შტეფან ცვაიგი - უხილავი კოლექცია


ეპიზოდი გერმანიის ინფლიაციის ხანისა

   

   დრეზდენის ორი სადგურის შემდეგ ჩვენს კუპეში ერთი მოხუცი კაცი შემოვიდა. ყველას თვალი მოავლო, თავაზიანად მიესალმა, ერთი კიდევ მომაჩერდა დაჟინებით და თავი დამიკრა, როგორც კარგ ნაცნობს. ჯერ ვერ ვიცანი, მაგრამ როგორც კი გამიღიმა და თავისი სახელი წარმოთქვა, მაშინვე მომაგონდა: მთელ ბერლინში განთქმული ჩუბაჯი იყო, რომლისგანაც მშვიდობიანობის დროს ხშირად ვყიდულობდი ძველ წიგნებს და ავტოგრაფებს. მოვიგონეთ ამ მთისა, იმ ბარისა. ანაზდად ჩემმა მოსაუბრემ წამოიწყო: - ახლა მინდა გიამბოთ, საიდან მოვდივარ. ოცდაჩვიდმეტი წელია, ძველი ხელოვნების ნიმუშებით ვვაჭრობ, მაგრამ ასეთი უცნაური ამბავი არ გადამხდენია. თქვენ ალბათ კარგად მოგეხსენებათ, როგორ მიდის საანტიკვარო საქმე მას შემდეგ, რაც ფულის კურსი დაეცა. სიმდიდრეში ახლად ფეხშედგმული ტარაბუცები სულს არ იშურებენ გოტიკური მადონებისა და ინკუნაბულებისათვის, გრავიურებისა და სურათებისათვის. იმათ ვერაფრით გააძღებ, მთელი სახლიც რომ გამოაცარიელო. ის კი არა, პერანგის სახელოდან საკინძეებს გამოგაცლიან, საწერი მაგიდიდან ლამპას აიღებენ და იყიდიან. რაც დრო გადის, თანდათან ჭირს ნივთების შოვნა. მაპატიეთ, რომ ნივთსა ვუწოდებ, რაც ჩვენთვის წმიდათა წმიდაა, მაგრამ ამ საზიზღარმა მოდგმამ იქამდე მიგვიყვანა, რომ საოცარ ვენეციურ ინკუნაბულებს რაღაც დოლარებით ვაფასებთ და გვერჩინოს სურათებში რამდენიმე ასეულ ფრანკს ვხედავთ. შეძენის ამ ანაზდეულ, დაჟინებულ სურვილს წინ ვერაფერი დაუდგება. ერთ ღამეში მთლად გავღატაკდი და ისე მრცხვენოდა პაპაჩემისაგან მამაჩემისათვის მემკვიდრეობით დანატოვარ ძველ დუქანში მეყურებინა საცოდავი ხარახურისათვის, რომელსაც წინათ ჩრდილოეთში მეძველმანეც კი არ დადებდა ურიკაზე, რომ მერჩივნა ჟალუზები ჩამომეშვა.

   ამ გასაჭირში ვიყავი, რომ თავში ერთი აზრი მომივიდა: ჩვენი ძველი ანგარიშის წიგნი გადამექექა იმ იმედით, იქნებ რამდენიმე მუშტარს წავაწყდე და ორიოდე ასლი დავცინცლო-მეთქი. მუშტართა ამგვარი ნუსხები მუდამ სასაფლაოს მაგონებს, განსაკუთრებით ახლანდელ დროში, და მეც ბევრი ვერაფერი ამოვიკითხე შიგ. მუშტრების უმრავლესობას თავისი ქონება აუქციონით გაეყიდა ან დახოცილიყო, და დარჩენილ ნაწილზე, აბა, რა იმედს დაამყარებდა კაცი. ანაზდად ერთი ძველი მუშტრის წერილების მთელ შეკვრას წავაწყდი. იგი არც კი მომგონებია, რახან 1914 წლიდან, რაც მსოფლიო ომმა იფეთქა, არც არაფერი შეუკვეთია და არც არაფერს შეგვკითხია. მიწერ-მოწერა ჩვენს შორის, რომ არ გადავამეტო, თითქმის სამოცი წლის წინათ დაიწყო. ჯერ კიდევ პაპაჩემისა და მამაჩემის მუშტარი იყო, მაგრამ ჩემი ვაჭრობის ოცდაჩვიდმეტი წლის მანძილზე არ მახსოვს, რომ ჩვენს დუქანში შემოსულიყოს. როგორც ჩანდა, თავისებური, ძველი მოდის სასაცილო კაცი უნდა ყოფილიყო, მენცელის, ან შპიცვეგის გადაშენებული ტიპის ერთ-ერთი წარმომადგენელი, იშვიათი ეგზემპლარი, როგორიც ჯერ ისევ შეიძლებოდა შეგხვედროდათ პატარა პროვინციულ ქალაქებში. იმისი წერილები, წმინდად ნაწერი, კალიგრაფიის ნიმუში გახლდათ. ფასი სახაზავით, წითელი მელნით იყო გახაზული, რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ციფრს ორჯერ იმეორებდა. ნახმარი, გადაბრუნებული კონვერტების გამოყენება და სხვის წერილებზე დარჩენილ სუფთა ფურცლებზე წერა ამ პროვინციელი კაცის წვირლმანობასა და საოცარ ხელმომჭირნეობას მეტყველებდა. ხელმოწერა ამ უცნაური დოკუმენტისა, გარდა მისი გვარისა, შეიცავდა სრულ ტიტულს: „სამსახურიდან გადამდგარი სატყეო და ეკონომიური უწყების მრჩეველი, ყოფილი ლეიტენანტი, პირველი ხარისხის რკინის ჯვრის კავალერი“. თუ ჯერ ისევ ცოცხალი იყო, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ საფრანგეთ-პრუსიის ომის ვეტერანი, სულ ცოტა ოთხმოცი წლისა მაინც იქნებოდა. მაგრამ ეს მეტად სასაცილო ქვაწვია ძველი გრაფიკის შეგროვებისას არაჩვეულებრივ ჭკუას, შესანიშნავ ცოდნასა და ფაქიზ გემოვნებას ამჟღავნებდა. როცა ნელ-ნელა დავიანგარიშე მისი დაკვეთები თითქმის სამოცი წლის მანძილზე, ამასთან პირველში ზილბერგროში ჰქონდა გადახდილი, დავრწმუნდი, რომ ამ პატარა პროვინციელ კაცს იმ დროში, როცა ტალერად მშვენიერი, ხეზე ამოკვეთილი გერმანული გრავიურების ყიდვა შეიძლებოდა, თავისთვის წყნარად მთელი ესტამპები ჰქონდა შეგროვილი, რომლებიც საპატიო ადგილს დაიჭერდნენ სიმდიდრეში ახლად ფეხშედგმული ტარაბუცების კოლექციაში. მარტო ის, რასაც ნახევარი საუკუნის განმალობაში ჩვენგან ჩალის ფასად ყიდულობდა, ახლა საოცარ სიმდიდრეს წარმოადგენდა და ამას გარდა უნდა ვიფიქროთ, რომ არანაკლებ მდიდრდებოდა სხვა ჩუბაჯებთან და აუქციონებზე. თუმცა 1914 წლიდან იმას ჩვენთვის არაფერი შეუკვეთია, მაგრამ ხომ ვიცი, რა ხდება საანტიკვარო საქმეში: შეიძლებოდა აუქციონით ან ფარული ვაჭრობით ხელიდან წამსვლოდა ამგვარი კოლექცია. ვიფიქრე, ეს უცნაური კაცი ან ცოცხალია ან მისი კოლექცია მემკვიდრეების ხელში იქნება-მეთქი.

   ამან იმდენად დამაინტერესა, რომ მეორე დღესვე, ესე იგი, გუშინ საღამოს, არც კი დავფიქრებულვარ, საქსონიის ერთ-ერთ მეტისმეტად პროვინციულ ქალაქში გავემგზავრე. და როდესაც პატარა სადგურიდან მთავარი ქუჩისაკენ წავლასლასდი, თითქმის შეუძლებლად მომეჩვენა, რომ ამ ჩამოფხავებულ, უგემურ სახლებს, წვრილბურჟუაზიულ ხარახურათა შორის, რომელიღაც ოთახში შეიძლებოდა ეცხოვრა იმ კაცს, რომელიც რემბრანდტის შესანიშნავ სურათებს, დიურერისა და მანტენიას გრავიურების საუცხოო, სრულ კოლექციას ფლობდა. როცა ვიკითხე, ესა და ეს სატყეო ან ეკონომიური უწყების სამსახურიდან გადამდგარი მრჩეველი აქ თუ ცხოვრობს-მეთქი, ჩემდა გასაკვირად ფოსტაში მიპასუხეს, მოხუცი ჯერ ისევ ცოცხალიაო. რაღა დაგიმალოთ, მზე ჯერ საშუადღეოზეც არ იყო, რომ გულის ძგერით გავუდექი გზას. იმისი სამყოფელის პოვნა არ გამჭირვებია: სპეკულანტ არქიტექტორების მიერ საჩქაროთ დაშენებულ უბრალო სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. პირველი სართული ერთ პატიოსან თერძს ეჭირა, მეორე სართულზე ბრწყინავდა წარწერა ფოსტმაისტერის გვარით, ბოლოს, მარჯვნივ, პორცელანის დაფაზე, ამოვიკითხე სატყეო და ეკონომიური უწყების გადამდგარი მრჩევლის გვარი. მოკრძალებით დავრეკე ზარი. კარი გამიღო თეთრთმიანმა, შავ, სუფთა თავსაბურიანმა, გადაყრუებულმა დედაბერმა. ჩემი სადარბაზო ბარათი გავუწოდე და ვკითხე, შეიძლება თუ არა ბატონი სატყეო უწყების მრჩევლის ნახვა-მეთქი. განცვიფრებით, აშკარა უნდობლობით ამომხედა ჯერ მე, მერე სადარბაზო ბარათს დახედა. ამ გადაკარგულ ქალაქში, ამ ძველისძველ, მამაპაპური სახლში უცხო კაცის სტუმრობა დიდი ამბავი იყო. მაგრამ დედაბერმა თავაზიანად მთხოვა, დამელოდეთო, თვითონ კი ბარათით ხელში ოთახში შევიდა. ჯერ ქალის ჩურჩული გავიგონე, მერე უცხო მამაკაცის ხმამაღალი, ბოხი ხმა შემომესმა: „ოჰ, ბატონო, რ... ბერლინიდან, დიდი ანტიკვარული ფირმიდან. მობრძანდეს... მობრძანდეს... მეტად მოხარული ვარ!“ ისევ გამოცუხცუხდა დედაბერი და სასტუმროში შემიპატიჟა.

   პალტო გავიხადე და ოთახში შევედი. უბრალოდ მოწყობილ შუა ოთახში იდგა წელში გამართული, ჯერ ისევ ყოჩაღი, ულვაშაბურძგნილი ბერიკაცი. ტანთ ქამარშემოჭერილი, სანახევროდ სამხედრო ფორმის საშინაო ხალათი ეცვა. ორივე ხელი გამომიწოდა, მაგრამ გულწრფელი სიხარულის ამ გულღია ჟესტსა და უნებურ მოსალმებას ეწინააღმდეგებოდა ეს უცნაური გაქვავება. ნაბიჯიც კი არ გადმოუდგამს ჩემკენ და მე ცოტათი განცვიფრებულს სხვა რა გზა მქონდა, მისკენ უნდა წავსულიყავი, რომ ხელი ჩამომერთმია. ის იყო, უნდა შევხებოდი მის ხელს, რომ შევნიშნე, ხელები უმოძრაოდ, ჰორიზონტალურად გაშეშებოდა ჰაერში, ჩემსას კი არ ეძებდა, ელოდა. მაშინვე მივხვდი - ეს კაცი ბრმა იყო. ბავშვობიდან მოკიდებული, ყოველთვის უსიამოვნო გრძნობა დამეუფლებოდა ხოლმე, როცა ბრმის პირისპირ ვიდექი. სირცხვილი და ძრწოლა მიპყრობდა, როცა ვიცი, რომ ჩემ წინ ცოცხალი ადამიანი დგას და ისევე არ აღმიქვამს მე, როგორც მე იმას. და ახლაც ძლივს დავძლიე შიში, როდესაც თეთრ, გაფანჩულ წარბებს ქვემოდან სივრცეში უსიცოცხლოდ მზირალი თვალები დავინახე. მაგრამ მოხუცს დიდხანს არ დაუყოვნებია, რომ ამ განცვიფრებას მივცემოდი. შეეხო თუ არა მისი ხელი ჩემსას, მაგრად შემანჯღრია და ხმამაღლა, თავისი მგრგვინავი ხმით გააგრძელა მოსალმება: - რა იშვიათი სტუმარია, - იცინოდა მთელი გულით, - მართლაც, საოცარია, რომ ბერლინელმა პატივცემულმა ბატონმა ინება ჩვენს ქოხმახში შემოსვლა... მაგრამ ფხიზლად უნდა იყო, თუ რომელიმე ბატონი ჩუბაჯი გზას დაადგა... ჩვენში იტყვიან: ჭიშკრები ჩაკეტე, ჯიბეც ამოიფხიკე, ბოშები მოდიანო... დიახ, მე უკვე მივხვდი, რისთვისაც მეძებთ... ჩვენს უბედურ, გაღატაკებულ გერმანიაში ვაჭრობის საქმე დაეცა, მყიდველები აღარ არიანა და თქვენც, დიდ ბატონებს მოგაგონდათ თქვენი ძველი მუშტრები, თქვენს ბატკნებს ეძებთ... მაგრამ ვეჭვობ, რომ ჩემთან გულის წადილს ეწიოთ... ჩვენ, დაჩაჩანაკებული, საწყალი პენსიონერები იმითაც კმაყოფილნი ვართ, თუ შინ ლუკმაპური გვეგულება. ჩვენი ჯიბე ვერ გაუძლებს დღევანდელ ბობოქარ ფასებს. ჩვენი საქმე წასულია სამუდამოდ.

   მაშინვე დავარწმუნე მოხუცი, თქვენ ვერ გამიგეთ. მე იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ რაიმე მოგყიდოთ, აქვე ახლოს ვიყავი და არ მინდოდა შემთხვევა გამეშვა და ჩვენი ფირმის ამდენი ხნის მუშტრისა და დიდი გერმანელი კოლექციონერისათვის ჩემი სტუმრობით პატივისცემა არ დამემტკიცებინა-მეთქი. წარმოვთქვი თუ არა სიტყვები: „დიდი გერმანელი კოლექციონერისათვის“, მოხუცს მაშინვე სახე უცნაურად შეეცვალა. ისევ იდგა შუა ოთახში წელში გამართული, მაგრამ სახეზე უცბად ნათელი მოეფინა, მისი სახის ყოველ ნაკვთში შინაგანი სიამაყე იგრძნობოდა. მერე მიბრუნდა იმ მხარეს, სადაც ცოლი ეგულებოდა, თითქოს უნდა უთხრასო: „გესმის!“ და მხიარული ხმით, რომელშიც ნიშანწყალიც კი აღარ იყო მეომრის წინანდელი უხეში ტონისა, ეს-ესაა, რომ შევნიშნე, მომიბრუნდა და რბილად, თითქმის ნაზად მითხრა: - მართლაც, ეს მეტისმეტი თავაზიანობაა თქვენი მხრივ, მაგრამ არც თქვენ ინანებთ ჩემთან მოსვლას. აქ ისეთ რამეს გიჩვენებთ, რასაც ყოველდღიურად ვერ იხილავთ თქვენს მედიდურ ბერლინში, რამდენიმე ისეთ ნიმუშს გიჩვენებთ, რომ უკეთესს კაცის თვალი ვერ ნახავს ვერც „ალბერტინაში“ და ვეც იმ წყეულ ბერლინში. დიახ, როცა სამოცი წელიწადი აგროვებ, ისეთი რამეები ჩაგივარდება ხელთ, რაც ქუჩაში არა ყრია ყოველ ნაბიჯზე. ლუიზა! კარადის გასაღები მომიტანე!

   მაგრამ უცბად მოულოდნელი რამ მოხდა. დედაბერმა, რომელიც მის გვერდით იდგა და თავაზიანად, ალერსიანი, მეგობრული ღიმილით ყურს უგდებდა ჩვენს საუბარს, უცბად ჩემკენ მუდარით გამოიწვდინა ხელი, თან თავი უარის ნიშნად გადააქნ-გადმოაქნია. ჯერ ვერ მივუხვდი, ეს რას ნიშნავდა. მერე მივიდა ქმართან, მსუბუქად ჩამოაყრდნო ორივე ხელი მხრებზე და უთხრა: - კი მაგრამ, ჰერვარტ, შენ ხომ არ გიკითხავს ამ ბატონისათვის, აქვს თუ არა დრო შენი კოლექციის დასათვალიერებლად. აგერ შუადღემაც მოატანა. ნასადილევს ერთი საათი უნდა დაისვენო, ამას ექიმი დაჟინებით მოითხოვს. არა, ჯობს შენი გრავიურები ამ ბატონს სადილის შემდეგ აჩვენო და მერე ყველამ ერთად ყავა დავლიოთ? ამასობაში ანე-მარიაც მოვა. იმას უკეთ ესმის ყველაფერი და ჩემზე უკეთ გიშველის.

   და უსიტყვოდ მოხუცის ზურგს უკან, რომელიც გუმანშიაც არ იყო, ისევ დაჟინებით, ჟესტით გაიმეორა თავისი თხოვნა. მივუხვდი, უნდოდა უარი მეთქვა, ახლა ვერ დავათვალიერებ-მეთქი. მეც საჩქაროდ მიზეზი გამოვძებნე რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სიამოვნება და დიდი პატივია თქვენი კოლექციის დათვალიერება, მაგრამ სადილად მელიან და სამ საათამდე ვერ შევძლებ, მერე კი სიამოვნებით გეახლებით-მეთქი.

   მოხუცი გაბუტული ბავშვივით შეტრიალდა, თითქოს თავისი საყვარელი სათამაშო წაართვესო.

- რასაკვირველია, - ჩაიბურტყუნა მან, - ბერლინელ ბატონებს არასოდეს არ აქვთ დრო, მაგრამ ამჟამად უნდა გამოსძებნოთ, რადგან აქ სამი ან ხუთი ცალი კი არ არის, მთელი ოცდაშვიდი საქაღალდეა, თითოეული სულ სხვადასხვა მხატვრისა. არც ერთი არ არის იმათ შორის სანახევროდ ცარიელი. მაშ, სამი საათისათვის გელოდებით. არ დაიგვიანოთ, თორემ ვერ მოვასწრებთ; კვლავ გამოიწვდინა ჰაერში ხელი ჩემს ჩამოსართმევად.

- ყური მიგდეთ. იქნებ სიხარული მოგანიჭოთ, ან შეიძლება გაბრაზდეთ კიდეც. და რამდენადაც მეტად გაბრაზდებით, იმდენად უფრო გავიხარებ. ასეთები ვართ კოლექციონერები: ყველაფერი ჩვენთვის გვინდა, სხვისთვის არაფერი გვემეტება! - და კიდევ ერთხელ მაგრად შეანჯღრია ჩემი ხელი.

   დედაბერმა კარამდე მიმაცილა. მთელი ეს ხანი მის სახეზე რაღაც მოუსვენრობა, შიში იხატებოდა, მაგრამ სწორედ კარებთან, მთლად ჩაწყვეტილი ხმით, ენის ბორძიკით ჩაიბურტყუნა: - ხომ... ხომ არ ინებებთ, რომ ჩემმა ქალიშვილმა ანე-მარიამ მოგაკითხოთ, სანამ ჩვეთან მოხვიდოდეთ?.. ასე აჯობებს მრავალი მიზეზის გამო... თქვენ ალბათ სასტუმროში ისადილებთ, არა?

- ცხადია, - სასიამოვნო იქნება ჩემთვის, - ვუთხარი მე.

   და მართლაც, ერთი საათიც არ გასულა მარკტპლაცზე, ოტელის პატარა სასადილოში ვისადილე, რომ ერთი ხანში შესული, სადად ჩაცმული ქალი შემოვიდა და თვალებით ძებნა დამიწყო. მივუახლოვდი, ჩემი თავი გავაცანი და ვუთხარი, მზადა ვარ ახლავე გამოგყვეთ კოლექციის დასათვალიერებლად-მეთქი. მაგრამ ქალი ანაზდად გაწითლდა და ისევე შემკრთალმა, როგორც დედამისმა, მთხოვა, წინასწარ ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი და მომისმინეთო. მაშინვე მივხვდი, როგორ უმძიმდა. სძლევდა თუ არა სიმორცხვესა და ლაპარაკის დაწყენას დააპირებდა, სახეზე ალმური მოედებოდა და კაბის კალთას ჩააფრინდებოდა. ბოლოს ენის ბორძიკით, მომეტებულის მღელვარებით დაიწყო: - დედაჩემმა გამომგზავნა თქვენთან. იმან ყველაფერი მიამბო. დიდი სათხოვარი გვაქვს. სანამ მამაჩემთან მოხვიდოდეთ, წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ. მამაჩემი, ეჭვი არა მაქვს, მოისურვებს თავისი კოლექცია დაგათვალიერებინოთ, მაგრამ კოლექცია... კოლექცია სრული აღარ არის... ზოგიერთი გრავიურა აკლია სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი...

   ქალმა სული მოითქვა, თვალებში მომაშტერდა და საჩქაროდ განაგრძო: - გულახდილად გიამბობთ... ხომ იცით, რა დროა... ვფიქრობ, ყველაფერს გამიგებთ... ომი რომ დაიწყო, მამაჩემმა თვალისჩინი მთლად დაჰკარგა. წინათაც აკლდა თვალთ, მაგრამ მღელვარებისაგან სულ წაერთვა მხედველობა. თუმცა სამოცდათექვსმეტი წლის იყო, მაინც უნდოდა მონაწილეობა მიეღო საფრანგეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში. მაგრამ აი, არმია ისევე აღარ მიიწევდა წინ, როგორც 1870 წელს, მამა მეტისმეტად აღელდა და საოცრად სწრაფად უკლო სინათლემ, თორემ ჯერ კიდევ მხნედ არის. ამ ცოტა ხნის წინათ შეეძლო საათობით ესეირნა, ის კი არა, ნადირობდა კიდეც. მაგრამ ახლა ამ სიამოვნებას გამოეთხოვა და დარჩა მხოლოდ ერთადერთი სიხარული - კოლექცია, რომელსაც ყოველდღე ათვალიერებს. მაგრამ რას ვამბობ, ათვალიერებს-მეთქი. იმან ხომ თვალის ჩინი დაჰკარგა. ამოალაგებს ნასადილევს ყველა საქაღალდეს, რომ სულ მცირე ესტამპსაც კი ხელი შეახოს, ერთიმეორის მიყოლებით, იმავე რიგით, რაც ათეული წლების განმავლობაში ზეპირად ახსოვს. მე უნდა ვუკითხო გაზეთებში ყოველდღიურად აუქციონის ფასები და რამდენადაც მაღალ ფასს გაიგონებს, იმდენად უფრო ბედნიერია... უბედურება ის არის, რომ მამაჩემს არ ესმის ფასები და არც ის რა დროში ვცხოვრობთ... არ იცის, რომ ყველაფერი დავკარგეთ და იმისი პენსიით ორ დღესაც ვერ გახვალ იოლას. მერე კიდევ ჩემს დას ქმარი ფრონტზე დაეღუპა და ოთხი პატარა ბავშვი დარჩა... მამაჩემი გუმანშიაც არ არის, რა გაჭირვებით ვცხოვრობთ... ჯერ ყაირათსა ვწევდით, იმაზე მეტად ხელმომჭირნეობდით, ვიდრე წინათ, მაგრამ ამან ვერაფერი გვიშველა. მერე ნივთების გაყიდვას შევუდექით. მის საყვარელ კოლექციას, რასაკვირველია, ხელს არ ვახლებდი. გავყიდეთ, რაც კი ძვირფასი გვებადა, მაგრამ, ღმერთო ჩემო, ეს ისეთი უმნიშვნელო რამ იყო. მამაჩემი სამოცი წელიწადი კაპიკს კაპიკზე აწებებდა და გრავიურებს ყიდულობდა. ერთ მშვენიერ დღეს მოვიხედეთ და აღარაფერი აღარ აღმოგვაჩნდა გასაყიდი. აღარ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდით. მაშინ მე და დედამ ერთი გრავიურა გავყიდეთ. მამაჩემი ამის ნებას არ მოგვცემდა. იმან არ იცის, როგორ ჭირს ცხოვრება. გუმანშიაც არ არის, რა ძნელია ფარული ვაჭრობით ლუკმაპური იშოვნო. ისიც კი არ იცის, რომ ომი წავაგეთ და ელზასი და ლოტარინგია დავთმეთ. ამ ამბებს აღარ ვუკითხავთ, არ გვინდა ავაღელვოთ.

   მეტად ძვირფასი რამ იყო რემბრანდტის გრავიურა, ჩვენ რომ გავყიდეთ. ჩუბაჯმა რამდენიმე ათასი მარკა შემოგვთავაზა და ვიმედოვნებდით, ამ ფულს რამდენიმე წელს გამოვიზოგავდით. მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, როგორ უქრება კაცს ფული ხელში. რაც დაგვრჩა, ბანკში შევინახეთ, მაგრამ ორი თვის შემდეგ სულ წაგვივიდა ხელიდან. ავდექით და კიდევ გავყიდეთ ერთი გრავიურა, მერე კიდევ ერთი, მაგრამ ჩუბაჯი ფულს ისე გვიან გვიგზავნიდა, რომ მისი კურსი დაცემული იყო. მერე ვცადეთ, აუქციონზე გაგვეყიდა, მაგრამ აქაც ყინულზე გვაცურებდნენ, თუმცა ფასები მილიონებს აღწევდა. და ვიდრე ეს მილიონები ჩვენამდე მოვიდოდა, ფარატინა ქაღალდად იქცეოდნენ. ასე ნელ-ნელა ხელიდან წაგვივიდა ჩინებული კოლექცია, მხოლოდ რამდენიმე გრავიურა შემოგვრჩა და სულ იმისათვის, რომ ეს გაძაღლებული, საცოდავი სიცოცხლე გაგვეხანგრძლივებინა. მამაჩემმა არაფერი იცის, ამიტომ შეშინდა დედა დღეს, თქვენ რომ გვესტუმრეთ. მამაჩემს თავისი საქაღალდეები რომ ეჩვენებინა, ყველაფერი გამომჟღავნდებოდა. იმავე ძველ პასპარტუში - იგი ყველას ხელის შეხებით სცნობს, - ასლები ან იმისი მსგავსი ქაღალდები ჩავაწყვეთ, ისე, რომ ხელითაც რომ მოსინჯოს, ვერაფერს მიხვდება. იმისი ხელის შეხება და გადაწყობა (თანმიმდევრობა ზუსტად ახსოვს) ისეთივე სიამოვნებას ანიჭებს, როგორც წინათ, თვალხილული რომ იყო. ამასთან ჩვენს ქალაქში არავის თვლის ღირსად, რომ თავისი საუნჯე აჩვენოს. თითოეული ისეთი ფანტასტიკური სიყვარულით უყვარს, რომ, მგონი, გული გაუსკდება, თუ შეიტყობს, რომ კარგა ხანია ხელიდან გაუქრა. მას შემდეგ, რაც დრეზდენის გალერეის სპილენძის გრავიურის განყოფილების უფროსი გარდაიცვალა, თქვენ პირველი ხართ, ვისთვისაც თავისი კოლექციის ჩვენება მოისურვა. ამიტომ გემუდარებით...

უცბად ხანში შესულმა ქალმა ხელები ჩემკენ გამოიწვდინა და თვალებში ცრემლი აუბრწყინდა.

- გემუდარებით... ნუ გააუბედურებთ... ნურც ჩვენ გაგვაუბედურებთ... ნუ მოაკლებთ ამ უკანასკნელ ილუზიას, მოგვეშველეთ, განვუმტკიცოთ რწმენა, რომ ყველა გრავიურა, რომელსაც თქვენ აგიწერთ, არსებობს... ცოცხალი ვერ გადარჩება, თუ მიგვიხვდა. იქნებ უსამართლობაც ჩავიდინეთ, მაგრამ სხვანაირად არ შეგვეძლო. განა ადამიანის სიცოცხლე, ჩემი დის ოთხი ობოლი უფრო ძვირფასი არ არის, ვიდრე ის საცოდავი გრავიურები? მისთვის დღევანდლამდე სიხარული არ წაგვირთმევია, იგი ბედნიერია. ყოველდღე, ნასადილევს, სამ-სამი საათობით უზის თავის საქაღალდეებს. აწყობს გრავიურებსა და თითოეულს ისე ელაპარაკება, როგორც ადამიანს. დღეს კი... დღევანდელი დღე შეიძლება უბედნიერესი დღე იყოს მისთვის, ამას ელოდა წლების განმავლობაში, თავისი საუნჯე ერთხელ მაინც ეჩვენებინა ისეთი ადამიანისათვის, რომელსაც შეეძლო მისი დაფასება... გემუდარებით, გემუდარებით ხელებგამოწვდილი, ნუ წაართმევთ ამ სიხარულს.

   ძალა არ შემწევს გადმოგცეთ, რა მწუხარებით თქვა ეს. ო, ღმერთო ჩემო, როგორც ჩუბაჯს, რამდენჯერ მინახავს საზიზღრად გაძარცვული, ინფლაციისაგან უნამუსოდ მოტყუებული ადამიანები, რომელთაც ლუკმაპურის ფასად ართმევდნენ ძვირფას, საგვარეულო ნივთებს, მაგრამ აქ ბედს განსაკუთრებით დაერია ხელი, რამაც მეც მეტისმეტად შემაშფოთა. რაღა თქმა უნდა, შევპირდი, ხმას არ ამოვიღებ და როგორც კი შემიძლია, მოგეშველებით-მეთქი.

   ერთად წავედით. გზაზე სულის სიმწარით ვისმენდი, რა მზაკვრობით მოეტყუებინათ საწყალი, უმეცარი ქალები. ამან კიდევ უფრო განმიმტკიცა გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე დავხმარებოდი. კიბე ავიარეთ და ის იყო ხელი შევახეთ კარის სახელურს, რომ შიგნიდან მოხუცის მხიარული როხროხი შემოგვესმა: „შემობრძანდით, შემობრძანდით!“ უსინათლო ადამიანის გამახვილებული სმენით შეიცნო ალბათ ჩვენი ნაბინჯის ხმა კიბეზე.

- ჰერვარტს დღეს თვალიც არ მოუხუჭავს, ისე მოუთმენლად ელის, როდის გაჩვენებთ თავის საუნჯეს, თქვა ღიმილით დედაბერმა. ქალიშვილის ერთმა შეხედვამ დაამშვიდა იგი. მიხვდა, რომ მე ყველაფერი ვიცოდი. მაგიდაზე უკვე გაეშალა საქაღალდეების გროვა. როცა ბრმამ ჩემი ხელის შეხება იგრძნო, სალამ-ქალამს მოეშვა, ხელი ჩამავლო და სავარძელში ჩამსვა.

- მაშ ასე, დავიწყოთ, დროს ნუღარ ვკარგავთ, ბევრი გვაქვს სანახავი, ბატონ ბერლინელებს კი დრო არასოდეს არა რჩებათ. ამ პირველ საქაღალდეში მხატვარ დიურერის ვრცელი კომპლექტია. ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით. ერთი მეორესა სჯობია, თუმცა თქვენ თვითონვე განსჯით. აი, ნახეთ! - და გაშალა პირველი საქაღალდე - „დიდი ცხენი“. მომეტებული სიფრთხილით, როგორც ნაზ ჭურჭელს აიღებენ, თითის წვერების ოდნავი შეხებით გამოიღო საქაღალდიდან პასპარტუ, რომელშიც ცარიელი, დრო-ჟამისაგან გაყვითლებული ფურცელი იყო. ეს უბრალო ქაღალდი დიდი აღფრთოვანებით ეჭირა ხელში. ერთ წუთს, თითქოს ტკბილ ოცნებას მისცემიაო, გაჩაჩხული ხელებით თვალებთან მიიტანა ქაღალდი. თუმცა ვერაფერს ხედავდა. მაგრამ რაღაც მაგიური ძალით მის დაძაბულ სახეს თვალხილულის გამომეტყველება მიეცა. უცბად მის უსიცოცხლო თვალებში სინათლე გამოკრთა. ეს ქაღალდის ანარეკლი იყო თუ შიგნიდან მოდიოდა სხივი?

- აბა, - ამაყად მითხრა მან. - განა ოდესმე გინახავს ამაზე მშვენიერი ანაბეჭდი? რა მკვეთრად, რა ნათლად გამოიკვეთება თითოეული დეტალი. ჩემი ეგზემპლარი დრეზდენისას შევადარე, მაგრამ იგი მთლად უსიცოცხლო, მქრქალი მეჩვენა. აი, კიდევ საგვარტომო ნუსხა! - და ფურცელი გადააბრუნა. ცარიელი ფურცლის მეორე მხარეს თითის ფრჩხილით ისეთი სიზუსტით აჩვენებდა ადგილებს, რომ მე უნებურად ჩავიხედე, ნიშანი მართლა ხომ არ არის-მეთქი. - ეს კოლექციონერ ნაგლერის ბეჭედია, ეს კიდევ რემისა და ეისდაილის. ჩემი სახელოვანი წინაპრები ვერასოდეს ვერ იფიქრებდნენ, რომ იმათი ავლადიდება ოდესმე ასეთ პატარა ქოხმახში მოხვდებოდა.

   ტანში ჟრუანტელი მივლიდა, როდესაც ვხედავდი, მთლად ცარიელ ფურცელს როგორ აღფრთოვანებით აქებდა. მეტისმეტად შემზარავი იყო ცქერა იმისა, ფრჩხილით ყოველ მილიმეტრს ზუსტად როგორ აყოლებდა მის წარმოდგენაში არსებულ კოლექციონერთა უხილავ ნიშნებს. მღელვარებისაგან ყელში ბურთი გამეჩხირა და ვერაფერი ვუპასუხე. მაგრამ როდესაც შემკრთალმა მასპინძელ ქალებს შევხედე და შეშინებული მოხუცი ქალის ჩემკენ მუდარით გამოწვდილ, აცახცახებულ ხელებს წავაწყდი, ძალა მოვიკრიბე და ჩემი როლის შესრულებას შევუდექი.

- უბადლოა! - ამოვთქვი ბოლოს, - შეუდარებელი ანაბეჭდია

მოხუცს მაშინვე სახე გაუბრწყინდა სიამაყისაგან.

- ეს კიდევ რა არის! - ხარობდა მოხუცი, - თქვენ იმისი „მელანქოლია“[39] ან „ვნებანი“ უნდა ნახოთ. ერთი შეხედეთ, რა ბრწყინვალე ეგზემპლარია. ასეთს მეორეს ვერ ნახავთ. - და მისი თითი კვლავ ნაზად ამოძრავდა წარმოსახულ სურათზე. - რა ცოცხალი, მუქი, თბილი ხელებია. მთელი ბერლინი თავისი კოლექციონერებითა და ხელოვნების მცოდნეებით შურისაგან გულზე გასკდებოდა.

   მთელი ორი საათის განმავლობაში იღვრებოდა მგზნებარე სიტყვების ნიაღვარი. არა, ვერ აგიწერ, რა თრთოლვით დავათვალიერე იმასთან ერთად ასი თუ ორასი ცარიელი ქაღალდი თუ ცარიელი რეპროდუქცია, რომლებიც ამ საცოდავი კაცის წარმოდგენაში ისე ცოცხლობდა, რომ წუთითაც არ ყოყმანობდა, ისე აქებდა და აღწერდა თითოეულის მეტისმეტად ზუსტ დეტალებს შეუმცდარი თანმიმდევრობით. უხილავი კოლექცია, რომელიც კარგა ხანია ქარს გაეფანტა, ამ თვალისჩინდაკარგული, ამ ამაღელვებლად მოტყუებული კაცისათვის ჯერ ისევ ხელუხლებელი იყო და მგზნებარე ძალა ხილვადობის იმდენად ძლიერი, რომ ლამის იყო, მეც დამეჯერებინა. მხოლოდ ერთხელ დაარღვია მისი ნათელი ჭვრეტის მთვარეული სიმშვიდე გამოფხიზლების საფრთხემ.

როდესაც რემბრანდტის „ანტიოპეს“ ანაბეჭდის რელიეფურობას აქებდა (ლაპარაკობდა მართლაც შეუდარებელ საცდელ ანაბეჭდზე) და თავის დაძარღვულ, ნათელმჭვრეტ თითს სიყვარულით ატარებდა წარმოსახულ ხაზებზე, უცხო ქაღალდზე ვერ აღმოაჩინა მისთვის ცნობილი ჩაღრმავებანი. თითქოს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. ხმა შეეცვალა.

- ეს... ეს... „ანტიოპეა“, - ჩაიბურტყუნა ოდნავ შემკრთალმა. მე მაშინვე ჩავერიე საქმეში. საჩქაროდ გამოვართვი ჩარჩოში ჩასმული ფურცელი და მოჩვენებითი გრავიურა, როგორც კი შემეძლო, დაწვრილებითა და აღფრთოვანებით აღვწერე. შემკრთალი სახე ბრმას ისევ მოულბა და რამდენადაც მეტ ხოტბას ვასხამდი გრავიურას, ამ უხეშ, ჩამომჭკნარ კაცს გულწრფელი, ნათელი სიხარულით უბრწყინავდა სახე.

- როგორც იქნა შემხვდა ისეთი კაცი, რომელსაც ესმის, - სახეგაბრწყინებული მიუბრუნდა თავისიანებს, - ბოლოს და ბოლოს საკუთარი ყურით გესმით, რა ფასი აქვს ამ ჩემს გრავიურებს. მუდამ ეჭვის თვალით მიყურებდით და მლანძღავდით, რომ მთელი ჩემი ფული ამ კოლექციაში მოვაქციე. მართალია, სამოცი წლის განმავლობაში ლუდი არ დამილევია, ღვინო არ მისვამს, თუთუნი არ მომიწევია, თეატრი არ ვიცოდი რა იყო და მოგზაურობა, წიგნებს არ ვყიდულობდი, ამ გრავიურებისათვის ვაწებებდი კაპიკს კაპიკზე, მაგრამ, აი, ნახავთ, როცა მე აღარ ვიქნები, რა მდიდრები გახდებით, ყველაზე მდიდრები მთელ ქალაქში, ისეთი მდიდრები, როგორც დრეზდენელი უმდიდრესი ადამიანები არიან. მაშინ ჩემი სისულელე კიდევ ერთხელ მოგანიჭებთ სიხარულს. მაგრამ სანამ მე ცოცხალი ვარ, არც ერთი გრავიურა არ გავა ამ სახლიდან. ჯერ მე გამიტანენ და მერე ჩემს კოლექციას, - და ნაზად, ცოცხალ არსებასავით გადაუსვა ხელი კარგა ხნის დაცარიელებულ საქაღალდეებს. ჩემთვის საშინელება იყო, თან ამაღელვებელი ამისი ცქერა, რადგან მთელი ომის განმავლობაში მე არ მინახავს არც ერთი გერმანელის სახეზე ასეთი სრულყოფილი, წმიდა ნეტარების გამომეტყველება. რაღაც იდუმალი მსგავსება იყო მის გვერდით მდგომ ქალებსა და გერმანელი ოსტატის გრავიურაზე გამოსახულ ქალების ფიგურებს შორის, რომელთაც მაცხოვრის საფლავის სანახავად მოსულთ, გადაგორებული ქვისა და დაცარიელებული კუბოს ხილვისას, ოცნებაში წასულთ ამ სასწაულზე სახეზე ღვთისმოშიშობა ეხატებათ.

   ისევე, როგორც ქრისტეს მონა ქალებს მაცხოვრის ციური გამოცხადებით განცვიფრებულთ, დედაბერსა და მის ხანშიშესულ ქალიშვილსაც, ძალ-ღონე გამოცლილ, ცხოვრებისაგან განადგურებულ სახეზე ბავშვური გულწრფელი სიხარული გადასდებიათ და ცრემლნარევი ღიმილი უბრწყინავთ.

   ამაზე ამაღელვებელი სურათი მე არ მინახავს ჩემს სიცოცხლეში. მაგრამ მოხუცს ვერ აძღებდა ჩემი ქება. ისევ ხსნიდა და ხურავდა საქაღალდეებს, ხარბად ყლაპავდა თითოეულ სიტყვას. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა ბოლოს მოჩვენებითი კოლექცია აალაგეს და მოხუცმა უხალისოდ დაცალა მაგიდა ყავისათვის. მაგრამ რა იყო ჩემი დანაშაულებრივი ამოსუნთქვა მის უსაზღვრო, მღელვარე სიხარულთან, ოცდაათი წლით გაახალგაზრდავებული კაცის სიამაყესთან შედარებით! ათას ანეგდოტს ჰყვებოდა, როგორ ვაჭრობდა და არიგებდა. ხელს არავის აშველებინებდა, ბარბაცით მივიდოდა თავის კოლექციასთან, რათა ერთხელ კიდევ ამოეღო რომელიმე გრავიურა, გეგონებოდათ, შეზარხოშებულიაო. როცა ბოლოს ვუთხარი, ახლა დროა გამოგემშვიდობოთ-მეთქი, შეშინდა, გაიბუტა თავნება ბავშვივით, ჯიუტად დააბაკუნა ფეხი, ეს არ ვარგა, ჯერ ნახევარიც არ დაგითვალიერებიათო.

   დიდი გაჭირვებით გაუფანტეს ქალებმა მისი ჯიუტური უგუნებობა - დიდხანს ნუ შეაყოვნებ, თორემ მატარებელზე დააგვიანდებაო.

   როცა ბოლოს სასოწარკვეთილებით აღსავსე წინააღმდეგობის შემდეგ დადგა გამომშვიდობების წუთები, ხმა აუთრთოლდა. ორივე ხელში ჩამავლო ხელი და თითებს, როგორც კი შეეძლო უსინათლოს, ალერსიანად მისვამდა მაჯაზე, გეგონებოდათ, უნდა მეტი იცოდეს ჩემს შესახებ, უფრო მეტი სიყვარული გამოამჟღავნოს, თითქოს სიტყვებს ეს არ ძალუძთო.

- თქვენი სტუმრობით დიდი სიხარული მომანიჭეთ, - დაიწყო მან გულის სიღრმიდან ამომავალი მღელვარე ხმით, რასაც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ. - ეს ჩემთვის დიდი მადლი იყო, რომ ბოლოს, როგორც იქნა, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ვნახე ჩემი საყვარელი კოლექციის დამფასებელი. მხოლოდ იცოდეთ, თქვენ ამაოდ არ მოსულხართ უსინათლო მოხუცთან. სიტყვას გაძლევთ, ჩემი ცოლი იქნება ამისი მოწმე, ჩემს ანდერძს ერთ პუნქტს კიდევ დავუმატებ, რომლის მიხედვითაც მხოლოდ თქვენს სახელგანთქმულ ფირმას ექნება უფლება ჩემი კოლექციის გაყიდვისა. პატივი გხვდათ, თქვენ იყოთ გამგებელი ამ ყველასათვის უცნობი საუნჯისა, - და სიყვარულით ხელი დაადო დაცარიელებულ ქაღალდებს, - სანამ არ გაიფანტება ქვეყნის სხვადასხვა მხარეს. მხოლოდ შემომფიცეთ, რომ კარგ კატალოგს შეუდგენთ, ეს იქნება ჩემი სამუდამო ძეგლი, უფრო ძვირფასი მე არ მჭირდება.

   შევხედე დედასა და ქალიშვილს. ერთმანეთს მიჰკვროდნენ და ისე ცახცახებდნენ, ეს ჟრჟოლა ისე გადასდებოდათ ერთმანეთისაგან, თითქოს ერთი გრძნობით აცახცახებულ სხეულად ქცეულანო. მეც არაჩვეულებრივ მხიარულ გუნებაზე ვიყავი და მაღელვებდა, რომ ეს კაცი, რომელიც გუმანშიაც კი არ იყო თავის უხილავ, კარგა ხნის გაფანტულ კოლექციაზე, როგორც ძვირფას საუნჯეზე ზრუნვას მე მანდობდა. აღელვებულმა აღვუთქვი, რისი შესრულებაც არასოდეს არ შემეძლო. ჩამკვდარ თვალის გუგებში ისევ სინათლე აუციმციმდა და მე ვიგრძენი, როგორი აღგზნებით ცდილობდა ცოცხლად წარმოედგინა ჩემი სახე. ეს მისი თითების ნაზ, მგრძნობიარე მოჭერაზე ვიგრძენი, როცა ჩემი ხელი ხელში ეჭირა ნიშნად მადლობისა და აღთქმისა.

   ქალებმა კარებამდე მიმაცილეს. ხმის ამოღება ვერ გაბედეს, რადგან მოხუცს არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა და ყოველ სიტყვას დაიჭერდა, მაგრამ რა მადლობით უბრწყინავდათ ცრემლით სავსე თვალები. მთლად გაბრუებული ჩამოვბარბაცდი კიბეზე. გამოგიტყდებით, მრცხვენოდა, კიდეც საკუთარი თავისა: ზღაპრული ანგელოსივით შემოვედი ამ საცოდავი ხალხის ქოხმახში, ერთი საათით მხედველობა დავუბრუნე უსინათლოს იმით, რომ ხელს ვუწყობდი კეთილის მოქმედ ტყუილს. ურცხვად ვცრუობდი, რომ სინამდვილეში მე, საცოდავი ჯუბაჩი, იმისთვის ვიყავი მოსული, რომ რამდენიმე ძვირფასი გრავიურა დამეცინცლა. მაგრამ რაც აქედან მიმქონდა, უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის: ამ მოუსვენარ, უსიხარულო დროში კვლავ დამეუფლა წმიდა, ცოცხალი აღფრთოვანება ნათელი სულიერი ექსტაზისა, რომ მთლად ხელოვნებისათვის შემეწირა თავი, რასაც კარგა ხანია, ჩვენი ხალხი გადაეჩვია. რაღაც მოწიწების გრძნობამ შემიპყრო, სხვანაირად არ შემეძლო ამისათვის მეწოდებინა, თან სირცხვილი მკლავდა, მაგრამ კაცმა რომ თქვას, არ ვიცოდი - რისთვის.

   უკვე ქუჩაში ვიდექი, რომ ზემოთ ფანჯარამ გაიჭრიალა და ჩემი სახელი შემომესმა: მართლაც, მოხუცი თავისი სხივჩამქრალი თვალებით იქითკენ იცქირებოდა, სადაც მე ვეგულებოდი. ისე ღრმად გადმოხრილიყო ფანჯრიდან, რომ ქალებს მზრუნველად ეჭირათ უკნიდან. ცხვირსახოცი დამიქნია და თავისი წკრიალა, ბავშვური ხმით დამიძახა: - გზა მშვიდობისა!

   არასოდეს არ დამავიწყდება ის სურათი: ფანჯარაზე, ქუჩაში მომავალ, დაღვრემილ, აფუსფუსებულ ხალხს ზემოთ, ჩვენი საძაგელი სინამდვილის მიღმა თავისი მშვენიერი ილუზიის თეთრ ღრუბლებში მფრინავი თეთრთმიანი მოხუცის გაბრწყინებული სახე. აქ ერთი ბრძნული ნათქვამი მომაგონდა. მგონი, ეს სიტყვები გოეთეს ეკუთვნის: „კოლექციონერები ბედნიერი ადამიანები არიან ქვეყნად“.

ნახვა: 502

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters