მიგელ დე უნამუნო -  მთებში

   ავილას პროვინციაში სიერა დე გრედოსის მიუვალი და მკაცრი ადგილები რომ დავლაშქრეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, მერე, ივლისის პირველ რიცხვებში, მშობლიურ სოფელში დავბრუნდი, ვიფიქრე, ცოტა დავისვენებ-მეთქი, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში უკვე სხვა ჯგუფთან ერთად ახლა სანტანდერას მიდამოებისკენ ავიღეთ გეზი; ჯერ კასტრო დე ვალნერას მწვერვალზე ავედით, შემდეგ პასის ხეობისკენ დავეშვით, ბოლოს კი განთქმულ სანტალიანა დელ მარში გავჩერდით.

   მთებში ადამიანი ისვენებს, მშვიდდება და ბევრსაც სწავლობს, მაგრამ თუ გინდა შენი სამშობლო კარგად გაიცნო და კიდევ უფრო შეიყვარო, ამაზე უკეთეს საშუალებას ვერ მოიფიქრებ. ეტყობა, სწორედ პატრიოტული გრძნობა გვაქეზებს, როცა საექსკურსიო ბიუროების, ალპინისტური კლუბებისა თუ სხვა ამგვარი საზოგადოებების შექმნისათვის ვიბრძვით ხოლმე.

   ესპანელებმა ესპანეთი უნდა გაიცნონ; ამაზე ბევრჯერ გვითქვამს და ბევრიც დაგვიწერია, მაგრამ ეს მარტო ესპანელებს როდი ეხება, არა მგონია, სხვა ქვეყნებში იყოს უკეთესად საქმე. ჩვენთან, ბილბაოშიც, ბარსელონაშიც, მართალი გითხრათ, არცთუ იშვიათად შეხვდებით ადამიანს, საკუთარ ქალაქს რომ გასცდენია, საკუთარ ქვეყანაში უმოგზაურია, კასტილიის, არაგონის, ესტრამადურისა თუ ანდალუსიის ისტორიული ადგილები მოუნახულებია, ანდა მივიწყებული, მაგრამ ლეგენდებით მდიდარი კუთხეები გახსენებია და საფრანგეთის, იტალიისა თუ გერმანიისკენ კი უჭირავს თვალი. ალბათ თქვენთანაც, ოკეანის გადაღმაც იგივე ხდება, ეჭვი არ მეპარება, არგენტინელებს შორისაც საკმაოდ მოიძებნებიან ისეთი ახალგაზრდები, თავიანთი მშობლიური მიწა-წყლის სილამაზის რომ არაფერი გაუგიათ, საკუთარი თვალით არაფერი უნახავთ და პარიზში, რომსა თუ მადრიდში კი გარბიან კისრისტეხით. დარწმუნებული ვარ, ვინმე ბუენოს აირესელი ახალგაზრდა ვერსალის ნახვაზე ოცნებობს მაშინ, როცა განთქმული იგუასუს ჩანჩქერისა მარტო სახელი თუ გაუგია.

   მერედა, როგორ იმართლებენ თავს, - ყოველ შემთხვევაში აქ, ჩვენში, - ეს რკინიგზასთან დაკავშირებული სიძნელეებიო, კეთილმოუწყობელი სასტუმროებიო, მგზავრობის მძიმე პირობებიო და სხვა და სხვა, - ცარიელი მიზეზებია, გამოგონილი და გაზვიადებული, თორემ, თუ გული გულობს... უბრალოდ, თავის შეწუხება არ უნდათ. ექსპრეს-მატარებლებმა, ლუქს-ვაგონებმა და მოდურმა სასტუმროებმა მეტისმეტად გაანებივრა ჩვენი ხალხი. განა არ შეგხვედრიათ ვინმე საზიზღარი ფრანტი, სუნამოთი გაჟღენთილ ცხვირსახოცს რომ აფრიალებს, თმადახუჭუჭებული და ნელსაცხებლებით თავპირგაპრიალებული, საპარიკმახეროდან ახლახან გამოსული რომ გეგონებათ, ერთ წუწუნსა და ბუზღუნს რომ მოჰყვება ხოლმე საჭმლის, საძინებლისა თუ მომსახურების გამო; ეს ხომ პრანჭვა-გრეხის მეტი არაფერია, უმეტესობას ეგებ საკუთარ სახლშიც კი არ გააჩნია უკეთესი პირობები.

   ასეთ გასეირნება-ლაშქრობებს, რაზეც ესოდენი გზნებით ვქადაგებ, არცთუ ცოტა სიკეთე მოაქვს; თუნდაც ისა ვთქვათ, რომ ნებისმიერ ვითარებას ეჩვევი და ეგუები, პრანჭვა-გრეხას ხომ გადაეჩვევი და გადაეჩვევი, და ესეც დიდი საქმეა! ერთხელ მთებში რესტორნის ერთი ასეთი კოხტაპრუწა აგვეტორღიალა და მართალი გითხრათ, კარგადაც გამართო მისმა ყურებამ, მთელი გზა ხომ ქოშინითა და ბორძიკით იარა, გახვითქული წამდაუწუმ ეცემოდა, მერე ნახევარი გზაც არ გვქონდა გავლილი, რომ ვარცხნილობა დაეშალა, თმა გაეწეწა, კოსმეტიკა წაეშალა და სახეზე ჩამოეღვენთა, წყაროს დანახვაზე პირქვე დაემხო და ხარბად დაეწაფა, მაგრამ ამ ტანჯვა-წამების დამაგვირგვინებელი ის იყო, რომ მზემ სახე ისე დაუწვა და დაუფუფქა, კანი სულ ნაფლეთებად ჩამოეკიდა.

   უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს გასეირნება-ლაშქრობა საკუთარ ქვეყანაში სხვა სიკეთესთან ერთად შიშის გრძნობასაც გვიქრობს, ხოლო ყველაზე მთავარი და უმთავრესი მაინც ისაა, რომ სამშობლოს სიყვარულს გვასწავლის. როდესაც თვალწინ გადაგეშლება შენი მიწის თვალწარმტაცი სანახაობა, უცხო გრძნობა დაგეუფლება, ისეთი, თითქოს ეს მთებიც, ხეებიც, მდინარეებიც შენი სხეულის ნაწილებია, შენი ხორცია, თითქოს ეს უსულო საგნებიც შენს ირგვლივ - შენია, მშობლიურია და ეგებ ადამიანებზეც კი ახლობელი, შარშან იუსტეს მონასტერში რომ ვიყავი და იქიდან გვადალუპეში გადავუხვიე, მაშინ მეტად უცნაური, მოწიწებული - ფილოსოფიური სევდა შემომაწვა იმ დროების გახსენებაზე, კარლოს I იმპერიის მზე რომ ჩაესვენა; სწორედ იქ და მაშინ ჩავწვდი იმ ჟინისა თუ ახირების სიღრმესა და ძალას, რამაც წააქეზა იმდენი თავგამეტებული თავგადასავლების მაძიებელი, რომ ვიდრე სულ ცოტა ხნის წინათ აღმოჩენილი ახალი სამყაროსკენ მიმავალ გემზე დასხდებოდნენ, ესტრამადურიდან ჯერ გვადალუპეში გაცვივდნენ, წმინდა ქალწულის წინაშე მუხლი მოიყარეს და მერეღა დაემშვიდობნენ სამშობლოს.

   კასტელარის მგზნებარე და მოკრძალებულ პატრიოტიზმზე, ესპანეთისადმი მის ერთგულებაზე, სამშობლოს მისეულ კულტზე თუ იტყვიან ხოლმე (ეგებ ამიტომაც დარჩა უცოლშვილოდ, ერთ სიყვარულს რომ შესწირა თავი), კარგად მესმის, რომ ეს კაცი, ეს დიდი ესპანელი ერთი იმათგანია, ვინც სამშობლოს ყოველი კუთხე ფეხდაფეხ შემოიარა, მთელი ქვეყანა გარდიგარდმო გადასერა; მართლაც, ნებისმიერ სოფელში, სადაც კი ისტორიული ძეგლები თუ ლეგენდები მოიძევება, გეტყვიან, აქ კასტელარი იყოო. ვერსად ნახავთ შთაბეჭდილების წიგნსა თუ ცნობარს, მუზეუმსა თუ სხვა რომელიმე ღირსშესანიშნავ ადგილს, სადაც კასტელარს თავისი ავტოგრაფი არ დაეტოვებინოს.

   ესპანეთში კიდევ ერთი ადამიანი იწვოდა სამშობლოს სიყვარულით და ეს გახლდათ კანოვასი. ერთხელ სან პედრო დე ლა ნავეს ეკლესიის სანახავად ვიყავი, სამორადან ოციოდე კილომეტრის დაშორებით, მდინარე ესლის ხეობაში, მიყრუებული ადგილიცაა და არცთუ კარგად ცნობილი, იქაც კი მითხრეს, აქ კანოვასი იყოო.

   თუ გინდა შეიცნო და შეისწავლო შენი მხარე, შენი მშობლიური ქალაქი, თუ სოფელი, სულაც არ კმარა მარტო მის ადამიანებს, ან სულს იცნობდე, მისი სხეულიც უნდა შეიცნო, მისი ხორცი - მისი მიწა. დამიჯერეთ, ევროპაში არც იმდენია ისეთი ქვეყანა, სადაც შეიძლება თვალითაც და გულითაც დატკბე ბუნების ასეთი მრავალფეროვნებით, როგორც ესპანეთში - დამრეცი ფლატეები გინდათ, ხეობები თუ ღელეები, მოტიტვლებული მინდვრები თუ მწვანედ აბიბინებული გორაკები, მკაცრი, მიუვალი ფრიალოები და რომელი ერთი ვთქვა, ერთი სიტყვით, რასაც ინატრებთ; მაგრამ მოგზაურობის დროს რაც შეიძლება შორიდან უნდა შემოუარო ცენტრალურ მაგისტრალებს, რადგან ასეთ ადგილებში უწყვეტ ნაკადად მიდი-მოდიან ცნობარებით აღჭურვილი ეგრეთ წოდებული ტურისტები, სარკინიგზო სპორტის ვითომ დიდი მოყვარულები, რომლებიც ღამეს მხოლოდ სასტუმროს ნომრებში ათევენ, - საბრალონი! - სადილად აუცილებლად მინერალურ წყალს გეახლებიან, სულერთია როგორს, თუნდაც კუჭი გაუღიზიანოს! - ყველგან რესტორნის ერთნაირ, გულისამრევ კერძებს მიირთმევენ; ამ ბეჩავების ყველაზე დიდი სატანჯველი კარეტებით ანდა ცხენითა თუ ვირით გადაადგილებაა, თუნდაც რამდენიმე საათი, ფეხით სიარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. აბა, ასე შენი ქვეყნის გაცნობას რა მადლი აქვს!

   სიკვდილამდე არ დამავიწყდება სიერა დე გრედოსის მთებსა და კანტაბრიაში მოგზაურობა; მოჯადოებულივით დავდიოდი. გახვალ თუ არა ბესარადან, შენ თვალწინ აღიმართება ბესედადის კოშკი, რომლის ძირშიც მდინარე ტორესი მიედინება, - მეც ამ ხეობაში ვცხოვრობ, - მთიდან ერთი დგაფუნით ეშვება წყალი და მიემართება ხიდისკენ, რომელსაც ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევები დარაჯობს; და იქვეა ბარკო დე ავილაც! ბარკო, ეს პატარა, ნათელი ქალაქი, თითქოს გეპატიჟება, აქ დარჩი, დამკვიდრდი, თუ გინდა შენმა ცხოვრებამაც მდინარესავით წყნარად და უშფოთველად იდინოსო. ამის შემდეგ კიდევ ერთი საოცრება გველოდა - პიედრაიტა და ალბათ, ჰერცოგთა დიდებული სასახლის ნანგრევები; ფრანგული სტილის არქიტექტურის ეს ბრწყინვალე ნიმუში, რომელიც შეიძლება მართლა პატარა ვერსალიც კი გამხდარიყო, გასულ საუკუნეში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაანგრია, თურმე ეგონათ, ჰერცოგი ფრანგებს მიეყიდაო. მერე გზიდან რომ გადაუხვევ, პაკოს ვიწრო ხეობას გაჰყვები, გადაივლი ბარანკოს სამოთხის მსგავს მინდვრებს და სიერა დე გრედოსის ქედზე დაეშვები, აქ უკვე შეიძლება ღამის გასათევად არენას დე სან პედროშიც გაჩერდე. იქიდან ავილაში წავედით, ამ მშვენიერ ქალაქში, რაინდებისა და წმინდანთა ქალაქში, ასე ლამაზად რომ მოგვითხრობს ენრიკე ლარეტა რომანში „დონ რამიროს დიდება“.

   ამდენ სისულელეთა კითხვით დაღლილ ჩემს თვალებს განუზომელ სიამოვნებას ჰგვრის სან პედროს ეკლესიის დახვეწილი ხაზები, სან ვისენტეს ბაზილიკის, განთქმული ტაძრის, წითელ სვეტებს შორის აფსიდებისა და თითქოს იმიერი, იდუმალი ტევრის ჭვრეტა, იმ ტევრისა, სადაც წმინდა ტერესას უვლია.

   ავილადან სეგოვიაში მივდივართ, ულამაზეს სეგოვიაში, სალამანკის ამ ცოცხალი ასლის სანახავად. მართლაც ამ დაუვიწყარი ლაშქრობიდან რამდენიმე დღის შემდეგ აქ, ჩემი მშობლიური ბასკეთის მიწაზე დავდგი თუ არა ფეხი, გადავწყვიტე, ცოტა შვება მიმეცა სხეულისთვის და ბავშვობის მოგონებებით გამეხალისებინა სული, მერე კი ისევ ახალი ლაშქრობა მელოდა, ამჯერად მონტანას მიწებზე. ლაღად გაშლილი უმშვენიერესი, კრისტალივით გამჭვირვალე მენას ხეობა რომ გავიარეთ, მივუახლოვდით ქალაქ ესპინოსა დე ლოს მონტეროს, რომელიც ივლისის მიწურულის ამ ლამაზ დღეს, შებინდების ჟამს მარადიულობისა და დუმილის მხარედ მეჩვენა. იქიდან ღრუბლებს შორის გავიკვლიეთ გზა ტრუევას ხეობისკენ და ბოლოს შევუდექით კასტრო დე ვალნერას ათასშვიდასი მეტრის სიმაღლეს. ყოველ წელიწადს ავდივარ რომელიმე მწვერვალზე და რაკი ორი ათას ექვსასი მეტრის დაძლევა ამჯერად არ გამომივიდა, - როგორც ჩაფიქრებული მქონდა, - სიერა გრედოსზე, ახლა ამითაც უნდა დავკმაყოფილებულიყავი. ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო ღრმად სუნთქავს ფილტვები, ჯან-ღონე და მხნეობა ემატება სხეულს, კაბინეტის სული ოფლად გამოდის და ორთქლდება. დროდადრო მდელოზე მცირე ხნით ვისვენებ და ნება-ნება, წყნარად ვსაუბრობთ. საამო ოფლით დაცვარული სხეული თითქოს ბალახსა და წყაროსთან ერთად სუნთქავს და მეც თავისუფალი ბუნების შვილად ვგრძნობ თავს. ხანდახან ზევით ვიყურები, მწვერვალისკენ... ჯერ კიდევ შორსაა... და უეცრად, ჩვენთვისვე მოულოდნელად, თურმე ავსულვართ კიდეც! ირგვლივ ღრუბლების ზღვაში მთის მწვერვალები ამოზიდულან, ცხრა ესპანეთის პროვინციისა და სამი ბასკეთისა და ესპანეთის მზეს ეფიცხებიან. ქვემოთ, კლდეკარის ვიწროებში, ფრიალო კლდეებს მიღმა სანტანდერას მთას ვხედავ, პასის ხეობის ბინადართა მიწას, ცოტა მოშორებით, წყლის ზედაპირზე ჩამოწოლილ ბურუსში პლაჟი თეთრ ზოლად გაჭიმულა. ასე გეგონება, შენს ფერხთით რუკაა გაშლილიო, აიღებ ხელში და ყოველი სახელი ნაცნობია, რაც კი ნებისმიერი მიწის ნაკეცისთვის უწოდებია ხალხს. გაიძრობ ტანსაცმელს და მზე აშრობს სხეულსაც და სამოსსაც. მთელი მკერდით შეისუნთქავ მთის ჰაერს და კიდევ უფრო მძაფრად გრძნობ, რომ შენც მიწიერი არსება ხარ, ამ მიწის შვილი. და აჰა, უკან დაგვრჩა ჩაფიქრებული, სევდიანად გაყუჩებული პასის ხეობაც, ზურმუხტოვანი მინდორ-ველები, წარაფები, აქა-იქ მწყემსების შიფერით გადახურული ქოხმახები, შორიდან საფლავები რომ გეგონება, მოსახვევებში აბალახებული ბილიკები მოქუფრული და გარინდებული პასის მთების ძირში მიიკლაკნება, მდინარე პასის უშფოთველ ფშვინვას ალაგ ჩანჩქერები თუ ახალისებს. ეს პეიზაჟი მუსიკალურია, მუსიკა ლიტურგიული, გრიგორიანული, მასში ბევრი ბგერა კი არაა, მაგრამ რაც არის, ყველა ორგანის ბგერაა. და მახსენდება „ობერმანი“, დიდებული „ობერმანი“, შორს ხეობის მიდამოებში კაცები და ქალები ბალახს თიბავენ. მერე ტორანსოს ხეობა იწყება. ამ ღამეს კასტანიედაში გავათენებთ. იქ პატარა ეკლესია დგას, იქაური მიწის მარილი, სულ პატარა, რომანული სტილის ეკლესია, სიძველეთა მდუმარე მცველი, ესეც პეიზაჟის ნაწილია, ეს პაწაწინა ეკლესიები წაბლის ხეებივით აღმოცენდებიან ხოლმე მშობლიურ მიწაზე. შიგნით, საკურთხეველში ძველი, ესპანელი ქრისტეს გამოსახულებაა, ჩვენი ბერბერული ქრისტეს ხატი და იგი მდუმარედ, მაგრამ ფხიზლად იცავს ჩვენს მამა-პაპათა რწმენას.

   კასტანიედიდან სანტილიანა დელ მარისკენ მივემართებით, რომელზეც ბევრია დაწერილი და კარგადაცაა ცნობილი პერედას წიგნებისა და რიკარდო ლეონის რომანის „აზნაურთა მოდგმის“ წყალობით, იდალგოთა ქალაქი, ნახევრად დანგრეული, სევდიანად გარინდებული, ძველი, პატარა ეკლესიის ფერხთით და იქვე რომანული სტილის დახურული გალერეა, რომლის წყვილ-წყვილი კაპიტელები გვაგონებენ გულუბრყვილო ბარბაროსობის დროს, როცა ომში ისე მიდიოდნენ, გეგონებოდათ სანადიროდ მიიჩქარიანო. ოჰ, ეს ძველთაძველი გალერეები, ბავშვობის ბედნიერ ხანაში რომ გადავყავართ!

   ტორელავეგაში ერთ მადრიდელ ჟურნალისტს გადავეყარეთ, რომელმაც მაშინვე გაგვიბა საუბარი და სასწრაფოდ გვაცნობა ბარსელონასა და მელილეს ამბები, - ეს დაუსრულებელი შემთხვევები! ეს დაუცხრომელი ყოველდღიურობა! - მაგრამ სულ ანეკდოტისებური, რაღაც ნაგლეჯ-ნაგლეჯი ცნობები, თავსა და ბოლოს რომ ვერ გაუგებ. რამდენად უფრო მეტს გვეუბნება სამშობლოზე, მის სულზე ბინდ-ბუნდში ჩაკარგული პასის ხეობა და სანტილიანას სამრევლოს პატარა ეკლესია, ან მზიანი და ხალისიანი გალერეების სიმყუდროვე.

   და ახლა, როცა უკვე ბილბაოში ვარ, ადამიანთა ამ ჭიანჭველების ბუდეში, გავყურებ ტრამვაებსა და ავტომობილებს, ქუჩაში რომ დაგრუხუნებენ, მორთულ-მოკაზმულ ქალიშვილებს, ამაყად რომ იმზირებიან სველი ასფალტის სარკეში და მაგონდება სიერა დე გრედოსის დიდებული სილამაზე, ბრწყინვალე და გონებამიუწვდომელი კასტრო დე ვალნერა, კასის ხეობის მკაცრი სიჩუმე და საუკუნეთა მონობისაგან გათავისუფლების გრძნობა, სანტილიანას გალერეაში რომ დამეუფლა.

   აბა, რა გაეგებათ სამშობლოს ავკარგისა მათ, ვინც გამოთაყვანებამდე დარბის ქალაქიდან ქალაქში, დაბორიალებს სასტუმროებში, ღამეებს ათენებს იმ საშინელ sleeping car-ებში, დაძრწის ბაზრიდან ბაზარში, მიიჩქარის კორიდაზე, იქიდან კომედიაზე; ერთი სიტყვით, ვინც მარტო იმაზე ფიქრობს, როგორმე მოასწროს და როგორც შეუძლია დატკბეს ამ ცხოვრებით. არასდროს დამავიწყდება ის ღამე, ღია ცისქვეშ რომ გავატარე, შიშველ მიწაზე მეძინა, მერე გათენებისას ჭექა-ქუხილი ატყდა, ელვა სალტესავით რომ ევლებოდა გარს სიერა დე გრედოსის პიკებს... და ამ ჭექა-ქუხილსა და ელვის ტკრციალში გამომეცხადა უფალი ღმერთი ჩემი სამშობლოსი, ესპანეთის ღმერთი, გამომეცხადა ისე, ვითარცა ისრაელიანებს იაჰვე სინაის მთაზე... ღმერთი ხალხთან მთიდან დაეშვება ხოლმე. გვადარამისა და ფუენფრიას მწვერვალები, კასტილიის მიწის ბურჯები.

   ნათქვამია გარსია ტასარას უკვდავ სონეტში, ჩემი მიწის ბურჯები, ცის თაღედის საყრდენები. თუ ერთხელ მაინც არ შემოგიხვევიათ მათთვის მკლავები, ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს სამშობლო!

   და აჰა, უკვე აქა ვარ! მე რომ ქალაქიდან არ გავვარდნილიყავი ხოლმე, როგორც კი დროს ვიხელთებდი, ამდენი რომ არ მეხეტიალა ველ-მინდვრებში, არ გამეზიარებინა მწყემსების მწირი ლუკმა, არ გამეთია ღამეები გლეხის ოჯახში, ხანაც ცარიელ მიწაზე, არ ჩამომეფერთხა კაბინეტის მტვერი ტანსაცმლიდან, განა შევძლებდი ისე გამევლო ჩემი ცხოვრების გზა, რომ აზრი არ დამხავსებოდა? მე რომ წიგნის ჭია ვყოფილიყავი, - როგორც ზოგიერთებს, ჩემთვის სრულიად უცნობებს ჰგონიათ, - ამდენი რომ არ მეხეტიალა ტყე-ღრე, საუბარი რომ არ გამება გზადაგზა ყოველ შემხვედრთან, ათასჯერ მაინც არ გამრუჯოდა სახე მზეზე, ნუთუ გგონიათ, ასე ხელუხლებლად შევინარჩუნებდი ამ მგზნებარე სიყვარულს სამშობლოსადმი, რასაც - როგორც ამბობენ ხოლმე, - სიშმაგემდე მივყავარ? არა, წიგნებმა კი არ მასწავლა სამშობლოს სიყვარული, მე ჩემი ქვეყანა გარდიგარდმო, ნაბიჯ-ნაბიჯ შემოვიარე, მოწიწებით შევიჭვრიტე მის ყოველ კუთხე-კუნჭულში.

   ყოველ ქვეყანაში ხელისუფლება ვალდებულია იმაზე იზრუნოს, რომ მისმა შვილებმა, ხალხმა გაიცნოს თავისი სამშობლო, საკუთარი თვალით ნახონ და საკუთარი ხელით შეეხონ. მე რომ არგენტინელი ვყოფილიყავი და თანაც მდიდარი, გეფიცებით, უწინ ჩემი სამშობლოს მიწებს შემოვივლიდი, ანდებს, სელვას, გულს ვიჯერებდი მისი სიყვარულით, დავტკბებოდი მისი ბუნების სილამაზით და მხოლოდ ამის მერე ვიფიქრებდი ევროპაში გამგზავრებაზე. მიჭირს გავუგო იმ არგენტინელს, რომელსაც ჯერ მაგელანის სრუტე არ გადაუცურავს და ნორვეგიის ფიორდების ნახვას ესწრაფის. მაგრამ მათზე უკეთესი არც ესპანელები გახლავთ; თუ რომელიმე მათგანი თავისი სამშობლოს ქება-დიდებას მოჰყვება, ლამის ცოცხლად დაგიხატავთ მის სურათებს, აბა, ერთი ჰკითხეთ, ვიდრე ამერიკაში, ემიგრაციაში წავიდოდა, თავისი საკუთარი სოფლისა თუ ქალაქის მეტი უნახავს რამე? ან კიდევ ვინმე ყმაწვილი, თავის სოფელს რომ არ გასცდენია, ესპანეთზე თუ დაგიწყებთ ლაპარაკს ისე, რომ არც შერცხვება, იცოდეთ, ყველაფერი მარტო გაზეთებში ექნება ამოკითხული. და ახლა კი რამდენიმე დღე მართლა უნდა დავისვენო, სადმე მთებში წავიდე, მერე კი, სხვა რა გზაა, ისევ საქმეს შევუდგები.

ნახვა: 737

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters