ვირჯინია ვულფი - მემკვიდრეობა

„სისი მილერს“. გილბერტ კლენდონმა ხელში მარგალიტის გულსაბნევი აიღო, რომელიც მისი ცოლის ბუდუარის პატარა მაგიდაზე იდო ბეჭდებისა და გულსაბნევების გროვაში და მასზე მინაწერი წაიკითხა: „სისი მილერს, სიყვარულით“.

ანჟელას ბუნება ამაშიც ჩანდა - სისი მილერიც კი არ დაივიწყა, თავისი მდივანი. და მაინც, უცნაურია, კიდევ ერთხელ გაიფიქრა გილბერტ კლენდონმა, ყველაფერი ასე მოწესრიგებული რომ დატოვა - თუმცა მცირე, მაგრამ მაინც საჩუქარი თავის ყველა მეგობრისთვის. თითქოს მოახლოებულ სიკვდილს გრძნობდა. მაგრამ ის ხომ სრულიად ჯანმრთელი იყო იმ დილით, როცა ექვსი კვირის წინათ სახლიდან გავიდა, პიკადილიზე კი, როცა ტროტუარიდან გზაზე გადადიოდა, მანქანამ გაიტანა.

ახლა სისი მილერს ელოდა. სთხოვა მოსულიყო, რადგან გრძნობდა, რომ ამდენი ხნის მათთან სამსახურის შემდეგ, ქალი ყურადღებას გამოჩენას იმსახურებდა. ჰო, ფიქრობდა ის სისი მილერის მოლოდინში, მაინც უცნაურია, რომ ანჟელამ ყველაფერი ასე მოწესრიგებული დატოვა. ყველა მეგობარს რაღაც დაუტოვა სამახსოვროდ. ყველა ეს ბეჭედი, ყელსაბამი, პატარა ჩინური კოლოფები - პატარა კოლოფებზე ჭკუას კარგავდა - ვიღაცისთვის იყო განკუთვნილი. მისთვის კი, თითოეული ეს ნივთი რაღაც მოგონებას უკავშირდებოდა. ეჭვიც არასოდეს შეჰპარვია, რომ ცოლი მასზე დიდხანს იცოცხლებდა. ერთი წამითაც რომ შეყოვნებულიყო და ეფიქრა რას აკეთებდა, ახლა ცოცხალი იქნებოდა. მაგრამ პირდაპირ გადაუბიჯებია ტროტუარიდან გზაზე - ასე განაცხადა მძღოლმა დაკითხვაზე. რაღას მოასწრებდა დამუხრუჭებას... ფიქრები სადარბაზოდან შემოსულმა ხმებმა შეაწყვეტინა.

- მისს მილერი, სერ, - მოახსენა მოსამსახურე ქალმა.

„ალი შემოვიდა. არასოდეს ყოფილა მასთან ერთად მარტო და, რა თქმა უნდა, არასოდეს უნახავს მისი ცრემლები. საშინლად დამწუხრებული ჩანდა და არც იყო გასაკვირი. ანჟელა არა მხოლოდ მისი დამქირავებელი იყო, არამედ მეგობარიც. თვითონ ის კი, ფიქრობდა გილბერტ გლენდონი, როცა ქალს სკამს უწევდა და დაჯდომას სთავაზობდა, მას მისივე მსგავსი სხვა ქალებისგან არაფრით გამოარჩევდა. ამქვეყნად ათასობით სისი მილერი იყო - შეუხედავი, პატარა ქალები, შავებში გამოწყობილები, პორტფელებით. მაგრამ ანჟელამ, თანაგრძნობის უნიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა, სისი მილერში განსაკუთრებული ღირსებები აღმოაჩინა. თავშეკავებული, წყნარი, საიმედო ყველაფერს რომ ეტყვი ისეთი და ვინ იცის კიდევ რა.

თავიდან მისს მილერმა საერთოდ ვერ შეძლო ხმის ამოღება... იჯდა და თვალებზე ცხვირსახოცი ჰქონდა მიდებული. შემდეგ თავს ძალა დაატანა და თქვა: - მაპატიეთ, მისტერ კლენდონ.

მან რაღაც წაიბუტბუტა. რა თქმა უნდა, გასაგებია. შეუძლია წარმოიდგინოს რას ნიშნავდა ანჟელა სისი მილერისთვის.

- ისეთი ბედნიერი ვიყავი აქ, - თქვა ქალმა და ოთახს თვალი მოავლო. მისი მზერა კაცის ზურგსუკან მდგარ საწერ მაგიდაზე შეჩერდა. აქ მუშაობდნენ ერთად ის და ანჟელა. ანჟელაც ხომ, როგორც გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის ცოლი, ქმრის მოვალეობების გარკვეულ ნაწილს ასრულებდა. მის კარიერაში ცოლი მთავარი დამხმარე იყო. ხშირად ხედავდა მათ ერთად მაგიდასთან - ანჟელა კარნახობდა, სისი საბეჭდ მანქანასთან იჯდა და ბეჭდავდა. ეჭვი არ არის მისს მილერიც ამაზე ფიქრობდა ახლა. ისღა დარჩენოდა ბროში გადაეცა ქალისთვის, რომელიც ანჟელამ მისთვის დატოვა. ცოტა შეუსაბამო საჩუქრად კი თვლიდა. უკეთესი იქნებოდა ფული დაეტოვებინა, ან თუნდაც საბეჭდი მანქანა. მაგრამ რაც იყო, ის იყო. „ძვირფას მისს მილერს, სიყვარულით“ და როცა ბროშს გადასცემდა, მოკლე, წინასწარ მომზადებული სიტყვა წარმოთქვა. ვიცი, რომ ამ საჩუქარს ძალიან დააფასებთო, უთხრა. ანჟელას ის ხშირად ეკეთა. და ქალმაც, როცა საჩუქარს ართმევდა, ისე უპასუხა, თითქოს მასაც წინასწარ მომზადებული ჰქონდა სიტყვები. ეს ჩემი ყველაზე ძვირფასი ნივთი იქნებაო, თქვა... იმედია, ისეთი კაბა აქვს, რომელზეც ეს მარგალიტის ბროში მთლად შეუფერებლად არ გამოჩნდებაო, გაიფიქრა კაცმა. ახლა სისი მილერს შავი კოსტუმი ეცვა, რაც მისი პროფესიის ქალებისათვის საფორმო ტანსაცმლად ითვლებოდა. მაგრამ შემდეგ გაახსენდა - ის, რა თქმა უნდა, გლოვობდა. მანაც დიდი ტრაგედია გადაიტანა - ძმა, რომელიც ძალიან უყვარდა, ანჟელას სიკვდილამდე ერთი თუ ორი კვირით ადრე დაეღუპა. მგონი ავარიაში მოხვდა. აღარ ახსოვდა. ანჟელა ეუბნებოდა რაღაცას. უსაზღვროდ გულისხმიერი ანჟელა ძალიან დამწუხრებული იყო მაშინ. ამასობაში მისს მილერი წამოდგა და ხელთათმანებს იცვამდა. აშკარაა იგრძნო, რომ ზედმეტია. მაგრამ არ შეეძლო ისე გაეშვა მისი მომავლის შესახებ რომ არ ეკითხა. რა გეგმები ჰქონდა? ხომ არ შეეძლო რითიმე დახმარებოდა?

ქალი ფიქრიანად მისჩერებოდა მაგიდას, საბეჭდ მანქანას, რომელთანაც მრავალი საათი გაეტარებინა, დღიურს. ანჟელაზე ფიქრებში ჩაძირულმა ბოლო შეკითხვას მაშინვე არ უპასუხა, თითქოს ვერც გაიგოო. ამიტომ კაცმა კითხვა გაიმეორა: - როგორია თქვენი გეგმები, მისს მილერ?

- გეგმები? ოჰ, ყველაფერი რიგზეა, მისტერ კლენდონ, - წამოიძახა, - ჩემზე ნუ იდარდებთ.

მისი სიტყვებიდან დაასკვნა, რომ ქალს ფინანსური დახმარება არ სჭირდებოდა. უკეთესი იქნებოდა დახმარება წერილით შემეთავაზებინაო, გაიფიქრა მან. ახლა, როცა ხელს ართმევდა, ისღა დარჩენოდა ეთქვა: - გახსოვდეთ, მისს მილერ, თუკი რითიმე შემეძლება დახმარების გაწევა, ყოველთვის სიამოვნებით ...და კარი გაუღო. ქალი ზღურბლზე წამიერად შეჩერდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო.

- მისტერ კლენდონ, - თქვა და პირველად შეხედა პირდაპირ თვალებში და ის პირველად განაცვიფრა ქალის თვალების გამომეტყველებამ, თანამგრძნობმა და თან ცნობისმოყვარეობით სავსემ, - თუ ოდესმე, - განაგრძო მან, - რაიმეს გაკეთება შემეძლება თქვენს დასახმარებლად, გახსოვდეთ, ისე სიამოვნებით გავაკეთებ, თითქოს თქვენი ცოლისთვის გამეკეთებინოს.

და, ასე წავიდა. მისი სიტყვები და გამოსათხოვარი მზერა მოულოდნელი იყო. თითქოს სჯეროდა და იმედი ჰქონდა, რომ მისთვის საჭირო იქნებოდა. კურიოზული, შეიძლება ითქვას ფანტასტიკური აზრი მოუვიდა თავში, როცა ოთახში დაბრუნდა. ნუთუ მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა ძლივს ამჩნევდა, ქალს, როგორც რომანებში წერენ, ფარულად ლტოლვა ჰქონდა მისდამი? გავლისას თავისი ანარეკლი დაიჭირა სარკეში. ორმოცდაათს გადაცილებულია, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, და სარკეც ამას ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ წარმოსადეგი მამაკაცია.

- საწყალი სისი მილერი! - თქვა და ჩაეღიმა. რა სიამოვნებით იცინებდა ამ ამბავზე ცოლთან ერთად. უნებურად ხელი დღიურისკენ გაექცა. „გილბერტი - წაიკითხა მან და საალალბედოდ გადაშალა - ისე მშვენივრად გამოიყურებოდა.“ ცოლმა თითქოს მის შეკითხვას უპასუხა, თითქოს უთხრა: რა თქმა უნდა, შენ ძალიან მიმზიდველი ხარ, როგორც მამაკაცი. რა თქმა უნდა, სისი მილერიც გრძნობდა ამას. კითხვა განაგრძო: „როგორ ვამაყობ, რომ მისი ცოლი ვარ“ თვითონ კი ყოველთვის იმით ამაყობდა, რომ ანჟელას ქმარი იყო. რამდენჯერ, როცა სადმე სხვებთან ერთად სადილობდნენ უყურებდა მას და საკუთარ თავს ეუბნებოდა „ყველაზე უკეთესი ქალი აქ ის არის“ კითხვა განაგრძო. ეს პირველი წელი იყო, როცა პარლამენტში კენჭს იყრიდა. ისინი ერთად დადიოდნენ საარჩევნო ოლქებში. „როცა გილბერტი დაჯდა, დიდი ოვაცია მოუწყვეს. ყველანი წამოდგნენ და ფეხზე მდგარი მღეროდნენ: „ის ხომ მხიარული, კარგი ბიჭია“. მე უბრალოდ გაოგნებული ვიყავი.“ ეს მასაც ახსოვდა. ანჟელა სცენაზე იჯდა მის გვერდით. თითქოს ახლაც ხედავდა ცოლის თვალებს, მას რომ უცქერდნენ და ცრემლებს იმ თვალებში. და შემდეგ? კიდევ რამდენიმე გვერდი გადაშალა. ვენეციაში გაემგზავრნენ. გაახსენდა რა სასიამოვნო იყო შვებულება არჩევნების შემდეგ. „ნაყინი მივირთვით ფლორიანსში.“ გაეცინა. ანჟელა ხომ სულ ბავშვი იყო. ნაყინი უყვარდა. „გილბერტმა ისე საინტერესოდ მიამბო ვენეციის ისტორია. მითხრა, რომ თურმე დოჟები...“ როგორ ჩაუწერია ყველაფერი თავისი მოწაფური კალიგრაფიით. ანჟელასთან ერთად მოგზაურობა სასიამოვნო კიდევ იმიტომ იყო, რომ ის ყოველთვის ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო. საშინლად უმეცარი ვარო, იტყოდა ხოლმე, თითქოს ეს მისი ერთ-ერთი ხიბლი არ ყოფილიყოს. შემდეგ კი - მან სხვა დღიური გადაშალა - ისინი ლონდონში დაბრუნდნენ. „ისე ძლიერ მინდოდა კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა. ჩემი ნიშნობის კაბა ჩავიცვი“ ჰო, მაშინ მაგიდასთან მის გვერდით მოხუცი სერ ედვარდი იჯდა და ანჟელამ პირდაპირ დაატყვევა ეს მრისხანე მოხუცი, მისი შეფი. სწრაფად კითხულობდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაგმენტები მის წინაშე სცენებს აცოცხლებდა. „თემთა პალატაში ვისადილეთ ...საღამოს წვეულებაზე ლავგროუვზებთან. ლედი ლ.-მ მკითხა, რაიმე პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ, როგორც გილბერტის მეუღლეო“. შემდეგ კი, რაც წლები გადიოდა - მაგიდიდან კიდევ ერთი დღიური აიღო - ის სულ უფრო და უფრო ეფლობოდა თავის საქმეებში. და ანჟელა, რა თქმა უნდა, სულ უფრო ხშირად რჩებოდა მარტო... მისთვის, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე გადასატანი იყო, რომ შვილები არ ჰყავდათ. „როგორ ვნატრობ, - წაიკითხა მან - გილბერტს ვაჟიშვილი ჰყავდეს.“ საკმაოდ უცნაურია, რომ თვითონ ამაზე მაინცდამაინც არასოდეს წუხდა. ცხოვრება ხომ ამის გარეშეც სავსე იყო, პირთამდე სავსე და მდიდარი. იმ წელს პირველ, მოკრძალებულ თანამდებობაზე დაინიშნა მთავრობაში, ძალიან მოკრძალებულ თანამდებობაზე. მას კი ასეთი კომენტარი გაუკეთებია: „მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის პრემიერ-მინისტრი გახდება“ ჰო, საქმეები სხვანაირად რომ წასულიყო, იქნებ ასეც მომხდარიყო. კითხვა შეწყვიტა და ჩაფიქრდა როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. პოლიტიკა ლატარეააო, გაიფიქრა, აზარტული თამაში, მაგრამ მისთვის ეს თამაში ჯერ არ იყო დამთავრებული. ორმოცდაათი წელი ის ასაკი არ არის! სხვა გვერდებსაც გადაავლო თვალი. უმნიშვნელო, სასიამოვნო, ყოველდღიური წვრილმანები, რისგანაც შედგებოდა მისი ცხოვრება.

ახალი დღიური აიღო. ისევ საალალბედოდ გადაშალა. „რა მშიშარა ვარ! ისევ ვერ ვისარგებლე ხელსაყრელი შემთხვევით. მაგრამ როგორღაც ეგოისტურად ჩავთვალე შემეწუხებინა ის ჩემი საქმეებით, როცა თავისი პრობლემებიც თავზესაყრელად აქვს. ჩვენ კი ისე იშვიათად ვატარებთ საღამოს ერთად.“ რას გულისხმობდა? ჰოო, აი, ალბათ რას - ეს ისტ-ენდში მის მუშაობას ეხება. „მხნეობა მოვიკრიბე და როგორც იქნა გილბერტს ველაპარაკე. ის ისეთი კეთილი იყო, ისეთი ყურადღებიანი. უარი არაფერზე უთქვამს“ გაახსენდა ეს საუბარი. ანჟელამ უთხრა თავს უქნარად და არაფრისმაქნისად ვგრძნობო. უნდოდა რაღაც თავისი საქმე ჰქონოდა, რაღაც ეკეთებინა - გაახსენდა როგორ მომხიბლავად გაწითლდა, როცა ამ სავარძელში მჯდარმა უთხრა, მინდა ადამიანებს რაღაცით დავეხმაროო. მაშინ ცოტა დასცინა კიდეც. რა, მისი მოვლა, ოჯახის მოვლა საკმარისი საქმე არ იყო? და თუ მაინც სურდა თავი რაღაცით გაერთო ის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნებოდა. კერძოდ, რა სურდა? ქველმოქმედება? რაიმე კომიტეტში მუშაობა? ოღონდ უნდა შეჰპირდეს, რომ თავს ზედმეტად არ გადაიღლის. და მან ოთხშაბათობით უაიტჩეპელში დაიწყო სიარული. გაახსენდა, როგორ აღიზიანებდა ის კაბები, რომლებსაც ის იქ წასვლისას იცვამდა. ის კი, როგორც ჩანს, საქმეს ძალიან სერიოზულად მოეკიდა. დღიური ასეთი ჩანაწერებით იყო აჭრელებული: „მისის ჯონსი მოვინახულე ...მას ათი ბავშვი ჰყავს...ქმარმა უბედური შემთხვევის შედეგად ხელი დაკარგა. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, რომ ლილისთვის სამსახური მეშოვნა“. რამდენიმე გვერდი გამოტოვა. მისი სახელი სულ უფრო იშვიათად ჩანდა. ინტერესი გაუნელდა. ზოგი ჩანაწერი მისთვის საერთოდ გაუგებარი იყო. მაგალითად: „გაცხარებული კამათი მქონდა ბ.მ-სთან სოციალიზმის შესახებ“ ვინ არის ეს ბ.მ. ინიციალები არაფერს ეუბნებოდა. ალბათ ვიღაც ქალია, რომელიც რომელიღაც კომიტეტში გაიცნოო, გაიფიქრა. „ბ.მ. მძვინვარედ ესხმის თავს მმართველ კლასებს...სხდომის შემდეგ ბ.მ.-სთან ერთად ვბრუნდებოდით უკან და შევეცადე ეს კაცი გადამერწმუნებინა, მაგრამ ისეთი გონებაშეზღუდულია“ - ესე იგი, ბ.მ. კაცი ყოფილა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი „ინტელექტუალი“, როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ. ანჟელა ყოველთვის ამბობდა, ისინი მძვინვარეები და გონებაშეზღუდულები არიანო. როგორც ჩანს, სტუმრადაც მიუწვევია სახლში. „სადილზე ბ.მ. გვეწვია. მინის ხელი ჩამოართვა!“ ამ ძახილის ნიშანმა პორტრეტს, რომელიც მის გონებაში ყალიბდებოდა, ახალი შტრიხი შემატა. ბ.მ. ეტყობა არ იყო მიჩვეული მოახლე ქალებთან ურთიერთობას. მან მინის ხელი ჩამოართვა. სავარაუდოდ ის მუშათა კლასის იმ ბანალურ წარმომადგენლებს ეკუთვნოდა, რომლებიც თავიანთ ძვირფას მოსაზრებებს მაღალი წრის ქალბატონების მისაღებ ოთახებში აფრქვევენ. გილბერტი იცნობდა ამ ტიპის ადამიანებს და არ მოსწონდა ისინი, ვინც არ უნდა ყოფილიყო კერძოდ, ეს ბ.მ. აი, ისევ ის. „ბ.მ.-სთან ერთად ლონდონის ტაუერში ვიყავი... მან თქვა, რომ რევოლუცია გარდაუვალია...თქვა, რომ ეს არის ლხინი ჟამიანობისას“ ეს სწორედ ის სიტყვები იყო, რასაც ბ.მ.-სნაირი ტიპი იტყოდა - გილბერტს თითქოს ესმოდა მისი ხმა. ხედავდა კიდეც სრულიად მკაფიოდ: ჯმუხ, პატარა კაცს უხეში წვერით, წითელი ჰალსტუხით, ტვიდის კოსტუმით, რასაც ასეთი ტიპები იცვამენ ხოლმე. ხალხი, რომელსაც ცხოვრებაში ერთი წესიერი საქმეც არ გაუკეთებია. ანჟელას არ გაუჭირდებოდა მისი ნამდვილი სახის დანახვა. კითხვა განაგრძო. „ბ.მ.-მ სრულიად მიუღებელი რამ თქვა ...-ს შესახებ.“ სახელი გულმოდგინედ იყო წაშლილი. „ვუთხარი, რომ აღარ მსურდა მესმინა ...-ს ლანძღვა. „ სახელი კვლავ წაშლილი იყო. მისი საკუთარი სახელი ხომ არ იქნებოდა? ამიტომ ხომ არ იყო ანჟელამ ნაწერს სწრაფად რომ დააფარა ხელი ოთახში მისი შესვლისას? ამის გაფიქრებაზე ბ.მ.-ის მიმართ ისედაც მზარდი სიძულვილის გრძნობა კიდევ უფრო გაუღვივდა. ეყო თავხედობა ამ ოთახშიც კი ელაპარაკა მასზე. რატომ ანჟელას არასოდეს არაფერი უთქვამს ამის შესახებ? ეს მის საქციელს არ ჰგავდა. ანჟელა ყოველთვის ბოლომდე გულწრფელი იყო მასთან. რამდენიმე გვერდი გადაშალა, ეძებდა ბ.მ. კიდევ სად იყო ნახსენები. „ბ.მ. მისი ბავშვობის შესახებ მიამბო. დედამისი დაქირავებულ მუშად მუშაობდა. ეს რომ მახსენდება ვეღარ ვიტან ასეთ ფუფუნებაში ცხოვრებას. სამი გინეა ერთი ქუდისათვის.“ ჯობდა ჩემთან ელაპარაკა ამ საკითხზე და არ გადაეტვირთა ტვინი ისეთი რამეებით, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება! წიგნებს აძლევდა თურმე წასაკითხად. კარლ მარქსი, „მომავალი რევოლუცია“ ისევ და ისევ ხვდებოდა ინიციალები ბ.მ. ბ.მ. ბ.მ. მაგრამ რატომ არასოდეს სრული სახელი? იყო ამაში რაღაც არაოფიციალური, ინტიმური, ანჟელასთვის არადამახასიათებელი. ურთიერთობისას რა, ბ.მ.-ით ხომ არ მიმართავდა? კითხვა განაგრძო: „სადილის შემდეგ მოულოდნელად ბ.მ. მოვიდა. საბედნიეროდ მარტო ვიყავი.“ ეს სულ რაღაც ერთი წლის წინ იყო. „საბედნიეროდ“. რატომ საბედნიეროდ? „მარტო ვიყავი“ თვითონ სად იყო იმ საღამოს? თარიღი თავის ქაღალდებში მოიძებნა, სადაც საქმიანი შეხვედრების შესახებ იწერდა. იმ საღამოს ლორდ მერთან იყო დაპატიჟებული. და ბ.მ. და ანჟელა ერთად იყვნენ, მარტონი! შეეცადა ის საღამო გაეხსენებინა. როცა უკან დაბრუნდა ცოლი ისევ ელოდა თუ დაწოლილი დახვდა? ოთახი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა? ეწყო თუ არა ჭიქები მაგიდაზე? სკამები ერთმანეთთან ახლოს იყო მიწეული? ვერაფერი გაიხსენა, საერთოდ ვერაფერი, გარდა იმ სიტყვისა, რომელიც მან ლორდ მერთან სადილისას წარმოთქვა. სიტუაცია სულ უფრო გაუგებარი ხდებოდა, სრულიად გაუგებარი. მისი ცოლი ქმრისთვის უცნობ კაცს მარტო იღებს! შეიძლება მომდევნო დღიურში იპოვოს რამე. საჩქაროდ ბოლო დღიური აიღო, დაუმთავრებელი დღიური. ეს დაწყევლილი ტიპი იქაც იყო - პირველივე გვერდზე. „ვისადილე განმარტოებით ბ.მ.-თან ერთად...ის ძალიან აღელვებული ჩანდა. თქვა, დროა ჩვენ ერთმანეთს გავუგოთო. ვეცადე, მეიძულებინა მოესმინა, მაგრამ არ მისმენდა. დამემუქრა, რომ თუ არ...“ გვერდის დანარჩენი ნაწილი გადახაზული იყო. ყველგან „ეგვიპტე, ეგვიპტე, ეგვიპტე“ იყო გადაწერილი. ერთი სიტყვაც ვერ გაარჩია. მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი ახსნა ჰქონდა: ეს არამზადა სთხოვდა მას მისი საყვარელი გამხდარიყო. მარტონი მის ოთახში! გილბერტ კლენდონს სახეში სისხლი მოაწვა. გვერდები სწრაფად გადაფურცლა. რა უპასუხა მან? ინიციალები შეწყდა. ამის შემდეგ მხოლოდ „ის“ მოდიოდა. „ის ისევ მოვიდა. ვუთხარი, რომ ვერ შევძელი რაიმე გადაწყვეტილების მიღება ...ვევედრებოდი თავი დაენებებინა ჩემთვის“ ამ, ამ სახლში აძალებდა. მაგრამ მას რატომ არ უთხრა ანჟელამ? როგორ შეეძლო თუნდაც ერთი წამით შეყოყმანებულიყო? შემდეგ: „წერილი მივწერე მას“ შემდეგი გვერდები ცარიელი იყო. მერე აი ეს: „ჩემს წერილზე პასუხი არ მიმიღია“ კიდევ ცარიელი გვერდები და შემდეგ ეს: „მან თავისი მუქარა შეასრულა.“ და შემდეგ, რა იყო შემდეგ? ფურცელ-ფურცელ შლიდა. ყველა ცარიელი იყო. და აი, მისი სიკვდილის წინადღით კიდევ ერთი ჩანაწერი: „მეყოფა კი სიმამაცე ამის გასაკეთებლად?“და ამით მთავრდებოდა.

გილბერტ კლენდონმა თითები შეუშვა და წიგნი იატაკზე ჩაცურდა. თვალწინ ანჟელა დაუდგა. პიკადილიზე იდგა, ტროტუარის კიდეში. ფართოდ გაღებული თვალებით, მომუჭული ხელებით. აი, მანქანა მოქრის...

ამის ატანა აღარ შეეძლო. მან სიმართლე უნდა იცოდეს. ფართო ნაბიჯებით გაემართა ტელეფონისკენ.

- მისს მილერ? - ჩამიჩუმი არ ისმოდა. შემდეგ ოთახში ვიღაც შეინძრა.

- სისი მილერი გისმენთ. - გაისმა ბოლოს მისი ხმა.

- ვინ არის, - დასჭექა მან - ბ.მ.?

გაიგონა როგორ წიკწიკებდა იაფფასიანი საათი ბუხარზე. შემდეგ ღრმა ამოოხვრა. და ბოლოს მისი პასუხი: - ის ჩემი ძმა იყო.

ესე იგი, მართლა მისი ძმა ყოფილა, მისი ძმა, რომელმაც თავი მოიკლა.

- ხომ არ შემიძლია, გაიგონა მისს მილერი ეკითხებოდა, - რაიმე აგიხსნათ?

- არაფერი, - იყვირა მან, - არაფერი.

მან მემკვიდრეობის თავისი წილი მიიღო. ქალმა სიმართლე უთხრა. ანჟელამ განგებ გადააბიჯა ტროტუარიდან, რომ თავის საყვარელს შეერთებოდა. განგებ გადააბიჯა, რათა მისგან თავი დაეღწია.

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 1173

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 0 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters