აკა მორჩილაძე - ლუკა და ძმები

   „ლუკას მარხვა გაეპარა, ვერ გაეგო როდისაო, იხვის ჭამას დაეჩვია, ვეღარა ხოცს ნადირსაო.“  ეს სახუმარო და ხალისიანი ლექსი ვაჟა-ფშაველამ საკუთარ თავს გამოუთქვა, როცა ტოლათსოფელში იყო მასწავლებლად, ერწოზე.
   იქ ნადირი ბევრი იყო და ვაჟაც ხშირად დადიოდა სანადიროდ, მაგრამ მალევე დაატყო, რომ გარშემო ბევრი იხვი იყო და ნადირზე სიარულიც დაეზარა, სოფელშივე ხოცავდა იხვებს.
ვაჟა-ფშაველა - ლუკა რაზიკაშვილი - მთიელი გლეხი იყო და მთიელი გლეხის ცხოვრება კი მძიმე ცხოვრება იყო.
   იმავე დროს მისი ცხოვრება შეურიგებელი კაცის ცხოვრებაც იყო და იმასთან ერთად კი - ლიტერატურის გენიოსის ცხოვრებაც.
ვაჟამ ისე იცხოვრა, თავის სიმართლეს ძნელად თუ გადავიდოდა ხოლმე, თვით ძალიან პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბებშიც კი. ასეთი კაცი იყო და ასე მოსდგამდა.
   რაზიკაშვილები შეუპოვრები და უტეხები იყვნენ, თან კიდევ ლაღები.
მისმა ძმამ, მშვენიერმა პოეტმა ბაჩანამ, თავისი წაწალი, მარიამი შეირთო ცოლად და ამით ადათი დაარღვია. მეორე ძმა, თედო, საუცხოო საბავშვო მწერალი, უკვე ასაკოვანი, სოფელში ატეხილი დავის მსხვერპლი შეიქნა.
მამამისის, პავლე მღვდლის ცხოვრებაც ბიჭობიდანვე აღმა ხვნა იყო: მოინდომა და მაინც გახდა მღვდელი.
   ვაჟა-ფშაველა პროფესიით სოფლის მასწავლებელი იყო. ამ პროფესიას ხელმოკლე კაცი კარგად გამოიყენებდა, მაგრამ ვაჟამ ორგან იმუშავა მასწავლებლად, ერწოზე და სოფელ თონეთში, მერე ამ ხელობას აღარ გაჰყოლია. მასწავლებლობის წლების წერილებში, მომჩივანნი მას ნამდვილ ნიჰილისტად და სახელმწიფოს მტრად მოიხსენიებენ. ორივე სამუშაო ადგილას ვაჟას დიდი მტრობა ჰქონდა სოფლელ ბობოლებთან - თავადებთან, მამასახლისებთან, თან მღვდლებთანაც.
   პირადად მისთვის ეს კონფლიქტები არაფრის მომტანი არ იყო, მაგრამ ასეთი კაცი იყო - თავისას არ გადავიდოდა. გლეხების გონზე მოყვანას ცდილობდა, ეუბნებოდა, გატყუებენო. უკან ვერ დაახევინებდი. ერთხელ ეკლესიის კედელთან სამიზნეც კი გამართა და სროლა დაუწყო: მღვდელს ებრძოდა, მამასახლისის ცოლისძმაა და სოფელს თავზე აზიანო.
შემოწმება შემოწმებაზე მოდიოდა თბილისიდან.
   ტოლათსოფელში თბილისიდან მოვლენილი ინსპექტორი დარსკი კლასში არ შეუშვა, გარეთ დაუდგა სკამი, აქედან მისმინეო.
   იქ მამამისი, პავლე მღვდელი იყო მაშინ სტუმრად და დარსკიმ სწორედ პავლესთან მოახერხა შეხვედრა და უთხრა: შემიშვას, მისთვის უფრო ცუდია, არაფერს დავაშავებო.
   ინსპექტორი რომ გაკვეთილზე შევიდა, ჰაერში რაღაც ასო მოხაზა თითით, ბავშვი წამოაყენა და აბა, რა ასო დავწერეო. ბავშვი ვერ მიუხვდა, ვაჟამ კი თვითონაც მოხაზა ჰაერში რაღაცეები და დარსკის ჰკითხა, აბა, რა გითხარიო. ისიც რას ამოიცნობდა.
   ოთხ წელიწადს იყო მასწავლებლად და მერე, როცა დაოჯახებული საბოლოოდ დაბრუნდა ჩარგალში, იქაც კი სულ ასეთ წვრილ, ყოფით კონფლიქტებში იყო ჩართული და ეს ძალიან უმწარებდა სიცოცხლეს.
თამამი იყო. რუსეთის პირველი რევოლუცია რომ დაიწყო, ვაჟამ ეს საქართველოსთვის ბრძოლის დასაწყისად აღიქვა.
დაადგა თურმე ჩარგლელ მღვდელს, გიგო სონღულაშვილს, და უთხრა: აბა, მღვდელო, წამოიღე შენი ჯვარი და წამომყევი, მთელი სოფლები უნდა დავიაროთ, ხალხი ერთგულებაზე უნდა დავაფიცო და მამასახლისებს ჯინჯილები ავყაროო. გიგო მღვდელს უთქვამს: რას ამბობ, ციმბირს იქით გაგვიშვებენო.
   ვაჟამ მათრახის მოღერება იცოდა: ციმბირამდე ვინ მიგიშვებს, აქავე მიგასაკლავებო, და ასე წაუყვანია. წაუყვანია და ბლომად უვლიათ, აფიცებდა ხალხს საქართველოს ერთგულებაზე. მერე, სახლში რომ ჩამოსულა, ცოლისთვის მიუყრია მამასახლისებისთვის ართმეული ჯინჯილები, მძივები გაიკეთეო. შიში არა ჰქონდა. ერთი ამხანაგი ჰყავდა - პრისტავი ოზიაშვილი. ხან კარგად იყვნენ ერთმანეთში, ხან - ცუდად. ვაჟა აუხირდებოდა ხოლმე ისევ და ისევ სამართლიანობის გამო და ერთხელ ეპოლეტებიც კი დაახია, მედლები ჩამოაგლიჯა. თონეთში ბავშვებს ხელმწიფე-იმპერატორის სურათი დაახევინაო, საჩივარში ეწერა, ეგ როგორი მასწავლებელი უნდა იყოსო.
ასეთი კაცი იყო, ხელისუფლების არ ეშინოდა და არც მისი პატივისცემა ჰქონია ოდესმე. ვინმესთვის რაიმეს თხოვნა ხომ წარმოუდგენლად მიაჩნდა.
მისმა ვაჟმა ლევანმა რომ სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა, ძმები ეუბნებოდნენ, ბიჭო, ნახევარი წელიწადია უსაქმოდ დადის და რა გაგიჭირდა, ვინმეს რამე ადგილი რომ სთხოვო მისთვისო. ოჯახის გულისთვის არავის არაფერს სთხოვდა. თავისი უტეხობით რასაც მიაღწევდა, ის იყო. სანანებელი დაურჩა: ლევანი უნივერსიტეტში ვერ წავიდა. ქალიშვილზე ამბობდა, თამარზე, ვერ გავწვდი და ამ გოგოს ვერ ვასწავლე, სულ მე მგავს, ცოდოა ასეო.
   არსებობს ჟანდარმერიის საბუთები რევოლუციის დროისა. იქ აღწერილია მისი ხასიათი და გავლენა ფშავში. ამ ქაღალდების მიხედვით, ინტრიგის მონაწილეა: ყველანაირად ცდილობს, ძლიერი პრისტავი, გვარად ჯანდიერი, როგორმე მოაშოროს თანამდებობას და თავისი ახლობელი და მეგობარი და თავისი ავტორიტეტის ჩრდილქვეშ მყოფი ოზიაშვილი გაიყვანოსო. მოუხერხებია, როგორც ამბობენ. ერთი მრავალწლიანი დავა ჰქონდა მიწის ნაკვეთის გამო. ლექსი „არწივი“ სწორედ ამ კონფლიქტის შედეგიაო, ძველები იხსენებენ. მისი სახლის შორიახლოს იყო ეს მიწის ნაკვეთი და ტყისპირი, რომელსაც სულ რაზიკაშვილები ამუშავებდნენ და მერე გამორკვეულა, რომ სახელმწიფოს მიწა ყოფილა და ტყისმცველებმაც მოუხშირეს იქით სიარულს. ღობეს მოუნგრევდნენ ხოლმე. ვაჟას პასუხი ერთი ჰქონდა - პირდაპირ სახლიდან ესროდა ხოლმე თოფს შესაშინებლად.
   ამის მსგავსი ამბავია, ბაჩანას რომ შეემთხვა კახეთში. ვეჯინში რომ მასწავლებლობდა, იქ სკოლის მეთვალყურესთან, თავად ანდრონიკაშვილთან მოუხდა დავა: ეს თავადები უსაქმურები არიან და სკოლას არაფერს უკეთებენო. იქვე იყო ერთი სოსო აბაშიძე, თავადიშვილი, ოფიცერი და ანდრონიკაშვილის მეგობარი და ერთხელ ქორწილში მიეპარა ბაჩანას უკნიდან და დასცა ხანჯალი. მძიმე ჭრილობა ჰქონდა, მთელი ხელის სიღრმეზე იყო ჩასული ბეჭში ხანჯალიო. მეორე დღეს უკვე შეშინებულმა აბაშიძემ ორასი მანეთი გამოუგზავნა და შერიგება სთხოვა. ბაჩანამ არც სასამართლოში უჩივლა და არც შეურიგდა, მე ვიცი მაგის პასუხიო. დადგებოდა აბაშიძის სახლის წინ ბორცვზე და დააღერებდა თოფს მის აივანს.
ჰოდა, ლუკაც ასე ესროდა ხოლმე და აშინებდა. ერთხელ ყანაში დაეცა თორმეტი კაცი და დაიჭირეს. ხანჯალიც ვეღარ ამოიღო. ხელებშეკრული ჩაიყვანეს თიანეთში, მაზრის უფროსთან. იქ პრისტავი ოზიაშვილი დაუხვდა და იყვირა, ხელები გაუხსენით, ლუკა არიო. იქიდან ძალიან გულგატეხილი და დამარცხებული წამოსულა, ხელები როგორ შემიკრესო. მაგრამ არ გაჩერდა. ამ ტყის მცველთაგან ორნი დაინახა გზაზე, დაეწია და იმდენი ქნა, რომ თოფი წაართვა. სახელმწიფოს თოფი წამოიღო სახლში, რაც ასევე სერიოზული დანაშაულია, მაგრამ, მოგეხსენებათ, მთაა და იქ საქმეები სხვანაირად გვარდება. მოვიდნენ და სთხოვეს, საციმბიროდ იხდი საქმეს და გაატანე ამ კაცს თავისი თოფიო, ეგეც შეშინდა და ეგეც დაისაჯაო.
არაო, დამიჩოქოს და მივცემო, მაგან გაკოჭილი წამიყვანაო. აი ესეთი კაცი იყო. მისი უმცროსი ძმა, სანდრო ამბობს, ახალგაზრდობაში ძალიან ამაყი და მოუთმენელი იყო, მერე კი ცოტა დადინჯდაო.
   იტყოდა ხოლმე: საპატიებელი არ არი ეგაო და არც აპატიებდა.
ოდესღაც პეტერბურგში თავისუფალ მსმენელად ყოფნისას ქართული სტუდენტური კომიტეტისგან ხუთი თუმანი ესესხა. წლები გავიდა და ამ კომიტეტისგან წერილი მიიღო, ძალიან გვიჭირს, რვა სტუდენტი სრულიად უსახსროდაა და ვისაც კი ჩვენი ვალი აქვს, ვთხოვთ, ნაწილ-ნაწილ მაინც გამოგვიგზავნონ ფულიო.
   ვაჟამ პასუხი მისწერა კომიტეტს და ეს პასუხი „ივერიაში“ გამოქვეყნდა.
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ნაწილ-ნაწილაც ვერ გამოგიგზავნით, რადგან არა მაქვსო. თუმცა, რომც მქონდეს, მაინც არ გამოგიგზავნიდით, იმიტომ, რომ მე ეგეთი რამეების არა მწამსო: ეგ რვა კაცი რომ ზის მანდ მშიერ-მწყურვალი, წავიდნენ და იმუშაონო. მანდ მეც კი ვიყავი და, თავი რომ ვეღარ შევინახე, სახლში წამოვედიო. მე, ვაჟა-ფშაველა, იმას არა ვთაკილობ, რომ თოხზე ვმუშაობ და თქვენ რა გაგიხდათ ეგეთიო. ამ წერილმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში - ასე გულცივად და გულქვად როგორ მისწერაო და ამან გამოიწვია „ივერიიდან“ ვაჟას წასვლაც, იმიტომ რომ „ივერიამ“ საბრალო სტუდენტებს დაუჭირა მხარი. მათ მართლა შიოდათ, მაგრამ ვაჟა-ფშაველა თავისი პირადი მაგალითით აჩვენებდა: აი, ასე გაჭირვებით ვარ, ასე ვწვალობ, მაგრამ მე ვარ და ასეთი ვარ და ასეთი მიმიღეთ, თუ მიმიღებთო. ვაჟა რომ წერდა, ხშირად ნავთი არ ჰქონდა და ბუხრის შუქზე წერდა. ან არყის ხის ქერქის გამხმარ ნაყარს უკიდებდა და ეს იყო ხოლმე მისი სინათლე. უბეში ყოველთვის ჰქონდა რამდენიმე ბარათი და ფანქარი და ხვნის დროს რომ შეისვენებდა, 2-3 სტრიქონს იქაც ჩაიწერდა ხოლმე. თავისი გეგმა ჰქონდა, პროფესიონალი მწერალი იყო.
თვალზე რაც დაემართა ვაჟას და რამაც ასე ადრე დააბერა, ჩვეულებრივი ყოფითი, გლეხური ისტორია იყო. ერთნი ამბობენ, საკლავი დაკლეს და იაფად ყიდდნენ, ოღონდ იცოდნენ, რომ ავადმყოფი ხარი იყო და ლუკამ მაინც იყიდა, მოვხარშავ, რა უნდა გვიყოსო. მეორენაირად კი ასეა: ვაჟას ბიძაშვილ მწარიას დაეკლა ხარი და დაეძახა. ვაჟასაც ძალიან მოსწონებია ხორცი და ლამის ნახევარი ხარი წამოიღო სახლში.
   მანამდე მწარიამ მწვადები შეწვა და უკვე შეღამებულზე მოვიდა ვაჟა შინ კარგა შეზარხოშებული და მოტანილი ხორცის აქნა იქვე დაიწყო, ხვალ ხინკალი ჩავყაროთო. მაგრამ მეორე დილით ვეღარ ადგა. გაირკვა, რომ ციმბირის წყლული აქვს და იწამლა შინაურულად, როგორც წამლობენ ხოლმე გლეხები. თვალი გაუფუჭდა, ქუთუთო აღარ ჰქონდა და ხშირად, რომ დალევდნენ ხოლმე ძმები, ბაჩანა ეხუმრებოდა, აბა, დახუჭე, არწივო, თვალიო. ის კი პასუხობდა: მეო სულ მღვიძავს და სულ ვფხიზლობ თქვენი გულისთვისო. მისი პირველი ცოლის, კეკეს გარდაცვალების ამბავი ძალიან გულისმომკვლელია. ვაჟა შინ არ იყო, ყვარელში თავის დასთან, მართასთან წასულიყო სტუმრად. სიძეს მეტე ერქვა, კარგი მონადირე იყო და ვაჟასაც აიყოლიებდა ხოლმე. ამბობენ, ნადირობას თავი რომ დაანება, შეიძლება ეგ მიზეზიც იყოს, რომ სანადიროდ წასვლა ცოლის სიკვდილს დაემთხვაო. შველი მოინადირეს და უკვე გატყავებას იწყებდნენ, რომ ამბავი მოიტანეს, კეკე გარდაიცვალაო. თავიდან ვითომ არ უთხრა სიძემ, მაგრამ რამდენ ხანს დაუმალავდა?! ძალიან საცოდავი ღამე იყო მისთვის. მეტე ძალით ასმევდა, ეგებ დაიძინოს, ხვალ სამგზავრო ვიქნებითო. იჯდა და ეწეოდა და ეწეოდა. ძალით სვამდა ამ ღვინოს და, როგორც იქნა, დაიძინა.
   როგორც ყველაზე ცუდ ამბებშია, დილით საშინელი თოვლი, ჭყაპი, ტალახი და სიცივე იყო. ოთხი დღის მერე ჩავიდნენ. ცოლი უკვე დაკრძალული დაუხვდა. ბაჩანამ დაკრძალა და მალევე თვითონაც შვილი მოუკვდა. აი, რა ცხოვრება ჰქონდათ. შვილები იხსენებენ, რომ იმ ორ წელიწადს, სანამ ვაჟა ქვრივად იყო, სულ ამბობდა ხოლმეო, არ შეიძლება უქალოდ ეს ოჯახიო. გოგოები კი ეხმარებოდნენ, მაგრამ ყველაფერს თვითონ გვიკეთებდა, მწნილსაც კი თვითონ ჩადებდა და პანტას ჩააყრიდა, არ იცით თქვენო, ტყის პანტის გემოთი სულ სხვააო.
   მერე შეირთო მეორე ცოლი და ესეც მისი ხასიათის ამბავი იყო.
დიდებაშვილის ქალი იყო და ვაჟას გულისთვის გაშორდა ქმარს და წამოჰყვა ჯვარდაუწერლად. კეკეს შერთვის ამბავი კი სულ სხვა იყო, ძველებურ რამეებს ჰგავდა. ვაჟა რომ პეტერბურგიდან მობრუნდა, მასწავლებლად იყო ამილახვრების ოჯახში. იმათ ვაჟი, გიორგი ეზრდებოდათ და იმას ამეცადინებდა. ბიჭს სწავლა დიდად არ ადარდებდა და ვაჟას აჯავრებდა კიდეც. ვაჟა რას დაუთმობდა, წამოარტყამდა ხოლმე.
ერთხელ ისეთი შემოუკრავს, ბიჭი გავარდნილა და თოფიც კი ჩამოუხსნია, რა დრო დადგა, ამილახვარს ვიღაც ფშაველი სცემს თავის საკუთარ სახლშიო.
სწორედ ამილახვრების სახლში იყო ეკატერინე, კეკე. ის ამილახვრიანთ უკანონო შვილი იყო, სახლის მოახლე. აგე, ვინ იცის, სად დაჰკრა იმ არსენასდროინდელმა ამბებმა.
ქვრივი იყო. პირველი ქმარიც მასწავლებელი ჰყოლოდა. ვაჟამ კნეინას სთხოვა ნებართვა. თავიდან იუარეს, სახლის ქალს ვერ გამოგაყოლებთო, მაგრამ უკვე სხვა დრო იყო და დასთანხმდნენ.
ბევრი კი არაფერი მზითვები იყო: ზანდუკი, დაირა და გარმონი. კეკე ძალიან კარგად უკრავდა, ძალიან კარგი ქალი იყო.
გამოატანეს კეკე და ძმებმა ისე დაგეგმეს, რომ მცხეთაში შეკრებილიყვნენ და ქალი ერთად წაეყვანათ ჩარგალში. ბიძაშვილებიც ახლდნენ, იმათ შორის იოსებ ჟამიაშვილი. რომ ამოუყვნენ, დუშეთთან, გადასახვევთან ბევრი დუქანი იყო და ფშავლები ქეიფობდნენ. ამბავი გავრცელებულა, ლუკას ცოლი მოჰყავსო. იქვე დუქანში სვამდა ვინმე ქურციკო გიჟაშვილი, რომელმაც ფშაურად, ლექსით დააპირა მილოცვა. ვაჟა კაფიებისა და ექსპრომტის კაცი ისედაც არ იყო და თანაც ლექსის ბოლო უწმაწური გამოვიდა. სხვანაირად როგორ იქნებოდა?! ვაჟამ გაიგონა თუ არა, პირდაპირ შეუხტა დუქანში და დაუწყო ცემა. ქურციკოს თავისიანები მიეხმარნენ, ვაჟას - ესენი და ისეთი თავგადადებული ჩხუბი ატყდა! ქურციკოს ორჯერ მოუქნევია ვაჟასთვის ხმალი და ვერ მისწვდომია. ვაჟა უხანჯლოდ იყო, იოსებას ამოაცალა ხანჯალი და ყურის ბიბილო მოათალა ქურციკოს. ამით დამთავრდა ეს ჩხუბი, მაგრამ ბაჩანას ძლივს გამოართვეს ვიღაცას ხელიდან. ბაჩანა ძმებში ხომ ყველაზე ფიცხი იყო. ხანჯალი ამასაც დიდებული ჰქონდა, შამილის ნაქონი. ზედვე არაბულად ეწერა შამილის სახელიო. ყველაზე მშვიდი კი უფროსი გიორგი იყო. თავისი დროის კარგი მოკრივე, თიანეთელი ვექილი. სემინარიიდან სწორედ იმ პირველი დიდი წმენდის დროს გამორიცხული სტუდენტი, რომელსაც ვაჟა ტარტარენ ტარასკონელს ეძახდა, რახანღა გიორგის ნადირობაზე ბაქიაობა უყვარდა.
   მას და ვაჟას ერთხელ პეტერბურგში მთელი ტრაქტირი შემოელახათ ბილიარდის თამაშის დროს და პრისტავმა გაამართლა, ამდენ ხალხს როგორ აუხვედითო. ეს საბრალო კეკე, თავადის სასახლეში გაზრდილი, თურმე იჯდა ცხენზე და კიოდა: სად მომიყვანეთ, ვინ ხართ, თქვე მხეცებოო…...
დიდი ძმობა ჰქონდათ ერთმანეთში: ლაღი ხუმრობა და ერთად დადგომა იცოდნენ. უკვე კარგა დიდები იყვნენ, პავლე მღვდელსაც რომ დაუწყებდნენ გამოჯავრებას. მეცნიერები ამბობენ, რომ რაზიკაშვილები უხსოვარ დროში მოხევეები ყოფილან, ღუდუშაურები, სნოდან. მერე უვლიათ მთაში გაჭირვების ასარიდებლად, ზოგან ლეკებისგან მორიდებით, ზოგან ათასი სხვა რამის გამო და მოსულან ფშავში. ფშავშიც უცვლიათ ადგილები და ბოლოს მოსულან იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ჩარგალი. ჩარგალი კაცის სახელი ყოფილა. პირველი ჩარგლელი ყოფილა თვითონ ჩარგალი.
გვამცნობენ, რომ პირველი რაზიკაშვილი და გვარი რაზიკაშვილი, სახელ რაზიკადან მოდის. ერეკლეს დროინდელ საბუთებშია დარჩენილი ქუმსი, ხოლო უკვე აქეთ, XIX საუკუნეში რომ გადმოვალთ, ახსენებენ ასევე იმედას. აბა, არ ვიცი, ნამდვილი სახელია თუ შერქმეული, მთაში იციან შერქმევა. „მამას იმედიო“ - ასე რქმევია, გამორჩეული კაცი ყოფილა და მასზე ლექსებიც ყოფილა დარჩენილი. იმედასავე სიტყვებიცაა დარჩენილი: მეფე ერეკლეს უთხრა ერთხელ იმედამო, ფშავში მოსულ მეფე ერეკლესო: კაი კაცი ხარ, მეფეო, მაგრამ ორს რომ შენსას იტყვი, ერთი მეც გამიგონეო. მთის დემოკრატია, ასე ვთქვათ. იმედა ასევე განთქმული ყოფილა თავისი ცხენით. მაშინდელი ლეკიანობისა და არეულობის დროს თეთრი ცხენი ჰყოლია.
ვაჟასაც ჰყავდა ერთი ერთგული ცხენი, რომელსაც ნიკორა ერქვა. პირველად რომ „ბახტრიონი“ გამოვიდა პატარა წიგნაკად და ვაჟამ თბილისიდან ჩამოიტანა სახლში და შვილებს უჩვენა, ზედ მამაჩვენი ეხატა თავის ნიკორათიო და ძალიან გახარებული იყოო, ხედავ, აი, ნიკორაც მოხვდა წიგნშიო. რომ წამოვყვეთ იმედას და გამოვტოვოთ ისინი, ვინც არ ვიცით და ერთი-ორი ისეთი, ვინც ვიცით, ვაჟას პაპა იყო გივი, გივი რაზიკაშვილი, რომელსაც ჰყავდა სამი ვაჟი: ბოიგარი, ნადირა და პავლე.
ბოიგარს ასევე ეძახდნენ ბეროსაც, თავისი პაპის, ანუ, გივის მამის სახელს. ძალიან გამორჩეული და უცხო გარეგნობის ხალხი იყო ეს რაზიკაშვილები. ბოლომდე გამოჰყვათ ეს გარეგნობა - იყვნენ ან ახოვანები, ბრგეები და მაღლები, ან დაბლები, მაგრამ მაინც ბრგეები.
   ბოიგარი ყოფილა ძალიან ახოვანი და ძველქართული იერისა.
საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ჩვევა იყო ასეთი, რომ ქართველს ულვაში უნდა ჰქონოდა გრძელი და აუცილებლად ჩამოცილებული წვერს და ბოიგარს იმხელა ულვაში ჰქონდა, რომ მკერდზე ეფინა ორივე ნაკუწიო. მეცხვარე ყოფილა ეს ბოიგარი და მონადირე. ძალიან დასამახსოვრებელი სიარული ჰქონია და მედიდურიც ყოფილა. ვაჟა ჰგვანებია სიარულში. მონადირე ყოფილა ძალიან ცნობილი. ასე გვეტყოდა ხოლმეო, რომ თოფი სამჯერა მაქვს დამარხულიო. ასეთი რიტუალია, 100 ნადირს რომ მოკლავ, თოფი სამი დღით მიწაში უნდა დამარხო, მერე ამოთხრი ამ თოფსა და მიდიხარ მეორე ასზე. მეორენაირად რომ ვთქვათ, როგორც ბიძაჩვენი ბოიგარი იტყოდა, სამი აზარი მაქ ასრულებულიო - ე.ი. სამი ასიანი.
იყო ასეთი დრო და იყვნენ ასეთი მონადირეები.
   მეორე ძმა, ნადირა, ასევე დიდი ტანისა ყოფილა, მაგრამ ზარმაცი იყოო და უფრო ღარიბად ცხოვრობდაო, ცხვარშიც არ დადიოდა, მიწაზე მუშაობდაო.
ჩვენთვის ალბათ მაინც ყველაზე საინტერესო და გემრიელი უნდა იყოს მესამე ძმა, პავლე, ვაჟა-ფშაველას მამა.
   ის ყოფილა ტანით უფრო პატარა, მაგრამ ასევე ჯანიანი და ძალიან გამორჩეული ძმებისაგან. ერთი რომ ნაბოლარა იყო და დაჰყვებოდა ხოლმე ბოიგარს ცხვარში, მაგრამ ჰქონდა რაღაც სხვა მისწრაფება, სრულიად იშვიათი იმ დროის საქართველოს მთისთვის და, საერთოდ, ქართული სოფლისთვის - ძალიან დაინტერესებული იყო წერა-კითხვის შესწავლით. მაშინ ქაღალდი ჭირდა და სასწავლიც ძნელად იპოვებოდა და პავლეც სიპ ქვებზე წერით სწავლობდა ანბანს. ოღონდ მალვით ვსწავლობდიო, ასე იგონებს, ცხვარში რომ ვიყავი ბიჭობაშიო. სხვებიც იგონებენ, ხშირად ჰქონდა ფურცლები უბეში, როცა პატარა იყოო. საიდან ეშოვნა ეს ფურცლები, არავინ არ იცოდა, მაგრამ რაღაცა ნაწერები იყო, სიტყვები და ამათი გადაწერით სწავლობდა წერა-კითხვას. და მალვით რატომღა? - მალვით იმიტომ, რომ წერა-კითხვის ცოდნა მიღებული არ იყო, იმიტომ, რომ ადათის გადასვლას ნიშნავდა და რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს ესა, ცოტა მარტივად რო ვთქვათ - რუსობაში შედიხარო - ასე გეტყოდნენ, ანუ უკვე ხელი მიგიწვდება რაღაც ისეთზე, რაც დაგაკარგვინებს იმას, რაც გაქვს და რაც ძვირფასია თემისთვის.
უკვე მერეც, როცა ვაჟა და მისი ძმებიც იგონებდნენ წერა-კითხვის სწავლის ამბავს, ამბობდნენ, რომ ამ აკრძალვაში დიდი ეშმაკობა იყო ჩადებული ხევისბერების მხრიდანო, იმიტომ, რომ ასე უფრო ეჭირათ მოსახლეობა და აკვარახჭინებდნენ რაღაც თავის საქმეებსო. კაცი, რომელმაც არ იცის წერა-კითხვა, მოკლებულია ათას რამეს.
   მაგრამ პავლე თავისას არ იშლიდა და მაინც ერთგულად ისწავლა წერა-კითხვა, წიგნების შოვნასა და ერთ ამბავში იყო და მამამისი გივი თოფით დასდევდაო, სადაც დავინახავ, რომ კითხულობს რამეს, იქავ მოვკლავო, ყველაფერს ჩვენსას ღალატობს და მიდის პირდაპირ მტერზეო, ეგ რაღა ფშაველი იქნება, თუ წერა-კითხვას ისწავლისო. მათრახითაც ბევრჯერ გამოჰკიდებია, მართლა სათოფედ ვერ იმეტებდა, ეტყობა. პავლეს კი სწავლის სურვილი იმგვარი ჰქონია, რომ გაპარულა კახეთში, რომელ მონასტერში, ეს კი აღარ ვიცი. იქ იყო 3-4 წელიწადს და მთელი განათლება, რაც ჰქონდა, იქ მიიღო. იქავე გახდა მედავითნე და მერე მთავარდიაკვანიც გახდა ფშავში მობრუნებული, ძალიან მალე მიიღო ეს ხარისხები, ბოლოს კიდე მღვდლადაც ეკურთხა. ჰოდა, იყო ასეთი პავლე მღვდელი.
გამოდგა საოცარი კაცი. თბილისში იყო ხოლმე, რომ ვაჟაზე ცხვირს იბზუებდნენ - მაგ გლეხმა რა უნდა იცოდესო, რაღაც ამბებს გაიგებს მთაში და იმას გალექსავს თავის კილოზეო. საოცარია, მარა პავლე მღვდელი ძალიან კარგად იცნობდა, მაგალითად, ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებას და იყო მისი ტრფიალი. ასე რომ, ეგ აბზუებები უსწავლელობის შესახებ იყო ზღაპარი, კაცი თუ კითხულობს და სწავლობს, ყველგან ახერხებს ამას და ჩარგალიც არ იყო ისეთი ადგილი, სადაც საინტერესო წიგნები არ გეპოვა, თუნდაც აი, ამ მღვდლის სახლში და სრულიად მოულოდნელი წიგნებიც, სხვათა შორის.
მაგრამ პავლე მღვდელს, თავის ფშაურ წესზე, თავის ხასიათზე უარი არ უთქვამს. ის იყო ძალიან გამორჩეული კაცი მთელ იმ არემარეში და დიდი ჭკუის საკითხავი კაციც გახლდათ და დიდი გავლენაც ჰქონდა ფშავლებზე. ანუ ის, რისაც ეშინოდათ ხოლმე ხევისბერებს, ნამდვილად მოხდა.
საერთოდ, რაზიკაშვილებს მემკვიდრეობითაც მოსდგამდათ ეს გავლენა და ფასიანი სიტყვა და მერე და მერე პავლეს შვილებსაც სრულიად განსაკუთრებული სიტყვა ეთქმოდათ.
   სხვა მხარეებს რომ შევხედოთ, პავლე ძალიან კარგი იყო ჭიდაობასა და კრივში და ჯანი ჰქონდა სრულიად არაადამიანური, გოლიათური. ახოვანი არ იყო, მაგრამ ღონიერი კაცი იყო და შეეძლო ბევრი რამ გადაეწყვიტა მუშტით. მთაა, გინდ მღვდელი იყავი. აი, ერთი ასეთი ამბავი: რაზიკაშვილების ერთი ნათესავი ქალი დანიშნული იყო ბიჭზე ერთი ახლო სოფლიდან. პავლე თურმე ძალიან ეწინააღმდეგებოდა ამ ქორწინებას, არ მომწონს სასიძოო და რამდენჯერმე კიდეც ჩაუშლია მოლაპარაკებები, მაგრამ ვაჟის მხარეს საკმაო ხარჯი ჰქონია გაწეული და ქორწინება აღარ ჩაიშალა და ქალი მაინც უნდა გაეტანებინათ. რახან ქალი უნდა წაეყვანათ, მაყარიც ხომ უნდა გაჰყოლოდა. მთელ ნათესაობაში ყველამ იუარა, ჩვენ ვერ წავყვებით, ისე ჩაგვიოხრა პავლემ საქმე ჩვენს მომავალ ნათესავებთან, რომ ქორწილში ხეირს არ დაგვაყრიანო. ვერ მიჰყვებოდნენ არა სამომავლო ურთიერთობების არქონის სურვილით, არამედ ქორწილის გამო. მთა არი და ქორწილში უნდა გაილახო, სხვანაირად არ გამოვა. ჰოდა, რახან სიძის მხარე განსაკუთრებით ნაწყენი ჩანდა, თავიდანვე, რაზიკაშვილები ამბობდნენ, გზიდანვე შარს აგვიტეხენო. გამოთქმაა ცნობილი, როცა პატარძლის მაყრებს დასცხებენ, დასძახიან: განანებ გამოყოლასაო. მოკლედ, არავინ მიჰყვება პატარძალს და პავლეზე არც ფიქრობს ვინმე, რომ მაყრობას გაბედავს და თანაც, მღვდელია, უბრალო ვინმე ხო არა. ჰოდა, პავლემ თქვა, მე წავყვები მარტო, რახან თქვენ ეგეთი მშიშრები ხართო და წაჰყვა. ანაფორამ ერთგვარად შეაბრკოლა სიძის მაყარი და გზაშივე ჩხუბი არ ამტყდარა, ალბათ იფიქრეს, მიზეზი ყოველთვის მოიძებნებაო და, ქორწილი რომ გახურდა კარგად და პავლე უზის პატარძალს გვერდით, ძმად წამოყოლილი და სვამს, აუხირდა ერთი და დაუძახა: განანებ გამოყოლასო და ხანჯლით პირდაპირ მიეტანა, მიეტანა და ამან წაართვა ეს ხანჯალი და აიღოო და აშარი მასპინძელი პირდაპირ კერიაზე დაანარცხა, ისე რომ, პირდაპირ ცეცხლში ჩასრისაო. ატყდა იქ ხმაური, არეულობა, ჰაი, ჰუი და ჩააწყნარეს უცბად ეს მასპინძელი, იმიტომ, რომ ძალიან ღონიერი იყო პავლე და დატრიალება შეეძლოო. და ისე ქნა და მოათვინიერა პავლე მღვდელმა მასპინძლები, რომ სამ დღეს დარჩაო იქა და სამ დღეს იქეიფა და ჩამოვიდა მერე მშვიდად და უთხრა თავისიანებს: აჰა, რო გეშინოდათ, ეგეც მე ვარო? დარჩენილია ერთი მოგონება მისი ჯანის შესახებ.
ლხინი იყო, ლხინიო და აქეთ ახალგაზრდები ისხდნენ და იქით კიდევ ჭარმაგი ფშავლები და ჭედილა იყო დაკლულიო. ჩამოატარეს ჭედილას ძვალი ჯანის გამოსაცდელადო. არ ვიცი, რომელი ძვალია ესა, ქაჯიას კი ეძახიან ფშავლები. ჰოდა, გადაუგდეს ახალგაზრდებს, აბა, თუ გატეხთო და ახალგაზრდებში მჯდარიყო ვაჟაც, ვაჟას მაშინ არავინ ეძახდა - ლუკა იყო.
ჰოდა ლუკა დაეჭიდა და ვერაფერი უყო. ვერც ერთმა ვერ გატეხა და დაინახა პავლე მღვდელმა ამათი წვალება და, გადმომიგდეთ აქაო. გადაუგდესო და იოლად გადატეხაო. ლუკას ისე გაუხარდა და ეამაყა, რომ წამოდგა, მივიდა და აკოცა მამამისსო. ასეთი ჯანისა და გაქანების კაცი იყო პავლე მღვდელი, თან მღვდელიც ნამდვილი იყო და ნასწავლი კაციც იყო და ბევრი რამეც იცოდა ქვეყნის. სრულიად მოულოდნელ ადგილას და მოულოდნელ დროში და ალბათ ამიტომ ჰყავდა ასეთი გამორჩეული ოჯახი და ცოლიც ძალიან ლამაზი ქალი შეხვედროდა - ფხიკელაანთ გულქანი.
გულქანი გამოდგა ძალიან კეთილი და გულღია ქალი. ფშავში ლექსით ვის გააკვირვებ, მაგრამ გულქანის ბიძა პარასკევა ყოფილა განთქმული მელექსე და ამბობენ, რომ ვაჟას თუ ბოიგარის ნაბიჯი გამოჰყვა, მეორე მხრიდან კიდევ პარასკევას მელექსეობაო. მაგრამ ერთი უცნაური ამბავი ისაა, რომ ვაჟას არ უყვარდა მთაში გავრცელებული ლექსაობა. ხშირად, როცა გამოიწვევდნენ ხოლმე ლექსში, ჯეროვნად ვერ პასუხობდა.
   კი, ლამის ყველა ყოფით ამბავზე ლექსს ამბობდა ხოლმე სახლში, მაგრამ თბილისში შემთხვევია ეგეთი რაღაც - ერთხელ ერთი მსახიობი გადაეკიდა სუფრაზე, მოდი, აბა, ექსპრომტად ლექსი ვთქვათო და თვითონ თქვა, ვაჟას კი გაუჭირდა. მერე ხელსახოცზე წერდა ლამის ნახევარ საათს.
პარასკევა იმდენად კაფიის ოსტატი არ ყოფილა, რამდენადაც - მელექსე.
გულქანი კი იყო კეთილი და ამხელა ოჯახი აწვა კისერზე. რაზიკაანთ სახლი გზის პირზე იყო და გულქანი კი გამვლელ-გამომვლელს, ნაცნობი იყო თუ უცნობი, დაუძახებდა ხოლმე აუცილებლად, მოდით, ჭამეთ ჩვენთანაო. პავლე მღვდელი ეხუმრებოდა, გამივერანე ოჯახი, აღარაფერი დამიტოვეო.
ასეთი ქალი იყო და იმდენად გულუბრყვილო, რომ ერთხელ ბოშები ამოსულიყვნენ, საიდან, როგორ, რანაირად, ვინ იცის და შემოეშვა სახლში, საჭმელი მიეცა და ამასობაში კი ამათ გაეძარცვათ, როგორც ბოშების წესია.
შვილებს ძალიან უყვარდათ და ძალიან გრძნობდნენ მას და საერთოდ ამ ოჯახში მთავარი ის იყო, რომ ძალიან გრძნობდნენ ყველანი ერთმანეთს.
პავლეს და გულქანის უფროსი ვაჟი იყო გიორგი. იმას მოსდევდა მართა, იმას ლუკა, მერე მოდიოდა ნიკო, ანუ ბაჩანა, რომელიც მამას ჰგავდა ტანდაბლობაში და არაადამიანურ ჯანში, მერე მოდიოდა თედო და სულ ნაბოლარა კი იყო სანდრო.
   დიდი ოჯახი იყო ესა და სახლი იყო სრულიად პატარა: სამი ოთახი იყო სულაო, შუაში დარბაზი გვქონდაო, თუ დარბაზი ეთქმოდა იმას, მაგრამ ისეთი ფარღალალა იყო, რომ სიცივე გადი-გამოდიოდა და დიდი ქარის დროს ხშირად ცეცხლსაც ისე გადაუვლიდა ქარი და გადმოუვლიდა, რომ კვამლში ვიყავითო. შვილები დიდი ხალისითა და იუმორით იგონებენ ამ თავიანთი სახლის ამბავს.
   პავლე მღვდელი კარგად ზრდიდა შვილებს, ანუ როგორც მიაჩნდა თვითონ, ისე ზრდიდა. თვითონ ვაჟას აქვს აღწერილი, როგორ ანათლებდა პავლე მღვდელი შვილებს სახლში სასწავლებლებში გაგზავნამდე.
ხინკლის ხორცს რომ მოუტანდა დედა დაფაზეო დასაკეპად, უკან ოთახში გავიდოდა თავისთან და დაიდებდა დაფას მუხლებზეო. აუცილებლად რომელიმეს დაგვიძახებდა და იქ იწყებდა თხრობასო.
პავლე მღვდელი ძირითადად ჰყვებოდა ბიბლიას. როგორც ჩანს, ჰყვებოდა ძალიან კარგად, იმიტომ, რომ ვაჟა იხსენებს, ჯერ დავითის და გოლიათის ამბავი მოქმედებდა ჩემზე, მერე სამსონისო, ჩვენი ქართული ამბებიც, ყველაფერი ნათხრობი ჰქონდა და ბავშვობიდანვე გამიჩნდა საგმირო ამბებისა და რაინდების მიმართ ძალიან დიდი ინტერესიო.
   იჯდა, კეპავდა ხინკლისთვის ხორცს და უამბობდა წყნარად.
ბიჭები რომ წამოიზარდნენ, პავლე მღვდელი გრძნობდა მათი განათლების აუცილებლობას და ისე მოახერხა, რომ თუმცა უნივერსიტეტის დიპლომამდე თავისი მცირე შეძლების გამო ვერც ერთი ვერ მიიყვანა, მაგრამ რაც კი რამ შეეძლო, საქართველოში სასწავლებლები ყველას დაამთავრებინა. ყოველ შემთხვევაში, იქამდე მიიყვანა თავისი შვილები, რომ განათლება ჰქონოდათ.
გიორგი და ლუკა იყვნენ თავისუფალ მსმენელებად პეტერბურგში და უმაღლესი წერტილიც ეს იყო, მაგრამ განათლების აუცილებლობას ეს კაცი ხედავდა და რომ ასწავლიდა შვილებს სემინარიებსა და სკოლებში და სხვაგან და სხვაგან, მერე ჩამოდიოდნენ ესენი იქაური იდეებით და მამისა და შვილთა დავაც იქ იწყებოდა. მაშინ ნაროდნიკობა იყო გავრცელებული.
რაზიკაშვილებს წესად ჰქონდათ, რომ ზაფხულში მოიყრიდნენ თავს მამასთან და კარგი საცქერი და კარგი მოსასმენი იყო ესა, იმიტომ, რომ უცბად აუხტებოდნენ მღვდელს, აბა, შენ საიდან იცი, რომ ღმერთი არსებობსო და ასეთები. ბრაზდებოდა პავლე მღვდელი, წკეპლით გამოუდგებოდა, მაგრამ საქმე მაინც ხალისით მთავრდებოდა.
   ერთხელ თურმე ჭექა-ქუხილში მოჰყვნენ სათიბში და ვაჟა და ბაჩანა გამოიქცნენ და ხის ქვეშ იმალებოდნენ და, ღმერთო, შენ გვიშველეო, იძახდნენ, აბა, არ არსებობს ღმერთიო? - ეცინებოდა პავლე მღვდელს.
საოცარი ურთიერთობები იყო ამ ოჯახში და ყველა იყო ერთმანეთის მხარდამჭერი. არც ერთს ამათგანს არ დაუკარგავს ოჯახი, არ უღალატია იმ საოჯახო შეხედულებებისთვის, რითაც დაიზარდნენ - სამართლიანობისთვის, ვაჟკაცობისთვის, სიკეთისთვის. პავლეს მუშტი მტერს მოხვედროდა და ეს ბიჭებიც ბავშვობიდანვე კრივზე იყვნენ გამეცადინებული.
ძმებში ძალიან დაცული იყო უფროს-უმცროსობა და ყველაზე რბილი მათ შორის მაინც იყო გიორგი. ბაჩანას კი არ უყვარდა, რომ დასცინოდნენ და გათამაშება და ხუმრობა კი ხშირი იყო მათ შორის. თედო და სანდრო უფრო მშვიდობიანები იყვნენ, თუმცა თედოც კარგი მუშტიანი იყო. ბაჩანაც იმწუთას მუშტზე იყურებოდა. ვაჟაც მუშტის კაცი იყო და ერთმანეთს რომ წაეკინკლავებოდნენ, სეირიც ეს იყო. ერთხელ ვაჟამ შამფური დასცხო თავშიო ბაჩანას. ბაჩანამ ხელი არ შეუბრუნა, როგორც უფროსს, მაგრამ ისე წაავლო მაჯაში ხელი, რომ შამფური გააგდებინაო.
   ვაჟას, როცა რამე გამოუვიდოდა, ხშირად იტყოდა ხოლმე, იცის ბიჭმა, იცის ბიჭმაო და ბაჩანამ, შამფური რომ გააგდებინა, ჰკითხა, ჰა, იცის ბიჭმაო?
ძალიან ლაღია ეს ყველაფერი და ძალიან ადამიანური.
აი, როგორი იყო კიდევ პავლე მღვდელი: რომ შეატყო, მისი შვილები წერენ, განათლებასაც იღებენ და ლექსებიც გამოუდით, თვითონაც დაიწყო წერა.
ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი ქართველი მამა, რომელიც შვილებს ბაძავდა. შვილებს კი არ იმგვანებდა ძალით, არამედ რაც კარგი ჰქონდათ, თვითონ იღებდა. მგონი ვაჟა ერთადერთი ქართველი მწერალია, რომლის მამამაც მემუარები დაწერა. პატარა ხელნაწერია, ბევრი კი არ არის. სანამდეც გასწვდა ეს მოხუცი კაცი, გასწვდა.
   თან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პავლე მღვდელი გლეხი კაცი იყო: ხნავდა, თესავდა, უჭირდა. როცა კვდებოდა და შვილები ადგნენ თავზე, ვერც ერთი ვერ იკავებდა თავს და ცრემლიც მოადგებოდათ ხოლმე. და უთხრა: რას ტირით, ერთი პატარა კაცი ვკვდები. შოთა რუსთაველი მოკვდა, თამარ მეფე მოკვდა. ასეთი გულწრფელი, უბრალო სიტყვებით დაამშვიდა თავისი შვილები, პავლე მღვდელი ვარ, ორღობეს რომ ჩავცდები, აღარავინ მიცნობსო.
ასეთი კაცი იყო პავლე რაზიკაშვილი, ხოლო როგორი შვილები დაზარდა, ეგ კიდევ დიდხანს გამოჰყვება ქვეყანას.
   ფშავიდან გამოსვლა ვაჟას ეძნელებოდა ხოლმე და თბილისში ჩამოსული კი უკვე კარგად გრძნობდა თავს. უყვარდა აქ ყოფნა და მიჩვეულიც იყო ბიჭობიდანვე. მოაწევდა ხოლმე დრო და გამოჩნდებოდა თავისი ხურჯინით, რომელშიც ელაგა ლექსები, მოთხრობები და პოემები და ჩამოივლიდა ხოლმე რედაქციებს. წამოკრეფდა ჰონორარებს, სადაც რას მისცემდნენ, და მერე ერთხანს გაჩერდებოდა ხოლმე თავის უმცროს ძმასთან, სანდროსთან, რომელიც ვერაზე ცხოვრობდა. აქ ბევრი მეგობარი ჰყავდა, უბრალო და კარგი ადამიანები. ისინი ჯერ კიდევ ბიჭობიდან გამოჰყოლოდნენ, როცა ის თბილისში სწავლობდა სამასწავლებლო ინსტიტუტის ორკლასიან სასწავლებელში. ვაჟამ თბილისი კარგად იცოდა და კარგადაც იყო აქ. სანდრო იგონებს, მოსწონდა ჩემთან ყოფნა და აქ წერაო. იმიტომ, რომ ფშავში მართლა მძიმე პირობებში მუშაობდა და სულ თავისუფალი წუთის ძებნაში იყო.
თბილისში თითქოს კურორტზე ყოფილიყოს: ეჭირა პატარა ოთახი სანდროს სახლში, ნასადილევს წაუძინებდა ცოტას იქა და შემდეგ წერდა ხოლმე. ძალიან ბევრ რამეს ასწრებდა თბილისში და ნაწერს სანდროს უკითხავდა: ჰა, როგორ გამოუვიდა ბიჭსო? - ჰკითხავდა ხოლმე.
ბიჭობაში კი საქმე სხვანაირად იყო.
   თბილისში ვაჟა იყო ერთი თავის ნებაზე მიშვებული, ონავარი მოწაფე, რომელიც ბოლო მერხზე იჯდა ხოლმე. ბოლოდან არევა იოლია. მაშინ ასეთებს „გალიორკის მოწაფეებს“ ეძახდნენ. სასწავლებელში ვაჟას ამოჩემებული ჰყავდა ერთი რაჭველი ბიჭი, ნიკო ჩიკვაიძე - კარგი, კეთილი, დიდი ბიჭი, რომელიც რუსულად ლაპარაკისას არასწორად სვამდა მახვილებს და მოწაფეებს დახვეული ჰქონდათ ხელზე მისი რაჭული რუსული.
ჩიკვაიძე განსაკუთრებით სასაცილოდ ამბობდა სიტყვებს: „გასპადინ უჩიტელ“. როგორც კი დაიწყებოდა გაკვეთილი, ვაჟა ბოლოდან დაიძახებდა ხოლმე: „გასპადინ უჩიტელ“, „გასპადინ უჩიტელ“, და ატყდებოდა ერთი სიცილ-ხარხარი. იმ დროის თბილისის პატარა სასწავლებლების განთქმული წესი ჩხუბიც იყო. სხვა სასწავლებლისას თუ გამოიჭერდი, უნდა გაგელახა.
ვაჟას უკვე თელავში მოელია საკრივო სკოლა და ამიტომ ამ ჩხუბებშიც მაგარი იყო. შემორჩენილია ერთი მოგონება, როგორ დაეხმარა ვაჟა ერთი სასწავლებლის მოწაფეებს მეორე სასწავლებლის მოწაფეებთან ჩხუბში, რახანღა ეს უკანასკნელნი მეტნი იყვნენ. ამ ჩხუბს დარაჯი შეესწრო და გაოცდა, ვინ იყო ესაო, რას დატრიალდაო. ჩხუბი რომ მორჩა და მეტოქეები დაიფანტნენ, ვაჟამ დასცხო ციტატები რუსთაველიდან: კაცი კაცსა შემოსტყორცნაო... მოკლედ, თბილისში შინაური იყო, მის უბნებსაც კი ძალიან კარგად იცნობდა ბიჭობის დროდან, იმიტომ რომ როგორც კი ზაფხული მოვიდოდა, მოწაფეები ქალაქის ხილის ბაღებს მოედებოდნენ ხოლმე. იყო ასეთი მშვენიერი დრო, როცა თბილისში ხილის ბაღები იყო.
განსაკუთრებით ბევრი ჰქონდათ გერმანელებსა და რუსებს, კირიჩნზე და დიდუბეში და აბა, იყო ერთი ძრომიალი და ხილის პარვა, მაგრამ ყოფილა ხოლმე, რომ თავს დარაჯი დასდგომიათ.
   ერთი დარაჯი საერთოდაც სცნობდა ვაჟას და შორიდანვე დაუძახებდა ხოლმე ხეზე ამძვრალს: აი, ჯოღა-ფშაველო, მოხვედი ისევო და გამოუდგებოდა კეტით, მაგრამ ვაჟა დიდად გამქცევი არ იყო.
ერთხელ ბაღის პატრონმა გერმანელმა მოუსწრო და ძიძგილაობა მოუხდათ. ვაჟა მოერია, წააქცია და როცა იმ საწყალი კაცის ცოლი აკივლდა, ლუკა ცდილობდა, დაეწყნარებინა, ცხვირში წკიპურტსაც კი ურტყამდა, დამშვიდდით, წავალთ ახლა ჩვენაო.
აი, ასეთი ბიჭი იყო.
   თბილისი ის ადგილი იყო მისთვის, სადაც მისი ლექსები პირველად წაიკითხა პროფესიონალმა მწერალმა. ვაჟამ და მისმა მეგობარმა ლექსებით სავსე რვეული მიუტანეს ანტონ ფურცელაძეს. ამ რვეულს ყდაზე ეწერა: „ლექსები შეთხზული ლუკა რაზიკაშვილის მიერ“. ფურცელაძემ რამდენიმე დღეში დაიბარა, რაღაცაში შეაქო და რაღაცაში არ შეაქო, რითაც ვაჟა მთლად კმაყოფილი ვერ დარჩა. თან ფურცელაძემ ურჩია, ეს „შეთხზული“ წაშალეო, მაშინ დააწერე, როცა ილიასა და აკაკისავით პოეტი გახდები, უბრალოდ ეწეროს „ლუკა რაზიკაშვილის ლექსებიო“.
საინტერესო ის არის, რომ მაშინ ლუკა ფშავურ კილოზე არ წერდა. ჩვეულებრივად წერდა, ასე ვთქვათ, სალიტერატურო ქართულით.
გორში სწავლისას გადაწყვიტა, რომ ფშაური კილო აეღო.
ვაჟას თბილისელ ნაცნობ-მეგობართაგან ერთ-ერთი იყო კულა გლდანელი, სახელგანთქმული მოჭიდავე. კულას თავი მხოლოდ ჭიდაობით არ გაჰქონდა, ავჭალაში ერთი დუქანი ჰქონდა და ამ დუქნის უკან კი ბაგები მოეწყო. ბაგები თბილისში ბევრი იყო, რადგან ხალხი ან ცხენით ჩამოდიოდა, ან საქონელს მოერეკებოდა და ამას სადგომი უნდოდა. ჰოდა, ასეთი ჰქონდა კულა გლდანელს და მის ბაგებზე ხშირად ფშავლები ჩერდებოდნენ. ამიტომაც, ვაჟა ხშირად მიდიოდა ხოლმე იქა. ეს უკვე გვიანდელი ამბავია, არა მოწაფეობის დროისა. მაშინდელი, როცა ვაჟას უკვე დაემთავრებინა გორის სემინარია და სამუშაოს ან რაღაც სახსარს ეძებდა. იქ შეხვდნენ ერთმანეთს კულა და ვაჟა და ძალიან მოეწონა კულას. უსმინა ერთხელ, მეორედ, მესამედ და ვაჟა ფშავლებში ამბობდა, სადმე სასწავლებლად წასვლა მინდაო და ერთხელაც რაღაც სუფრა იყო და კულამ უთხრა, კაცი არ ვიყო, თუ პეტერბურგში არ გაგიშვა სასწავლებლადო, და ასეც მოხდა.
   ვაჟა რომ წავიდა იქ და თავისუფალ მსმენელად იყო, კულას ფულით იყო. გათავდა ეს ფული და დაიწყო ვალები და წვალება. ვეღარ მოიკიდა იქ ფეხი და წამოვიდა. საერთოდ, ვაჟა ფხუკიანი იყო ამ საკითხში: რამეს არ გაჩუქებინებდა. მაგრამ ბაგებში და ღარიბულ დუქანში რომ კაცი გეხმარება, იმას სხვა გემო აქვს და კულაც სხვა კაცი იყო. მერე ვაჟას წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამაც დაუნიშნა 50-მანეთიანი პენსია. ბევრ ქართველ მწერალს ჰქონდა ეს პენსია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან, მაგრამ ვაჟას მალევე მოუხსნეს. არკვიეს, არკვიეს რატომ მოუხსნესო, და თავადი არ არისო, გლეხია და გლეხებზე წესდებაში პენსია არ წერიაო. ეს თვეში ხუთი თუმანი სჭირდებოდა: უფროსი ვაჟი, ლევანი სწავლას ეშურებოდა. თვეში ხუთი თუმანი კარგი ფული იყო.
თბილისში მისდამი დამოკიდებულება ერთგვაროვანი არ იყო.
ჟურნალებსა და გაზეთებშიც იოლად არაფერს უბეჭდავდნენ. ხან დაუწუნებდნენ, ხან სრულ სისულელემდე მისულ გარჩევას წამოიწყებდნენ ხოლმე. გულშემატკივარი და ყველაზე კარგად გამგები კაცი განთქმულთაგან ვაჟა-ფშაველას ერთი ჰყავდა - ილია ჭავჭავაძე, რომელმაც პირველ ჯერზევე ყველაფერი ამოიცნო და ყველაფერსაც მიხვდა და ვაჟას ყოველთვის ულაპარაკოდ უბეჭდავდა ყველაფერს. ვაჟას „ივერიასთან“ თანამშრომლობა თითქმის 15 წელიწადს გაგრძელდა: იქ ყოველთვის კარგად გრძნობდა თავს და იქ ყოველთვის საუკეთესო ჰონორარს იღებდა. ერთი საინტერესო ამბავიც არის: ძმებმა ყიფშიძეებმა, გრიგოლმა და ალექსანდრემ, ილიას უთხრეს, როგორმე გერმანიაში გავუშვათ ლუკა სასწავლებლადო.
   ეს მისი პირველი გამოჩენის დროს იყო. შენ გარეშე რა გამოვა, მოგვეხმარე, ფული ვიშოვოთ, ძალიან გამოადგება ეგ სწავლაო. ილიამ უთხრა, არ ღირს მაგის გერმანიაში გაშვება, იმიტომ, რომ ახლა ეგ გერმანიაში წავა, იქ ისწავლის და წაუვა სული და გული ფილოსოფიისკენ, ისეთი ვინმეა, აშკარად ასე იქნება და მერე წერას თავს დაანებებსო. ჯობია, იქ იყოს, სადაც არის, თავისთან, სოფელში, და ჩვენ აქ როგორღაც მოვუხერხოთ და ჰონორარი წინდაწინ ვაძლიოთ, დაგვიწეროს და დაგვიწეროსო. ილიამვე უთხრა პირველად, კაცო, ლექსი და პოემა კარგია, მაგრამ პროზას რატომ არ წერო, და ვაჟამ: დაწერილი მაქვსო. საერთოდ, ვაჟას აღარც ახსოვდა ხოლმე, სად რას ბეჭდავდა. ასაკში რომ შევიდა, ჩამოწერდა, იქ ის მქონდა, აქ ესაო, მაგრამ მაინც ვერ აწესრიგებდა. „ივერიის“ შემდეგ ვაჟა თავისი ნაწერებით იმ დროს უკვე მოდურ ყოველკვირეულ „კვალში“ გადავიდა.
დარჩენილია ვაჟას ერთი ძალიან გულსატკენი და სევდიანი წერილი.
ირკვევა, რომ „კვალის“ რედაქტორ-გამომცემლი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, დაპირებული იყო, ვაჟას დატოვებული ლექსები დაებეჭდა.
აღარ დაბეჭდა და აღარ დაბეჭდა. ვაჟამ რომ მიზეზი გამოიკითხა, ანასტასიამ მოსწერა, ჩვენი რედკოლეგიის წევრი, ბატონი აკაკი წერეთელი მოვიდა, წაიკითხა ლექსები და თქვა, რომ სუსტია და არა ღირს ამის დაბეჭდვაო, სუსტია და არ ეკადრება ვაჟასო.
ვაჟას ჩვეულებად ჰქონდა, უპასუხოდ არაფერი დაეტოვებინა. სერიოზულად მისწერდა ხოლმე ყველას პასუხს და „კვალსაც“ მისწერა, მე არ ვიცი, ეგენი სუსტია თუ რა არიო, ეგებ აკაკი წერეთელი ხვალ სხვა გაზეთში გადავიდეს და მერე შემმოწმებლად ვინღა გეყოლებათო. თქვენით რომ წაიკითხეთ, მაშინ რატომ არ მითხარით, რომ სუსტი იყოო. ჰოდა, ახლა, სანამ მაგ სუსტს არ დაბეჭდავთ, მე თქვენთან აღარაფერს მოვიტანო.
საერთოდ, აკაკი და ვაჟა რთული ამბავია. აკაკი თავიდანვე ამბობდა, მისი ფშაური კილო და ენა არ მომწონს, ამახინჯებს, აფუჭებს ქართულსო, და მისი ლექსიც ცნობილია, „ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო...“ თუმცა ეს გვიანდელი ლექსია, 1913 წლისა - აკაკიც მოხუცია და არც ერთს აღარ დარჩენია დიდი ხნის სიცოცხლე. ვაჟას იუბილეს ამზადებდნენ და იმის წინა დღეებში გამოაქვეყნა აკაკიმ ეს ლექსი. ვაჟამ პასუხი მისწერა, იუბილემ ჩაიარა. მერე დიდი საჭორაო იყო თბილისში, როცა აკაკის იუბილე იყო, აბა, ვაჟა მოვა თუ არაო. მოვიდა ვაჟა. ადამიანი იყო, ეშმაკობა, ვერაგობა და ასეთი ამხანაგები არ უყვარდა. მაგრამ აკაკი სადაც წასწვდებოდა, გადაიხვევდა ხელზე ამ ფშაურ კილოს და აკრიტიკებდა. მიზეზი ეგებ ცოტა სხვაც იყო, ძნელი სათქმელია. ბიჭო, რას შემოგიჩნდა ეს აკაკიო, ეტყოდნენ ხოლმე და ვაჟამ მეგობრებში თქვა ერთხელ, მე რა მიკვირს, იციო, იმერელმა ფშაველს ქართული როგორ უნდა დაუწუნოს და შეუმოწმოსო.
ასეთი პირდაპირი პასუხები იცოდა. ყოველ შემთხვევაში, აკაკის და ვაჟას ურთიერთობას მაინც გამოაბეს რაღაც კუდები მერე და მერე, იმიტომ რომ, აკაკი რომ გარდაიცვალა, ვაჟა არ ჩამოვიდა. ჩვენში დიდად აქცევენ ყურადღებას ასეთ რამეებს. მერე, რომ ჩამოვიდა, უსაყვედურეს, როგორ არ ჩამოხვედი, ხალხმა ჩათვალა, რომ ნაწყენი ხარო. კაცი თურმე კვდება, სავსე აქვს სითხით ფილტვები და ვერ ჩამოვედი, ავად ვიყავიო, თქვა.
არ იყო ვაჟა ისეთი ხურდა კაცი, რომ ასეთი რაღაცეებისთვის ყურადღება მიექცია, ანდა თუნდაც აკაკის ნალაპარაკევისთვის.
აკაკიმაც კარგად იცოდა, ვაჟა ვინ იყო.
   ერთხელ აკაკი შეესწრო, თუ როგორ სცემა სერგეი მესხის კაბინეტში ვაჟამ კაზაკთა ატამანი აშინოვი. ეს აშინოვი იყო ერთი ავანტიურისტი, რომელიც ხელმწიფის კარამდე მივიდა და ამბობდა, რომ აბისინია უნდა შემოვუერთო რუსეთს, როგორც ერმაკმა შემოუერთა ციმბირიო. თბილისში იყო ჩამოსული და „დროებამ“ მასხრად აიგდო. ჰოდა, აშინოვი მოვიდა რედაქციაში და მოითხოვა უარყოფა. კაზაკურად ეცვა, მთელი ოქრო-ვერცხლი გულზე და მესხს ემუქრებოდა. აკაკიც იქვე იჯდა. მე შევშინდიო, მესხი შეცბა და ამ დროს მოვიდა ახალგაზრდა ვაჟა-ფშაველა, ერთი შეხედა ამ აშინოვს და უთხრა, რაღაცა ბევრს ლაპარაკობ შენაო და მოჰკიდა კისერში ხელი, გამოაღო კარი, დააგორა კიბეზე და წიხლიც მიაყოლაო, - აკაკი იხსენებს.
ენა, რომელზეც ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ, აკაკის ენაა. გასაკვირი არ არის, რომ აკაკი, ვისაც ახალგაზრდობაში თვითონაც უწუნებდნენ ენას და მესტვირეს ეძახდნენ, მგრძნობიარე იყო ვაჟას ფშაურის მიმართ. და საერთოდ, აკაკის მიდგომა ნამდვილ შემოქმედთა მიმართ საინტერესო იყო.

   იყო თბილისში ასეთი კაცი, ივანიკა კვინიტაძე. ის გახლდათ მამა შემდგომში გენერალ გიორგი კვინიტაძისა, ვისი ამბავიც ცალკე მოსათხრობია. ივანიკა პოლკოვნიკი იყო, კავკასიის ომებში სახელდაგდებული კაცი, რომელსაც გენერლობამდე იმიტომ ვერ მიეღწია, რომ ჯეროვანი განათლება ვერ მიეღო. შამილის ერთ-ერთი პირადი დამტყვევებელი იყო და ამითაც იცნობდნენ. სიბერეში ლექსების წერა დაეწყო და დაჰქონდა რედაქციებში. არ უბეჭდავდნენ, რა იყო დასაბეჭდი. ჩამოუჯდებოდა აკაკის და უკითხავდა. აკაკი დიდად უქებდა, ყოჩაღ, თავადო, ყოჩაღო. მერე ეკითხებოდნენ, ეგ რა არის, ნამდვილ და კარგ პოეტებს ბოლს გაადენ ხოლმე და მოხუცებულ კვინიტაძეს კი სისულელეებს უქებო. კარგად პასუხობდა: ამას არაფერი მოეთხოვება და არც ზიანი მოაქვს. უბრალოდ, კაცი თავის ჭიას ახარებს, ხოლო ვისაც მოეთხოვება, იმისთვის დათმობა არ შეიძლებაო.
რედაქტორებთან ლაპარაკი ვაჟასთვის ერთი წვალება იყო ხოლმე.
დაბეჭდვასაც უგვიანებდნენ და ფულსაც.
   სანდრო იგონებს, მოვიდა ერთხელ გულნატკენი და თქვა, ნამუსი არა აქვთო. თვითონ მიმჯდარან და ხრავენ ამ ზუბალაშვილის ფულებს და სხვას თუ უნდა ჰონორარი, აღარ იციანო. სწყინდა ასეთი რაღაცეები, იმიტომ, რომ თავისი ნაწერის ფასიც იცოდა და უგულობასაც ვერ იტანდა. „სახალხო ფურცლის“ რედაქტორად იყო მელიტონ გობეჩია. ცუდი კაცი კი არ იყო, მაგრამ როგორც ბევრი თბილისელი რედაქტორი და ლიტერატურაში ჩაბმული კაცი, ესეც ფიქრობდა, რომ ვაჟა არ არის კულტურული ლიტერატურა, ეს არის ხალხურ კილოზე მოთხრობილი მთის ამბები. შემოქმედებაც არ არის, ვინმე რამეს იტყვის, ან მოყვება და ვაჟას პირდაპირ გადმოაქვსო.
ჰოდა, ეს გობეჩია იდგა და ლანძღავდა ვაჟას, არ გვინდა, აღარაფერი მოიტანოსო. სწორედ ამ დროს მოსულა ვაჟა რედაქციაში. შესულან კაბინეტში და ვაჟა ძალიან მალე გამობრუნებულა. ვიდექით რედაქციის თანამშრომლებიო, სანდრო შანშიაშვილი იგონებს, გამომხედა ვაჟამ და მითხრა, საიდან მოიყვანეთ ეს ნეხვიო, გაიხურა კარი და წავიდაო.
ცენზურასთანაც გაუჭირდებოდა ხოლმე. მის ბევრ პოემას, ლექსს, ეწერა: ძველი თქმულება, გაგონილი ამბავი, ძველი ამბავი, ლეგენდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ცენზორს შეთხზულ, ახალ და თანამედროვე რამედ არ ჩაეთვალა.  „სტუმარ-მასპინძელში“ ნამდვილი ამბავი მხოლოდ ის არის, რომ ერთი ზვიადაური მართლაც მოუკლავთ ქისტებს თავიანთ სოფელში. მაშინდელი ვაჟას კრიტიკოსები კი ამბობდნენ - უბრალოდ გალექსილი აქვს, თვითონ არ მოუგონიაო. ძალიან პრიმიტიულ რამეებს გამოაცხადებდნენ ხოლმე ვაჟას შესახებ. ილიას წესად ჰქონდა, რომ ლუკა ისარლოვთან გიგო ყიფშიძეს აგზავნიდა, მუნჯის ენა დედამ იცისო.
ჰოდა, ლუკამ წაშალა „ერთხელ იქნება მოვკვდები“, ვერ გავუშვებთ ამ ლექსსო. იმიტომ რომაო, ეს ფრაზა ნიშნავს, რომ უნდა გაცოცხლდე და ეს ჩვენს რელიგიას ეწინააღმდეგებაო; ეგზარქატში ამბავი ატყდება, მღვდლები გაბრაზდებიანო. არ დაიშალა არაფრით და მოულოდნელად, ღამით სახლში ილია მიადგა. აბაზანაში ჩამჯდარი დამიხვდაო, ილიას უთქვამს, ცოტა შეცბა კიდეცო. არ მოელოდა, ამხელა კაცი რომ მივიდოდა. არ დადიოდა ილია ცენზორებთან და არ ელაპარაკებოდა მათ. შეცვალეს. „როცა იქნება მოვკვდებიო“ - დაბეჭდეს. ასე იცოდა ილიამ. ვინც უყვარდა, ბოლომდე წაჰყვებოდა. ვაჟა თბილისში აუცილებლად ნახავდა შიო მღვიმელს და თავის ძველ ძმაკაცს, ივანე ბუქურაულს, ასევე, ახალგაზრდა სანდრო შანშიაშვილს, რომელსაც შანშეს ეძახდა და კიდევ ჰყავდა ერთი მეგობარი, დავით პავლიაშვილი: ეტყობა, კომიკური და კოლორიტული გარეგნობის კაცი, დაბალი და პროფილით ნაპოლეონს მიმსგავსებული, რომელსაც ვაჟამ „ნაპალენა“ დაარქვა და ყველა ასე ეძახდა. თბილისში ჩამოსულ ვაჟას საყვარელი დუქნებიც გაახსენდებოდა. ვორონცოვის ხიდის თავში იყო ასეთი პატარა დუქანი, ძმებ ხელაშვილების სარდაფი. როგორც ამბობენ, ამ დუქანს სწორედ ვაჟამ დაარქვა „ქოსები“ და ეს სახელი აგერ კომუნისტების დრომდე გამოჰყვა. იქ ისხდნენ ხოლმე საღამოობით მისი მეგობრები და ვაჟა ამბობდა: რა მინდა ძვირიან ადგილებში, ნამდვილი ხალხი აქ არის, ამბავს გაიგებ, ვიღაცა ჭიქას მოგიჭახუნებსო.
   ბაღებშიც ხშირად დადიოდნენ, კარგი დროსტარება იცოდნენ, უბრალო და ძმაკაცური. ერთხელ სხედან მუშტაიდის ბაღში და პურსა ჭამენ ვაჟა, ბაჩანა და ივანე ბუქურაული. იქ ბილიკზე ბევრი ხალხი გადი-გამოდიოდა და იმათ შორის მსუბუქი ყოფაქცევის ქალებიც.
რამდენი გაივლის, ვაჟა გააყოლებს თვალს, გამოივლის - გამოაყოლებსო. ბაჩანამ შეამჩნია და, ჰა, იცის ბიჭმა, იცის ბიჭმაო? ვაჟამ უკან არ დაიხია და უთხრა: იცის, მაშ არ იცისო?! იმავე სუფრაზე ბუქურაული ეკითხებოდა არაგვის ამბებს, სად როგორ მოდის, სად მაღალია და სად დაბალიო და ბაჩანას უთქვამს, მე ერთ ადგილზე არაგვზე გადამხტარი ვარო.
ვაჟა სიცილით მომკვდარა, უსმინე ერთი, არაგვს გადაახტა კაციო.
ბაჩანა ცოტა ხნით გასულა, როგორც არის ხოლმე და მთლად გალუმპული კი მობრუნებულა, რუს წაწყდომია დაბლა და სიბნელეში ვერ შეუმჩნევია.
ივანეო, ვაჟას უთქვამს, აი, ეს ის ბიჭია, არაგვს რომ ახტებაო.
მოსწრებული ენა ჰქონდა. იშვიათი ხუმრობა იცოდა და მარგალიტებიანი.
დიუმა რომ თბილისელ დალაქებს სიძვირეს უჩიოდა, ის დალაქები არ შეცვლილან. ჰოდა, ერთხელ თბილისში დალაქმა ვაჟაც გაკრიჭა. ვაჟამ ამოიღო აბაზიანი და დაუდო. დალაქს უთქვამს, ეს რა არის, აბაზათ ვინა კრეჭს, მანეთი უნდაო.
   ეჰ, შენ რომ იცოდე, რა თავი გაკრიჭე, ამასაც არ გამომართმევდიო, აუღია ქუდი ვაჟას და წამოსულა.საერთოდ კი, ვაჟას ძმებისაც ბევრია დარჩენილი.
გიორგი კი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ეს სემინარია ვერ დაამთავრა იმ ცნობილი ამბის გამო, როცა ერთხელ ალექსანდრეს ბაღში სემინარიელებმა ჯეროვანი სალამი არ მისცეს, უფრო კიდევ დასცინეს იქ მოსეირნე კავკასიის მეფის ნაცვალს. ამ ამბის შემდეგ კი სემინარიაში წმენდა დაიწყო და ბლომად ბიჭები გამორიცხეს. ბევრი მომავალში ცნობილი პირი ერია გამორიცხულებში. მაგალითად, ალექსანდრე ყიფშიძე-ფრონელი და იონა მეუნარგია.
   გიორგი რაზიკაშვილმა, სემინარიიდან გამორიცხვის შემდეგ, იტრიალა თბილისში, ჩარგალში და მერე კი წავიდა პეტერბურგში და იქ იურიდიულ ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად დაჯდა. თავისუფალ მსმენელად იმიტომ, რომ გამორიცხული იყო და სტუდენტობა არ შეეძლო. იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლა და უდიპლომოდ დაბრუნდა საქართველოში, თუმცა მოახერხა და თიანეთში რაღაც სავექილო საქმეებს განაგებდა.
გიორგი და ვაჟა გარეგნულად ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ახოვანი და მაღალი იყო, ოღონდ ასაკთან ერთად გიორგი უფრო მშვიდი ცხოვრების მოყვარული შეიქნა და მოსუქდა კიდეც. მისი სიმსუქნე ძმებში საოხუნჯო რამ იყო. თუმცა, ახალგაზრდობაში გიორგისაც გვარიანად უყვარდა კრივი და ლაღი ცხოვრება. საერთოდ, ძმებს შორის მიღებული იყო გათამაშება, ოღონდ უფროს-უმცროსობას მაინც იცავდნენ. უმცროსი ძმები - თედო და სანდრო - ძნელად თუ რამეს გაუბედავდნენ ვაჟას და გიორგის. გამონაკლისი იყო ნიკო, იგივე ბაჩანა, ყველაზე ცხელგულიანი და ბობოქარი. დამთმობი არ იყო.
გიორგი თიანეთში ცხოვრობდა და ძველები იგონებენ, ცოტა არ იყოს, ფანტაზიორი იყოო. რას ფანტაზიორობდა ამისთანას, დიდად არ იხსენებენ. უდროო მეოცნებე ჩანს. ისიც ახალგაზრდობიდანვე წერდა ლექსებს, მაგრამ ამ საქმეს არ გასდევნებია, მისი ლექსები საშინაო პოეზიად დარჩა, მაგრამ ნასწავლობით კი ძალიან ნასწავლი კაცი იყო და კარგი ენის პატრონიც.
ოცნებათაგან ერთი ასე გამოიყურებოდა: უჰ, ეხლა რომ სანადიროდ წავალ და ირემს რომ მოვკლავ, მერე მიყურეთ თქვენაო. არასდროს არ ყოფილა სანადიროდ ბიჭობის შემდეგ და ძმებიც იხოცებოდნენ სიცილით. საუკეთესო თოფი ჰქონდა და მთელ დღეს გაატარებდა ხოლმე ვაზნების თვლაში, აი, მე რომ სანადიროდ წავალ, ყველაფერი მზად უნდა მქონდესო და აპრიალებდა ამ თოფს და ძმებს გამოჭერილი ჰყავდათ ამის გამო.
   ვაჟას ერთი ძმაკაცი ჰყავდა თიანეთში, მღვდელი სიმონა ბეგიევი, ისიც კაი დევგმირი კაცი და ერთხელ მასთან იყვნენ სტუმრად ვაჟა და გიორგი და გიორგიმ ისევ წამოიწყო თავისი ნადირობის ამბავი, ოღონდ მიზეზად ის მოჰქონდა, იმიტომ არ მივდივარ სანადიროდ ირემზეო, რომ თორმეტრქიანი მაინც უნდა იყოსო, ათი-თორმეტი მაინც უნდა ჰქონდეს ნაყარი რქაო, რომ სროლა მიღირდესო და ვაჟა აუგდია მორიგჯერ. თან გიორგი ფიზიკურადაც ძიაკაცს ჰგავდა უკვე, მაგრამ მაინც არ იშლიდა ვაჟასთან შეპაექრებას. ბევრი თავგადასავალი გადახდენოდათ ერთად და ერთმანეთის ღონისაც იცოდნენ.
ჰოდა, აუტყდა თურმე ვაჟას: შენ რა ბევრს მელაპარაკები, ჭიდაობაში ეხლავე მოგერევიო და ატეხეს იქვე ჭიდაობა, ეტაკნენ ერთმანეთს. ვაჟა ვერ მოერიაო, მაგრამ მიანგრ-მოანგრიეს მთელი სახლი და ეს სიმონა მღვდელი გადაირია: ფშავლებო, ნადირებოო, წადით და თქვენს სახლში იჭიდავეთ, რაღა ჩემს სახლს ამტვრევთო.
   იმ ჭიდაობისას გიორგი დაიჩაგრა, სიმსუქნემ და ჯანმა ვეღარ გასდია, აქოშინდა და ვაჟა მაინც დასცინოდა: რა მაგარი ყოფილხარ, რა მაგარიო.
სულ ასე იყო ძმებში, შეჯიბრის ამბავი არსებობდა. ვაჟა თვითონაც წერს ამას: ბიჭობიდანვე მქონდა ასეთი თვისება, რომ თუ ვინმე კარგად აკეთებდა რამეს, უნდა მივმდგარიყავი და ისე მესწავლა, რომ მკეთებლისთვის აუცილებლად მეჯობნა ან გავტოლებოდი მაინცო. ასე დამართნია თურმე ერთხელ თელავში.
იქ მგალობელთა გუნდი იყო ეკლესიაში, ვაჟას კი სმენა არ ჰქონდა და ხმაც დიდი არაფერი. არა მღეროდა, ფანდურზე იცოდა ხოლმე ჩხაკუნი და ეს იყო მისი სიმღერა. მაგრამ ერთი ჩვენი სასწავლებლის მოწაფეზე ამბობდნენ, რომ ისეთი კარგი ბანი აქვს, ისე კარგად გალობსო, რომ მეც დავიწყე ბასზე მუშაობაო და საშინელება გამომდიოდაო. ასევე იყო ნადირობაშიც, კაი მონადირეც ეთქმოდა, თუმცა მერე დაანება თავი ნადირობას.
   გიორგი კარგი მოკრივე იყო ბიჭობაში. ვაჟა რომ ჩაიყვანა თელავში მამამ, სადაც გიორგი უკვე სწავლობდა იქაურ სასულიერო სასწავლებელში, კრივის საქმე იქ მაღლად იდგა. თელავი შაბათ-კვირას გადაიქცეოდა ხოლმე კრივის ქალაქად, ვაჟა გიორგის მალევე აჰყვა - ვიდექი და ვვარჯიშობდიო ფერდებში დარტყმას, ყველაფერსო. მერე და მერე ცნობილი თელაველი მოკრივეები ამბობდნენ - „გოგრიჭამია“ იყო ასეთი, „ბუტყაჭა“ და ასეთი ხალხი - მარტო ეგ ფშავლები გვერეოდნენო, მეტი ვერავინო.
   ვაჟას ჰყოლია თელავში ერთი ძმაკაცი, იქაური მღვდლის შვილი, შალვა მაღალაშვილი და ერთად კარგი წყვილი იყო თურმე კრივში. თავიდან პატარებში კრივობდნენ, მაგრამ მალე დაიწყეს დიდებში სიარული და იქაც ეს სახელი დაიგდეს და ეს სახელი ვაჟას გაჰყვა ბოლომდე.
ის სამგან სწავლობდა საქართველოში და ყველგან კრივითაც დაიგდო სახელი.
მერე პეტერბურგშიაც, სადაც მან გიორგის ჩააკითხა, ძმებს კარგი საკრივო თავგადასავალი შეხვდათ.
   უფულოდ მყოფი ძმები შევიდნენ ტრაქტირში და ნაძლევზე თამაშობდნენ ბილიარდს, თუ მოვიგებთ, გვასადილებთო და მთელი ამ ამბის უცნაურობა ის იყო, რომ ვინც ეთამაშება, თურმე იმასაც არა აქვს სადილის ფული და უნდა, რომ მოიგოს და როგორმე სადილის ფული იშოვოს და წააგო ამ რუსმა ვაჟასთან და გაპარვაც დააპირა.
   და ატყდა იქ ჩხუბი და დალეწეს მთელი ტრაქტირი ვაჟამ და გიორგიმ. ოცდაათ კაცამდე გვეხვეოდაო, ბლომად მოგვხვდაო. გიორგი მიმწყვდეული ჰყავდათო, მარა ვაჟა კედელთან იდგა და აბა ფერდში, აბა ყბაში. ისეთი ჩხუბი იყო, რომ ბოქაული გამოიძახეს და, რომ მოვიდა და გამოარკვია, რამდენი რამდენს ეჩხუბებოდა, გიორგი და ლუკა გაუშვა, ამათი დაჭერა საცოდაობააო. გიორგი კი ფანტაზიორი იყო, მაგრამ მერე ერთი ამბავი უთქვამს ვაჟასთვის: ქუჩაზე მოვდიოდიო, კაცო, პეტერბურგშიო და კაცმა გამაჩერა და მითხრაო, მე თქვენ არ გეხსომებით, ოღონდ მაინც უნდა დაგპატიჟოთო და ვკითხე, ვინა ხარ-მეთქი და მეო ერთ-ერთი ვიყავი იქაო, ვინც თქვენ გალახეთ ტრაქტირშიო. ჰოდა, მე მოკრივე ვარ და შენც კარგად ჩხუბობდი, მაგრამ ის მეორე რომ იყოო, ის რომ გაჰყვეს მაგ საქმეს, მსოფლიოში ყველას მოუგებსო.
   როცა გორში სწავლობდა ვაჟა, ეს ქალაქი საკრივო ამბავში ორად იყო გაყოფილი, ზემო და ქვემო უბნებად და ზემო ჯობნიდა ყოველთვის. ჰოდა, მოულოდნელად ვაჟამ ქვემოუბნელების მხარი დაიჭირა.
სემინარიელი იყო და შეეძლო ზედა უბნისთვის დაეჭირა მხარი და მაშინ მთლად გააცამტვერებდნენ ქვედაუბნელებს, მაგრამ ამბობდნენ, ლუკა ეგეთიაო, ყოველთვის სუსტის მხარეს დადგებოდა და იქედან ეცდებოდა გამარჯვებას და იგებდა კიდევაცო. რომ გამოჩნდებოდა კრივშიო, ზემოუბნელებში ჩურჩული ატყდებოდა: ფშაველიც მოიყვანეს, ფშაველიც მოიყვანესო.
   ძმებში ყველაზე გულცხელი კი იყო ბაჩანა. ხუთი ძმიდან სამნი - ბაჩანა, ლუკა და თედო მასწავლებლები გამოვიდნენ. მგონი, ისინი იყვნენ პირველი ფშაველი მასწავლებლები მთელ საქართველოში და იყვნენ სხვანაირი მასწავლებლები. ამნაირი მასწავლებელი არავის არ ენახა, მუშტიანი მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ არა ბავშვებისა და მოსწავლეების მიმართ, არამედ უწესრიგობისა და უსამართლობის მიმართ. ძალიან ლაღი ხალხი იყო. თავისუფლებასა და წესიერებას არაფერში ცვლიდნენ. ბაჩანას ხანჯალს ხომ ეწერა არაბულად და ოქროს ასოებით შამილის სახელი. ჰოდა, ის კიდევ კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე და ძმებზე მეტად მომლხენიც იყო. მუშტსა და პატიოსნებაზე უკან არ დაიხევდა. ვაჟას ერთი ძველი ნაბადი ჰქონდა ამოჩემებული. საერთოდ, ტანსაცმლის მიჩვევა იცოდა და გიორგი ვერ იტანდა ამ დაბუმბლულ ძველ ნაბადს, რომ ჩამოდიხარ ამ ძველმანებში გამოხვეული ჩემს სანახავად, მე აქ ვექილი კაცი ვარ და რას იტყვიანო. მაგრამ ვაჟას ეს არ ენაღვლებოდა. ხანდახან უყვარდა ხოლმე კარგად ჩაცმა. დარდითაც იტყოდა ხოლმე, ყოფილა დრო, ცოლ-შვილი ძველმანებში მყოლია გამოხვეულიო. მოკლედ, ეს ნაბადი ვერაფრით მოაშორეს.
   ერთხელაც, უნაგირზე ჰქონდა დაკრული და გიორგიმ ვერ მოითმინა, ახსნა და ამოჭრა ოთხ ადგილას, ამონაჭრები კი გამოიყენა თავისი ცხენის ამოსაცმელებად. ნაბადი დაახვია და ისევ დაამაგრა უნაგირზე.
ვაჟა წავიდა და მოუსწრო წვიმამ. მოიგდო მხრებზე ძველი ნაბადი და თავიდან ვერც კი მიხვდა, რატომ სველდებოდა. შემოიხსნა და მიხვდა, რომ გიორგის ოინი იყო. გიორგისთან სახლში ყოველთვის ბევრი ცარიელი ბოთლი გროვდებოდა. თუ რატომ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ჰოდა, გიორგიმ შეამჩნია, რომ ჩაალაგებს ვაჟა ამ ბოთლებს ხურჯინში და მიაქვს. სჭირდებოდა, ჭურჭელი სოფლად ყოველთვის საჭიროა. ერთხელაც ასე ჩაალაგა და წაიღო ჩარგალში. მიიტანა სახლში, კეკემ რეცხვა დაიწყო და ხედავს, ფსკერი ყველა ბოთლს გახვრეტილი აქვს. გიორგის ოინიაო, ვაჟას უთქვამს. და რას ეძახდა ლუკა გიორგის? შენაო, არც ფშაველი ხარ და არც რაზიკაშვილიო, შენა ხარ ტარტარენ ტარასკონელიო. დღესაც კი ცოტა იქნება ისეთი ნასტუდენტარი, რომელსაც ეცოდინება ტარტარენ ტარასკონელი. იმ დროში კი ვაჟა ეგონათ უბრალო მთიელი კაცი, რომელსაც არაფერი გაეგება მსოფლიო ლიტერატურისა. როგორც ვაჟა იყო მოშეჯიბრე, ისევე ბაჩანაც. ვაჟასთან მეტოქეობა შეეძლო და მისთვის ჯობნაც.
   ერთხელაც თიბვაში შეეჯიბრნენ. ვაჟა ჩქარხელიანი იყო და ყველაფერს სწრაფად აკეთებდა. თიბვა ისე წავიდა, რომ ვაჟამ გაუსწრო.
თიბვაში მთავარი ყოფილა, ვინ უკეთ გალესავს ცელს, რაშიც ვაჟა ისეთი მაგარი ვერ იყო და ამ გრძელ გზაზე ნელ-ნელა ჩამორჩა ბაჩანას, რომელიც უკეთ ლესავდა. ვაჟამ შეატყო, ვეღარ დავეწევიო და ბოლოს დააგდო ცელი.
საინტერესო ის იყო, რომ ამას უყურებდა პავლე მღვდელი და შეეცოდა ლუკაო. მივიდა, ცელს დახედა და აბა, ბლაგვი ცელით როგორღა დაეწევიო. ისე გამოიყვანა საქმე, რომ მაინც არ მოაგებინა ბაჩანასო.
საქმე ისაა, რომ ვაჟა იყო ერთადერთი შვილი, რომელიც ხელში აეყვანა პავლე მღვდელს.
   მაშინ არ იყო მიღებული მამისგან შვილის ზედმეტად ფერება.
გიორგი სხვანაირად უყვარდა, პირველი იყო და მთელი შეძლება ჩადო მის განათლებაში, მაგრამ ლუკა სხვანაირად ჰყვარებია, ლამაზიაო, სულ ასე ამბობდაო, ბოიგარს ჰგავს, ჩემს ძმასაო.
   თმასაც არ კრეჭდნენ ბავშვობაში, თვალებამდე ჰქონდა ჩამოყრილი. მამის გული სხვა არის, ვაჟაც რომ სხვანაირი გამოვიდა, შემთხვევითი არ არის. ბაჩანაც ძალიან კარგი პოეტი იყო და ძალიან კარგი კაციც.
ბაჩანამ მორიდება, უკან დახევა არ იცოდა. როგორ ჰგავდა პავლე მღვდელსა!
ერთხელ ჩარგალში ლხინი ყოფილა და იქ ყოფილა მთავარდიაკვანი ონისიმე, რომელმაც ბაჩანას ხუმრობა დაუწყო, შენზე ამბობენ, კაი კისრული იცისო.
ბაჩანას უთქვამს, ანაფორა კი გაცვია, მაგრამ ცოტას მაინც დაგეჭიდებიო. გამოუყვანია და ვერც მოვასწარით თვალის შევლება, ისე აფრიალდა ანაფორა ჰაერში და ახლა კი გახდები კარგი მღვდელი, ისეთი კისრული გასწავლეო, ბაჩანას უთქვამს. ნაბოლარა იყო სანდრო. მშობლები რომ გარდაიცვალნენ, ფაქტობრივად, ძმებმა გაზარდეს. მერე ისე გამოვიდა, რომ სანდრო იყო მათი პატრონი, მათი შემკრები და მომვლელი.
   თედო წავიდა, ქართლში დასახლდა, იქ მასწავლებლად იყო, საუცხოო მწერალი გამოდგა, რა ნიჭი იყო ესა. მეურნეობა ჰქონდა და მისდევდა.
თედო დაიღუპა სამეზობლო ჩხუბში. საბჭოთა დრო რომ არ ყოფილიყო, ეგებ ასე არც მომხდარიყო. შესარიგებლად მისულს ისევ ჩხუბი აუტყდა და ესროლეს. არც ის იყო უკან დამხევი ადამიანი.
   ერთი საინტერესო ამბავი, რაც ქოსების დუქანში მოხდა, ასეთი იყო: სანდრო შანშიაშვილი იგონებს, რომ ვაჟა შემხვდაო, ძალიან დაფიქრებული იყო და მძიმედ გამოიყურებოდაო. მითხრაო, შანშე, ხვალ მარტო შენ მოდი ქოსების დუქანში, შენთანა მაქვს სალაპარაკოო. მივედი მეორე საღამოს, დამიხვდა სუფრასთან და მითხრაო: დიდი გეგმა მაქვს და იმაში შენც გევალება ერთი რამეო. კახეთშიო ათი სანდო კაცი უნდა აარჩიოო, სულ ისეთები, ვინც საქართველოსთვის თავს დადებსო. ვითომ ცოტაა, მაგრამ ძნელი საძებარიაო. მთელ საქართველოში ხალხი უნდა დავგზავნო და 5000 მოვგროვდებით, ჩემს ნიშანზე ყველანი ერთად თბილისს შემოვეწყობით და რუსებს გავყრით აქედანო. იმის მერე ამაზე აღარაფერი უთქვამს და არც ვინმე სადმე გაუგზავნია. კი ფიქრობდა სულ ამას. ეს ლაპარაკი კი მაშინ მოხდა, როცა რუსეთის რევოლუცია უკვე დამარცხდა. ის დრო იყო, როცა ყველას იჭერდნენ, ყველა ჩაყარეს, ჩამოახრჩეს ან გადაასახლეს.
   ეტყობა, დამარცხებისა და წაგების ჯავრი ისეთი ჰქონდა, რომ არ მოერიდა ამ საშიშარ დროს და ვიღაცეებს ეუბნებოდა, აჯანყებას ვაპირებო.
ასევე იყო პირველი მსოფლიო ომის დროსაც. როგორც კი დაიწყო ეს ომი, ყველას ეუბნებოდა, ომი საჩვენოდაა და გაგვათავისუფლებსო. ბევრი ელოდა ამას, აკაკიც ელოდა.
   ერთხელო, ვაჟას ძმა, სანდრო იგონებს, ომზე ვკამათობდით, ომის რუკა იყო გაშლილიო და ვაჟა ამბობდა დაუჯერებელ რაღაცეებს; ისეთ რაღაცეებს, რომ ვიღაცამ ჩაიწერა რუკის კიდეზეო. მე უკვე, წლების შემდეგ ვნახე ეს რუკა და ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც ამბობდაო.

ნახვა: 3321

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters