შტეფან ცვაიგი - ლეპორელა

   ამ ქალის ნამდვილი სახელი იყო კრესჩენცი ანა ალოიზია ფინკენჰუბერი. ასე, ოცდაცხრამეტი წლისა იქნებოდა, ქორწინების გარეშე გახლდათ შობილი ცილერტალის ერთ პატარა მთიან სოფელში. შინამოსამსახურეთა წიგნში მისი სახელის გასწვრივ „განსაკუთრებული ნიშნების: სვეტში უარყოფის ხაზი იყო გასმული, მაგრამ მოხელეებისათვის რომ მისი გარეგნობის დახასიათებაც დაეკისრებინათ, ერთი თვალის შევლებითაც უდავოდ შენიშნავდნენ: ქანცგაწყვეტილ, ფართოძვლებიან, გაძვალტყავებულ ჯაგლაგსა ჰგავსო. მართლაც, იყო რაღაც ცხენისებური ამ ქალის მძიმედ ჩამოშვებული ქვედა ტუჩის, უშნოდ წაგრძელებული და ფართოყვრიმალიანი, ჩამუქებული სახის გამომეტყველებაში, უწამწამო თვალების პირქუშ მზერასა და მეტადრე სქელ, ხენეშ, თექისმაგვარ, შუბლზე მიკრულ გაქონილ თმებში. მის მიხრა-მოხრაშიაც იგრძნობოდა ზნე და ხასიათი ჯიუტი ჯორისა, ალპების მთებსა და ხეობებში გაბმულ ბილიკებს რომ მიჰყვება ზამთარ-ზაფხულ, კუშტად და ბორძიკით, შეშითა თუ საპალნით მძიმედ დატვირთული.

   შრომის უღლიდან რომ შესასვენებლად თავს დაიხსნიდა, კრესჩენცი გაძვალტყავებულ ხელებს მუხლებზე დაიწყობდა, იდაყვებს გასწევდა და თვლემდა ასე გამოთაყვანებული, როგორც ახლად გამოხსნილი პირუტყვი თავის სადგომში. ამ ქალში ყველაფერი ტლანქი, მოუხეშავი და მძიმე იყო. დიდხანს ფიქრობდა და ძნელად რასმე გებულობდა: ყოველი ახალი აზრი მის გულისყურს ძნელად აღწევდა, თითქოს წმინდა მერდინში ტარდებაო. მაგრამ სამაგიეროდ, თუ ახალს რასმე საბოლოოდ ჩასწვდებოდა, ხარბად და მტკიცედ ჩაეჭიდებოდა და ხელს აღარ გაუშვებდა. არასოდეს არ კითხულობდა არც გაზეთებს, არც ლოცვებს. წერა ერთი ჯაფით თუ შეეძლო და მის მიერ სამზარეულო წიგნის ფურცლებზე გამოყვანილი მრუდე ასოები საოცრად მოგაგონებდათ მის უფორმო ტანს, რაც ყოველივე ქალურს მოკლებული გახლდათ. ამ ქალის ხმაც ისევე მქისე იყო და ტლანქი, როგორც მისი ძვლები, შუბლი, თეძოები და ხელები: ძარღვიანი ტიროლური ხორხისმიერი ბგერების მიუხედავად ეს ხმა მუდამ ჟანგმოდებულივით ჭრიალებდა - თუმცა ეს გასაკვირიც არ არის, რადგან კრესჩენცი ერთ ზედმეტ სიტყვას არავის ეტყოდა. გაცინებულს ხომ ვერავინ ნახავდა; ამითაც ჰგავდა პირუტყვს: ეს ღვთის უგნური ქმნილებანიც ხომ მოკლებული არიან წყალობას, თავიანთი სიხარული თავისუფლად გამოხატონ ბედნიერების შეუკავებელი სიცილით, ეს კი ალბათ უენობაზე მძიმე დანაკლისია.

   უკანონოდ შობილი იყო, თემმა აღზარდა, თორმეტი წლიდან მოსამსახურედ იდგა, მერე ჭურჭლის მრეცხავად აიყვანეს მეეტლეთა ბაკის სასტუმრო ოთახში, სადაც თავისი შეუპოვარი, ჯიუტი გულმოდგინებით ყველას აოცებდა, აქედან კი ბოლოს ტურისტების ერთ კეთილმოწყობილ სასტუმროში მზარეულობას მიაღწია. დილის ხუთ საათზე დგებოდა კრესჩენცი ყოველ ცისმარე დღეს და გვიან ღამემდე საქმიანობდა, - ხვეტავდა, ხეხავდა, ანთებდა, წმენდდა, ალაგებდა, ამზადებდა, ზელდა, ბეჟავდა, რეცხავდა, ქვაბებს აჟღარუნებდა. არასოდეს არ ითხოვდა შვებულებას, არ გადიოდა ეზოდან და ფეხს არ გადაადგამდა ქუჩაში, თუ ეკლესიაში არ მიდიოდა: კერაზე მბჟუტავი ცეცხლის მრგვალი ნაღვერდალი იყო მისთვის მზე, ხოლო ასობით და ათასობით შეშის ღერი, რასაც ის წლიდან წლამდე ჩეხავდა - მისი ტყე.

   მამაკაცები არ აწუხებდნენ, იქნება იმიტომ, რომ მეოთხედი საუკუნის მომქანცველმა შრომამ მისი არსებიდან ყოველივე ქალური განდევნა. ან იქნებ იმიტომაც, რომ დაახლოების ყოველგვარ ცდას ქალი კუშტად და მოკლედ მოჭრილი სიტყვით უკუაგდებდა. მისი ერთადერთი სიხარული იყო ნაღდი ფული, რასაც გლეხური, შინაბერული გულმოდგინებით აგროვებდა ეს ძუნწის ინსტინქტით შეპყრობილი ქალი, რათა სიბერის ჟამს ისევ თემის სამოწყალო არ გამხდარიყო და ღარიბი ხალხის დამადლებული ლუკმა არ ეჭამა. მხოლოდ და მხოლოდ ამ ფულისათვის დატოვა პირველად ამ ოცდაჩვიდმეტი წლის ბნელმა ქმნილებამ თავისი მშობლიური ტიროლი. ერთმა მანდილოსანმა, მოწოდებით შუამავალმა, რომელიც იმ ხანებში საზაფხულოდ ისვენებდა, ნახა, როგორ იდგამდა წელებზე ფეხს კრესჩენცი, როგორ არაადამიანურ ჯაფაში იყო ადრე დილიდან გვიან საღამომდე, ორმაგ გასამრჯელოს დაჰპირდა და ვენაში გაიტყუა. მატარებელში კრიჭაშეკრული იჯდა, კაცისთვის ხმა არ გაუცია და პირში ლუკმა არ ჩაუდვია, ედგა მუხლებზე თავისი მძიმე კალათი და თუმცა ბედშავს მუხლები სწყდებოდა, აინუნშიაც არ აგდებდა თანამგზავრების მეგობრულ რჩევას, ბარგისათვის განკუთვნილ ბადეზე შედგიო ტვირთი, რადგანაც თაღლითობა და ქურდობა იყო ერთადერთი ცნება, რაც მის გლეხურ ჩლუნგ გონებას დიდ ქალაქთან დაეკავშირებინა. ვენაში ჩასულს პირველ დღეებში ბაზრამდე გამყოლი სჭირდებოდა, რადგანაც ეტლისა ისე ეშინოდა, როგორც ძროხას ავტომობილისა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაზრამდე მიმავალი ოთხივე ქუჩა შეისწავლა, უკვე უგამყოლოდაც იოლად გადიოდა, ეზოდან სავაჭრომდე თავაუღებლად მიაბოტებდა კალათით ხელში, მერე ჰგვიდა, ცეცხლს აჩაღებდა და ალაგებდა ახალ სამყოფელს ისეთივე გულმოდგინებით, როგორც უწინდელს, თითქოს არავითარი ცვლილება არ მომხდარიყოს. ცხრა საათზე, სოფლის ჩვეულებისამებრ, დასაძინებლად მიდიოდა და ეძინა პირდაღებულს, პირუტყვის მსგავსად, ვიდრე დილით მაღვიძარა არ აზრიალდებოდა. არავინ იცოდა, იყო თუ არა კმაყოფილი თავისი ჩვეულებისა. ეს ალბათ არც თვითონ იცოდა, რადგან არავისთან არ დადიოდა, ყოველ ბრძანებაზეც მხოლოდ გაურკვევლად უპასუხებდა: „კარგი, კარგიო“, ან კიდევ, თუ სხვაგვარი აზრისა იყო, ოჩნურად მხრებს აიჩეჩავდა. მეზობლბსა და სხვა მოსამსახურეებს არც კი ამჩნევდა. მისი ქარაფშუტა ამხანაგების დამცინავი მზერა წვიმის წყალივით ცურდებოდა ხოლმე მისი გულგრილობის მოქნილ ტყავზე. მხოლოდ ერთხელ, როცა ერთმა გოგომ მისი ტიროლური კილოს გამოჯავრება აიჩემა და აღარ მოასვენა, სიტყვაძვირი კრესჩენცი ერთი წამოვარდა, ცეცხლიდან ანთებული მუგუზალი აიტაცა და ზარდაცემულ მოახლეს დაედევნა, კივილით რომ გაიქცა. ის დღე იყო და ის, მისი გაჯავრება აღარავის გაუბედავს, ყველა ერიდებოდა შუბლგაუხსნელ ტიროლელს.

   ყოველ კვირა დილით კრესჩენცი ჩაიცვამდა თავის ნაკეცებიან, განიერ კაბას, დაიხურავდა თეფშის მოყვანილობის ქუდს, გლეხის დედაკაცები რომ ატარებენ ხოლმე, და ასე გამოწყობილი წავიდოდა ეკლესიაში. მხოლოდ ერთხელ, პირველ თავისუფალ დღეს, ვენაში გასეირნება სცადა. მაგრამ ტრამვაიში ჩაჯდომა არ უნდოდა, ფეხით წავიდა. გამოცოცხლებული ქუჩების ორომტრიალში მხოლოდ ქვის კედლებს ხედავდა, დუნაის არხამდე ძლივს მიაღწია. იქ მდინარე წყალს ისე ჩააშტერდა, როგორც ნაცნობს რასმე, შემდეგ კი უკან გამობრუნდა და იმავე გზას დაადგა, იმავე სახლებს ჩაუარა, ხმაურიან ქუჩებს ახლაც ერიდებოდა და ეტლების შიშით კედლებს ეკვროდა. ამ პირველმა და უკანასკნელმა გასეირნებამ, ეტყობა, გული აუცრუა, რადგანაც ის დღე იყო და სახლიდან აღარ გასულა, კვირადღეებსაც კი შინ ატარებდა, ხელსაქმეზე თავდახრილი ან ფანჯარასთან გულხელდაკრეფილი. ვერავითარი ცვლილება ვერ შეიტანა დიდმა ქალაქმა მაშვრალი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ ყოველი თვის მიწურულს მის აწ უკვე დაბერებულ, დამწვარსა და დამსკდარ ხელებში უწინდელი ორის ნაცვლად ოთხი ცისფერი ქაღალდი გადადიოდა. ამ ფულს ყოველთვის დიდხანს და უნდობლად ათვალიერებდა. გულმოდგინედ გაშლიდა, გაასწორებდა, ერთიმეორეზე დააწყობდა და მერე კოხტად ჩაალაგებდა ხის ყვითელ მოხატულ კოლოფში, სოფლიდან რომ ჰქონდა წამოღებული. ამ ულაზათო პატარა ხის ყუთში იყო მოქცეული მთელი მისი საიდუმლოება, მისი სიცოცხლის აზრი. ღამით ყუთის გასაღები თავქვეშ ედო, ბალიშის ქვეშ, მაგრამ სად მალავდა დღისით, ეს კაცის შვილმა არ იცოდა.

   ასეთი გახლდათ ეს საოცარი ადამიანური არსება (მაინც ასე ვეძახით, თორემ სწორედ ადამიანური მხარე იყო ამ ქალში სრულიად ჩახშული და მის ქცევაში ათასში ერთხელ თუ გამოკრთებოდა ხოლმე). - მაგრამ ალბათ მხოლოდ ეგზომ გულდახურული და ყოველი გრძნობისაგან გამოთიშული არსება თუ გაძლებდა ბარონ ფონ ფ-ს არანაკლებ უცნაურ სახლში. მოსამსახურეები გაუთავებელი ჩხუბით დამძიმებულ გარემოში ჩვეულებრივ ძლებდნენ მხოლოდ იმდენი ხნით, რამდენიც გათვალისწინებული იყო კანონით. როგორც კი ეს ვადა გათავდებოდა, მსახურები სახლიდან გარბოდნენ. ბრაზისა და სიფიცხის, ისტერიულად გულისწამღები ყვირილის ტონი ოჯახში დიასახლისიდან მოდიოდა. ფრიად მდიდარი ესენელი მეფაბრიკის ამ ჩაბერებულმა ასულმა ერთ-ერთ აგარაკზე გაიცნო საგრძნობლად უფრო ახალგაზრდა ბარონი, ხელმოკლე აზნაური, რომელიც არც გვარით გამოირჩეოდა და არც მით უმეტეს შეძლებით, მოხერხებულად მოსდო ანკესი და ნაჩქარევად მისთხოვდა კოხტად გამოწკეპილ ქარაფშუტას, რომელიც კალმით ნახატს ჰგავდა. მაგრამ ჯერ თაფლის თვეც არ გასულიყო, რომ ახალგათხოვილმა აღიარა, მართალი ყოფილანო მშობლები, როცა ამ ქორწინებას მიშლიდნენ და უფრო დარბაისელ, საქმიან სასიძოს მირჩევდნენო. მართლაც, მრავალრიცხოვან ფარულ ვალზე რომ არაფერი ითქვას, მალე აშკარა გახდა, რომ სულ მოკლე ხანში გულაცრუებული ქმარი თავის ახალგაზრდულ გატაცებებს მეტ მნიშვნელობას აძლევდა, ვიდრე ცოლქმრულ მოვალეობას. ბუნებით საკმაოდ გულკეთილი და ძალიან მხიარული იყო, როგორც ყოველი ცბიერი კაცი, მაგრამ სრულიად მოშვებული და თავის მოქმედებაში ზღვარდაუდებელი. ეს ნახევრად არისტოკრატი, თავის ნათქვამი და კოპწია კავალერი კაპიტალის ყოველგვარ დაგროვებას პლებეური შეზღუდულობისა და მომხვეჭელობის ნიშნად თვლიდა, ამიტომაც ზიზღით უყურებდა. კაცი მსუბუქ ცხოვრებას ეძებდა, ქალი - მტკიცე, წესიერი, ბიურგერულ ოჯახურ მყუდროებას. ბარონს ეს გულს ურევდა. მეტადრე მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ ანგარიშიანი ცოლი, თავისი სიმდიდრის მიუხედავად, რამდენადმე მოზრდილ თანხას იოლად არ თმობდა, ხოლო ქმარს სანუკვარ სურვილზე - სადოღე ცხენების თავლაზე - სულაც უარი სტკიცა. ბარონი საქმეს ჩაუფიქრდა: რატომ უნდა იყოსო ჩემი ცოლი ეს თავგასიებული, მოუხეშავი ჩრდილოგერმანელი დედაკაცი, რომლის მაღალი მბრძანებლური ხმა ყურებს მიხვრეტსო? მართლაც, ზურგი აქცია ცოლს და, როგორც იტყვიან, მშრალზე დასვა. თუმცა უხეშობა არ გამოუჩენია, მაგრამ გადაჭრით კი უკუაგდო სასოწარკვეთილი ქალი. საყვედურებს თავაზიანად ისმენდა და მოჩვენებით კიდევაც თანაუგრძნობდა მეუღლეს, მაგრამ როგორც კი ის გაჩუმდებოდა, მთელ მის სამდურავს პაპიროსის კვამლს გაატანდა, თვითინ კი ისევ ისე იქცეოდა, როგორც მოეპრიანებოდა. ეს ნატიფი, თითქმის სამსახურებრივი თავაზიანობა ყოველგვარ წინააღმდეგობაზე მეტად ამწარებდა სასოწარკვეილ ქალს. როცა ქმრის თავშეკავებული, ზრდილი, პირდაპირ მოხდენილი თავაზიანობის წინააღმდეგ უძლური იყო, გულში დაგუბებულ ჯავრს სხვებზე იყრიდა ხოლმე. თავის უადგილო, მაგრამ არსებითად სამართლიან აღშფოთებას მეხივით ატეხდა თავს უდანაშაულო მოსამსახურეებს. შედეგიც ისეთი იყო: ორი წლის განმავლობაში თექვსმეტჯერ მოუხდა მოსამსახურეების გამოცვლა, ერთს კი სცემა კიდევაც და მაშინ საჭირო გახდა საგრძნობი თანხის გაღება, რომ საქმე მშვიდობიანად მოგვარებულიყო.

   მხოლოდ კრესჩენცი იდგა ამ ქარიშხლიან შეხლა-შემოხლაში ურყევად, როგორც ეტლში შებმული ცხენი წვიმის დროს. არავის მხარეს არ იჭერდა, არავითარ ცვლილებას არ დარდობდა და ეტყობოდა, სულაც არ ამჩნევდა, როგორ ზედიზედ იცვლებოდა სამოახლოში მასთან ერთად მცხოვრები უცხო გოგოების სახელები, თმის ფერი, სხეულის სუნი და ხასიათი. თვითონ ხომ ხმას არავის სცემდა, არაფრად აგდებდა კარების ბრაზიან გაჯახუნებას, სადილის ჩაშხამებას, გულის წასვლას და ისტერიკებს, დადიოდა წარბშეუხრელად თავის სამზარეულოდან ბაზრამდე, ბაზრიდან ისევ სამზარეულოში და საქმიანობდა. ყველაფერი, რაც ამ შემოფარგლული წრის მიღმა ხდებოდა, მისთვის განურჩეველი იყო. თითქოს საბეგველას ურტყამენო, ისე ტლანქად და უგულოდ მიდიოდნენ მისი დღეები. ასე გაატარა დიდ ქალაქში ორი წელიწადი, არაფერი განსაკუთრებული არ გადახდენია და არავითარი ცვლილება არ მომხდარა მის შინაგან სამყაროში, ოღონდ ეს კია, ცისფერი ასიგნაციების შეკვრამ მის ყუთში მთელი ჯოგით მოიმატა და როცა წლის ბოლოს სველი თითებით ქაღალდები სათითაოდ გადათვალა, მაგიური რიცხვი „ათასი“ არც ისე შორს აღმოჩნდა.

   მაგრამ შემთხვევას ხელში ალმასის ბურღი უჭირავს, ხოლო ბედისწერას საშიშსა და ცბიერს, ხშირად შეუძლია სრულიად მოულოდნელ ადგილას შეძვრეს, რათა თვით სალ კლდესავით მტკიცე ხასიათიც კი ძირფესვიანად შეარყიოს. ამ შემთხვევაში გარეგნული საბაბი ისეთივე მდარე და უფერული იყო, როგორიც თვით კრესჩენცის სამოსელი: ათი წლის შესვენების შემდეგ ხელისუფლებას ისევ მოეხასიათა მოსახლეობის აღწერა და ყოველ საცხოვრებელ სახლს გაეგზავნა შესავსებად ერთობ რთული ანკეტები. ბარონი არ ენდო მოსამსახურეთა ბატიფეხურსა და და მხოლოდ ფონეტიკურად სწორ წერით ხელოვნებას, პირადად თვითონ განიზრახა ფურცლების შევსება და იმავე მიზეზით კრესჩენცი თავის ოთახში დაიბარა. როცა სახელს, ასაკსა და დაბადების ადგილს ეკითხებოდა, აღმოჩნდა, რომ როგორც გატაცებულ მონადირესა და იმ მხარის მეპატრონის მეგობარს, სწორედ იმ ალპურ კუთხეში რამდენიმე არჩვი მოუკლავს და ამ ქალის მშობლიური სოფლის ერთ-ერთი მკვიდრიც მთელი კვირა ხლებია მეგზურად. რაკი ეს მეგზურიც რაღაც კურიოზული გარემოებით სწორედ კრესჩენცს ბიძად ერგებოდა და ამასთან ბარონიც კარგ გუნებაზე იყო, ამიტომაც მათ შორის შემთხვევით გაბმული საუბარი დიდხანს გაგრძელდა, ამასთან კიდევ ერთი განცვიფრებული ამბავი გამოირკვა: სწორედ იმ სასტუმროში, სადაც კრესჩენცი იყო მზარეულად, თურმე ბარონს განსაკუთრებით გემრიელი ირმის მოხრაკული ეჭამა. ყოველივე ეს უმნიშვნელო წვრილმანი იყო, მაგრამ კრესჩენცს, რომელმაც დიდ ქალაქში პირველად ნახა თავისი მშობლიური კუთხის მცოდნე ადამიანი, ასეთი შემთხვევითი გარემოება ნამდვილ საოცრებად ეჩვენა. იდგა ბარონის წინ შეწითლებული, ცნობისმოყვარეობით ატანილი სახით, მორცხვად და მოუქნელად იხრებოდა, როცა ბარონი ხუმრობას იწყებდა და ტიროლური კილოკავის გამოჯავრებით ეკითხებოდა, კრიმანჭული თუ გემარჯვება, როგორც ტიროლში იციანო, და ა.შ. დასასრულ, თავისივე საქციელით გამხიარულებულმა გლეხური ჩვეულებისამებრ ხელი დაჰკრა მკვრივ უკანალზე და თან დაატანა: „ახლა კი წადი, ყოჩაღო ჩენცი, და აი ესეც ორი კრონი იმისათვის, რომ ცილერტალელი ყოფილხარ“.

   ცხადია, თავისთავად ეს არ იყო არც თავბრუდამხვევი და არც მნიშვნელოვანი მოვლენა. მაგრამ თევზივით მუნჯი და გულჩახვეული არსების სულზე ამ ხუთწუთიანმა საუბარმა ისე იმოქმედა, როგორც ჭაობში ჩავარდნილმა ქვამ: ნელა და ზანტად ამოძრავდნენ წრეები, მძიმედ დაიძრნენ ნაპირისაკენ და გვიან შეეხნენ შეგნების ნაპირს. წლების მანძილზე პირველად გამართა ამ გულდახურულმა და სიტყვაძვირმა ქალმა ადამიანთან პირადი საუბარი. სწორედ ზებუნებრივად უნდა მოსჩვენებოდა ასეთი დამთხვევა, რომ პირველ ადამიანს, რომელიც მას დაელაპარაკა, რაღაც სცოდნია მის მთებზე, მერე მისი ხელით დამზადებული ირმის მოხრაკულიც კი უჭამია. ამას დაემატა ხელის შინაურული დაკვრა უკანალზე, რაც გლეხურ ენაზე ქალის გამოწვევასა და გაარშიყებას ნიშნავდა. და თუმცა კრესჩენცი ფიქრადაც ვერ გაივლებდა, ამ კოხტა, კეთილშობილ ბატონს ჩემზე გული შეუვარდაო, მაგრამ სხეულზე შეხებამ მაინც გამოაღვიძა სადღაც მისი სულის სიღრმეში მიძინებული გრძნობები.

   ასე, შემთხვევითი ბიძგის შედეგად დაიწყო კრესჩენცის შინაგან სამყაროში თანდათანობითი დუღილი და მოძრაობა, ვიდრე დაბოლოს, ჯერ ბუნდოვნად, მერე კი სულ უფრო ნათლად არ გამოკრთა რაღაც ახალი და უჩვეულო გრძნობა, მსგავსად იმ უეცარი მიგნებისა, რისი წყალობითაც უპატრონო ძაღლი თავის გარშემო მყოფ ორფეხ არსებათა შორის თავისდა უნებურად ერთს ამოარჩევს და თავის პატრონად აღიარებს ხოლმე: ამ წუთიდან მას ერთს დასდევს ფეხდაფეხ, ესალმება კუდის ქიცინით ან ყეფით, თავისი ნებით ემორჩილება მას, ვინც ბედმა გაუბატონა, უსმენს და მორჩილად მიჰყვება ფეხდაფეხ. სწორედ იგივე მოხდა კრესჩენცის დღემდე ჩახშულ სამყაროში, რაც სავსებით ხუთი ცნებით იყო შემოსაზღვრული: ფული, ბაზარი, კერა, ეკლესია, ლოგინი - მასში შეიჭრა ახალი ძალა, რაც არეს მოითხოვდა და ყოველივე ადრინდელს განზე სტყორცნიდა. გლეხური სიხარბით, ერთხელვე მოხვეჭილს რომ მაგარი ხელიდან აღარ უშვებენ, კრესჩენცმაც ხელი ჩასჭიდა ამ ახალ ძალას, ღრმად შეისრუტა და თავისი მიყრუებული გრძნობის სამყაროს ფსკერამდე ჩასძირა. მართალია, ასეთი გარდაქმნა ერთბაშად არ მომხდარა. პირველი ნიშნებიც ჩვეულებრივი შეუმჩნეველი ხასიათისა იყო. მაგალითად, ბარონის სამოსელსა და ფეხსაცმელებს გამორჩეული და ფანატიკური მზრუნველობით ასუფთავებდა, იმ დროს როცა ბარონის მეუღლისას მოსამსახურე გოგოს ანდობდა. უფრო ხშირად დასჩემდა შემოსასვლელსა და საბატონო ოთახებზე თვალის დაჭერა და როგორც კი გარეთ კარის გასაღების ხმას გაიგონებდა, მყისვე გარბოდა, რათა ბატონისათვის პალტო და ჯოხი გამოერთმია. სამზარეულოს ხომ გამორჩეულ ყურადღებას უთმობდა და კითხვა-კითხვით, ერთი ჯაფით მიაღწია მთავარ ბაზრამდე, სულ კი იმისათვის, როგორმე ირმის ხორცი ეშოვნა და ბარონისათვის მოეხრაკა. მალე ისიც შენიშნეს, რომ ქალი თავის გარეგნობას მეტ ყურადღებას აქცევდა.

   ერთი თუ ორი კვირა გახდა საჭირო იმისათვის, რომ ახლად ჩასახული გრძნობის ეს პირველი შედეგები დღის სინათლეზე გამოსულიყო. ვინ იცის, კიდევ რამდენი კვირა გავიდა, ვიდრე ამ პირველ გრძნობას მომდევნო სურვილიც თან დაერთოდა და გაუბედავი განცდა ნათელ ფერსა და სახეს მიიღებდა. ეს მეორე გრძნობაც სხვა არა იყო რა, თუ არა პირველის დამატებითი განცდა: პირველ ხანებში ყრუ, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო მზარდი, შიშველი და დაუფარავი სიძულვილი ბარონის მეუღლისადმი, ქალისადმი, რომელსაც ბარონთან ცხოვრების, ძილის, ლაპარაკის უფლება ჰქონდა და მაინც არ იყო იმის მიმართ ისევე მოკრძალებული და თავგამოდებით ერთგული, როგორც თვითონ რესჩენცი. იქნებ იმიტომ, რომ ახლა უდავოდ უფრო ყურადღებიანი მოსამსახურე ერთხელ უკვე გახდა მოწმე სამარცხვინო ოჯახური უსიამოვნებისა, რომლის დროსაც მის მიერ გაღმერთებულმა ბატონმა თავისი კაპასი ცოლისაგან უსაძაგლესი დამცირება გადაიტანა, ან იქნებ იმიტომაც, რომ ბარონის მხიარული და უბრალო ხასიათის გვერდით ჩრდილოეთ გერმანელი ქალის ქედმაღლური მიუკარებლობა ორმაგად აუტანელი ეჩვენებოდა - ყოველ შემთხვევაში, ეს კია, რომ საქმის ვითარებაში გაურკვეველ ქალბატონს თავისი ნამდვილი ჯიუტობა, ბოროტებისა და ბრაზის ათასობით ეკალი დაუპირისპირდა, ასე, მაგალითად, ბარონის მეუღლეს ორჯერ უნდა დაერეკა, კრესჩენცი კი განზრახ აუჩქარებლად და აშკარად უხალისოდ გამოეცხადებოდა, ამასთან მაღლა აწურული მხრები მოწმობდნენ, რომ ყოველ წუთს მზად იყო გადამწყვეტი წინააღმდეგობისათვის. დავალებებსა და ბრძანებებს მუდამ უსიტყვო უკმაყოფილებით იღებდა. ასე რომ, ქალბატონისათვის მუდამ გაუგებარი რჩებოდა, გაიგო თუ არა ყოველივე, რაც დაავალა. თუ ზოგჯერ ჩაეკითხებოდა ხოლმე, კრესჩენცი გაბრაზებით დაუქნევდა თავს ან აგდებით მიახლიდა: „მესმის, გავიგონე!“ ზოგჯერაც თეატრში ეჩქარებოდათ, გამოწყობილი ქალბატონი ისედაც ვერ ასწრებდა, და აქ უეცრად რომელიმე სრულიად აუცილებელი გასაღები სადღაც გადაიკარგებოდა, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ მას სადმე კუთხეში იპოვნიდნენ უადგილო ადგილას. თუ ქალბატონს ვინმე ტელეფონთან სთხოვდა ან მისთვის რაიმე ცნობა იყო გადასაცემი, კრესჩენცს ეს ჩვეულებრივ ავიწყდებოდა. თუ ჰკითხავდა, ყოველგვარი სინანულის გარეშე მიახლიდა: „სწორედ დამავიწყდა“. თვალს არასოდეს არ გაუსწორებდა, ალბათ ეშინოდა, სიძულვილს ვერ დავფარავო.

   ამასობაში მეუღლეთა შორის ოჯახური უსიამოვნების სცენები სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებდა; შესაძლოა, კრესჩენცის გაუგებარი უკმეხობაც თავის მხრით საგრძნობლად მოქმედებდა დღითი დღე გაკაპასებულ ქალბატონის სახიათზე: დიდი ხნის შინაბერობამ ისედაც შეურყია ამ ქალს ნერვები, ახლა კიდევ ქმრის გულგრილობამ და შინამოსამსახურთა თავგასულობამ სულ ერთიანად დაუბნია თავგზა და დაუკარგა წონასწორობა. ამაოდ კვებავდა თავის ფხუკიანობას ბრომითა და ვერონალით. მით უფრო მკვეთრად წყდებოდა მაშინ მისი დაძაბული ნერვების ხელოვნურად შეკავებული თოკი, საქმე თავდებოდა კრუნჩხვითა და ისტერიული შეტევებით, ამასთან ძე-ხორციელი არავინ იყო, რომ ოდნავი თანაგრძნობა მაინც გაეწია ან თავი მაინც დაეჭირა ისე, რომ ქალს ეფიქრა, ამას ჩემთვის გულწრფელი დახმარება სურსო. ბოლოს ერთმა ექიმმა რომელიღაც აგარაკზე ორი თვის გატარება ურჩია. ამ წინადადებას საერთოდ სრულიად გულგრილი ქმარი ისეთი მოწონებით შეხვდა, რომ ხელახლა დაეჭვებულმა ქალბატონმა პირველად წასვლაზე უარი განაცხადა. მაგრამ შემდეგ წასვლა მაინც გადაწყდა, ქალბატონს მხლებლად მსახური გოგო მიუჩინეს, ხოლო კრესჩენცს დიდ სახლში მარტო დარჩენილი ბარონის სამსახური დაეკისრა.

   ასეთმა ცნობამ, რომ მოწყალე ბატონის მოვლა მთლად მას მიენდო, კრესჩენცის დუნე გონებაზე ისე იმოქმედა, თითქოს სამოთხის გასაღები ჩააბარესო. თითქოს ყველა მისი სასიცოცხლო წვენი და ძალა ჯადოსნურ ბოთლში იყო დალექილი და ახლა შეანჯღრიესო, ასე ამოტივტივდა ფსკერიდან ვნებათა ღელვის დანალექი და ქალის არსება შეაფერადა. ერთბაშად გალღვა მის გაყინულ სხეულზე შემოგარსული ქვასავით მყარი და მძიმე თოში; გეგონებოდათ, ამ დამმუხტველი ცნობის მიღების შემდეგ მოდუნებულ სახსრებში სიმსუბუქე იგრძნო, ანაზდად გაშალა, უფრო მოქნილი გახდა, მგლის მუხლი გამოებაო. ქარივით დაქროდა ოთახებში, არბოდა და ჩამორბოდა კიბეებზე, განკარგულებას არც კი დაელოდა, თავისით შეკრა ჩემოდნები, თავისი ხელით მიიტანა ეტლამდე. ხოლო როცა შეღამებისას ბარონი სადგურიდან დაბრუნდა, სამსახურისათვის მზად მყოფს ჯოხი და პალტო ხელში გადასცა და გულზე მოშვებულმა თქვა: „ როგორც იქნა, გავისტუმრეო“. აქ მოხდა რაღაც უჩვეულო. კრესჩენცმა, უწინ რომ არასოდეს არ იცინოდა, როგორც არ იცინიან პირუტყვები, ახლა უცნაურად დაღმიჭა და გახლიჩა მოკუმული ბაგეები. პირი მოეღრიცა, გაუფართოვდა და უეცრად ამ დამთხვეულის უძრავ სახეზე ისეთი შეუკავებელი, ცხოველური სიცილი გამოკრთა, რომ ბარონი შეშფოთდა, ეჩოთირა ასეთი სახე, შერცხვა თავისი გულახდილობისა და უსიტყვოდ თავის ოთახში შევიდა.

   მაგრამ ამ წამიერმა უხერხულობამ მალე გაიარა, და რამდენიმე დღის შემდეგ ორივენი, ბატონი და მოსამსახურე, ტკბებოდნენ თანხმობით, ნათელი სიმშვიდითა და კეთილისმყოფელი თავისუფლებით. ქალბატონის წასვლასთან ერთად გაიფანტა მძიმედ ჩამოწოლილი გულისგამაწვრილებელი ღრუბელი. განთავისუფლებული ქმარი, გაუთავებელ ანგარიშგებისაგან ბედნიერად თავდახსნილი კაცი, პირველსავე ღამეს შინ გვიან დაბრუნდა და კრესჩენცის მდუმარე გულმოდგინება კეთილისმყოფელ კონტრასტად ეჩვენა თავისი ენაჭარტალა მეუღლის შეხვედრასთან შედარებით. კრესჩენცი ისევ აღფრთოვანებული გავარდა თავის საქმეზე. ალიონზე დგებოდა, ყველაფერს დააკრიალებდა, ბნედიანივით ხეხავდა აბზინდებსა და სახელურებს, იგონებდა გამორჩეულ, გემრიელ კერძებს. განცვიფრებულმა ბარონმა პირველსავე სადილზე შენიშნა, რომ მხოლოდ მისთვის არის შერჩეული საგანგებო სერვიზი, რაც ვერცხლის ჭურჭლეულის შესანახი კარადიდან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოჰქონდათ ხოლმე. საერთოდ უყურადღებო კაცი იყო ბარონი, მაგრამ ასეთმა ადამიანმაც კი შენიშნა ამ საოცარი ქმნილების სათუთი, პირდაპირ ნაზი ზრუნვა, და რამდენადაც ბუნებით კეთილი გული ჰქონდა, მოწონების სიტყვას არ იშურებდა. აქებდა მის კერძებს, აქა-იქ მეგობრულ სიტყვებსაც გადაჰკრავდა, ხოლო როცა მომდევნო დილით, თავის დღეობაზე ნახა დიდი ხელოვნებით დამზადებული ტორტი, რომელზედაც გამოსახული იყო მისი ინიციალები, შუაში კი ჩაშაქრებული ღერები, მხიარული სიცილით შესძახა: „შენ სრულიად გამანებივრებ, ჩვენც: ერთიც ვნახოთ, ღმერთმა დამიფაროს, და ჩემი მეუღლე დაბრუნდა, მაშინ რაღას ვიზამ?“

   მაგრამ ბარონმა სინდისის წინაშე რამდენიმე დღით მაინც შეიკავა თავი და ერთბაშად არ აჰყოლია ქვენა გრძნობებს. შემდეგ კი, როცა დარწმუნდა, კრესჩენცი საიდუმლოს შემინახავსო, ისევ დაიწყო თავის სახლში სრულიად თავისუფალი მოქმედება, როგორც უცოლო კაცს შეეფერება. მეოთხე დღეს ცოლიანმა ქვრივმა ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე თავის ოთახში დაიბარა კრესჩენცი და სრულიად გულგრილად უბრძანა, საღამოთი ორი პირისათვის საჭირო ცივი კერძი დადგი, შენ კი დაიძინე, ყველაფერს დანარჩენს თვითონვე გავაკეთებო. უსიტყვოდ მოისმინა კრესჩენცმა განკარგულება. არც ერთი გამოხედვით, არც ერთი თვალის შეხამხამებით არ გამოუხატავს, რომ ამ სიტყვების ნამდვილი აზრი მისი ვიწრო შუბლიდან გონების სალაროში შეიჭრებოდა. მაგრამ თუ რა კარგადაც გაუგია მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, ეს მისმა ბატონმა სულ მალე შენიშნა, როცა გვიან ღამით საოპერო სკოლის ახალგაზრდა მოწაფის თანხლებით თეატრიდან შინ დაბრუნდა და მისდა გასაოცრად შენიშნა, რომ სუფრა საგანგებოდ მოწყობილი და ყვავილებით მორთულია, დასაძინებელ ოთახში კი მისი ლოგინის გვერდით გამომწვევად იყო გაშლილი სხვა ლოგინიც, ხოლო მისი მეუღლის აბრეშუმის ხალათი და ქოშები უცხო სტუმარს მოუთმენლად უცდიდნენ. თავის ნებაზე მიშვებულ ქმარს ისღა დარჩენოდა, რომ გასცინებოდა ამ ქმნილების გადამეტებულ ზრუნვაზე. ამით ბოლო მოეღო ყოველგვარ უხერხულობას ერთგული თანამზრახველის წინაშე. დილით უკვე ზარით მოიხმო, რომ ოჯახში შემოჭრილ მიჯნურს ჩაცმაში დახმარებოდა, რითაც საბოლოოდ ჩამოვარდა მათ შორის უსიტყვო თანხმობა.

   იმავე დღეებში დაერქვა კრესჩენცს ახალი სახელი. მხიარულმა მომღერალმა ქალმა, რომელიც მაშინ სწორედ დონა ელვირას როლს სწავლობდა და თავის მეგობარს ხუმრობით დონ ჟუანს ეძახდა, ერთხელ სიცილით მიმართა: „ერთი შენს ლეპორელას დამიძახეო“. ამ სახელმა ბარონი გულიანად გააცინა, რადგანაც ის მოუქნელი ტიროლელი შინამოსამსახურისათვის სრულიად უჩვეულოდ და შეუფერებლად ჟღერდა, და იმ დღიდან ქალს ლეპორელას გარდა სხვა სახელს აღარ ეძახდა. კრესჩენცს პირველად ეუცხოვა ასეთი სახელი, გაიოცა კიდევაც, მაგრამ შემდეგ მოხიბლა მისმა კეთილხმოვანმა ჟღერადობამ და თუმცა მისი მნიშვნელობა არ გაეგებოდა, ახლად მონათვლა ისე მიიღო, როგორც აღზევება, ნამდვილი გააზნაურება. ყოველთვის, როცა კი ნებიერი ბარონი ამ სახელს დაუძახებდა, ქალი ვიწრო ბაგეებს გახლეჩდა, მუქ ცხენისებურ კბილებს გამოაჩენდა და მორჩილებით გაბრუნდებოდა. მოწყალე მბრძანებლის სურვილის შესასრულებლად, როგორც ძაღლი, რომელიც პატრონის წინაშე კუდს აქიცინებს.

   ეს სახელი ნამდვილი პაროდია იყო, ხუმრობით შერქმეული, მაგრამ ოპერის მომავალმა ვარსკვლავმა თავისდა უნებურად შეამკო ტიროლელი ზედმიწევნით შესაფერისი ზედწოდებით, რადგანაც, დაპონტეს დონ ჟუანის თანამზრახველი მოსამსახურის მსგავსად, ეს გაძვალტყავებული შინაბერაც, რომლისთვისაც უცხო იყო სიყვარული, თავისი ბატონის სასიყვარულო თავგადასავლებში რაღაც თავისებურ სიხარულსა და სიამაყეს პოულობდა. ვინ იცის, უბრალოდ კმაყოფილებას ხედავდა, როცა მთელი თავისი არსებით საძულველი ქალის ლოგინს ყოველ დილით ხან ერთი ხან მეორე ახლგაზრდა ქალის მიერ არეულსა და შებილწულს პოულობდა, თუ მის გულშიაც ღვივდებოდა რაღაც გამოუცდელი სიტკბოების განცდა - ყოველ შემთხვევაში, ეს ღვთისმოსავი, სასტიკი ჩაბერებული ქალიშვილი ნამდვილი მტანჯველი გულმოდგინებით ეხმარებოდა თავის ბატონს ყველა მის სასიყვარულო თავგადასავალში. თვითონ ის, ათეული წლის შრომით მოღლილი და წელში გაწყვეტილი, დიდი ხანია უსქესო არსებად იქცა და ახლა უგრძნობელ სხეულს მაჭანკალობაში ითბობდა, უსიტყვო მზერით მიაცილებდა საწოლი ოთახიდან კარებამდე დღეს ერთს, ორიოდე დღის შემდეგ მეორეს, მერე კი მესამეს. საწამლავსავით მოქმედებდა მის მთვლემარე გრძნობაზე ასეთი თანამზრახველობა და ეროტიკული ატმოსფეროს მწვავე სურნელება. კრესჩენცი მართლაც ნამდვილი ლეპორელა გახდა და მხნე ყმაწვილკაცივით მოძრავი, ცქვიტი და მოუსვენარი. იშვიათი თავისებურებანი გამოჩნდნენ მის ხასიათში, თითქოს ამ მწველი თანამონაწილეობის დაუშრეტელი ცეცხლიდან გამოვიდნენო: ათასგვარი წვრილმანი ეშმაკობა, ცბიერება, მოსაზრებულობა, რაღაც მიყურადება, ცნობისმოყვარეობა, დადარაჯება, დაუცხრომელი ანცობა. კართან დადგებოდა ყურდაცქვეტილი, საკეტის ხვრელში იმზირებოდა, აქოთებდა ოთახებსა და ქექავდა ლოგინებს, კიბეებზე დაფრინავდა აღმა და დაღმა ყოველი შესამჩნევი ამბით გულანთებული და ამ სიფხიზლემ, ამ დაუძინებელმა ცნობისმოყვრეობამ და თანაგრძნობამ უწინდელი მთვლემარე ხის კერპი თანდათან თავისებურ ცოცხალ ადამიანად აქცია. მეზობელთა გასაოცებლად კრესჩენცი რაღაც თავაზიანი გახდა, გოგოებს ეჭიკჭიკებოდა, მოუხეშავად ეხუმრებოდა წერილების დამტარებლებს, ებაასებოდა გამყიდველ ქალებს და აი, ერთხელ, საღამო ხანს, როცა ეზოში უკვე შუქი ჩააქრეს, მისი ოთახის დღემდე მუდამ მდუმარე ფანჯრიდან მოსამსახურე გოგოებს მოესმათ საოცარი ზუზუნის ხმა; მოუქნელი, ძლივს გასაგონი, დანჯღრეული ხმით მღეროდა კრესჩენცი ალპურ სიმღერას, სწორედ ისე, როგორც შებინდებისას ტიროლელი მწყემსი ქალები მღერიან ხოლმე. აძენძილი, ერთფეროვანი, არეულ-დარეული, სრულიად დამსხვრეული ჰანგი წყდებოდა უხიაგი ბორძიკით ქალის გაუჩვეველ ბაგეებს. მაგრამ მასში იგრძნობოდა რაღაც უცხო და ამაღელვებელი. ბავშვობის დღიდან პირველად სცადა კრესჩენცმა სიმღერა, და იყო რაღაც გულისამაჩუყებელი ამ დაუწყობელ ჰანგებში, წლობით დაბეჩავებული მკერდის წიაღიდან რომ გაჭირვებით აღმოიკვლევდნენ გზას.

   ამ არაჩვეულებრივი გარდაქმნის უნებური მიზეზი, თვითონ ბარონი, არც კი ამჩნევდა ამ ქალს. ან ვინ ამჩნევს საკუთარ ჩრდილს? ყველამ იცის, უკან რომ მოსდევს ერთგულად, უსიტყვოდ და უჩუმრად, ხან ფეხდაფეხ ადევნებული, ხანაც დაწინაურებული, როგორც ჯერაც შეუცნობელი სურვილი, მაგრამ იშვიათად თუ ვინმე მიაქცევს ყურადღებას თავის სასაცილო ორეულს და საკუთარ მეს შეიცნობს ამ მრუდე გამოსახულებაში! ბარონი ახალს არაფერს ამჩნევდა კრესჩენცში, გარდა იმისა, რომ სამსახურისათვის მუდამ მზად იყო, ხმას არ იღებდა, ყველაფერს ხალისით ასრულებდა და მისთვის თავს გასწირავდა. სწორედ ეს დუმილი, ეს თავისთავად გასაგები დისტანცია ყველა საიდუმლო გარემოებაში, ეს გამტანობა მოსწონდა ბარონს. ზოგჯერ, როგორც ძაღლს გადაუსვამდნენ ხოლმე ხელს, ორიოდე კეთილ სიტყვას შეაწევდა, გაეხუმრებოდა, უჩქმეტდა დიდსულოვნური ღიმილით, აჩუქებდა თეატრის ბილეთს ან ქაღალდის ფულს - მისთვის უმნიშვნელო წვრილმანებს, რასაც ანგარიშმიუცემლად იღებდა ჟილეტის ჯიბიდან; კრესჩენცისათვის კი ასეთი ნივთები შეადგენდნენ რელიკვიას, რასაც მოწიწებით ინახავდა თავის ხის ყუთში. ბარონს თანდათან დასჩემდა მოსამსახურესთან თავისი ფიქრების ხმამაღლა თქმა და რთულ დავალებებსაც კი ანდობდა ხოლმე. მადლიერი კრესჩენცი კიდევ მით უფრო მეტი ხალისით ირჯებოდა, რაც უფრო მეტად ენდობოდა ბარონი. რაღაც საოცარი ალღო გამოაჩნდა, რომ ყველაფერი გამოეძია, გაეგო, ყველაფრისათვის მიეკვლია და მიეგნო. მეძებარივით კვალდაკვალ დასდევდა თავის ბატონს, დროზე ხვდებოდა მის სურვილებს და ხშირად წინდაწინვე გამოიცნობდა ხოლმე. ამ ქალის მთელი ცხოვრება, ფიქრი და სურვილი თითქოს მისი სათაყვანებელი ბატონის სხეულში გადასახლებულიყოს; ყველაფერს იმის თვალითა ხედავდა, მისი ყურით უსმენდა, ტკბებოდა, რაღაც უზნეო აღფრთოვანებით განიცდიდა ყველა მის სიხარულსა და წარმატებას. სახეზე ნათელი ეფინებოდა, როგორც კი რომელიმე ახალი დიაცი ბარონის სახლის ზღურბლზე გადააბიჯებდა, სასოწარკვეთილი და მოლოდინგაცრუებული იდგა, როცა ბატონი საღამოს რომელიმე მომხიბლავი თანამგზავრის გარეშე დაბრუნდებოდა. მისი ოდესღაც მიძინებული გონება ახლა ისევე მარჯვედ და სწრაფად მოქმედებდა, როგორც მისი ხელები, ხოლო მისი თვალებიდან იფრქვეოდა და ელვარებდა ახალი, ფხიზელი სხივი. დაბეჩავებული, მძიმე შრომით წელში გაწყვეტილ ჯაგლაგში გაიღვიძა ადამიანმა, მაგრამ ადამიანმა ბნელმა, ჩაკეტილმა, ცბიერმა და საშიშმა, ვერაგული ზრახვებით აღსავსემ, მოუსვენარმა და შურისძიებად გამზადებულმა.

   ერთხელ, როცა ბარონი შინ დროზე ადრე დაბრუნდა, შემოსასვლელში გაოცებული შეჩერდა. ყური თუ ატყუებს? სამზარეულოს მხრიდან, სადაც უწინ სრული დუმილი სუფევდა, ახლა ყრუ ხითხითი და და სიცილი ისმოდა. აი, ნახევრად ღია კარში უკვე გამოჩნდა ლეპორელა, მორცხვად და თან უტიფრად ჭმუჭნის წინსაფარს. „მომიტევეთ, მოწყალეო ბატონო“, - ამბობს და ძირს იყურება. - მეფუნთუშის ქალიშვილი არის იქ... თვალადი გოგოა... გულითა სწადია მოწყალე ბატონის გაცნობა“. ბარონი გაოცებით შესცქეროდა და ვერ გადაეწყვიტა, გაეკიცხა ასეთი უსირცხვილო მაჭანკლობისათვის თუ ხუმრობაში ჩაეტარებინა ამგვარი გულმოდგინება. ბოლოს ისევ მამაკაცის ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა: ბარემ მიჩვენე, ვინ არისო.

   ეს გოგო, თექვსმეტი წლის ქორფა, ქერათმიანი ქარაფშუტა, რომელსაც ლეპორელა დიდი ხანია მოთაფლული სიტყვებით იტყუებდა, მართლა გამოჩნდა კარებში. კრესჩენცი მას ხელსა ჰკრავდა. შემოსასვლელში გამოსულს სახე გაღაჟღაჟებული ჰქონდა, მორცხვად კისკისებდა და უხერხულად ტრიალებდა მომხიბლავი კაცის წინ, რომელსაც მართლაც ხშირად ბავშვური ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა ხოლმე. ბარონს მოეწონა და ჭიქა ჩაიზე შეიპატიჟა. ქალიშვილმა აღარ იცოდა, რა ეპასუხა და კრესჩენცს მოუბრუნდა, მაგრამ ის თითქოს მიწამ ჩაყლაპა, სამზარეულოში შევარდნილიყო და მახეში შემოტყუებულს სხვა გზა არ დარჩენოდა, წამოწითლებულმა და ცნობისმოყვარეობით ატანილმა უნებურად მიიღო სახიფათო მიწვევა.

   მაგრამ ბუნება ნახტომებს არ აკეთებს: თუმცა მრუდე და უკუღმართი ვნებათაღელვის ზეგავლენით ამ გაშეშებულ, დაჩლუნგებულ არსებაში უეჭველად ერთგვარმა სულიერმა მისწრაფებამ გამოიღვიძა, მაგრამ შეუჩვეველი და შეზღუდული მისი აზრი შორეულს ვერ სწვდებოდა და პირუტყვთა მსგავსად მხოლოდ უახლოეს, ხანმოკლე ამბებს ეხმაურებოდა. თავისი აკვიატებული ვნებით შეპყრობილმა და სრულიად შემოფარგლულმა ერთი სურვილით, რომ რამენაირად ეამებინა საყვარელი ბატონისათვის, კრესჩენცმა სულ გადაივიწყა სახლიდან წასული ქალი. მით უფრო სახიფათო და საზარელი იყო გამოფხიზლება. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით დაატყდა თავს ახალი ამბავი, როცა ერთხელ დილით წერილით ხელში შემოვიდა არეული და გაბრაზებული ბატონი და უთხრა, ყველაფერი წესიერად დაალაგე, ხვალ დილით ჩემი მეუღლე ჩამოდისო სანატორიუმიდან. კრესჩენცს მკვდრის ფერი დაედო, პირდაღებული და გაშტერებული იდგა ბარონის წინ: ისე მოხვდა ახალი ამბავი თითქოს გულში დანა ჩასცესო. იდგა ასე გაშტერებული და გაოგნებული, თითქოს ვერა გაუგია რაო. ისე უზომოდ, ისე საზარლად მოუქცია სახე დატეხილმა მეხმა, რომ ბარონმა საჭიროდ ჩათვალა ორიოდე კეთილი სიტყვით მისი დამშვიდება: „მე მგონია, არც შენ გიხარია, ჩენცი. მაგრამ უკვე ვერაფერს გააწყობ“.

   კრესჩენცის გაქვავებული სახე ისევ გამოცოცხლდა. რაღაც ქალურმა კრუნჩხვამ ამოხეთქა გულ-ღვიძლიდან და მიცვალებულივით ფერმკრთალი ლოყები აუღაჟღაჟა. რაღაც უჩვეულო ამოდიოდა დინჯად და მძიმედ შეკუმშული გულის სიღრმიდან. მეტი დაძაბულობისაგან გული უცახცახებდა. ბოლოს ამოვიდა კიდევაც ზემოთ და კბილთა კრაჭუნით გამოხეთქა: „კი... კი... შეიძლება... ხომ შეიძლება ადამიანმა რაიმე იღონოს!..“

   სასიკვდილოდ ნასროლ ტყვიასავით იწივლეს ამ სიტყვებმა. და ისეთი ბოროტი, პირქუში გადაწყვეტილება აღებეჭდა სახეზე კრესჩენცს გულისნადების ამ ნაძალადევი გადმოშლის შემდეგ, რომ ბარონი უნებურად შეკრთა და უკან დაიხია. მაგრამ ქალი ისევ მიბრუნდა და ისე გაშმაგებით დაიწყო სპილენძის როდინის წმენდა, თითქოს ყველა თითი უნდა გადაიმტვრიოსო.

   დიასახლისის დაბრუნებასთან ერთად სახლში ისევ ქარიშხალი შემოიჭრა. კარებს აჯახუნებდა. ოთახებში უსიამოდ დატრიალდა და საცხოვრებლიდან სიამტკბილობის სიო განდევნა. ძნელი სათქმელია, მეზობელი ენატანიებისა და ანონიმური წერილების საშუალებით შეიტყო მოტყუებულმა ქალმა, რა ურცხვად გათელა მისმა ქმარმა ოჯახური ღირსება თუ უბრალოდ გააღიზიანა იმისმა ბრაზნარევმა, აშკარად უცხვირპირო მიღებამ - ყოველ შემთხვევაში, ორი თვის სანატორიუმში ყოფნამ, როგორც ჩანს, ვერაფერი შვება ვერ მოუტანეს მის დაძაბულ ნერვებს, რადგანაც ისტერიულ ქვითინს ცვლიდა მუქარა და უხამსი სურათები. ურთიერთობა დღითიდღე უფრო სავალალო ხდებოდა. რამდენიმე კვირას ბარონი კიდევ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ცოლის საყვედურებსა და იერიშებს თავისი ნაცადი იარაღით - თავაზიანობით. როცა ქალი გაყრით ან მშობლებთან წერილის მიწერით იმუქრებოდა, ისიც ამშვიდებდა და აიმედებდა ხოლმე. მაგრამ სწორედ ეს უსიყვარულო, გულგრილი განურჩევლობა სულ უფრო აგიჟებდა ჯალაბობის სიძულვილით გარემოცულსა და ნერვებაშლილ ქალს.

   კრესჩენცი თავისი ჩვეული დუმილით შეიჯავშნა. მაგრამ ეს დუმილი საიერიშო და სახიფათო გახდა. ქალბატონის ჩამოსვლის დღეს ის სამზარეულოდან არ გამოდიოდა და როცა გამოუძახეს, შინ დაბრუნებულს აღარც კი მიესალმა. უჯათოდ ასწია მხრები, დადგა კერპივით და კითხვებზე ისე უკმეხად უპასუხებდა, რომ ქალბატონმა ვეღარ მოითმინა, უკან დაიხია. ზურგი აქცია. აბა რა იცოდა, რომ კრესჩენცი მის ზურგში ნატყორცნი ერთადერთი მზერით გამოხატავდა მთელ თავის დაფარულ სიძულვილს! მოსამსახურე ქალის ხარბი გრძნობა ამ ქალის დაბრუნებით თავის თავს უსამართლოდ გაძარცულად თვლიდა. მას წაართვეს სიხარული, რასაც ანიჭებდა ნებიერი, დაუზარებელი სამსახური. ხელახლა სამზარეულოში შეაგდეს, კერასთან დასვეს, სანუკვარი სახელი ლეპორელა წაართვეს. ასე იყო, რადგანაც ბარონი წინდახედულად ფარავდა მეუღლესთან იმ თანაგრძნობას, რასაც კრესჩენცს უწევდა. მხოლოდ ხანდახან, საძაგელი ოჯახური სცენების შემდეგ, როცა გულის მოოხება ესაჭიროებოდა, ჩუმად შეიპარებოდა სამზარეულოში, დაჯდებოდა ხის მაგარ სავარძელში და მხოლოდ ერთს ამოიკვნესებდა: მეტი აღარ შემიძლიაო.

   ეს წამები, როცა მის მიერ გაღმერთებული ბარონი უსაშველო უბედურებას გაურბოდა და თავშესაფარს მასთან ეძებდა, ლეპორელას უმაღლეს ნეტარებას ჰგვრიდა. ვერასოდეს ვერ უბედავდა რაიმე პასუხის გაცემას ან ნუგეშისცემას. იჯდა მდუმარე ქალი, ფიქრებს გულშივე იკლავდა, მხოლოდ ზოგჯერ გაწამებული და შესაბრალისი სახით გადახედავდა თავის დამონებულ ღვთაებას და ასეთი უსიტყვო თანაგრძნობა ბატონსაც კაეშანს უმსუბუქებდა, მაგრამ გავიდოდა თუ არა ბატონი სამზარეულოდან, ქალის შუბლზე ისევ გამოჩნდებოდა რისხვის ნაოჭი და მისი მძიმე ხელები გაშმაგებით ბეგვავდნენ უმწეო ხორცს ან ხმაურით ხეხავდნენ ქვაბებს თუ სხვა ჭურჭლეულს.

   სულშემხუთავი საავდრო ღრუბელი სულ უფრო და უფრო მძიმედ წვებოდა და ბოლოს მეხმა იჭექა: ბარონი, აქამდე რომ ასე დიდხანს და მოთმინებით ისმენდა ცოლის მწარე საყვედურებს და დამნაშავე მოწაფესავით მორჩილად იტანდა ყოველივეს, უეცრად აფეთქდა და მთელი ძალით მიაჯახუნა კარი.

- კმარა, მეყოფა! - შესძახა ისე ხმამაღლა, რომ ფანჯრის მინებმა ზრიალი მორთეს. ბრაზით გაცეცხლებული, გონებადაკარგული შევარდა სამზარეულოში და მოზიდული ლარივით დაძაბულ კრესჩენცს უბრძანა: - ახლავე ჩამილაგე ჩემოდანი და მომიტანე თოფი! სანადიროდ მივდივარ ერთი კვირით. ამ ჯოჯოხეთში თვითონ ქაჯი ვეღარ გაძლებს! დროა ამას ბოლო მოეღოს.

   კრესჩენცი აღტაცებით შესცქეროდა: ახლა ის ისევ ბატონი იყო! რაღაც ტლანქი სიცილი ამოსკდა მისი ხახიდან; „მართალსა ბრძანებთ, ბატონო, დროა ბოლო მოეღოს“. - და გიჟური გულმოდგინებით დატრიალდა. ისე დარბოდა ოთახიდან ოთახში, თითქოს ცეცხლმოკიდებულიაო. კარადიდან და მაგიდებიდან საჭირო ნივთებს იღებდა, თან ციებიანივით ცახცახებდა, ისე ღელავდა. შემდეგ თვითონვე ჩაიტანა დაბლა ჩემოდანი და თოფი. ბარონს უნდოდა გამომშვიდობებისას მადლობა ეთქვა გულმოდგინებისათვის, მაგრამ სახეში რომ შეხედა, შეშინებულმა თოფი მოარიდა: კრესჩენცის ვიწრო ტუჩებზე ისევ თამაშობდა ის ცბიერი ღიმილი, რამაც მეუღლის გამგზავრების წინ მას თავზარი დასცა. უნებურად თვალწინ დაუდგა მტაცებელი ნადირი, რომელიც მსხვერპლთან მიპარულა და შესახტომად ემზადება. მაგრამ ქალს უკვე გულგრილი სახე მიეღო, მხოლოდ უჩვეულო, თითქმის შეურაცხმყოფელი შინაურულობით ჩასჩურჩულა: - გაემგზავრეთ, ბატონო, ღმერთი იყოს თქვენი შემწე. აქ მე ყველაფერს მოვაგვარებ.

*

   სამი დღის შემდეგ ბარონი სასწრაფო დეპეშით შინ დაიბარეს. სადგურზე ბიძაშვილი შეხვდა. ისედაც შეშფოთებული პირველი შეხედვისთანავე მიხვდა, რომ მის თავს სიკეთე არ იყო, რადგანაც ბიძაშვილმა ნერვული და არეული მზერა მიაპყრო. მართლაც, რამდენიმე დამამშვიდებელი სიტყვის შემდეგ ასეთი რამე შეატყობინა: შენი ცოლი დილით თავის ლოგინში მკვდარი იპოვნეს, მთელი ოთახი კი სავსე იყო სანათი გაზითო. უცაბედი შემთხვევა, სამწუხაროდ, გამორიცხულიაო, აუწყებდა ბარონს ბიძაშვილი, რადგანაც გაზის ღუმელი ახლა, მაისში, დიდი ხანია აღარ იხმარება, და თვითმკვლელობის ვარაუდი იმითაც დასტურდება, რომ უბედურმა საღამოს ვერონალი მიიღოო. ამას ემატება თურმე მზარეულ კრესჩენცის ჩვენება: ის საღამოს შინ მარტო დარჩენილა და შეუნიშნავს, როგორ გამოვიდა ბედშავი წინა ოთახში, ალბათ იმ მიზნით, რომ გაზის დახურული ონკანი გაეხსნა. ამ ჩვენების საფუძველზე პოლიციის ექიმმაც გამორიცხა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და მომხდარი ამბავი ოქმში შეიტანა, როგორც თვითმკვლელობა.

   ბარონი ელდის ცახცახმა აიტანა, როცა ბიძაშვილმა კრესჩენცის ჩვენება უამბო, თითქოს ხელის ძარღვებში სისხლი გაეყინა. უსიამო, საძაგელი გულისამრევი გრძნობა მოებჯინა ყელში. მაგრამ ეს მდუღარე, მტანჯველი გრძნობა ნებისყოფის ძალით უკუაგდო და ბიძაშვილთან ერთად სახლში შევიდა. გვამი უკვე გასვენებული იყო. მისაღებ ოთახში ელოდნენ ნათესავები, მათი გამოხედვა პირქუში და მტრული იყო, მათი თანაგრძნობა კი ცივი, როგორც დანის პირი. აშკარა საყვედურის ტონით მიუთითეს, რომ სკანდალის მიფუჩეჩება სამწუხაროდ აღარ მოხერხდა, რადგანაც მოახლე გოგო დილით კიბეზე ამოვარდა და ბნედიანივით დაიყვირა: „მოწყალე ქალბატონმა თავი მოიკლა!“ საჭიროა დაკრძალვა უხმაუროდ მოხდეს, რადგანაც - აქ სამართებელივით მჭრელი მაკრატელი ისევ ცივად შეეხო ბარონს - რადგანაც ეს ამბავი ხალხმა ადრევე ყბად აიღო და ყოველნაირი ხმა დაირხა ცნობისმოყვარე საზოგადოებაშიო.

   წარბშეკრული ბარონი დაბნეული სახით უსმენდა, მხოლოდ ერთხელ აიღო თავი და მიაჩერდა დახურულ კარს, მაგრამ მაშინვე შეშინებულმა მოარიდა თვალი. უნდა რაიმე ეღონა, ბოლომდე მიეყვანა რომელიმე მტანჯველი აზრი, მაგრამ ახლობელთა ეს ცარიელი და ბრაზნარევი სიტყვები თავგზას უბნევდნენ. კიდევ ნახევარი საათი იდგნენ მის გარშემო მოლაყბე ნათესავები, შემდეგ კი სათითაოდ წავიდნენ. ის მარტო დარჩა ცარიელ, ნახევრად ბნელ ოთახში. თითქოს თავში ქვა დაჰკრეს, შუბლი გაბრუებული ჰქონდა და დაქანცულობისაგან სახსრები ეკვეთებოდა.

   ვიღაცამ დააკაკუნა. „მობრძანდით, - შესძახა შეშინებულმა. და აი, მის ზურგს უკან გაისმა მაგარი, შემპარავი, ფეხის ფრატუნით მომავალის ნაბიჯის ხმა. ბარონი კარგად იცნობდა ამ ნაბიჯს. ანაზდად თავზარი დაეცა: თითქოს კისრის მალები მხრებში რკინასავით ჩაეხრახნა, თანაც საფეთქლიდან მუხლებამდე ცივმა ჟრუანტელმა დაურა. თავის მობრუნება უნდოდა, მაგრამ კუნთებმა უმტყუნეს. ასე დარჩა შუა ოთახში გაშეშებული, ცახცახებდა და ხმას ვერ იღებდა, გაქვავებული ხელი დაბლა დაეშვა და ამასთან ნათლად გრძნობდა, რარიგ ამხელდა მის დანაშაულს ასეთი უძრაობა.

   მაგრამ სულ ამაოდ ლამობდა ძალ-ღონის მოკრებას: ძარღვები ღალატობდა. უეცრად მის ზურგს უკან გაისმა სრულიად გულგრილი, მშრალი და საქმიანი ხმა: „მე მინდოდა მხოლოდ მეკითხა, მოწყალე ბატონი შინ მიირთმევს სადილს თუ გარეთ“. ბარონი უფრო მეტად აიტანა ცახცახმა, ყინულოვანი სუსხი ახლა მისი მკერდის სიღრმეში შეიჭრა. სამჯერ სცადა ამაოდ ხმის ამოღება და ბოლოს ძლივს წარმოთქვა: „არა, ახლა მე არაფერს არა ვჭამ“. მაშინ ისევ გაისმა ფეხის ფრატუნი. ბარონს დიახაც სურდა შემობრუნება, მაგრამ ძალა არ ეყო. ქალი გავიდა. მაშინ კი უეცრად ამოძრავდა მისი გაშეშებული სხეული. რაღაც ზიზღმა თუ კრუნჩხვამ დაუარა ტანში. ერთი ნახტომით მივარდა კარს, გასაღები გადაატრიალა, რათა ეს ნაბიჯი, ეს საძულველი ნაბიჯი, მოჩვენებასავით რომ კვალდაკვალ დასდევდა, მეტად აღარ გაეგონა. შემდეგ სავარძელში ჩაეშვა, რათა თავისი არსებიდან განედევნა საზარელი აზრი, რაზედაც არ უნდა ეფიქრა. რაც ასე ცივ და წებოვან ლოკოკინასავით შეჭრილიყო მის სულში, დაცოცავდა მის არსებაში. და ეს მოძალადე ფიქრი, რომლის სიახლოვეც ზიზღსა ჰგვრიდა, მთელ გრძნობას ავსებდა, ეს უსაშველო, ლორწოვანი და საზიზღარი აზრი მასთან დარჩა მთელი გატეხილი ღამის განმავლობაში და შემდგომაც, მაშინაც კი, როცა ის შავად ჩაცმული მდუმარე ჭირისუფალი გასვენების დროს კუბოს თავთან იდგა.

   გასვენების მეორე დღესვე ბარონმა სასწრაფოდ დატოვა ქალაქი: მეტად აუტანელი გახდა აქ მისთვის ყველა სახე. თანაგრძნობასთან ერთად მათ ჰქონდათ (თუ მხოლოდ მას ეჩვენებოდა?) რაღაც გამომცდელი, რაღაც მტანჯველი ინკვიზიტორული მზერა. და თვითონ უსულო საგნები მეტყველებდნენ რაღაც ბოროტსა და საბრალდებოს: ყოველი ნივთი, მეტადრე დასაძინებელი ოთახისა, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის მოტკბილო სუნს აფრქვევდა, მას შორს ერეკებოდა, როგორც კი კარს უნებურად შეაღებდა. მაგრამ ყველაზე უფრო აუტანელ მაჯლაჯუნად ძილსა და სიფხიზლეში ექცა მისი ადრინდელი მესაიდუმლის უშფოთველი, ცივი გულგრილობა, რითაც ის ცარიელ ოთახებში მიმოდიოდა, თითქოს არაფერიც არ მომხდარაო. როცა ბიძაშვილმა სადგურზე იმ ქალის სახელი ახსენა, ბარონი შიშით აცახცახდა: ვაი თუ შევხვდეო! როგორც კი იმის ფეხის ხმას გაიგონებდა, მყისვე შიში, მოუსვენრობა და გაქცევის სურვილი ეუფლებოდა. აღარ შეეძლო დაენახა, აღარ შეეძლო იმ ქალის ნაბიჯი, იმისი სიარული, ცივი, მდუმარე სიმშვიდე. გულს ურევდა მისი გაბზარული ხმა, გაქონილი თმის დანახვა, ჩლუნგი პირუტყვული უგულობა და უგრძნობლობა. ბარონს ბრაზი მოსდიოდა საკუთარ თავზე: რად ვერ მყოფნისო ძალა, გავწყვიტო ძაფი, სახრჩობელას ყულფივით რომ მიჭერს ყელზეო! მხოლოდ ერთი გზა ნახა ხსნისა: გაქცევა. ჩუმად ჩაალაგა აუცილებელი ნივთები, ერთი სიტყვაც არავისთან დაუძრავს და წავიდა ისე, რომ მხოლოდ პატარა ბარათი დატოვა: კარინტიაში მივდივარ მეგობრებთან.

   ბარონმა მთელი ზაფხული სხვაგან გაატარა. ერთხელ მემკვიდრეობის საკითხის მოსაგვარებლად სასწრაფოდ ვენაში გამოიძახეს, მაგრამ ღამის გათევა სასტუმროში ამჯობინა და არც კი შეატყობინა თავისი ჩამოსვლა სიკვდილის ფრინველს, სახლში რომ ელოდა. კრესჩენცს არც გაუგია მისი ჩამოსვლა, რადგან არავისთან არ ლაპარაკობდა. უსაქმო, ბაიყუშივით პირქუში ლეპორელა მთელი დღე გამოშტერებული იჯდა სამზარეულოში და უწინდებურად ერთხელ კი არა, ახლა ორჯერ დადიოდა ეკლესიაში, ბარონის რწმუნებულის ხელით იღებდა ფულსა და განკარგულებებს, ხოლო თვით ბარონისა არც გზა იცოდა, არც კვალი. ის არაფერს წერდა, არაფერს ეკითხებოდა. ქალიც იჯდა და ელოდა. მისი სახე დღითი დღე მკვრივდებოდა და ხდებოდა; მისი მოძრაობა ისევ დუნე და მოუხეშავი გახდა, ასე იცდიდა და იცდიდა შესაბრალისად მრავალი კვირა, მთელი ეს დრო საიდუმლოებით მოცულ მდუმარებასა და რაღაც გაოგნებაში გაატარა.

   შემოდგომაზე კი გადაუდებელმა საქმეებმა ბარონს აღარ მისცეს საშუალება გაეგრძელებინა თავისი შვებულება, და ის იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო. კარის ზღურბლზე შეჩერდა და ყოყმანი დაიწყო. ერთგულ მეგობართა წრეში გატარებულმა ორმა თვემ ბევრი რამ დაავიწყა, მაგრამ ახლა, როცა ისევ მიუახლოვდა თავის მაჯლაჯუნას, - იქნებ თავის თანამოაზრესაც დანაშაულში, - ხელახლა შეიცნო იგივე გულისამრევი, სულისშემხუთავი კრუნჩხვა. კიბეზე რომ ნელა ადიოდა, ყოველ საფეხურზე უჩინარი სუსხიანი ხელი სულ უფრო და უფრო მწვავედ უჭერდა ყელში. ბოლოს მთელი თავისი ნებისყოფის დაძაბვა დასჭირდა, რათა გაშეშებული თითებით ბოქლომში გასაღები გადაეტრიალებინა.

   როგორც კი გასაღების ხმა მოესმა, აღფრთოვანებული კრესჩენცი მაშინვე მაღლა აიჭრა სამზარეულოდან. ბარონს რომ შეხედა, სულ ერთი წამით ფერი დაჰკარგა, გაფითრდა, შემდეგ კი, თითქოს სახის დამალვას ცდილობსო, დაიხარა, დასწვდა ჩემოდანს, ბარონს რომ იატაკზე დაედგა. მაგრამ მისალმების სიტყვა კი დაავიწყდა. არც ბარონს უთქვამს რაიმე. უსიტყვოდ შევიდა ქალი ოთახში, უსიტყვოდ მიჰყვა ბარონი უკან. ყრუ დუმილით გადასცქეროდა ფანჯრიდან სივრცეს, ვიდრე კრესჩენცი ოთახს დატოვებდა, მაშინ გასაღები სწრაფად გადაატრიალა. ასე შეხვდნენ ერთმანეთს თვეობით დაშორებული ბატონი და მოახლე.

   კრესჩენცი იცდიდა. იცდიდა ბარონიც, იქნებ გაქრესო ჩვენი სახეებიდან ზარდამცემი კრუნჩხვის საძაგელი კვალი. მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ჯერ ქალი არც კი ჩანდა, ჯერ მხოლოდ მისი ნაბიჯის ხმა ისმოდა გარედან, რომ ბატონს უკვე თავისი ემართებოდა. საუზმეს ხელს არ ახლებდა, ადრე დილით ფეხაკრეფით მიატოვებდა სახლს და გვიან ღამემდე გარეთ რჩებოდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავის მოსამსახურეს არ შეხვედროდა. სხვა გზა რომ არა ჰქონდა, ორ-სამ დავალებას მისცემდა, მაგრამ იმასაც ზურგშექცეული - სახეში როდი შეხედავდა. ყელში რაღაც ახრჩობდა, სული ეხუთებოდა, ამ მოჩვენებასთან ერთ ჭერქვეშ რომ სუნთქავდა.

   კრესჩენცი იჯდა მთელი დღე თავის ხის სკამზე. თავისთვის საჭმელს აღარ ამზადებდა. ყოველნაირი საჭმელი შესძულდა, ყოველ ადამიანს გაურბოდა. იჯდა მხოლოდ, შეშინებულ თვალებს აცეცებდა და ელოდა თავისი ბატონის პირველ დასტვენას, როგორც ნაცემი ძაღლი, რომელმაც იცის, რომ ცუდი საქმე გააკეთა. მისი ჩლუნგი გონება ვერც კი მიმხვდარიყო ნათლად, თუ რა მოხდა. მხოლოდ მისმა ღმერთმა და პატრონმა რომ აითვალწუნა, ზურგი აქცია და აღარაფერში სჭირდებოდა, ეს ერთი აზრი კი მძლავრად ჩაჯდა ქალის არსებაში.

   ბარონის დაბრუნებიდან სამი დღის შემდეგ ზარის ხმა გაისმა. ვიღაც ჭაღარათმიანი, დინჯი, კოხტად გაპარსული მამაკაცი იდგა კართან, ხელთ ჩემოდანი ეჭირა. კრესჩენცს ჯერ გაგდება უნდოდა, მაგრამ დაუპატიჟებელმა სტუმარმა განაცხადა, ახალი მოსამსახურე ვარ, ბატონმა ათი საათისათვის დამიბარა და კარგს იზამ, თუ შეატყობინებო. კრესჩენცი გაფითრდა, ერთი წამით ასე გაშეშებული იდგა, შემართული ხელი ჰაერში გაეყინა. შემდეგ მარჯვენა ხელი მოწყვეტით დაუვარდა, როგორც ნატყვიარი ჩიტი. „თვითონ შედი“, - მიახალა განცვიფრებულ კაცს, მერე გაბრუნდა, სამზარეულოში შევარდა და კარი ხმაურით ჩაკეტა. ახალი მოსამსახურე დარჩა სახლში. იმ დღიდან ბატონს აღარც ერთი სიტყვით არ მიუმართავს კრესჩენცისათვის. არცა სჭირდებოდა; ყველა განკარგულება გადაეცემოდა ხოლმე დინჯი, მოხუცი მსახურის პირით. რა ხდებოდა სახლში, მან აღარ იცოდა, ყველაფერი მის თავს ზემოთ ისე მიედინებოდა, როგორც ცივი ზვირთები გადაევლებიან ქვას.

   ეს დაძაბული მდგომარეობა ორ კვირას გრძელდებოდა. ამ ორ კვირაში კრესჩენცი ისე ჩამოხმა, თითქოს მძიმე სნეულება გადაეტანოს. სახე დაუწვრილდა, ნიკაპი დაუგრძელდა, ლოყები ჩაუცვივდა, თმა საფეთქელზე ერთბაშად შეუჭაღარავდა. მიხრა-მოხრაც სრულიად მოუდუნდა. იჯდა ერთთავად ხის ჯირკივით თავის ხისავე სკამზე, დუმდა და უსაგნოდ გასცქეროდა ცარიელ სივრცეს, ხოლო თუ საქმეს რასმე მოჰკიდებდა ხელს, ყველაფერში ბრაზი, რისხვა და ძალდატანება ეტყობოდა.

   ამ ორი კვირის თავზე მოსამსახურე მამაკაცი თავისი ბატონის ოთახში შევიდა. ბატონმა მოკრძალებულ დუმილზე შეატყო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა აუწყოს. ჭარმაგმა მოსამსახურემ ერთხელ უკვე უჩივლა ამ „ტიროლელ გომბიოს“, როგორც აგდებით ეძახდა ხოლმე, და ურჩია, უნდა დავითხოვოთო. ბატონს არ ესიამოვნა საჩივარი და თავი ისე დაიჭირა, ვითომ არც გაუგონია. მაგრამ თუ მაშინ მოსამსახურემ კრძალვით თავი დაუკრა და უხმოდ გავიდა, ახლა ჯიუტად დადგა თავის ნათქვამზე, სახე უცნაურად მოექცა, თითქოს ნირი წაუხდაო და ბოლოს ენის ბორძიკით წარმოთქვა კიდეც: მოწყალე ბატონს სასაცილოდ ნუ ეჩვენება, მაგრამ... მას არ შეუძლია... დიახ, აღარ ძალუძს სხვაგვარად თქვას... მას ე შ ი ნ ი ა ამ ქალის. ეს გულდახურული, ბოროტეული არსება აუტანელია. და ბატონმა ბარონმა სულაც არ იცის, რა საშიშ პიროვნებას ინახავს თავის ჭერქვეშ.

   გული გადაუტრიალდა ბატონს ამის გაგონებაზე. რას გულისხმობს და რისი თქმა უნდა ამით, ჩაეკითხა. მოსამსახურემ თავი აარიდა რაიმე გარკვეულის მტკიცებას, მხოლოდ ასეთი პასუხი გასცა: გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს ქალი მძვინვარე მხეცია და უბედურებას რასმე გადაგვკიდებსო. აი, თუნდაც გუშინ, ის იყო შემოვბრუნდი რაღაც დავალების მისაცემად და ისეთი მზერა დავიჭირე - ერთ შემოხედვაზე კაცი ბევრს ვერაფერს იტყვის, მაგრამ ისე მომეჩვენა, თითქოს ყელში უნდა მეტაკოს-მეთქი. მას შემდეგ შიშმა შემიპყრო: დიახაც მეშინია შევეხო იმ საჭმელს, რომელსაც ეს ქალი ამზადებს. „ბატონმა ბარონმა არც კი უწყის, - დაასრულა მსახურმა თავისი საჩივარი, - რარიგ საშიში პიროვნებაა ეს ქალი. ის არაფერს ამბობს, კრინტს არ ძრავს, მაგრამ მე იმ აზრისა გახლავართ, რომ მას შეუძლია კაცის მოკვლა“. შეშფოთებულმა ბარონმა წამიერად გადახედა მომჩივანს, რაიმეს გარკვეულს ხომ არ მოჰკრაო ამ კაცმა ყური? რამ ჩაუნერგა ასეთი ეჭვი? ბარონმა იგრძნო, როგორ დაიწყეს ცახცახი მისმა თითებმა და სწრაფად დადო სიგარა, რომ არ გაეცა თავისი მღელვარება. მაგრამ მოხუცი კაცის სახეზე ვერაფერი სიავე ვერ დაინახა - არა, ისეთი არაფერი იცოდა. ბარონი ყოყმანობდა. მერე უეცრად დაეუფლა თავის საკუთარ სურვილს და გადასწყვიტა: ცოტა კიდევ მოვიცადოთ. მაგრამ თუ უჟმურობა არ მოიშალოს, მაშინ უბრალოდ ჩემი სახელით დაითხოვეო.

   მსახურმა თავი მდაბლად დაუკრა და გავიდა, ბარონმა კი შვებით ამოისუნთქა და სავარძელს გადაეყრდნო. ამ საიდუმლოებით მოცული ქმნილების გახსენებაც კი დღეს უმწარებდა. ყველაზე კარგი იქნებაო, ფიქრობდა, თუ ამ მაჯლაჯუნას თავს დავაღწევ იმ დროს, როცა შინ არ ვიქნები, იმაგრებდა ბარონი გულს.

   მაგრამ მეორე დღესვე, ის იყო ისაუზმა და თავის ოთახში შევიდა, როცა კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. „მობრძანდითო“, თქვა და გაზეთს ანგარიშმიუცემლად თვალი მოაცილა. მაშინ ისევ გაისმა იმ საძულველი ფეხის ხმა, რაც ძილსა თუ ცხადში მოსვენებას უკარგავდა. ბარონს ელდა ეცა: გაძვალტყავებულ, შავად აწოწილ სხეულზე მიცვალებულის თავის ქალასავით ირყეოდა ფერმკრთალი, დამდნარი და ჩაყვითლებული სახე, რაღაც თანაგრძნობისმაგვარი განცდა შეერია ბარონის ელდას, როცა ამ სრულიად გათელილმა არსებამ გაუბედავი ნაბიჯი შეანელა და მოკრძალებით შედგა ნოხის კიდესთან. შუბლშეკრულობა რომ დაეფარა, ბარონმა თავს ძალა დაატანა და უდარდელი სახე მიიღო. „აბა, მითხარი, კრესჩენც, რა მოხდა?“ - ჰკითხა მან. მაგრამ კითხვა არც ისე მხიარული და მეგობრული გამოუვიდა, როგორც ნავარაუდევი იყო. მისივე სურვილის წინააღმდეგ მისი ხმა აგდებით და ბოროტად ჟღერდა.

   კრესჩენცი არც შერხეულა. უსიტყვოდ ჩასცქეროდა ხალიჩას. ბოლოს, თითქოს ვიღაცამ საგანს ფეხი წამოჰკრაო, ისე წამოისროლა: „მოსამსახურემ დამითხოვა. ასე მითხრა, რომაო, მოწყალე ბატონი გიშვებსო“.

   თითქოს გული გაუპესო, ისე წამოდგა ბარონი ფეხზე. ასე უეცრად თუ მოხდებოდა, არ ეგონა. დაიწყო მიდებ-მოდება, ასე ცუდი აზრით არ იქნებოდაო ნათქვამი, უნდა ეცადო ადამიანები არ გადაიკიდოო და სხვა ამნაირი ამბები, რაც კი ენაზე მოადგა.

   მაგრამ კრესჩენცი ისევ ისე იდგა, უძრავი მზერით ხალიჩას ბურღავდა, მხრები აეწია. გაშმაგებული და შეუპოვარი ხარივით იდგა, თავდახრილი ისმენდა მოკალულ სიტყვებს - ცალი ყურით უსმენდა და ელოდა ერთადერთ სიტყვას, რაც ვერა და ვერ გაიგონა. როდესაც ბარონს ბოლოს მოსწყინდა ყბედის საძაგელი როლი, რასაც აქ მოსამსახურის წინაშე ასრულებდა, დაიღალა და გაჩუმდა, ქალი ადგილიდან მაინც არ დაიძრა. იდგა ვაცივით და დუმდა. მერე, როგორც იყო, მოუხეშავი უჯიათობით წარმოთქვა: „მხოლოდ ეს მინდოდა მცოდნოდა, ბატონმა ბარონმა თუ ინება ანტონისათვის დავალება მიეცა, რომ დამითხოვოს“.

   ძალიან გაუჭირდა ამის წარმოთქმა. თქვა უკმაყოფილოდ, უხალისოდ, ძალდატანებით. თითქოს მკერდში დაჰკრესო, ისე მიიღო ისედაც გუნებაწამხდარმა ბარონმა მოსამსახურის მწვავე კითხვა. ეს რა მუქარაა? გამოწვევა ხომ არ არის? და ერთბაშად გაიფანტა მთელი გაუბედაობა, მთელი თანაგრძნობა. მთელი რისხვა, კვირაობით დაგუბებული ზიზღი და სიძულვილი შეუერთდა სურვილს, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დასრულდეს. და უეცრად, სრულიად იმ ცივ ტონზე გადასულმა, რასაც სამინისტროში სამსახურმა შეაჩვია, გულგრილად შესძახა: დიახ, დიახ, მართლაც დროა ყველა ოჯახური საქმე მოსამსახურეს მიანდოს. პირადად მისთვის კი სიკეთე სურს და კიდევ შეეცდება მოსამსახურეს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. მაგრამ თუ მაინც უჯიათობის ცხენზე შეჯდება და ახალ მოსამსახურეს ისევ უდიერად მოექცევა, მაშინ იძულებული გახდება მის სამსახურზე ნამდვილად უარი თქვას.

   ამ სიტყვებზე ბარონმა მთელი თავისი ნებისყოფა დაძაბა, მტკიცედ გადასწყვიტა უკან არ დაეხია რაიმე შინაურული სიტყვის ან გულითადი გრძნობის წინაშე და სასტიკი მზერა მიაპყრო აცახცახებულ კრესჩენცს.

   მაგრამ კრესჩენცის მზერა, რაც მან იატაკს მოსწყვიტა, ეს იყო შემოხედვა სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირისა, რომელმაც ეს არის შენიშნა მისკენ ღრენით მიმავალი ძაღლების ხროვა. „მადლობელი ვარ, - თქვა მისუსტებულმა, - ახლა კი წავალ, აღარ მინდა მოწყალე ბატონს თავი შევაწყინო...“

   თქვა ესა და უკანმოუხედავად, წელში მოხრილი, თითქოს ხის ფეხებზე შემდგარი, მძიმე ნაბიჯით გაემართა კარისაკენ.

   საღამოს, როცა ბარონი ოპერიდან დაბრუნდა და მაგიდაზე წერილების სინჯვა დაიწყო, რაღაც უცხო, ოთხკუთხოვანი საგანი შენიშნა. მაგიდაზე რომ შუქი აანთო, მან ნახა ხისაგან გამოთლილი ყუთი, გლეხკაცური ნახელავი. დაკეტილი არ აღმოჩნდა. სუფთად და კოხტად იყო ჩალაგებული ყველა წვრილმანი, რაც ოდესმე კრესჩენცს მისგან მიეღო: ნადირობიდან გამოგზავნილი რამდენიმე ღია ბარათი, ორი თეატრის ბილეთი, ერთი ვერცხლის ბეჭედი, მთელი შეკვრა ქაღალდის ფული და ოცი წლის წინ ტიროლში გადაღებული ფოტოსურათი, რომელზედაც მისი ალბათ მაგნიუმის შუქის გაელვებაზე შეშინებული თვალები ისევე გამოხატავდნენ ნაღველსა და სიმწარეს, როგორც დღეს, ამ რამდენიმე საათის წინ, ბარონთან გამომშვიდობების დროს.

   რაღაც ანგარიშმიუცემლად გადასწია ბარონმა ყუთი და გარეთ გამოვიდა, რათა მსახურისათვის ეკითხა, საიდან მოხვდნენ კრესჩენცის ეს ნივთები მის მაგიდაზე. მსახური მაშინვე წავიდა, რათა თავისი მოქიშპე პასუხის გასაცემად დაებარებინა. მაგრამ კრესჩენცი არ აღმოჩნდა არც სამზარეულოში, არც სადმე სხვა ოთახში და მხოლოდ მეორე დილით, როცა წაიკითხეს პოლიციის ცნობა რომელიღაც ორმოციოდე წლის ქალის შესახებ, რომელიც ხიდიდან დუნაის არხში გადამხტარიყო და თავი დაეხრჩო, უკვე ზედმეტად ჩათვალეს იმისი კითხვა, თუ სად გადაიკარგა ლეპორელა.

ნახვა: 1497

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters