სიორენ კირკეგორი - შიში და თრთოლვა (დასასრული )

← დასაწყისი

    მე შემიძლია გავიგო წყლის კაცის მოძრაობები, თუმცა ვერ ვიგებ აბრაამს; მხოლოდ და მხოლოდ პარადოქსის მეშვეობით მიდის წყლის კაცი ყოვლისმომცველის განხორციელების წერტილამდე. რადგან, თუ ის დაფარულია და საკუთარ თავს მონანიების ტანჯვას უძღვნის, ის დემონად იქცევა და, როგორც ასეთი, განადგურდება. თუ ის ფარულობაში დარჩება, მაგრამ ცბიერად არ იფიქრებს, რომ მონანიების მონობაში ტანჯული შეძლებს აგნესის გათავისუფლებას, რასაკვირველია, სიმშვიდეს მოიპოვებს, მაგრამ სამყაროსთვის დაკარგული იქნება. თუკი ის გააცხადებს საკუთარ თავს და აგნესის მიერ იქნება დახსნილი, ის უდიდესია ადამიანთა შორის, რომელიც კი მე შემიძლია წარმოვიდგინო; რადგან მხოლოდ ესთეტიკოსი მწერალი ფიქრობს წინდაუხედავად, რომ სიყვარულის ძალას განადიდებს, როდესაც საშუალებას აძლევს დაკარგულ კაცს, უყვარდეს უბიწო გოგონას და ამ გზით იქნას დახსნილი, მხოლოდ ესთეტიკოსი მწერალი ხედავს პრობლემას და სწამს, რომ გოგონა - გმირია, მაშინ, როდესაც მამაკაცია გმირი. ამგვარად, წყლის კაცი არ შეიძლება ეკუთვნოდეს აგნესს, თუ, უსასრულო მოძრაობის შესრულების შემდეგ, მონანიების მოძრაობისა, კიდევ ერთ მოძრაობას არ ასრულებს აბსურდის ძალით. მონანიების მოძრაობის შესრულება მას საკუთარი ძალებით შეუძლია, მაგრამ ამისათვის ის მთელ თავის ძალას იყენებს და, შესაბამისად, აღარ ძალუძს რეალობაში დაბრუნება და მისი მოხელთება. თუკი ადამიანს არ გააჩნია საკმარისი ვნება, რათა ერთი ან მეორე მოძრაობა შეასრულოს, თუკი ის უქმობს ცხოვრებაში, მცირედ ინანიებს და ფიქრობს, რომ სხვა ყველაფერი თავისთავად მოგვარდება, მან ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი იდეაში ცხოვრებაზე - რის შემდეგ მას საკმაოდ იოლად შეუძლია უმაღლესის მიღწევა და სხვათა დახმარება მის მიღწევაში, ანუ შეცდომაში შეიყვანოს საკუთარი თავი და სხვები იმ აზრით, რომ სულის სამყაროში ყველაფერი ისევე მიმდინარეობს, როგორც ბანქოს ცნობილ თამაშში, სადაც ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. ამგვარად, განყენებაც შეიძლება იმაზე დაფიქრებით, თუ რაოდენ უცნაურია ჩვენს საუკუნეში, როდესაც ყველას შეუძლია უმაღლესის მიღწევა, რომ ეჭვი სულის უკვდავების შესახებ ესოდენაა გავრცელებული; რადგან ადამიანი, რომელსაც უსასრულობის მოძრაობა შეუსრულებია, ძნელად თუ დაეჭვდება. ერთადერთი სანდო - ვნების დასკვნებია, სხვა სიტყვებით, ყველაზე დამაჯერებელი დასკვნები. საბედნიეროდ, არსებობა ამ შემთხვევაში მეტად კეთილგანწყობილი და მეგობრულია, ვიდრე ამას ბრძენები მიიჩნევენ, რადგან მისთვის არც ერთი ადამიანი არ არის გამორიცხული, ყველაზე მდაბალიც კი, ის არავის ატყუებს, რადგან სულის სამყაროში მხოლოდ ის არის მოტყუებული, ვინც საკუთარ თავს ატყუებს. ასეთია საყოველთაო აზრი და, რამდენადაც მე ვბედავ მსჯელობას, ასეთივეა ჩემი შეხედულებაც - მონასტრად წასვლა არ არის უმაღლესი რამ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე სრულებით არ მიმაჩნია, რომ ჩვენს საუკუნეში, როდესაც მონასტრად აღარავინ მიდის, ყველა უფრო დიადია, ვიდრე ღრმა და გულწრფელი სულები, რომლებიც სიმშვიდეს მონასტერში ჰპოვებენ. რამდენი მოიძებნება ჩვენს საუკუნეში, ვისაც საკმარისი ვნება გააჩნია ამის გასააზრებლად, შემდეგ კი საკუთარი თავის გულწრფელად შესაფასებლად? მხოლოდ აზრი იმის შესახებ, რომ დრო სინდისს აჰკიდო, მისცე მას დრო, სრული სიფხიზლით გამოიკვლიოს ყველა იდუმალი აზრი ისეთი ეფექტით, რომ ადამიანმა თუნდაც მყისიერად არ შეასრულოს მოძრაობა იმის ძალით, რაც ყველაზე მაღალი და წმინდაა ადამიანში, ის გამუდმებით აღმოაჩენს საკუთარ თავში ბნელ მიდრეკილებებს, რომლებიც, სხვათა შორის ყოველ ადამიანშია დაფარული, რასაც გარეთ, სხვა თუ არაფერი, შიში იტყუებს, მაშინ, როდესაც ადამიანი, თუ ის საზოგადოებაში ცხოვრობს, ისე ადვილად ივიწყებს, ისე იოლად იძვრენს თავს რთული სიტუაციიდან, იმდენად მრავალრიცხოვანი საშუალებით ინარჩუნებს წონასწორობას და იძენს ხელახლა დაწყების შესაძლებლობას - მხოლოდ ეს აზრი, წვდომილი სათანადო პატივისცემით, ჩემი აზრით მრავალ ინდივიდს მისცემდა მიმართულებას, ვისაც მიაჩნია, რომ უკვე მიაღწია უმაღლესს. მაგრამ ამის შესახებ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მიაღწიეს უმაღლესს, თითქმის არ ზრუნავენ ჩვენს დროში, როდესაც სინამდვილეში არც ერთი ეპოქა არ ქცეულა კომიკურის ისეთ მსხვერპლად, როგორც ჩვენი საუკუნეა, და საერთოდ გაუგებარია, რატომ არ შვა მან generatio aequivoca-ს მეშვეობით უკვე თავისი გმირი, დემონი, რომელიც უმოწყალოდ შექმნიდა საზარელ სპექტაკლს, რომელიც მთელს ეპოქას აიძულებდა ეცინა, დაავიწყებდა რა, რომ ის საკუთარ თავს დასცინის. და ნუთუ არ უნდა გავიცინოთ არსებობაზე, თუკი ადამიანი ოცი წლის ასაკში უკვე ყველაფერს აღწევს? ამასთანავე, რომელი უფრო ამაღლებული ემოცია წარმოშვა ჩვენმა საუკუნემ, თუკი ადამიანები მონასტერში აღარ მიდიან? ნუთუ ეს სავალალო კეთილგონიერება, ცბიერება და სულმდაბლობა არ არის, რომელიც სუფრის თავში ზის და ყალბად არწმუნებს ადამიანებს, რომ მათ უმაღლესი განახორციელეს და ცბიერად უშლის ხელს თუნდაც უმნიშვნელოს გაკეთებისთვის? ადამიანს, რომელმაც მონასტერში წასვლით შეასრულა მოძრაობა, კიდევ ერთი მოძრაობა აქვს შესასრულებელი, მოძრაობა აბსურდისა. ვის ესმის ჩვენს საუკუნეში, რა არის აბსურდი? რამდენი ჩვენი თანამედროვე ცხოვრობს ისე, რომ ყველაფერი უარყო ან ყველაფერი მიიღო? რამდენია იმდენად გულწრფელი საკუთარ თავთან, რომ ცის, რისი გაკეთება ძალუძს და რისი - არა? და ნუთუ მართალი არ არის, რომ თუ ვინმე ხვდება კიდეც ასეთ ადამიანებს, ეს ნაკლებად კულუტურულებსა და, ნაწილობრივ, ქალებს შორის ხდება? ნათელმხილველობის ეპოქა საკუთარ სისუსტეს ამხელს, მსგავსად დემონისა, რომელიც ყოველთვის ამხელს საკუთარ თავს საკუთარი თავის გაგების გარეშე, რადგან ის კვლავ და კვლავ კომიკურს მოითხოვს. ეპოქა რომ მართლაც ამას მოითხოვდეს, მაშინ თეატრს შესაძლოა ახალი პიესა დასჭირდეს, რომელშიც კომიკურის საგანი ადამიანის სიყვარულისგან სიკვდილი იქნებოდა - და ნუთუ კეთილისმყოფელი არ იქნებოდა ამ საუკუნისთვის, თუკი ასეთი რამ მოხდებოდა ჩვენს შორის, თუკი ეპოქა ასეთი მოვლენის მოწმე იქნებოდა, რათა ამჯერად გამბედაობა მოეკრიბა სულის ძალების რწმენისათვის, გამბედაობა, რათა აღარ ჩაეხშო მხდალად საუკეთესო საკუთარ თავში და შურით არ ჩაეხშო საუკეთესო სხვებში... სიცილის მეშვეობით? ნუთუ მართლა სჭირდება ეპოქას რელიგიური ენთუზიასტის კომიკური გამოფენა, რათა რაიმეზე გაიცინოს, ან უმალ ის ხომ არ სჭირდება, რომ ასეთმა ენთუზიასტმა ის შეახსენოს, რაც უკვე დავიწყებულია?


    თუკი ვინმეს ანალოგიურ თემაზე დაწერილი ამბის მოსმენა სურს, რომელიც მეტად ახლოსაა იმ ფაქტთან, რომ მონანიებისადმი სწრაფვა არ იქნა გაღვიძებული, ამისათვის უნდა გამოიყენოს ისტორია, რომელიც „ტობითის წიგნშია“ მოთხრობილი. ახალგაზრდა ტობიას სარაზე - რაღუელისა და ყადნას ასულზე სურდა დაქორწინება. მაგრამ ამ გოგონას სამწუხარო ფატალურობა ამძიმებდა. ის შვიდჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ შვიდივე ქმარი სანთიობოში მოკვდა. ჩემი გეგმის გადმოსახედიდან ეს თავისებურება ამ ისტორიის ნაკლია, რადგან თითქმის გარდუვალად იქმნება კომიკური ეფექტი ქორწინების შვიდმაგ ფუჭ მცდელობაზე დაფიქრებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ახლოს იყო ამასთან - მსგავსად სტუდენტისა, რომელიც შვიდჯერ ჩაიჭრა გამოცდაზე. „ტობითის წიგნში“ აქცენტი სხვა ადგილზეა გაკეთებული, ამიტომ რიცხვს აქ დიდი მნიშვნელობა აქვს და გარკვეულწილად წვლილი შეაქვს ტრაგიკული ეფექტის შექმნაში, რადგან ტობიას გამბედაობას უსვამს ხაზს, რაც კიდევ უფრო მეტად ნიშანდობლივია, რადგან ის ერთადერთი შვილია ოჯახში (6:15) და რადგან საზარლობა ასე უფრო შთამბეჭდავია. ასე რომ, ეს გვერდზე უნდა გადავდოთ. მაშასადამე, სარა არის გოგონა, რომელსაც მანამდე არასოდეს ყვარებია, რომლისთვის ჯერ კიდევ ძვირფასია ქალწულებრივი ნეტარება, მისი უზარმაზარი შენატანი არსებობაში, მისი Vollmachtbrief zum Glücke[, პრივილეგია მამაკაცის სიყვარულისა მთელი გულით. და მაინც, ის უუბედურესი ქალწულია, რადგან იცის, რომ ბოროტი დემონი, რომელსაც უყვარს ის, მოკლავს სასიძოს ქორწილის ღამეს. მე მრავალ სამწუხარო ისტორიას ვიცნობ, მაგრამ ვეჭვობ, სადმე ისეთივე ღრმა მწუხარება არსებობდეს, როგორსაც ამ გოგონას ცხოვრებაში ვხვდებით. თუმცა, თუ უბედურება გარედან გვეწვევა, ამაში, ბოლოს და ბოლოს, გარკვეული ნუგეში მაინც არის. თუმცა არსებობას არ მოუტანია ის, რასაც მისი გაბედნიერება შეეძლო, მაინც არის გარკვეული ნუგეში იმ აზრში, რომ ადამიანს შეეძლო გაბედნიერება. მაგრამ აი, მიუწვდომელი მწუხარება, რომელსაც დრო ვერ აიცილებს და რომელსაც დრო ვერ განკურნავს: გააცნობიერო, რომ თუნდაც ცხოვრებას ყველაფერი გაეკეთებინა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, ეს ვერაფერს შეცვლიდა! ბერძენი ავტორი უკიდურესად ბევრს ფარავს თავისი მარტივი გულუბრყვილობით, როდესაც წერს: „πάντως γαρ ονδετς Ερωϊα εφυγεν ή φεύξεται, μέχρι αν κάλλος η και ο φυαλμοί βλεπωσιν“. მრავალი გოგონა ყოფილა უბედური სიყვარულში, მაგრამ ისინი ხდებოდნენ უბედურები, სარა კი მანამდე იყო უბედური, სანამ ასეთი გახდებოდა. რთულია, როდესაც ვერ პოულობ ადამიანს, რომელსაც ერთგულად დანებდებოდი, მაგრამ შეუდარებლად რთულია, არ შეგეძლოს დანებება. ახალგაზრდა გოგონა ნებდება, შემდეგ კი იტყვიან: „ის აღარ არის თავისუფალი“; მაგრამ სარა არასოდეს ყოფილა თავისუფალი. და მაინც, ის არასოდეს დანებებულა. რთულია, თუ გოგონა დანებდება, შემდეგ კი მოტყუვდება, მაგრამ სარა მანამდე მოტყუვდა, სანამ დანებდებოდა. რა სამყაროული მწუხარებაა მოქცეული იმაში, რაც შემდეგ მოხდება, როდესაც საბოლოოდ ტობია სარაზე დაქორწინებას გადაწყვეტს! როგორი საქორწინო ცერემონია! რა მზადება! არ არსებულა ქალიშვილი, მოტყუებული მეტად, ვიდრე სარა, რადგან ის მოტყუებულ იქნა ყველაზე წმინდაში, აბსოლუტურ სიმდიდრეში, რომელსაც ყველაზე ღატაკი გოგონაც კი ფლობს, მოტყუებული საიმედო, უსაზღვრო, შეუკავებელ და ერთგულ დანებებაში; რადგან თავდაპირველად თევზის გულღვიძლი უნდა დაეწვათ გავარვარებულ ნახშირზე. ხოლო, იმის შესახებ დაფიქრდით, თუ როგორ უნდა დამშვიდობებოდა დედა ქალიშვილს, რომელმაც საკუთარი თავი მოატყუა და, აქედან გამომდინარე, დედასაც უნდა წაართვას ტყუილით ყველაზე მშვენიერი. მხოლოდ წაიკითხეთ. „ასე გააკეთა ყადნამ, როგორც ეთქვა მას, და შეიყვანა იგი საძინებელში, და ატირდა. მიიღო ცრემლი თავისი ასულისა და უთხრა: გამაგრდი შვილო, მეუფე ცისა და მიწისა მოგანიჭებს შენ წყალობას ამ შენი დარდის სანაცვლოდ. გამაგრდი, შვილო.“ (7:16-17). შემდეგ კი ქორწილი, თუ ცრემლი არ შეგიშლით წაკითხვას. „როდესაც ჩაიკეტნენ ორივენი, ადგა ტობია სარეცლიდან და თქვა: ადექი, დაო, და ვილოცოთ, რათა წყალობა მოიღოს ჩვენზე უფალმა.“ (8:4).
პოეტს რომ წაეკითხა ეს ტექსტი, თუკი მისი გამოყენება დასჭირდებოდა, ასს ჩამოვდივარ ერთის წინააღმდეგ, რომ ის ძირითად აქცენტს ახალგაზრდა ტობიაზე გააკეთებდა. მისი ჰეროიკული გამბედაობა, გარისკოს საკუთარი სიცოცხლე ასეთი ცხადი საფრთხის არსებობისას - რასაც მოთხრობა კვლავ შეგვახსენებს ქორწილის მეორე დღეს, როდესაც რაღუელი ეუბნება ყადნას: „გავგზავნოთ ერთი მხევალი და ნახოს, ცოცხალია თუ არა. თუ არა და დავმარხოთ და არავის ეცოდინება“ (8:12) - ასეთი ჰეროიკული გამბედაობა პოეტის თემაა. მე თავს ნებას მივცემ, სხვა შემოგთავაზოთ. ტობია მამაცურად იქცევა, გამბედავად და რაინდულად, მაგრამ ნებისმიერი მამაკაცი, ვისაც მსგავსი გამბედაობა არ გააჩნია, არის დოყლაპია, რომელმაც არ იცის, რა არის სიყვარული და რას ნიშნავს, იყო მამაკაცი, ან რისთვის ღირს ცხოვრება; ის უმცირეს საიდუმლოსაც კი ვერ შეიცნობდა, რომ გაცემა სჯობს მიღებას, და არანირი წარმოდგენა არ ექნებოდა დიადი საიდუმლოს შესახებ, რომ გაცილებით უფრო რთულია მიღება, ვიდრე გაცემა, - რასაკვირველია, თუ ადამიანს გააჩნია გამბედაობა, რაიმეს გარეშე გავიდეს ფონს და გაჭირვების ჟამს არ განიცადოს მხნეობის ნაკლებობა. არა, გმირი - სარაა. მსურს მივუახლოვდე მას, ისე, როგორც არასოდეს არც ერთ გოგონასთან არ მივსულვარ ახლოს, და არც ცდუნება მიგრძვნია, მივახლოვებოდი რომელიმე გოგონას, რომლის შესახებ წამიკითხავს. რადგან, როგორი უნდა გქონდეს სიყვარული ღმერთისადმი, რათა განკურნება ისურვო, როდესაც თავიდანვე სრულიად უდანაშაულოდ ხარ დასახიჩრებული, როდესაც დასაწყისიდანვე ადამიანის უიღბლო ნიმუში ხარ! რაოდენი ეთიკური სიმწიფე მოითხოვება პასუხისმგებლობის საკისრებლად, ნება დართო საყვარელ ადამიანს, ასეთი გაბედული ნაბიჯი გადადგას! როგორი მორჩილება სხვა ადამიანის წინაშე! როგორი რწმენა ღმერთისა, რათა დაიჯეროს, რომ მომდევნო წუთს არ შესძულდება ქმარი, რომლის წინაშეც ყველაფრითაა ვალდებული.
სარა რომ მამაკაცი იყოს, დემონური სულ ახლოს იქნებოდა. ამაყი და კეთილშობილი ადამიანი ყველაფერს გაუძლებს, მაგრამ მაინც რჩება რაღაც, რაც გაუსაძლისია, - ესაა სიბრალული. ამაში იგულისხმება აღშფოთება, რომელიც ადამიანის მიმართ მხოლოდ უფრო მაღალმა ძალამ შეიძლება გამოავლინოს, რადგან საკუთარი თავისთვის ის ვერასოდეს გახდება სიბრალულის ობიექტი. თუკი ადამიანი შესცოდავს, სასჯელი მან სასოწარკვეთის გარეშე უნდა მიიღოს; მაგრამ დანაშაულის გარეშე იყო არჩეული დედის საშოში სიბრალულის მსხვერპლად, როგორც ტკბილი სურნელი მისი ყნოსვისათვის - ამის გაძლება მას არ ძალუძს. სიბრალულს უცნაური დიალექტიკა ახასიათებს: ერთ წამს მას დანაშაული სჭირდება, მომდევნო წამს მას აღარ ითხოვს; ასე რომ, იყო წინასწარ განწყობილი სიბრალულისადმი, მით უფრო მეტად საშიშია, რაც უფრო მეტადაა ადამიანის უბედურება მიმართული სულიერისკენ. მაგრამ სარას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, ის ყველა ტანჯვის მსხვერპლია და, გარდა ამისა, სიბრალულის წამებასაც უნდა გაუძლოს, რადგან მეც კი, ვინც მეტად ვარ მისით აღფრთოვანებული, ვიდრე ტობიას უყვარდა, მეც კი ვერ ვახსენებ მის სახელს, თუ არ დავამატე: „საბრალო გოგონა“. დააყენეთ მამაკაცი სარას ადგილას, გააგებინეთ, რომ თუ მას გოგონა შეუყვარდება, ჯოჯოხეთის სული მოევლინება და მოაკვდინებს მის შეყვარებულს; რასაკვირველია, სავსებით შესაძლებელია, რომ მან დემონური ნაწილი აირჩიოს, რომ ის საკუთარ თავში ჩაიკეტოს და დემონური სულის მსგავსად თქვას: „დიდად გმადლობთ, მე არ ვმეგობრობ თავაზიან და სიტყვაუხვ ფრაზებთან, მე აბსოლუტურად არ ვსაჭიროებ სიყვარულის სიამეს, მე შემიძლია „ლურჯწვერად“ ვიქცე, ვპოვებ რა სიამოვნებას ქალიშვილთა განადგურებაში ქორწილის ღამეს“. ჩვეულებრივ, ადამიანს იშვიათად ესმის დემონურის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროს, განსაკუთრებით კი ჩვენს დროში, საფუძვლიანი პრეტენზია აქვს იმისა, რომ გამოკვლეული იყოს, და მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელი, თუკი მისთვის ცნობილია, როგორ დაამყაროს ურთიერთობა დემონთან, შემთხვევით მაინც შეძლებს თითქმის ყოველი ადამიანის გამოყენებას თავისი მიზნებისთვის. როგორც ასეთი მკვლევარი, შექსპირი იყო და რჩება გმირად. ის საზარელი დემონი, ყველაზე დემონური ფიგურა, რომელიც შექსპირმა შეუდარებლად დახატა, გლოსტერის გრაფი (შემდგომში მეფე რიჩარდ III) - რა აქცევს მას დემონად? ცხადია, ის ფაქტი, რომ მას არ შეეძლო იმ სიბრალულის ზიდვა, რომელსაც ის ბავშვობიდან ხვდებოდა. მისი მონოლოგი „რიჩარდ მესამის“ პირველ ნაწილში ყველა მორალურ სისტემაზე მეტად ღირებულია, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ არსებობის საშინელებების ან მათი განმარტების შესახებ.

„მე, უშნოდ გათლილს, არ მაქვს სატრფო შეხედულობა,
რომ მოვაწონო თავი ცუნცრუკ, კოხტა გომბიოთ;
არა რა მაქვს მე ერთმანეთთან შეფერებული;
მუხთალ ბუნებას აუვსივარ უსახურობით
და უჟამური, შეთითხნილი გაურევივარ
ცოცხალთა შორის ნაადრევად მუცლით ნასხლეტი.
ნახევრადაც არ დამთავრებულს, უმზგავსს და საპყარს
ძაღლნიც კი მყეფენ, როცა იმათ გვერდით უდგავარ...“

    გლოსტერის მსგავსი ნატურების ხსნა შეუძლებელია იმის წყალობით, რომ მათი მედიაცია მოხდეს საზოგადოების იდეაში. ეთიკა სინამდვილეში სათამაშოდ აქცევს მათ, ისევე, როგორც სარას დაცინვა იქნებოდა, თუ ეთიკა ეტყოდა მას: „რატომ არ გამოხატავ ყოვლისმომცველს და არ დაქორწინდები?“ არსებითად ასეთი ადამიანები პარადოქსში იმყოფებიან და მეტად არასრულყოფილები არ არიან, ვიდრე სხვა ადამიანები, მაგრამ ან დემონურ პარადოქსში არიან დაღუპულები, ან ხსნილნი - ღვთიურში. ადამიანები უხსოვარი დროიდან ხარობდნენ იმის გაფიქრებისგან, რომ ჯადოქრები, ქაჯები, ტროლები და ა.შ. იყვნენ გონჯები, და უდაოა, რომ ყოველ ადამიანს, ვინც გონჯს დაინახავს, უჩნდება მიდრეკილება, დაუკავშიროს იგი მორალური გარხწნილების შესახებ წარმოდგენას. რა ჯოჯოხეთური უსამართლობაა! რადგან სიტუაცია უმალ შექცეული უნდა იყოს, იმ გაგებით, რომ თვით არსებობამ შერყვნა მათი ნაკვთები, მსგავსად იმისა, როგორც დედინაცვალი ამახინჯებს დროდადრო გერს. ფაქტი იმთავითვე ყოვლისმომცველის მიღმა არსებობისა, - ბუნებისა თუ ისტორიულ გარმეოებათა გამოისობით, - წარმოადგენს დემონურის დასაწყისს, რაშიც თვით ინდივიდს ბრალს ვერ დავდებთ. ამგვარად, ქამბერლენდის „ებრაელიც“ დემონია, მიუხედავად იმისა, რომ ის ქველ საქმეებს სჩადის. ამგვარად, დემონურიც შესაძლებელია, რომ ადამიანებისადმი სიძულვილის სახით იქნას გამოხატული, სიძულვილით, რომელიც, უნდა ითქვას, არ აიძულებს ადამიანს, საძულველად მოიქცეს, რადგან, პირიქით, ის საკუთარ თავს უპირატესობად უთვლის, რომ ის უკეთესია ყველა მათგანზე, ვინც მას განსჯის. ამ ყველაფერთან კავშირში განგაშის ზარი პირველად პოეტებმა უნდა შემოკრან. ღმერთმა იცის, რა წიგნებს კითხულობს ახლა რითმათმთხზველთა ახალგაზრდა თაობა! როგორც ჩანს, მათი მეცადინეობა იმაში მდგომარეობს, რომ რითმები დაისწავლონ ზეპირად. ღმერთმა იცის, რა დანიშნულება აქვთ ამ ადამიანებს არსებობაში! დღესდღეობით ჩემთვის უცნობია, რა სარგებლობა მოაქვთ მათ, გარდა სულის უკვდავების დიდაქტიკური დადასტურებისა, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ბაგესენი ამბობს ჩვენი ქალაქის, კილდევალეს, პოეტზე: „თუ ის უკვდავია, ჩვენც უკვდავები ვართ“. ის, რაც აქ სარას შესახებ ითქვა, თითქმის პოეტური ნაწარმოების სახითა და ფანტასტიური წინაპირობით, სრულ მნიშვნელობას იძენს, თუ ადამიანი ფსიქოლოგიური ინტერესით ჩაუღრმავდება ძველებური გამოთქმის აზრს: „Nullum unquam exstitit magnum ingenium sine aliqua dementia. რადგან ასეთი შეშლილობა არის ტანჯვა, წილხვდომილი გენიოსისთვის არსებობაში, ეს გახლავთ, თუ ნებას დამრთავთ, გამოხატულება ღვთიური შურისა, როდესაც გენიოსის ნიჭი ღვთიური წყალობის გამოხატულებაა. ამგვარად, გენიოსი დასაწყისიდანვე დეზორიენტირებულია ყოვლისმომცველთან მიმართებით და დამოკიდებულებაში ჩაყენებული პარადოქსთან - იქნება ეს მისი შეზღუდულობის სასოწარკვეთაში (რაც მის თვალში მის ყოვლისშემძლეობას უძლურებად აქცევს) დემონური ნუგეშის ძიება და, შესაბამისად, უღიარებლობა ასეთი შეზღუდვისა ღმერთისა თუ კაცის წინაშე, თუ საკუთარი თავის რელიგიური ნუგეში ღვთაების სიყვარულით. აქ ფსიქოლოგიური თემებია ნაგულისხმევი, რომლებსაც, ჩემი აზრით, ადამიანი სიხარულით მიუძღვნიდა მთელ ცხოვრებას - და, მიუხედავად ამისა, ადამიანი ასე ხშირად გაიგონებს მათ შესახებ. რა დამოკიდებულება აქვს სიგიჟეს გენიალობასთან? შეგვიძლია ერთი მეორიდან გამოვიყვანოთ? რა აზრით და რამდენად არის გენიოსი თავისი სიგიჟის ბატონი? რადგან, თავისთავად იგულისხმება, რომ გარკვეული ხარისხით ის არის ბატონი, რადგან სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ შეშლილი იქნებოდა. მაგრამ ასეთი დაკვირვებებისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის გამომგონებლობა და სიყვარული; რადგან, დაკვირვება მეტად მაღალ გონებაზე უკიდურესად რთულია. თუკი ამ სირთულისადმი სათანადო ყურადღებით წავიკითხავთ კონკრეტულ ავტორთა ნაწარმოებებს, რომლებიც გენიოსებად არიან ცნობილნი, ერთადერთ შემთხვევას თუ აღმოვაჩენდით, თანაც დიდი სირთულით, რომელიც რაიმეს შეგვძენდა.
    კიდევ ერთი შემთხვევის განხილვას ვისურვებდი, ინდივიდისა, რომელიც თავისი ფარულობითა და დუმილით იხსნის ყოვლისმომცველს. ამისათვის მე ფაუსტის ლეგენდას მოვიშველიებ. ფაუსტი ეჭვებშია, სულისაგან განდგომილი, რომელიც ხორცის გზას ირჩევს. ამას გულისხმობენ პოეტები, და მაშინ, როცა კვლავ და კვლავ იმეორებენ, რომ ყველა ეპოქას თავისი ფაუსტი ჰყავს, პოეტები ერთმანეთის მიყოლებით დაუღალავად მიუყვებიან ერთსა და იმავე გატკეპნილ გზას. მოდით, ოდნავი ცვლილება შევიტანოთ. ფაუსტი დაეჭვებულია par excellence, მაგრამ მას თანამგრძნობი ბუნება აქვს. ფაუსტის გოეთესულ ინტერპრეტაციაშიც კი შევიგრძნობ მე ღრმა ფსიქოლოგიური გაგების ნაკლებობას იდუმალი საუბრებისა, რომლებსაც დაეჭვება საკუთარ თავთან მართავს. ჩვენს საუკუნეში, როდესაც ყველას განუცდია დაეჭვება, არც ერთ პოეტს ჯერ კიდევ არ გადაუდგამს ნაბიჯი ამ მიმართულებით. ასე რომ, ვფიქრობ უმჯობესი იქნება, მათ სამეფო ფასიანი ქაღალდები შევთავაზო, რათა ზედ იმ ყველაფრის ჩაწერა შეძლონ, რაც ამ მიმართებით აქვთ განცდილი - რთულად თუ დაწერენ მეტს, ვიდრე ამას მარცხენა მინდვრის სივრცე იძლევა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ამგვარად მიაქცევს ფაუსტის მზერას თავისი შინაგანისკენ, იქცევა ეჭვი პოეტურად, მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს ის სინამდვილეში მხოლოდ სატანჯველს. მისთვის ცნობილია, რომ სულია არსებობის საყრდენი, მაგრამ ასევე იცის, რომ სიმშვიდე და მხიარულება, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ, არა სულის სიძლიერეს წარმოადგენს, არამედ შესაძლოა მარტივად იქნას ახსნილი არარეფლექტირებადი ბედნიერების სახით. როგორც დაეჭვებული, როგორც ერთადერთი დაეჭვებული, ის ამ ყველაფერზე მაღლა დგას, ხოლო თუ ვინმე შეეცდება გააცუროს ის, დაარწმუნებს რა, რომ მას დაეჭვების წვრთნის კურსი აქვს გავლილი, ის მას გამჭოლ დაინახავს, რადგან ადამიანი, რომელმაც მოძრაობა შეასრულა სულის სამყაროში, ანუ უსასრულო მოძრაობა, მყისიერად მიხვდება ნათქვამი სიტყვების მიხედვით, მას გამოცდილი და გამოცდაგავლილი ადამიანი ესაუბრება თუ ვინმე მიუნჰაუზენი. იმას, რასაც თემურ-ლენგი თავისი ჰუნების მეშვეობით აღწევდა, ფაუსტი აღწევს ეჭვის დახმარებით: დააფრთხოს შეცბუნებული ადამიანები, შეარყიოს არსებობა მათ ფეხქვეშ, განდევნოს ისინი საზღვრებს გარეთ, შიშის გმინვა გამოიწვიოს ირგვლივ. ხოლო თუ გააკეთებს ამას, ის მაინც არ არის თემურ-ლენგი, გარკვეული აზრით ის უფლებამოსილია, ის აზრის უფლებამოსილებითაა აღჭურვილი. მაგრამ ფაუსტს თანაგრძნობა გააჩნია, მას უყვარს არსებობა, მისი სულისთვის უცხოა შური, ის გრძნობს, რომ ვერ შეძლებს რისხვის ჩაქრობას, რომლის გამოწვევა ძალუძს, მას არ სურს ჰეროსტრატესეული პატივი - ის დუმილს ინარჩუნებს, ეჭვს ის საკუთარ სულში ფარავს, და ამას მეტი მზრუნველობით აკეთებს, ვიდრე გოგონა, რომელიც მკერდში ბიწიერი სიყვარულის ნაყოფს მალავს, ის ცდილობს ფეხი აუწყოს სხვა ადამიანებს, მაგრამ იმას, რაც მასში ხდება, ის თვით შთანთქავს, შესაბამისად კი მსხვერპლად სწირავს თავს ყოვლისმომცველს.
როდესაც რომელიმე ექსცენტრული პიროვნება ეჭვის ქარბორბალას დაატრიალებს, შესაძლოა ვინმემ თქვას: „ნეტავ გაჩუმებულიყო“. სწორედ ამ იდეას ახორციელებს ფაუსტი. მისთვის, ვისაც გააჩნია წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ცხოვრება სულით, ეჭვისმიერი შიმშილიც ცნობილია, და რომ დაეჭვებულს ისევე სჭირდება პური არსობისა, როგორც სულიერი საკვები. შესაძლოა ტკივილი, რომელსაც ფაუსტი განიცდის, სავსებით სამართლიანი არგუმენტი იყოს საიმისოდ, რომ სიამაყეს არ მოუცავს იგი, თუმცა, ამის შესამოწმებლად მე სიფრთხილის ერთ ღონისძიებას მივმართავ, რაც, ვგონებ, რთული არ უნდა იყოს. რადგან, როგორც გრიგოლ რიმინელს ეწოდა tortor infantium, რადგან ის მხარს უჭერდა ჩვილთა წყეულობის შეხედულებას, ასევე შემიძლია მე საკუთარ თავს ვუწოდო tortor heroum, რადგან მე უკიდურესი გამომგონებლობით გამოვირჩევი, როდესაც საქმე გმირთა წამებას ეხება. ფაუსტი ხედავს მარგარიტას - არა მას შემდეგ, რაც მან სიამოვნების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რადგან ჩემი ფაუსტი არ ირჩევს სიამოვნებას - ის ხედავს მარგარიტას არა მეფისტოფელის გამრუდებულ სარკეში, არამედ მთელი მისი უმშვენიერესი უბიწობით, და რამდენადაც მის სულს შენარჩუნებული აქვს სიყვარული კაცობრიობისადმი, მისთვის სავსებით შესაძლებელია გოგონას შეყვარება. მაგრამ ის დაეჭვებულია, ეჭვმა გაანადგურა რეალობა მისთვის. რადგან, ჩემი ფაუსტი იმდენად იდეალურია, რომ ის არ ეკუთვნის ამ მეცნიერულად დაეჭვებულებს, რომლებიც სემესტრში ერთ საათს ეჭვობენ პროფესორის სავარძელში ჩაბრძანებულები, მაგრამ დანარჩენ დროს შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, და ასეც იქცევიან, სულის ან სულის ძალის დახმარების გარეშე. ის დაეჭვებულია, დაეჭვებულს კი იმდენადვე სჭირდება პური არსობისა, როგორც სულიერი საკვები. თუმცა, ის ერთგულებას ინარჩუნებს თავისი გადაწყვეტილებისადმი და არავის ესაუბრება თავისი ეჭვის შესახებ, ისევე, როგორც არც მარგარიტას - თავისი სიყვარულის შესახებ.
თავისთავად იგულისხმება, რომ ფაუსტი მეტისმეტად იდეალურია იმისათვის, რომ ფუჭი ლაყბობით დაკმაყოფილდეს. თუ ის ისაუბრებს, ამით საბაბი მიეცემა საყოველთაო დისკუსიას, და ყველაფერი შედეგის გარეშე ჩაივლის, - შესაძლოა ასე, შესაძლოა ისე... (აქ, როგორც ყველა პოეტი იოლად შეამჩნევს, კომიკური ელემენტი შემოვიდა ჩვენს თხრობაში, რაც საფრთხეს უქმნის ფაუსტს, ირონიულ დამოკიდებულებაში ჩააყენოს იაფფასიანი კომედიების ბრიყვებთან, რომლებიც ჩვენს საუკუნეში ეჭვებს დასდევენ, მოაქვთ გარე მტკიცებულებები, მაგალითად, ექიმის ცნობა, რომ მართლაც დაეჭვებულები არიან, ან ფიცს დებენ, რომ ყველაფერში ეჭვი შეიტანეს, ან იმით ამტკიცებენ ამას, რომ გზად დაეჭვებულს შეხვდნენ, - სულიერი სამყაროს ამ მაცნეებსა და მალემსრბოლებთან, რომლებიც უკიდურესი აჩქარებით იღებენ ერთი ადამიანისგან დაეჭვებაზე ოდნავ მინიშნებასაც კი, მეორისგან - მინიშნებას რწმენაზე, შემდეგ კი ცდილობენ საუკეთესო ფორმით დაკავდნენ საქმეებით, იმის შესაბამისად, მრევლი „წვრილ ქვიშას მოითხოვს თუ მსხვილს“). ფაუსტი მეტისმეტად იდეალური ფიგურაა იმისათვის, რომ ქოშში წაჰყოს ფეხი. ის, ვისაც უსასრულო ვნება არ გააჩნია, არ წარმოადგენს იდეალს, ხოლო მან, ვისაც ასეთი ვნება გააჩნია, დიდი ხნის წინ დაიხსნა სული ასეთი უგნურებისგან. ის დუმს და საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად, ან საუბრობს და ნათლად აცნობიერებს, რომ ყველაფერს აბურდავს.
   თუკი ის დუმს, ეთიკა კიცხავს მას, რადგან ის ამბობს: „შენ უნდა აღიარო ყოვლისმომცველი, და მხოლოდ მისი ამოთქმით აღიარებ მას, და ამიტომ არ უნდა გაგაჩნდეს თანაგრძნობა მის მიმართ“. არ უნდა დაგვავიწყდეს ამის შესახებ, როდესაც ადამიანი დაეჭვებულს მკაცრად განსჯის საუბრისათვის. მე არ ვარ მომხრე, ასეთი საქციელი მოწყალედ განვსაჯო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ყველგან, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხდება თუ არა მოქმედება ნორმალურად. თუკი ყველაზე უარესი მოხდება, დაეჭვებული, თუნდაც საუბრით მთელი სამყაროსთვის ყველა შესაძლო უბედურება მოჰქონდეს, მაინც სჯობს იმ უმწეო სუსნიებს, რომლებიც ცოტ-ცოტას ყველაფერს უსინჯავენ გემოს, და რომლებიც კურნავენ დაეჭვებას ისე, რომ არა იციან რა მის შესახებ, და რომლებიც, ჩვეულებრივ, უშუალო მიზეზი არიან ხოლმე ეჭვისა, როდესაც ის მთელი სიშმაგითა და დაუცხრომელი მძვინვარებით იფეთქებს. თუ ისაუბრებს, ის ყველაფერს აბურდავს, რადგან, თუმცა ეს რეალურად არასოდეს ხდება, ამას ის მხოლოდ შემდეგ შეიტყობს, ხოლო შედეგი ვერავის დაეხმარება - ვერც ქმედების მომენტში და ვერც პასუხისმგებლობასთან მიმართებით.
თუკი ის დუმილს თავისი პასუხისმგებლობით შეინარჩუნებს, ეს შესაძლოა მართლაც სულგრძელი საქციელი იყოს, მაგრამ საკუთარ სხვა ტკივილს ამით მცირედ ცდუნებას უმატებს, რადგან ყოვლისმომცველი გამუდმებულ წამებას დაუწესებს მას და ეტყვის: „შენ უნდა გეთქვა. სად ნახავ იმის დასტურს, რომ ფარული სიამაყე არ მიუძღოდა შენს გადაწყვეტილებას?“
და პირიქით, თუ დაეჭვებულს ძალუძს იქცეს ცალკეულ ინდივიდად, რომელიც, როგორც ინდივიდი, აბსოლუტურ დამოკიდებულებაშია აბსოლუტთან, ის თავისი დუმილის უფლებამოსილებას მოიპოვებს. ასეთ შემთხვევაში მან დაეჭვება ბრალეულობად უნდა აქციოს. ასეთ დროს ის პარადოქსში იმყოფება, მაგრამ მისი დაეჭვება განკურნებულია, თუმცა ახალი დაეჭვება - შესაძლებელი.
   ახალი აღთქმაც კი მოიწონებდა ასეთ დუმილს. არსებობს ფრაგმენტები ახალ აღთქმაში, რომლებიც იწონებენ ირონიას, თუმცა კი ის რაღაც კარგის დასაფარად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ეს მოძრაობა იმდენადვეა ირონიის მოძრაობა, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელსაც ფესვები იმ ფაქტში აქვს გადგმული, რომ სუბიექტური უფრო მაღალია, ვიდრე სინამდვილე. ამის შესახებ ჩვენს დროში ადამიანებს არაფრის გაგონება არ სურთ, ზოგადად, მათ იმაზე მეტის ცოდნა არ სურთ, რაც ჰეგელმა თქვა ამ საკითხზე - ვისაც, რაც საკმაოდ საინტერესოა, დიდად არ ესმოდა ეს საკითხი და გარკვეულ სიძულვილს განიცდიდა მის მიმართ, სიძულვილს, რომლის შენარჩუნების სრული საფუძველი აქვს ჩვენს საუკუნეს, რადგან მან უბრალოდ თავი უნდა დაიცვას ირონიისგან. მთის ქადაგებაზე ნათქვამია: „ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად.[95]“. ეს პასაჟი უშუალოდ მოწმობს იმას, რომ სუბიექტურობა რეალობის არათანაზომადია, და რომ მას აქვს სიცრუის ნებართვა. ჩვენი დროის ადამიანები, რომლებიც ცარიელ სიტყვებს ისვრიან თემის იდეის შესახებ, რომ მეტ ყურადღებას უთმობდნენ „ახალ აღთქმას“, შესაძლოა სხვა აზრებითაც გამსჭვალულიყივნენ.
მაგრამ აბრაამი, ის როგორ მოქმედებდა? რადგან მე არ დამვიწყებია და ალბათ მკითხველსაც ეამება იმის შეხსენება, რომ ამ წერტილის მიღწევის მიზნით შევუდექი მთელ ზემომოტანილ მსჯელობას - არა იმიტომ, რომ ამის წყალობით აბრაამი მეტად გასაგები გახდება, არამედ იმიტომ, რომ გაუგებლობა კიდევ უფრო მიუკერძოებელი იყოს. რადგან, როგორც უკვე ვთქვი, მე არ ძალმიძს აბრაამის გაგება, მე მხოლოდ აღტაცება შემიძლია მისით. ასევე აღნიშნულ იქნა, რომ ჩემს მიერ აღწერილ ეტაპთაგან არც ერთი არ არის აბრაამის ანალოგიური. მაგალითები მხოლოდ იმისათვის იყო მოტანილი, თუმცა კი მხოლოდ საკუთარ სფეროში ნაჩვენები, რომ თავდაუჯერებლობის წამს თითქოს უცხო მიწის საზღვრები ეჩვენებინათ. თუკი რაიმე ანალოგიაა შესაძლებელი, მისი პოვნა ცოდვის პარადოქსში შეიძლება, ეს კი ისევ და ისევ სხვა სფეროში ძევს და ვერ განმარტავს აბრაამს, თვით კი გაცილებით უფრო იოლი განსამარტავია, ვიდრე აბრაამი.
გარდა ამისა, აბრაამს არაფერი უთქვამს, არც სარასთვის და არც ელეაზარისთვის, არც ისააკისთვის, - ის ამ სამ ეთიკურ ინსტანციაზე ამაღლდა; რადგან ეთიკურს აბრაამისთვის არ ჰქონია უფრო მაღალი გამოხატულება, ვიდრე ოჯახურ ცხოვრებას.
   ესთეტიკა დიახაც მოითხოვდა ინდივიდუალურ მდუმარებას, თუკი ასეთი დუმილის წყალობით სხვისი ხსნა იქნებოდა შესაძლებელი. ეს უკვეა საკმარისი საბუთი იმისა, რომ აბრაამი ესთეტიკურ საზღვრებში არ იმყოფებოდა. მის დუმილს უდაოდ ისააკის ხსნა ჰქონდა მიზნად, ზოგადად კი ამოცანა ისააკის მსხვერპლად შეწირვისა საკუთარი თავისა და ღმერთისთვის - ესთეტიკის შეურაცხყოფაა, რადგან ამ უკანასკნელს კარგად ესმის, რომ მე ვწირავ საკუთარ თავს მსხვერპლად, მაგრამ ვერ იგებს სხვის შეწირვას ჩემთვის. ესთეტიკის გმირი დუმს. ეთიკა განსჯის მას, რადგან ის თავისი შემთხვევითი თავისებურების ძალით დუმდა. დუმილს მას მისი ადამიანური წინასწარი ცოდნა აიძულებდა. ამას ეთიკა ვერ პატიობს, ყოველი ასეთი ადამიანური ცოდნა არის მხოლოდ ილუზია, ეთიკა უსასრულო მოძრაობას მოითხოვს, მოითხოვს გაცხადებას. ასე რომ, აქ ესთეტიკის გმირს შეუძლია საუბარი, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს.
ჭეშმარიტი ტრაგიკული გმირი სწირავს საკუთარ თავსა და ყველაფერს, რაც მისია, მსხვერპლად ყოვლისმომცველს, მისი ქმედებები და ყოველი ემოცია ყოვლისმომცველს ეკუთვნის, ის გაცხადებულია, და ამ თვითგაცხადებაშია ის ეთიკის საყვარელი ძე. თუმცა, ეს არ გამოდგება აბრაამის შემთხვევაში: ის არაფერს აკეთებს ყოვლისმომცველისთვის და ის დაფარულია.
აქ კი პარადოქსს მივუახლოვდით. ან ინდივიდს, როგორც ინდივიდს, ძალუძს აბსოლუტურ დამოკიდებულებაში იყოს აბსოლუტთან (და თუ ასეა, ეთიკური აღარ არის უმაღლესი) ან აბრაამი დაღუპულია - ის არც ტრაგიკული გმირია და არც ესთეტიკური.
   აქ შეიძლება ისევ მოგვეჩვენოს, რომ პარადოქსი უადვილესი და ყველაზე მოსახერხებელი რამაა. მიუხედავად ამისა, უნდა გავიმეორო, რომ ის, ვინც დარწმუნებულია ამაში, არ წარმოადგენს რწმენის რაინდს, რადგან შიში და ტანჯვაა ერთადერთი გამართლება, ხოლო მათი განაზრება ვერ მოხდება ზოგადი ცნებებით, რადგან ასეთ შემთხვევაში პარადოქსი უქმდება.
აბრაამი დუმილს ინარჩუნებს, მაგრამ მას არ შეუძლია საუბარი, ამაშია შიში და ტანჯვა. რადგან, თუკი მე საუბრისას არ შემიძლია გასაგები ვიყო, მე არ ვსაუბრობ - თუნდაც უწყვეტად ვისაუბრო დღითა და ღამით. სწორედ ასეთია აბრაამის შემთხვევა. მას ყველაფერის თქმა შეუძლია, მაგრამ ერთ რამეს ვერ იტყვის, და რომც შეეძლოს, ამას ისე ვერ გააკეთებს, რომ სხვამ გაიგოს, ასე რომ, ის არ საუბრობს. საუბრის შვება ის არის, რომ მას ყოველისმომცველში გადავყავარ. ახლა აბრაამს შეუძლია ლექსიკისთვის ცნობილი უმშვენიერესი სიტყვები თქვას ისააკისადმი სიყვარულის შესახებ. მაგრამ ეს არ აქვს მას გულის სიღრეში ჩამალული, მას უფრო ღრმა აზრის გამოთქმა სურს, რომ ის მსხვერპლად შესწირავს ისააკს, რადგან ეს გამოცდაა. ამ უკანასკნელი აზრის გაგება არავის ძალუძს, რის გამოც პირველსაც არასწორად იგებენ. ტრაგიკული გმირისათვის უცხოა ასეთი ტანჯვა. უპირველეს ყოვლისა, მას აქვს ნუგეში, რომ ყოველ საწინააღმდეგო არგუმენტს სათანადო ყურადღება მიექცა, რომ მას შეეძლო კლიტემნესტრას, იფიგენიას, აქილევსისა და ქოროსთვის, ყოველი ცოცხალი არსებისთვის, ადამიანის გულიდან ამომავალი ყოველი ხმის, ყოველი ცბიერი, ყოველი ბრალმდებელი და ყოველი თანამგრძნობი აზრისთვის მის წინააღმდეგ აღდგომის შესაძლებლობა მიეცა. მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ყველაფერი, რაც მის საწინააღმდეგოდ ითქვა, ნათქვამი იყო უმოწყალოდ, დაუნდობლად, ხოლო სამყაროსთან ბრძოლა ნუგეშია, საკუთარ თავთან ბრძოლა კი ტანჯვა. მას არ აქვს მიზეზი ეშინოდეს იმის, რომ რაღაც გამორჩა, რათა შემდეგ მეფე ედუარდ მეოთხესავით არ მოუწიოს დაყვირება:

ვინ შემევედრა, ანუ ჩემის გაცოფების დროს
ვინ დამიჩოქა და მირჩია მშვიდად მეფიქრა?
ვინ გამახსენა სიყვარული, ძმობა, ერთობა?

   ტრაგიკული გმირისათვის უცნობია მარტოობის საზარელი პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, მას აქვს ნუგეში, - მას გოდება შეუძლია კლიტემნესტრასა და იფიგენიასთან ერთად. ცრემლი და გოდება ამშვიდებს, მაგრამ ამოუთქმელი კვნესა მტანჯველია. აგამემნონს სწრაფად შეუძლია სულიერი ძალების მოკრება იმ რწმენით, რომ ის იმოქმედებს, შემდეგ კი მას კვლავ ექნება დრო ნუგეშის ცემისა და გამბედაობის მინიჭებისთვის. ამას აბრაამი ვერ გააკეთებს. როდესაც მისი გული ატოკებულია, როდესაც მისი სიტყვები ნეტარ ნუგეშს შეიცავენ მთელი სამყაროსთვის, ის ვერ ბედავს ნუგეშის ცემას, რადგან ნუთუ სარა, ნუთუ ელეაზარი, ნუთუ ისააკი არ ეტყოდნენ: „რატომ აკეთებ ამას? ჯერ ხომ შეგიძლია თავის შეკავება?“ ხოლო თუ თავის ტანჯვაში ის ნებაზე მიუშვებდა თავის გრძნობებს და ყველა თავისიანს მოეხვეოდა უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმამდე, შესაძლოა შედეგი საზარელი ყოფილიყო, - სარა, ელეაზარი და ისააკი იფიქრებდნენ, რომ ის თვალთმაქცობდა. მას არ ძალუძს საუბარი, ის არ საუბრობს ადამიანურ ენაზე. თუმცა, თვითონ რომ სამყაროს ყველა ენა ესმოდეს და მის ახლობლებსაც ესმოდეთ მისი, ის მაინც ვერ ისაუბრებდა - ის ღვთიურ ენაზე მეტყველებს... ის „სხვა ენაზე საუბრობს“.
მე კარგად მესმის ასეთი სირთულე, მე შემიძლია აღტაცებული ვიყო აბრაამით, მე არ ვშიშობ, რომ ვინმე შეიძლება ცდუნებულ იქნას ამ მონათხრობით, რათა დაუფიქრებლად იქცეს ცალკეულ ინდივიდად, მაგრამ აქვე უნდა ვაღიარო, რომ საამისო გამბედაობა არ გამაჩნია და რომ სიხარულით ვამბობ უარს წინ ნაბიჯის გადადგმაზე, თუკი ჩემთვის ნებადართული იქნებოდა, რომ თუნდაც დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივსულიყავი ამ წერტილამდე. აბრაამს ყოველ წამს შეუძლია ყველაფრის შეწყვეტა, მას შეუძლია მოინანიოს ყველაფერი, როგორც ცდუნება, შემდეგ ის ისაუბრებს, შემდეგ მას ყველა გაუგებს, მაგრამ ის უკვე აღარ იქნება აბრაამი.
აბრაამს არ შეუძლია საუბარი, რადგან მას არ შეუძლია ამოთქვას სიტყვა, რომელიც ყველაფერს განმარტავდა (ანუ ისე, რომ გასაგები იყოს), მას არ შეუძლია თქვას, რომ ეს არის გამოცდა, თანაც იმგვარი, ეს უნდა აღინიშნოს, როდესაც ეთიკურია ცდუნება. ის, ვინც ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, ემიგრანტია ყოვლისმომცველის სფეროდან. მაგრამ შემდეგი სიტყვის თქმა მას კიდევ უფრო ნაკლებად ძალუძს. რადგან, როგორც ეს საკმარისად იქნა ჩამოყალიბებული ზევით, აბრაამი ორ მოძრაობას ასრულებს: თვითაღკვეთის უსასრულო მოძრაობას და ისააკის უარყოფას (ამის გაგება არავის ძალუძს, რადგან ეს კერძო საქმეა); თუმცა შემდეგ ის მყისვე ასრულებს რწმენის მოძრაობას. ეს არის მისი ნუგეში, რადგან ის ამბობს: „და მაინც, ეს არ მოხდება, ხოლო თუ მოხდება კიდეც, უფალი მე ახალ ისააკს მომცემს, სწორედ რომ აბსურდის ძალით“. ტრაგიკული გმირი ბოლოს და ბოლოს ამბის დასასრულს აღწევს. იფიგენია თავს ხრის მამის გადაწყვეტილების წინაშე, ის თვითონ ასრულებს თვითაღკვეთის უსასრულო მოძრაობას, ასე რომ, მათ უკვე კარგად ესმით ერთმანეთის. მას შეუძლია აგამემნონის გაგება, რადგან ამ უკანასკნელის საქციელი საყოველთაოს გამოხატულებაა. თუკი, მეორეს მხრივ, აგამემნონი ეტყოდა მას: „მიუხედავად იმისა, რომ ღვთაება შენს თავს ითხოვს მსხვერპლად, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ მან არ მოითხოვოს ეს - სწორედ რომ აბსურდის ძალით“, იფიგენია მას ვეღარ გაუგებდა. თუკი აგამემნონი ამას ადამიანური ანგარიშიანობის ძალით ეტყოდა, იფიგენია გაუგებდა მას, მაგრამ აქიდან ის დასკვნა უნდა გაგვეკეთებინა, რომ აგამემნონმა არ შეასრულა თვითაღკვეთის უსასრულო მოძრაობა, შესაბამისად, ის არ არის გმირი, და მაშინ ნათელმხილველის სიტყვებიც საზღვაო ლათაიაა, მთელი ამბავი კი ვოდევილი.
   აბრაამი არ საუბრობს. ერთადერთი სიტყვაა შენარჩუნებული, ერთადერთი პასუხი ისააკს, რაც ასევე საკმარისად ასაბუთებს იმას, რომ მას მანამდე არ უსაუბრია. ისააკი ეკითხება აბრაამს, სად არის მსხვერპლად შესაწირი კრავი. „უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს“.
აბრაამის ეს უკანასკნელი სიტყვა ოდნავ უფრო დაწვრილებით უნდა განვიხილო. რომ არა ეს სიტყვა, მთელ ამბავს რაღაც მოაკლდებოდა; ამ სიტყვებს რომ სხვა შინაარსი ჰქონოდათ, შესაძლოა ყველაფერი აბდა-უბდით დასრულებულიყო.
   ხშირად მიფიქრია იმ საკითხის შესახებ, აქვს თუ არა ტრაგიკულ გმირს უკანასკნელი სიტყვის უფლება, მიუხედავად იმისა, მისი ტრაგედიის კულმინაცია მოქმედებაა თუ ტანჯვა. ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულია ცხოვრების სფეროზე, რომელსაც იგი ეკუთვნის, აქვს თუ არა მის ცხოვრებას ინეტლექტუალური მნიშვნელობა, არის თუ არა მისი ტანჯვა ან მოქმედება დამოკიდებულებაში სულთან.
   თავისთავად იგულისხმება, რომ ტრაგიკულ გმირს, მსგავსად ნებისმიერი ადამიანისა, ვისაც მეტყველება არ დაუკარგავს, თავისი კულმინაციის მომენტში ძალუძს ამოთქვას რამდენიმე სიტყვა, შესაძლოა რამდენიმე სათანადო სიტყვა, მაგრამ აქ კითხვა იმაში მდგომარეობს, არის თუ არა სათანადო მისთვის ამ სიტყვების ამოთქმა საერთოდ. თუკი მისი ცხოვრების მნიშვნელობა გარეშე აქტში მდგომარეობს, მას არაფერი აქვს სათქმელი, რადგან ყველაფერი, რასაც ის იტყვის, ლაყბობაა, რის შედეგად მის მიერ შექმნილი შთაბეჭდილება მხოლოდ სუსტდება, როდესაც ტრაგედიისთვის საჭიროა, რომ თავის ამოცანას ის მდუმარებაში ასრულებდეს, მიუხედავად იმისა, ტანჯვაში მდგომარეობს ის თუ მოქმედებაში. მეტისმეტად შორს რომ არ წავიდეთ, მე მოვიტან მაგალითს, რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩვენი განხილვის საგანთან. თუ დანა თვით აგამემნონს და არა კალქასს უნდა შეემართა იფიგენიაზე, ის მხოლოდ დაამცირებდა საკუთარ თავს, თუ უკანასკნელ წამს რამდენიმე სიტყვის წარმოთქმას მოიწადინებდა, რადგან მისი ქმედების მნიშვნელობა ყველასათვის იყო ცნობილი, ღვთისმოსაობის, თანაგრძნობის, ემოციის, ცრემლის იურიდიული პროცედურა შესრულდა, მეტიც, მის ცხოვრებას არაფერი ჰქონდა საერთო სულთან, ის არც მოძღვარი და არც მოწმე ყოფილა სულისა. მეორეს მხრივ, თუ გმირის ცხოვრების მნიშვნელობა სულისკენ მიმართულებაში მდგომარეობს, მაშინ შესაბამისი პასუხის არარსებობა შეასუსტებს მის მიერ შექმნილ შთაბეჭდილებას. ის, რაც მან უნდა თქვას, არ არის რამდენიმე სათანადო სიტყვა, არ არის მოკლე დეკლამაცია, არა, მისი სიტყვების მნიშვნელობა იმაშია, რომ გადამწყვეტ მომენტში ის თვითონ ახორციელებს საკუთარ თავს. ასეთ ინტელექტუალურ ტრაგიკულ გმირს უნდა გააჩნდეს ის, რის მოპოვებასაც სხვა ვითარებაში ხშირად ცდილობენ კომიკური გზით, მას უნდა გააჩნდეს და უნდა შეინარჩუნოს უკანასკნელი სიტყვა. მისგან ისეთივე ამაღლებული დამოკიდებულება მოითხოვება, როგორიც ყველა ტრაგიკულ გმირს უნდა ჰქონდეს, მაგრამ, გარდა ამისა, მისგან მოითხოვება სიტყვაც. ამგვარად, როდესაც ასეთ ინტელექტუალურ ტრაგიკულ გმირს კულმინაცია ტანჯვაში (სიკვდილში) აქვს, თავისი უკანასკნელი სიტყვით ის უკვდავად იქცევა, სანამ მოკვდება, როდესაც ჩვეულებრივი ტრაგიკული გმირი უკვდავად მანამ არ იქცევა, სანამ არ მოკვდება.
   შეგვიძლია მაგალითის სახით სოკრატე განვიხილოთ. ის ინტელექტუალური ტრაგიკული გმირია. მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ის სწორედ ამ წამს კვდება - რადგან ადამიანს, ვისაც არ ესმის, რომ სიკვდილისათვის მთელი სულიერი ძალების მობილიზებაა აუცილებელი, და რომ გმირი ყოველთვის მანამდე კვდება, სანამ მოკვდება, ასეთი ადამიანის წარმოდგენა ცხოვრების შესახებ არცთუ შორსმჭვრეტელურია. ასე რომ, სოკრატეს, როგორც გმირისაგან, მოითხოვებოდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა საკუთარ თავში, მაგრამ, როგორც ტრაგიკული გმირისაგან, მოითხოვება, რომ უკანასკნელ წამს სულიერი სიძლიერე გამოავლინოს საკუთარი თავის განსახორციელებლად. ამგვარად მას, მსგავსად ჩვეულებრივი ტრაგიკული გმირისა, არ ძალუძს კონცენტრაცია მოახდინოს სიკვდილთან პირისპირ შეხვედრაზე, მაგრამ მან ეს მოძრაობა იმდენად სწრაფად უნდა შეასრულოს, რომ იმავდროულად საკუთარ ცნობიერებაში გასცდეს ამ ბრძოლას და საკუთარი თავი დაამკვიდროს. სოკრატეს რომ სიკვდილის კრიზისში დუმილი შეენარჩუნებინა, მისი ცხოვრების ეფექტი შესუსტდებოდა და გაჩნდებოდა ეჭვი იმასთან მიმართებით, რომ მისი ირონიის ელასტიურობა იყო არა ელემენტარული ძალა, არამედ თამაში, რომლის მოქნილობა უნდა გამოეყენებინა მას, რათა გადამწყვეტ წამს ემოციური გამძლეობა მოეპოვებინა.
იმას, რაც აქ მოკლედ არის მინიშნებული, რასაკვირველია, არანაირი კავშირი არ აქვს აბრაამთან, თუკი ვინმე იფიქრებს, რომ ანალოგიის მიხედვით შესაძლებელი იქნება სათანადო სიტყვის პოვნა, რომლითაც აბრაამი დაასრულებდა, თუმცა ამას კავშირი იმ ხარისხით აქვს, რამდენადაც ადამიანი აღიქვამს, თუ რაოდენ აუცილებელია, რომ უკანასკნელ წამს აბრაამმა დაამკვიდროს საკუთარი თავი, მდუმარედ არ შემართოს დანა, არამედ ჰქონდეს სიტყვა სათქმელი, რადგან, როგორც რწმენის პატრიარქს, მას აბსოლუტური მნიშვნელობა ენიჭება სულიერი გაგებით. თუ რა უნდა ეთქვა, ამის შესახებ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი; მას შემდეგ, რაც ის იტყვის, მე შესაძლოა გავიგო ეს სიტყვები, შესაძლოა გარკვეული აზრით გავიგო თვით აბრაამიც, თუმცა მასთან იმაზე ახლოს მისვლის გარეშე, ვიდრე ამ მსჯელობით ხერხდება. სოკრატეს უკანასკნელი რეპლიკა რომ არ არსებობდეს, მე შევძლებდი ამაზე დაფიქრებას და ასეთი სიტყვის წარმოდგენას; თუ მე ვერ შევძლებდი, ამას პოეტი მოახერხებდა, მაგრამ ვერც ერთი პოეტი ვერ ჩაწვდება აბრაამს.
   სანამ აბრაამის სიტყვას უფრო დეტალურად განვიხილავდე, მსურს ყურადღება მივაპყრო სირთულეს იმისა, რომ აბრაამს საერთოდ არ ძალუძს საუბარი. პარადოქსის უბედურება და საზარლობა, როგორც ზემოთაც იყო ნაჩვენები, დუმილშია - აბრაამს არ ძალუძს საუბარი. რადგან, ამის გათვალისწინებით, შინაგანად წინააღმდეგობრივი იქნება მისგან საუბრის მოთხოვნა, თუკი მავანს მისი პარადოქსიდან გამოყვანა არ სურს, ისე, რომ უკანასკნელ წამს ის აუქმებდეს პარადოქსს, რითიც საკუთარ თავსაც გააუქმებდა და იმ ყველაფერსაც, რაც მანამდე იყო. ამგვარად, თუ უკანასკნელ წამს აბრაამი ეტყოდა ისააკს: „ეს შენ გეხება“, ეს მხოლოდ სისუსტის გამოვლინება იქნებოდა, რადგან, მას რომ საერთოდ შეძლებოდა საუბარი, ეს დიდი ხნით ადრე უნდა გაეკეთებინა, ხოლო სისუსტე ასეთ შემთხვევაში მოქცეული იქნებოდა ფაქტში, რომ ის ჯერ სულიერად არ იყო მომწიფებული და არ გააჩნდა საკმარისი კონცენტრაცია წინასწარ განეაზრებინა მთელი ტკივილი, არამედ მოიშორა ის თავიდან, რათა ჭეშმარიტი ტკივილი გაცილებით უფრო ძლიერი ყოფილიყო, ვიდრე წარმოსახვითი. მეტიც, ასეთი სიტყვით ის ამოვარდებოდა პარადოქსიდან, ხოლო თუ მართლაც ისურვებდა ისააკთან საუბარს, თავისი მდგომარეობა მას ცდუნებად უნდა ექცია, რადგან სხვა შემთხვევაში ის ვერაფერს იტყოდა, ხოლო თუ ასე უნდა მოქცეულიყო, ის ტრაგიკული გმირიც კი აღარ არის.
   მიუხედავად ამისა, აბრაამის უკანასკნელი სიტყვა შემონახულია და რამდენადაც მე პარადოქსის გაგება შემიძლია, იმდენადვე შემიძლია გავიგო აბრაამის მყოფობა ამ სიტყვაში. უპირველეს ყოვლისა, ის არაფერს ამბობს და სწორედ ამ ფორმით ამბობს ის თავის სათქმელს. ისააკისადმი რეპლიკას ირონიის ფორმა აქვს, რადგან ყოველთვის ირონიულია, როდესაც ადამიანი ამბობს რაღაცას და ამით არაფერს ამბობს. ისააკი კითხვას უსვამს აბრაამს და ფიქრობს, რომ აბრაამმა იცის. ამგვარად, აბრაამის პასუხი რომ ყოფილიყო: „მე არაფერი ვიცი“, ეს სიცრუე იქნებოდა. მას არაფრის თქმა არ ძალუძს, რადგან არ შეუძლია იმის თქმა, რაც იცის. ამიტომ პასუხობს: „ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს“. აქ ჩანს ორმაგი მოძრაობა აბრაამის სულში, როგორც ეს წინამდებარე განხილვაში იყო ნაჩვენები. აბრაამს რომ უბრალოდ უარი ეთქვა ისააკზე და სხვა არაფერი მოემოქმედა, ეს უკანასკნელი სიტყვა სიცრუე იქნებოდა, რადგან მან იცის, რომ ღმერთი ისააკის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს, ასევე იცის, რომ იმ წამს თვითონაც მზად არის მსხვერპლის მისატანად. მაშასადამე, ჩვენ ვხედავთ, რომ მყისვე ამ მოძრაობის შესრულების შემდეგ ის ასრულებს შემდგომ მოძრაობას, რწმენის მოძრაობას აბსურდის ძალით. ამის გამოა, რომ ის არ ცრუობს, რადგან აბსურდის ძალით, რასაკვირველია, შესაძლებელია, რომ ღმერთმა რაიმე განსხვავებული გააკეთოს. ამგვარად, ის არ ცრუობს, მაგრამ არც რაიმეს ამბობს, რადგან ის სხვა ენაზე საუბრობს. ეს კიდევ უფრო ცხადი მაშინ ხდება, როდესაც ვითვალისწინებთ, რომ თვით აბრაამმა უნდა შეასრულოს ისააკის მსხვერპლად შეწირვის ადათი. ამოცანა რომ სხვაგვარად ყოფილიყო დასმული, უფალს რომ ებრძანებინა აბრაამისთვის ისააკის მიყვანა მორიას მთაზე, რის შემდეგ ის მას მეხს დასცემდა და ასე მიიღებდა მსხვერპლს, მაშინ, თუკი მის სიტყვებს პირდაპირ გავიგებთ, აბრაამი შესაძლოა მართალიც ყოფილიყო, როდესაც ქარაგმით საუბრობდა, რადგან მას თავადაც არ ეცოდინებოდა, რა უნდა მომხდარიყო. მაგრამ იმ ამოცანის მიხედვით, რომელიც აბრაამის წინაშე იყო დასმული, მან თვითონ უნდა იმოქმედოს, ხოლო გადამწყვეტ მომენტში იცის, როგორ მოიქცეს, მან იცის, რომ ისააკი უნდა შესწიროს მსხვერპლად. ეს რომ სრული განსაზღვრულობით არ იცოდეს, ის არ შეასრულებდა თვითაღკვეთის უსასრულო მოძრაობას, მაშინ, თუმცა მისი სიტყვა სიცრუე არ არის, ის ძალიან შორსაა იმისგან, რომ აბრაამი იყოს, მას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ტრაგიკულ გმირს, ის გაუბედავი ადამიანია, რომელსაც არ შეუძლია ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა და ამ მიზეზით ყოველთვის გამოცანებით მოუწევს საუბარი. მაგრამ ასეთი გაუბედავი ადამიანი რწმენის რაინდის ცხადი პაროდიაა.
აქ შესაძლოა კვლავ მოგვეჩვენოს, რომ ადამიანმა შეიძლება გაიგოს აბრაამის, მაგრამ გაიგოს ისევე, როგორც პარადოქსი ესმის. მე ჩემის მხრივ გარკვეულწილად შემიძლია გავიგო აბრაამი, მაგრამ იმავდროულად მესმის, რომ არ მაქვს საუბრის გამბედაობა, მით უმეტეს, გამბედაობა ისე მოქმედებისა, როგორც ის მოქმედებს, - მაგრამ ამით სრულებით არ მსურს იმის თქმა, რომ იმას, რაც მან გააკეთა, მნიშვნელობა არ აქვს, არამედ პირიქით, ეს არის ერთადერთი სასწაული.
   თანამედროვე ეპოქა რას ფიქრობს ტრაგიკული გმირის შესახებ? მისი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ის დიადია, ისინი აღტაცებულნი არიან მისით. კეთილშობილთა იგივე თავყრილობა, მსაჯულები, რომელსაც ყოველი თაობა ქმნის წინამორბედის განსასჯელად, განსჯის მასაც. მაგრამ რაც აბრაამს შეეხება, მისი გაგება არავის ძალუძს. და მიუხედავად ამისა, ნახეთ, რას მიაღწია მან! მან საკუთარი სიყვარულის ერთგულება შეინარჩუნა. მაგრამ მას, ვისაც ღმერთის სიყვარული აქვს, ცრემლი არ სჭირდება, არ სჭირდება აღტაცება, თავის სიყვარულში ივიწყებს ის ტანჯვას, იმდენად სრულად ივიწყებს მას, რომ შემდეგში მცირედი მინიშნებაც კი აღარ არის მის ტკივილზე, თუ თვით ღმერთი არ შეახსენებს ამას, რადგან ღმერთი იდუმალს ხედავს და ითვლის ცრემლს და არაფერს ივიწყებს.
ამგვარად, ან არსებობს პარადოქსი, რომ ინდივიდი, როგორც ინდივიდი, აბსოლუტურ დამოკიდებულებაშია აბსოლუტთან, ან აბრაამი დაღუპულია.

ეპილოგი

   ერთხელ ჰოლანდიაში, როდესაც ბაზარზე სანელებლების ფასი მკვეთრად დაეცა, ვაჭრებმა რამდენიმე პარტია ზღვაში ჩაძირეს, რათა ფასების ზრდა გამოეწვიათ. ეს საპატიებელი, შესაძლოა, აუცილებელი საშუალება იყო ხალხის გასაცურებლად. ნუთუ მსგავსი რამ გვჭირდება სულის სამყაროში? იმდენად საფუძვლიანად ვართ დარწმუნებულები, რომ უმაღლეს წერტილს მივაღწიეთ და აღარაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, ღვთისმოსავად გვჯეროდეს, რომ იმდენად შორს არ წავსულვართ, რათა რაიმეთი დავკავდეთ? არის თუ არა ეს იმგვარი თვითმოტყუება, როგორის საჭიროებას თანამედროვე თაობა განიცდის, ნუთუ საჭიროებს ის წვრთნას თვითმოტყუების ვირტუოზულობაში, თუ უკვე სრულყოფილად ფლობს საკუთარი თავის მოტყუების ხელოვნებას? ან იქნებ ყველაზე საჭირო რამ გულწრფელი სერიოზულობაა, რომელიც უშიშრად და მოუსყიდავად გვიჩვენებს ამოცანებს, გულწრფელი სერიოზულობა, რომელიც სიყვარულით ადევნებს თვალს ამოცანებს, რომელიც არ აფრთხობს ადამიანებს, იჩქარონ უმაღლესი ამოცანების შესრულება, არამედ უნარჩუნებს ამოცანებს სინორჩესა და მომხიბვლელობას, თუმცა სირთულესა და აღმაფრენასაც კეთილშობილი ადამიანებისთვის, რადგან კეთილშობილთა ენთუზიაზმი მხოლოდ სირთულიდან იღებს სათავეს? რაც არ უნდა ისწავლოს ერთმა თაობამ მეორისგან, იმას, რაც ჭეშმარიტად ადამიანურია, ვერც ერთი თაობა ვერ ისწავლის წინამორბედისგან. ამ აზრით ყველა თაობა ხელახლა იწყებს, არ გააჩნია წინასგან განსხვავებული ამოცანა, და არც უფრო შორს მიდის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინა თაობა გადაიხარა ამოცანისგან და თავი მოიტყუა. ეს ავთენტურად ადამიანური ფაქტორი არის ვნება, რომელშიც ერთი თაობა სრულად უგებს მეორეს და საკუთარ თავს. შესაბამისად, არც ერთ თაობას არ უსწავლია მეორისგან სიყვარული, არც ერთი თაობა არ იწყებს დასაწყისისგან განსხვავებული ადგილიდან, არც ერთ თაობას არ აქვს უფრო მარტივი ამოცანა, ვიდრე წინას, ხოლო თუ რომელიმე თაობა, არ ისურვებს რა, წინამორბედის მსგავსად, სიყვარულზე შეჩერებას და უფრო შორს წავა, ეს უქმი და უგნური საუბარი იქნება.
   მაგრამ ადამიანის უმაღლესი ვნება არის რწმენა, აქ კი არც ერთი ადამიანი არ იწყებს წინასგან განსხვავებული წერტილიდან, ყოველი თაობა ყველაფერს იწყებს ხელახლა, მომდევნო თაობა არ მიდის წინაზე შორს - რამდენადაც თავისი ამოცანის ერთგულია და არ ამბობს უარს მასზე. ეს რომ დამქანცველია, არის რაღაც, რასაც, რასაკვირველია, ვერც ერთი თაობა ვერ იტყვის, რადგან თაობა არსებითად ამოცანას ასრულებს და არაფერი ესაქმება იმასთან, რომ წინამორბედ თაობასაც იგივე ამოცანა ჰქონდა - გარდა შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული თაობა ან კონკრეტული ინდივიდი განიზრახავენ დაიკავონ ადგილი, რომელიც მხოლოდ სულს ეკუთვნის, სულს, რომელიც მართავს სამყაროს და საკმარისად მომთმენია იმისათვის, რომ არ დაიღალოს. თუკი თაობა რაიმე მსგავსით იწყებს, ის გადაგვარებულია, რადგან ჭეშმარიტად არავინ ყოფილა ამქვეყნად, ვისთვისაც იმდენად გადაგვარებული ყოფილიყოს სამყარო, როგორც თერძისთვის, რომელიც სიცოცხლეში აღმოჩნდა ზეცაზე და იქიდან აკვირდებოდა ქვეყნიერებას. თუკი თაობა მხოლოდ საკუთარი ამოცანით არის დაკავებული, რაც მისთვის უმაღლესი რამ არის, ის არ დაიღლება, რადგან ამოცანა ადამიანის მთელ ცხოვერებას კმარა. როდესაც ბავშვებს დასვენების დღეს ყველა თამაში გამოცდილი აქვთ სანამ საათი თორმეტს დაკრავდეს და მოუთმენლად იტყვიან: „რაიმე თამაში ხომ არ იცის ვინმემ?“ ნუთუ ეს არ ამტკიცებს, რომ ეს ბავშვები მეტად არიან განვითარებულნი, ვიდრე იმავე თაობის ან წინა თაობის ბავშვები, რომლებიც მთელი დღე ერთი და იმავე თამაშით იქცევენ თავს? ან ნუთუ არ ამტკიცებს ეს იმას, რომ ეს ბავშვები მოისაკლისებენ, რასაც მე მომხიბვლელ სერიოზულობას ვუწოდებ, რაც თამაშს ეკუთვნის?
რწმენა ადამიანის უდიდესი ვნებაა. შესაძლოა ყველა თაობაში მრავალი იყოს ისეთი, ვინც არასოდეს მიდის მასთან, მაგრამ მას ვერავინ გასცდება. მრავალია თუ არა ჩვენს საუკუნეში ისეთი, ვინც ხვდება ამას, - ამის გადაწყვეტას მე ვერ გავბედავ; მხოლოდ საკუთარი თავისადმი მიმართვას გავბედავ, ვისაც საუკეთესო პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ მაინც არ სურს მოატყუოს საკუთარი თავი და უღალატოს იმ დიადს, რასაც რწმენა ჰქვია, მისი დამცირებით უმნიშვნელობამდე, ბავშვურ ავადმყოფობამდე, რომლისთვის თავის დაღწევას ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს. მაგრამ იმ ადამიანისთვისაც, ვინც ვერ მიდის რწმენამდე, ცხოვრებას საკმარისად აქვს ამოცანები, ხოლო თუ ადამიანს ისინი გულწრფელად უყვარს, ცხოვრება უქმად არ არის დაკარგული, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება მისი შედარება იმ ადამიანის ცხოვრებასთან, რომელმაც უმაღლესი მოიხელთა. მაგრამ ის, ვინც რწმენას მიაღწია (არ აქვს მნიშვნელობა, გამორჩეული ნიჭის ადამიანია, თუ უბრალო მოკვდავი), იქ უძრავად არ რჩება, ის აღშფოთდებოდა კიდეც, ვინმეს რომ მსგავსი რამ ეთქვა მისთვის, ზუსტად ისევე, როგორც შეყვარებული იქნებოდა შეურაცხყოფილი, თუკი ვინმე ეტყოდა, რომ ის სიყვარულში რჩება. ის უპასუხებდა: „მე არ ვდგევარ უძრავად, მთელი ჩემი ცხოვრება ამაშია“. მიუხედავად ამისა, ის არ მიდის უფრო შორს, არ მიდის რაიმე განსხვავებულისკენ, რადგან, თუ ამას აღმოაჩენს, მას სხვაგვარად განმარტავს.
    „უფრო შორს არის წასვლა საჭირო, უფრო შორს“. შორს წასვლის ასეთი იმპულსი დიდი ხანია არსებობს სამყაროში. ჰერაკლიტე ეფესელმა, რომელმაც თავისი აზრები ნაწარმოების სახით ჩამოაყალიბა, შემდეგ კი დიანას ტაძარში განათავსა (რადგან მისი აზრები მისი საჭურველი იყო, შესაბამისად, ქალღმერთის ტაძარში დაკიდა), ბრძანა: „ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ“ (პლატონი, „კრატილე“).
   ჰერაკლიტეს ჰყავდა მოწაფე, რომელიც არ შეჩერდა ამაზე და თქვა: „ამას ერთხელაც ვერ გააკეთებ“. საბრალო ჰერაკლიტე, ასეთი მოწაფის ყოლა! ამგვარ გაუმჯობესებათა გზით ჰერაკლიტეს თეზისი იქცა ელეატთა თეზისად, რომელიც ყოველგვარ მოძრაობას უარყოფს; არადა, მოწაფეს ხომ მხოლოდ ჰერაკლიტეს მოწაფეობა სურდა, რომელიც უფრო შორს წავიდა, და არ დაბრუნებულიყო იმასთან, რაც თვით ჰერაკლიტემ მიატოვა.

ტეგები: Qwelly, kirkegori, კირკეგორი, ლიტერატურა, რწმენა

ნახვა: 54

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters