გი დე მოპასანი
ნოველები

შეშლილი ქალი

       ყური დამიგდეთ, - თქვა ბატონმა მათიე დანდოლენმა, - ჩიბუხებმა ომის ერთი სამწუხარო ამბავი გამახსენეს.
თქვენ იცით ჩემი მამული კორმეის გარეუბანში. გერმანელთა შემოსევის დროს იქ ვიყავი. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა შეშლილი ქალი, რომელიც თავს დატეხილმა უბედურებამ გააგიჟა ოცდახუთი წლისა იქნებოდა, როცა მამა, ქმარი და ახალდაბადებული ბავშვი ერთ თვეში დაჰკარგა. რაკი სიკვდილი ერთხელ შემოიჭრება სახლში, აღარ მოგეშვება.
მწუხარებით მეხდაცემული ქალი, ლოგინად ჩავარდა. საწყალი ექვსი კვირის განმავლობაში შფოთავდა. ამ მშფოთვარე კრიზისები შემდეგ მოდუნდა, მოძრაობის უნარი დაჰკარგა, ჭამა უჭირდა, მხოლოდ თვალებს ამოძრავებდა. ყოველთვის, როდესაც მის აყენებას შეეცდებოდნენ, ისეთ ყვირილს მორთავდა, თითქოს კლავენო. და ასე დარჩა ლოგინად ჩავარდნილი. მხოლოდ მაშინ წამოაყენებდნენ, როცა ლეიბის გადაბრუნება, ან თეთრეულის გამოცვლა იყო საჭირო. მოხუცი შინამოსამსახურე უვლიდა. ძალით დაალევინებდა რაიმეს, ან ერთი ლუკმა მოხარშულ ხორცს შეაჭმევდა. რა ხდებოდა ამ სასოწარკვეთილი შეშლილის სულში? ეს გაუგებარი დარჩა, რადგან ლაპარაკი აღარ შეეძლო, იქნებ გარდაცვლილ მამაზე და ქმარ-შვილზე ფიქრობდა, დარდობდა, ან ჩამქრალი აზრი შეუჩერდა, როგორც დაგუბებული წყალი.
ასე გაატარა თხუთმეტი წელი ხალხს მოწყვეტილმა გულჩათხრობილმა.
ომი დაიწყო და დეკემბრის პირველ დღეებში გერმანელები კორმეიში შემოიჭრნენ. ეს ამბავი გუშინდელი დღესავით მახსოვს. ყინვისგან ქვები სკდებოდა. სავარძელში ვიწექი, ნიკრისის ქარისაგან დახუთული, გერმანელთა მძიმე და რიტმული ფეხის ხმა რომ გავიგონე. ფანჯრის წინ ჩაიარეს. გაუთავებლად მიდიოდნენ, ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდი.
უცნაურად დადიოდნენ, თითქოს მუყაოს ჯამბაზები არიანო. მერე მეთაურმა ჯარისკაცები ბინებში გაანაწილეს. მე ჩვიდმეტი კაცი ჩამიყენეს, მეზობელ ქალს, შეშლილს, თორმეტი. მათი მეთაური ნამდვილი ბრიყვი ჩანდა, გულქვა.
      პირველ დღეებში ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა. გერმანელ ოფიცერს მოახსენეს, თქვენი დიასახლისი ავადმყოფიაო, და ამის შემდეგ მას ყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ მალე ამ ქალმა, რომელსაც არასოდეს არ ხედავდა გააბრაზა იგი. რა ავადმყოფობა ჭირსო, იკითხა. უპასუხეს, თქვენი მასპინძელი თხუთმეტი წელია, რაც საშინელმა მწუხარებამ ლოგინად ჩააგდოო. ოფიცერმა, უეჭველია, არ დაიჯერა; მან წარმოიდგინა, რომ საწყალი შეშლილი ლოგინს ზვიადობის გამო არ სტოვებდა, რათა გერმანელები არ დაენახა, მათთან არ ესაუბრა და არავითარი ურთიერთობა არ ჰქონოდა. ოფიცერმა ქალთან შესვლა მოითხოვა. მის ოთახში შეიყვანეს, გერმანელმა შეშლილს მიმართა დამტვრეული ფრანგულით: - მე გთხოვთ, ქალბატონო, ადგეთ და ძირს ჩამობრძანდეთ, რათა ყველას დაენახოთ. ქალმა ამღვრეული, გაშტერებული თვალებით შეხედა და არაფერი უპასუხა.
- მე თავხედობას ვერ ავიტან, - განაგრძო ოფიცერმა, - თუ თქვენის ნებით არ ადგებით, მაშინ გამოვნახავ საშუალებას, რომ სხვის დაუხმარებლად გაისეირნოთ.
ქალი არ განძრეულა, გაშეშებული იყო, თითქოს გერმანელები არც დაუნახავს.
ოფიცერი ბრაზით ცოფებს ყრიდა. ეს მშვიდი დუმილი უმაღლესი ზიზღის გამოხატვად ეჩვენებოდა.
- თუ ხვალ დაბლა არ ჩამოსულხართ... - თქვა მან და გარეთ გავიდა.
მეორე დღეს შეშინებულ მოხუც შინამოსამსახურეს შეშლილისთვის ტანზე ჩაცმა უნდოდა, მაგრამ ავადმყოფმა არ ინდომა, ყვირილი მორთო, ოფიცერი ამოვიდა, მსახური მუხლებზე დაეცა.
- არ უნდა ბატონო, არ უნდა. აპატიეთ. იგი ისე უბედურია, - ევედრებოდა შინამოსამსახურე. ოფიცერი დაიბნა. განრისხდა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა ებრძანებინა, ქალი ლოგინიდან გადმოეთრიათ. უეცრად სიცილი აუტყდა და გერმანელმა ბრძანება გასცა. მალე რამდენიმე ჯარისკაცმა ლოგინიანად სახლიდან გამოიყვანეს. შეშლილი ქალი, თითქოს დაჭრილი მიყავდათ საკაცით. ავადმყოფი, როგორც ყოველთვის, მშვიდად და უძრავად იწვა, ყველაფრისადმი გულგრილი, რაც მის გარშემო ხდებოდა. ერთ ჯარისკაცს მის უკან ფუთა მიჰქონდა ქალის ტანისამოსით.
      ოფიცერმა ხელების სრესით წარმოთქვა: - ახლა ვნახავთ, მარტო შეძლებთ თუ არა თქვენ ტანისამოსის ჩაცმას და პატარა გასეირნებას.
ჯარისკაცებმა ავადმყოფი იმოვილის ტყისკენ წაიყვანეს.
ორი საათის შემდეგ ისინი მარტო დაბრუნდნენ.
იმ დღიდან შეშლილი ქალი არავის უნახავს. რა უყვეს? სად წაიყვანეს? გაუგებარი დარჩა. დღე და ღამე თოვდა, ველსა და ტყეებს გაყინული სუდარა ფარავდა. მგლები ჩვენს კარებთან ღმუოდნენ. არ მეშვებოდა ფიქრი იმ დაკარგულ ქალზე. ბევრჯერ შევეცადე მისი ამბავი გამეგო გერმანელთა ხელისუფლებისგან. კინაღამ დამხვრიტეს.
გაზაფხული დადგა. საოკუპაციო არმია წავიდა. ჩემი მეზობელი ქალის ბინა დაკეტილი დარჩა, ხეივნებს ხშირი ბალახი მოედო.
მოხუცი მსახური ქალი ჯერ კიდევ ზამთარში გარდაიცვალა. შეშლილის ამბავი არავის აწუხებდა, მხოლოდ მე არ მშორდებოდა გონებიდან.
რა უყვეს საწყალ ქალს? იქნებ გაიქცა ტყიდან? იქნებ სადმე იპოვეს და რაკი მისგან ვერაფერი გაიგეს, ვინ იყო, საავადმყოფოში მოათავსეს. ყველა ეს მტანჯველი კითხვა ამოუხსნელი დარჩა, მაგრამ ნელ-ნელა დრომ გულის წუხილი დამიწყნარა. იმ წლის შემოდგომაზე აუარებელი ჩიბუხა მოფრინდა. ტყემდე მივჩანჩალდი, რადგან იმ ხანებში ნიკრისის ქარმა ცოტა შემასვენა. უკვე ოთხი თუ ხუთი გრძელნისკარტა ჩიბუხა მოკლული მყავდა, რომ ერთი კიდევ ჩამოვაგდე. იგი ტოტებით ამოვსებულ ხევში ჩავარდა. იძულებული გავხდი შიგ ჩავსულიყავი, რომ ნანადირევი ამომეტანა. ფრინველი ვიღაცის თავის ქალასთან დავარდნილიყო. უროსავით დამეცა მოგონება შეშლილ ქალზე. იმ საშინელ წელიწადს ტყეში, ალბათ, კიდევ ბევრი დაიღუპა, მაგრამ არ ვიცი რატომ, დარწმუნებული ვიყავი, დარწმუნებული, გეუბნებით, რომ ეს ის საბრალო ქალის თავი იყო.
და უეცრად ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა: გერმანელებმა შეშლილი ქალი, ალბათ, იმ ლეიბზე დასტოვეს ცივსა და უდაბურ ტყეში. აკვიატებული აზრით შეპყრობილი ისე გარდაიცვალა თოვლის სქელი და მსუბუქი ბუმბულის ქვეშ, რომ არც ხელი გაუნძრევია დ არც ფეხი. მერე მისი ნეშტი მგლებმა დაგლიჯეს.
საბრალო ქალის დაფლეთილი ლეიბის მატყლით ფრინველებმა ბუდე გაიკეთეს. უბედურების ძვლები თან წამოვიღე და შევინახე და მე ვისურვებდი: ჩვენს შვილებს ომი არასოდეს ენახოს.

ტყვეები


      ტყეში სიჩუმე იყო, მხოლოდ ხეებზე თოვლის ფანტელების დაცემის ხმა ისმოდა. შუადღის აქეთ ბარდნიდა. ხის ტოტები თითქოს თვითონ გაყინული თეთრი ხავსით იფარებოდა. გზებს უზარმაზარი რბილი და თეთრი ნოხი ეფინებოდა.
ტყის მცველის სახლის კარის წინ დაკაპიწებული ახალგაზრდა ქალი ნაჯახით შეშას აპობდა. იგი მაღალი, წერწეტა და ღონიერი იყო. ამ ტყის ქალს მამაცა და ქმარიც ტყის მცველი ჰყავდა. ოთახიდან ხმა მომესმა: - ამაღამ მარტონი ვართ, ბერტინა, შემოვიდა, ვერ ხედავ. დაღამდა! ვინ იცის, ტყეში პრუსიელები და მგლები დაძრწიან.
ბერტინა ცულს ღონივრად იქნევდა და შეშას აპობდა.
- აი, მოვრჩი, დედა, ნუ გეშინია, ჯერ კიდევ არ დაღამებულა.
ბერტინამ დაპობილი შეშა და გუდურა სახლში შეიტანა, ბუხრის წინ დაყარა, მერე დარაბების მისახურად გავიდა. ბოლოს ოთახში შევიდა და კარს მძიმე ურდული გაუყარა.
დედამისი, სახედაღარული მოხუცი, ცეცხლის პირას რთავდა, სიბერემ იგი მშიშარა გახადა.
- არ მიყვარს, მამა რომ შინ არ არის, ორ ქალს ძალა არა აქვს, - თქვა დედამ.
- ეჰ, ერთ მგელს ან პრუსიელს მეც მოვკლავ, - მიუგო ბერტინამ.
და თავლით ანიშნა კერის ზემოთ ჩამოკიდებული დიდი რევოლვერი.
პრუსიელების შემოჭრისთანავე მისი ქმარი ჯარში წაიყვანეს. ორი ქალი მარტო დარჩა ახალგაზრდა ქალის მამასთან, ძველ გვარდიელ ნიკოლა პაშონთან. ნიკოლას მეტსახელად აყლაყუდას ეძახდნენ. ბერიკაცმა სახლის დატოვება და ქალაქში გადასვლა არ ისურვა.
უახლოესი ქალაქი რეტელი იყო, ძველი ციხე-სიმაგრე, კლდეზე გაშენებული, აქ პატრიოტები ცხოვრობდნენ. გადაწყვიტეს, დამპყრობლებისათვის წინააღმდეგობა გაეწიათ. ტრადიციისათვის არ ეღალატათ. ქალაქში ჩაკეტილიყვნენ და ალყის შემორტყმას ისე გამკლავებოდნენ, როგორც ამ სიმაგრეს ჩვეოდა. უკვე ორჯერ ჰანრი IV და ლუი XIV დროს რეტელის მცხოვრებლებმა თავი ისახელეს თავისი ქალაქის გმირული დაცვით. გადაწყვიტეს ახლაც ასე მოქცეულიყვნენ, თუნდაც ამისათვის ციხის კედლები ამოეწვათ. ქალაქელებმა ზარბაზნები და თოფები შეიძინეს. შეადგინეს ლაშქარი და დაყვეს ბატალიონებად და ასეულებად. არმიის მოედანზე ყოველდღე ვარჯიშობდნენ მეფუნთუშეები, ბაყლები, ყასბები, ნოტარიუსები, ვექილები, დურგლები, მეაფთიაქეებიც კი. ვარჯიშობდნენ რიგრიგობით, დანიშნულ საათებში, დრაგუნთა ძველი უნტეროფიცრის, ახლა გალანტერიის ვაჭრის, ბატონი ლავინის მეთაურობით.
მან ციხე-სიმაგრის კომენდატი-მაიორის ხარისხი მიიღო. ახალგაზრდობა ჯარში იყო წასული და ბატონმა ლავინიმ თავის რაზმში ყველა შინ დარჩენილი ჩარიცხა. ისინი საბრძოლველად იწვრთობოდნენ. მსხვილები გასახდომად და სუნთქვის გასაუმჯობესებლად ქუჩებში სხვანაირად არ დადიოდნენ თუ არა ტანსავარჯიშო ნაბიჯით, სუსტები კუნთების სახლამდე გასაძლიერებლად ტვირთს ეზიდებოდნენ.
      პრუსიელებს მოელოდნენ, მაგრამ ისინი არა ჩანდნენ, თუმცა არც ისე შორს იყვნენ. მტრის მზვერავებმა ორჯერ ტყე გამოიარეს და აყლაყუდა ნიკოლა პიშონის სახლამდე მიაღწიეს. ძველი მეტყევე, მელიასავით მკვირცხლი, ქალაქში მივიდა გასაფრთხილებლად. ზარბაზნები გერმანელებისკენ მიმართეს, მაგრამ მტერი არ გამოჩენილა.
აყლაყუდის ბინა აველინის ტყეში ავანპოსტის მაგივრობას სწევდა. პიშონი კვირაში ორჯერ მიდიოდა ქალაქში სანოვაგის მოსატანად და ციხის მცხოვრებლებისათვის სოფლის ამბავი მიჰქონდა. იმ დღეს პიშონი ამბის გადასაცემად წავიდა. სამი დღის წინ გერმანელთა ქვეითი ჯარის ის ნაწილი, დაახლოებით ნაშუადღევის ორ საათზე, ჩემთან გაჩერდა და თითქმის მაშინვე წავიდაო, მეთაური ფრანგულად ლაპარაკობდაო.
გერმანელების წასვლისთანავე მოხუცმა გაცოფებული მგლების შიშით ორი ძაღლი გაიყოლია. შინ ქალები დატოვა და დაუბარა: როგორც კი შეღამდება, სახლში მაგრად ჩაიკეტეთო.
ახალგაზრდა ქალს არაფრის შიში არ ჰქონდა. დედა კი სულ კანკალებდა და იმეორებდა: - ყველაფერი ეს ცუდად გათავდება, ნახავთ, ეს ცუდად გათავდება.
ამ საღამოს უფრო შეწუხებული იყო, ვიდრე სხვა დროს: - რომელ საათზე დაბრუნდება მამა? - ეკითხებოდა ბერტინას?
- ოჰ! უეჭველად, არა უგვიანეს თერთმეტი საათისა. როდესაც კომენდანტთან სადილობს, ყოველთვის გვიან ბრუნდება.
ის-ის იყო ბერტინამ ცეცხლზე წვენის გასაკეთებლად კარდალა შედგა, რომ უცებ გაშეშდა, ყური დაუგდო ხმაურობას, რომელიც ბუხრის მილს მოჰყვებოდა.
- ვიღაც დადის ტყეში. შვიდი თუ რვა კაცი მაინც იქნება, - თქვა ჩურჩულით ბერტინამ.
შეშინებულმა დედამ სართავი შეაჩერა: - ოჰ! ღმერთო ჩემო! მამა კი შინ არ არის!..
სიტყვა არც კი დაუმთავრებია, რომ საშინელმა ბრახუნმა კარი შეარყია. რადგან ქალებმა პასუხი არ გასცეს, ძლიერი და ხორხისმიერი ხმა გაისმა: - კარი გააღეთ!
სიჩუმე ჩამოვარდა. მერე იმავე ხმამ გაიმეორა: - გააღეთ, თორემ კარს შემოვამტვრევ.
მაშინ ბერტინამ ბუხრის ზემოთ ჩამოკიდებული დიდი რევოლვერი კაბის ჯიბეში ჩაიგდო, კარს ყური მიადო და დაიძახა: - ვინა ხართ?
- ჩვენ იმდღევანდელი ჯარის ნაწილი ვართ, -უპასუხეს გარედან, - გზა დაგვებნა.
ახალგაზრდა ქალმა ჰკითხა: - რა გინდათ?
- დილას აქვთ ტყეში ვართ. გააღეთ, თორემ კარს შემოვამტვრევ.
ტყის მცველის ქალს სხვა არჩევანი არა ჰქონდა. ურდული გამოაძრო, მძიმე კარი გამოაღო და თოვლის მკრთალ ჩრდილში დაინახა ექვსი პრუსიელი ჯარისკაცი, სწორედ ისინი, რომლებიც წინაღამეს აქ იყვნენ. ქალმა მტკიცე ხმით ჰკითხა: - რა გნებავთ, ასე გვიან?
უნტეროფიცერმა გაიმეორა: - გზა დაგვებნა, სრულიად დაგვებნა. სახლი ვიცანი, დილას აქეთ არაფერი მიჭამია, ჩვენი ჯარისკაცებიც მშივრებია.
ბერტინამ გამოუცხადა: - მე და დედაჩემი მარტო ვართ.
ჯარისკაცმა უპასუხა: - არა უშავს რა, არა უშავს. არაფერს დაგიშავებთ. ოღონდ გვაჭამეთ. შიმშილისა და დაღლილობისაგან ფეხზე ძლივს ვდგავართ. ტყის მცველის ქალმა უკან დაიხია და უთხრა: - შემოდით.
გერმანელები შემოვიდნენ, დათოვლილნი, დაღლილნი. განაწამები სახე ჰქონდათ.
ახალგაზრდა ქალმა დიდი მაგიდის ორივე გვერდით მიდგმული ხის სკამები უჩვენა.
- დაბრძანდით, წვენს მოგიმზადებთ, თქვენ, მართლაც, დაღლილები ხართ, - უთხრა და კარს ურდული გაუყარა.
კარდალაში წყალი ჩაუმატა, ერბო და კარტოფილი ჩაყარა. ბუხარზე ჩამოკიდებული ღორის ქონი ჩამოიღო, ნახევარი მოსჭრა და მოსახარშად ჩააგდო. გერმანელები დამშეულ თვალებს აყოლებდნენ ქალის ყოველ მოძრაობას ჩაჩქანები და თოფები ერთ კუთხეში დააწყვეს და ჭკვიანად იცდიდნენ, როგორც სკოლაში მერხებზე დამჯდარი ბავშვები.
დედამ რთვა დაიწყო, მაგრამ ყოველ წუთში ჯარისკაცებს უცქეროდა შეშინებული თვალებით. ოთახში მხოლოდ სართავის მსუბუქი ჭრიალი, ცეცხლის ტკაცანი და ცხელი წყლის შიშინი ისმოდა.
უეცრად ყველანი შეკრთნენ. კარის უკან რაღაც ხვრინვის მსგავსი ხმა გაისმა, ნადირის ძლიერი სუნთქვა.
გერმანელი უნტეროფიცერი თოფებისაკენ გადახტა. ტყის მცველის ცოლმა გაიღიმა და ხელის დაქნევით შეაჩერა იგი.
- მგლებია, - უთხრა მან, - თქვენსავით მოშიებულნი დაძრწიან.
გერმანელმა არ დაიჯერა, უნდოდა თვითონ დაენახა. კარი გაიღო და თვალი მოჰკრა ორ დიდ რუხ ნადირს, რომლებიც სწრაფი და გრძელი ნაბიჯით გაიქცნენ.
გერმანელი ბურდღუნით შემობრუნდა.
- ვერ დავიჯერებდი, - თქვა მან და დაჯდა.
ამასობაში ბერტინამ საჭმელიც მოამზადა. პრუსიელები ხარბად დაეწაფნენ სალაფავს. პირს ყურებამდე აღებდნენ, რათა რაც შეიძლება მეტი გადაეყლაპათ. მრგვალ თვალებსა და ყბებს ერთსა და იმავე დროს აღებდნენ. ყელი და წყალსადინარი მილივით ურაკრაკებდათ. მოსწყურდათ, და ტყის მცველის ცოლი სარდაფში ჩავიდა სიდრის ამოსატანად. იქ ცოტა შეაგვიანდა. ეს პატარა თაღიანი სარდაფი იყო, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, რევოლუციის დროს საპატიმროდ და სამალავ ადგილად იყენებდნენ თურმე. შიგ ჩასვლა შეიძლებოდა ხვეული ვიწრო კიბით, რომელიც სამზარეულოს სიღრმეში სარქველით იხურებოდა. როდესაც ბერტინა დაბრუნდა, იცინოდა, თავისთვის იცინოდა თვალთმაქცურად. გერმანელებს სიდრიანი სურა გადასცა.
მერე სამზარეულოს მეორე კუთხეში დედასთან ერთად თვითონაც ივახშმა. ჯარისკაცები რომ დანაყრდნენ, ძილი მოეკიდათ, ექვსივენი ისევ სუფრას უსხდნენ და ყვინთავდნენ. დროგამოშვებით რომელიმეს შუბლი ყრუ ხმაურით მაგიდას დაეცემოდა. ჯარისკაცი მაშინვე იღვიძებდა და სწორდებოდა.
      ბერტინამ უნტეროფიცერს უთხრა: - დაწექით ცეცხლის პირას, ექვსისთვის საკმაო ადგილია. მე და დედაჩემი ჩვენს ოთახში ავალთ.
ქალები ზედა სართულში ავიდნენ. კარი ჩაკეტეს. ცოტა ხანს მათი სიარული ისმოდა. მერე ყოველგვარი ხმაურობა მიწყდა.
გერმანელები იატაკზე გაწვნენ, ცეცხლისაკენ ფეხშიშველნი, თავქვეშ დახვეული მაზარა დაიდეს და მალე ექვსივემ ხვრინვა ამოუშვა, ექვს სხვადასხვა ხმაზე, მკვეთრსა და მჟღერზე, მაგრამ გაგრძელებულსა და საშინელზე. გერმანელები დიდი ხნის ჩაძინებულები იყვნენ, რომ უეცრად სროლა გაისმა, ისეთი ძლიერი, თითქოს სახლის კედლებს ესვრიანო. ჯარისკაცები ფეხზე წამოიჭრნენ. კვლავ ორჯერ გაისმა სროლა, შემდეგ კიდევ სამჯერ. უეცრად ზედა სართულის კარი გაიღო და ტყის მცველის ქალი გამოჩნდა, ფეხშიშველა, პერანგის ამარა, ქვედატანი ეცვა, ხელში შანდალი ეჭირა, შეშინებული იყო.
- ფრანგებია, ორასი მაინც იქნება, - უთხრა გერმანელებს, - აქ რომ გნახონ, სახლს დაგვიწვავენ. სარდაფში ჩადით, არ იხმაუროთ, თორემ, დავიღუპებით. შეშინებულმა უნტეროფიცერმა ჩაიბურდღუნა: - სიამოვნებით, მაგრამ საიდან უნდა ჩავიდეთ? ახალგაზრდა ქალმა ვიწრო და კვადრატული სარქველი ასწია და ექვსი ჯარისკაცი ერთიმეორის მიყოლებით ჩაჰყვა ვიწრო, ხვეულ კიბეს, საფეხურებზე ფეხს ფრთხილად დგამდნენ, რომ არ ჩავარდნილიყვნენ. როდესაც სარდაფში უკანასკნელი ჩაჩქანის წვეტი ჩაიმალა, ბერტინამ დაუშვა მუხის მძიმე ფიცარი, კედელივით სქელი, ფოლადივით მაგარი, რომელიც ანჯამებითა და კლიტით იყო დამაგრებული. ბერტინამ გასაღები ორჯერ გადააბრუნა, მერე სიცილს მოჰყვა, ჩუმსა და აღტაცებულ სიცილს. თავს ძლივს იკავებდა, რომ ტყვეების თავზე არ ეცეკვა.
გერმანელებმა ხმა გატვრინეს. სარდაფში, როგორც მაგარი ქვის ყუთში, ისე იყვნენ ჩაკეტილი. ჰაერი შიგ რკინის ბადიან სარკმლიდან შედიოდა.
ბერტინამ მაშინვე ცეცხლი აანთო, ზედ კარდალა დაადგა, კვლავ წვენის კეთებას შეუდგა, თან ბუტბუტებდა: - მამა ამაღამ დაღლილი მოვა.
ახალგაზრდა ქალი დაჯდა და მამას დაუწყო ლოდინი. სიჩუმეში მხოლოდ კედლის საათის ტაკატუკი ისმოდა. დროგამოშვებით ბერტინა ციფერბლატს უყურებდა, მისი მოუთმენელი მზერა ამბობდა: „რა ნელა მიღოღავს“.
მაგრამ მალე მოეჩვენა, რომ ვიღაც მის ფეხქვეშ ბურდღუნებდა. ბერტინას ყურამდე აგურით აშენებული თაღიდან უწმაწური, გაურკვეველი სიტყვები აღწევდა. გერმანელები ქალს ეშმაკობას მიუხვდნენ და მალე უნტეროფიცერი ვიწრო კიბეს ამოჰყვა, მუშტით სარქველს ბრახუნი დაუწყო და დაიყვირა: - გააღეთ!
ქალი ადგა, მიუახლოვდა და ლაპარაკში გამოაჯავრა დამტვრეული ფრანგულით: - რა გნებავთ?
- გააღეთ!
- არ გავაღებ.
უნტეროფიცერი გაბრაზდა: - გააღეთ, თორემ კარს დავამტვრევ.
ქალს სიცილი აუტყდა.
- დაამტვრიე, ჩემო კეთილო, დაამტვრიე, ჩემო კეთილო!
უნტეროფიცერმა მის თავზე დაკეტილ მუხის სარქველს თოფის კონდახის ცემა დაუწყო, მაგრამ მუხას რას დააკლებდა.
ტყის მცველის ცოლმა გაიგონა, როგორ ჩავიდა უნტეროფიცერი კიბეზე. მერე ძალის საცდელად კარისკაცები მოვიდნენ და საკეტის გატეხას შეეცადნენ.
მაგრამ დარწმუნდნენ, რომ მათი ცდა ამაო იყო. ყველა ისევ სარდაფში ჩაბრუნდა. ერთმანეთს შორის ლაპარაკი განაახლეს.
ახალგაზრდა ქალი უსმენდა, მერე გარეთა კარი გააღო და ღამეს მიაპყრო ყური. შორეული ყეფა მოესმა. ქალმა მონადირესავით სტვენა დაიწყო. თითქმის მაშინვე სიბნელეში ორი უზარმაზარი ძაღლი გამოჩნდა და ქალს ხტუნვით მივარდა. ქალმა ძაღლებს ყელზე ხელი შემოხვია და გააჩერა. მერე მთელი ძალით დაიყვირა: - ეეი, მამა!
ხმამ უპასუხა: - ეეი, ბერტინა!
ტყის მცველის ქალმა კვლავ დაუძახა: - სარკმელთან არ გაიარო. სარდაფში პრუსიელებია. უეცრად მარცხნივ ორ ხეს შუა ადამიანის დიდი სილუეტი აღიმართა. აღტაცებულმა მამამ იკითხა: - სარდაფში პრუსიელებია? რას აკეთებენ აქ? ახალგაზრდა ქალმა სიცილი დაიწყო.
- აქ რომ იყვნენ, ისინია. ტყეში დაბნეულან, სარდაფში ჩავიყვანე გასაგრილებლად.
ქალმა მამას უამბო, როგორ შეაშინა ისინი რევოლვერის გასროლით და სარდაფში როგორ ჩაჰკეტა.
- რა უნდა ვუყოთ მათ ამ ღამეში? - ჰკითხა მოხუცმა შვილს.
ქალმა უპასუხა: - წადი, ბატონი ლავინისა და მისი ასულის მოსაყვანად. გერმანელებს ტყვედ ჩაიგდებს. იგი კმაყოფილი დარჩება.
მოხუცმა პიანშონმა გაიღიმა: - მართალია, ის კმაყოფილი დარჩება.
ქალიშვილმა უთხრა: - წვენი მაქვს შენთვის, ჭამე და მერე წადი.
მოხუცმა ჯერ ძაღლებს დაუდგა ორი სავსე მათლაფა, მერე თვითონ მიუჯდა სუფრას. პრუსიელებმა ლაპარაკს რომ ყური მოჰკრეს, დადუმდნენ. აყლაყუდა თხუთმეტი წუთის შემდეგ წავიდა. ბერტინა კი მამის მოლოდინში თავის ხელებს დაეყრდნო.
      ტყვეები ღელავდნენ. ახლა ისინი ყვიროდნენ, იძახოდნენ განუწყვეტლივ, გიჟურად, სარკმელს კონდახს ურტყამდნენ. სარკმლიდან თოფის სროლა დაიწყეს, ალბათ, იმ იმედით, იქნებ გერმანელთა ჯარის რომელიმე მახლობლად ჩავლილ ნაწილს გავაგონოთო.
ტყის მცველის ქალი აღარ იძვროდა, მაგრამ ეს ხმაურობა ანერვიულებდა, აბრაზებდა. მასში ბოროტი რისხვა იღვიძებდა. უნდოდა ამოეჟლიტა ეს არამზადები, რათა დადუმებულიყვნენ. მისი მოუსვენრობა თანდათან ძლიერდებოდა, კედლის საათს უცქეროდა, წუთებს ითვლიდა. მამის წასვლის შემდეგ საათ-ნახევარი გავიდა. ახლა, ალბათ, მამა ქალაქში შედიოდა. თითქოს ქალი ხედავდა მას. ამბავს უყვებოდა ბატონ ლავინის, რომელიც აღელვებისგან ფითრდებოდა და მოსამსახურე ქალს ზარს ურეკავდა, ფორმის ტანისამოსი და იარაღი მომიტანეო. ბერტინას თითქოს ესმოდა, როგორ დარბოდა ქუჩაში მედოლე. შეშინებული თავები ფანჯარაში ჩნდებოდნენ. კარისკაცნი-მოქალაქენი სახლიდან გამოდიოდნენ თითქმის ტანჩაუცმელნი, აქლოშინებულნი, ქამარს ირტყამდნენ და კომენდატის სახლისკენ მიეშურებოდნენ.
მერე რაზმი თოვლიან ღამეში გზას გაუდგა ტყისკენ, აყლაყუდა წინ მიუძღვოდა. ბერტინა კედლის საათს უცქეროდა. „ისინი აქ ერთ საათში მოვლენ“. ნერვიულმა მოუთმენლობამ შეიპყრო. წუთი დაუსრულებლად ეჩვენებოდა. რა ხანგრძლივი იყო! ბოლოს ისარმა ბერტინას მიერ დანიშნული დრო აღნიშნა. ახალგაზრდა ქალმა ისევ გააღო, კარი რათა გაეგო მოდიოდნენ თუ არა. თოვლზე ფრთხილად მოძრავი ჩრდილი დაინახა. შეეშინდა და იკივლა. ეს მამა იყო. აყლაყუდამ შვილს უთხრა: - გამომგზავნეს ისევ გასაგებად, ხომ არაფერი შეცვლილაო.
- არა, არაფერი. მაშინ მამამ სიბნელეში გაბმით და ხმამაღლა დაუსტვინა. მალე რაღაც ყავისფერი გამოჩნდა, რომელიც ხეების ქვეშ ნელა მოდიოდა.
ეს ათი კაცისგან შემდგარი ავანგარდი იყო.
აყლაყუდა ყოველ წამს იმეორებდა: - სარკმელთან არ გაიაროთ.
პირველად მისულნი ახალმოსულებს საშიშარ სარკმელს უჩვენებდნენ.
ბოლოს რაზმის უმთავრესი ნაწილიც გამოჩნდა, სულ ორასი კაცი იყო, თითოეულ მათგანს ორასი ვაზნა ჰქონდა. აღელვებულმა, აკანკალებულმა ლავინიმ ისე განალაგა ჯარისკაცები, რომ სახლისთვის ალყა შემოერტყა. დაუკავებელი დასტოვა მხოლოდ ფართო ადგილი პატარა შავი ხვრელის წინ, მიწის პირას, საიდანაც სარდაფში ჰაერი ჩადიოდა.
მერე სახლში შევიდა მტრის ძალისა და განლაგების გამოსარკვევად. გერმანელები დუმდნენ, თითქოს გამქრალან, დაკარგულან, სარკმლიდან ამოფრენილანო.
ბატონმა ლავინიმ სარქველს ფეხი დაჰკრა და დაიძახა: - ბატონო პრუსიელო ოფიცერო! გერმანელმა არაფერი უპასუხა.
- ბატონო პრუსიელო ოფიცერო!
კვლავ არ გასცეს პასუხი. ოცი წუთის განმავლობაში ის ოფიცერს მიმართავდა, იარაღით და აღალით ჩამბარდიო, მას და ჯარისკაცებს სიცოცხლის შენარჩუნებას და სამხედრო ღირსების დაცვას აღუთქვამდა. მაგრამ არც მტრობასა და არც თანხმობის არავითარი ნიშანი არ იყო. მდგომარეობა რთულდებოდა. ჯარისკაცნი-მოქალაქენი თოვლში ფეხებს აბაკუნებდნენ, ბეჭებზე ერთმანეთს ხელს უბათქუნებდნენ, როგორც გასათბობად მეეტლეებმა იციან ხოლმე. სარკმელს უცქეროდნენ და ბავშვური სურვილი იპყრობდათ - გაევლოთ სარკმლის წინ. ბოლოს ერთმა მათგანმა, პოტდევენმა, რომელიც ძალიან მარდი იყო, გაბედა, გამოექანა და ქურციკივით გაირბინა სარკმლის წინ. ცდამ მშვიდობით ჩაიარა. ტყვეები თითქოს მოკვდნენო, ხმას არ იღებდნენ.
ვიღაცამ დაიძახა: - იქ არავინაა!
და მეორე ჯარისკაცმაც გაირბინა თავისუფალი ადგილი სახიფათო ხვრელის წინ. ამას რაღაც თამაშობის მსგავსი მოჰყვა. ყოველ წუთში ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფისაკენ რომელიმე ჯარისკაცი გაიჭრებოდა, თითქოს ბავშვები ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიანო.
ერთმა ჯარისკაცმა წამოიძახა: - შენი ჯერია, მალუაზონ.
მალუაზონი მეფუნთუშე იყო, გაბეყილი. ამხანაგები სულ ერთთავად დასცინოდნენ მის დიდ ღიპს. მალუაზონი ყოყმანობდა. გაისმა დამცინავი ფრუტუნი. მაშინ მეფუნთუშემ გადაწყვიტა და გაძუნძულდა პატარა, მოკლე ნაბიჯით, თან ქლოშინებდა. დიდი ღიპი ერწეოდა. მთელი რაზმი სიცილისგან იცრემლებოდა. მეფუნთუშეს გასამხნევებლად შესძახოდნენ: - ყოჩაღ, ყოჩაღ, მალუაზონ!
დაახლოებით გზის ორი მესამედი თუ იქნებოდა გარბენილი, რომ სარკმლიდან გრძელი და წითელი ალი ამოვარდა. გაისმა სროლა და მსუქანი მეფუნთუშე თოვლში ცხვირით დაეცა და საზარლად დაიყვირა.
დასახმარებლად მასთან ვერავინ მიირბინა, მაშინ თოვლში ფორთხვით წამოვიდა, თან კვნესოდა. საშიშ ადგილს თავი რომ დააღწია, გული წაუვიდა. ტყვია დუნდულაში მოხვედროდა.
პირველი გაოცებისა და შიშის შემდეგ ხელახლა სიცილი აუტყდათ.
ამ დროს ზღურბლზე კომენდატი გამოჩნდა. ის-ის იყო იერიშის გეგმა შეედგინა.
- მეთუთიე პლანშიუ და მისი მუშები! - დაიძახა ხმამაღლა.
სამი კაცი მიუახლოვდა.
- მოაძრეთ სახლს წყალსადენის მილები.
თხუთმეტ წუთში კომენდატს ოცმეტრიანი წყალსადენის მილი მოუტანეს.
დიდი სიფრთხილით სარქველის კიდეში ერთი პატარა მრგვალი ნახვრეტი გააკეთებინა. ტუმბოთი იგი ჭას შეუერთა და გახარებულმა თქვა: - ბატონ გერმანელებს წყალს მივართმევთ სასმელად.
ფრანგები სიხარულით ღმუოდნენ, თავდავიწყებით ხარხარებდნენ. კომენდატმა მოაწყო მუშათა ოცეულები, რომლებიც ყოველ ხუთ წუთში ეცვლებოდნენ.
- დატუმბეთ! - ბრძანა კომენდატმა.
ოწინარი აამოძრავეს თუ არა, მილების სიგრძეზე ხმაურობა გაისმა და მალე სარდაფში საფეხურიდან საფეხურზე ჩხრიალით ჩაეშვა წყალი.
უცდიდნენ, რა მოხდებოდა.
ერთი საათი გავიდა. მეორე, მერე მესამე, კომენდატი სამზარეულოში ბოთლს სცემდა, დროგამოშვებით იატაკს ყურს უგდებდა, მტერი რას შვრებოდა, მალე დაყრიდა იარაღს თუ არა.ამოძრავდნენ გერმანელები. სარდაფიდან კასრების გორება, ლაპარაკი, წყლის ტყლაშუნი ისმოდა. დაახლოებით დილის რვა საათზე სარკმლიდან დაიძახეს: - მინდა ბატონ ფრანგ ოფიცერს ველაპარაკო.
ლავინიმ უპასუხა სარკმლიდან, ისე რომ თავი ახლოს არ მიუტანია: - გვნებდებით?
- გნებდებით.
- მაშინ ჯერ თოფები ამოყარეთ.
მაშინვე სარკმლიდან ჯერ ერთი თოფი გამოაგდეს თოვლზე, მერე მეორე, მესამე და ყველა... შემდეგ იმავე ხმამ დაიძახა: - მეტი აღარ გვაქვს. იჩქარეთ... დავიხრჩვი...
კომენდანტმა ბრძანება გასცა: - შეწყვიტეთ!
ტუმბოს ოწინარი უძრავად დაეცა. სამზარეულო გაივსო ჯარისკაცებით. თოფი ფეხთან ჰქონდათ დაშვებული და ასე ელოდნენ, მაშინ კომენდატმა ნელა ასწია მუხის სარქველი.
ჯერ ოთხი თავი გამოჩნდა, დასველებული, ოთხი ქერა თავი, ფერდაკარგული, გრძელთმიანი. მერე ექვსივე გერმანელით ზემოთ ამოვიდა, გაწუწული, სიცივისაგან აკანკალებული, შეშინებული.
რეტელში ტრიუმფალურად შევიდნენ.
პრუსიელთა ავანგარდის ტყვედ ჩაგდებისათვის ბატონი ლავინი ორდენით იქნა დაჯილდოვებული, ხოლო სქელი მეფუნთუშე სამხედრო მედლით ბრძოლაში მიღებული ჭრილობისათვის.

ორი მეგობარი


      პარიზი ალყაშემორტყმული, დამშეული და სულთმობრძავი იყო. ბეღურებს სახურავზე იშვიათად თუ დაინახავდით. თაგვების ხმაურობაც აღარ ისმოდა. მცხოვრებლები ყველაფერს ჭამდნენ, რასაც მოახელებდნენ.
ერთხელ, იანვრის მზიან დილას. განაპირა ბულვარში ბატონი მორისო მოწყენილად დასეირნობდა. მშიერს ფორმის ტანისამოსის შარვლის ჯიბეში ხელები ჩაეწყო. ის ხელობით მესაათე იყო, მაგრამ ომის გამო სამუშაო არ ჰქონდა. უეცრად თანამებრძოლს გადაეყარა, რომელიც მისი მეგობარი აღმოჩნდა, ბატონი სოვაჟი. მათ ერთმანეთი მდინარის ნაპირას გაიცნეს. ომამდე ბატონი მორისო ყოველ კვირას რიჟრაჟზე გზას გაუდგებოდა ხოლმე, ხელში ბამბუკის ჯოხი ეჭირა, ზურგზე თუნუქის კოლოფი ჰქონდა მოკიდებული. არჟანტეილიდან კოლომბში მატარებლით ჩავიდოდა. მერე ფეხით მარანტის კუნძულზე გავიდოდა, როგორც კი ამ თვის საოცნებო ადგილს მიაღწევდა, თევზაობას შეუდგებოდა და შუაღამემდე თევზაობდა. ყოველ კვირას იქ ხვდებოდა ერთი პატარა კაცი. სქელი და მხიარული, ბატონი სოვაჟი, საგალანტერიო მაღაზიის პატრონი, ნორტ-დამ-დელორეტის ქუჩაზე მცხოვრები, მასავით ფანატიკური მეთევზე. ისინი ხშირად ნახევარ დღეს ერთად ატარებდნენ, ხელში ანკესი ეჭირათ და ფეხები მდინარეზე გადაეშვათ. ასე დამეგობრდნენ.
ზოგჯერ მთელ დღეს ერთმანეთს სიტყვას არ ეტყოდნენ, ზოგჯერ კი ტკბილად საუბრობდნენ. მაგრამ სიტყვის უთქმელად ერთმანეთს ძალიან ეწყობოდნენ. ერთნაირი გემოვნება და განცდები ჰქონდათ.
გაზაფხულზე, დილას, დაახლოებით ათ საათზე, როდესაც ბრწყინვალე მზე მდინარის წყნარ დენას გამოყოლილ პატარა ანაორთქლს არხევდა და ამ გატაცებული მეთევზეების ზურგს თბილ სხივებს აფრქვევდა. მორისო ხანდახან თავის მეზობელს ეტყოდა: - ეჰ! რა ნეტარებაა! და ბატონი სოვაჟი უპასუხებდა: - ამაზე უკეთესი არაფერი ვიცი.
ეს საკმარისი იყო ერთმანეთის პატივსაცემად და გასაგებად.
შემოდგომაზე, დღის ბოლოს, როდესაც ჩამავალი მზე ცას სისხლისფრად შეღებავდა, ალისფერი ღრუბლების ჩრდილებს წყალზე გაშლიდა, მდინარეს გააწითლებდა, ჰორიზონტს ცეცხლს მოუკიდებდა, მეგობრებს თავის სხივებში გახვევდა და უკვე შეყვითლებულ, ზამთრის სიცივისაგან ათრთოლებული ხეებს მოავარაყებდა, ბატონი სოვაჟი მორისოს ღიმილით შეხედავდა და ეტყოდა: - რა სანახაობაა!
- აქ ხომ ბულვარზე უკეთესია? - უპასუხებდა აღტაცებული მორისო და თან ტივტივას თვალს არ აშორებდა.
ძველმა ნაცნობებმა ერთმანეთს ხელი ენერგიულად ჩამოართვეს. ამჯერად სულ სხვანაირ მდგომარეობაში შეხვდნენ ერთიმეორეს მეგობრები და ამიტომ აღელდნენ ასე. ბატონმა სოვაჟმა ამოიოხრა და ჩაილუღლუღა: - აი, რა ამბები ხდება!
მეტად დაღონებულმა მორისომ ამოიკვნესა: - რა მშვენიერი ამინდია, წელს პირველადაა ასეთი უღრუბლო დღე. მართლაც, მზის სხივებით განათებული ცა ლურჯი იყო.
ოცნებაში გართული მოწყენილი მეგობრები გზას გაუდგნენ.
მორისომ განაგრძო: - გახსოვს თევზაობა? რა მშვენიერი მოსაგონარია.
ბატონმა სოვაჟმა ჰკითხა: - კვლავ როდის ვითევზავებთ?
ისინი პატარა ყავახანაში შევიდნენ და აბსენტი გადაჰკრეს. მერე ისევ ქუჩაში გავიდნენ. მორისო უეცრად შედგა.
- მეორე ჭიქა ხომ არ გადავკრათ?
ბატონი სოვაჟი დაეთანხმა: - თქვენი ნება იყოს.
და მეორე მიკიტანთან შეუხვიეს. გამოსვლისას ძალიან გაბრუებული, გონებადაბინდულნი იყვნენ, რაკი მაგარი სასმელი ცარიელ კუჭზე გადაჰკრეს. თბილოდა. მოალერსე ნიავი სახეში უღიტინებდათ: თბილი ჰაერისაგან საბოლოოდ დამთვრალი. ბატონი სოვაჟი, შედგა და თქვა: - იქ რომ წავსულიყავით?
- სად?
- სად და სათევზაოდ.
- სად უნდა წავსულიყავით?
- ჩვენს კუნძულზე. ფრანგთა ავანპოსტები კოლომბთანაა? პოლკოვნიკიც დიუმელენს კარგად ვიცნობ. ჩვენს ადვილად გაგვიშვებენ.
მორისო სურვილისაგან აცახცახდა.
- თანახმა ვარ, წავიდეთ. - და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რათა სათევზაო მოწყობილობა მოეტანათ.
ერთი საათის შემდეგ მეგობრები დიდ შარაგზას მიჰყვებოდნენ. იმ აგარაკს მიაღწიეს, სადაც პოლკოვნიკი ცხოვრობდა. მათ თხოვნამ პოლკოვნიკს ღიმილი მოჰგვარა, ამ ორი მეგობრის ახირებას წინ არ აღუდგა, საშვი მისცა და მეთევზეებმაც გზა განაგრძეს.
მალე ავანპოსტები გაიარეს, მიტოვებული კოლომბი გადაჭრეს, პატარა ვენახებს მიადგნენ, რომელნიც სენაკისაკენ ეშვებოდნენ. დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა.
მათ პირდაპირ სოფელი არჟანტეილი მოჩანდა. იგი თითქოს ჩამკვდარიყო. ორჟემონისა და სანუას სიმაღლენი მთელ არემარეს დასცქეროდნენ. დიდი ველი, რომელიც ნანტერამდე აღწევს, ცარიელი იყო, სულ ცარიელი, გარშემო მხოლოდ ალუბლის გატიტვლებული ხეები და რუხი მიწა მოჩანდა.
ბატონმა სოვაჟმა მწვერვალებისაკენ ხელი გაიშვირა და ჩაილუღლუღა: - პრუსიელები იქ არიან. ამ უდაბური მხარის დანახვამ ეს ორი მეგობარი გააშეშა. „პრუსიელები!“ მართალია, ისინი არასოდეს დაუნახავთ, მაგრამ ყოველნაირად იგრძნობოდა, რომ პარიზის გარშემო იყვნენ: საფრანგეთის ანადგურებდნენ, ძარცვავდნენ, ჟლეტდნენ, ფრანგებს თავს მოახვიეს შიმშილი. პრუსიელები ყოვლისშემძლე და უხილავი იყვნენ. სიძულვილს, რომელიც მეგობრებს ამ უცნობი გამარჯვებული ხალხის მიმართ ჰქონდათ, რაღაც ცრუმორწმუნეობრივი შიში ერთვოდა.
- ჰა, ჩვენ რომ მათ შევეჩეხოთ? - ჩაილუღლუღა მორისომ.
ბატონმა სოვაჟმა იმ პარიზელი დამცინავი კილოთი, რომელიც ყოველ მდგომარეობაში იჩენს თავს, უპასუხა: - ჩვენ მათ შემწვარ თევზს მივართმევთ. გარშემო ისეთი შიშისმგვრელი მდუმარება გამეფებულიყო, რომ მეგობრები ყოყმანობდნენ, შესულიყვნენ სოფელში თუ არა, ბოლოს ბატონმა სოვაჟმა გადაწყვიტა: - გზას გავუდგეთ, მაგრამ ფრთხილად. - და ვენახში შევიდნენ, წელში მოხრილი. ბუჩქებს აფარებდნენ თავს თვალებდაჭყეტილნი, სმენად ქცეულნი.
მდინარის ნაპირამდე მოტიტვლებული მიწის ნაკვეთი დარჩათ გადასარბენი. გაიქცნენ და, როგორც კი მაღალ ციცაბო ნაპირს მიაღწიეს, გამხმარ ლერწმებში ჩაიმალნენ.
მორისომ მიწას ყური დაადო, რათა გაეგო გარშემო ვინმე ხომ არ დადისო. არაფერი ისმოდა. მარტო იყვნენ, სრულიად მარტო. ბოლოს დამშვიდნენ და თევზაობა დაიწყეს.
მეთევზეების პირდაპირ მარანტის უდაბური კუნძული იყო, რომელიც მათ ფარავდა, მეორე ციცაბო ნაპირიდან ვერავინ დაინახავდა. რესტორანი დაკეტილი იყო, მრავალი წლის მიტოვებულს ჰგავდა. თევზი პირველად ბატონმა სოვაჟმა დაიჭირა, მეორე მორისომ. მეგობრები დროგამოშვებით ამოაგდებდნენ პატარა ვერცხლისფერ თევზს, რომელიც ძაფის ბოლოში თრთოდა: ჭეშმარიტად საუცხოო თევზაობა იყო.
ისინი თევზებს ფრთხილად ჩაუშვებდნენ ხოლმე ვიწროთვლებიან ბადეში, რომელიც მდინარეში იყო ჩაშვებული. იშვიათ სიხარულს გრძნობდნენ, იმ სიხარულს, რომელსაც ადამიანი ეძლევა, როდესაც დიდხანს მოკლებულ, საყვარელ სიამოვნებას ხელახლა განიცდის. ცხრათვალა მზე მათ ბეჭებზე სითბოს აფრქვევდა. არაფერს უსმენდნენ, არაფერზე ფიქრობდნენ. სხვა ქვეყანა მათთვის აღარ არსებობდა. ისინი თევზაობდნენ.
მაგრამ უეცრად ყრუ ხმაურობამ, რომელიც თითქოს მიწისქვეშ ისმოდა, ნიადაგი შეარყია. ზარბაზნის სროლა დაიწყო. მორისომ თავი მიიბრუნა და მაღალ ციცაბო ნაპირზე, მარცხნივ, მთა ვალერიენის დიდი სილუეტი შენიშნა: თეთრი ქოჩორი ჰქონდა, ახლახან ამოვარდნილი დენთის ბოლი. და სიმაგრის მწვერვალიდან მაშინვე ბოლის მეორე ნაკადი წამოვიდა. რამდენიმე წამის შემდეგ სროლის ახალი გრგვინვა გაისმა.
სროლას სროლა მოსდევდა, ყოველ წუთში მთა ისროდა სიკვდილის სუნთქვას და რძისფერ ბოლს ანთხევდა, რომელიც მშვიდ ცაში ნელა იწვევდა და მთის თავზე ღრუბლად ადგებოდა. ბატონმა სოვაჟმა მხრები აიჩეჩა და თქვა: - აი ხელახლა იწყებენ.
მორისომ, რომელიც აღელვებით უცქეროდა, როგორ ეშვებოდა ზედიზედ წყალში მისი ტივტივას ფრთა, უეცრად ამ გაცოფებულ მებრძოლთა წინააღმდეგ მშვიდობიანი ადამიანის სიბრაზით აივსო და ჩაიბურდღუნა: - კაცი სულელი უნდა იყოს, თავი რომ ასე მოაკვლევინოს. ბატონმა სოვაჟმა განაგრძო: - ადამიანი მხეცზე უარესია.
მორისომ, რომელმაც ის-ის იყო თევზი დაიჭირა, განაცხადა: - უნდა ითქვას, რომ სულ ასე იქნება, სანამ მთავრობები იარსებებენ.
ბატონმა სოვაჟმა შეაჩერა: - რესპუბლიკა ომს არ გამოაცხადებდა.
მორისომ სიტყვა ჩამოართვა: - მეფეების დროს სხვებს ეომებიან, რესპუბლიკის დროს კი თავისიანებს ებრძვიან.
კამათი დაიწყეს, დიდ პოლიტიკურ პრობლემებს წყვეტდნენ მშვიდი და გონებაშეზღუდული ადამიანების საღი მოსაზრებით. ერთ რამეში შეთანხმდნენ: ადამიანი თავისუფალი არასოდეს იქნებაო. მთა ვალერიენი კი მოუსვენრად გრუხუნებდა, ყუმბარები ფრანგების სახლებს ანადგურებდა, სიცოცხლეს სპობდა, სულდგმულს სრესდა, მიღწეულ სიხარულს, მოსალოდნელ ბედნიერებას ბოლოს უღებდა. ეს ყუმბარები იქ, დაბლა, სხვა ქვეყნებშიც, დაუსრულებელ ტანჯვას ნერგავდა ცოლების, ქალიშვილებისა და დედების გულში.
- ეს არის სიცოცხლე, - განაცხადა ბატონმა სოვაჟმა.
- უფრო სწორი იქნება რომ თქვა, ეს არის სიკვდილი-თქო, - უპასუხა სიცილით მორისომ.
მაგრამ უცებ ისინი შიშმა აიტანა: იგრძნეს, რომ მათ ზურგს უკან ვიღაცამ ჩაიარა. მიიხედეს და შენიშნეს, მათ გვერდით ოთხი ჯარისკაცი იდგა, ოთხივე შეიარაღებული და წვერმოშვებული, შინამოსამსახურესავით ლივრეში გამოწყობილი; თავზე ბრტყელი ჩიხაქუდი ეხურათ. მეთევზეებს თოფს უმიზნებდნენ.
მეგობრებს ანკესები ხელიდან გაუვარდა და ის მდინარის დენამ გაიტაცა.
მეთევზეები იმ წუთშივე დაიჭირეს, გაბაწრეს, წაათრიეს, ნავში ჩააგდეს და კუნძულზე გადმოიყვანეს.
და იმ სახლს უკან, რომელიც მიტოვებული ეგონათ, ოცამდე გერმანელი ჯარისკაცი დაინახეს. ვიღაც ბალნიანმა გოლიათმა, რომელიც სკამზე ცხენოსანივით გადამჯდარიყო და ჩიბუხს აბოლებდა, ჰკითხა მათ მშვენიერ ფრანგულ ენაზე: - მაშ, ბატონებო, კარგად ითევზავეთ?
მაშინ ერთმა ჯარისკაცმა ოფიცერს ფეხთან დაუდო თევზებით სავსე ბადე, რომლის წამოღებაც არ დავიწყებოდათ. პრუსიელმა გაიღიმა.
- ეჰ, ეჰ! კარგი თევზაობა გცოდნიათ, მაგრამ აქ სხვა საქმეა. ყური დამიგდეთ და არ შეშინდეთ. თქვენ ჩემთვის ორი ჯაშუში ხართ, ჩემს სათვალთვალოდ გამოგზავნილი. მე კი გიჭერთ და გხვრეტთ. ვითომდა თევზაობდით, რათა თქვენი განზრახვები უკეთ დაგეფარათ. ხელში ჩამივარდით, მით უარესი თქვენთვის. ეს ომია, მაგრამ თქვენ ხომ ავანპოსტები გამოიარეთ? აუცილებლად პაროლიც გაქვთ უკან დასაბრუნებლად. მითხარით და გაპატიებთ.
გვერდი-გვერდ მდგომი, ნერვიულად ათრთოლებული, ხელებაკანკალებული ორი მეგობარი სდუმდა. ოფიცერმა განაგრძო: - ამას ვერავინ გაიგებს. მშვიდობიანად უკან დაბრუნდებით. საიდუმლო თქვენთან ერთად გაქრება. თუ უარს იტყვით, დაუყოვნებლივ სიკვდილი მოგელით. ამოირჩიეთ!
მეგობრები უძრავად იდგნენ, ენაჩაგდებულნი. პრუსიელმა ხელი მდინარისაკენ გაიშვირა და ისე მშვიდად განაგრძო: - დაფიქრდით, ხუთ წუთში ამ წყლის ფსკერზე იქნებით. ხუთ წუთში! თქვენ ნათესავები გეყოლებათ. მთა ვალერიენს გრგვინვა არ შეუწყვეტია.
მეთევზეები ისევ ფეხზე იდგნენ მდუმარედ. გერმანელმა თავის ენაზე ბრძანება გასცა. მერე სკამი გადადგა, რათა ტყვეებთან უფრო ახლოს არ ყოფილიყო. თორმეტი ჯარისკაცი მოვიდა. ისინი ოც ნაბიჯზე დაირაზმნენ, თოფი ფეხთან ჰქონდათ დაშვებული.
ოფიცერმა ტყვეებს კვლავ მიმართა: - ერთ წუთს გაძლევთ, მეტს არა, ერთ წამსაც კი არა. მერე უეცრად წამოიჭრა, ფრანგებს მიუახლოვდა, მორისოს მკლავში ხელი გამოსდო, განზე გაიყვანა, ჩუმად უთხრა: - მალე, პაროლი! თქვენი ამხანაგი ვერ გაიგებს. ისეთ გამომეტყველებას მივიღებ, თითქოს გული მომილბა. მორისომ არაფერი უპასუხა.
მაშინ პრუსიელმა ბატონი სოვაჟი გაიხმო განზე და იგივე გაუმეორა.
ბატონმა სოვაჟმა არაფერი უპასუხა. მეთევზეები ისევ ერთად იდგნენ.
ოფიცერმა ბრძანების გაცემა დაიწყო. ჯარისკაცებმა თოფები ასწიეს.
მაშინ შემთხვევით მორისომ იქვე, ბალახზე დაგდებულ თევზებით სავსე ბადეს დახედა. ჯერ კიდევ მთრთოლვარე თევზების გროვა მზის სხივებზე ბრწყინავდა. მორისო სისუსტემ შეიპყრო, თუმცა თავს იკავებდა, თვალები მაინც ცრემლით აევსო.
მან ჩაილუღლუღა: - მშვიდობით, ბატონი სოვაჟ.
ბატონმა სოვაჟმა უპასუხა: - მშვიდობით, ბატონი მორისო.
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მთელი ტანით ცახცახებდნენ.
ოფიცერმა დაიძახა: ცეცხლი! ბატონი სოვაჟი მოცელილივით წაიქცა და ცხვირით დაემხო. მორისო გადაიზნიქა, ციბრუტივით შეტრიალდა და ამხანაგს გარდიგარდმო დაეცა, პირაღმა, მკერდზე გახეული ტანსაცმლიდან კი სისხლის ბუშტებმა გაჟონა.
გერმანელმა ახალი ბრძანება გასცა.
ჯარისკაცები გაიფანტნენ. მერე დაბრუნდნენ თოკებით და ქვებით, ქვები მკვდრებს ფეხზე მიაბეს და გვამები მდინარეში ნაპირისკენ წაიღეს.
ბოლით დაბურულ ვალერიენის მთას გუგუნი არ შეუწყვეტია.
ორმა ჯარისკაცმა მორისო ასწია. ერთმა თავში წაავლო ხელი, მეორემ ფეხებში, სხვებმა ბატონი სოვაჟიც ასეთნაირად აიღეს. ერთ წამს გვამები ძლიერად გააქან-გამოაქანეს და შორს გადაისროლეს. გვამებმა რკალი მოხაზეს, მერე მდინარეში ჩაეშვნენ, ფეხზე დამდგარნი; ქვებმა ჯერ ფეხები ჩაითრიეს. წყალი აქაფდა. აჩუხჩუხდა, ათრთოლდა, მერე დამშვიდდა, აშლილმა პატარა ტალღებმა ნაპირს მიაღწია.
წყლის ზედაპირს სისხლი მოედო.
- ახლა თევზები გაიხარებენ, - თქვა მშვიდად ოფიცერმა.
შემდეგ სახლისკენ გაეშურა.
უეცრად ბალახზე თევზებიანი ბადე შენიშნა, აიღო, გასინჯა, გაიღიმა. შემდეგ დაიძახა: - ვილჰელმ!
ერთმა თეთრწინსაფრიანმა ჯარისკაცმა მიირბინა. პრუსიელმა ორი დახვრეტილის დანაჭერი თევზები გადაუგდო და უბრძანა: - ახლავე შემიწვით ეს თევზები, სანამ ცოცხლებია. მშვენიერი რამ იქნება.
და ისევ ჩიბუხი გააბოლა.

პოლკოვნიკის აზრები


       უნდა გამოვტყდე, - თქვა პოლკოვნიკმა ლაპორტმა, - თუმცა მოხუცი ვარ, ნიკრისის ქარი მაწუხებს და ფეხები ბარიერის სვეტივით მაქვს გაშეშებული, მაგრამ თუ ქალი, ცხადია, ლამაზი ქალი, მიბრძანებს, ნემსის ყუნწში გაძვერიო, ვფიქრობ, შიგ ისე გავხტები, როგორც ჯამბაზი რგოლში. ასე მოვკვდები, ეს ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი. მე ქალების მუდმივი მიჯნური ვარ, ძველი სკოლისა. ქალის დანახვა, ლამაზი ქალისა, ფეხის თითებამდე ამათრთოლებს ხოლმე, ასეა.
ბატონებო, ჩვენ ფრანგები, ყველანი, ცოტად თუ ბევრად, ერთმანეთს ვგავართ. რაც უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც რაინდები ვართ, სიყვარულის და აზარტის რაინდები, თუმცა ღმერთი, რომლის ქეშიკები ჩვენ ჭეშმარიტად ვიყავით, გააუქმეს.
თქვენ იცით, ქალს ჩვენი გულიდან ვერავინ ამოაგდებს. ის იქაა და იქვე რჩება, გვიყვარს და გვეყვარება. ქალისათვის ყოველგვარ სიგიჟეს ჩავიდენთ, სანამ საფრანგეთი ევროპის რუკაზე იქნება. ხოლო თუ საფრანგეთს გააქრობენ, ჩვენ მაშინაც კი ფრანგებად დავრჩებით.
ქალის წინაშე, ლამაზი ქალის წინაშე, თავს ყოვლისშემძლედ ვგრძნობ. დალახვროს ღმერთმა! როდესაც ჩემს არსებაში ქალის შემოხედვა იჭრება, წყეული შემოხედვა და ძარღვებს ცეცხლად ედება, სურვილი მიპყრობს, არ ვიცი რა სურვილი, ვიბრძოლო, ვიომო, ავეჯი დავლეწო, დავანახვო, რომ ყველაზე ძლიერი, პატიოსანი, გულადი და ერთგული ვარ.
მაგრამ მარტო მე არა ვარ ასეთი. მთელი ფრანგების ჯარი მე მგავს. ჩვენ, უბრალო ქვეითი ჯარისკაცი თუ გენერალი, ყველას წინ ვუსწრებთ, არასოდეს ჩამოვრჩებით, თუ საქმე ქალს, ცხადია, ლამაზ ქალს ეხება. გაიხსენეთ, ოდესღაც ჟანა დარკმა გმირობა ჩაგვადენინა. მერწმუნეთ, სანაძლეოს ვდებ, სედანის წინადღეს, როდესაც მარშალი მაკ-მაჰონი დაიჭრა, ჯარის მთავარსარდლობა რომ ქალს, ლამაზ ქალს ეკისრა. ჩვენ პრუსიელთა ხაზებს გადავთელავდით და არაყს მათ ზარბაზნებთან გადავკრავდით.
პარიზისათვის ტროშიუ კი არ იყო საჭირო, არამედ წმინდა ჟენევიევა.
მაგონდება ომის ერთი ეპიზოდი, სწორედ იმის დამამტკიცებელი, რომ, როცა ქალი გვიცქერს, ყოვლისშემძლე ვართ.
მაშინ კაპიტანი ვიყავი, უბრალო კაპიტანი და ვმეთაურობდი მზვერავთა ნაწილს, რომელიც პრუსიელების მიერ დაკავებულ მიდამოებში მოქცეული, ბრძოლით იხევდა უკან. მტერი არ გვასვენებდა, ჩვენ ალყაშემორტყმული, დაქანცული, გაოგნებულები ვიყავით, სისუსტისა და შიმშილისაგან სული გვხვდებოდა.
გათენებამდე ბარ-სიურ-ტენამდე უნდა მიგვეღწია, თორემ ცეცხლს წაგვიკიდებდნენ, ამოგვხოცავდნენ, ამოგვჟლეტდნენ. აქამდე როგორ გადავრჩით? არაფერი ვიცი. ღამის განმავლობაში მშივრებს თორმეტი ლიე უნდა გაგვევლო, თორმეტი ლიე თოვლში და თოვლის ქვეშ. „გათავდა, ვერასოდეს ჩემი საბრალო ბიჭები სამშვიდობოს ვერ გავლენ“, - ვფიქრობდი მე. ერთი დღეა პირში ლუკმა არ ჩაუდვიათ. კარიპანში ვიყავით დამალული, რომ არ გავყინულიყავით, ერთმანეთს ვეკვროდით. არც ლაპარაკი, არც მოძრაობა აღარ შეგვეძლო, ჩაძინებისთანავე გვეღვიძებოდა, როგორც ეს მოქანცულ ადამიანებს მოსდით ხოლმე. ხუთ საათზე უკვე დაღამდა. თოვლის გამო მკრთალი ღამე იყო. ჩემს ჯარისკაცებს ვანჯღრევდი. ბევრს წასვლა აღარ უნდოდა. არც მოძრაობა, არც ფეხზე დგომა შეეძლო დაღლისაგან, სიცივისაგან გახევებული იყვნენ.
ჩვენს წინ ველი, სულ მოტიტვლებული ველი გაშლილიყო, განუწყვეტლივ თოვდა, ბარდნიდა, ფარდასავით ეშვებოდა, გაშეშებულ, მძიმე ნაბდად ეხურებოდა მიწას.
იტყოდით, ქვეყნის აღსასრული დადგაო.
- გზას გავუდგეთ, ყმაწვილებო!
ჯარისკაცები შესცქეროდნენ თეთრ მტვერს, მაღლიდან რომ ცვიოდა, და თითქოს ფიქრობდნენ: ჩვენს დასახოცად თოვლი აქაც კმარაო.
მაშინ რევოლვერი გავისროლე.
- ვინც სიმხდალეს გამოიჩენს, აქვე დავაწვენ.
ძალაგამოცლილები სულ ნელა, ლასლასით წავიდნენ.
წინ, სამასი მეტრის მანძილზე, ოთხი ჯარისკაცი გავგზავნე დასაზვერავად. სხვები უკან მივყევით, არეულ-დარეულად, გროვად, დაღლილობის გამო ფეხს ძლივს მივათრევდით. ბრძანება გავეცი, ჩამორჩენილი ჯარისკაცები ზურგში ხიშტის ჩხვლეტით აეჩქარებინათ...
თოვლს თითქოს ჩვენი ცოცხლად დამარხვა განუზრახავსო. ქუდებს, ფარაჯებს ათოვდა, ზედ ეყინებოდა და აჩრდილებად, თითქოს დახოცილ ჯარისკაცთა მოჩვენებებად გვაქცევდა.
„აქ სასწაული თუ გადაგვარჩენს“. - ვამბობდი გულში.
ზოგჯერ რამდენიმე წუთით შევჩერდებოდით, რადგან ბევრი ჯარისკაცი უკან რჩებოდა. მაშინ მხოლოდ თოვლის ყრუ ხრაშიხრუში და ფანტელების შეუმჩნეველი ხმა ისმოდა.
რამდენიმე ჯარისკაცი მილასლასებდა, სხვები გაშეშებულიყვნენ.
კვლავ ბრძანებას ვაძლევდი ადგილიდან დაძრულიყვნენ. ჯარისკაცები თოფებს მხარზე გადაიგდებდნენ და უღონო ნაბიჯით გზას განაგრძობდნენ.
უცბად მზვერავებმა დაიხიეს. შეშფოთდნენ. წინ ლაპარაკი მოესმათ. ამის გასაგებად ექვსი ჯარისკაცი და სერჟანტი გავგზავნე. დავუცადე.
ანაზდად წვრილმა ხმამ, ქალის ხმამ, თოვლით დამძიმებული სიჩუმე დასერა. რამდენიმე წუთში ორი ტყვე მოიყვანეს: ბერიკაცი და ახალგაზრდა ქალიშვილი.
ისინი ხმადაბლა დავკითხე. მთვრალ პრუსიელებს გამოქცეოდნენ, რომლებიც ამ საღამოს მათი სახლი დაეკავებინათ. მამას შეშინებოდა, ქალიშვილს არაფერი ავნონო, და ღამით ისე გამოპარულიყვნენ, მოსამსახურეებიც კი არ გაუფრთხილებიათ.
მაშინვე ვიცანი, რომ ისინი ბურჟუები იყვნენ, ბურჟუებზე უკეთესიც.
- ჩვენ გამოგვყევით, - ვუთხარი მათ.
ისევ გზას გავუდექით. მოხუცი ამ მიდამოს იცნობდა და გზას გვიკვალავდა.
აღარ თოვდა. ვარსკვლავები გამოჩნდა. სიცივე აუტანელი გახდა. მამის მკლავზე ჩამოკიდებული ახალგაზრდა ქალი ლასლასით მოდიოდა, გატანჯული ნაბიჯი ჰქონდა. მან მრავალჯერ ჩაიბუტბუტა: - ფეხებს ვეღარ ვგრძნობ.
ვიტანჯებოდი, როცა ვხედავდი, როგორ მიათრევდა თოვლში ფეხებს.
უცბად შედგა.
- მამა, ისე დავიქანცე, ფეხის გადადგმა აღარ შემიძლია.
მოხუცმა შვილის ხელში აყვანა მოინდომა, მაგრამ ადგილიდანაც ვერ დაძრა. ქალი თოვლში ჩაიკეცა და მწარე ოხვრა აღმოხდა.
ჯარისკაცები გარშემო შემოეხვივნენ, მე კი ერთ ადგილას ვტოკავდი, არ ვიცოდი რა მექნა, ვერც ამ მოხუცის და ქალის მიტოვება გადამეწყვიტა.
მოულოდნელად ერთმა ჯარისკაცმა, პარიზელმა, რომელსაც მეტსახელად „პრაქტიკული“ შეარქვეს, თქვა: - აბა, ბიჭებო, ეს ქალიშვილი უნდა წავიყვანოთ, ან ჩვენ ფრანგები არა ვყოფილვართ, ჯანდაბას ჩვენი თავი!
მახსოვს, სიამოვნებისგან შევიგინე კიდეც.
- დალახვროს ღმერთმა! ეს ძალიან კარგია, კარგია, ბიჭებო, მეც მივიღებ მონაწილეობას. სიბნელეში მარცხნივ გაურკვევლად პატარა ტყე მოჩანდა. რამდენიმე ჯარისკაცი გამოგვეყო და მალე ტოტებისაგან გაკეთებული საკაცე მოიტანეს.
- ფარაჯას ვინ გვათხოვებს? - დაიძახა პრაქტიკულმა, - მშვენიერი ქალიშვილისთვის გვჭირდება, ძმებო.
უცებ ათი ფარაჯა დავარდა ჯარისკაცის გარშემო. ერთ წამში ახალგაზრდა ქალი ამ თბილ ტანისამოსებში ჩააწვინეს და ექვსმა კაცმა საკაცე მხრებზე დავიდგით. მე თვითონ დავდექი მარჯვნივ და ვფიცავ, ჩემი ტვირთით კმაყოფილი ვიყავი.
ჩვენ უფრო ცოცხლად და მხიარულად გავწიეთ, თითქოს ღვინო გადაგვეკრას. ხუმრობაც კი გავიგონე. ხედავთ, ერთი ქალი იყო საკმარისი, რომ ფრანგები აღეგზნო.
ჯარისკაცთა მწკრივები თითქოს გასწორდა, აღფრთოვანდა, გათბა. ერთი ხნიერი თავისუფალი მსროლელი საკაცეს მოჰყვებოდა, თავის ჯერს უცდიდა, რათა პირველივე დაღლილი ამხანაგი შეეცვალა. მან მეზობელს ჩაულაპარაკა საკმაოდ ხმამაღლა, რომ მე გამეგონა: - მე ახალგაზრდა არა ვარ, ეჰ, მაგრამ, ამ ოხერ-მუდრეგ სქესში მაინც არის რაღაც რაც გულ-ღვიძლში გაგკრავს ხოლმე. დილის სამ საათზე თითქმის დაუსვენებლად მივდიოდით. მერე უეცრად მზვერავებმა კვლავ დაიხიეს. მთელი ნაწილი თოვლში ჩაწვა, ჩრდილივით მიწას გაეკრა.
იქ, ველის შუა ადგილას, რაღაც უცნაური მოძრაობდა, დიდი მხეცი გეგონებოდა. მორბოდა, გველივით გრძელდებოდა, ან გუნდად იკვროდა, მერე უეცრად გამოიქროლებდა, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ შედგებოდა, კვლავ დაიძვრებოდა.
უეცრად ეს მოხეტიალე რაღაც მოგვიახლოვდა. დავინახეთ, ჩორთით ერთიმეორის უკან მოქროდა თორმეტი გზადაბნეული ცხენოსანი, ისინი გზის გაკვლევას ცდილობდნენ.
ახლა ისე ახლოს მოვიდნენ, რომ კარგად მესმოდა, ცხენების ხრინწიანი სუნთქვა, იარაღის ჩხარუნი და უნაგირების ჭრაჭუნი.
- ცეცხლი! - გავეცი ბრძანება.
და ორმოცდაათი თოფის გასროლამ ღამის დუმილი დაფლითა. ოთხი თუ ხუთი გასროლა კიდევ გაისმა, მერე უკანასკნელი სულ მარტო. როდესაც დენთისაგან დაყენებული კვამლი გაიფანტა, დავინახეთ თორმეტი ჯარისკაცი და ცხრა ცხენი დაცემულიყო, ხოლო სამი ცხენი გიჟურად გარბოდა. ერთი უზანგზე ფეხით ჩამოკიდებულ, ცოფიანივით მოხტუნავე ცხენოსნის გვამს მიათრევდა.
ჩემს უკან ერთი ჯარისკაცი გულიანად იცინოდა. მეორემ თქვა: - რამდენი ქალი დაქვრივდა. ის იქნებ ცოლიანი იყო.
მესამემ დაუმატა: - ამას დიდი დრო არ სჭირდება.
ქალიშვილმა საკაციდან თავი წამოსწია და იკითხა: - რა ამბავია? ბრძოლაა?
მე ვუპასუხე: - არაფერია, ქალბატონო, ჩვენ თორმეტი გერმანელი საიქიოს გავამგზავრეთ.
- საწყლები, - თქვა ქალმა და ისევ ფარაჯის ქვეშ შეიმალა.
გზას გავუდექით. დიდხანს მივდიოდით.
ბოლოს ცა გაფითრდა. თოვლი გახდა ნათელი, სხივმფენი, მბრწყინავი. აღმოსავლეთი ვარდისფრად შეიღება.
შორეული ხმა მოისმა: - ვინ მოდის?
მთელი ნაწილი შეჩერდა. დავწინაურდი ჩვენი ვინაობის გასაცნობად.
ფრანგების ხაზებს მივაღწიეთ.
ჩემი ჯარისკაცები პოსტის წინ მიდიოდნენ. ცხენზე მჯდომმა მეთაურმა, რომელსაც ის-ის იყო მდგომარეობა გავაცანი, მის წინ საკაცე რომ ჩაატარეს, ხმამაღლა იკითხა: - რა გაქვთ შიგ? მაშინვე პატარა ქერა სახე გამოჩნდა, თმაგაწეწილი, მოღიმარი და უპასუხა: - ეს მე ვარ, ბატონო. ჯარისკაცებს სიცილი აუტყდათ, და მათ გულში სიხარულმა გაირბინა.
მაშინ პრაქტიკულმა, რომელიც საკაცის გვერდით მიდიოდა, კეპი ააქნია და დაიყვირა: - გაუმარჯოს საფრანგეთს!
არ ვიცი რატომ, ვიგრძენი, რომ ძლიერ ავღელდი, ეს იმდენად სასიამოვნო და დარდიმანდული რამ იყო.
მეგონა, რომ ჩვენ ის-ის იყო ქვეყანა გადავარჩინეთ, ისეთი რამ გავაკეთეთ, რის გაკეთებასაც სხვა ვერავინ შესძლებდა, რაღაც უბრალო და ჭეშმარიტად პატრიოტული. ამ პატარა ქალს, დამიჯერეთ, ვერასოდეს დავივიწყებ. მე რომ მკითხონ, დოლი და საყვირი რით უნდა შეიცვალოსო, წინადადებას შევიტანდი, ყველა რაზმში ეს საკრავები ლამაზი ქალიშვილით შეეცვალათ. ეს მარსელოზის დაკვრასაც აჯობებდა. დალახვროს ღმერთმა, რა ხალისს შესძენდა ჯარისკაცს, პოლკოვნიკის გვერდით რომ ცოცხალი მადონა ჰყოლოდა!
ბატონი ლაპორტი წუთით დადუმდა, მერე თავის ქნევით დაჯერებულად დაუმატა: - ასეა თუ ისე, ჩვენ, ფრანგებს, ქალები ძალიან გვიყვარს.

დუელი


      ომი დამთავრებული იყო. გერმანელებმა მთელი საფრანგეთი დაიპყრეს. ქვეყანა ცახცახებდა როგორც გამარჯვებულის წინ დაჩოქილი დამარცხებული მებრძოლი. გონებადაკარგული, დამშეული, სასოწარკვეთილი პარიზიდან პირველი მატარებლები გადიოდნენ ახალი საზღვრებისაკენ. ზანტად მიიზლაზნებოდნენ მინდვრებსა და სოფლებზე. პირველი მგზავრები ფანჯრებიდან გასცქეროდნენ გადარუჯულ ველებსა და გადამწვარ დაბებს. გადარჩენილი, სახლების წინ ცხენოსნებივით სკამზე გადამჯდარი პრუსიელი ჯარისკაცები ჩიბუხს აბოლებდნენ. თავზე წვეტიანი შავი ჩაჩქანი ეხურათ. ზოგიერთები ისე მუშაობდნენ ან საუბრობდნენ, თითქოს შინ ყოფილიყვნენ. როდესაც მგზავრები ქალაქებს გაივლიდნენ, გერმანელების მთელ პოლკებს ხედავდნენ. ისინი გადაჰყავ-გადმოჰყავდათ. მიუხედავად ბორბლების ხმაურობისა მატარებლებში დროგამოშვებით შემოიჭრებოდა ხრინწიანი ხმით წარმოთქმული განკარგულებები.
      ბატონი დრიუბიუი, რომელიც ალყის შემორტყმის განმავლობაში პარიზის ნაციონალურ გვარდიაში ირიცხებოდა, ახლა შვეიცარიაში მიემგზავრებოდა ცოლისა და ქალიშვილის სანახავად. მტრის შემოჭრის წინ ცოლ-შვილი სიფრთხილის გამო უცხოეთში გაეხიზნა.
მდიდარი და მშვიდობის მოყვარე ვაჭრის დიდი ღიპისათვის შიმშილსა და დაღლილობას ვერაფერი დაეკლო. დიუბიუიმ საშინელი ამბები გადაიტანა ბედის მორჩილებითა და სასოწარკვეთილებით, ბევრი მწარე აზრი გამოთქვა ადამიანის მხეცობაზე. ახლა ის საზღვარს უახლოვდებოდა. ომი დამთავრებული იყო. პირველად ხედავდა პრუსიელებს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მოვალეობა ქალაქის მისადგომებთან პირნათლად შეასრულა და მრავალი ცივი ღამე გაატარა ყარაულობაში. შეშინებული და გაღიზიანებული უცქეროდა ამ შეიარაღებულსა და წვერმოშვებულ გერმანელებს, რომლებიც საფრანგეთის მიწაზე თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში, და მის სულში უღონო პატრიოტულ სიცხარესთან ერთად მკვიდრდებოდა ახალი, ძლიერი ინსტინქტი- სიფრთხილის გრძნობა, რომელსაც ახლა ფრანგები იჩენდნენ.იმავე კუპეში საფრანგეთის დასათვალიერებლად ჩამოსული ორი ინგლისელი ტურისტი იჯდა. ისინი ცნობისმოყვარე და მშვიდი თვალებით იცქირებოდნენ. ორივე ჩასუქებული იყო. ინგლისურად ლაპარაკობდნენ, ხმამაღლა კითხულობდნენ, რათა უნახავი არ დარჩენოდათ არც ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. მოულოდნელად მატარებელი პატარა ქალაქის სადგურზე გაჩერდა, და ერთი პრუსიელი ოფიცერი ვაგონში ამოვიდა. მისმა ხმალმა კიბის საფეხურებზე გაირაჩხუნა. ოფიცერი უზარმაზარი იყო. შემოსხლეტილი ფორმის ტანისამოსი ეცვა. ჟღალი ფერის წვერს, რომელსაც თითქოს ცეცხლი ედებოდა, სახე თითქმის სულ დაეფარა. ფერმკრთალი, გრძელი, აწკეპილი ულვაში სახეს ორ ნაწილად უყოფდა.
ინგლისელებმა ღიმილით შეხედეს, ცნობისმოყვარეობით დააკვირდნენ. ბატონ დიუბიუის კი თავი ისე ეჭირა, თითქოს გაზეთს კითხულობსო, ჟანდარმის დანახვით შეშინებული ქურდივით კუთხეში მიიკრუნჩხა.
მატარებელი დაიძრა. ინგლისელები საუბარს განაგრძობდნენ: ბრძოლების ადგილებს დაეძებდნენ. ერთმა ინგლისელმა სოფლისაკენ გაიშვირა ხელი. უეცრად პრუსიელმა ოფიცერმა თავისი გრძელი ფეხები გაჭიმა, ზურგზე გადაწვა და დამახინჯებული გამოთქმით ფრანგულად თქვა: - მე თორმეტი ფრანგი მოვკალი ამ სოფელში, ასზე მეტი ტყვე წამოვიყვანე.
- ჰო! რა ჰქვია ამ სოფელს? - ჰკითხეს ინგლისელებმა.
- ფარსბურგი, - უპასუხა პრუსიელმა და განაგრძო:- ეს გარყვნილი ფრანგები ყურით წამოვათრიეთ. - მერე ბატონ დიუბიუის შეხედა და ულვაშში ამაყად ჩაიცინა. მატარებელი მტრის მიერ ოკუპირებულ დაბებზე მიდიოდა, ხედავდნენ გერმანელ ჯარისკაცებს, რომელნიც გზებზე, მინდვრების პირას, სადარაჯოებთან ჩამწკრივებულიყვნენ, ყავახანების წინ საუბრობდნენ. მიწა აფრიკის კალიებივით დაეფარათ. ოფიცერმა ხელი ასწია და თქვა: - მე რომ სარდალი ვყოფილიყავი, პარიზს ავიღებდი და სულ გადავბუგავდი, ყველას ამოვჟლეტდი. აღარ იქნებოდა საფრანგეთი.
      ინგლისელებმა ზრდილობისათვის უბრალოდ უპასუხეს: - ჰო, დიახ.
ოფიცერმა განაგრძო: - ოცი წლის შემდეგ მთელი ევროპა, დიახ, მთელი ევროპა, ჩვენი იქნება, პრუსია ყველაზე ძლიერია.
შეშფოთებულმა ინგლისელებმა არაფერი უპასუხეს. გაქვავებული სახეები ცვილისფრად მოუჩანდათ გრძელ ქილვაშებში. მაშინ პრუსიელ ოფიცერს სიცილი აუტყდა. კვლავ ზურგზე გადაწოლილმა დაცინვა დაიწყო. ის მასხრად იგდებდა განადგურებულ საფრანგეთს, შეურაცხყოფას აყენებდა მიწაზე გართხმულ მტერს, დასცინოდა ამ დღეებში დამარცხებულ ავსტრიას, დასცინოდა დეპარტამენტების გააფთრებულსა და უძლურ თავდაცვას, მასხრად იგდებდა მოძრავ გვარდიელებს, პარალიზირებულ არტილერიას. ოფიცერმა თქვა, ბისმარკს გადაწყვეტილი აქვს ნადავლი ზარბაზნებით რკინის ქალაქი ააშენოსო და უეცრად თავისი ჩექმები ბატონ დიუბიუის თეძოს მიადო. ყურებამდე გაწითლებულმა ფრანგმა განზე გაიხედა.
ინგლისელები ყველაფრის მიმართ თითქოს გულგრილნი გახდნენ, თითქოს უეცრად თავიანთ კუნძულზე ჩაკეტილი აღმოჩნდნენ, მსოფლიოს ხმაურს დაშორებულნი. ოფიცერმა ჩიბუხი ამოიღო და ფრანგს მიაჩეჩა: - თამბაქო ხომ არა გაქვთ? ბატონმა დიუბიუიმ უპასუხა: - არა, ბატონო.
- გთხოვთ სადგურში ჩახვიდეთ და თამბაქო იყიდოთ, როცა მატარებელი გაჩერდება, - უთხრა ოფიცერმა და ისევ სიცილს მოჰყვა. - მე თქვენ ფეხის ქირას მოგცემთ.
ორთქმავალმა დაუსტვინა და სვლა შეანელა. სადგურის დამწვარ შენობებს ჩაუარა. მატარებელი გაჩერდა.
გერმანელმა ფანჯარა გააღო და დიუბიუის მკლავზე ხელი მოჰკიდა: - წადით, ჩემი დავალება შეასრულეთ. სწრაფად, სწრაფად.
სადგური გერმანელთა რაზმს ეკავა. რამდენიმე ჯარისკაცი ხის გისოსს მისდგომოდა. ორთქმავალმა იკივლა. მაშინ უეცრად ბატონი დიუბიუი ბაქანზე ჩამოხტა და მიუხედავად იმისა, რომ სადგურის უფროსი ნებას არ აძლევდა, გვერდით კუპეში შევარდა. ის მარტო იყო. ისე ჩქარა უცემდა გული, რომ ჟილეტი გაიხსნა, ოფლი მოიწმინდა და ძლივს მოითქვა სული.
მატარებელი მეორე სადგურზე გაჩერდა. უეცრად ოფიცერი გამოჩნდა ფანჯარასთან და კუპეში შევიდა. მალე ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ინგლისელებიც გამოჩნდნენ. გერმანელი ფრანგს პირდაპირ დაუჯდა და სიცილით დაუწყო ლაპარაკი: - თქვენ არ ინებეთ ჩემი დავალების შესრულება. ბატონმა დიუბიუიმ უპასუხა: - არა, ბატონო.
მატარებელი ის-ის იყო დაიძრა.
- მე თქვენ ულვაშს მოგჭრით ჩემი ჩიბუხის დასატენად, - უთხრა გერმანელმა ოფიცერმა და ხელი ფრანგის სახისაკენ წაიღო. ინგლისელები ამ ამბავს მშვიდად ადევნებდნენ თვალს.
გერმანელმა ფრანგის ულვაშს წაავლო ხელი. მაშინ დიუბიუიმ გერმანელის მკლავს ხელი აჰკრა, საყელოში სტაცა ხელი და სკამზე მიაგდო. სიბრაზისაგან გაცოფებული, საფეთქლებდაბერილი, თვალებდასისხლიანებული ერთ ხელს ყელში უჭერდა, მეორეთი სახეში მუშტებს უშენდა. გერმანელი თავს იცავდა. ცდილობდა, ხმალი ამოეღო, მასზე დაწოლილი ფრანგისთვის ტანზე ხელები შემოეჭდო. მაგრამ ბატონი დიუბიუი თავისი უზარმაზარი მუცლით აწვებოდა და შეუსვენებლად, სულმოუთქმელად ურტყამდა და ურტყამდა, ვერ ამჩნევდა, მუშტები სად ხვდებოდა. გერმანელს სისხლი სდიოდა, გაგუდული ხიხინებდა, ჩამტვრეული კბილები პირიდან სცვიოდა. ამაოდ ცდილობდა გაშმაგებული ლოხი კაცი მოეშორებინა.
ინგლისელები ამდგარიყვნენ, ახლოს მისულიყვნენ, რათა უკეთ დაენახათ. სიხარულითა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი მზად იყვნენ სანაძლეო დაედოთ, თუ რომელი გაიმარჯვებდა.
და უცბად ბატონმა დიუბიუი ასეთი დაძაბვისაგან ძალაგამოლეული წამოდგა და უსიტყვოდ დაჯდა.
პრუსიელი მოწინააღმდეგეს აღარ ეცა, იმდენად იყო დაბნეული, გაოგნებული გაკვირვებისა და ტკივილისაგან. როდესაც სული მოითქვა, უთხრა: - თუ არ გსურთ დამბაჩით გავსწორდეთ, მოგკლავთ.
- როცა გნებავთ, მე მზად ვარ, - უპასუხა დიუბიუიმ. გერმანელმა განაგრძო: - აი, ქალაქი სტრასბურგი. სეკუნდანტად ორ ოფიცერს წამოვიყვან. დრო მაქვს, სანამ მატარებელი წავა.
ორთქმავალით მქშინავმა ბატონმა დიუბიუიმ ინგლისელებს მიმართა: - გთხოვთ ჩემი სეკუნდანტები იყვეთ.
ორივემ ერთად უპასუხა: - ჰო, კარგი!
მატარებელი გაჩერდა.
ერთ წუთში გერმანელმა ორი ამხანაგი მონახა, სეკუნდანტებმა ორი დამბაჩა მოიტანეს. ყველამ ქალაქის გალავანს მიაშურა.
ინგლისელები სულ საათს დასცქეროდნენ, ფეხს უჩქარებდნენ, გამალებული ემზადებოდნენ დუელისათვის, შეწუხებულნი, მატარებელმა არ გაგვასწროსო. ბატონ დიუბიუის არასოდეს დამბაჩა არ სჭერია ხელში. იგი მტრისგან ოც ნაბიჯზე დააყენეს. ჰკითხეს: - მზადა ხართ?
- დიახ! - უპასუხა მან. ამავე დროს დაინახა, როგორ გაშალა ერთმა ინგლისელმა ქოლგა, რათა მზისგან თავი დაეფარა.
ვიღაცამ განკარგულება გასცა: - ცეცხლი!
ბატონმა დიუბიუიმ ალალბედზე გაისროლა. უცებ გაოცებულმა ფრანგმა დაინახა, მის წინ მდგომი პრუსიელი შებარბაცდა, ხელი აიქნია და მოცელილივით პირქვე დაემხო. ბატონმა დიუბიუიმ იგი მოჰკლა.
ერთმა ინგლისელმა წამოიძახა „ოჰ“, და ამ წამოძახილში გაისმა სიხარული, დაკმაყოფილებული ცნობისმოყვარეობა და ბედნიერი მოუთმენლობა. მეორემ, რომელსაც ხელიდან საათი არ მოუშორებია ბატონ დიუბიუის მკლავში ხელი სტაცა და სადგურისაკენ გააქროლა.
პირველი ინგლისელი მტკიცედ ადგამდა ნაბიჯს, ხელები დამუშტული ჰქონდა და ნიდაყვები გვერდებზე მიკრული.
- ერთი, ორი! ერთი, ორი!
და სამივე ჩამწკრივებული გარბოდა, მიუხედავად თავიანთი დიდი ღიპებისა, როგორც სახუმარო ჟურნალში დახატული სამი სასაცილო ადამიანი. მატარებელი დაიძრა. ისინი ვაგონში შეხტნენ, ინგლისელებმა სამგზავრო ქუდები მოიხადეს, მაღლა აიქნიეს და სამჯერ დაიძახეს: - ჰიპ, ჰიპ, ჰიპ! ვაშა! შემდეგ ინგლისელებმა - ჯერ ერთმა, მერე მეორემ ბატონ დიუბიუის ხელი ჩამოართვეს და თავიანთ ადგილზე ერთმანეთის გვერდით დასხდნენ.

ნახვა: 4487

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters