qwelly | novel |literature | post | joseph rudyard kipling | მოთხრობა | რადიარდ კიპლინგი ნამგეი დულა | რადიარდ კიპლინგი

რადიარდ კიპლინგი - ნამგეი დულა

      ჰიმალაის მთების წიაღში, ტიბეტისაკენ მიმავალ გზაზე ცხოვრობდა ერთი მეფე. მისი ციცქნა სამფლობელო ათასი ფუტის სიმაღლეზე აზიდულიყო ზღვისპირიდან. სამეფოს მეტი წილი ლამის თავქვე ეკიდა. მისი შემოსავალი ოთხას გირვანქასაც კი არ აღწევდა წლიურად და ეს თანხა იხარჯებოდა ერთი სპილოსა და ხუთი კაცისაგან შემდგარი არმიის შესანახად. ინდოეთის მთავრობის მოხარკე მეფეს აქ გამავალი ჰიმალაი-ტიბეტის გზის მოვლა-პატრონობა ევალებოდა და ამისათვის მცირე რამ სახსარიც ეძლეოდა. სამეფო ხაზინას ისიც შველოდა, რომ იგი სარკინიგზო კომპანიებს ამარაგებდა ხე-ტყით. ტყეში აჭრევინებდა უზარმაზარ კედრის ხეებს. ეს ხეები ზათქით ჩაეხეთქებოდნენ სათლაჯის მდინარეში, სამასი მილის სიშორეზე ჩააქანებდა წყალი მორებს და მერე მათ დახერხავდნენ, ფიცრებს ლიანდაგზე აგებდნენ შპალებად. ეს მეფე (მის სახელს არ გაგიმხელთ) შეკაზმავდა ხოლმე დარახტულ ცხენს და სიმლას ქალაქში გაჩაქჩაქდებოდა, სახელმწიფო საქმეებზე რომ ეთათბირა ლეიტენანტ-გუბერნატორთან, და კიდევ იმისთვის, დაერწმუნებინა მეფისნაცვალი - ჩემი ხმალი დედოფალ-იმპერატორს მსახურობსო.

      შემდეგ მეფისნაცვალი ბრძანებდა, დაებრაგუნებინათ დოლები და დარახტული რაში და მხედრიონი - ორადორი ჩამობრანძული კაკალი კაცი და მაცნე - მეფეს რომ წინ უძღოდა ვერცხლის კვერთხით, გაიჯირითებდა ცის კიდედან მოცურებულ მყინვარის კუდსა და არყიანის უღრანს შუა გადაჭიმულ თავიანთი სამფლობელოსაკენ.

ამ ადგილებს უნდა ვსტუმრებოდი და იმ ამპარტავანი მეფისაგან, ვისაც ჰყავდა ნამდვილი სპილო და რომლის გვარი მოითვლიდა თორმეტ ასეულ წელს, დიდ სიკეთეს არაფერს მოველოდი.

ღამით წვიმამ დაასხა და აგორებულმა ღრუბლებმა გადაფარეს ხეობაში ჩაყუჟული სოფლების სინათლეები. ცის დასალიერზე ასვეტილი, ღრუბლისა და ქარიშხალისათვის მიუწვდომელი დონგა პა - ღვთაებათა შესაკრებელი - ქვეშესდგომოდა მწუხრის ვარსკვლავს. გვიმრით შემოგარსულ ხეთა ტოტებში ჩაშენებულ ბუდეებზე მონადირე მაიმუნები ნაღვლიანად შემღერდნენ ერთურთს და ქარის უკანასკნელ მოქროლებას უჩინარი სოფლებიდან მოჰქონდა კვამლის, ცხელი ლავაშების, ბუჩქნარის ჭოჭისა და გირჩების მპალას სუნი. ესაა სურნელი ჰიმალაისა და თუკი ვინმემ ერთხელ მაინც იყნოსა იგი, სიცოცხლის დასასრულს მაინც ყველაფერს ზურგს აქცევს, მთებს დაუბრუნდება და იქ მიაბარებს სულს უფალს. ღრუბლები მოჯორგდა, სურნელი გადაქრა და მიწის პირს შერჩა მარტოდენ თოშიანი ნისლი და სათლაჯის მდინარე, დაბლა რომ მიქანაობდა ხეობაში.

სქელდუმიანი ცხვარი, რომელსაც სიცოცხლე იოლად არ ეთმობოდა, შებღაოდა ჩემს კარავს, პირველ ვეზირსა და მწიგნობართუხუცესს ერჩოლებოდა - მეფეს ძღვენი მოერთმია ჩემთვის.

      მადლობა მოვახსენე და ვკითხე, ჩემი სტუმრობით მეფეს სიმშვიდეს ხომ არ დავურღვევ-მეთქი. პირველმა ვეზირმა თავზე ჩალმა მოირგო და რწმენით აღმავსო, უზენაესი დიდად ნაამები დარჩებაო ამით. მე ჭაშნიკად ორი ბოთლი თავარაყი გავუგზავნე მოკრძალებულად და როცა ოთხში ამოღებული, სახელდახელოდ შემწვარი ცხვარი მომართვეს, აღარ დავაყოვნე, ჭანჭრობი გადავჭერი და სასახლეს მივადექი. მეფემ ჯარი მაახლა, მაგრამ მეომრები ჩემს მზარეულთან მასლაათს შეჰყვნენ. მთელი მსოფლიოს ჯარისკაცები ხომ გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.

უდაბურ მთებში ნატვრისთვალივით იდგა ალიზითა და მორებით ნაშენი ოთხოთახიანი სასახლე. მეფეს ეცვა მეწამული ფერის ქურთუკი, თეთრი მუსლინის შარვალი და ეხურა ზაფრანისფერი ძვირფასი ჩალმა. პატარა მოფარდაგულ ოთახში მიმიღო, რომელიც სასახლის ეზოში გადიოდა. იქ ბინადრობდა კუდით ხორთუმამდე მორთულ-მოკაზმული სპილო, ზურგზე გადაფენილი ჯეჯიმით. პირველი ვეზირი და მწიგნობართუხუცესი ესწრებოდნენ დარბაზობას. დანარჩენი დიდებულები კი დაეთხოვათ, რათა ზემოხსენებულ ორ ბოთლს არ ეცდუნებინა ისინი და მათი ზნეობა არ შეებღალა. მეფემ სურნელოვანი ყვავილების აცმა ჩამომკიდა ყელზე და მკითხა, ბედნიერად განისვენებდა თუ არა ჩემი პატივცემული გვამი.

მივუგე: მისი ამოდსამზერი პირსახის შემხედვარეს ღამის ბინდი მზის შუქად მესახება და ქველ მეფეს თავად ღმერთები მიუზღავენ-მეთქი სამაგიეროს.

მომიგო: რადგან ინებე ჩემს სამეფოში მობრძანება, მოსავალი, ალბათ, საგრძნობლად იმატებსო.

- მეფის სახელი გასწვდა ქვეყნიერების ოთხივ ფრთეს, - განვაგრძობდი მე, - და ხალხი შურით გულზე სკდება, რაკი დღენიადაგ ესმით ყოვლადგაბრძნობილთა: მთვარისადარი პირველი ვაზირის, ლოტოსისადარი მწიგნობართუხუცესისა და მთელი სამეფოს ქებათა ქება.

მერმე თოვლივით ქათქათა ბალიშებზე მოვირთხით ფეხი. სიტყვა გააგრძელა, - მაიზის მოსავალს ცუდი პირი უჩანსო, რკინიგზის მესვეურებზე საყვედური თქვა - ხე-ტყეში რიგიან საფასურს არ მიხდიანო. ათას რამეზე ვსაუბრობდით და მეფემ არაერთი სახელმწიფო საიდუმლო გამანდო. ერთ ქვეშევრდომზეც დაიჩივლა, თურმე, ნუ იტყვით, და ეს კაცი უზენაესის ნება-სურვილს არ ეპუებოდა.

- ძველ დროშიო, - თქვა მან, - მე შემეძლო ემანდ რომ სპილო დგას, მისთვის მებრძანებინა ფეხით გაესრისა ურჩი. ახლა კი გაღმა, 70 მილის დაშორებით უნდა გავგზავნო გასასამართლებლად და მისი შესანახი ხარჯებიც სახელმწიფომ უნდა იკისროს.

- რა დააშავა ამ კაცმა, რაჯა საჰიბ? - შევეკითხე.

- მაგ გადამთიელს დიდსულოვნად მივუბოძე კარ-მიდამო, როცა პირველად შემოდგა ფეხი ჩვენს მხარეში. მან კი საშემოსავლო გადასახადი იუკადრისა. ჯერ ხომ მეფე ვარ, ვისაც კანონითა და ადათით მოსავლის ერთი მერვედი უნდა მიეთვალოს! ამ ეშმაკის ნაშიერმა კი, როცა გალაღდა, ამ მცირედზედაც უარი მითხრა, თანაც ქვირითივით ყრის ბავშვებს.

- ციხეში ჩააგდე, ო, მეფეო, - ვურჩიე მე.

- ვერა, საჰიბ, ვერ ვიქმ. - არ დამყაბულდა მეფე და ბალიშებზე წამოიწია. - ორმოცი წელი ფრჩხილი არ წამომტკენია. სნეულებამ მხოლოდ ერთხელ დამრია ხელი და სახლში გამომკეტა. მაშინ დავიფიცე, რომ კაცსა თუ ქალს არასოდეს მოვაკლებდი ღვთით ბოძებულ ჰაერსა და მზის შუქს. ისე კი დაუნანებლად წავაცლიდი მარჯვენას. ახლა რაღა გავაწყო. აქაურობას ინგლისელები განაგებენ და ჩემი ხალხიდან ვინმემ რომ მოიწადინოს, - მან ცერად გადახედა პირველ ვეზირს, - მყის მისწერს წერილს მეფისნაცვალს და მაშინ დოლების ხმაური აკრძალული ხილი გახდება ჩემთვის...

მეფემ ნარგილეს ვერცხლის ტუჩი მოაძრო, უბრალო ქარისა მოარგო და მე გადმომცა.

- მარტო ეს როდი იკმარა, - განაგრძო მეფემ. - გზის გასაწმენდადაც ვერ გამომიყვანია. ეს კიდევ არაფერი - ხალხსაც აუყარა გული. არადა, მჯობთა მჯობია მდინარიდან მორების გამოზიდვაში.

- ჰო, მაგრამ იგი თაყვანსა სცემს უცხო ღმერთებს, - მორიდებით ჩაურთო პირველმა ვეზირმა.

- ეგ რა მოსატანია, - თქვა მეფემ, რომელიც აკბარივით შემწყნარებელი იყო რწმენის საკითხში. - ყოველ კაცს საკუთარი ღმერთი ჰყავს აჩენილი. ცეცხლი იქნება თუ დედამიწა, ყველა ჩვენგანს ერთნაირად ეკუთვნის, ბოლოს და ბოლოს. მე მხოლოდ ის მწყინს, რომ არაფრად მაგდებს.

- მეფეს ჰყავს ჯარი, - ვთქვი მე. - რად არ დაუბგალა მაგას სახლი და დედიშობილა არ ატანტალა ტყე-ღრეში?

- ო, არა. ქოხი ადამიანის საბუდარია. ერთხელ, როცა კვლავ ჯორზე შეჯდა, მეომრები გავგზავნე მის შესაპყრობად, სამ კაცს თავი გაუხეთქა კომბლით, დანარჩენი ორი გაიქცა. თოფ-იარაღიც ზედ ესხათ, მაგრამ ვაი იმ თოფებს...

მე მინახავს ამ ქვეითთა საჭურველი. ეს იყო ჩახმახამოგდებული, მავთულით შეკოწიწებული, ფრინველზე სანადირო, ჭიანაჭამი ფილთა თოფების გროვა.

- ესეცაა, - განაგრძო მეფემ და ბოთლს წასწვდა, - უმაგისოდ წყალში ჩახერგილ მორებთან ვერას გავხდებით, ურიგო კაციც როდია, გულადია და ხუმარა. რა უნდა ვუხერხო მას, საჰიბ?

      საკვირველი ადამიანი ჩანდა. აბა, ბეჩავი მთიელები ვითარ გაბედავდნენ მეფის ურჩობას. ეს ხომ იგივე იყო, ღმერთების შესაწირავზე ეთქვათ უარი.

- მეფის ნებართვით სამ დღეს არ ავყრი ჩემს კარვებს და მოვინახულებ იმ კაცს. მეფის წყალობა ღვთის ლოცვა-კურთხევის სწორია, ჯანყი კი - დიდი ცოდვა. მოდით, ახლა ეს ორი ბოთლი დავცალოთ და კიდევ ერთიც მივაყოლოთ.

- ნება მომიცია, - დაჰყაბულდა მბრძანებელი.

მეორე დღეს მაცნემ მთელი სახელმწიფო მოიარა და გაჰკიოდა, მდინარეზე მორები ჩაიხერგა და ყველა ერთგულ ქვეშევრდომს მართებს ხელი გამოიღოსო. იმ ნესტიან ღამით ყაყაჩოს ველზე ხალხი ჩამოხვავდა სოფლებიდან, მეც მათ შევუერთდი. ასობით გაკოპიტებული კედრის ხე გამოსდებოდა კლდის ქიმებს. მდინარე ყოველ წუთს უფრო და უფრო მეტ ხე-ტყეს მოერეკებოდა და მოახლიდა ჯებირს. წყალი ღმუოდა და ხეებს წაღმა-უკუღმა ათამაშებდა. ტალღების მორევში მოსახლეობა ჭოკებით ცდილობდა ხერგის შეტოკებას, იმ იმედით, რომ მდინარე ამ ნაზვინს მერე ერთიანად დასძრავდა.

უეცრივ გაისმა ყვირილი - ნამგეი დულა! და გამოჩნდა აწოწილი, წითურთმიანი სოფლელი, რომელიც გზადაგზა იძრობდა ტანსაცმელს. იგი სწრაფად მოიჭრა მდინარესთან.

- აი, ესაა მოჯანყე, - თქვა მეფემ, - ახლა კი ეშველება საქმეს.

- საიდან სადაო ეს წითური ფაფარი? - ვიკითხე მე, რადგან მთიელთა შორის ასეთი ფერის თმა იმგვარივე იშვიათობაა, როგორც ცისფერი, ანდა მწვანე.

- უცხო ჯილაგისაა, - თქვა მეფემ და თან შეუძახა: - ყოჩაღ, ყოჩაღ!

ნამგეი დულა შეხოხდა ხერგზე და დიდი კავით იწყო მორების ჭერა. ნელ-ნელა მიცურავდა წინ ნიანგივით, სამი თუ ოთხი კაცი მიჰყვებოდა უკან. არადა მწვანე წყალი უხვად გადმოსჩქეფდა იმ ღიობებიდან, რომლებიც გაჩნდა ჯებირებში. მერმე სოფლელებმა ყიჟინა დასცეს. აცვივდნენ ნაზვინზე და ჩაჭედილ მორებს დაუწყეს ჯაჯგური. ყველგან მოლანდავდით მათი წინამძღოლის - ნამგეი დულას წითურ თავს.

მორები ტორტმანითა და ჭრიალ-ჭრიალით დაიძრა. ამ დროს კი ახალი ხეები ხვავდებოდა უკევ დაცხავებულ ჯებირზე. შემდეგ ყველაფერი ერთმანეთში აირია. წყლის ქაფში შავი თავები ატივტივდა. მდინარემ ყველა და ყოველი წინ გაიგდო. ვხედავდი, წითური თავი დაღმით რომ მიქანაობდა ჯებირის ნაშთებთან ერთად. იგი გაუჩინარდებოდა ხოლმე მოხეთქებულ, დიდრონ მორებს შუა. მერე ნამგეი დულა ნაპირთან ახლოს მოცურდა. დელფინივით ამოიფრთვინა, წყალი მოიწურა თვალებიდან და მდაბლად დაუკრა თავი მეფეს. ძნასავით თმასა და წვერზე, გეგონებოდათ, ცეცხლი უკიდიაო. ბალნით შემოსილ, ამოწეულ ყვრიმალებს შუა კი უჩანდა მხიარულად მოცინარი ცისფერი თვალები.

      აქაური არა და არ ეთქმოდა, და მაინც ტიბეტელს ჩამოჰგავდა მეტყველებით, ჩვევებით, მორთულობით. იგი ლაპარაკობდა ლეპეჩას დიალექტზე, ოღონდ ხორხისმიერ ბგერებს არბილებდა, თითქოს ენას უჩლექსო.

- საიდანა ხარ? - ვკითხე.

- ტიბეტიდან! - მან მიათითა მთებს გადაღმა და ალალად გაიღიმა. ჩემდა უნებურად სალამი ვუთხარ ნამგეი დულას. მანაც მაგრად ჩამომართვა ხელი. წმინდა სისხლის ტიბეტელს კი ამეებისა არაფერი გაეგება. ის თავისი სოფლისაკენ გაბრუნდა და მომესმა მხიარული, თითქოსდა ძალზე ნაცნობი ყივილი.

- აი, ხომ ხედავ, - თქვა მეფემ, - ამიტომ ვერ გავიმეტე მოსაკლავად, მაგრამ, - მან საყვედურით გაიქნია თავი, - თავის ტყავში ვერ ეტევა, საჩივარი საჩივარზე მოდის. დავბრუნდეთ სასახლეში და განჩინება ვყოთ.

მეფეს ჩვევად ჰქონდა, ყოველდღე, თერთმეტიდან სამ საათამდე გაესამართლებინა ქვეშევრდომები. მე შევესწარი, რაოდენ მიუკერძოებლად წყვეტდა ძალზე მნიშვნელოვან საკითხებს: ცილისწამებას, მიჯნების მორღვევას, დიაცთა წაგვრას. მას სახე მოეღრუბლა და მე მომიხმო.

- კვლავ ნამგეი დულა, - წარმოთქვა მან სასოწარკვეთით. - საშემოსავლო გადასახადზე უარის თქმა ხომ არა და არ იკმარა. ახლა მთელი სოფელი შეუძრავს, მხარი ამიბითო. ასეთ რამეს ჯერ არ მოვსწრებივარ. არადა, ჩემ ხარკს ხომ მძიმე სულაც არ ეთქმის!

ერთ ჩია სოფლელს, ყურს უკან რომ წითელი ვარდი გაერჭო, კანკალი აუვარდა. იგი მონაწილე ყოფილა შეთქმულებისა და მეფის მოწყალეობის იმედით ყველაფერი დაფქვა.

- ო, მეფეო, - მივმართე მე, - თქვენი ნებართვით დილამდე შევიცადოთ. მხოლოდ ღმერთებს ძალუძთ მალი და სწორი განჩინება ჰყონ. იქნებ ეს სოფლელი ტყუის.

- არა, მე ვიცნობ ნამგეი დულას; მაგრამ, რაკი სტუმარმა ასე ისურვა, დე, იყოს ნება მისი. ოღონდ იცოდე, მაგასთან ბევრი ლოლიავი არ გარგებს.

იმავე საღამოს შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ნამგეი დულამ ისევ მოახერხა ჩემი გულის მონადირება. შემომცქეროდა ალალი ღიმილით. მიამბობდა მდინარის პირას, ყაყაჩოს ყანაში შემოჩვეულ დიდ, ყავისფერ დათვზე. ხომ არ ჩავუსაფრდეთო, - შემომთავაზა.

შეთქმულება ცოდვაა და სასჯელი არ აგცდება-მეთქი, - დავმოძღვრე გულმოსულმა. ნამგეი დულას წამით სახე მოეღრუბლა. ჩუმად გავიდა კარვიდან და ცოტა ხანში ფიჭვნარიდან მომესმა მისი ღიღინი.

სიტყვები ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ ჰანგი, ისევე, როგორც ღუღუნა კილო, თითქოსდა მეცნობოდა. კვლავ და კვლავ იმღერდა ნამგეი დულა და ვცდილობდი, როგორმე გამეხსენებინა ეს დავიწყებული ჰანგი. ნასადილევს აღმოვაჩინე, ვიღაცას დიდი ნაჭერი ჩამოეფხრიწა გარეთ გაფენილი ჩემი ხავერდის მოსასხამისთვის. ამან ისე განმარისხა, ყაყაჩოს ველზე ჩავეხეტე იმ იმედით, იქნება წავწყდომოდი ყავისფერ დათვს. უეცრივ მომესმა, გულმოსული ტახივით ქშუტუნებდა ეშმაკის ფეხი და მაიზის ნამნაპკურევ ყანაში ჩავუსაფრდი. მთვარე გავსილიყო, ირგვლივ დათავთავებული ყანის სურნელი დიოდა. ახლა კი ჰიმალაური ძროხა აბღავლდა. გულსაკლავად ბღაოდა ეს შავი, ჩათქვირებული საქონელი, ბევრად რომ არ აღემატებოდა სიდიდით ნიუფაუნდლენდის ჯიშის ძაღლს.

უეცრივ ორმა აჩრდილმა ჩამიქროლა გვერდით. ის იყო თოფი შევმართე, რომ მოვლანდე - ორთავეს წითური თავები ჰქონდათ.

ტანმომცრო არსებას ბაწარი დასთრევდა უკან. მთვარის ჩრდილი შავად ახავერდდა მათ სახეებზე. დიახაც რომ ახავერდდა; პირზე ჩემი მოსასხამისაგან გამოჭრილი ნიღბები აეკრათ.

გაოგნებული დავბრუნდი კარავში. დილით მთელი სამეფო აფორიაქებული დამიხვდა, ამბობდნენ - გასულ ღამეს ნამგეი დულამ დანით კუდი მოჰკვეთა ჩია სოფლელის, მისი გამცემის ძროხასო.

ეს იყო გაუგონარი მკრეხელობა. ძროხა ხომ წმინდა ცხოველია. ხალხი სისხლს ითხოვდა, მაგრამ ნამგეი დულა ქოხში ჩაიკეტა, კარ-ფანჯრები ამოხერგა და არავის ეპუებოდა. მე, მეფე და ხალხი ფრთხილად მივუახლოვდით ქოხს. ჩანდა, ამ კაცს უმსხვერპლოდ ვერ მოვიგდებდით ხელში, რადგან სარკმლიდან გამოშვერილი იყო კრიალა თოფის ლულა. აქვე დავძენთ, მთელ სახელმწიფოში მხოლოდ ეს თოფი იყო ვარგისი. ნამგეი დულამ ჩვენს იქ მისვლამდე წკიპზე დააცდინა თურმე რომელიღაც მომხდურს. მოქმედი არმია უმოქმედოდ იდგა. აბა, სხვა რისი მაქნისი იყო. თუკი ვინმე ბიჯს გადადგამდა წინ, ფანჯრებიდან წამოუშენდნენ ფიქალის ბასრ ნამსხვრევებს. ამას დროდადრო მდუღარე წყალიც ზედ ემატებოდა.

      გარედან ჩანდა სახლში მოფუთფუთე წითური თავები. ოჯახი მხარში უდგა თავკაცს. ჩვენი მოთხოვნის პასუხად ტანში შემზარავი ყივილი ისმოდა.

- ჩემს სახელმწიფოში მსგავსი არაფერი მომხდარა, - ესა თქვა მეფემ და ყალიონი გააბოლა. - მომავალ წელს უეჭველად ვიყიდი ერთ პატარა ზარბაზანს, - განაგრძო მან და ვედრებით შემომხედა.

მე აზრი მოვიკრიბე და შევეკითხე, - სამეფოში ღვთისმსახური არავინა გყავთ? ვინძლო, დაიყოლიოს ეგ კაცი.

- ის მხოლოდ საკუთარ ღმერთს სცემს თაყვანს. - მომიგო პირველმა ვეზირმა, - ისევ შიმშილით თუ ვაიძულებთ დაგვნებდეს.

- მომიახლოვდეს თეთრი კაცი, - ანაზდად მოისმა ნამგეი დულას ხმა - სხვას ცოცხალს არავის გავუშვებ. მომიახლოვდეს თეთრი კაცი!

კარი ფართოდ გაიღო და ბავშვებით გაჭედილი ტიბეტური ქოხის წინკარში შევედი. ყველა მათ ალისფერი თმები ჰქონდათ. იატაკზე ეგდო ძროხის სისხლიანი კუდი და ხავერდის ორი დაღიჯნული ნაკუწი.

- რაზე ჩაიდინე ეს სასირცხვილო საქმე, ნამგეი დულა? - გავკიცხე მე.

მან კვლავ ხიბლიანად გაიღიმა. - აქ არაფერია სასირცხო. მე მხოლოდ კუდი მოვჭერი იმ კაცის ძროხას, ვინც გამცა. ვაპირებდი, ტყვიაც მეკრა მისთვის, ოღონდ, ღმერთმანი, არა სასიკვდილოდ, მხოლოდ ფეხებში.

- რაზე ჩაიდინე ეს ყოველივე, მეფეს ხომ ყველა უხდის გადასახადს...

- მამაჩემის ღმერთს ვფიცავ, ვერ ვიტყვი, - თქვა ნამგეი დულამ.

- ვინ იყო მამაშენი?

- ამ თოფის პატრონი, - მან მიჩვენა იარაღი, ტაუერის მუშკეტი, რომელზეც ამოტვიფრული იყო თარიღი - 1832 წელი, და ოსტ-ინდოეთის ღირსპატივსაცემი კომპანიის დამღა.

- მამაშენს რა ერქვა?

- ტიმლეი დულა, - თქვა მან. - როცა პატარა ვიყავი, მახსოვს, წითელ პალტოს ატარებდა.

- ეჭვიც არ მეპარება, ასე იქნებოდა. გაიმეორე, გეთაყვა, ერთი-ორჯერ მამაშენის სახელი.

იგი ნებას დამყვა და მაშინ მივხვდი, რატომღაც ამახინჯებდა სიტყვებს. - ტჰიმლა თჰულა. - წარმოთქვა მან აღტყინებით. - აქამდე თაყვანს ვცემ მის სალოცავებს.

- მეც შემახედე იმ ღმერთს.

- ცოტა ხნის მერე, მწუხრის ჟამს.

- იქნებ გახსოვდეს როგორ ილოცვიდა მამაშენი?

- დიდი ხანი გავიდა, მართალია, მაგრამ ერთი სიტყვა ჩამებეჭდა, რომელსაც ხშირად იმეორებდა. „შუნ“. ამის გაგონებაზე მე და ჩემი ძმები ხელად წამოვცვივდებოდით - აი, ასე.

- აჰა, დედა სადაური გყავდა?

- მთიელი ქალი, ლეპჩა დარჯილინგიდან. მაგრამ ისინი გადამთიელს მიწოდებდნენ ჩემი წითური თმის გამო.

ცოლმა, ტიბეტელმა ქალმა, ნაზად შეავლო მკლავზე ხელი. ამ ხანგრძლივმა მოლაპარაკებამ მთელი დღე გასტანა. მოაწია მწუხრის ჟამმა. წითურთმიანი მთელი ჯამაათი იატაკიდან წამოიშალა და დიდის ამბით ნახევარწრედ განლაგდა. ნამგეი დულამ თოფი ააყუდა კედელზე, აანთო ზეთის პატარა ჭრაქი და კედლის წალოში ჩადგა. მერე გადასწია წვირიანი ფარდა და გამოჩნდა გაცვეთილი სპილენძის ჯვარცმა, დაყუდებული ოსტინდოეთის უხსოვარდროინდელი პოლკის მუზარადზე.

- ასე იცოდა მამაჩემმა, - თქვა მან და მოუქნელად გადაიწერა პირჯვარი. ცოლმა და ბავშვებმაც მას მიბაძეს. შემდეგ ყველამ მოთქმასავით შეუკიდა იმ სიმღერას, რომელიც ფერდობიდან მომესმა ადრე.

ახლა კი მივხვდი ყველაფერს. კვლავ და კვლავ გაბმულად, გულამოსკვნით მღეროდნენ ისინი „მწვანით მოსილთა“ საგალობელის მისამღერს:

„ხეზე ჰკიდებენ კაცსა თუ ქალს - მათ, ვინც ატარებს მწვანე სამოსელს“.

შევნიშნე, ერთი პატარა ბიჭი შემოჩენილივით მითვალთვალებდა. რუპია მოვიჩხრიკე ჯიბეში.

      მონეტა საჩვენებელ და ცერა თითს შუა მეკავა. მივჩერებოდი კედელზე მიყუდებულ თოფს. მიმიხვდა, ღიმილი დაეფრქვა სახეზე. სიმღერა არ შეუწყვეტია, პეშვი გაშალა ფულისათვის. მერე კი თოფი ჩამიცურა ხელში. ახლა შემეძლო იქვე გამეთავებინა ნამგეი დულა, მაგრამ ეს არ მსურდა. სისხლმა სისხლი იცნო. ნამგეი დულამ ფარდა წაახურა წალოს. მწუხრის ლოცვა დამთავრდა.

- ასე გალობდა მამაჩემი, სიმღერა გრძელი იყო, მაგრამ მე გადამავიწყდა სიტყვები, არადა, ღმერთი მაინც შეისმენს. ახლა ხომ ხედავ, ამ ხალხის მოდგმისა არა ვარ, და ჩემგან რაღა ხარკს ელიან...

- აგრე რად ირჯები?

კვლავ განმაიარაღებელი ღიმილი - ეგ რომ არა, აბა რით შევიქციო თავი, რით არ სჯობია დათვების დევნას? მაგრამ ამათ რას შეასმენ.

მერე მან იატაკზე დაყრილი ნიღბები აიღო და ბავშვივით გულუბრყვილოდ შემომაჩერდა.

- ეს ოინბაზობა ვინღა გასწავლა? - ვკითხე მე და ნიღბებზე მივუთითე.

- ვერ გეტყვი. დარჯილინგელ ლეპჩას რა ჭკუა ეკითხება. და ეს ხავერდიც...

- მე რომ ამწაპნე?

- არა, მერწმუნე. განა მოვიპარე? რა თავში ვიხლი მაგ ქსოვილს, - მან ხავერდი თითებით მოსრისა.

- ძროხა რომ დაასახიჩრე, ეს ცოდვა რადღა დაიდე?

- მართალია, საჰიბ, მაგრამ იმ კაცმა გამცა. უშობელი კი ჩემს ცხვირწინ აქნევდა კუდს... მე დანა მქონდა მომარჯვებული. გონს რომ მოვეგე, კუდი უკვე ძირს ეგდო. აღარ ყოფილა საშველი, საჰიბ, რახან შენც აგრე უბნობ.

- შინ დარჩი, - ვუთხარი მე. - მე კი მეფეს ვინახულებ.

მთელი მოსახლეობა მთის ფერდობზე გამოფენილიყო. მე წინ წავდექი.

- ო, მეფეო, ამ კაცს ორგვარად თუ მოევლება. ან უნდა ჩამოკიდო ხეზე მთელი თავისი ჯალაბით და მაშინ წითური თმის სახსენებელიც გაწყდება ამ კუთხეში...

- არა, - თქვა მან. - რას ვერჩი პატარა ბალღებს.

ისინი ქოხის წინ გამოეფინნენ და უსიტყვო მორჩილებას უცხადებდნენ მეფეს. ნამგეი დულა იცდიდა მკლავზე გადადებული თოფით.

- ანდა, მიუხედავად გაუგონარი მკრეხელობისა, რაც ძროხის მიმართ ჩაიდინა, უნდა პატივი დასდო და ჯარში ჩარიცხო. იგი იმ მოდგმას ეკუთვნის. რომელსაც წესად არა აქვს გადასახადი იხადოს. თმა მას წითლად სისხლმა შეუღება. ჩაუყენე ნამგეი დულა ჯარს სათავეში. უბოძე ეს ღირსება და მიენდე. ოღონდაც თვალი გეჭიროთ, არც მან და არც მისმა ჯალაბმა ფეხი არ გაადგას აქედან. უკმიე ქათინაურები, საჩუქრებსაც ნუ დაიშურებ, ნურც ორიოდ ბოთლ სასმელს, მაშინ ურჩობას ვეღარავინ გაგიბედავს. ასეთი დაბადა გამჩენმა. ისიც არ დაივიწყო, მას თანამოძმენიც ჰყავს.

მთელმა ხალხმა ერთხმად ამოიგმინა:

- ღმერთმა გაცილოს ისინი, დიდ დავიდარაბას აგიტეხენ! მაშ, გაამწესე იგი არმიაში. ო, მეფეო, არჩევანი შენზეა.

მეფემ დახარა თავი და მე წარვთქვი: - წინ წამოდექ, ნამგეი დულა, და უწინამძღვრე მეფის ჯარს. შენი სახელი ამჟამით იქნება არა ნამგეი დულა, არამედ პატსეი დულა. და ნამგეი დულა, ახლად მონათლული პატსეი დულად, ძე ტიმლეი დულად წოდებული ტიმ დულანისა, მუხლებზე მოეხვია მეფეს. მერე ჯარისკაცებს წაუთაქა და გაქანდა კოშკიდან კოშკისაკენ, რათა გულწრფელად მოენანიებია თავისი მკრეხელური საქციელი.

და მეფეც ისე იყო ნაამები ჩემი გამჭრიახობით, რომ შემთავაზა მეყიდა სოფელი ოც ფუნტ სტერლინგად, მაგრამ ჰიმალაიში სოფელს არასგზით არ ვიყიდი, ვიდრე თუნდაც ერთი წითური თავი იბოგინებს ზეცას აღწეულ მყინვარის ბოლოსა და არყის უღრანს შუა.

მე კარგად ვიცნობ ამ მოდგმას.

ნახვა: 382

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters