რომენ როლანი -  პლუტარქეს კითხვა

← დასაწყისი

ოქტომბრის ბოლო.

   და აი, ახლა თათით ვარ მიბმული... თათით! მოწყალეო უფალო, თუ გართობა გსურდა, არ შეგეძლო განა ხელი, ან გვერდი მოგეტეხა ჩემთვის და დაგეტოვებინა საყრდენი ბოძები? რა თქმა უნდა, ნაკლებს არ ვიოხრებდი, მაგრამ ძირს დამხობილი მაინც არ ვიწუწუნებდი. აჰ! ბოროტი, წყეული (იკურთხოს მისი წმინდა სახელი!), თითქოს მხოლოდ ჩვენს გაწამებას ფიქრობს. კარგად იცის, ყველა სხვა მიწიერ ბედნიერებას: გარჯას, ქეიფს, სიყვარულსა და მეგობრობას, ღმერთების კი არა, ადამიანთა ასული - თავისუფლება მირჩევნია და ხელშიც მიპყრია. უთუოდ ამიტომ ჩემს ხუხულას (ნაღდად იცინის, არამზადა!) ფეხით მიმაბა. და მეც ახლა ხოჭოსავით ზურგზე გაწოლილი ვუმზერ ობობას ქსელებს და ჩემი სხვენის ძელებს. აი, ჩემი თავისუფლება!.. მაგრამ არა, საყვარელო, ჯერ კიდევ ვერ დამიჭირე. გათოკე ჩემი ჩონჩხი, შებოჭე, კიდევ ერთხელ შემოაკარი, როგორც შამფურზე წამოცმულ ვარიებს უშვრებიან. და მერე რაო, ვითომ გამომიჭირე? მერწმუნე - ვერა. სული? სულს რაღას უშვრები? აჰა, ჩემს ფანტაზიასთან ერთად ისიც გაფრინდა. აბა მიდი, ეცადე და დაიჭირე! ამისთვის მაგარი მუხლები დაგჭირდება. ჩემს ნათლიდედა ფანტაზიას ფეხი მოტეხილი როდი აქვს. მიდი, მიდი, გაიქეცი, მეგობარო!..

   უნდა გამოვტყდე, რომ პირველ ხანებში ცუდ ხასიათზე ვიყავი. ენაღა შემრჩა და მეც ვსარგებლობდი, რომ მეგინა და მეღრინა. იმ დღეებში კაცი ვერ გამეკარებოდა. თუმცა კარგად ვიცოდი, რომ ყველაფერი ჩემივე თავით დამემართა. ეჰ! ეს ძალიან კარგად ვიცოდი. ყველა, ვინც სანახავად მოდიოდა, ამით ყურებს მიჭედდა: - აკი გითხარით! რაში გჭირდებოდა ხარაჩოებზე კატასავით ცოცვა შენი ხნის ბებრუცანას! რამდენჯერ გაგაფრთხილეს, მაგრამ კაცი ვერაფერს შეგასმენს. სულ უნდა იცუნცულო, ჰოდა, ზოგი ეხლაც იცუნცულე! რაც მოგივიდა, ყველაფერი შენივე თავს დააბრალე.

   კარგი ნუგეშია! არ კმარა, რომ უბედური ხარ, გიმტკიცებენ, ბრიყვიცა ხარო! მარტინამ, სიძე ფლორიმონმა, გულცივმა მეგობრებმა, ყველამ, ვინც ჩემს სანახავად მოვიდა, თითქოს პირი შეკრეს. მე კი, თათით მახეში გაბმულს და ბრაზით აღსავსეს, მათი საყვედურები უნდა მესმინა. წრუწუნა გლოდიმაც კი მითხრა: პაპა, ჭკუით არ ყოფილხარ და რაც მოგივიდა, ახია შენზეო. ჩაჩი ვესროლე და დავუყვირე: - მოუსვი აქედან!

   მარტო დავრჩი. ვერც ამან მომიყვანა გუნებაზე. ჩემმა კეთილმა მარტინამ დაიჟინა, ჩემი ლოგინი დუქნის უკანა ოთახში გადაეტანათ (გამოგიტყდებით, ეს ძალიან გამეხარდებოდა), მაგრამ თუ ერთხელ ვთქვი უარი, დასწყევლოს ეშმაკმა, ვეღარავინ გადამათქმევინებს. არც ისე მეამებოდა ხალხს ვენახე ხეიბარი. მარტინა კი, ის აბეზარი, როგორც საერთოდ ბუზი და ქალი, ჯიუტად თავის აზრს უბრუნდებოდა; იმდენი რომ არ ელაპარაკა, შეიძლება დამეთმო კიდეც; მაგრამ მეტად ჯიუტობდა და თანხმობა რომ მეთქვა, დილიდან საღამომდე გამარჯვების ბუკსა და ნაღარას დაჰკრავდა; ამიტომ ვთხოვე, ცოტა მოშორებით ესეირნა. რა თქმა უნდა, ყველა სეირნობდა ჩემს გარდა; მე სხვენზე დამტოვეს მარტოკა. ნუ წუწუნებ, კოლაჯან, ასე უნდა მოგსვლოდა და ნურავის უჩივი. ეს შენ თვითონ გინდოდა!..

   მაგრამ მიზეზს, ნამდვილ მიზეზს, რომლის გამოც ვჯიუტობდი, არ ვამბობდი. იცით რა, როდესაც შინ კი არა, სხვასთან ხარ, გეშინია, არ შეაწუხო და არც მოვალედ გსურს დარჩე. რა თქმა უნდა, ეს ცუდი ანგარიშია, თუ გსურს ხალხს უყვარდე, თავი არ უნდა დაავიწყო. მეც ადვილად მივიწყებდნენ. რაკი არსად მხედავდნენ, არც ჩემს სანახავად მოდიოდნენ. თვით გლოდიმაც მიმატოვა. დაბლიდან მისი ტიტინი და სიცილი მესმოდა და გულში მეც ვიცინოდი. ვოხრავდი თანაც, რადგან მინდოდა მისი სიცილის მიზეზი გამეგო... უმადური ხარ-მეთქი, ბრალს ვდებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი... „გაიხარე, ჩემო ლამაზო!“... კაცს რომ განძრევა არ შეუძლია, რამეთი ხომ უნდა გაერთოს, თუნდაც ნეხვზე მჯდარ იობივით იწყევლოს.

   ერთ დღეს, როდესაც ჩემს ნეხვზე ვეგდე დაღონებული, პაიარი მეწვია. მართალი გითხრათ, თავაზიანად არ მიმიღია. ჩემს წინ, საწოლის ფეხთან ჩამოჯდა. ხელში დიდის მზრუნველობით შეხვეული წიგნი ეკავა. ცდილობდა საუბარი გაება, ხან ცისას მოჰყვა, ხან ბარისას. მაგრამ ამაოდ, გამეხებული სახით პირველსავე სიტყვაზე ვაწყვეტინებდი. არ იცოდა, რა ექნა, რა ეთქვა, ახველებდა, თითებს საწოლზე აკაკუნებდა. კმარა-მეთქი ვუთხარი. დადუმდა. განძრევასაც ვერ ბედავდა. ულვაშებში ვიცინოდი და ვფიქრობდი: „ჩემო კარგო, ახლა ნანობ, არა? ფული რომ გესესხებინა, კალატოზობას არ დავიწყებდი; აი, ფეხიც მოვიტეხე. აჰა! მიირთვი, დაიჭი! ძალიან კარგია! მოგეხსენება, ამ ყოფაში სწორედ შენმა წუწურაქობამ ჩამაგდო“.

  იჯდა საბრალო და ვერ ბედავდა ჩემთვის სიტყვა ეთქვა. მეც ვცდილობდი ენაზე კბილი დამეჭირა, მაგრამ ენა მეტად მექავებოდა და თავი ვერ შევიკავე. ვუყვირე: - ამოიღე ეგ ხმა. თავი მომაკვდავის საწოლთან ხომ არ გგონია? დასწყევლოს ღმერთმა, კაცთან გასაჩუმებლად როდი მოდიან! ილაპარაკე, ანდა მოშორდი აქედან! თვალებს ნუ აბრიალებ. მაგ წიგნს მოეშვი. რა წიგნია?

   საბრალო კაცი წამოდგა: - ვხედავ, გაბრაზებ, კოლა, და ამიტომ მივდივარ; ეს წიგნი მოგიტანე... პლუტარქეა, „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება“, ოქსერის ეპისკოპოსის ბატონ ჟაკ ამიოს მიერ გადმოფრანგულებული. ვიფიქრე...

(ჩანდა, საბოლოოდ კიდევ ვერ გადაეწყვიტა)...

- ...ეგებ მასში ჰპოვოს-მეთქი...

(ღმერთო! როგორ ეძნელებოდა!)...

- ...სიამოვნება და ნუგეში...

და მე, ვინც კარგად ვიცოდი, რომ მწერლობის ამ მოტრფიალეს ოქროზე მეტად თავისი წიგნები უყვარდა (როდესაც მის ბიბლიოთეკაში წიგნს ხელს შეახებდი, გაწამებული შეყვარებული კაცის ისეთ სიფათს მიიღებდა, რომ გეგონებოდათ უცქერის, თუ როგორ ჯგვლემს ვიღაც ბრიყვი ბატონი მისი ლამაზის გულმკერდსაო), მსხვერპლის სიდიადემ ამაღელვა.

- ძმაკაცო, ჩემზე უკეთესი ხარ, მე კი ხვადაგი ვარ; ცუდად მოგექეცი. მოდი, მაკოცე.

მოვეხვიე, წიგნი გამოვართვი. აშკარად ეტყობოდა, რომ ბედნიერი იქნებოდა, წიგნი უკანვე წაეღო.

- ხომ გაუფრთხილდები?

- არხეინად იყავი, სასთუმალთან მექნება. სინანულით წავიდა. ეტყობოდა, გული საგულეს მაინც არ ჰქონდა.

*

   ჰერონელ პლუტარქესთან ერთად დავრჩი. პატარა, ღიპიანი ტომი იყო, ათას სამას გვერდიანი, სიმაღლეზე მეტი სისქე ჰქონდა. მჭიდროდ მიჯრილი და შეკრული სიტყვებით ისე იყო გატენილი, როგორც ხორბლით სავსე ტომარა.

   აქ იმდენი სარჩოა, რომ სამმა ვირმა სამ წელს შეუწყვეტლივ რომ ჭამოს, მაინც ეყოფა-მეთქი, გავიფიქრე.

   ჯერ ყოველი თავის დასაწყისში მრგვალ მედალიონებში ჩასმულ გამოჩენილ პირთა ცქერით გავერთე: საუცხოო რამ იყო მოკვეთილი და დაფნის ფოთლებში გახვეული თავები; ოხრახუშის პატარა ღეროღა აკლდათ ცხვირში. ვფიქრობდი: „რისი მაქნისი არიან ეს ბერძნები და ეს რომაელები? ისინი ხომ მკვდრები არიან, მკვდრები, ჩვენ კი ცოცხლები ვართ. აბა, რა უნდა მითხრან ისეთი, რაც მათზე უკეთ არ მეცოდინება? ისა, რომ კაცი მეტად ბოროტი, მაგრამ საინტერესო ცხოველია? ისა, რომ რაც უფრო ბერდება, მით უკეთესია ღვინო ანკარა, ქალი კი - არა. ისა, რომ ყველა მხარეში ბატონობს ძლიერის სუსტზე თარეში, და, რომ სუსტსაც ეცინება, როცა ძლიერი გაებმება მახეში? ყველა ეს რომაელი ბაქია ლაზღანდარა გრძელსა და ბრტყელ სიტყვებს გეუბნება. მართალია, მჭევრმეტყველი ხალხი ძალიან მიყვარს, მაგრამ წინდაწინვე ვაფრთხილებ, რომ მარტო არ ვალაპარაკებ, როგორმე მოვუკეტავ ჩარბს“...

   მოწყალება მოვიღე და წიგნს ფურცვლა დავუწყე. ხან აქ, ხან კიდევ იქ მივაპყრობდი მოწყენილ თვალს, თითქოს მდინარეში ანკესს ვაგდები. და აი, მეგობრებო, იმწამსვე გავები... როგორი ნადავლი ვიგდე ხელში, როგორი თევზი. წყლის ზედაპირზე მიკარებისთანავე ლივლივა ყვინთავდა და ამოჰყავდა თუ საუცხოო ჭანარი, თუ ქარიყლაპია! უცნობი თევზი, ოქროსი, ვერცხლისა, ნაირფერადი, ძვირფასი ქვებით მორთული, რომელნიც შუქს ისხლეტდნენ და ცეკვავდნენ, ხტოდნენ, იჭიმებოდნენ, ლაყუჩებს არხევდნენ, კუდებს იქნევდნენ!.. ღმერთო! მე მკვდრები მეგონა!.. ახლა, ქვეყანა რომ დაქცეულიყო, ვერაფერს შევამჩნევდი, ვერაფერს დავინახავდი, მე მხოლოდ ჩემს ანკესს მივშტერებოდი: იძირებოდა ლივლივა, ყვინთავდა ლივლივა! ნეტავ ამჯერად რომელი ურჩხული ამოვა წყლიდან? და აი, თხლაშ! ნემსკავს მოდებული მშვენიერი თევზი ჰაერში აფართხალდა. მზეზე ბრწყინავდა თეთრმუცლიანი, ჯავშანში ჩამჯდარი, მწვანე, ვითარცა თავთავი, ან ლურჯი, ვითარცა ქლიავი. დღეები, ამ წიგნის კითხვას რომ მოვანდომე (დღეები თუ კვირეები?), ჩემი ცხოვრების სამკაულია. იკურთხოს ჩემი ავადმყოფობა!

   იკურთხოს ჩემი თვალები, რომელთა წყალობითაც ჩემში აღწევენ წიგნებში დატყვევებული აჩრდილები. დიახ, იკურთხოს ჩემი ჯადოქრული თვალები, რომლებიც შავ ჯოგად მოხეტიალე მჭიდრო და მსუქანი ნიშნების გვირისტებში, გვერდების ორ არშიათა შორის აცოცხლებენ გამქრალ ჯარებს, დაქცეულ ქალაქს, რომაელ მჭევრმეტყველებს, პირქუშ რაინდებს, გმირებს და ლამაზმანებს, რომელთაც ეს გმირები თავის ნებაზე დაჰყავთ, ველად მოთარეშე ქარიშხალს, მზიურ და გაშლილ ზღვას, აღმოსავლეთის ცას და წარსულის თოვლიან მთას.

    აი, ტახტრევანზე წამოწოლილი, ბებერი და ბუზღუნა მეომრებით გარშემორტყმული, გაფითრებული, ტანმორჩილი და სუსტი კეისარი, ღორმუცელა ანტონიუსიც, დიდძალი ხორაგით, ჭურჭლითა და კახპებით მინდვრებს რომ სერავს და ჩასახეთქად რომელიმე მწვანე ჭალისაკენ მიემართება, სვამს, არწყევს და ისევ სვამს, სადილად რვა ტახს ჭამს და ანკესით მარილიან თევზს იჭერს. აი, ქედმაღალი პომპეუსი, რომელსაც ფლორა ვნებიანად კბენს; ესეც პოლიორკეტე, თავისი ფართო თავსაბურავით და ოქროს მანტიით, რომელზეც დედამიწა და ციური ბაკმებია გამოსახული; აი, დიდი არტაქსერქსეც, რომელიც თავისი ოთხასი ცოლის შავ-თეთრ ჯოგზე ბუღასავით მეფობს; აი ბახუსის ტანსაცმელში გამოწყობილი მშვენიერი ალექსანდრე მწვანე ტოტებითა და წითელი ხალიჩით მორთული რვაცხენიანი საომარი ეტლით ინდოეთიდან ბრუნდება ვიოლინოების, სტვირებისა და ჰობოების საამურ ხმაზე, ყვავილებით ქუდშემკულ სარდლებთან სვამს და ნადიმობს. მათ უკან მოდის ჯარი თასებით ხელში და თიკნებივით ხტუნია ქალები... და განა ეს არ არის საოცრება? თუ მესიამოვნება, ანტონიუსის, ალექსის თუ არტაქსერქსის ცხვირწინ დედოფალ კლეოპატრას, მეფლეიტე ლამიას და ლამაზ სტატირას, ისე ლამაზს, რომ თვალს გიჭრის, როდესაც უცქერი, აქვე ვეუფლები, მათთან ვნეტარებ და ვტკბები. ეკბატანში გამარჯვებული შევდივარ, თაისთან ერთად ვსვამ, როქსანესთან ვწვები და ზურგზე მოკიდებული მიმყავს ძონძებში შეფუთული კლეოპატრა; ანტიოქიუსთან ერთად, სტრატონიკეს სიყვარულით გული რომ ელევა, მეც ჩემი დედინაცვლისადმი ვნებით ვდნები (საოცარია პირდაპირ), ვარბევ გალების ქვეყანას, მივდივარ, ვხედავ, ვიმარჯვებ და (რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს) ყოველივე ამას ისე ვაკეთებ, რომ წვეთ სისხლსაც არ ვღვრი.

მდიდარი ვარ. ყოველი ამბავი კარაველაა, კარაველა, რომელსაც ჩემთვის ინდოეთიდან, ანდა ბერბერების ქვეყნიდან მოაქვს ძვირფასი ლითონები, ტიკებით ძველი ღვინო, საოცარი ცხოველები, ტყვეები... მშვენიერი ახალგაზრდები არიან! რა დიდებული მკერდები აქვთ! როგორი გავა! ყველაფერი ეს ჩემია, ჩემი, იმპერიები ჩემს გასართობად დაბადებულან, გაზრდილან და დახოცილან...

ერთი ნახეთ, ეს რაღა კარნავალია? თითქოს რიგრიგობით ყველა ეს ნიღაბი მე ვიყო. ვძვრები მათ ტყავში, მათი სხეულის ნაწილებით ვიმოსები, მათი ვნებებით ვინთები და ფერხულს ვუვლი. ერთსა და იმავე დროს ვარ მოცეკვავე, დირიჟორი და კეთილი პლუტარქე; და, რა თქმა უნდა, ყველა ეს იგავი მე დავწერე (უთუოდ იმ დღეს ზეშთაგონებული ვიყავი)... რა ნეტარებაა, იგრძნო, რომ სიტყვების მუსიკა და ფრაზების ფერხული მიგაფრენს ტანჯვის, სხეულის ბორკილებისა და სიბერისაგან თავისუფალ სივრცეში... სულო, ეს ხომ უფალი ღმერთია! დიდება სულიწმინდას!..

ზოგჯერ შუა კითხვაში ვჩერდები და გაგრძელებას თვითონვე ვთხზავ, მერე კი ჩემი ფანტაზიის ნაყოფს ვადარებ იმას, რაც ხელოვნებას ან ცხოვრებას გამოუძერწავს და ხელოვნების ქმნილების ქარაგმას ხშირად სწორად ვხსნი. ბებერი მელა ვარ, ყველა ოინს ვიცნობ და როდესაც მივაგნებ, ულვაშებში ვიცინი; მაგრამ, თუ მძერწავი ცხოვრება არის, უმეტეს შემთხვევაში ვცდები. ცხოვრება ჩვენს მზაკვრობას იცნობს და მას გვერდს უვლის. მისი ოინები კი ჩვენსაზე უფრო ოსტატურია. ვახ! გიჟმაჟი ნათლიდედა!.. მხოლოდ ერთ რამეზე თავს არ იწუხებს, ამბის ბოლო მუდამ ერთნაირია: ომები, სიყვარული, სიანცე, ყველაფერი მთავრდება კარგად ცნობილი ნახტომით ორმოში. და როდესაც აღწერს ასეთ სიავეს, იმეორებს ერთსადაიმავეს, როგორც ჭირვეული ბავშვი, რომელიც ამტვრევს უკვე მობეზრებულ სათამაშოებს. ვბრაზდები. ვყვირი: „უხეშო, საზიზღარო! ვაიმე! მე მომეცი, მე!“ ხელიდან ვართმევ... გვიანღაა! სათამაშო უკვე დამსხვრეულია და გლოდივით ვნეტარებ ჩემი დედოფალას ნამსხვრევების რწევით. და ეს სიკვდილი, როგორც საათის რეკვა ისრის ყოველ შემოვლაზე, ტკბილი მისამღერივით ჟღერს. დარეკეთ, ზარებო, დიდნო და პატარავ, იგუგუნეთ: დინგ, დინგ, დონ!

   „მე ვარ კვიროსი, აზიის დამპყრობი, სპარსელების ბატონი და გევედრები, მეგობარო, ნუ შეგშურდება ეს მუჭა მიწა, რომელიც საბრალო სხეულს მიფარავს“... ამ ეპიტაფიას ალექსანდრეს გვერდით მდგომი ვკითხულობ; სხეული უძრწის მაკედონელს, სხეული, რომელიც მზადაა დატოვოს იგი, რადგან ჰგონია, რომ მიწიდან საკუთარი ხმა ესმის. ჰოი, კვიროს, ალექსანდრე! რა ახლობლები ხართ, როდესაც მკვდრებს გხედავთ!...

   ვხედავ, თუ მესიზმრება?.. ვიჩქმიტე და თავს ვუთხარი: „ჰეი, კოლა! გძინავს, განა?“ ლოგინთან ახლო მდგარი პატარა მაგიდიდან ორ მედალს ვიღებ (შარშან ვენახში ამოვთხარე). ამ მედლებზე გამოსახულნი არიან ჰერკულესად მორთული ბანჯგვლიანი კომოდი და ავგუსტა კრისპინა, რომელსაც მსუქანი ნიკაპი და მტაცებელი ფრინველის ცხვირი აქვს. ვამბობ: „არა, სიზმარში როდი ვარ, თვალები გახელილი მაქვს და რომი ხელის გულზე მყავს“...

რა სასიამოვნოა გუნებაში მორალზე ფიქრი, საკუთარ თავთან კამათი, მსოფლიო პრობლემების გადასინჯვა, პრობლემებისა, რომლებიც უხეშმა ძალამ უკვე გადაჭრა, რუბიკონზე გადასვლა. არა, ნაპირზე შეჩერება... გადავალთ თუ არა? საამო არის ებრძოლო ბრუტუსს, ან თვით კეისარს, მისი აზრისა იყო, მერე დიდის მჭევრმეტყველებით საწინააღმდეგო ამტკიცო და ბოლოს ისე დაიბნე, რომ არ იცოდე, ვისი მომხრე ხარ! ამას რა სჯობია. აზრებით სავსე გაქვს თავი, ამბობ გრძელ სიტყვებს, ამტკიცებ, ცდილობ დაამტკიცო, უპასუხებ, ესიტყვები, ხელჩართული ბრძოლა გაგიმართავს, აბა, თუ ბიჭი ხარ, აიცდინე ეს მოქნევა!.. საბოლოო ჯამში, დაქანცული ხმალზე რჩები წამოცმული... შენ თავს თვითონვე ამარცხებ! გაოცებული ვარ... პლუტარქეა ყველაფერში დამნაშავე. ისეთი ოქროპირია და ისე გულთბილად გეტყვით ხოლმე: „ჩემო მეგობარო“, რომ ყოველთვის მისი აზრისა ხართ, აზრი კი იმდენი აქვს, რამდენიც მოთხრობა. მოკლედ, მისი გმირებიდან ყველაზე მეტად უთუოდ ის მომწონს, ვისი ამბავიც უკანასკნელად წავიკითხე. ერთი სიტყვით, ისინიც ჩვენსავით ერთ ქალგმირს ემორჩილებიან, მის ეტლში არიან გაბმულნი... პომპეუსის გამარჯვებანი რანი არიან მის გვერდით?.. ისტორიას სწორედ ის ქალგმირი წარმართავს. მე ფორტუნაზე მოგახსენებთ. მისი ბორბალი ბრუნავს, ტრიალებს და ვერასოდეს ვერ ნახავთ „მთვარესავით ერთსა და იმავე მდგომარეობაში“, როგორც ამას ამბობს სოფოკლესთან რქოსანი მენელაოსი. და ეს კიდევ მეტად სანუგეშოა სწორედ იმათთვის, ვისაც თავი არ დაუღწევია ახალი მთვარისათვის.

   ხან ჩემს თავს ვეუბნები: „მეგობარო ბრონიონ, რა ჩემ ცოდვად გაინტერესებს ყოველივე ეს? ერთი მითხარი, გეთაყვა, რომის დიდებასთან რა გესაქმება? და მით უფრო, რა ხელი გაქვს მაგ დიდი ყაჩაღების სიგიჟესთან? შენ შენიც გეყოფა, შენზე გამოუჭრიათ. საქმე შემოგელია, რომ ზურგზე იკიდებ თვრამეტი საუკუნის წინ გარდაცვლილ ადამიანთა მანკსა და უბედურებას? გამოტყდი, ბიჭო (ამას ქადაგებს ბატონი ბრონიონი, დარბაისელი და წესიერი კლამსელი ფილისტერი), რომ შენი კეისარი, ანტონიუსი და მათი კახპა კლეო, შენი სპარსელი ხანები, რომელნიც საკუთარ ასულებს ცოლად ირთავენ, ძეებს ყელს სჭრიან, საზიზღარი არამზადები არიან. დიდი ხანია, რაც დაიხოცნენ და ამქვეყნად ამაზე უკეთესი არაფერი უქნიათ. მოასვენე მათი მტვერი. არ მესმის, რა სიამოვნება უნდა ჰპოვოს ხნიერმა კაცმა ასეთ სისულელეებში? ერთი შენს ალექსანდრეს შეხედე, არ გაბრაზებს განა, თავის რჩეულ ლამაზ ჰეფესტიონეს დასაკრძალავად ერის საუნჯეს რომ ხარჯავს? ხოცვა-ჟლეტას კიდევ არა უშავს რა. ადამიანთა ჯილაგი მრუდი, თესლია ცუდი. მაგრამ ფულის ფლანგვა როგორ იქნება? აშკარაა, რომ სალახანებს მის საშოვნელად ოფლი არ დაუღვრიათ. შენ რა, გგონია ვხუმრობ? თვალებს აბრიალებ და ისე იბღინძები, თითქოს ეგ ფული შენ დაგერიგებინოს! რომ დაგერიგებინა, დიდი გიჟი იქნებოდი. ისე კი, ორმაგადა ხარ გიჟი, რაკი გახარებს სიგიჟე სხვისი“.

   ვუპასუხებ: „ჩემო ბრონიონ, ოქრო ამოგდის პირიდან, მუდამ მართალი ხარ. მაგრამ თანახმა ვიქნებოდი, გავეწკეპლე ასეთი სისულელეებისათვის. ორი ათასი წლის წინათ გარდაცვლილთა აჩრდილების ძარღვებში უფრო მეტი სისხლი სჩქეფს, ვიდრე ცოცხლებისაში. ვიცნობ და მიყვარს ისინი. სიხარულით დავთანხმდებოდი ალექსანდრეს, მოვეკალი, თუ მერე კლიტუსივით დამიტირებდა. სუნთქვა მეკვრის, როდესაც ვხედავ სენატში კეისარს, რომელიც მოღერებულ ხანჯლებს შორის ისე ბორგავს, როგორც ბაზიერებითა და ძაღლებით შემოხვეული ნადირი. პირდაფჩენილი ვუყურებ, როდესაც თავის ოქროს კარჭაპის გემსართავზე მიყრდნობილი, ნერეიდებითა და ამურებივით ტიტველი, ლამაზი და პატარა პაჟებით გარშემორტყმული კლეოპატრა მიცურავს; ნესტოებს ვბერავ, რათა უკეთ ჩავისუნთქო სურნელოვანი ნიავი. ბოჩოლასავით ვბღავი, როდესაც გასისხლიანებულ, მომაკვდავ და გათოკილ ანტონიუსს კოშკის სარკმლიდან გადმოხრილი მისი ტურფა მთელის ძალით მაღლა ეზიდება (ოღონდაც... მეტად მძიმეა!... ოღონდაც ხელიდან არ გაუვარდეს). საბრალოს მისკენ აღუპყრია ხელები“... ნეტავ რა მაღელვებს, ან რა მაკავშირებს მათთან, ჩემიანებად რად მიმაჩნია? ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან, ისინი მე ვარ, ისინი ადამიანები არიან.

   როგორ მეცოდებიან გაუბედურებულნი, საბრალონი, რომელთაც წიგნის ყადრი არ იციან! არიან ისეთებიც, რომლებიც ქედმაღლურად აძაგებენ წარსულს და აწმყოთი კმაყოფილდებიან. სულელი ბჟიტები! ცხვირს იქით ვერას ხედავენ... დიახ, ბატონო, კარგია აწმყო; მაგრამ ჯანაბა და დოზანა, ყველაფერი კარგია, ორივე ხელით ვწვდები ყველაფერს და გაშლილ სუფრას არ ვერიდები. თქვენც რომ გასინჯოთ, დაგიწუნებთ გგონიათ? და თუ დაიწუნებთ, მეგობრებო, ცუდი კუჭი გქონიათ. მესმის, რაც ჩაიხუტე, გყავდეს ჩახუტებული. მაგრამ თქვენ ჩახუტებაც არ იცით, ამიტომ არის თქვენი ტურფა დამჭლევებული. ცოტა და ტკბილი რას მეყოფა. მირჩევნია ბევრი და ტკბილი... აწმყოზე ჩამოკიდება, მეგობრებო, შეიძლებოდა ბებერი ადამის დროს, რომელიც ტიტველი იმიტომ დადიოდა, რომ ტანსაცმელი არ ჰქონდა და რაკი არაფერი ენახა მეტი, შეეძლო ჰყვარებოდა მხოლოდ თავისი დედალი ფერდი, მაგრამ, ჩვენ, ვისაც წილად გვხვდა მის შემდეგ მოვსულიყავით დოვლათით სავსე სახლში, სადაც ჩვენმა მამებმა, პაპებმა და პაპის პაპებმა დააგროვეს, თავი მოუყარეს ყოველივე იმას, რაც იშოვეს და გააკეთეს, განა გიჟები არ ვიქნებოდით, დაგვეწვა ჩვენი ბეღლები იმიტომ, რომ მინდვრები კიდევ გვაძლევენ ხორბალს!.. ჩვენი წინაპარი ადამი ყმაწვილი იყო, მოხუცი ადამი - ეს მე ვარ: რადგან მეც იგივე ადამიანი ვარ და მის შემდეგ გავიზარდე. ჩვენ ერთი და იგივე ხე ვართ, მხოლოდ მე უფრო მაღალი გავიზარდე და რომელიმე ტოტის ჭრილობას მთელი ფოთლეული გრძნობს. მსოფლიოს სევდა და სიხარული ჩემი სევდა-სიხარულია. თუ ვინმე იტანჯება, გული მტკივა, თუ ბედნიერია, ვიცინი. წიგნებში უფრო ნათლად ვგრძნობ, ვიდრე ცხოვრებაში იმ ძმობას, რომელიც ყველას გვაკავშირებს, კურტნოსნებსაც და გვირგვინოსნებსაც, რადგან ერთისაგანაც და მეორესაგანაც რჩება მხოლოდ ნაცარი და ალი, ალი, რომელსაც ჩვენი სულის ნაღები უწოვია და ასე ერთი და მრავალსახიერი, ზეცისაკენ მიჰქრის და თავისი სისხლიანი პირის ათასი ენით მღერის დიდებას ყოვლისა შემძლებელისა...

*

   ასე ვოცნებობ ჩემს სხვენზე. ქარი დგება. სინათლე ქრება. თოვლი ფრთების წვერით ფანჯარას ეხახუნება. სიბნელე მოიპარება. თვალები მემღვრევა. ჩემს წიგნზე ვიხრები, თხრობას მივყვები, თხრობას, რომელიც გარბის ღამეში. ქაღალდს ცხვირს ვადებ: და როგორც ნადირის ნაკვალევზე მეძებარს, ადამიანის სუნი მცემს. ღამდება. ღამე ჩამოწვა. თოვს. ჩემი ნადირი გამირბის შორს. მეც მივდევ. შუა ტყეში ვჩერდები და სირბილისაგან გულამოვარდნილი ვუსმენ გაქცეულს. სიბნელეში კარგად რომ დავინახო, თვალებს ვხუჭავ და ჩემს ლოგინზე უძრავად გაწოლილი ვოცნებობ. არ მძინავს, ფიქრებში ვიქექები და დროდადრო სარკმლიდან ზეცას ვუყურებ. მკლავი თუ გავშალე, მინას ვეხები; ვხედავ აბანოზის გუმბათს, კუდიანი ვარსკვლავის სისხლიანი წვეთი რომ ჰკვეთს... და ვინ იცის, კიდევ რაღას არ ვხედავ. ცეცხლის წვიმა მოდის ნოემბრის ღამეში და მაგონდება კეისრის ვარსკვლავმორბედი. შეიძლება, ეს სწორედ კეისრის სისხლია, ცაზე ჩუხჩუხით რომ მოედინება...

   ისევ გათენდა. ისევ ვოცნებობ. კვირა დღეა. ზარები მღერიან. მათი გუგუნი ათრობს ჩემს ფანტაზიას. პირამდე ავსებს მთელ სახლს და წიგნი (ვაი! საბრალო პაიარი!) ჩემი წარწერებით ჭრელდება. ოთახში გაისმის ეტლების ბორბალთა გრუხუნი, ჯარების ხმაური, საყვირის ხმა და ცხენების ჭიხვინი. ზანზარებს მინები, მიწივის ყურები, გული მისკდება და საცაა შევძახებ: Ave, Caesar imperator! ჩემს სანახავად ამოსული სიძე ფლორიმონი ფანჯარაში იყურება. ხმაურით ამთქნარებს და ამბობს: - დღეს კატასაც ვერ შეხვდები ქუჩაში.

ნახვა: 694

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters