თეოდორ დოსტოევსკი - ნიანგი

(უჩვეულო შემთხვევა ანუ პასაჟი პასაჟში) 

I

ამა წლის, ესე იგი, 1865-ის, ცამეტ იანვარს, ნაშუადღევს, პირველის ნახევარზე, ელენა ივანოვნამ, ჩემი განათლებული მეგობრის, თან კოლეგისა და შორეული ნათესავის, ივან მატვეიჩის მეუღლემ, მოისურვა ნიანგის ნახვა. ნიანგს გარკვეული თანხის საფასურად აჩვენებდნენ პასაჟში.

ივან მატვეიჩს ჯიბეში ედო საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ბილეთი. ხოლო მიემგზავრებოდა ის არა იმდენად სამკურნალოდ, რამდენადაც ცნობისმოყვარეობისთვის. შვებულება უკვე აღებული ჰქონდა და ამ დილას სრულიად თავისუფალი იყო. ამიტომ არა თუ წინ აღუდგა თავისი მეუღლის დაუძლეველ სურვილს, არამედ, პირიქით, თვითონაც ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა.

«მშვენიერი აზრია, – თქვა სრულიად კმაყოფილმა, – დავათვალიეროთ ნიანგი! ევროპაში გამგზავრების წინ ურიგო როდია აქვე გავეცნოთ იქაურებს.»

ეს თქვა, ხელი ხელში გაუყარა ძვირფას მეუღლეს და გაეშურნენ პასაჟისკენ. მე კი, როგორც მჩვევია ხოლმე, მათ გვერდით აღმოვჩნდი, ვითარცა ოჯახის მეგობარი.

არასოდეს აქამდე არ მინახავს ივან მატვეიჩი ასეთ მშვენიერ გუნებაზე, როგორც იმ დაუვიწყარ დილას. მართლაც, რომ წინასწარ არაფერი სცოდნია ადამიანს თავისი ბედის თაობაზე!

პასაჟში შევედით თუ არა, ის მაშინვე აღტაცებაში მოვიდა. ჯერ იყო და შენობის სიდიადემ განაცვიფრა. მერე კი მაღაზიაში, სადაც იმართებოდა დედაქალაქში კიდევ ერთხელ ჩამოყვანილი ნიანგის ჩვენება, მან მოისურვა ჩემი ბილეთის საფასური თვითონ გადაეხადა. ასეთი რამ ადრე არასოდეს მოსვლია.

როცა არც თუ ისე დიდ ოთახში შევაბიჯეთ, შევნიშნეთ: იქ, ნიანგის გარდა, კაკადუს უცხოური ჯიშის თუთიყუშებიც ჰყოლიათ. მეტიც, ღრმად შეწეულ საგანგებო კარადაში მაიმუნები ანცობდნენ. ხოლო შესასვლელშივე, მარცხენა კედელთან, იდგა თუნუქის დიდი ყუთი, აბაზანისმაგვარი რამ, რკინის ბადით დახურული. ყუთში ერთი გოჯის სიმაღლეზე წყალი იდგა.

აი ამ პატარა გუბურაში ჰყავდათ უშველებელი ნიანგი. ეგდო იგი კუნძივით, სრულიად უძრავად. ეტყობა, ყველა თავისი უნარი დაჰკარგოდა ჩვენი ნესტიანი, უცხოელთა მიმართ არასტუმართმოყვარე ჰავის გამო. ამიტომ ამ ურჩხულს თავიდან არც ერთი ჩვენგანი აღტაცებაში არ მოუყვანია.

– მაშ სულ ესაა ნიანგი! – აღმოხდა ელენა ივანოვნას სინანულითა და ერთგვარი წამღერებით. მე კი მეგონა, რომ ის ... რაღაც სხვანაირია!

ეტყობა, ის ფიქრობდა, რომ ნიანგი ბრილიანტისაა. ჩვენს შესახვედრად გამოსული გერმანელი, მეპატრონე, ნიანგის მფლობელი, ძალიან ქედმაღლურად გვიყურებდა.

– მისი ქედმაღლობა გასაგებია. – ჩამიჩურჩულა ივან მატვეიჩმა. – მას შეგნებული აქვს, რომ ახლა მთელ რუსეთში ის ერთი უჩვენებს ნიანგს.

ეს სრულიად ბრიყვული შენიშვნა მე მივაწერე მის ზედმეტად კარგ გუნება-განწყობილებას, რაიც დაუფლებოდა ამ დილით ივან მატვეიჩს, სხვა დროს ფრიად შურიანს.

– მე მგონია, თქვენი ნიანგი მკვდარია. – ჩაილაპარაკა ისევ ელენა ივანოვნამ, მეპატრონის სიჯიუტით გაღიზიანებულმა. თან მოხდენილი ღიმილით მიბრუნდა მისკენ, რათა გაეტეხა ეს მოუხეშავი მასპინძელი. ქალების ცნობილი მანევრი!

– ოჰ, არა, ქალბატონი! – უპასუხა მან დამტვრეული რუსულით. მაშინვე ოდნავ ასწია ყუთის ბადე და პატარა ჯოხით თავზე დაუწყო ჩხიკინი ნიანგს.

მაშინ ცბიერმა ურჩხულმა საჭიროდ ჩათვალა ეჩვენებინა სიცოცხლის ნიშანწყალი: ოდნავ გაანძრია თათები და კუდი, ასწია დრუნჩი და ამოუშვა რაღაც ხანგრძლივი ქშენისმაგვარი.

– მიდი, მიდი, გაბრაზდი, ქარლხენ! – ალერსით მიმართა თავისი თავმოყვარეობით კმაყოფილმა გერმანელმა.

– რა საძაგელი რამ არის ეს ნიანგი! მე შემეშინდა კიდეც. – კიდევ უფრო კეკლუცად წაიტიტინა ელენა ივანოვნამ. – ახლა ის მე ძილში ჩამყვება.

– მაგრამ ის თქვენ არ გიქბინავთ სიზმარში, ქალბათონი! – თავაზიანად ჩამოართვა სიტყვა გერმანელმა და პირველმა გაიცინა თავის მოსწრებულ ნათქვამზე, მაგრამ არავინ აჰყოლია.

– წავიდეთ, სემიონ სემიონიჩ, – პირადად მე მომმართა ელენა ივანოვნამ, – მაიმუნები დავათვალიეროთ, სჯობია. მე საშინლად მიყვარს მაიმუნები. ისინი ისე საყვარლები არიან... ნიანგი კი საშინელია.

– ოჰ, ნუ გეშინია, ჩემო მეგობარო. – მოგვაძახა ივან მატვეიჩმა. თან აშკარად იბღინძებოდა მეუღლის წინაშე. – რა უნდა დაგვაკლოს ფარაონების სამეფოს ამ მძინარე ნაშთმა!

ჰოდა იგი დარჩა ყუთთან. მეტიც, აიღო თავისი ხელთათმანი და გაუსვ-გამოუსვა ნიანგს დრუნჩზე. როგორც მერე გამოტყდა, სურდა ისევ გამოეწვია ნიანგის ქშენა. მეპატრონე კი ელენა ივანოვნას გაჰყვა, ვითარცა ქალბატონს, მაიმუნთა კარადისკენ.

ასეა, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა და ვერაფერ ცუდს ვერ იყნოსავდი. ელენა ივანოვნამ ანცობაც კი იწყო მაიმუნებთან და, ეტყობა, სრულიად გაუშინაურდა მათ. კიოდა სიამოვნებისგან და ერთთავად მე მიზიარებდა შთაბეჭდილებებს, რათა არაფრად ჩაეგდო მეპატრონე; ტკარცალებდა იმ მსგავსების გამო, რაიც შენიშნა მაიმუნებსა და მის ტანდაბალ ნაცნობ-მეგობრებს შორის.

მეც გავხალისდი, რადგან მსგავსება, მართლაც, უეჭველი

იყო. გერმანელმა მეპატრონემ არ იცოდა, თვითონაც უნდა ეცინა თუ არა. ამიტომ ბოლოს მთლად მოიღუშა.

აი სწორედ ამ დროს უცებ საზარელმა, მეტსაც ვიტყოდი, არაბუნებრივმა ღრიალმა შეარყია ოთახი.

არ ვიცოდი რა მეფიქრა და ადგილზე გავქვავდი. მაგრამ როცა შევნიშნე, რომ უკვე ელენა ივანოვნაც კიოდა, სწრაფად მოვტრიალდი და რას ვხედავ! მე დავინახე, ოჰ, ღმერთო!.. მე დავინახე საცოდავი ივან მატვეიჩი ნიანგის საშინელ ყბებში.

ის საბოლოოდ ჰყავდათ დათრეული და ფეხებს ჰაერში ასავსავებდა. წამიც და შენი ივან მატვეიჩი უკვალოდ გაქრა.

მაგრამ, მოდით, დაწვრილებით აღვწერ, რადგან მთელი ეს დრო გაშეშებული ვიდექი და ამ პროცესის თავიდან ბოლომდე ნახვა მოვასწარი; თან ისეთი ყურადღებით და ცნობისმოყვარეობით, რომ ვერც კი გადმოგცემთ.

«ხომ შეიძლებოდა, – ვფიქრობდი იმ საბედისწერო წამებში, – ეს ყველაფერი, ივან მატვეიჩს კი არა და მე მომსვლოდა? ო, რა უბედურება დამატყდებოდა თავზე!»

მაგრამ საქმეს დავუბრუნდეთ.

ნიანგმა იმით დაიწყო, რომ თავის საზარელ ყბებში დაატრიალა საცოდავი ივან მატვეიჩი ფეხებით მისკენ. ამიტომ პირველად სწორედ ფეხები გადაყლაპა. მერე ცოტათი ამოაბოყინა ივან

მატვეიჩი, ვინც ცდილობდა ამომხტარიყო და ხელებით ყუთს ეჭიდებოდა. მაგრამ ისევ ხახაში ჩაითრიეს, ამჯერად მკერდამდე. მერე ისევ ამოაბოყინეს და უფრო ღრმად გადაყლაპეს.

ასე რომ, ივან მატვეიჩი ჩვენს თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. ბოლოს ნიანგმა საბოლოოდ და საფუძვლიანად გადაყლაპა მთელი ჩემი განათლებული მეგობარი; ამჯერად სრულიად უნაშთოდ.

ნიანგის ზედაპირის მიხედვით შეიძლებოდა თვალი მიგვედევნებინა იმ გზისთვის, რასაც ივან მატვეიჩი გადიოდა მხეცის მუცელში მთელი თავისი მოყვანილობით. ის იყო, უნდა დამეკივლა ერთხელ კიდევ, რომ ბედმა ისევ ისურვა ჩვენი დაცინვა: ნიანგი დაიჭინთა. ალბათ, სული თუ ეხუთებოდა გადაყლაპული საგნის სიდიდისგან. ისევ დააბჩინა თავისი საზარელი ხახა და იქიდან, კიდევ ერთი ამობოყინების მერე, ისევ გამოჩნდა ივან მატვეიჩის თავი სულ ერთი წამით.

სახის გამომეტყველება სასოწარკვეთილი იყო. სათვალეები მყისიერად მოძვრა და ყუთის ფსკერზე დაეცა. თითქოს ეს სასოწარკვეთილი თავი მხოლოდ იმისთვის ამოსლიპინდა, რომ უკანასკნელად გადაევლო თავი ქვეყნიერებისთვის და დამშვიდობებოდა მის სიამეებს.

მაგრამ უბედურმა ვერ მოასწრო განზრახვის შესრულება. ნიანგმა ისევ მოიკრიბა ძალები, შეასრულა ენერგიული ყლაპვა და ჩემი მეგობარი ისევ გაქრა; ამჯერად უკვე სამუდამოდ.

ხომ ასე საშინელი იყო ჯერაც ცოცხალი ადამიანის თავის ეს გამოჩენა და გაქრობა? მაგრამ, ამასთან ერთად, იყო მეორეც: მოვლენების ელვისებური სისწრაფის თუ სრული მოულოდნელობის, ან იქნებ ცხვირიდან სათვალეების მოძრობის და ძირს დაცემის გამო, ეს ყოველივე შეიცავდა, ღმერთო შეგცოდე, რაღაც სასაცილოს; იმდენად სასაცილოს, რომ ერთ მომენტში თავი ვეღარ შევიმაგრე და ერთი დავიფრუტუნე.

მაგრამ მაშინვე მომაგონდა, რომ ასეთ დროს სიცილი უხერხულია ოჯახის მეგობრისგან. მეც მივბრუნდი ელენა ივანოვნასკენ და თანაგრძნობით ვუთხარი:

– ახლა კი მორჩა ჩვენი ივან მატვეიჩი! ფაა-ფუ!

მე სად შემიძლია იმის გამოხატვა, თუ რაოდენ დიდი იყო ელენა ივანოვნას მღელვარება მთელი ამ პროცესის განმავლობაში. ჯერ იყო და პირველი ღრიალის გაგონებისას ის თითქოს გაქვავდა ადგილზე და ამ აურზაურს ერთხანს გულგრილად უყურებდა. ოღონდ ეგ იყო – თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა. მერე უცებ შემზარავად დაიკივლა და მეც ხელებზე ვეცი.

ამ დროს მეპატრონემ, ვინც თავიდან ასევე გაშეშებული ჩანდა საშინელებისგან, უცებ ხელი ხელს შემოჰკრა, თვალები ზეცას მიაპყრო და დაიყვირა:

– ვაი ჩემი ნიანგი, ვაი ჩემი უსაქვარლესი ქარლხენი! დიასახლისო, დიასახლისო!

ამ ყვირილზე გაიღო უკანა კარები და დიასახლისიც გამოჩნდა: ჩაჩიანი, ლოყებღაჟღაჟა, ხანდაზმული, მაგრამ თმააჩეჩილი. გამოჩნდა და წივილ-კივილით ეცა თავის გერმანელს.

ამას მოჰყვა ნამდვილი სოდომი. გაშმაგებული ელენა ივანოვნა ერთადერთ სიტყვას გაჰკიოდა: «გაფატრეთ, გაფატრეთ!» და ხან მეპატრონეს მიაწყდებოდა, ხან დიასახლისს. მეპატრონე და დიასახლისი კი არავის არ აქცევდნენ ყურადღებას. ორივენი ხბოებივით ბღაოდნენ ყუთის მახლობლად.

– ის დაიღუფება... ის ახლა იქნება გასქდომა, რადგან მან გადახლაფა მთელი ჩინოვნიქი! – ყვიროდა მეპატრონე.

– ჩვენი ქარლხენი, ჩვენი საქვარელი ქარლხენი მოქვდება! – ღრიალებდა დიასახლისი.

– ჩვენ ობლები და ლუქმა ფური არა გვაქ! – ენაცვლებოდა მეპატრონე.

– გაფატრეთ, გაფატრეთ, გაფატრეთ! – ჭკუას ჰკარგავდა ელენა ივანოვნა, გერმანელის სერთუკს ჩაფრენილი.

– ის აბრაზებდა ნიანგი... რატომ თქვენი ქმარი აბრაზებდა ნიანგი?! – ყვიროდა გერმანელი და იგერიებდა. – თქვენ ფული გადაიხდით, თუ ქარლხენი მოუვიდა გასქდომა. ეს იქო ჩემი ვაჟი!... ეს იქო ჩემი ერთადერთი ვაჟი!

გამოგიტყდებით, საშინლად აღშფოთებული დავრჩი ამ ჩამოთრეული გერმანელის თავკერძობისგან და მისი თმააბურძგნული დიასახლისის უგულობისგან. და მაინც ელენა ივანოვნას განუწყვეტელი «გაფატრეთ, გაფატრეთ!» ჩემს გულში ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ჩემს ყურადღებას ისე იპყრობდა, რომ შემეშინდა კიდეც...

წინასწარ ვიტყვი: უცნაურად აკვიატებული ეს ერთადერთი სიტყვა იმთავითვე სრულიად არასწორად გავიგე. მე მომეჩვენა, რომ ელენა ივანოვნამ ჭკუა დაკარგა და თავისი საყვარელი თანამეცხედრის დაღუპვისათვის შურისძიების მიზნით ითხოვდა ნიანგის დასჯას როზგებით. არადა ის სულ სხვა რამეს გულისხმობდა.

ცოტა არ იყოს, უხერხულად მივიხედ-მოვიხედე და ელენა ივანოვნას დამშვიდებისკენ

მოვუწოდე. თან, რაც მთავარია, ვთხოვე აღარ ეხმარა ეს საჩოთირო სიტყვა «გაფატრეთ». აკი ასეთი რეტროგრადული სურვილი სრულიად შეუძლებელია აღსრულდეს აქ, პასაჟისა და განათლებული საზოგადოების შიგ შუაგულში; სულ ორიოდ ნაბიჯზე თვით იმ დარბაზიდან, სადაც, ვინ იცის, აი ამ წუთებში ბატონი ლავროვი კითხულობდეს ეგებ საჯარო ლექციას.

მეტიც, შეიძლება განათლებულმა საზოგადოებამ გვისტვინოს კიდეც და ბატონ სტეპანოვის კარიკატურებიც დავიმსახუროთ.

ვაი, რომ ჩემი ეჭვები მაშინვე გამართლდა: გაიხსნა ფარდა, რაიც ამ სანიანგეს ჰყოფდა შემოსასვლელისგან, და კარის ზღურბლზე გამოჩნდა წვერ-ულვაშიანი ფიგურა. ქუდი ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და მკერდი – ძალიან ძლიერად წინ გამოშვერილი. ფრიად წინდახედულად ცდილობდა გადმოლაჯებას სანიანგე ოთახის ზღურბლზე, რათა შემოსასვლელი თანხა არ გადაეხადა.

– ასეთი რეტროგრადული სურვილი, ქალბატონო, – მოგვაძახა უცნობმა ზღურბლიდან, – არ მეტყველებს თქვენს განვითარებაზე და განპირობებულია ფოსფორის ნაკლებობით თქვენს ტვინში. თქვენ დაუყოვნებლივ გაბითურდებით პროგრესის ქრონიკაში და ჩვენი სატირული ჟურნალის...

მაგრამ მან წინადადება ვერ დაასრულა. გონს მოსულმა მეპატრონემ როგორც კი თვალი მოჰკრა სანიანგეში უფასოდ შემოსულს, გააფთრებით ეცა პროგრესულ უცნობს და მუჯლუგუნებით გააგდო.

წამით ორივენი ფარდის იქით გაუჩინარდნენ და მაშინღა მივხვდი, რომ მთელი ეს აურ-ზაური არაფრის გამო ატყდა. ელენა ივანოვნა სრულიად უდანაშაულო იყო. მას ფიქრადაც არ მოსვლია, ვთქვი იმისი არ იყოს, ნიანგის დასჯა რეტროგრადული და დამამცირებელი როზგებით. მან, უბრალოდ, ისურვა ცხოველის ფაშვის გაკვეთა და ამ გზით მისი შიგანიდან ივან მატვეიჩის გამოხსნა.

– როგორ, თქვენ გინდათ, რომ ჩემი ნიანგი დაიღუფა?! – დაიღრიალა უკან მობრუნებულმა მეპატრონემ. – არა, მოდით, ჟერ თქვენი ქმარი დაიღუფა და მერე ჩემი ნიანგი! ... ჩემი ფაფა ნიანგი აჩვენა, ჩემი მამა ნიანგი აჩვენა, მეც ნიანგი ვაჩვენებ! ქველანი ნიანგი ვაჩვენებთ! მე მთელი ეუროფა ცნობილი, თქვენ ქი მთელი ეუროფა არა ცნობილი და გადამიხდით ჟარიმა.

– დიახ-დიახ! – ჩამოართვა სიტყვა გაავებულმა გერმანელმა დედაკაცმა. – ჩვენ აქედან არ გაგიშვებთ, ჟარიმა!..

– აღარც ღირს გაფატვრა. – მშვიდად დავძინე მე, რადგან მსურდა ჩქარა წამეყვანა შინ ელენა ივანოვნა. – აღარ ღირს, რადგან ჩვენი საყვარელი ივან მატვეიჩი, დარწმუნებული ვარ, დალივლივებს ახლა სადღაც სამოთხეებში.

– ჩემო მეგობარო! – გაისმა ამ დროს სრულიად მოულოდნელად ივან მატვეიჩის ხმა, რამაც ყველანი გადაგვრია. – ჩემო მეგობარო, ჩემი აზრი ასეთია: მივმართოთ პირდაპირ ზედამხედველის კანტორას, რადგან გერმანელი ვერ გაიგებს ჭეშმარიტებას პოლიციის დაუხმარებლად.

ეს სიტყვები ისე მტკიცედ, დაბეჯითებით და მხნედ წარმოითქვა, რომ განცვიფრებულნი დავრჩით და ერთხანს ჩვენი ყურებისა აღარ გვჯეროდა. მაგრამ მერე, რა თქმა უნდა, საჩქაროდ შემოვეხვიეთ ნიანგის ყუთს და უბედური ტუსაღის ხმის მოლოდინში სმენად გადავიქეცით.

მისი ხმა ისმოდა ყრუდ, სუსტად; იყო გამკივანი და თითქოს სადღაც შორეთიდან მოდიოდა. იმ ჯამბაზის ხმას ჰგავდა, ვინც გადის სხვა ოთახში, პირზე იფარებს ჩვეულებრივი ლოგინის ბალიშს და იწყებს ყვირილს, რათა მეორე ოთახში დარჩენილ პუბლიკას მოაჩვენოს უდაბნოში ან ღრმა ხეობის მოპირდაპირე ნაპირებზე მყოფი კაცების ურთიერთგადაძახილი. მე ერთხელ მქონდა სიამოვნება ასეთი სცენის ხილვისა ჩემს ნაცნობებთან, შობის დღესასწაულებზე.

– ივან მატვეიჩ, ჩემო მეგობარო, ესე იგი, ცოცხალი ხარ! – ღუღუნებდა გახარებული ელენა ივანოვნა.

– ცოცხალი ვარ და საღ-სალამათიც. – უპასუხა ივან მატვეიჩმა. – მამაზეციერის წყალობით, გადამყლაპეს სრულიად უვნებლად. ისღა მაფიქრებს, თუ როგორ შეხედავს ამ ეპიზოდს უფროსობა. აკი საზღვარგარეთის ბილეთი ავიღე და ნიანგის ფაშვში კი ამოვყავი თავი. ეს გონებამახვილობაც კი არაა...

– მაგრამ, ჩემო მეგობარო, შენ გონებამახვილობის დარდი ნუ გაქვს. მთავარია როგორმე ამოგჩიჩქნოთ იქიდან. – გააწყვეტინა ელენა ივანოვნამ.

– ამოჩიჩქნოთ? – დაიყვირა მეპატრონემ – მე არ დაგანებებთ ნიანგის ჩიჩქნა. ახლა ფუბლიქუმი ზალიან ბევრი მოვიდეს და მე ორმოცდაათი ქაფიქი მოვითხოვებ და ქარლხენი არ იქნება გასქდომა.

–გოთ ზეი დანქ! – სიტყვა ჩამოართვა დედაკაცმა.

– ისინი მართლები არიან. – მშვიდად შენიშნა ივან მატვეიჩმა. – ეკონომიკური პრინციპი უმთავრესია!

– ჩემო მეგობარო! – წამოვიძახე მე. – ახლავე მივფრინავ მთავრობასთან და ვიჩივლებ, რადგან ვგრძნობ: ჩვენ თვითონ ამ საქმეს არ ვეყოფით.

– მეც ასე ვფიქრობ. – შენიშნა ივან მატვეიჩმა. – მაგრამ ჩვენს დროში, ამ სავაჭრო კრიზისის ჟამს, ძნელია ნიანგის ფაშვის გაფატვრა ეკონომიკური გასამრჯელოს გარეშე, მუქთად. მაგრამ იბადება კითხვა: რამდენს მოითხოვს მეპატრონე თავის ნიანგში?

ამას მოსდევს მეორე კითხვაც: ვინ გადაიხდის? შენ ხომ იცი, რომ მე სახსრები არ გამაჩნია?...

– განა ჯამაგირის ანგარიშში... – გაუბედავად დავიწყე მე, მაგრამ მეპატრონემ იქვე გამაწყვეტინა:

– მე არ ვხიდი ნიანგი... მე სამი ათასი ვხიდი ნიანგი... მე ოთხი ათასი ვხიდი ნიანგი! ახლა ფუბლიქუმი ბევრი მოვიდეს. მე ხუთი ათასი ვხიდი ნიანგი!

– ერთი სიტყვით, მის თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა. ანგარებიანობა და საძაგელი სიხარბე გიზგიზებდა მის თვალებში.

– მივდივარ! – დავიყვირე მე აღშფოთებით.

– მეც, მეც მოვდივარ! მე მივალ თვით ანდრეი ოსიპიჩთან! მე მოვალბობ მას ჩემი ცრემლებით... – აწუწუნდა ელენა ივანოვნა.

– ნუ იზამ ამას, ჩემო მეგობარო! – სასწრაფოდ გააწყვეტინა ივან მატვეიჩმა ნიანგიდან, რადგან დიდი ხანია ეჭვიანობდა თავის ცოლზე ანდრეი ოსიპიჩთან და იცოდა: ელენა ივანოვნა სიამოვნებით იტირებს განათლებული კაცის წინაშე, რადგან ცრემლები ძლიერ შვენის მას.

– და არც შენ გირჩევ, ჩემო მეგობარო! – მომიბრუნდა იგი მე. – რა საჭიროა ასე დაუფიქრებლად, ცხელ გულზე წასვლა? რა გამოვა აქედან? ისა სჯობს მიაკითხო, კერძო ვიზიტის სახით, ტიმოფეი სემიონიჩს. ის, მართალია, ძველმოდური და ჭკუამოკლე, მაგრამ სოლიდური და, რაც მთავარია, პირდაპირი კაცია. გადაეცი ჩემი სალამი და აუწერე საქმის ვითარება. ბოლო ბანქოდან მე შვიდი რუბლი მმართებს მისი. გადაეცი ეს თანხა. ეს მოალბობს პირქუშ მოხუცს. ყოველ შემთხვევაში, მისი რჩევა სახელმძღვანელოდ გამოგვადგება. ჯერჯერობით კი წაიყვანე ელენა ივანოვნა...

– დამშვიდდი, ჩემო მეგობარო! – განაგრძო მან ახლა უკვე ცოლის მისამართით. – მე დავიღალე ამ წივილ-კივილისგან და ქალური აყალ-მაყალისგან. მინდა წავუძინო ცოტა. აქ თბილა და სირბილეა, თუმცა ჯერაც ვერ მოვასწარი აქაურობის ხეირიანად დათვალიერება, ამ ჩემი ახალი თავშესაფრისთვის თვალის გადავლება...

– დათვალიერებაო? ნუთუ იქ სინათლეც გაქვს? – წამოიძახა გახარებულმა ელენა ივანოვნამ.

– მე უკუნეთ ღამეში ვარ, – უპასუხა ბედკრულმა ტუსაღმა, – მაგრამ შემიძლია ხელით ვსინჯო აქაურობა და, ასე ვთქვათ, ხელებით ვათვალიერო.... ახლა კი მშვიდობით. დაწყნარდი და ნუ მოიკლებ გართობას. ხვალამდე! შენ კი, სემიონ სემიონიჩ, მომაკითხე საღამოს; ხოლო რაკი დაფანტული ხარ და შეიძლება დაგავიწყდეს, ხელისგულზე მოინიშნე...

გამოგიტყდებით და ძალიანაც მინდოდა აქედან წასვლა, რადგან მეტისმეტად დავიქანცე. თან მომწყინდა კიდეც ეს ყველაფერი. მაშინვე გავუყარე ხელ-მკლავი დამწუხრებულ, მაგრამ მღელვარებისგან ერთთავად დამშვენებულ ელენა ივანოვნას და სასწრაფოდ გავიყვანე სანიანგედან.

– საღამოს ისევ ხუთშაურიანი გაამზადეთ შემოსასვლელად!

– ხმა მოგვადევნა მეპატრონემ.

– ღმერთო ჩემო, როგორი წუწკები არიან! – ვეღარ მოითმინა ელენა ივანოვნამ. თან პასაჟის შუაკედლისების ყოველ სარკეში იყურებოდა და გრძნობდა, რომ გამშვენიერდა.

– ეკონომიკური პრინციპი! – მივუგე მე მსუბუქი მღელვარებით და სიამაყით. გამვლელ-გამომვლელთა წინაშე თავი მომწონდა ჩემი ქალბატონით.

– ეკონომიკური პრინციპი... – ცოტათი წაუმღერასავით ელენა ივანოვნამ თავისი ნაზი, სანდომიანი ხმით. – მე ვერაფერი გავიგე, რასაც წეღან ივან მატვეიჩი ამბობდა ამ საძაგელი ეკონომიკური პრინციპის შესახებ.

– მე აგიხსნით. – მივუგე და მაშინვე შევუდექი მოყოლას ჩვენს სამშობლოში უცხოური კაპიტალის მოზიდვის სასიკეთო შედეგების შესახებ, რაიც დილას ამოვიკითხე «პეტერბურგის უწყებების» და «თმის» ფურცლებიდან.

– რა უცნაურია ყოველივე ეს! – გამაწყვეტინა მან. – გაჩერდით, თუ ღმერთი გწამთ. რა სისულელეა... თქვენ ეს მითხარით, ძალიან გაწითლებული ხომ არა ვარ?

– თქვენ წითელი კი არა, მშვენიერი ხართ! – შევნიშნე მე, რაღაი ხელსაყრელი შემთხვევა მომეცა ქათინაურისთვის.

– გიჟო! – ჩაიტიტინა მან კმაყოფილი სახით. – საცოდავი ივან მატვეიჩი! – დაუმატა მერე და

კეკლუცად გადასწია თავი გვერდზე. – მერწმუნეთ, მებრალება იგი... ოჰ, ღმერთო ჩემო! – წამოიძახა უცებ – მითხარით, როგორ ივახშმებს ის ამაღამ და... და... როგორ იზამს... თუ რამე მოუნდება?

– აჰა, გაუთვალისწინებელი საკითხია. – ვუპასუხე და თვითონაც საგონებელში ჩავვარდი. – მე, მართალი გითხრათ, არც მომსვლია ეს თავში. რაოდენ უფრო პრაქტიკულები ხართ თქვენ, ქალები ჩვენზე, მამაკაცებზე, საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტის დროს!

– საცოდავი, მაინც რანაირად დურთა შიგ თავი, არა?... თან არავითარი გართობა, თან სიბნელე... რაოდენ საწყენია, რომ არ დამრჩა მისი ფოტოსურათი მაინც... ასე რომ, მე ახლა თითქმის ქვრივივითა ვარ. – დაუმატა მაცთუნებელ ღიმილით. აშკარად დაინტერესებული ჩანდა თავისი ახალი მდგომარეობით. – ჰმ, მაინც ისე მებრალება!...

ერთი სიტყვით, გამოითქვა ახალგაზრდა და მიმზიდველი ქალის გასაგები და ბუნებრივი წუხილი დაღუპული ქმრის გამო. ბოლოს მე ის მივიყვანე თავის სახლში, დავამშვიდე, ვისადილე მასთან ერთად და ერთი ფინჯანი სურნელოვანი ყავის მერე ექვს საათზე გავემართე ტიმოფეი სემიონიჩისკენ. ვითვალისწინებდი, რომ ამ დროს სხვადასხვა ხელობის ყველა დაოჯახებული კაცი შინაა.

ამით ვამთავრებ პირველ თავს, რაიც დავწერე მოთხრობილი ამბის შესაფერისი ენით. ახლა კი ვაპირებ გამოვიყენო სხვა სტილი – ნაკლებად ამაღლებული, სამაგიეროდ უფრო ბუნებრივი. ამის თაობაზე წინასწარ ვაუწყებ მკითხველს. 

II

პატივცემული ტიმოფეი სემიონიჩი რაღაცნაირად წრიალებდა და თითქოს ცოტათი დაბნეული ჩანდა.

მან თავის ვიწრო კაბინეტში გამიყვანა და კარი კარგად მოხურა. ბავშვებმა ხელი რომ არ შეგვიშალონო, განმარტა აშკარად შეშფოთებულმა. შემდეგ დამსვა სკამზე საწერ მაგიდასთან, თვითონ სავარძელში ჩაჯდა, თავისი ძველი ხალათის კალთა კალთაზე გადაიგდო და, ყოველი შემთხვევისთვის, რაღაც ოფიციალური, თითქმის მკაცრი სახეც კი მიიღო, თუმცა არც ჩემი და არც ივან მატვეიჩის უფროსი ის არ ყოფილა. ჩვეულებრივ, რიგით თანამშრომლად ითვლებოდა და ჩვენი ნაცნობი ეთქმოდა.

– უპირველეს ყოვლისა, – დაიწყო მან, – ყურად იღეთ, რომ მე მთავრობა არ ვარ. მე ზუსტად ისეთივე ხელქვეითი ვარ, როგორც თქვენ, როგორც ივან მატვეიჩი... მე ჩემთვისა ვარ და არაფერში ჩარევას არ ვაპირებ.

გამიკვირდა, რომ მან, როგორც ჩანს, უკვე ყველაფერი იცოდა. ამის მიუხედავად, მთელი ამბავი ხელახლა მოვუყევი დაწვრილებით. ლაპარაკის დროს ვღელავდი კიდეც, რადგან ამ წუთებში

ნამდვილი მეგობრის მოვალეობას ვასრულებდი. მან მოისმინა ყველაფერი განსაკუთრებული გაკვირვების გარეშე, მაგრამ ეჭვიანობაც აშკარად შეეტყო.

– წარმოიდგინეთ, – თქვა მან, როცა მოისმინა, – მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მას აუცილებლად ეს შეემთხვეოდა.

– კი, მაგრამ რატომ, ტიმოფეი სემიონიჩ? ეს ხომ ფრიად უჩვეულო შემთხვევაა?

– გეთანხმებით. მაგრამ ივან მატვეიჩი მთელი თავისი სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში სწორედ ასეთი შედეგისკენ იყო მიდრეკილი. ცეტია. ყოყოჩობს კიდეც. სულ «პროგრესი», სულ რაღაც იდეები... ჰოდა ამ პროგრესს აი სად მიჰყავხარ!

– მაგრამ ეს ხომ სრულიად უჩვეულო შემთხვევაა და ზოგად წესად ყველა პროგრესისტისთვის არანაირად არ გამოდგება...

– არა, მოითმინეთ, ეს ხომ ასეა. ხომ ხედავთ, ეს ყველაფერი ზედმეტი განათლებისგანაა, დამიჯერეთ. ზედმეტად განათლებულნი ცხვირს ჰყოფენ იქ, სადაც საჭირო არაა; სადაც მათ არაფერი ეკითხებათ. თუმცა იქნებ თქვენ მეტი იცით. – დაუმატა თითქოს წყენით. – მე არც ისე

განათლებული კაცი ვარ, თან ბებერი. უბრალო ჯარისკაცის შვილს წელს სამსახურებრივი მოღვაწეობის ორმოცდაათი წელი მისრულდება, მაშ?!

– ოჰ, არა, ტიმოფეი სემიონიჩ, მაპატიეთ. პირიქით, ივან მატვეიჩს თქვენი რჩევა სწყურია, თქვენი დარიგება. ასე ვთქვათ, თვალცრემლიანი გეხვეწებათ.

– «ასე ვთქვათ, თვალცრემლიანი», ჰმ! კაცმა რომ თქვას, ეს ნიანგის ცრემლებია და მათ ბოლომდე ვერ ენდობი. მოდით, ეს მიბრძანეთ, რა უნდოდა საზღვარგარეთ? ან საიდან თანხები? მას ხომ სახსრები არ გააჩნია?

– დანაზოგიდან, ტიმოფეი სემიონიჩ, ბოლოდროინდელი ფულადი ჯილდოდან. – ვუპასუხე საცოდავად. – სულ სამიოდე თვით აპირებდა გამგზავრებას, შვეიცარიაში... ვილჰელმ ტელის სამშობლოში.

– ვილჰელმ ტელისა? ჰმ!

– ნეაპოლში სურდა შეხვედროდა გაზაფხულს, დაეთვალიერებინა მუზეუმები, გაცნობოდა ზნე-ჩვეულებებს, ცხოველებს...

– ჰმ, ცხოველებს! მე კი მგონია ამპარტავნობის გამო მიემგზავრებოდა. რა ცხოველები, რის ცხოველები... განა ჩვენთან კი ცოტაა ცხოველები. სამხეცეებიცაა, მუზეუმებიც, აქლემებიც. დათვები ზედ პეტერბურგის ყურისძირში ცხოვრობენ. აი თვითონვე შიგ ნიანგში არ მოთავსდა?..

– ტიმოფეი სემიონიჩ, მაპატიეთ. ადამიანს უბედურება ეწვია. ის მოგმართავთ, ვითარცა მეგობარს, უფროს ნათესავს; რჩევასა გთხოვთ. თქვენ კი ჰკიცხავთ... უბედური ელენა ივანოვნა მაინც შეიბრალეთ!

– თქვენ მის მეუღლეს გულისხმობთ? დახვეწილი ქალბატონია. – შენიშნა ტიმოფეი სემიონიჩმა. აშკარად მოლბა და მადიანად უყნოსა თამბაქოს. – ნატიფი პერსონაა. ტანად სრულია და თავს ისე საყვარლად გადახრის ხოლმე... არა, ძალიან სასიამოვნო მანდილოსანია. ანდრეი ოსიპიჩი ამასწინათ ახსენებდა.

– ახსენებდა?

– დიახ, და ფრიად საქებარი სიტყვებით. რა მკერდიო, ამბობს, რა გამოხედვაო, რა ვარცხნილობაო... ქალი კი არა, კანფეტიაო, ამბობს. – აქ ორივეს გაეცინა. – ისინი ჯერაც

ახალგაზრდები არიან. – ტიმოფეი სემიონიჩმა ხმაურიანად მოიხოცა ცხვირი. – სხვათაშორის, ახალგაზრდა კაცია და რა კარიერა გაიკეთა...

– მაგრამ ეს ხომ სულ სხვაა, ტიმოფეი სემიონიჩ...

– რასაკვირველია, რასაკვირველია.

– ჰოდა როგორ მოვიქცეთ, ტიმოფეი სემიონიჩ?

– კი, მაგრამ მე რა შემიძლია?

– გვირჩიე რამე, დაგვაკვალიანე, ვითარცა გამოცდილმა კაცმა, ნათესავმა! რა ვიღონოთ? მთავრობას მივმართოთ, თუ ...

– მთავრობას? არავითარ შემთხვევაში! – აჩქარებით წარმოთქვა ტიმოფეი სემიონიჩმა. – ჩემი რჩევა ისაა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს საქმე მიიჩქმალოს და ვიმოქმედოთ კერძო პირის სახით. შემთხვევა საეჭვოა, თან გაუგონარი. დიახ, გაუგონარი, უმაგალითო, თან სახელის გამტეხი... ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, უპირველეს ყოვლისა... დაე იქ იწვეს თავისთვის. უნდა მოვიცადოთ, მოვიცადოთ...

– როგორღა მოვიცადოთ, ტიმოფეი სემიონიჩ? ვთქვათ და იქ დაიხრჩო, მერე?

– კი, მაგრამ როგორ? თუ არ ვცდები, თქვენ ამბობდით, რომ ის საკმაოდ კომფორტულადაც კი მოეწყო იქ.

მე ისევ მოვუყევი ყველაფერი. ტიმოფეი სემიონიჩი ჩაფიქრდა.

– ჰმ! – ჩაილაპარაკა მან, თან სათუთუნეს ატრიალებდა ხელში. – მე მგონია კარგიც კია, თუ ის ცოტა ხანს დაჰყოფს იქ, საზღვარგარეთის მაგივრად. თავისუფალი დრო ექნება და იფიქროს. რასაკვირველია, დახრჩობა არაა საჭირო. სჯობია სათანადო ზომების მიღება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად... როგორ გითხრათ, უნდა უფრთხილდეს გაციებას და ასე შემდეგ. ხოლო რაც ეხება გერმანელს, – ეს ჩემი პირადი აზრია, – მას კანონი იცავს. ეს მის ნიანგში შეძვრნენ უნებართვოდ. განა თვითონ შეძვრა უნებართვოდ ივან მატვეიჩის ნიანგში; ივან მატვეიჩისა, ვისაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ჰყოლია თავისი ნიანგი, დიახ. ნიანგი კი, აბა როგორ გითხრათ, საკუთრებაა და მისი გაჭრა არ იქნება ანაზღაურებისა და გასამრჯელოს გარეშე.

– ადამიანის გადასარჩენად, ტიმოფეი სემიონიჩ!

– აი ეს კი პოლიციის საქმეა. ამიტომ მას უნდა მიმართოთ.

– კი, მაგრამ ივან მატვეიჩი იქნებ ჩვენც დაგვჭირდეს. ის შეიძლება მოითხოვოს სამსახურმა.

– ივან მატვეიჩი დაგვჭირდეს? ჰე-ჰე! მაგრამ ის ხომ შვებულებაში ითვლება? ჩვენ შეგვიძლია არც ვახსენოთ. მან კი დაე ათვალიეროს იქ ევროპის ქვეყნები. სხვა საქმეა, თუ ის ვადის გასვლის მერე არ გამოცხადდება. ჩვენც მაშინ მოვიკითხოთ, ცნობები შევკრიბოთ...

– ეს მთელი სამი თვეა! ტიმოფეი სემიონიჩ, იყავით მოწყალე!

– თავის თავს დააბრალოს. მითხარით, ვინმემ ჩატენა შიგ? ისე გამოდის, მას სახელმწიფო მომვლელი უნდა დაენიშნოს. ეს კი შტატით არ ეკუთვნის. მთავარი კი ისაა, რომ ნიანგი საკუთრებაა და აქ უკვე ეგრეთწოდებული ეკონომიკური პრინციპი მოქმედებს. ეკონომიკური პრინციპი კი უპირველესია. ამასწინათ ლუკა ანდრეიჩის წვეულებაზე იგნატი პროკოფიჩი ამბობდა... იგნატი პროკოფიჩი იცით? კაპიტალისტია, საქმისკაცი და დალაგებულად ლაპარაკობს. ჩვენ გვჭირდებაო, ამბობს, მრეწველობა. მრეწველობა გადაარჩენსო რუსეთს! კაპიტალი უნდა შევქმნათო. ესე იგი, საშუალო ფენა, ეგრეთწოდებული ბურჟუაზია უნდა დაიბადოსო ჩვენში... ხოლო რაკი კაპიტალი არა გვაქვს, იგი საზღვარგარეთიდან უნდა

მოვიზიდოთო. უცხოურ კომპანიებს უნდა მივცეთო გზა ჩვენი მიწების შესასყიდად, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდებაო. სათემო საკუთრება საწამლავიაო, ამბობს; დაგვღუპავსო, მაშ?

და იცით, ისეთი გზნებით ლაპარაკობს... ასეც უნდა იყოს, დიდი კაცია... მოსამსახურე კი არაა. თემშიო, ამბობს, ვერც მრეწველობა, ვერც მიწათმოქმედება ვერ აყვავდებაო. უცხოურმა კომპანიებმაო, ამბობს, უნდა შეისყიდონო შეძლებისდაგვარად მთელი ჩვენი მიწები ნაწილ-ნაწილ; აი მერე კი აქუცმაცონ და აქუცმაცონ, აქუცმაცონ და აქუცმაცონ რაც შეიძლება მცირე ნაკვეთებადო; და იცით? ზუსტად ასე გამოთქვამს: ა-ქუც-მა-ცონ...

შემდეგ კი უნდა გაჰყიდონო, ამბობს, პირად საკუთრებაში. თუნდაც ნუ გაჰყიდიანო, იჯარით გასცენო.

როცაო, ამბობს, მთელი მიწები ჩვენს მიერ მოზიდული უცხოური კომპანიების ხელში იქნებაო, მაშინო, ამბობს, შეიძლებაო იჯარისთვის ნებისმიერი ფასი დააწესოო. ესე იგი, მუჟიკი სამჯერ მეტს იმუშავებს ლუკმა-პურისთვის; თან როცა გაგიხარდება, მაშინ გააგდებო.

ეს კი ნიშნავს: ის ყურებით გეყოლება დაჭერილი, მორჩილი იქნება, საქმეს უფრო ბეჯითად მოეკიდება და იმავე ფასად სამჯერ მეტს იმუშავებსო.

ახლა კი რა აბადია მას იმ შენს თემში? ეგაა, რომ იცის: შიმშილით სული არ ამოძვრება. ამიტომ კიდეც ზარმაცობს, კიდეც ლოთობს... თან ფული შემოგვივა, კაპიტალი აეწყობა, ბურჟუაზია გვეყოლება.

აი თუნდაც ინგლისის პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი «ტაიმსი» ამასწინათ ჩვენს ფინანსებს განიხილავდა და იუწყებოდა, რომ ჩვენში საშუალო ფენა არაა, სქელი ქისები არაა, დაუზარელი და თავაზიანი ბოგანოები არაა...

არა, დიდებულად ლაპარაკობს იგნატი პროკოფიჩი. მჭერმეტყველია ნამდვილი. მთავრობიდან გადადგომას და «იზვესტიაში» თანამშრომლობას გეგმავს. ეს კი საქმეა, ივან მატვეიჩის ზღაპრები კი არა...

– ივან მატვეიჩს კი რაღა ეშველება? – ჩავურთე მე მას მერე, რაც კარგა ხანი ვაცალე მოხუცს ყბედობა. ტიმოფეი სემიონიჩს ხანდახან უყვარდა-ხოლმე ლაყბობა. ამით იმის ჩვენება სურდა, რომ ის დროებას არ ჩამორჩენია და ყველაფერი ეს იცის.

– ივან მატვეიჩზე მეკითხებით? ჰოდა მეც ხომ აქეთკენ მიმყავს საუბარი? აი ჩვენ რამდენს ვირჯებით უცხოური კაპიტალის მოსაზიდად ჩვენს სამშობლოში. ახლა კი თავად განსაჯეთ:

მოზიდული მენიანგის კაპიტალი ძლივს გაორკეცდა ივან მატვეიჩის მეშვეობით. ჩვენ კი ამ დროს რას ვშვრებით? იმის მაგივრად, რომ ხელი შევუწყოთ უცხოელ მესაკუთრეს, პირიქით, ვცდილობთ სწორედ იმ ძირითად კაპიტალს ფაშვი გამოვუფატროთ. აბა რა გითხრათ? საქმეა ახლა ეს? მე თუ მკითხავთ, ივან მატვეიჩს, როგორც ჭეშმარიტ მამულიშვილს, პირიქით, უნდა უხაროდეს და ეამაყებოდეს, რომ თავისი იქ ყოფნით უცხოელი ნიანგის ღირებულება ერთი-ორად გაზარდა და, თუ გნებავთ, ერთი-სამადაც. კაპიტალის მოსაზიდად ეს დიახაც საჭიროა. ერთს გაუმართლაო? გავიხედე და აგერ მეორეც ჩამოდის თავისი ნიანგით. მესამე კი ერთბაშად ორს და სამს ჩამოიყვანს და ასე მოიყრის თავს კაპიტალი. ესეც შენი ბურჟუაზია. წახალისება გვმართებს, წახალისება!

– მოწყალება იქონიეთ, ტიმოფეი სემიონიჩ! – წამოვიძახე მე. – თქვენ ხომ თითქმის ზებუნებრივ თავგანწირვას ითხოვთ საწყალი ივან მატვეიჩისგან!

– არაფერს მე არ ვითხოვ და, უწინარეს ყოვლისა, გთხოვთ გაიგოთ: მე, ვთქვი იმისი არ იყოს, მთავრობას არ წარმოვადგენ. ამიტომ არა მაქვს უფლება ვინმესგან რაიმე მოვითხოვო. როგორც სამშობლოს ერთი შვილი, ვამბობ... ესე იგი, არა როგორც

«მამულიშვილი», არამედ, უბრალოდ, შვილი მამულისა. ისევ და ისევ: უბრძანა ვინმემ ნიანგში

ჩაძრომა? კაცი სოლიდური, კაცი გარკვეული ჩინისა, კანონიერ ქორწინებაში მყოფი! და უცებ – ასეთი ნაბიჯი! ნორმალურია ეს? გეკითხებით: ნორმალურია ეს?

– კი, მაგრამ ეს ნაბიჯი ხომ შემთხვევით მოხდა?!

– ეს არავინ იცის. თან ერთი ეს მიბრძანეთ: რა თანხებიდან უნდა მოხდეს ნიანგის მეპატრონის გასტუმრება?

– ალბათ, ჯამაგირიდან, ტიმოფეი სემიონიჩ, არა?

– ეყოფა კი?

– არ ეყოფა, ტიმოფეი სემიონიჩ. – მივუგე მე ნაღვლიანად.

– მენიანგეს თავიდან შეეშინდა, რომ ნიანგი გასკდებოდა. მერე და მერე, როგორც კი დარწმუნდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, გადიდგულდა. უხარია, რომ შეუძლია ფასის გაორკეცება.

– გასამკეცება, გაოთხკეცება კი არ შეუძლია განა? ახლა სეირის მოყვარულნი მოაწყდებიან.

მენიანგეები კი მარჯვე ხალხია. ამიტომ, ვიმეორებ, ჯერჯერობით ივან მატვეიჩმა ფარულად თვალი ადევნოს მოვლენების განვითარებას და ნუ აჩქარდება. დაე, თუ გნებავთ, ყველამ იცოდეს, რომ ის ნიანგშია, მაგრამ ოფიციალურად ის საზღვარგარეთ ირიცხება. ეს გარემოებები სულ ივან მატვეიჩის სასარგებლოდაა. იტყვიან: ნიანგში კია, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა. ასე შეიძლება შევაჯამოთ. ახლა მთავარია მოიცადოს. ან კი სადღა ეჩქარება?

– კი, მაგრამ თუ ...

– დამშვიდდით, მკვრივი აღნაგობა აქვს...

– ვთქვათ და მოიცადა, მერე?

– აბა რა გითხრათ... არ დაგიმალავთ, შემთხვევა ფრიად დახლართულია, თავს ვერ მოაბამ. საქმეს ის ართულებს, რომ მსგავსი შემთხვევები ხელთ არა გვაქვს. მაგალითი რომ გვქონოდა, კიდევ შეიძლებოდა რაღაც გზას დავდგომოდით. ახლა კი როგორ გინდა გადაწყვიტო? დაიწყებ აწონ-დაწონვას, საქმე გაჯანჯლდება.

უცებ ბედნიერმა აზრმა გამიელვა თავში.

– არ შეიძლება ისე მოვაწყოთ, – ვკითხე მე, – რომ... რაღაი ურჩხულის ფაშვებში ყოფნა არგუნა ბედმა, ხოლო მუცელს, განგების ნებით, არაფერი დაუშავდა, არ შეიძლება არზა შევიტანოთ, რათა ის ირიცხებოდეს სამსახურში?

– ჰმ!... თქვენ ალბათ გულისხმობთ, რომ შვებულების სახით და ჯამაგირის გარეშე...

– არა! არ შეიძლება ჯამაგირის შენარჩუნებით?

– რის საფუძველზე?

– მივლინების სახით.

– მივლინება სად?

– სად და წიაღში, ნიანგის წიაღში... ასე ვთქვათ, ცნობების მოსაგროვებლად, ფაქტების შესასწავლად ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალი... მაგრამ ეს ხომ პროგრესულია და თან განათლებისთვის ზრუნვად უნდა ჩაითვალოს.

ტიმოფეი სემიონიჩი ჩაფიქრდა. ბოლოს კი თქვა:

– განსაკუთრებული მოხელის მივლინება ნიანგის ფაშვებში საგანგებო მისიით – ეს ჩემი პირადი აზრია – გახლავთ სისულელე. შტატის განაწესი არ გიშვებს. ან კი რა მისიაზე შეიძლება აქ ლაპარაკი?

– რა და ბუნების, ასე ვთქვათ, მეცნიერული შესწავლა ადგილზე, ცოცხლად. დღეს მაგრად აიწყვიტა ბუნებისმეტყველებამ, ბოტანიკამ... კაცი კი იქ ცხოვრობს და ცნობებს მოგვაწვდის... როგორ გითხრათ, ვთქვათ, საჭმლის მონელების ან, უბრალოდ, ზნე-ჩვეულებების შესახებ. ფაქტების შეგროვებისთვის...

– ესე იგი, ისე გამოდის, სტატისტიკის დარგში, არა? აბა რა გითხრათ, ეს დარგი ნაკლებად მესმის. მე ხომ ფილოსოფოსი არ ვარ? თქვენ ამბობთ, ფაქტებიო. ჩვენ კი ისედაც წაგვლეკა ფაქტებმა და არ ვიცით რა ვუყოთ მათ. თან ეს სტატისტიკა საშიში რამაა...

– რითი?

– საშიშია. თან, დამეთანხმებით, ის მოგვაწვდის ფაქტებს, ასე ვთქვათ, მხარ-თეძოზე წამოწოლილი. მაგრამ განა შეიძლება მსახურობდე მხარ-თეძოზე წამოწოლილი? ეს ისევ და ისევ სიახლის შემოტანაა, თან საშიში... და ისევ, ვთქვი იმისი არ იყოს, ამის მაგალითი არა ჩანს. აი

თუნდაც სულ პაწაწკინტელა მაგალითი გვქონოდა, მაშინ, ვფიქრობ, შეიძლებოდა კიდეც მივლინების გაფორმება.

– მაგრამ აკი არც ცოცხალი ნიანგების შემოყვანის მაგალითი ყოფილა აქამდე, ტიმოფეი სემიონიჩ.

– ჰმ, დიახ... – ის ისევ ჩაფიქრდა. – მართალი თუ გინდათ, თქვენი ეს შენიშვნა სამართლიანია და შეიძლება საქმის შემდგომი წარმოების საფუძვლადაც კი გამოდგეს. მაგრამ მოდით საქმეს მეორე მხრიდან შევხედოთ. ვთქვათ, ცოცხალი ნიანგების გამოჩენის მერე მოსამსახურეებმა იწყეს გაქრობა. შემდეგ კი, აქაოდა აქ თბილა და სირბილეაო, მოითხოვეს მივლინებები, წამოწვნენ მხარ-თეძოზე და... თავად განსაჯეთ, ცუდი მაგალითია. მაშინ ხომ ყველა მანდ შეძვრება მუქთა ფულის საშოვნელად.

– გამოიჩინეთ გულისხმიერება, ტიმოფეი სემიონიჩ! რა მაგის პასუხია და ივან მატვეიჩმა მთხოვა გადმომეცა თქვენთვის ბანქოს ვალი, შვიდი რუბლი.

– აჰ, ეს მან წააგო ამასწინათ ნიკიფორ ნიკიფორიჩთან! მახსოვს. ო, რა მხიარულად იყო მაშინ, რამდენი გვაცინა, ახლა კი...

მოხუცი გულწრფელად წუხდა.

– გამოიჩინეთ გულისხმიერება, ტიმოფეი სემიონიჩ!

– შევეცდები, რაღაცას ვიზამ. ჩემი სახელით მოველაპარაკები, როგორც კერძო პირი, ცნობის სახით. სხვათაშორის, გაიგეთ ისე, არაოფიციალურად, ვინმეს მეშვეობით, რა საფასურის აღებას დაყაბულდებოდა მეპატრონე თავის ნიანგში. ტიმოფეი სემიონიჩი აშკარად მოლბა.

– უსათუოდ! – ვუპასუხე მე. – და მაშინვე ანგარიშს ჩაგაბარებთ.

– მეუღლე... დიახ... ახლა მარტოა? მოიწყინა?

– კარგს იზამდით, თუ ესტუმრებოდით, ტიმოფეი სენიონიჩ.

– ვესტუმრები! წეღან ვიფიქრე, რომ საბაბიც მოხერხებულია... და რატომ, რატომ გააღიზიანა ნიანგი? სხვათაშორის, მე თვითონაც ვისურვებდი იმ ნიანგის ნახვას.

– ინახულეთ ის საცოდავი, ტიმოფეი სემიონიჩ.

– ვინახულებ! რასაკვირველია, მე ამ ნაბიჯით არ მინდა ნამეტანი დაგაიმედოთ. მე მივალ, როგორც კერძო პირი... აბა ნახვამდის. მე ხომ ისევ ნიკიფორ ნიკიფორიჩთან უნდა მივიდე. თქვენც ხომ არ წამობრძანდებოდით?

– არა, მე – ტუსაღთან.

– დიახ, ახლა კი ტუსაღია! ეჰ, თავქარიანობა!

გამოვეთხოვე მოხუცს. ნაირ-ნაირი აზრი მიტრიალებდა თავში. კეთილი და უპატიოსნესი კაცია ტიმოფეი სემიონიჩი. მაგრამ მისგან მოვდიოდი და მიხაროდა, რომ მას უკვე ჰქონდა ორმოცდაათი წლის იუბილე და რომ ტიმოფეი სემიონიჩები ჩვენში ახლა იშვიათობაა.

რა თქმა უნდა, მაშინვე გავფრინდი პასაჟში, რათა ყველაფერი მეამბნა საწყალ ივან მატვეიჩისთვის. ცნობისმოყვარეობაც მკლავდა: როგორ მოეწყო ნეტავ მანდ, ნიანგში და, საერთოდ, რანაირად შეიძლება ცხოვრება ხვითქის ფაშვში. მართლა შესაძლებელია ასეთი რამე?

ხანდახან, მართალი გითხრათ, მეჩვენებოდა, რომ ეს ყოველივე შემზარავი სიზმარი იყო; მით უფრო, რომ საქმე სწორედ შემზარავ ურჩხულთან გვქონდა.

 III

და მაინც ეს იყო არა სიზმარი, არამედ ნამდვილი, უეჭველი სინამდვილე. ასე რომ არა, განა შევუდგებოდი ამ ამბის მოყოლას?

მაგრამ გავაგრძელოთ...

პასაჟში შევაღწიე გვიან, სადღაც ცხრა საათისთვის. იძულებული გავხდი უკანა შესასვლელიდან შევმძვრალიყავი, რადგან გერმანელს ამჯერად ჩვეულებრივზე ადრე დაეკეტა მაღაზია.

მას რაღაც გაქონილი ძველი სერთუკი ეცვა და ბოლთასა სცემდა; თან ბევრად კმაყოფილი ჩანდა, ვიდრე დილას. ეტყობოდა, რომ უკვე აღარაფრის ეშინოდა; და რომ «ფუბლიქუმი ბევრი მოვიდა».

მალე დედაკაციც გამოჩნდა; ეტყობა, ჩემს სათვალთვალოდ. მეპატრონე და დედაკაცი ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ ხოლმე. მაღაზია კი, მართალია, უკვე დაკეტილი იყო, მაგრამ გერმანელმა მაინც აიღო ჩემგან ოთხშაურიანი. თან ტვინი შეჭამა ყოვლად ზედმეტი მოწესრიგებულობით!

– თქვენ ქოველთვის გადაიხდის. ფუბლიქუმი ერთი რუბლი გადაიხდის, თქვენ – ოთხშაურიანი, რადგან თქვენ ქეთილი მეგობარია თქვენი ქეთილი მეგობარის; მე ქი ფათივი ვცემ მეგობრობა.

– ცოცხალია თუ არა, ცოცხალია თუ არა ჩემი განათლებული მეგობარი! – ხმამაღლა ვიყვირე, როცა ნიანგთან მივედი. ვიმედოვნებდი, რომ ჩემი სიტყვები მიაღწევდა ივან მატვეიჩამდე და დააკმაყოფილებდა მის თავმოყვარეობას.

– საღ-სალამათი ვარ! – გაისმა პასუხი თითქოს შორიდან ან საწოლის ქვემოდან, თუმცა მე, კაცმა რომ თქვას, მის გვერდით ვიდექი. – საღ-სალამათი ვარ, მაგრამ ამაზე მერე... როგორაა საქმეები?

მე განგებ ისე მოვიქეცი, თითქოს არ გამეგონოს მისი კითხვა და შევეცადე თანაგრძნობით, თან სულმოუთქმელად იქეთ დამეყარა კითხვები: როგორაა თვითონ, რასა შვება იქ, ნიანგში, და რა ხდება საერთოდ ნიანგის შიგნით. ამას მოითხოვდა მეგობრობაც და ჩვეულებრივი ზრდილობაც.

მაგრამ მან ჭირვეულად და წყენით გამაწყვეტინა.

– როგორაა-მეთქი საქმეები? – დამიყვირა ბრძანების კილოთი, როგორც სჩვეოდა ხოლმე ჩემთან. ხმა საერთოდ ხრინწიანი ჰქონდა, ამჯერად კი – მეტისმეტად საძაგელი.

მე მოვუყევი მთელი ჩემი საუბარი ტიმოფეი სემიონიჩთან ბოლო წვრილმანებამდე. მოყოლისას ვცდილობდი გამომეჩინა ერთგვარი წყენა.

– მოხუცი მართალია! – მოჭრა ივან მატვეიჩმა ისევე ხისტად, როგორც სჩვეოდა ხოლმე ჩემთან საუბარში. – მიყვარს პრაქტიკული ხალხი და ვერ ვიტან ტკბილ დოდნდლოებს. თან უნდა გამოგიტყდე: შენი იდეაც მივლინების თაობაზე როდია მთლად სისულელე. მართლაც, ბევრი რამ შემიძლია მივაწოდო აქედან მეცნიერებასაც და ზნეობასაც... მაგრამ ახლა ეს ყველაფერი იღებს ახალ და მოულოდნელ განვითარებას. ამიტომ ნუ ჩავაცივდებით მხოლოდ ჯამაგირის საკითხს. მომისმინე ყურადღებით. შენ ზიხარ?

– არა, ვდგავარ.

– ჩამოჯექი სადმე, თუნდაც იატაკზე და მისმინე ყურადღებით.

ბოღმა მახრჩობდა. გაჯავრებულმა ავიღე სკამი და ბრახუნით დავდგი იატაკზე.

– მისმინე, – დაიწყო მან მბრძანებლურად, – დღეს უამრავი დამთვალიერებელი მოაწყდა აქაურობას. საღამოს ხალხი ვეღარ ეტეოდა და წესრიგის დასამყარებლად პოლიცია მოვიდა. რვა საათზე, ესე იგი, ჩვეულებრივზე ადრე, მეპატრონემ საჭიროდ ჩათვალა მაღაზიის დაკეტვა და წარმოდგენის შეწყვეტა, რათა დაეთვალა შემოსული თანხები და უფრო მოხერეხებულად დაეჭირა თადარიგი ხვალისათვის. ვიცი, რომ ხვალ თავს მოიყრის მთელი ბაზრობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ დედაქალაქის ყველა უგანათლებულესი ადამიანი, მაღალი საზოგადოების ქალბატონები, უცხოეთის დესპანები, იურისტები და სხვები აქ იტრიალებენ. მეტიც, აქეთკენ დაიძრებიან ადამიანები ჩვენი ვრცელი და ცნობისმოყვარე იმპერიის მრავალფეროვანი პროვინციებიდან.

ყველა გამიცნობს. – განაგრძობდა იგი. – მართალია, არა ვჩანვარ, მაგრამ აქ მე ვარ მთავარი! მინდა ჭკუა ვასწავლო უქნარა ბრბოებს. მე, გამოცდილებისგან დაბრძენებული, შევქმნი სიდიადისა და ბედთან გმირულად შერიგების მაგალითს! ვიქნები, ასე ვთქვათ, კათედრა, საიდანაც დავიწყებ კაცობრიობის დამოძღვრას. რად ღირს თუნდაც საბუნებისმეტყველო ცნობები, რაიც შემიძლია მივაწოდო მეცნიერებას ჩემი სამკვიდრო და საცხოვრისი ურჩხულის შესახებ. ამიტომ არა თუ ვჩივი მომხდარის გამო, არამედ მტკიცედ მჯერა: მე შევიქმნი უბრწყინვალეს, გაუგონარ კარიერას!

– არ მოგწყინდება? – შევნიშნე გესლიანად.

ყველაზე მეტად იმან გამაგულისა, რომ მან უკვე თითქმის შეწყვიტა პირადი ნაცვალსახელების ხმარება – იმ ზომამდე გაყოყოჩდა! ყოველივე ამან თავგზა ამიბნია. «საიდან, მაინც საიდან ამდენი თავხედობა?... ეს ქარაფშუტა ვირისთავი! – ვჩურჩულებდი ჩემთვის კბილების კრაჭუნით. – უნდა ტიროდეს, ბაქიბუქობს კია.»

– არა! – მკვეთრად მიპასუხა შენიშვნაზე. – მე ერთიანად განვიმსჭვალე დიადი იდეებით. ბოლოს და ბოლოს მეღირსა თავისუფალი დრო, რათა ვიფიქრო მთელი კაცობრიობის ბედის გაუმჯობესებაზე. ახლა უკვე ნიანგიდან ამოვა სინათლე და სიმართლე, მაშ? უეჭველად გამოვიგონებ ახალი ეკონომიკური ურთიერთობების საკუთარ თეორიას და ვიამაყებ მითი. აქამდე არ შემეძლო ეს სამსახურებრივი მოუცლელობის და უხამსი საზოგადოებრივი გართობების გამო. გავამტყუნებ ყველა აზრს და ვიქნები ახალი ფურიე... რა მაგის პასუხია და მიეცი შვიდი რუბლი ტიმოფეი სემიონიჩს?

– ჩემი ჯიბიდან! – ვუპასუხე. ვცდილობდი ხმამაღლა მეთქვა, რომ ჩემი ფული გადავიხადე.

– გავსწორდებით! – მიპასუხა ამპარტავნულად. – ჯამაგირის მომატებას ველოდები დღე-დღეზე. ვიღას უნდა მოუმატონ, თუ არა მე?! ჩემგან ახლა განუზომელი სარგებელი აქვს ქვეყანას. მაგრამ მოდი საქმეზე ვილაპარაკოთ. ცოლი?

– შენ ალბათ ელენა ივანოვნაზე მეკითხები.

– ცოლი?! – დაიყვირა მან და ამჯერად ხმას რაღაც სხვანაირი ხრინწი გამოურია.

რას ვიზამდი? მორჩილად, მაგრამ ისევ და ისევ კბილების კრაჭუნით მოვუყევი, თუ როგორ დავტოვე ელენა ივანოვნა. მას ბოლომდე არც მოუსმენია.

– მასზე განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებ. – დაიწყო მოუთმენლად. – თუ მე სახელგანთქმული ვიქნები აქ, მაშინ მინდა, რომ ის სახელგანთქმული იყოს იქ. მეცნიერები, პოეტები, ფილოსოფოსები, გავლით ჩამოსული მინერალოგები, სახელმწიფო მოღვაწენი ჩემთან ჩატარებული დილის საუბრების მერე მის სალონს მიაშურებენ საღამოობით. მომავალი კვირიდან მან უნდა დაიწყოს ყოველდღიური სალონების გამართვა საღამოობით. გაორკეცებული ჯამაგირი მისცემს საშუალებას მიღებებისთვის. მიღება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ჩაითა და დაქირავებული მოახლეებით. აქაც და იქაც ლაპარაკი იქნება ჩემზე. დიდი ხანია ვეძებდი შემთხვევას, რაიც ჩემს შესახებ აალაპარაკებდა ქვეყანას. მწყუროდა ეს, მაგრამ ვერ ვეღირსე. უმნიშვნელო თანამდებობა და არასაკმარისი ჩინი მბოჭავდა სულ. ახლა კი ხედავ: ყველაფერი ეს მიღწეულია. ნიანგის ერთმა სრულიად ჩვეულებრივმა ყლაპმა ჰქნა ეს! ამიერიდან ჩემი ყოველი სიტყვა მოსმენილი იქნება, ყოველი აზრი – ატაცებული, ხელი-ხელ საგოგმანები,

დაბეჭდილ-გამოქვეყნებული. მე მათ ვაჩვენებ, ვინცა ვარ! მიხვდებიან ბოლო-ბოლო, რა ნიჭი გაისტუმრეს ურჩხულის წიაღში.

«ეს კაცი შეიძლებოდა ყოფილიყო საგარეო მინისტრი და სამეფოს მმართველი!» – იტყვიან ერთნი.

«და ეს კაცი არ გვესვა უცხოეთის სამეფოს მმართველად!» – დაამატებენ მეორენი. აბა რითი, მაინც რითი ვარ, ნეტავი, რომელიმე გარნიე-პაჟესიშკებზე ნაკლები, მანდ რომ ჰყავთ?

ცოლმა უნდა ივარგოს ახლა. უნდა ამყვეს სათანადოდ. მე ჭკუა-გონება მაქვს, მას – სილამაზე და თავაზიანობა.

«ის მშვენიერია, ამიტომაცაა მისი ცოლი.» – იტყვიან ერთნი.

«ის მშვენიერია იმიტომ, რომ მისი ცოლია.» – შეუსწორებენ მეორენი.

ყოველი შემთხვევისთვის ელენა ივანოვნამ დაე ხვალვე იყიდოს ენციკლოპედიური ლექსიკონი ანდრეი კრაევსკის რედაქციით, რათა შეეძლოს საუბარი ყველაფრის შესახებ. ყველაზე ხშირად

კი იკითხოს «პეტერბურგსკიე ვედომოსტის» მოწინავე სტატიები პოლიტიკური თემების გარშემო და შეაჯეროს ყოველდღიურ «ვოლოსთან».

ვფიქრობ, მეპატრონე არ იქნება წინააღმდეგი, რომ ხანდახან მეც მიმიყვანონ ჩემი ცოლის ბრწყინვალე სალონში; ცხადია, ნიანგთან ერთად. მე ყუთში ვიქნები, რაიც დაიდგმება დიდებული სასტუმრო ოთახის შუაგულში. მე იქ დავაფრქვევ მოსწრებულ ფრაზებს, რომლებიც დილიდანვე მექნება მოფიქრებული. სახელმწიფო მოხელეს გავაცნობ ჩემს პროექტებს. პოეტებს გარითმულად დაველაპარაკები. ქალბატონებს გავართობ ზნეობის ფარგლებში, რაიც სრულიად უხიფათო იქნება მათი მეუღლეებისთვის. ყველა დანარჩენისთვის კი მაგალითი ვიქნები ბედისწერისადმი და განგების ნებისადმი მორჩილებისა.

ცოლს ვაქცევ ბრწყინვალე ლიტერატურულ ქალბატონად. მე მას მძლავრად წამოვწევ წინ და ხალხს წარვუდგენ. რაღაი ჩემი ცოლია, ის აღსავსე უნდა იყოს დიადი ღირსებებით. ხომ სამართლიანია ანდრეი ალექსანდროვიჩის გამოცხადება რუსეთის ალფრედ დე მიუსსედ? კიდევ უფრო სამართლიანი იქნება ჩემი ცოლის გამოცხადება რუსეთის ევგენია ტურედ...

გამოგიტყდებით, ივან მატვეიჩს მუდამ სჩვეოდა აი ასეთი აბდა-უბდა. მაგრამ ახლა მე ვიფიქრე, რომ ის სიცხიანია და ბოდავს. ის იგივე, ჩვეულებრივი და ყოველდღიური ივან მატვეიჩი გახლდათ, ოღონდ – ძლიერ გამადიდებელი შუშიდან დანახული.

– ჩემო მეგობარო, – ვკითხე მე მას, – ხომ არ გგონია, რომ სულ იცოცხლებ? და საერთოდ ეს მითხარი: ხარ კი სრულ ჭკუაზე? როგორ იკვებები? როგორ გძინავს? როგორ სუნთქავ? მეგობარი ვარ შენი და შევთანხმდეთ, რომ ფრიად ზებუნებრივ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და, მაშასადამე, ჩემი ცნობისმოყვარეობა სრულიად ბუნებრივია.

– ფუჭი ცნობისმოყვარეობა და მეტი არაფერი! – გაისმა ნიანგის ფაშვიდან. – მაგრამ არა უშავს, გიპასუხებ. მეკითხები, როგორ მოეწყვეო მანდ. ჯერ ერთი, ნიანგი, ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა სრულიად ფუტურო. აქაურობა ჰგავს უზარმაზარ ცარიელ ტომარას, რეზინისას. ჩვენში რეზინის ამნაირი ნაკეთობებითაა სავსე გოროხოვოს, მორსკოეს და, თუ არ ვცდები, ვოზნესენსკის გამზირები. ასე რომ არ იყოს, აბა როგორ დავეტეოდი აქ?

– ეს შეუძლებელია! – წამოვიძახე განცვიფრებულმა. – ნუთუ ნიანგი სრულიად ფუტუროა?!

– სრულიად! – მკაცრად და შთამაგონებლად დაადასტურა ივან მატვეიჩმა. – ალბათ, ის ასეა მოწყობილი თვით ბუნების კანონებით. ნიანგს აქვს მხოლოდ ხახა, ბასრი კბილებით აღჭურვილი. ამას ემატება მნიშვნელოვნად გრძელი კუდი. აი სულ ესაა, კაცმა რომ თქვას. მათ შორის კი ცარიელი სივრცეა, თითქოს კაუჩუკის ფენით შემორაგული. საფიქრებელია, რომ ეს ნამდვილი კაუჩუკია.

– კი, მაგრამ ნეკნები? კუჭი? ნაწლავები? ღვიძლი? გული? – მივაყარე ბრაზმორეულად.

– არ-რაფერი, სრულიად არაფერი ამის მსგავსი აქ არაა და ალბათ არც არასოდეს ყოფილა. ყოველივე ეს თავქარიან მოგზაურთა ფუჭი ფანტაზიაა. როგორც ბუასილის ბალიშია ხოლმე გაბერილი უვარგისი სისხლით, ისეა ახლა ეს ნიანგი გაბერილი ჩემით. ვერ წარმოიდგენ, ისე იწელება იგი. აი შენც კი, რაღაი ოჯახის მეგობარი ხარ, შეგეძლო მოთავსებულიყავი ჩემს გვერდით; დიახ, შეგეძლო, დიდსულოვნება რომ გყოფნიდეს. ადგილი გამოიძებნებოდა. იმასაც კი ვფიქრობ, რომ, უკიდურეს შემთხვევაში, გამოვიწერო აქ ელენა ივანოვნა. ერთი სიტყვით, ნიანგის ასეთი გამოშიგნული აგებულება სრულ თანხმობაშია ბუნებისმეტყველებასთან.

მართლაც, ვთქვათ და გინდა ახალი ნიანგის აგება. ცხადია, მაშინვე შენს წინაშე დაისმება კითხვა: რა არის ნიანგის ძირითადი ნიშან-თვისება? პასუხი ნათელია: ყლაპოს ადამიანები. რანაირი აღნაგობისა უნდა შევქმნათ ნიანგი, რათა ის ყლაპავდეს ადამიანებს? პასუხი კიდევ უფრო ნათელია: ის უნდა იყოს ფუტურო. ფიზიკამ დიდი ხანია დაადგინა: ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს. შესაბამისად, ნიანგის შინაგანი სამყაროც უნდა იყოს ცარიელი, რათა ნიანგი ვერ ითმენდეს სიცარიელეს და, მაშასადამე, განუწყვეტლად ყლაპავდეს; მუცელი ამოიყოროს ყველაფრით, რაც კი ხახაში მოჰყვება. აი ერთადერთი გონივრული მიზეზი იმისა, თუ რად ყლაპავენ ნიანგები ჩვენს ძმას.

ასე როდია ადამიანის აღნაგობაში. რაც უფრო ცარიელია, მაგალითად, ადამიანის თავი, მით უფრო ნაკლებად სწყურია მას ავსება. ეს ერთადერთი გამონაკლისია ზოგადი წესისგან. ეს ყველაფერი ახლა ჩემთვის მზესავით ნათელია; და ყველაფერ ამას ჩავწვდი ჩემი საკუთარი გონებით და გამოცდილებით, რაღაი ვიმყოფები, ასე ვთქვათ, ბუნების წიაღში და ყურს ვუგდებ მის მაჯისცემას.

თვით ეტიმოლოგიაც კი ჩემს სასარგებლოდ მეტყველებს: სიტყვა «კროკოდილ» ღორმუცელას ნიშნავს. ჩროცოდილლო აშკარად იტალიური სიტყვაა; თანამედროვე იტალიური, რაიც, ალბათ, მოსწონდათ ძველი ეგვიპტის ფარაონებს.

ეს სიტყვა აშკარად ფრანგული ძირისგან ჩროგუერ წარმოდგება, რაიც ნიშნავს ჭამას, საჭმელად გამოყენებას. მე ვაპირებ ყოველივე ამის წაკითხვას პუბლიკის წინაშე პირველი ლექციის სახით. ეს პუბლიკა თავს მოიყრის ელენა ივანოვნას სალონში, სადაც მე მიმიტანენ ყუთით.

– ჩემო მეგობარო, ხომ არ მიიღებდი ახლავე თუნდაც სასაქმებელს, ასე ვთქვათ, საფაღარათო საშუალებას? – წამოვიძახე უნებლიეთ. «მას ტვინი უხურს, მას ტვინი უდუღს, ის ბოდავს!»

– ვიმეორებდი ჩემთვის, შეძრწუნებული.

– სისულელეა! – მიპასუხა აგდებულად. – თან ჩემს ახლანდელ მდგომარეობაში ეს ფრიად მოუხერხებელია. სხვათაშორის, მე სადღაც ვგრძნობდი, რომ შენ სასაქმებელს შემომთავაზებდი.

– ჩემო მეგობარო, როგორ... როგორღა იღებ შენ ახლა საკვებს? აი, დღეს თუ ისადილე?

– არა, მაგრამ მაძღრისად ვარ და, როგორც ჩანს, ამიერიდან საკვებს აღარ მივიღებ. ესეც სრულიად გასაგებია. რაღაი ვავსებ ნიანგის შიგანს, ამით ის სამუდამოდ მაძღარია. ახლა მას აღარ სჭირდება კვება. მეორე მხრივ, ჩემით მაძღარი ნიანგი, ბუნებრივია, მეც გადმომცემს თავისი სხეულის სასიცოცხლო წვენებს. ეს იმასა ჰგავს, ზოგიერთი ნატიფი კეკლუცი ქალი ღამით უმ კატლეტებს რომ შემოიწყობს ტანზე და შემდგომ, დილის აბაზანის მიღების მერე, ხდება ხალისიანი, მოქნილი, სიცოცხლით სავსე და მაცთური.

ასეა, მე ვკვებავ ნიანგს; ხოლო მისგან ვიღებ სამაგიერო საკვებს. მაშასადამე, ჩვენ ვკვებავთ ერთმანეთს.

მაგრამ თვით ნიანგისთვისაც კი ძნელია ჩემისთანა კაცის მონელება. ამიტომ ის, რასაკვირველია, უნდა გრძნობდეს ერთგვარ სიმძიმეს კუჭში, რაიც, სხვათაშორის, მას არ გააჩნია.

აი რატომაა, რომ ვერიდები მხარის მონაცვლებას – ეს ზედმეტ ტკივილს მიაყენებდა ურჩხულს. კი შემიძლია მხარის მონაცვლება, მაგრამ არ ვშვრები ამას ჰუმანურობის გამო. ეს ჩემი ახლანდელი მდგომარეობის ერთადერთი ნაკლია; და, კაცმა რომ თქვას, ტიმოფეი სემიონიჩი როდი ცდება, უქნარასა და მუქთახორას რომ მიწოდებს.

ის სწორია, რა თქმა უნდა, ალეგორიული აზრით. მაგრამ მე დავამტკიცებ, რომ მხართეძოზე წოლითაც... მეტიც, მხოლოდ მხარ-თეძოზე წოლით შეიძლება კაცობრიობის ბედის შემოტრიალება.

ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ყველა დიადი იდეა აშკარად მხარ-თეძოზე მწოლთა ნახელავია. აი რად უწოდებენ ამ იდეებს კომუნისტურს. მაგრამ ფეხებზე მკიდია. რაც უნდათ, ის უწოდებიათ! მე გამოვიგონებ ახლა მთელ სოციალურ სისტემას. ვერ წარმოიდგენ, თუ რა ადვილია ეს! საკმარისია განმარტოვდე რაც შეიძლება შორს; ან მოხვდე ნიანგში, დახუჭო თვალები და მაშინვე გამოიგონებ ნამდვილ სამოთხეს მთელი კაცობრიობისთვის. ამასწინათ, როგორც კი თქვენ წახვედით, მე მაშინვე შევუდექი გამოგონებას. უკვე გამოვიგონე სამი სისტემა და ახლა ვამზადებ მეოთხეს. მართალია, ჯერ მთავარია ყველაფრის უარყოფა, მაგრამ ნიანგიდან ეს ისე ადვილია! მეტიც, ნიანგიდან ყველაფერი ეს უფრო მკაფიოდ ჩანს...

სხვათაშორის, ჩემს მდგომარეობაში არის ხარვეზებიც, მაგრამ უმნიშვნელო. ნიანგში მაინც სინესტეა და თითქოს ყველაფერი ლორწოვანია. მეტიც, რეზინის სუნი დგას; ზუსტად ჩემი შარშანდელი კალოშისა. ესაა და ეს. სხვა ყველაფერი აქ რიგზეა.

– ივან მატვეიჩ, – გავაწყვეტინე, – ყოველივე ეს სასწაულის სფეროა, რისი დაჯერებაც მე გამიჭირდება. შენ ეს მითხარი: ნუთუ არასოდეს, არასოდეს არ უნდა ისადილო?

– რა სისულელეებია, რომ გაწუხებს, შე უბედურო? მე დიად იდეებზე გელაპარაკები, შენ კი... იცოდე, მე მაძღარი ვარ თუნდაც მხოლოდ დიადი იდეებით. ისინი მეხვევიან ირგვლივ და წყვდიადს მინათებენ. სხვათაშორის, ურჩხულის გულკეთილი მეპატრონე ამასწინათ მოეთათბირა უკეთილშობილეს დიასახლისს და გადაწყვიტეს: ყოველ დილით ნიანგს ხახაში შეთხრიან ლითონის მილაკს, სალამურისმაგვარს, რითაც მე შემიძლია მოვწოვო ყავა ან ბულიონი, შიგ ჩაფჩხვნილი თეთრი პურით. მილაკი უკვე შეუკვეთეს, თუმცა მე ეს ზედმეტ ფუფუნებად მიმაჩნია. სიცოცხლით კი ვერა ვძღები. იმედია ვიცოცხლებ დიდხანს;

სულ ცოტა, ათას წელს მაინც, თუკი ნიანგები მართლაც ამდენ ხანს ცოცხლობენ. კარგია, რომ გამახსენდა: ხვალვე ჩაიხედე რომელიმე საბუნებისმეტყველო ცნობარში და შემატყობინე. იქნებ, რომელიმე სხვა წიაღისეული ამერია ნიანგში.

ერთი რამ არ მასვენებს მხოლოდ. ყური მიგდე: აქ მე მაუდის ტანსაცმელი და ჩექმები მაცვია. ამიტომ ნიანგი ვერ მომინელებს. მეტიც, მე ცოცხალი ვარ და ვეწინააღმდეგები ნიანგის მიერ ჩემს მონელებას მთელი ჩემი ნებისყოფით. აკი არა მსურს გადავიქცე იმად, რადაც იქცევა-ხოლმე ყოველი საჭმელი ნაწლავებში. ეს მეტისმეტად დამამცირებელი იქნებოდა ჩემთვის.

მაგრამ აი რა მაშინებს: ათასი წლის განმავლობაში ჩემი სერთუკის მაუდი, ეს უბედური რუსული ნაწარმი, შეიძლება გაიცვითოს. მაშინ მე დედიშობილა დავრჩები და, მთელი ჩემი აღშფოთების მიუხედავად, თანდათან მონელებული აღმოვჩნდები. მართალია, დღისით მე ამას არანაირად არ დავუშვებ და არ დავანებებ, მაგრამ ღამ-ღამობით, ძილში, როცა ნებისყოფა ტოვებს ადამიანს, შეიძლება მეწიოს ესოდენ დამამცირებელი ხვედრი რომელიღაც კარტოფილისა, კვერისა ან ხბოს ხორცისა.

აი ამ იდეას, ჩემო მეგობარო, გაგიჟებამდე მივყავარ. თუნდაც ამ ერთი მიზეზის გამო საჭიროა ჩვენს ქვეყანაში შეიცვალოს ტარიფი და წახალისდეს ინგლისური მაუდის შემოტანა. ბევრად ხარისხიანია და, მაშასადამე, უფრო დიდხანს გაგიძლებს, თუ ნიანგში მოხვდი.

პირველი შემთხვევისთანავე გავუზიარებ ჩემს ამ აზრს რომელიმე სახელმწიფო მოხელეს; აგრეთვე ჩვენი ყოველდღიური პეტერბურგული გაზეთების პოლიტიკურ მიმომხილველებს. დაე შეუძახონ!

იმედი მაქვს, მარტო ამ იდეას როდი ისესხებენ ჩემგან ამიერიდან. წინასწარ ვხედავ: ყოველ დილას მათი მთელი ჯგრო, სარედაქციო ხუთშაურიანებით ხელში, მოაწყდება ბილეთების სალაროს და ალყაში მომაქცევს, რათა ყური მოჰკრას ჩემს აზრებს გუშინდელი დეპეშების შესახებ. ერთი სიტყვით, მომავალი მხოლოდ ვარდისფერებში მესახება.

«ციებ-ცხელება, ციებ-ცხელება!» – ვჩურჩულებდი ჩემთვის.

– ჩემო მეგობარო, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თავისუფლება? – ვკითხე, რათა ბოლომდე გამეგო მისი შეხედულება. – შენ ხომ, ასე ვთქვათ, დილეგში ხარ. ადამიანი კი თავისუფლებით უნდა ტკბებოდეს.

– ბრიყვი ხარ შენ! ჩამორჩენილ ველურებს უყვართ დამოუკიდებლობა. ბრძენს კი წესრიგი ურჩევნია. მაგრამ სადღაა წესრიგი?

– ივან მატვეიჩ, დაგვზოგე და შეგვიწყალე!

– გაჩუმდი და მომისმინე! – ეწყინა, რომ გავაწყვეტინე. – არასოდეს ისე მაღლა არ მიფრენია, როგორც ახლა. ჩემს ვიწრო თავშესაფარში ერთიღა მაშინებს – სქელტანიანი ჟურნალების

ლიტერატურული კრიტიკა და ჩვენი სატირული გაზეთების სტვენა. მეშინია, რომ ქარაფშუტა მნახველებმა, ბრიყვებმა და მოშურნეებმა, საერთოდ, ნიჰილისტებმა სასაცილოდ არ ამიგდონ. მაგრამ მე ზომებს მივიღებ. მოუთმენლად ველოდები პუბლიკის ხვალინდელ გამოხმაურებებს და, რაც მთავარია, გაზეთების შეხედულებებს. გაზეთების შესახებ ხვალვე მაცნობე.

– კეთილი, ხვალვე დავყრი აქ გაზეთების მთელ დასტას.

– ხვალ ჯერ კიდევ ადრეა ველოდოთ გაზეთების გამოხმაურებას, რადგან განცხადებები მხოლოდ მეოთხე დღეს იბეჭდება. მაგრამ ამიერიდან შემოხვალ ყოველ საღამოს, შიდა შემოსასვლელიდან. განზრახული მაქვს შენი გამოყენება მდივნად. შენ იქნები ჩემი მდივანი. წამიკითხავ ჟურნალ-გაზეთებს. მე კი გიკარნახებ ჩემს აზრებს და მოგცემ დავალებებს. განსაკუთრებით მთავარია არ დაგავიწყდეს დეპეშები. ყოველდღე აქ მქონდეს ყველა ევროპული დეპეშა!

მაგრამ კმარა. შენ ალბათ გეძინება. წადი შინ და ნუ იფიქრებ იმაზე, რაც წეღან გითხარი კრიტიკის შესახებ. მე არ მეშინია მისი, რადგან კრიტიკა თვითონვე იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში. საკმარისია კაცი ბრძენი იყო და აუცილებლად ახვალ კვარცხლბეკზე. თუ სოკრატე არა, მაშინ დიოგენე, ან ორივე ერთად – აი როლი, რაიც მელის კაცობრიობის ისტორიაში!

ასე ქარაფშუტულად და ახირებულად ცდილობდა ივან მატვეიჩი დაცლილიყო თავისი ავადმყოფური ფანტაზიებისგან. ამ დროს იმ დედაკაცებს ჰგავდა, რომლებზეც იტყვიან-ხოლმე, პირში საიდუმლო არ უჩერდებათო.

ყველაფერი, რაიც ნიანგის შესახებ მითხრა, ფრიად საეჭვოდ მეჩვენებოდა. აბა რანაირად შეიძლება ნიანგი სრულიად ფუტურო იყოს? სანაძლეოს ჩამოვალ: ეს მან წაიტრაბახა პატივმოყვარეობის გამო; ნაწილობრივ კი, ჩემს დასამცირებლად. ეს კია, რომ ავად იყო. ავადმყოფს კი პატივი უნდა ვცეთ.

მაგრამ გამოგიტყდებით: ვერასოდეს ვიტანდი ივან მატვეიჩს! მთელი ჩემი ცხოვრება, ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული, სულ მინდოდა გავქცეოდი მის მეურვეობას და ვერ ვახერხებდი. რამდენჯერ ვცადე საბოლოოდ მიმეფურთხებინა მისთვის, მაგრამ ბოლო წამს ისევ მისკენ მიწევდა გული. თითქოს ისევ და ისევ იმედი მრჩებოდა, რომ რაღაცას დავუმტკიცებდი და შურს ვიძიებდი.

უცნაური რამ გახლავთ ეს მეგობრობა! გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ მასთან თითქმის მთლიანად ბოღმის გამო ვმეგობრობდი. ამჯერად ჩვენ მართლაც დავშორდით, ოღონდ ჭარბი გრძნობებით.

– თქვენი მექოფარი ზალიან ჩქვიანი ადამიანი. – მითხრა გერმანელმა ხმადაბლა, როცა ჩემი გაცილება დააპირა. ის ბეჯითად უგდებდა ყურს ჩვენს საუბარს.

– აჰ, სხვათაშორის, – მივუგე მე, – არ დამავიწყდეს: რამდენს მოითხოვდით თქვენს ნიანგში, რამე რო იყოს?

ივან მატვეიჩმა გაიგონა კითხვა და ცნობისწადილით დაელოდა პასუხს. აშკარად არ სურდა, რომ გერმანელს მცირე თანხა მოეთხოვა. ყოველ შემთხვევაში, მან რაღაცნაირად დაიყიყინდაიბუყბუყა ჩემს შეკითხვაზე.

თავიდან გერმანელს გაგონებაც არ სურდა; გაბრაზდა კიდეც.

– არავინ გაბედავს ჩემი საქუთარი ნიანგი გახიდვა! – დაიყვირა მან გააფთრებით და გაწითლდა მოხარშულ კიბოსავით. – მე არ სურს ნიანგი გახიდვა. მე მილიონი თალერი არ გავხიდავ ნიანგი. მე ას ოცდაათი თალერი დღეს ფუბლიქუმიდან აიღო; ხვალ კი ათი ათასი თალერი აიღო. შემდეგ კი ასი ათასი თალერი ქოველი დღე აიღო. არ მინდა გავხიდე!

ივან მატვეიჩმა სიამოვნებისგან ჩაიხითხითა კიდეც.

ბრაზი მერეოდა, მაგრამ თავი შევიკავე. ამას ითხოვდა მეგობრისადმი სამსახური. დინჯად და საქმიანად მივანიშნე გადარეულ გერმანელს, რომ მისი გაანგარიშებანი მთლად სწორი როდია. ავუხსენი: თუ მას ყოველდღე ასი ათასი შემოუვიდოდა, მაშინ ოთხ დღეში მთელი პეტერბურგი უფულოდ დარჩებოდა და მისი შემოსავალიც ამოიწურებოდა; რომ სიკვდილ-სიცოცხლე ღვთის ხელშია; რომ ეს ნიანგი შეიძლება გასკდეს ივან მატვეიჩისგან, ან ივან მატვეიჩი ავად გახდეს და პატრონს ჩაბარდეს და სხვა.

გერმანელი ჩაფიქრდა.

– მე მას აფთიაქიდან ცვეთები მივცემ, – თქვა მან დაფიქრების მერე, – და თქვენმა მეგობარმა არ მოქვდება.

– წვეთები წვეთებად, – ვუთხარი მე, – მაგრამ ანგარიში გაუწიეთ იმასაც, რომ შეიძლება დაიწყოს სასამართლო პროცესი. დაზარალებულის მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს თავისი კანონიერი თანამეცხედრე. აი თქვენ განზრახული გაქვთ გამდიდრება. მაგრამ განზრახული გაქვთ თუ არა, რომ რაღაც პენსია მაინც დაუნიშნოთ ელენა ივანოვნას?

– არა, არ მაქ ზრახული! – დაბეჯითებით და მკაცრად მიპასუხა გერმანელმა.

– არრა, არ გვაქ ზრახული! – აიტაცა ღვარძლიანად დიასახლისმა.

– ჰოდა განა არ გირჩევნიათ აიღოთ რაღაც თანხა, თუნდაც მოკრძალებული, მაგრამ ნაღდი და სოლიდური, ახლავე, ერთბაშად, ვიდრე გაურკვევლობაში დარჩეთ? ჩემს მოვალეობად ვთვლი დავძინო: გეკითხებით არა მხოლოდ ფუჭი ცნობისმოყვარეობის გამო.

გერმანელმა გვერდზე გაიხმო დიასახლისი და ერთხანს ითათბირეს კუთხეში. იქვე იდგა კარადა, რასაც ამშვენებდა კოლექციის ყველაზე ზორბა და უშნო მაიმუნი.

– აი ნახავ! – ამომძახა საიდანღაც ივან მატვეიჩმა.

რაც შემეხება მე, ამ წუთში ერთი სული მქონდა კარგად დამეზილა ეს გერმანელი; მერე კიდევ უფრო მაგრად – მისი დიასახლისი. ბოლოს კი ცემით გამეხეთქა ივან მატვეიჩი ამ უსაზღვრო თავკერძობისთვის. მაგრამ ყოველივე ეს არაფერი იყო ხარბი გერმანელის პასუხთან შედარებით:

თავის დიასახლისთან დათათბირების შემდეგ მან თავის ნიანგში მოითხოვა ორმოცდაათი ათასი რუბლი შიდა სესხის ლოტარეის ბილეთებთან ერთად, ქვის სახლი გოროხოვოში საკუთარი აფთიაქითურთ და ზედ დართული ... რუსი პოლკოვნიკის ჩინი!

– ხომ ხედავ? – საზეიმო ხმით აღუღუნდა ივან მატვეიჩი ნიანგის ფაშვში. – ხომ გეუბნებოდი? უკანასკნელ უგუნურ სურვილს თუ არ ჩავთვლით, სურვილს გაპოლკოვნიკებისა, ის სავსებით მართალია. მას დიდებულად ესმის თავისი ურჩხულის ახლანდელი ღირებულება. ეკონომიკური პრინციპი უპირველეს ყოვლისა!

– შეგვიწყალეთ! – გააფთრებით დავჭყივლე გერმანელს. – ეს პოლკოვნიკობა მაინც რამ მოგაფიქრათ, თან ასე უცებ? რა გმირობა თქვენ ჩაგიდენიათ, რა სამსახური თქვენ გაგიწევიათ, რომელი საბრძოლო დიდებისთვის თქვენ მიგიღწევიათ? აბა მითხარით, განა უგუნური არა ხართ ამის მერე?

– უგუნურიო? – დასჭექა განაწყენებულმა გერმანელმა. – არა, მე ზალიან ჩქვიანი ადამიანია, თქვენ კი ზალიან სულელი! მე ფოლქოვნიქი დაიმსახურა, რადგან მე ნიანგი აჩვენა. შიგ კი ცოცხალი ჩინოვნიქი ზის. რუსი ქი არ შეუზლია აჩვენა ნიანგი, შიგნით ცოცხალი ჩინოვნიქი იჟდა! მე ზალიან ჩქვიანი ადამიანი და ზალიან მინდა იქოს ფოლქოვნიქი!

– მაშ, მშვიდობით, ივან მატვეიჩ! – დავიყვირე მე. სიშმაგისგან ვცახცახებდი და თითქმის სირბილით გამოვვარდი სანიანგედან. ვგრძნობდი, რომ კიდევ წუთიც და ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებდი. ამ ორი ყბედის უცნაური იმედები ყოვლად აუტანელი იყო.

ცივმა ჰაერმა გამომაცოცხლა და რამდენადმე დააცხრო ჩემი აღშფოთება. ბოლოს თხუთმეტჯერ მაინც ენერგიულად გადავაფურთხე აქეთ-იქით, ავიყვანე ეტლი, მივედი შინ, გავიხადე და ანგარიშმიუცემლად მივეგდე ლოგინში. ყველაზე საწყენი ის იყო, რომ თავის მდივნად დამნიშნა! ხომ მოვკვდი იქ მოწყენილობისგან ყოველ საღამოს, ჭეშმარიტი მეგობრის მოვალეობის აღსრულებისას?! მზად ვიყავ მეცემა ჩემი თავი ამის გამო.

მართლაც, სანთელი ჩავაქრე და ზეწარში გავეხვიე თუ არა, მუშტები დავიშინე თავში და სხეულის სხვა ნაწილებზე.

ამის მერე რამდენადმე გულზე მომეშვა და ბოლოს კარგა მაგრადაც ჩამეძინა, რადგან ძალიან ვიყავ დაქანცული.

მთელი ღამე მესიზმრებოდა მხოლოდ მაიმუნები, მაგრამ ზედ გამთენიისას ელენა ივანოვნა მეზმანა.

 IV

მაიმუნები, რამდენადაც ვხვდები, მესიზმრა იმიტომ, რომ ისინი მენიანგის კარადაში იყვნენ გამომწყვდეულნი. აი ელენა ივანოვნას დასიზმრება კი სულ სხვაა.

წინასწარ ვიტყვი: მე მიყვარდა ეს ქალბატონი! მაგრამ მეჩქარება, ძალიან მეჩქარება დავძინო: მე იგი მიყვარდა მამაშვილურად; არც მეტი, არც ნაკლები! ასე მჯერა, რადგან ბევრჯერ მქონია შეუკავებელი სურვილი მეკოცნა მისთვის თავზე ან ღაჟღაჟა ლოყაზე. მართალია, არასოდეს ამისრულებია ეს სურვილი, მაგრამ გამოგიტყდებით: უარს არ ვიტყოდი ტუჩებში კოცნაზეც.

მეტიც, არათუ ტუჩებში, თვით კბილებშიც, არჩეულ მარგალიტებივით რომ უბრწყინავდა სიცილის დროს.

სიცილით კი საოცრად ხშირად იცინოდა. ივან მატვეიჩი, მოფერების ჟამს, თავის «საყვარელ სისულელეს» უწოდებდა მას. ეს ზედმიწევნით ზუსტად იყო ნათქვამი. ეს იყო «ქალბატონი კანფეტი» და სხვა არაფერი. ამიტომ არანაირად არ მესმის: ამჯერად კი რამ დაანახა იმავე ივან მატვეიჩს თავის თანამეცხედრეში ჩვენი ანუ რუსეთის ევგენია ტურე.

ყოველ შემთხვევაში, ჩემმა სიზმარმა, მაიმუნებს თუ გამოვრიცხავთ, დიდად მასიამოვნა.

ამიტომ დილის ჩაიზე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი გუშინდელი დღის მოვლენებს და გადავწყვიტე დაუყოვნებლივ ვწვეოდი ელენა ივანოვნას; შემევლო მასთან სამსახურში მიმავალს. ეს ისედაც მმართებდა, ვითარცა ოჯახის მეგობარს.

ერთ ციცქნა ოთახში საძინებლის მოპირდაპირედ, პატარა სასტუმრო ოთახს რომ უწოდებდნენ (თუმცა დიდი სასტუმრო ოთახიც პატარა ჰქონდათ), პატარა მორთულ-მოკაზმულ დივანზე, პატარა საჩაიე მაგიდასთან, დილის ნახევრად გამჭვირვალე ჩახსნილ პერანგით იჯდა ელენა ივანოვნა და პატარა ფინჯანიდან, რაშიც პაწაწა ორცხობილას აწებდა, ყავას მიირთმევდა.

მომაჯადოებლად კარგი იყო, მაგრამ თითქოს ჩაფიქრებულიც მეჩვენა.

– აჰა, ეს თქვენა ხართ, გიჟო? – დაბნეულ ღიმილით შემომეგება იგი. – დაჯექით, თავქარიანო, დალიეთ ყავა. აბა რა ჰქენით გუშინ, იყავით მასკარადზე?

– ნუთუ თქვენ იყავით?! მე ხომ არ დავდივარ... თან საღამოს ჩვენს ტუსაღს მივაკითხე. – ამოვიოხრე და ყავის სმისას ღვთისმოსავის სახე მივიღე.

– რა თქვით? ტუსაღსო? ვინ ტუსაღს? აჰ, კი! საცოდავი! მერე? რას შვრება ნეტავ, მოიწყინა? და იცით? ... მინდოდა მეკითხა თქვენთვის... მე ხომ შემიძლია ახლა განქორწინება მოვითხოვო?

– განქორწინებაო?! – წამოვიძახე აღშფოთებით და ყავა კინაღამ დავაქციე. «შეხედე ამ ულვაშას!», გავიფიქრე ჩემთვის გაშმაგებულმა.

იყო ერთი შავტუხა, ულვაშებიანი ჯეილი ჩვენი დაწესებულების სამშენებლო ნაწილში. ის ძალიან ხშირად სტუმრობდა ხოლმე ამ ოჯახს და კარგად ეხერხებოდა ელენა ივანოვნას გართობა. გამოგიტყდებით, მე იგი მძულდა.

ორი აზრი არაა: მან გუშინვე მოასწრო ელენა ივანოვნას ნახვა მასკარადში, ანდა, თუ გნებავთ, აქვე და სისულელეებით გააბრუა.

– აბა რა ეგონა. – აჩქარდა უცებ ელენა ივანოვნა, თითქოს წაქეზებული. – ის იჯდეს იქ ნიანგში და, ვინძლო, მთელი ცხოვრება არ დაბრუნდეს, მე კი აქ ველოდო! ქმარი სახლში უნდა ცხოვრობდეს, არა ნიანგში.

– მაგრამ ეს ხომ გაუთვალისწინებელი შემთხვევაა! – დავიწყე აღელვებულად, რაც ფრიად გასაგებია.

– ოჰ, არა, მაგას ნუ მეტყვით; არ მინდა, არ მსურს! – უცებ წამოენთო იგი და აყვირდა. – თქვენ

ხომ ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ ხართ, ასეთი უვარგისი! თქვენ ადამიანი ვერაფერს გაგაგებინებთ. თქვენგან ადამიანი რჩევას ვერ მიიღებს! მე უკვე სხვები მეუბნებიან, რომ განქორწინებას მომცემენ, რადგან ივან მატვეიჩი ჯამაგირს ვეღარ მიიღებს.

– ელენა ივანოვნა! ნუთუ ეს თქვენა ხართ? – წამოვიძახე მაღალფარდოვნად. – რომელმა ავსულმა ჩაგაგონათ ეს?! თან განქორწინება ისეთი უსაფუძვლო მიზეზით, როგორიც ჯამაგირია, სრულიად შეუძლებელი გახლავთ. უბედური, უბედური ივან მატვეიჩი კი პირდაპირ იფერფლება სიყვარულით იქ, ურჩხულ-ხვითქის წიაღშიაც. მეტიც, დნება სიყვარულისგან შაქრის ნატეხივით, ღორის ქონივით. ჯერ კიდევ გუშინ საღამოს, როცა თქვენ მასკარადში ხალისობდით, იცით, რა თქვა? უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოვიწეროო ელენა ივანოვნა აქ, ნიანგის ფაშვებშიო; ვითარცა კანონიერი მეუღლეო. მართლაც, ბოლოს და ბოლოს, ცოლი და ქმარი განა ერთ ჭერქვეშ არ უნდა ცხოვრობდნენ?! მით უმეტეს, რომ ნიანგი მშვენიერი სათავსო აღმოჩნდა არა თუ ორისთვის, არამედ სამისთვისაც კი...

აქ მე დაუყოვნებლივ მოვუყევი მას ივან მატვეიჩთან ჩემი გუშინდელი საუბრის მთელი ეს საინტერესო ნაწილი.

– როგორ? რანაირად? – წამოიძახა გაკვირვებულმა ქალმა.

– თქვენ გინდათ, რომ მეც ჩავძვრე იქ, ივან მატვეიჩთან? აი გამოგონება, თუ გინდა! კი, მაგრამ როგორ ჩავძვრე? ქუდითა და ხაბარდით? ღმერთო, რა სისულელეა! ან რანაირი პოზა მექნება იქ ჩაძრომის დროს? თან ვინმემ რომ შემომხედოს! ან რა უნდა ვჭამო იქ?... ან...

...ან როგორღა ვიზამ მე იქ, როცა... ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს რა მოუფიქრებიათ!... ან რა გასართობებია იქ?... თქვენ ამბობთ, რომ იქ დამწვარ რეზინის სუნი დგას. როგორღა უნდა მოვიქცე მე იქ, როცა წავიჩხუბებთ? მაინც ერთმანეთის გვერდი-გვერდ უნდა ვიწვეთ? ფუჰ, რა სისაძაგლეა!

– გეთანხმებით. ვეთანხმები ყველა ამ საბუთს, უსაყვარლესო ელენა ივანოვნა. – გავაწყვეტინე და ერთი სული მქონდა მეთქვა ჩემი სათქმელი. ასეთი გატაცებით აწყვეტინებს ხოლმე ადამიანი თანამოსაუბრეს, როცა გრძნობს, რომ სიმართლე მის მხარესაა.

– მაგრამ თქვენ ვერ დააფასეთ ერთი რამ მთელ ამ ამბავში: მას, ეტყობა, უთქვენოდ სიცოცხლე არ შეუძლია, რაღაი იქ გიხმობთ. ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ვნებიან, ერთგულ სიყვარულთან; გრძნობასთან, რომელიც მიისწრაფვის... თქვენ სიყვარული ვერ დააფასეთ, საყვარელო ელენა ივანოვნა, სიყვარული!

– არ მინდა, არ მინდა; და არც არაფრის გაგონება მსურს! – აიქნია მან თავისი პატარა, საყვარელი ხელი, რაზეც ახლად დაბანილი და ჯაგრისით გაწმენდილ-გაპრიალებული ვარდისფერი ფრჩხილები ბრწყინავდა. – საძაგელო! თქვენ მე ცრემლებამდე მიმიყვანთ! თვითონ შეძვერით იქ, თუ კარგია. აკი მეგობრები ხართ... უვარგისო! მაშ იწექით ერთმანეთის გვერდი-გვერდ მეგობრულად და იკამათეთ მთელი ცხოვრება რაღაც მოსაწყენ საგნებზე...

– ტყუილად დასცინით ამ იდეას. – მედიდურად გავაწყვეტინე ქარაფშუტა ქალს. – ივან მატვეიჩი ისედაც მეპატიჟება იქ. ოღონდ, რასაკვირველია, თქვენ მოვალეობა გიხმობთ იქ, მე კი მხოლოდ დიდსულოვნება. მან წუხელ აღნიშნა, რომ ნიანგს შეუძლია უჩვეულოდ გაიწელოს და გაიბეროს. ამით აშკარად მიანიშნა, რომ იქ, თქვენ ორის გარდა, მეც მოვთავსდები; ოჯახის მეგობრის უფლებით, რასაკვირველია. ჰოდა ვიქნებით იქ სამნი, თუ მე მოვისურვებ. ამიტომ...

– როგორ თუ სამნი! – იყვირა ელენა ივანოვნამ და გაკვირვებით შემომხედა.. – კი, მაგრამ ერთად როგორ? ასე სამივენი ერთად ვიქნებით იქ? ჰა-ჰა-ჰა! რა ბრიყვები ხართ ორივენი! ჰა-ჰა-ჰა! მე კი აუცილებლად გიბწკენთ ხოლმე იქ... უვარგისო, მაზალოვ, ჰა-ჰა-ჰა! ჰა-ჰა-ჰა!

იგი გადაწვა დივანის საზურგეზე და ცრემლებამდე იცინა. ყველაფერი ეს – ცრემლებიც და სიცილიც – ისე მაცთური იყო, რომ ვეღარ მოვითმინე, თავდავიწყებით ვეცი მის ხელს და კოცნა დავუწყე. წინააღმდეგობა არ გაუწევია; თუმცა მსუბუქად ამიწია ყური შერიგების ნიშნად.

შემდეგ ორივენი გავმხიარულდით და მე დაწვრილებით მოვუყევი ივან მატვეიჩის მთელი გუშინდელი გეგმები. აზრი საქმიანი საღამოების და ღია სალონის შესახებ ძალიან მოეწონა.

– ოღონდ საჭირო იქნება ძალიან ბევრი ახალი კაბა! – შენიშნა მან. – ამიტომ საჭიროა, რომ ივან მატვეიჩმა გამომიგზავნოს ფული, რაც შეიძლება ჩქარა და რაც შეიძლება ბევრი... ოღონდ, ოღონდ ეგ როგორ? – დაუმატა დაფიქრებით. – როგორ თუ ყუთით მოიტანენ! ეს ძალიან სასაცილოა. მე არ მინდა, რომ ჩემი ქმარი ყუთით ატარონ. მე ძალიან შემრცხვება სტუმრებისა... მე არ მინდა, არა, არ მინდა.

– სხვათაშორის, არ დამავიწყდეს, თქვენთან გუშინ საღამოს ტიმოფეი სემიონიჩი იყო?

– ოჰ, კი, მოვიდა სანუგეშებლად და, წარმოიდგინეთ, ჩვენჩვენს კოზირებზე ვითამაშეთ. მოვიგებდი – კანფეტებს მაძლევდა, წავაგებდი – ხელზე მკოცნიდა. ასეთი წამხდარი! და, თქვენ წარმოიდგინეთ, კინაღამ მასკარადში არ წამომყვა? მართლა!

– გატაცება! – შევნიშნე მე. – ან ვინღა არ მოიხიბლება თქვენით, მაცთურო!

– ერთი ამას დამიხედეთ. გადაშენდით თქვენც და თქვენი ქათინაურებიც! მოიცათ, უნდა

გიბწკინოთ სამახსოვროდ. მე საშინლად კარგად ვისწავლე ჩქმეტა. რას იტყოდით, როგორია? მაშ თქვენ ამბობთ, რომ ივან მატვეიჩი გუშინ ხშირად მახსენებდა?

– ა-ა-ა-რა, არც ისე ხშირად... გამოგიტყდებით, ის ახლა მთელი კაცობრიობის ბედზე უფრო ფიქრობს და სურს...

– ერთი, ჯანდაბას მაგის თავი! ნუღარ დაასრულებთ! ეს ისე მოსაწყენია. მე როგორმე ვინახულებ. ხვალ უსათუოდ წავალ. ოღონდ დღეს არა. თავი მტკივა. თან იქ იმდენი ხალხი იქნება... იტყვიან, ეს მისი ცოლიაო. შევრცხვები... მშვიდობით, საღამოს თქვენ... ალბათ... იქ... არა?

– დიახ, მასთან. მიბრძანა მოსვლა და გაზეთების მოტანა. ჰო, თავის მდივნად დამნიშნა!

– ჰოდა დიდებულია. წადით მასთან და უკითხეთ გაზეთები. ჩემთან კი დღეს ნუღარ მოხვალთ! შეუძლოდ ვარ. იქნებ სტუმრადაც წავიდე. აბა, მშვიდობით, პატარავ!

«ის ულვაშა ამასთან იქნება საღამოს!» – გავიფიქრე ჩემთვის. კანცელარიაში, რა თქმა უნდა, თავი მშვიდად მეჭირა. ვერავინ შემატყობდა, თუ რა საზრუნავებში ვიყავ გადავარდნილი და

ჩაფლული. მაგრამ მალე შევამჩნიე, რომ ზოგიერთი ჩვენი ყველაზე მოწინავე გაზეთი რაღაც განსაკუთრებულად გადადიოდა ჩვენს თანამშრომლებს შორის ხელიდან ხელში და იკითხებოდა სახეების ნამეტანი სერიოზული გამომეტყველებით. პირველი გაზეთი, რაიც ხელში მომყვა, იყო «ლისტოკ»; გაზეთი არც თუ ისე განსაკუთრებული მიმართულებისა; უბრალოდ, ჰუმანური. ამის გამო ათვალისწუნებული გვყავდა, თუმცა კი ვკითხულობდით-ხოლმე. ვერ ვიტყვი არ გამაკვირვა-მეთქი მასში მოთხრობილმა ამბავმა. აი, რას იუწყებოდა იგი:

«გუშინ ჩვენს ვრცელ და დიდებული ნაგებობებით დამშვენებულ დედაქალაქში გავრცელდა უჩვეულო მითქმა-მოთქმა. ვინმე N-ს, ცნობილ მეშაქარლამეს მაღალი წრიდან, ეტყობა, მოსწყინდა ამა და ამ კლუბის ბორელის სამზარეულო და შევიდა პასაჟის შენობაში, სადაც გამოფენილია უშველებელი, დედაქალაქში სულ ახლახან ჩამოყვანილი ნიანგი.

ჰოდა მეშაქარლამემ მოითხოვა, რომ მისთვის ნიანგი მოერთმიათ სადილად. მეპატრონესთან შევაჭრების მერე მალევე შეუდგა მის ჭამას; მეპატრონისა კი არა, ფრიად წესიერი და აკურატულობისაკენ მიდრეკილი გერმანელისა, არამედ მისი ნიანგისა. დიახ, შეუდგა მის ჭამას უმად. მოაჭრიდა ხოლმე ნოყიერ ნაჭრებს ჯაყვით და ყლაპავდა სულმოუთქმელად. ჭამის უნახავს გაგხდიდა. თანდათან მთელი ნიანგი გაქრა მის მსუქან წიაღში. პატივცემულმა მეშაქარლამემ ისე დააგემოვნა ნიანგის ხორცი, რომ ახლა იქნევმონის დაყოლებაც მოუნდა. ეს

ნიანგის განუყრელი თანამგზავრია, მისი სისხლი და ხორცი, მისი ღვიძლი ბიძაშვილი. ეტყობა, ვარაუდობდა, რომ ისიც ასევე გემრიელი იქნებოდა.

ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ამ ახალი სურსათისა, რაიც დიდი ხანია მოწონებულია საზღვარგარეთ. მეტიც, ჩვენ წინასწარ ველოდით ამას. ინგლისელი ლორდები და მოგზაურები იჭერენ ნიანგების მთელ ჯგროს ეგვიპტეში და ურჩხულის ხერხემლისგან ბიფშტექსს ამზადებენ. ზედ გადასარევად მოაყრიან ხოლმე მდოგვს, ხახვს და კარტოფილს. ფრანგები ცხელ ნაცარში მოთუშულ თათებს ამჯობინებენ, რასაც, სხვათაშორის, ინგლისელთა ჯიბრზე შვრებიან; ინგლისელებისა, რომლებიც მათ სულ დასცინიან-ხოლმე.

ჩვენთან, ალბათ, ერთსაც დააფასებენ და მეორესაც.

ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ მივესალმებით მრეწველობის ამ ახალ დარგს; დარგს, რაიც ესოდენ აკლია ჩვენს მძლავრ და მრავალფეროვან სამშობლოს. ამ პირველი ნიანგის კვალდაკვალ, პატივცემული პეტერბურგელი მეშაქარლამის ფაშვებში რომ გაქრა, იმედია ასეულობით ნიანგებს შემოიყვანენ.

ან კი რად არ უნდა მოვაშენოთ ვითომ ეს ფრიად კეთილშობილი სახეობა ჩვენთან, რუსეთში?

თუ ნევის წყალი მეტისმეტად ცივია ამ საინტერესო უცხოელისთვის, მაშინ აგერ არ გვაქვს წყალსაცავები, ქალაქგარეთ კი – მდინარეები და ტბები?

რატომაც არ უნდა მოვაშენოთ ნიანგები, ვთქვათ, პარგოლოვოში ან პავლოვსკში, მოსკოვის პრესნიის წყალსაცავებში და არხებში? ისინი საამური და ჯანსაღი ხორცით მოამარაგებდნენ ჩვენს ნატიფი გემოვნების გასტრონომებს; თან გაახალისებდნენ წყალსაცავებთან მოსეირნე ქალბატონებს.

ნიანგის ტყავისგან დამზადდებოდა ბუდეები მუსიკალური საკრავებისთვის, ჩემოდანები, საპაპიროსეები და საფულეები; და ვინ იცის, იქნებ რუს ვაჭართა გაქონილი ათასები სულ დასტებად ჩალაგდეს ნიანგის ტყავში!

იმედია კვლავაც არაერთხელ დავუბრუნდებით ამ საინტერესო თემას.» – ამთავრებდა გაზეთი.

რაღაც ამნაირის წინაგრძნობა კი მქონდა, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო! ცნობის ზერელობამ აღმაშფოთა. ვინმესთვის უსიკვდილოდ უნდა გამეზიარებინა შთაბეჭდილება. ამიტომ ჩემს პირდაპირ მჯდომ პროხორ სავიჩს მივმართე, ვინც, თუ არ ვცდები, თვითონაც კარგა ხანი თვალს არ მაცილებდა. ხელში «ვოლოს» ეჭირა და თითქოს აპირებდა მის გადმოცემას. მან ხმის

ამოუღებლად მიიღო ჩემგან «ლისტოკ», თვითონ კი «ვოლოს» მომაწოდა. თან ფრჩხილით მომიხაზა სტატია, რის ჩვენებასაც აპირებდა ალბათ ჩემთვის.

ეს პროხორ სავიჩი ფრიად უცნაური ვინმე გახლდათ: მუდამ გაჩუმებული ბერბიჭა. არავისთან არ ურთიერთობდა; არავის ხმას არ სცემდა კანცელარიაში. ყოველთვის და ყველაფრის შესახებ თავისი საკუთარი აზრი ჰქონდა; მაგრამ ვერ იტანდა ამ აზრის გაზიარებას ვინმესთვის. ცხოვრობდა მარტოხელა. მის ბინაში არც ერთი ჩვენგანი არასოდეს ყოფილა.

აი, რა ამოვიკითხე გაზეთ «ვოლოსის» მონიშნულ ადგილას:

«საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ პროგრესული და ჰუმანური ხალხი ვართ. ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ ამ მხრივ ევროპას. მაგრამ, მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა და ჩვენი გაზეთის თავგადაკლული მეცადინეობისა, ჩვენ ჯერ კიდევ სრულებითაც არ მოვმწიფებულვართ.

ამას მოწმობს აღმაშფოთებელი ფაქტი, რაიც გუშინ მოხდა პასაჟში და რის შესახებაც ადრევე ვიწინასწარმეტყველეთ. ჩამოდის დედაქალაქში უცხოელი მესაკუთრე, ჩამოჰყავს ნიანგი და იწყებს მის ჩვენებას პასაჟში. ჩვენი გაზეთი მაშინვე მიესალმა სასარგებლო მრეწველობის ახალ დარგს, რაიც ასე აკლია ჩვენს მძლავრ და მრავალფეროვან სამშობლოს.

და აი გუშინ, ნაშუადღევის ხუთის ნახევარზე, უცხოელი მესაკუთრის მაღაზიაში გამოჩნდა უჩვეულოდ სქელი კაცი ნასვამ მდგომარეობაში. იხდის ეს კაცი შესვლის თანხას და მაშინვე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ძვრება ნიანგის ხახაში.

ნიანგი, ბუნებრივია, იძულებული შეიქნა გადაეყლაპა იგი; თუნდაც თავდაცვის მიზნით – ყელში არ გაჩხეროდა და არ მოგუდულიყო.

ნიანგის მუცელში მოქცეული უცნობი მაშინვე იძინებს. ვერც უცხოელი მესაკუთრის ყვირილი, ვერც შეშინებული ოჯახის მოთქმა, ვერც პოლიციით დამუქრება საქმეს ვერ შველის. ნიანგის მუცლიდან ისმის მხოლოდ ხარხარი და როზგებით ანგარიშსწორების მუქარა. ხოლო საწყალი ძუძუმწოვარი, რომელიც იძულებული გახდა გადაეყლაპა ამხელა მასა, ცრემლებს აღვარღვარებს.

ნათქვამია, დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესიაო. მართლაც, თავხედ დამთვალიერებელს არსად ეჩქარება და გამოსვლას არ აპირებს. არც კი ვიცით, რას მივაწეროთ ასეთი ბარბაროსული ფაქტები. ისინი ჩვენს უმწიფარობას მოწმობს და ჩირქსა გვცხებს უცხოელთა თვალში. რუსი კაცის გაქანებამ მართლაც რომ ჰპოვა თავისი ღირსეული გამოყენება!

იბადება კითხვა: რა უნდოდა არამკითხე დამთვალიერებელს? თბილი და კომფორტული საცხოვრებელი? მაგრამ დედაქალაქში ხომ მრავლადაა მშვენიერი სახლები იაფი და ფრიად კომფორტული ბინებით, რომლებშიც გაყვანილია ნევის წყალი და კიბე გაზითაა განათებული.

ჩვენი მკითხველების ყურადღება გვსურს შევაჩეროთ იმაზეც, თუ რა ბარბაროსულად ვეპყრობით შინაურ ცხოველებს. ჩამოსულ ნიანგს, რა თქმა უნდა, გაუჭირდება ამხელა მასის უცებ მონელება. ჰოდა ახლა იგი წევს გაბერილი და აუტანელ ტანჯვით ელოდება სიკვდილს.

ევროპაში კარგა ხანია სასამართლოთი ისჯება პირი, ვინც არაჰუმანურად ეპყრობა შინაურ ცხოველებს. მაგრამ, მიუხედავად ევროპული განათებისა, ევროპული ტროტუარებისა, ევროპული სახლების მშენებლობისა, ჩვენ, ეტყობა, კიდევ დიდხანს ვერ მოვიცილებთ ჩვენს რუსულ ცრურწმენებს.

სახლები ახალი გვაქვს, ცრურწმენები – ძველი. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც სახლები გვაქვს ახალი; განსაკუთრებით – კიბეები. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს ჩვენს გაზეთში, რომ პეტერბურგში, ვაჭარ ლუკიანოვის სახლში, ხის კიბის საფეხურები დალპა, ჩაიმტვრა და საფრთხეს უქმნის იქ მსახურად მყოფ ნასალდათარ ქალს, აფიმია სკაპიდაროვას.

მას ხშირად უწევს კიბეზე სიარული წყლით ან ერთი კონა შეშით. ბოლოს ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა: გუშინ საღამოს, ნაშუადღევის ცხრის ნახევარზე, აფიმია სკაპიდაროვას, როცა ჯამით წვნიანი მიჰქონდა, კიბე ჩაუტყდა. იგი გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა.

არ ვიცით, შეაკეთებს კი ახლა ლუკიანოვი თავის კიბეს? რუსი კაცი გონს გვიან მოდის ხოლმე. მაგრამ რუსის მსხვერპლი, ვინ იცის, ეგებ უკვე საავადმყოფოშია.

ზუსტად ასევე, ჩვენ არ დავიღლებით იმის მტკიცებით, რომ მეეზოვენი ვიბორგსკის ქუჩაზე, ხის ტროტუარების მორეცხვის დროს, არ უნდა სვრიდნენ გამვლელებს. ისინი ტალახს უნდა აქუჩებდნენ პატარ-პატარა ზვინულებად, როგორც ევროპაში შვრებიან ჩექმების გარეცხვის დროს... და ა. შ.»

– რა არის ეს? – ვთქვი მე და, ცოტა არ იყოს, დაბნეული მივაშტერდი პროხორ სავიჩს. – რა არის ეს?

– რას გულისხმობთ?

– მაპატიეთ, მაგრამ ... იმის მაგივრად, რომ ივან მატვეიჩზე სწუხდნენ, ნიანგზე სწუხან.

– მერე რა? მხეციც კი, ეს ძუძუმწოვარი, ებრალებათ. რითი არაა ევროპა? იქაც ძალიან ეცოდებათ ნიანგები. ხი-ხი-ხი!

ეს თქვა და შერეკილი პროხორ სავიჩი ჩაეფლო თავის ქაღალდებში. ამის მერე, ერთი სიტყვა რაა, ისიც აღარ დასცდენია ბაგეთაგან.

«ვოლოს» და «ლისტოკ» ჯიბეში შევინახე. ამის გარდა ძველი გაზეთების მთელ დასტას მოვუყარე თავი ივან მატვეიჩის გასართობად. საღამომდე ჯერ კიდევ გვარიანი დრო იყო. მაგრამ ამჯერად ცოტა ადრე გავიპარე კანცელარიიდან, რათა პასაჟში წავსულიყავი და თუნდაც შორიდან მენახა იქაური ამბები; ფარულად ყური დამეგდო სხვადასხვა აზრისა და მიმართულებისთვის. წინასწარ ვგრძნობდი, რომ იქ დიდი ზედახორა და ჭყლეტა იქნებოდა. ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, სახეზე ფარაჯის საყელო ავიფარე – რაღაცისა მრცხვენოდა. ასეა, ჩვენ ჯერ კიდევ შორსა ვართ საჯაროობისგან!

მაგრამ ვგრძნობ, რომ არა მაქვს უფლება გადმოვცე ჩემი საკუთარი, პროზაული ფიქრები ასეთი შესანიშნავი და ორიგინალური მოვლენის გამო.

1865

ტეგები: Qwelly, დოსტოევსკი, ნოველები

ნახვა: 60

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters