ვირჯინია ვულფი - მოყვასის სიყვარული

ორიგინალი დასახელება:

კაცი, რომელსაც თავისი მოყვასი უყვარდა

   იმ დღეს პრიკეტ ელისი, სწრაფი ნაბიჯით რომ კვეთდა დინზ-იარდს, პირდაპირ რიჩარდ დელოუეის შეეფეთა, უფრო სწორად, როცა ერთმანეთს გაუსწორდნენ, ფარული გვერდული მზერა, რომელიც თითოეულმა მეორეს სტყორცნა თავისი ქუდქვეშიდან, მხარს ზემოდან, გამოცოცხლდა და მასში ცნობის ნაპერწკალი გაკრთა. ოცი წელი იყო ერთმანეთი არ ენახათ. სკოლაში ერთად სწავლობდნენ. რას აკეთებდა ელისი? იურისტი? ჰო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ამ პროცესს გაზეთებით ადევნებდა თვალს. მაგრამ აქ საუბარი შეუძლებელი იყო. საღამოს ხომ არ შეივლიდა მათთან? ( ძველ ადგილას ცხოვრობდნენ, იქვე, მოსახვევთან). ორი-სამი ადამიანი იქნებოდა მათ გარდა. შეიძლება ჯოინსონი. „ის ახლა დიდი კაცია,“ - დასძინა რიჩარდმა.

- მშვენიერია, ე. ი. საღამომდე - თქვა რიჩარდმა გამომშვიდობებისას, - მოხარული ვარ - მართლა გახარებული იყო, რომ ამ ახირებულ კაცს შეხვდა, სკოლის შემდეგ ოდნავაც რომ არ იყო შეცვლილი. ისევ ის უშნო, პირმრგვალი ბიჭი, ცრურწმენებით გაჟღენთილი. მაგრამ ბრწყინვალედ სწავლობდა - ნიუკასლში პრემია მოიპოვა. ასეა, ფიქრობდა რიჩარდი და სახლისკენ მიაბიჯებდა.

პრიკეტ ელისმა კი, როცა შებრუნდა და მის ფიგურას გახედა, რომელიც უჩინარდებოდა, ინანა მასთან შეხვედრა, უფრო სწორად (პიროვნულად დელოუეი ყოველთვის მოსწონდა) ის, რომ წვეულებაზე მისვლას დაპირდა. დელოუეის ცოლი ჰყავს, წვეულებებს მართავს - ეს მის გემოვნებაში არ ჯდებოდა. სათანადო ტანსაცმელიც უნდა მოიძიოს. მაგრამ დრო გადიოდა და სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ რადგან დაპირდა, წასვლა მოუწევდა თუ არ უნდოდა ძალიან უხეშად გამოსვლოდა.

მაგრამ რა საშინელი თავყრილობაა! ჯოინსონი იქ იყო, თუმცა მათ არაფერი ჰქონდათ ერთმანეთისთვის სათქმელი. პატარა ბიჭობაშიც პომპეზური ტიპი იყო ახლა კი, კიდევ უფრო გაბღენძილა. სხვა სტუმრებიდან პრიკეტ ელისი არავის იცნობდა. მაგრამ ასე ერთბაშად ვერ წავიდოდა, რაღაც მაინც უნდა ეთქვა დელოუეისთვის, რომელიც მასპინძლის მოვალეობას ასრულებდა, სტუმრებს შორის ფუსფუსებდა თეთრ ჟილეტში გამოწყობილი, ასე რომ, უნდა იდგეს და ელოდოს. ეს ყველაფერი გულს ურევდა. ძნელად წარმოსადგენია, რომ ზრდასრული ადამიანები, შეგნებული კაცები და ქალები, თითქმის ყოველ საღამოს ასე ატარებდნენ! მის ლურჯ-წითელ გაპარსულ ლოყებზე ხაზები გამკვეთრდა და ის კედელს მიყრდნობილი, ხმისამოუღებლად იდგა. თვითონ ცხენივით მუშაობდა, ბევრს მოძრაობდა, რომ ფორმა შეენარჩუნებინა. მტკიცე, მძვინვარე გამომეტყველება ჰქონდა, ულვაშები თითქოს მოჰყინვიაო. ახლა გაღიზიანებული იყო, ბრაზობდა. ღარიბულ ტანსაცმელში მოუვლელი, უბრალო, შეუხედავი ჩანდა.

უსაქმურები, მოლაყბეები, პომპეზურად ჩაცმუ-ლები, თავში ერთი ნორმალური აზრიც რომ არ გაუჭაჭანებდათ - ეს დახვეწილი ქალბატონები და ბატონები - განუწყვეტლივ რატრატებდნენ და იცინოდნენ. პრიკეტ ელისი უყურებდა მათ და ბრანერებს ადარებდა, რომლებმაც როცა სასამართლო საქმე მოიგეს ფენერების ლუდის ქარხანასთან და ორასი ფუნტი კომპენსაცია მიიღეს (ორჯერ მეტიც ეკუთვნოდათ) არ დაინანეს იმ თანხიდან ხუთი ფუნტი დაეხარჯათ და მისთვის საჩუქრად საათი ეყიდათ. ეს წესიერი საქციელი იყო მათი მხრიდან, გულს რომ აგიჩუყებს ისეთი. და მან კიდევ უფრო მკაცრად, მრისხანედ შეხედა ამ ხალხს, მორთულ-მოკაზმულებს, ცინიკურებს, შეძლებულებს და ის, რასაც ახლა გრძნობდა, იმას შეადარა, რაც დილით, თერთმეტ საათზე განიცადა, როცა მოხუცი ბრანერი და მისის ბრანერი, თავიანთ საუკეთესო ტანსაცმელში გამოწყობილები, ძალიან პატივსაცემი, სუფთა მოხუცები, შინ ეწვივნენ, რათა მისთვის გადაეცათ, როგორც განაცხადა თვითონ კაცმა, ლარივით დაჭიმული რომ იდგა ამ საზეიმო შემთხვევის გამო, „ეს მოკრძალებული ნიშანი მადლიერებისა და პატივისცემისა ჩვენი საქმის შესანიშნავად წარმართვისათვის.“ მისის ბრანერმა ჩამოართვა სიტყვა და დასძინა, რომ ორივე გრძნობდა, თუ არა მისი დახმარება, არაფერი გამოუვიდოდათ. და, ბუნებრივია, ძალიან აფასებდნენ მის დიდსულოვნებას: მან ხომ, რა თქმა უნდა, ჰონორარი არ აიღო.

როცა საათი გამოართვა და ბუხრის თაროს შუაში დადო, იგრძნო, არ სურდა ამ დროს ვინმეს მისი სახე დაენახა. მან ხომ ამისთვის იმუშავა - ეს მისი ჯილდო იყო. და აი, ახლა რეალურად მის თვალწინ მყოფ ადამიანებს უყურებს და ეჩვენება, რომ ისინი მის ბინაში გათამაშებულ დილანდელ სცენას გადაეფარნენ, მასზე ცეკვავენ და, ეს მათ მიმართ ყველაზე სასტიკი განაჩენია და როცა ის სცენა გაფერმკრთალდა - როცა ბრანერები გაფერმკრთალდნენ, მთელი სცენიდან მხოლოდ ის დარჩა პირისპირ მტრული ბანაკის წარმომადგენლებთან, სრულიად ჩვეულებრივი, უშუალო ადამიანი, უბრალო ადამიანების წრიდან (წამოიმართა) ძალიან ცუდად ჩაცმული, დაბოღმილი, გაუთლელი, ადამიანი, რომელსაც საკუთარი გრძნობების დაფარვა არ შეუძლია. არაფრით გამორჩეული, ორდინარული, საზოგადოების ბოროტების, გახრწნილებისა და უგულობის წინააღმდეგ საბრძოლოდ შემართული. მაგრამ კმარა მათზე მიშტერება. სათვალე გაიკეთა და ნახატების დათვალიერება დაიწყო. ერთ თაროზე წიგნების ყდებს შეავლო თვალი - ძირითადად ლექსები იყო. კარგი იქნებოდა ძველი საყვარელი მწერლების გადაკითხვა - შექსპირის, დიკენსის. კარგი იქნებოდა ეროვნულ გალერეაში წასასვლელად გამოენახა დრო. მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა. როგორ მოახერხებდი ასეთ მდგომარეობაში მყოფ სამყაროში, როცა ადამიანებს დილიდან საღამომდე სჭირდებათ შენი დახმარება, როცა პირდაპირ გიხმობენ საშველად. ასეთ დროში ფუფუნებაში ცხოვრების უფლება როგორ უნდა მისცე საკუთარ თავს. და მან თვალი მოავლო სავარძლებს, ძვირფას დანებს, ტყავისყდიან წიგნებს და თავი გადააქნია, იცოდა, არასოდეს ექნებოდა დრო, არასოდეს (იმედია) ექნებოდა იმის ხალისი, რომ ასეთი ფუფუნების უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის. აქ მყოფი ხალხი ალბათ შოკში ჩავარდებოდა, რომ გაეგოთ, რა იაფფასიან თამბაქოს ეწეოდა, რომ ტანსაცმელს ნათხოვრობდა. ერთადერთი ფუფუნება, რომელზეც საკუთარ თავს უარს არ ეუბნებოდა, პატარა იახტა იყო ნორფოლკის ტბაში. ასეთი ცოდვა მართლა ჰქონდა. უყვარდა წელიწადში ერთხელ ყველასაგან გარიდება, ბალახში წოლა და ცაში ყურება. გაიფიქრა, როგორი შოკი იქნებოდა ამ პატივცემული ბატონებისთვის, რომ გაეგოთ რა სიამოვნებას ანიჭებდა მას ყოფნა იმად, რაც იყო, ის, რასაც ძველებურად ბუნების სიყვარულს ეძახდა - ბავშვობიდან გამოყოლილ ხეების და ველების სიყვარულს.

ეს პატივცემული ბატონები შოკირებული აღმოჩნდებოდნენ. და ახლა, როცა სათვალეს ჯიბეში იდებდა, გრძნობდა, რომ სულ უფრო და უფრო მეტად აგდებდა მათ შოკში. ეს ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო. და თავის სიყვარულს კაცობრიობისადმი, იმას, რომ უნცია თამბაქოს ხუთ პენსად ყიდულობს, ბუნება უყვარს, წყნარად, მშვიდად და ბუნებრივად ვერ შეიგრძნობდა. ყველა ეს სიამოვნება პროტესტად იქცეოდა. თითქოს ეს ადამიანები, რომლებიც მას სძულდა, რაღაცაში თავის გამართლებას აიძულებდნენ. მე უბრალო ადამიანი ვარ, იმეორებდა თავისთვის. ამის შემდეგ რაც თქვა, თვითონაც შერცხვა, მაგრამ მაინც თქვა: „მე ერთ დღეში მეტი გამიკეთებია მოყვასისთვის, ვიდრე თქვენ მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე.“ და ეს შეგრძნება მართლა ჰქონდა. წამდაუწუმ იხსენებდა დღევანდელის მსგავს სცენებს, საათი რომ მიუტანეს ბრანერებმა, გაახსენდა კეთილი სიტყვები, რომლებიც ადამიანებს უთქვამთ მისი ჰუმანურობისა და სულგრძელობის შესახებ, იმის შესახებ თუ როგორ დაეხმარა მათ. ისევ და ისევ ხედავდა თავის თავს, როგორც კაცობრიობის ბრძენ, მომთმენ მსახურს. ნანობდა, ამას რომ ხმამაღლა ვერ გაიმეორებდა. უსიამოვნო იყო, რომ სიკარგე დუღდა მასში და გამოსავალს ეძებდა. კიდევ უფრო უსიამოვნო ის იყო, რომ ვერავის უყვებოდა იმის შესახებ, თუ რას ამბობდა ხალხი მასზე. თავისთვის იმეორებდა მადლობა ღმერთსო, რომ ხვალ დილით ისევ სამსახურში უნდა ვიყოო. და მაინც, მას უკვე აღარ დააკმაყოფილებდა უბრალოდ კარებში გაძრომა და სახლში წასვლა. აქ უნდა დარჩეს, აქ უნდა დარჩეს, სანამ თავს გაიმართლებს. მაგრამ ეს როგორ გააკეთოს? მთელ ამ ხალხით სავსე ოთახში ხომ ერთ ადამიანსაც არ იცნობს, რომ გამოელაპარაკოს.

ბოლოს და ბოლოს რიჩარდ დელოუეი მასთან მივიდა.

- მინდა მისს ო’კიფი გაგაცნოთ. - უთხრა მას. მისს ო’კიფიმ პირდაპირ თვალებში ჩახედა. - თავდაჯერებული ქალი იყო, ოცდაათს გადაცილებული, მკვეთრი მანერებით.

მისს ო’კიფიმ ნაყინი მოინდომა, ან რაიმე დასალევი. და მიზეზი, თუ რატომ მიმართა ამისთვის პრიკეტ ელისს (მისი აზრით, გაუმართლებლად ქედმაღლური ტონით) ის იყო, რომ იმ დღეს დაუნახავს ქალი, ორი ბავშვით, ძალიან ღარიბი და ძალიან დაღლილი, შუადღის სიცხეში, ღობეს მიტმასნილი როგორ იჭვრიტებოდა კერძო სკვერში. ნუთუ არ შეიძლება მათი შეშვება? - გაიფიქრა მაშინ. სიბრალული ტალღებად მიაწყდა და მძვინვარე გულისწყრომად ექცა. არა, უპასუხა თავის თავს შემდეგ წამს ისე უხეშად, თითქოს სილა გაიწნაო. ამას სამყაროს მთელი ძალები არ დაუშვებენ. ჰოდა, ჩოგბურთის ბურთი აიღო და ბადეს იქით გადააგდო. ამას სამყაროს მთელი ძალები არ დაუშვებენ, მძვინვარედ წარმოთქვა და სწორედ ამიტომ იყო, რომ უცნობ კაცს ბრძანების ტონით უთხრა: - ნაყინი მომიტანეთ!

ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ ნაყინის ჭამას დაამთავრებდა, პრიკეტ ელისმა, რომელიც მის გვერდით იდგა და არაფერს ხელს არ აკარებდა, მოასწრო მისთვის ეთქვა, რომ თხუთმეტი წელია წვეულებაზე არ ყოფილა, რომ კოსტიუმი დის ქმარმა ათხოვა, რომ ასეთი თავყრილობები არ უყვარდა და სიამოვნებით ეტყოდა აგრეთვე, რომ ის უბრალო ადამიანია და ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობას ამჯობინებს. შემდეგ იმასაც მოუყვებოდა (თუმცა კი დაირცხვენდა), რომ ბრანერებმა საათი აჩუქეს. მაგრამ ქალმა კითხვით შეაწყვეტინა: - „ქარიშხალი“ თუ ნახეთ?

როცა გაიგო რომ არ უნახავს, რომელიღაც წიგნზე ჰკითხა. როცა კვლავ „არა“ უპასუხეს, ნაყინის ლამბაქი გვერდზე გადადო და ჰკითხა, საერთოდ პოეზიას თუ კითხულობთო.

და მაშინ პრიკეტ ელისმა, იგრძნო, რომ მასში რაღაც ისეთი ზვირთდებოდა, რაც ამ ახალგაზრდა ქალს თავის ადგილზე დააყენებდა, მსხვერპლად აქცევდა, გაანადგურებდა, მის გვერდით დაჯდომას აიძულებდა, აი, აქ, სადაც ხელს არავინ შეუშლიდათ, ცარიელი ბაღის ორ სკამზე, რადგან ყველანი ზემოთ იყვნენ, თუმცა გუგუნი, ჟღრიალი და ცალკეული ხმები აქაც აღწევდა, როგორც გიჟური აკომპანიმენტი ბალახში ნელა მოსეირნე კატების კნავილისა, ფოთლების შრიალისა, ჩინური ფარანივით აქეთ-იქით მოქანავე წითელ-ყვითელი ნაყოფის ილუზორული ორკესტრისა და მათი საუბარიც სიკვდილის ცეკვის მუსიკას ჰგავდა, შეშლილის მიერ დაწერილს ძალიან რეალურ, ღრმად განცდილ ტანჯვის თემაზე.

- რა მშვენიერია! - თქვა მისს ო’კიფიმ.

მართლაც, მშვენიერი იყო ეს პატარა მდელობი და მის გარშემო ვესტმინსტერის კოშკები, შავები, თითქოს ჰაერში გამოკიდებულები და სიწყნარე ოთახის ხმაურის შემდეგ! და ამით ხომ ყველას შეუძლია დატკბეს - იმ დაღლილ ქალსაც, ბავშვებსაც.

პრიკეტ ელისმა ჩიბუხს მოუკიდა. ეს ქალს შეაცბუნებდა. ჩიბუხში იაფფასიანი თამბაქო ჩადო, უნციას ხუთნახევარ პენსად რომ ყიდულობდა. წარმოიდგინა როგორ ჩაწვებოდა თავის ნავში და გააბოლებდა. ხედავდა თავის თავს როგორ ეწეოდა ღამით, სრულიად მარტო, ვარსკვლავებქვეშ. მთელი დღევანდელი საღამო იმაზე ფიქრობდა ამ ხალხის თვალში როგორი გამოვჩნდებოდიო. ასანთის ღერი თავის ფეხსაცმლის ძირზე გაჰკრა და მისს ო’კიფის უთხრა ვერაფერს განსაკუთრებით მშვენიერს ვერ ვხედავო.

- შეიძლება, - თქვა მისს ო’კიფიმ, - თქვენ საერთოდ გულგრილი ხართ მშვენიერების მიმართ - (მან ხომ უთხრა, რომ „ქარიშხალი“ არ უნახავს, რომ ის, რომელიღაც წიგნი, წაკითხული არა აქვს, აჩაჩულ-დაჩაჩულია, ულვაშებადქცეული, ახლა ნიკაპი, საათის ვერცხლის ძეწკვი...) და ქალმა გაიფიქრა, რომ ამისთვის ერთი პენის გადახდაც არ იყო საჭირო: იარე მუზეუმებში, ეროვნულ გალერეაში, დატკბი სოფლის ხედებით... რა თქმა უნდა, ამის საწინააღმდეგო არგუმენტებიც იცოდა: სარეცხი, საჭმლის მომზადება, ბავშვები, მაგრამ ყველაზე მთავარი, რისი ხმამაღლა თქმისაც ყველას ეშინოდა, ის არის, რომ ბედნიერება ჟანგიანი ლურსმანივით იაფია. საერთოდ არაფერი ღირს. მას მშვენიერება გვანიჭებს.

და, ამ დროს პრიკეტ ელისმა შავი დღე აყარა, ამ ფერმკრთალ, უკმეხ, ქედმაღალ ქალს - იაფფასიანი თამბაქოს სუნით გაჟღენთილმა, ჩამოუთვალა ყველაფერი, რაც იმ დღეს გააკეთა. ექვს საათზე უკვე ფეხზე იყო, კლიენტებს იღებდა, კანალიზაცია შეამოწმა აყროლებულ ჯურღმულებში, შემდეგ - სასამართლო.

აქ შეყოყმანდა, უნდოდა თავის მიღწევებზე ეამბნა მისთვის, მაგრამ თავი შეიკავა და ამიტომ უფრო გესლიანად განაგრძო. თქვა, რომ გული ერეოდა, როცა მაძღარი, გაპრანჭული ქალები მშვენიერებაზე ლაპარაკობდნენ (ქალმა ტუჩები შეატოკა. ის გამხდარი იყო და არცთუ მოდური კაბა ეცვა).

- მშვენიერება, - თქვა კაცმა. მისთვის გაუგებარი იყო რას ნიშნავდა მშვენიერება ადამიანებისგან მოწყვეტილად.

და, ორივემ ღვარძლიანად გახედა ცარიელ ბაღს, სადაც სინათლეები ციმციმებდა და ერთი კატა, მაღლა აწეული თათით, მდელობის შუაში იდგა უძრავად, თითქოს ყოყმანობდა საით წასულიყო.

- მშვენიერება ადამიანებისგან მოწყვეტილად? რას გულისხმობთ? - იკითხა ქალმა უცებ.

აი, თურმე რა! ბრაზი სულ უფრო და უფრო ერეოდა. და მან უამბო ქალს ბრანერების და საათის შესახებ, ისე, რომ არც დაუმალავს როგორ ეამაყებოდა თავისი თავი ამ ისტორიაში.

- აი, ეს იყო მშვენიერი, - თქვა მან.

ქალს სიტყვებიც არ ჰყოფნიდა გამოეხატა ის საშინელი შეგრძნება, რაც მონაყოლმა გამოიწვია. - ჯერ ერთი, რა თვითკმაყოფილებაა, და გარდა ამისა, ადამიანთა გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკი ხომ უხამსობაა, მკრეხელობაა. არავისა აქვს უფლება ამბები მოყვეს მოყვასისადმი თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად. თუმცა, როცა ის ყვებოდა, მოხუცი როგორ გაიჭიმა ლარივით და სიტყვა წარმოთქვა, ქალს თვალზე ცრემლი მოადგა. ოჰ, ნეტავ ერთხელ მაინც ცხოვრებაში მისთვის ეთქვა ვინმეს ასეთი სიტყვები! და კვლავ, ეს ამტკიცებდა, რომ ადამიანებს არაფერი ეშველებოდათ, და რომ საათთან დაკავშირებულ ამ გულისამაჩუყებელ სცენას ვერ გასცდებოდნენ. ბრანერები პრიკეტ ელისებზე სიტყვას წარმოთქვამდნენ, პრიკეტ ელისები კი ყოველთვის ილაპარაკებდნენ, როგორ უყვართ თავიანთი მოყვასი. ისინი ყოველთვის იზარმაცებენ, კომპრომისებზე წავლენ და ყოველთვის შიში ექნებათ მშვენიერებისა. სწორედ ეს იწვევს რევოლუციებს: სიზარმაცე, შიში და გულისამაჩუყებელი სცენების სიყვარული. და მაინც, ამ კაცმა მიიღო სიამოვნება თავისი ბრანერებისგან, თვით ის კი განწირულია უსასრულოდ იტანჯოს გაჭირვებული, გაჭირვებული ქალის გამო, რომელსაც კერძო სკვერში არ უშვებენ. ორივენი უხმოდ ისხდნენ. ორივეს დამძიმებული ჰქონდა გული. რადგან პრიკეტ ელისი საკუთარმა სიტყვებმა ოდნავაც ვერ ანუგეშეს. ეკალი, რომლითაც უჩხვლიტეს ვერ ამოიღო, პირიქით, უფრო ღრმად ჩაისო. დილით განცდილი ბედნიერება განქარდა. მისს ო’კიფი კი დაბნეული და გაღიზიანებული იყო, გონება გაწმენდილის ნაცვლად, ამღვრეული ჰქონდა.

- ვშიშობ, რომ მე სწორედ ერთ-ერთი ჩვეულებრივ ადამიანთაგანი ვარ, - თქვა მან წამოდგომისას, - რომელთაც თავიანთი მოყვასი უყვართ.

რასაც მისს ო’კიფი თითქმის ყვირილით გამოეხმაურა: - მეც ასევე!

და სძულდათ რა ერთმანეთი, სძულდათ რა სტუმრები და სახლის პატრონები, რომელთა წყალობითაც ასეთი მძიმე, ილუზიების გამფანტველი საღამო გაატარეს ეს ორი მოყვასის მოყვარული წამოდგა და უსიტყ-ვოდ დაშორდა ერთმანეთს - და სამუდამოდაც.

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 27

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

传世手游 风头正劲

გამოაქვეყნა ghytujki_მ.
თარიღი: სექტემბერი 25, 2020.
საათი: 9:34am 0 კომენტარი

经过20年的发展传奇战士 IP如今已经成长为国内最知名的游戏IP之一,其已衍生出覆盖端游、页游、手游、云游戏全品类的传奇大家族,拥有数百款产品,年流水始终超过百亿,传奇IP的价值也已经突破千亿规模。传奇IP的发展本身也是中国知识产权发展的一个缩影:盛趣游戏是国内最早面临游戏代理跨国的游戏公司,《热血传奇》因为共有著作权的特殊情况以及海外游戏源代码泄露,成为知识产权纠纷最多的产品。据媒体报道,仅在2017上半年不到3个月的时间里,就有共计893款手游、95款H5游戏、69款页游分别涉嫌侵犯盛趣游戏《热血传奇》、《传奇世界》著作权。其中296款手游、95款H5游戏、60款页游被判定有侵权行为。

据不完全统计,盛趣游戏自2013年开展 王者传奇手游…

გაგრძელება

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 0 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters