დაწინაურება, პუნქტუაციის გაკვეთილები, ნამდვილი მეგობრები და პირველი იმედგაცრუება

ყვავილები ელჯერნონისთვის - დანიელ კიზი

Algernon, Daniel Keyes, IQ, flowers, flowers for Algernon, literature, qwelly, ელჯერნონი, დანიელ კიზი, ლიტერატურა, ქველი, ყვავილები ელჯერნონისთვის, ცნობილი ავტორი

მიღწეული შედეგების ანგარიწი N9

1 აპრილი

      მთელი საცხობი მოვიდა რო ენახათ როგორ ვმუწაობ ახალ სამუწაოზე ცომის საზელ მანქანასთან. ესე მოხდა. ცომის საზელზე რო ოლივერი მუწაობდა გუშინ სამსახურიდან წავიდა. ადრე ვეხმარებოდი ხოლმე რო ფქვილის ტომრები მიეტანა საზელთან. მარა არ ვიცოდი რო ვიცოდი როგორ უნდა მემუშავა საზელზე. ძაან ძნელია ოლივერი ერთი შელი მცხობელების კურსებზე დადიოდა მცხობელის დამხმარეობა რო ესშავლა.

      მარა ჯო კარპმა ჩემი მეგობარი როა თქვა რო ჩარლი არ გინდა ოლივერის ადგილზე ომუწაო. ყველა მოგროვდა გარშემო და იცნო იცინოდენ და ფრენკ რეილიმ თქვა ხო ჩარლი რამდენი ხანია აქ მუწა მუშაობ. მიდი ცადე. გიმპი აქ არ არი და ვერ გაიგებს რო ცადე. შემეშინდა იმიტორო გიმპი უფროსი მცხობელია და იმან მითხრა საზელს არ გაეკარო რამეს მოიწევო. ყველამ თქვა მიდიო. ფანი ბერდერის გარდა. იმან თქვა გეყოფათ დაანებეთ საშყალ კაცს თავი.

      ფრენკ რეილიმ თქვა მოკეტე ფანი დღეს პირველი აპრილია და ჩარლიმ თუ მოკიდა ხელი საზელს შეიძლება ისემც გაახერხოს რო დღეს ვეღარც გვამუშაონ. მე ვუთხარი გახერხვა არ ვიცი როგორ უნდა მარა საზელით ვიცი როგორ უნდა ზელვა იმიტორო რაც დავბრუნდი სუ ოლივერს უყურეფ.

      საზელი ავამუშავე და ყველას გაუკვირდა განსაკუთრებით ფრენკ რეილის. ფანი ბერდენი გახარებული იყო. იმან თქვა ოლივერი ორი შელი მოუნდა რო კარგად ზელვა ესშავლა და თან ეგ მცხობელების კურსებზეც დადიოდა. ბერნი ბეიტმა მანქანაზე რო მეხმარება ხოლმე თქვა ოლივერზე უფრო სწრაფად და კარგად გამოგივიდაო. არავინ არ იცინოდა. გიმპი რო დაბრუნდა და ფანიმ რო უთხრა. გამიჯავრდა. საზელს ხელი რატო მოკიდეო.

      მარა ფანიმ უთხრა წეხედე უყურე როგორ აკეთებს. პირველ აპრილს ამისი გამასხარავება უნდოდათ და ამან ეგენი აქეთ გაამასხარავა. გიმპიმ მიყურა და ვიცოდი რო გაჯავრებული იყო იმიტორო არ უყვარს იმას რო არ აკეთებენ რასაც ეგ ამბობს როგორც პერფესორ ნიმურს. მარა მიყურა და მერე თავი მოიფხანა და თქვა ვხედავ მარა არ მჯერა. მერე მისტერ დონერს დაუძახა და მითხრა რო კიდე მემუშავა რო მისტერ დონერსაც ენახა.

      შემეწინდა რო გაბრაზდებოდა და მიღრიალებდა და რო მოვჩი უთხარი შეიძლება ჩემ ადგილას დავბრუნდე. შემოსასვლელში უნდა გამოვხვეტო და სალაროს უკან მეთქი. მისტერ დონერმა უცნაურად მიყურა დიდიხანი. მერე თქვა პირველი აპრილის ამბებში მაშაყირებთ ხო. რაშია რანაირი ფოკუსია. გიმპიმ თქვა თავიდან მეც ეგრე ვიფიქრე რო რაღაცას მაიმუნობდენ. კოჭლობით წემოუარა საზელს და მისტერ დონერს უთხრა მეც ვერ გამიგია როგორ მარა ჩარლიმ იცის ამაზე მუწაობა და უნდა ვაღიარო რო ოლივერზე უკეთ გამოზდის.

      ყველა გარშემო იყო მოგროვილი და ამაზე ლაპარაკობდენ და შემეწინდა იმიტორო უცნაურად მიყურებდენ და ჩოჩქოლებდენ. ფრენკმა თქვა ხო გეუბნებოდით ბოლოდროს ჩარლის რაღაც უცნაურობა ჭირს. ჯო კარპმა თქვა ხო ვხვდები რაზეც ამბოფ. მისტერ დონერმა ყველა სამუშაოზე დააბრუნა და მე საცხობის წინ გამიყვანა.

      იმან მითხრა აზზე არავარ როგორ მარა მემგონი როგორც იქნა რაღაც ისწავლე. ყურადღებით იყავი და საქმე რაც შეგილია კარგად აკეთე. ახალი სამუშაო გაქ ხელფასზე ხუთი დოლარი მოგემატება.

      მეუთხარი არ მინდა ახალი სამუშაო მომწონს დალაგება და ხვეტა და მიმტანობა და მეგობრების დახმარება. მარა მისტერ დონერმა მითხრა მეგობრებზე ნუ ღელავ მე ამ საქმისთვის მჭირდები. დაწინაურებაზე რო არ ფიქროფს ისეთ კაცს ჩემ თვალში ჩალის ფასი არააქ.

      მე ვთქვი დაწინაურება რა არი. იმან თავი მოიფხანა და სათვალეების ზემოდან გადმომხედა. არაფერი ჩარლი. დღეიდან საზელზე იმუშავებ. აი ეგ არი დაწინაურება.

      ასერო ეხლა წეკვრების მიტანმოტანის და უნიტაზების გაშმენდის და ნაგვის გადაყრის მაგივრათ ცომის მზილავი ვარ. ამას დაწინაურება ქვია. ხვალ მის კინიანს ვეტყვი. მემგონი გაუხარდება მარა არ ვიცი ჯო და ფრენკი რატო არიან ჩემზე გაბრაზებულები. ჯოს ვკითხე რა ხუმრობა წემოგიბრუნდა მეთქი და იმან წადი ტბაში დაიხჩე თავიო. მემგონი გაბრაზებულები იმიტო არიან რო საზელი მანქანა ვამუშავე მარა სამსახურიდან ერთი დღე გაპარვა რო უნდოდათ არ გამოუვიდათ. ნუთუ ეგ იმას ნიწნავს რო ვჭკვიანდები.

3 აპრილი

      რობინზონ კრუზო დავამთავრე. მინდა გავიგო მერე რა ხდება მაგრამ მის კინიანი ამბობს სულ ესარიო. ვერ გავიგე რატო.

4 აპრილი

      მის კინიანი ამბობს რომ შრაფად ვსწავლობ. ჩემი შედეგების ანალიზი წაიკითხა და რაღაც უცნაურად შემხედა. ამბობს რომ კარგი პიროვნება ვარ და მალე იმათ ყველას სეირს უჩვენებ. მე ვკითხე რატო მეთქი. იმან მითხრა რომ არაფერია უბრალოდ არ უნდა მეწყინოს თუ აღმოვაჩენ რო ყველა ადამიანი ისეთი კეთილი არ არის მე რო მეგონა. იმან თქვა ისეთი ადამიანების კვალობაზე ვისთვისაც ღმერთმა ასე ცოტა გაიმეტა უფრო მეტი გააკეთე ვიდრე იმ ხალხმა ვისაც გონება აქვს და არ იყენებსო. მე ვუთხარი ყველა ჩემი მეგობარი ჭკვიანია და კარგები არიან. იმათ მოვწონვარ და ჩემთვის არასოდეს არაფერი არ დაუშავებიათ. იმას კიდე თვალში რაღაც ჩაუვარდა და ტუალეტში გავარდა.

      როცა სასწავლო ოთახში ვიჯექი და ველოდებოდი იმაზე ვფიქრობდი როგორი კარგი ქალია მის კინიანი როგორც დედაჩემი იყო. მემგონი დედაჩემი მეუბნებოდა სულ კარგათ მოვქცეულიყავი და ხალხს სულ მეგობრულათ მოვქცეოდი. მეუბნებოდა მუდამ ფრთხილად იყავი ზოგმა შეილება ვერ გაგიგოს და იფიქროს რომ რამეს აშავებ.

      ამაზე მახსენდება ერთხელ დედა წასასვლელი რომ იყო და კარის მეზობელთან მისის ლეროისთან რომ დამტოვეს. დედა საავადმყოფოში წავიდა. მამამ თქვა რომ არც ავათ იყო და არც არაფერი უბრალოდ საავადმყოფოში წავიდა რომ ჩემთვის პატარა და ან ძმა მოეყვანა. (ისევ არ ვიცი მაგას როგორ შვებიან) მე ვუთხარი პატარა ძმა მინდა რო ვეთამაშო ხოლმე და არ ვიცი ძმის მაგივრათ და რატო მომიყვანეს მაგრამ თოჯინასავით ლამაზი და კარგი იყო. ერთი ის იყო სუ ტიროდა და ტიროდა.

      იმისთვის არასოდეს არაფერი დამიშავებია.

      თავის ოთახში პატარა საწოლში ეწვინათ და ერთხელ გავიგე მამა რო ამბობდა ნუ ღელავ ჩარლი არაფერს უშავებს.

      ფუთასავით იყო სულ ვარდისფერი და ისე ყვიროდა ზოგჯერ ღამე ვერ ვიძინებდი ხოლმე. და როცა ვიძინებდი შუა ღამით მაღვიძებდა. ერთხელ ისინი სამზარეულოში იყვნენ მე საწოლში და ის კიდევ ტიროდა. ავდექი რო ხელში ამეყვანა და დამეწყნარებინა როგორც დედამ იცოდა ხოლმე. მაგრამ მერე დედა შემოვიდა ყვირილი დაიწყო და წამართვა. ისე გამარტყა ლოგინზე დავეცი.

      მერე კივილი დაიწყო. ხელი არ ახლო. რაღაცას მოსწევ. თოთო ბავშვია. არ გაბედო და ხელი აღარ ახლო. მაშინ არ ვიცოდი მაგრამ მგონი ახლა ვხვდები რომ იმას ეგონა ბავშვს რამეს ვატკენდი იმიტორო სულელი ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.

      ექიმ სტრაუსის კაბინეტში რომ მივალ უნდა მიუყვე ეს ამბავი.

6 აპრილი

      დღეს, მძიმის, დასმა, ვისწავლე, ეს, არის, მძიმე, კუდიანი, წერტილი, მის, კინიანი, ამბოფს, მნიშევნელოვანიაო, ნაწერს, აკეთილშობილებსო, თქვა, ვიღაცამ, შეიძლება, არასწორეთ, დასმული, მძიმის, გამო, ბევრი, ფული, დაკარგოსო, სამსახურიდან, და, ფონდის, მიერ, გამოყოფილი, თანხიდან, ცოტაოდენი, ფული, მაქვს, გადანახული, მაგრამ, ვერ, ვხვდები, მძიმემ იმის, დაკარგვისგან, როგორ, უნდა, დამიცვას,

      მაგრამ, იმან, თქვა, მძიმეს, ყველა, იყენებს, და, მაშინ, მეც, გამოვიყენებ,,,

7 აპრილი

      მძიმეებს არასწორად ვიყენებდი. ამას პუნქტუაცია ქვია. მის კინიანმა მითხრა რომ ლექსიკონში გრძელი სიტყვები მოვნახო რომ ვისწავლო როგორ იწერება. მე უთხარი რო რა მნიშვნელობა აქვს სწორეთ წერას თუ წაკითხვა ისედაც შეგიძლია. მან მითხრა ეგ შენი განათლების ნაწილია. ამიტომ ამის შემდეგ ყველა სიტყვას მოვნახავ ხოლმე რომელიც ზუსტად არ ვიცი სწორად როგორ იწერება. ასე წერას დიდხანს ვუნდები მაგრამ მემგონი მეტსა და მეტს ვიმახსოვრებ.

      ასე ვისწავლე როგორ იწერება სწორეთ სიტყვა პუნქტუაცია. ლექსიკონში ასე წერია. მის კინიანი ამბობს შერტილიც პუნქტუაციის მაგალითიაო და გარდა ამისა, კიდევ უამრავი სასვენი ნიშანი არსებობსო. მე ვუთხარი მემეგონა იმას ამბობდით რომ ყველა წერტილს კუდი უნდა ქონდეს და მძიმე უნდა ერქვას მეთქი. მაგრამ იმან თქვა არაო.

      იმან, თქვა/ ყველგან“ სხვადასხვა; სასვენი. ნიშანი( უნდაგამოიყენოო: და? ახლა“ წერის[ დროს, სულ] სხვადასხვა; სასვენ/ ნიშანს? ვიყენებ!

      უამრავი) წესია, დასამახსოვრებელი! მაგრამ’ ყველაფერს. ვიმახსოვრებ:

      მის“ კინიანში/ ის, მომწონს: (საქმიან-წერილებში’ ასე“ იწერება. საქმოსანი) თუ! გავხდი] გამომადგება: რომ“ -ყოველთვის’ მიხსნის: იმის! შინაარსს. რასაც/ ვეკითხები( გენიოსია! ნეტავ, მეც: ასეთი; ჭკვიანი) ვიყო“

      პუნქტუაცია- ძალიან. სახალისოა?

8 აპრილი

      რა გამოშტერებული ვარ! თურმე წარმოდგენა არ მქონდა, რაზე მელაპარაკებოდა. გუშინ ღამით გრამატიკის წიგნი წავიკითხე და ყველაფერი გასაგები გახდა. მივხვდი, რომ მის კინიანი ზუსტად იმავეს ახსნას ცდილობდა, მაგრამ ვერ გავიგე. შუაღამისას გამეღვიძა და გონებაში ყველაფერი დალაგდა.

      მის კინიანმა თქვა, ძილის წინ და ძილში ტელევიზორს ხომ უსმენდი, ძალიან დაგეხმარაო. მითხრა, პლატოს მიაღწიეო. პლატო მთის ბრტყელი მწვერვალია.

      პუნქტუაციის ამბავი რომ გავარკვიე, მიღწეული შედეგების ყველა ძველი ანგარიში თავიდან გადავიკითხე. რა არეულ-დარეული წერა და სასვენი ნიშნების ხმარება მცოდნია. მის კინიანს ვუთხარი, ნაწერებს უნდა გადავხედო და შეცდომები სულ ჩავასწორო - მეთქი, მაგრამ მითხრა: - არა, ჩარლი, პროფესორ ნიმურს უნდა, ანგარიშები ისე დარჩეს, როგორც არის. ამიტომ გიტოვებს ნაწერებს მას შემდეგ რაც ფოტოასლებს გადაუღებენ ხოლმე - შენს წინსვლას შენთვითონვე რომ  დააკვირდე. სწრაფად პროგრესირებ ჩარლი.

      ამან კარგ ხასიათზე დამაყენა, გაკვეთილის შემდეგ ქვევით ჩავედი და ელჯერნონს ვეთამაშე. ერთმანეთს აღარ ვეჯიბრებით.

10 აპრილი

      ცუდად ვარ. ავად კი არ ვარ, გულში სიცარიელეს ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მკერდში მუშტი ჩამარტყეს და თან შიგნით მტკივა.

      არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ მგონი, უნდა დავწერო, იმირომ რომ მნიშვნელოვანია.

      დღეს პირველად გავაცდინე სამსახური არასაპატიო მიზეზით.

      გუშინ ღამით ჯო კარპმა და ფრენკ რეილიმ წვეულებაზე დამპატიჟეს. ბევრი გოგო იყო. გიმპიც იქ იყო, ერნიც. მახსოვდა, რა ცუდად გავხდი ბოლოს, ზედმეტი რომ დავლიე და ჯოს ვუთხარი, დალევა არ მინდა - მეთქი. მარტო კოკა-კოლა დამისხა. უცნაური გემო ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ პირში ცუდი გემო მაქვს - მეთქი.

ბევრს ვმხიარულობდით.

      - ელენს ეცეკვე, ილეთებს გასწავლის, - მითხრა ჯომ, მერე ელენს შეხედა და ცალი თვალი დაახამხამა თითქოს თვალში რაღაც ჩაუვარდა.

      იმან უთხრა: - თავი გაანებე, რა.

      ჯომ ზურგზე ხელი მომიტყაპუნა: - ეს არი ჩარლი გორდონი, ჩემი ძმა და მეგობარი. ხელწამოსაკრავი ბიჭი კი არ არი, საზელ მანქანაზე მუშაობისთვის დააწინაურეს. რამე ცუდს ხო არ გთხოვ, ეცეკვე და ცოტა გაართე - მეთქი. - ხელი მკრა და იმასთან ახლოს მიმწია. ისიც მეცეკვა. სამჯერ წავიქეცი და ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, ჩემი და ელენის გარდა იქ არავინ ცეკვავდა. მე კიდევ სულ ვბორძიკობდი, იმიტომ რომ წამდაუწუმ ვიღაცის გამოშვერილ ფეხს ვედებოდი.

      გარშემო ყველამ წრე შემოგვარტყა, გვიყურებდნენ და ჩვენს ილეთებზე იცინოდნენ. რომ ვეცემოდი, უფრო მაგრად იცინოდნენ და მეც ვიცინოდი, ძალიან სასაცილო იყო და იმიტომ. მაგრამ ბოლოჯერ რომ დავეცი, აღარ გამიცინია. ავდექი, მაგრამ ჯომ ისევ იატაკისკენ მიბიძგა. რომ შევხედე, ისეთი სახე ჰქონდა, მუცელში რაღაცამ დამიარა.

      - რა ღადაობა როჟაა, - თქვა ერთ-ერთმა გოგომ. ყველა იცინოდა.

      - მართალს ამბობდი, ფრენკ, - სულს ძლივს ითქვამდა ელენი, - ერთკაციანი ცირკია. ჩარლი, მოდი, ხილი აიღე. - ვაშლი მომაწოდა, მაგრამ რომ ჩავკბიჩე, ხელოვნური გამოდგა.

      ფრენკმა სიცილი დაიწყო: - ხო გითხარი, შეჭამს - მეთქი. აზრზე ხარ, რა დებილი უნდა იყო ცვილის ვაშლი რომ შეჭამო.

      - ამდენი იმის მერე აღარ მიცინია, ჰალორანის ბარში რო ვიყავით, წვიმდა თუ არა იმის შესამოწმებლად რო გავგზავნეთ და რო დავტყდით. - თქვა ჯომ.

      მერე გონებაში სურათი ამომიტივტივდა. პატარა რომ ვიყავი უბნის ბავშვებმა მათთან თამაშის ნება დამრთეს. დამალობანას ვთამაშობდით და მე ვიხუჭებოდი. თითებზე ვითვლიდი და ვითვლიდი ათამდე. მერე მოსაძებნად წავედი. მანამ ვეძებე, სანამ არ აცივდა და დაბნელდა და შინ წასვლის დრო არ მოვიდა. ვერავინ ვერ ვიპოვე და არ ვიცოდი რატომ.

      ეს ფრენკის სიტყვებმა გამახსენა. ყველაფერი მაშინაც ისე მოხდა, როგორც ჰაროლანის ბარში.  ფრენკი, ჯო და სხვები ზუსტად ამას შვრებოდნენ. დამცინოდნენ. ის ბავშვებიც, დამალობანას რომ თამაშობდნენ, ისინიც მაპამპულავებდნენ და მასხრად მიგდებდნენ.

      წვეულებაზე მყოფი ხალხი ერთმანეთში აზელილ სახეებად იქცა. ზევიდან დამყურებდნენ და სიცილს მაყრიდნენ.

      - შეხედე, გაწითლდა.

      - ლოყები შეეფაკლა. ჩარლი აღაჟრაჟდა.

      - ეი, ელენ, რა უქენი ჩარლის? ასეთ დღეში ჯერ არ მინახავს.

      - ბიჭოს, ეტყობა მაგარი ჩაუტარა.

      არ ვიცოდი რა მექნა, ან საით მივტრიალებულიყავი. ელენი მეხახუნებოდა და თავს უცნაურად ვგრძნობდი. ყველა დამცინოდა და უცებ ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს შიშველი ვიყავი. მინდოდა, დავმალულიყავი და ვეღარავის დავენახე. გამოვიქეცი. მრავალბინიან სახლს უამრავი დერეფანი ჰქონდა და კიბისკენ გზას ვერ ვაგნებდი. ლიფტი სულ დამავიწყდა. მერე კიბე ვიპოვე, გარეთ გამოვვარდი და ბევრი ვიარე, სანამ ჩემს ბინას მივაღწევდი. მე ხომ არ ვიცოდი, რომ ჯოს, ფრენკის და დანარჩენებს მარტო იმიტომ მოსწონდათ ჩემთან ყოფნა, რომ ჩემი გამასხარავებით ერთობოდნენ.

      ახლა მესმის რას ნიშნავს „ჩარლი გორდონი ჩაატარა“.

      მრცხვენია.

      და კიდევ რაღაც : ის გოგო, ელენი დამესიზმრა. მეცეკვებოდა და მეხახუნებოდა. რომ გამეღვიძა, ზეწარი სველი და დასვრილი იყო.

ტეგები: Qwelly, ელჯერნონი, კიზი, ლიტერატურა, ნოველა, ფანტასტიკა

ნახვა: 193

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters