ამელი ნოტომი - მოკალი მამა

        2010 წლის 6 ოქტომბერი. „არალეგალური“ დაარსებიდან ათი წლის თავს ზეიმობდა. ჩემი მოპარვისა და ქურდბაცაცობის ნიჭი რომ არა, ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებულ საღამოზე ვერანაირად აღმოვჩნდებოდი. კლუბში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ილუზიონისტებს მოეყარათ თავი. პარიზი აღარ იყო მაგიისა და მისნობის დედაქალაქი, მაგრამ ბევრს უზომოდ მონატრებოდა. ხშირი სტუმრები და კარგად ნაცნობები გარდასულ დღეთა მოგონებებს უზიარებდნენ ერთმანეთს.

- მშვენივრად გადაცმულხარ. თავიდან ამელი ნოტომი მეგონე, - მესროლა მავანმა. ხმაზე რომ არ ვეცანი, ღიმილით ვუპასუხე. ცხადია, მისანთა კლუბში მაღალი ცილინდრის თავზე დაკოსება შეუმჩნევლობის გარანტია ნამდვილად ვერ იქნებოდა. არაერთს საკუთარი ახალი ფოკუსების დემონსტრირება გადაეწყვიტა. ახლოდან თვალთვალი არ ვისურვე, შამპანურის თასით აღჭურვილმა შუალა დარბაზს მივაშურე. ჯადოქარმა პოკერის თამაშისას თუ არ იშულერა, თავი მცონარა ჰგონია. აზარტი მისთვის თაღლითებთან, ავარებთან და გაიძვერებთან პაექრობასა და ორთაბრძოლას ნიშნავს. მაგიდის გარშემო მსხდომთ სახეზე სიმშვიდე და სიწყნარე გადაჰფენოდათ. მხოლოდ ერთს დაეგუბებინა პირში წყალი: არც იცინოდა, არც იღიმებოდა. წამდაუწუმ კი იგებდა. დავაკვირდი. ჩემი ვარაუდით, ალბათ, ოცდაათს იქნებოდა მიტანებული. სახის გამომეტყველება წამითაც არ შეცვლია. მეტისმეტად სერიოზული მეჩვენა. ოთახში ყველას მისთვის მიეპყრო მზერა. მხოლოდ ერთი, ბარის დახლს გადაყრდნობილი, თითქოსდა ვერ ამჩნევდა მის არსებობას. სადღაც ორმოცდაათის იქნებოდა. ერთი შეხედვით, საინტერესო გარეგნობა ჰქონდა. რატომღაც გავიფიქრე, რომ მისი აქ, ბართან დარჭობა შემთხვევითობა კი არა, წინასწარ გააზრებული, ერთგვარი გამოწვევა იყო. ნუთუ აქ დგომით ვიღაცის შეწუხებასა და დაბნევას ცდილობდა? ოთახში მყოფთ შევუერთდი და გავიკითხ-გამოვიკითხე. რაც მსურდა, შევიტყვე: ის, ვინც პოკერში ლიდერობდა, ჯო უიპი ყოფილა, ხოლო ის, ვინც მოთამაშეებს ვითომდა აინუნში არ აგდებდა, ნორმან ტერენსი. თურმე ერთიც და მეორეც სახელგანთქმული ამერიკელი ჯადოქრები ყოფილან.

- მათ შორის შავმა კატამ ხომ არ გაირბინა? - დავინტერესდი.

- მოსაყოლად ძალიან გრძელი ამბავია, - მომიგო ერთმა.

რენო. ნევადის შტატი, 1994 წელი. ჯო უიპი 14 წლისაა. დედამისი კასანდრა ველოსიპედებით ვაჭრობს. როცა ჯო მამამისის ასავალ-დასავალს ეკითხება, დედა პასუხობს: - როგორც კი დაიბადე, მიმაგდო. ასეთები არიან მამაკაცები. დედა უარს ამბობს მამის სახელის გაცხადებაზე. ჯომ იცის, რომ დედა ცრუობს. სიმართლე ისაა, რომ არც არასდროს სცოდნია, ვისგან ჩაესახა ეს ბავშვი. ჯოს სახლში მამაკაცების მთელი პარადი ახსოვს. მიზეზი, რის გამოც ისინი გარბიან, ისაა, რომ კასანდრა მათ სახელებს უკეთეს შემთხვევაში ერთმანეთში ურევს, უარეს შემთხვევაში კი ავიწყდება.

კასანდრა ამ კალეიდოსკოპურ მონაცვლეობაში თავს მაინც მოტყუებულად და გაბაიბრუებულად მიიჩნევს.

- ჯო, ერთი კარგად შემომხედე, არა ვარ ახლა ლამაზი ქალი? მიპასუხე!

- კი, დედა, აბა არ ხარ?!

- მაშინ, ამიხსენი, რატომ არც ერთი არ გამიჩერდა?

ჯო დუმს. ისე კი, რამდენი პასუხი ადგას ენის წვერზე. ჯერ ერთი ის, რომ დედას საყვარლების სახელები ერთთავად ეშლებოდა. ამას გარდა, სიგარეტითა და ალკოჰოლით აქოთებულს რომელი ღვთისნიერი მამაკაცი გაუჩერდებოდა? ჯოს ერთი სული ჰქონდა, უკვე წინასწარ გააზრებული ფრაზა ცხვირ-პირში მიეხალა: „მეც დაგანებებ თავს, დედი. იმიტომ, რომ გამოუსწორებელი ეგოისტი ხარ! იმიტომ, რომ სულ გამაყრუებლად როხროხებ! იმიტომ, რომ დღე და მოსწრება წუწუნებ!“ ერთ საღამოსაც კასანდრამ მორიგი ტიპი მოათრია. „აი, კიდევ ერთიც“, - თავისთვის ჩაიბურტყუნა ჯომ. როგორც ყოველთვის კასანდრა წარდგენით იწყებს: - ჯო, გაიცანი ჩემი ვაჟიშვილი ჯო. ჯო, აი, ჯო.

- სეხნიასთან შეგუება ადვილი საქმე ვერ იქნება, - შენიშნა ჯო უფროსმა - სენიორმა.

ჯო ჯუნიორი ფიქრობს, რომ დედამისს ბოლო მონაპოვარი მაინც შერჩება. იმედია, შვილის სახელიც არ ამოუვარდება მეხსიერებიდან. ისე, ყოჩაღ მას! მიუხედავად დედობრივი გრძნობების მსგავსი სიმწირისა, საყვარლის სახელის დასამახსოვრებლად შესანიშნავ ხერხს მიაგნო. თანაც, ჯო სენიორი სრულიად განსხვავებული ვინმე ჩანს. უამრავი უცნაური შეკითხვა მოსდის თავში: - როგორ მიდის ველოსიპედის ბიზნესი რენოში?

- არა უშავს, - პასუხობს კასანდრა, - განსაკუთრებით 5 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე. ამ დროს აქედან 110 მილის დაშორებით ფესტივალი ეწყობა - Burning man-ს ეძახიან. იქ გადაადგილება მხოლოდ ველოსიპედით ან რამე მუტანტური ტრანსპორტით თუ შეიძლება. რენო ბოლო ქალაქია მათ შორის, რაც კი ფესტივალის ჩასატარებელ უდაბნომდე მდებარეობს. მონაწილეები ჩემთან თუ იყიდიან ველოსიპედებს; ფესტივალის დასრულების შემდეგ კი ისევ მე მიწევს მათი გამოსყიდვა, მაგრამ ამჯერად ჩალის ფასად. ჯო სენიორი სახლში ნელ-ნელა მკვიდრდება. რადგან კასანდრას კარადები გადაძეძგილია, გადაწყვეტს, საკუთარი ნივთები ჯო ჯუნიორისაში შეჩურთოს.

- უცნაური რამეები კი უწყვია შენს ვაჟიშვილს კარადაში.

კასანდრა ინტერესმა შეიპყრო და შეხედვა არ დაიზარა.

- აა, ეს არაფერია, მაგიისთვის აუცილებელი აქსესუარებია.

- უკაცრავად?

- რვა წლიდან მაგიამ გაიტაცა.

სენიორი ჯუნიორს სულ უფრო და უფრო ცუდი თვალით უყურებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა უმცროსი კარტს ატრიალებს ხელში. ფოკუსების ყურებაზე ცუდად ხდება. ჯუნიორის სიმარდით გაოგნებულია და საკუთარი თვალების აღარ სჯერა.

- შენი ვაჟიშვილი სატანისტური მოდგმისაა!

- გაჩერდი, რა, რას ამბობ. ბავშვი სისულელეებით ერთობა. ხომ იცი, ყველა ბავშვი ოცნებობს, მაგი, ცნობილი ილუზიონისტი გახდეს. სენიორს ამ გატაცების არაფერი გაეგება. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საქმეში კასანდრაზე მეტს ხედავს და გრძნობს.

- შენი ბიჭი არანორმალურად ნიჭიერია.

- არანორმალურს ამაში ვერაფერს ვხედავ. წლებია, რაც ვარჯიშობს, ამის მეტი არაფერი აინტერესებს. ბიჭსა და მამაკაცს შორის კლასიკური ზიზღი გაირთხამს ფესვებს. ის კია, რომ ეს ზიზღი მხოლოდ გაუგებრობებზეა აღმოცენებული. „დიახაც, დედა აგწაპნე, რომელიც ლამაზია და შენში წადილს აღძრავს, როგორც ეს შენი ასაკის ვაჟიშვილებისთვისაა ნიშნეული. რაც უნდა მოიმოქმედო - თუნდ მაგიაც მოიშველიო, მას ვერ დაიბრუნებ, კასანდრა ჩემია. არც შენი ეშმაკისეული ხრიკების ყურება შემიძლია დილიდან საღამომდე“, - ფიქრობს სენიორი. „არსად დაგეკარგოს! ნეტავი იცოდე, რა აზრისა ვარ მასზე და არ დავინახო, ჩემს ნივთებს თითი ახლო!“ - ფიქრობს ჯუნიორი. კასანდრა კი ბრწყინავს და ყვავის. ორი თვე უკვე მიიწურა მას შემდეგ, რაც სენიორი მასთან ცხოვრობს. რეკორდი მოხსნილია! „ის არსად წავა, სამუდამოდ დარჩება“. ერთ დღესაც სამს შორის დაწყებული შელაპარაკება ლამის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

- არ შეგიძლია ამ კარტს შეეშვა? შენი ფოკუსების ატანა არ მაქვს!

- გითხრა, რას ვერ იტან? რომ ვიღაცას რაღაცის კეთება შეუძლია. შენ ხომ არაფრის თავი არ გაქვს.

- რისი თქმა გსურს ამით?

- ნუთუ არ გაწუხებს, დედაჩემი რომ გარჩენს? კასანდრამ შვილს სახეში სილა გააწნა და სასწრაფოდ თავის ოთახში წასვლა უბრძანა. ერთი საათის შემდეგ დედა ვაჟთან შეიძურწა და დაუჯერებლად ყალბი, ვითომ სასოწარკვეთილი სახით სახლის დატოვებას სთხოვა.

- მე არაფერ შუაში ვარ, მან ისურვა ასე. გესმით თუ არა ჩემი? თქვენ შორის მართლა წარმოიშვა პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. შენ არ წახვალ აქედან, ის წავა. არადა, მე უკვე 35 წლის ქალი ვარ და მსურს, ეს კაცი როგორმე შევინარჩუნო. შენთვის თავის მინებებას ნამდვილად არ ვაპირებ. ყოველთვე 1000 დოლარი ჩემზე იყოს. ეს უზარმაზარი თანხაა. თავისუფალი იქნები. წარმოიდგინე, შენი ტოლი რამდენი ბავშვი ინატრებდა შენს ბედში ჩავარდნას. ჯუნიორი დუმს. „სენიორი ცამდე მართალია. ამ ბავშვს მართლა ძალიან ეშმაკური იერი აქვს. პირწავარდნილი მუზმუზელაა!“ - ფიქრობს კასანდრა. ჯუნიორი გრძნობს, რომ დედამისი უსირცხვილოდ ცრუობს. მისი კაცი კი არა, თვითონ ითხოვს შვილის სახლიდან წასვლას. სენიორს, მართალია, გულზე არ ეხატება, მაგრამ რომც არ წავიდეს, თავად აქედან ფეხის მომცვლელი არაა. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი მამაკაცი იტყვის უარს მსგავს ქერის ორმოზე? დედამ გადაწყვიტა, ვაჟიშვილი გარეთ მიებრძანებინა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ თავს უკიდურესად შეურაცხყოფილად გრძნობს. ბალღმა ხმამაღლა წამოროშა ის, რისი მოსმენაც მას არასდროს სურდა - თურმე სენიორი მასთან მისი სილამაზის გამო სულაც არ ცხოვრობს. ჯუნიორი სამოსს ზურგჩანთაში ჩურთავს, ჯადოქრობისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს კი რუდუნებით აწყობს ჩემოდანში.

       გამომშვიდობების სცენამ უსულგულოდ ჩაიარა. დედამ შვილი ისე გასვა გარეთ, წარბიც არ შეხრია. შვილს სძულს დედა. როგორც კი დედის სახლი დატოვა, ჯო ფიქრობს, რომ უკვე აღარ შეიძლება ჯუნიორი ეწოდოს. 14 წლისა პირველ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს: ნახვამდის, სკოლავ! იცის, რომ ახლა სწავლა დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. დედა რენოში სადღაც პერიფერიაზე ცხოვრობს. ჯო კი ქალაქის შუაგულში დაიდებს ბინას. იაფფასიან სასტუმროში ერთ ოთახს იქირავებს. მსგავსი დაწესებულებებით ნევადა გადაძეძგილია. ჯოს კაზინოში სურს თამაში. ამბობს, 18 წლის ვარო. რა თქმა უნდა, ჯოსი არავის სჯერა და ყოველ ჯერზე მისგან დამადასტურებელ საბუთს ითხოვენ. კაზინოში ვერა, მაგრამ სასტუმროების ბარებში კი მოიკიდებს ფეხს. აქ ის პუბლიკას ფოკუსებით ართობს. გაკვირვებისგან მუცელში ენაჩავარდნილი კლიენტები ფულს ჩუქნიან. მშვენიერია. კასანდრამ ისევ იცრუა, - დიდი ფულია 1000 დოლარიო. აბა, რა ფულია 1000 დოლარი, როცა საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ შენ გიწევს?! ეს 1000 დოლარი მხოლოდ კასანდრას სინდის-ნამუსიანობის საზღაურია, რომელსაც დიდი ფასი ნამდვილად ვერ დაედება.

        ჯო დაძინებას მხოლოდ დილით თუ ახერხებს. დღის სამ საათამდე დაბორიალებს, სურს ვიდეო-სალონებში ახალ კასეტებს მიაგნოს მაგიაზე. თუ რამე საინტერესო გამოქექა, სასტუმროს ნომერში ატრიალებს და დაწვრილებით სწავლობს. საღამოს ახალი ფანდები მაყურებლის სამსჯავროზე გააქვს. ჯოს იმდენად ეტყობა ასაკი, იმდენად ყრმა და ნორჩია, რომ კლიენტებს გული უჩუყდებათ, განსაკუთრებით ქალებს. ზოგჯერ მარტო ფულის ჩუქებით არ კმაყოფილდებიან, მუშტრები ვახშამზეც ეპატიჟებიან. ჯო არასდროს უარობს. გადის წელიწადი. ჯოს 15 უსრულდება. არა, ეს ცხოვრება მისთვის ნამდვილად საამურია. ჯოს თავი რენოს ავგაროზი ჰგონია.

 

*

       ღამეა. ჯო ბარში სრულიად მარტო ვარჯიშობს. ვერც კი ამჩნევს, რომ ვიღაცა უთვალთვალებს. სულ რაღაც სამი მეტრის დაშორებით დახლზე შემომჯდარი უცნობი განსაკუთრებით მის ხელებს აკვირდება. უეცრად ბიჭი ხედავს, რომ მამაკაცი დაჟინებით შესცქერის. უცხო თვალთა მზერას ჩვეულია, მაგრამ ამჯერად განსხვავებული შეგრძნება ეუფლება. ცდილობს, დაბნეულობა არ დაეტყოს. ვარჯიშს თავს ანებებს. ბოლოს თავს მაღლა სწევს და უცნობ მამაკაცს გაუღიმებს. საიდან იცის, რომ მისგან ზედმეტ გასამრჯელოს ვერ მიიღებს? და რატომ არ აწუხებს ის?

- რამდენის ხარ, ბალღო?

- თხუთმეტის.

- შენი მშობლები სად არიან?

- არ მყავს მშობლები, - პასუხობს ჯო და თან არც ეუფლება იმის განცდა, რომ ცრუობს.

მამაკაცი დაახლოებით 40 წლის თუ იქნება. ვერც მეტს მისცემ და ვერც ნაკლებს. მხარგანიერია. ჯოს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ბეხლეწი ძალიან, ძალიან შორიდან უცქერის, თვალებიც ისე ღრმად აქვს ფოსოებში ჩამჯდარი.

- ბალღო, ისეთი მარჯვე ხელები, როგორიც შენ გაქვს, ცხოვრებაში არ მინახავს. არადა, ამ საქმისა რაღაცა მეც გამეგება და ვიცი, რაზე ვლაპარაკობ.

ჯო გრძნობს, რომ უცხო მამაკაცი არ ატყუებს. ჯო მონუსხულია.

- პედაგოგი გყავს?

- არა, ვიდეო-კასეტებს ვქირაობ.

- ეს არ არის საკმარისი. მით უმეტეს, როცა ღმერთმა ასეთი ნიჭი მოგმადლა. პედაგოგი აუცილებელია.

- არ გინდათ, ჩემი მასწავლებელი გახდეთ?

მამაკაცს გულიანად გაეცინა.

- ფრთხილად, პატარავ, მე ჯადოქარი კი არ ვარ! მაგრამ შენ მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯადოქრის ქალაქში ცხოვრობ.

- ყველაზე დიდის რაში?

- ჯადოქრობაში.

 

*

       მეორე დღეს ჯომ რკინიგზის ლიანდაგთან შორიახლო მდებარე სახლის კარზე დააკაკუნა. არავინ გამოეხმაურა. შეამჩნია, რომ დაკეტილი არ იყო და შეაბიჯა.

მისაღებში დივანზე მამაკაცს ეძინა. სახეზე გაზეთი აეფარებინა.

ჯომ გაზეთი აიღო და მძინარეს დააკვირდა.

       კაცი დაახლოებით 35 წლისა თუ იქნებოდა. სახეზე უკიდურესი სიმშვიდე და აუღელვებლობა ჰქონდა აღბეჭდილი. მხოლოდ ჯინსი ემოსა. შიშველი ტორსი შთამბეჭდავად დაკუნთვოდა. სხეულს ზედმეტი ცხიმის ნატამალიც არ ეტყობოდა. მოზარდმა სალონს მზერა მოავლო, პროფესიულ ინსტრუმენტებს ვერსად მოჰკრა თვალი. იმედგაცრუების განცდა დაეუფლა. ავეჯს აქ მხოლოდ ფუნქციონალური დანიშნულება თუ ჰქონდა. „აქ ლამაზი არაფერია, - გაიფიქრა მან, - იქნებ ეს სულაც არ არის ჯადოქრის ადგილსამყოფელი?“ როცა კარგად დაფიქრდა, მიხვდა, რომ სწორად ვერ მსჯელობდა. დივანზე გაშოტილი მამაკაცი გასაოცრად საინტერესო ჩანდა. ჯომ ერთი მომენტი იფიქრა, მკვდარი ხომ არ არისო და მკერდზე მიაყურადა.

- ვინ ხარ შენ? - წარმოთქვა უცხო სხეულის შეხებისგან გამოღვიძებულმა.

- მე ჯო უიპი მქვია. თქვენ ნორმან ტერენსი ხომ არ ხართ?

- დიახ.

მამაკაცი წამოჯდა, დაამთქნარა და წარბშეჭმუხნილი მოჰყვა მოზარდის თვალიერებას.

- კარი არ იყო ჩაკეტილი და პირდაპირ შემოვედი.

- ერთ ჭიქა რძეს ხომ არ გადაკრავდი?

- მე თუ მკითხავთ, ლუდს უფრო გეახლებოდით.

- ლუდი არ მაქვს, ამიტომ წავალ და რძეს მოგიტან. ნორმანი რძით გაპიპინებული ორი ჭიქით მალევე მობრუნდა უკან. სრულ სიჩუმეში წრუპავდნენ თეთრ სითხეს. ჯო ელოდა, სანამ მასპინძელი ჰკითხავდა, რა სურდა მისგან, მამაკაცი კი დუმდა, გეგონება, ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მასთან შემოჭრილიყო და მიზეზიც არ გაეცხადებინა.

- მე მსურს, რომ თქვენ ჩემი პედაგოგი გახდეთ.

- მე არავის პედაგოგი არ ვარ და ვერც გავხდები.

- მასწავლებელი დავარქვათ, თუ გნებავთ.

- რისი მასწავლებელი?

- თვითონ ბრძანეთ, რისი მასწავლებლობა შეგიძლიათ.

- და შენ რომ მითხრა, რისი შესწავლა გსურს?

მოზარდმა ჯიბიდან კარტის დასტა დააძრო. დაბალ მაგიდაზე რამდენიმე ფოკუსი აჩვენა. შემდეგ კარტები აკრიფა და ნორმანს თვალი თვალში გაუყარა.

- მსგავსი სიმარდე ჩამორიგებაში ცხოვრებაში არ მინახავს, - თქვა კაცმა.

- მერე?

- რატომ გსურს, მაინცდამაინც ჩემი შეგირდი გახდე?

- იმიტომ, რომ თქვენ ყველაზე დიდი ოსტატი, ნამდვილი მეტრი ხართ.

- ეს არგუმენტი მაინცდამაინც დამარწმუნებელი არ მეჩვენება.

- იმიტომ, რომ მე დაუჯერებლად სწრაფი ხელები მაქვს.

- მართალია, მაგრამ არც ეს არგუმენტი მხიბლავს. თავში არასდროს მომსვლია აზრად, ვინმესთვის რამე მესწავლებინა.

- გამოდის, რომ ის უზარმაზარი ცოდნა, თქვენ რომ ფლობთ, მარტო თქვენთვის გსურთ, შეინახოთ. არავის გაუზიარებთ?

- მოსაფიქრებლად იმედია, დრო მაქვს. სად არიან შენი მშობლები?

- მამა საერთოდ არ მყავს, დედაჩემმა კი სახლიდან გამომაგდო. უკვე ერთი წელია, სასტუმროში ვცხოვრობ.

- ამიხსენი, ვერაფერი გავიგე.

ჯომ თავისი პირადი ისტორია წვრილად გადმოულაგა. ყოველდღიური ყოფაც გააცნო. დათრგუნულმა მასპინძელმა ღრმად ამოიხვნეშა.

- რამდენი წლის ხარ?

- თხუთმეტის.

ნორმანმა მოზარდს დაჟინებული მზერა მიაპყრო. ეს უკანასკნელი მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ეცადა, საკუთარი სახიდან ხვეწნა-მუდარის ყოველგვარი ნაკვალევი გაექრო. მამაკაცი ფიქრობდა. მისაღებში ფუთებით დატვირთული ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. როგორც ჩანს, საყიდლებზე იყო გასული.

- ქრისტინა, გაიცანი, ეს ჯოა, 15 წლის. ჯო, გაიცანი, ეს ქრისტინაა, ჩემი თანამგზავრი.

- გამარჯობა, ჯო. ვერ დამეხმარები?

ბიჭუნა ქალისკენ გაქანდა და რამდენიმე ფუთა ჩამოართვა. ორივენი სამზარეულოსკენ გაემართნენ და პროდუქტი დააბინავეს. შემდეგ ჯო ისევ სალონს დაუბრუნდა.

- და ვინ უნდა დავაყენო შენგან? - ჰკითხა დაღონებულმა ნორმანმა.

ამ დროს ქრისტინა სამზარეულოდან დაბრუნდა და სრულიად ბუნებრივი ხმით გამოაცხადა: - ჯო პატარა ოთახში დაწვება.

ჯოს გულისცემა აუჩქარდა, ნორმანს გაეღიმა.

- შენ შენი გაიტანე. წადი, მოიტანე შენი ბარგიბარხანა.

ჯო ზურგჩანთითა და პატარა ჩემოდნით ხელში მალევე მობრუნდა უკან. კარი ქრისტინამ გაუღო და პირდაპირ მისთვის გამოყოფილი ოთახისკენ წაიყვანა, რომელიც რკინიგზის ლიანდაგებზე გადიოდა.

- წადი, იბანავე, - უთხრა დიასახლისმა, - შემდეგ კი ვისადილოთ.

       ბიჭი დაემორჩილა. სააბაზანო ოთახში შვებით ამოისუნთქა. ცხოვრებაში პირველად დაეუფლა განცდა, რომ ოჯახი ჰყავდა. ჯო ბანაობდა და თან ფიქრობდა: „ნორმანი თამამად შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მაგრამ ქრისტინა ძალიან ახალგაზრდაა. ოცდახუთის თუ იქნება, ამიტომ ცხადია, დედობას ვერ გამიწევს“. საოცარია, ამ გოგონამ სულ რაღაც რამდენიმე სიტყვითა და ჟესტით მისი კეთილგანწყობა დაიმსახურა; რაც მთავარია, ადამიანად აგრძნობინა თავი, რაც კასანდრამ ერთ ჭერქვეშ 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც ვერა და ვერ მოახერხა. ნორმანმა ხმამაღლა დაიძახა: - ჯო, გელოდებით, ვახშამი მზადაა! ნორმანის ძახილზე ჯომ ბანაობას აუჩქარა. ხეხვას რომ მორჩა, ხაოიანი ხალათი მოიცვა და პირდაპირ სუფრას მიაშურა. მის ჩაცმულობაზე გაკვირვება არავის გამოუხატავს. მადიანად მიირთვეს. თითო-ოროლა სიტყვა თუ გადაუგდეს ერთმანეთს. ნორმანსა და ქრისტინას ტელევიზორი არ ჰქონდათ. ჯო ახალი გარემოცვით უზომოდ კმაყოფილი ჩანდა.

 

*

       შუაღამე იქნებოდა, როცა ნორმანმა სცადა გაერკვია, თუ რატომ იტვირთეს ამხელა პასუხისმგებლობა. ქრისტინასაც ვერ მოეხუჭა თვალი. აბა, რა დააძინებდა, ნორმანი ისე შფოთავდა და წრიალებდა. ეს უბრალოდ პრინციპის ამბავიაო, დაამშვიდა: - ასე ბუნებაში თავისუფლად მიშვებული 15 წლის ბავშვი საკუთარ სახლში უნდა შევიკედლოთ. სხვა აბა, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? ეს თავისთავად ცხადია.

- არ ვიცი, ვიცი. მის მაგივრად სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, ამ ნაბიჯს ცოცხალი თავით არ გადავდგამდი.

- ნუთუ ასეთი კარგი ჯადოქარია?

- კი, ნამდვილად. ასეთ დონეს რომ მიაღწია, შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი მარტოსული იყო. იფიქრე სარკის წინ ვარჯიშში გატარებული საათების ურიცხვ რაოდენობაზე, როცა ცდილობდა, ხრიკი უხილავი გაეხადა.

- და შენ როგორი იყავი 15 წლის ასაკში?

- მარტოსული და ველური, მაგრამ არა ამ დონეზე. ჯო უბრალოდ შიშს მისახავს.

- რა უცნაურია. მე კი მიმაჩნია, რომ თავაზიანი, სრულიად ნორმალური და კეთილი ბიჭია.

- შესაძლოა მართალიც ხარ, - თავი დაუქნია ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა ნორმანმა: ქრისტინას აქამდე ვინმეს ქცევა-მანერების გამო გაოცება არასდროს გამოეხატა. ნორმანს ისევ უჭირდა ჩაძინება. ქრისტინამ ისევ სცადა, დაემშვიდებინა: - მისთვის კარი ცხვირწინ რომ მიგეხურა, სინდისის ქენჯნა მოგიღებდა ბოლოს, შფოთი შეგიპყრობდა.

- მართალი ხარ.

ჯოსაც უძილობა შეჰყროდა იმ ღამეს, ოღონდ სიხარულისა და ბედნიერების გამო. უბადრუკ სასტუმროში გატარებული მთელი წლის შემდეგ კერძო სახლში ცხოვრება დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდ ფუფუნებად ეჩვენა. ამიერიდან აღარ მოუწევდა ბარებში ჯაფა, რათა ნომრის ქირა გადაეხადა. ის ისევ ნორმალური ბავშვი გახდებოდა.

 

*

       ჯოს ყოველდღიურმა ყოფამ სულ მალე ერთგვარად ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი ფორმა შეიძინა. დილით საუზმის შემდეგ ნორმანი ახლად აყვანილ მოსწავლეს თავის ხელოვნებას აზიარებდა. მეცადინეობისას დროის მეტი წილი ტექნიკური ოსტატობის დახვეწას ეთმობოდა, შედარებით ნაკლები - სულიერებას. მასწავლებელმა ტექნიკურ ასპექტზე მეტი ყურადღების გამახვილება აუცილებლობად მიიჩნია. იმიტომ, რომ შესანიშნავად ამჩნევდა, თუ როგორ თვრებოდა შეგირდი საკუთარი ვირტუოზულობით.

- რატომ გადაწყვიტე, ჯადოქარი გამხდარიყავი? - დაინტერესდა ოსტატი.

სიჩუმე. ჯო მსგავს კითხვას არ ელოდა და, ცოტა არ იყოს, დაიბნა.

- გსურდა ყველასთვის დაგემტკიცებინა, საუკეთესო რომ ხარ? ვარსკვლავობა განიზრახე? - არ მოეშვა ნორმანი.

მრავლისმეტყველი დუმილი.

- რა მიზანს ისახავს მაგია?

მცირეოდენი პაუზის შემდეგ ნორმანმა თავადვე გასცა დასმულ შეკითხვას პასუხი: - მაგიის მიზანია, სხვებს რეალურში ეჭვი შეატანინო.

ჯომ თავი გააქნია.

- ასე რომ, - განაგრძო ოსტატმა, - მაგია სხვისთვისაა განკუთვნილი და არა - საკუთარი თავისთვის.

- მიუხედავად თქვენი განცხადებისა, მას ჩემთვის უზომოდ დიდი სიამოვნება და სიხარული მოაქვს, - თქვა მოზარდმა.

- ერთი მეორეს არ გამორიცხავს. როცა აკეთებ ისე, როგორც წესი და რიგია, რა თქმა უნდა, სიამოვნებას იღებ. თუმცა, მთავარი განცხრომის ძიება როდია. მიზანი სულ სხვაა. ჯომ ნორმანს ალმაცერად ახედა. პედაგოგმა იგრძნო, რასაც შეგირდი ფიქრობდა - ეს რა მუდოს გადავეყარეო! - და სიცილი ძლივს შეიკავა. ნაშუადღევს ნორმანი ჩვეულებისამებრ დივანზე წამოგორდებოდა ხოლმე. ჯო ქრისტინას საყიდლებზე მიჰყვებოდა ან სახლის დალაგებაში ეხმარებოდა. საღამოობით კი ქრისტინა ჯოს საჭმლის მომზადებას ასწავლიდა. ჯო აღმერთებდა ჯადოქარს, მაგრამ მის კომპანიაში თავს მაინც შებოჭილად გრძნობდა: ნორმანი მომნუსხველ ღირსებას აფრქვევდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის მეტად სახელგანთქმული პიროვნება იყო, თუმცა, თავისი პოპულარობის წინა პლანზე წამოწევას არასდროს ცდილობდა. საკუთარ თავზე კრინტს ვერ დააცდენინებდით. ალბათ, არც იყო საჭირო გუდისთვის თავი მოეხსნა. ყველამ იცოდა, ვინც იყო. უამრავი წერილი მოსდიოდა, კითხვას ვერ აუდიოდა. პრესტიჟულ სცენებზე ეპატიჟებოდნენ, უცხოელ საქვეყნოდ ცნობილ პროფესიონალთა დახურულ წრეებშიც კი.

       ნორმანი რენოში თითქმის აღარ გამოდიოდა: დროდადრო თუ მოიწყობდა ტურნეს რამდენიმე დიდ ქალაქში. ოღონდ არც ამ გასტროლებზე უყვარდა ყბედობა. ინფორმაცია ლამის მარწუხით უნდა ამოგეგლიჯათ პირიდან. როცა ქალაქს ტოვებდა, შეგირდს დავალებას უტოვებდა. ეს შეიძლებოდა ამა თუ იმ მოძრაობის დამუშავება ყოფილიყო. თუმცა ნორმანმა იცოდა, რომ ზედმეტი ჩიჩინი ფუჭი იყო: მოსწავლე უთქმელადაც არ დაჯდებოდა გულხელდაკრეფილი. ნორმანის რჩევები და მითითებანი მოზარდის სიმშვიდის უზრუნველსაყოფად თუ გამოდგებოდა. ის ხომ მუდამ შიშობდა, ვაითუ ერთ დღესაც სწავლის პროცესი გამიწყდესო. დროებით მეტრის გარეშე დარჩენილი ჯო უწინდებურად მარტო ვარჯიშობდა. საათობით იდგა სარკის წინ კარტითა და სხვადასხვა ნივთით ხელში, საკუთარ მოძრაობებს ყურადღებით აკვირდებოდა და ხვეწდა. მას შემდეგ, რაც ნორმანის მოსწავლე გახდა, საკუთარ თავს სხვა თვალით უცქერდა, განსხვავებული კრიტერიუმებით აფასებდა. თითქოს მის ანარეკლსაც კი მეტრის მსჯელობა-განსჯის ნაკვალევი დაეტყო.

       შუადღით ქრისტინა ჯოს სადილზე ეძახდა, რის შემდეგაც ორივენი ბინდის ჩამოწოლამდე ერთად ატარებდნენ დროს. ჯო გიჟდებოდა ქრისტინას საზოგადოებაზე. ეს უკანასკნელიც ნორმანივით სიტყვაძვირი იყო, მაგრამ პატარა შეგირდი ამის გამო თავს უხერხულად სულაც არ გრძნობდა. კასანდრას კი ვერ გააჩერებდი. ყბედობდა და ყბედობდა, შეიძლება სიჩუმე სულაც შიშს ჰგვრიდა. ჯო ქრისტინას ყოველთვის დედამისს ადარებდა და ამის გამო დროდადრო საკუთარ თავს უბრაზდებოდა. „საქმე ისაა, რომ სხვა ქალს მე არ ვიცნობ. აბა, ვის შევადარო?“ - ფიქრობდა ის. ქრისტინა ჯოს თვალში კასანდრას ანტიპოდი გახლდათ: დარბაისელი, მშვიდი, მდუმარე, მის აწეულ ხმას ხომ ვერ გაიგებდი! და არც მისი სილამაზე იყო ასეთი თვალში საცემი და, თუ შეიძლება ითქვას, ხმაურიანი. ამის გამო ქრისტინას იერსახეზე ჯეროვანი ყურადღება არც გაუმახვილებია, საერთოდ არ იმჩნევდა. მაგრამ ერთ დღესაც, როცა დარწმუნდა, რომ ქრისტინა სილამაზეში ტოლს არც არავის დაუდებდა, უზომოდ გაოცდა. შეუძლებელია ჯოს თავბრუდამხვევი აღმოჩენის ეს მომენტი ოდესმე დავიწყებოდა. როგორც წესი, ისინი ერთად სადილობდნენ. სადილობისას ჯო ქრისტინას დილის საქმიანობის შესახებ არაერთ შეკითხვას უსვამდა. ამჯერადაც მისგან ბანალურ პასუხებს მოელოდა, მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ კი მოხდა.

- ვიმეცადინე, - უთხრა ქრისტინამ.

- იმეცადინე?

- აბა რა. მე ყოველ დილას ვმუშაობ საკუთარ თავზე.

- და რა ხელობის ხარ?

- ცეცხლთან მოთამაშე ჟონგლიორი.

ჯოს ლუკმა ყელში გაეჩხირა და კინაღამ დაიხრჩო.

ქრისტინას გაეღიმა.

- ვერ ვხვდები, რა არის აქ ასეთი დაუჯერებელი. შენ და ნორმანი ხომ ჯადოქრები ხართ.

ჯოს სირცხვილის განცდა დაეუფლა. აქამდე ერთი წამით მაინც რატომ არ დაუშვა, რომ ქრისტინაც შეიძლებოდა არტისტი ყოფილიყო.

- მომიყევი, - სთხოვა ქალს.

- ეს სამყაროს ყველაზე ლამაზი ხელობაა, - დაიწყო ქრისტინამ.

ქრისტინა ჰყვებოდა. ჯო გატრუნული უგდებდა ყურს და თან აკვირდებოდა. მთხრობელი ბრწყინავდა, ელვარებდა, თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა. მისი სახის ნაკვთების სინატიფისგან ჯოს მეტყველების უნარი წაერთვა. მას აქამდე მსგავსად მაგიური სახე არასდროს ენახა. 15 წლის ასაკში ჯოს არა ერთხელ მოუწია სილამაზესთან შეხება. საილუსტრაციოდ დედამისის გვერდით ცხოვრებაც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ ამჯერად ყმაწვილი დიამეტრულად განსხვავებულ შეგრძნებებს შეეპყრო. სილამაზის აღქმისგან ასე ძლიერ პირველად შეიძრა. თითქოსდა ეს სილამაზე მხოლოდ მისთვის შეიქმნა და მას მიმართავდა. ეს ის საიდუმლო იყო, რომლის განდობის პატივი უნდა დაგემსახურებინა. სილამაზე, რომელთანაც სრულად ზიარების ბედნიერება მხოლოდ ღირსეულებს ეძლევათ.

       ქრისტინა სახესა და ტანზე ძალიან გამხმარი ჩანდა, თუმცა ვერც იმას იტყოდით, მოსიარულე ჩონჩხი ან ძვალზე გადაკრული ტყავიაო. თმა, კანი და თვალები კარამელისფერი ჰქონდა. ნიუ-მექსიკოში იყო გაზრდილი და ხშირად იმეორებდა, იქ ერთი უმზეო დღეც კი არ მახსოვსო. მისი კანის ფერი ამის ნათელი დასტური გახლდათ. თმას თავზე ისე იხვევდა, გეგონება შინიონი ადევსო. ეს პრიმიტიული და უეშმაკო ვარცხნილობა განსაკუთრებულად ქრისტინას მაღალ, ლამაზ ყელს გამოკვეთდა. ტანთ უფრო ხშირად ჯინსი და მსუბუქი მაისური ემოსა. ამის გამო ჯოს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, რომ ზედმიწევნით იცნობდა მის სხეულს. მაგრამ როგორც კი ქრისტინა შეუყვარდა, მის წარმოსახვაში ეს სხეული მისთვის შორეული, იდუმალი და ამოუცნობი გახდა. ქრისტინას ფიზიკური სილამაზე ჯოს აღმოჩენისთანავე შეუყვარდა, თანაც ძლიერ, როგორც ეს პირველი სიყვარულისთვისაა დამახასიათებელი. ამ გრძნობას დაბადებისთანავე ფიზიკური სიახლოვის წადილიც დაერთო თან. ჯომ იცოდა, რომ აკრძალული ხილი შეუყვარდა, ამიტომ ეცადა, საკუთარი გატაცება სხვის თვალში ყოვლად შეუმჩნეველი ყოფილიყო. როგორც კი სიყვარულის ალი მოედო, მომლოდინე ადამიანის პოზიცია არჩია. მოთმინებით ელოდა იმ დღეს, როცა უნდა მომხდარიყო ის, რისაც არაფერი გაეგებოდა, მაგრამ მშვენივრად ჰქონდა წარმოსახული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის თვალში ყველაფერი უაზრობა იქნებოდა. ბრძენი ადამიანები ამბობენ, რომ ყველაფერი უაზრობაა, რომ აზრი არაფერში დევს. შეყვარებულები უფრო ღრმა სიბრძნეს ფლობენ, ვიდრე ბრძენები. ვისაც უყვარს, ერთი წამითაც არ უშვებს, რომ საგანთა არსებული წყობა ყოველგვარი აზრისგანაა დაცლილი. ქრისტინას უზომოდ უყვარდა ნორმანი, არაჩვეულებრივი ადამიანი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯადოქარი. ჯო კი მხოლოდ მოზარდი იყო და თითქმის ყველა სფეროში უამრავი რამ ჰქონდა სასწავლი. არც არაფერი ებადა, გარდა ძლიერი, უკიდეგანო სურვილისა. ეს კიდევ სავსებით საკმარისი იყო მისთვის, რათა იმედითა და რწმენით ეცხოვრა. რომ გეკითხათ, რა აზრს დებდა ამ რწმენაში, ალბათ გიპასუხებდათ: „ერთ მშვენიერ დღეს მე ქრისტინასთან ერთად სიყვარულს მივეცემი და მისი წადილი ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც ჩემი“.

 

*

        ცეცხლთან მოთამაშე ჟონგლიორთა რამდენიმე კატეგორია არსებობს. ქრისტინა „swinging“ -ის მომხრეთა შორის მოიაზრებოდა. მათი ოსტატობა ძაფებზე, ე.წ. „ბოლაზე“ გამობმული ჩირაღდნების მანიპულირებაში მდგომარეობს. ეს ის ბოლაა, როდეოზე გამართული ზოგიერთი წარმოდგენის დროს ხარებს ერთ ადგილზე გასაქვავებლად ფეხების გარშემო რომ ესვრიან. სხვანი კიდევ ძაფების გარეშე ჟონგლიორობენ, ან ჯოხის ბოლოებზე ორ-ორ ჩირაღდანს მიამაგრებენ და ისე. ყველა ეს ტექნიკა თვალწარმტაცი, ჩამთრევი და სანახაობრივია. მაგრამ „სვინგინგი“ განსაკუთრებული ელეგანტურობითა და გრაციოზულობით გამოირჩევა. სახელწოდებაც, თავად ხედავთ, ერთობ მრავლისმეტყველია - ამ დისციპლინის მიმდევართ fire dancers-ს („ცეცხლთან მოცეკვავეებს“) უწოდებენ. ჯო უკმარისობის გრძნობას შეეპყრო, რისი ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ქრისტინა თავისი ოსტატობის ჩვენების მომენტში არასდროს ენახა.

- ეს არ არის საჩვენებლად ადვილი სანახაობა, - აუხსნა ქრისტინამ, - შესაძლო საფრთხე არასდროს უნდა გამორიცხო, როგორც ჟონგლიორის, ასევე მაყურებლისთვის. ერთი წამით წარმოიდგინე, რომ ჩირაღდანი წესიერად ვერ გამოაბი, მოწყდა და დარბაზში გადავარდა. თუ ნეილონის სამოსში გამოწკეპილს ან თუნდაც ვინმეს თმაზე დაეცა, ყველაფერი კატასტროფით შეიძლება დასრულდეს.

- შემპირდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენს ოსტატობას სინამდვილეში დავინახავ, - დაიჟინა ჯომ.

- რა თქმა უნდა, იხილავ. ოღონდ ცოტა მოთმინება უნდა იქონიო. მანამდე შეგიძლა ვარჯიშებზე დამესწრო. გარწმუნებ, ურიგო სანახაობა ნამდვილად არ არის. ეს არგუმენტი ჯოს, ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა, რადგან ქრისტინა ნამდვილი, ალმოდებული ჩირაღდნებით არ ვარჯიშობდა. მათ მაგივრად ბოლაზე მსგავსი წონის კიას გამოაბამდა ხოლმე. ჯოს ძალიან უჭირდა, საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ ეს ყმაწვილი ქალი მხოლოდ მისთვის იცეკვებდა. თუმცა, ერთ რამეს გრძნობდა - მას უფრთხილდებოდნენ და ბარბაროსული საფრთხისგან დაცლილ დიდებულ ჟონგლიორულ სანახაობას სთავაზობდნენ. მსგავსი ხერხი ისევ ბავშვობის ხანაში აბრუნებდა. ეს იყო ზედმიწევნითი ანალოგია იმისა, რასაც სექსუალური თვალსაზრისით განიცდიდა: მას მხოლოდ სათამაშოებზე შეიძლებოდა პრეტენზია განეცხადებინა, არადა, თავს უზარმაზარი რეალობისთვის შემზადებულად გრძნობდა.

        ერთ დღეს ჯომ ქრისტინას უცოდველი სახით, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ჰკითხა, როგორ უნდა დაეცხრო ქალთან სექსუალური ჟინი. ქრისტინამ გაიღიმა და უპასუხა: - ეს კითხვა ალბათ უფრო ნორმანისთვის უნდა დაგესვა. მისი შეხედულება ამ საქმეში უფრო მეტს შეგძენს, ვიდრე ჩემი. მოგვიანებით ქრისტინამ ნორმანს ჰკითხა, მსგავსი რამ შენთვისაც ხომ არ უკითხავსო.

- რომელ კითხვას გულისხმობ?

- როგორ უნდა დაიცხროს მამაკაცმა ქალთან სექსუალური ჟინი?

- არა, არ უკითხავს, - სიცილით უპასუხა ნორმანმა, - ეტყობა, ჩემთან გამბედაობა არ ეყო.

- ჩემთან მშვენივრად ეყო.

ნორმანი ფიქრებს მიეცა.

- მგონი, შენზე ცოტა შეყვარებულია და ეს მამშვიდებს.

- რატომ?

- ეს იმის დასტურია, რომ სავსებით ნორმალური ბიჭია.

- შენ რა, ეჭვი გეპარებოდა?

- კი. როცა მაგიას ვასწავლი, ის ისეთი უცნაურია, ისეთი შიშის მომგვრელი! ჩემს სიტყვებს პირდაპირ ისრუტავს. ამავდროულად, ვგრძნობ, რომ ერთი სული აქვს, მეტაკოს და ყელი გამომჭამოს, კბილებით დამგლიჯოს, ნაფლეთებად მაქციოს.

- გიჟდება შენზე!

- ისევე, როგორც 15 წლის ბიჭი საკუთარ მამაზე. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, ჩემი მოკვლის სურვილიც ჰქონდეს.

- შენ მას საკუთარ შვილად მიიჩნევ?

- სადღაც კი. მე ძალიან მიყვარს ჯო, ვეთაყვანები. როცა სადმე მივემგზავრები, სულ მენატრება. როცა ვბრუნდები, მაღიზიანებს. სასოწარკვეთილი ვარ მის გამო.

- გეშინია მისი.

- არა, მე ვშიშობ მის გამო.

- მაშინ გამოდის, რომ ის შენი ვაჟიშვილია.

 

*

       ნორმანმა გადაწყვიტა, ჯოსთვის კარტით შესასრულებელი ფოკუსებიდან ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში, ჰოლინგვეთის „Waving the kings“ ესწავლებინა. თავად შეასრულა რამდენჯერმე, სანამ შეგირდს ტექნიკას აზიარებდა.

- ხედავ? ეს ერთ-ერთი ულამაზესი ფოკუსია, - აუხსნა ნორმანმა, - შენისთანა ნიჭის პატრონი ამას სამ საათში დაეუფლება.

სამი დღე ღვარა ოფლი მოზარდმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

- ვერაფერი გამიგია, შენ ისე ადვილად ისწავლე პოლ ჰარისის „Interlaced Vanish“. მხოლოდ ერთი საათი მოანდომე. არადა ვერ ვიტყვი, რომ მისი შესრულება ასე ადვილია. აქ რა მოგივიდა? სულ დაიბლოკე.

ამ განცხადებაზე ჯიუტ ჯოს წარბი შეეჭმუხნა.

ნორმანმა ისევ გაიმეორა ფოკუსი, თან თითოეულ ჟესტს ახსნა-განმარტება დაურთო. ბოლოს კი დაასკვნა: - მე ვიტყოდი, რომ სულაც არ არის ძნელი, მარტივი მეჩენება. ისე, კარტით შესრულებული ნებისმიერი ფოკუსი ასე თუ ისე იოლია. ძნელია მხოლოდ თაღლითობა.

- აი, სწორედ ეს მინდა ვისწავლო, - იყო ჯოს მყისიერი რეაქცია.

ნორმანმა პასუხად სახეზე ბარაქიანი სილა ააფარა.

- ცხოვრებაში პირველად მითავაზეს სახეში ასეთი ცეცხლოვანი სილა, - განაცხადა განაწყენებულმა შეგირდმა.

- მეც პირველად მიწევს მსგავსი ძღვენის მირთმევა და შენ წარმოიდგინე, ამას სულაც არ ვნანობ! ერთი კარგად მიგდე ყური, პატარა საძაგელო ბიჭო! მოდიხარ და მთხოვ, რომ გასწავლო. მე ჩემდათავად ვთანხმდები ისეთ რამეს, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვუარობდი. თანაც, საკუთარ ჭერქვეშ შეგიკედლე. შენ კიდევ ასე უსირცხვილოდ დგახარ ჩემ ცხვირწინ და გაიძახი, თაღლითი მინდა გავხდეო. მსგავსი განცხადებისთვის თავხედობა კარგად გყოფნის, როგორც ვხედავ.

- მსგავსი რამ არასდროს წამომცდენია. მე ვთქვი, მინდა ვისწავლო და არა გავხდე-მეთქი.

- და რატომ გინდა, შულერობა ისწავლო?

- თავად რატომ ისწავლე? არასდროს გითაღლითია?

- არასდროს!

- მაშინ სად ხედავ პრობლემას?

- მე კაცი ვარ, შენ კიდევ - ბალღი.

- აი, მოვედით... განა თაღლითობის შესასწავლად სპეციალური ასაკი არსებობს?

- თუ გსურს, მარტო ტექნიკას დაეუფლო, მაშინ - არა.

- შენ მორალურ მხარეზე შიშობ. ბოროტების სიკეთისგან გარჩევა განა ჩემს ასაკში არ უნდა ისწავლებოდეს?

- ნამდვილად, მაგრამ ამიხსენი, რატომ გხიბლავს გაცურება?

- შენ უკვე გაეცი ამ კითხვას პასუხი: იმიტომ, რომ ეს ყველაზე ძნელია. მე სიძნელეები მიზიდავს.

- ჯერ მოდი, „Waving the kings“ ისწავლე, დანარჩენი მერე ვნახოთ. შევთანხმდით?

სიქაგაცლილმა ყმაწვილმა ხელი კარტის დასტას დასტაცა და ფოკუსი წამში უზადოდ შეასრულა.

ნორმანმა თავი დააქნია, შემდეგ კი ყმაწვილს თვალი თვალში გაუყარა.

- ვინ ხარ შენ? რა გიყრია ამ პატარა თავში?

- კარგი რა, შემეშვი.

 

*

       ღამით ნორმანი ქრისტინას ამ ამბავს დაწვრილებით მოუყვა, რაზეც ქალს გულიანად გაეცინა.

- სასწაული ბავშვია!

- უკვე აღარ ვიცი, მასთან მეცადინეობა მართობს, თუ არა. მაგრა კი აქვს ტვინი გადაბრუნებული. პატარა გაიძვერა, აი!

- კარგი რა, რას ამბობ?! ბავშვი მხოლოდ 15 წლისაა.

- 15 წლის ასაკში მსგავსი რამ თავში არასდროს მომივიდოდა.

- საიდან იცი?

- რახან ვამბობ, ესე იგი, ვიცი.

- არ მჯერა შენი. ჩვენ მალევე გვავიწყდება, რომ ამ ასაკში ყველანი დასაბმელი გიჟები ვიყავით.

- შენ არა.

- მეც, შენ წარმოიდგინე.

- შენ მხოლოდ გიჟებთან ცხოვრობდი. ეს სრულიად განსხვავებული რამაა.

- მე ჰიპების სათვისტომოში ვცხოვრობდი, სადაც მართლაც ყველა დაქნეული იყო. და შენ წარმოიდგინე, 12 წლის ასაკში მათზე უფრო ჭკვიანი და გონიერი ვჩანდი. მაგრამ აი, 15 წლისა მეც ჩამოყალიბებული გიჟი და გადარეული ვიყავი.

- მოყევი.

- 15 წლისა თითქმის არაფერს ვჭამდი, სრული ანორექსია მჭირდა. ერთ დღესაც მე და დედაჩემი სადღაც ერთად ვსეირნობდით. სრულიად შემთხვევით მდელოზე ამოყრილ სოკოებს წავაწყდით. დედამ ამიხსნა, ეს ჭრელი ქამააო. თუ იჭმევა-მეთქი, დავინტერესდი. არავითარ შემთხვევაში, ტოქსიკურიაო, მიპასუხა. ფრაზა არც ჰქონდა დამთავრებული, გულმა მათკენ გამიწია. ერთი სული მქონდა, მომეკრიფა და გემო გამესინჯა. ეს სურვილი მალევე აკვიატებად მექცა. არ დაიჯერებ, მაგრამ იმ ადგილს ისევ მივუბრუნდი, დავკრიფე სოკოები და პირში ხარბად ჩავიტენე. ერთგვარი ველური ჟინით ვიყავით შეპყრობილი. მთელი ღამე პირი არ მომიმუწავს. ნაწლავები ამომიტრიალდა... საავადმყოფოში გადამიყვანეს.

- თავის მოკვლას აპირებდი?

- სრულიადაც არა. იგივე ვუპასუხე დედაჩემსაც, რომელმაც - ლოგიკურია! - მკითხა: პირში ლუკმას არ იდებ და ტოქსიკური სოკოების ჭამა რატომ მოგინდაო. მათი შეჭმის ერთგვარმა ველურმა სურვილმა შემიპყრო-მეთქი, ვუპასუხე.

- დღეს ამ სურვილს რამე სხვა ახსნა-განმარტება ხომ არ უპოვე?

- არა. როცა ეს 15 წლის ასაკში გემართება, უბრალოდ, გონზე ვერ ხარ. იყო მსოფლიო დონის ჯადოქარი და ცხოვრობდე რენოში, ისეთივე აბსურდულია, როგორიც რომის პაპის ტურინში ბინადრობა: კარგ სახელმწიფოში, მაგრამ უვარგის ქალაქში.

როცა ეკითხებოდნენ, ლას-ვეგასში რატომ არ დამკვიდრდიო, ნორმანს საპასუხოდ ეს მეტაფორა მოჰყავდა ხოლმე.

- პატიოსან და კეთილ ადამიანებს სწამთ, რომ ვატიკანი კათოლიკური სამყაროს დედაქალაქია, მე კიდევ მგონია, რომ ეს მხოლოდ კათოლიციზმის ფასადია. სინამდვილეში ვატიკანი ათეულობით ერთიმეორეზე მისტერიული სექტის თავშესაფარი ბუნაგია. იმავეს ვიტყოდი ლას-ვეგასზეც: მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან დაძრული ტურისტები აწყდებიან აზარტული თამაშების დედაქალაქს და ისრუტავენ ყველაფერს, რასაც ადგილობრივ საქმიანობად მიიჩნევენ. სინამდვილეში კი ლას-ვეგასი მთავარი შტაბბინაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გიგანტური, ყველაზე ძირძველი საიდუმლო საზოგადოებისა, მაგია-ჯადოქრობა რომ ჰქვია სახელად.

- შენ თვითონ რატომ არ ცხოვრობ იქ? - ჰკითხა ჯომ.

- სწორედ ამ მიზეზის გამო - პაპი პატიოსანი ადამიანი რომ იყოს, გგონია, ვატიკანში იცხოვრებდა?

- წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის პაპი, - განაცხადა მოზარდმა.

- მით უკეთესი. მე შენგან კარგ ადამიანს დავაყენებ. მეც ვცდილობ, ასეთი ვიყო: არ ვცხოვრობ ვატიკანში, მეტსაც გეტყვი, არანაირი სურვილი არა მაქვს, ვიყო იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ეს მაიძულებდა მხოლოდ, ერთი უბრალო ჯადოქარი დავმდგარიყავი.

- და ახლა სხვა რამესაც წარმოადგენ?

- კი. მაგალითად, მე ქრისტინას მამაკაცი ვარ.

- შეგეძლო მისი კაცი ლას-ვეგასშიც ყოფილიყავი.

- ნაკლებად. იქ ქრისტინასთვის ნაკლები დრო მექნებოდა. ისიც გაითვალისწინე, რომ რენო Burning man-თან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქია. ქრისტინასთვის კი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ცეცხლის დღესასწაულია. სწორედ იქ გამართულ ფესტივალზე აღწევს თავისი ხელოვნების მწვერვალს.  ვერ ვიტყვი, რომ ნორმანის ნათქვამი ჯომ ერთ ყურში შეუშვა, მეორიდან კი გამოუშვა. პირიქით, სერიოზულად დაფიქრდა იმ პერსპექტივებზე, მის წინ რომ გადაიშლებოდა, თუ ამ ფესტივალზე წავიდოდა. ნორმანი თავის მხრივ დარწმუნებული იყო, რომ ჯო ლას-ვეგასზე ოცნებობდა და გასაკვირს ამაში ვერაფერს პოულობდა: ეს ნებისმიერი მოკვდავის გარდაუვალი და ბუნებრივი ოცნებაა, მით უმეტეს, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული მოზარდი ჯადოქრისათვის. „20 წლის ასაკში ჯო ლას-ვეგასს გაემგზავრება და იქ გარკვეული დროით დარჩება“, ფიქრობდა სახეზე ღიმილგადაფენილი ნორმანი. გაახსენდა, რომ საკუთარი ოცი წლისთავი თვითონაც იქ იზეიმა. თავსგადამხდარი ფათერაკების არაერთი დეტალიც ამოუტივტივდა მეხსიერებაში. ნორმანმა გონებაში აღიარა, რომ ეს ნამდვილად ღირებული მოგონებები იყო. მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერად მიიჩნევდა თავს, ამჟამად ამ შეშლილთა ქალაქში რომ არ ცხოვრობდა.

- შენ ჭეშმარიტი მორმონელი ხარ, - ზოგჯერ ეტყოდა ხოლმე ნორმანს ამ უკანასკნელის გონიერებისა და ნიჭიერებისგან ცოტა არ იყოს დაქანცული ქრისტინა.

- ვაღიარებ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც გამოუსწორებელი მონოგამი ვარ, - ეპასუხებოდა ნორმანი.

დღესავით ნათელი იყო, რომ ნორმანს უზომოდ უყვარდა ქრისტინა. ქრისტინაც ამავე გრძნობით პასუხობდა ნორმანს. „ცეცხლთან მოცეკვავე ეს გოგონა ხუთი წლის წინ Burning man-შიB საგანგებოდ მისთვის შექმნილ ერთ-ერთ ქორეოგრაფიულ ნომერში იხილა. პირველი დანახვისთანავე დაკარგა გონება, გიჟივით შეუყვარდა და დაიჟინა, რომ ქრისტინა მისი ცხოვრების ქალი გახდებოდა. საოცარი ის გახლდათ, რომ 20 წლის გოგონას ნორმანის მიმართ ზუსტად იგივე გრძნობები გაუჩნდა. ეს იმ დროს, როდესაც მისი ვინაობა-სადაურობის შესახებ თითქმის არაფერი უწყოდა.

უნდა ითქვას, რომ ქრისტინა უკვე იყო ჩვეული მამაკაცების მზერას. მაგრამ ამ უცნაურ ჯადოქარს ისეთი მწველი, ისეთი დაჟინებული, სრულიად გამორჩეული გამოხედვა ჰქონდა, რომ გოგონა დარწმუნებული იყო, მის გამოსხივებას თავს ვერასდროს დააღწევდა. მეტიც, ამ თვალებით მონუსხულს თავი გრაალი ეგონა.

Burning man-ში საითკენაც გაიხედავ, ყველგან სცენაა. ერთიდან ეს-ეს არის ჩამოსული, მეორეზე ადიხარ. როცა ქრისტინამ თავისი ჩირაღდნები ჩააქრო, მამაკაცი მიუახლოვდა.

- ნორმანი მქვია, - გაეცნო ქალს.

- მე - ქრისტინა, - იყო მყისიერი პასუხი. საუბარი ამით ამოიწურა. მამაკაცი გოგონას ნივთების შეგროვებაში დაეხმარა და კარვამდე მიაცილა. როცა ჰიპების სათვისტომოში იზრდები, სამომავლოდ მხოლოდ ორი შესაძლებლობა გეძლევა: ან ჰიპი უნდა გახდე, ან მისი სრული ანტიპოდი: ბუღალტერი-ექსპერტი ან ფსიქორიგიდული ბანკირი. ქრისტინა გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც ორივე უკიდურესობა თავიდან აიცილა. პირწავარდნილი ჰიპი ვერ გახდა, მაგრამ არც ზურგი შეუქცევია. წარსულის ამ მონაკვეთისგან დაიტოვა მხოლოდ ის, რაც მასში ინტერესს აღძრავდა; რაც არ ხიბლავდა, ნაგვის ყუთში გადაუძახა. მსგავსი გაწონასწორებული ქცევა და პოზიცია მაინც გასაკვირი იყო იმ გოგონასგან, რომელსაც ამ წრემ არაერთი ჭრილობა მიაყენა. მამამ 3 წლის ასაკში ჰალუცინაციის გამომწვევ სოკოებს აზიარა, 12 როცა შეუსრულდა - LSD-ს. 13 წლისამ ხუთასი მიკროგრამი მჟავა გადაყლაპა და მთელი თვე ჰაერში დაფრინავდა. ამ გამოცდილებას ერთწლიანი ჯოჯოხეთი მოჰყვა.

- წარმოიდგინე ორგანიზმში დალექილი მჟავის გამოყოფის ერთი სრული წელიწადი, თანაც ისეთ ასაკში, რომელიც ისეთივე სახიფათოა, როგორიც თავად ამ საზიზღრობის გამოდენა. მეგონა, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოსთვის ვიყავი გამზადებული. სრული პანიკით ვიყავი მოცული. ყველაფერი ენით აღუწერელ შიშს მგვრიდა. როცა დედაჩემს ჩემს გასაჭირს ვუზიარებდი, ის ოლიმპიური სიმშვიდით მპასუხობდა: „მშვენიერია. გამებში ვარჯიშს ჯერ არავინ მოუკლავს“. ერთი წლის თავზე გოგონა ერთმა კატეგორიულმა ნაბიჯმა გადაარჩინა სრული განადგურებისგან: მან უარი თქვა ჭამაზე. შიმშილობა ავანსცენაზე აღმოჩნდა და სხვა დემონები განდევნა. 18 წლის ქრისტინამ დატოვა თავისი ტომიც და ნიუ-მექსიკოც. ის ნევადას შტატში მდებარე კარსონ-სითის საცირკო სკოლაში ჩაეწერა. 18 წლის ასაკში ჯოჯოხეთთან ზიარებამ საფრთხისკენ მიდრეკილი გახადა, მეტიც - საშიშროების განცდა სასიცოცხლო მოთხოვნილებად ექცა. არაფერი ამშვიდებდა ისე, როგორც ცეცხლთან თამაში. ბედ-იღბალიც უკვე გამოკვეთილად ესახებოდა: ის აუცილებლად Fire dancer უნდა გამხდარიყო. ეს ხელოვნება შესაძლებლობას აძლევდა, სხეულის სიმსუბუქე და გონების სისხარტე, ჰიპებისგან რომ მოსდევდა, ექსტრემალურ დისციპლინასთან, რისკიან ხელობასთან შეესისხლხორცებინა.

       ხმითა და იერით ქრისტინა ყმაწვილ ლედის წააგავდა. ვერც მისი ცქერისას და ვერც მოსმენისას ერთი წამითაც ვერ დაუშვებდით, რომ ასეთ ღირსეულ, გაწონასწორებულ პიროვნებას შეიძლებოდა ასეთი ქაოტური წარსული ჰქონოდა. ამ მიზეზის გამო უფრო შეუწყვილდა მამაკაცს, რომელსაც ცხოვრებაში საკუთარი გზა უკვე გაეკვალა. ის, რაც ქრისტინასა და ნორმანს საზიარო ჰქონდათ, მნახველებში ყოველთვის გაოცებას იწვევდა. ისინი ერთნაირად დუმდნენ. აი, თუნდაც დუმილის იდენტური მანერა - დასხდებოდნენ ხოლმე გვერდიგვერდ და გაირინდებოდნენ, როგორც მიკენის ხანის ნეფე-დედოფალი - საკუთარი სილამაზითა და დიდებულებით ერთ არსებად შედუღაბებულნი. ქრისტინასა და ნორმანის შერწყმულობა ადამიანებს ნუსხავდა. ზოგიერთები მათ ტოტემებად აღიქვამდნენ. ჯო თაღლითობაში შიშისმომგვრელად ნიჭიერი აღმოჩნდა. ნორმანს ამაში ეჭვი არც ეპარებოდა და ამიტომ ჯოს შედეგებს ნამდვილად არ გაუკვირვებია.

- ეს სტილის დასახვეწი სრულიად უწყინარი ვარჯიშებია. მარტივი და ადვილად შესასრულებელი. ვაღიარებ, რომ ამ თვალსაზრისით რამე უკეთესი არც მახსენდება.

- ყოველ შემთხვევაში, მაგიაც წმინდა წყლის თაღლითობაა.

- არ გეთანხმები. მაგიასა და შულერობას შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. მაგია რეალობის ერთგვარი დეფორმაციაა და მაყურებლის სასიკეთოდ და გასართობად ხორციელდება. ის მხილველში შვებისმომგვრელ, განმათავისუფლებელ შეგრძნებებს აღძრავს. შულერი კი მაყურებლის საზიანოდ ამახინჯებს რეალობას და ერთი მიზანი ამოძრავებს მხოლოდ: რაც შეიძლება მეტი ფული ასწაპნოს მას.

- თუ ეს მხოლოდ ფულის საკითხია, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

- ეს ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე მაყურებლის ჯიბეების დაცარიელება. ჯადოქარს უყვარს თავისი მაყურებელი, პატივს სცემს მას; შულერს კი ეზიზღება ის, ვისაც სიამოვნებით ძარცვავს.

- როცა პოკერს თამაშობ, თაღლითობის სურვილი არ გიპყრობს?

- შეიძლება ხელებს უნდოდეს, ითაღლითოს, რასაც ჩემი გონება სასტიკ წინააღმდეგობას უწვს. სწორედ ამის გამო ვიკავებ თამაშისგან თავს. ამ დროს ჩემში ერთგვარი გაორება ხდება.

- როგორი მომაბეზრებელია შენი გადაჭარბებული პატიოსნება, - თავი ვერ შეიკავა მოზარდმა.

- სამაგიეროდ, ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრა: იქნები პატიოსანი - ციხეში ყურყუტიც არასდროს დაგემუქრება, - გაეღიმა ნორმანს.

- თუ კარგად ითაღლითებ, არც ციხის დარდი გექნება.

- მართალი ხარ. თუ გონივრულად ითაღლითებ, გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდები, სამაგიეროდ, მაფიის კლანჭებს ვერ დაუძვრები.

- ამბობ, რომ ჯადოქარი საკუთარ პუბლიკას პატივს სცემსო. ის პირველობის, ხალხზე დომინირების, უკეთეს შემთხვევაში - ვიღაცაზე საკუთარი შესაძლებლობის გადამეტების სურვილით ხომ არ არის შეპყრობილი?

- არა, ეგ წარმოუდგენელია! შეუძლებელი! უნდა იცოდე, რომ შენი პირველი მაყურებელი თავადვე ხარ. შენ ხომ სარკის წინ ვარჯიშობ? საკუთარი ანარეკლის წინ გატარებული საათები ჯადოქარს ქედმაღალს კი არა, თავმდაბალს ხდის.

- არ ვარ დარწმუნებული, თავმდაბალი ვიყო.

- შენ უფრო თავმდაბალი ხარ, ვიდრე გგონია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ნიჭიერი ვერ იქნებოდი. ნორმანს აზრადაც არ მოსდიოდა, ჯოს ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები და სისტემატური ორჭოფობა დაეგმო. 15 წლის ყმაწვილისგან განსხვავებული მსჯელობა არც იყო მოსალოდნელი. თავის მხრივ, ნორმანი ჯოს მიმართ დიდი პატივისცემის გრძნობით იყო გამსჭვალული. ნუთუ ის საკუთარი ვაჟივით უყვარდა? სამწუხაროდ, შედარება არ შეეძლო. ის კია, რომ მოგზაურობისას ბიჭი ძალიან ენატრებოდა. დაბრუნებისას მასთან შეხვედრა აბედნიერებდა. როცა ბალღი დასაშვების ზღვარს სცილდებოდა და ნამეტანი მოსდიოდა, კი არ უბრაზდებოდა, პირიქით - უფრო ლმობიერების გრძნობით იმსჭვალებოდა.

       მიუხედავად ყველაფრისა, ერთხელ გვარიანად გაუბრაზდა. დროდადრო ჯო ქალაქში გადიოდა. სოციალური ცხოვრებაც ხომ უნდა მქონდესო, იტყოდა ხოლმე. ნორმანი და ქრისტინა არ უშლიდნენ, დარწმუნებულები იყვნენ, ჯოს უბრალოდ 15 წლის ბიჭუნასთვის ნიშნეული ლტოლვანი ამოძრავებდა. არც მის მეგობრებში ეპარებოდათ ეჭვი. ღამის პირველ საათზე პოლიციამ ლორანს დაურეკა და აუწყა, ვინმე ჯო ტერენსმა ჰამერსბაუნდის კაზინოში პოკერის თამაშისას ითაღლითა და კლიენტი რვა ათას დოლარში გააცურაო. თანაც ამტკიცებს, თვრამეტი წელი უკვე შემისრულდაო. ნორმანი სასწრაფოდ გავარდა სახლიდან, მანქანა დაქოქა და აღნიშნული მისამართისკენ ელვის სისწრაფით გაიჭრა. გზად თავი ყველაზე საძაგელი სალანძღავი სიტყვებით შეიმკო, ამ უპასუხისმგებლო და თავქარიანი მაიმუნისათვის ეს იონები რამ მასწავლებინაო. შერიფის კაბინეტში თავჩაქინდრული ჯო რომ დაინახა, ნორმანს ერთი სურვილი ჰქონდა, მივარდნოდა და ნაყოფით დახუნძლული ქლიავის ხესავით ერთი გვარიანად შეენჯღრია.

- ეს თქვენი ვაჟია?

- დიახ. და 18-ის კი არა, თხუთმეტი წლისაა.

- ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ ცრუობდა. დღეის ამას იქით, კაზინოში მისი ჭაჭანება აღარ უნდა იყოს! გასაგებია? შემდეგ ჯერზე მას ასე ადვილად ვერ დაიბრუნებთ.

მანქანაში ნორმანმა ჰკითხა: - გამოდის, რომ შენი სოციალური ცხოვრება ეს არის?

- ვიცი, რომ ნამდვილი ნეხვი ვარ.

- თავდასაცავად შესანიშნავი ტაქტიკაა. ელოდები, რომ საწინააღმდეგო გითხრა? ჯობს, ამიხსნა, რატომ ჩაიდინე ეს.

- მინდოდა, მენახა.

- ახლა ხომ ნახე! ფული საიდან გაგიჩნდა? კაზინოში ჯიბეგაფხეკილები არ დადიან.

- ყოველი თვის მიწურულს დედაჩემი ათას დოლარს მიგზავნის.

- და ყოველი თვის მიწურულს ამ თანხას ანიავებდი?

- კი.

- თუ კარგად მივხვდი, პირველად არ თაღლითობ. უბრალოდ, პირველად ჩაგავლეს ხელი.

- მართალი ხარ.

- ახლა, როგორც კი სახლში დავბრუნდებით, სასწრაფოდ შეაგროვე შენი ბარგი-ბარხანა და აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა!

- არსადაც არ წავალ.

- მაინცდამაინც გირჩევნია, რომ ერთი მაგრად გირტყა?

- კი.

- ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს არ არის ჩემი სტილი.

- მე შენი შვილი ვარ. ასე ვუთხარი იმათაც.

ჯომ იგრძნო, რომ ეს მისი ერთადერთი კოზირი იყო.

- არანაირი სურვილი არ მაქვს, ცრუპენტელა ვაჟი მყავდეს.

- გეფიცები, მეტს აღარ ვიზამ.

- არ მჯერა შენი. მატყუარა ხარ.

- გეფიცები, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდაა.

- და რა არის შენთვის ყველაზე წმინდა?

- შენ.

ამ დროს ჯო გულწრფელად ფიქრობდა იმაზე, რასაც ამბობდა. ეს იგრძნობოდა. შეძრულმა ნორმანმა მეტყველების უნარი დაკარგა. დაქოქა მანქანა და სახლის გზას მთელი სისწრაფით დაადგა.

- ვრჩები თუ მივდივარ? - ჰკითხა ჯომ.

- რჩები, მაგრამ თუ გავიგე, რომ შენსას არ იშლი, იცოდე, შენთან საქმეს არ დავიჭერ.

მეორე დღეს, ნაშუადღევს, შედარებით უფრო მშვიდ გარემოში ნორმანსა და ჯოს შორის საუბარი ისევ განახლდა.

- შენი ტოლი მეგობრები არ გყავს?

- არა. დიდი ხანია, სკოლაში აღარ დავდივარ. არც იქ მქონია დიდი სურვილი, ვინმეს დავმეგობრებოდი.

- რატომ?

- ჩემი ასაკის ბიჭები იმდენად უცხონი არიან ჩემთვის, არც კი ვიცი, რაზე შეიძლება მათთან საუბარი.

- თუ აჩვენე მათ შენი ნიჭი და ოსტატობა ჯადოქრობაში?

- კი და ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში უარესი არაფერი ჩამიდენია. ფოკუსზე მხოლოდ ერთი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ: „აბა, საიდან დააძრე ეს ტრიუკი? აგვიხსენი!“ როცა გსურს გააგებინო, რომ ეს უბრალო ტრიუკი კი არ არის, არამედ ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი, გზა, რომელიც შენ გამოიარე; რომ დიდი ძალისხმევის წლებია; რომ ეს ფიქრისა და აზროვნების შედეგია, ხელოვნებასთან ზიარებაა, მათ სახეზე მხოლოდ იმედგაცრუებას თუ წაიკითხავ.

- მართალია. ახალგაზრდებს ყველაფერი ორ წამში უნდათ, სულსწრაფები არიან.

- მეც ახალგაზრდა არ ვარ?

- შენ განსაკუთრებული ვინმე ხარ. ეს პრივილეგიაა და ამისთვის გარკვეული ხარკიც უნდა გაიღო.

- ხარკი გავიღო? ესე იგი, ვნახო, როგორი კრეტინები არიან სხვები?

- შენ მხოლოდ მათ სიშტერეს ხედავ.

- და არის კი სხვა რამ დასანახი?

- რა თქმა უნდა. ერთ რაღაცას გეტყვი, ოღონდ არ გაბრაზდე. ახალგაზრდებს აქვთ ერთი თვისება, რომელიც შენ არ გაგაჩნია და რომელსაც შენს ასაკში მეც ვიყავი მოკლებული: ისინი სიმპათიურები არიან.

ჯო ჩაფიქრდა.

- ამჟამად სიმპათიური ხარ, ნორმან? - ჰკითხა ბოლოს.

- მთლად ვერა, თუმცა უფრო მეტად, ვიდრე უწინ.

- რას ნიშნავს, იყო სიმპათიური?

- სხვებისკენ ლტოლვის სურვილი, მუხტი, სიყვარულს რომ შობს...

- სერიოზული ნაკლია, როცა ეს გაკლია.

- შეუძლებელია გქონდეს სცენის შესაშური შეგრძნება, იყო შეუდარებელი ჯადოქარი და ამავდროულად, არ იყო სიმპათიური.

- გამოდის, რომ ეს შენი სიმპათიურობა არაფერში გარგია.

- თვისებები რამეს კი არ უნდა ემსახურებოდეს. გსურს თუ არა, კარგი ვინმე დადგე? გამეცი პასუხი.

- შენ ხომ კარგი ვინმე ხარ, მაგრამ ნაკლებად სიმპათიური.

- შეიძლება ჩემზე უკეთესიც იყოს ადამიანი. შეხედე ქრისტინას. ის ლამაზია.

ჯო იატაკს მიაშტერდა და ჩაფიქრდა.

- ჰო, კინაღამ გადამავიწყდა, - განაგრძო ნორმანმა, - ფულის საკითხი უნდა გადაიჭრას.

- გინდა, ჩემს ყოველთვიურ 1000 დოლარს შენ მოგცემ?

- არა, ეს შენი ფულია. მაგრამ ერთი რჩევა ყურად იღე - ფულს ან დაზოგავ, ან მთლიანად გამოუყვან წირვას. წერტილი!

- რაში უნდა დავხარჯო? არაფრის შეძენის სურვილი არა მაქვს.

- მაშინ გადადე. მომავალში წაგადგება.

- აი, გადანახვაზე არ ვიცი, რა გითხრა.

- მაშინ... მაშინ უყიდე საჩუქრები ყველას, ვინც გიყვარს.

- შენ რას ისურვებდი?

- მე? არაფერს. ქრისტინაზე კი შეგიძლია იფიქრო. ძალიან ადვილია მისთვის სიამოვნების მინიჭება. ჯომ ნორმანს შეცბუნებული მზერა შეავლო. „ვითომ მომიწოდებს, რომ სიამოვნება მივანიჭო?“ - გაიფიქრა.

*გაგრძელება*

ნახვა: 1399

გამოხმაურებები!

მგონი ვიცი, ვისი შთაგონებით დაიწერა - "რაც მამას უნდა" ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters