ვირჯინია ვულფი - პროჟექტორი

გრაფის მე-18 საუკუნის სახლი მე-20 საუკუნეში კლუბად იქცა. მდიდრულ, თაღებიან, ჭაღებით გაჭახჭახებულ სადარბაზოში, ვახშმობის შემდეგ, სასიამოვნო იყო აივანზე გასვლა, რომელიც პარკს გადაჰყურებდა. ხეები ხშირი ფოთლებით იყო შემოსილი და მთვარის შუქი რომ ყოფილიყო, წაბლის ხეების შტოებზე ვარდისფერი და კრემისფერი კოკარდების გარჩევაც იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ ღამე უმთვარო იყო და ძალიან თბილი ზაფხულის მშვენიერი დღის შემდეგ.

მისტერ და მისის აივიმები და მათი სტუმრები აივანზე ყავას სვამდნენ და ეწეოდნენ. თითქოსდა განგებ, ისინი რომ საუბრის აუცილებლობისგან ეხსნა და თავიანთი მხრიდან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოეხერხებინათ თავის გართობა, ცაზე სინათლის ზოლები ირკალებოდა. ომი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული - უბრალოდ, საჰაერო ძალები გადიოდნენ წვრთნას, პროჟექტორები სერავდნენ ცას და მტრის თვითმფრინავებს ეძებდნენ. დროდადრო, საეჭვო ადგილას შეჩერების შემდეგ, სინათლის ზოლები ისევ მოძრაობაში მოდიოდნენ ქარის წისქვილის ფრთებისა, თუ ფანტასტიკური მწერის ულვაშების მსგავსად და ხან უსიცოცხლო ქვის ფასადებს ანათებდნენ, ხან წაბლის ხეს, საუცხოო, ნაზი ფერებით. შემდეგ, უცებ, სინათლე პირდაპირ აივანს დაეცა და წამიერად კაშკაშა დისკომ გაიელვა - ალბათ - რომელიმე ლედის გახსნილი ხელჩანთიდან სარკის ანარეკლმა.

- შეხედეთ, - წამოიძახა მისის აივიმიმ.

სინათლემ გადაიარა. ისინი კვლავ სიბნელეში ჩაიძირნენ.

- ვერასოდეს გამოიცნობ მე რა დავინახე! - დასძინა მან. რა თქმა უნდა, ყველა შეეცადა გამოეცნო.

- არა, არა, არა, - გააპროტესტა მისის აივიმიმ. ამის გამოცნობა შეუძლებელია. მხოლოდ მან იცის, მხოლოდ მას შეუძლია იცოდეს, რადგან იმ კაცის შვილთაშვილია. კაცმა თვითონ უამბო ეს ამბავი. რა ამბავი? თუ აინტერესებთ, ის შეეცდება მოყვეს. სპექტაკლამდე ჯერ კიდევ დროა.

- მაგრამ, საიდან უნდა დავიწყო? - ის ჩაფიქრდა. - 1820 წლიდან? მაშინ ჩემი დიდი პაპა ბიჭი იყო. მე თვითონაც არ ვარ ახალგაზრდა - ასეა, თუმცა ჯერ ისევ ძველებურად სასიამოვნო და ელეგანტური ქალია. - და ის ღრმად მოხუცი იყო, მე კი - ბავშვი, როცა ეს ამბავი მიამბო. ძალიან ლამაზი მოხუცი - თეთრი თმებით და ცისფერი თვალებით. თავის დროზე ლამაზი ბავშვი იქნებოდა, მაგრამ - უცნაური, თუმცა ეს გასაგებია - განმარტა მან. - თუ გავითვალისწინებთ როგორ ცხოვრობდნენ ისინი. გვარად კომბერები იყვნენ - გაღატაკებული მემამულეები. ადრე მათ იორკშირის მიწები ეკუთვნოდათ, მაგრამ ჩემი დიდი პაპის ბიჭობისას კოშკიღა შემორჩათ. მინდორზე განმარტოებით მდგარ ფერმაში პატარა სახლი ჰქონდათ. ჩვენ ათი წლის წინ ვიყავით ამ ადგილის სანახავად. მანქანის დატოვება და მინდორში ფეხით სიარული მოგვიხდა. სამანქანო გზა სახლამდე არ მიდის. სახლის გარშემო არაფერი ჩანს და ჭიშკრამდე ყველაფერი ბალახებითაა დაფარული. ეზოში ქათმები იქექებიან, ოთახებში შედიან და გამოდიან. ყველაფერი გაპარტახებული და გავერანებულია. მახსოვს კოშკიდან მოულოდნელად ქვა ჩამოვარდა. - ის ცოტა ხნით შეყოვნდა, - ჰოდა, იქ ცხოვრობდნენ მოხუცი, ქალი და ბიჭი. ქალი არც მოხუცის ცოლი იყო და არც ბიჭის დედა. ის უბრალოდ იმ ფერმაში მუშაობდა, რომელშიც ცოლის სიკვდილის შემდეგ მოხუცი გადავიდა საცხოვრებლად. შესაძლოა ამიტომაც, მათ არავინ სტუმრობდა - და სახლი ყოველდღიურად პარტახდებოდა და ვერანდებოდა. მახსოვს კიდევ ოჯახური გერბი კარს ზემოთ და წიგნები, ძველი წიგნები, ობმოდებულები. ყველაფერი, რაც კაცმა იცოდა, წიგნებიდან ჰქონდა ნასწავლი. მან მითხრა, რომ კითხულობდა და კითხულობდა ძველ წიგნებს, რუკებჩაწებებულ წიგნებს. კოშკის კენწეროში აათრევდა ხოლმე - თოკი და დამტვრეული საფეხურები დღემდეა შემორჩენილი. ფანჯარასთან ჯერ კიდევ დგას ჩავარდნილსაჯდომიანი სკამი. ფანჯარა თვითონ იღება ქარისგან, მინები ჩამტვრეულია და ჭაობები რამდენიმე მილის მანძილზე ჩანს.

ის შეჩერდა, თითქოს გაღებული ფანჯრიდან უკიდეგანო ჭაობიან ადგილებს გადაჰყურებსო.

- მაგრამ, ჩვენ ტელესკოპის პოვნა ვერ შევძელით - თქვა მან.

რესტორანში, მათ ზურგს უკან, თეფშების წკარაწკური სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა. მაგრამ აქ, აივანზე, მისის აივიმი გაოცებული ჩანდა იმის გამო, რომ ტელესკოპის პოვნა ვერ შეძლო.

- რატომ, ტელესკოპი? - ჰკითხა ვიღაცამ.

- რატომ? იმიტომ, რომ, იქ რომ ტელესკოპი არ ყოფილიყო, - გაიცინა მან, - მე, ახლა, აქ არ ვიჯდებოდი.

ის კი ცხადია, აქ იჯდა - ელეგანტური შუა ხნის ქალი, მხრებზე რაღაც ლურჯი რომ ჰქონდა მოხვეული.

- ტელესკოპი იქ უეჭველად იქნებოდა, - განაგრძო ქალმა, - იმიტომ, რომ მან მითხრა ყოველ ღამით, როცა მოხუცები დასაძინებლად მიდიოდნენ, ფანჯარასთან ჯდებოდა და ტელესკოპიდან ვარსკვლავებს გაჰყურებდა. იუპიტერი, ალდებარანი, კასიოპეა - ქალმა ხელი ვარსკვლავებისკენ გაიშვირა, რომლებიც ბნელ პარკს ზემოთ იწყებდნენ გამოჩენას. ბნელდებოდა და პროჟექტორის შუქი უფრო მკვეთრი ხდებოდა. ის ღამის ცას სერავდა, დროდადრო ამა თუ იმ ადგილას გაირინდებოდა, თითქოს ვარსკვლავებით ტკბებაო.

- ბიჭი ვარსკვლავებს გაჰყურებდა - განაგრძო მან - და თავის თავს ეკითხებოდა - ეს ბიჭი, ჩემი დიდი პაპა: რა არის ეს? რისთვის, ეს ყველაფერი? და მე ვინა ვარ? - ასე იცის, როცა მარტო ზიხარ, დამლაპარაკებელი არავინ გყავს და ვარსკვლავებს გასცქერი.

ის შეჩერდა. ყველანი ვარსკვლავებს გაჰყურებდნენ, წყვდიადში ხეებს ზემოთ მოციმციმე ვარსკვლავებს. ისინი მარადიულნი, უცვლელნი ჩანდნენ. ლონდონის გუგუნი მიინავლა. ასი წელი თითქოს არაფერი ყოფილიყოს. ბიჭი ვარსკვლავებს გასცქეროდა მათთან ერთად. ისინი თითქოს მასთან იყვნენ - კოშკში - და ჭაობებს იქით ვარსკვლავებს გაჰყურებდნენ.

უცებ ვიღაცის ხმამ მათ ზურგს უკან თქვა: - მართალი ბრძანდებით. პარასკევს.

ისინი შებრუნდნენ, ამოძრავდნენ თითქოს ვარსკვლავებიდან ისევ ქვემოთ, აივანზე დაეშვნენო.

- თუმცა მისთვის ამის მთქმელი არავინ იყო. - წაიბუტბუტა მისის აივიმიმ.

ერთი წყვილი ადგა და წავიდა.

- ის სრულიად მარტო იყო, - განაგრძო ქალმა, - ზაფხულის ცხელი დღე იდგა. ივნისის დღე. ზაფხულის იმ ერთ-ერთ მშვენიერ დღეთაგანი, როცა თითქოს ყველაფერი გარინდებულა. ქათმები ფერმის ეზოში იქექებოდნენ, თავლაში ბებერი ცხენი ადგილს ტკეპნიდა, მოხუცი თავის ჭიქასთან თვლემდა. ქალი ვედროს წმენდდა სამზარეულოში. შესაძლოა, კოშკიდან ქვა ჩამოვარდა. გეგონებოდა, დღე არასოდეს დამთავრდებაო. მას კი ხმის გამცემი არ ჰყავდა და არც ის იცოდა, რა გაეკეთებინა. მის წინ მთელი სამყარო იყო გადაჭიმული. ჭაობი ამოიზნიქებოდა და ჩაიზნიქებოდა, და ისევ ამოიზნიქებოდა ცის შესახვედრად: მწვანე და ლურჯი, მწვანე და ლურჯი, უსაზღვრო და უკიდეგანო.

ნახევრად სიბნელეში მათ დაინახეს, რომ მისის აივიმი მოაჯირს დაეყრდნო, ნიკაპი ხელებზე ჩამოაყრდნო და ასე, თითქოს ძველი კოშკის სიმაღლიდან, ჭაობებს გადახედა.

- მხოლოდ ჭაობი და ცა, ჭაობი და ცა, უსაზღვრო და უკიდეგანო, - წაიბუტბუტა მან.

შემდეგ თითები პატარა, სწრაფი მოძრაობით თვალებთან მიიტანა.

- მაგრამ როგორი ჩანს დედამიწა ტელესკოპში? - იკითხა მისის აივიმიმ.

თითებით ისევ პატარა, სწრაფი მოძრაობა გააკეთა, თითქოს რაღაცას ატრიალებსო.

- მან ფოკუსი დააყენა, - განაგრძობდა ქალი - ფოკუსი დააყენა მიწაზე. ფოკუსი დააყენა ტყის ბნელ ზოლზე ჰორიზონტზე და დაინახა ...თითოეული ხე ...თითოეული ხე ცალ-ცალკე ...და ჩიტები, აღმა დაღმა მფრენი ...და კვამლის სვეტი ...იქ, ხეებს შორის ...და შემდეგ ...ქვემოთ ...ქვემოთ (თვალები დახარა) ...და იქ იყო სახლი ...სახლი ხეებს შორის ...ფერმა ...თითოეული აგური მკვეთრად ჩანდა ...და ბადია, კარის ორივე მხარეს ...და მათში ლურჯი და ვარდისფერი ყვავილები - ალბათ, ჰორტენზიები - ცოტა ხნით შეჩერდა - სახლიდან გოგონა გამოვიდა... თავზე რაღაც ლურჯი ემოსა - ...და ჩიტებს საჭმელი დაუყარა ...მტრედებს ...ისინი მის გარშემო დაფრთქიალებდნენ ...და შემდეგ ...უყურე ...კაცი ...ჰო კაცი! ის სახლიდან გამოვიდა, გოგონას მოეხვია! მათ ერთმანეთს აკოცეს, ...აკოცეს!

მისის აივიმიმ მკლავები გაშალა და ისე შემორკალა, თითქოს ვინმეს ეხვევაო.

- ის, პირველად ცხოვრებაში, ხედავდა, რომ კაცი ქალს კოცნიდა, ხედავდა ტელესკოპით, ჭაობებს მიღმა, მრავალი მილის იქით.

მკვეთრი მოძრაობით მოიშორა რაღაც, ალბათ ტელესკოპი და გამართულად დაჯდა.

- მან კიბეები ჩაირბინა, დიდხანს გარბოდა ველებზე, შემდეგ ბილიკებზე, შემდეგ გზაზე. მრავალი მილი გაირბინა და სწორედ მაშინ მიაღწია სახლს, როცა ხეების თავზე პირველი ვარსკვლავები აენთნენ... გახვითქულმა და მტვერში ამოგანგლულმა...

შეჩერდა, თითქოს მას უყურებდა.

- შემდეგ კი, შემდეგ ...რა ქნა შემდეგ? რა თქვა? და გოგონა?.. - კითხვები დააყარეს მსმენელებმა.

უცებ მისის აივიმის სინათლის შუქი დაეცა, თითქოს ვიღაცამ ტელესკოპის ლინზა მისკენ მიმართაო. (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები მტრის თვითმფრინავებს ეძებდნენ) ის მაგიდიდან წამოდგა. თავზე რაღაც ლურჯი ემოსა. ხელი ასწია, თითქოს მოულოდნელობისგანო, თითქოს ის - გაოგნებული - კარებში იდგა.

- ოჰ, გოგონა?... ის იყო, - შეყოყმანდა, თითქოს უნდოდა ეთქვა „მე“, მაგრამ შემდეგ გაახსენდა და თავის თავს შეუსწორა - ჩემი დიდი დიდედა.

ის შებრუნდა, თვალებით მოსასხამს ეძებდა, რომელიც სკამის ზურგზე იყო გადაკიდებული.

- მაგრამ გვითხარით, ის მეორე კაცი ვინღა იყო? აი, ის კაცი, სახლიდან რომ გამოვიდა? - არ ცხრებოდნენ ისინი.

- მეორე კაცი? ჰო, მეორე კაცი - ...წაიბუტბუტა მისის აივიმიმ, დაიხარა და თითები მოსასხამზე მოაფათურა (პროჟექტორის შუქი აივანს აღარ ანათებდა) - ალბათ, გაქრა.

- სინათლე, - დასძინა მან და მოსასხამში გაეხვია, - მხოლოდ წამიერად ეცემა აქა-იქ.

პროჟექტორის შუქი ახლა ბუკინგამის სასახლის ფართო ფასადს ეცემოდა. თეატრში წასვლის დროც მოსულიყო.

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 1175

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

传世手游 风头正劲

გამოაქვეყნა ghytujki_მ.
თარიღი: სექტემბერი 25, 2020.
საათი: 9:34am 0 კომენტარი

经过20年的发展传奇战士 IP如今已经成长为国内最知名的游戏IP之一,其已衍生出覆盖端游、页游、手游、云游戏全品类的传奇大家族,拥有数百款产品,年流水始终超过百亿,传奇IP的价值也已经突破千亿规模。传奇IP的发展本身也是中国知识产权发展的一个缩影:盛趣游戏是国内最早面临游戏代理跨国的游戏公司,《热血传奇》因为共有著作权的特殊情况以及海外游戏源代码泄露,成为知识产权纠纷最多的产品。据媒体报道,仅在2017上半年不到3个月的时间里,就有共计893款手游、95款H5游戏、69款页游分别涉嫌侵犯盛趣游戏《热血传奇》、《传奇世界》著作权。其中296款手游、95款H5游戏、60款页游被判定有侵权行为。

据不完全统计,盛趣游戏自2013年开展 王者传奇手游…

გაგრძელება

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 0 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters