ანტონ ჩეხოვი - მეზონინიანი სახლი


I

       მხატვრის მონათხრობი. ეს იყო ექვსი-შვიდი წლის წინათ, როცა ტ-ის გუბერნიის ერთ-ერთ მაზრაში, მემამულე ბელოკუროვის მამულში ვცხოვრობდი. ის ახალგაზრდა კაცი იყო, დილაადრიან დგებოდა, ხიფთანმოცმული დადიოდა, საღამოობით ლუდს სვამდა და სულ იმას შემომჩიოდა, რომ თანაგრძნობას ვერსად, ვერავისთან პოულობდა. ის ბაღში მდებარე ფლიგელში ცხოვრობდა, მე - ძველი საბატონო სახლის უზარმაზარ სვეტებიან დარბაზში, სადაც არანაირი ავეჯი არ იდგა, გარდა ფართო დივანისა, რომელზეც მეძინა და ერთი მაგიდისა, რომელზეც პასიანსს ვშლიდი. აქ მუდამ, კარგ ამინდშიც კი, ძველ ამასოვისეულ ღუმელში რაღაც გუგუნებდა. ავდარში მთელ სახლს ისეთი ზრიალი გაჰქონდა, გეგონება, სადაცაა ნაწილებად დაიშლებაო. ეს, ცოტა არ იყოს, შემაძრწუნებელი იყო, განსაკუთრებით, ღამით, როცა ათ დიდ ფანჯარას ელვა ერთდროულად ანათებდა. ბედის წყალობით ნიადაგ უსაქმურად მყოფი, მთელი დღეები, ფაქტიურად, არაფერს ვაკეთებდი. საათობით გავყურებდი ჩემი ფანჯრიდან ცას, ჩიტებს, ხეივანს, ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ჩემთვის ფოსტიდან მოჰქონდათ, ხან დღისითაც მეძინა. ზოგჯერ სახლიდან გავდიოდი და გვიანობამდე დავყიალობდი გარეთ.
       ერთხელ, შინისკენ რომ ვბრუნდებოდი, შემთხვევით უცნობ მამულში ამოვყავი თავი. მზე ჩადიოდა და აყვავებული ჭვავის თავთავებს საღამოს ჩრდილები დასთამაშებდა. ორ რიგად მჭიდროდ ჩარიგებული ბებერი, მაღალი ნაძვები აქეთ-იქით კედლებივით იდგა და ჩაბნელებულ ლამაზ ხეივანს ქმნიდა. ადვილად გადავძვერი ღობეზე და ხეივანს გავუყევი; ნაძვის წიწვებზე, რომლებიც აქ თითქმის გოჯის სიმაღლეზე დაფენილიყო, ფეხი მისრიალებდა. ირგვლივ ბნელოდა, სიჩუმე იდგა, მხოლოდ სადღაც ხის კენწეროებზე ციმციმებდა ოქროსფერი შუქი და ობობას ქსელებში ცისარტყელის ფერებად იღვრებოდა. ირგვლივ წიწვების მძაფრი სუნი იდგა, სულისშეხუთვამდე მძაფრი. გზამ ცაცხვების გრძელ ხეივანში შემიყვანა. აქაც ყველაფერს სიძველისა და უდაბურების ელფერი ედო. შარშანდელი ფოთლები სევდიანად შრიალებდნენ ფეხქვეშ და ხეებშორის ჩამოწოლილ ბინდში ჩრდილები იმალებოდა. მარჯვნივ, გაპარტახებულ ხეხილის ბაღში უნიათოდ, სუსტი ხმით გალობდა მოლაღური. ალბათ, ისიც ბებერი იყო. აი, ცაცხვების ხეივანიც დამთავრდა; მეზონინიან და ტერასიან თეთრ სახლს ჩავუარე და უეცრად თვალწინ გადამეშალა საბატონო ეზო, სადაც ფართო ტბორზე საბანაო ადგილი მოეწყოთ. ეზოში მწვანე ტირიფები ლივლივებდა, წყალგაღმა სოფელი მოჩანდა მაღალი, ვიწრო სამრეკლოთი, რომელზეც ჩამავალი მზის ანარეკლისგან აელვარებული ჯვარი მოჩანდა. წამით დამატყვევა რაღაც მშობლიურის, კარგად ნაცნობის შეგრძნებამ - თითქოს სწორედ ეს პანორამა ბავშვობაში უკვე სადღაც მქონდა ნანახი.
თეთრი ქვის ძველებურ, მასიურ ჭიშკართან, რომელიც ეზოდან მინდორში გადიოდა და ლომების გამოსახულებით იყო დამშვენებული, ორი ყმაწვილი ქალი იდგა. ერთი მათგანი, რომელიც უფროსი ჩანდა, ტანწვრილი, ფერმკრთალი და ძალიან ლამაზი იყო, მუქი წაბლისფერი გრუზა თმა ჰქონდა და ჯიუტად მოკუმული პატარა პირი. მთლიანობაში, მკაცრი შესახედაობისა იყო და ჩემთვის არც მოუქცევია ყურადღება. მეორეც, ჯერ კიდევ სრულიად ნორჩი, - ჩვიდმეტ-თვრამეტ წელზე მეტისა არ იქნებოდა, - პირველივით ტანწვრილი და ფერმკრთალი იყო, დიდი პირი და დიდი თვალები ჰქონდა. მან გაოცებულმა შემომხედა, როცა გვერდით ჩავუარე, რაღაც ჩაილაპარაკა ინგლისურად და დაირცხვინა. მე მომეჩვენა, რომ ამ ორ სანდომიან ყმაწვილქალსაც დიდიხანია ვიცნობდი. სახლში ისეთი გრძნობით დავბრუნდი, თითქოს სასიამოვნო სიზმარი მენახოს.
მალევე ამ შემთხვევიდან, დაახლოებით შუადღისას, როდესაც მე და ბელოკუროვი სახლის ახლოს ვსეირნობდით, მოულოდნელად, ბალახის შარიშურით ეზოში რესორებიანი ეტლი შემოვიდა. მასში ერთ-ერთი გოგონა იჯდა. ეს იყო უფროსი. მან სახლ-კარდამწვართა დასახმარებლად ხელმოსაწერად ფურცელი მოგვიტანა. სახეში არც შემოუხედავს, დინჯად და დაწვრილებით გვიამბო, რამდენი სახლი დაიწვა სოფელ სიანოვოში, რამდენი კაცი, ქალი და ბავშვი დარჩა თავშესაფრის გარეშე და რის გაკეთებას აპირებდა ის კომიტეტი, რომლის წევრიც თავად გახლდათ. როგორც კი ხელი მოგვაწერინა, ფურცელი შეინახა და მაშინვე დაგვემშვიდობა.
- სულ დაგვივიწყეთ, პიოტრ პეტროვიჩ - მიმართა მან ბელოკუროვს და ხელი გაუწოდა. - აუცილებლად გვინახულეთ და თუ monsieur-ი (აქ ჩემი გვარი დაასახელა) მოისურვებს, ნახოს, როგორ ცხოვრობენ მისი ნიჭის თაყვანისმცემლები და პატივს დაგვდებს თავისი სტუმრობით, მე და დედას ძალიან გაგვიხარდება. მე თავი დავუკარი. როცა წავიდა, პიოტრ პეტროვიჩმა შემდეგი მიამბო: ეს გოგონა, მის სიტყვებს თუ გავიმეორებ, კარგი ოჯახიდან იყო, ლიდია ვოლჩანინოვას ეძახდნენ. მამულს კი, სადაც ის დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა, და წყალგაღმა სოფელსაც, შელკოვკო ერქვა. მამამისს თავის დროზე საკმაოდ მაღალი თანამდებობა სჭერია მოსკოვში და საიდუმლო მრჩევლის ჩინით გარდაცვლილა. დიდი შემოსავლის მიუხედავად, ვოლჩანინოვები ზამთარ-ზაფხულ ამ სოფელში ცხოვრობდნენ და არსად მიემგზავრებოდნენ. ლიდია შელკოვკოს საერო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და თვეში 25 მანეთს იღებდა. იგი თავისთვის მხოლოდ ამ ფულს ხარჯავდა და ამაყობდა, რომ საკუთარ თავს თვითონ ირჩენდა.
- საინტერესო ოჯახია. ავდგეთ და ვეწვიოთ, ძალიან გაახარებთ თქვენი დანახვა, - მითხრა ბელოკუროვმა. მართლაც, ერთ უქმე დღეს, ნასადილევს გაგვახსენდა ვოლჩანინოვები და მათკენ გავწიეთ შელკოვკოში. დედა და ორივე ქალიშვილი სახლში დაგვიხვდა. დედა, ეკატერინა პავლოვნა, ერთ დროს ლამაზი ქალი იქნებოდა, ახლა კი ფაშფაშა, თუმცა არც ისე ხნიერი იყო, ქოშინი აწუხებდა; სევდიანი და დაბნეული ჩანდა, ცდილობდა ჩემ გასართობად მხატვრობაზე ესაუბრა. შვილისგან რომ გაიგო, შეიძლებოდა შელკოვკოს ვსტუმრებოდი, საჩქაროდ გაეხსენებინა ჩემი ორი-სამი პეიზაჟი, რომლებიც მოსკოვში გამოფენაზე ენახა და ახლა მეკითხებოდა, რის გადმოცემა მსურდა მათში. ლიდია, ანუ, როგორც მას სახლში ეძახდნენ, ლიდა, ძირითადად ბელოკუროვთან საუბრობდა; გაუცინარი, სერიოზული სახით ეკითხებოდა, ერობას რად არ ემსახურებით და საერო კრებებს რად არ ესწრებითო.
- არ ვარგა ასე, პიოტრ პეტროვიჩ, სირცხვილია. - საყვედურობდა იგი.
- მართალია, ლიდა, მართალი, - ეთანხმებოდა დედა, ასე არ შეიძლება.
- მთელი ჩვენი მაზრა ბალაგინის ხელშია, - ახლა მე მომიბრუნდა ლიდა. - გამგეობის თამჯდომარეა და ყველა თანამდებობა ამ მაზრაში თავის დისშვილ-ძმიშვილებსა და სიძეებს ჩამოურიგა. თავს გაუვიდა - რასაც უნდა, იმას აკეთებს. უნდა ვებრძოლოთ. ახალგაზრდებმა ძლიერი პარტია უნდა შევქმნათ, მაგრამ ხედავთ, როგორი ახალგაზრდებიც გვყავს. სირცხვილი თქვენ, პიოტრ პეტროვიჩ! უმცროსი და, ჟენია, სანამ ერობაზე საუბრობდნენ, ლაპარაკში არ ჩარეულა. ის სერიოზულ საკითხებში მონაწილეობას არ იღებდა, ოჯახში ჯერ კიდევ არ ითვლებოდა სრულწლოვნად და როგორც პატარას - მისიუსს ეძახდნენ, რადგან თურმე „მის“-ს ეძახდა ის ბავშვობაში თავის ახალგაზრდა გუვერნანტ ქალს. მთელი საუბრის განმავლობაში ცნობისმოყვარეობით შემომცქეროდა და როცა ალბომში ფოტოებს ვათვალიერებდი, მიხსნიდა: “ეს ბიძაჩემია... ეს ჩემი ნათლიაო“, თითს აყოლებდა პორტრეტებს და თან ამ დროს ბავშვურად მეხებოდა მკლავზე. მაშინ ახლოდან ვხედავდი მის სუსტ, ბავშვურ მკერდს, ვიწრო მხრებს, დაწნულ თმასა და გალეულ ტანს, მჭიდროდ შემოსალტულს ქამრით. ვითამაშეთ კროკეტი, lawn-tennis, ვისეირნეთ ბაღში, ვსვით ჩაი, მერე დიდხანს გაგრძელდა ვახშამი. ჩემი უზარმაზარი სვეტებიანი დარბაზის შემდეგ თავს უხერხულად ვგრძნობდი ამ პატარა, მყუდრო სახლში, რომლის კედლებზეც არ ეკიდა ოლეოგრაფიები და მსახურებს თქვენობით მიმართავდნენ. აქ ყველაფერი სპეტაკი და ცინცხალი მეჩვენებოდა ლიდას და მისიუსის წყალობით. ირგვლივ, მართლაც, ყველაფერი რიგიანად გამოიყურებოდა. ლიდა ვახშამზეც სულ ერობაზე, ბალაგინსა და სკოლის ბიბლიოთეკაზე ელაპარაკებოდა ბელოკუროვს. ის სიცოცხლით სავსე, გულწრფელი, თვითდაჯერებული ახალგაზრდა ქალი იყო, საინტერესო იყო მისი მოსმენა, თუმცა ერთობ ხმამაღლა და დიდხანს კი გამოდიოდა სიტყვით - ალბათ, სკოლაში თუ შეეჩვია ამას. სამაგიეროდ, ჩემი სახლის მეპატრონე ბელოკუროვი, რომელსაც სტუდენტობიდან შემორჩენოდა ჩვევა, ყოველგვარი საუბარი კამათად ექცია, მეტყველებდა მოსაწყენად, გაბმულად და უხალისოდ, აშკარა განზრახვით - ეჩვენებინა, რა ჭკვიანი და მოწინავე ადამიანი ვარო. ლაპარაკში ჟესტიკულაციას იშველიებდა და, შემთხვევით, სატყემლეს გაჰკრა ხელი, რამაც სუფრაზე საწებლის კარგა მოზრდილი გუბე დააყენა, მაგრამ, მგონი, ეს ჩემს მეტს არავის შეუნიშნავს.
როცა შინ ვბრუნდებოდით, ბნელოდა და სიჩუმე გამეფებულიყო.
- კარგი აღზრდა ის კი არ არის, რომ სუფრაზე საწებელი არ დაგეღვაროს, არამედ ის, რომ არ შეიმჩნიო, როცა ამას შემთხვევით ვინმე გააკეთებს, - მითხრა ბელოკუროვმა და ამოიოხრა. - მართლაც შესანიშნავი, ინტელიგენტური ოჯახია. ეჰ, დავშორდი კარგ ხალხს, სულ ჩამოვშორდი. სულ ამ საქმეების ბრალია!
შემდეგ მიყვებოდა იმაზე, თუ რამდენი შრომაა საჭირო, თუ გსურს სამაგალითო მამულის პატრონი გახდე. მე ვუსმენდი და ვფიქრობდი: რა ზანტი და მძიმე ვინმეა-მეთქი! როცა რამე სერიოზულზე ლაპარაკობდა, ბგერებს გაჭიანურებით წარმოთქვამდა, მუშაობითაც ისე მუშაობდა, როგორც ლაპარაკობდა - ზოზინით, ყოველთვის აგვიანებდა და ვერაფერს ასწრებდა. არც მისი საქმეებისა მჯეროდა რამე, რადგან ფოსტაში გასაგზავნად გატანებულ ჩემ წერილებს მთელი კვირაობით ჯიბით დაატარებდა.
- ყველაზე აუტანელი ის არის, რომ ამდენს მუშაობ და ვერსად პოულობ თანაგრძნობას. - ბუტბუტებდა იგი, როცა ჩემ გვერდით მოაბიჯებდა. - არანაირი თანაგრძნობა!


II


       ვოლჩანინოვების ხშირი სტუმარი გავხდი. ჩვეულებრივ, ტერასის ქვედა საფეხურზე ჩამოვჯდებოდი ხოლმე. მტანჯავდა საკუთარი თავით უკმაყოფილება, მენანებოდა საკუთარი სიცოცხლე, რომელიც ასე სწრაფად და უინტერესოდ მიჰქროდა. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ შემძლებოდა, რა დიდი სიამოვნებით ამოვიგლეჯდი მკერდიდან გულს, რომელიც ასე მამძიმებდა. ამ დროს კი ზემო ტერასაზე საუბრობდნენ, ისმოდა კაბების შრიალისა და წიგნების გადაფურცვლის ხმა. მივეჩვიე იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში ლიდია ავადმყოფებს იღებდა, წიგნებს არიგებდა და ხშირად მიდიოდა სოფელში თავშიშველი, ქოლგით ხელში, საღამოს კი ისევ ხმამაღლა ლაპარაკობდა ერობასა და სკოლაზე. ეს გამხდარი, ლამაზი, ერთთავად მკაცრი გამომეტყველების ახალგაზრდა ქალი ყოველთვის, როცა საქმიან საუბარს წამოიწყებდა, საგანგებოდ მომიბრუნდებოდა ხოლმე თავისი პატარა და უნაკლოდ გამოკვეთილი პირით და მეუბნებოდა: - ეს თქვენ არ გაინტერესებთ. მე მას თვალში არ მოვდიოდი. არ ვუყვარდი, იმიტომ რომ პეიზაჟისტი ვიყავი და ჩემი ნახატებით ხალხის გაჭირვებას არ გამოვხატავდი, და რომ მე, როგორც მას ეჩვენებოდა, არ მაღელვებდა ის, რაც მას მთელი შეგნებით სწამდა. მახსენდება, ერთხელ, ბაიკალის ტბის პირას ერთი ბურიატი გოგო შემხვდა, ხალათითა და ხამი ტილოს ლურჯი შარვლით ცხენზე ამხედრებული. ვკითხე, თავის ჩიბუხს ხომ არ მომყიდიდა. სანამ ვსაუბრობდით, იგი ამრეზით უყურებდა ჩემ ევროპულ სახეს, ჩემ შლიაპას, მერე უცებ მობეზრდა ჩემთან ლაპარაკი, დაჰკივლა ცხენს და გააჭენა. ლიდასაც ასევე სძაგდა ჩემში უცხო სული, თუმცა გარეგნულად არანაირი ფორმით ამას არ ამჟღავნებდა. მე ამას ვგრძნობდი და ტერასის ქვედა კიბეზე მჯდარი გულმოსული ვიძახდი, რომ ხალხის მოტყუებაა, როცა ექიმი არ ხარ და ისე მკურნალობ გლეხებს, და არც ქველმოქმედება გაგიჭირდება, თუ ორ ათას დესეტინას ფლობ. მის დას, მისიუსს კი არაფერი არ ანაღვლებდა და დროს ჩემსავით სრულ უსაქმურობაში ატარებდა. დილიდანვე წიგნს ჰკიდებდა ხელს და ან ტერასის ღრმა სავარძელში ჯდებოდა, ისე რომ პატარა ფეხებს ძლივს აწვდენდა მიწას, ან ცაცხვების ხეივანში უჩინარდებოდა, ანდა სულაც მინდორში გადიოდა ჭიშკრის გავლით. მთელ დღეს კითხვაში ატარებდა, ხარბად ჩაჰყურებდა ასოებს და, ხანდახან, როცა თვალები ეღლებოდა, უცნაური მზერა უხდებოდა და სახე უფითრდებოდა, მიხვდებოდით, რომ, ალბათ, ძალიან ღლიდა მის გონებას ეს განუწყვეტელი კითხვა. მე რომ მივიდოდი, ოდნავ შეუფაკლდებოდა ხოლმე სახე, წიგნს გვერდზე გადადებდა, დიდრონ თვალებს მომანათებდა და გაცხოველებით მიყვებოდა ყველაფერს, რაც მათ ოჯახში მომხდარიყო: მაგალითად, საფარეშოში ჭვარტლს როგორ წაჰკიდებოდა ცეცხლი, ან როგორ დაეჭირა მოჯამაგირეს გუბურაში დიდი თევზი. ჩვეულებრივ დღეებში ის ატარებდა ღია ფერის ზედატანსა და მუქლურჯ ქვედაბოლოს. ჩვენ ერთად დავსეირნობდით, ვკრეფდით სამურაბე ალუბალს, დავცურავდით ნავით და როდესაც ალუბლის მოსაწყვეტად იწევდა ან ნიჩბებს უსვამდა, ფართო სახელოებში წვრილი, სუსტი მკლავები მოუჩანდა. როცა ეტიუდს ვხატავდი, გვერდით მედგა და აღტაცებით შემომყურებდა.
        ერთ კვირა დღეს, ივლისის ბოლოს, ვოლჩანინოვებთან დილის ცხრა საათზე მივედი. ბევრი ვიარე სახლის გარშემო პარკში, სახლისგან მოშორებით, და თეთრ სოკოებს დავეძებდი, რომლებიც იმ ზაფხულს მრავლად იყო; სოკოებს ნიშანს ვადებდი, რომ მერე ჟენიასთან ერთად მომეგროვებინა. თბილი ნიავი ქროდა. დავინახე, ღია ფერის საგარეო ტანსაცმელში გამოწყობილი ჟენია და დედამისი ტაძრიდან რომ მობრუნდნენ. ქარმა ქუდი არ მომტაცოსო, ჟენიას თავზე ეკიდა ხელი. მერე მესმოდა, როგორ სვამდნენ ტერასაზე ჩაის.
ჩემისთანა უზრუნველი კაცისთვის, ვინც დღენიადაგ თავისი უსაქმურობის გამართლებას ეძიებს, ზაფხულის ამ უქმეების დილის საათები ჩვენ მამულებში მუდამ საოცრად მიმზიდველი გახლდათ. მწვანე ბაღი, რომელსაც ჯერ ნამი არ შეშრობია, მზეზე ბრჭყვიალი გაუდის და ბედნიერებით სავსე გეჩვენება, როცა სახლი რეზედისა და ოლეანდრის სურნელში დგას და ხედავ ტაძრიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს, ბაღში რომ ჩაის შეექცევიან და ყველას ლამაზად აცვია, ხედავ მათ მხიარულ, ჯანმრთელ, ნაპატიებ, ლამაზ სახეებს და იცი, რომ მთელი დღე საქმე არაფერი აქვთ, მაშინ ინატრებ, რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს. ახლა მე სწორედ ამას ვფიქრობდი, ბაღში დავბორიალობდი და მზად ვიყავი ასე უსაქმოდ და უმიზნოდ მეხეტიალა მთელი დღე და მთელი ზაფხული.
მალე ჟენია გამოჩნდა კალათით ხელში. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს იცოდა, ან გულმა უგრძნო, რომ ბაღში მნახავდა. ჩვენ სოკოებს ვაგროვებდით და ვსაუბრობდით. როცა რამეს მკითხავდა, წინ მიდიოდა, რომ ჩემი სახე უკეთ დაენახა.
- გუშინ ჩვენ სოფელში სასწაული მოხდა, - მითხრა მან, - კოჭლ პელაგიას, რომელსაც მთელი წელი ვერანაირმა ექიმმა და წამალმა ვერ უშველა, გუშინ ვიღაც მოხუცმა შეულოცა და მოარჩინა.
- მერე, რა მოხდა! - ვთქვი მე, - სასწაულები განა მარტო სნეულებსა და მოხუცებში უნდა ვეძიოთ?! განა ჯანმრთელობა სასწაული არ არის? ჩვენი სიცოცხლე თავადაა სასწაული. რაც აუხსნელია, ყველაფერი სასწაულად მიგვაჩნია.
- მერე, არ გაშინებთ ის, რაც აუხსნელი და გაუგებარია?
- არა. მოვლენებს, რომლებიც არ მესმის, მედგრად ვუხვდები და არ ვემორჩილები. მე მათზე მაღლა დადგომას ვცდილობ. ადამიანმა - ლომებზე, ვეფხვებზე, ვარსკვლავებზე, რაც ბუნებაშია, - ყველაფერზე მაღლა უნდა იგრძნოს თავი, იმაზე მაღლაც კი, რაც აუხსნელია და სასწაულებრივად ეჩვენება. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი ადამიანი კი აღარ იქნება, არამედ თაგვი, რომელსაც ყველაფრის ეშინია.
ჟენიას ეგონა, რომ მე, როგორც მხატვარმა, ბევრი რამ ვიცოდი და რაც არ ვიცოდი, იმის ამოცნობაც ალღოთი შემეძლო. მას სურდა, მე შემეყვანა ის მუდმივობისა და მშვენიერების სამყაროში, იმ უმაღლეს სფეროში, სადაც მისი აზრით მე გაშინაურებული ვიყავი. ამიტომ მესაუბრებოდა ღმერთზე, მარადიულ ცხოვრებაზე, სასწაულებზე. მე კი, რომელსაც დაუშვებლად მიმაჩნდა, რომ სიკვდილის შემდეგ ჩემი მე და ჩემი წარმოდგენები სამუდამოდ გავქრებოდით, ვეუბნებოდი: „ჰო, ადამიანები უკვდავნი არიან“, „ჰო, ჩვენ სამუდამო ცხოვრება გველის“. ჟენია კი მისმენდა, მიჯერებდა და მტკიცებულებებს არ მოითხოვდა.
როცა სახლისკენ გავემართეთ, ჟენია უცებ შეჩერდა და მითხრა: - არ ფიქრობთ, რომ ჩვენი ლიდა შესანიშნავი ადამიანია? მე ის ძალიან მიყვარს და შემიძლია თავიც გავწირო მისთვის, მაგრამ მითხარით, - ჟენიამ მკლავზე შემახო თითი, - მითხარით, სულ მუდამ რატომ ეკამათებით? რა გაღიზიანებთ?
- ის, რომ ცდება.
ჟენიამ თავი გადააქნია უარყოფის ნიშნად და თვალებში ცრემლი აუკიაფდა.
- როგორ არ მესმის ეს ყველაფერი! - ჩაილაპარაკა მან.
ამ დროს ლიდა პარმაღზე იდგა, საიდანღაც დაბრუნებულიყო, ხელში მათრახი ეჭირა და მოჯამაგირეს რაღაცას ავალებდა. მზე უნათებდა ლამაზ სახესა და ჩამოქნილ ტანს. ნაჩქარევად და ხმამაღლა მოლაპარაკემ ორი-სამი ავადმყოფი მიიღო, შემდეგ საქმიანი, შეწუხებული სახით ოთახებში სიარულს მოჰყვა; ხან ერთ კარადას გამოაღებდა, ხან მეორეს, შემდეგ მეზონინში ავიდა. დიდხანს ეძებეს, რადგან სადილად უხმობდნენ, მაგრამ მაშინღა გამოჩნდა, როცა წვნიანი უკვე მირთმეული გვქონდა. რატომღაც მახსოვს და მიყვარს ეს წვრილმანები, და ეს დღეც თავიდან ბოლომდე ჩამრჩა მეხსიერებაში, თუმცა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ნასადილევს ჟენია ღრმა სავარძელში იჯდა და კითხულობდა. მე ტერასის ქვედა კიბეზე ვიჯექი. ორივე ვდუმდით. ცა ღრუბლებით დაიფარა და წამოწვიმა. ცხელოდა, ქარი, რახანია, ჩამდგარიყო და მეჩვენებოდა, რომ ეს დღე არასდროს არ დამთავრდებოდა. ტერასაზე გამოვიდა ეკატერინა პავლოვნა, ნამძინარევი ჩანდა. მარაო ეჭირა.
- ო, დედიკო, ხომ იცი, დღისით ძილი რომ გვნებს, - უთხრა ჟენიამ და ხელზე აკოცა. ისინი ერთმანეთს აღმერთებდნენ. ერთი რომ ბაღში ჩავიდოდა, მეორე უკვე ტერასაზე იდგა, ხეებს გაჰყურებდა და ეძახდა: „აუუუ, ჟენია“, ან „დედა, სად ხარ?“ ისინი ყოველთვის ერთად ლოცულობდნენ, ერთნაირად სწამდათ და უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის მაშინაც კი, როცა ხმას არ იღებდნენ. ადამიანებსაც ერთნაირად ეპყრობოდნენ. ეკატერინა პავლოვნაც ჟენიასავით მალე შემეჩვია და მომეკედლა. საკმარისი იყო, ორი-სამი დღე არ გამოვჩენილიყავი, მაშინვე ვინმეს აგზავნიდა იმის გასაგებად, ავად ხომ არ ვიყავი. ისიც აღტაცებით უცქერდა ჩემ ეტიუდებს და მისიუსივით გულღიად და ენაწყლიანად მიამბობდა, თუ რა ხდებოდა მათ ოჯახში, და ხშირად ოჯახურ საიდუმლოებებსაც არ მიმალავდა.
ის მოწიწებით ეპყრობოდა უფროს ქალიშვილს. ლიდას მოფერება არ უყვარდა, მუდამ სერიოზულ თემებზე საუბრობდა, თავისი სამყარო ჰქონდა და იმით ცხოვრობდა. დედისა და დისთვის ის ისეთივე წმინდა და გამოუცნობი არსება იყო, როგორიცაა მეზღვაურებისთვის ადმირალი, რომელიც ნიადაგ კაიუტაშია შეკეტილი.
- ჩვენი ლიდა შესანიშნავი ადამიანია, - ხშირად ამბობდა დედა, - განა არა?
ჩვენ ახლაც, სანამ წვიმა ცრიდა, ლიდაზე ვლაპარაკობდით.
- ის ჩინებული ადამიანია, - თქვა დედამ, შეცბუნებულმა მიმოიხედა და დაბალი ხმით, შეთქმულივით დაამატა: - სანთლით რომ ეძებოთ, ვერ იპოვით მისნაირებს, თუმცა მე უკვე ცოტა შეშფოთებული ვარ. სკოლა, აფთიაქი, წიგნები - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მეტისმეტი რა საჭიროა? უკვე ოცდამეოთხე წელშია. დროა, სერიოზულად დაფიქრდეს საკუთარ მომავალზე. ამ წიგნებისა და წამლების გადამკიდე ისე გაუფრინდება დრო, ვერც გაიგებს... უნდა გათხოვდეს.
        ჟენიამ, კითხვით დაღლილს ვარცხნილობა რომ შელახვოდა, წიგნს თვალი მოაცილა, დედას შეხედა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: - დედიკო, ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული!
და ისევ წიგნში ჩარგო თავი. მოვიდა ბელოკუროვი. ხიფთანი და მოქარგული პერანგი ეცვა. კროკეტი და lawn-tennis ვითამაშეთ. შემდეგ როცა ჩამობნელდა, დიდხანს ვუსხედით ვახშამს. ლიდამ ისევ ბევრი ილაპარაკა სკოლებსა და ბალაგინზე, რომელმაც მთელი მაზრა ხელში ჩაიგდო. იმ საღამოს, ვოლჩანინოვებიდან წამოსულს, ისეთი განცდა მქონდა, რომ ეს იყო ძალიან, ძალიან გრძელი უქმე დღე, რასაც თან ახლდა შეგრძნება იმისა, რომ, სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს დასასრული ამქვეყნად, რა გრძელიც არ უნდა იყოს. ჭიშკრამდე ჟენიამ მიგვაცილა და რადგან მთელი დღე, დილიდან საღამომდე, ერთად გვქონდა გატარებული, ვიგრძენი, რომ მის გარეშე მოვიწყენდი და რომ მთელი მათი ტკბილი ოჯახი ჩემთვის ახლობელი გამხდარიყო. და მაშინ, მთელი იმ ზაფხულის განმავლობაში, პირველად მომიარა ხატვის სურვილმა.
- მითხარით, რატომ ცხოვრობთ ასე მოსაწყენად და ერთფეროვნად? - ვეკითხებოდი ბელოკუროვს გზად სახლისაკენ, - ჩემი ცხოვრება მძიმე, მოსაწყენი და უფერულია, იმიტომ რომ მხატვარი ვარ, უცნაური კაცი; სიყრმიდანვე შურით ვარ გაწამებული, სულ უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით და ჩემ საქმესაც ეჭვით ვუცქერი. ყოველთვის ღარიბი და ბოგანო ვიყავი, მაგრამ თქვენისთანა ჯანმრთელი, ნორმალური ადამიანი, ბატონი და მემამულე ასე უინტერესოდ რატომ ცხოვრობთ, ასე ცოტას რად იღებთ ცხოვრებისგან? რად არ შეგყვარებიათ ლიდა ან ჟენია, მაგალითად?
- ნუ გავიწყდებათ, რომ მე სხვა ქალი მიყვარს, - მიპასუხა ბელოკუროვმა.
ეს სხვა ქალი მისი მეგობარი ლუბოვ ივანოვნა იყო, რომელიც მასთან ერთად ფლიგელში ცხოვრობდა. ყოველდღე ვხედავდი, ეს ფაშფაშა, მსუქანი ქალი, კარგად ნაპატივებ ბატს რომ ჰგავდა, როგორ დასეირნობდა ბაღში. რუსულ მძივებიან სამოსს იცვამდა, ქოლგას ხელიდან არ უშვებდა და მოახლე წარამარა უხმობდა ხან საჭმელად, ხან ჩაის დასალევად. ამ სამიოდე წლის წინ ერთ-ერთი ფლიგელი სააგარაკედ დაუქირავებია და მას აქეთ დარჩენილა კიდეც ბელოკუროვთან საცხოვრებლად, როგორც ჩანს, სამუდამოდ. ათი წლით უფროსი იყო ჩემ მასპინძელზე, რომელიც ისე ჰყავდა გამოჭერილი, რომ მის დაუკითხავად სახლიდან ნაბიჯსაც არ ადგამდა. ეს ქალი ხშირად ქვითინებდა მამაკაცური ხმით და მე მოახლის პირით შევუთვლიდი ხოლმე, თუ არ გაჩუმდებით, გადავალ-მეთქი, და ისიც წყვეტდა ტირილს.
როცა სახლში დავბრუნდით, ბელოკუროვი დივანზე დაჯდა მოღუშული და ფიქრებს მიეცა. მე კი დარბაზში დავაბიჯებდი და გული ნაზად მიჩქროლავდა, თითქოს შეყვარებული ვყოფილიყავი. სულ ვოლჩანინოვებზე მინდოდა მელაპარაკა.
- ლიდას მხოლოდ ერობის კაცი თუ შეუყვარდება, მასავით საავადმყოფოებითა და სკოლებით გატაცებული, - ვთქვი მე. - ო, მაგისთანა ქალისთვის კი ღირს, ერობის წევრი გახდე და, მარტო ეს კი არა, როგორც ერთ ზღაპარშია, რკინის ქალამნებიც კი შეიძლება ჩაიცვა. ან ეს მისიუსი? რა მშვენიერია, არა!
ბელოკუროვმა კი დუნედ, ზლაზვნით გამიბა ლაპარაკი პესიმიზმზე, როგორც საუკუნის სენზე. ისე თვითდაჯერებით ლაპარაკობდა, თითქოს მე ვედავებოდი რამეს. ღმერთმანი, ასობით ვერსის გავლა უდაბურ, უსახურ და მზით გადახრუკულ სტეპში ისეთ მოწყენილობას არ მოგგვრის, როგორც ერთი ადამიანი, რომელიც ოთახში გიზის, ტვინს გიბურღავს და წასვლას არ აპირებს.
- პესიმიზმი და ოპტიმიზმი აქ რა შუაშია, როცა ასიდან ოთხმოცდაცხრამეტს ჭკუა არა აქვს, - გაგულისებით მივახალე ბოლოს.
ბელოკუროვმა ჩემი სიტყვები თავისთავზე მიიღო, იწყინა და წავიდა.


III


       მალოზიომოვოში თავადია ჩამოსული, მოკითხვა შემოგითვალა, - ეუბნებოდა საიდანღაც დაბრუნებული ლიდა დედას და თან ხელთათმანებს იძრობდა. - ბევრი საინტერესო რამ გვიამბო... დაგვპირდა, რომ ისევ წამოჭრის საგუბერნიო კრებაზე მალოზიომოვოში სამედიცინო პუნქტის გახსნის საკითხს. თუმცა ესეც თქვა, დიდი იმედი არ მაქვსო. უცებ ლიდა ჩემკენ შემოტრიალდა და მითხრა:- უკაცრავად, სულ დამავიწყდა, რომ თქვენ ეს საკითხები არ გაინტერესებთ.
ბრაზი მომერია.
- რატომაც არა? - ვკითხე და მხრები ავიჩეჩე. - თქვენ არ გინდათ, გაიგოთ ჩემი აზრი, მაგრამ გარწმუნებთ, ძალიანაც მაინტერესებს.
- მართლა?
- დიაღ. ჩემი აზრით, სამედიცინო პუნქტი მალოზიომოვოში სულაც არ არის საჭირო. ჩემი გაღიზიანება მასაც გადაედო. თვალები მოწკურა, შემომხედა და მკითხა: - აბა, რა არის საჭირო? პეიზაჟები?
- არც პეიზაჟები და არც არაფერი არ სჭირდებათ იქ.
ლიდამ, როგორც იქნა, გაიძრო ხელთათმანები და ფოსტიდან ახლად მოტანილი გაზეთი გადაფურცლა. წუთის შემდეგ წყნარად და თავშეკავებულად მითხრა: - აი, გასულ კვირას გარდაიცვალა ანა - მშობიარობას გადაჰყვა. ახლომახლო სამედიცინო პუნქტი რომ ყოფილიყო, მაშინ, გადარჩებოდა. მგონია, ბატონმა პეიზაჟისტებმა რაღაც მაინც უნდა ირწმუნონ.
- დიაღაც, გარწმუნებთ, მე მაქვს ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით, - ვთქვი მე, მან კი სახეზე გაზეთი აიფარა, თითქოს არ უნდოდა ჩემი მოსმენა. - ჩემი აზრით, არსებულ პირობებში, სამედიცინო პუნქტები, სკოლები, ბიბლიოთეკები, აფთიაქები უარესად აბეჩავებს ხალხს. მათ უამისოდაც მძიმე ბორკილი ადევთ, თქვენ კი არ გსურთ ამ ბორკილების დამსხვრევა, პირიქით, ახალსა და ახალ რგოლებს უმატებთ ჯაჭვებზე, - აი, ასეთია ჩემი მრწამსი. ლიდამ შემომხედა და დამცინავად ჩაიღიმა. მე კი განვაგრძე და შევეცადე, ჩემი ნათქვამის მთავარი აზრის ძაფი არ დამეკარგა.
- მთავარი ის კი არ არის, რომ ანა მუცელს გადაჰყვა, არამედ ის, რომ ეს ქალები - ანა იქნება, მავრა თუ პელაგია, - დილიდან საღამომდე წელებზე ფეხს იდგამენ, აუტანელი ჯაფისგან წელში წყდებიან, მთელი სიცოცხლე გულს უჭამთ მშიერი და სნეული შვილების დარდი, მთელი სიცოცხლე სიკვდილისა და ავადმყოფობის ეშინიათ, სულ რაღაც აწუხებთ, ნაადრევად ჭკნებიან და ჭუჭყსა და სიმყრალეში სძვრებათ სული. დაიზრდებიან მათი შვილები და ისევ ხელახლა იწყება ყველაფერი. ასე გადის საუკუნეები, პირუტყვზე უარესად ცხოვრობს მილიარდობით ადამიანი - ლუკმა-პურს ნატრულობენ, მუდმივ შიშს განიცდიან. ყველაზე უარესი კი მათ ყოფაში ის არის, რომ დრო არ რჩებათ სულზე იზრუნონ, არასდროს დაფიქრებულან საკუთარი თავის რაობასა და ღმერთთან კავშირზე; შიმშილი, სიცივე, პირუტყვული შიში, მძიმე შრომა თოვლივით უხერგავენ გზას სულიერი განვითარებისკენ, რაც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს და რაც უმთავრესია იმ საგანთა შორის, რისთვისაც ღირს სიცოცხლე. თქვენ კი ამ დროს დახმარების მიზნით საავადმყოფოებსა და სკოლებს სთავაზობთ, რითაც გათავისუფლების მაგიერ უარესად უბორკავთ ხელ-ფეხს, რამეთუ მათ ცხოვრებაში ახალი ცრურწმენები შეგაქვთ, მოთხოვნილებებს უზრდით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ წამლებსა და წიგნებში ცალკე ფული უნდა გადაუხადონ ერობას და, მაშასადამე, უარესად გაწყდნენ წელში.
- არ შეგეკამათებით, - მითხრა ლიდამ და გაზეთი დასწია, - მე ეს თქვენგან უკვე მსმენია. მხოლოდ ერთს გეტყვით: დაუშვებელია გულხელდაკრეფილი ჯდომა. მართალია, კაცობრიობას ვერ ვიხსნით და, ალბათ, ბევრ რამეშიც ვცდებით, მაგრამ ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ამიტომ - სწორად ვიქცევით. კულტურული ადამიანის უწმინდესი და უდიდესი მოვალეობაა მოყვასის სამსახური. ჩვენც ისე ვემსახურებით, როგორც შეგვიძლია. რა ვუყოთ, თუ თქვენ არ მოგწონთ. შეუძლებელია, ყველას გული ერთნაირად მოიგო.
- მართალია, ლიდა, მართალი, - დაუმოწმა დედამ.
ლიდას თანდასწრებით დედა ყოველთვის ფხიზლად იყო. როცა ლაპარაკობდა, შიშით უცქერდა და ფრთხილობდა, რაიმე ზედმეტი ან უადგილო არ წამოსცდენოდა. არც არასდროს ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, ყველაფერში ეთანხმებოდა, - მართალია, ლიდა, მართალიო.
- ვერც გლეხებისთვის წერა-კითხვის სწავლება, ვერც ეგ წიგნები - უბადრუკი დარიგებებითა და არაკებით, ვერც სამედიცინო პუნქტები ვერ შეამცირებს მათ უუფლებობასა და სიკვდილიანობას ისევე, როგორც თქვენი ფანჯრიდან გამომავალი შუქი ვერ გაანათებს ამ უზარმაზარ ბაღს. - ვუთხარი მე, - თქვენ ვერაფერს აძლევთ, უშნოდ ერევით ამ ხალხის ცხოვრებაში და მხოლოდ ახალ მოთხოვნილებებს უჩენთ, რაც, თავის მხრივ, მეტ შრომას მოითხოვს.
- ღმერთო ჩემო, რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს! - წყენით ჩაილაპარაკა ლიდამ. ინტონაციაზე ეტყობოდა, რომ ჩემი შეხედულებები არარაობად მიაჩნდა და სძაგდა.
- საჭიროა ადამიანების გათავისუფლება მძიმე ფიზიკური შრომისგან, - ვთქვი მე, - შეუმსუბუქეთ უღელი, სული ამოათქმევინეთ, რომ მთელი სიცოცხლე კერიასთან, ვარცლთან და მინდვრად არ გაატარონ; საშუალება მიეცით, იფიქრონ სულზე, ღმერთზე, გამოამჟღავნონ საკუთარი სულიერი შესაძლებლობები. თითოეული ადამიანის მოწოდებას წარმოადგენს სულიერი მოღვაწეობა - ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის აზრის გამუდმებული ძიება. გააკეთეთ ისე, რომ მათთვის აღარ იყოს აუცილებელი პირუტყვული ჯაფა, მიეცით დრო, შეიგრძნონ თავისუფლების გემო, მაშინ დაინახავთ, რა დაცინვაა მათთვის, სინამდვილეში, ეგ წიგნები და აფთიაქები. როცა ადამიანი შეიცნობს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას, მაშინ მას მხოლოდ რელიგია, მეცნიერება და ხელოვნება მიანიჭებს კმაყოფილებას, და არა ეს წვრილმანები.
- შრომისგან გათავისუფლება! - ჩაეცინა ლიდას. - განა ეს შესაძლებელია?
- შესაძლებელია, თუ მათ ტვირთს გაინაწილებთ. თუ ჩვენ, ყველანი, ქალაქისა და სოფლის მცხოვრებნი, ყველანი - გამონაკლისის გარეშე, შევთანხმდებით, გავინაწილოთ ის შრომა, რასაც მთელი კაცობრიობა ხარჯავს ფიზიკურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, დიდი-დიდი, თითოეულს ორი-სამი საათის მუშაობა მოგვიწიოს დღეში. აბა, წარმოიდგინეთ, რომ ყველანი, მდიდარი თუ ღარიბი, მხოლოდ სამ საათს ვმუშაობდეთ დღეში, დანარჩენი დრო კი თავისუფალი გვქონდეს. ისიც წარმოიდგინეთ, რათა უფრო ნაკლებ დამოკიდებული ვიყოთ საკუთარ სხეულზე და უფრო ნაკლებად დავიტვირთოთ, გამოვიგონებთ მანქანებს, რომლებიც ჩვენ შრომას ჩაანაცვლებენ და ამგვარად, მინიმუმამდე დავიყვანთ ჩვენს მოთხოვნილებებს. თავს გავიკაჟებთ და შვილებსაც გამოვაწრთობთ, რომ არ ეშინოდეთ შიმშილისა და სიცივის, და ყოველ წუთს ჩვენც გული არ გვისკდებოდეს მათ ჯანმრთელობაზე დარდით, როგორც ანას, მავრას და პელაგიას. წარმოიდგინეთ, რომ აღარ გვჭირდება მკურნალობა, აფთიაქები, თამბაქოს ფაბრიკები და ღვინის ქარხნები - ბოლოსდაბოლოს, რამდენი თავისუფალი დრო დაგვრჩება! მაშინ ყველანი ამ თავისუფალ დროს მოვახმართ მეცნიერებასა და ხელოვნებას. როგორც ხანდახან მთელი სოფლის კაცები გამოდიან ხოლმე ერთხმად გზის შესაკეთებლად, ისე ჩვენც ერთად, თანხმობით, ვეძიოთ ჭეშმარიტება და ცხოვრების აზრი. და მაშინ, - ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული, - სულ მალე მივაგნებდით ჭეშმარიტებას, ადამიანი გათავისუფლდებოდა გამუდმებით მტანჯველი, დამაბეჩავებელი შიშისაგან და იქნებ, თვით სიკვდილისგანაც კი.
- თქვენ თქვენსავე თავს ეწინააღმდეგებით, - შენიშნა ლიდამ, - მეცნიერება, მეცნიერებაო, - გაიძახით, წერა-კითხვის სწავლებას კი უარყოფთ.
- როცა ადამიანს მხოლოდ დუქნებზე გამოკრული აბრებისა და თითო-ოროლა წიგნის წაკითხვა შეუძლია, თან ამ წიგნების შინაარსიც არ ესმის, - ესეთი წერა-კითხვა ჩვენში ჯერ კიდევ რიურიკის დროიდან შეეძლოთ. გოგოლის პეტრუშკამ, რახანია, კითხვა იცის, მაგრამ სოფელი არ შეცვლილა, დღესაც ის ხდება, რაც რიურიკის დროს. ადამიანს წერა-კითხვის ცოდნა კი არ სჭირდება, არამედ თავისუფლება, რათა ფართოდ გამოავლინოს სულიერი შესაძლებლობები. სკოლები კი არ გვჭირდება, არამედ უნივერსიტეტები.
- თქვენ მედიცინასაც უარყოფთ.
- დიაღ. მედიცინა საჭირო იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი შეისწავლიდა სნეულებას, როგორც ბუნების მოვლენას, და არა განკურნების მიზნით. განკურნება იმ მიზეზს ჭირდება, რომელიც სნეულებას იწვევს და არა თვით სნეულებას. მოსპეთ მთავარი მიზეზი - ფიზიკური შრომა და სნეულებანიც მოისპობა. მე არ მწამს იმ მეცნიერების, რომელიც კურნავს, - განვაგრძე გატაცებით, - როცა ჭეშმარიტია მეცნიერება და ხელოვნება, ისინი მუდამ მარადიული და საერთო მიზნებისკენ მიისწრაფვიან და არა დროებითისა და კერძოსკენ. მეცნიერება და ხელოვნება ეძიებს ცხოვრების აზრსა და სიმართლეს, ეძებს ღმერთს, სულს, მაგრამ როცა მათ ყოველდღიური მოთხოვნილებებისა და სიდუხჭირისაკენ მიმართავენ, აფთიაქებსა და ბიბლიოთეკებს მიაწებებენ, მაშინ ამით უფრო ძნელდება და მძიმდება ცხოვრება. ჩვენ ბლომად გვყვანან ექიმები, ფარმაცევტები, იურისტები, ბევრმა ისწავლა წერა-კითხვა, მაგრამ არ გვყვანან ბიოლოგები, მათემატიკოსები, ფილოსოფოსები, პოეტები. ადამიანთა მთელი ჭკუა და სულიერი ენერგია დროებითი, წარმავალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შევალიეთ... მეცნიერების, მწერლებისა და მხატვრების საქმე დუღს და გადმოდუღს, იმდენია, მათი შრომის წყალობით ცხოვრება დღითიდღე კეთილმოწყობილი ხდება, დღითიდღე მატულობს ხორციელი მოთხოვნილებანი და, მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და ადამიანი ჯერ კიდევ ყველაზე საშიშ და უწმინდურ ცხოველად რჩება. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კაცობრიობის დიდი ნაწილი გადაგვარდეს და სამუდამოდ დაკარგოს სიცოცხლის უნარი. ასეთ გარემოში აზრი არ აქვს მხატვრის ცხოვრებას, და რაც უფრო ნიჭიერია იგი, მით მეტად გაუგებარია და უცნაური მისი როლი, რამეთუ სინამდვილეში ისე გამოდის, რომ მისი საქმე ამ უწმინდური მტაცებელი ცხოველის გართობა ყოფილა, რითაც არსებული წესრიგის მხარდამჭერად გვევლინება. ამიტომ, მე არ მსურს მუშაობა და არც ვიმუშავებ... არაფერი მჭირდება, ჯანდაბამდე გზა ჰქონია მთელ დედამიწას!
- მისიუსკა, უნდა დაგვტოვო, - უთხრა ლიდამ დას. აშკარა იყო, ჩემი სიტყვები პატარა გოგონასთვის სახიფათოდ მიაჩნდა.
ჟენიამ დაღონებულმა შეხედა დედას, დას და გავიდა.
- ამგვარ ძვირფას აზრებს, ჩვეულებრივ, მაშინ გამოთქვამენ, როცა საკუთარი გულგრილობის გამართლება სურთ, - თქვა ლიდამ. - რა თქმა უნდა, საავადმყოფოებისა და სკოლების დანიშნულების უარყოფა უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა და სწავლება.
მართალია, ლიდა, მართალი, - დაეთანხმა დედა.
- გვემუქრებით, არ ვიმუშავებო, - განაგრძო ლიდამ. - ეტყობა, თქვენს ნამუშევრებს დიდად აფასებთ. მოდით, ნუღარ ვიკამათებთ, ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით, რადგან ყველაზე უკანასკნელთ ბიბლიოთეკებსა და აფთიაქებს შორის, წუთის წინ ასეთი ზიზღით რომ მოიხსენიეთ, მე ქვეყნად ყველა პეიზაჟზე მაღლა ვაყენებ! - და იმავე წამს, დედისკენ მიბრუნებულმა, სულ სხვა ტონით წარმოთქვა: - იცი, თავადი ძალიან გამხდარა და შეცვლილა მას აქეთ, რაც ჩვენთან იყო. ახლა ვიშში მიემგზავრება. და ის დედას უამბობდა თავადის შესახებ, რათა ჩემთან არ გაეგრძელებინა კამათი. სახეზე ალმური ასდიოდა და, აღელვება რომ დაემალა, თავი მაგიდასთან ძალზე ახლოს მიიტანა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს გაზეთს კითხულობდა. მივხვდი, ჩემი იქ ყოფნა უხერხული იყო. დავემშვიდობე და წამოვედი.


IV


        ეზოში სიწყნარე სუფევდა. ტბორს გაღმა სოფელს უკვე ეძინა. შუქი არსად ჩანდა, მხოლოდ ტბორში ირეკლებოდა მკრთალად რამდენიმე ვარსკვლავი. ლომებიან ჭიშკართან ჟენია იდგა გაუნძრევლად. გასაცილებლად მელოდა.
- სოფელში ყველას სძინავს, - ვუთხარი ჟენიას და შევეცადე ბნელში მისი სახე გამერჩია. დავინახე, რომ მისი ნაღვლიანი შავი თვალები მე მომჩერებოდნენ. - მშვიდად სძინავს მედუქნესაც და ცხენის ქურდსაც. ჩვენ კი, წესიერი ადამინები, ამ შუაღამისას ვკამათობთ და ერთმანეთს ვაღიზიანებთ. აგვისტოს სევდიანი ღამე იყო. - სევდიანი იმიტომ, რომ უკვე იგრძნობოდა შემოდგომის მოახლოება. მეწამული ღრუბლებიდან მთვარე ამოდიოდა, ძლივს ანათებდა გზასა და მის ორივე მხარეს გადაშლილ საშემოდგომო ნათესებს. უამრავი ვარსკვლავი წყდებოდა ცას. ჟენია გვერდით მომდევდა, ცდილობდა, ზეცისთვის არ შეეხედა და არ დაენახა მოწყვეტილი ვარსკვლავები, რომლებიც რატომღაც აშინებდა.
- მე ვფიქრობ, მართალი ხართ, - მითხრა და ღამის სიგრილისგან აკანკალდა. - ყველა ადამიანს რომ შეეძლოს ერთობლივი სულიერი საქმიანობის თანაზიარი გახდეს, მაშინ ყველა ყველაფერს სწრაფად შეიცნობდა.
- რა თქმა უნდა. ჩვენ უმაღლესი ქმნილებები ვართ. ჩვენ რომ შეგვეძლოს როგორმე შევიცნოთ ადამიანური გენიის მთელი ძალმოსილება, რომ შეგვეძლოს მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ვიცხოვროთ, ბოლოსდაბოლოს, ღმერთებად ვიქცეოდით. მაგრამ ეს არასდროს მოხდება, - კაცობრიობა გადაგვარდება და გენიის კვალიც აღარ დარჩება.
ჭიშკარი რომ ვეღარ დაინახა, ჟენია შეჩერდა და ნაჩქარევად ჩამომართვა ხელი.
- ღამე მშვიდობისა, - მითხრა მან აკანკალებულმა. მხოლოდ თხელი ზედატანი უფარავდა მხრებს და სიცივისგან თრთოდა, - ხვალ გელოდებით.
შემძრა იმის გაფიქრებამ, რომ მარტო ვრჩებოდი, გაბრაზებული, საკუთარი თავითა და ადამიანებით უკმაყოფილო. ახლა აღარც მე ვუყურებდი მოწყვეტილ ვარსკვლავებს.
- ნუ წახვალთ, ცოტახანს კიდევ დარჩით, - ვუთხარი ბოლოს, - ძალიან გთხოვთ. მე მიყვარდა ჟენია. შეიძლება იმიტომ, რომ მხვდებოდა და მაცილებდა, იმიტომ, რომ ნაზად და აღტაცებით შემომცქეროდა. რა ამაღელვებლად თვალწარმტაცი იყო მისი ფერმკრთალი სახე, წვრილი კისერი და თხელი ხელები, მისი სისუსტე, მისი წიგნები, მისი უსაქმურობა! მერედა, ჭკუა-გონება? ვგრძნობდი, რომ ის ძალზე ჭკვიანი იყო, მანცვიფრებდა მისი ფართო თვალთახედვა. შეიძლება იმიტომაც, რომ ის სულ სხვანაირად აზროვნებდა, ვიდრე მკაცრი და ლამაზი ლიდა, რომელსაც არ ვუყვარდი. ჟენიას მოვწონდი, როგორც მხატვარი, მისი გული ჩემი ნიჭიერებით მოვინადირე და ახლა უსაზღვროდ მინდოდა, მხოლოდ მისთვის დამეხატა. ვოცნებობდი, ის ყოფილიყო ჩემი პატარა დედოფალი და ჩვენ ერთად ვიქნებოდით ამ ხეების, მინდვრების, ნისლის, განთიადის, ამ საოცარი, იდუმალი ბუნების პატრონნი, სადაც ჯერ კიდევ უსაშველოდ მარტო ვგრძნობდი თავს და არავის ვჭირდებოდი.
- გემუდარებით, კიდევ ერთი წუთით დარჩით, - ვთხოვე კვლავ.
პალტო გავიხადე და გათოშილ მხრებზე მოვასხი. შეშინებულმა, კაცის სამოსში უშნო და სასაცილო არ გამოვჩნდეო, პალტო სიცილით მოიშორა. სწორედ მაშინ გადავეხვიე და კოცნით დავფარე მისი სახე, მხრები და ხელები.
- ხვალამდე! - წამჩურჩულა ჟენიამ და ისე ფრთხილად მომეხვია, თითქოს ეშინოდა ღამის სიმყუდროვე არ დაერღვია. - მე ყველაფერს ვუამბობ დას და დედას, ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ... ძალიან კი მეშინია! დედას უყვარხართ, არაფერს მეტყვის, მაგრამ ლიდა!
მერე ჭიშკრისკენ გაიქცა და იქიდან დამიძახა: - მშვიდობით!
და მერე, ორიოდე წუთის განმავლობაში მესმოდა, როგორ გარბოდა იგი. სახლში წასვლა არ მინდოდა, ანდა, იქ რა დამრჩენოდა. ერთხანს ვიდექი ასე, ფიქრებში გართული, მერე უკან დავბრუნდი, ერთხელ კიდევ რომ შემეხედა იმ სახლისთვის, სადაც ის ცხოვრობდა. ეს იყო კოპწია, გულუბრყვილოდ ნაგები, ძველი სახლი, რომელიც მეზონინის ფანჯრებიდან ისე შემომყურებდა, თითქოს ეს ფანჯრები მისი თვალები ყოფილიყოს, რომელთაც ყველაფერი ესმოდათ ჩემი. ტერასას ჩავუარე, ჩაბნელებული ბებერი თელის ძირას, lawn-tennis-ის მოედნის გვერდით მდებარე სკამზე ჩამოვჯექი და იქიდან დავუწყე ყურება სახლს. მეზონინის ფანჯრებში, რომლებიც მისიუსის ოთახს ეკუთვნოდა, მკვეთრი შუქი აინთო, მერე მწვანე შუქი აციმციმდა - მივხვდი, ლამფას აბაჟური ჩამოაცვეს. ლანდები ამოძრავდნენ... გული სინაზით, სიმშვიდითა და თვითკმაყოფილებით ამევსო. მიხაროდა, რომ შემეძლო სიყვარული და გატაცება. ის აზრი მაწუხებდა მხოლოდ, რომ ამავე სახლში, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, რომელიღაც ოთახში ცხოვრობდა ლიდა, რომელსაც არ ვუყვარდი, შესაძლოა, ვძულდი კიდეც. ვიჯექი და ველოდი, იქნებ ჟენია გამოვიდეს-მეთქი. მივაყურადე და მომეჩვენა, თითქოს მეზონინში ლაპარაკობდნენ.
        ასე გავიდა, ალბათ, ერთი საათი. მწვანე შუქი ჩაქრა და აღარც ლანდები ჩანდნენ. მთვარე უკვე ზემოდან დაჰყურებდა სახლს და ჩაჩუმებულ ბაღსა და ბილიკებს ანათებდა. სახლის წინ გაშენებულ ყვავილნარში მკვეთრად იკვეთებოდა გეორგინები და ვარდები, ოღონდ ყველა ყვავილი ერთი ფერისა ჩანდა. საგრძნობლად აცივდა. ბაღიდან გამოვედი, ბილიკზე დაგდებული პალტო ავიღე და ნელი ნაბიჯით გავემართე შინისაკენ.
როცა მეორე დღეს სადილის შემდეგ მივაკითხე ვოლჩანინოვებს, ბაღში შესასვლელი მინის კარი ყურთამდე ღია დამხვდა. ტერასაზე ჩამოჯექი და ველოდი, როდის გამოჩნდებოდა ჟენია ყვავილნარის იქით ან რომელიმე ხეივანში, ან იქნებ ოთახებიდან მომწვდენოდა მისი ხმა. მერე სასტუმრო ოთახში შევედი, იქიდან - სასადილოში. ვერავინ ვნახე. სასადილოდან გრძელ ტალანს გავყევი წინკარისაკენ, მერე ისევ გამოვბრუნდი. ამ ტალანში რამდენიმე კარი იყო და ერთი მათგანიდან ლიდას ხმა შემომესმა: - ერთხელ ყვავს... ღმერთმა... - ამბობდა ის ნელა და გამოთქმით, ალბათ, ვინმეს კარნახობდა, - ღმერთმა ყველის ნაჭერი გადმოუგდო... ყვავს... ერთხელ... მანდ ვინ არის? - დაიძახა უცებ მან, ჩემი ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა.
- მე გახლავართ.
- აჰ! მაპატიეთ, ახლა ვერ გამოვალ, დაშას ვამეცადინებ.
- ეკატერინა პავლოვნა ბაღშია?
- არა, დედაჩემი და ჩემი და დღეს დილით დეიდასთან გაემგზავრნენ პენზენის გუბერნიაში. ზამთარში კი საზღვარგარეთ წასვლას აპირებენ... - დასძინა დუმილის შემდეგ. - ყვავს ერთხელ ღმე-ერთმა... ყველის ნა-ჭე-რი გადმოუგდო... დაწერე?
წინკარში გამოვედი და ერთხანს უაზროდ გავყურებდი ტბორსა და სოფელს. ჩემ ყურს ისევ სწვდებოდა: - ყველის ნაჭერი... ყვავს ერთხელ ღმერთმა ყველის ნაჭერი გადმოუგდო... მათი მამულიდან იმავე გზით წამოვედი, რა გზითაც პირველად მივედი. მხოლოდ ახლა შებრუნებით იყო: ჯერ ეზოში გავედი, ბაღში, სახლს ჩავუარე, შემდეგ ცაცხვების ხეივანს გავყევი და... ხეივანში პატარა ბიჭი წამომეწია და წერილი გადმომცა. შიგ ეწერა: „ჩემ დას ყველაფერი ვუამბე, მან მოითხოვა, რომ დაგშორდეთ... არ შემეძლო, ვერ ვაწყენინებდი, შეწინააღმდეგება არ მინდოდა. ღმერთი მოგცემთ ბედნიერებას, გთხოვთ, მაპატიოთ. რომ იცოდეთ, რა მწარედ ვტირით მე და დედა!“ შემდეგ - ნაძვების ჩაბნელებული ხეივანი, ჩამონგრეული მესერი... იმ მინდორში, სადაც მაშინ ჭვავი ყვაოდა და მწყრები კუტკუტებდნენ, ახლა ძროხები და თავგზააბნეული ცხენები დაბორიალობდნენ. გორაკებზე აქა-იქ მწვანედ ხასხასებდა საშემოდგომო ნათესები. ჯანსაღ, სამუშაო განწყობაზე დავდექი და შემრცხვა იმისა, რასაც ვოლჩანინოვებთან ვლაპარაკობდი. და ისევ მოსაწყენი გახდა ცხოვრება... მივედი თუ არა სახლში, ბარგი შევკარი და იმავე საღამოს პეტერბურგში გავემგზავრე. მას აქეთ აღარ მინახავს ვოლჩანინოვები. ამასწინათ ყირიმში მიმავალს მატარებლის ვაგონში ბელოკუროვი შემხვდა. ისევ ხიფთანი და მოქარგული პერანგი ეცვა. მისი ჯანმრთელობა რომ მოვიკითხე, „თქვენი ლოცვა-კურთხევითო“, - მიპასუხა. ბევრი ვისაუბრეთ. კარმიდამო გაუყიდია და ლუბოვ ივანოვნას სახელზე უფრო პატარა მამული შეუძენია. ვოლჩანინოვებზე ბევრი არაფერი მამცნო. ლიდა, მისი გადმოცემით, კვლავ შელკოვკოში ცხოვრობდა და სკოლაში ასწავლიდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მისთვის მისაღები ადამიანებისგან თანამოაზრეთა წრე შეუკრებია და მათგან საკმაოდ ძლიერი პარტია შეუქმნია, ისე რომ ერობის უკანასკნელ არჩევნებზე ბალაგინიც „უმხილებიათ“, რომელსაც იმ დრომდე სჭერია ხელში მთელი მაზრა. ჟენიაზე მხოლოდ ის მითხრა ბელოკუროვმა, რომ იქ აღარ ცხოვრობდა, მაგრამ არ კი იცოდა, სად იყო.
       მე უკვე თანდათან მავიწყდება მეზონინიანი სახლი. თუმცა დროდადრო, როცა ვხატავ ან ვკითხულობ, უნებურად გამახსენდება ხოლმე ხან მწვანე შუქი სარკმელში, ხან ჩემი ნაბიჯების ხმა, მინდვრად რომ ისმოდა, როცა შეყვარებული შუაღამისას შინ ვბრუნდებოდი და სიცივისგან ხელებს ვიფშვნეტდი. ხოლო იშვიათად, როცა მარტოობა აუტანელი ხდება და სევდა მტანჯავს, რაღაც ბუნდოვნად შემახსენებს ხოლმე თავს და რატომღაც მგონია, რომ იმ წუთებში მეც მიხსენებენ, მელოდებიან და ჩვენ კიდევ შევხვდებით...
მისიუს, სად ხარ?
1896წ.

ნახვა: 64

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters