ქანთერვილის მოჩვენება 

I

       როდესაც მისტერ ჰაირამ ბ. ოტისი, ამერიკელი მინისტრი, ქანთერვილ ჩეიზს ყიდულობდა, ყველა ეუბნებოდა, დიდ სისულელეს სჩადიხარ, რადგან სახლი, უეჭველია, მოჩვენებებით არის სავსეო. მართლაც, ლორდი ქანთერვილი, რომელიც პატიოსნებითა და პუნქტუალობით იყო ცნობილი, თვითონვე გრძნობდა აუცილებლობას ეს ფაქტი ეხსენებინა, როდესაც პირობების შესათანხმებლად შეხვდა მინისტრს.

– ამ ადგილას ცხოვრება აღარ გვინდა, – მიმართა ლორდმა ქანთერვილმა, – რაც პაპიდაჩემი, ბოლთონის დოვაგერის ჰერცოგინია ისე შეშინდა, რომ გონს ვეღარ მოვიდა ცხონებული. სასადილოდ რომ ემზადებოდა, ჩაცმისას მან მხრებზე ჩონჩხის ხელები დაინახა; თავს მოვალედ ვრაცხ მოგახსენოთ, ბატონო ოტის, რომ მოჩვენება აქ რამდენჯერმე შეამჩნიეს ოჯახის ჯანმრთელმა წევრებმა, მათ შორის სამრევლო მღვდელმა, ღირსმა ავგუსტუს დამპიერმა, რომელიც კემბრიჯში, სამეფო კოლეჯის სამეცნიერო საზოგადოების მაგისტრია. ჰერცოგინიას თავს დამტყდარი ამ უბედური შემთხვევის შემდეგ ჩვენთან ახალგაზრდა მსახურთაგან აღარავინ ისურვა დარჩენა, ლედი ქანთერვილიც სულ უძილობას უჩიოდა ღამღამობით დერეფნიდან და ბიბლიოთეკიდან მომავალი იდუმალი ხმების გამო.

– ბატონო ჩემო, – უთხრა მინისტრმა, – ავეჯსა და მოჩვენებას ღირებულებაში ვიანგარიშებ. მე თანამედროვე ქვეყნიდან ვარ, სადაც ყველაფერი გაგვაჩნია, რასაც კი ფულით იყიდის კაცი. თანაც, ჩვენ საკმაოდ მარჯვე ახალგაზრდობა გვყავს, რომელსაც თქვენი ძველი სამყაროს გადატრიალება შეუძლია. ჩვენს ახალგაზრდებს თქვენგან საუკეთესო მსახიობები და საოპერო პრიმადონები მიჰყავთ, ამდენად, ეს მოჩვენება მართლაც რომ არსებულიყო, უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა ჩვენს რომელიმე მუზეუმში გამოფენილი ან ქუჩაში საჩვენებლად გამოდგმული.

– ვშიშობ, მოჩვენება მაინც არსებობს, – ღიმილით მიუგო ლორდმა ქანთერვილმა, – თუმცა, იქნებ ის არც კი მოხიბლულიყო თქვენი გამჭრიახი იმპრესარიოების შემოთავაზებებით. უკვე სამი საუკუნეა კარგად არის ცნობილი, ფაქტობრივად, 1584 წლიდან, და ყოველთვის ჩნდება ხოლმე ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

– ვბედავ მოგახსენოთ, რომ ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ოჯახის ექიმი ჩნდება ხოლმე სახლში. ლორდო ქანთერვილ, მგონი მოჩვენებისმაგვარიც არაფერი არსებობს და, ვფიქრობ, ბუნების კანონები ბრიტანულ არისტოკრატიას ვერ მოერგება.

– ამერიკაში მართლაც რომ ბუნებას ხართ მორგებულნი, – უპასუხა ლორდმა ქანთერვილმა, რომელიც მისტერ ოტისს ბოლო შენიშვნას ვერ მიუხვდა. – თუკი სახლში მოჩვენების არსებობა არ გაღელვებთ, ყველაფერი კარგად ყოფილა. ოღონდ, გახსოვდეთ, მე გაგაფრთხილეთ. რამდენიმე კვირის თავზე სახლის შესყიდვა დასრულდა და სეზონისთვის მინისტრი ოჯახთან ერთად ჩამოვიდა ქანთერვილ ჩეიზში. მისის ოტისი, იგივე მისს ლუკრეცია რ. თაფანი, 53-ე უესთ-სთრითიდან, ნიუიორკელი ლამაზმანი, ახლა შუახნის, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი იყო დახვეწილი თვალის ჭრილითა და საუცხოო პროფილით. ბევრი ამერიკელი ქალბატონი სამშობლოს დატოვების შემდეგ ქრონიკული ავადმყოფის იერს იძენს, თანაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ევროპული დახვეწილობა იყოს, მაგრამ მისის ოტისს ეს შეცდომა არასდროს მოსვლია. მას საოცარი აღნაგობა ჰქონდა და ჭარბი რაოდენობით მისცემოდა სიცოცხლის ხალისიც. მართლაც, მრავალ ღირსებათა შორის, ის ჭეშმარიტი ინგლისელი იყო, და, ამავე დროს, ნათელი მაგალითიც იმისა, რაც დღესდღეობით ჩვენ ამერიკასთან გვაქვს საერთო, ცხადია, ენის გამოკლებით. მის უფროს ვაჟს ნათლობისას, პატრიოტული გრძნობების გამო, ვაშინგთონი დაარქვეს, რასაც თავად ვაჟი მუდამ განიცდიდა. იგი იყო ქერათმიანი, საკმაოდ ლამაზი ახალგაზრდა კაცი და ჩინებული მოცეკვავის სახელით ცნობილი. ვაშინგთონი იმედის მომცემი მომავალი ამერიკელი დიპლომატი იყო, რომელმაც სამი სეზონი უწყვეტად ნიუპორტის კაზინოში გერმანული კადრილიის დირიჟორად იმსახურა. გარდენიები და ჰერალდიკა კი მის სისუსტედ ითვლებოდა. სხვაფრივ, ის ერთობ გონიერი იყო. მის ვირჯინია ე. ოტისი, თხუთმეტიოდე წლის გოგონა, მოქნილი და ნუკრივით საყვარელი გახლდათ, ფართო ლურჯ თვალებში ჩამდგარი თავისუფლებით. ის მშვენიერი ამორძალი იყო, რომელმაც ერთხელ მოხუცი ლორდი ბილთონი დაიყოლია, თავისი პონით გაეჭენებინა ჰაიდ-პარკის ირგვლივ და ზუსტად აქილევსის ქანდაკების წინ სიგრძე-ნახევრითაც მოუგო გასწრობანა. ამით მან ჩეშირის ყმაწვილი ჰერცოგის გული ისე მოინადირა, რომ ამ უკანასკნელმა ვირჯინიას ხელიც კი სთხოვა, თუმცა ცრემლმორეული ჰერცოგი იმავე საღამოს მეურვეებმა ითონში დააბრუნეს. ვირჯინიას მოჰყვებოდა ტყუპი ძმა, რომელთაც „ვარსკვლავებსა და ზოლებს“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ მათ სულ წკეპლავდნენ. ძმები, ღირსეული მინისტრის გამოკლებით, ერთადერთი რესპუბლიკელები იყვნენ ოჯახში. რამდენადაც ქანთერვილ ჩეიზი უახლოესი რკინიგზის სადგურ სქოტლენდს შვიდი მილით იყო დაშორებული, მისტერ ოტისს ვაგონეტისთვის ჰქონდა ტელეგრაფი გაგზავნილი მათ დასახვედრად და ისინიც მგზავრობას კარგ გუნებაზე შეუდგნენ. ივლისის სასიამოვნო საღამო იდგა და ჰაერს რბილად ერეოდა ფიჭვნარის სურნელი. დროდადრო ესმოდათ გარეული მტრედი როგორ უკვირდებოდა თავის ტკბილ ღუღუნს, გვიმრების შრიალში კი ხოხბის პრიალა მკერდსაც მოჰკრეს თვალი. პატარა ციყვები წიფლებიდან აკვირდებოდნენ ჩავლილთ, თეთრკუდა კურდღლები ჩირგვებიდან ხავსიან ბორცვებზე გადარბოდნენ. ქანთერვილ ჩეიზის გზას რომ დაადგნენ, მართალია, ზეცა უეცრად მოიღრუბლა, მაგრამ საოცარი სიჩუმე მოსავდა ატმოსფეროს; ცაში ჭილყვავთა დიდმა გუნდმა წყნარად გადაიფრინა და სანამ ოტისები სახლს მიაღწევდნენ, წვიმის მსხვილი წვეთები წამოვიდა. მათ შესაგებებლად შავ აბრეშუმის კაბაში ფაქიზად ჩაცმული მოხუცებული ქალი გამოსულიყო, თეთრი ქუდითა და წინსაფრით. ეს იყო მისის ამნი, სახლის მნე, რომელიც მისის ოტისს, ლედი ქანთერვილის თხოვნით, ძველ თანამდებობაზე დაეტოვებინა. იგი ეტლიდან გადმოსულთაგან ყოველს მდაბალი რევერანსით მიესალმა და მოძველებული, უცხო მანერით მიმართა: – მშვიდობით მოსულიყავით ქანთერვილ ჩეიზში, – მოხუცი მნე მათ თიუდორების დროინდელი, დახვეწილი ჰოლის გავლით შეუძღვა შავი მუხით მოპირკეთებულ დაბალჭერიან ბიბლიოთეკაში, რომლის ბოლოშიც ფერადმინიანი სარკმელი იყო დატანებული. მოსულთათვის ჩაი უკვე დაედგათ, მოსასხამების მოხსნის შემდეგ ახალი მფლობელები დასხდნენ და ოთახის თვალიერებას მოჰყვნენ. მისის ამნი მათი ბრძანების მოლოდინში გაინაბა. მოულოდნელად მისის ოტისმა ბუხრის წინ მკრთალი წითელი ლაქა შენიშნა და რაკი ვერაფრით მიხვდა რა უნდა ყოფილიყო, მისის ამნის მიმართა: – ვშიშობ, იქ რაღაც ასხია.

– დიახ, მემ, – უპასუხა მოხუცმა მნემ დაბალი ხმით, – სისხლი ასხია.

– რა საშინელებაა! – შეჰკივლა მისის ოტისმა, – სულ არ მეპიტნავება სასტუმრო ოთახში სისხლის ლაქები. სასწრაფოდ გაწმინდეთ!. მოხუც ქალს გაეცინა და დაბალი, იდუმალი ხმით უპასუხა: – ეს ლედი ელეონორ ქანთერვილის სისხლია, რომელიც 1575 წელს მისმა მეუღლემ, სერ საიმონ დე ქანთერვილმა მაგ ადგილას სიცოცხლეს გამოასალმა. სერ საიმონმა კიდევ ცხრა წელი დაყო და, მოულოდნელად, იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაქრა. მისი ცხედარი არასდროს უპოვიათ, მაგრამ მისი დამნაშავე სული ჯერ კიდევ დევნის ჩეიზს. სისხლის კვალს არაერთხელ აღუფრთოვანებია ტურისტებიც და სხვებიც, ასე რომ, ვერ მოშორდება.

– ეს რა სისულელეა, – იყვირა ვაშინგთონ ოტისმა. – ლაქების ამომყვანი ფინქერთონის ჩემპიონი და პარაგონის ფხვნილი წამში ამოიყვანს ლაქას – და სანამ თავზარდაცემული მნე ქალი ხელის შეშლას მოახერხებდა, მისტერ ოტისი მუხლებზე დაეცა და კოსმეტიკის ყუთის მაგვარი შავი საგნით ლაქის ხეხვა დაიწყო. სულ მოკლე ხანში სისხლის კვალიც კი აღარ ჩანდა.

– ვიცოდი, „ფინქერთონი“ ამოიყვანდა, – შესძახა მან გამარჯვებული იერით და აღფრთოვანებულ ოჯახს მოავლო თვალი; მაგრამ, სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ საზარელმა გაელვებამ გაანათა მრგვალი ოთახი, შიშის მომგვრელმა ჭექა-ქუხილმა ფეხზე წამოაყენა ყველანი, მისის ამნის კი გული წაუვიდა.

– რა საშინელი კლიმატია! – წყნარად თქვა ამერიკელმა მინისტრმა და გრძელ სიგარას მოუკიდა. – მე მგონი, ეს ძველი ქვეყანა ისე ჭარბადაა დასახლებული, რომ წესიერი ამინდი ყველასთვის საკმარისად აღარ რჩება. ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ემიგრაცია ინგლისისთვის ერთადერთი გზა იყო.

– ძვირფასო ჰაირამ, – იკივლა მისის ოტისმა. – რა ვუყოთ გულწასულ ქალს?

– ჭურჭლის დამტვრევისთვის რომ ვუქვითავთ ხოლმე, ისე დავუქვითოთ ამასაც, – უპასუხა მინისტრმა, – და მეორედ გული აღარ წაუვა. მოკლე ხანში მისის ამნი გონს მოვიდა. ეჭვგარეშეა, იგი მეტისმეტად ნაწყენი ჩანდა, მან მისტერ ოტისი სასტიკად გააფრთხილა კიდეც, სახლის მოსალოდნელ ხიფათს უფრთხილდითო.

– რაღაც-რაღაცები ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი, სერ, – უთხრა მან, – რაც ნებისმიერ ქრისტიანს თმას ყალყზე დაუყენებს, არაერთი ღამე გამიტარებია თვალმოუხუჭავს, აქ დატრიალებული ამბების გამო. – ამის მიუხედავად, მისტერ ოტისმა და მისმა მეუღლემ პატიოსანი სული დაარწმუნეს, მოჩვენებების სულაც არ გვეშინია და, განგების კურთხევით, შენი ახალი პატრონი და დიასახლისი ზომებსაც მიიღებენ, რათა ხელფასი მოგიმატონო; მოხუცებული მნე ქალი თავისი ოთახისკენ წაბანცალდა.

 

II

       მთელი ღამე შტორმი გაშმაგებით მძვინვარებდა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. მეორე დილას, როდესაც ისინი სასაუზმოდ ჩავიდნენ ქვედა სართულზე, სისხლის საშინელი ლაქა ისევ შეამჩნიეს იატაკზე, – არა მგონია, პარაგონის ფხვნილის ბრალი იყოს, – განაცხადა მისტერ ვაშინგთონმა – ფხვნილი ყველაფერში ნაცადი მაქვს. ეს მოჩვენებაა. მან ლაქა მეორედაც ამოწმინდა, მაგრამ მომდევნო დილით ისევ ადგილზე დაუხვდა. მესამე დილითაც იგივე გამეორდა, თუმცა კი მისტერ ოტისმა ბიბლიოთეკა თავისი ხელით ჩაკეტა და გასაღებიც თვითონვე აიტანა მეორე სართულზე. ახლა უკვე მთელი ოჯახი დაინტერესდა. მისტერ ოტისს ეჭვი შეეპარა, დოგმატური ვიყავი, მოჩვენების არსებობას რომ უარვყოფდიო. მისის ოტისმა სპირიტულ საზოგადოებაში გაწევრების განზრახვა გამოხატა, ხოლო მისტერ ოტისმა გრძელი წერილი მისწერა ბატონებს მაიერსსა და პოდმორს; რაკი საქმე მუდმივ სისხლსავსე ლაქებს ეხებოდა, ამბავი კრიმინალს დაუკავშირეს. იმ ღამით მოჩვენებების ობიექტური არსებობის შესახებ გავრცელებული ყველა ეჭვი სამუდამოდ გაქარწყლდა. თბილი და მზიანი დღე დაიჭირა; საღამოსკენ აგრილდა და ოჯახიც სასეირნოდ გამოვიდა. ისინი შინ ცხრა საათამდე არ დაბრუნებულან, ცხრისთვის მათ მსუბუქი ვახშამი ელოდათ. საუბარი მოჩვენებებს არაფრით არ შეხებია, ოტისები არც ამყოლ მოლოდინს მოუცავს, რასაც სულთა მატერიალიზება შეუძლია ხოლმე. როგორც მისტერ ოტისისგან ვიცი, განიხილავდნენ ისეთ თემებს, რომლებიც კულტურული ამერიკელების მაღალი კლასის წარმომადგენლებს ახასიათებთ, მაგალითად, მსახიობ ფანი დავენპორტის უზარმაზარ უპირატესობას სარა ბერნართან შედარებით, ნედლი ხორბლის მიღებასა და წიწიბურას ნამცხვრის, ასევე დოღის სირთულეებთან და საუკეთესო ინგლისურ სახლებთან დაკავშირებულ საკითხებსაც; ბოსტონის, როგორც მსოფლიო სულის განვითარების მნიშვნელობას, რკინიგზით მგზავრობისას ბარგის შემოწმების უპირატესობასა და ნიუიორკული აქცენტის სიტკბოებას ლონდონურ ძლუყუნთან შედარებით. გზაში არაფერი უთქვამთ ზებუნებრივზე, არც სერ საიმონ დე ქანთერვილი უხსენებიათ. თერთმეტი საათისთვის ოჯახი უკვე შინ იყო, ნახევარ საათში კი სახლში ყველა სინათლე ჩააქრეს. მოკლე ხანში მისტერ ოტისი თავისი ოთახის მეზობელი დერეფნიდან შემომავალმა საკვირველმა ხმაურმა გამოაღვიძა. ხმა ფოლადის ჟღარუნს ჰგავდა და უფრო და უფრო ახლოვდებოდა. მისტერ ოტისი ადგა, ასანთს გაჰკრა და მიმოიხედა. ზუსტად პირველი საათი იყო. უცნაური ხმაური ისევ გრძელდებოდა და ამასთან საკმაოდ მკაფიოდ გაისმა ფეხის ხმა. მან ფლოსტებში წაყო ფეხები, ნესესერიდან მოგრძო შუშა ამოიღო და კარი გამოაღო. ფერმკრთალი მთვარის შუქზე მოხუცი კაცის საზარელი სახე დაინახა. მას თვალები ცეცხლმოკიდებულ ნახშირს მიუგავდა, ძალიან გრძელი ჭაღარა თმა მხრებზე გადაეყარა აწეწილ კულულებად; ჩამოძონძილ და ჭუჭყიან სამოსზე სიძველის კვალი აჩნდა, მაჯებსა და კოჭებზე მძიმე ბორკილები და ჟანგიანი ხუნდები ედო.

– ჩემო კეთილო, – მიმართა მისტერ ოტისმა, – დაჟინებით უნდა მოგთხოვოთ თქვენი ჯაჭვების დაზეთვა, სწორედ ამ მიზნით მოგიტანეთ „რაიზინგის“ საპოხი. ერთ პუბლიკაციას თუ ვერწმუნებით, საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს, და ამ ეფექტს ჩვენი გამოჩენილი სასულიერო პირებიც ამოწმებენ, რაც ეტიკეტზე წერია. ამას აქ დაგიტოვებთ, საძინებლის სასანთლეებთან ახლოს და ბედნიერი ვიქნები მეტითაც მოგამარაგოთ, თუკი ინებებთ. ამ სიტყვებით ამერიკის სახელმწიფო მინისტრმა ბოთლი მარმარილოს მაგიდაზე დადო, კარი მიიხურა და საწოლისკენ წავიდა. ქანთერვილის მოჩვენება ერთხანს ბუნებრივად აღშფოთებული გაუნძრევლად იდგა, შემდეგ ბოთლი ძალუმად დაახეთქა მოპრიალებულ იატაკზე, დერეფნიდან ძირს დაეშვა, ყრუ კვნესა აღმოხდა და საზარლად გამოაშუქა. როგორც კი მუხის კიბემდე მივიდა, კარი გაიღო, ორი პატარა თეთრად შემოსილი ფიგურა გამოჩნდა და დიდმა ბალიშმა მის თავს უკან გაიწუილა. აშკარა გახდა, დასაკარგი დრო არ იყო, თავის დასაღწევად სივრცის მეოთხე განზომილება ნაჩქარევად გამოიყენა და ხის პანელში გაუჩინარდა, სახლი კი მთლიანად დამშვიდდა. მარცხენა ფლიგელში, საიდუმლო პატარა ოთახს რომ მიაღწია, მთვარის შუქის საპირისპიროდ დაიხარა, რათა სული მოეთქვა და გაეანალიზებინა საკუთარი პოზიცია. იგი თავისი სამსაუკუნოვანი ბრწყინვალე და უწყვეტი მოღვაწეობის განმავლობაში ასეთი შეურაცხყოფილი არ ყოფილა. იხსენებდა დოვაგერის ჰერცოგინიას, მაქმანებსა და ალმასებში გამოწყობილს რომ დასცა შიშის ზარი; ოთხ შინამოსამსახურეს, ისტერიკაში რომ ჩააგდო, თვითონ კი სამარქაფო საძინებელი ოთახის ფარდებს უკნიდან ხითხითებდა. ფიქრობდა სამრევლო მღვდელზე, რომელსაც ღამით ბიბლიოთეკიდან გამოსულს სანთელი ჩაუქრო და რომელსაც მას მერე სერ უილიამ გალის კმაყოფაზე მოუწია გადასვლა, როგორც ნერვული აშლილობით თვალსაჩინო მოწამეს. ასევე მოხუცებულ ქალბატონ ტრემულაკზე, რომელიც სისხამ დილით გააღვიძა, ამ უკანასკნელმა კი ბუხართან, სავარძელში, ჩონჩხი დალანდა მისი დღიურით ხელში; ამის გამო ქალბატონი ექვსი კვირით საწოლს მიეჯაჭვა ტვინის ციებ-ცხელების დიაგნოზით, გამოჯანმრთელებულს კი ეკლესიასთან შერიგება და გამოჩენილ სკეპტიკოს მესიე დე ვოლტერთან კავშირის გაწყვეტაც კი მოუხდა. გაიხსენა ის საშინელი ღამეც, როდესაც ღვარძლიანი ლორდი ქანთერვილი ლამის გაგუდული იპოვეს გასახდელში ყელში ნახევრამდე ჩატენილი აგურის ვალეტით, იგი სიკვდილის წინ გამოტყდა, რომ ჩარლზ ჯეიმს ფოქსს სწორედ ამ კარტის საშუალებით თაღლითურად მოუგო ქროქსფორდში 50 ათასი, იფიცებოდა, მოჩვენებამ, სწორედ ის ბანქო გადამაყლაპაო. თავისი ყველა დიადი მიღწევა უკან დაუბრუნდა, თავისი მსახურთუხუცესით დაწყებული, რომელმაც თავი საკუჭნაოში ჩაიცხრილა, რადგან დაინახა მშვენიერი ლედი სთათფილდის სარკმლის მინაზე მწვანე ხელი როგორ აკაკუნებდა, ხოლო ლედი სთათფილდმა, რომელიც მუდამ შავ ხავერდს იკეთებდა, რათა თეთრ-ყირმიზ ყელზე კვალად დარჩენილი ხუთი თითი დაეფარა, საბოლოოდ, ქინგს უოქის ბოლოში ჭანარის ტბაში თავი დაიხრჩო. ნამდვილი ხელოვანის ენთუზიასტური მოგონების თვალით გადასწვდა თავის ყველაზე სახელგანთქმულ გამოსვლებს, საკუთარ თავს მწარედ შესცინა, როდესაც გაიხსენა წითელი რუბენის ან გაგუდული ბავშვის სახით რომ წარდგა, ასევე ბექსლი-მორის სისხლისმსმელი გუანტ გიბეონის როლი, აგრეთვე მოაგონდა ივლისის ერთ სასიამოვნო საღამოს ჩოგბურთის მოედანზე საკუთარივე ძვლებით კეგლის რომ თამაშობდა; და ამ ყველაფრის შემდეგ, ვიღაც საცოდავი თანამედროვე ამერიკელები მოდიან და „რაიზინგის“ ლუბრიკანტს სთავაზობენ და ზურგს უკნიდან თავში ბალიშებს ესვრიან! ეს ხომ სრულიად აუტანელი რამ არის. გარდა ამისა, ისტორიაში მოჩვენებას ხომ ასე არავინ მოჰქცევია. შესაბამისად, შურისძიება გადაწყვიტა და ასე ღრმა ფიქრებში ჩაეფლო გამთენიამდე.

 

III

       მეორე დილით, როდესაც ოტისების ოჯახი საუზმობდა, მოჩვენებაზეც გადაწყვიტეს გარკვეულწილად სიტყვის ჩამოგდება. ამერიკელი მინისტრი ცოტა ნაწყენი ჩანდა, მისი საჩუქარი გამოუყენებელი რომ დარჩა.

– არანაირი სურვილი არ მაქვს, მოჩვენებას პირადული წყენა მივაყენო, – თქვა მისტერ ოტისმა, – და აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ მისთვის ბალიშის სროლა ერთობ არათავაზიანი საქციელია, თუკი მისი აქ ცხოვრების ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ – საკმაოდ თვალში საცემია, უკაცრავად და, ტყუპის ახარხარება. – აი, მეორე მხრივ კი, – განაგრძო მან, – თუკი იგი მართლაც არ ინდომებს „რაიზინგის“ ლუბრიკანტის გამოყენებას, ჩვენ მისთვის ბორკილების ახსნა მოგვიწევს. თორემ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი შეუძლებელი იქნება დაძინება, როცა გარედან ასეთი ხმაური შემოვა. მთელი კვირა უშფოთველად ცხოვრობდნენ, თუმცაღა ერთადერთი, რაც მათ ყურადღებას იპყრობდა, ეს იყო ბიბლიოთეკის იატაკზე სისხლის კვალის მუდმივი განახლება. მართლაც უცნაურად ეჩვენებოდათ, რადგან კარს ღამღამობით ყოველთვის მისტერ ოტისი კეტავდა საკუთარი ხელით, ფანჯრებიც საგულდაგულოდ იყო დაგმანული. ლაპარაკის საღერღელს უშლიდათ ლაქის ქამელეონისმაგვარი ფერი. ზოგჯერ, დილაობით ლაქა ბაცი (ინდურივით) წითელი იყო, შემდეგ სინგურისფერი ხდებოდა, მერე მეწამული ედებოდა. ერთ დილით კი, როდესაც ოჯახი ქვემოთ, ამერიკული საეპისკოპოსო ეკლესიის რეფორმირებული ჩვეულების თანახმად, სალოცავად ჩამოვიდა, ლაქას ზურმუხტისფერ-მწვანე ედო. ეს კალეიდოსკოპური ცვლილებები ყველას ართობდა და ყოველ საღამოს ერთმანეთთან ნაძლევის დადების საბაბიც ხდებოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ხუმრობებში მონაწილეობას არ იღებდა, პატარა ვირჯინია იყო, რომელიც აუხსნელი მიზეზით აღელდებოდა და ლამის ტირილამდე მიდიოდა ხოლმე, როდესაც დილაობით ზურმუხტისფერ-მომწვანოდ შეფერილ ლაქას დაინახავდა. მოჩვენება მეორედ კვირაღამეს გამოჩნდა. როგორც კი ოჯახი დასაძინებლად დაწვა, ჰოლიდან შეჯახების შიშისმომგვრელი ხმაური გაისმა. კიბე რომ ჩაირბინეს, ნახეს, რომ მამაკაცის დიდი ჯავშან-პერანგი სადგარიდან ახსნილიყო და ქვის იატაკს დახეთქებოდა, ამ დროს კი ქანთერვილის მოჩვენება მაღალსაზურგიან სავარძელში მჯდარი მუხლს ისრესდა და სახეზე საშინელი აგონია ჰქონდა გამოხატული. ტყუპმა, რომელთაც თავიანთი ბარდამფრქვევი წამოეღოთ, ორი საფანტი ზედ ისე მიაცალეს, თითქოს სროლას დაუფლებულებმა სამიზნეს დაუშინესო. ამასობაში კი ამერიკელ მინისტრს თავისი რევოლვერი მოემარჯვებინა და სროლისას კალიფორნიული ეტიკეტისამებრ გაიძახოდა ხელები ააწევინეთო. მოჩვენებას მრისხანების ველური გმინვა აღმოხდა, გავლისას ვაშინგთონ ოტისს სანთელი ჩაუქრო, მათ შორის ნისლივით გაინამქრა და სრულ სიბნელეში დატოვა ისინი. კიბისთავს რომ მიაღწია, გონს მოვიდა და გადაწყვიტა თავისი სატანისებური სიცილი აღმოხდომოდა. ამას იშვიათად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას მიმართავდა ხოლმე. როგორც ამბობენ, ამან ერთ ღამეს ლორდ რეიქერს პარიკი გაუნაცრისფრა, ხოლო ლედი ქანთერვილის სამ ფრანგ გუვერნანტ ქალს თვის გასვლამდე გაფრთხილება მიაცემინა. მოჩვენებამ საზარელი სიცილი გააბა, სანამ ძველმა კამაროვანმა ჭერმა ბანი არ მისცა და კარი არ გაიღო, საიდანაც გამოსულმა ცისფერ ხალათში ჩაცმულმა მისის ოტისმა ნაყენი მიაწოდა.

– ვშიშობ, ძალიან ავად უნდა იყოთ, – უთხრა მან, – აი, დოქტორ დობელის ნაყენი მოგიტანეთ, თუკი ეს აშლილობაა, ამას საუკეთესო საშუალებად ჩათვლით. მოჩვენებამ ქალს გამძვინვარებულმა შეხედა, ჯერ შავ ძაღლად გადაქცევა დაიწყო, რის წყალობითაც იგი კარგად იყო ცნობილი და რასაც ოჯახის ექიმი ლორდ ქანთერვილის ბიძის, ჰონის, მუდმივ იდიოტობას მიაწერდა ხოლმე. მოახლოებულმა ნაბიჯებმა მოჩვენება მიზანმიმართულებაში დააეჭვა, თუმცა სუსტ ფოსფორისფრად გარდაქმნამ მას კმაყოფილება მოჰგვარა და სასაფლაოს კვნესასავით გაუჩინარდა, როგორც კი ტყუპი მიუახლოვდა. თავის ოთახს რომ მიაღწია, ერთიანად მოწყდა და უსასტიკესმა მღელვარებამ მოიცვა. ტყუპის ვულგარულობამ და მისის ოტისის დაბალი დონის მატერიალიზმმა მართლაც რომ წყენა მოჰგვარა, მაგრამ ყველაზე მეტად ბოლოს მაინც ის უღებდა, რომ საფოსტო ჯავშნის გადაცმა ვერ მოახერხა. მას იმედი ჰქონდა, რომ თანამედროვე ამერიკელებსაც კი შიშს მოჰგვრიდა ჯავშნიანი ლანდის ხილვა, სხვა რომ არაფერი, მათი ეროვნული პოეტის ლონგფელოუს პატივსაცემად მაინც, რომლის დახვეწილი და მიმზიდველი პოეზიითაც მას არაერთი მოსაწყენი საათი შეუქცევია თავი ქანთერვილელების ქალაქში ყოფნის დროს. გარდა ამისა, ეს ხომ მისი საკუთარი სამოსი იყო, რომელიც ქენილუორსის ტურნირზე ეცვა და რომლის გამოც ქება, არც მეტი, არ ნაკლები, პირდაპირ ვირჯინია დედოფლისგან დაიმსახურა. ახლა კი, როცა ჯავშანი ჩაიცვა, უზარმაზარმა სამკერდულმა და ფოლადის ჩაფხუტმა გადასძალა, შედეგად ქვის იატაკზე მოწყვეტით დაენარცხა და მუხლებიც მწარედ გადაიტყავა, ამას გარდა, მარჯვენა ხელის სახსრებიც დაილურჯა. რამდენიმე დღე მოჩვენება მძიმედ იყო ავად და ოთახიდან მხოლოდ იმისთვის თუ გამოვიდოდა, რომ სისხლის კვალი ჩვეული სახით შეენარჩუნებინა. მიუხედავად ამისა, თავის კარგად მოვლამ საგრძნობლად მოაკეთა და გადაწყვიტა, მესამე მცდელობით მაინც შეეშინებინა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი და მისი ოჯახი. მან პარასკევი, 17 აგვისტო აირჩია გამოსაჩენად და მთელი დღე გარდერობში გაატარა. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ძველი, დიდი, დაშვებულფარფლიანი ქუდის სასარგებლოდ გამოიტანა, რომელსაც წითელი ფრთა ჰქონდა, გარდა ამისა, ფრიალა მოსასხამი ირჩია მაჯებსა და კისერთან შესაკრავით და პირბასრი სატევარიც აიღო. მოსაღამოებულზე თქეში წამოვიდა, ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდა, რომ ძველ სახლში ყველა კარი და სარკმელი ერთიანად აჭრიალდა და აბრახუნდა. ფაქტობრივად, მას რომ უყვარდა, ისეთი ამინდი დადგა. მოქმედების მისეული გეგმაც ასეთი იყო: ჩუმად უნდა შეპარულიყო ვაშინგთონ ოტისის ოთახში, საწოლის ფეხიდან გაურკვეველი ბლუყუნი უნდა დაეწყო და ნელი ჰანგების ხმაზე სამჯერ უნდა ჩაეცა ყელში. ვაშინგთონისადმი ხომ განსაკუთრებულ ზიზღს განიცდიდა, რადგან კარგად იცოდა, რომ სწორედ ამ უკანასკნელს ჰქონდა ჩვევად ქანთერვილის ცნობილი სისხლის ლაქა მოეცილებინა ფინქერთონის პარაგონის ფხვნილით. განუსჯელი და თავზეხელაღებული პირობის სიშმაგე რომ დაიცხრო, გადაწყვიტა ამერიკელი მინისტრისა და მისი მეუღლის ოთახამდე მისულიყო და ქალბატონისთვის შუბლზე წებოვანი ხელი დაედო, თან მისი აკანკალებული ქმრისთვის ყურში მორგის საშინელებანი ჩაესტვინა. პატარა ვირჯინიას პატივისცემის გამო, მან სრულად არ მოიმოქმედა თავისი ჩანაფიქრი. გოგონას ხომ მოჩვენება არასდროს და არანაირად არ ჰყავდა გალანძღული, თანაც ისეთი პატარა და ნაზი იყო. გარდერობიდან რამდენიმე ყრუ კვნესა სავსებით საკმარისად მიიჩნია და თუკი არც ეს გაჭრიდა, მაშინ საწოლთან მიცოცდებოდა და დაკრუნჩხული თითებით გადასაფარებელს დაეჭიდებოდა დასაგლეჯად. რაც შეეხება ტყუპს, მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, სეირი ეჩვენებინა მათთვის. პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ მკერდზე დასჯდომოდა მხუთავი მაჯლაჯუნასავით. შემდეგ კი, ვინაიდან მათი საწოლები საკმაოდ ახლო-ახლოს იდგა ერთმანეთთან, მწვანე, გაყინული გვამის სახით შუაში ჩამდგარიყო, სანამ ტყუპი შიშით იქნებოდა დამბლადაცემული, და საბოლოოდ, თვითმკვლელის ჩონჩხის, მუნჯი დანიელის მსგავსად, ფრიალა მოსასხამი მოესროლა, ხოხვა დაეწყო ოთახში თეთრი, უფერული ძვლებითა და ერთი ცალი მბრუნავი თვლის კაკლით; მსგავსი როლი ხომ მან რამდენჯერმე განასახიერა და დიდი ეფექტიც მოახდინა. ეს როლი მას თავისი ცნობილი პარტიის დარად მიაჩნდა მანიაკ მარტინიდან, ანუ შენიღბული იდუმალებიდან. თერთმეტის ნახევრისთვის გაიგონა, ოჯახი როგორ ადიოდა დასაძინებლად. ცოტა ხანს კიდევ აღონებდა ტყუპის ველური სიცილი, რომლებიც, სკოლის ბიჭუნებივით, წრფელი გულით ართობდნენ ერთმანეთს დაწოლამდე, მაგრამ თორმეტის თხუთმეტ წუთამდე ყველაფერი მიწყნარდა; შუაღამისკენ კი მოჩვენება შორს გაემგზავრა. ბუ ფანჯრების პანელებს სცემდა, ყორანი ურთხმელიდან ჩხაოდა, ქარი კი, დაკარგული სულივით, სახლის გარშემო კვნესით დაეხეტებოდა. ოტისის ოჯახს კი, სვე-ბედის გაუცნობიერებლად, მშვიდად ეძინა. მას ესმოდა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის თანაბარი ხვრინვა. იგი ფეხაკრეფით გამოვიდა ხის პანელიდან ნაოჭიან და სასტიკ ბაგეზე ავი ღიმილით, მთვარემ ქალის სახე დამალა ღრუბლებში, როდესაც მან დიდ შიდასარკმელს ჩაუარა, სადაც მისი და მისი მოკლული ცოლის მკლავები ლაჟვარდითა და ოქროთი იყო მორთული. ნელა გასრიალდა, როგორც ავი ლანდი. უკუნეთ სიბნელეს თითქოს ჩავლილი მოჩვენების ზიზღი ემჩნეოდა. უცებ ეგონა ვიღაცის ძახილი მომესმაო და გაჩერდა. მაგრამ ეს მხოლოდ ძაღლის ყეფა იყო რედ ფერმიდან; გზა განაგრძო, თან მეთექვსმეტე საუკუნის რაღაც უცნაურ წყევლას იმეორებდა ბუტბუტით და შუაღამის ჰაერში ბასრ სატევარს იქნევდა. ბოლოს და ბოლოს ავბედითი ვაშინგთონის ოთახისკენ მიმავალ გასასვლელამდეც მიაღწია. ერთ წამს შეყოვნდა, ქარი მის ნაცრისფერ კულულებს აფრიალებდა და გარდაცვლილი კაცის სუდარის ნაკეცებს უსახელო შიშით გროტესკულად და ფანტასტიკურად გრეხდა. საათმა მეოთხედი ჩამოჰკრა და მან იგრძნო, რომ დრო დამდგარიყო. უკუდგა და კუთხისკენ შებრუნდა, მაგრამ, სანამ ამას იზამდა, შიშის შესაბრალისი გოდებით გაფითრებულ სახეზე გრძელი, გაძვალტყავებული ხელები აიფარა. ზუსტად მის წინაშე შიშისმომგვრელი ლანდი ასვეტილიყო, უძრავი, როგორც კვეთილი სურათი, შლეგიანის ზმანებასავით საზარელი! მას თავი მელოტი და პრიალა ჰქონდა; სახე მრგვალი, სქელი და თეთრი, საზარელ სიცილს მისი სახე მარადიულ ღიმილში დაეტოვებინა. თვალთაგან მოწითალო სხივებს ტყორცნიდა, პირიდან ცეცხლი ფართოდ გადმოსდიოდა, საზარლად იყო შემოსილი, თითქმის მასავით, ტიტანური ფორმები ბინტით დათოვლოდა. მკერდზე უცნაური დაფა ჰქონდა ძველებური წარწერით, ჩანდა, რაღაც სამარცხვინო უნდა ყოფილიყო ჩამოწერილი, ველური ცოდვებისა თუ საზარელი დანაშაულებების ჩამონათვალი, მარჯვენა ხელზე მოელვარე ფოლადის შევარდენი ესვა. მართლაც, მწარედ შეშინდა, რადგან, მოჩვენება მანამდე ნანახი არ ჰყავდა, როგორც კი მეორედ მოჰკრა თვალი საზარელ ფანტომს, თავისი ოთახისკენ წავიდა. ფრიალა მოსასხამიც გაიყოლა, ქვედა დერეფანში სწრაფად ჩავიდა, სატევარიც იქვე დააგდო მინისტრის ყელიან ბოტებთან, სადაც იმავე დილას მსახურთუხუცესმა იპოვა. მარტოდ რომ იგრძნო თავი, ქვეშაგებზე დაემხო და სახე ტანსაცმელში ჩამალა. ცოტა ხანში, ქანთერვილის ძველმა მამაცმა სულმა საკუთარი თავი დაიყოლია, როგორც კი ინათებდა, ასულიყო და მეორე მოჩვენებას გამოლაპარაკებოდა. როგორც კი ირიჟრაჟა და ბორცვებს ვერცხლისფერი დაედო, იგი ლაქასთან, სწორედ იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც პირველად იხილა საზარელი ლანდი. გრძნობდა, რაც უნდა იყოს, ორი მოჩვენება ერთსა სჯობია და ახალი მეგობრის დახმარებით, ტყუპს უფრო იოლად გავუმკლავდებიო. როცა ლაქასთან მივიდა, საზარელმა სანახაობამ მიიპყრო მისი მზერა. აშკარა იყო, რაღაც შემთხვეოდა ლანდს. ეტყობოდა, სინათლე გადასვლოდა მის ცარიელ თვალებს, მოელვარე ხმალიც გავარდნოდა ხელიდან და რაღაც მოუხერხებლად და არაბუნებრივად ებჯინებოდა კედელს. უცებ გაექანა და ხელებით სწვდა, მაგრამ – ჰოი, საშინელებავ! – ლანდს თავი მოსძვრა და იატაკზე გაგორდა, ტანი კი შუაზე გადატყდა... უცებ მიხვდა, რომ ბამბის ქსოვილი ეჭირა ხელში, ფეხებთან კი ცოცხი, სამზარეულოს დანა და ფუტურო თალგამი ეყარა. ამ უცნაური ტრანსფორმაციის მიზეზი რომ ვერ გაიგო, აკანკალებული ეცა უცნაურწარწერიან დაფას და დილის რუხ სინათლეში შემდეგი შიშისმომგვრელი სიტყვები წაიკითხა: ფირმა ოტისის სული

ერთადერთი და ნამდვილი მოჩვენებაა.

ერიდეთ იმიტაციებს.

სხვა ყველა თვალთმაქცობაა.

       მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ის მოატყუეს, გააცურეს და კვალი აურიეს. ძველმა ქანთერვილურმა ალმა გაუელვა თვალებში; უკბილო ღრძილები ერთმანეთს მიაგლასუნა; თავისი გამხმარი ხელები მაღლა ასწია და დაიფიცა ძველი სტილის ხატოვანი ფრაზეოლოგიის თანახმად, რომ როდესაც შანტეკლერი ორჯერ ჩაჰყვირებდა თავის ბუკს, სისხლის ღვრა მოხდებოდა და ამ სახლში სიკვდილიც შემოაბიჯებდა. ის იყო, გაჭირვებით დაასრულა ეს საზარელი ფიცი, რომ მოშორებული ფერმის წვეტიანი სახურავიდან წითელკუდა მამლის ყივილი შემოესმა. დიდხანს იცინა ხმადაბლა და მწარედ, მერე კი ცოტა შეიცადა. ერთ საათს კიდევ ელოდა, მაგრამ, გაურკვეველი მიზეზით, მამალმა აღარ იყივლა. საბოლოოდ, რვის ნახევარზე მისი შიშისმომგვრელი ფხიზლობა შინამოსამსახურეების ფეხის ხმამ შეწყვიტა, ამიტომ თავის ოთახში გაიძურწა, თან თავის ამაო და თავგზის ამბნევ განზრახვაზე ფიქრობდა. იქ ძველ რაინდულ რომანებში ეძებდა რჩევას, რაც ასე თავგამეტებით უყვარდა, და აღმოაჩინა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კი ეს ფიცი გამოუყენებია, შანტეკლერს მეორედაც უყივლია.

– რა სიკვდილმა უყო პირი ამ ურჩ მამალს, – ჩაიბუტბუტა, – ერთ მშვენიერ დღეს მსხვილ შუბს ყელში რომ ჩავცემ, სიკვდილის წინ ჩემთვის დაიყივლებს კიდეც! ამის შემდეგ ის თავის ტყვიის კომფორტულ კუბოში დაბრუნდა და საღამომდე დარჩა.

 

IV

       მომდევნო დღეს დაღლილი მოჩვენება სუსტად გრძნობდა თავს. უკანასკნელი ოთხი კვირის მღელვარებამ უკვე თავი იჩინა. ნერვები საბოლოოდ დაწყვეტილი ჰქონდა. ხუთი დღე ოთახში იყო გამოკეტილი, ბოლოს კი გადაწყვიტა ბიბლიოთეკაში სისხლის კვალისთვის თავი მიენებებინა. თუკი ოტისების ოჯახს არ უნდოდა ის, მაშინ ისინი არც იმსახურებდნენ ამას. მასპინძელი ოჯახი აშკარად მხოლოდ დაბალი მატერიალური ღირებულებების ხალხი ჩანდა, რომლებსაც ესთეტიკური მოვლენების სიმბოლური ღირებულებების დაფასება არ შეეძლო. ასტრალური სხეულებისა და ფანტასტიკური მოჩვენებების საკითხი, ცხადია, სრულიად სხვა საქმე იყო და მის კონტროლს საერთოდ არ ექვემდებარებოდა. მის საზეიმო მოვალეობას კვირაში ერთხელ დერეფანში გამოჩენა და ვიტრაჟიანი ფართო სარკმლიდან თვის პირველ და მესამე ოთხშაბათს ენის ტარტარი წარმოადგენდა და სულ ვერ ამჩნევდა, საკუთარ მოვალეობებს თავს როგორ აღწევდა. მართალია, მისი ცხოვრება ძალიან ავზნიანი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ის თავად ძალიან სინდისიერად ეკიდებოდა ყველაფერს, რაც კი ზებუნებრივს უკავშირდებოდა. მომდევნო სამივე შაბათ ღამეს, სამ საათზე დერეფანი გადაკვეთა და ყველანაირად გაფრთხილდა, რომ ვერც დაენახათ და ვერც გაეგონათ. მოიცილა ჩექმა, რამდენადაც შეეძლო, ჭიებისგან დაჭმულ ძველ იატაკზე მსუბუქად გადადგა ნაბიჯი, შავი ველვეტის მოსასხამიც მხრებზე ჰქონდა მოგდებული, ფრთხილად მოეკიდა „რაიზინგის“ ლუბრიკანტს თავისი ჯაჭვების დასაზეთად. მოვალე ვარ ვაღიარო, რომ საკუთარი თავისთვის დიდ ძალდატანებად დაუჯდა ამ ზომისთვის მიემართა. თუმცა ერთ ღამეს, როდესაც ოჯახი სადილობდა, მას ბატონ ოტისის ოთახში ჩაეძინა და ბოთლიც ხელში შერჩა. თავდაპირველად თავს ცოტა დამცირებულად გრძნობდა, მაგრამ, მოგვიანებით, გონება დაძაბა, რომ დაენახა ამ მიგნების მნიშვნელობა, რაც, გარკვეულწილად, მის წისქვილზეც ასხამდა წყალს. მაინც, ყველაფრის მიუხედავად, თავს ალყაშემორტყმულად გრძნობდა. დერეფანში, სადაც ბნელ ღამეში დადიოდა, სიმები იჭიმებოდა; ერთხელ შავ ისააკად, ჰოგლის ტყის მონადირედ გადაცმულმა დიდი ვარდნა განიცადა, როდესაც გაპოხილ საფეხურზე დააბიჯა, რომელიც ტყუპს გაეკეთებინა მუხის კიბის თავზე, გობელენიანი კაბინეტის შესასვლელთან. ამ უკანასკნელმა იმდენად განარისხა იგი, რომ გადაწყვიტა საკუთარი ღირსებისა და სოციალური მდგომარეობის აღსადგენად საბოლოოდ კიდევ ერთი ღონისძიებისთვის მიემართა და განიზრახა მომდევნო ღამით თავხედი ეტონიელები მოენახულებინა და თავისი ნაქები უდარდელი რუპერტის ანუ უთავო თავადის სახით სჩვენებოდა მათ. ასეთი გარდასახვით ხომ ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში ის აღარავის დანახვებია. ფაქტობრივად, მას მერე, რაც მშვენიერ ლედი ბარბარას დასცა შიშის ზარი ასე გამოწყობილმა, ამ უკანასკნელმა კი ქანთერვილის ახლანდელი ლორდის ბაბუასთან ნიშნობა გაწყვიტა და გრეტა გრინთან გაიქცა სანდომიან ჯექ კასტელოსთან ერთად, თან განაცხადა: ვერაფერი დამარწმუნებს დედამიწის ზურგზე ისეთ ოჯახში ჩავსახლდე, სადაც ბინდ-ბუნდში ასეთ საზარელ მოჩვენებებს წინ და უკან სიარულს არავინ უშლისო. ამის შემდგომ საწყალი ჯექი უანდსუორსი ქომონში გამართულ დუელში ლორდ ქანთერვილის ტყვიას შეეწირა, ლედი ბარბარა კი წლისთავზე თანბრიჯ უელსში დარდს გადაჰყვა, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატება იყო მისთვის. ეს გახლდათ უკიდურესად რთული მაკიაჟი, თუკი შემიძლია ეს თეატრალური ტერმინი გამოვიყენო ზებუნებრივის ასეთ დიდ სასწაულთან დაკავშირებით, ანდაც, სიტყვა მაღალბუნებრივი სამყარო ვიხმარო, რამაც მოჩვენებას სრული სამი საათი დააკარგვინა მოსამზადებლად. საბოლოოდ ყველაფერი მზად იყო და ისიც თავისი გარეგნობით ძალიან კმაყოფილი ჩანდა. ტყავის დიდი, საჯირითო ჩექმა, რომელიც სამოსს ასე შვენოდა, ცოტათი დიდი აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ, საერთო ჯამში, საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა და ორის თხუთმეტი წუთისთვის ხის პანელზე გასრიალდა და დერეფანში ჩაცოცდა. ტყუპის ოთახამდე მიღწევისას, რომელსაც, ლურჯი ფარდების გამო ლურჯ საძინებლად მოიხსენიებდნენ, მას კარი ნახევრად შეღებული დახვდა. შესვლისას, ეფექტი რომ მოეხდინა, კარი ფართოდ გააღო, ამ დროს კი წყლით სავსე მძიმე დოქი დაუპირქვავდა თავზე და ძირის-ძირამდე გალუმპა, თან ისე, რომ მის მარცხენა მხარს სანტიმეტრებით ჩასცდა. იმავდროულად ოთხსვეტიანი საწოლიდან მომავალი ჩუმი სიცილი მოესმა. მის ნერვულ სისტემას დამტყდარი შოკი იმდენად ძლიერი იყო, რომ საკუთარ ოთახში გაბრუნებულმა მეორე დღე ძლიერ გაცივებულმა ლოგინში გაატარა. ერთადერთი, რაც მთელ ამ დავიდარაბაში აწყნარებდა, ის გახლდათ, რომ უთავოდ იყო გამოსული, რადგან შესაძლებელი იყო საკუთარი თავიც არ შერჩენოდა, ამგვარად, შედეგებიც უფრო სერიოზული აღმოჩნდებოდა. მან ამ უხეში ამერიკული ოჯახის შეშინების ყველა ნაცადი ხერხის იმედი უკან მოიტოვა, თავი გაიმხნევა, როგორც წესი, და ფლოსტებში ფეხწადგმულმა და შეტევისგან დასაცავად ყელზე წითელ კაშნემოგდებულმა ფეხაკრეფით გასწია, თან არკებუზიც მოიმარჯვა, ვინიცობაა, ტყუპი დასხმოდა თავს. ბოლო დარტყმა მას 19 სექტემბერს მიაყენეს. ქვედა სართულზე ვესტიბიულში ჩავიდა. თან დარწმუნებული იყო, რომ იქ თავს არავინ მოაბეზრებდა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრისა და მისი მეუღლის სარონის ფოტოებზე, რომელთაც ქანთერვილის საოჯახო სურათები შეეცვალათ, სატირიკულ შენიშვნებს გააკეთებდა. ის უბრალოდ, მაგრამ აკურატულად იყო გახვეული გრძელ სუდარაში, მიცვალებულის ყაიდაზე ყვითელი ნაჭრით აიხვია ყბა, აიღო პატარა ჩირაღდანი და მნათეს ნიჩაბი. ფაქტობრივად, მას იონა უსაფლაოსავით ან ჩესთრის ქოხის გვამების მძარცველივით ეცვა. ეს იყო მისი ერთი ყველაზე შესანიშნავი გარდასახვათაგანი და ერთ-ერთი მიზეზი ქანთერვილში, რის გამოც იგი ყოველთვის ახსოვდათ და რის გამოც მეზობელ ლორდ რუფორთან არაერთი შეხლა-შემოხლა ჰქონიათ ქანთერვილებს. ნაშუაღამევს, სამის მეოთხედი იქნებოდა და ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. როგორც კი ბიბლიოთეკისკენ გასწია, რათა ენახა დარჩა კიდევ თუ არა სისხლის კვალი, უცებ სიბნელიდან ორი ფიგურა გამოჩნდა. ისინი ხელების ქნევით მისცვივდნენ და ყურში ბუუ-ბუუ ჩაჰკივლეს. ბუნებრივი გარემოების შედეგად, პანიკით შეპყრობილი, კიბისკენ გაექანა, თუმცა იქ ჩასაფრებულ მისტერ ოტისს შეეჩეხა, რომელსაც ხელში ბაღის დიდი სასხური ეჭირა. ასე ყოველმხრივ მტრებით გარშემორტყმულმა და კუთხეში მომწყვდეულმა დიდ რკინის ღუმელში გაუჩინარება გადაწყვიტა, რომელიც, ბედად, ჩამქრალი დაუხვდა, ამდენად, მას საკუთარ ოთახამდე მიღწევა შიშით გამურულს, არეულსა და თავგზააბნეულს, საკვამურებისა და ბუხრების გავლით, მოუხდა. ჩვენი ლანდი ამის მერე აღარც ერთი ღამეული ექსპედიციისას აღარ გამოჩენილა. ტყუპი ყველგან უსაფრთდებოდა და მის სავარაუდო ტრაექტორიაზე კაკლის ნაჭუჭს ყრიდნენ, რაც მათი მშობლებისა და მოსამსახურეების რისხვას იწვევდა, მაგრამ ფრიად უშედეგოდ. სავსებით აშკარა იყო, რომ მისი გრძნობები შეურაცხყოფილი იყო, რადგან თვითონ ვეღარსად ჩნდებოდა. ბატონმა ოტისმა თანდათანობით განაახლა თავისი მრავალწლიანი მუშაობა „დემოკრატიული პარტიის ისტორიაზე“.  მისის ოტისმა ზღვის ნაპირზე მოლუსკების მშვენიერი კერძების პიკნიკი გამართა, რამაც მთელი საგრაფო აღაფრთოვანა. ბიჭებმა იუკერლი, ლაკროსი, პოკერი და სხვა ამერიკული ეროვნული თამაშობები მოაწყვეს. ვირჯინიამ კი ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგთან ერთად ხეივნები თავისი პონით შემოიარა. ჰერცოგი არდადეგების ბოლო კვირის გასატარებლად ქანთერვილში იყო ჩასული. ყველამ მიიჩნია, რომ მოჩვენება სადღაც გაქრა და მისის ოტისმა ამ ამბის შესატყობინებლად ლორდ ქანთერვილს წერილიც კი მისწერა, რომელმაც პასუხად დიდი სიამოვნება გამოხატა და მოლოცვაც გამოუგზავნა მინისტრის ღირსეულ ცოლს. ოტისები კი მაინც მოტყუვდნენ, რამეთუ, ცოტათი დაინვალიდებული მოჩვენება ისევ შინ იყო და არც არაფრის შეცვლას არ აპირებდა, მით უმეტეს, რომ სტუმართა შორის ყური მოჰკრა სტუმრად ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგიაო, რომლის პაპის ძმა, ლორდი ფრანსის სთილთონი ერთხელ დაენიძლავა ქოლონელ ქერბურის ათას გინეაზე, რომ ქანთერვილის მოჩვენებასთან კამათლის გაგორებას შეძლებდა; მეორე დილას კი სათამაშო ოთახში იატაკზე ისეთ დამბლადაცემულ მდგომარეობაში იპოვეს, რომ, მიუხედავად მისი მართლაც ასაკოვნებისა, იგი ვეღარაფრის თქმას ვერ ახერხებდა, გარდა დუშაშისა. ეს ამბავი იმხანად გახმაურებული იყო, თუმცა, ორი კეთილშობილი ოჯახის პატივისცემის გამო, მომხდარის მისაჩუმათებლად ყველანაირი ზომა მიიღეს. ამ ყოველივეს სრული ანგარიშის პოვნა კი ლორდ თათლის, პრინცის რეგენტისა და მისი მეგობრების მოგონებების მესამე ტომში შეიძლებოდა. მაშინ მოჩვენება ფრიად მოწადინებული იყო, რომ ეჩვენებინა სთილთონებზე სრული კონტროლი არ დამიკარგავსო, მათთან კი მოჩვენებას მართლაც შორეული ნათესაობა აკავშირებდა, მისი ბიძაშვილი სერ დე ბელკელისთან იმყოფებოდა მეორე ქორწინებაში, და ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩეშირის ჰერცოგები მისი პირდაპირი შთამომავლები იყვნენ. შესაბამისად, მან ყველა ზომა მიიღო, ვირჯინიას ან პატარა, საყვარელ ბერ ვამპირად სჩვენებოდა, ანდაც უსისხლო ბენედიქტელად – მისი ყველაზე ცნობილი გარდასახვით. ეს ისეთი საზარელი წარმოდგენა იყო, ლედი სთართაფმა რომ იხილა 1764-ში, ახალი წლის წინა ღამეს და ეს მისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა, რადგან ქალი სასტიკად აკივლდა, რამაც აპოპლექსიამდე მიიყვანა და სამ დღეში დალია სული. ამით კეთილშობილმა ქალბატონმა მისი უახლოესი ნათესავები – ქანთერვილები დიდ უხერხულობაში ჩააყენა, რადგან მთელი ქონება ლონდონელ აფთიაქარს დაუტოვა. უკანასკნელ მომენტში, მოჩვენებას ტყუპის შიშმა გადააფიქრებინა თავისი ოთახის დატოვება, ამიტომ ახალგაზრდა ჰერცოგს მშვიდად ეძინა ფრთიან ჩარდახქვეშ სამეფო საძინებელში და ვირჯინია ეზმანებოდა.

 

V

       ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვირჯინია თავის ხუჭუჭა კავალერთან ერთად ბროქერის მდელოზე წავიდა საჯირითოდ და თავისი საცხენოსნო კაბაც ისე ცუდად გახია დაბრკოლების გადალახვისას, რომ შინ დაბრუნებულს თავის ოთახში ასვლა უკანა კიბით მოუხდა, რათა არავის დაენახა. გობელენიან ოთახთან რომ ჩაირბინა, მოულოდნელად ოთახში ვიღაცას მოჰკრა თვალი, თავიდან ეგონა დედაჩემის მოსამსახურე იქნებაო, რომელიც ხელსაქმისთვის ხშირად შედიოდა ამ ოთახში, და შეირბინა, რათა დახეული კაბის დაკერება ეთხოვა. შესულმა თვალებს ვერ დაუჯერა: იქ თვითონ ქანთერვილის მოჩვენება იყო! ის სარკმელთან იჯდა და ხეების შეყვითლებას ადევნებდა თვალს, ოქროსფერ-მოწითალო ფოთლები კი გიჟურ როკვას ასრულებდნენ გრძელ გამზირზე. თავი ხელზე დაეყრდნო, მთელი მისი პოზა უკიდურეს დეპრესიას გამოხატავდა. მართლაც, მარტოსული ჩანდა, ამიტომაც პატარა ვირჯინია, რომლის პირველივე აზრი ის იყო, რომ თავის ოთახში გაქცეულიყო და ჩაკეტილიყო, სიბრალულით აივსო და გადაწყვიტა მოჩვენებას ვაამებო. იმდენად მსუბუქი იყო ვირჯინიას ნაბიჯები და იმდენად ღრმა იყო მოჩვენების მელანქოლია, რომ ამ უკანასკნელმა ვერც კი გაიგო გოგონას მიახლოება, ვიდრე ვირჯინია თვითონვე არ გამოელაპარაკა მას.

– ვწუხვარ თქვენ გამო, – უთხრა მან, – მაგრამ ჩემი ძმები ითონში ბრუნდებიან ხვალ და თქვენც თუ კარგად მოიქცევით, ამიერიდან, აღარავინ შეგაწუხებთ.

– სისულელეა, თავის დაჭერა მომთხოვოს ვინმემ, – უპასუხა მან და გაშეშებულმა შეხედა ლამაზ გოგონას, რომელიც მასთან ურთიერთობით საკმაოდ რისკავდა, – სრული სისულელე! ჩემი ბორკილები უნდა ვაბრახუნო, საკლიტურებში ვიკვნესო და ღამღამობით ვიწანწალო, თუკი ამას გულისხმობდი – ესაა ჩემი არსებობის ერთადერთი მიზანი.

– ეს სულაც არ არის არსებობის მიზანი და საკმაოდ ავადაც ჩანხართ. ქალბატონმა ამნიმ გვითხრა ჩამოსვლის პირველივე დღეს, რომ თქვენ ცოლი გყოლიათ მოკლული.

– რას ვიზამ, ნება დამირთავს მისთვის, – მოჩვენებამ გაღიზიანებულმა უპასუხა, – მაგრამ ეს სუფთა ოჯახური საქმე იყო და არავის ეხებოდა.

– დიდი შეცდომაა ვინმეს მოკვლა, – უთხრა ვირჯინიამ და ტკბილი პურიტანული გრძნობები აღეძრა, როგორც ძველი ინგლისის მემკვიდრეს.

– ოჰ, მძულს აბსტრაქტული ეთიკის იაფფასიანი სიმკაცრე! ჩემი ცოლი მეტად უხეირო ქალი იყო, ჩემს სამოსს არასდროს ახამებდა და არც ცხობისა გაეგებოდა რამე. არადა, ერთი წლის საუცხოო ირემი მოვინადირე ჰოგლის ტყეში და იცი როგორ მოიტანა სუფრასთან? თუმცა ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, უკვე ყველაფერი დასრულდა და მგონი, არ უნდა ყოფილიყო ჩემი ცოლიძმების მხრიდან კარგი საქციელი, შიმშილით სიკვდილის პირას რომ მიმიყვანეს, თუმც კი და მოვუკალი მათ.

– შიმშილით სიკვდილის პირზე ხართ მისული? ოჰ, ბატონო მოჩვენებავ, ვიგულისხმე სერ საიმონ-მეთქი, ძალიან გშიათ? სენდვიჩი მიდევს ჩანთაში. ინებებთ?

– არა, გმადლობთ, ახლა აღარაფერს ვჭამ; თუმც შენი მხრიდან ეს კარგი საქციელია. ისე კი, სულ ერთია, შენ გაცილებით სასიამოვნო ხარ, ვიდრე შენი უხეში, საზარი, ვულგარული და უსინდისო ოჯახი.

– გეყოთ! – იყვირა ვირჯინიამ და ფეხები ააბაკუნა, – ეს თქვენ ხართ უხეში, საზარი და ვულგარული, ვინც ჩემი უჯრიდან საღებავები მოიპარა, როგორც უსინდისომ და ბიბლიოთეკაში ეს სასაცილო სისხლის ლაქა განაახლა. ჯერ წითელი ფერები წაიღეთ სულ, სინგურისფერის ჩათვლით, ამის გამო ჩემს საყვარელ დაისებს ვეღარ ვხატავდი, შემდეგ, ზურმუხტისფერი მწვანე და ქრომ-ყვითელი გააყოლეთ ხელს და ბოლოს ჩინური თეთრისა და ინდიგოს მეტი არაფერი დამიტოვეთ, რითაც მხოლოდ მთვარის სცენებს ვხატავდი, ეს კი ისეთი დეპრესიული საყურებელია და რთული დასახატი. მე არასდროს გამიკიცხავხართ, თუმცაღა ძალიან განაწყენებული ვიყავი, ყველაზე სასაცილო კი ერთი რამეა: ვის გაუგონია ზურმუხტისფერ-მწვანე სისხლი?

– ჰო, მართლა, – უფრო მშვიდად თქვა მოჩვენებამ, – რა უნდა მექნა? მართლაც ძნელია დღევანდელობაში ნამდვილი სისხლის ნახვა და რამდენადაც შენმა ძმამ ყველაფერი ამ თავისი პარაგონის ფხვნილით გამიქრო, მე მართლაც ვერ ვხედავდი მიზეზს, რატომ არ უნდა ამეღო თქვენი საღებავები... რაც შეეხება ფერებს, ეს ყოველთვის გემოვნების საკითხია: ქანთერვილებს, მაგალითად, ცისფერი სისხლი აქვთ, უცისფრესი მთელ ინგლისში; მაგრამ, ვიცი, რომ თქვენ ამერიკელებს ამისთანა რაღაცები არ გაღელვებთ.

– ნეტავ რა იცით ამერიკაზე, საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ისაა, რომ გადასახლდეთ და გააუმჯობესოთ თქვენი გონება. მამაჩემი მხოლოდ მოხარული იქნება მოგცეთ უფასო ბილეთი, თუმცა, საბაჟოზე ყოველნაირი სპირტისა და ალბათ სპირიტულის გატარებაზე ათასნაირი ბაჟია დაწესებული, მაგრამ რთული მაინც არ იქნება, რადგან იქ ყველა ოფიცერი დემოკრატია. ოდესმე დარწმუნდებით, რომ ნიუ-იორკში დიდი წარმატება გექნებათ. მე იქ არაერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც ათასობით დოლარს გადაიხდიდა იმაში, რომ ბაბუა ჰყოლოდა, გაცილებით მეტს გადაიხდიდნენ, თუკი საოჯახო მოჩვენება ეყოლებოდათ.

– არ ვფიქრობ, რომ ამერიკა უნდა მომწონდეს.

– ასე იმიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ არც ადამისჟამინდელი გვაქვს რამე და არც უცნაური, – უთხრა ვირჯინიამ სატირულად.

– ადამისჟამინდელი ფლოტი გაქვთ! უცნაური კი ზნე-ჩვეულებანი! – უპასუხა მოჩვენებამ.

– მშვიდობიან საღამოს გისურვებთ; წავალ, მამას ვთხოვ, ტყუპს დამატებითი არდადეგები მისცეს.

– გთხოვთ, ნუ წახვალთ, მის ვირჯინია, – იყვირა მან. – ისეთი მარტოხელა და უბედური ვარ, და მართლა არ ვიცი რა ვქნა. მინდა დასაძინებლად წავიდე, მაგრამ არ შემიძლია.

– რა აბსურდია! უბრალოდ ლოგინში უნდა ჩაწვეთ და სანთელს სული შეუბეროთ. ხანდახან რთულია ფხიზლობა, განსაკუთრებით ეკლესიაში, მაგრამ, დაძინებისას არავითარი სირთულე არ არსებობს. მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებმაც კი იციან, ისე, რომ დიდი ჭკუა არ სჭირდებათ.

– სამასი წელია არ მძინებია, უთხრა სევდიანად, – ამის გაგონებაზე ვირჯინიამ დიდი ლურჯი თვალები გაოცებულმა დააჭყიტა. – სამასი წელია რული არ მომკარებია და ძალიან დაღლილი ვარ.

ვირჯინია დასერიოზულდა და ტუჩები ვარდის ფურცლებივით აუთრთოლდა. მოჩვენებას წინ დაუდგა, ჩაიმუხლა და მის ჩამომჭკნარ სახეს ახედა.

– საცოდავო, საცოდავო მოჩვენებავ, – ჩაიბუტბუტა მან; – სასთუმალი არ გაქვთ, რომ დაიძინოთ?

– ფიჭვნარიდან ძალზე შორს, – უპასუხა მოჩვენებამ ჩუმი, მეოცნებე ხმით, – იქ პატარა ბაღია. იქ მაღალი და ღრმა ბალახი იზრდება, იქ კონიოს დიდი და თეთრი ყვავილედია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ბულბული გალობს. გალობს მთელი ღამე და ცივი, კრისტალური მთვარე დასქცერის, ურთხმელი კი თავის გიგანტურ მკლავებს აფარებს მძინარეთ.

ვირჯინიას თვალები აეცრემლა და სახეზე ხელები აიფარა.

– სიკვდილის ბაღს გულისხმობთ? – ჩურჩულით ჰკითხა.

– დიახ, სიკვდილისას. სიკვდილი ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ყავისფერ, რბილ მიწაში ჩაწოლა, სადაც თავს ზემოთ მწვანე ბუსნო ბიბინებს და მხოლოდ სიჩუმის ხმა ისმის. როცა არც გუშინდელი დღეა და არც ხვალინდელი. როცა დაივიწყებ დროს და მიუტევებ ცხოვრებას, რათა სიმშვიდეში იმყოფებოდე. შენ შეგიძლია დამეხმარო. შენ შეგიძლია სიკვდილის სახლის ბჭენი განმიხვნა, რათა სიყვარული არასოდეს გტოვებდეს და სიყვარული სიკვდილზე ძლიერი იყოს. ვირჯინია ათრთოლდა, თითქოს გაიყინაო და რამდენიმე წამს ხმა ვერ ამოიღო. თავს ისე გრძნობდა, თითქოს საშინელ სიზმარს ხედავსო. პირველად ისევ მოჩვენება ალაპარაკდა, მისი ხმა ქარის ხელწერას ჰგავდა.

– ბიბლიოთეკის სარკმელზე თუ გაქვს ძველი წინასწარმეტყველება ამოკითხული?

– ოჰ, ხშირად, – იკივლა პატარა გოგომ და ახედა; – და კარგადაც მახსოვს. უცნაური შავი ასოებით არის გამოყვანილი და ამოსაკითხად რთულია, მხოლოდ ექვსი ხაზია: ოდეს მართლა ატირდების

გოგო თმამოოქრული; სევდა ლოცვით განქარვდების, ბაღში ნუში აყვავდების, მაშინ სახლი განიხარებს

სულიც პოვებს ნეტარებას.

– მაგრამ, ვერ მივმხვდარვარ, ეს რას უნდა ნიშნავდეს.

– ეს იმას ნიშნავს, – სევდიანად უპასუხა, – რომ შენ უნდა გამოიგლოვო ჩემი ცოდვები, რამეთუ მე ცრემლები არ გამაჩნია, და ილოცო ჩემი სულისთვის, რამეთუ მე არც რწმენა გამაჩნია და შემდეგ თუკი მუდამ სათნო, კარგი და კეთილიც იქნებოდი, სიკვდილის ანგელოზი მოწყალებას მოიღებდა ჩემზე. შენ სიბნელეში საზარელ აჩრდილებს იხილავ და ავი ხმები ჩაგჩურჩულებენ ყურში, მაგრამ ვერაფერს გავნებენ, რამეთუ პატარა ბავშვის სიწმინდეს ჯოჯოხეთის ძალები ვერას დააკლებენ! ვირჯინიას პასუხი არ გაუცია, მოჩვენებამ კი ველურად დაგრიხა ხელები, როდესაც მის ქერა თავს დააცქერდა. უცებ გოგონა წამოდგა, ძალიან გაფითრებულიყო და თვალებში უცნაური სინათლე ჩასდგომოდა. არ მეშინია, – უთხრა მან მკაცრად. – და მე ანგელოზს ვთხოვ თქვენზე წყალობა მოიღოს. მოჩვენება თავისი ადგილიდან სიხარულის სუსტი ამოგმინვით წამოიწია, ხელზე ხელი მოჰკიდა და ძველი, დახვეწილი მანერით ეამბორა. მისი თითები ყინულივით ცივი იყო, მისი ტუჩები კი ცეცხლივით მწველი, მაგრამ, ვირჯინია არც კი წაბარბაცებულა, როდესაც მოჩვენება დაბინდულ ოთახში შეუძღვა. დაჩრდილულ მწვანე გობელენზე პატარა მონადირეები ჩხუბობდნენ, ისინი ფუნჯიან რქებს იქნევდნენ და მას ეძახდნენ უკან წადი პატარა ვირჯინიავ, უკან წადი! მაგრამ მოჩვენება უფრო ძლიერ უჭერდა ხელს და გოგონამაც თვალები დახუჭა. საზარელი ცხოველები ხვლიკის კუდით, დაჭყეტილ თვალებს უხამხამებდნენ ამოკვეთილი ქვის თაროდან და ეუბნებოდნენ: იფრთხილე! პატარა ვირჯინია, იფრთხილე! შეიძლება აწი ვეღარც კი გნახოთ, მაგრამ მოჩვენება ნაზად ჩაცურდა და ვირჯინიასაც აღარაფერი გაუგონია. როდესაც ოთახის ბოლოს მიაღწიეს, მოჩვენება შეჩერდა და რაღაც წაიბუტბუტა, რასაც გოგონა ვერ მიუხვდა. მან თვალები აახილა და დაინახა როგორ ქრებოდა კედელი ნისლივით და დიდი გამოქვაბულისმაგვარი რაღაც დაინახა. მათ გარშემო სუსხიანმა ქარმა დაუბერა, ვირჯინიამ იგრძნო რომ ვიღაც კაბაზე ეჭიდებოდა.

– სწრაფად, სწრაფად, – დაუყვირა მოჩვენებამ, – თორემ ძალიან გვიან იქნება, – და იმავ წამს მათ უკან ხის პანელი დაიხურა და გობელენიანი ოთახიც დაცარიელდა.

 

VI

       ათიოდ წუთში ზარი დაირეკა, რომელიც ჩაის სმის დროს იუწყებოდა, ვირჯინია კი ქვემოთ არ ჩასულა, ამიტომ, ქალბატონმა ოტისმა ხელის ბიჭი ააგზავნა მის დასაძახებლად. მოკლე ხანში ბიჭი დაბრუნდა და ქალბატონს უთხრა – ვირჯინია ვერსად ვნახეო. რადგანაც ვირჯინიას ჩვევად ჰქონდა საღამოობით ბაღში ჩასვლა და სავახშმო მაგიდაზე დასადგმელად ყვავილების მოკრეფა, მისის ოტისი არ შეშფოთებულა, მაგრამ, როდესაც ექვსმა საათმა დაჰკრა და ვირჯინია მაინც არ გამოჩნდა, ქალბატონი ძალიან აღელდა. მან ტყუპი ვირჯინიას მოსაძებნად გაგზავნა, ამასობაში კი თვითონ და მისტერ ოტისი ქალიშვილს ყოველ ოთახში დაეძებდნენ. შვიდის ნახევარზე ბიჭები უკან დაბრუნდნენ და თქვეს – მის კვალსაც კი ვერ მივაგენითო. ოჯახი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, არავინ იცოდა რა ექნათ, ამ დროს მისტერ ოტისს გაახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ მან ბოშებს უფლება მისცა, პარკში ბანაკი დაეცათ. ოტისი სწრაფად გაეშურა ბლექუელ ჰოლოუსკენ, თან უფროსი ვაჟი და ფერმის ორი მუშაც იახლა. ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგმა, რომელიც მღელვარებისგან გაგიჟებას იყო მისული, გულმხურვალე თხოვნა დაუწყო, მეც წამიყვანეთო, მაგრამ მისტერ ოტისს არ უნდოდა მისი ხლება, რადგან ბანაკში შეიძლებოდა აყალმაყალი ამტყდარიყო. ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ბოშები უკვე გამგზავრებულიყვნენ, აშკარა იყო, ისინი დროზე ადრე წასულიყვნენ, რადგან ცეცხლი ჯერ ისევ ენთო და თეფშებიც იქვე დაეტოვებინათ ბალახზე. ვაშინგთონმა მაშინვე დაგზავნა ხალხი ოლქის დასაზვერად, შინ დაბრუნებულმა კი დეპეშები აფრინა ქვეყნის პოლიციის ყველა განყოფილებაში, სადაც წერდა: ჩემი ქალიშვილი ბოშებმა მოიტაცეს და სასწრაფოდ მომიძებნეთო. ბრძანა ცხენი მომგვარეთო და სავახშმოდ დამჯდარი ცოლისა და სამი ვაჟის დაჟინების შემდეგ ასქოთის გზას დაადგა მეჯინიბესთან ერთად. მათ კარგა ორი მილი ექნებოდათ გავლილი, რომ უცებ უკნიდან ჩორთით მომავალი ცხენის ხმა გაიგონა, მოიხედა და სახეალეწილი და უქუდო, პონიზე გადამჯდარი ჭაბუკი ჰერცოგი დაინახა.

– უაღრესად ვწუხვარ, ბატონო ოტის, – ამოიხვნეშა ბიჭმა, – მაგრამ ვახშმობას ვერ გავაგრძელებდი, როდესაც ვირჯინიას ასავალ-დასავალი არ ვიცით. გთხოვთ, ნუ გამიბრაზდებით; შარშან რომ ჩვენთვის დანიშვნის ნება მოგეცათ, ასეთ ხათაბალაში არ გავეხვეოდით. უკან ხომ ვეღარ გამგზავნით? ვერ წავალ! არ წავალ! მინისტრმა ლამაზ ცუღლუტს ღიმილი ვერ დაუკავა, აშკარა იყო, ვირჯინიასთვის ბიჭი თავსაც დადებდა, გადმოიხარა თავისი ცხენიდან და ჰერცოგს მხარზე ნაზად მოეფერა.

– მაშ, სესილ, თუ უკან გაბრუნება არ გწადიათ, ესე იგი, ჩემთან ერთად წამოხვალთ, მაგრამ, ასქოთში ქუდი უნდა გიშოვოთ.

– ჯანდაბას ჩემი ქუდი! – შესძახა ჭაბუკმა ჰერცოგმა სიცილით და სადგურისკენ ჭენებით გაემართნენ. იქ მისტერ ოტისმა სადგურის უფროსი მოიკითხა, რათა ვირჯინიას აღწერილობა მიეცა, იქნებ ვინმეს ჰყავდა გოგონა ბაქანზე ნანახი, მაგრამ ვერაფერი შეიტყო. სადგურის უფროსმა მაინც უდეპეშა დიდსა და პატარას და მისტერ ოტისი დაარწმუნა, რომ ყველაფერს მკაცრად გააკონტროლებდნენ. ტილოთი მოვაჭრისგან, რომელიც უკვე დარაბებს კეტავდა, ჭაბუკი ჰერცოგისთვის ქუდის მოტანის შემდეგ მისტერ ოტისმა ბექსლისკენ გააჭენა. ეს სოფელი ხუთიოდე მილზე მდებარეობდა და როგორც მას უთხრეს, ბოშათა დიდ თავშესაფარს წარმოადგენდა, რადგან იქვე დიდი თემი სახლობდა. მათ აქ სოფლის პოლიციელი გააღვიძეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს მისგან, ამიტომ მთელი თემი შემოიარეს, შემდეგ ქანცგაწყვეტილებმა და გულგატეხილებმა ცხენებს პირი შინისკენ აქნევინეს და უკვე თერთმეტი საათისთვის ჩეიზში იყვნენ. ტყუპი ჭიშკართან ჩირაღდნებით ელოდა, რადგანაც, ხეივანი საკმაოდ ჩაბნელებული იყო, ვირჯინიას კვალიც კი ვერსად ეპოვათ. ბოშები მდელოებზე დაეჭირათ, მაგრამ გოგონა მათთან არ აღმოჩნდა. ბოშებმა თავიანთი უეცარი გამგზავრება იმით ახსნეს, რომ ჩარლთონის ბაზრობის თარიღი არეოდათ, ამიტომაც სასწრაფოდ წასულიყვნენ, რომ არ დაეგვიანათ. ისინი მართლაც შეწუხდნენ ვირჯინიას გაუჩინარებით, რადგან მისტერ ოტისის კმაყოფილები იყვნენ, პარკში დაბანაკების საშუალება რომ მისცა მათ; ოთხი მათგანი დარჩა კიდეც, რომ ძებნაში დახმარებოდნენ ოტისებს. ადგილობრივი წყალსატევიც კი გადაჩხრიკეს, თუმცა უშედეგოდ. აშკარა იყო, რომ იმ ღამით მაინც, ვირჯინია უკვალოდ იყო გამქრალი, დეპრესიაში ჩავარდნილი მისტერ ოტისი და ბიჭები სახლისკენ წავიდნენ, მეჯინიბეც ცხენითა და პონით უკან გაჰყვათ. ჰოლში შეშინებული მოსამსახურეები დაუხვდნენ, თითქმის ჭკუასგადაცდენილი მისის ოტისი ბიბლიოთეკაში დივანზე მიწოლილიყო, სახეზე შიში და სასოწარკვეთილება აღბეჭვდოდა. შუბლს ოდეკოლონით ინამავდა მოხუცი სახლთუხუცესის რჩევით. ქმარმა დაიჟინა რამე მაინც შეჭამეო და ვახშამი შეუკვეთა მთელი ოჯახისთვის. ვახშამი მელანქოლიურად წარიმართა, დანა პირს არავის უხსნიდა, ტყუპიც კი ვერ იღებდა ხმას, ისინი ხომ დას ძალიან ემორჩილებოდნენ და დამოკიდებულნიც იყვნენ მასზე. როდესაც სადილობას მორჩნენ, ჭაბუკი ჰერცოგის ვედრების მიუხედავად, მისტერ ოტისმა განაცხადა, დღეს ვეღარაფერს გავაწყობთო და ყველას დასაძინებლად წასვლა უბრძანა, თან დასძინა, ხვალ დილით უკვე ტელეგრამებს დავგზავნი სკოტლენდ იარდში დეტექტივების გამოსაგზავნადო. სასადილო ოთახიდან გასვლისას, ზუსტად მაშინ, საათის კოშკურიდან შუაღამემ რომ დაიგუგუნა, უცებ დაჯახუნებისა და გულგამგმირავი ყვირილის ხმა ესმათ. ჭექის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა სახლი და არამიწიერი ჰანგების ძაბვა გაიფანტა ჰაერში, ამის გამო კიბეზე ასულთა ჯგუფი უცებ უკან გამოქანდა, სახეგაფითრებული და მიტკალივით გათეთრებული ვირჯინია ზარდახშით ხელში მომავალი დაინახეს ზედა სართულზე. მყისიერად ყველა მასთან ავარდა კიბით, მისის ოტისმა ქალიშვილს ხელები მოჰხვია, ჰერცოგმა მაგრად დაუწყო კოცნა, ტყუპმა ხალხის წინ ველური სამხედრო ცეკვა შეასრულა.

– ო, ღმერთო! შვილო, სად იყავი? – უთხრა მისტერ ოტისმა, გაბრაზებული ჩანდა, რადგან ფიქრობდა, სულელური ოინი გვიყოო.

– მე და სესილმა ქვეყანა შევაჯერეთ შენს ძებნაში, დედაშენი კი ელდით სიკვდილამდე იყო მისული. ასეთი ხუმრობა აღარასოდეს გაბედო!

– გავასულელოთ სული! გავასულელოთ სული! – გაჰკიოდან ტყუპი და აქეთ-იქით დაჭენაობდა.

– გენაცვალე, მადლობა უფალს, გიპოვეთ; აღარასოდეს დამეკარგო, – ჩურჩულით უთხრა მისის ოტისმა და ხელი გადაუსვა აჩეჩილ ოქროს თმაზე.

– მამა, – უთხრა ვირჯინიამ წყნარად, – მე მოჩვენებასთან ერთად ვიყავი. ის მკვდარია, უნდა წამოხვიდე და ნახო. მაგრამ ძალიან წუხდა იმაზე, რაც ჩაიდინა. აი, ეს ლამაზი სამკაულების კოლოფი მომცა, სანამ მოკვდებოდა. მთელი ოჯახი მიაშტერდა მას უტყვი გაოცებით, მაგრამ ვირჯინია ამაყი და სერიოზული ჩანდა. გოგონა შემოტრიალდა და ისინი ხის პანელის გახსნით, ქვემო, საიდუმლო, ვიწრო დერეფანში ჩაიყვანა, ვაშინგთონიც მაგიდიდან აღებული ანთებული სანთლით გაჰყვათ უკან და თან გზას ანათებდა. ბოლოს ისინი ჟანგიანი ლურსმნებით აჭედილ მუხის დიდ კარს მიადგნენ. როდესაც ვირჯინიამ ხელი შეახო, კარი მძიმე ანჯამებზე უკან გაიწია და ისინი დაბალ, პატარა სენაკში აღმოჩნდნენ, რომელსაც მოკამარებული ჭერი და პაწაწინა გისოსებიანი სარკმელი ჰქონდა. კედელში უზარმაზარი რკინის რკალი ჩაედგათ და მასზე გაძვალტყავებული ჩონჩხი ჯაჭვით იყო მიბმული, რომელიც ქვის იატაკზე მთელ სიგრძეზე გაჭიმულიყო, რათა თავისი უხორცო თითებით მოშორებით დადგმულ ჭურჭელს მისწვდენოდა. დოქი კი, ეტყობა, ოდესღაც წყლით უნდა ყოფილიყო სავსე, რადგანაც მას შიგნიდან მწვანე ობი ჰქონდა მოკიდებული. ჭურჭელზე მტვერი დახვავებულიყო. ვირჯინიამ ჩონჩხთან ჩაიმუხლა, ხელები მოკეცა და ლოცვა დაიწყო წყნარად, ამ დროს კი დანარჩენები გაკვირვებულები უცქერდნენ საზარელ ტრაგედიას, რომლის საიდუმლოც უკვე ამოხსნილიყო.

– შეხეთ! უცებ შესძახა ტყუპისცალმა, რომელიც ფანჯრიდან იცქირებოდა, რომ დაენახა, სენაკი ციხესიმაგრის რომელ ფლიგელში იყო განთავსებული. ნახეთ! ძველი გამხმარი ნუში აყვავდა. მთვარის შუქზე ყვავილებსაც ნათლად ვხედავ.

– ღმერთმა მიუტევა მას, – თქვა ვირჯინიამ თამამად, თითის წვერებზე აიწია და ლამაზმა სინათლემ მას სახე გაუნათა.

– რა ანგელოზი ხარ! – იყვირა ახალგაზრდა ჰერცოგმა, ხელი შემოხვია კისერზე და აკოცა ვირჯინიას.

 

VII

       ამ უცნაური შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ, ღამის თერთმეტ საათზე ქანთერვილ ჩეიზიდან გასვენება დაიწყო. გასასვენებელ ეტლში რვა შავი ტაიჭი იყო შებმული, თითოეულ მათგანს თავზე სირაქლემის მოქანავე ბუმბულების ქოჩორი ჰქონდა, ტყვიის კუბო კი სქელი მეწამული საფარით იყო დაფარული. კუბოზე ოქროთი ამოქარგული იყო ქანთერვილის გერბი. ეტლებს გვერდით მსახურები მიჰყვებოდნენ ანთებული ჩირაღდნებით და მთელი ეს პროცესია საოცრად შთამბეჭდავი იყო. ლორდი ქანთერვილი მთავარი ჭირისუფალი იყო. იგი უელსიდან სპეციალურად დაკრძალვისთვის ჩამოვიდა და პირველივე ეტლში იჯდა ვირჯინიას გვერდით. შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი და მისი ცოლი მოდიოდნენ, რომელთაც ვაშინგთონი და სამი ბიჭი მიჰყვებოდა, უკანასკნელ ეტლში კი ქალბატონი ამნი იჯდა. ეტყობოდა, რაკი მას ორმოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში ეშინოდა მოჩვენებისა, მასვე ჰქონდა უფლება უკანასკნელს ეხილა იგი. ღრმა საფლავი ამოეთხარათ ეკლესიის ეზოში, ურთხმელის ხის ძირში, მსახურება ღირსმა ავგუსტუს დამპიერმა ამაღელვებლად შეასრულა. როდესაც ცერემონია დასრულდა, მსახურებმა ძველი ადათის თანახმად, ჩირაღდნები ჩააქრეს, ხოლო როდესაც კუბოს მიწაში ჩასვენება დაიწყეს, ვირჯინიამ ნაბიჯი წადგა წინ და ნუშის თეთრ-ვარდისფერი ყვავილებისგან დაწნული ჯვარი დადო მასზე. ვირჯინიამ ჯვარი რომ დაასვენა, მთვარე ღრუბლიდან გამოძვრა, იქაურობა ვერცხლისფრად დაფარა, ბულბულმა კი შორიდან გალობა დაიწყო. ვირჯინიას მოჩვენების მიერ აღწერილი სიკვდილის ბაღი გაახსენდა და თვალები ცრემლებმა დაუსველა, სახლამდე ხმაც არ ამოუღია. მეორე დილას, სანამ ლორდი ქანთერვილი ქალაქში წავიდოდა, მისტერ ოტისმა მასთან მოჩვენების მიერ ვირჯინიასთვის ნაჩუქარ სამკაულებზე ჩამოაგდო სიტყვა. სამკაულები მართლაც საოცარი იყო, განსაკუთრებით, ლალისფერი ვენეციური ყელსაბამი, რომელიც XVI საუკუნის შედევრი უნდა ყოფილიყო. ყელსაბამი ალბათ ფასდაუდებელიც იქნებოდა, მისტერ ოტისს გაუჭირდა კიდეც თავისი ქალიშვილისთვის მისი მიღების ნება მიეცა.

– ჩემო ბატონო, – უთხრა მან, – მე ვიცი, რომ ამ ქვეყანაში სამკვიდრო კანონი (ქონების ფლობა გადაცემის უფლების გარეშე) ისევე ვრცელდება მიწის საკუთრებაზე, როგორც საოჯახო ნივთებზე, ამდენად, ჩემთვის აშკარაა, რომ ეს სამკაულები არის ან უნდა იყოს თქვენი ოჯახის საგვარეულო ნივთები. შესაბამისად, უნდა გთხოვოთ, რომ ლონდონში წაიყოლოთ და ისე მოეპყრათ, როგორც თქვენი ქონების ნაწილს, რომელიც უცნაური ვითარების შედეგად უკანვე დაგიბრუნდათ. რაც შეეხება ჩემს ქალიშვილს, ის ჯერ კიდევ ბავშვია და ამგვარი სათაყვანო ფუფუნებისადმი, მოხარული ვარ გაუწყოთ, მცირედი ინტერესი თუ ამოძრავებს. მისის ოტისისგან ვიცი, – ის კი, მე ვიტყოდი, ამგვარი საკითხების დიდი მცოდნეა, რადგან ქალიშვილობისას რამდენიმე ზამთარი ბოსტონში გაატარა და ხელოვნებაში კარგად ერკვევა – რომ ეს ძვირფასი ქვები დიდი მონეტარული ღირებულების უნდა იყოს და გაყიდვის შემთხვევაში, მაღალი ფასიც ექნება. ამ ვითარებაში, ლორდო ქანთერვილ, დარწმუნებული ვარ, აცნობიერებთ, თუ რამდენად შეუძლებელია ჩემთვის, ამ სამკაულების ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის კუთვნილებაში დარჩენის მომხრე ვიყო. შეიძლება გითხრათ, ვირჯინია ერთობ აღელვებულია, რომ თქვენ შეიძლება ეს კოლოფი სუვენირად დაუტოვოთ, როგორც თქვენი უიღბლო და შემცდარი წინაპრის სახსოვარი. რადგან ეს ნივთი მეტისმეტად ძველია და ალბათ აღდგენასაც აღარ ექვემდებარება, შესაძლოა, თქვენ მიზანშეწონილად მიიჩნიოთ ვირჯინიას თხოვნის შესრულება. ჩემი მხრივ კი, ვაღიარებ, რომ ეგზომ გაოცებული ვარ ჩემებისგან შუასაუკუნეების ნებისმიერი ფორმისადმი ასეთი სიმპათიის გამო და ამას მხოლოდ იმ ფაქტით ავხსნიდი, რომ ვირჯინია ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც მისის ოტისი ათენში მოგზაურობიდან დაბრუნდა. ლორდი ქანთერვილი ღირსეული მინისტრის საუბარს უსმენდა და ჭაღარა ულვაშში უნებლიე ღიმილს მალავდა. როცა მისტერ ოტისმა დაასრულა, სახლის ყოფილ პატრონს ხელი გულითადად ჩამოართვა. ლორდმა მიმართა: – ძვირფასო ბატონო, თქვენმა მომხიბვლელმა ქალიშვილმა ჩემს უბედურ წინაპარს, სერ საიმონს, დიდი სამსახური გაუწია, მე და ჩემი ოჯახი დიდად დავალებული ვართ მისგან მისი საოცარი გამბედაობისა და ვაჟკაცობის გამო. ეს სამკაულები მისია და, ღმერთმანი, მე რომ უგუნურება გამომეჩინა და ეს ნივთები თან წამეღო, ძველი ნათესავი ალბათ საფლავიდან წამოდგებოდა და ცხოვრებისეულ წყევლად მექცეოდა. თუკი ამათ საოჯახო საკუთრებად ჩავთვლით, მაშინ რომელიმე ანდერძში ან იურიდიულ დოკუმენტში იქნებოდა ნახსენები, ამათი არსებობა კი უცნობია. გარწმუნებთ, მე ამ სამკაულებზე თქვენს მსახურთუხუცესზე მეტი პრეტენზია არ გამაჩნია და ვბედავ ვთქვა, როდესაც ვირჯინია გაიზრდება, მოხარული იქნება ლამაზი სამკაული ატაროს. გარდა ამისა, თქვენ გავიწყდებათ, მისტერ ოტის, რომ ავეჯი და მოჩვენება ღირებულებაში აღნიშნეთ, ამდენად, რაც კი რამ მოჩვენებას ეკუთვნოდა, თქვენს კუთვნილებაში გადმოინაცვლა, ამდენად, რასაც კი სერ საიმონი ფლობდა, კანონით კი მკვდარი იყო, მისი სრული ქონება თქვენ უკვე შეძენილი გაქვთ. მართლაც, შეწუხებულმა მისტერ ოტისმა კიდევ სცადა ლორდის გადარწმუნება, მაგრამ კეთილშობილმა ბატონმა სიმტკიცე გამოიჩინა და საბოლოოდ მინისტრიც დაარწმუნა ქალიშვილისთვის საჩუქრის დატოვების უფლება მიეცა, რომელიც გოგონასთვის მოჩვენებას ჰქონდა ბოძებული. 1890 წლის გაზაფხულზე ჩეშირის ჰერცოგინია დედოფლის პირველ დარბაზში წარადგინეს მის ქორწინებასთან დაკავშირებით, სამკაულებით კი ვირჯინიამ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ვირჯინიამ გვირგვინი მიიღო, რომელსაც ყველა ამერიკელ კარგ პატარა გოგონას ჯილდოდ აძლევენ და თავის შეყვარებულს გაჰყვა ცოლად, როდესაც ეს უკანასკნელი წლოვანი გახდა. ორივენი ისეთი მომხიბვლელები იყვნენ და იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ ყველა სიამოვნებას განიცდიდა მათი შემყურე, გარდა ბებრუხანა მარკიზა დამბლთონელისა. იგი ჰერცოგის გამოჭერას ცდილობდა, გასაკვირია და, მისტერ ოტისსაც ესროდა ანკესს თავისი შვიდი გაუთხოვარი ქალიდან რომელიმესთვის და სამი მდიდრული წვეულებაც მოაწყო ამ მიზნით. მისტერ ოტისს ძალიან უყვარდა ჰერცოგი, მაგრამ, თეორიულად, ის ეწინააღმდეგებოდა წოდებას, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, რადგან სიამოვნების მოყვარული არისტოკრატიის გავლენით რესპუბლიკური სისადავის პრინციპები შეიძლებოდა დავიწყებას მისცემოდა. მისი პროტესტი სრულად გაბათილდა და მე მგონი, როდესაც თავისი ქალიშვილი ჰანოვერის სკვერში, წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველთან მიჰყავდა, მასზე ამაყი ადამიანი არ იყო ინგლისის არც ერთ გრძედსა თუ განედში. ჰერცოგი და ჰერცოგინია თაფლობის თვის დასრულების შემდეგ ქანთერვილში დაბრუნდნენ; ჩამოსვლის მეორე დღეს, ნაშუადღევს, ფიჭვნარში ეულად მდგარი საყდრის ეზოში გადაწყვიტეს გასეირნება. თავდაპირველად, სირთულე შეიქმნა სერ საიმონის საფლავის ქვაზე წასაწერი ტექსტის გამო, თუმცა ბოლოს გადაწყდა, რომ ამოეტვიფრათ მოხუცი ჯენტლმენის სახელის ინიციალები და ბიბლიოთეკის სარკმელზე მიწერილი ლექსი. ჰერცოგინიას მშვენიერი ვარდები წამოეღო, რომლებიც საფლავზე მიმოფანტა. შემდეგ კი მათ ძველი სააბატოს დანგრეული კანცელარიისკენ გაისეირნეს. იქ ჰერცოგინია გადაქცეულ სვეტზე ჩამოჯდა. ამასობაში მისი მეუღლე მას ფერხთით წამოუწვა და სიგარეტი გააბოლა, თან ლამაზ თვალებში შესცქეროდა. უცებ, სიგარეტი მოისროლა, მის ხელს მიაჩერდა და უთხრა: – ვირჯინია, ცოლს ქმრისგან საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეს.

– ძვირფასო სესილ! შენგან არავითარი საიდუმლო არ მაქვს.

– დიხაც, გაქვს, მან ღიმილით უპასუხა, – ჩემთვის არასდროს გითქვამს რა მოხდა, როდესაც მოჩვენებასთან ერთად იყავი ჩაკეტილი.

– არასდროს არავისთვის მითქვამს, სესილ, თქვა ვირჯინიამ ამაყად.

– ვიცი, მაგრამ იქნებ მე მითხრა.

– გთხოვ, ნუ მკითხავ სესილ, ვერაფერს გეტყვი. საწყალი სერ საიმონი! მასთან ისედაც ვალში ვარ. დიახაც, ნუ იცინი, სესილ, მართლაც ვალში ვარ. მან დამანახვა რა არის ცხოვრება და რას ნიშნავს სიკვდილი და რატომ არის სიყვარული ორივეზე ძლიერი.

ჰერცოგი წამოდგა და ცოლს სიყვარულით ეამბორა.

– შეგიძლია ეს საიდუმლო შენადვე დაიტოვო, ოღონდ კი შენი გული იყოს ჩემი, – წასჩურჩულა ცოლს.

– ისედაც სულ შენი იყო, სესილ.

– ჩვენს ბავშვებს ხომ მაინც ეტყვი ოდესმე, ხომ იზამ ამას?

ვირჯინია გაწითლდა.

ნახვა: 2617

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters