გი დე მოპასანი
ორლა
8 მაისი – რა შესანიშნავი დღეა! მთელი დილა ბალახზე ვიყავი გაშოტილი ჩემი სახლის წინ, უზარმაზარი ჩინარის ძირში. სახლი ხის ჩრდილშია შეყუჟული და ხეც კრუხივით გადაფოფრებია თავს. მიყვარს ეს მხარე. აქ ცხოვრებაც მიყვარს, რადგან სწორედ აქაა ჩემი ფესვები, ღრმა და სათუთი ფესვები, რომელიც ადამიანს იმ მიწასთან აკავშირებს, სადაც ერთ დროს იშვნენ და მერე მიიცვალნენ მისი წინაპრები, აკავშირებს იმასთან, რასაც ფიქრობს ან რითაც იკვებება, ზნე-ჩვევებთან, კუთხურ სიტყვა-პასუხთან, გლეხურ გამოთქმასთან, მიწის სურნელთან, სოფლებთან და თვით ჰაერთან. მე მიყვარს სახლი, სადაც დავიბადე და ფეხი ავიდგი. ფანჯრიდან სენას ვხედავ. მდინარე აქვე, ბაღის გასწვრივ მიედინება; ასე მგონია, ჩემს ოთახზე გადის-მეთქი... წყალუხვი, აღმა-დაღმა მოსრიალე გემებით დახუნძლული ფართო სენა, რომელიც რუანიდან ჰავრისკენ მიეშურება. მარცხნივ, იქით, რუანია... ლურჯი სახურავები, ცად ასხლეტილი გოთური სამრეკლოები და ტაძრების ამაყად აწვერილი კოშკები. ზოგი სამრეკლო ჰაეროვანია, ზოგიც მედიდური. ურიცხვი ზარი, დილაობით ხასხასა ლურჯ ჰაერს აზანზარებს. მე ჩამესმის მათი ნაზი და შორეული ბუბუნი. ბრინჯაოს სიმღერა ნიავს მოჰყვება. თუ კარგად დაუბერა – ძლიერი, ყურისწამღები: ზოგჯერ კი უქარობისას – მოგუდული და მიმქრალი. ვიშ, რა დილაა! თერთმეტ საათზე ჩემი ეზოს მესერთან გემების ქარავანმა ჩაიარა. ქარავანს ნეხვის ბუზივით გაბერილი ბუქსირი მიათრევდა: მეტი ჯაფისგან ხრიალებდა და ხშირ, შავ კვამლს ბოლქვებად უშვებდა. ორ ინგლისურ კარჭაპს, რომელთა წითელ ბაირაღებს ქარი ათამაშებდა, დიდებული ბრაზილიური სამანძიანი გემი მოჰყვებოდა. გემი თეთრად ქათქათებდა და მზეზე ბრწყინავდა. მე ხელი ავწიე და მივესალმე. არ ვიცი კი რატომ. შეიძლება იმიტომ, რომ კარგი რამ სანახავი იყო. 12 მაისი – ეს რამდენიმე დღეა, სიცხე მაქვს. თავს კარგად ვერ ვგრძნობ, უფრო ზუსტად კი კაეშანმა დამრია ხელი. მაცოდინა მაინც, საიდან მოდის ეს იდუმალი ძალა, რომელიც ბედნიერებას უბედობად აქცევს, ნებისყოფას კი უიმედობას უნაცვლებს? კაცი იფიქრებს, თვით ჰაერია გაჟღენთილი ამ შეუცნობელი ძალებით, რომელთა უჩინარი მეზობლობა ესოდენ ავბედით გავლენას ახდენს ჩვენზე. დღეს ბედნიერ ფეხზე ავდექი. ისე ამიტაცა სიხარულმა, რომ ცოტაც და ავმღერდებოდი – რატომ? წყლის პირას ჩავედი. აი, ახლა კი ხანმოკლე გასეირნების შემდეგ, ისეთი მისავათებული ვბრუნდები, თითქოსდა შინ საშინელი უბედურება მომელოდეს. რატომ? ნუთუ სიცივემ შეატანა ძვალ-რბილში და სული ამიფორიაქა? იქნებ ღრუბელთა სრბოლამ, დღის ნათელმა და საგანთა თვალშეუვლებმა ფერისცვალებამ ამიწეწა აზრები? ისიც ხომ შეიძლება, რომ ყოველივე, რაც გარს გვარტყია, რასაც ვუყურებთ და ვერ კი დაგვინახია, ვეხებით და ვერ კი მოგვიხელთებია, ჩვენს გრძნობებზე და მერე უკვე მათი მეშვეობით ჩვენს აზრებზეც და ჩვენს გულზეც რაღაც წამიერ, საოცარ და აუხსნელ ზემოქმედებას ახდენს? ო, რაოდენ ღრმაა უჩინარი ძალის ეს იდუმალება! როგორ გინდა ჩაწვდე ამ უძირო უფსკრულს ჩვენი უსუსური გრძნობებით? ჩვენი თვალი ხომ ვერც უმცირესს რამეს არჩევს და ვერც ერთობ დიდს, ვერც ძალზედ დაახლოებულს და ვერც ძალზედ დაშორებულს. ვერც ვარსკვლავთ ბინადართ ჭვრეტს და ვერც წყლის წვეთში მოქცეულ სამყაროს. ჩვენი ყურიც ხომ წამდაუწუმ გვაცდუნებს, რამეთუ ჰაერის უმცირეს თრთოლვასაც კი ხმამაღალ ბგერებად წარმოგვიდგენს: ზღაპრული ფერიის მსგავსად, რაღაც სასწაულით, ჰაერის რხევას ხმაურად აქცევს და ამ სახეცვლის წყალობით მუსიკას ბადებს. მუსიკა კი, თავის მხრივ, ბუნების იდუმალ ნანავს სიმღერად გარდაქმნის. ადამიანის ყნოსვაც ხომ ძაღლის ყნოსვაზე გაცილებით სუსტია. გემოსაც ვერ დაენდობი! ის კი არადა, ღვინის წლოვანებაც ვერ გაგვირჩევია! რა იქნებოდა, გამჩენს სხვა გრძნობებიც მოეცა, რომლებიც ჩვენდა საბედნიეროდ, სასწაულს მოახდენდა და ჩვენ ირგვლივ განფენილ უთვალავ საიდუმლოს ფარდას ახდიდა. 16 მაისი – ეჭვიც არ მეპარება, რომ ავად ვარ. არადა, ეს ბოლო თვე კარგად ვიყავი! ციება შემეყარა, საშინელი ციება, უფრო ზუსტად, ნერვიული ციება, რომელიც ჩემს სულსაც ისე ტანჯავს, როგორც სხეულს. ვერსად ვემალები გარდაუვალი ხიფათის საშინელ განცდას, რომელიც არ ვიცი საიდან მომიხტება. ვერც სიკვდილის შიშს, რომელიც აქვეა, სულ ახლოს, ვერც შეუცნობელ უბედურების მოლოდინს, რომელიც ჩემს სისხლსა და ხორცში თესლივით ღვივდება. 18 მაისი – ეს-ეს არის ჩემს ექიმს გავესინჯე და შევჩივლე, ძილი გამიტყდა-მეთქი. მაჯაც აჩქარებული გაქვს და თვალის გუგაც გაგფართოებიაო, მითხრა. მაგრამ საგანგაშო ვერაფერი ნახა... მირჩია, ცივ წყალში იბანავე და კალიუმის ბრომი დალიეო. 25 მაისი – არავითარი ცვლილება! მართლაცდა, საოცრება მემართება! საღამო ჩამოწვება თუ არა, შეუცნობელი შფოთი მეუფლება, თითქოსდა ღამე საშინელ უბედურებას მიმზადებდეს. ნაჩქარევად წავიხემსებ, მერე ვცდილობ წიგნი ვიკითხო, მაგრამ სიტყვების აზრს ვერ ვწვდები, ძლივს თუ ვარჩევ ასოებს. ოთახში ბოლთას ვცემ და დაუძლეველი შიში მომეძალება... ძილისა და საწოლის შიში... ათ საათზე საწოლ ოთახში ავდივარ, შევალ თუ არა, წამსვე კარს გადავრაზავ და ურდულს ვუყრი – მეშინია... რისი? აქამდე ხომ არაფრისა მეშინოდა. კარადას ვაღებ, საწოლის ქვეშ ვიხედები, მივაყურადებ, ვუსმენ... რას? განა საოცარი არ არის, რომ რაღაც სულ უბრალო სისუსტე, მცირე ნერვული გაღიზიანება, ჩვენი არცთუ ისე სრულქმნილი სხეულის ჩვეული რიტმის წამიერი დარღვევა, ლაღ და გულად კაცს მელანქოლიკად და ლაჩრად აქცევს? მერე ვწვები და ისე ველი ძილს, როგორც სიკვდილმისჯილი თავის ჯალათს – ველი და მაშინებს მისი მოსვლა, გული ყელში მებჯინება, მუხლები მიცახცახებს: მთელი სხეულით ვკანკალებ საბნის სიმხურვალეში, სანამ ერთბაშად არ დავინთქები სიმშვიდის სამეუფოში, მსგავსად იმ თვითმკვლელისა, რომელსაც თავის დახრჩობა განუზრახავს და მორევში ვარდება. უწინდებურად ვეღარ ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება ცბიერი ძილი, აქამდე სადღაც ჩემ გვერდით მიყუჟული, რომელიც ერთხანს მითვალთვალებს, მერე ერთბაშად მომვარდება, თვალებს მიხუჭავს და არყოფნის ბნელეთში მომისვრის. მძინავს – დიდხანს – ორი თუ სამი საათი – შემდეგ სიზმარი – არა, საშინელი ზმანება მიხუთავს სულს... კარგად ვგრძნობ, რომ ვიღაც მიახლოვდება, მიყურებს, ხელს მიფათურებს, საწოლზე მობობღავს, ხელებს ყელში ჩამავლებს და მიჭერს, მიჭერს მთელი ძალითა და ღონით, თითქოს ჩემს დახრჩობას ლამობსო. მე კი ვებრძვი, თუმცა ის საშინელი უძლურება, სიზმარში რომ შევიგრძნობთ ხოლმე, ხელ-ფეხს მიბორკავს: ყვირილი მინდა – ხმა არ მომდევს, მინდა გვერდი ვიცვალო – თითსაც ვერ ვანძრევ: სუნთქვაშეკრული სხეულს ვძაბავ და მსურს გავიბრძოლო, რომ ეს საშინელი არსება მოვისროლო, რომელიც მახრჩობს და მსრესს – არაფერი გამომდის. ერთბაშად ვიღვიძებ, ოფლში გახვითქული, გონებაარეული. სანთელს ვანთებ. მარტო ვარ. ამ ზმანების შემდეგ, რომელიც ყოველღამ მეორდება, მშვიდად და უდრტვინველად ვიძინებ გათენებამდე. 2 ივნისი – უარესად ვარ. რა მემართება? ბრომი არაფერს მშველის, არც შხაპი. ზოგჯერ, ისედაც მისუსტებული სხეული კიდევ მეტად რომ გავთანგო, რუმარის ტყეში ვსეირნობ. თავდაპირველად ისიც ვიფიქრე, ბალახისა და ფოთლების სურნელით გაჟღენთილი სუფთა და ლბილი ჰაერი ძარღვებში ახალ სისხლს ჩამისხამს, – გულს კი მაცოცხლებელ წვენს მიაწვდის-მეთქი. ჩვეულებისამებრ მონადირეთა ხეივანს დავუყევი. შემდეგ ვიწრო ბილიკით ბიუსკენ გავწიე, ბილიკს ორთავე მხარეს უზარმაზარი ხეები შემოჯაროდა და მათი ხშირი ფოთლები მუქ-მწვანე თაღად გადახლართულიყო ჩემსა და ზეცას შორის. უეცრად, ჟრჟოლამ დამიარა. არა, სიცივისა არ იყო, კაეშნის უცნაურ შემოტევას უფრო ჰგავდა. ნაბიჯს ავუჩქარე, ტყეში მარტოობისა შემეშინდა. უმიზეზო შიში იყო, სულელური, სრული სიმარტოვისას რომ განიცდის კაცი, სწორედ ისეთი. მომეჩვენა, რომ ვიღაც ფეხდაფეხ მომდევდა, სულ ახლოს, სადაცაა ხელსაც მტაცებდა. ერთბაშად შემოვბრუნდი. არავინ იყო. ჩემ უკან მხოლოდ სწორ და ფართო ხეივანს ვკიდე თვალი. მაღალი ხეებით შემოსაზღვრული ხეივანი შიშისმომგვრელად ცარიელი მეჩვენა. ჩემ წინაც იგივე ხეივანი გადაჭიმულიყო, უსასრულოდ გრძელი და შიშისმომგვრელი. თვალები დავხუჭე. რატომ? ქუსლზე ტრიალი ვიწყე. უფრო და უფრო ავუჩქარე და ჩიკორივით დავბზრიალდი, ცოტაც და მიწაზე მოვადენდი ზღართანს. თვალები გავახილე. ჩემ გარშემო ხეები ფერხულს უვლიდნენ, ფეხქვეშ მიწა ირწეოდა. ხის ძირში ჩამოვჯექი. ახლა იმასაც ვეღარ ვიხსენებდი, როგორ აღმოვჩნდი აქ. უცნაურია, ღმერთმანი! აღარაფერი მესმოდა. ხელმარჯვნივ გავუხვიე და სწორედ იმ ხეივანში ამოვყავი თავი, რომელმაც ადრე შუა ტყეში შემიტყუა. 3 ივნისი – საშინელი ღამე! რამდენიმე კვირით სახლს გავერიდები. ხანმოკლე მოგზაურობა, იმედია, მიწამლებს. 2 ივლისი – განკურნებული ვბრუნდები შინ. სასიამოვნო მოგზაურობა კი იყო! სენ-მიშელის მთა მოვინახულე, რომელიც აქამდე არც მენახა. ერთი გაცოდინათ; რა სანახაობას გადააწყდება კაცი აი, ასე ჩემსავით, დღის მიწურულს რომ მიადგები ავრანშს. ქალაქი დაბალ გორაკებს შეჰფენია. წინ, თვალის გადაწვდენამდე, უზარმაზარი ყურე გადაჭიმულიყო... ორ დაშორიშორებულ ნაპირს შორის მოქცეული წყალი ნისლში ითქვიფებოდა. ამ უკიდეგანო, ყვითელი ყურეს შუაგულში კი, ოქროსფერი და მხურვალე ზეცის ქვეშ, ქვიშის კუნძულზე, პირქუში და წამახვილებული უცნაური მთა ამოზიდულიყო. ჩამავალი მზით აელვარებული ჰორიზონტის ფონზე მკვეთრად ისახებოდა ამ ფანტასტიკური კლდის პროფილი, რომელსაც თავზე ასევე ფანტასტიკური ძეგლი ედგა. ინათა თუ არა, მთისკენ გავუყევი. ზღვა ისეთივე მშვიდი დამიხვდა, როგორც წინადღით. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მთას, მით უფრო მკაფიოდ იკვეთებოდა ეს გასაოცარი სააბატო. რამდენიმე საათის შემდეგ დახვავებული ქვების უზარმაზარ მთას მივაღწიე. ქალაქი მთის კალთებზეა გაშენებული. მაღალი ტაძარი დაჰყურებს. ვიწრო, დაკლაკნილი ქუჩა ავათავე და უეცრად დედამიწის ზურგზე ღმერთის სადიდებლად აგებულ ყველაზე სრულქმნილ გოთურ სამლოცველოში აღმოვჩნდი. ერთი ქალაქის ოდენა ტაძარი იყო, დაბალთაღებიანი დარბაზებითა და ჰაეროვან სვეტებზე აზიდული დერეფნებით. კრძალვით შევდგი ფეხი ამ გიგანტური გრანიტის სამკაულში. მაქმანივით მსუბუქ ტაძარს უამრავი კოშკი და ნათელი სამრეკლო ამშვენებს. კოშკებზე ხვეული კიბეები ადის. დღეა თუ ღამე, ტაძარი ლოცვასავით აღავლენს ცისკენ უცნაური ქიმერებით, ეშმაკებით, ზღაპრული ცხოველებით და ჯერაც უხილავი ყვავილებით მოხატულ კოშკებს, რომლებიც მოჩუქურთმებული კამარებით გადაჭდობიან ერთმანეთს. ტაძრის ქიმზე რომ ავედი, ჩემს მეგზურ ბერს მოვუბრუნდი: „მამაო ჩემო, რა საამო უნდა იყოს აქ ცხოვრება!“ მან მიპასუხა: „ძლიერი ქარი იცის, ბატონო ჩემო“. ჩვენ საუბარს შევუყევით და თან მღელვარე ზღვას გადავყურებდით, რომელიც ქვიშნარს ლოკავდა და სანაპიროს ტალღების აბჯარს ასხამდა. ბერმა ამ მხარის ძველისძველი თქმულებები და არაკები მიამბო... ბევრი ლეგენდის მსმენელი გავხდი იმ დღეს. განსაკუთრებით ერთმა მათგანმა გამაოცა. აქაურები, უმეტესად მთიელები, ირწმუნებიან, თითქოს ღამით, ქვიშიან სანაპიროზე რაღაც ხმები ესმით, ხანდახან ორი თხაც გაბმულად პეტელობს, ერთი უფრო ხმამაღლა გაჰყვირის, მეორეს კი სუსტი ხმა აქვს. ურწმუნონი ამტკიცებენ, ეს ზღვის ფრინველთა ხმებიაო, ზოგჯერ თხის პეტელს ემსგავსება, ზოგჯერ კი – ადამიანის მოთქმასო. შეგვიანებული მეთევზეები კი იფიცებიან, ხშირად გვინახავს ქვეყნის კიდეზე გადაკარგულ ქალაქის კედლებთან, ქვიშის ბორცვებს შორის მოხეტიალე ვიღაც მოხუცი მწყემსი. თავ-პირი მოსასხამით აქვს შებურვილი. მოხუცი ორ თხას მიერეკება, ვაცს მამაკაცის სახე აქვს, ნეზვს კი ქალისა. ორთავეს გრძელი, თეთრი ბეწვი მოსავს. ისინი გაუთავებლად ლაპარაკობენ, რაღაც გაუგებარ ენაზე კამათობენ, მერე უცებ სიტყვას შეწყვეტენ და ხმამაღლა პეტელს მოჰყვებიან.
– თქვენ გჯერათ? – შევეკითხე ბერს.
– არ ვიცი, – წაიჩურჩულა მან.
მე სიტყვა გავაგრძელე: „თუკი დედამიწაზე ჩვენ გარდა კიდევ სხვა რამ სულიერნიც არსებობენ, აქმდე რატომ არაფერი გვსმენია მათზე? ან კი როგორ მოხდა, რომ არც თქვენ შეგხვედრიათ ისინი და არც მე?“ მან მიპასუხა: „ჩვენ ყოველი არსებულის ერთ მემილიონე ნაწილსაც ვერ ვხედავთ, ჩემო ბატონო. აი, თუნდაც ქარი ავიღოთ, ბუნების ყველაზე ძლიერი სტიქიონი. ქარი ადამიანებს მიწაზე სცემს, შენობებს ანგრევს, ხეებს ძირფესვიანად გლეჯს, ზღვას მთისოდენა ტალღებად აფოფრავს, კლდეებს ძირს უთხრის და დიდრონ გემებს მორევში ითრევს. ქარი ანგრევს, კივის, კვნესის, ღრიალებს – მაგრამ გინახავთ კი იგი, ან შეგიძლიათ მისი ხილვა? ჰოდა, ქარი ხომ მაინც არსებობს?“ რა უნდა მეპასუხა? ეს კაცი ან ბრძენი უნდა ყოფილიყო ან ბრიყვი. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. მეც ბევრი მიფიქრია იმაზე, რასაც ახლა იგი მეუბნებოდა. 3 ივლისი – ცუდად მეძინა. აშკარაა, რაღაც სენი ტრიალებს ამ მიდამოში იმიტომ, რომ ჩემი მეეტლეც ჩემსავით წუხს. გუშინ, შინ რომ დავბრუნდი, უცნაურად ფერმკრთალი დამიხვდა. ჟან, რა დაგმართნია-მეთქი? – ჩავეძიე.
– მოსვენება დავკარგე, ბატონო ჩემო. ღამეები დამიგრძელდა. მას შემდეგ, რაც გაემგზავრეთ, თითქოს ვიღაცამ გამთვალა. სხვა მსახურებს არაფერი ეტყობათ. მე კი მეშინია, ხელმეორედ არ მომიაროს ავადმყოფობამ. 4 ივლისი – ასეცაა, ისევ წამომიარა. ძველი ზმანებებიც დამიბრუნდა. ამ ღამეს ვიგრძენი, რომ ვიღაც ზემოდან მაზის, პირი პირთან მოუტანია და ჩემს სიცოცხლეს ისუნთქავს. დიახ, სწორედ რომ ასეა, წურბელასავით ისრუტავს. მერე, გული რომ იჯერა, ზეზე წამოდგა და მეც გამეღვიძა. გათანგულსა და სასომიხდილს განძრევის თავიც არ მქონდა. რამდენიმე დღეს კიდევ დავახანებ, ჰოდა, თუკი ყველაფერი თავიდან დაიწყება, უეჭველად გავემგზავრები. 5 ივლისი – ნუთუ ჭკუას გადავედი? იქ, რაც ამ ღამით მოხდა და რაც საკუთარი თვალით ვიხილე, იმდენად უცნაურია, რომ ახლაც გონზე ვერ მოვსულვარ. ამ ბოლო დროს დამჩემდა – ძილის წინ ოთახის კარს გულდაგულ ჩავრაზავ ხოლმე. ახლაც ასე მოვიქეცი. მერე, მომწყურდა და ნახევარი ჭიქა წყალი დავლიე. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ წყლის სურა პირამდე იყო სავსე. დავწექი თუ არა, წამსვე გადავეშვი საშინელ ზმანებაში, საიდანაც ორი საათის შემდეგ, რაღაც ბიძგმა გამომიყვანა. წარმოიდგინეთ კაცი, რომელსაც ძინავს და რომელსაც ძილში კლავენ. იგი იღვიძებს, ფილტვში დანა აქვს გაყრილი, ხროტინებს, პირიდან სისხლი სდის, ვეღარც სუნთქავს და სადაცაა სულს განუტევებს. თვითონაც არ იცის, რა მოსდის. აი, სწორედ ასე დამემართა. გონება მოვიკრიბე და ვიგრძენი, მწყუროდა. სანთელი ავანთე და მაგიდასთან მივედი, სადაც სურა მეგულებოდა. სურის ტუჩი ჭიქაზე დავხარე, მაგრამ წყალი არ გადმოიღვარა. სურა ცარიელი იყო. წვეთიც არ შერჩენილიყო ჭურჭელში. თავდაპირველად ვერაფერი ვიაზრე, მერე – ერთბაშად ისე ავღელდი, რომ იქვე, სკამზე დავენარცხე. მყისვე ფეხზე წამოვხტი და მიმოვიხედე. მერე გაოცებისგან და შიშისგან რეტდასხმული ისევ სკამზე დავჯექი და გამჭვირვალე სურას მივაშტერდი. ვუყურებდი და ვცდილობდი რამეს მივმხვდარიყავი. ხელები მიცახცახებდა. გამოდის, წყალი ვიღაცამ დალია! კი მაგრამ, ვინ? მე? რა თქმა უნდა, მე. აბა, სხვა ვინ იქნებოდა? მაშ, მთვარეული ვყოფილვარ და ეგაა. ეტყობა, აქამდე ისე ვცხოვრობდი, რომ ჩემი ორეულის არსებობა ეჭვადაც არ გამივლია. ორგვარი ცხოვრებით მიცხოვრია და ესაა. მეორე ცხოვრება სწორედ ის იდუმალი ყოფიერებაა, კაცს რომ გაფიქრებინებს, ჩემს არსებაში ორი პიროვნება შერწყმია ერთმანეთსო. შეიძლება ისიც იწამო, რომ ვიღაც უცნობს დაუსადგურებია შენს არსებაში, ვიღაც შეუცნობელს და უჩინარს. ჰოდა, როდესაც ჩვენი სული მიიძინებს, ის მეორეა, სწორედ ყველა ჩვენს ქცევას რომ განაგებს. ჩვენი სხეულიც მას ემორჩილება, ვინ იცის, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე ჩვენ. ვინ გაიგებს ჩემს გულისამრევ კაეშანს? ვინ გაუგებს კაცს, გონიერს, ეს-ესაა გამოღვიძებულს, შიშისგან გაფართოებული თვალებით რომ მისჩერებია წყლის სურას, რომელშიც წყალი თავისთავად დაწრეტილა? გათენებამდე ასე ვიჯექი. დაწოლა ვერ გავბედე. 6 ივლისი – მგონი, ვგიჟდები. ამ ღამითაც გამომიცალეს სურა. სხვა ვინ უნდა იყოს? მართლა მე დავლიე? მე ვიყავი? ან კი სხვა ვინ უნდა იყოს? ო, ღმერთო ჩემო! ნუთუ გავგიჟდი? ვინ მიშველის? 10 ივლისი – გასაოცარი ცდები ჩავატარე. ცხადია, გიჟი ვარ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობენ. 6 ივლისს, დაწოლის წინ, ჩემს მაგიდაზე ღვინო, რძე, წყალი, პური და მარწყვი შემოვდგი. წყალი და ცოტაოდენი რძე შეუსვამთ. იქნებ მე თვითონ შევსვი? არც ღვინისთვის და არც მარწყვისთვის ხელი არ უხლიათ. 7 ივლისს ცდა გავიმეორე. შედეგი იგივე იყო. 8 ივლისს წყალი და რძე აღარ დამიდგამს მაგიდაზე. ყველაფერი ხელუხლებელი დამხვდა. 9 ივლისს მხოლოდ წყალი და რძე დავტოვე. ჭურჭელი თეთრ ქსოვილში შევფუთე და თავი მაგრად მოვუკარი. მერე ტუჩებზე, წვერზე და ხელებზე გრაფიტი წავისვი და დავწექი. ღრმა ძილმა შემიპყრო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ისევ იმ უხეშმა ბიძგმა გამაღვიძა. ეტყობა, ძილში გვერდიც არ მიცვლია. საბანსაც არსად ეტყობოდა შავი ლაქები. მაგიდას მივვარდი. ბოთლების თეთრ შალითებს არაფერი ეტყობოდა. თოკს ვხსნიდი და თან შიშისგან ვკანკალებდი. მთელი წყალი შეუსვამთ! რძის ბოთლიც გამოუშრიათ! ო, ღმერთო დიდებულო!
ახლავე პარიზს მივემგზავრები! 12 ივლისი – აჰა, პარიზიც! ამ ბოლო დღეებმა ხომ სულმთლად ამირია გზა-კვალი. ეტყობა, საკუთარი წარმოსახვის ტყვედ ვიქეცი. თუკი, რა თქმა უნდა, მართლაც მთვარეული არა ვარ. ან იქნებ იმ აუხსნელი ძალის გავლენას განვიცდი, რომელსაც შთაგონებას უწოდებენ? ვინ იცის, შეიძლება ჩემი შიში სიგიჟეშიც კი გადაზრდილიყო, მაგრამ პარიზამდე ერთი დღე-ღამის მგზავრობამ ისევ ჩვეულ კალაპოტში ჩამაყენა. გუშინ მთელი დღე ქალაქში სირბილსა და ვიზიტებს მოვუნდი. ახალი სული შთამბერა თითქოს. საღამოს კომედი-ფრანსეზში ალექსანდრე დიუმა-შვილის პიესა ვნახე. დიუმას მძლავრი და მახვილი გონება მეც მადლად გადმომედო. ეჭვს გარეშეა, გამუდმებით ჯაფაში მყოფი გონებისათვის მარტოობა საშინელი სენია. ამიტომაა, რომ გვერდით ისეთი ადამიანებიც გვჭირდება, ვინც ფიქრობს და ნაფიქრალს სხვასაც უმხელს. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მარტონი ვრჩებით, სიმარტოვეს ჩვენივე ქიმერებით ვავსებთ. ერთობ მხიარულ გუნებაზე დავბრუნდი, ბულვარზე გავლით, სასტუმროში. ხალხის ტალღას მივაპობდი, გამვლელებს ვეხებოდი და ჩემი წინანდელი შიში და განცდები ახლა უკვე სასაცილოდ მეჩვენებოდა. არც ის მადარდებდა, რომ რაღაც უჩინარმა არსებამ ჩემს ჭერქვეშ დაიდო ბინა. ჩვენივე გონების სისუსტის ბრალი თუა, რომ უმნიშვნელო მოვლენა ეგრე ძალუმად აგვაფორიაქებს. იმის ნაცვლად, რომ თავს ვუთხრათ, არ მესმის იმიტომ, რომ მიზეზი ვერ მიპოვიაო, რას არ მოვიგონებთ და რა ზებუნებრივ ძალებს არ გამოვჩხრიკავთ ხოლმე! 14 ივლისი – რესპუბლიკის დღეა! ქუჩაში გავისეირნე, მაშხალები და დროშების ფრიალი ბალღივით მართობდა. ისე, დიდი სისულელე კია, იმხიარულო ერთ რომელიმე გარკვეულ დღეს და ისიც მთავრობის განკარგულებით. ხალხი ბრიყვების ბრბოა, ხან მონურად მორჩილი, ხან კი პირუტყვულად აღტყინებული. „მიდი, გაერთე“, – ეტყვიან და ისიც ერთობა. „მეზობელს მიუვარდი“, – თუ უბრძანეს, წამსვე საომრად გაემზადება. „ხმა მიეცი იმპერატორს!“ – ერთს შეუძახებენ და ისიც მზადაა. „ახლა რესპუბლიკას დაუჭირე მხარი“, – ეტყვიან და ამაზეც თანახმაა. ხალხის გამგებელნიც ბრიყვები არიან. მაგრამ ისინი ადამიანებს კი არა, – სულელურ, მწირ და ყალბ პრინციპებს ემორჩილებიან. პრინციპი, აბა, სხვაგვარ როგორ იქნება! ეს ხომ სწორედ ის იდეებია, რომელიც ადამიანებს უცილობელ და ურყევ კატეგორიებად დაუსახავთ, მაშინ როცა ამქვეყნად არავის არაფრისა სწამს, რამეთუ თვით სინათლეც და ხმაურიც ფუჭი ილუზიაა და სხვა არაფერი. 16 ივლისი – გუშინ ისეთი ამბის მოწმე გავხდი, რომ ახლაც გონს ვერ მოვსულვარ. ჩემს ბიძაშვილთან, ქალბატონ საბლესთან ვსადილობდი. მისი ქმარი ლიმოჟში დაბანაკებული 76-ე მსროლელი პოლკის მეთაურია. სადილზე ჩემ გარდა, ორი ახალგაზრდა ქალიც იყო მოწვეული. ერთის ქმარი, ექიმი პატანტი ნერვულ სნეულებებს იკვლევს. ამასთან ერთად ჰიპნოზისა თუ შთაგონების დროს აღნუსხულ არაჩვეულებრივ გამოვლენებსაც სწავლობს. ექიმი პატანტი ინგლისელი მეცნიერებისა და ნანსის სამედიცინო სკოლის ძიებათა სასწაულებრივ შედეგებზე გვესაუბრებოდა კარგა ხანს.
ექიმის მიერ მოხმობილი ფაქტები დაუჯერებელი მეჩვენა და უნდობლობის დამალვა არც მიცდია.
„ჩვენ, – განაცხადა ექიმმა, – სადაცაა აღმოვაჩენთ ბუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საიდუმლოს, უფრო ზუსტად ბუნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საიდუმლოს, რომელიც კი დედამიწის ზურგზე გვხვდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ბუნებას შეიძლება კიდევ სხვაგან სადმე ჰქონდეს საიდუმლოებანი, ვთქვათ, ვარსკვლავეთში. მას შემდეგ, რაც ადამიანმა აზროვნება იწყო და შეძლო გამოეთქვა ან დაეწერა საკუთარი აზრი, იგი გრძნობს, რომ მუდამ რაღაც საიდუმლოს ეხლება, რომელსაც თავისი უხეში და უსუსური გრძნობებით ვერ ჩასწვდომია. ჰოდა, ისიც ცდილობს გრძნობათა უკმარისობა გონების მცდელობით აინაზღაუროს. ადამიანური გონების განვითარების დაბალ საფეხურზე ამ უჩინარმა ფენომენმა საშიში და საზარელი სახე მიიღო. სწორედ აქედან იშვა ზებუნებრივი ძალების რწმენა, უმწიფარი გონების მიერ დაბადებული, ფერიებით, მოჩვენებებითა და ჯუჯებით სავსე უამრავი ლეგენდა და ზღაპარი. ცხადია, ღმერთის რწმენაც ამასვე ემყარება, რადგანაც სამყაროსა და ადამიანთა შემოქმედების ცნება, რომელ რელიგიასაც არ უნდა განეკუთვნებოდეს ის, დაშინებული ადამიანის გონების ნაყოფია და სხვა არაფერი. მოსწრებულად თქვა ვოლტერმა: „თუკი ღმერთმა სახითა თვისითა შეგვქმნა, ჩვენ სათანადო მივუზღეთ“, მაგრამ აი, უკვე მთელი საუკუნეა ახალი აღმოჩენის ზღურბლთან ვდგავართ. მესმერმა და სხვებმა აქამდე უხილავ გზაზე დაგვაყენეს და ეს ოთხი თუ ხუთი წელია განსაცვიფრებელ შედეგებს მივაღწიეთ“. ჩემი ბიძაშვილი ეჭვით აქნევდა თავს და იღიმებოდა. „გნებავთ დაგაძინოთ, ქალბატონო?“ – მიუბრუნდა ექიმი პატანტი ქალს. „კეთილი ინებეთ, ბატონო“, – გაეპასუხა ჩემი ბიძაშვილი და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა. ექიმმა თვალი თვალში გაუყარა და სეანსი დაიწყო. მე შევცბუნდი, გული ამიძგერდა და ნერწყვი გამიშრა. კარგად ვხედავდი, როგორ ჩამოუგრძელდა სახე ჩემს ბიძაშვილს, მერე პირიც გვერდზე მოექცა და ძალუმად სუნთქვას მოჰყვა. ათი წუთის შემდეგ მადამ საბლეს ღრმა ძილით ეძინა. „უკან დაუჯექით“, – მითხრა ექიმმა. მე ქალის უკან დავჯექი. ექიმმა ქალს სავიზიტო ბარათი ჩაუდო ხელში: – ეს სარკეა, რას ხედავ შიგ?!
– ჩემს ბიძაშვილს, – უპასუხა ქალმა.
– რას აკეთებს?
– ულვაშს იწიწკნის.
– ახლა?
– ჯიბიდან ფოტოსურათს იღებს.
– რა სურათია?
– საკუთარი ფოტოა.
დიახაც, რომ ასე იყო! ეს სურათი სწორედ იმ საღამოს გადმომცეს სასტუმროში.
– როგორ გამოიყურება თქვენი ბიძაშვილი?
– ფეხზე დგას, ხელში ქუდი უჭირავს.
ქალი ამ თეთრ, გლუვ სავიზიტო ბარათში ისე ხედავდა, თითქოს მართლა სარკე ეკავა ხელში
„გეყოფათ, გეყოფათ!“ – აკივლდნენ შეშინებული ქალები. მაგრამ ექიმი თავისას არ იშლიდა: „ხვალ, 8 საათზე ადგებით, შემდეგ თქვენს ბიძაშვილს ეახლებით სასტუმროში და იმ 5000 ფრანკს დაესესხებით, რომელსაც მეუღლე გთხოვდათ თავისი მომავალი მოგზაურობისთვის“. მხოლოდ ამის შემდეგ გააღვიძა ექიმმა ქალი. სასტუმროში რომ ვბრუნდებოდი, სულ ეს უცნაური სეანსი მედგა თვალწინ. ჩემი ბიძაშვილის გულწრფელობაში, რა თქმა უნდა, ეჭვს ვერ შევიტანდი. მას ხომ ბავშვობიდან ვიცნობდი და დასავით მიყვარდა. ექიმმა თუ იცუღლუტა-მეთქი, ვფიქრობდი. შეიძლება სადმე სარკეც ჰქონდა დამალული და ჩემდა უჩინრად, მიძინებულ ქალს ბარათთან ერთად შეაჩეჩა. განა მარჩიელები ამაზე უარესს არ სჩადიან? სასტუმროში დავბრუნდი და დავწექი. ამ დილით რვის ნახევარზე მოახლემ გამაღვიძა: „ქალბატონი საბლე თქვენს ნახვას ითხოვს: გადაუდებელი საქმე მაქვსო – მოგახსენათ“.
ნაჩქარევად ჩავიცვი და სტუმარს შევეგებე.
ქალი შეწუხებული ჩანდა: პირბადე არ აუწევია და თავდახრილი მელაპარაკებოდა: – ძვირფასო ძმაო, ერთი დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან.
– გისმენთ.
– მრცხვენია კი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც უნდა გავბედო. 5000 ფრანკი მჭირდება გადაუდებლად.
– თქვენ გჭირდებათ?
– დიახ, მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ – ფულის შოვნა ჩემმა მეუღლემ დამავალა.
ისე ვიყავი გაოცებული, რომ პასუხად არც კი ვიცი რა წავილუღლუღე. ისიც კი გავიფიქრე, ჩემმა ბიძაშვილმა და ექიმმა პირი ხომ არ შეკრეს და ჩემი გაცურება ხომ არ ისურვეს-მეთქი. ადრევე შემზადებულ და ზუსტად გამიზნულ ხუმრობას ჰგავდა ეს ყველაფერი. მაგრამ ბიძაშვილს რომ შევხედე, უკანასკნელი ეჭვიც გამიქარწყლა. ქალი მთელი სხეულით კანკალებდა. ჩანდა, ძალზე გაუჭირდა აქ მოსვლა. ხმაზეც ემჩნეოდა, რომ ყელში მობჯენილ ქვითინს ძლივს იკავებდა.
კარგად ვიცოდი, რომ ჩემი ბიძაშვილი ძალზე მდიდარი იყო.
– როგორ, – შევეკითხე მე, – განა თქვენს მეუღლეს 5000 ფრანკი გაუხდა საშოვნელი? აბა, ერთი კარგად დაფიქრდით! დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ მან დაგავალათ ფულის სესხება?
ქალი შეყოყმანდა, თითქოსდა რაღაცის გახსენებას ლამობსო, შემდეგ კი მიპასუხა: – დიახ... დიახ... დარწმუნებული ვარ.
– წერილი მოგწერათ?
ქალი ისევ შეყოყმანდა და ჩაფიქრდა. მე მივხვდი, რა სატანჯველშიც იყო. რაღაც ბუნდოვანი, შეუცნობელი აზრის მოხელთებას ცდილობდა და ვერ ახერხებდა. ვერაფერი გაეგო. ერთი კი იცოდა – ჩემთან იმიტომ მოვიდა, რომ თავისი ქმრისთვის 5000 ფრანკი ესესხა. სწორედ ამიტომაც გაბედა და იცრუა.
– დიახ, წერილი მომწერა.
– როდისღა? გუშინ ამის თაობაზე არაფერი გითქვამთ.
– წერილი ამ დილით მომიტანეს.
– ხომ ვერ მაჩვენებთ?
– არა, არა... ერთობ ინტიმური ბარათია... პირად საქმეებს ეხება... მე იგი... დიახ, იცით, მე იგი დავწვი.
– გამოდის, თქვენი ქმარი ვალებს იღებს.
ქალი შეცბა, მერე კი წაიჩურჩულა: – არ ვიცი.
– საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი თანხა არ მაქვს, – მტკიცედ განვუცხადე ქალს.
ჩემს ბიძაშვილს ტანჯვის ოხვრა აღმოხდა.
– გთხოვთ, გაისარჯოთ. იქნებ მაინც მიშოვოთ.
ქალი აღელდა, ხელები ვედრებით აღაპყრო და მუდარით შემომცქეოდა. ვიგრძენი, რარიგ შეეცვალა ხმა. ზლუქუნებდა და თან რაღაცას ბუტბუტებდა. ეტყობა, გუშინ მიღებული ბრძანების მონა-მორჩილად ქცეულიყო.
– გემუდარებით, გემუდარებით... რომ იცოდეთ, რარიგ ვიტანჯები, ფული დღესვე მჭირდება.
ქალი შემებრალა.
– ფულს ახლავე მიიღებთ, პირობას გაძლევთ.
– ო, გმადლობთ, ეჭვიც არ მეპარებოდა თქვენს სიკეთეში! – წამოიძახა ქალმა.
მე სიტყვა გავაგრძელე: – გახსოვთ, რა მოხდა გუშინ საღამოს?
– დიახ.
– ექიმმა პატანტმა რომ დაგაძინათ, ისიც გახსოვთ?
– დიახ.
– ჰოდა, სწორედ მაშინ გიბრძანათ, ამ დილითვე ჩემგან 5000 ფრანკი გესესხათ. ახლა თქვენ მის ბრძანებას ასრულებთ.
ქალი წუთით ჩაფიქრდა და მიპასუხა: – კი მაგრამ, ფულს ხომ ჩემი ქმარი მთხოვს?
მთელი საათი მოვუნდი სიმართლის მტკიცებას, მაგრამ აზრი ვერ იქნა და ვერ შევაცვლევინე.
ქალი რომ გავისტუმრე, ექიმთან გავეშურე. სულზე მივუსწარი. ღიმილით მომისმინა და მერე მითხრა: – ახლა ხომ დარწმუნდით?
– მეტი რა ძალაა?
– თქვენს ბიძაშვილთან წავიდეთ.
არაქათგაცლილი ქალბატონი საბლე სავარძელში თვლემდა. ექიმმა მაჯა გაუსინჯა. რამდენიმე ხანი დაკვირვებით უყურა, ხელი თვალებზე ააფარა და ქალმაც ნელ-ნელა მოხუჭა თვალები. ეტყობა, მაგნიტურ ძალას ვეღარ გაუძლო. ქალმა რომ მიიძინა, ექიმმა შეგონება დაუწყო: – თქვენს ქმარს აღარ სჭირდება 5000 ფრანკი. დაივიწყეთ, რომ ბიძაშვილს ფული სთხოვეთ და თუკი ამაზე სიტყვა ჩამოგიგდოთ, არაფერი შეიმჩნიოთ. მერე ექიმმა ქალი გააღვიძა. მე საფულე ამოვიღე: – აი, ძვირფასო, დილით რომ მთხოვეთ, ის ფული მოგართვით. ქალი ისე გაოცდა, რომ ძალის დატანება ვეღარ შევბედე. მაინც შევეცადე დილანდელი ამბავი შემეხსენებინა, მაგრამ ქალი უარზე იდგა. დამცინითო, სულ ამას იმეორებდა და ბოლოს გაგულისდა კიდეც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აი, ასე იყო! სასტუმროში დავბრუნდი. ამ ცდამ ისე ამაფორიაქა, რომ საუზმეს პირიც ვერ დავაკარე. 19 ივლისი – ბევრმა ვისაც ეს ამბავი მოვუყევი, სიცილი დამაყარა. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო! ერთ ბრძენკაცს უთქვამს: „დიადი „ვინ იცის“, მოსახილველად მივდივარო“. 21 ივლისი – ბუჟივალში ვისადილე; საღამო კი აფროსნობის მოყვარულთა მეჯლისზე გავატარე. როგორც ჩანს, ყველაფერი ადგილსა და გარემოზეა დამოკიდებული. „ბაყაყების კუნძულზე“ იყო კაცი და რაღაც ზებუნებრივ ძალებზე ფიქრობდე? მართლაც რომ სიგიჟეა!.. მაგრამ სენ-მიშელის მთა? ინდოეთი? გარემო მართლაც რომ დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. ერთ კვირაში შინ დავბრუნდები. 30 ივლისი – გუშინ ჩამოვედი. ყოველივე რიგზეა. 2 აგვისტო – ახალი არაფერია. ბრწყინვალე ამინდია. მთელი დღეები სენის დინებას ვადევნებ თვალს. 4 აგვისტო – ჩემი მსახურები წაკამათდნენ. იფიცებიან, ღამით ვიღაც ჭიქებს ამსხვრევს კარადაშიო. მოახლე მზარეულს დებს ბრალს, მზარეული მრეცხავ ქალს ადანაშაულებს, ეს კი ორთავეს ეჭვის თვალით უყურებს. ბოლოს და ბოლოს, ვინ არის დამნაშავე? გულთმისანი უნდა იყო, სიმართლე რომ დაადგინო. 6 აგვისტო – ამჯერად, სიგიჟეს ვეღარ დავიბრალებ. ჩემი თვალით ვნახე... დიახ, ვნახე! ეჭვიც აღარ მეპარება! ყოველივე ჩემ თვალწინ მოხდა. შიშმა თავით-ფეხებამდე დამიარა. ახლაც კი მაჟრჟოლებს. ორი საათი იყო. ბაღში, ვარდის ბუჩქებთან ვსეირნობდი. შემოდგომის გვიანი ვარდები გაფურჩქვნას ეპირებოდნენ. ის იყო, „მეომარ დევგმირთან“ შევჩერდი და მის სამ მშვენიერ ყვავილს დავაკვირდი, რომ უეცრად იქვე, ჩემს ახლოს, ერთი ვარდის ღერო გადაიზნიქა და გადატყდა, თითქოსდა რაღაც უხილავმა ხელმა გადატეხაო. მერე ყვავილი იმ უხილავ ხელს აჰყვა, ჰაერში აიზიდა და გაქვავდა... ჩემგან სამიოდე ნაბიჯზე გამჭვირვალე ჰაერში ხასხასა სისხლისფერ ლაქად ბრდღვიალებდა წითელი ვარდი. გიჟივით ვეცი ყვავილს, მაგრამ ამოდ. ისე უცებ გაუჩინარდა, თვალიც ვერ მოვატანე. თავს შევუწყერი: დინჯ და გონებადალაგებულ კაცს ასეთი მოჩვენებები არ ეკადრება-მეთქი. ნუთუ მართლა მოჩვენება იყო? ღეროს დავუწყე ძებნა და წამსვე ვიპოვე. ეს-ეს არის გადატეხილი, ორ სხვა ვარდს შორის გაჩხერილიყო ბუჩქზე. შეცბუნებული შევბრუნდი სახლში. ახლა უკვე დღესავით ნათელია, რომ ჩემ გვერდით რაღაც უხილავი არსება დააბიჯებს, რომელიც რძეს და წყალს ხვრეპს, საგნებს ეხება და ადგილს უცვლის. ამ არსებას, რომელიც ახლა ჩემს ჭერქვეშ ბინადრობს, ჩვენი გრძნობებისათვის შეუღწევადი ნივთიერი ბუნება გააჩნია. 7 აგვისტო – „უშფოთველად მეძინა. იმან წყალი დალია, მაგრამ ჩემთვის ძილი არ დაუფრთხია. ხომ არ შევიშალე-მეთქი, ვფიქრობ, როდესაც მზის გულზე, მდინარის პირას ვსეირნობ. ეჭვი მიპყრობს, კიდევ გონზე ვარ თუ არა. ეს უკვე ადრეული, ბუნდოვანი ეჭვი კი არა, გამოკვეთილი და მკაფიო აზრია. მე მინახავს გიჟები. ისეთებსაც ვიცნობ, ვინც თითქმის ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას ერთობ საღად და გონივრულად აღიქვამს, მაგრამ რაჟამს იმ ზღვარს მიუახლოვდებიან, საიდანაც მათი ავადმყოფობა იწყება, აქამდე ნათელი და ღრმა მსჯელობა ერთბაშად სახეს იცვლის, ჰოდა, მათი აზრიც აზვირთებულ, აბობოქრებულ და ნისლიან ოკეანეში დაინთქმება, რასაც ჩვენ „სიგიჟეს“ ვუწოდებთ. რაღა თქმა უნდა, მეც გიჟად ჩავთვლიდი თავს, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავ, რომ საღი მსჯელობის უნარი ჯერ კიდევ შემრჩა. ერთი სიტყვით, ჰალუცინაციებით შეპყრობილი გონიერი ადამიანი ვარ. აბა, სხვა რა ვიფიქრო? ტვინი რაღაც უცნაურმა ღელვამ ამიფორიაქა. სწორედ ისეთმა, რომლის აღწერას ცდილობენ თანამედროვე ფიზიოლოგები. ეს შფოთი სწორედ ჩემი გონებისა, აზრების მწყობრ სვლას არღვევს და ნაპრალს აჩენს. მსგავსი ფენომენი სიზმარში გვევლინება უმეტესწილად და წარმოუდგენელ ფანტასმაგორიებში გადაგვისვრის, ისე, რომ არც კი გავიოცებთ, რადგანაც მოვლენათა განმსჯელი აპარატი და კონტროლის უნარიც ერთნაირად დაქვეითებული ან სულაც მიძინებულია. წარმოსახვა კი ფხიზლობს და თავის საქმეს განაგრძობს. შეძლება ჩემი გონებრივი კლავიატურის ერთი რომელიმე კლავიში დაზიანდა? რაიმე უბედური შემთხვევის შედეგად ადამიანები მეხსიერებას კარგავენ, ან სახელებს ივიწყებენ ან კიდევ სიტყვებს და ციფრებს. ისიც ხდება, რომ მხოლოდ თარიღები ამოუვარდებათ მეხსიერებიდან. აზრის ყველა ნაწილაკის ლოკალიზაციის შესაძლებლობა დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს. ჰოდა, თუკი ასეა, რაღა გასაკვირია, რომ მეც ზოგიერთი ჰალუცინაციის კონტროლის უნარი დამიქვეითდა? მდინარის ნაპირს მივყვებოდი და ამაზე ვფიქრობდი. მზე წყლის ზედაპირს ელამუნებოდა და მიწას მსუბუქ ჭავლში ახვევდა. თვალებში სხივი ჩამიდგა. სიცოცხლე მიყვარდა. ეს მერცხლებიც, რომელთა აღმა-დაღმა სრიალი სიხარულს მგვრიდა და ნაპირზე ამოქოჩრილი ბალახიც, რომლის ჩუმი თრთოლვა ბედნიერების ჰანგებად ჩამესმოდა. მაგრამ თანდათან რაღაც კაეშანი შემომეძალა, რაღაც იდუმალი, მისტიური ძალა ფეხებს მიბორკავდა, სიარულს მიშლიდა და უკან მეზიდებოდა. ასეთი მწველი განცდა ადამიანს იმ დროს ეუფლება, როცა შინ სნეული საყვარელი არსება ეგულება და ერთბაშად შიში იპყრობს, ვაითუ ავადმყოფის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდესო. ჩემდა უნებურად უკან გამოვბრუნდი. დარწმუნებული ვიყავი, სახლში უბედურების მაცნე წერილი ან დეპეშა მაინც მელოდა, მაგრამ მოვტყუვდი. ამან კიდევ უფრო მეტად გამაოცა და ამაღელვა, ვიდრე ფანტასტიკური ზმანების ხილვამ. 8 აგვისტო – საშინელი საღამო გავატარე. ხედვით ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ კი, რომ იგი ჩემ გვერდითაა... გამუდმებით მითვალთვალებს და სულ უფრო და უფრო მიმონებს. უჩინარი და მალული უფრო საშინელი მეჩვენება. მირჩევნია, ზებუნებრივი ხერხებით გაამჟღავნოს თავისი თვალშეუვლელი არსებობა... და მაინც, კარგად მეძინა. 9 აგვისტო – არაფერი მომხდარა, მაგრამ მაინც მეშინია. 10 აგვისტო – დღესაც არაფერი შეცვლილა. რა მომელის ხვალ? 11 აგვისტო – ყველაფერი ძველებურადაა. გული არ მიდგება შინ. ერთხელ აკვიატებული შიში მოსვენებას არ მაძლევს. უნდა გავემგზავრო. 12 აგვისტო, საღამოს 10 საათი – მთელი დღე გამგზავრებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევძელი. მსურდა თავისუფლების ეს მეტად უბრალო და მარტივი საქმე მაინც შემესრულებინა – ეტლში ჩავმჯდარიყავი და რუანისკენ ამეღო გეზი. ვერა და ვერ მოვახერხე. რატომ? 13 აგვისტო – კაცს რომ მავანი სენი შეგიპყრობს, თითქოსდა მთელი სხეული გეშლება, ენერგიისგან იცლები, ჯანი გისუსტდება, ძვალი ხორცივით დუნე გიხდება, ხორცი კი წყალივით ბლანტი. ეს განცდა მთელ ჩემს არსებას მოედო და ახლა შიგნიდან მღრღნის. იმის ძალაც აღარ შემწევს, რომ მხნეობა მოვიკრიბო და თავი მოვთოკო. ვატყობ, ნებისყოფაც მღალატობს. აღარავითარი ვნება-სურვილი არ მაღელვებს, სხვის ნებას კი ვემორჩილები. 14 აგვისტო – აღარაფერი მეშველება! ვიღაც ჩემს სულს დაეპატრონა და თავის ნებაზე მათამაშებს. ყოველ ჩემს ქმედებას, მოძრაობას თუ აზრს ის ვიღაც განაგებს. თითქოსდა საკუთარი არსობისგან დავიცალე და ჩემივე მოქმედებების პასიური მხილველი შევიქენი. მინდა, გარეთ გავიდე. არ შემიძლია, რადგანაც მას არ სურს. ჰოდა, გაქვავებული და თავზარდაცემული სავარძელში ვრჩები. მინდა, ავდგე, წამოვიწიო მაინც, რომ საკუთარი სხეულის ბატონ-პატრონად ვიგრძნო თავი. ამასაც ვერ ვახერხებ. გეგონებათ, სავარძელს მიმაკრესო. ჩემი სავარძელიც ისე მყარადაა იატაკს დაბჯენილი, რომ ვერავითარი ძალა, ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ დაგვძრავს. ერთბაშად ბაღში გასვლისა და მარწყვის ჭამის დაუოკებელი სურვილი ამიტაცებს. ასეც ვიქცევი. მარწყვს ვკრეფ და მუჭა-მუჭა ვიყრი პირში. ო, ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! არსებობს კი ღმერთი! ჰოდა, თუკი არსებობს დამიხსნას კიდეც! ღმერთო, მიხსენი! შემიწყალე და შემიბრალე! მადლი მოისხი და განსაცდელს განმარიდე! ოო, რა სატანჯველში ვარ! რა წამებაა! რა საშინელებაა! 15 აგვისტო – ახლაღა ვხვდები, რა დღეში იყო ჩემი ბიძაშვილი, ფულის სასესხებლად რომ მეწვია. იგი მისავე არსებაში ჩაბუდებულ უცხო, პარაზიტულ და ყოვლისმომცველ ნებას ემორჩილებოდა. სამყაროს დასასრული ხომ არ ახლოვდება? ვინ არის ის უჩინარი, თავის ნებაზე რომ მათამაშებს? ეს შეუცნობელი, ზებუნებრივი წარმომავლობის მოხეტიალე ძალა რაღაა? გამოდის, უხილავი არსებანი მართლაც არსებობენ?! თუ ასეა, სამყაროს დასაბამიდან დღემდე რატომ არ გამოამჟღავნეს თავი? რაღა ჩემთვის მოიცალეს? იმ ამბის მსგავსი, რაც ჩემს ჭერქვეშ ხდება, არც წამიკითხავს და არც მომისმენია. ო, სახლის დატოვება და სადმე გადახვეწა რომ შემეძლოს, უკანმოუხედავად მოვქუსლავდი. კიდევაც გადავრჩებოდი, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია. 16 აგვისტო – დღეს, როგორც იქნა, ორი საათით გამოვიპარე სახლიდან, თითქოს პატიმარი ვყოფილიყავი და დარაჯს საკნის კარი შემთხვევით ღია დარჩენოდა. უეცრად ვიგრძენი, რომ თავისუფალი ვიყავი. ისიც აღარ იყო ჩემ გვერდით. ცხენების შებმა ვუბრძანე და რუანისკენ გავწიე, რა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია ვიღაცას უბრძანო: „აბა, რუანისკენ გაუყევი“, და ისიც გემორჩილება. ბიბლიოთეკასთან შევჩერდი და დოქტორ ჰერმან ჰერესტაუსის ის დიდტანიანი ნაშრომი მოვიკითხე, რომელიც ანტიკური და თანამედროვე სამყაროს უცნობ ბინადრებს ეხება. მერე ეტლში ასვლისას, ის იყო მეეტლესთვის უნდა მეთქვა, სადგურისკენ გაუხვიე-მეთქი, რომ ჩემდა უნებურად ხმამაღლა შევძახე, არა, კი არ შევძახე, ისე ვიღრიალე, სახლისკენ გაუტიე-მეთქი, რომ გაოცებული გამვლელებიც კი მომიტრიალდნენ, სუნთქვაშეკრული, ეტლის მუთაქებზე გადავესვენე. აქაც მომაგნო და დამიმონა! 17 აგვისტო – ო, რა ღამე იყო! რა ღამე! მაინც ვფიქრობ, რომ საქმე არც ისე ცუდადაა. პირველ საათამდე ვიკითხე, ფილოსოფიისა და თეოგონიის დოქტორ ჰერმან ჰერესტაუსს ადამიანების გვერდით მარადჟამს მოხეტიალე ან კიდევ ადამიანური წარმოსახვით დაბადებულ, უჩინარ არსებათა მთელი ისტორია შეუქმნია. წიგნი ვრცლად მოგვითხრობს მათ წარმომავლობაზე; მათ სამეუფოსა და მათ ძლიერებასაც აღწერს. მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მივამსგავსე იმას, ვინც ესოდენ მტანჯავს და მაწვალებს. ეტყობა, ადამიანმა აზროვნება იწყო თუ არა, რაღაც ახალი არსების მომავალი აღზევება იწამა და ერთდროულად მისდამი შიშიც შეიცნო. იგი, მომავალი მემკვიდრე, ადამიანზე მეტად ძალმოსილი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ქვეყნიერების ამ ახალი ბატონ-პატრონის ბუნება შიშით შეპყრობილმა ადამიანმა ვერ იქნა და ზუსტად ვერ განსაზღვრა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ოკულტური და ფანტასტიკური ქიმერებით დაასახლა დედამიწა. პირველ საათზე კითხვას თავი ვანებე და ფანჯარასთან მივჯექი, რათა მრუმე ღამის ნიავით გამეგრილებინა გადახურებული ტვინი. წყნარი ამინდი იდგა. რარიგ მიყვარდა ასეთი ღამეები! მთვარე არ ჩანდა. შავად ჩაქუფრულ ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. ვინ ცხოვრობს ამ ვრცელ სამყაროში? რა ფორმები, რა ცოცხალი არსებები, რა ცხოველები ან რა ნარგავები? ნეტავ, შორეული სამყაროს მოაზროვნე ბინადრებმა თუ იციან ჩვენზე მეტი? ჩვენზე მეტი ძალისხმევა თუ აქვთ? ხედავენ რამეს ისეთს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ? შეიძლება, რომელიმე მათგანმა სივრცის საზღვარი გაარღვიოს და დედამიწის დასაპყრობად გამოეშუროს, როგორც ერთ დროს ნორმანებმა გადაჭრეს ზღვა უფრო სუსტი ხალხების დასამონებლად? რაოდენ უსუსურნი, დაუცველნი, უვიცნი და მცირენი ვართ ადამიანები, ამ ტალახის გუნდაზე რომ ვცხოვრობთ, წყლის პატარა გუბეში. ღამის სიგრილემ დამიამა და ამ ფიქრებში კიდეც ჩამთვლიმა. ორმოციოდე წუთი თუ მეძინა. მერე თვალები გავახილე, ისე რომ არც შევნძრეულვარ. რაღაც ბუნდოვანმა შეგრძნებამ გამაღვიძა. ჯერ ვერაფერი გავარჩიე. მერე დავინახე, რომ ჩემს მაგიდაზე გადახსნილი წიგნის ფურცელი თავისით გადაიშალა. ფანჯრიდან ნიავის სუნთქვაც ვერ ატანდა. გაოცებული ველოდი, რა მოხდებოდა. ორმოცი წუთის შემდეგ საკუთარი თვალით ვიხილე, რომ მომდევნო ფურცელიც წინას მიჰყვა, თითქოსდა უხილავმა ხელმა გადაფურცლაო. ჩემი სავარძელი ცარიელი იყო, ყოველ შემთხვევაში ასე მეჩვენა. მაგრამ წამსვე ვიაზრე, რომ ის აქ იყო, ჩემს ადგილზე იჯდა და კითხულობდა. გონდაკარგული მხეცი რომ ეძგერება თავის მომთვინიერებელს, სწორედ ისეთი შმაგი ნახტომით გადავჭერი ოთახი, რათა ხელი მეტაცა მისთვის, მკლავებში მომეგდო და მომეხრჩო. მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვასწარი, რომ სავარძელი აყირავდა, თითქოს ვიღაც უხილავმა ფეხი ჰკრა და გაიქცა... მაგიდა შეინძრა, ლამპაც ჩამოვარდა და ჩაქრა. ფანჯარა ზათქით მოიხურა, იფიქრებდით, დანაშაულის ადგილზე გამოჭერილი ქურდი დარაბებს მოეჭიდა და გარეთ ისკუპაო. გამოდის, გაქცევით უშველა თავს. შეეშინდა. დიახ, ჩემი შეეშინდა! ამრიგად... ჰო, სწორედ რომ ასეა! ერთ მშვენიერ დღეს მოვიხელთებ და მიწაზე დავცემ. ზოგჯერ ძაღლიც ხომ კბენს და ყელსაც გამოღადრავს თავის პატრონს? 18 აგვისტო – მთელი დღე ფიქრსა და განსჯაში გავატარე. მაშ ასე, ქედს მოვიდრეკ, ყველა მის ახირებას ავყვები, ყველა მის სურვილს ავასრულებ, ლაჩრად და უნდილად მოვაჩვენებ თავს. იგი ხომ ყველაზე ძლიერია! მაგრამ, დრო მოვა და ... 19 აგვისტო – მივხვდი... საიდუმლოს ფარდა აეხადა... ეს-ეს არის „სამეცნიერო სამყაროს ჟურნალში“ ამოვიკითხე: „უცნაური და ყურადსაღები ცნობა მივიღეთ რიო-დე-ჟანეიროდან. სიგიჟის ეპიდემია, მსგავსი იმ გადამდები სენისა, რომელიც შუა საუკუნეების ევროპის ერებს მოედო, მძვინვარებს სან-პაულუს პროვინციაში. აფორიაქებული და დაშინებული მოსახლეობა საცხოვრებელს ტოვებს და სოფლებს აცარიელებს. ღვთის ანაბარა რჩება მინდვრები და ბაღები. თითქოსდა პირი შეკრესო. ლტოლვილები ერთხმად აცხადებენ, რომ უჩინარმა, მაგრამ შეგრძნებადმა არსებებმა დაიმორჩილეს მათი ნება, ფარასავით მიერეკებიან და ზღაპრული ურჩხულების მსგავსად ძილში სისხლს წოვენ. გარდა ამისა, წყალსა და რძეს სვამენ, მაგრამ სხვა რამ საკვებს პირს არ აკარებენ. პროფესორი დონ პედრო ენრიკესი რამდენიმე მეცნიერის თანხლებით სან-პაულუს პროვინციაში გაემგზავრა, რათა ადგილზევე გაარკვიოს ამ უცნაური სიგიჟის წარმომავლობა და ნიშნები. იგი იმპერატორს წარუდგენს თავის მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რით და როგორ შეიძლება გონდაკარგული ხალხის დაშოშმინება“. ჰოდა, მეც იმჟამინდელი ბრაზილიური სამანძიანი გემი გამახსენდა. სწორედ ის, ჩემი ფანჯრების წინ, სენის დინებას აღმა რომ მიუყვებოდა, 8 მაისის დილას, რაოდენ ლამაზი, ხალისიანი და ქათქათა მეჩვენა! ის არსებაც გემზე იყო, სამშობლოდან მოეშურებოდა. ეტყობა, სწორედ მაშინ მკიდა თვალი. ჩემი თეთრი სახლიც შეამჩნია და გემიდან ნაპირზე გადმოეშვა. ო, ღმერთო ჩემო! ახლა უკვე ყოველივე ცხადია: ადამიანის მეუფება დასრულდა... და ჰა, მოვიდა იგი, ვინც გულუბრყვილო ხალხების პირველქმნილი შიშისა და ძრწოლისაგან იშვა, ის, ვისაც კრულვას უთვლიდნენ შეშფოთებული ქურუმნი, ვისაც უკუნი ღამით იხმობდნენ ჯადოქრები, ვინც არვის ეჩვენებოდა და ვისაც ამ ქვეყნის წარმავალ მეუფეთა წინათგრძნობა ხან ჯუჯად წარმოიდგენდა, ხან ფერიას სამოსში ხვევდა, ხან კი უწმინდურ ძალად სახავდა. პირველყოფილ უხეშ წარმოდგენას უფრო გონიერმა ადამიანებმა საღი აზრი და ნათელი ხილვა შეუნაცვლეს. მესმერმა იგი ამოიცნო, ექიმები კი, აი, უკვე ათი წელია ზუსტად აღწერენ მისი ძლიერების არსსა და ხასიათს. ის დღეც არ არის შორს, როცა იგი თვითვე გამოამჟღავნებს საკუთარ ძალისხმევას. ადამიანები გაეთამაშნენ ამ ახალი ბატონის სასტიკ იარაღს, რომელიც ადამიანის სულს მაჯლაჯუნასავით აწვება და იმორჩილებს. რა სახელი არ გამოუძებნეს: მაგნეტიზმიო, ჰიპნოტიზმიო, შეგონებაო... და ვინ იცის კიდევ რა. უგუნური ბავშვებივით ეღლაბუცებოდნენ ამ ყოვლისმომსხვრელ ძალას. ვაგლახ ჩვენ! ვაი, შენი ცოდვის ბრალი, ადამის ძეო! იგი მოვიდა, აი, ის... რა ჰქვია? ასე მგონია, თითქოს სახელს ჩამძახის, მე კი არ მესმის. ჰო, სწორედ რომ ასეა, სახელს მეუბნება... ვაყურადებ... ვერ ვარჩევ... გაიმეორე... ორლა გავიგონე... ორლა.. დიახ, ის არის... ორლა... აჰა, მოვიდა!.. ძერამ მტრედი მოინადირა, მგელმა ცხვარი შეჭამა, ლომმა რქააპრეხილი კამეჩი დაგლიჯა, ადამიანმა ისრით, მახვილით თუ ტყვიით ლომს სული გააფრთხობინა. ორლაც ისევე მოექცევა ადამიანს, როგორც ერთ დროს ჩვენ მოვექეცით ცხენსა და ხარს: მხოლოდ საკუთარი ნებისყოფის წყალობით საკუთარ ნივთად, მსახურად და საკვებად გვაქცევს. განკითხვის ჟამი დგება! მაგრამ ისიც ხომ ხდება, რომ ზოგჯერ ამბოხებული მხეცი თავის მომთვინიერებელს ჰკლავს. მეც მსურს... მეც ხომ შემიძლია... მაგრამ ამისთვის საჭიროა ვიცნობდე მას, ხელი შევახო, დავინახო! მეცნიერთა აზრით, ცხოველის თვალი ადამიანის თვალისგან განსხვავებით საგნებს ერთიმეორისგან ვერ არჩევს, ჰოდა, აი, ჩემი თვალიც იმ ახლადგამოცხადებულ არსებას, რომელიც ასერიგად მტანჯავს, ვერა და ვერ ხედავს. რატომ? სენ-მიშელის მთის ბერის სიტყვებს ვიხსენებ: „ჩვენ ყოველი არსებულის მემილიონე ნაწილსაც ვერ ვხედავთ. აი, თუნდაც ქარი, ბუნების ყველაზე ძლიერი სტიქიონი ავიღოთ. ქარი ადამიანებს მიწაზე სცემს, შენობებს ანგრევს, ხეებს ძირფესვიანად გლეჯს, ზღვას მთისოდენა ტალღებად აფოფრავს, კლდეებს ძირს უთხრის და დიდრონ გემებს მორევში ითრევს. ქარი ანგრევს, კივის, კვნესის, ღრიალებს – მაგრამ გინახავთ კი იგი, ან შეგიძლიათ მისი ხილვა? ჰოდა, ქარი ხომ მაინც არსებობს?“ ჰოდა, მეც ვფიქრობ: ჩემი ხედვა ისე სუსტია, რომ შუშასავით გამჭვირვალე მყარი სხეულების გარჩევაც კი არ ძალუძს. წინ რომ უჩარჩო სარკე დამიდონ, მერწმუნეთ, ცხვირ-პირს შევახეთქებ, მსგავსად ოთახში შემოფრენილი ჩიტისა, რომელიც ბრმად ეხლება ფანჯრის მინებს. ვინ იცის, რამდენი რამ აცდუნებს ჩვენს ხედვას? ყველაფერ ამის შემდეგ, აბა, რა გასაკვირია, თუკი ჩემი თვალი იმ ჰაერივით უჩინარ, ახალმოვლენილ სტუმარსაც ვერ არჩევს? ახალი არსება! რატომაც არა? იგი უცილობლად უნდა მოსულიყო! ან კი რატომ უნდა იყოს ადამიანი დედამიწის უკანასკნელი ბინადარი? ჩვენ მას ვერ ვხედავთ, ვერც ჩვენმა წინაპრებმა შეიცნეს იგი. იმიტომ, რომ მისი ბუნება ჩვენსაზე უფრო დახვეწილია.. მისი სხეული კი უფრო სრულყოფილი და დასრულებულია. რაოდენ უსუსური მეჩვენება ადამიანის სხეული, მოუქნელი, მუდმივ გადაღლილი ორგანოებით აღჭურვილი, რთული მექნიზმის ზამბარასავით მუდამჟამს დაჭიმული, მცენარისა და პირუტყვის არსებობის დონეზე დასული, ჰაერით, ბალახბულახითა და ხორცით რომ გააქვს თავი. ეს ხომ ცოცხალი მანქანაა, სნეული, მუდმივ ცვალებადი, ხრწნადი, ძლივსღა რომ უდგას სული, უვიცი და უცნაური, უხეშად აწყობილი, ვიღაცის გაუწაფავი აზრითა და ხელით შექმნილი. მხოლოდ და მხოლოდ მკრთალი მონახაზი იმ არსებისა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გონიერებისა და სრულყოფის უმაღლეს საფეხურზე უნდა ასულიყო. ჩვენ ხომ არც ისე ბევრნი ვართ მიწაზე, ლოკოკინათი დაწყებული და ადამიანით დამთავრებული? მაშ, რატომ არ შეიძლება ერთით მეტი ვიყოთ? მით უმეტეს, თუკი იმასაც ვივარაუდებთ, რომ ახალი სახეობების წარმოშობის ჟამი დადგა? რატომ არ შეიძლება-მეთქი, გეკითხებით? განა ძნელია იმის წარმოდგენა, რომ სადღაც ხარობს უზარმაზარი ხე, რომლის ვეება ყვავილების სურნელი მთელ გარემოს აბრუებს? ხომ შეიძლება არსებობდეს კიდევ რაიმე სხვა ნივთიერება ცეცხლის, ჰაერის, მიწის და წყლის გარდა? ნუთუ მხოლოდ ეს ოთხია ყოველი არსებულის დედა-მშობელი? დასანანია! დაე, ოთხის ნაცვლად ყოფილიყო ორმოცი, ოთხასი, ოთხი ათასი! ყოველივე რარიგ მწირია, გასაცოდავებული და დაგლახებული! მისხალ-მისხალ მოზომილი, ზერელედ გააზრებული და ნაჩქარევად გაკეთებული! აგე, სპილოები და ჰიპოპოტამები! აი, ვისა აქვს ჭეშმარიტი ხიბლი! ან, თუ გნებავთ, აქლემების სინარნარე გაიხსენეთ! მაგრამ პეპელაზე ან ჰაერში მოფარფატე ყვავილზე რაღას იტყვითო, შემეპასუხებით. ჩემს წარმოდგენაში ვხატავ უზარმაზარ, ას სამყაროსოდენა პეპელას უკიდეგანო ფრთებით, რომლის ვერც მოხაზულობას, ვერც მშვენიერებას, ვერც ფრთებს და ვერც რხევას ვერ აგიწერთ! მაგრამ იგი ახლაც თვალწინ მიდგას. პეპელა ვარსკვლავიდან ვარსკვლავისკენ მიფრინავს და თავისი მძლავრი ფრთებით სიგრილესა და სურნელს აკმევს ციურ მნათობთ, ხოლო მონუსხული და მოჯადოებული ზეცის მოსახლენი მისი მეფური ფრენის ცქერით ტკბებიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა მემართება? ორლა... დიახ, ისაა, გონებას რომ მირევს და ამ გიჟურ ზმანებას მიხატავს. იგი ჩემს არსებაში ჩასახლდა, სულისგან დამცალა და მისი ადგილი დაისაკუთრა. მე მას... მოვაშთობ!.. 19 აგვისტო – მე მას მოვკლავ! მე იგი დავინახე! გუშინ საღამოს მაგიდასთან ვიჯექი... თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს წერით ვიყავი გართული. კარგად ვიცოდი, რომ ირგვლივ მიტრიალებდა, აქვე, სულ ახლოს, ხელის გაწვდენაზე. რა მოხდება, ხელში რომ მოვიგდო? იმედგადაწურული კაცის მხნეობით შევუტევ. აგე, ხელებიცა მაქვს, მუხლებიც, მკერდიც, შუბლიც... სხვა თუ არაფერი, ყელის გამოსაღადრად კბილებიც ივარგებს. დავკბენ, დავახრჩობ, ნაკუწებად დავფლეთ. ასე ძარღვებაწეწილი ველოდი... ორი ლამპა ავანთე და რვა სანთელი შემოვდგი ბუხარზე. ვიფიქრე, ამ ბრდღვიალა სინათლეში უფრო ადვილად მოვიხელთებ-მეთქი. ჩემ წინ ჩემი ძველი, ფეხებიანი საწოლია, მარჯვნივ ბუხარი, ხელმარცხნივ ჩარაზული კარი, რომელიც კარგა ხნით ღია დავტოვე იმ იმედით, იქნებ შემოვიტყუო-მეთქი. უკან მაღალი, სარკიანი კარადაა. ამ კარადის წინ წვერს ვიპარსავ, ვიცვამ და როცა წინ ჩავუვლი, თხემით ფეხებამდე ავათვალ-ჩავათვალიერებ ხოლმე საკუთარ თავს. ჰო, იმას ვამბობდი, თავი მოვიკატუნე და ვცდილობდი მეჩვენებინა, ვითომც წერით ვიყავი გატაცებული. მინდოდა შემეცდინა, რადგანაც ვიცოდი, ისიც მათვალიერებდა. ერთბაშად ნათლად ვიგრძენი, ჩემ უკან ატუზულიყო და ნაწერს კითხულობდა. მისი სუნთქვა ყურში ჩამესმოდა. სკამიდან წამოვხტი. ხელები წინ გავიწვდინე და ისე მკვირცხლად შემოვტრიალდი, რომ კინაღამ იატაკზე გავიშოტე. იცით, რა მოხდა? დღენათელი იყო, მაგრამ სარკეში საკუთარი გამოსახულება ვერ დავლანდე. სარკე ცარიელი იყო, პრიალა, ღრმა და სინათლით სავსე... ჩემი ორეული კი... არადა ზუსტად სარკის წინ ვიდექი. კარგად ვხედავდი სარკის გლუვ ზედაპირს. თვალები გადმოვქაჩე. ფეხიც ვერ წავდგი წინ, ხელიც ვერ გავანძრიე, თუცა დარწმუნებული ვიყავი, იგი აქვე იყო. მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, ახლაც ხელიდან დამისხლტებოდა. სწორედ მისმა უხილავმა სხეულმა შთანთქა ჩემი ანარეკლი. შიშმა ამიტანა. მერე, უცებ სარკეში საკუთარი ორეულიც წარმომიდგა. თითქოს ნისლიდან გამოდიოდა, სარკის სიღრმიდან, წყლის ჭავლის უკან. წყლის წვეთები მარცხნიდან მარჯვნივ ხაზავდა სარკის ზედაპირს და წუთიდან წუთზე ჩემი გამოსახულება სულ უფრო მკაფიო ხდებოდა. გონება გამინათდა. იმას, რაც აქამდე სარკეში საკუთარი თავი დანახვას მიშლიდა მკაფიოდ, კონტურები არ უნდა ჰქონოდა. ბუნდოვანი გამჭვირვალება იყო და სხვა არაფერი. დაბოლოს, მთელი ტანით გამოვჩნდი სარკეში, ისე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. მე იგი დავინახე! იმდღევანდელი შიში ახლაც ტანში მაქვს გამჯდარი. 20 აგვისტო – როგორ მოვკლა? ხელში მოგდებაც რომ არ შემიძლია? საწამლავით? მაგრამ ხომ დაინახავს, წყალში რომ შევურევ? ისიც საკითხავია, იმოქმედებს თუ არა მასზე საწამლავი? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რა ვიღონო? 21 აგვისტო – რუანიდან ხელოსანი მოვიწვიე და ჩემი ოთახის ფანჯრებისთვის რკინის დარაბები შევუკვეთე. სწორედ ისეთი, პარიზში, ზოგიერთი კერძო სახლის პირველ სართულს რომ ააკრავენ ხოლმე, აქაოდა, ქურდი არ შეიპაროსო. რკინის კარსაც გამიკეთებს. რა თქმა უნდა, სიმხდალეა, მაგრამ ვისაც რა უნდა, ის თქვას!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
10 სექტემბერი – რუანი, ოტელი „კონტინეტალი“. აღსრულდა! მაგრამ მართლა მოკვდა კი? იმ საშინელმა სურათმა სულის სიღრმემდე შემძრა... გუშინ ხელოსანი საქმეს რომ მორჩა, ფანჯრები და კარი შუაღამემდე ღია დავტოვე, თუმცა კი საკმაოდ გრილოდა. უცებ, ვიგრძენი, რომ აქ იყო. გიჟურმა სიხარულმა ამიტაცა. ნელა წამოვდექი... და რომ არ დამფრთხალიყო ბოლთის ცემას მოვყევი. საწოლთან მივედი, კიდეზე ჩამოვჯექი, ფეხსაცმელები წავიძრე და ფლოსტებში წავყავი ფეხები. მერე დარაბები დავხურე და კარიც ჩავრაზე. ფანჯრებისკენ გამოვბრუნდი. საკეტები ჩავკეტე და გასაღები ჯიბეში ჩავისრიალე. მყისვე ვიგრძენი, როგორ აწრიალდა. ეტყობა, მასაც შეეშინდა. გარშემო მიტრიალებდა, თითქოსდა მიბრძანებდა, კარი გამიღეო. ცოტაც გაწყდა და არ დავუთმე. თავი შევიკავე. კარს მივეყრდენი და ფრთხილად გამოვაღე, ისე, რომ ლიობში გავტეულიყავი. მაღალი ტანის ვარ და კარის ძგიდეს თავით ვწვდებოდი. ახლა კი ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ თავს ვერ დაიძვრენდა. კარი გამოვიხურე და ოთახი ჩავკეტე. ო, რა შვება ვიგრძენი! გამოვიჭირე და ეგაა! კიბე სირბილით ჩავავთავე. დარბაზში ორივე ლამპას ვტაცე ხელი და ნავთი ავეჯს მოვასხურე. კუთხე-კუნჭულიც არ დამიტოვებია. შემდეგ ცეცხლი წავუკიდე, შემოსასვლელი კარი გულდაგულ გადავრაზე და თავს ვუშველე. ბაღის მივარდნილ კუთხეში შევიყუჟე, დაფნის ბუჩქებთან. დრო უსაშველოდ გაიწელა. სიბნელე და მდუმარება სუფევდა ირგვლივ. ჰაერიც არ იძროდა და ერთი ვარსკვლავიც არ ცრიატებდა ცაზე. უხილავი ღრუბლების მთელი მთა მედო გულზე და სულს მიხუთავდა. სახლს ვუყურებდი და ველოდი. ლოდინი დაუსრულებელი მეჩვენა. ის იყო გავიფიქრე, შეიძლება ცეცხლი ჩაქრა ან თვითონ ჩააქრო-მეთქი, რომ ქვედა სართულის ფანჯარამ მოწოლილი ცეცხლისგან ზათქი მოიღო და ვეებერთელა, წითელ და ყვითელ ფერებად აბრდღვიალებული გრძელი, ნებიერი და მხურვალე ალი ლოკვით აუყვა თეთრ კედელს. რაღაც უცნაური შუქი გადაენთო ხეთა ტოტებსა და ფოთლებს... ბაღს შიშის ნიავმა გადაურბინა. ჩიტებს ძილი დაუფრთხათ... ძაღლი აყეფდა... ესაა და გათენდა-მეთქი – ვიფიქრე. კიდევ ორმა ფანჯარამ დაიზრიალა და ქვედა სართული საშინელ ნახანძრალს დაემსგავსა. უცებ გულისშემძვრელმა, განწირულმა კივილმა გაკვეთა ღამე. ქალის ხმა იყო. ზედა სართულის ფანჯრები გაიღო. მაშინღა გამახსენდა მოახლე ქალები! ახლა მათ შიშისგან დამანჭულ სახეებს და შიშველ მკლავებს ვხედავდი, უმწეოდ რომ ასავსავებდნენ ჰაერში. თავზარდაცემული სოფლისკენ გავქანდი, თან ვღრიალებდი: „გვიშველეთ, გვიშველეთ, ხანძარია!“ გზად სახლისკენ მომავალ ხალხს გადავეყარე და მათთან ერთად უკან გამოვეშურე, რათა კიდევ ერთხელ მეხილა ჩემი ნახელავი! სახლი ერთ დიდ საშინელ და თვალისმომჭრელ კოცონად გიზგიზებდა. მართლაც, რომ არნახული სანახაობა იყო! მხურვალე ცეცხლში იწვოდნენ ადამიანები და მათთან ერთად ისიც, ჩემი ტყვე, ახალი არსება, ახალი პატრონი, ორლა! უცებ, სახურავი გამაყრუებელი ხმაურით დაენთქა კედლებს შორის და ცეცხლის ალი ზეცად აიჭრა. ღია ფანჯრებიდან, თითქოსდა ღუმელის სარკმელებიაო, მოგიზგიზე ცეცხლს ვხედავდი და ვფიქრობდი, რომ ის, უკვე მკვდარი, ამ საშინელ საკირეში იფერფლებოდა. მაგრამ, მოკვდა კი? ვინ იცის? მერედა, მისი სხეული? შეიძლება ყოველივე ის, რაც ადამიანისთვის დამღუპველია, სრულიად უვნებელი გამომდგარიყო ამ უსახო და უხორცო სხეულისთვის, რომელიც დღის სინათლეში ითქვიფება? ჰოდა, თუკი არ მოკვდა? შეიძლება მხოლოდ დრო იყოს ამ უჩინარი და საშინელი არსების ერთადერთი ჯალათი! მაშ, რაღად უნდა ეს გამჭვირვალე და მოუხელთებელი სხეული, თუკი ჩვენებრ ემონა ტკივილს და ჭრილობას, ან კიდევ ადრეულ სიკვდილს? ადრეული სიკვდილი... დიახ, სწორედ ეს არის თავი და თავი ადამიანური ტრაგიზმისა. ადამიანის შემდეგ ორლა მოვა... იმას, ვისაც ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველდღე და ყოველი მხრიდან ემუქრება საბოლოო განადგურება, შეცვლის დიადი არსება, ის, ვინც მისთვის განკუთვნილ დღეს, საათსა და წამს თუ მოკვდება, სწორედ მაშინ, როცა თავისი არსებობის უკიდურეს ზღვარს მიაღწევს.
არა... არა... ეჭვიც არ მეპარება!.. იგი არ მომკვდარა. ჰოდა, თუკი ასეა, ახლა ისღა დამრჩენია, თვითონ მოვიკლა თავი!..
1886 წელი
ტეგები: qwelly, გიდემოპასანი, ლიტერატურა, მოთხრობა, მოპასანი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood
Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2024.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Mishaps can happen to any person, and navigating the Restoration method afterward is usually mind-boggling. When you are linked to an automobile accident in Brooklyn, you may come upon the term "no-fault health practitioner." But Exactly what does it necessarily mean, and why can it be vital in your Restoration and authorized approach? Allow’s dive in.
Exactly what is a No-Fault Doctor?
A no-fault health care provider concentrates on treating people who are…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2024.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Summer months has finally arrived, meaning it’s time to get outside! It also may well necessarily mean that you're internet hosting an celebration and looking out to rent a foodstuff truck. No matter whether you are arranging a company outing, a birthday get together, a relatives reunion, or maybe a community block celebration, choosing the ideal foods vans will make all the main difference. In this particular site put up, we'll examine techniques for pairing The perfect foods…
© 2024 George. •