მიგელ დე უნამუნო - ხელოვნება და კოსმოპოლიტიზმი

   ჩემმა უახლოესმა მეგობარმა და თანამემამულემ გრანდმონტანმა, ეტყობა, იფიქრა, დადგა დრო, ჩვენი მიწერ-მოწერა საზოგადოებასაც გავაცნოთო და მაინცდამაინც ის წერილი შეარჩია, სადაც, ამ ძველი მეგობრობის იმედით, გულახდილად ვუზიარებ ჩემს მოსაზრებებს არგენტინული ლიტერატურის თაობაზე; მართალია, ამ წერილის საზოგადოებრივ სამსჯავროზე გატანას ჯერ არ ვაპირებდი, რაკი აუცილებელი ცნობების სიმცირის გამო ზოგიერთი რამის დასაბუთება ვერ მოვახერხე, მაგრამ ამ კეთილი, მეგობრული აჩქარებისთვის გრანდმონტანს მაინც ვერ ვუსაყვედურებ. უმალ პირიქითაც კი, რადგან ამ წერილის გამოქვეყნებისათვის ჯილდოდ მივიღე სენიორ მარტინიანო ლეგისამონის ფრიად საყურადღებო საპასუხო ბარათიც, - სხვათა შორის, ჯერ არ გამოქვეყნებულა, და თავაზიანად მოძღვნილი წიგნებიც, რამაც შესაძლებლობა მომცა გავცნობოდი ამ შესანიშნავ მწერალს და დავმტკბარიყავი მისი „მშობლიური მიწა-წყლის მოგონებებით“, „მთის ტოროლათი“ და „მთებში შობილით“. და რაკი მოსალოდნელია, რომ „ლა ნასიონის“ მუდმივი მკითხველი დააინტერესოს ჩემმა აზრებმა, რაც ლეგისამონის წერილმა და მისმა ნაწარმოებებმა აღმიძრა, ამიტომ მათ ყურადღებას მივაპყრობ ხელოვნებაში კოსმოპოლიტიზმის შესახებ ჩემს ქვემორე მსჯელობებზე.

   ლეგისამონი მწერს, რომ ჩემს წერილში ყველაზე მეტად იმან გაჰკენწლა, - მისივე სასაცილო გამოთქმას მოვიშველიებ, - თუ როგორ „ვაგლეჯ ყურებს“ მის თანამოძმეებს. სულითა და გულით თანავუგრძნობ, მაგრამ ამისთანა მარჯვე შემთხვევა ხელიდან ვერ გავუშვი. მე ვეკუთვნი ესპანელთა რიცხვს, ვინც, მოიხელთებს თუ არა ამერიკელი მწერლის წიგნს, უმალვე იმ ცხოვრების სუნთქვა უნდა იგრძნოს, იმ მიწისა და ხალხის ხმა გაიგონოს, რომელმაც მას სული ჩაუდგა, მისგანვე ელის ღრმა და ჭეშმარიტ პოეზიასაც და არა დეკადენტური ზიზილ-პიპილებისა და ქაღალდის ეგზოტიკური ყვავილების ლიტერატურულ ანაწყობებს. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ უბრწყინვალესი პოემა „მარტინ ფიერო“ წავიკითხე და სტატიაც ვუძღვენი, ჩემმა თანამემამულემ და ბავშვობის მეგობარმა კარმელო ურიარტემ მომაყარა და მომაყარა გაუჩოს ლიტერატურის ნამდვილი მინდვრის ყვავილები. ამას წინათ ედუარდო გუტიერესის პოპულარული რომანები გამომიგზავნა, ამ მწერალს ნამდვილად კი აქვს მომადლებული დიდი პოეტური ნიჭი, მაგრამ თავის ჩანაფიქრთა ხორცშესხმას ხშირად ვერ ახერხებს და როცა „ხუან მორეირას“ ვკითხულობდი, წამდაუწუმ გავიძახოდი: „რა საბადოებია!“ ბრწყინვალე პოემის „ნასტასიოს“ ავტორმა, ჩემმა კარგმა მეგობარმა სოტო ი კალვომაც მაჩუქა თავისი წიგნები და თან გზადაგზა სხვა კრეოლი მწერლები, მათ შორის, ფრაი მოჩოც გამაცნო. რამდენი ულამაზესი წუთი განმაცდევინა „ყაჩაღთა ქვეყანაში მოგზაურობამ!“ როცა ყველაფერი ეს დამიგროვდა, თანამედროვე არგენტინულ ლიტერატურაზე წიგნის შექმნის სურვილიც გაჩნდა, მაგრამ ეს ლიტერატურა მარტო სახელით კი არ უნდა ყოფილიყო არგენტინული, არამედ სულითაც. და აი, უკვე ლეგისამონის წერილიც მაიძულებს ავჩქარდე და შავად მაინც მოვხაზო ის ორი ძირითადი ტენდენცია, რაც, ჩემი აზრით, თქვენს ლიტერატურაში ერთმანეთს პირველობაში ეცილება, - მხედველობაში მაქვს ბრძოლა ნაციონალიზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის.

   სოტო ი კალვოსადმი მიწერილ წერილში, რომელიც მან წაუმძღვარა თავის წიგნს „რასის გენიას“ - „არგენტინული პოემის არსებობის შეხსენების ამ ცდას“, - შეძლებისდაგვარად ზოგადად გადმოვეცი პოეზიაში კოსმოპოლიტიზმის შესახებ ჩემი კონცეფცია. მაგრამ კრიტიკოსი, ვინც ხელი მოჰკიდა „რასის გენიას“, 25 ივნისის „ელ პაისის“ ფურცლებზე მაინც თავისას განაგრძობს და ჩემს გასაგონად ლაყბობს, ვითომ პოეზია ჩარჩოებში არ ჩაისმება, რადგან მისთვის ერის, რელიგიის, ენისა და მშობლიური ქვეყნის საზღვრები ვიწროა და, რამდენადაც იგი მიჩნეულია გრძნობის, წარმოსახვისა და შთაგონების ასულად, ამდენად უნივერსალურია, ხოლო პატრიოტიზმი ხელოვნებაში სახიფათო გამონაგონია, რამაც ტრადიციას მოწყვეტილი ლიტერატურა შეიძლება განუკურნებელ რაქიტიზმამდეც კი მიიყვანოსო. ფსიქოლოგიის რა იშვიათი ცოდნაა და ხელოვნების რა ღრმა ფილოსოფიაა!
მაშ, კაცმა რომ თქვას, რაღა რჯიდათ ყველა დროისა და ხალხების პოეტებს თუ არა ერის, რელიგიისა და სამშობლოს საკითხებზე ზრუნვა? მაშ, რა ასაზრდოებს, რა უკლავს წყურვილს ან რა ჰმოსავს წარმოსახვასა და გრძნობას, განა შეიძლება პოეზიისთვის იმაზე უფრო დამღუპველი იყოს რამე, ვიდრე უნაყოფო და აბსურდული კოსმოპოლიტიზმია, - თავისივე არსით ღრმა და დადებითი უნივერსალიზმის მტერი?! ერთხელ სახელგანთქმულმა პორტუგალიელმა პოეტმა გერა ჟუნკეირუმ მითხრა, ესპანეთს, როგორც ჩანს, პოეტები არა ჰყავსო.

   „თქვენმა ქვეყანამ მძიმე დარტყმები განიცადა, - ასე სჯიდა იგი, - რა თქმა უნდა, ბოლოს წელშიც გაიმართებით და მოყენებულ ჭრილობებსაც მოიშუშებთ, დრო, მართვის სწორი ფორმა, შრომისმოყვარეობა და მოთმინება თავისას იზამს, მაგრამ ის განსაცდელის ჟამი თქვენგან მაინც მოითხოვდა ჩივილსა და სიმწრის კივილსაც კი; და რამდენადაც არც ერთ თქვენგანს განსაკუთრებით არ უწუწუნია, - ყოველ შემთხვევაში, მე არც ერთი არ მახსენდება, - მაშასადამე, არც პოეტი უნდა გყავდეთ“. „იქნებ იმას გულისხმობთ, უვარგისი პატრიოტები არიან და იმიტომო“, - ვცადე თავის მართლება, - „არა, შეუძლებელია! - წამოიძახა მან, - მოაზროვნე კაცი, ფილოსოფოსი, ანდა თუ გნებავთ, სოციოლოგი, შეიძლება არც იყოს პატრიოტი, მაგრამ პოეტი!.. თუ პოეტი შორეულსა და აბსტრაქტულზე უფრო ღრმად არ განიცდის იმას, რაც მის თავს ან მის ირგვლივ ხდება, ის პოეტის გარდა ყველაფერია!..“ საკითხის ამ კუთხით დასმა შესაძლოა რამდენადმე ვიწრო იყოს, მაგრამ ჭეშმარიტების უფრო დიდ მარცვალს მაინც შეიცავს, ვიდრე „ელ პაისის“ კრიტიკოსის საპირისპირო იდეები.

   მუდამ იმას გავიძახოდი და არც არასდროს მოვიშლი, რომ „ადამიანის შიგნით და არა მის გარეთ უნდა ვეძიოთ ადამიანი, ადგილობრივსა და კერძოს სიღრმეში - უნივერსალური, დროებითისა და წარმავალის სიღრმეში - მარადიული“. ყოველი კონკრეტული მიწის ნაგლეჯის მიღმა სხვა არაფერია, გარდა გეომეტრიული სივრცისა და ცივი ევკლიდური ან არაევკლიდური წყობის აბსტრაქციისა; კონკრეტული დროის მიღმა, ესე იგი, იმ დროისა, როცა ვიტანჯებით ან გვიხარია, მათემატიკური დროის მეტი არაფერი იგულისხმება; უსასრულობასა და მარადიულობას მოვიპოვებთ მხოლოდ ჩვენს ადგილას და ჩვენს საათში, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ეპოქაში. ვიყოთ „მარადისტები“ და არა „მოდერნისტები“, აი, რისკენ მოგიწოდებთ მე! ის, რაც დღეს მოდერნიზმად იწოდება, ათიოდე წლის შემდეგ, როცა მოდა შეიცვლება, შეიძლება სულაც ხარახურად მოგეჩვენოთ.

   არ ვიცნობ არც ერთ მოძღვრებას, რომელიც ისე თრგუნავდეს ადამიანის ინდივიდუალობას, როგორიცაა ალბათ დაპირისპირების პრინციპიდან მომდინარე ეგრეთ წოდებული ინდივიდუალიზმი, მაგრამ არც რწმენის სიმბოლო ვიცი, რომელიც ისე იყოს დაშორებული უნივერსალურობისგან, საერთო საკაცობრიოსგან, როგორც, მე ვიტყოდი, გასავლიანი კოსმოპოლიტიზმია; ამბობენ, ვითომ ეს იყოს გზა ყოვლად-კაცისკენ, კაცი-ტიპისკენ, სინამდვილეში კი მას მივყავართ ადამიანის სქემისკენ, რომელსაც მივიღებდით განყენებულობის საშუალებით, - ამას იტყოდა სქოლასტიკოსი, - საბრალო უფრთო ორფეხამდე, დედამიწის ყველა კუთხეში პარიზული ანდა ნიუ-იორკული უკანასკნელი მოდის შესატყვისად ერთ თარგზე რომაა გამოჭრილი და, რომელსაც გონების სათავსში აუცილებლად უდგას ერთგვარი მილი. მაშასადამე, „კაცი ტანისამოსისთვის“ და არა „ტანისამოსი კაცისთვის“. ამ ძველთაძველ წესს აქაური მწყემსიღა მისდევს, სალამანკაში ჩემი ფანჯრების წინ რომ ჩაივლის ხოლმე, თავზე პატარა ქუდი ახურავს, მჭიდროდ შემოტმასნილ შარვალზე ფართო ტყავის ქამარი შემოურტყამს და მაღალყელიანი წინდები ჩაუცვამს, - ასე ცხოვრების პირობებმა შემოსა ჩვენი გაუჩო, მოხერხებულად რომ იჯდეს ცხენზე და ნახირში იტრიალოს.
ადამიანის ბუნება უნივერსალურია, - მართალი თქმაა, ოღონდ ცოცხალი და ნაყოფიერი უნივერსალიზმი იგულისხმება; ეს კი იმდენადვეა ყოველი ცალკეული ადამიანის თვისება, რამდენადაც იგი არის ხორცი ხორცთაგანი ერისა, რელიგიისა, კულტურისა და ფესვებიც მათში აქვს გადგმული და არა რუსოისტთა „საზოგადოებრივი შეთანხმების“ მონაწილის აბსტრაქტულ თვისებებში. განა უნივერსალურები არ არიან ის გენიოსები, ვინც ინდივიდუალურსა და დროებითში მარადიულს აღმოაჩენენ? შექსპირი, დანტე, სერვანტესი, იბსენი სწორედ იმდენად ეკუთვნიან მთელ კაცობრიობას, რამდენადაც ერთი მათგანი ინგლისელი იყო, მეორე - ფლორენციელი, მესამე - კასტილიელი და მეოთხე - ნორვეგიელი.

   და დანტეც აკი იმიტომაა აღიარებული მსოფლიოსა და საუკუნეთა მოქალაქედ, რომ მან, XIV საუკუნის იტალიელთა შორის ყველაზე უფრო იტალიელმა და XIV საუკუნის ადამიანმა თავის თავში განასახიერა და მარადიულად აქცია იტალიური XIV საუკუნის ადამიანის ტიპი, ყველა დროისა და ხალხების ადამიანის ტიპი - ადამიანი!
ანრი დ. დევრეი „მერკიურ დე ფრანსის“ ფურცლებზე - ჩემი აზრით, ეს ორგანო ყველაზე დიდი პოპულარობით კოსმოპოლიტიზმის არგენტინელ მიმდევართა შორის სარგებლობს, - რადიარდ კიპლინგის შემოქმედებას რომ განიხილავდა, თავგამოდებით ამტკიცებდა, ამ მწერალს გაცილებით უკეთ გამოუდის ნაწარმოებები, რომლებშიც მოქმედება ხდება ინდოეთში, ანდა, ასე თუ ისე, მაინც დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან, სადაც კიპლინგმა ბავშვობის წლები გაატარა და ყველაზე ცოცხალი მოგონებებიც იმ პერიოდზე შემორჩაო და ასეთი ღრმა დასკვნა გამოაქვს: „არა ადამაიანს არ ღირსებია ორჯერ და ორ სხვადასხვა ქვეყანაში განიცადოს ბავშვობა, და ამას კარგად ვგრძნობთ, როცა კიპლინგის სხვა თემებზე დაწერილ რომანებს ვკითხულობთ; მათში აშკარად ჩანს, რომ ავტორი თავს ძალას ატანს, ვგრძნობთ გარე მაყურებლის თვალს და ისეთი აზრი გვექმნება, თითქოს ექსკურსიიდან დაბრუნებულმა უბის წიგნაკში ბეჯითად შეიტანა თავისი შთაბეჭდილებებიო“.

   რა ზუსტადაა ნათქვამი: „არა, ადამიანს არ ღირსებია ორჯერ, ორ სხვადასხვა ქვეყანაში განიცადოს ბავშვობა!“ ბავშვობა მხოლოდ ერთხელ და ერთ ქვეყანაში შეიძლება განიცადო, მერე კი ყოველნაირად უნდა ეცადო, როგორმე შეინარჩუნო იმ ქვეყანაში შენი ბავშვად ყოფნის დრო, რათა გახდე პოეტი, რადგან პოეტია სწორედ ის, ვის სულსაც ყველაზე მეტად მსჭვალავს ბავშვობის მოგონებები. „მთებში შობილის“ მშვენიერ პროლოგში ლეგისამონ პაირო ზუსტად შესაფერის ადგილზე შეგვახსენებს: „ეროვნული მწერალი, რომელსაც მომადლებული აქვს ის ბავშვური სული, რაც კოროს ბუნების ხედვის აუცილებელ პირობად მიაჩნია, მხოლოდ გარემომცველ სამყაროში უნდა ეძებდეს შთაგონებას და ეძიებდეს უშუალობითა და ალალმართლად“, ხოლო „უშუალობითა და ალალმართლად“ - ნიშნავს კიდეც „ბავშვურად“.
როდესაც მე მოვინდომე შემექმნა პოეზიით გამსჭვალული ხელოვნების ნაწარმოები, რომელსაც შევალიე კიდეც მთელი ათი წლის ფიქრი, დაკვირვება, სიყვარული. - ჩემი ბავშვობის მიწას, მშობლიური ბასკონიის მთებს მივმართე, კარლისტებსა და ლიბერალებს შორის ბრძოლას მივმართე, ჩემი ბავშვობის ექოდ რომ ხმიანობს სულში და, როცა გაიღვიძებს, მაშინვე მოგონებებს წამომიშლის, მთელი ჩემი მეცნიერული ცოდნა, წაკითხული წიგნები, ფილოსოფია მოვიშველიე, რათა უფრო ცხადად წარმომედგინა ბილბაოს დაბომბვა - და ეს დიდი მოვლენა მეხსიერების სიღრმიდან ერთბაშად ამოტივტივდა და თვალწინ ცოცხლად დამიდგა.

   დიახ, მე უნივერსალიზმს ვემხრობი, მაგრამ მდიდარსა და ყოვლისმომცველ უნივერსალიზმს, სხვაობათა მეტოქეობისა და შეჯახებების შედეგად რომ იბადება, აქ, ქვემოთ, საორკესტრო ორმოში მხოლოდ საკრავების შეუწყობელი ხმები გვესმის, მაგრამ იქ, ზევით, ხელოვნების ზეცაზე ჰარმონიულ სიმფონიად აღწევს და მასში სწორედ ერებს, რელიგიებს, ენებსა და ქვეყნებს შეაქვთ თავიანთი ნოტები; თითოეული თავის საკუთარ სიმს აჟღერებს და ყოველ სიმს თავისი საკუთარი და განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს.   დაე, არგენტინელებმაც სხვა ხალხთა კვალად ააჟღერონ თავიანთი სიმი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნოტა, ანდა სოტო ი კალვო თავის „რასის გენიაში“ რომ ამბობს: შენი მეტალის სულ პაწაწინა ნამცეცმაც თუნდა, სულის უძირო წიაღიდან ამოზიდულმა, ახალ დიდებით დაამშვენოს ჩვენი დიდება... ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ ლიტერატურაა, ამ სიტყვის ცუდი გაგებით. ესე იგი, ღვლარჭნილსიტყვაობა, პროფესიული მთხზველობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებს აინტერესებთ. წიგნი კარგი რამაა, ოღონდ კარგია მაშინ, თუ მასში ისევე ჭვრეტ ცხოვრებას, თითქოს საგულდაგულოდ გაპრიალებულ ლუპაში ჩაგეხედოს, - დიახ, ცხოვრებას კი ხედავ, მაგრამ თვით წიგნს ვერც ამჩნევ.
ლიტერატურა ლიტერატურისთვის კი მხოლოდ ბიბლიოთეკური ალქიმია და სასკოლო რეცეპტების სააფთიაქო აბდაუბდაა, რომელშიც მარტო განდობილი თუ გაერკვევა.

   რაოდენ უმნიშვნელოა ეს ყველაფერი! ანდა რა შემოგვრჩა ალექსანდრიული სკოლის უზომო მემკვიდრეობიდან, ამ მართლაცდა ბუნებით დეკადენტური მემკვიდრეობიდან? იქნებ პეიზაჟური ლირიკის უპირველესი დანიშნულება ის არის, რომ რეალური სილამაზის ხედვა გვასწავლოს! ამ გაგებით დეკადენტობამ და ეგზოტიზმმა ჩვენს ლიტერატურასაც და სხვასაც, - ყველას თავისი უნდა მიეზღოს, - კარგი სამსახური გაუწია, პოეტებს ასწავლა ხედვა და იმის უნარიც მიჰმადლა, როცა მიწასა და გარემომცველ ცხოვრებას მიმართავენ, დაინახონ ეს მიწაცა და ცხოვრებაც. იმას ვერავინ იტყვის, ეტიუდები - რაგინდ რთულიც უნდა იყოს და რაგინდ დიდ ოსტატობასა და ვირტუოზულობასაც უნდა მოითხოვდეს, - თქვენი სივრცეების მიწიერი ჰაერის თრთოლვით აღსავსე სონატებს გერჩივნოთო; ელინურ ზეფირზე კი არ ვამბობ, ეოლური ქნარის სიმებს რომ აშრიალებს, არამედ პამპის ლაღ ქარზე მოგახსენებთ, ომბუს გვირგვინს რომ არხევს და სახელოვან პაიადერთა თითების ძალით ძველი გიტარის სიმებში გუგუნებს. ეგზერსისების დაკვრა სასარგებლოცაა, მაგრამ მხოლოდ ვარჯიშისთვის; პროფესიონალები ოფლად იღვრებიან დავალების სიძნელეთა დაძლევისას, მაგრამ მოკვდავთ ყურთასმენას უხშობთ.

   ალბათ ყველას ახსოვს, მოვიგონოთ „ტარტარენი ალპებში“, აი, იმ დროიდან, რომ შვეიცარული სუვენირები, ალპების პეიზაჟების გამოსახულებათა ათასგვარი სამშვენისები პარიზში გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე თვით შვეიცარიაში, რა გასაკვირია, აკი მათ პარიზში ამზადებენ; და ისიც ცნობილია, რომ ზოგიერთი იაპონელი მხატვარი იაპონური მანერით ხატვაში, რა თქმა უნდა, პარიზული გაგებით, გაწაფვის მიზნით პარიზში ჩამოდის; ეს ბუნებრივია და ამაოდ ირჯება მსოფლიო გონება, რომ უნივერსალურად აღიარონ, ამ მისწრაფებაში პრეტენზია უფრო მეტია, ვიდრე საფუძველი.

   სინამდვილეში მთელი მისი სიფართოვის მიუხედავად, არ არსებობს უფრო ვიწრო შეგნება, ვიდრე ფრანგულია. რასაც უნდა ლაპარაკობდნენ და როგორც უნდა სჯეროდეთ, რასაც ლაპარაკობენ, დღესაც, ისევე როგორც ვოლტერის ეპოქაში, ისინი სულის სიღრმეში კვლავაც ბარბაროსად თვლიან შექსპირს, წაიკითხეთ ზოლა, ფაგე, ლამეტრი, ყურადღებით წაიკითხეთ, და, უპირველეს ყოვლისა, წაიკითხეთ ტენი - ფრანგი, რომელიც შეიძლება ყველაზე მეტად გაისარჯა თავისი თვალსაწიერის გასაფართოვებლად; მერე შეადარეთ ერთმანეთს, რასაც იგი კარლაილზე, უოლტერ სკოტზე, დიკენსზე, უორთზუორთზე წერს, მისივე გულწრფელ ენთუზიაზმს, გალი ლაფონტენი, რასინი და კონდილიაკი რომ იწვევს. მაგრამ ამას კიდევ სხვა თემისკენ მივყავართ და ეს არის ამერიკის კონტინენტის ლიტერატურაზე ფრანგული ლიტერატურის დამღუპველი და თითქმის განუყოფელი გავლენა. წინათ ჰიუგო იყო მოდაში, დღეს - „მერკიურ დე ფრანსი“.
რა გაეწყობა, თუ თქვენ თარგმანები გჭირდებათ, მაშინ, რასაკვირველია, ტაუნაის „ინოსენსია“ ჯობია, ეუჟენიო დი კასტროს უგერგილო „ბელკისს“, რომლისგანაც ერთი ვერსის მანძილზე გეცემათ ბიბლიოთეკის მტვრისა და კანდელის ზეთის ერთმანეთში არეული სუნი და კიდევ ლამის გახვრეტამდე გაფხეკილი ორიენტალიზმის სუნიც.

   რასაკვირველია, კოსმოპოლიტური პოეზია არსებობს ერის, რელიგიის, გარკვეული კულტურის გარეშე, ენის გარეშე კი არ ვიცი!.. ეგებ ესპერანტოზე? მაგრამ ასე აკი სათბურის ყვავილებიც არსებობენ, მშვენიერებიც არიან, სულ ნამდვილებსაც ჰგვანან და წარმოიდგინეთ, სურნელებაც არ აკლიათ. მე კი არ უარვყოფ მას, ღმერთმა დამიფაროს! მაგრამ ასეთი პოეზია არსებობს მხოლოდ სხვის ჩრდილში, თავისთავს მინდობილი და დასაღუპად განწირული, რამეთუ უნაყოფოა. იგი მოგვაგონებს ველურ ხეზე დამყნობილი კულტივირებული ხის რტოს, მაგრამ გავფრთხილდეთ და კოსმოპოლიტურს არ მივათვალოთ სპეციფიკურად ფრანგული მოვლენები, ასე თუ ისე უკვე გადაგვარების ბეჭედდასმული!

   ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ზოგიერთ ამერიკელს კიდეც სცხვენია ქვეყნის წინაშე ისეთი წარსდგეს, როგორიცაა სინამდვილეში, რადგან ეშინია, იშვიათ ნადირად თუ უცხო ფრინველად მიმიღებენო, წუთიერი ცნობისმოყვარეობისა და უქნარების გასართობი საგანი გავხდებიო; და აკი ასე იქცევიან კიდეც პარიზელი კრიტიკოსებიც, მათთვის ეგზოტიკა ლამის მარტო უცხოელის, ბარბაროსისადმი ყურადღებაა. მეორეს მხრით, თქვენი ქალაქების მჭიდრო დასახლებასა და სოფლის გამეჩხერებას იქამდე მიჰყავხართ, რომ ქალაქში გაზრდილი ბევრი მწერალი ურბანიზმშიც კი გადავარდა. მაგრამ რამდენად უფრო ღრმა, ადამიანური და პოეტურია ნამდვილი კრეოლური ლიტერატურა, ხალხური ლიტერატურა მათ ნაწარმოებებთან შედარებით, მათი დახვეწილი პერსონაჟებითა და დეკადენტური სიფაქიზით!
აქ საჭიროდ მიმაჩნია განვმარტო, რომ „ხალხური“ ლიტერატურა სულაც არ გულისხმობს „მდაბიურ ენაზე დაწერილს“. აი, რას ამბობს ამის თაობაზე პაირო „მთებში შობილის“ უკვე ციტირებულ პროლოგში: „ეროვნული ნაწარმოების შესაქმნელად სულაც არ არის აუცილებელი მწერალმა მაინცდამაინც ადგილობრივ ხალხურ მეტყველებას მიმართოს... ბუნებისა და მოქმედებების აღწერები, გრძნობათა და ვნებათა სურათები ლიტერატურული ენისთვის უცხო ელემენტებს არ მოითხოვენ, სანამ ლაპარაკია უბრალოდ რაღაც თავისებურებებზე, მაგრამ არა ერთადერთზე და, პირიქით, უფრო მეტ ბრწყინვალებას, სრულყოფილებასა და ძალას გამოავლენს, თუ მათს შესაქმნელად გამოიყენებს უნაკლო, საუკუნეობრივი ხმარებისგან გალესილ იარაღს“. ამ ენაზე გვიხატავს ლეგისამონი თავის წიგნში „მთებში შობილი“ მშობლიური სივრცეების ცხოვრებას - ნამდვილ, მოძრავ, მსუბუქ, წმინდა, ლიტერატურულ (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) კასტილიურ ენაზე. მე ვიცი და კარგადაც ავითვისე ეს: მხოლოდ ქარსა და მზეში გამოზრდილი ვაზის წმინდა, ბუნებრივი წვენისაგან, დეკანტაციის ხანგრძლივი და საწვალებელი პროცესისა და დუღილის შედეგად შეიძლება ფაქიზი და იშვიათი ღვინო დავაყენოთ, მაგრამ უგემური და გულისამრევი სასმელი მხოლოდ ლოთების გასამხიარულებელი სპირტია, საღებავით გაჯერებული, საზიზღარი საწამლავი. და მე არ მავიწყდება, რომ შილერი თავის მშვენიერ „პუნშის სიმღერაში“ ხელოვნებას „ზეცის მადლს“ უწოდებს.

   მაინც რისი შემძლეა ამ ქვეყანაზე ხელოვნება? მას ძალუძს ცოცხალი კიდევ უფრო გააცოცხლოს, მაგრამ ვერც მკვდრადშობილს ჩაუდგამს სულს და მით უმეტეს, ვერც მკვდრეთით აღადგენს; მას შეუძლია მარტინ ფიერო აქილევსად აქციოს, მაგრამ რეტორტაში გამოყვანილი ჰომუნკულუსი კი არა; იგი ხვეწს და აკეთილშობილებს ვაზის წვენს, მაგრამ ლაბორატორიაში, უბრალო ელემენტებისაგან ქიმიური სინთეზის გზით ან რეაქტივების მეშვეობით ვერც შამპანურს, ვერც ხერესსა და ვერც პორტვეინს ვერ დააყენებს. არადა მაინც უნდათ, რომ ლაბორატორიაში უბრალო ელემენტებისაგან, ლიტერატურული ქიმიისა და კოსმოპოლიტიზმის რეაქტივების მეშვეობით შექმნილი „ილიადები“ გვიძღვნან. რამდენად ახლოსაა „ილიადასთან“ მარტინ ფიერო!..
არ ვიცი, გვყავს თუ არა ჩვენ ისეთი ორიგინალები, რომლებიც დ’ანუნციოს კვალად ისწრაფვიან ღვთაებრივ ჩეზარე ბორჯას უმღერონ, - იტალიური აღორძინების ცნობილ ტირანს ვგულისხმობ, - მაგრამ ტირანებს, - ხომ შეიძლება მორალურად მახინჯიც გახდეს ხელოვნების ობიექტი, - ტირანებს, რომლებიც პირდაპირ გაიძულებენ დრამის გმირად აქციო, ამერიკის ისტორია რამდენსაც გინდათ, იმდენს იცნობს, რომლებსაც ვერც მედიჩი, ვერც ბორჯა და ვერც კიდევ სფორცა ტოლს ვერ დაუდებენ. მდიდარია იგი აგრეთვე გმირებითა და პატრიოტებით, განა პარაგვაის ომი ჰომეროსის ქნარის ღირსი არ არის! სხვათა შორის, როგორც ჩანს, ეს საკითხი მართლაც ამოუწურავია. ამიტომ ახლა გვირჩევნია ფარდა დავუშვათ, ამჯერად ესეც კმარა.

ნახვა: 391

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters