ერიკ ემანუელ შმიტი - მაკულატურა


– წარმოუდგენელია, მე ოდესმე რომანები წავიკითხო! როგორ გეკადრებათ!
ის ბნელ, პირქუშ ბინაში ათასობით წიგნის გარემოცვაში ცხოვრობდა. ვეღარსად ატევდა მათ: იატაკიდან ჭერამდე სიმძიმისგან უკვე ჩაზნექილ სტელაჟებზე ერთსაც კი ვერ ჩატენიდით. აღშფოთებას ვერ მალავდა, თუ ვინმეს აზრად მოუვიდოდა, რომ მას ბელეტრისტიკის კითხვაში დროის უაზროდ გაფლანგვა შეეძლო.
– ფაქტები, მხოლოდ ფაქტები. ფაქტები და აზროვნება, ფაქტების გააზრება. სანამ რეალობას ბოლომდე არ ამოვწურავ, წარმოსახულ სამყაროს ერთ წამსაც კი არ შევწირავ. მორის პლისონი იშვიათად თუ მასპინძლობდა ვინმეს. მისი სახლის კარი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველასთვის ჩარაზული იყო. მოკლედ, ვერ იტანდა ვიზიტებს. მიუხედავად ამ ახირებისა, დროდადრო, როცა რომელიმე სტუდენტი მისი საგნის მიმართ ჭეშმარიტ ინტერესს გამოავლენდა, პლისონი მოლბებოდა ხოლმე და სასწავლო წლის მიწურულს ინტერესიანი და მიზანდასახული ყმაწვილკაცისთვის ჯილდოდ მოწყალებას გაიღებდა: შეწყალებულს შეეძლო პედაგოგთან ერთად მის სასტუმრო ოთახში ერთი საათი მასლაათში გაეტარებინა, დაბალ მაგიდაზე მორთმეული კათხა ლუდი ნება-ნება ეწრუპა და ზედ რამდენიმე მარცვალი მიწის თხილი მიეყოლებინა. და ყოველ ჯერზე ბინაში გამეფებული ატმოსფეროთი გაოცებული, მხრებაწურული, მოღუშული და მუხლებშეტყუპებული ახალგაზრდა თაროების ხარბად დათვალიერებას იწყებდა და მალევე რწმუნდებოდა, რომ აქ ესეების, სამედიცინო ლიტერატურის, ბიოგრაფიებისა და ენციკლოპედიების გარდა სხვა ჟანრის ლიტერატურისთვის ერთი მტკაველიც კი არ დარჩენილიყო.
– ბატონო პლისონ, ვატყობ, მხატვრულ ლიტერატურას დიდად არ სწყალობთ. არ გიყვართ რომანები?
– ეს იგივეა, რომ გეკითხათ, მიყვარს თუ არა ტყუილები.
– ნუთუ ასე ძლიერ გძულთ ბელეტრისტიკა?
– ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მას შემდეგ, რაც ისტორიამ, გეოგრაფიამ და სამართალმა გამიტაცა, აი, უკვე თითქმის ორმოცდახუთი წელია, რაც კვირაში რამდენიმე წიგნის წაკითხვას მაინც ვახერხებ და მერწმუნეთ, ყოველ ჯერზე ჩემთვის ახალსა და უცნობს აღმოვაჩენ ხოლმე. აბა, მითხარით, რა უნდა შემეტყო ბელეტრისტებისგან, რომლებიც უპირატესობას მხოლოდ
ფანტაზიას ანიჭებენ. არა, სერიოზულად გეკითხებით: რა უნდა მაუწყონ მათ? თუ მოხდა სასწაული და სინამდვილეში მომხდარ ამბებს შეეხნენ, გამორიცხულია, ეს მე არ ვიცოდე; რაც შეეხება გამონაგონს, ირეალურს, სიმართლე გითხრათ, მიმიფურთხებია.
– მაგრამ ლიტერატურა...
– სულაც არ მინდა ჩემი კოლეგების გონების ნაჟური ვლანძღო და ვთათხო. არც თქვენი ენთუზიაზმისა და გატაცების განელება მსურს. ვიცი, რომ გულმოდგინედ სწავლობთ და «ეკოლ-ნორმალში» თქვენს სწავლას ვერაფერი შეუშლის ხელს. თუ ჩემი მოსაზრების გულწრფელად გამოხატვის უფლება მაქვს, მე ამას ვიტყოდი: კმარა, ნუ გაგვიწყალეთ გული ამ თქვენი ლიტერატურით! ნუ გამოგვიტენეთ თავი ამ მონაჩმახით. გეყოფათ სიტყვების რახარუხი... რომანების კითხვა მხოლოდ ქალების საქმეა; თუმცა ამაზე დროის დაკარგვას არც მათ ვურჩევდი; ქარგვა და ქსოვა, საერთოდ, ხელსაქმე, უფრო სასარგებლოა. რომანების წერა ნიშნავს, მცონარა სუსტ სქესს მიმართო და მისი კეთილგანწყობისა და თანამოაზრეობისთვის იბრძოლო. ეს არის და ეს. სხვა მიზანს ვერ ვხედავ. მოდი, გავიხსენოთ ისეთი დასაფასებელი და პატივცემული ინტელექტუალი, როგორიც პოლ ვალერი გახლდათ. ის საერთოდ უარს ამბობდა დაეწერა ისეთი ტექსტი, რომლის შესავალი ამ სიტყვებით დაიწყებოდა: «მარკიზა სახლიდან ხუთ საათზე გავიდა». ცამდე მართალი იყო. თუ ის უარს ამბობდა ასეთი რამეების წერაზე, მე
უარს ვაცხადებ მათ წაკითხვაზე; «მარკიზა ხუთ საათზე გავიდა». ჯერ ერთი, გაუგებარია, რომელ მარკიზაზეა საუბარი, სად ცხოვრობს ის? რომელ ეპოქას აღგვიწერენ? ვინ დამიმტკიცებს, რომ მისი სახლიდან გასვლისას ხუთი საათი იყო და არა ექვსის ათი წუთი. ან კიდევ ექვსის ნახევარი? ამას გარდა, რა იცვლება იმის მითითებით, სახლიდან საღამოს ხუთზე გავიდა თუ დილის ათ საათზე? ეს ყველაფერი თითიდან არის გამოწოვილი და რეალობასთან კავშირი არა აქვს. ხედავთ? რომანში მხოლოდ განუკითხაობა ან რაღაც ამდაგვარი მეფობს; მე სერიოზული ადამიანი ვარ. აქ, ჩემთან, რომანებს არაფერი ესაქმება. ეგეც არ იყოს, არც ვიცი, სად შევტენო. მათ წასაკითხად არც დრო მაქვს და არც სურვილი, არაფერს ვამბობ ძალაზე, ეს მონაჩმახი რომ ნთქავს.
მასპინძელს ეტყობოდა, რომ მტკიცებულებებს უტყუარად მიიჩნევდა. მისმა სტრატეგიამ, ისევე როგორც შარშან, წელსაც გაამართლა: სტუდენტი კონტრარგუმენტების უქონლობის გამო სრულიად განიარაღებული აღმოჩნდა. მორის პლისონმა გაიმარჯვა. სტუდენტის აზრები რომ წაეკითხა, საეჭვოა, პლისონი კმაყოფილი დარჩენილიყო; უთუოდ მიხვდებოდა, რომ სტუდენტის დუმილი გამარჯვებას სულაც არ ნიშნავდა. ლექტორის უაპელაციო, მენტორული ტონით შეცბუნებულს მისი თეორია ზედმეტად რადიკალური და არათანამიმდევრული ეჩვენა; მით უმეტეს, ისეთი გონიერი და მოაზროვნე ადამიანისგან, როგორიც პლისონი იყო. გაკვირვებულს უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში: რატომ განუდგა წარმოსახვით სამყაროს? რატომ არ ეკარება ბელეტრისტიკას სათოფეზე? რატომ შეიძულა ხელოვნება და საერთოდ, გრძნობების გამოხატვა? ჭაბუკს ისიც გაუკვირდა, რომ «მარტოხელა ქალების» სიძულვილი «მარტოხელა მამაკაცის» ბაგეებიდან იფრქვეოდა. ლიცეუმში ყველამ იცოდა, რომ ბატონი პლისონი უცოლო იყო, ჩამოყალიბებული ბერბიჭა; მეტიც, ქალთან ერთად მისთვის თვალი კაციშვილს არ მოუკრავს.
მორის პლისონმა ყმაწვილკაცს კიდევ ერთი ლუდის ბოთლის გახსნა შესთავაზა – ეს მისი მანერა იყო და აუდიენციის დასასრულზე მიანიშნებდა. მოსწავლე პედაგოგს ჩანაფიქრს მიუხვდა, მადლობად დაიღვარა და ლექტორის თანხლებით გასასვლელისკენ გაემართა.
– აბა, ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ უპრიანი იქნებოდა, უკვე აგვისტოდან ანტიკური ქვეყნების ისტორიის გამეორება დაგეწყოთ. გაისად, გამოცდებამდე ამის დრო ნაკლებად გექნებათ.
– დიახ, ბატონო პროფესორო, საბერძნეთისა და რომის ისტორიას პირველი აგვისტოდანვე ჩავუჯდები. თქვენს რჩევას ზედმიწევნით შევასრულებ. იმედია, მშობლები მანქანის საბარგულში წიგნებით გაძეძგილ ჩემს ჩემოდანსაც დაატევენ.
– საით აპირებთ წასვლას?
– ალბათ, პროვანსში. იქ აგარაკი გვაქვს. და თქვენ?
ამ მექანიკურად დასმულმა თავაზიანმა კითხვამ პედაგოგი, რბილად რომ ვთქვათ, საგონებელში ჩააგდო. თვალები დააფახულა და პასუხის მოფიქრებას შეეცადა.
– აბა, რა გითხრათ... ზუსტად კი არ ვიცი... სახლი მეგობარმა ქალმა იქირავა. ჩვეულებისამებრ, დახმარებისათვის ტურისტულ სააგენტოებს მივმართავთ ხოლმე. წელს არდეშში გავემგზავრებით, ასე გადაწყვიტა მან და ყველაფერი თვითონვე მოაგვარა... სოფლის სახელი კი ვერ დავიმახსოვრე...
სტუდენტმა შეცბუნებულ ლექტორს თავაზიანად გაუღიმა, გამომშვიდობებისას ხელი ჩამოართვა და კიბეზე კისრისტეხით დაეშვა. ერთი სული ჰქონდა, სანამ მეგობრებს შეხვდებოდა, რათა მათთვის საუკუნის ამბავი მოეყოლა: თურმე პლისონს საყვარელი ჰყოლია! ქალაქის «ჭორბიუროს» თანამშრომლები, ცხადია, მწარედ შემცდარან მორის პლისონის თაობაზე; უპირველესად კი ისინი, ვინც ის უაპელაციოდ მამათმავლად შერაცხეს, შემდეგ კი ისინიც, ვინც დუჟმორეული ამტკიცებდნენ, ჩვენი სასიქადულო ლექტორი მეძავებში
დაძვრებაო; შეცდნენ ისინიც, ვინც ფიქრობდნენ, რომ პლისონი ქალს ჯერ არც გაჰკარებია... თურმე ლექტორს, რომელიც მიმზიდველი გარეგნობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა, უკვე წლებია, მეგობარი ქალი ჰყოლია. ისინი მთელ მსოფლიოში დაეხეტებიან და შვებულებასაც ერთად ატარებენ. ალბათ, პარასკეობით, საღამო ჟამს, ერთმანეთსაც კი ხვდებიან. საინტერესოა, რატომ არ ცხოვრობენ ერთად? აქ შესაძლებელია ორი ვარიანტი ვივარაუდოთ: ან ქალი აქაური არ არის, ან კიდევ გათხოვილია... ოჰ, ბატონო მორის, გირჩევთ, ფრთხილად იყოთ. მოსამზადებელი კურსების მსმენელები ამ ზაფხულს თქვენთვისაც მოიცლიან, სიამოვნებით აიქაფებენ პირს თქვენს სამიჯნურო ვოიაჟებზე.

* * *


კარის მიხურვისას პედაგოგი შეფიქრიანდა, ტუჩები ნერვიულად მოიკვნიტა. ნეტავი ვინ ექაჩებოდა ენაზე? სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო, არავისთვის მიუცია უფლება, მის პირად ცხოვრებაში ჩაეყო ცხვირი. დღეს რა ჭირი ეტაკა? რატომ მოუდუნდა ასე სიფრთხილე? ყველაფრის თავიდათავი ეს შეკითხვაა: «არდეშში, მაგრამ კონკრეტულად სად?» მიხვდა, რომ ადგილის სახელი მეხსიერებიდან ამოუვარდა... და ეს როგორ დაემართა მას, ფოლადის მეხსიერების პატრონს; ისეთი მეხსიერების, ყველაფერს
რომ ისრუტავს, უმნიშვნელო წერილის დეტალებსაც კი... ამან იმდენად შეაცბუნა, რომ, მეხსიერების ღალატის შესანიღბად, სილვიას სახელი წამოაყრანტალა.
და რა მოროშე მაინც? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას. ავადმყოფობები, რომლებსაც ასე უფრთხოდა, სწორედ ასე მჟღავნდებიან: გონების ამღვრევით, ფაქტების ერთმანეთში არევით, დაბნეულობითა და მოუხერხებლობით და, რაც ყველაზე საგანგაშოა, მეხსიერების დაკნინებით...
ახლა კიდევ თავი უდუღს... საფეთქლებშიც მოაწვა სისხლი. ვითომ სიცხემ აუწია?.. არა, აშკარად ავადაა. იქნებ ეს სულაც მორიგი სიმპტომია? შესაძლებელია თუ არა ადამიანის ტვინმა ასეთი სისწრაფით განიცადოს დეგენერაცია?
მორისმა სილვიას ნომერი აკრიფა. ქალი ყურმილის აღებას აყოვნებდა. მოულოდნელად კაცი შიშმა შეიპყრო, ნომერი ხომ არ შემეშალა და სხვა ხომ არ შევაწუხეო. ჩვეულებისამებრ, სილვია ასე დიდხანს არ ალოდინებდა.
«მგონი, საქმე უარესადაა, ვიდრე ვვარაუდობდი. თუ ნომერი შემეშალა და სხვამ მიპასუხა, მაშინვე დავკიდებ და წამის დაუკარგავად საავადმყოფოში გავქანდები».
მეათე ზარზე ხაზის ბოლოში გაკვირვებული ადამიანის ხმა გაისმა:
– დიახ?
– სილვია, შენა ხარ? – იკითხა სუნთქვაშეკრულმა უსიცოცხლო ხმით.
– დიახ.
პლისონმა შვებით ამოისუნთქა. «არც ისე ცუდადაა ჩემი საქმე, ყოველ შემთხვევაში, ნომერი სწორად ამიკრეფია».
– მორისი ვარ.
– ოჰ, მაპატიე, მორის, ვერ გიცანი... დროულად ვერ მოვაღწიე ყურმილამდე, შორს ვიყავი. მოხდა რამე? ამ დროს არ მირეკავ ხოლმე...
– სილვია, ამ ზაფხულს არდეშში სად მივდივართ? ზუსტად მითხარი.
– ერთ-ერთი დაქალის სახლში... უფრო ზუსტად, ჩემი დაქალების დაქალთან...
– ადგილს რა ჰქვია?
– აზრზე არა ვარ.
სასოწარკვეთილმა მორისმა თვალები ააფახულა, ყურმილი ხელებში მოიქცია და მთელი ძალ-ღონით მოუჭირა. სილვიასაც იგივე სჭირს, ორივე ერთი სენით ვართ სნეული!
– შენ წარმოიდგინე, არც მე, – ამოიკვნესა მორისმა, – როცა სტუდენტმა მკითხა, ვერაფრით გავიხსენე იმ სოფლის სახელი, რომელიც ამას წინათ მითხარი.
– მორის, როგორ უნდა გაგხსენებოდა სახელი, რომელიც არასოდეს მითქვამს. იმ მეგობარმა... ანუ ნაცნობების ახლობელმა... მოკლედ, სახლის პატრონმა მარშრუტი დამიხაზა, ადვილად რომ მივაგნოთ. თურმე, იზოლირებულ ზონაშია, ძალიან შორს დასახლებული პუნქტებიდან.
– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! ესე იგი, ჩემთვის არაფერი გითქვამს?
– არა.
– დარწმუნებული ხარ?
– კი.
– გამოდის, არაფერი დამვიწყებია და ყველაფერი რიგზეა? – შესძახა მორისმა.
– მოიცა, მოიცა, ვერაფერი გავიგე... – წამოიწყო სილვიამ.
ქალი ვერ მიმხვდარიყო, რომელი სადარდებლისგან გაათავისუფლა თანამოსაუბრე.
– მოიცა, მოვძებნი ქაღალდს, სადაც ჩავინიშნე და შენს კითხვასაც ზუსტად ვუპასუხებ.
მორისი ვოლტერისეულ სავარძელში ჩაეშვა, რომელიც მემკვიდრეობით ერგო დიდი დეიდისგან. საკუთარ ბინას ფართოდ შეჰღიმა, რომელიც იმწუთას ისეთივე თვალწარმტაცი ეჩვენა, როგორიც ვერსალის სასახლე. გადავრჩი! ხიფათი ავიცილე! საღ-სალამათი ვარ! არა, არა, თავის წიგნებს დროზე ადრე ვერ გამოემშვიდობება, გონება უჭრის, ტვინი შესანიშნავად უმუშავებს, ალცჰაიმერის დაავადება მისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა დაბანაკებული; ეს საძაგლობა მისი ტვინის დაჯავშნილ კოლოფში არ შემძვრალა. შორს ჩემგან შავბნელი წინასწარმეტყველებანი, ფანტაზიები და მისთანანი!
ტელეფონის შიშინზე მორისი მიხვდა, რომ სილვია ქაღალდებში იქექებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გაისმა მისი მოზეიმე ხმა:
– მორის, აქა ხარ? ვიპოვე, მიპასუხე, გესმის ჩემი?
– აქა ვარ. გისმენ.
– ჩვენ არდეშის ხეობაში მივდივართ. სახლი პირდაპირ გზას გადაჰყურებს, აქ არ მიწერია, რა ჰქვია იქაურობას. ახლავე აგიხსნი წვრილად: როგორც კი სენ-მარტენ-დე-ფოსეს გავცდებით, სოფელ შატენიესკენ გავუხვევთ; გზაჯვარედინის შემდეგ, სადაც წმინდა მარიამის ქანდაკება დგას, მესამე შესახვევია, მარჯვნივ. ამის შემდეგ კიდევ ერთ-ორ კილომეტრს გავივლით და მისული ვართ. გაკმაყოფილებს ასეთი პასუხი?
– სრულებით.
– ფოსტას გადაამისამართებ?
– ღირს კი ორი კვირის გულისთვის? მგონი, არა.
– მეც შენსავით მოვიქცევი. თან, რომც გინდოდეს, მსგავსი მისამართით რა გინდა, რომ ქნა.
– კარგი, სილვია, თავს არ შეგაწყენ. ხომ იცი, მე და ტელეფონი მაინცდამაინც ვერ ვმეგობრობთ. მაშ, შაბათამდე?
– ჰო, შაბათს ორ საათზე შევხვდებით.
სიხალისე და სასიამოვნო შეგრძნებანი, რომელიც მორისს ამ საუბრის შემდეგ დაეუფლა, არც მომდევნო დღეებში განელებია. თავს შესანიშნავად გრძნობდა, რაც მთავარია, სულ რაღაც ორ კვირაში შვებულებაც დაეწყებოდა.
ცნობილია, რომ უსექსოდ მცხოვრები მამაკაცები გადაჭარბებულად მეტს ფიქრობენ და ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მორისიც მათგან არაფრით გამოირჩეოდა. საკმარისი იყო, მისი თანდასწრებით რომელიმე ავადმყოფობა გეხსენებინათ, რომ საშინლად დაფრთხებოდა. ფიქრობდა, ახალი სენი ავიკიდეო და დღე-დღეზე მის გამოცხადებას ელოდა. თუ ეს უბედურება ვერაგი აღმოჩნდებოდა და შენიღბულად, მაგალითად, დაღლილობით, თავის ტკივილით, ოფლიანობით ან კუჭის აშლილობით გამოვლინდებოდა, მორისი კიდევ უფრო დიდ საგონებელში ჩავარდებოდა. სასოწართმეულს ღრმად სწამდა, რომ სწორედ ამ
ავადმყოფობამ დარია ხელი; მკურნალი ექიმი ჩვეული იყო სამუშაო დღის მიწურულს აღგზნებული, ფერწასული, აკანკალებული და პირგამომშრალი პროფესორის ხშირ გამოცხადებას, რომელიც მისგან კარსმომდგარი აღსასრულის დადასტურებას ითხოვდა. ყოველ ჯერზე ექიმი ყურადღებით სინჯავდა, – ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, – პაციენტს ამშვიდებდა და შინ გაბედნიერებულს გზავნიდა. ყოველ ჯერზე მორისი დარწმუნებული იყო: დროული, პრევენციული ჩარევა რომ არა, უთუოდ ახალგამოცხადებული ჭირის მსხვერპლი გახდებოდა.
შვებით აღსავსე დღეებში, რომელიც მორიგი საფრთხის თავიდან აცილებას მოჰყვებოდა, სიკვდილმისჯილი მორისი თავისუფლებას იბრუნებდა და ცხოვრების სიამტკბილობას მიეცემოდა ხოლმე. დროდადრო სარკის წინ გაშიშვლდებოდა, – საძინებელში ბებიის დანატოვარი ვეებერთელა კარადა იდგა კარებზე მიკრული სარკეებით, – და სხეულს რუდუნებით ათვალიერებდა. ლამაზი და ახოვანი ახლა უკვე აღარ ეთქმოდა, თუმცა მსგავს დახასიათებაზე პრეტენზია არც ყმაწვილკაცობაში შეიძლებოდა ჰქონოდა, – სამაგიეროდ, ჯანმრთელი იყო, თავით ფეხებამდე საღ-სალამათი. ეს სხეული, რომელიც ახლა უკვე აღარავის სჭირდებოდა, უფრო სუფთად გამოიყურება, ვიდრე ბევრ სხვათა მიმზიდველი სხეულები. წინ კიდევ მთელი ცხოვრება ჰქონდა. ამ განსაკუთრებულ დღეებში მორისს საკუთარი თავი უყვარდებოდა. შიშის განმეორებით შემოტევებთან თავგამოდებული ჭიდილი რომ არა,
დაეუფლებოდა კი მის სხეულს ასეთი სიამოვნებისა და განცხრომის განცდა? არსებობდა კი ამქვეყნად ვინმე, ვინც მსგავსი ტკბობით დაასაჩუქრებდა?
შაბათ დილით, ათ საათზე, პლისონმა იმ შენობის წინ დაასიგნალა, სადაც პაემანი ჰქონდა დანიშნული.
უშველებელი, უგემოვნოდ ჩაცმული სილვია აივანზე გამოგორდა. შესანიშნავ ხასიათზე ჩანდა.
– გამარჯობა, ძმაო!
– გამარჯობა, დაო!
სილვია და მორისი ჯერ კიდევ ბავშვობაში დამეგობრდნენ და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მორისი დედისერთა გახლდათ, სილვია კი – ერთადერთი ქალიშვილი ოჯახში. შეუყვარდათ ერთმანეთი და მოგვიანებით შეუღლებაზეც კი ფიქრობდნენ. თავიანთი განზრახვა ერთ-ერთ ბიძას გაანდვეს. ამ უკანასკნელმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, დეიდაშვილებს შორის ქორწინებას კანონი კრძალავსო. ამ გარემოებამ მათი მატრიმონიალური გეგმები კი დაამუხრუჭა, მაგრამ ურთიერთგაგებისათვის ზიანი არ მიუყენებია. იქნებ სწორედ ამ
აკრძალულმა ქორწინებამ ჩაუხშო მათ სხვა შესაძლო კავშირზე ფიქრის სურვილი? იქნებ ამ ჩაშლილმა ქორწილმა მიაღებინა მათ მტკიცე გადაწყვეტილება, აღარც სხვა წყვილის ფორმირებაზე ეზრუნათ, რადგან თავდაპირველად ჩაფიქრებულ წყვილს დაბადება არ ეწერა? არადა, წლები გადიოდა. ერთმაც და მეორემაც უკვე გადააბიჯა ორმოცდაათ წელს; ორივე კარგად იცნობდა სიყვარულში განცდილი მარცხის სიმწარეს. თითოეულს მხოლოდ ერთი გამოსავალი დარჩა, – როგორმე შეჰგუებოდა ბედ-იღბლით წინასწარ განსაზღვრულ დაუქორწინებლობას. დეიდაშვილები ისევ ერთად ატარებდნენ დროს, სხვათა შორის, ისეთივე სიამოვნებით, როგორც უწინ, თუ უფრო მეტად არა. თითქოს მათი შეხვედრები დროსა და ცხოვრების მკაცრ კანონებს აღარ ემორჩილებოდა. ყოველ წელს ცდილობდნენ, გამოეთავისუფლებინათ ერთი ან ორი კვირა, რათა ერთად გამგზავრებულიყვნენ ეგვიპტეში, საბერძნეთში, თურქეთში, სირიაში, ლიბანსა თუ რუსეთში. მორისს უფრო კულტურული მოგზაურობები ხიბლავდა. სილვიას პრეტენზიები და კონკრეტული სურვილები არ გააჩნდა, უბრალოდ, გიჟდებოდა ქვეყნიდან ქვეყანაში წოწიალზე.
სილვიას უკიდეგანო, აბრეშუმსა და შარფებში გამოხვეულმა სხეულმა შენობის ზღურბლს ქარბუქივით გადაუარა, მორისს წამიერი მზერა შეავლო, გადაჭრა ტროტუარი და ავტოფარეხისკენ გაემართა, რათა პაწაწინა მანქანის საბარგულში კიდევ ერთი ჩემოდანი ჩაეკვეხებინა. მორისს ვერაფრით გაეგო, რატომ ჰქონდა ამ ვეებერთელა ქალს ეს პაწაწინა, – უკვე
მერამდენედ! – მანქანები ამოჩემებული. ისინი მხოლოდ პატრონის სიმსუქნეს გამოკვეთდნენ, პრაქტიკულობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
– რაზე დაფიქრებულხარ, მორის?
სილვია მორისს მიუახლოვდა და გადაეხვია. ქალის მონუმენტურ გულმკერდს მიჭყლეტილი მორისი ფეხის წვერებზე შედგომას შეეცადა, რათა ლოყას მისწვდენოდა და კოცნითვე ეპასუხა. უეცრად ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს სილვიას პაწაწინა მანქანას დაემსგავსა, არც მეტი, არც ნაკლები. ვინმეს სურათი რომ გადაეღო სილვიასა და მისი «ხოჭოს» გვერდით მდგარი ჩია, შეუხედავი და ღონემიხდილი მორისისთვის, მხოლოდ ერთ რამეს იფიქრებდა: ეს კაცი, ალბათ, ამ ქალის კოლექციის ერთ-ერთი დეტალიაო!
– პარკინგს ვათვალიერებდი და გამახსენდა, რომ ჩემს ქუჩაზე ორი შავკანიანი ცხოვრობს, რომლებსაც თეთრი ლიმუზინები ჰყავთ. შავი. თეთრი. კონტრასტი. არ შეგიმჩნევია?
სილვიამ გადაიკისკისა.
– არა, – უპასუხა მორისმა, – მაგრამ შენმა ნათქვამმა ჩემი ერთ-ერთი კოლეგა გამახსენა მერიიდან, ქალბატონი ნ’და.N კრემისფერი პუდელი ჰყავს, რომელზეც ჭკუას კარგავს.
მორისს ოდნავ შესამჩნევი ღიმილი სახიდან გაუქრა. შეშინებულმა გაიაზრა, რომ მისი გრძელი, მაღალი და მძლავრი ამერიკული გაბარიტების მანქანა შესანიშნავად ეწერებოდა კონტრასტთა მიზიდულობის კანონში. ეჭვადაც არ გაუვლია გულში, რომ ეს არჩევანი შინაგანი კომპლექსის კომპენსირების მცდელობა იყო და სხვა არაფერი.
– მორის, ძალიან დაღლილი მეჩვენები... ვერ გამოიძინე?
– არა, არა, მშვენივრად ვარ. არაფერს ვუჩივი; შენ როგორ ხარ? ტელეფონზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ ერთმანეთი არ გვინახავს.
– გადასარევად. როგორც ყოველთვის, ჩემო მორის.
– ვარცხნილობა შეიცვალე? რაღაც სხვანაირი მეჩვენება.
– ჰო, ცოტა. მოგწონს? ასე უკეთესია?
– კი, უკეთესია, – დაუფიქრებლად უპასუხა მორისმა.
– სხვათა შორის, უნდა შეგემჩნია, რომ ხუთი კილოგრამი დავიკელი, მაგრამ რად გინდა,
ვერავინ ამჩნევს...
– როგორ არა. აი, სწორედ ახლა გავიფიქრე, ხომ არ...
– ცრუპენტელავ! ისე კი, მე მგონია, რომ ხუთი კილოგრამი ქონი კი არ დამიკარგავს, არამედ ტვინი. ეს ხუთი კილოგრამი კი არ ჩანს, არამედ ისმინება.
ამ განმარტებას სილვიამ გულიანი ხარხარი მოაყოლა.
მორისი სილვიას სიცილში არ აჰყოლია, მაგრამ კეთილმოსურნე მზერა კი შეავლო; დრომ მის სიყვარულსა და გრძნობას მეტი მკაფიოობა და სიფხიზლე შესძინა. მშვენივრად გრძნობდა, რომ ნათესავი მისგან დიამეტრულად განსხვავებული ტიპაჟი იყო: ნაკლებად განათლებული, გადამეტებულად კომუნიკაბელური, გარგანტუასეული ქეიფების დამფასებელი და მოყვარული, ავხორცი, ვულგარული და ბინძური ხუმრობებისა და ნეტარი დარდიმანდების მოტრფიალე, მაგრამ მისი ეს თვისებები მორისის გულისწყრომას სულაც არ იწვევდა; სილვია ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც უყვარდა და მისი, ასე ვთქვათ, კარგად შეყვარებაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი, ანუ ჰყვარებოდა ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო; სიბრალული კი, რომელსაც ამ ქალის სიმახინჯე აღუძრავდა, – წლების მატებასთან ერთად სილვიას სიგონჯე
უფრო გამოკვეთილი და თვალში საცემი ხდებოდა, – სითბოსა და სინაზეს უათკეცებდა. სინამდვილეში, თანაგრძნობა, რომლითაც ის უშნო დეიდაშვილს ეკიდებოდა, საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების არასრულფასოვანი შემცვლელი გახლდათ.
როგორც კი ლიონი და მისი მიხვეულ-მოხვეული და დამაბნეველი სატრანსპორტო ქსელი უკან ჩამოიტოვეს, დამსვენებლებმა რამდენიმე საათი ერთიმეორის უკან იქროლეს. რაც მეტად უახლოვდებოდნენ სამხრეთს, მით უფრო იცვლებოდა კლიმატი. ლიონის აუზში ჩამოწოლილი სქელი, მწველი, მახრჩობელა და სუნთქვის შემკვრელი ხვატი, – თითქოსდა ტყვიის გავარვარებული ფარი მოკვდავთა თავზე ჩამოკიდესო, – რონის ხეობაში მაამებელ და მაცოცხლებელ ნიავად გარდაიქმნა, რომელსაც უკვე არდეშის მისადგომებთან მინერალის გემო დაჰკრავდა.
შუადღეზე, გზის რამდენჯერმე აბნევის შემდეგ, – ამაზე სილვიამ გულიანად იხალისა, – მგზავრები, როგორც იქნა, მტვრიან, თითქმის გაუვალ შარაგზაზე გავიდნენ, რომელმაც ისინი ვილამდე მიიყვანა.
მორისი უმალ მიხვდა, რომ ამ ადგილის ღირსებანი მათთვის სულ მალე ნაკლად შეიძლებოდა ქცეულიყო; სახლს მხოლოდ ქვაღორღიანი ბილიკით თუ მიუდგებოდით, რომლის ორივე
მხარეს უწყლობისგან გამომხმარი იშვიათი ბუჩქები სულს ღაფავდნენ. ვილა იქვე მოპოვებული ბუნებრივი ჟანგისფერი ქვებისგან აღემართათ. ჟანგისფერი იყო შორიახლოს აღმართული პიტალო კლდეებიც და საერთოდ, მთელი პეიზაჟიც. მართალია, სახლი ამაყად გადაჰყურებდა არემარეს, მაგრამ მეზობელი ნაგებობებისგან რამდენიმე ასეული მეტრი აცილებდა.
– შესანიშნავია, – მხიარულად შესძახა მორისმა და ამით სილვიას დასტურის მოპოვება სცადა, მას კი სახეზე აშკარა ეჭვი და უკმაყოფილება აღბეჭდოდა, – დასასვენებლად იდეალურია, უკეთეს ადგილს კაცი ვერ მოიფიქრებდა.
სილვიამ გაიღიმა და სცადა, დეიდაშვილის აზრი გაეზიარებინა.
მალე ოთახები შეარჩიეს და ბარგიც სახლში შეზიდეს. მორისს, ძირითადად, წიგნები წამოეღო. სილვიამ სასწრაფოდ რადიოც ჩართო და ტელევიზორიც. მათი გამართული მუშაობით დამშვიდებულმა, დეიდაშვილს ადგილობრივ კომერციულ ცენტრში წასვლა შესთავაზა.
მორისი, რაკი კარგად იცნობდა სილვიას ტემპერამენტს, უყოყმანოდ დათანხმდა, შიშობდა, ქალს მეტისმეტად ბევრი რამ და თან ძვირად არ შეეძინა. სილვიას არ სჩვეოდა ფასების შეთვალიერება, შერჩევა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. სუპერმარკეტში მორისმა
ურიკა წინ გაიგდო და ორივენი თაროებს დაუყვნენ. სილვიაში დაუოკებელმა მადამ გაიღვიძა, ნება რომ მიგეცათ, ყველაფერს ურიკაში ჩააპირქვავებდა; გაუჩერებლად ყბედობდა, უმეტესად აქაური და იქაური, ანუ თავის სახლთან მდებარე სუპერმარკეტების ფასების შედარებით იყო გართული; გამყიდველებიც არ დაუტოვებია უყურადღებოდ, რამდენიმე მათგანს გამოელაპარაკა და პასუხით უკმაყოფილომ იქვე გამოთათხა კიდეც. მორისმა მთავარი საშიშროება ამ ჯერზე წარმატებით აიცდინა თავიდან, – ძეხვეულის თაროები ტოტალურ განიავებას გადაურჩა. ბოლოს, როგორც იქნა, ორივემ სალაროებისკენ აიღო გეზი.
– ერთი წუთით აქ მომიცადე, წიგნის აღება სულ ამომივარდა თავიდან, – ლამის შეჰკივლა სილვიამ.
მორისმა, რომელსაც გულით სურდა, შვებულებას უღრუბლოდ ჩაევლო, გაღიზიანება ძლივს მოთოკა. კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ გონებაში ქალი კედელთან მიაყენა და ავტომატის ჯერი მიუშვირა. რომელ ჭკუათამყოფელს მოუვიდოდა აზრად სუპერმარკეტში წიგნის ყიდვა? თვითონ პროდუქტების მაღაზიაში ერთიც კი არ შეუძენია! წიგნი წმიდათაწმიდა, ფასდაუდებული ნივთია! მისი არსებობის შესახებ თავიდან ბიბლიოგრაფიულ ჩამონათვალში უნდა შეიტყო, შემდეგ გაიკითხო, ეძებო დამატებითი ინფორმაცია, მერე, – რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება იქნება, – ბლოკნოტში ჩაინიშნო და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართო წიგნების
მაღაზიას, მაგრამ ფრთხილად, არა ნებისმიერს, არამედ ისეთს, ამ სახელს რომ ნამდვილად იმსახურებს. იქ კიდევ უნდა მოიძიო ან შეუკვეთო სასურველი წიგნი. საკითხავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეძებო სუპერმარკეტში, სოსისებს, ბოსტნეულსა და სარეცხ საშუალებებს შორის.
– რა სევდის მომგვრელი დრო დაგვიდგა... – გამოცრა მორისმა.
სრულიად უკომპლექსო სილვია კი წიგნის გროვებს შორის ლაღად დააბიჯებდა, გეგონებოდათ, დამშეული მგელია, რომელმაც აღარ იცის, რას გაჰკრას კბილიო. მორისმა განყოფილებას სწრაფი მზერა მიმოავლო და უმალ მიხვდა, რომ იქაურობა რომანებით იყო გაძეძგილი. მარტვილის დარად თვალები ჭერს მიაპყრო და გადაწყვიტა, საკითხავმოწყურებულ სილვიას სტოიკურად დალოდებოდა. ეს უკანასკნელი კიდევ სულაც არ ჩქარობდა, ხან ერთ რომანს აიტაცებდა ხელში, ხან მეორეს, ხმაურიანად ყნოსავდა გარეკანებს, ფრუტუნებდა, ფურცლავდა, კითხულობდა, თითქოს სოფლის ბაზარში მოვაჭრე გლეხის ქალია, რომელიც შიშობს, გამყიდველმა სალათის ტალახიანი ფოთლები არ შემომაპაროსო.
უეცრად სილვიამ შეჰყვირა:
– გადასარევია! ბოლო ქრის ბლექი!
მორისს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ეს ქრის ბლექი, რომელმაც მისი ნათესავი ლამის ორგაზმამდე მიიყვანა. არც კი გაუხედავს წიგნისკენ, რომელიც სილვიამ პროდუქტების მთას დაახეთქა.
– შენ რა, ქრის ბლექი არ წაგიკითხავს? თუმცა, მაპატიე, ეს რა სისულელე გკითხე, სულ დამავიწყდა, რომ რომანებს არ ეკარები. იცი, ეს არაჩვეულებრივია. ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ვერ მოსწყდები. დამიჯერე, ყოველ გვერდზე ნერწყვი მომდის. მოკლედ, სანამ ბოლოში არ გახვალ, ვერ მოისვენებ.
მორისმა შენიშნა, რომ სილვია წიგნს ისევე ახასიათებდა, როგორც მოწონებულ კერძს.
«ისე, კაცი რომ დაფიქრდეს, მართლები არიან ის კომერსანტები. სწორადაც იქცევიან, როცა წიგნებს კარტოფილსა და სალათის ფოთლების გვერდით ყრიან. სილვიასთანა მომხმარებლისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად შეიძენს საკითხავს?»
– ყური მიგდე, მორის, თუ გინდა, მასიამოვნო, ერთ დღესაც ქრის ბლექი აუცილებლად უნდა წაიკითხო.
– შენ თვითონ დამიგდე კარგად ყური: შენ რომ გასიამოვნო, უკვე ვიტან, რომ ქრის ბლექზე ყბედობით ყურები გამომიჭედე. ავტორზე, რომლის სახელი არასოდეს მსმენია. ნუ გექნება იმის იმედი, რომ ამ მაკულატურას გავეკარები.
– ძალიან დიდ სისულელესაც ჩაიდენ. უბრალოდ, იდიოტად მოკვდები.
– არა მგონია, ყოველ შემთხვევაში, ქრის ბლექის გამო არა.
– გასაგებია, შენ რომ გკითხო, მდარე გემოვნება მაქვს... ყოველ შემთხვევაში, ბლექის კითხვისას იმას მაინც ვხვდები, მარსელ პრუსტის რომელიმე ტომი ხელში რომ არ მიჭირავს. არც მთლად ისეთი გაუნათლებელი ვარ, შენ რომ გგონია.
– აბა, თუ წაგიკითხავს რამე მარსელ პრუსტის?
– უბრალოდ ღვარძლიანი კაცი ხარ, მორის, ბოროტი და ღვარძლიანი. ძალიან კარგად იცი, რომ, შენგან განსხვავებით, პრუსტი არ წამიკითხავს.
პილსონმა, როგორც განათლების ასპარეზზე მოღვაწე ღირსებააყრილმა წმინდა ბლანდინმა,


[1]


ირონიულად გაიღიმა, თითქოს ის პატივისცემა დაიბრუნა, სულ რამდენიმე წუთის წინ მისთვის რომ არ ემეტებოდათ. გულის სიღრმეში მორისი უზომოდ ტკბებოდა იმის გაფიქრებით, რომ როგორც დეიდაშვილი, ისე მისი სტუდენტები პრუსტის ნატიფ დამფასებლად მიიჩნევდნენ; სინამდვილეში ბელეტრისტიკისადმი თანდაყოლილი ალერგიის გამო პლისონს ასეთი სისაძაგლის ჩადენა არასოდეს მოსვლია აზრად. მით უარესი მათთვის, თუ ასე ფიქრობენ, ყოველ შემთხვევაში, ამჯერად არანაირი სურვილი არ ჰქონდა, სილვიასთვის აზრი შეეცვლევინებინა. ბოლოს და ბოლოს, მას იმდენი რამე აქვს გადაბულბულებული... ისიც ხომ მართალია, რომ პატივს მხოლოდ მდიდრებს სდებენ. განა ასე არ არის? თუ ასესხებ, მხოლოდ მდიდარს უნდა ასესხო. ისიც ხომ მართალია, რომ მსგავსი «ბრალდება» მხოლოდ განათლებულს შეიძლება მიეწეროს.
– მორის, ეჭვიც არ მეპარება, რომ შედევრი არ შემიძენია, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ მისი წაკითხვით უზარმაზარ სიამოვნებას მივიღებ და მშვენივრად გავატარებ დროს.
– შენ თავისუფალი ადამიანი ხარ და სრული უფლება გაქვს, ისე გაერთო, როგორც მოგეპრიანება. ეს ჩემი საქმე არ არის.
– თუ მოიწყენ, მე მომენდე. ქრის ბლექი ისეთივე ცნობილია, როგორიც დენ უესტი.
პლისონმა თავი ვერ შეიკავა და ქათამივით აკაკანდა:
– ქრის ბლექი ან უესტი... კონსპექტური არაფრისმთქმელი გვარები... თითქმის ონომატოპეა,


[2]


დასამახსოვრებლად ადვილზე ადვილი... ნებისმიერი ტეხასელი დებილი, დღედაღამ რომ იღეჭება, გაიმეორებს მათ ენის წაუბორძიკებლად. შენ რა, მართლა გგონია, რომ ეს ნამდვილი სახელები და გვარებია? მათი გადანათვლა მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგის კანონების თანახმად მოხდა.
– არაფერი მესმის... რისი თქმა გინდა?
– იმის თქმა მინდა, რომ ისეთი სახელები, როგორიცაა ქრის ბლექი და ან კიდევ დენ უესტი, ბევრად უფრო ადვილი აღსაქმელია ყდებზე, ვიდრე, მაგალითად, ჟიულ მიშლე.
სილვია შეპასუხებას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად მეგობრები დაინახა, გახარებულმა შეჰკივლა, ადგილს მოსწყდა და სამი მასავით იმპოზანტური გარეგნობის ქალისკენ გაგორდა, ძეხვივით გაპუტკუნებული ხელების ქნევით.
ამ სცენის მომზირალ მორისს კინაღამ გული გადაუქანდა. დეიდაშვილი სულ მცირე ნახევარი
საათით, – ბლიც-გასაუბრებისთვის მინიმალური დრო სილვიასთვის, – მაინც დაეფცქვნა ხელიდან.
შეღონებული მორისი ადგილიდან არ დაძრულა, სილვიას მეგობრებს მისალმების ნიშნად უღიმღამოდ დაუქნია ხელი და ამით მიანიშნა, რომ დაუგეგმავ კოლოკვიუმში მონაწილეობას არ აპირებდა. გადაწყვიტა, – სხვა გამოსავალი არც ჰქონდა, – მოთმინებით დაეცადა, სანამ მისი კომპანიონი ყბედობით გულს იჯერებდა. ურიკის სახელურს დაეყრდნო და პროდუქტების დათვალიერებას შეუდგა. უცებ მზერა ერთი წიგნის გარეკანზე გაეყინა. ღმერთო, რა ვულგარულია: გარეკანზე ამოტვიფრული ოქროს ასოები, ზედმეტად ექსპრესიული გრაფიკა, რომელსაც უნდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ შიგ საშინელი რამეები ეწერა, ბარემ იარლიყი დაეკრათ საგანგაშო წარწერით: «ფრთხილად, საწამლავია!» ან კიდევ «სდექ, მაღალი ძაბვის ხაზია! სიცოცხლისთვის სახიფათოა!» ან კიდევ, ეს სათაური – «შავბნელ საიდუმლოებათა ოთახი». უფრო იდიოტურს კაცი ვერაფერს მოიფიქრებდა. გოტიკა და მოდერნი – ორი საზიზღარი გემოვნების შერწყმა. ვითომ სათაური არ კმაროდა, თვითშემოქმედებით გატაცებულ გამომცემელს გასაბუქებლად ზედ კიდევ ერთი განცხადება დაურთავს: «როცა წიგნს დახურავთ, შიში თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება». აი, არარაობა, აი, უბადრუკობა... გადაფურცვლა არც არის საჭირო, რომ მიხვდე, რა ნაგავიც წერია შიგ.
ქრის ბლექი... თოფით რომ დამადგნენ, მე ამ წიგნის გადამშლელი არა ვარ. ამას სიკვდილს ვამჯობინებ... მერე, რა სქელია... სუფთა სილვიაა, რა! ასეც უნდა იყოს, მაშ, რაში გადაგახდევინეს ამხელა ფული? დიახაც, სისქე დანახარჯის ადეკვატური უნდა იყოს.
მორისმა ქალებისკენ გაიხედა. როცა მიხვდა, რომ ამ სამი ადამიანისთვის გარე სამყარო უკვე აღარ არსებობდა, იმდენად იყვნენ ჭორაობაში შეჭრილნი, შეუმჩნევლად ამ «აგურს» გვერდი უცვალა. ნეტავი რამდენი გვერდია? რვაასი! რა საშინელებაა! როცა გაიფიქრებ, რამდენი ხეა მოჭრილი მისტერ ქრის ბლექის ნაგვის გამოსაცემად, შეიძლება გაგიჟდე კაცი. ალბათ, მილიონობით ტომს ყიდის, ეს ნაძირალა! ყოველი მისი ბესტსელერის გამოსაცემად ნადგურდება ტყე, რომლის გაშენებას სამი საუკუნე მაინც სჭირდება. ჰოპ და, ტყე აღარაა. ნადგურდება პლანეტის ფილტვები, ჟანგბადის მთელი მარაგი და რისი გულისთვის, რათა სქელტრაკა ქალებმა იკითხონ წიგნები, რომელთა ფასი გროშია. არა, ნამდვილად გულისამრევია ეს ყველაფერი...
ქალები განაგრძობდნენ რატრატს. მორისის არსებობა სულ გადაავიწყდათ. მოწყენილი პროფესორი დაიხარა და უკანა გარეკანზე დატანებული ანოტაციის წაკითხვა სცადა:
«დაზვერვის ფედერალური ბიუროს აგენტ ევა სიმპლონს თავიდანვე რომ სცოდნოდა, სანამდე
ჩაითრევდა ეს თავგადასავალი, დარკველში ერთი წამითაც არ შეყოვნდებოდა. სახლი მემკვიდრეობით ერგო დეიდისგან, რომელსაც ძლივს იცნობდა. აქ დიდი ხნით გაჩერებას არც აპირებდა, როგორც კი რეალური მყიდველი გამოჩნდებოდა, აქედან გუდა-ნაბადს აიკრავდა; ისე კი, იქნებ ჯობდა ამ სისხლიან მემკვიდრეობაზე უარი ეთქვა? დროებითი ვიზიტი ევას წარმოუდგენელ სიურპრიზებსა და სახიფათო შეხვედრებს უქადის... ვინ რჩება შუაღამისას სახლის შუაგულში მდებარე მიუდგომელ ოთახში, რომლის შესასვლელს პატრონმა ვერანაირად ვერ მიაგნო? რას უნდა ნიშნავდეს გვიან ღამე ფსალმუნების ღიღინი? ვინ იყვნენ ის უცნაური მყიდველები, რომლებიც ამ მიუსავლეთში აშენებული, თითქმის ნანგრევებად ქცეული სახლის სანაცვლოდ მზად იყვნენ, უყოყმანოდ გაეღოთ მილიონი? რომელი XVI საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი ახსენა ერთხელ საუბრისას აწ განსვენებულმა დეიდამ? რა სახიფათო ცნობებს შეიცავდა ხელნაწერი? იქნებ მათი მეშვეობით მოჰფენოდა ნათელი მყიდველთა უცნაურ ქცევას? აგენტ ევა სიმპლონის ტანჯვა, როგორც ჩანს, მხოლოდ იწყება. მასთან ერთად მკითხველიც რისკავს კარგა ხნით მშვიდი ძილით დაძინებას».
მაგარი რამეა! ისეთი კრეტინული სიუჟეტია, ფილმის გადასაღებადაც არ ივარგებს.
პლისონს ასევე სძულდა კინემატოგრაფიც: ვიოლინოს გულის გამაწვრილებელი წრიპინი, ეკრანის ცისფერი ათინათი, სიბნელეში გაყურსული მაყურებელი, წინ და უკან მორბენალი
ქერათმიანი მეძავები... გასაოცარი ის კი არ არის, რომ მსგავს სისულელეს უამრავი ადამიანი ეტანება, არამედ ის, რომ არსებობენ მავანნი, მსგავს ამბებს რომ ჩხაპნიან. ყოველი ხელობა იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ბინის გადასახადის მოქუჩების ბევრად ღირსეული მეთოდები არსებობს. ამ რვაასგვერდიანი რომანის გამოცხობას იმ უბედურმა ავტორმა, ალბათ, სულ მცირე, ნახევარი წელიწადი მაინც მოანდომა. პირადად მე ორი ვარიანტი მესახება: ა) ეს ქრის ბლექი ან თვითკმაყოფილი ღორია, ან კიდევ მონა, რომელსაც გამომცემელმა საფეთქელზე პისტოლეტი მიაბჯინა: «ძველო, რვაას გვერდს ერთი სიტყვა არ უნდა დააკლდეს. დაწერ ნაკლებს და ტვინს კედელზე მიგასხმევინებ! რატომ მაინცდამაინც რვაასი, მბრძანებელო? გიხსნი, უბედურო, საცოდავო მჩხაპნელო, რომ საშუალო შეძლების ამერიკელს თვიური შემოსავლიდან მხოლოდ ოცი დოლარისა და ოცდაათი საათის გაფლანგვა შეუძლია, გასაგებია? რომანი რვაას გვერდს არ უნდა გადასცილდეს და არც ნაკლები გამოვიდეს. დავიდა შენამდე? ეს ხარისხისა და ფასის იდეალური თანაფარდობაა. ასეთია ბაზრის კანონი. გასაგებად გიხსნი? და მორჩი დოსტოევსკის ციტირებას. ვერ ვიტან კომუნისტებს».
ამ სცენის გამოგონებით ურიკის სახელურზე დაყრდნობილ, ირონიულად აქეთ-იქით მომზირალ პლისონს კმაყოფილებისგან მთელი სხეული აუთახთახდა.
მოხდა ის, რასაც ასე უფრთხოდა, სილვიამ დაიჟინა და დეიდაშვილი დაქალებს წარუდგინა:
– მოდი, მოდი, მორის. ჩემი გოგოები რომ არა, არ ვიცი, შევძლებდით თუ არა სახლის დაქირავებას. გრეისი, ოდრი და სოფია ჩვენგან არც ისე შორს, სულ რაღაც ათი კილომეტრით დაშორებულ ვილაში ცხოვრობენ. ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს.
მორისმა თავაზიანი იერით რამდენიმე ფრაზა ამოილუღლუღა, თვითონ კი ფიქრობდა, სამართლიანი იქნებოდა, თუ პარლამენტი საგანგებო ედიქტით მახინჯ და უსაშველოდ სქელ ქალებს ლამაზი სახელების ტარებას, – გრეისი, ოდრი, სოფია, – კატეგორიულად აუკრძალავდა. შემდეგ ისინი ერთმანეთს უახლოეს მომავალში ბუნების წიაღში სეირნობას, ბურთის თამაშსა და ორანჟადის დალევას შეჰპირდნენ. გამომშვიდობებისას ერთხმად შესძახეს: «შეხვედრამდე!»
უკანა გზობაზე, სანამ მგზავრები სოფლის უკაცრიელ ქუჩებს გაივლიდნენ და ვილამდე მიაღწევდნენ, მორისი ფიქრებში ისევ ქრის ბლექის რომანს მიუბრუნდა: «შავბნელ საიდუმლოებათა ოთახი» – რა კოშმარული სათაურია. ცნობისმოყვარეობა განსაკუთრებით ერთმა დეტალმა გაუღვიძა. XVI საუკუნით დათარიღებულ რომელ ხელნაწერზეა წიგნში საუბარი? როგორც ჩანს, დოკუმენტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ავტორს მთელი ინტრიგა მის გარშემო აუგია. ხელნაწერი უეჭველად სინამდვილეშიც არსებობს; პლისონის კოლეგებს, ლიტერატურის სპეციალისტებს თუ დაეჯერებათ, ამერიკელი მწერლები დიდი ფანტაზიითა და წარმოსახვით ვერ დაიკვეხნიან და პირდაპირ რეალურ ფაქტებსა და მოვლენებს უწევენ
ექსპლუატაციასო. იქნებ ეს სულაც ალქიმიკური ტრაქტატია? ან კიდევ ტამპლიერების ჩანაწერები? არ არის გამორიცხული, ოფიციალურად გაუცხადებელ სამარცხვინო მემკვიდრეთა სიაზე იყოს მინიშნება. იქნებ არისტოტელეს ორიგინალური ტექსტია, რომელიც დღემდე დაკარგული ეგონათ. მორისი უნებურად განაგრძობდა ახალ-ახალი ჰიპოთეზების თხზვას. ქრის ბლექი, ან ის, ვინც ამ ფსევდონიმსაა ამოფარებული, სულაც არაა საშუალო ნიჭის მჯღაბნელი, არამედ პატიოსანი და ალალ-მართალი მკვლევარი, ერუდიტი, უნივერსიტეტში მოღვაწე, დაბალხელფასიანი და დაუფასებელი ინტლექტუალი, მრავლად რომ არიან შტატების უნივერსიტეტებში. დაბოლოს, არ არის გამორიცხული, ისეთივე პიროვნება იყოს, როგორიც თვითონ მორის პლისონი, – პატიოსანი კაცი, რომელიც ასეთი სისაძაგლის ქაღალდზე გადმონთხევას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ერთი-ორი დოლარი ეშოვა, ვალები გაესტუმრებინა და ცოლ-შვილიც ულუკმაპუროდ არ დარჩენოდა; შესაძლებელია, ავტორის გონების ნაჟური სულაც არ არის ურიგო.
მორისმა თავს უსაყვედურა, თავისდაუნებურად მწერლისადმი კეთილად რომ განეწყო და გადაწყვიტა, უფრო სერიოზულ თემებზე ეფიქრა. შინ სურსათ-სანოვაგის ამოლაგებისას წიგნი მალულად აიღო, შემოსასვლელისკენ გავარდა და ქოლგების ჩასალაგებელ კერამიკის ქოთანში ჩაჩურთა.
სამზარეულოში ვახშმის მომზადებით გართულ სილვიას არაფერი შეუნიშნავს. მორისი შიშობდა, ვაითუ დეიდაშვილს უცაბედად წიგნი გაახსენდესო და სასწრაფოდ ტელევიზორი ჩაურთო, თან გააფრთხილა, ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ ჩემს ჩვევებს ვუღალატებ, როგორც კი ვივახშმებთ, დასაძინებლად მივდივარო.
«მთავარია, ტელევიზორის წინ დავსვა, გადაცემებით გართულს წიგნი სულ ამოუვარდება თავიდან და ამინდის პროგნოზის გამოცხადებამდე ეკრანს სკოჩივით მიეწებება», – მსჯელობდა გონებაში.
მორისის სტრატეგიამ გაამართლა. სილვია უზომოდ ბედნიერი იყო იმის დადგენით, რომ დეიდაშვილი ცხვირს არ იბზუებდა ისეთ უეშმაკო სიამოვნებაზე, როგორიც ცისფერ ეკრანზე მხატვრული ფილმის ნახვას მოაქვს. წელს შესანიშნავ არდადეგებს გავატარებთ, კარგი ვქენით, მოგზაურობაზე უარი რომ ვთქვითო, გაიძახოდა. ცვლილებებმა, როგორც იქნა, უკეთესობისკენ იბრუნა პირიო, დაასკვნა ბოლოს.
მორისი ნახევარი საათის განმავლობაში მოთმინებით ადევნებდა თვალს ეკრანს. სიუჟეტს ვერაფერი გაუგო, ადგა, დემონსტრაციულად დაამთქნარა და განაცხადა, მეტი აღარ შემიძლია, უნდა წამოვწვეო.
– ნუღარ ადგები, შეგიძლია მშვიდად განაგრძო ყურება, ნურც ხმას ჩაუწევ, ისე დავიღალე მგზავრობისგან, დაწოლა და დაძინება ერთი იქნება. აბა, ღამე მშვიდობისა, სილვია.
– ძილი ნებისა, მორის.
მორისმა ჯერ ჰოლისკენ გაუტია, ქოთანში გადამალული წიგნი ამოიღო, უბეში ჩაიჩურთა და ოთახში შევარდა. საღამოს ტუალეტი წამში მოითავა და საწოლზე ჩამოჯდა ქრის ბლექის წიგნით ხელში.
«უბრალოდ, მინდა ვიცოდე, XVI საუკუნის რომელ ხელნაწერზეა რომანში საუბარი», – თითქოს თავს იმართლებდა მორისი.
ოცი წუთის თავზე ეს საკითხი უკვე აღარ აღელვებდა. კრიტიკულმა მიდგომამ ტექსტისადმი, რომლის შენარჩუნებას ასეთი მონდომებით ცდილობდა, მხოლოდ სამიოდე გვერდს თუ გაუძლო. როგორც კი პირველი თავი ჩაათავა, მეორეზე მიიტანა იერიში. თითქმის აღარ სუნთქავდა; კითხვისას მისი სარკაზმი ისევე დნებოდა, როგორც შაქარი ადუღებულ წყალში.
მორისმა დიდად გაიკვირვა, როცა შეიტყო, რომ ფედერალური ბიუროს აგენტი ევა სიმპლონი
ლესბოსელი ყოფილა; ამ დეტალმა იმდენად გააოგნა, რომ ვერც პერსონაჟის ქმედებებს აყენებდა ეჭვქვეშ და ვერც მის ნააზრევს აფასებდა კრიტიკულად. გონებრივი მარგინალიზაცია, რაზეც ეს ყმაწვილქალი თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო იყო განწირული, პლისონს საკუთარ მარგინალიზაციას ახსენებდა, რომელსაც ფიზიკური სიმახინჯე ედო საფუძვლად. ასე რომ, ევა სიმპლონის მიმართ სიმპათიით განიმსჭვალა.
ამ დროს ჩაესმა, თუ როგორ გამორთო სილვიამ ტელევიზორი და ხვნეშა-ხვნეშით შეუდგა უკიდეგანო სხეულის ჭრაჭუნა კიბეზე აზიდვას. გაახსენდა, რომ დაპირების თანახმად, ახლა ღრმა ძილით უნდა სძინებოდა. დარცხვენილმა სასწრაფოდ ჩააქრო სასთუმალთან მდგარი ლამპა. დაუშვებელი იყო, სილვიას მისი სიფხიზლე შეეტყო; არც წიგნის ასავალ-დასავალი უნდა გაეგო, რომელიც ასე ოსტატურად თვალსა და ხელს შუა ასწაპნა. რომ შეეტყო, ვინ დაეპატრონა მის საკუთრებას, ცხადია, დაუფიქრებლად აართმევდა.
თვალებდაჭყეტილ პლისონს კუნაპეტ სიბნელეში იძულებით გატარებული რამდენიმე წუთი მარადისობად მოეჩვენა. სახლიც სავსე იყო უცნაური ხმებით, რომელთა იდენტიფიცირება არ შეეძლო. ისე, კარი თუ ჩაკეტა? რა თქმა უნდა, არა! პლისონი კარგად იცნობდა დეიდაშვილის მიმნდობ ხასიათს. საეჭვოა, გაეაზრებინა, ღვთისაგან მივიწყებულ, თითქმის ველურ, მოკვდავთა სამყაროს მიღმა აშენებულ უცნაურ სახლში რომ ცხოვრობდნენ. ვის შეეძლო
დაედასტურებინა, რომ აქაურობა მაწანწალებით, მათხოვრებითა და ბოროტმოქმედებით არ იყო გაძეძგილი; არსებებით, რომლებიც საკრედიტო ბარათის გულისთვის დაუფიქრებლად, სინდისის ქენჯნის გარეშე ნებისმიერს აუგებენ წესს? იქნებ ვიღაც მანიაკი დათარეშობს ამ მხარეში, ვილებში იპარება და დამსვენებლებს ხოცავს? სერიული მკვლელი, არდეშის ხეობის პირსისხლიანი ყასაბი... იქნებ მკვლელთა და მძარცველთა მთელი ბანდა დაძრწის ამ შემოგარენში? ცხადია, სილვიასა და მორისის გარდა, ეს აქაურებმა კარგად იციან. ისინი ეს-ეს არის, ჩამოვიდნენ და მათი გაფრთხილება არავის მოსვლია აზრად; ასე რომ, ისინი ბოროტმოქმედთათვის იდეალური სამიზნე ბრძანდებიან.
მორისს გააჟრჟოლა. აი, დილემა. როგორ მოიქცეს? ადგეს და შეამოწმოს, ჩარაზულია თუ არა კარი? ცხადია, ბოდიალში სილვიას გააღვიძებს, თუ ბოროტი ზრახვებით შეპყრობილ ადამიანებს შინ შემოჭრის უფლება მისცეს, თვითონ კი კარადაში გამოიკეტოს ან სარდაფში დაიმალოს? ამ დროს ღამის სიჩუმე ავბედითმა ხმამ დაარღვია.
ბუ?
აბა, რა?
უეჭველად ბუ იქნება! იქნებ ადამიანია, ბუს კივილს რომ ჰბაძავს და ამით თანამზრახველებს უხმობს? ბოროტმოქმედების პრაქტიკაში ამაზე კლასიკური ხერხი წარმოუდგენელია. განა ასე არ არის?
რა თქმა უნდა, ბუა.
კივილი განმეორდა.
მორისი ოფლად დაიღვარა და ნაკადულებად დაეშვა ხერხემლის გაყოლებაზე, ქვედა კიდურებისკენ. რაზე უნდა მიანიშნებდეს ამ შემაძრწუნებელი კივილის გამეორება? ეს იმის დასტურია, რომ ეს ნამდვილად ბუა თუ თანამზრახველის გამოხმაურება?
მორისი წამოხტა, დაღრეცილ-დაბრეცილ, ალაგ-ალაგ გახეულ ფოსტლებში გაყო ფეხები. ერთი წუთიც კი არ იყო დასაკარგი! რა მნიშვნელობა აქვს, რას იფიქრებს სილვია?! ამჟამად ფსიქოპათების ბანდა უფრო აწუხებდა, ვიდრე დეიდაშვილის რეაქცია.
მორისი დერეფანში გავარდა. მიაყურადა. აშკარად გაარჩია სააბაზანოში წყლის ჩხრიალი. ამის გაფიქრებაზე მორისმა შვება იგრძნო. ისე ჩავა პირველ სართულზე, სილვია ვერც ვერაფერს გაიგებს.
კიბიდანვე შენიშნა, რომ სასტუმრო და სასადილო ოთახს რაღაცნაირი იდუმალი შუქი მოჰფენოდა. მალევე მიხვდა, რომ სილვიას ყველაფერი, რისი გაღებაც შესაძლებელი იყო, ღიად დაეტოვებინა. დარაბებიცა და მინის კარიც დაუკეტავი დარჩენოდა. ბოროტმოქმედი მინას ერთი დარტყმით ჩაამტვრევდა და სახლში დაუბრკოლებლად შემოვიდოდა. სილვიას ისიც კი არ მოსვლია აზრად, კლიტედან გასაღები გამოეღო ან ერთხელ მაინც გადაეტრიალებინა. აი, ჩერჩეტი! აი, შეშლილი! ასეთი ქალების თანხლებით რაც უნდა მოხდეს, არ უნდა გაგიკვირდეს, სახლის სასაკლაოდ გარდაქმნაც კი.
პლისონს წამიც არ დაუკარგავს, სუნთქვაშეკრული გავარდა გარეთ და ერთიმეორის მიყოლებით დახურა დარაბები. ისეთი დამფრთხალი იყო, სოფლის სხვა სახლებისკენ გახედვაზე არც უფიქრია; ყოველ წამს შეიძლებოდა, უკნიდან ვიღაცა მიჰპაროდა და კეფაში ჩაეცხო, ან ყელში სწვდომოდა და გაეგუდა.
მორისი ჩქარი ნაბიჯებით ისევ შინ შევარდა და კარი მიხურა, რამდენჯერმე გადაატრიალა გასაღები, საიმედოდ ჩარაზა; დარაბებს დაუარა და შიგნიდან სათითაოდ დაგმანა; მერე კი ერთხელ კიდევ ჩამოუარა სახლს, ყველაფერი შეამოწმა.
ღამის რბოლამ არაქათი გამოაცალა. სულის მოსათქმელად ცოტა ხნით ჩამოჯდა. გახშირებული
სუნთქვა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა; სახლიც სიმშვიდითა და სიჩუმით სუნთქავდა. პლისონი მიხვდა, რომ პანიკის მწვავე შეტევამ გაუარა.
«კი მაგრამ, რა დღეში ხარ, ჩემო საწყალო მორის? ბავშვობის მერე, მგონი, ასე არაფერს შეუშინებიხარ».
მორისს გაახსენდა, როგორი მშიშარა იყო ბავშვობაში, მაგრამ ეგონა, მაშინდელი შიშებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა, სიმხდალე წარსულს ჩაჰბარდა. იმდროინდელი სამყაროც ღრუბელივით გაიფანტა და მისი ბინადარი მორისიც უგზო-უკვლოდ გაქრა. ნუთუ ამის დაბრუნება შესაძლებელია?
ყველაფერი იმ საძაგელი წიგნის ბრალიაო, დაასკვნა ბოლოს.
– საამაყო არაფერია! – გამოცრა მორისმა.
პლისონმა საძინებელს ბურდღუნ-ბურდღუნით მიაშურა. ლამპის ჩასაქრობად ხელი რომ გაიშვირა, შეყოყმანდა:
«კიდევ რამდენიმე გვერდი ხომ არ წამეკითხა?»
თუ ახლავე არ ჩააქრობს, ცუდად წავა საქმე. სილვიას, ბოლოს და ბოლოს, გამოეღვიძება, დერეფანში გამოიხედავს და შეამჩნევს, რომ დეიდაშვილის საძინებლის კარის ღრეჩოდან შუქი იპარება. არადა, მოატყუა, ისეთი დაღლილი ვარ, ფეხზე ვეღარ ვდგები, სასწრაფოდ უნდა დავწვეო. მორისი ადგა და განჯინასთან მივიდა. კარგა ხნის ქექვის შემდეგ თივთიკის პლედი გამოიღო და კართან დააგო, რათა ჭრილი დაეგმანა, საიდანაც შუქი იპარებოდა. ისევ აანთო ლამპა და კითხვა განაგრძო.
ამ ევა სიმპლონს მისთვის იმედი არ გაუცრუებია. ისე მსჯელობდა, როგორც თვითონ; კრიტიკული მოსაზრებებითაც მას ჰგავდა და სულაც არ უფრთხოდა შესაძლო არასასურველ შედეგებს. ევა მისი ზუსტი ასლი გახლდათ. არა, მორისს ძალიან ხიბლავდა ეს ქალი.
ორასი გვერდის მიწურულს მორისს მეტი აღარ შეეძლო, დამძიმებული ქუთუთოები ეწებებოდა და დაასკვნა, რომ პირველ ჯერზე ორასი გვერდი სრულიად საკმარისი იყო.
გულის სიღრმეში პლისონმა ნათესავი გაამართლა: ეს არ იყო დიდი ლიტერატურული ღირებულების ნაწარმოები, მაგრამ ჩათრევით ნამდვილად ჩაგითრევდა. ხვალ როგორმე უნდა განმარტოვდეს და კითხვა განაგრძოს.
ის-ის იყო, უნდა ჩასძინებოდა, როდესაც ერთმა აზრმა საბოლოოდ გამოაფხიზლა და აიძულა, საწოლზე წამომჯდარიყო.
«სილვია... რა თქმა უნდა».
რატომ ვერ შეამჩნია ეს უფრო ადრე?
«რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ამიტომაც კარგავს ჭკუას ქრის ბლექის რომანებზე. როცა ამაში გამომიტყდა, ქრის ბლექზე კი არ მელაპარაკებოდა, არამედ ევა სიმპლონზე. წყალი არ გაუვა: სილვია ლესბოსელია!»
მორისის გონებაში კინოფირი ჩაირთო და დეიდაშვილის ცხოვრების ამსახველი კადრები მის თვალწინ მთელი სისწრაფით დატრიალდა; გამძაფრებული სიყვარული მამისა, გოგოები რომ ეჯავრებოდა და ვაჟიშვილის დაბადებას ელოდა; მამაკაცებთან მარცხიანი ურთიერთობა, განშორებები კალეიდოსკოპური სისწრაფით; ახლა კი ისინი მისი გარემოცვიდან სულ ამოიძირკვნენ, დაბადების დღეებზე მხოლოდ ქალებს – დაქალებსა და კოლეგებს – ეპატიჟება. და ის სამი ქალიც, რომლებსაც სილვია სუპერმარკეტში ასეთი გადაჭარბებული ენთუზიაზმით შეეგება, განა ეჭვს არ ბადებს? ისინი თავიანთი ბიჭური ვარცხნილობით, მამაკაცური
ჩაცმულობითა და ქალურ გრაციოზულობას მოკლებული ჟესტებით გაჭრილი ვაშლივით არ ჰგვანან ევა სიმპლონის უფროსს – ჟოზეფა კაცს, იმ გასივებულ ლესბოსელს, ლოს-ანჯელესის ვარდისფერ კლუბებში რომ დაწოწიალებს და «შევროლეს» საჭესთან ჩაკვეხებული და პირში სიგარაგაჩრილი მთელი ღამე საკბილოს ძებნაშია? რად უნდა ამას მკითხაობა, ყველაფერი დღესავით ნათელია!
კმაყოფილმა მორისმა ჩაიქირქილა. აღმოჩენას საგონებელში არ ჩაუგდია, ერთი რამის გამო წუხდა მხოლოდ, – მეტისმეტად დაუგვიანდა.
«არა, აუცილებლად უნდა ეთქვა ჩემთვის... რა თქმა უნდა, გული უნდა გადაეშალა და ყველაფერი დაეფქვა, მე ხომ ასეთ საკითხებს გაგებით ვეკიდები... ხვალვე ვილაპარაკებთ ამ თემაზე, თუ...» – ამის გაფიქრება იყო და ძილს მისცა თავი.
სამწუხაროდ, მეორე დღეს მოვლენები ისე ვერ განვითარდა, როგორც მორისმა ძილ-ბურანში დაგეგმა. სილვია უზომო მადლიერების გრძნობით განიმსჭვალა დეიდაშვილის მიმართ, რომელიც, მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, მის გვერდით ტელევიზორთან საღამოს გატარებას დათანხმდა. ბედნიერი ვალში დარჩენას სულაც არ აპირებდა და მორისს კულტურული პროგრამა შესთავაზა; ტურისტული გზამკვლევით აღჭურვილს უკვე
მარშრუტიც შეედგინა, რაც პრეისტორიული გამოქვაბულებისა და რომანული ეკლესიების დათვალიერებას გულისხმობდა. პროფესორს გამბედაობა არ ეყო, შესწინააღმდეგებოდა. მით უმეტეს, რომ აღარ იცოდა, როგორ და რა გზით გაემხილა მისთვის ის, რაც მთელი სულით და გულით სურდა: დარჩენილიყო შინ და ქრის ბლექი ეკითხა.
როცა მორიგი ეკლესიიდან გამოვიდნენ და სოფლის შუა საუკუნეებისდროინდელ ფორტიფიკაციებს შორის მისეირნობდნენ, მორისმა გადაწყვიტა, სხვა ფრონტზე მაინც, – ჭეშმარიტების! – დაწინაურებულიყო.
– მითხარი, სილვია, რომ გაგეგო, ჰომოსექსუალი ვარ, რას იზამდი?
– ოჰ, ღმერთო ჩემო, მორის, მართლა ხარ?
– არა, არა ვარ.
– მაშ, რატომ მეკითხები?
– არა, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ მსგავსი რამ შენზე რომ შემეტყო, სულაც არ გავიოცებდი.
სილვიას სახეზე ალმურმა გადაჰკრა, სუნთქვა შეეკრა, ლამის გაიგუდა.
– რას როშავ, მორის?
– იმის თქმა მინდა მხოლოდ, რომ როცა ადამიანი ჭეშმარიტი სიყვარულით გიყვარს, ყველაფერი დასაშვებია.
– გეთანხმები.
– ასე რომ, მომენდე, სილვია.
სილვიას სიწითლემ კი გადაუარა, მაგრამ ახლა სიმწვანე შეეპარა. სანამ გააგრძელებდა, წუთი მაინც დასჭირდა სულის მოსათქმელად:
– გგონია, რაღაცას გიმალავ?
– კი.
ასიოდე მეტრი უსიტყვოდ იარეს. შემდეგ სილვია შეჩერდა, მორისს თვალი თვალში გაუყარა და
ცრემლნარევი ხმით თქვა:
– მართალი ხარ. რაღაცას გიმალავ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გამოგიტყდები, ძალიან ადრეა.
– მე შენს განკარგულებაში ვარ.
გულღია, გულწრფელი და მიმნდობი ფლეგმატიზმით ნათქვამმა სიტყვებმა სილვია სულის სიღრმემდე შეძრა. უკვე ვეღარ იკავებდა ცრემლის ნაკადულს:
– მე... მე... მე შენგან მსგავს რამეს აღარ ველოდი. ეს შესანიშნავია.
მორისს სახე გაებადრა.
ვახშმად უგემრიელესი იხვის ფილე რომ მიირთვეს, მორისი ისევ იმ თემას მიუბრუნდა:
– მითხარი, შენი მეგობრები – გრეისი, ჯინა და...
– გრეისი, ოდრი და სოფია.
– დიდი ხანია, რაც მათ იცნობ?
– არა. სულ რამდენიმე თვეა.
– ჰოო? გუშინ მომეჩვენა, რომ საუკუნოვანი მეგობრობა და ურთიერთობა გაკავშირებთ.
– არსებობს რაღაც-რაღაცები, ადამიანებს რომ აახლოებს.
– სად გაიცანით ერთმანეთი?
– სად და... მეუხერხულება... არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
– ჯერ ნაადრევია?
– ძალიან.
– ნება შენია.
საფოისტთა


[3]


კლუბში. ეს უეჭველია. აბა, სხვაგან სად უნდა გაეცნოთ ერთმანეთი. აი, ისეთში, როგორიცაა «ამბიგიუ» ან «მინუ, რომელიც ახველებს», – ღამის კლუბები, სადაც ჟოზეფა კაცი დაწოწიალებს. ცხადია, სილვია მორისს ამაში ვერ გამოუტყდებოდა... მორისმა ჩათვალა, რომ
სანიმუშოდ მოექცა დეიდაშვილს, ახლა სავსებით იმსახურებდა განმარტოებას და მოპარული წიგნის გემოზე წაკითხვას.
მოსაღამოვდა თუ არა, მორისმა გადაწყვიტა, რომ წინადღის სცენარში კორექტურების შეტანა საჭირო აღარ იყო. გამოაცხადა, სერიალს მინდა ვუყუროო და სავარძელში ჩაეფლო. ცოტა ხანში ისეთი მთქნარება აიტეხა, ლამის ღრანჭი მოენგრა. ბოლოს თქვა, მეტი აღარ შემიძლია, თორემ აქვე ამოვუშვებ ხვრინვასო. წამოდგა და მეორე სართულს მიაშურა, იქ კიდევ სწრაფად გაიხეხა კბილები, კარქვეშ ჭრილი გადასაფარებლით დაგმანა და რომანს ჩააფრინდა. როგორც კი ევა სიმპლონის პირველი რეპლიკა წაიკითხა, ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს აგენტი მთელი დღე მის დაბრუნებას ელოდა. რამდენიმე წამში მორისი დარკველში აღმოჩნდა, დეიდა აგათას მთებში მიკარგულ, იდუმალ და ხიფათით სავსე სახლში. კედლებიდან გადმოღვრილი გალობის გახსენებაზე მორისს გააჟრჟოლა.
ამჯერად პროფესორი რომანში უკანმოუხედავად გადაეშვა. არც კი გაუგია, როდის გამორთო სილვიამ ტელევიზორი, ან როდის ამობობღდა დასაძინებლად. მხოლოდ შუაღამისას გამოჰგლიჯა იგი წიგნს ღამის ფრინველის კივილმა.
ბუ!
თუ ადამიანი, რომელიც ბუს ჰბაძავდა?
მორისმა კბილები გააკრაჭუნა.
რამდენიმე წუთით მოდუნდა.
კივილი გამეორდა.
ამჯერად სრულიად აშკარად გამოიკვეთა: ხმა ადამიანის იყო და არა ფრინველის. შიშისგან კეფასა და ხერხემალზე ჟრუანტელმა დაურბინა.
კარი – სასწრაფოდ!
სილვიამ, ალბათ, როგორც გუშინ, ყველაფერი ღია დატოვა. დილითაც ხომ საგანგებოდ დაასწრო ადგომა, რათა დაკითხვის თავიდან ასაცილებლად კარ-ფანჯრები გაეღო.
უწინარეს ყოვლისა, უნდა ვეცადო, პანიკას არ ავყვე, შევინარჩუნო გულგრილობა და ცივსისხლიანობა, საკუთარ თავს გუშინდელზე უკეთ გავუწიო კონტროლი.
მორისმა ლამპა ჩააქრო, კარის ჭრილში შეჩურთული გადასაფარებელი გვერდით მოისროლა, გავიდა დერეფანში და კიბეს დაუყვა. ძალიან ფრთხილობდა, რომ ხის საფეხურებს არ ეჭრაჭუნა. «ისუნთქე თანაბრად! ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე». და უცებ კიბის მოედანზე კინაღამ თავისი დაემართა. უკან გაქცევა მეტისმეტად გვიანი იყო.
სასტუმროში ფანჯრებიდან შემოჭრილი მთვარის მქრქალ შუქზე უცხო მამაკაცი ნელი ნაბიჯებით მიდი-მოდიოდა. კედელზე მისი გიგანტური ლანდი აღიბეჭდებოდა. მკვრივი, მკაცრი ნიკაპი, ძლიერი, ღონიერი ყბები და ჰოი, საოცრებავ, წაწვეტებული ყურები. დადიოდა უხმაუროდ, გულმოდგინედ ათვალიერებდა ყოველ ნივთს, იხედებოდა ბალიშების, გადასაფარებლებისა და პლედების ქვეშ, თაროებს ხელის ცეცებით სათითაოდ ამოწმებდა.
მორისი თითქმის აღარ სუნთქავდა; უცხოს სიმშვიდე და აუღელვებლობა უფრო ზაფრავდა, ვიდრე მისი მოულოდნელი შემოჭრა. დროდადრო მთვარის ვერცხლისფერი სხივი მის მელოტ თავის ქალას ეცემოდა, ისე უპრიალებდა, ისე უბზინავდა, გეგონებოდა, იაპონელი ბონზა


[4]


დასეირნობსო – გასაოცარი იყო მისი სხეულის სიმსუბუქე და მოქნილობა. ავეჯს ისე უქცევდა გვერდს, თითქოსდა მთელი ცხოვრება აქ გაატარაო; ერთსა და იმავე ადგილს სამ-ოთხჯერ უბრუნდებოდა. საკითხავია, რას ეძებდა ეს კოლოსი ასეთი მონდომებით?
ქურდის პროფესიული სიმშვიდე და აუჩქარებლობა მორისსაც გადაედო. ცდილობდა, გაუფრთხილებელი მოძრაობით თავი არ გაეცა, ერთგვარად დაწყნარდა, გუშინდელი პანიკა თითქოსდა სადღაც გაქრაო. ან რა უნდა ქნას? შესაშინებლად შუქი აენთო? არა, ნათურისგან იმ არამზადას გული არ გაუსკდებოდა... «იქნებ საშველად სილვიას დავუძახო? არა, არა, ქალის ამ საქმეში ჩარევა სრულიად უმართებულო იქნებოდა. მისკენ ხომ არ გავქანდე, რამე ჩავარტყა თავში, დავარეტიანო და შემდეგ კი ხელ-ფეხი შევუბორკო? არა, ეს ათლეტი წამში მოუგრეხს კისერს. ჰო, ამაზე სულ არ მიფიქრია. იქნებ შეიარაღებულია კიდეც. პისტოლეტით ან რამე სხვა ცივი იარაღით»...
მორისმა ნერწყვი ისე ხმაურიანად გადაყლაპა, კინაღამ გული გაუსკდა, ხომ არ გავიყიდეო.
ქურდბაცაცას რეაქცია არ ჰქონია.
მორისმა თავი დაიმშვიდა იმით, რომ სხეულის მიერ გამოცემულ ხმებს გადაჭარბებულად აფასებდა, ამიტომ წაუყრუა საშინელ ჭექა-ქუხილსაც მუცელში...
უკანონოდ შემოჭრილმა ღრმად ამოიოხრა; ჩანდა, ვერ მიეგნო იმისთვის, რის საძებნელადაც მოვიდა.
მეორე სართულის გადაქოთებასაც ხომ არ მოინდომებს?
მორისმა იგრძნო, რომ ამის გაფიქრებაზეც კი რამდენიმე წამით გულისცემა გაუჩერდა.
უცნობი ორჭოფობდა. უზარმაზარი თავი ჭერისკენ შეატრიალა და რუდუნებით შეათვალიერა; მერე თითქოსდა ჩანაფიქრის გაგრძელება გადაიფიქრაო, ადგა და გასასვლელი კარისკენ გაემართა.
ახლა უკვე ნაბიჯების ხმა მორისის სმენამდე პარმაღიდან აღწევდა.
რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ სრული სიჩუმე ჩამოწვა.
იცდის ვითომ? უკან დაბრუნებას ხომ არ აპირებს?
როგორ მოვიქცე? ვეცე კარს, მივხურო და გასაღები ორჯერ გადავატრიალო? არა, ასე არაფერი გამოვა. კოლოსს ეს შეუმჩნეველი არ დარჩება, მობრუნდება, მინებიან კარს ჩალეწავს და ისევ შემოვარდება.
არა, აჯობებს დავიცადო, სანამ ეს მამაძაღლი აქაურობას არ გაეცლება...
და შევამოწმო, ნამდვილად აიკრა თუ არა გუდა-ნაბადი.
მორისმა კიბე დიდი სიფრთხილით აიარა, შევიდა თავის ოთახში და ფანჯრისკენ გაქანდა. დარაბებს პირდაპირ მიეწება. ჭუჭრუტანებში რამის გარჩევა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.
სახლის გარშემო უდაბური სივრცის შეთვალიერება დამშვიდების საბაბს ნაკლებად იძლეოდა, – ნამდვილად წავიდა კი, თუ აქვე სადმეა გაყურსული?
მორისი ერთი საათის განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულა, ათვალიერებდა, აყურადებდა. დროდადრო ეჩვენებოდა, რომ არაფერი მოძრაობდა, რომ სამყარო გაიყინა; ხანაც დარწმუნებული იყო, რომ ჩხრეკა განახლდა. ამ უზარმაზარ სახლს საკუთარი ბგერები და ხმაური ისედაც არ აკლდა. ჭრიჭინებდა და ყანყალებდა ყველაფერი: კიბე, იატაკი, ტიხრები, კოჭები თავის ჭკუაზე მოძრაობდნენ, გრუხუნებდნენ წყალგაყვანილობის მილები, თაგვებს სხვენზე პირდაპირ ჯირითი გაემართათ. არა, პლისონი დაიქანცა ღამის ცხოვრების ათასგვარი ხმის იდენტიფიცირებით.
და მაინც... პირველ სართულზე ჩასვლას მორისი თავიდან ვერ აიცილებდა. გამორიცხულია, ღამე ღია კარ-ფანჯრებში გაეთენებინა. ქურდს თავისუფლად შეეძლო მობრუნება. მეორე
სართულზე ამოსვლა მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრა, რომ უკაცრიელი არ ეგულებოდა, მაგრამ რა დაუშლის აზრის გამოცვლას? შეუძლია, მოგვიანებით დაბრუნდეს, როცა ყველას ღრმა ძილით გვეძინება და თავისუფლად პარპაშის საშუალება მიეცემა. და მაინც, რას ეძებდა ასეთი დაჟინებით?
ეეჰ, არა, მორის, არა, ნუ იქნები სულელი, რეალობას ნუ აურევ იმ წიგნში, რომელსაც ახლა ასეთი გატაცებით კითხულობ; «შავბნელ საიდუმლოებათა ოთახისგან» განსხვავებით ამ დაფეხვილ სახლში შენ ვერ მოიძიებ ხელნაწერს თანდართული სიით იმ ბავშვებისა, იესოსა და მარიამ მაგდალინელს რომ შეეძინათ. ნუ აურევ ცხადსა და გამონაგონს ერთმანეთში. მიუხედავად ყველაფრისა, ამ სახლში რაღაც იმალება. უნიკალური რამ, რომელსაც უცნობი კოლოსი ეძებს. ცხადია, აქ არაერთხელ ყოფილა, თვითონაც მშვენივრად ნახე, როგორ მსუბუქად და ადვილად დადიოდა... და რას ეძებდა?
დერეფანში იატაკი აჭრაჭუნდა.
კოლოსი დაბრუნდა?
მორისი მუხლებზე დაეცა და ჩოქვით საძინებელში შეიმალა. ცალი თვალით ჭუჭრუტანაში გაიხედა.
უუუფ, სილვია ყოფილა.
მორისმა კარი გააღო.
სილვია მოულოდნელობისგან შეხტა:
– მორის, არ გძინავს? იქნებ მე გაგაღვიძე?
მორისმა მიმქრალი ხმით წაილუღლუღა:
– ფეხზე რატომ ხარ? რამე ნახე?
– რაო?
– რამე არანორმალური ხომ არ შეგიმჩნევია?
– არა... მე... ვერაფრით დავიძინე, ვიფიქრე, ჩავალ სამზარეულოში, რამე ნაყენს მოვიმზადებ-მეთქი. ძალიან ვწუხვარ... ხომ არ შეგაშინე?
– არა, არა, რას ამბობ?
– მაშ, რა? რამე უცნაურს ხომ არ მოჰკარი თვალი?
სილვიას მღელვარებისგან თვალები უსაშველოდ გაუფართოვდა.
მორისს გულმა რეჩხი უყო. სილვიას კითხვა უპასუხოდ დატოვა. «არა, არა, პანიკას არ უნდა დავმორჩილდე. დროა მოსაგები. დრო უნდა მოვიგო, მერე კი ვიცი, რასაც ვუზამ იმ ნაძირალას. არ არის გამორიცხული, მალევე დაბრუნდეს».
– მითხარი, სილვია, – წამოიწყო მან და სცადა მშვიდი და გაწონასწორებული, თავისთვის დამახასიათებელი ტემბრი მოერგო, – იქნებ ჯობდა, რომ ღამე დარაბები და ფანჯრები დაგვეხურა? რაც შეეხება კარს, დარწმუნებული ვარ, კლიტე ერთხელაც არ გადაგიტრიალებია.
– აჰ, რა არის საშიში? აქ კაცის ჭაჭანება არაა: შემოგარენი სრულიად უკაცრიელია. გაიხსენე ჩვენი ჩამოსვლის დღე, ძლივს რომ ვიპოვეთ გზა...
«ნამდვილად გაგიმართლა, ასეთი შტერი რომ მოგავლინა მამაზეციერმა ამქვეყნად! ახლა მისთვის რომ მეთქვა, რომ სულ რაღაც ერთი საათის წინ სასტუმრო ოთახში ქურდი დასეირნობდა... არა, არა, ჯობს დარჩეს ისეთივე უმეცარი და ნეტარი, როგორიც ყოველთვის იყო. შიშის დაძლევა სიმარტოვეში მირჩევნია».
სილვია მორისს მიუახლოვდა და სახეზე მიაშტერდა:
– რამე ნახე?
– არა.
– რამე უჩვეულო?
– არა, უბრალოდ გთავაზობ, რომ კარი და დარაბები დაიკეტოს; ეს შენთვის წარმოუდგენელია? შენს პრინციპებს ეწინააღმდეგება? თუ რელიგიურ შეხედულებებს შეურაცხყოფს? აგრესიად აღიქვამ? აღარ დაგეძინება, თუ ბარიკადებს გამოღმა აღმოვჩნდებით? უძილობას აიკიდებ, თუ უსაფრთხოების ელემენტარულ ზომებს მივიღებთ? და საერთოდ, იცი, რისთვის გამოიგონეს გასაღები და დარაბა?
სილვიამ იგრძნო, რომ ცოტაც და, ნათესავს ნერვები უმტყუნებდა, ამიტომ შემრიგებლურად შეჰღიმა:
– არა, რა თქმა უნდა. ამას შენთან ერთად გავაკეთებ, მეტიც შემიძლია, შენ მაგივრადაც მივხედო ყველაფერს.
მორისმა შვებით ამოისუნთქა; აღარ მოუწევს გარეთ გასვლა იმ დროს, როცა ის გიგანტიც გარეთ დაძრწის.
სილვია და მორისი პირველ სართულზე ჩავიდნენ. რომ დაინახა, როგორი უდარდელობით გავიდა სილვია გარეთ დარაბების მოსახურად, გულის სიღრმეში ლოცვა აღავლინა მისი უდარდელობის სადიდებლად.
სილვიამ კარი მოხურა, გასაღები ორჯერ გადაატრიალა და სამზარეულოში მშვიდად დაბრუნდა.
– გახსოვს, პატარაობისას რა მშიშარა იყავი?
მორისი ამ ფრაზამ საშინლად გააღიზიანა, იმდენად უადგილო ეჩვენა.
– მე მშიშარა კი არა, ფრთხილი ვიყავი.
ამ პასუხს წარსულთან კავშირი არ ჰქონდა, ის მხოლოდ აწმყოსთვის ნათლის მოსაფენად ითქვა; არა აქვს მნიშვნელობა! კაცის მბრძანებლური ტონით გაოგნებულმა სილვიამ პირში წყლის
ჩაგუბება ამჯობინა. თუმცა, სანამ ნაყენი მომზადდებოდა, პირი მაინც ვერ მომუწა. მორისს სკოლის არდადეგები შეახსენა, ნავით სეირნობა, სანამ უფროსები სადილის შემდეგ რონის სანაპიროზე ხვრინავდნენ; მოიგონა თევზებიც, მეთევზეებს სათლებიდან რომ ჰპარავდნენ და მერე წყალში უშვებდნენ, რათა სიცოცხლე განეგრძოთ; გაიხსენა ქოხიც, შუქურად რომ მონათლეს და კუნძულზე იდგა, აი, იმ კუნძულზე, რომელიც დინებას ორად ყოფდა...
სანამ სილვია წარსულის გახსენებით ტკბებოდა, მეხსიერებამ მორისი სულ სხვაგან გადაისროლა და სულ სხვა ამბები ამოუტივტივა... ის დრო, როდესაც მისმა მშობლებმა ისევ განაახლეს საღამოობით კინოთეატრებსა და საცეკვაო დარბაზებში სიარული. ისინი თვლიდნენ, რომ თავიანთი ათი წლის ვაჟიშვილი საკმარისად გონიერი იყო იმისთვის, რომ ბინაში მარტო დარჩენილიყო. მაშინ საათობით უწევდა შიშის მონობაში ყოფნა. ოთხმეტრიან ჭერქვეშ თავს პაწაწინად, უმწეოდ და ყველასგან მიტოვებულად გრძნობდა. ყვიროდა, მშობლებს შველას შესთხოვდა, მათი სიახლოვე და შვების მომგვრელი სურნელი, მათი ნათქვამი საოცრად ჟღერადი და დამამშვიდებელი სიტყვები ენატრებოდა. ტიროდა შეუჩერებლივ, ცრემლების ნაკადულებად იღვრებოდა, რატომღაც ეგონა, რაც უფრო მეტს იზლუქუნებდა, მით უფრო ადრე დაბრუნდებოდნენ დედიკო და მამიკო. სულ ტყუილად ირჯებოდა: ყველა იმ ხერხმა, რომელიც წლების განმავლობაში შიშის, სიმარტოვისა და ტკივილის დაძლევაში შველოდა, ქმედუნარიანობა დაკარგა. პატარამ დაკარგა ყოველგვარი ძალაუფლება, არადა, უკვე აღარ იყო
მთლად ბავშვი, თუმცა მოზრდილობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა უნდა გაევლო. საბოლოოდ, როცა ნასიამოვნები, აღგზნებული, მხიარული და ხშირად შეზარხოშებული მშობლები სახლს მოადგებოდნენ, მათი ხმები, ჟესტები და სურნელი მოზარდს უცხო ეჩვენებოდა, სძულდა ისინი და თავის თავს ეფიცებოდა, რომ დედ-მამასავით არასოდეს გაიზრდებოდა; არც ისეთი მგრძნობიარე, ავხორცი, მოლაზღანდარე, მქირდავი, სიამოვნებაზე გადარეული, ჭამა-სმის მოყვარული და მარად ნეტარი იქნებოდა, როგორც ისინი. გავიდა დრო და ეს ბიჭუნა დადებული ფიცის მიუხედავად, მაინც გაიზარდა. კი გაიზარდა, მაგრამ განსხვავებულად – აზროვნებისა და გონებრივი განვითარებით. გონების სისხარტე, განსჯის უნარი, მეცნიერება, კულტურა, ერუდიცია – აი, მისი ორიენტირები. კუჭის მონა არ გამხდარა. არც ფალოსის ნებაზე უვლია. მორისი გაიზარდა. ეს მართალია, მაგრამ მისგან მეცნიერი დადგა და არა ცხოველი.
იქნებ ამის გამო განაცხადა კატეგორიული უარი რომანებზე? იმიტომ, რომ მოღალატე დედა, სანამ სახლიდან გაუჩინარდებოდა, ღამით თავშესაქცევად მაგიდაზე იმ წიგნებს უხვავებდა, რომლებზეც თავად გიჟდებოდა? იქნებ სულაც იმიტომ, რომ რაც პირველ წიგნებში ამოკითხული დაიჯერა და უზენაეს ჭეშმარიტებად მიიჩნია, სინამდვილეში დამცირებად და შეურაცხყოფად შემოუბრუნდა? განა მშობლებმა ცინიკურად არ აუხსნეს, რასაც წიგნებში წერენ, წმინდა წყლის სიცრუეაო?
– მორის... მორის... გამოიხედე ერთი... მისმენ? დღეს რატომღაც ძალიან უცნაური მეჩვენები.
– ყველაფერი უცნაურია, სილვია, ყველაფერი. უცნაური და უცხო. აი, მაგალითად, მე და შენ ლამის დაბადებიდანვე ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულს საიდუმლოებები არ გაგვაჩნია. დასამალი მეც მაქვს და შენც.
– გინდა, მიმანიშნო, რომ...
– მიგანიშნებ იმაზე, რაზეც დუმხარ, მაგრამ იმედია, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს მომიყვები.
– გეფიცები, მართლა მოგიყვები.
სილვია მორისს ეცა და მხურვალედ გადაეხვია. თუმცა, საკუთარი თავშეუკავებლობისა და გრძნობათა მოზღვავებისა მალე თვითონვე შერცხვა:
– ღამე მშვიდობისა, მორის. ხვალამდე.

მეორე დღეს მოვლენები იმდენად უჩვეულოდ განვითარდა, რომ არც მორისს და არც სილვიას გამბედაობა და ძალა აღარ ეყოთ მათ გასარჩევად.
მღელვარებისგან გადაქანცულმა მორისმა დაძინება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ისღა დარჩენოდა, ლამპა აენთო. დაე, «შავბნელ საიდუმლოებათა ოთახის» კითხვა განეგრძო. რომანის გაგრძელებამ მორისის უცხო ადამიანის გამო უკიდურესად აფორიაქებულ მგრძნობიარე ბუნებას შვება ვერ მოჰგვარა; ევა სიმპლონი, – ეს ქალი მორისს ნამდვილად ხიბლავდა, ასეთ ქალს შეიძლებოდა კაცი დაჰყრდნობოდა, – გაქექილი და უსირცხვილო შემსყიდველების პირისპირ აღმოჩნდა. მას ემუქრებიან, სასიკვდილო ხაფანგს უგებენ. ევა კატეგორიულად უარობს დარკველის გაყიდვას, ყოველ ჯერზე ეშმაკის მანქანით ახერხებს შენიღბული საფრთხის თავიდან აცილებას, მათ კი ბოლო არ უჩანს. ვითარება იძაბება. ევას სულ უფრო და უფრო გართულებული პრობლემების გადაჭრა უწევს. არაადამიანური ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ახერხებს ეზოტერიკულ ოთახში შეღწევას, საიდანაც ყოველღამ გალობის ხმა იღვრება. აკაკუნებს კედლებზე, აყურადებს. უშედეგოდ! ადის სხვენზე. წყლის ნაყვა! მიდის მერიაში და კადასტრს ეცნობა. არქივებში დაცული სახლის გეგმის გაანალიზება აფიქრებინებს, რომ დარკველში კიდევ ერთი საიდუმლო ნაგებობაა. როგორ შეაღწიოს იქ? ვინ შედის იქ ყოველღამე? ევას არ სჯერა სულებისა და მოჩვენებების. საბედნიეროდ, ის საძაგელი ჟოზეფა კაცი ახალგაზრდა არქიტექტორს გამოუგზავნის, რომელიც ნაგებობის პირვანდელი სტრუქტურის გადაკეთებას შეეცდება. ეს ჟოზეფა კი ნამდვილი მონსტრია, – ათასჯერ ეცადა ევას ლოგინში შეთრევას და ათასჯერვე მიიღო მტკიცე უარი, – მაგრამ მისი წარგზავნილი უზადო პროფესიონალი აღმოჩნდა. ევას ახლა მისი იმედი აქვს, – შესაძლოა ამ ნიჭიერმა
მშენებელმა ჭეშმარიტებას მიაგნოს და აქამდე არსებულ ყველა ზებუნებრივ ჰიპოთეზას წყალი შეუყენოს – მიუხედავად ყველაფრისა...
მოკლედ, მორისი, რომელსაც მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დილის რვა საათზე ადგა! საშინელ დაღლილობასა და გაღიზიანებას გრძნობდა. გაცოფებული იყო იმის გამოც, რომ იძულებული გახადეს, დარკველსა და ევა სიმპლონს დამშვიდობებოდა, რათა არდეშის გზებზე სილვიასთან ერთად ეჯაგჯაგა. კიდევ ერთი უბედურება ელოდა წინ: პიკნიკი სუპერმარკეტში გაცნობილ დეიდაშვილის დაქალებთან. აბა, როგორია მთელი დღის ლესბოსელებთან გატარება? თან როგორები არიან? – ჩაკურატებული და ჯანიანები, ნებისმიერ მამაკაცს შეშურდება. მე მათ გვერდით რა მოსატანი ვარ. არა, დიდი მადლობა, არ შემიძლია.
მორისმა თავის დაძვრენა სცადა. შეუძლოდ ვარ და აქ უკეთესად მოვუვლი თავსო, მაგრამ ფანდი არ გაუვიდა. სილვია მედგრად დაუდგა:
– გამორიცხულია, აქ ვერ დაგტოვებ! მესმის, რომ ავად ხარ. უარესად რომ გახდე, მარტო რას იზამ? გვერდით უნდა მყავდე, რომ მოგიარო, როგორც წესი და რიგია; ან მეც აქ დავრჩები, ან ჩემთან ერთად წამოხვალ.
მორისი მიხვდა, რომ ევა სიმპლონთან შეხვედრა საბოლოოდ ჩაეშალა. ადგა და სილვიას მორჩილად გაჰყვა.
დრო გაიწელა. ეს იყო ნამდვილი წამება. მზე სადისტურად აცხუნებდა ქვაღორღიან ბილიკებს, გზის გაკვლევაში დეიდაშვილებს ქანცი გაუწყდათ. როცა მდინარის მწვანე შენაკადს მიუახლოვდნენ, სულის მოსათქმელად შეჩერდნენ. აქ ბობოქარ არდეშს ვნება ოდნავ დასცხრომოდა. მორისმა გასაგრილებლად ყინულივით ცივ წყალში მხოლოდ თითის დასველება თუ შეძლო. სადილი მდელოზე ნამდვილი ხაფანგი აღმოჩნდა. კაცი ჯერ წითელი, მსუქანი ჭიანჭველების ბუდეს დააჯდა, შემდეგ კი ფუტკარმა უკბინა მწარედ, რომელმაც მაინცდამაინც მორისის ჩანაკბეჩი გარგარი ამოიჩემა. დაბოლოს, იმდენი უბერა ცეცხლს, რომელზეც სოსისები იბრაწებოდა, კინაღამ ფილტვებიც თან ამოაყოლა. დარჩენილი დრო მაგრად მოხარშული კვერცხის მტანჯველ მონელებას შესწირა.
უკანა გზობაზე ქალებმა აიტეხეს, რამე გუნდური ვითამაშოთო. მორისმა მონაწილეობისგან, როგორც იქნა, თავი დაიძვრინა და განმარტოვდა. გამაჯანსაღებელი ძილი ახლა ჩემთვის ნამდვილი ნირვანა იქნებაო, ფიქრობდა. ნაადრევად ხარობდა. როცა შეიტყო, რომ თამაში ერთგვარი კონკურსი იყო, რომელიც ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნას საჭიროებდა, ცდუნებას ვერ გაუძლო და შესძახა, მეც ვთამაშობო. რამდენიმე პარტია ზედიზედ მოიგო,
მაგრამ უცნაური რამ დაემართა: გამარჯვება სხვა მოთამაშეების მიმართ მხოლოდ სიძულვილსა და ზიზღს უნერგავდა. ბოლოს, როცა ყველასთვის აუტანელი გახდა, ქალებს ვიქტორინა მოსწყინდათ და აპერიტივით პირის გასველება გადაწყვიტეს. თაკარა მზეზე გატარებული დღის შემდეგ პასტისმა მორისის სუსტ წონასწორობას საბოლოოდ მოუთავა ხელი. ვილაში მიბრუნებულ პლისონს არა მარტო მთელ ტანში ტეხდა, არამედ გაუსაძლისი თავის ტკივილისგანაც იტანჯებოდა.
ცხრა საათზე, როგორც კი ბოლო ლუკმა დაღეჭა, წამოვარდა, კარ-ფანჯრები ჩარაზა და დასაძინებლად მეორე სართულზე ავიდა.
ბალიშებზე თავმიდებული კარგა ხანს ორჭოფობდა ორ ურთიერთგამომრიცხავ გრძნობას შორის: მივანიჭო საკუთარ თავს სიამოვნება და ევა სიმპლონს შევუერთდე თუ დაველოდო უცხოს და ამით კიდევ ერთხელ გავუსწორო თვალი საფრთხესო? რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ მორისს თავისი დილემა სულ გადაავიწყდა. ამჯერად ის გმირ ქალთან ერთად თრთოდა და ძრწოდა. თერთმეტის ნახევარზე ჩაესმა, რომ სილვიამ ტელევიზორი გამორთო და საძინებლისკენ წაბაჯბაჯდა.
უკვე თერთმეტ საათზე ევა სიმპლონის დარად საკუთარ თავს ეკითხებოდა: თუ მოჩვენებები არ
არსებობენ, მაშინ როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ადამიანები კედლებში თავისუფლად გადი-გამოდიან? დადგა მომენტი, როცა ირაციონალური უკვე აღარ აღიქმება ასეთად, რამეთუ ის გარდაიქმნება ერთადერთ რაციონალურ გადაწყვეტილებად.
თორმეტის ნახევარზე მორისი ხმაურმა აიძულა, დროებით მოსწყდომოდა წიგნს.
ნაბიჯები. მსუბუქი ნაბიჯები. მოკრძალებული, ოდნავ გასაგონი ნაბიჯები. სილვიას ნაბიჯებისგან სრულიად განსხვავებული.
მორისმა ლამპა ჩააქრო და კართან ფეხაკრეფით მივიდა, ქვედა ღრეჩოს პლედი მოაცილა და ოდნავ შეაღო.
მორისი აშკარად გრძნობდა პირველ სართულზე უცხო ადამიანის ყოფნას.
გაიფიქრა ეს და, კიბეზე მამაკაციც გამოჩნდა; მელოტი კოლოსი, ფრთხილი და უხმაურო ნაბიჯებით წინ მოიწევდა, რათა მეორე სართულზე ჩხრეკა განეგრძო.
მორისმა სასწრაფოდ მიხურა კარი და შიგნიდან მთელი სხეულით მიაწვა. ეს იმ
შემთხვევისთვის, თუ ქურდი მის ოთახში შემოსვლას მოინდომებდა. წამებში მორისი უკვე ოფლში ცურავდა. კეფას მომწყდარი მსხვილი წვეთები ხერხემლის მთელ სიგრძეზე ეღვრებოდა.
უცნობი მის კართან ოდნავ შეყოვნდა, შემდეგ კი ისევ დაწინაურდა.
მორისი ცალი ყურით კარს აეკრა, ფეხის ხმაზე დარწმუნდა, რომ კოლოსი ნამდვილად წინ მიიწევდა. «სილვია! ის სილვიას უახლოვდება! როგორ მოვიქცე? უნდა გავიქცე! ჩავგორდე კიბეზე და სიბნელეში გავუჩინარდე; საით ავიღო გეზი? სოფელს არ ვიცნობ, უცნობი კი ყოველ მტკაველს თვალდახუჭული გრძნობს; არა, ნათესავს იმ ქურდბაცაცას ვერ შევწირავ, სრული სიმხდალე იქნება, თუ ამ ნაძირალას შევატოვებ ხელში».
მორისმა კარი ისევ შეაღო. აშკარად დაინახა: ჩრდილი სილვიას ოთახში შეცურდა.
«თუ ფიქრი კიდევ გამიგრძელდა, აქედან საერთოდ ვერ დავიძვრები. უნდა ვიმოქმედო».
მორისს მშვენივრად ესმოდა, რომ რაც უფრო მეტ დროს დაკარგავდა აქ დარჭობილი, მით მეტად გაუჭირდებოდა ინიციატივის ხელში აღება.
«გაიხსენე, მორის, ეს ტრამპლინიდან გადმოხტომას ჰგავს. თუ ორჭოფობამ გძლია და თავით არ გადაეშვი აუზში, ვერასოდეს გადახტები; ხსნა ხშირად გაუაზრებლობაშია».
მორისმა ღრმად ჩაისუნთქა და დერეფანში გავარდა. წამში სილვიას ოთახის წინ აღმოჩნდა.
უცხოს შიგნიდან ჩაეკეტა კარი. მორისი მთელი სხეულით მიეხეთქა კარს და შეანგრია.
– გაეთრიე აქედან!
ოთახი ცარიელი აღმოჩნდა.
ჩქარა, ჩქარა! საწოლქვეშ შეიხედე!
მორისი იატაკზე განერთხო.
უცნობი საწოლქვეშ არ დამალულა.
კარადა! გარდერობი! ჩქარა!
მორისმა წამში ყველა კარი გააღო.
უკვე ვერაფერი გაეგო.
მორისმა ყვირილი მორთო:
– სილვია! სილვია! სად ხარ?
სააბაზანოს კარი გაიღო და იქიდან შეშინებული სილვია გამოვარდა. პენუარის ბოლომდე შეკვრაც კი ვერ მოესწრო, ხელში კბილის ჯაგრისი ეჭირა.
– რა ხდება?
– სააბაზანოში მარტო ხარ?
– მორის, ხომ არ შეიშალე?
– მიპასუხე, მარტო ხარ?
სილვია მორჩილად შებრუნდა სააბაზანოში, შეათვალიერა და შემდეგ წარბებშეჭმუხნილმა უკმაყოფილო ხმით განაცხადა:
– რასაკვირველია, სააბაზანოში მარტო ვარ. აბა, ვისთან ერთად უნდა ვყოფილიყავი?
განადგურებული მორისი საწოლზე გაიშხლართა. სილვია მისკენ გაქანდა, წამოსწია, გულში ჩაიკრა და ჰკითხა:
– მორის, რა ხდება შენს თავს? კოშმარი დაგესიზმრა? მითხარი, მორის, მითხარი, რა გაწუხებს? რამ აგაღელვა ასე?
იმ დღიდან მორისმა გადაწყვიტა, პირში წყალი ჩაეგუბებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევა სიმპლონის ბედს გაიზიარებდა; გიჟად ჩათვლიდნენ, ადამიანები თავს მოიკატუნებდნენ, რომ ყურადღებით უსმენდნენ, სინამდვილეში მის ნათქვამს ერთ ყურში შეუშვებდნენ, მეორიდან კი გამოუშვებდნენ.
– მე... იმის თქმა მინდოდა, რომ...
– ჰო, მორის, მითხარი. გემუდარები, მითხარი.
– მინდოდა მეთქვა, რომ საშინელი სიზმარი ვნახე.
– ჰოდა, მორჩა შენი ცუდი სიზმარი. ახლა საშიში არაფერია. დაწყნარდი. მოდი, სამზარეულოში ჩავიდეთ, ჩაის მოგიმზადებ.
სილვიამ დამფრთხალი დეიდაშვილი ლაპარაკ-ლაპარაკით კიბეზე ჩაიყვანა. თვითონ ამ ხნის განმავლობაში ერთი წამითაც კი არ აფორიაქებულა. წარბიც არ შესტოკებია. გასაოცრად უშიშარი და გაწონასწორებული ჩანდა. მისი სიმშვიდე გადამდები აღმოჩნდა. მორისი ნელ-ნელა დამშვიდდა. თავისი საქციელიც მოიწონა – სწორად მოიქცა, რომ საკუთარ შიშზე კრინტი არ დაუძრავს. სილვიას შვების მომგვრელმა საქციელმა იმედი განუმტკიცა, რომ დაწყებულ საქმეს წარმატებით დააგვირგვინებდა. ამას გარდა, მისთვის დიდი მოთხოვნები არც უნდა წაეყენებინათ. ის ხომ ისტორიის ერთი უბრალო მასწავლებელი იყო და არა არაორდინარულ სიტუაციებს ჩვეული ფედერალური ბიუროს გაქექილი აგენტი, როგორიც, მაგალითად, ევა სიმპლონი იყო.
სანამ სილვია შეუჩერებლად ყბედობდა, მორისი გონებაში დარკველსა და ამ უცნაურ ვილას შორის ანალოგიის დადგენას ცდილობდა. გამორიცხული არ არის, სადღაც ამ კედლებს შორის უხილავი ტრაპით აღჭურვილი საიდუმლო ოთახი არსებობდეს, რომელსაც იმ ქურდბაცაცამ შეაფარა თავი.
მორისს გააჟრჟოლა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უცხო ყოველთვის მათ გვერდით იყო... იქნებ აქედან დაუყოვნებლივ გამგზავრება ჯობდა?
ამ აღმოჩენამ მორისს სამუდამოდ დააკარგვინა ძილი და მოსვენება. რა თქმა უნდა! რასაკვირველია! აბა, საიდან შემოძვრებოდა, როცა ყველა კარ-ფანჯარა დაკეტილია?
ის არსაიდან შემოსულა, უკვე იყო აქ! დიახ, დიახ. კაცი დიდი ხანია აქ ცხოვრობს, ჯერ კიდევ მათ ჩამოსვლამდე. თავისთვის მოინიშნა სივრცე, რომელიც ნაგებობის უცნაური არქიტექტურის გამო მათ ვერ დაინახეს.
«ჩვენმა გამოჩენამ მას სიმშვიდე დაურღვია, ააფორიაქა.
ვინ არის? რას ეძებს ღამღამობით?
არაფერს ვჩივი, თუ მხოლოდ...
არა!
კი, კი! მოჩვენებაა! რა არის ამაში დაუჯერებელი? ადამიანები მოჩვენებებზე ოდითგანვე
ლაპარაკობდნენ. ვეთანხმები იმ პირში სიგარაგაჩრილ ჟოზეფას, რომელიც აცხადებს, კვამლი უცეცხლოდ ვის გაუგიაო?!»
ერთი რამ ვერ დაედგინა მორისს, რომელი იყო უფრო საშიში, შენობას შეფარებული, – ღმერთმა უწყის, სად, – მელოტი გიგანტი თუ მოჩვენება, რომელიც სართულებზე თავის გემოზე დაბორიალებს?..
– მორის, მე შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაფიქრებს. ვგრძნობ, რომ ვერა ხარ კარგად. სახეზეც გეტყობა...
– მ მ მ... შეიძლება ეს ინსოლაციის ბრალია... უბრალოდ, გადავხურდი მზეზე...
– შესაძლოა. ხვალ თუ თავს უკეთესად არ იგრძნობ, აუცილებლად ექიმს გამოვიძახებ.
მორისმა გაიფიქრა: «ხვალ ჩვენ ცოცხლები აღარ ვიქნებით», მაგრამ ხმამაღლა თქმისგან თავი შეიკავა.
– კარგი, კარგი, მე წავედი დასაძინებლად.
– იქნებ კიდევ ერთი ფინჯანი ნაყენი დაგველია?
– არა, გმადლობ, სილვია. წინ გამიძეხი, გეთაყვა.
სანამ სილვია კიბის პირველ საფეხურებს დაიპყრობდა, მორისი ისევ სამზარეულოში შებრუნდა, შუქი დაგვრჩა ჩაუქრობელიო, მოიმიზეზა. იქ კი კედლიდან კაუჭზე დაკიდებული ხორცის ასაქნელი დიდი დანა ჩამოხსნა და დეიდაშვილს დაეწია.
მეორე სართულის მოედანზე გამომშვიდობებისას ორივემ ერთმანეთს ძილი ნებისა და ტკბილი სიზმრები უსურვა.
ის-ის იყო, მორისს თავისი ოთახის კარი უნდა დაეხურა, როცა სილვიამ შეაჩერა და ლოყა მიუშვირა:
– მოიცა, მაკოცე, რომ საბოლოოდ დამშვიდდე.
სილვიამ მორისს საფეთქელზე გულიანად აკოცა. უკან დახევისას პროფესორს მისი გაკვირვებული სახე არ გამოჰპარვია; მორისის ზურგს უკან სილვიამ რაღაცა დაინახა. დიახ, გაარჩია რაღაც, რომელმაც გააოგნა!
– რა? რა იყო? რამე ხდება? – წამოიყვირა დაზაფრულმა მორისმა. დარწმუნებული იყო, რომ უცხო მის ზურგს უკან იდგა.
წამიერი გაფიქრების შემდეგ, სილვიამ გადაიხარხარა:
– არა, სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი. უბრალოდ, მომეჩვენა. არაფერი ისეთი, დაწყნარდი, მორის. ნუ ხარ ასეთი დამფრთხალი. დამიჯერე, სულ ტყუილად იწამლავ ცხოვრებას. ყველაფერი კარგადაა.
სილვია სიცილ-სიცილით გაემართა თავისი ოთახისკენ.
მორისმა დეიდაშვილს შურითა და სიბრალულით ნაზავი მზერა მიაყოლა. «ნეტარ არიან ჭკუანაკლულნი. უბედური არაფერზე ფიქრობს, ვერც ვერაფერს ამჩნევს. ჩემი დარდი და წუხილი მხოლოდ ართობს. იქნებ მოჩვენება ან პირსისხლიანი მკვლელი იმ კედლის მიღმა იმალება, სადაც ჩემი საწოლია მიდგმული? ეს კიდევ დამდგარა და ხალისობს. იყავი გმირი, მორის, ნუ გაუფანტავ ამ საწყალ ქალს ილუზიებს, ნურც გაუნაწყენდები, შეეშვი, თავისი გასაჭირი ეყოფა».
მორისი წამოწვა. სცადა მდგომარეობის შეფასება, მაგრამ ამან მხოლოდ უფრო ააფორიაქა. ვერც საბანქვეშ, თეძოს გაყოლებაზე გაჭიმულ სამზარეულოს გრძელ დანას ეგუებოდა; მისმა მჭრელმა, ყინულივით ცივმა პირმა დამშვიდებისა და გამხნევების ნაცვლად, ააღელვა.
მორისმა ისევ გახსნა «შავბნელ საიდუმლოთა ოთახი». ისეთი განცდა დაეუფლა, გეგონებოდა, ხანგრძლივი და ქანცგამწყვეტი მოგზაურობის შემდეგ მშობლიურ სახლს დაუბრუნდაო. იქნებ გამოსავალს სულაც ამ წიგნში მიაგნოს?
ღამის პირველ საათზე მორისი კითხვამ კიდევ უფრო ღრმად ჩაითრია. თანამონაწილეობის განცდაც კი დაეუფლა. დაიძაბა, სუნთქვა გაუხშირდა. კვანძის გახსნამდე სულ რაღაც ორმოცდაათი გვერდი რჩებოდა. მოულოდნელად პროფესორს დერეფნიდან ნაბიჯების ხმა შემოესმა. ამჯერად მორისს მოფიქრებაში წამიც არ დაუკარგავს, ჩააქრო შუქი და საბანქვეშ იარაღს ხელი ჩაავლო.
რამდენიმე წამის შემდეგ კარის სახელურმა მილიმეტრობით ტრიალი დაიწყო.
კოლოსი მასთან შეღწევას ლამობდა.
უკიდურესი სიფრთხილითა და გულის გამაწვრილებელი სიზანტით, როგორც იქნა, კარი შემოაღო. ზღურბლზე გადმოალაჯა. ცხაურიდან შემოჭრილი მთვარის მკრთალი ნათებისგან გიგანტს მელოტი თავის ქალა ულაპლაპებდა.
მორისმა სუნთქვა შეიკრა. თავი მძინარედ მოიკატუნა. მოჭუტულ თვალებში ღიად დატოვებული წვრილი ჭრილი თვალთვალის საშუალებას აძლევდა. კოლოსი მისკენ მოიწევდა.
«ახლა დამახრჩობს?»
დანამომარჯვებული მორისი საწოლიდან თვალის დახამხამებაში ღრიალით წამოვარდა, მოიქნია და უცხოს მთელი ძალით ჩასცხო. სისხლი თქრიალით გადმოდინდა.

* * *


ხმაური. გნიასი. მისვლა-მოსვლა.
სიტუაცია უჩვეულო იყო.
არდეშის მშვიდ და წყნარ სოფლებში მსგავსი მოვლენები წარსულში ვერც კი გაეხსენებინათ.
პოლიციის მანქანას მერის, ადგილობრივი დეპუტატისა და ახლომახლო მცხოვრები მეზობლების მანქანები დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ ვილა მჭიდროდ დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს იყო, ციცაბო მთის კალთის ლამის მწვერვალზე, სეირის მოყვარულებმა და დოყლაპიებმა რაღაც ეშმაკის მანქანით მაინც შეიტყვეს მომხდარის შესახებ და იქაურობას მიაწყდნენ.
პოლიციელები იძულებული გახდნენ, შემთხვევის ადგილზე ცნობისმოყვარეთა თავმოყრა შეეზღუდათ. სახლს სიმბოლური პლასტიკური ლენტი შემოავლეს და წესრიგის დაცვა სამ ჟანდარმს დაავალეს.
სანამ სატვირთო მანქანა ცხედარს ტრაგედიის ადგილიდან გაიტანდა, პოლიციელები და საჯარო სამსახურის წარმომადგენლები უნდობლად, უკვე მეათეჯერ უსმენდნენ უზარმაზარი ქალის სლოკინით, ზლუქუნითა და ცხვირის მოხოცვით ოცჯერ მაინც გაწყვეტილ ამბავს.
– გემუდარებით, ჩემი მეგობრები მაინც შემოუშვით. აი, ისინიც.
გრეისი, ოდრი და სოფია სილვიას მიუახლოვდნენ, რათა გადაეკოცნათ და დაემშვიდებინათ. შემდეგ დივანზე ჩამოსხდნენ.
– ეს ვილა ჩემი მეგობრების წყალობით დავიქირავე. ერთმანეთი ზამთარში გავიცანით, საავადმყოფოში, როცა პროფესორ მილოს განყოფილებაში ვმკურნალობდით; ოჰ, ღმერთო ჩემო, იოტისოდენა ეჭვი მაინც რომ შემპარვოდა... – აუხსნა სილვიამ პოლიციელს.
მეგობრების საყურადღებოდ სილვიამ თხრობა განაახლა:
– ვერაფრით გამიგია, რაც მოხდა. მორისი წელს განსაკუთრებული თავაზიანობით გამოირჩეოდა. გაცილებით თავმდაბალი და ლმობიერი იყო, ვიდრე უწინ. ძალიან უბრალო... მგონი, მიხვდა, რომ ვმკურნალობდი და ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ მოკეთება და ძალის მოკრება მჭირდებოდა; შეიძლება ვიღაცამ უთხრა, კიბო რომ მჭირდა? თუ თვითონ მიხვდა? ბოლო დღეებში რამდენჯერმე გამომიწოდა დახმარების ხელი, მეუბნებოდა, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო, ამიტომ არაფერი დამიმალო და ყველაფერს წვრილ-წვრილად უნდა მომიყვეო. წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე იყო ჩემთვის ამის გაზიარება. მე ვერა და ვერ შევეგუე მკურნალობის შემდეგ თმის ცვენას და მელოტი თავის დასამალად პარიკის ტარებას. ჩამოსვლის პირველ ღამეს რატომღაც თავში ჩავიჭედე, რომ უპარიკოდ შემამჩნია, როდესაც
პირველ სართულზე წიგნის საძებნელად ჩავედი... სუპერმარკეტში ვიყიდე, მერე კი სადღაც დამეკარგა. წუხელ ნაყენი მოვუმზადე და დასაძინებლად ერთად ავედით. ძილი ნებისა ვუსურვე და გადავკოცნე. კარი როცა გააღო, დავინახე, რომ ის დაწყევლილი წიგნი მის საწოლზე იდო. შუაღამისას უძილობით გაწამებულმა, – მას შემდეგ, რაც ავად გავხდი, რული არ მეკარება, – ვიფიქრე, აღარ გავაღვიძებ, შევიპარები მის ოთახში და წიგნს გამოვიტან-მეთქი. როცა შევედი, მგონი, ძილ-ბურანში იყო. ფრთხილად მივიწევდი წინ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნება-ნება, ეძინოს მშვიდად-მეთქი, ვფიქრობდი. ბოლოს, ის-ის იყო, ხელი წიგნისკენ გავაპარე, რომ მორისი აფთარივით მეტაკა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი, დანის მჭრელ პირსაც მოვკარი თვალი. დავიწყე კივილი და მისი მოგერიება. ეტყობა, ისე ძლიერ მოვუქნიე ხელი, თავი ვერ შეიკავა და უკან გადავარდა, კედელს მიეხეთქა და ბოლოს გვერდულად იატაკზე დაენარცხა, – დარტყმა საბედისწერო აღმოჩნდა. საფეთქელი ღამის მაგიდას მიარტყა და იქვე განუტევა სული.
ზლუქუნი და მოთქმა განახლდა.
კომისარი უსმენდა და თან ნიკაპს იფხანდა. ეტყობოდა, რომ ამ ქალის მაინცდამაინც არ სჯეროდა. მერე გვერდზე გადგა, კოლეგებს უნდა მოვეთათბიროო, თქვა. უბედური შემთხვევის ჰიპოთეზა სამართალდამცავებმა თავიდანვე გამორიცხეს. რაზე დამალავდა კაცი ლოგინში დანას, თუ დეიდაშვილისგან თავდასხმას არ მოელოდა?
მოგვიანებით კომისარმა სილვიას გამოუცხადა, რომ მას აუცილებლად წაუყენებდნენ ბრალდებას, რასაც მეგობარი ქალების ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. შემოწმებისას ჩხუბის ნაკვალევი ვერ დაფიქსირდა. კომისარი გადაწყვეტილების სისწორეში სილვიას ნათქვამმაც დაარწმუნა. ეჭვმიტანილმა სამართალდამცავებს აუწყა, რომ მორისის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე იყო.
სილვიას ხელბორკილი დაადეს და პოლიციაში წაიყვანეს.
კომისარი, – ამჯერად უკვე თანმხლები პირების გარეშე, – მეორე სართულზე ავიდა, ხელზე რეზინის ხელთათმანები მოირგო, ფრთხილად აიღო ორი მამხილებელი ნივთი და პლასტიკურ ჩანთაში გადაუძახა. ხორცის ასაქნელი უშველებელი გასისხლიანებული დანა და ქრის ბლექის «შავბნელ საიდუმლოებათა ოთახი».
სანამ წიგნს ჩანთაში ჩააგდებდა, კომისარმა თვალი შეავლო უკანა გარეკანზე გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ, სისხლის ლაქების გამო ძნელად გასარჩევ ტექსტს და ჩაიბურდღუნა:
– ღმერთო, როგორ შეიძლება კაცი ასეთ საძაგელ მაკულატურას კითხულობდეს.

ტეგები: Qwelly, ნოველები, შმიტი

ნახვა: 33

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:16pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

 

                                                გველის და ადამის მსგავსება

 …

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters