ვირჯინია ვულფი - ლაქა კედელზე

შუა იანვარი იქნებოდა, როცა ავიხედე და პირველად შევნიშნე ლაქა კედელზე. ის დღე რომ გავიხსენო, საჭიროა წარმოვიდგინო ეს როგორ მოხდა. მაშ ასე, თვალწინ წარმომიდგა ბუხარი, გადაშლილი წიგნის გვერდებს თანაბარი, ყვითელი შუქი ეცემა. სამი ქრიზანთემა ბუხრის თაროზე მინის მრგვალ გამჭვირვალე ვაზაში. ჰო, ნამდვილად ზამთარი იქნებოდა. ის-ის იყო ჩაის დალევა დავამთავრეთ და მახსოვს, სიგარეტს ვეწეოდი, ავიხედე და პირველად დავინახე ლაქა. სიგარეტის კვამლს თვალი ავაყოლე და ჩემი მზერა წამიერად მოგიზგიზე ნაკვერჩხლებზე შეჩერდა და ჩემ წინ ნაცნობი ხილვა გაჩნდა: ალისფერი დროშა ციხესიმაგრის კოშკზე ფრიალებს, წითელტანსაცმლიანი რაინდების კავალკადა შავი მთის ქვიან ფერდობზე მიცოცავს. მაგრამ სწორედ ამ დროს შვება ვიგრძენი, როცა კედელზე ლაქა შევნიშნე და ხილვა გაქრა, ძველი ხილვა, ჩემი ნებისაგან დამოუკიდებელი ხილვა, ჯერ კიდევ ბავშვობაში რომ მეცხადებოდა. ლაქა პატარა იყო, მრგვალი, შავი, - თეთრ კედელზე, სწორედ ბუხრის თაროს ოდნავ ზემოთ.

როგორი მზადყოფნით დააცხრებიან ხოლმე ჩვენი აზრები ახალ საგანს, მიათრევენ მას, როგორც ფუსფუსა ჭიანჭველები ჩალის ღეროს და მერე ადვილად მიატოვებენ... ლურსმნის კვალი უნდა იყოს, მაგრამ ზედ ალბათ სურათი კი არა, მინიატურა ეკიდა - მინიატურა ქალისა თეთრი, ხუჭუჭთმიანი პარიკით, სქლად გაპუდრული ლოყებით, წითელი, მიხაკისფერი ტუჩებით. თუმცა ასე არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, რადგან ამ სახლის ყოფილი მფლობელები აქ სხვა სურათს ჩამოჰკიდებდნენ - ძველ ავეჯს ძველი ოსტატის ნამუშევარი მოუხდებოდა. თავისებური ხალხი იყო, ძალიან საინტერესო ხალხი. მათზე ისე ხშირად ვფიქრობ, შეიძლება იმიტომ, რომ მათ უკვე ვეღარასოდეს შევხვდები, ვეღარასოდეს გავიგებ რა მოხდა შემდეგ. ამ სახლიდან გადასვლა უნდოდათ, რადგან ავეჯის სტილის შეცვლა სურდათ. ასე თქვა მან და კიდევ იმას ამბობდა, რომ, მისი აზრით, ხელოვნება იდეებს უნდა ემყარებოდეს, როცა ჩვენი საუბარი შეწყდა ისე, როგორც წყდება მოგონება მოხუცი ლედისა, ის-ის იყო ჩაის ჩამოსხმას რომ აპირებდა, თუ ახალგაზრდა კაცისა, ის-ის იყო ჩოგბურთის ბურთს რომ იგერიებდა, სადღაც გარეუბნის ვილის კორტზე ისე, როგორც მატარებლით ვიღაცას ჩაუქროლებ.

თუმცა რაც შეეხება ამ ლაქას, უბრალოდ არც კი ვიცი საიდან გაჩნდა. არა მგონია, ლურსმნის ნაკვალევი იყოს. საამისოდ მეტისმეტად დიდი და მეტისმეტად მრგვალია. რა თქმა უნდა, შემიძლია ავდგე და ახლოდან დავათვალიერო, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამით ცხადი არაფერი გახდება. იმიტომ, რომ, როცა რაღაც უკვე მომხდარია, ვერავინ ვერასდროს იგებს ეს როგორ მოხდა. ოჰ, ღმერთო ჩემო, ცხოვრების იდუმალება. აზროვნების უმწეობა! ადამიანური უმეცრება! იმის დასამტკიცებლად, თუ რაოდენ უმნიშვნელოა ჩვენი ზეგავლენა ყოველგვარ წარმავალზე, რაოდენ არასაიმედო და შემთხვევითია მთელი ჩვენი ცივილიზაცია, მოდით, სულ რამდენიმე რაღაც გავიხსენოთ, ერთი ცხოვრების მანძილზე რომ უკვალოდ დაიკარგა. და მოდით, ყველაზე იდუმალი დანაკარგით დავიწყოთ - კატამ ხომ არ ჩაყლაპა ან ვირთხამ ხომ არ გაკვნიტა - სამი ღია ცისფერი ყუთი, რომლებშიც წიგნის აკინძვისთვის საჭირო ინსტრუმენტები ეწყო. შემდეგ იყო ჩიტის გალიები, რკინის სალტეები, ფოლადის ციგურები, დედოფალ ანას დროინდელი ნახშირის ვედრო, ბილიარდის მაგიდა, არღანი - ყველაფერი გაქრა, მათ შორის, - ძვირფასეულობაც. ოპალი და ზურმუხტები თალგამთან ერთად. ცხოვრება მართლაც რომ დანაკარგების უწყვეტი რიგია! საოცარი ის არის, რომ მე საერთოდ რაღაც მაცვია, რომ მე ვზივარ ოთახში და მყარი ავეჯით ვარ გარშემორტყმული. თუ გინდა ცხოვრება რაიმეს შეადარო, კარგი იქნებოდა შედარება მეტროს გვირაბში საათში ორმოცდაათი მილით ქროლვასთან, რომლის დამთავრებისას თმაში ერთი სარჭიც აღარ შეგრჩება! ტყვიასავით მიქრიხარ ღმერთის ფეხებთან დედიშობილა. თავქუდმოგლეჯილი ჩაუქროლებ ასფოდელის ველებს ისე, როგორც ფოსტის დაქანებულ ღარში მიგორავენ გასახვევ ქაღალდში შეფუთული ამანათები! თმები ზურგსუკან ფრიალებენ, როგორც დოღის ცხენის კუდები. ჰო, ალბათ ასე შეიძლება გამოხატო ქროლვა ცხოვრებისა, მისი მუდმივი დანაკარგები და განახლებები, ყველაფერი ასეთი მერყევი, საალალბედო...

მაგრამ, სიკვდილის შემდეგ. ნარნარად ეშვება სქელი, მწვანე ღეროები, ტრიალდება ყვავილების თასი და გაბრმავებს მეწამული და წითელი ფერის ელვარებით. ბოლოს და ბოლოს, იქაც ხომ ისე უნდა დაიბადო, როგორც აქ ვიბადებით - უმწეონი, მუნჯები, ვერშემძლენი მზერის ფოკუსირებისა, ბალახებში მოფართხალენი გოლიათის ფეხებთან! რადგან თქმულა: რა ხეები და რა კაცები და ქალები და არაფერია შეუძლებელი, რა ხანმაც უნდა განვლოს, ნახევარმა საუკუნემ თუ მეტმა. და არ იქნება არაფერი, გარდა სქელი ღეროებით გაკვეთილი სინათლის და სიბნელის ჰორიზონტებისა, ზემოდან კი, ვარდის ფორმის ლაქები გაურკვეველი ფერისა - მკრთალი ვარდისფერები თუ ცისფრები, მაგრამ დროის მდინარებასთან ერთად, ფერები უფრო მკაფიო გახდება, გახდება... არ ვიცი როგორი...

და მაინც, ეს ლაქა კედელზე სრულებითაც არ ჰგავს ნახვრეტს. ის შეიძლება მრგვალი, შავი რაღაც იყოს, ალბათ ვარდის პატარა ფურცელი, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ ზაფხულში მიეკრა კედელს, მე ხომ არცთუ გულმოდგინე დიასახლისი ვარ - შეხედეთ, მტვერს ბუხრის თაროებზე, მაგალითად, მტვერს, რომლის, როგორც ამბობენ, სამი ფენის ქვეშ არის დამარხული ტროა, და მხოლოდ თიხის ჭურჭლის ნამტვრევები გადარჩა დროის მსახვრალ ხელს, რაც სავსებით დამაჯერებელია.

ფანჯრის მიღმა ხე რბილად ეთათუნება მინის ჩარჩოებს. მინდა მშვიდ გარემოში ვიფიქრო, უშფოთველად, თავისუფლად, არავინ არასდროს მაწყვეტინებდეს, არ მიწევდეს სკამიდან წამოდგომა, ფიქრი ერთიდან მეორე საგანზე ადვილად გადადიოდეს, ყოველგვარი მტრული გრძნობის, თუ შეფერხების გარეშე. მინდა სულ უფრო და უფრო ღრმად ჩავიძირო, შორს საგნების ხილულ ზედაპირისგან, მათი ყრუ, დაშორიშორისებული ფაქტებით. თავი რომ გავიმაგრო, მოდი, პირველივე რამეს ჩავეჭიდები, რაც თავში მომივა... შექსპირი... თუნდაც, ისევე შეიძლება, როგორც სხვა ყველაფერი. ღრმა სავარძელში მოკალათებული ადამიანი ცეცხლს მისჩერებია. მის გონებას სადღაც, თვალშეუდგამი მწვერვალებიდან, იდეების ნაკადი ეღვრება განუწყვეტლივ. ზის წინ გადმოხრილი, ხელზე შუბლდაყრდნობილი, გამვლელები გაღებულ კარს შიგნით იყურებიან - თავისთავად ცხადია, რომ ეს ყველაფერი ზაფხულში ხდება - მაგრამ რა მოსაწყენია ეს ისტორიული გამონაგონი! ოდნავ ინტერესსაც არ იწვევს ჩემში. მინდა რაღაც სასიამოვნოზე ვიფიქრო და ამ ფიქრებში უნდა აირეკლოს ჩემი ქვეცნობიერი რწმენა საკუთარი თავისადმი, რადგან ასეთი ფიქრებია ყველაზე სასიამოვნო და ისინი ხშირად ეწვევიან ხოლმე ყველაზე მოკრძალებულ, შეუმჩნეველ ადამიანებსაც, რომელთაც გულწრფელად სჯერათ, რომ სულაც არ სიამოვნებთ საკუთარი ქების მოსმენა. ასეთ ფიქრებში საკუთარი თავით ტკბობა აშკარად თითქოს არ იგრძნობა და ამაშია მთელი მათი ხიბლი. ისინი დაახლოებით ამდაგვარია: და აი, ოთახში შევედი. ისინი ბოტანიკაზე მსჯელობდნენ. მე ვთქვი, რომ კინგსვეიში, ნაგვის გროვაში ამოსული ყვავილი დავინახე, ზუსტად იმ ადგილას სადაც ძველი სახლი იდგა. თესლი, ვთქვი მე, შეიძლება იქ კარლ პირველის დროს ჩააგდეს. „რომელი ყვავილები ხარობდა კარლ პირველის დროს?“ - ვიკითხე მე (მაგრამ არ მახსოვს, რომ ეპასუხოთ). შესაძლოა, მაღალღეროიანი ყვავილები, მეწამული ფოჩებით. და შემდეგ, რაღაც ასეთები. მთელი ამ დროის განმავლობაში გონებაში ჩემს პორტრეტს ვქმნი, სიყვარულით, მალულად, რადგან აღტაცების აშკარა გამოხატვით, თავს გავცემ. ვჩქარობ, და ხელს წიგნისკენ ვიწვდი, თითქოს მისგან მხარდაჭერას ველოდე. მართლაც საოცარია, რომ ადამიანი ინსტინქტურად იცავს თავს თაყვანისცემისგან, რომელიც მას სასაცილოს გახდის, ან ორიგინალთან მეტისმეტად დააშორებს და ამდენად - არადამაჯერებლად აქცევს. ან, იქნებ, ეს არც არის გასაკვირი. ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. დავუშვათ, სარკე ტყდება და უჩინარდება გამოსახულება და რომანტიკული ხატება უღრანი ტყის სიმწვანისა, რჩება მხოლოდ გარსი, რომელსაც ყველა ხედავს - როგორი ჩახუთული, ზედაპირული, უფერული, მოსაწყენი გახდება სამყარო! ასეთ სამყაროში ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. როცა ერთმანეთს სარკეში თუ ომნიბუსში ვუყურებთ, ჩვენ სარკეში ვიცქირებით. აი, აქედან მოდის ბუნდოვანება და მინისებური ანარეკლი ჩვენს თვალებში. მომავლის რომანისტები სულ უფრო და უფრო კარგად გააცნობიერებენ ამ ანარეკლის მნიშვნელობას, რადგან ანარეკლი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი კი არ არის, არამედ თითქმის განუსაზღვრელი რაოდენობის. ამ სიღრმეებს გამოიკვლევენ რომანისტები მომავალში, ასეთ ფანტომებს გამოედევნებიან და სულ უფრო და უფრო ნაკლებად აღწერენ რეალობას თავიანთ მონათხრობში - ან რატომ უნდა აღწერო ის, რაც ისედაც ყველამ იცის. როგორც ძველი ბერძნები აკეთებდნენ, ან თუნდაც შექსპირი - მაგრამ ასეთი აბსტრაქციები სრულიად არაფრის მომცემია. სიტყვის საბრძოლო ჟღერადობა საკმარისია. მის ხმობაზე გამოჩნდებიან მოწინავე საგაზეთო სტატიები, მინისტრები - კაბინეტის წევრები. ყველაფერი ის, რაც ბავშვობაში უმთავრესად მიგაჩნია, ყველაფრის საზომად, თვით ჭეშმარიტებად, რომლისგან განშორებას ვერ შეძლებ, თუ არ გინდა, რომ საშინელი წყევლა დაგატყდეს თავს. მაგრამ აბსტრაქციები რატომღაც ლონდონის კვირა დღეებთან გვაბრუნებენ, საკვირაო გასეირნებებთან, საკვირაო საუზმეებთან და კიდევ, გარდაცვლილთა სათანადოდ მოხსენიებასთან, მოდურ ტანსაცმელთან და ტრადიციებთან - როგორიცაა, ვთქვათ, ჩვევა, რომ განსაზღვრულ საათამდე ოთახში უნდა იჯდე სხვებთან ერთად, თუმცა ეს არავის ანიჭებს სიამოვნებას. ყველაფერს თავისი წესი ჰქონდა. იმ დროისთვის, წესის მიხედვით, მაგიდის გადასაფარებელი გობელენისგან კეთდებოდა, რომელზეც პატარა, ყვითელი კვადრატები იყო ამოქარგული, იმის მსგავსი, სამეფო დარბაზების კორიდორებში ნოხების ფოტოგრაფიებზე რომ შეგიძლია ნახო. სხვანაირი გადასაფარებლები, უბრალოდ, ნამდვილად არ ითვლებოდა. როგორი თავზარდამცემია და თან როგორი აღტაცების მომგვრელი, როცა უცებ აღმოაჩენ, რომ მთელი ეს მნიშვნელოვანი რამერუმეები - კვირის საუზმეები, კვირის გასეირნებები, ქალაქგარეთ სახლები და მაგიდის გადასაფარებლები, არც მთლად რეალურია, სინამდვილეში ისინი ნახევრად ფანტომები ყოფილა, და წყევლას, რომელიც ურწმუნოს თავს დაატყდებოდა, სინამდვილეში დანაშაულებრივი თავისუფლების გრძნობა მოჰქონდა. საინტერესოა იმ ჭეშმარიტი ღირებულებების საზომს ახლა რა ჩაენაცვლა? ალბათ, მამაკაცები, რადგან შენ ქალი ხარ. სამყაროს მამაკაცისეული ხედვა, რომელიც წარმართავს, აწესებს ყველაფრის სტანდარტს, ამტკიცებს უიტაკერის[5] იერარქიულ ცხრილს. მართალია, ომის შემდეგ ის ნახევრად ფანტომად იქცა მრავალი ქალისა და მამაკაცისთვის და მალე, იმედია, სანაგვეზე აღმოჩნდება ფანტომებთან, წითელი ხის ბუფეტთან, ლანდსირის[6] გრავიურებთან. ღმერთებთან და ეშმაკებთან, ჯოჯოხეთთან და მსგავს სხვა ხარახურასთან ერთად, ჩვენ კი დაგვრჩება მათრობელა გრძნობა დანაშაულებრივი თავისუფლებისა - თუკი თავისუფლება საერთოდ არსებობს.

გარკვეული განათების დროს ეს ლაქა კედელზე მოცულობითი ჩანს. და არც მთლად წრიული ფორმისაა. დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ასე მგონია, რომ მისგან ჩრდილი ეცემა, ანუ, თუ მე კედლის იმ ადგილზე ხელს გადავუსვამ, ვიგრძნობ თითი როგორ აიწევა და დაეშვება პატარა ბორცვზე, გლუვ ბორცვზე, სამხრეთ დაუნსის ბორცვების მსგავსზე, რომლებიც, როგორც ამბობენ, ან სამარეებია, ან ბანაკები ძველი ხალხისა. ამ ორიდან ვამჯობინებდი ისინი სამარეები ყოფილიყო, ინგლისელთა უმეტესობას ხომ ის უფრო მოსწონს, რაც მელანქოლიურ განწყობილებას იწვევს და როცა ბილიკზე მივდივართ წყნარად ვფიქრობთ ძვლებზე, კორდის ქვეშ რომ დევს. მათ შესახებ წიგნიც იქნება დაწერილი. ვიღაც არქეოლოგმა ეს ძვლები ამოთხარა და მათ სახელი დაარქვა. საინტერესოა, რა ხალხია ეს არქეოლოგები? გავბედავ და ვიტყვი, მათი უმეტესობა გადამდგარი პოლკოვნიკებია. ისინი ასაკოვან მშრომელებს ბორცვის მწვერვალისკენ მიუძღვებიან, ქვებში და მიწის ბელტებში იჩიჩქნებიან, მიმოწერას მართავენ ადგილობრივ მღვდლებთან და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებით ივსებიან, როცა დილით ფოსტას ხსნიან, ისრის თავების შედარებითი კვლევის ჩასატარებლად კი მთელ ქვეყანაში მოგზაურობენ, ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიან - რაც თვითონაც სიამოვნებთ და პირდაპირ მისწრებაა მათი პატივცემული ცოლებისათვის, რომლებმაც ქლიავის ჯემი უნდა გააკეთონ, კაბინეტი წესრიგში მოიყვანონ და ყოველგვარი საფუძველი აქვთ ბანაკების, თუ სამარეების საჭირბოროტო საკითხი რაც შეიძლება დიდხანს განიხილებოდეს, ამასობაში კი, თვითონ პოლკოვნიკი კეთილმოსურნე ფილოსოფიური განწყობილებით, ორივე ჰიპოთეზის სასარგებლოდ აგროვებს მტკიცებულებებს. თუმცა, ბოლოს იმ აზრისკენ იხრება, რომ უფრო ბანაკები უნდა იყოს. როცა მის ამ აზრს სადაოდ ხდიან, პამფლეტს წერს და ადგილობრივი საზოგადოების ტრადიციულ სხდომაზე აპირებს წაკითხვას. ამ დროს დამბლა ეცემა და მისი უკანასკნელი ფიქრები ცოლსა და შვილებს კი არ დასტრიალებს, არამედ ბანაკებს და იქ ნაპოვნ ისრების თავებს, რომლებიც ახლა ადგილობრივ მუზეუმში ინახება ჩინელი მკვლელი ქალის ფეხთან, ერთ მუჭა ელისაბედიანურ ლურსმნებთან, ტიუდორის დროინდელი თიხის მილების მთელ კოლექციასთან, ძველბერძნულ თავის ქალასა და ბოკალთან ერთად, რომლიდანაც ნელსონი სვამდა, თუმცა უცნობია რას ამტკიცებს ისრის თავი თვით თავისი არსებობის ფაქტით.

არა, არა, ვერაფერს დაამტკიცებ, ვერაფერს გაიგებ. ახლავე, აი, თუნდაც ახლავე რომ წამოვდგე და დავრწმუნდე, ლაქა კედელზე - რა შეიძლებოდა ყოფილიყო? - სინამდვილეში უზარმაზარი ძველი ლურსმნის თავია. კედელში ორასი წლის წინ რომ ჩააჭედეს და აი, ახლა მსახურების მრავალი თაობის გულმოდგინებით საღებავის შრეებს მიღმიდან გამოაღწია და პირველად გადაავლო თვალი თანამედროვე ცხოვრებას თეთრკედლიან, ბუხრით განათებულ ოთახში - რას მომცემდა ეს? ცოდნას? საფუძველს მომავალი განსჯისათვის? ეს ხომ სკამზე მჯდარსაც ისევე შემიძლია, როგორც ფეხზე მდგომს? და რა არის ცოდნა? ვინ არიან ჩვენი სწავლულები თუ არა პირდაპირი შთამომავლები გრძნეულებისა და განდეგილებისა, რომლებიც გამოქვაბულებსა თუ უღრან ტყეს აფარებდნენ თავს, ბალახებისგან წამლებს ხარშავდნენ, ეკითხებოდნენ ბიგას და ვარსკვლავების ენას სწავლობდნენ. და რაც უფრო ნაკლებ პატივს მივაგებთ მათ, რაც უფრო მეტად ვთავისუფლდებით ცრურწმენებისგან და მშვენიერებასა და ჯანსაღ აზრს ვცემთ პატივს... ჰო, შევეცდები წარმოვიდგინო ნეტარი სამყარო. მშვიდი, ხალვათი, სამყარო, წითელი და ლურჯი ყვავილებით გაშლილ ველებზე. სამყარო, რომელშიც არ არიან პროფესორები, სპეციალისტები, მნე ქალები, პოლიციელებს რომ ჰგვანან, სამყარო, რომელსაც აზრი კვეთს, როგორც თევზი კვეთს წყალს ფარფლებით, წყლის შროშანების ღეროებს ღრღნის, ქვირითიანი ბუდეების თავზე ირინდება გაფაციცებული... როგორი სიწყნარეა აქ, ქვემოთ, სამყაროს ცენტრში დავანებული, მზერა ნაცრისფერ წყლებს სჭვალავს, უცაბედად სინათლე რომ ეცემა და აირეკლება - ოღონდ კი არა ეს უიტაკერის ალმანახი, ოღონდ კი არა იერარქიული ცხრილები!

უნდა წამოვხტე და გავარკვიო, საიდან გაჩნდა ეს ლაქა - ლურსმანია, ვარდის ფურცელი, თუ უბრალოდ ნაპრალი ხეში.

და კვლავ ბუნება თვითშენახვის ნაცად ხერხს მიმართავს. ასეთი განსჯები, გვაფრთხილებს ის, ენერგიის უსარგებლო ხარჯვის საფრთხეს ქმნიან, რეალობასთან კონფლიქტის საფრთხესაც კი, რადგან ვინ გაბედავს კრინტი დაძრას უიტაკერის იერარქიული ცხრილის წინააღმდეგ? კენტერბერნის არქიეპისკოპოსს ლორდ კანცლერი მოჰყვება, ლორდი კანცლერს - იორკის არქიეპისკოპოსი. ყველას ვიღაც მოსდევს, ასეთია უიტაკერის ფილოსოფია და რა დიდებული რამ არის იმის ცოდნა, თუ ვინ ვის მოსდევს. უიტაკერმა იცის და დაე, ბუნებამ გირჩიოს. ეს შენ კი არ აღგაშფოთებს, გამშვიდებს. და თუ შენთვის ამაში არაფერი დამამშვიდებელი არ არის და შენი ნეტარი სიმყუდროვე აუცილებლად უნდა დაირღვიო, მაშინ კედლის ლაქაზე იფიქრე.

მესმის ბუნების ეს ხერხი - ის გვკარნახობს ვიმოქმედოთ, რათა თავი დავაღწიოთ ფიქრებს, შფოთვა და ტკივილები რომ მოაქვთ. ალბათ აქედან მოდის ჩვენი ერთგვარი ზიზღი მოქმედების ადამიანთა მიმართ, რომლებიც, ჩვენი აზრით, არასოდეს ფიქრობენ. და მაინც, ცუდი არ იქნება, თუ უსიამო ფიქრებისგან გავთავისუფლდებით კედლის ლაქაზე დაკვირვებით.

მართლაც, ახლა, როცა მზერა ლაქაზე მაქვს მიშტერებული, მეჩვენება, რომ გადამრჩენ ხავსს ვეჭიდები. რეალობის სასიამოვნო შეგრძნება მიპყრობს და ორივე არქიეპისკოპოსი ლორდ კანცლერთან ერთად მკრთალ ჩრდილად იქცევა. ბოლოს და ბოლოს რაღაც სიმყარეს გრძნობ ფეხქვეშ. ასე, შუაღამის კოშმარისგან გამოღვიძებული, სინათლის ანთებას ჩქარობ და გაუნძრევლად წევხარ, წყალობად თვლი კომოდს, წყალობად თვლი ყველაფერ მყარს, რეალობას, უსულო სამყაროს, რაც არის მტკიცებულება, რომ არსებობს რაღაც სხვა სამყარო, ჩვენი სამყაროსგან განსხვავებული. აი, ამაში დარწმუნება სურს თითოეულ ჩვენგანს... ტყე - რა მშვენიერია მასზე ფიქრი. ის ხიდან იწყება, ხეები იზრდებიან და ჩვენ არ ვიცით როგორ იზრდებიან. ისინი წლიდან წლამდე იზრდებიან ისე, რომ ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევენ - მინდვრებში, ტყეებში, მდინარეების ნაპირას - ასეთ რამეებზე გსურს ფიქრი. ხეებქვეშ ძროხები კუდებს იქნევენ შუადღის პაპანაქებაში. ფოთლებისგან მდინარის წყალი ისეა გამწვანებული, რომ გიკვირს რატომ არა აქვს გამწვანებული ფრთები ჭაობის კაკაბს, როცა ჩაყვინთვის შემდეგ ამოყვინთავს. მსურს ვიფიქრო თევზზე, მდინარის ჩქერობში რომ თრთის ქარში მოფრიალე დროშასავით. წყლის ხოჭოებზე, აუჩქარებლად რომ აგებენ მდინარის პირას თავიანთ მრგვალ სამყოფებს შლამისგან. მსურს ვიფიქრო თვით ხეზე: ჯერ მშრალი მერქნის შეხება ხელისგულზე, შემდეგ ქარიშხლის ღმუილი, შემდეგ ნელი, ჩამტკბარი ზუზუნი ბაზისა. მსურს ვიფიქრო ხეზე, ზამთრის ღამეებში ცარიელ ველებზე მდგარ ხეზე, ფოთლები მოკრუნჩხვია და ყველაფერი გალიგვებულა მთვარის ქვეშ, მხოლოდ შიშველი ანძა მიწაზე, რომელიც ირხევა, ირხევა, მთელი ღამე, განუწყვეტლივ. როგორი ხმამაღალი და უცნაური ეჩვენება ხეს ჩიტების ჟღურტული ივნისში და როგორ ცივად - მწერების ფეხების შეხება, როცა ისინი ჯიუტად, ჭაპანწყვეტით მიიწევენ წინ ხის ქერქის კუნჭულებში ან მზეს ეფიცხებიან ხშირ, მწვანე ფოთლებზე და პირდაპირ წინ იმზირებიან წითელი, ალმასის წახნაგიანი თვალებით.

ერთმანეთის მიყოლებით ზამთრის სიცივის წნეხის ქვეშ ბოჭკოები სკდებიან და უკანასკნელი ქარიშხალი დაბერავს, ხეები ეცემიან და მაღალი ტოტები კვლავ მიწაში მიდიან ღრმად. და მაინც, სიცოცხლე არ მთავრდება. ხისთვის მრავალი სხვა, ხანგრძლივი, უძილო სიცოცხლე იწყება მთელ მსოფლიოში, საწოლ ოთახებში, გემებზე, ტროტუარებზე, სადარბაზო ოთახებში, სადაც ჩაის შემდეგ ქალები და კაცები საუბრობენ და ეწევიან. ხე სავსეა მშვიდი ფიქრებით, ბედნიერი ფიქრებით. მე მსურს თითოეულ მათგანს ჩავწვდე, მაგრამ რაღაც მიშლის... სად ვიყავი? რა დამემართა? ხე? მდინარე? ბორცვები? უიტაკერის ალმანახი? ასფოდელის ველები? არაფერი მახსოვს. ყველაფერი მოძრაობს, ეცემა, სხლტება, უკვალოდ ქრება ...მატერიის განუწყვეტელი მონაცვლეობა. ვიღაც ჩემკენ იხრება და ამბობს: - წავალ, გაზეთს მოვიტან.

- რა?

- თუმცა, გაზეთები რატომ უნდა იკითხო... არასოდეს არაფერი ხდება. ღმერთმა დასწყევლოს ეს ომი! ეშმაკსაც წაუღია ეს ომი! ... და მაინც, უცნაურია, საიდან გაჩნდა კედელზე ლოკოკინა.

- აჰ, ლაქა კედელზე! ლოკოკინა არ ყოფილა?..

ტეგები: Qwelly, ვულფი, ლიტერატურა, ნოველები

ნახვა: 6

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კვლევა - შრომის უსაფრთხოება (კონტენტ ანალიზი)

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

შრომის უსაფრთხოება

კურსის დასახელება: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

კურსის ხელმძღვანელი: მაია არავიაშვილი

კვლევის ავტორები : ანანო გაბისონია, ქეთევან პოპიაშვილი, ნინო მიმინოშვილი, საბა კობერიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების…

გაგრძელება

ოქროს მაღაზია

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2020.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

Gold Plating Types and Programs

Gold's resistance to rust, tarnish and rust offers lent it an aura of immortality. Its durability, and seemingly eternal splendour, make it a popular choice with regard to romantic jewelry and interior decoration.  

Aside from decorative applications, rare metal has functional uses because well, particularly in electronics applications. Unfortunately, due to be able to its high demand…

გაგრძელება

ეკონომიკის ფრონტი კორონას ერაში, გადადებული აღდგომა და რეკომენდაციები საქართველოში, ახალი ინფიცირებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2020.
საათი: 10:48pm 0 კომენტარი

      დავიწყოთ ტრადიციულად სტატიტიკური მონაცემებით, რომლებიც კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამ დროისთვის გვაქვს საქართველოსა და მსოფლიოში - 155 დადასტურებული, აღრიცხული შემთხვევა და აქედან 27 განკურნებული. საღამოს შფოთის მიზეზი იყო, სამედიცინო დახმარების ექიმის დავირუსება. კორონას გამოძახილი მსოფლიოში - 1 080 376, აქედან ~ 228K გამოჯანმრთელებული, ~58K გარდაცვლილი და ~795K აქტიური პაციენტი. ამ ღამით ძლიერ წვიმას…

გაგრძელება

კოვიდ 19-ის მილიონიანი პოპულაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 2, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      აპრილი კორონას თვე იქნება, უნდა ვიბრძოლოთ რომ მაისიც არ იყოს - ასეთია WHO-ს და საქართველოს მთავრობის მიდგომაც. მსოფლიო სტატისტიკა ~ 1M-ზე მეტი ინფირიცრებული, ~ 52K-მდე გარდაცვლილი, ~ 211K-მდე განკურნებული. ამჟამად აქტიური ~ 742K. საქართველოში - 134 შემთხვევა და 26 განკურნებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2020

      კორონავირუსის ქართული ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში…

გაგრძელება

Qwelly World

free counters