წინასიტყვაობად

      ამბობენ საქართველოში პოეზია უყვართ და განსაკუთრებულად აფასებენო. სიყვარულისა, მითუმეტეს დაფასებისა რა გითხრათ, მაგრამ ყოველი მეორე რომ "პოეტია", ამას კი ვხედავ. მერედა თანამედროვე სამყაროში ლექსის გამოსაჩენად სადმე დაბეჭდვა გჭირდება ან ვისამე ხელმძღვანელობა-დამოწმება-შესწორება თუ რა? ინტერნეტში გახსენი გვერდი და შეიძლება შენს პოეზია იმაზე მეტი მკითხველი ჰყავდეს, ვიდრე ბაირონს კითხულობდნენ თავის დროზე. რაღა დავმალო და დიდად არც მიკვრის ყველა რომ პოეტობს, რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილისა და ვაჟა-გალაკტიონის ქვეყანაში, რა მოხდა ახლა თითოოროლმა ახლადწამოყვინჩილავებულბა მრითმველმაც პოეტობა რომ მოინდომოს? ჩვენ არაფერს გავაფუჭებთ მცირე პოეტობით და დიდებს კიდევ მაინც არაფერი დააკლდებათო. არის ლოგიკა და არც თუ მიუღებელი, მაგრამ როცა წერ შე დალოცვილო, წერად ხომ უნდა ღირდეს?

      წიგნს ვეძებდი თაროებზე როდესაც ხელთ დუმბაძე ჩამივარდა, სად უნდა გადაშალო, რომელი გვერდიდან უნდა ამოიკითხო წინადადება რომ უცბად არ ჩაგითრიოს. ამ პოსტის დაწერაც მან მომანდომა. არ ვიცი, ეგებ ახალპოეტებს არც კი ჰქონდეთ წაკითხული მაინცდამაინც ეს თავი, არადა რარიგ აუცილებელია და გამოსაყენებელია რომ იცოდნენ.

      მაშ ასე, ჩემი შესავალი აქ დამთავრდა, დანარჩენს ბატონი ნოდარისგან წაიკითხავთ:

ნუ გეშინია დედა

პარნასი

literature, nodar dumbadze, parnasi, parnasse, poetry, qwelly, romani, ამონარიდი, დამწყები, კიტრი, კომპასი, ლიტერატურა, ნოდარ დუმბაძე, ნუ გეშინია დედა, პარნასი, პოეზია, პოეტების საკითხავი, რომანი, საკითხავი პოეტებს, ქველი

      უნივერსიტეტში სამი ათასამდე სტუდენტს ასწავლიდნენ, აქედან ნახევარი სწავლობდა, ერთი მეოთხედი დიპლომს უდარაჯებდა, ხოლო დანარჩენი პროფესიას ირჩევდა, ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადადიოდა, განცხადებებს წერდა, აკადემიურ შვებულებებს იღებდა, ავადმყოფობის ცნობე-ბი მოჰქონდა გამოცდებზე, გამჭოლი ქარივით შედიოდა და გამოდიოდა, ჭიდაობდა, მღეროდა, უკრავდა და ასე შემდეგ.

      ჩვენ, ლიტერატურის მოყვარულთ, ოფიციალური ლიტერატურული წრე "პარნასი" გვქონდა, რომელსაც თავისი ოფიციალური ხელმძღვანელი, ბატონი შალვა ჰყავდა. ეს იყო დაახლოებით ხუთი კრიტიკოსის, ოციოდე პოეტის, ექვსი პროზაიკოსის, ორი მენარკვევისა და ცხრა მთარგმნელისაგან შემდგარი ლიტერატურული გაერთიანება. მე, რა თქმა უნდა, პოეტი ვიყავი, მაგრამ ხანდახან ჩუმად მოთხრობებსაც ვწერდი. ჩვენ პარასკეობით ვიკრიბებოდით 94-ე აუდიტორიაში და მთელი შემოქმედებითი კვირის ნაწვავსა და ნაოფლარს ჯერ ერთმანეთსა და მერე ხელმძღვანელს ვუკითხავდით, ხოლო ამათგან საუკეთესო მასალა თვეში ერთხელ გამიზნულ ლიტერატურულ საღამოზე გაგვქონდა და ლიტერატურის მოყვარული სტუდენტებით გაჭედილი კლუბის თაღებქვეშ ვაფრქვევდით უმოწყალოდ.

      გურამი ჩვენს არც ერთ სხდომას არ აცდენდა. მართალია, იგი არც პოეტი, არც პროზაიკოსი, არც მენარკვევე, არც კრიტიკოსი, არც მთარგმნელი არ იყო, მაგრამ თავის თავს მოფერებით "დილეტანტს" ეძახდა და რითმების კეთებაში მეხმარებოდა.

      დღეს პარასკევია. მე და გურამი ვსხედვართ უკანა მერხზე და ველოდებით, როდის აივსება აუდიტორია 40 გენიოსით, რომლებიც შემოდიან შთაგონებით, თვალებმოჭუტული, ავიწყდებათ სალამი, მერე ბოდიშს იხდიან - უჰ, შენ აქ ხარ? სულ ვერ შეგამჩნიე, სადღაც ვიყავიო, და ასე შემდეგ.

 - ბიჭო, ერეკლე! - დაუძახა გურამმა იღლიაში უამრავ წიგნამოჩრილ წითურ პოეტს, რომელიც ისე შემოვიდა აუდიტორიაში, ისე დაჯდა ჩვენს წინ და ისე მიაპყრო თვალები ჭერს, თითქოს ჭერი ჩამოვარდნას აპირებდა. ერეკლემ ხმა არ გაგვცა.

 - ბიჭო! - შეანჯღრია გურამმა ერეკლე. - ვიცი, სადღაც ხარ, მაგრამ ერთი წუთით დაბრუნდი, თუ შეიძლება. - ერეკლე შეკრთა, გაფანტულ აზრებს მოუხმო და მოჭუტული თვალებით გაგვცვითა.

 - უჰ, თქვენ აქა ხართ? როგორ ვერ შეგამჩნიეთ! - გაუკვირდა უცებ.

 - სად იყავი? - ჰკითხა გურამმა.

 - სახლიდან მოვდივარ! - მოთენთილი ხმით თქვა ერეკლემ.

 - არა, ამ წუთში სად იყავი? - ჩააცივდა გურამი.

 - ამ წუთში? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ერეკლემ და ისევ შთაგონებული გამომეტყველების მიღება დააპირა, მაგრამ გურამმა არ აცალა:

 - ჰო, ამ წუთში, ჭერს რომ უყურებდი, სად იყავი?

 - რაღაცას ვფიქრობდი!

 - რას?

 - რას ჩამაცივდი, რაღაცას ვფიქრობდი! - ეწყინა ერეკლეს.

 - ლექსს ხომ არ იგონებდი?

 - არა!

 - რითმას ხომ არ ეძებდი?

 - შენ რა იცი? - გაუკვირდა ერეკლეს.

 - მითხარი და აქ ვარ! - დაჰკრა მხარზე ხელი გახარებულმა გურამმა.

 - სამგორზე ვაკეთებ ციკლს და ერთ ადგილას...

 - გაგეჭედა?

 - არა, კი არ გამეჭედა, რითმა არ მოდის.

 - თქვი, რა რითმაა! - გურამმა მსუყე ლუკმის მოლოდინში ნერწყვი გადაყლაპა.

 - მეფისტოფელი! - თქვა ერეკლემ დამარცვლით.

      გურამი გაშტერდა.

 - დაგარტყა? - ჰკითხა მან ერეკლეს და მოწყალების დასავით გაუღიმა.

 - ყველა პოეტი თავისებურად დარტყმულია. - დიდმნიშვნელოვნად თქვა ერეკლემ და თვალი გაახილა. გურამმა ახლა მე გამიღიმა ისევე, როგორც ერეკლეს.

 - თუ ძმა ხარ, ნუ იკრიჭები და თუ შეგიძლია, მოუნახე რითმა. - გავბრაზდი მე.

 - რა უნდა, ბიჭო, სამგორში მეფისტოფელს? - შეეკითხა გურამი.

 - რა უნდა, ბიჭო სამგორში მეფისტოფელს? - ვკითხე ახლა მე ერეკლეს.

      ერეკლე ამ ქვეყანას აღარ იყო. იგი კვლავ სადღაც წასულიყო, თვალები ჭერისთვის მიეპყრო და თავისთვის ბუტბუტებდა: მეფისტოფელი, მეფისტოფელი, მეფისტოფელი...

 - მოიხედე! - დაჰქაჩა გურამმა. ერეკლემ მოიხედა.

 - წაიკითხე სტროფი! - ერეკლემ დაიწყო:

      და იდგა გვალვა სამგორში მკაცრი,
      ვით ჯოჯოხეთში მეფისტოფელი...

 - მეფის ტუფლი! - შეაწყვეტინა გურამმა.

 - არ ვარგა! - გაიქნია თავი ერეკლემ.

 - ჩვენი სოფელი! - არ მოეშვა გურამი.

 - არ ვარგა! - არ შეიბრალა ერეკლემ.

 - ბევრ კიტრს მოველით! - არ დანებდა გურამი.

 - კიტრი წინა ლექსში მაქვს! - ჩაიქნია ხელი ერეკლემ.

 - მეფის სტაფილო!

 - კარგია, მაგრამ მეფე არ ვარგა!

 - მარტო სტაფილო!

 - არც მარტო სტაფილო!

 - მეტი სტაფილო!

 - არა!

 - მაშინ იდიოტი!

 - არ ერითმება!

 - სამაგიეროდ, შენ გერითმება, შე დეგენერატო, მეფისტოფელის მეტს ვერაფერს ვერ შეადარე გვალვა? - გადაირია გურამი და წამოხტა. ერეკლემ ისეთი თვალებით შეხედა გურამს, გული ამიტირდა.

 - გეყოფა ახლა! - ვუთხარი მე გურამს და დავსვი.

      აუდიტორია აივსო. ხელმძღვანელი შემოვიდა. საათზე დაიხედა, აუდიტორია შეათვალიერა და იკითხა:

 - არჩილი აქ არის?

 - კი, ბატონო!

 - თამაზი?

 - თამაზიც!

 - ნოდარი?

 - აქა ვარ, ბატონო!

 - ტარიელი სადაა, კაცო, ტარიელი?

 - ტარიელიც აქ არის, ბატონო!

 - გამარჯობათ, თქვენი, ამხანაგებო!

 - გამარჯობათ, ბატონო შალვა!

 - სალამი!

 - გამარჯობათ!

 - დავიწყოთ? - იკითხა მან მოსალმების შემდეგ.

 - დავიწყოთ! - თქვა ყველამ ერეკლეს გარდა. იგი კვლავ რითმას ეძებდა.

 - რას შვრები, ტარიელ, როგორ ხარ შენ? - მოიკითხა ბატონმა შალვამ ტარიელი.

 - გმადლობთ, ბატონო, არა მიშავს! - უპასუხა ტარიელმა და ფეხზე ადგა.

 - წერ ახალ რამეს?

 - ვწერ რაღაცას...

 - წერე, თუ ძმა ხარ, წერე. თქვენ თუ არ წერეთ, აბა, მე ხომ არ დავწერ, ხომ ხედავთ, როგორ უჭირს ჩვენს ლიტერატურას!

 - კი, ბატონო, დავწერ! - დაპირდა ტარიელი.

 - აბა, შენ იცი, ოღონდ დროზე! - გაამხნევა ხელმძღვანელმა ტარიელი და ისევ საათზე დაიხედა.

 - შენ როგორა ხარ, გურამ? - მოიკითხა ახლა გურამი, გურამი წამოდგა.

 - არა მაქვს საბაბი, ჭმუნვით რომ ვიყო! - გამოიდო თავი ქართულზე გურამმა.

 - არა, ხომ?

 - არა, ბატონო!

 - ეს რა არის, კაცო, თმები გცვივა? - შეწუხდა ბატონი შალვა და გურამს თავზე გადაუსვა ხელი.

 - რას ბრძანებთ, ბატონო შალვა, სისტემატური თმა მაქვს! - გაუკვირდა გურამს.

 - სისტემატური?

 - კი, ბატონო!

 - მაგას რა სჯობია! რას შვები, ლექსების წერა არ დაიწყე?

 - არა, ბატონო!

 - პროზა?

 - არც პროზა!

 - თარგმნი რამეს?

 - არა, ბატონო!

 - არც კრიტიკულ წერილებს წერ?

 - არა!

 - რატომ, კაცო, რატომ, ყველა წერს და შენ რა დააშავე, დაწერე, თუ ძმა ხარ, რამე, აგერ ოთარი, შენი მეგობარი არაა? დრამაშიც მუშაობს, პოეზიაშიც, პროზაშიც, კრიტიკაშიც, თარგმანშიც და, საერთოდ, მუშაობს, დაწერე შენც რამე...

 - კი, ბატონო!

 - აბა, შენ იცი! - ბაირაღივით გაწითლებულ გურამს ხელმძღვანელმა ლოყაზე ხელი მოუთათუნა და ისევ საათზე დაიხედა.

 - ახლა დავიწყოთ, არა? ვის ლექსებს ვარჩევთ დღეს?

 - ჩემსას! - თქვა საიდანღაც დაბრუნებულმა ერეკლემ და წამოდგა.

 - გამოდი, აბა, თუ კაცი ხარ! - შეეხვეწა ბატონი შალვა.

      ერეკლე გამოვიდა. კათედრაზე ავიდა, საერთო რვეულს ხელი დაადო ისე, როგორც მოწმეები დებდნენ ხელს ბიბლიაზე და ამბობდნენ - ღმერთი გამიწყრეს, თუ ტყუილი ვილაპარაკოო და თვალები ისევ ჭერს მიაპყრო. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. დუმდა დარბაზი, დუმდა ერეკლეც. მე გულში სამოცი დავითვალე, ეს ბრიყვი კი არ იწყებდა.

 - სამოცდაერთი, - განვაგრძე თვლა, - სამოცდაორი, სამოცდასამი...

 - აღარ იწყებ, კაცო? - შემაწყვეტინა თვლა ხელმძღვანელმა. ერეკლე დუმდა.

 - მუზას ელოდება! - თქვა გურამმა.

 - კაცო, მაგან დაიწყოს და მუზა მოვა, აბა, სად ოხრობაში წავა! - თქვა ხელმძღვანელმა. დარბაზმა გადაიხარხარა. ერეკლე ისევ დაბრუნდა საიდანღაც და დაიწყო...

 - ამ ერთი კვირის წინ სახლიდან რომ გამოვედი, ჟურნალ-გაზეთების კიოსკს მივაშურე და გამყიდველს გაზეთი ვთხოვე...

 - რა არის, კაცო, ეს, მოთხრობების წერა დაიწყე? - შეეშინდა ბატონ შალვას.

 - წინასიტყვაობაა! - მძიმედ თქვა ერეკლემ.

 - რად უნდა ლექსს წინასიტყვაობა. ბარათაშვილის "მერანს" არაფერი წინასიტყვაობა არა აქვს, პირდაპირ ასე იწყება: "მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი", ასე არ არის, გურამ?

 - კი, ბატონო! - დაემოწმა გურამი.

 - მე და ბარათაშვილი ერთი არა ვართ! - აგვიხსნა ერეკლემ.

 - ნამდვილად არის ცოტა განსხვავება. - თქვა ბატონმა შალვამ. დარბაზში ისეთი თავშეუკავებელი ხარხარი ატყდა, მინებმა ზრიალი დაიწყეს.

 - დამცინით? - მოგვიჭუტა თვალები ერეკლემ.

 - ჩვენი დასაცინი რა გჭირს, წიკლაურო, ერთი კვირის წინ გაზეთი წაგიკითხავს!.. - თქვა ბატონმა შალვამ. დარბაზი ისევ ახარხარდა.

 - თქვენ იცით, რა ეწერა იმ გაზეთში? - დაგვემუქრა წიკლაური.

 - რა ეწერა, კაცო, ასეთი?

 - რომ სამგორი ჩართულია კომუნიზმის დიად მშენებლობათა ციკლში!

 - დალოცვილო, შარშანდელი გაზეთი გიყიდია და კიდევ აქეთ გვიყვირი? - დააშოშმინა წიკლაური ბატონმა შალვამ. წიკლაური გაშტერდა. მერე გაზეთს დახედა, რომელიც ყოველი შემთხვევისათვის წინ ედო და ისევ გაშტერდა, ბატონი შალვა მიხვდა, წიკლაური გაფუჭდაო, და გაამხნევა:

 - არა უშავს, კაცო, შენ ის თქვი, რომ წაიკითხე, მერე რა მოხდა!

 - მერე ლექსების ციკლი დავწერე სამგორზე! - გაბედა ირაკლიმ.

 - ჰოდა, წაგვიკითხე, დალოცვილო! - ისევ პაუზა ჩამოვარდა.

      მე ისევ თვლა დავიწყე გულში.

 - ერთი, ორი, სამი... - და მოხდა სასწაული, წიკლაურმა დაიწყო:

      სამგორის დილა

      აქ გვალვას ეწყო ტორები,
      დაძრწოდა ქარი ზმორებით,
      სდუმდნენ სამგორის გორები
      სასწაულია, აბა რა!
      სულ მალე გამხმარ ტრამალზე
      გვექნება ხვავი, ბარაქა
      წითელი პამიდორების.
      ბედნიერი ხარ, სამგორო,
      სულ მალე გაიკვირტები,
      მოგრწყავენ ივრის ზვირთები
      და სუფრას დაგიმშვენებენ
      შენი ამაყი კიტრები.

      ერეკლემ ერთი გვერდი გადაფურცლა. ეტყობა, ახალ ლექსს იწყებდა.

      ბატონ შალვას გავხედე, იგი ცოცხალ-მკვდარი იჯდა.

 - დიალოგი სამგორელ გლეხთან, - დაიწყო წიკლაურმა ახალი ლექსი:

      მე - ვინ ხარ, ძმაო, მითხარი, კაცი ხარ თუ არაკი?
      გლეხი - წინათ მთაში ვიყავი, მთაში მედგა ბანაკი.
      მე - ახლა რას იქმ, როგორ ხარ, ხომ გაკეთდი გლახაკი?
      გლეხი - როგორ არა, ძმობილო, კარგად არაუშავს, კი,
      დღეს შვილი მყავს თბილისში მეცნიერი მუშაკი,
      რომ ვეწვევი, ჩავუტან ჩვენს სამგორულ შუშაკიტრს.

      ერეკლემ ისევ გადაფურცლა რვეული, მაგრამ ბატონმა შალვამ არ აცალა.

 - ეს ციკლი კიტრებზეა, კაცო, თუ სამგორზე?

 - მაცალეთ, ბატონო! - შეეხვეწა წიკლაური. ბატონი შალვა დანებდა.

      წიკლაურმა დიდხანს იკითხა ლექსები კიტრებზე, პამიდორებზე, ხახვზე, ივრის ცივ წყალზე, თბილისის ზღვის კალმახებზე, ბოლოს გემიც შეაცურა შიგ. "მეფისტოფელი სამგორში" აღარ წაიკითხა ურითმობის გამო და, როგორც იქნა, დადუმდა.

      დუმდა დარბაზი, დუმდა ბატონი შალვაც.

 - კიდევ ვისი ლექსების კითხვა გვაქვს? - იკითხა მან ბოლოს.

 - ჩემი! - თქვა სიმონ აბესაძემ და ადგა.

 - აბა, ჰე, მოგვნათლე, შენ დაჯექი, წიკლაურო! - წიკლაურმა დაკეცა რვეული და შეშინებული თვალებით შეხედა ბატონ შალვას.

 - დაჯექი, დაჯექი, მსჯელობა შემდეგ პარასკევს გვექნება! - დაამშვიდა ხელმძღვანელმა წიკლაური. იგი ფეხებნაღრძობივით წამოვიდა ჩვენსკენ. მისი ადგილი აბესაძემ დაიკავა.

 - როგორი იყო? - გვკითხა წიკლაურმა ჩურჩულით მე და გურამს.

 - ცოტა ძმარი რომ მოასხა მაგ ლექსებს, ხოშიანი წნილი გამოვა. - ჩურჩულითვე უპასუხა გურამმა. წიკლაურმა ხელი ჩაიქნია და მიბრუნდა. მე ენაზე ვიკბინე, სიცილი რომ არ ამვარდნოდა.

 - გვაღირსე, აბესაძე! - შეეხვეწა ხელმძღვანელი სიწყნარის მოლოდინში წარბშეკრულ აბესაძეს.

 - ხმაურია, ბატონო!

 - ჰოდა, დაგვაწყნარე, თუ შეგიძლია!

 - "კომპასი" - თქვა ხმამაღლა აბესაძემ. ლექსის ასეთი სათაური იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

 - "კომპასი!" - გაიმეორა აბესაძემ.

 - რომელი? - ჰკითხა ხელმძღვანელმა.

 - კომპასი! - ჩვეულებრივი! - გაუკვირდა აბესაძეს.

 - სახმელეთო, თუ საზღვაო?

 - ამ შემთხვევაში - სახმელეთო!

 - ესე იგი, ზღვაზე მაგ ლექსს ვერ წავიკითხავთ? - ჰკითხა ხელმძღვანელმა. სასოებით დაწყნარებული დარბაზი ისევ გამოცოცხლდა.

 - მაცალეთ, ბატონო, სულ ორი სტროფია. - ეწყინა აბესაძეს.

 - ბრძანეთ, ბატონო!

      ერთი ისარი კომპასისა ჩრდილოეთია,
      ხოლო მეორე მუდამ სამხრეთს ეალერსება,
      რად ხდება ასე? საიდუმლო რაშია ნეტავ?
      ან რად მომინდა მე ამ ფიქრის ახსნა ლექსებად?...
      რატომ იზიდავს ისარს მხოლოდ ჩრდილო-სამხრეთი?
      ანდა, ოდითგან კომპასს რად აქვს ისარი ორი?
      ეს იმიტომ, რომ ჩრდილოეთში მოსკოვი არი,
      ხოლო სამხრეთში - პატარა გორი.

      აბესაძემ დაამთავრა და კომპასის გამომგონებელივით გაგვიღიმა. გატრუნული დარბაზი გაშტერდა ამ ახალი სახის აღმოჩენით. გურამს შევხედე. იგი სიბნელიდან მზეზე გამოყვანილი ტუსაღივით აპარპალებდა თვალებს. სიმართლე გითხრათ, მეც განცვიფრებული ვიჯექი და ველოდი, როგორ შეაფასებდა ამ ლექსს ხელმძღვანელი.

 - ამხანაგებო, ვის უნდა აზრის გამოთქმა? - იკითხა უცებ ხელმძღვანელმა. ხმა არავის ამოუღია.

 - რაშია საქმე, არ მოგეწონათ ლექსი?

 - ლექსი ძალიან საინტერესოა, მაგრამ... - თქვა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა.

 - გამოდი და თქვი, რითია საინტერესო! - სთხოვა ბატონმა შალვამ.

 - ჯერ სხვამ ილაპარაკოს. - შეიშმუშნა კრიტიკოსი.

 - შენ შენი სათქმელი თქვი, სხვა თავისას იტყვის.

 - ჩემი სათქმელი მე ვთქვი - ლექსი საინტერესოა, განსაკუთრებით ფინალი კარგი მიგნებულია.

 - რითია კარგი მიგნებული? - არ მოეშვა ბატონი შალვა.

 - იმით, რომ კომპასის ერთ ისარს იმიტომ იზიდავს თურმე ჩრდილოეთი, რომ ჩრდილოეთში მოსკოვია, ხოლო მეორეს სამხრეთი, იმიტომ, რომ სამხრეთში გორია.

 - სწორია მერე ეს?

 - შეიძლება, სწორი არ იყოს, მაგრამ პოეტურია. - არ დაიბნა კრიტიკოსი.

 - დაჯექი, წეროძე. შენ რას იტყვი, გურამ?

 - მე - არაფერს.

 - რატომ, ჭიჭინაძე, აზრი არა გაქვს?

 - აზრი როგორ არ მაქვს, მაგრამ ამ ლექსზე არ მაქვს. - თქვა გურამმა.

 - ლექსია უაზრო?

 - ლექსი უაზრო არაა, პირიქით, ძალიან ორიგინალურადაა დანახული კომპასი. სხვაგან ლექსში კომპასი ასე დანახული არ წამიკითხავს.

 - საერთოდ, წაგიკითხავს კომპასზე ლექსი? - ჩასდია საფლავში ბატონმა შალვამ. გურამმა თვალები ამოატრიალა, ტვინს გადახედა, მერე ჩვენ, და უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.

 - ვერ გავიხსენე, ალბათ, არ წამიკითხავს.

 - დაჯექი, ჭიჭინაძე, და თუ გაიხსენებ, მერე ისევ მოგცემ სიტყვას, - უთხრა ბატონმა შალვამ. გურამი ისევ გაწითლდა და დაჯდა.

 - აღარავის გაქვთ აზრი?.. - დარბაზი დუმდა, ხელმძღვანელმა ერთხანს გვიცადა, მერე უცებ აბესაძეს მიმართა:

 - აბესაძე, კომპასი თუ გინახავს შენ? - აბესაძეს მოულოდნელობისაგან და შეურაცხყოფისაგან ყბა მოექცა.

 - დამცინით, ბატონო შალვა?

 - მე კი არა, შენ დაგვცინი, დალოცვილო, კომპასს ორი ისარი აქვს?

      აბესაძემ ირონიულად გაიღიმა.

 - აბა, რამდენი აქვს?

 - ერთი, აბესაძე, ერთი, ორფრად შეღებილი ორი ბოლოთი, გასაგებია?

 - მაგას არა აქვს პოეზიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.

 - მოგზაურისთვის აქვს მნიშვნელობა.

 - მთავარი აზრია, თქვენ, ალბათ, ვერ მიხვდით. - გაცხარდა აბესაძე.

 - შექსპირს ვხვდები და შენი კომპასი რა გახდა ასეთი, ბიჭო?! - გაიღიმა ხელმძღვანელმა.

 - ნუთუ ვერ ხვდებით, ბატონო შალვა, რატომ იზიდავს ისარს ჩრდილოეთი და სამხრეთი!

 - რატომ? - დაინტერესდა ხელმძღვანელი.

 - იმიტომ, რომ ჩრდილოეთში მოსკოვია, მოსკოვში - კრემლი, კრემლში - სტალინი.

 - სტალინს მაგნიტი აქვს ჯიბეში, თუ რაშია საქმე? - შეაწყვეტინა ბატონმა შალვამ. აბესაძე გალურჯდა.

 - ამხანაგებო! - წამოდგა ფეხზე ხელმძღვანელი. - არ შეიძლება ასე ლექსის წერა, და საერთოდ, კომპასებზე, დურბინდებზე და თერმომეტრებზე არაა საჭირო ლექსების წერა. და თუ დავწერთ, უნდა ვიცოდეთ, რას ვწერთ, რაზე, რისთვის და ვისთვის.

 - მე ძალიან კარგად ვიცოდი, რასაც ვწერდი! - წამოიძახა აბესაძემ ადგილიდან.

 - რა იცოდი, აბესაძე, კომპასს რომ ორი ისარი აქვს? ან რა დააშავა პეკინმა, გავუკეთოთ მაშინ კომპასს მესამე ისარი. სულაც ჩინელებმა არ გამოიგონეს ეს ოხერი? ან რა ქნას სპარსელმა, მისთვის რომ გორი და მოსკოვი ორივე ჩრდილოეთია?

 - ჩემი ლექსი სპარსეთში არ წავა! - ისევ წამოხტა აბესაძე.

 - არც გორში წავა, ისე ვატყობ! - დააკონკრეტა ხელმძღვანელმა.

 - მე ჯერ ახალგაზრდა ვარ! - დაისაწყლა თავი აბესაძემ.

 - ახალგაზრდა რომ ხარ, იმიტომ გეუბნები, თორემ ძველგაზრდა რომ იყო, მაგ კომპასს თავზე დაგაფშვნიდი! - გაცოფდა ბატონი შალვა. დარბაზში თავშეკავებული სიცილი გაისმა.

 - წავიღებ მე ამ ლექსს და სულ აღარ მოვალ ამ წრეში! - დაგვემუქრა აბესაძე.

 - მაგ კომპასით თუ იარე, წრეს კი არა, საკუთარ სახლს ვერ მიაგნებ! - უთხრა ბატონმა შალვამ. დარბაზში ხარხარი ატყდა. აბესაძე წამოხტა და კარი გაიჯახუნა. ბატონ შალვას ყურადღება არ მიუქცევია. ცოტათი რომ დავწყნარდით, ისევ დაჯდა.

 - აბა, ბარამიძე, წაგვიკითხე, ახალი რა დაწერე! - თქვა მან და გამიღიმა. მე ჯიბეზე, რომელშიც ლექსი მედო, ცეცხლი წამეკიდა და ხელი სწრაფად ამოვიღე. მერე ის ხელი გაყინულ შუბლზე მოვისვი და ცივი ოფლი მოვიწმინდე.

 - ბატონო შალვა, დღეს მე ვერაფერს წავიკითხავ! - ვთქვი მე.

 - რატომ, კაცო, - გაუკვირდა ბატონ შალვას.

 - არაფერი დამიწერია! - ვიცრუე მე და ისევ ამეწვა ჯიბე.

 - რატომ მერე, კაცო, ამას გთხოვთ მე ყოველდღე?

 - რა უნდა დავწეროთ, ბატონო შალვა, მოვალთ მერე აქ და გვაბითურებთ! - თქვა თენგიზმა.

 - რას ქვია, გაბითურებთ, თქვენ თუ გგონიათ, მე მიხარია ოთხი საათი აქ ჯდომა და თქვენი ბჟუტურის მოსმენა? თქვენ გგონიათ, მეტი საქმე არ მაქვს? წავალ და გალაკტიონს წავიკითხავ, ჰემინგუეის, ტოლსტოის, მოვისვენებ მაინც. - ეწყინა ბატონ შალვას.

 - პოეტი ფაქიზი ორგანიზმია, უფრო სათუთად უნდა მოექცეთ! - ადგა ფეხზე წიკლაური.

 - ვინ არის, წიკლაურო, ფაქიზი, შენ ხარ ფაქიზი? თუ აბესაძეა ფაქიზი? - უღელში რომ შეგაბათ კაცმა, თითო ჰექტარ მიწას მოხნავთ!

 - ფიზიკური კომპლექსი არაფერს ნიშნავს. პოეტს სულში უნდა ჩახედოთ, - თქვა ერთ-ერთმა დამწყებმა კრიტიკოსმა.

 - ვუყურებ, ბატონო, და ვერაფერს ვერ ვხედავ!

 - უნდა აღმოაჩინოთ! - არ მოეშვა დამწყები კრიტიკოსი.

 - მე კოლუმბი კი არ ვარ, კრიტიკოსი ვარ! - გაიმართლა თავი ხელმძღვანელმა.

 - ილია ჭავჭავაძემ ხომ აღმოაჩინა ბარათაშვილი? - წამოიძახა ვიღაცამ.

 - ბარათაშვილი არსებობდა და იმიტომ აღმოაჩინა ილიამ. კი არ გამოუგონებია! კი, ბატონო, ვუძახოთ ერთმანეთს ბარათაშვილები და ბელინსკები, მაგრამ ვინ დაგვიჯერებს?

 - ვინც არ დაგვიჯერებს, ახია იმაზე! - თქვა წიკლაურმა.

 - წიკლაურო, ერთი ლექსი დამიწერე ისეთი, ცოტა რომ გავდეს ბარათაშვილის ლექსს და მე თვითონ დაგიდგამ ძეგლს ზემელზე, რუსთაველის გვერდით, მეტი რა ვქნა! - დაპირდა წიკლაურს ბატონი შალვა.

 - გვაცალეთ, ბატონო! - თქვა ახლა ალავიძემ.

 - რამდენ ხანს, ალავიძე? შენხელა რომ იყო ბარათაშვილი, მკვდარი იყო უკვე!

 - სამაგიეროდ, გოეთემ ოთხმოცი წლისამ დაწერა "ფაუსტი"! - თქვა გურამმა.

 - ჭიჭინაძე, რას მირჩევ შენ, დავჯდე და ველოდო წიკლაურს, როდის გახდება ოთხმოცი წლის და როდის დაწერს "ფაუსტს"? - ჰკითხა ბატონმა შალვამ.

 - წიკლაურზე არ ვამბობ მე! - თქვა გურამმა.

 - აბა, აბესაძეზე?

 - არც აბესაძეზე ვამბობ!

 - აბა, ვიზე ამბობ, ჭიჭინაძე?

 - მე საერთოდ ვამბობ!

 - საერთოდ რას ჰქვია, ვიჯდეთ კრიტიკოსები და 80 წლამდე არ ვაკრიტიკოთ ხალხი?

      გურამმა ნერწყვი გადაყლაპა და დაჯდა.

 - თქვენც ხომ წერდით, ბატონო შალვა, ლექსებს ახალგაზრდობაში და, თუ არ ვცდები, საკმაოდ ცუდ ლექსებს? - ჰკითხა დამწყებმა კრიტიკოსმა.

 - ვწერდი და, რომ მითხრეს, ცუდიაო, დავანებე თავი, მეყო მაგდენი ჭკუა! - თქვა ბატონმა შალვამ. დარბაზი გამოცოცხლდა. კრიტიკოსი ცივად დაჯდა.

 - ამხანაგებო, მე თქვენი მტერი კი არ ვარ, - დაიწყო ბატონმა შალვამ და ფეხზე წამოდგა, - დაწერეთ თქვენ კარგი ლექსები და მე პირველი მეხოტბე ვიქნები თქვენი. მე იმიტომ ვარ აქ, რომ გითხრათ, რა არის ცუდი და რა არის კარგი. აბა, არ უნდა ვუთხრათ წიკლაურს, რომ ამაყი შეიძლება იყოს ადამიანი, ცხოველი, პირუტყვი, ფრინველიც კი, მაგრამ - კიტრი? არ შეიძლება ასე, ამხანაგებო! რა გამოვა, ამხანაგებო, ახლა რომ ადგეს ვინმე ამერიკელი პოეტი და დაწეროს ლექსი; კომპასის ისარი იმიტომ არის მიმართული ჩრდილოეთით და სამხრეთით, რომ ჩრდილოეთში ტრუმენია და სამხრეთში - ჩანკაიშიო. მერე მიადგნენ ყველა ქვეყნის პოეტები და წერონ ასე? საუბედუროდ, ყველა ქვეყანას აქვს ჩრდილოეთი და სამხრეთი. საერთოდ, იცოდეთ, ამხანაგებო, ჩვენი ლიტერატურული წრე არ არის მოწოდებული იმისათვის, რომ ორმოცი გენიოსი გამოზარდოს. ღმერთმა დაიფაროს, რომ ორმოცი ბარათაშვილი, ორმოცი ილია, ვაჟა და აკაკი იყოს უნივერსიტეტში, ისიც იმ წრეში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ! არ მოიტყუოთ თავი, ბედნიერი იქნება საქართველო, თუ თქვენში ერთი, ან ორი ნიჭიერი პოეტი, ნიჭიერი პროზაიკოსი, კრიტიკოსი და მთარგმნელი გაიზრდება. და თუ თქვენ ეს არ იცით და ასე არ გჯერათ, სჯობს, ახლავე ადგეთ, დაიხუროთ ქუდები და წახვიდეთ სახლში! - ბატონი შალვა დადუმდა. დარბაზი მონუსხულივით გასუსულიყო და ადგილიდან არ იძროდა. ორმოცი კაცი განაბული იჯდა.

      სხდომა დამთავრდა, მაგრამ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ბედავდა პირველი ამდგარიყო და გასულიყო აუდიტორიიდან. ბატონი შალვა, ალბათ, მიხვდა ამ უხერხულობას, ამიტომ ადგა და პირველი გავიდა.

ნოდარ დუმბაძე

ბოლოსიტყვაობად

      აი ახლა, შეგიძლიათ ყველა ახალგაზრდას, დამწყებ თუ მოყვარულ პოეტს წააკითხოთ ეს ამონარიდი.

ტეგები: Qwelly, ამონარიდები, ლიტერატურა, ნოდარ_დუმბაძე, რომანი, ქველი

ნახვა: 2871

გამოხმაურებები!

მეფისტოფელის რითმა მართლა რთული მოსაფიქრებელია :D 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters