მოაგარაკენი

       სააგარაკე სადგურის ბაქანზე ცოტა ხნის წინ დაქორწინებული წყვილი წინ და უკან დასეირნობდა. მამაკაცს ქალისთვის წელზე შემოეხვია ხელი, ქალი კი მჭიდროდ ეკვროდა და ორივე ბედნიერი იყო. ღრუბლის ნაგლეჯებიდან შუბლშეკრული მთვარე დაჰყურებდათ. ალბათ, შურდა მათი და წუხდა თავისი მოსაწყენი, ყველასთვის უსარგებლო უბიწოების გამო. ჰაერი არ იძვროდა. იგი უხვად იყო გაჟღენთილი იასამნისა და შორთხვის სურნელით. სადღაც, რკინიგზის რელსების გადაღმა, კიოდა ჭოტი.

- რა კარგია, საშა, რა კარგი! - ამბობდა ცოლი. მართლა შეიძლება იფიქრო, რომ ყველაფერი სიზმარია. შეხედე, რა მყუდროდ და ალერსიანად გამოიყურება ეს ტყე. რა საყვარლები არიან ეს სოლიდური და უტყვი ტელეგრაფის ბოძები! ისინი, საშა, აცოცხლებენ გარემოს და გვახსენებენ, რომ იქ, სადღაც ხალხი ცხოვრობს... ცივილიზაციაა... განა არ გსიამოვნებს, შენ ყურამდე ქარს ოდნავ რომ მოაქვს მიმავალი მატარებლის ხმაური?

- ჰო, ალბათ... მაგრამ, რატომ გაქვს ასეთი ცხელი ხელები? იმიტომ, რომ ღელავ, ვარია... თუ იცი, დღეს ვახშმად რა მოგვიმზადეს?

- აკროშკა და წიწილა... წიწილა ჩვენ ორს გვეყოფა. შენთვის ქალაქიდან სარდინი და ზურგიელიც ჩამოიტანეს. მთვარემ თითქოს თამბაქოს ბოლი შეიყნოსაო, ღრუბლებში გაუჩინარდა. კაცთა ბედნიერება მას საკუთარ სიმარტოვეს, ცხრა მთა-ბარს იქით გაშლილ ცარიელ საწოლს ახსენებდა...

- მატარებელი მოდის! - თქვა ვარიამ. - რა კარგია!

შორს სამი ცეცხლოვანი თვალი გამოჩნდა. ბაქანზე სადგურის უფროსი გამოვიდა. რელსებზე აქა-იქ სასიგნალო შუქი აციმციმდა.

- გავაცილოთ მატარებელი და სახლში წავიდეთ, - თქვა საშამ და დაამთქნარა. რა კარგად ვართ ერთად, ვარია, ისე კარგად, რომ არც კი მჯერა!

ბნელი ურჩხული უხმაუროდ შემოცოცდა ბაქანზე და გაჩერდა. მკრთალად განათებული ვაგონის სარკმლებში გამოჩნდა მძინარე ადამიანების სახეები, შლაპები, მხრები...

- ოჰ, ოჰ, - გაისმა ერთი ვაგონიდან, - ვარია ქმართან ერთად გამოსულა ჩვენ დასახვედრად! აი, ისინი! ვარენკა! ვარიუშკა! აჰ! ვაგონიდან გამოხტა ორი გოგონა და ვარიას ჩამოეკიდა ყელზე. მათ მოყვნენ ჩასუქებული ასაკოვანი ქალი და მაღალი, გამხდარი მამაკაცი ჭაღარა ქილვაშებით, შემდეგ - ბარგით დატვირთული ორი გიმნაზისტი. გიმნაზისტებს გუვერნანტი ქალი მოჰყვებოდა, გუვერნანტს - ბებია.

- აი, ჩვენც აქ ვართ, აქ ვართ, მეგობარო! - დაიწყო ქილვაშებიანმა ბატონმა, რომელიც საშას ხელს ართმევდა. - ჩაის ლოდინში გული გადაგველია! - იცოცხლე, ვლანძღე და ვლანძღე ბიძია, რომ არ წამოვიდა! კოლია, კოსტია, ნინა, ფიფა... ბავშვებო, აბა, მიესალმეთ ბიძაშვილს, საშას აკოცეთ! ყველანი ერთად გეწვიეთ, სამი-ოთხი დღით შეგაწუხებთ. ვიმედოვნებ, არ შეგავიწროვებთ? გთხოვ, არ გინდა ცერემონიები. ოჯახთან ერთად ჩამოსული ბიძია რომ დაინახეს, ცოლ-ქმარი გაშრა. სანამ ბიძია ლაპარაკობდა და მისალმების ნიშნად ყველას კოცნიდა, საშას გონებაში წარმოუდგა შემდეგი სურათი: ის და ვარია სტუმრებს უთმობენ თავიანთ სამ ოთახს, საბნებსა და ბალიშებს; ზურგიელი, სარდინები და აკროშკა წამში თავდება, ბიძაშვილები არბევენ ყვავილნარს, ეღვრებათ მელანი, გაუთავებლად ყაყანებენ, ბიცოლა მთელი დღე თავის ავადმყოფობაზე წუწუნებს (სოლიტერი და ტკივილი აწუხებს გულის კოვზთან) და იმით ტრაბახობს, რომ წარმოშობით ბარონესა ფონ ფინტიხია... და წარმოდგენილი სურათის შემდეგ საშა უკვე ზიზღით უყურებს თავის ახალგაზრდა ცოლს და კბილებში ცრის: - ისინი შენთან ჩამოვიდნენ... ეშმაკმა დალახვროს!

- სულაც არა, შენთან არიან, - პასუხობს გაფითრებული ცოლი, ისიც ზიზღითა და გაბოროტებით - ისინი შენი ნათესავები არიან და არა ჩემი!

ამის შემდეგ ქალი სტუმრებს მიუტრიალდა და გულითადი ღიმილით უთხრა: - უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ! ღრუბლებიდან კვლავ გამოცურდა მთვარე. ჩანდა, თითქოს იღიმებოდა, თითქოს, უხაროდა, რომ ნათესავები არ ჰყავდა. საშა კი შებრუნდა, რათა სტუმრების თვალისთვის მოერიდებინა თავისი გაგულისებული, ნირწამხდარი სახე, მერე სცადა, ხმისთვის მხიარული და გულთბილი ჟღერადობა მიეცა, და თქვა: - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გთხოვთ, ძვირფასო სტუმრებო!

სევდა

       ვის ვუამბო სევდა ჩემი? საღამოხანის ბინდია ჩამოწოლილი. სველი თოვლის მსხვილი ფანტელები აუჩქარებლად ბზრიალებს ახლადანთებული ფარნების სიახლოვეს და თხელ, ფაფუკ ფენად ედება სახურავებს, ცხენების ზურგებს, ადამიანთა მხრებსა და ქუდებს. მეეტლე იონა პოტაპოვი ისე დაუფარავს თოვლს, რომ თეთრ მოჩვენებას ჰგავს. მოკუნტული ზის, რამდენადაც ცოცხალ არსებას შეუძლია მოიკუნტოს. ზის კოფოზე და არ ინძრევა. გეგონება, თოვლის ზვინიც რომ დაეცეს, არც მაშინ ჩათვლის საჭიროდ თოვლის ჩამოსაბერტყად ხელის განძრევასო... მისი ცხენიც თოვლით დაფარულა და უძრავად დგას. თავისი უძრაობით, კუთხოვანი ფორმებითა და ჩხირისმაგვარი სწორი ფეხებით იგი ახლოდანაც კი თაფლაკვერას კაპიკიან ცხენს წააგავს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ცხენი ფიქრებშია წასული. თუმცა ის, ვინც გუთანს მოსწყვიტეს, ჩვეულ ერთფეროვან სურათებს მოაშორეს და აქ, ამ ორომტრიალში ჩააგდეს, ურჩხულების ცეცხლსა, დაუდეგარ ხმაურსა და მოჩქარე ადამიანებს შორის, არ შეიძლება ფიქრს არ მიეცეს. იონა და მისი ცხენი, რა ხანია, არ განძრეულან. სადგომიდან ჯერ კიდევ სადილობამდე გამოვიდნენ, მაგრამ სიფთა ჯერ არ გაუკეთებიათ. ქალაქი უკვე ღამის ბინდში ეხვევა. ფარნების შუქის სიფერმკრთალე ადგილს უთმობს უფრო კაშკაშა ფერებს და ქუჩებში აურზაურიც მატულობს.

- მეეტლევ, ვიბორგსკის მხარეს წამიყვანე! - ესმის იონას., - ეი, მეეტლევ!

იონა შეკრთა და თოვლით დაფიფქული წამწამებიდან კაპიუშონიან შინელში გამოწყობილ სამხედროს გახედა.

- ვიბორგსკის მხარეს წამიყვანე, - უმეორებს სამხედრო. - გძინავს თუ რა ხდება? ვიბორგსკისაკენ-მეთქი!

        თანხმობის ნიშნად იონა სადავეებს არხევს და ამ შერხევის გამო მისი მხრებიდან და ცხენის ზურგიდან თოვლი ბელტებად ცვივა... სამხედრო მარხილში ჯდება. მეეტლე ტუჩებით წკლაპუნის ხმას გამოსცემს, კისერს წინ წაიწვდის - გედმა რომ იცის, ისე, წელში იმართება და მათრახს იქნევს - განა იმიტომ, რომ საჭიროა, უფრო, ჩვეულების გამო. ცხენიც კისერს წაიგრძელებს, ჩხირებივით ფეხებს ხრის და გაუბედავად ადგამს ნაბიჯს...

- სად მოეხეტები, ოხერო! - დაძვრისთანავე ესმის იონას სიბნელეში, წინ და უკან მოძრავი მასიდან, - ეშმაკი ხომ არ შეგიჯდა? მარჯვნივ აიღე!

- ტარება არ გცოდნია, მარჯვენა მხარე დაიჭირე! - ბრაზობს სამხედრო.

ილანძღება კარეტაზე მჯდომი მეეტლე, გაავებით უბღვერს და მხრებიდან თოვლს იშორებს გამვლელი, რომელმაც ქუჩა გადაირბინა და წინიდან მხრებით შეეჯახა ცხენს. იონა ისე ცმუტავს კოფოზე, თითქოს ნემსებზე იჯდეს, აქეთ-იქით იქნევს იდაყვებს და თვალებს ისე აცეცებს, როგორც მხუთრისგან თავბრუდასხმული, თითქოს არ ესმოდეს, სად არის ან აქ რას აკეთებსო.

- რა ნაძირალაა ყველა! - ენამახვილობს სამხედრო. ერთი სული აქვთ, ან შენ დაგეჯახონ, ან ცხენს ქვეშ შეუვარდნენ. ნამდვილად, პირი აქვთ შეკრული.

იონა თავის მგზავრს უყურებს და ტუჩებს ამოძრავებს... როგორც ჩანს, რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ყელიდან მხოლოდ ხრინწიანი ბგერები ამოსდის.

- რაო? - ეკითხება სამხედრო.

იონა გაღიმებას ცდილობს და ტუჩები ეღრიცება, ხორხს ძალას ატანს და ჩახლეჩილი ხმით ამბობს: - მე კი, ბატონო, ისა... ვაჟი... მომიკვდა იმკვირია.

- ჰმ!.. რისგან მოკვდა?

იონა მთელი ტანით ბრუნდება მგზავრისკენ და ეუბნება: - აბა, ვინ რა იცის! როგორც ჩანს, ხურვებით... სამი დღე იწვა საავადმყოფოში და მოკვდა... ღმერთის ნება თუ იყო.

- გაუხვიე, ტარტაროზო! - ისმის სიბნელიდან. - რა არის, დაბრმავდი, ბებერო ძაღლო? თვალში გამოიხედე!

- წადი, წადი... - ეუბნება მგზავრი. - ასე ხვალამდე ვერ მივალთ, გარეკე!

მეეტლე ისევ ჭიმავს კისერს, მთელი ტანით იმართება და მძიმედ, მაგრამ მოხდენილად იქნევს მათრახს. მერე რამდენჯერმე იხედება მგზავრისკენ, მაგრამ მას თვალები დაუხუჭავს და, ეტყობა, მოსმენის ხასიათზე არ არის. მგზავრი რომ ვიბორგსკზე ჩამოსვა, იონამ მარხილი ტრაქტირთან გააჩერა, კოფოზე მოიკუნტა და ისევ ერთ ადგილზე გაიყინა... სველი თოვლი ისევ თეთრად კაზმავს მეეტლესა და მის ცხენს. ამასობაში გადის ერთი საათი, ორი...

ტროტუარზე კალოშების ბრახა-ბრუხითა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებით მოაბიჯებს სამი ახალგაზრდა: ორი მათგანი მაღალია და გამხდარი, მესამე კი - მომცრო და კუზიანი.

- მეეტლევ, პოლიციის ხიდისაკენ! - გამომაფხიზლებელი ხმით უყვირის კუზიანი. - სამნი ვართ... ორ გრივნას მოგცემთ!

იონა სადავეებს არხევს და პირს აწკლაპუნებს. ორი გრივნა - მიუღებელი ფასია, მაგრამ მას ფულისთვის არ სცხელა... მანეთიანი იქნება თუ შაურიანი - ახლა მისთვის სულ ერთია, მთავარია, მგზავრები ჰყავდეს... ახალგაზრდები ჯიკაობითა და გინებით უახლოვდებიან მარხილს და სამივე ერთად მიძვრება დასაჯდომი ადგილისაკენ. ატყდა დავა იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ რომელი ორი უნდა დაჯდეს და რომელი ერთი - დადგეს? ხანგრძლივი ჩხუბის, ჭირვეულობისა და დამუნათების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ კუზიანი, როგორც ყველაზე დაბალი, უნდა დამდგარიყო ფეხზე.

- აბა, გარეკე! - ზრიალით ამბობს კუზიანი და კეფაში ასუნთქებს იონას. - მადიდა მინაა თუ რა! ეს რა ქუდი გქონია, ძმაო! უარესს მთელ პეტერბურგში ვერ იპოვი...

- ჰი... ჰი... - იცინის იონა. - რაც არის, არის...

- აბა, შენ, - რაც არის, არის, - გარეკე-მეთქი! მთელი გზა ასე უნდა იღოღო? ჰოო? კისერში ხომ არ გინდა, წაგითაქო?

- თავი მისკდება... - ამბობს ერთ-ერთი მაღალი. - გუშინ დუკმასოვებთან მე და ვასკამ ოთხი ბოთლი კონიაკი დავლიეთ.

- არ მესმის, რაში გჭირდება ტყუილი... - გული მოსდის მეორე მაღალს. - პირუტყვივით იტყუები!

- ღმერთმა დამსაჯოს, თუ მართალს არ ვამბობდე...

-ეგ ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ ტილი ახველებს.

- ჰი-ჰი! - ქირქილებს იონა. - რა მხიარული მგზავრები მყავს!

- ფუი, ეშმაკმა წაგიღოს! - აღშფოთებულია კუზიანი. - წახვალ, თუ არა, შე ჭირიანო ბებერო? ასე ვინ დადის? აბა, ერთი მისცხე მათრახი! ეშმაკმა წაგიღოს! მისცხე, მისცხე მაგრად!

       იონა გრძნობს მის ზურგს უკან როგორ ცმუტავს კუზიანი და როგორ ებზარება ხმა. ესმის, როგორ ლანძღავენ, უყურებს ხალხს და მარტოობის შეგრძნება თანდათან გულიდან უქრება. კუზიანი მანამდე ილანძღება, სანამ ექვსსართულიანი გინება ყელში არ გაეჩხირა და ხველება არ აუტეხა. აყლაყუდებმა ვიღაც ნადეჟდა პეტროვნაზე დაიწყეს ლაპარაკი. ხანმოკლე პაუზას დალოდებული იონა კიდევ ერთხელ ბრუნდება მათკენ და ლუღლუღებს

- მე კი იმკვირია... ისა... ვაჟი მომიკვდა!

- ყველანი მოვკვდებით... - ოხრავს კუზიანი და ხველების შემდეგ ჩამოდენილ დორბლს იწმენდს პირიდან. - აბა, გარეკე, გარეკე! არა, ბატონებო, ასე აღარ შემიძლია მგზავრობა, ეს კაიხანს ვერ მიგვიყვანს...

- შენც ადექი და მსუბუქად წაახალისე... კისერში წაუთაქე!

- შე ჭირიანო ბებერო, გესმის? კისერს მიგიჩეჩქვავ! შენისთანებს თუ ვებოდიშე, ფეხით მოგვიხდება სიარული! გესმის, გველეშაპო? თუ, ჩვენი სიტყვები ფეხზე გკიდია?

და იონას უფრო ესმის მუჯლუგუნების კვრის ხმა, ვიდრე გრძნობს.

- ჰი... ჰი, იცინის იგი, - რა მხიარული ბატონები არიან... ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეთ!

- მეეტლევ, ცოლი გყავს? - ეკითხება ერთ-ერთი აყლაყუდა.

- მე? ჰი... ჰი... რა მხიარული ხალხია... ახლა ერთადერთი ცოლიღა მყავს - შავი მიწაა ჩემი ცოლი... ჰი... ჰი... ჰი... მაშასადამე, სამარე! ვაჟი მომიკვდა, მე კი ცოცხალი ვარ... საოცარი რამ მოხდა, სიკვდილს გზა აერია... იმის მაგივრად, ჩემთან მოსულიყო, ჩემ ბიჭს მიადგა... და იონა ტრიალდება, რათა მოჰყვეს, როგორ მოკვდა მისი ვაჟი, მაგრამ ამ დროს კუზიანი პირს აღებს და აცხადებს, რომ, მადლობა ღმერთს, მიუღწევიათ. იონა ორგრივნიან მონეტას მიიღებს და დიდხანს გასცქერის სადარბაზოში გაუჩინარებულ მოქეიფეებს. ახლა ისევ მარტოა და ისევ სიჩუმე სუფევს მის ირგვლივ... ცოტა ხნით მიყუჩებული ნაღველი ისევ ჩნდება და მომეტებული ძალით უფატრავს გულს. იონას ტანჯვითა და შეშფოთებით გადააქვს მზერა კაციდან კაცზე იმ მოფუსფუსე მასაში, რომელიც ქუჩის ორივე მხარეს ავსებს. ნუთუ ამდენ ათას ადამიანში ერთიც არ მოიძებნება, რომელიც მას მოუსმენდა? მაგრამ ირგვლივ ხალხი გამალებული მოძრაობს და ვერ ამჩნევენ ვერც იონასა და ვერც მის ნაღველს... მისი სევდა კი იმოდენაა, საზღვრები არ აქვს. ახლა გული რომ გაუსკდეს იონას და მისი ნაღველი გადმოიღვაროს, ალბათ, მთელ ქვეყანას წალეკავდა, მაგრამ ჯერ კი ვერავინ ამჩნევს. მისმა სევდამ მოახერხა უუმცირეს ნაჭუჭში მოთავსებულიყო ისე, რომ დღისით, მზისითაც კი შეუმჩნეველი გახდა...

იონა მეეზოვეს დაინახავს, ტომსიკით ხელში, და გადაწყვეტს, გამოელაპარაკოს.

- რა დრო იქნება, ჩემო კარგო? - ეკითხება იონა.

- მეათე დაიწყო... აქ რას უდგახარ? გაიარე!

იონა რამდენიმე ნაბიჯზე სცილდება მეეზოვეს, ისევ იკუნტება და ნაღველს ეძლევა... ადამიანებთან გამოლაპარაკება უკვე უსარგებლოდ მიაჩნია. მაგრამ არ გადის ხუთი წუთიც, რომ ისევ შეიმართება, მთელი ტანით, თავს გაიქნევს, თითქოს მწარე ტკივილი იგრძნოო, და სადავეებს მოსწევს... მას მეტი აღარ შეუძლია...

„სადგომში დავბრუნდები“, - ფიქრობს ის. - ასე სჯობს! ცხენიც, თითქოს მიუხვდა მხედრის ფიქრებსო, ჩორთით გარბის. საათნახევრის შემდეგ იონა უკვე დიდ, ჭუჭყიან ღუმელს უზის. ღუმელზე, იატაკზე, სკამებზე ხალხი ხვრინავს. ჰაერი დახუთულია... გაჰყურებს იონა მძინარე ადამიანებს, იქექება და ნანობს, ასე ადრე რომ დაბრუნდა შინ.

„შვრიის ფულიც კი ვერ ვიშოვე, ალბათ, ამიტომაც მიწუხს გული. კაცი, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის... როცა თვითონაც მაძღარია და ცხენიც მაძღრად ჰყავს, მუდამ დამშვიდებულია...“ ერთ კუთხეში ახალგაზრდა მეეტლე წამოდგა, იხვივით ყიყინებს ნამძინარევი და წყლიანი ვედროსკენ იწევს.

- მოგწყურდა? - ეკითხება იონა.

- მწყურია, მაშ!

- ჰოდა, ღმერთმა შეგარგოს... მე კი, ძმაო, შვილი მომიკვდა... არ გაგიგია? იმკვირია, საავადმყოფოში!... როგორ მოხდა და... იონა უყურებს, რა ეფექტი მოახდინა მისმა ნათქვამმა, მაგრამ ვერაფერს ამჩნევს. ახალგაზრდას თავზე რაღაც წაუფარებია და უკვე სძინავს. მოხუცი ოხრავს და იქექება. როგორც იმ ახალგაზრდა მეეტლეს სწყუროდა წყალი, ისე სწყურია მას ლაპარაკი. ერთი კვირა ჯერ არ გასულა, რაც ბიჭი მოუკვდა და ამაზე ჯერ არავისთან ულაპარაკია... უნდა, რომ დალაგებით მოჰყვეს, აუჩქარებლად, თუ როგორ გაუხდა ბიჭი ავად, როგორ იტანჯებოდა, რა თქვა სიკვდილის წინ, როგორ დალია სული... უნდა, აღწეროს, როგორ დამარხა, როგორ დაბრუნდა საავადმყოფოში გარდაცვლილის ტანსაცმლის წამოსაღებად. ისიც უნდა თქვას, რომ სოფელში ქალიშვილი ჰყავს, ანისია... მის შესახებაც შეუძლია ბევრი რამის თქმა... განა ცოტა აქვს სათქმელი? მსმენელი უნდა ოხრავდეს, კვნესოდეს, ხმით მოსთქვამდეს... ისე, უკეთესია, დედაკაცებს უამბოს. მერე რა, რომ ჭკუა არა აქვთ, ორი სიტყვის შემდეგ ცრემლად დაიღვრებიან.

„წავალ, ცხენს მაინც დავხედავ, - ფიქრობს იონა. - ძილი სად გამექცევა, ყოველთვის მოვასწრებ... ისე გამოვიძინო, რომ... “ იონა იცვამს და თავლაში მიდის. იქ არის მისი ცხენი. გზაში თივასა და შვრიაზე ფიქრობს, ფიქრობს ამინდზეც... როცა მარტოა, შვილზე ფიქრი არ შეუძლია... ლაპარაკით კი ილაპარაკებს ვინმესთან, მაგრამ მარტოობისას მისი სახის წარმოდგენა და მასზე ფიქრი გაუსაძლისად შემზარავია...

- იცოხნები? - ეკითხება იონა ცხენს და მოელვარე თვალებში შესცქერის. - ღეჭე, ღეჭე. თუ შვრიისათვის ფულს ვერ ვიშოვით, თივა მაინც გვექნება... ჰო... დავბერდი უკვე, მეეტლედ აღარ გამოვდგები... ჩემს შვილს უნდა ემუშავა და არა მე... აი, ვინ იყო ნამდვილი მეეტლე... ოღონდ დასცლოდა სიცოცხლე...

იონა ერთხანს დუმს და მერე აგრძელებს: - ასეა, საქმე, ჩემო ფაშატო... აღარ გვყავს კუზმა იონიჩი... იმქვეყნად გადაბარგდა... სულ უბრალოდ მოკვდა... აი, შენ რომ, ვთქვათ, კვიცი გყოლოდა, შენ ხომ მისი ღვიძლი დედა იქნებოდი... და უცებ, ვთქვათ, ერთხელაც ადგა და შენი ჭირი წაიღო კვიცმა... განა გული არ დაგწყდება, არ შეგეცოდება?

ცხენი იცოხნება, უსმენს და პატრონს ხელებზე ასუნთქებს...

იონა თხრობის ეშხში შედის და ცხენს ყველაფერს უამბობს...

ალიაქოთი

       სეირნობიდან დაბრუნებულ მაშენკა პავლეცკაიას - ყმაწვილქალს, რომელმაც სულ ახლახან დაამთავრა ინსტიტუტი და გუვერნანტად მუშაობს კუშკინების ოჯახში, - სახლში უჩვეულო ალიაქოთი დახვდა. კარი შვეიცარმა მიხაილომ გაუღო - ისიც საკმაოდ აღელვებული ჩანდა და კიბოსავით გაწითლებულიყო.

ზემოდან ხმაური ისმოდა.

„ნამდვილად, დიასახლისს აქვს მორიგი შეტევა, ან ისევ ქმარს წაეჩხუბა“, - გაიფიქრა მაშენკამ. წინკარსა და დერეფანში მოახლეებს შეეფეთა. ერთი მათგანი ტიროდა. მაშენკამ თვალი შეასწრო, როგორ გამოვიდა მისი ოთახიდან თავად სახლის პატრონი ნიკოლაი სერგეიჩი - ჩია ტანის კაცი იყო, რომელსაც ჯერ მოხუცებულს ვერ უწოდებდით, თუმცა დღენიადაგ გაბიჟვინებული სახე ჰქონდა და თმაც კარგად შემელოტებოდა. ახლა მთლად წითელი იყო. ენა ებმოდა. მაშენკა არც კი შეუმჩნევია, ისე ჩაუარა მას, ხელები მაღლა ჰქონდა აპყრობილი და იძახდა: - ეს რა საშინელებაა, რა უტაქტობაა! რა სიბრიყვე და უმსგავსობაა! რა სისაძაგლეა!

        მაშენკა თავის ოთახში შევიდა და იმ წუთას ცხოვრებაში პირველად შეიგრძნო მთელი სიმწვავით ის, რასაც განიცდის სხვის კარზე მცხოვრები, მდიდარი და წარჩინებული ხალხის ხელებში შემყურე უმწეო, სხვაზე დამოკიდებული ადამიანი. მის ოთახში ჩხრეკა წარმოებდა. დიასახლისი ფედოსია ვასილევნა - ზორბა ტანის მხარბეჭიანი ქალი ხშირი შავი წარბებით, რომელიც თავსაბურავის გარეშე დადიოდა და ფრიად მოუქნელი გახლდათ, წითელი ხელები ჰქონდა და ოდნავ შესამჩნევი ბუსუსები ტუჩებზე; სახითა და მანერებით უბრალო მზარეულს უფრო მოგაგონებდათ. ახლა ის მაშენკას მაგიდასთან იდგა და მისი ხელსაქმის ჩანთაში უკან აბრუნებდა გადმოყრილ ძაფის გორგლებს, ქსოვილის ნაკუწებსა და ქაღალდებს... ჩანდა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო გუვერნანტის გამოჩენა, რადგან როცა მოიხედა და მისი გაფითრებული სახე დაინახა, შეცბა და წაილუღლუღა: - pardon,… შემთხვევით გადმომეყარა... მე... სახელოთი წამოვედე...

       რაღაც კიდევ დააყოლა მადამ კუშკინამ და შლეიფის ფრიალით გავიდა ოთახიდან. მაშენკამ გაკვირვებულმა მიმოიხედა ოთახში და რადგან ვერ გაიგო, რა ხდებოდა და არც ის იცოდა, რა ეფიქრა, მხრები აიჩეჩა და ტანში შიშისაგან გააცია... რას ეძებდა ფედოსია ვასილევნა მის ჩანთაში? თუ მართლაც, როგორც ამბობდა, შემთხვევით წამოედო და გადმოყარა, რატომღა გავარდა ოთახიდან აწითლებული და აღელვებული ნიკოლაი სერგეიჩი? ან მაგიდის ერთი უჯრა რატომ იყო ოდნავ გამოღებული? ყულაბაც, რომელშიც მაშენკა ერთგრივნიანებსა და ძველ მარკებს აგროვებდა, გაუხსნიათ და დაუკეტავი დარჩენიათ, თუმცა უცდიათ კი, რადგან საკეტს ბევრი ნაფხაჭნი ატყვია. წიგნის თაროებს, მაგიდის ზედაპირს, საწოლს - ყველაფერს ეტყობოდა ცინცხალი ჩხრეკის კვალი... ეს კვალი თეთრეულის კალათსაც აჩნდა. მართალია, თეთრეული აკურატულად ეწყო, მაგრამ არა ისეთი თანმიმდევრობით, როგორც მაშენკამ სახლიდან გასვლამდე დატოვა. მაშასადამე, გულდაგულ დაუთვალიერებიათ ყველაფერი, ნამდვილი ჩხრეკა ჩაუტარებიათ, მაგრამ რატომ? რა მიზნით? მაშენკას გაახსენდა შვეიცარის მღელვარება, ატირებული მოახლე, მთელი ეს ალიაქოთი, რომელიც ჯერ არ დამთავრებულიყო. ამ ყველაფერს რაიმე კავშირი ხომ არ ჰქონდა მის ოთახში წუთის წინ ჩატარებულ ჩხრეკასთან? რაიმე სახიფათო საქმეში ხომ არ გარიეს? მაშენკა გადაფითრდა და ერთიანად შეციებული თეთრეულის კალათზე უღონოდ დაეშვა.

ოთახში მოახლე შემოვიდა

- ხომ არ იცით, ლიზა, მე... მე რატომ გამჩხრიკეს? - ჰკითხა მას გუვერნანტმა.

- ქალბატონმა გულსაბნევი დაკარგა, ორი ათასი ღირებულა... - უთხრა ლიზამ.

- კი მაგრამ, მე რატომ მჩხრეკდნენ?

- ყველა გაგვჩხრიკეს, პატარა ქალბატონო, მეც გამჩხრიკეს... გაგვაშიშვლეს და ისე გაგვჩხრიკეს... მე კი, ღვთის წინაშე, პატარა ქალბატონო, არათუ მაგის გულსაბნევი არ მინახავს, საერთოდ მის ტუალეტს ახლოსაც არ გავკარებივარ. პოლიციაშიც ამას ვიტყვი.

- მე... მე მაინც რას მერჩოდნენ? - ვერ გარკვეულიყო მაშენკა.

- აკი გითხარით, გულსაბნევი მოიპარეს... ქალბატონმა თვითონ დაძებნა ყველა კუთხე-კუნჭული. შვეიცარი მიხაილოც კი საკუთარი ხელით გაჩხრიკა. ვაი, სირცხვილო! ნიკალაი სერგეიჩი უყურებს და ქათამივით კაკანებს მხოლოდ. თქვენ კი, ქალბატონო, ტყუილად ცახცახებთ, ხომ ვერაფერი გიპოვეს. თუ გულსაბნევი არ აგიღიათ, არც არაფრის უნდა გეშინოდეთ.

- მაგრამ ეს ხომ უსინდისობაა, ლიზა, შეურაცხმყოფელია! - ამბობდა მღელვარებისგან ყელში ბურთგაჩრილი მაშენკა. - ეს სიმდაბლეა და უნამუსობა! როგორ გაბედეს ჩემზე ეჭვის მოტანა და ჩემი ნივთების გადაქექვა?

- ეჰ, სხვის კარზე ხართ, პატარა ქალბატონო, - ამოიოხრა ლიზამ. - თუმცა თქვენც ქალბატონი ხართ, მაგრამ... მაინც მოსამსახურედ ითვლებით... აქ ხომ ისე არაა, როგორც დედ-მამასთან როცა ცხოვრობ... მაშენკა ლოგინზე დაემხო და მწარედ აქვითინდა. ასეთი რამ მისთვის არასდროს უკადრებიათ... ასეთი ძალადობა მასზე არასდროს მოუხდენიათ, სხვა დროს ასეთი შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებიათ. მასზე, ამ ზრდილსა და მგრძნობიარე გოგონაზე, მასწავლებლის შვილზე ეჭვი მიიტანეს და ლამის ქურდობა დააბრალეს, ქუჩის ქალივით გაჩხრიკეს! ამაზე მეტი შეურაცხყოფის წარმოდგენაც კი ძნელია. ამ წყენას თან საზარელი შიშის გრძნობაც ემატებოდა: რა მოჰყვება ამას? გონებაში ყოვლად წარმოუდგენელმა აზრებმა გაუელვა. თუ მას ქურდობა დასწამეს, ხომ შეუძლიათ დაიჭირონ კიდეც, გააშიშვლონ და ისე გაჩხრიკონ. მერე ბადრაგის თანხლებით გაატარონ ქუჩაში და ბნელსა და ცივ საკანში ჩასვან, რომელიც თაგვებითა და ნესტის ჭიებით იქნება სავსე - სწორედ ისეთი, თავადის ქალი ტარაკანოვა რომ ჩასვეს. ვინ იქნება მისი პატრონი? მშობლები შორეულ პროვინციაში ცხოვრობენ, მის სანახავად ჩამოსასვლელი ფულიც კი არ აქვთ. დედაქალაქში ისეთი მარტოსულია, თითქოს უდაბურ მინდორში ყოფილიყოს, ნათესავებისა და ნაცნობების გარეშე. რასაც უნდა, იმას უზამენ.

„ყველა მოსამართლესა და დამცველს ჩამოვუვლი... - ფიქრობდა აკანკალებული მაშენკა. - მათ ავუხსნი, ფიცს დავდებ... დაიჯერებენ, რომ შეუძლებელია მე ვიყო ქურდი!

        უცებ გაახსენდა, რომ კალათში, ზეწრებს ქვემოთ ტკბილეული ჰქონდა გადამალული. სადილის დროს ჯიბეში უჩუმრად ჩაიდებდა ხოლმე, როგორც იყო დაჩვეული ინსტიტუტიდან, და მერე თავის ოთახში ინახავდა. იმის გაფიქრებაზე, რომ მისი ეს პატარა საიდუმლო უკვე სახლის პატრონებსაც შეიძლებოდა სცოდნოდათ, ალმური წაეკიდა, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ამ ყველაფერმა ერთად - შიშმა, სირცხვილმა და შეურაცხყოფამ - ისეთი გულისცემა აუტეხა, რომ საშინელ დარტყმებსა გრძნობდა საფეთქლებში, მაჯებსა და მთელ შიგანში.

- სადილზე მობრძანდით! - დაუძახეს მაშენკას.

„წავიდე თუ არა?“

მაშენკამ თმა შეისწორა, სახე სველი პირსახოცით შეიწმინდა და სასადილო ოთახისკენ გაემართა. იქ უკვე დაეწყოთ ჭამა... მაგიდის ერთ ბოლოში უმეტყველო, სერიოზული სახით გაბღენძილი იჯდა ფედოსია ვასილევნა, მეორე ბოლოში - ნიკოლაი სერგეიჩი. აქეთ-იქით სტუმრები და ბავშვები ისხდნენ. სუფრას ფრაკსა და თეთრ ხელთათმანებში გამოწყობილი ორი ლაქია ემსახურებოდა. ყველამ იცოდა, რომ სახლში ერთი ალიაქოთი ჰქონდათ, რომ დიასახლისი ვერ იყო გუნებაზე და ყველა უსიტყვოდ მიირთმევდა. მხოლოდ თეფშებზე კოვზების რაკუნისა და ღეჭვის ხმა ისმოდა.

სიჩუმე თვით დიასახლისმა დაარღვია.

- მესამე კერძი რა გვაქვს? - ჰკითხა ლაქიას მინაზებული და გატანჯული ხმით.

- ესტურჟონ ა-ლა რუს! - მოახსენა ლაქიამ.

- ეს მე დავუკვეთე, ფენია... - იჩქარა თქმა ნიკოლაი სერგეიჩმა. - თევზი მომინდა. თუ შენ არ გინდა, ma chère, ნუ მოატანინებ. მე, ისე... სხვათაშორის...

ფედოსია ვასილევნას არ უყვარდა კერძები, რომლებიც მისი შეკვეთით არ იყო მომზადებული, ამიტომ თვალები ცრემლებით აევსო.

- აბა, ნუ აღელდებით, - უთხრა ტკბილი ხმით მამიკოვმა, მისმა შინაურმა ექიმმა, რომელიც მსუბუქად შეეხო მის ხელს და ტკბილადაც გაუღიმა. - უამისოდაც ყველას აწეწილი გვაქვს ნერვები. დაივიწყეთ გულსაბნევი! ჯანმრთელობა ორი ათასზე მეტი ღირს!

- მე განა ორი ათასი მადარდებს! - უპასუხა დიასახლისმა და მსხვილი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. - მე თვითონ ფაქტმა აღმაშფოთა! მე სახლში ქურდს ვერ ავიტან. განა იმიტომ, რომ მენანება, სულაც არა, მაგრამ ჩემი გაქურდვა - დიდ უმადურობად მიმაჩნია! ნუთუ ასე უნდა გადამიხადონ სიკეთე?

ყველა თავის თეფშს ჩასჩერებოდა, მაშენკას კი მოეჩვენა, რომ დიასახლისის სიტყვების შემდეგ ყველამ მას შეხედა. ყელში უცებ რაღაც მოაწვა, ტირილი წასკდა და სახეზე ცხვირსახოცი აიფარა.

- pardon, - ძლივს ამოთქვა - არ შემიძლია, თავი მტკივა, უნდა წავიდე.

სუფრიდან ადგა. მოუხერხებლად გამოუვიდა - სკამს დაეჯახა, უფრო მეტად დაიბნა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.

- ღმერთმა იცის, რა ხდება - ჩაილაპარაკა ნიკოლაი სერგეიჩმა და წარბები შეჰყარა. - ნუთუ აუცილებელი იყო მისი გაჩხრეკა! სიმართლე ითქვას... სულაც ზედმეტი იყო.

- მე არ მითქვამს, რომ მან აიღო გულსაბნევი, - თქვა ფედოსია ვასილევნამ, - მაგრამ ნუთუ შეგიძლია თავდებად დაუდგე? სიმართლე გითხრა, მე არ ვენდობი ამ განათლებულ ღატაკებს.

- არა, ფენია, არ უნდა გაგვეჩხრიკა... ბოდიში, ფენია, მაგრამ კანონის მიხედვით არანაირი უფლება არ გაქვს, ჩხრეკა აწარმოო.

- თქვენი კანონების არაფერი გამეგება. მე ის ვიცი მხოლოდ, რომ გულსაბნევი დავკარგე და რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიპოვი! - დაჰკრა ჩანგალი თეფშს დიასახლისმა და თვალებში მრისხანება გაუკრთა. - თქვენ კი ჭამეთ, თუ ჭამთ, და ჩემს საქმეში ნუ ერევით! ნიკოლაი სერგეიჩმა თვალები ძირს დახარა და ამოიოხრა. მაშენკა კი ამასობაში თავის ოთახში შევიდა და ლოგინში ჩაწვა. ახლა უკვე აღარც ეშინოდა, აღარც რცხვენოდა, მხოლოდ საშინელი სურვილი წვავდა, მისულიყო და სილა გაეწნა ამ გულქვა, ქედმაღალი, უტვინო და ბედნიერი ქალბატონისთვის. იწვა მაშენკა, ბალიშს ეკვროდა და ოცნებობდა: კარგი იქნებოდა, წასულიყო, ყველაზე ძვირფასი გულსაბნევი ეყიდა და ცხვირ-პირში მიეხალა ამ უჯიათი ქალისთვის; ოცნებობდა, ისე გაკოტრებულიყო ფედოსია ვასილევნა, რომ სამათხოვროდ წანწალი დაეწყო და საკუთარ ტყავზე გამოეცადა სიღარიბისა და დამოკიდებული მდგომარეობის მთელი საშინელება, ხოლო მისგან შეურაცხყოფილ მაშენკას კი მისთვის სამათხოვროდ გაღებული გროშები გადაეყარა; რა იქნებოდა, დიდი მემკვიდრეობა მიეღო მაშენკას! მაშინ ეტლს იყიდდა და მთელი ამბით ჩაიქროლებდა ქალბატონის ფანჯრების წინ, მისი გულის გასახეთქად! მაგრამ ეს ყველაფერი ოცნება იყო, სინამდვილეში კი ისღა დარჩენოდა, რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა ამ სახლს, რათა არც ერთი საათი აღარ გაეტარებინა იქ. მართალია, ძალიან ძნელია სამუშაოს დაკარგვა და კვლავ არაფრისმქონე მშობლებთან დაბრუნება, მაგრამ სხვა, აბა, რა უნდა ექნა? მაშენკა ვეღარ იტანდა თავისი დიასახლისის დანახვას და აღარც თავის პატარა ოთახში გაჩერება შეეძლო, სადაც სული ეხუთებოდა და უხერხულად გრძნობდა თავს. მუდმივად ავადმყოფობასა და თავის მოჩვენებით არისტოკრატიზმზე გადაგებულმა ფედოსია ვასილევნამ იმ ზომამდე შეაზიზღა თავი, რომ ამ ქალის არსებობის გამო გარშემო ყველაფერი უსახური და უბადრუკი ეჩვენებოდა. მაშენკა უცებ წამოხტა საწოლიდან და ნივთების ჩალაგებას შეუდგა.

- შეიძლება, შემოვიდე? - გაისმა კარს უკან ნიკოლაი სერგეიჩის ხმა. ის კართან შეუმჩნევლად მოსულიყო და ხმადაბლა, თავაზიანად ამბობდა, - შეიძლება!

- მობრძანდით.

შემოვიდა და კართან გაჩერდა. თვალები ჩაჰქრობოდა და წითელი ცხვირი უპრიალებდა. სადილის შემდეგ ლუდს სვამდა ხოლმე და ეს ეტყობოდა კიდეც - დუნედ მოძრაობდა და ხელები უღონოდ ჰქონდა ჩამოშვებული.

- ეს რას ნიშნავს? - იკითხა მან და კალათზე მიუთითა.

- ბარგს ვალაგებ. მაპატიეთ, მაგრამ თქვენ სახლში დარჩენა აღარ შემიძლია. ჩემთვის დიდი შეურაცხყოფა იყო გაჩხრეკა!

- მესმის... თუმცა სულ უმიზეზოდ... ასე რა საჭიროა?.. გაგჩხრიკეს, სხვა ხომ არაფერი... რა დაგიშავდათ, რა დაგაკლდათ ამით!

მაშენკა უხმოდ აგრძელებდა ბარგის ჩალაგებას. ნიკოლაი სერგეიჩმა ულვაშები მოიწიწკნა, თითქოს ფიქრობდა, კიდევ რა ეთქვა, და შემპარავი ხმით განაგრძო: - მე, რა თქმა უნდა, მესმის თქვენი, მაგრამ ლმობიერება უნდა გამოიჩინოთ. ხომ იცით, ჩემი ცოლი ნერვიული, ხუშტურებიანი ქალია, მკაცრად ნუ განსჯით...

მაშენკა ისევ სდუმდა.

- თუ ასეთი შეურაცხყოფილი ხართ, - აგრძელებდა ნიკოლაი სერგეიჩი, - მე მზად ვარ, ბოდიში მოგიხადოთ. მაშ, გვაპატიეთ! მაშენკამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ, უფრო მეტად დაიხარა თავისი ჩემოდნისაკენ. ამ დაჩიავებულ, გაუბედავ კაცს არავინ არაფრად აგდებდა ოჯახში. მსახურების თვალშიაც კი სხვის კმაყოფაზე მყოფი ზედმეტი ადამიანის როლი ჰქონდა, ამიტომ მის ბოდიშსაც ფასი არ ედო.

- ჰმ, არაფერს ამბობთ? განა არ კმარა? მაშინ ჩემი ცოლის მაგივრადაც მოგიხდით ბოდიშს. ჩემი ცოლის სახელით... როგორც აზნაური, ვაღიარებ, რომ უტაქტოდ მოიქცა... ნიკოლაი სერგეიჩმა გაიარ-გამოიარა, ამოისუნთქა და განაგრძო: - მაშ გინდათ, რომ გულში ხინჯად დამრჩეს და გამუდმებით მაწუხებდეს თქვენი ამბავი... გინდათ, რომ სინდისმა დამტანჯოს...

- ვიცი, ნიკოლაი სერგეიჩ, რა თქვენი ბრალია, - უთხრა მაშენკამ და პირდაპირ სახეში შეხედა დიდრონი, ნამტირალევი თვალებით, - თქვენ რატომ უნდა დაიტანჯოთ?

- მართალია... მაგრამ მაინც... ნუ წახვალთ... ძალიან გთხოვთ!

მაშენკამ უარის ნიშნად თავი გაიქნია. ნიკოლაი სერგეიჩი ფანჯარასთან გაჩერდა და თითებით მინაზე კაკუნს მოჰყვა.

- ასეთი გაუგებრობა წამებაა ჩემთვის. - ამოღერღა მან, - იქნებ გნებავთ, დაჩოქილმა გთხოვოთ? - თქვენ სიამაყე შეგილახეს, ბევრი იტირეთ, წასვლასაც აპირებთ, მაგრამ მეც ხომ მაქვს ჩემი სიამაყე, რატომ არ მზოგავთ? თუ გინდათ, გითხრათ ის, რასაც აღსარებაზეც ვერავინ მათქმევინებს? გინდათ? მომისმინეთ, გინდათ, იმაში გამოვტყდე, რასაც სიკვდილისწინა ზიარებაზეც არ ვიტყვი?

მაშენკა დუმდა.

- მე ავიღე ჩემი ცოლის გულსაბნევი, - სწრაფად თქვა ნიკოლაი სერგეიჩმა. - ახლა რას იტყვით? დაკმაყოფილდით? ჰო... მე მოვპარე... ოღონდ, თქვენი თავდაჭერილობის იმედი მაქვს... თუ ღმერთი გწამთ, არავის უთხრათ, სიტყვაც არ წამოგცდეთ! განცვიფრებულმა და შეშინებულმა მაშენკამ განაგრძო ბარგის ჩალაგება. იღებდა თავის ნივთებს, ჭმუჭნიდა და უწესრიგოდ ყრიდა ზოგს ჩემოდანში, ზოგს კალათში. ახლა, მით უფრო, ნიკოლაი სერგეიჩის გულწრფელი აღსარების შემდეგ, მას ერთი წუთითაც აღარ შეეძლო დარჩენა. ვერ გაეგო, ან აქამდე როგორ ძლებდა ამ სახლში.

- გასაკვირი აქ არაფერია... - განაგრძო მცირეოდენი დუმილის შემდეგ ნიკოლაი სერგეიჩმა. - ჩვეულებრივი ამბავია! მე ფული მჭირდება, ის კი... არ მაძლევს. არადა, ეს სახლი და მთელი ეს ქონება მამაჩემის შეძენილია, მარია ანდრეევნა! ეს ყველაფერი ხომ ჩემია! ის გულსაბნევიც დედაჩემს ეკუთვნოდა... და საერთოდ, ჩემია ყველაფერი! ჩემმა ცოლმა მიისაკუთრა მხოლოდ... დამეთანხმებით, ალბათ, სასამართლოში ხომ ვერ ვუჩივლებ... დაბეჯითებით გთხოვთ, მაპატიეთ და... დარჩით, გთხოვთ. Tout comprendre, tout pardonner. დარჩებით?

- არა! - გადაჭრით მიუგო მაშენკამ და აკანკალდა. - თავი დამანებეთ, გემუდარებით!

- რას ვიზამ, ღმერთი გფარავდეთ! - ამოიოხრა ნიკოლაი სერგეიჩმა და ჩემოდნის გვერდით, პატარა სკამზე ჩამოჯდა. - გამოგიტყდებით, მიყვარს ისეთი ადამიანები, რომელთაც ჯერ კიდევ შესწევთ ძალა, შეურაცხყოფის გამო აღშფოთდნენ, ზიზღი და სიძულვილი გამოხატონ... წლობით ვიჯდებოდი ასე და ვუყურებდი თქვენს ბრაზმორეულ სახეს... მაშ, არ რჩებით, არა? მესმის თქვენი... სხვანაირად არც შეიძლებოდა... ჰო, რა თქმა უნდა... თქვენ რა გიჭირთ, მე ვიკითხო - აქაურობა მზარავს!.. ფეხს ვერ მოვიცვლი ამ დილეგიდან, თორემ წავიდოდი ჩემ რომელიმე მამულში. იქაც ყველგან ჩემი ცოლის კუდები არიან... მოურავები, აგრონომები, ეშმაკსაც წაუღია ყველა! აგირავებენ ყველაფერს, თანაც მერამდენედ... თევზის დაჭერა არ შეიძლება, არც ბალახის გათელვა, ტოტს ვერ მოტეხავ ხეს...

- ნიკოლაი სერგეიჩ! - მოისმა დარბაზიდან ფედოსია ვასილევნას ხმა. - აგნია, ბატონს დამიძახე!

- მაშ, მიდიხართ, არა? - ამ სიტყვებთან ერთად წამოხტა ნიკოლაი სერგეიჩი და კარისკენ გაემართა. - რომ დარჩებოდეთ, ეეეჰ... საღამოობით შემოგივლიდით... ვისაუბრებდით ხოლმე. არ წახვიდეთ, რა? წახვალთ და ამ სახლში ერთი ადამიანური სახეც აღარ დარჩება. ეს ხომ საშინელებაა! ნიკოლაი სერგეიჩის ფერწასული, მოღლილი სახე მუდარით შეჰყურებდა ქალს, მაგრამ მაშენკამ უარის ნიშნად თავი გააქნია, კაცმა ხელი ჩაიქნია და გავიდა.

ნახევარი საათის შემდეგ მაშენკა უკვე გზაში იყო.

ბიჭები

- ვალოდია ჩამოვიდა! - დაიძახა ვიღაცამ ეზოში.

- ვალოდიჩკა ჩამოსულა! - კივილით შემოვარდა სასადილოში ნატალია. - ოჰ, ღმერთო ჩემო!

       კოროლიოვების მთელი ოჯახი, წუთი-წუთზე რომ ელოდა ვალოდიას ჩამოსვლას, ფანჯრებს ეცა. შემოსასვლელთან განიერი მარხილი იდგა და თეთრი ცხენების სამეულს ოხშივარი ასდიოდა. მარხილი ცარიელი იყო, რადგან ვალოდია უკვე წინკარში იდგა და დაწითლებული გათოშილი თითებით ყაბალახს იხსნიდა. მისი გიმნაზიური პალტო, ქუდი, კალოშები და თმა საფეთქლებზე ჭირხლს დაეფარა და მთელი ვალოდია, თავიდან ფეხებამდე, თოვლის ისეთ საამო სუნს აფრქვევდა, რომ მის შემყურეს გაყინვა მოუნდებოდა და ყინვის წარმოდგენაზე სასიამოვნოდ გააჟრჟოლებდა. დედა და დეიდა საკოცნელად და ჩასახუტებლად მისცვივდნენ. ნატალია ფეხებზე ეცა და ჩექმების გახდა დაუწყო. დებმა ჭყივილი ასტეხეს, აჭრიალდა და აბრახუნდა კარი. მამა ჟილეტის ამარა, მაკრატლით ხელში, მოვარდა წინკართან და დაფეთებულმა შეჰყვირა: - ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ გელოდით! ხომ კარგად იმგზავრე? მშვიდობიანად მოაღწიე? ღმერთო ჩემო, ბოლოსდაბოლოს, მოუშვით ჩემამდე! მამა ვარ, თუ...?

- ჰამ, ჰამ - ბოხი ხმით ჰყეფდა მილორდი, უზარმაზარი შავი ნაგაზი, და კედლებსა და ავეჯს კუდს უბათქუნებდა. ეს ყველაფერი ერთ უწყვეტ, ხალისიან ჟღერადობად იქცა და ორი წუთის განმავლობაში გაისმოდა. როცა სიხარულის პირველი ამოფრქვევა ოდნავ ჩაცხრა, კოროლიოვებმა მაშინღა შენიშნეს, რომ წინკარში ვალოდიას გარდა კიდევ ერთი პატარა კაცი იმყოფებოდა: წამოსასხამში, ყაბალახსა და თავშალში გახვეული ჭირხლით დაფარულიყო და უძრავად იდგა შემოსასვლელის კუთხეში - ჩრდილში, რომელსაც მელიის უზარმაზარი ქურქი გამოსცემდა.

- ვალოდია, ეს ვინ მოგვიყვანე? - ჰკითხა ჩურჩულით დედამ.

- უი, მართლა! - გაახსენდა ვალოდიას, - ნება მომეცით წარმოგიდგინოთ, ჩემი ამხანაგი, ჩეჩევიცინი, მეორე კლასის მოსწავლე... ჩვენთან სტუმრად ჩამოვიყვანე.

- ძალიან მიხარია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! - მხიარულად უთხრა ვალოდიას მამამ, - უკაცრავად, შინაურულად დაგხვდით, უსერთუკოდ... მობრძანდით, გეთაყვა! ნატალია, ბატონ ჩერეპიცინს გახდაში მიეხმარე! ღმერთო ჩემო, ვინმემ მაინც გააგდოს ეს ძაღლი, ეს რა სასჯელია! სულ მალე, ხმაურიანი შეხვედრით გაბრუებული და ჯერ ისევ ყინვისგან ატკეცილი ვალოდია და მისი მეგობარი ჩეჩევიცინი, მაგიდასთან ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. ზამთრის მზე, თოვლგამოვლილი და ყინვის ნახჭებით დაფარული ფანჯრებიდან შემოჭრილი, სამოვარზე ციალებდა და კამკამა სხივებს ჭურჭლის სარეცხ ჯამში აჭყუმპალავებდა. ოთახში თბილოდა. ბიჭები გრძნობდნენ, რომ ტანში გამჯდარი სიცივე გარედან მოწოლილ სითბოს უღიტინებდა და არც ერთს არ სურდა მეორესთვის ადგილის დათმობა.

- აი, მალე ქრისტეშობა დადგება! - წართქმით თქვა მამამ და ჩამუქებული ჟღალისფერი თუთუნისგან პაპიროსი დაახვია. - თითქოს გუშინ იყო ზაფხული, დედა ტირილით რომ გაცილებდა. შენ კი უკვე ჩამოხვედი... დრო სწრაფად გადის, მეგობარო! თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, რომ უკვე სიბერე მოგიკაკუნებს კარზე! მიირთვით, ბატონო ჩიბისოვ, ნუ გერიდებათ! ჩვენთან ყველაფერი მარტივადაა.

       ვალოდიას დები: კატია, სონია და მაშა, - რომელთაგან უფროსი თერთმეტი წლის იყო, - მაგიდის გარშემო ისხდნენ და ახალ ნაცნობს თვალს არ აცილებდნენ. ჩეჩევიცინი ზუსტად ვალოდიას ხნის და სიმაღლის ჩანდა, მხოლოდ ვალოდიასავით თეთრი და ფუმფულა კი არ იყო, არამედ გამხდარსა და შავგვრემანს ჭორფლიანი სახე ჰქონდა; ჯაგარივით თმა, წვრილი თვალები, მსხვილი ტუჩები, ერთი სიტყვით, დიდი უშნო ვინმე იყო და, რომ არა გიმნაზიელის ქურთუკი, გარეგნულად მზარეულის შვილი გეგონებოდათ. ის დაბღვერილი იჯდა თავისთვის, ხმას არ იღებდა და არც ერთხელ არ გაუცინია. ამის შემხედვარე გოგოებმა სასწრაფოდ დაასკვნეს, რომ ის ძალიან ჭკვიანი და ნასწავლი ადამიანი უნდა ყოფილიყო. განუწყვეტლივ რაღაცაზე ფიქრობდა და ისე იყო ამ ფიქრში ჩაფლული, რომ როცა რამეს ჰკითხავდნენ, შეკრთებოდა ხოლმე, თავს გადააქნევდა და კითხვა გამიმეორეთო, თხოულობდა. დებს არც ის გამოპარვიათ, რომ სხვა დროს მხიარული და ენაწყლიანი ვალოდია, ამჯერად, ცოტას ლაპარაკობდა, საერთოდ არ იღიმებოდა და თითქოს არც სახლში დაბრუნება უხაროდა. სანამ ჩაის სვამდნენ, მხოლოდ ერთხელ გამოელაპარაკა დებს და ისიც - უცნაური სიტყვებით. მან სამოვარზე მიუთითა გოგოებს და უთხრა: - კალიფორნიაში, თურმე, ჩაის მაგივრად ჯინს სვამენ. ვალოდიაც ჩაფიქრებული ჩანდა. დროდადრო მეგობარ ჩეჩევიცინს ისე გადახედავდა ხოლმე, ცხადი იყო, საერთო ფიქრის საგანი ჰქონდათ.

       ჩაის შემდეგ ყველანი საბავშვო ოთახში გავიდნენ. მამა გოგონებთან ერთად მაგიდას მიუჯდა და გააგრძელა იმ საქმის კეთება, რაც ბიჭების ჩამოსვლამ შეაწყვეტინათ. ფერადი ქაღალდებისგან ნაძვისხისთვის ყვავილებსა და წნულებს ამზადებდნენ. ეს ერთობ გასართობი და ხმაურიანი სამუშაო იყო. ყოველ ახალ ყვავილს გოგოები აღტაცებული შეძახილებით ხვდებოდნენ, შეიძლება ითქვას, შიშნარევი შეყვირებებით, თითქოს ეს ყვავილები ზეციდან ცვიოდა. მამაც მათსავით ხარობდა და დროდადრო მაკრატელს გაგულისებით მოისროდა იატაკზე, აქაოდა დაჩლუნგდაო. დედა წამდაუწუმ შემორბოდა შეშფოთებული სახით და კითხულობდა: - ვინ აიღო ჩემი მაკრატელი, ისევ შენ, ივან ნიკოლაევიჩ?

- ღმერთო ჩემო, მაკრატელიც კი არ ემეტებათ! - პასუხობდა შეწუხებული ხმით ივან ნიკოლაიჩი, მიესვენებოდა სკამის საზურგეს და შეურაცხყოფილი ადამიანის სახეს იღებდა, მაგრამ წუთის შემდეგ ისევ აღტაცებაში მოდიოდა. წინა ჩამოსვლების დროს ვალოდიაც ყოველთვის ღებულობდა მონაწილეობას ნაძვისხის სათამაშოების მზადებაში, ან ეზოში გარბოდა იმის სანახავად, როგორ უკეთებდნენ მეეტლე და მწყემსი საციგაო გორას. ახლა კი ბიჭებს ზედაც არ შეუხედავთ ფერად-ფერადი ქაღალდებისთვის და ერთხელაც არ შესულან თავლაში. ფანჯარას მიუსხდნენ და ჩურჩული დაიწყეს. მერე ერთად გადაშალეს გეოგრაფიული ატლასი და რომელიღაც რუკას დაუწყეს თვალიერება.

- ჯერ პერმში... - ჩუმად ამბობდა ჩეჩევიცინი... - იქიდან ტიუმენში... მერე ტომსკში... მერე... მერე კამჩატკაზე... იქიდან სამოედები გადაგვიყვანენ ნავებით ბერინგის სრუტეზე... ესეც შენი ამერიკა... იქ ბევრი ბეწვიანი ნადირი იცის.

- კალიფორნია დაგავიწყდა? - ჰკითხა ვალოდიამ.

- კალიფორნია ქვემოთაა... მთავარია, ამერიკაში მოვხვდეთ, თორემ კალიფორნია სად წაგვივა. საკვებს ან ნადირობით მოვიპოვებთ, ან ძარცვით.

ჩეჩევიცინი მთელი დღე არ გაჰკარებია გოგოებს, მხოლოდ ქვეშ-ქვეშა მზერას ესროდა ხოლმე. საღამოს ჩაის შემდეგ მოხდა ისე, რომ რაღაც ხუთი წუთით მარტო დარჩა გოგოებთან. ჩუმად ყოფნა რომ ეუხერხულა, ჩაახველა, მარჯვენა ხელისგული მარცხენა ხელს გაუსვა, კატიას კუშტად მიაჩერდა და ჰკითხა: - მაინ რიდი წაგიკითხავთ?

- არა, არ წამიკითხავს... მოიცა ერთი, ციგურებით სრიალი თუ შეგიძლია?

თავის ფიქრებში ჩაფლულმა ჩეჩევიცინმა ამ კითხვაზე არაფერი უპასუხა. პასუხის მაგივრად ლოყები გამობერა და ისე ამოიხვნეშა, თითქოს დასცხაო. მერე ისევ მიაჩერდა კატიას და თქვა: - როცა ბიზონების ჯოგი პამპასებში გარბის, მიწა ზანზარებს, შეშინებული მუსტანგები კი ტლინკებს ყრიან და ჭიხვინებენ. ჩეჩევიცინმა ნაღვლიანად გაიღიმა და დაამატა: - ინდიელები მატარებლებს ესხმიან თავს, მაგრამ ყველაზე საშინელი იქ მოსკიტები და ტერმიტებია.

- ეგ რაღაა?

- ესენი ჭიანჭველებს ჰგვანან, ოღონდ ფრთები აქვთ. ძალზე მწარედ იკბინებიან. თქვენ იცით, მე ვინ ვარ?

- ბატონი ჩეჩევიცინი.

- არა. მე ვარ მონტიგომო ორბის კლანჭი, უძლეველთა ბელადი.

მაშამ, რომელიც გოგოებში ყველაზე უმცროსი იყო, ჯერ ჩეჩევიცინს შეხედა, მერე ფანჯარას, რომლის მიღმაც საღამო ახლოვდებოდა, და თავისთვის ჩაილაპარაკა: - ჩვენთან კი ოსპი გუშინ მოამზადეს. ჩეჩევიცინის მიერ წარმოთქმული სრულიად გაუგებარი სიტყვები, ბიჭების გაუთავებელი ჩურჩული, ისიც, რომ ვალოდია არ თამაშობდა და სულ რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული - ეს ყველაფერი ერთობ ამოუცნობი და უცნაური იყო. ამიტომ ორმა უფროსმა დამ, კატიამ და სონიამ, გადაწყვიტეს, ფხიზლად ედევნებინათ თვალყური ბიჭებისათვის. საღამოს, როცა ისინი დასაძინებლად წავიდნენ, გოგოები კართან მიიპარნენ და ყური მიუგდეს მათ ლაპარაკს. რომ იცოდეთ, რა მოისმინეს! ბიჭები სადღაც ამერიკაში გაპარვას აპირებდნენ ოქროს მოსაპოვებლად. მათ უკვე ყველაფერი მზად ჰქონდათ გასამგზავრებლად: პისტოლეტი, ორი დანა, ორცხობილა, გამადიდებელი შუშა ცეცხლის გასაჩაღებლად, კომპასი და ოთხი მანეთი ფულად. გოგოებმა შეიტყვეს, რომ ბიჭებს ფეხით მოუხდებათ რამდენიმე ათასი ვერსის გავლა, გზად კი ვეფხვებსა და ველურებს შეებრძოლებიან, მოიპოვებენ ოქროს და სპილოს ძვალს, დახოცავენ მტრებს, ზღვის ყაჩაღები გახდებიან, ჯინის სმას დაიწყებენ, დაბოლოს, დაქორწინდებიან მზეთუნახავებზე და შეუდგებიან პლანტაციების გაშენებას. ეშხში შესული ბიჭები ერთმანეთს ლაპარაკს აღარ აცლიდნენ. ჩეჩევიცინი თავის თავს „მონტიგომო ორბის კლანჭს“ უწოდებდა, ვალოდიას კი - „ჩემ ფერმკრთალსახიან ძმას“

- იცოდე, დედასთან არ წამოგცდეს, - გააფრთხილა კატიამ სონია, როცა დასაძინებლად გაეშურნენ, - ვალოდია ამერიკიდან ოქროსა და სპილოს ძვალს ჩამოგვიტანს. და თუ შენ დედას ეტყვი, არ გაუშვებენ. ნათლისღების წინა დღეს ჩეჩევიცინი მთელი დღე აზიის რუკას ჩასჩიჩინებდა და რაღაცას ინიშნავდა. ვალოდია კი - მოთენთილი, დანესტრილივით გასიებული, დაძმარებული სახით დაბორიალობდა ოთახებში და პირს არაფერს აკარებდა. მერე საბავშვო ოთახში ხატის წინ გაჩერდა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა: - ღმერთო, მაპატიე ეს ცოდვა! ღმერთო, დაიფარე ჩემი საწყალი, უბედური დედა!

       საღამოს ბიჭმა ცრემლები ვეღარ შეიკავა. დაძინების წინ დიდხანს ეხვეოდა დედ-მამასა და დებს. კატიამ და სონიამ იცოდნენ, რაც ხდებოდა. პატარა მაშა კი ვერაფერს ხვდებოდა, სრულებით ვერაფერს, და მხოლოდ ჩეჩევიცინს როცა შეხედავდა, ჩაფიქრებული აღმოთქვამდა ხოლმე: - გადიამ გვითხრა, მარხვის დროს ოსპი და მუხუდო უნდა ჭამოთო. ნათლისღებას, კატია და სონია დილაადრიან ჩუმად ადგნენ საწოლებიდან და ბიჭების კარს მიადგნენ იმის სანახავად, თუ როგორ გაიპარებოდნენ ისინი ამერიკაში.

- მაშ, არ წამოხვალ? - გაბრაზებული ხმით ეკითხებოდა ჩეჩევიცინი. - თქვი: არ მოდიხარ?

- ღმერთო! - სლუკუნებდა ვალოდია, - როგორ წამოვიდე? დედა მეცოდება!

- ჩემო ფერმკრთალსახიანო ძმაო, გთხოვ, წამოხვიდე! აკი მარწმუნებდი, წამოვალო. შენ თვითონ მაქეზებდი, ახლა კი, წასვლაზე რომ მიდგა საქმე, შეგეშინდა.

- მე... არ შემშინებია... უბრალოდ... დედა მეცოდება.

- შენ ის მითხარი: წამოხვალ თუ არა?

- წამოვალ, ოღონდ... ცოტა დამაცადე... ცოტახანს კიდევ მინდა სახლში ყოფნა.

- მაშინ, მარტო წავალ! - გადაწყვიტა ჩეჩევიცინმა. - უშენოდაც მოვახერხებ რამეს. ასე აპირებდი ვეფხვებზე ნადირობას?! თუ ასეა, ეხლავე დამიბრუნე ჩემი ფისტონები! ვალოდია ისე მწარედ ატირდა, რომ დებმაც ვერ შეიკავეს თავი და ჩუმად აზლუქუნდნენ. ბიჭებთან სიჩუმე ჩამოვარდა.

- მაშ, აღარ მოდიხარ? - ერთხელ კიდევ ჰკითხა ჩეჩევიცინმა.

- წა... წამოვალ.

- თუ მოდიხარ, ჩაიცვი!

და ჩეჩევიცინი ვალოდიას გასამხნევებლად ენად გაიკრიფა: აქებდა ამერიკას, ვეფხვივით ღრიალებდა, ჰბაძავდა ორთქლმავალს, ილანძღებოდა, ვალოდიას ჰპირდებოდა - მთელ სპილოს ძვალს შენ დაგითმობ, ლომის და ვეფხვის ტყავიც შენი იყოსო. და ეს გამხდარი შავტუხა ბიჭი, ჯაგარივით თმითა და ჭორფლიანი სახით, გოგოებს არაჩვეულებრივად და ზეაღმატებულად წარმოუდგათ. ის იქცა გმირად, გაბედულ და შეუპოვარ მამაკაცად; ისე ღრიალებდა, რომ კარსუკან მდგომ ადამიანს მართლაც შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ეს ნამდვილად ლომისა ან ვეფხვის ხმა იყო.

       როცა გოგონები ოთახში დაბრუნდნენ და ჩაცმა დაიწყეს, კატიამ ცრემლიანი თვალებით ესღა თქვა: - ოი, რომ იცოდე, როგორ მეშინია! ორ საათამდე, ანუ სადილობამდე, სიწყნარე იყო, მაგრამ სადილად რომ დასხდნენ, ბიჭები მოიკითხეს და სახლში არ აღმოჩნდნენ. გაგზავნეს კაცი საფარეშოში, საჯინიბოში, ფლიგელში მოურავთან - არსად ჩანდნენ. სოფელში მოიკითხეს - იქაც ვერ მიაგნეს. მერე ჩაიც მათ გარეშე დალიეს, ხოლო ვახშმად რომ სხდებოდნენ, დედა უკვე ძალიან წუხდა და ტიროდა კიდეც. ღამით ისევ წავიდნენ სოფელში, ეძებეს, მდინარეზეც იყვნენ ფარნებით. ღმერთო, რა აურზაური ატყდა! მეორე დღეს ბოქაული ჩამოვიდა. სასადილოში რაღაც არზა შეადგინეს. დედა ქვითინებდა. მალე პარმაღთან მარხილი გაჩერდა და თეთრი ცხენების სამეულს ოხშივარი აუვიდა.

- ვალოდია ჩამოვიდა! - დაიძახა ვიღაცამ ეზოში.

- ვალოდიჩკა ჩამოსულა! - კივილით შეიჭრა ნატალია სასადილოში.

მილორდიც აყეფდა თავისი ბასით: - ჰამ, ჰამ. ბიჭები ქალაქში დაუკავებიათ, ქარვასლის ეზოში (დადიოდნენ თურმე და ყველას ეკითხებოდნენ, სად იყიდებოდა თოფის წამალი). ვალოდია წინკარში შესვლისთანავე აღრიალდა და დედას კისერზე ჩამოეკიდა. დები შიშისაგან კანკალებდნენ იმის მოლოდინში, თუ რა მოხდებოდა, რადგან ნახეს, რომ მამამ ბიჭები კაბინეტში შეიყვანა და იქ დიდხანს ესაუბრა. ელაპარაკა და იტირა დედამაც.

- აბა, ეს როგორ შეიძლებოდა? - ირწმუნებოდა მამა. - ღმერთმა ნუ ქნას, გიმნაზიაში გაიგონ თქვენი ამბავი, მაშინვე გამოგრიცხავენ. გრცხვენოდეთ, ბატონო ჩეჩევიცინ! ასე არ ივარგებს! თქვენ ხართ ამ ამბის მოთავე და, მჯერა, რომ მშობლები სათანადოდ დაგსჯიან! ასე როგორ იქნება! სად გაათიეთ ღამე?

- სადგურზე! - ამაყად უპასუხა ჩეჩევიცინმა.

მერე ვალოდია იწვა და შუბლზე ძმრიან პირსახოცს ადებდნენ. სადღაც ტელეგრამა გაგზავნეს და მეორე დღეს ერთი ქალბატონი ეწვიათ - ჩეჩევიცინის დედა, და შვილი წაიყვანა. წასვლის წინ ჩეჩევიცინს პირქუში და მედიდური გამომეტყველება ჰქონდა. გამომშვიდობებისას გოგოებისთვის სიტყვაც არ უთქვამს. ეს კია, კატიას რვეული გამოართვა და სამახსოვროდ ჩაუწერა: - „მონტიგომო ორბის კლანჭი“.

1887


იხილეთ ანტონ ჩეხოვის სხვა მოთხრობები: ანტონ ჩეხოვი - მოთხრობები

ნახვა: 5046

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters