ლურჯი ოთახი

პროსპერ მერიმე, ლურჯი ოთახი, ლიტერატურა, ქველი, literature, blue room, prosper merime, qwelly

წიგნიდან: პროსპერ მერიმე - ნოველები

ქალბატონ დე ლა რიუნს

      რკინიგზის ერთ-ერთი სადგურის ვესტიბიულში აღელვებული ყმაწვილი დასეირნობდა. მას ლურჯი სათვალე ეკეთა და, თუმცა სურდო არ ჭირდა, მაინც ყოველ წუთს ცხვირსახოცი ცხვირთან მიჰქონდა. მარცხენა ხელში პატარა შავი ხელჩანთა ეჭირა, სადაც, როგორც შემდეგ შევიტყვე, აბრეშუმის საშინაო ხალათი და თურქული შარვალი იდო.

      დროგამოშვებით შემოსასვლელ კართან მიდიოდა და ქუჩაში იხედებოდა. შემდეგ ჯიბიდან საათს იღებდა და სადგურის კედლის საათზე ამოწმებდა. მატარებელი მხოლოდ ერთ საათში უნდა წასულიყო; მაგრამ მუდამ ბევრია ისეთი ხალხი, რომელთაც დაგვიანების ეშინიათ. ასეთი მატარებლით საქმიანი ხალხი არ მოგზაურობს ხოლმე, რადგანაც ნაკლებადაა პირველი კლასის ვაგონები. არც დრო იყო ისეთი, ბირჟის მაკლერებს რომ საქმეები დაემთავრებინათ და სადილად თავისი აგარაკებისაკენ გამგზავრებულიყვნენ. როდესაც მგზავრებმა იწყეს დენა, მათი მიხვრა- მოხვრის მიხედვით პარიზელი ადვილად გამოიცნობდა ფერმერებს ან გარეუბნელ წვრილფეხა ვაჭრებს. მიუხედავად ამისა, როგორც კი სადგურში ქალი შემოვიდოდა, ან როგორც კი სადგურის წინ ეტლი გაჩერდებოდა, ლურჯსათვალიან ყმაწვილს გული ბურთივით ყელში ებჯინებოდა, მუხლები კანკალებდა და ხელჩანთა ლამის ხელიდან გავარდნოდა, სათვალე კი - ცხვირიდან, რომელზედაც, სხვათა შორის უნდა ითქვას, მთლად მრუდედაც ჰქონდა წამოცმული.

      კიდევ უფრო უარესი დაემართა მას, როდესაც ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ერთ-ერთი გვერდითი კარებიდან, სწორედ იმ მხრიდან, რომელიც მის გამუდმებულ მეთვალყურეობას გამორჩენოდა, შავებში გამოწყობილი და სახეზე პირბადეაფარებული ქალი გამოჩნდა, რომელსაც ხელში ყავისფერი ტარსიკონის ხელჩანთა ეჭირა; როგორც შემდგომ აღმოვაჩინე, ხელჩანთაში საუცხოო ლურჯი ატლასის ფლოსტები ეწყო. ქალი და ვაჟი ერთმანეთისაკენ გაეშურნენ ისე, რომ წინ არ გადაუხედავთ, მაგრამ მარჯვნივ და მარცხნივ კი იცქირებოდნენ: ერთმანეთს შეხვდნენ, ხელი ჩამოართვეს და რამდენიმე ხანს უსიტყვოდ იდგნენ ათრთოლებულნი, აქოშინებულნი, ერთ-ერთი იმ მწვავე გრძნობით შეპყრობილნი, რომელშიც მზად ვარ ფილოსოფოსის სიცოცხლის ასი წელიწადი მივცე.

      როდესაც ლაპარაკის ძალა მოიკრიბეს: - ლეონ, - თქვა ახალგაზრდა ქალმა (მე დამავიწყდა მეთქვა, რომ იგი ახლაგაზრდა და ლამაზი იყო), - ლეონ, რა ბედნიერებაა! ამ ლურჯ სათვალეში ვერასოდეს ვერ გიცნობდით.

 - რა ბედნიერებაა! - თქვა ლეონმა. - ამ შავს პირბადეში ვერასოდეს ვერ გიცნობდით.

 - რა ბედნიერებაა! - გაიმეორა ქალმა, - ჩქარა დავიკავოთ ჩვენი ადგილები, მატარებელი უჩვენოდ არ წავიდეს! .. ( და ვაჟს მკლავზე ხელი მოუჭირა). არავის ეჭვი არ აუღია. ამ, წუთს ვითომ კლარასთან და მის ქმართან ვარ და მათი აგარაკისაკენ მივემგზავრები, სადაც მათ ხვალ უნდა გამოვეთხოვო... ისინი კი, - დაუმატა ახალგაზრდა ქალმა სიცილით და თავი დახარა, - უკვე ერთი საათია რაც გაემგზავრნენ, და ხვალ .. მათთან უკანასკნელი საღამოს გატარების შემდეგ... (მან კვლავ მოუჭირა ვაჟს მკლავზე ხელი) ხვალ დილას, კლარა დამტოვებს სადგურზე, სადაც ურსულა დამხვდება, რომელიც წინასწარ გავაგზავნე მამიდაჩემთან... დიახ! მე ყველაფერი გავითვალისწინე! ავიღოთ ბილეთები... შეუძლებელია, რომ გვიცნონ! მართლა! სასტუმროში რომ გვარი გვკითხონ? მე უკვე დამავიწყდა...

 - ბატონი და ქალბატონი დიურიუ.

 - ოჰ, არა, დიურიუ არ მინდა. პანსიონში ერთი ფეხსაცმლის მკერავი გვყავდა ამ გვარისა.

 - მაშ დომონი?

 - დომონი.

 - საუცხოოა, მაგრამ არავინ არაფერს არ შეგვეკითხება.

      ზარი დაირეკა, მოსაცდელი დარბაზის კარი გაიღო და ახალგაზრდა ქალი, ისევ პირბადეაფარებული, თავისი ახალგაზრდა თანამგზავრითურთ მატარებლისაკენ გაეშურა. ზარი მეორედ დარეკეს, მათი კუპეს კარი დაიხურა.

 - ჩვენ მარტო ვართ! - სიხარულით წამოიძახეს მათ.

      მაგრამ თითქმის იმავე წუთს მათ კუპეში ორმოცდაათიოდე წლის, მთლად შავებში გამოწყობილი, დინჯი და მოწყენილი შესახედაობის კაცი შემოვიდა და ერთ კუთხეში დაბინავდა. ორთქმავალმა დაუსტვინა და მატარებელი დაიძრა. ახალგაზრდები, რამდენადაც შესაძლებელი იყო, აბეზარი მეზობლისაგან შორს დასხდნენ და, მეტისმეტი სიფრთხილის გამო, ხმადაბლა ინგლისურად დაიწყეს საუბარი.

 - ბატონო, - იმავე ენაზე და გაცილებით უფრო წმინდა ბრიტანული კილოთი თქვა უცნობმა მგზავრმა, - თუ თქვენ ერთმანეთისთვის საიდუმლო რამ გაქვთ სათქმელი, კარგს იქმოდით, თუ ჩემი თანდასწრებით ინგლისურად არ ილაპარაკებდით. მე ინგლისელი გახლავართ; მწყინს, რომ გაწუხებთ, მაგრამ მეორე კუპეში მხოლოდ ერთი კაცი იყო, და მე წესად მაქვს, არასოდეს არ ვიმგზავრო მხოლოდ მარტო ერთ კაცთან... იმ კაცს იუდას სახე ჰქონდა, და ამას შეეძლო ცთუნებაში შეეყვანა (მან თავის სამგზავრო ჩანთაზე მიუთითა, რომელიც თავის წინ ბალიშზე დაედო). გარდა ამისა, თუ არ დამეძინა, წიგნს წავიკითხავ.

      ის მართლაც გულმოდგინედ შეეცადა დაძინებას. გახსნა თავისი ჩანთა, ამოიღო საშინაო ჩაჩი, თავზე დაიხურა და რამდენიმე წუთს თვალები დახუჭული ჰქონდა. შემდეგ მოუთმენელი მოძრაობით თვალები გაახილა და თავის ჩანთაში სათვალე და ბერძნული წიგნი მოძებნა; დაბოლოს, დიდი ყურადღებით დაიწყო კითხვა.

      ჩანთიდან წიგნის ამოსაღებად მას მრავალი, ალალბედზე ჩაყრილი ნივთის ამოყრა დასჭირდა. სხვა საგნებთან ერთად ჩანთის სიღრმიდან ინგლისის ბანკის ბილეთების საკმაოდ სქელი დასტა ამოიღო და, სანამ ხელახლა ჩანთაში ჩადებდა, ახალგაზრდა კაცს უჩვენა და შეეკითხა, მოვახერხებ თუ არა N-ში ამ ბანკნოტების გადაცვლასო.

 - მე მგონი. ეს ხომ ინგლისის გზაზეა.

      N-ი ის ადგილი იყო, სადაც ახალგაზრდა წყვილები მიემგზავრებოდნენ. N-ში არის ერთი პატარა, საკმაოდ სუფთა სასტუმრო, სადაც მგზავრები მხოლოდ შაბათ საღამოს ჩერდებიან ხოლმე. ამბობენ, იქ კარგი ოთახები აქვთ, პატრონიც და მსახურიც არ არიან ცნობისმოყვარენი, რამდენადაც არ არიან პარიზს დაშორებულნი, რომ ასეთი პროვინციული ნაკლი გააჩნდეთ. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მე ლეონი ვუწოდე, უკვე, რამდენიმე ხნის წინ, უსათვალოდ ყოფილიყო იმ სასტუმროს დასაზვერად, და იქ ნანახის მოყოლის შემდეგ მის მეგობარ ქალს სასტუმროს ნახვის სურვილი აღძვროდა.

      თუმცა, ესეც უნდა ითქვას, იმ დღეს ახალგაზრდა ქალი ისეთ განწყობილებაზე იყო, რომ ციხის კედლებიც კი მომხიბვლელი ეჩვენებოდა, ოღონდ იქ ლეონთან ერთად ჩაემწყვდიათ. ამასობაში მატარებელი წინ მიდიოდა; ინგლისელი თავისი ბერძნული წიგნის კითხვით გაერთო და არც კი მიუხედავს თანამგზავრებისაკენ, რომლებიც ისე ხმადაბლა მუსაიფობდნენ, შეყვარებულებს რომ სჩვევიათ. შეიძლება ჩემი მკითხველი ვერ გავაკვირვო, თუ ვეტყვი, რომ ისინი მართლაც შეყვარებულნი იყვნენ. სამწუხაროდ, მათ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი, რადგანაც არსებობდა მიზეზები, რომლებიც მათ ამაში ხელს უშლიდა.

      N-ს ჩავიდნენ ინგლისელი პირველი გადავიდა. მანამ ლეონი თავის მეგობარს შველოდა ვაგონიდან ისე ჩამოსულიყო, რომ ფეხები არ გამოსჩენოდა, მეზობელი კუპედან ერთი კაცი გადმოხტა ბაქანზე. ის ფერმკრთალი იყო, ყვითელიც კი, თვალები ჩაცვივნული და ჩასისხლიანებული ჰქონდა, ხოლო წვერი ცუდად გაპარსული - ხშირად დიდ ბოროტმოქმედთ რომ ახასიათებდათ ხოლმე. რედინგოტი, რომელიც ერთ დროს შავი უნდა ყოფილიყო, ახლა კი ზურგზე და იდაყვებზე გარუხებოდა, ნიკაპამდე შეეკრა, ალბათ, კიდევ უფრო გაცვეთილი ჟილეტის დასამალავად. უცნობი ინგლისელისაკენ გაექანა და ძლიერ მორჩილი ტონით მიმართა: - Uncle!

 - Leave me alone, you wreth! - წამოიძახა ინგლისელმა, რომელსაც ნაცრისფერი თვალები მრისხანების ცეცხლით ანათებდა.

      და მან ნაბიჯი გადადგა სადგურიდან გასასვლელად.

 - don’t drive me despeair, - თქვა მეორემ შესაბრალისი და იმავე დროს თითქმის მუქარის კილოთი.

 - მიყავით სიკეთე და ერთ წუთს ჩანთა დამიჭირეთ, - თქვა ხნიერმა ინგლისელმა და თავისი სამგზავრო ჩანთა ლეონს დაუდგა ფეხებთან.

      იმავე წამს მკლავში ხელი სტაცა კაცს, რომელიც მას გამოელაპარაკა, მიიყვანა, ანუ უკეთ, მიაგდო კუთხეში, სადაც იმედი ჰქონდა, რომ ვერავინ ვერას გაიგონებდა, და იქ ერთ წუთს, როგორც ჩანდა, ძლიერ უხეში ტონით ელაპარაკებოდა. შემდეგ ჯიბიდან რაღაც ქაღალდები ამოიღო, დაჭმუჭნა და ხელში ჩაუდო ამ კაცს, რომელმაც მას ბიძა უწოდა. უკანასკნელმა მადლობის გადაუხდელად გამოართვა ქაღალდები, თითქმის იმავე წამს მოშორდა და მიიმალა.

      N-ში მხოლოდ ერთი სასტუმროა და ამიტომ საკვირველი არ არის, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ ამ ნამდვილი ამბის მოქმედი პირნი იქ ხელახლა შეხვდნენ ერთმანეთს. საფრანგეთში ყოველ მოგზაურს, რომელსაც გვერდით კარგად ჩაცმული ქალი ჰყავს, ყოველ სასტუმროში აუცილებლად მშვენიერ ოთახს შესთავაზებენ. ამიტომაც აღიარებულია, რომ ჩვენ ევროპის ყველაზე უფრო თავაზიანი ერი ვართ.

      თუმცა ოთახი, რომელიც ლეონს მისცეს, სხვებს სჯობდა, გამბედაობა იქნებოდა აქედან დაგვესკვნა, რომ ის საუცხოო იყო. იქ იდგა ერთი საწოლი კაკლის ხისა, ჩითის მიჩიგანით, რომელზედაც იისფრად იყო აღბეჭდილი პირამის და თისბას მომხიბლავი ამბავი. კედელზე ფერადი შპალერი ნეაპოლის ხედს გამოხატავდა მრავალი პერსონაჟითურთ. საუბედუროდ, უსაქმო და მოურიდებელ მგზავრებს ყველა სახეებისათვის, როგორც კაცების, ისე ქალებისათვის, ულვაშები და ჩიბუხები მიემატებინათ; ხოლო ცაზე და ზღვაზე კი შეგეძლოთ ფანქრით დაწერილი მრავალი სისულელე ამოგეკითხათ პროზადაც და ლექსადაც. ამ ფონზე რამდენიმე გრავიურა ეკიდა: "ლუი ფილიპე ფიცს სდებს 1830 წლის ქარტიაზე", "სენ- პრეს და იულიას პირველის შეხვედრა", "ბედნიერების მოლოდინი და სინანული", მ. დიუფუბის სურათების მიხედვით შესრულებული. ამ ოთახს ცისფერ ოთახს უწოდებდნენ, რადგან ბუხრის მარჯვნივ და მარცხნივ ორი უტრეხტის ცისფერხავერდგადაკრული სავარძელი იდგა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელი იყო რაც მათ სირმაშემოვლებული რუხი ყალამქრის შალითები ეფარათ. სანამ მსახური დედაკაცები ბეჯითად ფუსფუსებდნენ ახლად მოსული ქალის გარშემო და თავიანთ სამსახურს სთავაზობდნენ, ლეონი, ვისთვისაც სიყვარულს ჯერ კიდევ არ წაერთმია საღი აზრი, სამზარეულოში წავიდა სადილის შესაკვეთად. მას მთელი თავისი მჭერმეტყველების მოხმარება და მცირეოდენი ქრთამის გაღებაც დასჭირდა, სანამ შეჰპირდებოდნენ, ცალკე ოთახში გასადილებთო; მაგრამ იგი დიდად შეძრწუნდა, როდესაც შეიტყო, რომ ჰუსართა მესამე პოლკის ბატონი ოფიცრები, რომელთაც N-ში უნდა შეეცვალათ იეგერთა მესამე პოლკის ბატონი ოფიცრები, იმავე დღეს ერთმანეთს ხვდებოდნენ მთავარ სასადილო დარბაზში, ესე იგი მათი ოთახის გვერდით, გამოსათხოვარ სადილზე, ამ სადილს კი უაღრესად გულითადი ხასიათი ექნებოდა. სასტუმროს პატრონი ყველა წმინდანებს ფიცულობდა, რომ ბატონი ჰუსარები და ბატონი იეგერები, გარდა ყველა ფრანგი მხედრისათვის ჩვეული სიმხიარულისა, მთელ ქალაქში ცნობილი არიან თავიანთი თვინიერებითა და კეთილგონიერებით, და რომ მათი მეზობლობა იოტის ოდენ უხერხულობასაც არ მიაყენებს ქალბატონს, რადგან ბატონი ოფიცრების ჩვეულებაა სუფრიდან შუაღამემდე ადგომა.

      როდესაც ლეონი, ამგვარი რწმუნებით საკმაოდ შეფიქრიანებული, ცისფერ ოთახში დაბრუნდა, შენიშნა რომ ინგლისელსაც ოთახი მისი ოთახის გვერდით დაეკავებინა. კარი ღია იყო... ინგლისელი მაგიდას უჯდა, ზედ ერთი ბოთლი და ჭიქა ედგა, და დიდი ყურადღებით ათვალიერებდა ჭერს, თითქოს ბუზებს ითვლისო.

 - რა მესაქმება მეზობლებთან! - თქვა თავისთვის ლეონმა, - ინგლისელი მალე დათვრება, ჰუსარები კი შუაღამემდე წავლენ.

      ცისფერ ოთახში შესვლისთანავე მისი პირველი საზრუნავი იყო, შეემოწმებინა კარგად იყო თუ არა დაკეტილი შუაკარები და ჰქონდა თუ არა ურდულები. ინგლისელის მხარეს კი კედელი უფრო თხელი იყო, მაგრამ კარს გასაღებიც ჰქონდა და ურდულიც, ბოლოს და ბოლოს, ცნობისმოყვარეობის საწინააღმდეგოდ, ეს გაცილებით უფრო ძლიერი ბარიერია, ვიდრე ეტლის ფარდები; რამდენი ადამიანი სთვლის თავს ქვეყნიერებისგან განცალკევებულად დაქირავებულ ეტლში?

      რასაკვირველია, უმდიდრესი ფანტაზიის მქონე ადამიანსაც არ შეუძლია უფრო სრული ბედნიერება წარმოიდგინოს, ვიდრე ამ ორი შეყვარებულის ბედნიერება იყო: ისინი ხანგრძლივი დევნის შემდეგ მარტო იყვნენ, ეჭვიანთაგან და ცნობისმოყვარეთაგან შორს, და საშუალება მიეცათ ერთმანეთისათვის თავისუფლად გაეზიარებინათ განვლილი სატანჯველი და სრულყოფილი დაახლოების სიტკბოება ეგემნათ. მაგრამ ეშმაკი ყოველთვის ახერხებდა ჩაუმწაროს კაცს ბედნიერებით სავსე ფიალა.

      ჯონსონს დაუწერია, თუმცა არა პირველს, ვინაიდან აზრი რომელიღაც ბერძენისაგან უსესხებია, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია თქვას დღეს ბედნიერი ვიქნებიო. ეს ჭეშმარიტება უდიდესი ფილოსოფოსების მიერ ძლიერ დიდი ხნის წინათ შეგნებული, დღეს ზოგიერთი მოკვდავისათვის, განსაკუთრებით კი შეყვარებულთა უმეტესობისათვის, მაინც უცნობია. მანამ ლეონი და მისი მეგობარი ცისფერ ოთახში საკმაოდ უხეირო სადილს შეექცეოდნენ, რომელიც ბატონ იეგერთა და ჰუსართა ნადიმისაგან გადამალული რამდენიმე კერძისაგან შედგებოდა, მათ დიდი უხერხულობა განიცადეს იმ საუბრის გამო, რომელიც ბატონ ოფიცერთა შორის მიმდინარეობდა მეზობელ დარბაზში. მათი საუბრის საგანი, რომლის გამეორებისაგან თავს შევიკავებ, საკმაოდ შორს იყო სტრატეგიისა და ტაქტიკისაგან.

      ერთიმეორე მოსდევდა უაღრესად საჩოთირო ამბები, თითქმის ყველა გიჟმაჟური ხასიათისა, და ყოველი მათგანი ისეთი ხმამაღალი ხარხარით ბოლოვდებოდა, რომ ჩვენი შეყვარებულებიც ხშირად თავს ვეღარ იკავებდნენ სიცილისაგან. მართალია, ლეონის მეგობარი არ იყო გადაჭარბებულად მორცხვი, მაგრამ მაინც არის ზოგიერთი რამ, რისი მოსმენაც თვით საყვარელი ადამიანის პირისპირაც კი არასასიამოვნოა. მდგომარეობა უფრო და უფრო უხერხული ხდებოდა, და როდესაც ბატონი ოფიცრებისათვის დესერტის მირთმევის დრო დადგა, ლეონმა გაიფიქრა, ურიგო არ იქნება სამზარეულოში ჩავიდე და სასტუმროს პატრონს ვთხოვო, როგორმე აცნობეთ მათ, რომ თქვენს მეზობელ ოთახში ავადმყოფი ქალია, და თქვენი თავაზიანობისაგან ველით ცოტა ნაკლები იხმაუროთო.

      სასტუმროს პატრონი, როგორც კორპორაციული სადილების დროს ხდება ხოლმე, მთლად დაბნეული იყო და აღარ იცოდა ვისთვის რა პასუხი გაეცა. სწორედ იმ დროს, როდესაც ლეონი მას ოფიცრებისათვის გადასაცემ ამბავს აბარებდა, მსახური კაცი შამპანურს სთხოვდა ჰუსარებისათვის, ხოლო მსახური ქალი - პორტვეინს ინგლისელისათვის.

 - მე ვუთხარი, რომ არა გვაქვს-მეთქი. - დაუმატა ქალმა.

 - შენ სულელი ხარ, მე ყველა ღვინო მაქვს. მე მას გამოვუძებნი პორტვეინს! მომიტანეთ ერთი ბოთლი რატაფია, ერთი ბოთლი ღვინო, აი ის, თხუთმეტი სუ რომ ღირს, და ერთი პატარა გრაფინი არაყი.

      და როდესაც სასტუმროს პატრონმა ერთი ხელის მოსმით პორტვეინი გააკეთა, დიდ დარბაზში შევიდა და შეასრულა ლეონის დავალებაც, უპირველეს ყოვლისა, ამან გაშმაგებული აურზაური გამოიწვია.

      შემდეგ ერთმა ბოხმა ხმამ, რომელმაც ყველა სხვა ხმები დაფარა, იკითხა როგორი ქალია ჩვენი მეზობელიო, ჩამოვარდა ერთგვარი სიჩუმე და სასტუმროს პატრონმა უთხრა: - ჩემმა მზემ, ბატონებო, არ ვიცი, რა მოგახსენოთ, საკმაოდ ლამაზი და მოკრძალებული ქალი ჩანს; მარი- ჟანნა ამბობს, რომ თითზე საქორწილო ბეჭედი უკეთიაო. ადვილი შესაძლებელია, რომ პატარძალი იყოს, და დროის გასატარებლად ჩამოსულიყოს აქ, როგორც სხვა დროსაც ბევრნი ჩამოსულან ხოლმე.

 - პატარძალია? - უცებ წამოიძახა ორმოცმა ხმამ, - მაშ ჩვენთან უნდა გამოვიდეს და ჭიქა ჭიქაზე მივაჯახოთ! ჩვენ მის სადღეგრძელოს შევსვამთ, ქმარს კი მეუღლის მოვალეობას შევასწავლით.

      ამ სიტყვებთან ერთად ისეთი საშინელი ჩხარუნი ატყდა დეზებისა, რომ ჩვენი შეყვარებულნი შეკრთნენ ; ეგონათ, ჩვენი ოთახის იერიშით აღებას აპირებენო.

      მაგრამ უეცრად გაისმა ერთი ხმა, რომელმაც მოძრაობა შეაჩერა. ცხადი იყო, რომ ვიღაც უფროსი ლაპარაკობდა. მან ოფიცრებს უზრდელობა უსაყვედურა და უბრძანა, რომ დამსხდარიყვნენ, არ ეყვირათ და თავაზიანად ელაპარაკათ. შემდეგ ცისფერ ოთახში ვერ გაიგონეს. მისი სიტყვები მოწიწებით იქნა მოსმენილი, მაგრამ მათ ერთგვარი შეკავებული მხიარულება მაინც გამოიწვიეს. ამის შემდეგ ოფიცერთა დარბაზში შედარებით სიწყნარე გამეფდა, და ჩვენმა შეყვარებულებმაც, რომელნიც დისციპლინის სასწაულმოქმედ ძალას ლოცავდნენ, შედარებით უფრო თავისუფლად განაახლეს საუბარი... მაგრამ ამდენი დავი- დარობის შემდეგ საკმაო დრო დასჭირდათ იმისათვის, რომ ხელახლა მოეპოვებინათ ის ნაზი გრძნობები, რომლებიც მოუსვენრობამ, მოსაწყენმა მგზავრობამ და განსაკუთრებით მათი მეზობლების უდიერმა მხიარულებამ საკმაოდ დაუფრთხო. ვინაიდან მათ ასაკში ასეთი მოგზაურობის ყველა უსიამოვნება და მათი აზრები მათი უმთავრესი მიზნებისაკენ წარიმართა.

      მათ ეგონათ, რომ ჰუსარებთან ზავი ჩამოგდებული იყო; საუბედუროდ ეს მხოლოდ დროებითი ზავი აღმოჩნდა! სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ ამას, და როდესაც ამ ქვეყნიდან ძლიერ შორს იმყოფებოდნენ, უეცრად ოცდაოთხმა საყვირმა, რომლებსაც რამდენიმე ტრომბონიც აძლევდა ბანს, ფრანგი ჯარისკაცების ცნობილი ჰანგი დასძახა: "გამარჯვება ჩვენია!" განა შეიძლებოდა ასეთი ქარიშხლის გაძლება? სწორედ რომ ძლიერ შესაბრალისნი იყვნენ საცოდავი შეყვარებულნი...

      თუმცა არც იმდენად შესაბრალისნი, რადგან ბოლოს ოფიცრებმა სასადილო დარბაზი დატოვეს და ცისფერი ოთახის კარის წინ თითო- თითოდ გავლისას, დეზებისა და ხმლების ძლიერი ჩხარუნით, რიგ- რიგად დაიყვირეს: - ღამე მშვიდობისა, პატარძალო!

      შემდეგ ყოველგვარი ხმაური მიწყდა. მაგრამ არა, მე ვცდები, დერეფანში ინგლისელი გამოვიდა და დაიძახა: - ბიჭო! კიდევ ერთი ბოთლი იგივე პორტვეინი მომიტანეთ.

      სიმშვიდე ხელახლა დამყარდა N-ის სასტუმროში, ღამე წყნარი იყო, მთვარე სავსე. უხსოვარი დროიდან დაწყებული, მიჯნურებს ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ცქერა უყვართ. ლეონმა და მისმა მეგობარმა გამოაღეს ფანჯარა, რომელიც პატარა ბაღს დაჰყურებდა, და სიამოვნებით შეისუნთქეს ციბარდას სურნელებით გაჟღენთილი წმინდა ჰაერი.

      მაგრამ ფანჯარასთან დიდხანს არ დარჩენილან; ბაღში ვიღაც კაცი დასეირნობდა, თავჩაქინდრული, გულხელდაკრეფილი, სიგარით პირში. ლეონმა თითქოს პორტვეინის მოყვარული ინგლისელის ძმისწული იცნო.

      მე მეჯავრება უსარგებლო დეტალების აღწერა და, გარდა ამისა, არც მოვალედ ვთვლი ჩემს თავს ვუთხრა მკითხველს ის, რაც თვითონაც ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს, ან თანმიმდევრობით მოვუყვე ყველაფერი, რაც N -ის სასტუმროში მოხდა. ვიტყვი, მაშასადამე, რომ სანთელი, რომელიც ცისფერი ოთახის უცეცხლო ბუხარზე ენთო, ნახევარზე მეტად იყო დამწვარი, როდესაც ინგლისელის აქამდე ჩუმ ოთახში რაღაც თავისებური ხმაური გაისმა, როგორსაც მძიმე სხეული გამოსცემს დაცემისას. ამ ხმაურს არანაკლებ საოცარი ჭახანი დაერთო, რომელსაც ყრუ ყვირილი და რამდენიმე გაურკვეველი წყევლის მსგავსი სიტყვა მოჰყვა... ცისფერი ოთახის ახალგაზრდა მდგმურები შეკრთნენ, შესაძლებელია, შეშინებულებსაც გამოეღვიძათ. ამ ხმაურმა, რომელიც ვერაფრით ვერ ახსნეს, ერთზეც და მეორეზეც თითქმის შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა.

 - ჩვენი ინგლისელი სიზმარშია, - თქვა ლეონმა ძალდატანებული ღიმილით.

      მას თავისი მეგობრის დამშვიდება სურდა, მაგრამ თვითონ მისდა უნებურად გააჟრჟოლა, ორი- სამი წუთის შემდეგ დერეფანში რომელიღაც კარი გაიღო თითქოს ფრთხილად, შემდეგ ისევ ჩუმად დაიხურა. გაისმა ნელი და არამტკიცე ნაბიჯების ხმა. შეიძლებოდა გვეფიქრა თითქოს ვიღაც შეუმჩნევლად გავლასაც ცდილობსო.

 - წყეული სასტუმრო! - წამოიძახა ლეონმა.

 - აჰ! სამოთხეა!. - უპასუხა ახალგაზრდა ქალმა, და თავი ლეონს მხარზე დაადო, - საშინლად მეძინება..

      მან ღრმად ამოისუნთქა და თითქოს იმწამსვე ჩაეძინა.

      რომელიღაც გამოჩენილმა მორალისტმა თქვა, რომ ადამიანები არასდროს არ არიან ყბედნი, როდესაც მათ არაფერი აქვთ სათხოვარი. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ ლეონმა არ სცადა საუბარი გაება ანუ რაიმე აზრი გამოეთქვა N-ის სასტუმროს სხვადასხვაგვარი ხმაურის შესახებ. თავისდა უნებურად იგი ძლიერ შეფიქრიანდა: მისი ფანტაზია მრავალ ისეთ გარემოებას უკავშირებდა ამ ხმაურს, რომელსაც, სხვაგვარი განწყობილება რომ ჰქონოდა, არავითარ ყურადღებას არ მიაქცევდა. მის მეხსიერებაში ამოტივტივდა ინგლისელის ძმისწულის პირქუში სახე. იგი თავის ბიძას სიძულვილით უცქეროდა, იმავე დროს, მორჩილებით ელაპარაკებოდა, უეჭველია იმიტომ რომ ფულს სთხოვდა.

      რა არის იმაზე ადვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ჯან- ღონით სავსე კაცისათვის, მით უფრო თუ ის სასოწარკვეთილიცაა, რომ ბაღიდან მეზობელი ოთახის ფანჯარაზე აცოცდა? გარდა ამისა, იგი ამავე სასტუმროშია ჩამომხტარი, რადგან ღამით ბაღში დასეირნობდა. შეიძლება... მოსალოდნელიც კია..

      უეჭველია მან იცოდა, რომ ბიძამისის შავ ჩანთაში ბანკის ბილეთების სქელი დასტა იდო... ხოლო ეს ყრუ დაკვრის ხმა, თითქოს კეტი მოხვდა მელოტ თავს!.. ეს ყრუ ყვირილი! ეს საშინელი წყევლა! და შემდეგ ეს ნაბიჯები! ამ ძმისწულს კაცისმკვლელის შესახედაობა ჰქონდა.

      ...მაგრამ ოფიცრებით სავსე სასტუმროში კაცის მოკვლა არ მოხერხდებოდა. უეჭველია, ის ინგლისელიც, როგორც ფრთხილ ადამიანს შეეფერება, კარს ურდულს გაუყრიდა, მით უმეტეს, რომ ის არამზადაც ახლო- მახლო ეგულებოდა... იგი არ ენდობოდა მას, რადგან არ უნდოდა მასთან დალაპარაკება თავისი ჩანთით ხელში... რატომ უნდა გავივლო გულში ასეთი საშინელი აზრები, როდესაც ასეთი ბედნიერი ვარ?

      ასე ამბობდა ლეონი თავის გულში. ასეთ ფიქრებში გართულს, რომელთა ვრცელი ანალიზისაგან თავს შევიკავებ, და რომლებიც თითქმის სიზმრებივით არეუ- დარეულად მოსდიოდნენ თავში, თავისდა უნებურად თვალები იმ კარისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ცისფერი ოთახიდან ინგლისელის ოთახში გადიოდა.

      საფრანგეთში კარები ცუდად იხურება. ამ კარსა და იატაკს შორის სულ ცოტა ორიოდე სანტიმეტრი ღია ადგილი მაინც რჩებოდა. უეცრად ამ ფარღალალაში, რომელიც იატაკიდან ანარეკლი სხივით ოდნავ იყო განათებული, რაღაც მოშავო და ბრტყელი გამოჩნდა, დანის პირის მსგავსი, რადგან მისი კიდე, რომელსაც სანთლის შუქი მოხვდა, წვრილ და ძლიერ ლაპლაპა ხაზს წარმოადგენდა. ეს რაღაც ნელა მიცოცავდა კარის მახლობლად დაუდევრად მიგდებული ლურჯი ატლასის ფლოსტისკენ. ნამის ჭიის მსგავსი რამე მწერი ხომ არ არის?.. არა, ეს მწერი არ არის. ამას გარკვეული ფორმა არა აქვს.. ოთახში კიდევ შემოცოცდა ორი თუ სამი მუქი ზოლი, რომელთაც თავთავისი ნათელი ხაზები მოჰყვებოდა. იატაკის დაქანების წყალობით მათი მოძრაობა აჩქარდა... ისინი სწრაფად მიიწევდნენ წინ და პატარა ფლოსტებს შეეხნენ. ეჭვი აღარ იყო, ეს სითხე იყო! და ეს სითხე, რომლის ფერი სანთლის შუქზე უკვე მკაფიოდ ჩანდა, სისხლი იყო! და იმ დროს, როდესაც ზარდაცემული ლეონი უძრავად მისჩერებოდა ამ საშინელ ზოლს, ახალგაზრდა ქალი მშვიდ ძილს მისცემოდა და მისი ზომიერი სუნთქვა მის საყვარელს მხარსა და ყელს უთბობდა...

      ზრუნვა, რომელიც ლეონმა N-ის სასტუმროში ჩამოხტომისთანავე, სადილისათვის გამოიჩინა, ადასტურებდა, რომ მას კარგი თავი ჰქონდა და მაღალგონიერი იყო და არც წინდახედულება აკლდა. მან არც ამ შემთხვევაში უმტყუნა ჩვენს მიერ შემჩნეულ თვისებებს. იგი არც კი განძრეულა, მაგრამ მთელი მისი სულიერი ძალები დაძაბულად ამოქმედდნენ რაიმე გადაწყვეტილების მოსაძებნად იმ საშინელი უბედურების წინაშე, რომელიც მას ემუქრებოდა.

      მე წარმოდგენილი მაქვს, რომ ჩემ მკითხველთა, განსაკუთრებით კი მკითხველ ქალთა უმეტესობა, აღსავსე გმირული მისწრაფებებით, გაკიცხავს ლეონის ამგვარ ქცევას და უძრაობას ასეთ გარემოებაში. მეტყვიან, რომ იგი უნდა გაქცეულიყო ინგლისელის ოთახში და მკვლელი დაეკავებინა ან უკიდურეს შემთხვევაში, ზარის რეკვა მაინც აეტეხა და სასტუმროს ხალხი, ფეხზე დაეყენებინა. ამაზე, უპირველეს ყოვლისა, ვუპასუხებ, რომ საფრანგეთის სასტუმროებში ზარები მხოლოდ ოთახის სამკაულად არსებობენ და მათი ზონრები არავითარ ლითონის აპარატს არ უკავშირდებიან. ამას მოკრძალებით, მაგრამ მტკიცედ დავსძენ, რომ თუ ერთის მხრივ ცუდია, რომ შენს გვერდით ინგლისელი მოაკვლევინო, არც ის არის მაინცდამაინც ძლიერ საქებური, რომ მას მსხვერპლად შესწირო მანდილოსანი, რომელსაც შენს მხარზე დანდობილად სძინავს. რა მოხდებოდა, რომ ლეონს აურზაური აეტეხა და მთელი სასტუმრო გაეღვიძებინა? მაშინვე გაჩნდებოდნენ ჟანდარმერებიც, სახელმწიფო პროკურორიც და მისი მდივანიც, ხოლო ეს ვაჟბატონები თავისი პროფესიისდა მიხედვით იმდენად ცნობისმოყვარენი არიან, რომ ვიდრე შეეკითხებოდნენ, რა ნახეთ ან რა გაიგონეთ, დაუწყებდნენ გამოკითხვას: - რა გვარი ბრძანდებით? თქვენი საბუთები? ეს ქალბატონი ვინ ბრძანდება? რას აკეთებდით ერთად ცისფერ ოთახში? საჭირო იქნება გამოცხადდეთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე და მოახსენოთ, რომ ამა და ამ თვის ამ რიცხვს, ღამის ამა და ამ საათზე თქვენ მოწმენი გახდით ასეთი და ასეთი ფაქტისა.

      თავიდანვე სწორედ სახელმწიფო პროკურორი და ჟანდარმები მოაგონდა ლეონს.ჩვენს ცხოვრებაში ზოგჯერ წამოიჭრება ხოლმე სინდისთან დაკავშირებული ძნელად გადასაჭრელი საკითხები; რა ჯობია, დავანებოთ ვიღაც უცნობ მოგზაურს ყელი გამოსჭრან, თუ სახელი გავუტეხოთ და დავღუპოთ საყვარელი ქალი?

      არასასიამოვნო, როდესაც ასეთი პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, ათასს დავდებდი სანაძლეოდ, რომ ყველაზე უფრო მოხერხებულ ადამიანსაც გაუჭირდებოდა მისი გადაწყვეტა.

      მაშასადამე, ლეონი მოიქცა ისე, როგორც ალბათ მის ადგილზე მრავალი სხვა მოიქცეოდა: ის არ განძრეულა.დიდხანს დარჩა ის მოჯადოებულივით თვალებმიშტერებული ლურჯ ფლოსტზე და პატარა ნაკადულზე, რომელიც ამ ფლოსტს ეხებოდა; შუბლზე ცივ ოფლს ასხამდა და გული ისე ძალუმად უცემდა, თითქოს მკერდის გახეთქვას ლამობსო.

      ახირებულ, შემაძრწუნებელ აზრთა და ხილვათა გუნდი დაეუფლა მას, და შინაგანი ხმა ყოველ წუთს ჩასძახოდა: "ერთ საათში ყველაფერს გაიგებენ, და დამნაშავე შენ იქნები!" ბოლოს ხშირი გამეორებისაგან, რა უნდა ვქნა ასეთ ცეცხლში ჩავარდნილმაო, მან იმედის პატარა სხივიც დაინახა და თავის გულში თქვა; "თუ ჩვენ ეს წყეული სასტუმრო უფრო ადრე დავტოვეთ ვიდრე აღმოაჩენენ რა მოხდა მეზობელ ოთახში, შეიძლება ჩვენი კვალი დავაკარგვინოთ აქ ჩვენ არავინ გვიცნობს; მე მხოლოდ ლურჯი სათვალით დამინახეს; ესეც მხოლოდ პირბადით ნახეს. სადგურიდან ორ ნაბიჯზე ვიმყოფებით და ერთ საათში N-ი საკმაოდ შორს გვექნება მოტოვებული".

      სანამ ამ მოგზაურობას მოაწყობდა, მატარებელთა მიმოსვლის განრიგი საკმაოდ გულდასმით შეისწავლა, და ახლა მოაგონდა, რომ რვა საათზე პარიზისაკენ მიმავალ მატარებელს უნდა ჩაევლო. ძალიან მალე ისინი დაიკარგებიან ამ უზარმაზარ ქალაქში, სადაც ამდენი დამნაშავე ახერხებს დამალვას: ვინღა შეძლებდა იქ ორ უდანაშაულოს პოვნას? მაგრამ შევა თუ არა ვინმე ინგლისელთან რვა საათზე ადრე, თავი და თავი ეს იყო.

      საკმაოდ დარწმუნებულმა, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო, მან სასოწარკვეთილად დაატანა თავს ძალა, რათა გამოსულიყო გარინდებიდან, რომელსაც უკვე ასე დიდიხანია შეეპყრო; პირველივე მოძრაობაზე მის ახალგაზრდა თანამგზავრს გამოეღვიძა და დაუფიქრებლად მოეხვია; მაგრამ როდესაც გაყინულ ლოყას შეეხო, შეშინებულს აღმოხდა: - რა დაგემართათ? შუბლი მარმარილოსავით ცივი გაქვთ.

 - არაფერია, - უპასუხა ლეონმა სუსტი ხმით, - გვერდით ოთახიდან რაღაც ხმაური მომესმა.

      ქალის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა. ჯერ ლურჯი ფლოსტები გასწია, ხოლო შემდეგ კარის წინ სავარძელი დადგა ისე, რომ თავისი მეგობრისათვის დაემალა საზარელი სითხე, რომელმაც შეწყვიტა დენა და ახლა იატაკზე საკმაოდ მოზრდილ გუბედ დამდგარიყო. შემდეგ გამოაღო დერეფანში გამავალი კარი და ყური მიუგდო: მან ინგლისელის კართანაც კი გაბედა მისვლა. კარი დაკეტილი დახვდა. სასტუმროში უკვე ცოტ- ცოტა ჩამიჩუმი ისმოდა. თენდებოდა. მეჯინიბენი ცხენებს წმენდნენ ეზოში, და მეორე სართულიდან კიბეზე ერთი ოფიცერი ჩამოდიოდა დეზების ჩხარუნით. იგი მიდიოდა, რათა თვალყური ედევნებინა ამ საინტერესო სამუშაოსათვის, რაიცა ცხოველებს უფრო სიამოვნებთ, ვიდრე ადამიანებს და რასაც სამურველით გაწმენდა ჰქვია.

      ლეონი შემობრუნდა ცისფერ ოთახში და ყოველგვარი სიფრთხილით, როგორიც კი სიყვარულს შეუძლია მოიგონოს, მრავალმეტყველებისა და შერბილებული გამოთქმების დიდი დახმარებით, თავის მეგობარს განუმარტა როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

      დაყოვნება საშიშია, მეტად სწრაფი წასვლაც საშიშია; კიდევ უფრო საშიშია, რომ სასტუმროში დარჩნენ და უცადონ მეზობელ ოთახში მომხდარი უბედურების გამოაშკარავებას. ზედმეტია იმის თქმა, თუ როგორი ძრწოლა გამოიწვია ამ ამბავმა, რა ცრემლის ღვრა მოჰყვა ამას და რა უაზრო წინადადებები იქნა წამოყენებული. რამდენჯერ გადაეხვივნენ ერთმანეთს უბედურნი და რამდენჯერ სთხოვეს ერთმანეთს პატიება. ორივეს თავის თავი უფრო დამნაშავედ მიაჩნდა. ერთად სიკვდილის პირობა დადეს, რადგან ახალგაზრდა ქალს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სასამართლო ინგლისელის მკვლელობაში დამნაშავედ მათ სცნობდა; რადგან ისინი დარწმუნებული არ იყვნენ, რომ ეშაფოტზე ერთხელ კიდევ მისცემდნენ გადახვევნის უფლებას, ამიტომ რაც ძალა და ღონე ჰქონდათ ეხუტებოდნენ და ცრემლით ნამავდნენ ერთმანეთს. დასასრულ, მას შემდეგ, რაც მრავალი აბდაუბდა და მრავალი ალერსიანი და გულისამაჩუყებელი სიტყვა წარმოითქვა, უთვალავ კოცნათა შორის აღიარეს, რომ ლეონის მიერ არჩეული გეგმა, ესე იგი რვა საათის მატარებლით წასვლა, ყველაზე ადვილად შესასრულებელი და საუკეთესო საშუალება იყო. მაგრამ კიდევ ორი მომაკვდინებელი საათის გატარება დასჭირდებოდათ. ყოველ ნაბიჯზე, რომელიც დერეფანში ისმოდა, ისინი მთელი სხეულით თრთოდნენ. ფეხსაცმელების ყოველი ჭრაჭუნი თითქოს სახელმწიფო პროკურორის შემოსვლას აუწყებდა მათ.

      თავისი მცირე ბარგი თვალის დახამხამებაში ჩაალაგეს. ახალგაზრდა ქალს ლურჯი ფლოსტის დაწვა უნდოდა ბუხარში, მაგრამ იგი ლეონმა აიღო, საწოლის წინ დაგებულ ხალიჩაზე გაწმინდა, აკოცა და ჯიბეში ჩაიდო. იგი გააოცა იმან, რომ ფლოსტს ვანილის სუნი ჰქონდა; მისი მეგობარი კი "დედოფალ ევგენიას სურნელს" ხმარობდა.

      სასტუმროში უკვე ყველას გაეღვიძა. ისმოდა მსახური ბიჭების სიცილი, მსახური ქალების სიმღერა, ისმოდა როგორ წმენდდნენ ჯარისკაცები ჯაგრისებით ოფიცრების ტანსაცმელს. ის-ის იყო საათმა შვიდი დარეკა. ლეონს უნდოდა თავისი მეგობრისათვის ერთი ფინჯანი რძე ან ყავა დაელევინებინა, მაგრამ ქალმა განუცხადა, ყელი ისე მაქვს დაკეტილი, რომ დავიხრჩობი, თუ ერთი წვეთის გადაყლაპვა ვცადეო.

      ლეონმა გაიკეთა ლურჯი სათვალე და გავიდა ანგარიშის გასასწორებლად. სასტუმროს პატრონმა ბოდიში მოიხადა იმ აურზაურისათვის, რომელიც ოფიცრებმა ატეხეს, და რომელიც მას თვითონაც ვერ აეხსნა, რადგან ბატონი ოფიცრები ყოველთვის ისე წყნარად იქცეოდნენ ხოლმე! ლეონმა დაარწმუნა, მშვენივრად მეძინა და არაფერი გამიგონიაო.

 - სამაგიეროდ, მეორე თქვენი მეზობელი, ალბათ, არ შეგაწუხებდათ, - განაგრძო სასტუმროს პატრონმა, -ის მაინცდამაინც ძალიან არ ხმაურობს. სანაძლეოს ვდებ, რომ მას ჯერ კიდევ მკვდარივით სძინავს.

      ლეონი მთელი ტანით დაეყრდნო დახლს, რათა არ დაცემულიყო, ხოლო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მოესურვებინა გამოჰყოლოდა, მკლავში ჩაებღაუჯა და პირბადე თვალებზე მიიფარა.

 - ის ნამდვილი მილორდია - განაგრძო შეუბრალებელმა სასტუმროს პატრონმა - მას ყველაფერი საუკეთესო უნდა მიართვათ. მართლაც რომ წესიერი ადამიანია! მაგრამ ყველა ინგლისელი მასავით როდია. აქ კიდევ ერთი იყო, ნამდვილი კრიჟანგი. ყველაფერი ეძვირებოდა, ბინაც, სადილიც, უნდოდა თავისი ბილეთი ჩემთვის ას ოცდახუთ ფრანკად ჩაეთვალა - ინგლისის ბანკის ხუთი გირვანქა სტერლინგიანი ბილეთი... კიდევ კარგი, თუ ყალბი არ არის! მართლა, ბატონო, თქვენ უნდა გესმოდეთ რამე, რადგან მე გავიგონე როგორ ელაპარაკებოდით ქალბატონს ინგლისურად... ყალბი ხომ არ არის?

      ამ სიტყვებით მან ხუთგირვანქიანი სტერლინგის ბანკნოტი გაუწოდა. ერთ კუთხეში მას წითელი ლაქა ჰქონდა; ლეონი მაშინვე მიხვდა რას წარმოადგენდა ეს ლაქა.

 - დარწმუნებული ვარ, რომ ყალბი არ არის, - თქვა მან ყრუ ხმით.

 - ოჰ! თქვენ კიდევ საკმაო დრო გაქვთ, - წამოიწყო სასტუმროს პატრონმა: - მატარებელი მხოლოდ რვა საათზე ჩამოივლის, და ისიც მუდამ იგვიანებს ხოლმე. დაბრძანდით, ქალბატონო, თქვენ დაღლილი ჩანხართ.

      ამ დროს ერთი სქელი მსახური ქალი შემოვარდა.

 - ჩქარა ცხელი წყალი მომეცით, - თქვა მან, - მილორდს ჩაი უნდა მივართვა! ერთი ღრუბელიც მომიტანეთ! ბოთლი გასტეხია და მთელი ოთახი დაჭოჭებულია.

      ამის გაგონებაზე ლეონი სკამზე დაეშვა და მისი თანამგზავრი ქალიც მას მიჰყვა. ორივეს კინაღამ ძლიერი სიცილი წასკდათ და თავის შეკავება, ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ, გახარებულმა ახლგაზრდა ქალმა ლეონს ხელი ხელზე მოუჭირა.

 - იცით რა, - უთხრა ლეონმა სასტუმროს პატრონს, - ჩვენ ორი საათის მატარებლით წავალთ. შუადღისათვის კარგი საუზმე დაგვიმზადეთ.

იხილეთ:

პროსპერ მერიმეს ლიტერატურა
პროსპერ მერიმეს ლიტერატურა, პროსპერ მერიმე, prosper merime, qwelly, literature, ქველი, ლიტერატურა

ნახვა: 2005

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters