← დასაწყისი

აპრილი.

   აპრილო, ნეტარებავ გულისა, ტანწერწეტა ქალწულო ტურფა გაზაფხულისა, სახესანდომიანო, ტანკენარა გოგონავ, თვალებლაჟვარდიანო. რა საამოდ ყვავის გარგარის ტოტებზე დილის მზით ნაალერსები შენი გულმკერდის კოკრები, თეთრი ტოტების ყლორტები. რა მშვენიერი დილაა! რა საამურია იმაზე ფიქრი, რომ მოესწრები, რომ იხილავ ასეთ დღეს! ვდგები. ვშლი ბებერ ხელებს, რომლებშიც დიდი ჯაფით გამოწვეულ საამო დაღლასა ვგრძნობ. იძულებითი უსაქმურობა რომ აგვენაზღაურებინა, მე და ჩემმა შეგირდებმა უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე შალაშინით ავამღერეთ ხე-ფიცარი, ვაფრიალეთ ბურბუშელა. სამწუხაროდ, ჩვენი შრომის წყურვილი უფრო გაუმაძღარია, ვიდრე კლიენტების მადა. არაფერს ყიდულობენ, არ ფიქრობენ გადაიხადონ შენაკვეთის ფასი. ეჰ, რა დრო დადგა - თარსი. ქისები ცარიელია. საფულეებში ერთ წვეთ სისხლსაც ვერ იპოვით; მაგრამ სამაგიეროდ ის ჩუხჩუხებს ჩვენს მკლავებში და მინდვრებში; მიწა ბარაქიანია. მიწა, რომელმაც შემქმნა და რომელზედაც ვცხოვრობ (ეს ერთი და იგივე მიწაა). ილოცე და იშრომე, მეფობას მიიღებ. ყველა კლამსელი მეფეა და ჯერ თუ არა, მომავალში მაინც იქნება. დილიდანვე მესმის წისქვილების ხმაური, გრდემლზე მჭედლების უროების გუგუნი, ურმების ბორბლების გრუხუნი, წყალსადენთან ცხენების ფრუტუნი, მათრახების ტკაცუნი, მეწაღის ჩაქუჩის კაკუნი და მღერა, სამჭედლოში საბერველის ქშენა, ყასბების ფიცრებზე ძვლების კეპვა, გამვლელთა ლაყბობა, ლანძღვა, ზარების რეკვა, ერთი სიტყვით, მშრომელი ქალაქის სუნთქვა და კვნესა: „მამო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“, სანამ შენ გვაღირსებ, ჩვენ თავად მოვიზელთ „პურსა ჩვენსა არსობისასა“, ასე არ სჯობს?“ თავზე კი გაზაფხულის დიდებული ლურჯი ცა დაგვნათის, ქარი ქრის და თეთრ ღრუბლებს მიერეკება, მზე თბილია, ჰაერი - გრილი. თითქოს... სიჭაბუკე მკვდრეთით აღმსდგარა და ჟამთა სიღრმიდან მოფრინავს, მოჰქრის, რომ აღადგინოს მერცხლის ბუდე ჩემი ბებერი გულის ფარდულქვეშ. რა საყვარელია ძვირფასი წარსული, როცა ბრუნდება. უფრო საყვარელი, უფრო სანატრელი, ვიდრე პირველ დღეს...
   უცბად სახურავიდან აფქიოს ჭრიალი და ჩემი დედაბერის კრიახი მესმის. ისევ უყვირის, არ ვიცი რას, არ ვიცი ვის, შეიძლება მეც მეძახის, არ ვუსმენ, მაგრამ მახლას, დამფრთხალი სიჭაბუკე გაფრინდა. ეშმაკსაც წაუღია აფქიო!.. ის კი (ჩემს დედაბერზე ვამბობ) გაცოფებული ჩამოდის, რომ თავისი გალობით ყურთასმენა წაიღოს: - აბა, აქ რას დამჯდარხარ გულხელდაკრეფილი, დოყლაპიავ, ბუზებს რომ თვლი ურცხვად პირდაღებული, მუქთახორავ, ერთი მითხარი, რას შვრები? შენს დანახვაზე დაფრთხნენ ზეციერი ჩიტები. მითხარ, რას ელოდები? იქნებ ფიქრობ, მაგ სავერანე ხახაში ჩაგიცვივდეს მოხრაკული ხოხბები, ან მერცხალმა ჩაგაწვეთოს ცრემლები? მე აქ თავს ვიკლავ, ვქშინავ, ოფლში ვბანაობ, ვით ქანქარა, აქეთ-იქით ვქანაობ, მოსვენება აღარა მაქვს, ვით წამებულ ქადაგს, რომ ვაამო ამ უქნარა ხვადაგს... ეჰ! საბრალო ქალო, ასეთია შენი ხვედრი... მაგრამ, არა, ზეციერო მამა, ხომ არ გითქვამს, რომ მთელი ჯაფა ჩვენი ხვედრი იყოს და ადამმა უსაქმურად იყიალოს. მსურს ისიც დაიტანჯოს, დე, იმანაც იდარდოს. სხვანაირად რომ იყოს, რომ ილხინოს ავარამ, შენში რწმენას დავკარგავდი! მაგრამ, არა, მე აქა ვარ, რათა აღვასრულო შენი ნება-სურვილი. მორჩი სიცილს თუ არა? ადე ჩქარა, უქნარა, თუ გინდა, რომ იჩუხჩუხოს ქოთანმა!.. ერთი ამას დამიხედეთ, არც კი მისმენს! გაინძრევი თუ არა?
   ნაზი ღიმილით ასე ვეუბნები: - რა თქმა უნდა, ჩემო მშვენიერო, ასეთ ლამაზ დილას სახლში დარჩენა ცოდვა იქნება. შევდივარ სახელოსნოში და შეგირდებს ვუძახი: - მეგობრებო, ხის ნაჭერი მჭირდება, მკვრივი, დრეკადი, ფაფუკი. რიუსთან მივდივარ, ვნახავ ერთი, კარგი მორი თუ აქვს. აბა, კანია! რობინე! წავიდეთ, ავარჩიოთ.
ერთად გამოვდივართ. დედაკაცი კივის. ვეუბნები: - შენ დაუკარ.
მართალი რომ გითხრათ, ეს უკანასკნელი რჩევა ზედმეტი იყო. რომ იცოდეთ, რა დასცხო და დასცხო. მისი საკრავის ნარნარი ხმა რომ გამეძლიერებინა, სტვენით ბანი ვუთხარი. კეთილმა კანიამაც შემაწია: - აბა, რა მოგდით, ქალბატონო, თითქოს სამოგზაუროდ მივდიოდეთ, თხუთმეტ წუთში დავბრუნდებით.
- ასეთ ავაზაკთან საქმე რომ გექნება, - თქვა ჩემმა დედაკაცმა, - აბა, რა იცი!

*

   ჩამოჰკრა ცხრა საათმა. ბეიანში მივდიოდით, შორი გზა არ იყო, ბოვრონის ხიდზე შევჩერდით (აბა ისე როგორ იქნება, ხალხი უნდა მოიკითხო, მოინახულო), რომ ფეტიუს, გადენს და ტრინკეს, მეტსახელად ლამაზ-ჟანს, მივსალმებოდით; შარაგზაზე ჩამომსხდარი ეს ვაჟბატონები მდინარის დინების ცქერით იწყებდნენ დღეს. ცოტა ხანი ვილაპარაკეთ ამასა და იმაზე, ავდარსა და წვიმაზე. მერე კი დინჯად განვაგრძეთ გზა. ნამუსიანი ხალხი ვართ, გზაზე არ ვჩერდებით, აქეთ-იქით არ ვიცქირებით, პირდაპირ მივდივართ, არავის ვესაუბრებით (თუმცა, მართალი რომ გითხრათ, არც არავინ შეგვხვედრია), მხოლოდ (ბუნების მშვენიერებით აღტაცებულნი) შევხარით ზეცას, კედლის ახლოს ჩრდილში აყვავებულ ვაშლს. ვუყურებთ მერცხალს, ვჩერდებით, ვკამათობთ, საიდან უბერავს ქარი. შუა გზაზე მომაგონდა, რომ დღეს გლოდისთვის არ მიკოცნია. შეგირდებს ვეუბნები: თქვენ წადით, მე კი აქეთ შევუხვევ და რიუსთან დაგეწევით-მეთქი.
   სახლს რომ მივუახლოვდი, მარტინა დუქანს რეცხავდა, გაუჩერებლივ მუსაიფობდა, ყბედობდა, ლაყბობდა ერთთან, მეორესთან, ქმართან, ბიჭებთან, შეგირდთან, გლოდისთან და სამიოდე მეზობელ დედაკაცთან. კისკისებდა, ხითხითებდა ისე, რომ ლაყბობას და ყბედობას არ წყვეტდა და როდესაც გაათავა, ყბედობა კი არა, რეცხვა, გამოვიდა და ერთი მოქნევით გადმოღვარა თასლიდან წყალი. კარიდან რამდენიმე ნაბიჯზე ვიდექი, მსურდა ცქერით დავმტკბარიყავი, გულსა და თვალს ახარებს ჩემი მარტინა. რომ იცოდეთ, რა ნაჭერია. უჰ! ნახევარი წყალი ფეხებზე მომასხა. ამაზე სიცილს უმატა, მეც ვალში არ დავრჩი და ავტეხეთ ერთი სიცილ-ხარხარი. მარტინას შუბლზე თმა ჩამოშლოდა. ხშირწამწამებიანი თვალები და ნაკვერჩხლებზე უფრო წითელი და ქლიავივით ფუნჩულა ტუჩები უცინოდა. იდგა ეს გალების ქვეყნის მშვენიერი ასული და ცხვირწინ მიცინოდა. მკერდგაღეღილი იყო, მკლავტიტველა, კაბაც გაბედულად ჰქონდა აკეცილი.
   მითხრა: - კეთილი იყოს შენი მობრძანება. მოგხვდა თუ არა?
ვუპასუხე: - მომხვდა, სულო და გულო, მაგრამ არა უშავს, წყლისა არ მეშინია, თუ მის დალევას არავინ მაძალებს.
- შემოდი და გვნახე, წარღვნას გადარჩენილო, ნოე მევენახე.
შევედი. დავინახე დახლის ქვეშ ჩაცუცქული მოკლეჩიხორიანი გლოდი.
- სალამი პატარა მეფუნთუშეს.
- გინდა დაგენაძლეო, - მეუბნება მარტინა, - რომ ვიცი, ასე დილაადრიან რად გამოხვედი სახლიდან.
- ნაღდზე ნაძლეობ, იცი, არ წააგებ. რა თქმა უნდა, მიზეზი იცი, შენ ხომ მისი ძუძუ გიწოვია.
- დედა გეჩხუბა, არა?
- სხვა ვინ იქნებოდა?
- რა ლაჩრები ხართ მამაკაცები!
ფლორიმონმა, რომელიც ამ დროს შემოვიდა, მიირთვა ქათინაური და აიფხორა, ვით ინდაური. ვუთხარი: - ეს მე მომართვეს, ნუ იწყენ, ბიჭო!
- ორივეს გეყოფათ, ნუ ხარ მსუნაგი, - მითხრა მარტინამ.
ფლორიმონი მაინც შეურაცხყოფილი დარჩა. ნამდვილი ბურჟუაა. ვერ იტანს, როცა დასცინიან. სწორედ ამიტომ, მე და მარტინას ერთად რომ დაგვინახავს, სულ გვითვალთვალებს, უნდო თვალით ელოდება სიტყვებს, რომელთაც ჩვენი მომღიმარი პირი იტყვის. ეჰ! და საბრალო ალალმართლებს რა ოინებს არ გვწამებს!
   გულუბრყვილოდ ვეუბნები მარტინას: - ხუმრობ, მარტინა; მე ხომ ვიცი, ფლორიმონი ოჯახის ბატონია, ჩემსავით თავს არავის დააჩაგვრინებს. თანაც მისი ხათუნა ალერსიანია, მშვიდი, უენო, მოკრძალებული, ქმრის მონა-მორჩილი, გულჩვილი. მამამისია პირწავარდნილი, სულ მე მგავს. აკი მეც საბრალო კაცი ვიყავი, გაუბედავი, მორიდებული, მივიწყებული!
- კმარა, გეყოფა, მალე მორჩები ხალხის გამასხარავებას? - მითხრა დაჩოქილმა მარტინამ, რომელიც ფანჯრებს შმაგი სიხარულისაგან წმენდდა და აკრიალებდა (წმენდს და წმენდს, რაც შეუძლია).
   ის მუშაობდა, მე ვუყურებდი. ლაზათიანი და მოურიდებელი სიტყვებით ვამკობდით ერთმანეთს. დუქანში, რომელსაც მარტინა ავსებდა თავისი მოძრაობებით, ყბედობითა და ჯანსაღი სიცოცხლით, კუთხეში მივიწყებული იჯდა შუბლშეკრული და გაბღენძილი ბატონი ფლორიმონი. ჩვენს შორის თავს ცუდად გრძნობს. გაბედული სიტყვა და ჯანსაღი გალური ოხუნჯობა აშინებს, მის ღირსებას შეურაცხყოფს. ვერ გაუგია, ჯანმრთელი ადამიანი რომ იცინის. პატარა კაცია, ფერმკრთალი, ჩამომხმარი, დაღვრემილი და ჩამომდნარი. ყველაფერზე ჩივის და წუწუნებს. კარგს ვერაფერს ამჩნევს, უთუოდ იმიტომ, რომ ცხოვრების სარკეში მხოლოდ თავის თავსა ხედავს. აი, ახლაც, წვრილ კისერზე პირსახოცშემოხვეული, შეწუხებული აქეთ-იქით აცეცებს თვალებს და ბოლოს ამბობს: - როგორც კოშკზე, ყოველი მხრიდან ქარი ქრის. ყველა ფანჯარა გაღებულია.
   მარტინა მუშაობას განაგრძობს და ეუბნება: - რას ბრძანებთ, მე კი სული მეხუთება. ფლორიმონმა ცოტა კიდევ გაიბრძოლა (მართალი გითხრათ, არა უშავდა რა, სასიამოვნო და გრილი ქარი ქროდა)... ვეღარ გაუძლო და გაცოფებული კარში გავარდა. ჩაცუცქულმა მარტინამ თავი აიღო და მოსიყვარულე და დამცინავი ღიმილით თქვა: - თონეს მიუბრუნდება. გავიღიმე. ვკითხე, თავის მეფუნთუშესთან ძველებური განწყობა თუ კიდევ ჰქონდა. აუგი არ უთქვამს. აჰ! წყეული არამზადა, რომ აკუწო კიდეც, თავის შეცდომას არ აღიარებს.
- რატომაც არა, ის ჩემი გემოსია.
- მე კი შევჭამდი, მაგრამ შენი დიდი პირისათვის ეს ნამცხვარი პატარაა, ლუკმადაც არ გეყოფა.
- უნდა დასჯერდე იმას, რაცა გაქვს, - მიპასუხა მან.
- კარგი სიტყვაა, მაგრამ გამოგიტყდები, პატარა ნამცხვრის ადგილას რომ ვიყო, დამშვიდებული ვიქნებოდი.
- რატომ? საშიში არაფერი აქვს, ჩემი სიტყვის პატრონი ვარ, მაგრამ იცის ამ არამზადავ, თუ მიღალატებს, ერთ დღესაც არ დავაყოვნებ და რქებს დავადგამ. ყველას საკადრისი უნდა მიეზღოს (კუთვნილს არ დავუკარგავ), ამიტომ კეთილინებოს და შეასრულოს თავისი ვალი.
- მთელი თავისი მოვალეობა.
- მაშ , როგორ? აბა, ერთი გაბედოს და ქალწული მეტისმეტი სილამაზისთვის დაიწუნოს!
- კუდიანო! არ ვცდები, სწორედ შენ იყავი, ციური ბრძანების მომტან ძელქორს რომ უპასუხე.
- მე ბევრ გაქცეულ ძელქორს ვიცნობ, რომელზე ბრძანებ?
- განა იმ ძელქორის ამბავი არ იცი, რომელიც ზეციერ მამას დედაკაცებმა გაუგზავნეს თხოვნით, რომ ახალშობილთ მყისვე ცუნცული დაეწყოთ? მამა უფალმა ბრძანა, „თანახმა ვარ (თავაზიანია ქალებთან), მხოლოდ ერთი პირობით: ამიერიდან ჩემი მრევლის ქალები, ასულები და გოგონები მარტო დაწვნენ“. ძელქორმა ფრთის ქვეშ ამოიდო უფლის პასუხი და მოწიწებით წამოიღო. რომ დაბრუნდა, იმ დღეს მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ გავიგე, რა დღე დაადგა ზეციერის მოციქულს.
ჩაცუცქული მარტინა წმენდას შეეშვა, ხარხარი მორთო; მერე მუჯლუგუნი მკრა და მიყვირა: - ბებერო ყბედო! კაჭკაჭივით ლაქლაქავ, ენას აღარ აყენებ, არ იღლები, ქაქანებ, ლათაიებს კაკანებ, აბა, მოწყდი აქედან, მითხარ, რის მაქნისი ხარ? ხალხს დროს რად აკარგვინებ? აბა, მალე მომშორდი. ხელში არ ჩამივარდე... ეგ უკუდო ფინიაც წაიყვანე, ფეხებში რომ მედება. აქეთ მოდი! დიახ, დიახ, შენ, გლოდი. ისევ გამოაგდეს სახაბაზოდან, უთუოდ იმიტომ, რომ ცომში ჩაყო თათი (ცხვირიც გათხუპნული აქვს). აცხა! მოუსვით აქედან, მუშაობას ნუ მიშლით. არ მათქმევინოთ მეტი, თორემ მოვიდა კეტი.
   კარში გამოგვყარა. ჩვენ კმაყოფილები გავუდექით გზას, რიუსკენ გავწიეთ, მხოლოდ ცოტა ხნით იონის პირას შევისვენეთ. თევზაობას ვუყურებდით, რჩევა-დარიგებას ვიძლეოდით, გვალაღებდა ტივტივას ყვინთვა, ანდა მწვანე და სარკესავით კრიალა ზედაპირზე ნაფოტას ხტუნვა. მაგრამ გლოდიმ უცებ შეამჩნია, ანკესზე ჭია სიცილისაგან რომ იგრიხებოდა და უკმაყოფილოდ მითხრა: - პაპა, სტკივა საცოდავს, უთუოდ შეჭამენ.
- ეჰ, ჩემო პატარავ, უთუოდ! შეჭამონ. ეგ დიდი უბედურება როდია. არ უნდა იფიქრო მასზე. სჯობს იმ თევზზე იფიქრო, ვინც მაგ ჭიას ჩაყლაპავს და იტყვის: „გემრიელია“.
- შენ რომ ჩაგყლაპონ, რაღას იტყოდი?
- იმასვე: „ვაჰ! გემრიელი ვარ განა! ბედნიერი სალახანა! ბედნიერია ვაჟკაცი, ვინც შემჭამს-მეთქი!“ ამრიგად, ჩემო წრუწუნა, მუდამჟამს კმაყოფილია შენი ბებერი პაპა: თვითონ ჭამს თუ მას ჭამენ, როგორც გინდა, ისე გაიგე. ბურგუნდელისათვის ორივე კარგია.
ასეთი ბაასით, ჯერ თერთმეტი საათიც არ იყო, რომ რიუსთან გავჩნდი. ნაპირზე გაწოლილი კანია და რობინე არხეინად მელოდებოდნენ, წინდახედულ ბინეს ანკესი წამოეღო და ლიფსიტას ელაციცებოდა.
საწყობში შევდივარ. როგორც კი შიშველ, გატიტვლებულ, მშვენიერ და გაწოლილ ხეებს შორის გავჩნდები ხოლმე, როგორც კი ნახერხის საამო სუნი ცხვირში მეცემა, გამოგიტყდებით, სულ მავიწყდება, რომ დრო და წყალი მიედინება, ვერ ვძღები მათ ბარძაყებში ხელის ფათურით. ხე ქალზე მეტად მიყვარს. ყველას თავისი ხუსტური სჭირს. მართალია, კარგად ვიცი, რომელი მინდა, მაგრამ მერე რა? სულთანთან რომ ვიყო და ბაზარზე ოც ტიტველ ლამაზთა შორის დავინახო ის, რომელიც მიყვარს, როგორ გგონიათ, ჩემი სატრფოს სიყვარული ხელს შემიშლის გზადაგზა თვალი დავატკბო დანარჩენების სიტურფით? არა, ასეთი სულელი როდი ვარ. მაშ, რა ჯანდაბად მომცა უფალმა თვალები, თუ სიტურფის დანახვაზე უნდა დავხუჭო? არა, გახელილი მაქვს თვალები, ვით ალაყაფის კარები. ყველაფერს იტევს, არაფერი იკარგება და ბებერ გაქნილს იოლად შემიძლია ამოვიკითხო ცბიერ დედლების კანქვეშ მათი სურვილი, სიმუხთლე და ვერაგი ფიქრი, ისევე როგორც ჩემი ხეების გლუვი ან ხორკლიანი ქერქის ქვეშ შემიძლია დავინახო დატყვევებული სული, რომელიც გამოიჩეკება კვერცხიდან, თუ კრუხად ჯდომა ვინებე.
   და სანამ ვინებებდე, მოთმინებადაკარგული კანია (ეგ უმიჭამია; მხოლოდ ბებრებმა ვიცით ჭაშნიკის გემო), თათხავს იონის მეორე ნაპირზე მოხეტიალე ანდა ბეიანის ხიდზე აყუდებულ რამდენიმე მეტივეს. გარეუბანში სხვადასხვა ჩიტუნები არიან, მაგრამ ჩვეულება ერთი და იგივე აქვთ: მთელი გრძელი დღე საჯდომებით ხიდების კიდეზე მიჯაჭვული სხედან და მეზობელ დუქანში პირს ისველებენ. საუბარი ბოვრონელ ბიჭსა და ბეთლემის შვილს შორის ჩვეულებისამებრ უხეირო ხუმრობით იწყება. იუდეის ბატონები ჩვენ, გლეხებს, ბურგუნდელ ლოკოკინებსა და ნეხვიჭამიებს გვიწოდებენ. ჩვენ კი, ამ ქათინაურების პასუხად მათ „მყვარებსა“ და „ქარიყლაპიების ღრანჭებს“ ვეძახით... ჩვენ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ, როდესაც მესმის ლიტანიების გალობა, ჩემი „Ora pro nobis!“ რომ არ დავურთო, არ შემიძლია. გული არ მიშვრება. როდესაც გელაპარაკებიან, თავაზიანობა მოითხოვს, პასუხი გასცე. ლამაზი სიტყვებით რომ გაუმასპინძლდით ერთმანეთს (ვაიმე! შუადღის ლოცვას რეკენ. ჰეი, დრო! ჰეი! შენი საათის ქვიშა იცლება. რა ჩქარა გარბის ეს სატიალე!), ყოჩაღ მეტივეებს ჯერ ვთხოვე კანიასა და რობინეს დატვირთვაში მიშველებოდნენ, მერე ურიკაში გაბმულიყვნენ და ტვირთი ბოვრონში წაეღოთ. ბევრი იყვირეს: - ბრონიონ! ეშმაკის კერძო! მორიდებაც რომ არა გაქვს!
   ბევრს ყვირიან, მაგრამ მაინც მეხმარებიან, მაინც ვუყვარვარ.
დაოთხილი მივქროდით უკან. დუქნების კართან შეყრილი ხალხი აღტაცებული იყო ჩვენი გულმოდგინებითა და გაოცებული გვიყურებდა; მაგრამ, როდესაც ჩემი „ცხენები“ ბოვრონის ხიდს მიადგნენ და დაინახეს სამი ერთგული ბეღურა, ფეტიუ, გადენი და ტრინკე, რომლებიც ისევ წყლის დინებას უყურებდნენ, გაჩერდნენ ფეხები და ფიცხლად დატრიალდნენ ენები. ერთნი ლანძღავდნენ ამათ იმიტომ, რომ ესენი რაღაცას შვრებოდნენ, მეორენი კი კიცხავდნენ იმათ, რადგან ისინი არაფერს აკეთებდნენ... მომღერლებმა მთელი რეპერტუარი შეასრულეს. მე კი კუნძზე მიმჯდარი შეჯიბრის დამთავრებას ველოდი, რომ გამარჯვებულისათვის ჯილდო გადამეცა. უცბად ვიღაცამ ყურში ჩამჩხავლა: - ყაჩაღო! დაბრუნდი განა! მეტყვი თუ არა, ცხრა საათს აქეთ ბოვრონიდან ბეიანამდე დრო რაში დაკარგე? სახლში გასწი, ავაზაკო! შენს ლოდინში სადილი დამეწვა.
   ვთქვი: - ჯილდო შენია. მეგობრებო, ნუ ირჯებით; სიმღერაში მაგასთან ძუძუმწოვრები ბრძანდებით.
ქალს ჩემი ქება თავში აუვარდა და კიდევ არიით დაგვატკბო. ვიყვირეთ: - ვაშა!.. ეხლა კი შინ წავიდეთ. უკან მოგყვები, გამიძეხ წინ!

*

   ცოლმა პატარა გლოდის ჩაავლო ხელი და ორივე შეგირდის თანხლებით შინისაკენ გასწია. მორჩილად, თუმცა აუჩქარებლად, ის იყო, უკან უნდა მივყოლოდი, რომ ზემო ქალაქიდან მხიარული ხმები მოისმა. ატყდა ბუკების ძახილი, წმინდა მარტენის კოშკიდან ზარების ლაღი გუგუნი. ბებერმა მეძებარმა ჰაერი დავყნოსე, ახალი სანახაობა ვიგრძენი. დღეს ბატონ დე ამაზის და მადმუაზელ ლუკრეცია დე შამპოს, ხარკისა და ბეგარის ამკრეფის ასულის, ქორწილი იყო.
   ნეფე-დედოფალი და მათი მაყრები რომ ენახათ, ციხე-კოშკის მოედნისაკენ გაეშურა ყველა. მეც არ ჩამოვრჩი და ვიკადრე რბენა. ყოველდღე როდი გვაქვს ამისთანა წყალობა, საამური, სანდომი; მხოლოდ ტრინკემ, გადენმა და ფეტიუმ არ ინებეს აეწიათ წყლის ნაპირზე მოხრახნილი საჯდომები, თქვეს, გარეუბნის მკვიდრებს არ გვეკადრება ციხე-კოშკის მცხოვრებთ ვეახლოთო. კარგია ქედმაღლობა, მიყვარს თავმოყვარეობა, მაგრამ მათ ვანაცვალო მოლხენა და გართობა?.. ნურას უკაცრავად, ეგ რა სიყვარულია? კარგად გნახეთ, დიდი, დიდი მადლობა; მაგონდება, მოძღვარი ჩემს პატარა ბიჭობაში რომ მცემდა და ამბობდა, თითქოს ამას ჩემი სიკეთისათვის სჩადიოდა...
   მიუხედავად იმისა, რომ ერთი ნახტომით გადავევლე ოცდათექვსმეტსაფეხურიან კიბეს, წმინდა მარტენის ეკლესიისკენ რომ მიემართება, მაინც დავაგვიანე (ბედი არ გინდა!), ნეფე-დედოფალი და მათი ამალა უკვე ეკლესიაში იყვნენ. ასე რომ, იძულებული გავხდი მათი გამოსვლისათვის დამეცადა. აბა, მათ უნახავად შინ რა წამიყვანდა. მაგრამ ამ წყეულ მღვდლებს არასოდეს ეღლებათ ენა და არ ბეზრდებათ საკუთარი გალობის სმენა, და დრო რომ მომეკლა, ეკლესიაში შევედი. ამისათვის თავაზიანად მივწი-მოვწიე ღიპები და ლამაზმანების ხორცშესხმული ბალიშები. კარიბჭეს რომ მივაღწიე, ცოცხალი საბნის ქვეშ აღმოვჩნდი, თითქოსდა ბუმბულის თბილ ლოგინში. გამოგიტყდებით, წმინდა ადგილი რომ არ ყოფილიყო, თავში ცუღლუტი აზრები მომივიდოდა, მაგრამ კაცს სიდინჯე შვენის. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს და როდესაც სიდინჯე მმართებს, შემიძლია ვირივით დინჯი ვიყო. ოღონდ ხდება ხოლმე, რომ ვირი ვირობას ვერ დამალავს და ყროყინს იწყებს. ასე მოხდა ამ დღესაც: იმ დროს, როდესაც კრძალვითა და რიდით მივიწევდი წინ, რათა უკეთ დამენახა, ქალწულ ლუკრეციას როგორ მიჰქონდა თავი ზვარაკად ამაზის სამსხვერპლოზე, გაისმა, მოწმეა წმინდა ჰუბერი, ოთხი სანადირო ბუკის გუგუნი, რომელმაც მონადირის პატივსაცემად ბანი მისცა წირვა-გალობას; ძაღლების ხროვაღა აკლდა, აფსუს! ძლივს შევიკავე სიცილი და, რა თქმა უნდა, ბუკების გუგუნს სტვენით ავყევი (ისე, ჩუმად, მხოლოდ ჩემთვის). და აი, დადგა საბედისწერო წუთი, როდესაც საცოლემ ცნობისმოყვარე მღვდლის კითხვაზე „დიახ“ უპასუხა და დაბერილმა ლოყებმა ნადირის დაჭერის აღსანიშნავად დასცეს დაფი-ნაღარა. ეს მეტისმეტი იყო. ვერ მოვითმინე და შევყვირე: - არ გაუშვა! ჰკა მაგას! წარმოიდგინეთ, რა სიცილი ატყდა. წარბშეკრული მნათე ჩემკენ გამოემართა. თავი მოვიკატუნე, კურტუმოებს შორის გავძვერ-გამოვძვერი და კარში გამოვედი.
   მოედანზე აღმოვჩნდი. აქაც ხალხმრავლობა იყო. სულ ჩემსავით პატიოსან ხალხს მოეყარა თავი, იმათ, ვისთვისაც ღმერთს თვალი საცქერლად და ყური სასმენად მიუცია. ზოგჯერ გაგონილსაც დასჯერდებიან, ენა ხომ უჭრით, რომ მოყვნენ ამბავს, რაც არ უნახავთ. რა სავალდებულოა თვითონვე ნახო ის, რასაც ჰყვები. გაგიხარია, გზა მივეცი ჩემს აღმაფრენას!.. კარგად რომ იცრუო, რომ მიედ-მოედო, საჭირო არ არის შორი ქვეყნიდან იყო მომავალი. ასე რომ, დრო ჩქარა გავიდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, და აი, ორღანების გუგუნში გაიღო ეკლესიის მთავარი კარი. გამოჩნდნენ ნადირობის მონაწილეები: თავში დიდებით მოსილი ბატონი ამაზი მოდიოდა და ხელკავით მოჰყავდა ნანადირევი, რომელიც პრანჭვითა და მანჭვით აქეთ-იქით აცეცებდა ჯეირანივით ლამაზ თვალებს... რა კარგია, გეუბნებით თქვენი მონა-მსახური, რომ მე არ მევალება ამ ლამაზის თვალყური. ვინც გაუღებს სახლის კარებს, ბევრს ინანებს, ბევრს იდარდებს. ვინც მოიტანს ნანადირევს, ლამაზ ქებასაც ის მოირგებს... უნდა გითხრათ, რომ კარგად ვერ დავინახე ვერც ნადავლი და ვერც მონადირე, და ვერ აღვწერ (ბაქიობაში კი ნუ ჩამომართმევთ), თუ რა ფერისა იყო სამოსელი ბატონისა, ანდა კაბა ლამაზი ქალბატონია, რადგან ზუსტად იმ დროს ჩემი გონება და ყურადღება მეტად მნიშვნელოვანმა საკითხმა მიიპყრო: საქორწილო კორტეჟის წესრიგმა და მონაწილეთა უფროს-უმცროსობის საკითხმა. მიამბეს, რომ შესვლისას (ვაიმე! ვაიმე! რატომ ჩემი თვალით ვერ ვნახე), თურმე სამთავროს მოსამართლე, იგივე პროკურორი, და მუნიციპალიტეტის მრჩეველი, იგივე მერი, ერთმანეთს დაეჯახნენ, როგორც ორი ერკემალი, მაგრამ ქალაქის თავი უფრო მსხვილი და ღონიერი აღმოჩნდა და პირველი შევიდა; ახლა კი გვსურდა გაგვეგო, ეკლესიიდან გამოსვლისას პირველი ვინ გვიჩვენებდა პირს, ვინ გამოყოფდა ცხვირს. სანაძლეოსაც კი ვდებდი, მაგრამ არავინ გამოდიოდა. შუაზე გაწყვეტილი გველივით საქორწინო კორტეჟის თავი მიჰყვებოდა გზას, ტანი კი არა ჩანდა. მივუახლოვდით ზღურბლს და დავინახეთ ერთმანეთის პირისპირ ჩვენი ორი გააფთრებული ხვადაგი. ერთმანეთს გამოსვლას უშლიდნენ. და ვინაიდან წმინდა ადგილას ყვირილს ვერ ბედავდნენ, აცმაცუნებდნენ ცხვირსა და ლაშებს, კარკლავდნენ თვალებს, იბღინძებოდნენ, შუბლს იკრავდნენ, ხვნეშოდნენ, იბერებოდნენ, მაგრამ უსიტყვოდ, ჩუმად. ჩვენ კი ვიჭაჭებოდით. ბოლოს დავნაძლევდით, ორ ბანაკად გავიყავით, ხნიერნი ბატონ ჰერცოგის წარმომადგენლის, ბატონი მოსამართლის მომხრენი ვიყავით (ვისაც პატივისცემა უნდა, ის სხვის პატივისცემასაც ქადაგებს). მამლაყინწები ჩვენი ქალაქის თავს ემხრობოდნენ, ჩვენ თავისუფლებათა ფალავანს. ყველა ყვიროდა, ყველა თავის ფალავანს აქეზებდა: - ქს! ქს!.. მიდი, ბატონო გრასე! ბიბილოზე უკბინე, პეტო ბატონო! ასე, ასე, მაგრად მოაკვნიტე! ხმა ჩააწყვეტინე, აუ! აუ! არ შეშინდე, ვირიკელა!...
   მაგრამ ეს ჯაგლაგები ერთმანეთს მხოლოდ ცოფს აყრიდნენ პირში, მკლავს კი არ იშველიებდნენ, ლამაზი ტანსაცმლის დახევისა თუ ეშინოდათ... ასე რომ, მათ აყალ-მაყალს ბოლო არ მოეღებოდა (მათ ენას რა ჭავლი მოედებოდა), ბატონი დეკანოზი სადილზე დაგვიანების შიშით დავაში რომ არ ჩარეულიყო.
- ძვირფასო შვილებო, უფალი გისმენთ, სადილი გელოდებათ, არ ხამს სადილზე დაგვიანება და ჩვენი დავიდარაბით უფლის შეწუხება და ისიც მის წმინდა სამლოცველოში. მოდით და ჩვენი თეთრეული შინ გავრეცხოთ... მე არაფერი მსმენია და ასე თუ არ უთქვამს, ყოველ შემთხვევაში, აზრი ასეთი უნდა ყოფილიყო; რადგან დავინახე, რომ მოძღვარმა თავისი მსხვილი ხელები კისერში ჩაავლო და შესარიგებლად ერთმანეთს დაუახლოვა მათი დრუნჩები; ორი დედაბოძივით პეტო და გრასე მოედანზე ერთად გამოვიდნენ. გული არავის დასწყვეტია, ბატონების დავაში ხალხი არ არის ზარალში.

*

   ყველა წავიდა. თავი ციხე-დარბაზს შეაფარეს, რომ ეჭამათ ტკბილად შენელებული და ასეთი ჯაფითა და შრომით მოპოვებული სადილი. ჩვენ კი, ტუტრუცანები, მოედანზე უჩინარი ქოთნის ირგვლივ ვამთქნარებდით და საჭმლის სუნით ვძღებოდით. მეტი სიამოვნება რომ მიმეღო, ჩამოვათვლევინე კერძები. სამი მსუნაგი ვიყავით: ბატონი ტრიპე, კეთილი ბოლდეკენი და ბრონიონი, თქვენი მონა-მორჩილი. ყოველი კერძის დასახელებაზე ერთმანეთს ვუცინოდით და მუჯლუგუნებს ვკრავდით, მოგვწონდა ერთი კერძი, მეორეს წუნს ვდებდით, ვამბობდით, შეიძლებოდა უკეთ შეენელებინათ, ჩვენისთანა გამოცდილ ხალხს რომ მოთათბირებოდნენო. მაგრამ საბოლოო ჯამში ვერც გრამატიკული შეცდომა ვიპოვეთ და ვერც მომაკვდინებელი ცოდვა. საერთოდ, სადილი საამოდ გამოიყურებოდა; მხოლოდ კურდღლის რაგუზე გამოვთქვით ჩვენი აზრი, მსმენელებმაც თავიანთი ჩაურთეს და მალე გაიმართა კამათი (მეტად საჭირბოროტო თემაა და ძალიან ცუდი კაცი უნდა იყო, რომ ამაზე მშვიდად და გულცივად ილაპარაკო). კამათი მეტად გამწვავდა პერინასა და ჟაკოტას შორის. ჩვენს ქალაქში დიდ ნადიმებს ეს ქალბატონები ამზადებენ და სულ ერთმანეთის ქიშპობაში არიან, თითოეულ მათგანს თავისი პარტია ჰყავს, სუფრაზე ერთიმეორის დაჩრდილვას ცდილობენ. მათი ჭიდილი მშვენიერი პაექრობაა. ჩვენს ქალაქებში გემრიელი სადილები მოსახლეთა ნამდვილ ასპარეზობად იქცევა ხოლმე. მართალია, მარილიანი დებატების დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ ისე არაფერი მღლის, როგორც სხვისი საგმირო საქმეების მოსმენა, როდესაც თვითონ გულხელი მაქვს დაკრეფილი და დამუნჯებული მაქვს ენა. ისეთი კაცი როდი ვარ, რომ ჩემი ფიქრების წვენითა და იმ კერძების აჩრდილით ვიკვებო, რომელთაც თვითონ არ ვჭამ; ამიტომ ცას ვეწიე სიხარულით, როდესაც ტრიპე ბატონმა მითხრა (ეტყობა, ისიც იტანჯებოდა): - ბრონიონ! როდესაც ბევრს ყბედობენ გემრიელ კერძებზე, კაცი იმ შეყვარებულს ემსგავსება, რომელიც სიყვარულზე ლაპარაკით ვერ ძღება. მეტი არ შემიძლია. ვაიმე! ვიღუპები. მეგობარო, ალი მედება, ვიწვი, კუჭმაჭი მეფუფქება. წავიდეთ, ყელი ჩავისველოთ, დავაპუროთ ნადირი, შიგნეულობას რომ მიღრღნის.
- კისერს მოვუგრეხთ, ბოლოს მოვუღებთ, ჩემი იმედი გქონდეს. შიმშილი რამ მოკლა და კარგმა ქეიფმაო, ასე ამბობდა თურმე ჩვენი წინაპარი.
დიდი ქუჩის კუთხეში მდებარე „საფრანგეთისა და დოფინეს“ სასტუმროში გავემართეთ. ორი საათის შემდეგ შინ დაბრუნებაზე არც კი ვფიქრობდით. ტრიპესაც ჩემსავით ეშინოდა, რომ გაციებული სადილი და ათუხთუხებული ცოლი დახვდებოდა. ბაზრობა დღე იყო. მილეთი ხალხი ფუსფუსებდა დარბაზში. თუ მაგიდასთან მარტო და ლაღად ხარ, რაღა თქმა უნდა, კარგად ჭამ, მაგრამ, როდესაც კარგი მეინახეებით გარშემორტყმული ვიწროდ ზიხარ, უკეთ ილუკმები. მაშ, ყველაფერი რიგზეა. ერთხანს შევწყვიტეთ სჯა-ბაასი. ვსაუბრობდით მხოლოდ in petto , ესე იგი, გულითა და ყბებით, ერთ კომბოსტოთი შეკაზმულ და ახლად დამარილებულ შაშხთან, ვარდისფერი, გემრიელი და სურნელოვანი რომ იყო და ენაზე გვადნებოდა. ამას დავუმატეთ წითელი ღვინის ხელადა, თვალებიდან ნისლი რომ გაეფანტა. ხნიერნი ამბობენ, რომ ჭამო და არ დალიო, არ შეიძლება, თვალის ჩინი დაგეკარგებაო. მერე მხედველობადაწმენდილნი და ყანყრატოგარეცხილნი კვლავ შევუდექი ადამიანებისა და ცხოვრების პატივისცემით თვალიერებას. მაძღარ კუჭზე ყველაფერი ლამაზი გეჩვენება.

   მეზობელი სოფლიდან მოსულ, გვერდით მაგიდასთან მჯდომ მღვდელს ერთი ხნიერი, ზურგგაფხორილი ფერმერი დედაკაცი ეჯდა. დედაბერი ხან მღვდლისკენ გადაიხრებოდა, ხან თავს მხრებში ჩამალავდა, ხან განზე გადახრიდა, ხან კიდევ მოძღვარს ნეტარად მიაპყრობდა თვალებს, თითქოს აღსარებაზე დგასო; ყურადღებით უსმენდა მოძღვარი და, როგორც თავაზიანი კაცი, რევერანსზე რევერანსით პასუხობდა, მადიანად ილუკმებოდა და თითქოს ეუბნებოდა: „კეთილი, კეთილი, შვილო ჩემო, absolvo te . უფალმა ყველა ცოდვები მოგიტევათ. უფალი მოწყალეა. კარგად ვისადილე. მოწყალეა უფალი, და ეს შავი ძეხვიც გემრიელია“.
ცოტა მოშორებით ჩვენი ნოტარიუსი მეტრ დელავო ერთ თავის კოლეგას უმასპინძლდება, ლაპარაკობს სათნოებაზე, ფულზე, ხელშეკრულებებზე, პოლიტიკაზე, რომაულ რესპუბლიკაზე (ის რესპუბლიკელია, როცა ლათინურ ლექსებს წერსო; მაგრამ ცხოვრებაში ფრთხილი და მეფის ერთგული კაცია).
   უეცრად ჩემმა გამჭრიახმა თვალმა დარბაზის სიღრმეში აღმოაჩინა კორვოლ-ლორგელი მზარეული პერენი; გახამებული ლურჯი ხალათი ეცვა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. პერენმა რაღაც წამოიძახა, წამოდგა და დამიძახა (დავიფიცებ, თავიდანვე დამინახა, მაგრამ იმ წუწკს და გაიძვერას ეუხერხულა, რადგან ორი წელია მასზე არის ვალადა ორი კაკლის კარადა). მოვიდა ჩემთან და ჭიქა მომაწოდა: - გულით, სულით, გესალმები!..
... მომაწოდა მეორედ.
- თუ გსურს, გზა არ აგერიოს, ორივ ფეხით ხამს იარო!
... წუწკმა შემომთავაზა მასთან მეჭამა პური, სალახანას ეგონა, რადგან ნასადილევი ვიყავი, უარს ვეტყოდი; მაგრამ ბევრი არ ვახვეწე, მაშინვე დავეთანხმე. მეტს რას გამოვრჩებოდი.
ასე რომ, კვლავ შევუდექი ჭამას, მაგრამ ამჯერად უფრო მშვიდად, უფრო დინჯად. შიმშილისა უკვე აღარ მეშინოდა. თანდათან წავიდ-წამოვიდნენ უშნო მჭამელნი, დაკავებული ხალხი, ვინც არც ჭამა იცის და არც სმა და ხვადაგივით მხოლოდ იმიტომ ჭამს, რომ გაძღეს. დარჩა ხნიერი ხალხი, ვინც კარგის, მშვენიერისა და ნებიერის ფასი იცის, ვისთვისაც კერძი გემრიელი საქმეა მშვენიერი. კარი ღია იყო, შემოვიდა ჰაერი, მზე და სამი თამამი შავი ქათამი; კისერგაგრძელებულნი კენკავდნენ ნამცეცებს და კორტნიდნენ მიძინებული ბებერი ძაღლის თათებს. ქუჩიდან ისმოდა ქალების ჭარტალი, მუშების ყვირილი, მეთევზის ძახილი: „თევზი, ახალი თევზი“ და სახედრის ლომისებრი ბრდღვინვა. მტვრიან მოედანზე ურემში შებმული ორი თეთრი ხარი უძრავად იწვა და დუჟიანი დრუნჩებით არხეინად იცოხნებოდა. სახურავზე ჩამომსხდარი მტრედები ღუღუნებდნენ. იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ მეც და, მგონია, სხვებიც მალე ავყვებოდით და ვინმეს ზურგზე ხელი რომ გადაესვა, კატებივით დავიწყებდით კრუტუნს.
   შეიქმნა ერთი გადაძახება, ღრიანცელი. საუბარი გავაბით, ყველამ ერთად, ყველამ, ძმებმა, მეგობრებმა, მღვდელმა, მზარეულმა, ნოტარიუსმა, მისმა სტუმარმა და სასტუმროს დიასახლისმა, რომელსაც ბეზლა ერქვა (ეს მაცდური გვარი ბევრ რამეს პირდება კაცს და მანაც პირნათლად დაიმშვენა). უფრო მადიანად რომ მესაუბრა, ერთი მაგიდიდან მეორეზე გადავდიოდი, ვჯდებოდი ხან აქ, ხან იქ და თან პოლიტიკაზე ვლაპარაკობდი. ბედნიერება სრული რომ იყოს, ზოგჯერ დროთა ვარამზეც უნდა იფიქრო. ჩვენც ვწუწუნებდით სიღატაკეზე, სიძვირეზე, ცხოვრების სიძნელეზე, ჩვენი საფრანგეთის აოხრებაზე, ფრანგული მოდგმის დაცემაზე, მმართველებსა და მძარცველებზე. ვწუწუნებდით, მაგრამ ფრთხილად, არავის ვასახელებდით. დიდ ბატონებს ყურები აქვთ და ვინაა თავდები, რომ მათი ყურები კარებში არ გამოჩნდება; თუმცა ჭეშმარიტება ხომ ბურგუნდელი ტურფაა, რომელიც კასრის ძირში ცხოვრობს და მისი ძებნით აღგზნებულმა მეგობრებმა ნელ-ნელა ხმა აიმაღლეს იმ ბატონების წინააღმდეგ, ვინც შორს იყო. მედგრად დაესხნენ იტალიელებს, კონჩინის ამ ტილს, რომელიც ფლორენციელმა ფაშფაშა ინდაურმა, ჩვენი ღირსეული მეფის მეუღლემ თავისი კალთის ქვეშ დამალული თან მოიყვანა. თუ წაასწარით ორ ძაღლს, რომლებიც თქვენს მწვადს ჭამენ, და თუ ერთი თქვენია და მეორე კი სხვისი, თქვენსას გაჯოხავთ და სხვისას კი მოკლავთ; საწინააღმდეგო რამ რომ მეთქვა და თანაც სიმართლე გადამერჩინა, განვაცხადე, რომ ორივე დაისაჯოს-მეთქი. ხალხს რომ ყური უგდო, იტყვი, საფრანგეთში სხვა სახადი არ არის, გარდა იტალიურისა, თუმცა ღვთის წყალობით არც სიავე გვაკლია და არც ავი კაცი-მეთქი. ყველამ ერთხმად მიპასუხა, რომ იტალიელი გაიძვერა სამ სხვას უდრიდა და რომ სამი პატიოსანი იტალიელი ერთი პატიოსანი ფრანგის მესამედადაც არ ღირდა. ვუთხარი: აქ იქნება თუ იქ, სადაც ადამიანები დადიან, ერთი და იგივე ხვადაგები არიან, მათ კი ყველგან ერთი ფასი აქვთ. კეთილი კაცი, სადაურიც არ უნდა იყოს, პატივისცემის ღირსია. ამას ისიც დავსძინე, რომ მიყვარს კაცი წესიერი, გინდ იტალიელი იყოს. ამ სიტყვებზე ყველა ერთხმად, ყველა ერთად თავს დამესხა. დამცინეს, მითხრეს, ვიცით შენი გემოვნება, ბებერი გიჟი ხარ, ბრონიონ, მოუსვენარი, ყარიბი, მაწანწალა, ბრონიონ შარახვეტია, ბრონიონ მოხეტიალე... ეს მართალია; ვინ მოსთვლის წინათ რამდენი მიბორიალია, რამდენი მიწოწიალია. ეს მაშინ იყო, როდესაც ჩვენი ახლანდელი ჰერცოგის ნეტარხსენებულმა მამამ მინანქრის, ფაიფურისა და ხელოვნების სხვა სახეობათა შესასწავლად მანტუსა და ალბისოლაში გამგზავნა. ხელობა ვისწავლე და ჩვენს მშობლიურ მიწაზე გადმოვიტანე, არ მოვრიდებივარ არც გზებსა და არც ფეხები დამნანებია. მთელი მანძილი კომბლით ხელში სენ-მარტენიდან სენტ-ანდრე-მანტუანამდე ფეხით გავიარე. რა სასიამოვნოა ქუსლებით თვალუწვდენელი მიწა გადათელო და ფეხებით ზილო სამყაროს ცომი... მაგრამ ამაზე ბევრს ნუ ვიფიქრებთ, თორემ, მგონია, კვლავ კომბალი ავიღო ხელში და გზას გავუდგე. .. დამცინიან! მერე რა? დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ეჰე! გალი ვარ , გალი, იმათი შვილი, ვინც მთელ მსოფლიოს ძარცვავდა. სიცილით მეუბნებიან: „რა გაგიძარცვავს, რა მოგიტანია?“ ის მომიტანია, რაც ჩემს წინაპრებს-მეთქი. არავისზე ნაკლები. სავსე თვალები, ცარიელი ჯიბე და შთაბეჭდილებებით სავსე თავი!.. ღმერთო ჩემო, რა საამოა ნახო, გაიგონო , იგემო და მოიგონო! ვიცი, ყველაფრის ნახვა და ცოდნა არ შეიძლება, მაგრამ, რისიც შეიძლება, ის მაინც მენახოს! მე ის ღრუბელი ვარ, ოკეანეს ხარბად რომ სწოვს, ან კიდევ მეტი, მიწის საამური წვენით სავსე, დაბერილი მწიფე ყურძნის მტევანი. ჰაი, დედასა, რა ბარაქიანი ღვინო დადგება, ვინმე რომ დამწურავდეს! არა, შვილოსა, გიჟი როდი ვარ, თვითონვე დავლევ! თქვენ ითაკილეთ: კეთილი და პატიოსანი. შემხვეწნი მოგიკვდეთ. ჩემთვის ასე სჯობს. იყო დრო, როდესაც მსურდა თქვენთვის გამეყო დაგროვილი ბედნიერების ნამცეცები, მოგონებანი შარავანდედიან მხარეებზე; მაგრამ ჩვენი კუთხის ხალხი არ არის ცნობისმოყვარე, მას მხოლოდ ის აინტერესებს, რას აკეთებს მეზობელი, ან კიდევ, მეზობლის ცოლი. დანარჩენი შორსაა და როგორ უნდა ერწმუნო. თუ ძალიან გინდა, წადი და თვითონ ნახე! მე ისიც მეყოფა, რასაც აქ ვხედავ. „წინაც ჯურღმულია და უკანაც. არა, რითი გვჯობიან, ვინც რომიდან მოდიან?“ კეთილი, კეთილი! ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ, ძალას არავის ვატან. არ გინდათ და ნუ გინდათ. მე კი ქუთუთოებქვეშ, თვალების წიაღში შემომინახავს, რაც ამ ქვეყნად მინახავს. ბედნიერებას ძალად ვერავის შემოახვევ თავზე. სჯობს აქაური ქუდი დავიხუროთ, მათ ბედნიერებას ვეზიაროთ. ორი ბედნიერება, გეფიცებით ღმერთს, რომ სჯობია ერთს.
სწორედ ამიტომ მალულად ვხატავ დელავოს სიფათს და აგრეთვე მღვდლისას, რომელიც ლაპარაკისას ფრთებს აფრიალებს, ვუსმენ და მეც მათ ყაიდაზე ვმღერი: „რა საამოა, რა მოსალხენი, რომ ხარ კლამსელი!“ მაშ, როგორ! დიდებული ქალაქია. სხვანაირად არც შეიძლება, არ შეიძლება ქალაქი, რომელმაც მშობა, ცუდი იყოს. ადამიანთა მცენარე ხარობს, ლაღი, მგზნებარე, მშვიდი, მსუქანი, უეკლო, უბოროტო და უნაკლო, თუ არაფერს ვიტყვი დანის პირივით ალესილ ენაზე, მაგრამ ცოტას თუ იჭორიკანებ მოყვასზე (რომელიც ვალში არ დაგრჩება), ამით ის ავად არ გახდება, ჩვენ კი უფრო მეტად გვეყვარება და ბეწვსაც არ შევეხებით მის თავზე. დელავო გვახსენებს (და ყველანი ვამაყობთ, თვით მღვდელიც კი), რომ ჩვენი ნევერის სამთავრო მაინც ინარჩუნებს მშვიდ ირონიას მთელი სამყაროს სიგიჟის მორევში, რომ ჩვენი მოურავი რაგონი არ მიემხრო გიზებს, ლიგას, ერეტიკოსებს, კათოლიკებს, ღვთისმშობელს თუ ევას, რომს თუ ჟენევას, გაცოფებულ ქოფაკებს ან ბოროტ ფოცხვერებს; მოიგონა წმინდა ბართლომე, ჩვენთან რომ იბანდა სისხლიან ხელებს. მაშინ ჩვენ, ჩვენი ჰერცოგის ირგვლივ მჭიდროდ შეკრულნი, გონიერების პატარა კუნძულს წარმოვადგენდით, რომელსაც ამაოდ ეხეთქებოდა ბობოქარი ტალღები... განსვენებული ჰერცოგი ლუი, ნეტარხსენებული მეფე ანრი, აბა როგორ შეიძლება ისინი მოიგონო და გული არ აგიჩუყდეს! როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. ისინი ჩვენთვის იყვნენ დაბადებულნი და ჩვენ კიდევ - მათთვის. ნაკლიც საერთო გვქონდა. მაგრამ ეს ადამიანური ნაკლი იყო და ერთმანეთს გვაახლოებდა. ღიმილით ამბობდნენ ხოლმე: „ნევერის ჰერცოგი ჯერ კიდევ მწვანეა“, ანდა „ჩვენი მეფე მექალთანეა, კიდევ ერთი ყმა გაგვიკეთა. წელიწადი უხვი იქნება. ბავშვები არ მოგვაკლდებიან“... ეჰ! აბა, მაშინ ვჭამდით შემწვარ-მოხრაკულს. ამიტომაც გვიყვარს იმ დროებაზე სჯა-ბაასი. დელავო ჩემსავით იცნობდა ჰერცოგ ლუის, მაგრამ მეფე ანრი მხოლოდ მე მინახავს და ამით ვსარგებლობ: ვუყვები მეასედ (მე კი მგონია, რომ პირველად, და თუ კარგი ფრანგები არიან, პირველად იქნება მათთვისაც), თუ როგორ ვნახე მეფე ნაცრისფერი, ქუდი ნაცრისფერი, ტანსაცმელი ნაცრისფერი (დახეულ სახელოებში იდაყვები მოუჩანდა), ნაცრისფერ ცხენზე მჯდარი, ნაცრისფერთმიანი, ნაცრისფერთვალებიანი, გარედან სულ ნაცრისფერი, შიგნით კი ბაჯაღლო ოქრო...
   სამწუხაროდ, ამ დროს ბატონი ნოტარიუსის უფროსი მწერალი მოდის, სიტყვას მაწყვეტინებს და დელავოს ეუბნება, ერთი შენი კლიენტი კვდება და გეძახისო. თუმცა დელავო ძალიან წუხს, მაგრამ, რა გაეწყობა, უნდა წავიდეს, წასვლამდე მაინც გვასაჩუქრებს ერთი ამბით, რომელსაც მთელი საათი ამზადებდა (კარგად ვხედავდი, რომ ენის წვერზე ჰქონდა მომდგარი, მაგრამ როდი ვაცალე, ჯერ მე მოვყევ ჩემს ამბავს). მართალი უნდა ვთქვა, მარილიანი ამბავი იყო, ბევრიც ვიცინეთ. ოხუნჯობაში დელავოს ტოლი არა ჰყავს.

*

   და როდესაც დავმშვიდდით, დავწყნარდით, განვიბანეთ თხემით ტერფამდე, ყველა ერთად გავედით... (მგონი, ხუთს თხუთმეტი წუთი აკლდა, ან ძლივს ხუთი საათი იქნებოდა... ეჰე, სამ მოკლე საათში მოვიმკე ორი გემრიელი სადილი, მხიარული მოგონებანი და ნოტარიუსისაგან ორი სკივრის შეკვეთა)... მეაფთიაქე რატრისთან მოცხარის ნაყენში დასველებული ბისკვიტები მივირთვით, დელავომ თავისი ამბის მოყოლა აქ დაამთავრა და სხვისიც რომ მოესმინა, მირანდოლამდე გამოგვაცილა, ჩვენი კამპანია აქ დაიშალა, მაგრამ დაშლამდე ცოტა ხნით კედელთან შევჩერდით, რათა ნასვამის ბეგარა იქ მშვიდად გადაგვეღვარა.
ვინაიდან უკვე გვიან იყო, მაგრამ შინ დაბრუნებისთვის კი მეტად ადრე გახლდათ, ერთ მენახშირესთან ერთად, რომელიც თავის ურიკას გვერდით მისდევდა და საყვირს უკრავდა, ბეთლემისაკენ გავემართე. ლურდოს კოშკთან მეფორნე შემოგვხვდა, სირბილით მიაგორებდა ბორბალს და როდესაც ბორბალი სიჩქარეს შეანელებდა, მივარდებოდა და ფეხს ჰკრავდა; იმ კაცს ჰგავდა, რომელიც ბედის ბორბალს მისდევს და ჰგონია, ესაა დავეწიე და უნდა შევახტეო, ბორბალი კი გაურბის. ეს სურათი დავიმახსოვრე, რომ შემდეგში გამოვიყენო.
   მაინც ვყოყმანობდი, ვერ გადამეწყვიტა, შინ დასაბრუნებლად რომელ გზას გავყოლოდი, უფრო გრძელს თუ უფრო მოკლეს. ამ ყოყმანში რომ ვიყავი, დავინახე, რომ პანტენორიდან პროცესია გამოვიდა, წინ მოუძღვოდა მუცელზე შუბივით დაყრდნობილი ჯვრით ერთი თითისტოლა ცუღლუტი, პატარას მეორე მგალობელი ბავშვისთვის გამოეყო ენა, თვალები კი წმინდა ჯოხის ბოლოსკენ გაურბოდა. უკან ოთხ მოხუცს ბაჯბაჯით მიჰქონდა სუდარაში გამოხვეული მიძინებული, რომელიც მღვდლის ფრთისქვეშ მიემგზავრებოდა მიწაში ძილის გასაგრძელებლად. ზრდილი კაცი ვარ და სამუდამო სასუფეველში გავაცილე. უფრო მხიარულობ, როდესაც მარტო არა ხარ. ისე კი, გამოგიტყდებით, პროცესიას იმიტომ ავედევნე, რომ ქვრივისთვის მესმინა. ქალი მოძღვარის გვერდით მიდიოდა და ჩვეულებისამებრ გოდებდა, მოთქვამდა, ყვებოდა, ქმარი როგორ უკვდებოდა, როგორ ავადმყოფობდა და რა წამლებს იღებდა. დაწვრილებით გვიამბობდა ყველა მის ღირსებას, სულიერსა თუ ხორციელს; ერთი სიტყვით, როგორც საკუთარი, ისე თავისი ქმრის მთელი ცხოვრება გადმოგვიშალა. მის ელეგიებს მღვდლის გალობა ცვლიდა. დაინტერესებულნი მივდევდით უკან: ალბათ, თვითონაც მიხვდებით, რომ გზადაგზა ბლომად გვიერთდებოდნენ თანამგრძნობი და კეთილი გულები, სმენადქცეული დაცქვეტილი ყურები. როგორც იყო, მივაღწიეთ საუკუნო ტკბილ სასუფეველს. მიცვალებული პირდაღებული ორმოს წინ დაასვენეს, ვინაიდან საწყალ კაცს არ შეუძლია თავისი ხის პერანგი თან წაიღოს (ტიტველაც ტკბილად იძინებს), ყუთს სახურავი ახადეს, მკვდარს ზეწარი მოხადეს და ორმოში გადაუძახეს.
   და, როდესაც მუჭა მიწა მივაყარე, რათა საწოლი შემესწორებინა, თან პირჯვარი გადავსახე, რომ ცუდ სიზმრებს მისთვის ძილი არ დაეფრთხო, გამოვბრუნდი მეტად კმაყოფილი: ყველაფერი ვნახე, ყველაფერი ვისმინე, გავინაწილე ჭირი და ლხენა და გავავსე ჩემი ქიშელა.
უკან წყლის პირს გამოვყევი, გადავწყვიტე, შინ დასაბრუნებლად ორი მდინარის შესართავთან ბოვრონს ავყოლოდი, მაგრამ ისეთი წარმტაცი საღამო იყო, რომ შეუმჩნევლად ქალაქგარეთ აღმოვჩნდი და მომხიბვლელ იონს გავყევი. მდინარემ ლა ფორეს ხეობამდე მიმიყვანა. მდორედ მიდიოდა მშვიდი და გლუვი წყალი, ერთი ნაოჭიც კი არ აუშნოებდა მის ღია ფერის კაბას; წყალს თვალი ვერ მოვწყვიტე, ისევე, როგორც ანკესზე წამოცმული თევზი ვერ მოსწყვეტს პირს ანკესს. ზეცაც ჩემსავით მოჰყოლოდა მდინარის ბადეს; თავის ღრუბლებიანად შიგ ბანაობდა და პაწაწინა, ფთილა ღრუბლები ლივლივით ჩამოჰკიდებოდნენ ბალახებსა და ლერწმებს; მზეც წყალში იბანდა თავის ოქროსფერ ფაფარს. მივუჯექი ერთ მოხუცებულს, რომელიც ორ მჭლე ძროხას დარაჯობდა (ფეხს ძლივს ითრევდა საწყალი), ჯანმრთელობა გამოვკითხე, ვურჩიე სუსხიანი ჭინჭარით დატენილი წინდა ჩაეცვა (თავისუფალ დროს მიყვარს ექიმბაშობა). ბერიკაცმა თავისი ამბავი მითხრა. მხიარულად მომიყვა თავის ჭირსა და ვარამს; იწყინა, რომ ხუთი თუ ექვსი წლით უფრო ახალგაზრდა მეგონა, ვიდრე სინამდვილეში ყოფილიყო (სამოცდათხუთმეტისა ვარო). ამით ქედმაღლობდა; ამაყობდა, რომ სხვებზე მეტი ეცხოვრა, მეტიც გადაეტანა; ბუნებრივად მიაჩნდა კაცს ვაება აეტანა, კეთილსა და ბოროტს ერთნაირად ეტანჯა და სწამდა, რომ ციური წყალობა თანაბრად ნაწილდება კეთილებსა და ბოროტებს შორის; ასე რომ, საბოლოო ჯამში ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგადაა, ღარიბი თუ მდიდარი, ლამაზი თუ გონჯი, ერთ მშვენიერ დღეს ყველანი ერთი და იმავე მამის მკერდზე მიიძინებენ... მისი ფიქრები, ხრინწიანი ხმა, ისევე როგორც ბალახებში ჭრიჭინების ჭრიჭინი, რაბის ჩუხჩუხი, ქარის მიერ ნავსადგურიდან მოტანილი ხისა და კუპრის სუნი, მშვიდად მდინარე წყალი, მშვენიერი ანარეკლები, ყველაფერი მწუხრის სიმშვიდეს ეხამებოდა, მასში დნებოდა.
   წავიდა მოხუცი. უკან დავიწყვე ხელები და შინისაკენ გავემართე, გზადაგზა წყლის ზედაპირზე რგოლების ტრიალს ვუცქერდი. ბოვრონზე მოლივლივე სურათებით ისე ვიყავი გართული, რომ დამავიწყდა, სად მივდიოდი, არც კი ვიცოდი, თუ სად ვიყავი; ასე რომ, ანაზდად შევკრთი, როდესაც მომესმა მეტად საამური და კარგად ნაცნობი ხმა, რომელიც მდინარის მეორე ნაპირიდან მეძახდა... თურმე სახლში არ მოვსულვარ! ფანჯრიდან ჩემი ცოლი, ჩემი სული საამური, მუშტებს მიღერებდა. თავი მოვიკატუნე, თითქოს არ დამენახოს, წყალს მივაშტერდი. მართობდა ხილვა იმის, თუ როგორ ბობოქრობდა და ანჩხლობდა ჩემი ცოლი მდინარის სარკეში. ხმას არ ვიღებდი, მაგრამ სიცილისაგან მუცელი მიცახცახებდა. რაც მეტს ვიცინოდი, მით უფრო აღშფოთებული ყვინთავდა ჩემი სულიკო ბოვრონის ტალღებში. ბოლოს გაცოფებულმა კარი და ფანჯარა მიაჯახუნა და გრიგალივით ჩემკენ გამოქანდა... მაგრამ ჩემამდე რომ მოეღწია, წყალზე უნდა გამოსულიყო. აქეთ ეცა, იქით ეცა, ორ ხიდს შუა ვიყავით. აირჩია საცალფეხო ხიდი, მარჯვნივ. რომ დავინახე, ამ გზით მოდიოდა, რა თქმა უნდა, მარცხნივ გავუხვიე, გავწიე დიდი ხიდისაკენ, სადაც ეული გადენი დილიდან ყანჩასავით დაყუდებული იდგა.
   სახლში ვარ, ღამე. რა მალე გარბიან დღეები! საბედნიეროდ ტიტუსი არა ვარ, ის რომაელი უქნარა, რომელიც მუდამჟამს იმას წუწუნებდა, რომ დღე დაკარგა; მე არაფერი დამიკარგავს. ჩემი დღით კმაყოფილი ვარ, ოღონდ არა მყოფნის, გული მწყდება, რომ ყოველი დღე ორი დღისოდენა არ არის. სმას დავიწყებ თუ არა, ჭიქა ცარიელია, ხანდახან ეჭვიც კი შემეპარება, გაბზარული ხომ არ არის-მეთქი. ზოგიერთი კი წრუპავს სასმისს, სმას კი ბოლო არ უჩანს. ეჰე! მათი ჭიქა უფრო დიდი ხომ არ არის? აბა! აბა! ეს ხომ საშინელი უსამართლობა იქნებოდა. ჰეი შენ, მანდ, მზის აბრიანო მერიქიფევ, დღეებს რომ გვისხამ, წესიერად დამისხი რაღა!.. მაგრამ არა, არა, იკურთხე უფალო; იკურთხე შენ, ვინც დამიწესე მაგიდიდან ყოველთვის მშიერი ავდგე და მიყვარდეს დღე (არც ღამეს ვწუნობ), არც ერთი არ მყოფნის. შენ მაინც სად გარბიხარ, აპრილო? დღეც რა ადრე გათავდა!.. არაფერია. მაინც კარგად გიგემე, ტურფა მთვარის დარი; ჩაგიხუტე, გულში ჩაგიკარ, დაგიკოცნე ძუძუები, ნეტარებავ გულისო, ტანწერწეტა ქალწულო, ტურფა გაზაფხულისო... ახლა შენი ჯერია! გესალმები, ჩემო ღამევ! მობრძანდი, გელი გაშლილი ხელით. ყველაფერს თავისი დრო აქვს! ერთად დავწვებით... ვაიმე! ვაიმე! ჩვენს შორის ხომ ის ჩაწვება... დაბრუნდა ჩემი დედაბერი...

*გაგრძელება*

ტეგები: Qwelly, bronioni, literatura, novelebi, satira, ბრონიონი, გაზაფხული, მოხეტიალე, ნოველები, როლანი, მეტი...სატირა

ნახვა: 259

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პარკიპელაგი - მოტივტივე კუნძულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2020.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      მთელს მსოფლიოში, უამრავი კუნძულია, რომლის ყიდვაც შეგიძლია და დასახლება, მაგრამ ზოგჯერ გამოუსაგარი და შეუძლებელი ხდება კუნძულზე ცხოვრება. ოცნებების ასასრულებლა კი კოპენჰაგენში ხელოვნური კუნძულები შექმნეს, რომელსაც სადაც გინდა იქ წაიღებ. მოტივტივე კუნძულების პარკი სულ მალე გაიხსნება კოპენჰაგენის ნავსადგურში. დანიურმა კომპანიამ, სტუდიო ფოკსტროტმა (Studio Fokstrot) და ავსტრალიელმა არქიტექტორმა მარშალ ბლეჩერმა (Marshall Blecher) მოიფიქრეს…

გაგრძელება

პოპულარობა ტერორიზმით, მეორე ტური და ელჩობა ოპოზიციაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ერთ კვირაში შემოდგომაც მიილევა. მიწურულს კი თოვლმა გაამშვენა წითელი ფოთლების ფრენა და ნარნარი. კორონასგან მიყენებული ლეტალური ზიანი არ კლებულობს, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. ხვალ ისევ არჩევნებია და ოპოზიცია ისევ უარზეა. ტერორიზმი კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვირუსი სტატისტიკა - 96860 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 77932, გარდაცვლილი - 894, კარანტინში - 2226. დოლარი 3.3073 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

არჩევნები უკორიდოროდ იქნება, დღგ დაბრუნდება და თოვლიც უფრო მოიმატებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პირველი თოვლით დავსაჩუქრდით ნოემბერში - თბილისში უკვე ჩამოთოვა, ჯერ მხოლოდ წავკისსა და წყნეთში, მაგრამ ალბათ მალე რუსთაველზეც მოთოვს. იქამდე კი აქციებით დაიფარება ეს ქუჩა - ამას პროგნოზირებენ ოპოზიციონერები. იცოდით რომ კეთილდღეობით ვცხოვრობთ? - საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-იანი შკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა. ვირუსი სტატისტიკა - 93092 კოვიდ დადასტურებული, აქედან…

გაგრძელება

ოპოზიციისა და პოზიციის დანახული პომპეო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ყოველგვარი შესავლის გარეშე - დღის მთავარი ამბავი პომპეოს ვიზიტი იყო და მისი პოზიციურ-ოპოზიციური მხარეები, განაზრებანი, განმარტებანი, განზრახვანი, თარგმანნი და ა.შ. კორონა მატულობს და მატულობს სიცივეც - მომდევნო ორი დღე თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჩინეთი ჩამოვიტოვეთ მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში - 89395 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 71468, გარდაცვლილი - 815, კარანტინში - 2370. დოლარი 3.2919 ლარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters