მიგელ დე უნამუნო - ორი დედა

      რა სატანჯველად ექცა საბრალო დონ ხუანს რაკელი! უშვილოდ გადაშენების შიშით გულმოწამლული ქალი გამწარებით ჩააფრინდა მას და ვინ იცის, რა ხერხსა და ღონეს არ ხმარობდა, ოღონდ კი სამუდამოდ მიეჯაჭვა, კალთაზე გამოება. და დონ ხუანის გულგვამში სურვილთან ერთად ჩაკვდა ნებაც, რაკელის თვალები და ხელები ერთიანად უნელებდა და უყუჩებდა ყოველგვარ სურვილს. და ეს განმარტოებული და უმართლოდ შექმნილი ოჯახური კერაც მონასტრის სენაკად ეჩვენებოდა, სადაც შეყვარებულმა წყვილმა მისაფარი პოვა. შეყვარებულმა? მაგრამ უყვარდა კი დონ ხუანს რაკელი? არა, ამ ქალმა იგი შთანთქა, თავის მორევში ჩაითრია, რადგან მისმა ქვრივულმა უიღბლობამ გატეხა კაცი, რამეთუ რაკელი გახლდათ ქვრივი, – ფიქრობდა დონ ხუანი, – უწინარეს ყოვლისა და ყველაზე მეტად, ქვრივი და თანაც უშვილო ქვრივი. ასე გეგონებოდათ, ქვრივად იყო დაბადებული. მისი სიყვარული იყო შმაგი და შმაგადვე ეძებდა ამ კაცის არსებაში, თვით მისთვისაც კი უცნობ სულის კუნჭულებში რაღაც უფრო მეტს, ვიდრე ამქვეყნიური სიყვარულია. და დონ ხუანი გრძნობდა, როგორ მიექანებოდა უფსკრულისკენ. "ეს ქალი მე მომკლავს!" – იტყოდა ხოლმე მალიმალ და თავიდან ვერ იშორებდა ფიქრს იმ სამუდამო განსასვენებელზე, მარტო სამარეში რომ ეღირსებოდა, როცა ქვრივი მართლა საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს.

      ერთი ხანია რაკელი სულ იმას უჩიჩინებდა დონ ხუანს, ცოლი შეირთე, ოჯახს მოეკიდეო, მაგრამ თავად როდი ფიქრობდა ცოლად გაყოლას, თუმცა კი საბრალო კაცს სხვა ქალზე ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა.

რაკელი: ვიქორწინოთო? მერედა, ამას რა აზრი აქვს, ჩემო ფისო? რისთვის? რა ამისთანა ხეირს დაგვაყრის ეკლესიისა თუ სამოქალაქო კოდექსით დაკანონებული შეუღლება? ქორწინება აკი ამისთვისაა დაწესებული, რომ მეუღლეებმა, როგორც კატეხიზმო გვასწავლის, კეთილდღეობა პოვონ და ზეციერს ბავშვები გაუზარდონ. ჩვენ ისედაც შეუღლებულნი ვართ! კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ? ეეჰ, ჩემო ფისო, – ესა თქვა და მარჯვენა ხელის თხელი, ნატიფი თითები ცხვირზე მოუთათუნა, – არც შენ და არც მე კეთილდღეობის მოსაპოვებლად არავის კურთხევა არა გვჭირდება. ხოლო შვილების აღზრდა ზეციერისთვის... შვილების აღზრდა ზეციერისთვის...

      ეს რომ თქვა, ხმა გაებზარა, ცრემლები მარგალიტებად აუთრთოლდა წამწამებზე და ამ ცრემლებში აირეკლა მისი შავი თვალების უძირო სიღრმე.

დონ ხუანი: რამდენჯერ მითქვამს, კელინა, სხვა გზა აღარ გვაქვს უნდა ვიქორწინოთ-მეთქი, ამასვე გვიბრძანებს ღმერთიც და კაციც...

რაკელი: ეს შენ უხმობ ღმერთს, ჩემო ფისო?

დონ ხუანი: ჰო, ვიქორწინოთ, კანონიერად შევუღლდეთ და ბავშვიც ავიყვანოთ...

რაკელი: ბავშვი ავიყვანოთ!... ბავშვი ავიყვანოთ!.. ეგებ ისიც გეთქვა, უპატრონოთა თავშესაფრიდან გამოვიყვანოთო!...

დონ ხუანი: ოჰ, არა! აი, თუნდაც შენი დისწული რომ...

რაკელი: მე უკვე გითხარი, ამაზე არც დამელაპარაკო-მეთქი... საერთოდ, აღარ მიხსენო... ჩემი და იფიქრებს, რომ მართლა დიდი ქონების პატრონები ვართ...

დონ ხუანი: მერედა, განა არა ვართ?

რაკელი: ვართ, როგორ არა ვართ და ისიც კარგად ვიცი, რომ შენი ქონებაცა და შენ თვითონაც მე მეკუთვნით, მთლიანად მე მეკუთვნით!

დონ ხუანი: შენ გეკუთვნით, კელინა, შენ!

რაკელი: ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი და ერთ რომელიმე ბავშვს კიდეც შეელეოდა და დიდი სიამოვნებითაც შეელეოდა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ იმ ბავშვს მე სრულიად უწვალებლად, ადვილად მივიღებდი, საკუთარივით ვერ შევითვისებდი... ოოჰ, ერთ ბავშვს როგორ ვერ ვეღირსე, როგორ ვერ გავაჩინე, თუნდაც მეც ზედ გადავყოლოდი!..

დონ ხუანი: ასე ნუ გადაიწურავ იმედს, ძვირფასო!..

რაკელი: ეს მაინც არ უნდა გეთქვა, ხუან, შენ... ნაშვილები მუდამ ნაშვილებია... გახდი მამა, ხუან, შენ თვითონ გახდი მამა, რაკი მე არ მეღირსა დედობა. მე რომ დედა გავმხდარიყავი, კიდეც ვიქორწინებდით, ჰო... ვიქორწინებდით... რატომ დახარე თვალები, რატომ დაირცხვინე?

დონ ხუანი: გული ამიჩუყე, რაკელ, განა მე...

რაკელი: ჰო, ვიცი, შენ ხომ არ გაბრალებ... არც ჩემს ქმარს მიუძღოდა ბრალი... ის... დონ ხუანი: ახლა კიდევ ისიც...

რაკელი: კარგი და კეთილი, მაგრამ შენ მაინც შეგიძლია მაღირსო ბავშვი. როგორ? სხვა ქალთან გააჩინე და მე მომეცი. სულ არ მადარდებს, ის თანახმა იქნება თუ არა, მთავარია, რომ ეს მე მსურს...

დონ ხუანი: კი მაგრამ, იმაზე არ გიფიქრია, რომ მე შეიძლება ის სხვა ქალი შემიყვარდეს?

რაკელი: შეგიყვარდეს? როგორ თუ შეგიყვარდეს? ეს რამ გათქმევინა? ძალიან კარგად ვიცი, ვიდეც რომ მოინდომო, სხვას ვერც შენ შეიყვარებ და არც მე მოგიწონებ ამას! განა მე სიყვარულზე გელაპარაკები? უბრალოდ, გთავაზობ პირობას, სხვა ქალი გახადე დედა და ბავშვი მე მომეცი-მეთქი, თავად ის დაგვთანხმდება თუ არა, მე არ მანაღვლებს.

დონ ხუანი: ასეთ მადლს ვინ მოისხამს?

რაკელი: ჩვენი ქონების პატრონებს, უარს არავინ გვეტყვის!

დონ ხუანი: კარგი, მაგრამ ასეთ პირობაზე რომელ ქალს დაითანხმებ?

რაკელი: რა პირობაზე?

დონ ხუანი: იმაზე, რომ...

რაკელი: შენ მარტო ქორწინებაზე დაითანხმე და...

დონ ხუანი: რაკელ!..

რაკელი: ჰო, ხუან, ჰო, ქორწინებაზე! ოღონდ შენ იქორწინე და ქალს მე მოგიძებნი, ისეთ ქალს, რომელიც იმედს არ გაგიცრუებს... თანაც თვალსაც უნდა ეამებოდეს, არა (სიცილით კი ლაპარაკობდა, მაგრამ ცრემლები ახრჩობდა)? ერთი სიტყვით, შენ შეირთავ ცოლს, მე კი, ცხადია, შენს ცოლზე არ ვიეჭვიანებ.

დონ ხუანი: სამაგიეროდ, ის იეჭვიანებს შენზე.

რაკელი: ბუნებრივია, მაგრამ ეს ჩვენთვისვე იქნება სასიკეთო... ამ ქორწინებაში ბევრ სარგებელს ნახავთ, დიახ, ბევრზე ბევრს, რაც მთავარია, ერთი ბავშვი ხომ მაინც გაგიჩნდებათ ჩემთვის... მე თვითონ გავზრდი... ზეციერისთვის...

დონ ხუანი: ნუ მკრეხელობ...

რაკელი: იცი კი, რა არის ზეცა? ან რა არის ჯოჯოხეთი? მაინც სად გგონია ჯოჯოხეთი?

დონ ხუანი: მიწისქვეშეთშიაო, ამბობენ...

რაკელი: თუ უნაყოფო მუცელში?..

დონ ხუანი: რაკელ, რაკელ!..

რაკელი: ახლა მოდი ჩემთან, მოდი...

      რაკელმა იგი ბავშვივით დაისვა მუხლებზე, მაგრად ჩაიკრა მკერდში, გამშრალი ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა: საცოლე უკვე გამოგიძებნე... თან ისეთი ქალი შევარჩიე, ჩვენი შვილის საკადრისი მშობელი რომ იქნება... ასეთი მონდომებით ალბათ ძიძაც არავის უძებნია...

დონ ხუანი: მერე... მაინც ვინ მომიძებნე ასეთი?..

რაკელი: სენიორიტა ბერტა ლაპეირა... რატომ აცახცახდი? მგონი, შენც მოგწონდა! რაო, ეგებ არა? რატომ გაფითრდი? რატომ მოგადგა თვალზე ცრემლი? იტირე, ჩემო ბავშვო, იტირე, საბრალო დონ ხუან!

დონ ხუანი: მერედა, ბერტა?..

რაკელი: ბერტას სიხარულს საზღვარი არა აქვს! ოღონდ ჩვენი ქონების გამო კი არა... ბერტას შენ უყვარხარ! თავდავიწყებით უყვარხარ... ბერტას ნამდვილად შეყვარებული ქალწულის გული უძგერს და შენი მხსნელის როლსაც სიამოვნებით იკისრებს. ჩემგან გიხსნის... ის ხომ დარწმუნებულია, რომ შენი ბედუკუღმართობის მიზეზი მე ვარ, შენი ჯოჯოხეთი... ვიცი, ვიცი!.. ვიცი, როგორ ებრალები ბერტას... ისიც ვიცი, რა შიშს ვგვრი და რას ლაპარაკობს ჩემზე...

დონ ხუანი: მერედა, მისი მშობლები?

რაკელი: ოჰ, მისი მშობლები! მისი ღვთისმოსავი მშობლები! ნუ გეშინია, საკმაოდ წინდახედულები ბრძანდებიან და შენი ქონების ამბავიც მშვენივრად მოეხსენებათ...

დონ ხუანი: ჩვენი ქონების...

რაკელი: ზოგიერთივით მათაც სჯერათ, რომ შენია... განა კანონით შენი არ არის? დონ ხუანი: კარგი, მაგრამ...

რაკელი: ამაზე ჩვენც უნდა ვიფიქროთ, კარგად ავწონ-დავწონოთ, მაგრამ მათ, ეტყობა, ის არ იციან, რომ შენ ჩემი ხარ, მარტო ჩემი და მთლიანად მე მეკუთვნი... არც ის იციან, რომ მათი ქალიშვილი შენგან შვილს თუ გააჩენს, ისიც ჩემი გახდება... ხომ გეყოლებათ შვილი, ჰა, ფისო, ხომ გეყოლებათ?

      საბრალო ხუანს ეს სიტყვები ყურს სჭრიდა და თავბრუს ახვევდა. უთუოდ ბიჭი გეყოლება, ხუან! ხომ გეყოლება, ხუან?

დონ ხუანი: შენ მე მომკლავ, რაკელ...

რაკელი: ვინ იცის!.. ოღონდ შენ მანამდე შვილი მაღირსე და... გესმის?.. აბა, ის ნამდვილი ანგელოზი, ბერტა ლაპეირა სხვა რისთვის გვინდა? ანგელოზი!.. ჰა!.. ჰა... ჰა...

დონ ხუანი: შენ კი ნამდვილი დემონი ხარ! – შესძახა მან და წამოდგა, წამოდგა, მაგრამ შეტორტმანდა.

რაკელი: დემონიც ანგელოზია, ფისო...

დონ ხუანი: მაგრამ დაცემული ანგელოზი...

რაკელი: მაშინ, დაე, ბერტაც დაეცეს; ამას მაინც ხომ ეცდები...

დონ ხუანი: შენ მე მომკლავ, კელინა, მომკლავ...

რაკელი: განა ჩემი სიცოცხლე სიკვდილზე უარესი არ არის?

      (ესა თქვა და მაშინვე დასაწოლად გაემართა. ცოტა ხანში ხუანიც გვერდით მიუწვა და მისმა ტუჩებმა იგრძნო თავისი ქალბატონისა და მბრძანებლის უდაბნოს ქვიშასავით მშრალი და ცხელი ტუჩები). ახლა შენ, მე კი არა, უკვე ბერტა გეზმანება... ოჰ, არა, შენ ახლა ჩვენი ბიჭი გეზმანება!..

      საბრალო ხუანს კი რულიც არ ეკარებოდა.

2

      მაინც რამ აფიქრებინა რაკელს დონ ხუანი გულისხმაში ჩაეგდო, ეკარნახა, ეგებ ბერტა ლაპეირაზე იქორწინოო? ან როგორ ამოიცნო, რომ თავად დონ ხუანი იყო შეყვარებული ბერტაზე? აკი დონ ხუანს ძილშიც სულ ბერტა ლაპეირა ესიზმრებოდა, ოღონდ ძილში, როცა ის ნებაც გამოეცლებოდა, რაკელმა რომ შთაუნერგა, თორემ საკუთარი სადღა გააჩნდა; ეზმანებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ბერტა, ეს ანგელოზებრივი არსება მოევლინებოდა მხსნელად. მაგრამ თუკი რაკელმა სათავეშივე განჭვრიტა მათი სიყვარული, მაშინვე ამ სიყვარულის მოშთობაც ჩაიდო გულში, რაკი სიტყვა შეაპარა, ბერტაზე იქორწინეო; მხოლოდ ასე თუ ეღირსებოდა უშვილო ქვრივს ნანატრი დედობა.

      დონ ხუანი ბერტას ბავშვობიდანვე იცნობდა; მათ ოჯახებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დონ პედრო ლაპეირა და მისი ცოლი დონ ხუანის მშობლების გულითადი მეგობრები იყვნენ. როცა ჯერ სულ ყმაწვილი დონ ხუანი დაობლდა, მისთვის ყურადღება არ დაუკლიათ; მერედამერე მისი უიღბლო სიყვარულისა და მარცხიანი თავგადასავლების ამბავი რომ გახმაურდა, ლაპეირებივით არავის სტკენია გული, მაგრამ როცა გაიგეს, უშვილო ქვრივთან პოვა უხიფათო ნავსაყუდელიო, შვებით ამოისუნთქეს, ეგებ, ბოლოს და ბოლოს, ბედსაც ეწიოსო და ეჭვიც კი არ აღძვრიათ, ვაითუ, იმ მყუდრო ნავსაყუდელშიც შეაღწიოს ქარიშხალმაო. ცოლ-ქმარმა ლაპეირამ, ხუანისგან განსხვავებით, მათი ურთიერთობა ოჯახურ კავშირად წარმოიდგინა; თუმცა ხუანის უნებისყოფობის ამბავიც კარგად მოეხსენებოდათ, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდნენ, ადრე თუ გვიან გონს მოეგებაო, ხოლო თუ შვილებიც ეყოლებათ, მით უკეთესიო. ამის თაობაზე ლაპეირები ხშირად საუბრობდნენ ხოლმე და თავიანთი შეხედულებებისამებრ სჯიდნენ ქალაქის სალაპარაკოდ გამხდარ ამ ტრაგიკომედიას. მშობლებს აზრადაც არ მოსდიოდათ მორიდებოდნენ თავიანთ ქალიშვილს, რადგან, თითქოს განგებ, ყოველთვის სუფრასთან იწყებდნენ სჯა-ბაასს, ასე იყო თუ ისე, მათმა საუბარმა ბერტა, ეს ანგელოზებრივი არსება გულისხმაში ჩააგდო და დონ ხუანისადმი ცნობისმოყვარეობა გაუღვივა. მშობლები ხომ სულ იმაზე წუხდნენ, თუ აქამდე არ ეღირსა რაკელს დედობა, ვაითუ, ეს შემთხვევითი კავშირი ღვთისა თუ ადამიანის, ანდა სულაც თეოკრატიისა და დემოკრატიის ძალით მაინც დაკანონდესო. ერთი სიტყვით, ბერტამ გულში ჩაიდო განზრახვა, როგორმე ხელი შეეშალა მათთვის, თუმცა იდუმალ იმაზეც ოცნებობდა, ამ უიღბლო სიყვარულის მსხვერპლს, დონ ხუანს მხსნელ ანგელოზად მოვლენოდა, ქარიშხლიანი ნავსაყუდლიდან გამოეყვანა და ასე გადაერჩინა.

      და მაინც, როდის გაუჩნდათ მათ ეს ოცნება, როგორ გაიტაცა ბერტაც და ხუანიც ერთნაირმა ოცნებამ? ეტყობა, მაშინ, როცა დონ ხუანი საკმაოდ ხშირად დადიოდა ლაპეირების ოჯახში, ახალგაზრდები უმეტესწილად მარტონი რჩებოდნენ; მისალმებისას ერთმანეთს თვალებში ჩახედავდნენ ბავშვობის მეგობრები, ზოგჯერ მშობლებიც არ ჩქარობდნენ გამოსვლას.

      დონ ხუანმა ადრევე განჭვრიტა საფრთხე და რაკი მორჩილად მიჰყვებოდა რაკელის ნებას, ახლაც დანებდა და თანდათან უკლო ლაპეირებთან სიარულს. ცოლ-ქმარმაც სწორად ამოიცნო ყმაწვილის თავშეკავების მიზეზი: "ხედავ, როგორ დაიმორჩილა? ცდილობს, ხალხს ჩამოაშოროს!" მაგრამ ბერტას, ამ ანგელოზებრივ ბერტას ღამის სიჩუმეში, ძილში ჩაესმოდა დაცემული ანგელოზის ჩურჩული და გული უთქვამდა: "მას შენი ეშინია..." და ახლა რაკელი, თავად რაკელი უბიძგებდა მას ბერტასკენ, პირდაპირ მკლავებში უგდებდა.

      საბრალო დონ ხუანი ხვდებოდა, რომ რაკელმა იგი გაწირა, ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა და უკვე დანანებით იხსენებდა ადრინდელ გატაცებებს. მაინც რატომ უნდა გახდეს მამა, თუკი ამის სურვილიც არ გააჩნია?.. განა მარტო იმისთვის, რომ კიდევ ერთი მისივე მსგავსი მოევლინოს ამ ქვეყანას?

      სხვა გზა აღარ იყო!..

      და რაკელის ერთი ბიძგიც კმაროდა, რომ ხუანს უწინდებურად დაეწყო სიარული ლაპეირების ოჯახში. ქალიშვილსაც და მშობლებსაც უმალ მოულბათ გული, მით უმეტეს, რომ გულისნადებს მიუხვდნენ. დონ პედროსა და დონია მარტასაც მიეცათ სალაპარაკო; თანაგრძნობითა და დანანებით იგონებდნენ ხოლმე დონ ხუანის უთავბოლო ცხოვრების ამბებს.

დონ პედრო: საბრალო ბიჭი! უმალ შეატყობ, რომ იტანჯება...

დონია მარტა: მერედა, მიზეზი არა აქვს, პედრო?

დონ პედრო: ჩვენი ტომასა ხომ გახსოვს, ყველაფერს ჯადოს რომ აბრალებდა?

დონია მარტა: დიდი სიკეთე კი დააყარა იმ ჯადომ; საწყალს სარკეში რომ ჩაეხედა...

დონ პედრო: და დაენახა, რა დღეშიც ჩააგდო ცხრა ფეხმძიმობამ და ჯაფამ... ამ დროს კი ის, მეორე ენახა, რა მშვენიერი იყო...

დონია მარტა: აი, როგორები ხართ, თქვენ, კაცები... ღორები...

დონ პედრო: ყველა?

დონია მარტა: მაპატიე, პედრო! შენ არა! შენ...

დონ პედრო: მაგრამ ამ ჩვენი ქვრივის ჯადოც ხომ გასაგებია...

დონია მარტა: ეეჰ, შე თაღლითო, ვის მხარეზე ხარ?

დონ პედრო: მე თვალები მაქვს, მარტა, თვალები კი მუდამ ახალგაზრდაა.

დონია მარტა: ჩვენზე უფრო ახალგაზრდა?

დონ პედრო: ახლა ჩვენი ბიჭი რას იზამს?

დონია მარტა: ვნახოთ, პედრო, მე უკვე რაღაც-რაღაცებს ვამჩნევ.

დონ პედრო: მეც ვამჩნევ! მერე ის?

დონია მარტა: მე ნელ-ნელა შევამზადებ, ყოველი შემთხვევისთვის...

დონ პედრო: მერე ეს კავშირი?..

დონია მარტა: შე ღვთის გლახავ, ვერ ხედავ, რომ თვითონვე ეძებს მიზეზს, რომ გაწყვიტოს? ვერ გაგიგია?

დონ პედრო: ცხადია, მაგრამ მათი დაშორება უმსხვერპლოდ არ ჩაივლის.

დონია მარტა: თუნდაც ასე იყოს... არაფერი აკლია, საკმაოდ ბევრი რამ აქვს, რაღაცას ხომ უნდა შეელიოს.

დონ პედრო: მართალია.

დონია მარტა: ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ბიჭი, პედრო; მისი მშობლებიც ამას გვავალებენ.

დონ პედრო: ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ჩვენმა ქალიშვილმა თვითონვე გვთხოვოს.

      მათი ქალიშვილი კი, თავის მხრივ, სწორედ დონ ხუანის გადარჩენაზე ფიქრობდა. ნამდვილად დონ ხუანისა თუ საკუთარი თავისა? გულში კი ასე ამბობდა: "ეს კაცი ხელიდან უნდა გამოვგლიჯო როგორმე და ვნახო სინამდვილეში როგორია იმ ქალის მიერ შექმნილი და სულითა და ხორცით მასზე მინდობილი. მერედა, როგორ გამოწვრთნა, ალბათ რამდენი რამ ასწავლა და განაცდევინა, საბრალო ხუანს! ახლა, რა თქმა უნდა, ეცდება, მეც მას დამამსგავსოს"...

      მაგრამ რაკელი მაინც ის ერთადერთი არსება იყო, რომელიც ასე იზიდავდა ბერტას; რაკელი ლამის კერპად გაიხადა.

3

      საბრალო ხუანი ამ ორმა ქალმა შუაში მოიმწყვდია, ამ ორმა – მაცდურმა დემონმა და მფარველმა ანგელოზმა, ზურგს უკან რაკელი ედგა, წინ – ბერტა; ორივე უბიძგებდა, მაგრამ საით? ეტყობა, ორივემ დასაღუპად გაწირა და აკი იღუპებოდა კიდეც მათი წყალობით, არც ერთს ეცოდინებოდა და არც მეორეს, ორივე მზად იყო შუაზე გაეგლიჯა; სწორედ იმ ბავშვის დღეში იყო, ორი დედა სოლომონის სამსჯავროს წინაშე ერთმანეთს რომ ედავებოდა, ოღონდ ის ვერ გამოეცნო, რომელი მათგანი შეელეოდა ხუანს და ცოცხალს დაანებებდა მეტოქეს, რომელი გაწირავდა შუაზე გასაგლეჯად, ბერტა თუ რაკელი!

      ქალწულის თვალები, ცისფერი და ნათელი, ვითარცა უძირო და უნაპირო ზღვა თავის მორევში ეზიდებოდა, ხოლო ზურგს უკან ედგა, უფრო სწორად, ირგვლივ თითქოს ყველაფერს ავსებდა რაკელის შავი და ქუფრი თვალები, ვითარცა უკიდეგანო და უვარსკვლავო ღამე და უფსკრულისკენ უბიძგებდნენ.

ბერტა: რა გემართება, ხუან? ერთხელ მაინც გამიხსენი გული, მე ხომ შენი ბავშვობის მეგობარი ვარ, თითქმის დად გეკუთვნი...

დონ ხუანი: და... და...

ბერტა: რაო, არ გინდა შენი და ვიყო?

დონ ხუანი: მე და არ მყავს, დედაჩემიც თითქმის არ მახსოვს... ვერც იმას ვიტყვი, საერთოდ თუ ვიცნობდი ქალს...

ბერტა: ვითომ? აბა, რას ამბობ?..

დონ ხუანი: ქალებს, როგორ არა, მაგრამ ქალს, ერთადერთი ქალი რომ ჰქვია, არა... ბერტა: მაშ, ის ქვრივი რაკელი?..

      ბერტას თვითონვე გაუკვირდა, ასე მშვიდად რომ წარმოთქვა მისი სახელი, ხმაც კი არ აკანკალებია და ხუანმაც რომ აუღელვებლად მოუსმინა.

დონ ხუანი: იმ ქალმა, ბერტა, მე ქალებისგან მიხსნა!

ბერტა: კარგი, მაგრამ ახლა...

დონ ხუანი: ახლა კი მისგან უნდა მიხსნას ვინმემ...

      ამას რომ ამბობდა, უეცრად იგრძნო, რა დაჟინებით აქეზებდა ქვრივის თვალების ბასრი მზერა.

ბერტა: ეგებ მე შევძლო და დაგეხმარო...

დონ ხუანი: ოოჰ, ბერტა, ბერტა...

ბერტა: ერთი სიტყვით, შენ გინდა, რომ პირველმა მე ვაღიარო...

დონ ხუანი: მაგრამ, ბერტა...

ბერტა: ბოლოს და ბოლოს, როდისმე იგრძნობ თავს ნამდვილ მამაკაცად? ნუთუ ვერასოდეს გამოიჩენ ნებისყოფას?..

დონ ხუანი: კარგი და კეთილი, გინდა მიხსნა?

ბერტა: ჰო, მაგრამ, როგორ?..

დონ ხუანი: როგორ და, გამომყევი ცოლად!

ბერტა: როგორც იქნა! ესე იგი, შენ გადაწყვიტე, ცოლად შემირთო?

დონ ხუანი: ცხადია!

ბერტა: ცხადია? სულაც არ არის ცხადი! შენ გინდა, რომ ცოლად გამოგყვე?

დონ ხუანი: ასეა, მე მინდა!..

ბერტა: შენი, საკუთარი ნება-სურვილია?

      ხუანმა შეამჩნია, როგორ ჩამუქდა ქალიშვილის ნათელი, ცისფერი თვალები და გააჟრჟოლა. "ნეტავ, თუ მიხვდა სიმართლეს?" – გაიფიქრა მან და უკან დახევას აპირებდა, მაგრამ ქვრივის თვალებმა შეაჩერა და წააქეზა: "სიმართლე უთხარი, შენ ხომ ტყუილის თქმა არ გეხერხება!.."

დონ ხუანი: დიახ, საკუთარი ნება-სურვილით!..

ბერტა: მერედა, გაგაჩნია კი?

დონ ხუანი: თუ ცოლად გამომყვები, შევიძენ!

ბერტა: მაგრამ, მაშინ...

დონ ხუანი: რა, მაშინ?..

ბერტა: მაშინ ის ქალი უნდა მიატოვო!..

დონ ხუანი: ბერტა, ბერტა!..

ბერტა: კარგი, თუ არ გსიამოვნებს, ნურც ვახსენებთ, მაგრამ როგორც ვხვდები, თავად ვერ დაგიღწევია მისგან თავი და ამისთვის მე ამირჩიე, ხომ ასეა? დონ ხუანი: ჰო, ასეა... (და მან თავი დახარა).

ბერტა: გგონია, მე დაგიბრუნებ შენს დაკარგულ ნებასაც?

დონ ხუანი: ჰო, ასეა...

ბერტა: რომ იმის ნებას დაუპირისპირდეს, არა?

დონ ხუანი: ჰო, ასეა...

ბერტა: დაე, ასეც იყოს!..

დონ ხუანი: ოჰ, ბერტა... ბერტა!..

ბერტა: აბა, დაწყნარდი, შორიდან მიყურე და ახლოს არ მომეკარო, საცაა ჩემი მშობლები შემოვლენ...

დონ ხუანი: ისინი რაღას ამბობენ, ბერტა?

ბერტა: ხუან, ნუთუ ისეთი გულუბრყვილო ხარ, რომ ვერ ხვდებოდი, ყველაფერი ადრევე მოფიქრებული და გადაწყვეტილი რომ გვექნებოდა?

დონ ხუანი: მაშასადამე...

ბერტა: მაშასადამე, ჩვენ ყველა ერთად გიშველით და გადაგარჩენთ...

4

      საბრალო ხუანს ქორწინებასთან დაკავშირებულმა ათასმა საზრუნავმა მთლად გაუმწარა სიცოცხლე. ბერტას მშობლებმა ყველაფერი იღონეს, რათა ქალიშვილის მომავალი უზრუნველყოფილი და რაიმე შემთხვევისგან დაცული ყოფილიყო, მაგრამ არც საკუთარი კეთილდღეობა დავიწყებიათ. ბერტა მათი ერთადერთი შვილი როდი გახლდათ, თუმცა კი ბევრს ასე ეგონა; მათ ვაჟიშვილიც ჰყავდათ, რომელიც სულ ყმაწვილი წავიდა ამერიკაში და ქალაქში კარგა ხანია აღარავის ახსოვდა, ოჯახში კი ხსენებითაც აღარ ახსენებდნენ. ცოლ-ქმარმა ლაპეირამ იმაზეც იზრუნა, რომ ხუანს ქორწინებამდე მოეგვარებინა მათი ქალიშვილის უზრუნველყოფის საკითხი, მაგრამ თავის მხრივ, არც უფიქრიათ, სასიძო საკუთარი ავლადიდების საქმეში ჩაეხედებინათ. არც ხუანს შეუწუხებია თავი, ისიც მარტო იმას ჰპირდებოდა, ქორწინებამდე შევადგენ ანდერძს, რომლის თანახმად ცოლი გახდება ქმრის ერთადერთი მემკვიდრე და მთელი მისი ქონების პატრონი, თუკი მცირეოდენი ნაწილი რაკელსაც შეხვდებაო; ამაზე მისი მომავალი სიდედრ-სიმამრი სიამოვნებით დათანხმდნენ.

      ასე და ამგვარად, რაკელი არც ცოლ-ქმარი ლაპეირასთვის და არც მათი ქალიშვილისთვის საშიში აღარ იყო; იმასაც კი ფიქრობდნენ, კეთილმეგობრული ურთიერთობაც შეიძლება ასეთ გონიერ და სანდო ადამიანთან, რადგან თავის დროზე ხუანს მართლაც კეთილ მხსნელად მოევლინაო; ესეც არ იყოს, მშობლებიცა და ქალიშვილიც დარწმუნებული იყვნენ, რომ, ჯერ ერთი, თავად ბერტა რბილად და ჭკვიანურად შეძლებდა ქმრის გულის მონადირებას და მეორეც, რაკელიც თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების ბედნიერებას. სწორედ ამას გულისხმობდა მისი მომავლის უზრუნველყოფაც და საქმის იმდაგვარად მოწყობა, რომ წესიერი და პატიოსანი ადამიანები პატივისცემით მოჰკიდებოდნენ მას! რაც უნდა იყოს, რაკელი, არც არასდროს ყოფილა ვულგარული თავგადასავლების მაძიებელი და არც ფულზე გაუყიდია თავისი სიყვარული. ხუანთან მისი კავშირი ურთიერთლტოლვით, ანდა სულაც თანაგრძნობით იყო ნაკარნახევი. ასე ფიქრობდნენ, ანდა ასე უნდოდათ ეფიქრათ ცოლ-ქმარ ლაპეირას.

      მაგრამ ანგელოზივით ბერტას მშობლებმა არ იცოდნენ მთავარი, თუმცა არც არავინ იცოდა მთელ ქალაქში, იმის მიუხედავად, რომ ყველა მშვენივრად იცნობდა ქვრივს, – დიახ, ვერასოდეს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რაკელი ხელს მოაწერინებდა ხუანს საბუთზე, რომლის თანახმად, მთელი მისი ქონება, უძრავ-მოძრავი და სხვა ქვრივის მიერ შესყიდულად ჩაითვლებოდა, სხვა ფასეულობანიც ასევე მის სახელზე დაიწერებოდა; ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ბეჩავი ხუანი მარტო რაკელის საქმეების რწმუნებულადღა რჩებოდა, თანაც ცბიერმა ქალმა ისე მოაგვარა, რომ არავის არაფერი გაუგია; ისიც უნდა ითქვას, რომ მას ასევე კარგად მოეხსენებოდა ლაპეირას ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.

რაკელი: ყური დამიგდე, ხუან, ცოტა ხანში, ეგებ სულაც თქვენს ქორწინებამდე, ანდა, ყოველ შემთხვევაში, თქვენი ქორწინების შემდეგ მაინც, ბერტას მშობლების მცირე ქონებაც, ანუ შენი მომავალი მეუღლის ქონება, – მეუღლისა, ასე არაა? ცოლისა კი არა, მეუღლისა, – ჩემი გახდება... ესე იგი, ჩვენი!.. დონ ხუანი: ჩვენი?

რაკელი: დიახ, ჩვენი ვაჟიშვილისა, თუკი შენი მეუღლე ვაჟიშვილს გაგვიჩენს, თუ არა და...

დონ ხუანი: შენ მე მომკლავ, კელინა...

რაკელი: გაჩუმდი, ფისო, ჩათვალე, რომ მთელი მათი ქონება უკვე ხელთა მაქვს და მათ კრედიტებსა და გირავნობის სიგელსაც მე ვიყიდი... იცოდე, ყველაფერი ამის შემდეგ, ისინი მაინც იტყვიან: "რაკელი კარგი ქალია, კეთილშობილი, მან ჩვენი ქალიშვილის ქმარი რომ იხსნა და ჩვენი ოჯახის კეთილისმყოფელი და ჩვენი სიბერის ნუგეშიც არისო!" დამიჯერე, ასე იქნება, ასე იქნება! რატომაც არა!

დონ ხუანი: რაკელ! რაკელ!

რაკელი: ისე წუწუნებ, ხუან, გეგონება, კრავივით მიმყავდე სამსხვერპლოზე!..

დონ ხუანი: ასეც არის...

რაკელი: არა, სულაც არ არის ასე! მე შენგან შევქმნი ნამდვილ მამაკაცს! მე შენ მამად გაგხდი!

დონ ხუანი: შენ?

რაკელი: სწორედ მე, ხუან, მე, რაკელი!

      ხუანს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს აგონიაში იყო.

დონ ხუანი: მაგრამ ერთი ისიც მითხარი, კელინა, მითხარი – მის ხმაში ცრემლები იგრძნობოდა, – რატომ შემიყვარე? რატომ მომაჯადოე? რატომ დამშრიტე სულერთიანად, რისთვის გადამაქციე უნებისყოფო თოჯინად? რისთვის მომწყვიტე ჩემს ადრინდელ ცხოვრებას?..

რაკელი: მე რომ არა, აქამდეც ვერ მოაღწევდი, გაკოტრდებოდი და სიღატაკესა და ავადმყოფობაში ამოგხდებოდა სული.

დონ ხუანი: ის მერჩივნა, რაკელ, ის მერჩივნა!... ჯობდა სიღატაკესა და ავადმყოფობაში ამომხდომოდა სული. განა ახლა ღატაკი არა ვარ? განა ახლა მე ჩემს თავს ვეკუთვნი? რატომ გამძარცვე სულით ხორცამდე?..

      საცოდავ ხუანს ქვითინი ახრჩობდა. რაკელმა ისევ დედობრივი სინაზით ჩაიხუტა, ჩვეულებისამებრ მუხლებზე დაისვა, მაგრად მიიკრა თავის უნაყოფო სხეულზე, წითელი სისხლით სავსე მკერდზე, ვერასოდეს რომ ვერ გადაიქცეოდა თეთრ რძედ, სახე სახესთან მიუტანა, გაშლილ თმაში გაახვია, მწარედ ატირდა და თან გულამომჯდარი ეუბნებოდა:

რაკელი: ჩემო შვილო, ჩემო შვილო, ჩემო შვილო!.. მე კი არ გაგძარცვე, პირიქით, შენ გამძარცვე, შენ მომტაცე სული, შენ, შენ! შენ მომტაცე სხეული!.. ჩემო შვილო!.. ჩემო ბიჭო! ჩემო შვილო!.. ვხედავდი, რომ დაღუპვის გზაზე იდექი, ვხედავდი, რასაც ეძებდი და ვერასოდეს იპოვიდი. მე კი შვილს ვეძებდი. იმედი მომეცა, შენში ვპოვებდი, შენ მაღირსებდი შვილს, ურომლისოდაც სიცოცხლე არად მიღირს... ახლა მე მსურს დედა გამხადო!..

დონ ხუანი: მაგრამ, ის ხომ შენი მაინც არ იქნება, კელინა...

რაკელი: არა, იქნება, ჩემი იქნება, ჩემი... ისიც შენსავით ჩემი გახდება; მე ხომ ვარ შენი ცოლი?

დონ ხუანი: ხარ, როგორ არა, შენა ხარ ჩემი ცოლი...

რაკელი: ის კი შენი მეუღლე იქნება, მეუღლე! ხელოსნებმა იციან ხოლმე თქმა – "ჩემი მეუღლე!" მე უნდა გავხდე შენიცა და თქვენი ბავშვის დედაც... ჩემი ბავშვისა!.."

დონ ხუანი: ვაითუ, არ გვეყოლოს!

რაკელი: გაჩუმდი, ხუან, გაჩუმდი! თუ არ გეყოლებათ, თუ ვერც ის გაგვიჩენს ბავშვს... მაშინ, მზად ვარ...

დონ ხუანი: გაჩუმდი, რაკელ, ეგ ხმა, ხრინწიანი ხმა, შიშს მგვრის!

რაკელი: ჰო, მზად ვარ სხვა ცოლი მოგიძებნო!

დონ ხუანი: ვაითუ, ჩემი ბრალია, რომ...

      რაკელმა ხელი ჰკრა, მეხდაცემულივით ფეხზე წამოიჭრა, ცივი, ბასრი მზერა ესროლა, მაგრამ მაშინვე, როგორც კი მისი თვალების ცივი ხანჯალი მის მკერდს შეეხო, მკლავები გაშალა და შესძახა:

რაკელი: არა, არა, ხუან, მოდი ჩემთან! ჩემო შვილო! ჩემო შვილო! შენს მეტი შვილი რად მინდა. განა შენ ჩემი ბავშვი არა ხარ?

      (და ციებცხელებიანივით აკანკალებული და ლამის გონმიხდილი კაცი ლოგინში ჩააწვინა).

5

      რაკელმა არ ისურვა მათ ქორწილს დასწრებოდა, თუმცა ბერტამაც და მისმა მშობლებმაც დაპატიჟეს; ავადმყოფობის მომიზეზებაც არ დასჭირვებია, მართლა ავად გახდა. რაკელი: არ მეგონა, რომ ასე დაიმდაბლებდნენ თავს, ხუან; ვიცოდი, რა ქარაფშუტები და პატივმოყვარეებიც ბრძანდებიან ქალიშვილიცა და მისი მშობლებიც, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ საზოგადოების წეს-კანონებს ასე დაუპირისპირდებოდნენ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი ყოფილა სამარცხვინო, არც საზოგადოებაში გამოვჩენილვართ ერთად და არც ხალხისთვის გაგვიცხადებია თუ დაგვინახვებია ჩვენი ურთიერთობა, თუმცა ქალაქში ისედაც ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. მათი დაჟინება, რომ მაინცდამაინც შენ უნდა დაგეპატიჟე, მხოლოდ ერთ მიზანს ისახავდა – დაედასტურებინათ, რომ მათმა ქალიშვილმა გაიმარჯვა! სულელები! მერე, ის, შენი მეუღლე?..

დონ ხუანი: ღვთის გულისათვის, რაკელ, იმაზე მაინც იფიქრე, რომ...

რაკელი: მაინც რაზე... როგორ შეეთვისეთ? როგორ მოგწონს მისი ხვევნა-ალერსი? უკვე მოასწარი შენი გამოცდილების გაზიარება? ვეჭვობ, ჩემგან შეძენილი მაინც თუ გადაეცი... შენ მაინც არ ეკუთვნი მას...

დონ ხუანი: მაგრამ მე არც ჩემს თავს ვეკუთვნი...

რაკელი: სამაგიეროდ, მე მეკუთვნი, ფისო, შენ ჩემი ხარ, ჩემი, ჩემი... ახლა უკვე ორივემ იცით თქვენი მოვალეობა და ჭკუით მოიქეცი, აქ, ჩვენს სახლშიც სიარულს მოუკელი.

დონ ხუანი: მაგრამ, რაკელ...

რაკელი: რაკელი უკვე სათვალავში აღარ მიიღება; ახლა შენ მეუღლეს უნდა ელოლიავო! მასზე უნდა იზრუნო.

დონ ხუანი: ის კი თვითონ მირჩევს, ხანდახან შენც გესტუმრო ხოლმე!

რაკელი: ასეც ვიცოდი! მთლად გადარეულა! ამაშიც მე მბაძავს, ვერ ხედავ?

დონ ხუანი: ჰო, ცდილობს. ყველაფერში შენ გბაძავს, ჩაცმა-დახურვაში, თმის ვარცხნილობაში, მიხრა-მოხრასა თუ ქცევაში...

რაკელი: ჰო, როცა თქვენ აქ, ჩემთან, ვითომ ოფიციალური ვიზიტით მობრძანდით, შევამჩნიე, რომ სულ მაკვირდებოდა.

დონ ხუანი: ის კი არადა, ამბობს, უფრო უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, მეზობლები ვართ, ლამის გვერდიგვერდ ვცხოვრობთო...

რაკელი: ეს უკვე ტაქტიკაა, უნდა, რომ შემენაცვლოს, ხშირად რომ გვნახავ ერთად, ერთმანეთს უფრო უკეთ შეგვადარებ... შენი გულიდან უნდა რომ გამაძევოს...

დონ ხუანი: მე კი სულ სხვანაირად ვფიქრობდი...

რაკელი: მაინც როგორ?

დონ ხუანი: მე ვფიქრობდი, რომ შენ მას უყვარხარ, მართლა მოხიბლე და მოაჯადოე. რაკელმა თავი დახარა, უეცრად მკვდრისფერი დაედო, ხელები მკერდზე დაიკრიფა, სუნთქვაც კი შეეკრა, გამსჭვალავი მზერა მიაპყრო და თქვა: რაკელი: ამან თავისი ნაყოფი უნდა გამოიღოს...

      როცა ხუანმა ხელი მოხვია და სცადა ვნებიანი, ხარბი კოცნით დამშვიდობებოდა, ქვრივმა ახლოსაც არ მიუშვა და უთხრა: არა, ოღონდ არა ახლა! არც ის მინდა, რომ ეს კოცნა მას გადასცე და, არც ის, რომ მას წავართვა... დონ ხუანი: ხომ არ ეჭვიანობ?

რაკელი: ვეჭვიანობ? სულელო! რა გგონია, მე შენს მეუღლეზე ვიეჭვიანებ? შენს მეუღლეზე? მე, შენი ცოლი? თანაც მას შემდეგ, რაც მე თვითონ შეგაუღლეთ, დაგლოცეთ და გისურვეთ ბავშვები გაგეჩინათ ზეციერისთვის? ზეციერისთვის და ჩემთვის?

დონ ხუანი: ჩემი ზეცა შენა ხარ!

რაკელი: აქამდე ჯოჯოხეთი ვიყავი!..

დონ ხუანი: მართალია...

რაკელი: ახლა მოდი ჩემთან, ჩემო შვილო, მოდი... (მან თავზე ხელები შემოაჭდო და შუბლზე აკოცა; ამ მშრალი, ცხელი კოცნითა და ამ სიტყვებით დაემშვიდობა): ახლა წადი და შენი ვალი მოიხადე მის წინაშე, მაგრამ თქვენ ორივე ვალდებული ხართ ასევე ჩემ წინაშეც და კიდეც უნდა შეასრულოთ... თუ არადა, კარგად იცი, რომ შემიძლია...

6

      მართლაც ბერტა სულ იმაზე ფიქრობდა, როგორმე ამოეცნო რაკელის ჯადო და ასე მაინც მოენადირებინა ქმრის გული, მორეოდა თავის გრძნობებს, გამხდარიყო თავისთავადი, ნამდვილი ქალი; სწორედ ამიტომ იყო, რომ ასე ხარბად ნთქავდა ხუანის ქალბატონისა და მბრძანებლის ყოველ სიტყვას, უნდოდა ამოეცნო მისი ფიქრი, ამ გზით შეეცნო საკუთარი თავი. და აი, ერთხელაც, ორივემ, რაკელმაც და ბერტამაც უსიტყვო შეთანხმებით, თავიანთი ხუანი მეგობრებთან ერთად სანადიროდ გაისტუმრეს, ბერტამ ვეღარ გაუძლო ცდუნებას და ესტუმრა ქვრივს.

ბერტა: ალბათ გაგიკვირდებათ, რომ მარტო გესტუმრეთ...

რაკელი: სულაც არა, კიდეც ველოდი, რომ მობრძანდებოდით...

ბერტა: ელოდით?

რაკელი: დიახ, ველოდი. რაც უნდა იყოს, რაღაც ამაგი მეც მაქვს თქვენს მეუღლეზე, ჩვენს საყვარელ ხუანზე; ეგებ თქვენი შეუღლებაც...

ბერტა: დიახ, ვიცი, თქვენ რომ არ გეზრუნათ და არ გამოგეხსნათ იმ ქალებისგან...

რაკელი: ააჰ, ქალებისგან...

ბერტა: დიდად ვაფასებ თქვენს სულგრძელობას...

რაკელი: სულგრძელობას?.. ააჰ, გასაგებია... თუმცა არა, არა! მაინც არ მმართებდა ჩემი ბედი მასთან დამეკავშირებინა, იმის მიუხედავად, რომ მას ნამდვილად უნდოდა ჩემზე დაქორწინება...

ბერტა: ასეც ვიცოდი... რაკელი: მაგრამ რაკი გამოცდილი გვყავდა ერთმანეთი, ისიც ვიცოდით, რომ მღვდლის კურთხევა ვერას გვიშველიდა და შვილები მაინც არ გვეყოლებოდა, რომ ზეციერისთვის გაგვეზარდა... რატომ გაწითლდი, ბერტა? განა იმისთვის არ მობრძანდით, რომ გულწრფელად გვესაუბრა?.. ბერტა: მართალი ბრძანებაა, რაკელ, მაშ, ვიყოთ გულახდილები...

რაკელი: მე ჩემი ეგოიზმის გამო მას ვერ გავწირავდი... დაე, ის ეწიოს იმ ბედნიერებას, რასაც მე ვერ ვეღირსე...

ბერტა: ოოჰ, მადლობელი ვარ! მადლობელი ვარ!

რაკელი: სამადლობელი არაფერია! სულ არაფერი! ეს ხომ მის სასიკეთოდ მოვიმოქმედე! ბერტა: სწორედ იმისთვის გიხდით მადლობას, რომ მის სასიკეთოდ მოიმოქმედეთ, მადლობელი ვარ!..

რაკელი: ააჰ!

ბერტა: ხომ არ გწყინთ?

რაკელი: არაფერია საწყენი. გავა დრო და თქვენც ისწავლით...

ბერტა: რას, თვალთმაქცობას?

რაკელი: არა... გულწრფელობას!

ბერტა: თქვენ ფიქრობთ, რომ მე არ ვარ გულწრფელი?

რაკელი: თვალთმაქცობაც შეიძლება იყოს გულწრფელი, ხოლო ქორწინება თვალთმაქცობის კარგი სკოლაა...

ბერტა: როგორ?

რაკელი: აკი მეც გახლდით გათხოვილი!

ბერტა: აჰ, მართალია! თქვენ ხომ ქვრივი ბრძანდებით!

რაკელი: ქვრივი... ქვრივი... მუდამ ქვრივი ვიყავი... ასე მგონია, ქვრივად დავიბადე... ჩემი ნამდვილი ქმარი კი ჩემს გაჩენამდე მოკვდა... მაგრამ მოვეშვათ ამ სისულელეებს. როგორ შეეთვისეთ ხუანს?

ბერტა: მოგეხსენებათ მამაკაცების ამბავი...

რაკელი: არა, მამაკაცებისა კი არა, მამაკაცის! როცა მითხარით, ჩვენი ხუანი ქალებისგან იხსენითო, მე მხოლოდ მხრები ავიჩეჩე; ახლა კი გეტყვით, ბერტა, რომ თქვენ მხოლოდ ერთი მამაკაცი გაბარიათ და მას უნდა მიხედოთ, თქვენს მამაკაცს უნდა მიხედოთ და მასში ეძიოთ მამაკაცი...

ბერტა: მეც ამას ვცდილობ, მაგრამ...

რაკელი: მაგრამ, რა?..

ბერტა: ის, რომ მე მასში ნებას ვერ ვპოულობ...

რაკელი: მერედა, აქ მოხვედით საპოვნელად?

ბერტა: ოჰ, არა, არა, მაგრამ...

რაკელი: მაგ თქვენი "მაგრამებით" შორს ვერ წახვალთ...

ბერტა: მაინც სად უნდა წავიდე?

რაკელი: სად? ესეც მე უნდა გასწავლოთ?

      ბერტა მიტკალივით გაფითრდა, შეჭოჭმანდა; რაკელის თვალები ბასრი მზერით თითქოს სიჩუმეს ჰკვეთდა. ბოლოს ჰკითხა.

ბერტა: მაინც სად? რაკელი: დედა უნდა გახდეთ! ეს თქვენი ვალია, რაკი მე ვერ ვეღირსე დედობას, თქვენ მაინც გახდით!

      კვლავ მძიმე სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ მალე ბერტას წამოძახილმა დაარღვია.

ბერტა: მე გავხდები დედა!

რაკელი: მადლობა ღმერთს! რატომ გკითხეთ, აქ ხუანის ნების საპოვნელად ხომ არ მოსულხართ-მეთქი! მაშ, იცოდეთ, დონ ხუანის, ჩვენი, ორივეს მამაკაცის ერთადერთი ნებაა, გახდეს მამა!

ბერტა: ნამდვილად მისია?

რაკელი: დიახ, მისია, მისია იმდენად, რამდენადაც ჩემია!

ბერტა: ახლა კიდევ უფრო აღმაფრთოვანა თქვენმა სულგრძელობამ...

რაკელი: სულგრძელობამ? ეს რა შუაშია! არა... მაგრამ თქვენ მაინც ჩემი ერთგულებისა და მეგობრობის იმედი უნდა გქონდეთ, გამოიყენეთ...

ბერტა: ეჭვი არ მეპარება...

      რაკელმა კარამდე მიაცილა ბერტა და დაემშვიდობა.

რაკელი: გადაეცით თქვენს მშობლებს, რომ მათი ნახვა მსურს...

ბერტა: ჩემი მშობლების?

რაკელი: დიახ, მათთან მე საქმიანი საუბარი მექნება... ჩემი ქვრივული ცხოვრების გასახალისებლად ხანდახან საქმეებსაც ვეჭიდები, ფინანსურ საქმეებს... მაგრამ კარი რომ დახურა, თავისთვის თქვა: საბრალო მეუღლე!

7

      როცა ბოლოს და ბოლოს, შემოდგომის ერთ დილას ბერტამ მეუღლეს ამცნო, მალე მამა გახდებიო, საბრალო კაცმა იგრძნო, როგორ შემოეგრაგნა მის ისედაც გაწამებულ სულს მძიმე ჯაჭვი; განსაკუთრებით მწვავედ იგრძნო მასში ჩამკვდარი ნებისყოფის ლმობა. დიდი ბრძოლა იყო გადასახდელი. ნუთუ მართლა ვაჟიშვილი გაუჩნდება? ნუთუ მართლა მამა გახდება? რას ნიშნავს მამობა?

      ბერტაც გაოგნებული იყო ბედნიერებისგან. მაინც გაიმარჯვა რაკელზე! თუმცა ისიც კარგად ესმოდა, რომ ეს გამარჯვება შეიძლება მარცხად შემობრუნებულიყო და ახსენდებოდა ქვრივის სიტყვები, მისი მზერა. როცა ხუანმა ეს სასიხარულო ამბავი რაკელს აცნობა, ქალს ჯერ მკვდრისფერი დაედო, სუნთქვა შეეკრა, მერე სახე აენთო და მძიმედ ამოიხვნეშა, შუბლი ოფლით დაეცვარა, იძულებული გახდა დამჯდარიყო, ბოლოს, თითქოს ძილ-ბურანიდან გამოერკვაო, წაიბუტბუტა:

რაკელი: ახლა უკვე საბოლოოდ ჩაგიგდე ხელში, ხუან!

      და მოეხვია, მაგრად მიიკრა აცახცახებულ ტანზე და გაშმაგებით დაუწყო კოცნა; კოცნიდა თვალებში, ტუჩებში, ხელისგულებში მოიქცევდა მის სახეს, მერე განზე გასწევდა, ჩახედავდა თვალებში, მათში საკუთარ ანარეკლს დაინახავდა, ისევ დაუწყებდა კოცნას, მერე შეშლილივით, ხმაჩახლეჩილი წაიბუტბუტებდა: "მაცადე, გაკოცო!" და კოცნიდა და კოცნიდა დაუსრულებლად. ხუანს კი ეჩვენებოდა, საცაა გავგიჟდებიო. აი, ახლა კი შემიძლია უფრო ხშირად გესტუმრო ხოლმე, ადრინდელზე ხშირადაც... მას აღარც სჭირდები...

დონ ხუანი: პირიქით, სწორედ ახლა ვჭირდები, სულ გვერდით უნდა, რომ ვყავდე...

რაკელი: შეიძლება... ჰო, ჰო, აკი ისიც ახლა ყალიბდება. მართალია... პატარას მიმართ განსაკუთრებული სინაზე და მზრუნველობა გმართებს... მაგრამ მას მალე ალბათ აღარც დასჭირდები... შეაწუხებ კიდეც.

      ასეც მოხდა. პირველ თვეებში ბერტას მართლაც უნდოდა ქმარი სულ გვერდით ჰყოლოდა, ზრუნვა-ალერსი არ დაეკლო, შეეძლო საათობით მის გვერდით მჯდარიყო, მისი ხელი სჭეროდა ხელში და თვალებში ეცქირა. ასეთ დროს თავისდა უნებურად, ისევ რაკელზე იწყებდა ხოლმე საუბარს.

ბერტა: ახლა რაღას ამბობს?

დონ ხუანი: როცა ვუთხარი, ძალიან გაუხარდა.

ბერტა: მერე შენ გჯერა?

დონ ხუანი: რატომ არ უნდა მჯეროდეს?

ბერტა: მე არ მჯერა! ის ქალი კი არა, ნამდვილი დემონია! დემონია და კიდეც მოგნუსხა!

დონ ხუანი: განა შენ არა?

ბერტა: მაინც რა ჯადო აქვს ასეთი, ხუან?

დონ ხუანი: მისმა ჯადომ უკვე ძალა დაკარგა.

ბერტა: ამიერიდან ჩემი გახდები, მარტო ჩემი.

      "ჩემი! ჩემი!" – ფიქრობდა ხუანი, – ორივე მარტო ამას გაიძახის. უნდა მოვინახულო!

დონ ხუანი: ახლა?

ბერტა: ახლა, სწორედ ახლა, რატომაც არა?

დონ ხუანი: მოვინახულოთ, თუ ვეჩვენოთ?

ბერტა: მოვინახულოთ, რათა ვეჩვენოთ! მინდა ვნახო, რა გუნებაზე დადგება, როცა მნახავს! ბერტა ხშირად სთხოვდა ხოლმე ხუანს, სასეირნოდ ერთად წავიდეთო; დაეყრდნობოდა მკლავზე, მიჰყვებოდა გვერდით და თან თვალი ხალხისკენ ეჭირა, მიყურებენ თუ არაო. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, სიარული რომ გაუჭირდა, სწორედ ისე მოხდა, როგორც რაკელმა იწინასწარმეტყველა, ქმარი უკვე აღიზიანებდა, მარტო ყოფნა ერჩივნა, ხოლო როცა გულზიდვებიც დაეწყო, თავს ცუდად გრძნობდა და ხუანს საყვედურებით ავსებდა: "აქ რას მიკეთებ, კაცო, წადი სადმე, გაიარ-გამოიარე სუფთა ჰაერზე. დამასვენე... რა სამწუხაროა, რომ კაცებს ასეთი რამის გადატანა არ გიწევთ! გამეცალე, კაცო, მომშორდი, ვერ ხედავ, რომ გული მერევა... რატომ წრიალებ, მოეშვი მაგ სკამს... არა, არა, ახლოს არ მომეკარო! წადი, წადი და თუ გინდა, გვიან დაბრუნდი; მე დავწვები! წადი, ჰო, კარგი, წადი და უამბე, როგორ ვიტანჯები... ვიცი, ყველაფერი კარგად ვიცი, მის ცოლად შერთვას რომ აპირებდი, ისიც ვიცი და ისიც, რატომაც არ გამოგყვა, რატომ არ მოისურვა...

დონ ხუანი: არა, აბა, რას ამბობ, ბერტა...

ბერტა: თვითონ მითხრა, თვითონ, ისიც ხომ ქალია, ისეთივე ქალია, როგორიც მე ვარ...

დონ ხუანი: არა, ისეთი არაა, როგორიც შენა ხარ... არა!

ბერტა: არა, არა, ის ხომ ამ მდგომარეობაში არ ყოფილა... მაინც რა ღორები ხართ მამაკაცები, ახლა წადი მასთან, წადი შენს ქვრივთან...

      და როცა დონ ხუანი რაკელს ეახლებოდა და თავისი მეუღლის ამბავს წვრილად უყვებოდა, ქვრივი სიხარულისგან ცას ეწეოდა ხოლმე და უკოცნიდა და უკოცნიდა თვალებს, დიდხანს არ უშვებდა შინ და ზოგჯერ მთელი ღამეც კი ტოვებდა თავისთან, ხოლო გათენებისას კარამდე რომ მიაცილებდა, ბოლო კოცნასთან ერთად ამასაც ეტყოდა: "ახლა, როცა ის აღარც გელოდება, წადი მასთან და ტკბილი სიტყვებით ანუგეშე... უთხარი, რომ სულ მახსოვს და ველოდები..."

8

      გაოგნებული დონ ხუანი ოთახში ბოლთას სცემდა და ტკივილივით გრძნობდა სიცარიელეს თავსა და გულში. ბერტას კვნესა-ტირილი თითქოს სხვა სამყაროდან მოისმოდა; სენიორ ლაპეირა, საკუთარი სიმამრიც კი ვერ შეამჩნია, ოთახის ბნელ კუთხეში მიყუჟული რომ ელოდებოდა შვილიშვილის დაბადებას. და რაკი უბედურ ხუანს თავი სიზმარში ეგონა, სულ არ გაჰკვირვებია, როცა კარი გაიღო და შემოვიდა... თავად რაკელი.

დონ პედრო: თქვენ ხართ? (წამოიძახა დონ პედრომ და წამოდგა).

რაკელი: მე გახლავართ, დიახ, მე, ვიფიქრე, ეგებ მეც რამეში დავეხმარო-მეთქი... დონ პედრო: როგორ! თქვენ? დასახმარებლად მობრძანდით? ამ მძიმე წუთებში?

რაკელი: ეგებ ვინმეს ან რამის მოძებნა დაგჭირდეთ... მზად ვარ... ხომ არ გავიწყდებათ, რომ ქვრივი ვარ, დონ პედრო?

დონ პედრო: არა! დიახ, ქვრივი, მაგრამ...

რაკელი: არავითარი "მაგრამ", ერთი სიტყვით, აქ ვარ და მიმსახურეთ!

დონ პედრო: კეთილი, წავალ და ჩემს მეუღლესაც შევატყობინებ.

      მერე ასეთი საუბარი გაიმართა რაკელსა და დონია მარტას შორის.

დონია მარტა: ღვთის გულისათვის, სენიორა...

რაკელი: რაო, განა მე თქვენი ოჯახის მოკეთე არა ვარ?

დონია მარტა: როგორ არა, ხართ, ოღონდ მან არ გაიგონოს... არ გაიგოს, რომ... რაკელი: რომ გაიგოს, რა მოხდება?

დონია მარტა: ღვთის გულისათვის, სენიორა, ცოტა ხმადაბლა ილაპარაკეთ, არ გაიგოს, რომ... ჩუმად, ჩუმად...

      სწორედ ამ დროს გაისმა გულისგამგმირავი კივილი და დონია მარტა ქალიშვილისკენ გაიქცა; რაკელი გაიტრუნა, მშობიარობის კივილის შემდეგ ჩამოწოლილ სიჩუმეს მიაყურა, მერე დაჯდა; როცა ხუანმა გვერდით ჩაუარა, ხელი ხელზე სტაცა და მოუთმენლად ჰკითხა: "რა ეყოლა?"

დონ ხუანი: გოგო...

რაკელი: მე მას რაკელს დავარქმევ!..

      და ქვრივი მაშინვე გაქრა.

9

      როცა ხუანმა საუბარი წამოიწყო ბავშვზე თავის სიდედრ-სიმამრთან, ახლა უკვე ბებია და პაპასთან და ძალიან მორიდებით სიტყვა გადაუკრა, კარგი იქნება, ბავშვს რაკელი დავარქვათო, – თავად შიშისგან კინაღამ ენა ჩაუვარდა, მაგრამ ქვრივის თვალები თითქოს ზურგს უხვრეტდა, – ცოლ-ქმარ ლაპეირას სიტყვაც არ დაუძრავს, მეტისმეტად დათრგუნვილები ჩანდნენ. ნეტავ რა უნდა მომხდარიყო?

დონია მარტა: დიახ, დიახ, ჩვენ ისე ვართ დავალებული ამ ქალბატონისგან!.. ესეც არ იყოს, შენც ხომ დედის მაგივრობა გაგიწია...

დონ ხუანი: ასეა, ასე, მართალს ბრძანებთ...

დონია მარტა: მარტო სახელი კი არა, ვფიქრობ, ეგებ ჩვენი პატარა კიდეც მონათლოს...

დონ პედრო: მაშინ მითქმა-მოთქმასა და ჭორებსაც მოეღება ბოლო...

დონ ხუანი: სალაპარაკო აღარ ექნებათ, მაგრამ...

დონ პედრო: ჭორებს წინ უნდა აღუდგე, მით უმეტეს, რომ ყველაფერს ამახინჯებენ! კაცს ქუჩაში თავაწეული არ უნდა შეეძლოს სიარული?

დონ ხუანი: მართალი ბრძანებაა!

დონ პედრო: ყველა საკუთარი სინდისის თანახმად ცხოვრობს.

      ...და დონ პედრომ ისე გადახედა ცოლს, თითქოს რაღაც ძალიან ბრძნული აზრი თქვა და ცოლის თვალში ამაღლდა, ცოლის თვალში, ვინც ყველაზე კარგად იცნობდა მას.

      მაგრამ ხუანის გაკვირვებას უკვე საზღვარი აღარ ჰქონდა, შიშმაც კი აიტანა, როცა ბერტას უთხრეს, გადავწყვიტეთ ბავშვს სახელად რაკელი დავარქვათ და ქვრივს ვთხოვოთ მონათლოსო, ბერტამ, მისი შვილის დედამ, ნაღვლიანად უპასუხა: "რაც გინდათ, ისა ჰქენით!" საბრალომ ბევრი სისხლი დაკარგა, ერთთავად ძილბურანში იყო და ეჩვენებოდა, ბურუსი იდგა ირგვლივ.

      ასე და ამგვარად, სულ ცოტა ხანში რაკელი ლაპეირების სახლშიც დაბინავდა და ყველაფერს თავის ჭკუაზე ატრიალებდა. ბერტა თავისი საწოლიდან ადევნებდა მას თვალს და ეგონა, იმქვეყნიური მოჩვენება გამომეცხადაო. ქვრივს კი უჩვეულოდ უელავდა თვალები, როცა ბავშვს კოცნიდა, ბერტას ეჩვენებოდა კოცნის ხმა მთელ ოთახში ისმოდა; თითქოს თვითონ: სიზმარში თუ აგონიაში იყო და ქვრივის მკაცრი, მბრძანებლური ხმა საიდანღაც, შორიდან, ალბათ იმ ქვეყნიდან ესმოდა.

რაკელი: ბერტა, ახლა ძიძა უნდა მოვძებნოთ. ჩემი აზრით, ბავშვის კვება, ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა ხართ, საშიშიც კია, ამით ორივეს სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდება.

      ბერტას თვალები ცრემლით აევსო.

რაკელი: თქვენიც კარგად მესმის, ბუნებრივია, ვიცი, რას ნიშნავს დედა... მაგრამ ახლა სიფრთხილე გვმართებს... ჯერ უნდა მომაგრდე, გამოჯანმრთელდე. ბერტა: მაგრამ, რაკელ, სიკვდილი...

რაკელი: ვისი სიკვდილი? ბავშვისა ხომ არა? ჩემი კელინასი? არა... არა...

      და მან ბავშვი ხელში აიყვანა; საბანში რომ ახვევდა, ისეთი გაშმაგებით კოცნიდა, რომ საბრალო ნამდვილ დედას გული ეფლითებოდა. მისი ყურება გაუსაძლის ტკივილს ჰგვრიდა; ბოლოს ვეღარ მოითმინა და დაიკვნესა.

ბერტა: კმარა, რაკელ, კმარა, ასე ნუ შეაწუხებთ პაწაწას, საბრალოს ეძინება... დააძინეთ... მაგრამ რაკელი მაინც თავისას განაგრძობდა, თან არწევდა ბავშვს და თან კოცნიდა; მერედა, რა უცნაურ ნანას უმღეროდა, რა ენაზე, არავის ესმოდა, არც ბერტას, არც მის მშობლებს და არც თავად ხუანს. მაინც რას მღეროდა? მძიმედ ჩამოწოლილ სიჩუმეში ისე ინთქმებოდა ეს ნანა, გეგონებოდათ, საიდანღაც შორეული, ძალიან შორეული, სიზმრისეული, ბურუსში ჩაკარგული სამყაროდან მოისმისო. და როცა ხუანი უსმენდა, მაშინვე ძილი ერეოდა ხოლმე, სიკვდილის სიზმარივით ერეოდა და მისი დაცარიელებული გული შიშით ივსებოდა. მაინც რა ემართებოდა? ან რას მოასწავებდა ეს ყველაფერი? საერთოდ, რას ნიშნავდა მისი საკუთარი სიცოცხლე?

10

      როცა ბერტამ მშობიარობის შემდეგ ცოტა მოიკეთა, იმ უსიამოვნო სიზმრებსაც თავი დააღწია და გამოფხიზლდა, მაშინღა დაინახა, რომ რაკელსა და მის მიერვე მოყვანილ და მორჩილ ძიძას ბავშვი სულ მოეშორებინათ მისთვის, უკვე საბრძოლველად მოემზადა. ისიც ცხადად დაინახა, რომ უფსკრულისკენ მიექანებოდა და ისიც დაინახა, თუ ვისი ან რისი მიზეზითაც ეწირებოდა მსხვერპლად... მაგრამ ყველაფერს როგორ დაინახავდა, რაკელის, ამ ქვრივის სულის ჯურღმულის სიღრმეს ბერტა ვერასოდეს ჩასწვდებოდა. თუმცა ჩახედვა არც უცდია, კიდეც რომ ეცადა, ალბათ, მაშინვე თავბრუ დაეხვეოდა, ან იმ გაუგებარ ენაზე სიმღერა რას ნიშნავდა?

ბერტა: მაინც რას მღერით?

რაკელი: ჩემი ბავშვობის დროინდელი მოგონებებია...

ბერტა: როგორი... რაკელი: ვერ გაიგებთ და ნურც ეცდებით გაიგოთ, რისთვის?..

      მაგრამ ბერტა, კიდეც რომ მოენდომებინა, ამაზე მეტს მაინც ვერ გაიგებდა! რაც გაიგო, ისიც კმაროდა! ამდენის ცოდნა არც სჭირდებოდა! ჯობდა, არ დაჰყოლოდა მაცდურ გველს და არ ეგემნა სიკეთისა და ბოროტების ხის ნაყოფი! ახლა მისი მშობლები თქვით, მისი კეთილი მშობლები, საკუთარ სახლში უცხოებივით, შეკედლებულებივით რომ გრძნობდნენ თავს. შვილიშვილის ნახვაც კი ენატრებოდათ, მარტო ძიძას უნდა მოეყვანა ანდა მას. ბერტა გრძნობდა, როგორ ღვივდებოდა ქმრისადმი სიბრალული მის გულში, საბრალო ხუანისადმი. ისე შემოხვევდა ხოლმე თავის გამხდარ ხელებს, თითქოს მის დაცვას ცდილობდა უჩინარი მტრისგან, რაღაც საშინელი ხიფათისგან; თმაგაშლილი და შუბლდაცვარული მიეყრდნობოდა მკერდზე და ტიროდა და ტიროდა, მისი აკვნესებული და აჩქროლებული გული მიენდობოდა ხოლმე ხუანის სევდაშემოწოლილ გულს, და ერთხელაც როცა მეუღლე-დედამ ასეთ წუთს დაიკვნესა: "ჩემო შვილო!.. ჩემო შვილო!.. ჩემო შვილო!.." – კინაღამ თვითონვე მოკვდა შიშისგან, რადგან დაინახა, რა მიცვალებულივით გაფითრდა ხუანი და როგორ მოექცა სახე მწუხარებისგან.

ბერტა: რა დაგემართა, შვილო, რა მოხდა?

დონ ხუანი: გაჩუმდი, კელინა, გაჩუმდი, შენ მე მომკლავ...

ბერტა: ხუან, შენ ხომ ჩემთან ხარ ახლა, ჩემთან, შენს ბერტასთან...

დონ ხუანი: ვეღარაფერს ვხვდები, სადა ვარ...

ბერტა: რა გემართება ასეთი, შვილო?..

დონ ხუანი: ნუ ამბობ ამ... ნუ იმეორებ... ამ... ნუ...

      ბერტა ხვდებოდა, რაც ტანჯავდა მის ქმარს და გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, როგორმე მოენადირებინა მისი გული, გაეთავისუფლებინა; რამე უნდა ეღონა, თუნდაც შვილი დაეთმო რაკელისთვის, ოღონდ კი მის მეორე შვილად ეგრძნო თავი ხუანს, მას უყვარდა ქმარი, თავისი ქმარი!

      და ისიც, მისი ქმარი, ხუანი თანდათან უფრო მეტად გრძნობდა თავს მამაკაცად, ქმრად, ვინემ მამად. იგი ხვდებოდა, რომ რაკელისთვის იგი უფრო იარაღი იყო, საშუალება, ოღონდ რისი საშუალება? დედობის შმაგი წყურვილის მოსაკლავად? ანდა ეგებ რაღაც უცნაური შურისგებისთვის? სხვა სამყაროდან ნაკარნახევი შურისგებისთვის? ეგებ ის უცნაური ნანა, რაკელი რომ უმღეროდა ხოლმე პატარა კელინას უცნობ ენაზე, – უმღეროდა ხოლმე არა თავის ნათლულს, არამედ საკუთარ შვილს, უნაყოფო ქვრივის შვილს, – ეგებ სწორედ ის უცნაური ნანა ჰყვებოდა შურისგების ნეტარებაზე, ასე ბანგივით რომ მოქმედებს და ძილბურანში ახვევს ადამიანს. ახლა რაღას ნიშნავდა ხუანი რაკელისთვის? ახლა უწინდებურად აღარც ეძებდა თავის ხუანს. მაგრამ როცა იპოვიდა, ისევ ისე, უწინდებურად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ უფრო შმაგად და კუშტად.

რაკელი: ახლა შენ გვერდიდან აღარ უნდა მოსცილდე შენს ბერტას, შენს მეუღლეს, რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატარო მასთან! – უთხრა ერთ დღეს, – ბიჭიც ხომ გვინდა, ბიჭიც უნდა გააჩინოს, თან კიდეც დაიმსახურა, რადგან გოგონა ჩემია, ჰო, კელინა მარტო ჩემია, ჩემია, ჩემი და ეს შენც კარგად მოგეხსენება, მის გაჩენას ხომ მე უნდა მიმადლოდეთ, ლამის ჩემს მუხლებზე დაბადა ბერტამ, შენმა ბერტამ, ჩვენმა ბერტამ, ასე არ არის ნათქვამი წმინდა წიგნში? ახლა შენ მისთვის უნდა იცოცხლო, შვილო.

დონ ხუანი: შენ მე მომკლავ, რაკელ.

რაკელი: ყური დამიგდე, ხუან, ერთხელ არ მომისმენია შენგან ეს სიმღერა და ორჯერ, ეჭვი არ მეპარება, რომ მისთვისაც ბევრჯერ გიმღერია, შენი მეუღლისთვის... მაგრამ თუ სიცოცხლე მოგბეზრდა და თავის მოკვლა გინდა, მოიკალი, ოღონდ ჩვენ ნუ დაგვაბრალებ. მე რომ მკითხო, შენ უნდა იცოცხლო, ეს აუცილებელიცაა, შენს ბერტას ამქვეყნად უფრო სჭირდები, ცოცხალი სჭირდები. და როცა ხუანმა სცადა რაკელის მკლავებიდან თავი დაეხსნა, მან კიდევ უფრო მაგრად შემოხვია მკლავები და უთხრა: დიახ, თუ მე ვხედავ ხოლმე, იმანაც დაგვინახოს!

      შემოდის ბერტა. რაკელი: აჰა, შენც მიყურე, ბერტა! ვიცოდი, რომ შემოხვიდოდი!.. და მან მახვილი დაუსვა "შენ"-ს. მერე მძიმედ, უღელივით დაადო ხელი კისერზე ხუანს, ოდნავ უკან დაიხია და განაგრძო: მაგრამ შენ ცდები, მე იმისთვის ვიბრძოდი, რომ შენთვის ქმარი მომეპოვებინა, ამიტომ იყო, რომ ხუანს სულ იმას ვუჩიჩინებდი, საკუთარი თავი მხოლოდ შენთვის მოეძღვნა. აჰა, შენთვის დამითმია, მე უკვე გამხადა დედა, ახლა შენი ჯერია, შენც შეგიძლია გახდე დედა, ისიც შეგიძლია, მას შვილი უწოდო, თუკი ჩვენ მას არ მოვკლავთ, როგორც თვითონ იცის ხოლმე თქმა, როცა მას შვილს ვეძახით. ორი დედის ამბავიც გეცოდინება, სოლომონის წინაშე ერთმანეთს რომ ედავებოდნენ ბავშვის გამო. აჰა, შენ წინაშეა ბავშვი, ყოფილი დონ ხუანი! მე მას შუაზე გასაგლეჯად ვერ გავიმეტებ, რადგან მოკვდება, როგორც თვითონ ამბობს ხოლმე... დამითმია იგი შენთვის მთლიანად.

ბერტა: ეს იმას ნიშნავს, რომ შენ...

რაკელი: რომ მე ვარ ნამდვილი დედა, მე და არა შენ!

      მაშინ კი მთლად გონდაკარგულმა ბერტამ ქმარს ხელი ჩაავლო, რაკელს მკლავებიდან გამოჰგლიჯა, შემოატრიალა თავისკენ, – მას წინააღმდეგობაც არ გაუწევია, – და შეჰყვირა:

ბერტა: არა! არა! ნამდვილად დედა მე ვარ, მე, მე, მე... და მთლიანად და განუყოფლად მე მეკუთვნის. ეს მე შენზე მეტად მინდა. თუ გინდა, ახლა ეს შენ წაიყვანე და მოკალი, ოღონდ ჩემი შვილი მე დამიბრუნე, ჩემი შვილი!

რაკელი: რომელი შვილი?

ბერტა: ის... ის!.. – ბავშვის სახელი ვერ წარმოთქვა, ტუჩები ეთუთქებოდა.

რაკელი: ჩემი კელინა? ჩემი საკუთარი თავი? ჩემი გოგონა, ჩემი სისხლი და ხორცი?.. საკუთარი თავი დაგითმო? შენ მოგცე ჩემი კელინა, ჩემი რაკელი, რომ მისგან შენივე მსგავსი აღზარდო? მეორე ბერტა ლაპეირა შექმნა, თქვენი ყველას მსგავსი? რომ თქვენ, ყველა, ვითომ დიდად პატივსაცემ მეუღლეებს რომ დაგემსგავსოთ? მაგრამ მეც ხომ ვიყავი ცოლი!.. მეც ვიცი...

ბერტა: მერე, ჩემი რა ბრალია, თუ ვერც შენმა ქმარმა და ვერც ხუანმა ვერ გაღირსეს დედობა! მე და ხუანს კი გვეყოლა შვილი, რას იზამ, ჩვენ გვეყოლა!

რაკელი: შენ, ხუან, ჩემო შვილო, აირჩიე, შუაზე გაგლეჯა გირჩევნია, თუ მთლიანად შენს მეუღლეს გინდა ეკუთვნოდე!..

      ხუანი გაიქცა. ორივეს გაექცა.

11

      ხუანი გაიქცა, ორივეს გაექცა, გაიქცა, მაგრამ რა ბედი ეწია? მარტო ის გაიგეს, რომ მანქანით სიერასკენ გაემგზავრა და შინ უკვე მომაკვდავი მოიყვანეს, საბრალო ისე მიიცვალა, გონზე აღარ მოსულა. ვერც მძღოლმა და ვერც მეგობარმა, თან რომ ახლდა, ვერ ახსნეს, რა მოხდა. თურმე როცა მანქანამ ღრმა ხრამს ჩაუქროლა, უეცრად შეამჩნიეს, რომ ის იქ აღარ იყო, ვერ დაინახეს, შემთხვევით გადავარდა თუ თავისით გადახტა; მარტო ის დაინახეს, ხრამში რომ მიგორავდა, მერე ერთიანად დამტვრეული და დაშავებულ-დაჭრილი ამოიყვანეს.

      ხუანის უსიცოცხლო, გახევებულ გვამს რომ დასცქეროდნენ, მერე რაკელისა და ბერტას თვალები ერთმანეთს შეხვდა.

ბერტა: ახლა უკვე ჩემი ბავშვის, ჩემი შვილის ბედიც გაირკვა...

რაკელი: გაირკვა!.. მერედა, არსებობას როგორ აპირებთ? როგორ უნდა არჩინო? როგორ უნდა აღზარდო? ან შენ თვითონ როგორ და რით აპირებ ცხოვრებას? ან შენს მშობლებს რისი იმედი აქვთ?

ბერტა: რა იქნა ხუანის ქონება?

რაკელი: ხუანს არავითარი ქონება არ დარჩენია!.. თუ რამ ებადა, ახლა ჩემი გახდა... აქამდე თუ არ იცოდი, ახლა ხომ გაიგე!..

ბერტა: ქურდო! ქურდო! ქურდო!

რაკელი: ცარიელი სიტყვებია! ვინ იტყვის, რომელია ქურდი ჩვენ შორის! ვინ ვინ გაქურდა! ეგებ შენ ხარ ქურდი, თქვენ, ყველა, შენცა და ყველა შენისთანა ხართ ქურდები!... არ მინდა, ჩემი შვილიც თქვენისთანა გამოვიდეს, ყველა თქვენი მსგავსივით აღზარდო!... ახლა, ადექი და შენს მშობლებთან ერთად ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე, მოითათბირეთ და გადაწყვიტეთ, რა გირჩევნიათ, მათხოვრული ცხოვრება თუ ჩემისთანა ქურდთან მშვიდობიანი მოლაპარაკება, გარიგება.

ბერტა: გარიგება?

რაკელი: ხალხის თვალში მაინც!..

*

      ბერტამ და მისმა მშობლებმა, ცოლ-ქმარმა ლაპეირამ კარგა ხანს ითათბირეს, მერე ძალიან ცნობილი, სახელოვანი ვექილის მეშვეობით დონ ხუანის ანდერძის ამბავი გამოიკვლიეს; და აღმოჩნდა, რომ მას მართლაც არავითარი ქონება არ დარჩენოდა; მთელი მისი ავლადიდება რაკელს ჩაეგდო ხელში; მეტი რა გზა ჰქონდათ, და რაკელის პირობას დათანხმდნენ, რომლის მიხედვით, რაკელი მათ იმ შემთხვევაში გაუწევდა დახმარებას, თუ ბავშვს მას მისცემდნენ. მათი ერთადერთი ნუგეში ისღა იყო, რომ ბერტა მეორე ბავშვს ელოდებოდა, ხოლო რაკელი, პირობის თანახმად, ბავშვის სახელზე, სულერთია, ბიჭი იქნებოდა თუ გოგო, მცირეოდენ თანხას უწყალობებდა. მაგრამ ვინ უწყის, რა ბედი ეწეოდა საბრალო ბავშვს! ამის გარდა, ერთხელ რაკელმა ესეც უთხრა ბერტას: "თუ მეორედ გათხოვდები, კიდეც გაგამზითვებ. კარგად დაფიქრდი, ქვრივად დაბერება სიკეთეს არაფერს გიქადის".

ნახვა: 448

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters