რადიარდ კიპლინგი - მოთხრობები

ღმერთების ხაზინა


      დჰანი ჩუბარაში საღამოთი, ვახშამს რომ მორჩნენ, მოხუცმა ბერებმა ყალიონი გააბოლეს და ხელი მიჰყვეს კრიალოსნის მარცვლას.
შემობაკუნდა ერთიციცქნა, ტიტლიკანა ბავშვი, ცალ ხელში ნარგიზის ყვავილების კონა ეჭირა, მეორეში კი - თამბაქოს ხმელი ფურცლების კეცა.
მან დააპირა დაეჩოქა და თაყვანი ეცა გობინდისათვის, მაგრამ მსუქანი იყო, გადასძლია გადახოტრილმა თავმა. ჯერ წინ გადაკოტრიალდა, მერე კი განზე. ბავშვს ფეხები მაღლა აეშვირა და ქლოშინებდა. ამასობაში თამბაქოს ბღუჯა ერთ მხარეს გაიბნა, ყვავილები კი მეორე მხარეს.
გობინდმა გაიცინა, ხელახლა წამოაყენა ფეხზე, თამბაქო ჩამოართვა და ყვავილები დაულოცა.
- მამამ მოგართვათ, - თქვა ბავშვმა. - ციებამ შეუტია და ვერ მოვა, ილოცებთ მისთვის, მოძღვარო?
- რა თქმა უნდა, პატარავ, ოღონდ იცოდე, არ ვარგა შემოდგომით ასე დედიშობილა ტანტალი, მიწაზე თრთვილი ფენია და ჰაერში ღამეული თოში ტრიალებს.
- ტანსაცმელი არა მაქვს, - თქვა ბავშვმა, - მთელი დღე წივას ვეზიდებოდი ბაზარში, ძალიან ცხელოდა და მაგრადაც დავიღალე. - მას ოდნავ გააჟრჟოლა, რადგან მართლაც ცივი საღამო იდგა.
ბერიკაცმა ხელი გამოიწოდა ფართო, გრძელი ჭრელი საბნიდან და ბავშვს თავისაკენ მოუხმო. მანაც არ დააყოვნა, იღლიის ქვეშ შეუძვრა და იქ მოკალათდა.
       გობინდმა ხელახლა გააწყო თითბრის ფართო ბუნიკებით მოპირკეთებული ტყავის ნარგილე. როცა ჩუბარაში მივედი, შევნიშნე საბნიდან გამოჩრილი გადაპარსული თავი, კოსროზე დატოვებული თმით, ელავდა გიშერივით შავი თვალები - გეგონებოდათ ციყვი იყურება თავისი ბუდიდანო. იგი წვერს უჩეჩავდა გობინდს და ბერიც იღიმებოდა.
მინდოდა ალერსიანი სიტყვა მეთქვა, მაგრამ დროულად გამახსენდა, ბავშვი რომ ავად გამხდარიყო - ჩემზე იტყოდნენ, გათვალაო. და მტერს და ავს, რაც მე მელოდა.
- აბა, წყნარად, ცეროდენავ, - ვუთხარი მე, როცა ბავშვმა ადგომა მოინდომა და გაქცევა, - სად არის შენი ასპიდის დაფა? ანდა მასწავლებელმა რად დართო ნება ამ ეშმაკის ფეხს, ქუჩაში გამოსულიყო, იქ ხომ პოლიციის ჭაჭანებაც არაა, ვინღა დაგვიცავს ჩვენ, უსუსურებს. ახლა გადაჰყვები მაგ ფრანს და სადღაც ეზოში გადაიჩეხები, არა?
- არა, საჰიბ, არა, - თქვა ბავშვმა, გობინდის წვერებში ჩამალა სახე და მოუსვენრად აწრიალდა.
- სკოლაში არდადეგები იყო და ზეიმი მოაწყვეს. ყოველთვის ფრანებს როდი ვუშვებ. მე კერლიკეტსაც ვთამაშობ, ვისზე ნაკლები ვარ?
კრიკეტი ნაციონალური თამაშია. კრიკეტს თამაშობს ყველა, დაწყებული პანჯაბის ტრიალ მინდორზე გამართული სკოლის შიშველ-ტიტველი მოწაფეებიდან, კარად რომ ნავთის ბიდონი უდგიათ, დამთავრებული უნივერსიტეტის ბაკალავრებით, რომელთაც ჩემპიონობის სარტყელისათვის დაუდგამთ თვალი.
- ნუთუ შენ კრიკეტს თამაშობ, თავად ჩოგანის ნახევარიც ვერ იქნები სიმაღლით, ჩოგანი კი არადა, ღამურას ოდენაც ვერ იქნები.
ბავშვმა დასტურის ნიშნად დააქნია თავი, - დიახ, ვთამაშობ, მე ვიცი ყველაფერი, და მან დამახინჯებულად წამოსთქვა ის სიტყვები, კრიკეტის თამაშისას რომ გაიძახიან.
- ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ლოცვა არ უნდა დაივიწყო, - თქვა გობინდმა, რომელიც მაინცდამაინც დიდ პატივს არა სცემდა კრიკეტსა და დასავლეთიდან შემოსულ სიახლეებს.
- არც მავიწყდება, - წაიდუდუნა ბავშვმა.
- პატივი მიაგე აგრეთვე მასწავლებელს; ღვთის კაცსაც წვერში არ უნდა სწვდე, ონავარო შენა, - მოეფერა გობინდი.
ბავშვმა კვლავ ჩამალა სახე ფართო, გრძელ, თეთრ წვერში, ასლუკუნდა, გობინდმა კი დაუყვავა და დაჰპირდა ისეთ სანუკვარს რამეს, რითაც მსოფლიოს ყველა ბავშვს აჩუმებენ - ზღაპრის მოყოლა აღუთქვა. - სულაც არა მსურს დაგაშინო, შემხედე აბა თვალებში, რა მეტყობა სიბრაზის? არე, არე, არე! მეც ვიტირო? მაშინ ჩვენი ცრემლები დიდ ტბას დააყენებს და ორთავე დავიხრჩობით, მერე კი მამაშენს ვეღარაფერი უშველის, აღარც შენ ეყოლები და ვინღა აუჩეჩავს წვერს. იყუჩე, იყუჩე, მე მოგიყვები ღმერთების ამბავს. ზღაპარი ბევრი იცი?
- ძალიან ბევრი, მამაო!
- აი, ისეთ ამბავს მოგითხრობ, ჯერ რომ არ გქონდეს გაგონილი. დიდი ხნის წინათ, როცა ადამიანები და ღმერთები ერთად იარებოდნენ, ისევე, როგორც ახლა - ოღონდ ესაა, რწმენა დავკარგეთ და თვალზეც ბინდი გადაგვეკრა - ღმერთებს შორის უდიადესი შივა და მისი ცოლი პარბატი ტაძრის ბაღში სეირნობდნენ.
- რომელი ტაძრის? ნანდგაონის უბანში რომ დგას, იქა? - ჩაეძია ბავშვი.
- არა, უფრო შორს, ვგონებ, ტრიმბაკსა ანდა ჰუდრკარში, სადაც შენც მოგიწევს მომლოცველად წასვლა, როცა ასაკში შეხვალ. ჰოდა, იმ ბაღში უნაბის ხის ძირას იჯდა მათხოვარი, რომელიც ოთხი ათეული წელი თაყვანს სცემდა შივას. იგი ცხოვრობდა ღვთისნიერ ადამიანთა მოწყალებით და დღითა და ღამით მისცემოდა თავის ფიქრებს.
- ო, მოძღვარო, ის კაცი შენ ხომ არ იყავი? - თქვა ბავშვმა და თვალები გაუფართოვდა.
- არა, მე ვთქვი, რომ ეს მოხდა დიდი ხნის წინათ, თანაც მათხოვარი ცოლიანი იყო.
- იგი შესვეს ცხენზე, თავზე ყვავილების გვირგვინი დაადგეს და უთხრეს, მთელი ღამე თვალი არ მოხუჭოო, არა? მეც ასე მომექცნენ, როცა ცოლი შემრთეს, - თქვა ბიჭმა, რომელიც დააქორწინეს ამ რამდენიმე თვის წინ.
- შენ რას აკეთებდი? - შევეკითხე მე.
- ვტიროდი, სხვები მტუქსავდნენ; მერე ავიღე და სილა გავარტყი გოგონას; მერე ორთავენი ავტირდით.
- მათხოვარი ასე არ გარჯილა, - თქვა გობინდმა. - ის ხომ წმინდანი იყო, თანაც უპოვარი. იგი დედიშობილა იჯდა ტაძრის კიბეებზე, სადაც ხალხი ადი-ჩადიოდა. ასეთ ყოფაში იხილა იგი პარბატიმ და შივას შესჩივლა... რას იტყვის ხალხი იმ ღმერთებზე, რომლებიც ასე აგდებულად ექცევიან მორწმუნეთ. ეგ გაღმელი კაცი ორმოცი წელი გვცემდა თაყვანს და ახლა მის წინ მხოლოდ რამდენიმე ხორბლის მარცვალი და გატეხილი კაური ყრია. ეს ხომ ბევრ ადამიანს აუცრუებს გულს. შივამ მიუგო, მე მივხედავო მაგ საქმეს. და მან შეიძახა მისი ძის, სპილოსთავიანი განეშის სამყოფელო ტაძარში - შვილო! ტაძრის ბჭესთან ერთი მათხოვარია, არაფრის მქონე. შეგიძლია რითიმე დაეხმარო? ძილისაგან გამოერკვა ბნელში შეყუდრული სპილოსთავიანი განეში. ასე მიუგო: რაკი აგრე გსურს, სამ დღეში იგი გახდება ლაქჰი რუპიას მფლობელი. მერე კი შივა და პარბატი წავიდნენ. მაგრამ ნარგიზის ბუჩქებში იმალებოდა ერთი მევახშე.
ბავშვმა დახედა ხელში ჩამუჭულ ყვავილებს.
- დიახ, ყვითელ ნარგიზებს შორის და მას ჩაესმა ღმერთის ნაუბარი. ხარბი კაცი იყო, ბოროტი გულისა, და თვითონ უნდოდა ხელში მოეგდო ის ფული. მივიდა მათხოვართან და ჩაეძია: რამდენს გაძლევენ დღეში ღვთისმოსავნი? მათხოვარმა მიუგო: - ვერ გეტყვი, ზოგჯერ მცირეოდენ ბრინჯს, ხან ცოტა ბოსტნეულს, ხან კი რამდენიმე კაურის. ასეც ხდება, მანგოს ხის დამჟავებული ნაყოფიც მრგებია და ხმელი თევზიც.
- ეგა მქონდეს ახლა, - თქვა ბავშვმა და ტუჩები მოილოკა.
- მაშინ მევახშემ უთხრა: დიდი ხანია გაკვირდები, სანატრელია შენი მოთმენის უნარი. გულით შეგიყვარე. მოდი, მე მოგცემ ხუთ რუპიას ყველაფერ იმის საზღაურად, რასაც შენ შემდგომ სამ დღეში შეაგროვებ. ოღონდ ხელი უნდა მოაწერო ერთ პირობაზე. მათხოვარმა იფიქრა: ეგ რა უგუნურებაა. მე ხუთ რუპიას ხომ ორ თვეშიაც კი ვერ შევაგროვებო და საღამოს ყველაფერი უამბო თავის ცოლს. - მევახშისაგან სად გაგონილა ასეთი გარიგება? მგელი ფარაში ყოველთვის მსუქან ცხვარს ირჩევს. ჩვენი ბედი ღმერთების ხელშია. სამი დღითაც კი არაფერს დაჰპირდე, - ჩააგონა ცოლმა. დაბრუნდა მათხოვარი და უარი განუცხადა მევახშეს. ეს ავგული კაცი კი აღარ მოეშვა, სულ უფრო და უფრო მეტ თანხას სთავაზობდა, ჯერ ორმოცდაათ, მერე ას რუპიას - იმ სამი დღის მონაგარის საზღაურად. და რადგან არ უწყოდა, თუ როდის გაიღებდნენ ღმერთები წყალობას, ათასობით რუპიაც კი არ დაიშურა. ბოლოს ნახევარ ლაქჰის ოდენ რუპიამდე ავიდა. მაშინ მათხოვარმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ხელი მოაწერა თამასუქს. ფული ვერცხლით გადაუხადეს. დიდმა თეთრმა ხარებმა ურმით მოზიდეს ეს ფული. ოღონდ ეს იყო, ამ ფულის გარდა მათხოვარმა ღმერთებისაგან ვერაფერი მიიღო და მევახშესაც გული გადაელია ლოდინისაგან. ამიტომაც მესამე დღეს, შუადღის ჟამს მევახშე შეიპარა ტაძარში, რათა მალულად ყური დაეგდო ღმერთების თათბირისათვის, შეეტყო, თუ რა გზით უნდა მიეღო მათხოვარს ნობათი. როცა ის ლოცულობდა, ქვები დაშორიშორდა, გაჩნდა ნაპრალი, მერე პირი შეკრა და მევახშის ქუსლი მოიყოლა შიგ. ამ დროს მოესმა სვეტებშუა მომავალი ღმერთების ფეხის ხმა. მოესმა, როგორ მოუხმო შივამ თავის ძეს, განეშს: შვილო, რა იქნა ის ლაქჰი რუპია, მათხოვარს რომ შეჰპირდი? როგორც ჩანდა, განეშმა გაიღვიძა, რადგან მევახშემ გაიგო მისი ხორთუმის ყრუ შრიალი. - მამავ, ნახევარი იმ ფულისა გადახდილია, მეორე ნახევრის მოვალე კი აქა მყავს ქუსლით დაჭერილი, - ასე მიუგო განეშმა შივას.
ბავშვი სიცილისაგან ჩაბჟირდა.
- და მევახშემ გადაუხადა მათხოვარს? - იკითხა მან.
- რა თქმა უნდა, ვინც ღმერთებს ქუსლით ჰყავთ დაჭერილი, მათ ყველაფერი ბოლომდე უნდა ზღონ. იმ საღამოსვე მიადგა მათხოვარს ვერცხლით დატვირთული დიდი ურემი, ასე შეასრულა განეშმა თავისი სიტყვა.
- ნატუ, ო, ნატუ!
საღამოს ბინდბუნდში ეზოს ჭიშკართან მომდგარი ქალი ეძახდა ბავშვს.
ბავშვი მოუსვენრად აწრიალდა.
- ეს დედაჩემია, - თქვა მან.
- წადი, პატარავ, - უთხრა გობინდმა. - მოიცა ერთ წამს.
მან ჩამოახია დიდი კალთა თავის დაკემსილ, ტანზე მოსხმულ საბანს, ბავშვს მოახურა და ისიც გარეთ გატანტალდა.

მოხეტიალე ებრაელი


 თუკი დედამიწას გარშემოუვლით აღმოსავლეთის მიმართულებით, მოიგებთ ერთ დღეს, - უთხრეს ერთხელ ჯონ ჰეის სწავლულებმა.
შემდგომ წლებში ჯონ ჰეიმ მოიარა ქვეყნიერების ოთხივ ფრთე, აგვარებდა საქმეებს, ეტრფოდა ქალებს, შექმნა ოჯახიც სხვა ადა-მისშვილთა მსგავსად. ის კი, რაც მეცნიერთაგან ჩაეწვეთა, მეხსიერების სიღრმეში ჩარჩა მრავალ ნანახსა და განაგონთან ერთად. როდესაც ერთი შორეული ნათესავი გარდაეცვალა, ჯონ ჰეის მოულოდნელად მდიდარი მემკვიდრეობა დარჩა. ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე ვიდრე მემკვიდრეობას მიიღებდა, ჯონ ჰეის ტვინში განჩდა პატარა ღრუბელი - გონების მყისიერი დანთქმა - რომელიც წამოუვლიდა და უმალ გაქრებოდა. ასე არიალდებიან ხოლმე ღამურები სახლის ლავგარდანებთან, გვამცნობენ რა ღამის დადგომას. იგი გახდა მფლობელი დიდი ქონებისა: ფულის, მიწის, სახლების, მაგრამ მის სიხარულს აედევნა აჩრდილი, რომელიც მოსძახოდა, რომ დიდხანს არ ეწერა დამტკბარიყო ყველა ამ სიკეთით. ეს გახლდათ მოლანდება მისი მდიდარი სახლიკაცისა, რომელიც ამქვეყნად იმად მობრუნებულიყო, თავისი ძმისშვილი გაემგზავრებინა საიქიოს. ჯონ ჰეის საქმით დატვირთული გულგრილი ადამიანის იერი ჰქონდა. არ კი ამხელდა სულში აჩენილ აჩრდილს, ფასიანი ქაღალდები, სახლები, მიწები, - ყველაფერი აქცია მრგვალ, წითელ ინგლისურ სოვერენებად, თითოეული ოც შილინგს რომ უტოლდება. შესაძლოა ისე მოხდეს, დაეცეს მიწის ფასი და სახლებიც ცისკენ გაფრინდეს ცეცხლის წითელი ფრთებით, მაგრამ ვიდრე არ დამდგარა განკითხვის დღე, სოვერენი მარად დარჩება სოვერენად, ანუ ამქვეყნიურ სიამეთა გამრიგედ. ამ სოვერენებს ჯონ ჰეი ხალისით მიაფლანგავდა ათასგვარ თავშესაქცევზე. ოღონდ ეს იყო, მიუცილებლად სდევდა სიკვდილის შიში, რადგან სახლისკაცის აჩრდილი ალანდულიყო დერეფანში, ქუდების საკიდარს ზემოთ. ჩამოსძახოდა: სიცოცხლე ხანმოკლეა და დღეთა სათვალავიც დარწყულიაო. სიკვდილის შიში ჯონ ჰეის ჭკუაზე შლიდა. ერთხელაც მისი გონების სიღრმიდან, სადაც დახვავებულიყო ათასგვარი უსარგებლო ცნობა, ამოიზიდა ერთი მეცნიერული მოსაზრება აღმოსავლეთით მოგზაურობის სიკეთეზე და როცა ბიძამ კვლავ ჩამოსძახა, მეორე - უფრო გამყინავმა ხმამ იყვირა: ის, ვინც ერთხელ შემოუვლის მსოფლიოს აღმოსავლეთის მიმართულებით, მოიგებს ერთ დღეს.
       კარჩაკეტილობა და კაცობრიობისადმი უნდობლობა - აი, მიზეზი, რის გამოც ჰეი არ უმხელდა ამ საიდუმლოს ნაცნობ-მეგობრებს. ადვილად შესაძლო იყო, მათ ეს ამბავი მსჯელობის საგნად ექციათ. მართალია, ჯონ ჰეი დარწმუნებული გახლდათ ამ აზრის ჭეშმარიტებაში, მაგრამ ფიქრი, რომ იდეას ასე დაჩილავდნენ, მწვავე ტკივილს ჰგვრიდა. მთელი დამაშვრალი კაცობრიობიდან მარტოოდენ მას ხვდა წილად პატივი, შეეცნო უკვდავების საიდუმლო. ღვთის წინაშე მკრეხელობა იქნებოდა მთელი კაცობრიობის გარეკვა აღმოსავლეთით. გარდა ამისა, გემები გაიტენებოდა ხალხით და მგზავრობა აუტანელი გახდებოდა, ჯონ ჰეის მარტოობა ყველაფერს ერჩივნა. თუკი ორ თვეში გარს შემოუვლიდა დედამიწას (სადღაც ამოეკითხა, ერთ ვინმეს თურმე ოთხმოც დღეში დაეფარა ეს მანძილი), მთელ დღე-ღამეს მოიგებდა. ხოლო ოცდაათი წლის განმავლობაში კი დაინარჩუნებდა ას ოთხმოც დღეს - ლამის ნახევარ წელიწადს. ეს ბევრი როდია, მაგრამ დროთა განმავლობაში, ცივილიზაცია რომ წინ წავა და ევფრატის ველზე რკინიგზას გაიყვანენ, ჯონ ჰეი უფრო სწრაფად იმგზავრებს.
სოვერენებით აღჭურვილი, ოცდათხუთმეტ წელს მიღწეული ჯონ ჰეი გაემართა სამოგზაუროდ, ორივ ხმა თან სდევდა მას, როცა დუვრიდან კალეში მიცურავდა. ბედი სწყალობდა. ევფრატის ველის რკინიგზა სწორედ იმ ხანებში ამუშავდა და ჯონ ჰეი პირველი იყო, ვინც აიღო ბილეთი კალედან კალკუტამდე - მატარებელში უნდა დაეყო ცამეტი დღე. ამდენი ხანი მგზავრობა გუნებას ახდენს მართალია, მაგრამ მსოფლიო კი მოიარა, ამერიკიდან კალეში ორ თვესა და თორმეტ დღეში დაბრუნდა და უძვირფასესი ოცდაოთხი საათი დაინარჩუნა.
იგი მოწამებრივად უვლიდა გარს დედამიწას დროის მოსაგებად, რათა შემდგომ დამტკბარიყო მონარჩენი სოვერენებით. ასეთ ყოფაში გავიდა სამი წელი.
ჯონ ჰეის რკინიგზის ხაზებზე ისეთ კაცად იცნობდნენ, მუდამ მოგზაურობას რომ ესწრაფვის. როცა ხალხი ეკითხებოდა, ვინ იყო იგი და რას საქმიანობდა, ჯონ ჰეი პასუხობდა:
- მე ვარ კაცი, მარადიულ ცხოვრებას რომ მისტანებია და იცოდეთ, ჩემსას ვიქმ კიდეც. მთელი დღეები ან გემის კიჩოს თეთრ ხვეულ კვალს აკვირდებოდა, ანდა უსწრაფესი მატარებლების ფანჯრებს მიღმა მიმქროლავ ყავისფერ მიწას. უბის წიგნაკში ინიშნავდა ყოველ განვლილ წუთს, ანდა წამს, ულმობელ მარადისობას რომ გამოსტაცა.
აბა, ლოცვა ხომ ვერ უშველის საქმეს, - წარმოსთქვა მან, და რიგით მეოცე მოგზაურობისათვის შეემზადა. ჯონ ჰეის ბედი სწყალობდა. ბრაჰმაპუტრას ველზე რკინიგზის ლიანდაგის გაყვანას, რომელიც შიდა ჩინეთს უერთდებოდა, ის სიკეთე მოჰყვა, რომ კალეში აღებული ბილეთით კარაჩისა და კალკუტას გავლით ჰონკონგამდე მივიდოდა კაცი. მოგზაური მსოფლიოს ახლა ორმოცდაშვიდ დღეში შემოუვლიდა გარშემო.
წერას ატანილმა ჯონ ჰეიმ თავისი საიდუმლო გაანდო ერთადერთ მეგობარს - მისი სახლის მეთვალყურეს ლონდონში. მერე აღარ დაახანა და უმალ გაემგზავრა კიდეც. ეს ქალი გამჭრიახი აღმოჩნდა და მყის თათბირი ჰყო იმ ვექილებთან, რომელთაც პირველად ამცნეს ჯონ ჰეის მდიდარი მემკვიდრეობის ამბავი. ამ ქონებიდან ჯერ კიდევ ბევრი სოვერენი იყო დარჩენილი და ახლა ჰეის გვარეულობის სხვა ჩამომავალს სწადდა ისინი დაეხარჯა უმეტეს საზრიან რაიმეზე, ვიდრე რკინიგზის ბილეთები და გემის კაიუტები გახლდათ. სრბოლამ ძალზე დიდხანს გასტანა, რადგან მარადიულ ცხოვრებას მიდევნებული მოგზაური გზად როდი ყოვნდება. ჰეიმ კვლავ შემოუარა მსოფლიოს და მადრასში დაეწია დადევნებულ, ქანცგაცლილ ექიმს. აქ მას ებოძა თავისი შრომის ჯილდო, ჯონ ჰეი კი კურთხეული უკვდავების რწმენით აღივსო. ექიმი კარგა ხანს აკვირდებოდა მის შემხმარ ტუჩებს, აკანკალებულ ხელებსა და თვალებს, რომლებიც წამდაუწუმ აღმოსავლეთს გახედავდნენ ხოლმე და ჩააგონებდა ბინა დაედო მადრასში, სანაპიროზე გადმომდგარ ერთ პატარა სახლში, რომლის შორიახლო ზღვა მოქცევისას აზავთებს ტალღებს.
       ჰეი ახლა ზის ოთახში თოკებით ჩამოკიდულ სავარძელში და მის ქვეშ თავისუფლად ბრუნავს დედამიწა. ახდა მისი ნანატრი.
ეს არა სჯობს გემით ან მატარებლით მგზავრობას, ამგვარად ხომ წამსაც არ დაკარგავს და უკვდავი მზის ბადალი გახდება.
მერე ჰეიმ პირობა დადო, მარადიულად ეხადა მისი შესანახი ხარჯები.
ჯერ არ მოჭრილა კალედან ჰონკონგამდე სამგზავრო ბილეთი; თუმცა თხუთმეტი წლის შემდეგ ვინძლო ესეც ახდეს. ამბობენ კი, ვინც ინდოეთის სამხრეთ სანაპიროზე მოხვდება, იქ, თეთრად შეფეთქილ პატარა ბუნგალოში შეუძლია მოინახულოს ჭერზე მიმაგრებულ თხელ რკინის ფურცელზე (იგი ხომ აბათილებს დედამიწის მიზიდულობას) ჩამოკიდულ სავარძელში მჯდომი უძლური მოხუცი, ხელში წამმზომით თვალმოუშორებლად რომ მისჩერებია მზეს. იგი ეჯიბრება მარადიულობას, ღვინოს ვერ ეწყობა, თამბაქოს არა სწევს და მისი შესანახი ხარჯები არ აღემატება თვეში 25 რუპიას. ეს სულდგმული უკვდავი ჯონ ჰეი გახლავთ.
გარედან ესმის, როგორ გრუხუნებს მბრუნავი სამყარო, რომელთანაც, მისივ თქმით, აღარაფერი ესაქმება. ოღონდ თუ ეტყვით, რომ ეს მხოლოდ ზღვის მოქცევის ხმაურია და სხვა არაფერი, მწარედ აქვითინდება.
როცა მისი ტვინი წყვეტს გამალებულ მუშაობას, იგი გონს მოდის, ჩრდილიც გადაქრება ხოლმე და ჟამიჟამ ეჭვიც შეაქვს ექიმის სიმართლეში.
- რად არა დგას მზე ნიადაგ შუბის ტარზე? - წუხს ჯონ ჰეი.

ამირას მოწყალეობა


       მისი საიმპერატორო უდიდებულესობის, ინგლისის დედოფლისა და ინდოეთის იმპერატორის ნდობით აღჭურვილი მოკავშირე, მისი სამეფო უმაღლესობა, ავღანეთის ამირა აბდურ რაჰმანი ის კაცი გახლავთ, ვისი დიდი თავაზი და რიდი მართებს ყოველ გონიერ ადამიანს. ამა ქვეყნის ძლიერთა მსგავსად იგი ქვეშევრდომთ თავზე როდი უსვამს ხელს. დედამიწის ზურგზე ხომ იშვიათად მოიძებნება ამათსავით თავნება ხალხი. იქაურებს სხვისი სიცოცხლე, საკუთრება, გინდა კანონი და მთელი სამეფო არად უჩანთ. მათთვის არაფერია წმიდათაწმიდა. მკვლელებით, ქურდებითა და მრუშებითაა სავსე ეს კუთხე. უზნეობა თაობიდან თაობას გადაეცემა მემკვიდრებით. ამას ადათ-წესებიც დიდად უწყობს ხელს. და მაინც ეს ხალხი მთლად წყალწაღებული როდია. თავისებური ღირსება მოსავთ და ხამს მათი ხასიათის შესწავლა. ადგილობრივი მკვიდრი ხან სრულიად უმიზეზოდ ატეხავს ჩხუბს და არ დაშოშმინდება, ვიდრე არ აკუწავენ, ანდა, თუ ბეზარს არ მოვიდა, არაფრით გამოიღებს ხელს. ასე რომ, ავღანელი ისე ძნელად შესაცნობია, როგორც მისი ღვიძლი ძმა, რუხი მგელი.
სიკვდილის შიში - აი, მიზეზი, რის გამოც მორჩილებს ხალხი ამ გამგებელს. ზოგი ამის გამო ამირას აღმოსავლური სიბრძნის მიმდევრად ნათლავს. სხვანი იმასაც ამბობენ, ამირას სიტყვა მხოლოდ ტყვიის მისაწევარზე ჭრისო. ასეა თუ ისე, ხალხს მაინც დიდი რიდი აქვს ამირასი, რადგან არავინ უწყის, როდის დააცხრებათ თავს ქვეყნის სრულუფლებიანი მეუფე.
შიშის ზარი ადგათ გჰოლამ ჰიდერის - ავღანეთის ჯარის მთავარსარდლისა, რადგან მას ძალუძს, ვითომდაც არაფერიაო, ისე გასვას კაცი ძელზე. მთელი ქაბულ-ქალაქი თრთის გუბერნატორის წინაშე, რომლის ხელშიცაა მათი ბედ-იღბალი. რის გუბერნატორი და რის მთავარსარდალი - ყველაზე დიდი ზაფრა აქვთ ამირასი. თუმცა ქვეყნის განაპირას ბინადარი ზოგ-ზოგი ტომები, როცა მას შორს დაიგულებენ, ცუდბაქიობენ - ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნისო. ამირას კანონი სისხლისფერია. მისი ერთი დარისხებით წყდება ადამისშვილის სიცოცხლის ფოთოლი და მისი წყალობაც კი შემზარავია.
ამირას დევნიდნენ, ვიდრე ტახტზე ააღწევდა. ბევრი განსაცდელი ნახა, ათას თოკშია გამოვლილი და, ყველა ჯურის ხალხი ნაცნობია მისთვის.
აღმოსავლური ადათის მიხედვით, მავანი მომჩივანი ან შურისმაძიებელი, კაცი თუ ქალი, უფლებამოსილია ეახლოს მეფეს ყოველდღიურ თავყრილობაზე. ეს გახლავთ ერთპიროვნული მთავრობა. ასე იყო კურთხეული ჰარუნ ალ რაშიდის დროს, ასეა ახლაც და ასე იქნება მაშინაც, ოდეს ინგლისელები ფეხს ამოიკვეთენ ამ არე-მიდამოდან.
მეფესთან მისული ბეწვის ხიდზე დგამს ფეხს. მბრძანებელი, შესაძლოა, მოიხიბლოს მომჩივნის პირდაპირობითა და გულახდილობით, აღაზევოს იგი, ორიოდ წუთის მერე კი, უმოწყალოდ გასწიროს ასევე ალალად მოსიტყვე სხვა ქვეშევრდომი. ხალხს მაინც ძვირად ეთმობოდა თავისი უფლება. ეს მოხდა ქაბულში, იმ დღეს, როცა ამირამ ირჩია ღია ცისქვეშ, ქალაქგარე ბაღნარში განეხილა საქმეები. წინ მსუბუქი მაგიდა ედგა, რომლის ირგვლივ საზოგადოებრივი წოდებების შესაბამისად განლაგებულიყვნენ გენერლები და მეხაზინეები. სამეფო კარის დიდებულთა, ამ უწყალო სისხლისმწოველთა და ფეოდალთა წინამძღოლების გრძელი ამალა გარს შემორკალოდათ მათ და ქაბულის ხეხილის ბაღებიდან მობერილი გრილი ნიავი განუგრილებდათ შუბლებს. ყოველი კუთხიდან წამდაუწუმ მოქანდებოდნენ ხოლმე ოფლში გახვითქული შათირები, უსტარებს მიართმევდნენ, იტყობინებოდნენ ჯანყის, ქიშპობის, შიმშილობის, აუკრეფავი გადასახადებისა თუ შარაზე ნაპოვნი განძეულის ამბავს. ამირას მთელი დღე თავი ჰქონდა ჩარგული ამ საბუთებში, თავის სახელზე მოწერილ ბარათებს იტოვებდა, დანარჩენს მოხელეებს გადასცემდა და ჟამი-ჟამ ახსნა-განმარტებისათვის მოუხმობდა ხოლმე იქვე მომლოდინე თანაშემწეს. ავღანეთის ამირას ნათლად და გარკვევით უნდა მოხსენდეს ყოველივე, შემდგომ ამისა მძიმედ დაიხრება ალმასის ვარსკვლავიანი კრაველის ქუდით დამშვენებული, პირქუშად მომზირალი მეფის თავი და თავის სამწყსოს მიუბრუნდება.
       ნაშუადღევს ვიღაც ქალი მოიჭრა ყვირილით: ჩემი ქმარი ქაჩალია და გამყარეთ მასთანო. ამირამ უსმინა ორთავე მომჩივანს და ქალი დამოძღვრა: ქმარს აჭრილი რძე დაასხი მოტვლეპილ თავზე, ვინძლო ბალანი ამოუვიდესო. მოსამართლეებმა ხარხარი ატეხეს. ქალი გაბრუნდა. გულში წყევლა-კრულვას უთვლიდა მეფეს.
როცა წყვდიადი ჩამოდგა და სასამართლოს საქმეები შეცოტავდა, მეფის წინ წარდგა ერთი ჩასკვნილი, მცველებით გარშემორტყმული, ნაბეგვ-ნაცემი კაცი, ვისაც თურმე სამი რუპია მოეპარა.
მისი აღმატებულება არც ასეთ უმნიშვნელო საქმეებს ტოვებდა უყურადღებოდ.
- რად იქურდე? - ჰკითხა მეფემ.
ყველამ იცოდა, ამირასთან ცრუობა დიდი ვერაფერი სახეირო იყო.
- ღარიბ-ღატაკს ვინ რას მომაშავებდა, კუჭი მიხმებოდა.
- რად არ მუშაობდი?
- ვინ გამიკარა ახლოს, ღარიბთა ქომაგო, სული კინაღამ ამომხდა შიმშილით.
- ცრუობ, გაჭირვებული კი არა, ლოთი ხარ, მრუში და მცონარა. ამიტომაც იპარავდი.
       ტუსაღმა თვალები დახარა. ჩანდა, ის ადრეც იყო ნასამართლევი და ამირას ხმის კილოში იგრძნო, სიკვდილი არ ასცდებოდა.
- სამუშაოს ყველა იშოვნის, თუკი მოინდომა. ჩემზე უკეთ ეს ვინ იცის. ბევრჯერ მომნატრებია ლუკმა-პური, მაგრამ ისე ვიქცეოდი, როგორც შეჰფეროდა ღმერთისა და კაცის მიერ განწირულ ალალ ადამიანს.
ამირას ლაპარაკის საღერღელი აეშალა. წინ წამოშვერილი ხმლის ტარი იდაყვით გადასწია და დიდებულებს მიუბრუნდა:
- ამ ტყუილების გუდას დამიხედეთ! ვინ ლაპარაკობს გაჭირვებაზე?! ერთხელ შიმშილი მეც მომადგა კარს. რაც შემეძლო, მაგრად შემოვიჭირე ქამარი მუცელზე. ვიდრე ტახტზე ავიდოდი, მდევნიდნენ. უპატრონო ძაღლივით ვეხეტებოდი ქანდაჰარში. თუმცა ერთი ადამიანი მაინც მედგა გვერდით. ჩემს გროშებს წირვა გამოუვიდა. დავრჩი ცარიელზე - აი, ასე. - მან ხელისგული უჩვენა დამსწრეთ - დღითი დღე მეცლებოდა ძალა, ძლივსღა მივაღწევდი ხოლმე ჩემს თავშესაფრამდე. ღმერთმა იცის, რით გამქონდა თავი. ერთ მშვენიერ დღეს ხელი დავავლე ჩემს საუცხოო აბრეშუმის ლიჰაფს - შესანიშნავი ირანული ნახელავი გახლდათ, ასეთს ახლა ვეღარსად შეხვდებით. ორ კაცს სწვდებოდა ეს ღუნღულა მოსასხამი. ამის გარდა რიგიანი არაფერი გვებადა. ჰოდა, ეს ლიჰაფი მევახშეს წავუღე, რომელიც ვიწრო ქუჩაბანდში სახლობდა. მივუტანე და სამი რუპია მოვთხოვე. ქურდი ხარო, მაკადრა მევახშემ მე, ამჟამინდელ მეფეს, - ეს ლიჰაფი სულ ცოტა სამასი რუპია მაინც ღირსო. არა ვარ-მეთქი ქურდი, ვიტკიცე. ქურდი კი არა, კეთილშობილი თავადი ვარ-მეთქი, ოღონდ სახსარდაკარგული. მოხეტიალე მათხოვრების თავადი მიწოდა მევახშემ და ასე მითხრა: ფული თან არა მაქვს, აგერ ეს მოხელე წაგყვება ჩემს სახლში და ორ რუპიას მოგცემს და რვა ანას, მეტს ვერ შემოგთავაზებო. მასლაათი გავაბით გზაში მე და იმ ახალგაზრდა კაცმა. კეთილი გულის ადამიანი გამოდგა. ასე მითხრა, მევახშისაგან ამ ლიჰაფში მეტი გერგებოდაო და ორი რუპია დამიმატა. უარზე დავდექი, უმჯობესია, რაიმე სამუშაო მიშოვოთ-მეთქი. და მე, აბდურ რაჰმანი, ამირა ავღანეთისა, დღე და ღამეს ვასწორებდი, ხელებდაკაპიწებული, ყულივით ვათრევდი ტვირთსა და ჩემი ოფლისა და ატყავებული ზურგის საზღაურად ოთხ ანას ვღებულობდი. ამ უკეთურმა კი უნდა იქურდოს თურმე. წელიწადი და ოთხი თვე მუხლი არ ჩამიხრია, ვერავინ დამწამებს, ცრუობსო. მე მოწმეცა მყავს. თუნდაც ის მოხელე, ახლა რომ ჩემს მეგობრადაა შერაცხული. სარდალთა და კეთილშობილთა რიგიდან წამოდგა ყანაოზით მოსილი კაცი, ხელები გულზე დაიჭდო და თქვა: ღვთისა და ამირას სადიდებლად მოგახსენებთ, მე ვარ ის კაცი, ვინც ადრე მევახშის მოხელე იყოო. ამირა ერთხანს დუმდა, მერე ხაფი ხმით აყვირდა, თავსლაფს ასხამდა ტუსაღს. ამ ლანძღვა-გინების ბოლო ხანჯალივით სიტყვები იყო: - დარ არიდ - რაც მოასწავებდა სასამართლოს დასრულებას. ქურდი წაიყვანეს, რათა ასო-ასო აეკუწათ და ამირას შემყურე მსაჯულებმა ირგვლივ ჩამოვარდნილ სიჩუმეში ჩურჩულით წართქვეს: „ალაჰსა და მუჰამედს ვფიცავთ, კაციც ამას ჰქვია“.

ნახვა: 1308

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters