revizori pdf | gogoli revizori | nikolai gogoli revizori | რევიზორი | გოგოლი რევიზორი pdf | ნიკოლაი გოგოლის წიგნები

რევიზორი

← დასაწყისი

გამოსვლა XII

ხლესტაკოვი და მარია ანტონოვნა.

მარია ანტონოვნა.

აჰ!

ხლესტაკოვი.

აგრე რამ შეგაშინათ, ქალბატონო?

მარია ანტონოვნა.

არა, მე არ შემშინებია.

ხლესტაკოვი.

(მანჭვით). მერწმუნეთ, ქალბატონო, ძლიერ მესიამოვნა, თქვენ რომ იმისთანა კაცად მიმიღეთ, ვისაც... გავკადნიერდები და შეგეკითხებით - სად აპირებდით წაბრძანებას?

მარია ანტონოვნა.

გარწმუნებთ, არსად არ მივდიოდი.

ხლესტაკოვი.

მაგალითად, რატომ არსად არ მიდიოდით?

მარია ანტონოვნა.

ვიფიქრე, დედიკო აქ ხომ არ არის-მეთქი...

ხლესტაკოვი.

არა, მე მინდა გავიგო, რატომ არსად მიდიოდით?

მარია ანტონოვნა.

მე ხელი შეგიშალეთ... თქვენ დიდი საქმეებით იყავით გართული.

ხლესტაკოვი.

(მანჭვით.) თქვენი თვალები კი მე დიდ საქმეებს მირჩევნია, ან როგორ შემიშლით ხელს. პირიქით, თქვენ შეგიძლიათ სიამოვნება მომანიჭოთ.

მარია ანტონოვნა.

მართლა დედაქალაქელივით ლაპარაკობთ.

ხლესტაკოვი.

მხოლოდ თქვენისთანა მშვენიერი არსებისათვის... შემიძლია გავბედო და სკამი შემოგთავაზოთ? მაგრამ არა, თქვენ სკამი კი არა, ტახტი გეკადრებათ.

მარია ანტონოვნა.

ღმერთმანი, არ ვიცი, რა ვქნა... ისე კი მეჩქარება (დაჯდება.)

ხლესტაკოვი.

რა საუცხოო მანდილია!

მარია ანტონოვნა.

თქვენ მხოლოდ დაგვცინით პროვინციელებს.

ხლესტაკოვი.

ოჰ, როგორ მინდა, ქალბატონო, თქვენი მანდილი ვიყო, რომ მაგ შროშან ყელს შემოვეხვიო.

მარია ანტონოვნა.

სრულებით არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ: რაღაც მანდილიო... რა უცნაური ამინდია დღეს!

ხლესტაკოვი.

თქვენი ბაგენი, ქალბატონო, ყოველ ამინდს მირჩევნია!

მარია ანტონოვნა.

თქვენ სულ ამგვარებს ლაპარაკობთ... მე გთხოვთ სამახსოვროდ რაიმე ლექსი ჩამიწეროთ ალბომში. უეჭველია, ბევრი ლექსი გეცოდინებათ.

ხლესტაკოვი.

თქვენთვის, ქალბატონო, ყველაფერზე მზადა ვარ. ბრძანეთ, რანაირი ლექსები გნებავთ?

მარია ანტონოვნა.

რანაირიც არ უნდა იყოს, ოღონდაც კარგები და ახლები.

ხლესტაკოვი.

ლექსები რაა? მე ბევრი ლექსი ვიცი.

მარია ანტონოვნა.

აბა თქვით, რომელს ჩამიწერთ სახსოვრად?

ხლესტაკოვი.

თქმა რა საჭიროა? მე ისედაც ბევრი ვიცი.

მარია ანტონოვნა.

მე ძლიერ მიყვარს ლექსები...

ხლესტაკოვი.

მე ბევრნაირი ლექსი მაქვს. აი, თუნდაც ეს:

„გაჭირვების ჟამს ტყუილუბრალოდ

ღმერთს რად ემდური, ადამიანო!“

და ბევრი სხვა... ახლა ვერ მოვიგონებ. ეგ ყოველივე არაფერია! უკეთესი იქნება ამის მაგიერ წარმოგიდგინოთ ჩემი სიყვარული, რომელიც თქვენი ერთი გამოხედვით... (მიაჩოჩებს ქალისაკენ სკამს.)

მარია ანტონოვნა.

სიყვარული! მე არ მესმის სიყვარული... მე არც როდისმე მცოდნია, რა არის სიყვარული... (გასწევს სკამს.)

ხლესტაკოვი.

რად გასწიეთ სკამი? ჩვენთვის უფრო უკეთესი იქნება ერთმანეთის ახლო ვისხდეთ.

მარია ანტონოვნა.

(გასწევს.) რა საჭიროა ახლო? შორს იყოს, სულ ერთია.

ხლესტაკოვი.

(მისწევს მისკენ სკამს). რატომ შორს, ახლოს იყოს, რა უშავს?

მარია ანტონოვნა.

(სკამს გასწევს). აბა რა საჭიროა?

ხლესტაკოვი.

(სკამს სწევს მისკენ). არა, ეგ თქვენ გეჩვენებათ, ვითომ ახლო ვართ. რა ბედნიერი ვიქნებოდი, ქალბატონო, რომ შემეძლოს მკერდზე მიგიკრათ.

მარია ანტონოვნა.

(ფანჯარაში იცქირება). რა იყო ესა? თითქოს რაღაცა გაფრინდაო? კაჭკაჭია თუ სხვა რამ ფრინველი?

ხლესტაკოვი.

(აკოცებს მხარზე და ფანჯარაში იცქირება). ეგ კაჭკაჭია!

მარია ანტონოვნა.

(აღშფოთებული წამოდგება). არა, ეს მეტისმეტია... რა თავხედობაა!

ხლესტაკოვი.

(არ უშვებს). მაპატიეთ, ქალბატონო, ეს სიყვარულით მომივიდა, სწორედ სიყვარულით.

მარია ანტონოვნა.

თქვენ ისეთი პროვინციელი ქალი გგონივართ... (ცდილობს წავიდეს.)

ხლესტაკოვი.

(ისევ აჩერებს). სიყვარულით, გარწმუნებთ, მხოლოდ სიყვარულით! მე გაგეხუმრეთ მხოლოდ; ნუ ჯავრობთ, მარია ანტონოვნა! მე მზად ვარ მუხლმოდრეკით გთხოვოთ შენდობა (მუხლებზე დაეცემა.) მაპატიეთ, მაპატიეთ, ხომ ხედავთ, დაჩოქილი ვარ!

გამოსვლა XIII

იგინივე და ანა ანდრეევნა.

ანა ანდრეევნა.

(დაინახავს დაჩოქილ ხლესტაკოვს), აჰ, რა პასაჟია!

ხლესტაკოვი.

(წამოდგება). დასწყევლოს ღმერთმა!

ანა ანდრეევნა.

(ქალიშვილს). ეს რას ნიშნავს, ქალბატონო? ეს რა საქციელია?

მარია ანტონოვნა.

დედიკო... მე...

ანა ანდრეევნა.

გასწი აქედან! გესმის, გასწი, გასწი! თვალით არ დამენახო! (მარია ანტონოვნა თვალცრემლიანი გადის.) უკაცრავად კი ნუ ვიქნები და ისე ვარ გაოცებული...

ხლესტაკოვი.

(თავისთვის). ესეც კაი გემრიელი ლუკმაა, ამასაც არა უშავს რა! (მუხლებზე ეცემა.) ქალბატონო, ხომ ხედავთ, სიყვარულით ვიწვი!

ანა ანდრეევნა.

როგორ, თქვენ და მუხლმოყრილი? წამოდექით, აქ იატაკი არც ისე სუფთაა!

ხლესტაკოვი.

არა, უეჭველად მუხლმოდრეკით! უნდა გავიგო, რა მიწერია, სიცოცხლე თუ სიკვდილი?

ანა ანდრეევნა.

მოითმინეთ, მე არ მესმის, რას მეუბნებით, თუ არ ვცდები თქვენი დეკლარაცია ჩემს ქალიშვილს შეეხება?

ხლესტაკოვი.

არა, მე თქვენ მიყვარხართ! ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, თუ ჩემს მარადიულ სიყვარულს არ დააგვირგვინებთ, მაშ ღირსი არ ვყოფილვარ ამ ქვეყნად არსებობისა. გულზე ცეცხლმოდებული გთხოვთ ხელს.

ანა ანდრეევნა.

კი მაგრამ, ნება მიბოძეთ მოგაგონოთ: მე, ასე ვთქვათ... გათხოვილი ვარ.

ხლესტაკოვი.

ეგ არაფერია! სიყვარულისათვის განსხვავება არ არსებობს; ჯერ კიდევ კარამზინმა თქვა: „კანონები სჯიანო!“ ჩვენ განვმარტოვდებით კამარის ჩრდილში... ხელსა გთხოვთ, ხელს! გემუდარებით.

გამოსვლა XIV

იგინივე და მარია ანტონოვნა (ერთბაშად შემორბის).

მარია ანტონოვნა.

დედიკო, მამიკომ თქვა, რომ... (დაინახავს დაჩოქილ ხლესტაკოვს და შეჰკივლებს.) აჰ, რა პასაჟია!

ანა ანდრეევნა.

რა იყო? რა მოხდა? რა ამბავია? ეს რა ქარაფშუტობაა! შემორბიხარ დამდუღრულ კატასავით! რა ნახე ასეთი საკვირველი? თავში რა მოგსვლია? ღმერთმანი, სამი წლის ბავშვივით ირჯები! არ გეტყობა, სრულებით არ გეტყობა, რომ თვრამეტი წლისა ხარ, არ ვიცი, როდის დაჭკვიანდები, როდის მოიქცევი ისე, როგორც შეჰფერის კარგად აღზრდილ ქალიშვილს. როდის გეცოდინება კარგი წესები და ზრდილობიანი ქცევა, როდის დადინჯდები.

მარია ანტონოვნა.

(აცრემლებული). ღმერთმანი, დედიკო, არ ვიცოდი...

ანა ადნრეევნა.

შენ მუდამ ქარი გიქრის თავში; მაგალითს ლიაპკინ-ტიაპკინის ქალიშვილებისაგან იღებ! იმათ რას ჰბაძავ! რა საჭიროა იმათ წაბაძო, როცა შენ სხვა მაგალითი გყავს წინ: დედაშენი. აი, რა მაგალითს უნდა მისდიო...

ხლესტაკოვი.

(სტაცებს მარია ანტონოვნას ხელს). ანა ანდრეევნა, ნუ აღუდგებით წინ ჩვენს ბედნიერებას, დალოცეთ სამარადისო სიყვარული.

ანა ანდრეევნა.

(გაკვირვებით). მაშ თქვენ ეგ გიყვართ?

ხლესტაკოვი.

გადაწყვიტეთ: სიცოცხლე თუ სიკვდილი?

ანა ანდრეევნა.

აი, ხომ ხედავ, შე სულელო, ხომ ხედავ: შენისთანა ტუტრუცანას გულისთვის ძვირფასი სტუმარი მუხლებზე იყო დაჩოქილი; შენ კი უეცრად შემოვარდი დამთხვეულივით. მართლაც ახი იქნება შენზე, განზრახ უარი ვუთხრა: ღირსი არა ხარ ასეთი ბედნიერების!

მარია ანტონოვნა.

არა, მეტს აღარ ვიზამ, დედიკო, ღმერთმანი, აღარ ვიზამ.



გამოსვლა XV

იგინივე და აქლოშინებული გოროდნიჩი

გოროდნიჩი.

თქვენო აღმატებულებავ, ნუ დამღუპავთ, ნუ გამწირავთ!

ხლესტაკოვი.

რა მოგივიდათ?

გოროდნიჩი.

აქ თურმე ვაჭრებს უჩივლიათ თქვენს აღმატებულებასთან. პატიოსნებას გეფიცებით, იმის ნახევარიც არ არის მართალი, რასაც ისინი ამბობენ. თვითონ ვაჭრები ატყუებენ ხალხს. უნტერ-ოფიცრის ქვრივმა მოგატყუილათ, გამწკეპლაო. ტყუის, ღმერთმანი, ტყუის. თვითონ გაიწკეპლა თავი.

ხლესტაკოვი.

ჯანდაბამდის გზა ჰქონია უნტერ-ოფიცრის ქვრივს, რა იმისთვის მცხელა ახლა!

გოროდნიჩი.

ნუ დაუჯერებთ, ნუ დაუჯერებთ, ისეთი მატყუარა ხალხია... იმათ ამხელა ბავშვიც არ დაუჯერებს. მთელ ქალაქში ცნობილი მატყუარები არიან. რაც შეეხება თაღლითობას, მაგათთანა თაღლითები ჯერ ქვეყნად არც გაჩენილან.

ანა ანდრეევნა.

იცი, რა პატივი დაგვდო ივან ალექსანდროვიჩმა? ჩვენს ქალიშვილს გვთხოვს ცოლად.

გოროდნიჩი.

ეი, ეი, შეიშალე, დედაკაცო? ნუ განრისხდებით თქვენო აღმატებულებავ: ცოტა წაიჩერჩეტებს, დედაც ასეთი ჰყავდა.

ხლესტაკოვი.

დიახ, მართალია, მე ვთხოულობ თქვენს ქალს... მე შეყვარებული ვარ...

გოროდნიჩი.

ვერ დავიჯერებ, თქვენო აღმატებულებავ!

ანა ანდრეევნა.

ადამიანო, როცა გეუბნებიან გაიგონე!

ხლესტაკოვი.

მე არ გეხუმრებით... სიყვარულისაგან შესაძლოა ჭკუაზე შევცდე.

გოროდნიჩი.

ვერ დავიჯერებ, ვერა, ასეთი პატივის ღირსი არა ვარ!

ხლესტაკოვი.

თუ მარია ანტონოვნას არ მომათხოვებთ, იცოდეთ, არ ვიცი, რას ჩავიდენ...

გოროდნიჩი.

ვერ დავიჯერებ, ვერა: თქვენ ხუმრობთ, თქვენო აღმატებულებავ!

ანა ანდრეევნა.

ეს რა ჯირკია, ღმერთო! როცა გეუბნებიან, გაიგონე!

გოროდნიჩი.

დაჯერება არ შემიძლია.

ხლესტაკოვი.

მომათხოვეთ, მომათხოვეთ, მე თავზე ხელაღებული კაცი ვარ. უკან არაფერზე დავიხევ: მე რომ თავი მოვიკლა, თქვენ სამართალში მიგცემენ.

გოროდნიჩი.

ღმერთო ჩემო! ღმერთმანი, არც სულით, არც ხორცით დამნაშავე არა ვარ! ნუ ინებებთ გაჯავრებას! როგორც თქვენს მოწყალებას ენებოს, ისე მოიქეცით! მე ახლა თავში ისეთი დომხალი მაქვს, თვითონ არ ვიცი რა ხდება... ისე გამოვყეყეჩდი, თავის დღეში ასე არ ვყოფილვარ...

ანა ანდრეევნა.

აბა, დალოცე!

ხლესტაკოვი და მარია ანტონოვნა მივლენ გოროდნიჩისთან.

გოროდნიჩი.

უფალმა დაგლოცოთ! ოღონდაც ჩემი ბრალი არაა. (ხლესტაკოვი ჰკოცნის მარია ანტონოვნას. გოროდნიჩი შეჰყურებს ორივეს) დალახვროს ეშმაკმა, მართალი ყოფილა! (თვალებს იფშვნეტს.) ჰკოცნიან ერთმანეთს, ღმერთო, ერთმანეთს ჰკოცნიან! მართლა სასიძოა! (შეჰყვირებს და სიხარულით კუნტრუშებს.) აფერუმ, ანტონ! აფერუმ, გოროდნიჩი! აი როგორ მოეწყო საქმე!



გამოსვლა XVI

იგინივე და ოსიპი

ოსიპი.

ცხენები მზად გახლავთ.

ხლესტაკოვი.

ჰო, კარგი... მე ახლავე.

გოროდნიჩი.

როგორ? მიბრძანდებით?

ხლესტაკოვი.

დიახ, გეახლებით.

გოროდნიჩი.

ის კი როდისღა... თქვენ, მგონი, გადაკვრით ბრძანეთ ქორწილის თაობაზე?

ხლესტაკოვი.

ჰო, ეს... ერთი წუთით მხოლოდ... ერთი დღით მივალ ბიძაჩემთან - მდიდარი მოხუცია და ხვალვე დავბრუნდები... (მარია ანტონოვნას) დიახ, დიახ, მშვიდობით, ჩემო საყვარელო! არა, სიტყვები ვერ გამომითქვამს! მშვიდობით, ჩემო სულიკო! (აკოცებს მარია ანტონოვნას ხელზე.)

გოროდნიჩი.

გზაში ხომ არა გნებავთ რა? მგონი, ფული გჭირდებათ.

ხლესტაკოვი.

არა, რა საჭიროა? (ცოტა ფიქრის შემდეგ.) თუმცა რატომაც არა.

გოროდნიჩი.

რამდენს ინებებთ?

ხლესტაკოვი.

მაშინ ხომ ორასი მომეცით, ესე იგი, ორასი კი არა, ოთხასი. მე არა მსურს ვისარგებლო თქვენი შეცდომით; ჰოდა, ახლაც რომ მაგდენი იყოს, მაშინ სწორედ რვაასი გამოვა.

გოროდნიჩი.

ახლავე! (ფულს ამოიღებს საფულედან.) თითქოს განგებ, სულ ტკიცინა გახლავთ!

ხლესტაკოვი.

ჰო, მართლაც! (გამოართმევს და ათვალიერებს ასიგნაციებს.) ეს კარგია, ამბობენ, ახალი ფული ახალი ბედის მომასწავებელიაო.

გოროდნიჩი.

სწორედ ეგრე გახლავთ.

ხლესტაკოვი.

მშვიდობით, ანტონ ანტონოვიჩ! დიდად დავალებული ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობით. გულწრფელად გეუბნებით: ასე კარგად არსად არ დამხვედრიან. მშვიდობით, ანა ანდრეევნა! მშვიდობით, ჩემო სულიკო, მარია ანტონოვნა! (გადიან.)

სცენის უკან:

ხლესტიაკოვის ხმა.

მშვიდობით, ჩემო სულის ანგელოზო, მარია ანტონოვნა!

გოროდნიჩის ხმა.

როგორ? ამ უბრალო ეტლით მიბრძანდებით?

ხლესტაკოვის ხმა.

ჰო, ამას უკვე შევეჩვიე, რესორებისაგან თავი მტკივა ხოლმე.

მეეტლის ხმა.

თრრ...

გოროდნიჩის ხმა.

მაშინ რამე დავფინოთ მაინც, თუნდაც პატარა ხალი! თუ ინებებთ, ვუბრძანებ პატარა ხალი მოგართვან.

ხლესტაკოვის ხმა.

რა საჭიროა? არა უშავს! თუმცა მართალი ხართ, მოიტანონ პატარა ხალი!

გოროდნიჩის ხმა.

ეი, ავდოტია, ადი საკუჭნაოში, ამოიტანე საუკეთესო ხალი, ცისფერი რომ არის, სპარსული, მალე!

მეეტლის ხმა.

თრრ...

გოროდნიჩის ხმა.

მაშ როდისთვის გვიბრძანებთ მოგელოდოთ?

ხლესტაკოვის ხმა.

ხვალ ან ზეგ!

ოსიპის ხმა.

ოჰო, ეს ხალია? აქ მოიტა. აი ასე დადე, ახლა იქით ცოტა თივა ამოუდე.

მეეტლის ხმა.

თრრ...

ოსიპის ხმა.

აი აქეთ! აქეთ-მეთქი! კარგია! მშვენიერი იქნება! (ხალიჩას ხელს დაჰკრავს.) აბა ახლა დაბრძანდით, თქვენო კეთილშობილებავ!

ხლესტაკოვის ხმა.

მშვიდობით, ანტონ ანტონოვიჩ!

გოროდნიჩის ხმა.

მშვიდობით, თქვენო აღმატებულებავ!

ქალების ხმა.

მშვიდობით, ივან ალექსანდროვიჩ!

ხლესტაკოვის ხმა.

მშვიდობით, დედიკო!

მეეტლის ხმა.

აბა ჰე, ჩემო რაშებო!

(ეჟვნები ჟღარუნობს. ფარდა ეშვება).



მეხუთე მოქმედება

ისევ ის ოთახი



გამოსვლა I

გოროდნიჩი, ანა ანდრეევნა და მარია ანტონოვნა.

გოროდნიჩი.

აბა, რას იტყვი ანა ანდრეევნა? იფიქრებდი ასეთ რასმე? ჯილდოც ასეთი უნდა, დალახვროს ეშმაკმა! არა, გულწრფელად აღიარე, რომ არც დაგესიზმრებოდა, რომ ვიღაც გოროდნიჩის ცოლი და უეცრად... ფუი, დალახვროს ეშმაკმა, შენ გესმის, ვის დაუმოყვრდი?!

ანა ანდრეევნა.

რატომაც არა! მე ეს დიდი ხანია ვიცოდი. ეს შენ გიკვირს, იმიტომ რომ უბრალო კაცი ხარ და თავის დღეში წესიერი ხალხი არ გინახავს.

გოროდნიჩი.

თვითონ მე გახლავართ, ბატონო ჩემო, წესიერი კაცი. არა, მართლაცდა რომ დავფიქრდები, ანა ანდრეევნა, რა დიდკაცები შევიქენით ახლა მე და შენ! ჰა, ანა ანდრეევნა? მაღლა-მაღლა მონავარდენი! დალახვროს ეშმაკმა! დამაცადე, ახლა მე ვიცი, რა სეირს დავაყრი იმათ, ვინც არზებს და საჩივრებს აცხობდა! ჰეი, ვინა ხართ მანდ? (შემოდის უბნის პოლიციელი). შენა ხარ, ივან კარპოვიჩ? დამიძახე, ჩემო ძმაო, აქ ვაჭრებს, მე ვუჩვენებ სეირს იმ მუდრეგებს! მაშ ჩემზე საჩივრები? ჰაიტ, თქვე წყეულო იუდებო! დამაცათ, ძვირფასებო! წინათ ყელამდე გაჭმევდით მხოლოდ, ახლა კი პირამდე გაგაძღებთ. ყველა ჩამიწერე, ვინც ჩემზე ჩიოდა, მეტადრე ის ვაჟბატონი მჯღაბნელები, არზებს რომ აფრიალებდნენ. ყველას გამოუცხადე, ყველამ შეიტყოს, ღმერთმა რა ბედი გამოუგზავნა გოროდნიჩის: თავის ქალს ათხოვებს-თქო არა ვიღაც უბრალო მოხელეზე, არამედ ისეთ კაცზე, რომლის ბადალი ჯერ მთელ ქვეყნიერებას არ მოვლენია-თქო, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია-თქო, ყველაფრის, ყველაფრისა! ყველას გამოუცხადე, ყველამ იცოდეს, შეჰყარე მთელი ხალხი, დააგუგუნე ზარები, დალახვროს ეშმაკმა! თუ ზეიმია, ზეიმი იყოს! (უბნის პოლიციელი გადის). მაშ ასე, ანა ანდრეევნა! როგორ მოვაწყოთ ახლა ჩვენი საქმე, სად ვიცხოვროთ? აქ თუ პიტერში?

ანა ანდრეევნა.

რა თქმა უნდა, პეტერბურგში. აქ დარჩენა როგორ შეიძლება!

გოროდნიჩი.

მაშ თუ პიტერში გსურს, პიტერში იყოს, თუმცა აქაც ურიგო არ იქნებოდა. რას იტყვი, მე ვფიქრობ, მაშინ გოროდნიჩობა მეწყერს წაუღია, ჰა, ანა ანდრეევნა?!

ანა ანდრეევნა.

რა თქმა უნდა, გოროდნიჩობა რა საკადრისია!

გოროდნიჩი.

შენ როგორ ფიქრობ? ახლა შესაძლოა დიდი ჩინი გაიტყაპუნოს კაცმა, იმიტომ რომ ის ყველა მინისტრთან ძმაბიჭურადაა და სასახლეშიაც დადის. ამიტომ შეუძლია ისეთ დაწინაურებაზე წარმადგინოს, თავის დროზე გენერლადაც გავძვრე. შენ როგორ ფიქრობ, ანა ანდრეევნა, შეიძლება გენერლად გავძვრე?

ანა ანდრეევნა.

რა თქმა უნდა! რასაკვირველია, შეიძლება.

გოროდნიჩი.

ეჰ, დალახვროს ეშმაკმა, გენერლობას რა სჯობია! კავალერიას ჩამოგკიდებენ მხარზე. რომელი კავალერია სჯობს, წითელი თუ ცისფერი?

ანა ანდრეევნა.

რა თქმა უნდა, ცისფერი ემჯობინება!

გოროდნიჩი.

დახე ერთი, რა მოინდომა! წითელზედაც ყაბულს იქნები. იცი, რატომ მინდა გენერლობა? იმიტომ რომ, თუ ვინიცობაა, გამგზავრება მომინდა სადმე, ფელდიეგერები და ადიუტანტები ჩემზე წინ მოუსვამენ და ყველგან მოითხოვენ „ცხენებიო“. სადგურებში ცხენებს არავის მისცემენ, ყველა მოიცდის: ყველა; ყველა ეს ტიტულიარნი სოვეტნიკებიო, კაპიტნებიო, გოროდნიჩებიო, შენ კი აინუნშიაც არავის აგდებ, სადილს მიირთმევ სადმე გუბერნატორთან, შენ კი იდექ და იცადე, გოროდნიჩო! ხე-ხე-ხე! (ხითხითებს სიამოვნებით). აი, დალახვროს, რა არის სახარბიელო!

ანა ანდრეევნა.

შენ სულ მაგისთანა ტლანქი რამეები მოგწონს. შენ უნდა გახსოვდეს, რომ ახლა ცხოვრება უნდა გამოიცვალო, რომ შენი ნაცნობები აღარ იქნებიან ვიღაც მეძაღლე-მოსამართლე, ვისთანაც კურდღლებზე სანადიროდ დადიხარ, ან ზემლიანიკა. ახლა შენი ნაცნობები იქნებიან ზრდილი, მაღალი წრის ხალხი - გრაფები და დიდკაცები... ეს კია, ძლიერ მეშინია შენი: ხანდახან ისეთი სიტყვა წამოგცდება, რიგიან საზოგადოებაში რომ ვერასოდეს ვერ გაიგონებ.

გოროდნიჩი.

მერე რა! სიტყვა რას აშავებს!

ანა ანდრეევნა.

როცა გოროდნიჩი იყავ, მაშინ არ აშავებდა, ახლა კი სულ სხვა ამბავია.

გოროდნიჩი.

ჰო, ამბობენ იქ ორნაირი თევზიაო - ცქიმურა და ჭაპალა. ისეთებია თურმე, ჭამას რომ დაიწყებ, ნერწყვი წამოგივა.

ანა ანდრეევნა.

ამას ოღონდ თევზი არ მოაკლდეს! მე კი მინდა, რომ ჩვენი სახლი სატახტო ქალაქში პირველი იყოს და ჩემს ოთახში ისეთი სურნელება იდგეს, კაცი ვერ შემოდიოდეს და მხოლოდ თვალებს ხუჭავდეს, აი ასე. (დახუჭავს თვალებს და ყნოსავს.) ოჰ, ოჰ, რა კარგია!



გამოსვლა II

იგინივე და ვაჭრები.

გოროდნიჩი.

აა, გამარჯობათ საყვარლებო!

ვაჭრები.

(თავის დაკვრით.) ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგაკლოთ, ბატონო!

გოროდნიჩი.

რაო, ძვირფასებო. როგორ გიკითხოთ? როგორ ასაღებთ საქონელს? რაო, თქვე ჩაით გაჭყეპილებო, თქვე არშინის ჭიებო, მიჩივით? არამზადებო, გაიძვერებო, ქვეყნის თვალთმაქცებო! მიჩივით? მერე რა გაიტანეთ? გეგონათ აგერ-აგერ საპატიმროში უკრავენ თავსო! იცით თუ არა, თქვე ქაჯებისა და კუდიანების არჩივნო, რომ...

ანა ანდრეევნა.

ოჰ, ღმერთო ჩემო! ანტოშა, რა სიტყვებს გაიძახი!

გოროდნიჩი.

(უკმაყოფილო). ეჰ, ახლა რა სიტყვებისა მცხელა! იცით თუ არა, რომ ის ჩინოვნიკი, ვისთანაც მიჩივლეთ, ახლა ჩემს ქალს ირთავს? რაო? ჰა? რას იტყვით? უ, თქვენი!... ხალხს ატყუებთ!... ხაზინიდან იჯარას აიღებთ, დამპალ მაუდს გაასაღებთ და ასი ათას მანეთს გამორჩებით. მერე ოციოდე არშინს შესწირავთ და ამაში ჯილდოსაც ითხოვთ! რომ იცოდნენ, ისეთ დღეს დაგაწევდნენ რომა... გადმოუგდია ღიპი, აქაოდა ვაჭარი ვარ, ხელი არ მახლოთო. ჩვენაო, - გაიძახიან, - თავადაზნაურობასაც არ ჩამოუვარდებითო! აზნაური... შე ჯოჯო, შენა, აზნაური მეცნიერებას სწავლობს. იმას თუ წკეპლავენ სკოლაში, საქმის გულისთვის მაინც წკეპლავენ, რომ იცოდეს, რა არის სასარგებლო; შენ კი რა ხარ? იწყებ თაღლითობით, პატრონი გცემს იმისათვის, რომ მოტყუება არ იცი... ჯერ კიდევ პატარა ბიჭი რომ ხარ და „მამაო ჩვენო“ არ გისწავლია, უკვე ზომაში ატყუებ ხალხს; ხოლო როდესაც ღიპს გადმოაგდებ და ჯიბეს გაისქელებ, მაშინ გაიბერები! დიდი ამბავი, რაღა! დღეში რომ თექვსმეტ სამოვარ ჩაის ჩაცეცხლავ, ამით მოგაქვს თავი? მიმიფურთხებია შენთვისაც და შენი მედიდურობისთვისაც!

ვაჭრები.

(თავის დაკვრით). შევცდით, ანტონ ანტონოვიჩ!

გოროდნიჩი.

მიჩივით, არა? მერედა შენ ვინ დაგეხმარა თაღლითობაში, ხიდს რომ აშენებდი და ორი ათასი თუმნის ხე-ტყე ჩასწერე, თუმცა სინამდვილეში ათი თუმნისაც არ იყო? მე დაგეხმარე, შე თხაწვერავ! დაგავიწყდა ეს? მე რომ გამეცხადებინა, ციმბირიც უკან დაგრჩებოდა, ამაზე რას იტყვი, ჰა?

ერთი ვაჭარი.

ღმერთს შევცოდეთ, ანტონ ანტონოვიჩ! ეშმაკმა შეგვაცდინა. აღთქმას გაძლევთ, აღარასდროს არ გიჩივლოთ. დაგვავალე რაც გენებოს, ოღონდაც ნუ შეგვრისხავ!

გოროდნიჩი.

ნუ შეგვრისხავ!... აი, ახლა ჩემ ფეხქვეშ გართხმულხარ. რატომ? იმიტომ, რომ მე გაჯობე, მაგრამ შენს მხარეს რომ ყოფილიყო გამარჯვება, გაიძვერავ, ტალახში ჩამტენიდი და ზემოდან ძელებსაც დამაყრიდი.

ვაჭრები.

(დაბლა უკრავენ თავს). ნუ დაგვღუპავ, ანტონ ანტონოვიჩ!

გოროდნიჩი.

ნუ დაგვღუპავ! ამას ახლა გაიძახით, აქამდის კი რას ამბობდით? თქვენ ყველას უნდა... (ჩაიქნევს ხელს) კარგით, ღმერთმა შეგინდოთ! კმარა. მე გულღვარძლიანი არა ვარ! მაგრამ ახლა კი ფრთხილად იყავით! ჩემს ქალს ვიღაც უბრალო აზნაურს კი არ ვაძლევ: იცოდეთ, თავგადასაგდები იყოს... გაიგეთ? ის კი არ გეგონოთ, ზურგიელით ან შაქრის თავით გადარჩეთ... ახლა კი წადით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! (ვაჭრები გადიან).



გამოსვლა III

იგინივე, ამოს ფედოროვიჩი, არტემი ფილიპოვიჩი, მერე რასტაკოვსკი.

ამოს ფედოროვიჩი.

(ზღურბლიდან იძახის). ანტონ ანტონოვიჩ, დავუჯეროთ განა ხმებს? არაჩვეულებრივი ბედნიერება გეწვიათ განა?

არტემი ფილიპოვიჩი.

მაქვს პატივი მოგილოცოთ არაჩვეულებრივი ბედნიერება. სულითა და გულით გავიხარე, როცა გავიგე. (ხელზე ჰკოცნის ანა ანდრეევნას). ანა ანდრეევნა! (ხელზე ჰკოცნის მარია ანტონოვნას) მარია ანტონოვნა!

რასტაკოვსკი.

(შემოდის). ანტონ ანტონოვიჩს ვულოცავ. ღმერთმა ხანგრძლივი ჰყოს სიცოცხლე თქვენი და ახალი ცოლ-ქმრისა, მოგასწროთ ღმერთმა უამრავი შთამომავლობა, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ანა ანდრეევნა! (ხელზე ჰკოცნის ანა ანდრეევნას). მარია ანტონოვნა! (ხელზე ჰკოცნის მარია ანტონოვნას).



გამოსვლა IV

იგინივე, კოროკოვი ცოლით და ლულუკოვი.

კორობკინი.

მაქვს პატივი მივულოცო ანტონ ანტონოვიჩს. ანა ანდრეევნა! (ჰკოცნის ხელზე). მარია ანტონოვნა! (ჰკოცნის ხელზე).

კორობკინის ცოლი.

სულითა და გულით გილოცავთ ანა ანდრევნა, ახალ ბედნიერებას.

ლულუკოვი.

მაქვს პატივი, მოგილოცოთ ანა ანდრევნა! (ხელზე ჰკოცნის, მერე ხალხისკენ მიბრუნდება და მოწონების ნიშნად ენას გააწკლაპუნებს.) მარია ანტონოვნა! მაქვს პატივი მოგილოცოთ! (ხელზე ჰკოცნის და მერე ხალხს მიუბრუნდება იგივე მოწონების წკლაპუნით).



გამოსვლა V

იგინივე და მრავალი სტუმარი, სერთუკებსა და ფრაკებში გამოწყობილნი.

ჯერ ანა ანდრეევნას ჰკოცნიან ხელზე და თან დასძენენ: „ანა ანდრეევნა!“, შემდეგ მარია ანტონოვნას და თან დასძენენ: „მარია ანტონოვნა!“ ბობჩინსკი და დობჩინსკი ძლივს გამოაღწევენ სტუმრებში.

ბობჩინსკი.

მაქვს პატივი მოგილოცოთ!

დობჩინსკი.

ანტონ ანტონოვიჩ! მაქვს პატივი მოგილოცოთ!

ბობჩინსკი.

გილოცავთ კეთილ ამბავს!

დობჩინსკი.

ანა ანდრეევნა!

ბობჩინსკი.

ანა ანდრეევნა! (ორივე ერთსა და იმავე დროს მიუახლოვდება და შუბლით ეჯახებიან ერთმანეთს).

დობჩინსკი.

მარია ანტონოვნა! (ჰკოცნის ხელზე). მაქვს პატივი მოგილოცოთ, დიდზე დიდ ბედნიერებაში იქნებით, ოქროს სამოსელში ივლით, ნაირ-ნაირ დელიკატურ წვნიანს მიირთმევთ, ძალიან, ძალიან მხიარულ დროსტარებაში იქნებით.

ბობჩინსკი.

(აწყვეტინებს). მარია ანტონოვნა! მაქვს პატივი მოგილოცოთ! ღმერთმა მოგცეთ ყოველგვარი სიკეთე და სიმდიდრე, ოქროს ფულები და ვაჟიშვილიც, დიახ, აი ეგეთი პაწაწა, აი ამხელა! (ხელით უჩვენებს), რომ კაცმა ხელისგულზე დასვას, დიახ, იმან კი „აღუ! აღუ!“ იძახოს!



გამოსვლა VI

კიდევ რამდენიმე სტუმარი, ლუკა ლუკიჩი ცოლით.

ლუკა ლუკიჩი.

მაქვს პატივი...

ლუკა ლუკიჩის ცოლი.

(გარბის წინ). მომილოცნია, ანა ანდრეევნა! (ჰკოცნიან ერთმანეთს.) მე კი, ღმერთმანი, ისე გამეხარდა, ისე! მეუბნებიან: „ანა ანდრეევნა ქალს ათხოვებსო“. „ოჰ, ღმერთო ჩემო! - ვფიქრობ გულში და ისე მიხარია, რომ ქმარსაც ვეუბნები: - გამიგონე, ლუკანჩიკ, აი რა ბედი ეწია-მეთქი ანა ანდრეევნას!“ ვფიქრობ: „მადლობა ღმერთს!“ და ქმარსაც ვეუბნები: „ისე აღტაცებული ვარ, რომ ვეღარ ვითმენ, პირადად უნდა მივულოცო-მეთქი ანა ანდრეევნას“... „ოჰ, ღმერთო ჩემო, - ვფიქრობ გულში, - ანა ანდრეევნა სწორედ კარგ საქმროს ელოდა თავისი ქალისათვის და აი ბედმა კიდეც გაუჭრა: „სწორედ ისე მოხდა, როგორც მას სურდა-მეთქი“, ისე გამეხარდა, ღმერთმანი, რომ ლაპარაკი არ შემეძლო. ვტირი და ვტირი, პირდაპირ ვქვითინებ.

ლუკა ლუკიჩი მეუბნება: „რა გატირებს ნასტენკა!“ ვეუბნები: „ლუკანჩიკ, მე თვითონ არ ვიცი, ცრემლები ღაპაღუპით კი მომდის და მომდის-მეთქი“.

გოროდნიჩი.

უმორჩილესად გთხოვთ დაბრძანდეთ, ბატონებო! ეი, მიშკა, ბლომად მოიტანე სკამები. (სტუმრები დასხდებიან).



გამოსვლა VII

იგინივე, უბნის ბოქაული და პოლიციელები.

ბოქაული.

მაქვს პატივი მოგილოცოთ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ, და გისურვოთ კეთილდღეობა მრავალსა და მრავალწელს!

გოროდნიჩი.

გმადლობთ, გმადლობთ! გთხოვთ დაბრძანდეთ, ბატონებო!

(სტუმრები დასხდებიან).

ამოს ფედოროვიჩი.

ერთი გვიბრძანეთ, ანტონ ანტონოვიჩ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, თანდათან როგორ განვითარდა საქმე?

გოროდნიჩი.

განსაკუთრებულად მოხდა ყოველივე: ინება და თვითონ პირადად გვთხოვა ქალის ხელი.

ანა ანდრეევნა.

იშვიათი პატივისცემითა და თავაზიანობით. ყველაფერი გასაოცარი ლაზათითა თქვა: - მეო, ანა ანდრეევნა, მხოლოდ თქვენი ღირსების პატივისცემითა და ხათრითო... მერე რა მშვენიერი, რა ზრდილი ყმაწვილი კაცია, კეთილშობილი ზნე-ხასიათისა. „მერწმუნეთ, ანა ანდრეევნა, სიცოცხლე გროშკაპიკად არ მიღირსო... მე მხოლოდ იმიტომაო, რომ ვაფასებ თქვენს იშვიათ თვისებებსაო“.

მარია ანტონოვნა.

ოჰ, დედიკო! ამას ხომ მე მეუბნებოდა...

ანა ანდრეევნა.

გაჩუმდი, შენ არაფერი არ იცი და რაც შენი საქმე არ არის, ნუ ერევი. - მეო, ანა ანდრეევნა, გაოცებული ვარო. ჰოდა, იმისთანა ქების სიტყვები დააფრქვია... ის იყო უნდა მეთქვა, ჩვენ არასგზით არ მოველოდით-მეთქი ამისთანა მაღალ პატივს, რომ უეცრივ მუხლებზე დაეცა და უაღრესად კეთილშობილი კილოთი თქვა: ანა ანდრეევნა! ნუ გამხდით უუბედურეს კაცადო! დათანხმდით და თანაუგრძნეთ ჩემს გრძნობებს, თორემ სიკვდილით დავასრულებ ჩემს სიცოცხლესო.

მარია ანტონოვნა.

დედიკო, ამას ხომ ჩემზე ამბობდა.

ანა ანდრეევნა.

რა თქმა უნდა, შენზედაც, განა მე უარვყოფ ამას?

გოროდნიჩი.

წარმოიდგინეთ, შეგვაშინა კიდეც: თავს მოვიკლავო! - გაიძახოდა, - თავს მოვიკლავ, ტყვიას დავიხლიო!

ხმები.

რასა ბრძანებთ!

ამოს ფედოროვიჩი.

როგორი ამბავია და...

ლუკა ლუკიჩი.

მართალი ნათქვამია: ყველაფერი ბედზე ჰკიდიაო.

არტემი ფილიპოვიჩი.

ბედი რა შუაშია, გეთაყვა! ბედი ინდაურია! დამსახურებამ მიანიჭა ეგ ყველაფერი. (თავისთვის.) ამისთანა ღორს ეწევა ხოლმე ბედი!

ამოს ფედოროვიჩი.

ანტონ ანტონოვიჩ, რაც იყოს იყოს და მოგყიდით იმ ძაღლს, თქვენ რომ მევაჭრებოდით...

გოროდნიჩი.

არა, ახლა რა მეძაღლება!

ამოს ფედოროვიჩი.

თუ არა გნებავთ, მეორე ძაღლზე მოვრიგდეთ.

კორობკნის ცოლი.

ოჰ, ანა ანდრეევნა, როგორ მიხარია თქვენი ბედნიერება! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ.

კორობკნი.

ნება მიბოძეთ გკითხოთ, ამჟამად სად იმყოფება სახელოვანი სტუმარი? ყური მოვკარი, რაღაც საქმეებზე გამგზავრებულაო.

გოროდნიჩი.

დიახ, ერთი დღით გაემგზავრა, ფრიად საჭირო საქმეზე.

ანა ანდრეევნა.

თავის ბიძასთან წაბრძანდა, ლოცვა-კურთხევის გამოსათხოვრად.

გოროდნიჩი.

ლოცვა-კურთხევის გამოსათხოვრად... მაგრამ ხვალვე... (დააცემინებს. დალოცვები საერთო გუგუნად იქცევა). დიდად გმადლობთ, მაგრამ ხვალვე უკან მობრძანდება... (დააცემინებს. დალოცვის გუგუნი. საერთო ხმაურში უფრო გარკვევით ისმის ხმები):

ბოქაულისა.

ჯანმრთელობას გისურვებთ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ!

ბობჩინსკისა.

ასი წლის სიცოცხლე და ტომსიკა ოქროს თუმნიანებისა!

ბობჩინსკისა.

ღმერთმა გაგაძლიეროთ უკუნითი უკუნისამდე!

არტემი ფილიპოიჩისა.

მიწაც გაგისკდეს!

კორობკინის ცოლისა.

ჯანდაბას შენი თავი!

გოროდნიჩი.

უმდაბლესად გმადლობთ! თქვენც მაგასვე გისურვებთ.

ანა ანდრეევნა.

ჩვენ ახლა პეტერბურგში ვაპირებთ ცხოვრებას. აქ, გამოგიტყდებით და ჰაერი... მეტისმეტად სოფლურია... გულახდილად გეტყვით, ძალიან უსიამოვნოა... აი, ჩემი მეუღლეც... იქ გენერლის ჩინს მიიღებს.

გოროდნიჩი.

დიახ, ბატონებო, გამოგიტყდებით და ძლიერ მინდა გენერლობა.

ლუკა ლუკიჩი.

ღმერთმაც ქნას, მიიღოთ!

რასტაკოვსკი.

კაცი ვერ გაახერხებს, თორემ ღმერთის გაუხერხებელი რა არის?

ამოს ფედოროვიჩი.

დიდ ხომალდს - დიდი წყალიო.

არტემი ფილიპოვიჩი.

დამსახურების კვალობაზეა პატივიც.

ამოს ფედოროვიჩი.

(განზე). მართლაცდა ოინი არ იქნება, თუ გენერლობა გაიკრა! ისე შეეფერება მაგას გენერლობა, როგორც ვირს კრიალოსანი! არა, ჯერ შორს ხარ მაგაზე. აქ შენზე უკეთესებიც არიან, მაგრამ აქამდის ვერ გაგენერლებულან.

არტემი ფილიპოვიჩი.

(განზე). დალახვროს ღმერთმა! უყურე, გენერლობასაც ეპოტინება. ვინ იცის, იქნებ კიდეც გაგენერალდეს. მედიდურობა ხომ მაგ გაიძვერას საკმაო აქვს. (მიუბრუნდება მას). მაშინ, ანტონ ანტონოვიჩ, ჩვენც ნუ დაგვივიწყებთ.

ამოს ფედოროვიჩი.

თუ, ვინიცობაა, რაიმე დაგვჭირდა, თქვენს მფარველობას ნუ მოგვაკლებთ!

კორობკინი.

გაისად ჩემი ვაჟი უნდა წავიყვანო სატახტო ქალაქში, სახელმწიფო სამსახურში. მაშინ, მოიღეთ მოწყალება და ნუ მოაკლებთ თქვენს პროტექციას. მამობა გაუწიეთ ჩემს ყმაწვილს.

გოროდნიჩი.

ჩემი მხრივ მზად ვარ გემსახუროთ.

ანა ანდრეევნა.

ასე იცი ხოლმე, ანტოშა, მუდამ უნდა შეჰპირდე კაცს! უწინარეს ყოვლისა, დროც არ გექნება მაგეებზე იფიქრო, ან რატომ უნდა შეიწუხო თავი მაგისთანა შეპირებებით?

გოროდნიჩი.

რათა, ჩემო სულიკო? ხანდახან შეიძლება.

ანა ანდრეევნა.

შეიძლება, მაგრამ ყველა წვრილფეხას ხომ არ გაუწევ მფარველობას!

კორობკინის ცოლი.

ხომ გაიგეთ, როგორ მოგვნათლა?

სტუმარი ქალი.

ეგეთი იყო ყოველთვის, მე მაგას კარგად ვიცნობ: უნახავმა რა ნახაო...



გამოსვლა VIII

იგინივე და ფოსტმეისტერი

(საჩქაროდ შემოდის გახსნილი ბარათით).

ფოსტმეისტერი.

საოცარი ამბავია, ბატონებო! ჩინოვნიკი, ჩვენ რომ რევიზორი გვეგონა, სულაც არ ყოფილა რევიზორი.

ყველანი.

როგორ თუ რევიზორი არ ყოფილა?

ფოსტმეისტერი.

წერილიდან გავიგე, რომ სრულიადაც არ ყოფილა რევიზორი...

გოროდნიჩი.

რას ამბობთ რასა, რომელი წერილიდან?

ფოსტმეისტერი.

მისივე საკუთარი წერილიდან, ფოსტაში რომ მოიტანეს. დავხედე მისამართს - „ფოსტამტის ქუჩაო“. გავშეშდი კაცი:. „ჰე-ჰე, - ვიფიქრე, - უეჭველია, ჩემს საფოსტო უწყებაში რაღაც უწესრიგობა აღმოაჩინა და ახლა მთავრობას ატყობინებს-მეთქი“. ავდექი და გავხსენი.

გოროდნიჩი.

მერე როგორ გაბედეთ?

ფოსტმეისტერი.

თვითონაც არ ვიცი; რაღაც არაბუნებრივმა ძალამ მაიძულა. უკვე შიკრიკსაც დავუძახე, წერილი რომ ესტაფეტით გამეგზავნა, მაგრამ ისეთმა ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, მსგავსი არ განმიცდია. ვგრძნობ, არ შემიძლია და არა! ცნობისმოყვარეობით სული მიმდის. ერთ ყურში ვიღაც ჩამძახის: „ნუ გახსნი წერილს, თორემ დაიღუპებიო“. მეორე ყურში კი თითქოს ეშმაკი ჩამჩურჩულებს: „გახსენი, გახსენი, გახსენიო!“ ლუქი რომ მოვგლიჯე, ძარღვებში ცეცხლმა დამირბინა, მაგრამ რომ გავხსენი, სისხლი გამეყინა. ღმერთმანი, გამეყინა, ხელებიც ამიკანკალდა და გონებაც დამიბნელდა.

გოროდნიჩი.

როგორ გაბედეთ გაგეხსნათ ასეთი რწმუნებული პირის წერილი?

ფოსტმეისტერი.

საქმეც ის არის, რომ არც რწმუნებულია და არც დიდი ვინმე!

გოროდნიჩი.

მაშ ვინღაა თქვენი აზრით?

ფოსტმეისტერი.

არარა და არაფერი, ეშმაკამა იცის ვინ არის!

გოროდნიჩი.

(გაბრაზებით). როგორ თუ არარა და არაფერი? როგორ ბედავთ არარა და არაფერი უწოდოთ და, ეშმაკმა იცის, ვინ არისო, ზედ დაუმატოთ? ახლავე დაგაპატიმრებთ...

ფოსტმეისტერი.

ვინა? თქვენ?

გოროდნიჩი.

დიახ, მე!

ფოსტმეისტერი.

ხელი არ მიგიწვდებათ...

გოროდნიჩი.

იცით კია, რომ ჩემს ქალს თხოულობს, რომ თვითონაც დიდი კაცი შევიქნები და შემეძლება ციმბირში ამოგაყოფინოთ თავი?

ფოსტმეისტერი.

ეჰ, ანტონ ანტონოვიჩ! ციმბირი რაა? ციმბირი შორსაა. ისა სჯობია წერილი წაგიკითხოთ.

ყველანი.

წაიკითხეთ, წაიკითხეთ!

ფოსტმეისტერი.

(კითხულობს) „ვესწრაფი გაუწყო, ჩემო სულიკო ტრიაპიჩკინ, რა სასწაულები გადამხდა თავს. გზაში სულერთიანად გამფცქვნა ქვეითი ჯარის კაპიტანმა, ასე რომ სასტუმროს პატრონი უკვე საპატიმროში მიპირებდა დამწყვდევას. სწორედ ამ დროს, ჩემი პეტერბურგული ფიზიონომიისა და კოსტუმის წყალობით, მთელმა ქალაქმა გენერალ-გუბერნატორად შემიცნო. ახლა გოროდნიჩისთან ვცხოვრობ, ვარშიყობ, ვეკურკურები იმის ცოლსა და ქალიშვილს, ოღონდ ჯერ ვერ გადამიწყვეტია, რომლიდან დავიწყო. ვფიქრობ, დედიდან სჯობს დაწყება, ვინაიდან, ეტყობა, არაფერზე უარს არ იტყვის. გახსოვს, მე და შენ როგორ გვიჭირდა, სადილსაც რომ მუქთად მივირთმევდით და ერთხელ, რომ მეკონდიტრემ კისერში ხელი წამავლო ღვეზელების გულისათვის, რაიც ინგლისის მეფის ხარჯზე გიახელით? ახლა სულ სხვანაირად მოეწყო ჩემი საქმე. ფულს ყველა მაძლევს სესხად, რამდენიც მომესურვება.

მეტისმეტად თავისებური ხალხია: პირდაპირ სიცილით მოკვდები. ვიცი, შენ გაზეთში წერილებს წერ ხოლმე, ჰოდა, ბარემ ეგენიც გამოჭიმე შენს ლიტერატურაში. პირველყოვლისა გოროდნიჩი - სისვი ლაფშასავით ჩერჩეტია“.

გოროდნიჩი.

შეუძლებელია! ეგ არ წერია მანდ.

ფოსტმეისტერი.

(უჩვენებს წერილს).

თვითონ წაიკითხეთ!

გოროდნიჩი.

(კითხულობს). „სისვი ლაფშასავით...“ შეუძლებელია! ეგ თქვენი ჩაწერილია...

ფოსტმეისტერი.

აბა მე როგორ ჩავწერდი?

არტემი ფილიპოვიჩი.

წაიკითხეთ!

ლუკა ლუკიჩი.

წაიკითხეთ!

ფოსტმეისტერი.

(განაგრძობს კითხვას). „გოროდნიჩი სისვი ლაფშასავით ჩერჩეტია...“

გოროდნიჩი.

აი, ეშმაკს თქვენი თავი! კიდეც რომ იმეორებს! თითქოსდა უამისოდაც არ ეწეროს.

ფოსტმეისტერი.

(კითხულობს). ჰმ... ჰმ... ჰმ... „სისვი ლაფშასავით“... ფოსტმეისტერიც კეთილი კაცია“... (კითხვას თავს ანებებს.) აქ მეც უზრდელად მიხსენიებს.

გოროდნჩი.

არა, წაიკითხეთ!

ფოსტმეისტერი.

აბა რა საჭიროა?

გოროდნიჩი.

დალახვროს ღმერთმა, თუ წაკითხვაა, ბარემ წაიკითხეთ! ყველაფერი წაიკითხეთ!

არტემი ფილიპოვიჩი.

მოითმინეთ, მე წავიკითხავ. (იკეთებს სათვალეს და კითხულობს). „ფოსტმეისტერი პირწავარდნილი დეპარტამენტის დარაჯი მიხეევია. ალბათ ეგ ოხერიც არაყსა ხუხავს“.

ფოსტმეისტერი.

(ხალხისკენ). თავგასული ბიჭია და მეტი არაფერი. ვაჰ, რა მადლია მაგისთვის გაწკეპვლა!

არტემი ფილიპოვიჩი.

(განაგრძობს კითხვას.) „საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველ... ი... ი... ი... (ენა ებმის).

კორობკინი.

მე მიბოძეთ, მე უფრო მიჭრის თვალი. (უნდა გამოართვას წერილი).

არტემი ფილიპოვიჩი.

(არ აძლევს წერილს.) არა, ეს ადგილი შეიძლება გამოვტოვოთ, დანაჩენი გარკვევითაა დაწერილი.

კორობკინი.

გვიბოძეთ, ეს მე ვიცი.

არტემი ფილიპოვიჩი.

წაკითხვით მეც წავიკითხავ: მერწმუნეთ, მერე სულ გარკვეული ხელია...

ფოსტმეისტერი.

არა, სულ წაიკითხეთ! მანამდე ხომ წაკითხულია.

ყველანი.

მიეცით, არტემი ფილიპოვიჩ, მიეცით წერილი! (კორობკინს.) წაიკითხეთ.

არტემი ფილიპოვიჩი.

ახლავე, (აძლევს წერილს.) აი, მოითმინეთ... (თითს აფარებს.) აი აქედან წაიკითხეთ. (ყველანი შეუტევენ).

ფოსტმეისტერი.

წაიკითხეთ, სულ წაიკითხეთ! ნუ მიჰქარავთ, სულ წაიკითხეთ.

კორობკინი.

„საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი ზემლიანიკა პირწავარდნილი არახჩინიანი ღორია“.

არტემი ფილიპოვიჩი.

(ხალხისაკენ). ვერაფერი ენამახვილობაა! არახჩინიანი ღორი! სად გაგონილა არახჩინიანი ღორი?

კორობკინი.

(განაგრძობს კითხვას). „სასწავლებელთა ზედამხედველი მთლად ხახვითაა აყროლებული“.

ლუკა ლუკიჩი.

(ხალხისკენ) ღმერთმანი, თავის დღეში არ გავკარებივარ ხახვს.

ამოს ფედოროვიჩი.

(განზე). მადლობა ღმერთს, ჩემზე მაინც არაფერია!

კორობკინი.

(კითხულობს.) „მოსამართლე...“

ამოს ფედოროვიჩი.

ერიჰაა! (ხმამაღლა) ბატონებო, მე მგონი, წერილი მეტისმეტად გრძელია, ან რა ეშმაკად გვინდა... განა ღირს მაგისთანა უწმაწური რამის წაკითხვა.

ლუკა ლუკიჩი.

არა!

ფოსტმეისტერი.

არა, წაიკითხეთ!

არტემი ფილიპოვიჩი.

არა, ინებეთ და წაიკითხეთ!

კორობკინი.

(განაგრძობს) „მოსამართლე ლიაპკინ-ტიაპკინი დიდზე დიდი მოვეტონია... (ჩერდება) ალბათ ფრანგული სიტყვაა.

ამოს ფედოროვიჩი.

ეშმაკმა იცის, რას ნიშნავს! კარგია, თუ მხოლოდ „გაიძვერას“ ნიშნავს, იქნებ უარესიც იყოს.

კორობკინი.

(განაგრძობს კითხვას) „საერთოდ კი სტუმართმოყვარე და გულკეთილი ხალხია. მშვიდობით, ჩემო ტრიაპიჩკინ, მეც შენს მაგალითს უნდა მივბაძო და ლიტერატურას მივყო ხელი. მომწყინდა, ძმაო, ასე ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს სულიერი საზრდოც საჭიროა. ვხედავ, რომ მართლაც რაღაც ამაღლებულ რასმე უნდა მოვკიდო ხელი. მომწერე სარატოვის გუბერნიაში, სოფელ პოდკატილოვკაში (გადააბრუნებს ბარათს და კითხულობს მისამართს): მის: მაღალკეთილშობილებას უფალ ივან ვასილიევიჩ ტრიაპიჩკინს, სანკტ-პეტერბურგში, ფოსტამტის ქ. სახლი №97, ეზოდან მესამე სართულზე, მარჯვნივ“.

ერთი სტუმარი ქალი.

რა მოულოდნელი რეპრიმანდია.

გოროდნიჩი.

აი, ახლა კი მართლაც გამომჭრა ყელი! მომკლა, გამათავა კაცი! ვერაფერს ვხედავ, სახეების მაგიერ თვალწინ სულ ღორის დინგები მიტრიალებს, სხვა არაფერი... დააბრუნეთ, ახლავე დააბრუნეთ! (ხელებს აქნევს.)

ფოსტმეისტერი.

სად დააბრუნებ! თითქოს ჯიბრზე, ზედამხედველს ვუბრძანე საუკეთესო ტროიკა მიეცათ, რაღაც ეშმაკად მიწერილობაც წინდაწინ მივართვი.

კორობკინის ცოლი.

აი მართლაცდა ამბავი, აი მართლაცდა უმაგალითო თავის მოჭრა.

ამოს ფედოროვიჩი.

ეს ყველა კარგი, ბატონებო, მაგრამ სესხად რომ სამასი მანეთი გამომართვა?!

არტემი ფილიპოვიჩი.

მეც სამასი მანეთი გამომართვა.

ფოსტმეისტერი.

(ოხვრით).

ოჰ, მეც სამასი მანეთი.

ბობჩინსკი.

მე და პეტრ ივანიჩს კი სამოცდახუთი ასიგნაციებით, დიახ.

ამოს ფედოროვიჩი.

(დაბნევით შლის ხელებს). ეს როგორ მოხდა, ბატონებო? მართლაცდა როგორ მოგვივიდა ეს?

გოროდნიჩი.

(ირტყამს ხელს შუბლზე). არა, მე, მე როგორ მომივიდა ეს?! გამოთაყვანდი, შე სულელო ბატო! ოცდაათი წელიწადი სამსახურში ვარ და ვერც ერთმა ვაჭარმა, ვერც ერთმა მოიჯარადრემ ვერ შეძლო ჩემი მოტყუება, არამზადების უსტაბაშებს ვატყუებდი, ისეთ თაღლითებსა და ჯიბგირებსაც კი მახეში ვაბამდი, რომელნიც მზად არიან, მთელი ქვეყანა გაძარცვონ... სამი გუბერნატორი მომიტყუებია! გუბერნატორი რაა! (ხელს გაიქნევს). გუბერნატორი რა სახსენებელია.

ანა ანდრეევნა.

არა, ეგ შეუძლებელია ანტოშა, მან ხომ მაშენკა დანიშნა.

გოროდნიჩი.

(გაბრაზებული).დანიშნა! ბრანწი არ გინდა? ეგ იქნება შენი დანიშვნა! რა თვალში მჩხირავ ამ დანიშვნას! (ლამის გაგიჟდეს სიბრაზისაგან). აი უყურეთ, მთელო ქვეყანავ, მთელო საქრისტიანოვ, ყველამ უყურეთ, როგორ გააპამპულეს გოროდნიჩი! კიკო მიართვით, კიკო, ამ ბებერ არამზადას! (თავის თავს უღერებს მუშტს). ჰაი, შე დიდცხვირავ! ვიღაც ძუძუმწოვარა, ვიღაც ჩვარი დიდკაცად მიიჩნიე! აი ახლა მიქრის შარაგზაზე ეჟვნების ჟღარუნით! მთელ ქვეყანას მოსდებს ამ ამბავს! ამასაც არ გაკმარებენ, ყველას სასაცილო გახდები - გამოჩნდება ვინმე კალმოსანი, ვიღაც მჯღაბნელი და კომედიაში გამოგჭიმავს. აი რა არის საწყენი! არც ჩინსა და არც წოდებას შენსას არ მოერიდება, ყველანი დაიწყებენ შენზე ღრეჭას და ტაშისცემას. რა გაცინებთ? თქვენს თავს დასცინით! ვაჰ, თქვენს თავს! (ბრაზმორეული აბრახუნებს ფეხებს). მე რომ ვიყო, ყველა ამ მჯღაბნელს... ოი, თქვე კალმოსნებო, წყეულო ლიბერალებო! თქვე ეშმაკის მოდგმავ! ყველას ერთად შეგკრავდით, ყველას დაგფქვავდით და ქაჯის სარჩულში ამოგდებდით! მის ქუდში ჩაგტენიდით! (მუშტს აჩვენებს და იატაკზე ქუსლებს აბრახუნებს. მცირე სიჩუმის შემდეგ) აქამდის გონს ვერ მოვსულვარ. მართლაცდა, თუ ღმერთს კაცის დასჯა სურს, ჯერ გონებას წაართმევს. არა, რევიზორისა რა ეცხო იმ ჩიტირეკიას? არაფერი! ფრჩხილისოდენა მსგავსებაც არ იყო! ყველამ ერთბაშად კი დაიჩემა: რევიზორი, რევიზორიო! აბა ვინ თქვა პირველად რევიზორიო? მიპასუხეთ!

არტემი ფილიპოვიჩი.

(ხელების გაშლით). როგორ მოხდა ეს ყველაფერი, თუნდა მომკალით, ვერ ამიხსნია. თითქოს თვალზე ბისტი გადაგვეკრა, თითქოს ეშმაკმა აგვირია გზა-კვალი.

ამოს ფედოროვიჩი.

ვინა და აი ამ ვაჟბატონებმა ბრძანეს! (უჩვენებს ბობჩინსკისა და დობჩინსკიზე).

ბობჩინსკი.

უფლის მადლმა, მე არა... არც მიფიქრია.

დობჩინსკი.

მე არაფერი, სრულებით არაფერი!

არტემი ფილიპოვიჩი.

რა თქმა უნდა, თქვენ!

ლუკა ლუკიჩი.

ცხადია, თქვენ! დამთხვეულებივით მოცვივდით ტრაქტირიდან: ჩამოვიდა და ფულსაც არ იხდისო... ნახეს რაღა წითელი კოჭი!

გოროდნიჩი.

რასაკვირველია, თქვენ! ქალაქის ჭორიკნებო! წყეულო ცრუპენტელებო!

არტემი ფილიპოვიჩი.

აი ეშმაკმა კი წაგიღოთ თქვენი რევიზორითა და ნაამბობით!

გოროდნიჩი.

დაძრწიხართ ქალაქში და ყველას გზა-კვალს ურევთ, წყეულო ჭრიჭინებო! ყველგან ჭორებს სთესავთ, თქვე კუდმოკლე კაჭკაჭებო!

ამოს ფედოროვიჩი.

წყეულო წვინტლიანებო!

ლუკა ლუკიჩი.

ჭკუის კოლოფებო!

არტემი ფილიპოვიჩი.

ღიპიანო ჯუჯებო! (ყველანი შემოეხვევიან.)

ბობჩინსკი.

ღმერთმანი,მე კი არა, პეტრ ივანოვიჩმა თქვა.

დობჩინსკი.

ჰე, არა, პეტრ ივანოვიჩ, თქვენ ხომ პირველმა...

ბობჩინსკი.

აბა კი, ვერ მოგართვით. პირველი სწორედ რომ თქვენ იყავით.

უკანასკნელი გამოსვლა

იგინივე და ჟანდარმი.

ჟანდარმი.

უმაღლესი ბრძანებით პეტერბურგიდან ჩამოსული ჩინოვნიკი დაუყოვნებლივ თავისთან გიხმობთ ყველას. იგი სასტუმროში ჩამოხტა.

წარმოთქმული სიტყვები ყველას მეხივით დასცემს თავზარს. გაოცების ამოკვნესა ქალებს ერთსა და იმავე დროს აღმოხდებათ. მთელი ჯგუფი, რომელმაც უცებ შეიცვალა მდგომარეობა, გაქვავდება.

მუნჯური სცენა

გოროდნიჩი შუა სცენაზეა ბოძივით გაშეშებული. ხელები გაუშლია და თავი უკან აქვს გადახრილი. მარჯვნივ ცოლი და ქალიშვილი უდგას. მთელი სხეულით მისკენ მიისწრაფვიან; მათ უკან დგას კითხვის ნიშნად გადაქცეული ფოსტმეისტერი, მაყურებლებისაკენ მობრუნებული. მის უკან - ლუკა ლუკიჩი, სრულიად გულწრფელად დაბნეული. მას შემდეგ, სცენის განაპირას, სამი სტუმარი ქალია ერთმანეთზე მიყრდნობილი, სახის მეტად დამცინავი გამომეტყველებით; ეტყობა, ეს დაცინვა მიმართულია გოროდნიჩის ოჯახისადმი. გოროდნიჩის მარცხენა მხარეს ზემლიანიკა დგას, თავი ოდნავ გვერდზე გადაუხრია, თითქოს რაღაცას აყურადებსო.

მის უკან მოსამართლეა, რომელსაც ხელის თითები გაუფარჩხავს, თითქმის მიწამდის ჩამჯდარა და ტუჩები ისე აქვს აპრუწული, თითქოს ეს-ეს არის უნდა დაუსტვინოს ან წარმოთქვას: „აი, სეირი თუ გინდა, ეს არისო“. მის უკან კორობკინია, რომელიც მაყურებელს ოდნავ თვალმოხუჭული შეჰყურებს. სახეზე გოროდნიჩის მისამართით მწარე დაცინვა ეხატება. კორობკინის შემდეგ, სცენის განაპირას დგანან ბობჩინსკი და დობჩინსკი, რომელნიც ხელებგაწვდილი ერთმანეთისკენ მიისწრაფვიან, პირი დაღებული აქვთ და თვალები დაჭყეტილი... დანარჩენი სტუმრები ბოძებივით უძრავად დგანან. თითქმის წუთნახევარი მთელი ჯგუფი ამ მდგომარეობაშია გაქვავებული.

ფარდა.

ტეგები: Qwelly, gogoli, გოგოლი, ნოველები

ნახვა: 48

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters