქვენი იმედი მქონდა, წესიერი ადამიანია-მეთქი. ერთბაშად კი ყველანი გავარდნენ და თქვენც იმათ გაჰყევით! ჰოდა, აქამდე ვერავისგან ვერაფერი შევიტყვე. არა გრცხვენიათ? მე ხომ თქვენი ვანიჩკასა და ლიზანკას ნათლია ვარ, თქვენ კი როგორ მომექეცით!

დობჩინსკი.

ღმერთმანი, ნათლი, ისე გამოვრბოდი, ჩემი პატივისცემა რომ დამემტკიცებინა, სულს ძლივსღა ვიბრუნებ! გამარჯობათ, მარია ანტონოვნა!

მარია ანტონოვნა.

გაგიმარჯოთ, პეტრ ივანოვიჩ!

ანა ანდრეევნა.

აბა, რა ამბავია? აბა, მოჰყეთ, იქ რა იყო და რა მოხდა?

დობჩინსკი.

ანტონ ანტონოვიჩმა ბარათი გაახლათ.

ანა ანდრეევნა.

ჰო, რაო, ვინ არის? გენერალია?

დობჩინსკი.

არა, გენერალი არ არის, მაგრამ არც დიდად ჩამოუვარდება, ისეთი განათლება და დიდკაცური ყოფაქცევა აქვს.

ანა ანდრეევნა.

აჰა, მაშ სწორედ ის ყოფილა, რომელზედაც ქმარს წერილით ატყობინებდნენ.

დობჩინსკი.

სწორედ ის გახლავთ. ეს პირველად მე აღმოვაჩინე პეტრ ივანოვიჩთან ერთად.

ანა ანდრეევნა.

აბა გვიამბეთ, რა იყო და როგორ იყო?

დობჩინსკი.

ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად მიდის, თავდაპირველად ანტონ ანტონოვიჩს, ცოტა არ იყოს, სასტიკად დაუხვდა, დიახ, ჯავრობდა და გაიძახოდა, სასტუმროში უწესრიგობა სუფევსო... არც თქვენთან გადმოვალ და არც თქვენ მაგიერ საპატიმროში ჩავჯდებიო, მაგრამ ბოლოს, როცა დარწმუნდა ანტონ ანტონოვიჩის სისპეტაკეში და უფრო ახლო გამოელაპარაკა, მაშინათვე აზრები გამოიცვალა. მადლი უფალს, ყველაფერი კეთილად გაიჩარხა... ახლა ისინი საღვთო-სამადლო დაწესებულებათა დასათვალიერებლად გაემგზავრნენ. თორემ, უნდა გამოვტყდე, ანტონ ანტონოვიჩს უკვე ეგონა, ვაითუ ვიღაცამ საიდუმლოდ დაგვაბეზღაო. ცოტაოდენად მეც კი შევშინდი.

ანა ანდრეევნა.

თქვენ კი რიღასი გეშინოდათ, ხომ არ მსახურობთ?

დობჩინსკი.

აბა რა ვიცი, როცა დიდკაცი ლაპარაკობს, მაინც შიშს განვიცდი.

ანა ანდრეევნა.

ჰო, კარგი... ეს ყველაფერი სისულელეა, თქვენ ის გვიამბეთ: თვითონ როგორია? მოხუცია თუ ახალგაზრდა?

დობჩინსკი.

ახალგაზრდაა, ასე ოცდასამი წლისა... მაგრამ ისე ლაპარაკობს, მოხუცი გეგონებათ. „როგორც გენებოთო, აქაც გეახლებით და იქაცო“... (ხელებს შლის) ისე მშვენივრად თქვა. „მეო, თქვა, წერაც მიყვარს და კითხვაც, მაგრამ ხელს ის მიშლის, რომ ოთახში ცოტა ბნელაო.“

ანა ანდრეევნა.

როგორია: შავგვრემანია თუ ქერა?

დობჩინსკი.

არა, უფრო წაბლისფერთმიანია, თვალები კი ისე დაურბიან, როგორც პატარა თაგუნები, შეგაკრთობენ კიდეც.

ანა ანდრეევნა.

ნეტა რას მწერს ამ ბარათში? (კითხულობს). „ვესწრაფი შეგატყობინო, ჩემო სულიკო, რომ ჩემი მდგომარეობა ფრიად სავალალო იყო, მაგრამ ღვთის მადლითა და წყალობით, ორი მჟავე კიტრისა და ნახევარი პორცია ხიზილალისა მანეთი და ხუთი შაური...“(გაჩერდება) არაფერი მესმის. რა შუაშია აქ მჟავე კიტრი და ხიზილალა?

დობჩინსკი.

ჰო, ეს ანტონ ანტონოვიჩმა რაღაც ქაღალდზე დაწერა, ეჩქარებოდა, იქ ანგარიში იყო ჩამოწერილი.

ანა ანდრეევნა.

ჰო, მართალია (განაგრძობს კითხვას): „მაგრამ ღვთის მადლითა და წყალობით, მგონი ყველაფერი კეთილად დაბოლოვდება. სასწრაფოდ მოამზადე ოთახი საპატიო სტუმრისათვის, აი ის, ყვითელი ქაღალდით რომაა გაწებილი. სადილს ნურაფერს დაუმატებ, ჩვენ საღვთო-სამადლო დაწესებულებაში ვისაუზმებთ არტემი ფილიპოვიჩთან, ღვინო კი ბლომად იყოს; ვაჭარ აბდულინს შეუთვალე, საუკეთესო გამოაგზავნოს, თორემ სარდაფს სულ ერთიანად გადმოვუბრუნებ. ხელზე გაკოცებ, ჩემო სულიკო, ვშთები შენი: ანტონ სკვოზნიკ-დუხანოვსკი“.

ოჰ, ღმერთო ჩემო! ეს კი საჩქაროდ უნდა მოგვარდეს! ჰეი, მანდ ვინა ხართ? მიშკა!

დობჩინსკი.

(გარბის და კარებში ყვირის). მიშკა! მიშკა! (მიშკა შემოდის).

ანა ანდრეევნა.

გამიგონე: გაიქეცი ვაჭარ აბდულინთან... მოიცა, ბარათს გაგატან (მიუჯდება მაგიდას, წერს ბარათს და თან ლაპარაკობს): ეს ბარათი მეეტლე სიდორს მიეცი, ახლავე გაიქცეს ვაჭარ აბდულინთან და ღვინო მოიტანოს იქიდან, შენ კი ამწამსვე წადი და ის ოთახი მიალაგე სტუმრისათვის. დადგი ლოგინი, პირსაბანი და სხვა.

დობჩინსკი.

აბა, ანა ანდრეევნა, მე უნდა გავიქცე და ვნახო, როგორ ათვალიერებს იქაურობას!

ანა ანდრეევნა.

წადით, წადით! მე არ გაკავებთ!



გამოსვლა III

ანა ანდრეევნა და მარია ანტონოვნა.

ანა ანდრეევნა.

აბა, მაშენკა, ახლა დროა ჩვენს მორთვა-მოკაზმვას შევუდგეთ! ხომ იცი, სატახტო ქალაქიდანაა: ღმერთმა დაგვიფაროს და რამეზე სასაცილოდ კი არ აგვიღოს! შენთვის ყველაზე უფრო შესაფერი იქნება ჩაიცვა შენი ცისფერი კაბა, წვრილ-წვრილი ფურჩალით გაწყობილი.

მარია ანტონოვნა.

ფუჰ, დედიკო, სულაც არ მომწონს ცისფერი! ლიაპკინ-ტიაპკინის ცოლიც ცისფერში დადის და ზემლიანიკას ქალიშვილიც ცისფერს იცვამს. არა, სჯობია ფერადი ჩავიცვა.

ანა ნადრეევნა.

ფერადი! სწორედ ჩემს ჯიბრზე ამბობ. ცისფერი შენთვის იმიტომ სჯობია, რომ თვითონ მე მინდა ჩალისფერი ჩავიცვა: ძალიან მიყვარს ჩალისფერი.

მარია ანტონოვნა.

დედიკო, ჩალისფერი სწორედაც არ გიხდებათ!

ანა ანდრეევნა.

მე არ მიხდება ჩალისფერი?

მარია ანტონოვნა.

არ გიხდებათ, რაზეც გინდათ, დაგენიძლავებით, არ გიხდებათ! რომ მოგიხდეთ, შავი თვალები უნდა გქონდეთ.

ანა ანდრეევნა.

კარგი ამბავია სწორედ! განა მე შავი თვალები არა მაქვს? დიახაც შავი მაქვს. რა სისულელეს ლაპარაკობს! თუ შავი არ არის, მაშ ჩემს თავზე მკითხაობისას ქაღალდს მუდამ ჯვრის ქალზე რადა ვშლი!

მარია ანტონოვნა.

არა, დედიკო, თქვენ ნაზუქის ქალზე უფრო უნდა გაშალოთ.

ანა ანდრეევნა.

აბა რას მიედ-მოედები? ნაზუქის ქალი ჩემს დღეში არ ვყოფილვარ! (სწრაფად გადის მარია ანტონოვნასთან ერთად და სცენის უკან ლაპარაკობს). იტყვის ხოლმე რაღაცას! ნაზუქის ქალიო! ღმერთმა უწყის რაებს არ მოჩმახავს ხოლმე!

(ქალები რომ გავლენ, კარები გაიღება და მიშკა გამოგვის ნაგავს. მეორე კარიდან ოსიპი გამოვა ჩემოდნით თავზე.)



გამოსვლა IV

მიშკა და ოსიპი

ოსიპი.

აბა საით?

მიშკა.

აქეთ, ძიაკაცო, აქეთ!

ოსიპი.

მოიცა, სული მომათქმევინე. ვაი, ამ ძაღლურ ცხოვრებას! ცარიელ კუჭზე ყოველი ტვირთი ასი ფუთი გეჩვენება!

მიშკა.

ერთი ეს მითხარით, ძიაკაცო, მალე მობრძანდება ღენერალი?

ოსიპი.

რომელი ღენერალი?

მიშკა.

თქვენი ბატონი.

ოსიპი.

მერე ის სადაური ღენერალია?

მიშკა.

განა ღენერალი არ არის?

ოსიპი.

კი, ღენერალია, ოღონდაც სხვა მხრივ.

მიშკა.

ეს ნამდვილ ღენერალზე მეტია თუ ნაკლები?

ოსიპი.

მეტია.

მიშკა.

დახე ერთი?! იმიტომაც ატეხეს ჩვენსა ერთი აურზაური!

ოსიპი.

გამიგონე, ყმაწვილო, როგორც გატყობ, ყოჩაღი ბიჭი უნდა იყო. ჰოდა, დატრიალდი და საჭმელად რამე გამიმზადე.

მიშკა.

სათქვენოდ, ძიაკაცო, ჯერ არაფერი მოუმზადებიათ. უბრალოს თქვენ არ მიირთმევთ, ამიტომ, როცა თქვენი ბატონი დაბრძანდება სუფრაზე, თქვენც მაშინ მოგართმევთ.

ოსიპი.

კარგი და ეს უბრალო რაღაა?

მიშკა.

შჩი, ქაში და ღვეზელები.

ოსიპი.

მოიტა ყველაფერი, შჩი, ქაში და ღვეზელები! არა უშავს რა, ყველაფერს გიახლებით... აბა, ეს ჩემოდანი წავიღოთ! იქით მეორე კარი ხომ არის?

მიშკა.

არის.

(ორივეს გააქვს ჩემოდანი გვერდით ოთახში.)



გამოსვლა V

პოლიციელები გააღებენ კარის ორივე ნახევარს. შემოდის ხლესტაკოვი, მას მოსდევს გოროდნიჩი, შემდეგ საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი, სასწავლებელთა ზედამხედველი, დობჩინსკი და ბობჩინსკი, რომელსაც ცხვირზე სალბუნი აკრავს. გოროდნიჩი უთითებს პოლიციელებს ძირს დაგდებულ ქაღალდზე. ისინი კისრისტეხით გავარდებიან ქაღალდის ასაღებად და ერთმანეთს დაეჯახებიან.

ხლესტაკოვი.

კარგი დაწესებულებანია. მომწონს, რომ თქვენს ქალაქში მგზავრებს ყველაფერს უჩვენებენ. სხვა ქალაქებში ჩემთვის არაფერი უჩვენებიათ.

გოროდნიჩი.

სხვა ქალაქებში, გავკადნიერდები და მოგახსენებთ, ქალაქის მმართველნი და მოხელენი უფრო მეტად, ასე ვთქვათ, საკუთარ ხეირზე ზრუნავენ. აქ კი, შეიძლება ითქვას, სხვა განზრახვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ კეთილსინდისიერებითა და მუყაითობით დავიმსახუროთ უფროსობის ყურადღება.

ხლესტაკოვი.

დიდებული საუზმე იყო. იმდენი ვჭამე, ლამის გავსკდე! თქვენში ყოველდღე ასეთი ჭამა-სმაა?

გოროდნიჩი.

ეს საგანგებოდ გახლდათ სასიამოვნო და იშვიათი სტუმრისათვის!

ხლესტაკოვი.

ჭამა-სმა მიყვარს. კაცი ხომ იმისათვის ცხოვრობს, სიამოვნების ყვავილები წყვიტოს. ის რა თევზი იყო?

არტემი ფილიპოვიჩი.

(მოირბენს). ლაბარდანი.

ხლესტაკოვი.

ძალიან გემრიელი თევზია. სად ვისაუზმეთ დღეს? მგონი, საავადმყოფო იყო, არა?

არტემი ფილიპოვიჩი.

მართალს ბრძანებთ, საღვთო-სამადლო დაწესებულებაში.

ხლესტაკოვი.

მახსოვს, მახსოვს, იქ ლოგინები იდგა. ავადმყოფები განიკურნენ? რაღაც ცოტა მეჩვენა.

არტემ ფილიპოვიჩი.

ათიოდე კაციღა დარჩა. დანარჩენი ყველა განიკურნა. აქ ასეა მოწყობილი, ასეთი წესია. მას შემდეგ, რაც მე ვიკისრე უფროსობა, - იქნებ დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, - ავადმყოფები ბუზებივით იკურნებიან... ავადმყოფი ვერც კი ასწრებს ლაზარეთში შემოსვლას, რომ უკვე განკურნებულია, თანაც იმდენად მედიკამენტებით არა, რამდენადაც აქაური პატიოსნებითა და წესრიგით.

გოროდნიჩი.

გავკადნიერდები მოგახსენოთ და, ძალზე თავსატეხი რამ გახლავთ ქალაქის მმართველის მოვალეობა! რამდენი საქმე აწევს კისრად, ეს სისუფთავეო, ეს შეკეთებაო, ეს შესწორებაო... ერთი სიტყვით, ბრძენთა ბრძენსაც კი გაუჭირდება, მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის. ზოგი გოროდნიჩი, რა თქმა უნდა, თავის კეთილდღეობაზე იზრუნებდა, მაგრამ მე კი, მერწმუნეთ, როცა დასაძინებლად ვწვები, მაშინაც სულ ასე ვფიქრობ: „ღმერთო ძლიერო, როგორ მოვაწყო ისე, რომ ჩემი გარჯა დაინახონ უფროსებმა და კმაყოფილნი დამირჩნენ?“ დამაჯილდოებენ თუ არა, რა თქმა უნდა, მათი ნებაა, მაგრამ მე მაინც გულდამშვიდებით ვიქნები, როცა ქალაქში ყველაფერი წესრიგზეა, როცა ქუჩები დაგვილია, ტუსაღები კარგად მოვლილი, ლოთები ცოტა... ამის მეტი რაღა უნდა მინდოდეს! ღმერთმანი, არავითარი წარჩინება არ მინდა. რა თქმა უნდა, წარჩინება ვის არ ეამება, მაგრამ სათნოებასთან შედარებით ყველაფერი ამაოებაა.

არტემ ფილიპოვიჩი.

(განზე). ჰაი გიდი, რა მოქნილად ლაპარაკობს ეს უქნარა! ღმერთი წყალობს და ესაა!

ხლესტაკოვი.

მართალია. გამოგიტყდებით, ხანდახან მეც მიყვარს ხოლმე ისე... გასართობად ჭკუის ჭყლეტა... ზოგჯერ პროზით, ზოგჯერ კი ლექსებითაც...

ბობჩინსკი.

(დობჩინსკის). ჭეშმარიტებაა, წმინდაწყლის ჭეშმარიტებაა, პეტრ ივანოვიჩ! ისეთ შენიშვნებს იძლევა... ეტყობა, კაცი მეცნიერებას დაუფლებია.

ხლესტაკოვი.

ერთი მიბრძანეთ, გეთაყვა, არის თუ არა ქალაქში რაიმე გასართობი ადგილი, რაიმე საზოგადოება, სადაც შეიძლებოდეს, მაგალითად, ბანქოს თამაში?

გოროდნიჩი.

(განზე). ჰე, ჰე, ვიცით, ჩემო სულიკო, საითაც უმიზნებ! (ხმამაღლა.) ღმერთმა დაგვიფაროს! აქ ამისთანაობის ნიშანწყალიც არ არის. ქაღალდი ჩემს სიცოცხლეში ხელში არ მჭერია; ისიც კი არ ვიცი, როგორ თამაშობენ! ვერ ვიტან ბანქოს! ათასში ერთხელ თუ შემთხვევით დავინახავ აგურის მეფეს ან სხვა რასმე, ისე მეზიზღება, მინდა გადავაფურთხო. ერთხელ ბავშვების გასართობად ქაღალდების ხუხულა ავაშენე და, წარმოიდგინეთ, მთელი ღამე ის წყეული ქაღალდები მესიზმრებოდა. ღმერთმა დალახვროს! აბა როგორ შეიძლება კაცმა ძვირფასი დრო ბანქოზე დაკარგოს.

არტემი ფილიპოვიჩი.

(თავისთვის). არამზადავ, გუშინ ხომ კარგად ამაფცქვენი ასი მანეთი!

გოროდნიჩი.

ის არა სჯობს, ეს დრო სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოვიყენო!

ხლესტაკოვი.

არა, ამას ტყუილად ბრძანებთ... ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მხრივ მიუდგები კაცი საგანს. თუ, მაგალითად, მაშინ გაჩერდები, როდესაც სამ კუთხივ უნდა გახვიდე... მაშინ, რა თქმა უნდა... არა, მაგას ნუ ბრძანებთ, ხანდახან ფრიად გაგიტაცებს კაცს ქაღალდის თამაში.



გამოსვლა VI

იგინივე, ანა ანდრეევნა და მარია ანტონოვნა.

გოროდნიჩი.

ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი ოჯახი: მეუღლე და ქალიშვილი.

ხლესტაკოვი.

(თავს უკრავს). რა ბედნიერი ვარ, ქალბატონო, რომ მაქვს, ასე ვთქვათ, ბედნიერება თქვენი ხილვისა.

ანა ანდრეევნა.

ჩვენთვის უფრო სასიამოვნო გახლავთ ასეთი პიროვნების ხილვა.

ხლესტაკოვი.

(თავს იწონებს). რასა ბრძანებთ, ქალბატონო, პირიქით, ჩემთვის უფრო მეტი სიამოვნებაა.

ანა ანდრეევნა.

რას ბრძანებთ! მაგას თქვენ ქათინაურისათვის ამბობთ. უმორჩილესად გთხოვთ დაბრძანდეთ.

ხლესტაკოვი.

თქვენ ახლო ფეხზე დგომა უკვე ბედნიერებაა, მაგრამ თუ მაინცდამაინც აგრე გსურთ - დავჯდები! რა ბედნიერი ვარ, რომ ძლივს მეღირსა თქვენთან ჯდომა.

ანა ანდრეევნა.

რასა ბრძანებთ, მე ვერანაირად ვერ მივიღებ ჩემს თავზე... სატახტო ქალაქის შემდეგ მოგზაურობა ალბათ მეტად უსიამოდ გეჩვენათ.

ხლესტაკოვი.

მეტისმეტად უსიამოდ. შეჩვეული, comprenez vous, დიდ საზოგადოებას, და უცებ მოხვდე გზაში: ჭუჭყიანი ტრაქტირები, უმეცრების სიბნელე... მართალი გითხრათ, ასეთი შემთხვევა რომ არ ყოფილიყო, რომელმაც მე... (ანა ანდრეევნას ათვალიერებს და თავს იწონებს.) ეგზომ დამაჯილდოვა ყველაფრისათვის...

ანა ანდრეევნა.

მართლაც, რამდენად უსიამო უნდა იყოს თქვენთვის.

ხლესტაკოვი.

ეგ კია, ქალბატონო, რომ ამჟამად მე ძალიან კმაყოფილი ვარ...

ანა ანრეევნა.

რასა ბრძანებთ! ეგ მეტისმეტი პატივისცემაა, მე ამის ღირსი არა ვარ.

ხლესტაკოვი.

რატომაც არა ხართ ღირსი? თქვენ, ქალბატონო, ღირსი ბრძანდებით.

ანა ანდრეევნა.

მე სოფლად ვცხოვრობ...

ხლესტაკოვი.

დიახ, მაგრამ სოფელსაც აქვს მთა-გორაკები, ნაკადულები. რა თქმა უნდა, ვერავინ შეადარებს პეტერბურგს! ეჰ, პეტერბურგი! ცხოვრება მართლაც იქაა! იქნებ გგონიათ, მე მხოლოდ გადამწერი ვიყო; არა, განყოფილების უფროსი ჩემთან დაახლოებულია! აი, ასე დამარტყამს ხოლმე მხარზე ხელს და მეტყვის: „მოდი, ძმაო, სადილადო“. მხოლოდ ორი წუთით შევივლი ხოლმე დეპარტამენტში, მხოლოდ იმის სათქმელად: ეს ასე უნდა, ეს კი ასე-მეთქი. იქ კი ამისთანა ვირთაგვასავით მოხელე გვყავს გადამწერი, ხელად ააწრიპინებს კალამს: წრ... წრ... წრ... უნდოდათ ჩემთვის მოეცათ კოლეჟსკი ასესორობა, მაგრამ ვიფიქრე, რა საჭიროა-მეთქი... კიბეზე რომ ავდივარ, უკან დარაჯი მომდევს ჯაგრისით: „ნება მიბოძეთ, ივან ალექსანდროვიჩ, ფეხსაცმელები გაგიწმინდოთო“. (გოროდნიჩის). ბატონებო, ფეხზე რად დგახართ? დაბრძანდით, გეთაყვა!

გოროდნიჩი.

ჩვენი ჩინის ხალხს ფეხზე დგომითაც არა დაგვიშავდება.

არტემი ფილიპოვიჩი.

ფეხზედაც კარგად ვიდგებით.

ლუკა ლუკიჩი.

ნუ შეწუხდებით!

ხლესტაკოვი.

ჩინები დავივიწყოთ... გთხოვთ დაბრძანდეთ. (გოროდნიჩი და სხვები დასხდებიან.) არ მიყვარს ცერემონიები. პირიქით, ვცდილობ კიდეც, შეუმჩნევლად გავიარო, მაგრამ არაფრით არ მიხერხდება. სადმე თავს გამოვყოფ თუ არა, მაშინვე ატყდება ხოლმე: შეხეთ, შეხეთ, აგერ ივან ალექსანდროვიჩი მობრძანდებაო. ერთხელ მთავარსარდალს მიმამსგავსეს: ჯარისკაცები გამოცვივდნენ ჰაუპტვახტიდან და თოფებით გამომეჭიმნენ... ოფიცერი კი ჩემი კარგი ნაცნობი იყო და ასე მითხრა: რა ვქნათ, ძმაო, ყველას მთავარსარდალი გვეგონეო.

ანა ანდრეევნა.

რასა ბრძანებთ!

ხლესტაკოვი.

ლამაზ მსახიობ ქალებს ვიცნობ. მე ხომ შიგადაშიგ ვოდევილებსაც ვწერ... მწერლებს ხშირად ვხედავ. პუშკინი ჩემი მეგობარია. ხშირად მითქვამს ხოლმე მისთვის: „სხვა, როგორა ხარ, ძმაო პუშკინ?“ „როგორ ვიქნები!.. ისე რაღაო“... მეტად თავისებური კაცია.

ანა ანდრეევნა.

მაშ წერთ კიდეც?.. რა სასიამოვნო უნდა იყოს მწერლისაათვის! ალბათ ჟურნალშიაც ათავსებთ თქვენს ნაწერებს?

ხლესტაკოვი.

დიახ, ჟურნალებშიაც ვწერ. თხზულებები ბლომადა მაქვს: „ფიგაროს ქორწინება“, „რობერტ ბელზებელი“, „ნორმა“, სახელებიც კი დამავიწყდა. სულ კი შემთხვევის ბრალია... არ მინდა ხოლმე დავწერო, მაგრამ თეატრის დირექცია მეუბნება: „ძმაო, რამე უნდა დაგვიწერო“. ვფიქრობ ჩემთვის: „დავწერ, რატომაც არ დავწერ-მეთქი, ძამია!“ ჰოდა, მგონი, ერთ საღამოს დავწერე ყველაფერი და ყველანი გავაკვირვე. არაჩვეულებრივი სხარტი აზროვნება მაქვს... ყველაფერი ის, რაც ბარონ ბრამბეუსის სახელით არის გამოსული, „ფრეგატ ნადეჟდა“, „მოსკოვსკი ტელეგრაფი“, ყველაფერი ჩემი დაწერილია!

ანა ანდრეევნა.

მართლა? მაშ ეგ თქვენ ბრძანებულხართ ბრამბეუსი?

ხლესტაკოვი.

რა თქმა უნდა, იმათ ყველას მე ვუსწორებ წერილებს. ამისათვის სმირდინი ორმოც ათას მანეთს მაძლევს.

ანა ანდრეევნა.

მაშ. უთუოდ. „იური მილოსლავსკიც“ თქვენი თხზულებაა?

ხლესტაკოვი.

დიახ, ჩემი თხზულებაა.

მარია ანტონოვნა.

ახ, დედიკო, იქ წერია, ბატონ ზაგოსკინის თხზულებააო.

ანა ანდრეევნა.

ერთი ამას დამიხედეთ! ვიცოდი, რომ აქაც შემედავებოდი.

ხლესტაკოვი.

ოჰ, დიახ, მართალია; სწორედ ზაგოსკინისა გახლავთ, მაგრამ არის მეორე „იური მილოსლავსკი“, ის კი ჩემია.

ანა ანდრეევნა.

უეჭველია, თქვენი წამიკითხავს. რა მშვენივრად არის დაწერილი!

ხლესტაკოვი.

უნდა მოგახსენოთ, მე ლიტერატურით ვცხოვრობ. ჩემი სახლი პირველია პეტერბურგში, ყველამ ასე იცის: ივან ალექსანდროვიჩის სახლიო. (მიმართავს ყველას.) ასე რომ გთხოვთ მეწვიოთ. ბალებს მეც ვმართავ ხოლმე.

ანა ანდრეევნა.

წარმოდგენილი მაქვს, რა დიდებული ბალები იქნება, რა გემოვნებით...

ხლესტაკოვი.

ნუ მკითხავთ! მაგალითად, სუფრაზე შვიდასმანეთიანი საზამთრო გამოაქვთ, ქვაბში რომ წვნიანია, პირდაპირ პარიზიდან არის ჩამოსული გემით. მოხდიან თავს, ისეთი ოხშივარი ამოდის, რომლის მსგავსს ბუნებაში ვერ იპოვნით. ყოველდღე ბალებზე ვარ. იქ ჩვენ ვისტსაც ვთამაშობთ: შინაგან საქმეთა მინისტრი, საფრანგეთის ელჩი, ინგლისის ელჩი, გერმანიის ელჩი და მე. ამ თამაშში ისე დაიქანცები, მეტი აღარ შეიძლება. აირბენ მერე მეოთხე სართულზე შენს ოთახში, მზარეულ ქალს ამასღა ეტყვი: „ჰა, მარფუშა, შინელიო!“ თუმცა რას ვროშავ: სულ დამავიწყდა, რომ ბელეტაჟში ვცხოვრობ... მარტო ჩემი კიბე რად ღირს... ნეტამც განახათ, რა ამბავია ჩემს დერეფანში, როცა ჯერ კიდევ მძინავს: გრაფები და თავადები ბუზებივით ირევიან, ჟ... ჟ... ჟ... ისმის მხოლოდ. ზოგჯერ მინისტრიც მეწვევა ხოლმე. (გოროდნიჩი და სხვები შემკრთალი წამოდგებიან სკამებიდან.) კონვერტებზედაც კი ასე მიწერენ: თქვენო აღმატებულებავო“. ერთხელ დეპარტამენტის გამგებლობაც მომანდვეს. საოცარი ამბავი იყო. დირექტორი გაემგზავრა - სად გაემგზავრა, არავინ იცის. რა თქმა უნდა, დაიწყეს ბჭობა, როგორ, რა, ვინ უნდა დაიჭიროს ადგილიო. ბევრ გენერალს აეშალა მადა და აიღეს ეს თანამდებობა, ეგონათ, ადვილიაო, მაგრამ რომ სცადეს, დარწმუნდნენ, ძნელიაო. დაინახეს, სხვა გზა არ იყო და ისევ ჩემთან აფრინეს შიკრიკები, შიკრიკები, შიკრიკები... წარმოიდგინეთ ოცდათხუთმეტი ათასი შიკრიკი! აბ რა მდგომარეობა იქნებოდა? „ივან ალექსანდროვიჩ, მობრძანდით დაპარატმენტის გამგებლადო!“ გამოგიტყდებით, ცოტათი შევკრთი, ხალათით გამოველი, უარის თქმა მინდოდა, მაგრამ გავიფიქრე: ვაითუ ეს ამბავი ხელმწიფის ყურამდე მივიდეს-მეთქი, თან სამსახურის ნუსხაც... აგრე იყოს, ბატონებო, ყაბულს ვარ-მეთქი, რაც იყოს, იყოს, მივიღებ-მეთქი თანამდებობას, მაგრამ იცოდეთ, ჩემთან აპა-პა-პა! ჩემთან ფრთხილად-მეთქი!“ და მართლაც: როცა კი გავივლიდი დეპარტამენტში, მიწისძვრა გეგონებოდათ, ყველა ისე ცახცახებდა და კანკალებდა, როგორც ფოთოლი. (გოროდნიჩი და სხვები შიშისაგან კანკალებენ, ხლესტაკოვი უფრო მეტად შედის ეშხში.) ო, მე ხუმრობა არ მიყვარს. მე იმათ ყველას ვუჩვენე სეირი. სახელმწიფო საბჭოსაც კი ეშინია ჩემი! მაშ არა და! მე აგეთი ვარ! მე არავის მოვერიდები, მე ყველას პირდაპირ ვეუბნები: „მე თვითონ ვიცი-მეთქი ჩემი თავის ამბავი!“ ყველგან მე ვარ, ყველგან. სასახლეში ყოველდღე დავდივარ. მე ხვალვე მიბოძებენ ფელდმარშ... (წაიბარბაცებს, ლამის წაიქცეს, მაგრამ ჩინოვნიკები მოწიწებით შეაკავებენ.)

გოროდნიჩი.

(ცახცახით მიუახლოვდება და ძლივძლივობით ამბობს). თქვე... თქვე... თქვე...

ხლესტაკოვი.

(სწრაფად). რა იყო?

გოროდნიჩი.

თქვე... თქვე... თქვე...

ხლესტაკოვი.

(იმავე ხმით). ვერაფერი გავიგე, ყველაფერი მიქარვაა.

გოროდნიჩი.

თქვე-თქვე-თქვე... ულებავ, აღმატებულებავ, არ ინებებთ ცოტა მოისვენოთ? აი ოთახიც და ყველაფერი, რაც საჭიროა.

ხლესტაკოვი.

მოსვენება მიქარვაა. თუმცა ინებეთ, მე მზად ვარ მოვისვენო. თქვენი საუზმე, ბატონებო, კარგი იყო... მე კმაყოფილი ვარ. (დეკლამაციით.) ლაბარდან! ლაბარდან! (გადის გვერდით ოთახში, უკან მისდევს გოროდნიჩი).



გამოსვლა VII

იგინივე, გარდა ხლესტაკოვისა და გოროდნიჩისა.

ბობჩინსკი.

(დობჩინსკის). აი, ეს ყოფილა, ვინც ყოფილა, პეტრ ივანოვიჩ! ჩემს დღეში არ ვყოფილვარ მაგისთანა დიდ კაცთან. შიშისაგან კინაღამ მოვკვდი. როგორ ფიქრობთ, პეტრ ივანოვიჩ, ვითომ რა ჩინის კაცია ახლა ეგ?!

დობჩინსკი.

მე მგონია, თითქმის გენერალია.

ბობჩინსკი.

მე კი მგონია, გენერალი ფეხსაცმლის ლანჩადაც არ გამოადგება... ხოლო თუ გენერალია, მაშინ თვით გენერალისიმუსი იქნება! ხომ გაიგონეთ სახელმწიფო საბჭოს როგორ გადაუმათრახა? როგორ გაწურა? აბა, ჩქარა წავიდეთ, ამოს ფედოროვიჩსა და კორობკინს ვუამბოთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ანა ანდრეევნა!

დობჩინსკი.

მშვიდობით, ნათლი! (ორივენი გადიან.)

არტემი ფილიპოვიჩი.

(ლუკა ლუკიჩს). შიშმა ამიტანა, არ ვიცი კი, რა მიზეზია. ჩვენ მუნდირებიც არ გვაცვია. წარმოგიდგენიათ, რომ გამოიღვიძოს და პირდაპირ პეტერბურგში აფრინოს მოხსენება? (დაფიქრებული გადის სკოლის ზედამხედველთან ერთად.) მშვიდობით, ქალბატონო! (ამბობს გასვლისას.)



გამოსვლა VIII

ანა ანდრეევნა და მარია ანტონოვნა.

ანა ანდრეევნა.

აჰ, რა სასიამოვნო კაცია!

მარია ანტონოვნა.

აჰ, რა სანდომიანია!

ანა ანდრეევნა.

ან რა თავაზიანია! მაშინათვე შეატყობ, რომ სატახტო ქალაქიდანაა, სიტყვა-პასუხი თუ სხვა ყველაფერი ისეთი აქვს... აჰ, რა საუცხოოა! საშინლად მომწონს მაგისთანა ყმაწვილკაცები, ლამის ჭკუაზე შევიშალო! თუმცა მეც ძლიერ მოვეწონე: შევატყვე, სულ მე მიცქეროდა.

მარია ანტონოვნა.

აჰ, დედიკო, სულ ჩემკენ იყურებოდა...

ანა ანდრეევნა.

თავი დაანებე, გეთაყვა, როშვას, ეგ აქ სრულებით უალაგოა!

მარია ანტონოვნა.

არა, დედიკო, მერწმუნე!

ანა ანდრეევნა.

ერთი უყურე! არა, თუ არ შემედავა, ისე არ შეუძლია და არა! სად ეცალა შენს საყურებლად! ან რად უნდა ეცქირა შენთვის!

მარია ანტონოვნა.

გარწმუნებ, დედიკო, სულ მიყურებდა, მწერლობაზე რომ ჩამოაგდო ლაპარაკი, შემომხედა და მერე, როცა გვიამბო, როგორ თამაშობდა ბანქოს ელჩებთან, მაშინაც შემომხედა.

ანა ანდრეევნა.

შესაძლოა, ერთხელ კიდეც შემოგხედა, ესეც იმიტომ, რომ გაიფიქრა: „მოდი, ამასაც შევხედავო!“



გამოსვლა IX

იგინივე და გოროდნიჩი.

გოროდნიჩი.

(ფეხის წვერებზე შემოდის) სსუ... სსუ...

ანა ანდრეევნა.

რა იყო?

გოროდნიჩი.

ნეტა არ დამეთრო... იმის ნახევარი თუ მაინც მართალია, რაც ილაპარაკა, რა გვეშველება? (ჩაფიქრდება.) თუმცა რატომაც არ უნდა იყოს მართალი? კაცი რომ შეზარხოშდება, ყველაფერს წამოაყრანტალებს: რაც გულში აქვს, ის ენაზე აკერია: რაღა თქმა უნდა, ცოტა იცრუა, მაგრამ განა უცრუებლად ქვეყანაზე რაიმე ითქმის? მინისტრებთან ბანქოს თამაშობს, სასახლეში დადის... არა, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ყველაფერი დომხალივით მერევა თავში... ასე მგონია, მაღლა სამრეკლოზე ვდგავარ ან არადა ჩამოხრჩობას მიპირებენ-მეთქი!

ანა ანდრეევნა.

მე კი არავითარი შიში არ მიგრძვნია. მე ვხედავდი განათლებულ, საზოგადოებაში გამოსულ, უაღრესად განვითარებულ ყმაწვილკაცს, ხოლო მაგის ჩინებთან საქმე არა მაქვს.

გოროდნიჩი.

ეჰ, თქვენც ხართ, რაღა - ქალები! ამ ერთი სიტყვითაც ყველაფერი გასაგებია! თქვენთვის ყველაფერი პრასი და ნიახურია! წამოროშავთ ისეთ სიტყვას, არც მთისაა და არც ბრისა... ამისათვის თქვენ მხოლოდ გაგწკეპლავენ, ქმარმა კი... მოგჭამა ჭირი. შენ, ჩემო სულიკო, ისე თავისუფლად ექცეოდი, თითქოს ვინმე დობჩინსკი ყოფილიყო...

ანა ანდრეევნა.

ამაზე, გირჩევთ, ნუ შეწუხდებით. ჩვენ ვიცით ისეთი რაღაცეები... (გადახედავს ქალიშვილს).

გოროდნიჩი.

(თავისთვის). თქვენთან ლაპარაკი არა ღირს! მართლაც რა უბედურებაა! ჯერაც გონს ვერ მოვსულვარ შიშისაგან. (გააღებს კარს და გაიძახის). მიშკა! დაუძახე უბნის პოლიციელებს სვისტუნოვსა და დერჟიმორდას, აქ სადმე იქნებიან ჭიშკართან. (მცირე სიჩუმის შემდეგ). ახლა ყველაფერი უცნაურად მოეწყო ქვეყნიერებაზე: ნეტა შესახედად მაინც რამეს გვანდნენ, თორემ გამჭლეულები, გამხდრები, - მოდი და გაიგე, ვინ არის? სამხედროები კიდევ ჰო, გარეგნობით მაინც ჩანან, მაგრამ ამ ფრაკს რომ ჩაიცვამენ - შენს მტერს: თითქოს ფრთამოკვეცილი ბუზიაო. დიდხანს კი იკავა თავი ტრაქტირში, რაებს არ მიედ-მოედო, ისეთი ალეგორიები ჩაურთო, მეგონა, ვერაფერს გავხდები-მეთქი. ბოლოს კი ვერ გაუძლო. იმაზე მეტიც კი წამოაყრანტალა, ვინემ საჭირო იყო. ეტყობა, რომ ახალგაზრდაა.



გამოსვლა X

იგინივე და ოსიპი. ყველანი ოსიპისაკენ მირბიან, თითით იხმობენ, მოდიო.

ანა ანდრეევნა.

აქეთ მოდი, ჩემო კარგო!

გოროდნიჩი.

სსუ... რა? რაო? სძინავს?

ოსიპი.

არა, ჯერ ისევ იზმორება.

ანა ანდრეევნა.

გამიგონე, შენი სახელი?

ოსიპი.

ოსიპი, ქალბატონო.

გოროდნიჩი.

(ცოლსა და შვილს). გეყოთ, გეყოთ, დამაცადეთ. (ოსიპს) სხვა, ჩემო კეთილო, ხომ კარგად დაგანაყრეს?

ოსიპი.

კარგად... უმორჩილესად გმადლობთ, კარგად დამანაყრეს.

ანა ანდრეევნა.

აბა თქვი, შენს ბატონთან ალბათ ბევრი თავადი და გრაფი დადის?

ოსიპი.

(თავისთვის) აბა რა ვუპასუხო? თუ ახლა კარგად მაჭამეს, შემდეგ უკეთ გამაძღებენ. (ხმამაღლა.) დიახ, გრაფებიც მოდიან ხოლმე.

მარია ანტონოვნა.

ოსიპ, ჩემო კარგო, რა კოხტა ბატონი გყოლია!

ანა ანდრეევნა.

ოსიპ, გეთაყვა, ერთი მითხარი, შენი ბატონი...

გოროდნიჩი.

თავი დაანებეთ! თქვენი უთავბოლო ლაპარაკით მხოლოდ ხელს მიშლით. აბა რაო, მეგობარო?

ანა ანდრეევნა.

შენს ბატონს რა ჩინი აქვს?

ოსიპი.

მოგეხსენებათ, რაც.

გოროდნიჩი.

ღმერთო ჩემო, მაგ თქვენს სულელურ კითხვებს არ იშლით... საქმეზე სიტყვასაც არ მათქმევინებთ. აბა, ჩემო მეგობარო, შენი ბატონი როგორია? სასტიკია? უყვარს ხოლმე დატუქსვა თუ არა?

ოსიპი.

დიახ, წესრიგი უყვარს, ყველაფერი რიგზე უნდა იყოს.

გოროდნიჩი.

ძლიერ მომწონს შენი სახე, მეგობარო. უთუოდ კარგი ადამიანი უნდა იყო. ჰოდა...

ანა ანდრეევნა.

გამიგონე ოსიპ, შენი ბატონი მუნდირით დადის?

გოროდნიჩი.

გეყოთ ყბედობა, კაჭკაჭებო! აქ საჭირო საქმეა. აქ კაცის სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა... (ოსიპს) ჰო, ჩემო მეგობარო, მართლაც ძლიერ მომწონხარ; ვინ იცის, გზაში ხანდახან ზედმეტი ჭიქა მოგინდეს, ახლა ხომ ცივა, - აი შენ ჩაისთვის ორი მანეთი.

ოსიპი.

(გამოართმევს ფულს) უმორჩილესად გმადლობთ, ჩემო ბატონო! ღმერთმა ჯანი ნუ მოგაკლოთ! საცოდავ კაცს უშველეთ.

გოროდნიჩი.

კარგი, კარგი, მეც კმაყოფილი ვარ. აბა მეგობარო...

ანა ანდრეევნა.

გამიგონე, ოსიპ, უფრო რანაირი თვალები მოსწონს შენს ბატონს?

მარია ანტონოვნა.

ოსიპ, ჩემო კარგო, რა ლამაზი და კოპწია ცხვირი აქვს შენს ბატონს.

გოროდნიჩი.

დამაცადეთ-მეთქი, ნუ მიშლით! (ოსიპს) აბა, მეგობარო, მითხარი, შენი ბატონი რას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ესე იგი, გზაში რა უფრო მოსწონს?

ოსიპი.

გააჩნია, სად რა გამოადგება. ყველაზე უფრო კი ის უყვარს, კარგად რომ მიიღონ და კარგადაც დახვდნენ, უყვარს, კარგად რომ გაუმასპინძლდნენ.

გოროდნიჩი.

კარგად?

ოსიპი.

დიახ, კარგად გაუმასპინძლდნენ. აი მე ხომ ყმა ვარ, მაგრამ იმასაც ყურადღებას აქცევს, მეც კარგად ვიყო, ღმერთმანი! მაგალითად, გზაში შევივლით სადმე: „აბა, რას იტყვი, ოსიპ, ხომ კარგად გაგიმასპინძლდნენო?“ - „ცუდად, თქვენო მაღალკეთილშობილებავ-მეთქი“. „ეჰ, - იტყვის ხოლმე. - ეგ, ოსიპ, გლახა მასპინძელიაო. რომ ჩავალთ, მომაგონე მაშინაო!“ „ეჰ,- ვამბობ ჩემს გუნებაში (ხელს ჩაიქნევს), - ღმერთმა შეუნდოთ-მეთქი. მე უბრალი კაცი ვარ-მეთქი!“

გოროდნიჩი.

კარგია, კარგია, გონიერად მსჯელობ. ჩაისათვის ხომ მოგეცი, აი ესეც ნამცხვრისთვის დაუმატე.

ოსიპი.

რათა სწუხდებით თქვენო მაღალკეთილშობილებავ? (ფულს ინახავს) თქვენს სადღეგრძელოს დავლევ სადმე...

ანა ანდრეევნა.

ოსიპ, ჩემთან შემოდი, ჩემგანაც მიიღებ...

მარია ანტონოვნა.

ოსიპ, ჩემო კარგო, აკოცე შენს ბატონს! (მეორე ოთახიდან მოისმის ხლესტაკოვის ჩუმი ხველა.)

გოროდნიჩი.

სსუ... (ფეხის ცერებზე დგება. მთელი სცენა ხმადაბლა წარმოებს.) ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ იხმაუროთ! წადით, ჰო, წადით! გეყოთ...

ანა ანდრეევნა.

წავიდეთ მაშენკა! მე გიამბობ, რა შევნიშნე ჩვენს სტუმარს ისეთი, რაზედაც მხოლოდ მე და შენ შეგვიძლია ვისაუბროთ. (გადიან.)

გოროდნიჩი.

აბა, იქ უნდა ნახოთ, რამდენს იყბედებენ! მოუსმენ და მერე ყურებსაც დაიცობ. (ოსიპს) აბა, მეგობარო...



გამოსვლა XI

იგინივე, დერჟიმორდა და სვისტუნოვი.

გოროდნიჩი.

სსუ! თქვე დათვებო! ისე მოაბრაგუნებთ, გეგონება, ორმოცფუთიან ტომრებს ისვრიან ფორნიდანო! სად ჯანდაბაში დაეთრეოდით?

დერჟიმორდა.

თქვენი ბრძანებით გახლდით.

გოროდნიჩი.

სსუ! (ხელს მიაფარებს პირზე) რა ყვავივით დაიყრანტალე! (აჯავრებს). თქვენი ბრძანებით გახლდითო! ქვევრივით არ ბუბუნებს?! (ოსიპს.) აბა, ჩემო მეგობარო, შენ წადი და დაამზადე, რაც კი საჭიროა შენი ბატონისათვის. რაც კი გვაბადია, ყველაფერი მოითხოვე! (ოსიპი გადის.) თქვენ კი კიბეზე დადექით და ფეხი არ მოიცვალოთ. სახლში უცხოს ნურავის შემოუშვებთ, განსაკუთრებით ვაჭრებს. თუ ერთი მაინც შემოგიშვიათ, იცოდეთ... თუ დაინახავთ, ვინმე არზით მოდის, ან თუნდაც უარზოდ, მაგრამ მომჩივანსა ჰგავს, სულ პანღურის კვრით გააგდეთ! აი, ასე ლაზათიანად მიაყოლეთ! (უჩვენებს ფეხით.) გაიგეთ? სუუ... სსუ... (ფეხის ცერებზე გაჰყვება პოლიციელებს.)

ფარდა.



მეოთხე მოქმედება

იგივე ოთახი გოროდნიჩის სახლში.



გამოსვლა I

შემოდიან ფრთხილად, თითქმის ფეხის ცერებზე: ამოს ფედოროვიჩი, არტემი ფილიპოვიჩი, ფოსტმეისტერი, ლუკა ლუკიჩი, დობჩინსკი და ბობჩინსკი, ყველანი საპარადოდ გამოწყობილნი. მთელი სცენა ხმადაბლა წარმოებს.

ამოს ფედოროვიჩი.

ღვთის გულისათვის, ბატონებო, საჩქაროდ წრე გააკეთეთ, მეტი წესიერება იყოს! (ყველას თავის ირგვლივ ნახევარწრედ აყენებს.) ხომ იცით, სასახლეშიაც დაიარება, სახელმწიფო საბჭოსაც ტუქსავს... მხედრულად დაეწყვეთ, უსათუოდ მხედრულ ყაიდაზე! თქვენ, პეტრ ივანოვიჩ, ამ მხრიდან მოირბინეთ, თქვენ კი, პეტრ ივანოვიჩ, აი აქ დადექით. (ორივე პეტრ ივანოვიჩი ფეხის ცერებზე შემოურბენენ.)

არტემი ფილიპოვიჩი.

როგორც გენებოთ, ამოს ფედოროვიჩ, მაგრამ ჩვენ რაიმე გარკვეულ გზას უნდა დავადგეთ.

ამოს ფედოროვიჩი.

მაგალითად, რას?

არტემი ფილიპოვიჩი.

აშკარაა, რას.

ამოს ფედოროვიჩი.

ჩავქრთამოთ?

არტემი ფილიპოვიჩი.

ჰო, თუნდაც ჩავქრთამოთ.

ამოს ფედოროვიჩი.

სახიფათოა, ეშმაკმა წაიღოს! აქ არ აყვირდეს: სახელმწიფო კაცია. შემოწირულების სახით ხომ არ მივართვათ ძეგლის ასაგებად, თავადაზნაურობისაგან, ჰა?

ფოსტმეისტერი.

ან კიდევ: „აი, ფოსტით ფული მოვიდა და არა ჩანს, ვის ეკუთვნის-თქო“.

არტემი ფილიპოვიჩი.

ფრთხილად იყავით, იმან თქვენ თვითონ ფოსტით სადმე შორს არ გადაგგზავნოთ. გამიგონეთ, კეთილმოწყობილ სახელმწიფოში საქმეები ასე არ კეთდება. რად შევკრბით აქ მთელი ესკადრონი? სათითაოდ უნდა წარვუდგეთ და ოთხ თვალს შუა უნდა ჩავაიმასქნათ... როგორც რიგი და წესია, რომ ყურებმაც არა გაიგონონ რა! აი თქვენ პირველმა, ამოს ფედოროვიჩ, უნდა დაიწყოთ.

ამოს ფედოროვიჩი.

თქვენ რომ დაიწყოთ, ის ემჯობინება: დიდმა სტუმარმა თქვენს დაწესებულებაში იპურმარილა.

არტემი ფილიპოვიჩი.

მაშინ სჯობს ლუკა ლუკიჩი იყოს, როგორც ახალგაზრდობის განმანათლებელი.

ლუკა ლუკიჩი.

არ შემიძლია, არ შემიძლია, ბატონებო! გამოგიტყდებით, ისე ვარ აღზრდილი, თუ ვინმე ჩემზე ერთი ჩინითაც უფროსი დამელაპარაკა, სული გამეპარება ხოლმე და ენაც ისე დამებმება, სიტყვას ვეღარ ვძრავ. არა, ბატონებო, მომეშვით, მართლა მომეშვით!

არტემი ფილიპოვიჩი.

ამოს ფედოროვიჩ, თქვენ გარდა ვერავინ ვერ შეძლებს. ისეთი ლაპარაკი იცით, კაცს ეგონება, ციცერონი გადმოუფრინდა ენის წვერიდანო.

ამოს ფედოროვიჩი.

აბა რასა ბრძანებთ, რის ციცერონი! რაებს არ მოიგონებთ! თუ ხანდახან გამიტაცებს ჩემს ძაღლებზე ან რომელიმე მეძებრებზე ლაპარაკი...

ყველანი.

(ჩააცივდებიან). არა, თქვენ მარტო ძაღლებზე კი არა, ბაბილონის გოდოლზედაც კარგად შეგიძლიათ... არა, ამოს ფედოროვიჩ, ნუ მიგვატოვებთ, გაგვიწიეთ მამობა! არა, ამოს ფედოროვიჩ!

ამოს ფედოროვიჩი.

ჩამომეხსენით, ბატონებო!

ამ დროს გაისმის ნაბიჯების ხმა და წამოხველება ხლესტაკოვის ოთახიდან. ყველანი კარისკენ გარბიან, ერთმანეთის გასწრებას ცდილობენ. ისმის ხმადაბალი წამოძახილები:

ბობჩინსკის ხმა.

ოი, პეტრ ივანოვიჩ, პეტრ ივანოვიჩ, ფეხი ნუ დამადგით!

ზემლიანიკას ხმა.

ბატონებო, სული შემეხუთა, ნუ გამჭყლიტეთ! უზიარებლად ნუ მომკალით!

ისმის შეძახილები: „ოჰ! ვაი! „ბოლოს ყველანი გაილალებიან. ოთახი ცარიელდება.



გამოსვლა II

გამოდის ნამძინარევი ხლესტაკოვი.

ხლესტაკოვი.

(მარტო). მგონია, გვარიანად წავუხვრინე. სად მოუგროვებიათ ამდენი ლეიბი და ბუმბულის დოშაკები? ოფლიც კი დამასხა. მგონი, გუშინ საუზმეზე რაღაც შემომაპარეს. თავი ახლაც მიბრუის... აქ, როგორც ვატყობ, კარგად შეიძლება დროის გატარება! მიყვარს გულთბილი ხალხი. გამოტეხილი უნდა ვთქვა, უფრო მომწონს, როცა წრფელი გულით მასიამოვნებენ და არა რაიმე ანგარიშით... გოროდნიჩის ქალი კაი სანდომიანი ვიღაცაა. დედასაც არა უჭირს რა... კიდევ შეიძლება გამოდგეს...

არ ვიცი, მაგრამ სწორედ რომ ვთქვა, ძლიერ მომწონს ასეთი ცხოვრება.



გამოსვლა III

ხლესტაკოვი და მოსამართლე.

ამოს ფედოროვიჩი.

(შემოდის და ჩერდება. თავისთვის). ღმერთო, ღმერთო, უვნებლად დამიხსენ! მუხლები მეკვეთება... (გამოიჭიმება, ხელით დაშნას იჭერს და ხმამაღლა ამბობს.) მაქვს პატივი გამოგეცხადოთ: აქაური სამაზრო სასამართლოს მოსამართლე, კოლეჟსკი ასესორი ლიაპკინ-ტიაპკინი.

ხლესტაკოვი.

გთხოვთ დაბრძანდეთ! მაშ თქვენ აქ მოსამართლედ ბრძანდებით?

ამოს ფედოროვიჩი.

რვაას თექვსმეტიდან სამი წლით ამორჩეული გახლდით თავადაზნაურობის სურვილით და დღევანდლამდე ამ თანამდებობაზე გახლავართ.

ხლესტაკოვი.

მოსამართლედ ყოფნა სახეირო საქმეა განა?

ამოს ფედოროვიჩი.

სამი სამწლედის სამსახურისათვის უფროსობის მხარდაჭერით წარდგენილი გახლავართ ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ჯვარზე. (თავისთვის.) ფული მუჭაში მიჭირავს, მუჭზე კი ცეცხლი მიკიდია.

ხლესტაკოვი.

იცით, მე მომწონს ვლადიმერი. მესამე ხარისხის ანა კი არც ისე.

ამოს ფედოროვიჩი.

(ნელ-ნელა ამოყოფს მუშტს, რომელშიაც ფული აქვს დამალული, განზე). ღმერთო დიდებულო, აღარ ვიცი, სადა ვარ, თითქოს ნაკვერჩხლებზე ვზივარ.

ხლესტაკოვი.

ხელში რა გაქვთ?

ამოს ფედოროვიჩი.

(იბნევა და იატაკზე უვარდება ასიგნაციები). არაფერი, არაფერი.

ხლესტაკოვი.

როგორ თუ არაფერი? ფული დაგივარდათ.

ამოს ფედოროვიჩი.

(მთელი სხეულით კანკალებს.) რასა ბრძანებთ, ბატონო! (განზე.) ღმერთო ძლიერო! უკვე სამართალში მიმცეს კაცი; უკვე ეტლიც მოაყენეს ჩემს წასაყვანად.

ხლესტაკოვი.

(აიღებს იატაკიდან ფულს). დიახ, ეს ფულია...

ამოს ფედოროვიჩი.

(განზე). ახლა კი ყველაფერი გათავდა, დავიღუპე! დავიღუპე კაცი!

ხლესტაკოვი.

იცით რა? მასესხეთ ეს ფული!

ამოს ფედოროვიჩი.

(ცქვიტად). რატომაც არა, რატომაც არა... დიდი სიამოვნებით. (განზე.) აბა, გაბედულად, გაბედულად! შენ დამიფარე, ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო!

ხლესტაკოვი.

იცით, გზაში ფული შემომეხარჯა. ზოგი ესა, ზოგი ისა... სოფლიდან დაუყოვნებლივ გამოგიგზავნით.

ამოს ფედოროვიჩი.

რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ! ისეც დიდი პატივია ჩემთვის... რა თქმა უნდა, ჩემი სუსტი ძალისა, მონდომებისა და ერთგულების კვალობაზე... ვეცდები დავიმსახურო... (წამოდგება სკამიდან, გამოიჭიმება.) მაშ თავს აღარ შეგაწყენთ... ხომ არაფერს მიბრძანებთ?

ხლესტაკოვი.

რა უნდა გიბრძანოთ?

ამოს ფედოროვიჩი.

იმაზე მოგახსენებთ, რამე განკარგულება ხომ არ გექნებათ-მეთქი აქაური სამაზრო სასამართლოს მიმართ?

ხლესტაკოვი.

რათა? ახლა იმასთან რაღა საქმე მაქვს.

ამოს ფედოროვიჩი.

(თავს უკრავს და მიდის, გასვლისას თავისთვის.) აბა, ახლა კი ქალაქი ჩვენია!

ხლესტაკოვი.

(მოსამართლე რომ გავა). მოსამართლე კარგი კაცია!



გამოსვლა IV

ხლესტაკოვი და ფოსტმეისტერი (შემოდის გაჭიმული, მუნდირი აცვია, ცალი ხელით დაშნას იჭერს.)

ფოსტმეისტერი.

მაქვს პატივი გამოგეცხადოთ: ფოსტმეისტერი, ნადვორნი სოვეტნიკი შპეკინი.

ხლესტაკოვი.

ჰაა, მობრძანდით! ძლიერ მიყვარს სასიამოვნო საზოგადოება. დაბრძანდით. თქვენ აქ მუდმივად ცხოვრობთ?

ფოსტმეისტერი.

დიახ.

ხლესტაკოვი.

მომწონს თქვენი პატარა ქალაქი. რა თქმა უნდა, არც ისე ხალხმრავალია, მაგრამ რას იზამ? სატახტო ქალაქი არ არის. ხომ მართალს ვამბობ, სატახტო ქალაქი არ არის-მეთქი?

ფოსტმეისტერი.

სრული ჭეშმარიტებაა.

ხლესტაკოვი.

მხოლოდ სატახტო ქალაქში ნახავ განათლებულ საზოგადოებას, პროვინციულ ბატებს იქ ვერ იპოვნი. თქვენ რა აზრისა ხართ? აგრე არ არის?

ფოსტმეისტერი.

დიახ, ეგრე გახლავთ. (განზე.) არც ისე ამაყი ყოფილა: ყველაფერი აინტერესებს.

ხლესტაკოვი.

მაგრამ გამოტყდით, პატარა ქალაქშიაც ხომ შეიძლება კაცი ბედნიერად ცხოვრობდეს?

ფოსტმეისტერი.

დიახ.

ხლესტაკოვი.

ჩემი აზრით, ამისათვის რა არის საჭირო? უნდა პატივსა გცემდნენ, ხალხს გულწრფელად უყვარდე, ხომ მართალია?

ფოსტმეისტერი.

სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ.

ხლესტაკოვი.

უნდა მოგახსენოთ, ძალიან მიხარია, თქვენც რომ ჩემი შეხედულებისა ხართ. რა თქმა უნდა, შეიძლება უცნაური კაცი მიწოდონ, მაგრამ რა გაეწყობა, მე აგეთი ხასიათი მაქვს... (თვალს თვალში გაუყრის, თავისთვის ამბობს.) მოდი, ამ ფოსტმეისტერსაც დავესესხები. (ხმამაღლა) რა უცნაური ამბავი შემემთხვა: რაც ფული მქონდა გზაში, სულ შემომეხარჯა. არ შეგიძლიათ სამასიოდე მანეთი მასესხოთ?

ფოსტმეისტერი.

რატომაც არა? თავს უაღრესად ბედნიერად ჩავთვლი. ინებეთ. მზად ვარ გულწრფელად გემსახუროთ!

ხლესტაკოვი.

დიდად გმადლობთ. უნდა მოგახსენოთ, გზაში არ მიყვარს ყაირათობა, ან კი რისთვის? ხომ მართალს ვამბობ?

ფოსტმეისტერი.

დიახ! (წამოდგება, გამოიჭიმება, დაშნაზე ხელს დაიდებს.) აღარ შეგაწუხებთ ჩემი აქ ყოფნით. ხომ არაფერი შენიშვნა გექნებათ საფოსტო უწყების მიმართ?

ხლესტაკოვი.

არა, არაფერი! (ფოსტმეისტერი თავს დაუკრავს და გადის. ხლესტაკოვი. სიგარას მოუკიდებს და აბოლებს.) მე მგონია, ფოსტმეისტერიც ძალიან კარგი კაცი უნდა იყოს...

სხვა რომ არა, თავაზიანი მაინცაა. მიყვარს მაგისთანა ხალხი.



გამოსვლა V

ხლესტაკოვი და ლუკა ლუკიჩი, რომელსაც თითქმის ძალით შემოაგდებენ ხმამაღალი ჩურჩულით: „რისა გეშინიან?“

ლუკა ლუკიჩი.

(გამოჭიმული, დაშნაზე ხელდადებით, შემკრთალი). მაქვს პატივი წარმოგიდგეთ: სასწავლებელთა ზედამხედველი, ტიტულარული სოვეტნიკი ხლოპოვი.

ხლესტაკოვი.

ოჰო, მობრძანდით! დაბრძანდით, დაბრძანდით! სიგარას ხომ არ ინებებთ? (შესთავაზებს სიგარას).

ლუკა ლუკიჩი.

(გაუბედავად, თავისთვის ამბობს). სეირი თუ გინდა, ეს არის! ამას კი სულ არ მოველოდი. ავიღო თუ არა?

ხლესტაკოვი.

აიღეთ, აიღეთ; გვარიანი სიგარაა, რა თქმა უნდა, ისეთი არ არის, როგორც პეტერბურგშია. იქ, ჩემო ბატონო, იმისთანა სიგარები მომიწევია, ასი ცალი ოცდახუთი მანეთი რომ ღირს. ისეთია - მოწევ და თითებს დაიკოცნი. აი ცეცხლიც, მოუკიდეთ. (აწვდის სანთელს.)

ლუკა ლუკიჩი.

(ცდილობს მოუკიდოს, თან კანკალებს).

ხლესტაკოვი.

თქვენ უკუღმიდან უკიდებთ!

ლუკა ლუკიჩი.

(შიშისაგან სიგარა გაუვარდება, გადააფურთხებს და ხელს ჩაიქნევს თავისთვის). დალახვროს ეშმაკმა! წყეულმა სიმხდალემ დამღუპა.

ხლესტაკოვი.

როგორც გეტყობათ, სიგარის მოყვარული არ ყოფილხართ, მე კი, გამოგიტყდებით, ძლიერ მიყვარს. აი კიდევ ქალთა სქესის შესახებაც - გულგრილად არ შემიძლია ვუყურო ქალებს. თქვენ ვინ უფრო მოგწონთ: შავგვრემანები თუ ქერა ქალები?

ლუკა ლუკიჩი.

(არ იცის რა უპასუხოს).

ხლესტაკოვი.

არა, გულახდილად თქვით, შავგვრემანები თუ ქერა ქალები?

ლუკა ლუკიჩი.

რა მოგახსენოთ.

ხლესტაკოვი.

არა, არა, თავს ნუ იკატუნებთ! უთუოდ მინდა გავიგო თქვენი გემოვნება.

ლუკა ლუკიჩი.

გავბედავ მოგახსენოთ, რომ... (განზე.) თვითონაც არ მესმის, რას ვლაპარაკობ.

ხლესტაკოვი.

ოჰო! ოჰო! არ გინდათ მიპასუხოთ? ალბათ ვიღაც შავგვრემანმა ქალმა შეგიტოკათ გული. გამომიტყდით, ხომ ასეა?

ლუკა ლუკიჩი.

(დუმს).

ხლესტაკოვი.

აჰა, გაწითლდით! ხედავთ, გაწითლდით, მაშ რატომ არ ამბობთ?

ლუკა ლუკიჩი.

შევკრთი, თქვენო კეთილ... აღმატ... ბრწყინვ... (თავისთვის.) დამღუპა, წყეულმა ენამ დამღუპა!

ხლესტაკოვი.

შეკრთით? მე მართლაც ისეთი თვალები მაქვს, არ შეიძლება ადამიანი არ შეაკრთოს. ყოველ შემთხვევაში, ის კი ვიცი, რომ ვერც ერთი ქალი ვერ უძლებს ჩემს თვალებს. ხომ ასეა?

ლუკა ლუკიჩი.

აგრე გახლავთ!

ხლესტაკოვი.

წარმოიდგინეთ, რა უცნაური ამბავი შემემთხვა: გზაში სულ შემომეხარჯა ფული. არ შეგიძლიათ მასესხოთ სამასი მანეთი?

ლუკა ლუკიჩი.

(ჯიბეზე იტაცებს ხელს, თავისთვის). კაი ამბავი კი იქნება, თუ არ აღმომაჩნდა! მქონია, მქონია! (ამოიღებს და კანკალით გადასცემს ასიგნაციებს.)

ხლესტაკოვი.

დიდად გმადლობთ.

ლუკა ლუკიჩი.

(გამოეჭიმება, ხელი დაშნაზე აქვს). ვეღარ ვბედავ ჩემი ყოფნით შეგაწუხოთ.

ხლესტაკოვი.

მშვიდობით.

ლუკა ლუკიჩი.

(თითქმის სირბილით მიეშურება კარისაკენ, განზე ამბობს). მადლობა ღმერთს! იქნება აღარ შემოიხედოს კლასებში.



გამოსვლა VI

ხლესტაკოვი და არტემი ფილიპოვიჩი.

არტემი ფილიპოვიჩი.

(გამოიჭიმება, დაშნაზე ხელდადებით). მაქვს პატივი წარმოგიდგეთ: საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი, ნადვორნი სოვეტნიკი ზემლიანიკა.

ხლესტაკოვი.

გამარჯობათ, უმორჩილესად გთხოვთ დაბრძანდეთ.

არტემი ფილიპოვიჩი.

მქონდა პატივი თან გხლებოდით და პირადად დაგხვედროდით ჩემდამი რწმუნებულ საღვთო-სამადლო დაწესებულებებში.

ხლესტაკოვი.

აჰა! დიახ, მახსოვს. თქვენ ძალიან კარგად გაგვიმასპინძლდით საუზმით...

არტემი ფილიპოვიჩი.

მზად გახლავართ გავისარჯო მამულისათვის.

ხლესტაკოვი.

გამოტეხით უნდა ვთქვა, ეს ცოდვა მომდგამს: კარგი სმა-ჭამა მიყვარს... ერთი მითხარით, ასე მგონია, გუშინ უფრო დაბალი იყავით, ასე არ არის?

არტემი ფილიპოვიჩი.

ადვილი შესაძლებელია. (სიჩუმე.) შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს ვზოგავ და თავგამოდებით ვასრულებ სამსახურს. (წააჩოჩებს სკამს ხლესტაკოვისაკენ და ჩუმად ეუბნება.) აი, აქაური ფოსტმეისტერი კი სრულებით არაფერს არ აკეთებს. საქმეები მთლად არეულ-დარეულია. ამანათებს აგვიანებენ... თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში. მოსამართლე, რომელიც ჩემზე წინ გახლდათ თქვენთან, მხოლოდ კურდღლებს დასდევს, დაწესებულებაში ძაღლები ჰყავს და ყოფაქცევაც, რომ გამოგიტყდეთ - რასაკვირველია, სამშობლოს საკეთილდღეოდ ასეც უნდა მოვიქცე, თუმცა კი მენათესავება და ჩემი მეგობარიც არის - ყოფაქცევაც ყოვლად დასაგმობი აქვს.

აქ გახლავთ ერთი მემამულე დობჩინსკი, რომელიც თქვენ უკვე ნახეთ, ჰოდა, რაწამს ეს დობჩინსკი სახლიდან გავა, მოსამართლე მაშინვე იმის ცოლთან მოიკალათებს, თუნდაც შემოგფიცავთ, გნებავთ, განზრახ ნახეთ შვილები: არც ერთი არ ჰგავს დობჩინსკის. ყველანი, სულ პატარა გოგოც კი ზედგამოჭრილი მოსამართლეა.

ხლესტაკოვი.

მაგას კი სწორედ ვერ ვიფიქრებდი! აბა უყურეთ!

არტემი ფილიპოვიჩი.

აი, თუნდაც აქაური სასწავლებლის ზედამხედველი... არ მესმის, მთავრობამ როგორ მიანდო ასეთი თანამდებობა: იაკობინელზე უარესია, ისეთ საშიშ აზრებს უნერგავს ახალგაზრდობას, აღარ ვიცი, როგორა ვთქვა. თუ მიბრძანებთ, ყოველივე ამას უკეთესად მოგახსენებთ წერილობით.

ხლესტაკოვი.

კეთილი, წერილობით იყოს, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. იცით, ძლიერ მიყვარს ხოლმე მოწყენის დროს რამე გასართობის წაკითხვა... თქვენი გვარი? სულ მავიწყდება.

არტემი ფილიპოვიჩი.

ზემლიანიკა.

ხლესტაკოვი.

ჰო, მართლა, ზემლიანიკა! ერთი მიბრძანეთ, გეთაყვა, შვილები გყავთ?

არტემი ფილიპოვიჩი.

როგორ არა! ხუთი, ორი უკვე მოზრდილია.

ხლესტაკოვი.

ნუთუ მოზრდილები? ჰოდა, მერე...

არტემი ფილიპოვიჩი.

იქნებ გნებავთ სახელები გაიგოთ?

ხლესტაკოვი.

დიახ, რა ჰქვიათ?

არტემი ფილიპოვიჩი.

ნიკოლაი, ივან, ელიზავეტა, მარია და პერეპეტუია.

ხლესტაკოვი.

ეგ კარგია!

არტემი ფილიპოვიჩი.

ვეღარ ვბედავ თავი შეგაწყინოთ ჩემი აქ ხლებით და წაგართვათ დრო, რაიც უნდა მოხმარდეს უწმინდესი მოვალეობის აღსრულებას... (წასასვლელად თავს უკრავს.)

ხლესტაკოვი.

(აცილებს). რას ბრძანებთ, არა უშავს რა... რაც თქვენა თქვით, ძალიან სასაცილოა ყველაფერი, ასე რომ, გეთაყვა, სხვა დროსაც... მე ძლიერ მიყვარს ამისთანები. (მიბრუნდება, გააღებს კარს და ეძახის.) თქვენ ეი, რა გქვიათ? სულ მავიწყდება თქვენი სახელი.

არტემი ფილიპოვიჩი.

არტემი ფილიპოვიჩი.

ხლესტაკოვი.

გეთაყვა, არტემი ფილიპოვიჩ, საოცარი ამბავი შემემთხვა გზაში, სულ შემომეხარჯა ფული. ერთი ოთხასი მანეთი ხომ არ გექნებათ, რომ მასესხოთ?

არტემი ფილიპოვიჩი.

მაქვს.

ხლესტაკოვი.

ოჰ, სწორედ მისწრებაა! დიდად გმადლობთ!

გამოსვლა VII

ხლესტაკოვი, ბობჩინსკი და დობჩინსკი.

ბობჩინსკი.

მაქვს პატივი გამოგეცხადოთ: აქაური ქალაქის მცხოვრები... პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი.

დობჩინსკი.

მემამულე პეტრ ივანოვიჩ დობჩინსკი.

ხლესტაკოვი.

ჰო, თქვენ მე უკვე გნახეთ, მგონი, მაშინ წაიქეცით? ცხვირი როგორ გაქვთ?

ბობჩინსკი.

მადლობა ღმერთს! ნუ შეწუხდებით: მომიშუშდა, ახლა სავსებით მომიშუშდა.

ხლესტაკოვი.

კარგია, რომ მოგშუშებიათ. მოხარული ვარ... (ერთბაშად მიახლის). ფული არა გაქვთ?

ბობჩინსკი.

ფული? რა ფული?

ხლესტაკოვი.

(ხმამაღლა, სწრაფად). სესხად ათას მანეთამდე.

ბობჩინსკი.

ამდენი თანხა, ღმერთმანი, არა მაქვს. თქვენ ხომ არა გაქვთ პეტრ ივანოვიჩ?

დობჩინსკი.

მაგდენი თან არა მაქვს. ფული საზოგადოებრივი მზრუნველობის დაწესებულებაში მაქვს შენახული.

ხლესტაკოვი.

თუ ათასი არ არის, ასი იყოს.

ბობჩინსკი.

(იჩხრეკს ჯიბეებს) პეტრ ივანოვიჩ, თქვენ არ გექნებათ ასი მანეთი? მე სულ ორმოცი მაქვს ასიგნაციებით.

დობჩინსკი.

(საფულეში იყურება) მე სულ ოცდახუთი მანეთი მაქვს.

ბობჩინსკი.

კარგად დაძებნეთ, პეტრ ივანოვიჩ! მე ვიცი, ჯიბის მარჯვენა მხარე გარღვეული გაქვთ, შესაძლოა იმ გარღვეულში ჩაცვივდა.

დობჩინსკი.

არა, გარწმუნებთ, გარღვეულშიაც არ არის.

ხლესტაკოვი.

სულ ერთია, მე ხომ ისე ვთქვი. კარგი, დე, სამოცდახუთი იყოს. ეგ სულ ერთია! (გამოართმევს ფულს.)

დობჩინსკი.

გავბედავ და თხოვნით მოგმართავთ ერთი ფრიად საჩოთირო საქმის თაობაზე.

ხლესტაკოვი.

რა საქმეა?

დობჩინსკი.

საქმე ფრიად საჩოთირო გარემოებას ეხება; უფროსი ვაჟი, უნდა მოგახსენოთ, ქორწინებამდე შემეძინა.

ხლესტაკოვი.

ჰოო?

დობჩინსკი.

ესე იგი, ასე ითქმის, თორემ სავსებით ისე გახლავთ შობილი, თითქოს დაქორწინებული ვყოფილიყავ. მერე ყოველივე ეს, როგორც წესია, კანონიერი ქორწინებით დავაგვირგვინე. ჰოდა, მოგეხსენებათ, მინდა, რომ ახლა სავსებით კანონიერი ჩემი შვილი იყოს და ჩემსავით ისიც დობჩინსკად იწოდებოდეს.

ხლესტაკოვი.

კარგი, დე იწოდებოდეს, ეგ შესაძლებელია.

დობჩინსკი.

მე არც კი შეგაწუხებდით, მაგრამ მეტად ნიჭიერია, ისეთი ბიჭია... დიდ იმედებს იძლევა: სულ ზეპირად ამბობს ლექსებს, ხოლო თუ სადმე ხელთ იგდო ჯაყვა, მაშინვე ისე ოსტატურად გამოგითლით ეტლს, ჯამბაზი გეგონებათ. აი პეტრ ივანოვიჩი დამემოწმება.

ბობჩინსკი.

დიახ, დიდი ნიჭის პატრონია.

ხლესტაკოვი.

კარგი, კარგი! მე შევეცდები, მოველაპარაკები. იმედია, ყველაფერი მოეწყობა. დიახ, დიახ... (მიმართავს ბობჩინსკის.) ჩემთან სათქმელი თქვენც ხომ არა გაქვთ რა.

ბობჩინსკი.

როგორ არა, უმდაბლესი თხოვნა მაქვს!

ხლესტაკოვი.

რაზე? რის თაობაზე?

ბობჩინსკი.

უმორჩილესად გთხოვთ, როცა პეტერბურგში ჩაბრძანდებით, უთხრათ ყველა წარჩინებულ დიდკაცებს: სენატორებს და ადმირალებს, რომ თქვენო ბრწყინვალებავ თუ აღმატებულებავ, ამა და ამ ქალაქში ცხოვრობს-თქო პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი, სწორედ ასე უთხარით: ცხოვრობს-თქო პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი.

ხლესტაკოვი.

ბატონი ბრძანდებით.

ბობჩინსკი.

თუ ხელმწიფესთანაც მოგიხდეთ ყოფნა, ხელმწიფესაც მოახსენეთ - თქვენო იმპერატორობით უდიდებულესობავ, ამა და ამ ქალაქში ცხოვრობს-თქო პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი.

ხლესტაკოვი.

ძალიან კარგი!

დობჩინსკი.

უკაცრავად, რომ ასე შეგაწყინეთ თავი.

ბობჩინსკი.

უკაცრავად, რომ ასე შეგაწყინეთ თავი.

ხლესტაკოვი.

არა უშავს, არა უშავს! მე ძლიერ მოხარული ვარ. (გაისტუმრებს ორივეს).



გამოსვლა VIII

ხლესტაკოვი.

(მარტო) დიდძალი ჩინოვნიკები კი ყოფილა ამ ქალაქში. თუმცა მგონია, რომ სახელმწიფო კაცად მიმიღეს... ალბათ გუშინ კარგად ჩავაბაქიბუქე. რა სულელები არიან! მოდი და ამ ამბებს პეტერბურგში მივწერ ტრიაპიჩკინს: გაზეთებში წერილებს რომ წერს ხოლმე, ადგეს და ერთი კარგად ამოსცხოს ამ ვაჟბატონებს... ჰეი, ოსიპ! მომიტანე საწერ-კალამი და ქაღალდი! (ოსიპი ოთახიდან გამოიხედავს და ამბობს „ახლავე“.) ტრიაპიჩკინს თუ ვინმე ჩაუვარდა ყბაში, გათავდა: ღვიძლ მამასაც არ დაზოგავს მოსწრებული სიტყვისათვის, თან ფულიც ძლიერ უყვარს... თუმცა ესეც კი უნდა ითქვას, რომ აქაური ჩინოვნიკები მეტად გულკეთილი ხალხია; მათ მხრივ დიდი ღირსებაა, ხელი რომ გამიმართეს. მოდი, გადავითვლი, რამდენი მაქვს. ეს მოსამართლისაგან - სამასი მანეთი, ეს ფოსტმეისტერისაგან - სამასი მანეთი, ექვსასი, შვიდასი, რვაასი... რა გაქონილი ასიგნაციაა! რვაასი, ცხრაასი... ოჰო, ათასს გადასცილდა! აბა ახლა ჩამივარდი ხელში, კაპიტანო! ახლა ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს!



გამოსვლა IX

ხლესტაკოვი და ოსიპი (საწერ-კალმითა და ქაღალდით).

ხლესტაკოვი.

ხედავ, ბრიყვო, როგორ მიმასპინძლდებიან? როგორ მხვდებიან? (შეუდგება წერას).

ოსიპი.

მადლობა ღმერთს! მაგრამ, იცით, რას გეტყვით, ივან ალექსანდროვიჩ?

ხლესტაკოვი.

(წერს) რა გინდა თქვა?

ოსიპი.

წავიდეთ აქედან, ღმერთმანი, უკვე დროა!

ხლაესტაკოვი.

(წერს) რას მიჰქარავ! ვითომ რატომაო?

ოსიპი.

ისე... ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს! წავიქეიფეთ აქ ორი დღე, ჰოდა, საკმარისია. აბა დიდხანს რა გინდათ მაგათთან! მიაფურთხეთ და მოშორდით! ერთიც ვნახოთ და სხვა ვინმე ჩამოვიდეს!..

ღმერთმანი, ივან ალექსანდროვიჩ! მერე რა მშვენიერი ცხენებია აქ - ისე გაგვაქროლებენ...

ხლესტაკოვი.

(წერს). არა, მე კიდევ მინდა აქ ცოტა ხანს დარჩენა... ხვალ იყოს.

ოსიპი.

რაღა ხვალ! ღმერთმანი, წავიდეთ ივან ალექსანდროვიჩ! მართალია, აქ დიდ პატივში ხართ, მაგრამ მაინც დროზე სჯობს წასვლა. აშკარაა, რომ სხვა ვიღაცა ჰგონიხართ. ესეც არ იყოს, მამათქვენიც გაჯავრდება, მაგდენ ხანს რომ იგვიანებთ... ისე წავქრიალდებოდით, რომა... ცხენებსაც დიდებულს მოგვცემდნენ.

ხლესტაკოვი.

(წერს). მაშ კარგი! მანამდე კი აი ეს ბარათი წაიღე და ბარემ საგზურიც გამოართვი... მაგრამ იცოდე, კარგი ცხენები იყოს! მეეტლეებს უთხარი, რომ თითო მანეთიანით დავასაჩუქრებ, ოღონდ ისე გამაქროლონ, როგორც ფელდიეგერი, თანაც იმღერონ! (განაგრძობს წერას) წარმოდგენილი მაქვს, ტრიაპიჩკინი სიცილით გაიგუდება...

ოსიპი.

მე, ბატონო ჩემო, ამ წერილს აქაური მსახურის ხელით გავგზავნი, თვითონ კი ბარგი-ბარხანის ჩალაგებას დავიწყებ, რომ ტყუილუბრალოდ არ დავკარგო დრო.

ხლესტაკოვი.

(წერს) კარგი, ოღონდაც ჯერ სანთელი მოიტანე.

ოსიპი.

(გადის და სცენის უკან ლაპარაკობს) ჰეი, ძმობილო, გამიგონე! წერილს წაიღებ ფოსტაში და ფოსტმეისტერს ეტყვი, რომ უფულოდ მიიღოს. ისიც უთხარი, რომ ახლავე გამოგზავნოს ბატონთან საუკეთესო ტროიკა, შიკრიკებისთვის რომ გაქვთ-თქო, გზის ფულს კი ბატონი არ იხდის-თქო, ხაზინის ხარჯზეა-თქო. ყველაფერი მალე იყოს-თქო, თორემ ბატონი გაჯავრდება-თქო. მოიცა, წერილი მზად არაა.

ხლესტაკოვი.

(განაგრძობს წერას). ნეტავ ვიცოდე, სად ცხოვრობს ახლა - ფოსტის ქუჩაზე თუ გოროხოვაიაზე? იმასაც ხომ უყვარს ბინის ცვლა და ქირის შეტყაპუნება. მოდი, ალალბედზე დავწერ ფოსტის ქუჩას.

(კეცავს ბარათს და ზედ აწერს მისამართს. ოსიპს შემოაქვს სანთელი, ხლესტაკოვი წერილს დალუქავს. ამ დროს ისმის დერჟიმორდას ხმა: „სად მიძვრები, გრძელწვერავ? შენ გეუბნებიან, ნაბრძანებია, არავინ შეუშვათო“.)

ხლესტაკოვი.

(აძლევს წერილს ოსიპს). აჰა, წაიღე!

ვაჭრების ხმა. შეგვიშვით, ბატონო! თქვენ არ შეგიძლიათ არ შეგვიშვათ: ჩვენ საქმეზე ვართ მოსულნი.

დერჟიმორდას ხმა.

გასწით, გასწით! არ ღებულობს, სძინავს-მეთქი! (ხმაური ძლიერდება).

ხლესტაკოვი.

რა ამბავია იქ, ოსიპ? ნახე, რა ხმაურია?

ოსიპი.

(იყურება ფანჯარაში.) ვიღაც ვაჭრებს შემოსვლა უნდათ, მაგრამ უბნის პოლიციელი არ უშვებს; ქაღალდებს აქნევენ. ალბათ თქვენი ნახვა უნდათ!

ხლესტაკოვი.

(მივა ფანჯარასთან) რა გინდათ, მეგობრებო?

ვაჭრების ხმა.

თქვენი წყალობა, ბატონო... მადლი მოისხით და ჩვენი არზა მიიღეთ!

ხლესტაკოვი.

შემოუშვით ეგენი, შემოუშვით! დე მოვიდნენ ოსიპ. უთხარი, შემოვიდნენ. (ოსიპი გადის).

ხლესტაკოვი.

(ფანჯრიდან გამოართმევს არზებს, ერთ-ერთს გახსნის და კითხულობს.) „მის მაღალკეთილშობილებას, ფინანსთა უფალს ვაჭარ აბდულინისაგან“... ეშმაკმა იცის, რა მოუგონია: ასეთი ჩინი არც კი არსებობს!



გამოსვლა X

ხლესტაკოვი და ვაჭრები (შაქრის თავებით და ღვინის კალათით).

ხლესტაკოვი.

რაზე გარჯილხართ, მეგობრებო?

ვაჭრები.

მოწყალებას გემუდარებით!

ხლესტაკოვი.

რა გნებავთ?

ვაჭრები.

ნუ დაგღუპავთ ხელმწიფეო! ტყუილუბრალოდ გვავიწროებენ!

ხლესტაკოვი.

ვინ?

ვაჭარი.

ვინ და აქაური გოროდნიჩი.

ასეთი გოროდნიჩი, ხელმწიფევ, ჯერ არასოდეს არ ყოფილა. ისეთ უსამართლობას გვაყენებს, აღწერაც კი ძნელია... სახლებში სალდათებს გვიყენებს, ლამის თავები ჩამოვიხრჩოთ... მეტად უდიერად ირჯება... დაგვითრევს წვერით და გვიყვირის: „ჰაი, შე თათაროო!“ ღმერთსა ვფიცავთ! პატივისცემას რომ ვაკლებდეთ, კიდევ ჰო, თორემ წესს ყოველთვის ვასრულებთ: რაც მის ცოლსა და ქალიშვილს საკაბეები სჭირდებათ, ამაზე უარს არ ვეუბნებით, მაგრამ ამას როდი ჯერდება, ღმერთმანი! შემოვა დუქანში და რასაც თვალს მოჰკრავს, ყველაფერი მიაქვს: თოფ მაუდს დაინახავს, ამბობს: ეს, ჩემო ძამია, კარგი მაუდია, ჩემსას წაიღეო. ჰოდა, მიგვაქვს, თოფში კი ორმოცდაათ არშინამდის იქნება.

ხლესტაკოვი.

არა, მართლა? ოჰ, რა არამზადა ყოფილა!

ვაჭრები.

უფლის მადლმა! ამნაირი გოროდნიჩი ჯერ არავის მოსწრებია, მაშინათვე ყველაფერს მივმალავთ ხოლმე, როგორც კი თვალს მოვკრავთ. ესე იგი, დელიკატურ რასმე კი არა, ყოველგვარ ნაგავსაც არ თაკილობს. აგერ შვიდი წელიწადია კასრში შავქლიავი მიყრია, ჩემი ნოქარიც კი არა ჭამს, ის კი პეშვით იტენის. მაგის დღეობა ხომ ანტონობასაა, ჰოდა, ყველაფრით ავავსებთ ხოლმე, მაგრამ არა, დაუჩემებია, ონოფრობასაც ჩემი დღეობააო. მეტი რა ჯანია, ონოფრობასაც მივართმევთ ხოლმე.

ხლესტაკოვი.

ეს ხომ ნამდვილი ყაჩაღობაა!

ვაჭრები.

ღმერთმანი, ღმერთმანი! აბა გაბედე და სიტყვა შეუბრუნე - მთელ პოლკს ჩაგიყენებს სახლში, ან კიდევ კარს ჩაგიკეტავს. მე შენო ცემით არ გცემ და წამებით არ გაწამებო - ეგ კანონით აკრძალულიაო, სამაგიეროდ, ჩემო კარგო, ქაშაყით გაგიმასპინძლდებიო.

ხლესტაკოვი.

ოჰ, რა არამზადა ყოფილა! ამისთვის პირდაპირ ციმბირში უნდა უკრა თავი.

ვაჭრები.

სადაც შენი წყალობა ინებებს, იქ მიაბრძანე, ყველაფრის ღირსი იქნება, ოღონდ კი ჩვენ მოგვაშორე. ნუ იუკადრისებ ჩვენს ძღვენს, ჩვენო მამავ, შაქარი და ღვინო მოგართვით.

ხლესტაკოვი.

არა, მაგას თქვენ ნუ იფიქრებთ, მე ქრთამს არ ვიღებ, მაგრამ სესხად რომ მოგეცათ ერთი სამასიოდე მანეთი, ეს სულ სხვა იქნებოდა - სესხს ავიღებდი!

ვაჭრები.

ინებე, ჩვენო მამავ! (ამოიღებენ ფულს.) რაღა სამასი, ბარემ ხუთასი იყოს, ოღონდ დაგვეხმარე.

ხლესტაკოვი.

ძალიან კარგი, სესხად - კრინტსაც არ დავძრავ, ავიღებ.

ვაჭრები.

(ვერცხლის სინით მიართმევენ ფულს), ინებეთ და სინიც ფეშქაშად მიირთვით.

ხლესტაკოვი.

ჰო, სინიც შეიძლება. ვაჭრები. (თავის დაკვრით). ბარემ შაქარიც ინებეთ.

ხლეატაკოვი.

ოჰ, არა, მე არავითარ ქრთამს...

ოსიპი.

თქვენო მაღალკეთილშობილებავ! რატომ არ იღებთ? აიღეთ! გზაში ყველაფერი გამოსადეგია. მოიტათ აქ შაქრის თავებიც და ტომსიკაც. ყველაფერი მოიტათ! ყველაფერი გამოგვადგება. ეგ რა არის? ბაწარი? ბაწარიც მოიტათ - ბაწარიც გამოდგება გზაში: ღერძი გატყდება თუ სხვა რამ, - ბაწრით შეკრავ.

ვაჭრები.

მაშ მოიღეთ წყალობა თქვენო ბრწყინვალებავ! თუ თქვენც არ შეიწყნარებთ ჩვენს თხოვნას, მაშინ აღარ ვიცით, რა ვქნათ: თავი უნდა ჩამოვიხრჩოთ და ეგ არის

ხლესტაკოვი.

უსათუოდ, უსათუოდ, ვეცდები.

ვაჭრები გადიან: ისმის დედაკაცების ხმა: „არა, ნება არა გაქვს არ შემიშვა! სწორედ იმასთან გიჩივლებ! ხელს რას იკვრევინები, თუ იცი!“

ხლესტაკოვი.

ვინ ხარ მანდ? (მივა ფანჯარასთან). რა გინდა, დედილო?

ორი დედაკაცის ხმა.

შენს წყალობას მოველოდებით, ჩვენო მამავ! მოგვისმინე, ჩვენო ხელმწიფევ!

ხლესტაკოვი.

(ფანჯარაში). გამოუშვით ეგ დედაკაცი!



გამოსვლა XI

ხლესტაკოვი, ზეინკლის ცოლი და უნტერ-ოფიცრის ქვრივი.

ზეინკლის ცოლი.

(დაბლა თავს უკრავს). წყალობა მოიღეთ...

უნტერ-ოფიცრის ქვრივი.

წყალობა მოიღეთ...

ხლესტაკოვი.

თქვენ ვინა ხართ, ქალებო?

უნტერ-ოფიცრის ქვრივი.

უნტერ-ოფიცრის ივანოვის ქვრივი.

ზეინკლის ცოლი.

ზეინკლის ცოლი, აქაური მდაბიო მოქალაქე, ფევრონია პეტროვნა პოშლიოპკინა, ჩვენო მამავ!

ხლესტაკოვი.

მოიცა, ჯერ ერთმა ილაპარაკოს. აბა რა გინდა?

ზეინკლის ცოლი.

თქვენი წყალობის მთხოვნელი ვარ, გოროდნიჩზე მაქვს საჩივარი! ღმერთმა დასაჯოს და ათასი უბედურება თავს დაატეხოს, ღმერთმა არ მისცეს სიკეთე არც მაგის შვილებს, არც მაგ გაიძვერას, არც მაგის ბიძებს, არც მაგის მამიდებსა და დეიდებს!

ხლესტაკოვი.

რაო, რა იყო?

ზეინკლის ცოლი.

ჩემი ქმარი სალდათად გაამწესა მაგ არამზადამ, თუმცა ჯერ ჩვენი ჯერი არ იყო, კანონითაც არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ცოლიანია.

ხლესტაკოვი.

მერე, როგორ მოაწყო ეს საქმე?

ზეინკლის ცოლი.

მოაწყო, მოაწყო მაგ არამზადამ, ღმერთი მაგას დასწყევლის სააქაოსაც და საიქიოსაც! ჭირი და არგადარჩენა მაგ გაიძვერას, მაგის დეიდებსა და მამიდებს, მაგის მამას, თუ ჰყავს ისინი, ვაი და ვუი ყველას! რიგით თერძის შვილი უნდა წაეყვანათ სალდათად, მერე ლოთიც არის, მაგრამ მშობლებმა ძვირფასი ძღვენი მოართვეს. მერე ვაჭარ პანტელეევის შვილს დაეტაკა, პანტელეევის ცოლმა კი მის ცოლს სამი თოფი ტილო გაუგზავნა. მაშინ ჩემზე მოიცალა: რად გინდა შენ ქმარიო, შენთვის ის აღარ ვარგაო. მე უკეთ არ ვიცი, ვარგა თუ არა? ეს ჩემი საქმეა, შე არამზადავ შენა! შენი ქმარი ქურდიაო, მართალია, ახლა არაფერი არ მოუპარავს, მაგრამ სულ ერთია, მერე მოიპარავსო. მერედა გაისად ხომ მაინც წაიყვანენ სალდათადო. მე კი როგორ გავძლო უქმროდ, შე არამზადავ შენა! მე ერთი სუსტი ქალი ვარ, შე გათახსირებულო შენა! არ იხაროს შენმა მიტან-მოტანებამ ამ ქვეყნად! თუ სიდედრი ჰყავს, სიდედრსაც...

ხლესტაკოვი.

კარგი, კარგი (გაიყვანს დედაბერს.) აბა, შენ?

ზეინკლის ცოლი.

(გასვლისას). არ დაგავიწყდეს, ჩვენო მამავ! მოიღე წყალობა!

უნტერ-ოფიცრის ქვრივი.

გოროდნიჩიზე ვჩივი, ჩემო ხელმწიფევ!

ხლესტაკოვი.

აბა რაშია, საქმე, რაზე ჩივი? მოკლედ თქვი.

უნტერ-ოფიცრის ქვრივი.

გამწკეპლა, ბატონო.

ხლესტაკოვი.

როგორ?

უნტერ-ოფიცრის ქვრივი.

შეცდომით, ჩვენო მამავ! ბაზარში ჩვენს დედაკაცებს ჩხუბი მოუვიდათ, პოლიციამ ვერ მოუსწრო, მე კი დამიჭირეს და ისე გამწკეპლეს, ორი დღე ვერა ვჯდებოდი...

ხლესტაკოვი.

კარგი, მაგრამ ახლა რა ვქნათ?

უნტერ-ოფიცრის ქვრივი.

ახლა ვეღარაფერს იზამთ, მაგრამ შეცდომისთვის უბრძანე ჯარიმა გადაიხადოს. ჩემს იღბალზე უარს რატომ ვიტყვი, მით უფრო ფული ახლა ძალიან მჭირია!

ხლესტაკოვი.

კარგი, კარგი! წადით! წადით! განკარგულებას მოვახდენ. (ფანჯარაში გამოჩნდება არზებიანი ხელები.) ვინ არის კიდევ? (მივა ფანჯარასთან.) არ მინდა, არა, არაა საჭირო! (მოშორდება) თავი მომაბეზრეს. ეშმაკსაც წაუღიათ! ნუ შემოუშვებ, ოსიპ!

ოსიპი.

(ყვირის ფანჯრიდან.) წადით, წადით! დრო არ არის, ხვალ მოდით!

გაიღება კარი და გამოჩნდება შინელიანი, წვერგაუპარსავი კაცი, დასიებული ტუჩით და შეხვეული ყბით. მის უკან, პერსპექტივაში, რამდენიმე სხვაც მოჩანს.

ოსიპი.

გასწი, გასწი! სად მოძვრები? (ხელებს მუცელში მიაბჯენს, პირველს გაათრევს და კარსაც მოხურავს.)

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, gogoli, გოგოლი, ნოველები

ნახვა: 47

ბლოგ პოსტები

Three ways to get Final Fantasy XIV Gil for players

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Final Fantasy XIV players have many things to do in the game, such as completing a wonderful storyline, participating in PvP and so on. At the same time, they also have a decent quality of life, and this requires players to have some FFXIV Gil to embark on a journey in this fantastic land. FFXIV Gil is the currency in Final Fantasy XIV. Just like the British Pound or Japanese Yen, FFXIV Gil is the basis for all legal transactions in Final Fantasy XIV.

FFXIV Gil has too many functions,…

გაგრძელება

ომიკრონი მსოფლიოში, სააკაშვილი საქართველოში და აზარტის მართვა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 29, 2021.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

ბერძნული ანბანის სიდიადე ვირუსსმა გაისიგრძეგანა - მსოფლიო კოვიდვირუსის ახალმა შტამმა დაზაფრა - ომიკრონი. ჩვენთან კი მიხეილ სააკაშვილის პროცესს უფრო დიდი გამოხმაურება აქვს, ვიდრე სხვა ყველაფერ დანარჩენს. დღეს სასამართლოს დამნაშავე პრეზიდენტიც დაესწრო და სიტყვით მიმართა მოსახლეობას. დღე სულ მას მიეძღვნა და ასევე აზარტული თამაშების აკრზალვას. რაც შეეხება მოახლოებულ ზამთარს - საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. დოლარის ღირებულება - 3.0867 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები |…

გაგრძელება

რეალობის აღქმა

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2021.
საათი: 7:00pm 1 კომენტარი

   რეალობა პირობით მოვლენაა, თან ცვლადი და არც ისე შორს არ იძლევა გახედვის საშუალებას, რაც დღეს მონაპოვარი და განმტკიცებული და სწორი გვგონია ის ხვალ არა, ზეგ უკვე დიდი შეცდომააა, ადამიანის ფსიქიკა ძალიან სენსიტიური მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს მეგობრებო რომ დღეს უცებ რომ ვინმემ გვითხრას 18 წლის უკან მომხდარი ფაქტი რაც ყველას ჰგონია რომ…

გაგრძელება

DR8926-300 Nike Air Max 90 "Green Snakeskin" will be released in 2022

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As the Nike Air Max 90 inches approaches its 32nd anniversary, it has some non-original but eye-catching styles. Recently, Tinker Hatfield's iconic design incorporates green snakeskin panels and pink-style children's exclusive suits. Although the new surface layer retains the model's standard mesh sole, synthetic leather and TPU components, most of its upper also has a scaly covering layer. This detail can pay tribute to the upcoming animal-inspired Nike Sportswear series, as other Air Max…

გაგრძელება

Qwelly World

free counters