მიგელ დე უნამუნო - დიდი და პატარა ქალაქები

   ჩემო სულგრძელო მკითხველო, მახსოვს, დაგპირდით, ერთ რომელიმე ესეიში, - სერიებად რომ იბეჭდება „ნასიონში“, გაგიზიარებდით ჩემ შეხედულებებს იმ გავლენის შესახებ, რასაც დიდი და პატარა ქალაქები ახდენენ პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

   სამწუხაროდ, ამ წუთში ხელთ არა მაქვს ჩვენი სასიქადულო თანამოძმის, გილერმო ფერეროს  ამავე თემისადმი მიძღვნილი ესეი; არც ის მაგონდება, რომელ ჟურნალში წავიკითხე, მაგრამ ის კი კარგად მახსოვს, რომ ღრმად ჩამაფიქრა. ფერერო ამ პრობლემას ისტორიულ და სოციოლოგიურ მონაცემებსა თუ ფაქტებზე დაყრდნობით განიხილავს; მე კი არც ისტორიკოსი გახლავართ და არც სოციოლოგი, ამიტომ კვლავინდებურად, ჩემეულ, წმინდა ინდივიდუალურ შეგრძნებებს მოვუხმობ და რასაც ვფიქრობ მე, იმასვე გაგიზიარებთ თქვენც (ისედაც სხვა არც არაფერი მიკეთებია, მაგრამ მავანი და მავანი რაღაცას მაინც გამომიჩხრიკავს ხოლმე, ოღონდ კი დაცინვით მეცნიერი მიწოდოს და ისეთი თეორიები მომაწეროს, აზრადაც რომ არ მომსვლია; ერთადერთი, რაზეც უარს ვერ ვიტყვი, ისევ ჩემი საკუთარი შეგრძნებებია, საკუთარი შთაბეჭდილებები და სხვა არაფერი).

   ერთი სიტყვით, რაკი ხელი არ მომემართა ჩემი ესეი ფერეროს ციტატით დამეწყო, - აკი თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ავტორიტეტის სიტყვები ჩვენს მსჯელობას ობიექტურობის ილუზიას რომ უქმნის, - ამიტომ მეც ავდგები და ფრიად დახვეწილი ინგლისელი მწერლის ჯორჯ მერედიტის რომანის „ეგოისტის“ იმ ეპიზოდს მოვიშველიებ, სადაც იგი ამბობს, რომ მისი გმირი, საკმაოდ გამორჩეული პიროვნება, უილობი გარბის ლონდონიდან, ადამიანი - ინდივიდის დასამარების ამ საძულველი ადგილიდან - „as a burial-place of the individual man“. და მეც, უილობივით ეჭვი არ მეპარება, რომ დიდი ქალაქი მართლაც გვაკარგვინებს ინდივიდუალობას, უფრო სწორად, ერთიანად სპობს ადამიანს, როგორც პიროვნებას. და ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მერედიტის გმირი თუ არა, ეგოისტი მაინც გახლავართ და თანაც გამოუსწორებელი, ასე ბრძანა რამირო მაესტუმაც.

დიდი ქალაქი ადამიანებს ერთგვარად ათანაბრებს, დაბალს აამაღლებს, მაღალს დაადაბლებს, საშუალოს ცაში აიყვანს, ნიჭიერს დაამცრობს. დიდი რიცხვების კანონი, ეტყობა, მოქმედებს როგორც ქიმიაში, ისე სოციალურ ცხოვრებაში.

   ჩემს სათაყვანებელ სალამანკაში რომ ჩამოვედი, ამ ძველთაძველ ქალაქში, სადაც სამიათასამდე მოსახლე თუ იქნება, ჩემს მეგობარს მაშინვე წერილი გავუგზავნე, სადაც ვწერდი, თუ ჩემი აქ ჩამოსვლის დღიდან ორი წლის მერე შეიტყობ, რომ ყოველდღე ვთამაშობ ლომბერს, საათობით დავყიალებ მოედანზე, ვიძინებ სადილის შემდეგ, შეგიძლია დაღუპულ კაცად მიგულო; ხოლო თუ ორი წლის მერეც არ გადავეჩვევი ფიქრს, არ გამტანჯავს ეჭვი, ადრინდებულად გავუზიარებ მკითხველს ჩემს ნაფიქრსა და ნააზრევს, კვლავაც თავდადებით ვიღვაწებ კულტურის ასპარეზზე, მაშასადამე, ჩათვალე, რომ აქაური ზნეობრივი კლიმატი გაცილებით კეთილისმყოფელი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე მადრიდისა. და ასეც მოხდა.

მახსენდება, როცა ფერერო მსჯელობდა საბერძნეთზე, იტალიის აღორძინების ეპოქაზე, XIX საუკუნის გერმანიაზე, თუ სხვა საუკუნეებსა და ქვეყნებზე, დაასკვნიდა, რომ პიროვნების სულიერ ზრდას პატარა ქალაქის ატმოსფერო (ისეთი ქალაქისა, როგორიცაა, ვთქვათ, სალამანკა, სადაც მოსახლეობა ათიათასსაც ვერ აღწევს) უფრო უწყობს ხელს, ვიდრე დიდი ქალაქისა, ანდა სულ პატარა სოფლისა.

   რაღა თქმა უნდა, მთავარი მაინც თვითონ პიროვნებაა; როცა იტყვიან ხოლმე მონასტრებში გაბატონებულმა სულიერმა ატმოსფერომ ამდენი ნათელი გონება ჩააქრო, ამდენი სიცოცხლე დააჭკნო და ამდენი სული ჩაკლაო, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რამდენი პიროვნება გამოაწრთო იმ თავის გრდემლზე ისეთი, საქვეყნოდ რომ გაითქვა სახელი!

   დიდი ქალაქები, არსებითად, ვითომ დემოკრატიულია, თუმცა პირადად მე, რაღაცნაირი, გაუცნობიერებელი შიში მაქვს ყოველგვარი დემოკრატიზაციისა. დიდ ქალაქებში კულტურა გაცილებით ფართო საზოგადოებას მოიცავს და დიდი გასაქანიც აქვს, მაგრამ ერთგვარად გაუბრალოებულია. ხალხი თეატრებში უფრო დიდი ხალისით დარბის, უაზრობის ეს ბუდე უფრო იზიდავს, ვიდრე შინ ყოფნა და წიგნის კითხვა; ეტყობა, ერთად ყოფნის, თავშეყრის დაუოკებელი მოთხოვნილება, ერთგვარი ჯოგური ინსტინქტი მიაქანებს მათ ერთმანეთისაკენ, რაღაც ურთიერთობის აუცილებლობა.

   რა უშუალო და ზუსტია ტენის დაკვირვება - თითქმის ყველა გენიალური ფრანგი, თვითონ თუ არ იყო გლეხი, გლეხური წარმომავლობისა მაინც გახლდათო; გულახდილად გეტყვით, ვერც მე ვირწმუნებდი იმ ადამიანის გენიალობას, ვისი მშობლებიც პარიზელები იყვნენ.

ერთხელ გერა ჟუნკეირუმ მითხრა: „ბედნიერი ხართ, რომ ისეთ ქალაქში ცხოვრობთ, სადაც შეგიძლიათ თავისუფლად იხეტიალოთ ქუჩებში, ცხადლივ იოცნებოთ და არავინ შეგაწყვეტინებთ ფიქრს!“ - აი, მადრიდის ქუჩებში კი, გირჩევთ არ მიეცეთ ოცნებას, ოღონდ არა ეკიპაჟების, მანქანებისა თუ ტრამვაების გამო, არამედ ხალხის გამო, რადგან ადვილი მოსალოდნელია, გადაგთელონ, დიდი ქალაქის ამ ორომტრიალში, ამ რია-რიაში დიდი სიამოვნებით გადაეშვებიან ხოლმე ის ადამიანები, ვინც თავისი ისედაც მწირი წარმოსახვისათვის საზრდოს ეძებენ, მაგრამ თუ კაცს ღრმა შინაგანი სამყარო აქვს, იგი ძრწის და ეშინია არ წაერთვას, არ დაეკარგოს. ისე არაფერი მქანცავს, როგორც პარიზული ბულვარები; ასე მგონია, იქ ადამიანები კი არა, მოჩვენებები დაბორიალებენ... მძულს უსახო ბრბო.

   მადრიდი შიშს მგვრის, უფრო სწორად, იქ მე საკუთარი თავი მაფრთხობს; იტყვიან, დიდ ქალაქებში უფრო თავისუფლად, თავის გემოზე ცხოვრობენო, სათქმელად იოლია, მაგრამ განა სინამდვილეში მართლა ასეა? დედაქალაქში რომ ჩავდივარ, საღამოობით ან კლუბში ვზივარ, ან ვინმეს სალონში; ხოლო იქიდან რომ ვბრუნდები, ჩემს თავს ვსაყვედურობ, ამდენი დრო როგორ დავკარგე-მეთქი, და ვიფიცებ, მორჩა, იქით პირს აღარ ვიზამ-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს იგივე მეორდება. იქ გამეფებული საშინელი ქედმაღლობის ატმოსფერო თითქოს ძილ-ბურანში მაგდებს, მადუნებს, ნებას მაცლის და მეც ჩემდაუნებურად ვნებდები. აი, ესეც თქვენი ეგრეთ წოდებული მაღალი წრის ატმოსფერო.

   არასდროს მიზიდავდა მაღალი წრის ცხოვრება, მით უფრო, მათი უპირველესი მიზანი - ურთიერთობების დამყარება თუ მოგვარება, ხოლო მათ დარბაზობებსა და წვეულებებზე უარესი არაფერი მინახავს, იქ ხომ სულ ერთი და იმავეს, გაცვეთილ, მოარულ ჭეშმარიტებებს ტკეპნიან დღენიადაგ, ერთი სიტყვით, მაღალი წრის დარბაზობები და თეატრები, აი, ეს ორი რამაა საზოგადოების გაუბრალოების სათავე და ყველაზე ამაზრზენი რამ.

მაღალი წრის წარმომადგენელიაო, იმ კაცზე იტყვიან, ვინც მათ სალონებში თავგამოდებით ცდილობს მანდილოსნების გული მოინადიროს, ფხიზლად იყოს, ზედმეტი არაფერი წამოსცდეს ან მოიმოქმედოს, საზოგადოების თვალში განსხვავებული, თავისებური არ გამოჩნდეს და არ შეაცბუნოს თუ გააოგნოს იგი; აკი ჩვეულებრივ, საშუალო, არაფრით გამორჩეულ ადამიანთან გაცილებით ადვილია ურთიერთობა და, ამასთან, სასიამოვნოც, ხოლო გამორჩეულ და თავისებურ პიროვნებასთან მუდამ უხერხულობას გრძნობენ, იძაბებიან. რამდენჯერ მომიკრავს ყური საშინელი სიტყვებისათვის „ამ კაცმა დამღალა!“ არა გჯერათ? ასეა, რა გაეწყობა! „ამ კაცმა“ შეიძლება მართლა დაღალოს მავანი და მავანი. მაშინ „ამ კაცს“ საკუთარი ინდივიდუალობის პატივისცემის მოსაპოვებლად ბრძოლის მეტი გზა აღარ რჩება. ესეც თქვენი ყოვლისმშთანთქმელი დიდი ქალაქის კიდევ ერთი უპირატესობა!

ერთი-ორჯერ მეც ვყოფილვარ თეატრში და ისიც მომისმენია, სპექტაკლის შემდეგ შთაბეჭდილებებს რომ უზიარებენ ერთმანეთს - დამაჯერებელია თუ არაო, ხდება თუ არა სინამდვილეში ასეთი რამაო, ასეთ ტიპს ცხოვრებაში თუ შეიძლება შეხვდეო და სხვა და სხვა; მაშინ ჩემთვის მითქვამს ის, რაც ერთხელ მართლაც მომხდარა, სარწმუნოცაა და დამაჯერებელიც-მეთქი. მაგრამ თუ დამაჯერებელ-დაუჯერებლობას გამოვედევნებით, სინამდვილესაც კარგა შორს მოვიტოვებთ და როგორი პარადოქსულიც გინდა გეჩვენოთ, ეს მაინც სრული ჭეშმარიტებაა. ისიც მიფიქრია, ეს ხალხი თეატრებში იმისთვის დარბის, რომ იქ თავისი მსგავსნი ნახონ, ისინი, ვისაც მათსავით უქმსიტყვაობაში გაჰყავს ეს წუთისოფელი; მაგრამ საკმარისია უცხო და უჩვეულო რამ ნახონ სცენაზე, მაშინ უნდა უყუროთ მათ აღშფოთებას. აი, ასე და ამგვარად, რაკი არა მსურს ასეთი სისულელეები ვისმინო, - რასაც ყოველდღე ისედაც ბლომად ვისმენ, - თეატრებშიც იმიტომ არ დავდივარ, ამავე მიზეზით არ მიყვარს ეგრეთ წოდებული მაღალი კომედია, როგორც თვითონვე უწოდებენ, მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნებით ვნახავდი სცენაზე პრომეთეს, მაკბეტს, ჰამლეტს, კარლ მოორს, სეხიზმუნდოს , დონ ალვაროს , ბრანდს და არა ამ გამოწკეპილ-გაპრიალებულ, კოკობზიკა სენიორებს.

ახლა ვნახოთ, რა ხდება პატარა ქალაქში, რომლის სასცენო ასპარეზი, სოციალური თვალსაზრისით, საკმაოდ შეზღუდულ-შემოფარგლულია; იქაურ მოსახლეობას მალე ბეზრდება, ასე ვთქვათ, რაღაც სანახაობა, ისევ თავის მსგავსის ნახვა ურჩევნიათ, თუნდაც ყველა ხინჯითა და ზადით, ანუ ყველა ადამიანური თვისებით. მე მიყვარს პროვინციული ცხოვრება; მისი მოჩვენებითი სიმშვიდისა და სიმყუდროვის მიღმა ხშირად ტრაგედია რომ იმალება. ამიტომაა, რომ მძულს კომედია და იმდენადვე მძულს, რამდენადაც მიყვარს ტრაგედია, მაგრამ ყველაფერს მაინც ტრაგიკომედია მირჩევნია.

იტყვიან ხოლმე, არსად ისე არ ბობოქრობს ვნებები და არ დუღს ბოღმა, როგორც მონასტრებში და სავაჭრო გემებზეო; ალბათ იმიტომ რომ საკმარისია ადამიანთა ერთი ჯგუფი გარე სამყაროს, საზოგადოებას მოსწყდეს, მაშინვე მათი ხასიათი, ინდივიდუალობა, ერთი სიტყვით, ყველა განსხვავებული თვისება ერთბაშად გამომზეურდება თუ გაცხადდება და ერთმანეთს შეეჯახება. მე კი მაინც მგონია, სწორედ ამ შეხლა-შემოხლის დროს უფრო უკეთ შეიცნობენ საკუთარ თავს; და ჩვენი უმაღლესი მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს - საკუთარი თავის შეცნობა! განდგომილებითა და განმარტოებით, მთელი დღეები საკუთარი თავის ჭვრეტით, ჩემი აზრით, შეუძლებელია საკუთარი თავის შეცნობა; ამისათვის უფრო ნამდვილი გზა - კამათია, უნდა ედავოთ და ეკამათოთ თქვენსავე მოყვასს, თამამად გამოთქვათ საკუთარი აზრი და მტკიცედ დაიცვათ, კლდესავით უდრეკი უნდა იყოთ, თუ გინდათ შეიცნოთ საკუთარი თავი.

   დარწმუნებული ვარ, იტყვით, კვლავ პარადოქსებმა გაიტაცაო, მაგრამ არავისთვის საიდუმლო არ უნდა იყოს, რომ ყველაზე მგზნებარე თაყვანისცემაც კი შურის სახით წარმოჩინდება, ხოლო ყველაზე ძლიერ სიყვარულში სიძულვილი სჭვივის. ერთ პატარა ქალაქში ორ კაცს ვიცნობ, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს ამ პატარა ტრაგიკომიკურ, ანდა, უფრო სწორად, კომიკურ-ტრაგიკულ ქალაქში, თანაც ერთი საქმეც აკავშირებთ, მაგრამ მოჰკრავენ თუ არა ერთმანეთს თვალს, მაშინვე პირს იბრუნებენ, თუმცა კი გული ერთმანეთისაკენ მიუწევთ და ერთმანეთზე ფიქრობენ.

   ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეურიგებელი ბრძოლა, რაც ხშირად ხდება პატარა ქალაქში, უფრო უწყობს ხელს ძლიერი პიროვნების ჩამოყალიბებას, ვიდრე დიდი ქალაქის სანტიმენტალურ-გულისამაჩუყებელი ურთიერთობა, სადაც ერთი და იგივე ადამიანები ჯერ ქვეყანას მოსდებენ თავიანთ სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის ამბავს, მერე კი ჩუმად, კულისებში პირზე კოცნით ხვდებიან ერთმანეთს. განა შეიძლება მილიონერ ქალაქში - ვგულისხმობ მოსახლეობის რაოდენობას - რომეო და ჯულიეტას ტრაგედია დატრიალდეს?

და აი, კიდევ რა მინდა გითხრათ, კაცს, რომელმაც მოასწრო უთვალავ ადამიანებთან შეხვედრა, ესაუბრა ერთს, მეორეს, მესამეს, გჯერათ, რომ საკუთარი აზრი შერჩებოდა? ასეთი ცხოვრება ზღარბსაც კი ბატკნად გადააქცევს, მის ეკლებს კი - აბრეშუმის ბუმბულებად. რაც შემეხება მე, მირჩევნია ისევ ზღარბი ვიყო, ვიდრე ბატკანი.

   ამას წინათ ჩაფიქრებული ვიჯექი გალიის წინ, რომელშიც გნოლი იყო დამწყვდეული და შევცქეროდი დაკორტნილ ჩარჩოს, რაზეც ალბათ საბრალო ტყვე ნისკარტს ილესავდა. ვინ იცის, რატომ სჩადიოდა ამას! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შიმშილი არ აწუხებდა! იმავე გალიაში ზღარბი რომ ჩაესვათ, რა გგონიათ, - მისდა საბედნიეროდ, მგალობელი ფრინველი არ გახლავთ, - რა გზას მონახავდა თავისი ეკლების გასალესად? დიდი ქალაქი, პატარა ქალაქისაგან განსხვავებით, ნამდვილი გალიაა, ხოლო მისი ყოველი ბინადარი იმ მავთულის ერთი ხლართია, გარს რომ გვეგრაგნება ბადესავით და ჩვენც მისი ტყვეები ვხდებით.

   აკი მოგახსენეთ, უილობი ლონდონიდან გარბოდა-მეთქი, ინდივიდის დასამარების ამ შემზარავი ადგილიდან; და განა მართლა შემზარავი არ არის, როცა ქალაქში გაივლი ერთ ქუჩას, მეორეს, მესამეს, გვერდით ჩაგივლის უთვალავი ადამიანი და არც ერთი ნაცნობი, ვერავის გამოელაპარაკები, ვერავის გაუზიარებ ფიქრს. ამ დროს ნაცნობი მტრის მძულვარე გამოხედვაც კი გულს მოგეფონება, ვიდრე უცნობის გულგრილი და მედიდური, მოწყალებასავით გადმოგდებული მზერა, რადგან იცი, თუ უცხო ხარ, კიდეც უნდა სძულდე და რეგვენადაც კი მიგიჩნევდნენ, თუკი ვერ მოასწრებ, საპირისპირო დაუმტკიცო.

   ზოგიერთები პატარა ქალაქში თურმე მოწყენილობას უჩივიან! ისინი, ეტყობა, ვერ ჩაწვდომიან მის გულში ჩაგუბებულ ტრაგედიას, ვერ უგრძვნიათ მისი ყოვლისმომცველი ერთფეროვნების დიდებული სიმკაცრე.

მე კი ვიტყოდი, რომ დიდ ქალაქში ამაყი ადამიანი ერთ თავდაჯერებულ თვითკმაყოფილ რეგვენად გადაიქცევა და ეკლებიც ბუმბულივით დაურბილდება.

   თავისუფალი პროფესიის ადამიანისათვის, ვისაც შეუძლია თავისი საქმე ყველგან აკეთოს, ვთქვათ, მწერლისთვის, მხატვრისთვის, პატარა ქალაქზე უკეთესი ადგილი არ მოიძებნება; როცა იგი თავის მკითხველისგან შორსაა, აღარც მისი აზრები თუ შეხედულებები ადარდებს, მით უფრო, როცა მის ყურს არ სწვდება; თან შედარებით თავისუფალიცაა, არც საზოგადოების შიში აქვს, რომ თავის ნება-სურვილზე ატარებს, უმალ პირიქით, თვითონ შეუძლია ატაროს ის თავის ჭკუაზე.

   სულ არ გამიკვირდება, თუ შემედავებით, პატარა ქალაქზე უფრო კეთილისმყოფელი შეიძლება სულაც სოფელი იყოსო. მე კი გიპასუხებდით, რაც უნდა ვთქვათ, თუნდაც სულ პატარა, მაგრამ საზოგადოება მაინც საჭიროა, რადგან უიმისოდ ჩვენი ინდივიდუალობა შეიძლება ისევე ჩაკვდეს, როგორც დიდი ქალაქის წიაღში ქრება ხოლმე.

   არსებითად საუბარია უმთავრეს პრობლემაზე, შეიძლება სულაც მაქსიმუმისა და მინიმუმის პრობლემაზეც კი, - გარკვეულ ასპექტში სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთმიმართებაზე, ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც მე დაცინვით მეცნიერს მიწოდებს. ხოლო ამგვარი პრობლემები ქმნიან როგორც ფიზიკური მექანიკის, ისე სოციალური ანუ ეკონომიკის საფუძვლებს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, ანუ სარგებელი მინიმალური ძალის, ანუ დანახარჯისას, ანუ მარგი ქმედების მაქსიმალური კოეფიციენტი. ეს გახლავთ ასევე მთავარი ესთეტიკური პრობლემა და, საერთოდ, ყველა სასიცოცხლო პრობლემის საფუძველი.

   აქ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, იმის თქმა გვინდა, რომ მივაღწიოთ პიროვნების მაქსიმალურ განვითარებას უცხო გარემოს მინიმალური მოცულობის პირობებში, მოცულობით მცირე, ანუ ნაკლებ ორგანიზებული საზოგადოება პიროვნებას იმდენადვე დაამცრობს, რამდენადაც დიდი, ანუ უკეთესად ორგანიზებული, ანუ „მოჩვენებითი“, „მოჩვენებითი“-მეთქი რომ ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რომ კარგად არ ვიცი, სპილო უფრო ორგანიზებულია თუ მელია.

   ერთი სიტყვით, ვინც საკუთარ ინდივიდუალობას ვერ შეიგრძნობს და ურთიერთობის გულისთვის კიდეც გასწირავს, დაე, იცხოვროს დიდ ქალაქში, მილიონიან ქალაქში, ხოლო ვისაც სურს ჩაყვინთოს ნირვანაში, სულაც არ სჭირდება განერიდოს ხალხს. დიდი ქალაქის ქუჩებში უფრო მალე დაკარგავ შენს „მე“ -ს, ვიდრე უკაცურსა და უდაბურ ადგილებში.

   ხანდახან სასარგებლოც კია დიდ ქალაქში ჩასვლა და ხალხის მორევში ჩაყვინთვა, ოღონდ მერე ნაპირზე უნდა გადახვიდე, რათა ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნო. რაც შემეხება მე, აი, რას გეტყვით, რამდენადაც მე მაინტერესებს თითოეული ადამიანი ცალ-ცალკე, შენ, ხუან, რომელიც ამ სტრიქონებს კითხულობ, შენ, პედრო და შენც, რიკარდო, - და სულ არ მაინტერესებს სამივე ერთად, ანუ მასა, ამდენად მირჩევნია ვიცხოვრო პატარა ქალაქში, ყოველდღე, ერთი და იმავე საათზე შევხვდე ერთსა და იმავე ადამიანებს, რომლებთანაც ზოგჯერ შეჯახებაც კი მიხდება და თანაც საკმაოდ მწვავეც კი ჩვენი ინდივიდუალობის განსხვავების გამო, გოლიათ ქალაქებს ვერიდები; იქ მე უცხოთა ზიზღნარევი მზერა სულს მიყინავს; ისინი მე არ მიცნობენ და მე - მათ, მათი სახელები გაგონებითაც არ გამიგონია... უუჰ, რა შემზარავია!..

   ეს არის და ეს, აბა, მეტი რა გითხრათ; თუ მაინც მოგინდებათ უფრო მეტი გაიგოთ, არა ჩემებური თვითნებური და პიროვნული, არამედ შედარებით ნაკლებ თვითნებური და უფრო ობიექტური, სადაც ციტატებიც იქნება და მინიშნებებიც, მაშინ კიდეც გაისარჯეთ და მოძებნეთ ფერეროს ესეი, დასაწყისში რომ ვახსენე; თუმცა ისიც ჩემსავით, ოღონდ სხვა გზითა და სხვა ხერხით, ბოლოს მაინც ასეთ დასკვნამდე მივა.

ნახვა: 1881

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters