ლევ ტოლსტოი - მეჯლისის შემდეგ

      – აი, თქვენ ამბობთ, რომ ადამიანს არ შეუძლია თავისით მიხვდეს, რა არის კარგი და რა არის ცუდი, რომ ყველაფერში გარემოა დამნაშავე. მე კი ვიტყოდი, რომ ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. აი, მე, მაგალითად, ჩემს ამბავს მოგიყვებით.

      ასე დაიწყო ყველასაგან დიდად პატივცემულმა ივან ვასილევიჩმა ჩვენ შორის იმის თაობაზე გამართული საუბრის შემდეგ, რომლის მიხედვითაც ადამიანის პიროვნული სრულყოფისთვის, უპირველეს ყოვლისა, იმ გარემოს, იმ პირობების შეცვლაა საჭირო, რა გარემოსა და პირობებშიც უხდება ცხოვრება... კაცმა რომ თქვას, იქ მყოფთაგან არავის უთქვამს, შეუძლებელია შენით მიხვდე, კარგი რა არის და ცუდი რა არისო, მაგრამ ივან ვასილევიჩს წესად ჰქონდა, ეპასუხა თავისი საუბრის შემდეგ გაჩენილი კითხვებისა და შეხედულებებისთვის და ამასთან დაკავშირებით მოეყოლა ეპიზოდები თავისი ცხოვრებიდან. ხშირად ეს ისე გაიტაცებდა, რომ ავიწყდებოდა, რაზე დაიწყო საუბარი და თავის იმ ამბავს უფრო გულწრფელად და ალალად ჰყვებოდა.

      ასე მოიქცა ახლაც:

      – აი, მე ჩემს ამბავს მოგიყვებით. ჩემი ცხოვრება ასე რომ აეწყო და არა სხვაგვარად, მიზეზი არის არა გარემო, არამედ სულ სხვა რამ.

      – მაინც რა არისო? – ვკითხეთ.

      – ეს გრძელი ამბავია. რა არის, რომ გაიგოთ, ბევრი უნდა მოვყვე.

      – მერედა, მოყევით.

      ივან ვასილევიჩი ჩაფიქრდა, თავი გააქნია და დაიწყო.

      – ასეა, – თქვა მან, – მთელი ჩემი ცხოვრება ერთმა ღამემ, არა, უფრო ერთმა დილამ შეცვალა.

      – ჰო, მაგრამ, რა მოხდა ასეთი?

      – მოხდა ის, რომ თავდავიწყებამდე ვიყავი შეყვარებული... შეყვარებული მანამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ჩემი ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი სიყვარული იყო... ძველი ამბავია, იმ ქალს უკვე გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავს. ეს იყო ბ... დიახ, ეს იყო ვარენკა ბ... – თქვა ივან ვასილევიჩმა და იმ ქალის გვარი დაასახელა, – ორმოცდაათი წლისაც ნამდვილი მზეთუნახავი გახლდათ... აი, თვრამეტი წლისა კი ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაცილებდი. მაღალი, ტანწერწეტა, გრაციოზული და დედოფალივით ბრწყინვალე. გეგონება, სხვაგვარად არ შეუძლიაო, დადიოდა ყოველთვის წელში გამართული, ოდნავ უკან თავგადახრილი, რაც სიმაღლესა და დახვეწილობასთან ერთად, მიუხედავად სიგამხდრისა, მეფურ შესახედაობას აძლევდა და რომ არა თბილი, ალერსიანი ღიმილი, საოცრად მომხიბვლელი ბაგი, ნათელი, სხივიანი თვალები და მთელი მისი ახალგაზრდა, საყვარელი არსება მის ამ მეფურ შესახედაობას შეიძლება შეეშინე კიდევაც.

      – იმ ქალს ივან ვასილევიჩი ზედმეტად გაზვიადებულად აღწერს.

      – როგორადაც არ უნდა გააზვიადო, შეუძლებელია ისე აღწერო, რომ ვერ გაიგო, როგორი იყო. მაგრამ, საქმე ეს არ არის. ამბავი, რისი მოყოლაც მე მინდა, ორმოციან წლებში მოხდა. იმ დროს ერთ-ერთი პროვინციული უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ იმ დროს ჩვენს უნივერსიტეტში არ იყო არავითარი წრეები, არ იყო იდეები. უბრალოდ, ახალგაზრდები ვიყავით და ისე ვცხოვრობდით, როგორც ახალგაზრდები ცხოვრობენ – ვსწავლობდით და ვერთობოდით. ვიყავი ძალიან მხიარული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, თან ძალიან მდიდარი. მყავდა სწრაფი თვითმავალი (ციგურები მაშინ მოდაში არ იყო), დავისხამდი გოგოებს და ჩამოვსრიალდებოდი მთიდან... ვქეიფობდი ამხანაგებთან ერთად (ახალგაზრდები შამპანურის გარდა სხვას არაფერს ვსვამდით – ფული გვქონდა, ვსვამდით, არ გვქონდა, არ ვსვამდით. რაც შეეხება არაყს, ისე და იმდენს არ ვსვამდით, როგორც ახლა სვამენ). ყველაზე მეტად საღამოს პატარა წვეულებები და მეჯლისები მიყვარდა. ძალიან კარგადაც ვცეკვავდი და არც ძალიან შეუხედავი ვიყავი.

      – ნუ თავმდაბლობთ, – შეაწყვეტინა ერთ-ერთმა თანამოსაუბრეთაგანმა, – ჩვენ ხომ ჯერ კიდევ დაგეროტიპული პორტრეტებიდან გვახსოვხართ! შეუხედავი კი არა, ულამაზესი ყმაწვილი ბრძანდებოდით.

      – კი, ბატონო, ასე იყოს, მაგრამ საქმე ეს არ არის. საქმე ისაა, ყველიერის ბოლო დღეს დაპატიჟებული გახლდით გუბერნიის წინამძღვრის, კეთილი, სტუმართმოყვარე, მდიდარი მოხუცი კამერჰერის მიერ გამართულ მეჯლისზე. ამ დროს უკვე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. სტუმრებს ღებულობდა მოხუცი კამერჰერის მეუღლე, მასავით გულთბილი, ხავერდის კაბაში გამოწყობილი, თავზე ბრილიანტის ფერონიერით და პორტრეტზე

      გამოსახული ელიზავეტა პეტროვნასავით თეთრმკერდ და თეთრმხრებმოშიშვლებული. მეჯლისი მართლაც საუცხოო იყო – დიდებული ზალა ქოროებით და მუსიკოსებით, დიდებული ბუფეტი და ზღვასავით წამოსული შამპანური. მართალია, მიყვარდა შამპანური, მაგრამ მაშინ არ დამილევია, ვინაიდან უღვინოდაც მთვრალი ვიყავი სიყვარულისაგან. სამაგიეროდ ვცეკვავდი სულის ამოხდამდე – ვცეკვავდი კადრილსაც, ვალსსაც, პოლკასაც და რამდენადაც შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვარენკასთან. ეცვა ვარდისფერი ქამრით გაწყობილი თეთრი კაბა, ეკეთა ლაიკის გრძელი, თეთრი ხელთათმანები, ეცვა თეთრი ატლასის ფეხსაცმელები. მაზურკა რომ დაიწყო და ვარენკა საცეკვაოდ გამოვიდა, ჯერ ხელთათმანებისთვის შევიარე, მერე კი საპარიკმახეროში შევედი, რის გამოც ცოტა შემაგვიანდა და იმ უსინდისო ინჟინერმა უნისოვმა საცეკვაოდ გაიწვია (რასაც მე მას ვერასოდეს ვაპატიებ), ისე, რომ მაზურკის ცეკვა მასთან კი არა, ერთ იმ გერმანელ ქალთან მომიწია, ვისაც ადრე ცოტა ვეარშიყებოდი. თუმცა იმ ქალთან, ვშიშობ, მაშინ ძალიან უზრდელად მოვიქეცი, არათუ არ დავლაპარაკებივარ, არც კი შემიხედავს, ვცეკვავდი და მხოლოდ ვარვარას წერწეტ ტანს, მის თეთრ კაბას, მის გაბრწყინებულ, ღიმილის დროს ლოყებჩაჩქუტნულ ვარდისფრად შეფაკლულ სახეს და თბილ, ალერსიან თვალებს ვხედავდი. მარტო მე კი არა, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ყველა ქალი თავისი სილამაზით დაჩრდილა, ყველანი მას უყურებდნენ და მისი სილამაზით ტკბებოდნენ.

      სიმართლე რომ ითქვას, მართალია, იმ გერმანელ ქალთან ვცეკვავდი, მაგრამ მთელი გულით და სულით ვარენკასთან ვიყავი... მას კი თავი უხერხულად არ უგრძნია, პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა, მეც, ისე, რომ მიპატიჟებისთვის არც კი დამიცდია, მაშინვე წამოვხტი, რისთვისაც, ანუ ჩემი ამ მიხვედრილობისათვის, ვარენკამ მადლობა ღიმილით გადამიხადა, მაგრამ როდესაც

      ჩვენ მასთან მიგვიყვანეს, ხოლო მან ჩემი ღირსებები ვერ გამოიცნო, ხელი კი არ გამომიწოდა, გამხდარი მხრები აიჩეჩა და სინანულისა და იმის გამო, რომ დავემშვიდებინე, თბილად გამიღიმა... მერე როცა ვალსით მაზურკის ფიგურებს ვაკეთებდით, დიდხანს ვვალსირებდი მასთან და ის სუნთქვააჩქარებული – კიდევ, კიდევო, – ღიმილით მეუბნებოდა, მეც ვვალსირებდი და ვვალსირებდი, ისე, რომ საკუთარ სხეულსაც ვეღარ ვგრძნობდი.

      – როგორ თუ ვერ გრძნობდით? მე მგონი, ძალიანაც კარგად გრძნობდით, არათუ საკუთარ, როცა წელზე ეხვეოდით, მის სხეულსაც შესანიშნავად გრძნობდით, – უთხრა ერთ-ერთმა სტუმართაგანმა.

      ივან ვასილევიჩი უცებ გაწითლდა და გაბრაზებულმა თითქმის ყვირილით თქვა:

      – ჰო, ეს თქვენ ვერ ხედავთ, ახლანდელო ახალგაზრდებო, სხეულის გარდა ვერაფერს. ჩვენ დროს ასე არ იყო. რაც უფრო ძალიან ვიყავი შეყვარებული, ის ქალიშვილი ჩემთვის მით უფრო არაამქვეყნიური იყო... თქვენ, ახლანდელები, ფეხებს, კოჭებსა და კიდევ რაღაც-რაღაცეებს ხედავთ – ქალს, რომელიც გიყვართ, უტიფრად აშიშვლებთ. ხოლო ჩემთვის ჩემი სიყვარულის საგანი, როგორც ამას Alphonse Karr-ი ამბობს (მართლაც შესანიშნავი მწერალია), ბრინჯაოს სამოსით იყო შემოსილი. ჩვენ კი არ ვხდიდით, არამედ, ისე, როგორც ნოეს სიკეთით სავსე ვაჟიშვილი, ვცდილობდით დაგვეფარა სიშიშვლე – არა, თქვენ ამას ვერ გაიგებთ...

      – ნუ უსმენთ იაგას! მერე? მერე რა მოხდა? – ჰკითხა ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა.

      – მერე მოხდა ის, რომ ვცეკვავდი მასთან და ვერ ვიგებდი, დრო როგორ გადიოდა. დაღლილობისგან ქანცგაწყვეტილმა მუსიკოსებმა – იცით, როგორც ხდება ხოლმე ეს მეჯლისის ბოლოს – აიტაცეს მაზურკის ერთი რომელიღაც მოტივი და იმეორებდნენ და იმეორებდნენ. სასტუმრო ოთახში მყოფი დედები და მამები ვახშმის მოლოდინში ბანქოს მაგიდებიდან წამოდგნენ. გაირბენდა ხშირად ლაქია და შეიტანდა რაღაცას. მესამე საათი რომ დაიწყო, საჭირო იყო მესარგებლა ამ ბოლო წუთებით. ვარენკა ერთხელ კიდევ გამოვიწვიე საცეკვაოდ და ზალას ასჯერ მაინც შემოვუარეთ.

      – ესე იგი, ვახშმის შემდეგ კადრილი ჩემია? – ვკითხე, როცა ის თავის ადგილზე მიმყავდა.

      – რა თქმა უნდა, თუ არ მომიტაცეს! – მითხრა ვარენკამ და გაიღიმა.

      – არა, ამას არ დავუშვებ!

      – მომეცით მარაო, – მითხრა ვარენკამ.

      – მენანება, არ მინდა მოცემა, – ვუთხარი და თეთრი, იაფფასიანი მარაო გავუწოდე.

      – გული რომ არ დაგწყდეთ, აი, ეს თქვენ! – მითხრა, მარაოდან ერთი ბუმბული ამოაძრო და გამომიწოდა.

      ბუმბული გამოვართვი, მაგრამ, მხოლოდ თვალებით შევძელი, რათა მთელი ჩემი აღტაცება და მადლიერება გამომეხატა. არა მარტო გახარებული და კმაყოფილი ვიყავი, არამედ ვნეტარებდი,

      ვიყავი ბედნიერი, ვიყავი კეთილი, ვიყავი როგორიღაც არამიწიერი არსება, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, რა არის ბოროტება და რომელსაც მხოლოდ სიკეთის კეთება შეუძლია... ბუმბული ხელთათმანში რომ შევინახე, ვიდექი ისევ ერთ ადგილას გაშეშებულივით და ადგილიდან ვერ ვიძროდი.

      – შეხედეთ, მამას უნდა, რომ ვეცეკვო, – მითხრა და მაღალ, ტანად, მოხდენილ მამაკაცზე მიმითითა. ეს იყო ვერცხლის სამხრეებიანი პოლკოვნიკი, იგი დიასახლისსა და ვიღაც სხვა მანდილოსნებთან ერთად კარებში იდგა.

      – ვარენკა, მოდით აქ, – გავიგონე ბრილიანტის ფერონიკიანი და ელიზავეტასებურად მხრებმოშიშვლებული დიასახლისის ხმა.

      ვარენკასთან ერთად კართან მეც მივედი.

      – ma chère, სთხოვეთ მამას, იცეკვოს თქვენთან ერთად, – უთხრა ქალიშვილს და პოლკოვნიკს მიუბრუნდა, – ძალიან, ძალიან გთხოვთ, პიოლტრ ვლადისლავიჩ!

      ვარენკას მამა ლამაზი კაცი იყო, მაღალი, მოსული, სიცოცხლით, ძალითა და ღონით სავსე ხანში შესული მამაკაცი. ჰქონდა ძალიან ვარდისფერი სახე, à la Nicolas I თეთრი, დაგრეხილი ულვაშები, ასეთივე თეთრი, ულვაშებამდე ჩამოზრდილი ბაკენბარდები, მკვეთრად გამოკვეთილი, წინ წამოწეული საფეთქლები, თავისი ქალიშვილივით გაბრწყინებული თვალები და მხიარული, ალერსიანი ღიმილი. აღნაგობაც არაჩვეულებრივი ჰქონდა, სამხედრო

      კვალობაზე წინ წამოწეული, ფართო, არცთუ ბლომა ორდენებით დამშვენებული მკერდი, ძლიერი, გაშლილი მხრები და მაღალი, სწორი ფეხები. ეს იყო ნიკოლოზის დროინდელი მხედრული გამართულობის ნამდვილი სამხედრო მეთაური.

      კართან რომ მივედით, პოლკოვნიკმა – გადავეჩვიეო, ცეკვა თავიდან იუარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გაიღიმა, ხელი მარცხენა მხარეს სწრაფად გადაიტანა, ქარქაშიდან ხმალი ამოიღო, ზრდილ, თავაზიან ახალგაზრდა კაცს გადასცა, მარჯვენა ხელზე ნატის ხელთათმანი კარგად მოირგო, ყველაფერი კანონის მიხედვით უნდა იყოსო, – თქვა ღიმილით, ქალიშვილის ხელი ხელში აიღო, ოდნავ შეტრიალდა და ტაქტს დაელოდა და მაზურკის მელოდია გაისმა თუ არა, ცალი ფეხი მკვირცხლად დააბაკუნა, მეორე სწრაფად განზე გასწია და მისი მაღალი, ზონზროხა ფიგურა ხან ნელა და მწყობრად, ხან ხმაურიანად და მგზნებარედ, ფეხების ბაკუნით და ფეხის ფეხზე რტყმით დარბაზს ირგვლივ ცეკვა-ცეკვით დაუყვა. ნაზი, გრაციოზული ვარენკა ნარნარად მისრიალებდა მამის გვერდით, ხან შეამოკლებდა ნაბიჯს, ხან თამამად გააბიჯებდა თავის პატარა, თეთრი ატლასის ფეხსაცმელში გამოკვართულ ფეხებს. წყვილის თითოეულ ნაბიჯს მთელი დარბაზი მისჩერებოდა, მე კი არა მარტო ვტკბებოდი მათი მზერით, აღტაცებისგან გრძნობამორეული თვალს ვეღარ ვაცილებდი. გულს განსაკუთრებით მამამისის პაჭანიკებიანი თალათინის საუკეთესო ჩექმები მიჩუყებდა, ოღონდ არა მოდური, წვრილცხვირიანი, არამედ ძველებური, უქუსლო და ოთხკუთხედცხვირიანი, რომელიც, ეტყობა, ბატალიონის მეწაღის მიერ იყო შეკერილი. ქალიშვილი საზოგადოებაში რომ გაიყვანოს და ძვირფასად ჩაცმულ-დახურული ჰყავდეს, როგორც ჩანს, მოდურ ჩექმებს არ ყიდულობს, მეწაღის შეკერილით კმაყოფილდება-მეთქი, – ვფიქრობდი და ჩექმის ეს ოთხკუთხა ცხვირები გულს განსაკუთრებით მიჩუყებდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ოდესღაც შესანიშნავად ცეკვავდა,

      მაგრამ ახლა ძალიან იყო დამძიმებული და ეტყობა, აღარც ფეხები ემორჩილებოდა იმ ლამაზი, სწრაფი პაებისთვის, რომლითაც თავის მოწონებას ცდილობა. მერე დარბაზს ორჯერ მარჯვედ შემოუარა, გაჩერდა, ფეხები გან-განზე სწრაფად გადგა, მერე ფეხი-ფეხს სწრაფად შემოჰკრა და ცალ მუხლზე მძიმედ დაეშვა. ვარენკამ გაიღიმა, რაღაცას წამოდებული კაბის სწორებით მამას ირგვლივ ნარნარით შემოუარა და ყველამ ერთხმად ხმამაღალი ტაში დასცხო. მამა ნელა წამოდგა, ქალიშვილს ორივე ხელი თავზე ნაზად მოხვია, შუბლზე აკოცა და ჩემთან მოიყვანა – როგორც ჩანს, ეგონა, მე უნდა მეცეკვა მასთან, მაგრამ, ვუთხარი, რომ მე არ ვიყავი მისი კავალერი.

      – რა მნიშვნელობა აქვს, ახლა თქვენ იცეკვეთ მასთან, – მითხრა, ალერსიანად გამიღიმა და ხმალი ქარქაშში ჩააგო.

      ისე, როგორც სავსე ბოთლიდან წამოსულ ერთ წვეთს სითხე მერე ჩქაფუნით მოჰყვება ხოლმე, ასევე ვარენკას სიყვარული ჩემს გულს ერთბაშად ცეცხლივით მოედო და სიყვარულის მთელი ჩემი ნიჭი და უნარი სამზეოზე გამოიტანა. ჩემი სიყვარული მსოფლიოს სწვდებოდა, მიყვარდა ყველა და ყველაფერი, მიყვარდა ფერონერკიანი დიასახლისი, მისი ელიზავეტასებური დეკოლტე, მიყვარდა მოხუცი კამერჰერი, მიყვარდა მისი სტუმრები, მისი ლაქია, მიყვარდა თვით ჩემზე განაწყენებული ინჟინერი ანისიმოვიც კი. ხოლო ვარენკას მამის, მისი იმ გულისამაჩუყებელი ჩექმების, მისი ალერსიანი ღიმილის მიმართ, რომელიც ძალიან უგავდა ქალიშვილს, იმ დროს როგორღაც აღტაცების მომგვრელი სინაზით ვიყავი განმსჭვალული.

      მაზურკა დამთავრდა, მასპინძელმა სტუმრები სავახშმოდ მიიწვია, მაგრამ პოლკოვნიკმა ბ-მ,

      ხვალ ადრე უნდა ავდგეო, – ვახშამზე უარი რომ თქვა და გამოემშვიდობა მასპინძელს, ვაითუ ვარენკაც წაიყვანოს-მეთქი, ძალიან შევშინდი, მაგრამ ვარენკა არ წასულა, დედასთან ერთად დარჩა.

      ვახშმის შემდეგ შეპირებული კადრილი მასთან ვიცეკვე და მიუხედავად ამისა, როცა მეგონა, ჩემი სიყვარული, ჩემი ბედნიერება ზღვარდაუდებელია-მეთქი, სულ უფრო მატულობდა და მასთან ერთად მატულობდა ჩემი ბედნიერებაც... სიყვარულზე სიტყვა არ დამიძრავს. ვუყვარდი თუ არა, არც მას ვეკითხებოდი, არც საკუთარ თავს – მე რომ მიყვარდა, ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. მხოლოდ ერთი რამის მეშინოდა – მეშინოდა, ჩემი ბედნიერებისათვის რაიმეს ხელი არ შეეშალა.

      სახლში რომ მივედი, ტანსაცმელი გავიხადე და ვიფიქრე, დავიძინებ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სრულიად შეუძლებელი იყო. ხელში ისევ მისი მარაოს ბუმბული და მისი ხელთათმანი მეჭირა, რომელიც წასვლისას მაშინ მომცა, როცა კარეტაში ჯერ დედამისი ჩავსვი და მერე ის. ვუყურებდი იმ ხელთათმანს, იმ ბუმბულს და ხან იმ წუთებში მედგა თვალწინ ვარენკა, როცა ჩემი ღირსებები ამოიცნო და ორ კავალერს შორის მე ამომირჩია, ხან მისი ის საყვარელი ხმა, როცა ამბობდა – «სიამაყე? დიახ, ხომ ასეაო?» – თქვა და ხელი თვალებგაბრწყინებულმა გამომიწოდა... ანდა როცა ვახშმად შამპანურით სავსე სირჩა პირთან მიიტანა, შუბლქვემოდან გამომხედა და ალერსიანად გამიღიმა... მაგრამ, ყველაზე ხშირად იმ მომენტში ვხედავდი, როცა მამასთან ერთად ცეკვავდა და მის გვერდით ლამაზად მილივლივებდა, მათზე სიყვარულით მიჩერებულ საზოგადოებას გადახედავდა ამაყი და გახარებული, მე კი ჩემდაუნებურად ვუერთდებოდი შვილსაც და მამასაც ისეთი ნაზი, გრძნობის აღმძვრელი დიდი სიყვარულით.

      მაშინ მე და ჩემი აწ გარდაცვლილი ძმა ერთად ვცხოვრობდით. ჩემს ძმას არც მაღალ საზოგადოებაში ტრიალი უყვარდა, არც მეჯლისებზე სიარული. მით უმეტეს ახლა, როცა საკანდიდატო გამოცდილებისთვის ემზადებოდა და ძალიან მოწესრიგებულ ცხოვრებას ეწეოდა. ერთხელაც, ვხედავ, სძინავს. ბალიშში თავწარგული საბანშია გახვეული. შევხედე სიყვარულით და შემებრალა. შემებრალა იმის გამო, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ბედნიერი ვიყავი, მას კი არ შეეძლო გაეზიარებინა ჩემი ეს ბედნიერება, რომლითაც ყელამდე ვიყავი სავსე. ჩვენი ლაქია პეტრუშა სანთლით ხელში დამხვდა, უნდოდა გახდაში დამხმარებოდა, მაგრამ გავუშვი. მის აბურდულ თმას და ნამძინარევ სახეს რომ შევხედე, შემებრალა, როგორიღაც გულის ამაჩუყებელი მეჩვენა. რომ არ მეხმაურა, ფეხაკრეფით ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, თვალი ვერ მოვხუჭე, ვერა და ვერ დავიძინე. ოთახში ძალიან თბილოდა, დამცხა, წინკარში გავედი, შინელი ჩავიცვი, ისე, რომ მუნდირიც არ გამიხდია, გარეთა კარი გავხსენი და ქუჩაში გავედი.

      მეჯლისიდან რომ წამოვედი, ხუთი საათი იყო. ვიდრე სახლში მოვიდოდი და შინ ცოტას დავისვენებდი, გავიდა კიდევ ორი საათი, ისე, რომ სახლიდან გასულს გარეთ უკვე გათენებული დამხვდა. იდგა ზუსტად ყველიერის ამინდი, ბურუსი შავად იყო ჩამოწოლილი, გზებზე შემდნარი წყლით გაჟღენთილი თოვლი იდო, სახლის სახურავებიდან თოვლის ნაჟური წვეთავდა... ვარიას ოჯახი მაშინ ქალაქის ბოლოს, უშველებელი მინდვრის პირას ცხოვრობდა. მინდვრის ერთ ბოლოში სასეირნო ადგილი იყო, მეორე ბოლოში – ქალთა ინსტიტუტი. ჩამოვიტოვე ჩვენი უკაცრიელი მოსახვევი და დიდ ქუჩაზე გავედი. ქუჩაში ფეხით მოსიარულეები და მეფორნეები მიდი-მოდიოდნენ, მარხილის თავკაურებით შეშა ხიდურამდე მიჰქონდათ. მოაბაკუნებდნენ ცხენები პრიალა რკალებქვეშ სველი თავების ქნევითა და

      რყევა-რყევით. ფორნების გვერდით დიდრონ, უხეშ ჩექმებს მიაჭყაპუნებდნენ თავზე ნეჭაწაფარებული მეფორნეები... ქუჩის პირებში ნისლსა და ბურუსში გახვეული სახლები უჩვეულოდ მაღალი მეჩვენებოდა – იმ დღეს ყველაფერი ჩემთვის უჩვეულო და განსაკუთრებული იყო.

      მინდორში გავედი. მინდვრის ბოლოს, რომლის თავშიც მათი სახლი იდგა, სასეირნო მხარეს, კარგა დიდ ადგილზე რაღაც შავად ჩაწოლილი დავინახე. იმ ადგილიდან ფლეიტისა და დოლის ხმა ისმოდა. ჩემს სულში ყოველთვის ჟღერდა მაზურკის მოტივი, თუმცა ზოგჯერ მომესმებოდა კიდევაც. მაგრამ ახლა ეს სრულიად სხვაგვარი, ძალიან მკაცრი და უსიამოვნო მუსიკა იყო.

      «ნეტავი რა უნდა იყოს?!» – გავიფიქრე და შუა მინდორში გამავალ მოლიპულ სავალ გზაზე იმ ხმების მიმართულებით წავედი. ასიოდე ნაბიჯი რომ გავიარე, მძიმედ ჩამოწოლილ ნისლში უამრავი ადამიანის შავი სილუეტი გავარჩიე... ეტყობა, ჯარისკაცები არიან, ალბათ სწავლებაა-მეთქი და – ჩემ წინ მიმავალ გაქონილ ჯუბაჩიანსა და წინსაფრიან მჭედელთან, რომელსაც ხელით რაღაც მოჰქონდა, ახლოს მივედი. ორ რიგად ჩამწკრივებული, შავ მუნდირებში ჩაცმული ჯარისკაცები ერთმანეთის პირისპირ გაუნძრევლად იდგნენ, თოფები ხელში ფეხებამდე დაშვებული ეჭირათ. მათ უკან მედოლე და ფლეიტაზე დამკვრელი იდგა და იმავე არასასიამოვნო, მკივანა მელოდიას შეუჩერებლივ იმეორებდნენ.

      – ესენი აქ რას აკეთებენ? – ვკითხე ჩემ გვერდით მდგარ მჭედელს.

      – გაქცევისთვის თათარს სჯიან, – გაბრაზებულმა თქვა მჭედელმა და ჯარისკაცების გრძელ რიგებს გახედა.

      მეც იმ მხარეს დავიწყე ყურება და რიგებს შორის რაღაც საშინელება დავინახე, რომელიც თანდათან მიახლოვდებოდა. ეს იყო წელამდე შიშველი მამაკაცი, რომელიც ორ ჯარისკაცს თოფებქვეშ მიჰყავდათ. მათ გვერდით მოაბიჯებდა ქუდსა და შინელში გამოწყობილი მაღალი ტანის სამხედრო, რომელიც უცებ ძალიან ნაცნობი მეჩვენა... მთელი ტანით აკანკალებული დასჯილი გამდნარ თოვლში ფეხების ტყლაპა-ტყლუპით იმ მხარეს მოდიოდა, საითაც მე ვიდექი. ზოგჯერ გადაიხრებოდა უკან და ის უნტერ-ოფიცრები, რომლებსაც ის თოფებქვეშ მოჰყავდათ, წაუჯიკავებდნენ და რომ არ დაცემულიყო, ხელს სტაცებდნენ, უკან ექაჩებოდნენ. მათ გვერდით ფეხდაფეხ მტკიცედ მოაბიჯებდა ის ბრგე, მაღალი ტანის სამხედრო – ვარენკას მამა – პიოტრ ვლადისლავიჩ ბ... თეთრწვერულვაშიანი, თეთრბაკენბარდებიანი და სახევარდისფერი.

      ყოველ დარტყმაზე დასჯილი, თითქოს გაოცებულიაო, იმ მხარეს, რომელი მხრიდანაც ასე დაუნდობლად ურტყამდნენ, ტკივილისგან გაწამებულ, დანაოჭებულ სახეს მიატრიალებდა, დააღრჭენდა თეთრ კბილებს და თან რაღაც ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა. ეს სიტყვები მხოლოდ მაშინ გავარჩიე, როცა ჩვენთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. კი არ ლაპარაკობდა, ზლუქუნებდა: «ძმებო, შემიბრალეთ... შემიბრალეთ, ძმებო...» მაგრამ ძმები მისადმი გულმოწყალებას არ იჩენდნენ, არ იბრალებდნენ... როცა მსვლელობაში ზუსტად ჩემ პირისპირ აღმოჩნდა, დავინახე, ჩემ წინ მდგარმა ჯარისკაცმა, ფეხი წინ უტიფრად როგორ წადგა, ჯოხი შხუილით როგორ მოიქნია და თათარს მთელი ძალით ზურგზე როგორ დასცხო. თათარმა თავი ვეღარ შეიკავა, წინ წავარდა, მაგრამ უნტერ-ოფიცრებმა შეაჩერეს და ზუსტად ისეთივე ძალით ახლა მეორე მხრიდან ურტყამდნენ და ურტყამდნენ მთელი ძალით ფერდებში. პოლკოვნიკი შორიახლოს მოაბიჯებდა, ხან ფეხებზე დაიხედავდა, ხან დასჯილს გაადევნებდა თვალს,

      ჩაისუნთქავდა, დაბერავდა ლოყებს და ჰაერს ნელა გამოუშვებდა მოკუმული ტუჩებიდან. როცა მსვლელობაში იმ ადგილს გასცდა, სადაც მე ვიდექი, რიგებს შორის დასჯილს წუთით თვალი მოვკარი, მის შიშველ, წითელ-ყვითლად ავარვარებულ ზურგს შევხედე, ის იმდენად არაბუნებრივი იყო, რომ არათუ ვერ დავიჯერე, ვერც კი წარმოვიდგინე, შეიძლებოდა ეს ადამიანის სხეული ყოფილიყო.

      – ო, ღმერთო! – ჩაილაპარაკა ჩემ გვერდით მჭედელმა.

      მსვლელობა თანდათან წინ მიიწევდა, იმ ადგილს შორდებოდა, სადაც ჩვენ ვიდექით, მაგრამ ვხედავდით, ისევ ისე გამეტებით როგორ ურტყამდნენ ორივე მხრიდან ფორთხვით მიმავალს, ტკივილისგან დაკრუნჩხულს და გატანჯულს... დოლს ისევ ისე გაჰქონდა ბრაგაბრუგი, ისევ ისე გაჰკიოდა ფლეიტა, დასჯილის გვერდით ისევ ისე ამაყად მიაბიჯებდა მაღალი, ბრგე, წარმოსადეგი პოლკოვნიკი. უცებ შეჩერდა, სწრაფად მიუახლოვდა ერთ-ერთ ჯარისკაცს და უყვირა:

      – მე შენ გაჩვენებ, როგორ უნდა ცაცუნი! კიდევ არ დაარტყამ, მითხარ, კიდევ არ დაარტყამ მთელი ძალით?!

      მომესმა კაპიტნის მრისხანე ხმა და დავინახე, თავისი ძლიერი, ნატის ხელთათმანიანი ხელით როგორ ურტყამდა სახეში ტანმორჩილ, სუსტი აღნაგობის ჯარისკაცს იმის გამო, რომ არც ისე ძლიერად ურტყამდა თათარს წითლად ავარვარებულ, დასისხლიანებულ ზურგზე.

      – მოიტანეთ ახალი შპიცრუტენები! – იყვირა კაპიტანმა, იმ მხარეს გამოიხედა, სადაც მე ვიდექი, დამინახა, მაგრამ ისეთი სახე მიიღო, ვითომ ვერ მიცნო, შუბლი მრისხანედ შეიჭმუხნა და სწრაფად შეტრიალდა. შემრცხვა, არ ვიცოდი, თავი საით წამეღო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც ყველაზე სამარცხვინო საქციელში მამხილეს. თვალები დავხარე და სწრაფად იქედან წამოვედი. მთელი გზა ყურებში ხან დოლის ბრაგაბრუგი მედგა, ხან ფლეიტის სტვენა და ხანაც – «ძმებო, შემიბრალეთ... შემიბრალეთ, ძმებოო...» თავიდან არ ამომდიოდა პოლკოვნიკის თავდაჯერებული, გაავებული ყვირილი: «კიდევ არ დაარტყამ?.. მითხარი, კიდევ არ დაარტყამ?..» გულში ისეთ ფიზიკურ, გულისრევამდე მისულ ტკივილს ვგრძნობდი, ისეთ გაუსაძლის სევდას, რომ რამდენჯერმე გავჩერდი კიდევაც – ასე მეგონა, საცაა მთელ იმ სიბინძურეს ამოვანთხევდი, რამაც ჩემში იმ საშინელების შემდეგ ჩაიბუდა. არ მახსოვს, სახლამდე როგორ მივედი და როგორ დავწექი. მაგრამ, თვალები დავხუჭე თუ არა, ის ყველაფერი თვალწინ ისეთი სიცხადით დამიდგა, რომ საწოლიდან მაშინვე თავქაჯშეყრილივით წამოვხტი.

      – პოლკოვნიკმა ალბათ რაღაც ისეთი იცის, რაც მე არ ვიცი; რომ ვიცოდე, ალბათ გავიგებდი იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე და ასე არ დავიტანჯებოდი-მეთქი, – გავიფიქრე, მაგრამ რამდენსაც არ ვფიქრობდი, ვერაფერს ვხვდებოდი. ვერ გამეგო, პოლკოვნიკმა ისეთი რა იცოდა... მხოლოდ გვიან საღამოს დავიძინე, ისიც მას შემდეგ, რაც ერთ ჩემს მეგობართან წავედი და მაგრად დავთვერი.

      როგორ გგონიათ, რა გუნებაზე დავდექი, რა ვქენი, რა გადავწყვიტე მაშინ? ის, რომ რაც ვნახე, საშინელება იყო-მეთქი? არა, რა თქმა უნდა, არა. თუ ეს ასეთი გულდაჯერებით კეთდება, თუ

      ყველა ამას აუცილებლობად მიიჩნევს, ესე იგი რაღაც ისეთი იციან, რაც მე არ ვიცი-მეთქი და ვცდილობდი გამეგო, რა იყო ის რაღაც ისეთი, თუმცა რამდენიც არ ვეცადე, ვერც მაშინ გავიგე და ვერც მერე... სწორედ ეს ვერ გაგება იყო, რამაც გადამაფიქრებინა სამხედრო სამსახურში შესვლა, რაც მანამდე ასე ძალიან მინდოდა... და არა მარტო სამხედრო სამსახურში, არამედ როგორც ხედავთ, ვერსად გამოვდექი.

      – ის, თუ ვერსად როგორ ვერ გამოდექით, ჩვენ ეს ვიცით, – თქვა ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა, – აჯობებს ის გვითხრა, კიდევ რამდენი ადამიანი არ ივარგებდა, თქვენ რომ არ ყოფილიყავით?

      – აი, ეს კი, მართლაც დიდი სისულელეა, – თქვა გულწრფელი დანანებით ივან ვასილევიჩმა.

      – ჰო, მაგრამ სიყვარული? სიყვარულს რაღა მოუვიდაო? – ვკითხეთ.

      – სიყვარული? იმ დღიდან სიყვარული თანდათან მინელდა. როცა ვარენკა გაღიმებული ჩაფიქრდებოდა, რაც ხშირად სჩვეოდა, მაშინვე ის მოედანი და პოლკოვნიკი დამიდგებოდა თვალწინ და თავს როგორღაც უხერხულად ვიგრძნობდი... მას შემდეგ ვარენკას იშვიათად თუ ვნახავდი, ისე, რომ ის დიდი სიყვარული თანდათან დავიწყებას მიეცა... ასეა, ადამიანმა არ იცის, რა შეიძლება შეიცვალოს, რა გზით წავიდეს, საით წარიმართოს მისი ცხოვრება, თქვენ კი ამბობთ...

      ასე დაამთავრა ივან ვასილევიჩმა თავისი ამბავი.

ლევ ტოლსტოი

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მეჯლისი, მოთხრობა, ტოლსტოი

ნახვა: 105

გამოხმაურებები!

გენიაულური ნაწარმოებია - საზიზღარი თარგმანით ( ალბათ ჩვენი დროის ბრენდია(ჭირი))..

სიმახინჯეა Варенька -ს თარგმნა ვარენკა-დ ( მოფერებით სახელებს თავისებური შერჩევა სჭირდება- ანუ თუ ქართულ ოლიკო-ში ერთი ასო შეცდომაა  - ალეკო-ს მივიღებთ ! (

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გველის ტყავი გველის მაგივრად

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთხელ ყვავილოვან მდელოზე დავსეირნობდით მე და ჩემი პაწია მზეები. მე მათ ვასწავლიდი, თუ როგორ უნდა…

გაგრძელება

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2019.
საათი: 11:44pm 0 კომენტარი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო.…

გაგრძელება

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში,…

გაგრძელება

პარლამენტის პიკეტირება და კარვობანა რუსთაველზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters