ფრანც კაფკა - გზა რამზესისაკენ

ფრანც კაფკა - ამერიკა

← დასაწყისი

ცოტა ხნის სიარულის შემდეგ პატარა სასტუმროს მიადგა, რომელიც ეკიპაჟებს ნიუ-იორკამდე ბოლო ხანმოკლე გაჩერებისას ემსახურებოდა და ამიტომ ღამის გასათევად ნაკლებად იყენებდნენ. კარლმა ყველაზე იაფი ადგილი მოითხოვა, რადგან გადაწყვიტა, ახლავე დაეწყო მომჭირნეობა. მოთხოვნის პასუხად სასტუმროს პატრონმა, როგორც მსახურს,

თავის დაქნევით კიბისაკენ მიუთითა, სადაც გაჩეჩილი დედაბერი შეეგება, და გაღიზიანებულს, რომ ძილი დაუფრთხეს, მისთვის ყურიც არ უთხოვებია, ისე გაუძღვა წინ, თან განუწყვეტლივ აფრთხილებდა, კიბეზე უხმაუროდ ასულიყო, ოთახამდე მიაცილა, ვიდრე შეუშვებდა, წაუშიშინა

– შშშ – და კარი გამოიხურა.

კარლმა თავიდან ვერ გაიგო, ფარდები იყო ფანჯარაზე ჩამოშვებული თუ ამ ოთახს საერთოდ არ ჰქონდა ფანჯარა, ისე ბნელოდა აქ; ბოლოს ერთი პატარა, ფარდაჩამოფარებული ლუკი შენიშნა, ფარდა გადასწია და იქიდან სინათლის სხივი შემოიჭრა. ოთახში ორი საწოლი იდგა, მაგრამ ორივე უკვე დაკავებული იყო. კარლმა ორი ახალგაზრდა დაინახა, რომლებსაც ღრმად ეძინათ; რამაც მასში ერთგვარი უნდობლობა გამოიწვია, უპირველეს ყოვლისა, იყო ის, რომ ორივეს ჩაცმულს ეძინა, ერთს ჩექმებიც კი არ გაეძრო.  

იმავ წამს, როგორც კი კარლმა ლუკი გაათავისუფლა, ერთ-ერთმა

მძინარემ ხელები და ფეხები ოდნავ მაღლა ასწია, რაც ისეთი სასაცილო დასანახავი იყო, რომ კარლს, მიუხედავად თავისი სავალალო მდგომარეობისა, თავისთვის ჩაეცინა.

მაშინვე მიხვდა, აქ ძილი არ ეწერა – გარდა იმისა, რომ ოთახში არც

კანაპე იყო და არც დივანი, თავის ახლად დაბრუნებულ ჩემოდანსა და

ფულს, რომელიც თან ჰქონდა, საფრთხეში ვერ ჩააგდებდა. არც წასვლა უნდოდა, რადგან არ ჰქონდა იმედი, რომ მოახლე ქალისა და პატრონის შეუმჩნევლად შეძლებდა აქაურობის დატოვებას. ბოლოს და ბოლოს, აქ ყოფნა ხომ ნაკლებად სახიფათო იქნებოდა, ვიდრე შარაგზაზე. მაგრამ უცნაური ის იყო, რომ მთელ ოთახში, რამდენადაც სიბნელე ამის დანახვის საშუალებას იძლეოდა, არავითარი ბარგი არ ჩანდა. თუმცა შესაძლოა, და დიდი ალბათობაცაა იმისა, რომ ეს ორი ახალგაზრდა მსახურია, და სტუმრების გამო მალევე მოუწევთ ადგომა, ამიტომაც სძინავთ ჩაცმულებს. მაშინ მათთან ერთ ჭერქვეშ ღამის გათევა, მართალია, არც თუ სასიამოვნოა, მაგრამ, სამაგიეროდ – უსაფრთხოა. ოღონდ, ვიდრე ამაში საბოლოოდ არ დარწმუნებულა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიძინოს.

საწოლის ქვეშ სანთელი და ასანთი შენიშნა, რომლებსაც ფრთხილად მიეპარა და გამოათრია. სანთელს უყოყმანოდ მოუკიდა, ოთახი

ხომ პატრონის ნებით მასაც ისევე ეკუთვნის, როგორც ორ დანარჩენს,

რომლებსაც, გარდა ამისა, უკვე ნახევარი ღამეა, სძინავთ და მათი მდგომარეობა შეუდარებლად მომგებიანია, რაკი საწოლები ერგოთ. სხვა მხრივ, ცხადია, ყველანაირად ეცდება, ფრთხილად იმოძრაოს, რომ ისინი არ გააღვიძოს. გადაწყვიტა, უპირველეს ყოვლისა, ჩემოდანი შეემოწმებინა, თავისი ნივთები უნდა გადაეთვალიერებინა, რომლებიც რიგიანად აღარც კი ახსოვდა. მათაგან ყველაზე ღირებული ალბათ უკვე დაკარგული იყო. რასაც შუბალი ხელს დაადებს, იმის იმედი აღარ უნდა გქონდეს, რომ მთელი და უვნებელი დაგიბრუნდება. მაგრამ ალბათ ბიძიასგან კარგ გასამრჯელოს ელოდა, თუმცა, მეორე მხრივ, თუ ჩემოდანში მართლაც აკლია

რაიმე, თამამად შეუძლია მის თავდაპირველ ყარაულს, ბატონ ბუტერბაუმს გადააბრალოს ყველაფერი.

ჩემოდანი რომ გახსნა, თავზარი დაეცა: რამდენი საათი მოანდომა

მგზავრობისას მის მოწესრიგებას, ნივთების კვლავ და კვლავ ამოლაგებასა და ხელახლა ჩალაგებას, ახლა კი ყველაფერი ერთმანეთშია არეული და ისე უწესრიგოდ ჩატენილი, რომ საკეტის გახსნისთანავე სახურავი თავისთავად ახტა ზემოთ.

მაგრამ მალე, თავისდა სასიხარულოდ, კარლი მიხვდა, რა ყოფილა

მთელი ამ უწესრიგობის მიზეზი: ყველაფერთან ერთად ის კოსტიუმიც

ჩაეტენათ, რომელიც გზაში ეცვა და რომლისთვისაც ჩემოდანში, ცხადია, ადგილი არ იყო გათვალისწინებული. არაფერი არ აკლდა. შარვლის საიდუმლო ჯიბეში პასპორტთან ერთად სახლიდან წამოღებული

ფულიც იდო; ისე რომ, იმ ფულს თუ დაუმატებს, რაც თან აქვს, საკმარისად იქნება უზრუნველყოფილი. ის თეთრეულიც, ჩამოსვლისას რომ ეცვა ტანზე, გარეცხილი და დაუთოებული ელაგა ჩემოდანში. საათი და ფული მაშინვე საიმედოდ შეინახა საიდუმლო ჯიბეში. დასანანი მხოლოდ ის იყო, რომ ვერონული «სალიამი», მართალია, არ დაკარგულიყო, მაგრამ ყველაფერს მისი სუნი გადასდებოდა. თუ მის მოსაშორებელ საშუალებას ვერ იშოვის, თვეების განმავლობაში ამ სურნელში გახვეულს მოუწევს სიარული.

როცა ჩემოდნის ძირში ჩალაგებული ნივთები ამოძებნა – ჯიბის ბიბლია, საფოსტო ქაღალდი, მშობლების ფოტო – კეპი თავიდან მოსძვრა და ჩემოდანში ჩავარდა. თავის ძველ ნივთებს შორის მაშინვე შეიცნო ის, ეს ხომ მისი კეპი იყო, რომელიც დედამ გამოატანა. მაგრამ გემზე არ დაუხურავს: იცოდა, ამერიკაში, ჩვეულებრივ, შლაპების ნაცვლად კეპებს ატარებენ, და უფრთხილდებოდა, რომ ჩასვლამდე კეპს პეწი არ დაჰკარგვოდა. ბატონმა გრინმა კი იმისთვის გამოიყენა, რომ აბუჩად აეგდო. ნეტავი ესეც ბიძიამ ხომ არ დაავალა? და უცაბედი, გაბრაზებული მოძრაობით ჩემოდნის სახურავს ხელი დაჰკრა, რომელიც ხმაურით დაიხურა.  მოსახდენი მოხდა: ორივე მძინარეს გაეღვიძა. ჯერ ერთმა გაიზმორა და დაამთქნარა, მაშინვე მეორეც აჰყვა. ამ დროს ჩემოდნის მთელი შიგთავსი მაგიდაზე იყო ამოყრილი; თუ ესენი ქურდები არიან, რა შეუშლით ხელს, მაგიდასთან მივიდნენ და ნივთები ამოარჩიონ. და არა მარტო ამგვარი შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად, არამედ საქმის ვითარებაში სინათლის შესატანადაც კარლი სანთლით ხელში საწოლებთან

მივიდა და აუხსნა, რა უფლებით იყო აქ. ისინი, როგორც ჩანს, სულაც არ მოელოდნენ ამგვარ ახსნა-განმარტებას, რადგან ჯერ კიდევ ნახევრად მძინარეებს, ლაპარაკის თავი არ ჰქონდათ და მხოლოდ, ყოველგვარი გაკვირვების გარეშე, გაშტერებულები შესცქეროდნენ კარლს. ორივე ძალზე ახალგაზრდა იყო, მაგრამ მძიმე შრომისა და გაჭირვებისაგან ნაადრევად დაძაგრული სახე, გაბურძგნილი წვერი, დიდი ხნის შეუჭრელი აჩეჩილი თმა ხანს მატებდათ; ნამძინარევ, ჩაცვენილ თვალებს თითებით გულიანად ისრესდნენ.

კარლმა გადაწყვიტა, მათი წუთიერი დაბნეულობით ესარგებლა და

მიმართა: – მე კარლ როსმანი გახლავართ, გერმანელი. რაკი ერთ ოთახს ვიყოფთ, მითხარით, თუ შეიძლება, რა გქვიათ და რა ეროვნებისა ხართ. ახლავე მოგახსენებთ, რომ საწოლზე არავითარი პრეტენზია არ მაქვს, რადგან გვიან მოვედი და, საერთოდ, ძილს არ ვაპირებ. გარდა ამისა, ჩემი სოლიდური ჩაცმულობა ნუ შეგაფიქრიანებთ, სრულიად უქონელი ვარ და არავითარი პერსპექტივა არ გამაჩნია. მათგან უფრო ტანმორჩილმა, რომელსაც ჩექმებით ეძინა, ხელებით, ფეხებითა და მიმიკით მიანიშნა, რომ ყოველივე ეს სრულებით არ აინტერესებდა და რომ ახლა, საერთოდ, მსგავსი განმარტებების დრო არ იყო, გადაბრუნდა და მაშინვე ჩაეძინა; მეორე, შავგვრემანიც, ისევ დაწვა, მაგრამ ვიდრე დაიძინებდა, ზარმაცად გაიშვირა ხელი და უპასუხა: – ის რობინსონია, ირლანდიელი, მე კი გვარად დელამარში ვარ,

ფრანგი; ახლა კი გთხოვთ, ნუღარ შეგვაწუხებთ. – ეს თქვა თუ არა, კარლის სანთელს ღონივრად შეუბერა და თავი ბალიშში ჩარგო. 

«მაშ, ეს საფრთხე ჯერჯერობით არიდებულია, – გაიფიქრა კარლმა

და მაგიდასთან მიბრუნდა. თუ მათი ძილი თავის მოკატუნება არ არის,

მაშინ ყველაფერი რიგზეა. არასასიამოვნოა მხოლოდ, რომ ერთი ირლანდიელია. კარლს კარგად აღარ ახსოვდა, რომელ წიგნში ჰქონდა შინ წაკითხული, რომ ამერიკაში ირლანდიელებისაგან თავი შორს უნდა გეჭიროს. ბიძიასთან ყოფნის დროს, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობა ჰქონდა, გაერკვია, თუ რატომ იყვნენ ირლანდიელები ასე საშიშები, მაგრამ რაკი თავი ერთხელ და სამუდამოდ ქუდში დაიგულა, ეს შემთხვევა ხელიდან გაუშვა. ახლა გადაწყვიტა, სანთლის შუქზე, რომელიც ისევ აანთო, უფრო კარგად დაჰკვირვებოდა ირლანდიელს, და თავისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ ის უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა,

ვიდრე ფრანგი. ჯერ კიდევ შემორჩენოდა ბავშვურად სავსე ლოყები და

ძილში სრულიად უწყინრად იღიმებოდა, რამდენადაც მოშორებით, ფეხის წვერებზე მდგომ კარლს შეეძლო ეს დაენახა. და მაინც, მტკიცედ გადაწყვიტა, არ დაეძინა, დაჯდა ერთადერთ სკამზე, რომელიც ოთახში იყო, ჩემოდნის ჩალაგება დროებით გადადო,

რადგან ამისათვის მთელი ღამე წინ ჰქონდა, და ბიბლიის ფურცვლა დაიწყო, თუმცა არაფერს კითხულობდა. შემდეგ მშობლების ფოტო აიღო ხელში, რომელზეც ტანმორჩილი მამა გაჯგიმული იდგა, დედა კი მის წინ, სავარძელში, ოდნავ უკან გადაწოლილიყო. მამას ცალი ხელი სავარძლის ზურგზე ედო, მეორე კი, მუშტად შეკრული – ილუსტრირებულ

წიგნზე, რომელიც გვერდით, პატარა ინკრუსტირებულ მაგიდაზე იყო გადაშლილი. მეორე ფოტოც ჰქონდა, მშობლებთან ერთად გადაღებული.

დედა და მამა მკაცრად შესცქეროდნენ მას, თვითონ კი, როგორც ფოტოგრაფმა დაარიგა, აპარატში იყურებოდა. მაგრამ ის ფოტო თან არ წამოუღია. ამიტომ გულდასმით აკვირდებოდა ამ ფოტოს, რომელიც მის წინ იდო, სხვადასხვა რაკურსიდან, და ცდილობდა, მამის მზერა დაეჭირა. მაგრამ, საითაც არ გადააადგილა სანთელი, მამის თვალები ვერ გააცოცხლა. არც მისი სქელი, სწორი ულვაშები ჰგავდა ნამდვილს – ეს ცუდი ფოტო იყო. მამისაგან განსხვავებით, დედა უკეთესად იყო გამოსახული, გაბუტული ტუჩებით, თითქოს

ვიღაცამ აწყენინაო, გაღიმებას ცდილობდა. კარლს მოეჩვენა, რომ ეს

თვალში საცემი იქნებოდა ყველასათვის, ვინც კი ამ ფოტოს დახედავდა, მაგრამ მეორე წუთში გადაწყვიტა, ამ შთაბეჭდილების სიცხოველე მეტისმეტად ძლიერი და თითქმის წინააღმდეგობრივი იყო. რა უცილობელი დამაჯერებლობით ძალუძს ფოტოგრაფიას გადმოსცეს მასზე აღბეჭდილი ადამიანების იდუმალი გრძნობები! და ცოტა ხნით სურათს

თვალი მოსწყვიტა. როცა მიუბრუნდა, დედის ხელი მოხვდა თვალში, წინა პლანზე სავარძლის სახელურზე გადმოდებული – რა ახლოს იყო საკოცნელად! გაიფიქრა, ცუდი არ იქნებოდა, თუ მშობლებს მისწერდა, რასაც ასე სთხოვდნენ დედაცა და მამაც (და მამა ბოლოს, დაჟინებით, ჰამბურგში). მართალია, მაშინ, იმ საშინელ საღამოს, როცა დედამ ფანჯარასთან ამერიკაში გამგზავრების შესახებ ამცნო, სამუდამოდ დაიფიცა,

რომ არასოდეს მისწერდა მათ წერილს, მაგრამ განა რას ნიშნავს გამოუცდელი ყმაწვილის ფიცი ახალ გარემოებებში! ასევე გულმხურვალედ

შეეძლო მაშინ დაეფიცა, რომ ამერიკაში ყოფნის ორი თვის თავზე ამერიკის სახალხო ლაშქრის გენერალი გახდებოდა, სინამდვილეში კი ნიუიორკის გარეუბნის სასტუმროს სხვენში ამოყო თავი ორ ბოგანოსთან

ერთად, და თან არ შეუძლია არ აღიაროს, რომ მისი ადგილი სწორედ აქ არის. ღიმილით დახედა კიდევ ერთხელ მშობლების სახეებს, თითქოს ცდილობდა გაეგო, აქვთ კი მათ კიდევ ვაჟიშვილისაგან წერილის მიღების სურვილი?

სურათის თვალიერებისას მალე იგრძნო, რომ გაუჭირდებოდა თეთრად გაეთენებინა მთელი ღამე. სურათი ხელიდან გაუვარდა, შემდეგ

ზედ ლოყა დაადო, მისი სიგრილე ეამა და ტკბილად ჩაეძინა. დილით იღლიაში მოღიტინებამ გააღვიძა. ასეთი ფამილარობის

უფლება ფრანგმა მისცა თავს. მაგრამ ირლანდიელიც მის გვერდით იდგა მაგიდასთან და ორივე არანაკლები ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა, ვიდრე კარლი მათ ღამით. კარლს არ გაჰკვირვებია, რომ მათ ადგომაზე არ გაეღვიძა; ეტყობა, ყოველგვარი ბოროტი ზრახვების გარეშე,

ჩუმად ადგნენ – რადგან მას ღრმად ეძინა, და არც მათ ჩაცმასა და დაბანას გამოუწვევია დიდი ხმაური.

ერთმანეთს წესისა და რიგის მიხედვით, ერთგვარი ოფიციალურობითაც კი მიესალმნენ, და კარლმა შეიტყო, რომ ორივე მანქანის ზეინკალი ყოფილა, კარგა ხანია ნიუ-იორკში ეძებენ სამუშაოს, მაგრამ ამაოდ,

და ამიტომაც ტანსაცმელი გვარიანად შემოსცვეთიათ. ამის დასამტკიცებლად რობინსონმა პიჯაკი გაიხსნა, რომლის ქვეშ პერანგი არ ეცვა,

თუმცა ეს ისედაც შესამჩნევი იყო, რადგან საყელო თავისუფლად ქანაობდა კისერზე და უკან, პიჯაკზე ჰქონდა მიმაგრებული. ისინი ნიუ-იორკიდან ორი დღის სავალზე, პატარა ქალაქ ბატერფორდში აპირებდნენ

წასვლას, სადაც, როგორც ამბობდნენ, სამუშაოს შოვნა იყო შესაძლებელი. ორივე თანახმა იყო, კარლიც მათ გაჰყოლოდა, და თან დაჰპირდნენ, რომ ჯერ ერთი, დროდადრო ჩემოდნის ტარებაში წაეშველებოდნენ, და მეორეც, თუკი სამუშაოს იშოვიდნენ, კარლისათვის შეგირდის

ადგილს გაახერხებდნენ, რაც სამუშაოს შოვნის შემთხვევაში ძნელი არ

უნდა ყოფილიყო. კარლმა დათანხმებაც ვერ მოასწრო, რომ ორივემ მეგობრულად ურჩია, ეს კოხტა კოსტიუმი თავიდან

მოეშორებინა, რადგან ის სამუშაოს ძებნისას ხელს შეუშლიდა. ამ

სახლში სწორედ კარგი შესაძლებლობა იყო საამისოდ – მოახლე ქალი

ტანსაცმლით ვაჭრობდა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიეღო, რომ კოსტიუმის გახდაში დაეხმარნენ და სასწრაფოდ გააქანეს.

როცა მარტო დარჩენილი, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი კარლი თავის ძველ სამგზავრო კოსტიუმს ნელა იცვამდა, თავს საყვედურობდა კოსტიუმის გაყიდვის გამო, რომელიც მას შეგირდის ადგილის შოვნაში ალბათ მართლაც შეუშლიდა ხელს, მაგრამ უფრო წესიერი სამსახურის მოსაძებნად გამოადგებოდა, და კარი გამოაღო, რათა ორივე უკან მოებრუნებინა, მაგრამ დაბრუნებულებს კარშივე შეეჯახა, კოსტიუმის საფასური ნახევარი დოლარი მაგიდაზე დაუგდეს, თან სახის გამომეტყველებაზე, აშკარად ეტყობოდათ, რომ გარიგება მათთვის სარფიანი გამოდგა და გვარიანი მოგებაც ჩაიჯიბეს.

გამოკიდების დროც აღარ იყო – ოთახში მოახლე შემოვიდა, წუხანდელივით ნამძინარევი, და სამივეს დერეფანში ერეკებოდა, იმ საბაბით, რომ ოთახი ახალი მდგმურებისათვის უნდა მოემზადებინა. მაგრამ, მდგმურები, რა თქმა უნდა, არაფერ შუაში იყვნენ, დედაბერი სიბრაზისაგან მოქმედებდა ასე. კარლი, რომელიც სწორედ თავისი ჩემოდნის

მოწესრიგებას აპირებდა, ენაჩავარდნილი უყურებდა, როგორ ყრიდა ქალი ორივე ხელით მის ნივთებს ჩემოდანში, თითქოს მის წინ პირუტყვები იყვნენ, რომლებიც უნდა დაეტუქსა. ორივე ზეინკალი მოახლეს გარშემო უტრიალებდა, ხან კაბის ბოლოზე მოჰქაჩავდნენ, ხან მხარზე ურტყამდნენ ხელს, მაგრამ თუ ფიქრობდნენ, ამით კარლს დაეხმარებოდნენ, მათი მცდელობა სრულიად ამაო იყო. როცა ქალმა ჩემოდანი დახურა, კარლს ხელში მიაჩეჩა, ზეინკლები თავიდან მოიშორა და სამივე ოთახიდან გამოყარა, თან დაემუქრა, ურჩობის შემთხვევაში ყავის გარეშე დაგტოვებთო. ქალს, ეტყობა, სულ გადაავიწყდა, რომ კარლს თავიდან ზეინკლებთან საერთო არაფერი ჰქონდა, და სამივეს ერთ ბანდასავით ეპყრობოდა. რაკი ზეინკლებმა მიჰყიდეს მას კარლის ტანსაცმელი, ამით ხომ დაუმტკიცეს, რომ ერთნი არიან. დერეფანში კარგა ხანს მოუწიათ წინ და უკან სიარული, ფრანგმა კარლს ხელი გამოსდო, განუწყვეტლივ ილანძღებოდა, პატრონს ცემით ემუქრებოდა, თუ ჩარევას გაბედავდა და თან, თითქოს საამისოდ ემზადებაო, მუშტებს აქეთ-იქით იქნევდა. ბოლოს პატარა ბიჭი გამოჩნდა, რომელიც ფეხის წვერებზე შედგა, რომ ფრანგისათვის ყავის ქეთლი მიეწოდებინა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ქეთლი იყო და ბიჭს ვერ გააგებინეს, რომ კიდევ ორი ჭიქა უნდა მოეტანა. ამიტომ რიგრიგობით სვამდნენ – ერთი სვამდა და ორი უცდიდა. კარლს არ უნდოდა დაელია, მაგრამ თანამეინახეებისათვის რომ არ ეწყენინებინა, როცა მისი რიგი მოვიდა, ქეთლი უნდომლად მიიტანა ტუჩებთან. 

გამომშვიდობებისას ირლანდიელმა ქეთლი მეტლახის იატაკზე დაანარცხა. სასტუმროდან შეუმჩნევლად გავიდნენ და დილის სქელ, მოყვითალო ნისლს შეერივნენ. გზის პირას გვერდიგვერდ უხმოდ მიაბიჯებდნენ; კარლი თავის ჩემოდანს მიათრევდა, ის ორი ალბათ მხოლოდ მაშინ შეეშველებოდა, თუ სთხოვდა დროდადრო ნისლიდან ავტომობილი

გამოვარდებოდა, სამივე მოაბრუნებდა თავს და თვალს აყოლებდა უმეტესად უზარმაზარ მანქანებს, რომლებიც ისე სწრაფად გაუჩინარდებოდნენ ხოლმე, რომ შეუძლებელი იყო თვალის შესწრება, ისხდნენ თუ

არა შიგ მგზავრები. მალე ფურგონების კოლონები გამოჩნდა, რომლებსაც ნიუ-იორკში სურსათი მიჰქონდათ და ხუთ რიგად გზის მთელ სიგანეზე ისე მჭიდროდ მისდევდნენ ერთმანეთს, რომ ქუჩას ვერავინ გადაჭრიდა. ზოგ ადგილას გზა ფართოვდებოდა და მოედანს წარმოქმნიდა, რომლის შუაგულში, შემაღლებულ პოსტზე, პოლიციელი დააბიჯებდა, რათა ყველაფრისთვის თვალყური ედევნებინა

და კვერთხის მეშვეობით ცენტრალურ მაგისტრალსა და მის შენაკად ქუჩებზე მოძრაობა ემართა, რომელიც შემდეგ მოედანსა და შემდეგ პოლიციელამდე მეთვალყურეობის გარეშე მიედინებოდა, მაგრამ ყურადღებიანი და მშვიდი მეეტლეებისა და მძღოლების წყალობით, თავის კალაპოტში რჩებოდა. ყველაფერზე მეტად კარლს ეს სიმშვიდე აკვირვებდა.

უდარდელი საკლავის ბღავილი რომ არა, მხოლოდ ფლოქვების თქარათქური და საბურავების შიშინი თუ დაარღვევდა ამ სიჩუმეს. ამასთან,

მოძრაობის სიჩქარე ყოველთვის თანაბარი როდი იყო. როცა ზოგიერთ მოედანზე გვერდითი ქუჩებიდან ტრანსპორტის ნაკადის მოზღვავების გამო აუცილებელი ხდებოდა მნიშვნელოვანი გადანაწილება, მთელი რიგები კუს ნაბიჯით მიიწევდნენ წინ, მაგრამ მალე კვლავ მოსწყდებოდნენ ადგილს და ელვისებური სისწრაფით მიქროდნენ, ვიდრე ცოტა ხანში, თითქოს ერთი საერთო მუხრუჭის ძალით, კვლავ არ შედგებოდნენ.

ამასთან, ქვაფენილს მტვრის ერთი ნაწილაკიც კი არ ასდიოდა, მთელი

ეს ქარავანი გამჭვირვალე ჰაერში მოძრაობდა. არც ერთი ფეხით მოსიარულე, ბაზრის მოვაჭრე ქალი არ მიუყვებოდა ფეხით შარაგზას, როგორც ეს კარლის სამშობლოში იყო; მაგრამ აქა-იქ გამოჩნდებოდნენ დიდი, დაბალი ავტომობილები, საიდანაც ოცამდე ქალი, ზურგზე მოკიდებული კალათებით, – ალბათ ბაზრის მოვაჭრე ქალები, – კისერწაგრძელებული ადევნებდა თვალს მოძრაობას, იმის იმედით, რომ უფრო

სწრაფად წაიწევდნენ წინ. მსგავს ავტომობილებზე, რომლებიც წარწერებით იყო აჭრელებული, ჯიბეებში ხელებჩაყოფილი მამაკაცები მიდიმოდიოდნენ. ერთ-ერთი ასეთი წარწერის ამოკითხვისას გაკვირვებულმა კარლმა წამოიძახა: – ვქირაობთ მტვირთავებს იაკობის გადამზიდი კანტორისათვის, – მანქანა სწორედ ნელა მიდიოდა, და მის საფეხურზე მდგომმა კაფანდარა, მოხრილმა, მარდმა კაცმა სამ მსტოვარს ასვლა

შესთავაზა. კარლი ზეინკლებს ამოეფარა, თითქოს იქ ბიძამისი შეიძლებოდა ყოფილიყო და დაენახა. გაუხარდა, მისმა ორივე თანამგზავრმაც

რომ უარი თქვა მიპატიჟებაზე, ოღონდ, ცოტა არ იყოს, არ მოეწონა მათი სახის გამომეტყველება. ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ბიძიასთან სამსახური მათი საკადრისი არ არის. მაშინვე მიანიშნა ამაზე, თუმცა, ცხადია, არა აშკარად, რის შემდეგაც დელამარშმა სთხოვა, თავი შეეკავებინა

ისეთ საქმეებში ჩარევისაგან, რომლებიც არ ესმოდა; მუშების დაქირავების ამგვარი ხერხი წმინდა წყლის თაღლითობაა და, საერთოდ, იაკობის ფირმას მთელ შეერთებულ შტატებში სახელი აქვს გატეხილიო.

კარლმა არაფერი უპასუხა, მაგრამ ამ წუთიდან ირლანდიელს მიეკედლა, თან სთხოვა, ჩემოდნის ტარებაში შეშველებოდა, რაც მან მხოლოდ

თხოვნის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ ინება. მაგრამ განუწყვეტლივ წუწუნებდა ჩემოდნის სიმძიმის გამო, ვიდრე არ გამოირკვა, რომ ჩემოდანს თურმე მხოლოდ ვერონული სალიამი ამძიმებდა, რომელსაც,

როგორც ჩანს, სასტუმროშივე დაადგა თვალი. კარლმა ამოათრია თუ არა ძეხვი, მას მაშინვე ფრანგი დაეპატრონა, თავისი ხანჯლისმაგვარი

დანით გაუსწორდა და თითქმის მთლიანად მარტომ გადასანსლა. რობინსონმა რამდენიმე პატარა ნაჭერი მოინადირა, კარლს კი, რომელსაც

ჩემოდანი შერჩა ისევ სატარებლად, – თორემ შარაგზაზე მოუწევდა მისი დატოვება, – საერთოდ არაფერი ერგო, თითქოს წინასწარ ჰქონდა თავისი წილი განაღდებული. მას არ უნდოდა ისე დაწვრილმანებულიყო, რომ

ერთი ნაჭრისთვის დაეწყო ღრეჯა, მაგრამ ბოღმა ყელში მოაწვა.

ნისლი უკვე გაიფანტა, შორს მაღალი ქედი ამოჩნდა, რომლის დატალღული ზურგი კიდევ უფრო შორეულ მზის ჯანღში იკარგებოდა.

გზის გასწვრივ ცუდად დამუშავებული მინდვრები გაწოლილიყო, რომლებიც შავად შებოლილ დიდ ფაბრიკებს ეკვროდნენ გარს. აქა-იქ უწესრიგოდ გაშენებული საარენდო სახლების ფანჯრებში მრავალფეროვანი განათება ციმციმებდა, და პატარა აივნებზე ქალები და ბავშვები ფუსფუსებდნენ, რომლებსაც ხან ჩამოეფარებოდა, ხან კი ისევ გამოაჩენდა

გარშემო გაკიდებული დილის ნიავზე აფრიალებული და იალქნებივით

გაბერილი სარეცხი. თუ სახლებს მოაშორებდით მზერას, ჰაერში მოლივლივე ტოროლებს დაინახავდით, უფრო ქვემოთ კი მერცხლებს,

რომლებიც თითქმის მგზავრების თავზე კრავდნენ ირაოს.

ბევრი რამ აგონებდა კარლს სამშობლოს და არ იცოდა, სწორად იქცეოდა თუ არა, ნიუ-იორკს რომ ტოვებდა და ქვეყნის სიღრმეში მიემგზავრებოდა. ნიუ-იორკში ზღვაა და ნებისმიერ დროს – სამშობლოში

დაბრუნების შესაძლებლობა. ამიტომ შეჩერდა და თანამგზავრებს განუცხადა, რომ ნიუ-იორკში სურდა დაბრუნება. და როცა დელამარში, უბრალოდ, მის ძალად წაყვანას შეეცადა, არ წაჰყვა და უთხრა, ჩემი თავი

მე მეკუთვნის და უფლება მაქვს, თავად მივიღო გადაწყვეტილებაო. აქ

ირლანდიელი ჩაერია და შეეცადა აეხსნა, ბატერფორდი ნიუ-იორკზე გაცილებით უკეთესიაო. მხოლოდ ბევრი თხოვნის შემდეგ შეძლეს მისი

დაყოლიება. და მაინც, იქამდე არ დაიძრა ადგილიდან, ვიდრე თავი არ

დაირწმუნა, რომ მისთვის მართლაც უმჯობესია ისეთ ქალაქში ყოფნა,

საიდანაც სამშობლოში დაბრუნება არც ისე ადვილია. იქ ნამდვილად

უკეთესად იმუშავებს და წაიწევს წინ, რადგან უსარგებლო ფიქრები არ

შეაწყენენ თავს. და ახლა ის მიუძღოდა წინ ორივეს, ისინიც ისე გახარებულები იყვნენ მისი ამგვარი მონდომებით, რომ უსიტყვოდ ენაცვლებოდნენ ჩემოდნის ტარებაში, კარლს კი ვერაფრით გაეგო, მაინც რით

მიანიჭა მათ ასეთი სიხარული. გზა აღმართ-აღმართ მიდიოდა და დროდადრო რომ შეჩერდებოდნენ და უკან მოიხედავდნენ, თვალწინ ნიუიორკისა და მისი ნავსადგურის პანორამა გადაეშლებოდათ, რომელიც

სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა. ხიდი, ნიუ-იორკს ბრუკლინთან

რომ აკავშირებდა, მსუბუქად ეკიდა ისტ-რივერის თავზე, და თვალის მოჭუტვაზე თითქოს ირწეოდა. მოძრაობა მასზე არ ჩანდა, მის ქვემოთ კი უსიცოცხლოდ გაწოლილიყო წყლის გლუვი ზოლი. ეს ორი გიგანტ-ქალაქი ცარიელი და უმაქნისი ჩანდა. დიდ და პატარა სახლებს შორის

თითქოს განსხვავება არ იყო. ქუჩების უხილავ სიღრმეში ალბათ ცხოვრება თავისი გზით მიედინებოდა, მაგრამ მათ თავზე არაფერი ჩანდა, გარდა მსუბუქი ბუღისა, რომელიც არ იძვროდა, თუმცა თითქოს ადვილად შეიძლებოდა მისი გაფანტვა. ნავსადგურებშიც კი, რომლებიც უდიდესი იყო მსოფლიოში, სიჩუმეს დაესადგურებინა, და მხოლოდ აქა-იქ, ალბათ უფრო ადრინდელი შთაბეჭდილების გავლენით, ილანდებოდა გემი, რომელიც მოკლე მანძილზე გადაადგილდებოდა. დიდხანს არც ეს

ხილვა გრძელდებოდა, მალევე იკარგებოდა თვალთაგან და აღარ ბრუნდებოდა.

მაგრამ დელამარში და რობინსონი, ჩანს, გაცილებით მეტს ხედავდნენ, მარცხნივ და მარჯვნივ უთითებდნენ, ხელებით იმეორებდნენ მოედნებისა და პარკების მოხაზულობას, რომლებსაც სახელებით იხსენიებდნენ. ვერ გაეგოთ, რომ კარლს, რომელმაც ორ თვეზე მეტი დაყო ნიუიორკში, თითქმის არაფერი ენახა, გარდა ერთი ქუჩისა. და დაჰპირდნენ,

თუ ბატერფორდში საკმარის ფულს იშოვიდნენ, მასთან ერთად წავიდოდნენ ნიუ-იორკში და ყველა ღირსშესანიშნაობას დაათვალიერებინებდნენ, და, რა თქმა

უნდა, განსაკუთრებით იმ ადგილებს, სადაც თავდავიწყებამდე შეიძლება გართობა. ამის შემდეგ რობინსონმა მთელი ხმით წამოიწყო სიმღერა, დელამარშმა კი ტაში ააყოლა; კარლმა ამ სიმღერაში მშობლიური

ოპერეტის მელოდია ამოიცნო, რომელიც ახლა ინგლისური ტექსტით

უფრო მოეწონა, ვიდრე სახლში ოდესმე მოსმენილი. ეს იყო პატარა წარმოდგენა ღია ცის ქვეშ, რომელშიც სამივე მონაწილეობდა, ოღონდ მათ ფერხთით გაწოლილმა ქალაქმა, თითქოსდა ამ მელოდიაზე რომ ერთობოდა, ამის შესახებ არაფერი უწყოდა.

ერთხელ კარლმა იკითხა, სად მდებარეობდა იაკობის საწყობები, და

მაშინვე დელამარშისა და რობინსონის ერთსა და იმავე თუ ერთმანეთისაგან მრავალი მილით დაშორებული წერტილისაკენ გაშვერილი საჩვენებელი თითები დაინახა. გზა რომ გააგრძელეს, კარლმა ისევ იკითხა,

როდის შეძლებდნენ ყველაზე ადრე საკმარისი ფულით ნიუ-იორკში

დაბრუნებას. დელამარშმა უპასუხა, ეს ერთ თვეში სრულიად შესაძლებელია, რადგან ბატერფორდში მუშახელის ნაკლებობაა და მაღალი ანაზღაურებაო. რა თქმა უნდა, ფულს საერთო ყულაბაში შეინახავენ,

რათა შემთხვევითი განსხვავება გასამრჯელოში მეგობრულად გაათანაბრონ. საერთო ყულაბა კარლს მაინცდამაინც ჭკუაში არ დაუჯდა, თუმცა შეგირდის პოსტზე ის, ცხადია, ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე გამოცდილი მუშები. გარდა ამისა, რობინსონმა დაუმატა, თუ ბატერფორდში ვერ ვიშოვით სამუშაოს, ცხადია, გზის გაგრძელება მოგვიწევს, რათა

ან მოჯამაგირეებად დავდგეთ, ან კალიფორნიაში წავიდეთ ოქროს საბადოებზე სამუშაოდო, რაც, რობინსონის დაწვრილებითი მონათხრობიდან გამომდინარე, მისი ყველაზე სანუკვარი მიზანი იყო.

– მაშინ რისთვის გახდით ზეინკალი, თუ ახლა ოქროს საბადოებზე

აპირებთ მუშაობას? – ჰკითხა კარლმა, რომელიც ასეთი შორი და ხიფათიანი მოგზაურობის პერსპექტივით ვერ მოიხიბლა.

– ზეინკალი რისთვის გავხდი? – კითხვა შეუბრუნა რობინსონმა, – რა

თქმა უნდა, არა იმისათვის, რომ შიმშილით მოვკვდე. ოქროს საბადოებზე მშვენიერი ანაზღაურებაა.

– იყო ოდესღაც, – თქვა დელამარშმა.

– ახლაც ასეა, – მიუგო რობინსონმა და გაიხსენა ბევრი გამდიდრებული ნაცნობი, რომლებიც ახლაც იქ არიან და თითის თითზე დაკარება

აღარ სჭირდებათ, მაგრამ ძველი მეგობრობის ხათრით, ცხადია, მასაც

და მის თანამგზავრებსაც დაეხმარებიან გამდიდრებაში. 

– ჩვენ ბატერფორდშივე შევეცდებით სამუშაოს შოვნას, – თითქოს

კარლის აზრები ამოიკითხაო დელამარშმა, მაგრამ მისი სიტყვები არც

ისე იმედიანად ჟღერდა.

მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეჩერდნენ ერთ

სასტუმროში, სადაც გარეთ, რკინის მაგიდასთან, როგორც კარლს მოეჩვენა, ნახევრად უმი ხორცით გაუმასპინძლდნენ, რომელსაც დანა-ჩანგლით კი ვერ ჭრიდნენ, არამედ გლეჯდნენ. ცილინდრული ფორმის პურებში გრძელი დანები იყო

ჩარჭობილი. ამ სადილთან მუქი ფერის სასმელი მოართვეს, რომელიც ყელს წვავდა. თუმცა დელამარშსა და რობინსონს მოეწონათ, რამდენჯერმე თავიანთი სურვილების ასრულების სადღეგრძელოც დალიეს და ჭიქებიც მიუჯახუნეს ერთმანეთს. მეზობელ მაგიდასთან მუშები ისხდნენ, რომლებსაც კირით შეთხუპნული ბლუზები ეცვათ და ისეთსავე სითხეს შეექცეოდნენ. გზაზე უამრავი ავტომობილი მიქროდა და მაგიდებს მტვრის ღრუბელში ხვევდა. ხელიდან ხელში გადადიოდა დიდი გაზეთის ფურცლები, აღელვებულები ლაპარაკობდნენ მშენებელი მუშების გაფიცვაზე და ხშირად ისმოდა გვარი მაკი. კარლმა გაიკითხა და შეიტყო, რომ ეს მისი ნაცნობი მაკის მამა ყოფილა, ნიუ-იორკის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის მენარდე. გაფიცვას მისთვის მილიონობით ზარალი მიუყენებია და მის კომპანიას გაკოტრებითაც ემუქრებოდა. კარლის აზრით, ამ მითქმა-მოთქმის არც ერთი სიტყვა არ იყო სარწმუნო, და ის მხოლოდ ცუდად ინფორმირებული, არაკეთილმოსურნე ადამიანების მიერ იყო აგორებული.

კარლს ეს სადილი იმის გამოც ჩამწარდა, რომ სრულიად გაურკვეველი იყო, როგორ უნდა გადაეხადათ მისი საფასური. ყველაზე ბუნებრივი

იქნებოდა, თუ თითოეული თავის წილს გადაიხდიდა, მაგრამ დელამარშმა და რობინსონმა იქამდე გაკვრით ახსენეს, რომ უკანასკნელი კაპიკები ბოლო ღამისსათევში დატოვეს. საათი, ბეჭედი ან რაიმე სხვა გასასხვისებელი ნივთი არც ერთს არ გააჩნდა. კარლიც ხომ ვერ უსაყვედურებს, რომ მისი ტანსაცმლის გაყიდვით რაღაც მოგება ნახეს, ასეთი შეურაცხყოფა ხომ სამუდამო განხეთქილებას გამოიწვევს. მაგრამ ყველაფერზე გასაკვირი ის იყო, რომ არც დელამარშსა და არც რობინსონს გადახდის საკითხი თითქოს სულაც არ ადარდებდა, უფრო მეტიც, მშვენიერ ხასიათზე იყვნენ, მიმტან ქალს ელაზღანდარებოდნენ, რომელიც

თავაწეული, მძიმედ დააბიჯებდა მაგიდებს შორის. შუბლსა და ლოყებზე ჩამოყრილ გაშლილ თმას მალ-მალე ხელით ისწორებდა. ბოლოს მათთან მივიდა და როცა მისგან ტკბილი სიტყვის გაგონებას ელოდნენ,

ორივე ხელი მაგიდაზე დააწყო და იკითხა: – ვინ გადაიხდის? – არასოდეს ყოფილა ხელების მოძრაობა ისეთი სწრაფი, როგორიც იმ წუთს დელამარშისა და რობინსონისა, როცა ორივემ ერთდროულად კარლზე მიუთითა. კარლი არ შემკრთალა, რადგან ამას წინასწარვე გრძნობდა, და არაფერს ცუდს არ ხედავდა იმაში, რომ ამხანაგებმა, რომელთაგანაც ისიც მოელოდა გარკვეულ სამსახურს, მას ეს მცირე ხელგაშლილობა დააკისრეს, თუმცა გაცილებით წესიერი საქციელი იქნებოდა, თუ ამაზე წინასწარ მოილაპარაკებდნენ, და კარლს ფაქტის წინაშე არ დააყენებდნენ. უხერხული მხოლოდ ისაა, რომ საიდუმლო ჯიბიდან მოუწევს ფულის ამოღება. თავდაპირველად განზრახული ჰქონდა, ფული უკიდურესი შემთხვევისათვის შემოენახა და ამრიგად, ჯერჯერობით თავი ამხანაგებთან თანაბარ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. იმ უპირატესობას,

რომელიც ამ ფულის წყალობით, და რაც მთავარია, ამხანაგებისაგან მისი დამალვის წყალობით გააჩნია, სავსებით აწონასწორებს ის გარემოება, რომ ისინი ბავშვობიდანვე ამერიკაში ცხოვრობდნენ, საკმარის

ცოდნასა და გამოცდილებას ფლობდნენ სამუშაოს მოსაძებნად, დაბოლოს, არ იყვნენ ჩვეულნი ახლანდელზე უკეთეს პირობებში ცხოვრებას.

კარლის უწინდელ მოსაზრებებს ფულის თაობაზე ეს გადახდა თავისთავად დიდად არ შეუშლის ხელს. მეოთხედი დოლარი, ბოლოს და ბოლოს, ხომ არ დააქცევს, დადებს მონეტას მაგიდაზე და განაცხადებს,

რომ სულ ესაა მთელი მისი ავლა-დიდება, და მზად არის, გაიღოს ის ბატერფორდში ერთად გასამგზავრებლად. ფეხით სიარულის პირობებში

ეს თანხა სრულიად საკმარისი იქნება. ოღონდ ზუსტად არ იცოდა, საკმარისად ჰქონდა თუ არა წვრილი ფული, გარდა ამისა, ეს ხურდაც და ბანკნოტებიც სადღაც საიდუმლო ჯიბის სიღრმეშია და ვერ ამოძებნის, თუ ყველაფერს მაგიდაზე არ ამოაპირქვავებს. თანაც, სულაც არ არის საჭირო, ამხანაგებმა

ამ საიდუმლო ჯიბის შესახებ შეიტყონ რაიმე. საბედნიეროდ, მათ ახლა

მიმტანი ქალი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, თუ როგორ აკოწიწებს

კარლი გადასახდელ ფულს. დელამარშმა ანგარიშის გამოწერის საბაბით ქალი რობინსონთან ერთად ალყაში მოიქცია, ის კი, აბეზარების მოსაგერიებლად, ხან ერთს გაუწევდა გაშლილი ხელით სახეს იქით, ხან – მეორეს. ამასობაში დაძაბულობისაგან გახვითქული კარლი მაგიდის ქვეშ შეყოფილი ხელით საიდუმლო ჯიბიდან თითო-თითოდ ამოღებულ

წვრილ ფულს მეორე ხელში იგროვებდა. ბოლოს, თუმცა ამერიკულ

ფულს ჯერ კარგად არ იცნობდა, მონეტების რაოდენობის მიხედვით გადაწყვიტა, რომ ეს თანხა საკმარისი იქნებოდა და მაგიდაზე დაყარა. მონეტების წკრიალმა მეგობრებს მაშინვე შეაწყვეტინა ღლაბუცი. კარლის

შესაცბუნებლად და ყველას გასაოცრად აღმოჩნდა, რომ მაგიდაზე მთელი დოლარი ეყარა. მართალია, არავის უკითხავს, რატომ არაფერი

თქვა აქამდე ამ ფულზე, რომელიც ბატერფორდში რკინიგზით გასამგზავრებლად სრულიად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ კარლმა ძალზე უხერხულად იგრძნო თავი. ანგარიშის გასწორების შემდეგ დარჩენილი ხურდა ნელა შეაგროვა, დელამარშმა კი მისი ხელიდან კიდევ ერთი მონეტა აიტაცა, რათა მიმტანი ქალისათვის გასამრჯელო გადაეხადა, და ცალი ხელი ქალს წელზე მოხვია, მეორით კი ფული მიაწოდა. კარლი მათი მადლობელი იყო, რომ გზად ფულზე სიტყვაც არ დაუძრავთ, და ერთი პირობა კიდევაც იფიქრა, გამოეჩინა მათთვის მთელი თავისი ქონება, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან შესაფერისი შემთხვევა არ მიეცა. საღამოხანს ერთ ნაყოფიერ სოფლამდე ჩააღწიეს. გადაჭიმული ტრიალი მინდვრები თავისი ახლად ამწვანებული ბალახით დაბალ

ბორცვებს ეფინებოდა; გზის პირას მდიდრული კარ-მიდამოები იყო ჩარიგებული, საათობით მიაბიჯებდნენ ბაღების მოოქრულ მესრებს შორის, რამდენჯერმე გადაკვეთეს ერთი და იგივე ნელი მდინარე, მათ თავზე დაკიდებულ ვიადუკებზე კი გრიალით მიქროდნენ მატარებლები.

ის იყო, მზე შორეული ტყეების სწორი კიდის იქით ჩაეშვა, რომ ზეგანზე, პატარა ჭალაკის შუაგულში, მწვანე მოლზე დაეშვნენ, რათა გრძელი გზის შემდეგ სული მოეთქვათ. რობინსონი და დელამარში ნებივრად გაიშოტნენ, წამომჯდარი კარლი კი რამდენიმე მეტრით დაშორებულ საავტომობილო გზას გასცქეროდა, რომელზეც მთელი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მიქროდნენ ავტომობილების შემხვედრი ნაკადები, თითქოს ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობით რომელიღაც შორეთიდან გამოგზავნილებს, იმავე რაოდენობით ელოდნენ სადღაც მეორე შორეთში. დილიდან მოყოლებული, მთელი დღის განმავლობაში,

კარლს არ დაუნახავს, რომ რომელიმე მანქანა გაჩერებულიყო და იქიდან მგზავრი გადმოსულიყო.

რობინსონმა წამოაყენა წინადადება, აქ გაეთიათ ღამე, რადგან ძალიან დაღლილები იყვნენ, დილით კი ადრე გასდგომოდნენ გზას; ბოლოს და ბოლოს, დაღამებამდე მაინც ვერ იშოვიდნენ უფრო იაფ და მოხერხებულ ადგილს ღამის გასათევად. დელამარში დაეთანხმა, მხოლოდ კარლმა თავი მოვალედ ჩათვალა, ეთქვა, რომ საკმარისი ფული ჰქონდა, რათა სასტუმროში სამივესათვის გადაეხადა ღამის

გასათევი. დელამარშის აზრით, ფული ჯერ კიდევ გამოადგებოდათ

და სჯობდა, კარგად შეენახა. ის სულაც არ მალავდა, რომ კარლის ფულზე ეჭირათ თვალი. რაკი რობინსონის პირველი წინადადება გავიდა, ახლა განაცხადა, ცუდი არ იქნება, თუ დაძინებამდე ძალ-ღონის მოსაკრებად წავიხემსებთ და დილისათვის მოვმაგრდებითო; ამისათვის ერთერთ მათგანს რაიმე უნდა მოეტანა სასტუმროდან, რომლის განათებული რეკლამა, – «სასტუმრო ოქსიდენტალი», – იქვე ახლოს ჩანდა შარაგზაზე. რაკი კარლი ყველაზე უმცროსი იყო, თან არც სურვილი გამოუთქვამს რომელიმეს, უყოყმანოდ შესთავაზა მეგობრებს თავისი სამსახური, და როგორც კი მათგან შაშხის, პურისა და ლუდის შეკვეთა მიიღო, სასტუმროსაკენ გაემართა.  

ჩანს, ახლოს რომელიღაც დიდი ქალაქი მდებარეობდა, რადგან სასტუმროს პირველივე დარბაზი, რომელშიც კარლი აღმოჩნდა, მოყაყანე ბრბოთი იყო სავსე, სამი კედლის გასწვრივ გაჭიმული ბუფეტის წინ კი აქეთ-იქით დარბოდნენ თეთრწინსაფრიანი მიმტანები, რომლებიც თავს ვერ ართმევდნენ კლიენტების მოთხოვნებს, და ამის გამო სხვადასხვა მხრიდან ლანძღვა და მაგიდაზე მუშტების ბრახუნი ისმოდა.

კარლისთვის ყურადღება არავის მიუქცევია; დარბაზში არავითარი მომსახურება არ იყო. ისეთ პატარა მაგიდებთან მსხდომ სტუმრებს, სამ კაცს რომ ძლივს იტევდა, თავად მოჰქონდათ ბუფეტიდან, რაც სურდათ. ყველა მაგიდაზე იდგა დიდი ბოთლი ზეთით, ძმარი და კიდევ რაღაც ამდაგვარი, და ბუფეტიდან მოტანილ ყველა კერძს ამ სანელებლებს მოასხამდნენ ხოლმე. ბუფეტამდე მისვლისას, სადაც საყიდლების გამო ალბათ სირთულე ელოდა, დიდი სიფრთხილის მიუხედავად, კარლმა რამდენიმე სტუმარს გაჰკრა გვერდი, თუმცა მათ აღშფოთება არ გამოუხატავთ,

მაშინაც კი, როცა ერთ სტუმართან შეჯახებისას კინაღამ მაგიდა გადააყირავა. ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეტყობა ვერ გაუგეს, და არც მას გაუგია არც ერთი სიტყვა იქიდან, რაც მიაძახეს.

ბუფეტთან გაჭირვებით იპოვა ერთი პატარა ადგილი, საიდანაც კარგა ხანს მეზობლების იდაყვები უფარავდა სახედველს. ეტყობა, აქ საერთოდ ჩვევად ჰქონდათ იდაყვებზე დაყრდნობა და მუშტების საფეთქლებთან მიბჯენა; კარლს ლათინური ენის პროფესორი, დოქტორი კრუმპალი გაახსენდა, რომელიც ვერ იტანდა ამ პოზას, მოულოდნელად მიეპარებოდა ხოლმე მოსწავლეს და სახაზავის სწრაფი მოქნევით – ღმერთმა იცის, საიდან გაუჩნდებოდა უცებ ხელში – საყრდენს გამოაცლიდა.

კარლი მიეჭეჭყა ბუფეტს, რადგან, როგორც კი რიგში ჩადგა, მის უკან

მაგიდა დადგეს, და ამ მაგიდასთან მოკალათებული ერთ-ერთი სტუმარი, ლაპარაკის დროს, ოდნავ გადახრისას, კარლს თავისი უზარმაზარი ქუდით ზურგზე უხახუნებდა. თანაც, კარლს იმედი არ ჰქონდა, რომ ოფიციანტისაგან რაიმეს მიიღებდა, მაშინაც კი, როცა მისი ორივე ტლანქი მეზობელი დაკმაყოფილებული გაეცალა იქაურობას. რამდენჯერმე მაგიდაზე გადაიხარა და ერთ-ერთ ოფიციანტს წინსაფარში სწვდა, მაგრამ მან გაგულისებული სახით თავი გაითავისუფლა. შეუძლებელი ჩანდა რომელიმეს მოხელთება, ყველა გარბი-გამორბოდა. მის სიახლოვეს მაინც რომ ყოფილიყო რაიმე სასურველი საჭმელი ან სასმელი, აიღებდა,

ფასს იკითხავდა, ფულს დახლზე დაუგდებდა და გახარებული გაეცლებოდა აქაურობას. მაგრამ მის წინ თასებში მხოლოდ ქაშაყისმაგვარი თევზი ეწყო, რომლის მუქი ქერცლის კიდეები ოქროსფრად ბრწყინავდა. თუმცა ის ალბათ ძალიან ძვირიც

ეღირებოდა და ვერც დაანაყრებდა. გარდა ამისა, შეეძლო პატარა ქვაბს მისწვდომოდა, რომელშიც რომი იყო, მაგრამ მეგობრებისათვის რომის წაღება არ უნდოდა, ისედაც შემთხვევას არ უშვებდნენ, მაგარი ალკოჰოლიანი სასმელი მოეყუდებინათ პირზე, კარლი კი ამაში მათთვის ხელის შეწყობას არ აპირებდა.

მეტი რაღა დარჩენოდა, სხვა ადგილი უნდა მოეძებნა და ყველაფერი თავიდან დაეწყო. მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრი დრო დაკარგა. დარბაზის მეორე ბოლოში დაკიდებული საათი, რომლის ისრების დანახვა

სქელ კვამლში მხოლოდ მხედველობის უკიდურესი დაძაბვით იყო შესაძლებელი, ცხრაზე მეტს აჩვენებდა. სხვა ადგილებში კიდევ უფრო მეტი ჭყლეტა იყო, ვიდრე ადრინდელ, ცოტა მოშორებულ ადგილას. გარდა ამისა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ივსებოდა დარბაზი. მთავარი შემოსასვლელიდან «ჰელოს» ხმამაღალი ძახილით სულ ახალ-ახალი სტუმრები შემოდიოდნენ. ზოგ ადგილას თვითნებურად ათავისუფლებდნენ დახლს, მოიკალათებდნენ პულტზე და ერთმანეთის სადღეგრძელოებს სვამდნენ, ეს საუკეთესო ადგილები იყო მთელი დარბაზის მოსათვალიერებლად.

კარლი გაჭირვებით კი მიიწევდა წინ, მაგრამ რაიმეს მოპოვების იმედი გადაეწურა. თავს საყვედურობდა, რომ ასეთი დავალების შესრულება იკისრა, მაშინ, როცა აქაურ გარემოებებს არ იცნობდა. ამხანაგები

დამსახურებულად გამოლანძღავენ და იმასაც იფიქრებენ, რომ ფული  დაენანა და ამიტომ არ მოიტანა არაფერი. თან ახლა დარბაზის ისეთ ადგილას აღმოჩნდა, სადაც გარშემო, მაგიდებზე, ხორციანი კერძები ეწყო, ოქროსფრად დაბრაწული კარტოფილებით; ვერ გაეგო, როგორ მოიპოვა ამ ხალხმა ყოველივე ეს.

უცებ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ხანდაზმული ქალი შენიშნა,

რომელიც ალბათ სასტუმროს მომსახურე პერსონალს ეკუთვნოდა, და

სიცილით ერთ-ერთ სტუმარს ელაპარაკებოდა; თან განუწყვეტლივ თმაში სარჭს ისწორებდა. კარლმა მაშინვე გადაწყვიტა, ამ ქალისათვის მიემართა, თუნდაც იმის გამო, რომ ის, როგორც ერთადერთი ქალი, გამონაკლისი იყო მთელ ამ ყაყანსა და აურზაურში, და იმ უბრალო მიზეზის გამოც, რომ ის ერთადერთი იყო მომსახურე პერსონალიდან, რომელთანაც შესაძლებელი იყო დალაპარაკება, თუ, რა თქმა უნდა, მისი პირველი სიტყვისთანავე თავის საქმეებზე არ გაიქცეოდა. მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო რამ მოხდა: კარლს ჯერ ხმაც არ ამოეღო, უბრალოდ, მზერა შეაჩერა მასზე, მან კი, საუბრის დროს გვერდზე რომ გაიხედავენ ხოლმე, ისე გახედა კარლს, ლაპარაკი შეწყვიტა, და თავაზიანად, გამართული ინგლისურით, ჰკითხა, რამეს ხომ არ ეძებთო. – რა თქმა უნდა, – მიუგო კარლმა, – აქ ვერაფერი მოვიპოვე.

– მაშინ წამომყევით, პატარავ, – თანამოსაუბრეს დაემშვიდობა, რომელმაც ქუდი მოიხადა, რაც აქ ზრდილობის დაუჯერებელი გამოვლინება იყო, კარლს ხელი ჩაჰკიდა, ბუფეტისაკენ გაემართა, ერთი სტუმარი

განზე გასწია, დახლის კარი ასწია, უკანა გასასვლელი გადაჭრა, დაუღალავად მოფუსფუსე ოფიციანტებს მოხერხებულად აუარა გვერდი, კიდევ ერთი, შპალერგადაკრული კარი გამოაღო, და დიდ, გრილ საკუჭნაოში აღმოჩნდნენ. «აი, რას ნიშნავს საქმის ცოდნა», – გაიფიქრა კარლმა.

– აბა, რა გნებავთ? – ჰკითხა ქალმა და თავაზიანად დაუკრა თავი.

ძალზე მსუქანი იყო, მთელი სხეული უთანთალებდა, მაგრამ სახე, ცხადია, ტანთან შედარებით, სანდომიანი ჰქონდა. თაროებსა და მაგიდებზე სანიმუშო წესრიგით დალაგებული ნაირ-ნაირი სურსათის დანახვაზე

კარლი კინაღამ ცთუნებამ აიტანა, თავისი შეკვეთის ნაცვლად რაიმე უფრო დახვეწილი ვახშამი მოეფიქრებინა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ამ გავლენიანი ქალისაგან უფრო შეღავათიან მომსახურებას მოელოდა,

მაგრამ რადგან ვერაფერი შესაფერისი ვერ მოიფიქრა, ისევ შაშხი, პური და ლუდი მოითხოვა.

– სხვა არაფერი? – ჰკითხა ქალმა.

– არა, გმადლობთ, – მიუგო კარლმა, – ოღონდ სამი კაცისათვის.

როცა ქალმა ორ დანარჩენზე ჰკითხა, კარლმა მოკლედ უამბო ამხანაგებზე, ესიამოვნა, რომ ქალმა მათ მიმართ ინტერესი გამოიჩინა.

– მაგრამ ეს ხომ პატიმრების ულუფაა, – ქალი კარლისაგან აშკარად

შემდგომ სურვილებს ელოდა. ის კი იმის შიშით, ფულს არ გამომართმევსო, გაჩუმდა, – ამას ახლავე მოგიგროვებთ, – თავისი სიმსუქნის პირობაზე გასაოცარი სიმარდით მივიდა ერთ მაგიდასთან, გრძელი, თხელი, ხერხისმაგვარი დანით ძარღვიანი ხორცით სავსე შაშხის დიდი ნაჭერი ჩამოჭრა, თაროდან ერთი პური გადმოიღო, იატაკიდან სამი ბოთლი ლუდი აიღო, ყველაფერი მსუბუქ ჩალის კალათაში ჩაალაგა და

კარლს გაუწოდა. თან ისიც აუხსნა, აქ იმიტომ შემოგიყვანე, რომ გარეთ,დახლზე, სურსათი, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად იყიდება, კვამლისა და ბუღისაგან ილახება, თუმცა ისინი არც იმას იწუნებენო. კარლმა

არაფერი უპასუხა, რადგან არ იცოდა, რით დაიმსახურა ასეთი გამორჩეული მომსახურება. გაახსენდა თავისი ამხანაგები, რომლებიც ამერიკას კარგად იცნობდნენ, მაგრამ ასეთ საკუჭნაოში ალბათ ვერასოდეს ვერ მოხვდებოდნენ და ბუფეტის შელახული სურსათით მოუწევდათ დაკმაყოფილება. აქ დარბაზიდან ხმაური არ შემოდიოდა, ეტყობა, კედლები

ძალიან სქელი იყო, რომ ამ თაღებქვეშ სიგრილე შეენარჩუნებინა.

კარლს უკვე ხელში ეჭირა კალათა, მაგრამ არც გადახდა ახსოვდა და არც ადგილიდან იძროდა. მხოლოდ, როცა ქალი კალათაში კიდევ ერთი ისეთი ბოთლის ჩადგმას აპირებდა, როგორებიც გარეთაც იდგა მაგიდებზე,

შეკრთა და მადლობა გადაუხადა.

– კიდევ დიდი გზა გაქვთ გასავლელი? – ჰკითხა ქალმა.

– ბატერფორდამდე, – მიუგო კარლმა.

  

– კიდევ ერთი დღის სავალი, – შენიშნა ქალმა.

– ო, არა, – თქვა კარლმა.

ქალმა მაგიდაზე რამდენიმე ნივთი მიწი-მოწია; შემოვიდა ოფიციანტი, რომელიც რაღაცის ძებნაში აქეთ-იქით იხედებოდა. როცა ქალმა

დიდ თასზე მიუთითა, რომელშიც ოხრახუშმოყრილი სარდინები ეწყო,

კაცმა მაღლა აწეული ხელებით დარბაზში გაიტანა.

– კი მაგრამ, რატომ გადაგიწყვეტიათ, გარეთ გაათიოთ ღამე? – შეეკითხა ქალი, – აქ ადგილი მოიძებნება, ჩვენთან დაიძინეთ, სასტუმროში.

ეს წინადადება კარლისათვის ძალზე მომხიბლავი იყო, მით უმეტეს,

რომ წინა ღამე ისე ცუდად გაატარა.

– ჩემი ბარგი გარეთაა, – ყოყმანით და ცოტა თავმომწონედაც უპასუხა კარლმა.

– მერე და მოიტანეთ აქ, რა გიშლით ხელს?

– მაგრამ ჩემი ამხანაგები? – წამოიძახა კარლმა და მაშინვე გაიფიქრა, ისინი სწორედაც რომ ხელის შემშლელები იქნებიანო.

– მათაც შეუძლიათ აქ გაათიონ ღამე, – უთხრა ქალმა, – მოდით, ნუ

მახვეწნინებთ ამდენს.

– ჩემი ამხანაგები საერთოდ კარგი ბიჭები არიან, მაგრამ უსუფთაოდ

გამოიყურებიან.

– არ ნახეთ, რა სიბინძურეა დარბაზში? – ჰკითხა ქალმა და სახე შეჭმუხნა, – აქ ყველანაირი ნაგავი შემოდის. ახლავე გავამზადებინებ სამ საწოლს. ოღონდ სხვენში, რადგან სასტუმრო გადატენილია, მეც სხვენში გადავსახლდი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გარეთ ღამის გათევას სჯობს.

– ჩემს ამხანაგებს ვერ მოვიყვან, – უთხრა კარლმა და წარმოიდგინა,

რა აურზაურს ატეხდნენ ისინი ამ წესიერ სასტუმროში: რობინსონი ყველაფერს დათხვრის და დელამარში ხომ თავისი ოინბაზობით უთუოდ

თავს მოაბეზრებს ამ ქალს. 

– არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ეს შეუძლებელი, – უთხრა ქალმა, – მაგრამ, თუ ასე გნებავთ, თქვენი ამხანაგები გარეთ დატოვეთ და მარტო მოდით ჩვენთან.

– ეს არ შეიძლება, არ შეიძლება, – მიუგო კარლმა, – ისინი ჩემი ამხანაგები არიან და მეც მათთან უნდა დავრჩე.

– რა ჯიუტი ხართ, – ქალმა თვალი მოაშორა, – თავაზიანად გექცევიან, ცდილობენ დაგეხმარონ, თქვენ კი მთელი ძალით ხელს ჰკრავთ.

კარლს ესმოდა ყველაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა,

და ესღა დასძინა: – უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თავაზიანობისათვის.

მერე გაახსენდა, რომ ფული ჯერ არ გადაეხადა და ჰკითხა, რამდენია

ჩემზეო.

– ფულს მაშინ გადამიხდით, როცა კალათას მომიტანთ უკან, – უპასუხა ქალმა, – ხვალ დილით აუცილებლად უნდა დამიბრუნოთ.

– გმადლობთ, – ქალმა კარი გამოაღო, რომელიც პირდაპირ გარეთ

გადიოდა, და როცა კარლმა გამომშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა,

დაუმატა: – ღამე მშვიდობისა, მაგრამ არ იქცევით სწორად, – და კარლს უკვე რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, როცა მიაძახა: – დილამდე!

ის იყო გარეთ აღმოჩნდა, დარბაზიდან კვლავ შეუნელებელი ხმაური

მოესმა, რომელსაც ახლა სასულე ორკესტრის ხმებიც ერთვოდა. კმაყოფილი იყო, რომ დარბაზის გავლა აღარ მოუწია. ახლა სასტუმროს ხუთივე სართული განათებული იყო და ქუჩას მთელ სიგანეზე ანათებდა. გარეთ ჯერ კიდევ დაქროდნენ ავტომობილები, თუმცა უკვე დროგამოშვებით. უფრო მეტი სისწრაფით, ვიდრე დღისით. მოქროდნენ შორეთიდან, შუქფარების თვალისმომჭრელ სხივებს ქვაფენილზე საცეცებივით

მოატარებდნენ, სასტუმროს წინ განათებულ ტერიტორიას შესუსტებული სინათლით გადაკვეთდნენ და წყვდიადში უჩინარდებოდნენ.

კარლი რომ დაბრუნდა, ამხანაგებს უკვე ღრმად ეძინათ – იმდენ ხანს

გაგრძელდა მისი «გასეირნება». ის იყო, მოტანილი სურსათი კალათაში ჩაფენილ ქაღალდზე მადისაღმძვრელად უნდა გაეშალა, და ამხანაგები მხოლოდ მაშინ გაეღვიძებინა, როცა ყველაფერს გაამზადებდა, რომ შეშფოთებულმა დაინახა, როგორ ეგდო იქვე მისი ჩემოდანი, რომელიც

ჩაკეტილი დატოვა და გასაღები ჯიბეში შეინახა, ყურთამდე გახსნილი,

შიგთავსი კი გარშემო, ბალახზე იყო მიმობნეული.

– ადექით! – დაიძახა, – თქვენ გძინავთ, აქ კი ქურდები ყოფილან.

– კი მაგრამ, აკლია რამე? – იკითხა დელამარშმა. რობინსონმა, რომელიც ჯერ მთლიანად არ გამოფხიზლებულიყო, ლუდს სტაცა ხელი.

– არ ვიცი, – დაიყვირა კარლმა, – მაგრამ ჩემოდანი ღიაა. რა წინდაუხედაობაა, თქვენ დაგძინებიათ, ჩემოდანი კი უყურადღებოდ მიგიტოვებიათ.

დელამარშმა და რობინსონმა გადაიხარხარეს, და პირველმა უთხრა:

– შემდეგისათვის ამდენი ხნით ნუ დაიკარგებით. სასტუმრო ათ ნაბიჯშია, თქვენ კი წასვლა-მოსვლას სამი საათი მოანდომეთ. ჩვენ გვშიოდა,

ვიფიქრეთ, იქნებ ჩემოდანში რაიმე საჭმელი აქვსო, და საკეტი იმდენ ხანს ვაწვალეთ, სანამ არ გაიღო. სამწუხაროდ, ვერაფერი აღმოვაჩინეთ და ახლა შეგიძლიათ, ყველაფერი მშვიდად ჩაალაგოთ უკან.

– გასაგებია, – თქვა კარლმა. იგი გაშტერებული შესცქეროდა რა სისწრაფით ცარიელდებოდა კალათა, თან იმ უცნაურ ხმაურს აყურადებდა, რობინსონი რომ გამოსცემდა სმის დროს – სითხე ჯერ ხახაში ხვდებოდა, სტვენით ბრუნდებოდა უკან და მხოლოდ ამის შემდეგ ძლიერ ნაკადად ჩაედინებოდა სიღრმეში.

– დაამთავრეთ ჭამა? – ჰკითხა კარლმა, როცა ორივე ერთი წამით სულის მოსათქმელად შეჩერდა.

– განა თქვენ სასტუმროში არ ჭამეთ? – გაიკვირვა დელამარშმა, რომელსაც ეგონა, რომ კარლი თავის წილს ითხოვდა.

– თუ კიდევ გინდათ, იჩქარეთ, – და კარლი თავისი ჩემოდნისაკენ გაემართა.

– ეტყობა, უხასიათოდაა, – გადაულაპარაკა დელამარშმა რობინსონს.  

– უხასიათოდ არ ვარ, – უპასუხა კარლმა, – მაგრამ განა წესიერი საქციელია ჩემს აქ არყოფნაში ჩემი ჩემოდნის გახსნა და იქიდან ნივთების

ამოყრა? ვიცი, ამხანაგებს შორის ბევრი რამ დასაშვებია, და მეც მზად

ვიყავი ამისათვის, მაგრამ ეს მეტისმეტია. მე სასტუმროში გავათევ ღამეს და ბატერფორდში არ წამოვალ. სწრაფად ჭამეთ, კალათა უნდა დავაბრუნო.

– გესმის, რობინსონ, რას ლაპარაკობს? – წამოიწყო დელამარშმა, –

აი, დახვეწილი მეტყველება. ის ხომ გერმანელია. შენ ადრევე მაფრთხილებდი, მაგრამ მე გავბრიყვდი და წამოვიყვანე. ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ, მთელი დღე ვათრიეთ, რის გამოც თითქმის ნახევარი დღე დავკარგეთ და ახლა – რაკი სასტუმროში ვიღაცამ გადაიბირა, გარბის, უბრალოდ, გარბის. მაგრამ რადგან მატყუარა გერმანელია, აშკარად კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩემოდანს იყენებს საბაბად, და რადგან ყოყლოჩინა გერმანელია, ისე ვერ წავა, თუ ღირსება არ შეგვილახა და ქურდები არ გვიწოდა, რაკი მის ჩემოდანს გავეხუმრეთ.

კარლი, რომელიც თავის ნივთებს ალაგებდა, მათკენ არ მიბრუნებულა: – ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ, და გამიადვილეთ წასვლა. მე კარგად

ვიცი, რა არის ამხანაგობა. ევროპაშიც მყავდა მეგობრები და ვერავინ მისაყვედურებს, რომ ვუღალატე ან ცუდად მოვექეცი. ახლა, ცხადია, არ გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ თუ ოდესმე ევროპაში დავბრუნდები, ყველა კეთილად მიმიღებს და მაშინვე მეგობარს დაინახავს ჩემში. და

თქვენ, დელამარშ, და თქვენ, რობინსონ, ამბობთ, რომ მე გიღალატეთ,

თქვენ, ვინც ასეთი თავაზიანობა გამოიჩინეთ ჩემ მიმართ და – ამას არასოდეს არ დაგიკარგავთ – ბატერფორდში ჩემთვის შეგირდის ადგილის მოძებნასაც კი დამპირდით? მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. თქვენ არაფერი გაგაჩნიათ და ეს არ გამცირებთ ჩემს თვალში, მაგრამ გშურთ ჩემი მცირე ქონების და ცდილობთ ჩემს დამცირებას, ამას კი მე

ვერ ავიტან. და ახლა, როცა ჩემი ჩემოდანი გატეხეთ, ერთი სიტყვითაც კი არ მოგიბოდიშებიათ, არამედ მლანძღავთ და ლანძღავთ ჩემს

ხალხს. ამით ყოველ შესაძლებლობას მისპობთ, თქვენთან დავრჩე. ისე, თქვენ ეს არ გეხებათ, რობინსონ. თქვენ მიმართ მხოლოდ ის მაქვს სასაყვედურო, რომ სუსტი ხასიათის გამო დელამარშის ძლიერ გავლენას განიცდით.

– ახლა ხომ დავინახეთ, – დელამარში კარლს მიუახლოვდა და მისი

ყურადღების მისაქცევად მსუბუქად უბიძგა, – ახლა ხომ დავინახეთ, როგორ ჩამოიხსენით ნიღაბი. მთელი დღე კუდში მომყვებოდით, ჩემს პიჯაკზე გქონდათ ხელი ჩავლებული, ყოველ ჩემს მოძრაობას იმეორებდით და თაგვივით გასუსული იყავით. ახლა კი, როცა სასტუმროში ვიღაცის იმედი გაქვთ, ხმამაღლა დაიწყეთ ლაპარაკი. თქვენ პატარა ვირეშმაკა ხართ, და ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ ამას ასე არ დავტოვებთ. ხომ არ მოვითხოვოთ თქვენგან იმის საფასური, რაც მთელი დღის განმავლობაში ჩვენგან გადაიღეთ? გესმის, რობინსონ, თურმე ამისი გვშურს – გვშურს მისი ქონების. ერთი დღის მუშაობა ბატერფორდში და – კალიფორნიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ – ათი იმდენი გვექნება, რაც თქვენ

გვიჩვენეთ და რასაც ალბათ პიჯაკის სარჩულში მალავთ. ასე რომ, სიტყვები შეარჩიეთ! კარლმა ჩემოდნიდან თავი ასწია და დაინახა, რომ ახლა რობინსონიც მისკენ მოდიოდა, რომელიც ჯერ მთლად გამოფხიზლებული არ იყო, მაგრამ ლუდს ცოტათი გამოეცოცხლებინა, – თუ კიდევ დიდხანს

დავრჩები აქ, ალბათ ახალ-ახალ სიურპრიზებს უნდა ველოდო თქვენგან. გატყობთ, ჩემი მიტყეპვა მოგინდომებიათ.

– ყოველგვარ მოთმინებას აქვს თავისი საზღვარი, – თქვა რობინსონმა.

– უმჯობესია, გაჩუმდეთ, რობინსონ, – მიმართა კარლმა, ისე რომ დელამარშისათვის თვალი არ მოუცილებია, – თქვენ ხომ გულის სიღრმეში მე მეთანხმებით, მაგრამ იძულებული ხართ, დელამარშს დაუჭიროთ

მხარი!

– მისი მოქრთამვა ხომ არ გინდათ? – ჰკითხა დელამარშმა.

– არც მიფიქრია, – უპასუხა კარლმა, – მოხარული ვარ, რომ მივდივარ, და არც ერთ თქვენგანთან აღარ ვაპირებ საქმის დაჭერას. მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ: თქვენ მისაყვედურეთ, რომ ფული დაგიმალეთ. დავუშვათ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ განა შეიძლება სხვაგვარად მოქცევა, როცა მხოლოდ რამდენიმე საათია, რაც იცნობ ადამიანებს, და განა არ დაამტკიცეთ თქვენი ახლანდელი საქციელით ამგვარი მოქმედების სისწორე?

– წყნარად იყავი, – მიმართა დელამარშმა რობინსონს, თუმცა ის არ

ინძრეოდა. შემდეგ კარლს ჰკითხა: – რაკი ასე უსირცხვილოდ გულახდილი ბრძანდებით, მაშ მოდით, ვიდრე წყნარად ვდგავართ აქ, ბოლომდე გულახდილი იყავით და აღიარეთ, მაინც რატომ გადაწყვიტეთ სასტუმროში წასვლა? – კარლმა ჩემოდანს

გადააბიჯა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, ისე ახლოს მივიდა მასთან დელამარში. მაგრამ დელამარში არ დაბნეულა, ჩემოდანი ფეხით

განზე გასწია, ნაბიჯი წინ გადადგა, ფეხი პერანგის თეთრ გულისპირს

დაადგა, რომელიც ბალახში დარჩენილიყო, და კითხვა გაუმეორა.

თითქოს ამ შეკითხვის პასუხად გზიდან ერთმა კაცმა გადმოუხვია,

რომელსაც ხელში ძლიერშუქიანი ჯიბის ფარანი ეჭირა და ჯგუფს მიუახლოვდა. ეს სასტუმროს ოფიციანტი იყო. დაინახა თუ არა კარლი, უთხრა: – უკვე თითქმის ნახევარი საათია გეძებთ. ყველა ფერდობი მოვათვალიერე გზის ორივე მხარეს. ქალბატონმა შეფმზარეულმა შემოგითვალათ, რომ კალათა, რომელიც გათხოვათ, სასწრაფოდ სჭირდება.

– ინებეთ, – აღელვებისაგან ენა დაება კარლს. დელამარში და რობინსონი მოჩვენებითი მორიდებულობით განზე გადგნენ, როგორც ყოველთვის იქცეოდნენ უცხო, შეძლებული ადამიანების წინაშე. ოფიციანტმა კალათა ჩამოართვა და უთხრა: – ქალბატონი შეფმზარეული გეკითხებათ, ხომ არ გადაგიწყვეტიათ მაინც სასტუმროში ღამის გათევა. დანარჩენი ორი ბატონისთვისაც მოიძებნება ადგილი, თუ მათ თან წამოყვანას ინებებთ. საწოლები უკვე გამზადებულია. მართალია, ამაღამ თბილა, მაგრამ აქ, ფერდობზე ღამის გათევა სახიფათოა, აქ ხშირია გველები.  

– რაკი ქალბატონი შეფმზარეული ასე თავაზიანია, მის მიპატიჟებას

მივიღებ, – უპასუხა კარლმა და თან ელოდებოდა, რას იტყოდნენ მისი

ამხანაგები. მაგრამ რობინსონი ენაჩავარდნილი იდგა, დელამარშს კი

ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეყო და ვარსკვლავებს ასცქეროდა. ორივეს აშკარად იმედი ჰქონდა, რომ კარლი მათ ულაპარაკოდ თან წაიყვანდა.

– ასეთ შემთხვევაში, – განაგრძო ოფიციანტმა, – დავალებული მაქვს,

სასტუმრომდე მიგაცილოთ და თქვენი ბარგი წამოვიღო.

– მაშინ ერთი წუთით მოიცადეთ, – უთხრა კარლმა და დაიხარა, რომ

რამდენიმე ნივთი, რომლებიც ჯერ კიდევ ბალახში ეყარა, ჩემოდანში

ჩაეწყო. უცებ წამოიმართა. ფოტოსურათი, რომელიც ჩემოდანში სულ ზემოდან იდო, არსად ჩანდა. ყველაფერი ადგილზე იყო, მხოლოდ ის აკლდა,

– ფოტოგრაფიას ვერ ვპოულობ, – თხოვნის კილოთი მიმართა დელამარშს.

– რომელ ფოტოგრაფიას? – ჰკითხა იმან.

– ჩემი მშობლების ფოტოგრაფიას.

– ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს, – თქვა დელამარშმა.

– ჩემოდანში არავითარი ფოტოგრაფია არ ყოფილა, ბატონო როსმან, – თავის მხრივ, დაუდასტურა რობინსონმა.

– მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, – კარლის მავედრებელი თვალების

დანახვაზე მებუფეტე მასთან ახლოს მივიდა, – ზემოდან იდო და ახლა

არსადაა. ეს ოინი რომ არ ჩაგედინათ!

– ყოველგვარი შეცდომა გამორიცხულია, – თქვა დელამარშმა, – ჩემოდანში ფოტოგრაფია არ ყოფილა.

– ის ყველაფერზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რაც კი ჩემოდანში მედო, – უთხრა მებუფეტეს, რომელიც აქეთ-იქით დადიოდა და ბალახში

ეძებდა, – ის ჩემთვის შეუცვლელია, მეორე ასეთი არასოდეს აღარ მექნება, – და როცა მებუფეტემ უიმედო ძებნას თავი დაანება, დაუმატა: –

ჩემი მშობლების სურათი მეტი არ მაქვს.  

ამის პასუხად მებუფეტემ ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე განაცხადა: – იქნებ ამ ბატონების ჯიბეებიც გაგვეჩხრიკა.

– დიახ, – მაშინვე დაეთანხმა კარლი, – ფოტოგრაფია უნდა ვიპოვო.

მაგრამ ვიდრე ჯიბეების გაჩხრეკას დავიწყებდე, ჯერ გეტყვით: ვინც ფოტოგრაფიას ნებაყოფლობით დამიბრუნებს, მთელი ჩემოდანი მისი იქნება, – ერთი წამის საყოველთაო დუმილის შემდეგ მებუფეტეს უთხრა:

– ჩანს, ჩემს ამხანაგებს ჯიბეების გაჩხრეკა ურჩევნიათ. მაგრამ ახლაც კი ვპირდები იმას, ვის ჯიბეშიც ფოტოგრაფია აღმოჩნდება, მთელ ჩემოდანს იმას ვჩუქნი. მეტი არაფერი შემიძლია.

ოფიციანტი მაშინვე დელამარშის გაჩხრეკას შეუდგა, რომლის მოვლა, მისი აზრით უფრო რთული იყო, ვიდრე რობინსონისა; ეს უკანასკნელი კარლს გადაულოცა. თან შეახსენა, რომ ორივე ერთდროულად უნდა

გაეჩხრიკათ, თორემ ერთ-ერთს, რომელიც მეთვალყურეობის გარეშე

დარჩებოდა, შეეძლო ფოტოგრაფია თავიდან მოეშორებინა. რობინსონის ჯიბეში ხელის პირველივე ჩაყოფაზე კარლმა იქ თავისი ჰალსტუხი აღმოაჩინა, მაგრამ არ ამოუღია და მაშინვე გასძახა მებუფეტეს: – რაც არ უნდა უპოვოთ დელამარშს, გთხოვთ, ყველაფერი დაუტოვოთ. ფოტოგრაფიის გარდა არაფერი მჭირდება, მხოლოდ ფოტოგრაფია. გულის ჯიბეების ჩხრეკისას კარლს რობინსონის ცხელ, ოფლიან მკერდზე მოუხვდა ხელი, და მაშინ თავში გაუელვა აზრმა, ძალიან უსამართლოდ ხომ არ ვექცევი ამხანაგებსო. შეეცადა, რაც შეიძლება სწრაფად დაემთავრებინა საქმე. სამწუხაროდ, ყველაფერი ამაო გამოდგა:,

ფოტოგრაფია არც ერთს არ აღმოაჩნდა.

– რა გაეწყობა, – თქვა მებუფეტემ.

– ალბათ დახიეს და ნაკუწები გადაყარეს, – უპასუხა კარლმა, – მეგონა, ჩემი მეგობრები იყვნენ,

სინამდვილეში კი მხოლოდ ზიანის მოყენება უნდოდათ ჩემთვის.

რობინსონს არ ვგულისხმობ, მას არ მოუვიდოდა თავში აზრად, რომ

ფოტოგრაფია ასე ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ დელამარში კი, – კარლი

მხოლოდ მებუფეტეს ხედავდა თავის წინ, რომლის ფარანი პატარა წრეს ანათებდა, ყველაფერი დანარჩენი კი, დელამარში და რობინსონიც, წყვდიადში იყო ჩაძირული. რა თქმა უნდა, იმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, რომ დელამარში და რობინსონი სასტუმროში თან წაეყვანათ. მებუფეტემ ჩემოდანი მხარზე შემოიგდო, კარლმა კალათას დაავლო ხელი, და წავიდნენ. კარლი უკვე შარაგზაზე იყო, როცა ფიქრებიდან გამოერკვა, შეჩერდა და სიბნელეში ასძახა: – მომისმინეთ, თუ ფოტოგრაფია მაინც რომელიმე თქვენგანს აქვს და მის სასტუმროში მოტანას მოინდომებს, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემოდანს მაინც მივცემ და ვფიცავ, არ განვაცხადებ, – ზემოდან პასუხი არ ჩამოსძახეს, მხოლოდ სიტყვის ნაწყვეტი გაისმა, რობინსონის გამოძახილის დასაწყისი, მაგრამ დელამარშმა ეტყობა მაშინვე პირზე ხელი დააფარა. კარლი ერთხანს კიდევ ელოდა, იქნებ მაინც

გადაწყვიტონო. ორჯერ კიდევ ასძახა მცირეოდენი შუალედით: – ჯერ კიდევ აქ ვარ! – მაგრამ ძახილს არავითარი პასუხი აღარ მოჰყოლია; მხოლოდ ქვა დაგორდა ფერდობზე, ვინ იცის შემთხვევით, ვინ იცის უხეიროდ ნასროლი.

გაგრძელება → 

ტეგები: Qwelly, კაფკა, მოთხრობები, ნოველები

ნახვა: 514

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:25pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters