რომენ როლანი - კოლა ბრონიონი

2 თებერვალი.

   იკურთხოს წმინდა მარტენი! საქმეები ჩახლართულია, არცა ღირს წელის წყვეტა. ცხოვრებაში შრომა არ მომკლებია, მოდი და, ცოტა დროც გავატაროთ. აი, მეც ჩემს მაგიდას ვუზივარ, ხელმარჯვნივ ხელადით ღვინო მიდგას, ხელმარცხნივ - სამელნე, წინ კი ახალი რვეული საწერად მეპატიჟება. შენი სადღეგრძელო იყოს, ბიჭო, მოდი ერთი, ვიბაასოთ. ქვემოთ ცოლი ბუზღუნებს, გარეთ ჩრდილოეთის სუსხიანი ქარი ზუზუნებს და ომიც იმუქრება. დაე, იბობოქროს, ეჰ! რა სიხარულია, ჩემო ჩაგოდრებულო გვრიტუნიავ, ჩვენი პირისპირ შეყრა! (ჰეი, შენ გეუბნები, ჯიგრისფერო, ცნობისმოყვარე და ხითხითა სიფათო, გრძელი ბურგუნდიული ცხვირი გვერდზე მოქცეული ქუდივით რომ გაქვს დაკოსებული.) ერთი მითხარი, გეთაყვა, თუ იცი, როგორ მსიამოვნებს შენი დანახვა, ჩემს მოხუც პირისახეს რომ ჩავხედავ, მის ნაოჭებში მხიარულად რომ გავივლ-გამოვივლი და როგორც ჭის სიღრმიდან... რაო? (ჯაჰნაბას ჭა!) როგორც ჩემი ქვევრის სიღრმიდან, ჩემი გულიდან ძველ მოგონებათა ერთ ყლუპს დავლევ? კაცმა რომ იოცნებო, არა უშავს, მაგრამ დაწერო ის, რაზეც ოცნებობ!.. რაო? ოცნებაო? რას ვროშავ? თვინიერი, დამცინავი, ნაოჭებშემოვლებული თვალები ხომ ფართოდ მაქვს გახელილი. ცარიელი ოცნება სხვისთვის დამილოცნია, მე კი ვყვები იმას, რაც მინახავს, მითქვამს ან გამიკეთებია. მერედა, ეს დიდი სიგიჟე არ არის? რისთვისა ვწერ? რასაკვირველია, სახელისათვის არა, მადლობა უფალს, ჩერჩეტი არა ვარ, საკუთარი თავის ფასიც ვიცი... მაშ, შვილიშვილებისათვის? ჰე!.. ათი წლის შემდეგ რაღა დარჩება ჩემი ნაჯღაბნისაგან? ჩემი დედაბერი ჩემ ნაჯღაბნებზე ეჭვიანობს და, რაც ხელში ჩაუვარდება, წვავს... მაშ, ვიღასთვის ვწერ? ეჰ, ჩემთვის, ჩემი სიამოვნებისათვის. გული მისივდება, თუ არ დავწერე. ტყუილად ხომ არა ვარ შვილიშვილი პაპაჩემისა, რომელიც მანამ ვერ დაიძინებდა, სანამ ძილის წინ არ ჩაწერდა რამდენი ხელადა დაელია და ამოენთხია. ლაპარაკი მოთხოვნილებად მექცა. ჩემს კლამსიში მჭევრმეტყველებთან პაექრობა რას გამაძღებს, რა ბრძანებაა! მეფე მიდასის დალაქისა არ იყოს, რაც გამიგია, უნდა გადმოვანთხიო. ენაც ცოტა გრძელი მაქვს. ჩემი ლაპარაკი რომ გაიგოს ვინმემ, კოცონი არ ამცდება. ეჰ, ჩემდათავად, მოხდეს, რაც მოსახდენია, კაცი რომ ყველაფერს მოერიდო, სევდისაგან გაიგუდები; ჩვენი დიდი თეთრი ხარებისა არ იყოს, მეც მიყვარს დღისით ნაჭამის საღამოთი გადაცოხნა; მერედა, რა კარგია შეხება, ცაცუნი, ფათური ყოველივე იმისა, რაც გიფიქრია, რასაც დაკვირვებიხარ და დაგიგროვებია; რა კარგია ჩანისკარტება, ჩაკვნეტა, მირთმევა, ენაზე დადნობა, მოგონება და ნელა ჩახრამუნება ყოველივე იმისა, რისი მშვიდად დაჭაშნიკების დროც არ გქონია. რა კარგია შემოუარო შენს პატარა სამყაროს, უთხრა შენს თავს: „ეს ჩემია, აქ მე ვარ ბატონ-პატრონი, ჩემს სამყაროს არ აშინებს არც სუსხი, არც მეფე, არც რომის პაპი, არც ომები და არც ჩემი ბუზღუნა დედაბერი“ ...
აბა , ერთი ამ სამყაროს ნუსხა შევადგინოთ!

*

   უპირველეს ყოვლისა, და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ავლადიდებაში მე მყავს ჩემივე მე, ჩემი თავი, კოლა ბრონიონი, ბურგუნდელი, ხათრიანი და დარდიმანდი ბიჭი, ღიპიანი, ჩასუქებული, ჩაკურატებული, არც მთლად ჭაბუკი - ორმოცდაათ წელს გადასული, მაგრამ ჯანიანი, კარგად ჩასხმული, საღკბილებიანი, ნაფოტასავით მკვირცხლთვალებიანი. ვერ გეტყვით, რომ ჭაღარა თმას ქერა არ მერჩიოს. იმაშიც გამოგიტყდებით, მაინცდამაინც თავს არ შევიპატიჟებ, თუ ოცი ან ოცდაათი წლით უკან დახევას შემომთავაზებთ, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახევარი საუკუნეც დიდებული რამ არის. იცინეთ, ჯეელებო, იცინეთ, ამ ხანს ყველა როდი აღწევს. გგონიათ, არაფერია, შენი ტყავი ორმოცდაათი წლის მანძილზე საფრანგეთის გზებზე ათრიო და ისიც ასეთ დროს?.. ღმერთო! ეჰ, ჩემო კარგებო, თავს რამდენი გვალვა და დელგმა დაგვტყდომია, რამდენჯერ შევბრაწულვართ, გადავბრაწულვართ და გავრეცხილვართ. ამ ძველ, დათრიმლულ ქიშელაში რამდენი დარდი და შვება, ოინბაზობა და ოხუნჯობა, გამოცდილება და სიანცე ჩაგვიწყვია. დაგვიგროვებია ჩალა და თივა, ლეღვი და ყურძენი, მკვახე და მწიფე ხილი, ვარდი და ასკილი, ნახული, წაკითხული, ყურმოკრული, გაგონილი, შეძენილი და გადატანილი! ეგ ყველაფერი ჩვენს სანადირო ჩანთაშია დაგროვილი, არეულ-დარეული. ოჰ! რა კარგია ამ ჩანთაში ქექვა და ხელის ფათური... აბა, აქ შესდექ, ჩემო კოლა! ხვალ ვქექოთ, დღეს რომ დავიწყო, ვერ მოვრჩები... მოდი და, ჯერ ჩემი ავლადიდების ნუსხა შევადგინოთ.
მაქვს სახლი, მყავს ცოლი, ოთხი ბიჭი, ერთი ქალიშვილი, გათხოვილი (მადლობა უფალს), სიძე (რა გაეწყობა, საჭიროა), თვრამეტი შვილიშვილი, ნაცრისფერი ვირი, ძაღლი, ექვსი ქათამი და ერთი ღორი. ეჰე! ბარაქალა! ხედავთ, რა მდიდარი ვყოფილვარ! აბა, ერთი სათვალე მოვიმარჯვოთ და დაკვირვებით შევხედოთ ჩვენს საუნჯეს. თუმცა, მართალი რომ გითხრათ, ზოგი მათგანი მოგონებაშიღა შემრჩა, რადგან ომები გადავიტანეთ, ჯარისკაცებმა ჩაიარეს, მტრებმაც და მოკეთეებმაც. ღორი დამარილდა, ვირი ოთხივე ფეხით კოჭლობს, მარანი დაილია და ქათმები გაიპტყვნა. მაგრამ ცოლი შემრჩა. ჰაი, ჰაი, რომ ნამდვილად შემრჩა! ერთი უსმინეთ, როგორ ჩხავის. შეუძლებელია ჩემი ბედნიერების დავიწყება. ჩემია, ჩემი, ეს ტურფა ჩიტუნია, მე ვარ მისი მფლობელი. ჰა! შე ყალთაბანდო ბრონიონო! მთელი ქვეყანა შენ შემოგნატრის!.. ბატონებო, აბა მიბრძანეთ, თუ ვინმეს გინდათ... გამრჯე ქალია, ყაირათიანი, უშიშარი, პატიოსანი, ერთი სიტყვით, მადლით სავსე (თუმცა ეს მადლი მას არ აპურებს; მე კი, ცოდვილი, უნდა გამოვტყდე, შვიდ მჭლე მადლს ერთი ფუნჩულა ცოდვა მირჩევნია. ეჰ! რა გაეწყობა, დავრჩეთ უცოდველი, რადგან სხვა გზა არ არის. ასეთია ნება უფლისა)... ჰაიტ! როგორ ბორგავს ჩვენი ფეთხუმი მარიკო, როგორ ძირისძირამდე ავსებს სახლს თავისი აწოწილი სხეულით და მთელ სახლს აქოთებს. დაძვრება, ანჩხლობს, წუწუნებს, ბუხუნებს და ბუზღუნებს, გვის მტვერსა და მყუდროებას. თითქმის ოცდაათი წელია, რაც დავქორწინდით, ეშმაკმა იცის, რატომ. მე სხვა მიყვარდა, ის დამცინოდა, ამას მე ვუნდოდი, მე კი მასზე გული არ მიმდიოდა; იმ დროს ერთი ფერმიხდილი, შავგვრემანი გოგონა იყო. მისი მკაცრი თვალები მზად იყვნენ შევეჭამე და ისე დავედაგე, როგორც წყლის ორი წვეთი დაჟანგავს ხოლმე რკინას. ვუყვარდი ისეთი სიყვარულით, რომელსაც შეეძლო სამარის კარამდე მიეყვანა. იმდენი მდია, იმდენი მაწვალა, ისე მომაბეზრა თავი, ისე დამღალა, რომ (რა სულელები ვართ მამაკაცები!) შემებრალა, სულგრძელობამ და სიამაყემ დამძალა და, ბოლოს და ბოლოს, ცოლად შევირთე (ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე). იმ დღიდან მყავს ის, მყავს ოჯახში მადლიანი და ეს ნაზი ქმნილება ჯავრს იყრის ჩემზე. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ვუყვარდი. მაბრაზებს; არა, ცდილობს გამაბრაზოს, მაგრამ ამაოდ, სიმშვიდე ისე მიყვარს, რომ დარდს ახლოსაც არ გავიკარებ. როდესაც წვიმს, ხელს არ ვუშლი, დაე, იწვიმოს. როცა გუგუნებს, ჩემთვის ვღუღუნებ; თუ ყვირის, ვიცინი, რატომ არ უნდა იყვიროს? სულაც არ ვაპირებ ყვირილი დავუშალო, მისი სიკვდილი როდი მინდა, სადაც ქალია, იქ მყუდროება ხომ ზღაპარია. დე, იგალობოს, მე ჩემს სიმღერას ვიტყვი. რატომ ვერ ბედავს, ჩარბები დამიმუწოს? იცის, ძვირი დაუჯდება და ძალიან ერიდება. თვითონ ხომ შეუძლია ჭიკჭიკი.. ყველა თავის მუსიკას უკრავს.
   ერთი სიტყვით, ჩვენი ჩონგურები შეწყობილნი იყვნენ თუ არა, მაინც საკმაოდ საამური ნაწყვეტები შევასრულეთ; ერთი ქალიშვილი და ოთხი ვაჟკაცი გვყავს, ყველა ბრგე და ტანადი; ამისათვის არც ქსოვილი დამიზოგავს და არც ხელობა დამიკლია, თუმცა ამ ნაბარტყში ერთადერთი, რომელშიც ჩემს თესლსა ვცნობ, არის ჩემი მატრაბაზი, ჩემი ოინბაზი მარტინა. რამდენი ჭაპანწყვეტა გადამხდა, სანამ ქორწინების ნავსადგურს უხიფათოდ მიადგებოდა. უჰ! აი, ისიც დამშვიდებულია!.. არა, ძალიან კი არ უნდა დაენდო, მაგრამ ეგ უკვე ჩემი საქმე აღარ არის. მარტინამ საკმაოდ მატეხინა ღამეები. მაცუნცულა და მაძუნძულა; ახლა ალავერდს ჩემს სიძესთან ვარ, მისი ჯერია, ჩემი სიძის, ფლორიმონ მეფუნთუშისა, ახლა მან იკითხოს, მან მიხედოს თავის თონეს... ყოველ ნახვაზე მე და მარტინა ერთ ბასტი-ბუბუს ავტეხთ ხოლმე, მაგრამ არავისთან ვართ ისე შეხმატკბილებული, როგორც ერთმანეთთან. ყოჩაღი გოგოა, თავის სიანცეშიც კი ფრთხილი და პატიოსანი; ოღონდ პატიოსნებამ იცინოს, ვინაიდან მარტინას ყველაზე დიდ ზადად ის მიაჩნია, რაც ადამიანს ადარდებს. ჯაფისა არ ეშინია. ჯაფა ბრძოლაა, ბრძოლა კი სიამოვნებაა და მარტინასაც უყვარს ცხოვრება. ჩემი არ იყოს, იცის რა არის კარგი. ჩემი სისხლი და ხორცია, მხოლოდ მის გაკეთებაში ვყოფილვარ მეტად გულუხვი.
   ბიჭები კი აგრე კარგი ვერ გამომივიდნენ, დედამ თავისი საფუარი გაურია და ცომიც დამიმჟავდა. ოთხიდან ორი მოწმინდანოა, დედის კვალობაზე, მაგრამ სხვადასხვა ჯურისა. ერთი შავანაფორიანებს გადაჰკიდებია, ხუცებს, ღვთისმსახურ ბაღლინჯოებს, მეორე კი ჰუგენოტია[4]. ვერ გამიგია, როგორ გამოვჩეკე ასეთი ბჟიტები. მესამე ჯარისკაცია, ომობს, ღმერთმა იცის, სად დაწანწალებს; მეოთხე მთლად არარაობაა, ერთი პატარა მეწვრილმანეა, უმნიშვნელო, სხვისი ფეხის ამყოლი, მის გახსენებაზე მამთქნარებს ხოლმე. ჩემს ჯილაგს მხოლოდ მაშინა ვცნობ, როდესაც ექვსივე დანა-ჩანგალმომარჯვებული მაგიდას შემოვუსხდებით. სუფრაზე არც ერთს არ გვძინავს, ყველანი შეხმატკბილებულნი ვართ; მართლაცდა, საამური სანახაობაა და არაფერი სჯობს იმის ცქერას, თუ როგორ ვიქნევთ ყბებს, რა ჯიგრიანად ვილუკმებით და ლოთიანად გადავუძახებთ ხოლმე ნუნუას წიაღსა სტომაქისასა.
   მოძრავ ქონებას თავი გავანებოთ, ახლა სახლზე გადავიდეთ. ესეც ჩემი პირმშოა, ჩემი ხელით ნაგები, აგური აგურზე თვითონვე დამიდვია, ერთხელ კი არა, სამჯერ ამიშენებია ზანტი, ბინძური, მწვანე ბალახებითა და ნეხვით უხვად ნაკვები ბოვრონის პირად. ქალაქის კარიბჭესთან, ხიდს გაღმა ჩაცუცქულა ეს მოკლეფეხა ფინია, წყალი მუცელს უსველებს. მის პირდაპირ აღმართულა ქედმაღალი, ჰაეროვანი, ჩიხორამოქარგული წმინდა მარტენის კოშკი და ყვავილებით ჩაჩუქურთმებული სტოვა, რომლისაკენაც ისე, როგორც სამოთხისაკენ, ძველი რომის შავი და ციცაბო საფეხურები მიიმართება. ჩემი ხულა, ჩემი ხუხულა, გალავანს გარეთ არის მოქცეული. ასე რომ, როდესაც კოშკიდან ბარში მტერს შენიშნავენ, ქალაქი გალავნის კარს კეტავს და მტერი მე მესტუმრება ხოლმე. თუმცა მუსაიფი ძალიან მიყვარს, ასეთი სტუმრები არაფრად მეპიტნავება და მეც, უმეტეს შემთხვევაში, სახლს ვტოვებ და გასაღებს კარის ქვეშ ვინახავ, მაგრამ დაბრუნებისას არც კარია და არც გასაღები, ოთხი კედელიღა მხვდება და ისევ თავიდან ვიწყებ შენებას. მიკიჟინებენ: - გამოთაყვანებულო! მტრისთვის მუშაობ, დაეხსენი მაგ თხუნელას სოროს და გალავნის კედელს შემოაფარე თავი, უშიშრად მაინც იქნები.
   მე კი ვპასუხობ: - ღმერთო ჩემო! სადაცა ვარ, კარგადა ვარ. რა თქმა უნდა, სქელი კედლის უკან უშიშრად ვიქნები, მაგრამ სქელი კედლის უკან რას დავინახავ! მხოლოდ კედელს. სევდისაგან ჩამოვხმები. მე სილაღე მინდა, მინდა, თუ ხოში მაქვს, ბოვრონის პირად წამოვწვე, და თუ ბაღში არ ვმუშაობ, მშვიდად ვუმზირო წყალზე ამოხატულ ათინათებს, წყლის ზედაპირზე თევზების ბოყინით ამომსხდარ ბუშტულებს, წვერა ბალახებს, წყლის სიღრმეში რომ ირხევიან, მინდა ვითევზაო, არა, გეთაყვა, ავად თუ კარგად, ნიადაგ აქ ვყოფილვარ; წასვლა გვიანღაა, რაც მომსვლია, იმაზე ცუდი რა უნდა მომივიდეს. მეუბნებით, სახლს კიდევ დაგინგრევენო. შესაძლებელია. მერე რა? ხალხნო! ხომ არ ვამბობ, სამუდამჟამო რამ უნდა ავაშენო-მეთქი; მაგრამ სადაც ფესვი გამიდგამს, იქიდან ჩემი აღმოფხვრა, ჰაი დედასა, ადვილი როდია. სახლი ორჯერ ამიშენებია. კიდევ ათჯერ ავაშენებ. იმიტომ კი არა, რომ ეს მართობს, - ათჯერ მეტს შევწუხდები, ადგილი რომ გამოვცვალო, გატყავებულ სხეულს დავემსგავსები. სხვა სახლს მთავაზობთ? უფრო კარგს, უფრო ახალს, უფრო მშვენიერს? ისე მომიხდება, როგორც აქლემს გალია, თვითონვე დავანგრევ. არა, ძმაო, ჩემი მირჩევნია, ჩემი...
აბა, გადავთვალოთ: ცოლი, შვილები და სახლი. განა მთელი ჩემი ქონება ჩამოვთვალე? არა! დამრჩა უკანასკნელი, ყველაზე უკეთესი. გემრიელი ლუკმა ყელის ჩასატკბარუნებლად შემოვინახე. ჩემს ხელობაზე მოგახსენებთ. მე წმინდა ანას ამქარს ვეკუთვნი, დურგალი ვარ. დაკრძალვებისა და პროცესიების დროს მე მიმაქვს ფარგლიანი ქნარით შემკული კვერთხი. ფარგალზე ქრისტეს ბებია კითხვას ასწავლის თავის პაწაწინა ქალიშვილს, ცეროდენა გოგონას, კურთხეულ მარიამს. მე ჩემს დაზგასთან ვდგავარ, ცულითა და შალაშინით შეიარაღებული, კორძებიანი მუხისა და გულკრიალა კაკლის მეფე ვარ. რას ვაკეთებ მათგან? რაც მომეპრიანება, ანდა რის ფულსაც მუშტარი მომცემს. რამდენ მიჩქმალულსა და მიმალულ ფორმას სძინავს ამ ხეებში. მზეთუნახავი რომ გააღვიძოთ, მისი შეყვარებულის დარად, ხის სიღრმეში უნდა შეიჭრათ. სილამაზე, რომელსაც შალაშინის ქვეშ ვპოულობთ, პრანჭია როდია. იტალიელ ხელოვანთა რომელიმე უმკერდო, უუკანალო და კაფანდარა დიანას მირჩევნია ბრინჯაოს ფერმოდებული, მკვრივი, ნაყოფით დამძიმებული ვაზივით დოვლათიანი ბურგუნდული ავეჯი, მშვენიერი, მუცელგამობერილი ზანდუკი, ანდა კიდევ ოსტატ ჰიუგ სამბენის მკაცრი ფანტაზიით მოჩუქურთმებული კარადა. მე ლირსით და ჩუქურთმებით ვმოსავ სახლებს. ვშლი ხვეულ კიბეთა რგოლებს და, შპალერებზე ამოხატული ვაშლების მსგავსად, კედლებში მძიმე და განიერი ავეჯი გამომყავს, იმ ადგილისათვის ზედგამოჭრილი, სადაც დამიდგამს. მაგრამ ჩემი ყველაზე საამო ფაზა არის ფურცელზე გადატანა ყოველივე იმისა, რაც ჩემს ფანტაზიაში იცინის: რაიმე მოძრაობა, ჟესტი, გადაზნექილი წელი, მსუქანი ყელი, აყვავებული ხვია, გირლანდა, გროტესკი, ანდა რომელიმე გამვლელის სიფათი, რომელსაც სახელდახელოდ დავიჭერ და ჩემს დაფაზე მივაკრავ ხოლმე. მონრეალის ეკლესიის საგალობლის მერხებზე ჩემსა და კიურეს სანეტაროდ ამოვაქანდაკე (ეს ჩემი შედევრია) სუფრაზე ხელადასთან მჯდარი ორი მედაბური, ლხინში მხიარულად ჭიქებს ერთმანეთს რომ უჭახუნებს, და ორი ლომი, ძვლისათვის რომ უღრენს ერთიმეორეს.
   ვსვამ და ვმუშაობ, ვმუშაობ და ვსვამ -- რა საამური ცხოვრებაა... ჩემს ირგვლივ უხიაგი ხალხი ჯუჯღუნებს. მეუბნებიან: შენც რაღა სიმღერისათვის მოგიცლიაო, ახლა ახირებული დროება არისო... არა, გეთაყვა, არ არსებობს ახირებული დროება, არიან მხოლოდ ახირებული ადამიანები. მადლობა უფალს, მათ რიცხვს არ ვეკუთვნი. ერთმანეთს ჟლეტენ? ძარცვავენ? ყვლეფენ? მუდამჟამს ასე ყოფილა, მუდამჟამს ასე იქნება. თავი წამჭერით, თუ ოთხასი წლის შემდეგ ჩვენი შთამომავალნი ასევე გააფთრებით არ დაერევიან, თავ-პირს არ დაამტვრევენ და თმებით არ ათრევენ ერთიმეორეს. ის კი არა და, მრავალ ახალ ხერხს გამონახავენ, ეს ჩვენზე უკეთ მოიმოქმედონ, მაგრამ გარწმუნებთ, სმის ახალ ილეთს ვერ გამოიგონებენ. აბა, თუ ბიჭები არიან, ჩემზე უკეთ დალიონ... თანაც, ვინ იცის, რას ჩაიდენენ ეს არამზადები ოთხასი წლის შემდეგ? შესაძლებელია, მედონის კიურეს ბალახის, საოცარი პანტაგრუელონის წყალობით მთვარის სამყაროს, მეხის სამჭედლოს, ან წვიმების სათავეს ეწვიონ, ზეცაში დაბინავდნენ და ღმერთებთან ილოთონ... კეთილი, მეც მათთან ერთად წავალ. განა ისინიც ჩემი ხორცი და ჯილაგი არ არიან? იმრავლეთ, ჩემო კეთილებო! მაგრამ ჩემი დრო უფრო ნაღდია. აბა, ვინ მეტყვის, რომ ოთხი საუკუნის შემდეგ ღვინო ისეთივე კარგი იქნება, როგორც დღეს არის?
   ქეიფი მეტად გიყვარსო, მაყვედრის ცოლი. მე არაფერს ვწუნობ, მიყვარს ყველაფერი, რაც კარგია. მიყვარს კარგი პურ-მარილი, კარგი ღვინო და უხვად ხორცშესხმული, ნაზკანიანი, ხავერდოვანი და ჩაქვირითებული... ნეტარება, რომლითაც ოცნებაში ტკბები. ოცნება! ღვთიური უსაქმობა, სადაც ამდენს საქმიანობ (ხარ სამყაროს მბრძანებელი, გესმის როგორ იზრდება ბალახი, ესაუბრები ხეებს, ცხოველებსა და ღმერთებს). შენც მიყვარხარ, ჩემო მეგობარო, ჩემო აქატო, ჩემო შრომავ!.. რა საამურია იარაღით ხელში დაზგასთან დგომა, გამოხარატება, შემოჭრა, გამოთლა, გალესვა, რანდვა, ქლიბვა, ხერხვა, ქექვა მშვენიერ და მკვრივ მასალაში, რომელიც ჯერ ურჩობს და შემდეგ ქედს იხრის, მიყვარს ნაზი და მსუქანი კაკლის გარანდვა, ხელში ფერიის ტანივით რომ თრთის, რა საამოა ცქერა ცულით სამოსელშემოძარცვული ჩვენი ტყეების ნიმფების ვარდისფერი, შავგვრემანი და ოქროსფერი სხეულებისა, რა კარგია ლხენა მარჯვე ხელისა, გონიერი და მსუქანი თითებისა, რომელნიც ქმნიან ხელოვნების სათუთ ნიმუშებს, ლხენა გონებისა, რომელიც მბრძანებლობს მიწიერ ძალებზე და ხეზე, რკინასა და ქვაზე თავისი კეთილშობილი და დალაგებული ფანტაზიის ჟინს ასახავს ხოლმე. ქიმერთა სამეფოს მბრძანებელი მგონია თავი. ჩემი მინდორი თავის ხორცს მაჭმევს და ვენახი თავის სისხლს მასმევს, შანარის სულები ჩემი ხელოვნებისათვის ზრდიან, ასუქებენ, აგრძელებენ და აკრიალებენ ხეების ტანის მშვენიერ ნაკვთებს, რომელთაც ვეალერსები. ჩემი ხელები მორჩილი მუშებია, რომელთაც ჩემი პირველი თანაშემწე -- ჩემი ტვინი ხელმძღვანელობს. ტვინი მე მემორჩილება და ჩემი ოცნებისათვის სასიამოვნო ტაშფანდურს მართავს. განა ოდესმე ვინმეს ჩემზე უკეთ მომსახურებიან? ხომ მაქვს უფლება, ჩემი სადღეგრძელოც დავლიო? ნურც ჩემს ყოჩაღ ქვეშევრდომებს დავივიწყებთ (უმადური როდი ვარ). კურთხეულ იყოს ამქვეყნად ჩემი გაჩენის დღე. რამდენი რამ არის თვალწარმტაცი, საამური და ტკბილი ამ მრგვალ მანქანაზე. ღმერთო დიდებულო! რა საამურია ცხოვრება! რამდენიც არ უნდა ჩავცეცხლო, მაინც მშია, შიმშილისაგან ნერწყვი მომდის, უთუოდ ავადაც ვარ. რა დროც არ უნდა იყოს, მიწისა და მზის მიერ გაშლილი სუფრის დანახვაზე იშტაზე მოვდივარ...

*

   მაგრამ, ძმობილო, მგონი წავიტრაბახე, მზე ჩაესვენა, ჩემს სამყაროში ყინავს. სათოკე ზამთარი ოთახში შემოპარულა. გათოშილ თითებში კალამი ბორძიკობს. უფალმა შემიწყალოს, ჭიქას ყინული ედება და ცხვირი გამფითრებია. დაწყევლილი ფერი მაქვს, სასაფლაოს სამოსის მსგავსი. მძაგს მკრთალი ფერი. ჰეი! რეკენ და გუგუნებენ წმინდა მარტენის ზარები. დღეს მირქმაა... „ზამთარი ან სულს ღაფავს, ან ანჩხლდება“... ზვაობს ავაზაკი, ღონიერდება. კეთილი, მოდი, მივბაძოთ, დიდ შარაგზაზე გავიდეთ და პირისპირ შევხვდეთ...
   დიდებული სიცივეა, ლოყებზე ნემსებივით მჩხვლეტს. ქუჩის მოსახვევში ჩასაფრებული ქარი ღაწვებში მწვდება. გავთბი, ვიწვი. იდიდოს უფალი, ადამიანის ფერი დამედო... მიყვარს ფეხქვეშ გამაგრებული მიწის ღრჭიალი, თავი ჭაბუკი მგონია. რა ჩემი ცოდვა დაემართა ამ ხალხს, რა საბრალო და აპრუწული გამომეტყველება აქვთ, რა აბუზული დადიან?
- აბა, აბა, მხიარულად, ტურფა მეზობელო, ვისზე ხართ გაჯავრებული? ამ ცუღლუტ ქარზე, კაბის კალთებს რომ გიფრიალებთ? კარგს შვრება, ჭაბუკია. რატომ მეც ჯეელი არა ვარ? კარგ ადგილს კბენს ეგ სალახანა, კარგ ადგილს. იცნობს მსუნაგი გემრიელ ლუკმას. მოთმინება იქონიე, ნათლიდედ, ყველამ უნდა იცხოვროს, მაშ!.. კი მაგრამ, სად გარბიხართ ასე დაოთხილი? თითქოს უკანალზე ეშმაკი მოგკიდებოდეთ. წირვაზე? ვადიდოთ უფალი, ის ყოველთვის მოერევა ტარტაროზს. ვინც ტირის, იცინის კიდეც, გაყინული გათბება... ოო, თქვენ უკვე იცინით? მაშ, ყველაფერი რიგზეა. მე სად გავრბივარ? მეც წირვაზე მიმეჩქარება, მაგრამ ხუცებისა კი არა, მინდვრების წირვაზე.
   ჯერ ჩემს გოგონასთან მივდივარ პატარა გლოდის გამოსაყვანად. ყოველდღე ერთად ვსეირნობთ მე და გლოდი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემი ბეკეკა კიკინა, ჩემი ვასაკა ყიყინა. მეექვსე წელშია გადამდგარი, წრუწუნაზე უფრო ფხიზელი და ეშმაკზე უფრო ეშმაკუნაა. როგორც კი დამინახავს, ჩემკენ მორბის. იცის ცუღლუტმა, რომ პაპას გუდაკალათი სავსე აქვს ზღაპრებით. ზღაპრები ჩემსავით უყვარს. ხელს ვკიდებ: - აბა, წამოდი, ჩემო პატარა, ტოროლას შევხვდეთ.
- ტოროლას?
- მაშ! განა არ იცი, რომ დღეს მირქმაა და ტოროლა ციდან ბრუნდება?
- იქ რას აკეთებდა?
- ჩვენთვის ცეცხლს ეძებდა.
- ცეცხლს?
- მზის ცეცხლს. ცეცხლს, დედამიწის ქოთანს რომ ათუხთუხებს.
- ცეცხლი განა წასული იყო?
- მაშ, ყოველწლიურად, ნოემბერში, ყველაწმინდობა დღეს ცეცხლი ციური ვარსკვლავების გასათბობად მიემგზავრება.
- მერე უკან როგორღა ბრუნდება?
- სამი ჩიტუნა მიდის მის საძებნელად.
- პაპა, მოყევი, რა...
წრუწუნასავით მოცუნცულებს გზაზე ჩემი გლოდი. თეთრი შალის ქსოვილით თბილად შეფუთნულს თავზე ლურჯი კაპიუშონი ახურავს და წიწკანას დამსგავსებია. სიცივისა არ ეშინია, თუმცა ფუნჩულა ლოყები ვაშლივით გასწითლებია და ბოტოტები ცხვირიდან შადრევანივით სცემს...
- აბა, აბა, კუდიანო, ცხვირი მოიხოცე, აბა, კელაპტრებს შეუბერე, მირქმის გამო ხომ არ აგინთია? ცაზე კანდელი აინთო.
- პაპა, პაპა, მიამბე, როგორ წავიდა სამი პატარა ჩიტუნია... (რა ვქნა, მიყვარს, რომ მეხვეწებიან) - გზას გაუდგა სამი პატარა ჩიტუნია; სამი მამაცი ძმაკაცი; ნარჩიტა, კიოტა და ძმა-ბიჭი ტოროლა; არტაბანივით ქედმაღალმა, ცეროდენასავით მკვირცხლმა და ფუსფუსა ნარჩიტამ პირველმა შეამჩნია ფეტვის მარცვლისოდენა მშიერი ცეცხლი, რომელიც ჰაერში მიგორავდა და მყისვე მისკენ გაფრინდა ყვირილით: ჩემია, ჩემი! არა, ჩვენია, აჰყვნენ სხვებიც, მაგრამ ნარჩიტამ ცეცხლს უკვე ჩაუქროლა, ნისკარტი ჩაავლო და მიწისკენ ისარივით დაეშვა... „მიშველეთ! ცეცხლი! ცეცხლი მედება! ვიწვი!“ მდუღარე ფაფასავით გადააქვს ნარჩიტას ცეცხლი ნისკარტის ერთი კუთხიდან მეორეში. მეტი არ ძალუძს, ნისკარტს აღებს, ენა გაჰყვლეფია, ცეცხლს აფურთხებს და პატარა ფრთებქვეშ მალავს. „ვაი! ვაი! ვიწვი!“ ფრთებს ალი ედება (განა არ შეგიმჩნევია, რა გარუჯული ლაქები და ხუჭუჭა ბუმბული აქვს?). ფიცხლად მიიჭრა კიოტა საშველად. ცეცხლის მარცვალს მარდად დაავლო ნისკარტი და მოკრძალებით თბილ ელეგში ჩამალა. და აი ლამაზი ელეგი გაწითლდა, სულ გაწითლდა. კივის კიოტა: „კმარა! კმარა-მეთქი! ხალათი სულ დამეწვა!“ მაშინ მოვარდა ტოროლა, პატარა, ყოჩაღი ძმობილი. ცეცხლი ზეცისკენ მიიძურწებოდა, ჰაერში დაიჭირა ალი ტოროლამ და მარდი, ცქვიტი და ზუსტი, როგორც ისარი, მიწაზე რომ დაეშვა, სწორედ ის არი; მზის ლამაზი მარცვალი ჩვენს გაყინულ ორნატებში ჩამალა და მიწამაც სიხარული ვერ იქნა, ვერ დამალა.
გათავდა ჩემი ზღაპარი. ახლა გლოდი კაკანებს. ქალაქიდან გავდივართ. აღმართში მხრებზე ვისვამ. ცას ლეგა პირბადე აუკრავს. ფეხქვეშ თოვლი ხრაშუნობს, თეთრი საბანი წამოუსხამს წვრილ და სუსტტანიან ხეებს. ქოხებიდან ლურჯი და ზანტი კვამლი სწორად მიიმართება ზეცისაკენ. ჩქამი არ ისმის, მხოლოდ ჩემი ვასაკა არღვევს მყუდროებას. ბორცვის წვერზე ავდივართ და აი, ჩვენს ქვეშ, ზარმაცი იონისა და ცუღლუტი ბოვრონის ბაბთებშემორტყმული ჩემი კლამსი გადაიშალა. თოვლივით დაფარული, გათოშილი, მცივანა და აცახცახებულიც კი მუდამ გულს მითბობს ჩემი ქალაქი...
   წარმტაცი ათინათებისა და გლუვი ბორცვების ქალაქო... ირგვლივ, როგორც ბუდეში ჩაწნული ნამჯის ღეროები, დახნული ფერდობების ფაქიზი ზოლები გაკრავს. ხუთი თუ ექვსი წყება ტყით დაბურული მთები წაგრძელებული ზვირთებივით ზანტად ლივლივებენ; შორიდან ლურჯად მოჩანან, გეგონებათ, ზღვა არისო, მაგრამ ამ ზღვას არაფერი აქვს საერთო იმ ვერაგ სტიქიასთან, რომელმაც იტაკელი ოდისევსი აბურთავა; არც მზაკვრობა და არც ქარიშხალი. ყველაფერი მშვიდი და წყნარია, მხოლოდ აქა-იქ ოხვრა თუ აღმოხდება შეკრული სუნთქვით დაბერილ რომელიმე ბორცვის მკერდს. ზვირთების ერთი წვეროდან მეორემდე ნავის ნაკვალევის მსგავსი სწორი გზები ზლაზვნით მიიმართებიან. და აი შორს, ამ ტალღების ქოჩორზე ვეზლეის წმინდა მარიამ მაგდალინელის ტაძარს ანძები ცისკენ აუშვერია. იქვე ახლოს, დაკლაკნილი იონის მოსახვევთან, ბასერვილის კლდეები ტახისებრ ეშვებს აჩენენ. დაბლა ტაფობში კი დაუდევარ და მორთულ, სათოფურებიანი კოშკით დამშვენებულ ქალაქს მდინარეებისაკენ დაუხრია თავისი ბაღები, ქოხები, ძონძები, სამკაულები, გრძელი სხეულის ჭუჭყი და ჰარმონია.
   ასე შევხარი ლოკოკინა ჩემს ნიჟარას. ხეობაში ჩემი ეკლესიის ზარების რეკვა გაისმის. ეს კრიალა ხმა ანკარა ნაკადულივით ეფინება სუფთა და გაყინულ ჰაერს და მაშინ, როდესაც ამ მუსიკის სმენით ვტკბები, მზის სხივი აპობს ზეცაში გაშლილ ყომრალ პირბადეს; და ამ დროს, ანაზდად, პატარა გლოდი ტაშს უკრავს, ყვირის: - პაპა, პაპა! მისი ხმა მესმის! ტოროლაა, ტოროლა!
   მის წკრიალა ხმაზე ბედნიერებისაგან ვიცინი, ვკოცნი, ვკოცნი და ვეუბნები: - მეც მესმის, ჩიტუნიავ ჩემო სულისა, მეც მესმის, ტოროლავ გაზაფხულისა...

ნახვა: 375

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters